ოთხშაბათი, სექტემბერი 3, 2025
3 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2025

რომის კანონი

0

ინათოს, ვამბობთ და ცას გავყურებთ. სანამ მზე ამოვა, ჩაის ვსვამთ და ცხელ ჭიქებზე ხელებს ვითბობთ. როგორც ნიჩბისის ალიონებს სჩვევია, ის დღეც დიდებულად თენდება. ძაღლები ყეფენ, მამლები ყივიან და ჩიტები ჭიკჭიკებენ, მაგრამ ჩვენთვის ყოველდღიურობის ზეიმს და ქვემო სამოთხეს ერთი ხმა აკლია.

სმარტფონში რომის ფოტოებს ვათვალიერებ და საკუთარ გულუბრყვილობაზე მეღიმება, იმ ღამეს ვეტექიმებს ნარჩევ ფოტოებს რომ ვაჩვენებდი – ნახეთ, რა მაგარი ბიჭია-მეთქი. მეგონა, რომის მზერით, ბზინვარებით და მოქნილობით მოხიბლულები დაუძლურებულ ძაღლზე მეტად იზრუნებდნენ და სიცოცხლისკენ მოაბრუნებდნენ.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: მარვინმა შვა ადამი, ადამმა შვა ფაბიანი და ძმანი მისნი, ხოლო ფაბიმ შვა რომი პეტრასგან… ბევრი ფოტო და ვიდეო გადაუღე, მალე იზრდებიან, მომწერა დეამ ორი წლის წინ და ახლაც მან მირჩია ფეისბუქზე იმ ჯგუფის მოძებნა, სადაც ადამიანები ერთმანეთს საერთო ტკივილს უზიარებენ და თანაუგრძნობენ.

შაკო რომ არ ყოფილიყო, ამდენს ვერ შევძლებდი, ცოტა ხნის წინ სადღეღამისო კლინიკიდან მივწერე ლევანს. შაკო ლევანის ბავშვობის მეგობარია და მისი ყველა ძველი ოცნება იცის. იმ ღამეს ალბათ ორივეს ორი ფიქრი გვიტრიალებდა – რომის შვება ეგრძნო და პატრონისთვის ცოცხალი დაგვეხვედრებინა, რომ იქნებ მისი ხმის გაგონებაზე მაინც დაეცქვიტა ყურები. მეგობრობას და სიყვარულს გამოცდა არ სჭირდება, ვეუბნები აეროპორტიდან პირდაპირ ვეტკლინიკაში მოსულ ლევანს და ყურებჩამოშვებულ რომის ერთდროულად ვეფერებით. რამდენიმე დღეში კი ვეტექიმი დელიკატურად გვაპარებს: როგორც თვითონ გადაწყვეტს, ისე იქნება…

ჭიქებში ჩარჩენილი ჩაი გრილდება, ბიჭები ნიჩბებს იღებენ და ტყეში მიდიან. ჩვენ გათენებული ღამეების გამო გვცივა და პლედებში ვეხვევით. შარშანდელი შემოდგომის თბილი საღამო მახსენდება, ჩემს საძინებელში ყველას ჩხუბით რომ ვუხმე. „გესმით?! 4 მიზეზი, რატომ უნდა დართო შენს ცუგას შენთან ერთად ძილის ნება… თავს დავდებ, ძაღლების შეკვეთილი სტატიაა!“ თან უსაზღვრო ბედნიერებას ვგრძნობდი იმის გამო, რომ რომი გვერდით მეწვა და ძილში რაღაცას მოგუდულად უყეფდა.

ჩვენი ბიჭები ტყიდან მხრებჩამოშვებულები ბრუნდებიან. ლევანი ვისკის განახევრებულ ბოთლს თუნუქის ორი ჭიქით მაგიდაზე დებს და ამბობს: Black Label for black dogs.

–         სად? – ვეკითხები და ყელში ბურთი მეჩხირება.

–         უმზეურისკენ, ლამაზ ადგილას – ცრემლგამშრალი მპასუხობს და დიდგორის მთებისკენ იყურება.

მეორე დღეს ყველანი ერთად მივდივართ ტყეში ნიშნის დასატოვებლად. მალე წვიმების სეზონი დაიწყება და მიწაყრილს გაასწორებს. თან ეზოს ვარდები და რომის წილი სამოთხის ვაშლები მიგვაქვს წლევანდელი მოსავლიდან. ისევ რომ შევხვდე, სად მოეფერებოდი, მეკითხება მატასი. რომი – ოთხი იღლია, ძველებურად ვუმეორებ და უნებლიედ გული სიხარულით მევსება, რომ ყველაზე მამაც, მშვენიერ და მოსიყვარულე კანე კორსოს სწორედ ჩვენ ვუმასპინძლეთ დედამიწაზე.

იმავე საღამოს დიანა მწერს, რომ პირველი ძაღლივით აღარცერთი ეყვარება და დრატჰაარის ლეკვის ფოტოს მიგზავნის.

ორ კვირის მერე ირაკლი ფეისბუქში ნაწვიმარი ქალაქის ცისარტყელიან ფოტოს დებს. ჩვენი ძაღლები ხომ არ გამოჩენილან-მეთქი, ვეხმიანები და ორივეს გული გვიჩუყდება.

ერთ თვის თავზე ქეთი მეუბნება, რომ მოხუცმა მამამ ახლაღა დართო ძაღლის მიყვანის ნება, იმის სიკვდილს მაინც ვეღარ მოვესწრებიო.

ჩვენ სახელმწიფომ გაგვწირა, იმ დღის მერე ხშირად იმეორებს ლევანი და ასეცაა. ბევრი ვიბრძოლეთ, ქვეყანა შევძარით, ჟურნალისტებს შევეხმიანეთ და პარლამენტს პეტიციით მივმართეთ, რომ შესაცვლელია კანონი და თან რაც შეიძლება სწრაფად, რომ ვეტექიმს წამლის გამოწერის, ცხოველებს უმტკივნეულო სიცოცხლის, მათ პატრონებს კი ბედნიერების უფლება ჰქონდეთ.

ჩვენ ჯერ არ ვიცი თუ რა ხდება მაშინ, როდესაც სუნიც ქრება. დღე ერთია და  შავ ძაღლს ასჯერ „დავლანდავთ“ ხოლმე სახლსა თუ ეზოში, ხანდახან თითქოს მისი სუნთქვაც გვესმის და ტახტის ჭრიალიც – თავიდან მალულად, მერე კი უცერემონიოდ რომ მოკალათდებოდა გამოსაძინებლად. რაც არასოდეს გაქრება, მადლიერების განცდაა, ადამიანად რომ მაქცია და უპირობო სიკეთით სავსე სამყაროსკენ გამიძღვა. მართალია, ყველა სივრცე, ჩვევა და ახირება, რომელიც რომის გამო დავთმე, ახლა თავისუფლად შემიძლია დავიბრუნო, მაგრამ აღარ მინდა.

ძვირფას სახსოვრად დაგვრჩება უნიკალური ექსლიბრისებიც – რომის ნაკბილარები და ნაკაწრები ჩვენს წიგნებზე, რასაც ყველაზე დიდსულოვნად ელენე პატიობდა. ასევე, უამრავი ფოტო – თამაშის, ლაშქრობის, დარაჯობის, ძილის თუ ალერსის,  რომელთაგან ერთ-ერთს აუცილებლად დავბეჭდავთ და ბუხრის თავზე შემოვდებთ, როგორც ნიჩბისის დამფუძნებელი მამაძაღლისას. ჩვენი ოჯახის ყველა მომდევნო ოთხფეხა წევრს კი ლეკვობიდან ეცოდინება, რომ რომის მიწაზე დაპარპაშებს.

ის საქმე დაიძრა, ცოტა ხნის წინ სევდანარევი სიხარულით მითხრა ლევანმა. ჩემთვის მაინც რომის კანონი ერქმევა, ძლივს ამოვთქვი, ბუხრის თავზე შემოდებულ ვერცხლისფერ საყელურს ხელი გადავუსვი და მედალიონზე ამოტვიფრული წარწერა უხმოდ წავიკითხე:

To err is human, to forgive divine, I am neither.

რომ, ძაღლო, ძაღლის გაჩენილო, ცისარტყელაზე მართლწერით გაძაღლებულებსაც თუ გადაეყრები, არავინ მოგატყუოს, რომ მძიმე ყოველთვის რომის წინ იწერება და ჰო, იქნებ მაინც მაპატიო, რომ იმ დილით ჩამეძინა.

FoMO-ს სინდრომი სოცმედიაში

0

თანამედროვე სამყაროში კომუნიკაციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა სოციალურ ქსელებში კარგა ხნის წინ გადაინაცვლა. სოცპლატფორმებს მთლიანად აქვთ დაპყრობილი ჩვენი გონება. მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია. წლებია სოცქესლების „ლაიქები“ ერთმანეთის მოწონების, სიმპათიის, თანაგრძნობის, თანამოაზრეობის გამოხატვის ყველაზე სწრაფი გზად რჩება, ბევრისთვის კი – აკვიატებულ იდეადაც, როდესაც ვირტუალური აუდიტორიის მხრიდან გამოხმაურების ნაკლებობა სასოწარკვეთას და თვითშეფასების დაქვეითებასაც იწვევს.

ჟადსონ ბრუერი, ავტორი წიგნისა „დამოკიდებული ტვინი“, ამ ყველაფერს ასე აღწერს – ტვინი ეჩვევა „სიამოვნების ჰორმონების“ სწრაფ მიღებას და ადამიანს აღარ სურს მეტი ძალისხმევა დახარჯოს სხვა სიხარულის განსაცდელად. ამ პრობლემის გადასაჭრელად ზოგიერთმა ადამიანმა (ნამდვილი, დიაგნოზირებული დამოკიდებულებით) უნდა მიმართოს სპეციალისტებს, რადგან თვითონ აღარ შეუძლია მოჯადოებული წრიდან გამოსვლა და ცხოვრებით სხვაგვარად ტკბობა.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ საგანგაშოა, თუკი მომხმარებელი, რა ასაკისაც არ უნდა იყოს ის, ერთი საათის განმავლობაში „ოფლაინ“ ვერ ჩერდება, გამუდმებით ამოწმებს რამდენი „გული“ და „ლაიქი“ მოუტანა ახალმა პოსტმა ან ფოტომ. ასეთი მიჯაჭვულობა დამოკიდებულებაა, თუმცა როგორც ქცევა და ოფიციალური სამედიცინო დიაგნოზი, ის ჯერჯერობით აღიარებული არაა, ანუ სამედიცინო ტერმინი „სოციალური მედიაზე დამოკიდებულება“ არ არსებობს. საქმე ისაა, რომ დამოკიდებულების ნებისმიერ ფორმას მკაფიო სამედიცინო აღწერა უნდა ჰქონდეს, რომელიც დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაშია დაფიქსირდება, ვთქვათ, ჩამოთვლილი ფსიქიკური და ქცევითი აშლილობებით, მისთვის დამახასიათებელი მარკერებით. შესაბამის ჩამონათვალში არაქიმიური დამოკიდებულებები მოიცავს მხოლოდ ონლაინ თამაშებზე დამოკიდებულებას აზარტული ელემენტებით. სოციალური ქსელები, გაჯეტები კი ამ სიაში არ შედის.

მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელებზე ემოციური დამოკიდებულება არანაკლებ ყურადღებას მოითხოვს, ვიდრე ნიკოტინზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულება, რადგან მასაც აქვს გავლენა ინდივიდის ქცევასა და მდგომარეობაზე. დამოკიდებულ ადამიანს, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს სოციალურ მედიაში ატარებს, „ლაიქებისა“ და კომენტარების გარეშე უფუჭდება განწყობა, ის ადვილად ღიზიანდება და ცუდად აკონტროლებს საკუთარ ემოციებს. მიაჩნია, რომ არ განიცდის ცოცხალი კომუნიკაციის დეფიციტს, სინამდვილეში კი, უმეტეს შემთხვევაში წყვეტს დაინტერესებას ადამიანებით, რომლებიც „ოფლაინ“ არიან.

სოციალურ ქსელებში „ლაიქის“ ღილაკის ერთ-ერთი შემქმნელი ჯასტინ როზენშტეინი დღემდე ნანობს თავის გამოგონებას. „ადამიანები ხშირად ქმნიან რაღაცებს საუკეთესო განზრახვებით, მაგრამ შემდეგ გაუთვალისწინებელ შედეგებს აწყდებიან”, – ამბობს ის ერთ-ერთ ინტერვიუში. ამასობაში თანამედროვე ადამიანი სულ უფრო მეტი ინფორმაციის გამტარი ხდება. ამას მოაქვს მთელი რიგი შედეგები: დაღლილობა, ემოციური გადაწვა, სხვასთან დატოლება, საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილება.

ბევრი მოზარდისთვის „ლაიქი“ „მოწონების ვალუტაა“. მისთვის ასეთი ტიპის კომუნიკაცია და შეფასება შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. მან შეიძლება დააიგნოროს ზრდასრული ადამიანის რეაქცია მის პოსტზე, მაგრამ ვერ დააიგნორებს თანატოლის რეაქციას. ბავშვმა, რომელმაც გაარკვია, როგორ მუშაობს სოციალური ქსელის სისტემა და რაღაც მიზეზით უცბად შეწყვეტა „ლაიქების“ მიღება, შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ის მოკვეთეს თავისი ჯგუფიდან/საზოგადოებიდან ან რაღაცის გამო დაისაჯა. გამოდის, რომ ამ შემთხვევაში უკვე საუბარია არა იმდენად სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებაზე, არამედ კომუნიკაციაზე და თანატოლებთან ურთიერთობაზე. მეორე მხრივ, დღევანდელი მოზარდისთვის მესინჯერითა და სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვა იგივეა, რაც ჩვენთვის სასკოლო შესვენების დროს თანაკლასელებთან ურთიერთობისა და სკოლის შემდეგ მეგობრებთან სეირნობის აკრძალვა იყო. სამყარო იცვლება და მასთან ერთად იცვლება კომუნიკაციის გარემო.

თუმცა, თანამედროვე სოციალური ქსელი „ლაიქების“ დარიგებების გარეშეც საკმაოდ მიმზიდველია. მაგალითად, „ახალი ამბების“ გაცნობისას ერთი საათი ისე გაიქროლებს, რომ ამას ვერც ვგრძნობთ. გაოცებულები ვრჩებით, როგორ გვეპარება დრო „სქროლვაში“. სოციალური ქსელების ინტერფეისი კი ისეა შექმნილი, რომ ადამიანმა იქ რაც შეიძლება მეტი დრო დაჰყოს. რაც უფრო მეტ სათავისო კონტენტს ხედავს მომხმარებელი, მით უფრო მეტს აძლევს სოციალური ქსელი. ნანახი ასტიმულირებს ტვინის იმ უბნებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან წამიერ სიამოვნებაზე. თუმცა დროთა განმავლობაში დოფამინი სწრაფად გამომუშავებას წყვეტს და სქროლვაში ჩვენც სულ უფრო მეტი დრო გვეხარჯება. ვითარდება დამოკიდებულება (იხილეთ Netflix-ის დოკუმენტური ფილმი „სოციალური დილემა“).

ამ თვალსაზრისით, ბავშვებს, უფროსებთან შედარებით მეტად გაუმართლათ: მათი კონცენტრაციის უნარი საკმარისად განვითარებული არაა, მათ უჭირს ერთ აქტივობაზე დიდხანს კონცენტრირება. ამიტომ ისინი ძალიან დიდ დროს არ ატარებენ სოციალურ ქსელებში. მაგრამ ინტერფეისის დიზაინერები ეძებენ სხვადასხვა გზებს მათ შესანარჩუნებლად. ბავშვებისთვის განკუთვნილი ვიდეოები უფრო ფერადი ხდება, მათ უფრო ხმამაღალი ხმა ედება მოულოდნელი სპეცეფექტებით. შეერთებულ შტატებში ამ პრობლემის საკანონმდებლო დონეზე მოგვარებაზე უკვე ფიქრობენ, რათა პატარა იუზერების აპლიკაციებში შეტყუება აიკრძალოს. მათი მიზანია, ბავშვებისა და მოზარდების დაცვა მარკეტოლოგების გავლენისგან და იმ დროის შემცირება, რასაც ისინი გაჯეტებზე ხარჯავენ. ფაქტია, რომ დამოკიდებულების ნებისმიერი ფორმის მსგავსად, სოციალურ მედიაზე დამოკიდებულება ჩვენს ძირითად საქმიანობას თავის კვალს ატყობს, ზრდასრული ადამიანი არ კონცენტრირდება სამუშაოზე, ბავშვი – სწავლაზე ან აქტიურ დასვენებაზე.

კიდევ ერთი გავრცელებული საფრთხე, რომელსაც აწყდებიან სოციალური ქსელებით გატაცებული ადამიანები, FoMO-ს მდგომარეობაა, სინდრომი – რაღაც საინტერესოს, მნიშვნელოვნის გამოტოვების შიში. ეს სინდრომი დაახლოებით ერთნაირი სიხშირით გვხვდება როგორც კაცებში, ასევე ქალებსა და მოზარდებში. მაგალითად, სანამ მოზარდი სახლში ზის და მეცადინეობს, მისი მეგობრები რაღაც პოსტებს აქვეყნებენ. ის ხედავს ამას და იწყებს ნერვიულობას, რომ მოვლენებს ჩამორჩა. მრავალი თვალსაზრისით, ეს სინდრომი შურის მსგავსია – ჩვეულებრივი გაღიზიანების განცდა სხვისი წარმატების ხილვით, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის შემაწუხებელი განცდა, რომ შენ განიცდი რაღაც დანაკლისს და აქედან გამომდინარე, მუდმივად აკონტროლებ ტელეფონს.

მკვლევართა დაკვირვებით, მარტოობისა და გაღიზიანების განცდა უფრო მზარდია სოციალური ქსელების პასიურ მომხმარებლებში, მათ შორის, ვინც უბრალოდ აკვირდება სხვის ცხოვრებას კომენტარებში, განხილვებში კი დიდად არ მონაწილეობს. როდესაც ტელეფონზე შემოდის შეტყობინება სოციალურ ქსელებში ვიღაცის ახალი პოსტის შესახებ, FoMO-ს მქონე ადამიანები განიცდიან იმედგაცრუების უფრო ძლიერ გრძნობას – „ცხოვრება გადის, მე კი ამ დროს სად ვარ…“.

ბავშვებში FoMO იწვევს მზარდ დეპრესიას. ცხოვრება რომ მიქრის, ეს განსაკუთრებით უსიამოვნო განცდაა მოზარდებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ სოციალიზაციას.

სოციალურ მოწონებაზე დამოკიდებულებამ, FoMO-სინდრომთან ერთად, ასევე შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შფოთვითი მდგომარეობა. როდესაც ბავშვები ხედავენ ფოტოებზე ლამაზ ცხოვრებას, ეს მათზე ძლიერ გავლენას ახდენს. ისინი ვერ ეგუებიან იმ ფაქტს, რომ მათ გარშემო ყველაფერი ისე არ არის „როგორც უნდა იყოს“, რომ ისინი და მშობლები სხვანაირად ცხოვრობენ.

თავის კვლევაში, სან დიეგოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა ჯინ ტვენგემ დაასკვნა, რომ მერვეკლასელებს, რომლებიც აქტიურად იყენებენ სოციალურ მედიას, დეპრესიის განვითარების 27%-ით მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ნაკლებად არის შეპყრობილი ონლაინკონტენტით.

როგორ გავუმკლავდეთ FoMO-სინდრომს? ჯერ ერთი, უნდა ვიზრუნოთ სოციალური მედიის ჰიგიენაზე, დავიტოვოთ მხოლოდ სასარგებლო და სასიამოვნო კონტენტი, გავაუქმოთ ხელმოწერა ყველა დანარჩენთან.

ფსიქოლოგები ასევე გვირჩევენ, ვიპოვოთ მეტი შთამაგონებელი და საინტერესო ამბების გვერდები და მოვერიდოთ ჯგუფებს, სადაც ადამიანები მხოლოდ იმაზე საუბრობენ, რამდენად საოცარია მათი ცხოვრება.

კარგი გამოსავალია, ინტერნეტში გატარებული დროის გაკონტროლება, უფრო უკეთესი რადიკალური ვარიანტი კი სოციალური ქსელების გარკვეული დროით მიტოვებაა, სხვა გასართობზე გადართვა.

სოციალური ქსელების ნაცვლად მოზარდებს შეგვიძლია შევთავაზოთ დღიურის წარმოება, სადაც ისინი თავიანთ აზრებსა და ემოციებს მოინიშნავენ. ქაღალდზე წერა იმითაა მოგებიანი, რომ ქაღალდი მეტად იტანს გულწრფელობას, ინტიმს, ვიდრე იმავე აზრების სოციალურ ქსელში გამოფენას. ეს მეთოდი დაეხმარება მოზარდებს უკეთ შეიცნონ თავი და გრძნობები, მეტად ისიამოვნონ მცირე გამარჯვებებით ვინმესთვის მათი მნიშვნელობის დამტკიცების გარეშე.

შეგვიძლია მადლიერების პრაქტიკის გამოყენება, ეს პრაქტიკა ბოლო წლებში სულ უფრო გავრცელებული გახდა. ბევრად უკეთესია ყურადღება მიაქციოთ კარგს, ვიდრე ვიფიქროთ ცუდზე. როცა სხვისი ბედნიერება შეგვიპყრობს, გავიხსენოთ, რომ გვაქვს სახლი, გვყავს მშობლები, ვართ ჯანმრთელი. მადლიერება შეიძლება დაიწეროს ქაღალდზე ან გამოითქვას როგორც მანტრა – განაცხადის მეთოდს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია მხოლოდ კარგზე ფოკუსირება.

FoMO-ს შეიძლება უკვე ეწოდოს XXI საუკუნის „ჭირი“. ერთი შეხედვით, ეს სინდრომი შეიძლება ვინმეს პატარა პრობლემად მოეჩვენოს, მაგრამ დროთა განმავლობაში ძლივს შესამჩნევი შური აკვიატებად გადაიქცევა და სერიოზულად აისახება ცხოვრების ხარისხზე. ტელეფონის შემოწმების მუდმივი სურვილი, ნერვიულობა, დეპრესია, ყურადღების და ძილის გაუარესება შეიძლება გახდეს თქვენი ერთგული თანამგზავრი დიდი ხნის განმავლობაში.

 

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

წყარო: https://www.verywellmind.com/how-to-cope-with-fomo-4174664

https://fomo.com/

ასეთი „ნაცნობი და უცხო“ – ბულინგი

0

„ძვირფასო მეგობრებო, თუ თქვენ ამ წერილს კითხულობთ, მაშინ დიდია ალბათობა, რომ თქვენ სასკოლო ბულინგს პირისპირ შეეჩეხეთ. ვინც არ უნდა იყოთ თქვენ – სკოლის მოსწავლე, რომელიც დევნის მსხვერპლი გახდით, თუ საკუთარი შვილების ბედ-იღბლით შეწუხებული მშობელი; ან იქნებ თქვენ ხართ პედაგოგი, რომელსაც საკლასო ოთახში არსებული გარემო გაშფოთებთ; ან იქნებ სულაც ზრდასრული ადამიანი ხართ, რომელიც სკოლის ასაკში თავად გახდა ბულინგის მსხვერპლი და ახლაც ვერ ახერხებთ მაშინ განცდილი შეურაცხყოფის დავიწყებას? ნებისმიერ შემთხვევაში მინდა იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. სამყაროში მილიონობით ადამიანია, რომელთაც ზუსტად იგივე კითხვა აწუხებს“, – აი ასე იწყება ამერიკელი ავტორის Jodee Blanco-ს წიგნი, რომლის სათაურია: „გთხოვთ, შეწყვიტოთ ჩემი დაცინვა“. ჩიკაგოში მცხოვრები ქალბატონი, რომელმაც საკუთარ თავზე გადაიტანა სასკოლო ბულინგი არა მხოლოდ ბესტსელერების ავტორია, არამედ ის ძალზე აქტიურად ეხმარება ანტიბულინგ კამპანიებს. ჯოდი ბლანკო წლების განმავლობაში აქტიურად იბრძვის ამერიკულ სკოლებში სოციალური კლიმატის შესაცვლელად. მან შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომელიც სკოლებში ბულინგის თემას ეხება. საერთო ჯამში მან ნახევარ მილიონზე მეტ სკოლის მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგს მიაწვდინა ხმა და შეძლო აეხსნა, რომ „ბულინგი – სულაც არ არის უწყინარი ხუმრობა“.

ამერიკელი ავტორი, რომელმაც გადაწყვიტა საკუთარი ნეგატიური გამოცდილება საჯარო განხილვის საგნად ექცია, ამბობს, რომ ასეთი რთული არჩევანი მას შემდეგ გააკეთა, რაც ერთხელ მოუსმინა CNN-ის პირდაპირ ეთერში როგორ საუბრობდნენ „ექსპერტები“ ერთ-ერთ უმძიმეს ტრაგედიაზე, რომელიც სკოლის მოსწავლეების ცეცხლსასროლი იარაღიდან მიზანმიმართულ დახოცვას ეხებოდა. ეს სისასტიკე ამავე სკოლის ორმა უფროსკლასელმა ჩაიდინა. მას შემდეგ, რაც მათ 13 ადამიანი მოკლეს და 23 დაჭრეს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.

„ვუსმენდი ექსპერტების ფუჭ საუბარს – განმარტავს ჯოდი ბლანკო – და ვფიქრობდი, რომ ამერიკას არ ესმის პრობლემის არსი, თუ ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი იარაღთან ადვილი წვდომის შედეგია – ვფიქრობდი მე და ისევე თანავუგრძნობდი იმ ორ ბიჭს, რომლებმაც ეს საშინელება დაატრიალეს, როგორც უდანაშაულო მსხვერპლებს. მინდა ვაღიარო, რომ მხოლოდ მაშინ მივხვდი ჩემი წარსული ცხოვრების ტრავმა ჯერაც არ მქონდა „გადახარშული“, რაც ნამდვილად სერიოზული პრობლემა იყო. ფსიქოლოგებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ დაუსრულებელი ცხოვრებისეული განცდები ადამიანებისთვის მუდმივი ნერვიულობის, შფოთვის, დისკომფორტის წყარო ხდება. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი მძიმე ბავშვობისა და მოზარდობის ასაკისთვის რაღაც აზრი მიმეცა. მე მინდოდა, ბულინგის მსხვერპლი ბავშვებისთვის მეთქვა, რომ ისინი მარტონი არ არიან და რომ არსებობენ ზრდასრული ადამიანები, რომლებმაც მათ ასაკში იგივე განიცადეს. მოძალადე ბავშვებისთვისაც მაქვს სათქმელი და ეს ასე ჟღერს: ბულინგი, დევნა, ძალადობა, დაცინვა სულაც არ არის სახუმარო ამბავი. მსგავსი ქცევებით, მოძალადეები თანატოლებს მთელ ცხოვრებას უმახინჯებენ.

ბულინგი – ვიღაცისთვის არის საზიზღრობების კეთება; თანაკლასელის მარტო დატოვება, ანუ სხვა თანაკლასელების იძულება, არ იმეგობრონ მასთან, არ ჩართონ კოლექტიურ აქტივობებში, არ დაპატიჟონ დაბადების დღეზე, არ ილაპარაკონ მისი თანდასწრებით. ამ და სხვა არაეთიკურ, უსამართლო, უზრდელ საქციელს შეუძლია ფიზიკურ ძალადობაზე მეტი ზიანი მოუტანოს დაჩაგრულს. დევნისა და შევიწროების მსხვერპლი იწყებს არა მჩაგვრელების დადანაშაულებას ძალადობაში, არამედ საკუთარ თავს ამუნათებს, ფიქრობს, რომ მასში რაღაც „ისე არ არის“ და რომ შეიძლება ის თავად „იწვევს“ ბულერებს და „პროვოცირებას უკეთებს“ მათ საქციელს. შედეგად, შესაძლოა დაჩაგრულ ადამიანს საკუთარი პიროვნების მიმართ უნდობლობა მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვეს და მისი ცხოვრება კოშმარად აქციოს. მე შევხვედრივარ უამრავ ადამიანს, რომლებიც ბავშვობაში ბულინგის მსხვერპლი გახდნენ და ძალიან მძიმედ განიცდიან ამას უკვე ზრდასრულ ცხოვრებაშიც. ზოგ შემთხვევაში, ისინი საკუთარი შვილების სკოლაში მიყვანისგანაც კი იკავებდნენ თავს“.

„უნდა ვაღიარო, – განაგრძობს ავტორი, – ჩემი საქმიანობის ყველაზე რთული მომენტი იყო, საკუთარი მოგონებებისთვის თვალის გასწორება. მართალია, სკოლის წლები უკვე დიდი ხანია, წარსულს ჩაჰბარდა, მაგრამ ყოველ ჯერზე იმ მოვლენების ხელახლა გახსენებისას კვლავ მწვავე ტკივილს განვიცდიდი. მე ისე ძლიერ მინდოდა სასკოლო ბულინგის საწინააღმდეგო კამპანიის წარმართვა, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ყოველთვის ვპოულობდი ძალას, გამეგრძელებინა ბრძოლა. ჩემი სიძლიერის წარმმართველი ხშირად ის წერილები ხდებოდა, რომლებსაც შეხვედრების შემდეგ ვიღებდი მსმენელებისგან. ის სულის შემძვრელი ტექსტები დანამდვილებით მაფიქრებინებდა, რომ უმნიშვნელოვანეს საქმეს ვაკეთებ და ბულინგის წინააღმდეგ ჯვაროსნული ომის წარმოება არ უნდა შევწყვიტო. წიგნის დაწერაც ამ ბრძოლის ნაწილი გახდა“.

ჯოდი ბლანკოს მიაჩნია, რომ ხშირად თავად მოძალადეებსაც სჭირდებათ დახმარება, რადგან მათი გარკვეული ნაწილი, მათივე თქმით, ვერც კი ხვდება, რა სისასტიკეს სჩადის. ამ შემთხვევაში სწორედ, მშობლები და მასწავლებლები უნდა გახდნენ მოძალადეების დამხმარეები, რათა მათ შეძლონ იმის გაცნობიერება, რა სავალალო შედეგები მოჰყვება მათ საქციელს. ახლა ერთ მცირე ნაწყვეტს გაგაცნობთ იმ მრავალრიცხოვანი წერილებიდან, რომლებსაც „ყოფილი მოძალადეები“ მიგზავნიან:

„გამარჯობათ! დღეს თქვენ ჩვენს სკოლაში სტუმრად იყავით მოწვეული. თქვენმა ისტორიამ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. მე ახლა სულ სხვა თვალით შევხედე მათ, ვისაც ადრე დავცინოდი, ვეცდები იმ თანაკლასელების მიმართ სიკეთე გამოვიჩინო და აღარ გავხდე მათი ტანჯვის მიზეზი. მთელი ჩემი კლასის სახელით ვამბობ, რომ თქვენ ჩვენ ძალიან დაგვაფიქრეთ. ჩემი მეგობრები სულ თქვენს მონათხრობს განიხილავენ, ისინი სულის სიღრმემდე შეაძრწუნა თქვენ მიერ ჩვენს ასაკში გადატანილმა სასკოლო ბულინგმა. გეფიცებით, მხოლოდ ამაზე ვსაუბრობთ, დიდი მადლობა, რომ მობრძანდით და გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება“.

„მე ყოველთვის ვიცოდი – უზიარებს საკუთარ გამოცდილებას ჯოდი ბლანკო მკითხველს – რომ ჩემ მიერ სკოლის ასაკში გადატანილი ბულინგი, გავლენას იქონიებდა მომავალში ზრდასრულ ცხოვრებაზე. შიშები, საკუთარ თავში დაურწმუნებულობა ყოველთვის მიწამლავდა ცხოვრებას. ჩემს ფიქრებში განუწყვეტლივ ტრიალებდა მოსაზრება, რომ კვლავაც შეიძლება გამრიყონ, არ მიმიღონ. ეს ფიქრები სულ ჩემთან იყო, მიუხედავად იმისა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში დგებოდა. დარწმუნებული ვარ, ჩემს მსგავსად ბევრი ადამიანი ცდილობს, როგორმე დაძლიოს იმ მძიმე ტრავმების შედეგები, რომლებიც მას სკოლის ასაკში თანატოლებმა მიაყენეს. მას შემდეგ, რაც წიგნი დავწერე და ის ბევრმა ადამიანმა წაიკითხა, ხშირად მომმართავენ ბულინგის მსხვერპლი ბავშვები და ზრდასრულები. ისინი საკუთარ ისტორიებს მიყვებიან, რითაც ცდილობენ, როგორმე თავადაც დაძლიონ ის მარტოსულობა, რომელსაც გადატანილი ძალადობის გამო განიცდიან. ჩვენ მონათესავე სულები ვართ. ჩვენ გვაკავშირებს უხილავი ძაფები, რადგან ვიცით, რას ნიშნავს, იყო სკოლის მოსწავლე, რომელიც თანაკლასელებმა გარიყეს, უგულებელყვეს, დასცინეს და არაფრად ჩააგდეს. ჩემი ავტორობით შექმნილი ფრაზა: „ზრდასრული, რომელმაც ბავშვობაში ბულინგი გადაიტანა“ – თანდათან დამკვიდრდა. ჩემი წიგნი ეხმარება ამ ადამიანებს, თავი მარტოსულად არ იგრძნონ, იბრძოლონ დევნისა და ძალადობის წინააღმდეგ“.

ძვირფასო მკითხველო, ამერიკელი ავტორის წიგნიდან ნაწყვეტის გაცნობის მიზანი ის გახლავთ, რომ ქართველი აუდიტორიაც დაფიქრდეს, რაოდენ რთულ შედეგებს იწვევს ბულინგი ადამიანებში. მოზარდებსა და თინეიჯერებში დაგროვილი აგრესია, დაუნდობლობა, მიტევების და თანაგრძნობის უნარის დეფიციტი, სხვა შესაძლო მიზეზებთან ერთად, მათ მიერ სკოლის პერიოდში გადატანილი ბულინგის გამოძახილი ხომ არ არის.

 

სტატია თარგმნა და მცირე კომენტარი დაურთო

  ქეთევან კობალაძემ         

 

 

 

ვიკითხოთ ერთად „ჰაიდი”

0

სახელგანთქმული საბავშვო მწერალი იოჰანა შპირი ციურიხის ტბის თავზე, პატარა სოფელ ჰირცელში დაიბადა, საიდანაც შვეიცარიის ალპების მშვენიერი ხედი იშლებოდა. 1880 წელს, 53 წლის ასაკში იოჰანამ „ჰაიდი” გამოაქვეყნა. წიგნი ძალიან პოპულარული გახდა, გერმანულიდან ინგლისურად ითარგმნა და ინგლისშიც და ამერიკაშიც ბავშვების საყვარელ წიგნად იქცა. „ჰაიდი” 50-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და დღესაც ერთ-ერთი საბავშვო ბესტსელერია. ავტორმა საკუთარი ნაწარმოები ასე დაახასიათა: „ეს წიგნი განკუთვნილია ბავშვებისთვის და მათთვის, ვისაც ბავშვები უყვარს”.

„ჰაიდი” საკმაოდ დიდხანს იდო ჩემი შვილების წიგნების თაროზე, რადგან თითქოს სიტყვის უთქმელად შევთანხმდით, რომ 7 წლის გოგონასთვის ადრე იქნებოდა მისი წაკითხვა. ერთ დღესაც, როდესაც ჩემს პირველკლასელ შვილს საზაფხულო არდადეგები დაეწყო და სახლში მოწყენილმა აღარ იცოდა, რა ეკეთებინა, გადავწყვიტეთ საზაფხულო საკითხავი შეგვერჩია ჩვენი ბიბლიოთეკიდან. „ჰაიდის” ორი დღის განმავლობაში ვკითხულობდით თითქმის შეუსვენებლად და ანასტასიაც მთხოვდა სხვა საქმეებისკენ არც კი გამეხედა, სანამ წიგნს არ დავასრულებდით. კითხვისას ხან ცრემლები გვცვიოდა და ხან კი გული სიხარულით გვევსებოდა. ლიტერატურა ხომ ამგვარ მოულოდნელ სიხარულს ხშირად გვჩუქნის მკითხველებს, დაუვიწყარს ხდის თითოეულ ფურცელს. ამიტომ კარგი წიგნის აღმოჩენა, გამართლებაც არის და დღესასწაულიც, რომელიც შეგვიძლია სხვებსაც გავუზიაროთ. ამან გადამაწყვეტინა ცოტა რამ თქვენც გიამბოთ „ჰაიდიზე”.

გაიცანი „ჰაიდის” სამყარო

 

იწყებ „ჰაიდის” კითხვას და შენ ირგვლივ არსებული სამყარო ივსება მაღალი მთის მწვერვალებიდან მონაბერი ჰაერით, საითაც ახლა თმახუჭუჭა და ვარდისფერლოყება, ობოლი გოგონა ჰაიდი მიაბიჯებს თავის დეიდა დეტესთან ერთად. კითხულობ და სულს ითქვამ, ხედავ ბებერ ნაძვებს, ჩამავალ მზეს და დახარბებული ცდილობ, ყველაფერი შეისრუტო. დეიდა და ჰაიდი ელმის მთის მწვერვალზე უნდა მოხვდნენ ჰაიდის პაპასთან, ელმელი ძიას ქოხში, რათა ჰაიდი პაპასთან დარჩეს საცხოვრებლად. ელმის მთის მწვერვალს მზის უხვი სხივები ეფინება და სანაქებო ხედები იშლება – შიშველი, ციცაბო მწვერვალები, რომლებსაც მზე ოქროსფრად აბრწყინებს. მინდვრებში ცისფერი და ყვითელი ყვავილები ციალებენ, აქვეა წითელი ფურისულები, ცისფერი ასისთავები და ყვითელი კრაზანები. დღისით კი ბებერი არწივები დაფრინავენ და უცნაურ ამბებს დაჰყივიან ქოხის მცხოვრებ ბინადრებს.

გაიცანი ელმელი ძია

 ელმის მთაზე ასული ჰაიდის პაპა ქოხის წინ ძელსკამზე ჯდება. ელმის მთაზე მცხოვრები მარტოკაცი, სოფლიდან გარიყული, შეუვალი და ჯიბრიანი მოხუცია, რომელმაც თავი მკაცრ მწვერვალს შეაფარა, თანასოფლელების გულგრილობას რომ დამალვოდა. პაპა ქოხის წინ ზის, ჩიბუხს აბოლებს, ხელებით მუხლებს დაყრდნობია, გრძელი, თეთრი წვერი და ბუჩქა წარბები აქვს. ჩიბუხიდან კვამლის ვეება ბოლქვებს უშვებს და მწვერვალებს გაჰყურებს. ელმის მთაზე პაპასა და შვილიშვილის ნამდვილი ცხოვრება იწყება, სიყვარულით და ზრუნვით გაჯერებული.

დაათვალიერე ჰაიდის და პაპას ქოხი

 შედიხარ ქოხში და ერთადერთი დიდი ოთახია. ოთახის შუაგულში მაგიდა დგას, მაგიდასთან ერთი სკამი და პაპას საწოლია; ერთ კუთხეში ბუხარია და შიგ დაკიდებული ჩაიდანი. თახჩაში პაპას ნივთები ალაგია, ერთ თაროზე პაპას ტანსაცმელი, მეორე თაროზე შაშხი, ყველი და მრგვალი პურები. ღამით ქარი ქოხს აზანზარებს. ქოხის კოჭები ჭრიალებს და ჭრაჭუნებს. ელმის მთის ბებერი ნაძვის ტოტები გაშმაგებით ეხეთქებიან ერთმანეთს და დღისით კი ცა ახლად გარეცხილივით კრიალებს.

ხომ არ მოგინდათ ერთხელ მაინც ელმის მთაზე ღამის გათევა?

ადი, სხვენში!

 

ქოხში, პაპას საწოლის პირდაპირ კიბეა, რომელიც სხვენში ადის. პაპას გაცნობის შემდეგ ჰაიდიც სხვენის კიბეს მიუყვება და ახალი, ტკბილსურნელოვანი თივით მოფენილ სივრცეში ხვდება. სხვენს ერთი ფანჯარა აქვს, მრგვალი ფორმის, საიდანაც უმშვენიერესი ხეობა მოჩანს. სხვენი ამიერიდან ჰაიდის საძინებელი ხდება.

ელმის ქოხის მენიუ

 

ელმელი პაპას თხების, გედიასა და დათვიასგან მოწველილი ცხელი რძე;

 

შემწვარი, ოქროსფრად დაბრაწული ყველი;

 

პაპას გამომცხვარი მრგვალი პური;

 

პაპას მიერ გამოყვანილი ვარდისფერი ლორი.

 

სიტყვები ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად ელმის მთიდან:

 

თახჩა, კარდალა, არვე, ირაო, მჭახე, აბგა, ქერქეტა, ბაგა, ჯარა, დართვა, დარაბა, უჯანო, მოქურუხებული, შალითა, ჩაჩი, კოფო, ფორანი, უბრად.

 

ვერც წარმოვიდგენდი ასეთი საოცარი წიგნი თუ იქნებოდაო – მითხრა წიგნის დასრულების შემდეგ ანასტასიამ. მაშინ გადავწყვიტე მცირე შთაბეჭდილებები თქვენთვისაც გამეზიარებინა წიგნზე, რომელსაც სული აქვს, სუნთქავს და კეთილ ფიქრებს აღგვიძრავს. მართალია, ჩვენს სამყაროში ბევრი საბავშვო წიგნი არსებობს, მაგრამ ცოტაა გამორჩეული. „ჰაიდი” კი ნამდვილად იმ რჩეულ, კეთილ წიგნებს შორისაა, რომელიც გვიტოვებს საფიქრალს თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაზე.

 

ვფიქრობ, ჰაიდის მხატვრული სახე დაუვიწყარი გახდება პატარა მკითხველისთვის და მას უფროსი მკითხველებიც შეიყვარებენ. ჰაიდის პერსონაჟი კეთილი, მგრძნობიარე და მოსიყვარულე გოგონაა, რომელიც მის ირგვლივ მცხოვრები ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის. ჰაიდი ინტუიციით გრძნობს, ვის სჭირდება ყველაზე მეტად მხარდაჭერა, ვის უნდა უთხრას კეთილი სიტყვები, ვის უნდა გაუყოს საგზალი და როგორ ანუგეშოს გაჭირვებაში მყოფი. ისიც უშურველად ასხივებს სიკეთეს, ანათებს გასაჭირში მყოფი ადამიანების ცხოვრებას, იყვარებს მათ და აბედნიერებს. როგორ ახერხებს ამას? ნეტავ, საიდან აქვს სიკეთის ასეთი დიდი მარაგები, რომელიც ყველას ჰყოფნის? ალბათ, სიყვარულის ძალით.

 

ცდუნება დიდია თხების სარდალ პეტერზე, მის დიდედოზე, ფრანკფურტში მცხოვრებ კლარა ზეზემანზე, ბატონ ზეზემანზე, კლარას ბებიკოზე, ფროილაინ როტენმაიერზე, მსახურ სებასტიანზე, მოახლე ტინეტზე და კეთილ ფრანკფურტელ ექიმზეც მოგიყვეთ, მაგრამ, ვფიქრობ, დანარჩენი თავად უნდა წაიკითხოთ.

 

მშობლებო და მასწავლებლებო, წაიკითხეთ „ჰაიდი” თქვენს შვილებთან და მოსწავლეებთან ერთად, რადგან წიგნი სავსეა ისეთი ღირებული თემებით, რომელზე მსჯელობა ბავშვებთან ყოველთვის დროული და საჭიროა. სიკეთის კეთება, გარიყული ადამიანის საჩვენოსკენ შემობრუნება და დიდი მადლიერება, ეს ფასეულობები არასდროს ძველდება. „ჰაიდიც” ასეთ მარადიულ ღირებულებებზე დაწერილი ტექსტია, რომელიც ათბობს ბავშვების და უფროსების გულებსაც და აფიქრებს, თუ რამხელა სიხარულის მინიჭება შეგვიძლია ერთმანეთისთვის.

 

 

 

 

 

 

 

 

მასწავლებლის ბიბლიოთეკის ახალი წიგნი- კვლევაზე დაფუძნებული სწავლება

0

სწავლა-სწავლების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიაა კვლევაზე დაფუძნებული სწავლება, რომელიც, ამავდროულად, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. აღნიშნული მიდგომა მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლოს აღმოჩენით, ძიებითა და კვლევით.

მოსწავლე აყალიბებს საკვლევ შეკითხვას, ეძიებს გზებს კითხვაზე პასუხის გასაცემად, გეგმავს და ატარებს კვლევას, აკვირდება, აღრიცხავს მონაცემებს, წარმოადგენს სხვადასხვა გამომსახველობითი ფორმებით, აანალიზებს შედეგებს და გამოაქვს დასკვნები. ამ დროს მოსწავლე თავად იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ სწავლაზე.

კვლევაზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს სასწავლო პროცესში თითოეული მოსწავლის ჩართვას, მათში ინტერესისა და მოტივაციის აღძვრას. სახელმძღვანელოს ავტორები გვთავაზობენ კვლევაზე დაფუძნებული სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს დაგეგმვიდან უკუკავშირის ჩათვლით, რაც სერიოზულ დახმარებას გაუწევს მოქმედ პედაგოგებს.

წიგნის ავტორები: ნათელა ბაღათრიშვილი, თინათინ ზარდიაშვილი, დიანა ანფიმიადი, მაია ბლიაძე, მაია ფირჩხაძე

რედაქტორი: ნატო ინგოროყვა, მანანა ბოჭორიშვილი

ტექსტების სტილისტი- ნანა მაჭავარიანი

დიზაინერი-ბესიკ დანელია

წიგნის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან :

კვლევაზე დაფუძნებული სწავლება

 

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- განმავითარებელი შეფასება სასწავლო პროცესში

0

სახელმძღვანელოს ავტორები გვთავაზობენ განმავითარებელი შეფასების საკითხებს, რომლებიც პრაქტიკულ რჩევებზეა დაფუძნებული და პასუხს სცემს უმნიშვნელოვანეს კითხვებს:

  • რით ეხმარება განმავითარებელი შეფასება მასწავლებელს?
    როგორ გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასება უშუალოდ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას?
  • როგორ გადავაქციოთ განმავითარებელი შეფასება ინტერვენციად რეალურ დროში?
    განმავითარებელი შეფასების რომელი ინსტრუმენტები და გვეხმარება, აღმოვაჩინოთ
    მოსწავლის სუსტი მხარეები?
  • როგორ შევიმუშაოთ ხარისხიანი განმავითარებელი შეფასება, რომელიც მოსწავლეს
    დაეხმარება დაძლიოს სირთულე და გახდეს წარმატებული?
  • სახელმძღვანელოში არის კონკრეტული მაგალითები, რომელშიც ნაჩვენებია, რომ განმავითარებელი შეფასება მასწავლებელს საშუალებას აძლევს, შეამოწმოს მოსწავლეთა გაგების/გააზრების დონე და შესაბამისად დაგეგმოს სწავლების პროცესი, რათა დაეხმაროს თითოეულ  მოსწავლეს – გახდეს წარმატებული.

წიგნის ავტორები: 

მანანა ბოჭორიშვილი, გიორგი ნოზაძე. თამარ მურუსიძე, მანანა სეხნიაშვილი, ლელა მანგოშვილი, ნინო კაპანაძე, მარიკა კაპანაძე, თინათინ ზარდიაშვილი, მაია ფირჩხაძე

რედაქტორები:
ნატო ინგოროყვა
მანანა ბოჭორიშვილი
ტექსტების სტილისტი:
ნანა მაჭავარიანი
დიზაინერი:
ბესიკ დანელია

წიგნის წაკითხვა და ჩამოტვირთვა შესაძლებელია ბმულიდან:

განმავითარებელი შეფასება სასწავლო პროცესში

გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს !

0

ძვირფასო მასწავლებლებო!

ინტერნეტგაზეთი mascavlebeli.ge და ჟურნალი “მასწავლებელი” გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიხარულს და მრავალ წარმატებას!

ჩვენ, ერთმანეთან თანამშრომლობით, ყოველთვის შევეცდებით გაგიმართლოთ მოლოდინები და ჩვენი ჟურნალი და გაზეთი იყოს თქვენთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო და  დაგეხმაროთ პროფესიულ განვითარებაში.

მადლობას გიხდით თქვენი შრომისა და ამაგისთვის.

ბოულინგი და ბიომექანიკა

0

ბოულინგი მეგობრებთან ერთად დროის გატარების კარგი საშუალებაა. ბურთს ისვრი კეგლების მიმართულებით, გინდა რაც შეიძლება მეტი კეგლი წააქციო, მაგრამ ალბათ არც გიფიქრია, რომ ბოულინგზე მოსწავლეების ექსკურსიით შესაძლოა მოსწავლეებს ფიზიკის მიმართ ინტერესი გაუღვივო და კანონებიც მარტივად გაააზრებინო. ბიომექანიკა ფიზიკის მიმართულებაა, რომელიც გამოიყენება ბიოლოგიურ სისტემებში მოძრაობის მათემატიკური კანონზომიერების აღსაწერად. ბიომექანიკა შეისწავლის მუხლის მოძრაობას სპორტული აქტივობების დროს. ბიომექანიკის კანონების გამოყენებით შესაძლებელია გაზომო და გამოთვალო სიდიდეები, რომლებითაც ხდება ბოულინგის ტექნიკის გაანალიზება. მაგალითად, სახსარში ძვლებს შორის კუთხე, სეგმენტის გადაადგილების სიჩქარე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზომავენ მხრისა და წვივის მდებარეობას ერთმანეთისა და დედამიწის მიმართ. ასევე გამოითვლება მკლავის მოძრაობის სიჩქარე, რომელიც გარკვეულ სიჩქარეს ანიჭებს ბოულინგის ბურთს. გამოთვლების შედეგებს ადარებენ სხვა უფრო კარგი მაჩვენებლების მქონე ბოულერებს და ფიქრობენ გაუმჯობესების გზებზე. ბოულინგთან დაკავშირებით გაკვეთილზე მუშავდება შემდეგი საკითხები: ხახუნის ძალა, კინეტიკური ენერგია, იმპულსი.

ხახუნი: ხალიჩაზე გაგორებული ბურთის სიჩქარე თანდათან მცირდება, რის ძირითად მიზანსაც ბურთისა და ხალიჩის ზედაპირს შორის არსებული ხახუნი წარმოადგენს. ხახუნის სიდიდე დამოკიდებულია ზედაპირებზე, საპოხი ზეთის რაოდენობაზე (თუ საერთოდ არსებობს), ბურთის მასაზე. ზოგჯერ ბოულინგის ხალიჩაზე ზეთს არ იყენებენ, ან ზოგ ადგილს ფარავდნენ. რაც დიდია ზეთის ფენის სისქე, მით ნაკლებია ხახუნი, რაც ნაკლებია ხახუნი, მით უფრო ძნელია ბურთის გაშვება მრუდ ზედაპირზე. ის სიჩქარე აღარაა საკმარისი, რომელიც მიანიჭეს.

კინეტიკური ხახუნი გამოითვლება ფორმულით:

სადაც: kკინეტიკური ხახუნის კოეფიციენტია;

Fkკინეტიკური ხახუნის ძალა;

m- მასა და g – თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა.

გრავიტაციის ცენტრი: მუდმივი გრავიტაციის შემთხვევაში გრავიტაციის ცენტრი მასათა ცენტრს ემთხვევა. უჩვეულო ფორმის სხეულების შემთხვევაში მასის ცენტრი სხეულის გარეთ მდებარეობს.

გრავიტაციის ცენტრი ბოულინგში: ბოულინგის კეგლებს ფორმის გამო სიმძიმის ცენტრი დაბლა აქვთ, რაც მათ უფრო მდგრად წონასწორობას იწვევს და სტაბილურს ხდის. ბოულინგის ბურთის სიმძიმის ცენტრი არ არის აბსოლუტურად შუაში. მისი მდებარეობა მითითებულია ისრით ბურთის ზედაპირზე.

იმპულსი ბოულინგში: ბოულინგის კეგლებსა და ბურთს შორის დაჯახება თითქმის დრეკადია (ელასტიკურია) და იმპულსი ინახება.

კუთხური იმპულსი: ინერციის მომენტისა და კუთხური სიჩქარის ნამრავლი კუთხური იმპულსია, სადაც ინერციის მომენტი მასის კუთხური ანალოგია. ეს არის სხეულის წინააღმდეგობის საზომი მისი კუთხური სიჩქარის ცვლილებაზე. ხალიჩაზე მოძრავ ბოულინგის ბურთს აქვს კუთხური იმპულსი.

დაჯახება ბოულინგში: სხეულების დრეკადი შეჯახების დროს კინეტიკური ენერგია არ იკარგება. ასეა ბოულინგის შემთხვევაშიც, ამიტომ კეგლების და ბურთის შეჯახება ძირითადად დრეკადია. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ კეგლებისა და ბურთის ზედაპირები მცირე ცვეთას განიცდის, ამიტომ ზოგი ფიზიკოსი მათ დაჯახებას ნაწილობრივ დრეკად დაჯახებად განიხილავს.

ვირტუალური კვლევა: CK12.org ზე მოცემულია სიმულაცია „ბოულინგი“. ლაბორატორიის გვერდი ასე გამოიყურება:

მასში მუშაობის შედეგად მოსწავლე დაადგენს:

  1. რა დამოკიდებულება არსებობს კუთხურ სიჩქარესა და ბურთის საწყის სიჩქარეს შორის (ამისთვის სიმულაციაში ბრუნვის სიჩქარეს, კინეტიკური ხახუნის კოეფიციენტსა და ბოულინგის ბურთის ზომას ცხრილში მოცემულის შესაბამისად შეარჩევს. შეცვლის საწყის სიჩქარეს და დააკვირდება კუთხური სიჩქარის ცვლილებას):
საწყისი სიჩქარე (მ/წმ) ბრუნვის სიჩქარე კინეტიკური ხახუნის კოეფიციენტი ბოულინგის ბურთის ზომა R
4 -2V/R 0 მცირე  
6 -2V/R 0 მცირე  
8 -2V/R 0 მცირე  
10 -2V/R 0 მცირე  
12 -2V/R 0 მცირე  

 

მონაცემების შეგროვების შემდეგ გააკეთებს დასკვნას.

  1. რა დამოკიდებულება არსებობს კუთხურ სიჩქარესა და ბურთის ზომას შორის (ამისთვის სიმულაციაში ბრუნვის სიჩქარეს, კინეტიკური ხახუნის კოეფიციენტსა ცხრილში მოცემულის შესაბამისად შეარჩევს. შეცვლის ბოულინგის ბურთის ზომას და დააკვირდება კუთხური სიჩქარის ცვლილებას):
საწყისი სიჩქარე (მ/წმ) ბრუნვის სიჩქარე კინეტიკური ხახუნის კოეფიციენტი ბოულინგის ბურთის ზომა R
12 -2V/R 0 მცირე  
12 -2V/R 0 საშუალო  
12 -2V/R 0 დიდი  

 

მონაცემების შეგროვების შემდეგ გააკეთებს დასკვნას.

  1. რა დამოკიდებულება არსებობს ბრუნვის სიჩქარესა და კუთხურ სიჩქარეს შორის?
საწყისი სიჩქარე (მ/წმ) ბრუნვის სიჩქარე კინეტიკური ხახუნის კოეფიციენტი ბოულინგის ბურთის ზომა R
12 0 0 საშუალო  
12 +V/R 0 საშუალო  
12 V/R 0 საშუალო  
12 +2V/R 0 საშუალო  
12 -2V/R 0 საშუალო  

 

მონაცემების შეგროვების შემდეგ გააკეთებს დასკვნას.

 

კვლევის შემდეგ უპასუხებენ შეკითხვებს:

  1. ბურთის გასროლის სიჩქარეა 10მ/წმ, ბრუნვის სიჩქარე კი 0მ/წმ. რა დროის შემდეგ დაიწყებს ბურთი გორვას სრიალის გარეშე?
  2. როგორ ფიქრობ, ბურთის მიერ გორვის (სრიალის გარეშე) დაწყების დრო დამოკიდებულია ბურთის ზომაზე?
  3. რა პირობებში გაივლის ბოულინგის ბურთი ხალიჩას ყველაზე ნელა? (შედეგის მისაღწევად შეარჩიე მონაცემები).
  4. რა პირობებია საჭირო იმისთვის, რომ ბურთი ხალიჩაზე გასრიალდეს ბოლომდე ბრუნვის გარეშე? (შედეგის მისაღწევად შეარჩიე მონაცემები).
  5. წარმოიდგინე, რომ ბოულინგს თამაშობ დიდი ბურთით და ის გაისროლე უკან ბრუნვით 10მ/წმ სიჩქარით (ბრუნვის სიჩქარე უარყოფითია). ბურთი სრიალებს დაახლოებით5წმ, შემდეგ გარკვეული წერტილიდან ის იწყებს გორვას სრიალის გარეშე. რას უდრის ბრუნვის საწყისი სიჩქარე და ხახუნის კოეფიციენტი ხალიჩასა და ბურთს შორის? (ბოულინგის ბურთი ზომად შეარჩიე „დიდი“, საწყის სიჩქარედ – „10 მ/წმ”. ბრუნვის საწყისი სიჩქარე და ხახუნის კოეფიციენტი ისე შეარჩიე, რომ ამოცანის პირობაში მოცემული დრო ბურთმა სრიალზე დახარჯოს).

გამოყენებული ლიტერატურა:

https://bit.ly/3cZxRZ4 სიმულაცია – ბოულინგი;

https://bit.ly/3vAD2VJ სიმკვრივე.

 

 

 

 

სააზროვნო უნარებზე ორიენტირებული დავალებები

0

კომპლექსური დავალებების მიმართ საზოგადოებრივი აზრი დღეს არაერთგვაროვანია. ზოგისთვის მისაღები და საინტერესო აღმოჩნდა ახალი სკოლის მოდელის მიერ შემოთავაზებული აქტივობები, ზოგისთვის კი – პირიქით. თუმცა ფაქტია, რომ ინტერესი დიდია ახალი გამოწვევის მიმართ და რაც უფრო გამართული და პროდუქტიული აღმოჩნდება კომპლექსური დავალებები, მით უკეთესი ყოველი პედაგოგისთვის, რომელიც ჩართულია სწავლა-სწავლების პროცესებში.

მეც, ერთ-ერთ რიგით მასწავლებელს, მინდა, საკუთარი გამოცდილება გაგიზიაროთ. თუ რამდენად არის შესაძლებელი, კომპლექსურის მეშვეობით, მოსწავლემ შეასრულოს კრეატიული და მაღალ სააზროვნო უნარების შემცველი სამუშაო, ხალისით და წარმატებული შედეგით.

კომპლექსური განვახორციელე საბაზო საფეხურზე, VIII კლასში. თემაზე: ბიზანტიის იმპერიის განადგურება და ანტიოსმალური კოალიცია“. სამიზნე ცნება – ისტორიული მოვლენა/ პროცესი;(შედეგი: 4, 5, 6, 8, 9).

კომპლექსურის პირობა შემდეგში მდგომარეობდა: მოსწავლეს ევალებოდა, XV საუკუნეში მოღვაწე ქართველ სწავლულად წარმოედგინა თავი და 1453 წლის კონსტანტინოპოლში დატრიალებული მოვლენები, წერილობით გაეცნო ქართული პოლიტიკური თუ რელიგიური საზოგადოებისთვის. კომპლექსურის პირობა საშუალებას იძლეოდა წერილში, ქართულ ინტერესებთან ერთად, პირადი ემოციები და განცდებიც ჩაედო ავტორს.

კომპლექსურის პირობა, თითქოს მარტივი და საინტერესოა იყო, მაგრამ მუშაობის პროცესში, მოსწავლეების მიერ დასმულმა კითხვებმა მიმახვედრა, რომ, თუ პირობა უცვლელი დარჩებოდა, საბოლოოდ, წერილები ერთფეროვანი და მოსაწყენი გამოვიდოდა. რაც ჩემს ინტერესში საერთოდ არ შედიოდა.

გადავწყვიტე პირობა შემეცვალა. თანაც ისე, რომ კომპლექსურის სტრუქტურა და შეფასების კრიტერიუმი უცვლელი დარჩენილიყო, ხოლო მოსწავლეთა მოტივაცია და კრეატიული მიდგომები წამეხალისებინა.

 პრობლემა შემდეგნაირად გადავჭერი: ორი რამ, რაშიც მოსწავლეები არ შევზღუდე და ჩემი ამ გადაწყვეტილებით, კომპლექსურის თავდაპირველი პირობა შეიცვალა იყო შემდეგი. 1. მოსწავლეს მივეცი საშუალება წერილის ადრესატი აერჩია თავისუფლად, სურვილისამებრ (კომპლექსურით მხოლოდ პოლიტიკური ან რელიგიური პერსონაჟი იყო განსაზღვრული) 2. მოერგო ის როლი, რომელსაც საკუთარი წარმოსახვითი სამყარო უკარნახებდა (კომპლექსური დავალება, ქართველი სწავლულის როლს გვთავაზობდა მხოლოდ).

ამასთან, იმისათვის, რომ თხრობა შაბლონური არ ყოფილიყო, მოსწავლეებს შევთავაზე – წერილში მოვლენები აესახათ სურვილისამებრ. გაბმულად მთელი პროცესი (კონსტანტინოპოლის ალყიდან, მისი დაცემით და ანტიოსმალური კოალიციის შექმნით დამთავრებული), ან ფრაგმენტულად, ამ პროცესებიდან ერთი რომელიმე მონაკვეთი გადმოეცათ (მხოლოდ ალყა, კონსტანტინოპოლის დაცემა, ამნიოსმალური კოალიცია).

თავად კომპლექსურით განსაზღვრული პროდუქტი, ანუ წერილი თავისთავად უცვლელი სახით დარჩა, რომელიც მოსწავლეებს უნდა შეესრულებინათ.

პრეზენტაციების წარმოდგენის პირველ ეტაპზე, იყო შემთხვევები, რომ მოსწავლეებმა წერილის ნაცვლად დღიური ან საისტორიო მატიანის მსგავსი ჩანაწერი წარმოადგინეს. აღნიშნული ცვლილება, რაღა თქმა უნდა, არ დავუშვი. მოსწავლეებს ავუხსენი, რომ პროდუქტის ჩანაცვლება გამოიწვევდა კომპლექსურის სტრუქტურის შეცვლას. ხოლო ჩვენი შესასრულებელი სამუშაოს მიზანი და დანიშნულება, სწორედ წერილის შექმნას, მისი მნიშვნელობის გააზრებას გულისხმობდა.

– რა შედეგზე გავიდნენ მოსწავლეები და რა დასკვნა გავაკეთე მათი წერილების საფუძველზე

  ყველა მოსწავლემ გაიგო დავალების არსი და დაწერა „წერილი“. წერილებში ზოგი მოსწავლე შეეცადა მთელი პროცესი აესახა (კონსანტინოპოლის დაცემიდან ანტიოსმალური კოალიციის ჩათვლით), ზოგმაც ფრაგმენტულად მაგ.: ალყის პერიოდი, უშუალოდ ბიზანტიის დაცემის ტრაგიკული მოვლენები, ან მეჰმედის ტრიუმფალური გამარჯვება და ანტიოსმალური კოალიციის შექმნის აუცილებლობა ასახა.

 ყველა მოსწავლე შეეცადა, განსხვავებული როლი მოერგო. ზოგი სწავლულის პოზიციიდან აშუქებდა მოვლენებს, ზოგიც პილიგრიმის ან ტყვედ ჩავარდნილი მოქალაქის, ზოგმა აღნიშნული მოვლენა გამარჯვებული მეომრის ან სულთნის სასახლის პოზიციიდან გააცოცხლა.

 

მოსწავლეებმა იზრუნეს წერილის, როგორც ვიზუალურ ასევე შინაარსობრივ მხარეზეც. ასე მაგ.: უმრავლესობამ კალიგრაფიული ნიმუშებით იხელმძღვანელა, ასევე გამოიყენეს დაშიფრული წერილი, ე.წ. ანჩინური შრიფტი, ქართულში ნასწავლ მასალასთან ინტეგრირების საფუძველზე, ასევე იყო, ე.წ s.o.s განგაშის ხასიათის წერილი. გრაგნილები, დაძველებული თაბახის ფორმატში და ტყავზე ეტრატის მსგავსად შექმნილი.

 და რაც ყველაზე მთავარია, არ დარჩა მოსწავლე, რომელმაც მასალა თემატურად ვერ გაიაზრა ან კრეატიული წერილის შექმნას მაინც არ შეეცადა, მათ შორის ისეთი მოსწავლეები აქტიურობდნენ, რომლებიც ჩვეულებრივ დიდად არ ერთვებიან ხოლმე სასწავლო საგაკვეთილო პროცესში. რამაც ძალიან საინტერესო და სახალისო გახადა მუშაობის პროცესი. საბოლოოდ, მოსწავლეებმა შეძლეს ცოდნის არა მხოლოდ მიღება-გააზრება, შესაბამის ეპოქასთან დაკავშირებით, არამედ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაც.

მეტი სიცხადისთვის, გთავაზობთ რამდენიმე ნიმუშს მოსწავლეთა ნამუშევრებიდან:

 „წერილი ზარდახშაში “

 ….თქვენო ბრწყინვალებავ, ჩემთვის დიდი პატივია გაცნობოთ ახალი ამბავი. ვიმყოფები კონსტანტინოპოლში. თურქ-ოსმალთა სულთნის, მეჰმედის ბრძანებით, 6 აპრილს დაიწყო ალყა, რომელსაც მეციხოვნეები 7 კვირის განმავლობაში იგერიებდნენ. ოსმალები იყენებენ ჩვენთვის უცხო იარაღს. ზღვაზე უპირატესობა მოიპოვეს. ყველაფერი მათ კონტროლქვეშაა. დაირღვა ძველი წესრიგი, დაიწყო ახალი ეპოქა…

ამონარიდი ამ წერილიდან ნათლად გვიჩვენებს, რომ მოსწავლემ შეძლო პროცესის არა მხოლოდ გააზრება, არამედ მისი ლაკონურად გადმოცემა და ეპოქის მნიშვნელოვანი ასპექტის ერთ სტრიქონში ჩამოყალიბება. ამასთან მეტი ინტერესის გამოსაწვევად, იზრუნა წერილის ვიზუალურ მხარეზეც და ზარდახშაში მოათავსა. ვგონებ, ჩანაფიქრი კარგად განახორციელა.

მეორე მოსწავლის, ნააზრევი კიდევ უფრო საინტერესოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მან პრობლემა უფრო ემოციურად განიცადა და პროდუქტიც განსხვავებული, გამაფრთხილებელი, ე. წ. S.O.S სახით წარმოგვიდგინა.

„S.o.s წერილი“

თუ ამ წერილს კითხულობ, უფალმა ინება, რომ შენც გაგეგო უბედურების შესახებ, რომელიც ოსმალებმა დაატრიალეს კონსტანტინოპოლში. ყველაფერი ბოსფორზე ციხეების მშენებლობით დაიწყო, ჭორები დადიოდა, ოტომანები ომისთვის ემზადებიანო. სულთანმა უნგრელებს უცნაური იარაღის დამზადება შეუკვეთა, რომელიც უზარმაზარ ლოდებს 2 კილომეტრზე ისვრის… 7 კვირა ისე გავიდა, გამარჯვების იმედი არცერთი წუთით არ დაგვიკარგავს, მაგრამ 29 მაისი, თითქოს ერთი ჩვეულებრივი დღე, უკანასკნელი აღმოჩნდა კონსტანტინოპოლელთათვის, დაეცა მართლმადიდებელ ქრისტიანთა იმედი, ბრძოლის ველზე დაეცა იმპერატორიც.

 მე და მთელი ჩემი ოჯახი: ცოლი და ჩემი ქალ-ვაჟი ტყვედ ჩავვარდით. როგორ ვოცნებობდი მათ მომავალზე… ახლა არ ვიცი. სულთანი ქრისტიანებისგან გამუსლიმანებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში დევშირმეს გადახდა მოგვიწევს _ ბავშვებს აარჩევენ და თუ გაგვიმართლა იანიჩარად ან რომელიმე სამსახურისთვის შეარჩევენ ჩემს ვაჟსაც. არ ვიცი… აწმყო ტრაგიკულია, მომავალი ბუნდოვანი… მთელი ხმით მინდა, ვიყვირო, სასოწარკვეთილმა – დ ა გ ვ ე ხ მ ა რ ე თ!

 

სრულიად განსხვავებული მიდგომა წარმოგვიდგინა ერთ-ერთმა მოსწავლემ. რომლებმაც მოვლენები განსხვავებული მხრიდან, ოსმალთა პოზიციიდან გააშუქა და სათქმელი ორ წერილად ჩამოაყალიბა, მის ნაშრომს პირობითად „ოსმალი მეომრის წერილი ვუწოდეთ“.

 

 

 ოსმალი მეომრის წერილი

საყვარელო ძმაო, გესალმები მონატრებული. ჩვენ ვემზადებით გადამწყვეტი შეტევისთვის. ჩვენი კოშკები ბოსფორზე და ბომბარდები, მზად არის ბრძოლისთვის. სულთანი მეჰმედი გამარჯვების შემთხვევაში დიდ გასამრჯელოს გვპირდება, სიცოცხლის ბოლომდე. ორჯერ მეტ ჯამაგირს, ვიდრე ახლა გვაქვს და სრულ თავისუფლებას ქალაქზე 3 დღის განმავლობაში. ამაზე მეტი რა უნდა ინატროს მეომარმა, რომელსაც ბრძოლა და გამარჯვება სწყურია.

 1453 წლის 4 აპრილი

ძვირფასო ძმაო, 7-კვირიანი ალყის შემდეგ, ალაჰმა მოწყალე თვალით გადმოხედა დიდ სულთანს. ჩვენ გავიმარჯვეთ. ჩემს დაბრუნებამდე გიგზავნი სალამს და ძვირფას ძღვენს, ომში დამსახურებულად მოპოვებულს.

1453 წლის 31 მაისი

შემდეგი წერილიც სხვა პოზიციიდან აშუქებს მოვლენებს და მას პირობითად „სასახლის წერილები“ ვუწოდეთ.

 „სულთნის სასახლის წერილები“

ჩემო, ბავშვობის მეგობარო, ჭირისა და სიხარულის გამზიარებელო, რამდენი სევდიანი და ნათელი დღე გვაჩუქა შემოქმედმა, როგორი შავ-ბნელი გვეჩვენებოდა სამყარო, როცა მეჰმედის ჰარემში მოვხვდით… 7 წელი მიილია, დღეს სხვა რეალობაა, ჩემმა სულთანმა ის შეძლო, რაც ვერცერთმა მისმა წინამორბედმა. უმდიდრესი და ულამაზესი სტამბული, რომელსაც კონსტანტინოპოლს ეძახდნენ ოსმალთა დედაქალაქია. იზრდება ოსმალთა სამკვიდრო და ეს პროცესი შეუქცევადია. დასავლეთისა და აღმოსავლეთის სიმდიდრე, „ოსმალთა ტბის“ წყალობით ახლა ჩვენ ხელთ არის. მენატრები, შენი ემინე გიულბაჰარ ხათუნი.

როგორც ვნახეთ, ეს ემოციური წერილი მოსწავლემ სულთნის პირადი, ოჯახური გარემოცვიდან წარმოიდგინა. ამისთვის მას დამატებითი ინფორმაციის მოძიება დასჭირდა და წერილის პერსონაჟად, ჰარემის რეალური ისტორიული პირებიდან, ემინე გიულბაჰარ ხათუნი, წარმოშობით ალბანელი ქალბატონი აირჩია.

 

წერილი, რომელსაც „დაშიფრული“ ან „საიდუმლო“ ვუწოდეთ, ასევე განსხვავებულია თავისი შინაარსით, რადგან მოსწავლემ წერილი ისე შეადგინა, რომ ტექსტის ის ადგილები, სადაც ოსმალთა ახალი საბრძოლო იარაღის აღწერაა, ე. წ. ანჩინური ანბანით დაშიფრა. როგორც თავად ახსნა, იმ შემთხვევაში, თუ წერილი მტრის ხელში მოხვდებოდა, საიდუმლო ადგილების წაკითხვას ვერ შეძლებდა. აქვე უნდა შევნიშნოთ ისიც, რომ აღნიშნული საიდუმლო ანბანის გამოყენების იდეა, მას ქართულ ენაში შესწავლილმა მასალამ „უკარნახა“, რითაც შედგა საგანთა შორის ინტეგრირება.

დაშიფრული წერილი „ანჩინური“ ანბანით შესრულებული

 

 

 

მოსწავლეთა აქ წარმოდგენილმა ნიმუშებმა, დამარწმუნა, რომ თუ კომპლექსური დავალებების მიმართ ჩვენი მიდგომები შემოქმედებითი ხასიათის იქნება, მოსწავლეებისგანაც ასევე კრეატიულ უკუკავშირს მივიღებთ. ამასთან, შევძლებთ, ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარ-ჩვევების გამომუშავებას და მათი ცოდნის რეალიზებას. მარტივად, ხალისით და თანაც, ზედმეტი დროის დაუხარჯავად.

 

გულახდილი საუბრების ძალა ბავშვებთან

0

თუ ისე მოხდა, რომ ჩვენი ემოციები, რომლებიც შეიძლება კარგიც იყოს და ცუდიც, ვინმეს არ გავუზიარეთ, ხომ გვექნება შეგრძნება, რომ მარტო ვართ ქვეყანაზე და ჩვენი ამბავი არავის აინტერესებს?! ან როგორ გვინდა მოვყვეთ, რა იყო ყველაზე ძნელი იმ ამბებიდან, რაც თავს გადაგვხდა ან რა კარგი დღეები დგას ჩვენს ცხოვრებაში ახლა, როცა კარგი მსმენელი არ გვეგულება ჩვენს სიახლოვეს?! შეიძლება, თამამად განვაზოგადოთ, რომ იშვიათად ხდება, როცა ჩვენთვის მნიშვნელოვან რამეს ვყვებით და არ გვისმენენ და მეტიც, ეტყობათ, რომ არ აინტერესებთ, ან ერთი სული აქვთ, თვითონ დაიწყონ ლაპარაკი და ვინც ლაპარაკობს, იმან დროზე დაამთავროს. თან ეს მსმენელი უბრალო გამვლელი ხომ არ არის – ახლობელია, მეგობარი, ვისაც ენდობი და ვისიც გჯერა, მაგრამ მოსმენა არ შეუძლია, სიტყვა უკვე უამრავჯერ გაგაწყვეტინა და საუბრის სურვილიც დაკარგე.

წარმოიდგინე, ბავშვებიც ასე არიან, როდესაც ჩვენთან საუბარს ცდილობენ და ჩვენ კი, ათასი საქმით დაკავებულები, ხან ფრთხილად და ხანაც უხეშად ვიშორებთ თავიდან, იმიტომ რომ არ გვცალია და ვერ მოვუსმენთ; ან ვუსმენთ, მაგრამ ცალი ყურით, მთელი ყურადღება სხვა საქმეებისკენ გვაქვს მიმართული და მათზე დარდი არ გვასვენებს, როდის მოვასწრებთ. ან ვუსმენთ ცოტა ხანს, მერე კი ხისტად ვაწყვეტინებთ, ან ქადაგებას და მათ დამოძღვრას ვიწყებთ, გვგონია, ეს არის მთავარი, და ისინიც სურვილს კარგავენ, ბოლომდე მოჰყვნენ, რაც აწუხებთ, რა შთაბეჭდილებითაც აივსნენ დღის განმავლობაში და შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი რამ გამოგვეპაროს. ზოგჯერ ისე გადის მთელი დღე, დრო არც კი გვრჩება, რომ შვილებს მოვუსმინოთ და დასაძინებლად მივერეკებით, არადა, რამდენი რამ აქვთ მოსაყოლი ჩვენთვის, რამდენ რამეში შეგვიძლია მათი დარწმუნება, მათი ეჭვების გაქარწყლება, ჩვენი სიყვარულის დადასტურება… არადა, მთელი დღე ისე გავიდა, ამისთვის ვერ მოვიცალეთ.

ჩვეულებრივი ამბავია, რომ ბავშვებსაც სჭირდებათ თავიანთი დღეების გაზიარება, ემოციებზე დაკვირვება და ანალიზი. როცა მათ ყურადღებით ვუსმენთ, ვასწავლით, რომ მათი ემოციები მნიშნელოვანია და ამ ემოციებზე საუბარი კარგია. როგორც კი მათ აქტიურ მოსმენას ვიწყებთ, ისინიც უფრო მოგვეკრობიან, გვენდობიან და ისეთ რამეებსაც გვიმხელენ, რაც ყურადღების მიღმა დაგვრჩებოდა, მოსმენისთვის საჭირო გარემო რომ არ შეგვექმნა, საჭირო დრო რომ არ გამოგვეგლიჯა ყოველდღიურობიდან. ბავშვებს უყვართ უფროსებთან გულახდილი საუბრები, მოსწონთ, როცა ვუსმენთ, მოსწონთ, როდესაც ლმობიერი ვართ მათი ამბების მიმართ და ამბების გაზიარებას იწყებენ.

 

„რამეზე ხომ არ გსურს დღეს საუბარი? საინტერესო რა მოხდა დღეს შენთან? ხომ არ გინდა, რამეს მომიყვე? ხომ არ მოხდა რამე ისეთი, რამაც თავი ცუდად გაგრძნობინა ან პირიქით? სურვილი ხომ არ გაქვს, რაიმე გამიზიარო?” – საუბრის წამოსაწყებად შეგვიძლია ბანალური კითხვებიც დავსვათ და პასუხს მოთმინებით დაველოდოთ.

გულახდილობამდე მისასვლელი გზა კი აქტიურ მოსმენასა და ლმობიერებაზე გადის, როდესაც ამაში ჩვენს შვილებს ვარწმუნებთ, გულახდილობისთვის საჭირო უსაფრთხო სივრცეს ვუქმნით, ისინიც ბევრ რამეს გვიმხელენ. ასეთ დროს შეიძლება ერთი წლის წინ მომხდარი ამბავიც გულისტკივილით გაიხსენონ და მათი გამხნევებაც კარგად გამოგვივიდეს.

აქტიური მოსმენა და ბავშვების გულახდილი საუბრებისთვის ყურის დაგდება მშობლისა და შვილის ურთიერთობას ჟანგბადით ავსებს. როდესაც ბავშვებს ვაგრძნობინებთ, რომ მათი გვესმის, მათი პრობლემები ჩვენთვისაც ნაცნობია და განვიცდით მათ მდგომარეობას, ეს ყველაფერი მათ ჩვენდამი ნდობით აღავსებთ და გულახდილობისკენ უბიძგებთ. ისღა დაგვრჩენია, ყურადღებით მოვუსმინოთ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...