პარასკევი, მაისი 2, 2025
2 მაისი, პარასკევი, 2025

პირველი დღის აქტივობები დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის

0

მალე ახალი სასწავლო წელი დაიწყება. მასწავლებლები აქტიურად ვემზადებით მოსწავლეებთან შესახვედრად: ვადგენთ კურიკულუმს, ვქმნით რესურსებს, ვაწყობთ სასწავლო გარემოს. მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლის პირველი დღე, რომელიც სასიამოვნო ემოციებთან და შთაბეჭდილებებთან არის დაკავშირებული. დადებითი განწყობისა და მოტივაციის შექმნა მეტწილად დამოკიდებულია ჩვენ მიერ დაგეგმილ აქტივობებზე. ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე სახალისო დავალება, რომლებიც დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. ის ამავე დროს ხელს უწყობს სასწავლო მიზნების მიღწევას.

აქტივობა 1. ვემშვიდობებით ზაფხულს, ვეგებებით სკოლას. ხშირად მოსწავლეებს უჭირთ არდადეგებიდან სასწავლო პროცესზე გადართვა. მნიშვნელოვანია, მათ გააცნობიერონ ამ ორ პერიოდს შორის არსებული განსხვავებები. მოსწავლეები ერთობლივად ავსებენ წარმოდგენილ ცხრილს, მარცხენა მხარეს წერენ აქტივობებს, რომლებიც ზაფხულში განახორციელეს, ხოლო მარჯვენა მხარეს წერენ იმას, რაც, მათი აზრით, სკოლაში სიარულთან არის დაკავშირებული.

აქტივობა 2. დავწეროთ ლექსი სკოლაზე. მოსწავლეები პასუხს სცემენ დასმულ შეკითხვებს და ავსებენ ხუთსაფეხურიან პირამიდას. აქტივობა ხელს უწყობს სასწავლო მიზნების მიღწევას, ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას. გთავაზობთ, აქტივობის ერთ-ერთ მაგალითს.

აქტივობა 3. მათემატიკა ჩემ შესახებ. მოსწავლეები ავსებენ პოსტერს, ჭრიან, აფერადებენ და ქმნიან ავტოპორტრეტს. გარდა იმისა, რომ აქტივობა სახალისოა, მოსწავლეებს დავალების შესასრულებლად მათემატიკური უნარ-ჩვევების გამოყენება სჭირდებათ. ბოლოს ეწყობა გამოფენა და პრეზენტაცია.

რესურსის ამობეჭდვა შეგიძლიათ ქვემოთ წარმოდგენილი ლინკიდან.

https://drive.google.com/file/d/1FYV9Pd9AuHEj2CNgxHuQn9YMq3kn_uEi/view?usp=sharing

გამოყენებული ლიტერატურა:
• მათემატიკის სტანდარტი I-IV კლასები;

ერთი იდიომის თავგადასავალი

0

ამბობენ რომ ენის სიმდიდრესა და სილამაზეს, ასევე სიღრმესა და მრავალფეროვნებას ენაში არსებული ხატოვანი გამონათქვამები, ანუ იდიომები განსაზღვრავს. ენის ცოდნის ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად იდიომების გააზრებაა. ბევრ ახალგაზრდას უჭირს ამ საკითხთან გამკლავება, რადგან ისიც უნდა ითქვას რომ თანამედროვე მწერლობა ქართული თუ ნათარგმნი ხატოვან გამონათქვამებს დიდად აღარ სწყალობს. ვფიქრობ ენის შეყვარებისათვის და გათავისებისთვის იდიომებზე მუშაობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა. გთავაზობთ ერთ  ძალიან საინტერესო და ზღაპრულ გამონათქვამზე ჩემს მიერ შედგენილ პატარა ტექსტს და აქტივობებს, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ბავშვებთან, ალბათ შვიდი წლიდან ზემოთ, რა თქმა უნდა, ცვლილებებით და ადაპტაციით.

ვარსკვლავებს ეთამაშება

შორეულ, შორეულ წარსულში, ჩვენი წინაპრების წარმოსახვით, სამყარო  დამბადებელს შეუქმნია. მიწისთვის სკნელი დაურქმევია და ადამიანებისთვის უჩუქებია.  სინათლის გარეშე სკნელი ბნელი და ნაცრისფერი ჩანდა, რაღაც კიდევ იყო საჭირო, რაც ქვეყნიერებას ნათელს მოჰფენდა. იფიქრა, იფიქრა დამბადებელმა და გადაწყვიტა ადამიანებისთვის ცა ეჩუქებინა. ცა – მტკიცე, ნათელი და ვრცელი უნდა ყოფილიყო, მის ქვეშ სულიერსა და უსულოს დაცულად რომ ეგრძნოთ თავი, ხოლო სინათლეს მიწის ყველაზე ბნელი ადგილებიც კი უნდა გაებრწყინებინა.

დამბადებელს მიწის, სკნელის გადასახურად ყველაზე მტკიცე ლითონები შეურჩევია, მათ შორის რვალიც. გამოუჭედავს ცა და ცის კაბადონიც გაჩენილა. თუმცა ცის კაბადონს  რაღაც მაინც აკლდა, სკნელს კიდევ უფრო მეტი სინათლე სჭირდებოდა. დამბადებელი კიდევ ერთხელ დაფიქრებულა და თავის სამჭედლოს ჩაფიქრებული მისდგომია, ჰოდა, დაუწყვია ჭედვა. ჭედდა და ჭედდა ოქროსგან უზარმაზარ ბურთს, მისი ჭედვის ხმა ჭექა-ქუხილად იკლაკნებოდა, აზანზარებდა ყველაფერს და ნაპერწკლებს ფანტავდა რვალის ზეცაზე, დედამიწაზე კი ამ დროს ოქროს ფანტელების ცვენა დაწყებულა. ადამიანებს დაუწყიათ შეგროვება და ქილებში შენახვა. როგორც მზის ფიფქებისა და სხივების ანასხლეტის. ეს ოქროს ფიფქებია შემდგომში მკვდრებსაც რომ გააცოცხლებს, მაგრამ ეს უკვე სხვა ამბავია.

ჰოდა, გამოუჭედია უზარმაზარი ოქროს სფერო და ცის კაბადონზე დაუკიდია და სახელიც უწოდებია – მზე.

მარტივი საქმე არ ყოფილა ამხელა ქვეყნიერების დღე და ღამე ნათება, იღლებოდა თურმე მზე, ჩაეძინებოდა ხოლმე და ადამიანებთან ისევ უკუნეთი ისადგურებდა. შიში იპყრობდათ, მუდარით შესთხოვდნენ დამბადებელს სინათლეს.

დამბადებელმა შეისმინა თხოვნა. ღამის სფერო ვერცხლისგან გამოჭედა და მთვარე უწოდა. მთვარის ჭედვისასაც ქროდნენ მიწაზე მთვარის, ვერცხლის ფანტელები.

ადამიანებისთვის კი მზე და მთვარე ღმერთებად იქცნენ, ისინი ხომ ათბობდნენ, გზას უნათებდნენ, მათზე ლოცვა დაიწყეს, შეუყვარდათ ძალიან.

დამბადებლის სამჭედლოში კიდევ უამრავი ოქროსა და ვერცხლის ფანტელი დარჩენილიყო, ვერცხლის მთვარე კი უკუნის განათებას მარტო ვერ აუდიოდა, კიდევ ბევრი უფიქრია დამბადებელს, აუღია თავის ჯადოსნური ჩაქუჩი, დაურტყამს გრდემლზე და ეს ოქროსა და ვერცხლის ფიფქები ღამეულ ცაზე ვარსკვლავებად აუკაშკაშებია.

ზესკნელი, ზეცა – ღმერთებისა და ქალღმერთების სამფლობელოდ ქცეულა, იქ ასვლის უფლება მხოლოდ გამორჩეულ ადამიანებსა ან ღვთისშვილებს ჰქონიათ. ჰოდა, ადიოდნენ, ულამაზესი, უკეთილშობილესი, თანატოლებისგან გამორჩეული ვაჟები და ქალები, ხვდებოდნენ მზესა და მთვარეს, ეთამაშებოდნენ ვარსკვლავებს და უკან გაბრდღვიალებულები, ნათლით სავსეები ბრუნდებოდნენ.

ამ დროს შეუთხზავთ მშვენიერი ხალხური ლექსიც:

„მზე – დედაა ჩემი,

მთვარე – მამაჩემი,

მოციმციმე ვარსკვლავები

და და ძმაა ჩემი.“

სწორედ აქედან მოუღწევია ჩვენს ეპოქამდე გამონათქვამს: „ვარსკვლავებს ეთამაშება“ – რომელიც განსაკუთრებით ლამაზ და გამორჩეულ, სიცოცხლით სავსე, მკვირცხლ  ადამიანზე ამბობენ, იმაზე, ვისაც ზესკნელთან კავშირი ჰქონია, ვარსკვლავები უნახავს. ხოლო „ვარსკვლავებს კრეფს“ – მეოცნებეზე, რომელიც სიზმრებსა და ოცნებებში ღმერთებისა და ქალღმერთების სამყოფელში დანავარდობს, უკან კი ვარსკვლავებით ხელდამშვენებული ბრუნდება.

ეს გამონათქვამი მწერლებსაც ძალიან მოსწონებიათ, ზოგიერთს კი თავის ტექსტებშიც გამოუყენებია. ი. ეკალაძეს დაუწერია: „ისეთი ვაჟკაცია… ჩემგან არჩეული სასიძო, რომ სულ ვარსკვლავებს ეთამაშებაო.“

 

ლექსიკონი

რვალი – სპილენძის (ლითონი) და კალის (ლითონი) შენარევი.

ცის კაბადონი – ცის კამარა, ცის თაღი, ცის გუმბათი.

გრდემლი – რკინის საყრდენი ლითონის გამოსაჭედად.

დაუკვირდი სქემას,  შეავსე და გაუკეთე ილუსტრაციები.

 

რა ხდებოდა ამბის დასაწყისში? ჩაწერე მოკლედ.

 

 

 

 დასაწყისი

(ტექსტი)

ილუსტრაცია
რა ხდებოდა შუა ნაწილში? შუა ნაწილი

(ტექსტი)

ილუსტრაცია

 

 

 

როგორია დასასრული?  დასასრული

(ტექსტი)

ილუსტრაცია

 

 

 

 

 

 

 კიდევ ერთხელ წაიკითხე ტექსტი დაკვირვებით და გაეცი კითხვებზე პასუხი:

  1. რატომ გადაწყვიტა დამბადებელმა ადამიანებისთვის ცის ჩუქება?
  2. როგორ ფიქრობ, ადამიანები რატომ აგროვებდნენ მზის ოქროს ფანტელებს? რაში გამოიყენებდნენ? წარმოიდგინე და დაწერე შენი მოსაზრება.
  3. აღწერე შენი სიტყვებით „ცის კაბადონი“. როგორ გესმის, როგორ გამოიყურება, გამოიყენე ზედსართავი სახელები, ეპითეტები.
  4. რატომ შექმნა დამბადებელმა მთვარე?
  5. როგორ ფიქრობ, რატომ იქცნენ მზე და მთვარე ადამიანებისთვის ღმერთებად?
  6. რისგან შექმნა დამბადებელმა ვარსკვლავები?
  7. რა განსხვავებაა „ვარსკვლავებს ეთამაშება“ და „ვარსკვლავებს კრეფს“ შორის? განმარტე ორივე გამონათქვამი, იმსჯელე განსხვავებებსა და მსგავსებებზე.

 შექმენი ამბავი

მოიფიქრე ამბავი, თავგადასავალი ადამიანზე, რომელიც ოდესღაც ყოფილა ზესკნელში და ვარსკვლავებთან უთამაშია. გამოიგონე პერსონაჟები, შეარქვი

სახელები. შენს ამბავს გაუკეთე: დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული. დაასათაურე და გაუკეთე ილუსტრაცია.

ფრაზის „ვარსკვლავებს ეთამაშება“ გამოყენებით შეადგინე ხუთი წინადადება, გამონათქვამი გამოიყენე იმ გაგებით, როგორსაც ჩვენ, თანამედროვე ადამიანები ვიყენებთ საუბარში.

დახატე ცის კაბადონი, ზესკნელი, ისე როგორც ტექსტშია აღწერილი, გააფორმე შენი წარმოსახვით.

 

 

 

                                                                                                                 

ალაგთ ჰამბავი – დედამიწის ენა

0

ტოპონიმიკა დედამიწის ენაა, ხოლო დედამიწა წიგნია, რომელშიც კაცობრიობის ისტორიაა დაწერილი.

წარმოუდგენელია ჩვენი ცხოვრება გეოგრაფიული სახელწოდებების გარეშე. ყველაფერს დედამიწაზე თავისი მისამართი აქვს და ეს მისამართი იწყება ადამიანის დაბადების ადგილიდან. მშობლიური სოფელი, ქუჩა, სადაც ის ცხოვრობს, ქალაქი, ქვეყანა, ყველაფერს თავისი სახელი აქვს.

ტოპოგრაფიული სახელი თითქმის არასოდეს არ არის შემთხვევითი და მნიშვნელობას მოკლებული.

წარმოქმნისთანავე, ტოპონიმი დიდხანს რჩება ადამიანის მეხსიერებაში და თაობიდან თაობას გადაეცემა.

ტოპონიმი ერთგვარად ადამიანსა და ლანდშაფტის ობიექტს ერთმანეთს აკავშირებს.

იგი მოცემული ენისა და კულტურის მატარებელთა ფონური ცოდნის განუყოფელი ნაწილია;

ტოპონიმი ეროვნული თვითმყოფადობის მატარებელია, მასში ხალხთა ცხოვრების ისტორიული, გეოგრაფიული, ტერიტორიული და ბუნებრივ-გეოგრაფიული თავისებურებების პირობების გარდა, ერის ისეთი თავისებურებები აისახება როგორებიცაა ფსიქიკა, რომელიც ტრადიციებში, წეს-ჩვეულებებში და ფოლკლორშია აღბეჭდილი.

ქართული ტოპონიმიკის ეტიმოლოგია საქართველოს „მემატიანეა“. ტოპოერთეულთა სტრუქტურულ-ეტიმოლოგიური კვლევა, საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის. მიკროტოპონიმიკური ერთეულის სტრუქტურული კვლევა ენობრივი ცვალებადობის, სხვადასხვა დიალექტების არსებობის გასაღებია, ხოლო – ეტიმოლოგია შესაძლებელია სასწავლო თეორიულ მასალად გამოიყენონ.

ლეგენდებ

 

  1. სამღერეთი

ამბობენ, სამღერეთს სამი მომღერალი დის გამო ეწოდა ეს სახელი. ლეგენდის თანახმად, ოდესღაც, მტერი მოულოდნელად დასხმია თავს სოფელს. ბრძოლისთვის მზად არმყოფ მოსახლეობას თავის დაცვა გასჭირვებია. სწორედ ამ დროს გამოჩენილა ფანდურით ხელში ტკბილად მომღერალი სამი და, რომელთა სიმამაცესა და მომნუსხველ ხმებს მტერი დაუბნევია.

მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლაში მწარედ დამარცხებულან, ლეგენდა დების შესახებ თაობებიდან თაობებს გადაეცა. ამ ლეგენდას იქაური მაცხოვრებლები ამყარებენ, სოფლის სასაფლაოზე შემორჩენილი საფლავის ქვით. ქვაზე, თაღში სამი ჯვარია გამოსახული. მოსახლეობას სჯერა, რომ ეს სამი დის საფლავია.

 

  1. გმირთ ნაკვეთი, ბირთვისი, გომერი

სამების მთასთან, იგივე გმირთ ნაკვეთთან დაკავშირებით შემდეგი ლეგენდა არსებობს:

სამება და დევი დიდხანს კამათობდნენ, თუ ვისი სამფლობელო უნდა ყოფილიყო ეს შესანიშნავი მწვერვალი. ბოლოს სამება დასთანხმდა დაეთმო დევისთვის ერთი პირობით: დევს ერთ ღამეში, მამლის ყივილამდე, უნდა შემოესაზღვრა მთის წვერი ზღუდით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მწვერვალი სამებას დარჩებოდა.

დევი გრძნობდა, რომ ერთ ღამეში ამ სამუშაოს მარტო ვერ შეასრულებდა და დასახმარებლად მოიხმო თავისი და, რომელიც მას ძალით არ ჩამოუვარდებოდა. დევის და მოპირდაპირე მაღალ მთაზე, „საწურბლეზე” დამდგარა და იქიდან აწვდიდა ძმას უზარმაზარ ლოდებს. დევი იჭერდა ამ ქვებს და სწრაფად აშენებდა კედელს.

სამებამ რომ დაინახა, დევი სამუშაოს კარგად ართმევდა თავს, მთის შესანარჩუნებლად მაღლა წითელი ნაჭერი აისროლა, რომელიც მამლად გადაიქცა. მამალმა მაშინვე იყივლა, დევმა თავი დამარცხებულად იგრძნო და გაიქცა. ამბობენ, რომ სამება დევს გამოეკიდა და ბირთვისის ციხის მიდამოებში ისრით განგმირა. დღესაც აქ ერთ-ერთ ადგილს დევის ნარღვევს უწოდებენ.

საინტერესოა, რომ ქ. თეთრიწყაროში გმირის სახელთან დაკავშირებული კიდევ ერთი მთა არსებობს. ესაა ე.წ. ,,გომერგორა.

ტერმინი ,,გმირი”, რომელიც ოსურში გამოითქმის „გუმირ”-ის (სომხურად ,,გამირ”) სახით ტოტემური სახელწოდებაა. აქედან გარკვეულ ახსნა-განმარტებას პოულობს კიდევ ერთი გეოგრაფიული სახელწოდება „გომერგორა”. გომერ – გმირი, გორა – მთა (რუსული).

 

  1. მამიდას ქვა/გულდამაანთ მამიდა

მოსახლეობას ოდითგანვე სჯეროდა, რომ მამიდას ქვას, რომელიც სოფ. გოხნარის თავზე მდებარეობს, სასწაულმოქმედი ძალა აქვს. გვალვის დროს ხალხი მიდიოდა ამ ქვასთან, იხდიდა პარაკლისს და შესძახებდა „აგვყე, მამიდაო”, შემდეგ, მსუბუქად აწევდნენ მძიმე ლოდს, გადააბრუნებენ და წვიმაც არ დააყოვნებდა.

თურმე, რიტუალში მონაწილეობა და საერთოდ მამიდას ქვასთან მისვლა ეკრძლებათ გულდამაშვილების გვარის წარმომადგენლებს. ხალხური რწმენით, მათ ლოდის გაცოცხლება შეუძლიათ.

ლეგენდის თანახმად, სწორედ გულდამაშვილების გვარის ქალს დასდევნებია მტერი. საფრთხეში მყოფ ქალს ღმერთისთვის უთხოვია: „ოღონდ ამ ურჯულოთა ტყვედ ნუ მაქცევ და აქვე გამაქვავეო”. ასე გადაქცეულა ქვის ლოდად. შემდეგ ლოდს ჯვრის ფორმა მიუღია, ან ხალხს გამოუკვეთავს.

თურმე, გულდამაშვილებს მამიდის გაცოცხლების შესაძლებლობა ჰქონიათ: თუ ამგვარის სახლიკაცი ლოდთან მივა და ხმამაღლა შესძახებს „ადექი, მამიდა, წამოდექიო”, ქვა სულს ჩაიდგამს და კვლავ ადამიანად იქცევა, მაგრამ სანაცვლოდ ყრმის ან მოზარდის სიცოცხლეს წაიღებს მათივე საგვარეულოდან. სწორედ ამიტომ, ქვა ჯვართან ხსენებული გვარის წარმომადგენლების მისვლა აკრძალულია.

 

თქმულებები

 

  1. შავსაყდარი

სოფელში ამბობენ, რომ დაახლოებით სამი საუკუნის წინ დუშეთის რაიონიდან ჩამოსახლებული ხალხი შავსაყდრის დღევანდელი მდებარეობიდან 2-3 კილომეტრის მოშორებით დაასახლეს. მაგრამ, იმ დასახლებაში ეპიდემია გავრცელებულა, რომლის გამოც ჩვილი ბავშვები იღუპებოდნენ.

ერთ-ერთმა დედამ, გვარად კედელაშვილმა, აიყვანა თავისი ჩვილი და წავიდა იქ, სადაც ახლა სოფელი შავსაყდარი მდებარეობს. აქ იყო ძველი ეკლესია, რომელიც მტერს გადაუწვავს და ამის გამო კედლებს შავი ფერი დაედო. ქალმა ამ ეკლესიას შეაფარა თავი და მის მახლობლად დასახლდა.

სოფლიდან წამოსვლამ მისი შვილი გადაარჩინა, ბავშვი ავად არ გამხდარა. ეს ამბავი დანარჩენებს რომ გააგებინა, ისინიც გადმოსახლდნენ და ასე შეიქმნა დასახლება. ადრე ამ ადგილს ვარდისუბანი ერქვა, შემდეგ, ეკლესიის გამო, დაერქვა შავსაყდარი: შავი საყდარი.

 

  1. მაწევანი

მოსახლეობაში ასეთი ამბავი არსებობს ამ სოფლის სახელთან დაკავშირებით:

დასახლებაში ცხოვრობდა ცოლ-ქმარი, რომელიც ურმით დაატარებდა გასაყიდად მაწონს. სოფლისკენ მიმავალი გზა აღმართია, სადაც ურემი რთულად ადიოდა და ყოველ ჯერზე, ცოლი თურმე მეუღლეს შემოსძახებდა: „მააწე, ვანი! მააწე”.

მაწე – მოაწექი, ვანი – ვანო, ქმრის სახელი.

 

  1. წყლულეთი

თქმულების მიხედვით, ადგილის სახელწოდება დიდგორის ბრძოლას უკავშირდება. ამბობენ, რომ სწორედ აქ, წყაროზე იშუშებდნენ დაწყლულებულ იარებს დიდგორის ბრძოლაში დაჭრილი დავითის მეომრები. ერთ-ერთ წყაროს აქ, ახლაც „უკვდავების წყაროს” უწოდებენ.

 

  1. ვაკე

სოფელ ვაკის სახელი რელიეფის ფორმის ტერმინთან არის დაკავშირებული.

სოფლის აღწერისას ვახუშტი ბაგრატიონი მოგვითხრობს სასწაულმოქმედ ლოდზე:

„პატივანს ქვეით ვაკეს არს ლოდი, რომელი, გვალვასა თუ გარდააბრუნო და შენამო, მოვალს წვიმა, ხოლო წვიმიანობასა შინა თუ შეაყა რო ნაცარიდა გარდააბრუნო, იქმნების უწვიმრობა”.

 

  1. კლდეისი

პატარა კლდეისს ძველად ხორხები ერქვა. ხორხები ცნობილია თავისი ყინულოვანი ჭებით, მკვიდრ მოსახლეობაში ჭებს ხშირად თამარის საყინულეების სახელით მოიხსენიებენ, რადგანაც არსებობს თქმულება, რომ სწორედ აქედან მიჰქონდათ ცივი წყალი ნადარბაზევში დასასვენებლად ამოსული თამარ მეფისთვის.

„ხორხებს არს ქვაბი კლდისა, რომელი არს ზამთარ თბილ, ვითარცა აბანო, და ზაფხულს დის წყარონი კლდიდან. მას წყაროს ჰყინავს და არს ყინული ფრიად წმიდა და მრავალი, ზიდავენ ზაფხულს მეფისათვის”.

 

  1. სამშვილდე

ბევრი, სახელწოდება სამშვილდეს აკავშირებს საბრძოლო იარაღთან, მშვილდთან. თუმცა, მისი წარმოშობა შესაძლოა სულ სხვა შინაარსს ატარებდეს.

სახელი ერთ-ერთი ვერსიით შეიძლება დაკავშირებული იყოს ოთხ ქვასთან ე.წ. ტეტრალითთან. მსგავსი გვხვდება სამშვილდეში: სამი ერთმანეთზე აღმართული დიდი ლოდი, რომლის ძირშიც, მიწაში ჩაფლული მეოთხე ქვა შეინიშნება. არსებობს მოსაზრება, რომ ეს წარმართულ საკურთხეველს წარმოადგენდა, სადაც სამშვილდის პირველი მოსახლეები ზვარაკს (მსხვერპლად შესაწირავი საკლავი) სწირავდნენ საკუთარ ღმერთს.

ციხე-ქალაქის შესასვლელში მდებარე ტეტრალითი ძველისძველი საკულტო ობიექტია, რომელიც სიმბოლურად დაკავშირებულია ზოდიაქოს ნიშანთან – მშილდოსანთან.

 

  1. თეთრიწყარო

ქ. თეთრიწყარო გაშენებულია იმ ადგილზე, სადაც ძველად მდებარეობდა სოფელი გარისი. ეს ის ისტორიული ადგილია, სადაც 1556 წელს ცნობილი გარისის ბრძოლა მოხდა.

1820-1821 წწ. გარისის მიდამოებში დაბანაკდა ეგერთაპოლკი. მათი საჭიროებისთვის გაიყვანეს ორკილომეტრიანი წყალსადენი. ეს წყალსადენი სათავეს იღებდა კირქვიან გორაკზე და წვიმის დროს წყალი რძისფერი ხდებოდა. ამ წყალს და შემდეგ დასახლებასაც შეერქვა „Белый ключ”. შემდეგ, თურქეთიდან გადმოსახლებულმა სომხებმა და ბერძნებმა თარგმნეს დასახელება და უწოდეს „აღბულაღი“. ასე მივიღეთ ისტორიული გარისის დღევანდელი დასახელება თეთრიწყარო.

 

დეკაბრისტები თეთრიწყაროში და პირველი საოპერო წარმოდგენა საქართველოში

1825 წელს ქ. პეტერბურგში მომხდარი ამბოხების შემდეგ დეკაბრისტების ერთი ჯგუფი საქართველოში გადმოასახლეს, მათ შორის ქ. თეთრიწყაროში.

ეგ ერთაპოლკში გადმოყვანილი ერთ-ერთი დეკაბრისტის, ანდრეი როზენის ჩანაწერიდან ჩანს, რომ 1837 წლის დეკემბერში თეთრიწყაროს კულტურისა და დასვენების პარკში არსებული თეატრის შენობაში (რომელიც აგრეთვე ეგერთაპოლკის მიერ იყო აშენებული) დაიდგა საოპერო სპექტაკლი ,,მეწისქვილე, ჯადოქარი და მაჭანკალი“ (ავტორი ალექსანდრე აბლექსიმოვი (1740-1782წწ). აღსანიშნავია, რომ რ. საყვარელიძის ნაშრომიდან (,,ქართული თეატრის ისტორიიდან“). ირკვევა, რომ, ეს იყო პირველი საოპერო სპექტაკლი საქართველოში.

 

  1. მგლისკარი

მარნეული-თეთრიწყაროს გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე, თეთრიწყაროს შესასვლელთან არსებობს ადგილი, რომელსაც ეწოდება მგლისკარი. საქმე ის არის, რომ ამ გზაზე ხშირად გადაჰყავთ ცხვრის ფარები. ეს კონკრეტული მონაკვეთი კი ორივე მხრით ან კლდით არის „შემოღობილი”, რაც ქმნის ვიწრო გასასვლელს. გზის სხვა მონაკვეთებისგან განსხვავებით, აქ ცხვარს გაქცევა არ შეუძლია. აქ ფარა შემწყვდეულია ხოლმე, რაც მგლების თავდასხმისათვის მოსახერხებელ ადგილს ქმნის. სწორედ ამიტომ, მეცხვარეებმა ამ ადგილს მგლისკარი (волчьи ворота) უწოდეს.

 

  1. ცივიხიდი

თბილისიდან წამოსვლისას თეთრიწყაროს შემოსასვლელთან გადაივლით პატარა ხიდს, რომელიც, თითქოს, საზღვარს ქმნის ორ კლიმატურ ზონას შორის და მას ცივ ხიდს უწოდებენ. საქმე ის არის, რომ ამ ხიდის გავლის შემდეგ იგრძნობთ ჰაერის ტემპერატურის დავარდნას, შედარებით სიცივეს, სწორედ ამის გამო ეწოდა ხიდს ცივი.

 

  1. ნადარბაზევი

ნადარბაზევი მეფეთა საზაფხულო სასახლე უნდა ყოფილიყო, “არს ნადარბაზევი, თამარ მეფის ნასასახლევი”. ეს სოფელი ვახუშტი ბაგრატიონის საუფლისწულო მამული ყოფილა, რომელიც შემდეგ თავისი აღმზრდელისთვის გიორგი გარსევანიშვილისთვის უჩუქებია.

სახელწოდება პრეფიქს-სუფიქსით ნაწარმოები სახელია – ნა-დარბაზ-ევ-ი და ამ ადგილის სასახლე-დარბაზის ნადარბაზევად გადაქცევაზე მიანიშნებს. ნადარბაზევის ირგვლივ რამდენიმე ნასოფლარიცაა.

პრეფიქსი „ნა” მიანიშნებს იმაზე, რომ ესა თუ ის ერთეული აღარ ფუნქციონირებს ძველი დანიშნულებით.

 

  1. წინწყარო

თურმე, სოფელს ეს სახელი იქ არსებული განსაკუთრებული წყაროს გამო დაერქვა, რომელსაც ვახუშტი ბაგრატიონი ასე აღწერს:

„…არს წინყარო, ქალაქი მცირე, მოსავლიანი, კეთილ-ჰაოვანი, მაღალს ადგილზედ მდგომი. აქა არს წყარო: უკეთუ მით მოხარშო მარცვალნი რომელი მე და დღეთა შენთა ხარშო, ვერა ოდეს მოხარშავს, გარნა სასმელად დასახმარად კეთილი”.

იმ წყაროს წყალი მხოლოდ სასმელად და ზოგადი გამოყენებისათვის იყო ვარგისი. რამის მოხარშვა რომ მოგდომებოდათ, წყაროს წყალში ვერასდროს მოიხარშებოდა.

 

  1. მანგლისი

სახელწოდება მანგლისის წარმოშობაზე არსებობს ორი თქმულება:

პირველის მიხედვით, სახელი მომდინარეობს „მანგალიდან”, რაც ძველი ქართულით ნამგალს ნიშნავს. გადმოცემის თანახმად, თითქოს მახლობელ სოფელ კველთაში (ამჟამად ნასოფლარი) ამზადებდნენ საქართველოს ფარგლებს გარეთაც ცნობილ ნამგლებს.

მეორე თქმულების მიხედვით, ამ ადგილს სახელი დაერქვა ბიზანტიელი ხუროთმოძღვრის მანგლის პატივსაცემად, რომელსაც მეოთხე საუკუნეში ტაძარი აუშენებია აქ.

ენათმეცნიერი პროფ. ზ. ჭუმბურიძის მიხედვით: „სახელწოდება ნაწარმოებია ის სუფიქსით: მანგლ-ის-ი. „მანგლარის“ შეკუმშული ფორმა „მანგალა“ „ნუნამგალ“ სიტყვისა (ასეთი კუმშვა ხშირია ქართულში; მაგალითად: მარცვალი – მარცვლის, სარდალი – სარდლის და მრავალი სხვ.). „მანგალ“ სიტყვა ამ ფორმით გვხვდება ძველ სალიტერატურო ძეგლებში (ზოგ კუთხეში დღესაც იხმარება); მაშასადამე, ეს უფრო ძველი ფორმაა. შემდეგ კი ამ სიტყვაში „მ” და „ნ” ბგერები გადაადგილებულია და მივიღეთ „ნამგალი”. ამავე მოსაზრებას გვიზიარებს ლეონ მელიქსეთ-ბეგი.

ამრიგად, მანგლისი ძველი სამეურნეო იარაღის სახელწოდებისაგან არის მიღებული.

 

  1. ამლევი

ისტორიულად სოფელი გარდა ამლევისა, მოიხსენიება ამლივი, ამლავი სახელებით. იგი მეჩვიდმეტე საუკუნის ბევრ ისტორიულ საბუთშია მოხსენებული. სოფლის განაპირას მდებარეობს წყარო. სავარაუდოდ, სოფლის სახელწოდებაც მას უნდა უკავშირდებოდეს, რადგანაც ამლევი სასმელს წყალს ნიშნავს.

 

  1. ასურეთი

მკვიდრი მოსახლეობისგან გაიგებთ რამდენიმე ვერსიას, მათ შორის რომ სახელწოდება ასურეთი მომდინარეობს ასურისგან, რაც ღვთაებას ნიშნავს; რომ სახელწოდება უკავშირდება ცნობილ ასურელ მამებს და ძველ ქალაქ-სახელმწიფო ასურეთს. ისტორიულად ეს ტერიტორია ასევე ცნობილია სამაჩვეთის სახელით.

გარდა, გამორჩეული სახელებისა, სოფელი საინტერესოა იმით, რომ 1818 წელს საქართველოში ჩამოსახლებულ გერმანელ კოლონისტთა პირველი ნაკადი (70 ოჯახი) სწორედ აქ დაასახლეს. ახალშენს ელიზაბეტთალი უწოდეს. კოლონიის სახელს მისი დასაბინავებლად არჩევის დღეს (1818 წლის 19 ნოემბერი ახალი, და 5 ნოემბერი ძველი სტილით არის წმ. ელიზაბეთის ხსენების დღე) უკავშირებენ.

საქართველოში, მათ შორის ასურეთში ჩამოსახლებული გერმანელები ვიურთემბერგელი შვაბები იყვნენ.

მთავრობის განკარგულების საფუძველზე სახლების მშენებლობაში მათ უფასოდ ეხმარებოდნენ მანგლისში დაბანაკებული ჯარისკაცები, მეზობელი სოფლების მკვიდრნი კი მათთვის საშენ მასალებს ურმებით ეზიდებოდნენ და მიწებს უხნავდნენ.

მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის ჩართვიდან რამდენიმე თვეში საბჭოთა კავშირის სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის 1941 წლის 8 ოქტომბრის დადგენილებით საქართველოდან 23580 გერმანელი უნდა გადაესახლებინათ ყაზახეთში. 1942 წლის ცნობით ზუსტდება, რომ 1941-1942 წლებში საქართველოდან სულ 20423 გერმანელი გადაასახლეს. მათ დაცარიელებულ სახლებში კი საქართველოს რეგიონებიდან ჩამოყვანილი, ასევე სხვადასხვა ეროვნების ოჯახები შეასახლეს.

დეპორტაციას გადაურჩა მხოლოდ გერმანელთა ეთნიკურად შერეული ოჯახები (თუ გერმანელი ქალი არაგერმანელზე იყო დაქორწინებული).

დღესაც კი ამდენი წლის შემდეგ, გულგრილად ვერავინ წაიკითხავს ყაზახეთში გადასახლებულ გერმანელთა ლექსად გამოთქმულ წუხილს სამშობლო საქართველოსა და საკუთარ კერიაზე.

,,..შორს სამხრეთით, ველურ კავკასიაში სადაც სალი კლდეებიდან ანკარა ნაკადულები მორაკრაკებს, სადაც ამაყი ციხე-კოშკნი დგას ნათელ მწვერვალებზე, სადაც ძველ ქვებში ბევრის დანახვა შეიძლება. დიახ, იქ არის ჩემი საყვარელი სამშობლო, სადაც დაირწა ჩვენი წინაპრების აკვანი, მთებს შორის იდგა მშობლიური სახლი. იქ იყო ჩემი სამშობლო, იქ იყო ჩემი შინ…”.

საქართველოს გერმანელებზე უმნიშვნელოვანეს ცნობებს შეიცავს გაზეთი ,,კაუკაზისეპსტ”, რომლის პირველი ნომერი 1906 წლის 18 ივნისს გამოვიდა თბილისში. (რედაქტორი არტურ ლაისტი; გამომცემელი კურტ ფონკუჩენბახი). 1907 წლის 6 მაისს, საქართველოში გერმანელების ჩამოსახლებიდან თითქმის 100 წლისთავზე, ,,კაუკაზიშეპოსტ”-ში გამოქვეყნდა არტურ ლაისტის ლექსი.

,,თითქმის ერთი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც საბედისწერო ხეტიალის მერე პირველმა გერმანელებმა აქ დაიდეს ბინა, უცხო მზის ქვეშ, უცხო ადამიანებს შორის. ისინი დიდი ხანია ამ მიწაში განისვენებენ, შორს თავიანთი ძმებისა და მშობლიური კერისაგან… ჩვენგან მეტის მოთხოვნის უფლება აქვს იმ ქვეყანას, რომელმაც თავის უბეში შეგვიფარა…”.

 

  1. საღრაშენი

საღირ-აშენი ნიშნავს საღირის ნაშენ სოფელს. თვით პიროვნების სახელი „საღირ” არაერთ ძველ წყაროშია მოხსენებული და მსგავსი წარმოშობის დასახელებები საკმაოდ ბევრგან გვხვდება საქართველოში: წუღრუღაშენი, ბეშკენაშენი, გოგაშენი, ოთარაშენი და სხვა.

 

  1. აბელიანი

აბელია ბიბლიური პერსონაჟის სახელია. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა სოფლის სახელიც აქედან მოდიოდეს.

სოფელი საინტერესოა აქ მდებარე ტაძრის სამხრეთ ფასადზე გამოსახული ოცდასამსტრიქონიანი ლაპიდარული (ქვაზე შესრულებული) წარწერით, რომელშიც ერთად არიან მოხსენიებულნი დავით-ულუ და დავით-ნარინი. აღსანიშნავია, რომ ეს ამ ორი მეფის ერთად ხსენების ერთადერთი შემთხვევაა.

 

  1. ფარცხისი

ფარცხისის ციხე ითვლებოდა ბირთვისის დამცავად, რადგანაც, სამხრეთიდან მოსული მტრის პირველი დამხდური სწორედ ფარცხისი იყო. აქედან დამკვიდრდა გამოთქმა „ფარცხისი – ფარი ბირთვისის ციხისა”, რომლის მიხედვითაც წარმოიშვა სახელწოდებაც.

 

  1. დაღეთი

დაღეთი არაერთ ძველ წყაროშია მოხსენებული.

მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ერეკლე მეორემ ყარაბაღიდან გადმოასახლა სომხები, რომელთაც სოფლისთვის დაღეთხაჩინი უწოდებიათ. ხაჩინი სომხურად ჯვარს ნიშნავს.

სოფლის სახელწოდება უნდა მომდინარეობდეს ქართული წარმოშობის სიტყვიდან „დაღი” – ნიშანი, დასმული სავაჭროთა ზედა, ანუ ხვასტაგთა (საქონელი) გასარჩევად” – ვკითხულობთ ნიკო ჩუბინიშვლის ლექსიკონში.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დაღეთის გვერდით მდებარეობდა ქვემო ქართლის ერთ-ერთი უდიდესი ციხესიმაგრე და ქალაქი სამშვილდე, ცხადი გახდება, რომ ეს სახელწოდება ესადაგება მის მდებარეობას.

 

  1. დურნუკი

„ასურეთის ხევს ქვეით, სამხრით, არს დურნუკი. აქა არს კარკნალი და დარანნი დიდი-დიდნი”.

სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით კარკალი, კარკნალი ნიშნავს დიდ ქვავნარს. დურნუკის სახელწოდებაც სწორედ აქედან უნდა მომდინარეობდეს. „დური” ნიშნავსტოტს, ხოლო „ნუკი” (ძველი საზომი ერთეული) ლიტრას. ანუ, ქვების უზარმაზარი ნაკადი, მდინარე.

 

23.დიდი თონეთი

სოფელი თავისი ადგილმდებარეობით თონეს ჰგავს. მისი სახელიც აქედან მოდის.

გარდა განსაკუთრებული კლიმატისა და ულამაზესი ლანდშაფტებისა, სოფელი გამოირჩევა იმითაც, რომ 1886-1888 წწ.-ებში დიდი თონეთის სკოლაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა დიდი ვაჟა-ფშაველა.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დიდი თონეთის სკოლის მასწავლებლის ლ. რაზიკაშვილის მოხსენება:

„მაქვს პატივი, ვაცნობო მმართველობას, რომ დანიშნულს ადგილას გამოვცხადდი 16 ამ თვისას, 17-ს შევუდექი სწავლას. სწავლა ისევ ძველ შენობაში მიმდინარეობს. ჯერჯერობით ოცამდე მოსწავლეა, მათ შორის ორი სულ ახლები არიან. როგორც საზოგადოება და მამასახლისი იმედს მაძლევენ, მოსწავლეთა რიცხვმა ერთი-ორად უნდა იმატოს. სკოლისთვის საჭიროა „ბუნების კარი“არანაკლებ 5 ეგზემპლარი, დაფები, გრიფელები, კარანდაშები, საწერლები, კალმები, რვეულები. ახალი სკოლის შენობა ჯერ არ დაუსრულებიათ. ამასთანავე ვსთხოვ უმორჩილესად ერთი ეკზ. პროგრამაც გამომიგზავნოს მმართველობამ, რომლითაც მოვალე ვარ ვიხელმძღვანელო“. ვაჟა უბრალო ადამიანების გამოსარჩლების გამო, იძულებული გახდა სოფლიდან წასულიყო.

 

შეჯამება

„ადვილი შესამჩნევია, რომ ტოპონიმები უბრალო გეოგრაფიული ტერმინები კი არ არის, არამედ მათ სემანტიკაში კულტურული კომპონენტებია მოცემული.

ტოპონიმიკა – სახელდების შემოქმედებაა, რომელსაც დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. იგი, როგორც მეცნიერება, შეიძლება ერთ-ერთ საინფორმაციო წყაროდაც კი ჩავთვალოთ.

ზოგადად, ეტიმოლოგიური კვლევის შედეგად შეგვიძლია გამოვყოთ ტოპონიმთა შემდეგი ტიპები:

  1. გეოგრაფიული, რომელთა სახელდება ტერიტორიულმა მდებარეობამ განაპირობა..
  2. ისტორიული, რომელთა სახელდება ისტორიული ფაქტითაა განპირობებული.
  3. ანთროტოპონიმიკური, რომელთა სახელდება ადამიანთა სახელსა თუ გვარზეა დამოკიდებული.
  4. ზოონიმური, რომელთა სახელდება ცხოველთა ან ფრინველთა სახელს ეფუძნება.
  5. ხალხური (ეტიმოლოგიური), რომელთა სახელდება ლეგენდის ან ხალხური ეტიმოლოგიის მიხედვით დაარსდა და დაფუძნდა.
  6. მეტამორფოზული, რომელთა სახელდება აღებულია სხვადასხვა ენიდან, შემდეგ კი მისი თარგმნა ყოველთვის იწვევს ჟღერადობის ცვალებადობას.

კვლევისას, აღმოვაჩინეთ, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებების სახელწოდებები, მათი წარმოშობიდან გამომდინარე, შეგვიძლია გავაერთიანოთ რამდენიმე ჯგუფში:

 

სახელწოდებები, რომლებიც წარმოიშვა ფრინველების სახეობებიდან: ორბეთი, ჩხიკვთა, ჭივჭავი;

 

სახელწოდებები, რომელთა შინაარსიც დაკავშირებულია წყალთან: თეთრიწყარო, წინწყარო, ამლევი, წყლულეთი;

 

ცალკე გამოვყოფთ კლდესთან და ქვასთან დაკავშირებულ სახელწოდებებს: კლდეისი, ლიპი, გოხნარისლოდოვანი, ხრამი, კლდეკარი, ხორხები, კარაქა (ძველადსოფ. შიხილოს ერქვა ასე).

ქვის აღმნიშვნელი ტოპონიმები ამ მასალით მდიდარ რეგიონში შეიქმნა, სადაც ხალხი ოდითგანვე მას საცხოვრებელ და საყოფაცხოვრებო ფუნქციას ანიჭებდა, ზოგიერთ გამორჩეულ ლოდს კი სარიტუალო დატვირთვასაც აძლევდა.

ფაქტია, ქვის აღმნიშვნელი ტოპონიმებით ქვემო ქართლი, კერძოდ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი გვევლინება, რის ხელშემწყობ ფაქტორადაც ალგეთისა და ხრამის ხეობის განსაკუთრებული ლანდშაფტი შეგვიძლია მივიჩნიოთ;

 

გვხვდება სახელწოდებები, რომლებიც მცენარეებიდან მოდის: იფნარა, მუხათი, მოხისი (ესეც მუხას ნიშნავს), პანტიანი, ვაშლოვანი;

 

აღსანიშნავია რეალური თუ ბიბლიური პერსონაჟებიდან წამოსული სახელწოდებები, როგორებიცაა: საღრაშენი, ჯორჯიაშვილი, მაწევანი, აბრამეთი (სოფლის, სადაც ცხოვრობდნენ აბრამიძეები), აბელიანი, ასურეთი;

 

გვაქვს, ასევე, ისეთი სახელწოდებების მაგალითები, რომლებიც სამეურნეო იარაღიდან მომდინარეობენ. ესენია მანგლისი (ნამგალი) და ხოპისი („ხოპი” ნიჩაბს ნიშნავდა).

 

თეთრიწყაროს ტერიტორიაზე მეტყველებაში დაცულ მასალებთან მიმართებით ყოფით ცხოვრებაში შემორჩენილი სახელწოდებები და მათგან წარმოქმნილი ტოპონიმები მკაფიოდ ასახავს აქ ოდითგან და დღეს მაცხოვრებელთა სიახლოვეს ბუნებასთან.

ეს პატარა ნარკვევი, რომელიც შემდეგ პატარა წიგნად იქცა, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის მიერ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, თანამედროვე ხელოვნების ცენტრის პროექტ “კონვერსიის” ფარგლებში შეიქმნა. წიგნი გაფორმებული იყო ილუსტრაციებით თითოეული სოფლის შესახებ, რომლებიც გაკეთდა მერიის მხარდაჭერით

 

 

„ვირჩევ შეკითხვას” რესურსი ერთი აქტივობისთვის

0

ყველა ვთანხმდებით, რომ თუ მოსწავლემ იცის ფორმულა, წესი და განმარტება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას აქვს საკითხის კონცეპტუალირი გაგება. ამ მიმართულებით აუცილებელია კონცეპტუალური ჩარჩოებით მუშაობა. მოსწავლეთა კონცეპტუალური გაგების განვითარება წინ უნდა უსწრებდეს პროცედურების ინსტრუქციას. მიუხედავად იმისა, რომ კონცეპტუალური ცოდნა აუცილებელი საფუძველია, პროცედურული და ფაქტობრივი ცოდნა თავისთავად მნიშვნელოვანია.

იმისათვის, რომ მოსწავლეებმა გამოავლინონ კომპეტენცია კვლევაში, მათ სჭირდებათ:

  1. მყარი საფუძველი ფაქტობრივ ცოდნაში, რომელიც არის დისკრეტული ინფორმაცია და დამოუკიდებელი განმარტებები;
  2. ფაქტების გააზრება კონცეპტუალური ჩარჩოს კონტექსტში, რომელიც არის ცნებები მნიშვნელობით, კავშირებით ინფორმაციას შორის და მდიდარია ფაქტობრივი დეტალებით;
  3. ცოდნის ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს მოძიებას, ცოდნათა დაკავშირებასა და გამოყენებას.

ცოდნის შეფასება, სწორედ კვლევითი, პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული, კონტექსტური ამოცანებითაა შესაძლებელი, თუმცა მისი შემოწმება ზოგჯერ „ხისტადაც“ შეიძლება, კითხვა-პასუხით. მინდა, გაგიზიაროთ ციფრული ინსტრუმენტი https://wheelofnames.com/, რომელსაც თამაშის ეფექტი აქვს, სახალისოა, ბავშვებს მოსწონთ. ამავდროულად, გეხმარება გავიგოთ, რა იციან ჩვენმა მოსწავლეებმა, რა არ იციან და რა უნდა იცოდნენ და როგორ განვავითაროთ. კითხვები არის საშუალება საკითხის კონცეპტუალური გაგებისა და განზოგადებისათვის. იგი თემატური ერთეულის დაგეგმვის კრიტიკულ ნაწილს წარმოადგენს.

რესურსის აღწერა:

შევდივართ მითითებულ ვებგვერდზე https://wheelofnames.com/ გამოვა სექტორებად დაყოფილი ასეთი „საჭე“.

და მარჯვენა ფანჯარაში ვწერთ თემატური ერთეულის ან საკითხის შესაბამის ფაქტობრივ შეკითხვებს, კონცეპტუალურ შეკითხვებს, ან მარტივ პროცედურულ შეკითხვებს. რამდენ კითხვასაც დავწერთ, იმდენ სექტორად დაიყოფა ჩვენი ციფრული სპინერი. მასზე დაწკაპუნებით, იგი იწყებს ბრუნვას და გაჩერდება ისრით მითითებულ სექტორზე, რომელშიც ჩაწერილ კითხვას ეკრანზე თვალსაჩინოდ გამოიტანს. გამოყენებული შეკითხვა შესაძლებელია ამოვიღოთ სპინერიდან და დავტოვოთ დანარჩენი შეკითხვები, რაც თავიდან აგვარიდებს შემდეგ ჯერზე კითხვის გამეორებისაგან.

მოცემულ ბმულზე https://www.youtube.com/watch?v=9z-LCBwsYQ8 არის დეტალური ინსტრუქცია, თუ როგორ იმართება ეს რესურსი, როგორ შეიძლება დიზაინის შეცვლა, შენახვა ან გაზიარება.

გაგიზიარებთ, როგორ ვიყენებ ამ რესურსს გაკვეთილზე. იგი შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც ონლაინსწავლების რეჟიმში, ასევე საკლასო ოთახშიც.

სამიზნე ცნება: ზომა და ზომის ერთეულები

ქვეცნება: ზომის ერთეულები

საკითხი: სიგრძის ერთეულები

კლასი: მე-4

მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა ზომის ერთეულის ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება.

რესურსის მომზადება: სპინერი დავყავი 8 სექტორად. შესაბამისად, მოვამზადე 8 შეკითხვა (კითხვების რაოდენობაში შეზღუდულნი არ ვართ) შეკითხვები არის როგორც ფაქტობრივი, ასევე კონცეპტუალური და სადავო (პროვოკაციული).

ფაქტობრივი კითხვაში ფიგურირებს კითხვითი სიტყვა – „რა?“ ფაქტობრივი კითხვა ითხოვს განმარტებებს, ფორმულებსა და დამახსოვრებულ ლექსიკას. ხშირად ფაქტობრივი კითხვები იწყება ასე: „რა არის….“.

კონცეპტუალური კითხვები იყენებს ფაქტობრივ შინაარსს, როგორც საფუძველს, რომ მოსწავლეებმა შეძლონ კონცეპტუალური გაგების მტკიცებულება. ხშირად კონცეპტუალური კითხვები იწყება: „როგორ…? ან რატომ…?“.

სადავო ან პროვოკაციული კითხვები იწვევს მეტ ცნობისმოყვარეობას, დებატებს და უფრო ღრმა გაგებას. საკამათო კითხვები იწყება: „არის თუ არა….?“, „რამდენად სანდოა …“.

კითხვის დასმა შეფასების არსებითი ინსტრუმენტია.

აქ წარმოდგენილია რესურსისთვის შექმნილი სამივე კატეგორიის კითხვა, რაც ეხმარება მოსწავლეებს, გააცნობიერონ კავშირი საკითხის ფაქტობრივ შინაარსსა და კონცეპტუალურ შინაარსს შორის.

 

1)      რა არის საზომი სტანდარტული ერთეულები? რა არის არასტანდარტული საზომი ერთეულები? (და რატომ უწოდებენ ასე?)

2)      რატომ არის მნიშვნელოვანი სტანდარტული ერთეულების გამოყენება? როდის შეიძლება გამოყენებულ იქნას არასტანდარტული ერთეულები?

3)      13მ+1300სმ+130დმ=?…მ.

4)      რომელ ოთხ მეტრულ ერთეულს ვიყენებთ ჩვეულებრივ სიგრძის გასაზომად და საუბრისას?

5)      რომელი იქნება ყველაზე გონივრული ერთეული ძველი ჭადრის ხის სიგრძის გასაზომად და რატომ?

6)      რომელი იქნება ყველაზე გონივრული ერთეული ქუთაისსა და თბილისს შორის მანძილის გასაზომად და რატომ?

7)      რომელი იქნება ყველაზე გონივრული ერთეული ბეღურას ბუმბულის სიგრძის გასაზომად და რატომ?

8)      საზომი ერთეულები აღმოაჩინეს თუ გამოიგონეს? რატომ ფიქრობთ ასე?

 

რესურსი კი ვიზუალურად ასე გამოიყურება

8 შეკითხვა შეკითხვის არჩევა და თვალსაჩინოდ გამოტანა ეკრანზე გამოყენებული შეკითხვის ამოშლა. დარჩა 7 შეკითხვა (კითხვას ამოვიღებთ იმ შემთხვევაში, თუ არ გვინდა განმეორდეს).

 

ეს რესურსი შესაძლებელია მთელ კლასთან გამოვიყენოთ და შესაძლებელია და მოსწავლეებს შევთავაზოთ შეჯიბრებითობის პრინციპით.

შესაძლოა ციფრული სპინერი ჩვეულებრივი კამათლით ჩავანაცვლოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ 6 შეკითხვა უნდა მოვუმზადოთ მოსწავლეებს.

ვიძახებ სამ მოსწავლეს, აქაც ციფრულ სპინერს ვიყენებ. მთელი კლასის მოსწავლეთა სახელებით შევსებული სპინერის დატრიალებით ის შემთხვევითი პრინციპით ირჩევს მონაწილეს. ეს რესურსი მრავალჯერ გამოყენებადია და მეხმარება სხვა გაკვეთილებზეც, ჩაანაცვლა „გამოძახების ჩხირები“.

გამოძახებული სამი მოსწავლიდან 2 თამაშის მონაწილეა, ხოლო ერთი შემფასებელი. მოსწავლეები წინასწარ გავაფრთხილე, რომ კითხვის პასუხი ახსნან დასაბუთებული მსჯელობით.

მოსწავლე თავად ატრიალებს სპინერს, ანუ ირჩევს შეკითხვას, რომელსაც უნდა უპასუხოს. შემდეგ მეორე ანალოგიურად, ხოლო მესამე მოსწავლე არის შემფასებელი, მთელ კლასთან ერთად. ამავდროულად მესამე მოსწავლე ინიშნავს სწორი პასუხების რაოდენობას და გამოავლენს გამარჯვებულს.

აქტივობა იმდენად სახალისოა, ყველას უნდა მასში მონაწილეობა, თუმცა ერთ გაკვეთილზე შეუძლებელია. სხვადასხვა გაკვეთილებზე ხშირად ვაკეთებთ, ვცვლი შეკითხვებს. აქტივობა სულ რაღაც 4-5 წთ. გრძელდება და განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, მისი დადებითი მხარე ისაა, რომ ყველა მოსწავლე ემზადება, ღირსეული „თამაშისათვის“, შესაბამისად მოსწავლეები მუშაობენ საკითხის შინაარსის გაგება-გააზრებასა და დამახსოვრებაზე.

ცოდნის ორგანიზატორი „ვირჩევ შეკითხვას“ – გამოვიყენე მოსწავლეებთან, როგორც სწავლის შეფასების ინსტრუმენტი. კითხვების დასმის მიზანია, ჩართულობის გაზრდა და გაკვეთილის ტემპის შენარჩუნება. სპინერი კითხვების დიფერენცირების საშუალებას არ იძლევა, თუმცა დაბალი მზაობის მოსწავლეებს წინასწარ ვაცნობ ხოლმე, რომელ კითხვებს „დაუსვამს სპინერი“, რაც ზრდის პასუხისმგებლობას და ეხმარება მოსწავლეებს წარმატების მიღწევაში.

კითხვების პრაქტიკა მოსწავლეებს ეხმარება, სწრაფად აზროვნების განვითარებაში, და ამზადებს მათ კომპლექსური, დასკვნითი ტიპის დავალებებისათვის.

გამოყენებითი ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://ncp.ge/ge/curriculum?subject=36&subchild=198;

  1. მათემატიკის გზამკვლევი მე-4 კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში.

https://math.ge/meotkhe-klasi/.

 

 

და-ძმის გავლენა ბავშვის განვითარებასა და პიროვნების ჩამოყალიბებაზე

0

ვფიქრობ, არავისთვის იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვი, რომ ბავშვის განვითარებასა და მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე აღმზრდელებზე – მშობლებსა და პედაგოგებზე არანაკლებ გავლენას ახდენს და-ძმა. შეიძლება ცალკეულ შემთხვევებში მათი გავლენა უფროსების გავლენაზე უფრო ძლიერიც კი აღმოჩნდეს ბავშვის თვითშეგნების, მისი პრიორიტეტების ჩამოყალიბების, შესაძლებლობების განვითარებისa და ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთების პროცესში.

ალბათ საინტერესო იქნება იმაზე დაფიქრება, კონკრეტულად რა სახის გავლენა შეიძლება მოახდინონ და-ძმებმა ბავშვის განვითარებაზე:

  • და-ძმა სერიოზულ გავლენას ახდენენ ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე. როგორც დაკვირვება გვიჩვენებს, უფროს ბავშვებს დედმამიშვილებს შორის გარკვეული ინტელექტუალური უპირატესობა და საშუალოზე მაღალი შესაძლებლობები აქვთ. ამის მიზეზი მათი აქტიური მონაწილეობაა უმცროსების ცხოვრებაში. უფროსები იძულებულები არიან, დაეხმარონ უმცროსებს სწავლაში, რისი წყალობითაც ისინი ავარჯიშებენ საკუთარ უნარებს, აზუსტებენ და სრულყოფენ ცოდნას;
  • და-ძმის გარემოცვაში გაზრდილი ბავშვები საკმაოდ ადრეული ასაკიდან სწავლობენ თანამშრომლობას, ეფექტიან ურთიერთობას, კომპრომისზე წასვლას, არ იტანჯებიან ეგოისტური მისწრაფებებით, საკუთარ თავს ოჯახის ცენტრად არ აღიქვამენ, პირიქით, უფრო ალტრუისტები არიან და ურთიერთობებისა და კონფლიქტების მოგვარების კარგ გამოცდილებას იძენენ;
  • უმცროსი ბავშვები ოჯახში ცდილობენ, მიიპყრონ ყურადღება და ამასთან, თავი დააღწიონ მშობლებისა და უფროსი და-ძმის მხრიდან მომაბეზრებელ მეურვეობას. მათ, როგორც წესი, სხვებზე მეტად უწევთ კომპრომისზე წასვლა. ისინი ერთგვარი მშვიდობისმყოფელნი არიან ოჯახში. ამასთან, ადვილად ახერხებენ ურთიერთობას უცნობ ადამიანებთან და არ განიცდიან განსაკუთრებულ სირთულეებს მათთან კომუნიკაციისას;
  • ბიჭები, რომლებიც დასთან ერთად იზრდებიან, ზრდასრულობაში უკეთესად უგებენ ქალთა სქესის წარმომადგენლებს, თავისუფალნი არიან ზედმეტი კომპლექსებისაგან და ხშირად შესამჩნევი წარმატებაც აქვთ მათთან ურთიერთობისას. ამის მიზეზი ის არის, რომ ბიჭი, რომელიც დასთან იზრდება და მასთან ურთიერთობს, ქვეცნობიერ დონეზე ეცნობა ქალებთან კომუნიკაციის სირთულეებს, სწავლობს საჭირო კითხვების დასმას და ქალის ემოციებზე სწორად რეაგირებას. ეს კი, თავის მხრივ, შესანიშნავი ტრენაჟორი ხდება საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან მომავალი ურთიერთობისთვის;
  • გოგონებს, რომლებიც ძმების გარემოცვაში იზრდებიან, ბავშვობიდან უყალიბდებათ წარმოდგენები ურთიერთობების როლური სისტემის შესახებ; ადრეული ასაკიდან სწავლობენ საწინააღმდეგო სქესის ადამიანებთან ურთიერთობას, ხედავენ მათ სისუსტეებს, ინტერესებს; ამიტომ, დიდობაში მოკლებულნი არიან რაიმე ილუზიებს, ცრურწმენებს, უფრო გახსნილები, ნაკლებად მომთხოვნები, მეტად კომფორტულები და ნაკლები პრობლემების შემქმნელები არიან საწინააღმდეგო სქესის ადამიანებთან ურთიერთობისას;
  • და-ძმის ყოლა ბავშვს გარდატეხის ასაკის სირთულეების უმტკივნეულოდ დაძლევაში ეხმარება. მათ გვერდით ყოფნისას ნაკლებია ასაკობრივი დეპრესიის რისკი, ის მარტოსულად აღარ გრძნობს თავს, მარტო არ არის და ეს მხარდაჭერის მძლავრი ფაქტორია მაშინ, როცა ფსიქიკა ყველაზე მეტად დაუცველია. ბავშვის გვერდით არის ის, ვისთანაც შეუძლია ისაუბროს, გაუზიაროს საკუთარი შიშები, კომპლექსები, განცდები, ვისგანაც შეუძლია მიიღოს მხარდაჭერა და სიყვარული. ემოციური სიახლოვე და მხარდაჭერა აძლიერებს ბავშვის ფსიქიკას, ხდის მას უფრო თავდაჯერებულს, მატებს სიმშვიდეს, ნაკლებად განიცდის სტრესს. და-ძმასთან ბავშვს მარტოობა ისე ძლიერ აღარ აშინებს, ან უბრალოდ დრო არა აქვს ამაზე ფიქრისათვის;
  • და-ძმის გვერდით ყოფნა ეხმარება ბავშვს უფრო ადვილად განთავისუფლდეს მშობლებზე მიჯაჭვულობისაგან და მოიპოვოს სასურველი დამოუკიდებლობა. დედისერთა ბავშვები ადრეული ასაკიდანვე განუყოფელ სიყვარულს, ყურადღებას გრძნობენ მშობლებისაგან და შესაბამისად უფრო მიჯაჭვულები ხდებიან მათზე. ასეთი მიჯაჭვულობისაგან განთავისუფლება კი მათ ზრდასრულობაშიც ძალიან უჭირთ;
  • და-ძმის გარემოცვა სერიოზულ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ამ მხრივ ბევრად უფრო მეტ პრობლემას ვხვდებით უფროს, ვიდრე უმცროს ბავშვებში. სავარაუდოდ, ამის მიზეზი მშობლებში და მათი აღზრდის მეთოდებშია. პირველ შვილთან მშობლები, როგორც წესი, უფრო ხშირად „ატარებენ ექსპერიმენტებს“, გამოხატავენ უკმაყოფილებას, არცთუ იშვიათად დაუძლეველ მოთხოვნებს უყენებენ, ხდიან საკუთარი სტრესის თანამოზიარედ. ამაში ალბათ გასაკვირი არაფერია, რადგანაც პირველი შვილის აღზრდისას ისინი გამოუცდელები არიან. მაშინ, როცა მომდევნო შვილების აღზრდაში მათ პირველ შვილთან ურთიერთობაში დაშვებული შეცდომები დიდ დახმარებას უწევს. ამის წყალობით ისინი უფრო გამოცდილები და ცხოვრებისათვის უფრო მეტად მომზადებულები არიან;
  • უფროსი ბავშვები ოჯახში სერიოზულ გავლენას ახდენენ უმცროსების სამეტყველო უნარების განვითარებაზე. შეიძლება ბევრს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ ბავშვებს, რომლებსაც ბევრი უფროსი და-ძმა ჰყავთ, უფრო ცუდად აქვთ განვითარებული ზეპირმეტყველების ჩვევები, ვიდრე დედისერთა ბავშვებს. ეს ალბათ იმით არის განპირობებული, რომ დრო და ყურადღება, რომელიც შეიძლება დაუთმონ მშობლებმა უმცროს ბავშვს, მრავალშვილიან ოჯახებში შედარებით შეზღუდულია. ამიტომ, რაც უფრო მეტი და-ძმა ჰყავს ბავშვს, მით უფრო ნაკლებ ინფორმაციას მიიღებს ის პირადად დედისგან ან მამისგან. და, რამდენადაც მშობლები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბავშვის მეტყველების განვითარებაში, მათთან სამეტყველო ურთიერთობის დეფიციტი სერიოზულ უარყოფით გავლენას მოახდენს უმცროსი ბავშვის სამეტყველო უნარების განვითარებაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ და-ძმის ნეგატიური გავლენა ბავშვის მეტყველების განვითარებაზე ბევრად უფრო ნაკლებია, თუ მათ შორის ასაკობრივი სხვაობა დიდია. რაც უფრო დიდია ასაკით და ან ძმა, მით უკეთესად აქვს განვითარებული უმცროს ბავშვს სამეტყველო უნარ-ჩვევები, რადგან ისინი ხდებიან სასარგებლო წყარო უმცროსი ბავშვებისათვის მეტყველების დაუფლების პროცესში. გოგონებს, როგორც წესი, ზოგადად უკეთესად აქვთ განვითარებული მეტყველებითი ჩვევები, ვიდრე ბიჭებს. ამიტომ, ისინი უკეთეს გავლენას ახდენენ თავის უმცროს ძმებზე ან დებზე. ამასთან, უფროსი დები უფრო მეტ მზრუნველობას ამჟღავნებენ, ვიდრე ძმები. გარდა ამისა, გოგონები ნაკლებად მომთხოვნები არიან და ნაკლებად გადართავენ მშობლების ყურადღებას უმცროსი და-ძმებისაგან საკუთარ თავზე. საყურადღებოა ისიც, რომ ბავშვები, რომლებსაც უფროსი და-ძმა ჰყავთ, უკეთესად ართმევენ თავს ენის ზოგიერთ სოციალურ ასპექტს, მაგ. უფრო ადვილად ერთვებიან საუბარში;
  • და-ძმის ყოფნა ოჯახში ბავშვის სოციალური განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ხდება. ბავშვები, რომლებიც და-ძმების გარემოცვაში იზრდებიან, იძენენ ურთიერთობის ღირებულ ჩვევებს და ბევრად უფრო ადვილად ახერხებენ სხვა ბავშვებთან ურთიერთობის დამყარებას, ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც მარტო, და-ძმის გარეშე იზრდებიან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როცა ბავშვთან ურთიერთობაში რაიმე პრობლემას ვაწყდებით, მშობლების აღზრდის სტილის, მეთოდების და ბავშვთან მათი ურთიერთობების გარკვევის გარდა, უნდა შევისწავლოთ ასევე ბავშვზე და-ძმის გავლენის თავისებურებები, რაც სერიოზულ დახმარებას გაგვიწევს ბავშვთან დაკავშირებული ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებაში.

 

 

ზუტნერები საქართველოში

0

(„წერილები საქართველოდან“ – 1876-1885)

 ბერტა ფონ ზუტნერი საქართველოში, ერთთავად მშვენიერი მიზეზით მოხვდა: მან და მისმა მეუღლემ – არტურ გუნდაკარ ზუტნერმა, საქორწინო მოგზაურობა სწორედ ყველასთვის უცხო და შორეულ, მაგრამ „მოულოდნელობებით სავსე“ ქვეყანაში გადაწყვიტეს.

ამასაც თავისი მიზეზი ჰქონდა: მეუღლეზე 7 წლით უფროსმა ბერტამ არტურის მშობლების გული ვერაფრით მოიგო, პირიქით, ისინი მათი ქორწინების დაუღალავ მოწინააღმდეგეებად იქცნენ, ამიტომ, ახლად შეუღლებული წყვილი იძულებული გახდა, ერთობლივი ცხოვრების პირველი, ყველაზე ამაღელვებელი და მგზნებარე ხანა მათგან რაც შეიძლება შორს გაეტარებინა.

როგორც მერე აღმოჩნდა, ძალიანაც ნაყოფიერად და ბედნიერად.

წლების შემდეგ, თავის მემუარებში, უკვე მთელ მსოფლიოში სახელმოხვეჭილი მწერალი და პაციფისტი ბერტა ფონ ზუტნერი იტყვის, რომ სწორედ საქართველოში გატარებული ათი წელი იქცა მისი „ცხოვრების სკოლად“.

ცხადია, საქართველო შემთხვევითი არჩევანი არ ყოფილა. არც მხოლოდ მისი სიშორე და უცხოობა იყო მთავარი არგუმენტი. ტყუილად არ ჩნდება ბერტა ფონ ზუტნერის ჩანაწერებში ასეთი ფრაზა: „ჩვენი მიზანი იყო იმ ქვეყანაში მოხვედრა, საიდანაც იაზონმა ოქროს საწმისი გაიტაცა“.

მეტაფორულად თუ ვიტყვით, ძიების და აღმოჩენების ხანგრძლივი თავგადასავლით, ბერტა და არტურ გუნდაკარ ზუტნერები ახალ არგონავტებად მოევლინნენ ჩვენს ქვეყანას, იმ განსხვავებით, რომ მათ ერთმანეთის სიყვარულიც უღალატოდ და უდანაკარგოდ შეინარჩუნეს და საქართველოდან წაღებულ „ოქროს საწმისს“ – აქ დაგროვილ ცხოვრებისეულ და პროფესიულ გამოცდილებას, სიბრძნეს, შთაბეჭდილებებს ჭეშმარიტი ევროპული ღირსებით და მადლიერებითაც უპატრონეს.

ბერტა ფონ ზუტნერი (ქალიშვილობის გვარით – გრაფინია ფონ კინსკი) 1843 წელს, პრაღაში დაიბადა. ის ზუტნერების ოჯახში, ვენაში, თავდაპირველად, მასწავლებლის სტატუსით მოხვდა – მომავალი მეუღლის ოთხ დას უცხო ენებს და მუსიკას ასწავლიდა. ბერტას და არტურს ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ, რის გამოც, ოჯახის უფროსმა ქალი სახლიდან დაითხოვა. მომდევნო ერთი წელი ბერტამ პარიზში, შვედი ინჟინრის – ალფრედ ნობელის გარემოცვაში გაატარა – მის პირად მდივნად მუშაობდა. გულჩათხრობილ და მარტოსულ ნობელსაც ძლიერ შეუყვარდა ბერტა, რომელსაც, თავის მხრივ, ვერც ამ ერთ-წლიანმა სიშორემ გაუნელა არტურის სიყვარული. საბოლოოდ, ბერტა კვლავ ვენაში დაბრუნდა და 1876 წელს, მან და არტურმა საიდუმლოდ იქორწინეს.

მშობლებისგან მემკვიდრეობაჩამორთმეული არტური და ბერტა საქართველოში ეკატერინე დადიანის მიწვევით გაემგზავრნენ.

ალექსანდრე ჭავჭავაძის უფროს ასულს, სამეგრელოს დედოფალ ეკატერინეს, ბერტა ფონ ზუტნერი ჯერ კიდევ 1864 წლიდან იცნობდა – მათ ერთმანეთი ბად ჰომბურგში გაიცნეს.

ეს შეხვედრაც და საქართველოში, კერძოდ სამეგრელოსა და თბილისში გატარებული წლებიც შთამბეჭდავად აქვს აღწერილი ბერტა ფონ ზუტნერს კრებულში „წერილები საქართველოდან“. ცოტა ხნის წინ, მზია გალდავაძის მიერ გერმანულიდან ქართულად თარგმნილი ეს კრებული „არტანუჯმა“ გამოსცა.

წიგნი 1876-1885 წლების ზუტნერების ოდისეას ეძღვნება. თხრობა ბოლოდან იწყება – იმ მომენტიდან, როცა ბერტა და არტური ბათუმიდან ოდესისკენ მიმავალ რუსულ ორთქლმავალ „კოცებუზე“ ააბიჯებენ. გემბანიდან გადაშლილი შავი ზღვის უნაპირო სივრცეები მწერალ ქალს მეხსიერებას უღვივებს და შთაბეჭდილებებზე სალაპარაკოდ აღძრავს.

რამდენიმე წერილი დღიურის ტიპის ჩანაწერია („კავკასიელი ქალები“, „მოგონებები სამეგრელოზე“), სადაც პირად ქრონიკებთან ერთად მკაფიო, მრავალფეროვანი ეთნოგრაფიული სურათიც იხატება.

ბერტა ფონ ზუტნერი დაუფარავი აღტაცებით საუბრობს კავკასიელი ქალების უამრავ ღირსებაზე, მათ სილამაზესა და ბუნებრივ არისტოკრატიზმზე, მათ სიმამაცეს კი სპარტელი და რომაელი ქალების სიმამაცის გვერდით მოიხსენიებს (ამის მაგალითად მარაბდის ბრძოლისა და ხერხეულიძეთა დედის ეპიზოდს ახსენებს). საქართველოში ქალის კულტის არსებობას იმ არგუმენტით ამართლებს, რომ აქ ქრისტიანული სარწმუნოება ქალმა შემოიტანა, ხოლო მოციქულები თვით ყოვლადწმინდა ქალწულმა წარმოგზავნა.

ბერტა ფონ ზუტნერი უზადო დამკვირვებელია – მას ყოფის ყველა დეტალი აინტერესებს, ყველაფერზე ჰყვება, რამაც მოხიბლა, გააკვირვა, გააღიზიანა ან დააეჭვა. საინტერესოა მისი მსჯელობა ცრურწმენების შესახებ, რომელთა სიმრავლემ, როგორც ჩანს, ცოტათი დააბნია კიდეც იმ გარემოში, სადაც, წესით, ორთოდოქსი მორწმუნეები ცხოვრობენ.

ერთ რამედ ღირს მისი „ქალაქური ქრონიკები“ – იმდროინდელი თბილისის აღწერა – ადამიანები, ქუჩები, ხასიათები, ტრადიციები… თავად ზუტნერები თბილისში 1878 წელს გადმოვიდნენ და ახლანდელი აღმაშენებლის გამზირზე ცხოვრობდნენ. მათი „თბილისური საშვიც“ ეკატერინე დადიანის გაცემულია – მან გამოატანა ავსტრიელ მეგობრებს ერეკლე ბაგრატიონის ქვრივთან, თამართან, სარეკომენდაციო წერილი.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისი უფრო აღმოსავლურ ქალაქად მიაჩნია, ბერტა ფონ ზუტნერი მაინც შენიშნავს ბანოვანი ქალების ევროპულ განათლებას. თითქმის ყველამ ფრანგული იცისო, გაოცებით წერს. დაუვიწყარ სურათსაც გვიხატავს: ზის ჭრელაჭრულა ბალიშებში ქართველი ბანოვანი ქალი, დროდადრო ქარვის კრიალოსანს გვერდზე გადადებს, რათა ალფონს დოდე ან რომელიმე ფრანგული ჟურნალი აიღოს…

ავსტრიელი მწერლის ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კი, ცხადია, თავად ეკატერინე დადიანია, მისი უფროსი მეგობარი (ბერტა ეკატერინეს უმცროსი ქალიშვილის, სალომეს კბილა იყო). სამეგრელოს მთავრის ქვრივი მასში პატივისცემას ბევრი მიზეზით იწვევს. ბერტას თვალწინ ეკატერინეს ტკივილებითა და ვნებათაღელვით სავსე წლებმა გაიარა; კარგად ახსოვს, რამდენი მთხოვნელი ჰყავდა უდროოდ დაქვრივებულ, მშვენიერ პრინცესას (რომლის, ვინტერჰალტერის მიერ შესრულებული პორტრეტიც – ორდენის ლენტებით და სიმამაცის მედლით შემკულ სამეჯლისო კაბაში გამოწყობილი – ტოლს არ უდებდა ამავე მხატვრის მიერ შესრულებულ, დედოფალი ევგენიას პორტრეტს), მაგრამ ეკატერინე აღარასდროს გათხოვილა და დარჩენილი ცხოვრება შვილებზე ზრუნვას მიუძღვნა.

„უკლებლივ ყველას, ვინც კი მას მიუახლოვდებოდა, დაუოკებელი სურვილი იპყრობდა, ამ საოცარი ქალბატონის მიმართ მოწიწება გამოეხატა“, – ვკითხულობთ ზუტნერის მოგონებებში, ეკატერინე დადიანის შესახებ. იმასაც ვკითხულობთ, თუ როგორი დახვეწილი და გრაციოზული იყო მისი აპარტამენტები პარიზში, რაც მხოლოდ მატერიალურ სიუხვეზე კი არა, უპირველესად, ღრმა შინაგან კულტურაზე, სულიერი სამყაროს მშვენიერებაზე მიუთითებდა. ვკითხულობთ ეკატერინეს ორი ვაჟისა და ერთი ასულის შესახებ, მათ ვნებებზე, ქცევებზე, ქორწინებებზე – ეს ამბები დადიანების ოჯახის ქრონიკებთან გვაახლოებს, მათ კარზე ატეხილ სამეფო-სამთავრო თამაშებსაც მოვკრავთ თვალს, ალბათ პრინცი ნიკო დადიანის რუსეთის მიმართ მეტისმეტი რევერანსებიც გაგვაღიზიანებს, იმ რუსეთის, მარტო მას და მის ოჯახს კი არა, მთელ საქართველოს რომ სუვერენიტეტი გაუუქმა, პირადად ნიკოს კი ამის სანაცვლოდ ტიტული „უმაღლესობა“ და საკომპენსაციო თანხა უბოძა…

ბერტა ფონ ზუტნერი პირველი ქალია მსოფლიოში, რომელმაც ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მიიღო. სამართლიანად ამბობენ, რომ მისმა რომანმა „ძირს იარაღი!“ მსოფლიო შეცვალა. არც ისაა შემთხვევითი, რომ ამ წიგნის პირველი გამოცემა ზუგდიდში ინახება. იქ, სადაც ერთობლივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წლები გაატარეს ბერტა და არტურ ფონ ზუტნერებმა.

საქართველოში ყოფნის დროს ჩაისახა ის სამშვიდობო იდეები, რომლებიც, მოგვიანებით, ბერტა ფონ ზუტნერმა სხვადასხვა ფორმით – მწერლობით თუ საზოგადო მოღვაწეობით – თავდაუზოგავად და უკომპრომისოდ განახორციელა.

ოქროს საწმისის ქვეყანამ თავისი მადლით უხვად დაასაჩუქრა ახალი არგონავტები. მათ კი, მადლს მადლი მიუმატეს, კაცობრიულ სიკეთედ აქციეს.

დღეს, ომებით დაღლილი და ცეცხლწაკიდებული მსოფლიოსათვის, ეს სიკეთე განსაკუთრებულად დასაფასებელია.

შეწყნარება, როგორც საფრთხე – როგორია სხვაზე დამოკიდებულება?

0
A businesswoman, portrayed as a puppet on a string, cuts herself away from manipulative control to gain her freedom. The puppeteer hand and woman are on a separate labeled layer from the background.
  • რა შედეგებს ელით, თუ საკუთარ თავს მარცხის განცდის შემდეგ, დასჯის ნაცვლად, შეწყნარებით და თანაგრძნობით მოეპყრობით?
  • ალბათ, გავჩერდები, განვითარებას და ზრდას შევწყვეტ.
  • ამას, თავის მხრივ, რა შეიძლება მოჰყვეს?
  • ის, რომ დავკარგავ ყველაფერს, რაც დამოუკიდებლობის საშუალებას მაძლევს.
  • დამოუკიდებლობის დაკარგვას ყველაზე უსიამოვნო რა შეიძლება მოჰყვეს?
  • სხვაზე გავხდები დამოკიდებული.
  • რა არის სხვაზე დამოკიდებულებაში ყველაზე უსიამოვნო?
  • სხვაზე დამოკიდებულება საშიშია.
  • რის გამოა სხვაზე დამოკიდებულება საშიში?
  • იმის გამო, რომ ტვირთი ხდები, აუტანელი და ზედმეტია შენი არსებობა. არავის უნდა, დაგიყრდნოს.

ამ საუბრის მიღმა არაერთი ადამიანი დგას და ეს ამონარიდი გავრცელებულ შფოთვას აღწერს. მათთვის საკუთარი სირთულეების, მარცხის, მცდარი ქმედებების თუ დაბრკოლებების მიმართ შემწყნარებელი, თანაგრძნობა – თანაგანცდაზე დამყარებული დამოკიდებულება საფრთხეა: სხვაზე მტკივნეული დამოკიდებულების ჩამოყალიბების მომასწავებელი საფრთხე. საკუთარი თავისადმი შეუწყნარებელი, დაუნდობელი და ხისტი დამოკიდებულება შესაძლოა სწავლისგან განრიდებაში თუ სხვა სახის ქცევებით გამოვლინდეს, რომლებიც განვითარებას საგრძნობლად აბრკოლებს ან ადამიანი მუდმივად იტანჯება სწავლისგან კმაყოფილებისა და სიამოვნების განცდის სირთულით, რაც, საბოლოოდ, მას გაშეშებისკენ უბიძგებს.

რატომაა შემწყნარებლობა ასეთი რთული?

ადამიანების დიდ ნაწილს სწამს, რომ შემწყნარებლობა უმოქმედობის, სხვაზე სამუდამო და მტკივნეული დამოკიდებულების ჩამოყალიბების წინაპირობაა – დაშვებული შეცდომების (თუკი შეიძლება, მაგალითად, განვითარების ბუნებრივი სვლის განუყოფელ შეზღუდვებს შეცდომები ვუწოდოთ), განცდილი მარცხის და სირთულეების პასუხად, მხარდამჭერი, თანამგრძნობი თუ თანაგანცდაზე დამყარებული დამოკიდებულების ნაცვლად, ბევრი შეუწყნარებელ დამოკიდებულებას იღებდა. ეს დამოკიდებულება შეიძლებოდა გამოვლენილიყო ადამიანისკენ მიმართულ უმართავ რისხვაში, დამცირებასა და დაკნინებაში, ისევე, როგორც მცირეწლოვან ბავშვთან კავშირის შეზღუდვითა და სითბოს გამოხატვაზე უარის თქმით. დაუკავშირებლობა, როგორც სასჯელის სახე, როგორც წესი, მიტოვებისა და მივიწყების შფოთვის ერთ – ერთი წინაპირობაა და მზრუნველ ზრდასრულზე დამოკიდებულებას, როგორც წესი, საფრთხით გაჯერებულად აქცევს.

ადამიანი შიშობს, რომ შემწყნარებელი დამოკიდებულება ნიშნავს დამოუკიდებლობის დაკარგვას, რადგან მას სწამს, რომ ქება უსარგებლო და, მეტიც – დამაზიანებელია დამოუკიდებლობის და უნარიანობის განვითარება – წვრთნისთვის.

ადამიანს სწამს, რომ ქება ანებივრებს და რყვნის, ხოლო სასჯელი წარმატების, წინსვლისა და განვითარების წინაპირობაა – საკუთარი თავისადმი შემწყნარებელი დამოკიდებულების გამოვლენა – გამოხატვის და საზრდოობის სირთულის მქონე ადამიანებს, აღზრდის დროს, გაშინაგნებული აქვთ რწმენა, რომ ქება რყვნის და ადამიანის უმოქმედობასა და უძრაობაში დანთქმას უქადის, ხოლო სასჯელი მუდმივად ამოძრავებს მის განვითარებას. სინამდვილეში, არა სასჯელი, არამედ სასჯელისგან განრიდებისა და თავდაცვის ძლიერი სურვილი კვებას დამოუკიდებლობისაკენ დაუოკებელ ლტოლვას და საკუთარი უნარიანობის რწმენის დაკარგვის მოლოდინის მიერ აღძრულ შფოთვას. ამ რწმენების მატარებელი ადამიანები შიშობენ, რომ დამოუკიდებლობის დაკარგვა მათ დამსჯელი, ხშირად, გამკიცხავი და მკაცრი ადამიანის თუ ადამიანების პირისპირ ან მათზე მოგონებების წინაშე დააყენებს, რომლებზეც დამოკიდებულება მათთვის შფოთვის აღმძვრელი იყო. როგორი მიღწევებიც არ უნდა ჰქონდეთ ამ რწმენების მატარებელ ადამიანებს, ისინი ვერ თავისუფლდებიან, ვერ „ივიწყებენ“ სხვაზე მოსალოდნელი დამოკიდებულების შფოთვას. ამდენად, მათი არსებობა, ხშირად, გაჯერებულია აუხსნელი ფორიაქით, იმაზე შფოთვით, რომ შეიძლებოდა, „უკეთესი“ რამ ეკეთებინათ. როგორც წესი, „უკეთესის“ კეთებისგან გამომდინარე შფოთვას სწორედ სხვაზე დამოკიდებულების შფოთვისგან გათავისუფლების ძლიერი ლტოლვა კვებავს.

მზრუნველ პირებს არ შეეძლოთ უზრუნველეყოთ მცირეწლოვანი ადამიანის უსაფრთხო დამოკიდებულება მათზე – სიდუხჭირისგან, თუ სხვა, შემზღუდველი გარემოებებისგან გამომდინარე − მაგალითად, მომავლისადმი უიმედობა, ძლიერი განუსაზღვრელობა − შესაძლოა, მზრუნველ პირებს არ შეეძლოთ მცირეწლოვანი ადამიანისთვის მათზე უსაფრთხო დამოკიდებულების შეთავაზება. ხშირად, შეხვდებით ზრდასრულებს, რომლებიც აღნიშნავენ: „რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავზრდილიყავი,“ „ბავშვობა არ მქონია, მე მგონი, დიდი დავიბადე.“ ბავშვობისგან განძარცული ადამიანები ატარებენ ერთგვარ მონატრებას. ეს იმ ბავშვობის მონატრებაა, რომელიც ბავშვური სისულელეების ფუფუნებას მოიცავს. ამ ადამიანებმა ისწავლეს, რომ მათი უსუსურობა და უძლურება მიუღებელია. ისწავლეს, რომ სასწრაფოდ უნდა გაიზარდონ, რადგან სხვაზე დამოკიდებულებას ირგვლივმყოფები მტრულად ეხმაურებიან, ხოლო დამოუკიდებლობის წახალისება სიყვარულის კი არა, შფოთვის შედეგია. სწორედ აქედან გამომდინარე, ხშირად, ასეთი გამოცდილებების მქონე ადამიანები განიცდიან შედეგისკენ ლტოლვის მტანჯველ სიმძიმეს და ნაკლებად სიამოვნებთ მდინარება, შედეგამდე სავალი გზა, როგორც თვითშემეცნების წყარო.

მზრუნველ პირებს უჭირდათ შინაგანი მდგომარეობების მართვა და შესატყვისად გამოხატვა – ხშირ შემთხვევაში, მზრუნველი პირები თავად იყვნენ შეუწყნარებლობაზე დამყარებული აღზრდის სამიზნე და არ იცოდნენ, სხვაგვარად როგორ გამოხმაურებოდნენ შვილის მარცხს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, აერჩიათ ბრაზის ან უკმაყოფილების სიჩუმით, ფარულად ან შენიღბულად გამოხატვის გზები, რაც მცირეწლოვან ადამიანში აძლიერებდა განუსაზღვრელობის განცდას, ხოლო განუსაზღვრელობას, ხშირად, მიტოვების და მივიწყების შფოთვა ანაცვლებდა.

ბუნდოვანი წარმოდგენა განვითარების ბუნებრივ მიმდინარეობაზე – როგორც წესი, შეწყნარების შფოთვით გაჯერებული ადამიანების აღმზრდელების საგრძნობლად დიდ ნაწილს ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა იმაზე, თუ რა არის განსაზღვრული ასაკისთვის შესატყვისი ქცევები, შეეძლო თუ არა განსაზღვრული ასაკის ადამიანს დაეძლია ის ამოცანები და გამოწვევები, რომელთაც მის წინაშე წამოჭრიდა აღმზრდელი. აი, მაგალითად, როგორ ფიქრობთ, შეუძლია თუ არა ორი წლის ბავშვს თანაუგრძნოს მშობელს, წარმოისახოს მისი შინაგანი მდგომარეობა?

„შენ ხარ ჩემი იმედი. შენ ხარ ჩემი ოცნებების ჭურჭელი“ – ადამიანები, რომლებიც მშობლების ოცნებების, მათი მიუღწეველი მიზნების, მათი აუხდენელი სურვილების ერთგვარი „სათავსო“ იყვნენ, მშობლების მოლოდინის გაცრუების უფლებაჩამორთმეულები ძლიერ შფოთვას განიცდიან. შესაძლოა, ამ ადამიანებმა მეტი იშრომონ იმ ხატის შესაქმნელად, რომელიც მისი მშობლებისთვის მისაღები იქნება, თუმცა, მათ უჭირთ, განსაზღვრონ და საკუთარ თავსაც კი „შებედონ“ სიწრფელე: მე რომელ საქმიანობებთან ვარ გულწრფელი ცნობისმოყვარეობით დაკავშირებული? რომელი საქმიანობებისკენ ვილტვი? რომელი მათგანი ანთებს ჩემში ვნებას და რომელი მათგანი აქრობს მას? მშობლების მოლოდინების გაცრუების მოსალოდნელი თუ წარმოსახული შედეგებით დაზაფრულები, ხშირ შემთხვევაში, ნაკლებ სიამოვნებას იღებენ იმ საქმიანობისგან, რომელსაც დრო მიუძღვნეს და სწორედ იმიტომ, რომ მხოლოდ დრო მიუძღვნეს და არა – გული და განუყოფელი ყურადღება. მათი მიღწევები კი, ხშირად, ხარკია, რომელიც მშობლის გაშინაგნებული მკაცრი ხმის დასადუმებლად გაიღეს. შესაბამისად, მათთვის ნებისმიერი დაბრკოლება მშობლის მოთხოვნის შესრულების გზაზე შეწყნარების სივრცეს თითქმის სრულად შთანთქავს.

რა იყო თქვენთვის სწავლა? სხვაზე მტკივნეული დამოკიდებულებისგან გათავისუფლების იარაღი, თუ საკუთარი წრფელი ლტოლვების და თვითშემეცნების გზა, რომელსაც დამოუკიდებლობა ბუნებრივად მოჰყვა?

ორი დრო

0

ნიჩბისში ორი დროა – დავითის დროინდელი და ახლანდელი.

მიუხედავად იმისა, რომ კიკოლაანთ საყდარი მეათე საუკუნისაა, ხოლო უმზეურის ეკლესიის ქვიშაქვა კიდევ უფრო ხნიერი, დიდგორის მიდამოებში წარსული დავითით ფასობს.

დავითის ხნისააო, ამბობენ, ძველს, დიდებულს და თვალსაჩინოს გულისხმობენ. ამიტომაც აღმაშენებლის ხანა ნიჩბელებისთვის ქრონოლოგიური ნიშნული კი არა, ოქროსფერი სხივი უფროა, რომელიც წარსულს აწმყოზე მიმზიდველად წარმოაჩენს. აქაურ სანახებში ზაფხულის ერთი დღის გატარებაც საკმარისია იმისთვის, რომ თვალს წყალი დაალევინო – მზერა ჯერ აკაკის ხეზე შემომჯდარ შაშვს მიაპყრო, მერე კი ფარსმანდუკის ყვავილზე გადაიტანო. შორისა და ახლოს მონაცვლეობით ჭვრეტას მოთამაშე გონებაც მალევე აჰყვება ხოლმე. მაშინდელსა და ახლანდელზე ფიქრი დროის საზღვრებს თვალის დახამხამებაში წაშლის, ჯერ უწინდელ დროში გამოგზაურებს, მერე  კი ისევ ძველ ნავენახარზე დაგაბრუნებს.

მაშინ… არაბი ისტორიკოსის აჰმად იბნ იუსუფ იბნ ალი ალ-ფარიკის ცნობით, დიდგორის ბრძოლისას, ქართველთა ლაშქრის ნაწილმა, მეფის სარდლობით მტერს დასავლეთიდან სწორედ ნიჩბისის ხევით შეუტია. მთავარი სიტყვა კი უკვე ნათქვამი იყო: „ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ.“

ახლა… ნიჩბისის მიდამოებში მიწაზე გართხმული, დაუძლურებული ბატკანძერი იპოვეს. ოპერაციის შედეგად, ვეტექიმებმა ლეშიჭამიას საკანცელარიო დანა ამოუღეს. ერთი თვის შემდეგ კი წითელ ნუსხაში შეტანილ ფრინველს დასაკვირვებლად GPS დაუმაგრეს  და  მთის ფერდობის ქარებთან სანავარდოდ ველურ ბუნებაში დააბრუნეს.

მაშინ… რუსუდანის მეფობისას ზეუბანში ზარაფხანიდან სალაროში, ქისიდან ქისაში, ხელიდან ხელში გამოვლილი ათას ხუთასამდე სპილენძის მონეტა დაფლეს. ნიჩბისის განძის უმეტესობა ქართველი მეფეების სახელზეა მოჭრილი, მათ შორის მხოლოდ რამდენიმეა შირვანული, ილდეღიზიდური და დარუბანდული.

ახლა… ფერდობებზე ქვის სამტეხლოები გამართეს, გორიგლეჯია მანქანები მიაყენეს და მწვანე მთები თეთრი ლაქებით ააჭრელეს. ეზოში დაგორებული ლოდების გამო, ნიჩბისელმა კაცმა ბრაზი ვეღარ შეიკავა და კარიერზე თოფით ავარდა. დამიზნებულ ლულას დასაშოშმინებლად ადევნებული ძმა გადაეფარა… თოფიანმა დაღვრილი სისხლი არ შეირჩინა და საკუთარ თავსაც ტყვიით მოუსწრაფა სიცოცხლე.

მაშინ… ლუარსაბ მეფის ნაბოძებ მიწაზე ქაიხოსრო და მერაბ ციციშვილებმა, მდინარე ნიჩბურას ნაპირას ციხე-დარბაზი ააგეს. კოშკი აღმოსავლური სარკმლებითა და თახჩებით დაამშვენეს. სალოდეებით, სათოფურებით და საბრძოლო ბილიკით აღჭურვილი გალავნის შიგნით კი სასახლე, აფთიაქი და აბანო ააშენეს.

ახლა… ხელოსანი რამდენიმე დღით დაგვეთხოვა, ვერ ვიმუშავებ, სოფელში მიცვალებულია და არ ეღალატებაო. ჭირისუფლებისთვის ფულს ვაგროვებთ და შეეწიეთ, დაჩა და სოფელი რამ გაყოო. მეორე დღეს კი იმ გზაზე, სადაც დილით ნახირმა ზანზალაკების წკარუნით ჩაიარა, ნაშუადღევს სამგლოვიარო პროცესია სასაფლაოსკენ მუსიკოსების თანხლებით აუყვა.

მაშინ… ნიჩბისი მინისა და ჭიქურისთვის საჭირო კვარცის ქვიშის საბადოებით იყო სახელგანთქმული და აქაურები მარცვლეულისთვის, წყლისთვის და ღვინისთვის ყელვიწრო თუ ფართოყელიან, ცალყურა თუ დოინჯიან, ნისკარტიან თუ უტუჩო ჭურჭელს ამზადებდნენ.

ახლა… დედაქალაქის ერთ-ერთ გზაჯვარედინზე შავოსანი ქალისგან სანთლები ვიყიდე და სალოცავში ავიტანე. სანთლები გაზის ქვითარში გახვეული აღმოჩნდა. აბონენტის გვარს დავხედე, კანდელაკი ეწერა. კანდელაკები ნიჩბელები არიან და აქ ლოცულობენ. გადაეხადოთ-მეთქი, გავიფიქრე.

მაშინ… ზაფხულის ბოლოს ბალახი ჭკნებოდა, მაყვალი მწიფდა და ასკილის ბუჩქები ნარინჯისფერი კაკლუჭებით იხუნძლებოდა.

ახლა… ზაფხულის ბოლოს ბალახი ჭკნება, მაყვალი მწიფს და ასკილის ბუჩქები ნარინჯისფერი კაკლუჭებით იხუნძლება.

მომავალშიც ასე იქნება.

ერთი და იგივე განზომილება

0

(ჯემალ ქარჩხაძის სოლომონიანი”)

 არა მარტო მწერლობაში, არამედ ნებისმიერ პროფესიაში არაფერი მიიღწევა გულწრფელი, მგრძნობიარე, შეურყვნელი სულის გარეშე, რომელიც წინაპირობაა ყოფიერების იდუმალების წვდომისა, უნივერსუმთან ინიციაციისა. ეს შეუძლია, მოიპოვოს ყველა ადამიანმა და ამაზეცაა შესანიშნავი ქართველი მწერლის ეს დამაფიქრებელი და შესაშური ოსტატობით შექმნილი ნაწარმოებიც. ეს ოსტატობა კი არა მარტო ნიჭს, ასაკსაც მოაქვს, ცხოვრებისეულ გამოცდილებას…

დელიკატურ-ფილოსოფიურ-სარკასტული იუმორით გვაცნობს მწერალი მთავარ გმირს, სამოცდასამი წლის სოლომონს და მასთან ერთად ახასიათებს ეპოქასაც: „მუდამ რუხი ფერის შლაპა ეხურა. როდესაც ჩვენში შლაპა შემოვიდა, ეჭვი არაა, სათქმელიც შემოიტანა რაღაც, მაგრამ ეს სათქმელი ძალიან მალე ამოიწურა და დეგრადაციის გზას დაადგა. ჯერ მოძველდა და მერე მოდიდან გადავარდა, ერთი ხანობა ახირებად იქცა, მერე ანაქრონიზმად, საბოლოოდ კი პროვინციალობის მანიშნებელ მყარ სიმბოლოთა შორის დაიმკვიდრა ადგილი. მთელი ეს რთული გზა შლაპამ სოლომონის თავზე გამოიარა. თუმცა, უნდა ითქვას, სოლომონი ამას არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. მოდა მისთვის უცხო რამ მეცნიერება იყო, როგორც ჩინური გრამატიკა ან ველის ზოგადი თეორია, რომელიც არსებობით არსებობდა, მაგრამ მასთან არაფერი ესაქმებოდა” (471) – უცნაურია: პერსონაჟი, თითქოს, ეპოქის ჩარჩოებშია და ამავე დროს, მათზე აღმატებულიცაა. სოლომონს ქორწილის დღესაც კი, როცა კაცი ცდილობს, ყველაზე ლამაზი იყოს, ის ეცვა, რაც ხელთ მოხვდა. ეს უბრალო ყოფაში დაუდევრობა არაა, რაც ბევრ დიდ მოაზროვნეს ახასიათებდა, ეს ყოფაზე ამაღლებაცაა, მისი უარყოფა, დაძლევა. ტიპურია სოლომონის გარეგნობაც, „რომელშიც ხშირად ზედმეტი სიცხადით ირეკლება წუთისოფლის წარმავალობა და ადამიანის გონებრივი ზღვარდადებულობა” (472). ასე შემოდის ნაწარმოებში დრო თუ კიდევ სხვა პირობითობები, რომლებსაც სოლომონი ანგარიშსაც უწევდა, – ყველაფერი აწყობილ-დაგეგმილი ჰქონდა და თითქმის არასდროს არსად ეჩქარებოდა, თუმცა მათ უგულებელყოფდა კიდეც ერთგვარად იდეალისტობის სიმაღლემდეც კი და ,,ცხოვრება იმაზე უკეთესი ეგონა, ვიდრე სინამდვილეშია” (472).

„ის, რაც სიყვარული გვგონია, ხშირად თანდაყოლილი სიზარმაცეა, რომელიც გვაიძულებს მუდამ გატკეპნილი, ნაჩვევი გზით ვიაროთ, მუდამ იოლი, ნაჩვევი საქმე გავაკეთოთ, მუდამ შაბლონური, ნაჩვევი ფრაზებით ვიაზროვნოთ, ხოლო იმისთვის, რომ მოსალოდნელი თვითმხილება და აქედან გამომდინარე სინდისის ქენჯნა ავირიდოთ, სიზარმაცეს სიყვარულის ყდაში ვსვამთ და ამით იოლად ვიტყუებთ თავს, რადგან იგივე სიზარმაცე საშუალებას გვაძლევს ტვინი არ ვიჭყლიტოთ და სიმართლე არ ვეძიოთ” (474), – ასე ერგება თუ ირგებს ადამიანი ყოფას. სოლომონი ამას აკეთებ ცოლის, ასმათის, პრაგმატიზმის საშუალებით. ეს უკანასკნელი მთლად დირექტორი თუ არა, მოადგილე ხომ მაინცაა და ხელ-ფეხი ხსნილი აქვს, მაღაზიიდან წამოღებული სანტექნიკით არალეგალურად ივაჭროს (,,მე… ათასი მამაძღლობა უნდა ჩავიდინო, რომ ოჯახი შევინახო… ეს კი ფეხიფეხშემოდებული უნდა იჯდეს” – 490). სოლომონის უპტრეტენზიობა (იქნებ სწორედ ესეცაა მისი თავმდაბლობა?) ამას ეგუება იმდენად, რამდენადაც თვითონ ამ ყველაფრის მიღმაა: არც ცოლივით მაქსიმალიტია, არც მომთხოვნია ცხოვრების მიმართ მაინცდამაინც. ასეთ ფსიქოტიპად სწორედ მასწავლებელი ჩამოაყალიბა ჩვენმა სოციუმმა. სოლომონიც მასწავლებელია. ოღონდ იგი ზედმიწევნით მიჰყვება მწერლის, იმავე ცხოვრების, შემოთავაზებულ მასწავლებლის თანამედროვე, უტყუარ და უღალატო მოდელს, „უნიადაგო იდეალიზმის მყიფე შრეებისგან” თავისუფალს, პათეტიკის „ჭრელ-ჭრელ” კვირტებგამოცლილს, უფრო პრაქტიკულსა და გამოყენებითი სახის მქონეს.

სოლომონი არ მიეკუთვნებოდა, ეგრეთ წოდებულ, „საყვარელი” მასწავლებლის კატეგორიას („თუკი ასეთი კატეგორია მართლა არსებობს და იგი პირველკლასელებს არ მოუგონიათ, რომლებსაც დედა ენატრებათ და ეს ნატვრა რომ ილუზიურად მაინც აიხდინონ, უნებურად ჩანაცვლების მეთოდს მიმართავენ”), თუმცა იგი არც შემთხვევით მოხვედრილა სკოლაში. დრო გადააწყობს ადამიანთა აზროვნების, აღქმის სტილს და შეიცვალა ბავშვების თაობაც. საინტერესო ფსიქოლოგიზმითაა წარმოჩენილი ეს მწერლის მიერ, როგორც ჭკვიანური ანალიზი სკოლის ცხოვრებისა: „ერთი მხრივ, გაცილებით უფრო გონიერი, უფრო ფხიზელი, უფრო მომწიფებული, უფრო ორიგინალური და ინდივიდუალური აზროვნების მქონე ბავშვები მოდიოდნენ, მეორე მხრივ (შესაძლებელია, სწორედ ამ მიზეზით), ძალიან ადრე იბერტყავდნენ რომანტიკულ ყვავილებს (რასაც ზოგჯერ რომანტიკულ ბურბუშელასაც ვუწოდებთ ხოლმე). უფრო რეალისტები ხდებოდნენ, უფრო სკეპტიკოსები, ავტორიტეტები ნაკლებად სწამდათ, მასწავლებლებს ბრმად არ ენდობოდნენ, ხშირად მათ ცოდნასა და გემოვნებას კრიტიკულად ეპყრობოდნენ და საკუთარი საზომებით ამოწმებდნენ” (487). ასე მოხდენილადაა გაშლილი ერთ აბზაცში უდიდესი თემა თუ პრობლემა ჩვენი განათლების სისტემისა: ბავშვების სკეპტიციზმი და უარესიც – ნიჰილიზმი, მკაცრი სოციუმი რომ აყალიბებს. მაგრამ არის ერთი საიდუმლოც, რომელიც უნდა იცოდეს მასწავლებელმა, რომ თუნდაც ლიტერატურული ღირებულებები არ გადაფასდეს და მოსწავლე არ იქცეს ნაადრევად დაბერებულ, მოწიფულ არსებად: მასწავლებელმა არ უნდა იკოპწიაოს, ითამაშოს თუნდაც სიყვარული. საჭიროა სინაღდე, გულწრფელობა (ბავშვის უტყუარ ალღოს ძნელად მოატყუებ), ოსტატობა და სათქმელის გადაცემის სწორი ფორმის ცოდნა, რომ მთქმელიცა და მსმენელიც ერთ განზომილებაში იმყოფებოდნენ.

ახლა პატარა ლირიკული გადახვევა მოცემულ კონტექსტში – ბებიაჩემი მარიამი დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო. ასაკის გამო მოუწია სკოლის დატოვება. მიდიოდა ვენახში ფიზიკურად სამუშაოდ, ნაზი და სიფრიფანა, ომში დაკარგული უფროსი ლეიტენანტის ქვრივი და ყურში ბამბებს იცობდა, რომ სკოლიდან მომდინარე ზარის ხმა არ გაეგო. ეს რომ რაღაცნაირად დირექტორმა გაიგო, სასწრაფოდ დაიბარეს მისთვის საკრალურ სივრცეში და დაუბრუნეს თავის საქმიანობას, რაც საუკეთესოდ გამოსდიოდა ყველა ასაკში. სოლომონისთვისაც, რომლის შემთხვევაშიც ბებიაჩემის ეპიზოდისგან განსხვავებული, საპირისპირო რაღაც ხდება, „სკოლა ეკლესია იყო” – ეს ახასიათებთ არა მარტო ბუნებით, მოწოდებით მასწავლებლებსაც, გული რომ უჩქროლდებათ სკოლის დანახვაზე. ესაა სწორედ ის მერკანტილიზმისგან დაცლილი, უდიდესი პასუხისმგებლობა, ნებისმიერ პროფესიაში რომ უნდა ამაღლებდეს ნებისმიერ ადამიანს და მის ამ პატიოსნებას „ქეციანად” და „მარაოსავით მომარჯვებულად” თუ ატავიზმად აღარ აჩენდეს ასმათისნაირების თვალში. თუმცა აქ პრობლემა ასმათსა ან სოლომონში როდია, არამედ ადამიანური თუ სახელმწიფოებრივი აზროვნების გამრუდებულ მექანიზმებშიც და ამაზეცაა ეს ნაწარმოები. თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ ვთქვათ…

მოთხრობის მხატვრულობაც, ურომლისოდაც არასრულყოფილია ნებისმიერი შემოქმედებითი ქმნილება, თითქოს, კარგად, დიდი ორიგინალურობით ახსნილი გაკვეთილივითაა და იდეური დატვირთვის მქონეა. აი, მაგალითად, გაპიროვნება – იდეალისტურ-მისტიკური: „მიაჩერდა ბებერ ხეებს, რომელთაც სიბერე დარბაისლურ სილამაზეს ანიჭებდა და რომლებიც გვიანი შემოდგომის ამ მოყვითალო დღეს უკანასკნელ ფოთლებს ეთხოვებოდნენ, მაგრამ ამის გამო ემსგავსებოდნენ არა განძარცვულებს, არამედ განწმენდილებს”(495); ფილოსოფიური შედარება, მას ავტორი სოლომონს მიაწერს, რომლის აზრითაც, ცხოვრების მდინარეს ბუნდოვანი კოსმიური ძალა სათავეს უბრუნებს და სწორედ ესეცაა ალბათ მიზეზი დროის წრებრუნვისა: „როცა ათასი წელი უკვე დასრულდებოდა, ხოლო ორი ათას ერთი ჯერ კიდევ არ იქნებოდა დამდგარი, სამყარო ემგვანებოდა პირველი ხელმოცარვის შემდეგ ხელახლა მოზიდულ და გასატყორცნად გამზადებულ ისარს” (95); მაგიური ეპითეტი: „ახლად გაღვიძებული ბუნება განახლების მწვანე სისხლად ჩაგუბებულიყო ხეთა ფოთლებსა და კვირტებში. იქიდან დამათრობელ სურნელად ჟონავდა და ქალაქს სიმსუბუქისა და სტიქიური აღორძინების ქსელში ხვევდა”(496); მარგინალურ-გროტესკული მეტაფორა: „მაგრამ ეს შეხვედრები არასდროს ოფიციალური მისალმების ჩარჩოს არ გასცდენია და მუდამ ერთი და იმავე სარიტუალო ფორმულის გამეორებას წარმოადგენდა. ეს კი ურთიერთობას არათუ აღარ აღრმავებს და ავითარებს, სიცოცხლის იმ პატარა ნიშანსაც აცლის, რაც თავიდან ჰქონდა, და უაზრო ჩვევად აქცევს, გახევებულ წესად, ერთგვარ მაგნიტურ კერად, რომელიც ჩვენი მიახლოებისას ავტომატურად იღებს და, როგორც კი გავივლით, ასევე ავტომატურად იხურება” (497); და მსუბუქი, არისტოკრატული ირონიაც…

,,განწყობილებას ხომ განსაზღვრავს არა იმდენად ობიექტური ვითარება, რამდენადაც წინამავალ განწყობილებასთან დაპირისპირება” – ეს მწერლის მორიგი სიბრძნეა, რომელიც შეიძლება სოლომონის ცხოვრებასაც მივუსადაგოთ: მშობლიური ლიტერატურის მასწავლებელს მოსწავლეები და მათი მშობლები (ერთი გამხდარი, სუსტი ბიჭის გარდა, რომელიც ყოველთვის ერთია ასეთ სიტუაციებში და ყოველთვის სულის გადარჩენაა) საპროტესტო განცხადებას დაუწერენ და მისი სკოლიდან წასვლას მოითხოვენ. მოდი, მოვაყოლოთ მეორე, ირონიული სიბრძნეც მწერლისა: „სიცოცხლე სწორედ იმითაა რთული და ალბათ საინტერესოც, რომ ის, რაც დილით მეხია, ნაშუადღევს შეიძლება მეხამრიდად იქცეს” (522) – სოლომონსაც პატივს მიაგებენ მასწავლებლობის მრავალწლიანი სტაჟის გამო და როგორც პენსიონერს, „დაასვენებენ”. სოლომონის ცხოვრებაც მაინც კარგია, რადგან შეიძლება უარესიც ყოფილიყო… და იწყება „ხანა”, დრო სოლომონის სიბრძნეებისა.

მთავარი პერსონაჟის „წონით კატეგორიას” ნაწარმოების ბოლოს აზუსტებს ავტორი, როცა მის სამ დაკვირვებას შემოგვთავაზებს, რომლებიც მთელ ცხოვრებისეულ კონცეფციად შეიძლება ჩავთვალოთ. მწერლისა და მისი, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველი გმირის სიბრძნე სამიდან მეორე დაკვირვებაში იძენს მაღალ რეგისტრს თუ ემოციურ მუხტს: „ქართული მწერლობის შვიდი ვარსკვლავიდან ოთხი მეცხრამეტე საუკუნის ცაზე კიაფობდა… ადრე თუ გვიან მიხვდები, რომ მშვიდობას, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობის დაკარგვით მოიპოვა, ამ შემთხვევაში დამოუკიდებლობაზე მეტი ფასი ჰქონდა და არ შეიძლებოდა მას ფეთქებადი განახლება არ მოჰყოლოდა. რაკი ქვეყანას, რომლისთვისაც ბრძოლა ლამის არსებობის ფორმად იქცა, უეცრად საშუალება მიეცა, ხმალი დაედო, ოფლი მოეწმინდა, ჩამომჯდარიყო, მიმოეხედა და სამყაროსთვის სულისა და გონების თვალი მიეპყრო, ჯებირიც მოირღვა და დაგუბებული პოეზია (რატომ მაინცდამაინც პოეზია და არა პროზა, ეს ცალკე დაკვირვების საგანია) ნიაღვარივით გადმოსკდა. დამოუკიდებლობა კი დროებით დავიწყებას მიეცა. იდინა ნიაღვარმა, იდინა და მხოლოდ მაშინ, როცა ზიარჭურჭელში დადგენილ ზღვარს მიაღწია და კვლავ არტახებში მოექცა (ამიტომ იყო ოცდათორმეტი წელი ნაადრევი და ნაუცბადევი), დაჰკრა ეროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლის ზარმა და აკი გამოვიდა კიდეც ასპარეზზე ილია ჭავჭავაძე” (525) – ეს ყოველი ქართველის გენეტიკური ცოდნაა, სისხლით მოდენილი, არსებობის ფორმად და გამოხატვის საშუალებადაც ქცეული. ჰოდა, ილიას თუ ვბადებთ, ტყვიაც გამზადებული გვაქვს მისთვის. ეს ტყვია კი მხოლოდ ილიას თავის სამტვრევია ხოლმე. ამიტომაა „ილიაობა ძნელი” და არც მწერალი სთხოვს თავის გმირს ამას („ან რა სოლომონის საქმე იყო სწავლების მეთოდებისა და სისტემების მოწესრიგება! სოლომონს თავისი პატარა საქმე ჰქონდა და, ავად იყო თუ კარგად, თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებდა”), მას მწუხარე სახის რაინდობაც ეყოფა.

ვფიქრობ, რომ ფარული ირონიის მიუხედავად, რომელიც უფრო ზოგადს მიემართება, ვიდრე კონკრეტულს, მწერლის დიდი სიმპათია, თანაგრძნობა და სიყვარული საგრძნობია მთავარი პერსონაჟისადმი. მისი სახელი არანაირად არაა კნინობითი ან პაროდია ბიბლიური სოლომონ ბრძენისა. არავინ იცის, რომ ამ ნაწარმოების გმირიც, მოვლენათა თუ გარემოებათა სხვაგვარ განვითარებასა თუ თანხვედრაში, აზროვნების მისნაირ სრულყოფილებას არ მიაღწევდა. იგი კი არის „გარემოების საყვირი”, რაც მასშტაბური აზროვნებისთვისაა საჭირო, მისი პრობლემები, საფიქრალი ილიასეულია, მაგრამ მსხვერპლიცაა ამ გარემოებებისა. ცხოვრების, ისტორიის, ეპოქისა თუ ბედის ირონიაც სხვა არც არაფერია (რომლებსაც მწერლის ირონია მიემართება სწორედ); ჩვენი ქვეყნის უბედურება კი ისაა, რომ სოლომონისნაირ კაცს „პატარა ადამიანად” თვლის, ჭანჭიკად, როგორც თუნდაც სოციალისტები. ყველაფერი ღირებული კი სწორედ ადამიანის ღირსებების ანუ მისი „სიდიდის” აღმოჩენით, პატივისცემით იწყება – შეძახილით ხის გახმობით კი არა, როგორც ჩვენი დღევანდელი საზოგადოების წესია.

თუმცა, სოლომონ ბრძენზე ვსაუბრობთ და, „დრონი მეფობენ, არა მეფენი”…

ციტატები წიგნიდან „მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგია”, გია ქარჩხაძის გამომცემლობა, 2007 წ.

არაფორმალური განათლება ცოდნის ტრანსფერისთვის

0

არაფორმალური განათლება არის სასწავლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, არასაგაკვეთილო დროსა და სივრცეში.  არაფორმალური განათლება მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს მისთვის საინტერესო თემებს,  იკვლიოს მისთვის საინტერესო საკითხი და მეგობრებთან ერთად , ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმოს, განახორციელოს ბევრი საინტერესო აქტივობა.  ასეთი  სწავლებისას მოსწავლე თავისუფალია. სასწავლო პროცესი მასზეა მორგებული, მასზეა ორიენტირებული, რაც მოსწავლეების   დაინტერესებას იწვევს. ინტერესი კი ზრდის  მოტივაციას.

არაფორმალური სწავლებისას მოსწავლეები არიან  სწავლების აქტიური მონაწილეები, მშობლები და მათი ოჯახები კი  ჩართულები არიან  არაფორმალური განათლების პროგრამის  განხორციელებაში. თანამშრომლობა სკოლასა და ოჯახს შორის ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია.

არაფორმალური განათლება არის ფორმალური განათლების გაგრძელება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში წიგნიერების,  ციფრული უნარების,  ცხოვრებისეული  და  სოციალურ-კულტურული უნარების განვითარებას.  ამ უნარების დაუფლებით, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ემზადება ახალგაზრდა და   ხდება თავდაჯერებული.

ტერმინი „არაფორმალური განათლება“ გაჩნდა 1960-იან წლებში.  1973 წელს ფილიპ ჰ. კუმბსმა, პროსერმა და აჰმედმა დაადგინეს ფორმალური  და არაფორმალური განათლების განმარტებები:

ფორმალურ განათლებას აქვს იერარქიული სტრუქტურა, რომელიც ორგანიზებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით განათლების სისტემაში. ის იწყება დაწყებით სკოლაში და მთავრდება უნივერსიტეტში.

არაფორმალური განათლება არის სასიცოცხლო პროცესი, რომლის დროსაც თითოეული ინდივიდი იძენს დამოკიდებულებებს, ღირებულებებს, უნარებსა და ცოდნას. ეს კი  მიიღება ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ცოდნის დაკავშირებით.

განსხვავება ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას შორის:

ფორმალური განათლება:

  • ორიენტირებულია სწავლაზე;
  •  ემსახურება  გრძელვადიან ზოგად განათლებას, რომელიც ხელს უწყობს ინდივიდის განვითარებას, ინდივიდში ცოდნის დაგროვებას;
  • ფორმალური განათლება მომავალზეა ორიენტირებული.

არაფორმალური განათლება:

  • ცნობილია როგორც მოკლევადიანი ან სპეციფიკური განათლება, რომელიც ემსახურება ინდივიდების  მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას;
  • მიზნად ისახავს მიღებული ცოდნის გამოყენებას  პრაქტიკაში არა მომავალში, არამედ ცოდნის მიღების დღიდან.
  • მოკლევადიანია და მიზანზე ორიენტირებული.

არაფორმალური განათლების ერთ-ერთი საფუძველია სახალისო სწავლა. სავარჯიშოები, პრეზენტაციები, ინტერაქტიული ლექციები და ა. შ., ხელს უწყობს სხვადასხვა უნარების გამომუშავებას ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციაში.  ზრდის  მოსწავლეთა მოტივაციასა და ინტერესს. ქვემოთ მოცემულია არაფორმალური განათლების რამდენიმე უპირატესობა.

არაფორმალური განათლება:

  • თითოეულ მოსწავლეს აძლევს ადეკვატურ სივრცეს და დროს უნარ-ჩვევების  გამოსავლენად;
  • არაფორმალური განათლება არის თვითკონტროლირებადი და თვითმართვადი სწავლების ტიპი, რომელსაც ჩვეულებრივ არ აქვს ფორმალური სასწავლო გეგმა და შეიძლება იყოს სპონტანური;
  • მოსწავლე  განსაზღვრავს როდის, სად,  როგორ, რა ფორმით  დაიკმაყოფილებს ინტერესს;
  • მოსწავლე არ არის დაძაბული, არც დროში შეზღუდული;
  • არ გულისხმობს მხოლოდ მასწავლებლისგან მიწოდებულ ცოდნას, შესაძლებელია თანატოლისგან  სწავლა;
  • მოსწავლე არ არის მოწყენილი, რადგან  საკვლევი საკითხი, აქტივობები,  მისი ინტერესითაა შერჩეული;
  • მოსწავლე საკუთარ თავს უსახავს მიზანს და ამ მიზნის მისაღწევად  თავად ისწრაფვის;
  • არ საჭიროებს წინა გამოცდილებას ან თემის სწავლას;
  • სწავლა შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი ტემპით;

შინაარსი და სასწავლო მასალები შეიძლება გამოიყენოთ  იმ ტემპით,  როგორც საჭიროდ ჩათვლით.

 

არაფორმალური სწავლება გულისხმობს:

  • კომფორტულ ზონაში დასვენებას და ინფორმაციის უფრო ეფექტიანად აღქმას.
  • კლუბურ მუშაობას თანატოლებთან ერთად.

არაფორმალური განათლების ფორმულა ასეთია: ,,თუ არ მოგწონს, რასაც ვაკეთებთ, ვცადოთ სხვანაირად“ .

თანამედროვე მოსწავლე აღჭურვილი უნდა იყოს სხვადასხვა უნარებით. უნდა შეეძლოს კრიტიკული აზროვნება, შეფასება, ანალიზი, მსჯელობა და ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.   ამ უნარების განვითარებას ხელს უწყობს საკლასო სივრცეში დანერგილი არაფორმალური განათლება. მოსწავლეები უფრო თავისუფლები და შემოქმედებითები ხდებიან.  არაფორმალური განათლების ფარგლებში  ბევრი პროექტი განვახორციელეთ ონლაინ თუ საკლასო სივრცეში. შემოგთავაზებთ ერთი პროექტის  აღწერილობას.

პროექტის დასახელება:  დედამიწა ჩვენი სახლია, გავუფრთხილდეთ  მას!

პროექტის მიზანი:  მოსწავლეს განუვითარდეს:

  • ეკოლოგიური წიგნიერება;
  • კვლევა-ძიების უნარი;
  • დაკვირვების უნარი;
  • შემოქმედებითი უნარი;
  • მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებისა და პრეზენტაციის უნარი;

პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან, თუ რა ზიანს აყენებს  დანაგვიანებული გარემო ადამიანის ჯანმრთელობას. მიხვდებიან, რომ  სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი მიზეზი, ადამიანთა დაუდევრობაა.  შეძლებენ საუბარს იმაზე, თუ როგორ  ბინძურდება გარემო, რა იწვევს დაბინძურებას და როგორ შეიძლება დაიცვას ადამიანმა გარემო დაბინძურებისგან.

პროექტის აქტუალობა:  მიღებული გამოცდილების ცხოვრებაში გამოყენება.  ეკოლოგიური წიგნიერება, ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი მთავარი გამჭოლი კომპეტენციაა, აქედან გამომდინარე, მოსწავლეებში ეკოლოგიური წიგნიერების განვითარებაზე ზრუნვა  მნიშვნელოვანია.

სასწავლო პროცედურები:  

  • საუბარი გარემოსდაცვით საკითხებზე. ( იხ. მასალა)
  • ვიდეორგოლების ნახვა და გაანალიზება( YouTube არხზე ბევრი ვიდეორგოლია. საკითხების მიხედვით შესაძლებელია ამორჩევა, ნახვა და  კლასში განხილვა) .
  • ვისაუბრეთ რა იწვევს ჰაერის, ნიადაგის,  წყლისა და გარემოს დაბინძურებას.
  • პერსონაჟის რუკის დახმარებით დაახასიათეს ადამიანი და დედამიწა.
  • განვიხილეთ ლექსი ,,მე ვარ ადამიანი“. ვისაუბრეთ უცხო ლექსიკურ ერთეულებზე, გამოვიყენეთ ,,ცნების  რუკა“.
  • პროექტის ფარგლებში აღინიშნა ყველა მნიშვნელოვანი თარიღი:

21 მარტი- ტყის საერთაშორისო დღე.

22 მარტი- წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე.

28 მარტი- დედამიწის საათი.

23 აპრილი-დედამიწის დღე.

15 სექტემბერი- მსოფლიო დასუფთავების დღე.

პროექტის შეჯამება:   ეტაპობრივად   შეძენილი ცოდნის გამოყენებით, მოსწავლეებმა შექმნეს  პრეზენტაციები,  ბუკლეტები  და მოუწოდეს ადამიანებს გარემოზე ზრუნვისკენ. დაამზადეს ნაგვის ურნები და დიორამები. დიორამებსა და პრეზენტაციებში საუბრობდნენ არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.   არაფორმალური განათლების მიზანიც სწორედ ესაა, რომ მოსწავლემ მოახდინოს ცოდნის ტრანსფერი. დაინახოს პრობლემების მოგვარების გზები და გაუზიაროს სხვებსაც.  არაფორმალური განათლება, ფორმალურ განათლებასთან ერთად, ხელს უწყობს მოსწავლეს გახდეს დაკვირვებული, შემოქმედი, კრიტიკულად მოაზროვნე და წიგნიერი მოქალაქე.

  გამოყენებული ლიტერატურა:

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...