ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
17 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

გრამატიკის გაკვეთილები

0

ახლა არც ქართულ ენაზე მოვყვები, რომელიც ჩემს ბედისწერად იქცა და რომელმაც, სრულიად გაუზვიადებლად, საქართველოდან წასვლის უფლება არ მომცა; არც ჩემს იმ ლექსზე, რომელსაც “გრამატიკის გაკვეთილები” ჰქვია და ერთ-ერთ პირველ ლიტერატურულ წარმატებასა და სიხარულს უკავშირდება. უფრო სწორად, ამ ყველაფერზე ერთად გიამბობთ და კიდევ იმაზე, როგორ გავხდი სულ შემთხვევით ენათმეცნიერი.

სკოლაში სწავლის დროს ქართული ენის გრამატიკა ერთი უმიზნო, სულელური, წესებითა და ფორმალობებით სავსე საგანი მეგონა. ჩემი კლასიდან ყველას ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა, პუნქტუაციითა და ზმნის უღლებით თავმობეზრებულებს, ქართული ენის სახელმძღვანელოების დანახვაც არ გვინდოდა.

როგორც ბევრი პოეტი ბავშვი, მეც ხშირად ვბრაზობდი მათზე, ვინც ბედავდა და პოეტებს ლექსებს გრამატიკულად უსწორებდა, ამიტომ ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარებისას წუთით არ მიფიქრია, რომ ენის მიმართულებას ავირჩევდი. არადა ასე მოხდა – მეგობარს, რომელმაც ენის განყოფილება აირჩია, მეც გავყევი, მერე ის ლიტერატურას დაუბრუნდა, მე კი, უკვე ენათმეცნიერების ხიბლის მსხვერპლი, დავრჩი და დღემდე ენობრივ მოვლენებს ვიკვლევ.

როდესაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გავხდი, ცოტა არ იყოს, ამბიციური მიზანი დავისახე – მოსწავლეებისთვის გრამატიკა შემეყვარებინა ან, ყველაზე ცოტა, მათი ინტერესი გამომეწვია იმ საგაკვეთილო საათებში, რომელთაც ამ რთული, მათემატიკაზე არანაკლებ ზუსტი მეცნიერების შესწავლას დავუთმობდი.

პირველი, რითაც ინტერესის გაზრდა ვცადე, პუბლიკის დაინტრიგება იყო. ინტრიგა მდგომარეობს ისეთ საკითხებზე ლაპარაკში, რაც მოსწავლეებმა არ იციან, რაც ძალიან საინტერესოა, რაც მსჯელობისა და კამათის კარგ საშუალებას იძლევა. გრამატიკისთვის ასეთია თეორიული ენათმეცნიერების, ფსიქო- და სოციოლინგვისტიკის საკითხები. მაგალითად, ვიწყებთ ენის წარმოშობის თეორიებით, კაცობრიობის საწყისი ენის შესახებ მსჯელობა-კამათით. ანთროპოლოგიური კვლევები, აქვე – ორიოდე სიტყვა ბაბილონის გოდოლზე, ეგვიპტის ფარაოანის მიერ ჩატარებულ ენობრივ ექსპერიმენტსა და მის უსაფუძვლობაზე, ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტებზე, რომელთა ჩატარება იქვე, კლასშიც მარტივად შეიძლება, ბავშვის ენა, ენა და აზროვნება, ენა და მეხსიერება, ჟესტების ენა, შემდეგ – ენა როგორც ნიშანთა სისტემა, ნიშნები ჩვენ გარშემო – აქაც ძალიან ფერადი და მხიარული გაკვეთილი გამოვა. შეიძლება ძალიან საინტერესო პრეზენტაცია ენობრივი და სხვა ტიპის ნიშნების განსხვავების შესახებ.

შესავალ გაკვეთილში სხვა ცოცხალ არსებათა საკომუნიკაციო საშუალებებზე ვისაუბრებდი, მაგალითად, ფუტკრებისა თუ გადამფრენი ფრინველების ენაზე. მოკლედ, მრავალი საინტერესო საკითხია, ჩემი მთავარი მიზანი: ვამარტივებ პრობლემატიკას და გასაგებ ენაზე ვაწვდი ჩემს მსმენელს.

როდესაც უფრო კონკრეტულ საკითხებს მივადგები, როგორიცაა, მაგალითად სინტაქსი ანდა მორფოლოგია, ფანტაზია კიდევ უფრო მეტად გამომადგება. მაგალითად, ქართული ზმნის რაობაზე საუბრისას აუცილებლად გავაცნობ ქართული ზმნის მრავალპირიანობითა და კატეგორიათა გამოხატვის სიმრავლით გაოგნებულ უცხოელებს, არსებითი სახელი მხატვრულ ლიტერატურაში პერსონაჟის ფუნქციის გამოხატვით შეიძლება აიხსნას, ხოლო პირის ნაცვალსახელებს სულაც მშვენიერი, იმპროვიზებული თეატრალური სკეტჩი მოუხდება.

ამ გახსენებაზე იმ ლექსიდანაც წაგაკითხებთ ნაწყვეტებს. ლექსს “გრამატიკის გაკვეთილები” ჰქვია და სამი ნაწილისგან შედგება: “პირის ნიშნები”, “გარემოება”,

“სასვენი ნიშნები”:

“ერთხელ ვიყავი მამაშენი,
შემეძლო მხარზე ნაჯახივით შენი გადება,
ძირში მოსხეპილ შენს მომდევნო და-ძმას ვბადებდი,
ერთხელ ვიყავი დედაშენი,
სუპში ჩემს თითებს პურთან ერთად
უხვად გიფშვნიდი
და სახლობანას სათამაშოდ ომში გიშვებდი.
ერთხელ ვიყავი შენი ცოლი,
ლოგინში სითბოს ნაკვერცხალივით ვაღვივებდი, ვუდარაჯებდი,
იტალიური მაკარონის მაკრამეს ვქსოვდი,
პურზე კარაქის, როგორც ხელზე ხელის გადასმას
გიზოგავდი და ისე გაჩვევდი…” (“პირის ნიშნები”)

ან

“გიყვები როგორ, როგორ არ და როგორ ძალიან,
და ყველაფერი გასაოცრად მარტივი ხდება,
აღმნიშვნელებმა გაიხადეს აღსანიშნები
სიტყვაში “სახლი” ჩვენ ორს გვიწევს გადასახლება,
დავსახლდით,
ახლა გამოვაღებ ხმოვნების ფანჯრებს,
რომ მერე სუნთქვა გავასწორო მათზე -ფარდები,
სიტყვებმა, როგორც ყვავილებმა, დაკარგეს ღერო
და ორდღიანი პეპლებივით დაფარფატებენ” (“გარემოება”)
და კიდევ:
“ქალაქი სარეცხის თოკებით გვამაგრებს,
ავედით,
მწვერვალზე ვაყენებთ ანტენას!” (“სასვენი ნიშნები”)
მოკლედ, ისიამოვნეთ გრამატიკით, დაგეგმეთ თქვენი – ყველაზე შემოქმედებითი და საინტერესო – გრამატიკის გაკვეთილები.

გამოცდილება “მოზრდილისა”, რომელსაც სკოლაში არ უვლია

0
შეხვედრა ქეით ფრიდქისთან, რომელმაც გამოტოვა 12-წლიანი სკოლა და რომელიც არც უსახლკაროა და არც უცნაური
გამოქვეყნებულია პიტერ გრეის მიერ, 2012 წლის 24 აპრილს, ინტერნეტგამოცემა www.psychologytoday.com-ის ბლოგში Freedom to Learn
ქეით ფრიდქისი 26 წლისაა, გათხოვილია და ბედნიერი ოჯახი აქვს. იგი ნიუ-იორკში ცხოვრობს, აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრის წოდება რელიგიაში, ნახევარ განაკვეთზე მუშაობს ხაზანად (კანტორი-მომღერალი სინაგოგაში; ქეითი 15 წლიდან ამ სამუშაოზეა) და პროფესიონალი მწერალია. მისი სტატიები დაიბეჭდა New York Times-ში, The Huffington Post-ში და Salon-ში. ამჟამად ქეითი თავის პირველ წიგნზე მუშაობს, თან წერს მხიარულ და ღრმა ესეებს Eat the Damn Cake-ზე – თავის პოპულარულ ბლოგზე. ცოტა ხნის წინ გახდა Psychology Today-ს ვებსაიტის ბლოგერიც.
კიდევ ერთი – ქეითს სკოლაში არ უვლია. საბავშვო ბაღიდან მე-12 კლასამდე. თუ შეეკითხებიან, უბრალოდ უპასუხებს, რომ “სახლის განათლება” აქვს მიღებული (სიტყვათა ინგლისური შეთანხმება “ჰოუმ-სქულდ”/homeschooled, – ლ.ა), რადგან უმეტესობას არ ესმის, როდესაც ეუბნება, რომ სკოლაში არ მიუღია განათლება (იგლისური ტერმინი “ანსქულდ”/unschooled – ლ.ა.).
ქეითს პირადად ორი თვის წინ შევხვდი. ისე მოხდა, რომ იმ დღეებში ნიუ-იორკში გახლდით (ერთგან საჯარო გამოსვლა მქონდა) და ქეითმა სადილზე მიმიწვია. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. გადასარევი სადილი იყო, შეკაზმული ფანტასტიკური ორსაათიანი საუბრით. ახლა კი მსურს, უკვე თქვენ შეხვდეთ ქეითს ქვემოთ მოყვანილ ინტერვიუში.
ჩემი ბლოგის (პიტერ გრეის ბლოგი Freedom to Learn: https://www.psychologytoday.com/blog/freedom-learn/201204/meet-kate-fridkis-who-skipped-k-12-and-is-neither-weird-nor-homeless?page=3) ბევრმა მკითხველმა გამოხატა ინტერესი იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სკოლაში არ მიუღიათ განათლება. მკითხველებს აინტერესებთ, როგორ წარიმართა ასეთი ხალხის ცხოვრება და რას აკეთებენ ისინი ზრდასრულ ასაკში; ისწავლეს თუ არა მათ კოლეჯში, იშოვნეს თუ ვერა სამუშაო, აქვთ თუ არა დამაკმაყოფილებელი საზოგადოებრივი ცხოვრება. უფრო მეტიც – ქეითთან ინტერვიუ შესანიშნავი გარნირი აღმოჩნდა იმ პოსტებისა და სტატიებისთვის, რომლებიც მე მივუძღვენი “სკოლაგამოუვლელ” (unschooled) ბავშვებსა და მათ ოჯახებს.
არ მინდა, ქეითი წარმოგიდგინოთ როგორც ტიპური “სკოლაგამოუვლელი”, მაგრამ უფრო უარესი იქნება, იგი წარმოვაჩინო “სკოლაგამოუვლელ” საპლაკატე ახალგაზრდად. რა რთულია ამ ყველაფრის თავმოყრა! ქეითმა მითხრა, რომ იგი ხანდახან ცდილობს კიდეც, თავი დააღწიოს “სკოლაგამოუვლელის”,  “სხვათაგან გამორჩეულის” იმიჯს. არა, გეუბნებით, რომ ქეითის გამოცდილების საფუძველზე არ უნდა გამოიტანოთ ზოგადი დასკვნა ყველა “სკოლაგამოუვლელის” შესახებ, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ მასთან შეხვედრა ძალიან დაგაინტერესებთ! ასევე, რაღაც ახალს შეიტყობთ იმის შესახებ, რას ნიშნავს ბავშვობაში “სკოლაში არსიარული” და როგორია ამის შემდეგ ზრდასრულ ადამიანად ყოფნა. 

ინტერვიუ

პიტერი (პიტერ გრეი): ქეით, ამბობთ, რომ სკოლაში არ გივლიათ; რას ნიშნავს თქვენთვის ეს წლები და როგორი იქნებოდა სხვაგვარად თქვენი განათლების პირველი და მომდევნო ეტაპები? რა როლი შეასრულეს თქვენმა მშობლებმა და სხვა ზრდასრულმა ადამიანებმა თქვენს განათლებაში?
ქეითი (ქეით ფრიდკისი): ეს ნიშნავს იმას, რომ თითქმის ყველაფერი, რაც ვისწავლე, ვისწავლე კლასის გარეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემი განათლება არასოდეს ყოფილა წინასწარ სტრუქტურირებული, თუმცა ყოველთვის ორიენტირებული იყო ჩემს ინტერესებსა და ცხოვრების ბუნებრივ პროგრესზე. ჩემი მშობლები, ჩემი ასაკისა და ჩემ გარშემო მიმდინარე მოვლენების კვალობაზე, ჩემს განათლებაში სხვადასხვა როლს ასრულებდნენ. პატარაობისას ბევრ დროს ვატარებდი დედაჩემთან. მუდამ ერთად ვკითხულობდით. თავდაპირველად დედა მასწავლიდა სკოლის ტრადიციულ საგნებსაც. როდესაც წამოვიზარდე, თავად ავიღე მეტი პასუხისმგებლობა ჩემს განათლებაზე და დედასთან უკვე ნაკლებ დროს ვატარებდი, უმეტესად გარეთ, სხვა ხალხთან ერთად ან მარტო ვიყავი. მამაჩემი ჩემი ბავშვობისას შინ მუშაობდა და მახსოვს, როგორ მეხმარებოდა მათემატიკაში ექვსი ან შვიდი წლისას. იგი ყოველთვის მონაწილეობდა ჩემს მუსიკალურ განათლებაში, რადგან ნიჭიერი პიანისტი იყო, თუმცა მისი როლი მხარდაჭერითი უფრო გახლდათ, ვიდრე ინსტრუქციული. სხვაგვარად რომ ვთქვა, მან ბევრი რამ მასწავლა ცხოვრების შესახებ, ისევე როგორც დედაჩემმა. მათ მასწავლეს ისეთი რამ, რასაც “განათლება”, ამ ცნების სტანდარტული გაგებით, არ მოიცავს (იღიმება).
უკვე მოზრდილ ასაკში, გარდა მშობლებისა, ბევრი მენტორი და სხვა ზრდასრული ადამიანი მყავდა მასწავლებლად. იმის გამო, რომ დღის განმავლობაში თავისუფალი ვიყავი, ბევრ წრესა და ჯგუფს შევუერთდი (მაგალითად, მხატვრულად წერისას) და ჩემი ყველა თანაჯგუფელი, გარდა ერთისა, ზრდასრული პიროვნება იყო. ჩემი რამდენიმე ახლო მეგობარი პენსიონერი გახლდათ. ჩვენ ერთად მართლა კარგ დროს ვატარებდით და მათ ძალიან უყვარდათ ჩემთვის რჩევა-დარიგების მოცემა: “ასე ნუ იჭმუხნი წარბებს! ნაოჭი გაგიჩნდება! შემომხედე – შენსავით ვჭმუხნიდი წარბებს და აი…” ზრდასრულებთან მიწევდა მუშაობა სამუშაოზეც (სინაგოგაში). ვერ ვიტყვი, რომ ყველა მათგანი ჩემს მასწავლებლად მიმაჩნია, – მგონია, რომ ეს სიტყვა ზუსტად ვერ აღწერს მათ ფუნქციას, – მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ისინი ჩემი განათლების პროცესის ნაწილნი იყვნენ.

პიტერი: რა იყო თქვენთვის “სკოლაში არსიარულის” მთავარი უპირატესობა? თუ შეიძლება, ორივე ასპექტი გაითვალისწინეთ – როგორ გრძნობდით თავს როგორც ბავშვი, რომელიც იზრდება და როგორ გრძნობთ თავს ახლა, როდესაც თქვენს განვლილ გზას უყურებთ? რა თქმა უნდა, თუ განვლილი გზის ასე გააზრება სწორად მიგაჩნიათ.
ქეითი: საკუთარი თავის რწმენა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბავშვობისას ვგრძნობდი, რომ ყველაფრის გაკეთება შემეძლო. ახლაც რაღაც ასევე ვგრძნობ თავს. იმ დღეებშიც კი, როდესაც ტელევიზორის წინ დივანზე ხარ მოკალათებული ცალ ხელში პულტით და მეორეში ნაყინის ჭიქით და გრძნობ, რომ სრული არარაობა ხარ და ცხოვრებაში საინტერესოს ვეღარაფერს ეწევი, მაინც რჩება შანსი, რომ თუ უიმედობისა და საკუთარი თავის სიბრალულის რამდენიმე გარსს შემოიცლი, წააწყდე თავდაჯერების გულს. მე ვიცი ჩემი ძლიერი მხარეები; მჯერა, რომ რაღაცები მეხერხება. როდესაც რამეს მივაღწევ ხოლმე, ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ ეს მეკუთვნოდა. ეს გრძნობა მომდევნო მიზნისკენ სვლაში მეხმარება, მოტივირებულს მხდის.

შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვობისას მსოფლიო ღია იყო ჩემთვის. ვინაიდან ჩემ გარშემო ჩემივე ასაკის ბავშვები არ ტრიალებდნენ, მე ვერ ვგრძნობდი ვერავითარ ზეწოლას, რომელიც ჩემს პიროვნებაზე გავლენას მოახდენდა, შემიცვლიდა ხედვას რაიმეს მიმართ ან დაჩაგრავდა ჩემს რომელიმე ინტერესს, რომელიც ჩემი ჰიპოთეტური “კლასელებისთვის” “გოიმური” იქნებოდა. მე ხშირად ბევრი ისეთი რამ მინდოდა ან ვიყავი, რაც ურთიერთგამომრიცხავი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში არ არის ერთმანეთის გამომრიცხავი. მე ვიყავი საკუთარ თავში ჩაკეტილი, ხანდახან სულელი ბავშვი, გატაცებული ფენტეზის ჟანრის წიგნებით (ვკითხულობდი და ვწერდი კიდეც). ამავე დროს ხშირად დავდიოდი მეგობრებთან – როგორც გოგნებთან, ისე ბიჭებთან ერთად. ყოველთვის მყავდა ბოიფრენდი, მაგრამ ამავე დროს წესიერად ვიქცეოდი. განვიცდიდი ზეწოლას იმის თაობაზე, რომ “სექსუალური” ან “არასექსუალური” ვყოფილიყავი. მე შემეძლო ვყოფილიყავი ზოგჯერ მორცხვი, ზოგჯერ – გამბედსვი. თავი ყოველთვის ლამაზ გოგოდ მიმაჩნდა, რადგან არავის უთქვამს რაიმე ამის საწინააღმდეგო.

სამუშაოსადმი ჯანსაღი დამოკიდებულება. როგორც “სკოლაში არმოსიარულემ”, ადრევე ვისწავლე, რომ სამუშაო და თამაში რომელიღაც დონეზე შეიძლება ერთი და იგივე იყოს. როდესაც გიყვარს ის, რასაც აკეთებ, ცდილობ უკეთესად გააკეთო, მეტი გაიგო მის შესახებ. სამუშაო კარგად ერგება იმას, რაც შენთვის შთამაგონებელია. ვინაიდან სწავლა ჩემი ცხოვრებისგან განცალკევებული აქტივობა არ ყოფილა, როგორც ბავშვს, ჩვეულებრივ ამბად მიმაჩნდა, რომ მე ვაკეთებდი სამუშაოს (და ვიღებდი ამაში გასამრჯელოს), რომელიც ჩემი განათლებისა და ცხოვრების ნაწილი იყო. ყველაფერი, რასაც “სკოლაში არმოსიარულე” ბავშვი აკეთებს, “რეალური ცხოვრებაა”, ასე ვთქვათ. ასეთ ბავშვს არ აქვს ტრეინინგის პერიოდი ან რომელიმე სფერო, რომელშიც “გაგიშვებენ”, რათა მთელი ცხოვრება ამ საქმის კეთებაში გაატარო. შენ უკვე ცხოვრობ ამ “ნამდვილი” ცხოვრებით.

პირველ სერიოზულ სამუშაოს 15 წლისამ მოვკიდე ხელი. დღესაც, რაღაც ფორმით, ისევ ვაკეთებ ამ საქმეს და ის კვლავ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. იმ დროს მეტისმეტად ახალგაზრდა ვიყავი და ძალიან მსიამოვნებდა, რომ ნამდვილი პასუხისმგებლობა დამეკისრა. ეს სამუშაო საკუთარი თავის მნიშვნელოვნად აღქმის შესაძლებლობას მაძლევდა. ვფიქრობ, ბავშვებს მოსწონთ რეალურ საქმესა და კონკრეტულ ქმედებებში მონაწილეობა. მე ეს შესაძლებლობა მომეცა, მისი წყალობით ბევრი რამ ვისწავლე და საკმაოდ ბევრი ფულიც შევაგროვე.

დღესაც კი, როდესაც უკვე ორი სამეცნიერო ხარისხი მაქვს მიღებული, შრომას ცოტათი მაინც “სკოლაში არმოსიარულესავით” ვეკიდები. მე მივყვები ჩემს ოცნებებს, რა ბანალურადაც უნდა ჟღერდეს ეს, დღეს ისევე ვგეგმავ, როგორც ბავშვობაში. ვფიქრობ, “სკოლაში არსიარული” ძალიან დამეხმარა თვითდისციპლინის გამომუშავებაში, წესრიგისა და გატაცებების ინტეგრირებაში. ჩემმა აღზრდამ ეს შეთანხმება უფრო ბუნებრივი გახადა და სირთულეებს არ წავწყდომივარ. ყოველდღიური სამუშაო, რომელშიც ფულს მიხდიან, ყოველთვის ჩემი საყვარელი საქმეა. ამის გამო თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ.

ახლო ურთიერთობა ჩემს ძმებთან. მე და ჩემი ძმები მართლაც ძალიან ახლო მეგობრები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ძალიან პოპულარული გახლდათ, საუნივერსიტეტო საძმოს წევრები იყვნენ და სიმძიმეებითაც ვარჯიშობდნენ, მე კი ფენტეზის ჟანრის რომანებით, მათი კითხვითა და წერით გახლდით გატაცებული, ხოლო წვეულებებზე არ ვგიჟდებოდი, მაინც გადასარევი ურთიერთობა გვქონდა. ალბათ იმიტომ, რომ არასოდეს გვიფიქრია იმაზე, რომ ჩვენი ერთად ყოფნა ვინმეს შეიძლება “გოიმობად” (ავტორი იყენებს სიტყვას “ანქულ”/uncool, – ლ.ა.) მოსჩვენებოდა. ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყო. ჩვენ არ ვყოფილვათ “სხვადასხვა კლასში” (არც ერთ კლასში ვყოფილვართ) და ერთად თამაში და დროსტარება ჩვენთვის ბუნებრივი იყო. ამისათვის მათი (მშობლებისა და ძმების) ძალიან მადლიერი ვარ. ჩემი ძმები ახლა უნივერსიტეტში სწავლობენ; მიუხედავად ამისა, მუდმივად ვსაუბრობთ, ვხვდებით და ისინი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი არიან.

პიტერი: რა იყო ყველაზე არასახარბიელო შედეგი, რაც სკოლის გამოტოვებამ გამოიწვია? (იმავეს გთხოვთ – მოგვიყევით, როგორ გრძნობდით თავს ბავშვობისას და ახლა, როდესაც თქვენს განვლილ ცხოვრებას გადაავლებთ თვალს)

ქეითი: მმმ… ვფიქრობ, იმის გამო, რომ სკოლაში არ დავდიოდი, ყველაზე დიდ პრობლემას უფროსებთან ვაწყდებოდი (ჩემი ოჯახის გამოკლებით) და არა ბავშვებთან. უფროსები კიცხავდნენ ჩემი მშობლების ამ გადაწყვეტილებას, ხანდახან დამიმარტოხელებდნენ ხოლმე და სასწრაფოდ მიმოწმებდნენ მათემატიკის ცოდნას, რათა გაეგოთ, “საერთოდ რამეს თუ ვსწავლობდი”. ოი! მათემატიკისა დღემდე მეშინია (თუმცა ძალიან კარგად ვანგარიშობ ბარში დასატოვებელ ფეხის ქირას, ასე რომ, ამას დიდად არ დავუბრკოლებივარ).

ხალხი ეჭვის თვალით უყურებს მათ, ვინც სახლში განათლებას ამჯობინებს და თუნდაც სავსებით ნორმალურად იქცეოდე, შენგან უცნაურობას ელიან. თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ რაღაც არ უნდა მქონდეს რიგზე. მე ვგრძნობდი ამ დამოკიდებულებას და ვხვდებოდი, რომ რაღაც უნდა დამემტკიცებინა საკუთარი თავისთვის. დამემტკიცებინა, რომ “სკოლაში არსიარული” სწორი გადაწყვეტილება იყო. ამიტომაც საკმაოდ კონკურენტუნარიანი გახლდით და ვაცნობიერებდი, რომ ჩემი ასაკის ბავშვებზე ათი ნაბიჯით წინ უნდა ვყოფილიყავი. მოგვიანებით, როდესაც წარმატებას მივაღწიე (ადგილობრივი გაზეთის გამოცხადებულ რამდენიმე კონკურში გავიმარჯვე ან წარმოვაჩინე განვითარების ასაკთან შედარებით მაღალი დონე), უფროსებმა აღიარეს ჩემი ნიჭი და უნარები და ამბობდნენ ხოლმე: “ძალიან კარგი, ესე იგი ეს არის ის, რასაც სახლში განათლება იძლევა”. გამოვიდა, რომ ჩემი გამარჯვებაც და მარცხიც განათლების უჩვეულო წესს მიეწერებოდა. მე ორი გზა მქონდა – ვყოფილიყავი ან უნიჭო, ან ნიჭიერი. ხანდახან მეჩვენებოდა, რომ ხალხი მიყურებდა არა როგორც ერთ, მთლიან პიროვნებას, არამედ როგორც უცნაურ ექსპერიმენტს.

ვფიქრობ, ჩემი წარმატებების უდიდესი ნაწილი ჩემი განათლების დამსახურებაა – მე ძალიან ბევრი დრო მქონდა იმის აღმოსაჩენად, რაც მაინტერესებდა და მეც მივდევდი ამ გზას. მქონდა სივრცე, სადაც შეფასებებისა და შეზღუდვების გარეშე ვიზრდებოდი. ვგრძნობდი თავდაჯერებას და მივყვებოდი ჩემს ოცნებებს. მაგრამ, ამავე დროს, მიმაჩნია, რომ დამღლელი და არაინფორმაციული იქნება, ყველაფერი, რაც ჩემშია, მხოლოდ “სკოლაში არსიარულს” მივაწეროთ. ცხოვრება ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ასეთი შეფასება.

ხალხი დღესაც კი ვერ მალავს გაოცებას, როდესც შეიტყობს, რომ მე ბავშვობაში სკოლაში არ მივლია. ისინი ამბობენ ხოლმე: “კი მაგრამ, შენ ხომ სოციალიზებული ხარ!” ამ დროს ისევ მეუფლება ის ძველი განცდა (კონკურენტულობაზე) და მინდება, მოვუყვე მათ სახალისო ამბებს, გავხდე მათთვის საინტერესო და დავუმტკიცო, რომ მიუხედავად ჩემი განსხვავებულობისა, მე წარმატებული ვარ.

ამას წინათ მეუღლესა და ჩვენს ნაცნობ წყვილთან ერთად სადილზე გახლდით. ქალბატონმა თქვა, რომ ვერ იტანს “ჰოუმ სქულერებს” (სახლში განათლებამიღებულებს, – ლ.ა). “თავი ვინ ჰგონიათ? მათ ჰგონიათ, რომ ყველას სჯობნიან და მასწავლებლები არ სჭირდებათ!”

მე ვუთხარი, რომ მე ვარ სახლში განათლებამიღებული “ჰოუმ სქულერი”
“მართლა?” – მიპასუხა მან უნდობლად. – “მოიცა, ისე, როგორი იყო, მოგწონდა?”
(ამოსუნთქვა)

პიტერი: ჰოუმ-სქულერებისა და “სკოლაში არმოსიარულეთა” უმეტესობას არ უყვარს ეს შეკითხვა, რადგან ის მათთვის უამრავჯერ დაუსვამთ და სტერეოტიპულია. მიუხედავად ამისა, მე მაინც გკითხავთ: როგორი ურთიერთობა გქონდათ თანატოლებთან სკოლის ასაკში მაშინ, როდესაც თავად სკოლაში არ დადიოდით? როგორ ხვდებოდით (და ეცნობოდით) სხვა ბავშვებს? გქონდათ შეგრძნება, რომ იზრდებოდით ჯანსაღი, სისხლსავსე ცხოვრებით, საზოგადოებრივი ურთიერთობების ჩათვლით?

ქეითი: არა უშავს, მკითხეთ. ვიცოდი, რომ მკითხავდით. მე ყოველთვის მყავდა ჩემი ასაკის ახლო მეგობრები. მათ ყველგან ვხვდებოდი – სამეზობლოში, ჩემი მშობლების მეშვეობით (ვმეგობრობდი ჩემი მშობლების მეგობრების შვილებთან), ივრითის სკოლაში, ადგილობრიგი ჰოუმსქულინგის ჯგუფებში, საზაფხულო ბანაკებში, ხელოვნების კლასში, სალექციო სერიებში… გულახდილად რომ ვთქვა, აღარც კი მახსოვს ყველა ის ადგილი, სადაც ჩემი ასაკის ბავშვებს ვხვდებოდი. ეს სულაც არ ყოფილა ძნელი. როდესაც პატარა ვიყავი, სადღაც 7-დან 14 წლამდე, დამეგობრება ძალიან ბუნებრივი გრძნობა იყო – სადაც არ უნდა მოვხვედრილიყავი, მეგობრებს ყველგან ვიძენდი. როდესაც წამოვიზარდე, უფრო შერჩევითი გავხდი და ახლო მეგობრების წრეც ჩამომიყალიბდა. ამ მეგობრებიდან ბევრი ჩემსავით “სკოლისგარე” ბავშვი იყო.

რაც შეეხება თამაშს, ალბათ ადრე უნდა მესაუბრა ამაზე, როგორც “სკოლის გარეშე ცხოვრების” ნაწილზე. მე ბავშვობაში მუდმივად ვთამაშობდი. მთელ დღეებს ვატარებდი ტყეში მეგობრებთან ერთად თუ მარტო, ვცდილობდი მეცხოვრა ჩემი ფანტაზიების სამყაროში, სადაც მებრძოლი პრინცესები და გაქცეული ჯადოქრები ერთად ანთებდნენ კოცონს, ჩურჩულით უზიარებდნენ ერთმანეთს საიდუმლოებს ბოროტი მეფის შესახებ. მაშინაც კი, როდესაც უკვე თინეიჯერი ვიყავი, მე და ჩემი მეგობრები ვთხზავდით მოკლე ისტორიებს და გრძელ, აბდაუბდა ეპიკურ მოთხრობებს, გასართობად. აკვარელით ვხატავდით ილუსტრაციებს – დრამატულ საბრძოლო და სასიყვარულო სცნებს, საათობით ვლაპარაკობდით, ვიგონებდით და ვხლართავდით სიუჟეტებს. ვფიქრობ, თამაშისა და მუდმივი კითხვის კომბინაციამ მომცა შესაძლებლობა, მწერალი გავმხდარიყავი. მე გამუდმებით ვიყენებდი ჩემს წარმოსახვას და ჩემი მეგობრებიც სიამოვნებით მომყვებოდნენ ამ მოგზაურობაში

პიტერი: თქვენ ახსენეთ, რომ პირველი სერიოზული სამუშაო 15 წლისამ მიიღეთ. ეს სამუშაო ნაწილობრივ იმიტომ გამოგიჩნდათ, რომ სკოლაში არ დადიოდით? შეგიძლიათ, მეტი მოგვიყვეთ ამ სამუშაოზე? რა გავლენა მოახდინა მან თქვენს შემდგომ ცხოვრებაზე?

ქეითი: ჩემს დამქირავებელს არასოდეს აღუნიშნავს, რა გავლენა მოახდინა სამუშაოდ ჩემს მიღებაზე “სკოლაში არსიარულმა”, მაგრამ სკოლაში რომ არ დავდიოდი, ამან მართლაც გამიადვილა სამუშაოს შოვნა.

ბათ-მიცვაზე (ებრაელი გოგონებისთვის ზრდასრულ ასაკში შესვლის დამადასტურებელი რელიგიური რიტუალი, – ლ.ა.) ჩემი სიმღერის მოსმენიდან ერთი წლის შემდეგ ჩვენი სინაგოგის საბჭოს წევრები მოვიდნენ ჩემთან და მკითხეს, ხომ არ დავინტერესდებოდი რაბინთან ერთად სადღესასწაულო წირვების წარმართვისთვის სიმღერის შესწავლით. ამაში ხელფასსაც უხდიდნენ და მე ძალიან ავღელდი. ერთი წელი რაბინთან ვსწავლობდი მოწინავე მომღერლის პარტიებს დიდი დღესასწაულებისთვის (როშ-აშანა და იომ-ქიფური დიდი ებრაული რელიგიური დღესასწაულებია – ლ.ა.), მერე კი, აღელვებულმა და შეშინებულმა, ლიტურგია ვიმღერე ასობით დამსწრის წინაშე.
ამ სამსახურის ოფიციალური ტიტულია “ხაზანი” (Chazzan ან Hazzan, ლათინური ანბანით, – ლ.ა.). ებრაულ ლიტურგიულ სამსახურში ხაზანი (ასევე ცნობილია “კანტორის”, ანუ მომღერლის სახელითაც) სინაგოგის სამღვდელოების ნაწილია და იგი ივრითზე სიმღერით მრევლს უძღვება ლოცვისას. სინაგოგები, როგორც წესი, ქირაობენ რაბინსა და ხაზანს. მე სამღვდელო “შტატის” ნაწილად განვიხილები. მე არ მივლია კანტორების სასიმღერო სკოლაში (სადაც ხუთწლიანი სასწავლო პროგრამაა), რადგან სწავლა ასეთ მცირე ასაკში დავიწყე. მიუხედავად იმისა, რომ თინეიჯერი ვიყავი, ოფიციალური განწესების გარეშე, უამრავი პასუხისმგებლობა დამეკისრა. ერთწლიანი მუშაობის შემდეგ მე უკვე ვამზადებდი ბავშვებს ბარ-მიცვისა და ბათ-მიცვისათვის (ბარ-მიცვა ებრაელი ბიჭების ზრდასრულ ასაკში შესვლის რიტუალია, – ლ.ა.), ვუძღვებოდი ბარ-მიცვას, ბათ-მიცვას და დიდ სადღესასწაულო წირვებს რაბინთან ერთად. ხანდახან მარტოც მიწევდა მსახურებათა გაძღოლა, გარდაცვალების რიტუალების ჩათვლით. ვასწავლიდი მოსწავლეებს სარიტუალო წესებს, ვხელმძღვანელობდი საბავშვო გუნდს და ერთხელ ებრაული გუნდისთვის საგუნდო ნაწარმოების დაწერაც კი დამავალეს. ვგრძნობდი, რომ დიდ საქმეებში ვმონაწილეობდი.

ამ ხნის განმავლობაში შევედი უნივერსიტეტშიც. სამი წელიწადი იყო, ხაზანად ვმუშაობდი, თავის დანებება არ მსურდა და უნივერსიტეტში სწავლის დროსაც გავაგრძელე ეს სამსახური. ვბრუნდებოდი სახლში შაბათ-კვირას, ვასწავლიდი ბავშვებს და ვასრულებდი რიტუალებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან ვინარჩუნებდი ურთიერთობას თემთან, ვაგრძელებდი სინაგოგაში მუშაობას (რომელიც ძალიან მიყვარს) და ამაში ვიღებდი ფულს. სამუშაოზე ზრდასრული ადამიანი ვიყავი, რაც მეხმარებოდა, გამეწონასწორებინა ჩემი ბავშვად ყოფნა უნივერსიტეტში. მართლა ასე იყო – უნივერსიტეტში შესვლისას თავი ბავშვად ვიგრძენი, რადგან სტუდენტი თვითონ განსაზღვრავს თავის სასწავლო გრაფიკს: შეუძლია, მთელი დღე ეძინოს და ღამე ცეკვა-თამაშში გაატაროს. ჩემი სამუშაო ძალიან დამეხმარა ფოკუსირებაში – ვგრძნობდი, რომ ცალი ფეხი რეალურ სამყაროში მედგა. უფრო კარგად ვიცოდი, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი მომავალი ცხოვრება და ჩემი მომავალიც საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა!

პიტერი: ამრიგად, თორმეტწლიანი სასკოლო კურსის გამოტოვების შემდეგ უნივერსიტეტში ჩააბარეთ, მერე კი სამაგისტრო პროგრამაც გაიარეთ რელიგიის განხრით. შეგიძლიათ გვიამბოთ თქვენს ამ გამოცდილებაზე? რას ნიშნავს უნივერსიტეტის საბალაკავრო კურსზე სწავლა ფორმალური სასკოლო განათლების გარეშე? გრძნობდით თუ არა რაიმე რაიმე ნაკლს ან უპირატესობას უნივერსიტეტში სწავლისას სასკოლო განათლების უქონლობის გამო?
ქეითი: თუ აკადემიურად ვილაპარაკებთ, უნივერსიტეტის ბაკალავრიატი მშვენიერი წლები იყო. ხანდახან – სახალისო, ხანდახან – მართლაც მოსაწყენი. ახლო ურთიერთობა მქონდა პროფესორებთან (ერთ-ერთი საბაკალავრო კურსის პროფესორი ჩემს ქორწილშიც კი დავპატიჟე), ბევრი სასწავლო კურსი მომწონდა, ხოლო ზოგი საგანი, რომლებიც იქ შევისწავლე, მალევე დამავიწყდა, ისევე როგორც ყველას. აკადემიურად, მე უპირატესობა მქონდა კოლეჯში (უნივერსიტეტში). მე მომწონდა სწავლა, ხშირად ვსვამდი შეკითხვებს, ჩართული ვიყავი კლასის ცხოვრებაში და პროფესორებიც ჩემი მადლიერნი იყვნენ იმ ინტერესის გამო, რომელსაც ვიჩენდი. ძალიან მიკვირდა, რატომ ეჩვენებოდათ ჩემს თანაკურსელებს სწავლა ასეთი უინტერესო. ბევრი სტუდენტისთვის ეს რუტინული, მომაბეზრებელი სამუშაო იყო და მრავალი მათგანი მთელი ლექციის განმავლობაში თავის ლეპტოპზე თამაშობდა. პირველ ხანებში თავზარდაცემული ვიყავი – მეგონა, სწავლა ყველასთვის საინტერესო და საყურადღებო უნდა ყოფილიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი.

ისე მოხდა, რომ “სოციალური ურთიერთობების” კუთხით კოლეჯმა (უნივერსიტეტმა) იმედი გამიცრუა. გამიჭირდა “სერიოზული” ახალგაზრდების პოვნა, ვისთან ერთადაც შემეძლო გამეტარებინა დრო. ასევე გამაღიზიანებელი იყო საკუთარი თავის “სერიოზულთა” კატეგორიაში აღმოჩენაც. როგორც “სკოლისგარე” ბავშვი, – ეს ადრეც ვახსენე, – მე არ ვიყავი ერთი რომელიმე ტიპის ახალგაზრდა – შემეძლო ვყოფილიყავი სწავლის მოყვარულიც და იმავდროულად უსაქმურიც, ბიჭების ყურებით გატაცებულიც და ამავე დროს სერიოზული და ყურადღებიანიც. უნივერსიტეტში არსებული გარემო კი ითხოვდა ჩემგან, ამერჩია ჩემი ინდენტობა, ანუ რომელ ჯგუფს მივეკუთვნებოდი, და ვინაიდან ძალიან მსურდა, უმაღლესი შეფასებები (აშშ-ში “A”, – ლ.ა.) მქონოდა, მერე კი სამაგისტრო სკოლაში გამეგრძელებინა სწავლა, “ჭკვიანი” ბავშვების კატეგორიაში აღმოვჩნდი, ეს კი ნიშნავდა, რომ სწავლის გარდა არაფერი მანიტერესებდა. ეს მაბნევდა.

არ მინდოდა, სტუდენტური კავშირების შეხვედრებზე დავმთვრალიყავი. არ მესმოდა, სხვები რატომ აკეთებდნენ ამას. მაინტერესებდა, ბიჭებს თუ მოვეწონებოდი ასეთი. მე თვითნება და წესების (მათი წესების) მოწინააღმდეგე გამოვდიოდი. მე საკუთარ თავს ისე კარგად ვიცნობდი, რომ არ მჭირდებოდა ნარკოტიკებთან, განურჩეველ სექსთან ან გონების დაკარგვამდე სმასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები, და რაკი ყოველივე ამაზე უარს ვამბობდი, აღმოჩნდა, რომ ჩემთვის სივრცე აღარ დარჩა. ამას ხშირად მივყავდი იქამდე, რომ მათთან ერთად ამ “დროსტარებაში”  მონაწილეობა არ მინდოდა. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ის იყო სწორი, რაც ჩემს თანაკურსელებს მიაჩნდათ საჭიროდ. ვერ ვგრძნობდი რამეში მათი თანხმობის საჭიროებას. ამიტომ მათთან ერთად დროტარებისა და წვეულებებზე სიარულის დიდი მოტივაცია არ გამჩენია. თავი ცოტათი გამომწვევ ტიპაჟად მიმაჩნდა. უკმარისობის განცდა მეუფლებოდა – არა იმიტომ, რომ მათთან ერთად არ დავდიოდი, არამედ იმიტომ, რომ არ მსურდა მათთან ერთად ყოფნა.

რა თქმა უნდა, სულ მთლად მარტოსულიც არ ვყოფილვარ, რაც შესაძლოა ბევრ სურდა ან ელოდა (რომ ეთქვათ: “ხომ ვამბობდი! “სკოლისგარე” ბავშვი საბოლოოდ მაინც დამარცხდებოდა!”). მე გავიჩინე მეგობრები და ზოგიერთ მათგანს ძალიან დავუახლოვდი. მყავდა ხუთი თუ ექვსი ახლო მეგობარი, ვისთანაც მუდმივი ურთიერთობა მქონდა. მყავდა სერიოზული ბოიფრენდი (მეგობარი ახალგაზრდა მამაკაცი), ხოლო მასთან განშორების შემდეგ კიდევ რამდენიმეს ვხვდებოდი. ვსწავლობდი გამართულ “A” ნიშნებზე და მოვემზადე იმ სამაგისტრო პროგრამისთვის, რომელსაც გულშემატკივრობდა ჩემი ყველა პროფესორი. ამავე დროს, მინდა გულახდილად გითხრათ – უნივერსიტეტის სოციალური ცხოვრების გარემოში თავი არასოდეს მიგრძნია ისე, როგორც შინ. სხვათა შორის, ამ გამოცდილების შესახებ დავწერე პატარა მოთხრობა Salon.com-ისათვისაც.

სამაგისტრო სკოლამ სრულიად განსხვავებული გამოცდილება მომცა. ჩემი თანაკურსელები გადასარევი ხალხი იყო. მათ თვალის დახამხამებაში ესმოდათ ყველაფერი. გარდა ამისა, მაგისტრატურის დროს ნიუ-იორკში ვიყავი და ძალიან მიხაროდა. ამ წლებში პირველად ვიგრძენი თავი სულელად. მივხვდი, რომ მე ვსწავლობდი ბაკალავრიატის დროს, რადგან ამას სერიოზულად ვეკიდებოდი და ამიტომაც ბევრს ვმუშაობდი. ახლა კი (მაგისტრატურაში) გარშემორტყმული აღმოვჩნდი იმ ხალხით, რომელიც არა მარტო ბევრს მუშაობს და სერიოზულად ეკიდება ამას, არამედ მგზნებარედაც განიცდის თავის საკვლევ საქმეს, აქვს წარმოუდგენლად უფრო ფართო ლექსიკონი და ბუნებრივი სიახლოვე თეორიულ აზროვნებასთან. სამაგისტრო სკოლაში მივხვდი, რომ ბაკალავრიატის კურსზე კარგად სწავლა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ახლა დოქტორი და პროფესორი უნდა გავხდე. ამის მაგივრად გავაცნობიერე, რომ ბევრი რამ გადასაფასებელი მაქვს, უნდა დავუფიქრდე იმას, რა მინდა ვაკეთო და როგორი უნდა იყოს ჩემი ცხოვრება. ეს ცოტა საშიშიც იყო. მე სტერეოტიპულად ვაზროვნებდი. ჩემმა უჩვეულო გზამ მიმიყვანა ზუსტად იმავე ადგილას, სადამდეც ახალგაზრდების უმეტესობა მიდის – წერტილამდე, სადაც ყველამ უნდა კარგად გავიაზროთ, რა ვუყოთ ჩვენს თავსა და ჩვენს ცხოვრებას.

“ეშმაკსაც წაუღიხარ!” – ვფიქრობდი საკუთარ თავზე, – “ამდენი რამის გადატანა იმისთვის, რომ განსხვავებული ვარ!”

მაგრამ იმ წლებმა, რომლებიც უმაღლესამდე გავატარე, ბევრი რამ მასწავლა; საკუთარი თავი კარგად გავიცანი, ვთამაშობდი, წარმოსახვით სამყაროშიც ვცხოვრობდი, თავი ლამაზად და ჭკვიანად მიმაჩნდა და ეს ყველაფერი – ერთდროულად. ამ წლებმა მიმიყვანა იმ სფერომდე, სადაც ჩემი ნადვილი ინტერესები იყვნენ მოკალათებულნი. მე მინდოდა, მწერალი გავმხდარიყავი. ასეც მოხდა და ახლა მე მწერალი ვარ. უფრო სწორად, ეს ის არის, რაც ვიყავი გადაწყვეტილების მიღებამდეც. იმ რომანტიკული კომედიის დასასრულივით, რომელშიც მთავარი გმირი ქალი ხვდება, რომ ის ყმაწვილი უყვარს, რომელიც სულ იქვე იყო, საყვარელი და ერთგული, სადღაც კულისებთან. ადრე როგორ ვერ შევამჩნიე მისი ლამაზი, ბრილიანტინით გაპოხილი თმა და ბრწყინვალე თეთრი კბილები? თუმცა ჩემი მწერლობა თმაზე ჟელეს  არასოდეს ისვამს.
თარგმნა ლევან ალფაიძემ

როგორ გავხდე კარგი მშობელი

0

დოქტორ თომას გორდონის პროგრამას “როგორ გავხდე კარგი მშობელი” (Parent Effectiveness Training – PET) საფუძველი 1962 წელს ჩაეყარა. ის მშობლებს ასწავლის, როგორ დაამყარონ ჯანსაღი ურთიერთობა შვილებთან და მოაგვარონ ოჯახური კონფლიქტები. სწორედ ამ პროგრამის საფუძველზე შეიქმნა ამავე სახელწოდების წიგნი.

არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი შვილი სკოლამდელი ასაკისაა თუ გარდატეხის პერიოდი უდგას – მშობლობა ხშირად ძალიან რთული და დამთრგუნველი გვეჩვენება. სამწუხაროდ, არ არსებობს ბავშვების აღზრდის მზამზარეული რეცეპტები. შვილის ყოლა სულაც არ გულისხმობს, რომ ჩვენ ინსტინქტურად ვიცით, როგორ მოვიქცეთ.

თომას გორდონის წიგნის 30 ენაზე თარგმნილი 4 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული მთელ მსოფლიოში. ის მშობლის ერთგვარი გზამკვლევია, ბევრისთვის საყვარელი კლასიკა, რომელიც აღიარებულია და დადასტურებულია პრაქტიკით. წიგნი მშობლებსა და შვილებს და, საზოგადოდ, ადამიანებს ჯანსაღი, მდიდარი ურთიერთობების დამყარებასა და შენარჩუნებაში ეხმარება.

ამჯერად გთავაზობთ ამ წიგნის რამდენიმე თავს სრულად და დანარჩენი თავების მოკლე მიმოხილვას იმ იმედით, რომ რომელიმე გამომცემლობა მისი ქართული ვერსიის გამოცემით დაინტერესდება.
I თავი – მშობლებს ადანაშაულებენ, მაგრამ არ ასწავლიან
მშობლებს ბრალად სდებენ როგორც თავად ახალგაზრდობის ყველა პრობლემას, ისე იმ პრობლემებსაც, რომლებსაც ისინი საზოგადოებას უჩენენ. ბრალმდებლებად გამოდიან:

. ფსიქიატრები (შემაშფოთებელი სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე) იმ ბავშვებისა და მოზარდების სწრაფად მზარდი რიცხვის გამო, რომლებსაც მერყევი ან დამახინჯებული ფსიქიკა აქვთ, რომლებიც ნარკოტიკების ან სუიციდის მსხვერპლნი ხდებიან;

. პოლიტიკური ლიდერები და სამართალდამცავები საზოგადოების მეამბოხე წევრების, მკვლელი მოზარდების, მოძალადე სტუდენტებისა და კრიმინალების აღზრდის გამო;

. მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეთა წარუმატებლობისა და უიმედო ყოფაქცევის გამო.
კეთილი, მაგრამ ვინ ეხმარება მშობლებს? თუ გაკეთებულა რამე საიმისოდ, რომ მათთვის უფრო ეფექტიანი აღზრდა გვესწავლებინა? სად ისწავლოს მშობელმა, რა შეეშალა და როგორ გამოასწოროს შეცდომა?

ყოველწლიურად მილიონობით დედა და მამა იღებს თავის თავზე ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ტვირთს – პასუხისმგებლობას სრულიად უმწეო ჩვილის ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე, საზოგადოების სრულფასოვანი წევრის აღზრდაზე. რა უნდა იყოს ამაზე უფრო რთული და საპასუხისმგებლო საქმე? რამდენი მშობელია მზად ამისთვის? ამჟამად – გაცილებით მეტი, ვიდრე 1962 წელს, როცა კალიფორნიის შტატ პასადენაში მშობელთა წვრთნის პროგრამის შექმნა გადავწყვიტე. ჩემს პირველ ჯგუფში მხოლოდ ჩვიდმეტი მშობელი იყო, ძირითადად ისეთები, რომელთაც შვილებთან უკვე სერიოზული პრობლემები ჰქონდათ.

ახლა, ამდენი წლის შემდეგ, როცა მილიონ-ნახევარზე მეტ მშობელს ვასწავლეთ, დავრწმუნდით, რომ კურსს, რომლის სახელწოდებაა “როგორ გავხდე კარგი მშობელი” ან უბრალოდ PET-ი (Parent Effectiveness Training), შეუძლია, მშობლებს შვილების აღზრდის ეფექტიანი უნარები გამოუმუშაოს.

პროგრამამ დაგვარწმუნა, რომ წვრთნის შედეგად ბევრი მშობელი გაცილებით უკეთესი აღმზრდელი ხდება. ისინი ითვისებენ იმ ძალზე სპეციფიკურ უნარებს, რომლებიც მშობელი-შვილის ურთიერთობის შენარჩუნების საშუალებას იძლევა, სწავლობენ ოჯახური კონფლიქტის მოგვარების ახალ გზებს, რაც მათი ურთიერთობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს და არა შესუსტებას. ჩვენ გვჯერა, რომ მშობლებსა და შვილებს შეიძლება ჰქონდეთ ორმხრივ სიყვარულსა და პატივისცემაზე დაფუძნებული თბილი და ინტიმური ურთიერთობა. პროგრამამ იმაშიც დაგვარწმუნა, რომ გაუცხოება და ბზარი ოჯახში სულაც არ არის გარდაუვალი.

როცა პრაქტიკოსი ფსიქოლოგი ვიყავი, მშობელთა უმრავლესობის მსგავსად დარწმუნებული გახლდით, ამბოხის პერიოდი გარდატეხის ასაკში გარდაუვალი მოვლენა იყო – მოზარდის დამოუკიდებლობისა და მშობელთა წინააღმდეგ ჯანყის უნივერსალური სურვილის შედეგი. დარწმუნებული ვიყავი, რომ, როგორც კვლევები აჩვენებდა, მოზარდობის პერიოდს ოჯახში აუცილებლად ქარტეხილებსა და სტრესში უნდა ჩაეევლო. PET პროგრამით მუშაობის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ვცდებოდით. ამ პროგრამით სწავლების შემდეგ მშობლები გახარებულები გვიდასტურებდნენ, რომ მათ ოჯახებში სიმშვიდემ დაისადგურა.

მოზარდები მშობლების წინააღმდეგ აბოხს არ აწყობენ, ისინი მხოლოდ აღზრდის იმ დესტრუქციულ მეთოდებს უჯანყდებიან, მშობელთა უმრავლესობა რომ იყენებს. მას შემდეგ, რაც მშობლები კონფლიქტების მოგვარების ახალ მეთოდს შეისწავლიან, უთანხმოება მათ ოჯახებში არა წესად, არამედ გამონაკლისად იქცევა.

პროგრამამ ახლებურად დაგვანახვა დასჯის როლი ბავშვთა აღზრდაში. შესაძლებელია, იგი სრულებით გამოვრიცხოთ აღზრდის სისტემიდან (ვგულისხმობ ყოველგვარ დასჯას და არა მარტო ფიზიკურს). შესაძლებელია, ბავშვში აღვზარდოთ პასუხისმგებლობის გრძნობა, თვითდისციპლინა და თანამშრომლობის უნარი ისეთი იარაღის გამოუყენებლად, როგორიცაა შიში; მშობლებს შეუძლიათ ისწავლონ შვილებზე იმგვარი ზემოქმედება, რომ ისინი დასჯის ან რაიმე პრივილეგიის მოსპობის შიშით კი არ იქცეოდნენ კარგად, არამედ მშობლების ინტერესთა პატივისცემით.

იტყვით, ასე არ ხდებაო? შესაძლოა. მეც ასე მეგონა, სანამ პირადად არ დავიწყე მშობლების სწავლება. მრავალი პროფესიონალის მსგავსად, არც მე ვაფასებდი მათ შესაძლებლობებს. მშობლებმა მასწავლეს, რომ თუ სწავლის საშუალება მიეცათ, შეიცვლებიან. დავრწმუნდი, რომ მათ შეუძლიათ ახლებური ცოდნისა და უნარების შეძენა, ოღონდ საამისოდ ახალი მეთოდის ქმედითობაში უნდა დარწმუნდნენ.

თავდაპირველად პროგრამის ერთ-ერთი მიზანი იყო, მშობლებისთვის ზოგიერთი ის უნარი გამოგვემუშავებინა, რომლებსაც პროფესიონალი კონსულტანტები და თერაპევტები იყენებენ ბავშვთა ემოციური და ადაპტაციური პრობლემების დასაძლევად. შესაძლოა უცნაურობად და ზედმეტ თავდაჯერებადაც კი მოგეჩვენოთ ამგვარი მისწრაფება. ზოგიერთმა მშობელმა (და საკმაოდ ბევრმა პროფესიონალმა) ის შესაძლოა აბსურდულადაც კი მიიჩნიოს, მაგრამ ვიცით, რომ იმ მშობლებსაც კი, რომლებსაც ფსიქოლოგიის შესავალი კურსი არ გაუვლიათ, შესაძლებელია ვასწავლოთ ჩვენ მიერ ნაცადი უნარები და მათი გამოყენება შვილების დასახმარებლად.

უნდა გვეღიარებინა რეალობა, რომელიც, მართალია, ზოგჯერ ფარ-ხმალს დაგვაყრევინებდა ხოლმე, მაგრამ უფრო ხშირად აგვანთებდა: თანამედროვე მშობლები აღზრდისა და ოჯახური პრობლემების მოგვარების პრაქტიკულად იმავე მეთოდებს იყენებენ, რომლებსაც იყენებდნენ მათი მშობლები, ბებიები და პაპები, დიდი ბებიები და პაპები. სხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტებისგან განსხვავებით, მშობელი-შვილის ურთიერთობა არსებითად უცვლელი რჩება. მშობლები შვილებს ორი ათასი წლის წინანდელი მეთოდებით ზრდიან!

საქმე ის არ არის, რომ კაცობრიობას ახალი არაფერი უსწავლია ადამიანური ურთიერთობების შესახებ. პირიქით, ფსიქოლოგიამ, ასაკობრივმა ფსიქოლოგიამ და ქცევის შემსწავლელმა სხვა მეცნიერებებმა მრავალი ახალი კვლევა ჩაატარა ბავშვების, მშობლების, პიროვნებათაშორისი ურთიერთობების შესახებ, იმის შესახებ, როგორ შევუწყოთ ხელი პიროვნების ნორმალურ განვითარებას, ერთმანეთისთვის ფსიქოლოგიურად ჯანსაღი კლიმატის შექმნას. უამრავი რამ არის ცნობილი ეფექტიანი პიროვნებათაშორისი ურთიერთობების, ადამიანურ ურთიერთობებზე ძალის გავლენის, კონფლიქტის კონსტრუქციული მოგვარებისა და სხვათა შესახებ.

ამ წიგნში განვიხილავთ, როგორ უნდა დავამყაროთ და შევინარჩუნოთ ნებისმიერ ვითარებაში ურთიერთობა შვილთან. მშობლებს შეუძლიათ ისწავლონ არა მარტო მეთოდები და უნარები, არამედ ისიც, როდის, რატომ და რა მიზნით გამოიყენონ ისინი. მშობლებს შეუძლიათ გახდნენ ექსპერტები იმ გარდაუვალი პრობლემების მოგვარების საკითხში, რომლებიც თან ახლავს მშობელი-შვილის ნებისმიერ ურთიერთობას.

წიგნი პოპულარული ენით არის დაწერილი. ზოგიერთი მშობელი თავდაპირველად შესაძლოა არ დაეთანხმოს ზოგიერთ მოსაზრებას, მაგრამ გაგებით უმრავლესობა გაიგებს.

მშობლები ისწავლიან, როგორ უნდა წაახალისონ შვილები, რომ მათ არსებულ პრობლემებათა მოგვარების გზების ძიების პასუხისმგებლობა იკისრონ. მშობლები, რომლებიც ამ მეთოდს (მას აქტიურ მოსმენას ვუწოდებთ) აითვისებენ, ალბათ, გაიზიარებენ PET-ით მომზადებული მშობლების აზრს:
“ისეთი შვებაა, არ დარდობდე, რომ შვილების ყველა კითხვაზე პასუხი არ გაქვს”.
“მივხვდი, რომ ჩემს შვილებს საკუთარი პრობლემების მოგვარების გაცილებით დიდი უნარი აქვთ, ვიდრე მეგონა”.
“გაოცებული ვიყავი აქტიური მოსმენის მეთოდის შედეგით. ბავშვები ხშირად პრობლემის მოგვარების გაცილებით უკეთეს გზას პოულობენ, ვიდრე მე ვთავაზობ”.

“მივხვდი, რომ თავს ყოველთვის ძალიან უხერხულად ვგრძნობდი ღმერთის როლში – უნდა მცოდნოდა, როგორ მოქცეულიყვნენ ჩემი შვილები პრობლემების პირისპირ”.

დღეს ათასობით მოზარდმა “დაითხოვა” მშობლები, რაც კარგიც არის, რადგან მოზარდები თვითონვე ცდილობენ საკუთარ პრობლემებთან გამკლავებას.

“დედაჩემს ჩემი ასაკის ბავშვებისა არ ესმის”.
“მეჯავრება სახლში მისვლა და ყოველღამე ლექციის მოსმენა”.
“მშობლებს არასოდეს არაფერს ვუყვები; რომც მოვუყვე, მაინც ვერ გაიგებენ”.
“მინდა, მამაჩემი დამეხსნას”.
“როგორც კი მოვახერხებ, სახლიდან წავალ – ვეღარ ვიტან ყველაფერზე მათ გამუდმებულ ჩიჩინს”.
ამ ბავშვების მშობლებმა კარგად იციან, რომ “სამუშაო დაკარგეს”, რასაც მათი სიტყვებიც მოწმობს:
“არავითარი გავლენა აღარ მაქვს ჩემს თექვსმეტი წლის ვაჟზე”.
“ჩვენ დავნებდით და ანაზე ხელი ავიღეთ”.
“რიკი ჩვენთან ერთად აღარ სადილობს, თითქმის აღარაფერს გვეუბნება. სურს, ავტოფარეხში ჰქონდეს ოთახი”.
“მარკი თითქმის არ არის სახლში. არასდროს მეუბნება, სად მიდის ან რას აკეთებს. თუ ვკითხე, მპასუხობს, შენი საქმე არ არისო”.

ჩემთვის ტრაგედიაა, რომ პოტენციურად ერთ-ერთი ყველაზე ინტიმური და სიხარულის მომტანი ურთიერთობა ცხოვრებაში ხშირად უსიამოვნებისა და ჩხუბის მიზეზად იქცევა. რატომ ხედავს ბევრი მოზარდი მშობელში მტერს? რატომ არის ამგვარი ბზარი მშობლებსა და შვილებს შორის? რატომ ომობენ მამები და შვილები ჩვენს საზოგადოებაში?

ამ კითხვებზე პასუხს მომდევნო თავებში ვიპოვით.

მშობლები, რომლებმაც გრძნობათა გამომჟღავნების ახალი (ჩვენეული) გზები ისწავლეს, ალბათ, ვერ გაზრდიან თექვსმეტი წლის ისეთ ვაჟს, ჩემს ოფისში მჯდომმა პირდაპირ და შეუვალი სახით რომ გამომიცხადა: “ვალდებული არა ვარ, სახლში რაიმე ვაკეთო. რატომ უნდა ვაკეთო?! ჩემი მშობლების ვალია ჩემზე ზრუნვა. მათ ეს ოფიციალურად მოეთხოვებათ. მე არ მითხოვია გაჩენა, ასე არ არის?”

როცა ამ, ალბათ, საკუთარ თავში დარწმუნებული ახალგაზრდა კაცის ნათქვამი მოვისმინე, ამის გაფიქრებაღა შევძელი: “როგორ ადამიანებს ვზრდით, თუ შვილებს უფლებას ვაძლევთ იფიქრონ, თითქოს მთელი სამყარო ვალშია მათთან, მიუხედავად იმისა, რომ თავად მათ მისხალი არ გაუღიათ სამყაროსათვის? როგორ მოქალაქეებს უზრდიან მშობლები ქვეყანას? როგორ საზოგადოებას ააშენებენ ეს თავკერძა არსებები?”

უკლებლივ ყველა მშობელი უხეშად შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ – “გამარჯვებულებად”, “დამარცხებულებად” და “მერყევებად”. პირველი ჯგუფის მშობლები მკაცრად იცავენ და დამაჯერებლად ამართლებენ ბავშვთან ავტორიტეტისა და ძალაუფლების გამოყენებას. მათ სჯერათ აკრძალვების, შეზღუდვების, მოთხოვნის, ბრძანებისა და მორჩილების. ისინი იყენებენ დასჯის მუქარას შვილის დასამორჩილებლად და თუ ბავშვი არ შეეპუა, სისრულეში მოჰყავთ იგი. მშობლისა და შვილის მოთხოვნათა კონფლიქტს ისინი “მშობელი იგებს და ბავშვი აგებს” პრინციპით აგვარებენ. ეს მშობლები თავიანთ “გამარჯვებებს”, ჩვეულებრივ, ამართლებენ სტერეოტიპული მოსაზრებით: “სწორედ ასე გამზარდეს ჩემმა მშობლებმა, ცუდი გამოვედი თუ რა?”; “ამას მისივე სასიკეთოდ ვაკეთებ”, “ბავშვებს სჭირდებათ მშობლის ძალაუფლება”, – ან იმ გაურკვეველი მოსაზრებით, რომ “მშობლის ვალია, გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლება შვილის სასიკეთოდ, რადგან იცის, რა არის კარგი და რა – ცუდი”.

მშობელთა მეორე ჯგუფი, გაცილებით მცირერიცხოვანი, ვიდრე “გამარჯვებულები”, შვილებს ზედმეტ თავისუფლებას აძლევს. ისინი შეგნებულად არიდებენ თავს შეზღუდვებს და ამაყად აცხადებენ, რომ ავტორიტარულ მეთოდებს ვერ ურიგდებიან. შესაბამისად, მშობლისა და შვილის მოთხოვნათა კონფლიქტს მეტწილად ბავშვი იგებს და მშობელი აგებს, რადგან ამ უკანასკნელს ჰგონია, რომ ბავშვისთვის მტკივნეულია იმედგაცრუება.

ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფში ერთიანდებიან ის მშობლები, რომლებიც შეუძლებლად მიიჩნევენ, ერთმნიშვნელოვნად მისდიონ პირველ ან მეორე გზას. “ოქროს შუალედის” ძებნისას ისინი მერყეობენ სიმკაცრესა და მიმტევებლობას, შეუვალობასა და სირბილეს, აკრძალვებსა და დათმობებს, გამარჯვებებსა და დამარცხებებს შორის. ერთმა დედამ ეს ასე გამოხატა: “ვცდილობ, დავუთმო შვილებს მანამდე, სანამ ისე ცუდად არ მოიქცევიან, რომ მოთმინების ძაფი მიწყდება. მერე ვხვდები, რომ უნდა შევიცვალო და ვიყენებ ძალაუფლებას მანამდე, სანამ საკუთარი სიმკაცრის ატანა შემიძლია”.

ამ მშობლებს, ალბათ, ყველაზე მეტად ახასიათებთ დაბნეულობა და საკუთარი თავისადმი უნდობლობა და, როგორც მოგვიანებით ვნახავთ, ხშირად ყველაზე მეტი პრობლემა აქვთ შვილებთან ურთიერთობისას.

დღევანდელი მშობლების მთავარი დილემა ის არის, რომ ისინი გარდაუვალი ოჯახური კონფლიქტების მოგვარების მხოლოდ ორ გზას აღიარებენ, ბავშვის აღზრდის ორ ალტერნატივას ხედავენ. ზოგი ირჩევს “მე ვიგებ – შენ აგებ” მიდგომას, ზოგი – “შენ იგებ – მე ვაგებ”, დანარჩენებს კი, როგორც ჩანს, ვერ გაუკეთებიათ არჩევანი ამ ორ გზას შორის.

მაგრამ არსებობს “გამარჯვება-დამარცხების” ორი მეთოდის ალტერნატივა. ჩვენ მას კონფლიქტის მოგვარების უდანაკარგო (no lose) მეთოდს ვუწოდებთ და მისი ეფექტიანი გამოყენების სწავლება წიგნის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მეთოდს დიდი ხანია იყენებენ ოჯახგარე კონფლიქტების მოგვარებისას, ოჯახში მის გამოყენებაზე ცოტას თუ უფიქრია.

ბევრი ცოლ-ქმარი კონფლიქტებს ერთობლივი განსჯით წყვეტს. ასევე იქცევიან ბიზნესპარტნიორები. პროფკავშირები და ხელმძღვანელობა ხელშეკრულებებს დებენ, რომლებიც ორივე მხარისთვის სავალდებულოა. გაყრის დროს საკუთრების გაყოფის საკითხები ხშირად ასევე ერთობლივი გადაწყვეტილებით გვარდება. ხშირად ბავშვებიც კი თავიანთ კონფლიქტებს ორმხრივი შეთანხმებით ან ორივე მხარისთვის მისაღები არაფორმალური მოლაპარაკებით (“შენ თუ ამას გააკეთებ, მე თანახმა ვარ, ეს გავაკეთო”) აგვარებენ. დღეს სულ უფრო მეტი კორპორაცია ასწავლის საკუთარ თანამშრომლებს კონფლიქტების მოგვარებისას ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებას.

“უდანაკარგო მეთოდი” ეფექტიანი მშობლობის არც სასწაულმოქმედი და არც სწრაფი გზაა. ის მშობლებისგან შვილებისადმი დამოკიდებულების საფუძვლიან შეცვლას მოითხოვს. მის შესასწავლად გარკვეული დროა საჭირო. უპირველესად, მშობლებმა უნდა ისწავლონ არაშეფასებითი მოსმენა და საკუთარი გრძნობების გულახდილად გამოხატვა. ამის გამო უდანაკარგო მეთოდი წიგნის ბოლო თავებშია აღწერილი.

უნდა ითქვას, რომ უდანაკარგო მეთოდის პოზიცია ამ წიგნში არ ასახავს მის რეალურ მნიშვნელობას ბავშვთა აღზრდის ჩვენეულ მიდგომაში. კონფლიქტების ეფექტიანი მართვის გზით ოჯახში წესრიგის დამყარების ეს ახალი მეთოდი, ფაქტობრივად, ჩვენი ფილოსოფიის არსია. ის მშობლების წარმატების საწინდარია. მშობლები, რომლებიც დროს არ ზოგავენ ამ მეთოდის როგორც “გამარჯვება-დამარცხების” ორი მეთოდის ალტერნატივის გასაგებად და მერე ოჯახში კეთილსინდისიერად გამოსაყენებლად, ჩვეულებრივ, იმაზე უხვ ჯილდოს იღებენ, ვიდრე მოელოდნენ.

მოზარდები ირჩევენ რაგბის!

0

როგორც ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, საქართველოში მოზარდებს შორის სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა რაგბია. მეორე ადგილზეა ფეხბურთი, მესამეზე კი კალათბურთი. ეს მაშინ, როდესაც უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ფეხბურთს პოპულარულ სახეობებს შორის უცვლელად ეკავა პირველი ადგილი.

რაგბი განსაკუთრებით სკოლის მოსწავლე ვაჟებს შორის არის პოპულარული. თბილისის 45-ე სკოლის 35 გამოკითხული მოსწავლიდან სპორტის ყველაზე საყვარელ სახეობად ის 20-მა დაასახელა, რაც გამოკითხულთა დაახლოებით 75 პროცენტს შეადგენს. რაგბი განსაკუთრებით დედაქალაქსა და საქართველოს იმ რეგიონებშია პოპულარული, სადაც სარაგბო კლუბები ფუნქციობს (ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი). განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ რაგბი თანდათან გოგონებს შორისაც იძენს პოპულარობას.
ანა კასრაძე, მე-11 კლასის მოსწავლე: “ჩემი თანაკლასელი ბიჭების უმეტესობა რაგბიზე დადის და რამდენჯერმე გოგონებიც გავყევით საგულშემატკივროდ. რაგბი ვაჟკაცური სპორტია და ბიჭებს განსაკუთრებით უხდებათ მისი თამაში. ჩემი ძმა 12 წლისაა და მამაჩემს უკვე დაჰყავს ბავშვთა რაგბის გუნდში ვარჯიშებზე. ვიცი, რომ ქალთა რაგბიც არსებობს, მაგრამ მათი თამაში არასოდეს მინახავს. არ ვარ წინააღმდეგი, რაგბი გოგონებმაც ითამაშონ, თუმცა ეს თამაში ბიჭებს უფრო უხდებათ”.
სკოლის მოსწავლეებს შორის რაგბის პოპულარობის უმთავრესი მიზეზი, რასაკვირველია, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წარმატებებია, თუმცა სპორტის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ, ამასთან ერთად, რაგბი შეესატყვისება “ქართულ ხასიათს” და ერთგვარი გამოცდაა შემდგომი ცხოვრებისთვის.
გიორგი ჭკუასელი, მე-10 კლასის მოსწავლე: “რაგბიზე მთელი სამი წელი ვიარე. მერე მუხლში სითხე ჩამოდგა და ექიმებმა თამაში ამიკრძალეს. ახლა აღარ ვვარჯიშობ, მაგრამ მეგობრებთან ერთად ხშირად დავდივარ სტადიონ “ავჭალას” მოედანზე და გასართობად მაინც ვთამაშობ. ფეხბურთიც ძალიან მიყვარს და კალათბურთიც, მაგრამ რაგბი სულ სხვაა… ვისაც არ უთამაშია, ამას ვერ აუხსნი”.
როგორც რაგბის სპეციალისტები ამბობენ, რაგბის კავშირსა და საქართველოს განათლების სამინისტროს შორის უახლოეს მომავალში შესაძლოა სპეციალური მემორანდუმი გაფორმდეს. ამ ტიპის მემორანდუმი განათლების სამინისტროსთან ჩოგბურთისა და ჭადრაკის ფედერაციებმა უკვე გააფორმეს.
შარშან, გაზაფხულზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა და ლეგენდარულმა რუსმა მოჭადრაკემ, მსოფლიოს თერთმეტგზის ჩემპიონმა ჭადრაკში გარი კასპაროვმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელმოწერას საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტიც დაესწრო. ეს მემორანდუმი მოზარდთა შორის ჭადრაკის პოპულარიზაციასა და საქართველოს სკოლებში KCFE პროგრამის დანერგვას ითვალისწინებს. პროგრამა კომპიუტერულია და მის შექმნაზე კასპაროვთან ერთად ევროპის საჭადრაკო ლიგაც მუშაობდა. საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც ის დაინერგა. პროგრამა 2012 წლის სექტემბერში ამოქმედდა და ჭადრაკის პოპულარიზაციასთან ერთად სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასაც
შეუწყობს ხელს.

გარი კასპაროვს მიაჩნია, რომ ჭადრაკი არის არა სპორტის სახეობა, არამედ განათლების სისტემის გაუმჯობესების ახალი და იაფი საშუალება – იგი მოზარდებში ინტელექტუალური აზროვნებისა და ლოგიკის განვითარებას ემსახურება. “როცა აღზრდაში ჭადრაკი ერთვება, ბავშვს სამყაროზე უკეთესი წარმოდგენა ექმნება და აზროვნებას იწყებს… გარდა ამისა, ეს თამაში ბავშვს პასუხისმგებლობას, სიფრთხილესა და დადგენილი წესების მკაცრად დაცვას აჩვევს, რაც საბოლოოდ სწავლის ხარისხზე აისახება. ჭადრაკის სწავლების დანერგვა ქვეყანას კიდევ არაერთი ნიჭიერი ადამიანის წარმოჩენაში დაეხმარება”, – ეს სიტყვები დიდმა მოჭადრაკემ მემორანდუმის გაფორმების დროს თქვა.
2011 წელს ასეთივე მემორანდუმი განათლების სამინისტრომ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციასთანაც გააფორმა. თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე თბილისის მასშტაბით შეირჩა 10 საჯარო სკოლა, სადაც საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ჩოგბურთის სწავლებას ახორციელებს. გარდა ამისა, ფედერაცია სპორტის მასწავლებლებსაც გადაამზადებს და სკოლებს შორის საჩოგბურთო შეჯიბრებების გამართვასაც უზრუნველყოფს.
რაც შეეხება რაგბის… რაგბის სპეციალისტ ზურაბ ქსოვრელს მიაჩნია, რომ მეგობრობა და გუნდურობა, რასაც ბავშვობიდან სწავლობენ მორაგბეები, მათ ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ.
ზურაბ ქსოვრელი, სპორტის ექსპერტი: “საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისეთ წარმატებებს მიაღწია, რომ სულ უფრო ხშირად შეხვდებით ქუჩებში რაგბისბურთიან ახალგაზრდებს… აუცილებელია, სკოლებში იყოს ბურთები და სხვა სავარჯიშო ინვენტარი, უწინარესად – სპეციალური ქამრები, რომელთა მოხსნა შებოჭვის მანიშნებელი იქნება, ისე როგორც თაჩ-რაგბიშია, თორემ სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილის დროს კონტაქტს ნამდვილად ვერ მოვთხოვთ. აუცილებელია მასწავლებლების გადამზადება, მათთვის იმ წესების სწავლება, რომლებიც რაგბის გაკვეთილების ჩატარებისას დასჭირდებათ. კარგი იქნება, თუ დროდადრო სკოლებში გაკვეთილების ჩასატარებლად მიიწვევენ საქართველოს ნაკრების წევრებს. ეს ბავშვებს უთუოდ მოეწონებათ და, ვფიქრობ, არც მორაგბეები დაიზარებენ მათთვის გაკვეთილების ჩატარებას.

– რომელი ქვეყნის მოდელი მიგაჩნიათ საუკეთესოდ ამ კუთხით?

– რაგბის საუკეთესო სკოლა ახალ ზელანდიას აქვს, ეს არახალია. იქ სპორტის ეს სახეობა იმდენად პოპულარულია, რომ ბავშვისთვის, განურჩევლად სქესისა, რაგბის ბურთი საუკეთესო საჩუქრად ითვლება. სწორედ ასეთი დამოკიდებულების წყალლობით არის, რომ ახალი ზელანდიის ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. სხვათა შორის, ქართულადაც არის თარგმნილი იმ მეთოდების კრებული, რომლებითაც იქ სკოლამდელი თუ სასკოლო ასაკის ბავშვებს ზრდიან და მათი გამოყენება ჩვენც თავისუფლად შეგვიძლია. ამ კრებულში დაწვრილებითაა გაწერილი, რა ასაკში როგორ უნდა დაიტვირთოს ბავშვი, როდიდან უნდა შევიდეს კონტაქტში და ა.შ.

– თქვენი აზრით, რით გამოირჩევა რაგბი და რას შესძენს იგი ბავშვს?

– მორაგბეები ბავშვობიდან სწავლობენ მეგობრობასა და გუნდურობას, რაც ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ. ჰკითხეთ ნებისმიერ ცნობილ მორაგბეს, რატომ შეუყვარდა სპორტის ეს სახეობა და ამაში აუცილებლად დარწმუნდებით. პირველ დღეს ვარჯიშზე მისულ ბიჭს ყველა შინაურულად ხვდება, ერთად ჭამენ, ერთმანეთზე ზრუნავენ, მეტოქეს თანაგუნდელს არ დააჩაგვრინებენ… ეს ჩვევები მერე ცხოვრებაშიც გადაჰყვებათ. მორაგბეები ზოგს მხოლოდ ფიზიკურად განვითარებულ ადამიანებად მიაჩნია. თავისთავად, ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ რაგბი, უწინარეს ყოვლისა, სპორტის ინტელექტუალური სახეობაა, უჭკუოები მას ვერ ითამაშებენ. ამას წინათ ერთ ქართველ ახალგაზრდას ვესაუბრე, რომელიც ინგლისში ცხოვრობს და რაგბის ხელოვნებასაც იქ ეუფლება. მან თქვა, რომ იქ უმთავრესი ყურადღება სწორედ გონებრივ განვითარებას ეთმობა, რადგან უამისოდ ფიზიკურ შესაძლებლობებს ვერ გამოიყენებ. ამასთან, რაგბი სტუდენტური სპორტია, მას კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებში თამაშობდნენ, ესე იგი, თამაშობდნენ გონებაგახსნილი ახალგაზრდები და ვინც ამ გზას გადაუხვია, ვერც წარმატებას მიაღწია.

– თქვენი აზრით, რამ განაპირობა რაგბის პოპულარობა ჩვენს ქვეყანაში?

– საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებებმა. გამარჯვებას მოწყურებული ადამიანები რაგბიზე იმ იმედით მიდიოდნენ, რომ გამარჯვებულ საქართველოს იხილავდნენ და უმეტესად ასეც ხდებოდა. მაშინაც კი, როდესაც საქართველოს ნაკრები აგებდა ან აგებს, სტადიონს ამაყად ტოვებს, იმიტომ, რომ მოედანზე გასული ნებისმიერი მორაგბე “სისხლის უკანასკნელ წვეთამდე”, სრული თავდადებით თამაშობს და არასდროს ნებდება. ეს პატივისცემას იმსახურებს. ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირებაა. აქ ქართველი მორაგბეები განურჩევლად ადგილისა და პირობებისა, რუსებს აგერ უკვე 20 წელია ამარცხებენ და ქვეყნების გართულებული ურთიერთობების ფონზე ეს გულშემატკივრებს და თვით რაგბის არამცოდნეებსაც კი მოსწონთ. უნდა აღინიშნოს საქართველოს რაგბის კავშირის ღვაწლიც – ის, გია ნიჟარაძის მეთაურობით, ძალ-ღონეს არ იშურებს და რაგბის კერები არა მარტო დედაქალაქში, არამედ ქვეყნის პრაქტიკულად ყველა რეგიონში გაჩნდა.

– დაბოლოს, საინტერესოა, რამდენად ძვირიანი სახეობაა რაგბი – სკოლებში მისი პოპულარიზაცია დაუჯდება თუ არა სახელმწიფოს უფრო ძვირი, ვიდრე სხვა სახეობებისა?

– რაგბი წლების განმავლობაში რჩებოდა სპორტის სამოყვარულო სახეობად და დაახლოებით 20 წელია, რაც პროფესიულ რელსებზე გადასვლა დაიწყო. არა მგონია, ამის ბრალი იყოს, მაგრამ ის დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ სპორტის სახეობად. საქმე ის არის, რომ ვინც კი ხელში აიღებს რაგბის ოვალურ ბურთს, ის ისე უყვარდება, რომ მზადაა, საკუთარი გამოცდილება და ცოდნა ნებისმიერ ახალბედას სრულიად უსასყიდლოდ გაუზიაროს. სწორედ ამის ბრალია, საქართველოს ეროვნული თუ სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები დღესაც უავტომობილოდ რომ დადიან. საქართველოს თუნდაც ერთი საფეხბურთო კლუბის ბიუჯეტი მთელ რაგბის კავშირს თუ არა, ათამდე კლუბს მაინც დააფინანსებდა და ამითაც ჩანს, რომ ის სხვა სახეობებზე იაფი, მაგრამ განსაკუთრებული სპორტის სახეობაა.

უკუკავშირი საკლასო ოთახში

0

გაკვეთილზე თავს იყრის მეტად განსხვავებული, ხშირად წინააღმდეგობრივი მოლოდინები, მისწრაფებები და მოთხოვნები. საგაკვეთილო სიტუაციაზე გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს და მათი ურთიერთდამოკიდებულება ხშირად გაუმჭვირვალეა.


ამგვარ სიტუაციებში უნდა დაისვას კითხვები:
·შეუძლიათ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, გამჭვირვალე გახადონ, რას ელიან გაკვეთილისა და ერთმანეთისგან, რა მიზნისკენ მიისწრაფიან, რის მიღწევა და გაგება სურთ?

·შეუძლიათ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, გამჭვირვალე გახადონ პრობლემები და ამით ხელი შეუწყონ დაძაბულობის მოხსნას?

·შეუძლიათ მიზნების, წესებისა და ქცევის ნორმების ერთობლივად შემუშავება?
გამჭვირვალეობის მიღწევის საუკეთესო საშუალებაა სასწავლო პროცესში უკუკავშირის მეთოდის სისტემატური გამოყენება. დღეს ჩვენ მოგაწვდით რეკომენდაციებს იმის თაობაზე, როგორ მოვახდინოთ ამ მეთოდის ინტეგრირება სასწავლო პროცესში.

როგორ მოვემზადოთ უკუკავშირის მეთოდით სამუშაოდ

Øშევქმნათ წარმოდგენა უკუკავშირის მეთოდის მნიშვნელობასა და მის მრავალფუნქციურობაზე
ამ მეთოდით მუშაობას ვიწყებთ იმით, რომ პროცესში ჩართულ ყველა მონაწილეს ვაწვდით ინფორმაციას უკუკავშირის პოტენციალის, ინსტრუმენტებისა და პირობების შესახებ.

ზოგადად აღვწერთ, რას ნიშნავს უკუკავშირი – ეს არის, როდესაც ორი ან რამდენიმე ადამიანი პირდაპირ და ღიად, შესაბამისი მეთოდებით სტრუქტურირებულ საუბრებში შედის, უზიარებს ერთმანეთს საკუთარ დაკვირვებებსა და დამოკიდებულებებს განსაზღვრული სიტუაციებისა და საკითხების მიმართ, რათა ისწავლონ ერთიანი მიდგომა განსაზღვრული თემისადმი.

განურჩევლად იმისა, სად ხდება ამ მეთოდის გამოყენება – მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, მოსწავლეებს შორის, კოლეგებს შორის თუ მოზრდილთა განათლების ციკლში, თითოეულ პიროვნებასა თუ ჯგუფს იგი სთავაზობს შესაძლებლობას:

·გაეცნოს სხვების თვალთახედვასა და პერსპექტივას;
·გაიფართოოს თვალთახედვა და გაიმდიდროს გამოცდილება;
·უკეთ შეიცნოს საგანი/თემა, სხვადასხვა პერსპექტივიდან დააკვირდეს მას და ინდივიდუალური კრიტერიუმებით შეაფასოს.

მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის უკუკავშირის კულტურის განვითარება ხელს უწყობს როგორც სასწავლო პროცესის ხარისხის, ასევე თანამშრომლობითი ატმოსფეროს გაუმჯობესებას.

როგორც მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს ერთმანეთის უკუკავშირით შეუძლიათ სარგებელი მიიღონ, რადგან:
·მათი ავტოპორტრეტები და თვითშეფასებები უფრო რეალისტური ხდება;

·ისინი გააცნობიერებენ, როდის უწყობს ხელს მათი ქცევა სასწავლო და საგაკვეთილო პროცესს და როდის არა;
·მათ შორის ურთიერთგაგება ღრმავდება და გაუგებრობა ქრება;

·როგორც თითოეული მათგანი, ასევე მთელი სასწავლო პროცესი ხდება უფრო წარმატებული.

შევქმნათ უკუკავშირისთვის ე.წ. უსაფრთხო სივრცე
ამ მეთოდით მუშაობა ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია, ჯგუფში შეიქმნას ურთიერთნდობის ატმოსფერო. ასეთი უსაფრთხო სივრცე შეიძლება უზრუნველვყოთ:

·ნებაყოფლობითობაზე შეთანხმებით;

·გაცემული უკუკავშირის კონფიდენციალობის დაცვით;

·შეთანხმებით, რომ უკუკავშირის შედეგები საერთო მიღწევის შედეგებზე გავლენას არ მოახდენდეს.

დავუთმოთ დრო უკუკავშირს
უკუკავშირის მეთოდით მუშაობის გამოცდილებამ მასწავლებლებს დაანახვა, რომ უკუკავშირის კულტურის დამკვიდრებას სჭირდება დრო, მაგრამ უკუკავშირში ინვესტირებული დრო არ შეიძლება დაკარგულად ჩაითვალოს. პირიქით, ეს არის დროის რაციონალურად გამოყენების საუკეთესო პრაქტიკა.
შევქმნათ პროექტჯგუფები

დასავლური პრაქტიკული გამოცდილება წარმოაჩენს პროექტჯგუფების მნიშვნელობას უკუკავშირის მეთოდის განვითარებისთვის. ამ ჯგუფების მთავარი ამოცანაა, უკუკავშირის ინსტრუმენტები და მეთოდები ერთად განავითარონ, მეთოდის გამოყენების ირგვლივ მიღებული გამოცდილება ერთმანეთს გაუცვალონ, ანალიზი გააკეთონ, ერთად დაამუშაონ პრობლემები, შეაფასონ შედეგები და იმსჯელონ მომდევნო ნაბიჯებზე. შემდეგ ჯგუფი გამოცდილებას უზიარებს სხვა ჯგუფებს და სასკოლო საზოგადოებას. ასეთი მიდგომით უკუკავშირის მეთოდით მუშაობა სულ უფრო იხვეწება და ეფექტიანი ხდება.

განვავითაროთ უკუკავშირისთვის საჭირო ქცევა

უკუკავშირი უფრო მეტია, ვიდრე ტექნიკა. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მისი სარგებელი და პოზიტიური გავლენა მხოლოდ მეთოდურ სრულყოფაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ უკუკავშირის პროცესში მონაწილეთა – როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეთა – ქცევაზე.
როგორი ქცევა მიგვიყვანს ეფექტიან უკუკავშირამდე:
·ურთიერთემპათია და ურთიერთნდობა მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის;
·ინტერესი და პასუხისმგებლობა როგორც საკუთარი, ასევე საერთო საქმიანობისა და წარმატებისადმი.
უკუკავშირით მუშაობის ინტეგრაცია სკოლის ყოველდღიურობაში

მეთოდის გამოყენება ეფექტიანი რომ იყოს, უკუკავშირით მუშაობის მეთოდები მასწავლებელმა თავად უნდა განავითაროს, მოახდინოს მათი მოდიფიკაცია და მიუსადაგოს კონკრეტულ კონტექსტს/პირობებს.
დავგეგმოთ უკუკავშირი როგორც გაკვეთილის თანმხლები მეთოდი

გაკვეთილი უნდა განვიხილოთ როგორც კომპლექსური სოციალური პროცესი, რომლის შედეგიანობას მხოლოდ ერთჯერადი ან იშვიათი კვლევით ვერ დავადგენთ. სწორედ უკუკავშირის სისტემატური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში არის საუკეთესო საშუალება იმის დასადგენად, რამდენად მართლდება ჩვენი მოლოდინები, ვითვალისწინებთ თუ არა მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და ინტერესებს, ვიღებთ თუ არა სასურველ შედეგს.
დავიწყოთ იქ, სადაც ცვლილებების ინტერესი გვაქვს და სადაც წარმატებას ველით

გაკვეთილის დაგეგმვის დროს დავუსვათ თავს კითხვა, ამ გაკვეთილზე სახელდობრ რომელი აქტივობისას გამოვიყენებთ უკუკავშირის მეთოდს. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ უკუკავშირის დაწყება იქ ჯობია, სადაც ჩვენი მიზანი გაუმჯობესება და სადაც მოსწავლეებს მისი შესაძლებლობის თაობაზე სპონტანური რჩევების მოცემა შეუძლიათ; ასევე იქ, სადაც სასურველ შედეგს ველით და გვინდა გავზომოთ, მივიღეთ თუ არა სასურველი შედეგი, ან რა მანძილი გვაშორებს მას.
უკუკავშირით მუშაობის დაგეგმვა

უკუკავშირით მუშაობის დაგეგმვამ, უპირველეს ყოვლისა, ყველა მონაწილისთვის ცხადი უნდა გახადოს, რას ემსახურება უკუკავშირი, რა ნაბიჯებითა და მეთოდებით უნდა ვიმოქმედოთ.

უკუკავშირის მიზნის ახსნა – რას გვინდა მივაღწიოთ?

უკუკავშირის პროცესში მონაწილეებმა უნდა დასვან კითხვა: რა შესაძლო სარგებელს ვპირდებით უკუკავშირის შედეგიდან ჩვენს თავს (როგორც მოსწავლე, როგორც მასწავლებელი, როგორც კლასი, როგორც ჯგუფი)? იმისთვის, რომ შედეგის გაზომვა შეგვეძლოს, დასაწყისშივე საჭიროა წარმატების კრიტერიუმების ფორმულირება.
ჰერმანმა და ჰიოფერმა წარმატების კრიტერიუმები ერთ წინადადებაში ჩამოაყალიბეს: “უკუკავშირი მაშინ არის წარმატებული, როცა შენ თავად გამოსცდი წარმატებას” (Herman, J, Hoefer, C. Evaluation in der Schule – Unterrichtsevaluation. Guetersloh 1999).
უკუკავშირის კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრა – როგორ მივიწევთ წინ?

აქ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება: უკუკავშირის სახელდობრ რომელი მეთოდის გამოყენებაა რელევანტური მიზნის მისაღწევად? შეესაბამება თუ არა შერჩეული მეთოდები მოსწავლეთა უნარებსა და ინტერესებს? ვინ და როგორ უნდა გააანალიზოს და შეფასოს უკუკავშირის შედეგები?
როგორ უნდა გამოვიყენოთ უკუკავშირის შედეგები?

მხოლოდ ის უკუკავშირი, რომელსაც კვალდასამჩნევი შედეგები აქვს, აკმაყოფილებს მასში მონაწილე ორივე მხარეს. აუცილებელია, უკუკავშირის გამცემმა გააცნობიეროს, ვისკენ არის მიმართული მის მიერ გაცემული უკუკავშირი, ხოლო მიმღებმა – რა და როგორ გაითვალისწინოს მისდამი მიმართული უკუკავშირისგან. უკუკავშირის დროს შემდეგი პრინციპია მისაღები: პასუხისმგებლობა კონკრეტული და სასარგებლო უკუკავშირისთვის ეკისრება უკუკავშირის გამცემს, ხოლო უკუკავშირთან ურთიერთობის, მისი სარგებლიანობის დანახვისა და გამოყენებისთვის – უკუკავშირის მიმღებს.

ნდობის მოპოვება გამჭვირვალობით

იმისთვის, რომ მეთოდით მუშაობა წარმატებული იყოს, აუცილებელია მონაწილეთა ინფორმირება და პროცესში, შეძლებისდაგვარად, ყველა მოსწავლის ჩართვა. როგორ მივაღწიოთ გამჭვირვალობას?

·უკუკავშირის გამოყენებამდე მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ: რა მიზანი აქვს მეთოდს, რა მოაქვს მის გამოყენებას მოსწავლისთვის ან მასწავლებლისთვის, როგორ შეიძლება მისი გამოყენებით როგორც გაკვეთილის, ასევე მთელი სასწავლო პროცესის გაუმჯობესება;

·მეთოდთან მუშაობის პირველივე გამოცდილება მათთან ერთად უნდა განვიხილოთ: რა იყო კარგი და რა – არა? როგორ მივუახლოვდით სასურველ შედეგს? რას შევცვლით მომავალში ამ მეთოდით მუშაობის პროცესში? და ა.შ.
 
როგორ წარვმართოთ უკუკავშირი

ინტერესი მრავალფეროვანი პერსპექტივისადმი

უკუკავშირის ყველა მეთოდის შემთხვევაში განსხვავებული დაკვირვებები და შეფასებები გამოითქმის და განიხილება. უკუკავშირის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია, მოსმენილ იქნეს ყველა მოსაზრება, ინტერესი. უკუკავშირის წესია: ყველა გამონათქვამი გონივრულია, თუმცა შესაძლოა, მისი გონივრულობა იმთავითვე ვერ გავაცნობიეროთ. ასევე უნდა ვეცადოთ, უკუკავშირით შევაგროვოთ შეძლებისამებრ მეტი განსხვავებული შეხედულება. ამით მიიღწევა სხვადასხვა პერსპექტივის მაქსიმალურად სტრუქტურირებული ვარიანტები. რაც უფრო მეტი პერსპექტივა წარმოჩნდება, მით უფრო მეტია შანსი, აღმოაჩინო სასარგებლო, რაც ადრე დაფარული იყო.
 
დავსვათ ნაკლები, მაგრამ ღია კითხვები

უკუკავშირი არ უნდა გადავტვირთოთ ბევრი კითხვით, მაგრამ დასმული კითხვა უნდა იყოს ღია, ხოლო პასუხი აღწერდეს თითოეული მონაწილის გამოცდილებასა და დაკვირვებას, აფასებდეს სხვადასხვა კუთხით და გვთავაზობდეს მისეულ ხედვას, გამოსავალს, მაგ., რა არის შენთვის მისაღები ამ სიტუაციაში? რა იყო შენთვის მოსაწონი და რა – არა? რა დაგეხმარა ყველაზე მეტად და რამ შეგიშალა ხელი? რა იქნებოდა იდეალური ამ შემთხვევაში? და ა.შ.

როგორ შევაფასოთ უკუკავშირი

უკუკავშირის შედეგების ერთობლივი შეფასება

მნიშვნელოვანია, რომ უკუკავშირის შედეგების გაანალიზებასა და შეფასებაში ჩართული იყოს ყველა პირი. ასეთი მიდგომა ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და პასუხისმგებლობის გრძნობას. მხოლოდ ამგვარად მიღებული შედეგები შეიძლება იქცეს გაკვეთილის განვითარების საწინდრად.

უკუკავშირის მონაცემების შეკრებისას უნდა ვეცადოთ, მოვახდინოთ პერსპექტივათა მაქსიმალური რაოდენობის ვარიანტის ინიცირება, ანალიზისას კი მაქსიმალურად თანხვედრილი აზრების იდენტიფიცირება.

თანხვედრის საძებნელად გვთავაზობენ შემდეგ ნაბიჯებს: (Bastian J., Combe A., Langer R., Feedbeck-Methoden, Beltz Verlag – Weinheim und Basel 2007):

·კიდევ ერთხელ მოვახდინეთ ყველა უკუკავშირის ფორმულირება სრულად, წარმოვადგინოთ იგი წერილობით და თვალსაჩინო გავხადოთ ყველა მოსწავლისთვის;

·მოსწავლეებთან ერთად ვეძებოთ მსგავსი იდეები, აზრები, და დავაჯგუფოთ ისინი კატეგორიებად;
·უკვე დაჯგუფებულ კატეგორიებს შორის ვეძებოთ მსგავსება;

·ბოლოს, როგორც შედეგი, მოვახდინოთ რამდენიმე საკვანძო გამონათქვამის ფორმულირება და თუ გვინდა შევამოწმოთ, რამდენად ზუსტად თანხვდება ესა თუ ის საკვანძო გამონათქვამი უკუკავშირს, შევადაროთ ის იმ თავდაპირველ გამონათქვამებს/აზრებს, რომლებიც ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ.

დაკვირვებიდან შეფასებამდე: კრიტერიუმების შემუშავება

შეფასება წარმოადგენს არა მარტო დაკვირვებათა სისტემატიზებას, არამედ გამოცდილებათა შეფასებასაც განსაზღვრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. მაგ., თუ უკუკავშირს ჯგუფური მუშაობის ხარისხის შესაფასებლად ვიყენებთ, წინასწარ უნდა შევიმუშაოთ კრიტერიუმები კარგი ან ცუდი ჯგუფური მუშაობის შესაფასებლად.
მომდევნო სტატიაში განვიხილავთ უკუკავშირის რამდენიმე კონკრეტულ მეთოდს და მოგაწვდით რჩევებს მათი ადეკვატური გამოყენების თაობაზე.

ჩემი ალმა-მატერი – უნივერსიტეტი 95

0

8 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაარსებიდან ოთხმოცდათხუთმეტი წლის იუბილე იზეიმა. ეს თარიღი სადღესასწაულო გახლდათ ჩემთვისაც, რადგან მე თსუ-ს სტუდენტი ვარ.

უკვე დიდი ხანია, ჩემ ირგვლივ მყოფნი გადაულახავ სირთულეთა წინაშე აღმოჩენილი  სასწავლებლის შეურიგებელ კრიტიკოსად მიმიჩნევენ. ჩემს უკმაყოფილებას პირველი ქართული უნივერსიტეტის ყველა მმართველი რგოლი და უკლებლივ ყველა ადმინისტრაციული სტრუქტურა იწვევს. ხშირად მიწევს ნაკლებად ეფექტურ ბიუროკრატიულ ლიდერებთან საუნივერსიტეტო პოლიტიკის შესახებ უშედეგო კამათი. განსაკუთრებით მაღიზიანებს ის, რომ მრავალი სერიოზული პრობლემა სასწავლო პროცესის სტუდენტთა სასარგებლოდ მიმდინარეობას აფერხებს. მიუხედავად ამისა, მაინც ბედნიერი ვარ, ვამაყობ კიდეც, რომ სკოლის დასრულებისთანავე უნივერსიტეტელის საპატიო სტატუსი მოვიპოვე. ჩემი ერთი შეხედვით უცნაური დამოკიდებულების ახსნა მარტივად შემიძლია, ამიტომ მინდა ორიოდე სიტყვით გითხრათ, რას ნიშნავს თსუ ჩემთვის.

უნივერსიტეტს მისი დამფუძნებლების, ყველა დროის გამორჩეული ქართველი მოაზროვნეების, იდეათა გამოხატულებად განვიხილავ. ეს გახლავთ იდეები განათლებისა და მეცნიერების ერთობლივი კერის არსებობის შესახებ, რომლის მაღალ დონეზე განვითარებისა თუ საყოველთაო ხელმისაწვდომობის გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე, მოდერნულ სახელმწიფოზე ფიქრი. უნივერსიტეტი ცოდნაზე დაფუძნებულ საზოგადოებასა და ქვეყნის კვალიფიციური მმართველობის ხელშეწყობის აუცილებლობასთან ასოცირდება.

თსუ რეალური სამოქალაქო სექტორისა და თითქმის ყველა გავლენიანი, გულწრფელი სოციალური მოძრაობის წყაროდ მესახება. უძველესი უმაღლესი სასწავლებელი ყოველთვის იდგა და დღესაც დგას ნებისმიერი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პოზიციის სადარაჯოზე. მის გარემოში, მიუხედავად მუდმივი და სერიოზული ზეწოლისა, მაინც ყალიბდება კარგად დასაბუთებული კრიტიკული მოსაზრებები ბევრი უსამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ.

რაც მთავარია, თსუ კონკრეტული ადამიანების, სტუდენტებისა და ლექტორების ერთობლიობაა. აქ სრულიად განსხვავებული სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები, ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებისა თუ მსოფლმხედველობის მქონე მოქალაქეები საერთო ნიადაგზე დგანან და ერთად ცდილობენ (სამწუხაროდ, ჯერჯერობით მხოლოდ ცდილობენ) მნიშვნელოვან კითხვებზე ლოგიკური პასუხის პოვნას.

მაშასადამე, ჩემთვის უნივერსიტეტი ის დაწესებულებაა, ურომლისოდაც სახელმწიფოც და საზოგადოებაც მანკიერნი, არასრულყოფილნი და ნაკლებად თავისუფალნი იქნებოდნენ. შესაბამისად, ჩემთვის ამ სასწავლებლის მძიმე მდგომარეობა საერთო ვითარების განმსაზღვრელიცაა.

დღესასწაულებზე სურვილებს ჩაუთქვამენ ხოლმე. მეც მივცემ თავს უფლებას, თსუ-სთან დაკავშირებული ჩემი ნატვრა ავახმოვანო.

უპირველეს ყოვლისა, ჩემს Alma mater-ს აკადემიურ თავისუფლებასა და პარტიული გავლენებისგან სრულ დამოუკიდებლობას ვუსურვებ. შეუძლებელია, უნივერსიტეტი ეფექტურად ფუნქციონირებდეს, თუ გადაწყვეტილებათა მიღება მხოლოდ საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრებს არ დაეკისრებათ.

აუცილებელია, სახელმწიფო უნივერსიტეტის უკეთესი ფინანსური უზრუნველყოფა. დღეს ჩვენი სასწავლებლის ბიუჯეტი ძირითადად მხოლოდ სტუდენტთა მიერ გადახდილი თანხის ან მათ მიერ მოპოვებული გრანტის საშუალებით ივსება. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დამატებითი მატერიალური რესურსების არარსებობა არის მეცნიერების დამუხრუჭების უმთავრესი წინა პირობაც.

თუმცა ყველაზე მეტად ის მინდა, თსუ ყოველთვის მკაფიოდ გრძნობდეს საზოგადოების მაჯისცემას, მისი სტუდენტები და ლექტორები მუდამ დარჩნენ  ეკონომიკის, პოლიტიკისა და ნებისმიერი სხვა სფეროს მთავარ მაკონტროლებელ საზოგადოებრივ ძალად.

შესაძლოა, გულუბრყვილო გეგონოთ, მაგრამ მაინც მჯერა, რომ 100 წლის იუბილეს უნივერსიტეტი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში შეეგებება. იქნებ ამაში ჩემს მეგობრებთან ერთად მეც შევიტანო მოკრძალებული წვლილი.

ჯაზი და საქართველო

0

დღეს იმ მუსიკაზე მინდა გესაუბროთ, რომელიც არასოდეს მტოვებდა გულგრილს: აფრიკულ-ევროპული სტილის სინთეზზე, სამხრეთული ტემპერამენტის, იმპროვიზაციისა და სიგიჟის სამოთხეზე – ჯაზზე.

დიდხანს ვფიქრობდი, რომელი იყო პირველი ჯაზური კომპოზიცია, რომელიც მოვისმინე და საბოლოოდ ძალიან საინტერესო დასკვნამდე მივედი. ეს მელოდია, დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანს მოუსმენია, მაგრამ, ვფიქრობ, არც ისე ბევრი მიიჩნევდა მას ჯაზური ხელოვნების კარგ ნიმუშად. მოდი, ვცადოთ, ცოტა ხნით განზე გადავდოთ ტექსტი და დავაკვირდეთ, რას უკრავენ ინსტრუმენტები. კომპოზიციას კლავიში, დასარტყმელები და კონტრაბასი ასრულებენ. თუ ყური არ მატყუებს, რამდენიმე ადგილას გიტარაც ჟღერს, 1:47-ზე კი პიანოს ისეთი იმპროვიზაციული პარტია იწყება, რომლის დაკვრაზეც ბევრი ამერიკელი ჯაზმენი არ იტყოდა უარს .

დიახ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, სწორედ ეს გახლდათ ჩემი პირველი, ჯერ კიდევ გაუაზრებელი ზიარება ჯაზთან – მუსიკასთან, რომელმაც ჩემს სიცოცხლეში არაერთი დაუვიწყარი წუთი მაჩუქა.

“თუ კითხულობ, რა არის ჯაზი, ვერასოდეს გაიგებ ამას”, – დაახლოებით ასე უპასუხა ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა მუსიკოსმა ლუი არმსტრონგმა შეკითხვას, რა არის ჯაზი. მუსიკის ამ მიმდინარეობის აღქმა ისეთივე ინდივიდუალურია, როგორიც თავად ეს მუსიკა. პირადად ჩემთვის ჯაზი იმპროვიზაციაა – ნორმებიდან გადახვევა, ჩარჩოების დარღვევა.

ცნობილმა ამერიკელმა პროდიუსერმა და “ამერიკის ხმის” დიქტორმა უილის კონოვერიმ ერთხელ თქვა: “ჯაზი თავისუფლების მუსიკაა, ის ხალხს საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებას აძლევს, მუსიკა კი მათ წელში გამართვაში ეხმარება”. კონოვერი საკმაოდ პოპულარული პიროვნება იყო, რადიო “ამერიკის ხმაზე” გადაცემა მიჰყავდა ჯაზის შესახებ. მას მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონზე მეტი ადამიანი უსმენდა. და მიუხედავად იმისა, რომ კონოვერი არასდროს ყოფილა ჯაზ-მუსიკოსი, ბევრს ამერიკელს დღემდე მიაჩნია, რომ მან ჯაზის განვითარება-გავრცელებისთვის ყველაზე მეტი გააკეთა. მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის პერიოდებში მისი პროგრამა ოკეანის მიღმაც გადაიცემოდა, – რა თქმა უნდა, იმ ქვეყნების გარდა, რომლებშიც ჯაზიცა და “ამერიკის ხმაც” აკრძალული იყო.

“თავისუფლების აკვნიდან” საბჭოეთამდე “ამერიკის ხმის” სიგნალი დიდხანს ვერ აღწევდა, თუმცა ჯაზური ჟღერადობის მოსმენა საბჭოთა კავშირში 1920-იანი წლებიდან იყო შესაძლებელი. რუსული ჯაზის ერთ-ერთი პიონერი ვალენტინ პარნახი გახლდათ, რომელმაც 1922 წელს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ოფიციალურ დაარსებამდე, შექმნა “რსფსრ-ში პირველი ექსცენტრიული ორკესტრი, ვალენტინ პარნახის ჯაზ-ბენდი” (“Первый в РСФСР эксцентрический оркестр, джаз-банд Валентина Парнаха”). თუმცა 30-იან წლებში მიმდინარე მოვლენებმა, კერძოდ, სსრკ-ში “სოცრეალიზმის” დანერგვამ, რომლის მიხედვითაც, ხელოვნება მხოლოდ პარტიული ინტერესის გათვალისწინებით უნდა შექმნილიყო, ჯაზსაც დაატყო თავისი კვალი. 1936 წელს შეიქმნა ჯაზის სახელმწიფო ორკესტრი ტიპური საბჭოთა სახელით: “გოსჯაზი”. დადგინდა, რომ ორკესტრს მხოლოდ სიმფონიური ჯაზი უნდა შეექმნა და ე.წ. “ბინძურ” და “ვულგარულ” მიმდინარეობებზე უარი ეთქვა.

40-იან წლებში პარტიას მუსიკის ეს მიმდინარეობა საერთოდ გადაუყვარდა. 1952 წელს გამოცემულ “დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში” ჯაზი შემდეგნაირადაა განმარტებული: “დეგრადირებული ამერიკული ბურჟუაზიული კულტურის პირმშო”. ვფიქრობ, ჯაზისადმი გულისწყრომა მხოლოდ იმან კი არ განაპირობა, რომ ის ბურჟუაზიულ ამერიკაში შეიქმნა, არამედ იმანაც, რომ მისი მამოძრავებელი ძალა იმპროვიზაციაა – იმპროვიზაცია ხომ შემოქმედებითი თავისუფლებაა, ეს კი ზედმეტი ფუფუნება გახლდათ მუსიკოსისთვის, რომელიც სოცრეალიზმის პირობებში არსებობდა. მოკლედ, საბჭოთა სისტემა კარგა ხნის განმავლობაში ჯაზს სერიოზულ მორალურ საფრთხედ აღიქვამდა. ვითარება 60-70-იანი წლებიდან შეიცვალა და ამ ცვლილებების ერთ-ერთი ეპიცენტრი თბილისი გახლდათ.

ამ ვიდეოს შემთხვევით გადავაწყდი მცირე ხნის წინ. თუ YouTube-ზე მის ამტვირთავს დავუჯერებთ, ჩანაწერი 1962 წელს თბილისშია გაკეთებული. ჯაზის ერთ-ერთმა ლეგენდამ, ბენი გუდმენმა, საბჭოეთში სამი კონცერტი ჩაატარა, მათ შორის ერთი – თბილისშიც.

ამის შემდეგ თბილისი საბჭოთა კავშირში ჯაზის ერთგვარ მინიცენტრად გადაიქცა. 1966, 1967, 1972, 1978, 1979 წლებში ჩვენს ქალაქს რიგრიგობით სტუმრობდნენ ერლ ჰაინსი, “რეგტაიმ ენსემბლი”, კლერენს ბრაუნი და სხვა ჯაზორკესტრები. 1978-ში თბილისში საბჭოთა კავშირის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი ჯაზ-ფესტივალი გაიმართა. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის სცენაზე 13 სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულმა 23-მა ბენდმა დაუკრა.

ჩემთვის განსაკუთრებით მოულოდნელი იყო იმის გაგება, რომ 1979 წელს თბილისში კონცერტი ამერიკელ ბლუზმენს, ცოცხალ ლეგენდას, ბი ბი კინგსაც კი გაუმართავს. როგორც ჩანს, 70-იანების ბოლოს რკინის ფარდის გადალახვა შედარებით გამარტივდა და ჩვენთან ბლუზმაც საკმაო პოპულარობა მოიპოვა.

70-იანების ტრადიცია მომდევნო ათწლეულებშიც გაგრძელდა და თბილისში არაერთმა ცნობილმა მუსიკოსმა დაუკრა. მიუხედავად გავრცელებული სტერეოტიპისა, რომ საქართველოში ჯაზს მხოლოდ “მაღალი წრის” წარმომადგენლები უსმენენ (სავარაუდოდ, ეს სტერეოტიპი კონცერტებზე ბილეთების ფასმა განაპირობა, რომელიც ზოგჯერ საკმაოდ მაღალია, თუმცა ყოველთვის არა), საქართველო დღესაც ინარჩუნებს ჯაზისთვის სასურველი ადგილის სტატუსს. თბილისსა და ბათუმში ყოველწლიურად იმართება ფესტივალები, რომლებზეც ქართველ შემსრულებლებთან ერთად სერიოზული უცხოელი მუსიკოსებიც გამოდიან: კურტ ელინგი, რეიჩელ ფერელი, ჯო სემპლი, “სინდიკატი”, ჩარლზ ლოიდი და სხვები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ახალგაზრდა ქართველი ჯაზმენის ბექა გოჩიაშვილის კონცერტები. ის ბათუმის ჯაზფესტივალის მუდმივი მასპინძელია და ყოველწლიურად უმტკიცებს მსმენელს, რომ კარგი პოტენციალის პატრონია.

ჯაზს საქართველოში დიდი მომავალი აქვს, თუ საზოგადოების უკლებლივ ყველა წევრი გააცნობიერებს, რომ ეს მუსიკა აბსოლუტურად ყველასთვისაა განკუთვნილი და არაფერი “ელიტური” მასში არ არის.

ინკლუზიური სწავლება და ჩვენი შვილები

0

-ეპილეფსიის სინდრომი აქვს, ცოდოა ჩვენი შვილების გვერდით, ხომ სჯობს,სპეციალურ დაწესებულებაში ატარონ?!- მითხრა ამას წინათ ერთ-ერთმა მშობელმა.

ჩემი მწირი სამედიცინო ცოდნის გამო არ ვიცოდი, რა მეფიქრა. შინ მისვლისთანავე მოვიძიე ინფორმაცია:
გადავიკითხე სპეციალური ვებგვერდები, ფორუმები… რა აღარ ეწერა: როგორ უნდა აღმოვუჩინოთ პირველადი დახმარება, რა გვერდითი მოვლენები არსებობს… ვკითხულობდი და ვფიქრობდი: “ნეტა რას გრძნობს იმ ბავშვის დედა… ლამაზი გოგონაა, თუმცა მაინც განსხვავდება სხვებისგან აფორიაქებული გამოხედვით”. მერე ჩემი დაჩი გამახსენდა- როგორ შეეშინდება, ეპილეფსიურ შეტევას თუ შეესწრო!..პარალელურად გონებაში ამომიტივტივდა ჩემი პატარას უცნაური ქცევა: უჩვეულო ხმებს გამოსცემდა და არაბუნებრივად იქცეოდა ბოლო დროს. პირველი, რაც თავში მომივიდა, ჩემს საფეისბუქო გვერდზე კითხვის დასმა იყო; ნაცნობ-მეგობრებმა მირჩიეს, ფსიქოლოგისთვის მიმემართა ან, უკეთესი იქნებოდა, გამერიდებინა და სხვა ჯგუფში გადამეყვანა…

სხვა მშობლების მსგავსად, მეც მერიდებოდა ამ საკითხზე ხმამაღლა საუბარი, მაგრამ მაინც გავბედე და, კიდევ კარგი, იმავე საღამოს ვესაუბრე მასწავლებელს. მან ამიხსნა, რომ ბავშვს აქვს აუტიზმის სინდრომი: სოციალური განვითარების, კომუნიკაციის, მეტყველების პრობლემები. ახალი ჯგუფელის უცნაური საქციელი, ბუნებრივია, არც პატარებს გამოჰპარვიათ; მასწავლებლის სწორი დიდაქტიკური მიდგომის წყალობით, დაჩიმ, ჩემთან საუბრისას, საკმაოდ ადეკვატურად შეაფასა ვითარება: “დედიკო, იცი, ახალი ბავშვი გადმოვიდა ჩვენთან…ვმეგობრობთ. ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ვეფერებით და ყველაფერს გვაგებინებს”.

ახლა, როცა შედარებით ინფორმირებული ვარ, ვფიქრობ, საზოგადოება არ არის მზად საკითხის ჯანსაღად აღქმისთვის. დაინტერესებულ პირთ ნამდვილად წაადგებათ საქართველოს აუტიზმის საზოგადოების ვებგვერდი, ასევე: www.kidspace.ge, ეკა ქევანიშვილის, ლიკა ალადაშვილის,გოგი გვახარიას, ბელა ჩეკურიშვილის, ნინო თარხნიშვილისა და სხვა ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები თუ სტატიები. მაგრამ, ჩემი აზრით, მეტი ძალისხმევაა საჭირო ჩვენი სოციუმის ინფორმირებულობისა და ჩართულობისათვის.
მისასალმებელია, რომ ეროვნული თუ საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ ამ საკითხზე. ესგ-ში ცალკე თავი ეძღვნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლებას. ტერმინოლოგიაც კი დაიხვეწა: ახალ გამოცემებში აღარ შეგხვდებათ “უნარშეზღუდული” ან “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი”; განათლების სამინისტროსთვის თანაბრად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა ყველა ის მოსწავლე, რომელიც სასწავლო პროცესში ჩართვისას გარკვეულ პრობლემებს აწყდება, იქნება ეს ჯანმრთელობის, ფინანსური პრობლემა თუ სხვ.

ეროვნული სასწავლო გეგმის მე-5 თავის 27-ე მუხლის მიხედვით:

1. “სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე (შემდგომში – სსსმ მოსწავლე), რომელსაც, თანატოლების უმრავლესობასთან შედარებით, აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს და საჭიროებს სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას, კერძოდ, ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირებას ან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას.
2. სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:
ა) ფიზიკური დარღვევა;
ბ) ინტელექტუალური დარღვევა;
გ) სენსორული დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);
დ) მეტყველების დარღვევა;
ე) ქცევითი და ემოციური დარღვევა;
ვ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;
ზ) სირთულეები სოციალური ფაქტორების გამო და ამ მიზეზით ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს”.
„არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ განსაკუთრებით ნიჭიერი მოსწავლეც შეიძლება იყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და საჭიროებდეს განსაკუთრებულ პროგრამას განათლებისთვის. ასეთ სსსმ მოსწავლეს შესაძლოა გაცილებით მეტის მიღწევა შეეძლოს და უფრო მცირე დროში, ვიდრე ნებისმიერ სხვა მოსწავლეს” (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ადაპტირებული გაკვეთილების ნიმუშები, გვ. 2).

ახლახან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ერთი სტუდენტი გავიცანი – სტანისლავ ციბულსკი. სტასი, მიუხედავადმხედველობის პრობლემისა, ყველასგან გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებითა და სასკოლო ოლიმპიადებში მონაწილეობით. სტანისლავმა ეროვნული გამოცდები ბრაილის შრიფტის საშუალებით ჩააბარა და დღეს უკვე სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია. კურსელები სტასს დიდ პატივს სცემენ, მისი ერუდიციისა და პიროვნული ღირსებების გამო. ინკლუზიური განათლების წყალობით, სტასი უკეთ გამოხატავს საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს: თარგმნის ლექსებსა და ესეებს ქართულიდან რუსულად და – პირიქით.თავადაც წერის განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული. ეს სტასის უბრალო საშინაო დავალებასაც კი ეტყობა:

 



“მხოლოდ შემოდგომით ვგრძნობ თავს კარგად, რადგან იგი ისეთივე სევდითაა აღსავსე, როგორიც მუდამ ჩემს გულში მეფობს. სწორედ სევდის გამო შემოდგომა ბევრს არ უყვარს. მათი თქმით, ეს დრო ცუდ განწყობას ქმნის და სპობს ყველანაირ სიხალისეს. და მართლაც, შემოდგომა დაძინებისა და სევდის ქალიშვილია, ოცნებების მსხვრევისა და სიხარულის დაკარგვის სიმბოლოა. როდესაც ფოთლები ცვივა, მექმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ყოველი მათგანი სამუდამოდ სიცოცხლეს ემშვიდობება. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, თუ რა აქვს ამ დროს მოსაწონი და რატომ ავირჩიე ყველაზე საყვარელ ჟამად მაინცდამაინც შემოდგომა. ამას მხოლოდ ის გაიგებს, ვისი გული დამჭკნარ შემოდგომის ფოთოლს ჰგავს და სული მხოლოდ სევდით, სინანულითა და მონატრებით საზრდოობს. ზაფხულის მზიან დღეებში განვიცდი სიმარტოვეს. როცა ეზო ბავშვების მხიარულებითაა სავსე, თავს დაობლებულ სულად ვგრძნობ.
შემოდგომაში დაჩაგრულ და ყველასაგან შეძულებულ ქალწულს ვხედავ. მას სევდიანი თვალები და ფერმკრთალი სახე აქვს. მართალია, შემოდგომა ბევრ პოეტს უყვარდა, მათ შორის, პუშკინსაც, მაგრამ უმრავლესობა მას არასწორად ხედავდა. ისინი ცდილობდნენ, მისთვის არარსებული თვისებები მიენიჭებინათ, როგორიცაა ახალი სიცოცხლის გაღვიძება, სულის ამაღლება, ბუნების ოქროსფერ კაბაში ჩაცმა და სხვა. შემოდგომით ბუნება ოქროსფერ კაბას გლოვის ნიშნად იცვამს და სიხარულზე ლაპარაკიც კი ზედმეტია” /ს. ციბულსკი/.
მისასალმებელია, რომ ესგ-ში, ასევე, გათვალისწინებულია სსსმ მოსწავლეთა ინდივიდუალური გეგმის, საჭიროების შემთხვევაში – შინ სწავლების, საპატიო გაცდენის, კოორდინატორის, დამხმარე მასწავლებლის აყვანის საკითხები. ყოველივე ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასარკვევი. მაგ., ყველა შენობასთან პანდუსების მიშენების, სპეციალური საპირფარეშო ოთახების, ტრანსპორტის, სპეციალური ლიფტების, სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიული გადამზადების, დასაქმების საკითხები…
მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საზოგადოების დამოკიდებულებაც. ხშირად, ჩვენდა უნებურად, ვეწინააღმდეგებით სსსმ პირთა სოციალიზაციას; გარკვეულ შემთხვევებში კი სსსმ პირს თავად მშობელი აქცევს იზოლაციაში – ისევ და ისევ საზოგადოებრივი აზრის გამო. მიზეზი, პირველ რიგში, საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ… მერე იქნებ მათაც შეძლონ და ნაკლები იფიქრონ იმაზე, რას იტყვის ხალხი; ყურადღება გაამახვილონ საკუთარი შვილის სწორად აღზრდაზე, გამოუმუშაონ მას ჯანსაღი თვითშეფასება და დამოუკიდებლად არსებობის უნარი.
პირადად, მე ცოტა დავიბენი, სანამ საგულდაგულოდ არ შევისწავლე ჩვენი კონკრეტული შემთხვევა. სოციალიზაციისთვის ორმხრივი მუშაობაა საჭირო. აუტისტ ბავშვთა სოციალიზაციის საკითხებით დაინტერესებული მკვლევარი ჟ. ა. ბროჰარტი სტიგმატიზაციაზე საუბრობს: “როგორც წესი, როცა გაიგებენ, რომ კონკრეტული პირი აუტისტია, შეიცხადებენ: “ოჰ”, “საწყალი!”, “უბედური!” და ა.შ. 
თავის მხრივ, აუტისტებიც გრძნობენ და შიშობენ, მათი მდგომარეობა ნეგატიურად არ იქნას აღქმულ-შეფასებული: “ყოველთვის მოიძებნება ირგვლივ ვიღაც, ვისაც დისკომფორტს უქმნის აუტიზმი, მაგრამ ჩემი პიროვნების საწინააღმდეგო არაფერი აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ აწუხებს მისგან განსხვავებული ჩემი არსების გარკვეული ნაწილი; არ განიხილავს მას ჩემთან ერთად. მსგავსი დამოკიდებულების შედეგად თავს მარტო და გაუცხოებულად ვგრძნობ” (დ. ა.). 
გაუცხოების პრობლემაზე სტანისლავ ციბულსკიმაც აღნიშნა: „ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, ჩემი მეგობრების დამსახურება უფროა, ვიდრე ჩემი. უბრალოდ ვცდილობ, გამოვხატო რასაც განვიცდი. მე გამიმართლა, რადგან კარგი ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდი და ის პრობლემები, რასაც ჩემი მეგობრები ხვდებიან, თავიდან ავირიდე. თუმცა, ძალიან ბევრი ჩემი ახლობელი დღესაც ვერ ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას, საჭირო პირობების უქონლობის გამო. როდესაც ადამიანი საზოგადოების მხრიდან სრულ გაუგებრობას ხვდება, იგი, როგორც წესი, იბნევა და, საბოლოოდ, საკუთარი თავის რწმენას კარგავს”.
იტყვით, ალბათ, რომ საზოგადოების ინფორმირება სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს. ასეც არის, მაგრამ სანამ მსგავსი პროგრამები ამოქმედდება, იქნებ თავად გადავცეთ ერთმანეთს თუნდაც ასე მომრავლებული სოციალური საინფორმაციო საშუალებებით, რომ ინკლუზიური სწავლება არ უშლის ხელს ჩვენი შვილების განვითარებას, პირიქით, ისინი ისწავლიან ზრუნვას, მხარში დგომას, თანაგანცდას. კეთილგანწყობილ გარემოში სსსმ პირები ხომ ძალიან მიმნდობები, ალალები, თბილები არიან! კარგი იქნება, თუ ჯანმრთელი მოსწავლეებისა და მშობლებისგან შედგება დამხმარე ჯგუფები სსსმ პირთა დასახმარებლად, როგორც ეს იტალიაშია დანერგილი. არ უნდა გამოვხატოთ განსაკუთრებული სიბრალული ასეთი ბავშვისადმი, არ უნდა მივმალოთ ისინი სპეციალური განათლების დაწესებულებებში – ეს არა მხოლოდ იზოლაციაში მოაქცევს, არამედ ღირსებასაც შეულახავს მათ.

ვისაუბროთ ფოსფორზე

0

პატარა ვიყავი, როცა გალაკტიონის “მესაფლავე” ზეპირად ვისწავლე. ყველას უკვირდა, ამხელა ლექსი რამ გასწავლაო, ან რაღა მაინცდამაინც ეგ აირჩიეო, მე კიდევ მომწონდა რატომღაც, ნაღვლიანი და ლამაზი იყო.

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც… მომაბეზრე კიდეც თავი,
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.

ერთხელ, არდადეგებიდან დაბრუნებული, ჯერ კიდევ საზაფხულო განწყობაზე მყოფი, მეტროთი მგზავრობისას ორი ჩემი კბილა ბიჭის საუბარს შევესწარი. ერთი გაბღენძილი უყვებოდა მეორეს, სოფელში, ბებიასთან სტუმრობისას, შეღამებულზე ბავშვებთან ერთად როგორ მოუწია სასაფლაოსკენ გავლა და საკუთარი თვალით დაინახა, რომ ზოგიერთი საფლავიდან მანათობელი შუქი ამოდიოდა. ცოტა შევკრთი, მაგრამ ყველაზე ყოჩაღად მაინც მე მივდიოდიო. მერე ვაგონიდან გავედი და რით დასრულდა ეს ამბავი, ვეღარ გავიგე, მაგრამ ის მანათობელი შუქი გონებაში ჩამრჩა.
იმ პატარა ბიჭებისა არ მიკვირს – “უკანასკნელ ალქიმიკოს” ბრენდ ჰენინგსაც იგივე დაემართა. ის ფილოსოფიურ ქვას თავის ბიოლოგიურ სითხეში ეძებდა, რისთვისაც სითხეს დიდ კოლბაში (როგორც მაშინ უწოდებდნენ, რეტორტაში) ადუღებდა. უცებ მისი ნახევრად ჩაბნელებული, სარდაფის ტიპის ლაბორატორია განათდა და მხცოვანი ალქიმიკოსი გაოცებისგან მუხლებზე დაეცა – ხუმრობა ხომ არ იყო, ეს ფილოსოფიური ქვა ანათებდა ასე. აბა, სხვა რა უნდა ყოფილიყო? მოგვიანებით რობერტ ბოილმა ცდა გაიმეორა და შედეგები ანტუან ლორან ლავუაზიეს აცნობა, მან კი ახალაღმოჩენილ ელემენტს სახელი შეარქვა – ფოსფოროუს, მანათობელი.
ისე აეწყო, რომ ამ თვეში ელემენტებზე ვწერ და მოდი, ამჯერად ფოსფორზე ვისაუბროთ.
თუ ფაიფურის ჯამში ორ წილ ბერთოლეს მარილს (KClO3) და ერთ წილ წითელი ფოსფორის ფხვნილს მინის წკირით ფრთხილად ავურევთ, ძლიერ ფეთქებადი ნარევი წარმოიქმნება (მოსწავლემ ეს ცდა დამოუკიდებლად, ქიმიის მასწავლებლის გარეშე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაატაროს!). როდესაც პოპულარულ ლექციებზე ამ ექსპერიმენტს ვატარებ (უყვართ მოზარდებს აფეთქების ყურება და ეს ცდა ერთბაშად იპყრობს მათ გულს), შემდეგ ვამბობ, რომ მათ ეს რეაქცია იმ დილით უკვე ჩაატარეს, ამიტომ ასეთ ემოციას არ ველოდი. იწყება დისკუსია: სად ჩაატარეს აფეთქება? – სამზარეულოში. ერთნი მეუბნებიან, რომ ვხუმრობ, მეორენი დუმილს ამჯობინებენ და მხოლოდ უმცირესი, მესამე ნაწილი მპასუხობს, რომ სწორედ ეს რეაქცია უდევს საფუძვლად ასანთის ანთებას. ერთით ნული ქიმიის სასარგებლოდ. გამოდის, რომ ის ჩვენი ყოფის ნაწილია. თუმცა, ერთხელ, ერთი ბიჭი გამიჯიუტდა კიდეც – მითხრა, მე ასანთს არ ვიყენებ, გაზის სანთებელას ვხმარობო. გამოდის, ქიმია არ მჭირდებაო. ასეთ უწყინარ ახირებაზე კეთილად თუ გაგეღიმება. ერთ დღესაც მიხვდება ეს ბიჭი, რომ ცდება.

მაღალი ქიმიური აქტიურობის გამო ფოსფორი ბუნებაში თავისუფალი სახით არ მოიპოვება. მისი მნიშვნელოვანი მინერალებია: ფოსფორიტი (Ca3(PO4)2), ფთორაპატიტი (Ca5(PO4)3F), ქლორაპატიტი (Ca5(PO4)3Cl), ჰიდროქსიაპატიტი (Ca5(PO4)3OH) და სხვ. დედამიწის ქერქში ფოსფორის შემცველობა 0,12%-ია. ფოსფორი ნაერთების სახით შედის, მცენარეული უჯრედების, ადამიანისა და ცხოველების ძვლოვანი, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილების შემადგენლობაში.
ფოსფორის თერთმეტი ალოტროპიული მოდიფიკაციაა ცნობილი. მათი წარმოქმნა კრისტალურ მესერში ერთმანეთის მიმართ ატომების სხვადასხვაგვარი განლაგებით არის განპირობებული.
თეთრ ფოსფორს მოლეკულური კრისტალური მესერი აქვს, რომლის კვანძებშიც P4 ტეტრაედრული მოლეკულებია. აქ ფოსფორის ატომებს შორის ბმები ადვილად იშლება. სწორედ ამით აიხსნება თეთრი ფოსფორის მაღალი ქიმიური აქტივობა (ჰარზე თვითაალება 500C-ზე) და მიდრეკილება, შენახვისას უფრო სტაბილურ პოლიმორფულ მოდიფიკაციაში გადავიდეს: P (თეთრი) → P (წითელი). თეთრი ფოსფორი ძლიერი საწამლავია.
წითელი ფოსფორი პოლიმერული ნივთიერებაა. მიღების ხერხის მიხედვით, მას სხვადასხვა თვისება აქვს. ქიმიურად ნაკლებაქტიურია, აალდება 2500C-ზე, საწამლავი არ არის.
შავი ფოსფორი ნორმალურ პირობებში ყველა მოდიფიკაციაზე მდგრადია, გარეგნულად გრაფიტს ჰგავს, ნახევრადგამტარული თვისებები აქვს. აალდება 4000C-ზე ზევით გახურების დროს.
70 კგ წონის ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 780გ ფოსფორია. კალციუმის ფოსფატის სახით ის ადამიანისა და ცხოველების ძვლებში, ცილების, ფოსფოლიპიდების, ნუკლეინმჟავების შემადგენლობაში შედის. ფოსფორის ნაერთები ენერგეტიკულ ცვლაში მონაწილეობს (ადენოზინტრიფოსფორმჟავა – ატფ). ადამიანის ორგანიზმი დღე-ღამეში 1,2 გ ფოსფორს ითხოვს. მის უდიდეს ნაწილს ადამიანი რძისა და პურისგან იღებს. 100 გ პური დაახლოებით 200 მგ ფოსფორს შეიცავს. ფოსფორით განსაკუთრებით მდიდარია თევზი (180 მგ 100 გ პროდუქტში), ლობიო (540 მგ 100 გ პროდუქტში), ზოგიერთი სახის ყველი (600 მგ-მდე 100 გ პროდუქტში).

სწორი კვებისთვის აუცილებელია მოხმარებულ ფოსფორსა და კალციუმს შორის ბალანსის დაცვა. საკვებში ამ ელემენტების ოპტიმალური თანაფარდობაა 1,5:1. საკვებში ფოსფორის სიჭარბე ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვას იწვევს. კალციუმის სიჭარბის დროს ვითარდება შარდკენჭოვანი დაავადება.

ზოგჯერ ასეთი ექსპერიმენტითაც ვცდილობ ქიმიისკენ მოზარდების შემობრუნებას: აურიეთ ერთმანეთში 50 გ ძვლის ფხვნილი და 3-5 გ ცარცი, ნარევი სუფთა ქიმიურ ჭიქაში მოათავსეთ და ჩაამატეთ 20 გ 70%-იანი გოგირდმჟავა. ძვლისა და ცარცის ნარევს მჟავა თანდათან უნდა დაემატოს (მოსწავლეები ცნობისმოყვარეები არიან, ზედმიწევნით მოარიდეთ ისინი ჭურჭელს, სადაც გოგირდმჟავას ინახავთ!). მინის წკირით ენერგიული მორევის შედეგად ერთგვაროვან მასას მიიღებთ. იგი მალე გათბება და გარდაიქმნება ჯერ პასტად, მერე კი მშრალ თეთრ ფხვნილად – სუპერფოსფატად (CaH2(PO4)2). ქარხნებში კი ფოსფორის სასუქებს ფოსფორიტისა და აპატიტის მინერალებისგან ამზადებენ.
ზემოთ თეთრი ფოსფორი ვახსენე და ვთქვი, რომ მომწამლავია. მისი გამოყენება სასწავლო ექსპერიმენტებში დაუშვებელია. შენახვაც განსაკუთრებული სჭირდება – მის ნაჭრებს წყლიან ქილაში ინახავენ. ქილას კორპის საცობი მჭიდროდ უნდა ჰქონდეს მორგებული და, სასურველია, პარაფინითაც იყოს მორჩილული. უფრო უკეთესი კი, იცით, რა იქნება? სასწავლო ლაბორატორიაში თეთრი ფოსფორი საერთოდ რომ არ იყოს. სამხედრო საქმეში მას იყენებენ ფოსფორის ბომბის სახით, თუმცა ამ იარაღის გამოყენება დღეს აკრძალულია.
საინტერესოა ფოსფორის გაზისებრი ნაერთი წყალბადთან. ჰაერზე ადვილად აალდება. სხვათა შორის, ერთი ფრანგი მეცნიერი მუშაობდა ფოსფორთან. ეს ის დრო იყო, როცა ცდების დროს თავს სათანადოდ ჯერ კიდევ არ იცავდნენ და გაზისებური სახით გამოყოფილი ფოსფორით მეცნიერს ტანსაცმელი ეჟღინთებოდა და ღამით, შინ დაბრუნებისას, ჩაბნელებულ ქუჩებში მიმავალი, მოცისფრო-მომწვანოდ ანათებდა. გამვლელები სახადივით ერიდებოდნენ, რადგან იმქვეყნიური არსება ეგონათ. მეტსახელიც შეარქვეს – “მანათობელი ბერი”.
ამგვარი მისტიკური სინათლე დაჭაობებულ ადგილებსა და ახალ საფლავებზე შეიმჩნევა. ეს წყალბადთან ფოსფორის გაზისებრი ნაერთი “იწვის”, რომელიც ორგანიზმების რხწნის შედეგად გამოიყოფა. სწორედ ეს “სინათლე” დაინახა სოფელში ჩემმა “მეტროს” ბიჭმა.
რატომ დამაწყებინა ამ წერილში საფლავებსა და სიკვდილზე საუბარი, არ ვიცი. სულ ფოსფორის ბრალია! აი, იმ ფოსფორის, მენდელეევის ელემენტთა პერიოდული სისტემის მეხუთე ჯგუფის მთავარ ქვეჯგუფში რომ დაუდვია ბინა, ატომური ნომერი 15 და ატომური მასა- 30,973 რომ აქვს.
სიკვდილი ადვილია, ცხოვრებაა ძნელი, რთული და ღირსეულად გასავლელი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველა ზრდასრული ადამიანი ერთხელ მაინც დაფიქრებულა სიკვდილზე.
ასე ხდება ქვეყანაზე – ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება
და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშივ ავიწყდება…

დევნილობის ამბები

0

ჩემი თაობის საკმაოდ დიდი ნაწილი
შვიდი წლისა შეიყვანეს სკოლაში. ეს მაშინ ჩვეულებრივი ამბავი იყო: ქვეყანაში სწავლა-განათლებისთვის
არავის ეცალა, სასწავლო პროცესი შეწყდა და პოლიტიკურ-კრიმინალური დაპირისპირებების
გამო რამდენიმე თვე გაგვიცდა. ამას ისიც დაემატა, რომ ჩვენს ქალაქს დევნილთა დიდი ტალღა
მოაწყდა. თითქმის ყველა ოჯახში დევნილი იყო.

– ახალი კლასელი შემოგვემატა, – იტყოდა
მასწავლებელი და უკვე ვიცოდით, რომ მერხიდან წამომდგარი გოგო თუ ბიჭი, დარცხვენილი
და დაბნეული, დევნილი იყო. რაღა დაგიმალოთ, მის მიმართ უპირატესობის გრძნობაც გვიჩნდებოდა,
დაახლოებით ისეთი, დედაქალაქელს რომ აქვს ჩამოსულის, ან სამსახურში ადრე გამოცხადებულ
თანამშრომელს – დაგვიანებულის, ან კიდევ სტაჟიან და სასულიერო პირებთან გაშინაურებულ
ზოგიერთ მორწმუნეს – ეკლესიური წესრიგის უმეცარი ადამიანის მიმართ. ერთი ხანობა იმ
დაუწერელი კანონის ამოქმედებაც ვცადეთ, რომელიც უფროსკლასელებისგან გადმოგვეცა და ცოტა
მიმზიდველიც ჩანდა იმ დროს: ყველა ახალშემომატებული ბიჭი უნდა გაგველახა. მაგრამ უმეტესად
ისე ხდებოდა, რომ გაცნობისთანავე ვუმეგობრდებოდით, ვიზიარებდით მათ გაჭირვებას და ჩხუბამდე
საქმე არ მისულა.

ერთი ჩემი კლასელი გოგო რვა წლის
იყო, პირველი კლასის მეორე სემესტრში რომ შემოგვემატა. სიმაღლით ხომ ყველას გვჯობდა
და რასაც ის ომზე, გაჭირვებაზე, შიმშილსა და სიცივეზე ჰყვებოდა, ჯერ გაგაოცებდა, შეგაძრწუნებდა
და მერე შეიძლება ტირილამდე და უიმედობამდეც მიეყვანე. თვითონ, ეტყობა, ლაპარაკით კლავდა,
თრგუნავდა განცდილს (მგონი ბევრ რამეს იგონებდა კიდეც), ამით თითქოს ამარცხებდა ეშმაკს,
მტერს, ბოროტ სულს; მის სახელს კი არ მალავდა, ყოველ წუთას ახსენებდა: მოდი, შენი კი
არ მეშინია, რასაც მინდა, იმას გიშვრები, ყველა ბრუნვაში გატრიალებ და არა მარტო მე,
ჩემმა ყველა კლასელმა იცის, რა საცოდავიც ხარო.


 “დევნილი”, 1993. რობერტ აბსანძის ქანდაკება.

ერთხელ რაღაც აქცია გამოცხადდა: მთელ ქალაქს მაკულატურა
უნდა შეეგროვებინა. ქალაქის უფროსობაც (ასე ეძახდა მასწავლებელი) გვეწვია სკოლაში,
– თუ გვინდა, ჩვენს შვილებს საწერი ქაღალდი ჰქონდეთ, უვარგისი წიგნები და ჟურნალები
ჩაგვაბარეთო. ჩემმა მეგობარმა, რომლის ოჯახიც საერთო საცხოვრებელში იყო შეხიზნული
(დროებითო, მაშინ ასე უთხრეს, მაგრამ, როგორც ვიცი, დღემდე არაფერი შეცვლილა), შეწუხებულმა
მითხრა, მამაჩემის ბიბლიოთეკა იმ სახლში დარჩა, რომელიც ომის დროს დაწვეს და რა უნდა
ვქნა, წიგნები საიდან მოვიტანოო. თუ არ ვცდები, 5-5 კილო მაკულატურა გვქონდა ჩასაბარებელი.
ჩემი წილი რომ ავწონე, მერე ისევ შევიპარე ბებიაჩემის ბიბლიოთეკაში და გულში ჩახუტებულმა
ფეხაკრეფით გამოვზიდე ი. ბ. სტალინის თხზულებათა მრავალტომეული – თითქმის ისე, წვრილად
დაჭრილი შეშა რომ გამომქონდა საკუჭნაოდან.

მერე ჩვენს სკოლაში ნაგროვები წიგნები, ზოგი – სქელ
პარკებსა და ჩანთებში ჩაწყობილი, ზოგიც – ძუითა და მავთულით შეკრული, გაზ-53-ის ძარაზე
ატვირთეს და სად წაიღეს, ვინ იცის.

გაზ-53, ოღონდ სხვა ფერის, სხვა ნომრითა და უფრო ჩასუქებული
მძღოლით, შემოხრიგინდა ბაბუაჩემთან, დიდ ეზოში. შაბათ-კვირას სოფელში ვატარებდით ხოლმე.
მეზობლის ბავშვებს ფეხბურთს ვეთამაშებოდით, როცა ჭიშკარი გაიღო და მძიმედ დატვირთული მანქანა შემოვიდა. უფროსები დატრიალდნენ – ავდრისგან
ცელოფნებითა და შალით საგულდაგულოდ დაცული ავეჯი ჩამოცალეს, სხვადასხვა ოთახში გაანაწილეს
და მერე ნელ-ნელა ააწყვეს ლოგინები და კარადები.

ღმერთო, როგორ მიხაროდა! ხელით ვსინჯავდი და თვალს არ
ვაშორებდი, როგორ ავსებდა ცარიელ კუთხეს მოხდენილი ავეჯი და ყველას რაღაცნაირად კმაყოფილი
და თან სევდიანი სახე ჰქონდა.

მთელი ბავშვობა და შაბათ-კვირა ამ ლოგინებისა და  კარადის (სადაც წაკითხულ წიგნებს ვაწყობდი, წაუკითხავებისგან
რომ განმესხვავებინა) დიდი ტრფიალი ვიყავი. დაუკითხავად ავრბოდი და ჩამოვრბოდი ზევით-ქვევით,
დამქონდა რაგინდარა, ამოჩემებული ნივთები.

ერთ დღესაც, სოფელში მისულს, ეს ავეჯი არ დამხვდა. გაოცებულმა
და გაფითრებულმა მიზეზი რომ ვიკითხე, ბაბუაჩემმა მითხრა, ჩვენი ნათესავის იყო ეს ლოგინებიცა
და კარადებიც, ამას წინათ მოვიდნენ და გალში წაიღესო.

“ერთი მაინც არ დატოვეს?” – ვფიქრობდი გაბრაზებული
და ვერ წარმომედგინა ბაბუაჩემის სახლი, სადაც კრემისფერი ლოგინი და წაკითხული წიგნებით
გამოტენილი კარადა არ იქნებოდა.

“იქნებ დარჩათ რამე?” – დავდიოდი ოთახიდან
ოთახში.

და ახლა მინდა გავიხსენო, საერთოდ რა დარჩა ჩემი ბავშვობისგან
– აფხაზეთიდან დევნილი კლასელებისგან, მეგობრებისგან, ნათესავებისგან…

ბევრი რამ დარჩა და დაილექა – მძიმე, ტრაგიკული, თითქოს
დაწყებული და შუა გზაზე შეყოვნებული, მოუგვარებელი. დევნილობაში გაზრდილი თაობა და
პოლიტიკოსების თაიგული, რომელიც დროდადრო, წინასაარჩევნოდ, ცდილობს, რაც შეიძლება თბილად,
ენის მოჩლექით ახსენოს “ლტოლვილი”, “დევნილი” და “იძულებით
გადაადგილებული პირი”, რომ ხმათა მნიშვნელოვანი რაოდენობა დაიბევოს.

დარჩა ამ სიმწრის თათარაში ჩურჩხელასავით
ამოვლებული იუმორი, უფრო სწორად, რამდენიმე მინიმალისტური ლექსი: “გათავდა და
მორჩა სოხუმი და სოჩა”, “ოჩამჩირა, ოჩამჩირა, სამი ლუჩში გოროდ მირა”
და კიდევ ნატვრა, სურვილი ან უბრალოდ ინტერესი, ნახო ის, რაც შლაგბაუმს მიღმაა.

საკუთარი თვალებით ნახო.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...