შაბათი, ივნისი 28, 2025
28 ივნისი, შაბათი, 2025

ფოლადის სამი კარის მიღმა, ციხეში.

0
ბავშვობაში დიდი გაჭირვებით წამაკითხეს ალექსანდრე დიუმას რომანი „გრაფი მონტე-კრისტო”. მრავალტომეულიდან მხოლოდ ერთმა მონაკვეთმა მიიქცია  ჩემი ყურადღება. ყველაზე მეტად იფის ციხესიმაგრის ეპიზოდმა და ამ საპყრობილიდან გაქცევის სცენამ მომხიბლა. მას შემდეგ, ხშირად მიფიქრია კიდეც გისოსებს მიღმა აღმოჩენილებზე, დატყვევებულთა გრძნობებსა და თავისუფლების მოპოვების  განსხვავებულ, მუდმივად განმეორებად მცდელობებზე. მოგვიანებით, რევოლუციათა ისტორიით გატაცებულ თინეიჯერს მეთვრამეტე საუკუნის ბასტილიის ციხის ბინადრობაც კი მომნდომებია.

დიდხანს მეგონა, რომ პატიმართა გარემოში მოხვედრა ძირითადად მხოლოდ დამნაშავეებს, მათ ახლობლებს ან ადვოკატებს შეეძლოთ. შესაბამისად, დარწმუნებული ვიყავი, რომ უახლოვეს მომავალში მაინც, უცნაური ინტერესის მიუხედავად, პენიტენციალურ სისტემაში მოხვედრა არც ერთი წუთით არ მეწერა. თურმე, ვცდებოდი …
რამდენიმე დღის წინ, ერთი კარგი ადამიანისაგან წარმოუდგენელი შემოთავაზება მივიღე – დიდოსტატ ზურაბ აზმაიფარაშვილის მცირე ჯგუფთან ერთად, ავჭალის კოლონიაში ჭადრაკის ტურნირს უნდა დავსწრებოდი (მიმდინარე წელს რიგმა სამინისტროებმა არასრულწლოვან პატიამართა რეაბილიტაციის მიზნით სხვადასხვა პროექტის განხორციელება დაიწყეს, ჭადრაკის ტურნირი ერთ-ერთი მათგანი გახლდათ). ცხადია, არც დავფიქრებულვარ ისე დავთანხმდი მოულოდნელ წინადადებას.

რა საშინელება ყოფილა, როდესაც შენს უკან, მძიმე ფოლადის სამი კარი ხმაურით იკეტება …

თავდაპირველად, ციხეში შესულები რამდენიმე კვირის წინ კეთილმოწყობილ სპორტულ დარბაზში შეგვიყვანეს, რომლის ცენტრშიც მცირე აუდიტორიის წინაშე, ჭადრაკის მაგიდასთან ფინალისტები იყვნენ მოკალათებულნი. გამარჯვებულის გამოვლენისა და მისი წიგნებით დაჯილდოვების შემდეგ, ადგილობრივი ბიბლიოთეკისა და მისი, უახლოეს წარსულში მასშტაბურად განახლებული წიგნადი ფონდის შესახებ მივიღეთ ინფორმაცია. მოვასწარით ხის ნაკეთობათა ახალ საამქროში შევლაც, სადაც ჩარხებთან ათობით ახალგაზრდა იყო თავმოყრილი და თავის რიგს ელოდებოდა. დასასრულს, მავთულხლართებით შემოსაზღვრული ეზოც დავათვალიერეთ. აქ, საფეხბურთო მოედნის გვერდით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლისათვის საძირკვლის ჩაყრას აპირებენ.

უმკაცრეს დისციპლინაზე და მუდმივი კონტროლის შეგრძნებაზე მეტად, იქ მყოფი ადამიანების საერთო განწყობამ დამრთგუნა. ვერც ერთ თანატოლში იმედის უმცირესი ნასახიც კი ვერ აღმოვაჩინე. თითქოს, არც ერთს არ სჯეროდა, რომ ციხის დატოვების შემდეგ სრულყოფილად ცხოვრებასა და დამნაშავის, მარგინალის იარლიყის მოცილებას შეძლებდა. 

ავჭალის კოლონიაში ყოფნის ერთი საათის განმავლობაში ირგვლივ სიჩუმე იყო გამეფებული. პატიმრებთან კომუნიკაციის დამყარების ყოველი მცდელობა ორივე მხრიდან ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. მომეჩვენა, რომ სვირინგებით (ჭარბობდა სვასტიკის გამოსახულება) აჭრელებული ბავშვები ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებულები იყვნენ.

ალბათ, ეს იმ სტრატეგიის შედეგია, რომლის მიხედვითაც სასჯელაღსრულების სისტემა მხოლოდ დამნაშავის დასჯაზე, დაჩაგვრაზე იყო ორიენტირებული და ფაქტობრივად, არ შეიცავდა ზრუნვის არც ერთ უმცირეს ელემენტსაც კი. მგონი, ამგვარი შეხვედრებით რაღაცის შეცვლას ცდილობენ.

სად უნდა ვეძებოთ გამოსავალი? როგორ ვაგრძნობინოთ ამ ადამიანებს, რომ მათ თავისუფლების ახალი შანსის მოპოვება შეუძლიათ?

ჩემს შეკითხვებზე პასუხს ჩვენთვის კარგად ნაცნობ სლოგანში მივაკვლიე „განათლება – თავისუფლებაა”. მათი საზოგადოებაში დაბრუნებისათვის მომზადება მხოლოდ კოლონიის ყველაზე პრესტიჟულ ნაწილად ქცეულ, ჰუმანურ ღირებულებებზე დაფუძნებულ სკოლას, მის მდიდარ ბიბლიოთეკასა და ათასში ერთხელ მაინც მათთან უმცირესი დროით აღმოჩენილ სტუმრებს (და რა სტუმართა თანამგზავრებს) შეუძლიათ. 

დარწმუნებული ვარ, რომ ცოდნის გაზიარება ზრუნვის საუკეთესო საშუალებაა.

ჩვეულება, რომელიც მტკიცეა

0
გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “არტანუჯი”

1906 წლის ოქტომბერი მიგელ დე უნამუნომ ბარსელონაში გაატარა. 15 ოქტომბერს საკმაოდ ვრცელი და ანალიტიკური მოხსენებით წარსდგა კატალანური ენის საერთაშორისო კონგრესის წინაშე. კონფერენცია თავისი პროვოკაციული სახელწოდებით – “ესპანური სოლიდარობა”, ძალიან უარყოფითად იქნა შეფასებული პოლიტიკურ წრეებში. კონფერენციის მიმდინარეობისას გამოიკვეთა კატალანური სეპარატიზმის მიზანმიმართული და დაუნდობელი კრიტიკა, რამაც, ცხადია, პოლიტიკოსების მღელვარება გამოიწვია. თავის გამოსვლაში უნამუნო მკაცრად დაუპირისპირდა ესპანელი პოლიტიკოსებისა და რელიგიური მოღვაწეეების ფარისევლობას. აღნიშნა, რომ “კატალანური სოლიდარობა” მხოლოდ ეფემერულ მოვლენას წარმოადგენს. მოუწოდა კატალონიელ მწერლებს, რომ ესპანურ ენაზეც გამოთქვან თავისი სათქმელი. მიბაძონ შოტლანდიელი მწერალს რობერტ ბერნსს და ბრეტონელ ერნესტ რენანს, რომლებიც წერდნენ ინგლისურ და შესაბამისად, ფრანგულ ენებზე. უნამუნომ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ მხოლოდ სიყვარული შეიძლება იყოს ესპანეთის პოლიტიკური და იდეოლოგიური ერთიანობის საფუძველი. 

უნამუნოს ბარსელონური მოგზაურობა კონფერენციაზე წარმოთქმული სიტყვით არ დასრულებულა. მწერალმა სხვადასხვა გამოსვლებში დაუნდობლად გააკრიტიკა ბარსელონურ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები. “ზედაპირული” და “მეგალომანიით” დაავადებული უწოდა კატალანურ პრესას. 

ცალკე საუბრის თემაა უნამუნოს მოსაზრებები კატალანური ლიტერატურის შესახებ. ამ თემას მწერალმა ცალკე სტატია მიუძღვნა სახელწოდებით –”კატალანური ლიტერატურის შესახებ” (სტატია 1906 წლის 4 დეკემბერს გაზეთ “ლა ნასიონმა” გამოაქვეყნა). მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ სტატიაში განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავს  ვერდაგერის და მარაგალის მიმართ, კატალონიურ ლიტერატურას თანამედროვე ფრანგული და ესპანური ლიტურატურის “დანამატად” განიხილავს. მიუთითებს, რომ კატალანური ლიტერატურა ფრანგული და ესპანური ხელოვნებით არის ინსპირირებული, რომ ის მოკლებულია იმ ორიგინალურ ძარღვს, რომელიც მაგალითად, თანამედროვე პორტუგალიური ლიტერატურისთვის არის დამახასიათებელი. “ჟოაო დე დეუსი (პორტუგალიელი გიტარისტი, რომელიც მხოლოდ ორი სიმით უკრავდა), ელეგანტური და ეროტიკული, უფრო მეტად ახმოვანებს რეგიონულ, ორიგინალურ აკორდებს, ვიდრე ვერდაგერის მთელი შემოქმედება. გარდა ამისა, კატალონიური ლიტერატურის ბაზარი ხელოვნურად არის შექმნილი პოლიტიკური ფანების მიერ, რეალურად, ის არ არსებობს. მომავალში კატალონიური ენა ორგანულად შეერწყმება ესპანურს”.

საერთაშორისო კონგრესის დღეებში უნამუნოსგან ინტერვიუ აიღო ჟურნალისტმა მიშელ ჩამპურსინმა. ინტერვიუს ტექსტი, რომელიც უგულებელყოფილი აღმოჩნდა უნამუნოს მკვლევართა მიერ, 1906 წლის 18 ოქტომბერს “ელ ლიბერალ დე მურსიაში” გამოქვეყნდა.
მიგელ დე უნამუნო არაორდინარული ადამიანია. უსახელო ქურთუკი აცვია, პატარა სათვალეები უკეთია და ძირითადად, ტუჩების მოძრაობის გარეშე საუბრობს. უცნაურად მიღებს: მაგიდაზე პურის ნამცეცები უყრია. მწერალი მათ გულმოდგინედ აწებებს ერთმანეთს. ბისმარკი თუთუნს ეწეოდა, როდესაც ინტერვიუს ართმევდნენ, გლადსტონი შეშას ჩეხავდა და სალამანკის უნივერსიტეტის რექტორი ნამცეცების “წამებით” არის დაკავებული.

ოჰ, ეს პურის ნამცეცების გროვა! განუწყვეტლივ იცვლის სახეს მიგელ დე უნამუნოს თითებში: ხან ბურთის ფორმას მიიღებს, ხან ძაფივით გაიწელება, ხან ფურცელივით გაბრტყელდება და უკვე ვხვდები, რომ გონება უძლურია ფორმათა ცვალებადობის პროცესს მიადევნოს თვალი. ეს უცნაური თამაში ჩემთვის ამ ინტერვიუს სიმბოლოსაც წარმოადგენს და გარკვეულწილად, მის მართვაშიც მეხმარება. სიმბოლოს, რადგან თითქოს მწერალი მაფრთხილებს, რომ “მასა” მის ხელშია, ამასთანავე ვხედავ, როგორ იცვლება თითების მოძრაობა ჩემი შეკითხვების მიხედვით. თუ შეკითხვა უმნიშვნელო ეჩვენება, პურის ნამცეცებს გაშლილ ხელისგულზე იგროვებს და ცერა თითით აბურთავებს, მერე კვლავ ანამცეცებს და ასე შემდეგ, მაგრამ თუ საუბარი მისთვის საინტერესო მიმართულებით მიდის, “გასართობს” მუჭში მჭიდროდ მოაქცევს და მთელი სხეული ეძაბება. პირველი შეკითხვა ასეთია:

– რა განცდა დაგიტოვათ ბარსელონამ?
სტუმრის შთაბეჭდილებები

– თავბრუდამხვევია. სალამანკა მირჩევნია. იქ ყველაფრისთვის გაქვს დრო, ფიქრისთვისაც კი. ყველაფერი რეგულარულია, მეთოდური. “ბარსელონაში ჯერ არ ვიცი… წლების წინ, როდესაც პირველად მოვხვდი ბარსელონაში, ჩემს დღიურში ჩავწერე: ბარსელონა. ქუჩაში ვარ. მხვდებიან გოგოები, რომლებსაც დიდი ჰალსტუხები უკეთიათ. ძალიან ხმამაღლა და მკაფიო ჟესტიკულაციით საუბრობენ”. ახლა ისინი არ შემხვედრია და დაბნეული ვარ. უამრავი ადამიანი გავიცანი და მივხვდი, რომ მათი ერთადერთი წუხილი პოლიტიკაა. ამ მხრივ ძალიან გვანან ბილბაოელებს. თუ მათ შეეკითხებით, რას ფიქრობენ მთვარის ეკლიფსზე, გიპასუხებენ, რომ არ იციან, რომ უნდა შეისწავლონ, მაგრამ ეს პასუხი მხოლოდ დროის მოგების მცდელობას წარმოადგენს. იმაზე ფიქრობენ, აბა, მზის დაბნელებას თუ რამე საერთო აქვს მათ პოლიტიკურ შეხედულებებთან. ბარსელონა და ბილბაო ძალიან ჰგავს ერთმანეთს. 
გაჩუმდა, ისევ წაეთამაშა პურს და ღიმილიანი სახით შემომხედა. გამიკვირდა, უნამუნოს ღიმილი ისეთივე იშვიათობაა, როგორც მისი სიმპათია ანატოლ ფრანსის მიმართ. ვაგრძელებ:
კატალანური ლიტერატურის შესახებ

– რას იტყოდით კატალანური ლიტერატურის შესახებ?

– ის უბრალოდ არ არსებობს. დღემდე არ ვიცი არც ერთი მწერალი, რომელიც წერს და ფიქრობს კატალანურად. ყველანი, დაწყებული ვერდაგერიდან და დამთავრებული ალკოვერით, სხვები რომ აღარ დავასახელო, წერენ კატალანურად, მაგრამ მათი შემოქმედება კასტილიური ყალიბის ჩარჩოებს არ სცდება. არ არსებობს არცერთი კატალანელი შემოქმედი, რომელიც ორიგინალურობით გამოირჩევა. ზედაპირული შესწავლაც კი ცხადყოფს მათ შინაგან კავშირს ესპანურ, ფრანგულ და პორტუგალიურ ლიტერატურასთან. კატალანური ხელოვნების ნიმუში, როგორც ასეთი, არ არსებობს. თავს ნუ იტყუებთ, კატალონიელები არ არიან ისეთები, როგორებიც პორტუგალიელები. აი, იმათ კი აქვთ ნამდვილი ეროვნული ხასიათი და ხელწერა. გასაგებიც არის, ისინი ხომ ხმელთაშუა ზღვის უკიდურეს გეოგრაფიულ არეალში არიან, ევროპისკენ ზურგით. მათი გიტარისტები ორი სიმით უკრავენ, ლირიკა და ეროტიზმი თანაბრად არის შერწყმული. ზოგი მათგანი ნამდვილ აღტაცებას იწვევს ჩემში. ამ ნატიფი მელოდიების ნაკლებობას ვგრძნობ კატალანურ ხელოვნებაში. აქ ყველანი “მერკურიელები” არიან – იმის თქმა მინდა, რომ „მერკურე დე ფრანსეს” წიაღში ეძებენ შთაგონებას.

ფრანკოფობია

ვცდილობ თემის გაგრძელება ვიპოვო და ვეკითხები:
– “მერკურე დე ფრანსეს”? იქნებ პატივი დამდოთ და განმიმარტოთ.

– ვწუხვარ, მაგრამ იძულებული ვარ ვაღიარო – ფრანკოფობიით ვარ შეპყრობილი. როგორც დალტონიკები ვერ ასხვავებენ ფერებს, ასევე ვერ ვარჩევ ფრანგულ ლიტერატურაში განსხვავებებსა და ფერებს. ზედმეტად მკაფიო მეჩვენება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეტისმეტად ხელოვნური. ფრანგები გეომეტრიაში დახელოვნებულები არიან. ძალიან კარგად იციან წიგნის აწყობა: დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული. დიდოსტატურად აშენებენ, მაგრამ ამ ყველაფერს გრძნობა აკლია. ისე მოქმედებენ, როგორც ხელოვნური ყვავილების მწარმოებლები: აიღებენ ქსოვილს, გამოჭრიან, დააკერებენ ყვავილს, შეღებავან და სუნამოსაც კი დააპკურებენ. შედეგი ბრწყინვალეა, ნამდვილ ყვავილს ჰგავს, მაგრამ არ არის ყვავილი. ფრანგებს კარგი მეცნიერული ინსტინქტი აქვთ. შეუდარებელნი არიან მეცნიერების ექსპანსიის სფეროში. სხვა მხრივ, ვფიქრობ, ფრანგულ ცნობიერებაში ამპარტავნობა სჭარბობს ჭეშმარიტ ღირებულებებს. მათ ლიტერატორებს შექსპირი, გოეთე და კირკეგორი აგურების მწარმოებლები ჰგონიათ, რომლითაც მერე თვითონ წიგნებს აკეთებენ.

– ბატონ პიჟოანს თუ იცნობთ?

– მთელი კატალონია იცნობს, მაგრამ მე – არა. მისთვისაც უცნობია ჩემი შემოქმედება. ერთმანეთს იგნორირებას ვუკეთებთ. არარაობა მგონია. ოცდაექვსი წლის პიჟოანი სახედაკარგული ახალგაზრდაა, რომელიც “ღიმილის გარეშე”, გამომწვევად ეკამათება პლატონს და სენეკას.  

უნამუნო კვლავ უბრუნდება “ფრანგულ” თემას:
– ერთი მხრივ, ჩემთვის მიუღებელია ფრანგების მანია, რომ მანიფესტებითა და კლასიფიკაციებით გამოხატონ სათქმელი და მეორე მხრივ, რასაც ქმნიან, საკმაოდ კარგი გამოსდით. პრეტენზია იმისა, რომ ხელოვნებას მეცნიერულად მიუდგნენ, გაითვალონ და გაიანგარიშონ, როგორ, რატომ და სად მიემართება შთაგონება – ეს ჩემთვის სხვა არაფერია, თუ არა არაჩვეულებრივი ერესი.…
          
მოდერნისტული ხელოვნება

– თანამედროვე ხელოვნების განმასხვავებელი ნიშანი?

– მოდერნისტულ ხელოვნებას განმასხვავებელი ნიშანი არ გააჩნია. სრული ქაოსი – ეს არის მისი მთავარი მახასიათებელი. აქვს ინდივიდუალური, პერსონალური ხასიათი. თითოეული ხელოვანი გამოხატავს როგორც ესმის და როგორც შეუძლია. მე იდეები არ მაინტერესებს, იდეები ის ვალუტაა, რომელიც საერთოა და მთელ სამყაროს ეკუთვნის. ნებისმიერი ხელოვანი საკუთარი პიროვნული ხასიათის შესაბამისად იყენებს ამ ფულს. მწერალში მე ის მაინტერესებს, თუ როგორ ხარჯავს თავის ინტელექტუალურ ვალუტას. უპირატესობას მათ ვანიჭებ, ვინც მარტოხელა მიუყვება გზას, ვისაც არ იცნობენ, ვინც ყველაზე “უმ ცენზურას” აიტაცებს ხოლმე, ნაკლებად ვკითხულობ, განსაკუთრებით მათ, ვისაც აღიარებენ. კარგა ხანია მხოლოდ რელიგიურ კრიტიკას და პოეზიას ვკითხულობ. რაც შეეხება წმინდა ლიტერატურულ ნაწარმოებებს, მიჭირს მათი წაკითხვა. ვფიქრობ, რომ შეთხზული რეალობა მხოლოდ საბაბია იმის გამოსახატად, რის თქმასაც მწერალი პიროვნულად ვერ ბედავს. ლაჩრობად მიმაჩნია. ავტორი თხზავს თოჯინას, რათა მან თქვას ის, რის თქმასაც თავად ვერ ბედავს. ჩემს სისტემას ვამჯობინებ: თავად მე ვთქვი ყველაფერი, თუნდაც ურთიერთსაწინააღმდეგო. ჩემს წიგნში “დონ კიხოტი”, სწორედ ამას ვცდილობ. იგივე თემას ეხება `ტრაქტატი ღვთის სიყვარულის შესახებ”, რომელსაც ამჟამად ვწერ. მე მწამს ღმერთის, მიუხედავად მისი არსებობის დემონსტრაციისა. ეს ეჭვი თუ იმედი მასულდგმულებს. და ბოლოს, ყველაფერი რაც გითხარით, ალბათ, იმის შედეგია, რომ თხუთმეტი დღეა არ წამიკითხავს ვიქტორ ჰიუგო!!!”

ეს ნამდვილად კულმინაციაა. ამ სიტყვების წარმოთქმისას თვალებში ნაპერწკლები აუციმციმდა, მისი თითები, მიგელ უნამუნოს თითები პურის ნამცეცებს მისწვდა, დააგორგოლავა, პატარა ბურთი გააკეთა და პირდაპირ მარცხენა თვალში მესროლა. თვალი არც დავახამხამე. შემომხედა და მითხრა:
– ერთადერთი, რაც ნამდვილად ღირს ამქვეყნად, ეს სიკვდილზე ფიქრია.

მხოლოდ მაშინ მივხვდი ამ არაორდინარული მწერლის ნამდვილ ხასიათს. მხოლოდ ახლა მივხვდი, რატომ არჩია მადრიდის დიდებას სალამანკაში განმარტოება…

არც სიტყვაძუნწია და არც რეალობას მოწყვეტილი. ეს უგრძნობლობაც ტყუილია. მისი მოჩვენებითი სიმშვიდის მიღმა ინკვიზიტორის მგზნებარე ვნება ცოცხლობს…და ეს ინკვიზიტორი, შემინდეთ და,…არაჩვეულებრივი იუმორისტია.

საბედნიეროდ, სულ მალე, შემდეგ ორშაბათს, ეჭვი მაქვს, რომ ბატონი უნამუნო ყველას გაგვაკვირვებს თავისი მოულოდნელი, მონსტრული, მაგრამ დიდებული ახალი კერძით.
დაველოდოთ!

ესაუბრა მიშელ ჩამპურსინი
1906 წელი
1. ხასინტო ვერდაგერი (1845-1902) – კატალანელი მწერალი, რომელიც ერთდროულად წერდა ესპანურ და კატალანურ ენებზე.
2. ჯოან მარაგალი (1860-1911) – კატალანელი მწერალი, პოლიტიკოსი.
3. ანტონ მარია ალკოვერი (1862-1932), მწერალი, პუბლიცისტი. შემოქმედებითი მოღვაწეობის დასაწყისში წერდა ესპანურად. 1879 წლიდან თითქმის ყველა მისი ნაწარმოები კატალანურ ენაზეა შექმნილი.
4. “მერკურე დე ფრანსეს”– პოპულარული ფრანგული ლიტერატურული ალმანახი. დაარსდა 1672 წელს.
5. ხოსე პიჟოანი (1880-1963) – არქიტექტორი, ისტორიკოსი, პოეტი. წერდა კატალანურ ენაზე.
ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ

“ნიჩივო”

0

ამ სიტყვას ალბათ ვერასოდეს ვუღალატებთ, ვერასდროს შეველევით, ისე მკვიდრადაა ჩაშენებული ჩვენს სამეტყველო აპარატში. დრომ გამოსცადა, სამსაუკუნოვან ცვალებადობას გაუძლო და დღესაც ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც ადრე. შეიძლება უფრო მეტადაც კი, რადგან ჩვენი ყოველდღიური არსებობა მის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია.

 

ის ვერ დააშინა ევროპული ენებისა და სამოქალაქო ინსტიტუტების მოძალებამ, რუსული წარწერების ჩანაცვლებამ საგზაო ტრაფარეტებზე, სუპერმარკეტებსა და რესტორნებში, სასკოლო და საუნივერსიტეტო სწავლებაში ინგლისური ენის დაწინაურებამ, საბჭოთა კავშირის დაშლამ. ამიტომაც დღეს, ერთმანეთთან უეცარი შეხვედრის ან სატელეფონო ზარის შემთხვევაში, პირველი სიტყვა, რაც მოკითხვას – „როგორ ხარ?” – მოსდევს, არის ის ერთადერთი, სანუკვარი და შეუცვლელი:

– ნიჩივო.

შეუცვლელი, რადგან ბევრის აზრით, სხვა ვერაფერი იქნება უფრო სხარტი, ლაკონური, ნეიტრალური. თითქოს მის იქით გასაიდუმლოებული სამყაროა, რომელსაც საგულდაგულოდ ვმალავთ და ახლობელთანაც არ გამოვაჩენთ ხოლმე.

სანუკვარი იმიტომ, რომ ერთი სული გვაქვს, როდის ამოვთქვამთ, როდის ამოვიძახებთ ყელში გაჩხერილ სიტყვას, უაზრო და არაფრისმომცემ საუბარს როდის წამოვიწყებთ, შიგადაშიგ კი, ლობიოზე მისაყოლებელი მწვანილივით ჩავურთავთ ზოგან მოკლედ, ზოგან წაგრძელებით – „ნიჩივოოო”…

ამასწინათ ჩემს მეგობარს და ნათლიმამას, პოეტ სოსო მეშველიანს დავურეკე. ახალი ჩამოსული იყო ბილბაოდან. უცებ, არ მახსოვს, რატომ ჩავუსაფრდი, მაგრამ დიდი ინტერესით კი დაველოდე, რას მეტყოდა ჩემს მოკითხვაზე – „როგორ ხარ, ძმაო?”

– კარგად, მუხბე, – თქვა თუ არა, გული ამიძგერდა სიხარულისგან.

რა ცოტა სჭირდება ადამიანს, შვებით რომ ამოისუნთქოს ამ გაუგონარ გადარბენაში, წუთებითა და წამებით გათვლილი ცხოვრების სიმჭიდროვეში. და მაინც, ყველაზე მეტად ეს ალბათ თანაგრძნობის სიტყვაა, ის სიტყვა, რომელსაც ელოდება სხვებისგან – თავისთვის, მშობლიური სიტყვა, ნეიტრალური და მნიშვნელობისგან დაცლილი კი არა, გრძნობით ნაჭედი და ნამდვილი.

ამიტომაც კარგად მესმის აკაკი წერეთლის მამის საქციელი.

როსტომ წერეთელი კოლორიტული, ჭკვიანი, გონებამახვილი და ენამოსწრებული კაცი იყო. აკაკი დანანებით ამბობს, „იმას (მამაჩემს) რომ სწავლა მიეღო და ცხოვრებაში განვითარება ჰქონოდა, შესანიშნავი რამე იქმნებოდა”-ო.

„ჩემს თავგადასავალში” ისიცაა ნათქვამი, რომ…

მოკლედ, თქვენი და ამ საიტის მესვეურთა ნებართვით, მეტი შთამბეჭდაობისა და კიდევ იმისთვის, რომ პერიფრაზირების უმადურ და წამგებიან საქმეს ავცდე, მთლიანად მოვიყვან ერთ ბრწყინვალე ფრაგმენტს აკაკი წერეთლის ავტობიოგრაფიული წიგნიდან:

„მამაჩემი თავის დროზე განთქმული მოჭადრაკე იყო, ვერავინ უგებდა. განსაკუთრებით ღენერლის შტაბის აფიცრები იყვნენ მონდომებული, რომ როგორმე მოეგოთ, მაგრამ ვერას აწყობდნენ. ერთხელ ღენერალ-გუბერნატორს, გ. ერისთავს, შემოეთვალა თბილისიდან: „ერთი შესანიშნავი მოჭადრაკე პოლკოვნიკი გვეწვია, შენთან თამაში სურს და, თუ დრო გაქვს, მოდი, ჩემთან არისო. აბა, შენ იცი, თუ შენებურად გვასახელებ ქართველებსო!” მამაჩემიც წავიდა და გაიმართა თამაშობა.

პოლკოვნიკმა დაინახა, რომ მოთამაშე ახირებულად ეთამაშებოდა და ჰკითხა: თქვენ, როგორც პირველსავე გამოსვლაზე გეტყობათ, თეორია არ უნდა იცოდეთო: კუთხის პაიკი რა ხელმოსაკიდებელი იყოო?

– თეორია რა არის? – ეკითხება მამაჩემი.

– სხვადასხვა სათამაშო კანონები.

– ჩვენ, ქართველებმა, ერთი კანონის მეტი არ ვიცით: ისე უნდა ეთამაშო, რომ მოპირდაპირეს მოუგო.

– ეგ მართალია, მაგრამ უთეორიოდ არ შეიძლება.

– არ ამიხსნით მაინც, რა არის თეორია?

– სხვადასხვა გამოჩენილ მოჭადრაკეთა ნათამაშევი, რომელიც სხვებისთვის სამაგალითო კანონად დარჩენილა.

– ჰო, ისემც კარგი დაგემართოს! ისინიც ხომ ჩემისთანა მიწიშვილები იქნებოდნენ, ციდან ხომ ვერ ჩამოფრინდებოდნენ? ახლა ჩემ თამაშსაც უგდეთ ყური და, თუ მოგეწონოთ, ჩაწერეთ და თეორია იქნებაო.

პოლკოვნიკმა დაიწყო თამაში და არ გაუვლია დიდხანს, რომ კიდეც წააგო. შეწუხდა და თქვა: „აშიბკაო”. ითამაშეს მეორე, კიდევ წააგო და სთქვა: „აშიბკაო”; მესამე, მეოთხე, მეხუთე… გაცხარებული პოლკოვნიკი აგებს და თან იძახის: „აშიბკა, აშიბკაო”. მამაჩემს გაეცინა და უთხრა: „პოლკოვნიკო, ტყუილად ნუ ფიქრობ, რომ მოიგო! სანამ ეგ ვიღაც „აშიბკა” გადაგკიდებია, მაგას თავიდან არ მოიშორებო!”

დიდი თუ წვრილმანი „აშიბკები” რომ აგვეკიდა, ამას ვინ ჩივის, უფრო სწორად, ვინ ანგარიშობს – ჩვენთან ხომ არც ტრაგიკული გამოცდილება არსებობს. ყველა ომს, გადატრიალებას, გადატრიალების მცდელობას შეგვიძლია ის ერთი, სასწაულმოქმედი ნიჩივო დავუპირისპიროთ.

ნიჩივო, არაუშავს. ნიჩივო, გაივლის. ნიჩივო, მოგვარდება.

ნიჩივო ქართული სიტყვაა და ნიშნავს გულგრილობას – მკვლელობებზე, ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევაზე, დუმილს – შიმშილით დაღუპულ ბავშვებზე!.. დიახ, დუმილს – მაშინ, როცა მთელი ერი ლამისაა გადავყვეთ ორი პოლიტიკური ძალის კოაბიტაციაზე მსჯელობას, რომ ისინი კარგად მოკალათდნენ პარლამენტში და ჩვენი სახელით ილაპარაკონ… მერე კი, პოლიტიკური დაპირისპირებებისგან დამაშვრალმა დეპუტატებმა ერთად მიირთვან კატლეტი, პიურე და კომპოტი პარლამენტის ბუფეტში და ამ დროს ბავშვები შიმშილით (!) იხოცებოდნენ რეანიმაციაში.

და ჩვენ, მთელი საზოგადოება, მწუხარე და ნაღვლიანი სახით, გაუთავებლად ვიმეორებდეთ ერთსა და იმავეს:

ნიჩივო, არაუშავს. ნიჩივო, გაივლის. ნიჩივო, მოგვარდება.

 

გიორგი მოსიძე – რა? სად? როდის?

0

დავიბადე თბილისში, ვერაზე. დავამთავრე 183-ე, ძველი, ტრადიციული სკოლა. არ ვყოფილვარ წიგნიერებით გამორჩეული მოსწავლე და არც მაშინდელ წიგნის მოყვარულთა საზოგადოებაში ვირიცხებოდი, რომელიც დაკავშირებული იყო კომკავშირთან. რა თქმა უნდა, ვკითხულობდი, მაგრამ ჩემს სკოლაში იყვნენ ბავშვები, რომლებიც ჩემზე სამჯერ მეტს კითხულობდნენ. მოკლედ, წიგნის ჭია არ ვყოფილვარ. სამაგიეროდ, საბჭოთა ტელევიზიის ცენტრალურ არხზე “რა? სად? როდის?” თამაშებს არ ვტოვებდი. ინტელექტუალური თამაშის გამართვის იდეა პირველად პირველ-მეორე კურსზე გამიჩნდა. დასასვენებლად ვიყავით გორის რაიონში, სანატორიუმში. სწორედ იქ ვითამაშეთ მეგობრებმა. ოფიციალური თამაში კი სამედიცინო ინსტიტუტში, 1992 წლის შემოდგომაზე გავმართეთ. ფაქტობრივად, იმ დღეს ჩაეყარა საფუძველი ქართულ ინტელექტუალურ თამაშს. ხოლო თავად “რა? სად? როდის?” იმ ფორმატით, რომელსაც დღეს ქართველი ტელემაყურებელი უყურებს, ჩავატარეთ 1994 წელს. გაისად ოცი წლის იუბილე გვაქვს”, – ასე იხსენებს საკუთარ ბავშვობას და საქართველოში ყველაზე პოპულარული ინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?” დაბადებას mastsavlebeli.ge-სთან ინტერვიუში გადაცემის ავტორი და წამყვანი გიორგი მოსიძე.

– ბატონო გიორგი, თქვენ ამბობთ, რომ წიგნის უსაზღვროდ მოყვარული არ ყოფილხართ. მაშ, როგორ გახდით საქართველოში ინტელექტუალური თამაშის ფუძემდებელი?

– მე მიყვარდა თამაში. თამაში ხომ ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა. მიყვარდა როგორც სპორტული თამაშები, – დავდიოდი კალათბურთზე, ფეხბურთზე, – ისე ინტელექტუალურიც. საზოგადოდ, მოთამაშე გახლავართ. ცხოვრებას, როგორც თამაშს, ისე ვუყურებ. დიდხანს ვეძებდით მე და ჩემი მეგობრები, თუ იმართებოდა ამგვარი თამაშები საქართველოში. როცა ვერ აღმოვაჩინეთ, ჩვენ თვითონ შევქმენით. დღეს კი “რა? სად? როდის?” ამდენი მოთამაშე ერთ სულ მოსახლეზე არც ერთ ქვეყანაში არ არის. მოკლედ, ინტელექტუალური თამაშების ყველაზე მეტად მოთამაშე ერი ვართ.

– თამაში გიყვართ. რატომ აირჩიეთ ექიმის პროფესია და არა, ვთქვათ, მსახიობისა?

– ჩემი ოჯახი იყო ამის წინააღმდეგი. ჩემი მამა-პაპა ექიმი იყო და მეც ამ გზას გავუყევი. თუმცა არ ვნანობ. მე მაინც ის გავხდი, რაც მინდოდა, სამედიცინო განათლებით კი ბევრად უფრო ფართო თვალსაწიერი შევიქმენი. ცოტა ხნის წინ ვიყავი ამერიკაში, ნიუ-იორკის კინოაკადემიაში ტელეშოუებისა და კინოსერიალების პროდიუსერთა კურსები დავამთავრე. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვარ პროდიუსერი. როდესაც უმაღლეს სასწავლებელში ვაბარებდი, საწუხაროდ, საქართველოში ასეთი სასწავლებელი არ არსებობდა და მგონი, დღესაც არ არსებობს.

– თქვენ ბრძანეთ, რომ ქართველობა ყველაზე მოთამაშე ერია. რით ახსნით ამას?

– არ ვიცი, ეს ფენომენია, რომელსაც ვერავინ ხსნის. ისრაელიდან იყვნენ ჩამოსული მოაზროვნეები, რომლებსაც უნდოდათ ამოეხსნათ, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს. უკრაინა, რუსეთი წიგნის მკითხველი ქვეყნები არიან, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ მათ გავასწარით. რა თქმა უნდა, არა საერთაშორისო შედეგებით, რადგან ისინი რუსულ, მშობლიურ ენაზე თამაშობენ, ჩვენ კი გვიჭირს რუსულ ენაზე კონკურენციის გაწევა, მაგრამ ინტელექტუალური თამაშების ისეთი ბუმი, როგორიც საქართველოშია, არც ერთ ქვეყანაში არ არის.

– მოთამაშეთა ხარისხს როგორ შეაფასებდით?

– ხარისხი დრომ მოიტანა. ათწლიანი რეგულარული თამაშის წყალობით საკმაოდ მაღალი დონის გუნდები გვყავს. მაგალითად, თბილისის სუპერლიგა, რომელიც თვეში ერთხელ თამაშობს და იქ ყველა ტელესახეს ნახავთ, საკმაოდ ძლიერია. საერთაშორისო შედეგიც სახეზეა – ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები გავხდით. გიორგი ბაქრაძემ მოიგო ისრაელში ფინალი. შარშან მსოფლიო ჩემპიონატში მესამე ადგილი დავიკავეთ რუსეთისა და უზბეკეთის ნაკრებების შემდეგ. ეს – იმის გათვალისწინებით, რომ “რა? სად? როდის?” ყველა ქვეყანა რუსულად თამაშობს, მათ შორის – აზერბაიჯანიც და სომხეთიც. ჩვენ კი ეს თამაში გავაქართულეთ, გავაეროვნულეთ. ჩვენი პროგრამაც ამით განსხვავდება სხვებისგან და ამიტომაც არის პოპულარული. სხვა ქვეყნების თამაშების ვერსიებისგან განსხვავებით, სადაც მსოფლიო ინტერნეტიდან შეგროვებული კითხვებია, საქართველოში გვაქვს კითხვები ვაჟა-ფშაველასა და სხვა ქართველი მოღვაწეების შემოქმედებიდან. წელს გალაკტიონის წელია, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი კითხვა მოდის გალაკტიონის შესახებ. გვქონდა ილიას, აკაკის, ვაჟას წლები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამორიცხავს იმას, რომ ამ კითხვებმა ადრე უკვე გაიჟღერა. “რა? სად? როდის?” მსოფლიო პრობლემაა უკვე გათამაშებული კითხვები, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ვთამაშობთ ქართულად და ქართულ თემატიკაზე, ჩვენი კითხვები გაცილებით ორიგინალურია.

– ბოლო ხანს ხშირად გაიგონებთ, რომ წიგნიერების დონე საქართველოში დაეცა, თუმცა ინტელექტუალური თამაშების რაოდენობა საპირისპიროზე მეტყველებს…

– პოსტულატს, რომ საქართველოში წიგნიერების დონემ დაიწია, არ ვიზიარებ. ვერ გეტყვით, რომ 80-იან წლებში, როდესაც ვსწავლობდი, წიგნიერება უფრო მაღალ დონეზე იყო. პირიქით. დღევანდელი ახალგაზრდები უფრო აქტიურად დადიან ჩვენს თამაშებზე. თბილისის კლუბში ათი ათასამდე ახალგაზრდა მოდის. პარალელურად თამაშები იმართება ბათუმსა და ქუთაისში და იქაც არანაკლები აქტიურობაა. ეს ძალიან დიდი რიცხვია ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის. ეს ის ახალგაზრდები არიან. ვინც გაითავისა, რომ განათლება, პროფესიონალიზმი და საქმის კეთება არის მომავალი კარიერისა და ცხოვრების მოწყობის საწინდარი. გარდატეხა ჩვენს ერში მოხდა. ნაბიჯი უკვე გადადგმულია და ყველაფერი განვითარებისკენ მიდის. მითი, რომ მშობლები შეგინახავენ, ნათესაობა გიშველის, რომ შეგიძლია, კრიმინალის მხარეს წახვიდე და შენი ცხოვრება მაინც შედგება, დაიმსხვრა. გაიზარდა ახალი თაობა, რომელსაც ესმის, რომ საკუთარი ნიჭის, საკუთარი განათლების შესაბამისად შეგიძლია მოიწყო კარიერა და, ამის კვალობაზე, ცხოვრება. აქედან გამომდინარე, დაიწყო განათლებაში ჩაღრმავება.

– ალბათ, ყოველივე ამის შედეგია, რომ “რა? სად? როდის?” ძალიან პოპულარულია სკოლებში…

– სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, შარშან ინტელექტის დღესთან დაკავშირებით საქართველოს 69 მუნიციპალურ ცენტრში ერთდროულად გაიმართა “რა? სად? როდის?” გათამაშება, რომელშიც ქვეყნის ყველა სკოლის ნაკრები მონაწილეობდა. ამ გზით გამოვლინდა 69 ჩემპიონი. დასკვნითი თამაში კი თბილისში ჩატარდა. 2012 წელს პირველ ადგილზე ბათუმი გავიდა, მეორე-მესამე ადგილები თერჯოლამ და ჩხოროწყუმ გაიყვეს. მეოთხეზე გავიდა გარდაბანი, მეხუთეზე კი ვაკე-საბურთალოს კომაროვის სკოლა. წელს ინტელექტუალური თამაში მუნიციპალიტეტებში 13 აპრილს გაიმართება, 11 მაისს კი თბილისში, სასტუმრო “შერატონში”, ჩატარდება ფინალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 69 გუნდი. ეს არის უნიკალური ღონისძიება, რომელზეც საქართველოს ყველა კუთხე იქნება წარმოდგენილი. ეს, ფაქტობრივად, საქართველოს მომავლის შეკრებაა. ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც ცოტა ხანში თავიანთ სიტყვას იტყვიან ეკონომიკაში, მედიცინაში, მეცნიერებაში…

– იმისთვის, რომ “რა? სად? როდის?” კარგად თამაშობდე, წიგნიერება ალბათ არ არის საკმარისი..

– პირველი – საჭიროა განათლება, ნაკითხობა; მეორე – გუნდური მუშაობის უნარი, ანუ ადამიანს, რომელიც თამაშობს “რა? სად? როდის?”, უნდა შეეძლოს, ხუთ სხვა, მასავით ამბიციურ, განათლებულ, ყველაფერზე საკუთარი აზრის მქონე ადამიანთან ეფექტურად იმუშაოს. მესამეა რეაქცია – ადამიანმა ერთ წუთში უნდა მოასწროს თავისი ყველა რესურსის ამოიღება. ჩაძინებული ცოდნა თითქმის ყველას აქვს. მეხსიერებაში ბევრი რამ ინახება – წაკითხული, ნანახი, გაგონილი; ამის ერთ წუთში ამოღება და სწორად გამოყენებაა მნიშვნელოვანი. მეოთხე – აუცილებელია ინტუიცია. ხდება ისეც, რომ გაუმართლებს მოთამაშეს, მაგრამ საბოლოოდ უძლიერესი იმარჯვებს. და მეხუთე – ყოველივე ამას სჭირდება ”რა? სად? როდის?” თამაშის სპეციფიკური ნიჭი. ეს ჭადრაკივით არის – სვლები ყველამ ვიცით, მაგრამ დიდოსტატები ერთეულები ხდებიან.

– მასწავლებლის როლი როგორ წარმოგიდგენიათ ამ თამაშში?

– თუ მასწავლებელი სათანადო ცოდნას გაძლევს, მის საგანში ძლიერი ხარ. მე, მაგალითად, გეოგრაფიის მასწავლებელი მყავდა ძალიან მომთხოვნი და ეს საგანი ვიცოდი კარგად. ვიღაცამ ისტორია იცის, ვიღაცამ – მათემატიკა… მასწავლებელი ორგანიზატორი და მწვრთნელია, რომელიც ამეცადინებს ბავშვებს და ასე ვითარდება გუნდი. https://moazrovne.net – ამ საიტზე უამრავი კითხვაა, მასწავლებლებს შეუძლიათ, ამოიღონ და ამეცადინონ მოსწავლეები.

– რას ურჩევთ “რა? სად? როდის?” ახალბედა მოთამაშეებს?

– იკითხონ ბევრი, ითამაშონ “რა? სად? როდის?” და ნუ დაემორჩილებიან შაბლონს, გაიფართოონ თვალსაწიერი, გამოვიდნენ საზღვრებიდან და თავისუფლად, ლაღად იაზროვნონ.

როგორ დავეხმაროთ მოზარდს პროფესიის არჩევაში

0

ყველა მოზარდის ცხოვრებაში დგება წუთი, როდესაც მან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯი უნდა გადადგას – თავისი მომავალი განსაზღვროს, პროფესია აირჩიოს, თუმცა მოზარდების უმრავლესობა მზად არ არის ამ ნაბიჯისთვის, რადგან არც საკუთარ არჩევანშია დარწმუნებული და არც იმაში, რომ ეს არჩევანი გაამართლებს. რას ნიშნავს “სწორი არჩევანი” და რა მოეთხოვებათ სკოლას, მშობლებსა და მასწავლებლებს, რათა მოზარდს მის გაკეთებაში დაეხმარონ? ამის თაობაზე ვესაუბრეთ და გამოცდილების გაზიარება ვთხოვეთ გრაცის უნივერისტეტის პროფესორს, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, განათლების ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ქალბატონ მანუელა პეხტერს

და ამავე დეპარტამენტის მკვლევარს სილკე ლუტენბერგერს, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია ამ საკითხებზე მუშაობენ.

                                                                                                      

-ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რაოდენ მნიშვნელოვანია სწორი პროფესიული არჩევანი. რას გულისხმობს ცნება “სწორი არჩევანი” და რა ახდენს გავლენას მოზარდის პროფესიულ არჩევანზე?

– პროფესიის არჩევა მოზარდის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ეს არ არის მარტივი პროცესი. არჩევანის გასაკეთებლად მოზარდმა, ერთი მხრივ, უნდა გააცნობიეროს, რა არის მისი ინტერესების სფერო და რა უნარები და კომპეტენციები აქვს ამ სფეროში, მეორე მხრივ კი თანხვედრაში მოიყვანოს ისინი სასურველი პროფესიის მოთხოვნებსა და შესაძლებლობებთან. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, სწორი არჩევანი გულისხმობს სწორედ სრულ თანხვედრას ამ სამ ფაქტორს – “მინდას”, “შემიძლიასა” და “საჭიროას” – შორის.

ეკონომიკური თვალსაზრისით, სწორი არჩევანი შეიძლება განვიხილოთ შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების ჭრილში. ხშირად ესა თუ ის პროფესია სხვებზე მეტად მოთხოვნადია და ახალგაზრდებიც მას ირჩევენ, თუმცა ეს არჩევანი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით სწორი შესაძლოა არ იყოს.

სოციალურ-კოგნიტიური თეორია (Lent, Brown, & Hackett, 1994) ამ პროცესის უკეთ გასაგებად გვთავაზობს თეორიულ მოდელს, რომლის თანახმადაც პროფესიული ინტერესების ჩამოყალიბებასა და პროფესიულ ქცევაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი. ისინი პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ: კოგნიტიურ-პიროვნულ ფაქტორებად, როგორიცაა თვითშეფასება, მოლოდინები, მიზნები, მოტივები, და კონტექსტურ ფაქტორებად, როგორიცაა სქესი, მშობლებისა და თანატოლების მხარდაჭერა, პროფორიენტაცია და სხვა.

– რა აუცილებელი ეტაპები უნდა გაიაროს მოზარდმა სწორი პროფესიული არჩევანის გასაკეთებლად?

– როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოზარდის სასურველი პროფესია თანხვედრაში უნდა იყოს მის პიროვნულ და პროფესიულ ინტერესებთან (Holland, 1997). პროფესიული ინტერესები დროში შედარებით სტაბილურია და ადვილად არ ექვემდებარება ცვლილებებს, ამიტომ მცდარმა არჩევანმა შესაძლოა ხანგრძლივი არასასურველი შედეგი მოგვიტანოს პროფესიით უკმაყოფილებისა და არარეალიზებულობის განცდის სახით. ამის კვალობაზე, პირველი მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაბიჯი ის არის, რომ პროფესიის არჩევამდე მოზარდმა გააცნობიეროს თავისი ინტერესები და გადაწყვეტილება მათზე დაყრდნობით მიიღოს.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გადამწყვეტ გავლენას ახდენს მოზარდის არჩევანზე, არის ინდივიდის თვითეფექტურობის განცდა. ეს არის საკუთარი ძალების რწმენა, რწმენა იმისა, რომ კონკრეტულ სიტუაციაში ის წარმატებას მიაღწევს. თვით ეფექტურობის განცდას უშუალო კავშირი აქვს პროფესიით კმაყოფილებასთან და მნიშვნელოვანწილად მასზეა დამოკიდებული, რამდენად მოახერხებს ინდივიდი საკუთარი პროფესიის პრაქტიკაში რეალიზებას (Bandura, Barbaranelli, Caprara, & Pastorelli, 2001), ამიტომ მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასებაა.

ამასთანავე, ხშირად ახალგაზრდებს არ აქვთ რეალური ინფორმაცია პროფესიების შესახებ, არ იციან, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ ამა თუ იმ პროფესიის წარმატებით დასაუფლებლად და როგორ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი კონკრეტული პროფესიის ფარგლებში. გადაწყვეტილების მიღებისას ისინი ხშირად ეყრდნობიან პროფესიებზე სტერეოტიპულ შეხედულებებს. სწორედ ამის ბრალია, რომ ახალგაზრდები ძირითადად იმ პროფესიებს ირჩევენ, რომლებიც ტიპობრივი და პრიორიტეტულია მათი სქესისთვის. რეალისტური და სწორი არჩევანის გასაკეთებლად კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა, გვქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია პროფესიების შესახებ.

აი, ეს არის სამი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი წარმატებული არჩევანის გასაკეთებლად.

– რა როლი ეკისრება სკოლას მოზარდის პროფესიულ არჩევანში? რის გაკეთება შეუძლია მას მოზარდის არჩევანისთვის მოსამზადებლად?

– პრინციპში, სკოლის მთავარი და პრიორიტეტული მიზანი უნდა იყოს, მოზარდს ყოველგვარი პირობა შეუქმნას ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯების წარმატებით განხორციელებისთვის. არსებობს უამრავი სხვადასხვა ტიპის აქტივობა, რომელსაც სკოლა უნდა სთავაზობდეს მოსწავლეს, მაგალითად, პროფორიენტაციული შეხვედრები, ინფორმაციის მიწოდება პროფესიების ტიპებსა და თავისებურებებზე, ექსკურსიები სხვადასხვა პროფესიულ გარემოში, სხვადასხვა ორგანიზაციაში სტაჟირება და ასე შემდეგ, მაგრამ მთავარი ალბათ მაინც ის არის, რომ სკოლამ უნდა წაახალისოს მოსწავლე, დამოუკიდებლად მოიძიოს ინფორმაცია სასურველ პროფესიებზე, გააცნობიეროს თავისი პრიორიტეტები და შეაფასოს თავისი შესაძლებლობები და უნარები ამ პროფესიის მოთხოვნათა ჭრილში.

გარდა ამისა, სკოლა ვალდებულია, დაეხმაროს მოსწავლეს თვითრეგულაციის უნარის გამომუშავებაში.

– რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მშობელს, საზოგადოდ, ოჯახს მოზარდის პროფესიულ არჩევანზე და როგორი იქნება ამ შემთხვევაში მშობლის ჩართულობის საუკეთესო სტრატეგია?

– მოსწავლეთა პროფესიული არჩევანი ნაწილობრივ სწორედ მშობლებისა და მასწავლებლების გავლენით აიხსნება. კვლევები (მაგ., Miller, 1994) გვიჩვენებს, რომ მშობლები ხშირად თვითონ წარმოადგენენ შვილებისთვის პროფესიული ინტერესების, პროფესიული წარმატებისა და არჩევანის მაგალითს. წარმატებული და პროფესიულად შემდგარი მშობელი კარგი მოდელია შვილისთვის. მოზარდები ხშირად ირჩევენ მშობლის პროფესიის ანალოგიურ პროფესიებს. თუმცა ეს გავლენა ასე ერთმნიშვნელოვანი არ არის. ის დამოკიდებულია იმაზეც, გრძნობს თუ არა მოზარდი მშობლის მხარდაჭერას თავისი ინტერესების შესატყვისი არჩევანის გაკეთებაში. როდესაც ამ პროცესში მშობელთა ჩართულობაზე ვსაუბრობთ, გვახსოვდეს, რომ მშობელი ორიენტირებული უნდა იყოს შვილის ინტერესებსა და უნარებზე და არა საკუთარ სურვილებსა და კულტურულ სტერეოტიპებზე.

აქვე შევჩერდებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. მოზარდ ასაკში, როგორც ვიცით, წამყვანი ქცევა პიროვნული ურთიერთობებია და მოზარდის სოციალური კავშირებიც ფართოვდება. მშობლებთან ერთად მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ თანატოლები და სხვა ავტორიტეტული პირები. მოზარდის პროფესიულ არჩევანზე ხშირად თანატოლების გავლენა უფრო მეტია, ვიდრე მშობლებისა ან ოჯახისა. მეგობარი, რომელსაც მომავლის საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს, შესაძლოა ძლიერ კატალიზატორად იქცეს მეორე მოზარდის ასეთივე ამბიციური გეგმების ჩამოყალიბებისთვის და პირიქით – მეგობარი, რომელსაც არცთუ დიდ იმედს ამყარებს საკუთარ თავსა და მომავალ პროფესიულ საქმიანობაზე, შესაძლოა ცუდი მოტივატორი აღმოჩნდეს მეორე მოზარდის პროფესიული არჩევანისთვის.

– რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით ავსტრიაში და რას აკეთებს სკოლა, საზოგადოდ, განათლების სისტემა სწორი არჩევანის გაკეთებაში მოზარდის დასახმარებლად? როგორ მუშაობს პროფორიენტაციის სისტემა ავსტრიის სკოლებში და, თქვენი აზრით, რამდენად წარმატებული იგი?

– ჩვენი აზრით, ავსტრიის სკოლები ყველაფერს აკეთებენ, რათა მოზარდს პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარონ. ჩვენ გვაქვს ევროპის მასშტაბით უნიკალური სისტემა. მე-7 და მე-8 კლასებში ყველა საშუალო სკოლა სთავაზობს მოსწავლეებს პროფორიენტაციის კურსებს. ამ პერიოდში მოსწავლეები 13-15 წლისანი არიან. კურსი კვირაში 1 საათს მოითხოვს. გვაქვს მოსამზადებელი პროფესიული სკოლებიც (მე-9 კლასი). ამ სასწავლებლებში უმთავრესად ის მოზარდები სწავლობენ, რომლებიც მომავალში რაიმე ხელობის შესწავლას აპირებენ. ეს სკოლები მოსწავლეებს სთავაზობენ პროფორიენტაციულ სერვისს უკვე კვირაში 2 საათის დატვირთვით.

თავად სკოლებში პროფორიენტაციული სერვისი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სკოლის ტიპზე, მის სპეციფიკასა და პროფილზე. ჩვენ გვაქვს სასკოლო განათლების ძალიან დიფერენცირებული სისტემა. კერძოდ, მერვე კლასის დასრულების შემდეგ მოსწავლე არჩევანის წინაშე დგება, სად და რა ტიპის სკოლაში გააგრძელოს სწავლა. ამრიგად, პროფესიული თვალსაზრისით პირველი გადაწყვეტილების მიღება მას ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში უწევს. არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია – მას შეუძლია, სწავლა გააგრძელოს ზოგადსაგანმანათლებლო აკადემიური ტიპის სკოლაში (AHS), მაღალი საფეხურის ტექნიკურ ან პროფესიულ სკოლაში (HBS), საშუალო პროფესიულ სკოლაში (MBS) ან მოსამზადებელ პროფესიულ სკოლაში (PS). შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, როგორ დავეხმარებით მოსწავლეს, ინფორმირებული და მომზადებული შეხვდეს ამ გადამწყვეტ ნაბიჯს.

თუმცა პროფორიენტაციული სერვისის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ იგი უნაკლოა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სერვისი გაუმჯობესებას მოითხოვს. პირველი, რაზეც ფოკუსირება უნდა გაკეთდეს, ის არის, რომ აკადემიური ტიპის საშუალო სკოლებში სხვა სკოლებზე ნაკლები ყურადღება ექცევა პროფორიენტაციის საკითხს, რადგან იგულისხმება, რომ მათი მოსწავლე მომდევნო საფეხურზეც ამავე ტიპის სკოლაში გააგრძელებს სწავლას. ამ ტიპის სკოლები კი ორიენტირებულნი არიან საუნივერსიტეტო განათლებაზე და მიაჩნიათ, რომ მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია მე-8 კლასში პროფორიენტაციის კურსი. ეს საკითხისადმი არასწორი მიდგომაა.

საყურადღებოა ისიც, რომ პროფორიენტაციის კურსი ძირითადად მოსწავლის ინფორმირებაზეა ორიენტირებული და ნაკლებად ზრუნავს მის პიროვნულ მხარეზე. სასურველია, უფრო ძლიერი აქცენტი დაისვას დაგეგმვის, გადაწყვეტილების მიღებისა და თვითრეგულაციის უნარების განვითარებაზე.

რას ურჩევდით მასწავლებლებსა და მშობლებს, რით შეიძლება დაეხმარონ ისინი მოზარდს სწორი არჩევანის გაკეთებაში?

– მასწავლებელი მოტივირებული უნდა იყოს, გამუდმებით უბიძგოს მოსწავლეს საკუთარი ინტერესების გაცნობიერებისკენ, თავისი სუსტი და ძლიერი მხარეების გააზრებისაკენ. მან უნდა წაახალისოს მოზარდი, მისი არჩევანი თანხვდებოდეს მის შესაძლებლობებსა და პიროვნულ ინტერესებს. ასევე სასურველია, მასწავლებელმა იმუშაოს მოსწავლის თვითეფექტურობის განცდაზე. ეს შეიძლება განხორციელდეს სასწავლო პროცესისგან დამოუკიდებლადაც, პროფორიენტაციის კურსის ფარგლებში სპეციალური მოდულითა და რეკომენდაციებით (Luttenberger & Paechter, 2012). მაგრამ მასწავლებელმა ეს რომ შეძლოს, იგი უნდა იცნობდეს მოსწავლის ოჯახურ ფონს, მაშასადამე, თანამშრომლობდეს მშობელთან.
მშობელმა კი ამ კუთხით ზრუნვა ადრევე უნდა დაიწყოს და არა უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების წინ. იგი შვილს გამუდმებით უნდა უწყობდეს ხელს, რაც შეიძლება მეტი გაიგოს საკუთარი თავის შესახებ, აძლევდეს საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების სხვადასხვა სფეროში მოსინჯვის საშუალებას, ხშირად ესაუბრებოდეს პროფესიულ გეგმებზე და ამგვარად შეამზადოს იგი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მისაღებად. ნუ გავაკეთებთ არჩევანს შვილის მაგივრად. გვახსოვდეს, რომ ყველა ბავშვი ინდივიდია და ელიტური პროფესიის არჩევა წარმატებული მომავლის გარანტია არ არის.

კუნძული შუა გზაზე

0

გინახავთ, რა ლამაზები და მხიარულები არიან პატარა ალბატროსები?

გაგიგონიათ რამე კუნძულ მიდვეის შესახებ, რომელიც წყნარ ოკეანეში მდებარეობს, კალიფორნიასა და იაპონიას შორის, ზუსტად შუაში (სახელიც ამას ნიშნავს – “შუა გზა”)?

გიფიქრიათ ოდესმე იმაზე, სად მიდის ჩვენ მიერ გამოყენებული და გადაყრილი პლასტმასის ნივთები?

მაშინ მე მოგიყვებით ამბავს იმის შესახებ, როგორ ცხოვრობენ ღუნღულა ალბატროსები დაუსახლებელ, უახლოესი კონტინენტიდან 2 000 მილით დაშორებულ კუნძულ მიდვეიზე, სადაც სხვა უნიკალური ჯიშის ცხოველები და ფრინველებიც ბინადრობენ და რა ზიანს ვაყენებთ გარემოს ჩვენ მიერ გადაყრილი ნაგვით. უფრო სწორად, მე მოგიყვებით ამბავს იმ არაჩვეულებრივი ფილმისას, რომლის გადაღებაც ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ უკვე საკმაო რეზონანსი გამოიწვია და რომელმაც, ძნელია, ვინმე გულგრილი დატოვოს.

 

ფილმზე მუშაობა კუნძულ მიდვეიზე სამი წლის წინ დაიწყო კრის ჯორდანმა და დასრულებული ნამუშევარი 2013 წელს უნდა გამოვიდეს ეკრანებზე.

ის, რაც რეჟისორის ყურადღების ცენტრში მოექცა, სრულიად შემაძრწუნებელია:

კუნძულზე, სადაც ყველაზე მეტი ალბატროსი ცხოვრობს, ზღვის ამ ფრინველის 21 სახეობიდან 19 გადაშენების პირასაა. ყოველი მესამე ალბატროსი მათ სხეულში მოხვედრილი პლასტმასის ნარჩენებისგან კვდება. ზღვის ფრინველებს უჭირთ ფერადი ნარჩენების საკვებისგან განსხვავება და წყალში მოტივტივე ან ქვიშაზე გამორიყულ პლასტმასის ნივთებს, რომლებიც კუნძულზე ყოველ ნაბიჯზეა, ყლაპავენ.

არაორგანული ნარჩენები, რომელთა გადამუშავებასაც ათასობით წელი სჭირდება, საფრთხეს უქმნის როგორც ალბატროსების, ისე კუნძულზე მცხოვრები სხვა ცოცხალი არსებების სიცოცხლესაც. გარემოში გაფანტული პლასტმასა საშიშია არა მხოლოდ იმით, რომ ცხოველები და ფრინველები მას საკვებთან ერთად ყლაპავენ, არამედ იმითაც, რომ ტოქსინებს წარმოქმნის და  გარშემო ყველაფერს წამლავს და აბინძურებს. განსაკუთრებით მავნეა მისი ზემოქმედება წყალში, სადაც პლასტმასის ნივთების გარშემო წარმოქმნილი მავნე ნივთიერებები მომაკვდინებლად მოქმედებს ზღვებისა და ოკეანეების ფლორასა და ფაუნაზე.

პლასტიკური ნარჩენები, რომლებიც ნაგვის 15%-ს შეადგენს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გარემოსთვის მარადიული შხამია. ეს არის ბომბი, ჩადებული დედამიწის წიაღში, რომელსაც არაერთი ცოცხალი ორგანიზმის დაღუპვა შეუძლია. მიუხედავად ამისა, ადამიანები მაინც არ ამბობენ უარს მის მასიურ წარმოებაზე (ეს პროცესი მე-20 საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო). შეიძლება ითქვას, პირიქითაც, ვინაიდან 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში უფრო მეტი პლასტმასა იქნა წარმოებული, ვიდრე მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში. ისიც უნდა ითქვას, რომ პოლიეთილენის ნივთების უმეტესობა ერთჯერადია, ანუ ის, რითაც სულ რამდენიმე დღე ან საათი ვსარგებლობთ, შემდეგ საუკუნეების განმავლობაში განუსაზღვრელ ზიანს გვაყენებს.

საზღვაო ბიოლოგიისა და ეკოლოგიის ცენტრის გამოკვლევის თანახმად, გარემოში დაგროვილ მავნე ნივთიერებათა ზემოქმედების გამო 370-ზე მეტი სახეობის ცხოველსა და ფრინველს ემუქრება გადაშენება. ცენტრი 2004 წლიდან აკვირდება ოკეანეებში დაგროვილი პლასტიკური ნივთიერებების ზემოქმედებას გარემოზე.

შედეგები შემაძრწუნებელია და ეკოლოგები მოითხოვენ, პლასტმასა გარემოსთვის საშიშ ნივთიერებად იქნეს აღიარებული, რაც საშუალებას მისცემს გარემოს დამცველებს, მის მიმართ ამკრძალავი ღონისძიებები მოითხოვონ. ამჟამად იგი, როგორც იაფი და მსუბუქი ნივთიერება, ამკრძალავი საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო შეუზღუდავად იწარმოება და გამოიყენება.

ჯერჯერობით უცნობია, რა საფრთხეს შეიცავს ადამიანისთვის ზღვის იმ პროდუქტებისგან მომზადებული საკვები, რომელსაც შხამიანი ნივთიერებებით გაჯერებულ წყალში მოიპოვებენ. ასევე უცნობია, რამდენად უსაფრთხოა გაფილტრული წყალი, რომლის დიდი ნაწილი პლასტიკატის უმცირესი ერთეულებითაა გაჯერებული.

ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია სახელმწიფოების მიერ პლასტიკური ნაგვის გადამამუშავებელ საწარმოებში მეტი ფულის ინვესტირება, გარემოს დამცველთა კიდევ უფრო აქტიური პროპაგანდა პლასტმასის წარმოების შესამცირებლად, მოქალაქეთა მხრივ კი გარემოზე ზრუნვა და რაც შეიძლება ნაკლები მავნე ნივთიერების გამოყენება და გადაყრა. და რაც შეიძლება მეტი ისეთი ადამიანის გამოჩენა, როგორიც ფილმის რეჟისორი კრის ჯორდანია (ასეთ ხალხს შესწევს ძალა, ამა თუ იმ საკითხზე ღრმად დაგაფიქროს).

მაგალითად, შეგიძლიათ შეიძინოთ ნაჭრის ჩანთა, რომლითაც ივლით საყიდლებზე და ნაცვლად ცელოფნის პარკებისა, რომლებსაც მომსახურების ობიექტები გვთავაზობენ და რომლებიც განუსაზღვრელი რაოდენობით დაფრინავს ჩვენ ირგვლივ, ამ ჩანთით მოიტანოთ შინ პროდუქტი, ან შეიძინოთ ლამაზი ბოთლი და ნაცვლად ერთჯერადისა, ამ ბოთლით ატაროთ თან თქვენი სასმელი. რაც მთავარია, ამასვე მიაჩვიოთ თქვენი პატარები და მოსწავლეები და თუმცაღა გარემოში დაგროვილ პლასტმასას ამით არაფერი დააკლდება, გეცოდინებათ, რომ არც მიემატება და თქვენ მიერ გადაყრილი ნივთებით სადღაც, დედამიწის რომელიღაც წერტილში, ღუნღულა ალბატროსები და გიგანტური კუები არ დაიხოცებიან.

და კიდევ, აუცილებლად აჩვენეთ ეს და სხვა ასეთი ფილმები ბავშვებს, ვინაიდან ნანახს ხშირად მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე სიტყვიერ შეგონებებს.

აუტიზმი – სასჯელი თუ განსხვავებულობა?

0
ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება წუთი, როცა უმწეობა და უიმედობა რეალობის შეგრძნებას გვაკარგვინებს. რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი ლოდი, რომელიც სასოწარკვეთილების ორმოდან ამოსვლაში ხელს გვიშლის. დასასრულის შიში კი იმდენად ძლიერია, რომ ორმოს თავზე ცას ვეღარ ვამჩნევთ.

ალბათ იკითხავთ, ვინ ვარ და რატომ უნდა წაიკითხოთ ჩემი ამბავი. თუ გავიხსენებ, რომ “არავინ და არაფერი ჩნდება ამქვეყნად ერთადერთი და პირდაპირი დანიშნულებით”, ამ კითხვაზე პასუხი არც ისე ადვილი აღმოჩნდება, მაგრამ რაკი ამ წერილის “მთავარი გმირი” ჩემი შვილია, გაგეცნობით როგორც დედა, რომელსაც პირველად გაუჩნდა ფართო აუდიტორიის წინაშე აუტიზმთან დაკავშირებულ პირად გამოცდილებაზე ღიად საუბრის სურვილი.

ჯობს, თხრობა იმ დღიდან დავიწყო, როცა თბილისის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულებიდან უპასუხო კითხვებითა და უიმედობის განცდით სავსე გამოვედი. აღარ მახსოვს, რამდენ ხანს ვიდექი ქუჩაში და საკუთარ თავს ვეკითხებოდი: “ახლა საით?.. საით?..”

დღეს, როცა უკან ვიხედები და შვიდწლიანი გამოცდილების სიმაღლიდან ჩემს თავს ვაკვირდები, მახსენდება ის წყვდიადი, რომელშიც ყველა დედა შეიძლება აღმოჩნდეს, თუ მასაც უპასუხოდ დატოვებენ კითხვების უსიერ ტევრში. 
* * *
აუტიზმი! დღეს საქართველოში ამ ნეირობიოლოგიურ დაავადებაზე საკმაო ბეჭდური და ინტერნეტმასალა მოიპოვება, მაგრამ შვიდი წლის წინ ფსიქოლოგიურად და ინფორმაციულად მოუმზადებელი ახალგაზრდა დედისთვის, რომლის ოთხი წლის შვილსაც აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს, “აუტიზმი” იყო ასო-ნიშნების უცნობი ჯამი, რომელიც დედა-შვილს უიმედობის უფსკრულისკენ მიაქანებდა. 

ზოგადი წარმოდგენისთვის: აუტისტური სპექტრის აშლილობა არის გარე სამყაროსადმი გულგრილობა; ბავშვს უჭირს კომუნიკაციის დამყარება ყველაზე ახლობელ ადამიანთან, დედასთანაც კი, შესაბამისად, არ აქვს განვითარებული სოციალური უნარები და მისი ქცევაც პრობლემურია.

ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ თუ ბავშვი ჩუმი და უპრეტენზიოა, “თვითონ ირთობს თავს” და ხელს არავის უშლის, პრობლემაც არ არსებობს. ასეთ დროს მშობელს შეუმჩნეველი რჩება შვილის მიდრეკილება სტერეოტიპული ქცევისადმი (ერთი და იმავე მოქმედების ხანგრძლივი, მრავალჯერადი განმეორება). მეც სწორედ აქ დავუშვი შეცდომა, არ დავაკვირდი ბავშვის თამაშს, მის მეტყველებას, ქცევას და ოთხ წლამდე, სანამ გარემოსთან კავშირი კატასტროფულ მინიმუმამდე არ შეამცირა და ემოციური ფონი არ დაუმძიმდა (უძილობა, ჭირვეულობა, შფოთვა, მუდამ შეწუხებული გამომეტყველება), პრობლემის არსებობა არ ვაღიარე.

გვერდს ვერ ავუვლით გარეფაქტორებს, რომლებმაც ასევე შემიშალა ხელი პრობლემის გააზრებასა და აღიარებაში:
. ინფორმაციულ ვაკუუმს (არაფერი ვიცოდი მსგავს დაავადებებზე, სპეციალურ ცენტრებზე, პრობლემის გადაჭრის გზებზე);
. განსხვავებულობისადმი საზოგადოების დამოკიდებულებას;
. სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრაციის “თავის არიდების” სტრატეგიას;
. საზოგადოდ, “პრობლემური ბავშვებისადმი” მასწავლებლების დამოკიდებულებას (რომ ისინი ვერაფერს მიაღწევენ და მხოლოდ ტვირთი არიან).

ახლა ვხვდები, რა დიდი როლი ითამაშა საზოგადოების არასწორმა მიდგომამ გაურკვევლობისა და უფუნქციობის პერიოდის გახანგრძლივებაში. როდესაც ნაცნობებს ბავშვის მდგომარეობის შესახებ ვუყვებოდი და რჩევას ვეკითხებოდი, ისინი სინანულით გადააქნევდნენ თავს და სიბრალულის გამომხატველ ფრაზებს არ იშურებდნენ: “უი, შე საწყალო! ახლა რა გეშველება?” – და ა.შ. კითხვებზე პასუხი მხოლოდ ფსიქოლოგებთან მისვლის შემდეგ მივიღე.

საკმაო ხანი დამჭირდა საკუთარი შვილის გასაცნობად. ფსიქოლოგებთან ხანგრძლივი ვიზიტების შედეგად, უპირველესად, შევცვალე მიდგომა, ვაღიარე, რომ ყველა ბავშვი ინდივიდია, განვითარების განსხვავებული ტემპი აქვს და მსგავსი პრობლემის აღიარება მისი საზოგადოებრივი ცხოვრების დასასრული კი არა, დასაწყისია.

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის სატელევიზიო და ბეჭდურ საინფორმაციო სივრცეს იშვიათად უთმობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებზე საუბარს. თბილისში დღეისათვის საკმაო რაოდენობის სპეციალური სასწავლო (სპეცსკოლა, დღის ცენტრი) და სამედიცინო დაწესებულება ფუნქციონირებს. მშობელს აღარ გაუჭირდება ინკლუზიური სწავლისადმი კეთილგანწყობილი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პოვნაც, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან კვალიფიციური სპეციალისტები მუშაობენ და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევენ. მე სიბნელეში ხელის ცეცება ცოტა მეტხანს მომიხდა, მაგრამ, საბედნიეროდ, დროულად ვიპოვე ის საგანმანათლებლო და სამედიცინო სივრცე, რომელმაც ჩემი შვილის “გამოღვიძებაში” უზარმაზარი როლი ითამაშა.

დავიწყებ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებით: მახსოვს, ლუკა პირველად ოჯახისგან მალულად მივიყვანე ბაღში. ბავშვის მდგომარეობისადმი არასწორი მიდგომა – უუნაროს იარლიყის მიკერება – ხშირად ოჯახიდან იწყება. სწორედ “ცოდოა-დაჩაგრავენ” დამოკიდებულების გამო დავმალე ჩემი გადაწყვეტილება. სიტყვა მეტისმეტად გამიგრძელდება, რომ ჩამოვთვალო, რამდენმა პრობლემამ იჩინა თავი, როგორ გაუჭირდა ბავშვს უცხო გარემოსთან შეგუება და მისი სრული იგნორირების გზით როგორ ცდილობდა საკუთარ თავში ჩაბრუნებას. სამწუხაროდ, შვიდი წლის წინ ინკლუზიის დანერგვა სასწავლო დაწესებულებებში ახალი დაწყებული იყო, მაგრამ ბევრი ძებნის შემდეგ მაინც მივაგენი საჭირო ბაღს და მასწავლებლებს, რომლებსაც აღმოაჩნდათ თანდაყოლილი ალღო და ჰუმანურობა, რამაც პირველი ნაყოფი გამოიღო.

დღემდე მახსოვს ის საახალწლო ზეიმი, როცა ჩემი შვილი პირველად ჩადგა თანატოლებთან ერთად წრეში და მიუხედავად იმისა, რომ სიტყვაც არ დაუძრავს, მისი ეს საქციელი დიდ წარმატებად მიმაჩნდა.

ასე დაამყარა ლუკამ პირველად საზოგადოებასთან კონტაქტი. ნელ-ნელა ალაპარაკდა კიდეც. თავდაპირველად მესამე პირში და მხოლოდ პირადი საჭიროების გამო გველაპარაკებოდა (როცა შიოდა, სწყუროდა ან რაიმე ნივთი უნდოდა). გარკვეული ხნის შემდეგ ძალიან დამძიმდა, გამუდმებით შფოთავდა და წუხდა. ისევ ჩაიკეტა. ერთ დღესაც პირად ფსიქოლოგს გამოუცხადა, რომ “ლუკა იღუპება” და სთხოვა, უშველეთო. იმ დღის შემდეგ გარე სამყაროსადმი მისი დამოკიდებულება საგრძნობლად შეიცვალა. წინსვლის პროცესს თან ახლდა მუდმივი შფოთვა, უძილობა და უხასიათობა, მაგრამ გაუთავებელ რბოლას “გადარჩენისკენ” უკვალოდ არ ჩაუვლია. მიუხედავად ქცევასა და კომუნიკაციასთან დაკავშირებული სირთულეებისა, ექვსი წლის ლუკა სკოლაში მიიღეს. თავიდან სკოლის ადმინისტრაციამ აქტიურად ჩამრთო სასწავლო პროცესში. ვესწრებოდი გაკვეთილებს და ვეხმარებოდი მასწავლებლებს. თანდათან ლუკას ქცევა და ემოციური ფონი მეტ-ნაკლებად მოუწესრიგდა და შესაძლებელი გახდა მისი სკოლაში მარტო დატოვება. რა თქმა უნდა, დღესაც ვაწყდებით სირთულეებს, მაგრამ დაგროვილი გამოცდილების ფონზე მათი გადალახვა გაცილებით ადვილია. რაც მთავარია, ბავშვი თავს გრძნობს იმ საზოგადოების სრულფასოვან წევრად, რომელშიც საკმაოდ დიდი დროს ატარებს.

მე როგორც მშობელს მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გირჩიოთ: გულწრფელად უნდა გვჯეროდეს, რომ განსხვავებულობა არ ნიშნავს სასჯელს, რადგან ყველა ცოცხალ არსებას აქვს განვითარების უნარი. მაგალითად კი საკმარისი იქნება, გავიხსენოთ აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზის მქონე გამოჩენილი ადამიანები (ბილ გეიტსი, ისააკ ნიუტონი, ალბერტ აინშტაინი, სტივენ სპილბერგი, ბობ დილანი, ჯეკ ნიკოლსონი, დერილ ჰანა…), რომელთა საქმიანობაც დღემდე საზოგადოების აღტაცებას იწვევს.

ჯონ ჰოლტი – “როგორ მარცხდებიან ბავშვები”

0

ჯონ ჰოლტის ინოვაციურ წიგნში “How Children Fail” (პირველი გამოცემა – 1964, შემდეგი გამოცემები – 1982, 1995, გაიყიდა მილიონზე მეტი ეგზემპლარი, ლ. ა.) ავტორი სკოლაში და თამაშის დროს ბავშვებზე დაკვირვებით ასახელებს იმ მიზეზებს, რომლებიც წინასწარ განსაზღვრავს ახალგაზრდების წარუმატებლობას და რომლებიც ტრადიციული საგანმანათლებლო სისტემისგან მომდინარეობს.

ჰოლტი ამტკიცებს, რომ ბავშვები უპირველესად იმიტომ განიცდიან მარცხს, რომ ეშინიათ, სწყინდებათ და იბნევიან. ეს სამი მოზეზი, მცდარ სასწავლო სტრატეგიებსა და სკოლის გარემოსთან ერთად, რომელიც დაშორებულია რეალობასა და “რეალურ სწავლებას”, გვაძლევს სასკოლო სისტემას, რომელიც კლავს სწავლისადმი ბავშვის თანდაყოლილ სურვილს.
ჰოლტის წიგნის ერთ-ერთი კომენტატორი, ბავშვთა განათლების სპეციალისტი, ფანდ-რეიზერი და მოხალისე, ამერიკელი ალექს მაკნეილი (Alex McNeil), აღნიშნავს, რომ ჯონ ჰოლტის წიგნი, რომელიც ავტორის ხანგრძლივი სამასწავლებლო კარიერის დროინდელ ჩანაწერებსა და კვლევას ემყარება, წარმოადგენს თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის კრიტიკულ ანალიზს. ჰოლტის თანახმად, – წერს მაკნეილი, – სისტემა მოსწავლეებს უბრალოდ ცუდ სამსახურს უწევს, იგი ართმევს ბავშვებს ბუნებრივ გონიერებასა და ცნობისმოყვარეობას. სისტემა ზედმეტად არის დამოკიდებული სტანდარტიზაციაზე და სრულიად დაცლილია იმ პრაქტიკისგან, რომელიც ადამიანს აღმოჩენისა და კვლევისადმი სწრაფვას უნდა შთააგონებდეს.
ქვემოთ მოყვანილია ჯონ ჰოლტის დასკვნების შეჯამება:
1. შიში და წარუმატებლობა: სკოლები ხელს უწყობენ შიშის ატმოსფეროს დამკვიდრებას – წარუმატებლობის შიში, დამცირების შიში, დაწუნების შიში ყველაზე უარყოფითად მოქმედებს მოსწავლის ინტელექტუალური ზრდის უნარზე. გარე მოტივაციები, ნიშნები თუ ოქროს ვარსკვლავები, აძლიერებს ბავშვის შიშს გამოცდის წარუმატებელი ჩაბარებისა და კიცხვისადმი. მოსწავლე, ნაცვლად გაკვეთილის შინაარსისა, დამცირებისთვის თავის არიდებას სწავლობს. შიშის ეს ატმოსფერო მხოლოდ სწავლის სიყვარულსა და ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას კი არ თრგუნავს, არამედ ნამდვილი სწავლის გაღვივებისთვის აუცილებელი რისკების შიშსაც უნერგავს ბავშვს.
2. მოსაწყენი შინაარსი: მოსაწყენობა მეორე დაბრკოლებაა, რომელიც თრგუნავს როგორც სწავლისადმი თანდაყოლილ მოტივაციას, ისე სწავლის სიყვარულს. სკოლაში შესვლამდე ბავშვები თავისუფლად გრძნობენ თავს და იკვლევენ თუ აღმოაჩენენ იმას, რაც აინტერესებთ, მაგრამ როგორც კი ბავშვი თანამედროვე სასკოლო სისტემის ნაწილად იქცევა, ორივე, ინსტიტუტი და მშობლები, გაუცნობიერებლად საბოტაჟს უწევენ მის განათლებას.
სკოლები ბავშვებისგან ითხოვენ მოსაწყენი, განმეორებადი დავალებების შესრულებას, რომლებიც მხოლოდ შეზღუდულ მოთხოვნებს უყენებს ბავშვთა მრავალფეროვან შესაძლებლობებს, და ეს მოთხოვნები ყოველთვის როდი შეესაბამება ცალკეული ბავშვების ინტერესებსა თუ საჭიროებებს.
სკოლები, ნაცვლად იმისა, რომ განუვითარონ მოსწავლეებს სწავლისადმი ბავშვებისთვის დამახასიათებელი სიყვარული, რაც მათი ინდივიდუალური ნიჭისა და უნარების გაძლიერებას მოემსახურებოდა, აძლევენ მათ უნიფორმულ, ე.წ. “Cookie-cutter” (ამერიკ. ინგლისურში: ორიგინალობის ან განსხვავებულობის ნაკლებობა, ლ.ა.) განათლებას, რომლებიც ბავშვებს “ლამაზი და საძაგელი ჯილდოებისთვის” ერთმანეთთან შეჯიბრებას აიძულებს.
ბავშვების სისტემასთან ადაპტირების ნაცვლად, რაც სწავლას მათთვის პირქუშ და მტკივნეულ ამოცანად აქცევს, ჰოლტი მხარს უჭერს ისეთი პირობების შექმნას, სადაც ბავშვები ისწავლიან ბუნებრივი ცნობისმოყვარეობისა და ინტერესების შესაბამისად, შიშისა და დანაშაულის გრძნობის გარეშე.
3. იმედგაცრუება: სკოლაში შესვლის შემდეგ ბავშვები ხშირად აღმოაჩენენ, რომ მათ ისეთ რამეს ასწავლიან, რაც ეწინააღმდეგება ადრე მშობლებისგან ან სხვა უფროსებისგან ნასწავლს. უფრო მეტიც – უფროსები სკოლაში მათ ისე არ ექცევიან, როგორ ქცევასაც შინ, თავისიანებისგან იყვნენ ჩვეულნი.
ბავშვის შეცბუნება კიდევ უფრო მწვავდება, როდესაც იგი იგებს, რომ ცნობისმოყვარეობა, რომელიც, როგორც მან ოჯახიდან იცის, დადებითი და საქებარი თვისებაა, სკოლაში შესაძლოა მასწავლებლებისა თუ თანაკლასელების მხრივ დაცინვისა და აბუჩად აგდების მიზეზად იქცეს. ჰოლტმა დაკვირვების შედეგად გამოარკვია, რომ ბავშვების უმეტესობა დაცინვის თავიდან ასაცილებლად 10 წლის ასაკისათვის წყვეტს კითხვების დასმას.
4. ნამდვილი სწავლა: ჰოლტის აზრით, “ნამდვილი სწავლა” სულაც არ ნიშნავს წერა-კითხვასა და არითმეტიკის საბაზო ცოდნაში დახელოვნებას. იგი უფრო მაშინ ვლინდება, როდესაც ბავშვს ხელს უწყობენ თავისი ინდივიდუალური ტალანტისა და უნარების განვითარებაში. ყველა ექსპერტს განსხვავებული მოსაზრება აქვს იმის შესახებ, რა უნდა შედიოდეს სასწავლო პროგრამაში. გარდა ამისა, საგნების უმეტესობას, რომელთაც სკოლაში ასწავლიან ბავშვებს, ყავლი გასდის იმ დროისთვის, როდესაც ბავშვს ამ ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება დასჭირდება. ეს ამყარებს ჰოლტის მტკიცებას, რომ არ არსებობს ინფორმაციის ერთეული სახეობა, რომლიც ყოველმა ბავშმა უნდა ისწავლოს.
ავტორის ციტატა: “იმის სასწავლად რაც ბავშვებს სურთ ან სჭირდებათ, საუკეთესო ადგილი ის არის, სადაც სულ ცოტა ხნის წინ თითქმის ყველა ბავშვი სწავლობდა: თვით სამყარო”.
5. სტრატეგიები: სწავლის დღევანდელი სტრატეგიები ბავშვებში დამცირების შიშის კულტივირებას უწყობს ხელს და მათ ზიანს უფრო აყენებს, ვიდრე მათ საჭიროებათა დაკმაყოფილებას ემსახურება. ეს შიში მოსწავლეებს აიძულებს, გამოიმუშაონ შეგუების სხვადასხვაგვარი სტრატეგია და თადაცვის მექანიზმი – ბუტბუტი, თავის მოჩვენება, თითქოს არ ესმით, ზედმეტი ენთუზიაზმის გამოჩენა, რათა არ გაიძახონ და სხვა, რაც უფროსების მოთხოვნებისთვის თავის ასარიდებლად ან თანაკლასელების მხრივ დამცირების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება.
ჰოლტი ასკვნის, რომ მათ შორის, რაც იცის ბავშვმა და რაც გვგონია იცის, დიდი სხვაობაა. გაკვეთილის შინაარსის ნაცვლად ბავშვები იმას სწავლობენ, როგორ მოიქცნენ, როგორ გადარჩნენ ან შეცვალონ მასწავლებლის შეკითხვა, რათა მდგომარეობას მინიმალური დანაკარგით ან დამცირებით დააღწიონ თავი. თითქმის ყველაფერი, რასაც სკოლებში ვაკეთებთ, იქით არის მიმართული, რომ ბავშვები შეკითხვაზე იყვნენ კონცენტრირებულნი და არა პრობლემის გადაწყვეტაზე, ეს კი, თავის მხრივ, უნებლიეთ იწვევს იმას, რომ მათ აკლდებათ უნარები, რომლებიც “რეალურ სამყაროში” ცხოვრების დროს გამოადგებოდათ.
“ბავშვებს დაბადების დღიდან 3 წლამდე სწავლის, მიხვედრისა და შემოქმედების უზარმაზარი უნარი აქვთ”. უფროსები თავიანთი საქციელით ან ბავშვების საქციელის გადამეტებული დიქტატით ანგრევენ მათი ინტელექტუალური და შემოქმედებითი შესაძლებლობების უდიდეს ნაწილს. ბავშვის ამ უნარებს უმეტესად შეშინებით ვანადგურებთ. შეშინებით ან მათი მცდარობის ჩვენებით.
ჰოლტის გამოკვლევა დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემის შესახებ წარმოადგენს კრიტიკულ და შორსმჭვრეტელურ ნაშრომს, რომელიც გვაიძულებს, უფრო ახლოდან შევხედოთ იმ გაკვეთილებს, რომლებსაც უნებლიეთ გადავცემთ ჩვენს ახალგაზრდებს.
კომენტარის ავტორი: კა იინგ ჩუ (Kah Ying Choo)

Holt, J. How Children Fail – Classics in Child Development (September 1995) Perseus Pr; ISBN: 0201484021
თარგმანი და კომენტარები ლევან ალფაიძისა

ზაქარია გიუნაშვილი – როგორ შევადაროთ მონაცემები და ვიწინასწარმეტყველოთ მომავალი

0

სასკოლო მათემატიკის კურსში გვხვდება ზოგიერთი ისეთი საკითხი, რომლის სრულყო­ფილი შესწავლა შეიძლება მოითხოვდეს ისეთ კომპეტენციებს, რომლებიც სცდება სასკოლო მათემატიკით გათვალისწინებულ შინაარს. თუმცა, მათზე წარმოდგენის შექმნა და მათთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნა, მოითხოვება მათემატიკის საგნობრივი პროგრამით. ამის ერთ-ერთი მაგალითია კორელაციის კოეფიციენტი და საუკეთესო მისადაგების წრფე.

 

 ვრცლად

ამანიტა კაესარია გაგიგიათ?

0

გურმანი მეთქმის. თუ სადმე თბილისში ფეხს შევადგამ, მენიუში ორად ორ რამეს ვათვალიერებ თავიდან, ბოლონიურ სტეიკს (ძროხის ხორცის საშუალოდ შემწვარ ნაჭერს ან ობიანი ყველის, ან კიდევ ალუბლის სოუსით) და ჯეიმსონს.

სოკო თუ მიყვარს? ვგიჟდები, ოღონდ ჭამაზე არა, პოვნაზე. ამანიტა კაესარია გაგიგიათ? რა ჯობია, დილით უთენია ტყეში ბილიკზე შემდგარს სადმე მუხის ფესვებქვეშ წითელი ოდნავ გაშლილი თავი რომ შემოგანათებს. მიხვალ, კოკორი თუ დაგხვდა, ცოდოა, გაზრდით მეტი მაინც აღარ გაიზრდება, ბებიაჩემი ასე იტყოდა, კაცის თვალი წყენსო, გამომიცდია, მართალი თქმაა. უფრო, მეტისმეტად პატარებზე მართლდება, მთლად თავმოთეთრებულ, კვერცხის ცილისფერ და ცილისავე მსგავს ტყავში გახვეულებზე, პარკი რომ არ შემოურღვევიათ ჯერ, თვალი რომ არ გამოუხელიათ, არ გამოუჭყეტიათ. აი წამოზნექილი თუა უკვე, მაშინ ერთ რამედ ღირს მისი ნახვა. თავმოსველებული, ჩამავალი მზისფერი, თეფშზე დახლილი კვერცხისგულისფერი სიმრგვალე შემოგეფეთება ახალგათენებულზე. რა ჯობია, მოჭრისას ტოტს რომ მოებღოტები გვერდით (დანით უნდა მოიჭრას სოკო უეჭველად, ასე მასწავლიდა მამაჩემი, დანით თუ მოჭრი, მომავალ წელს ისევ ამოვა ამისთანაო) და ის ტოტიც უსინდისოდ მთელი ღამის ნაგროვებ ცვარს თავზე რომ ჩამოგაბერტყავს.

კარგი ადგილია ჩემი სოფელი, ტყე, ტყე, ტყე, მიდიხარ, მიდიხარ, არ თავდება, რო მოინდომო მგელს უფრო იოლად შეხვდები, ვიდრე კაცს. სოკოც იმდენია, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ჩემი ეზოს თავზე ამოდის, ნიყვი ქვია მაგ სოკოს, ლათინურად Amanita caesaria. ენციკლოპედაში წერია იმერეთის მუხნარში ამოდისო, მართალია ეგეც. ორეული ჰყავს ამანიტა კაესარიას თავისი, ყველა სოკოს ჰყავს თავისი ორეული, მე რაც მინახავს. თხელია მისი ორეული კაფანადარა, ღეროც სუსტი აქ, რომ გადმოაბრუნებ შიგნიდან გულზეც ღარები უფრო ფართე, თავიც უფრო თხელი. ნამდვილი ხორციანია რაღაცნაირად, ღარებიც დანის პირებივით ჩალაგებული აქვს, თავიც და ღეროც სქელი, სქელი, რძიანი. არაფერი იმ შეგრძნებას არ ჯობია, ნაპოვნ ამანიტას თავზე ხელს რომ გადაუსვამ ვითომ შერჩენილი ფოთლის მოსაშორებლად, თან ჩვენკენ ორჯერ შემოდის ამანიტა წელიწადში, ერთხელ აგვისტოს შუაში იცის მოსვლა, მეორედ ჰე, ჰე, როდის როდის, ოქტომბრისკენ. მოლევაც რაღაცნაირი იცის, ერთ ღამეში გაიპარება, გაქრება და წინა დილით 10 რომ გქონოდა შეთვალიერებული, მეორე დღეს ერთს ვეღარ მიაგნებ წამლად. გულის დაწყვეტა იცის ძალიან.

სახლი მაქვს იქით, დასავლეთში, ძველი, ათი და თორმეტი შვილისთვის აშენებული, ცხენი გაჭენდება იმხელაა. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ქართულ მოდაზე მოფერადებული, მოცისფრო–მოლურჯო კედლებით და შუაში ერთ ხაზზე მიხატული ბუთქუნა ჩიტებით. ძველ საღილეებში, საყანწე განჯინებში, ბუხრის თავებზე, სურათების საგვარეულო ალბომებში ყოველთვის შეიძლება უცნაურ ჩანაწერს გადააწყდე, წერილს, საჩივარს, ქვითარს, ან ზანდუკში საგულდაგულოდ მიმალულ ჯადოს. ჰოდა, ძველი ამბავი მინდა მოგიყვეთ, პაპაჩემის პაპისდროინდელი.

საგვარეულო სურათებთან ნაპოვნი წერილი

 

,,ჩვენ, ამ სოფლის მაცხოვრებლები, ორმოცი კომლი, ტალახაძეები, კიკნაძეები, ყიფიანები, ჩხეიძეები, ფოცხვერაძე პირობას ვდებთ, რომ სოფლის ბოლოს, ფოშტის გზის პირზე ავაშენებთ სკოლას, ჩვენის ხარჯით, ორ კლასიანს.

აფრასიონ ტალახაძეს, მამია ტალახაძეს, ბიქტორ ტალახაძეს, მამია კიკნაძეს ავალიათ კედლის ფიცრების ჩამოტანა ნუნისის მთიდან, მათი ხარებით და მათი ხარჯით.

სპირიდონ ტალახაძეს, მურმან კიკნაძეს, ალმასხან კიკნაძეს, გუგული ყიფიანს, გრიგოლ ყიფიანს ავალიათ ქვის მოზიდვა კედლების ამოსაყვანად.

დომენტი ყიფიანს, ბესარიონ ყიფიანს, ლავრენტი ტალახაძეს, შიოლა ფოცხვერაძეს ავალიათ ჭერის კოჭების ჩამოტანა, რამდენიც საჭირო იქნეს.

რაჟდენ ყიფიანს, სამსონ კიკნაძეს, ვანო ჩხეიძეს ავალიათ ყოველგვარი სხვა მასალა გოუმზადონ სკოლას, ლურსმანი იქნება, ჩანგალი თუ სხვა რამე, დროით მოიტანონ ქალაქიდან. ხელი გოუმართონ ვასილ ყიფიანს კრამიტის მოჭრაში.

ვასილ ყიფიანს ავალია, უსასყიდლოდ მოუჭრას სკოლას სამყოფი კრამიტი.
აშენების მერმისს, ვიყოლიებთ მასწავლებელს ერთს, ჩვენის ხარჯით მივცემთ ბინას და ჯამაგირს, რამდენიც საჭირო იქნეს და რამდენსაც გავწვდებით”…

და ასე შემდეგ და ასე შემდეგ

მე მინახავს ეგ სკოლა, ახლაცაა ფოსტის გზა და ახლაც ისე მისდევს ჩხერიმელას გვერდით, როგორც მაშინ, საუკუნის და ცოტა მეტის ხნის წინ კიდევ. ოღონდ ბავშვები აღარ დადიან სკოლაში. ჩემს ბიჭობაში კიდევ ჰქონდა შერჩენილი ფანჯრები, ახლა მიტოვებული მოხუცივითაა, ჯერ ფეხსალაგი წაიქცა ეზოში, მერე ბოძზე ჩამობმული ზარი დაიკარგა, მერე ფიცრებს შუა ამოვიდა ბალახი, ლეღვი ამოიბარდა კედლის უკან. ბავშვები აღარ დადიან მეთქი, ბავშვი აღარაა, სამია სულ სოფელში და სამი ბავშვისთვის სკოლა მეტისმეტია. შორს უფრო, სამი კილომეტრის იქით გადაიტანეს სასწავლებელი, დაიარებიან იქ, ორი ბიჭია და ერთი გოგო, დაადგებიან დილით გზას და მიდიან დროით, ჯანი მოსდევთ და გაღმა სოფელში გასვლასაც 40 წუთს თუ მოუნდება კარგი მოსიარულე, მეტს არა.

პს. ამას წინათ, ამერიკაში ვიღაც გადარეულმა სკოლაში რომ ბავშვები ამოხოცა, ხომ გახსოვთ? ჩემებმაც თანაგრძნობაო და აქეთ მოდგნენ, იქით მიდგნენ, მოახელკეთილეს ამბავი ბოლოს, იმდენი მოახრეხეს, მადლობის წერილიც მიიღეს ამერიკის ელჩისგან. გახარებულები იყვნენ. მე კიდე ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ არსებობს ასეთი სოკო, agaricus, მოევროპულე ხალხისთვის შამპინიონი რომ ქვია და ჩვენში შინაურულად ქამას რომ ეძახიან. მშვენიერი სოკოა ეგეც, ერთი ნაკლი აქვს, სათბურში მოდის კარგად. ჰოდა, ახალწლებზე გავიგე, უყიდია ვიღაცას ის ჩემი მინგრეული ნასკოლარი და შამპინიონის სათბური გაუმართავს შიგნით.


დიდი ხნის უნახავ და ოდესღაც ნაჩუმათევად ნაყვარებ გოგოს ქუჩაში შემთხვევით რომ შეეფეთები, ის რომ ფეხმძიმედაა და გაბრწყინებული რომ გეკითხება, როგორ ხარო, შენ კიდე მარცხნივ ისე გექაჩება რაღაც, ლამისაა წაიქცე, ზუსტად ეგეთი რამე დამემართა იმ დღეს. ბავშვებს ვეღარ ვუთხარი ვერაფერი, ან რა უნდა მეთქვა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...