კვირა, აგვისტო 17, 2025
17 აგვისტო, კვირა, 2025

რა იწვევს პედაგოგის აგრესიას

0
„ადამიანი სიყვარულის ნიჭითაა დაჯილდოებული და თუ ეს უნარი ვერ გამოავლინა, მას შეუძლია შეიძულოს, ის შესაძლოა აგრესიული და უხეში გახდეს”.
ე. ფრომი
აგრესიის როგორც პროფესიით განპირობებული პიროვნების დეფორმაციის თეორიული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მისი გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია. განვიხილოთ პედაგოგიური საქმიანობის სპეციფიკური თავისებურებები, რომლებიც იწვევს და აძლიერებს კიდეც აგრესიას.

რას გულისხმობს პროფესიული საქმიანობის ცნება? ეს არის სოციალურად მნიშვნელოვანი ქმედება, რომელიც მოითხოვს სპეციალურ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, ასევე – გარკვეულ პიროვნულ თვისებებს. მასწავლებლობა იმ ურთულეს პროფესიათაგანია, სადაც ხშირია პროფესიული დეფორმაციები. მასწავლებელი მუშაობს მოსწავლესთან, ინდივიდუალურ და უნიკალურ სუბიექტთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესასწავლი ობიექტია. გამუდმებით იცვლება მოსწავლის ასაკი, სტადიიდან სტადიამდე სასწავლო მასალის შინაარსი და სწავლების მეთოდები. ამავე დროს, მოსწავლესთან ურთიერთობის ფორმები უნდა შეესატყვისებოდეს მისი ფსიქიკური და ფიზიკური განვითარების თავისებურებებს. პიროვნულ განსხვავებულობასთან ერთად განუმეორებელია მოსწავლეთა ზრდისა და განვითარების ინდივიდუალური ტემპიც. პროფესიის სპეციფიკა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი უნარის ფლობას მოითხოვს – საკუთარი ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი სხვისი (მოსწავლეების) ლოგიკით იცხოვრო, თანაც ისეთისა, რომლის ფსიქიკა და ცნობიერება ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. ეს ურთულესი გზაა და მასწავლებლისგან დიდ ცოდნასა და ძალისხმევას მოითხოვს.

მასწავლებლის საქმიანობა დაბრკოლებების გადალახვის მუდმივი პროცესია, სადაც ერთი მოსწავლის წარმატებას გამუდმებით ენაცვლება მეორის წარუმატებლობა და ასე გრძელდება წლიდან წლამდე. ამავე დროს, თუ მასწავლებლმა დაბრკოლება არ აღიქვა როგორც გამოწვევა, გარკვეული ხარისხის სირთულე, ის იწვევს სტაგნაციას პროფესიულ განვითარებაში. მეორე მხრივ, თუ ეს ბარიერი მეტისმეტად მაღალია, ის ბლოკავს მასწავლებლის აქტივობას და ანგრევს მის პიროვნებას. გამოდის, რომ ბარიერებმა წარმატებით შეიძლება შეასრულოს ორგვარი როლი – განმავითარებელი და დესტრუქციული. პედაგოგიური საქმიანობისადმი ამგვარი მიდგომა გასაგებს ხდის მასწავლებლებში ემოციოგენური ტენდენციების აღმოცენებას, რაც თავისთავად მისი აგრესიულობის ამხსნელადაც გამოდგება.

აგრესია, წესისამებრ, მიმართულია ისეთი მოსწავლეებისკენ, რომლებთანაც მასწავლებელს ურთიერთობა უჭირს, უსიამოვნოა და, საზოგადოდ, უარყოფით ემოციებს იწვევს მასში. ამ კატეგორიის მოსწავლეები ყოველთვის იყვნენ და ახლაც მრავლად არიან. კვლევები ადასტურებს აგრესიის გამოვლენის მზარდ ტემპს, განსაკუთრებით – 12-13 წლის ასაკში. მისი არაორდინარული გამოვლინებები კი მრავალფეროვანია: სწავლაში ჩამორჩენილები, ასოციალური ქცევისანი და სხვა. რას მოითხოვს მასაწავლებლისგან ამ ტიპის მოსწავლეებთან მუშაობა? ბევრ რამეს: მობილურობას, თვითკონტროლის უნარს, ღრმა და მუდმივ რეფლექსიას, ტოლერანტულ დამოკიდებულებას, მათთან მუშაობის განწყობას და სხვა.

თვითონ მოსწავლეები საკმაოდ აგრესიულები არიან. ერთ-ერთი კვლევა ადასტურებს, რომ 15-17 წლის მოზარდების 55%-ს სპონტანური აგრესიის მაღალი დონე ახასიათებს, 9%-ს – დაბალი, დანარჩენების აგრესია კი ნორმის ფარგლებშია. რას გულისხმობს „სპონტანური აგრესია”? ეს არის გაუცნობიერებელი კმაყოფილება, რომელსაც განიცდის სხვისი „გაჭირვების მაყურებელი” მოზარდი; ეს არის სპონტანური, არამოტივირებული სურვილი, რაიმე გააფუჭოს, გაგიფუჭოს ხასიათი, გაგაღიზიანოს, კუთხეში მიგიმწყვდიოს. აგრესიის ობიექტი შეიძლება იყოს თანატოლიც, მშობელიც და მასწავლებელიც. ვინაიდან მოზარდი უმეტეს დროს სწორედ საკოლაში ატარებს, მასწავლებლი ხშირად ხდება მისი მსხვერპლი. მასწავლებელს კი აგრესიულ მოსწავლესთან გამკლავება უმეტესად დამოუკიდებლად უწევს, რაც მის პიროვნებაზე უარყოფითად აისახება. აგრესიული მოსწავლეები ხშირად პედაგოგის მხრიდანაც აგრესიას აწყდებიან. ეს ურთიერთდეტერმინირებული პროცესია – აგრესიული მოსწავლეები მასწავლებლის აგრესიას იწვევენ და პირიქით – ეს უკანასკნელნი თავიანთი რეაქციით აღვიძებენ მოსწავლეთა საპასუხო აგრესიას როგორც სოციალურად მისაღები ქცევის მოდელს, პროვოცირებას უწევენ მას და განამტკიცებენ.

ერთი მხრივ, მასწავლებლის საქმიანობა ნორმატიული საქმიანობაა, რომელსაც არეგულირებს სხვადასხვა საკანონმდებლო და ეთიკური ნორმა. მეორე მხრივ, იგი შემოქმედებითი სამუშაოა, ითვალისწინებს მასწავლებლის დამოუკიდებლობას პრობლემების გადაჭრის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის, სწავლების მეთოდების შერჩევისა და განხორციელების დროს. პედაგოგიური საქმიანობის ასეთი ორმაგი ბუნება მაღალ მოთხოვნებს უყენებს მასწავლებლს როგორც პროფესიონალს და როგორც პიროვნებას. ეს მოთხოვნები წარმოშობს სირთულეთა წყებას და დისბალანსს:

▪ პროფესიული ამოცანების დინამიკასა და მათ განსახორციელებლად საჭირო პიროვნულ მზაობას შორის;

▪ შემოქმედებითი თვითრეალიზაციის მოთხოვნილებასა და მათი დაკმაყოფილებისთვის საჭირო შესაძლებლობებს შორის;

▪ აქტუალური და განუწყვეტლივ მზარდი ინფორმაციის მოცულობასა და მისი გადამუშავების, შენახვისა და გადაცემის მოძველებულ ხერხებს შორის;

▪ საგანმანათლებლო პოლიტიკის დინამიკასა და მასწავლებლის მისწარაფებას შორის, დაიკავოს მკაფიო და თანამიმდევრული პოზიცია.

ეს წინააღმდეგობები ემოციურად ძაბავს მასწავლებელს, ცვლის დაძაბულობის ღირებულებით-მოტივაციურ ხასიათს, ამწვავებს კონფლიქტებს როგორ პიროვნულ, ისე ჯგუფის დონეზე. ყოველივე ეს კი ხელს უწყობს აგრესიული ტენდენციების გაძლიერებას.

ზოგიერთი მკვლევარი აგრესიას უკავშირებს პიროვნების ფუნდამენტურ მოტივებს, დომინირებისა და ლიდერობისკენ სწრაფვას. თანამედროვე ვითარებაში მას ემატება არსებობისთვის ბრძოლა, რაც აგრესიული ქცევის გაძლიერების კიდევ ერთ მიზეზად უნდა მივიჩნიოთ. სიტუაციას ამწვავებს კიდევ ერთი გარემოება: ზოგჯერ მასწავლებლობა იძულებითი არჩევანია (სხვა სამუშაო ვერ იშოვა) და ამ საქმიანობის განხორციელების ძირითადი, ჭეშმარიტი, პროფესიული პედაგოგიური მოტივაცია არ არსებობს. პიროვნების რეალური მოთხოვნილებისა და საქმიანობის შეუსატყვისობა, შესრულებული როლით ხანგრძლივი დაუკმაყოფილებლობა შესაძლოა საფუძვლად დაედოს კრიზისს, რაც ასევე შეიძლება აგრესიით გამოიხატოს.

საზოგადოდ, მასწავლებლებში აგრესიულობის შესწავლა საკმაოდ რთული ამოცანაა. პრობლემის თეორიული ანალიზის საუძველზე დადგენილ იქნა, რომ აგრესიას როგორც პროფესიით განპირობებულ პიროვნულ დეფორმაციას გამოვლენის სხვადასხვა ფორმა აქვს.

გამოყოფენ პედაგოგის აგრესიის 7 ტიპის:

1. იმპულსური მოქმედებები – ეს არის აფექტის მდგომარეობაში მასწავლებლის ფიზიკური ზემოქმედება მოსწავლეზე ან გარემოში არსებულ საგნებზე (რომლებიც ანაცვლებენ აგრესიის რეალურ ობიექტს). თანამედროვე საგანმანათლებლო დაწესებულებებში ასეთი ტიპი იშვითად, მაგრამ მაინც გვხვდება. ამ ტიპის აგრესიის გავლენა მოსწავლის პიროვნებაზე ყველაზე დესტრუქციულად მიიჩნევა.

2. მტრული გამონათქვამები – ეს არის რისხვის ვერბალური გამოხატვა, რომელიც ვლინდება მოსწავლისადმი უხეში გამოთქმებით. აგრესიის ეს ტიპიც არასასურველ გავლენას ახდენს მოსწავლის მორალურ განვითარებაზე და ყველაზე მეტადაა გავრცელებული – სიტყვა და მეტყველება ხომ მასწავლებლის ძირითადი პედაგოგიური იარაღია.

3. კონფრონტაცია – ეს არის დაპირისპირება, როდესაც მასწავლებელ-მოსწავლის ურთიერთობა ურთიერთგაუცხოებამდე მიდის. ამ დროს მასწავლებელმა შესაძლოა უარი განაცხადოს საქმიანობის გაგრძელებაზე, დაკარგოს მუშაობის მოტივაცია, პროფესიულად გადაიღალოს ან სულაც გადაიწვას.

4. დომინანტურობა, გამოხატული ძალაუფლებისა და ავტორიტეტულობის დემონსტრირებით – მასწავლებლის მოთხოვნები მკაცრია, ხოლო მათი შესრულება – შეუძლებელიც კი. იგი იყენებს დასჯის სხვადასხვა მეთოდს. საზოგადოდ, დომინანტურობა პედაგოგიური ურთიერთობების ავტორიტარული სტილისთვისაა დამახასიათებელი.

5. ოპოზიცია – მასწავლებელი არ ურთიერთობს მოსწავლესთან, კოლეგასთან, ადმინისტრაციასთან, რასაც თან სდევს საკუთარი საქმიანობისადმი, კოლეგებისადმი, მოსწავლეებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება. ეს გამოწვეულია იმით, რომ მასწავლებელი ნაწყენია თავისი სოციალურ-პროფესიული მდგომარეობით, თვითრეალიზაციის არასაკმარისი შესაძლებლობით და სხვა.

6. სტერეოტიპული დიფერენცირება – მასწავლებელი განსხვავებულად ეპყრობა მოსწავლეებს და ეს ურთიერთობები ეფუძნება პროფესიულ სტერეოტიპებს. „ოროსნებს”, „ ხულიგნებს”, „გამცდენებს” სხვაგვარად ექცევა, ხშირად – აგრესიულადაც.

7. შეუწყნარებლობა – ეს არის მოსწავლისადმი დამცინავი დამოკიდებულება, რომელიც ეფუძნება ზიზღს, მაგალითად, მისი უსუფთაობის, ფიზიკური ნაკლის ან ქცევითი გადახრის გამო. შეუწყნარებლობა უმეტესად პასიური ფორმით ვლინდება, მასწავლებელი არ ეკონტაქტება მოსწავლეს ან შესატყვისი მიმიკებით გამოხატავს ამას იძულებითი კონტაქტის დროს.

აგრესიის წარმოშობისა და გამოვლენის მიზეზების თეორიული ანალიზის შედეგად მკვლევრები ასკვნიან:

● აგრესია როგორც მასწავლებლის პროფესიული დეფორმაცია დესტრუქციული ქცევაა, რომელიც მასწავლებელ-მოსწავლის ურთიერთობის დარღვევას წარმოადგენს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მასწავლებელს ამ შემთხვევაში თავისი ქმედების გამამართლებელი ფორმალური მიზეზები აქვს (ერთგვარი თავდაცვის მექანიზმები);

● აგრესიის როგორც პროფესიით გამოწვეული პიროვნული დეფორმაციის გამომწვევი ფაქტორები 3 ჯგუფად ერთიანდება: 

1. სუბიექტური ფაქტორები, განპირობებული მასწავლებლის ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური თავისებურებებით;

2. ობიექტური ფაქტორები, რომლებიც უკავშირდება სოციალურ-პროფესიული გარემოს თავისებურებებს;

3. ობიექტურ-სუბიექტური ფაქტორები, რომლებსაც იწვევს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში არსებული დისბალანსი.

აგრესია შეიძლება იყოს როგორც აქტიური, ისე პასიურიც. ეს განისაზღვრება სიტუაციაზე მასწავლებლის ემოციური რეაგირების თავისებურებით – იმპულსურია ის თუ ზემოთ ნახსენები სხვა ფორმით გამოიხატება.

მკვლევრები ასკვნიან, რომ აუცილებელია კომპლექსურად იქნეს შესწავლილი აგრესიული ქცევები მასწავლებლის საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე, რათა მოიძებნოს მათი გადალახვისა და დეფორმაციის პროფილაქტიკის ფსიქოპედაგოგიური ტექნოლოგიები. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ტექნოლოგიები უკვე არსებობს და ტრენინგებისა და სხვა ტიპის მუშაობის საინტერესო გამოცდილება ჩვენს ქვეყანაშიც დაგროვდა. 

მაინც რა შეიძლება ვიღონოთ აგრესიით გამოწვეული დაძაბულობისგან განსატვირთავად? რეკომენდაციები მრავლადაა. შემოგთავაზებთ რამდენიმე მათგანს:

▪ მოუმატეთ ფიზიკურ დატვირთვას.

▪ რთულ ვითარებაში გაესაუბრეთ სხვას. მსმენელი შეიძლება იყოს კოლეგა, მეგობარი, მშობელი, ფსიქოლოგი, „ნდობის ტელეფონზე” მომუშავე ოპერატორი – საზოგადოდ, ადამიანი, რომელსაც მოსმენის კულტურა აქვს.

▪ გადაიტანეთ აგრესია ერთი ობიექტიდან მეორეზე (უსაფრთხოზე და ისეთზე, რასაც არ ეწყინება), მაგალითად, დაჩხვლიტეთ რაიმე ნივთი, დაარტყით კრივის სავარჯიშო მსხალს, იყვირეთ, ფეხები აბაკუნეთ, გააკეთეთ ყველაფერი, რათა ორთქლი გამოუშვათ და დამშვიდდეთ.

▪ შინ, უსაფრთხო გარემოებაში, წარმოიდგინეთ თქვენი აგრესიის ობიექტი. უთხარით ყველაფერი, რასაც მასზე ფიქრობთ.

▪ აზარტით აკეთეთ საქმე, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ და მოახმარეთ მას მთელი თქვენი ენერგია და ნიჭი.

თომას გორდონი – როგორ ავიცილოთ კონფლიქტი საკუთარი თავის შეცვლით

0
ერთ–ერთი კონცეფცია, რომელსაც მშობლებს კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით ვთავაზობთ, თვით მათი დამოკიდებულების ცვლილებაა. ამ მოსაზრების ბოლოს შეთავაზებას თავისი გამართლება აქვს: მშობელი შესაძლოა შეშინდეს, თუკი ვეტყვით, რომ ზოგჯერ სწორედ მას სჭირდება შეცვლა და არა შვილს. მშობელთა უმრავლესობისთვის ბევრად იოლია ბავშვის ან გარემოს შეცვლის ნებისმიერი ახალი მეთოდი აითვისოს, ვიდრე აღიაროს, რომ თვით მას სჭირდება ცვლილება. 

მშობლობა ჩვენს საზოგადოებაში ძირითადად განიხილება, როგორც ბავშვის ზრდასა და განვითარებაზე და არა მშობლის ზრდასა და განვითარებაზე ზემოქმედების გზა. ძალზე ხშირად მშობლობა შვილების „გაზრდას” ნიშნავს; სწორედ ისინი უნდა მოერგონ მშობლებს. არსებობენ პრობლემური შვილები, მაგრამ არ არსებობენ პრობლემური მშობლები. გავრცელებული შეხედულებით, არც მშობლისა და შვილის პრობლემური ურთიერთობა არსებობს. 

ნებისმიერმა მშობელმა იცის, რომ მეუღლესთან, მეგობართან, ნათესავთან, უფროსთან ან თანამშრომელთან ურთიერთობაში დგება მომენტი, როცა თუკი თვითონ არ შეიცვლება, ვერ შეძლებს სერიოზული კონფლიქტის თავიდან აცილებას და ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებას. ყველას გამოგვიცდია კონკრეტული ადამიანის ქცევის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების ცვლილება – უფრო შემგუებელი გავმხდარვართ ამ ადამიანის მიმართ, რადგან შევძელით შეგვეცვალა საკუთარი დამოკიდებულება მისი ქცევის მიმართ. გავიხსენოთ ასეთი მაგალითი: შესაძლოა, ნაწყენი ხართ მეგობრის ჩვევად ქცეული დაგვიანების გამო. წლების შემდეგ ამ ქცევას ეგუებით და, შესაძლოა, ხუმრობთ კიდეც ამ თემაზე. უკვე აღარ გწყინთ; იღებთ ამას, როგორც მეგობრის ერთ–ერთ თავისებურებას. მისი ქცევა არ შეცვლილა, შეიცვალა თქვენი დამოკიდებულება მისი ქცევის მიმართ. თქვენ მოერგეთ, თქვენ შეიცვალეთ. 

სწორედ ასევე შეუძლიათ მშობლებსაც შვილის ქცევის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა.

დონას დედა უფრო მიმტევებელი გახდა შვილის მოკლე კაბების მიმართ, როცა დაფიქრდა და გაიხსენა საკუთარი ცხოვრების ის პერიოდი მოკლე ქვედაბოლოსა და მაღალყელიანი ჩექმები მოდას რომ მისდევდა და საგონებელში აგდებდა საკუთარ დედას.

რიკის მამა უფრო ახლა უფრო იოლად ეგუება თავისი სამი წლის ბიჭის ჰიპერაქტიურობას, როცა შეესწრო მშობლების მსჯელობას იმის შესახებ, რომ ასეთი ქცევა დამახასიათებელია რიკის ასაკის ბავშვებისთვის.

მშობელმა უნდა გააანალიზოს, რომ შეუძლია შეამციროს მიუღებელი ქცევების რაოდენობა, თუკი თვითონ შეიცვლება – უფრო მიმტევებელი გახდება საკუთარი შვილის და, ზოგადად, ბავშვების ქცევის მიმართ.

ეს არც ისე ძნელია, როგორც გვეჩვენება. მრავალი მშობელი უფრო მიმტევებელი ხდება  ბავშვების ქცევის მიმართ პირველი შვილის მერე და მიმტევებლობის ხარისხი იზრდება შვილების რაოდენობის ზრდასთან ერთად. ასევე სასარგებლოა ბავშვების შესახებ ლიტერატურის კითხვა, აღზრდის შესახებ ლექციის მოსმენა ან სხვადასხვა ინფორმაციის გაცნობა. ბავშვებთან სიახლოვეს, ან ბავშვების შესწავლას სხვების გამოცდილების გაზიარებით, მნიშვნელოვნად შეუძლია მშობლის დამოკიდებულების შეცვლა. შვილის მიმართ მშობლის მიმღეობის გაზრდის უამრავი სხვა გზა არსებობს.
შეგვიძლია თუ არა უფრო მიმტევებელი (შემგუებლები) გავხდეთ საკუთარი თავის მიმართ?

კვლევებით დასტურდება, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი ორ ფაქტორს შორის: რამდენად მიმტევებელია მშობელი სხვების მიმართ და რამდენად მიმტევებელია საკუთარი თავის მიმართ. დიდია ალბათობა, რომ ადამიანი, რომლისთვისაც მისაღებია საკუთარი პიროვნება, მიმღეობას გამოავლენს სხვების მიმართაც. თუკი ადამიანისთვის მიუღებელია საკუთარი პიროვნების მრავალი ასპექტი, უჭირს სხვების მიმართ მიმტევებლობაც.
მშობელმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: „მომწონს თუ არა საკუთარი თავი? რამდენად მომწონს?”

თუკი ამ კითხვაზე გულახდილი პასუხი მიანიშნებს მშობლის მიერ საკუთარი პიროვნების მიუღებლობას, მაშინ მან აუცილებლად უნდა გადახედოს თავის ცხოვრებას და იპოვოს ის გზები, რომელიც საკუთარი მიღწევებით კმაყოფილების განცდაში დაეხმარება. მაღალი მიმღეობისა და საკუთარი თავის პატივისცემის მქონე ადამიანები, ზოგადად, პროდუქტიულები და წარმატებულები არიან, ისინი ახერხებენ საკუთარი პოტენციალის აქტუალიზაციას, წინსვლას, ქმედითობას.

როცა მშობელი საკუთარ მოთხოვნილებებს დამოუკიდებელი ნაყოფიერი ძალისხმევით იკმაყოფილებს, არა მხოლოდ ლმობიერია საკუთარი თავის მიმართ, არამედ არც შვილების ქცევით მოგვრილი დამატებითი კმაყოფილების ძიება სჭირდება. მათ არ სჭირდებათ, რომ შვილები მათ მიერ შემუშავებულ რომელიმე სტანდარტს შეესაბამებოდნენ. მშობელი, რომელიც საკუთარი თავის მიმართ პატივისცემით გამოირჩევა, რასაც მისივე დამოუკიდებელი მიღწევების მყარი საფუძველი აქვს, მეტი მიმღებლობით ხასიათდება საკუთარი შვილებისა და მათი ქცევის მიმართ.  

მეორე მხრივ, თუ მშობელი უკმაყოფილოა საკუთარი ცხოვრებით და არ სცემს პატივს საკუთარ თავს, იძულებულია ზედმეტად დაეყრდნოს სხვების მიერ მისი შვილების შეფასებას. მისთვის მიუღებლები არიან საკუთარი შვილები, განსაკუთრებით, მათი ის ქცევები, რომლებიც სხვების თვალში მას ცუდ მშობლად წარმოაჩენს. 

 მშობლისთვის, რომელიც ამგვარ „ირიბ თვით აღიარებას” ეყრდნობა, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ შვილები გარკვეულ „მისაღებ” ქცევას ახორციელებდნენ. რა თქმა უნდა, მისთვის მიუღებელი იქნება და უკმაყოფილებას არ დამალავს, თუკი შვილების ქცევა გადაიხრება სტანდარტულისაგან. 

სკოლაში წარჩინებული, სოციალურად წარმატებული, ფიზიკურად ჯანსაღი და ა.შ., ანუ „კარგი შვილების” აღზრდა მრავალი მშობლისათვის მაღალი სოციალური სტატუსის სიმბოლოდ იქცა. მათთვის „აუცილებელია” შვილებით სიამაყე; მათთვის აუცილებელია, შვილები ისე იქცეოდნენ, რომ სხვების თვალში კარგი მშობლები გამოჩდნენ. გარკვეულწილად, მრავალი მშობელი შვილს საკუთარი მნიშვნელოვნებისა და თვითშეფასების ასამაღლებლად იყენებს. როცა მშობელს მნიშვნელოვნებისა და თვით შეფასებისთვის სხვა წყარო არ გააჩნია, რაც სამწუხარო ჭეშმარიტებაა მრავალი მშობლის შემთხვევაში, რომელთა ცხოვრება „კარგი” შვილების აღზრდით შემოიფარგლება, ის უნებურად ხდება შვილების ქცევაზე დამოკიდებული – ის მუდამ დარდობს, მისთვის მუდამ სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ შვილების ქცევა რომელიმე კონკრეტულ სტანდარტს შეესაბამებოდეს.
ვისი შვილები არიან?

მრავალი მშობელი წინასწარგანსაზღვრული შაბლონის შვილის ფორმირების ძალისხმევას შემდეგი მოსაზრებით ამართლებს: „ბოლოს და ბოლოს ისინი ხომ ჩემი შვილები არიან!” ან „განა მშობელს არ აქვს უფლება იმოქმედოს საკუთარ შვილებზე ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის?”

მშობელი, რომელიც შვილს საკუთრებად აღიქვამს და ამის გამო თვლის, რომ აქვს მისი გარკვეულ ყალიბში მოქცევის უფლება, ვერ შეურიგდება ბავშვის იმ ქცევას, რომელიც არ შეესაბამება აღნიშნულ ყალიბს. თუ მშობელი შვილს დამოუკიდებელ და მისგან საკმაოდ განსხვავებულ არსებადაც კი მიიჩნევს, რომელიც სულაც არ „ეკუთვნის” მას, უფრო მიმტევებელი იქნება შვილის ქცევის მიმართ, რადგან ამ შემთხვევაში არ არსებობს რაღაც მოცემული ნორმა, რომლიდანაც გადახრა საშიშია. ასეთი მშობელი მეტად არის მზად აღიაროს შვილის უნიკალურობა, ის უფლებას აძლევს ბავშვს გახდეს ის და ისეთი, როგორიც შეუძლია გახდეს გენეტიკურად. 

მიმღები მშობელი საშუალებას აძლევს შვილს შეიმუშაოს საკუთარი ცხოვრებისეული „პროგრამა”; ნაკლებად მიმღები თვლის, რომ საჭიროა შვილის ცხოვრება საკუთარი ცხოვრების მიხედვით (შესაბამისად) დააპროგრამოს.

მრავალი მშობელი შვილს „თავის გაგრძელებად” მიიჩნევს. ამის გამო ის ზედმეტი მონდომებით ცდილობს ხოლმე შვილზე ზეგავლენას – შვილი კარგი უნდა გახდეს მისი მოდელის მიხედვით ან გახდეს ისეთი, როგორადაც გახდომა, სამწუხაროდ, თვით მშობელმა ვერ შეძლო. თანამედროვე ჰუმანისტი ფსიქოლოგები ბევრს საუბრობენ „თვითმყოფადობის” (ავტორი იყენებს სიტყვა separateness. ვფიქრობდით გვეთარგმნა ეს სიტყვა, როგორც „განცალკევებულობა” ან „მყოფობა”, თუმცა საბოლოოდ „თვითმყოფადობაზე” შევჩერდით. მთარგმნ. შენიშვნა.) შესახებ. კვლევები ადასტურებს, რომ ჯანსაღ ადამიანურ ურთიერთობებში ერთი ადამიანი მეორეს თვითმყოფადობის უფლებას აძლევს. რაც უფრო ძლიერია ამგვარი განცალკევებულობის, თვითმყოფადობის განწყობა–დამოკიდებულება, მით უფრო ნაკლებია სხვისი შეცვლის საჭიროება, სხვისი უნიკალურობის მიმართ შეურიგებლობა, სხვისი განსხვავებული ქცევის მიუღებლობა.

ოჯახებთან ან P.E.T. ჯგუფებში მუშაობისას ხშირად მჭირდება ხოლმე მშობლებისთვის შეხსენება: „თქვენს შვილს სიცოცხლე თქვენ მიეცით, ახლა მიეცით უფლება გამოიყენოს. საშუალება მიეცით გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენოს სიცოცხლე, რომელიც მიეცით”. ჯუბრან ხალილ ჯუბრანმა ეს არაჩვეულებრივად ჩამოაყალიბა თავის „წინასწარმეტყველში”:

„თქვენი შვილები თქვენები არ არიან.
ისინი თვით სიცოცხლის სწრაფვის ვაჟები და ქალიშვილები არიან.
ისინი თქვენი საშუალებით, მაგრამ არა თქვენგან მოევლინენ,
მართალია თქვენთან არიან, მაგრამ თქვენ არ გეკუთვნიან.
შეგიძლიათ მისცეთ თქვენი სიყვარული, მაგრამ არა თქვენი ფიქრები, 
რამეთუ მათ საკუთარი ფიქრები აქვთ…
შეგიძლიათ ესწრაფოდეთ დაემსგავსოთ მათ, მაგრამ არ ეცადოთ ისინი დაიმსგავსოთ.
რამეთუ ცხოვრება უკუსვლით არ მიედინება და არც გუშინდელზე ყოვნდება”.

მშობელს შეუძლია საკუთარი თავის შეცვლა და მისთვის მიუღებელი ქცევების რაოდენობის შემცირება, თუკი ემახსოვრება, რომ მისი შვილები მისები კი არ არიან, მისი გაგრძელება კი არ არიან, არამედ თავისთავადი, უნიკალური ადამიანები არიან. ბავშვს აქვს უფლება გახდეს ის, რაც შეუძლია გახდეს და არ აქვს მნიშვნელობა რამდენად განსხვავებული იქნება მშობლისაგან ან მშობლის მიერ შემუშავებული წინასწარი ყალიბისაგან. ეს მისი განუყოფელი უფლებაა.   
ნამდვილად გიყვართ თუ არა ბავშვები, თუ მხოლოდ მათი განსაზღვრული ტიპი?

ვიცნობ მშობლებს, რომლებიც ქადაგებენ ბავშვების სიყვარულს, თუმცა საკუთარი ქცევით ცხადყოფენ, რომ მხოლოდ განსაზღვრული ტიპის ბავშვები უყვართ. მამა, რომლისთვისაც ღირებულია ადამიანის ფიზიკური მონაცემები, ხშირად უგულებელყოფს შვილს, რომლის ინტერესები და უნარები შორს არის სპორტისაგან. დედამ, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ფიზიკური სილამაზე, შესაძლოა უარყოს ქალიშვილი, რომელიც არ შეესაბამება ქალის მშვენიერების კულტურულ სტერეოტიპს. ის მშობლები, რომელთა ცხოვრებას მუდამ ალამაზებდა მუსიკა, ხშირად არ მალავენ იმედგაცრუებას თავიანთი არა მუსიკალური შვილის გამო. მშობლებმა, რომლებიც აკადემიურობასა და ნაკითხობას აფასებენ, შესაძლოა გამოუსწორებელი ემოციური ზიანი მიაყენონ შვილს, რომელსაც გონების ეს განსაკუთრებული წყობა არ აღმოაჩნდა.

შვილის გაცილებით ცოტა ქცევა იქნება მშობლისთვის მიუღებელი, თუკი გააცნობიერებს, რომ სამყაროში ბავშვთა უსასრულო მრავალფეროვნება არსებობს და ასევე უსასრულოდ მრავალფეროვანია მათ მიერ ასარჩევი გზები. სამყაროს სიდიადე და სიცოცხლის სასწაული სწორედ სიცოცხლის ფორმების ამ უსასრულო მრავალფეროვნებაშია.
ხშირად ვეუბნები ხოლმე მშობლებს: „ნუ მოისურვებთ, შვილი რაღაც კონკრეტული გახდეს; უბრალოდ ისურვეთ, გახდეს”. ამგვარი მიდგომით მშობელი შვილის მიმართ თანდათან უფრო მიმღები და მისი ჩამოყალიბების („გახდომის”) ხალისიანი და აღტაცებული დამკვირვებელი გახდება.
ნუთუ მხოლოდ თქვენი ფასეულობები და შეხედულებებია ჭეშმარიტი?

ცხადია, მშობლები შვილებზე უფროსები და გამოცდილები არიან, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ კონკრეტული გამოცდილება ან ცოდნა ჭეშმარიტების განსაკუთრებულ უფლებას აძლევთ ან საკმარის სიბრძნეს მატებს განსაჯონ, რა არის კარგი და ცუდი. „გამოცდილება კარგი მასწავლებელია”, თუმცა, ის ყოველთვის ვერ გვასწავლის, რა არის სწორი; ცოდნა სჯობია უცოდინრობას, მაგრამ მცოდნე ყოველთვის არ არის ბრძენი.

მუდამ მაოცებდა ის ფაქტი, რომ შვილებთან პრობლემური ურთიერთობის მქონე ბევრ მშობელს მეტისმეტად მტკიცე და ურყევი შეხედულებები ჰქონდა კარგისა და ცუდის შესახებ. გამოდის, რაც უფრო დარწმუნებულია მშობელი თავისი ფასეულობებისა და შეხედულებების სისწორეში, მით მეტად ცდილობს მოახვიოს ისინი შვილს (და არამარტო მას). ასევე ცხადია, რომ ასეთი მშობლისთვის მიუღებელი იქნება ის ქცევები, რომლებიც არ შეესაბამება მისეულ ფასეულობებსა და შეხედულებებს.

როცა მშობლის ფასეულობათა და შეხედულებათა სისტემა მეტი მოქნილობით, კომპრომისულობით, ცვლილების უნარით, ნაკლები რადიკალურობით გამოირჩევა, ის უფრო მიმღებია საკუთარი ფასეულობებისა და შეხედულებების შეუსაბამო ქცევის მიმართ. ჩემი დაკვირვებით, ასეთი მშობელი ნაკლებად ცდილობს საკუთარი სტანდარტების მოხვევას შვილებზე, მათ „გამოძერწვას” წინასწარ შექმნილი ყალიბის მიხედვით. მას ეადვილება შვილის გადაპარსული ტავის მიღება, მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევანს თავისთვის არ ამართლებს; უფრო ადვილად იღებს სექსუალური ქცევის მოდელის ცვლილებას, ჩაცმის განსხვავებულ სტილს ან სკოლის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ამბოხს. ეს ის მშობლები არიან, რომლებმაც აღიარეს ცვლილებების გარდაუვალობა – „ცხოვრება უკუსვლით არ მიედინება და არც გუშინდელზე ყოვნდება”, რომ აუცილებელი არ არის, ერთი თაობის შეხედულებები და ფასეულობები მეორემაც გაიზიაროს, საზოგადოებას სრულყოფა სჭირდება, ზოგიერთი რამ მტკიცედ უნდა გავაპროტესტოთ, ირაციონალური და რეპრესიული ხელისუფლება იმსახურებს შეუპოვარ წინააღმდეგობას. ასეთი განწყობის მქონე მშობლისთვის შვილების ბევრი ქცევა გასაგები, გამართლებული და გულწრფელად მისაღებია.  
 
ვისთან ურთიერთობაა პირველხარისხოვანი?

ბევრი მშობლისთვის შვილებთან ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეუღლესთან. განსაკუთრებით დედები მიიჩნევენ შვილებს იმ სიხარულისა და კმაყოფილების წყაროდ, რომელიც, წესით, საქორწინო ურთიერთობებიდან უნდა მომდინარეობდეს. დიდი ინვესტიცია მშობელი–შვილის ურთიერთობებში ხშირად განაპირობებს მიდგომას: „პირველ რიგში, შვილები”, „მსხვერპლშეწირვა შვილებისთვის” და იმედების დამყარებას, რომ „შვილებს ყველაფერი კარგად ექნებათ”. ასეთი მშობლისათვის შვილის ქცევა მეტისმეტად ბევრს ნიშნავს, სასიცოცხლო მნიშვნელობის ხდება. მშობელი თვლის, რომ შვილს მუდმივად უნდა უთვალთვალოს, მართოს, უხელმძღვანელოს, აკონტროლოს, განსაჯოს, შეაფასოს. ვერ წარმოუდგენია, შვილს შეცდომის ან ცხოვრებისეული მარცხის უფლება მისცეს – შვილი უნდა დაიცვას მარცხის მწარე გამოცდილებისაგან, ყველა შესაძლო საფრთხისაგან.

ეფექტურ მშობელს შვილთან უფრო თავისუფალი ურთიერთობა აქვს. მისთვის პარტნიორთან ურთიერთობა უპირველესია. შვილებს მეუღლეების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვთ, თუმცა არა პირველხარისხოვანი, მეორეხარისხოვანი თუ არა, იმაზე მნიშვნელოვანი მაინც არა, ვიდრე მეუღლესთან ურთიერთობაა. ასეთი მშობლები შვილებს გაცილებით მეტ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას აძლევენ. მათ უხარიათ შვილებთან ყოფნა, მაგრამ განსაზღვრულ დროს; მათ არანაკლებ სიამოვნებთ მეუღლესთან ყოფნაც. ინვესტირებას მხოლოდ შვილებში არ ახორციელებენ; ინვესტიციები ქორწინებაზეც ნაწილდება. შესაბამისად, შვილების ქცევა ან მათი მიღწევები მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არ არის. ისინი თვლიან, რომ შვილებმა საკუთარი ცხოვრებით უნდა იცხოვრონ და თვით ფორმირებისთვის მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეთ. ასეთი მშობელი უფრო იშვიათად უსწორებს შვილს ქცევას და მის აქტივობასაც ნაკლებ ინტენსიურად აკვირდება. ის მუდამ შვილის გვერდით არის, თუკი შვილს სჭირდება, თუმცა არ აქვს შვილის ცხოვრებაში დაუკითხავად ჩარევის ან ზეწოლის მოთხოვნილება. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ის შვილს უგულებელყოფს, პირიქით, გულწრფელად ზრუნავს მასზე, მაგრამ უსარგებლო შფოთვის გარეშე. ის ინტერესდება, მაგრამ ცხვირს არ ჰყოფს, სულში არ უძვრება. „ბავშვები ბავშვები არიან”, ასეთია მისი დამოკიდებულება და ამიტომაც უფრო იოლად იღებს შვილს ისეთს, როგორიც არის. ეფექტურ მშობელს ხშირად აკვირვებს შვილის უმწიფარობა და სისუსტე, მაგრამ ამის გამო სასოწარკვეთილებაში არ ვარდება. 

ცხადია, ასეთი მშობელი უფრო მიმღებია – შვილის მხოლოდ რამდენიმე ქცევა უფუჭებს გუნებას. მას კონტროლის, შეზღუდვის, მართვის, აკრძალვის, ჭკუის სწავლების, დამოძღვრის ნაკლები მოთხოვნილება აქვს. შეუძლია მეტი თავისუფლება მისცეს შვილს – მეტი თვითმყოფადობა. ზემოხსენებული პირველი ჯგუფის მშობელი ნაკლებად მიმღებია. მისთვის აუცილებელია კონტროლი, შეზღუდვა, ხელმძღვანელობა და ა.შ. რაკი შვილთან ურთიერთობა მისთვის პირველხარისხოვანია, ძლიერი მოთხოვნილება აქვს აკონტროლოს შვილის ქცევა და დააპროგრამოს მისი ცხოვრება.

გამოცდილებამ ნათლად მაჩვენა, რომ მშობელს, რომელსაც მეუღლესთან არასახარბიელო ურთიერთობა აქვს, უჭირს შვილების მიმართ მიმღეობა: მისთვის მეტისმეტად მნიშვნელოვანია შვილებმა მოუტანონ ის სიხარული და კმაყოფილება, რომელიც ასე აკლია მეუღლესთან ურთიერთობაში. 
შეუძლია თუ არა მშობელს საკუთარი განწყობა–დამოკიდებულების შეცვლა?

შეუძლია თუ არა ამ წიგნს ან P.E.T. კურსებს შეცვალოს მშობლების განწყობა–დამოკიდებულება? შეუძლიათ თუ არა მშობლებს ისწავლონ და გახდნენ უფრო მიმღებები შვილების მიმართ? ადრე უფრო სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. ბევრი პრაქტიკოსის მსგავსად მქონდა სტერეოტიპული შეხედულება, რომლის მიზეზი ჩემი ფორმალური განათლება იყო. გვასწავლიდნენ, რომ ადამიანები დიდად არ იცვლებიან ინტენსიური ფსიქოთერაპიის გარეშე, რომელსაც პროფესიონალი თერაპევტი ხელმძღვანელობს და ეს პროცესი, როგორც წესი, ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან კიდევ უფრო დიდხანს გრძელდება.

უკანასკნელ წლებში პროფესიონალი „ცვლილების აგენტების” აზროვნება რადიკალურად შეიცვალა. მრავალი ჩვენგანი ადამიანთა დამოკიდებულებისა და ქცევის არსებითი ცვლილების მომსწრეა. ეს ინდივიდუალური თუ ჯგუფური კონსულტაციებისა და თერაპიის, თვით დახმარების, წიგნების, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების შედეგია. პროფესიონალთა უმრავლესობა (და ბევრი მშობელი) აღიარებს მოსაზრებას, რომ ადამიანებს ცვლილების უნარი შესწევთ, თუკი შესაძლებლობას მივცემთ კომუნიკაციისა და კონფლიქტის გადაჭრის უნარების შესახებ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება შეიძინონ.

P.E.T. პროგრამის თითქმის ყველა მონაწილე (ისინი, ვინც მეცადინეობებს ესწრებოდნენ და ვინც თვითსწავლას მიმართავდა) აცნობიერებდა, რომ მათ დამოკიდებულებებსა და მეთოდებს სრულყოფა სჭირდებოდა. ბევრმა იცოდა, რომ ვერ დაიკვეხნიდა თავისი პირველი შვილის კარგი მშობლობით; სხვები შფოთავდნენ იმის გამო, რა შედეგს მოუტანდა მათეული მეთოდები შვილებს; ყველამ კარგად უწყოდა, რამდენი ბავშვი გრძნობს თავს მარტოსულად და რამდენი ურთიერთობა ინგრევა მოზარდობის დადგომასთან ერთად.

მშობელთა უმრავლესობა თანახმაა შეიცვალოს – ისწავლოს ახალი, უფრო ეფექტური მეთოდები, თავიდან აიცილოს სხვა მშობლების (ან საკუთარი) შეცდომები და აღმოაჩინოს ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელიც მას, როგორც მშობელს, საქმიანობას გაუადვილებს. ძნელია, ისეთი ადამიანის მონახვა, რომელსაც არ სურს თავისი შვილებისთვის უკეთესი მშობელი იყოს. 

გასაკვირი არ არის, რომ P.E.T. ჯგუფებში სწავლის გამოცდილებას მშობლის დამოკიდებულებისა და ქცევის არსებითი ცვლილება მოჰყვება ხოლმე. გთავაზობთ ამონარიდებს მშობლების ჩანაწერებიდან და შეფასებებიდან:
„დასანანია, რომ ეს კურსები უფრო ადრე ვერ გავიარეთ, როცა ჩვენი შვილები მოზარდები იყვნენ”.

„ახლა შვილებს ისეთივე პატივისცემით ვეპყრობი, როგორც ჩვენს მეგობრებს”.

„ბედნიერი ვარ, რომ ამ კურსების მსმენელი გავხდი. მეტიც, ვამჩნევ, რომ ჩემი დამოკიდებულება მთლიანად ადამიანთა მოდგმის მიმართ შეიცვალა და უფრო მიმტევებელი გავხდი სხვების მიმართ – ვიღებ მათ ისეთებს, როგორებიც არიან. ეს ადრე არ შემეძლო”.

„ბავშვები მუდამ მიყვარდა, მაგრამ ახლა მათი პატივისცემაც ვისწავლე. P.E.T. პროგრამა მხოლოდ ბავშვის აღზრდას არ ეხება, ჩემთვის ის ცხოვრების წესია”.

„გავაცნობიერე, რამდენად არასათანადოდ ვაფასებდი შვილებს და ვაუძლურებდი ზედმეტი მფარველობითა და კეთილსინდისიერებით. იმ ჯგუფის წევრი ვიყავი, სადაც ბავშვის ქცევა შევისწავლეთ, თუმცა, ამან მხოლოდ გამიმძაფრა დანაშაულის გრძნობა და მაიძულა, ძალ–ღონე არ დამეშურებინა, რომ „იდეალური მშობელი” გავმხდარიყავი.

„ახლა მიჭირს დავიჯერო რამდენად სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და როგორ მცირედ მჯეროდა ჩემი შვილების. როცა გავიგე, რომ ისინი ჩემზე ბევრად უკეთ უმკლავდებიან საკუთარ განცდებსა და პრობლემებს, თითქოს უზარმაზარი ტვირთი ჩამომეხსნა მხრებიდან. ჩემთვის ცხოვრება დავიწყე. განათლების გაგრძელება გადავწყვიტე და ბევრად უფრო ბედნიერი, თვითკმარი ადამიანი და, შესაბამისად, უკეთესი მშობელი გავხდი”.

ყველა მშობელს არ ძალუძს დამოკიდებულების შეცვლა – შვილების მიმართ მიმღეობის ხარისხის გაზრდა. მათი ნაწილი აცნობიერებს, რომ ქორწინებას არც ერთი მეუღლისათვის ბედნიერება არ მოაქვს და ერთ–ერთი მათგანი (ან ორივე) ვერ შეძლებს კარგ მშობლობას. შესაძლოა იმიტომ ვერ პოულობენ დროსა და ენერგიას შვილებისთვის, რომ მთელი ძალისხმევა მეუღლეთა შორის კონფლიქტის გადაჭრაზეა მიმართული; ზოგჯერ აღმოაჩენენ ხოლმე, რომ შვილების მიმართ მიმღებლობის დეფიციტის მიზეზი მეუღლეების მიერ ურთიერთმიუღებლობაში უნდა ეძებონ.

ზოგიერთ მშობელს უჭირს უარი თქვას იმ დესპოტურ ღირებულებათა სისტემაზე უარის თქმა, რომელიც მემკვიდრეობით ერგოთ თავიანთი მშობლებისაგან და ახლა შვილებთან ურთიერთობაში უსასრულო კრიტიკისა და მიუღებლობის მიზეზი გამხდარა. ზოგს შვილების მიმართ „მესაკუთრის” დამოკიდებულების დათმობა ეძნელება ან ძვალსა და რბილში გამჯდარი შეხედულების უარყოფა, რომ შვილები გარკვეულ „წინასწარ მონახაზს” უნდა შეესაბამებოდნენ. ასეთი დამოკიდებულება ძირითადად იმ მშობლებთან გვხვდება, რომლებიც თავად განიცდიან რომელიმე რელიგიური სექტის დოგმების ძლიერ ზეწოლას. ამ დოგმების მიხედვით მშობელს ეკისრება შვილის მოქცევის ზნეობრივი პასუხისმგებლობა, თუნდაც ძალისმიერი მეთოდებით. მისაღებია ზემოქმედების ისეთი მეთოდებიც, რომელიც დიდად არ განსხვავდება „ტვინის რეცხვისა” და ყოვლისმომცველი კონტროლისაგან.   
იმ მშობლებს, რომელთაც უძნელდებათ თავიანთი სიღრმისეული საბაზო დამოკიდებულებების შეცვლა P.E.T.–ი სხვადასხვაგვარ დახმარებას სთავაზობს – ჯგუფური თერაპიის, საოჯახო ურთიერთობების შესახებ კონსულტაციების, ოჯახური ან ინდივიდუალური თერაპიის სახით. მშობელთა ამ კატეგორიაში იშვიათად შეხვდებით ისეთს, რომელსაც P.E.T.–ის კურსებამდე არ მიუმართავს ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის კონსულტაციისთვის. როგორც ჩანს, ჩვენი პროგრამა მათ თვითშემეცნების პირობებს უქმნის და ცვლილების მოტივსა და სურვილს უჩენს იმ შემთხვევაშიც კი, როცა თვით კურსებს ვერ მოაქვს სასურველი ცვლილება. 

P.E.T. კურსების შემდეგ ზოგიერთი მშობელი გვთხოვს დედებისა და მამების მცირერიცხოვან ჯგუფებში შეხვედრების ორგანიზებას იმ მიზნით, რომ ერთობლივად იმუშაონ დამოკიდებულებებსა და პრობლემებზე, რომელიც ხელს უშლით ახლადნასწავლი მეთოდების გამოყენებაში. ამ „წინმსწრებ ჯგუფებში” მშობლები ძირითადად ცოლ–ქმრულ, საკუთარ მშობლებთან ურთიერთობებზე ან საკუთარ თავთან, როგორც ინდივიდთან დამოკიდებულებაზე საუბრობენ. მხოლოდ ამ წინმსწრებ თერაპიულ ჯგუფებში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე უყალიბდებათ მშობლებს ის ხედვა და შეცვლილი დამოკიდებულებები, რომელიც ახალი მეთოდების ეფექტურად გამოყენების საშუალებას აძლევთ. ამრიგად, P.E.T. სისტემამ, შესაძლოა, თავისთავად ვერ შეცვალოს ზოგიერთი მშობლის დამოკიდებულება, მაგრამ ის აუცილებლად ჩაუყრის საფუძველს ამგვარი ცვლილებების პროცესს ან სტიმულს მისცემს ადამიანს ეძებოს თავისი, როგორც პიროვნების და მშობლის ეფექტურობის გაზრდის გზები. 

ცხადია, ამ წიგნის წაკითხვა ვერ მოიტანს იგივე შედეგებს, რასაც P.E.T. კურსებში მონაწილეობა ან P.E.T.–ის ვიდეო პროგრამა. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ თუ კეთილსინდისიერად წაიკითხავთ და შეისწავლით ამ წიგნს, უმრავლესობას წარმოდგენა შეექმნება ბავშვის აღზრდის ჩვენეული ახალი ფილოსოფიის შესახებ. მისი წყალობით ბევრი მშობელი, ალბათ, მიაღწევს კომპეტენციის იმ დონეს, რომელიც აუცილებელია ჩვენი ფილოსოფიის ოჯახში განსახორციელებლად. ნასწავლი უნარების პრაქტიკაში გამოყენებას მკითხველი არა მხოლოდ შვილებთან, არამედ მეუღლესთან, თანამშრომლებთან, მშობლებთან, მეგობრებთან ურთიერთობაშიც შეძლებს.  

გამოცდილება ცხადყოფს, რომ პასუხისმგებლობის მქონე შვილების აღზრდა უდიდეს ძალისხმევას, გულმოდგინე შრომას მოითხოვს და არა აქვს მნიშვნელობა სად გავეცნობით ახალ მიდგომებს რომელიმე პროგრამაში მონაწილეობით თუ წიგნის წაკითხვით. თუმცა, არსებობს კი სამუშაო, რომელსაც ძალისხმევა არ სჭირდება?
    
  

მე და ჩემი forte-piano

0

მუსიკის უმთავრესი დანიშნულება ბავშვის შემოქმედებითი საწყისის განვითარებაა. მეცადინეობა ძალდაუტანებლად, მხიარულად და გატაცებით უნდა მიმდინარეობდეს. მნიშვნელოვანია, მოიძებნოს ბავშვთან თამაშით მიდგომის ფორმები; ასე იგი თავშესაქცევ მუსიკალურ სამყაროში აღმოჩნდება.

თანამედროვე სამყაროში ბავშვები ადრეული ასაკიდანვე იჩენენ ინტერესს კომპიუტერის, კარაოკეს, საბავშვო სინთეზატორის მიმართ. ამ გარემოში მათ თითქმის არ ეძლევათ საშუალება, უსმინონ კლასიკურ მუსიკას. ჩვენი ამოცანაა, ბავშვებს გავაცნოთ კლასიკური მუსიკის შედევრები, დავაინტერესოთ და განვუვითაროთ მათ მუსიკალური შესაძლებლობები.

სასურველია, ადამიანი თავიდანვე მუსიკალურ გარემოში აღიზარდოს. თუ ორი წლის ბავშვი როგორღაც ახერხებს თვლას (ერთი, ორი, სამი…), სიტყვების დამახსოვრებასა და გამოთქმას, მას შეიძლება ვასწავლოთ სიმღერაც, პიანინოს კლავიატურაზე სმენით ბგერის მოძებნა-ამოცნობაც და ა.შ.

რაღა თქმა უნდა, არსებობენ გამონაკლისებიც, რომლებიც მცირე ასაკშივე ინტუიციით პოულობენ კლავიატურას და მასზე დაკვრა-თამაშს იწყებენ. იშვიათად ასეთ თამაშს დაუჯერებელი შედეგიც მოჰყვება და აი, გასული საუკუნის 40-იან წლებში, როდესაც ჯაზი უბრალო ამერიკელთა სახლებში შეიჭრა, მუსიკალურ ასპარეზზე სამიოდე წლის შავკანიანი ბიჭუნა – ფრენკ რობინსონი, იგივე შუგარ ჩილი გამოჩნდა. მან რამდენიმე მუსიკალურ კონკურსში გაიმარჯვა, რის შემდეგ ცნობილი ჯაზური კოლექტივების გასტროლებში მონაწილეობდა. პატარა ფრენკი თეთრ სახლში, აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის ჰარი ტრუმენის წინაშეც გამოდიოდა. ჩაწერილი აქვს საკუთარი ალბომი. გადაღებულია რომანტიკულ კომედიაში „No Leave, No Love”, სადაც ასრულებს იმ დროის ჰიტს „Caldonia”:

 

პედაგოგები ნორჩ მოსწავლეებს აუცილებლად უნდა ვაცნობდეთ იმ ინსტრუმენტის ისტორიას, რომლის დაუფლებასაც ისინი იწყებენ. მაგალითად, ფორტეპიანოს ყველა ბავშვობიდანვე იცნობს. ამ ინსტრუმენტის მონაწილეობის გარეშე ალბათ მნიშვნელოვანი ვერაფერი მოხდებოდა მუსიკალურ ცხოვრებაში. ფორტეპიანო როგორც სოლო ინსტრუმენტად, ასევე ხმისა და სხვა საკრავების თანმხლებად გამოიყენება.

დღეს სწორედ ფორტეპიანოზე შევაჩერებ ყურადღებას.

 

ბავშვის მეტად დასაინტერესებლად შეგვიძლია პიანინოს თავი ავხადოთ, დავათვალიერებინოთ, თან მოვუთხროთ მისი წარმოშობის ისტორია და ავუხსნათ აგებულება.

XVIII საუკუნის მიჯნაზე კომპოზიტორები და მუსიკოსები მწვავედ გრძნობდნენ ახალი ტიპის კლავიშიანი ინსტრუმენტის საჭიროებას, რომელიც გამომსახველობით არ ჩამოუვარდებოდა ვიოლინოს. უფრო მეტიც – აუცილებელი გახდა ინსტრუმენტი ფართო დიაპაზონით, ძლიერი ფორტისიმოთი, უნაზესი პიანისიმოთი და ფაქიზი დინამიკური გადასვლებით.

1700-1711 წლებში ფლორენციელმა ბარტოლომეო კრისტოფორიმ („პრინც-ორფევსის” – ფერდინანდო მედიჩის კარზე მუსიკალური საკრავების მდიდარი კოლექციის შემკეთებელმა და მომვლელმა) შექმნა პირველი ფორტეპიანო, რომელსაც დაარქვა „კლავესინი ჩუმი და ხმამაღალი ხმოვანებით”. ეს სახელწოდება შემდეგ შემოკლდა – („პიანოფორტე”) და გაჩნდა სიტყვა „ფორტეპიანო” – კლავიშებიან-სიმებიანი ინსტრუმენტების, პიანინოსა და როიალის, კრებითი სახელი. ისინი ერთმანეთისგან ძირითადად სიმების ჰორიზონტალური (როიალი) და ვერტიკალური (პიანინო) განლაგებით განსხვავდება. როიალი („სამეფო”) საკონცერტო ინსტრუმენტია, ხოლო პიანინო (პატარა ფორტეპიანო) – საოჯახო, „საკლასო” გამოყენებისაა.

კრისტოფორის მიერ შექმნილი ფორტეპიანოს მექანიზმი მეტისმეტად მარტივი აღმოჩნდა. მთელი მე-18 საუკუნის განმავლობაში გერმანელი, ავსტრიელი, ინგლისელი, ფრანგი ოსტატები აუმჯობესებდნენ და ხვეწდნენ ამ შესანიშნავ გამოგონებას.

აქვე არ შეიძლება არ გავიხსენოთ ფორტეპიანოს უახლოესი წინამორბედები – კლავიკორდი და კლავესინი. ისინი საშინაო და სალონურ ინსტრუმენტებად მიიჩნეოდა. კლავიკორდი თუ რბილი და ჩუმი ჟღერადობის გამო ნაკლებად მიესადაგებოდა საკონცერტო დარბაზებს, სამაგიეროდ სახლის პირობებში ფასდაუდებელი გახლდათ. კლავესინი, რომელიც ძვირფასი ხისგან მზადდებოდა და ორნამენტებით უხვად იყო მორთული, შეძლებული ოჯახების მდიდრულ „სათამაშოდ” ითვლებოდა. კლავიკორდთან შედარებით უფრო ჟღერადი კლავესინი ბაროკოს ეპოქაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა და საკონცერტო ინსტრუმენტადაც გადაიქცა. მოგვიანებით ეს ორი საკრავი ფორტეპიანომ თანდათან უფრო და უფრო გასწია განზე და ცალკეული ეპიზოდური პარტიებიღა დაუტოვა შესასრულებლად. და მიუხედავად იმისა, რომ კლავიკორდი და კლავესინი დღეს დიდი პოპულარობით აღარ სარგებლობს, მათი მოსმენა მაინც შესაძლებელია ძველებური ან ავანგარდული მუსიკის კონცერტებზე.

დომენიკო სკარლატი. სონატა რე მინორი. ასრულებს ელეინ კომპარონი

კლავესინის ხსენება შეუძლებელია XX საუკუნის ცნობილი პოლონელი კლავესინისტის ვანდა ლანდოვსკას გარეშე, რომელმაც მსმენელებს ამ საკრავის სრულფასოვნება აჩვენა და მის არაძველმოდურობაშიც დაარწმუნა. 

ხალხური ცეკვა. ასრულებს ვანდა ლანდოვსკა

როდესაც ფორტეპიანო პირველად გამოჩნდა, ევროპაში გაბატონებული იყო როკოკოს სტილი. ეს გახლდათ ბაროკოდან კლასიციზმისკენ გარდამავალი პერიოდი. კლასიციზმის ეპოქაში კი ფორტეპიანო განსაკუთრებით პოპულარული ინსტრუმენტი გახდა საშინაო მუსიცირებისა და საკონცერტო შესრულებისთვის. ის კარგად მოერგო იმ დროისათვის პოპულარულ სონატის ჟანრს (მუციო კლემენტისა და ვოლფჰანგ ამადეუს მოცარტის ნაწარმოებები). კლასიციზმი შეცვალა რომანტიზმმა, როდესაც ხელოვნებაში უმთავრესი მნიშვნელობა მიენიჭა ემოციების გამოხატვას. ფორტეპიანოს ახალმა გამომსახველობითმა შესაძლებლობებმა კომპოზიტორებს ბეთჰოვენს, შუმანს, ლისტს, შოპენს თავიანთი ნაწარმოებებით ღრმა გრძნობების გადმოცემის საშუალება მისცა, რამაც საბოლოოდ ფორტეპიანო სოლო ინსტრუმენტად აქცია და ცენტრალური ადგილი მიაკუთვნა ევროპის საკონცერტო დარბაზებში.

ფ. ლისტი. უნგრული რაფსოდია №2. ასრულებს ლანგ ლანგი

არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა ფორტეპიანო ჩვენშიც. საქართველოში ფორტეპიანო (პიანინო და როიალი) XIX საუკუნის საზოგადო მოღვაწემ ალექსანდრე ჭავჭავაძემ შემოიტანა. XX საუკუნის 60-იანი წლებიდან კი ეს ინსტრუმენტი ჰქონდა თითქმის ყველა ქალაქელ თუ სოფლელ ოჯახს.

ფორტეპიანოს კორპუსში თუჯის ჩარჩო იდგმება. მას შემდეგ, რაც დეკა და თუჯის ჩარჩო კორპუსში ჩამაგრდება, ფორტეპიანო მზად არის სიმების დასამაგრებლად.

ბგერა წარმოიშობა ჩაქუჩის სიმზე დარტყმით. ჩაქუჩის პირზე ქეჩაა დაკრული. ჩაქუჩი კლავიშის შესატყვის ერთ, ორ ან სამ სიმს ეხება და უკან ბრუნდება (კლავიატურაზე სულ 88 კლავიშია: 52 – თეთრი და 36 – შავი).

 

200-ზე მეტი ერთმანეთის პარალელურად გაჭიმული ფოლადის სიმი 88 ბგერას გამოსცემს. დაბალ რეგისტრში თითო ბგერას თითო სიმი შეეფარდება, საშუალო რეგისტრში სიმები დაწყვილებულია, ხოლო ზედა რეგისტრში თითო ბგერისთვის სამ-სამია განკუთვნილი. ეს წყვილები და სამეულები უნისონშია აწყობილი ანუ ერთსა და იმავე ბგერას გამოსცემს.

სიმები გადაჭიმულია ხის დეტალებზე – ჯორაკებზე, ჯორაკები კი მიმაგრებულია ხის სარეზონანსო დეკაზე (პიანინოში დეკა ვერტიკალურად მდებარეობს, როიალში კი ჰორიზონტალურად). სარეზონანსო დეკა მთის ნაძვის თხელი ფირფიტებისგან არის დამზადებული, რადგან ეს ხე საკმაოდ მოქნილია იმისთვის, რომ ბგერის რხევები მიიღოს და საკმაოდ გამძლე, რომ ფორტეპიანოს სიმების დატვირთვას გაუძლოს. ნაძვის ფირფიტებს ძალიან ფრთხილად ამუშავებენ სპეციალურ კლიმატურ კამერებში, ცხელი ჰაერით აშრობენ და მჭიდროდ აწებებენ ერთმანეთზე. გამომშრალი ხე,  წესისამებრ, კარგად რეზონირებს. იგი ჩადგმულია კორპუსის შიგნით, სიმების უკან (პიანინო) ან ქვეშ (როიალი). ზუსტი და სკრუპულოზური ტექნოლოგიით დამზადებული სარეზონანსო დეკა ინსტრუმენტს სრულყოფილ ჟღერადობას სძენს.

ინსტრუმენტის პედლები შემსრულებელს ეხმარება ხმოვანების გაძლიერებასა (მარჯვენა პედალი) და შესუსტება-შერბილებაში (მარცხენა პედალი).

ფორტეპიანო მოითხოვს ფაქიზ მოპყრობას და დროდადრო აწყობას, რამდენადაც სიმების მოშვება ხმოვანებას ცვლის. ამწყობი ყურადღებით უსმენს ბგერის სიმაღლეს და სპეციალური ხელსაწყოთი სათანდოდ ჭიმავს სიმს, რის შემდეგაც ფორტეპიანო მზად არის საბოლოო შემოწმებისათვის.

XX საუკუნეში გამოჩნდა პრინციპულად განსხვავებული ინსტრუმენტები – ელექტროპიანინოები და სინთეზატორები, თუმცა ისინი მუსიკალური შესაძლებლობებით ფორტეპიანოს ვერ შეედრებიან და მის ღირსეულ კონკურენტებად ვერ ჩაითვლებიან.

დოკუმენტური ფილმი როიალის „მომთვინიერებელ” (იდეალური ჟღერადობის მისაღწევად) შტეფან კნიუპფერზე

მარჩიანოდან “რკინის მაიკამდე”

0
მეტსახელები პროფესიონალური კრივის მუდმივი და განუყოფელი ატრიბუტია. ხშირია მოკრივეთა ხასიათის ამ თუ იმ შტრიხის ამსახველი მოკლე სიტყვა თუ გრძელი წინადადება. მათგან ზოგი სახუმაროა, ზოგიც მუქარის გამომხატველი.
მეტსახელის ავტორი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს. ტელეკომენტატორი, სარეკლამო აგენტი, მწვრთნელი, მეტოქე, თქვენ წარმოიდგინეთ მშობელიც კი. როგორადაც არ უნდა შეიცვალოს მსოფლიო რეიტინგში მოკრივის მდგომარეობა, რა სიმაღლეზეც არ უნდა ავიდეს იგი, შერქმეული სახელი მუდამ რჩება. ხშირად კრივის ისტორია ამა თუ იმ მებრძოლს მხოლოდ მეტსახელით ინახავს.
მეოცე საუკუნის დასაწყისი
მეოცე საუკუნის დასაწყისში პროფესიონალური მეტსახელის მქონე მოკრივეთა რაოდენობა ძალზე მცირე იყო. ამგვარი რამ უდავოდ დიდი პოპულარობის დამადასტურებელი იყო. შერქმეული სახელებით განსაკუთრებით მძიმეწონოსნებს ანებივრებდნენ, თუმცა საშუალო წონაშიც მრავლად იყვნენ შესანიშნავი მებრძოლები, რომლებიც ხშირად მძიმეწონოსნებს შავ დღეს აყრიდნენ და მეტსახელის მინიჭებას იმსახურებდნენ.
მათ შორის ერთ-ერთი პოლონური წარმოშობის ამერიკელი სტენლი კეტჩელი გახლდათ, რომელიც 1904-1910 წლებში ბრწყინავდა. მან არამარტო ოფიციალურად გამოიცვალა თავისი ნამდვილი სახელი, სტანისლავ კეცალი, არამედ ბრძოლის განსაკუთრებით უხეში მანერისა და 53 გამართული შეხვედრიდან 50-ის ნოკაუტით დასრულებისათვის ერთობ მჟღერი მეტსახელი “მიჩიგანელი მკვლელი” დაიმსახურა. სამწუხაროდ, 24 წლის ასაკში თვითონ შეეწირა ქუჩურ გარჩევას.
იმ დროს არანაკლები პოლულარობით სარგებლობდა სტენლის მუდმივი მეტოქე, შავკანიანი ათლეტი სემუელ (სემ) ლენგფორდი. 24-წლიანი(!) წარმატებული სპორტული კარიერის განმავლობაში 71 კგ.-იანი მოკრივე, თითქმის ყველა წონით კატეგორიაში გამოდიოდა და სუპერმძიმე წონოსნებსაც შავ დღეს აყრიდა. შემთხვევითი არ არის, რომ მას `შავი პატარა ბიჭი ბოსტონიდან” შეარქვეს.
ალი და სხვები
როგორც ავღნიშნეთ მძიმე წონაში მეტსახელები გაცილებით ხშირი იყო. 1919-26 წლების უცვლელ ჩემპიონს, ლეგენდარულ ჯეკ დემპსის “მანასელი ურო” შეარქვეს, რაც მისი საბრძოლო თვისებების შესახებ ერთობ ნათელ წარმოდგენას ქმნიდა. მისი და არგენტინელი ლუის ფიპლოს, `პამპასების ხარის” ბრძოლა, რომელიც 1923 წლის 14 სექტემბერს ნიუ-იორკში გაიმართა და დემპსის გამარჯვებით დასრულდა, მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ყველაზე საინტერესო შერკინებადაა აღიარებული.
1952-56 წლების ჩემპიონის, დაუმარცხებელი როკ მარჩიანოს დედა, თავისი შვილისთვის სახელის შერჩევისას ნამდვილად არ შემცდარა – ინგლისურად `როკ” ხომ კლდეს ნიშნავს. როკიმ იგი სრულიად გაამართლა და გასაკვირიც არ არის რომ მეტსახელის მოგონება საჭირო აღარ გამხდარა. 
მუჰამედ ალის სპეციალური მეტსახელი არ ჰქონია. თავისი, რომის იმპერატორის კასიუს მარცელიუს კლეის მსგავსი, სახელი 1964 წელს მუჰამედ ალით შეცვალა, რაც `შავი მუსულმანების” სექტის მოძღვრის ილიაჯი მუჰამედის პატივისცემის ნიშნად გააკეთა.
მაშინ ბევრი მიიჩნევდა, რომ სარწმუნოების შეცვლა `დიდებულის” (როგორც ალი საკუთარ თავს უწოდებდა) სარეკლამო ტრიუკი იყო. გარდა ამისა მას პრესაში `დიდ პირსაც” უწოდებდნენ, ნებისმიერ საკითხზე საკუთარი აზრის გამოთქმისა და ერთობ ვრცლად საუბრის მომეტებული სიყვარულის გამო. მაგრამ არც ერთი ეს მეტსახელი ალის არ შერჩა. სამაგიეროდ ალის მუდმივ მეტოქეს კო ფრეზერს მთელი მსოფლიო `შებოლილს” ეძახდა.  იმ პერიოდის კიდევ ერთ ლეგენდას, ჯორჯ ფორმენს კი საოცარი გაბარიტების გამო `დიდი” შეარქვეს.
1980 წელს გამართული ბრძოლის წინ მუჰამედ ალიმ თავის მეტოქე ლარი ჰოლმსს გასაბრაზებლად `მიწის თხილი” შეარქვა, როგორც ჩანს, მას მისი თავის ქალის უცნაური ფორმა არ მოეწონა. მან ისე განარისხა ლარი, რომ ალი მეთერთმეტე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. თუმცა ეგზომ დამამცირებელი მეტსახელი მას საბოლოოდ შერჩა. არადა იქამდე ჰოლსი ცნობილი იყო როგორც `ისტონელი მკვლელი”.
ტაისონი და მისი თანამედროვენი
განთქმულ მაიკ ტაისონს 80-იანი წლების პირველ ნახევარში, ანუ თავისი კარიერის დასაწყისში, უამრავი მეტსახელი ჰქონდა. უძლიერესი დამანოკაუტებელი დარტყმის გამო მას რას არ ეძახდნენ: `რემბო”, `მისტერ ნოკაუტი”, `კუნთა”, `ყოვლისშემძლე” და ა. შ. მაგრამ საბოლოოდ ტაისონს მხოლოდ ერთი მეტსახელი `რკინის მაიკი” შერჩა. უნდა ითქვს, რომ თავად ტაისონს ეს მეტსახელი დიდად არ მოსწონს, განსაკუთრებით ჰოლიფილდთან ორჯერ ზედიზედ წაგების შემდეგ. იმ ჰოლიფილდთან, რომელსაც სიტყვაძუნწობის და ნათქვამის მუდამ შესრულების გამო `სიტყვის კაცი” შეარქვეს. ვერაფერს იტყვი, მშვენიერი მეტსახელია.
აი, მძიმე წონაში მსოფლიოს ექს ჩემპიონს რიდიკ ბოუის კი მეტად სასაცილო მეტსახელი აქვს. ერთობ დიდი, მოუხეშავი აღნაგობა და ხუთი შვილი, რომელთა მოღიმარი სახეები თავის უზამაზარ ტანზე ამოისვირინგა, გახდა იმის მიზეზი, რომ მას `დიდი მამიკო” დარქმეოდა.
ბოუის თავისი მეტსახელი არც დიდად არ მოსწონს, სამაგიეროდ ნიგერიელი აიკ იბეაბუჩია მეტად კმაყოფილია – მას ხომ `პრეზიდენტს” ეძახიან. ამის მიზეზი კი სრულიად მარტივი გახლავთ – დუაიტი, ანუ აიკი ხომ თვითYეიზენჰაუერს ერქვა.
უკმაყოფილო არც ამერიკელი ჯონ რუისი და პოლინეზიელი დევიდ ტუა არიან. პირველს სიტყვაძუნწობისა და ბრძოლის ზედმეტად ცივსისხლიანი მანერისათვის `ჩუმი” შეარქვეს, მეორეს კი საოცარი ძალის გამო _ `ტერმინატორი”.
ასევე ფრიად აგრესიული მეტსახელები აქვთ ხასიმ რახმანს, ოლეგ მასაევს და კლიფორდ ეი ტი ენს. მათ `კლდეს”, `რუსულ ტანკს” და `შავ მარტორქას” ეძახიან.
მაგრამ სად არის ლენოქს ლუისი? განა ეგზომ დიდი კალიბრის მოკრივეს შესაბამისი მეტსახელი არ უნდა ჰქონდეს? გაგიკვირდებათ, მაგრამ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს არაფერი მსგავსი არ გააჩნია. ალბათ ბრიტანელი ძალიან დარდობს, რომ, მაგალითად, ბერნარდ ჰოპკინსის მსგავსად `ჯალათს” არ ეძახიან, რომელსაც ეს მკაცრი მეტსახელი ციხეში ჯდომისას შეარქვეს.
მაგრამ ალბათ მეორე მხრივ ლუისი კმაყოფილიც კია, რომ თავისი თანამემამულის ერიკ ელშის მსგავსად დასაცინი მეტსახელი არ შეარქვეს. საკამრისია ერთხელ შეხედოთ ელშის მელოტ, მოლაპლაპე თავს, რომელიც მოუხეშავ ჩასუქებულ სხეულს ადგას, მაშინვე მიხვდებით თუ რატომ არ ახსოვს აღარავის ერიკის ნამდვილი სახელი და ყველა `ზეთის ბუშტს” ეძახის.
ბევრმა მოკრივემ თავისი მეტსახელი ჯერ კიდევ უნდა გაამართლოს. ეს პირველ რიგში ოსკარ დე ლა ჰოიას ეხება, რომელსაც შესანიშნავი დებიუტის გამო `ოქრoს ბიჭუნა” შეარქვეს. მაშინ იგი რეიტინგში თვით როი ჯონსზე მაღლაც კი იდგა, მაგრამ შემდეგ თანდათან აღმასვლა შეანელა.
    
ხოლო როი ჯონსს, რომელიც დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოკრივე და ოთხ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონია, ,,ალის მემკვიდრეს” ეძახიან. ალბათ ეს მეტსახელი მის თავმოყვარეობას უფრო ელამუნება, ვიდრე ერთობ მოკრძალებული აღნაგობის გამო შერქმეული ,,პატარა როი”.

შ. რუსთაველი, ა. წერეთელი, გ. ტაბიძე…

0
ძალიან მოგხვდათ ყურში, ხომ? უარესებიც მინახავს – ც. დადიანი, ქ. წამებული, ვ. ფშაველა. ვერ იქნა და ვერ გამოვეხსენით ამ ინიციალებისა და შემოკლებული სახელების  მაგიას. 
მოდით, ამასაც მხოლოდ საბჭოთა კავშირს ნუ გადავაბრალებთ. არც უმაგისობაა, უფრო სწორად, მაშინ იყო რაც იყო, მაგრამ ოც წელზე მეტი გავიდა და ჩვენ ისევ იქ ვართ, ძველ გზას არ ვღალატობთ. საოცარი რუდუნებითა და სიყვარულით ვაგრძელებთ დამკვიდრებულ ტრადიციას: საქმიან ქაღალდებში, სამეცნიერო მონოგრაფიებში, საგაზეთო სტატიებსა და ტრაფარეტებზე ერთი ხელწერაა – შემოკლებული სახელები.
რას უნდა მივაწეროთ, რითი შეიძლება ავხსნათ ამ მკვიდრად ჩაშენებული, ხელუხლებელი ტრადიციის უფრო და უფრო აღზევება?
ადგილის დეფიციტით? – არა მგონია. ყოველ შემთხვევაში შ. რუსთაველის დამწერისთვის სახელში დაზოგილი სამი ასო-ბგერის დაწერა, ვეჭვობ, დიდი პრობლემას წარმოადგენდეს. ქუჩისა და გამზირის ტრაფარეტთა დამზადების დროსაც შეიძლება ამის გათვალისწინება: ბოლოს და ბოლოს, იმან, ვინც ვ. ბერიძის ქუჩაზე ცხოვრობს, ხომ უნდა იცოდეს, ეს ვ ვუკოლია, ვიქტორი, ვენერა თუ ვლადიმერი. 
მეექვსე თუ მეშვიდე კლასში ვიყავი, მათემატიკის მასწავლებელმა ერთი ჩვენი კლასელი გამოიძახა, არ ვიცი რაზე იყო გამწყრალი, მაგრამ მთელი თავისი ბრაზი და გულისწყრომა დაუშვა მის თავსა ზედა. საშინაო დავალება ხომ დაუწუნა, პასიურობისთვის დატუქსა, ჩაცმულობაზეც ირონიულად გადაუკრა სიტყვა და ბოლოს ისიც ჰკითხა, რომელ ქუჩაზე ცხოვრობო.
– ი. კრილოვის ქუჩაზე, – ასე მგონია, სწორედ ამ პასუხს ელოდა ჩვენი მათემატიკის მასწავლებელი და ამ ფრაზაზე ამოახვია შემდეგი ნახევარი საათი – უვიცები და გაუნათლებლები გვეძახა და არც რუსულის მასწავლებელი დაინდო, მოთხრობას და იგავ-არაკს თუ ვერ გასწავლით, მწერლის სახელი მაინც ჩაგაწერინოთ წესიერადო.
ეს ამბავი, ცხადია, იმ დღესვე მივიდა რუსულის მასწავლებლის ყურამდე. ავი ენები ამბობდნენ, რომ სვეტლანა გეორგიევნა სახეალეწილი დახვედრია სკოლის მთავარ მათემატიკოსს და მიუკიბ-მოუკიბავად, პირდაპირ უთქვამს: 
– ბატონო სლავა, თქვენ და თქვენი შვილები რომ ლ. პ. ბერიას ქუჩაზე გადი-გამოდიხართ და მის შემოკლებულ სახელზე არაფერს ამბობთ, რაღა ამ კრილოვების, გორკების, ტოლსტოებისა და მაიაკოვსკების ხსენებაზე დაგიმძიმდათ გუნება? ბავშვმა ისე დაიმახსოვრა, როგორც ყოველ დღე ხედავს, რა არის ამაში გასაკვირი? 
სლავა მასწი დაიბნა. სვეტლანა გეორგიევნას დაოკება იოლი სულაც არ იყო:
– დამნაშავე ბავშვი კი არა, თქვენისთანა მცონარე ხალხია, ზევით მოკალათებული, ვისაც სამი-ოთხი ზედმეტი ასოს დაწერა და მერე დამახსოვრება ეზარება.
ისე, „ზევით მოკალათებულებზე” მართლაც ბევრი რამაა დამოკიდებული, თამაშისა და მართლწერის წესებს ისინი ადგენენ. ამიტომ საჭირო და აუცილებელიც კია, მათი ყოველი გადაწყვეტილება, ძალზე მნიშვნელოვანიც და ერთი შეხედვით უმნიშვნელოც, განსჯის საგანი გახდეს. 
დავუშვათ, ვიღაცისთვის შეიძლება მესამეხარისხოვანია, მაგრამ ყურს კი ნამდვილად ჭრის ქალაქ ქუთაისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, რომ „ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში… იდგმებოდა გ. ერისთავის, ზ. ანტონოვის, ა. წერეთლის, გ. სუნდუკიანის…” პიესები. ასე მგონია, ქართული თეატრისა და მწერლობის გამორჩეულ წარმომადგენელთა სახელების შემოკლება მათი დაკნინებაცაა ამავე დროს, შეიძლება გაუაზრებლად, მაგრამ მაინც დაკნინება.
ეს არ არის ერთი შემთხვევა. თეატრების რიგს თუ გავყვებით, ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის გვერდსაც აღმოვაჩენთ ფეისბუქზე, ხოლო რაც შეეხება თბილისის აზერბაიჯანული დრამატული თეატრისთვის ჰეიდარ ალიევის სახელის მინიჭებას, ეს შემოკლებულ სახელთა თემას სცილდება: გაუგებარია, რატომ უნდა დაერქვას პოლიტიკოსის სახელი სახელმწიფო თეატრს, როცა ორ სახელმწიფოს – საქართველოს და აზერბაიჯანს – ისეთი დიდი დრამატურგი აკავშირებს ერთმანეთთან, როგორიც მირზა-ფათალი ახუნდზადეა.  
დიდი პოლიტიკისა და სახელმწიფოებრივი გამოწვევების ფონზე, ასეთი „წვრილმანი” საკითხები შეიძლება სათქმელადაც არ ღირდეს, მაგრამ ყველა ხელისუფლება წარმავალია – წავლენ, თვალს მიეფარებიან, თუმცა მათ მიერ დამკვიდრებული ენა და გემოვნება ცვლილებასა და გადახალისებას, გადახედვას იოლად არ დაექვემდებარება. უფრო გასაგებად ვიტყვი: ტრადიციას დიდი ძალა აქვს, მით უფრო – მონობაში გამოკვეთილ და დამკვიდრებულ ტრადიციებს!
სახელის შემოკლებაც, ეს თითქმის აუცილებელი და ბოლომდე გაუცნობიერებელი აქტი, დღესაც წარმატებით სრულდება თითოეული ჩვენგანის მიერ, ჩვენ თვალწინ, ჩვენ დაუკითხავად…

და გაუთავებლად გვესმის, ვწერთ და ვკითხულობთ: შ. რუსთაველი, ა. წერეთელი, გ. ტაბიძე…
შოთა რუსთაველისა რა მოგახსენოთ, აკაკი წერეთელი და გალაკტიონ ტაბიძე კი ყოველთვის ცდილობდნენ გვარზე მეტად თავიანთი სახელის დაწინაურებას: ალბათ ყველას გვინახავს ხელნაწერი ლექსები, ბოლოში დამშვენებული ფაქსიმილეთი – აკაკი. „ლურჯა ცხენების” ავტორმა კი არა მხოლოდ თავის გვარს დააღწია თავი, არამედ იმდენი შეძლო, რომ ქართულ საზოგადოებას ჩვეულებრივი გალაქტიონის ნაცვლად ერთადერთი გალაკტიონი შთააგონა, ერთხელ და სამუდამოდ.
 

ძილის უკმარისობა ბავშვებში: ინტელექტის დაქვეითება, გასუქება, ჰიპერაქტიურობაპო ბრონსონი, ეშლი მერიმენი

0
მთელ მსოფლიოში ბავშვებს საშუალოდ ერთი საათით ნაკლები სძინავთ, ვიდრე 30 წლის წინ, ამის საზღაური კი ინტელექტის დაქვეითება, ემოციური მდგომარეობის გაუარესება, ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტიურობა და გათქვირებაა. რა ხდება ბავშვის ორგანიზმში ძილის დროს ანუ რა ემართება მის ტვინს, ჰორმონულ ფონსა და ორგანიზმის სხვა სისტემებს? რატომ არის ძილის ნაკლებობა ზრდასრულთათვის მავნებელი, ბავშვებისთვის კი გამანადგურებელი? გაგაცნობთ ამერიკელ მკვლევართა თვალსაზრისს.

ძილის ნაციონალური ფონდის მონაცემებით, ამერიკელი მშობლების 90%-ს მიაჩნია, რომ მათ შვილს საკმაოდ დიდხანს სძინავს, თავად ბავშვებს კი სხვა აზრი აქვთ: უფროსი კლასების მოსწავლეთა 60% აცხადებს, რომ მათ დღის განმავლობაში ეძინებათ, გამოკითხული მოსწავლეების 20-33%-ს კი კვირაში ერთხელ მაინც ერევა ძილი გაკვეთილების დროს.

სტატისტიკა მოწმობს, რომ ბავშვების უმრავლესობას ძილი აკლია. მოზარდთა ნახევარს სადაგ დღეებში 7 საათზე ნაკლები სძინავს, უფროსკლასელების ძილის საშუალო ხანგრძლივობა კი 6,5 საათზე ცოტა მეტია. მათ მხოლოდ 5%-ს სძინავს 8 საათი.

რასაკვირველია, ჩვენც საკმაოდ ვიღლებოდით, როცა სკოლაში დავდიოდით, მაგრამ არა ისე, როგორც ჩვენი შვილები. დღეს ბავშვებს ყოველ ღამით ერთი საათით ნაკლები სძინავთ, ვიდრე 30 წლის წინ. როგორც გაირკვა, ბაღის ასაკის ბავშვებსაც კი 30 წუთით ნაკლები სძინავთ, ვიდრე 30 წლის წინ ეძინათ. ამ უკანასკნელთა მშობლებს ამგვარი ვითარება ძლიერ აშფოთებს, სკოლის მოსწავლეთა უძილობა კი ასეთივე შეშფოთებას არ იწვევს. ძილის ხანგრძლივობის შემცირებას მრავალი მიზეზი აქვს: გადატვირთვა, რეჟიმის არარსებობა და სხვა.

სამწუხაროდ, ჩვენ უგულებელვყოფთ ამ დაკარგულ საათს, რადგან არასოდეს გვესმოდა ბავშვებისთვის მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობა. მაგრამ, აი, რას ამბობენ ძილის სპეციალისტები: ტვინი 21 წლამდე ვითარდება და ეს განვითარება მნიშვნელოვანწილად სწორედ ძილის დროს მიმდინარეობს. მოზარდი ასაკის მრავალი ტიპური პრობლემა სწორედ ქრონიკული უძილობით არის გამოწვეული.

თუმცა ყველაზე საოცარი ეს არ არის. აღმოჩნდა, რომ ცუდი ძილი დაკავშირებულია ისეთ მოვლენებთან, როგორიცაა სიმსუქნის პანდემია, ყურადღების დაქვეითება და ჰიპერაქტიურობა. ზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ბავშვის ჩამოყალიბების დროს ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს შეუძლია, ტვინში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს, კერძოდ, იმგვარი დაზიანება, რომლის აღმოფხვრაც შემდგომ შეუძლებელი იქნება უბრალოდ გამოძინებით ანუ დაკარგული ძილის ანაზღაურებით. მოზარდი ასაკის მრავალი ტიპობრივი პრობლემა – პრეტენზიულობა, დეპრესია და ბევრი ჭამა – სინამდვილეში ქრონიკული უძილობის სიმპტომებია.
ძილი და ნიშნები

დოქტორი ავი სეიდჰი (თელ-ავივის უნივერსიტეტი) ძილის ფენომენის ერთ-ერთი ცნობილი მკვლევარია. ორიოდე წლის წინ მან მეოთხე-მეექვსეკლასელი 77 მოსწავლის ძილი გამოიკვლია. სამი დღის განმავლობაში ბავშვების ნახევარს ადრე უნდა დაეძინა, მეორე ნახევარს კი გვიან. აქტიურობის რეგისტრატორის მეშვეობით (ხელსაწყო, რომელიც ძილის რეალური ხანგრძლივობის დადგენის საშუალებას იძლევა) სეიდჰის კვლევითმა ჯგუფმა დაადგინა, რომ ბავშვების პირველ ნახევარს 30 წუთით მეტი ეძინა, მეორეს კი 31 წუთით ნაკლები. მესამე ღამის შემდეგ მეცნიერის წინაშე შემდეგი სურათი დაიხატა: ძილის ერთსაათიანი ნაკლებობით გამოწვეული განსხვავება (აკადემიურ მოსწრებაში) უფრო დიდი იყო, ვიდრე ის განსხვავება, რომელიც მე-4 და მე-6-კლასელებს შორის საზოგადოდ არსებობს. მარტივად რომ ვთქვათ, ძილმორეული მეექვსეკლასელი სკოლაში მეოთხეკლასელივით სწავლობს.

ძილ-ღვიძილის სფეროს სპეციალისტი, ბიოლოგი დოქტორი მერი კარსკადონი: „მშობლებიპრაქტიკულად ყველა ბავშვს აძლევენ ნებას, უქმე დღეებში გვიან დაიძინონ. მართალია, მათ ამ დღეებში საკმაოდ სძინავთ, მაგრამ საქმე ის არის, რომ შედარებით გვიან იძინებენ პარასკევ და შაბათ საღამოს. დოქტორმა მონიკა ლებურჟუამ აღმოაჩინა, რომ დაძინების დროის ცვლილება (ანუ გადაწევა) ნეგატიურ გავლენას ახდენს სტანდარტული IQ ტესტის შედეგზე. ძილის დაგვიანების თითოეული საათი ბავშვს ტესტის შვიდი პუნქტი უჯდება. იმავე დასკვნამდე მივიდა დოქტორი პოლ სერატიც (ვირჯინიის უნივერსიტეტიდან)”.

კორელაცია ძილის ხანგრძლივობასა და აკადემიურ მოსწრებას შორის განსაკუთრებით მკაფიოდაა გამოხატული საშუალო სკოლის დონეზე. დოქტორმა კაილა ვალსტრემმა (მინესოტის უნივერსიტეტიდან) შვიდი ათასზე მეტი მოსწავლე გამოიკვლია – ერთმანეთს შეუფარდა მათი ძილის გრაფიკი და სწავლის შედეგები. თუ შეფასების მაქსიმალურ ქულად 5-ს ავიღებთ, აღმოჩნდება, რომ ფრიადოსნებს საშუალოდ 15 წუთით მეტი სძინავთ, ვიდრე კარგოსნებს, ამ უკანასკნელებს კი 15 წუთით მეტი სამოსნებთან შედარებით და ა.შ. ვალსტერის მიერ მიღებული მონაცემები თითქმის სავსებით შეესაბამება მანამდე წარმოებულ კარსკადონის კვლევას, რომელიც სამი ათას როდაილენდელ სკოლის მოსწავლესთან ჩატარდა. ამ ორი დამოუკიდებელი კვლევის შედეგების დამთხვევა შთამბეჭდავია. როგორც გაირკვა, 15-წუთიან ძილსაც კი ჰქონია მნიშვნელობა. 

ძილი და მეხსიერება

გამოკვლევებმა აჩვენა, რამდენად ვნებს ბავშვის ტვინს არასაკმარისი ძილი. ასეთ მდგომარეობაში ბავშვი ცოტა ხნის წინ ნასწავლს ვერ იმახსოვრებს, რადგან ამ დროს ნეირონები კარგავენ პლასტიკურობას და უუნარონი ხდებიან, დაამყარონ ახალი სინაფსური კავშირები, რაც დამახსოვრებისთვის აუცილებელია.

უყურადღებობა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. ძილის დეფიციტი ასუსტებს სისხლიდან გლუკოზის შეწოვის უნარს. ამის გამო ყველაზე მეტი ზიანი ადგება ტვინის პრეფრონტალურ ქერქს, რომელიც პასუხს აგებს ე.წ. „აღმასრულებელ ფუნქციებზე”. ამ ფუნქციებს განეკუთვნება ასევე აზროვნების მართვა, რომელიც გარკვეულ შედეგამდე უნდა მივიდეს, შეძლოს შედეგების პროგნოზირება და ჩადენილ ქმედებათა შედეგების აღქმა. ამრიგად, გამოუძინებელ ბავშვს უჭირს ამ ფუნქციების წარმოება და კონტროლი, ამიტომ ისეთი აბსტრაქტული მიზანი, როგორიცაა სწავლა, გასართობ ღონისძიებებთან შედარებით უკანა პლანზე გადაიწევს. დაღლილი ტვინი, ასე ვთქვათ, ერთ ადგილს ტკეპნის, რადგან აღარ შეუძლია შემოქმედებითი აზროვნება.

ბოლო წლებში მეცნიერებმა გამოარკვიეს, რა ფუნქციას ასრულებს ტვინი, როცა ბავშვს სძინავს. დოქტორ მეთიუ უოლკერის (ბერკლის უნივერსიტეტი) თქმით, ამ დროს ტვინი დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას საიმედო ადგილზე „ინახავს”. ძილის ყოველი სტადია ინფორმაციის შენახვაში თავის როლს ასრულებს.

მაგალითი: უცხო ენის შესწავლისას საჭიროა სიტყვების ათვისება, ახალი ბგერების დასამახსოვრებლად სმენითი მეხსიერებისა და მოტორული მეხსიერების ამუშავება, რათა სწორად იქნეს ჩაწერილი ახალი სიტყვა. ღამის დასაწყისში, ნელტალღური ძილის დროს, ხდება სიტყვების სინთეზირება ჰიპოკამპთან – ეს ფაზა ღრმა მოსვენების უსიზმრო მდგომარეობაა. წარმოთქმის მოტორული ჩვევა მუშავდება არასწრაფი ძილის მეორე სტადიაზე, ხოლო სმენითი მეხსიერობის კოდირება ძილის ნებისმიერ სტადიაზე მიმდინარეობს. ემოციური მეხსიერება სწრაფი ძილის ფაზაში მუშავდება.

ბავშვების ძილი ზრდასრულთა ძილისგან ხარისხობრივად განსხვავდება, რადგან ბავშვების ძილის ხანგრძლივობის 40%-ზე მეტი სწორედ ნელტალღური სტადიაა (რაცზრდასრული ადამიანების ძილთან შედარებით ათჯერ მეტია). ამიტომ არის მნიშვნელოვანი ღამის კარგი ძილი ნებისმიერი სახის ინფორმაციის ხანგრძლივად დასამახსოვრებლად. რაც უფრო მეტი გაიგეთ დღის განმავლობაში, მით მეტი ძილი გჭირდებათ.

„იქმნება საშიში ვითარება, – აცხადებს უოკერი, – რადგან ბავშვების განსწავლის ინტენსივობა მკვეთრად იზრდება, მათი ძილის მოცულობა კი იკლებს. თუ ეს ორმხრივი ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდა, ბავშვის ტვინი ასეთ დატვირთვას ვეღარ გაუძლებს”.
ძილი და ზედმეტი წონა

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში პუტკუნა ბავშვების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. აშშ-ის მთავრობა ერთ მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავს სკოლებში ჯანსაღი კვების სწავლების პროგრამებზე. მაკმასტერის უნივერსიტეტის მეცნიერთა მონაცემებით, 57 ასეთი პროგრამიდან მხოლოდ 4-მა მოიტანა შედეგი.

დიდხანს მთავარ ბოროტებად ტელევიზორი მიიჩნეოდა. ხშირად ვამბობდით: თანამედროვე ბავშვები, ნაცვლად იმისა, რომ ეზოში დაჭერობანას, ომობანას, წრეში ბურთს თამაშობდნენ, ტელევიზორთან (ან კომპიუტერთან) სხედანო. ყოველივე ამის კავშირი სიმსუქნესთან იმდენად ცხადი ჩანდა, რომ ეჭვის შეტანა თითქმის არავის უცდია.

„ეს რელიგიასავით იყო – მხოლოდ უნდა გერწმუნათ, – აცხადებს ელიზაბეტ ვანდევოტერი (ტეხასის უნივერსიტეტი), – მაგრამ ეს არ არის მეცნიერული მიდგომა”. მან გააანალიზა იმ 8 000 ოჯახის ცხოვრება, რომლებსაც 1968 წლიდან შეისწავლიდა და აღმოაჩინა, რომ მსუქანი ბავშვები ტელევიზორს ნორმალური წონის თანატოლებზე მეტხანს არ უყურებენ. ასე რომ, სიმსუქნესა და ტელევიზორის ყურების ხანგრძლივობას შორის სტატისტიკური კორელაცია არ არსებობს.

ელიზაბეტ ვანდევოტერმა შეისწავლა ბავშვების დღიურები და აღმოაჩინა, რა იყო მცდარი მანამდე არსებულ კვლევებში: ბავშვები ფიზიკურ აქტივობას სულაც არ ანაცვლებენ ეკრანთან ჯდომით. „ბავშვებს ფუნქციურად ეკვივალენტური ქმედებების ურთიერთჩანაცვლება შეუძლიათ. თუ მათ ტელევიზორის ყურებას აუკრძალავთ, ისინი ფეხბურთის სათამაშოდ კი არ წავლენ, არამედ გართობის ისეთ საშუალებას მონახავენ, რომელიც ასევე არ მოითხოვს მოძრაობას”.

ხუთი წლის წინ დოქტორმა ევა ვან კოტერმა აღმოაჩინა „ნეიროენდოკრინული კასკადი”, რომელიც სიმსუქნის პრობლემას ძილს უკავშირებს. ძილის დეფიციტი ხელს უწყობს გრელინის ჰორმონის წარმოშობას, რომელიც შიმშილის შესახებ სიგნალს აგზავნის და ამცირებს მისი მეტაბოლური ანტიპოდის, ლეპტინის, რაოდენობას, რომელიც მადას თრგუნავს. ძილის უკმარისობა ასევე ხელს უწყობს სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის, დონის მატებას. კორტიზოლი სტიმულს აძლევს სხეულში ქონის წარმოშობას. გარდა ამისა, ზიანდება ზრდის ჰორმონიც. ნორმალურ მდგომარეობაში ზრდის ჰორმონი ერთხელ ინტენსიურად გამოიყოფა (გამოიტყორცნება) ძილის დასაწყისში და ეს გამოსროლა აუცილებელია ქონის გასანეიტრალებილად. იმ ბავშვებს შორის, რომლებსაც 8 საათზე ნაკლები სძინავთ, სამჯერ მეტად გვხვდებიან პუტკუნები, ვიდრე მათ შორის, ვისაც 10 საათი სძინავს.
დავუბრუნოთ ბავშვებს ძილი

დოქტორი ჯუდით ოუენსი ბრაუნის უნივერსიტეტთან არსებულ ძილის კლინიკას ხელმძღვანელობს. ერთხელ მასთან 15 წლის გოგონა მივიდა, რომელიც თავის ძლიერ ტკივილებს უჩიოდა. აღმოჩნდა, რომ გოგონას გრაფიკი ძალიან დამქანცველი იყო: ის გაკვეთილების შემდეგ თითქმის ყოველდღე რამდენიმე სხვადასხვა წრეზე (ცეკვა, მუსიკა, ტანვარჯიში) დაჰყავდათ, მერე კი საშინაო დავალებების შესრულება უწევდა. შედეგად მას მხოლოდ 5 საათი ეძინა. ოუენსმა ბავშვს დატვირთვის შემსუბუქება და მეტი ძილი ურჩია.

გოგონას მამას ეჭვი შეეპარა რეკომენდაციის სარგებლიანობაში და მისი დასაბუთება მოითხოვა. რასაკვირველია, მამას ესმოდა, რომ ბავშვს ძილი სჭირდებოდა, მაგრამ ნუთუ ის ფრანგულ ენაზე ან კარგ კოლეჯში ჩარიცხვაზე მნიშვნელოვანი იყო?!

ოუენსმა სტანდარტული არგუმენტის მოყვანა სცადა: „მისცემდით თუ არა თქვენს ქალიშვილს მანქანის ტარების უფლებას უსაფრთხოების ღვედის გარეშე? ძილიც სწორედ ასეთივე ღვედია”. მაგრამ მამას, პირიქით, სწორედ აქტივობათა შემცირება მიაჩნდა საფრთხედ. იქნებ თავის ტკივილს არც მას შემდეგ გაევლო, რაც ბავშვი რომელიმე წრეზე სიარულს მიატოვებდა?

სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად გვგონია, რომ ძილი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება კი არა, ხასიათის სისუსტეა. ვერც კი წარმოგვიდგენია, რას ვკარგავთ ძილთან ერთად. დოქტორმა დევიდ ჯინჯესმა (პენსილვანიის უნივერსიტეტი) ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარა: ზრდასრულთა ძილის ხანგრძლივობა ექვსი საათით შეამცირა. ორი კვირის შემდეგ მათ მეცნიერს განუცხადეს, რომ განსაკუთრებულ ცვლილებას ვერ გრძნობდნენ, თუმცა ტესტებმა აჩვენა, რომ ცხოვრების ამგვარმა რეჟიმმა მათ ისეთივე ზიანი მიაყენა, როგორიც ადგება ადამიანს 24-საათიანი სიფხიზლისას. ბავშვებისთვის კი ძილის დეფიციტი შესაძლოა გაცილებით საზიანო აღმოჩნდეს.

„aluminibus et salibus“ – არ გაამხილოთ…

0
ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა ადამიანები ჯერ კიდევ გულწრფელად და უნიღბოდ იღიმებოდნენ, ჰაერი კამკამა და სუფთა ჰქონდათ, წყალი კი ქლორისა და მძიმე მეტალების გარეშე. არც ქარხნებისა და მანქანების გამონაბოლქვი აწუხებდათ. სამაგიეროდ, ფერიები და ჯადოქრები იყვნენ, შესაძლოა, დევები და ურჩხულებიც. ან არც ყოფილან და მე ვაჭარბებ. აბა, რა ვიცი, ამ წერილს დილაუთენია ვწერ და მეორედ ვცდილობ, ზღაპარს მოვაბა თავი. ჰოდა, მინდა, შესაფერისი განწყობა შევიქმნა. ის კი ვიცი, ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა ყველაფერი სხვანაირად იყო. ოღონდ, როგორც ალქიმიურ დოქტრინებში წერია, „aluminibus et salibus”, ანუ „არ გაამხილოთ, საიდუმლოდ შეინახეთო”. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რასაც წაიკითხავთ, არ უნდა გაამხილოთ და მე და თქვენ ჩვენი პატარა საიდუმლო გვექნება.

შვიდი ციური სხეული, შვიდი მეტალი და შვიდი სული წითელი ხაზივით მიჰყვებოდა ალქიმიკოსთა დოქტრინას. ოქროს შემდეგ ვერცხლი ყველაზე ძვირფასი იყო და რას აღარ უწოდებდნენ: „მთვარეს” (al-qamar), „დედას” (al-umm), „თეთრ ცვილს” (al-šam‘aal-bayÅ×’), „ღამეს” (al-layl), „სპილოს ძვალს” (al-‘×§), „ნაკვალევს” (al-fa§§), „ტრაბახას” (al-½alīf), „მექალთანეს” (al-zīr), „კეთროვანთა ოქროს” (al-²ahab al-abra½). უკანასკნელი სახელი უკავშირდებოდა ვერცხლის უნარს, განეკურნა ნებისმიერი დაავადება. იმავე თვისებას მიაწერდნენ ოქროსაც. თუ ამ ორ ლითონს სხეულთან ახლოს იქონიებდით, ნებისმიერ დაავადებას (მათ შორის – კეთრსაც) დაამარცხებდით.

პარიზის ერთ ვიწრო ქუჩაზე უხსოვარი დროიდან არის წიგნების მაღაზია. შეხვალ თუ არა, მაშინვე იგრძნობ, არაჩვეულებრივ ადგილას მოხვდი. მეთხუთმეტე საუკუნეში აქ ნიკოლა ფლამელი მუშაობდა, წიგნების გადამწერი. ერთხელაც დაეძინა და სიზმარი ნახა, ოღონდ თითქოს ძილთან ერთად ეღვიძა კიდეც. რაღაც თეთრი კვამლი გამოსცხადებია და ალქიმიური ტრაქტატი მიუცია. მთელი წიგნი წაუკითხავს და ეს უბრალო კაცი, რომელიც გროშების სანაცვლოდ გადამწერად მუშაობდა, ისე გამდიდრებულა, რომ სულ მალე თოთხმეტი საავადმყოფოს, შვიდი ეკლესია-მონასტრის მფლობელი გამხდარა ჯერ პარიზში და შემდეგ ბულონში. როგორ ფიქრობთ, რა მოხდა მერე? სრულიად ჩვეულებრივი რამ – მტრები გაუჩნდა და მანაც თავისი გარდაცვალებისა და დაკრძალვის იმიტაცია მოაწყო, თვითონ კიდევ ადგა, ინდოეთში გადაიხვეწა და ერთ მონასტერს შეაფარა თავი. მონასტერი გარედან პირქუში და სევდიანი ყოფილა. აქ ვერცხლს თეთრი კვამლისა და გობლინების სამკაულებისგან ქმნიდნენ. არ შემისწოროთ, გობლინები არ არსებობენო. საზღაპრო განწყობას ვიქმნი-მეთქი, დავწერე ზემოთ. შესაძლოა, ახლა, 21-ე საუკუნეში აღარ არიან, თორემ მაშინ იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, ნიკოლა ფლამელი, რომელიც ამ მონასტერში ალქიმიკოსობდა და „თეთრი ცვილის” (ხომ გახსოვთ, ვერცხლის ერთ-ერთი სახელია) მიღებას ცდილობდა, მათთან შეხვდრებს არ უარყოფდა.

ნუ მომთხოვთ, გიპასუხოთ, რატომ ცდილობდა ფლამელი ვერცხლის მიღებას, მაშინ როდესაც სიზმარში წაკითხული ტრაქტატის წყალობით ოქროს მიღების წესი უკვე იცოდა და გამდიდრებულიყო კიდეც. თუმცა ინდოეთში ის ღარიბი ჩავიდა და შესაძლოა, აღარც ოქროს მიღებაში უმართლებდა. ასეა თუ ისე, ფლამელისეული ერთი რეცეპტი ვიცი. ისიც ვიცი, რომ საიდუმლოს შენახვა შეგიძლიათ, ამიტომ აუცილებლად გაგანდობთ:
აიღეთ ერთი დიჰრამი „მთვარის გრძნობა” და შეურიეთ ათ დიჰრამ „მოახლეს”. ამ ყველაფერს ძმარმჟავა დაუმატეთ და რკინის ჯოხით მოურიეთ. შემდეგ ცეცხლზე შემოდგით და მანამდე გააცხელეთ, სანამ ძმარმჟავა მთლიანად არ აორთქლდება. მიღებული მასა გააცივეთ და „თეთრ ცვილს” მიიღებთ.
ამ რეცეპტის გამოყენება არც კი იფიქროთ! ალქიმიურ დოქტრინაში ბევრი ვეძებე, მაგრამ „მთვარის გრძნობა” რა არის, ვერ დავადგინე. აი, „მოახლე” ვერცხლისწყალია. ჰოდა, წარმოიდგინეთ, ვერცხლისწყალდამატებულ „მთვარის გრძნობას” ძმარმჟავას რომ დაასხამთ და ცეცხლზე შემოდგამთ, მტრისას, რასაც მიიღებთ. თუ მაინცდამაინც თავად გსურთ ვერცხლის მიღება, უკეთეს რეცეპტს გასწავლით. მართალია, ცოტა ძვირი დაგიჯდებათ, მაგრამ, სამაგიეროდ, უსაფრთხოა. ოღონდ მეთოდი არ გაამხილოთ… „aluminibus et salibus”…
აიღეთ მთვარის მარილი და სპილენძის მავთული. ოჰ, მეც ალქიმიკოსების ენით ავლაპარაკდი. მთვარის მარილი ვერცხლის ნიტრატია. მავთული ცეცხლზე დააზიანეთ და უხეში ფაქტურის ქსოვილით გახეხეთ. მოამზადეთ მთვარის მარილის 0,5 M ხსნარი, 30 მლ ჩაასხით ქიმიურ ჭიქაში და მავთული შიგ ჩადეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ რეაქცია დაიწყება, ხსნარი ცისფერ შეფერილობას მიიღებს (სპილენძის იონების გადასვლის გამო), მავთულზე კი მეტალური ვერცხლი გამოილექება.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ვარ და მის მიერ გამართულ ყოველწლიურ სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობა მეხალისება და მევალება კიდეც. წელს ვერცხლის მიღებაც მქონდა ჩემი სამეცნიერო კარვის მენიუში. მოხალისეებად ის სტუდენტები მყავდა, რომლებიც სხვებზე მეტად იყვნენ ქიმიაში გაწაფული. თუმცა ერთი სხვაც მომამაგრეს, ძალიან ხალასი და ენერგიული გამომეტყველების ყმაწვილი. რა სპეციალობის ხარ-მეთქი? იურისტიო. უჰ, ვიფიქრე, კარგი ბიჭი კი ჩანს, მაგრამ ამან რა უნდა გამიკეთოს-მეთქი, მას კი გავუღიმე და ვუთხარი, კარგი, მოდი, დადექი და გვიყურე-მეთქი. მიყურა, როგორ მივიღე ვერცხლი, რა ამბებს მოვყევი ალქიმიკოსებზე, კარავში ხალხის მომდევნო ნაკადის შემოსვლისას კი განზე გამწია და თვითონ შეუდგა ვერცხლის მიღებას, თან ჩემს მოყოლილ ამბებს ხომ ჰყვებოდა – თავისი ფანტაზიითაც უმატებდა. მოკლედ, მისი ხელმარჯვეობით მეც კმაყოფილი დავრჩი და თვითონაც ბედნიერი იყო, ვერცხლის კეთება რომ ისწავლა.

სუფთა ვერცხლი რბილი და პლასტიკურია. ძალიან მტკიცე არ არის. მაღალი ელექტრო- და სითბოგამტარობით ხასიათდება. ვერცხლის ჭურჭელში შენახული წყალი სტერილდება და დიდხანს არ ფუჭდება. ამას ვერცხლის იონები განაპირობებს, რომლებსაც ძლიერი ბაქტერიციდული თვისებები აქვს. ვერცხლის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები მის ქიმიურ სისუფთავეზეა დამოკიდებული. ლეგირებით ისეთ არასასურველ თვისებებს კარგავს, როგორიცაა სირბილე, დაბალი მექანიკური სიმტკიცე, მაღალი რეაქციის უნარი გოგირდის მიმართ და სხვა.

ფლამელის სამუშაო ადგილი, ანუ ლაბორატორია, მონასტრის ყველაზე მიყრუებულ ადგილას ყოფილა. ამას შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონოდა – ან ავ თვალს არიდებდნენ და გახმაურება არ უნდოდათ, რა ხდებოდა მონასტერში, ან იქიდან იმისთანა სუნი და აფეთქების ხმა გამოდიოდა, რომ თვითონვე ერიდებოდნენ. ვფიქრობ, მეორე ვერსია უფრო სწორია. გარდა ამისა, ლაბორატორიაში სულები დაეხეტებოდნენ. მონასტრის სხვა მკვიდრთ მათთან შეხვედრისა ეშინოდათ. ზოგიერთი სული იმისთანა იყო, შეიძლებოდა მოეწამლე კიდეც. არ გეგონოთ, რომ მართლა ზღაპრებში ვარ გადავარდნილი და ახლა სულების არსებობას გიმტკიცებთ – სულები, რომლებზეც ალქიმიკოსები საუბრობდნენ, სხვა არაფერია, თუ არა დამახასიათებელი სუნის მქონე ჩვეულებრივი ქიმიური ნივთიერებები და თუ ისინი ღრმად ჩაისუნთქე, მოწამვლა არ აგცდება. მაგალითად, ამონიუმი და მისი მარილები (nuš×dir), დარიშხანი (zirnīq), წითელი დარიშხანი, იგივე არომატული ცვილი (al-zirnīqal-a¬mar), ოპერმენტი, იგივე დარიშხანის სულფიდი (al-zirnīq al-a½far), ყვითელი გოგირდი (al-kibrīt al-a½far), წითელი გოგირდი (al-kibrīt al-a¬mar) და თეთრი გოგირდი (al-kibrīt al-abyaÅ).

ფლამელს „თეთრი ცვილი” მართლაც მიუღია. გახსოვთ, ზემოთ ვერცხლის სხვადასხვა სახელი ჩამოგითვალეთ, მაგრამ, ფლამელისეული ვერსიით, ის სწორედ „თეთრი ცვილი” იყო. როგორ მიიღო, არ ვიცი, მეეჭვება, ჩემ მიერ ზემოთ მოყვანილი რეცეპტით რამე გამოსვლოდა, გარდა იმისა, რომ თავი ასტკივდებოდა და ძმარმჟავასა და „მოახლის”, იმავე ვერცხლისწყლის ყნოსვის გამო ძალიან ნერვული გახდებოდა. თუმცა, შესაძლოა, სხვა რეცეპტიც ჰქონდა სადმე. „თეთრ ცვილს” კი იმიტომ უწოდებდა, რომ მიღებული მასა მყიფე გამოსდიოდა. თუ ეს ნამდვილად ვერცხლი იყო, ის პლასტიკური და წელვადი უნდა ყოფილიყო და არა მსხვრევადი. არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ გეტყვით, რომ ზოგიერთი გაზი, მაგალითად, წყალბადი, ჟანგბადი, ნახშირბადის მონო- და დიოქსიდი, ვერცხლში იხსნება, რის გამოც ის მსხვრევადი ხდება.

ეს ამბავი მაშინ მომხდარა, როცა მე და თქვენ ჯერ არ ვიყავით. არც არავინ იცოდა, ვიქნებოდით თუ არა. მაშინ არც მარკ ცუკერბერგი და მისი პირმშო ფეისბუქი ყოფილან. არადა, საოცარი რამ გამოიგონა – ქიმიური ინდიკატორის მსგავსი ქსელი, რომელიც ადამიანებს ამზეურებს. ამ ქსელში ყველაფერი სხვანაირადაა. აქ შესაძლოა შენი წარმატება ვერ „შეამჩნიონ” ან, პირიქით, ძალიან გაუხარდეთ. შესაძლოა დაუსრულებლად ესტუმრონ შენს გვერდს, ოღონდ ერთი მინიშნებაც არ დაგიტოვონ. შესაძლოა სრული გულგრილობა გაჩვენონ, მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთი ფიქრებისა თავადვე შეეშინდეთ. 

მოკლედ, ეს ყველაფერი მაშინ არ იყო. მაშინ ყველაფერი არეული გახლდათ. ოღონდ, ხომ გახსოვთ, „aluminibus et salibus” … ჰოდა, ჩუმად… არაფერი გაამხილოთ…

„ოსკარი“ მარტოხელა დედებს

0
3 მარტის ღამეს, „ოსკარით” დაჯილდოების ცერემონიალზე, როცა მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი უნდა მიეღო, ამერიკელმა მსახიობმა და მომღერალმა ჯარედ ლეტომ სცენიდან ისეთი სიტყვა წარმოთქვა, რამდენიმე წამით რეალობას მოვწყდი და მომეჩვენა, რომ ვიღაც ქართველი მშობელს დედის დღეს ულოცავდა.

„1971 წელს ლუიზიანელი თინეჯერი გოგონა მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ. გოგონა საშუალო სკოლიდან გამოაგდეს. იგი მარტოხელა დედა იყო, მაგრამ როგორღაც მოახერხა, უკეთესი ცხოვრება შეექმნა თავისთვის და თავისი შვილებისთვის. იგი აქეზებდა შვილებს, ყოფილიყვნენ კრეატიულები, ემუშავათ ბევრი და შეექმნათ რაიმე განსაკუთრებული. ეს გოგონა დედაჩემია და ის აქ არის. მიყვარხარ, დედა, და გმადლობ იმისთვის, რომ ოცნება მასწავლე!”

მისმა სიტყვებმა გამახსენა, რომ მარტოხელა დედები და მათდამი საზოგადოების დამოკიდებულება არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ თითქმის მთელ მსოფლიოში მძიმე თემაა. ამის გათვალისწინებით, მსახიობის სიტყვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

12-13 წლის ვიქნებოდი, როცა მითხრეს, კარგი იქნება, თუ  შენს მეგობარს, ძალიან ლამაზი რომაა, ძალიან რომ გიყვარს და მასთან ურთიერთობას არაფერი გირჩევნია, ასე ხშირად აღარ ნახავ – ბიჭებს ეპრანჭება, შინ გვიან ბრუნდება და საერთოდ, მისი საქციელი დიდად მოსაწონი სულაც არ არისო. იცით, ხომ, როგორია ადამიანი 12-13 წლის ასაკში – მზადაა, მთელ სამყაროს დაუპირისპირდეს და ყველას პირში უთხრას სიმართლე. მეც ასე, განრისხებულმა ვიძახე, რა თქვენი საქმეა, ვინ ვის ეპრანჭება და შინ როდის ბრუნდება, მეგობრობა ასეთი არგუმენტებით არ წყდება-მეთქი. დროთა განმავლობაში ჩვენი გზები მაინც გაიყო. ის ადრე გათხოვდა, როგორც მერე გავიგე, ქმარი ეჭვიანი და მოძალადე აღმოჩნდა, ორი შვილი ეყოლათ, დაშორდნენ და, როგორც ხდება ხოლმე, ბავშვებს ბებია ზრდის, დედა სხვა ქვეყანაში წავიდა.

რამდენიმე წლის შემდეგ მეორე ნაცნობის შესახებ შევიტყვე, რომ ორსულად იყო. მისი მშობლებისთვის ეს ამბავი იმდენად შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა, გოგონას საკმაოდ დიდი ნაყოფი უკითხავად მოაშორეს, „უკანონო შვილიშვილის” გაქრობით „ოჯახის ღირსება” გადაარჩინეს. მოგვიანებით ეს გოგონაც გათხოვდა და უკვე ლეგიტიმური გზით გააჩინა შვილები, რომელთა საწინააღმდეგოც ბებია-ბაბუას, ცხადია, აღარაფერი ჰქონდა.

ასეთი ამბავი ჩვენ ირგვლივ უამრავი მომხდარა. მე მხოლოდ ის გავიხსენე, რაც ბავშვობიდან მძიმე ტრავმად მომყვება. ყველგან – შინ თუ გარეთ, სკოლებსა თუ ოჯახებში – ზეწოლას განიცდიან გოგონები, რომლებიც ლამაზები არიან და ბევრს მოსწონს, რომლებიც სხვებზე ადრე იზრდებიან, რომლებიც საღამოობით გვიან ბრუნდებიან შინ, რომლებსაც ვინმე შეუყვარდებათ, „გაგიჟდებიან” და ქორწინების გარეშე გადაწყვეტენ ბავშვის გაჩენას. ზეწოლის მიზეზი, წესისამებრ, სირცხვილია, გარშემო მყოფთა სირცხვილი, რომ მათ გვერდით ვიღაც ასე იქცევა, ვიღაცამ გაბედა და შეუყვარდა. არადა, ამ გოგონებს გაცილებით მეტად სჭირდებათ დახმარება, ვიდრე კანონიერ, ლეგიტიმურ კავშირში მყოფებს. მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხარში დგომა, რომ ბოლოს, ახლობლების სირცხვილით შეწუხებულები, მოძალადე ბიჭებს არ გაჰყვნენ ცოლად, სხვა ქვეყნებში არ გადაიკარგონ და „უკანონო” შვილები „კანონიერთა” გაჩენის პერსპექტივით არ ხოცონ.

სწორედ ამიტომ არის ამერიკელი მსახიობის სიტყვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მთელი სამყაროსთვის. ლეტო ნათელი მაგალითია იმისა, რომ „უკანონო” შვილიც შეიძლება იყოს საამაყო და მეტიც – არ რცხვენოდეს დედის, რომელიც კოლეჯიდან გამოაძევეს; პირიქით, მადლიერი იყოს მისი, ვინც მარტომ გაზარდა ორი შვილი და, მძიმე პირობების მიუხედავად, საინტერესო ცხოვრება მისცა მათ.

არ ვიცი, რამდენს შეუცვლის ფასეულობათა სისტემას ოსკაროსანი მსახიობის სიტყვები, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ სირცხვილი არ არის ერთადერთი, უალტერნატივო გრძნობა, რომელიც შეიძლება ახლობლის, ოჯახის წევრის ან მეგობრის შენთვის (ან ვინმესთვის) მიუღებელი საქციელის შემდეგ დაგეუფლოს. პირიქით, ის სრულიად უმნიშვნელო უნდა იყოს მაშინ, როცა ადამიანს შენი თანაგრძნობა სჭირდება. აუცილებელია იმის ცოდნაც, რომ ერთადერთი არ ხარ, ვის ახლობელსაც რაღაც შეემთხვა – ასეთი ამბავი ბევრ სხვასაც დასტეხია თავს. თუ თქვენს კლასში უცაბედად აღმოჩნდა ბავშვი, რომელსაც მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს და რომელსაც თანაკლასელები, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გამო, ალმაცერად უყურებენ, შეგიძლიათ თამამად მოუყვეთ ამერიკელი მსახიობის ამბავს. ასეთი ამბები მოზარდებზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს. თუ ხვდებით, რომ უფროსკლასელი გოგონა „საეჭვოდ” იქცევა, ნუ დაუწყებთ მორალის კითხვას, უბრალოდ, ჩამოუთვალეთ პრობლემები, რომლებსაც ნაადრევი კავშირების შემთხვევაში აუცილებლად შეეჯახება. თუ ხვდებით, რომ მშობელს რცხვენია თავისი შვილის გამო, უთხარით, რომ მას არაერთი კარგი თვისებაც აქვს, რომლებითაც შეუძლია იამაყოს და თუ აქცენტს ამ თვისებებზე დასვამს, ბავშვსაც განუმტკიცებს საკუთარი თავის რწმენასა და პატივისცემას. შესაძლოა, ეს შეგონებები იდეალისტურად და არადამაჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ მწამს, რომ პატივისცემასა და სიყვარულს რადიკალური ცვლილებების მოხდება შეუძლია.

2010-2013 წლების სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 30 000-მდე მარტოხელა დედაა. მათ ოფიციალური სტატუსი არ გააჩნიათ და ვერც სახელმწიფოსგან იღებენ რაიმე შეღავათს. ამ რეალობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ჯანსაღი დამოკიდებულება და გარშემო მყოფების თანადგომა. სწორედ ეს მაიძულებს დედის დღეს ამ შინაარსის წერილის წერას, ვინაიდან ვიცი: ვიდრე მე და ჩემი შვილის მამა თბილ სახლში ბედნიერად ვცხოვრობთ, არაერთი სხვა დედა მარტო იბრძვის შვილების უკეთესი მომავლისთვის. და ისინი ნამდვილად იმსახურებენ პატივისცემას.

საერთო თავისუფლების მომენტი

0

როცა მიხვდები, რომ საძინებელში წევხარ, შენ გვერდით შენი შვილი წევს და ყველაფერი, რაც ნახე, სიზმარი იყო, მშვიდდები. ჩემი სიზმარი უკრაინის ამბების გამოძახილი იყო. გავრბოდი და ზურგზე გამოსხმული თვალებითაც ვხედავდი შეიარაღებულ ადამიანებს და მათ ჩასისხლიანებულ  თვალებს, რომლებიც მომდევდნენ და ერთი სული ჰქონდათ, სანამ ტყვიას დამახლიდნენ. სიჩქარეში დავკარგე ტელეფონი და დედაჩემს და ჩემს დებს ვერ ვუკავშირდებოდი. გასაოცარია, რომ ტყვიები არ მხვდებოდა.  ისევ  იქ წავედი ტელეფონის მოსაძებნად, საიდანაც მესროდნენ. ის ხალხი, ვინც მომდევდა, სხვაგან წასულიყო, ნაგვის ურნასთან ახლოს ეგდო ჩემი თეთრი ტელეფონი. შემდეგ დედაჩემს დავურეკე და  მითხრა, რომ ისინი ახლა მათთან  მიდიოდნენ. დედაჩემი  მშვიდად იყო. გადავწყვიტე მათთან წავსულიყავი და მთელი ძალით ვცდილობდი, ავტობუსის ბორბლებს უფრო სწრაფად ემოძრავათ. სიზმრიდან საშინელმა  მუცლის ტკივილმა გამომიყვანა.

დედაჩემი, მგონი, მაშინაც მშვიდად იყო, როცა მისი ძმის, მღვდელ-მონაზონ ანდრიას გარდაცვალების ამბავი ცუდი ამბების მოჭიკჭიკე  ჩიტებმა მოუტანეს. ამას არც  სახლის წინ მჯდომი ბებიაჩემის გამოლოცვა უშველიდა : ”შენს პირს შაქარი ჩიტო, შენს პირს შაქარიო”, რომ ეუბნებოდა  ბოროტად მოჭიკჭიკე ჩიტებს, ფანჯრებთან ახლოს რომ დაფრიალებდნენ. დედაჩემმა მოისმინა ამბავი და გული შეუწუხდა. ჩვენ კი ოთახის კართან დადარაჯებული ბავშვები მივხვდით, რომ რაღაც საშინელება მოხდა. ივლისი იდგა, ცხელი და წყნარი. ჰაერში ომის სუნი ტრიალებდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა ახლოს იყავი ომთან თუ შორს, ის მაინც შეგეხებოდა, დაცული ვერ იქნებოდი. ბავშვებს თვითმფრინავის ხმები გვზაფრავდა და მერე უკანმოუხედავად, სადღაც გავრბოდით. ნელ-ნელა, როცა ყველაფერი დამთავრდა, მივხვდი, რომ სირცხვილი იყო ყოველი თვითმფრინავის გადაფრენაზე გულის აფრიალება და სადღაც გაქცევა. წლების მატებასთან ერთად დავივიწყე ეს შიში, შუაღამისას რომ ლოგინიდან წამომაგდებდა ხოლმე.

ბიძაჩემის, მღვდელ-მონაზონ მამა ანდრიას მამა, ელგუჯა ყურაშვილი, პოეტური ბუნების კაცი იყო. ბაბუა მართლაც წერდა ლექსებს, შემდეგ ბებიამ ბლოკნოტი უყიდა და, როგორც ლამაზი კალიგრაფიის პატრონს, მე მიხდებოდა მისი ლექსების გადაწერა და თავმოყრა. ჩვენი სახლის უკან თხილნარია. ადრე  აქ ძალიან მაღალი თუთა იდგა, ქლიავის და ლეღვის ხეები. სწორედ სახლის უკან იყო საკურდღლე და წითელთვალება თეთრი და ნაცრისფერი კურდღლების დაპურებაზე ყველა ერთად ვზრუნავდით. სახლის უკანა მხარეს, პატარა სახლუკა დგას ასევე. რატომღაც არასდროს დავინტერესებულვარ ეს ოთახი ადრე სხვა რამისთვის გამოიყენებოდა, თუ თავიდანვე ბაბუას საკუთრებაში იყო. ოთახის შესასვლელში გაყვითლებული ძველი გაზეთები და წიგნები ელაგა, ოთახში კი ერთი საწოლი, პატარა მაგიდა და სკამი იდგა. ფანჯარასთან ახლოს ბატარეებზე მომუშავე პატარა რადიო იდო. ეს იყო  მრავალშვილიანი ბაბუას განტვირთვის სავანე, სადაც ხანდახან ლექსებს წერდა და წიგნებს კითხულობდა. სწორედ ცხელი და წყნარი ივლისი იდგა და იმ პატარა რადიოში კი გამოაცხადეს, რომ მისი შვილი პაატა, ახლა უკვე მამა ანდრია, აფხაზეთში, სოფელ კომანში მოკლეს. მტერი დილის ხუთის ნახევარზე კამანში შევიდა, სოფლის მრევლს ტაძარში შეეფარებინა თავი. მამა ანდრიამ ყველა აზიარა, შემდეგ კი ის გარეთ გაიყვანეს. იგი  მუხლებზე დადგა და ლოცვა დაიწყო. მას კისერში ესროლეს ზურგიდან, როგორც ამბობენ, თვალი ვერ გაუსწორეს…

ამ თვეში უამრავ რამეს ვკითხულობდი. მეგობარმა, რომელიც ქალაქგარეთ გავიდა  და  სახლში ჩაიკეტა (სადაც მეგობრები და მეზობლები  ყინვაში შეშით ხელს უმართავდნენ), მობილური გამორთო და ნორვეგიულის სწავლა დაიწყო. მან მირჩია, ნორვეგიელი მწერლის იენს ბორნბოს “თავისუფლების მომენტების” წაკითხვა და ისიც მითხრა, რომ წიგნი გარკვეულ სიძნელესაც შემიქმნიდა.

  წიგნში  კომუნიზმის და ნაციზმის აჩრდილი დაპარპაშებს და ყველგან თავის მსახვრალ კვალს ტოვებს. მწერალი ცდილობს ადამიანური ბოროტება განიხილოს უფრო ფართო  ისტორიულ კონტექსტში და სწორედ ამიტომაც გიჩნდება განცდა, თითქოს ქანაობს ულმობელ სისასტიკეში, რადგან ადამიანური ბოროტებით სავსე პანდორას ყუთს ფსკერი არ უჩანს.

“ჩემი ცხოვრებიდან ბევრი არაფერი მახსოვს ომის,  მკვლელობის, საკონცენტრაციო ბანაკების, წამების, მონობის, სიკვდილით დასჯის, დაბომბილი ქალაქების და ბავშვების ნახევრადდამწვარი სხეულების გარდა. მახსოვს გერმანელი ბავშვების სხეულები ცეცხლგამჩენი ბომბებით დაბომბვის შემდეგ. მწკრივად ჩაწიკწიკებული”,  –  წერს ავტორი.

ნაწარმოების მთავარ გმირს აღარ ახსოვს რა ჰქვია. იგი ერთი ჩვეულებრივი იდენტობადაკარგული ადამიანია, რომელმაც ან განგებ დაივიწყა თავისი სახელი, ან მართლა დაავიწყდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, იგი არ ეძებს თავის დაკარგულ ეგოს, თითქოს ასე უფრო მშვიდად და უსაფრთხოდაა.

მაიდანზე სიმშვიდეა, სნაიპერები აღარ ისვრიან, მათ უკვე მოასწრეს და 100-ზე მეტი ადამიანი  მოკლეს, ასეულობით ადამიანი მძიმედ დაშავდა. თებერვალი ისტორიულად ჩვენთვისაც მძიმეა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში რუსეთის არმია შემოვიდა და საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. 25 თებერვალი მძიმე დღეა ნორვეგიელებისთვისაც. 1943 წელს 158 ნორვეგიელი ებრაელი ნორვეგიიდან აუშვიცში გადაასახლეს. განსხვავება თარიღებშია და გეოგრაფიულ პუნქტებში. ის კი, რაც სამივე ერის წარმომადგენლებისთვის არსებითად ფასეული და ჭეშმარიტია, თავისუფლების მომენტია, რომელსაც მხოლოდ საკუთარი წარსულის მცოდნე საზოგადოებები ქმნიან.

 

სტალინი და განათლება საბჭოთა კავშირში

0

დღეს ისტორია სკოლებში არაპოპულარული საგანია. იგი რუტინულ, უინტერესო საგნად გადაიქცა, სადაც მასწავლებლის მთავარი ორიენტირი – მასალის მოსწრება, მოსწავლის მთავარი მიზანი კი ამ ფაქტების დასწავლა-დამახსოვრება-დაზეპირებაა. ამ პრობლემას, ცხადია, ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი ამ მიზეზთაგანი ისტორიისადმი სწორედ ესგ სახელმძღვანელოები, კატი და ეროვნული სასწავლო ცენტრის ჯაჭვური დამოკიდებულებაა. ეს დამოკიდებულება კიდევ ერთხელ ავლენს ჩვენი საზოგადოების ხარვეზს, რომ ისტორია ფაქტოლოგიაა, რომ ჯერ კიდევ ვერ გამოვედით საბჭოთა მენტალობიდან, რომ ისევ არსებობენ „ექსპერტები”, რომლებიც თვლიან, რომ  „მოსწავლემ ეს უნდა იცოდეს”!

სტატუს ქვო ასეთია: ისტორიის სწავლებაზე გვაქვს იგივე აზრი, რაც საბჭოთა ეპოქაში გვქონდა – ის არ არის საგანი, რომელიც უნდა გაიაზრო. ის იქცა რუტინულ, უინტერესო საგნად, რომელიც მოსწავლემ უნდა დაიზეპიროს და დაისწავლოს. პედაგოგისთვის კი მთავარია ფაქტოლოგიის აღწერა, მასალის მოსწრება და პროგრამაში ჩატევა. შესაბამისად, ჯილდოვდება მოსწავლე, ვისაც განსაკუთრებული ზეპირობის უნარი გააჩნია, რომელმაც ზედმიწევნით იცის ყველა თარიღი, რომელსაც კარგი მეხსიერება აქვს და ერთნაირი ინტერესით და დინამიკით შეუძლია ყოველი ახალი მასალის „დაფარვა”, თუმცა არ აინტერესებს  სიღრმე, ეპოქალური გააზრება, კრიტიკული ანალიზი (რადგან არ იცის და არც არავინ ასწავლის ამას); იჩაგრება მოსწავლე, რომელიც წერს ესეებს, არგუმენტირებულად მსჯელობს (არგუმენტირებულში იგგულისხმება მსჯელობათა სისტემას), ავლებს პარალელებს, აკეთებს დასკვნებს, გვთავაზობს სხვადასხვა (თუნდაც არაპოპულარულ, მაგრამ დასაბუთებულ) პერსპექტივებს, შეუძლია ანალიტიკური მსჯელობა, ბევრს კითხულობს (ცხადია, ასეთი მოსწავლეებიც არიან, მერე რა, რომ ძალიან ცოტანი?!) ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, იჩაგრება მოაზროვნე მოსწავლე. (საბოლოო ჯამში ასეთი მოსწავლე, ცხადია, არ დაიჩაგრება, თუმცა ის უთუოდ დაიჩაგრება ეროვნულ გამოცდებსა და კატზე).

იქნებ უპრატესობა აზროვნებას მივანიჭოთ. იქნებ ისტორიის საგანი  მომხიბვლელი გავხადოთ. იქნებ  სლოგანი – მთავარია რაოდენობა და არა ხარისხი ბოლოსდაბოლოს დავთმოთ. იქნებ ვაქციოთ ისტორიის საგანი სკოლებში  საინტერესო და მიმზიდველ საგნად, სადაც მოსწავლე  ფაქტებიდან აზროვნებაზე გადაინაცვლებს. დაბოლოს, იქნებ იარსებოს ერთმა პოლიტიკამ და არა რამდენიმე „დამკვეთმა” პროგრამამ.

პროექტი კომპიუტერების ოთახში

გთავაზობთ გაკვეთილ-პროექტს, რომელიც მასწავლებელს შეუძლია გრძელვადიან პროექტად აქციოს. გაკვეთილი მხოლოდ მაღალი კლასის მოსწავლეებისათვის არის გათვალისწინებული. ამ გაკვეთილში მთავარია, იკვლევდნენ მოსწავლეები. ისინი მკვლევრებად უნდა ვაქციოთ (თუნდაც მცირე ხნით მივცეთ საშუალება გადაუხვიონ ეროვნული გამოცდების პროგრამას, “კატებს”, „ეროვნულ ფაქტოლოგიას” და მივაახლოვოთ საკითხის სიღრმისეულ წვდომას).

 ვრცლად

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...