შაბათი, მაისი 2, 2026
2 მაისი, შაბათი, 2026

სიტყვები

0
დიახ, ისეთივე ერთ ზამთრის დღეს რომელზეც ზაზა თვარაძე წერდა, ვიჯექი რამდენიმე დღის წინ ჩემს სახლში და ფანჯრიდან გავყურებდი შორს, სხვა გარეუბნის ერთფეროვან კორპუსებს. არ ვაპირებ გითხრათ, რას წერდა თვარაძე: „ადამიანი თანაბრად შეიცავს არსებობასა და არარსებობას. ის ორივე მათგანის მემკვიდრეა და არსებულ-არარსებულისგან შემდგარი ეს სიზმარეული ნაზავი ზის და ფიქრობს: რა გავაკეთო დღეს? რით შევავსო დეკემბრის ეს ცივი და უშინაარსო საღამო? და, რაც ყველაზე საოცარია, რადგან ზის და ამას ფიქრობს, ის აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ის არსებობს. რადგან რომ არ არსებობდეს, ხომ ვერც ივლიდა და ვერც იფიქრებდა. ხოლო რადგან არსებობს, ის აუცილებლად აბსოლუტური უნდა იყოს”.

 

არსებობა-არარსებობა სხვა დროისთვის გადავდოთ, ეს მონაკვეთი ზამთრის დღემ გამახსენა და ასეთ დროს ჩაფიქრებამ, რომელსაც სულ თან ახლავს რაღაც სენტიმენტალიზმი და იმპრესიონისტული ბუნდოვანება. სიტყვები, სიტყვები, სიტყვები. რა არის სიტყვები? პირველად იყო სიტყვა და ა.შ. ჩვენი კომუნიკაციის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა სიტყვები, დაწერილი, თუ წარმოთქმული. მაგრამ როგორ შედიან ეს სიტყვები სკოლაში და როგორ ცოცხლობენ იქ? ამაზე ვისაუბროთ ამ ზამთრის ცივ დღესაც.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს ის მაგიური ყუთი, რომელიც ლევანმა მიუტანა ზაზას და შემდეგ დაიწყო ყველაფერი. მე არ მოვყვები რა იყო ეს ყველაფერი. მოკლედ, მივიდა ერთ დილას და ყუთი მიიტანა. ყუთში ისინი იყვნენ, ცოცხალი სიტყვები, რომლებიც ლივლივებდნენ და კრთოდნენ ჰაერში, ერწყმოდნენ ერთმანეთს და ქმნიდნენ საოცარ ფრაზებს, სურათებს, სიტუაციებს. ამ ყუთ(ებ)მა ლევანის და ზაზას ცხოვრება შეცვალა, შეცვალა იმდენად, რომ… თუმცა ამაზე ბოლოს.

წარმოიდგინეთ, რამდენ საოცარ ლექსს, მოთხრობას, ჩანახატს, ნოველს ვასწავლით სკოლაში ბავშვებს და რამდენი სიტყვაა მათში, რამდენი კავშირი, შორისდებული. ეს სიტყვები უკვე არსებობენ, მაგრამ სად მიდიან წაკითხვის შემდეგ? ყველა მასწავლებელს გვინახავს ალბათ, ან პირადი გამოცდილებით ვიცით მომენტები, როცა გულგრილად ყვებიან მოსწავლეები სხვადასხვა ამბებს ტექსტებიდან, ციტირებენ გაუაზრებლად. პრობლემა ჯერ ისაა, რომ თვითონ ტექსტები არ გაქვს ჩვენ – მასავლებლებს კარგად გააზრებული და არასწორად, არასაინტერესოდ ვხსნით მათ და მეორე ესაა, რომ არავის, არცერთ ბავშვს არ სჯერა და არცერთმა იცის სიტყვების მაგიის შესახებ. მოკლედ, ისეთი ამბავია, ჩვენ მათ ვუყვებით და ჩავძახით იმ საოცრების შესახებ, რომელიც დახშული კარის იქით არის.

მაშინ, როცა თვარაძის ამ წიგნს ვკითხულობდი, მეც ჩავერთე მის თამაშში და წარმოსახვითი ყუთიდან ამოვიყვანე სიტყვები და ვაწყოდბი ათას ტექსტს. ზოგი სიტყვა ვერცხლისფერი იყო, ზოგი – იისფერი, ლურჯი, მუქი ყვითელი, სალათისფერი, თეთრი. ისინი ჰგავდნენ გრძელი ჟელატინის მასას.

„”ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, / ჩემო სამშობლო მხარეო,/ სნეული დავბრუნებულვარ,/ მკურნალად შემეყარეო!…” – აქ რაღაც ღია ფერი ჰქონდა ყველა სიტყვას პირველ ორ ტაეპში, შორი, ჩამავალი მზის შუქით განათებულიყვნენ, ბოლო ორში კი ჟანგისფერი და მუქი წითელი ტონები ემატებოდათ და ვაგრძელებდი: „ათოვდა ზამთრის ბაღებს, / მიჰქონდათ შავი კუბო, / და შლიდა ბაირაღებს / თმაგაწეწილი ქარი. / გზა იყო უდაბური, / უსახო, უპირქუბო. / მიჰქონდათ კიდევ კუბო… / ყორნების საუბარი: / დარეკე! დაუბარე! / ათოვდა ზამთრის ბაღებს”. – თითქმის ყველა სიტყვას გაცრეცილი ნაცრისფერი ტონი დაკრავდა, რამდენიმე მათგანი რძისფერი იყო, ერთიანად თრთოდნენ და კანკალებდნენ. მერე გაიშალნენ და სურათი წარმოქმნეს. შორი სასაფლაო იყო, ქარი ხრიდა ფოთლებდაცვენილ ხეებს, შორს გაოჩნდებოდნენ და ისევ ქრებოდნენ პროცესიის მონაწილეები, ახლო ხედში ყვავები ფრენდნენ ქარის საწინააღმდეგოდ და თითქოს ვერც ერეოდნენ ჰაერის ნაკადს – ერთ ადგილზე იქნევდნენ ფრთებს. ვაგრძელებდი: ბევრი მომკვდარა მათს მკერდზე, / სისხლს ვერ იხდენენ ტანზედა; / ძმის მკვლელის სისხლი სწყურია, / კაცი რომ მოდის გზაზედა”. – სპილენძისფერი სიტყვების რიგი ერწყმოდა ერთმანეთს, ზოგიერთი ზაფხულის ღამის ცის სილურჯეში გადადიოდა, ერთს კი მთვარესავით ავადმყოფური ყვითელი ფერი ედო და საკუთარი მეორე ნახევარი ბნელი ჰქონდა. ეს სიტყვა იყო „კაცი”.

დღეს, ამ დროსა და საუკუნეში, როდესაც ჩვენ გვაქვს ყველაფერი იმისათვის, რომ ნაკლებად დავიჯეროთ მითები, ლეგენდები, მაგია, ეზოთერიკა, ძნელია ასეთი რამ მოსწავლეებს უთხრა, თითქმის შეუძლებელიც… და ერთი მიზეზი აქვს; ჩვენ, მასწავლებლებმა ნაკლებად ვიცით მოსწავლეების ცხოვრებისეული ამბები, მათი სულიერი მდგომარეობა, მისწრაფებები. შეუძლებელია 15-16 წლის ადამიანი დააინტერესო საუკუნის წინ დაწერილი ტექსტით, თუ მას არ დაანახვე რაღაც საერთო იმ ტექსტში არსებულ თუნდაც ერთ ამბავს, აზრს, განცდასა და მისსავე ცხოვრებას შორის, ხოლო თუ ეს გააკეთე, მაშინ გახდებიან სიტყვები მაგიური. ადამიანებს ნაკლებად გვაინტერესებს ამბები იმაზე, რაც ჩვენ არ გვეხება, რაშიც წილი არ გვაქვს, რაც არ განგვიცდია, მაგრამ თუ სადმე რაიმეზე მიებმება ჩვენი გონება ენერგიის გამტარი ძაფით, მაშინ სხვა ამბავია.

ერთ რჩევას მივცემდი ჩემზე შესაძლოა ბევრად გამოცდილ, პროფესიონალ და კარგ მასწავლებლებს. ადექით ერთ დღეს, დადექით დაფასთან და უთხარით მოსწავლეებს, რომ იმ გაკვეთილზე მთელ ოცდაათ სტროფს „ვეფხისტყაოსნიდან”, სამ თავს „ალუდა ქეთელაურიდან”, ან მთელ „ნატვრის ხეს” კი არ აუხსნით, წაიკითხავთ და დავალებად მისცემთ, არა! ერთ რომელიმე სიტყვას აარჩევთ, დაწერთ დაფაზე ფერადი ცარცით და ის იქნება ახალი თემა. ერთხელ მოეშვით ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით განსაზღვრულ შედეგებზე გასვლას და ა.შ. და თუნდაც მეათე კლასელებს ერთი სიტყვა ასწავლეთ ერთ გაკვეთილზე. ჯანდაბამდე გზა ჰქონია გეგმებს და მიზნებს და კომპეტენციებს, თუ მაინც არ სრულდებიან კარგად, ამის მიზეზი სწორედ ისაა, რომ ჩვენ ერთი გაკვეთილიც არასდროს დაგვითმია რაღაც მაგიურისთვის, რომლითაც სავსეა ლიტერატურა და რაც, უფრო სწორად, თვითონ ლიტერატურაა.

მაგალითად, აიღეთ სიტყვა „სიჩუმე” და უთხარით, რომ ეს სიტყვა ისევე ცოცხალია, როგორც სხვები, რომლებიც შეგეძლოთ ასევე დაგეწერათ დაფაზე. შემდეგ კი: „მხოლოდ სიჩუმეა ჩემი კავალერი”; „მეც აღარ მინდა, რომ სხვას დაბრალდეს / ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ”; „რაღაც სიჩუმე დაჰყურებდა ცივ სასაფლაოს”; ან კიდევ – „სარკოფაგიდან დგება მუმია. რა სიჩუმეა”. დაწერეთ ესენი და მსგავსები დაფაზე, სხვადასხვა ფერის იმ ერთი სიტყვით. და თუ მაინც არ დაგიჯერეს, თხოვეთ არაფერი თქვან, დამშვიდდნენ და მათთან ერთად ნახავთ როგორ დაგაწვებათ სიჩუმის სიმძიმე, როგორ გაცოცხლდება ეს სიტყვა. ასევე შეიძლება სხვებზე გაკეთება.

იმ რომანში, როცა ყუთს გახსნის და სიტყვებისგან შექმნილ სამყაროში კიდევ მიკროსამყარო შეიქმნება, ზაზა სვამს შეკითხვას: ”ჰო, მაგრამ, დიდი პატარაში როგორ უნდა ეტეოდეს?!”. ერთ მოსწავლეში, ერთ ადამიანში, რომელიც მცირეა, პატარაა, შეიძლება მთელი სამყაროს ჩატევა, ყოველშემთხვევაში, ამის დაწყება მაინც, რომ ცარიელ ოთახში ნივთები შეგქონდეს, ან ღია და შავ კოსმოსში – პლანეტებს ფანტავდე.

მიუხედავად იმისა, რომ ავტორი არ ცდილობს და არ არის დისტანცირებული საკუთარი თავისგან და ამ მაგიური რეალიზმის ელემენტების მქონე მცირე რომანში ავტობიოგრაფიულ ფაქტებსაც ურთავს, ვთვლი, რომ მთავარი მოქმედი გმირი, მასთან ერთად, არის ლევანი. მოკლედ, ის მონაკვეთები რომ არა, სადაც ზაზა საკუთარ კორპუსთან მოთამაშე ბავშვებს შეხვდება საღამოს ბინდში და შემდეგ ქორწილში გადაინაცვლებს, ან როცა წაკითხული მოთხრობა გაუცოცხლდება თვალწინ, ეს მონაკვეთები რომ არა, მთავარი გმირი ლევანი არის-მეთქი, ასე ვიტყოდი. პირველივე თავში ჩანს, რომ ლევანი საერთოდ არ არის მწიგნობარი, კითხვის მოყვარული პერსონაჟი, როცა ზაზა ცნობილ ტექსტებს ადგენს სიტყვებით, იმაზეც კი კითხვებს სვამს, ეგ ვისი არისო. არ იცის ვეფხისტყაოსანი, ილია, ვაჟა, შექსპირი და ა.შ. მაგრამ ყველაზე კარგად გამოსდის ურთიერთობა ცოცხალ სიტყვებთან. ზაზაზე უკეთაც, რომელიც მხატვრული ლიტერატურის დიდი მცოდნეა და სამაგისტრო ნაშრომზეც მუშაობს, მაგრამ მის ხელში მოხვედრილი სიტყვების ყუთიდან მხოლოდ საშინელი სუნი და სნეული სიტყვები ამოდიან. რას ნიშნავს ეს? არაა მთავარი ადამიანს შეეძლოს ციტირება ლექსიდან, მოთხრობიდან, ეს მეორეხარისხოვანია. მთავარი მისი გონებრივი და სულიერი მდგომარეობაა, მზადყოფნა ქმნადობისკენ და კეთება, მუდმივი მოძრაობისკენ და მოძრაობა, რაც უკვე ნიშნავს განათლებას და განვითარებას. განათლება არაა ვაჟა-ფშაველას, ილიას, აკაკის, ტოლსტოის, ფეტის, ბლოკის კითხვა, განათლება წინსვლის მუდმივი სურვილია. ამით უდგა გვერდით ავტორის პროტოტიპს ტექსტში მეორე პერსონაჟი ლევანი, რომელზეც ისევ ზაზა წერს ტექსტის ბოლოს:

„რა დაემართა საბოლოოდ ლევანს? ეს ვერავინ ახსნა. ფიზიკის ენით რომ ვთქვათ, ის თავისებური ანტინაწილაკი იყო. ანტინაწილაკი კი ისეთი ნაწილაკია, რომელიც მოძრაობს დროის საპირისპიროდ, ანუ – მომავლიდან წარსულისაკენ. ჩაგიქროლებს და სამუდამოდ გაქრება. ამის მერეღა ხედავ და ეხები მის დასაწყისს”.
და შენც, რომანის კიდევ ერთი პერსონაჟის არ იყოს, „იფიქრე ხოლმე ამაზე”!

ორი ქალაქის ქართველთა საქმე

0

ხომ არის დიდი ქალაქი, ძალიან ფხიზელი, მაგრამ ერთი წუთით მაინც ჩათვლემს – ვთქვათ, 4 საათსა და 25 წუთზე, თუნდაც რამდენიმე წამით; აი, სტამბოლი, რომელსაც მგონი მართლა რამდენიმე ცა აქვს, საერთოდ არ იძინებს, ხანდახან თვალღია მკვდარს ჰგავს, მაგრამ მაინც… ამ ქალაქში ყოველთვის ისე იკარგები, რომ წამითაც არ გეშინია – ქუჩები თვითონ გეძებენ და გპოულობენ. ამ ქალაქში, ათეულობით მილიონ ადამიანს შორის, არცთუ თითებზე ჩამოსათვლელი ქართველი ცხოვრობს. ამ ქართველთაგან უსათუოდ გამოირჩევა სიმონ ზაზაძე – ბიზნესმენი, პოლიგლოტი და ათასი სხვა სიკეთის მატარებელი მოხუცი, რომლის კარამდეც ეროვნული ბიბლიოთეკისა და ხელნაწერთა ცენტრის ჯგუფი ქართველოლოგმა უშანა ფუტკარაძემ მიგვიყვანა.

 

სიმონ-ბეის – ასე მიმართავენ მას თურქები – გმირი უნდა ერქვას. არქივი ქართველთა კათოლიკური სავანისა, რომელსაც პეტრე ხარისჭირაშვილმა ჩაუყარა საფუძველი, ვთქვათ პირდაპირ – კბილებით შეინარჩუნა. საგანძური, რომელზე მუშაობის უფლებაც აქამდე მხოლოდ ქალბატონ შუშანას ჰქონდა, ჩვენთვისაც გაიხსნა. გასაოცარი მიმოწერები ქართველი კათოლიკე ინტელექტუალებისა, წიგნები, სურათები სულ მალე ციფრული სახით იხილავს დღის სინათლეს თქვენი კომპიუტერების ეკრანიდან. და არამარტო კათოლიკეების არქივი – 1921 წლის ქართული ემიგრაცია რამდენიმე თვით სწორედ სტამბოლში შეჩერდა და მასალების ნაწილი იქვე „დარჩა”. ამას დაამატეთ მონტონაბის უნიკალური წიგნები, რომლებიც სიმონ ზაზაძემ შეიძინა და ადვილად მიხვდებით, რა მასშტაბის ბიბლიოთეკასთან გვაქვს საქმე.

ბატონი სიმონი ცოტას ლაპარაკობს, უმთავრესად – საქმეზე. საქმეზე, ურომლისოდაც მას წუთიც არ უცხოვრია. რა ბანალურადაც უნდა იკითხებოდეს, დავწეროთ ასე – მისი პროფესია სამშობლოს სიყვარულია. სხვა დანარჩენი – ამ პროფესიის შენაკადი. ასეც ამბობს: „მე ქართველი ვარ, საქართველოსთვის ვარ – ამის მეტი არაფერი ვიცი”.

იმავეს ამბობს გალინა ბულატნიკოვა-ორბელიანი. ვახტანგისეული ემიგრაციის უკანასკნელი ორბელიანი. სულხან-საბას ძმის შთამომავალი. ის დნეპროპეტროვსკში ცხოვრობს. კიევიდან მატარებლით ასე ერთი ღამის სავალზე. ეს ქალაქი ლამაზი, ოდნავ ცივი ქუჩებით, მღვრიე დნეპრითა და კოღოებით დაგამახსოვრდებათ. უფრო რუსულია, უკრაინულად ცოტა ლაპარაკობს. ქალბატონი გალინა ერთ დიახაც რომ მოკრძალებულ ბინაში ცხოვრობს. ეს ბინა სხვა არაფერია, თუ არა მოგონებების საცავი. ნივთები: თათმანი, მარაო, ქუდი… ფურცლები – მისალოცი ბარათები, ნოტები, წიგნები… ფოტოები, ფოტოები, ფოტოები… ეს საოცრად დახვეწილი მანარების მქონე ქალი არნახული ენთუზიასტია – მარტო ცხოვრობს და საკუთარ წარსულს იკვლევს. უკრაინულ პრესაში ხშირად ქვეყნდება მისი წერილები საკუთარი გენეალოგიის შესახებ – სამეცნიერო თუ მხატვრული ხასიათისა. ჩვენ ფრთხილად მიგვიღო, ცოტა წყენა მახსოვს თანამემულეებისგანო (სხვათა შორის, იგივე გვითხრა სიმონ-ბეიმაც). მერე ნელ–ნელა დამშვიდდა, მიხვდა რომ „სამოყვროდ” ვიყავით და „სულიკოც” იმღერა – ეს ჰანგი ყველა ქართველი ემიგრანტის საუკეთესო გზაა სამშობლოსთან მიბრუნების. ბოლოს ისე მოხდა, რომ საკუთარი არქივის ნაწილი კი გვაჩუქა.

ასე იყო საქმეები. მე ვფიქრობ, რომ დასაკარგავი მემკვიდრეობა არ გვაქვს – აქ იქნება თუ იქ, ჩვენ უნდა მოვუაროთ და ფრთხილად უნდა მოვუაროთ, თორემ მერე თავის ტკივილი და თითზე კბენანი იცის.

მუსიკა, როგორც კონტაქტი

0

გიოს, ჩემს პატარა შვილს, სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციის პრობლემა აქვს, თავისთვის თამაში, კითხვა ურჩევნია, მარტო ყოფნა უყვარს.

 სხვადასხვა, ძალიან შედეგიანი თერაპიის გარდა, სახლშიც, შეძლებისდაგვარად ვცდილობ, მოვიფიქრო ათასგვარი საშუალება, აქტივობა, თამაში იმისთვის, რომ უფრო სოციალური და გახსნილი გახდეს, თანატოლებთან ურთიერთობა მოეწონოს.

სიმღერა ორივეს ძალიან გვიყვარს, მას აბსოლუტური სმენა და ძალიან ლამაზი ხმა აქვს, რისი საშუალებითაც, უკვე ორ ხმაში სიმღერასაც ვახერხებთ და ხალხურ თუ ცნობილ საბავშვო სიმღერებს ვსწავლობთ. ბოლო ერთი თვეა სიმღერა, მუსიკალური ურთიერთობა ჩვენს რეგულარულ, საოჯახო თერაპიად ვაქციეთ. ყოველ საღამოს, როდესაც ის ბაღიდან ბრუნდება და მე სამსახურიდან, ვახშმის მერე ვსხდებით და დიდხანს ვმღერით.  ჯერ მელოდიას და სიტყვებს ვსწავლობთ, მერე ვცდილობთ ეს ჩვენი სიმღერა დიალოგად ვაქციოთ,  ბოლოს ხმებში ვანაწილებთ და ისე ვღიღინებთ. გიორგის შემთხვევაში მისი კარგი მუსიკალური სმენა მეხმარება რთული სიმღერები ვისწავლოთ და ვიმღეროთ, თუმცა, ამგვარი კონტაქტისთვის, მერწმუნეთ, სიზუსტე და განსაკუთრებული მუსიკალური განათლება სულაც არაა საჭირო.

ზოგჯერ მარტივ ინსტრუმენტებსაც ვიყენებთ ხოლმე, მაგალითად, საბავშვო დრამს, ქსილოფონს, ელექტრონულ პიანინოს,  ვეჩვევით, როგორ დაველოდოთ ერთმანეთს, როგორ მივყვეთ მელოდიას, როგორ შევახამოთ ხმები და განწყობები.  ცოტა ხანში, ნოტების სწავლასაც ვაპირებთ, ჩემი ბავშვობის ფორტეპიანოსაც შევბედავთ.  ეს ჩვენთვის ერთგვარი კომუნიკაციური თერაპიაცაა და საყვარელი გართობაც. ხოლო, რა დიდი სიამოვნებაა ეს ურთიერთობა, ამას აღარ მოგიყვებით, აუცილებლად თავად უნდა სცადოთ.

ჩვენი აქტიური მუსიკალური „პრაქტიკის” შემდეგ,  რომელმაც საუკეთესო შედეგი გამოიღო, თეორიის ძებნაც დავიწყე და აღმოვაჩინე, რომ ჩემი და გიორგის მუსიკალური თამაში მსოფლიოში ცნობილი და კარგად ნაცადი თერაპია ყოფილა, რომელსაც აქტიურად იყენებენ სხვადასხვა ტიპის სირთულეების აღმოსაფხვრელად, დაწყებული მარტივი კომუნიკაციური პრობლემებით, აუტიზმის ურთულესი ფორმებით დასრულებული.

აი, ასეთი თერაპიის ერთ-ერთი მაგალითი:

 მუსიკალური თერაპია საგრძნობლად ცვლის  სოციალურ, კოგნიტიურ და ემოციურ უნარებს. განწყობა, მეხსიერება, ქცევა,    ყურადღება  უმჯობესდება, ბავშვი ბედნიერი და მხიარულია და როგორც კვლევები და პრაქტიკა აჩვენებს, გაცილებით მობილიზებულიც.

 მიუხედავად იმისა, განსაკუთრებული საჭიროების ბავშვი გყავთ კლასში ან, უბრალოდ, მორცხვი მოსწავლე, თუ მუსიკალურ თამაშებს ჩართავთ თქვენი გართობის თუ სწავლების პროცესში,  ის გაცილებით შედეგიანი იქნება, რადგან ბავშვები ასეთ აქტივობების დროს  გაცილებით მოტივირებულები არიან.

ყოველდღიურად ჩვენს საკლასო ოთახში სრულიად განსხვავებულ ბავშვებთან გვიწევს ურთიერთობა. მათ შორის, ერთი მეტისმეტად აქტიურია, მეორე – ძალიან მორცხვი, პასუხს ან საერთოდ არ გცემთ ან ძალიან ჩუმად, ძლივს გასაგონად ლაპარაკობს, მესამეს საკუთარი სხეულის მართვა და სკამზე დიდხანს ჯდომა უჭირს, მეოთხე – სკამზე ქანაობს, მეხუთეს  ძალიან კონკრეტული ინტერესები აქვს და.შ.  ნებისმიერი სიტუაციის მიუხედავად,  , რა საგანს, საკითხს, მეთოდს თუ გეგმას ეხება თქვენი გაკვეთილი, ნებისმიერი სასწავლო აქტივობის პროცესში მუსიკა შეგვიძლია ძალიან კარგად გამოვიყენოთ.

მუსიკა, როგორც კონტაქტი, სასწავლო აქტივობის ფონი, სტრესის მოხსნის საშუალება, ფიზიკური აქტივობის თანმხლები, ახალი ინფორმაციის გაგების საშუალება, მისი გამოყენება მრავალგვარად შეგიძლიათ.

ბავშვებს გაკვეთილზე ჯდომა და მოსმენა უჭირთ? ჩართეთ რამე რიტმული და იცეკვეთ მათთან ერთად, ერთმანეთს ვერ უგებენ და კონტაქტის პრობლემა აქვთ?  – აბა, ქართული პოლიფონია გამოიყენეთ, ჯერ ერთმანეთის ხმას დაუგდებენ ყურს, მერე კი სხვის აზრებსაც მოისმენენ. მოსწავლეების ყურადღების მობილიზება გიჭირთ? – ამისთვისაც გამოიყენეთ რომელიმე სასიამოვნო მუსიკალური სიგნალი.  იმაზე აღარ ვსაუბრობ, როგორი კარგი საშუალებაა უცხო ენის სწავლებისათვის უცხოენოვანი სიმღერები.

შეგიძლიათ, თქვენი გაკვეთილის პროცესში ინსტრუმენტები ჩართოთ, ან  ტაში, თუნდახ მერხზე ხელით ან კალმით  დაკაკუნება იყოს თქვენი ინსტრუმენტი, ააწყვეთ რომელიმე მხიარული მელოდია, შეისწავლეთ თქვენ გარშემო არსებული ხმები,  გადააქციეთ კლასი დასარტყამი ინსტრუმენტების ორკესტრად, იცინეთ და იმხიარულეთ ერთად.  დამიჯერეთ, ასეთ აქტივობაში ყველაზე მორცხვი და ჩაკეტილი მოსწავლეც ჩაერთვება.

მუსიკა, პირველ რიგში ურთიერთობაა, ჰოდა, გამოიყენეთ იგი.

მალხაზ ხარბედია – ბავშვებს აზროვნება უნდა ვასწავლოთ

0

ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ჟურნალ “არილის” რედაქტორი, რადიო “თავისუფლების” რუბრიკა “ბიბლიოთეკის” ავტორი და წამყვანი, “ღვინის კლუბის” დამაარსებელი და პრეზიდენტი”, – ეს მალხაზ (მახო) ხარბედიას ვიკიპედიისეული დახასიათებაა.

“mastsavlebeli.ge”-სთვის ინტერვიუ ჩვენც ლიტერატურით დავიწყეთ.
– მახო, ლიტერატურასთან, წიგნთან ურთიერთობა ბავშვობიდან იწყება. როდის და რა წიგნი წაიკითხე დამოუკიდებლად ბავშვობაში, რას ნიშნავდა ეს წიგნები და, საერთოდ, კითხვა შენთვის?
– პირველი წიგნები არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ ასტრიდ ლინდგრენის ორი წიგნი, კარლსონზე და პეპიზე, ზეპირად ვიცოდი. გვერდები ლამის გრაფიკულად მახსოვდა. იმდენჯერ მქონდა წაკითხული, უბრალო გადაფურცვლაც, თვალის შევლებაც მყოფნიდა. ბოლოს მთელ წიგნს ნახევარ საათში გადავიკითხავდი ხოლმე. საბედნიეროდ, ასეთი ექსპერიმენტები მალე მომბეზრდა. ჩემი პირველი ბიბლიოთეკები იყო საბავშვო ბიბლიოთეკა ფალიაშვილის ქუჩაზე და რაჭის სოფელ ზედა შავრის ბიბლიოთეკა. ბევრ სისულელესაც ვკითხულობდი. მახსოვს ქართულად თარგმნილი ფანტასტიკის ჟანრის წიგნები, სრულიად არაფრის მომცემი.
– რას ნიშნავს იყო ლიტერატურათმცოდნე, რატომ აირჩიე ეს გზა?
– მერვე-მეათე კლასებში ძალიან გამიტაცა ძველი აღმოსავლეთის ისტორიამ და ლიტერატურამ – შუმერმა, აქადმა… ერთი სიტყვით, ისტორიისა და ლიტერატურის საწყისები მაინტერესებდა. ჩემზე იმ პერიოდში ორი ადამიანი ახდენდა გავლენას. მამუკა ოჩიგავა სკოლაში მასწავლიდა ქართულს, მერაბ ღაღანიძესთან კი უნივერსიტეტისთვის ვემზადებოდი. 1990-1991 წლებში თსუ-ში უნდა გახსნილიყო ძველი აღმოსავლეთის ისტორიის კათედრა, მაგრამ რატომღაც დაგვიანდა ეს ამბავი და ჭკვიანმა ხალხმა კლასიკურ ფილოლოგიაზე ჩაბარება მირჩია. კარგია, რომ ასე მოხდა. ძველი ბერძნულისა და ლათინურის წყალობით აღმოვაჩინე, რომ ტექსტი სხვანაირადაც შეიძლება წაიკითხო, უფრო გულდასმით. ჰომეროსის ან ტრაგიკოსების ტექსტების კითხვა ყოველთვის გულისხმობს ასეთ მიდგომას, – ბოლომდე თუ არ ჩაეძიე, ბევრ რამეს დაკარგავ. მოკლედ, ჩემში მალე ასეთი მკითხველიც ჩამოყალიბდა, ფანქრიანი მკითხველი. დღესაც, როცა საჭიროა, ძალიან ჩქარა ვკითხულობ, როცა მინდა – დაგემოვნებით, თუმცა ფანქარი მუდამ თან მაქვს. გალეული ფანქრების პატარა კოლექციაც კი დამიგროვდა… სტუდენტობის პერიოდში, 1994 წელს, გაზეთ “კავკასიონში” დავიწყე მუშაობა, შემდეგ “არილი” ცალკე გაზეთად ჩამოყალიბდა და შადიმან შამანაძემ იქ გადასვლა შემომთავაზა, თანაც “კავკასიონში” უკვე ვეღარ ვხედავდი ჩემს თავს და დავიწყეთ ახალი “არილის” შექმნა. წერაც იმავე პერიოდში დავიწყე – პატარ-პატარა ესეებისა და პორტრეტებისა, თარგმნაც… პირველ კურსებზე დარწმუნებული ვიყავი, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგაც ძველი ბერძნული ლიტერატურის კვლევას გავაგრძელებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ისე არ გამოვიდა, როგორც მე მინდოდა. ბევრი რამე არ დაემთხვა ერთმანეთს, მათ შორის – ჩემი და იმდროინდელი ქართული კლასიკური ფილოლოგიის მამების ტემპერამენტი… სხვა ინტერესებიც მქონდა – ლიტერატურის თეორია, სემიოტიკა, ქალაქური ტექსტის კვლევა, ეგრეთ წოდებული მიკროისტორიები… და კლასიკურ ენებს ცოტათი დავშორდი, თუმცა დაბრუნებაზე სულ ვფიქრობ. იმედია, ამისთვისაც მოვიცლი. რაც მთავარია, ჩემი ბიბლიოთეკა დღემდე ივსება სპეციალური ლიტერატურით, შეძლებისდაგვარად თვალსაც ჩავკრავ ხოლმე ამ ნაშრომებში და რაც დრო გადის, სულ უფრო მიძლიერდება კლასიკურ ფილოლოგიაში დაბრუნების სურვილი.
– საბჭოთა სკოლებში ყველა ნაწარმოებს, რასაც ქართულ ლიტერატურაში ასწავლიდნენ, თან ახლდა ამა თუ იმ კრიტიკოსის განხილვა და მოსწავლე ვალდებული იყო, ამ კრიტიკოსის ჩარჩოში მოქცეულიყო. საჭიროა თუ არა, მოსწავლე (მასწავლებელიც) დამოკიდებული იყოს კონკრეტული კრიტიკოსის მოსაზრებაზე და, საერთოდ, შენი აზრით, როგორ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში ქართული ლიტერატურა?

– ბევრი რამ არის დამოკიდებული მასწავლებელზე. მან ბავშვს ცნობიერება არ უნდა დაუმახინჯოს, პირიქით, უნდა ასწავლოს დამოუკიდებელი აზროვნება, გააბედვინოს საკუთარი აზრის გამოთქმა, თუმცა ეს არ უნდა დაემსგავსოს იმას, რასაც ახლა ვხედავთ ტელეეკრანებზე. ვგულისხმობ ლაყბობის გაკვეთილებს გადაცემაში “სპიკერი”. ბავშვებს ტლიკინი კი არა, აზროვნება უნდა ვასწავლოთ, არ უნდა ჩავუხშოთ გატაცებები და ხელოვნურად არ უნდა მოვახვიოთ თავს ღირებულებები. ადრე უარესად იყო საქმე, რასაკვირველია. მთელი თაობები გაიზარდა “თემების წერის” საშინელ, რეპრესიულ პირობებში. ეს იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი, ყალბი პატრიოტული რიტორიკით, ერთი რომელიმე მწერლისთვის დამახასიათებელი ენობრივი მიმოხვრებით, სიტყვების რახარუხით… ალბათ იმავე პერიოდში, 80-იანების მეორე ნახევარში, ჩამოყალიბდა ე.წ. რელიგიური სასკოლო დისკურსიც, რომელმაც დღეს ბევრგან არასწორი ფორმა მიიღო.

სკოლა ყველაზე რთული პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. უფრო რომ დავაკონკრეტო, ის პერიოდი, როდესაც სკოლასა თუ უნივერსიტეტში საბაზისო განათლებას ვიღებთ, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ჩვენს მომავალს. რამდენიმე წლის წინ ერთი სტატია დავწერე, სადაც სწორედ ამ, სკოლაში მიღებულ განათლებაზე ვსაუბრობდი, სკოლაში, სადაც მოსწავლეთა უმრავლესობა ერთგვარ სავალდებულო საქმიანობას ასრულებს, ანუ სწავლობს ბევრ ისეთ რამეს, რაც მას შესაძლოა არ აინტერესებდეს, მაგრამ საჭირო იყოს. მაშინ ტომას სტერნზ ელიოტის სიტყვებიც მოვიყვანე: “ვერავინ გახდება რეალურად განათლებული, თუ არ ეცდება იმის შესწავლასაც, რის მიმართაც მას ინტერესი არ ამოძრავებს, რადგან იმ საგნებით დაინტერესების უნარი, რომლებისკენაც არ გვაქვს მიდრეკილება, განათლების ნაწილს წარმოადგენს”. შესაძლოა, ეს განათლების ერთ-ერთი უმთავრესი მხარეც იყოს, რომელსაც მე ტრადიციულს ვუწოდებდი. მაგრამ ამავე დროს არსებობს განათლებისა და შემეცნებისადმი შედარებით ჰედონისტური, უფრო ლიბერალური და ცოცხალი დამოკიდებულება, სადაც ხალისი და ინტერესი მეტია და თავად მოსწავლის ინიციატივაც უფრო უკეთ ჩანს. ალბათ ესაა სწავლა, მუდმივი დაპირისპირება განათლების ამ ორ ტიპს შორის. ყოფილა შემთხვევები, როცა საოცარი გატაცებით გადამიკითხავს ის სახელმძღვანელოები, რომელთა კითხვაც ასე მტანჯავდა ხოლმე სკოლის ასაკში ან სტუდენტობისას.

– როგორია შენი აზრი დღევანდელი ქართველი კრიტიკოსებისა და ქართული კრიტიკის თაობაზე?

– ამ თემაზე ძალიან დიდხანს შეიძლება საუბარი, მაგრამ ამჯერად ერთ რამეზე გავმახვილებ ყურადღებას. საქმე ისაა, რომ საქართველოში კრიტიკა არასწორად ესმით. ათწლეულების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში კრიტიკა იყო რაღაც, რაც მოკლებულია პასუხისმგებლობის გრძნობას და ჩასაფრებულის პოზიციიდან დანახულ პროცესებს უფრო აღწერდა, ვიდრე რეალურ სურათს. კრიტიკა უნდა გულისხმობდეს გარკვეულ მეთოდოლოგიურ სიმკაცრესა და რეფლექსიურ მიუკერძოებლობას, ჩვენთან კი ასე არ არის, სამწუხაროდ. ჩვენთან ან გადაჭარბებით აქებენ, ან მიწასთან ასწორებენ. ჩვენთან კრიტიკა იმისთვის კი არ სჭირდებათ, რომ ტექსტი წაიკითხონ, არამედ იმისთვის, რომ არ წაიკითხონ ეს ტექსტი. ბევრი ქართველი “მკითხველისთვის” ვიღაცის მიერ წიგნის გაკრიტიკება ამ წიგნზე ხაზის გადასმას ნიშნავს. გაკრიტიკებული წიგნისგან ეს ვითომმკითხველი სამუდამოდ ისვენებს, ერთხელაც კი არ გადაამოწმებს თავად. არ ვიცი, ალბათ შვებას ჰგვრის იმის გაცნობიერება, რომ კიდევ ერთი წიგნის წაკითხვა აღარ მოუწევს.

ხშირად მეკითხებიან, ღირს თუ არა ამა თუ იმ წიგნის ან თარგმანის წაკითხვა, რაზეც მე ერთი პასუხი მაქვს: არასდროს გვექნება კარგი ლიტერატურა, კარგი თარგმანები, ვიდრე ასეთ გამოკითხვებში ვიქნებით, ვიდრე თავად არ შევაფასებთ ლიტერატურას. იმედია, ისტორიას ჩაბარდება ის დრო, როცა კრიტიკოსი ენაალესილი მაზალო ტიპი ეგონათ, რომელიც ხალხს სხვისი წიგნებიდან ამოკრეფილი სასაცილო ციტატებით ახალისებდა და ზედაც თავის ზედაპირულ კომენტარებს ურთავდა. ამან შეიძლება გაგართოს, მაგრამ ასეთ გასართობს კრიტიკას ვერ ვუწოდებ.
– რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდისთვის კლასგარეშე საკითხავი მასალის სწორად მიწოდება, რას ურჩევ მასწავლებლებსა და მშობლებს, როგორ მიაწოდონ ბავშვს წიგნი და, მით უმეტეს, როგორ შეაყვარონ კითხვა?
– ისევ ადრე ნათქვამის გამეორება მიწევს: კლასგარეშე ლიტერატურა უფრო თამამად უნდა ავირჩიოთ. ბავშვებს სიახლე სჭირდებათ, სიახლე კი პირველ რიგში თანამედროვე ლიტერატურაა. სკოლაში არ უნდა ასწავლიდნენ ადამიანები, რომლებიც ბავშვებს ეტყვიან: “ეჰ, მწერლები ჩვენს დროს იყვნენ, თუ იყვნენ”, “ახლანდელი მწერლები მწერლები არიან?” ბავშვებს იმის მოლოდინი უნდა ჰქონდეთ, რომ საინტერესო ლიტერატურა დღესაც იქმნება. მათ არ უნდა შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი საუკეთესო წარსულში დარჩა. თანაც, უბრალოდ, უხერხულია, უფრო მეტიც – სირცხვილია, როდესაც თანამედროვე ადამიანი, თანამედროვე მოზარდი, თანამედროვე ლიტერატურას არ იცნობს, არ ესმის და არ კითხულობს. მე მართლა თანამედროვე, აქტუალურ ლიტერატურას ვგულისხმობ და არა იმას, რაც თანამედროვეობის ზედაპირზე ტივტივებს და თავს გვაჩვენებს, თითქოს მასში რაღაც ახალი და განსაკუთრებული იყოს, სინამდვილეში კი წყალწყალა და ცარიელია. ზემოთ აქტუალური ლიტერატურა ვახსენე, ასეთი ტექსტები კი მეტ რეფლექსიას მოითხოვს, მეტ თვითიდენტიფიკაციას, გამოსავლის ძიებას, პასუხისმგებლობას. აქტუალურ ლიტერატურას ფარშევანგები და ბულბულები კი არ წერენ, არამედ ადამიანები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ძველი ლიტერატურა და ხშირად ვკითხულობ დავიწყებულ ან მარგინალურ ტექსტებს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ერთი რომელიმე დამჭკნარი წინადადების ამოკითხვა და ამოხსნა უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ვიდრე თანამედროვე საჭირბოროტო რომანის წაკითხვა, მაინც მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ლიტერატურა და წიგნები თანამედროვეობასთან ასოცირდებოდეს. დარწმუნებული ვარ, უახლეს ტექსტებში ამოკითხული ერთი-ორი გაბედული ფრაზა, მწარე სიმართლე ან კარგი ხუმრობა უფრო მეტ სააქმეს გააკეთებს, ვიდრე “ოთარაანთ ქვრივის” გარჩევები, თუმცა კლასიკური ტექსტებიც კარგად უნდა იცოდნენ ბავშვებმა, უბრალოდ, ამ ტექსტებში თავად უნდა ჩავარდნენ. რაც მთავარია, ბავშვებს თავისუფლება არ უნდა შევუზღუდოთ. არ არის აუცილებელი, მათაც იმავე წიგნების კითხვით დაიწყონ ლიტერატურის გაცნობა, რითაც ჩვენ.
– ხშირად ამბობენ, რომ საქართველო ღვინის ქვეყანაა, რომ ჩვენში ღვინის უდიდესი კულტურა არსებობს. თუმცა რეალურ ცხოვრებაში ქართველების დიდი ნაწილის ღვინისადმი დამოკიდებულებას რომ ვუყურებთ, ეს წარმოდგენა, ცოტა არ იყოს, ხუნდება…
– ღვინის კულტურა ნიშნავს ყოველივე იმის გაცნობიერებას, რაც ამ ღვინის მიღმა დგას. ყოველი ნაბიჯის, ვენახის მოვლით დაწყებული, ღვინის დაყენებით, შენახვითა და მოხმარებით დამთავრებული. სხვანაირად ღვინის კულტურის არსებობა შეუძლებელია. ცნობისწადილის გარეშე არაფერი არსებობს, მით უმეტეს, ის, რასაც კულტურასთან ვაიგივებთ. ღვინის კულტურას ცოდნა და ინტერესი ასაზრდოებს. ქართული ღვინის კულტურა რომ დაბალ საფეხურზეა, ეს უპირველესად იმის ბრალია, რომ ქვეყანაში ინტერესი მის მიმართ არ არსებობდა. აქტიურ უმრავლესობას ეგონა, რომ ღვინო ბოთლიდან იწყებოდა. სიძველეზე რომ მიდგება საქმე, მაგრები ვართ. წარსული არ მოითხოვს პასუხიმგებლობას, წარსული იყო, წარსულის საქებადაც ბევრი სიტყვა გვაქვს ენაში. აწმყოსა და მომავალზე კი ნაკლები პასუხისმგებლობით ვლაპარაკობთ. ყველაზე მეტად იმათზე მეცინება, გრძელ-გრძელ სადღეგრძელოებს რომ ამბობენ ისტორიულ და რელიგიურ თემებზე და ხელში შაქარწყალი ან გაკეთებული ღვინით სავსე ჭიქა ან ყანწი უჭირავთ.
– ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ ღვინის ფენომენის შეცნობას ბავშვები ქართული სუფრიდან არ დაიწყებენ და იქ მიღებული განათლება არ გადაეცემა მამისგან შვილს. კარგი იქნება, თუ ამ მიმართულებით გარკვეულ ცოდნას სკოლაშიც მივცემთ. ხომ არ გიფიქრია ამაზე? რა ფორით არის შესაძლებელი ღვინის კულტურასთან ბავშვის ზიარება?

– რა თქმა უნდა, ტრადიციული მეღვინეობის ქვეყანაში მოზარდმა მეტი უნდა იცოდეს ვენახსა და ღვინოზე, ახალგაზრდობა კი უფრო მეტად უნდა ინტერესდებოდეს ადგილობრივი ღვინოებით. ცხადია, ეს ღვინის განათლების უქონლობასთან ერთად უფერული ქართული ღვინის ბაზრის ბრალიც არის, რადგან, თითო-ოროლა ღვინის კომპანიას თუ არ ჩავთვლით, არავინ ინტერესდება ახალგაზრდული თემით, არავინ ცდილობს, თანამედროვე ენაზე წარუდგინოს თანამედროვე ადამიანებს ქართული ტრადიციული პროდუქტი, რის გამოც ღვინო ხანდახან რეგრესის სიმბოლოდაც კი აღიქმება.

“ღვინის კლუბი” უკვე ორი წელია ქართული ღვინის პოპულარიზებით არის დაკავებული. ჩვენი უმთავრესი ამოცანა სწორედ ამ ე.წ. ღვინის ნიჰილიზმის დაძლევაა. ძალიან სახიფათოა, ადრეული ასაკიდან აზიარო ბავშვი ღვინოს, თუ ზუსტად არ გაქვს გაცნობიერებული, რისთვის აკეთებ ამას. მხოლოდ რაღაც ზერელე წარმოდგენებზე დაფუძნებული ფსევდოტრადიციონალიზმი მავნებელი იქნება, ეს ყველაფერი ცოდნაზე უნდა იყოს დამყარებული და ასეთ ენთუზიასტებს მკაფიოდ უნდა ესმოდეთ სამომავლო შედეგების დადებითი თუ უარყოფითი მხარეები.

ცხადია, თუ საკითხი ჭკვიანურად გადაწყდა, შედეგი მხოლოდ დადებითი იქნება და ბევრ პრობლემას აგვაცილებს თავიდან. ზემოთაც ვთქვი, მე მომხრე ვარ სწავლების თამაშებრივი პრინციპის, სადაც თამაშის პარალელურად სავალდებულო ცოდნასაც შეიძენენ მოსწავლეები. ღვინის განათლება უაღრესად თანამედროვე გასართობად შეიძლება ვაქციოთ, სადაც ბავშვები ძალდაუტანებლად, სიამოვნებით და ინტერესით შეისწავლიან საგანს. საგანიც პირობითად ერქმევა ამას, რადგან ეს იქნება კლასგარეშე აქტივობა, ზოგჯერ – ექსკურსიებზე მიბმული, ზოგჯერაც – გარკვეულ აქციებთან დაკავშირებული, რომლებიც სკოლაშიც შეიძლება გაიმართოს და სკოლის გარეთაც. საშუალო კლასებში ღვინის გასინჯვის შესაძლებლობა, რასაკვირველია, შეზღუდული უნდა იყოს (უფრო ზუსტად, აკრძალული), უფროსკლასელებისთვის კი მცირე დეგუსტაციებიც შეგვიძლია დავუშვათ, რათა მოზარდებმა თავიანთი პატარ-პატარა აღმოჩენები გააკეთონ ღვინის თაობაზე. ეს მათ მხოლოდ დაიცავს, მოგვიანებითაც, უკვე სტუდენტობისას, უფრო მეტი ყურადღებით აარჩევენ პროდუქტს და სხვასაც დაეხმარებიან არჩევანში. ცხადია, ამ ასაკში ღვინის გასინჯვა საკამათო თემაა და ძნელია გადაწყვეტილების უცბად მიღება, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ 15-17 წლის ყმაწვილებს ზოგადი წარმოდგენა მაინც უნდა ჰქონდეთ ქართული ღვინის ისტორიაზე, ძირითად ჯიშებზე, ღვინის ტიპებზე, ხარისხზე და ა.შ. ასეთი ცოდნით ისინი უკვე თავად გახდებიან ქართული ღვინის ელჩები აქაც და უცხოეთშიც, ქვეყნებში, სადაც მათ შესაძლოა სწავლა გააგრძელონ.
ბოლოს პროფესიულ განათლებაზეც ვიტყვი: ჩემი ნება რომ იყოს, კახეთში, მაგალითად, რამდენიმე პროფესიულ სასწავლებელს გავხსნიდი, ერთსაც _ ქართლში, ასევე – ქუთაისში ან ბაღდათში, ერთ პატარა სასწავლებელს – რაჭა-ლეჩხუმში, ერთსაც გურია-სამეგრელოში. ძალიან სამწუხაროა, რომ ღვინის სამშობლოში მეღვინის განათლებას ვერ იღებენ ახალგაზრდები. მსურველები არიან, მაგრამ ინფორმაციას ვერსაიდან იღებენ. ბოლო ხანს ჩვენთან, კლუბში, არაერთი ასეთი ახალგაზრდა მოვიდა – ძალიან კარგი ბიჭები და გოგოები.

როგორ დავსვათ შეკითხვა?

0
ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია ცხოვრება და კიდევ უფრო ამრავალფეროვნებენ მას საინტერესო ადამიანები, რომლებიც ათასნაირ შეკითხვას სვამენ და პასუხის ძიებაში, ფიქრისა და გაანალიზების შემდეგ საინტერესო გადაწყვეტილებებს იღებენ. მაგრამ ასე დიდები იქცევიან, ბავშვები კი უმეტესად უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო სვამენ შეკითხვებს. და როცა ასეთი ცნობისმოყვარე ბავშვები მოდიან გაკვეთილზე და აღმოვაჩენთ, რომ მათ ან ცოტა შეკითხვა აქვთ, ან საერთოდ არაფერი აინტერესებთ, დიდები ვიწყებთ ფიქრს და პასუხის ძიებას კითხვაზე – რატომ არის ან ასე, ან – ისე?

 

საიდან იბადება ზოგადად შეკითხვა?

  • ის იბადება ცნობისმოყვარეობიდან და გაოცებიდან.

რას ვიღებთ შედეგად?

·შედეგად ვიღებთ, ცოდნას და უნარს გამოვყოთ ტექსტიდან:

ა) გაუგებარი ინფორმაცია;

ბ) ძნელად ასახსნელი ინფორმაცია,

გ) ის, რამაც გაგვაოცა;

დ) არადამაჯერებელი არგუმენტები;

ე) არაერთმნიშვნელოვანი განმარტება;

ვ) არასაკმარისი მტკიცებულება.

·შემდეგ ეს ყველაფერი ყალიბდება კითხვებად, რომელიც გულისხმობს: ა) ვინმესთან საუბარს – ჭეშმარიტების ძიებას;

ბ) საკუთარ თავთან საუბარს/დიალოგს;

·და ამ ყველაფრის შედეგად მივიღებთ პლატონისეულ დასკვნას: „ხშირი და სხვადასხვა მხრიდან დასმული შეკითხვა ნიშნავს – დავეუფლოთ ზუსტ ინფორმაციას (ცოდნას)”.

როგორ კითხვებს ვუსვამთ მოსწავლეს და ვასწავლით თუ არა მოსწავლეებს კითხვების სწორად დასმას? მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვები ძირითადად გამომდინარეობს სასწავლო ტექსტებიდან და მეტწილად ასეთი ხასიათისაა: „ვინ?“, „რა?“, „სად?“, „როდის?ანუ იმ ტიპისაა, რომლებიც მოითხოვენ ინფორმაციის დამახსოვრებას და წაკითხულის გამეორებას. რაც შეეხება შეკითხვებს: „როგორ?” „რაზე?” „ვის?” „როგორი?” „ვისკენ?” „რანაირი?”და ა.შ. ამ შემთხვევაში კითხვითი სიტყვა, მართალია, სხვაა, მაგრამშეკითხვაზე პასუხი კვლავ მხოლოდ ინფორმაციის გამეორებას მოითხოვს.

კითხვის დასმასა და სააზროვნო ოპერაციებზე საუბრისას არ შეიძლება, არ გაგვახსენდეს ბ. ბლუმის ტაქსონომია, რომლის თანახმად შეკითხვა, რომელიც ცოდნის გადამოწმებას მოითხოვს, შეიძლება ისე შედგეს, რომ აზროვნების სტიმულაციაც გამოიწვიოს. ასეთი შეკითხვებია:

  1. ცოდნაზე ორიენტირებული შეკითხვები, რომლებიც ინფორმაციის დამახსოვრებასმოითხოვენ;
  2. გაგებისკენ მიმართული შეკითხვები, რომელიც საშუალებას აძლევენ მოსწავლეს, გაიგონ ინფორმაციის შინაარსი და მოიხმარონ კიდეც: შეადარონ ობიექტები, მოახერხონ რაიმე ისტორიის ილუსტრირება, გამოავლინონ და გაიაზრონ ძირითადი იდეა, მაგალითად: „რომელი სიტყვა ან წინადადება ასახავს მოვლენის ხასიათს?” და ა.შ.
  3. გამოყენებაზე ორიენტირებული შეკითხვები,რომელიც ემსახურება ინფორმაციის გააზრებას და მსგავს სიტუაციებში გამოყენებას. ამავე დროს ისინი მოსახერხებელია ფაქტების ამორჩევისთვის, განზოგადების და პრობლემის გადაჭრისთვის. მაგალითად: „რას გააკეთებდით, თუ ასეთივე მოვლენა განმეორდებოდა?” ან „როგორ მოიქცეოდით, თუ გზაზე თქვენთვის საინტერესო პერსონაჟი შემოგხვდებოდათ?” და ა.შ.
  4. ანალიზური შეკითხვები მოსწავლეს საშუალებას აძლევს ტექსტი პატარ-პატარა სტრუქტურულ ელემენტებად დაყოს, სხვადასხვა მხრიდან შეხედოს და ისე განიხილოს ინფორმაცია;
  5. სინთეზური შეკითხვებით მოსწავლეები პატარა ნაწილებს ისე შეაერთებენ, რომ რაღაც ახალი შექმნან (სხვაგვარი დასასრული მიიღონ, სხვაგვარად გადაწყვიტონ პრობლემა) ან მოვლენათა განვითარება ივარაუდონ;
  6. შეფასება: მოსწავლეები ინფორმაციას საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ან მიცემული კრიტერიუმების მიხედვითაფასებენ, ანუ მათ თვითონ უნდა გამოთქვან აზრი, შეძლონ პრობლემის გადაწყვეტის გზის შემოთავაზება, განიხილონ თემა, დაიცვან გარკვეული აზრი. ასეთი შეკითხვები მოითხოვენ პოზიციის გამოხატვას: „თქვენ როგორ მიგაჩნიათ? თქვენ როგორ ფიქრობთ?”

ბლუმს მასწავლებლები აქტიურად ვიყენებთ გაკვეთილებზე და შესაბამისად მოსწავლეებს მუდმივად ვუსვამთ შეკითხვებსაც (რომლითაც გამოვლინდება მათი ცოდნა, გამოყენების, ანალიზის, ტექსტის გამოკვლევის უნარი და სხვ.) და ამას ხშირად ისე ვაკეთებთ, რომ არ ვფიქრობთ რაიმე მეთოდიკაზე, მაგრამ რამდენად შეუძლიათ ჩვენს მოსწავლეებს იმავეს გაკეთება?

პირველი სემესტრის ბოლოს, როდესაც ნახევარი წლის შედეგებს ვაჯამებთ, ვამოწმებთ ჩვენი მოსწავლეების მიერ ათვისებული უნარების დონესაც. ასეთი გაკვეთილი შეიძლება რამდნიმე ნაწილად დავყოთ:

I ეტაპი – ესაა საუბარი (რომელსაც პირად პრაქტიკაშიც ყველაზე ხშირად ვიყენებთ). ამ ეტაპზე მთავარია შეკითხვა, მაგალითად, „რა ჰქონდა მხეველობაში ფილოსოფოს ბეკონს, როდესაც ამბობდა: „საზრიანი შეკითხვა ცოდნის ნახევარიაო”? შეკითხვის დასმას მოჰყვება ცნების – „საზრიანი შეკითხვა” – განხილვა, მსჯელობა იმაზე, თუ რატომ არის „საზრიანი შეკითხვა მხოლოდ ცოდნის ნახევარი?”

განხილვის პროცესში მოსწავლეები მივლენ დასკვნამდე, რომ „საზრიანი” შეკითხვა ისაა, რომელიც თავის თავში მოიცავს „მინიშნებას” პასუხზე და რომელ პასუხსაც ერთი სიტყვით ანდა ფრაზით ვერ გადმოსცემ, ხოლო „არასათანადოდ დასმული” შეკითხვა ისაა, რომელზეც შეიძლება მოლოდ ცალსახა პასუხი არსებობდეს.

II ეტაპზე ხდებამოსწავლის პირადი გამოცდილების და ახალი ცოდნის სინთეზი. მასწავლებელი სვამს შეკითხვებს, რომელზე პასუხებიც ერთგვარად სქემატიზებულია. მაგალითად:

·რისგან იბადება შეკითხვა?

·როდესაც გააფუჭეთ ნივთი (საგანი.. სათამაშო), ვის ჰკითხეთ?

·ვის დაუსვამდით ისეთ შეკითხვას, როგორიცაა: „რა არის ტელევიზორი?” „რატომ დაფრინავენ ჩიტები?” „რატომ ყვითლდებიან ფოთლები?”

·რა ტიპის შეკითხვებია თქვენთვის საინტერესო? როგორი შეკითხვები გაინტერესებთ?

·ამ შეკითხვებიდან რომელი დაგეხმარებათ დაფიქრებაში? რომელი დაგეხმარებათ, რომ მხოლოდ შეკითხვას უპასუხოთ?

მასწავლებლმა აუცილებლად უნდა აუხსნას მოსწავლეს, რომ ამგვარი შეკითხვები შეიძლება თავად მასწავლებლებსაც დაუსვან (გაიგონ გაუგებარი, უცნობი..), ტექსტის ავტორსაც (ავტორთან დიალოგი) და საკუთარ თავსაც (დიალოგი საკუთარ თავთან).

ზოგადად თანამედროვე სწავლებაში ძირითადად ორი ტიპის შეკითხვებსვიყენებთ: რეპროდუქტიულს – რომლებიც მხოლოდ ცოდნას გვაძლევენ და პროდუქტიულს – რომლებიც „გვაიძულებენ” ვიაზროვნოთ.

რეპროდუქტიულშეკითხვები იწყება შეკითხვით: ვინ? რა? როგორ? სად? საით?

პროდუქტიულ შეკითხვებია (სპეციალური):

  • შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ (რაღაც, რაიმე…) ჭეშმარიტებად?
  • რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ ….. იქდან?
  • როგორი იყო ქმედების მოტივი?
  • შეკითხვა იწყება თეზისის ფორმულირებით.

პროდუქტიული შეკითხვები (გამოყოფა):

  • თუ ცნობილია…………, მაშინ……………?
  • თუ………………………, მაშინ რატომ……………..?
  • ანდა………………………………………………….?

რას შეეხება შეკითხვის კიდევ ერთ ტიპს – პრობლემური ხასიათის შეკითხვას: დამოუკიდებლად ასეთი შეკითხვის დასმა ძალიან რთულია, მოზრდილებსაც კი უჭირთ. ამიტომ გაკვეთილის მომზადებისას მასწავლებლები ასეთ კითხვებსწინასწარ ამზადებენ.პრობლემური შეკითხვის ძირითადი თავისებურებებია:

  • არ აქვს ცალსახა გადაწყვეტა;
  • მრავალმხრივია, გადაწყდება ეტაპობრივად;
  • მოითხოვს სინთეზურ ცოდნას.

სწვლის პირველ საფეხურზე ასეთი შეკითხვების დასმას მოსწავლეს ვერ ვასწავლით, მაგრამ მომდევნო საფეხურებზე ეს აუცილებელიც კია. ნებისმიერ სიტუაციაში პრობლემური შეკითხვის დასმის ალგორითმი ასეთია:

  • შეისწავლეთ ინფორმაცია და: გამოყავით მოვლენებიდან ძირითადი მომენტები, დავალებები, მოსაზრება, თეორია…;
  • გამოყავით მთავარი: აზრი, იდეა, თავისებურებ, პირობა..;
  • ხაზი გაუსვით წინააღმდეგობრივ, შეუთანხმებელ, არადამაჯერებელ არგუმენტებს;
  • ახსენით, რამ გამოიწვია წინააღმდეგობა (წინააღმდეგობის არსი);
  • ჩამოაყალიბეთ პრობლემური შეკითხვა.

როდესაც ტექსტზე ვმუშაობთ, მთავარია მოსწავლეებს ვასწავლოთ „აღმოაჩინონ” შეკითხვა ტექსტში და ამის შემდეგ ვასწავლოთ, როგორ „აწარმოოს” დიალოგი ავტორთან და საკუთარ თავთან. ასე მივიღებთ გაკვეთილის მესამე ეტაპს:

III ეტაპი: პატარა ნარატივის წაკითხვა და მოდელების მიხედვით შეკითხვების დასმა. მაგალითად,

IX კლასი, საგანი – ისტორია, თემა – „საქართველო VI საუკუნეში”

523 წელს სპარსელებს აუჯანყდა ქართლის მეფე გურგენი, რომელსაც კეისრის დახმარების იმედი ჰქონდა. როგორც ხშირად მომხდარა საქართველოს ისტორიაში, გურგენმა დახმარება ვერ მიიღო და დამარცხდა. იგი იძულებული გახდა, ოჯახითურთ თავი ეგრისის სამეფოსთვის შეეფარებინა. ქართლში მეფობა მოისპო და სპარსელთა მმართველობადამყარდა. მაგრამ VI საუკუნის 70-იან წლებში, როცა ბიზანტიელებსა და სპარსელებს შორის ომი დაიწყო, ქართველები კვლავ აჯანყდნენ. რომაელებმაისარგებლეს სპარსეთში ატეხილიშინაური შფოთით და შაჰისაგან თითქმისმთელი ქართლიმიიღეს. სპარსელთა მეციხოვნეები თბილისშიღა დარჩნენ.

ქართლელმა აზნაურებმა ძველებური მეფობის აღდგენა აღარ მოისურვეს. ბიზანტიელებთან შეთანხმებით მათ ქვეყნის მმართველად ერისმთავრად – ქართველი სეფეწული გუარამი (545-586) დასვეს. იგი ვახტანგ გორგასლის შვილიშვილი იყო. ქართლის ფეოდალების შუამდგომლობით კეისარმა გუარამს კურაპალატის წოდება მიანიჭა“.

რეპროდუქტიული ხასიათის შეკითხვები:

·რისთვის გადავიდა გურგენი ეგრისში?

·ვინ მიიღო ქართლი VI საუკუნის 70-იან წლებშირომაელებსა და სპარსელებს შორის ომი დაწყებისას?

·რა იყო ქართლის მოსახლეობის ბრძოლის მთავარი შედეგი VI საუკუნის 70-იან წლებში?

·და ა.შ.

პროდუქტიულ შეკითხვები (სპეციალური):

·მოტანილი ინფორმაციიდან რა დასკვნის გაკეთება შეიძლება VI საუკუნის ქართლის მდგომარეობის შესახებ?

·რამდენად სარწმუნოა ინფორმაცია, რომ ქართლელმა აზნაურებმა ძველებური მეფობის აღდგენა აღარ მოისურვესდაბიზანტიელებთან შეთანხმებით ქვეყნის მმართველერისმთავრად ქართველი სეფეწული გუარამი დასვეს?

·რატომ აჯანყდნენ ქართველები მაინდამაინც VI საუკუნის 70-იან წლებში?

·და ა.შ.

პროდუქტიულ შეკითხვები (გამოყოფა):

·თუ ქართლის დიდებულებს და ბიზანტიელებს ქართლში მეფობის აღდგენა არ უნდოდათ, რატომ დასვეს მმართველ ერისმთავრად ვახტანგ გორგასლის შვილიშვილი გურგენი და კეისარისგან კურაპალატის წოდებაც მიანიჭეს?

დასკვნა: ამ პატარა ნაწყვეტიდან სწორად დასმული შეკითხვების მეშვეობით აუცილებლად მივიღებთ პლატონისეულ ცოდნას VI საუკუნის ქართლის მდგომარეობის შესახებ.

ვასწავლოთ შეკითხვების სწორად დასმა მოსწავლეებს და მათი სახით ჩვენი ცხოვრება კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდება, ჩვენი საქმიანობა კი – გაცილებით წარმატებული.

 

 

 

 

„ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ – ძალადობასთან გამკლავების საშუალება

0

როცა მასწავლებლად ვმუშაობდი, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ბევრი მოსწავლე მყავდა. მაშინ არც კანონი არსებობდა, არც ამდენი ინფორმაცია მოიპოვებოდა ოჯახში ძალადობასა და მის შედეგებზე და ძალიან ძნელი იყო ზოგიერთ მშობელთან ურთიერთობა. ძნელი იყო მათთვის იმის ახსნა, რომ გალახული ბავშვი უკეთ არ სწავლობს, რომ მშობლის მოვალეობაა, შვილი სკოლაში ატაროს, რომ დედამ შვილი ექსკურსიაზე უნდა გაუშვას და. ა. შ.

ყველაზე მძაფრი მოგონება პირველი დღეებიდან გამომყვა. ზოგი ბავშვი, როცა ვუახლოვდებოდი, თავზე ხელს იფარებდა, დარტყმას ელოდა. წლებია გასული და ხანდახან ახლაც მესიზმრება ერთ-ერთის მამა – დიდი, უზარმაზარი მამაკაცი, რომელიც დამემუქრა, თუ არ გაჩერდები, მოგკლავ, ორჯერ ვარ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ნაწოლი, არც კი დამიჭერენო. რას ვთხოვდი? იმას, რომ შვილი სკოლაში ეტარებინა. არც მოვუკლავვარ და არც ფიზიკურად შემხებია, ბავშვმაც მეტ-ნაკლებად დაიწყო სკოლაში სიარული, მაგრამ ამას წინათ ავტობუსში შემხვდა და ისე შემეშინდა, სასწრაფოდ ჩამოვედი. მაშინ იმ პატარა გოგონას ბედი მაიძულებდა, მამაცი ვყოფილიყავი, თორემ ისე ძალიანაც მშიშარა ვარ.

თავისთავად ცხადია, მოძალადეები მასწავლებლებიც არიან და თვითონ ბავშვებიც, მაგრამ ალბათ ახლაც რამდენი მასწავლებელი იბრძვის თავისი მოსწავლეების უფლებებისთვის, ოღონდ ახლა კანონი მათ მხარესაა და როცა ძალადობა მკვეთრადაა გამოხატული, თავისუფლად შეუძლიათ, დაიხმარონ სახელმწიფო.

ქართულის მასწავლებლებს სხვა იარაღიც აქვთ, ნაკლებად ბასრი, მაგრამ ეფეტური. ესაა ლიტერატურა. ხელოვნებას შესწევს ძალა, დაეხმაროს ადამიანს და ირიბად ნათქვამი, მხატვრული სიმართლით, რომელიც ხშირად პირდაპირ დიდაქტიკაზე მჭრელია, დაანახოს ბავშვს გამოსავალი, მისცეს ბიძგი, შეუმსუბუქოს მარტოობა, დახმარების თხოვნა გააბედვინოს.

ერთ-ერთი ასეთი წიგნია „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი”.

ამერიკული ლიტერატურა მარკ ტვენით იწყება. რაღა თქმა უნდა, ამერიკელებს მანამდეც ჰყავდათ დიდი მწერლები, მაგრამ მათი შემოქმედება ინგლისური კულტურის ნაწილი უფრო იყო. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნდა ორ უდიდეს მწერალს – უილიამ ფოლკნერსა და ერნესტ ჰემინგუეის. მარკ ტვენის შემოქმედება, რაღა თქმა უნდა, არ შემოიფარგლება საბავშვო მწერლობით და არც „ჰეკლბერი ფინია” მხოლოდ საბავშვო ნაწარმოები. ჰეკის თავგადასავალი (ამბობენ, სწორი თარგმანი „ჰაკიაო”, მაგრამ ჩვენ ყველანი „ჰეკად” ვიცნობთ) თვისებრივად განსხვავდება თავისი წინამორბედის –„ტომ სოიერის თავგადასავლისგან”. თუ „ტომ სოიერში” ბავშვური ანცობა, ფათერაკები, გართობაა პირველ ადგილზე, „ჰეკლბერი ფინში” რასიზმი, მონობა, ოჯახური თუ კულტურული ძალადობა, პიროვნების გზა და გადარჩენის ხერხებია წინ წამოწეული.

„ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” ექვს სხვადასხვა დიალექტზეა დაწერილი. ინგლისურ ვიქტორიანულ სტილს მიჩვეული მკითხველისთვის ადვილი არ ყოფილა მისი მიღება. კომერციული თვალსაზრისით ის „ტომ სოიერის თავგადასავალთან” შედარებით წამგებიანიც უნდა ყოფილიყო. ცნობილია, რომ ზოგიერთმა ბიბლიოთეკამ უარი განაცხადა ნაწარმოების მიღებაზე, რამაც საყოველთაო აჟიოტაჟი გამოიწვია და ტირაჟი გაზარდა.

ჰეკის გზა თანამედროვე ადამიანის ტრაგიკული გზაა. მას თითქოს საწყისი არ აქვს. ის არ მოდის მამისგან, არ უარყოფს მას, რათა შემდეგ უძღები შვილივით დაუბრუნდეს, არც საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას ცდილობს; ის უბრალოდ გარბის, გარბის და ამ რბოლას საბოლოო წერტილიც არ გააჩნია. გზას თითქოს თავისთავადი, უნიკალური მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ამ გზამ უნდა გაათავისუფლოს ჰეკი მრავალგვარი ძალადობისგან, მათ შორის – იმ ძალადობებისგანაც, რომელსაც ამავე გზაზე გადაეყრება და დაბადოს მასში მორალური ადამიანი, რათა, მამას და ყოველგვარ კულტურას მოწყვეტილი, თავად გაუმკლავდეს ყველაზე რთულ ადამიანურ გრძნობებს.

მოქმედების ძირითადი ადგილი მდინარე მისისიპია. ის არის ჰეკისთვის სულის მოთქმის ერთგვარი საშუალება თითოეული თავგადასავლის შემდეგ. ის თითქოს სწორედ ამ მოძალადე კულტურისგან თავისუფალი სივრცეა, საიდანაც შეიძლება ცხოვრების დაწყება, აზროვნების დაწყება, საკუთარ სინდისში ჩაღრმავება. იმდენად მანკიერია ირგვლივ არსებული სამყარო, რომ ეს ორი, ჰეკი და ზანგი მონა ჯიმი, გარიდებულნი უნდა იყვნენ. თითქოს მდინარემ უნდა ჩამორეცხოს ის ჭუჭყი, რომელსაც მონათმფლობელური ამერიკა იმ დროისთვის ბიბლიითაც კი ამართლებდა (მარკ ტვენი „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალში” დღეისთვის დისკრიმინაციულად აღიარებულ გამოთქმებს ხმარობს, მაგალითად, ისეთს, როგორიცაა „ზანგი”. თანამედროვე ამერიკაში სცადეს შეექმნათ პოლიტკორექტული ვერსია, რამაც, რაღა თქმა უნდა, ვერ გაამართლა, დაიკარგა იმდროინდელი სინამდვილე და რაკი ტექსტში ასეა, ჩვენც ასევე გადმოვიტანთ).

პირველი, რითაც ჰეკი ძალადობისგან თავის დახსნას იწყებს, მოსამართლესთან მისვლა და საკუთარ ექვსი ათასს დოლარზე უარის თქმაა. მან იცის, რომ მაწანწალა მამა თავს არ დაანებებს, სანამ ის ამხელა ქონების პატრონია.

ერთ-ერთი მოტივი, რის გამოც მსხვერპლი ძალადობას ითმენს, მატერიალური მხარეა. ეს ბავშვებს ნაკლებად ეხება, მაგრამ ქალების შემთხვევაში ხშირია. ისინი ხან შიმშილის, ბავშვების გამოკვების შეუძლებლობის შიშით რჩებიან მოძალადეებთან, ხან უარესი – ძვირად ღირებული საჩუქრების, კეთილმოწყობილი ბინების, პრესტიჟული მანქანების ხათრით.

მამის მიერ კუნძულზე გამოკეტილი ჰეკი ერთხანს მშვენივრად გრძნობს თავს. ქვრივთან ცხოვრება, სუფთა ტანსაცმელი, ქცევის ნორმები, სკოლაში სიარული მისთვის, მაწანწალა ბავშვისთვის, ძნელად შესაგუებელი იყო, ამიტომ თავდაპირველად მოეწონა კიდეც: „ურიგოდ არ მეჩვენებოდა მთელი დღე უქმად ყოფნა, ჩიბუხის გაბოლება, თევზაობა! არც წიგნები, არც სწავლა. ორ თვეზე მეტმა გაიარა. ჩემი ტანსაცმელი ჭუჭყიან ნაფლეთებად იქცა. ჩემთვის გაუგებარი გახდა, როგორ მომწონდა ერთ დროს ქვრივის სახლში ცხოვრება, სადაც პირი უნდა დამებანა, თეფშიდან უნდა მეჭამა…” ჰეკი, ისევე როგორც ბევრი მსხვერპლი, შეგუებულია ყოველდღიურ ცემა-ტყეპას, თანაც გაზარმაცებულიცაა – ძალადობის ქვეშ მას არ უწევს სწავლა, პასუხისმგებლობის აღება, ამიტომ იოლად ეგუება მსხვერპლის როლს.

საინტერესოა, რა აფხიზლებს ჰეკს? რა არის ის, რაც მას ფიქრს, თავის დასაღწევად შრომას დააწყებინებს?

„მაგრამ მამაჩემმა თანდათან უმატა ცემა-ტყეპას; ატანა უკვე შეუძლებელი გახდა. ტანი მთლად დალურჯებული მქონდა, თან გარეთ სიარულსაც მოუხშირა და უფრო დიდი ხნითაც მკეტავდა ქოხში. ერთხელ წავიდა და სამი დღე აღარ გამოჩენილა. ძალიან ძნელი იყო მარტო ყოფნა… ვიფიქრე, ალბათ დაიხრჩო და გარეთ გასვლა აღარ მეღირსება-მეთქი. შემეშინდა. გადავწყვიტე, რამე გზა მომენახა თავის დასაღწევად”.

ძალიან ხშირად სწორედ ასეა – ძალაწართმეული ადამიანი მანამდე იტანს ჩაგვრასა და ძალადობას, სანამ სასიკვდილო საფრთხეს არ დაინახავს.

სამწუხაროდ, ცოდნა, განათლება არ არის იმის გარანტი, რომ ადამიანი მოძალადე არ გახდება, თუმცა მსხვერპლისათვის განათლება შეიძლება თავის დაღწევის გზად იქცეს. სწორედ ამიტომ ჰეკის მამა საშინლად ბრაზდება, როცა იგებს, რომ მის შვილს წერა-კითხვა უსწავლია:

„ყური მიგდე, თავი დაანებე მაგ სკოლას, ხომ გესმის? მე იმათ ვაჩვენებ, როგორ დაარიგონ ბიჭი და ასწავლონ საკუთარი მამის წინაშე ყოყლოჩინობა. აბა, ერთი კიდევ დაგინახო, სკოლას ახლოს გაკარებიხარ! დედაშენი ისე მოკვდა, წერა-კითხვა არ იცოდა. ჩვენ გვარში ყველა ისე დაიხოცა, რომ წერა-კითხვა არავინ იცოდა. არც მე ვიცი. ერთი ამას დამიხედე, როგორ გამებერა. მე ამას არ მოგითმენ, ხომ გესმის?”

გარდა შიშისა, რომ სწავლით ჰეკი შეძლებს მამისგან თავის დაღწევას, აქ მნიშვნელოვანია არგუმენტიც: არავის მათ გვარში არ უსწავლია. ძალიან ხშირად ძალადობას, განსაკუთრებით – ბავშვთა მიმართ ძალადობას, სწორედ ტრადიციის სახელით ამართლებენ. საქართველოში დღესაც კი ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ ბავშვზე ძალადობა მისი აღზრდის მიზნით დასაშვებია. მათ ახსოვთ, რომ მშობლები ურტყამდნენ, მათ მშობლებსაც ურტყამდნენ და თითქოს ტრადიციული ჯაჭვი გაიბა. ძალადობრივ მეთოდს იყენებს სულხან-საბა ორბელიანი თავის იგავ-არაკთა კრებულში „სიბრძნე სიცრუისა”. დავით გურამიშვილიც წკეპლის მომხრეა. ქართული ანდაზაც, „შვილი მტრად გაზარდე და მოყვარედ გამოგადგებაო”, დაახლოებით იმავეს ქადაგებს. ამიტომ ცემა-ტყეპის მოყვარულებს ჰყოფნით არგუმენტები.

მარკ ტვენის „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” სწორედ ამ ტიპის კულტურის წინააღმდეგაა მიმართული. მოძალადე საზოგადოება არა მხოლოდ ტრადიციით, არამედ რელიგიითაც იმართლებს თავს. ჰეკს სწამს, რომ მონა თუ არ დაასმინა, ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვება. ასე ასწავლეს მას ეკლესიაში, ასე განუმარტეს ბიბლია.

ჰეკლბერი ფინი თავისი პირადი სინდისით შეძლებს მოერიოს რწმენას, უფრო სწორად, მოერიოს კი არა, თავისი და ჯიმის მეგობრობა უფრო მაღლა დააყენოს და თავი გაწიროს ჯოჯოხეთის მარადიული ცეცხლისათვის. მას ეშინია, მერყეობს, წერილსაც წერს, მაგრამ მისისიპიზე განვლილი გზა, საერთო თავგადასავალი, აიძულებს, ის წერილი დახიოს და თავი ჯოჯოხეთისთვის გადადოს.

ყველაზე კარგი ამ წიგნში ისაა, რომ არაფერია ზედაპირზე. თითქოს მხოლოდ თავგადასავალს მიჰყვები. იუმორი და ხშირად უმწარესი სატირაც შენიღბულია და დიდაქტიკის მომაბეზრებელ სივრცეს არ ქმნის. სწავლობ ისე, ვერც კი იგებ და სინამდვილეც ისე იცვლება, თითქოს სერიოზული არაფერი მომხდარა.

თავისთავად ცხადია, ჯიმიც ადამიანია, მაგრამ ეს არ იყო თავისთავად ცხადი მეცხრამეტე საუკუნის ამერიკისთვის. ჯერ ჰეკმა დაინახა ეს სინამდვილე, ბოლოს – ექიმმაც. ამით მონობა, რაღა თქმა უნდა არ გამქრალა, მაგრამ შეიქმნა ლიტერატურული პერსონაჟი, რომელიც პლანტატორებს თავიანთი მხეცური საქციელის ასე ადვილად გამართლების საშუალებას აღარ მისცემდა.

ჩემთვის ძალიან ძნელი სათქმელია, რომელი ასაკის მკითხველისთვისაა განკუთვნილი „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი”. ის 9-10 წლისამაც შეიძლება წაიკითხოს და ზრდასრულმაც. ვფიქრობ, მეშვიდე-მერვეკლასელები უკვე შეძლებენ სიღრმისეულ მსჯელობას. დაავალეთ ამ წიგნის წაკითხვა, გაარჩიეთ, იმსჯელეთ. ის ნამდვილად დაეხმარება მოსწავლეებს, გამოვიდნენ სხვადასხვაგვარი ძალადობის სივრციდან და, ჰეკის მსგავსად, თავად გამოჭედონ საკუთარი თავი.

„Secret Santa“

0
გამარჯობა, ორიათას თექვსმეტო წელო! რომ გითხრა, რაღაც განსაკუთრებულს ველი-მეთქი შენგან, მოგატყუებ. მასწავლებლისთვის ყველაზე სასურველი საჩუქარი დატვირთული სემესტრის შემდეგ მცირეოდენი დასვენებაა. მაგრამ შობა-ახალი წლის დღესასწაულებისთვის მზადებას ბევრი დრო და ენერგია სჭირდება. გარდა ამისა, სანტას უნებლიე თანაშემწეობაზეც არ ვამბობთ უარს (ოჯახში თუ არა, საახლობლოში ერთი პატარა მეგობარი ალბათ ყველას გვეგულება) და სასწაულების მოსახდენად ჯიბეებს დაუნანებლად ვიცარიელებთ, დავრბივართ ერთი მაღაზიიდან მეორეში, რომ შეძლებისდაგვარად „სავსედ” ვიყოთ, ბედნიერი იერით შევაყაროთ „მტერს” – თვალში ნაცარი, კედელს – ცერცვი, მოყვარეს – ხორბალი ან ბრინჯის მარცვლები, რომ როგორმე უკეთესი მომავლის იმედი დავიმეკვლევოთ.

შარშან ჩვენს ოჯახში თოვლის ბაბუა არ მოსულა – გადავწყვიტეთ, კეთილი მოხუცის დროსა და ენერგიას გავფრთხილებოდით. ლაპლანდიიდან ხომ ძალიან შორს ვცხოვრობთ, არც საკვამური გვაქვს და არც ბუხარი, რომელზეც საჩუქრების ჩასალაგებელი წინდების ჩამოკიდება შეიძლება. ქართველ თოვლის პაპას კი ხურჯინში ლარის კურსის შესაბამისი ხვავი და ბარაქა უწყვია (ყველას რას გასწვდება). ასე რომ, მისი ხურჯინი დიდსულოვნად დავუთმეთ ჩვენზე პატარებს და ახალი წლის ღამეს ერთმანეთი ყოველგვარი იდუმალების გარეშე დავასაჩუქრეთ, მაგრამ ნაძვის ხის ძირში პირმოხსნილ ხურჯინთან ჩამუხლული მოხუცის არსებობაში ეჭვი მაინც არ შეგვიტანია.

ხშირად გამიგონია ბავშვებისგან, რომ თოვლის პაპის არსებობის არ სჯერათ. სწორედ ასეთი პათოსი ჟღერს მოზარდების ხმაში, როცა ისინი რწმენასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ და მათ მეცნიერულ დასაბუთებას მოითხოვენ. არადა, ადამიანი ხომ მარტო ძვლოვანი და კუნთოვანი მასა არ არის; მთავარი, რაც მას სხვა არსებებისგან გამოარჩევს, უხილავია და მხოლოდ რწმენის მწვერვალიდან მოჩანს.
ყველაზე სასურველი დაუპატიჟებელი სტუმარი
ალბათ არ არსებობს მსოფლიოში ისეთი ბავშვი, ახალი წლის ღამეს დაუპატიჟებელ სტუმარს რომ არ ელოდეს. დღეს ელექტრონული თუ ხელნაწერი მილიონობით წერილი იგზავნება სანტა კლაუსის სახელზე.
ჩრდილოელ თოვლის პაპას რეალური პროტოტიპი ჰყავს – წმინდა ნიკოლოზი, რომელიც მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ბიზანტიურ ქალაქ პათარში, ქრისტეშობიდან 257 წელს დაიბადა (მაშინ ეს მხარე რომის იმპერიის კუთვნილება იყო, ახლა კი თურქეთს ეკუთვნის).

წმინდა ნიკოლოზი ცნობილია როგორც მეზღვაურებისა და ბავშვების მფარველი სასწაულმოქმედი წმინდანი. ის ღარიბ-ღატაკებს ღამღამობით კართან დატოვებულ ფეხსაცმელებში უყრიდა ოქროს მონეტებს ან ფანჯარასთან საჭმელ-სასმელს უტოვებდა. სწორედ აქედან წარმოიშვა შობის ღამეს ხის ქოშებში, ბუხართან ჩამოკიდებულ წინდებში თუ ნაძვის ხესთან საჩუქრების მალულად დატოვების ტრადიცია.

წმინდა ნიკოლოზის მშობლიურ ქალაქში ცხოვრობდა ერთი დიდგვაროვანი, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა. გავიდა დრო. ამ კაცმა მთელი ქონება დაკარგა და სიღატაკემ გონება ისე დაუბინდა, რომ ასულთა ღირსების მსხვერპლად გაღება გადაწყვიტა, რათა მათი სილამაზის წყალობით ლუკმაპური ეშოვა. წმინდა ნიკოლოზი იმ დროს საეპისკოპოსოს ხელმძღვანელობდა და ფხიზლად ადევნებდა თვალს მრევლის ცხოვრებას. მან გზაარეული მამა ცოდვისგან იხსნა. თან, კაცის ღირსება რომ არ შეელახა, მოწყალების ფარულად გაღება გადაწყვიტა – შუაღამისას მიადგა ქოხს და გაღატაკებული დიდებულის ფანჯარაში ერთი ქისა ოქრო შეაგდო.

გლახაკმა მის ქოხში მოულოდნელად გაჩენილი განძი ღვთის წყალობად ჩათვალა, მხურვალე მადლობა შესწირა უფალს და მიღებული ოქროთი უფროსი ქალიშვილი გაამზითვა. წმინდა ნიკოლოზი მამას კიდევ ერთხელ დაეხმარა და შედეგად მეორე ქალიშვილიც ბედს ეწია.

კაცი ელოდა, რომ მისი კეთილისმყოფელი კიდევ გამოჩნდებოდა (მას ხომ მესამე ქალიშვილიც ჰყავდა). ღამეებს ათენებდა „უფლის წყალობის” მოლოდინში, რათა საკადრისი მადლიერება გამოეხატა. წმინდა ნიკოლოზმა ბოლო სტუმრობის დროს დამალვა ვეღარ მოახერხა – ბედნიერი მამა კეთილისმყოფელს აედევნა, დაეწია და ფეხებში ჩაუვარდა. ნეტარმა ნიკოლოზმა მოხუცს სთხოვა, არავისთვის გაემხილა ქველმოქმედის ვინაობა და მუდამ უფლისთვის შეეწირა მადლობა.
წმინდა ნიკოლოზის როგორც მეზღვაურებისა და ბავშვების მფარველი ქველმოქმედი წმინდანის კულტი ყველაზე მეტად ჰოლანდიაში (ნიდერლანდი) იყო გავრცელებული. შობის დღესასწაულის მიწურულს ჰოლანდიელები ბავშვებს გულუხვად ასაჩუქრებდნენ – ხის ქოშებს ხილითა და ტკბილეულით უვსებდნენ. სწორედ მათი წყალობით აღმოჩნდა წმინდა ნიკოლოზი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, სადაც ჰოლანდიელებმა XVII საუკუნეში ახალი ამსტერდამი (ახლანდელი ნიუ–იორკი) დააარსეს.

ერთ დღესაც ჰოლანდიელი „სინტერ კლაასი” ყველასათვის ცნობილ ამერიკელ სანტა კლაუსად გადაიქცა. აი, როგორ მოხდა ეს:

1822 წელს, შობის მიწურულს, აღმოსავლურ-ბერძნული ლიტერატურისა და თეოლოგიურ მეცნიერებათა პროფესორმა კლემენტ კლარკ მურმა შეთხზა ლექსი-ზღაპარი „შობის წინა ღამე, ანუ წმინდა ნიკოლოზის სტუმრობა”, რომლის მთავარი პერსონაჟიც სანტა კლაუსი გახლავთ. მასში აღწერილია, როგორ უჩინარდება ხურჯინმოკიდებული სანტა ბუხრის საკვამურში, რათა ბავშვებს ნაძვის ხესთან საჩუქრები დაუტოვოს.
ლექსის მიხედვით, „სინტერ კლაასი” სიცოცხლით სავსე, ბუთხუზა და მხიარული ელფია, რომელიც ჩიბუხს არასდროს აქრობს. მას ჰყავს ირმები, რომლებმაც თეთრწვერა და ლოყებღაჟღაჟა პატრონს ერთ ღამეში უნდა მოატარონ მსოფლიო. ცხოველების მოახლოებას მათ კისერზე შებმული ეჟვნების მელოდიური წკარუნი და მარხილის ჭრიალი გვამცნობს.

ბავშვებმა ზღაპრის მთავარი გმირი მაშინვე მიამსგავსეს მურის მსახურსა და მარჯვენა ხელს, მათ საყვარელ ჰოლანდიელ ძიას, რომელიც, სავარაუდოდ, იყო კიდეც პროფესორის შთაგონების წყარო.

მური სულაც არ აპირებდა თავისი თხზულების გამოქვეყნებას, მისი მიზანი მხოლოდ ბავშვების გამხიარულება იყო, მაგრამ მისმა მეგობარმა დაუკითხავად წაიღო ლექსი ერთ-ერთ გაზეთში, სადაც ის 1823 წლის შობის მიწურულს გამოაქვეყნეს. პროფესორის საშობაო ზღაპარს საოცარი წარმატება ხვდა წილად. ის ქვეყნის ყველა ჟურნალ-გაზეთმა დაბეჭდა, მოგვიანებით კი ცალკე წიგნადაც გამოიცა. ასე მოულოდნელად იქცა კლემენტ მური ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსად, სანტა კლაუსი კი მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ,,ცოცხალ” პერსონაჟად.

სანტას პირველი გამოსახულება კარიკატურისტმა თომას ნესთმა (Thomas Nast) შექმნა 1862 წელს. სამი ათწლეულის განმავლობაში სანტა მხოლოდ ყველაზე პოპულარული ჟურნალის „Harper’s Weekly”–ს გარეკანზე ჩნდებოდა. მხატვრის ფანტაზიის ნაყოფია ისიც, რომ სანტა კლაუსი ჩრდილოეთ პოლუსზე ცხოვრობს და დღიურში იწერს კარგი და ცუდი ბავშვების საქციელს.

სანტას კარიკატურები ისეთი პოპულარული იყო, რომ სამოქალაქო ომის დროს ლინკოლნმა ნასთს სთხოვა, ჰოლანდიელი მოხუცი ჩრდილოელებთან ერთად დაეხატა (მისტერ კლაუსი თეთრი მანდილივით ჩააგდეს მოწინააღმდეგე მხარეებს შორის).

მიუხედავად დიდი წარმატებისა, სანტას კარიკატურებს ერთი ნაკლი მაინც ჰქონდა – გამოსახულება უმეტესად შავ-თეთრი იყო. მოხუცს წითელი ქურქი პირველად 1885 წელს ჩააცვა ამერიკელმა გამომცემელმა ლუის პრანგმა (Louis Prang).
1930 წელს კომპანია „კოკა-კოლამ” მითიური კეთილისმყოფლის სახე საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის გამოიყენა. ჩიკაგოელმა მხატვარმა ჰედონ სანდბლომმა (Haddon Hubbard Sundblom) კოკა-კოლას რეკლამისთვის განკუთვნილი სანტას პროტოტიპად თავისი მეგობარი ლუ პრენტისი აირჩია. სწორედ მის ოდნავ სახეცვლილ გამოსახულებას ვხედავთ კოკა-კოლას დღევანდელ რეკლამებზე, მისალოც ბარათებზე, საახალწლო ზღაპრების ილუსტრაციებზე და ა.შ.

სამწუხაროდ, დღეს იშვიათად უკავშირებენ ერთმანეთს შობის დღესასწაულის ყველაზე პოპულარულ ტრადიციას და მის სულისჩამდგმელს – წმინდა ნიკოლოზს, რომლის ხატიც მითიური თეთრწვერა მოხუცის მრავალმხრივმა მეტამორფოზამ დაჩრდილა.

სანტა კლაუსის სამშობლოს სტატუსზე ჩრდილოეთის რამდენიმე ქვეყანა აცხადებს პრეტენზიას. დანიელები ამტკიცებენ, რომ ის გრენლანდიაში ცხოვრობს, შვედები კი მის მშობლიურ ქალაქად სტოკჰოლმს ასახელებენ. ყველაზე გავრცელებული ვერსიით, სანტა-კლაუსი ლაპლანდიის (ფინეთი) ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კორვანტუნტურის მთაზე ბინადრობს.

მეგაპოლისების ხმაურს გამორიდებული, დათოვლილ ნაძვნარს შეფარებული სანტას რეზიდენცია მართლაც რომ შესაფერისი ადგილია თეთრწვერა მოხუცისთვის, რომელსაც სიმშვიდე და მარტოობა უყვარს. ირმებიანი მარხილებით გაკვალული ქუჩების, ხისსუნიანი სახლების, ლამპიონების შუქზე იისფრად აბრჭყვიალებული თოვლის ფონზე სასწაულის მოლოდინი იმდენად რეალურია, რომ თვალდახუჭულსაც შეგიძლია დაინახო, ხის გაურანდავ მაგიდას ჩამოყრდნობილი მოღიმარი თეთრწვერა მოხუცი როგორ კითხულობს მაგიდაზე დახვავებულ გულუბრყვილო სურვილებს ან როგორ უკრავს თავს მთელი მსოფლიოს ბავშვების ნატვრით სავსე ხურჯინს.

სანტას რეზიდენციაში ფოსტას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. საფოსტო შენობა პოლარულ წრეზე მდებარეობს და მასში ჯუჯები მუშაობენ. სანტას დაუზარელი თანაშემწეები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მისალოც ბარათებს აგზავნიან, რომლებზეც სანტას საფოსტო ემბლემაა გამოსახული.

ლაპლანდიაში საშობაო სამზადისი დღესასწაულის დადგომამდე რამდენიმე კვირით ადრე იწყება. აქ სტუმრებსაც იღებენ. მისტერ კლაუსი თავად მასპინძლობს მათ და ცდილობს, მოსაწყენად არავის ეცალოს.

სანტა-პარკში ბავშვებს მინი-დისნეილენდი, თოჯინების თეატრი და ზღაპრული კარუსელი ელით. ჯუჯები დიდი სიამოვნებით დაგათვალიერებინებენ არქტიკულ ზოოპარკსაც, სადაც სანტას ირმების ფერმა გაუმართავს. პოლარული წრის გადაკვეთის შემდეგ მისტერ კლაუსი სტუმრებს სამახსოვრო სერტიფიკატით აჯილდოებს. სამწუხაროდ, ლაპლანდიელ მოხუცთან სტუმრობა მხოლოდ წელიწადში ერთხელ შეიძლება.

მას, ვისაც სანტა კლაუსის არსებობის არ სჯერა, შეუძლია მეცნიერთა გამოთვლებით „ინუგეშოს” თავი – ისინი ხომ დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ სანტა ვერ შეძლებს 1 890 000 ტონიანი ტვირთის თრევას, ამსიმძიმე ხურჯინით საკვამურ მილში ჩაძვრომას, მთელი მსოფლიოს შემოვლას და ა.შ. მაგრამ ვინც ერთხელ მაინც აღმოჩენილა რეალობისა და სიზმრის გადამკვეთ გრძედზე, შეუძლებელია, ეჭვი მაინც არ შეიტანოს მისთვის დღემდე ნაცნობი რეალობის ფორმულირებაში.

ამდენი კი მხოლოდ იმიტომ ვილაპარაკე, რომ მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის, ყველა გაზრდილი ბავშვისთვის მეთხოვა: – ნუ მოკლავთ სანტას! იმედები ხომ ზამთრის ჩიტებივით ისედაც ყოველდღე იყინებიან ჩვენი თვალების ფანჯრებთან.

ჩვენი ბავშვობის შავტუხა ბიჭები

0
ZURICH, SWITZERLAND - JANUARY 09: Pele during the red carpet arrivals for the FIFA Ballon d'Or Gala 2011 on January 9, 2012 in Zurich, Switzerland. (Photo by Scott Heavey/Getty Images)

სადღაც ორი ათწლეულის წინ, როდესაც ჩვენი საფეხბურთო ჩემპიონატი ჯერ კიდევ ჩემპიონატობდა და, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ტყვიის მასრები ყველგან და ყოველთვის ეყარა, ადამიანები ფეხბურთის სანახავად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მაინც დადიოდნენ.

მხოლოდ სტატისტიკა რაში გვარგია, როდესაც ზუსტად ვიცით ქუთაისელებისგან, სოხუმელებისგან, ბათუმელებისგან, სამტრედიელებისგან თუ რუსთაველებისგან, რომ მათ მშობლიურ ქალაქებში სტადიონები ეროვნული ჩემპიონატის დროს ივსებოდა და ეს ამბავი მაშინ არავის უკვირდა.

ის დრო, რა თქმა უნდა, სულ სხვაგვარი იყო და გასართობიც ნაკლებად მოიპოვებოდა (და შეიძლება მავანმა ამითაც ახსნას მაშინდელი ფეხბურთისადმი ასეთი ინტერესი), მაგრამ ეს ალბათ უფრო მეტად საკუთარი თავის დაჯერება იყო, რომ ჩვენ უკვე შემდგარი ქვეყანა ვიყავით, ჩვენ უკვე გვქონდა ეროვნული ჩემპიონატი, გვყავდა ეროვნული ნაკრები და ეგებ მართლაც გამოსულიყო ამ ყველაფრიდან რამე… გამოსვლით გამოვიდა, მაგრამ რა გამოვიდა, ამაზე დღესაც ვფიქრობ და ძალიან ძნელია რაიმეს თქმა.

მერე იყო სრული ქაოსი, უშუქობა, უპურობა, უიმედობა და ამ დროს ფეხბურთი საერთოდ ყველამ მიივიწყა და იმ დროს, როდესაც თითქოს ყველაფერი დასრულებული იყო, ჩვენი ჩემპონატისკენ ვიღაც-ვიღაცებმა მაინც გამოვიხედეთ. ეს დაახლოებით 1995-2000 წლებია და ის დრო, როცა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში პირველი ფერადკანიანი ფეხბურთელები გამოჩდნენ.

ზოგიერთის სახელი ახლაც მახსოვს: ბარი სალიმი, უჩე უვაკვე თუ რაღაც ეგეთი… ვინ იყვნენ ეს გზააბნეული შავტუხა ბიჭები? ზოგზე იძახდნენ, რომ ფეხბურთელი საერთოდ არ ყოფილა და კანის ფერის გამო ათამაშეს გუნდში – ეგ შავია და ფეხბურთიც მაგრად ეცოდინებაო. ერთზე გავიგე, ფეხბურთში ვერაფერი გამოუვიდაო, გალოთდა და ყოველ საღამოს ქუთაისის სახინკლეში, დილით კი სამტრედიის სახაშეში ზისო. ერთზე ისიც გავიგე, თავად გამხდარა მეხაშე და დილაობით ნაბახუსევ მოქალაქეებს აფრიკულ-იმერული ხაშით უმასპინძლდებაო. მოკლედ, ბევრი ამბები გავიგე მერე, მანამდე კი ეს ბიჭები სტადიონზე ვნახე.

წარმოიდგინეთ 90-იანი წლების ჩვენებური ბავშვი, რომელსაც მუქკანიანი ტიჯანი ბაბანგიდა ცით მოვლენილი სასწაული ჰქონია და ამ დროს მისი მშობლიური ქალაქის საფეხბურთო კლუბში აფრიკელი ხვდება? ეს იყო სრული სასწაული! ბავშვები გუნდ-გუნდად დადიოდნენ კლუბის ვარჯიშებზე და თვალგაფაციცებით აკვირდებოდნენ შავად გახუხულ ბიჭებს, რომლებიც მათდა გასაკვირად, გამორჩეულს ბევრს ვერაფერს აკეთებდნენ და ადგილობრივი ბიჭები აშკარად უფრო კარგად აგორებდნენ ბურთს. ეს ალბათ პირველი იმედების მსხვრევა იყო. ყველა მუქი ჯეელი ვარსკვლავი არ არის – ფიქრობდა სახლში მიბრუნებული გულნატკენი ბავშვი და იხსენებდა, თუ რა ადვილად დაკარგა ბურთი იმ შავმა ბიჭმა მაშინ, როცა ეგეთი შეცდომა ბავშვებშიც კი სასირცხვილო რამ იყო.

ამის შემდეგ წლები გავიდა და ჩვენს ჩემპიონატში ბევრმა კარგმა ლეგიონერმა ითამაშა – თეთრმაც და შავმაც. ახლა მხოლოდ ღიმილით იგონებენ სულ პირველ ლეგიონერებს და მათ მიერ დაკარგული ბურთებიც ბევრს აღარ ახსოვს, მაგრამ პირველები მაინც პირველები იყვნენ და, მიუხედავად გულისწყვეტისა, მაინც სასიამოვნოდ გასახსენებელია, როდესაც ჩაჟამებული 90-იანი წლების ბავშვები ფეხბურთზე ლეგიონერების სანახავად მიდიოდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ მათ ქალაქში ახალი პელე დაიბადებოდა. პელეზე ბოდიში..

შეფასება განათლებისთვის – როგორ ვიქცეთ სწავლის ლიდერებად

0

დაახლოებით ამგვარი სათაური ნორვეგიელმა პროფესორმა, როა ენგმა წარუმძღვარა ქართველი პედაგოგებისთვის შექმნილ კურსს, რომელიც ეფუძნება უნივერსალურ,  ზოგადკულტურულ ღირებულებებს, საზიაროა ევროპული საგანმანათლებლო სივრცისთვის და  მოსწავლეთა მაღალ მოსწრებებზე თუ სასწავლო შედეგებზეა  გათვლილი, პედაგოგთა თუ, ზოგადად, სასწავლო დაწესებულებების მხრიდან კი დაფიქრებასა და ბევრი რამის გადაფასებას მოითხოვს.

ქართულ სასწავლო სივრცეში შეფასებას ერთ-ერთი გადამწყვეტი ადგილი უჭირავს. შეფასება მნიშვნელოვანია თითქმის ყველა სასკოლო ასაკის ბავშვისთვის, მათი მშობლებისა და პაპა-ბებიებისთვისაც კი. მოსწავლეთა ნიშნები ხშირად განსაზღვრავს პედაგოგთა წარმატებას, ასე რომ, მოსწავლეთა „მოსწრება” დირექციათა დიდ  ყურადღებასაც იმსახურებს. პრობლემა კი სწორედ მოსწრება-შეჯიბრებითობაში იკვეთება. ყველას გვინახავს წარჩინებული ათოსანი, რომელიც ჭეშმარიტი განათლების ფასეულობებს მნიშვნელოვნად ემიჯნება, ან ისეთი სტუდენტებიც, რომლებიც, უმთავრესად, დაუმსახურებელ ქულებში ცდილობენ  „ცოდნის” დაგროვებას. სურათი სკოლასა თუ უნივერსიტეტებში უცვლელია. ბავშვები სწავლობენ (ან სულაც არ სწავლობენ, უბრალოდ, სასწავლებლებში დადიან) ნიშნებისა და არა განათლებისათვის.

მიუხედავად ამგვარი მდგომარეობისა, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მაინც დავას იწვევს ჩვენში შეფასების დასავლური  მოდელის დანერგვის საკითხი. არადა, კვლევები აჩვენებს, რომ აქ სასკოლო განათლება მკაფიო სისტემას წარმოადგენს, რომელშიც შეფასება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს განათლების ხარისხის ამაღლების საქმეში. შეფასება მარეგულირებელი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც გროვდება საგანმანათლებლო სისტემის მდგომარეობის ამსახველი ყველა საჭირო ინფორმაცია, შიდა და გარე შეფასების შედეგების საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა და ღიაობა კი მიიღწევა ამ ინფორმაციის პუბლიკაციით. შეფასების შედეგების შესახებ ინფორმაციას იყენებენ როგორც განათლების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი უმაღლესი ორგანოები ქვეყანაში განათლების სტრატეგიული განვითარებისა და რეფორმების განხორციელებისთვის, ისე პედაგოგიური კოლექტივები თავიანთი პროფესიული საქმიანობის სრულყოფის მიზნით.

განსაკუთრებით მნიშვნელოანია შეფასების მოტივაციური ფუნქცია. შეფასება გამიზნულია მოსწავლის დადებითი ხატის ფორმირებისთვის, რაც, უპირველეს ყოვლისა, თავად მოსწავლეზე მოქმედებს დადებითად, წარმოადგენს სერიოზულ სტიმულს აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად. ამასთან, შეფასებას არ აქვს შეჯიბრების ხასიათი. შეფასების ამგვარი სისტემის წყალობით კლასში მინიმუმამდეა დაყვანილი სტრესი და ჩვეული ნერვიულობა. სკოლის დამთავრებამდე სტანდარტული გამოცდებისა და ტესტების არარსებობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს, ზომიერად და პოზიტიურად შეუფარდოს მოსწავლეს ნიშნები, რადგან მასწავლებლის მიზანია, ბავშვს ასწავლოს დამოუკიდებლად სწავლა, შესაბამისი უნარების განვითარება და საკუთარი მიღწევების შეფასება.

აღნიშნული ცოდნის გათვალისწინებით, 2013-14 წლებში ჩვენ მიერ ჩატარდა მცირე კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა თბილისის საჯარო სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეები, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. გამოიკვეთა, რომ მათთვის მისაღებია შეფასების ფინური მოდელი და პედაგოგთა ერთი ნაწილის  შიში, რომ ქართველი ბავშვებისთვის ამგვარი მოდელი უშედეგო იქნება, გაუმართლებელია.

პირადი გამოცდილებაც იმავეს გვკარნახობს. არასტრესულ, მასტიმულირებელ,  თანამშრომლურ სასწავლო გარემოში, სადაც ყველა თანაბარია, ეფექტურ სასწავლო ტექნიკათა გამოყენებით, მოსწავლე-მასწავლებელს შორის კონსტრუქციული ურთიერთობით, უკუკავშირისა და ჯგუფებთან დისკუსიების  მაღალი ხარისხით ბავშვები მეტ ცოდნას იძენენ, ისინი ლიდერებად თავადაც ყალიბდებიან და მასწავლებელსაც უტოვებენ მსგავს ფუფუნებას.

როგორ დავწეროთ სასწავლო-მეთოდური სტატია

0

ავტორი: მაია ინასარიძე

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემის” მიხედვით (დადგენილება № 75, მასწავლებლის დამატებითი საქმიანობების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ), მასწავლებელს კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისი რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნა. ამ ჩამონათვალში მოიაზრება სასწავლო-მეთოდური სტატიაც.

 

მასწავლებლის მიერ შექმნილი სასწავლო-მეთოდური სტატია მიზნად უნდა ისახავდეს საკუთარი გამოცდილების, საინტერესო მიგნებების, პრაქტიკის კვლევის შედეგებისა და დასკვნების, თეორიული მასალის პრაქტიკაში გადატანის წარმატებული (ან თუნდაც წარუმატებელი) ცდების ანალიზის გაცნობას როგორც განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის, ისე განათლების საკითხებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სტატიების ფოკუსი იყოს მოსწავლე. სტატიამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა უპასუხოს შეკითხვას: რა ეფექტი აქვს ყოველივე იმას, რასაც აუდიტორიას ვთავაზობთ, უშუალოდ მოსწავლეებისათვის, რამდენად უწყობს ხელს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას?

ზოგადად, სტატიის შექმნისათვის არსებობს ზოგადი რეკომენდაციები:

1.სტატიის წერის პირველი ნაბიჯი არის თემის შერჩევა. თემის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ერთი სტატია სასურველია ეხებოდეს ერთ თემას. უპირველეს ყოვლისა, ეს თემა საინტერესო და აქტუალური უნდა იყოს თავად თქვენთვის, შემდეგ კი სამიზნე აუდიტორიისათვის, ანუ განათლების საკითხებით დაინტერესებული ადამიანებისათვის (პირველ რიგში, მასწავლებლებისათვის), იმათთვის, ვინც შემდგომში, სურვილის შემთხვევაში, შეძლებს მის გამოყენებას / გათვალისწინებას.

2.მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის სტატიის ფორმატი. არსებობს ფორმატის სხვადასხვა სახე. მაგალითად:
·„პრობლემა + გადაჭრის გზა” – გამოკვეთეთ პრობლემა, რომელიც აქტუალურია თქვენი სამიზნე აუდიტორიისათვის და განიხილეთ ის სტატიაში (მაგალითად, „მოსწავლეთა ჩართულობის შენარჩუნება მთელი გაკვეთილის განმავლობაში ბევრი მასწავლებლისათვის პრობლემაა”; „რას ნიშნავს კარგი რეფლექსია – დღეს განსაკუთრებით აქტუალური პრობლემაა მასწავლებლისათვის” და ა.შ.). მთავარი არის ის პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება მკითხველს ამ პრობლემიი გადაჭრაში. აღწერეთ დეტალურად პრობლემის გადაჭრის თქვენ მიერ შეთავაზებული გზა. ასეთ შემთხვევაში მკითხველი მაშინვე მიხვდება, რომ თქვენ ხართ კარგი პრაქტიკოსი, რომელიც ექრდნობა თეორიას და არა თეორეტიკოსი, რომელმაც თეორიულად იცის, რა არის კარგი, რა – ცუდი, მაგრამ პრაქტიკაში ის არ მოუსინჯავს.

·მეორე ფორმატს პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „მეთოდი, ორიენტირებული…” – ეს არის დეტალური აღწერა მეთოდისა, რომელიც ან უცნობია თქვენი სამიზნე აუდიტრიისათვის ან თქვენი გამოცდილება გიჩვენებთ, რომ მას არასწორად იყენებენ. სასურველია, აღწერასთან ერთად მიუთითოთ, რა დადებითი ეფექტი და რისკფაქტორები ახლავს ამ მეთოდის გამოყენებას. ასეთი დეტალური აღწერა მკითხველს დაარწმუნებს იმაში, რომ თქვენ თავად გამოგიყენებიათ ეს მეთოდი.

·მესამე ფორმატს პირობითად შეგვიძლია დავარქვათ „გვეკითხებიან – ვუპასუხებთ”. ამ შემთხვევაში კარგია, თუ აღწერთ სიტუაციას, როცა თქვენთვის არაერთხელ გაუზიარებიათ კოლეგებს საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები და უკითხავთ რჩევა, როგორ გადაჭრან ის. შეეცადეთ განაზოგადოთ ეს პრობლემა და მისცეთ მას კითხვა-პასუხის სახე. მაგალითად, „ხშირად გვესმის მასწავლებლებისაგან: არის კი შესაძლებელი დიფერენცირებული მიდგომის გამოყენება კლასში, სადაც 35 მოსწავლეა? რა თქმა უნდა, შეიძლება, თუ…” და თქვენ აწვდით მათ პასუხს, რომელიც ეფუძნება დიფერენცირებული მიდგომის შესახებ არსებულ თეორიებს / კვლევებს და აჩვენებთ ამის თუნდაც ერთ პრაქტიკულ მაგალითს.

·შემდეგი ფორმატი, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „პრაქტიკული რეკომენდაციები”, პირდაპირ იწყება ერთი ან რამდენიმე რეკომენდაციის დეტალური აღწერით. თქვენ თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ უხსნით მკითხველს რა გააკეთოს, როგორ და რა მიზნით. სასურველია, თუ მოდიფიცირებულ ვარიანტებსაც შესთავაზებთ. მაგალითად, „იმისათვის, რომ ტექსტის გააზრებული კითხვა უზრუნველვყოთ, გირჩევთ დაიცვათ შემდეგი თანამიმდევრობა…”

გახსოვდეთ, რომ მასწავლებლები თქვენი სტატიიდან ელიან საკუთარი პრობლემების გადაჭრისათვის რეალურ რჩევებს, ამიტომ ამ რჩევების პრაქტიკულობა (ცხადია, თეორიებზე დაფუძნებული) განსაკუთრებით დააინტერესებს მათ.

3.შემდეგი ნაბიჯი, ასევე მნიშვნელოვანი, არის სათაურის შერჩევა. გახსოვდეთ, არ არის საჭირო არც ზედმეტი ორიგინალურობა და არც ბანალურობა. გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

·სათაურმა უნდა უნდა მიიპყროს თქვენი პოტენციური მკითხველის ყურადღება, მიანიშნოს, რომ ეს შეიძლება მისთვის საინტერესო იყოს.

·შეეცადეთ მოაქციოთ სათაურში ისეთი საკვანძო სიტყვა ან მოკლე ფრაზა, რომელიც აღუძრავს მკითხველს ცნობისმოყვარეობას, მაგრამ ამასათანავე მიანიშნებს თქვენი სტატიის თემაზე.

·სათაური თვალის ერთი შევლებით უნდა აღიქვას მკითხველმა. ის არ უნდა იყოს ძალიან გრძელი.
·გამოიყენეთ სათაურში სიტყვა / სიტყვები, რომელიც / რომლებიც თქვენი აუდიტორიისათვის ნაცნობია. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება სათაურში უცნობი ტერმინის „ჩაგდებაც”.

·არ არის რეკომენდებული სათაურში ზედმეტი ემოციის ჩადება ძახილისა თუ კითხვის ნიშნებით. ამან შეიძლება მკითხველს გაუჩინოს განცდა, რომ ავტორი ზედმეტად მენტორულია.

·სასურველია გამოიყენოთ სტატიის სათაურის დასაწყისად ერთი შეხედვით შაბლონური სიტყვები: მაგალითად, „როგორ…”, „როცა…”, „მოკლედ … შესახებ”, „თუ…”. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის სტატიის სათაური ასეთი სიტყვებით უნდა დავიწყოთ. ეძებეთ საკუთარი სტილი, იფიქრეთ, ნუ მოერიდებით ექსპერიმენტირებას.

4.შემდეგი ნაბიჯია დაგეგმვა. სწორედ ამ გეგმის მიხედვით ააგეთ სტატია. მთავარია „თავში გქონდეთ” სტატიის კონცეფცია. გეგმა ყველასათვის ნაცნობია:

·შესავალი. შესავალმა მკითხველი უნდა მიიყვანოს ძირითად თემასთან. სასურველია, თუ შესავალშივე იქნება განსაზღვრული, რა პრობლემას ეხება სტატია, ვინ შეიძლება დაინტერესდეს (მასწავლებლები, მშობლები, ადმინისტრაცია თუ ყველა ერთად) და რას სთავაზობს მკითხველს. აქ თქვენ უნდა დაარწმუნოთ მკითხველი, რომ დროს ტყუილად არ დაკარგავს, რომ ეს მნიშნელოვანი საკითხია მისთვის.

·ძირითადი ნაწილი. ძირითადი ნაწილი უშუალოდ უნდა იხილავდეს თემას. ძირითად ნაწილი თავისთავად არაეფექტურია, თუ ის ბუნებრივად არ გამომდინარეობს შესავალი ნაწილისგან. აქ უნდა იყოს სწორედ განმარტებული თემის ძირითადი ცნებები ან მოცემული პრაქტიკული რეკომენდაციები, ან ორივე ერთად. შეეცადეთ შეარჩიოთ ყველაზე არსებითი და მთავარი. ნუ გადაიტანთ მკითხველის ყურადღებას მეორეხარისხოვანზე. კარგია, თუ სტატიას გაამდიდრებთ საინტერესო ფაქტებით პირადი გამოცდილებიდან (ცხადია, თემასთან დაკავშირებულით). თუ ახდენთ ვინმეს ციტირებას, სასურველია, იქვე გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულებაც ან მიაწოდოთ ამ სიტყვებში გამოხატული აზრის დამადასტურებელი მაგალითი თქვენი პრაქტიკიდან. ძირითად ნაწილში პასუხი უნდა გაეცეს შესავალში დასმულ პრობლემას / საკითხს. გაითვალისწინეთ, რომ არ არის რეკომენდებული სტატიის ძირითადი ნაწილი აღემატებოდეს 3 გვერდს. გახსოვდეთ, თქვენი ტექსტში უნდა იგრძნობოდეს მკითხველისადმი კეთილგანწყობა, მხარდაჭერა და არა „ზემოდან დამოძღვრა”. ამისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ენას, თავისუფალს გაუგებარი ტერმინებისაგან, მარტივსა და გასაგებს.

·დასკვნა. დასკვნაში თქვენ ერთგვარად აჯამებთ სტატიაში მიმოხილულ საკითხს და აქცენტს აკეთებთ იმაზე, რატომ მიიჩნიეთ, რომ ეს საკითხი აქტუალური შეიძლება იყოს და თქვენ მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები – სასარგებლო. დაუშვებელია დასკვნით ნაწილში ახალი არგუმენტის ან ფაქტის წარდგენა.

2.ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი – ეს არის გამოყენებული წყაროების მითითება. შეამოწმეთ თქვენი სტატია პლაგიატზე. ამის გაკეთება შეგიძლიათ არაერთი საიტისა და პროგრამის საშუალებით. მაგალითად, Plagiarism Checker-ით.

3.დაბოლოს – ტექსტის ფორმატირება. იმისათვის, რომ თქვენი სტატიის შინაარსი ადვილად აღსაქმელი იყოს, მნიშვნელოვანია მისი სწორად გაფორმება, ანუ ფორმატირება, რომელიც „კარნახობს” მკითხველს, რას მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება, ეხმარება მას წაკითხულის უკეთ გაგებასა და გააზრებაში. არსებობს ფორმატირების სხვადასხვა ხერხი. კერძოდ:

  • ქვეთემების / ქვეთავების გამოყოფა.
  • დანომვრა ან ე.წ. „ბულიტების” გამოყენება.
  • საკვანძო სიტყვებისა თუ ფრაზების გამოყოფა (ე.წ. „ბოლდი”).
  • სურათების, ფოტოების, ცხრილებისა და დიაგრამების გამოყენება.
თუმცა ფორმატირებაშიც ზომიერების დაცვაა საჭირო. ფორმატირების ელემენტების გადამეტებულმა გამოყენებამ შეიძლება დააზარალოს ტექსტის შინაარსი.

მთავარი და არსებითი: გახსოვდეთ, სასწავლო-მეთოდური სტატიის ხარისხი უპირველესად განისაზღვრება იმით, რამდენად გამოადგებათ მასწავლებლებს თქვენ მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები იმისათვის, რომ გააუმჯობესონ საკუთარი სწავლებისა და მოსწავლეების სწავლის პროცესი.

ცხადია, ზემოთ მოცემულ რეკომენდაციებს არ აქვთ უნივერსალურობის პრეტენზია. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა გამოცემას შეიძლება განსხვავებული მოთხოვნები ჰქონდეს, ამიტომ სტატიის ავტორი წინასწარ უნდა იცნობდეს ამ მოთხოვნებს.
გამოყენებული ლიტერატურა:
ლია კაჭარავა, ხათუნა მარწყვიშვილი, ლილი ხეჩუაშვილი, აკადემიური წერა დამწყებთათვის, თბილისი, 2007.
https://www.rogor.ge/article_1103_rogor-davwerot-kargi-statia.html
https://www.psychologos.ru/articles/view/kak_napisat_statyu._algoritm

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...