ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025
25 ივნისი, ოთხშაბათი, 2025

დადის და დასეირნობს…

0

ინდოეთის ერთ-ერთი ქალაქის მერი მოქალაქეებს ყოველდღე სელფის გადაღებას სთხოვსო – რადიოში თქვეს ეს წუთია. ჭკვიანურია, გადაიღე სელფი, ატვირთე სპეციალურად შექმნილ სივრცეში და მაჩვენე, რომ სახლში ხარ.

იტალიის, ასევე ერთ-ერთი ქალაქის მერი კი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ჯერ იმუქრება, მერე ცრემლმოერეული ხმით იხვეწება – ხალხო, დარჩით სახლშიო.

ამ ორს არც უბრალო მოქალაქეები ჩამორჩებიან და წამდაუწუმ სოციალურ ქსელში აზიარებენ აზრებს სახლში დარჩენის შესახებ. მერე და მერე, ენასაც გვაჩვევენ და მოგვიწოდებენ – თუ არ დარჩები,  ეგდე მაინცო.

მთელი ეს აურზაური  კორონავირუსმა მოაწყო. ჩვენ სახლებში გამოგვკეტა, თვითონ დადის, დასეირნობს უდარდელად.

ერთი კი ფაქტია, სულ სახლში ვერ იჯდები. მინიმუმ აფთიაქში, მაღაზიაში ან რაიმე გადაუდებელ ადგილას მოგიწევს გასვლა. ჰოდა, თუ ვირუსი უნდა შეგხვდეს, აუცილებლად შეგხვდება, ეჭვიც არ შეგეპაროს. თუ არ უნდა შეგხვდეს, მაშინ არ შეგხვდება. ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოების წესები არ უნდა დაიცვა. ყველა წესი შეასრულე, თუმცა პანიკას და შიშსაც ნუ აჰყვები, რადგან…

 

შიშს დიდი თვალები აქვს…!

 

შიშზე ადრე უკვე დავწერე https://mastsavlebeli.ge/?p=3781.

შიშზე სხვა სტატიაც მაქვს https://mastsavlebeli.ge/?p=11385, მგელიკა გახსოვთ? მთელ ტყეს შიშის ზარს სცემდა, სინამდვილეში კი კბილები არ ჰქონდა.

მოკლედ, ამ გრძნობას ჯერ არავისთვის სიკეთე არ მოუტანია და რაღა ჩვენ მოგვიტანს ახლა. ექიმები ყოჩაღად იქცევიან, მთავრობაც ცდილობს… უკვე კარგია და თუ მზემაც გამოანათა, ტემპერატურა მოიმატებს და იქნებ გვეშველოს – გარეთ გასვლის ნებართვაც მივიღოთ.

მანამდე კი რკინის ნერვები გვჭირდება.

რკინაზე ორჯერ  დავწერე https://mastsavlebeli.ge/?p=16677. ახლა ისევ  ვწერ, კიდევ უფრო ახლოს, რომ გავიცნოთ.

დრო იყო, ამ მეტალმა ცივილიზაცია საოცრად შეცვალა. მის გარეშე ჩვენც ვერ ვიცოცხლებთ. ჰემოგლობინის შემადგენლობაში შედის, რომელიც თავის მხრივ, ჟანგბადის ტრანსპორტირებაზეა პასუხისმგებელი. ამიტომ იყო, რომ  ვწერდი – მომკლავს უშენობა-მეთქი https://mastsavlebeli.ge/?p=3708.

ჰემოგლობინი და მასში შემავალი რკინის იონი სისხლს წითელ შეფერილობას აძლევს. უფრო რომ დავაკონკრეტოთ, ცილა ჰემოგლობინი შედგება ოთხი პოლიპეპტიდური ჯაჭვისგან და თითოეული მათგანი ჰემინურ დაჯგუფებას შეიცავს. სწორედ ჰემშია მოთავსებული რკინის იონი. რკინის ჟანგვის რიცხვის მიხედვით სისხლის ფერი იცვლება კაშკაშა წითლიდან (+2) გაჯერებულ მუქამდე (+3). ჰემოგლობინი ერითროციტებში გვხვდება და ადამიანის სხვა სითხეების ფერზეც ახდენს გავლენას. მაგ. ჩვენს ელენთაში ძველი ერითროციტები გადამუშავდება.  მათგან რკინა გამოთავისუფლდება, რომელიც ახალ ჰემოგლობინში ჩაერთვება. ჰემის ნაწილი კი ბილივერდინად (მწვანე პიგმენტი), შემდეგ კი ბილირუბინად (ყვითელი) გარდაიქმნება. ეს პიგმენტები ნაღველს  აფერადებენ და ჩვენს სხეულზე ზოგჯერ წარმოქმნილი  სილურჯეების ფერიც მათი დამსახურებაა. ბილირუბინი ბოტკინის დაავადებისას ყვითელ შეფერილობას აძლევს კანს.

ნაღველის ნაწილი პანკრეასში გამოიყოფა და ვიტამინების შთანთქმაში მონაწილეობს. ამ შემთხვევაში ბილირუბინი ბაქტერიებით იშლება ურობილინოგენად (უფერო). სისხლის ნაკადში  მოხვედრისას ურობილინად (ჩალისფერი) იჟანგება და თირკმელების მეშვეობით შარდთან ერთად გამოიყოფა. სწორედ ურობილინი აფერადებს ყვითლად შარდს.

ურობილინოგენის ნაწილი ნაწლავში გადაადგილებას განაგრძობს და სტერკობილინად (ყავისფერი) გარდაიქმნება. ასეთივე ფერით გამოიყოფა ორგანიზმიდან.

გარემოში არსებულ რკინას თუ დავუბრუნდებით, უძველეს დროში, ე.წ. მეტეორულ რკინასაც ნახავდით მიწაზე. მართალია, იშვიათობა იყო, თუმცა არსებობდა.

ძველ რომში ერთ მეფეს რკინის ფარი ჰქონია, რომელიც ციდან ჩამოვარდნილი ქვისგან გაუკეთეს. ტუტანხამონის აკლდამაში კი არამიწიერი რკინის ხანჯალი იპოვეს.

დედამიწაზე რკინა სხვადასხვა მინერალების შემადგენლობაშია და ადამიანს საბადოდან მისი მოპოვება უნდა ესწავლა. ყველაზე გავრცელებული ჰემატიტია Fe2O3, შემდეგია მაგნეტიტი Fe3O4. რკინის ჟანგბადისგან დასაცილებლად აუცილებელია აღმდგენი. ამ მიზნით ადამიანები ხის ნახშირს იყენებდნენ, რომელიც ძირითადად ნახშირბადისგან შედგებოდა. ძველი მეტალურგები ნახშირს მადანს შეურევდნენ, ათავსებდნენ სპეციალურად აშენებულ ქვის ღუმელში, სადაც მუდმივად გადიოდა ჰაერი, ნახშირი ხურდებოდა და შიგნით ტემპერატურა 1500 გრადუსზე ადიოდა. გამოყოფილი მეტალური რკინა ღუმლის ძირში გროვდებოდა. მადნიდან რკინის მიღების ეს მეთოდი ერთადერთი არ იყო. სწორედ ამიტომ, რკინის მოპოვებასთან ერთად რკინის ეპოქაც დაიწყო, რკინისგან დამზადებული მთელი თავისი აღჭურვილობით.

მე-18 საუკუნის ბოლოს ლავუაზიემ რკინის დახმარებით დაამტკიცა, რომ წყალი წყალბადისა და ჟანგბადისგან შედგებოდა. ლავუაზიეს ისტორიული ექსპერიმენტი შემდეგნაირად შეიძლება გაცოცხლდეს. ავიღოთ კვარცის მილი და შიგნით რკინის ფხვნილი მოვათავსოთ. მილს ორივე ბოლოში მოვარგოთ საცობი, რომელშიც წვრილი მილი გაივლის. მარცხენა მხარეს მივუერთოთ კოლბა წყლით და ადუღებამდე მივიყვანოთ. მარჯვენა მილი კი წყლით სავსე კრისტალიზატორში ჩავუშვათ. რკინა კვარცის მილში სიწითლემდე გავახუროთ. წყლის ორთქლი ურთიერთქმედებს გახურებულ რკინასთან  და წყალბადსა და რკინის ოქსიდს წარმოქმნის. გამოყოფილ წყალბადს სინჯარაში წყლის გამოძევების მეთოდით შევაგროვებთ.

3Fe+4H2O =Fe3O4+4H2.

რკინა სისხლის შემადგენლობაში ხომ შედის. მისგან ხელოვნური სისხლიც შეგვიძლია დავამზადოთ. უფრო სწორად, სპექტაკლივით გავითამაშოთ, ვითომ ხელოვნური სისხლია. ორი ხსნარი დაგვჭირდება, რკინის (III) ქლორიდის და კალიუმის როდანიდის. თუ ხელზე ერთ ხსნარს წავისვამთ, მეორეთი კი რაიმე პლასტმასის დანას დავამუშავებთ და ხელზე ჩამოვისვამთ „ჭრილობიდან“ სისხლი წამოგვივა.

FeCl3+3KSCN= Fe(SCN)3+3KCl.

სიტყვა როდანიდი ბერძნული „როდეოს“-იდან წარმოდგება და წითელს ნიშნავს.  ხელოვნურ სისხლს კი ნატრიუმის ფტორიდის ხსნარით ჩამოიბანთ.

Fe(SCN)3+3NaF=FeF3+3NaSCN.

ორ- და სამვალენტიანი რკინის პარალელურად ექვსვალენტიანი რკინაც არსებობს. ფაიფურის როდინში რკინის ფხვნილი კალიუმის ნიტრატი შევურიოთ. ზემოდან გახურებული ნახშირის ნაჭერი დავადოთ. 2KNO3+Fe=K2FeO4+2NO წარმოიქმნება კალიუმის ფერატი. მისი წყალხსნარი იისფერია.

საერთოდაც, რკინა  ფერადია. 200 წლის წინ გერმანიაში გამოჩნდა საღებავი ბერლინის ლაჟვარდი.  მის მოსამზადებლად სისხლის ყვითელი მარილი დაგვჭირდება. ადრე ამ მარილს კალიუმის კარბონატის (ანუ პოტაშიდან) შელღობით იღებდნენ. უმატებდნენ რკინის ნაქლიბს და სისხლს. აქედან არის მისი ისტორიული სახელი შემორჩენილი.  სისხლის წითელ მარილს დაამატეთ რკინის (III) ქლორიდის ხსნარი, გამოიყოფა კაშკაშა ლაჟვარდისფერი ნალექი, ამ ნივთიერებას დღესაც იყენებენ საღებავებისა და ემალის პიგმენტად.

K4[Fe(CN)6]+FeCl3=KFe[Fe(CN)6].

ლაჟვარდის მიღების კიდევ ერთი მეთოდია, სისხლის წითელი მარილისა და რკინის სულფატის ურთიერთქმედება.

K3[Fe(CN)6]+FeSO4= KFe[Fe(CN)6]+K2SO4.

მეცხრამეტე საუკუნეში ამ პიგმენტს საბუთებისა და ნახაზების კოპირებისთვის იყენებდნენ. ქიმიურ ჭიქაში შევურიოთ ერთმანეთს ლიმონმჟავა, რკინის (III)  სულფატი და დავამატოთ ამიაკის ხსნარი. წარმოიქმნება ნივთიერება, რომელსაც შემდეგნაირად გამოვსახავთ Fe(NH4)3(C6H5O7)2, რომელიც სინათლისადმი მგრძნობიარეა და იშლება ორვალენტიანი რკინის წარმოქმნით. ამ უკანასკნელს აღმოაჩენს რკინის წითელი მარილი, რომელსაც ასევე დავამატებთ ჭიქაში. ახლა ხსნარი ცოტა სქელ მუყაოს  ქაღალს წაუსვით და ზემოდან დაადეთ რაიმე სურათი, რისი კოპირებაც გსურთ. 15 წუთის შემდეგ გამოსახულება ქაღალდზე აისახება. ქაღალდი გამდინარე წყლით ჩარეცხეთ, რომ გამოსახულება მასზე კარგად დამაგრდეს.

 

მანამდე კი…

 

ჰაერში მოფარფატე ვირუსის,

სხვა ადამიანთან ახლო მანძილზე აღმოჩენის,.

ახალი ამბების მოსმენის,

სხვა შიშს ატანილი ადამიანების „პოსტების“,

გარეთ გასვლის –

 

გეშინიათ…?

 

სახლში ჯდომა,

დაუსრულებელი კარანტინი –

 

მოგბეზრდათ?…

ჰოდა, „მასწავლებელი“ იკითხეთ. აქ არც ვირუსია, ავტორებთან ახლოსაც მიხვალთ, უამრავ ამბავს გაიგებთ და როდესაც  კითხვას მორჩებით, ამასობაში ვირუსი დამარცხდება და კარანტინიც დასრულდება!

 

 

რას ფიქრობენ ბავშვები სკოლის პრობლემებზე

0

სწავლისა და სწავლების, ბავშვების მოსწრებისა და უნარების გაუმჯობესება რომ სუბიექტურთან ერთად ობიექტურ მიზეზებზეა დამოკიდებული, არახალია.

აზროვნების აკადემიაში, სადაც ვასწავლი, მოზარდებთან ხშირად ვსაუბრობ სკოლაში არსებულ ღია და ფარულ პრობლემებზე. რადგან ჩვენი კომუნიკაცია ორ თანასწორ ადამიანს შორის ურთიერთობაზეა დაფუძნებული, ბავშვები ღიად ყვებიან იმ პრობლემებზე, რასაც სკოლაში ხედავენ. ასეთი პრობლემები უამრავია და მათი კლასიფიკაცია სხვანაირადაც შეიძლებოდა, მაგრამ მოვიძიე მსოფლიო გამოცდილება, სხვა ქვეყანაში არსებული მსგავსი გამოწვევებიც და ვეცადე რაღაც შუალედური, ისეთი პრობლემები, რაც სხვა ქვეყნებსაც აწუხებთ, წამომეწია წინ.

 

მოსწავლეთა რაოდენობა საკლასო ოთახში

 

ეს პრობლემა თანაბრად აწუხებთ მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც, რადგან ორივე მხარეს თავისი პრობლემები აქვს.

მასწავლებელი ფაქტობრივად უძლურია 45 წუთიანი გაკვეთილის პირობებში მოახერხოს მოსწავლეების იმგვარად მობილიზება, რომ მათი გამოკითხვაც მოესწროს, აღრიცხვაც და ახალი მასალის წარდგენაც.

ბავშვებს კი, თავის მხრივ, უჭირთ საკუთარი ცოდნის რეალიზება, იღლებიან მხოლოდ სხვისი მოსმენით და საგაკვეთილო პროცესის ბოლოსკენ მათი ქმედითუნარიანობა საგრძნობლად კლებულობს.

გარდა ამისა, კლასების სივიწროვე და ბავშვების სიმრავლე ბევრ ფიზიოლოგიურ პრობლემასთანაა კავშირში – მუდმივად იხუთება ოთახები, ვენტილაციის არარსებობის გამო ჭირს სუნთქვა, მერხები ერთმანეთთან მჭიდროდაა განლაგებული (ცნობილია, რომ ადამიანს აქვს პირადი სივრცის ბიოლოგიური კრიტერიუმები, რომლის დარღვევასაც მძაფრად და ხშირად არაცნობიერად განიცდის). მნიშნელოვანია თავად მერხებისა და სკამების განლაგებაც კლასში და შედეგებზე ამის მიხედვით მსჯელობა.

 

საპირფარეშო

რამდენადაც გასაკვირი უნდა ჩანდეს, 5 მთავარ პრობლემას შორის, ერთი ყოველთვის საპირფარეშოების მოუწესრიგებლობაა. ერთი ამბავია ძალიან ცუდი ჰიგიენური ნორმები და მეორე, არანაკლები პრობლემა იკვეთება საპირფარეშოების უფროსი და უმცროსი ასაკის ბავშვების საერთო სარგებლობის ქვეშ ყოფნას. როგორც ჩანს, უფროსკლასელები სიგარეტს მაინც ეწევიან ტუალეტში, მცირეწლოვან ბავშვებს აყენებენ შეურაცხყოფას და ამის გამო, ბევრი ბავშვი საერთოდ უარს ამბობს საერთო საპირფარეშოთი სარგებლობაზე.

ის, რომ საბჭოთა სტანდარტებით აშენებული ღია ტუალეტებია, ხშირად არაა ქაღალდი, საპონი, ხელსახოცი და ელემენტარული სისუფთავე, ბავშვებისთვის უფროსებზე უფრო მეტი სტრესია. ერთმა მოზარდმა, ნახევრად ხუმრობით ისიც თქვა, რომ სკოლაში შეკავების გამო ცისტიტით დაავადდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეუცვალა მშობელმა სასწავლო დაწესებულება.

ზოგადად, სკოლის შენობების საერთო დონე რომ ძალიან დაბალია, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. დედაქალაქის მონაცემები ამ მხრივ მძიმეა, რეგიონებისა კი – სრულიად სავალალო. ვისაც ზოგიერთი სოფლის სკოლის ტუალეტი უნახავს, დამეთანხმება, რომ მსგავს ანტისანიტარიაში, თავმოყვარე სახელმწიფო ძროხის დაბმასაც მოერიდებოდა.

 

სიღარიბე

ნებისმიერი ქვეყნის ორი სოციალური ჯგუფია განსაკუთრებულად დაუცველი სიღარიბის მიმართ და ესენი ბავშვები და მხცოვანი ადამიანები არიან. UNICEF-ის მონაცემებით, საქართველოში ბავშვების 29 %-მდე სიღარიბეში ცხოვრობს, მათ 9-10%-ს კი უკიდურეს სიღატაკეში უწევს არსებობა. სოციალური ფონი მნიშვნელოვნად აისახება განათლებაზეც და ამაზე ცივილურ მსოფლიოში აღარავინ დავობს.

ცალკეულ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, როდესაც მოზარდებს განსაკუთრებული მოტივაცია უჩნდებათ თავი დააღწიონ ცხოვრების მძიმე პირობებს და აღწევენ კიდეც ამას, უმეტეს შემთხვევაში, ბავშვები ფიზიკურად ვერ ახერხებენ საკუთარ ქუსლებზე მაღლა ახტომას და მოტივაციისა და შრომის ხარჯზე სწავლას.

უთანასწორო და მძიმე სოციალური გარემო მძიმედ აისახება ბავშვის მენტალობაზე და კლავს განათლების მიღების სურვილს, რადგან მის წინაშე დგას უფრო ფუნდამენტური მოთხოვნილება – ფიზიკურად გადარჩეს.

ქართულ ხასიათზეც ხშირად მიფიქრია და ჩვენნაირ საზოგადოებაში, სადაც ვიღაცასთან დაზომება, დატოლება ცხოვრების წესია, სიღარიბე ბავშვებში ორმაგად დამთრგუნველი ფაქტორი ხდება გარდატეხის ასაკის მოზარდისთვის.

 

სიღარიბეზე, როგორც განათლების შემაფერხებელ ფაქტორზე მსოფლიოშიც დიდი ხანია ლაპარაკობენ. ქვეყნები, სადაც სიღარიბის ზღვართან ახლოს მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მაღალია (მაგალითად, აშშ 22 %, რუსეთი 29 %,) აკადემიური მოსწრება ასევე დაბალია, სადაც ოჯახის საშუალო შემოსავალი სიღარიბის ზღვრისგან შორსაა (იაპონია, კორეა, შვედეთი, დანია), იქ მოსწავლეთა საშუალო მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.

რა არის ამ კორელაციის მთავარი მიზეზი? ის, რომ მშიერ ადამიანს წიგნის კითხვა არ ეხალისება თუ იქნებ ბაზისურ მოთხოვნილებებში, რომელთა შორისაც, მე განათლებასაც მოვიაზრებ ხოლმე, უბრალოდ პრიორიტეტებში  არის ძალიან დაბლა? იქნებ ის, რომ ჯერ მაცივარია გასავსები და შემდეგ წიგნის თარო, სრულებით ბუნებრივი მოვლენაა და სანამ მშიერი ბავშვები გვეყოლება ირგვლივ, განათლებული თაობის ბუმს არც უნდა ველოდოთ?
ვინ იცის?

 

ოჯახი

 

ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, რასაც ჩემი მოსწავლეები პირდაპირ ან ირიბად ასახელებდნენ, ოჯახური გარემოა. მოზარდებს უჭირთ ფორმულირება, რა გავლენას ახდენს მარტოხელა მშობლების, ოჯახური კონფლიქტების, ოჯახური ძალადობის ან ელემენტარული პირადი სივრცის არ ქონის საკითხები მათ აკადემიურ მოსწრებაზე, მაგრამ კითხვაზე, რომელ ფაქტორს გამოასწორებდნენ ცხოვრებაში ისე, რომ მათი სწავლისადმი მოტივაცია გაუმჯობესებულიყო, პირველ ხუთეულში აუცილებლად ასახელებენ ოჯახური გარემოს მოგვარებასაც.
როდესაც ბავშვებს ვაკვირდები, ისინი, ვინც თბილ, მზრუნველ გარემოში იზრდებიან და ნაკლები აქვთ შფოთვა, ემოციური დისკომფორტი და ორივე მშობლის ყოლის შემთხვევაშიც ნამდვილად ორივე ჰყავთ, ვინც მამისა და დედისგან თანაბარ და სათანადო ზრუნვას იღებს და ვისაც სახლში მისვლა უხარია, უფრო მოტივირებულები არიან ცოდნის პერმანენტულად მისაღებად.

ასეთ ბავშვებს საშინაო დავალების გაკეთება უფრო მეტად გამოსდით მაშინ, როცა ოჯახური პრობლემების მქონე ან უსიყვარულო გარემოში გაზრდილი ბავშვები შინ თითქმის არასოდეს მეცადინეობენ.

 

ტექნოლოგიების ცოდნა და ხელმისაწვდომობა

რა დასამალია და ასეთი ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში, ჩვენი მოსწავლეები უფრო მეტად განვითარებულები არიან, ვიდრე ჩვენ პედაგოგები ვართ. ამ დროს თოხისა და ტრაქტორის დილემა დგება – ძველი თაობის ადამიანები ამბობენ, რომ „ძველი მეთოდოლოგია“ უფრო სანდო და კარგია, ახლები კი ფიქრობენ, რომ შესაძლებელია განვითარების რესურსის უკეთესად გამოყენება, ვიდრე გვაქვს ახლა.

ბავშვები თვლიან, რომ  მძიმე სახელმძღვანელოების სკოლებში ტარება მაშინ, როცა სრულიად შესაძლებელი იქნებოდა პლანშეტებით სახელმძღვანელოების რაღაც ნაწილის შემსუბუქება, ცუდი არ იქნებოდა. განათლების სისტემა ასე დროს გაცილებით „მოხუცია“, ვიდრე ისინი, ვისთვისაც ფუნქციონირებს და ეს, გარკვეულად აფერხებს კიდეც წინსწვლას.

 

 

მსოფლიოს მრავალ სკოლაში სასკოლო პროგრამაში მაღალტექნოლოგიური ფუნქციონალი სრულადაა ინტეგრირებული ბავშვებს დასწავლა დაზუთხვასთან ერთად გონებრივი განვითარების სხვა საშუალებებიც აქვთ ხელმისაწვდომად.

 

ჩაგვრა და არასასიამოვნო გარემო კლასში

 

რა მტკიცება უნდა იმას, რომ ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებლად, მოზარდები ყოველთვის ბულინგს ასახელებენ. ეს მსოფლიო სენია და ყველა ქვეყანა ებრძვის ბავშვების მხრიდან ერთმანეთზე განხორციელებულ ძალადობას, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში ის მაინც ხერხდება, რომ მოზარდები მენტორის მხრიდან ზეწოლისგან არიან დაცულები, რაც, როგორც ჩანს ჩვენ რეალობაში ისევ უდიდეს გამოწვევად რჩება.

ჩემი მოსწავლეების ალბათ 2/3-ზე მეტს ერთხელ მაინც ჰქონია მძიმე გამოცდილება სკოლის მასწავლებლის მხრიდან მათზე განხორციელებული შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების ნაწილში.

ბავშვები ღიად და დაუფარავად ლაპარაკობენ ხოლმე მსგავს საკითხებზე თუ სწორად დავუსვამთ შეკითხვებს, მაგრამ როგორც ირკვევა, ძალიან ცოტა სკოლაში მუშაობს ადმინისტრაცია ამ პრობლემების გამოვლენა-აღმოფხვრაზე.

როგორც მოსწავლეების ნაწილი ამბობს, მათთვის ერთხელაც კი არ უკითხავს სკოლის ხელმძღვანელობას რა პირდაპირი ან ირიბი ბულინგის პირობებში უწევთ სწავლა. ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნებით დაცინვა დღედე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენ სკოლებში, რისი მოგვარების გარეშეც, მოსწავლის მოტივაციის გაზრდაზე ლაპარაკი უსარგებლოა.

ძალიან საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ბულინგის არსებობის შესახებ, ბავშვების ნაწილი არც მშობლებთან ლაპარაკობს, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, ოჯახის წევრები არასერიოზულად აღიქვამენ პრობლემებს, რაც მათ აწუხებთ. ამ პრობლემების ნაწილი ერთი შეხედვით, მართლა უმნიშვნელო შეიძლება ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ხომ ჩვენი სუბიექტური აღქმაა მნიშვნელოვანი და არა ობიექტური გარემოება? სუბიექტური შეფასება კი ზუსტად ისეთივე ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვისთვის, როგორც რეალური პრობლემა.

 

ეს ექვსი, ერთი შეხედვით ზოგადი პრობლემა მხოლოდ ზღვაში წვეთია, რაც ბავშვებმა დაასახელეს, სია კი გაუთავებლად შეიძლება გაიზარდოს, განსაკუთრებით, თუ ამ ყველაფერზე მასწავლებლებიც დაიწყებენ ღიად ლაპარაკს. სკოლის ადმინისტრაციას ჩამოთვლილთაგან სულ მცირე ერთის გამოსწორება მაინც შეუძლია და ეს ერთიც კი, ალბათ წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იქნებოდა ჩვენს რეალობაში.

კარგი სახელმწიფოს ასაშენებლად ხომ, ხშირად, მარტივი პრობლემების ხალხის მხრიდან გადაჭრაც შველის?

eTwinning-ი, როგორც დამხმარე რესურსი მასწავლებლებისთვის

0

დღევანდელი რეალობა მასწავლებელს, როგორც ციფრულ მოქალაქეს, ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე აყენებს.  დღეს, როდესაც სკოლები დაკეტილია და სოციალური დისტანცირება სავალდებულოა, მასწავლებლების ფუნქციების ჩამონათვალი კიდევ უფრო იზრდება.  თუმცა ბევრი მათგანი   შექმნილ ვითარებას გამოწვევად განიხილავს და თვლის,  რომ იგი ინოვაციური მიდგომების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს მას. მაგრამ მთავარ გამოწვევად მოსწავლეთა  მოტივაციის შენარჩუნება რჩება.   მასწავლებელს მუდმივად უწევს ფიქრი,  შესთავაზოს მოსწავლეს  საინტერესო აქტივობებითა და ციფრული რესურსებით გამდიდრებული გაკვეთილი. ციფრული განათლების ეპოქაში სწორად შერჩეული რესურსის გამოყენება კი დამერწმუნეთ,  მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიმართულებით. მინდა, წარმოგიდგინოთ eTwinning-ი, როგორც მასწავლებლების დამხმარე რესურსი, რომელიც უკვე  15 წელია, ხელს უწყობს ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ არსებული სკოლების საზოგადოების ფორმირებას უსაფრთხო ონლაინ სივრცეში www.etwinning.net. e-Twinning -ის პლატფორმა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს სთავაზობს კომუნიკაციის, თანამშრომლობის, პროექტების განხორციელების,  ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებისა და  გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს.  პორტალი ფუნქციონირებს 30 ენაზე და მათ შორისაა ქართულიც.  პორტალის მნიშნელოვანი ნაწილის ქართულად თარგმნა მასწავლებლის სახლის ინიციატივით განხორციელდა.  https://www.etwinning.net/ka/pub/etwinning-plus.htm

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ ქსელებში მონაწილეობა არ არის სავალდებულო და, შესაბამისად, ჩვეულებრივ,  მასწავლებელთა თავისუფალი ნებით ხდება, სწავლა/სწავლების ეს არაფორმალური მეთოდი პოპულარობით სარგებლობს მასწავლებელთა შორის.  ევროპის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულების ორი მესამედი  მხარს უჭერს მასწავლებელთა ქსელების სკოლებში დამკვიდრებას.

„eTwinning“-ის საზოგადოების ძალისხმევა და შესრულებული სამუშაო სათანადოდ შეფასდა „Eurydice“-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში,  სახელწოდებით: “ციფრული განათლება ევროპის სკოლებში”  (https://eacea.ec.europa.eu/national-policies/eurydice/content/digital-education-school-europe_en.)  ცალკე აღნიშვნას საჭიროებს „eTwinning“-ის როლი  მხარდაჭერის მიზნით გამართულ ღონისძიებებში, რომლებიც ხელმისაწვდომია მასწავლებლებისათვის, ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ციფრული კომპეტენციების უწყვეტი განვითარების მიმართულებით .

„eTwinning“-ი მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომას ეყრდნობა და ხელს უწყობს მოსწავლეებში 21-ე საუკუნისათვის საჭირო უნარების განვითარებას, როგორიცაა შემოქმედებითობა, კრიტიკული აზროვნება და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული უნარები.

დღეს შექმნილ ვითარებაში eTwinning-მა აჩვენა მასწავლებლებს,  რომ მათ აქვთ უსაფრთხო პლატფორმა, სადაც შეუძლიათ თავიანთი ნამუშევრის  გაზიარება, მოსწავლეებთან და კოლეგებთან კომუნიკაცია, როგორც ეროვნულ, ასევე ევროპულ დონეზე.

 

რას მოიცავს eTwinning-ის პლატფორმა?

www.etwinning.net პლატფორმა არის ათვლის წერტილი eTwinning-ის სამყაროსთან დასაკავშირებლად. პლატფორმაზე რეგისტრაციით მასწავლებლებს წვდომა აქვთ სხვადასხვა საინტერესო თუ სასარგებლო რესურსთან https://www.etwinning.net/en/pub/get-inspired/testimonials.htm

  • eTwinning Liveადგილი, სადაც პედაგოგებს შეუძლიათ სხვა რეგისტრირებული ითვინერებისა და სკოლების მოძიება, მათთან დაკავშირება და მათი საქმიანობისთვის თვალის დევნება.

  • ონლაინ კურსები – პორტალზე  ყოველდღიურად მიმდინარეობს ვებინარები,  მოკლე, ინტენსიური და სახალისო კურსები, რომლებიც მასწავლებლებს სთავაზობს თემებს, იდეების სტიმულირებისათვის და უნარების განვითარებისთვის.

  • eTwinning-ის ჯგუფებ – ვირტუალური ადგილები, რომელიც საშუალებას აძლევს მასწავლებლებს განიხილონ და ითანამშრომლონ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. eTwinning ჯგუფების მიზანია პრაქტიკული მაგალითების გაზიარება, სწავლა-სწავლების მეთოდების განხილვა და პროფესიული განვითარების მხარდაჭერა. თემები სხვადასხვაა, მაგალითად, ენის სწავლება, მეწარმეობა განათლებაში, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, საინჟინრო სფერო და მათემატიკა). არსებობს 14 ჯგუფი. მასწავლებელს შეუძლია, შეარჩიოს მისთვის საინტერესო და გაწევრიანდეს.

  • eTwinning Live app – eTwinning მობილური აპლიკაცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მიიღონ eTwinning Live სერვისები და შეტყობინებები მობილურ მოწყობილობებზე.
  • TwinSpace უსაფრთხო ადგილი, მხოლოდ პროექტში მონაწილე პედაგოგებისთვის. ასევე შესაძლებელია მოსწავლეების მოწვევა TwinSpace- ში, რათა პროექტის ფარგლებში შეხვდნენ და ითანამშრომლონ თანატოლებთან. სწორედ თვინსფეისზე არის განთავსებული განხორციელებული პროექტები.

 

  • პროექტების გალერეა – საუკეთესო პრაქტიკის საგანგებოდ შერჩეული მაგალითები, რომლებიც ემსახურება შემოქმედებითი აზროვნების გააქტიურებას. https://www.etwinning.net/en/pub/get-inspired/kits.cfm

 

2019 წელს  ETwinning– ის ცენტრალური მხარდამჭერი  სამსახურის მიერ (CSS), რომელსაც წარმოადგენს  ევროპის სქულნეტი, გამოცემული  მონიტორინგის ანგარიშის შესაბამისად, (https://files.eun.org/etwinning/eTwinning-report-2019_FULL.pdf) პორტალზე რეგისტრირებული მასწავლებლების გამოკითხულთა   92% მიიჩნევს, რომ „eTwinning“-ში მონაწილეობა მათი მოსწავლეების მოტივაციას ზრდის , ასევე მასწავლებელთა თითქმის იგივე რაოდენობა თანხმდება, რომ „eTwinning“-ი ხელს უწყობს მოსწავლეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

 

აღნიშნული პუბლიკაცია, ორ წელიწადში ერთხელ გამოიცემა, ETwinning– ის ცენტრალური მხარდამჭერი  სამსახურის მიერ (CSS) და

(https://files.eun.org/etwinning/etwinning_in_an_era_of_change_EN.pdf)

„eTwinning“-ის ფარგლებში გახორციელებული ღონისძიებებისა და მიღწევების შეფასებას ემსახურება, სიღრმისეულად სწავლობს ისეთ სფეროებს, როგორიცაა მასწავლებელთა პრაქტიკა და მოსწავლეთა მოტივაცია, და მომავლის პერსპექტივებსაც გვაცნობს. აღნიშნული ანგარიში ეყრდნობა ფართომასშტაბიან კვლევას, რომლის ფარგლებშიც 10 000-ზე მეტმა რესპონდენტმა ექვსი განყოფილებისაგან შემდგარ კითხვარში შესულ 44 კითხვას გასცა პასუხი.

  • რესპონდენტთა 90%, აცხადებს, რომ „eTwinning“-ი უაღრესად უწყობს ხელს მასწავლებლებს შორის თანამშრომლობას.
  • რესპონდენტთა 93% მიიჩნევს, რომ „eTwinning“-ში მონაწილეობა აუმჯობესებს ურთიერთობებს სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის.
  • მასწავლებლები eTwinning-ს მიიჩნევენ როგორც პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

საქართველოდან პორტალზე რეგისტრირებულია 1300 მასწავლებელი 700 სკოლიდან.  განხორციელებულია 2000-ზე მეტი პროექტი. ბევრმა მასწავლებელმა აღნიშნა, რომ ისინი უკეთ  მომზადებულნი აღმოჩნდნენ შექმნილ სიტუაციაში, ვიდრე ის   მასწავლებლები და მოსწავლეები, რომლებსაც არ ჰქონდათ  გამოცდილება ისეთ  პლატფორმაზე  მუშაობის, როგორიცაა eTwinning. ისინი ასევე თვლიან, რომ სწორედ დღესაა იმის დრო, აქტიურად იმუშაონ პროექტებზე, რათა გააგრძელონ/შეინარჩუნონ კომუნიკაცია დანარჩენ ევროპასთან, რაც მიმდინარე პირობებში ფასდაუდებელია. ეს ასევე დაეხმარება მოსწავლეებში მოტივაციის შენარჩუნებას, რადგან მათაც ექნებათ საშუალება, ჰქონდეთ კომუნიკაცია თანატოლებთან სხვადასხვა ქვეყანაში, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება არსებულ ვითარებაზე,  თუნდაც ონლაინ სწავლებაზე ან კულტურულ განსხვავებებსა და მსგავსებებზე.

ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ eTwinning ხელს უწყობს თანამშრომლობის იდეას ყველა დონეზე. პირველ რიგში, მასწავლებლებს შორის, რომლებმაც უნდა დაიწყონ ერთმანეთთან კომუნიკაცია პროექტის დასაწყებად. მეორეც, ეს უზრუნველყოფს მოქნილი სწავლების მეთოდს, რომელიც აერთიანებს მოსწავლეებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, კულტურებიდან და ასაკიდანაც კი, იმისთვის, რომ მათ ერთობლივი პროექტისთვის ითანამშრომლონ.

მესამე, eTwinning აჩვენებს გზას და ეხმარება პედაგოგებს. ის უზრუნველყოფს ვირტუალურ ადგილს, სადაც მათ შეუძლიათ სხვებთან დაკავშირება, პროექტების დასაწყებად შთაგონების პოვნა და თანამშრომლობის წამოწყება.

მათთვის, ვისაც eTwinning-ით არასდროს უსარგებლია, ვფიქრობ, რომ ახლა შესაფერისი დროა, რათა სცადონ მისი გამოყენება.

გაინტერესებთ მეტი? დარეგისტრირდით და შეიტყვეთ..

 

რეგისტრაციისთვის შედით პორტალზე https://www.etwinning.net/ka/pub/etwinning-plus.htm მონაცემთა ბაზის ხარისხის უზრუნველსაყოფად და შეცდომების თავიდან ასაცილებლად, რეგისტრაცია ხდება ორ ეტაპად,  რათა პორტალზე არ მოხვდეს ნებისმიერი  ან ყალბი პროფილების მქონე პირი

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ

  1. ინფორმაცია ივსება ინგლისურ ენაზე;
  2. სახელი და გვარი მითითებული უნდა იყოს ისე, როგორც წერია პირადობის მოწმობაში;
  3. სკოლის სახელწოდება უნდა შეივსოს სრულყოფილად. მაგ: LEPL Tbilisi N0 Public School ;  LEPL Khashuri Municipality Village ….. Public School
  4. რეგისტრაციისას გამოიყენეთ მოქმედი მეილი.

რეგისტრაციის დასაწყებად დააწკაპეთ ზედა მარჯვენა კუთხეში  ჩანართს –  შესვლა ან რეგისტრაცია

ამის შემდეგ გამოვა ფანჯარა , სადაც უნდა დააწკაპოთ ღილაკს – შემოგვიერთდით .

პირველ ეტაპზე  გადახვალთ წინასწარ სარეგისტრაციო გვერდზე და ავსებთ მოთხოვნილ ინფორმაციას.

მოთხოვნილი  ინფორმაციის სრულყოფილად შევსების შემდეგ,  თქვენ მიერ მითითებულ  ელ. ფოსტაზე მიიღებთ სარეგისტრაციო ბმულს, რომლის გამოყენებითაც უნდა დაასრულოთ რეგისტრაცია.

ბმულზე დაწკაპებით კვლავ დაბრუნდებით პორტალზე, სადაც შესავსები  ინფორმაცია დაყოფილია ოთხ ნაწილად 1) თქვენი სკოლის შესახებ  2) თქვენ შესახებ 3)  Twinning-ის მოთხოვნები   4) გადახედვა და დადასტურება

  1. თქვენი სკოლის შესახებ – ირჩევთ ქვეყანას, შემდეგ რეგიონს, სადაც თქვენი სკოლა მდებარეობს და წერთ თქვენი სკოლის სახელწოდებას სრულად,: მაგ . LEPL Rustavi N14 Public School ან LEPL Khashuri Municipality Village ….. Public School

თუ თქვენი სკოლა უკვე რეგისტრირებულია eTwinning-ის პორტალზე, ის  გამოჩნდება ჩამონათვალში. მაგალითად ასე:

თუ თქვენი სკოლა არ იქნება რეგისტრირებული, გამოჩნდება შემდეგი ფანჯარა და იწყებთ სკოლის დარეგისტრირებას.

 

სკოლის რეგისტრაციისთვის წინასწარ  მოამზადეთ შემდეგი ინფორმაცია, სკოლის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, დირექტორის სახელი და გვარი, დირექტორის ელ.ფოსტა, სკოლის ვებგვერდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

  1. თქვენ შესახებ – სკოლის დარეგისტრირების შემდეგ გადადიხართ მომდევნო საფეხურზე და ავსებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ, თუ რა საგანს ასწავლით, რომელ ასაკობრივ ჯგუფს და ა.შ.

  1. eTwinning-ის მოთხოვნები – ამ ჩანართში წერთ თქვენი საპროექტო იდეის შესახებ და რომელ ენებს ფლობთ.

 

ბოლოს, გადახედავთ თქვენ მიერ შევსებულ ინფორმაციას, დააწკაპებთ  ღილაკს

და მიიღებთ შეტყობინებას, რომ თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით.

 

გისურვებთ წარმატებას!

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • Digital education at school in Europe Eurydice Report Education and

Training – European Commission/EACEA/Eurydice, 2019.

 

დავალებები ონლაინგაკვეთილებისთვის

0

ნებისმიერი გამოწვევა, თუნდაც იძულებითი, ახალი შესაძლებლობაა. ტრენინგებზე ხშირად გვიწუწუნია, რომ გაკვეთილებზე ონლაინრესურსების ხშირად გამოყენების საშუალება არ გვაქვს. და აი, სწორედ ახლაა დრო, დანაკლისი ავინაზღაუროთ.

ონლაინ- თუ ტელეგაკვეთილებმა კიდევ ერთხელ დამანახა, რომ მასწავლებლებს უსაზღვრო შესაძლებლობები გვაქვს.

აქ არ დავწერ, რომელი მასწავლებლების გაკვეთილებს ვუყურებ ინტერესითა და ხალისით, მაგრამ ვიტყვი, რომ ძალიან მომწონს გაკვეთილები, რომლებზეც მასწავლებლები მოსწავლეებს ფიქრისკენ უბიძგებენ და რომლებზეც თავიანთ ადამიანურ დამოკიდებულებას არ მალავენ, თანაც ისე, რომ საკუთარ აზრს თავს არ ახვევენ მსმენელს, უბრალოდ გამოცდილებას უზიარებენ. მიყვარს ემოციების გაზიარება, რომელიც ბავშვებს ლაღად ცხოვრებაში, სილამაზისა და ბედნიერების აღქმაში ეხმარება… არადა, ძალიანაც მინდა, დავასახელო ეს მასწავლებლები, ჩემთვის უინტერესო საგნის გაკვეთილებიც რომ შემაყვარეს.

მეც ვცდილობ, მოსწავლეებს გაკვეთილები გავულამაზო და გავუფერადო, ამ ფორსმაჟორის დროს კი – განსაკუთრებით.

გახსოვთ სტატია, სადაც გეოგრაფიის სწავლების მნიშვნელობაზე ვწერდი? ჰოდა, ახლა გაგიმხელთ, რომ ქვეტექსტად მას სწორედ „არასტანდარტული“ (როგორც მავანნი იტყვიან) სწავლების აუცილებლობა გასდევდა. არ მესმის, რატომ უნდა მოვთხოვო მოსწავლეს სახელმძღვანელოში დაბეჭდილი ტექსტებისა და სტატისტიკური მონაცემების დაზეპირება და ჩაბარება. რას მისცემს? რაში გამოადგება 10, თუნდაც 5 წლის წინ გამოცემულ სახელმძღვანელოში ამოკითხული ინფორმაცია? საქართველოში მოსახლეობის ბოლო აღწერის (2014 წ.) შედეგებიც კი მოძველებულია, სახელმძღვანელოში კი 2010 წლის მონაცემებია შეტანილი. ხომ არ სჯობია, მეცხრეკლასელებს, მათი დაზეპირების ნაცვლად, მივცეთ ახალი მონაცემები (იხ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე https://www.geostat.ge/ka/modules/categories/41/mosakhleoba?fbclid=IwAR3qRSekWUtTglhkpJ8gUp3BmiI6TP6_IF84UmPG64fOEFBCEZ9fmktAlAc ) და მათზე სხვადასხვა დავალება ავაგოთ? თუნდაც შედარება:

  1. როგორ შეიცვალა მოსახლეობის რაოდენობა 2010 წლიდან დღემდე?
  2. როგორი იყო ბუნებრივი მოძრაობა 2010 წელს და როგორია დღეს?
  3. რომელმა ფაქტორებმა განაპირობა მოსახლეობის ზრდა?
  4. შეაფასეთ დღევანდელი დემოგრაფიული ვითარება.
  5. რა საჭიროა მოსახლეობის რაოდენობის შესწავლა? – და ა.შ.

მოსწავლე კითხულობს სახელმძღვანელოსა და ვებგვერდზე მოცემულ დიაგრამებსა და ცხრილებს და ფიქრობს, ანაალიზებს, აფასებს.

მეცხრეკლასელებისთვის კიდევ ერთი სახალისო აქტივობა მოვიფიქრე. ურბანიზაციის თემის განხილვამდე მივეცი ასეთი დავალება: ოჯახის წევრებთან ერთად მოიძიეთ სიმღერა, ლექსი ან ნახატი საქართველოს რომელიმე ქალაქის შესახებ და გაკვეთილზე წარმოადგინეთ. წარმოიდგინეთ, როგორი ხალისით ჩაივლის ონლაინგაკვეთილი. ამავე დროს, მოსწავლეებმა ქალაქები უნდა მონიშნონ NatGeo Interactive mapmaker-ის (https://mapmaker.nationalgeographic.org ) ვებგვერდზე და შექმნან ინტერაქციული რუკა. რუკაზე ტექსტთან ერთად, მოგეხსენებათ, ვიდეოს დამატებაც არის შესაძლებელი. წარმოიდგინეთ, რა საინტერესო და მხიარული რუკა გამოვა. ქალაქებიც დაამახსოვრდებათ და იხალისებენ კიდეც.

აქვე შევთავაზოთ სინქვეინის შედგენაც მათთვის საყვარელ ქალაქზე ან სოფელზე. როდესაც სინქვეინს ვუხსნიდი, ვუთხარი, ლექსის წერას გასწავლით-მეთქი და ძალიან გაუკვირდათ. ახლა უკვე ოჯახის წევრების ჩართვაც ევალებათ.

სინქვეინის რამდენიმე მაგალითს გიზიარებთ:

 

თბილისი

ჩემია, ერთადერთია.

მიყვარს, მაბედნიერებს, მახალისებს.

ყველაზე ლამაზი ქალაქი მსოფლიოში.

სახლი.

 

ქუთაისი

უძველესი, საგანძური.

ინახავს, გვახსენებს, გვასწავლის.

ფეხი დამადგით, გულზე დამადგით, ფეხი ყოველმან.

მატიანე.

 

ბათუმი

თბილი, მზიანი.

ცეკვა, სიმღერა, დასვენება.

ზღვაო, არ გეტყვი ლექსს, მხოლოდ დაგიგდებ ყურს.

ზაფხული.

 

დაახლოებით ასეთივე დავალება აქვთ მეათეკლასელებსაც. მათ უნდა მოიძიონ ევროპის რომელიმე ქვეყნის კომპოზიტორები, მწერლები და მხატვრები, გაკვეთილისთვის შეარჩიონ ამ ქვეყნის ენაზე შესრულებული ერთი საყვარელი სიმღერა და გვიმღერონ. ყველა სიმღერის მოსმენას ერთ გაკვეთილზე ვერ მოვასწრებთ, ამიტომ ყოველ გაკვეთილზე თითოს ვისმენთ. ერთად ვმღერით. არც მსოფლიოში მიმდინარე პრცესები გვავიწყდება: აუცილებლად განვიხილავთ ნატოს სამიტს, რომელიც ონლაინრეჟიმში პირველად ჩატარდა. ჩრდილოეთი მაკედონიის მიღების საკითხი ხომ მშვენიერი სადისკუსიო თემაა. თუ არც ერთი მოსწავლე არ დასვამს კითხვას: რამ განაპირობა ამ ქვეყნის ნატოში მიღება? – შეგვიძლია, ჩვენ მივიყვანოთ ამ კითხვამდე. მერწმუნეთ, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყნების პოლიტიკურ ჭრილში განხილვა უფრო საინტერესო იქნება, რადგან ასე რამდენიმე თემაზე შეიძლება საუბარი: ბალკანეთის ქვეყნების სახელმწიფო წყობაზე, მოსახლეობაზე, ეკონომიკაზე, გავლენის სფეროებზე…

პარალელურად გაშლილი იქნება ვებგვერდი https://mapmaker.nationalgeographic.org/#/

და მოსწავლეები შექმნიან თემატურ რუკებს, დაამატებენ ტექსტებს, ფოტოებს და ვიდეოებს. ეს ვებგვერდი სხვადასხვა მიზნით ყველა კლასში შეგვიძლია გამოვიყენოთ.

მერვე კლასში ურბანიზაციას რამდენიმე გაკვეთილი დავუთმე. სახელმძღვანელოში არსებული პარაგრაფები გავაერთიანე. ინტერნეტში წავაწყდი ვებგვერდს: https://ourworldindata.org/urbanization

ამ საიტზე ნახავთ რუკებსა და დიაგრამებს.

აი, ერთი მათგანი:

თითქოს ჩვეულებრივი რუკაა, მაგრამ თუ ვებგვერდზე შეხვალთ, ნახავთ, რომ რუკა ანიმაციურია, ქვეყნებს კონკრეტული პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით აჩვენებს. სახელმძღვანელოში ფერების გარჩევა ხშირად კითხვებს ბადებს, ეს რუკა კი მხოლოდ იმ ქვეყნებს აფერადებს, რომელთა პროცენტული მაჩვენებლებიც გვაინტერესებს.

დავალება 1. მოცემული რუკიდან ამოიწერეთ 5-5 ქვეყანა ურბანიზაციის დონის მიხედვით.

შეავსეთ ცხრილი:

20%-ზე ნაკლები 20-60% 60%-ზე მეტი
 

 

   

 

დავალება 2. გამოიყენეთ ვებგვერდი https://mapmaker.nationalgeographic.org/#/ აირჩიეთ ყველა კონტინენტიდან ერთი ქალაქი, მონიშნეთ რუკაზე, განსაზღვრეთ კოორდინატები, ფუნქციები. შექმენით რუკა სათაურით „ჩემი ქალაქები“. რუკის დიზაინი თავისუფალია.

დავალება 3. გასულ სასწავლო წელს შემაჯამებელი წერის დროს გამოვიყენე დიაგრამა, რომელიც ქვეყნების ურბანიზაციისა და განვითარების დონეებს გვიჩვენებს. მოსწავლეებს უნდა გაეანალიზებინათ ის და აეხსნათ, რა კავშირია ამ ორ მაჩვენებელს შორის. დისტანციური სწავლების დროს უკვე შეგვიძლია, დიაგრამის ნაცვლად კვლავ https://mapmaker.nationalgeographic.org/#/ გამოვიყენოთ. მოსწავლეებს დავავალოთ, შექმნან ფონური რუკები ქვეყნების განვითარების დონისა და ურბანიზაციის მაჩვენებლებით, შემდეგ დააკავშირონ ეს ორი მაჩვენებელი და მათ ურთიერთმიმართებაზე იმსჯელონ.

შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის ურბანიზაციის თემის განხილვისას „ქალაქის აშენება“ გამოვიყენე. ეს აქტივობა თქვენთვის უკვე ცნობილია. მეთოდებიდან ვიღებ იმას, რაც ჩემი ხდება. ზოგის ინსტრუქციას პირდაპირ ვიყენებ, ზოგისას კი კლასის საჭიროებისა და ჩემი ხედვის მიხედვით ვცვლი. ამჯერადაც ინსტრუქცია ოდნავ შევცვალე, დროისა და ფორმატის გათვალისწინებით შევამცირე.

„ჩვეულებრივი გაკვეთილების“ დროს „ქალაქის მშენებლობა“ წინარე ცოდნის გააქტიურების საშუალებაა და გამოწვევის ფაზაზე სრულდება. ააქტიურებს მოსწავლის შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას. ჩემი აზრით, ამ აქტივობის გამოყენება შეცვლილი ინსტრუქტაჟით დისტანციური სწავლების დროსაც არის შესაძლებელი. ეს აქტივობა მოსწავლეს პრობლემის გადაჭრის უნარსაც განუვითარებს. ონლაინგაკვეთილის ხანგრძლივობა ხომ მცირეა, ამიტომ არ ვკარნახობდი, სად აეშენებინათ ქარხნები, საცხოვრებელი კორპუსები, ინფრასტრუქტურა; არ მითქვამს არც ხეების მოჭრის შესახებ.

საინტერესოა, რომ ტექსტი, რომელშიც ატმოსფეროსა და მდინარეების დაბინძურებაზეა საუბარი, აღარ გავაგრძელე, თუმცა მოსწავლეებმა ნახატებში ეს თავისებურად ასახეს. ყველა ნახატში მდინარეს უამრავი ნაგავი მოჰქონდა. ვიხალისეთ.

ამ აქტივობის შემდეგ უფრო გაუადვილდათ ქალაქური პრობლემების განხილვა.

მეშვიდე კლასში მოსახლეობის დემოგრაფიის საკითხების შესწავლა ონლაინგაკვეთილზე თამაშით დავიწყეთ. ჩვენი ოჯახებით მინისახელმწიფოები შევქმენით. უცებ ჩამოვაყალიბეთ მანანას, ნიას, ლუკას სახელმწიფოები. შემდეგ ჩამოვთვალეთ, რომელ ქვეყანაში რამდენი ბავშვი ცხოვრობდა და აღწარმოების რაობა გავარკვიეთ. საშინაო დავალებისთვის გაკვეთილზევე განვიხილეთ ინტერაქციული ვებგვერდი https://www.worldometers.info/world-population/#top20 , რამდენიმე ქვეყნის დემოგრაფიულ მაჩვენებელსაც გავეცანით. ამ გვერდზე ყველა ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებია, ასე რომ, მომდევნო გაკვეთილებზეც გამოიყენებთ.

დავალება: გამოიყენეთ მითითებულ ვებგვერდზე https://www.worldometers.info/world-population/#top20 მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები, ამოირჩიეთ ქვეყნები, გამოთვალეთ ბუნებრივი მატება, განსაზღვრეთ, აღწარმოების რომელ ტიპს მიეკუთვნება და შეავსეთ ცხრილი:

გაფართოებული მარტივი შეზღუდული
 

 

   

 

ეს ის დავალებებია, რომლებიც ამ დროისთვის შევაგროვე.

ილუზია და ცოდნა  

0

„ადამიანთა 99% რეალობას აღიქვამს არა ისეთად, როგორიც სინამდვილეშია, არამედ ისეთად, როგორადაც ის ინტერპრეტირებულია წარსულის გამოცდილებისა და მზა შეხედულებების მიერ“.

ჯო დისპენზა

 

„ცნობიერება ხრიკების ნაკრებია“.

მარვინი

 

რამდენი რამ გვეჩვენება სამყაროში ისეთად, როგორიც ის არასდროს ყოფილა? ეს ეხება საგნებს, ფაქტებს, მოვლენებს, ურთიერთობებს… მერე ვამბობთ, რომ „მოგვეჩვენა“.

გიფიქრიათ, რატომ გვეჩვენება რეალობა დამახინჯებულად და ზოგჯერ ასიმეტრიულადაც კი? რაზეა დამოკიდებული ჩვენი „მოჩვენებები“?

უცნაურია, როცა რაღაცას ვუყურებთ და ხან თვალი გვატყუებს, ხან – ყური, ხან – გონება, და რაც უფრო მეტად ვუღრმავდებით ამ საკითხს, მით უფრო ყალბად გამოიყურება სამყარო და ადამიანთა ქცევა და ურთიერთობა ამ სამყაროში. რა თქმა უნდა, ადამიანი ამას უმეტესად ვერ აცნობიერებს და ცხოვრობს ასე, სტერეოტიპებისა და წარმოდგენების ტყვეობაში; მუდამ ზედაპირზე დაფარფატებს და ვერასდროს სწვდება სიღრმეს.

ყველაფერი კი შეიძლება სკოლიდან დაიწყოს!

ბავშვის ცნობისმოყვარეობა მაშინ იზრდება, როდესაც ის რაღაც შეუსაბამოს აღმოაჩენს თავის გარშემო და „გამოძიებას“ იწყებს. აი, სწორედ ახლაა დრო, აუხსნა, ასწავლო, ცოდნა მიაწოდო. ამ გზით მიღებული გამოცდილება არასდროს დაავიწყდება. ასე რომ, ღირს, გავაოცოთ მოსწავლეები – კლასში, სტუდენტები – აუდიტორიაში და მერე ერთად ვიმოგზაუროთ ცოდნის სამყაროში.

ასეთი შეგრძნება გამიჩნდა, როდესაც თბილისში „ილუზიების მუზეუმს“ ვეწვიე და ბავშვებთან ერთად მეც დიდი სიამოვნება მივიღე. საქართველოც შეემატა მსოფლიოს იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც ასეთი მუზეუმი არსებობს. ქართული მუზეუმის გახსნის იდეა „სარკე ჯგუფს“ ეკუთვნის. სწორედ მისი ინიციატივის შედეგია, რომ „მუზეუმის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, წარმოდგენილი ინსტალაციების საშუალებით ინფორმაცია მიიღონ ადამიანის ხედვის, აღქმისა და მეცნიერების შესახებ და გაარკვიონ, რატომ ხედავენ მათი თვალები იმას, რასაც გონება ვერ აღიქვამს“.

საკმაოდ შთამბეჭდავი იდეაა ცნობისმოყვარეობის გასაღვიძებლად და არა მხოლოდ ბავშვებისთვის.

ილუზიის შესახებ სალექსიკონო სტატიებში ვკითხულობთ: მას შემდეგ, რაც 1854-55 წლებში ჯ. ოპელმა ილუზიის პირველი მეცნიერული ანალიზი გამოაქვეყნა, ათასობით სტატია დაიწერა ბუნებაში, შეგრძნებებში, აღქმასა და ხელოვნებაში არსებულ ილუზიებზე. ილუზიების შესწავლაში ოპელის მოკრძალებული წვლილი გახლდათ ხაზებით შემოსაზღვრული სიბრტყე, რომელიც უფრო გრძელი ჩანდა, როცა რამდენიმე სეგმენტად იყო დაყოფილი (ვარიანტი ა), ვიდრე მაშინ, როცა მხოლოდ განაპირა ხაზებს ვხედავდით (ვარიანტი ბ).

ილუზიების მუზეუმში წარმოდგენილი 70-ზე მეტი ინსტალაცია ფიზიკას, მათემატიკას, ბიოლოგიას, ფსიქოლოგიას უფრო მეტად შეგაყვარებთ. რა საინტერესო იქნებოდა, ასეთი მოვლენების ასახსნელად მოსწავლეს კომპლექსური ცოდნა მიეღო სკოლაში! შესანიშნავი იდეაა ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებაც, რომელიც ბავშვს დაეხმარებოდა, მთლიანობაში გაეაზრებინა მოვლენა.

ილუზიების მუზეუმის ერთ დარბაზში – მიაბიჯებ და ფეხდაფეხ „მოგყვება“ აინშტაინის ჰოლოგრამა; სხვა კედელზე სარკეების ეფექტით უსასრულობას ჩახედავ თვალებში; მერე ის გაგაოცებს, როგორ განსხვავდება სარკეში არეკლილი სურათი რეალობისგან. ხიდზე გადადიხარ და – ვიზუალური და ხმოვანი ეფექტების გამო გგონია, ხიდი ირწევა და სადაცაა, გადავარდები, სინამდვილეში კი მსგავსიც არაფერი ხდება.

მაშ, რა მოსდის ჩვენს გონებას? რატომ აღიქვამს მოძრაობას იქ, სადაც მოძრაობა არ არის? საინტერესოა, ხომ?

მსგავსი „ილუზიების“ მეცნიერული გააზრება საჭიროა. სხვაგვარად ეს ცრუ ცოდნა საგნებიდან და მოვლენებიდან სოციალურ ცხოვრებასა და ურთიერთობებში გადაინაცვლებს და ბედნიერებაში ხელს შეგვიშლის.

როგორც ფილიპ ზიმბარდო წერს: ცრურწმენა (Prejudice) სამიზნე ობიექტის მიმართ წინასწარ დასწავლილი დამოკიდებულებაა, რომელიც მოიცავს ნეგატიურ გრძნობებს (არმოწონება ან შიში) და ნეგატიურ შეხედულებებს (სტერეოტიპებს), რომლებიც ამართლებს არსებულ დამოკიდებულებას და ქცევით განზრახვებს – აცილებულ, გაკონტროლებულ, დომინირებულ ან განადგურებულ იქნეს ის, ვინც ამ სამიზნე ჯგუფს ეკუთვნის.

ამასთან დაკავშირებით ზიმბარდო ასეთ ამბავს გვიამბობს:

ჰოლანდიაში ჩატარებული ექსპერიმენტების სერიაში ცდისპირები შემთხვევითად დაყვეს ორ ჯგუფად: მწვანეებად და ლურჯებად. ცდისპირებს, იმის მიხედვით, თუ რომელ ჯგუფს მიაკუთვნეს, დაურიგეს მწვანე და ლურჯი კალმები და სთხოვეს, ეწერათ, შესაბამისად, მწვანე ან ლურჯ ქაღალდებზე. ექსპერიმენტატორები ორივე ჯგუფის წევრებს მიმართავდნენ ჯგუფის ფერის შესაბამისი სახელით და მიუხედავად იმისა, რომ ფერის მიხედვით განსაზღვრულ კატეგორიებს არავითარი ფარული ფსიქოლოგიური მნიშვნელობა არ გააჩნდა და ჯგუფის წევრების შერჩევაც სრულიად შემთხვევით მოხდა, საკუთარ ჯგუფს ცდისპირები უფრო დადებითად აფასებდნენ, ვიდრე მეორეს. მეტიც: მხოლოდ და მხოლოდ ფერთა განსხვავებაზე დაფუძნებული ეს შიდაჯგუფური მიკერძოება მანამდე გამოვლინდა, სანამ ცდისპირები ექსპერიმენტული დავალების შესრულებას დაიწყებდნენ (Rabbie, 1981).

დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორიასაც“ თუ მოვიშველიებთ, მივხვდებით, რა პროცესებთან გვაქვს საქმე. ფიქსირებულ განწყობათა შექმნა ადვილია, მით უმეტეს, რომ ეს მოვლენა, წესისაებრ, არაცნობიერია, ადამაინი კი მხოლოდ პრობლემებს, ანუ ზედაპირს ხედავს; სიღრმეში კი, აი, ეს ხდება: ფიქსირებული განწყობები იწვევს რეალობის დამახინჯებას; როდესაც რაღაც იცვლება (ან არსებობს შესაძლებლობა, შეიცვალოს), ჩვენი ცნობიერება მოვლენებს კვლავ ისე „ხედავს“, როგორც „მიჩვეულია“.

ახლა თუ ქართულ კულტურაში დამკვიდრებულ სტერეოტიპულ ცრურწმენებსაც გავიხსენებთ, რომლებიც ადამიანებს ხელს უშლის, ამ სტერეოტიპების მიღმა აღიქვან სამყარო, მივხვდებით, რამხელა პასუხისმგებლობაა, ასწავლო ბავშვს, როგორ ტყუვდება თვალი, გონება, ცნობიერება და ის, რაც „ნამდვილი“ გვგონია, სინამდვილეში ილუზორულია, ცრურწმენებს ეფუძნება.

როცა ბავშვისთვის საინტერესო ფოკუსის ახსნას ცდილობენ, ის უარობს, რადგან ადამიანს სურს, სასწაულების სჯეროდეს. ბევრი ზრდასრულ ასაკშიც ილუზიების ტყვეობაში დარჩენას ამჯობინებს. ჰოდა, სანამ ასე მოხდება, მანამდე ჩვენ უნდა გავიკეთოთ „ცოდნის სათვალეები“ და ისე შევხედოთ სამყაროს.

ბავშვობის შთაბეჭდილებები – სასწავლო რესურსი

0

„ეს იყო ორმოცი წლის წინ. მას შემდეგ აღარ მინახავს ის ნაპირი და ჩამპაკის ხეებში ჩაფლული აგარაკი. იგივე ხეები, იგივე სახლი, ალბათ ისევ დგას, მაგრამ ერთი კი ვიცი, რომ ყველაფერი, რასაც ბავშვის ცოცხალი და მხურვალე ცნობისმოყვარეობა ხატავდა, აღარ არის იქ. საიდან მოვიპოვო შთაგონების ის მძლავრი ძალა?“

„დღენი ჩემი სიჭაბუკისა“, რაბინდრანათ თაგორი

 

ბავშვობის შთაბეჭდილებები მძაფრი და დაუვიწყარია. სამყაროს ბავშვისეული აღქმაც განსხვავებულია. ცხოვრებისეული დამოკიდებულება, პირადი დაკვირვება თუ ფსიქოლოგთა დასკვნები ერთსა და იმავე მოსაზრებისკენ გვიბიძგებენ, კერძოდ, ჩვენი ცხოვრება ჩვენსავე ბავშვობაზე დგას.

მწერალთა ბავშვობის დღეებზე დაკვირვება ჩემი საყვარელი საქმიანობაა. ასე დავაგროვე პატარ-პატარა ამბები, რომლებიც მოთხრობების, ლექსების, პოემების, რომანების, პირადი წერილების მიღმა მწერლებისა და პოეტების ცხოვრებაში გვახედებს და მათ შესახებ ჩვენეულ დამოკიდებულებას ქმნის: მირზა გელოვანი თქვენობით ელაპარაკებოდა დედ-მამას; ვაჟას გულჩვილი, კეთილი, სტუმართმოყვარე დედა ჰყავდა,  გამორჩეული სახელით – გულქანი; ტერენტი გრანელს  დედა ხუთი წლისას გარდაცვლია, წიგნების სიყვარული კი ზუგდიდის მაზრაში ცნობილმა მწიგნობარმა, იაკობ შანავამ გაუღვივა; ნიკოლოზ ბარათაშვილს დედა იმ დროს დადგენილ წესებს არღვევდა და ჩვილს თავად აჭმევდა ძუძუს;  სულხან-საბა მამიდაშვილებმა – ვახტანგ V-ის ვაჟებმა არჩილმა, ლევანმა და გიორგიმ აღზარდეს.

ხშირად ვფიქრობ ჩემი ბავშვობის დღეებზე, გზებზე, ადამიანებზე, სახლებზე, ხეებზე. დაკვირვებული ვარ, ბავშვებისთვის ყველაზე საინტერესო მოსასმენი ჩემი მოგონებებია. შეუძლიათ, ერთი და იგივე მრავალჯერ მომაყოლონ.

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, სექტემბერში, ინდოელი მწერლისა და პოეტის, რაბინდრანათ თაგორის „დღენი ჩემი სიჭაბუკისა“  წავიკითხე, რომელიც სკოლის, სწავლების, მასწავლებლების შესახებ დაგროვილ გამოცდილებას ასახავს. მწერალი პირველივე გვერდებიდან გვიმხელს, რომ ფურცელზე გადატანილი ნებისმიერი მოგონება ლიტერატურაა. ბატონი თაგორი თანამოაზრე აღმოჩნდა. ერთგან წერს: „ცნობილია, ლიტერატურის გულწრფელი სიყვარული უფრო იშვიათია, ვიდრე ლიტერატურული ერუდიცია“ –  ლიტერატურის მასწავლებლისთვის ეს საყურადღებო გზავნილია.  თაგორი ერთნაირი მოწიწებითა და აღფრთოვანებით იხსენებს უბრალო ადამიანს, შრიკანტა-ბაბუს თუ დოქტორ რაჯინდრალალ მითრას. „დღენი ჩემი სიჭაბუკისა“ ცხოვრების ჩვეულებრიობის მიღმა არსებულის პოეზიად გადაქცევის მცდელობაა. მიჰყვები მწერალს მოგონებების ლაბირინთში და შრიკანტა-ბაბუ სამუდამოდ გამახსოვრდება: „ეს მოხუცი ერთდროულად მეგობრობდა მამაჩემთანაც, ჩემს უფროს ძმებთანაც და ჩვენთანაც, ბიჭებთან. ძნელად მოიძებნებოდა მეორე კაცი ლექსების ეგოდენ ტრფიალი. ვით პატარა კენჭს აიტაცებს ჩანჩქერის ნაკადი, წყლის სწრაფი ბრუნვით ააცეკვებს, აათამაშებს, ასევე მისთვის საკმარისი იყო სულ მცირე საბაბი, რომ უზენაეს აღტაცებას მისცემოდა“.

დოქტორ რაჯენდრალალ მითრას ასე გვაცნობს: „ის არა მარტო ღრმად განსწავლული ადამიანი იყო, მას ჰქონდა იშვიათი, მომხიბლავი ხასიათი, რომელიც მის სახეშიც გამოკრთოდა. საზოგადოებრივ მუშაობაში დაუზარელი და ენერგიული მუშაკი, პირად ცხოვრებაში სრულიად იცვლებოდა და ისეთ პაწია ბალღსაც, როგორიც მე ვიყავი, გატაცებით ესაუბრებოდა სერიოზულ თემაზე“.

რაბინდრანათ თაგორმა ბავშვობის მოგონებების გამოსახმობად შთაგონება კიდევ უფრო გამიმძაფრა.  თუ ჩვენ პატარა ადამიანების სულებთან გვაქვს შეხება, მათი აღზრდა და გამოწრთობა გვავალია, სწორედ ასეთი ბავშვობის ამბები უნდა ვუამბოთ მთელი გულითა და მონდომებით. ამგვარად ცხოვრების შემჩნევა, დაკვირვება, შეყვარება, დამახსოვრება და დაფასება ვასწავლოთ.

როგორ დავუკავშიროთ საგაკვეთილო პროცესს?

მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით შეგვიძლია მოვძებნოთ ქართველი მწერლების ბავშვობის მოგონებები. მაგალითად, სასწავლო რესურსად გამოვიყენოთ ვაჟა-ფშაველას „ჩემი წუთისოფელი“, დავით კლდიაშვილის „ჩემი ცხოვრების გზაზე“, აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“, რაბინდრანათ თაგორის „დღენი ჩემი სიჭაბუკისა“…

ჩაღრმავებული კითხვის მეთოდით წავიკითხოთ ტექსტები.

გაკვეთილის შემდეგ ეტაპზე თავად ვუამბოთ ჩვენი ბავშვობის მოგონებები. თხრობა  ლიტერატურას რომ დაემსგავსოს, მოსაყოლ თემებს სათაურები მოვუფიქროთ. სანამ მე ჩემი მოგონებების გაცოცხლებას შევუდგები, ბოლომდე მივყვები გაკვეთილის ხაზს.

შეგვიძლია ბავშვებს ვთხოვოთ, ინტერვიუ ჩაწერონ ბებია-ბაბუებთან, მშობლებთან და მოპოვებული ინფორმაცია  საკლასო ოთახში ერთმანეთს გააცნონ.

გზები

მე მამას „ლურჯაში“ გავიზარდე. ასე დაარქვა საბჭოთა კავშირის დროინდელ მანქანას „აძინადცატს“. 90-იანი წლების შიმშილს ჩემი მშობლები მასწავლებლობისთვის ვაჭრობის შეთავსებით ებრძოდნენ. წავიდოდნენ კახეთში. წაიღებდნენ ჭაღებს, ათას წვრილმანს. გადავიდოდნენ ბაქოში. ჭაღებს ცვლიდნენ ბენზინში. წნორში დაბრუნებისას ბენზინი ხორბლად იქცეოდა. კახეთიდან ზეთი და ფქვილი მთა-მთიულეთში მიჰქონდათ. იქიდან თბილისში ხაჭოთი, ყველით, ხორცით, ხილით ვბრუნდებოდით. ეს ყოველივე კი ხან იყიდებოდა, ხან – ვერ. ამ უცნაური ვაჭრობით ჩვენს ოჯახს ფული ვერა, მაგრამ უხვად ჰქონდა საჭმელ-სასმელი.

დამღლელი მგზავრობებისას წვრილმანების ფუთებსა და ფქვილის ტომრებს შუა ვიყავი მიკუჭული და მანქანიდან ვაკვირდებოდი გაბლანდულ შარაგზებს. ასე დამამახსოვრდა კახეთის ცხელი, გველებიანი გზატკეცილები, ყაზბეგის ვარდისფერი კლდეები და ვიწრობები, ძველ თბილისში, მტკვრის სანაპიროს გაყოლებით მანქანათა სვლა, ჟინვალის წყალსაცავის დასაწყისთან თვალების დახუჭვის რიტუალი.

ყინვაში, წვიმასა თუ თაკარა მზეში დავდიოდით და ხან მიყრუებული სოფლის ბოლო ჭიშკართან გვიღამდებოდა, ხან ორთაჭალაში, ხან კი მცხეთის  ავტობანზე.

ტიბაანიდან მირზაანში, ფიროსმანის სახლ-მუზეუმის სანახავად მე და ჩემმა მეგობრებმა ფეხით გადავწყვიტეთ წასვლა. შემოდგომის თბილი დღე სიარულს გვიადვილებდა. ალაგ-ალაგ მაყვლის ბუჩქებითა და მოყვითალო მიწით დაფარული გზა იმ დღის ისეთივე დაუვიწყარ შთაბეჭდილებად დამრჩა, როგორც  ფიროსმანის სახლ-მუზეუმის დაკეტილი კარი.

ზაფხულია. მე და ჩემი ბიძაშვილი სოფელში ვართ. თაკარა მზეში შარაგზაზე ფეხზე ვიხდით და ფეხშიშველები მოვტანტალებთ. ფეხისგულებს ცხელი ასფალტი გვიწვავს და გვსიამოვნებს. ამ მოგონებას ოცდაათი წელია გულით დავატარებ.

ჩვენ ვართ გზები, რომლებზეც გვივლია.

 

მამას მეგობარი „ლეინტენანტი“

მამას სახლში ხშირად მოჰყავდა მეგობრები. მათ შორის იყო ერთი მაღალი, ხმელი კაცი, რომელსაც ზედმეტსახელად „ლეინტენანტს“ ეძახდა. ქვეყანაში საშინელი სიღატაკე იყო. ამ კაცს კი ჩემთვის ყოველთვის მოჰქონდა „სნიკერსი“ . უზომოდ მიხაროდა მისი დანახვა. მამას მეგობართან შეხვედრის ბუნდოვანი სურათებიდან „ლეინტენანტის“ ღიმილი  და „სნიკერსი“ მახსენდება. მამაჩემის მადლიერი ვარ ამ ნაუცბადევად მოყვანილი სტუმრებისთვის, ჩემი გული სიყვარულით რომ აავსეს.

 

 ხეები

დაფიქრებულხართ თქვენი ბავშვობის ხეებზე? მე ხშირად ვფიქრობ. ალაზნის ველთან ახლოს, სოფელ ტიბაანს ხევი ეკრა. ხევზე კაკლის ხე იდგა, რომელზეც მე და ჩემი თანატოლი ბიძაშვილი ხშირად დავძვრებოდით. ბაღში ბროწეულისა და ლეღვის ხეები იდგა. მათი ტკბილი და მსუყე ნაყოფით ზაფხულისა თუ შემოდგომის მზიან დღეებში პირს ვიტკბარუნებდით და ხელები ტკბილი წვენით გვეწებებოდა.

მუხიანში, სახლის წინ ბაღი გვქონდა, სადაც მამამ თეთრი ბალი დარგო. მალე ბლის ტოტები კორპუსის მეხუთე სართულამდე აიწოწა. ივნისის დასაწყისში ნაყოფის დაკრეფის დრო დგებოდა. უბნის ბიჭები ხშირად მოდიოდნენ მოსაპარად და თუ თვალს შევასწრებდით, ფაცხა-ფუცხით გარბოდნენ. მამაჩემი უშიშრად მოექცეოდა ხოლმე ხის კენწეროში და საგულდაგულოდ კრეფდა ბალს. უწვრილეს ტოტებზე ისე იდგა, თვალებზე ხელს ვიფარებდი შიშისგან. მისი გარდაცვალების შემდეგ ბლის დაკრეფის რიტუალიც ქარს გაჰყვა.

ფასანაურის ეზოში ვაშლის, მსხლისა და ჭანჭურის ხეები გვქონდა. სახლის უკან კი უზარმაზარი კაკლის ხეები იდგა. შემოდგომობით სახლი ივსებოდა დაბერტყილი კაკლის, მსხლისა და ვაშლის სურნელით.

ტყის ძირში გარეული მსხლის, პანტის ხე იდგა. ბავშვურ წარმოსახვას იმის წარმოდგენა მიშფოთებდა, რომ პანტის საჭმელად დროდადრო დათვი სტუმრობდა.

ბავშვობის ხეებზე ჩემს შვილებს ხშირად ვუყვები. ძვირფასი მეგობრებივით მომყვება მოგონებები მათთან გატარებულ დღეებზე.

 

 ეკლესიები

კახეთში, სოფელ ტიბაანში, ორი ეკლესიაა: მთავარანგელოზისა და წმინდა სტეფანე ხირსელის. მთავარანგელოზის ეკლესიაში წირვა-ლოცვა არ ტარდებოდა. ხევისა და ფოთლოვანი ტყის გავლით ყოველდღე დავდიოდით და საგულდაგულოდ ვალაგებდით. იქიდან ვაკვირდებოდით ხირსის მონასტერსა და სოფელს.

დაუვიწყარი იყო სტეფანე ხირსელის სახელობის ტაძარში გატარებული აღდგომის ღამეები. გარდამოხსნის ეზოში გამოტანისას მრევლი ანთებული სანთლით ხელში ვუვლიდით გარს ტაძარს. მთვარიან ღამეში ალაზნის ველი და იქვე, ეზოში ჩარიგებული საფლავები იდუმალებით ავსებდა ჩვენს სულებს.

 

ტიბაანში ისევ დგას პაპაჩემის აშენებული ვეებერთელა სახლი, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობა და ხმაური იყო. ახლა იქ აღარავინ ცხოვრობს. სოფლის ორღობეები, ჭიშკრები, ძაღლები, ვირები, ინდაურები, რუები, სახლები, ბებოები, პაპები, ნათესავები – ბავშვობაში დარჩნენ, მაგრამ ჩემგან არსად წასულან. სიზმრადაც ხშირად ვარ იქ. წერისას განსაკუთრებული სიმძაფრით ვგრძნობ იმ დღეების სინათლეს. მგონია, რომ ხან „პედრო პარამოს“ ვკითხულობ, ხან ხიმენესის პლატერო მიდგას თვალწინ, ხან კი „სულების სახლი“ მახსენდება. ერთი რამ ცხადია, რომ არა ჩემი ბავშვობა, სამშობლოს, ენისა და რწმენის განცდა, არ იქნებოდა ისეთი ღრმა და ფაქიზი, როგორიც ახლა არის ჩემში. სწორედ ამიტომ, აუცილებელი მგონია, ვუამბოთ ბავშვებს ჩვენი ადამიანების, გზების, ხეების, სოფლების, ეკლესიების, დაუვიწყარი დღეების შესახებ, რათა მათ სულშიც გაიზარდოს სიკეთე და სიყვარული, რომელზეც ცხოვრებას ააგებენ.

 

ბავშვები, მოწყენილობა და ონლაინ გაკვეთილები

0

მას შემდეგ, რაც ეს ვერაგი ვირუსი გამოჩნდა და ცხადი გახდა, რომ ადრე თუ გვიან თითქმის ყველას კართან ჩამოდგება, იმაზე ვფიქრობ, რა მოხდება, თუკი შემხვდება და ჰოსპიტალიზაცია დამჭირდება; როგორ იქნებიან ბავშვები ჩემ გარეშე იმ არც თუ ისე ცოტა დღეების განმავლობაში. ან რა იქნება მაშინ, რომელიმეს თუ დაემართება და საავადმყოფოში მარტოს მოუწევს ყოფნა. ვირუსის იმდენად არ მეშინია, რამდენადაც მარტოობის. ჩემი და ბავშვების მარტოობის, ერთმანეთის გარეშე ყოფნის. თითქმის ორი თვეა იზოლირებული ვართ, მაგრამ ეს არაფერია, ერთად ვართ. მარტო ყველაფერი რთულდება. როცა ბავშვი ხარ, ან როცა ბავშვები გყავს.

 

სკოლიდან წერილი მივიღეთ, ჩვენი ფსიქოლოგი მზადაა, დახმარება თუ დაგჭირდათ, მიმართეთო. მსოფლიო მედია წერს იმაზე, რომ როცა ეს ყველაფერი გადაივლის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები წამოყოფს თავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბავშვობა ამაზე არანაკლებ განსაცდელებს დაემთხვა – ომებსა და სიღარიბეს, შიშით, გაურკვეველი მომავლის შიშით ცხოვრება ადვილი არ არის. სანამ მე ვირუსზე ვფიქრობ, სხვა იმაზე ფიქრობს, რა აჭამოს იმ დღეს შვილებს ან იმაზე, როდემდე შეიძლება ვერაფერი აჭამოს.

 

ყოველ დილას 4 ეკრანი ციმციმებს და ტარდება გაკვეთილები, შეხვედრები, თათბირები. ყველა ცდილობს, ცხოვრება ისე გააგრძელოს, როგორც მანამდე. ჩემი 5 წლის შვილს ბაღის „გაკვეთილებიც” კი უტარდება zoom-ში. ვარჯიშობენ, ხატავენ, მღერიან, დიდხანს გაჩერება უჭირთ და მასწავლებლებმა გვითხრეს, არა უშავს, თუ თავიდან ბოლომდე ვერ გაჩერდებიან, ნაწილობრივად დასწრებაც საქმეა, ერთმანეთთან კავშირი რომ შევინარჩუნოთ, ფორმაში რომ ვიყოთო. რაც დრო გადის, უფრო და უფრო იშვიათად შედის, ვხვდები, რომ სტრესია ეს ბავშვებთან კომუნიკაციის განსხვავებული ფორმა და არ ვაძალებ.

 

უფროსი მეორე კლასშია და დღეში 4 გაკვეთილი აქვს. ზოგჯერ დილას ადრე გაღვიძება ეზარება. პარასკევს 4-ის ნაცვლად 2 გაკვეთილი აქვს და ეგ მოსწონს. პროგრამა ჩვეულებრივ გრძელდება, მაგრამ ორივეს ეტყობა, რომ ეკრანებთან მყოფებს სკოლის ეზოში თამაში, მეგობრებთან ლაპარაკი და თავისუფალი დრო ენატრებათ. მხოლოდ გამრავლების ტაბულა და ტექსტების ანალიზი ხომ არ არის სწავლა, მით უმეტეს, როცა პატარა ხარ და თამაშით და გარემოზე დაკვირვებით უფრო მეტს სწავლობ, ვიდრე დავალებების შესრულებით. ისე ენატრებათ ის ყველაფერი, რაც მანამდე იყო, ზოგჯერ მაგიტომ არ დგებიან საწოლიდან დილაობით და მაგიტომ ამბობენ უარს „გაკვეთილზე შესვლაზე”, რომ უფრო არ დასევდიანდნენ მონატრებისგან.

 

მეც ჩვეულებრივ ვმუშაობ – სახლიდან, მაგრამ სრული დატვირთით და დღის განმავლობაში თითქმის არ მრჩება დრო მათთან სათამაშოდ. თავიდან ეგონათ, ეს ყველაფერი არდადეგებივით იქნებოდა, ბევრი დრო გვექნებოდა ერთმანეთისთვის. მალევე გაირკვა, რომ დრო მხოლოდ საკუთარი საქმეებისთვის გვაქვს, რომელთა შესრულებაც სახლიდან, რომელიც სკოლაცაა, ბაღიც, ბიბლიოთეკაც, სათამაშო მოედანიც, პარკიც, კაფეც და სამსახურიც, ბევრად რთულია. ამ დღეებში ბევრს ვწერ იმაზე, როგორ შეცვალა პანდემიამ და საგანგებო მდგომარეობამ ცალკეული ადამიანის ცხოვრება – ვის შეეზღუდა გადაადგილება, ვინ მოწყდა ოჯახს, ვინ ვერ შეძლო ონლაინგაკვეთილებში ჩართვა, იმიტომ, რომ ინტერნეტთან წვდომა და გაჯეტისთვის ფული არ ჰქონდა და იმაზეც, ვინ ვერ იბანს ხელს, იმის გამო, რომ სუფთა წყალზე არ მიუწვდება ხელი. ასეთი ბევრია და პანდემია პირველ რიგში დაუცველებს ერჩის, მათ აზიანებს. ისიც ცხადია, რომ ცენტრალიზებული და მასობრივი მიდგომა თუნდაც ყველაზე კეთილშობილი მიზნით, გაუფრთხილდე ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ცალკეული ადამიანისთვის შეიძლება მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხედ გადაიქცეს, როცა ეს მათი საჭიროებების უგულებელყოფას გულისხმობს. ვწერ ამ ამბებს და ეს მეხმარება, რომ არ ვიფიქრო ჩემს შიშებზე – როგორ მიჭირს ვენდო ექიმებს, პოლიციელებს, გადაწყვეტილების მიმღებებს; როგორ არ მინდა, რომ საკვების დეფიციტი გაჩნდეს და შიმშილობამ უფრო მასობრივი სახე მიიღოს; რა ახლოსაა რეალობა, რომ მალე ისეთი გაჭირვება დადგება, აღარ გვექნება ფული წიგნებისა და სათამაშოებისთვის და ბავშვები მიხვდებიან, რაზე ვლაპარაკობთ მაშინ, როცა ჩვენს ბავშვობაზე ვლაპარაკობთ. რა მოხდება მაშინ, თუ ბებია-ბაბუებს შეხვდებათ ეს ვერაგი ვირუსი – გადაიტანენ კი?

 

ვმუშაობ, ვუყურებ ჩემი, ბავშვებისა და მასწავლებლების შეცვლილი ცხოვრების წესს და ვფიქრობ, იქნებ სწორედ ესაა დრო იმისთვის, რაც არა პროგრამების ჩვეულებრივ გაგრძელებაში, სრული დატვირთვით მუშაობისა და მოციმციმე ეკრანებთან ჯდომისთვის უნდა გამოვიყენოთ. ესაა დრო, როცა ზუსტადაც ჩვენს შიშებსა და მონატრებებზე, იმედგაცრუებებსა და შეუსრულებელ ამოცანებზე უნდა ვიფიქროთ. ყველა ის ამბავი უნდა გავიხსენოთ ალბათ, რაც თავს გადაგვხვდა და არ გვინდა განმეორდეს და დავსახოთ გადარჩენის გზები – ინდივიდუალური, ჯგუფური თუ საყოველთაო. ალბათ ახლაა საუკეთესო დრო აღიარებისთვის, რომ – დიდებს გვეშინია, ზოგჯერ ჩვენც არ ვიცით, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება, რა იქნება ხვალ და ადამიანს კიდევ უამრავი რამ აქვს სასწავლი, თუნდაც ის, როგორ გადაურჩეს ვირუსის პაწაწუნა ნაწილაკებს ცოცხლად. ალბათ ეს დრო იმისთვისაცაა, რომ გადავაფასოთ ჩვენი ცოდნა და უნარები, განათლების და სხვა სისტემები – ალბათ ახლა საუკეთესო ნიადაგია  იმაზე მსჯელობისთვის, რას ვერ ფარავდა სასწავლო პროგრამები, ვის ვერ ხედავდა განათლების სისტემა, რამდენად არ აძლევდა საჭიროების მიხედვით ლავირებების საშუალებას  მასწავლებლებს და იმაზეც, რა ცოდნასაც ვაძლევთ სკოლაში ან უნივერსიტეტში ადამიანს, რამდენად საჭირო და გამოსადეგია ის.

 

ონლაინგაკვეთილებსა და სწავლებაზე საუბრისას ძირითადად განხილვის საგანი ტექნოლოგიური ელემენტებია ხოლმე – რა პროგრამას გამოვიყენებთ და როგორ ვმართავთ მოსწავლეებს დიდ და პატარა ჯგუფებში. ამ ვითარებაში ტექნოლოგიური საკითხები მგონია ნაკლებად მნიშვნელოვანია და მთავარი ისაა, რომ სწავლება, როგორიც არ უნდა იყოს, საჭირო ცოდნის გადაცემას უნდა ისახავდეს მიზნად და თუკი ამ დაშვებაზე შევთანხმდებით, შეიძლება იმაზეც დავფიქრდეთ, რომ ახლა, შიშების, იზოლაციისა და მარტოობის პერიოდში ყველაზე უპრიანია ბავშვებს ამაზე ველაპარაკოთ, იმაზე, რომ რაღაც დროს შეიძლება მარტო დარჩნენ, შეიძლება განსხვავებულ, უთანასწორო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, შეიძლება ამის გამო ტკივილი და სასოწარკვეთა იგრძნონ, მაგრამ ეს არ უშველით – მხნეობა უნდა მოიკრიბონ და გადარჩნენ. თუ ამას გადარჩებიან, აუცილებლად იქნება ვინმე მათთან ახლოს, ვისაც ეს დაემართება და მათ გვერდით დგომა, მათი მხარდაჭერა უნდა იცოდნენ. შეიძლება ზუსტად ახლაა ის დრო, რაც სულ გვჭირდებოდა, პაუზისთვის, ამოსუნთქვისთვის და იმაზე დაფიქრებისთვის, სად ვართ და სად გვინდა ვიყოთ, რას ცოდნას ვაძლევთ ბავშვებს და რა სჭირდებათ სინამდვილეში. ამ დროს უფრო მარტივად აიხსნება გაკვეთილები ავტორიტარიზმის, დემოკრატიის, მეცნიერების მნიშვნელობის, ეკონომიკური დილემების, სახელმწიფო მოწყობის შესახებ, გაკვეთილები უფლებებისთვის ბრძოლის, იზოლაციის, გარიყვისა და დისკრიმინაციის, სამართლიანობისთვის ომებში დაკარგული ადამიანების. ალბათ ახლაა კარგი დრო იმაზე სალაპარაკოდ, როგორი განსხვავებული ფასი აქვს ადამიანის სიცოცხლეს სხვადასხვა კულტურაში და რა საბედისწეროა ტოტალიტარიზმი იქ მცხოვრები ადამიანებისთვის.

 

შიგადაშიგ ბავშვებს ვეუბნები ხოლმე, რომ პეპიც მარტო ცხოვრობდა, მეტიც, ცხენს და მაიმუნსაც უვლიდა, ბლინებსაც აცხობდა და თავსაც ირთობდა. ყაჩაღის ასული რონია მთლად გამოქვაბულში წავიდა მარტო საცხოვრებლად მთელი ზაფხულით, როცა დაახლოებით იმხელა იყო, რამხელაც თქვენ ხართ. შესანიშნავი ხუთეულის ბავშვები მარტო როცა არიან, შესანიშნავ თავგადასავლებში ეხვევიან. ვუამბობ ამ და სხვა ამბებს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ამაზე იფიქრებენ, თუ მარტო დარჩენა მოუწევთ.

 

იმასაც ვეუბნები ხოლმე, რომ ადამიანები ზოგჯერ მთელ სიცოცხლეს ასე ატარებენ სახლის კედლებში გამომწყვდეულები, იმიტომ, რომ მათი სახლი ან ქუჩა სახლთან ახლოს ეტლით გადაადგილებისთვის არ არის ადაპტირებული, ან ვიღაცას მისი დანახვა არ სიამოვნებს და ურჩევს, სახლში იყოს, გარეთ არ გამოვიდეს, თორემ საბედისწერო იქნება ეს გამოსვლა – ახლა კარგი დროა ემპათიისთვის. როცა თავად ხარ საფრთხის ქვეშ, მგონია, უკეთ გესმის სხვების, ვინც ასე ხანგრძლივად ცხოვრობს.

 

ისეთი დროა, ონლაინგაკვეთილების გარდა, ცხოვრების გაკვეთილებსაც ვიღებთ და ალბათ ამ გაკვეთილების ონლაინგაკვეთილებზე განხილვა საინტერესო იქნება, სანამ მოწყენილობა მორჩება.

 

 

 

 

 

რჩევები ციფრული პედაგოგიკის ჰუმანურობისთვის

0

ტექნოლოგიის ინტეგრაცია ორლესული მახვილია: მას შეუძლია, დაგვეხმაროს იმ დაბრკოლებების დაძლევაში, რომლებიც დაუძლევლად გვეჩვენება, თუმცა შეუძლია მეტი დაბრკოლებაც შეგვიქმნას, თუკი მას არასათანადოდ გამოვიყენებთ.

ბევრ ციფრულ საშუალებას ერთგვარი დეჰუმანიზაციის ეფექტი გააჩნია: მცირდება ადამიანური ურთიერთობები, ჰეტეროგენური დაჯგუფებებისა და ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები. მოსწავლეები კი მასწავლებლებისა და თანაკლასელების ნაცვლად ეკრანებს უცქერენ.

ქვემოთ მოცემულია რჩევები ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლებაში მოსწავლეების ჩასართავად.

 რჩევები  ტექნოლოგიის გამოყენებისას, რათა არ დაიკარგოს პირისპირ ურთიერთობის ელემენტები

  1. ჩამოყალიბებული კურიკულუმიდან დღიურის წარმოებისაკენ: ასეთ დროს გონივრულად მიიჩნევა ინტერნეტზე დაფუძნებული ადაპტირებული საშუალებების გამოყენება. ისინი უადვილებს მასწავლებლებს სწავლების დისტანციურად მართვას.

მაგრამ არ შეიძლება კურიკულუმის დაწყება და დასრულება ამ აქტივობებით. დღეს დისტანციური სწავლებისათვის ციფრული ტექნოლოგიები აუცილებელია, თუმცა ამასთანავე შესაძლებელია ღია დავალებების, კომპლექსური ინსტრუქციებისა და დღიურის წარმოების გამოყენება და მოსწავლეების მიერ მათი ნაშრომების ატვირთვა Seesaw-სა ან Google Drive-ზე.

დღიურის წარმოებით მრავალამოხსნიანი მათემატიკური ამოცანები მოსწავლეებმა დამოუკიდებლად უნდა ამოხსნან; წაიკითხონ ამბავი და სხვადასხვა საკითხზე პასუხი მკითხველის დღიურში ან აზროვნების ჟურნალში ჩაწერონ. განივითარონ თავისუფალი ან შემოქმედებითი წერის ჩვევები გარკვეულ ჟანრში, რაც მასწავლებელს უკუკავშირის საშუალებას უტოვებს, და მოსწავლეებს წერითი უნარების განვითარებაში ეხმარება.

რაკი მოსწავლეები დამოუკიდებლად მუშაობენ, მასწავლებელს შეუძლია უმასპინძლოს ონლაინდისკუსიას, სადაც მოსწავლეები გააზიარებენ თავიანთ ნაშრომებს და ისევე ექნებათ ურთიერთობა ერთმანეთთან, როგორც საკლასო ოთახში.

  1. შექმენით დიალოგისა და დისკურსის შესაძლებლობები: სოციალური ინტერაქცია რთული ინსტრუქციის კრიტიკული კომპონენტია. მისი დადებითი მხარეების სრულად გამოსავლენად უნდა შევქმნათ დიალოგისა და დისკურსის შესაძლებლობები, რათა კარანტინის განმავლობაში ბავშვებმა არ შეწყვიტონ კრიტიკულად ფიქრი. ბევრს გვაქვს აუდიო ან ვიდეო კონფერენციების შესაძლებლობა. Google Meet და Zoom მხოლოდ ორი ინსტრუმენტია, რომელიც მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს, შეხვედრები გამართოს კლასთან.

მაგრამ ამის საჭიროება ბევრად სცდება სოციალურ ინტერაქციას. საფუძვლიანი სწავლება ხორციელდება არა სამუშაო ფურცელზე ან ერთმანეთთან დაუკავშირებელი ვიდეოებითა და დახურული შეკითხვებით. სწავლება საუბარია. მას სჭირდება ადამიანური კავშირი და ურთიერთობა. როდესაც ციფრულ ტექნოლოგიებზე ვართ დამოკიდებული და შეუძლებელია პირისპირ ურთიერთობა, მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ საკონფერენციო ინსტრუმენტებზე, როგორც სხვებთან ურთიერთობის საშუალებებზე.

  1. შექმენით თვითრეფლექსიის შესაძლებლობები: მიმდინარე კრიზისი ყველა ჩვენგანს – მათ შორის მასწავლებლებსაც და მშობლებსაც – საშუალებას გვაძლევს დავფიქრდეთ, რას ნიშნავს სინამდვილეში სწავლა. ჩვენ გვახსენებენ, რომ სწავლა უფრო პროცესია, ვიდრე პროდუქტი. ბევრი სამუშაო ფურცლის გამოყენება ვერ მოიტანს ნაყოფიერ ცოდნას.

შესაძლებელია მოსწავლეებს გავუზიაროთ დამატებითი აქტივობები მხოლოდ რეფლექსიისათვის. მაგ. ვიდეო ღია კითხვებით, რის შემდეგაც მოსწავლეებმა პასუხი უნდა გასცენ შემდეგ შეკითხვებს (ჩაწერონ შესაბამისი ვიდეო):

  • რა გაგიადვილდათ ამ დავალებაში?
  • რას გააკეთებდით სხვაგვარად სხვა დროს?
  • როგორ შეიცვალა თქვენი ფიქრი?

ყოველივე ეს შეახსენებს მოსწავლეებს, რომ სწავლება არც იწყება და არც მთავრდება მათ მიერ განხორციელებული აქტივობით. ის შეიძლება უკავშირდებოდეს და უნდა უკავშირდებოდეს კიდეც მომავალ აქტივობებს და მათი განხილვა დავალებაზე რეფლექსიისას ქმნის მოლოდინს, რომ მათ დასჭირდებათ ახალი ცოდნის მორგება მომავალ დავალებებზე.

ონლაინსწავლების პრივილეგია

ნუ მიიღებთ ამ შესაძლებლობას, როგორც მოცემულობას. ბევრ მოსწავლეს, ამა თუ იმ მიზეზის გამო არ შეუძლია ონლაინსწავლებით სარგებლობა, იქნება ეს ინტერნეტის არქონა თუ კარს მომდგარი ფინანსური კრიზისი.

სოციალური დისტანცირების ეპოქაში ყველანი ვეძებთ სოციალური სიახლოვის რაიმე ფორმას. ციფრული სწავლების ჰუმანიზება, როგორც მისი კლასთან ურთიერთობის საშუალება, თქვენ გეხმარებათ სწავლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციის განხორციელებაში.

გამოყენებული რესურსი:

https://www.edutopia.org/article/3-tips-humanizing-digital-pedagogy

 

ოცნება ოლეზე

0

ხე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა – ნაყოფიერებისა, ყვავილობისა, ადამიანური ცხოვრებისა, დრო-ჟამის ცვალებადობისა (გაზაფხული – ზაფხული – შემოდგომა – ზამთარი). ხე მოიაზრება უკვდავების სიმბოლოდაც.

თვითონ ხის არსი იძლევა მისი სიმბოლოდ გადააზრების საფუძველს: ფესვები მიწის სიღრმეში უდგას, კენწეროთი კი ცას სწვდება; შემაერთებელია მიწისა და ცისა.

ქართველებისთვის ხე წარმართულ ეპოქაშივე იყო სიმბოლურად დატვირთული, თუმცა ქრისტიანობამ ის უფრო მასშტაბურად გადაიაზრა. ჯვარი, ქრისტიანობის მთავარი სიმბოლო, ხისგანაა შექმნილი. სამოთხეში ხემ დაღუპა პირველი ადამიანი და ხემვე აღადგინა იმ ძელის სახით, რომელზეც იესო ჯვარს აცვეს.

ხისგან შეიქმნა სვეტიცხოველიც, რომელმაც უაღრესად დიდი როლი შეასრულა ქართველების იდენტობის ჩამოყალიბებაში.

ქართულ ლიტერატურაში ხეს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მეოთხე საუკუნის „ნინოს ცხოვრებით“ დაწყებული, XX საუკუნის ლიტერატურით დამთავრებული, არ დარჩენილა საქართველოში მწერალი, რომ ხისთვის ერთი სტროფი მაინც არ მიეძღვნას და ამ ხნის განმავლობაში ქართველებისთვის საკულტო ხეებად სვეტიცხოველი, ვაზი და მუხა რჩებოდა.

გიორგი ლეონიძის ლიტერატურული მემკვიდრეობა მდიდარია ხის სიმბოლიკით. ამის ნათელსაყოფად „ნატვრის ხეც“ საკმარისია, რომელსაც ავტორმა ხალხური ლექსი წაუმძღვარა: „ხეა, ხეა ხერავანდი, ზედ ასხია შარავანდი“. აქ ხე ოცნებაა, რომელსაც შეიძლება შეერწყა კიდეც, მსგავსად ელიოზისა. ხე ცოცხალი არსებაა, მეტყველია. პოეტი მასში საყვარელ ადამიანს ხედავს, მის სულს, ხეში გადასულს.

ლექსებიდან კი მარტო „ოლეც“ კმარა, რომელსაც ბევრი მწერლის ავტოპორტრეტადაც მიიჩნევს.

ოლე მარტოხეა, საჩრდილობლად დატოვებული. ალბათ, ამ მარტოობის გამო თუ ადარებენ პოეტს.

ლეონიძე ოლეს ფრთებმომსხვრეულ არწივს ადარებს (ფრთები – ძლიერების სიმბოლო, სააქაო სინამდვილისგან გაქცევის, რეალურიდან ირეალურში გადასვლის საშუალება. როცა ფრთები იმსხვრევა, ადამიანი მატერიალურის, ამქვეყნიურის ამარა რჩება).

ოლე რაშია, მიწას მიჭედებული. რაში – თავდავიწყების, უსასრულობის, თავისუფლებისა და ქროლის სიმბოლო – დატყვევებულია. ოლე პარტახია, ნამეხარია.

ოლე არ უნდა იყოს მხოლოდ ავტორის ავტოპორტრეტი; ის გოგლას დროინდელი საქართველოს სახეცაა, ბალღამის და ცრემლის სვეტი, „ყორნისაგან ჩაყეფილი“, დროის ბრუნვაში ქერქგახდილი და შიგნიდან გამომწვარ-გამოღადრული.

ოლეს მარტოობა საქართველოს მარტოობაა. საქართველოც მარტოა სისხლიანი კომუნიზმის პირისპირ, როგორც ოლე – მეხის პირისპირ.

ოლეს მარადიული მოლოდინი ბაზალეთის ტბის ძირას აკვანში (აკვანიც ხისგან არის გამოთლილი!) მწოლიარე გმირის მოლოდინია.

ოლეს „ოქროს თავი“ ცისკენ იყურება. ოქრო ღვთაების ატრიბუტია. ცისკენ სწრაფვა კი ქრისტიანობაში ადამიანის მთავარი დანიშნულება და მოწოდებაა.

ლექსის მეხუთე ნაწილში პოეტის ოცნება ცხადდება: მის ზმანებაში ოლეს წასაყვანად ციდან კიბე ჩამოეშვება; ოლე ზეცად აიჭრება, მზე გულში იკრავს, ფესვებს უკოცნის, ვარსკვლავები თავს ევლებიან, ნუგეშს სცემენ.

„მიჰქრის ცაში წასაყვანად/ აკიბული კიბე,

დააყრიან ტოროლები ატლასებს და დიბებს“.

კიბეც ქრისტიანული სიმბოლოა,  ღვთისმშობლის ერთ-ერთი ეპითეტი, ცისა და მიწის შემაკავშირებელი. დიბა-ატლასი კი ქართულ ზღაპრებში დიდებულებისა და ბრწყინვალებას გამომხატველი ატრიბუტია.

ლექსის ეს ფრაგმენტი საოცრად ჰგავს „ნინოს ცხოვრებიდან“ სვეტიცხოვლის აღმართვის ეპიზოდს: სვეტიცხოველს შარავანდედი დაადგება და ცისკენ დაიძვრება. სვეტიცხოველი კი ქართულ მწერლობაში საქართველოს სულია, ამაყი და გაბრწყინებული.

ნამეხარი მარტოხე (სამშობლო) პოეტის ოცნებაში სვეტიცხოველია, რეალობაში – ბალღამისა და ცრემლის სვეტი.

ზმანება მთავრდება. პოეტს კვლავ ლიახვზე მდგარი მარტოხე წარმოუდგება თვალწინ, შრეებად დახლეჩილი. ეს შრეები ის დაქუცმაცება და გათითოკაცებაა, ქართველებს ოდითგანვე რომ მოგვდგამს.

ლექსის დასასრულს პოეტის მოთმინებაც ილევა. იგი შესძახებს ოლეს: „რაშო, მიწას მიჭედილო,/გასჭერ, აიქროლე“. ეს მოწოდებაა ქმედებისკენ, ილიასეული მჩქეფარე თერგის მოწონებაა და მდუმარე მყინვარწვერის დაგმობა.

პოეტი ოცნებობს, მარტოხე ოლე ლიახვის რძიან ქაფში ტივად შემოცურდეს. მდინარე, ისევე როგორც რძე, განწმედის, ფერისცვალების, ინიციაციის საშუალებაა მითებსა თუ ზღაპრებში. გოგლას მარტოხის სწორედ ასეთი გარდასახვა სურს; სურს, ოლე იქცეს სახლის დედაბოძად, ხეთა წინამძღოლად!

ლექსი კათარზისით მთავრდება: ნამეხარი, ტყავდამსკდარი, ძვლებდამდნარი ოლე ქართველთათვის უწმინდეს დედაბოძად იქცევა.

 

გიორგი ლეონიძის ლირიკაში უამრავი ხეა, ზოგი ტყეებად შეყრილა, ზოგი მარტოა… პოეტმა იცის, რომ ხისგან აკვანიც ითლება და კუბოც, ხე საჩრდილობლადაც გამოიყენება და სახრჩობელას მარყუჟის ჩამოსაბმელადაც – ეს ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული. ხესთან ადამიანის ურთიერთობა მისი ადამიანურობის ერთგვარი ინდიკატორიცაა.

 

P.S. „ლიტერატურულ გაზეთში“ დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის წერილი „ქართული სახელები“. პოეტი წუხს, რომ საქართველოში მომრავლდა უცხოური სახელები, ძირძველი ქართული კი დაიკარგა და აქვე თავისივე შეგროვებული სახელების სიას აქვეყენებს, სადაც ვკითხულობთ: ალვა, ატმურა, ბროწეულა, იასამანი, ჩინარი, გულაბი… პოეტი დასძენს: „ჩვენი სია, უმთავრესად და არსებითად, ქართულია, ქართული წარმოშობისაა, ძველი და ახალი ქართული საგანძურიდან გამოზიდული“.

კომპლექსური დავალება – ევროკავშირი

0

მშვიდობიანი და ერთიანი ევროპა ყოველწლიურად, 9 მაისს აღნიშნავს ევროპის დღეს. აღნიშნული თარიღი უკავშირდება შუმანის ისტორიულ დეკლარაციას. 1950 წელს პარიზში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა წამოაყენა პოლიტიკური თანამშრომლობის იდეა, რომელიც შეუძლებელს ხდიდა ომს კონტინენტზე. ევროპული გაერთიანება ფოლადისა და ქვანახშირის  შეგროვებასა და მართვას უკავშირდებოდა.

ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების შესახებ იდეა თავდაპირველად ფრანგმა პოლიტიკურმა მოღვაწემ ჟან მონემ წამოაყენა. მისი აზრით, ომის საწარმოებლად სწორედ ეს ორი რესურსია საჭირო და მისი სუპრანაციონალიზაცია საფრანგეთისა და დასავლეთ გერმანიის გაერთიანებას გამოიწვევდა.

ევროპის დღეების ფარგლებში ყოველწლიურად იმართებოდა მასშტაბური  სპორტული, კულტურულ –  შემეცნებითი აქტივობები, სემინარები დისკუსიები და ა.შ. პანდემიის გავრცელებამ კი ყველაფერი შეცვალა.

შექმნილ იტუაციაში შეიძლება დადებითის მონახვაც: სოციალური დისტანცირებისა და სახლებში გამოკეტვის ფონზე აღმოჩენილი თავისუფალი დრო რესურსების განახლებას ხმარდება. გთავაზობთ ევროპის თემატიკაზე შექმნილ კომპლექსურ დავალებას, რომელიც ფარავს სამი საგნის: ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების საკითხებს. დავალება განკუთვნილია საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის. მასზე მუშაობის დროს მოსწავლეებში დამუშავდება ისეთი ცნებები, როგორიცაა: ძალაუფლება, საზოგადოება, ისტორიული მოვლენა, მდგრადი განვითარება, დემოკრატია და სხვა.

დავალების შესრულებისას მოსწავლეები

აღმოაჩენენ:

  • ევროპული გაერთიანების შექმნისა და გაფართოების კანონზომიერებას;

იმსჯელებენ:

  • ევროკავშირის როლზე ეკონომიკური კეთილდღეობის მიმართულებით;

გაიაზრებენ:

  • ევროპულ ღირებულებებს;

დაასაბუთებენ:

  • საქართველოს ევროპული გზის მართებულობას.

თითოეული დავალების/აქტივობის წინ მოსწავლეებს დახვდებათ მცირე შესავალი, რომლის გაცნობის შემდეგაც ექნებათ წარმოდგენა, თუ რის გაკეთება და  რა პროდუქტის შექმნა მოუწევთ მათ. ამასთანავე, დავალებაში რესურსები ჩადებულია ჰიპერლინკების სახით. დავალებაზე მუშაობისას მოსწავლე ერთი დაწკაპუნებით გახსნის საჭირო ვიდეოსა თუ ტექსტს.

 

ევროპული გაერთიანების შექმნა და გაფართოება

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპა – დაუძლურებული, დანგრეული,  მიწასთან გასწორებული და უსახლკარო ადამიანებით სავსე იყო. თუმცა, ევროპამ მალევე შეძლო ძალების გაერთიანება, რამაც  სწრაფი განვითარება, აღმშენებლობა, ეკონომიკური კეთილდღეობა, უსაფრთხოება, თანასწორობა, სამართლიანობა და კანონის უზენაესობა განაპირობა. ამ ნაწილში მნიშვნელოვანია  აღმოვაჩინოთ:

  • როგორ ჩაეყარა ევროპულ გაერთიანებას საფუძველი;
  • რა როლი შეასრულა მარშალის გეგმამ (ჰუმანიტარულმა დახმარებამ), ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანების დაფუძნებამ;
  • რას გულისხმობდა ევროპის ერთიანი ეკონომიკური ბაზარი და ატომური ენერგიის გაერთიანება (1957 წლის რომის ხელშეკრულება);
  • რატომ გახდა მიმზიდველი სხვა ქვეყნებისთვის (გაფართოების კანონზომიერება).

პირველი დავალების პირობა: იმისთვის, რომ შეძლოთ ცხრილში დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა, გთავაზობთ  მულტიმედია რესურსებსა და სასარგებლო ბმულებს. უპირველეს ყოვლისა უყურეთ ვიდეოს – ევროკავშირის ისტორია. შემდეგ გაეცანით ევროკავშირის განვითარების ეტაპებს, სადაც ქრონოლოგიურად დალაგებულია მნიშვნელოვანი მოვლენები და ხელშეკრულებები.  ბოლოს გაეცანით ევროკავშირის გაფართოების ისტორიას. ცხრილის შევსებაში დიდ დახმარებას გაგიწევთ დოკუმენტური ფილმი – მოგზაურობა ევროპაში. დასახელებული რესურსების გაცნობის შემდეგ, თავისუფლად შეავსებთ მოცემულ ცხრილს.

როგორ ჩაეყარა ევროპულ გაერთიანებას საფუძველი;

 

 

რა როლი შეასრულა მარშალის გეგმამ (ჰუმანიტარულმა დახმარებამ), ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანების დაფუძნებამ; რას გულისხმობდა ევროპის ერთიანი ეკონომიკური ბაზარი და ატომური ენერგიის გაერთიანება (1957 წლის რომის ხელშეკრულება).

 

როგორ გარდაიქმნა ევროგაერთიანება  ევროკავშირად? რა შეცვალა მაასტრიხტის ხელშეკრულებამ?

 

რით იყო მნიშვნელოვანი და გამორჩეული ევროკავშირის მე-5 გაფართოება?
­

 

ევროკავშირის როლი ეკონომიკური კეთილდღეობის მიმართულებით

ევროკავშირს მსოფლიო მასშტაბით ძალიან დიდი ეკონომიკა  აქვს, რომლითაც იგი  მიმზიდველია დანარჩენი სამყაროსთვის.  მეორე დავალების შესრულების დროს იმსჯელებთ, თუ როგორ შეუწყო ხელი ეკონომიკის ზრდას და კეთილდღეობის მიღწევას თავისუფლებამ. მაგალითად, ევროპის შიდა ბაზარი, ასევე ცნობილი, როგორც „ერთიანი ბაზარი“ (ხალხსა და ბიზნესს აძლევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილებისა და ვაჭრობის საშუალებას). პრაქტიკულად, ის სთავაზობს მომხმარებელს პროდუქციის ფართო არჩევანს და აძლევს მათი ყიდვის საშუალებას კონკურენტუნარიან ფასად, ამასთანავე, ხელს უწყობს მომხმარებელს, იყოს დაცული საკუთარ ქვეყანაში, საზღვარგარეთ და/ან ინტერნეტით ვაჭრობისას.

მეორე დავალების პირობა: ევროკავშირის გაერთიანების ოთხი ძირითადი საფუძველია საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და მუშახელის თავისუფალი გადაადგილება. პირველ დავალებაში გაეცანით ოთხ მნიშვნელოვან რესურს. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უპასუხეთ კითხვებს და შეავსეთ გონებრივი რუკა. დავალების შესრულებაში ასევე დაგეხმარებათ ვიდეო – ევროკავშირის უფლებამოსილებები.

ღირებულებები

მესამე დავალების პირობა: ანტიდასავლური პროპაგანდა ცდილობს ევროპული ღირებულებების დისკრედიტაციას, მის ქართულთან შეუსაბამოდ წარმოჩენას. სინამდვილეში, ჩვენ ევროპასთან და ზოგადად დასავლეთთან ღირებულებითი თანხვედრა გვაკავშირებს. ევროპული ცივილიზაცია საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. ის არასოდეს გაჩერებულა. არც მისი ხელახალი გააზრება ყოფილა პრობლემა. ძველის გარდაქმნის შიში მათ არასოდეს ჰქონიათ. სწორედ საუკუნეების წიაღში წარმოიშვა და განვითარდა ევროპული ღირებულებები. რა არის ევროპული ღირებულებები? – ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, მის საფუძვლიანად გასააზრებლად შეასრულეთ აქტივობები:

პირველი აქტივობა ემსახურება ევროპული ღირებულებების ახლოს გაცნობას. დავალების შესასრულებლად რამდენიმე წყაროს გაცნობა დაგჭირდებათ. იმისთვის, რომ სრულყოფილად შეავსოთ ცხრილი, გთხოვთ, გულდასმით გაეცნოთ შემდეგ რესურსებს:

ევროპული ღირებულებები

ევროკავშირის სტრუქტურები

მოგზაურობა ევროპაში

რას გულისხმობს ევროპული იდეა? რას მოიაზრებს ევროპული დემოკრატია?  რატომ არის მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა,  დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელება? რისთვის არის საჭირო ეფექტური მმართველობა და საბაზრო ეკონომიკა? შენთვის ცნობილ რომელ ღირებულებებს, ფასეულობებს დაუმატებდი შენ?

 

მეორე აქტივობა ქართულ საზოგადოებაში არსებულ ანტიდასავლურ განწყობებსა და საბჭოთა სენტიმენტებს ეხება. რუსული მედია-ორგანიზაციები  და მათი სატელიტი ქართული გამომცემლები თუ ტელევიზიები, ყველა საშუალებით ცდილობენ ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას. იმისთვის, რომ თქვენ არ მოექცეთ მათი ზეგავლენის ქვეშ, საჭიროა აქტიური მუშაობა.

თქვენი მიზანია, შექმნათ შედარებითი პოსტერები. პირველ პოსტერზე წარმოაჩინეთ ევროპული ღირებულებები, ხოლო მეორეზე ასახეთ, თუ რა თავისებურებებით ხასიათდებოდა საბჭოთა სისტემა. თუ გადაწყვეტთ პოსტერის ელექტრონული ვერსიის შექმნას, შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ვერსიით.

შედარებით პოსტერზე მუშაობისთვის, სკოლაში გავლილი საკითხების გარდა, დაგჭირდებათ დამატებითი რესურსები საბჭოთა კავშირზე. მოცემული რესურსები დაგეხმარებათ საორიენტაციო კითხვებზე პასუხების გაცემაში.

რას წარმოადგენდა საბჭოთა კავშირი

საბჭოთა “მონობაში” აკრძალული ლიტერატურა და ფილმები

დოკუმენტური ფილმი – საბჭოთა საქართველო

შედარებითი პოსტერების  შექმნის პროცესში ყურადღება მიაქციეთ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:

  • როგორი იყო ინდივიდების/ხალხის როლი?
  • როგორ არის დაცული ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება?
  • ვინ წყვეტს ქვეყნის ბედს?
  • როგორი კონტროლია გამეფებული?
  • როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს?

როგორც აღვნიშნეთ, პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ევროპული ღირებულებების ქართულთან შეუსაბამოდ წარმოჩენაა. მესამე აქტივობა დაგეხმარებათ, დაფიქრდეთ ქვემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე.

  • რეალურად რა არის ქართული ღირებულებები?
  • სად ჩანს ის ყველაზე მეტად? რას ფიქრობდნენ დიდი ქართველი მოაზროვნეები?

თქვენ გადაწყვიტეთ, რომ დაწეროთ სტატია (გნებავთ ბლოგი) სახელწოდებით ღირებულებები ნაწარმოებებში და პუბლიცისტიკაში. ნაშრომის ასაგებად მოიშველიეთ ქართველი ავტორები და მათი ნაწარმოებები.

შოთა რუსთაველი  „ვეფხისტყაოსანი“
„ვეფხისტყაოსანის“ გმირები ერთმანეთისაგან მკვეთრად გამოირჩევიან. როგორ ფიქრობ, ეს გამორჩეულობა, მრავალფეროვნება მათ აძლიერებს თუ ასუსტებს? რა დამოკიდებულება აქვთ პერსონაჟებს შედარებით დაბალი ფენის წარმომადგენლების მიმართ? ნაწარმოების მთავარი თემაა – თავგანწირვა სხვა ადამიანების გამო. რომელ ღირებულებას დაუკავშირებდი აღნიშნულს?
ვაჟა ფშაველა „ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“, „ბახტრიონი“
რომელ ნაწარმოებში უპირისპირდება მთავარი გმირი საუკუნეების წინ წარმოშობილ წესებსა და ადათებს?

რომელ ნაწარმოებშია ნაჩვენები პიროვნების განსაკუთრებული მნიშვნელობა და ფასეულობა?

რატომ უპირისპირდება ერთ-ერთი გმირი უცხოს გამო მთლიანად თემს?

სად ჩანს, როდესაც ინდივიდები პირად ინტერესებზე მაღლა აყენებენ საზოგადოებას, ერს?

გრიგოლ რობაქიძე „გველის პერანგი“
რატომ არ სჯერდება ერთ-ერთი გმირი ერთხელ მიღებულ პასუხებს და ხელმეორედ სვამს  შეკითხვებს?
ილია ჭავჭავაძე პუბლიკაცია  – ქალთა თანასწორობა
ილია ჯერ კიდევ XIX საუკუნის მიწურულს საუბრობს გენდერული თანასწორობის საკითხებზე. რომელი მაგალითებით ცდილობს წაახალისოს იმ დროინდელი ქართველი ქალები? რატომ?

 

საქართველოს ევროპული გზა

დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე საქართველოსა და ევროკავშირს შორის იწყება ურთიერთობა. წლების განმავლობაში მხარეებს შორის არაერთი პროექტი განხორციელდა. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დღეს ერთადერთი სადამკვირვებლო მისიაა კონფლიქტის ზონაში.

მესამე დავალების პირობა:  როგორც უკვე იცით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულია ასოცირების შეთანხმება, რომლის ნაწილი ღრმა და ყოვლისმომცველია. ჩვენ ასევე 2017 წლიდან ვსარგებლობთ ევროპაში უვიზო მიმოსვლის უფლებით, ე.წ. ვიზალიბერალიზაციით. ჩვენი ქვეყანა და ორგანიზაცია თანამშრომლობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.

უყურე ვიდეოს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები და შეაფასე ჩვენი ქვეყნის შანსები გაწევრიანების თვალსაზრისით. რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ იმისათვის, რომ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს? წარმოადგინეთ დაახლოებისა და ინტეგრაციის  ხუთნაბიჯიანი  გეგმა.

 

დავალება საკმაოდ ვრცელია. მასზე მუშაობა შეიძლება რამდენიმე კვირაც კი გაგრძელდეს. მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა დაუთმოს რამდენიმე გაკვეთილი ამ საკითხებს. რა თქმა უნდა, თქვენი დახმარება და ფასილიტაცია აუცილებელია.

ამგვარად მიწოდებული ინფორმაცია, მოსწავლეებს მისცემს საშუალებას, ევროკავშირი დაინახონ დადებითი კუთხით, რაც მთავარია, ექნებათ გააზრებული და არგუმენტირებული პასუხი – რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა და სწრაფი ინტეგრაცია. კომპლექსური დავალების საშუალებით  მოსწავლეთა ყურადღება მიექცევა არაერთ საკითხს.

 

* შენიშვნა! – ქართულ ელექტრონულ სივრცეში ევროკავშირის წევრად ჯერ ისევ 28 ქვეყანაა მოხსენიებული. გაითვალისწინეთ, რომ 2020 წლის 31 იანვარს დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად დატოვა ევროკავშირი, რის შემდეგაც გაერთიანებაში დარჩა 27 ქვეყანა.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა და რესურსები:

ევროპის დღის ისტორია – https://europa.eu/european-union/about-eu/symbols/europe-day_en

ევროკავშირის ისტორია – https://youtu.be/SmtqCCKQiAU

ევროკავშირის განვითარების ეტაპები – https://old.infocenter.gov.ge/euinfo-structure/#1

ევროკავშირის გაფართოების ეტაპები – https://old.infocenter.gov.ge/euinfo-expansion-eu/#1

მოგზაურობა ევროპაში – https://youtu.be/2UUVSUSXOm0

ევროპული ღირებულებები – https://youtu.be/jUZ9DBjfIW8

ევროკავშირის სტრუქტურები https://youtu.be/o7oEB9dTuOc

რას წარმოადგენდა საბჭოთა კავშირი – https://www.gfsis.org/files/my-world/4/USSR.pdf

საბჭოთა “მონობაში” აკრძალული ლიტერატურა და ფილმები – https://www.mythdetector.ge/ka/myth/sabchota-monobashi-akrdzaluli-literatura-da-pilmebi

დოკუმენტური ფილმი – საბჭოთა საქართველო – https://www.youtube.com/watch?v=DdmSaDu76Ho

ქალთა თანასწორობა – https://gdi.ge/uploads/other/0/442.pdf

ასოცირების შეთანხმება  – https://old.infocenter.gov.ge/euinfo-the-association-agreement/#1

ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები – https://www.youtube.com/watch?v=_uR1gpdRlIY&feature=youtu.be

ვებ-გვერდი ელექტრონული პოსტერის შესაქმნელად – https://www.easel.ly/

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...