ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
19 ივნისი, ხუთშაბათი, 2025

როგორ დავგეგმოთ მუზეუმში სტუმრობა

0

მუზეუმში სტუმრობა ბავშვებს მძაფრი შთაბეჭდილებებით ავსებს. შესაძლოა ჯერ ისინი სათანადოდ ვერ აფასებდნენ ექსპონატების მნიშვნელობას, მაგრამ გაივლის დრო და ერთ დღესაც ბრილიანტივით გაიბრწყინებს იქ გატარებული წუთები.

მუზეუმი – ნივთებით წარმოჩენილი ისტორიაა. როცა ბავშვები საკუთარ იდენტობას გაიაზრებენ და ეროვნული თვითშეგნებით აღივსებიან, საკუთარი ქვეყნის ისტორიის ცოდნა დაეხმარება მათ სამყაროს მშვენიერების აღიარებაში.

მუზეუმში სტუმრობა უფრო შთამბეჭდავი და ნაყოფიერი იქნება, თუკი წინასწარ მოვემზადებით. ერთ მშვენიერ დღეს ჩემი შვილები და მათი მეგობრები გამოფენის „სიკვდილი და სიცოცხლე – დიდებული პომპეი“ – სანახავად წავიყვანე. ხშირად მახსენდება ნასტასია არაბულის სტატია, რომელშიც ის მშობლის პრაქტიკას გვიზიარებს. დედა შვილების მეგობრებს ხშირად მასპინძლობდა და მათთვის საინტერესო გარემოს ქმნიდა. მაშინ დავფიქრდი, როგორი მნიშვნელოვანია შვილების მეგობრებზე ზრუნვა. თუკი დრო მაქვს, ვცდილობ, მოზარდები ვირტუალურ სამყაროს მოვწყვიტო და მათთვის შემეცნებითი ტური მოვაწყო.

ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება დაეხმარება მზრუნველ ადამიანებს, გაულამაზონ ბავშვებს ცხოვრება და დღე საინტერესოდ დაგეგმონ.

ცნობისმოყვარეობის აღძვრა

პირველი ნაბიჯი ცნობისმოყვარეობის აღძვრაა. ეს შეიძლება იყოს გამოფენის ან ერთი ექსპონატის შესახებ საუბარი. ჩემი დაკვირვებით, მუზეუმში იმდენად ჭარბი ინფორმაცია ხვდებათ, შესაძლოა დამახსოვრება გაუჭირდეთ და მალე დაიღალონ. ამიტომ მუზეუმში სტუმრობისას მხოლოდ ერთი დარბაზის ან გამოფენის ნახვა დაგეგმეთ. წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია ექსპონატების შესახებ, შეარჩიეთ რომელიმე მათგანი და მოუყევით მათი ისტორია, დაუსვით კითხვები და თავადაც გაეცით პასუხები. მცირე კვლევისთვის შეგიძლიათ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოფიციალურ ვებგვერდს ესტუმროთ.

ამბავი პომპეიზე

მუზეუმში წასვლამდე ერთად მოვიძიეთ ინფორმაცია პომპეის შესახებ. 8-12 წლის გოგო-ბიჭებში ვულკან ვეზუვის გამანადგურებელი ამოფრქვევისა და ადამიანების ტრაგიკული აღსასრულის ამბავმა მძაფრი შეგრძნებები აღძრა.

 

შესასვლელი ბილეთები

შესასვლელი ბილეთების შევსება სახალისო აქტივობაა ცნობისმოყვარეობის გაღვივების ეტაპზე. მას მუზეუმში მისვლამდე ავსებენ. შესაძლოა, რამდენიმე კითხვა დაუსვათ ან მხოლოდ ერთი რამ ჰკითხოთ – რა მოლოდინი გაქვს? პასუხი წერილობით უნდა გასცენ. ჩვენ მეტროში გამოვნახეთ დრო, დღიურებში მათ მოლოდინის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები ჩაინიშნეს:

„მე ვფიქრობ, მუზეუმში რომ შევალთ, იქ იქნება ნივთები, რომლებიც იქნება ისტორიით სავსე. ძალიან მაინტერესებს მუზეუმი. არასდროს ვყოფილვარ. ან შეიძლება, ნამყოფიც ვარ და არ მახსოვს“, – ნიკა, 10 წლის

„მე მაქვს მოლოდინი, რომ მუზეუმში ბევრ საინტერესო ნივთს და პატარ-პატარა ქანდაკებას ვნახავთ. იქ მოგვიყვებიან სხვადასხვა ნივთზე“, – მარიამი, 11 წლის

„მე გაქვავებული ადამიანების ნახვის სურვილი მაქვს. ასევე, მინდა, ვიცოდე ლავის შესახებ უფრო მეტი რამ. უჰ, ერთი სული მაქვს როდის მივალთ!“ – თეკლა, 12 წლის

„მე მაქვს მოლოდინი, რომ მუზეუმში იქნება ბევრი ძველი და საინტერესო ნახატის გამოფენა“, – თამარი, 10 წლის.

„მალე მუზეუმს მივუახლოვდებით. დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო იქნება. მატარებლის ლიანდაგის ხმაური ჟღარუნების ჩხრიალს მაგონებს. რას ველოდები? ძველ ნივთებს, ქანდაკებებს…“, – ნია, 12 წლის.

„მე ველოდები ხალხს, ოღონდ გაქვავებულს, და ცხოველებსა და ნივთებს, რომლებიც 79 წლიდან 2021 წლამდე ლავაში იყო. ერთი სული მაქვს, როდის მივალ მუზეუმში“, – გაბრიელი, 8 წლის.

 

3-5 ექსპონატი, რომელიც მოეწონათ

ბავშვებს ვთავაზობ 3-5 ექსპონატის შერჩევას, წარწერების დღიურში გადმოტანას და ჩახატვას. ჯერ საგულდაგულოდ ვათვალიერებთ დარბაზში გამოფენილ ნივთებს, ვუყურებთ სამგანზომილებიან ვიდეოს, ერთმანეთს ვუზიარებთ შთაბეჭდილებებს.

ვაჩვენებ ჩემს მოწონებულ ნივთებს, ვესაუბრები თითოეულის შესახებ. შემდეგ ისინი იწყებენ დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთებას, დგებიან საგამოფენო ვიტრინებთან და გულმოდგინედ ხატავენ.

დღიურები ექსპონატთა სახელებს ინახავენ:

  • ჭრაქის სადგამი, ძაღლის ფორმის აპლიკაცია;
  • ცალყურა ბოთლი, კოვზის (ლოკოკინას, ხამანწკის კვერცხისთვის), სამაჯური;
  • თხელკედლიანი სასმისი, ღუმელი;
  • საწოლის დეკორატიული ელემენტები, ღორის ფორმის ყულაბა.

 

 

მაკდონალდსი

როგორც უკვე აღვნიშნე, ბავშვები მალე იღლებიან. მუზეუმის შემდეგ მათი თხოვნით მაკდონალდსში მივდივართ. გზად რუსთაველის აფორიზმებით, მინიატურებითა და ორნამენტებით გაფორმებულ აბრებს ვაკვირდებით. დროში მოგზაურობა ნაყოფიერი იქნება, თუ თანამედროვე სამყაროსთან ვიმეგობრებთ. თუ ბავშვები იგრძნობენ, რომ უფროსები პატივისცემას გამოხატავენ მათი სურვილებისა და ინტერესების მიმართ, მაშინ ისინი შენს სურვილებსაც ითვალისწინებენ.

გასასვლელი ბილეთები

მაკდონალდსში გრძელ მაგიდასთან მოვკალათდით. ძალების აღდგენის შემდეგ ბავშვებს ვთხოვე გასასვლელი ბილეთების შევსება, რაც შთაბეჭდილებების გაზიარებას გულისხმობდა.

„ჯიპრაიდის“ სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებულში არის მზა წინადადებები, რომლებიც უნდა დააბოლოონ. შესაძლოა ამ აქტივობის შეთავაზებაც.

გთავაზობთ აქტივობის მაგალითებს რესურსწიგნიდან:

  • მინდა გავიგო უფრო მეტი …ის შესახებ…
  • ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც დღეს ვისწავლე…
  • მე გამიკვირდა ის, რომ …
  • მე მსურს, რომ…
  • დღევანდელი დღის საუკეთესო ნაწილი …

ბავშვების ნებართვით, გიზიარებთ მათ შთაბეჭდილებებს გასასვლელი ბილეთებიდან:

„უფრო სხვა მოლოდინი მქონდა. არ მეგონა ასეთი მაგარი თუ იქნებოდა“.

„მე მუზეუმში ძალიან საინტერესო და ბევრი ნივთი ვნახე. მაგალითად, არ ველოდი ოქროს ლომის ფიგურას, რომელიც 5-თეთრიანზეა გამოსახული, ასევე, ახალგორში მოპოვებულ განძს“.

„მქონდა მოლოდინები, რომლებიც გამართლდა და მოლოდინები, რომლებიც არ გამართლდა. მაგალითად: სიამოვნებით ვნახავდი შეყვარებულების პატარა გაქვავებულ ძეგლებს, მაგრამ… ვნახე უდიდესი გაქვავებული ადამიანები. I საუკუნეში, როდესაც ვულკანი ამოიფრქვა და ადამიანები გაქვავდნენ, მათ შორის იყვნენ ძაღლები. რომ დავინახე, მათი საცოდაობით დავიწვი. რისი მოლოდინიც არ მქონდა, ისეთი რაღაცებიც ვნახე, მაგალითად: აქსესუარები, ყელსაბამები, ბეჭდები, სამაჯურები…“.

„ეს დღეც მიილია. ძალიან საინტერესო იყო. ვნახე უამრავი რამ. გადავიღეთ ფოტოები, გავერთეთ, ვიცინეთ, ვიხალისეთ, ვისაუბრეთ, ვწერეთ და უკანა გზაზე მაკდონალდსს მოვუახლოვდით, შემოვედით, მივირთვით, ახლა კი ყველა რვეულებს მივჩერებივართ და ვწერთ, თუ როგორი საინტერესო იყო მუზეუმი. მიხარია ასეთი მეგობრები და მასწავლებელი რომ მყავს“.

„ძალიან მომეწონა მუზეუმში. ასეთ მუზეუმში არასდროს ვყოფილვარ. იმდენი საინტერესო რამ იყო, ვერ გადმოვცემ. ვნახე ორი ადამიანი, ერთმანეთს ეხუტებოდნენ, როდესაც ვულკანი ამოიფრქვა. ჩვენ ვნახეთ, როგორ ამოიფრქვა ვულკანი. ამოფრქვევის დროს ერთი ძაღლი დაბმული იყო და შემეცოდა“.

 

აალაპარაკე ექსპონატი

ერთი ექსპონატის ალაპარაკება გასასვლელი ბილეთის ბოლო ნაბიჯი იყო. ამგვარად, ერთი რომელიმე ნივთი ახალ სიცოცხლეს იძენს და ბავშვებისთვისაც დაუვიწყარი ხდება.

 

„გამარჯობა, მე ვარ ძაღლი. ვულკანის ამოფრქვევის დროს დაბმული ვიყავი, გაქცევა ვერ მოვახერხე და შევეწირე ამ უბედურებას“.

„გამარჯობა, მე ვარ გოჭის ფორმის ყულაბა. დღეს ძალიან ბევრი და საინტერესო სტუმარი მყავდა. ჩემს მეგობრებსაც ესტუმრნენ. ყველა რაღაცას იწერდა, კითხულობდა, უყურებდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეტყობა მოვეწონეთ მე და ჩემი მეგობრები. ნახვამდის. კიდევ გვესტუმრეთ“.

„გამარჯობა, მე ვარ ჭრაქის სადგამი ბრინჯაო. ჩემზე ადრე რაღაცებს დებდნენ ხოლმე“.

 

„გამარჯობა, მე ჯიხვისთავიანი ტაფა ვარ. მე ბრინჯაოსი ვარ, მაგრამ მე მსხვერპლშეწირვისთვის ვარ. ბევრი შემიწირავს შენც შეგიწირავ“.

 

„გამარჯობა, მე ღორის ფორმის ყულაბა ვარ. მინდა, ისტორია მოგიყვეთ.

ერთი გოგონა, სახელად ალინია იყო ჩემი პატრონი. ჩემი თავი მას მამამისმა აჩუქა დაბადების დღეზე. მას ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა. იმ დღიდან დაიწყო ფულის შეგროვება, მაგრამ ერთ დღესაც საშინელი ხმაური გავიგონე. მიწისძვრა დაიწყო. ყველა გარეთ გამოცვივდა. ალინიას ჩემი წამოღება არ დავიწყებია. ეზოში ყველა ერთმანეთს ეხუტებოდა, ამხნევებდა… ლავა გვიახლოვდებოდა. ბახ… გაგრძელება არ იქნება“.

 

არ გამართლდა ღორის ფორმის ყულაბის მოლოდინი. ის გადარჩა და ჩვენი წარმოსახვა მისი მეპატრონის შესახებ ამბებს იგონებს, მათი უბედურებით შეძრულები მადლიერებას ვუგზავნით იმისთვის, რომ ასეთი დახვეწილი კულტურა ჰქონდათ და პომპეის აღმოჩენა სიცოცხლის ახლებურ გააზრებაში გვარწმუნებს. მადლიერებასთან ერთად სიბრალულსა და უმწეობის განცდასაც მოვიყოლებთ თან.

მუზეუმში სტუმრობისას ბავშვების ჩანაწერები თქვენთვისაც ძვირფასი გახდება. ისინი კი მოვლენების აღწერას, შემჩნევასა და ფიქრების გასიტყვებას ისწავლიან.

 

სტატიაზე მუშაობისას დღიურში აღმოვაჩინე მუზეუმის ბილეთი, რომლის ქვითარზე დღის მთავარი დეტალები ჩამიწერია:

  • რიგი
  • გაბოს ქურთუკი
  • ფოტოაპარატის ყუთი
  • ძაღლის ჯაჭვი
  • გოეთე
  • ქალბატონი ნინო
  • ვენერა თმას იშრობს
  • იხვი ნილოსიდან
  • გედებიანი ჭრაქი
  • ახალგორის ნამარხი
  • თრიალეთის თასი
  • რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია
  • შოთა რუსთაველი და ამერიკანო

გთავაზობთ, გაეცნოთ სტატიას – ბილეთობანა და ქვითრობანა. მუზეუმში სტუმრობისას ამ აქტივობის გამოყენებაც შეგიძლიათ.

წვრილი შრიფტით წარწერილმა მთავარმა დეტალებმა ბავშვებთან ერთად გატარებული დღე კადრებად გამიცოცხლა. ნოემბრის სუსხიანი დღეებისთვის ჩემი ბიჭისთვის ვეძებდი თბილ ქურთუკს, რომელსაც ელვა გაჰფუჭებოდა. ჩემი თხოვნით, გაბო ქურთუკს მაინც იცვამს, თუმცა, რამდენიმე თვეში 8 წლის ბიჭს ტანი აუყრია და ქურთუკი აღარ ეტევა. მე და ნიკა ჩაცმაში ვეხმარებით, მაგრამ შრომა წყალში გვეყრება და ქურთუკი შუა გზაზე ჯიუტდება. გაბოსა და ქურთუკს ისევ ერთად ვეჯაჯგურებით და სიცილი გვიტყდება. შვილის მეგობართან ერთად სიცილს დღის განწყობად მივიყოლებ. მუზეუმში რიგი გვხვდება. აქ არასდროს გვინახავს ერთად ამდენი ადამიანი. ბილეთებს ვყიდულობთ და ფოტოაპარატის ყუთთან სამახსოვრო სურათს ვიღებთ. ისე ბევრნი ვართ კადრში ჩატევა გვიჭირს და ერთმანეთს ვფარავთ. პირველი შთაბეჭდილება გაქვავებული ძაღლი აღმოჩნდება, რომელსაც ყელზე გამობმულმა ჯაჭვმა თავის დახსნაში შეუშალა ხელი. თვალში მხვდება გოეთეს ფრაზა. რამდენიმე წუთში კი პატარა ქანდაკებას სახელად „ვენერა თმას იშრობს“ დავაკვირდები და ჩემ გვერდით მდგარ ქალს შევნიშნავ. ვენერა ჩემს ლექტორს, ქალბატონ ნინო ფირცხალავას მაპოვნინებს. სწორედ მან შემაყვარა და გამაცნო გოეთე და ინტელექტუალურ რომანში გაბნეული ანტიკური სიმბოლოების მნიშვნელობაზე დამაფიქრა. იხვი ნილოსიდან და გედებიანი ჭრაქი – ნახატებსა თუ ინკრუსტირებულ ნივთებზე გამოსახულ ფრინველებზე დაკვირვება მიყვარს და ჩემს განცდებს ბავშვებსაც ვუზიარებ.

მეშვიდეკლასელები – თეკლა და ნია – თრიალეთის თასს ცნობენ, ქართულის გაკვეთილზე ხშირად ვსაუბრობთ მასზე დატანილი რიტუალის შესახებ. მას პოეზიის წარმოშობას ვუკავშირებთ. აბრაზე ვკითხულობთ – „რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია“. ჩემი ცხოვრების მთავარი საზრისი ყველაზე მეტად ნეოპლატონიზმს ეხმიანება. თუკი გულში სიბნელე ჩამოწვება, როგორ ვიქცევით? – ბავშვების პასუხების მოსმენას არაფერი სჯობს მაშინ, როცა ქალაქში შემოდგომის სუსხიანი საღამოა, ცხელ ამერიკანოს სვამ და ფანჯრიდან შოთა რუსთაველის ძეგლს გაჰყურებ.

თქვენც სცადეთ მთავარი დეტალებისთვის შემოინახეთ დღე. დარწმუნებული ვარ, ფიქრისა და წერის პროცესი თქვენს პატარა მეგობრებს არ გამოეპარებათ. ჩვენი მიზანიც ხომ ეს არის, რომ პირადი მაგალითით ბავშვებს შინაარსიანი ქმედებისკენ ვუბიძგოთ.

თავისუფალი თამაშისა და თავგადასავლების საგანმანათლებლო ფუნქციები

0

სტატია მომზადებულია დოქტორი პიტერ გრეის (მასაჩუსეტსის კოლეჯის პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი) ნაშრომების მიხედვით.

პიტერ გრეი: „ყველგან, სადაც ბავშვები თამაშობენ, მათ ეძლევათ საშუალება, გამოიკვლიონ თავიანთი „სათამაშო“ სივრცე და ამას ისინი გარკვეული, უნივერსალური წესებით აკეთებენ. ჩემი დებულების თანახმად, თამაშისა და კვლევის მამოძრავებელი ძალები ადამიანში ევოლუციის განმავლობაში ჩამოყალიბდნენ და ისინი სწავლის, განათლების მიღების საფუძველია. მეტიც – ეს ჩემი განცხადების რადიკალური ნაწილია – მე მინდა დაგიმტკიცოთ, რომ ეს ისეთი ენერგიის მქონე მამოძრავებელი ძალებია და იმდენად ჰარმონიულად არიან ჩვენში ჩაქსოვილნი, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ ჩაუყარონ საფუძველი განათლებას (როგორც პროცესს, ლ.ა.), დღევანდელი კომპლექსური კულტურის პირობებშიც კი. თუ მოვახერხებთ და ბავშვებს შევუქმნით შესაბამის პირობებს თამაშის, გარემოს კვლევისა და თავგადასავლებისთვის, მაშინ აღარ დაგვჭირდება სავალდებულო განათლების სისტემა!“.

ქვემოთ შემოგთავაზებთ რამდენიმე დაკვირვების (სამეცნიერო კვლევის) შედეგებს, რომლებიც დაადასტურებს ჩემი თეზისის მართებულობას ბავშვების თამაშისა და გარემოში თავგადასავლების შესახებ.

განათლება მინიმალური ჩარევით – დემონსტრაცია ინდოეთში: დოქტორი სუგატა მიტრას დაკვირვებები

დაკვირვებების პირველმა ჯგუფმა კვლევა ინდოეთში ჩაატარა. კვლევაში მონაწილეობდა ქ. ნიუ-დელის ერთ-ერთი ტექნოლოგიური კომპანიის სამეცნიერო კვლევების დირექტორი ბ-ნი მიტრა და მისი კოლეგები (Dangwal, Jha, & Kapur, 2006; Mitra, 2003; Mitra & Rana, 2001). ის ინდოეთის სხვადასხვა ქალაქისა და სოფლის ოცდაექვს ღარიბულ უბანში მიმდინარეობდა. გარეთ, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას, დაამონტაჟეს ასი ცალი პერსონალური კომპიუტერი, რომლებსაც ვიდეოკამერები აკვირდებოდნენ და იწერდნენ ყველაფერს, რაც კომპიუტერების დამონტაჟების შემდეგ ხდებოდა.

როგორც შედეგების ანალიზის შემდეგ გაირკვა, ყველგან დაახლოებით ერთნაირი ზოგადი შედეგი დადგა. ბავშვებმა, რომლებსაც კომპიუტერი მანამდე ნანახიც კი არ ჰქონდათ, გამოიკვლიეს ეს უცნაური მოწყობილობა, რომელიც მათთვის ტელევიზორს უფრო წააგავდა.

ისინი ეხებოდნენ კომპიუტერს და ალბათ შემთხვევით, აღმოაჩინეს, რომ შეეძლოთ ეკრანზე კურსორის გადაადგილება, შეხების ველზე (ე.წ. „პადზე“) თითის ტარებით.

ეს „შეხება“ დაეხმარა მათ ახალი, საინტერესო აღმოჩენების გაკეთებაში: მაგალითად, კურსორი კომპიუტერის სპეციფიკურ ადგილებში მოხვედრისას ადამიანის ხელად გადაიქცა; „პადზე“ დაჭერისას, როდესაც კურსორი „ხელი იყო“, ეკრანი შეიცვალა. ყოველ ახალ აღმოჩენას, რომელსაც აკეთებდა ესა თუ ის ბავშვი ან ჯგუფი, ისინი უმალ უზიარებდნენ სხვებს. რამდენიმე დღეში უკვე ათ-თორმეტი ბავშვი ისევე ფლობდა კომპიუტერით სარგებლობის უნარებს, როგორც ის ბავშვები, რომლებსაც არასდროს ჰქონია კომპიუტერთან ხელმისაწვდომობის პრობლემა. ისინი „დაძვრებოდნენ“ სხვადასხვა ვებსაიტზე, იწერდნენ/ჩამოტვირთავდნენ მუსიკას და თამაშებს, ხატავდნენ Microsoft Paint-ით და ა.შ. იმ ბავშვებმა, რომლებმაც იცოდნენ კითხვა, იპოვეს მათთვის საინტერესო სტატიები. ბავშვები, რომლებიც ვერ კითხულობდნენ, დაიწყეს კითხვის სწავლა, ეკრანზე იმ სიტყვების ცნობით, რომლებსაც მათი ჯგუფის წევრები კითხულობდნენ.

დოქტორ მიტრას დაკვირვებამ ნათლად გვიჩვენა, რომ ადამიანის ბუნების სამ ფუნდამენტურ ასპექტს, ცნობისმოყვარეობას, სილაღესა და თანაზიარობას, შეუძლია ერთად „მოქმედება“ და განათლებისათვის მძლავრი საფუძვლის შექმნა. ცნობისმოყვარეობა ბავშვებს უბიძგებდა გარეთ დადგმული კომპიუტერებისკენ, აღუძრავდა მათ კომპიუტერთან სხვადასხვაგვარი მანიპულაციის სურვილს, ამ უცხო მოწყობილობის თვისებების შესწავლის მიზნით.

კომპიუტერთან მანიპულაციებმა ბავშვები მოულოდნელ აღმოჩენებთან მიიყვანა. თითოეული აღმოჩენა სხვა, ახალი აღმოჩენისკენ უბიძგებდა მათ. მაგალითად, აღმოჩენამ, რომ სიმბოლოზე (ნიშანზე) დაწკაპებით ეკრაზე გამოსახულება იცვლება, ბავშვებს ინტერესი გაუღვივა და უბიძგა ყველა არსებულ სიმბოლოზე დაეწკაპებინათ, იმის სანახავად, თუ რა მოხდებოდა შემდეგ.

მაგალითად, ისინი, ვინც ერთხელ უკვე ნახა Paint-ის სახატავი პროგრამა და ისწავლა მისი გამოყენება, დაინტერესდნენ ამ პროგრამით, დახატეს ან გააფერადეს სხვადასხვა სურათი, რამაც მათში სახატავი პროგრამისთვის საჭირო უნარები განავითარა.

თამაში ბავშვებს ეხმარება, მოახდინონ უკვე შეძენილი ცოდნის კონსოლიდაცია და განივითარონ ამ ცოდნის გამოყენებისთვის საჭირო უნარები. დამატებით უნდა აღვნიშნოთ, რომ თამაშს ხშირად ახალი აღმოჩენებისკენ მივყავართ, რომლებიც აღძრავენ ცნობისმოყვარეობას და გვიბიძგებენ სიახლის ძიების ახალი რაუნდებისკენ.

ახლის ძიებას მივყავართ თამაშამდე, თამაშს – მეტი ძიებისკენ და ა.შ. თანაზიარობა ან ახლის გაზიარების სურვილი ბავშვებს უბიძგებს სიახლისა და აღმოჩენების ერთად განცდისკენ, ერთად თამაშისკენ. როდესაც ერთი ბავშვი რაღაც ახალს აღმოაჩენს (ისწავლის), როგორიც იყო, მაგალითად, სიმბოლოზე დაწკაპუნება, იგი სიხარულით უჩვენებს ამას სხვებს, რაც უკვე მათ დაინტერესებასა და სიხარულს იწვევს.

ბავშვებში თანაზიარობის თვისება და საერთო ენის ცოდნა, შესაძლებლობას აძლევს თითოეულ ბავშვს, გაავრცელოს ახალი აღმოჩენა, სიახლე თუ სიხარული სხვებს შორის. ერთის მიერ ნანახი სიახლე ხანძარივით გადაედება მთელ ჯგუფს; ბავშვი ჰყვება ამ ახალ ამბავს თავის მეგობართან უკვე სხვა ჯგუფში და ახალი ამბავი უკვე ამ ჯგუფში ვრცელდება ხანძრის სიჩქარით. დოქტორმა მიტრამ, კვლევის შედეგად აღმოაჩინა, რომ ასეთი ქსელურ-სოციალური კავშირების მეშვეობით, თითოეულმა გარეთ დამონტაჟებულმა კომპიუტერმა, კომპიუტერთან მუშაობის უნარები გამოუმუშავა სამას ბავშვს!

დოქტორი მიტრას სურვილია, რომ ასეთი გარეთ დამონტაჟებული კომპიუტერები არსებობდნენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ღარიბულ უბანში. ასე დამონტაჟებული კომპიუტერების საშუალებით თავისით, სკოლისა და მასწავლებლების გარეშე გახდება შესაძლებელი წერა-კითხვის უცოდინარობის აღმოფხვრა და საშუალება მიეცემა ღარიბებს, ეზიარონ მსოფლიო ცოდნას.

დოქტორი მიტრა (2003) ასეთ განათლებას უწოდებს „განათლებას მინიმალური ჩარევით“, ქირურგიაში დამკვიდრებული ტერმინის – „მინიმალური ინვაზიური ქირურგია“ – ანალოგიით.

ანთროპოლოგების ანგარიში, მონადირე-შემგროვებლების კულტურაში განათლების შესახებ

დაკვირვებების მეორე ჯგუფი მონადირე-შემგროვებელთა ეპოქის ადამიანების ანთროპოლოგიურ კვლევებს აწარმოებდა. სოფლის მეურნეობა, როგორც ასეთი, დაახლოებით 10,000 წლის წინ გაჩნდა (Diamond, 1997). მანამდე, ასობით ათასი წლის განმავლობაში, ჩვენ, ადამიანთა მოდგმა გაერთიანებული ვიყავით მცირე რაოდენობის მომთაბარე რაზმებში და თავს ნადირობითა და საკვებად ვარგისი მცენარეულის შემგროვებლობით ვირჩენდით.

ჩვენი ადამიანური ბუნება, თამაშისა და კვლევის სურვილების ჩათვლით, ბუნებრივი გადარჩევის შედეგად ჩამოყალიბდა მონადირეობა-შემგროვებლობის პერიოდში.

დღეს უკან ვეღარ დავბრუნდებით და ვერ შევისწავლით ჩვენს წინაპრებს, მაგრამ დაახლოებით 20-30 წლის წინ ანთროპოლოგებს მსოფლიოს მიყრუებულ, იზოლირებულ კუთხეებში ჯერ კიდევ შეეძლოთ მონადირე-შემგროვებელი ხალხების პოვნა, რომლებსაც არ შეხებია თანამედროვე ცივილიზაცია.

თამაშის შესახებ ჩემი გამკვლევების ნაწილი გახლდათ ანთროპოლოგიური ლიტერატურის კითხვა და ასეთ კულტურებში ბავშვების ცხოვრების თავისებურებების შესწავლა. გარდა ამისა, მე ჩემს სადოქტორო სტუდენტთან ბ-ნ ოგასთან ერთად ჩავატარე ანთროპოლოგ მეცნიერთა გამოკითხვა. ეს ის მეცნიერები გახლდნენ, ვინც დიდი ხანი იცხოვრა მონადირე-შემგროვებელ ხალხებთან ერთად. ჩვენ მეცნიერებს გავუგზავნეთ კითხვარი, ასეთ კულტურებში მცხოვრები ბავშვების შესახებ (Gray & Ogas, 1999).

ცხრა სხვადასხვა ანთროპოლოგმა, რომლებიც მონადირე-შემგროვებელთა ექვს სხვადასხვა კულტურას შეისწავლიდნენ – სამს აფრიკაში, ორს აზიაში და ერთს ახალ გვინეაში – ჩვენი კითხვარი შეავსეს. რა თქმა უნდა, ყველა კულტურა თავისთავად უნიკალურია, ლიტერატურის მიმოხილვამ და კითხვარის პასუხებმა გამოავლინეს კულტურათშორისი თანმიმდევრობა და შეთანხმებულობა. კვლევის შედეგებს შევაჯამებ სამი ძირითადი დასკვნის სახით შევაჯამებ (რომლებიც ეყრდნობა შემდეგ ლიტერატურას: Draper [1976]; Gosso et al. [2005]; Konner [1972]; Marshall [1976]; & Turnbull [1968].)

დასკვნა 1: მონადირე-შემგროვებელი კულტურის წარმომადგენელ ბავშვებს, იმისათვის, რომ ჰქონდეთ წარმატებული ზრდასრულობა, ძალიან დიდი მოცულობის ცოდნის შეძენა უწევთ.

იმისთვის, რომ კარგი მონადირე გახდეს, ბიჭმა უნდა იცოდეს, როგორ გაარჩიოს და ინადიროს ორასიდან სამასამდე სხვადასხვა სახეობის ფრინველზე და ძუძუმწოვარა ცხოველზე, რომლებზეც მისი ტომის ხალხი ნადირობს.

ბავშვმა (ბიჭმა) უნდა ისწავლოს სანადირო იარაღების დამზადება, როგორებიცაა, მშვილდ-ისარი, ისრების სასროლი მილი, სასროლი შუბი, კაკანათი, ბადე და მრავალი სხვა საშუალება ნადირობისთვის (ჩამონათვალი დამოკიდებულია კულტურაზე).

გარდა იარაღების დამზადებისა და მათთვის საჭირო ნედლეულის/მასალების შერჩევისა, საჭიროა ყველა იარაღის მარჯვედ გამოყენების დასწავლა.

გოგონებისთვის კი შემგროვებლობა ნიშნავს უსასრულო სახისა და სახეობის მცენარეების, ფესვების, თხილეულის, თესლების, ხილის, მწვანილეულისა და სხვა, საკვებად ვარგისი და საკვები ღირებულების მქონე ბუნებრივი მასალის კარგად ცოდნასა და გარჩევას; მათი შეგროვების, მოკრეფის სეზონებისა და გავრცელების ადგილების კარგად ცოდნას; მცენარეებისგან საკვებად ვარგისი ნაწილების მოპოვება-გამოყენებას; ამ ურიცხვი მასალის მომზადებისა და შენახვის წესებს.

დამატებით ამ ყველაფერზე, მონადირე-შემგროვებელთა ბავშვებმა უნდა ისწავლონ ქოხებისა და თავშესაფრის მშენებლობა, ცეცხლის დანთება, საჭმლის მომზადება, მტაცებლებისგან თავის დაცვა, ამინდის ცვლილების წინასწარმეტყველება (დაკვირვებითა და გამოცდილებით), სანადირო და საკვები ბაზის ადგილების ზედმიწევნით ცოდნა, დაავადებების, ჭრილობებისა და დაზიანებების მკურნალობა, მშობიარობის დროს დახმარება, ჩვილი ბავშვების მოვლის წესები, ჯგუფში, ტომში ურთიერთშეთანხმებისა და ჰარმონიის წესების დადგენა-შენარჩუნება, თხრობის კულტურა, მუსიკა, ცეკვა და კულტურული რიტუალების შესრულება.

დასკვნა 2: ბავშვები ამ ყველაფერს თავისთავად სწავლობენ.

მონადირე-შემგროვებლებს არ აქვთ ბავშვების სწავლების რაიმე ფორმალური პროცედურები. თუ მათ მოზრდილებს ჰკითხავთ, „როგორ სწავლობენ ბავშვები?“, გიპასუხებენ რომ ისინი თვითონვე სწავლობენ, თავიანთი შერჩეული აქტივობებით – აქტივობებით, რომლებსაც ჩვენ „თამაშსა“ და „გარემოს შესწავლას“ ვეძახით. ეს წესი საერთო აღმოჩნდა მონადირე-შემგროვებელთა ყველა კულტურაში, რომლებიც შეისწავლეს.

დასკვნა  3: ბავშვებს უამრავი დრო აქვთ თამაშისა და „აქეთ-იქით ხეტიალისთვის“.

ჩვენი რესპონდენტები ერთსულოვანნი იყვნენ იმაში, რომ მონადირე-შემგროვებელთა ბავშვები და მოზარდები, რომლებსაც ისინი აკვირდებოდნენ, ძირითადად, მთელი დღეების განმავლობაში თავისუფლები იყვნენ. მათ შეეძლოთ ეთამაშათ, ეძრომიალათ, ეხეტიალათ დასახლების შემოგარენში, მოზრდილთა კონტროლის და ზედამხედველობის გარეშე და ეს სრულად ეთანხმება, მონადირე-შემგროვებელთა შესახებ ჩატარებულ ანთროპოლოგიურ კვლევებში მოცემულ დაკვირვებებს.

ამ კულტურების აღქმით, არავინ ელის რაიმე პროდუქტიულ შრომას ან შედეგებს ბავშვების ან მოზარდებისგან. მათივე არჩევანით, ბავშვები დაკავებულნი არიან იმ აქტივობებით, რომლებიც მათ სურთ და რომლებიც მათთვის გარკვეულწილად სავარჯიშოა, თამაშის სახით.

მაგალითად, ბიჭები დაუსრულებლად თამაშობენ ნადირობის თამაშებს, ჰბაძავენ რა მამების ქცევას. პატარა მშვილდებითა და ისრებით, ისინი ჯერ პეპლებს და გომბეშოებს ესვრიან, შემდეგ კი მცირე მღრღნელებს ან სხვა პატარა ცხოველებს.

დროთა განმავლობაში, ბიჭები უკვე იწყებენ მცირე ზომის ნადირის მონადირებას და ამით წვლილი შეაქვთ საერთო, კომუნალური საკვების მოპოვებაში. შემდეგ, მათი თამაშ-თამაშით მონადირებული, ნელ-ნელა რეალური ნადირობის სახეს იძენს, თუმცა თამაშის სულისკვეთებით სრულდება.

ჩვენმა რესპონდენდენტებმა, გარდა ნადირობისა, ბავშვების აქტივობების ბევრი სხვა მაგალითი მოიყვანეს, რომლებიც მოზრდილთა საქმიანობის პირდაპირ იმიტაციას წარმოადგენენ და რომლებიც ბავშვების თამაშის ნაწილია.

ფესვებისა და ძირხვენების მოთხრა, თევზაობა, მაჩვ-ზღარბებისა და თხუნელების სოროებიდან კვამლით განდევნა, საჭმლის მომზადება, ჩვილთა მოვლა, პატარა ქოხების მშენებლობა, ხეებზე ძრომა, ლიანებისგან კიბეების მომზადება, დანებისა და სხვა იარაღების გამოყენება, ტვირთის გადაზიდვა, ტივის შეკვრა, ცეცხლის დანთება, მტაცებლებისგან თავდაცვა, ცხოველების მიბაძვა (რაც ნიშნავს მათ ზედმიწევნით ცოდნასა და მათი მოძრაობების გამეორებას), სიმღერა, ცეკვა, ამბების თხრობა და კამათი სხვებთან – ეს ყველაფერი ანთროპოლოგების მიერ გამოგზავნილ პასუხებში ვიპოვეთ და ეს ჩამონათვალი ბევრგან მეორდებოდა.

წყარო: https://cdn2.psychologytoday.com/assets/attachments/1195/natures-powerful-tutors.pdf

 

მოამზადა ლევან ალფაიძემ

 

დაამსხვრიე „ბორკილები“! -მოსწავლეებთან ერთად გააზრებული ტექსტებით

0

ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში შემიყვარდა დონალდ ბისეტი, როცა მისი „ყველაფერი ყირამალა“ პირველად წავიკითხე. ვერ გეტყვით, ისევე აღვიქვამდი თუ არა ამ პატარა ზღაპრებს მაშინ, როგორც დღეს აღვიქვამ, მაგრამ ფაქტია, რომ მან მასწავლა განსხვავებული ხედვა, მან მასწავლა ფრენა! ბავშვობაში კლასელებისგან განსხვავებულად ვაზროვნებდი და ერთხელ ერთმა მეგობარმა თქვა: „წვეტიანი აზრები აწუხებსო“. კი! დღესაც ასეა, ოღონდ დღეს ამ „წვეტიან აზრებს“ კრეატიულობა და ორიგინალურობა ჰქვია.

მე-3 კლასის „მშობლიურ ენაში“ ნესტან კუპრავას შეტანილი აქვს ბისეტის „როგორ სწავლობდა გოჭი ფრენას“, „დედა წერტილი და შვილი წერტილი“ და „ყიყინა საფოსტო ყუთი“. მე მხოლოდ პირველ ორზე შევჩერდები. მგონია, რომ ამ ორი ტექსტის სიღრმისეული გააზრება ადამიანებს სტერეოტიპებთან ბრძოლაში დაეხმარება, თავისუფლებასა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას ასწავლის, ამასთანავე გაააზრებინებს, რომ ზოგჯერ სურვილების აუსრულებლობა უფრო მეტად გვზრდის, ვიდრე ასრულება.

ამ ქვეტექსტების ამოკითხვას მესამეკლასელი ბავშვი მარტო ვერ შეძლებს, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემეული ხედვა თქვენთვისაც გამეზიარებინა, რადგან მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ისეთი უნარების ჩამოყალიბება, როგორებიცაა პრობლემების გადაჭრა, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, ეთიკა, მეოცნებე იკაროსის გარშე, გარწმუნებთ, ნამდვილად უფერული იქნება.

მთელ ტექსტს აქ არ მოვიყვან, მაგრამ პოსტულატებად ჩავდებ იმ წინადადებებს, რომლებზეც ღირსეული პიროვნებები უნდა აღიზარდონ.

ამ ასაკის ბავშვებისთვის ა. წერეთლის „ღამურა“ ცოტა ნაადრევია, ამიტომ კარგი იქნება, თუ ტექსტის დაწყებამდე აყურებინებთ ძველ ქართულ ანიმაციურ ფილმს „ერთი პატარა თაგუნა“. დაუსვით კითხვები: რა აზრი ჰქონდა თაგუნას ვეფხვად, ძაღლად ან კატად გადაქცევას? რა უფრო მნიშვნელოვანია – შიგანი თუ გარეგანი მხარე?

ამის შემდეგ სთხოვეთ ბავშვებს, დააკვირდნენ ახალი პერსონაჟის ქცევას ტექსტში.

ზღაპარი იმით იწყება, რომ გოჭს ფრენა უნდა და ჯადოსნურ წყაროსთან მიდის ნატვრის ასასრულებლად. წყაროც ფრინველად გადაქცევას სთავაზობს.

საოცარია გოჭის პასუხი: „არა, მე გოჭობა მინდა! მინდა, გოჭი ვიყო და თანაც ვიფრინო“.

მრავლისმნახველი წყარო კი პასუხობს, რომ გოჭების ფრენა არავის გაუგონია!

აქ ნამდვილად დროული იქნება კითხვა: უნახავთ თუ არა მფრინავი გოჭი? შეიძლება, გოჭი გაფრინდეს? არა? რატომ?

უნდა ვეცადოთ, ბავშვებს გავააზრებინოთ, რომ ოდესმე ყველაფერი სრულდება და ახალი იწყება. წინათ არც თვითმფრინავები არსებობდა, არც მობილურები და მანქანები, მაგრამ ისინი იკაროსისნაირმა მეამბოხე, მშრომელმა და იდეისთვის მებრძოლმა ადამიანებმა შექმნეს! ამ ბრძოლაში შეიძლება დამარცხდე როგორც ჯორდანო ბრუნო, მაგრამ თუ არ დანებდები, იდეას აუცილებლად აქცევ რეალობად.

ამის შემდეგ ბავშვებს ვთხოვე, გოჭი წრუწუნასთვის შეედარებინათ. რა ჯობია: ვეფხვად ქცევა თუ თვითმყოფადობის შენარჩუნება?

ბავშვებს თავიდან გაუჭირდათ პასუხის გაცემა, მაგრამ გავახსენე „პატარა ქალთევზა“ (მე-40 წთ), „პრინცესა და ბაყაყიც“ (21-ე წთ) და დავუსვი კითხვები: რა წაართვა სანაცვლოდ ჯადოქარმა ქალთევზას? რის წართმევას აპირებს წყარო, როცა ეუბნება გოჭს: „თუ ძალიან გინდა, მოგიხერხებ, ოღონდ ამისთვის ჯერ ფრინველად უნდა გაქციოო?“ ბავშვები უმალვე დაინახავენ სწორ არჩევანს!

ამ სამი ზღაპრის დახმარებით ბავშვები მივახვედრე, რომ იოლად არაფერი მოდის და თუ ვინმე განსაკუთრებული სურვილის ასრულებაში დაეხმარება, სანაცვლოდ ძალიან ძვირფას წაართმევს, როგორც სამივე შემთხვევაში მოხდა: სურვილის სანაცვლოდ თავის ძვირფას მეს კარგავენ პერსონაჟები, რაც თავისთავად ახლობლების დაკარგვას ნიშნავს. ამასთანავე, ისინი თავისუფლებასაც კარგავენ, ანუ მონები ხდებიან. თავისუფლების დაკარგვა ფაქტობრივად პიროვნების სიკვდილს ნიშნავს!

აქ მნიშვნელოვანია შემდეგი კითხვების დასმა: როგორ უნდა მოიქცე, აღარ უნდა ინატრო რამე? თუ ჯადოქრობას ან ვინმე ძალიან ძლიერს არ უნდა მიმართო სურვილების ასასრულებლად? თქვენ როგორ იქცევით, როცა რაღაც ძალიან გინდათ? როგორ ფიქრობთ, შეძლებს გოჭი ფრენას თუ ვერა?

თუ ტექსტს დავუბრუნდებით, დავინახავთ, რომ გოჭი ნაწყენია წყაროზე, თუმცა დროს უქმად არ კარგავს და გზადაგზა სურვილის ასასრულებლად ახალ გეგმას სახავს. ამ გეგმაში ახალი პერსონაჟები – ფრინველები ჩნდებიან, და არა ერთი და ორი – ალბათ იმ ტყის ყველა ფრინველი! გოჭი ყველა მათგანთან მიდის და სათითაოდ სთხოვს თითო ბუმბულს (ერთი ბუმბული კი აბა, რა სალაპარაკოა?!). მაგრამ ბუმბულები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გოჭი გაფრინდეს. მაშ, რა ხდება? იკაროსი საფრენი აპარატის – ფრთების შექმნას აპირებს!!! ის აკვირდება ფრინველებს, შეისწავლის მათ ფრთებს და აწყობს თარგს. გოჭი ხვდება, რომ საშიშ ექსპერიმენტს ატარებს და არჩევს მეტ-ნაკლებად უსაფრთხო ადგილს, სადაც კრახი უმტკივნეულო იქნება. იკაროსი ადის ყველაზე მაღალი მთის მწვერვალზე და იქიდან ხტება თავისი ფრთების, თავისი გამოგონების გამოსაცდელად. თანაც მარტო კი არ მიდის – ცნობისმოყვარეთა მთელი არმია მიჰყვება, სხვისი თანდასწრებით კი ასეთი თამამი ნაბიჯის გადადგმა არ არის იოლი, მაგრამ გოჭი ამისთვისაც მზადაა, რადგან გამოცდისა და კრიტიკის გარეშე იდეის სისწორეში ვერასოდეს დარწმუნდება.

ეს ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია – ბავშვებმა უნდა გაიაზრონ გოჭის მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა, გონიერება. მას მიზნის მისაღწევად ორი გეგმა აქვს შემუშავებული: მოკლე, რომელიც თრგუნავს, ანგრევს და გრძელი, რომელიც არის ძიების, ცდის, შემოქმედების და მარცხის ან გამარჯვების გზა. ეს უკანასკნელი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა!

აი, იკაროსი კლდიდან გადახტა… და ყველასთვის მოულოდნელად გაფრინდა!.. გოჭი გაფრინდა და ესაა ყველაზე საოცარი დასასრული, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოს გოჭმაც და ცნობისმოყვარე ხალხმაც. სწორედ ამ დროს იქცევა პატარა გოჭი უდიდეს გამომგონებლად, წყაროზე ძლიერ ჯადოქრად! მან მეობაც შეინარჩუნა და ნატვრაც აიხდინა! აქ მნიშვნელოვანია, ბავშვებს ვასწავლოთ, რომ ყველაზე დიდი ჯადოქარი თვითონ ადამიანია, მხოლოდ მას შეუძლია ყველა სურვილის ასრულება, ოღონდ მისი ჯადოსნობა შრომაა!!!

მოგვიანებით ამ აღმაფრენას უდიდესი ემოცია მოჰყვება, გოჭი ვერ უძლებს დიდ სიხარულს და უფრო და უფრო ზემოთ მიფრინავს. სამწუხაროდ, მზის სიცხე წვავს თოკებს და იკაროსი წყალში ვარდება.

რა მოხდა? როგორ შეაფასებთ გოჭს? – თუ ამ კითხვებს დაუსვამთ მოსწავლეებს, ბავშვები გიპასუხებენ, რომ გოჭი ამპარტავნებისთვის დაისაჯა.

მაგრამ შემოაბრუნეთ ბავშვები იკაროსისკენ და დაუმეგობრეთ მას. გოჭს რომ სცოდნოდა, რომ მისი გამოგონება ასე მაღლა ფრენის საშულებას მისცემდა, იქნებ უფრო შესაფერისი რამე გამოეყენებინა ფრთების დასამაგრებლად?

განა ამხელა სიხარულთან, ამხელა ბედნიერებასთან გამკლავება ასე ადვილია? ის ბედნიერია, მან გამოცდილი და მრავლისმნახველი წყაროს სტერეოტიპი დაამსხვრია! დიახ, ის პირველი გოჭია, რომელიც გაფრინდა!  არ გაუხარდებოდა?!

თქვენ არ გაგიხარდებოდათ მის ადგილას?! – გაგიხარდებოდათ და თანაც როგორ! მიწაზე რომ ყოფილიყო, იხტუნავებდა, მაგრამ ცაში იყო და უნდოდა, მზისთვის ეთქვა თავისი გამარჯვების შესახებ!!! – გაუჩინეთ ემპათია ბავშვებს ბედნიერი (ქართულ სინამდვილეში ხომ ბედნიერები არ უყვართ) და განსხვავებული ადამიანების მიმართ!

ასწავლეთ, რომ დიდ სიხარულთან გამკლავებაც არ არის ადვილი, ზოგჯერ საუკეთესო საქმეს დიდი ემოცია ანგრევს. სწორედ დიდმა სიხარულმა დაავიწყა გოჭს სიფრთხილე! ანუ გოჭი ემოციურია და არა ამპარტავანი!

რა ხდება შემდეგ? სველი, შეშინებული, დარცხვენილი იკაროსი დედასთან გარბის ამბის მოსაყოლად და განაჩენის მოსასმენად, მაგრამ დედა ამშვიდებს და აქებს, ეიბნება, რომ ის გმირია, პირველი მფრინავი გოჭი! ნორჩ გამომგონებელს ეჭვი ღრღნის, ფიქრობს, რომ დედამ დაინდო და სურს, წყაროს აზრი მოისმინოს – მან ხომ პირველმა უთხრა, რომ მფრინავი გოჭები არ არსებობენ! ასეთი სტერეოტიპული აზროვნების საფუძველი ხომ ჯადოსნური წყაროა!

სასოწარკვეთილი, ცრემლმორეული იკაროსი მიდის მის უდიდესებულება ჯადოსნურ წყაროსთან და გულდათუთქული აღიარებს, რომ გოჭების ფრენა მართლაც არ შეიძლება.

საბოლოო სიტყვა კი წყაროზეა. მასზეა დამოკიდებული, გოჭი მომავალში გადახედავს და დახვეწს თავის გამოგონებას თუ აღარასოდეს გაიხედავს მისკენ.

და, ჰოი, საოცრებავ, წყაროს მანამდე არ უნახავს მფრინავი გოჭი, მაგრამ სჯერა, რომ მომავალში მილიონობით მფრინავი გოჭი იარსებებს და ის აქებს პატარა გენიოსს: „ასწიე თავი მაღლა!.. შენ მაინც ყოჩაღი ხარ, იკაროს!“

როდესაც ჩემს პატარებს ვკითხე, რას ფიქრობდნენ გოჭის მომავალზე, იზრუნებდა ის ფრთების გაუმჯობესებაზე თუ არა, ბავშვებმა მიპასუხეს, რომ იკაროსი აღარასდროს გაიმეორებდა ამას!!!

ამ სიტყვებმა დამარწმუნა, რომ ბავშვებს სხვისი აზრის ეშინიათ. შეცდომის ეშინიათ და მე, როგორც მასწავლებელს, მევალება ვასწავლო მათ, რომ საკუთარ აზრს მოუსმინონ, გათვალონ რისკები, ისწავლონ, რომ დიდ იდეებს ბევრი გამკიცხავიც ეყოლება და ბევრი დამარცხებაც მოჰყვება, მაგრამ გამარჯვებისთვის ბრძოლა ღირს! გამარჯვება მხოლოდ რამდენიმე ცდის შემდეგ მოდის.

კარგი იქნება, თუ ბავშვებს დავანახებთ, როგორი იყო იკაროსი ტექსტის დასაწყისში და რად იქცა ბოლოს: პატარა გოჭისგან ის მებრძოლ, მშრომელ გამომგონებლად (ჯადოქრად) ჩამოყალიბდა.

ამის შემდეგ აჩვენეთ პატარებს ქართველი ზვიად ციკოლია და უთხარით, რას ქმნის ის. შეახვედრეთ და გაასაუბრეთ. ბავშვებს აღარასდროს შეეპარებათ ეჭვი, რომ აუცილებლად უნდა იფიქრონ და იოცნებონ!

საინტერესო კომპლექსური დავალებები იქნება: „გოჭის დახასიათება“, „პიროვნების ტრანსფორმაცია იკაროსის მიხედვით“. გააკეთებინეთ ფრთები და დაწერეთ ამ ფრთებზე მათი ყველა ოცნება. ოდესმე დადგება ამ ფრთების გაშლის დრო!

მჯერა, რომ დონალდ ბისეტი თავის იკაროსთან ერთად ახალი გენიოსების თუ არა, მამაცი, დამოუკიდებელი, სტერეოტიპული აზროვნებისგან თავისუფალი ადამიანების აღზრდაში მაინც დაგვეხმარება.

„დედა წერტილი და შვილი წერტილი“ – დედების და, საზოგადოდ, უფროსების შეზღუდვებს უსვამს ხაზს. სამწუხაროდ, დღესაც ცოცხალია აზრი, რომ დედა (ქალი) მუდამ სერიოზულად უნდა იქცეოდეს, რომ მას გართობის უფლება არ აქვს. ფანქრის (სტერეოტიპული აზროვნების) მიერ შემოვლებულ რკალშია დღესაც ქალი და მას მხოლოდ საჭიროებისთვის ათავისუფლებენ. ჩემი მესამეკლასელი გოგონა მეუბნება, დედები ყოველთვის სერიოზულები უნდა იყვნენო. როცა ვკითხე, მასთან ერთად წრეში თამაშისას მჭირდებოდა თუ არა სერიოზულობა ან ნიშნავდა თუ არა ეს, რომ მე ცუდი მასწავლებელი ვიყავი, შეცბა. არა, მასო, – მიპასუხა. ამ გოგონას კლასელი ბიჭი კი მეუბნება, კაცს ყოველთვის ქალზე მეტი ხელფასი უნდა ჰქონდეს, რომ ოჯახი არჩინოსო. თითქოს არაფერია ამაში ცუდი, მაგრამ როცა ვკითხე, რა უნდა ქნან იმ ქალებმა, რომლებსაც ქმრები გარდაეცვალათ, მცირე ხელფასით შვილებს დააპურებენ-მეთქი? – დაიბნა. რა თქმა უნდა, ამ პატარებს არასოდეს უფიქრიათ თავიანთ სოციუმში გამყარებული აზრის საწინააღმდეგოდ, მაგრამ როგორც კი ერთ პატარა კითხვას დაუსვამ და დააფიქრებ, მცდარად ჩაბეტონებული აზრი მაშინვე ჩამოიმსხვრევა.

ამ პატარ-პატარა სტერეოტიპების დამსხვრევით ცდილობს ბისეტი დიდი და შეზღუდული აზროვნების დამსხვრევას. ყველა ქვეყანას, ეპოქას თუ საზოგადოებას თავისი სტერეოტიპული ბორკილები ადევს. კარგი იქნება, თუ ბავშვებს მათ გარშემო არსებული სტერეოტიპების დამსხვრევაში დაეხმარებით, ამისთვის კი უპრიანი იქნება, შესთავაზოთ ახალი კომპლექსური დავალება სათაურით: „დაამსხვრიე ბორკილები“. მიეცით კითხვების ჩარჩო, რომლებიც მათ საკუთარ სოციუმში არსებული სტერეოტიპების დანახვაში, გაანალიზებასა და დამსხვრევაში დაეხმარება. წააკითხეთ ისინი კლასის წინაშე და იმსჯელეთ. რამდენიმე კითხვას აქაც შემოგთავაზებთ, თუმცა, ბუნებრივია, სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ ან გამოაკლოთ რამე:

  1. რომელი სტერეოტიპები დაამსხვრია ბისეტმა?
  2. შენ რას ფიქრობ ამ შეხედულებებზე?
  3. რატომ არის მნიშვნელოვანი თითოეული პიროვნების იდენტობის შენარჩუნება?
  4. დაასახელე ერთი ან ორი სტერეოტიპი, რომლებსაც შენ გარშემო ხვდები და დაამსხვრიე.
  5. როგორ უნდა დაამკვიდრო განსხვავებული აზრი?
  6. რა მოუვიდოდა სამყაროს, ყველას რომ სტერეოტიპულად ეაზროვნა?
  7. საკმარისია მხოლოდ ერთი ან ორი განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი ფუნდამენტური ცვლილებების მოსახდენად?
  8. შენ მოგწონს სტერეოტიპულად მოაზროვნე საზოგადოებაში ცხოვრება?
  9. რა არის საჭირო სტერეოტიპების დასამსხვრევად?
  10. ურჩიე მეგობრებს, წაიკითხონ ბისეტის „ყველაფერი ყირამალა“, აუხსენი, რატომ უნდა წაიკითხონ და რას ისწავლიან ამ პატარა წიგნით.

მჯერა, რომ ბისეტსა და ჩვენს მოსწავლეებთან ერთად ასე გააზრებული ტექსტებით გაცილებით უკეთესი საზოგადოების ჩამოყალიბებას შევუწყობთ ხელს, ვიდრე ახლა გვაქვს.

 

თამაშის აპოლოგია (ბავშვობა, ლიტერატურა, ჭადრაკი)

0

მეტისმეტი სერიოზულობა დამღლელია. სწორედ ამიტომ მიმართავს ადამიანი თამაშის ხელოვნებას. ის კი არა, ზოგი მოაზროვნის აზრით, ადამიანის ყოფის ეგზისტენციალური არსი თამაშია. შეგახსენებთ ფრიდრიხ ნიცშეს ცნობილ მეტაფორას ადამიანის განვითარების ეტაპების შესახებ. იგი საუბრობს სამ საფეხურზე: აქლემზე, ლომსა და ბავშვზე. აღსანიშნავია, რომ ბავშვი (ბავშვობა, ბავშვურობა) ნიცშესთან უმაღლესი საფეხურია. და რით უპირატესობს იგი დანარჩენებზე? სწორედ იმით, რომ ბავშვი თამაშობს, თამაშობს გულწრფელად და ზოგჯერ გულწრფელობითაც თამაშობს. ბავშვი თამაშით სრულყოფილად ახორციელებს საკუთარ თავისუფლებას. თამაში და თავისუფლება განუყოფელი ცნებებია, ისინი ერთმანეთისგან გამომდინარეობს. სახარებაშიც გვხვდება ასეთი გამონათქვამი: „იყავით ბავშვებივით“.

ყველა დიდი ლიტერატურული ნაწარმოები რაღაც აზრით თამაშია. ხშირად საუბრობენ პოსტმოდერნისტულ ლიტერატურაში თამაშის მნიშვნელობის შესახებ, რაც სამყაროს უგრძნობლობითაა გამოწვეული. პოსტმოდერნისტი ავტორი თამაშით თითქოს სამყაროს გამოფხიზლებას ცდილობს. ცდილობს, ადამიანის ტანჯვა-წამებას სერიოზულობა დაუკარგოს და ფარსად აქციოს. ესეც ერთგვარი პროტესტია. ონტოლოგიურ კითხვებზე პასუხი გნებავთ? – ირონიულად კითხულობს პოსტმოდერნისტი მწერალი, – დაივიწყეთ მსგავსი კითხვები, ისინი უბრალოდ არ არსებობენ. ცხოვრების განსაზღვრულ ეტაპზე ადამიანი აცნობიერებს, რომ სამყარო არც ისეთი ჰარმონიული და მოწესრიგებულია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. მწერლები ამას განსაკუთრებით მტკივნეულად განიცდიან. ამის გამო ბევრი ჩვენი დროის მწერალი გამოირჩევა პოსტმოდერნისტული მგრძნობელობით. სამყაროს უგრძნობლობამ მწერალი მეტისმეტად მგრძნობიარე გახადა და მან თამაშის ხელოვნებას მიმართა. აქ იბადება უცნაური პარადოქსი: ადამიანური ყოფის ტრაგიკულობა ტრაგედიის არარსებობაა. ამის დამტკიცებას ცდილობს თანამედროვე ავტორი.

თამაში ლიტერატურაში პოსტმოდერნიზმის მონაპოვარი სულაც არ გახლავთ, იგი ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში არსებობდა. ძველი ბერძენი დრამატურგები საშინელ ტრაგედიებსაც სცენაზე თამაშის ხელოვნებად აქცევდნენ. რატომ ჰქონდა ძველ ბერძენს თამაშისკენ ასეთი ძლიერი მიდრეკილება? იმდროინდელი ეგვიპტელისთვის ეს ხომ სრული გაუგებრობაა. რატომ ეჯიბრებით, რა საჭიროა? – კითხულობს გაკვირვებული ეგვიპტელი, რომელმაც ეს-ეს არის უდიდესი ძეგლი დაუდგა სტატიკურობას – პირამიდა! ბერძენი კი ოლიმპიურ თამაშებს აჩვენებს… იქნებ მთელი ეს ბერძნული სამყარო, თავისი ესქილეებით, სოფოკლეებით, ევრიპიდეებითა და არისტოფანეებით, ელინთა ოინბაზი ღვთაების ჰერმეს ფსიქოპომპოსის თამაშის ხელოვნების უმაღლესი გამოვლინებაა და მეტი არაფერი? ბოლოს და ბოლოს უილიამ შექსპირს ეს სამყარო თეატრად წარმოედგინა, სადაც თითოეულ ჩვენგანს გარკვეული როლი აკისრია.

არისტოფანე შემთხვევით არ მიხსენებია. არის კი არსებითი განსხვავება ტრაგედიასა და კომედიას შორის? იქნებ ისინი ერთმანეთში გადადიან და ამიტომ გვიჭირს სასაცილოსა და სატირალის გამიჯვნა (გამონათქვამი: სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს)? ხშირად ვართ მდგომარეობაში, როცა თან ვიცინით და თან ვტირით. ამ მდგომარეობას ენამ გამოსავალი მოუძებნა და უწოდა ტრაგიკომიკური. ის კი არა, ბერძნული ფილოსოფიაც თამაშის ხელოვნებიდან ამოიზარდა. თალესის მიერ სამყაროს პირველსაწყისად გამოცხადებული წყალი, ანაქსიმანდრეს აპეირონი, ანაქსიმენეს ჰაერი, ჰერაკლიტეს თეორია ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ შესვლის შეუძლებლობისა და მარადიული ცეცხლის ანთებისა და ჩაქრობის შესახებ, შეიძლება მეტაფიზიკურ-დიალექტიკური თამაშის აპოლოგიად მივიჩნიოთ. „მარადისობა კენჭებით მოთამაშე ბავშვია, ბავშვს ეკუთვნის მეუფება ამა ქვეყნისა“, – წერდა ეს ეფესელი მოაზროვნე. შეგახსენებთ პლატონის ცინიკური იუმორით სავსე დიალოგებსაც, სადაც ავტორი განაქიქებს ჰომეროსის პოეზიას, ბოლოს კი თავისი დიალოგის (მიგელ დე უნამუნო მის დიალოგებს რომანებს, უფრო სწორად, რიმანებს უწოდებდა) პერსონაჟს, ვთქვათ, გლავკონს, რომელსაც სოკრატემ ჰომეროსის პოემების აბსურდულობა დაუსაბუთა, ათქმევინებს: ყველაფერში გეთანხმები, სოკრატე, მაგრამ მე მაინც ვგიჟდები ჰომეროსის პოეზიაზეო. ამ ერთი წინადადებით პლატონმა თითქოს თვითონვე გააცამტვერა თავისი დიალოგის მთავარი აზრი, მთელი მსჯელობა წყალში ჩაყარა და მაინც ირაციონალურ საწყისს მიანიჭა უპირატესობა, როგორც რაღაც შეუცნობელ ძირითად პოეტურ ინსტინქტსა თუ სტიქიონს. ამის შემდეგ მე-20 საუკუნემდე იყო არაერთი ასეთი ტიპის ნაწარმოები, ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია. მე-20 საუკუნეში კი ზემოთ ნახსენებ ფრიდრიხ ნიცშეს გამოუჩნდა მიმდევარი – იოჰან ჰაიზინგა, რომელმაც მთელი საკაცობრიო კულტურის არსი თამაშის ხელოვნების გამოვლინებად ჩათვალა. დაგვიწერა კიდეც ცნობილი ნაშრომი „Homo Ludens“ („ადამიანი მ ო თ ა მ ა შ ე“). შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თამაში კულტურაზე ძველია, მაგრამ ის ქმნის კულტურას.

ლიტერატურაში როგორ გამოვლინდა თამაშის არსი? ზოგ წიგნში ავტორმა სათაურშივე ახსენა ის, ზოგმა ირიბად მიგვანიშნა მასზე. ჰაიზინგამდე იყო ფიოდორ დოსტოევსკი, ნიცშეს თანამედროვე, რომელიც აზარტული თამაშების მეშვეობით სახიფათოდ ეთამაშებოდა ცხოვრებას, რის გამოც კინაღამ დაიღუპა. ამას მიუძღვნა მან ცნობილი ნაწარმოები „მ ო თ ა მ ა შ ე“. შემდეგ იყო ჰერმან ჰესეს „რიოში მარგალიტებით თ ა მ ა შ ი“ (უმაღლესი კლასის მოთამაშის, მისტიკოსისა და მეტაფიზიკოსის Ludi magister იოზეფ კნეხტის სულიერი თავგადასავალი). ამერიკელმა ჯერომ სელინჯერმაც გააჩაღებინა თავის თინეიჯერ პერსონაჟებს თ ა მ ა შ ი უფსკრულის პირას, ჭვავის ყანაში. მგონი, ჰოლდენ კოლფილდს ფეხი დაუცდა და გადაიჩეხა კიდეც… სამწუხაროა. ასე ხდება, როცა თამაშის წესების დარღვევას ვცდილობთ. ეშმაკი გ ვ ა თ ა მ ა შ ე ბ ს, როდესაც ზუსტად არ ვაზროვნებთო, თქვა მერაბ მამარდაშვილმა. თამაშში დისციპლინისა და ზუსტად აზროვნების აუცილებლობის უგულებელყოფა მარცხით მთავრდება.

რატომ ვისაუბრე ამდენი თამაშზე? მინდა, თამაშთა შორის ყველაზე ღრმასა და მნიშვნელოვანზე – ჭადრაკზე – და მასზე დაწერილ რამდენიმე წიგნზე ვთქვა ორიოდ სიტყვა.

ჭადრაკის, ხელოვნებისა და ცხოვრების გამაერთიანებელი ღერძი თამაშია. ჭადრაკზე დაწერილი ნებისმიერი ნაწარმოების (მიგელ დე უნამუნოს „დონ სანდალიო, მოჭადრაკე“; სტეფან ცვაიგის „საჭადრაკო ნოველა“; ვლადიმირ ნაბოკოვის „ლუჟინის დაცვა“; ფრიდრიხ დიურენმატის „მოჭადრაკე“; უოლტერ ტევისის „ლაზიერის გამბიტი“) მთავარი იდეა ის არის, რომ ჭადრაკი ცხოვრების ალეგორიაა, მისი მეტაფორა. რომელიმე პოსტმოდერნისტი ავტორი არ დაგვეთანხმებოდა და იტყოდა, რომ, პირიქით, ცხოვრებაა ჭადრაკის მეტაფორა. ზოგს ჰგონია, რომ ჭადრაკში მთავარი გათვლაა და ამის გამო მას მათემატიკას ადარებენ. ეს შეხედულება გარკვეულწილად მართებულია, რადგან ამ თამაშშიც აუცილებელია აბსტრაქტული და ანალიტიკური აზროვნება, მაგრამ ჭადრაკი მხოლოდ მშრალ რიცხვებამდე არ დაიყვანება. მათემატიკასაც აქვს საერთო მუსიკასა და პოეზიასთან… სინამდვილეში ჭადრაკში მთავარი გათვლა არ არის. იგებს არა ის, ვინც კარგად ითვლის, არამედ ის, ვინც პოზიციას კარგად გრძნობს. როგორც ხელოვნებაში, ჭადრაკშიც არსებობს სტილი, რიტმი, ინტუიცია, შეგრძნება. როდესაც ჩემი ჭადრაკის მასწავლებელი ალეკო ბოკუჩავა ამის ახსნას ცდილობდა, ლამაზ საჭადრაკო კომპოზიციას დაალაგებდა დაფაზე, შემოგვხედავდა, მარჯვენა ხელს აღმართავდა, სამ თითს: ცერას, საჩვენებელსა და შუას, – შეაერთებდა და იტყოდა: ადამიანი, რომელიც „ხმელ წიფელს“ წაიკითხავს და ვერ შეიგრძნობს (ამ დროს განსაკუთრებული მღელვარებით გაუსვამდა ხოლმე თითის ბალიშებს ერთმანეთს), იმისგან ძლიერი მოჭადრაკე ვერ დადგებაო. ცდილობდა, პოზიციის შეგრძნება ესწავლებინა და ასე ამოგვეხსნა რთული ეტიუდები და ამოცანები. რა არის ეს, თუ არა უმაღლესი კლასის ესთეტიზმი? ჭადრაკში უმნიშვნელო სვლები, ასე ვთქვათ, უმნიშვნელო დეტალები ან მეორეხარისხოვანი წვრილმანები არ არსებობს. ამ გაგებით ის ცხოვრებაზე აზრიანია, რადგან ამ თამაშში არსებობს ჩამოყალიბებული, მკაცრად განსაზღვრული მიზანი და წესები, რომლებსაც მოთამაშე ნებაყოფლობით ემორჩილება, ნებისმიერ სვლაში და, შესაბამისად, პოზიციაში საზრისის შეტანა მკაცრად განსაზღვრული მიზნის განხორციელებისკენ სწრაფვის გამომხატველია. ამ აზრით ეს თამაში ტელეოლოგიურია. ნაბოკოვის ზემოხსენებულ რომანში მთავარი პერსონაჟისთვის ცხოვრება გაჭიანურებული საჭადრაკო პარტიაა (ცხოვრება მოსაწყენი თამაშია), მასში მუდმივად არის შენარჩუნებული ძლიერი დაძაბულობის ველი, რადგან ნებისმიერ ადამიანს ჰყავს იდუმალი მოწინააღმდეგე. ადამიანს, უნდა თუ არა, ყოველთვის უწევს სვლის გაკეთება, რაც მისი ბედისწერაა. სვლის გაკეთებისგან თავის შეკავება შეუძლებელია, რადგან არჩევანზე უარის თქმაც არჩევანია, ამიტომ მოთამაშე ნებისმიერ შეცდომასა თუ სწორ გადაწყვეტილებაზე თავად არის პასუხისმგებელი და შედეგსაც შესაბამისს იმკის. ამ რომანში ჭადრაკი დაკავშირებულია ბავშვისთვის დამახასიათებელ სპონტანურობასთან, მარადიული ბავშვობის იდეასთან. ლუჟინი ბავშვობაში ჩარჩენილი ინტროვერტია. ეს მოტივი მეორდება უოლტერ ტევისის რომანშიც, მისი მთავარი პერსონაჟი ბეტ ჰარმონი ბავშვობიდან ვერ გამოდის. საერთოდ, ჭადრაკი ინტროვერტების თამაშია. ყველა დიდი მოჭადრაკე, გარკვეული აზრით, აუტიზმისკენ არის მიდრეკილი.

არის რაღაც საერთო მწერლებსა და მოჭადრაკეებს შორის: მწერალი ინტროვერტია – მას ლაპარაკზე უკეთ წერა გამოსდის; მოჭადრაკეც ინტროვერტია – მას ლაპარაკზე უკეთ თამაში ეხერხება. მწერალი აკვირდება მოჭადრაკეს და წერს მასზე, აკვირდება იმას, ვინც თავადაც აკვირდება. ამ თამაშის მთავარი ატრიბუტებია თვითრეფლექსია, აზროვნება, დეტალების შემჩნევის არანორმალურად განვითარებული უნარი. მოჭადრაკე კონცენტრირებულია შინაგან სამყაროზე, ჩაკეტილია. ამიტომ როდესაც მოჭადრაკეზე (ჭადრაკზე) იწერება გენიალური წიგნი (ჩემი აზრით, მოჭადრაკეზე ცუდ წიგნს ვერ დაწერ – ან კარგი გამოდის, ან არაფერი), ის აუცილებლად მარტოობაზეა და თან ღრმად ფსიქოლოგიურია. მოჭადრაკე მარტოა, ის მარტო იღებს გადაწყვეტილებებს. ჭადრაკი არ არის კოლექტიური თამაში, ეს ინდივიდების თამაშია. ყველა ირაციონალური საწყისი, რაზეც ეგზისტენციალისტები და აბსურდისტები (ჰაიდეგერი, სარტრი, კამიუ, ბეკეტი, იონესკო და ა. შ.) მიგვითითებენ: შიში, ძრწოლა, იმედგაცრუება, თუნდაც სამყაროში გადაგდებულობა და ა. შ. – თავს იყრის მოჭადრაკეში, რომელიც დუმს. ჭადრაკი დუმილია, ონტოლოგიური დუმილი, რომელშიც აზრები, განცდები, იდეები და საგნები იბადება. როდესაც მოჭადრაკე პარტიის მსვლელობის დროს ფიქრობს (აქ შემოდის დროის კატეგორია, რომელიც ღრმა ფილოსოფიურ გააზრებას მოითხოვს. როგორ მიედინება დრო მოჭადრაკისთვის? ამის გააზრებასა და მხატვრულ ხორცშესხმას „ცნობიერების ნაკადის“ დიდოსტატი ჯეიმს ჯოისი თუ შეძლებდა), სხვა სპორტის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მხოლოდ პარტიაზე არ ფიქრობს, რადგან ჭადრაკის პარტია მხოლოდ ჭადრაკის პარტია არ არის და არც ჭადრაკია მხოლოდ სპორტი, ის სპორტზე ბევრად მეტია. ჭადრაკი ცხოვრების დიდი მეტაფორაა!

მოგზაურის დღიურები #7

0

თუ ბათუმში დილით ზღვისკენ წახვალ, აუცილებლად შეამჩნევ კაცს, რომელიც ოდნავ მოხრილი დგას და სიგარეტს ეწევა. სულერთია, ჰგავს თუ არა ეს კაცი წინა დღით მდგომს – ან სიმაღლით, ან წონით, ან მოხრილობით. ის აუცილებლად დგას და სიგარეტს ეწევა. ირგვლივ ზღვის, მაზუთისა და ნაწვიმრის სუნია. დგას კაცი, გაჰყურებს და ეწევა. რომ არ იდგეს, მზე არ ამოვა. ყოველ შემთხვევაში, ბათუმში.

 

* * *

გურული ღვეზელის რეცეპტი გურულადვე, მოსმენილი და დამახსოვრებული ბებიაჩემისგან:

ფქვილი უნდა ერთი კილო. ცოტა თუ დააკლდება, მაი აფერი. დროჟი უნდა ერთი სტოლის კობზი. ზუსტად. მარილი – სიყვარულის მიხედვით. ზეთი ნახევარი ჩაის ჭიქა გინდებლარიენ. ყველი – ჩვეულებრივი. ახლა რომ შობიენ ფრონცკის, იმფერი არა. ჩვეულებრივი. კარაქიც სიყვარულის მიხედვით, ბევრი არ ჩაადღლიზოთ. რძეი თუ გაქვენ, უქენით, თუ არ გაქვენ, მაინც გამოცხობა უმისმაგისოდ. ახლა თვითონ გამოცხობა რაფერ უნდა: ფქვილს დუუმატეთ წყალი, კარგად დუუმიზნეთ, არ მოლაშტროთ სტოლი, მერე მოზილეთ, გააბტყელეთ ცემენტივით, უქენით ყველი, კვერცხი, ახალი მთვარის ფორმა მიეცით, შედევით დუხონკაში და გამეიღეთ, სანამ მთლა დეიწობა. და ღვეძელიც გამოცხობა.

 

***

ექვსი წლის წინ, მამაჩემის სიკვდილამდე ხუთი დღით ადრე, მამაჩემი და მე პატარა, რძისფერ პალატაში ვიწექით.

– გინდა ახლა ახორში ვიყოთ და ძროხას ვწველიდეთ? – მკითხა უცებ მამაჩემმა.

– არ მინდა! – ვიცრუე მე და ცრემლი ჩავიბრუნე.

– ჩხრრ, ჩხრრ! – წაიჩურჩულა მამაჩემმა და გადაბრუნდა. და რაც უნდა ლექსები ვწეროთ სიცოცხლეზე, მის სიყვარულზე, ამ მოკლე დიალოგს ვერ გავუსწორდებით. ასე მგონია ახლა, ექვსი წლის შემდეგ, დღეისსწორს, საათებით – ცოტა გვიან.

 

* * *

ოზურგეთი მთლად ინდუსტრიის მშენებელი ვერ იყო, მაგრამ ციტრუსის და ჩაის ძალისხმევით წელგამართულ ქალაქთა რიცხვში ნამდვილად ეწერა. შესაბამისად, ოზურგეთს კინოთეატრი ჰქონდა. სახელად – „ოზურგეთი“. მერვე კლასში ვიყავი, იქ პირველად რომ აღმოვჩნდი. მანამდე ოთხმოცდაათიანების ხელით გადარაზული გახლდათ და დროის ან ვინმეს სიმუხთლეს წარწერაზე „უ“ და „რ“ ჩამოეტეხა. ეს „უ“ და „რ“ ერთმანეთში გადახლართულიყო და მათი ჩახუტება იმ რიცხვს მიაგავდა, ვახტოია ღლონტს რომ ხუთჯერ შვიდი ეგონა. ხოლო რამდენი ეგონა, ამაზე თქვენ იფიქრეთ, მე სხვა ამბავს გიყვებით.

ჰოდა, ერთ დღეს მასწავლებელმა წაგვიყვანა და შევედით ფეხების თრთოლვით და გულის ფრიალით. მე მომიწია მეორე რიგის სკამი, რომელზეც საგანგებოდ შევამოწმე სავარაუდოდ ამოშვერილი ლურსმანი. არ აღმოჩნდა.

წინ უზარმაზარი ეკრანი მდუმარებდა და ველოდით მის სადღესასწაულოდ განათებას. ველოდით, ველოდით და უცებ შემოიტანეს პატარა ტელევიზორი, დადგეს დიდი ეკრანის წინ და ჩართეს „ტიტანიკი“.

გგონიათ გატყუებთ? ჩემს დანარჩენ ათობით კლასელს ჰკითხეთ. ამსიშორიდან ფილმი ეს ამბავი უფრო იყო, ვიდრე „ტიტანიკი“. ჩვენ ამგვარ „ფილმებში“ გავიზარდეთ.

თეზერბოლი – ფიზიკა და სპორტი

0

ადამიანების ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად შეცვალა კოვიდპანდემიამ. სპორტის გაკვეთილებიც ,,გადავიდა“ რელსებიდან. დისტანციური სწავლების დაწყებისას მასწავლებლების მცირე ნაწილი იყენებდა ფიზიკურ აქტივობებს, ისიც ძირითადად დაწყებით საფეხურზე. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ან მხოლოდ საპრეზენტაციო მასალებს ამზადებდნენ, ან არ ესწრებოდნენ გაკვეთილებს. იშვიათად მასწავლებელი მაინც ახერხებდა მათ ჩართვას ფიზიკურ აქტივობებში. სპორტის გაკვეთილებზე სკოლაში დაბრუნების შემდეგაც მოსწავლეების ჩართულობა საკმაოდ დაბალია. სპორტის ნებისმიერი სახეობა დაკავშირებულია ფიზიკის კანონებთან. მასში გამოყენებული აღჭურვილობა კი მათ დასამზადებლად გამოყენებული ნივთიერებების ქიმიურ და ფიზიკურ თვისებებს უკავშირდება. ცენტრისკენული ძალისა და დაჭიმულობის ძალების შესასწავლად საინტერესო იქნება ინტეგრირებული პროექტის განხორციელება თემაზე „თეზერბოლი“, სადაც შესაძლებელია სპორტის, ფიზიკისა და კინოხელოვნების მასწავლებლების ერთობლივი ჩართულობა. პროექტის დასაწყისში მოსწავლეებს დაინტერესების მიზნით აჩვენეთ ფილმი „ნაპოლეონ დინამიტე“. ფილმში მთავარი გმირი მოსაწყენი ახალგაზრდაა, რომელიც თავის კლასელს უნდა დაეხმაროს კლასის თავმჯდომარედ გახდომაში, თან თავის უცნაურ ოჯახსაც უნდა გაუმკლავდეს.

https://www.imovies.cc/ka/movies/1883/Napoleon-Dynamite/GEO/HIGH

მთავარი გმირი ფილმში უმეტესად თეზერბოლის თამაშის დროს ჩანს. ეს არის შეჯიბრის მსგავსი თამაში ორ მონაწილეს შორის. მას თამაშობენ სკოლის მოედანზე, სკვერებში, ქალაქის პარკებში. ევროპაში, აშშ-სა და კანადაში ფართოდ არის გავრცელებული მისი ეკონომიურობისა და მარტივი წესების გამო. მოედნის ცენტრში აღმართულია 3მ. სიმაღლის სვეტი, რომელზეც ნაილონის თოკით დაკიდებულია სპეციალური რეზინის ბურთი. ბურთს აქვს თოკის კაუჭის მისაბმელი ადგილი. ბურთი შიგნიდან მხოლოდ ჰაერით არის სავსე. თოკის სიგრძე 2.3 მეტრია.

თამაშის წესები:

ორი მოთამაშე დგება სვეტიდან დაახლოებით 1.5 მ მანძილზე, ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს. დარტყმა შეიძლება მხოლოდ მუშტით. ერთი მოთამაშე ურტყამს საათის ისრის, მეორე კი საათის ისრის საპირისპირო მიმართულებით. ისე უნდა ამოძრაონ ბურთი, რომ თოკი სვეტზე დაეხვიოს. თამაშის დროს ბურთს ისე უნდა უბიძგოს, რომ ის თავზე გადაევლოს მოწინააღმდეგეს. თამაშის ზოგიერთი ფორმისას მოთამაშეს რამდენიმე ცდის უფლება აქვს. დასრულებისას თამაში უფრო და უფრო რთულდება, რადგან თოკი მოკლდება და მოგება ამ ეტაპზე მონაწილეების მხოლოდ ფიზიკურ მომზადებაზეა დამოკიდებული. თამაშის დროს აკრძალულია ბურთის ხელში დაჭერა, თოკზე შეხება და გაშლილი ხელით დარტყმა. ნაპოლეონ დინამიტის მსგავსი სერიოზული მოთამაშეები ძალიან ცოტაა. თამაში ვერ დამკვიდრდა როგორც სპორტის სახეობა. ამის ერთ-ერთი მიზეზია მსაჯობის სირთულე. ასევე მედიასაშუალებებისთვის ვერ იქცა საინტერესო გადასაღებ მასალად.

ფიზიკის გაკვეთილზე საინტერესოა სიმულაციის გამოყენება. სიმულაციის ინსტრუქციის მიხედვით შესაძლებელია მოსწავლეებმა განახორციელონ კვლევა, სადაც შეისწავლიან თოკის დაჭიმულობის ძალის დამოკიდებულებას თოკის სიგრძეზე, ბურთის მასასა და ბურთის სიჩქარეზე. აქ წარმოდგენილია შევსებული ცხრილები. მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს სამუშაო ფურცელი, სადაც მოსწავლეების საჭიროებებიდან გამომდინარე შესთავაზებს მათ ნაწილობრივ შევსებულ, ან ცარიელ ცხრილს და მოსწავლე თავად დაგეგმავს კვლევას.

  1. რა დამოკიდებულებაა ბურთის მასასა და თოკის დაჭიმულობას შორის? ეტაპი 1.
ბურთის მასა (კგ) თოკის სიგრძე (მ) ბურთის სიჩქარე (მ/წმ) T (ნიუტონი)
0.6 2.5 4 2.5
0.8 2.5 4 5
1 2.5 4 6
1.2 2.5 4 8

 

დამოუკიდებელი ცვლადია ბურთის მასა, დამოკიდებული ცვლადია ძაფის დაჭიმულობის ძალა. ძაფის სიგრძე და ბურთის სიჩქარე საკონტროლო ცვლადებია.

ბურთის მასის გაზრდით იზრდება თოკის დაჭიმულობის ძალა. ე.ი. T ˜m.

  1. რა დამოკიდებულებაა თოკის სიგრძესა და თოკის დაჭიმულობის ძალას შორის? ეტაპი 2.
ბურთის მასა (კგ) თოკის სიგრძე (მ) ბურთის სიჩქარე (მ/წმ) T (ნიუტონი)
1.2 1.5 4 12
1.2 2 4 10
1.2 2.5 4 8

 

დამოუკიდებელი ცვლადია თოკის სიგრძე, დამოკიდებული ცვლადია ძაფის დაჭიმულობის ძალა. ბურთის მასა და სიჩქარე საკონტროლო ცვლადებია.

ბურთის მასის გაზრდით იზრდება ძაფის დაჭიმულობის ძალა. ე.ი. T ˜1/l

  1. რა დამოკიდებულებაა ბურთის სიჩქარესა და თოკის დაჭიმულობის ძალას შორის? ეტაპი 3.
ბურთის მასა (კგ) თოკის სიგრძე (მ) ბურთის სიჩქარე (მ/წმ) T (ნიუტონი)
1.2 2.5 3 4
1.2 2.5 4 8
1.2 2.5 5 12
1.2 2.5 6 18

 

დამოუკიდებელი ცვლადია ბურთის სიჩქარე, დამოკიდებული ცვლადია ძაფის დაჭიმულობის ძალა. ბურთის მასა და თოკის სიგრძე საკონტროლო ცვლადებია.

ბურთის მასის გაზრდით იზრდება ძაფის დაჭიმულობის ძალა. ე.ი. T ˜v.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები დაადგენენ ცენტრისკენული და დაჭიმულობის ძალების არსს და მათზე მოქმედ ფაქტორებს, შესაძლებელია ამოცანების შეთავაზება:

ამოცანა 1: თეზერბოლს თამაშობს ორი ახალგაზრდა. ერთ-ერთის მუშტის მასაა 350 გ. ის ურტყამს 450 გ მასის ბურთს და ანიჭებს 5.5 მ/წმ სიჩქარეს. ამ დროს მოთამაშის მუშტის სიჩქარე მცირდება 0.5 მ/წმ-მდე. ბურთი იწყებს მოძრაობას წრეწირზე. სვეტიდან ბურთის ცენტრამდე მანძილია 1.7 მ (ე.ი. ბურთი მოძრაობს 1.7 მ რადიუსის წრეწირზე). თოკსა და სვეტს შორის კუთხეა თეტა. რას უდრის თოკის დაჭიმულობის ძალა, თუ თოკის სიმაღლეა 2.5 მ.

ამოხსნის ეტაპები:

  1. იფიქრე, რა სიდიდეების ცოდნაა საჭირო პრობლემის გადასაჭრელად;
  2. დახაზე თავისუფალი სხეულის დიაგრამა სვეტის ირგვლივ მოძრავი ბურთისთვის;
  3. გამოთვალე დახრის კუთხე;
  4. გამოთვალე დაჭიმულობის ძალის მიმართულება და რიცხვითი მნიშვნელობა.

ამოცანა 2: 80 კგ მასის ადამიანი უბიძგებს თეზერბოლის ბურთს და ბურთი იწყებს მოძრაობას 2 მ რადიუსის წრეწირზე 5 მ/წმ სიჩქარით. რას უდრის ცენტრისკენული ძალა?

F ც = m υ 2/r

სადაც: m – მასა, υ- სიჩქარე,  r – რადიუსი.

ამოხსნა: F ც = m υ 2/r = 80 x 5 2/2 = 1000 ნ.

ამოცანა 3: თეზერბოლში ბურთი ბრუნავს სვეტის ირგვლივ. რა მიმართულება აქვს ბურთზე მოქმედი ძალების ტოლქმედს? ამოხსნა

ამოცანა 4: 2 კგ თეზერბოლი მოძრაობს 1.5 მ რადიუსის წრეწირზე 3.5 მ/წმ სიჩქარით. რას უდრის კუთხე? დაჭიმულობის ძალა? ამოხსნა.

ამოცანა 5: 120 გ მასის თეზერბოლი დაკიდებულია 57 სმ სიგრძის თოკზე. რას უდრის ბურთის ბრუნის პერიოდი და სიხშირე, თუ სვეტსა და თოკს შორის კუთხე 30 გრადუსია?  ამოხსნა 1; ამოხსნა 2; ამოხსნა 3.

ამოცანა 6: ბურთის მასაა 450 გ. მოძრაობის სიჩქარე – 4 მ/წმ. თოკის სიგრძე – 1.8 მ. რას უდრის თოკსა და სვეტს შორის კუთხე? ძაფის დაჭიმულობის ძალა? ამოხსნა 1, ამოხსნა 2.

ამოცანა 7: ბურთის მასაა 0.3 კგ, თოკის სიგრძე – 1 მ. დახრის კუთხეა 400. რა სიჩქარით მოძრაობს ბურთი? რას უდრის ძაფის დაჭიმულობის ძალა? ამოხსნა 1, ამოხსნა 2.

პროექტში ჩართვა შეუძლია ქიმიის მასწავლებელსაც სინთეზური ბოჭკოების მიმართულებით. საინტერესო იქნება მოსწავლეებმა შეაფასონ თოკის დასამზადებლად ნაილონის გამოყენებისა და ბურთის დასამზადებლად რეზინის გამოყენების მნიშვნელობა.

პროექტის გაშლა სხვა მიმართულებებითაც შეიძლება. ეს დამოკიდებულია მოსწავლეების და მასწავლებლების ინტერესებზე, კათედრებს შორის თანამშრომლობის ხარისხზე.

თამაშისთვის საჭირო ინვენტარის დამზადება (ბურთის გარდა) შესაძლებელია ვიდეოში მოცემული ინსტრუქციის მიხედვით:

 

 

 

 

 

 

განმავითარებელი შეფასებისთვის შესაფერისი ადაპტირებული დავალებების ნიმუშები და შეფასების კრიტერიუმები

0

I ნაწილი

ნებისმიერი შეფასების, მათ შორის, განმავითარებელი შეფასების მიზანია, ნათელი მოჰფინოს იმას, რა ისწავლა მოსწავლემ, როგორ ისწავლა და როგორ იყენებს ნასწავლს. ჩვეულებრივ, საგაკვეთილო საქმიანობაში მასწავლებელი განმავითარებელი შეფასებისათვის აქტიურად ეყრდნობა სახელმძღვანელოში წარმოდგენილ დავალებებს. მაგრამ, თუ დავალებად დიდი მოცულობის ტექსტია და მოსწავლისთვის ძნელია მოცულობითი ინფორმაციის გადამუშავება და ცნებებზე მუშაობაც უჭირს, მაშინ მასწავლებელი მას სთავაზობს ადაპტირებულ ტექსტს და დავალებებს და თან ისე, რომ არ დაზარალდეს მოსწავლის კითხვის, წერის, მოსმენილი ინფორმაციის გაგებისა და გამოყენების უნარები. ამ დროს:

  • ტექსტი და დავალების პირობა მარტივი ფრაზების, მოსწავლისთვის ნაცნობი სიტყვებისა და მოკლე წინადადებების სახითაა ჩამოყალიბებული (ტექსტი შემოკლებულია და გამარტივებული);
  • მოსწავლეთა ნაწილი მუშაობს ჩვეულებრივ ტექსტზე და დავალებებზე, ნაწილი – განსხვავებულ, ადაპტირებულ ტექსტებსა და დავალებებზე;
  • დავალების მიზნები, შეფასების კრიტერიუმები და სააზროვნო უნარები კი ერთი და იგივე რჩება.

მაგრამ ადაპტირებული დავალებების შედგენას განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება. ამ დროს ყურადღება ეთმობა ადაპტირებისათვის აუცილებელი ისეთი კომპონენტების გამოყენებას, როგორიცაა: დავალების ფორმა, დავალების მოცულობა, შესრულების ფორმა და შესრულების პირობა.

 

განმავითარებელი შეფასებისთვის შესაფერისი ადაპტირებული დავალებების ნიმუშები

 

საფეხური – საბაზო; საგანი – ისტორია; კლასი –VII; თემა: ძველი აღმოსავლეთი

მკვიდრი წარმოდგენები: პირველი სახელმწიფოები დიდი მდინარეების გასწვრივ ჩამოყალიბდა; უძველესი ცივილიზაციების ჩამოყალიბება ძველი აღმოსავლეთის ხალხებს უკავშირდება.

განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი: „მოსწავლეთა ცოდნისა და უნარის განსაზღვრის კითხვარი „რა შემიძლია მე?!“ (კრიტერიუმები: მე შემიძლია ვიპოვო… მე შემიძლია განვმარტო… მე შემიძლია განვასხვავო… მე შემიძლია ავხსნა… მე შემიძლია ვიპოვო შესაბამისობა… მე შემიძლია გავაკეთო… მე შემიძლია დავაკავშირო…).

მასწავლებლის მითითებით, გაკვეთილზე მოსწავლე მუშაობს მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ ადაპტირებულ სავარჯიშოებზე, ავსებს „მოსწავლეთა ცოდნისა და უნარის განსაზღვრის კითხვარს „რა შემიძლია მე?!“, ხოლო მასწავლებელი, მუშაობის პროცესში, მყისიერად აწვდის მოსწავლეს განმავითარებელი ხასიათის უკუკავშირს.

ადაპტირებული დავალების ნიმუში N1

საკითხი: „რატომ გაჩნდა პირველი სახელმწიფოები მდინარის პირას?“

შეფასების ინდიკატორი: მოსწავლე გამოკვეთს ძველი აღმოსავლეთისათვის დამახასიათებელ ნიშნებს; ახდენს მიღებული მასალის ინტერპრეტირებას, მსჯელობს და მასალებს ერთმანეთს ადარებს  (ისტ.საბ.1; 2; 3; 7; 9 )

სააზროვნო უნარების დონე: გაგება/გააზრება; გამოყენება

გაკვეთილის მიმდინარეობა – მოსწავლე, მასწავლებლის მითითებით და ძირითადი საგაკვეთილო აქტივობების პარალელურად, ეტაპობრივად მუშაობს მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ შემდეგ ადაპტირებულ სავარჯიშოებზე:

სავარჯიშო N1: მოცემულ ილუსტრაციებზე დაყრდნობით აღწერე: ა) ძველი აღმოსავლეთის ხალხის სამეურნეო საქმიანობა; ბ) გამოყავი ძველ ეგვიპტესა და შუმერში ცივილიზებული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშემწყობი პირობები; გ) მოცემულ ილუსტრაციებზე დაყრდნობით იმსჯელე, რატომ უწოდებდნენ ძველ ეგვიპტესა და შუმერს „სამდინარო ცივილიზაციას“?

სავარჯიშო N2: მოცემულ სქემაზე წელიწადის დროებს მიუწერე სახელები; წელიწადის დროებს მიუსადაგე ძველი აღმოსავლეთის ხალხის სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ცნებები: ხვნა, თესვა, მოსავლის აღება, ნილოსის ადიდება, მშრალი სეზონი, წვიმიანი სეზონი.

           

სავარჯიშო N3: ახსენი ლოგიკური კავშირები ქვემოთ მოცემული ჯაჭვის რგოლებს შორის ისე, რომ გამოიყენო შემდეგი ცნებები და ტერმინები: სარწყავი მიწა, უდაბნო, შლამი, ნილოსი, ტიგროსი, ევფრატი, ვაკე, შუმერი, ეგვიპტე, სოციალური ფენა, მოხელე, მეთემეები, მეფე-ფარაონი, მთავარი მოხელე, მონები. მიღებული დასკვნები ჩაწერეთ შესაბამის უჯრაში.

 

 ძლიერი სასოფლო მეურნეობა

 

სახელმწიფო გადასახადის გაზრდა

 

 

სახელმწიფოს გაძლიერება

 

 

მოსწავლე მოცემულ მასალებზე დაყრდნობით პოულობს ლოგიკურ კავშირებს ცალკეულ ცნებებს შორის; განსაზღვრავს ძველი აღმოსავლეთის ხალხის სამეურნეო საქმიანობას და აღწერს მას; გამოთქვამს მოსაზრებას, რა კავშირია განვითარებულ მეურნეობასა და სახელმწიფოს ძლიერებას შორის; აკეთებს ლოგიკურ დასკვნას, რატომ გაჩნდა პირველი სახელმწიფოები მდინარის პირას“.

გაკვეთილის დასასრულ მოსწავლე ავსებს მოსწავლეთა ცოდნისა და უნარის განსაზღვრის კითხვარს „რა შემიძლია მე?!“ და მასწავლებლისგან შესაბამის უკუკავშირს იღებს.

 

ადაპტირებული დავალების ნიმუში N2

საკითხი: „როგორ იმართებოდა სახელმწიფო?“

შეფასების კრიტერიუმი: მოსწავლე გამოკვეთს ძველი აღმოსავლეთისათვის დამახასიათებელ ნიშნებს; ახდენს მიღებული მასალის ინტერპრეტაციას, მსჯელობს, აანალიზებს და ადარებს ინფორმაციებს (ისტ.საბ.1; 2; 3; 7; 9 )

ააზროვნო უნარების დონე: გაგება/გააზრება; გამოყენება; ანალიზი

გაკვეთილის მიმდინარეობა – მოსწავლე, მასწავლებლის მითითებით, ძირითადი საგაკვეთილო აქტივობების პარალელურად, ეტაპობრივად მუშაობს მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ ადაპტირებულ სქემაზე – „პირამიდული ეგვიპტე“ – და პასუხებს დაიტანს შესაბამის ადგილზე:

 

დავალების თითოეული ეტაპი შეასრულე ცალ-ცალკე:

1.  ვიზუალური მასალის მიხედვით აღწერე ძველი ეგვიპტის თითოეული სოციალური ფენის საქმიანობა;

2.  რამდენ ფენად იყოფოდა იმდროინდელი საზოგადოება?

3.  სახელმძღვანელოს ტექსტში იპოვე თითოეული მათგანის შესაფერისი სახელწოდება;

4.  სახელმძღვანელოს ტექსტში იპოვე მინიშნება, რას ნიშნავს ტერმინი „ნომი“?

5.  შენი აზრით, როგორ და ვისი დახმარებით უნდა ემართა ფარაონს ეგვიპტე? სახელმძღვანელოს ტექსტში იპოვე შესაბამისი მინიშნება.

6.  რა იყო საჭირო სახელმწიფოს სამართავად?

პასუხები: ——————————-

მოსწავლე მუშაობს სქემაზე, აანალიზებს მას, ადარებს ერთმანეთს სქემისა და სახელმძღვანელოს ტექსტისგან მიღებულ ინფორმაციას და პასუხობს კითხვებს.

გაკვეთილის დასასრულ მოსწავლე ავსებს „მოსწავლეთა ცოდნისა და უნარის განსაზღვრის კითხვარს „რა შემიძლია მე?!“ და იღებს მასწავლებლისგან შესაბამის უკუკავშირს.

 

ადაპტირებული დავალების ნიმუში N3

საკითხი – „როგორ გახდა აქემენიანთა სპარსეთი სახელმწიფოების და ხალხების დაპყრობის, ადმინისტრაციული, სახელმწიფო მმართველობის, სამხედრო და რელიგიური რეფორმების გატარების შედეგად ძველი აღმოსავლეთის პირველი სახმელეთო იმპერია“

მოსწავლემ უნდა შეძლოს: ისტ. საბ. 2;4;7; 9; 11

სააზროვნო უნარების დონე: გაგება, გააზრება, გამოყენება

გაკვეთილის მიმდინარეობა – მოსწავლე, მასწავლებლის მითითებით და ძირითადი საგაკვეთილო აქტივობების პარალელურად, ეტაპობრივად მუშაობს მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ ადაპტირებულ ტექსტზე „დარიოს I-ის რეფორმები“ – და ასრულებს რუკასთან დაკავშირებულ დავალებებს:

დავალება:

  1. წაიკითხე ქვემოთ მოყვანილი ტექსტი დარიოს I-ის რეფორმის შესახებ;

ა) ამოიწერე ტექსტიდან დარიოს I-ის დროინდელი საგადასახადო სისტემის თავისებურებები (არანაკლებ ოთხი ნიშანი);

ბ) განსაზღვრე: რატომ განახორციელა დარიოს I-მა ფულადი რეფორმა? შენი აზრით, რატომ დააკისრა გადასახადი დარიოს I-მა შემოერთებულ, დაპყრობილ მიწებზე არსებულ ტაძრებს? დარიოს I-მა გაატარა სახელმწიფო მმართველობის რეფორმაც. შენი აზრით, რა კავშირი უნდა არსებობდეს დარიოსის საგადასახადო სისტემის რეფორმასა და სახელმწიფო მმართველობის რეფორმას შორის? დარიოს I-მა გაატარა სამხედრო რეფორმაც. როგორ ფიქრობ, რატომ დაჭირდებოდა დარიოსს სამხედრო რეფორმის გატარება საგადასახადო რეფორმის პარალელურად? „იმპერიული ხელისუფლებისათვის“ დამახასიათებელ რომელ ნიშანს ხედავ დარიოსის რეფორმაში?

 

დარიოს I-ის რეფორმა
საგადასახადო სისტემა და ფულადი რეფორმა
დარიოს I-მა ბევრი რეფორმა გაატარა, მათ შორის მან ახალი საგადასახადო სისტემაც შემოიღო. ყველა სატრაპიას, რომელთა სათავეშიც სატრაპები იდგნენ, მკაცრად რეგლამენტირებული გადასახადი უნდა გადაეხადა, რომელიც ეფუძნებოდა დასამუშავებელი მიწების რაოდენობას და ამ მიწათა ნაყოფიერებას. გადასახადები დააკისრეს ასევე შემოერთებულ მიწებზე არსებულ ტაძრებსაც. თავად სპარსელები, როგორც გაბატონებული ხალხი, ფულად გადასახადს არ იხდიდა, თუმცა ნატურალური გადასახადისგან არ თავისუფლდებოდნენ. დანარჩენი ხალხი, მათ შორის ავტონომიური სტატუსის მქონე ქვეყნები (მაგალითად, ფინიკიელები, კილიკიელები და სხვ. რომლებიც თავის დროზე დაუზავდნენ აქემენიდებს და უბრძოლველად დაუთმეს თავიანთი ქვეყნები) ყოველწლიურად იხდიდნენ მნიშვნელოვან თანხას (რომელიც დაახლოებით 230 ტონა ვერცხლის შესაბამისი იყო). ამ თანხის უმეტესობას იხდიდნენ მცირე აზიის ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები. ბაბილონი, ფინიკია, ეგვიპტე, სირია (ანუ ის ქვეყნები, რომელთაც ჰქონდათ საკუთარი ვერცხლის მარაგი,   ყიდდნენ სახელოსნო და სოფლის მეურნეობის პროდუქციას, აღებულ თანხას ცვლიდნენ ვერცხლის მონეტებზე და ისე იხდიდნენ გადასახადს, რაც ხელს უწყობდა იმპერიაში ფულადი და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. დარიოს I-მა ფულადი რეფორმაც განახორციელა და შემოიღო ოქროს მონეტა „დარიკი“.
 

პასუხები: ა) ……………………………

     ბ) ……………………………

 

 

  1. დააკვირდი რუკას „ძველი სპარსეთის (აქემენიანთა) სახელმწიფო“ და გაასიტყვე ის;
  2. შენი აზრით, რა მოვალეობა ექნებოდა ცალკეული მხარეების მმართველ სატრაპებს?
  3. უკვე არსებული ცოდნისა და რუკის გამოყენებით განსაზღვრე, რატომ უწოდებდნენ აქემენიანთა სპარსეთს „პირველ სახმელეთო იმპერიას?“

 

მოსწავლე:

  • გასაზღვრავს დარიოს I-ის საგადასახადო სისტემის პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე თავისებურებას, ფულად/საგადასახადო რეფორმის მიზანს და პასუხებს ჩაწერს შესაბამის უჯრაში;
  • გამოთქვამს მოსაზრებას, რატომ დააკისრებდა გადასახადს დარიოს I შემოერთებულ, დაპყრობილ მიწებზე არსებულ ტაძრებს და რატომ დასჭირდებოდა სპარსეთის მეფეს სამხედრო რეფორმის გატარება;
  • პოულობს ლოგიკურ კავშირს დარიოს I-ის საგადასახადო სისტემის რეფორმასა და სახელმწიფო მმართველობის რეფორმას შორის;
  • იყენებს რუკაზე არსებულ ინფორმაციას და პასუხობს კითხვას – რა მოვალეობები ექნებოდათ სატრაპებს და რატომ იყო აქემენიანთა სპარსეთი „პირველი სახმელეთო იმპერია“.

 

გაკვეთილის დასასრულ მოსწავლე ავსებს „მოსწავლეთა ცოდნისა და უნარის განსაზღვრის კითხვარს – „რა შემიძლია მე?!“ და მასწავლებლისგან იღებს შესაბამის უკუკავშირს.

დავალებების ადაპტირება ხელს უწყობს გაკვეთილზე მოსწავლეების პროდუქტიულობას, ჩართულობას, სწავლის შედეგების მიღწევას, რეალურად ორიენტირებულია მოსწავლეთა ზრდა-განვითარებაზე და წარმატებით გამოიყენება საგაკვეთილო პრაქტიკაში.

 

საინტერესო გაკვეთილი – ეს შესაძლებელია

0

კარგი მასწავლებელი ესტრადის კარგ მომღერალს ჰგავს,

 რომელიც დასაწყისში აუდიტორიის ყურადღებას იპყრობს“.

ჯონ ჰენრიკ კლარკი

(ამერიკელი ისტორიკოსი, 1915/1998წ.)

 

დეივ ბერჯესი  (Dave Burgess) წიგნში – „სწავლება, როგორც თავგადასავალი. როგორ გავხადოთ გაკვეთილები საინტერესო და მომხიბვლელი“ – მკითხველს საინტერესო გაკვეთილის ჩატარების ორიგინალურ, კრეატიულ და ზოგ შემთხვევაში ძალიან უცნაურ შეხედულებებს უზიარებს. (დეივ ბერჯესი ამერიკაში, კალიფორნიის შტატში, ქალაქ სან-დიეგოს ისტორიის მასწავლებელია).

ამერიკელ მასწავლებელს მიაჩნია, რომ გაკვეთილის გავლენა მოსწავლეზე ძლიერი არ იქნება, თუ სასწავლო მასალა პროფესიონალურად, ოსტატურად არ არის მიწოდებული. ეს ზუსტად იმას ჰგავს, რომ ადამიანმა საბურავებდაშვებული ველოსიპედით იმგზავროს. მიუხედავად იმისა, რომ ის ყველაფერს წესების დაცვით გააკეთებს და დიდ ძალისხმევას დახარჯავს, შედეგი მაინც საშუალოზე დაბალი ექნება. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი გაკვეთილს იმგვარად გეგმავს, რომ მოსწავლეები დააინტერესოს, მაშინ ყველაფერი გაცილებით მარტივი გახდება, რადგან თქვენი საგაკვეთილო მასალა მოსწავლეებს ერთგვარი მაგიური ძალით იზიდავს.

ჩემი სტატიების მკითხველი უკვე იცნობს დეივ ბერჯესის შეხედულებებს, რომლებიც გაკვეთილების საინტერესოდ ჩატარებას ეხება. სანამ კიდევ გავაგრძელებ ამ ავტორის მოსაზრებების გადმოცემას, მინდა იცოდეთ, რომ ამერიკელი მასწავლებელი, რომელიც, შეიძლება ითქვას, საკუთარი მოსწავლეებისთვის ცოდნის სახალისოდ და მხიარულად გადაცემაზე ფიქრობს, არავითარ შემთხვევაში არ უარყოფს კლასში ქცევის წესებს. ახლა სწორედ ამ წესებზე მოგითხრობთ.

მაშ ასე, „მე ყველაზე ხისტ და მკაცრ წესებსაც კი ვთავაზობ მოსწავლეებს“ – განმარტავს დეივ ბერჯესი და განაგრძობს: „სასწავლო წლის დასაწყისშივე, სწრაფად და იუმორით ვასწავლი მოსწავლეებს წესებსა და პროცედურებს, არცერთი მათგანის შესახებ საუბარს დიდხანს არ ვუნდები. შემდეგ ვეუბნები მათ, რომ ჩემი გაკვეთილები სრულიად განსხვავებული იქნება იმათგან, რაც მათ აქამდე უნახავთ და მოუსმენიათ. გულწრფელად ვპირდები, რომ ჩემი გაკვეთილები სხვებზე მეტად ეყვარებათ და მეტიც, ვთვლი, რომ არასდროს დაავიწყდებათ. მაგრამ ეს ყველაფერი მოხდება მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენ შევთანხმდებით, დავიცვათ შემდეგი წესი: არასდროს ვიყოთ უხეში!!!  ვაფრთხილებ ყველას, რომ შემიძლია გავიგო ხუმრობები, იუმორი და ნებისმიერი სახის ერთი შეხედვით აღმაშფოთებელი საქციელი, მაგრამ ვერასდროს შევეგუები უზრდელობას, უხეშობას, თავხედობას, უკულტურობას. ნებისმიერი, გართობა სრულდება მაშინ, როდესაც რომელიმე მოსწავლე თანაკლასელის მიმართ რაიმე სახის უხეშობას, უზრდელობას, უპატივცემულობას გამოამჟღავნებს. ძალიან მნიშვნელოვანია, გაკვეთილზე შევქმნათ უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემო, რომელშიც გვერდიგვერდ თანაცხოვრობს სწავლა, შემოქმედებითობა და გართობა. არ ვიყოთ უხეში! – ეს წესი თანაბრად ვრცელდება, როგორც მოსწავლეებზე ასევე ჩემზე. მე ბავშვებს ვუხსნი, რომ მათაც თავისუფლად შეუძლიათ მიმითითონ ჩემს ნებისმიერ, მათი აზრით, გადაჭარბებულ, უტაქტო ხუმრობაზე. მინდა, რომ ჩემმა მოსწავლეებმა თავისუფლად იგრძნონ თავი, როდესაც მომმართავენ რაიმე საკითხთან დაკავშირებით. სწავლების ჩემი სტილის მთავარი პირობაა კლასში უსაფრთხო ზონის შექმნა.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები წესებს გაეცნობიან, ვთხოვ მათ, ათი წუთი დაუთმონ პლასტილინისგან რაიმე ისეთის გამოძერწვას, რაც რამე კუთხით დაახასიათებს თავად მათ, ოღონდ ეს უნდა ჯდებოდეს გაკვეთილის ფორმატში. მოსწავლეებს ვეუბნები, რომ მათ მიერ გაკეთებულ ნივთს ვუჩვენებ მთელს კლასს, რამდენიმე შეკითხვას დავუსვამ და ვთხოვ ავტორს, გვითხრას საკუთარი სახელი. ამ მარტივი საქმიანობით ბავშვებს ეხსნებათ დაძაბულობა, რომელიც შესაძლოა მოსწავლეებს კლასის წინაშე გამოსვლისას შეექმნას. როდესაც მოსწავლეები მუშაობას იწყებენ, მე შესაძლებლობა მეძლევა, რაღაც მნიშვნელოვანი და განსხვავებული გავაკეთო პირველი სასკოლო დღისთვის. ამ დროს კლასში მოსწავლეებს შორის ვიწყებ სიარულს და მათთან არაფორმალურ საუბარს ვაბამ. ამით ბავშვებს ვასწავლი, რომ რთულ სიტუაციაში მოხვედრისას ყოველთვის შეუძლიათ, მოძებნონ გამოსავალი. თანაც ვსარგებლობ სიტუაციით და ვსვამ შეკითხვებს მათი პლასტილინის ფიგურების შესახებ, რითაც თავად ბავშვებზე რაღაც ახალს და მნიშვნელოვანს ვიგებ. სამომავლოდ, შესაძლებელია ეს ინფორმაცია „კაუჭის“ შესაქმნელად გამოვიყენო, რომლის საშუალებითაც ისინი უკეთ შეძლებენ ათვისებას („კაუჭების“ მაგალითებს მკითხველი წინა სტატიაში გაეცნო). საგულისხმოა, რომ მსგავსი ინსტრუმენტები ძალიან ქმედით როლს ასრულებს, რადგან ისინი ეხება მოსწავლეების ინტერესებსა და გატაცებებს. ათი წუთის შემდეგ, კიდევ ერთხელ სწრაფად გავივლი მოსწავლეებს შორის რიგებში, თითოეულს სათითაოდ ველაპარაკები და ვთხოვ, საკუთარი თავი გაგვაცნონ. ვიწყებ შეკითხვების დასმას იმის შესახებ, რა შექმნეს პლასტილინისგან. ამას სწრაფად და ადვილად ვაკეთებ თანაც საქმეში ვრთავ იუმორს, შესაძლებელია მცირე ირონიასაც. ვფიქრობ, რომ ამით იმ მოსწავლეებს ვეხმარები, რომლებსაც უჭირთ სწორი სიტყვების მოძებნა. საბოლოო ჯამში კი ბავშვები კლასიდან გადიან იმ განცდით, რომ მათ პირველივე საქმიანობაში წარმატებას მიაღწიეს.

გაკვეთილის მსვლელობისას, რამდენჯერმე ვამახვილებ ყურადღებას მოსწავლეების სახელებზე. უფრო მეტიც, ჯილდოსაც კი ვპირდები იმ მოსწავლეს, რომელიც გაკვეთილის დასასრულ ყველა თანაკლასელის სახელს უშეცდომოდ ჩამოთვლის. ვაძლევ დროს, სახელები ჩამოთვლა სასწავლო კვირის პირველ დღეებში შეძლონ. მიმაჩნია, რომ, თუ ჩვენ გვსურს ნდობისა და ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო პირველივე დღეებში შევქმნათ, მოსწავლეებმა, როგორც მინიმუმ, ერთმანეთის სახელები უნდა იცოდნენ. გაკვეთილის დასასრულ მოსწავლეებს მადლობას ვუხდი, იმისთვის, რომ ისინი სკოლაში მოვიდნენ და გაკვეთილებს დაესწრნენ. შემდეგ კი დაახლოებით ასეთ რამეს ვამბობ: „უმჯობესია ხვალინდელი გაკვეთილები, არ გააცდინოთ. გაკვეთილის დასაწყისში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს უზომოდ საინტერესო აქტივობა. ამიტომ თქვენ ან მოხვალთ და თავად ნახავთ ყველაფერს, ან სხვების მონათხრობს დასჯერდებით“. დამიჯერეთ, მსგავსი ტექსტის მოსმენისას ბავშვები იმდენად ინტერესდებიან, რომ არავითარ შემთხვევაში გაკვეთილს უმიზეზოდ არ გააცდენენ.

ახლა მინდა, მოსწავლეებთან და მოსწავლეებს შორის კონტაქტის პროცესზე ვისაუბრო. რამდენიმე წლის წინ მე თავად გამოვცადე დიდი შოკი და იმედგაცრუება, როცა აღმოვაჩინე, რომ ზოგჯერ ერთ მერხზე, ერთმანეთის გვერდით მჯდომი თანაკლასელები ერთმანეთს არ იცნობდნენ. ერთხელ, გაკვეთილის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე სამ მოსწავლეს ვთხოვე თანაკლასელებისთვის დაერიგებინათ ჩემ მიერ შესწორებული დავალების ფურცლები. როდესაც ზარი დაირეკა, მათ გაუნაწილებელი ფურცლები უკან დამიბრუნეს. ვერც წარმოიდგენთ, როგორი შეძრწუნებული ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ფურცლების ვერდარიგების მიზეზი თანაკლასელების სახელების არცოდნა იყო. ეს საოცარი ამბავი სასწავლო წლის დასაწყისში კი არა, ზუსტად ნახევარი წლის შემდეგ მოხდა. ანუ მე, ვინც მთელ ქვეყანაში ვმოგზაურობ და უამრავ მოსწავლეს კონტაქტის დამყარების აუცილებლობაზე ვესაუბრები, აღმოვაჩინე, რომ საკუთარ მოსწავლეებს ერთმანეთის სახელებიც კი არ სცოდნიათ. სწორედ ამის შემდეგ, ყოველ წელს სპეციალურად ვაკეთებ აქცენტს მოსწავლეების სახელებზე სასწავლო წლის დასაწყისშივე. ამ პროცესში გარკვეული შეჯიბრებითობის ელემენტების შეტანა, მეხმარება მოსწავლეების დაინტერესებაში.

სასწავლო წლის მეორე დღე სრულიად ფანტასტიკური რიტუალით იწყება. როგორ? მოსწავლეებს წინა დღეს ხომ სუპერგაკვეთილს შევპირდი? ჰოდა, საკლასო ოთახში მოსწავლეების თვალწინ თვითმფრინავად გადავიქცევი და გაშლილი ხელებით ვირაჟებს ვაკეთებ. შემდეგ, უფრო დიდი საოცრებები ხდება, თვითმფრინავი ხან წყალში ვარდება, ხან პილოტი წამით გონებას კარგავს. მერე ოკეანეში აღმოჩენილი მგზავრების გადარჩენა და ა.შ… ჩემი ფანტაზია ხომ უსაზღვროა. მაგრამ მთავარი ახლა იწყება: უდაბურ კუნძულზე, რომელზეც ათი გადარჩენილი მგზავრი აღმოჩნდა, ვერტმფრენი მიფრინდა, რომელსაც მხოლოდ ხუთი ადამიანის წაყვანა შეუძლია, დანარჩენი ხუთი ისევ კუნძულზე უნდა დარჩეს და სცადოს თავის გადარჩენა. აქ მოსწავლეებს ვთხოვ, დაიყონ მცირე ჯგუფებად და გადაწყვიტონ, ვინ დარჩეს და ვინ გაფრინდეს, იმ სიიდან, რომელსაც თავად ვაძლევ. სიაში გამოგონილი პერსონაჟები იმგვარად არიან შერჩეული, რომ მოსწავლეებში კამათი გამოიწვიოს. მაგალითად: მეცნიერი, ბოტანიკოსი, ორი შვილის მარტოხელა დედა, ყოფილი მსჯავრდებული, რომელიც მკვლელობის ბრალდებით იყო გასამართლებული, მაგრამ შემდეგ ვადამდე გაათავისუფლეს. არ არსებობს არცერთი პირობითი მგზავრი, რომლის დარჩენის ან სახლში დაბრუნების მომხრე და მოწინააღმდეგე არ აღმოჩნდეს ნებისმიერ ჯგუფში. ამ აქტივობის მთავარი არსიც ხომ ბავშვებს შორის კამათისა და დისკუსიის გამოწვევაა. საინტერესო და სახალისო გაკვეთილის ჩატარებასთან ერთად ვაკვირდები ჯგუფის დინამიკას, კლასელებს შორის ურთიერთობების, თანამშრომლობის პროცესს. მუშაობის დასრულებისთანავე ჯგუფები ასაბუთებენ საკუთარ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც დაფაზე ვწერ. ანუ ყველაფერი ისეა, როგორც ჯგუფური აქტივობა მოითხოვს. მთავარია, დავიცვათ წესი: „არასდროს ვიყოთ უხეში!“

მესამე უმთავრესი დღეა მთელი სასწავლო წლის განმავლობაში. ამ დღეს მე ვცდილობ, ავუხსნა ჩემს მოსწავლეებს, რატომ ვიქცევი ასე „გიჟურად“. ეს არის დღე, როდესაც მოსწავლეებს ვარწმუნებ, რომ სწორედ ჩემი გაკვეთილებია ყველაზე განსხვავებული შემეცნებითი სივრცე, რომელიც ოდესმე უნახავთ. და სწორედ ისინი არიან, ვინც აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას და ჩემი გაკვეთილების მიზანიც ეს არის. მიმაჩნია, რომ კარგი მასწავლებელი ნებისმიერ უნარსა და ჩვევას უნდა იყენებდეს, რათა მოსწავლეებმა საუკეთესო განათლება მიიღონ. ამ საინტერესო დღის ბოლოს, ყველაზე რთულ და დაუმორჩილებელ მოსწავლესაც კი, უნდა ვათქმევინო: „ეს მასწავლებელი, რაღაც განსხვავებულ სიბრძნეს ფლობს და ამიტომ ვეცდები, მისგან რამე მაინც ვისწავლო. რაც იქნება იქნება!“. ეს ზუსტად ის არის, რაც მე მინდა. შემდეგ კი საინტერესო გაკვეთილები გაგრძელდება, მკითხველი ამას თავად ნახავს მომავალ სტატიაში“.

 სტატია თარგმნა: ქეთევან კობალაძემ

სამი წიგნი ბავშვობასა და საშიშ გზებზე   

0

იმ წიგნით დავიწყებ, რომლის ქართული თარგმანიც მალე მოხვდება მკითხველის ხელში. მათ, ვინც ავტორის მშობლიურ ენაზე – ინგლისურად კითხულობენ, შეუძლიათ არც დაელოდონ ამ დღეს და ჩარლზ დარვინის ავტობიოგრაფიის ძებნა დაიწყონ – გამოიწერონ, გადმოიწერონ, წაიკითხონ. არა, არ იცნობთ დარვინს და რაც სკოლის წლებში დაგიმახსოვრებიათ, დაფიქრების შემდეგ ორ-სამ მოკლე წინადადებად თუ იქცევა. კარგად დაწერილი ავტობიოგრაფიების კითხვა სიამოვნებაა, დიდი მეცნიერის ჩანაწერებისა კი სხვა სიხარულსაც გაგრძნობინებთ – აწმყოს წარსულიდან გამოხედავთ.

სკოლაში ახლად შესული ბიჭუნა მეგობარს არწმუნებს, შემიძლია სხვადასხვა ფერის ფურისულები გავახარო, თუ ფერად-ფერადი სითხით მოვრწყავო, არადა, მსგავსი რამ არასოდეს უცდია. მეცნიერებისადმი სიყვარულის დასაწყისიც აქ უნდა იყოს – ამ პატარა ოცნებაში, სინამდვილის მარტივად შეცვლის ამ სურვილში.

„ვფიქრობ, მასწავლებლებიც და მამაჩემიც ჩვეულებრივ ბიჭად მიმიჩნევდნენ და ჩემს გონებრივ გაქანებას ცოტა ეჭვის თვალით უცქერდნენ. ძალიან მეტკინა გული, როცა ერთხელ მამაჩემმა მითხრა: თოფის სროლის, ძაღლებთან თამაშისა და ვირთხების დევნის მეტი არაფერი გაღელვებს – ასე თავსაც მოიჭრი და და ოჯახსაც შეარცხვენო“, – ვკითხულობთ წიგნში, რომლის გვერდებიც სავსეა გულწრფელად მოთხრობილი ამბებით, გასაოგნებელი მოგონებებით, ავტორის თანამედროვე მეცნიერებისა და სხვა სანტერესო ადამიანების სახეებით, ძალიან საყურადღებო იდეებით, დასკვნებით.

*

ჩარლზ დარვინის ავტობიოგრაფიის გვერდით ჟოზე სარამაგუს „იესოს სახარება“ მიდევს, რომელსაც ძილის წინ ვკითხულობ ხოლმე – გამოზოგვით, გვერდების დათვლით. ამ ორ წიგნზე ერთდროულად ფიქრი დამაბნეველიცაა და შეიძლება ითქვას, რომ – თავშესაქცევიც. ცხადია, ერთით აღფრთოვანებული მკითხველი მეორესაც გატაცებით წაიკითხავს – თითქოს ავტორები სადღაც, სხვა მიწაზე, სხვა ცის ქვეშ შეთანხმებულიყვნენ იმაზე, რომ მისთვის სწორედ ის სიმართლე გაემხილათ, რომლის დავიწყებასაც ვეღარასდროს მოახერხებდა.

„იესოს სახარება“ იესოს ბავშვობისა და მოზარდობის შესახებ უფრო მეტს მოგვითხრობს, ვიდრე მისი სიცოცხლის ბოლო წლებზე. ფიქრობთ, რომ კარგად იცით ეს ისტორია, მისი ნაწილების თანმიმდევრობა და პასუხებსაც კარგა ხნის წინ მიაგენით? დაივიწყეთ, ყველაფერი დაივიწყეთ და ისე გააყოლეთ თვალი პირველ წინადადებებს. მზად იყავით იმისთვისაც, რომ გეზს მოულოდნელად შეგიცვლიან, გალილეის მიწიდან მეოცე საუკუნის შემინულ შენობებში, ფროიდსა თუ ლაკანთან დაგაბრუნებენ, რაღაც სახალისოს გეტყვიან, თვალს ჩაგიკრავენ და მერე თავს ისევ ნაზარეთისკენ მიგაბრუნებინებენ.

*

ჩემს მაგიდაზე კიდევ ერთი წიგნი დევს, რომელსაც დილაობით, ყავის სმისას  ჩავყურებ ხოლმე – იუვალ ნოა ჰარარის „ჰომო დეუსი. ხვალინდელობის მოკლე ისტორია“. როგორ შეიძლება ხანდახან მაინც არ გამიტაცოს იმის კითხვამ, რა თამაშს თამაშობდნენ ჩვენი წინაპრები, სადამდე მიიყვანა წარმოსახვის თავნებობამ და რას ფიქრობს ახალი წინასწარმეტყველი – ისევ გათენდება? ისევ დაღამდება? „ახალი ხანის ისტორიას აღწერენ, როგორც მეცნიერებისა და რელიგიის დაპირისპირებას, – ამტკიცებს ისრაელელი ისტორიკოსი. – თეორიულად, მეცნიერებაც და რელიგიაც, უმთავრესად, ჭეშმარიტების დადგენითაა დაინტერესებული და რადგან თითოეული განსხვავებულ ჭეშმარიტებას ქადაგებს, მათი შეტაკება გარდაუვალია. სინამდვილეში არც მეცნიერებასა და არც რელიგიას ჭეშმარიტება დიდად არ ადარდებს; ამიტომ ისინი ადვილად რიგდებიან, თანაარსებობენ და თანამშრომლობენ კიდეც“. რელიგიის საზღვრები ფართოა – წიგნის ავტორი მასში მარქსიზმს, ნაციზმსა და ლიბერალიზმსაც ათავსებს. „რელიგიისთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი წესრიგია, – აგრძელებს იუვალ ნოა ჰარარი. – მისი მიზანი სოციალური სტრუქტურის შექმნა და შენარჩუნებაა. მეცნიერებისთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი ძალაა. მას სურს, რომ კვლევების მეშვეობით დაავადებების განკურნების, ომების გაჩაღებისა და საკვების წარმოებისთვის საჭირო ძალა მოიპოვოს. როგორც ინდივიდები, მღვდლები და მეცნიერები, შესაძლოა, ჭეშმარიტებას უზარმაზარ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, მაგრამ მეცნიერება და რელიგია, როგორც ინსტიტუტები, ჭეშმარიტებაზე მაღლა წესრიგსა და ძალას აყენებენ. შესაბამისად, ისინი კარგი ამხანაგები არიან. ჭეშმარიტების შეუპოვარი ძიება სულიერი მოგზაურობაა, რომელიც რელიგიური ან სამეცნიერო სისტემების საზღვრებში დარჩენას იშვიათად ახერხებს“.

ჭეშმარიტების შეუპოვარ მაძიებელს „ჰომო დეუსი“, ისევე, როგორც ამავე ავტორის სხვა წიგნები შესაძლოა საკამათო იდეებით სავსე საკითხავად მოეჩვენოს და რაღაც გასაოგნებლის მოლოდინიც მალევე გაუნელდეს, მაგრამ ალბათ მაინც გაიფიქრებს, რომ ბოლო გვერდამდე, ბოლო წინადადებამდე მისვლა ღირდა. მე კი უფრო ის მიკვირს, როგორ ადვილად გაიბა ძაფები ჩემს სამ წიგნს შორის, ერთის აზრი მეორეში გაგრძელდა, გზა კი ხან გაიყო, ხანაც ისევ შეერთდა.

როგორც ვფიქრობ, ნეტა, ისე ვწერდე! – წერის სირთულის შესახებ

0

წერა რთული პროცესია. არ არის იოლი, აზრები ისე დაალაგო, ისეთი ფორმა მისცე, ისე გადმოსცე ყველაფერი, რომ მკითხველისთვის ნათელი გზავნილების გაგზავნა შეძლო. შემდეგ კი წაიკითხო საკუთარი ნაწერი და კმაყოფილი დარჩე. არც წერის სწავლაა იოლი, მით უმეტეს მოსწავლეებისთვის, რომელთაც წერითი დავალებები აბნევს, ხშირად მოტივაციას უკარგავს, რადგან ამ საქმეში თავდაჯერება აკლიათ. ხვდებიან, რომ რთული პროცესია და ფიქრობენ, რომ დამარცხდებიან.

 

წერილობით აზრის ჩამოყალიბება ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია. ყოველდღიურად ჩვენ გვიწევს საკუთარი აზრები წერილობით გამოვთქვათ, კომუნიკაცია წერილობით ვაწარმოოთ, სოციალურ ქსელებში გამოვხატოთ ჩვენი აზრი ისე, რომ ჩვენი შეხედულება ყველასთვის გასაგები და მკაფიო იყოს და არა მარტო გამოვთქვათ აზრები, არამედ დასამახსოვრებელიც გავხადოთ.

 

„როგორც ვფიქრობ, ნეტა, ისე ვწერდე!” – მითხრა ჩემმა მეოთხეკლასელმა შვილმა ერთ დღეს, როდესაც სკოლისთვის საშინაო დავალებას ამზადებდა. მოსწავლეთა უმეტესობისთვის წერითი დავალება თავსატეხად და დიდ სიძნელედ იქცევა, თუ ჩვენ არ დავეხმარეთ წერითი გამოცდილების შეძენაში და წერითი პრაქტიკის დანერგვაში.

 

წერითი პრაქტიკის დანერგვა კი ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც მოსწავლე მხოლოდ თვითონ ვერ უხელმძღვანელებს და მასწავლებლისა და მშობლის განსაკუთრებული მხარდაჭერა დასჭირდება.

 

იმისათვის, რომ კარგად ვწეროთ, საჭიროა ხშირად ვწეროთ და მოსწავლეც მივაჩვიოთ ყოველდღიურად წერითი დავალებების შესრულებას. ისევე როგორც სხვა უნარები, წერა ყოველდღიურად მუშაობას, ვარჯიშს საჭიროებს და სხვა უნარების მსგავსად წვრთნადია. წერითი მეტყველების გასაუმჯობესებლად კი ერთ-ერთი ეფექტური გზა ინტენსიური მუშაობაა ამ უნარის გასავარჯიშებლად.

 

ჩემი მეოთხეკლასელი შვილის ჩანაწერებიდან გთავაზობთ რამდენიმე ტექსტს, რომელიც ზაფხულში, კოვიდისშემდგომი მოსაწყენი იზოლაციის პერიოდში დაიწერა:

 

„თავისუფლება არის, როცა ადამიანი თავს გრძნობს თავისუფლად, როცა მას კარგად ექცევიან, როცა ის სულ თვითონ აკეთებს არჩევანს და კარგი განწყობა აქვს”.

 

„პეპი გრძელწინდასთან ვიმეგობრებდი დიდი სიამოვნებით, რადგან ის თავის აზრს პატივს სცემს, გაბედულია. შეუძლია მეგობრები გაიჩინოს, თავისი მეგობრები დაიცვას, უყვარს თავგადასავლებში ყოფნა და ძალიან უშიშარია. მორცხვი არაა, არც მე ვარ მორცხვი და ეს ძალიან მომწონს”.

 

„ახალი მეგობრები გავიჩინე ქობულეთში და ძალიან გავერთეთ. თუ ვინმეს ჩაკეტილობის პრობლემები აქვს და ურთიერთობები უჭირს, როცა ეუბნები, წამო ერთად გავერთოთ და ვითამაშოთ, მას დიდი სიხარული ეუფლება, ყველანაირად ემზადება, იღებს ჯგუფურ თამაშებში მონაწილეობას, მისი გუნდიც იგებს და ბედნიერია“.

 

„ჩემი მეგობარი უნდა იყოს ჩემი ჭკუის, იყოს კეთილი, რომ შევძლო და დავუახლოვდე. უნდა შეეძლოს სიყვარულის და გრძნობების გამოხატვა. ჩემი აზრით, საჭიროა არ იყოს მორცხვი, იყოს ჩემნაირი. მე არ მიყვარს, როცა ეხვეწებიან ადამიანს და აძალებენ რამე გააკეთოს, რამე ითამაშოს. დაძალება არც შეიძლება”.

 

„სამი საათის განმავლობაში უჩინმაჩინი რომ ვიყო, ავიღებდი დედას ტელეფონს და ვითამაშებდი. მამას გავყვებოდი ჩუმად სამსახურში და გადაღებაზე რომ იქნებოდა, ცოტას გავეხუმრებოდი. გასაიდუმლოებულ ადგილებში ვივლიდი და კანფეტებს მოვიპარავდი. ცირა ბებოსთან და ლამარა ბებოსთან ჩავიდოდი და ბებოებს ძალიან გავახარებდი. დეიდებსაც”.

 

„ჩემი მარცხენა ხელის თავგადასავალი.

 

თურმე როგორი აუცილებელია მარცხენა ხელი, ამას მაშინ მივხვდი, როცა მარცხენა ხელი მოვიტეხე. მარჯვენა ხელით ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ მაინც ძალიან საჭიროა მარცხენა. ხელი სოფელში, კედელზე ცოცვისას მოვიტეხე, მთამსვლელი ვარ და რომ ვცოცავდი ჩამოვვარდი საცოცი კედლიდან. ჩემმა ბიძამ გამაქანა თბილისში და იქ ოპერაცია გამიკეთეს. სამი დღე ვიყავი საავადმყოფოში. ჩემმა ექიმმა ამირანმა მირჩია თითები „გიფსშიც” ამოძრავე და ყველაფერი კარგად იქნებაო. სამ კვირაში თაბაშირს მომხსნიან და იმერეთში უნდა წავიდე. ჩემი ზაფხული მაინც ძალიან არეული იყო, ხელი მოვიტეხე, მერე მთელ ოჯახს კოვიდი დაგვემართა და იზოლაციაში ვიყავით. ვაი, ახლა ვიღაც მეძახის, აბა, ნახვამდის”.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...