ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
18 ივნისი, ოთხშაბათი, 2025

თავისუფლების მეტაფორა

0

კატო ჯავახიშვილის პიესისათვის „სად არის ანდრეიკა?!“

 ისტორია გამოცდილებით ჭედავს სივრცეებს, თუმცა მუდმივად ტოვებს ადგილს მეტაფორებისთვის. თავისუფლება მისი ყველაზე გაცვეთილი მეტაფორაა, მაგრამ არსებობს საავტორო ექსკლუზივები – ეპოქები, მოვლენები და ადამიანები, რომლებიც ამ მეტაფორას, როგორც ჭეშმარიტების ილუზიას, ისტორიის კარზე ნალივით აკრავენ. ყოველთვის ამ კარიდან იწყება მომავალი.

თავისუფლების იდეის გააზრება ისტორიულ კონტექსტში, ერთდროულად რთული და უმადური, თუმცა სასიცოცხლოდ არსებითი საქმეა, ამიტომ ყველა, ვინც ამ საქმეს მოეკიდება, იობის მოთმინებით უნდა აღიჭურვოს და ყველა შესაძლო შედეგსაც მამაცურად დაუხვდეს. მით უფრო, თუ ეს ისტორიული კონტექსტი ბევრი აქცენტით მეორდება თანადროულ ყოფაში და საქმეს აწმყოს სინამდვილე ართულებს – ეს ყველაზე მიუდგომელი და მტკივნეული წერტილი თვალის გასასწორებლად.

დაახლოებით ერთი წლის წინ, კატო ჯავახიშვილმა დაწერა პიესა „სად არის ანდრეიკა?!“.  ის ნოდარ დუმბაძის გამომცემლობამ დასტამბა (კონსულტანტი: სალომე ჭანტურიძე; ყდის დიზაინი: მაკა ცომაია). პიესა თავიდანვე გახმაურდა. ერთი მიზეზი ის თემაცაა, რომელსაც ეძღვნება – 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. გასულ წელს საქართველოს გასაბჭოების ასი წლისთავიც იყო, თუმცა ეს თარიღიც უხმაუროდ ჩაიკარგა, ყოველ შემთხვევაში, თვალში არ მომხვედრია საზოგადოებრივი მსჯელობა, სოციალური თუ სახელოვნებო აქტივობები ამ ტრაგიკული ისტორიული მოვლენის მიმართ, თანაც დღევანდელ დღეს – მცოცავი ოკუპაციის პირობებში. ბოლოს და ბოლოს, ეს პიესაც არ დადგმულა თეატრის სცენაზე, ჯერჯერობით ის რჩება ლიტერატურულ პროდუქტად, რომლის მკითხველებიც ერთხმად აღნიშნავენ, რომ მისი სახით ძალიან საინტერესო, ღრმა და მრავლისმომცველი ტექსტი გაჩნდა ჩვენს მწერლობაში.

დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ არც ისე ბევრი მხატვრული ტექსტი მახსენდება. არადა, ესაა ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და საინტერესო ეპიზოდი ჩვენს უახლეს წარსულში. კატო ჯავახიშვილის პიესის მთავარი ხიბლიც, ისტორიული კონტექსტის უაღრესად საინტერესო ინტერპრეტაციაა, რომელსაც თავად ავტორმა ლიტერატურულ-დრამატურგიული ექსპერიმენტი უწოდა და ორ მოქმედებად წარმოადგინა.

კატო ჯავახიშვილი პოეტია, მისი დრამატურგიული ექსპერიმენტის საიდუმლოც, ვფიქრობ, სწორედ ტექსტის პოეტურ ენერგიაშია, უფრო სწორად, მეტაფორულობაში, რომლის წყალობითაც ერთი შეხედვით ყველაზე „მძიმედ მოსანელებელი“ დოკუმენტური მასალა და მხატვრული სივრცე ასე ორგანულად თავსდება ერთმანეთთან. პიესის მთავარი მეტაფორა – მიტოვებული თეატრია. ეს იმდენად ზუსტი და ავთენტური მიგნებაა, რომ სცდება ტექსტის ჩარჩოებს და მთლიანად ისტორიულ კონტექსტს აზოგადებს – დამოუკიდებლობისა და მონობის ასწლიან თავგადასავალს. ეს მეტაფორა ხედვის წერტილებსაც მონიშნავს მკითხველის/მაყურებლის წინაშე – ყველაფერი დღეს ხდება, თვით ასი წლის წინანდელი ამბავიც კი…

მიტოვებულ თეატრში რეჟისორობას აქამდე ყველასგან უჩინარი მოკარნახე ითავსებს და იწყებს სპექტაკლის დადგმას დემოკრატიულ რესპუბლიკაზე. მსახიობები პირდაპირ ცხოვრებიდან შემოდიან „სცენაზე“, რიგრიგობით ირგებენ როლებს და თამაშში ერთვებიან.

თეატრალური პირობითობა სცენოგრაფიულ „მაკეტში“ კიდევ უფრო მძაფრდება – სცენა რამდენიმე სივრცედაა გაყოფილი, ისევე, როგორც ასი წლის წინანდელი ქვეყანა/საზოგადოება – გამზირი, სტამბა, დუქანი, ნაგავსაყრელი… ეს კამერული ატმოსფერო ორმაგად ხუთავს ისედაც დახშულ და აფეთქებამდე დაჭიმულ გარემოს, მსახიობების გრძნობათა ბუნებაში კი, თამაშსა და ცხოვრებას შორის ზღვარი თანდათან იშლება. ერთი მათგანი ჩივის კიდეც: „რა ძნელია იყო ის, ვინც არ ხარ“.

ზოგადად, ეს პიესა პარადოქსებითაა სავსე. ამ წინააღმდეგობრიობაში ჩანს თავისუფლების იდეის რეფლექსია – ყველაფერი თავის თავს ეწინააღმდეგება, აზრი აზრს ეომება, ეჭვი – ეჭვს, იმედი – იმედს. „რას გაუგებ ისტორიას – გადაუფრენს ამ საუკუნეს, ტკივილს, დაფასებასა და იმედგაცრუებებს; რას გაუგებ სიყვარულს, თავისუფლებას დახარბებული ხალხის გულში მოკალათებულს; დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების სურვილს, რომელიც ხშირად ილზორულ სიმართლეს გვაჯერებს და ჩვენც, ჰო, ჩვენ, ადამიანებს, გვჯერა, რომ სამშობლო ზუსტად იქაა, სადაც მოგვიხაზეს, ზუსტად ის, რაც დაგვაჯერეს. ჩამოგვაჭრეს და მოგვატყუეს“, – ამბობს მოკარნახე პიესის დასაწყისშივე. წინააღმდეგობრივია თავად პერსონაჟების „თამაში“ – ისინი ხან თამაშობენ და ხან – არა, ზოგჯერ როლებს, რომლებიც მათ მოკარნახემ მიაჩეჩა, სცენაზევე ერჩიან, ანგრევენ, ზოგჯერ პირიქით – საკუთარ სამოქალაქო ტრიბუნად იყენებენ. ამ პიესაში მხოლოდ ნაგავსაყრელის ადამიანები არ თამაშობენ. ისინი ნაგავში იქექებიან და ეს ყველაზე ბასრი რემარკაა, რომლითაც კატო ჯავახიშვილი დოკუმენტურ მასალას მხატვრული სივრცისგან მიჯნავს. ნაგავსაყრელის ადამიანები ის ერთადერთი რემარკაა, რომელიც ამ ასწლიან ისტორიაში უცვლელად დარჩა.

„სად არის ანდრეიკა?!“ დოკუმენტურ ნარატივს ეყრდნობა – მკითხველი/მაყურებელი ბევრ საინტერესოს შეიტყობს 1918-1921 წლების დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ. საგულისხმოა ისიც, რომ პიესის ინსპირაციად იმდროინდელ პრესაში დაბეჭდილი განცხადება იქცა, რომელიც იტყობინებოდა, რომ დაიკარგა ნოე ჟორდანიას ვაჟის ძაღლი, სახელად ანდრეიკა. ეს ერთი შეხედვით უწყინარი განცხადება კატო ჯავახიშვილმა დაკარგული სამშობლოს, დაკარგული თავისუფლების იდეაში განაზოგადა. „სად არის ანდრეიკა“ ეჭვებისა და შეკითხვების ენერგიითაა დამუხტული. ქაოსი, რომელშიც ყველა და ყველაფერია ჩართული, ჩვენს ყოფასაც განასახიერებს და ჩვენს დამოკიდებულებებსაც – წარსულთან, აწმყოსთან და მომავალთან. „სად დავდგე – გადაწერილ წარსულსა თუ გაურკვეველ მომავალში, წინსწარ ვიმღერო დამარცხებულთა სიმღერა თუ დროის ათვლას დაველოდო, არასდროს რომ არაა საკმარისი გამოცდილებისთვის, სამშობლოსათვის, თვალის გასახელად ან მოსახუჭად“.

რა იყო იმ სამწლიანი დემოკრატიული რესპუბლიკის ხიბლი და ხინჯი? როგორ მოხდა, რომ დღემდე მის საფუძვლებზე დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობის ნიშანსვეტი – სამად სამი წლის განმავლობაში, აგრესიული საგარეო სიტუაციისა და დაძაბული შიდა მდგომარეობის პირობებში, შექმნილ პოლიტიკურ და კულტურულ საფუძვლებზე? რა დარჩა იმ დამოუკიდებლობის ამბიდან, რა შეიძლება იმემკვიდრეოს მომავალმა?

ეს კითხვები ღონივრად გაისმის კატო ჯავახიშვილის პიესაში. მათზე ფიქრი მოუწევს ყველას, ვინც წაიკითხავს და ვინც სცენისთვის გააცოცხლებს. ვფიქრობ, რეჟისორებს წინ მეტად საინტერესო შემოქმედებითი პროცესი ელით, მაყურებლებს კი – დიდი შთაბეჭდილება.

ხოლო ვიდრე „სად არის ანდრეიკა?!“ სცენაზე განხორციელდება, მანამდე ნებისმიერ დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია მოიძიოს და კონცეპტუალურად გაფორმებულ წიგნად წაიკითხოს, მით უფრო, რომ პიესაში კატო ჯავახიშვილის პოეზიის ფრაგმენტებიცაა, რაც ცალკე საბადოა მკითხველური სიამოვნებისთვის.

თავისუფლების მეტაფორა კი ახალი კითხვის ნიშნებს ბადებს – მართლაც, „სად არის ანდრეიკა?!“

 

 

 

ჩემი კუთხე

0

დიდ, ნათელ, მზიან სახლში გავიზარდე. ჩვენი სახლი რემონტითა და თანამედროვე ავეჯით თავს ვერ მოიწონებდა. სამაგიეროდ, სახლს დღემდე ამშვენებს მამას ხელით აწყობილი ვერცხლისფერი კარი, რომელსაც მანამდე ვაპრიალებდი, სანამ საკუთარი ანარეკლი არ გამოჩნდებოდა. წამოვიზარდე თუ არა, ერთი ოთახი დამითმეს. მეზობელმა ყავისფერხავერდიანი საწოლი გვაჩუქა და დავისაკუთრე. საწოლს პატარა კარადა ჰქონდა მიბმული, მერე რა, რომ ჩატეხილი თავი ჰქონდა, მე მაინც მთელი გულით შევიყვარე. მერე მამამ საწოლის თავზე საბჭოთა კავშირის შესაფერად უსახური და ერთფეროვანი წიგნის თაროები დამიკიდა. მაინც მიხაროდა. თაროებზე წიგნები, ფუმფულა სათამაშოები და სუვენირები დავაწყვე. ჩემი ოთახის ფანჯარა ხმაურიან ქუჩას გადაჰყურებდა და ჭადრის ხეებთან ერთად ვიზრდებოდი.

ახლა, როცა მასწავლებელი ვარ, ხშირად მახსენდება ჩემი ოთახი და კიდევ უფრო მეტად ვაფასებ, როგორი დიდი როლი ითამაშა მან ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, პირადი სივრცის მნიშვნელობაზე მოსწავლეებთანაც გამემახვილებინა ყურადღება, რადგან მოზარდობისას საკუთარ იდენტობაზე დაფიქრება ჯანსაღი განვითარებისთვის აუცილებელი მგონია.

ამავე პერიოდში Artarea-ს ვიდეო-ჩანაწერს ვუყურე დინა ოგანოვას შესახებ. ფოტოგრაფი საკუთარ ბავშვობას იხსენებს და მოგონებებს გვიზიარებს. დინას საუბარს გულდასმით ვუსმენდი და თან თვალი მისი ოთახისკენ გამირბოდა. ძველებური მაგიდა გადავსებული ჰქონდა წიგნებით, დღიურებითა და ფერადი ბარათებით. My space მისი ერთ-ერთი პროექტია, რომელზეც ათი წლის წინ უმუშავია. ფოტოები ჰყვებიან ამბებს მათზე ასახული ადამიანების პირადი სივრცის შესახებ. ამ პროექტის ფარგლებში გადაღებული ფოტოები მოსწავლეებისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა.

ჩემი კუთხე – მეშვიდე კლასთან საკლასო პროექტად ჩავიფიქრე და ნაბიჯებად დავგეგმე:

  1. საკუთარი კუთხიდან სკოლაში წავიღებ ხუთ ნივთს და თითოეულის ისტორიას ვუამბობ. ნივთების ამორჩევა გამიჭირდა. გადაწყვეტილების მიღებისას მთავარ გზავნილზე ვფიქრობდი, კერძოდ, რის თქმა მსურდა თითოეული ნივთით. ჩემი არჩევანი ამგვარია:

ძველი ფოტო

შავ-თეთრი ფოტო ფასანაურში ჩემს დაბადებამდე გადაღებული. დედ-მამა ახალგაზრდები არიან. სტუმრად მამას მეგობარი ჰყავთ და ვახშმობენ. პაპაჩემ შიოს ღვინის ჭიქა უჭირავს ხელში. მამა მას უყურებს, დედა მამას გვერდით ზის და იღიმის. სუფრა გაშლილია. ლურჯზოლიანი თეფშები, გამჭვირვალე  ფარდები და ძველებური რადიო მეცნობა. მთავარი განწყობაა, რომელსაც მეც ვგრძნობ და გამოუთქმელი ემოციით მავსებს. ისინი – ჩემი საყვარელი ადამიანები – ერთად არიან, ხარობენ და ამდენი წლის შემდეგ თითქოს მეც მათთან ერთად ვარ. ეს პაპაჩემის ერთადერთი ფოტოა. მასთან განსაკუთრებულ მიჯაჭვულობას ვგრძნობ. ბრგე, ახოვანი, მწვანეთვალება კაცის „უშანკა“ ქუდების, კოსტიუმებისა და „ტელეგრეიკების“  ჩაცმა  საყვარელი გასართობი იყო. შვიდი წლის გოგოსთვის მთიული პაპის გარდერობი ნარნიისას ჰგავდა. ნეტავ, ვინ გადაიღო ეს სურათი? ნეტავ, როგორი ამინდი იყო იმ დღეს?

ძველი ფოტო საყვარელ ადამიანებს, ჩემს დაბადებამდე არსებულ დროზე მიამბობს და მისი ჩვენებით მოსწავლეებს ძველი ალბომების თვალიერებისკენ ვუბიძგებ. ერთი ფოტოს აღსაწერად ბევრი სიტყვა რომ გვჭირდება, ამაზეც დაფიქრდებიან.

მოსწავლის ნახატი

ტასომ, ჩემმა მოსწავლემ, 13 წლის წინ ჩემთვის სამი ბალერინა დახატა. დღემდე ვინახავ. მასწავლებლობის პირველ ნაბიჯებს მახსენებს. საწერ მაგიდასთან სხვა მოსწავლეების ნახატებიც მაქვს გაკრული. მასწავლებლის ცხოვრება სავსეა მოსწავლეების საჩუქრებით – წერილებით, ნახატებით, ხელნაკეთი ნივთებით. ვფიქრობ, ტასოს ნახატის ჩვენებით ისინი იგრძნობენ, რომ ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის, ნაჩუქარი პატარა ნივთიც კი ძალიან ძვირფასია.

დამჭკნარი ყვავილების გვირგვინი

რამდენიმე წლის წინ მოსწავლეებმა გაკვეთილის დაწყებამდე გვირგვინი დამახვედრეს – რკინის წვრილ მავთულზე წებოვანი ლენტით ყვავილები და ფოთლები ჰქონდათ დამაგრებული. მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა. ყვავილები გახმა, მაგრამ ბავშვების გულწრფელი თანადგომის ხათრით, ყუნწები ისევ მყარად აქვთ გაბმული წებოვან ლენტსა და მავთულს შორის. იმ დილას გვირგვინი გასამხნევებლად მაჩუქეს და ჩემთვის თანადგომის სიმბოლოდ იქცა. იმედგაცრუება ბავშვების თანადგომამ მშვენიერი რომ შეიძლება გახადოს – დამჭკნარი ყვავილების გვირგვინი ამ ნიშნით გამოვარჩიე.

სანემსე

მოწნულ თითბერში ჩასმულ პატარა, მრგვალ ბალიშს ჩემი ქმრის ბებია, ნაზიკო, ნემსებისთვის იყენებდა. ნაზიკო ბებო ჩემი უფროსი მეგობარი და დიდი გულშემატკივარი იყო. ერთად ყოფნა და ამბების გაზიარება გვიყვარდა. შემოდგომის ერთ სუსხიან საღამოს ლოგინადჩავარდნილ ბებოს მე და ჩემმა ხუთი წლის გოგონამ თბილი წინდები ამოვაცვით და საუბარი გავუბით. რა ლამაზი სანემსე გაქვთ-მეთქი, ვუთხარი და შენი იყოსო, შემომცინა. ახლა გაუხეშებულ ნაჭერში ნემსის ჩარჭობა ჭირს, მაგრამ მე მაინც ვინახავ ჩემი ძვირფასი მეგობრის გულით მოძღვნილ საჩუქარს. ნაზიკო ბებოს სანემსე რაჭაში ბებოსთან გატარებულ დროს მახსენებს. მისი დანახვისას მოწყვეტილი ვარსკვლავივით გაიელვებს ხოლმე ერთად ყოფნის წუთები, რომელთა მოხელთება ახლა შეუძლებელია, მაგრამ დიდ ძალას მჩუქნის. როგორ შეიძლება იქცეს ერთი ნივთი მეგობრობის სიმბოლოდ – სანემსეს მთავარი სათქმელი ამგვარია.

შეკერილი ჟ ასო

ასო „ტელესკოლის“ გაკვეთილისთვის შევკერე. ჩემი ერთი წლის გოგონა დავაძინე და საკერავი მანქანა ავარახრახე. გაჯიუტდა. წვრილი, ყვითელი ტანისა და მომრგვალებული ცხვირის ბამბით ამოვსება გამიჭირდა. ბოლოს მაინც ულამაზესი გამოვიდა. ვიცი, რომ ბევრ ბავშვს გული გაუხარა. სახლში დაბრუნებულმა სარკმელთან შემოვდე. ზოგჯერ ღია ფანჯრიდან შემოჭრილი ქარი წააქცევს ხოლმე და ვფიქრობ, ერთ დღესაც მეცხრე სართულიდან რომ გადავარდეს, ერთდროულად როგორი უცნაური და მშვენიერი იქნება ჰაერში გაფრენილი ყვითელი ასო-მეთქი. შეკერილი ასო ჩემი ახდენილი ოცნების მანიფესტაციაა. ყოველ დილას, როცა შეკერილი ასოები ჩემი 28 პირველკლასელისთვის მიმქონდა, ვოცნებობდი, რაც შეიძლება ბევრი ბავშვი გამეკვირვებინა და გამეხარებინა. „ტელესკოლის“ საშუალებით ეს მართლაც შევძელი.

  1. ჩვენი ნივთების გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს პირადი სივრციდან ხუთი ნივთის შერჩევას ვთხოვ. აღწერენ, დახატავენ და ნამუშევრებს კლასის გალერეაში გამოვფენთ.

 

  1. ვაყურებინებ ვიდეო-ჩანაწერს დინა ოგანოვას შესახებ. დაწერენ კომენტარს – რა შთაბეჭდილება დარჩათ ფოტოგრაფის პირადი სივრცისა და მის მიერ გადაღებული ფოტოების შესახებ, რას ფიქრობენ პროექტ My spece-ზე, თავადაც ხომ არ გაუჩნდათ ოთახის კედლების მორთვა.

 

  1. წავაკითხებ უფროსი ადამიანის ინტერვიუს პირადი სივრცის მნიშვნელობის შესახებ. ეს იდეა ჩემს უფროს მეგობართან, მაია დეიდასთან, საუბრისას დამებადა. მისი მონათხრობის სასწავლო რესურსად გამოყენების დიდი სურვილი გამიჩნდა. ამიტომ ინტერვიუს ჩაწერა ვთხოვე. მისი ნებართვით, თქვენც გიზიარებთ:

„მე ხაშურში დავიბადე და გავიზარდე. იქ ჩემი სამყარო მქონდა. ნივთები ბავშვობიდან საყვარელ ადამიანებთან მაკავშირებენ. სკოლა რომ დავამთავრე და სტუდენტი გავხდი, ქალაქში ცხოვრება მომიწია. ჩემი თავდაჯერებულობა ახალმა გარემომ შეარყია. მანამდე გადაულახავი არაფერი იყო, მაგრამ ქალაქმა თითქოს ჩამყლაპა. პირველ კურსზე ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ არაფერს ჩამოვრჩენოდი, თუმცა, შინაგანად ვიყავი ძალიან დათრგუნული. ოკეანეს რომ გახედავ და უსაზღვრო სივრცის გამო შიში გიპყრობს, ასეთი განცდა დამეუფლა.

სტუდენტობისას ორ ბიძაშვილ გოგონასთან ერთად ვცხოვრობდი თბილისში, საბურთალოზე, ნაქირავებ ბინაში. ერთი დიდი ოთახი იყო. მე და ჩემი ტოლი ბიძაშვილი, რომელთან ერთადაც გავიზარდე, ვიწექით პირისპირ და შუაში გვედგა ხის ძველებური კარადა. ამიტომ ერთმანეთს ვერ ვხედავდით. ამ მართკუთხედ სივრცეში მოვაწყვე ჩემი სამყარო. მაგალითად, ერთხელ ექსკურსიიდან ჩიტის ბუმბული ჩამოვიტანე და ხის კარადაზე მივამაგრე. რომ შევხედავდი, სასიამოვნო წუთები მახსენდებოდა. ამ დროს თითქოს მიადვილდებოდა სიძნელეების გადალახვა. სტუდენტობისას ბევრი ახალი ადამიანის გაცნობა გიწევს, რაც მთრგუნავდა. ამას მონელება სჭირდებოდა. ჩემს კუთხეში რომ განვმარტოვდებოდი, თავს დაცულად ვგრძნობდი. ვიღებდით ფოტოებს, თავად ვბეჭდავდით… ერთი სამყაროდან მეორე სამყაროში გადასვლას მიადვილებდა ჩემი კუთხე.

მახსოვს, მეორე კურსის დაწყებისას, სოფელთან განშორება ისევ გამიჭირდა. მატარებლით მოვდიოდი და გზად ვერხვის ორი ფოთოლი გამოვიყოლე, პლასტილინით გავაკარი ხის კარადაზე. ეს ყველაფერი პრობლემებს მავიწყებდა, ხმაურიც კი აღარ მიშლიდა ხელს. ჩემი კუთხე ნავსაყუდელი იყო, თუნდაც გაბრაზებისას ან დიდი სიხარულისას იქ მიყვარდა ყოფნა. მერე პატარა სათამაშოების შეგროვება დავიწყე. ერთ პატარა რეზინის დათვს მე და ჩემმა ბიძაშვილმა ჭრილი გავუკეთეთ და ერთმანეთს წერილობით შეტყობინებებს ვუტოვებდით. რეზინის სათამაშო დათვი მობილური ტელეფონის ფუნქციას ასრულებდა. დღემდე სხვენში ვინახავ იმ სათამაშოებს. ვერ ველევი. დაბადების დღეზე მორთმეული ყვავილებიც მქონდა გაკრული კედელზე. ღამე ვიყავი მეორე მე. ეს იყო ოცნების დროს. იქ რომ დავწვებოდი და ჩემს ღუნღულა საბანში გავეხვეოდი, ჩემი მეორე ცხოვრება იწყებოდა. იქვე მეწყო წიგნებიც. დროდადრო ვცვლიდი ნივთებს.

ახლაც სასთუმალთან ათამდე წიგნი მიდევს და ხასიათის მიხედვით ვკითხულობ. კედელზე ჩემი შვილიშვილის ფოტოები მაქვს გაკრული და მიკიდია პატარა პრინცის გამოსახულებიანი საათი, რომელიც მოსწავლეებმა მაჩუქეს. ვფიქრობ, ნივთებისადმი იმდროინდელი დამოკიდებულება საყვარელ ადამიანებზე ზრუნვამ ჩაანაცვლა. შეიძლება ეს ახლა შვილიშვილისთვის გამომცხვარი ნამცხვარი იყოს ან პატარა მეგობრისთვის შეკერილი ტყავის ჩანთა.

ბავშვს თავისი სამყარო აქვს. ყველას სჭირდება სამეცადინო მაგიდა, ერთი უჯრა პირადი ნივთებისთვის. ბავშვებს ვურჩევ, რომ მოაგროვონ მოგონებები, მოუსმინონ უფროსებს“.

მაია დეიდას გულწრფელ, უზომოდ საინტერესო, ფაქიზ მოგონებებს ამოვბეჭდავ, მოსწავლეებს დავურიგებ, მთხრობლის ასაკის, პროფესიის, ხასიათის ამოცნობას ვთხოვ  და ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რა როლს ასრულებდა მის ცხოვრებაში პირადი კუთხე. საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ კი მაია დეიდას გავაცნობ.

  1. პრეზენტაცია – მოსწავლეებს ვთხოვ მათთვის მნიშვნელოვანი სამი ნივთის სკოლაში მოტანას და ერთმანეთისთვის გაცნობას.

 

  1. პერსონაჟის კუთხის აღწერა, გამოგონება, დახატვა ტექსტთან მიბრუნებისთვის და პერსონაჟზე დაკვირვებისთვის სახალისო დავალებად იქცევა. ახლა ვკითხულობთ ნატო დავითაშვილის რომანს „ნისლებში და ნისლებს მიღმა“. ვიცი, რომ ერეკლეს ან გვანცას პირად კუთხეს სიხარულით დახატავენ და ძველ ქართულ ნივთებს ვიზუალურადაც გააცოცხლებენ.

 

  1. ჩაწერენ ინტერვიუს ოჯახის წევრებთან. გამოჰკითხავენ პირადი კუთხისა და საყვარელი ნივთების ამბავს. სასკოლო ცხოვრებაში ოჯახის წევრების ჩართულობა ყოველთვის დიდ, მრავალმხრივ დაინტერესებას იწვევს.

 

  1. პროექტის შემაჯამებელ აქტივობა იქნება პირადი წერილი, რომელსაც მაია დეიდას მისწერენ – რომელსაც შემაჯამებელი სამუშაოს დატვირთვა ექნება. ძირითად ტექსტში საკუთარ თავს გააცნობენ, გამოხატავენ შთაბეჭდილებებს მაია დეიდას მონათხრობის შესახებ, უამბობენ პროექტზე და ბოლოს საკუთარ სივრცესაც გააცნობენ. ბოლო აბზაცში იმაზე გაამახვილებენ ყურადღებას, რა შეცვალეს პირად სივრცეში პროექტის შემდეგ, რომელი ნივთი დაინახეს სხვა თვალით და შეიყვარეს.

 

მინდა, რომ მაია დეიდას მსგავსად ბავშვობის კუთხე დიდი სიყვარულით გაიხსენონ. თავად შექმნან პატარა სამყარო, სადაც სიხარულისა თუ მწუხარების დროს განმარტოვდებიან, დამშვიდდებიან, იფიქრებენ და იოცნებებენ.

 

 

 

ბორხერტის შუქურა

0

საქართველოში გერმანისტებს მაინცდამაინც არ აფასებენ. დარგის ბევრი კარგი სპეციალისტის შესახებ საზოგადოებას არც კი სმენია. როგორც წესი, ისინი თავიანთ ოთახებში არიან გამოკეტილნი და უყურადღებობის, გულგრილობის მიუხედავად, საქმის პატიოსნად კეთებას ცდილობენ. ერთი მათგანი ბ-ნი მიხო ბეროშვილი გახლავთ, რომლის წყალობითაც გამორჩეული გერმანულენოვანი მწერალი ვოლფგანგ ბორხერტი გავიცანი. ბეროშვილის მიერ თარგმნილი ბორხერტის მოთხრობები გასული წლის მიწურულს ერთ-ერთ ალმანახში გამოქვეყნდა.

ბორხერტმა ლიტერატურის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლების ინტერესი რამდენიმე მიზეზის გამო შეიძლება გამოიწვიოს.

უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მის ტრაგიკულ ბედს უნდა მივაპყროთ. ვოლფგანგ ბორხერტი ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა – გურამ რჩეულიშვილივით, ისიც მხოლოდ 26 წლის გახლდათ. მისი ცხოვრების წლები ევროპისთვის ურთულეს ხანას დაემთხვა. ჰიტლერის ეპოქაში სიღარიბის ზღვარზე მყოფ ადამიანებს იშვიათად შეეძლოთ საქმისა და სწავლის მიტოვება, რათა თეატრალური სამყაროსთვის შეეწირათ თავიანთი დრო და ენერგია. ოჯახის წევრების, დიდი ქალაქების ქუჩებში მარშით მოსიარულე თანატოლების წინააღმდეგობა მომავალმა მწერალმა არაფრად ჩააგდო და წიგნებით ვაჭრობის ხელობაში დაოსტატებაზე უარი განაცხადა, მან განათლების მიღება თეატრალურ სკოლაში განაგრძო. თუმცა ნაცისტურ გერმანიაში ხაკისფერ სამოსში გამოწყობილი დამნაშავეებისგან თავის დაღწევა ასეთი ადვილი არ იყო. 1941 წელს ოცი წლის ხელოვანი ჯარში გაიწვიეს და მისი ცხოვრების ერთადერთ მშვენიერ პერიოდს სიხარულით დაუსვეს წერტილი.

ბორხერტი ვერმახტში მსახურობდა, მაგრამ ხელმძღვანელებს ყოველთვის წინააღმდეგობას უწევდა. მას შეიარაღებული აჯანყების ორგანიზების საშუალება არ ჰქონდა, მწერალს დამოკიდებულების გამოხატვისთვის სულ რამდენიმე ბერკეტი ეპყრა ხელთ.

ბორხერტმა არაერთხელ სცადა სხეულის მსუბუქი დაზიანება, რათა სამხედრო სამსახურისთვის, მისი რწმენით, უსამართლო ომისათვის გამოუსადეგარი ყოფილიყო. ამგვარი ქმედების გამო ის შეიძლებოდა სიკვდილით დაესაჯათ, მაგრამ ხელოვანს სახრჩობელა არ ადარდებდა, მან მშვიდად მიიღო მეთაურთა მიერ დაკისრებული საპატიმრო სასჯელი.

ახალწვეულმა შესანიშნავად იცოდა, რომ ჯარისკაცთა მიმოწერას სპეციალური სამსახურები ამოწმებდნენ, ამიტომ თავის პირად წერილებში მოურიდებლად აკრიტიკებდა ნაცისტურ ხელისუფლებასა და ომის გარდუვალობის იდეას. ახლობლებისთვის გაგზავნილ ტექსტებში გამოთქმული მოსაზრებები ბორხერტს დამატებითი სამუშაოების შესრულებად და მორიგ დამცირებად, საჯარო შეურაცხყოფად უჯდებოდა.

ჰამბურგელ ავტორს სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, მას ხშირად უწევდა სამხედრო ლაზარეთში ყოფნა, მაგრამ მაინც არ წყვეტდა წინააღმდეგობას, მის ხელთ არსებული რესურსებით სისხლისღვრის გაპროტესტებას. რიგითთა ერთ-ერთ თავყრილობაზე მან იოზეფ გებელსის პაროდია გაითამაშა და პროპაგანდის მინისტრი რამდენიმე ტყუილში ამხილა. ცხადია, ურჩი მსახიობი კიდევ ერთხელ დააპატიმრეს, ბორხერტი სიკვდილს ომის დამთავრებამ გადაარჩინა.

გერმანელი მწერლის გამოცდილებამ მოსწავლეები შესაძლოა ერთ მნიშვნელოვან საკითხზე დააფიქროს. ისინი აღმოაჩენენ, რომ ყველაზე ბნელი და სისხლიანი მტრის ბანაკშიც შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც ძალადობას, ჩაგვრას, განადგურებას არ ემხრობიან და მწირი საშუალებებით იბრძვიან თავს მოხვეული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ, პატიმრობისა და მუდმივი ავადმყოფობის მიუხედავად არ ეგუებიან ძლევამოსილ დიქტატორთა მიერ დადგენილ წესრიგს.

ხელოვანის ცხოვრება ომის შემდეგაც თავგადასავლებით დატვირთული გამოდგა. დაბომბილ და მიწასთან გასწორებულ ჰამბურგში დაბრუნებულმა დაავადმყოფებულმა ახალგაზრდამ სცენაზე დადგომა გადაიფიქრა და ადგილობრივ გაზეთში დაიწყო თავისი ლექსებისა და მოთხრობების გამოქვეყნება. ყოფილი ჯარისკაცის ტექსტებმა მალე მოიპოვა პოპულარობა, დიდი ქალაქის მინგრეულ-მონგრეულ ქუჩებში ყველას პირზე ეკერა გადარჩენილი თანაქალაქელის სახელი.

ბორხერტის შემოქმედება უზუსტესად აღწერს დამარცხებულ, შერცხვენილ, მტვრად ქცეულ ევროპაში გამეფებულ ტკივილსა და სასოწარკვეთას. გერმანელის ორ-სამგვერდიანი ნოველები შესაძლებლობას გვაძლევს, დავაკვირდეთ რიგით მოქალაქეებსა და მათ განცდებს.

პატარა მოთხრობაში „პური“ ცოლ-ქმრის ცხოვრებაა აღწერილი. სიღარიბეში აღმოჩენილ ოჯახს მთელი დღის სარჩოდ მხოლოდ პურის ექვსი პატარა ნაჭერი აქვს. კაცი ყოველ ღამე იღვიძებს, სამზარეულოში გასასვლელად ათას მიზეზს იგონებს, რათა დღის ბოლოს შემორჩენილ ნამცეცებს მიაკვლიოს და საუზმისთვის გამზადებული ულუფებიდანაც მოიპაროს სხვისი წილი საკვები. ქალი მამაკაცზე ძლიერი აღმოჩნდება, ბოლომდე უერთგულებს პურის პატიოსნად განაწილების შეთანხმებას, მეტიც, ქმრის მორალური დილემისგან გადასარჩენად შიმშილისთვისაც გადადებს თავს.

ბორხერტის ოჯახშიც, მის სამეზობლოშიც ქალებს უწევდათ ომის შემდგომი გაჭირვების ტვირთის ზიდვა, რათა საყვარელი ადამიანები სიკვდილისა და სირცხვილისგან გადაერჩინათ. „პური“ კიდევ ერთხელ მიანიშნებს დანგრეულ ქალაქებში ქალთა განსაცდელის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

როგორები იყვნენ მეორე მსოფლიო ომგამოვლილი მასწავლებლები ევროპაში? მათ გრძნობები დაჩლუნგებული ჰქონდათ, აღარაფერი აკვირვებდათ და მოსწავლეებს სამყაროს ყველა სისასტიკეს დაუფარავად უმხელდნენ. პედაგოგთა ნაწილს აღარ შეეძლო იმედისა და მომავლის რწმენის გაღვივება ბავშვების გულში. ბორხერტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოთხრობის: „ღამით ხომ სძინავთ ვირთხებს“, – უმნიშვნელოვანესი პერსონაჟი სწორედ მასწავლებელი გახლავთ. იგი თავის მოსწავლეებს დაუფარავად უხსნის, რომ „ნანგრევებში დარჩენილი მკვდრებით ვირთხები ირჩენენ თავს“. სკოლაში მოსმენილი ფრაზა შეცვლის 8-9 წლის იურგენის ცხოვრებას, რომელიც გარდაცვლილი უმცროსი ძმის გადასარჩენად ღამღამობით თავის დაბომბილ სახლს ყარაულობს. საბედნიეროდ, ბავშვებისთვის ცხოვრების აზრის დაბრუნებაზე მხოლოდ ოჯახის წევრები და სკოლის თანამშრომლები არ ზრუნავენ – მასწავლებლის მოვალეობის შეთავსება გულკეთილ ქურდსაც შეუძლია.

„სამზარეულოს საათის“ ნებისმიერი მკითხველი, ალბათ, დიდხანს იფიქრებს ცხოვრების ყველაზე უბრალო წესის სიკეთეებზე. დიდ კატასტროფას, მასობრივ ნგრევას შესწევს ძალა, ერთ დროს მოსაბეზრებელი რუტინა სამოთხედ წარმოაჩინოს.

ბორხერტის არც ერთი მოთხრობის შინაარსი ბოლომდე თქვენთვის არ გამიმხელია, მხოლოდ ის მსურდა, გერმანელის შემოქმედების ყველაზე მქრქალი კონტურებისთვის გამესვა ხაზი. ჰამბურგელი ავტორის მარტივი, ყველასათვის ადვილად გასაგები, შესანიშნავად თარგმნილი ტექსტები დიდ საფიქრალსა და უამრავ თავსატეხს იტევს, თან კიდევ ერთხელ გვიხსნის, თუ რატომ უნდა ვაქციოთ ომი ისტორიად.

ახალგაზრდა მწერლის ტრაგედიებით სავსე ცხოვრება ტრაგედიითვე დასრულდა. ომის დროს გადატანილმა არაერთმა ავადმყოფობამ და პატიმრობამ, ომის შემდგომმა შიმშილმა საბოლოოდ შეურყია ჯანმრთელობა 26 წლის კაცს. ის იმ დღეს გარდაიცვალა, როდესაც მისი ლექსი პირველად გადასცეს რადიოთი. გარდაცვალებიდან მეორე დღეს ქალაქის ერთ-ერთ მთავარ სცენაზე მისი პიესის პრემიერა გაიმართა.

ბორხერტი ერთ-ერთ ლექსში აღნიშნავს, რომ საკუთარი თავი შუქურად წარმოედგინა, სინამდვილეში კი გასაჭირში მყოფი, დაღუპვისთვის განწირული ნავი აღმოჩნდა. მგონი, მწერალი საკუთარი თავის შეფასებისას შეცდა, მისმა მოთხრობებმა ნაომარ ქვეყანაში არაერთ ადამიანს გაუკვალა გზა.

მუსიკის გაკვეთილზე კლასიკური მუსიკალური ნაწარმოების მოსმენისას მოსწავლეთა ინტერესის გაზრდა

0

დღევანდელი ყოფა ცხოვრების სხვადასხვა – სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ-კულტურულ – სფეროში ფართომასშტაბიანი ცვლილებებით ხასიათდება. XX-XXI საუკუნეების ტექნიკურმა პროგრესმა წარმოუდგენელი საინფორმაციო ტექნოლოგიების, მულტიმედიის, სინთეზური ჟანრებისა და მუსიკის სხვადასხვა ტიპის განვითარება განაპირობა – ეს ყველაფერი გავლენას ახდენს თანამედროვე ბავშვებში მუსიკალური აღქმის სტრუქტურაზე. სოციალურ-კულტურული ურთიერთობების რეფორმირების ეპოქაში დღის წესრიგში მწვავედ დადგა ბავშვთა ინტერესის, როგორც მუსიკის სულიერი, მორალური და მხატვრულ-ესთეტიკური გემოვნების აღზრდის პრობლემა.

ინტერესი პიროვნების მთავარი მოტივატორი და შემოქმედებითი საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. განათლებისა და სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია ინტერესის მიზანმიმართული ფორმირება. ჩვენი დროის კულტურის მდგომარეობა, მიანიშნებს იმაზე, რომ ახალგაზრდები უპირატესობას ანიჭებენ გასართობ, დაბალი ხარისხის მუსიკას, რომლებიც საშუალო მხატვრულ გემოვნებას აყალიბებს.

აკადემიური მუსიკა მინიმალურადაა წარმოდგენილი თანამედროვე მასობრივი კულტურის სივრცეში, ხოლო კლასიკური მუსიკალური ჟანრები და კლასიკური მუსიკის ნიმუშები საინფორმაციო სფეროდან აქტიურად იდევნება. არსებული სოციალურ-კულტურული ვითარების კონტექსტში თავისი პრაგმატიზმით, ეკონომიკური ინტერესების პრიორიტეტით, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განსაკუთრებული ამოცანაა ბავშვებისა და მოზარდების სულიერ განვითარებაზე ზრუნვა.

აქტუალურია მოზარდებში კლასიკური მუსიკის მიმართ ინტერესის განვითარების პრობლემა. ამ პრობლემის გადაწყვეტა მოითხოვს ღრმა და მრავალმხრივ მიდგომას – აუცილებელია კლასიკური მუსიკისადმი ინტერესის არსებითი მახასიათებლების დასაბუთება მოსწავლეების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, მათი ინტერესის განვითარების დონის შესაფასებლად ყველაზე სრულყოფილი კრიტერიუმების შემუშავება, კლასიკური მუსიკის მიმართ მოსწავლეების ინტერესის გასაზრდელად ღონისძიებების კომპლექსის შემუშავება.

ესთეტიკური გემოვნება, მუსიკალური კულტურა, ხელოვნების მაღალმხატვრულ ნიმუშებთან ურთიერთობის აუცილებლობა ადრეულ ასაკში უნდა ჩამოყალიბდეს. მუსიკას განსაკუთრებული ადგილი უკავია სკოლამდელი ასაკის ბავშვების აღზრდაში. ის წარმოადგენს ბავშვის ფსიქიკის წამყვან, ემოციურ სფეროს და გადამწყვეტ როლს ასრულებს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებაში, მისი გონებრივი ფუნქციების რეგულირებაში, ზოგადად ქცევაში. ადრეული ასაკიდან ბავშვები მკაფიოდ რეაგირებენ მუსიკაზე, რაც გამოიხატება მათ ემოციებში. ბევრი ბავშვისთვის მუსიკალური აღქმის მიზანმიმართული განვითარება სკოლამდე იწყება. ისინი ეცნობიან მათთვის ხელმისაწვდომ ხელოვნების ნიმუშებს, სწავლობენ – როგორ გააცნობიერონ მუსიკის შინაარსი და ბუნება, განასხვაონ მუსიკალური გამოხატვის საშუალებები, დაიმახსოვრონ მოსმენილი. სწორედ სკოლამდელ ასაკში იღებს ბავშვი მუსიკალური აქტივობის გამოცდილებას, რაც შემდგომში ზოგად მუსიკალურ განვითარებაზე აისახება. რაც უფრო მეტად ეცნობა ბავშვი მუსიკას, მით უფრო ინტენსიურია მისი საერთო განვითარება. ბავშვები ხდებიან უფრო ყურადღებიანი, უფრო სწრაფად კონცენტრირდებიან, თავისუფლად საუბრობენ, უმჯობესდება მათი კოორდინაცია. ცნობილი იაპონელი მევიოლინე და მასწავლებელი შინჩი სუზუკი მიიჩნევს, რომ ბავშვის ცხოვრების პირველივე დღეებიდან მუსიკის მოსმენა უდავოდ სასარგებლო გავლენას ახდენს მის შემდგომ განვითარებაზე. ექსპერიმენტულად დადასტურდა, რომ ადრეული სკოლამდელი ასაკის ბავშვი თანაბრად აღიქვამს როგორც კლასიკურ, ასევე გასართობ მუსიკას. ამიტომ მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან მაღალმხატვრულ რეპერტუარზე აღზრდა. ბავშვი, რომელიც ადრეული ასაკიდან ეზიარება კულტურულ მუსიკალურ მემკვიდრეობას, შემდგომში უკეთ აღიქვამს სილამაზეს, ითვისებს თაობების ძვირფას კულტურულ გამოცდილებას.

აქედან გამომდინარე, ძალიან აქტუალურია მუსიკისადმი ინტერესის განვითარება, დაწყებით საფეხურზე მუსიკის გაკვეთილზე მუშაობის ეფექტური მეთოდოლოგიის ძიება. ბავშვები ბუნებით ცნობისმოყვარე და სწავლის სურვილით აღსავსე არიან. ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ საკუთარი ნიჭის გამოსავლენად, არის უფროსების გამოცდილი ხელმძღვანელობა. ადამიანში ფანტაზიის აღძვრის უნარით ხელოვნება უდავოდ პირველ ადგილს იკავებს ყველა იმ მრავალფეროვან ელემენტს შორის, რომლებიც ქმნიან ადამიანის განათლების რთულ სისტემას. მუსიკა არის შუამავალი შემოქმედებასა და აღქმას შორის.

არ შეიძლება მუსიკის სწავლება ინტერესის გაღვივების გარეშე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვები სწავლობენ მუსიკალური ხელოვნების ჭეშმარიტად მხატვრული ნიმუშების აღქმას.

მუსიკისადმი ინტერესის გაღვივება პირველივე გაკვეთილებიდან მნიშვნელოვანია. მოგვიანებით შეიძლება მოსწავლეებს სერიოზული მუსიკის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაც კი გაუჩნდეთ. მაშინ უკვე მუსიკის მასწავლებელს ამ დამოკიდებულების დაძლევა უკიდურესად გაუჭირდება. რაც უფრო ადრე ისწავლიან და შეიყვარებენ ბავშვები გემოვნებიან მუსიკას, მით უფრო ნაყოფიერი იქნება ეს მათი მუსიკალური განვითარებისთვის, პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. მუსიკის მოსმენა ავითარებს ინტერესს, აფართოებს მუსიკალურ ჰორიზონტს, ზრდის ბავშვების მუსიკალურ მგრძნობელობას.  ფიზიკური ან გონებრივი მუშაობა ინტერესის გარეშე შეუძლებელია. აუცილებელია ინტერესთა მიმართულების შეცვლა, მათი გადართვა ერთი სფეროდან მეორეზე. განათლების მიზანია პოზიტიური ინტერესების გაღვივება და არასასურველის აღმოფხვრა.

შემეცნებითი ინტერესის სტრუქტურა:

კლასიკური მუსიკა, მაღალმხატვრული ნაწარმოების მოსმენა ავითარებს გემოვნებას. ტერმინი „კლასიკური მუსიკა“ Lat Classicus – ნიშნავს სამაგალითოს, სრულყოფილს.

მოზარდებში ინტერესის ფორმირების შინაარსისა და სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია განისაზღვროს კლასიკური მუსიკისადმი ინტერესის შემდეგი ფუნქციები: ღირებულებითი, შემეცნებითი, მარეგულირებელი.

ღირებულებითი ფუნქცია გამოიხატება ემოციური და ღირებულებითი დამოკიდებულების ფორმირებაში, რომლის დროსაც მოზარდი კლასიკურ მუსიკას აღიქვამს, როგორც მსოფლიო მუსიკალური კულტურის განუყოფელ ნაწილს.

ღირებულებითი ფუნქციის სუსტ გამოვლინების დროს მოზარდი არ უარყოფს აკადემიურ მუსიკას, თუმცა ვერ გრძნობს მასში პიროვნულ ღირებულებას ან მნიშვნელობას. ხოლო ნორმალურ გამოვლინებისას მოზარდი უპირატესობას ანიჭებს კლასიკურ მუსიკალურ ნაწარმოებებს.

შემეცნებითი ფუნქცია გამოიხატება აკადემიური მუსიკის თავისებურებების შესახებ ცოდნის გამდიდრებასა და სისტემატიზაციაში, მუსიკის ენის გაგებაში.

მოსწავლეები, რომლებსაც მოსწონთ რეპი – ხშირად დასცინიან სერიოზული, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს, საყვედურობენ მათ მივიწყებული ჟანრების მოწონების გამო და რეპ-კულტურას ჩვენი დროის მიღწევად თვლიან. ისინი არც კი ფიქრობენ, რომ ეს ჟანრი მრავალი საუკუნის წინ აფრიკაში წარმოიშვა და შემდეგ ის წარმატებით გადაამუშავეს მე-20 საუკუნის კომპოზიტორებმა (ამის მაგალითია ჯორჯ გერშვინის ოპერა „პორგი და ბესი“). ამის გაგების შემდეგ რეპის მოყვარულები კლასიკური მუსიკის მოყვარულებს მეტი პატივისცემით ეპყრობიან.

მარეგულირებელი ფუნქცია გამოიხატება როგორც კლასიკური მუსიკისადმი ინტერესის თვითრეგულირებაში, ასევე მოზარდის შემოქმედებით საქმიანობაში.

სუსტი გამოვლინების დროს, მოსწავლეები თავს იკავებენ აკადემიური მუსიკის ნაწარმოებების ზეპირი განხილვისგან, ასევე მოსმენილი ფრაგმენტის წერილობით ანალიზში მონაწილეობისგან. ნორმალური გამოვლინება ხასიათდება მოზარდის აქტიური მონაწილეობით მოსმენილი მუსიკის ერთობლივ განხილვაში.

კლასიკური მუსიკისადმი ინტერესის დონეები:

ცნობისმოყვარეობა (დაბალი დონე) – ემოციური რეაქცია ცნობისმოყვარეობის დონეზე ხასიათდება ხანმოკლე ხანგრძლივობით;

ცნობისმოყვარეობა (საშუალო დონე) – შემეცნებითი აქტივობის დამახასიათებელი გამოვლინება კლასიკური მუსიკის შესწავლილი ნაწარმოებების მიმართ. ამ დროს მოზარდი ცდილობს, გაიგოს მუსიკალური ენა, დაეუფლოს მუსიკის ჟანრებსა და სტილს;

მდგრადი ინტერესი (მაღალი დონე), ხასიათდება აკადემიური მუსიკის სტაბილური პოზიტიური შეფასებით, აქტიური მუსიკალური და შემოქმედებითი აქტივობით.

კლასიკური მუსიკის მოსმენისადმი ინტერესის განვითარების დონეების გათვალისწინებით, საჯარო სკოლის მოზარდებში შესაძლებელია კლასიკური მუსიკისადმი ინტერესის განვითარების გარკვეული მოდელის განსაზღვრა.

პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა მოზარდში კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებების ფრაგმენტების მოსმენისას ემოციის აღძვრა. მოსწავლე იღებს მხოლოდ ზოგად წარმოდგენას მუსიკალური ნაწარმოების შესახებ, რომელიც შეიძლება სიღრმისეულად უმნიშვნელო იყოს. ამ ეტაპზე მასწავლებლის ამოცანაა, დაეხმაროს მოზარდს ნაწარმოებისადმი დამოკიდებულების პოვნაში – გაიგოს, რა გრძნობებს იწვევს მასში ეს მუსიკა. მასწავლებელი ყოველმხრივ ასტიმულირებს მოზარდების ემოციურ დამოკიდებულებას კლასიკური მუსიკისადმი, სთავაზობს მას საუკეთესო მუსიკალური შედევრების მოსმენას. ამ ეტაპის შედეგია ცნობისმოყვარეობის დონის მიღწევა (დაბალი დონე).

მეორე ეტაპ (ინტელექტუალური) დაკავშირებულია მოსმენილი მუსიკალური მასალის ანალიზთან, რომლის მიზანია კლასიკური მუსიკის სფეროში ცოდნის გამდიდრება. მოზარდები ეცნობიან მუსიკალური ნაწარმოების ექსპრესიულობის კონცეფციას, იძენენ ცოდნას კომპოზიტორებისა და მუსიკოსების შესახებ კლასიკური ევოლუციის კონტექსტში. კლასიკური ნაწარმოებისადმი ემოციური აღქმა უფრო ღრმა ხდება და შემოქმედებითი აქტივობა ძლიერდება. პირველი ეტაპისთვის დამახასიათებელი მთლიანობის აღქმა ადგილს უთმობს დიფერენცირებულს, შინაარსობრივს. ამისათვის მასწავლებელი მოზარდების ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ გადმოსცემს კომპოზიტორი ნაწარმოების შინაარსს, როგორი მუსიკალური და ლექსიკური საშუალებებით. მეორე ეტაპის შედეგია ცნობისმოყვარეობის დონის მიღწევა (შუალედური დონე).

მესამე ეტაპზე აქტივობის მიზანია მოზარდების დამოუკიდებლობის გააქტიურება კლასიკური მუსიკის აღქმისას. მოზარდები იწყებენ ემოციური სიამოვნების მიღებას კლასიკური მუსიკის ნაწარმოებებთან კომუნიკაციისგან. აღქმის ამ ეტაპზე ხდება მოსმენილი მუსიკის ემოციური შთაბეჭდილებების ურთიერთქმედება და მისი აზრიანი აღქმა, რაც დაკავშირებულია მუსიკალური ნაწარმოების ღრმა ანალიზთან. თუ მოზარდი, რომელიც უსმენს აკადემიურ მუსიკას, გრძნობს და ცდილობს მის შეცნობას, მაშინ ეს ნაწარმოები მისთვის ღირებული ხდება. მუსიკალური რეპერტუარის შერჩევისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოზარდების ემოციური რეაგირება.  მესამე ეტაპის შედეგია მდგრადი ინტერესის ფორმირება (მაღალი დონე).

აღქმის ამ ეტაპზე ხდება მოსმენილი მუსიკის ემოციური შთაბეჭდილებების ურთიერთქმედება და მისი გააზრებული აღქმა, რაც დაკავშირებულია მუსიკალური ნაწარმოების ღრმა ანალიზთან. აკადემიური მუსიკისადმი ინტერესის განვითარებისას მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობისა და ეტაპობრიობის როლი.

მოზარდებში აკადემიური მუსიკისადმი ინტერესის განვითარებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ:

  • მოზარდობის ფსიქოლოგიური მახასიათებლები;
  • აკადემიური მუსიკის მოსმენისადმი ინტერესის განვითარების დონეების დიაგნოსტიკა;
  • შესაბამისი მუსიკალური და საგანმანათლებლო გარემო, როგორც საკლასო ოთახში, ასევე სკოლის გარეთ.

ამჟამად პოპულარულია პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, რომლის დროსაც მასწავლებელი აზროვნების განვითარებას წინა ცოდნაზე დაყრდნობით ცდილობს. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ორგანიზება კი ის გახლავთ, რომ მასწავლებლის სწავლების ძირითადი მეთოდი არ ითვალისწინებს მასალის ახსნას, არამედ კითხვების, შემეცნებითი ამოცანების ფორმულირებას, სასწავლო დავალებებს, რომლებიც შეიცავს პრობლემებს.

მუსიკის გაკვეთილზე პრობლემური მეთოდების გამოყენება ძალიან შრომატევადია – მასწავლებელს გაცილებით მეტი დრო და ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე ტრადიციული მეთოდების გამოყენებისას: ბავშვებმა უნდა იფიქრონ კითხვაზე პასუხის შესახებ; ისაუბრონ, იპოვონ დავალების შესრულების ვარიანტი. მუსიკის გაკვეთილზე პრობლემური სიტუაციების შექმნას ხელს უწყობს კომპიუტერული ტექნოლოგია, რომლის დროსაც მოსწავლეები ადარებენ და მოჰყავთ ანალოგიები. მაგალითად, ერთმანეთს ადარებენ ორ-სამ ნაწარმოებს, რომლებიც ერთმანეთის საპირისპირო ჟანრისაა. გაკვეთილის მსვლელობისას მასწავლებელი აკვირდება ბავშვების აქტიურობას, აფასებს მათ რეაქციებს, ითვალისწინებს ინტერესისა და ყურადღების ხარისხს.

მუსიკას შეუძლია ინტერესის გაღვივება, მოსწავლის აღფრთოვანებაში მოყვანა; შეუძლია, განაცდევინოს მას სიხარული და სევდა, იმედი და იმედგაცრუება, ბედნიერება და ტანჯვა – ყველა ადამიანური გრძნობა. მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს – ასწავლოს მოსმენა, განცდა. ამავე დროს, აუცილებელია მოზარდების შემეცნებითი ინტერესის გაღვივება – ამისათვის საჭიროა გააზრებულად დავგეგმოთ მუსიკის მოსმენის პროცესი.

მუსიკის მოსმენის პროცესში აკადემიური მუსიკის აღქმის გასაუმჯობესებლად სასურველია, გამოვიყენოთ სხვადასხვა მეთოდი:

კონტრასტული შედარებების მეთოდი ხელს უწყობს მუსიკის აღქმის ცნობიერებას, პრობლემური სიტუაციის შექმნას, აძლიერებს მუსიკისადმი ემოციურად რეაგირებას, ავითარებს პიროვნების წარმოსახვასა და შემოქმედებითობას.

ეს მეთოდი ემყარება დავალებების სისტემას, რომლის დროსაც ერთმანეთს ადარებენ კონტრასტულ ნაწარმოებებს, ერთნაირი განწყობის ნაწარმოებებს, მუსიკისა და მეტყველების ინტონაციებს, ერთი ნაწარმოების სხვადასხვა ინტერპრეტაციას.

მუსიკის ინტონაციურ-სტილისტური გააზრების მეთოდი უზრუნველყოფს სხვადასხვა ფენის მუსიკალური კულტურის შინაარსობრივ წარმოდგენას ინტონაციურ შედარებებში, ეპოქალურ და ეროვნულ სტილში. ეს მეთოდი ხელს უწყობს ტრადიციებისა და ინოვაციების იდენტიფიცირებას, ხელოვნების უწყვეტობასა და განვითარებას. მეთოდი მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეების მუსიკალური და სმენითი გამოცდილების განვითარებას ინტონაციის საფუძველზე. აუცილებელია, რომ მოსწავლეებმა იგრძნონ და გააცნობიერონ მუსიკალური ინტონაციის გამომხატველი და ფერწერული შინაარსი.

მხატვრული გამოსახულების მოდელირების მეთოდი ნაწარმოების მხატვრული გამოსახულების, მისი შინაარსის შემეცნების ერთ-ერთი მეთოდია. მხატვრული გამოსახულების მოდელირებისა და მისი განხილვისას ჩნდება სიტუაციები, რომლებიც აიძულებს მსმენელს, განსაზღვროს თავისი პოზიცია სიუჟეტის პერსონაჟებთან მიმართებაში, შეაფასოს მათი იდეალები, პრინციპები, მსოფლმხედველობა.

მხატვრულ-შემოქმედებითი პროცესის მოდელირების მეთოდი მიზნად ისახავს ბავშვის შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებას. ეს მეთოდი მოითხოვს დამოუკიდებლობას შემოქმედებითობაში, ხელს უწყობს ინდივიდუალური მოსმენისა და შემოქმედებითი ინტერპრეტაციის უნარების განვითარებას. მასწავლებლის ამოცანაა, მოახდინოს შემოქმედებითი პროცესის სიმულაცია, რათა ბავშვმა დაინახოს საკუთარი თავი სხვა ადამიანის პოზიციიდან.

მუსიკის ბგერის ბუნებასთან ასიმილაციის მეთოდი გულისხმობს სხვადასხვა სახის შემოქმედებითი მოქმედების გააქტიურებას, რომელიც მიზნად ისახავს მუსიკალური გამოსახულების გაგებას, მხატვრული აზროვნების განვითარებას.

ემოციური გავლენის მეთოდი. ემოციური და შემოქმედებითი ატმოსფეროს შესაქმნელად მუსიკალური აქტივობის სტიმულირების სხვადასხვა ხერხი გამოიყენება. ემოციური გავლენის მეთოდი გულისხმობს მასწავლებლის უნარს, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მუსიკალური ნაწარმოების მიმართ სიტყვით, სახის გამომეტყველებით, ჟესტებით, ხმის ტემბრით, რომელიც შეიძლება შეიცვალოს ბუნებისა და განწყობის მიხედვით. თბილად და ნაზად ისაუბრეთ იავნანაზე, მკაცრად და გაბედულად – პატრიოტულ სიმღერაზე. მასწავლებელი იყენებს ყველა ექსპრესიულ ხერხს მუსიკის ემოციური ზემოქმედების გასაძლიერებლად და მოსწავლეთა შთაბეჭდილებების გასამდიდრებლად.

მიქს-მეთოდი“. მოზარდებს აკადემიური მუსიკის ჟღერადობის ორ ვარიანტს სთავაზობენ: ორიგინალურ ჟღერადობას და თანამედროვე დამუშავებას. ორი ნიმუშის მოსმენის შემდეგ მოსწავლეებს სთხოვენ, შეადარონ ისინი ერთმანეთს. მოზარდების უმეტესობას აკადემიური მუსიკის თანამედროვე ჟღერადობა უფრო საინტერესოდ მიაჩნია, რადგან აქ გამოიყენება მოდური მუსიკალური ინსტრუმენტები (მაგალითად, ელექტრონული გიტარა, რაც ნაწარმოებს უფრო ენერგიულს ხდის). თუმცა, ავტორის განზრახვის გაანალიზებისას, მოზარდები ყურადღებას აქცევენ მის აშკარა დამახინჯებას თანამედროვე არანჟირებაში.

რემიქსის მეთოდი“ გულისხმობს მუსიკალური ნაწარმოების დამოუკიდებელ დამუშავებას. კლასიკური მუსიკის დამუშავება ხორციელდება ორი გზით: ელექტრონული ფორტეპიანოს და კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. მოზარდები გვთავაზობენ კომპოზიციის საკუთარ ვერსიებს, რომლებიც მასწავლებლის დახმარებით ხორციელდება.

პროექტის მეთოდი მიმართულია მკაფიოდ განსაზღვრული მოცემული პრობლემის გადასაჭრელად.

პროექტის მოსალოდნელი შედეგები მოიცავს შემდეგს:

  • მოსწავლეების ინტერესის განვითარება კლასიკური მუსიკის მიმართ;
  • მოსწავლეების უნარი ეფექტურად გააცნობიერონ საკუთარი თავი შემოქმედებითი პროცესის სხვადასხვა სფეროში, რომელიც დაკავშირებულია კლასიკურ მუსიკასთან;
  • მოსწავლეებში ინდივიდუალური და ჯგუფური შემოქმედებითი პროცესის უნარის ჩამოყალიბება.

კლასგარეშე აქტივობები.  ერთობლივი კულტურული გასვლები ოპერის თეატრში, ფილარმონიაში, რასაც მოჰყვება მეგობრული დისკუსია. ღონისძიების ეს ფორმა აუცილებელია მოზარდების კულტურული დონის ასამაღლებლად, აკადემიური მუსიკისადმი ინტერესის გასაღვივებლად. პირველ რიგში, მოსწავლეები ეხებიან მუსიკას ვიზუალურად (განსაკუთრებით მუსიკალური წარმოდგენის – ოპერის ან ბალეტის სახით); მეორეც – ის დიდ საგანმანათლებლო გავლენას ახდენს მოზარდების ესთეტიკურ განვითარებაზე – ბავშვებს ნამდვილი ხელოვნების სამყაროში იწვევენ, რომელიც განსხვავდება იაფი მასობრივი კულტურისგან.

კომუნიკაცია მოწვეულ მუსიკოსებთან – შემსრულებლებთან (პროფესიონალებთან და მოყვარულებთან). კლასგარეშე აქტივობების ეს ფორმა დაეხმარება მოსწავლეებს, მეტი გაიგონ კლასიკური მუსიკისა და შესრულების სპეციფიკის შესახებ.

კლასგარეშე აქტივობების ერთ-ერთი ეფექტური სახეობა, რომელიც აყალიბებს აკადემიური მუსიკის მოსმენის ინტერესს, არის ფილმის ყურება ახალგაზრდა მუსიკოსების შესახებ. ახალგაზრდა მუსიკოსების მაგალითი შეიძლება გახდეს მოზარდის თვითგანვითარების ძლიერი მოტივატორი და სტიმული.

ესეი მუსიკის მოსმენის შესახებ. ამ ტიპის სამუშაო შეიძლება შესრულდეს როგორც საშინაო დავალების ნაწილი – მაგალითად, მასწავლებელს შეუძლია შესთავაზოს თემა ესეის დასაწერად „აკადემიური მუსიკა ჩემს ცხოვრებაში“. მოსწავლეები ასეთ ესეებში გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას სერიოზული მუსიკის მიმართ – ისინი განმარტავენ, როგორი მუსიკა მოსწონთ/არ მოსწონთ და რატომ, რა გრძნობებს იწვევს ის მათში.

ამჟამად მოზარდებში განსაკუთრებით მწვავედ დგას აკადემიური მუსიკისადმი ინტერესის განვითარების პრობლემა. ამ საკითხის აქტუალობაზე მოწმობს სულიერი, მორალური ფასეულობების დაბალი დონე თანამედროვე მოზარდების გარემოში, საშინაო და მსოფლიო აკადემიური მუსიკალური ხელოვნების ნიმუშებისადმი სათანადო ინტერესის ნაკლებობა.

მოზარდებში აკადემიური მუსიკის მოსმენისადმი ინტერესის განვითარების პროცესი წარმატებული იქნება, თუ გამოყენებული იქნება პედაგოგიურ მოდელი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ფორმას – სასწავლო პროცესის ორგანიზება (საგანმანათლებლო, კლასგარეშე და საპროექტო აქტივობები) და მასთან დაკავშირებული მეთოდები და ტექნიკა.

კლასიკური მუსიკის მოსმენისადმი ინტერესის განსავითარებლად აუცილებელია ჰარმონიული ურთიერთქმედება კულტურასა და საზოგადოებას შორის. კლასიკური მუსიკა ამ პროცესში საუკეთესო საშუალებაა კაცობრიობის მუსიკალური კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების გასაცნობად.

         

  გამოყენებული ლიტერატურა

  • დიმიტრი უზნაძე – ბავშვის ფსიქოლოგია;
  • ლორა ბერკი-ბავშვის განვითარება

         https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/bavshvis-ganvithareba.pdf;

  • მერაბ მაღრაძე-ასაკობრივი ფსიქოლოგიის საკითხები

     https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/333967;

  • ქეთევან ჭკუასელი-პედაგოგიკის ზოგადი საფუძვლები;
  • მაკ-დუგალი, სოციალური ფსიქოლოგიის პრობლემები;
  • ვ.პეტერსი – მოზარდობის სტრუქტურა;
  • გ.ცუკერმანი-თვითგანვითარების ფსიქოლოგია;
  • კაბალევსკი – მშვენიერი აღვიძებს კარგს;
  • კ.ორფი -ბავშვთა მუსიკალური განათლების სისტემა .
  • ა.პალაუსკასი- მუსიკის შემეცნება, როგორც საგანმანათლებლო პრობლემა

სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტი ძირითადი ზოგადი განათლებისთვის/განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

  • ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024.

 

 

 

 

 

პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება Case-Stady მეთოდის გამოყენებით

0

სასწავლო პროცესის წარმატება და მოსწავლეზე ორიენტირებულობა დიდადაა დამოკიდებული იმაზე, რა მეთოდებს დავეყრდნობით ჩვენ, მასწავლებლები მოსწავლეებისთვის აქტივობების შეთავაზებისას. „ბავშვი მხოლოდ მაშინ იწყებს ფიქრს, როდესაც ჩვენ მას საშუალებას ვაძლევთ, შეებრძოლოს კონკრეტულ პრობლემებს და თავად უხდება რთული სიტუაციიდან გამოსავლის ძიება“, – ამბობს დევიდ ქლუსტერი.

პრობლემაზე ორიენტირებული სწავლებისას:

  • მოსწავლე თავად უმკლავდება პრობლემას;
  • მასწავლებელი ირგებს „ფალსილიტატორის“ როლს;
  • ხდება მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება;
  • მოსწავლეებში ვითარდება მაღალი სააზროვნო უნარები;
  • ვითარდება სოციალური უნარები;
  • მოსწავლე იღებს ცოდნას და ხდება აქტიური შემმეცნებელი.

ყოველივე ეს ჩამოთვლილი უნარი კი ოცდამეერთე საუკუნის მოსწავლის მთავარი გამოწვევაა. პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება ეყრდნობა სწავლებისადმი კონსტრუქტივისტურ მიდგომას, თავად კონსტრუქტივისტული მიდგომა კი გულისხმობს თითოეული მოსწავლის მზაობას, ინტერესებისა და სწავლის სტილის გათვალისწინებას.

 ამ სტატიის საშუალებით მინდა, გაგიზიაროთ ქეისებით სწავლების საუკეთესო გამოცდილება ისტორიის გაკვეთილის უკეთ წარმართვისათვის, რომელიც პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების განსაკუთრებული საშუალებაა. თუმცა მეთოდი მისაღებია ნებისმიერი საგნის საგაკვეთილო პროცესის გასამრავაფეროვნებლადაც.

ქეისების სწავლების მეთოდი ჰარვარდის უნივერსიტეტში შეიმუშავეს, რომელიც რეალურ შემთხვევათა შესახებ დისკუსიებზე, რეალური სიტუაციის ანალიზსა და პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიებაზეა ორიენტირებული.

განასხვავებენ ქეისებით სწავლების შემდეგ ვარიაციებს:

Case-Study მეთოდი – გულისხმობს პრობლემის იდენტიფიცირებას, ანალიზს, სინთეზს, პრობლემის გადაჭრის განსხვავებული გზის პოვნასა და მისი მართებულობის დასაბუთებას.

Case-Problem მეთოდის საშუალებით ხდება პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ალტერნატივის შემუშავება, მართებულობის დასაბუთება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

Case-Incident მეთოდი – მიმართულია ინფორმაციის დეფიციტის ამოცნობისა და დამატებითი ინფორმაციის მოპოვებისკენ.

Stated-Problem მეთოდი – გულისხმობს პრობლემის გადაჭრის თითოეული გზის გაანალიზებას, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოყოფას, არსებული ხედვების კრიტიკულად შეფასებას, მათეული გადაჭრის გზის ძიებას, პოვნასა და დასაბუთებას.

ჩამოთვლილი მეთოდებიდან გთავაზობთ ჩემ მიერ საგაკვეთილო პროცესში შემუშავებულ ქეისს – Case-Stady.

 სკოლა: სსიპ ნუგზარ ჭანტურიას სახელობის ქალაქ საგარეჯოს N 2 საჯარო სკოლა

 საგანი: ისტორია

 მასწავლებელი : ნათია მეკოკიშვილი

სასწავლო თემა საქართველო და თანამედროვე მსოფლიო
კლასი IX
ცნება ისტორიული მოვლენა/პროცესი
მკვიდრი წარმოდგენები შედეგები: საბაზო საფეხური: 3, 7, 8

1) ყველა ისტორიულ მოვლენას აქვს თავის მიზეზი/მიზეზები და შედეგი/შედეგები;

2) ისტორიკოსები ხშირად კამათობენ ისტორიული მოვლენების მიზეზებისა და შედეგების შესახებ;

3) ზოგიერთ ისტორიულ მოვლენას ლოკალური, ზოგს კი გლობალური მნიშვნელობა აქვს;

4) ისტორიული ფაქტები და მოვლენები ტიპოლოგიურად შეიძლება დაჯგუფდეს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული ნიშნით.

 

მიმართულება ისტორიული ინტერპრეტაცია და კვლევა
შეფასების ინდიკატორები ·         წერილობით, ციფრულ მონაცემებსა და ზეპირ ისტორიებზე დაყრდნობით თანამედროვე საზოგადოების დახასიათება (ისტ. საბ. 1,2,3,4,5,7,9,10,11,12);

·         თანამედროვე ეპოქის არსებითი მახასიათებლების გამოკვეთა (ისტ. საბ. 1,2,3,5,7,8,9,10,11,12);

·         თანამედროვე საზოგადოების წინარე ისტორიული ეპოქების საზოგადოებასთან შედარება (ისტ. საბ. 1,2,3,7,9,10,11,12);

·         სხვადასხვა ისტორიული მოვლენების შედეგად გამოწვეული ცვლილებების დახასიათება, საქართველოზე მისი ზეგავლენის გაანალიზება; სხვა ისტორიულ მოვლენებთან მისი შედარება (ისტ. საბ. 1,2,3,6,7,8,9,10,11,12).

ქეისი- Case-Stady ძირითადი მიზანი: მოცემული პრობლემების აღმოჩენა და გაანალიზება; ქვემოთ მოცემული სიტუაცია მოსწავლეებმა უნდა გააანალიზონ შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით:

1.       აღმოაჩინეთ, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე? გააანალიზეთ სიტუაციაში მიღებული გადაწყვეტილება.

2.       შენი აზრით, რატომ შეუშალა ერთა ლიგის წესდების მე–10 მუხლმა ხელი საქართველოს ამ სტრუქტურაში გაწევრიანებას?

3.       რატომ იბრძოდა საქართველოს ხელისუფლება, რომ ქვეყანა ერთა ლიგის სრულუფლებიანი წევრი გამხდარიყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის ბევრ დიდ სახელმწიფოს აღიარებული ჰქონდა საქართველოს დამოუკიდებლობა?

4.       გამოთქვი მოსაზრება – როგორ განვითარდებოდა მოვლენები, თუ საქართველო ერთა ლიგის წევრი გახდებოდა?

5.       გაავლეთ პარალელი თანამედროვეობასთან – რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ, რომ გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი?

6.       დაასახელეთ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზა და დაასაბუთეთ თქვენი გადაწყვეტილების მართებულობა.

7.        შეადარეთ თქვენი გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში მიღებულ გადაწყვეტილებასთან.

 

 

წინარე ცოდნის გააქტიურების შემდეგ, როდესაც ხდება კონკრეტული ფაქტის იდენტიფიცირება, საკითხის სიღრმისეული ანალიზის მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს რესურსს, საიდანაც მოსწავლემ უნდა მოახდინოს პრობლემის იდენტიფიცირება და შეძლოს გადაჭრის გზების ძიება.

 

ქეისი

 

რატომ ვერ გახდა დემოკრატიული რესპუბლიკა საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი?

 

ერთა ლიგა 1919 წელს აშშ–ის პრეზიდენტ ვ. ვილსონის იდეის თანახმად შეიქმნა. იგი მოწოდებული იყო სახელმწიფოთა შორის კეთილგანწყობის დასამყარებლად, საყოველთაო მშვიდობისა და უშიშროების განსამტკიცებლად. საქართველომ იმთავითვე გამოთქვა სურვილი, შესულიყო ამ თანამეგობრობაში, რომელიც დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის საიმედო გარანტად წარმოედგინა.

საქართველოს კანონიერ მისწრაფებებს, დაეკავებინა საკუთარი ადგილი სახელმწიფოთა საერთაშორისო გაერთიანებაში, მრავალი ქომაგი გამოუჩნდა. 1920 წლის 16 დეკემბერს, ჟენევაში გამართულ ერთა ლიგის პირველ ასამბლეაზე საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ერთა ლიგაში მიღებაზე უარი ეთქვა. საფრანგეთის წარმომადგენელმა რენე ვივიანმა ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება ჩამოაყალიბა:

„ერთა ლიგა ვალდებულია, ანგარიში გაუწიოს თავისი წესდების მე–10 მუხლს, რომლის თანახმადაც ერთა ლიგის შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, დაიცვან ყოველი თავისი თანაწევრი, თუ უკანასკნელს რაიმე საფრთხე მოელის. აშკარაა, ის სახელმწიფოები, რომლებიც ხმას მისცემენ საქართველოს ერთა ლიგაში მიღების საკითხს, ამით საკუთარ თავზე აიღებენ ვალდებულებას, დახმარება აღმოუჩინონ მას, თუ გარედან რაიმე საფრთხე დაემუქრება. ასეთი ვალდებულების სისრულეში მოყვანა ამჟამად ძალიან ძნელია“.

შეფასების კრიტერიუმები

  სრულად ნაწილობრივ არა
მოსწავლის მიერ პრობლემა იდენტიფიცირებულია.      
შემუშავებულია პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზები და გაანალიზებულია თითოეული მათგანის ძლიერი და სუსტი მხარეები.      
პრობლემის გადაჭრის გზებიდან შერჩეულია საუკეთესო და დასაბუთებულია მისი უპირატესობა/მართებულობა.      
მიღებული გადაწყვეტილება შედარებულია რეალურ გადაწყვეტილებასთან და შემუშავებულია კონკრეტული რეკომენდაციები.      
მოსწავლემ პარალელი გაავლო მასალაში მოცემულ რეალობასა და თანამედროვეობას შორის, საკუთარი მოსაზრება გაამყარა არგუმენტებით.      

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. შავერდაშვილი ე, . მოსიაშვილი თ. ცოდნა და ღირებულებითი განათლება, შესავალი. თბ. 2018 წელი
  2. ჟაშია ნ. ნ. იმედაზე, ს. გორგოძე. განვითარებისა და სწავლების თეორიები. 2008. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი.
  3. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 2018–2024 წელი.
  4. ქლუსთერი დ – რა არის კრიტიკული აზროვნება? – წიგნიერი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2002-2004.
  5. ლობჟანიძე ს. სწავლების მეთოდები და სწავლების სტრატეგიები, 16. 05. 2012, ჟურნალი მასწავლებელი https://mastsavlebeli.ge/?p=2536 (10. 04. 2019)

 

 

 

 

 

 

 

 

 

კითხვის ეფექტური სტრატეგია – „ნიჭიერი მკითხველი“

0

კითხვის უნარის განვითარება სკოლამდელი ასაკიდან იწყება, ადამიანის ეფექტურ მკითხველად ჩამოყალიბებისთვის საუკეთესო პერიოდი კი სასკოლო ასაკი, კერძოდ, დაწყებითი საფეხურია.

გამართული კითხვა გულისხმობს უშეცდომოდ, გაბმულად, სათანადო სიჩქარით, გამომეტყველებით კითხვას. კარგი მკითხველი  ახერხებს ტექსტის ვიზუალიზებას, ვარაუდების გამოთქმას, მთავარი და მეორეხარისხოვანი ასპექტების ერთმანეთისგან გამიჯვნას, წაკითხული ტექსტის ელემენტების ერთმანეთთან დაკავშირებას, წინარე ცოდნის გააქტიურებას.

პედაგოგიური პროცესი ეფექტური მკითხველის ჩამოყალიბებისთვის ორი გზით მიმდინარეობს:

  1. მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს მრავალფეროვან ტექსტს შესაბამისი სავარჯიშოებით;
  2. მასწავლებელი თავად აჩვენებს მათ გამართული კითხვის მაგალითს.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ კითხვის უნარის ჩამოყალიბება და განვითარება რამდენიმე ძირითად ასპექტს მოიცავს, ესენია:

  • გაგება-გააზრება,
  • გამართული კითხვა,
  • მთლიანი სიტყვების ამოცნობა,
  • ლექსიკური მარაგი,
  • ფონეტიკური ცოდნა,
  • წიგნისა და ტექსტის მახასიათებლების ცოდნა,
  • ზეპირი მეტყველება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოგთავაზებთ სტრატეგიას სახელწოდებით „ნიჭიერი მკითხველი“. სტრატეგიის გამოყენება შესაძლებელია დაწყებით და საბაზო საფეხურებზე, სხვადასხვა საგანში. მისი მიზანია მოსწავლეებისთვის წერისა და კითხვის, პრეზენტაციის უნარის განვითარება, მათი კრიტიკულ მკითხველებად ჩამოყალიბება, შემოქმედებითობის გაღვივება.

გაკვეთილზე განსახილველი ტექსტის მაგალითად ავიღებ იაკობ გოგებაშვილის „სპილო და ჭიანჭველას“.

გაკვეთილს ვიწყებ გამოწვევის ფაზით, რომლიც ემსახურება მოსწავლეების დაინტერესებას, საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფას და მოცემული ტექსტის წაკითხვის მიზნის განსაზღვრას. წინასწარ მომზადებული მაქვს ორი ილუსტრაცია. ერთზე გამოსახულია სპილო, მეორეზე – ჭიანჭველა, ვთხოვ მოსწავლეებს, გვერდით მსხდომებთან დაწყვილდნენ. თითოეულ წყვილს ვურიგებ ორივე ილისტრაციას და ვთხოვ, თითოეულმა მათგანმა ჯერ ინდივიდუალურად იმუშაოს ერთ-ერთ ილუსტრაციაზე, დააწერონ, რა სიტყვები ახსენდებათ ამ ცხოველის დანახვისას. (მაგ. დიდი, პატარა და ა.შ), შემდეგ კი გაცვალონ ფურცლები და შეავსონ იმ სიტყვებით, რომლებიც გვერდით მჯდომ მეწყვილეს არ უწერია.

რამდენიმე წყვილი თავის დაწერილ სიტყვებს კითხულობს, სხვა წყვილები კი ასოციაციურ რიგს განსხვავებული სიტყვებით ავსებენ.

გარდა დაინტერესებისა, ეს აქტივობა ემსახურება წერის, ასოციაციური ლოგიკური აზროვნების, ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას.

 

ამის შემდეგ მოსწავლეებს ვურიგებ თხრობით ტექსტს, რომელსაც აქვს მკვეთრად გამოხატული სტრუქტურა (შედგება შესავლისგან, შუა ნაწილისა და დასკვნისგან). ამავე დროს ტექსტი იძლევა ილუსტრირების საშუალებას. თითოეულ მოსწავლეს ვურიგებ ტექსტს, რომელის მონაკვეთებიც დანომრილია (1, 2, 3). ვუხსნი ტექსტის სტრუქტურას. ტექსტთან ერთად მოსწავლეებს ვურიგებ „ვარაუდების სქემას“.

სანამ ტექსტის პირველ (შესავალ) ნაწილს წაიკითხავენ, ვთხოვ, შეავსონ მოცემული სქემის პირველი სტრიქონის უჯრები კითხვებზე პასუხით:

  • სათაურის წაკითხვის შემდეგ როგორ ფიქრობ, რა მოხდება?
  • რატომ გგონია ასე?
  • სინამდვილეში რა მოხდა?

უკანასკნელ კითხვას პასუხს გასცემენ პირველი მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ. პირველი სტრიქონის შევსების შემდეგ კი პასუხობენ იმავე კითხვებს იმავე პრინციპით ტექსტის სხვა ნაწილების ეტაპობრივად წაკითხვასთან ერთად.

საყურადღებოა, რომ მოსწავლეებმა თავიანთი მოსაზრებების გასამყარებლად არგუმენტი უნდა მოიყვანონ ტექსტიდან.

ყველა უჯრის შევსების შემდეგ მოსწავლეები ატარებენ პრეზენტაციას კლასის წინაშე. შეიძლება გაიმართოს მინიდისკუსია, თუ რომელიმე მოსწავლე პრეზენტატორის მიერ მოყვანილ არგუმენტს არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს.

ყოველივე ეს ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას და მიზნად ისახავს მოსწავლეთა აქტიურ ჩართვას კითხვის პროცესში. ბავშვები ცდილობენ კითხვების დასმას, ვარაუდების გამოთქმას და არგუმენტირებულ მსჯელობას, რაც მთავარია, ამ მეთოდის გამოყენებით ყველა მოსწავლე რთულ ტექსტსაც კი ადვილად გაიაზრებს, არ ეფანტება ყურადღება კითხვისას და ბოლომდე დაინტერესებულ მკითხველად რჩება.

შემდეგ მოსწავლეები მუშაობას წყვილებში აგრძელებენ. თითოეულ წყვილს ვურიგებ, სხვადასხვა ფერით დაწერილ სიტყვებს. ამ სიტყვებიდან ზოგი ნახსენებია ტექსტში, ზოგი – არა, ვარჩევ ისეთ სიტყვებს, რომელთა მნიშვნელობა შესაძლოა არ იცოდნენ და ვთხოვ მოხაზონ სიტყვა, რომელიც ტექსტში შეხვდათ, მისი მნიშვნელობის არცოდნის შემთხვევაში ჰკითხონ მეწყვილეს.

ბოლოს მოსწავლეები ხმამაღლა ასახელებენ მოხაზულ სიტყვებს და კლასის წინაშე განმარტავენ.

ეს აქტივობა მიზნად ისახავს მახსოვრობის უნარის განვითარებას, ტექსტის უკეთ გააზრებას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებას. თითოეულ ნამუშევარს ბავშვები აწერენ თავიანთ სახელსა და გვარს. ბოლოს ამ ფურცლებს ვაკრავთ დაფაზე. ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები ათვალიერებენ ერთმანეთის ნამუშევრებს და უკეთებენ კომენტარს.

ამ სტრატეგიის გამოყენების შედეგად მოსწავლე ახერხებს რთული ტექსტების მარტივად გააზრებას, მოვლენებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირების დანახვა, სხვისი აზრის მოსმენას და საკუთარის ლაკონურად, არგუმენტირებულად დასაბუთებას.

შტრიხები „ოთარაანთ ქვრივის“ სწავლებისათვის

0

როდესაც მოსწავლეებს ისეთ ნაწარმოებს ვასწავლით, რომელშიც კონკრეტული  დროის პრობლემებთან ერთად ზედროული პრობლემებიცაა განხილული,  მისი სწავლება  არ არის რთული.

„ოთარაანთ ქვრივი“ ილიამ თავის თანამედროვე საქართველოს დაუწერა, რათა ბატონყმობის შედეგად ქართველთა სულებზე აღბეჭდილი სულიერი ტკივილი მოეშუშებინა, გაუცხოების უფსკრული ამოევსო და ერი გაეერთიანებინა. აკი ეს იყო უმთავრესი წინაპირობა იმისა, რომ ქართველ ერს მომავლის რწმენა დაჰბრუნებოდა, მონობასთან ებრძოლა და ბრძოლის ცეცხლით ანთებულიყო.

ალბათ ძალიან ეტკინებოდა გული ერის მამას, რომ სცოდნოდა, საუკუნე-ნახევრის შემდეგაც იგივე პრობლემა ექნებოდა საქართველოს!

არც ოთარაანთ ქვრივს ეხალისებოდა ოთარაანთ ქვრივობა. ან რატომ უნდა გეხალისებოდეს ადამიანს, უსაქმოდ მდგარ ქალებს ეუბნებოდე: რატომ მასლაათობთ, იშრომეთ და დოვლათი შექმენით, მერე რა, რომ თქვენი ქმრები მუშაობენ, ზედმეტი მოგჭარბდებათო. ამაში ხომ იმას გულისხმობდა: თქვენი მუცლის იქით რომ ვერავის ამჩნევთ, რაც მოგჭარბდებათ, სხვებს დაურიგეთო.

არც ის ეხალისებოდა ოთარაანთ ქვრივს, გუბერნატორამდე ევლო, ფული და ჯან-ღონე დაეხარჯა და ამით საკუთარი ღირსება დაეცვა. ან „ტკბილისა და მწარე სიტყვის“ ფილოსოფია შეექმნა, რათა მოდუნებული, ჩაძინებული, გაჩერებული თერგივით მყრალ გუბედ ქცეული საქართველოსთვის შეეხსენებინა: „თუ წუთისოფელს ერთ ბეწო ხანს მაინც თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსაო“.

არც თავის ერთადერთ შვილს დასთანხმებია ხალისით, წადი და, უკან თუ არ მოიხედავ, „ჩემთვის მაყურებელ თვალს დავიბრმავებო“.

არც მხარზე თოხგადებულს უხაროდა წყაროს სათავეში წასვლა, საფრთხობელასავით რომ დაეფრთხო უნამუსო თანასოფლელები, რომლებისთვისაც არც ქვრივს ჰქონდა მნიშვნელობა, არც დედაკაცს, თან ისეთ ღირსეულს, როგორიც –  ოთარაანთ ქვრივი იყო.

არც საკუთარ სისუსტეს მალავდა ხალისით, ხალხს რომ არ დაენახა. მტკიცე ხასიათი იმისთვის სჭირდებოდა, რომ უფროს-უმცროსი გაეგოთ; უსამართლობა, ჩაგვრა უკადრის საქციელად მიეჩნიათ; უსაქმურობა და უნდილობა დაევიწყებინათ; შვილებისთვის კარგი მაგალითი მიეცათ; გლახასა და მათხოვარს კი დახმარებოდნენ, მაგრამ, თუ ვინმე იმიტომ მათხოვრობდა, რომ შრომა-გარჯა ეზარებოდა, მწარე სიმართლით თვალი აეხილა, ღირსება გაეღვიძებინა, რადგან სწორედ ღირსებაჩამკვდარი  დადის სამათხოვროდ, როცა შრომა შეუძლია.

არც ის ეხალისებოდა ოთარაანთ ქვრივს, რომ დღე და ღამე ეშრომა, კაცის საქმესაც არ მორიდებოდა. ანდა როგორ არ ერჩია, რომ ქმარი ჰყოლოდა გვერდით და მხოლოდ ქალის საქმე ყოფილიყო მისი საზრუნავი? არც ქალობის ჩაკვლა ეხალისებოდა ოთარაანთ ქვრივს, სიკვდილამდე გაუხდელად თალხის ტარება, არც ერთადერთი შვილის მიწაში ჩადება და მის საფლავზე უპატრონოდ სიკვდილი.

არაფერიც არ ეხალისებოდა ოთარაანთ ქვრივს, რასაც აკეთებდა არა როგორც ქალი, დედა, გულთბილი მეზობელი და თანასოფლელი, ტკბილი მეუღლე და მოალერსე ბებია. დრომ და ქვეყანაზე დარდმა აჰკიდა მასაც და მის შვილსაც ეს უსაშველო ტვირთი, რომელთაც სოფელქვეყანაზე ზრუნვა, ხშირად მწარე სიმართლით ხალხის გამოღვიძება-გამოფხიზლება და საკუთარზე მეტად საზოგადო ჭირზე ფიქრი, საპირწონედ კიგიჟიასდა გულქვას ძახილის მიღება ერქვა. არც საკუთარ თავში მსხვერპლის ტარება იყო მარტივი. სიმართლის მთქმელს ხომ ბევრი მტერი ჰყავს და აკი ილიასაც იმიტომ ესროლეს, რომ ილია იყო!

 

შემოქმედებითი მასტერკლასი სახე-სიმბოლოს გამოსაძერწად

0

შთამბეჭდავი მხატვრული სახე – მისი შექმნა და ამოცნობა – აი, მწერლობისა და მხატვრული ლიტერატურის მოყვარულთა მთავარი გამოწვევა. მხატვრული სახის შექმნის ოსტატობა ჩემთვის პირადად უპირველესია ავტორის შეფასებისას. თუ გმირი იპყრობს გულს, გონებას, ის არ იშლება მეხსიერებიდან და სწორედ ეს არის ყველაზე რთული საქმე, რომ მწერალმა „გამოაქანდაკოს“ უკვდავი, შთამაგონებელი სახე. საიმისოდ, რომ სასკოლო ასაკის მკითხველებში გავაღრმაოთ სახეებისადმი ინტერესი, ბავშვები სახის ამოცნობის ტექნიკას ფლობდნენ, ვფიქრობ, საუკეთესო გზაა შემოქმედებითი მასტერკლასები, სადაც მხატვრული სახის შექმნას თავად ვასწავლით. ამით ხელს შევუწყობთ მრავალმხრივი უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, მიწოდებული რესურსებით ვცდილობთ ტექსტების შექმნა-დაგეგმვის უნარების საიდუმლოებათა დაუფლებას.

ვინაიდან სახეობრიობა მხატვრული ლიტერატურის უმთავრესი სეგმენტია, ხოლო სახისმეტყველება – ლიტმცოდნეობის კვლევის უმთავრესი საგანი, მოსწავლეებს ვთავაზობთ რესურსებს კონკრეტულ სიმბოლოებთან დაკავშირებით და ვუბიძგებთ, რომ ამ რესურსების დახმარებით შექმნან ახალი მხატვრული სახე. საამისოდ საჭიროა, რომ მათ გაიარონ: ა) რესურსების გაცნობის, ბ) ახალი ტექსტის დაგეგმვისა და გ) მისი შემკობის, ემოციებით გამდიდრების გზები. შეგვიძლია დავუსახელოთ ბავშვებს უამრავი კარგად ნაცნობი მხატვრული სახე, რათა ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ მოახერხა მწერალმა ამ სახის რეალიზება, რა მეთოდები და სტილი გამოიყენა საამისოდ. უპირველესად უნდა გავიაზროთ ის, რომ მხატვრული სახე ტექსტის მთავარი იდეების რეალიზების საშუალებაა, მასალაა, რომლის დახმარებითაც ავტორი თავის სათქმელს ამბობს. მაგალითად მოგვყავს რამდენიმე დაუვიწყარი მხატვრული სახე: რევაზ ინანიშვილის ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი ამავე სახელწოდების მოთხრობიდან, მისივე მზევარის ბიჭი მოთხრობიდან „ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები“, მისივე თემურ ლენგი მოთხრობიდან „ხორასნელი ჭაბუკი“. მაგალითების მთელი „ბანკი“ შეგვიძლია შევქმნათ: ვაჟა-ფშაველას ია და მთის წყარო ან შვლის ნუკრი და მუხა ვის ავიწყდება? მოკლედ, შორს არ წავალთ მარგალიტი მაგალითების მოხმობით. ბავშვებს შეუძლიათ თავადვე მოიძიონ თავისთვისვე სასურველი მხატვრული სახეები და იმსჯელონ მათ მახასიათებლებზე. შემდეგ სასურველია, რომ მასწავლებელმა აირჩიოს ერთი რომელიმე უცხო და უცნობი მხატვრული სახე და ინსპირაციისთვის მოამზადოს რესურსები.

საუკეთესო რესურსია სიმბოლოთა ლექსიკონი, სადაც მსოფლიო ლიტერატურაში პოპულარული უამრავი სახე-სიმბოლო არის გახსნილი და სხვადასხვა კულტურაში მათი მნიშვნელობა არის გამოკვეთილი. მხატვრული სახე-სიმბოლო, სულიერია ის თუ უსულო, ადამიანია თუ ცხოველი ან ფრინველი, ყოველთვის მრავალშრიანი, ღრმა და საიდუმლო შტრიხ-კოდებით „დაფარულია“.

მაგალითად, ვირჩევთ ობობას. აი, რას გვიყვება მის შესახებ სიმბოლოთა ლექსიკონი. ლექსიკონის ამ სტატიას მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს, როგორც რესურსს:

„ობობა – სულხან-საბას ლექსიკონში თუ ჩავიხედავთ, – ბაბაჭუა, – არ უნდა მოგეკლა. ეს რწმენა უთუოდ სულხან-საბას დროსაც არსებობდა და მაშინაც სწამდათ, რომ ობობას მოკვლით სახლში რამე უბედურება დაისადგურებდა…

ქართულ ცნობიერებაში ამ პატარა მონადირის სიმბოლიკა მხოლოდღა ამგვარი „ტაბუთი“ ამოიწურება. ახლა ვნახოთ, როგორი სიმბოლური მნიშვნელობები მიეწერება ობობას და მის ვირტუოზულ ნაქსოვს სხვადასხვა კულტურაში. მითოპოეტურ ტრადიციაში ობობას უკავშირდება შემოქმედებითი ენერგია, ხელოსნური ოსტატობა, შრომისმოყვარეობა, მაგრამ ამასთანავე – გამიზნული სისასტიკე, სიხარბე, უკეთურება და ჯადოსნობის ნიჭი. ცნობილია, რომ ობობასა და აბლაბუდას მაგიურ მედიცინაში იყენებდნენ, როგორც წამალს, „შავ მაგიაში“ კი როგორც უკურნებელი სენის შემყრელ ჯადოს.

ინდოეთში ობობას ქსელი „მაიას“ („ილუზიის“) სიმბოლოა და ადამიანის ცხოვრების სისათუთესა და ფატალურობას განასახიერებს. ესაა მთვარისა და ქალური საწყისის ნიშანი, „ბედის გორგალის“, ცხოვრების უხილავი სიმის ხილული განსახიერება. ძველი ინდოელები, რომელთაც ჯერ არ ჰქონდათ გამქრალი განცვიფრება, მოწიწება და აღფრთოვანება ბუნების საოცრებათა წინაშე, იდეალური სიმეტრიის ქსელსა და მის ცენტრში დაბრძანებულ „ავტორს“ კოსმიური წესრიგის სიმბოლოდ აღიქვამდნენ. ობობას ადარებდნენ მზეს, ხოლო მისი ნაქსოვის ვერტიკალურ ძაფებს მზის სხივებთან აიგივებდნენ. არ არის გასაკვირი, რომ ბერძნულ მითოლოგიაში ბადეთა ქსოვის ეს დიდოსტატი ფეიქრობის სიმბოლოდ იქცა და ასოციაციურად დაუკავშირდა დაზგასთან მჯდარ, ოდისევსის მომლოდინე პენელოპეს, მაგრამ რადგანაც ობობას ბადეს ვიღაცისთვის სიკვდილი მოაქვს – ის საბედისწერო სატყუარასაც განასახიერებს და სწორედ ამით აიხსნება მისი „მთვარისეული“ ასპექტი: ზუსტად ასე, ვერცხლისფერ ბადედ ეფინება გარემოს მთვარის იდუმალი სხივი და ყოველივე არსებული იერცვლილი და მონუსხულია ამ მისტიურ საბურველს ქვეშ. ეს „მთვარისეული“ სიმბოლიკა აიტაცა ქრისტიანულმა სახისმეტყველებამ, სადაც „კეთილ“ ფუტკარს უპირისპირდება „ბოროტი“ ობობა, რომელიც გაიგივებულია ბიწიერ სურვილებთან, ადამიანს წვეთ-წვეთად რომ ამოწოვენ სისხლს…

ობობას სიმბოლიკამ ერთგვარი ტრანსფორმაცია განიცადა შუასაუკუნოვან ევროპულ ცნობიერებაში, სადაც ობობა განასახიერებდა „სისხლისმსმელ“ მევახშეს (ან რომელსამე მინაგვარ პერსონაჟს). გაცილებით უფრო პოეტურად იყო წარმოჩენილი ობობა ფოლკლორში: აქ მისი მაღლიდან ნატყორცნი ძაფი ზეციდან ჩამოშვებულ, ჯადოსნურ კიბედ აღიქმებოდა, რომლითაც თავს შველოდა ბოროტ ძალთაგან დევნილი ზღაპრის გმირი. ისლამურ წარმოსახვაში ობობა კეთილისმყოფელ სიმბოლოებს მიეკუთვნება: ერთ-ერთი ხატოვანი მუსლიმური ლეგენდის თანახმად, მექიდან განრიდებულ მუჰამედს, რომელიც ერთხანს მღვიმეს აფარებდა თავს, ალაჰმა ობობა მოუვლინა და მკვრივად ნაქსოვმა აბლაბუდამ მტერთათვის უჩინარი გახადა გამოქვაბულის შესასვლელი.

უაღრესად გავრცელებული იყო ობობას პოზიტიური სიმბოლიკა ამერიკელ ინდიელებთან: ზოგიერთ ტომში ის წარმატებასა და სიმდიდრეს განასახიერებდა, თავისსავე ძაფზე დაკიდებულ ზეციურ საჩუქრად აღიქმებოდა. სხვანი – რატომღაც, ქარიშხლისა და ჭექა-ქუხილისგან დამცველ ავგაროზად მიიჩნევდნენ.

ყოველივე ამის ხილული დასტურია ნასკას უდაბნოში (პერუ) შემორჩენილი განსაცვიფრებელი, გიგანტური გამოსახულება ობობასი… თუ კიდევ რამე გაინტერესებთ ობობას შესახებ, „მსოფლიო აბლაბუდას“ – ინტერნეტს მიმართეთ“…

გარდა მოცემული რესურსისა, მოსწავლეები „მსოფლიო აბლაბუდიდან“ კიდევ უამრავ ინფორმაციას მოიძიებენ. მათ გონებასა და გულში ნელ-ნელა იძერწება მხატვრული სახე. მთავარია, მივცეთ გეზი და ავუხსნათ, რომ მხატვრული სახე ორი განსხვავებული ტიპის ტექსტში შეიძლება იყოს რეალიზებული: ლირიკულ ჩანახატში, მძაფრი ემოციებით და ეპიკურ ტექსტში, ნოველასა ან მოთხრობაში (შესაძლოა პოემის წერის მსურველიც კი გამოჩნდეს, როგორც მაგალითად ჩემმა 12 წლის ძმისშვილმა მოინდომა პოემის წერა მუხრან მაჭავარიანის პოემის შთაგონებით), სადაც მთავარია ამბავი, ნარატივი, რომელსაც თავისი ოსტატური განვითარება უნდა ჰქონდეს შემდეგი სქემის მიხედვით (ეს სქემა ჩემი და ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილი მარტივი და „უნივერსალური პროდუქტია“ და მისი მეშვეობით ხშირად „ვზომავთ“ ხოლმე სხვადასხვა ავტორის თხრობის ოსტატობას. ეს ჩვენი „სასწორია“. რასაკვირველია, მარტივად შეიძლებოდა მისი ვორდის „insert-shapes”-ებით ან „smartart”-ით დახაზვა, მაგრამ ხელით სახელდახელოდ დახაზული უფრო „გამომსახველი“ გვგონია):

ბავშვებმა კარგად იციან, რომ პროზაულ ტექსტს, ამბის თხრობას სხვაგვარი ოსტატობა სჭირდება. ეს სქემა გვასწავლის, რომ წერტილებით მონიშნული ადგილები ტექსტის საკვანძო ნაწილებია, ხოლო ხაზებზე „შენდება“ ნაწარმოების არქიტექტონიკა. ორიგინალური სიუჟეტის გამოგონება ამგვარი საკვანძო მომენტებით იოლი ამოცანა არ არის, თუმცა ზოგს სწორედ ეს ეადვილება და ლირიკული ჩანახატისთვის ემოციების ფრქვევა უფრო უჭირს… ვისაც როგორ გამოუვა, დაე, ისე იმუშაოს… როგორც შეუძლებელია, რომ მხატვარს ან კომპოზიტორს უკარნახო ფერისა და ბგერის ამბავი, ასევე მესიტყვეს თავს ვერ მოახვევ მზამზარეულ შაბლონებს…

გთავაზობთ ჩემ მიერ შესრულებულ ჩანახატს, რომელიც მსგავსი მასტერკლასის დროს ბავშვების თხოვნით დაიწერა მორიგ ნიმუშად…

ა რ ა ქ ნ ა, ა რ ა ქ ნ ე …

ნუ მიქსოვ, არაქნე, სულში სევდის აბლაბუდებს… ჭერში მოქსოვე, სხვენზე მოქსოვე, ოთახის კუთხეებში მოქსოვე, შე სამყაროს გაუკაცრიელებისა და მარტოსულობის ელჩო… გოგლამ მონღოლთა თარეშის პერიოდში განკვართული, მღვიმეებში ჩასული, გაუკაცრიელებული ქართლის სიმბოლოდ კალიები, ღრიანკალი და ბუ დასახა… შენ კი ყველა დროისა და ყველა სივრცის მარტოსულობის მოციქული ხარ… ქსოვ, ქსოვ სევდის აბლაბუდებს…

ძველი ელინელები არაქნეს გეძახდნენ, ოვიდიუსმაც დაგხატა და სხვებმაც… ძველმა ქართველებმა დედაზარდლი დაგარქვეს რატომღაც… ან „დედა” და ან „ზრდა” რად დაგიკავშირეს? არ ვიცი… ხანძთაში პირველად ჩასულ ჩემს კუმირს, გრიგოლ ხანძთელს დაყუდებულმა ბერმა ხუედიოსმა ასე უთხრა: შენ წინაშე ეშმაკის მანქანება ისევე უძლურია, ვითარცა ქსელი დედაზარდლისაი წინაშე ქარსაო… თურმე მარტომყოფობის აღთქმის აღმსრულებელ ხუედიოსსაც ახსოვდი, როგორც მე მახსოვხარ სულ… სადღაციდან თავს რომ გამოყოფ… ყველა შენ გკლავს, ცოცხებით დაგსდევენ, შენს მოსპობაზეა გამეცადინებული ყველა დიასახლისი… მე კი არა გკლავ, არაქნე, ამიტომ არა ქნა, ნუ მიქსოვ სულში სევდის აბლაბუდებს… შენი ქსელი უძლურია ქარი-სტვენიას წინაშე, ცოცხმომარჯვებული დიასახლისების წინაშე, მხოლოდ მე მიქსოვს სულში მყარად სპლინის აბლაბუდებს, რკინის სალტეებივით გულში რომ მიჭერენ და სისხლისგან მცლიან მერე… არა ქნა, არაქნე, შე ათენასთან ხელმოცარულო მქსოველო… ოვიდიუსმა თქვა, არაქნე ნისლის მსგავსი ძაფებისგან ჰაერივით გამჭვირვალე ქსოვილებს ქსოვდაო… ქსოვილებს კი არა, მარტოსულთა და მიუსაფართა სევდას ქსოვდი, თან ღმერთებს ებრძოდი, რადგან ყველა შემოქმედი უფლის მეტოქეა, როგორც დიდოსტატმა კონსტანტინემ თქვა…

რა უცნაურია: ლიდიელმა ხელმარჯვე გოგონამ, ჭიჭნაუხტის საქმის დიდოსტატმა, ათენასთან შეჯიბრი განიზრახა საფეიქრო საქმეში და განრისხებულმა ღმერთმა ის ობობად აქცია…

შე ხელმოცარულო მქსოველო, რისთვისა ქსოვ, ვისთვისა ქსოვ? მხოლოდ ყველას ნერვების მოსაშლელად, მხოლოდ სევდის ნისლების ასაშლელად…

აი, რას ამბობს მითი შენზე: „არაქნე ნისლის მსგავსი ძაფებისგან ჰაერივით გამჭვირვალე ქსოვილებს ქსოვდა. გაამაყებულმა ქალღმერთი ათენა გამოიწვია შეჯიბრში. ათენამ საფენზე ამოქარგა აკროპოლისი და გამოსახა თავისი დავა პოსეიდონთან ატიკაზე ბატონობისთვის. ამ დავას ესწრება ოლიმპოს თორმეტი ღმერთი, მათ შორის მსაჯულად ზის ზევსი. პოსეიდონი გამოსახულია მაღლა აღმართული სამთითით, რომელიც კლდისათვის დაუკრავს და უნაყოფო კლდის ნაპრალიდან მლაშე წყალი ამოვარდნილა. ათენას ხელში ფარი უჭირავს და ეგიდა წამოუსხამს. მას შუბი დაუკრავს მიწისთვის და იმ ადგილას ზეთისხილის ხე ამოსულა. ღმერთებმა გამარჯვება ათენას მიულოცეს, მისი საჩუქარი უფრო სასარგებლოდ ჩათვალეს ატიკისათვის. ნაპირებზე ამოქარგულ სურათებზე ათენამ გამოხატა, რა მკაცრად სჯიან ღმერთები მოკვდავთ ურჩობისა და ამპარტავნობისთვის, საფენის გარშემო ათენამ ზეთისხილის ფოთლების გვირგვინი მოქარგა. არაქნემ კი თავის ნახელავზე ღმერთების ცხოვრება წარმოსახა. მან უჩვენა, რა სუსტები არიან ისინი, როცა ადამიანური ვნებები შეიპყრობთ. საფენის გარშემო კი სუროთი დაწნული ყვავილების გვირგვინი ამოქარგა. მისი ნამუშევარი არაფრით ჩამოუვარდებოდა ათენას ნამუშევარს, თუმცა ღმერთების მიმართ უპატივცემულობა იგრძნობოდა. ათენა განრისხდა, არაქნეს ნახელავი დახია და მაქო თავში ჩაარტყა. არაქნემ ვერ აიტანა სირცხვილი, დაგრიხა ბაწარი, გაუკეთა მარყუჟი და თავი ჩამოიხრჩო. ათენამ არაქნე მარყუჟიდან გამოხსნა და უთხრა, რომ სიცოცხლეს უნარჩუნებდა, თუმცა მარად დაკიდული იქნებოდა და ასე უნდა ექსოვა მუდამ მას და მის შთამომავლობას. ათენამ არაქნეს ჯადოსნური ბალახის წვენი აპკურა. მისი სხეული შეიკუმშა, თმა დაუცვივდა და ობობად იქცა”…

ობობად ქცეულო ლიდიელო ასულო, ღმერთებთან მებრძოლო, გოროზი ათენას რისხვის მსხვერპლო, ნისლისფერი ძაფების მქსოველო, რას გახდებოდი სამართლიანობის დიდგულა ქალღმერთთან? თუ ათენა პალადამ სამკაპით აღჭურვილი ზღვის ღმერთი პოსეიდონი დაამარცხა და ღმერთებმა აღიარეს, შენ რას გააწყობდი მასთან?

არა ქნა, არაქნე, არა გკლავ, არა მე, არამედ შენი სევდის მსუბუქ და უხილავ ბადეებში ისე ვეხვევი, მიწაზე აღარ ვარ მერე… არა ქნა, არაქნე, დამინდე, მეც ვიცი, რა უძლურია შენნაირი დაცემული ღვათაებაც და ადამიანიც ვნებათა ტყვეობაში… არა ქნა, არაქნე, არა გკლავ, არა, მე…

 

 

მოსწავლეთა მშობლებთან თანამშრომლობის კალენდარი

0

Covid 19-ის პანდემიამ სკოლა და მშობელი კიდევ უფრო დააშორა ერთმანეთს. ერთი მხრივ, მშობლების გადატვირთულმა გრაფიკმა, მეორე მხრივ – სკოლებში დაწესებულმა Covid-უსაფრთხოების რეგულაციებმა მნიშვნელოვნად შეამცირა მშობელთა მონაწილეობა შვილის სასკოლო ცხოვრებაში.

განვითარებული მოვლენების, მოსწავლეთა სასწავლო დანაკარგების, მუდმივ რეჟიმში ცვლადი სასწავლო რეჟიმის ფონზე, დღეს ისე, როგორც არასდროს საჭიროა, სკოლებსა და მშობლებს შორის გაიზარდოს კომუნიკაციისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი, რაც დადებითად აისახება ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზე, ქცევასა და სწავლის მოტივაციაზე.

გადაწყვეmastsavlebeli.geტილების მიმღები არის სკოლა. სკოლის მმართველ გუნდს აქვს სამართლებრივი ბერკეტები, შეიმუშაოს მოსწავლეთა მშობლებთან თანამშრომლობის გეგმა-კალენდარი პანდემიის პირობებში, რათა მშობლები მინიმალური ძალისხმევის სანაცვლოდ სრულად ინფორმირებულნი და მეტად ჩართულნი იყვნენ შვილის სასკოლო ცხოვრებაში.

ამისთვის საჭიროა სამოქმედო გეგმის გაწერა, რომლის ავტორობაც აქტიურმა მასწავლებლებმა, მშობლებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ერთობლივად უნდა იტვირთონ, მუშაობის პროცესში კონსულტაციები გაიარონ სხვა პედაგოგებთან და მშობლებთან, დასამტკიცებლად (შინაგანაწესში შესატანად) კი სკოლის მმართველ გუნდს წარუდგინონ.

ასეთი გეგმა მთლიანად სკოლას და თითოეულ პედაგოგს გაუმარტივებს მოსწავლეთა მშობლებთან კომუნიკაციას. დაეხმარება, მათი ჩართულობის გაზრდაში, აარიდებს ქაოსს, გაურკვევლობას, გაუთვალისწინებელ უსიამოვნებებს, შეამცირებს სამსახურებრივ სტრესს და დახარჯულ დროს. თანამშრომლობის ეს ფორმატი მეტად მოსახერხებელი იქნება მშობლებისთვისაც. ისინი გახდეიან პროცესების მონაწილე და პასუხისმგებლობის გამზიარებლები. მშობლებს წინასწარ ეცოდინებათ აქტივობების კალენდარი და შეძლებენ, დაგეგმონ თავიანთი დრო შვილის სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობისთვის.

იმისთვის, რომ მკითხველი დარწმუნდეს, რამდენად მარტივად შეუძლიათ სკოლის თანამშრომლებსა და აქტიურ მშობლებს ასეთი გეგმის შედგენა, ცხრილი N1-ის სახით წარმოგიდგენთ შაბლონურ ფორმატს.

N მოქმედება მიზანი პასუხიმგებელი პირი შესრულების ვადა ან სიხშირე მონიტორინგი
1          
2          
3          
4          
5          
           
           
           
           
           

 

ცხრილი N1-ის თითოეული კატეგორია განვიხილოთ ცალ-ცალკე:

კატეგორია „მოქმედება“: ჩავწერთ იმ აქტივობის დასახელებას და მოკლე აღწერას, რომელსაც სკოლა გეგმავს მშობლებთან ერთად. (მაგალითად, მშობლებისთვის მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება SMS-ის საშუალებით. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მხოლოდ საგნის დასახელებას და ქულებს კომენტარების გარეშე).

კატეგორია „მიზანი“: ჩავწერთ, რისთვის სჭირდება სკოლას ამ აქტივობის განხორციელება. ვინ და რა სარგებელს მიიღებს ამით. (მაგალითად, მშობელი მუდმივად საქმის კურსში იყოს შვილის მიღწევების შესახებ თითოეულ საგანში. დამრიგებელმა უნდა შეასრულოს ესგ-ით დაკისრებული მოვალეობა).

კატეგორია „პასუხისმგებელი პირი“: შესაძლოა, აქტივობას ატარებდეს კათედრა, დაწყებითი, საბაზო ან საშუალო სექტორი, მასწავლებელთა გუნდი, მაგრამ მნიშვნელოვანია, თითოეული აქტივობის განხორციელებაზე ერთი პირი იყოს პასუხისმგებელი. (ჩვენი მაგალითის შემთხვევაში, კლასის დამრიგებელი).

კატეგორია „შესრულების ვადა ან სიხშირე“: ზოგიერთი აქტივობა ერთჯერადად განხორციელდება; ზოგი – რამდენჯერმე; ზოგიც – გარკვეული რეგულარულობით. ამ კატეგორიაში უნდა მივუთითოთ, რამდენჯერ ტარდება და სასწავლო წლის რომელ მონაკვეთში. უმჯობესი იქნება პერიოდი და თარიღები მაქსიმალურად დაზუსტდეს. (ყოველი სასწავლო თვის ბოლო სამუშაო დღე).

კატეგორია „მონიტორინგი“: აღნიშნულ კატეგორიას შეავსებს სამოქმედო გეგმის სრულ შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი. ეს შეიძლება იყოს დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სამეურვეო საბჭოს წარმომადგენელი, საკითხით დაინტერესებული, აქტიური, მცოდნე მშობელი ან მასწავლებელი. აღნიშნულ გრაფაში კომენტარის სახით ჩაიწერება, ჩატარდა თუ არა აღნიშნული აქტივობა და რამდენად შედეგიანი იყო ის. შეფასების ინდიკატორად გამოდგება რაოდენობრივი და თვისებრივი მაჩვენებლები. მაგ. რამდენმა მშობელმა მიიღო მონაწილეობა, რაიმე თვალსაჩინო შედეგი თუ დადგა, ხომ არ საჭიროებს ჩატარებული აქტივობა დახვეწას, რა შეიძლება შემდეგ ჯერზე უკეთესად გაკეთდეს და ა.შ. (მაგალითად, აღნიშნული აქტივობა განახორციელა X რაოდენობის დამრიგებელმა. დამრიგებლებმა SMS გაუგზავნა მშობელთა Y რაოდენობას, უკუკავშირი მიიღო Z რაოდენობისგან, მშობლები ამ აქტივობას უმეტესად აფასებენ პოზიტიურად, რასაც მოწმობს მათი კომენტარები).

 

კალენდარი უნდა მოიცავდეს ყველა შესაძლო ნაბიჯს, რაც სკოლისა და მშობლების რეგულარულ კომუნიკაციას ახლავს. მაქსიმალურად უნდა იყოს გაწერილი ყველა აქტივობა, რაც ცალკეულ სკოლასა და მშობლებს აქვთ პრაქტიკაში – დაწყებული გაცნობითი შეხვედრიდან, დასრულებული – მშობელთა წამახალისებელი აქტივობებით თუ ერთობლივი ღონისძიებებით. კალენდარში უნდა ეწეროს მშობელთა ყველანაირი ტიპის მონაწილება, იქნება ეს ფორმალური თუ არაფორმალური განათლების კომპონენტი, კლასის დამრიგებლის, საგნის მასწავლებლის თუ ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი შეხვედრა პირისპირ ან onlineსივრცეში.

გარდა ზემოთ წარმოდგენილი ცხრილი N1-სა, სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს მოსწავლეების მშობლებთან პირისპირ და online-შეხვედრების დროში გაწერილ განრიგს. კერძოდ, მშობელმა კონკრეტული დღეების, საათების და ფორმატის მითითებით უნდა იცოდეს, როდის და რა პირობებშია შესაძლებელი შვილის სკოლასთან კომუნიკაცია. მნიშვნელოვანია, სამოქმედო გეგმა იძლეოდეს შერეული კომუნიკაციის შესაძლებლობას, მშობელს და სკოლას შეეძლოს როგორც სკოლაში უსაფრთხო გარემოში შეხვედრა, ისე ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით კომუნიკაცია და, რა თქმა უნდა, სატელეფონო კავშირის დამყარებაც. ამისთვის უნდა არსებობდეს კალენდარი, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ცალკეულ პედაგოგთან მოსწავლის მშობლების მიღების დღეები, საათები და პირობები (ღია სივრცეში/სკოლის შენობაში/საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში თუ კაბინეტში);
  • ცალკეულ პედაგოგთან მოსწავლის მშობლის დისტანციური კომუნიკაციის დღეები და საათები (Teams, Zoom, Skype და სხვ.);
  • მოსწავლის მშობლის დირექციასთან ვიზიტის დღეები, საათები და პირობები. (ღია სივრცეში/სკოლის შენობაში და ა.შ.);
  • მოსწავლის მშობლის დირექციასთან დისტანციური კომუნიკაციის დღეები და საათები. (Teams, Zoom, Skype და სხვ.);
  • ვის და რა საშუალებით უნდა დაუკავშირდეს მშობელი ზემოთ ჩამოთვლილი ვიზიტების წინასწარ დასაჯავშნად;
  • გამონაკლისი პირები, ვისზეც არ ვრცელდება ზემოთ ჩამოთვლილი შეზღუდვები;
  • გამონაკლისი შემთხვევების ჩამონათვალი, როცა მშობლის სკოლაში მისვლა, გამოძახება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.

 

ასეთი კალენდრის გარეშე სკოლებს მოსწავლეთა მშობლებთან ჯანსაღი კომუნიკაციის დამყარება გაუჭირდებათ. ამ მეთოდით მუშაობს არაერთი წარმატებული სკოლა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში.

 

 

როგორ ვასწავლოთ აკაკი წერეთლის „ქებათა ქება“ ღირებულებათა კონტექსტში?

0

აკაკი წერეთელი თავისი შემოქმედებით სამყაროს (წუთისოფლის) თავისებურ მოდელს ქმნის, რომელშიც განსაზღვრავს ადამიანის დანიშნულებას, არსებობის აზრსა და მიზანს. აკაკის „ქებათა ქების“ სწავლებისა და განხილვისას კარგი იქნება, თუ მასწავლებელი გააქტიურებს ღირებულებათა (ფასეულობათა) კონტექსტს, თავიდანვე დასვამს კითხვებს და გამართავს დისკუსიას:

  1. რა ღირებულებები, ფასეულობები აქვს თანამედროვე ადამიანს? (მათ შორის, მასწავლებელს, მოსწავლეს და სხვ.).
  2. რომელია მარადიული და წარმავალი ღირებულებები, რა განსხვავებაა მათ შორის?
  3. დროთა განმავლობაში იცვლება თუ არა ღირებულებები?

ამ კითხვებზე პასუხისას მოსწავლეებს შეეძლებათ მოიხმონ მაგალითები ქართული და მსოფლიო ლიტერატურიდან, გაიხსენონ კონკრეტულ პერსონაჟთა ქცევა და შექმნან ერთგვარი მოდელები. მაგალითად, როგორც ამას აკეთებს ვაჟა-ფშაველა ლექსში „კაი ყმა“. ამ ლექსის შესახებ უფრო იოლია მსჯელობა შემდეგი კითხვების მიხედვით:

  1. რა ღირებულებები აქვს კარგ ყმას (ე.ი. რას აფასებს, რის მიხედვით ცხოვრობს)?
  2. პოეტის აზრით, რა ღირებულებებით ცხოვრობენ მისი თანამედროვენი (შეიცვალა თუ არა კარგი ყმის ქცევის მოდელები)?
  3. დღეს რომელია ამ ღირებულებათაგან აქტუალური?

თემის გააქტიურებისათვის, კარგი იქნება „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთა ღირებულებათა სისტემის შესახებ მსჯელობა. რუსთველი პროლოგსა და „ავთანდილის ანდერძში“ ფორმულებივით გამოკვეთს რაინდის ქცევის „კოდექსს“ და შემდეგ პერსონაჟები პრაქტიკულად ასხამენ ხორცს ყოველივეს, ასევე პოემის ცალკეულ აფორიზმშიც ხატოვნად და ლაკონიურად წარმოჩნდება ის იდეალები, რომლებისკენაც ისწრაფვიან პერსონაჟები, რათა იყვნენ კაცები და ადამიანები (კაცობა გააზრებულია, როგორც გარკვეულ ღირსებათა ქონა, ხოლო ადამიანობა, როგორც ღვთის ხატებისა და მსგავსების ხსოვნა, უკვდავ სულზე ფიქრი, თავისუფალი არჩევანის აუცილებლობა და სხვ.).

აკაკი წერეთლის ლირიკული გმირის პათოსიც ისეთივეა, როგორიც ვაჟას „კაი ყმისა“. აქაც ქებათა ქება შესხმულია იმ ღირსებებისთვის, რომლებიც ადამიანს უნდა გააჩნდეს, რათა სრულყოფილად იცხოვროს. როგორც ილია ურჩევს თავის პერსონაჟს: „ვითა მამა ზეცისა იყავ შენ სრულიო“. („კაცია-ადამიანი?!“)

ვინ არის აკაკის ამ ლექსის ლირიკული გმირი?

არსებობის აზრსა და მიზანზე დაფიქრებული, ინტელექტუალური, წიგნიერი ადამიანი, რომელიც საკუთარი იდეალების ღირებულებების გამოსახატავად მიმართავს ბიბლიურ ალუზიებს, რემინისცენციებს.

ზემოთ ნახსენები მცირე დისკუსიის შემდეგ შეიძლება ასეთი კითხვის დასმა:

რა ანიჭებს ადამიანს ბედნიერებას?

მოსწავლეები იმსჯელებენ, როგორ აღიქვამენ ბედნიერებას, მასწავლებლის დახმარებით გააფართოებენ ბედნიერების მნიშვნელობას. ილაპარაკებენ პირად გამოცდილებაზე, თვითონ მათ რა ანიჭებთ ბედნიერებას. გაიაზრებენ ამ ცნების ერთგვარ მოუხელთებელ ბუნებას, ფარდობითობას. შეიძლება რეიტინგის გაკეთებაც – ცნობილ ლიტერატურულ გმირებსა და თანამედროვეებს რა ანიჭებთ სიხარულს, ბედნიერებას.

აკაკის ლექსში შემოაქვს თრობის კონცეპტი, როგორც ბედნიერების სინონიმისა. თრობა ერთგვარი ექსტაზია, როდესაც ადამიანი ივიწყებს პრობლემებს, ყოველდღიურ წვრილმანებს, ტკივილს და მთელი არსით შეიგრძნობს იმ ნეტარებას, რასაც რაიმეზე ფიქრი, რაღაცის კეთება თუ ვიღაცასთან შეხვედრა ანიჭებს. ამ თვალსაზრისით, შეიძლება მოსწავლეებს წავაკითხოთ შარლ ბოდლერის „თრობა“, რომელშიც გამოკვეთილია, რომ ადამიანმა ყოველდღიურ რუტინას, დროს, წარმავლობას შეიძლება თავი დააღწიოს არა მხოლოდ ღვინით, არამედ პოეზიით, ქველმოქმედებით, სიყვარულით და კიდევ ათასი სხვა რამით (წადილისამებრ):

„სხვებმა სვან ღვინო, მე უღვინოდაც

მთვრალი ვარ პირად ბედნიერებით

და ნეტარებას მიმრავალკეცებს

მიდამო მისის მშვენიერებით“.

აკაკის ლექსში, რა თქმა უნდა, ლირიკული გმირი ისწრაფვის შეიმეცნოს საკუთარი თავი და სამყარო, გაიაზროს არსებობის აზრი და მიზანი. სწორედ ამ ეგზისტენციალურ კონტექსტში გაიაზრება ის ღირებულებები, რომლებსაც პოეტი წარმოაჩენს. ის „თვრება“ რწმენით, ბუნების მშვენიერებითა და სიყვარულით. ამ სამი კონცეპტის დახმარებით ეზიარება სამყაროს ჰარმონიულ ერთიანობას და თავს მის ნაწილად აღიქვამს.

მისთვის სამყარო ერთი დიდი საიდუმლოა, რომელიც ადამიანს გამოცნობისკენ უბიძგებს. პირველ რიგში, ამ საიდუმლოს ის ბუნებაში შეიგრძნობს. ამიტომ კითხვა შეიძლება დაისვას ასე:

ლირიკული გმირი რატომ და როგორ აქებს ბუნებას?

ლირიკული გმირისთვის ბუნებასთან სიახლოვე, მასში ჩაწვდომა არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება (ამ კითხვაზე პასუხისას მასწავლებელი გაახსენებინებს მოსწავლეებს იმ ლექსებსა თუ მოთხრობებს, რომლებშიც ასეთივე გზნებით არის წარმოჩენილი ბუნებასთან სიახლოვისას განცდილი სიამოვნება, ნეტარება (ბარათაშვილი, გრიგოლ ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა და სხვ.). მოსწავლეები იმსჯელებენ ლირიკულ გმირთა განწყობილებებზე, ფიქრთა ნაკადებზე, რომლებიც ბუნებასთან ურთიერთობისას უჩნდებათ.

რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ბარათაშვილის „ჩინარი“ უნდა გაიხსენონ: რომელშიც პოეტი წერს:

„მრწამს, რომ არს ენა რამ საიდუმლო უასაკოთაც და უსულთ შორის,

და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის!“ („ჩინარი“).

აკაკი წერეთელი არა მხოლოდ აქებს ბუნებას, არამედ ცდილობს მკითხველი კიდევ უფრო მნიშვნელოვანს აზიაროს, ეს არის შეგრძნება ღვთისა, რომელმაც სამყარო შექმნა „უთვალავი ფერითა“. ბუნება მისთვის ერთგვარი მედიუმია, რომელიც ღვთაებრივი სამყაროსკენ, საკუთარი სულის სიღრმეებისაკენ გზის გაკვალვაში ეხმარება.

ამგვარად, ლექსში გამოიკვეთება: ბუნება, როგორც თავისთავადი ღირებულება და, თანვე, დიდი საიდუმლოს მატარებელი. სწორედ ბუნება შეაგრძნობინებს ლირიკულ გმირს ღვთის არსებობს. ასეთი თვალსაზრისი პოეტურად გრიგოლ ორბელიანმა გამოთქვა „სადღეგრძელოში“: „ღმერთო, ვინ მისწვდეს შენგან ქმნილს ფერით უთვალავ მშვენებას“. თავის დღიურებში კი „მგზავრობა ჩემი ტფილისიდამ პეტერბურღამდის“ აღწერა, როგორ ჩამოვიდა ეტლიდან დარიალის ხეობის მშვენიერებით მოხიბლული, როგორ გაშალა ხელები და დაიწყო მხურვალე ლოცვა: „აროდეს არ მილოცნიეს ესრედ გულსმოდგინედ და ესრედ მხურვალებით, ვითარ მას წამსა“. ჩემთვის ეს შთამბეჭდავი ეპიზოდია, რომელიც მოწმობს პოეტის გულწრფელობას, როცა ის ამ თემაზე წერს თავის ლექსებში.

აკაკის ლექსში ლირიკული გმირი ამგვარად გამოხატავს თავის აღტაცებას:

„ვიშ, ამ საღამოს, მშვიდსა, საამოს,

ტკბილ ნეტარებით შეზავებულსა!..

რა უცნაურად, მაღლით ციურად

სამოთხისაკენ იტაცებს გულსა,

რომ საიდუმლო, სასიქადულო,

კაცსაც ბუნების შეატყობინოს

და, სადაც ჭკუა სცდება და სტყუა,

იქ მარტო მხოლოდ გულს აგრძნობინოს!“.

რა არის ეს საიდუმლო? რა ქმნის ამ ჰარმონიას?

ამ ჰარმონიის წყარო უფალია. ადამიანს ბუნება ასწავლის გზას ღვთისაკენ. ბუნებაც „მახარებელია“ ღვთისა. ლექსში ბიბლიური დავითის 148-ე ფსალმუნის სტრიქონების რემინისცენციებია: „აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკულავნი და ნათელნი; აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი“.

მოსწავლეებისთვის ცხადი იქნება მარადიული ღირებულება ბუნებისა და ადამიანის ერთიანი ჰარმონიული არსებობის აუცილებლობასა. ე.ი. გამოიკვეთება ლირიკული გმირისთვის ამ ღირებულების მარადიულობა. ბუნებამ მას შეაგრძნობინა ღვთაებრივთან კავშირი:

„საიდუმლოდ ვცნობ,

რომ არის კაცში ღვთისა ხატება!..

რამ ამამაღლა? ვინ მაგრძნობინა

ეს საიდუმლო, ღვთიური ძალა?..

ადამის ცოდვით მკრთალი ბუნება

ძლევამოსილად გარდამიცვალა?!“.

ბიბლიური ალუზია დაეხმარება მოსწავლეებს, გაიხსენონ „შესაქმე“, სამოთხისეული არსებობა, ადამიანის უშუალო კავშირი ღმერთთან, ცოდვით დაცემა და ამ პარადიგმათა საშუალებით უფრო ღრმად გაიაზრონ ლექსის სამყარო.

თემა შეიძლება გაიშალოს და გაიმართოს დისკუსია თანამედროვეობის კონტექსტში, მოსწავლეებმა იმსჯელონ პირად დამოკიდებულებაზე ბუნებასთან. შეიძლება სწორედაც აკაკის ამ ლექსმა უბიძგოს განსხვავებული ფიქრისა და ინტერპრეტაციისაკენ.

აკაკი საგანგებოდ უსადაგებს სათქმელს ამაღლებულ სტილს, ლექსიკას, მხატვრულ სახეებს. ეს მასწავლებელს საშუალებას მისცემს იმაზეც იმსჯელოს, ზოგჯერ თემა როგორ უკარნახებს ავტორს გამოთქმის თავისებურებას, გარკვეული ლექსიკისა თუ ინტონაციის, რიტმის შერჩევას (ამ თვალსაზრისით, კარგი მაგალითია „თორნიკე ერისთავის“ ის ეპიზოდი, როდესაც თორნიკე კათალიკოსს ესაუბრება. ამ თავში პოეტი 8-მარცვლიან რიტმს ცვლის 10-მარცვლიანით, რათა მუსიკალური ფონის შეცვლით მკითხველმა უფრო ღრმა შეიგრძნოს განსასჯელ თემათა განსხვავებულობა).

ლექსის ფონად საღამოა შერჩეული, რომელიც უფრო ამძაფრებს იდუმალების შეგრძნებას. ღამით მთვარისა და ვარსკვლავების სინათლის ნაკადებით გამოიკვეთება ცა, დედამიწა კი ბნელდება, ე.ი. ზეციური უფრო შესამჩნევი ხდება. მძაფრდება სმენაც, თითქოს ლირიკული გმირი ისმენს კოსმიურ მუსიკას. ყოველივე ერთმანეთს ეხმიანება და იქნება ზეციური ქორალი. ორკესტრის ჰარმონიული მრავალხმიანობით იმსჭვალება ყოველივე. ეს მუსიკალურ-ფერწერული პოეტური ხატები ქმნიან ლექსის ენერგეტიკულ ველებს, რომლებიც მკითხველის წარმოსახვას ააქტიურებენ:

„ვარსკვლავნი ირგვლივ აბმენ ფერხულსა.

ძალთა დიდება, შექმნათა ქება,

არს საიდუმლო მათი ვედრება.

ქვეყნით ბუნება ბანს ეუბნება

და ეს ბანია „ქებათა-ქება“.

პოეტი ყურადღებას ამახვილებს „ყვავილთა ენაზე“ და ქმნის მშვენიერ მეტაფორას. ბუნება ცდილობს მასთან დალაპარაკებას იდუმალ ენაზე: „ყვავილთა ენა – არს სუნნელთ ფშვენა,/ საგალობელად აღმა კმეული“. ყვავილი სურნელის ენით ლაპარაკობს. ეს გვახსენებს ბარათაშვილის სტრიქონებს: „და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა!“. („შემოღამება მთაწმინდაზედ“)

ამგვარად, ბუნება წარმოჩნდება, როგორც გზა, ხიდი ღვთაებრივისკენ. ეს ღამეული ზეციური შუქი თითქოს განწმენდს ლირიკული გმირის დღისეული საზრუნავების მტვრისაგან დალაქავებულ გულს, გონებას, სულს და ისევ გაახსენებს: „საიდუმლოდ ვცნობ, / რომ არის კაცში ღვთისა ხატება!“.

ეს არის „გაღვიძება“, რაღაც ისეთის დანახვა, რასაც დღის სინათლე უშლიდა ხელს. თუ ფიზიკური ძილი და გამოღვიძება ბუნებრივად მონაცვლეობს, სულიერ გამოღვიძებას ადამიანის ძალისხმევა სჭირდება. ასეთი გამოღვიძებული ლირიკული გმირი გამოკვეთს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღირებულებას, ეს არის ღვთის რწმენა. ამ კონტექსტში შეიძლება აკაკის სხვა ლექსების გახსენებაც (მაგალითად, „სულიკოსი“).

არის თუ არა დღეს ღვთის რწმენა ისეთივე მნიშვნელოვანი ღირებულება, როგორიც იყო აკაკისთვის?

მოსწავლეები ამ თემაზე იმსჯელებენ ზოგადადაც და თავიანთი გამოცდილებითაც (თუ კლასში სხვა რელიგიის აღმსარებელნი ან ათეისტები არიან, ისინიც წარმოაჩენენ თავიანთ თვალსაზრისებს). კარგი იქნება რწმენის სიძნელეზე ილიას „განდეგილის“ ან სხვა ტექსტის მოხმობა (ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების გახსენება).

ლექსში შემოიჭრება ლირიკული გმირის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულება – სიყვარული, რომელიც მისთვის რწმენისგან განუყოფელია („ღმერთი სიყვარულია“ (იოანე, 4,8). ლექსის ანალიზის დასრულებისას, როცა ეს ნაწილები ისევ უნდა შეერთდეს მკითხველის გონებაში – ერთგვარი სინთეზი განხორციელდეს- მოსწავლეები გაიაზრებენ ლირიკული გმირისთვის ამ სამივე ღირებულების განუყოფლობას.

როგორ შეიძლება ადამიანმა გამოხატოს ღვთის სიყვარული, ის ხომ გამოუთქმელია, როგორც რუსთველი ამბობს: „ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან“; ამიტომაც ლექსში შემოიჭრება სოლომონის „ქებათა ქების“ ალუზიები. მასწავლებელმა შეიძლება წაიკითხოს ფრაგმენტები, რომლებშიც სოლომონი ქალის მშვენიერების ხოტბა-დიდებით წარმოაჩენს ღვთის სიყვარულს: „აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! მტრედებია შენი თვალები“ (1, 15). პარალელი შეიძლება გაივლოს დავით გურამიშვილის „ზუბოვკასთან“, სუფიზმთანაც (მასწავლებელი თუ ნახავს, რომ მოსწავლეებს ეს თემა დააინტერესებთ).

როგორ განიცდის ლირიკული გმირი სიყვარულს და როგორ გამოხატავს?

„შენ და მხოლოდ შენ, ციურო ნიჭო,

გამოუთქმელო კაცთა ენითა…

შენგან მგოსანი ფრთებშესხმული ვარ

და მონავარდე აღმაფრენითა,

რომ მეც, გედივით, სიკვდილის წინეთ

უცნაურ ჰანგზე ჩავიხმატკბილო… “.

მასწავლებელი გაახსენებს მოსწავლეებს სიყვარულის თემაზე დაწერილ ლექსებს, მათ შორის, უპირველესად, ბარათაშვილისას („რად ჰყვედრი კაცსა“, „არ უკიჟინო სატრფოო“) და ისინი დაინახავენ, როგორ ეხმიანებიან პოეტები ერთმანეთს, როგორ ცდილობენ მსგავსი შეგრძნებების განსხვავებული ფორმით გამოხატვას.

საინტერესო იქნება გედის მეტაფორა-სიმბოლოზე ყურადღების გამახვილებაც, ამ ნატიფ, დახვეწილ, გრაციოზულ ფრინველზე არსებული პოეტური ლეგენდის გააქტიურება (შემდეგ ეს მსჯელობა გალაკტიონის პოეზიის შესწავლისას გამოადგებათ).

იმისთვის, რომ თავისი საყვარელი ქალის პოეტური ხატება შექმნას, მისი მშვენიერება შეაგრძნობინოს მკითხველს, ავტორი მისთვის იდეალური სამი ისტორიული პიროვნების სახეს აცოცხლებს. მისი იდეალები არიან: ნინო, თამარი, ქეთევანი. ამიტომაც შეყვარებულში სწორედ მათ ანარეკლებს დაეძებდა და ხედავდა (კარგი იქნება ისტორიული ექსკურსი სამივე პიროვნების გასახსენებლად):

„როცა ჭაბუკი გამოუცდელი

მას თაყვანს ვცემდი თავდადებულად,

ვხედავდი ნინოს, თამარს, ქეთევანს,

იმაში შენათხზ-შეერთებულად“.

საინტერესო იქნება იმაზე მსჯელობაც, მოსწავლეებს დღეს თუ ჰყავთ იდეალური ისტორიული პიროვნებები, რომელთა მიბაძვაც სურთ. მათი რომელი ქცევა ხიბლავთ და სხვა ამგვარი.

ფინალში პირველი სტრიქონების გამეორებით აქცენტირდება სამების ერთიანობა (ბუნება, ღმერთი, სიყვარული) (რა თქმა უნდა, „სულიკოს“ ეხმიანება -აკაკი ბაქრაძის ინტერპრეტაციით, ამ ლექსშიც ბუნება მიუძღვება ღვთისაკენ, ლირიკული გმირი სწორედ ვარდის, ბულბულის, ვარსკვლავის მშვენიერ სახეებში აღმოაჩენს სიყვარულის ღვთაებრივ კანონსა და ღმერთს).

აკაკის ამ ლექსის ესთეტიკის, ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო, შინაარსობრივი თუ სხვა ტიპის კონტექსტის ანალიზის გზით მოსწავლეები კარგად გაიაზრებენ, დროთა განმავლობაში რა ღირებულებები რჩება და რა იცვლება. რა არის ის საბაზისო, ფუნდამენტური ფასეულობები, რომლებიც ადამიანის ღირსეულ არსებობს განსაზღვრავენ და განაპირობებენ.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...