სამშაბათი, ივნისი 17, 2025
17 ივნისი, სამშაბათი, 2025

წყალკურთხევა

0

ცხრამეტ იანვარს, როგორც სახარება გვიყვება, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე მონათლა. ამ დროს სულიწმინდა უმანკო მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ზეციდან ისმოდა მამა-ღმერთის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ“.

იქ, იმ სოფელში ნათლისღება დილას, სანამ ხალხი გაიღვიძებდა, ყრუ-მუნჯი კაცი კანკელიდან ლითონის ჯვარს აიღებდა და დაბლა სოფლის შუაგულისკენ მიდიოდა.

ნათალი ქვისგან შეკრულ ქვის ნავში, სადაც საქონელს არწყულებდნენ, ნაჯახით ყინულს ამოამტვრევდა. ხალათს აიმკლავებდა და ჯვარს სამჯერ ამოავლებდა წყალში. ეს მისი, საყდრის ყარაულისა და მნათეს საქმე იყო. მასავით არავის გამოუვიდოდა, რადგან წყლის მაკურთხებელს, კურთხევისას ხმა არ უნდა ამოეღო, უმძრახად უნდა აღესრულებინა რიტუალი.

თურმე ადრე, მრავალი წლის წინათ, სოფლიდან ბოლო მღვდლის წასვლის შემდეგ, სოფლის მენახირეს ჩაუდგამს წყალში ჯვარი, უმძრახობის აღთქმა დავიწყებია და ნატვრა ამოუთქვამს, ამის გამო წყალი არ კურთხეულა.

ყრუ-მუნჯი ჯვარს ტაძარში შეაბრძანებდა ისევ, ზარს დამპალ თოკს გამოუცვლიდა და რეკვას იწყებდა. საყდარი ხრიოკ გორაზე იდგა და თონესავით ჩავარდნილ სოფელს დაჰყურებდა თავზე. ზარის ხმა შეტყობინება იყო, რომ წყალი დაწმინდავდა.

შემდეგ კი მოდიოდა ხალხი ჭურჭლით. ნაკურთხ წყალს უმძრახად იღებდნენ და სახლში მიჰქონდათ. შემდეგ ისევ ბრუნდებოდნენ, ხორაგი მოჰქონდათ. კარტოფილის ხინკალი და ხილის არაყი, კომბოსტოს მწნილი და სალა. სუფრა იქვე ქვის ნავთან იშლებოდა, მიწაზე გამვლელ-გამომვლელი სუფრას რაღაცას უმატებდა, ჯდებოდა და ზეიმობდა წყლის კურთხევას. ყრუ-მუნჯი ვერ შეძლებდა, თამადა ერთი კაცი იყო, რომელსაც თანაბრად ეხერხებოდა მკვდრის დაბანა და მისთვის ყბის აკვრა, ქელეხში კი გემრიელი შილაფლავის მომზადება. და მკვდრების ჩამცმევ-გამნბანელი იყო, მზარეულს შილაფლავის გაკეთებასავით ემარჯვებოდა ეს საქმე.

ჩხუბიც ატყდებოდა ხოლმე, ნაცემები ნავის წაბილწვას ერიდებოდნენ და იქვე პატარა ხევში იბანდნენ სახეს, შემდეგ კი ნაცემ-მცემლები ერთად აგრძელებდნენ ქეიფს.

საზეიმოდაც ჰქონდათ საქმე, ღმერთის წინაშე ვალი მოიხადეს. წყალიც წლითი-წლობით შეინახებოდა, არ აყროლდებოდა და არც ამყაყდებოდა. გასათხოვარი ქალები პირ-სახეს და თმას იბანდნენ ამ წყლით, ნატვრასაც ჩაუთქვამდნენ, ნაწილს მწნილის წვენში და ყველის დედაში ურევდნენ.

 

სპეციალური მასწავლებლისთვის საჭირო დოკუმენტაცია – პროფესიული საქმიანობის ანალიზი

0

სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიოს[1] ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია სპეცმასწავლებლის თვითშეფასების დოკუმენტი, რომელიც მოიაზრებს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების, წარმატებული და წარუმატებელი საქმიანობების იდენტიფიცირებას და ორიენტირებულია სუსტი მხარეებისა და წარუმატებელი საქმიანობების გაუმჯობესებაზე, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს სასწავლო პროცესის ხარისხის განვითარებასა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას. ზოგადად, მიჩნეულია, რომ თვითშეფასება სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკისა და საქმიანობის განუყოფელი ნაწილია და ეხმარება მას, დაინახოს საკუთარი ეფექტიანობა, შედეგები და, პირიქით, აღმოაჩინოს, რაში სჭირდება გაძლიერება და ცვლილება.

თვითშეფასება სპეციალური მასწავლებლისგან მოითხოვს რეფლექსიის უნარს. რეფლექსია კი თავის მხრივ დაკავშირებულია საკუთარი პრაქტიკის ობიექტურად აღქმასთან, გაანალიზებასა და კრიტიკულ ხედვასთან. ცვლილებების განხორციელების საფუძველი პირველ რიგში იმის აღმოჩენაა, რა არის შესაცვლელი.

სპეციალური მასწავლებლის საქმიანობა თავისი არსითა და შინაარსით ძალზედ მრავალფეროვანია. ამ მრავალფეროვნების კომპონენტებად მოიაზრებენ:

  • თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას,
  • თითოეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის უნიკალურობის დანახვას,
  • მასზე მორგებული მეთოდებისა და სტრატეგიების შერჩევას, რაც მოითხოვს რეფლექსიის კარგად განვითარებულ უნარს.

რეფლექსია სხვა არაფერია თუ არა მუდმივი ფიქრი და განსჯა იმის შესახებ – რა შეიძლებოდა უკეთესად დამეგეგმა? რატომ არ გაამართლა ჩემმა დაგეგმილმა აქტივობამ? რამ შემიშალა ხელი სასურველი შედეგის მიღებაში? რას შევცვლიდი კონკრეტულ სიტუაციასა და მომენტში, ხელახლა რომ მქონდეს მისი განხორციელების შესაძლებლობა?. მაშასადამე, რეფლექსია და თვითშეფასება წარმოადგენს უწყვეტ პროცესს გაუმჯობესებისკენ. მნიშვნელოვანია, რომ თვითშეფასების ინსტრუმენტი სწორად იქნას აღქმული და გაგებული.

თვითშეფასება სპეციალური მასწავლებლის პერსონალური დოკუმენტია და არა ანგარიშგების სახე. სპეციალური მასწავლებელი თვითშეფასებას მიმართავს საკუთარი პრაქტიკის გასაანალიზებლად და არა სხვა პირისთვის დემონსტრირების მიზნით[2].

სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი სწორედ თვითშეფასებაა, რომლის დოკუმენტირებას ის ახდენს სასწავლო წლის დასაწყისში და დასასრულს. თვითშეფასების კითხვარში სპეციალური მასწავლებელი ფიქრობს, აანალიზებს და აფასებს საკუთარ საქმიანობას შემდეგი მიმართულებების მიხედვით:

  • სასწავლო გარემო,
  • სასწავლო პროცესი,
  • სწავლება.
სასწავლო გარემო

 

სასწავლო პროცესი სწავლება
        პოზიტიური და თანამშრომლობითი ურთიერთობის დამყარება

თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა

ქცევის პოზიტიური მხარდაჭერა

თანაბრად ხელმისაწვდომი გარემოსა და რესურსების შექმნა

        სსსმ მოსწავლის სასწავლო საჭიროებების იდენტიფიცირება

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნაში მონაწილეობა

ქცევის პოზიტიური მხარდაჭერა

თანაბრად ხელმისაწვდომი გარემოსა და რესურსების შექმნა

        სსსმ მოსწავლის ჰოლისტურ განვითარებაზე ზრუნვა – აკადემიური, კოგნიტიური, მოტორული, სოციალური, ემოციური, კომუნიკაციური და ენა-მეტყველების უნარების განვითარების მხარდაჭერა.

 

კითხვარში თითოეული მიმართულებისა და კატეგორიის მიხედვით წარმოდგენილია დებულებები, რომლებიც დაკავშირებულია სპეციალური მასწავლებლის საქმიანობასთან, კომპეტენციებთან და უნარებთან. სპეციალური მასწავლებელი საკუთარი პრაქტიკის შეფასებას ახდებს 3-ქულიან სკალაზე, სადაც 0 ნიშნავს – „არ შეესაბამება ჩემს პრაქტიკას“, 1 = „ვცდილობ, მაგრამ უმეტესად არ გამომდის“, 2 = „ვცდილობ და უმეტესად გამომდის“, 3 = „ყოველთვის ვზრუნავ და ჩვეულებრივ კარგად გამომდის“. ქულებით შეფასების შემდეგ კი სპეციალური მასწავლებელი ახორციელებს თვითრეფლექსიას, სადაც აღწერს და განმარტავს კონკრეტული მაგალითების, არგუმენტების მოყვანით მინიჭებულ ქულას[3].

სამოქმედო გეგმა სამი ძირითადი კომპონენტისაგან შედგება, ესენია:

  • ძლიერი მხარეები,
  • გასაუმჯობესებელი მიმართულებები,
  • გაუმჯობესების სტრატეგია/აქტივობა.

ძლიერ მხარეებსა და გასაუმჯობესებელ მიმართულებებში გამოკვეთილ ასპექტებს სწორედ ამ სამი მიმართულების მიხედვით განიხილავს. ის აჯამებს თვითშეფასების დოკუმენტში ასახულ ინფორმაციას. გარდა თვითშეფასების დოკუმენტისა, სპეციალური მასწავლებლისათვის ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებისა და გასაუმჯობესებელი მიმართულებების აღმოჩენის საშუალება შესაძლოა იყოს კოლეგის, პროფესიული საზოგადოების და/ან ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული უკუკავშირი. ამ ყოველივეს აღნიშვნა კი ხდება ცხრილში ცალკე გამოყოფილ პუნქტში, თუ რაზე დაყრდნობით განსაზღვრა სპეციალურმა მასწავლებელმა ძლიერი მხარეები თუ გასაუმჯობესებელი მიმართულებები. ბუნებრივია, სამოქმედო გეგმა მხოლოდ არსებული რეალობის ასახვას არ გულისხმობს. გეგმაში ყველაზე მნიშვნელოვანია, ნათლად ჩანდეს, რა რეაგირება მოჰყვება გამოკვეთილ გასაუმჯობესებელ მიმართულებებს, როგორ დაგეგმავს სპეციალური მასწავლებელი პროფესიულ განვითარებას.

განვითარებასა და კომპეტენციის ამაღლებაში ბევრი რამ შეიძლება დაგვეხმაროს, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ტრენინგი, სუპერვიზიის გავლა და/ან საჭირო ლიტერატურის შეძენა და მისი დამუშავება. მთავარია, სპეციალურმა მასწავლებელმა სწორად დაგეგმოს ის სტრატეგია და/ან აქტივობები, რომლებიც დაეხმარება მას წინსვლაში. გარდა ამისა, მასწავლებელი საზღვრავს იმ დაახლოებით პერიოდს, რომელიც დაგეგმილი აქტიოვბების განხორციელებისათვის დასჭირდება. დაახლოებითი დროის წინასწარ განსაზღვრა ეხმარება სპეციალურ მასწავლებელს დროის მენეჯმენტში და გასაუმჯებესებელ მიმართულებებზე რეაგირების მაქსიმალურად დროულად დაგეგმვაში.

გასაუმჯობესებელი მიმართულებების განვითარებაში სპეციალური მასწავლებლის მხარდამჭერი შესაძლოა იყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია, კოლეგები და სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურა/დაწესებულება, რომელიც ტრენინგებს, სასწავლო კურსებს სთავაზობს პროფესიულ საზოგადოებას. სწორედ ადმინისტრაციაა ის მხარდამჭერი რგოლი, რომელსაც შეუძლია შესძინოს სპეციალურ მასწავლებელს შესაბამისი ლიტერატურა, დაარეგისტრიროს და/ან დაუფინანსოს სატრენინგო კურსები და სხვა. საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სპეციალური მასწავლებლებს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა ეხმარება საკუთარი საქმიანობის შეჯამებაში, ანალიზსა და სამომავლო აქტივობების ეფექტიანად დაგეგმვაში.

 

[1]file:///C:/Users/user/Desktop/%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D.pdf

[2] პედაგოგიური გზამკვლევი პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016, გვ. 110.

[3] ლიკა ქურციკიძე, ბაია კუბლაშვილი, სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიოს გზამკვლევი, თბილისი, 2022, გვ. 111. წერილში წარმოდგენილი მასალა ეფუძნება აღნიშნულ გზამკვლევს.

რამდენიმე ეპიზოდი სასკოლო ცხოვრებიდან. ჰერული ამბები

0

ადამიანი სკოლაში ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპს გადის. სწორედ იქ ხდება პიროვნების ჩამოყალიბება. ხშირად უფროსებისთვის შეუმჩნეველი, უმნიშვნელო მოვლენები მოზარდის ცხოვრებაში გარდამტეხ როლს ასრულებს.

მინდა, სკოლის ამბებს მოგიყვეთ. ჩემთვის მოგონების მზით გამთბარს, დაუბრუნებელს და საოცრად ძვირფასს, თუმცა უბრალოს, ჩვეულებრივს.

ისტორიულ ჰერეთში გავიზარდე. აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს შოთა რუსთაველის სახელობის სრულ საშუალო სკოლაში 1995 წელს ორი პირველი კლასი (12-12 მოსწავლით) მიიღეს. ორი წლის შემდეგ გაგვაერთიანეს. დაწყებითი საფეხურის დარჩენილი ორი წელიც მალე გაფრინდა. ბევრს ვერაფერს ვიხსენებ იმ დროიდან.

თეთრი პერანგები პირველ დღეს, გაცვლილი კალმები თუ საშლელები.

დაწყებით კლასში ყოფნა პატარა ბავშვობად მიგვაჩნია მეოთხეკლასელებს და თავი დიდი გვგონია მეხუთე კლასში.

ცვლილებების დროც დადგა.

 

დამრიგებელი

მეხუთე კლასში ჩვენი დამრიგებელი გახდა ინგლისურის ახალგაზრდა მასწავლებელი – მავლინა ბარიხაშვილი. მალე შეგვაყვარა თავი, უცებ მოიპოვა ჩვენი ნდობა და სიყვარული.

დამრიგებლის დამსახურება იყო ჩვენი კლასის ერთ მუშტად შეკვრა. ერთად დავდიოდით ექსკურსიებზე, დღესასწაულებზე. დაბადების დღეებს ერთად აღვნიშნავდით. მეექვსე-მეშვიდეკლასელი ბიჭები ნადში დავდიოდით. მაგალითად, ზამთარში შეშის დაპობაში ვეხმარებოდით ერთმანეთს.

ემოციურად მახსოვს ჩვენი ექსკურსიები ბაქოში, განჯასა და მინგეჩაურის ჰიდროელექტროსადგურში. ერთი ოცნება აუხდენელი დაგვრჩა – კლასი სრული შემადგენლობით ვერ ჩამოვიდა საქართველოში ექსკურსიაზე.

2006 წელს, სკოლის დამთავრებისას, ჩვენს კლასს უნდა გადაეწყვიტა მოახლოებული ბანკეტის ბედი. ვერა და ვერ შევთანხმდით, გადაგვეხადა თუ არა. ზოგს ის მოძველებულ ტრადიციად მიაჩნდა, ზოგს საკმარისი ფული არ ჰქონდა.

დამრიგებლის ინიციატივით, ჩავატარეთ კენჭისყრა, რომლის შედეგისთვისაც ყველას პატივი უნდა ეცა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ჩვენ ბანკეტს არ გადავიხდიდით. ეს იყო სოფელში პირველი შემთხვევა, როცა სკოლის დამამთავრებელმა კლასმა უარი თქვა ბანკეტზე.

დემოკრატიული არჩევანის პატივისცემა იმ დღიდან მომყვება.

სამაგიეროდ, ჩავატარეთ საოცარი ბოლო ზარი. სკეტჩები, პაროდიები, გადაკეთებული რეპი იმ დროს პოპულარულ სიმღერაზე.

პაროდისტები ასრულებდნენ პოლიტიკოსების როლებს.

ეს იყო განსაკუთრებული, ყველასგან განსხვავებული სასკოლო გამოშვება. ემოციური, თბილი და ნაკლებად პომპეზური.

 

სპორტი

კლასში სპორტს განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ფეხბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი, რაგბი (დიახ, იმ წლებში, როცა რაგბის შესახებ მხოლოდ ერთეულებმა იცოდნენ, ვცდილობდით მარტივი წესებით თამაშს) და ჭადრაკი. ჩემი კლასი ჩვენი სკოლის სპორტულ ისტორიაში ორი რამით შევიდა:

ვიყავით პირველი კლასი, რომელსაც ჰყავდა მწვრთნელი!

კლასი 11 ბიჭისა და 13 გოგოსგან შედგებოდა. სკოლის მაშინდელი სტადიონი სტანდარტულ საფეხბურთო სტადიონზე პატარა, მაგრამ მინისტადიონზე დიდი იყო, ამიტომ 9X9-ზე სათამაშოდ იდეალურად მიგვაჩნდა. გვყავდა ცხრა მოთამაშე მოედანზე, ერთიც – სათადარიგო სკამზე. მე ვიყავი გუნდის „ტრენერი“. ეს პოსტი მერგო როგორც ტაქტიკურად განსწავლულსა და ფეხბურთის თეორიულად კარგად მცოდნეს. პრაქტიკულ ნაწილში მოვიკოჭლებდი, მაქსიმუმ კარში ჩავმდგარიყავი (ისიც მხოლოდ გამოუვალ ვითარებაში).

სკოლაში დამკვიდრებული იყო ასეთი ტრადიცია: სკოლის მამაკაცი მასწავლებლები ფეხბურთს ეთამაშებოდნენ დამამთავრებელი კლასის ბიჭებს. თამაში, როგორც წესი, მასწავლებლების გამარჯვებით სრულდებოდა. ჩვენი კლასი გამონაკლისი აღმოჩნდა – მასწავლებლებმა ჩვენთან თამაშზე უარი განაცხადეს!

ყოველი შეკრებისას ვიხსენებთ თანაკლასელები, როგორ შეუშინდნენ ჩვენთან წაგებას ზრდასრულები.

 

ფსიქოლოგის კაბინეტი

ჩემი კლასი „მომთაბარე ცხოვრებას“ ეწეოდა. საბაზო და საშუალო საფეხურზე სწავლის ექვსი წლის განმავლობაში ოთხი საკლასო ოთახი გამოვიცვალეთ.

X-XI კლასები ძველი ფლიგელის იმ ნაწილში გავატარეთ, სადაც იყო დირექტორის კაბინეტი, ბიბლიოთეკა, სამხედრო ოთახი, ჩვენი საკლასო ოთახი და მის მოპირდაპირედ – ფსიქოლოგის კაბინეტი, მუდამ დაკეტილი.

სასწავლო წლის დაწყებისთანავე დავიწყეთ ახალი სამყოფლის შესწავლა. სექტემბრის ბოლოს ჩემმა თანაკლასელებმა ფსიქოლოგის კაბინეტი გახსნეს (დღემდე არ ვიცი, როგორ). მყისიერად დავიწყეთ მისი ათვისება. ფსიქოლოგის კაბინეტი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას მდებარეობდა. თუ უჩვენობას შეამჩნევდნენ ან რამე გაუთვალისწინებელი მოხდებოდა, გაკვეთილზე მყოფი რომელიმე თანაკლასელი გამოვიდოდა გარეთ, კაკუნით მოგვცემდა ნიშანს, გაივლიდა ეზოში დროის გასაყვანად, გამოვლისას კი უკვე ერთად ვბრუნდებოდით საკლასო ოთახში. ფსიქოლოგის კაბინეტის ერთადერთი ფანჯარა სკოლის ეზოს გადაჰყურებდა. ხელისგულზე გვქონდა ყველაფერი. ფანჯრის რაფაზე კი წიგნები და სხვა ნივთები ეწყო, ამიტომ თავად ოთახი ეზოდან კარგად არ ჩანდა.

დღეს რომ ჩემი თანაკლასელების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ჭადრაკი იცის, სწორედ ფსიქოლოგის კაბინეტის დამსახურებაა. იქ იმართებოდა დიდი შეხვედრები. ბოლო პერიოდში ერთდროულად რამდენიმე საჭადრაკო პარტია თამაშდებოდა. თანაც ჭადრაკი ნაკლებხმაურიანია, ფსიქოლოგის კაბინეტში თავშეყრა კი სიჩუმეს მოითხოვდა, რადგან ძველი ხის კარიდან ოდნავ ხმამაღალი საუბარიც კი გამოდიოდა დერეფანში.

ფსიქოლოგის კაბინეტისა და ჩვენი კლასის ურთიერთობა ბოლომდე საიდუმლოდ დარჩებოდა, რომ არა ერთი საბედისწერო დღე და ეზოში მოსეირნე ტანმაღალი მასწავლებელი. სწორედ მან შეამჩნია ფსიქოლოგის დაკეტილ კაბინეტში ადამიანების თავები. ალბათ, ჩვენც დავუშვით შეცდომა, რადგან ყურადღება არ მივაქციეთ ფიზიოლოგიურ კანონზომიერებას – ზრდას.

სასჯელი არ აგვცდა, თუმცა უკვე გვიანი იყო, ერთ თვეში სკოლას ვამთავრებდით… ცხადია, ამ ამბავს სიამაყით აღარ ვიხსენებთ, თუმცა ყოველთვის გვგვრის ღიმილს, განსაკუთრებით – ჭადრაკის თამაშის დროს.

 

დღიურები

ჩვენს დროში ინტერნეტი და მობილური ტელეფონი უცხო და მიუწვდომელი რამ იყო. კლასში დღიურების წარმოება გახდა მოდური. ბიჭები საფეხბურთო და სპორტულ დღიურებს ვაწარმოებდით. რას არ ნახავდით ჩვენს დღიურებში – ცნობილი ფეხბურთელების, გუნდების, მოკრივეების სურათებს, სტატიებს ჟურნალ-გაზეთებიდან, კითხვარებს ცნობილ სპორტულ მოვლენებზე… ყველაფერს ვაგროვებდით, რაც სპორტს ეხებოდა. იყო ერთი გაცვლა-გამოცვლა.

არც გოგოები ჩამოგვრჩებოდნენ. ისინი მომღერლების, მოდელების, მსახიობების ფოტოებს აგროვებდნენ. მათი დღიურები თანაკლასელებს შორის (და არამხოლოდ) ტრიალებდა მთელი წლის განმავლობაში.

 

თავისუფალი საუბრები გაკვეთილზე

იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც მხოლოდ პროგრამულ საკითხებზე არ იყვნენ ორიენტირებულნი, ჩვენი კლასი ნამდვილი სამოთხე იყო. ვარჩევდით მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სპორტულ თუ სახელოვნებო მოვლენებს. მახსოვს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ გამართული დისკუსიები, 2004 წელს ნატოს ისტორიული გაფართოების თაობაზე გამოთქმული მოსაზრებები და ა.შ. აღარაფერს ვამბობ ფეხბურთში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებისა და ჩემპიონთა ლიგის გარჩევებზე… პირადად მე დამქონდა დიდი შავი რადიო, რომელიც ერთადერთ ქართულ ტალღას – „რადიო იმედს“ იჭერდა. სწორედ მისი წყალობით 2005 წლის თებერვლის დასაწყისში პირველებმა გავიგეთ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ამბავი და მთელ სკოლას ვაცნობეთ. თავდაპირველად არც კი დავიჯერეთ და ამბის დასაზუსტებლად ცხონებული „სერგოს მაღაზიაში“ გავიქეცით, სადაც ტელევიზორი ჰქონდათ…

ჩვენი კლასი მაშინ დროს უსწრებდა. ისტორიის, გეოგრაფიის, ქიმიისა და დამრიგებლის გაკვეთილებზე ხშირად ვუხვევდით პროგრამულ საკითხებს და დღევანდელი გაგებით არაფორმალურ განათლებაში ვეშვებოდით.

 

შეცდომები

ცხადია, ჩემი კლასი არ ყოფილა იდეალური. არ გვაკლდა სტერეოტიპები, ბულინგი (მასწავლებლების თუ თანაკლასელების), ტიპური კლანური დაჯგუფებები…

ახლა, როცა თავს ვუყრი ამ მოგონებებს, უფრო მკაფიოდ ვხედავ მაშინდელ შეცდომებს. მაშინ, ცხადია, ვერც კი ვამჩნევდით, ან ინფორმაცია არც გვქონდა.

ალბათ, სწორედ ინფორმაციისა და გამოცდილების უქონლობის გამო ვერ შევძელით თანაკლასელის დაცვა მასწავლებლის აგრესიისგან ან პირიქით, მასწავლებლის დაცვა თანაკლასელისგან.

მაშინ რომ „ჭკუა მქონოდა“, როგორც უფროსებს გვჩვევია თქმა, ნაკლებ გაკვეთილს გავაცდენდი და მეტს ვიმეცადინებდი. დღემდე ვერ ვპატიობ საკუთარ თავს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე მეცხრე კლასის შემდეგ გამოჩენილ გულგრილობას და უყურადღებობას.

არ ვიცი, რამდენად საინტერესოდ მოვახერხე, მომეთხრო თქვენთვის ჰერული ამბები სოფლის უბრალო სკოლიდან.

ყველა ჩვენგანის გულშია მოწაფეობის ფერგაუმკრთალი ეპიზოდები.

ინტეგრირებული გაკვეთილი – ბერკეტი ადამიანის ჩონჩხში

0

ინტეგრირებული გაკვეთილი: ბიოლოგია / ფიზიკა

კლასი: VIII

გაკვეთილის თემა: სახსრის აგებულება და  მუშაობა

გაკვეთილის მოკლევადიანი  მიზანი:  მოსწავლემ შეძლოს ადამიანის ჩონჩხის სხვადასხვა განყოფილებაში ბერკეტის გვარის ამოცნობა, მარტივი მექანიზმის როლის დადგენა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მუშაობაში.

გაკვეთილის გრძელვადიანი მიზანი:  საგანთაშორისი ტრანსფერი; საკითხის განხილვა ბიოლოგიის და ფიზიკის მიმართულებით.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

  • ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობის დასაბუთება მოზარდის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ნორმალური განვითარებისთვის (ბიოლ. საბ. 4,5,6,7,8);
  • სხეულთა წონასწორობის პირობების ცოდნისა და მარტივი მექანიზმების გამოყენების დაკავშირება სხვადასხვა პროფესიასთან/საქმიანობის სფეროსთან (ფიზ.საბ.10,11,12).

წინარე ცოდნა და უნარები: მოსწავლემ იცის ძვლისა და კუნთის აგებულება, შეუძლია მაკეტზე ან სურათზე კუნთისა და ძვლის ამოცნობა. იცის ბერკეტის წონასწორობის პირობა. შეუძლია ძალის მხრის ნახაზის სახით წარმოდგენა და გამოთვლა, მომენტის წესის გამოყენება.

შეფასება: განმავითარებელი – ამოცანის ამოხსნის, მოდელის დამზადების შეფასება.

რესურსები: ბერკეტი, საწონები, ელექტრონული რესურსი

https://phet.colorado.edu/ka/simulation/balancing-act,

სამუშაო ფურცლები, ადამიანის ჩონჩხის მაკეტი, პლასტილინი,  წებოვანი ლენტი, კომპიუტერი, პროექტორი.

მიმდინარეობა:

აქტივობა 1:  (2 წუთი)

აქტივობის მიზანი: პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა.

აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს გააცანით გაკვეთილის თემა, მოკლე და გრძელვადიანი მიზნები, შეფასების კრიტერიუმები და შეახსენეთ ქცევის წესები.

აქტივობა 2:  მოდელის დამზადება (10 წუთი), ჯგუფებში მუშაობა.

აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს პლასტილინის და წებოვანი ლენტის გამოყენებით სახსრის მოდელის დამზადება.

აქტივობის აღწერა: სთხოვეთ მოსწავლეებს, შექმნან 4-5 მოსწავლისგან შემდგარი ჯგუფები და ინსტრუქციის მიხედვით დაამზადონ მუხლის სახსრის, იდაყვის სახსრის, მხრის სახსრის  მოდელები (ერთი ჯგუფი ამზადებს მხოლოდ ერთ მოდელს). სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეებს სთხოვეთ მოდელის წარდგენა და მის ნაკლოვანებებზე მსჯელობა.

შეფასება: მასწავლებლის კომენტარი.

აქტივობა 3:  საშინაო დავალების შემოწმება ( 7 წუთი)

აქტივობის მიზანი:  მოსწავლემ შეძლოს სახსრების შედარება და მათი მოძრაობის მიხედვით დახასიათება.

აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს გააცანით დავალება სამუშაო ფურცელი N 1.

შეფასება: განმავითარებელი – მასწავლებლის კომენტარი

აქტივობა 4:  ფიზიკაში ნასწავლი მასალის გახსენება, წყვილებში მუშაობა ( 7 წუთი)

აქტივობის მიზანი: მოსწავლემ  შეძლოს ბერკეტის წონასწორობის პირობის გამოყენებით სახსრის მუშაობაზე მსჯელობა.

აქტივობის აღწერა: სთხოვეთ მოსწავლეებს. იმუშაონ სამუშაო ფურცელ N2-ზე. ამოცანის ამოხსნის შემდეგ შესთავაზეთ სწორი პასუხი და სთხოვეთ შეადარონ საკუთარ პასუხებს.

შეფასება: მასწავლებლის კომენტარი ამოცანის ამოხსნის შეფასების რუბრიკის გამოყენებით.

აქტივობა 5:  რეფლექსია  (15 წუთი)

აქტივობის მიზანი: მოსწავლე შეძლოს სახსრის აგებულების მიხედვით ბერკეტის ტიპის დადგენა და ძალია მხარის პოვნა.

აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს სთხოვეთ,  ამოხსნან ამოცანები სამუშაო ფურცელ N 3-ზე.

შეფასება: მასწავლებლის კომენტარი – შეფასების რუბრიკის მიხედვით.

აქტივობა 6. გაკვეთილის შეჯამება და საშინაო დავალების მიცემა (4 წთ)

აქტივობის მიზანი: გაკვეთილის შეჯამება

აქტივობის აღწერა: შესთავაზეთ მოსწავლეებს სიმულაცია https://phet.colorado.edu/ka/simulation/balancing-act, რომლის საშუალებითაც  განამტკიცებენ ნასწავლ მასალას.

 

მარტივი მექანიზმები ადამიანის ჩონჩხში    (რესურსი მასწავლებლისთვის)

ადამიანის ჩონჩხში ყველა ძვალი, რომელსაც აქვს შედარებით თავისუფალი მოძრაობის საშუალება, ბერკეტს წარმოადგენს. მაგალითად, ადამიანის ჩონჩხში – კიდურები, ქვედა ყბა, თავის ქალა, თითების ფალანგები. ჩონჩხში ბერკეტის ელემენტის მხრების სიგრძეთა შეფარდება დაკავშირებულია ორგანოს სასიცოცხლო ფუნქციასთან. განვიხილოთ ბერკეტის წონასწორობის პირობა ადამიანის თავის ქალას მაგალითზე (სურ. 1).

 

სურ.1.                         სურ.2.

ბერკეტის ბრუნვის ღერძი გადის პირველ მალასთან თავის ქალას შესახსრების არეში (წერტილი  O), R არის თავის ქალას სიმძიმის ძალა. მისი მხარი OB შედარებით მოკლეა. F არის კეფის ძვლის კუნთებისა და იოგების წევის ძალა, რომლის მხარი OA გაცილებით მეტია R ძალის მხარზე. F და R ძალების მომენტების ტოლობა:

F X OB =  R X OA

რაც  განაპირობებს თავის ქალას წონასწორულ მდგომარეობას. სურათზე წარმოდგენილია ბერკეტის წონასწორობის პირობა ადამიანის თავის ქალას მაგალითზე (სურ. 2).

სამუშაო ფურცელი N 1

გაეცანი ილუსტრაციაზე გამოსახულ სახსრებს, საკუთარ თავზე გამოცადე მათი მუშაობა. მოძებნე სასკოლო და საოჯახო ნივთებში მათი ანალოგები.

 

 

 

 

სამუშაო ფურცელი N 2

მოცემულ სურათზე ამოიცანით ბერკეტის ტიპი და დაასაბუთე პასუხი.

 

სამუშაო ფურცელი N 3.

სურათზე წარმოდგენილი ბერკეტი წონასწორობაშია. სახაზავის გამოყენებით დაადგინე თითოეული ძალის მხარი და გამოთვალე წინააღმდეგობის ძალა (თავის ქალას სწორად დაჭერისთვის საჭირო ძალა), თუ მარჯვენა ძალის მოდული 20 ნ-ია.

სურათზე მოცემულია ადამიანის კისრის კუნთები. მითითებულია ბერკეტის საყრდენი (axis).  დახაზე წინააღმდეგობის ( resistance) და მარჯვენა ძალის (force) მხრები.


სამუშაო ფურცელი N 3:

მოცემულია თავის ქალას სამი პოზიცია. იმსჯელე მისი ასეთი მდებარეობის გამომწვევ მიზეზებზე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ზაალიშვილი, იოსებაშვილი – ბიოლოგია  IX კლასი. 2012 წელი

ერთი კომპლექსური დავალების ამბავი

0

კომპლექსური დავალება დიდი თავსატეხია, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვისაც კი. აუცილებელია საუბარი იმის შესახებ, რის კეთებაც გვიძნელდება. მასწავლებლობას მუდმივი სტრესი და შფოთვა გასდევს ფონად. შინაგან მღელვარებას მრავალმხრივი პასუხისმგებლობა იწვევს. სიახლეების მიმღებლობაც გვიჭირს, როცა საკუთარ შიშებზე საუბარს გავურბივართ. სწავლა-სწავლებისას ვალდებულების მოხდის მიზნით ქმედება კი უფსკრულისკენ მიგვაქანებს. ასეთ დროს ბალანსის შენარჩუნებაში საქმისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება და კრიტიკული აზროვნება გვეხმარება – ვალდებულებების მიმოხილვა და ისე კეთება, როგორც თავად ჩავთვლით საჭიროდ.

კომპლექსური დავალება თავდაპირველად საინტერესო, თუმცა, საკმაოდ რთული მომეჩვენა. ვფიქრობდი, რომ ამ ყველაფერს ხომ ისედაც ვაკეთებდი, მაგრამ საერთო ფერხულის ჩამორჩენის გამო შფოთვა მოსვენებას არ მაძლევდა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, მესაუბრა იმაზე, რის გაკეთება არის ჩემთვის რთული და როგორ უნდა დავძლიო ეს გამოწვევა.

დავუკავშირდი ჩვენი სკოლის ქოუჩს და ჩემი მოსაზრებები გავუზიარე. საინტერესო უკუკავშირი მივიღე. მასწავლებლებს გვჭირდება საკუთარ საქმიანობაზე საუბარი, გამოცდილების გაზიარება, რჩევები და დახმარება. უფრო მეტიც, ჩვენ ხომ ქცევის მოდელი საკლასო ოთახში გადაგვაქვს, ამიტომ თანადგომასა და ემპათიას, მოსწავლეების მსგავსად, მასწავლებლებიც ველით.

ვფიქრობ, სიტყვა „კომპლექსური“ მესამეკლასელი მოსწავლეებისთვის რთული და გაუგებარია. ამიტომ მისი შინაარსის აღსაქმელად შეგვიძლია შევთავაზოთ „მთავარი დავალება“.

მესამე კლასის სახელმძღვანელოში (ავტორები: ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე) შეტანილია რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „ფუღურო“. რადგანაც კომპლექსური დავალების მატრიცა თავგზას მიბნევდა და მუშაობას მირთულებდა, ამიტომ ცალკე ჩამოვწერე ტექსტის დასამუშავებლად საჭირო აქტივობების ნუსხა. აქტივობების შერჩევისას ვიხელმძღვანელე ახალი სკოლის მოდელის ანბანის შემდგომი საფეხურისთვის განკუთვნილი გზამკვლევის მიხედვით, რომელიც მესამე თაობის ეროვნული გეგმის მოთხოვნებს ითვალისწინებს.

ახალი სიტყვები, გაწაფული კითხვა, გაგება-გააზრება, თხრობა, ინტერპრეტაცია, წერა, გრამატიკული საკითხები – ამ ძირითადი მიმართულებების გათვალისწინებით, შემდეგი აქტივობები შევარჩიე:

  1. კითხვა გაგრძელებებით – სასვენ ნიშნებზე, ინტონაციაზე მუშაობა.
  2. სიტყვის ლოტო – ტექსტის ლექსიკური ერთეულების შესწავლა;
  3. სიტყვის რუკა;
  4. პერსონაჟის რუკა;
  5. ვარაუდის გამოთქმა – როგორ გაგრძელდება მოთხრობა? მოკლე ჩანაწერი.
  6. წერითი დავალება – გააგრძელე მოთხრობის პირველი ნაწილი;
  7. გააგრძელე მოთხრობის მეორე ნაწილი;
  8. თხრობა მთხრობლის შეცვლით;
  9. დაწერე თავისუფალი თემა „ჩემი სახლი“;
  10. შექმენი კომიქსი – ალაპარაკე ობობა და არწივი ერთმანეთთან;
  11. კლასის საერთო ხელნაკეთი წიგნი – ობობას ახალი ცხოვრება;
  12. გრამატიკული საკითხები – წინადადების განვრცობა, სიტყვის მრავლობით ფორმაში ჩასმა, კითხვების – ვინ? რა? – მიზნობრივად გამოყენება.

ყოველი დღე ჩემ მიერ შედგენილ მატრიცაზე დაკვირვებით იწყებოდა. აქტივობის მიხედვით ვქმნიდი სასწავლო რესურსებს და სკოლაში წასვლას მოუთმენლად ველოდი. გარდა იმისა, რომ აქტივობების ამორჩევა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა, ამავე დროს, წინასწარ მოფიქრებული სტრატეგიები და მიზნები ყოველდღიურობას მიმსუბუქებდა. შფოთვა თავდაჯერებულობამ ჩაანაცვლა. ეს კი მასწავლებლისთვის დიდი კომფორტია.

როგორც მესამე კლასისთვის ვუწოდე, კომპლექსურ მთავარ დავალებად, დიორამა გავთვალე, თუმცა, სამი კვირის შემდეგ სულ სხვა საჭიროება დავინახე და დიორამა ხელნაკეთი წიგნით ჩავანაცვლე. მოსწავლეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი წიგნების წარდგენა დისტანციურ გაკვეთილზე მოგვიწია. ჩემთვის, მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვისაც ეს იყო დაუვიწყარი დღე – ვუსმენდით თითოეული მოსწავლის მიერ მოფიქრებულ სათაურს, ობობას ახალ თავგადასავალს, წიგნის ყდის აღწერილობას, გამომცემლობის, ილუსტრატორის, ავტორის სახელებსა და გვარებს და უკუკავშირისას საქებარი სიტყვები მელეოდა.

ამ შედეგამდე ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაშლილმა საკლასო და საშინაო დავალებებმა მიგვიყვანა. სტიმულის მიმცემი კი ერთობლივად დამზადებული ხელნაკეთი დიდი წიგნი აღმოჩნდა. ყდა მე დავამზადე და სათაურიც თავად შევთავაზე. ერთი გაკვეთილი დასჭირდა მოთხრობის მოფიქრებას, სათითაოდ ამბობდნენ ერთ წინადადებას და სიუჟეტური ხაზიც წამდაუწუმ იცვლებოდა. შემდეგ გაკვეთილზე დიდი ფურცლები დავურიგე, წინადადებები დავნომრეთ და ერთი გვერდის გაფორმება (წინადადების გადატანა, ილუსტრაცია) მოუწიათ. კლასის მიერ დამზადებული ხელნაკეთი წიგნის წაკითხვა უმცროსკლასელებისთვის ჩავიფიქრეთ, მაგრამ მეორე დღეს დისტანციურ რეჟიმზე მოგვიწვია გადასვლა.

მთავარი დავალების პირობა ამგვარი იყო:

შექმენი ხელნაკეთი წიგნი, ამისთვის:

  • მოიფიქრე სათაური და დაწერე მოთხრობის გაგრძელება;
  • დაასახლე ობობა ახალ ადგილას;
  • ამეგობრე სხვებთან;
  • ყდაზე დაწერე სათაური, ავტორის, ილუსტრატორის სახელი და გვარი, გამომცემლობის სახელიც არ დაივიწყო;
  • ყდა გააფორმე მოთხრობის შესაბამისი ილუსტრაციით.

მეტაკოგნიტურ კითხვებს ხელნაკეთი წიგნის წარდგენის შემდეგ ვუსამდი: წიგნი მარტომ დაამზადე, თუ ვინმე დაგეხმარა? შენი აზრით, რა იყო რთული ან რატომ გაგიადვილდა ხელნაკეთი წიგნის დამზადება? როგორ მოიფიქრე სათაური? კიდევ გსურს, სხვა ხელნაკეთი წიგნის შექმნა? დროის სიმცირის გამო, თითოეულ ბავშვისთვის ერთი კითხვა საკმარისად ჩავთვალე.

მოთხრობაზე მუშაობისას საკვანძო თემად საკუთარი სახლის მნიშვნელობაზე დაფიქრება შევარჩიე, თუმცა, ბევრი სხვა თემაც გამოიკვეთა, მაგალითად, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, მეგობრობა, ხასიათის მართვა, სხვისი საკუთრების მითვისება, გმირის თავგადასავალი.

ხელნაკეთი წიგნების წარდგენისას კიდევ ერთი იდეა დამებადა – ხელნაკეთი წიგნების გამოფენა-გაყიდვის მოწყობა ჩვენი უბნის რომელიმე პარკში. მოვადუღებთ გლინტვაინს, ჩავრთავთ მუსიკას, ბავშვები და მშობლები მონაცვლეობით წაიკითხავენ ხელნაკეთ წიგნებს, სტუმრებიცა და მონაწილეებიც იქვე მოვიფიქრებთ თითო წინადადებას და იმ დღის მოთხრობას შევქმნით ან დღის ჩანაწერისთვის წინადადებებს მოვაგროვებთ. შეგროვილი თანხით კი კლასისთვის რომელიმე წიგნს ვიყიდით, მაგალითად, ილუსტრირებულ ქართულ მითებს.

ასე რომ, ბევრი აქტივობა შევარჩიე. მიუხედავად იმისა, რომ მატრიცის შაბლონის ყველა ნაბიჯი არ გავითვალისწინე, მიზანს ნამდვილად მივაღწიე. ჩემი მატრიცა დამაბნევლად არ გამოიყურება და ზოგჯერ შემოქმედებითი პროცესი მის შინაარსობრივ მხარეს ცვლიდა.

მთავარია, სიახლეების დანერგვისას, მიმღებლობასთან ერთად, ჩვენ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვიმოქმედოთ და ჩარჩოებში არ მოვექცეთ. ამას არც არავინ ითხოვს. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ ერთ ტექსტზე სამი კვირის განმავლობაში მუშაობა დაწყებით საფეხურზე გაწაფულ კითხვას აფერხებს, რადგან ბავშვების უმრავლესობა მხოლოდ მასწავლებლის დავალებით კითხულობს. სწორედ ამიტომ, კვირაში ერთ დღეს კლასის წიგნს (ამჯერად, ტუვე იანსონის „ჯადოქრის ქუდს“) ვკითხულობდით.

 

სტატიას თან ვურთავ ორ სქემას, რომელიც ბავშვებმა დიდი ხალისით შეავსეს.

რა მოხდა მოთხრობის დასაწყისში?

 

თავიდან

რა მოხდა შუა ნაწილში?

 

შემდეგ

რა მოხდა ბოლოს?

ბოლოს

 

1.    დახატე ერთი ეპიზოდი მოთხრობიდან „ფუღურო“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2.    აღწერე, რა დახატე. გამოიყენე სიტყვები მოთხრობიდან.

 

 

 

 

 

 

 

3.    რატომ შეარჩიე ეს ეპიზოდი?

 

 

 

 

პუნქტუაციის სწავლების ხერხები

0

საყოველთაოდ ცნობილია, პუნქტუაცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები ქართული მართლწერის ერთ-ერთი პრობლემური საკითხია. იმისთვის, რომ ბავშვებს განვუვითაროთ პუნქტუაციის გამოყენების უნარები, მუშაობა პირველივე კლასში იწყება. სტრატეგია მარტივია – გვჭირდება მოქმედება (ზმნა-შემასმენელი) და გვჭირდება საგანი (ქვემდებარე, რომელიც სხვადასხვა მეტყველების ნაწილით შეიძლება იყოს გამოხატული), რომელიც მოქმედებს. ეს წყვილი უკვე ქმნის დასრულებულ აზრს და მათი დახმარებით ვასწავლით წინადადების რაობას, რომელთანაც უშუალოდაა დაკავშირებული წერტილის, ძახილის, კითხვის თუ კითხვით-ძახილის ნიშნის გამოყენება.

აქ მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოთი მოწაფეებს დავანახოთ მოქმედებისა და მათ ენაზე „საგნის“ უსასრულო რაოდენობა. ამისათვის რეკომენდებულია სავარჯიშოები, რომელთა ფარგლებშიც კონკრეტულ საგნისთვის ჩამოვათვლევინებთ ყველა შესაძლო მოქმედებას. მაგალითად: ზღარბი წევს, ჭამს, ეძებს, ფიქრობს, სძინავს, იბადება კვდება და ა. შ. ასევეა პირიქითაც, მაგალითად, ვინ შეიძლება აშენებდეს? შეიძლება აშენებდეს მშენებელი, მუშა, ქალი, კაცი, ბავშვი, ფუტკარი, მერცხალი და ა. შ.

ამ სავარჯიშოებს თავისუფლად შეგვიძლია, მივცეთ სხვადასხვა ფორმა: როგორც გონებრივი იერიშისას, დაფაზე ჩამოვწეროთ ყველა ვარიანტი, რომლებიც მოიფიქრეს პირველ 3 წუთში, მივამატოთ მეორე რიგად სიტყვები, რომლებიც მოიფიქრეს შემდეგ სამ წუთში და ა. შ.

ასევე შეგვიძლია კლასი დავყოთ ჯგუფებად და გამოვაცხადოთ შეჯიბრი, რომელი ჯგუფი მოიფიქრებს მეტს.

არ უნდა დაგვავიწყდეს თამაშისას, რომ შიგადაშიგ გავუმეორეთ მთავარი მიზანი, ისინი ამით შეისწავლიან წინადადების არსს და შეძლებენ სწორად დასვან თავიანთ ნაწერებში როგორც წერტილი, ასევე სხვა სასვენი ნიშნები.

ამრიგად, პირველ ეტაპზე ჩვენ გამოვიყენებთ როგორც გარეგან მოტივაციას (თამაშში გამარჯვებული), ასევე შევეცდებით გავუღვივოთ შინაგანი მოტივაცია (კარგად შეძლებ წერას).

როდესაც მოსწავლეები თავისუფლად ასახელებენ მოქმედებებსა და საგნებს, რომლებიც ამ მოქმედებას ასრულებს, შეგვიძლია გადავიდეთ სწავლების შემდეგ ეტაპზე და მათ წინადადებას მივუმატოთ განსაზღვრება (როგორც დაწყებით საფეხურზე სწავლობენ, საგნის თვისება).

როდესაც უკვე თავად ადგენენ მარტივ ორსიტყვიან წინადადებას (მაგალითად: ზღარბი ჭამს.), მარტივია დავსვათ კითხვა და მოვაფიქრებინოთ, როგორი ზღარბი ჭამს? პატარებს განსაკუთრებით ეხალისებათ თვისებების მოფიქრება. შემდეგ ნელ-ნელა შეგვიძლია შემოვიტანოთ გარემოების, პირდაპირი, ირიბი და უბრალო დამატების კითხვები, ისე, რომ ნელ-ნელა აღიქვან, რომ ეს ერთი წინადადებაა, ეს ერთი მოქმედების ირგვლივ თავმოყრილი სიტყვებია, რომლებიც ერთ საერთო აზრს ქმნის. მაგალითად:

ზღარბი ჭამს.

დავუმატოთ კითხვა: როგორი ზღარბი?

მშიერი ზღარბი ჭამს.

დავუმატოთ კითხვა: როგორ ჭამს ზღარბი?

მშიერი ზღარბი ხარბად ჭამს.

დავუმატოთ კითხვა: სად ჭამს ზღარბი?

მშიერი ზღარბი სოროში ხარბად ჭამას.

დავუმატოთ კითხვა: რას ჭამს ზღარბი?

მშიერი ზღარბი სოროში ვაშლს ხარბად ჭამს.

წინადადებაში თითოეული წევრის ჩამატებისას შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რა ადგილი მოუხდება ამა თუ იმ სიტყვას. მართალია, მიზეზების ახსნა არ მოხერხდება, მაგრამ თავისთავად იმის ჩვენებაც, რომ თითოეულ სიტყვას რაღაც ადგილი აქვს, უკვე მნიშვნელოვანია.

ილუსტრაციისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ თავად კლასი, რომელიც გაერთიანებულია მასწავლებლის ირგვლივ და მიუხედავად ბავშვებს შორის განსხვავებისა, ქმნის ერთობას, კლასს. ასევე სიტყვები, რომლებიც ფუნქციითა თუ ჟღერადობით ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ქმნის ერთიანობას – წინადადებას.

პუნქტუაციის საფუძველი სწორედ ესაა, წინადადების რაობის გააზრება. როდესაც დაწყებითი საფეხურიდანვე ვუვითარებთ ამის აღქმას, მოზრდილ ასაკში ისინი მარტივად გამოყოფენ რთული წინადადების საზღვრებს და საჭირო მძიმეს სწორ ადგილას სვამენ.

თავისთავად ცხადია, იმისთვის, რომ მოსწავლემ შეძლოს მძიმეების სწორად დასმა, საჭიროა, იცოდეს სინტაქსი – იცოდეს წინადადება აგებულების მიხედვით, იცოდეს განკერძოების სახეები. თუმცა ხშირად მხოლოდ თეორიული ცოდნა საკმარისი არ აღმოჩნდება ხოლმე.

აქაც ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკულ სავარჯიშოებთან ერთად, სადაც კონკრეტულად სასვენი ნიშნებია ჩასამატებელი, გარკვეულ სინტაქსურ საკითხებთან დაკავშირებით ვავარჯიშოთ, თავად შექმნან წინადადებები და ამ გზით გაიაზრონ, მაგალითად, განსხვავება განსაზღვრებით დამოკიდებულ წინადადებასა და განკერძოებულ განსაზღვრებას შორის. პრინციპი აქაც იგივეა, რაც დაწყებით საფეხურზე. უბრალოდ ჩვენი მოთხოვნები უკვე შევსებულია შესაბამისი ლექსიკით. ვთხოვთ, დაასახელონ ნებისმიერი ქვემდებარე და შემასმენელი. შემდეგ ვთხოვთ, შეავსონ ადგილისა და ვითარების გარემოებით. მაგალითად:

ხე სწრაფად იზრდება ეზოში.

შემდეგ ვთხოვოთ განსაზღვრონ ხე. მათ შეიძლება შემოგვთავაზონ წიწვოვანი ხე ან რამე ამდაგვარი.

მაშინ გამოგვივა:

წიწვოვანი ხე სწრაფად იზრდება ეზოში.

შემდეგ ვთხოვოთ, წინადადება ხესთან გახლიჩონ და ჩაამატონ განსაზღვრებითი წინადადება. შეიძლება გამოუვიდეთ:

წიწვოვანი ხე, რომელიც პაპამ დარგო, იზრდება ეზოში.

შემდეგ შევთავაზოთ, დამოკიდებული წინადადების შემასმენელი აქციონ მიმღეობად. მიიღებენ წინადადებას:

წიწვოვანი ხე, პაპას დარგული, იზრდება ეზოში.

ამ წინადადებაში უკვე „პაპას დარგული“ განკერძოებული განსაზღვრებაა. შევთავაზოთ, მოიფიქრონ ამ წინადადების წყობა, ისე, რომ არ შეცვალონ სიტყვები და განსაზღვრება განკერძოების ნაცვლად ჩვეულებრივ განსაზღვრებად აქციონ:

პაპას დარგული წიწვოვანი ხე იზრდება ეზოში.

შემდეგ ვთხოვოთ, იმავე სიტყვებით განკერძოების სხვა შემთხვევას მიაგნონ:

პაპას დარგული, იზრდება ეზოში წიწვოვანი ხე.

ან

ეზოში იზრდება წიწვოვანი ხე, პაპას დარგული.

როდესაც მოსწავლეები იძულებული ხდებიან თავად შეადგინონ წინადადებები, შემდეგ ისინი ყველაზე კარგად იაზრებენ ამ წინადადებებში სასვენი ნიშნების, ყველაზე ხშირად კი კონკრეტულად მძიმის საჭიროებას.

ასევე შეგვიძლია მივაწოდოთ წინადადებების გარკვეული რაოდენობა, გავახსენოთ განკერძოებათა სახეობები, და მოვუწყოთ კონკურსი, ჩვენ მიერ შეთავაზებულ წინადადებებს – ვინ უფრო მეტ განკერძოებას მიამატებს.

საილუსტრაციოდ ავიღოთ „ოთარაანთ ქვრივიდან“ ერთი წინადადება:

ოთარაანთ ქვრივს სოფლის ნაპირას ერთი კაი ფიცრული ედგა.

მოცემულ წინადადებას შეიძლება დაემატოს პრაქტიკულად ყველა სახის განკერძოება და საჭირო კითხვებით, ვფიქრობ, ყველა პედაგოგი შეძლებს კლასის სასურველ პასუხებამდე მიყვანას.

მაგალითად: ჩავამატოთ დანართი:

ოთარაანთ ქვრივს, მოთხრობის მთავარ პერსონაჟს, სოფლის ნაპირას ერთი კაი ფიცრული ედგა.

ჩავამატოთ განკერძოებული გარემოება:

ოთარაანთ ქვრივს სოფლის ნაპირას, ტყიანი ფერდობის ძირში, ერთი კაი ფიცრული ედგა.

ჩავამატოთ განკერძოებული განსაზღვრება:

ოთარაანთ ქვრივს სოფლის ნაპირას ერთი კაი ფიცრული ედგა, კარგად მორთულ-მოკაზმული.

ჩავამატოთ ჩართული:

საბედნიეროდ, ოთარაანთ ქვრივს სოფლის ნაპირას ერთი კაი ფიცრული ედგა.

ჩავამატოთ „მიუხედავად“ თანდებულიანი გამოთქმა:

ოთარაანთ ქვრივს, მიუხედავად იმ დროის სიდუხჭირისა, სოფლის ნაპირას ერთი კაი ფიცრული ედგა.

ჩავამატოთ „გარდა“ თანდებულიანი გამოთქმა:

ოთარაანთ ქვრივს, გარდა თავისი ვენახებისა, სოფლის ნაპირას ერთი კაი ფიცრული ედგა.

იმას, რომ მოსწავლეებმა თავად მოიფიქრონ განკერძოების სახეები თავიდან აუცილებლად სჭირდება მასწავლებლის დამხმარე კითხვები, მაგ, როგორ შეგვიძლია შევავსოთ „სოფლის ნაპირას“ ისე, რომ მივიღოთ განკერძოებული გარემოება, რა შეგვიძლია მოვიფიქროთ დამატებით ფიცრულის ადგილმდებარეობის შესახებ და ა. შ. ამას, რა თქმა უნდა, გარკვეული საგაკვეთილო დრო მიაქვს, არაა სწრაფი პროცესი, მაგრამ ამ ტიპის სავარჯიშოები, როდესაც მოსწავლე იძულებულია, თვითონ შექმნას ნიმუში ამა თუ იმ წინადადების ტიპისა, ამ საკითხის ღრმად გააზრებას უზრუნველყოფს და მომავალში პუნქტუაციური შეცდომებიც საგრძნობლად იკლებს.

 

 

 

 

 

 

აკაკი წერეთლის “გამზრდელი” – MISSION: IMPOSSIBLE

0

წლების წინ, სატელევიზიო ინტერვიუში, კრიტიკოსმა თამაზ ვასაძემ თქვა, რომ აკაკი წერეთელი იღიმება „გამზრდელის“ ეპიგრაფში; მართლაც, „ვუძღვნი ჩემს პედაგოგებს“ ვერაფრით იქნება სერიოზული მიძღვნა – ვისაც აკაკის „ჩემი თავგადასავალი“ წაუკითხავს, ქუთაისის გიმნაზიის აღმზრდელებისთვის მიძღვნილ ამ სიტყვებს მხოლოდ ირონიულად თუ აღიქვამს. აკაკი აღიარებდა ერთ პედაგოგს – პოლონელ კაზიმირ რუდზიევიჩს (და ცოტათი ალბათ მუსიე ტურესსაც, ფრანგს, ფრანგულის მასწავლებელს, რომლის საუბარი მათემატიკოს რუდზიევიჩთან „შობს“ აკაკი წერეთლის ევროპული ტიპის ნაციონალიზმს), ხოლო სასწავლებელში გატარებულ დროს „მტანჯავს, დამჩაგვრელსა და გამაუკუღმართებელს“ უწოდებდა.

ეპიგრაფში გაღვრილი ირონია, ერთი შეხედვით,  გაუგებარი იქნებოდა, მკითხველმა აკაკი წერეთლის სხვა ტექსტი რომ არ იცოდეს. კარგად ვერ გაიგებდა მას ბავშვიც, რომელსაც „გამზრდელს“ XI კლასში ასწავლიან: აქ ბავშვს ირონიის განმმარტებლად ევლინება მასწავლებელი; ის მოკლედ მაინც აუხსნის, განათლების რა პრინციპებს აღიარებდა რუსეთის იმპერია XIX საუკუნის შუახანებში.

ახლა კი წარმოვიდგინოთ, რომ არ ვიცნობთ „ჩემს თავგადასავალს“, არ ვიცით აკაკი წერეთლის სასტიკი და არცთუ გონიერი  მასწავლებლების ამბავი. რას ვაქნევთ ირონიულ ეპიგრაფს? ირონიის გარეშე აღვიქვამთ? და ამ სერიოზულ აღქმას ვიახლებთ კითხვის დასრულებამდე? თუ ჩავუღრმავდებით ტექსტს და იქ ვიპოვით „თხელ“ ირონიულ პლასტს, რომელიც ეპიგრაფის ნამდვილ შინაარსსაც მიგვახვედრებს?

…ბათუს წარდგენა ყველას გვახსოვს:

რთულ ცხოვრების უარმყოფი,

მცირედითაც კმაყოფილი.

 

აქ არსებითია არა ლტოლვა აუტკივარი თავით ცხოვრებისაკენ, არამედ ის, რომ ბათუმ ცნობიერი ძალისხმევა გაიღო ცხოვრების წესის ასარჩევად. სად და როგორ ცხოვრობს ბათუ – მისი „კონცეპტუალური“ გადაწყვეტილებაა და არა შემთხვევითობის შედეგი. ბათუ არ არის ნაფოტი, რომელიც ცხოვრების ტალღებმა მაღლა მთაში გარიყა და არც მთაში ცხოვრებაა იოლი არჩევანი. ავტორი ამით გვეუბნება, რომ პერსონაჟად შემოჰყავს ჩამოყალიბებული, პასუხისმგებლობის მქონე კაცი, რომელსაც ეს მახასიათებელი მოქმედების ბოლომდე გაჰყვება.

ახლა გავიხსენოთ, როგორ შედის და იქცევა ბათუს სახლში საფარ-ბეგი:

“ხმას არ იღებს ჯერ სტუმარი,

ნაბდის თასმებს ნელა იხსნის…

თავ-პირი აქვს შებუდნული

ყაბალახით და იცინის!…

ჯერ ნაბადი მიაყუდა,

ბნელ კუთხისკენ მიდგა წყნარად

და, ბაშლიყი რომ გადიძრო,

მოტრიალდა უკან ჩქარა:

“მასპინძელო! სიცილით სთქვა –

წახდა ჩემი ხუმრობაო!…

ვერ მიცანი, თუ გეწყინა

ეს უდროვო სტუმრობაო?”


რა თქმა უნდა, ასეთი ქცევა შეიძლება და უნდა მივიჩნიოთ  მეგობრული სილაღის გამოვლენად, ერთგვარ შეთამაშებად, რამაც მასპინძელიც უნდა გაახალისოს. კი ბატონო. ოღონდ, მეორე მხრივ, ამგვარი შეხუმრება მიგვანიშნებს, რომ, მიუხედავად დაახლოებით ერთი ასაკისა, ბათუსთან შედარებით საფარ-ბეგს აკლია სიმწიფე, სიმყარე, სერიოზულობა, ის თითქოს ბოლომდე არ „გამოსულა“ მოზარდობიდან. ცალკე ამბავია, რომ ყაბალახიანი,  შებურული სახით შემოსვლა და მცირე დაყოვნების შემდეგ ბაშლიყის გადაძრობა –  მეტაფორაა, რომელიც მკითხველს საფარ-ბეგის ნამდვილი სახის დასანახად ამზადებს.

 

 საფარ-ბეგის ინფანტილიზმს მიანიშნებს მისი განზრახვაც: მოპაროს ცხენი ალმასხიტ ინალიფას, რათა თავი მოაწონოს ზია ხანუმს. ზია ხანუმს არ უყვარს საფარ-ბეგი და, მეტიც, არც საფარ-ბეგს უყვარს ზია ხანუმი. ბათუს სტუმარი იცნობიერებს, რომ ძლიერი ვნების ძალით მანიპულირების ობიექტია და თან უღირს საქმესაც განიზრახავს, მაგრამ არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს ამას; უარს ამბობს საკუთარი ემოციების მართვაზე. იცის, რა არის მორალური და შეგნებულად, რაც მთავარია, სიტუაციურად ამბობს უარს ზნეობის დაცვაზე. ტექსტში არ ჩანს, საფარმა ზია ხანუმს ცხენი რომც მიუყვანოს, ქალი ნამდვილად უპასუხებს თუ არა მის ვნებას. საფარი თითქოს საკუთარ თავსაც სცდის და უმტკიცებს, რომ შეუძლია ჩაიდინოს  განსაკუთრებული საქციელი, რომელიც აქამდე ვერავის გაუბედავს.

ბათუს პასუხი ერთი მხრივ, ფრთხილი, ლამის დიპლომატიური მინიშნებაა, რომ უკადრისი საქმის ჩადენა არ ღირს, მეორე მხრივ კი აღიარება იმისა, რომ სიყვარულის ძალითა და სახელით მოქმედება ამართლებს ადამიანს. საფარ-ბეგს, ვიმეორებ, არ უთქვამს, რომ ზია ხანუმი უყვარს. საფარი მხოლოდ ამბობს, ქალმა დამაჩემა, თუ გიყვარვარ, ინალიფას ცხენი მომგვარეო. ის ძალიან იოლად თანხმდება მასპინძელს, დარჩეს სახლში და ცხენი ძიძის შვილმა მოუყვანოს ქალისთვის მისაგვრელად. საფარ-ბეგი, რომ იტყვიან, ამჯობინებს დარჩეს კომფორტის ზონაში, როგორც კი ეს ზონა გამოუჩნდება. ამ ერთხელაც ირკვევა, რომ მისთვის მთავარი შედეგია და თითქოს არაფრად დაგიდევს მიზნის მისაღწევ საშუალებებს. რაც შეეხება ბათუს, ის დამაჯერებლად ახსნის გადაწყვეტილებას, ჩაანაცვლოს საფარ-ბეგი ცხენის ქურდობისას, თუმცა აქ არის კიდევ ერთი, ტექსტში ოდნავ მინიშნებული მოტივი:  ბათუ საფარს ტაქტიანად მიანიშნებს სიფრთხილის ნაკლებობას ისე, რომ მის უშიშრობაში ეჭვი არ შეაქვს. სიფრთხილე აქ წინდახედულების, გათვლის უნარის, ინტელექტუალური სიმწიფის სინონიმია. ბათუს სიფრთხილე, ცხადია, არ ნიშნავს მის გაწაფულობას ცხენების მოპარვაში.  ბათუმ იცის, რომ დანაშაულს ჩაიდენს და ამ დროს მეტი შანსი აქვს გადარჩეს, ვიდრე მის ბედოვლათ სტუმარს. მაგრამ ბათუ, არა როგორც მხოლოდ მასპინძელი, არამედ როგორც საფართან თანშეზრდილი ადამიანი, მისი უმწიფარობის მცნობი, მორდუს სთავაზობს მფარველობას. ბათუ, თავისი ჩამოყალიბებული მენტალობით, „უფროსია“ ინფანტილურ საფარზე, რომელიც ინსტინქტებითა და „როტაციული“ მორალით ცხოვრობს.

 

…ნაზიბროლას გაუპატიურებას ტრადიციულად აფასებენ მორალური თვალსაზრისით  და ხსნიან საფარ-ბეგის შეუკავებელი ლიბიდოთი („გულისთქმამ სძლია“ – აკაკი ბაქრაძე). თვითონ საფარ-ბეგი ამბობს, ეშმაკმა მაცდუნაო. მორალურად  საფარის საქციელს რა სიტყვაც გნებავთ, ის მიუყენეთ – დაცემა, უზნეობა, მოძალადეობა, ნაძირლობა, სხვა სიტყვები, რომელთა დაწერა უხერხულია…  აკაკი წერეთელი მკითხველს არ აცილებს ბათუს ფაცხას, არ აღწერს, რა მოხდა ღამით, არ აღწერს არც ბათუს დანაშაულს (მან მოიპარა ინალიფას ცხენი) და არც, მითუმეტეს, საფარ-ბეგისას. ოღონდ თუ ბათუს ჩადენილი საქციელის მოტივი ვიცით (მან წინასწარ თქვა, რატომ მოიქცეოდა ასე), საფარის ქმედების მოტივი უცნობია. აკაკი წერეთელმა ღამის წყვდიადით შებურა პერსონაჟები და ამით თითქოს გადაგვიშალა ველი ინტერპრეტაციებისათვის;

 

საფარ-ბეგის ქმედება არ აიხსნება მხოლოდ ლიბიდოს მოწოლითა და მისგან გათავისუფლების სურვილით, რასაც ემატება ქალის სიმარტოვე, იოლი მისაწვდომობა მოძალადისათვის. საფარ-ბეგი, მართალია, დათანხმდა ბათუს, სახლში დარჩენილიყო და ძიძის შვილი გაეშვა თავისი გასაკეთებელი საქმის შესასრულებლად; მაგრამ ამის შემდეგ ის, ვფიქრობ, ქვეშეცნეულად გრძნობს, რა დღეში ჩაიგდო თავი: სიჩაუქე და მოხერხება, გარისკვის უნარი, ძალა და მიზანსწრაფულობა, რაც უნდა ეჩვენებინა საკუთარი თავისთვის ცხენის მოპარვისას და რითაც თავი მოეწონებინა სასურველი ქალის წინაშე, საფარმა თავადვე უარყო და თბილ კერასთან ჯდომა და მოსვენება არჩია. ცხადია, ბათუ არავის ეტყვის, საფარ-ბეგისთვის ცხენი მე მოვიპარეო, მაგრამ საფარმა ხომ იცის, რომ ბათუმ მისი ადგილი დაიჭირა, მისი ვაჟკაცობა „მიითვისა“ და არ დაანება, დარწმუნებულიყო საკუთარ თავში, თვითშეფასება გაზრდოდა და ღირსად ეცნო თავი ზია ხანუმის შესაძლო საპასუხო ვნებისთვის. ნაზიბროლას გაუპატიურება – ესაა გაუცნობიერებელი შურისძიება ბათუს წინააღმდეგ, გაუცნობიერებელი სვლა ბათუს ჩასანაცვლებლად, რომელმაც, თავის მხრივ, საფარ-ბეგი ჩაანაცვლა ინალიფას საჯინიბოში. საფარ-ბეგზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას აღარ მიესვლება ზია ხანუმთან (აკი აღარც მიდის და ის ცხენიც კარგავს მნიშვნელობას) და ძალას იხმარს ქალზე, რომლის ქმარმაც, საფარისავე თანხმობით და თავისუნებურად,  მორდუს გზა მოუჭრა ბედნიერებისკენ.

 

ამ ყველაფერს საფარ-ბეგი ეგრეც ვერ იცნობიერებს, სამაგიეროდ ხვდება, რა ჩაიდინა მორალური თვალსაზრისით. ხვდება, ოღონდ დიდად არ განიცდის. ბათუს არაადამიანური ძალისხმევა თავის შესაკავებლად, საფარ-ბეგს, ერთი პირობა, აფიქრებინებს, რომ „გაძვრა“, ქალმა ნამუსი შეუნახა. ეს ფიქრიც ინფანტილური ადამიანის ფიქრია, რომელსაც არ შეუძლია, ეშინია, გამოტყდეს და აიღოს პასუხისმგებლობა.  საფარი ხმის ამომღები არ იყო, ბათუს რომ  არ მიეხალა სათქმელი და ღიად არ ეთქვა უარი მის მოკვლაზე. აქ მოხდა ყველაზე დიდი ძვრა საფარ-ბეგის არსებაში. ის ღრმად შეძრა არა მხოლოდ საკუთარი საქციელის გაცნობიერებამ, არამედ ბათუს გადაწყვეტილებამ, დაენდო მორდუ.  საფარ-ბეგის კათარზისი იწყება მაშინ, როცა დაინახავს, ბათუმ ყველაფერი იცის და ღრმავდება, როცა სიკვდილისთვის მზადმყოფი მოისმენს, რომ ბათუს ტყვია მას ვერ შეეხება. საფარ-ბეგის ჭეშმარიტი გამზრდელი ბათუა, რადგან არავის შეუცვლია საფარი ისე, როგორც მისი გამზრდელი ძიძის შვილს, არავის  ჰქონია საფარზე ზნეობრივად იმხელა კეთილისმყოფელი გავლენა, რამხელაც ბათუს. ბათუს მიმტევებლობისა და ღირსების წინაშე საფარ-ბეგი მრევლის მორჩილი წევრივით იქცევა და ძიძის შვილის დავალების შესასრულებლად მიდის ყაბარდოში.

 

ფინალი იცით. ის ტრაგიკულია, მაგრამ ამ ტრაგიზმში არის პირქუში ირონიაც. საფარმა ყველაფერი უამბო გამზრდელს, ჰაჯი -უსუბს. აქ კი  ციტირება სჯობს:

 

“მესმის, მესმის და პასუხიც

ჩემი მხოლოდ ეს არიო,

რომ ნამუსის გასაწმენდად

ჩემი ხელით სისხლს დავღვრიო!..”

შეაყენა ზედა ფეხზე

მან დამბაჩა გატენილი;

მორჩილებით გულ-მკერდს უშვერს

საფარ, მისი გამოზრდილი.

მაგრამ უსუბ ეუბნება:

“შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?!

სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,

რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!”

წარმოსთქვა და საფეთქელში

მიიჭედა ცხელი ტყვია!…

ჩაიკეცა სულთამბრძოლი,

წამლის კვამლში გაეხვია…

 

ბათუსგან განტევებულ საფარ-ბეგს, ვიდრე ყაბარდოს ჩააღწევდა, ბევრი დრო ექნებოდა საფიქრალად. თუ საფარ-ბეგი თავისი საქციელის საზღაურად  სიკვდილს მიიჩნევს, შეუძლია თავად იკრას ტყვია და სიცოცხლე მოისწრაფოს. ტყვიის მოსურნე იდგა ის ბათუს წინაშე, ზუსტად იმავე პოზაში დგება ჰაჯი-უსუბის წინაშეც და ჩვენ ვხვდებით: საფარ-ბეგის კათარზისი შეიძლება დასრულდა, მაგრამ ინფანტილიზმს ბოლო არ უჩანს. ჰაჯი-უსუბის სიტყვები „კაცად ვერ გამიზრდიხარ“ ამასაც ნიშნავს: შენ დარჩი უმწიფარად, ვერ ჩამოყალიბდი ზრდასრულ, მოწიფულ ადამიანად, კაცად, რომელიც არა მხოლოდ ბოროტს და კეთილს ასხვავებს, არამედ ამ უნარის კვალად ირჩევს, რა გზას დაადგეს. შენ თუ გაიცნობიერე და განიცადე, რაც ჩაიდინე, მაშინ აფხაზეთში და ყაბარდოში მკერდგაღეღილი კი არ უნდა იხვეწებოდე, ტყვია დამახალეთო, არამედ თავად უნდა მიხვდე, რომ უმძიმესი უზნეობა და დანაშაული (თუკი ასეთია კავკასიელთა ეთიკით საფარის საქციელი) გამოსყიდვას ჩამდენისგან საჭიროებს. ჰაჯი-უსუბი კი იყო საფარის გამზრდელი, მაგრამ ნახა, რომ შრომას ამაოდ ჩაუვლია. ჰაჯი-უსუბი ჭკუითა და გონებით იყო ცნობილი, მაგრამ, ბედისა და გარემოებათა სასტიკი ირონიით, ბათუმ თავისი ზნეობრივი სიმაღლიდან იმოქმედა საფარზე. საფარს კი სწორედ ჭკუა-გონება არ ეყო მისახვედრად, რა უნდა ექნა ყაბარდოელი „გურუს“ წინაშე. საფეთქელში მიჭედილი ცხელი ტყვია ჰაჯი-უსუბის მიერ საკუთარი კრახის აღიარებაცაა და საფარ-ბეგისთვის ჩატარებული უკანასკნელი გაკვეთილიც, ამჯერად მხოლოდ ზნეობრივი გაკვეთილი: მასწავლებელმა მოსწავლეს აჩვენა, რა უნდა გააკეთოს. ოღონდ  აკაკი საფარ-ბეგს უკვე აღარ უყურებს, მასზე აღარაფერს გვეუბნება… ჩვენს წინაშე საფარი დარჩა დამბაჩისკენ ამაოდ მკერდმიშვერილ კაცად, რომელიც არ ვიცით, რას მიხვდა საბოლოოდ.

 

სოლო ტაქსონომია ანუ სად ვარ მე?

0

ბიგსმა და კოლინზმა (1982) შეიმუშავეს დაკვირვებადი სწავლის შედეგების ტაქსონომია – SOLO (Structure of Observed Learning Outcomes). ესაა სისტემური გზა იმის აღსაწერად, თუ უნარების განვითარებასთან ერთად, როგორ უმჯობესდება მოსწავლის პერფორმანსი კომპლექსურობის კუთხით. დონეების დიაპაზონი იწყება უდაბლესი (პრესტრუქტურული)  დონიდან და აღწევს უმაღლეს (გაფართოებული აბსტრაქციის) დონემდე.

 

სოლო 1: პრესტრუქტურული დონე

 

 ამ დონეზე მყოფი მოსწავლე  საერთოდ ვერ იგებს,  იყენებს შეუსაბამო, არარელევანტურ ინფორმაციას,  აცდენილია მნიშვნელობას/აზრს.

პრესტრუქტურულ დონეზე მყოფ მოსწავლეს  ჯერ კიდევ არ აქვს ცოდნა შესასწავლი ან უკვე შესწავლილი მასალის შესახებ. ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მოსწავლეს გააჩნდეს სასწავლო მასალის შესახებ არ არის ორგანიზებული, გააზრებული და დაკავშირებული მასალასთან. პრესტრუქტურული დონე შეიძლება გამოიხატოს ფრაზით – „მე მჭირდება დახმარება, ან მიმართულების მიცემა“ .

 

სოლო 2: უნისტრუქტურული დონე

 

ამ დონეზე მყოფ მოსწავლეს შეუძლია მხოლოდ ერთი ასპექტის გათვალისწინება და მარტივი,ზედაპირული კავშირების დამყარება.  მოსწავლეს შეუძლია ტერმინოლოგიის გამოყენება, ზეპირად გადმოცემა (გახსენება), მარტივი ინსტრუქციების შესრულება; პარაფრაზირება,  იდენტიფიცირება,დასახელება ან დათვლა.

უნისტრუქტურულ ეტაპზე მოსწავლე სწორად განსაზღვრავს სასწავლო მასალის რომელიმე კონკრეტულ ასპექტს, თუმცა ეს განსაზღვრება იზოლირებულია და არაა დაკავშირებული მასალის სხვა კომპონენტებთან. არ არსებობს ახსნა, რომელიც ეხება ფაქტების კავშირს სხვა ფაქტებთან. არსებულ ეტაპზე ცოდნა იზოლირებულია მთლიანი მასალიდან და შესაბამისად, მსმენელს შეიძლება ახსოვდეს რაიმე ფაქტი, მაგრამ ვერ ხედავდეს ამ კონკრეტული ფაქტის დატვირთვას.

 

სოლო 3: მულტისტრუქტურული დონე

 

მოსწავლეს შეუძლია რამდენიმე ასპექტის გათვალისწინება, მათ შორის არსებული  მიმართებების გაგების გარეშე. მას შეუძლია: თვლა, აღწერა, კომბინირება, მეთოდების, სტრუქტურის გამოყენება,  პროცედურების შესრულება და ა.შ.

ამ დონეზე მყოფი მოსწავლე იგებს  მთელი მასალის რამდენიმე რელევანტურ ასპექტს ან რამდენიმე იდეას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია გარკვეული გზებით, თუმცა, მათ ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ურთიერთმიმართებების კარგად გაგება. ამ ეტაპზე მათ შეუძლიათ დაამყარონ გარკვეული კავშირები და საკმაოდ კარგად ისწავლონ, მთლიანი პროდუქტის, რამდენიმე „მცირე ნაწილი“, მაგრამ მათ უჭირთ დავალების ჰოლისტურობის დანახვა.

სოლო 4: მიმართებითი დონე

 

მოსწავლეს შეუძლია გაიგოს, რა მიმართებებია რამდენიმე ასპექტს შორის, ასევე, როგორ უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს და ქმნიან მთელს, მთლიანობას. ფორმების გაგება ქმნის სტრუქტურას და ამგვარად აქვს იმის კომპეტენცია, რომ შეადაროს, დაამყაროს მიმართებები, გააანალიზოს, გამოიყენოს თეორია, ახსნას მიზეზებისა და შედეგების კუთხით.

ამ დონეზე მოსწავლეებს შეუძლიათ იდეების ინტეგრაცია მთელში, ურთიერთკავშირის გაცნობიერება და იდეების ერთმანეთთან დაკავშირება. მათ შეუძლიათ გაიგონ, რა ხდება „სცენის მიღმა“, შეუძლიათ აღმოაჩინონ მიმართებები პრაქტიკასა და თეორიას შორის. ასევე, მათთვის ნათელია მასალის მნიშვნელობა, დანიშნულება და გამოყენების არეალი. არსებულ ეტაპზე, შემსწავლელი მასალის რაოდენობრივი ათვისების პარალელურად იწყებს მასალის თვისობრივად გაშინაარსებას და გაგებას.

სოლო5: გაფართოებული აბსტრაქტული  დონე

 

ამ დონეზე მოსწავლეს შეუძლია შეასრულოს კავშირები არამარტო მოცემულ საგნობრივ ჭრილში, არამედ ასევე შეუძლია კავშირი დაამყაროს მის მიღმა.  მას შეუძლია განაზოგადოს და გადაიტანოს პრინციპები და კონცეფციები ახალ განსხვავებულ კონტექსტში;  შექმნას ახალი იდეები და კონცეფციები;  შეუძლია პროგნოზირება, განზოგადება, შეფასება, თეორიზაცია, ჰიპოთეზირება, შექმნა და ასახვა.

გაფართოებული აბსტრაქტის დონეზე მოსწავლე არა მხოლოდ ცნებათა შორის კავშირს ადგენს, არამედ ახდენენ განზოგადებას ახალ ან წარმოსახვით გამოცდილებებთან. ეს ეტაპი უფრო მრავლისმომცველია და თვისობრივ დონეზე გულისხმობს ნასწავლი მასალის საშუალებით ახლის აღმოჩენას ან შექმნას. გაფართოებული აბსტრაქტის დონეზე სტუდენტებს შეუძლიათ  მიღებული ცოდნის ხელახალი გააზრება და მისი განსხვავებული გზით წარმოდგენა, არსებულის გამოყენება ახალი  ცოდნის პროგნოზის, გენერალიზაციის, რეფლექსიისა და შექმნისათვის. მათ აქვთ უნარი დაინახონ და ისწავლონ მასალის მიღმა არსებული ძირითადი პრინციპები და სტრუქტურები, განიხილონ სხვადასხვა ვარაუდი მასალასთან მიმართებით.

შეჯამების სახით რომ ჩამოვაყალიბოთ:

აბსტრაქციის  დონეზე იკვეთება ფრაზა –  „მე ვიცი, რას ვაკეთებ და რატომ ვაკეთებ“

გაფართოებული აბსტრაქტისას – „მე ვიცი, რა უნდა გავაკეთო საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად.“

 

ბლუმის ტაქსონომიის შესაბამისობა სოლო ტაქსონომიასთან

 

ბლუმის ტაქსონომიისა და სოლო ტაქსონომიის  შედარებითი ანალიზის შედეგად  ვიღებთ შემდეგ მოცემულობას:

უნისტრუქტურულ დონეს – ცოდნა, გაგება შეესაბამება.

მულტისტრუქტურულ დონეს – გამოყენება შეესაბამება.

მიმართებით  დონეს – ანალიზი შეესაბამება.

გაფართოებული აბსტრაქციის დონეს – სინთეზი და  შეფასება შეესაბამება.

ბლუმის და სოლო ტაქსონომიის შედარება

 

 

ბლუმის ტაქსონომია სოლო ტაქსონომია

 

თუ ბლუმის ტაქსონომიის დროს  დასმული კითხვა და პასუხი ერთი დონის შესაბამისია; სოლო ტაქსონომიისას – კითხვა და პასუხი შესაძლებელია სხვადასხვა დონეს შეესაბამებოდეს;
ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით ცოდნა გამიჯნულია ინტელექტუალური პროცესისგან; სოლო ტაქსონომია დაფუძნებულია გაგების პროცესზე;
ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით მოსწავლე თანდათან მიიწევს  პირამიდის მწვერვალისკენ; სოლო ტაქსონომიის შემთხვევაში -მოსწავლე შესაძლებელია, სხვა საფეხურზე გადავიდეს ქვედა საფეხურების გამოტოვებით;
ბლუმის ტაქსონომია  არის სისტემური მეთოდი, რომელიც აღწერს, როგორ ვითარდება მოსწავლის წარმოდგენა მარტივიდან რთულისკენ, მათი ემოციური, ფსიქომოტორული და შემეცნებითი მიმართულებით. სოლო ტაქსონომია  არის სისტემური მეთოდი, რომელიც აღწერს, როგორ ვითარდება მოსწავლის წარმოდგენა  სწავლის პროცესში მარტივიდან რთულისკენ.

 

 

სოლო ტაქსონომია მეხმარება გავარკვიო,   სად ვარ მე?

პრესტრუქტურულზე ვარ –   როდესაც  არ შემიძლია დამოუკიდებლად და დახმარება მჭირდება!

უნისტრუქტურულ დონეზე ვარ  – როდესაც მე შემიძლია მარტივი ინსტრუქციების შესრულება, დასათაურება, დასურათება და ა.შ.

მულტისტრუქტურულ დონეზე ვარ  –  როდესაც მე შემიძლია: აღწერა, გამოთვლა და ა.შ.

მიმართებით დონეზე ვარ  –  როდესაც მე შემიძლია: ახსნა, ანალიზი და ა.შ.

გაფართოებულ, აბსტრაქტულ დონე ვარ  – როდესაც  მე შემიძლია: შექმნა, შეფასება და ა.შ.

 სოლო ტაქსონომია ეხმარება მოსწავლეს,  გაარკვიოს სასწავლო მიზნის მიღწევის გზაზე,   სად არის …  და ეს მისი უფლებაა!

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Collis, K. (1982). Evaluating the Quality of Learning: The SOLO Taxonomy. New York: Academic Press.
  2. ვულფოლკი, ა. (2009). განათლების ფსიქოლოგია. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემა .

 

როგორ გამოვიყენოთ სკოლაში „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“

0

„სანამ წიგნის მთავარ ნაწილზე გადახვალ, საიდუმლო უნდა გაგიმხილო. ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი შენ ხარ“.

ბევრი თქმულა და დაწერილა იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია წიგნის დასაწყისი. „დაკარგული სიტყვების ლექსიკონის“ შესავალიც გამოდგება მაგალითად.

ჩემთვისაც, ჩემი მოსწავლეებისთვისაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა პირველი სიტყვები. მწერალმა მიზანს მიაღწია, როცა თქვა, რომ ნებისმიერ მკითხველს შეუძლია, იქცეს მთავარ გმირად, ასე შეძლო ჩვენი დაინტერესება და კითხვის გაგრძელება მოგვანდომა.

 

ქართულის მასწავლებლები მუდამ ვეძებთ ისეთ კლასგარეშე საკითხავს, სასწავლო რესურსადაც რომ გამოგვადგება. თუ ოდესმე მოსწავლე გკითხავთ, რაში სჭირდება გრამატიკის სწავლა, მიუხედავად თქვენი მცდელობისა, მაინც მობეზრდება, ან ლექსიკონის გამოყენების მოლოდინი მოწყენილობით აავსებს, ან ვერა და ვერ შეელევა ბარბარიზმებს, შეგიძლიათ, „დაკარგული სიტყვების ლექსიკონიც“ დაიმგზავროთ გაკვეთილებზე. ეს 135-გვერდიანი წიგნი მკითხველს დააფიქრებს სიტყვების ძალაზე, ენაზე, რომელშიც ვცხოვრობთ და ხან ვაცნობიერებთ ამას, ხან – ვერა, ენაზე, რომლის ცოდნა ძალიან გვჭირდება, რათა ერთმანეთს გავუგოთ.

გარდა ამისა, ავტორი, დიანა ანფიმიადი, ისე მოულოდნელად შემოგაპარებთ მნიშვნელოვან თემებს, ფურცლიდან ფურცლამდე საფიქრალს არ გამოგილევთ. „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“ ფენტეზის ჟანრის სათავგადასავლო წიგნია, მაგრამ არც იმან გაგაოცოთ, საკუთარი ისტორია რომ აღმოაჩინოთ სიტყვების ლაბირინთში და მწერლის მიერ გამოგონილი ამბისა ირწმუნოთ.

მთავარი გმირი ცამეტი წლის ბიჭია, გიორგი. ალბათ, მისმა ასაკმაც შთამაგონა, „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“ საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის შემეთავაზებინა. ჩემი დაკვირვებით, ბავშვებს აინტერესებთ თანატოლი პერსონაჟების ცხოვრება. თუმცა, ცხადია, ეს პირადი გამოცდილებაა. თუ რომელიმე კოლეგა გადაწყვეტს წიგნის გაცნობას, ტექსტი თავად მიანიშნებს, რომელ კლასთან როგორ შეიძლება გამოიყენოს. ამ წიგნს „პატარა უფლისწულს“ შევადარებდი, ნებისმიერი ასაკის მკითხველი რომ თავისას იპოვის, მაგრამ რაც უფრო მოემატება წლები, კიდევ მეტს რომ აღმოაჩენს კითხვისას.

 

არ ვიცი, სხვებს ემართებათ თუ არა ასე – მე წიგნის კითხვის დროს სხვადასხვა როლს მოვირგებ ხოლმე. მასწავლებელი მკითხველი ამჟამად ყველას ჩაგრავს ჩემში, გამუდმებით ვინიშნავ ფრაზებს, ეპიზოდებს, რა გამომადგება მოსწავლეებთან. ამ წიგნიდან ვერცერთი თავი ვერ გამოვტოვე, მგონი, ყველა ფრაზა მოვინიშნე, თუმცა გამოვყოფ რამდენიმე თემას/საკითხს, რომლებმაც ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო:

 

დაკარგული მამის ძიება

 

წიგნს მთავარ ხაზად დაკარგული მამის ძიება გასდევს. მწერალიც „დაკარგული სიტყვების ლექსიკონს“ უძღვნის „მამას, რომელსაც მხოლოდ სიზმრებში იცნობს“. ტექსტს ეპიგრაფად ზვიად რატიანის ფრაზა უძღვის: „აი, ეს ხეა მამაჩემი. გაგიკვირდა?“, – რომელიც გზადაგზა ჩაგვესმის და ფინალში იხსნება მისი საიდუმლო.

გიოს მშობლის პოვნა დაუსახავს მიზნად და სწორედ მიზნისკენ სავალ გზაზე ვითარდება მოვლენები. წიგნის წაკითხვის მერე ერთმა მოსწავლემ მითხრა, ჩემთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა არა ფინალი, არა ის, იპოვა თუ არა ბიჭმა მამა, არამედ თავად ძიების პროცესი და იმაზე დაკვირვება, მარტოობამ როგორ გაზარდა ეს ბავშვიო. დავეთანხმე მეც. მამის საძებნელად წასული ბიჭი საკუთარ თავსაც აღმოაჩენს.

 

დავიწყების ავადმყოფობა

 

ამ წიგნის ერთი მთავარი პერსონაჟი, ჩემი აზრით, არის ენაც, შეიძლება ასეც ვთქვა: „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“ არის ენაზე, რომელიც ჰგავს ცხოვრებას და ამ მსგავსების პოვნაში ავტორი გვეხმარება.

 

დასაწყისში მწერალი წიგნის მთავარი სიტყვების ლექსიკონს გვთავაზობს. ჩამონათვალში პირველივე ენაა და მას ამგვარად განმარტავს – ენა არის ადამიანის სახლი. მერე დიანა ანფიმიადი ნელ-ნელა შეგვიძღვება ამ სახლში და გვათვალიერებინებს. ამ თვალიერების თუ წიგნის ფურცვლის დროს კი არაერთხელ დავფიქრდებით იმ ძალაზე, ენის ცოდნა რომ გვანიჭებს.

 

მგონია, მოსწავლისთვის შთამაგონებელი შეიძლება იყოს ამ ეპიზოდის წაკითხვა და მისი გაანალიზება: გიო უცნობ ქალაქში აღმოჩნდება, მაგრამ მიხვდება, რომ არც ეშინია და არც უცხოდ გრძნობს თავს:

„იფიქრა, იფიქრა და დაასკვნა, რომ ეს შეგრძნებაც ენის დამსახურება იყო… მხოლოდ იმიტომ არა, რომ ყველაფერი ესმოდა, რასაც გამვლელები ლაპარაკობდნენ ან ყველა წარწერის წაკითხვა შეეძლო; ეს უფრო სხვა სიმშვიდე იყო, სხვა გრნობა, თავდაჯერებულობა, რომ ყველას ყველაფერს გააგებინებდა, რომ ყოველთვის იპოვიდა საჭირო სიტყვას“.

 

„დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“ მიგვანიშნებს, რა ძვირფასია ყოველი სიტყვა და იმასაც მიგვახვედრებს, რა პასუხისმგებლობა გვეკისრება ამ ენაზე მოსაუბრეთ, რამდენად არის დამოკიდებული თითოეულ ჩვენგანზე ამა თუ იმ სიტყვის სიცოცხლე. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ჩემთვის ერთი თავი აღმოჩნდა –  „მკვდარი ენების სასაფლაო“. აქ მითოსი და სინამდვილე ერთმანეთს ერწყმის, თითქოს ზღაპარში ხარ, მაგრამ პერსონაჟების დიალოგი რეალობის შეგრძნებასაც არ გაკარგვინებს.

წიგნის მთავარი გმირი მკვდარი ენების სასაფლაოზე აღმოჩნდება. ურჩხული მის დასახმარებლად ერთ მკვდარ ენას გააღვიძებს, რომელსაც სიფრიფანა გოგოს სახე აქვს. ბავშვები მარტივად გაუგებენ ერთმანეთს, უსიტყვოდ ესმით ერთმანეთისა, ბევრს საუბრობენ დამწერლობაზე და სწორედ აქ წარმოჩნდება პრობლემა:

„ურჩხულის ნათქვამი გაახსენდა. ეს გოგო ბოლოა, ვინც ამ უცნობ ენაზე სიტყვები წარმოთქვაო. ნეტავ რა ამბავია დამალული? რატომ გადაშენდა ხალხი, რომელიც ამ ენაზე საუბრობდა? ან იქნებ კი არ გადაშენდა, ენა შეიცვალა… ნეტავ რა მოხდა?

– დავიწყების ავადმყოფობა, – უთხრა გოგომ, რომელსაც მისი ფიქრიც ესმოდა. – დავიწყების ავადმყოფობამ, რომელიც ჯერ სულ მარტივად, რამდენიმე სიტყვით შეგვეყარა, მერე კი ყველა სიტყვა შეგვიცვალა, დაგვავიწყა ენა, რომელზეც ვლაპარაკობდით, მერე ქვეყანა დაგვავიწყა, სადაც ვცხოვრობდით, ბოლოს კი – საკუთარი თავი. მე მოვკვდი, სხვები გადარჩნენ, მაგრამ აღარ ახსოვდათ, ვინ იყვნენ, საიდან… ისედაც, იმის მერე რამდენიმე ათასი წელი გავიდა. ალბათ, ჩემი ხალხის სახსენებელიც არაა. არადა, სულ ერთი სიტყვით დაიწყო დავიწყება, სულ ერთი სიტყვით…“

 

ამ მინიშნებამ მაკონდო მომაგონა, გულმავიწყობის ავადმყოფობამ ლამის „თვალსა და ხელს შუა რომ გაუქრო ხალხს სინამდვილე“. შესაძლოა, ავტორიც გაბრიელ გარსია მარკესმა შთააგონა, თუმცა დიანა ანფიმიადთან ამ ვერაგი სენის შედეგსაც ვხედავთ, მერე კი რთული აღარ არის იმის მიხვედრა, რა საფრთხეს უქმნის ერს და მის იდენტობას თუნდაც ერთი სიტყვის დავიწყება. სწორედ ამიტომ მივესალმები ამ თემის ამგვარად წარმოჩენას, ბავშვის თვალი და გული ასე უფრო ხვდება, იმახსოვრებს წაკითხულს და აცნობიერებს თავის წილ პასუხისმგებლობას.

 

სიდუხჭირე, ემიგრაცია და ომი

 

გიოს დედა ემიგრანტია. მისი წასვლის მიზეზი ისაა, რის გამოც ათასობით და ასიათასობით ადამიანი ტოვებს სამშობლოს – სიდუხჭირე. ქალი სამხატვრო სკოლაში ასწავლიდა, შემდეგ სამსახური დაკარგა და ტორტების ცხობას მიჰყო ხელი, „მერე კი, როცა ყველაფერი გაძვირდა და სულ უფრო და უფრო დაცოტავდა, დედამაც გადაწყვიტა წასვლა, დროებით, სამუშაოდ“. გიორგის დედაც, ისევე როგორც უთვალავი ქალი საქართველოდან, მიდის, რომ ოჯახი გადაარჩინოს.

ხანდახან გვგონია, რომ ბავშვები ცხოვრებას ძალიან მარტივად უყურებენ, მაგრამ არ არის ასე. არჩა ვიგრაჰა დასის სიტყვებს თუ გავიხსენებთ, „როცა პატარა ხარ, სამყარო ძალიან პატარაა, პრობლემები კი – იმდენად დიდი, რომ ვერც კი ხედავ, როგორც წრუწუნა ვერ ხედავს მთას“. ემიგრაციის თემას ვერ ავუვლით გვერდს, მით უმეტეს, საქართველოში, ვფიქრობ, არ დარჩენილა ოჯახი, მისი წევრი ან ნათესავი წასული რომ არ იყოს საზღვარგარეთ. ჩვენს მოსწავლეებსაც ჰყავთ ემიგრანტი მშობლები, ბებია-ბაბუები, ამიტომაც მნიშვნელოვანი მგონია ამ თემაზე საუბარი ბავშვებთან, რათა:

  • ალაპარაკდნენ იმაზე, რა უჭირთ მარტოობისას, ჩვენ კი მოვუსმინოთ, მოვუსმინოთ, მოვუსმინოთ…
  • დავეხმაროთ, რომ თანაუგრძნონ, შესაძლოა, ზოგიერთი მოსწავლისთვის ეს სრულიად უცნობი თემა იყოს, მაგრამ ლიტერატურულ პერსონაჟზე დაკვირვებამ მეგობრის, კლასელის ყოფა უფრო ნათელი გახადოს მათთვის.

ეს თემა ძალიან ფაქიზია და ასევე ფაქიზად განსახილველი.

რაც ძალიან მომეწონა – წიგნში იმასაც ამოიკითხავთ, როგორ მოერიოს ბავშვი მარტოობას. ამის წაკითხვა, განსაკუთრებით მოზარდობისას, მეტად საჭირო მგონია.

 

და ომი, რომელიც ისე მოულოდნელად შემოიჭრება წიგნში, ისე სასხვათაშორისოდ, თავიდან ვერც კი ხვდები მის სისასტიკეს, მაგრამ კვალს ტოვებს და აღარ ქრება: „იმ უცნაური ომის შემდეგ, რომლის დაწყებისა და დასრულების მიზეზი ყველაზე ცნობილმა სამხედრო ექსპერტებმაც ვერ გაარკვიეს…“

რამდენიმე დღის წინ დათა თავაძის ინტერვიუს ვუსმენდი. რეჟისორმა აღნიშნა, რომ ერთი სპექტაკლის დადგმის მიზანი და მთავარი სათქმელი მისთვის ის არის, რომ ომი აღარ იყოს. შესაძლოა ძალიან უტოპიური სურვილია, მაგრამ როცა წიგნი მკითხველს ბავშვობიდანვე დააფიქრებს ომზე, მეც მინდა მჯეროდეს, რომ გააცნობიერებინებს მის საშინელებას და იქნებ აღარც იყოს ომი, თანაც იმ ქვეყანაში, სადაც ოკუპანტი ვერა და ვერ გამძღარა.

 

ფერადი სმენა

 

როგორია ფერადი სმენა? რა ასოციაციას გიქმნით ეს შესიტყვება?

 

წიგნში არაჩვეულებრივი გზაა ნაჩვენები, როგორ შეიძლება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს, როგორ ქმნის თანასწორ გარემოს მხარდაჭერა და გულწრფელობა და არა სიბრალული. ამ თემის გაშუქება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მგონია, რადგან უამრავი ხილული თუ უხილავი ბარიერი ჯერ კიდევ არსებობს.

 

გიორგი გოგონას გაიცნობს და დაუმეგობრდება. ბავშვებს ბევრი საერთო ინტერესი აღმოაჩნდებათ. „გიორგი მიხვდა, რომ ადამიანებს ფერადი სმენა აქვთ, შეუძლიათ ყველაფერი დაინახონ, იგრძნონ, წარმოიდგინონ, მაგრამ მაინც კარგი ახსნაა საჭირო. იმ დღიდან მისი მთავარი მიზანი გახდა, რომ როგორმე, სიტყვების საშუალებით მოეხერხებინა, მის მეგობარს ყველაფერი დაენახა, მიუხედავად იმისა, რომ უცნაურმა დაავადებამ დაბადებისთანავე გაუქრო სამყაროს ხილვის საშუალება.

ჰოდა, იმ დღიდან გიორგიმ თავისი პირველი ენა ისწავლა.

  • თეთრი რა ფერია? – ჰკითხავდა გოგონა.
  • აი, დილის რიჟრაჟზე გარეთ გამოსულხარ? როცა ძალიან გრილა და ცოტათი გაჟრჟოლებს, ეგ თეთრია.
  • წითელი?
  • წითელი – ცხელი შუადღის მზე, ან კიდევ ორკესტრის რეპეტიცია, სანამ ინსტრუმენტებს მომართავენ და დაკვრას დაიწყებენ…“

 

სამყარო ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც ეს სიტყვები. რადგან ლიტერატურა სწორედ ამ სამყაროს ასახავს, მკითხველს სჭირდება მრავალფეროვანი პერსონაჟები, ისეთები, როგორებიც ვართ, ერთმანეთისგან განსხვავებულები, ამიტომაც მისასალმებელია ამ მხატვრული სახის შექმნა.

ალბათ, გამიჭირდება, ერთ წერილში ჩავატიო ყველაფერი, რის თქმაც მსურს წიგნზე.

ვფიქრობ, მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს ამ კითხვებზე პასუხების ძიება:

  • რატომ სახლობს სიტყვების ტყეში გალაკტიონი?
  • რა საიდუმლო იმალება გიორგის მეგობრის, სერაფიტას, სახელში?
  • გიოს ბაბუა რატომ მიიჩნევს „ვეფხისტყაოსანს“ დაკარგული სიტყვების ლექსიკონად?
  • მკვდარი სიტყვების მინდორზე 1629 წელს გამოცემულ პირველ ქართულენოვან წიგნთან – ქართულ-იტალიურ ლექსიკონთან ერთად კიდევ რას აღმოაჩენს გიორგი?

ეს არ იქნება სიუჟეტში ჩაკარგული ჩვეულებრივი ამბები, ამ წიგნის კითხვისას ქართული კულტურის იდუმალ ისტორიასაც გაეცნობა მკითხველი, პასუხის პოვნას ახალი კითხვის გაჩენა მოჰყვება და ასე გაგრძელდება დაუსრულებლად.

 

***

ყოველი წიგნის წაკითხვა ჩემთვის ახალი იდეების დაბადებას უდრის. „დაკარგული სიტყვების ლექსიკონს“ როცა ვკითხულობდი, ვინიშნავდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა მოსწავლეებთან ერთად. რამდენიმე იდეას თქვენც გაგიზიარებთ:

 

წიგნის წაკითხვამდე

 

ილუსტრაციების გაცნობა

წიგნს სოფო კირთაძის საოცარი ილუსტრაციები ამშვენებს.

შეიძლება, Power-Point პროგრამის საშუალებით მოსწავლეებს ნახატები დავათვალიერებინოთ და შევთავაზოთ, ივარაუდონ, რის შესახებ იქნება წიგნი ან ეს ილუსტრაციები ფოტოებად ამოვბეჭდოთ და ბარათებთან ერთად დავურიგოთ ვარაუდების დასაწერად.

 

სათაურებზე დაკვირვება

წიგნი 23 თავისგან შედგება. ყოველი თავი დასათაურებულია. თვალი გადავავლოთ რამდენიმეს:

  • დილა, რომლითაც წიგნი იწყება
  • ბაბუას წიგნი
  • ოჯახი
  • მამა
  • პირველი ენა
  • სიტყვების ტყე
  • მთავარი სიტყვა
  • გაქცევა
  • გეგმა
  • ბავშვობის თამაშები
  • გზად
  • ხე

 

 

საინტერესო იქნებოდა ამ სათაურების დაფაზე ჩამოწერა და თითოეულზე დაკვირვება, იმის გამოცნობა, რას შეიძლება გვიამბობდეს მწერალი.

 

ორივე აქტივობა დაგვეხმარება მოსწავლეების გამოწვევაში.

 

წიგნის კითხვისას

როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ბუმბულივით მსუბუქ წიგნში იმდენი თემაა მიმოხილული, დისკუსიისთვის მასალა ნამდვილად არ შემოგვაკლდება, ეპიზოდებს კი მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროების გათვალისწინებით შევარჩევთ.

 

„რაც დაკარგე, წიგნებში უნდა მოძებნო“

 

ერთხელ გიორგი უცნაურ სიზმარს ნახავს. „რაც დაკარგე, წიგნებში უნდა მოძებნო, სიტყვები, სიტყვები იპოვე, – უკარნახა სიზმრის ხმამ, საკუთარმა გონებამ თუ უხილავმა ძალამ“. რა ფუნქცია აქვს სიზმარს ლიტერატურაში, ამაზე საუბარი ურიგო არ იქნება, მერე კი ვკითხოთ ბავშვებს, რა უპოვიათ კითხვისას. გამოცდილების გაზიარებისას ახალ-ახალ წიგნებსაც გააცნობენ თანაკლასელებს. ყოველთვის მემახსოვრება ჩემი ერთი მოსწავლის პასუხი ამ კითხვაზე. მან გვიამბო, როგორ წუხდა, რომ მეგობარი დაკარგა და მერე გაიხარა, რადგან წიგნში იპოვა.

 

დაკარგული სიტყვების დაბრუნება

რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე, რომ ჩემმა მოსწავლეებმა არ იცოდნენ, რას ნიშნავს სიტყვა დაოსებული. ალბათ, თქვენც მოიგონებთ ასეთ სიტყვებს, მსგავს შემთხვევებს. ვინაიდან ეს წიგნი სწორედ სიტყვების ძიებასა და გადარჩენაზეა, საინტერესო იქნებოდა ისეთი აქტივობის დაგეგმვა, რომლითაც „დაკარგულ“ სიტყვებს აღმოვაჩენინებდით ბავშვებს და „გავაცოცხლებდით“.

 

წიგნში ასეთი ეპიზოდი შეგხვდებათ: გიორგის „სიტყვების ტყის კიდევ ერთი ბინადარი გაახსენდა, შოთა რუსთაველი და მისი პერსონაჟების ამბები, რომლებსაც ბაბუა უკითხავდა. „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები“. გაახსენდა, ერთხელ ბაბუამ რომ უთხრა: „თუ სადმე დაკარგული სიტყვების ლექსიკონი არსებობს, ეს უთუოდ „ვეფხისტყაოსანიაო“.

 

შეგვიძლია მცირე კვლევითი პროექტი დავგეგმოთ.

 

  1. მოსწავლეებს ვთხოვოთ, წაიკითხონ „ვეფხისტყაოსნის“ ერთი თავი (ან რამდენიმე სტროფი);
  2. ამოწერონ სიტყვები, რომელთა მნიშვნელობა არ ესმით, მერე კი გაარკვიონ, რას ნიშნავს თითოეული. ამაში ,,ვეფხისტყაოსნის ლექსიკონი“ დაეხმარებათ.
  3. წაუკითხონ ერთმანეთს სტროფები, მერე კი შეადგინონ ,,ვეფხისტყაოსნის“ დაკარგული სიტყვების საკლასო ლექსიკონი“. ძალიან გაახარებთ იმის შეგრძნება, რომ სიტყვა დაკარგვას გადაარჩინეს.
  4. მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ქართული ენის კორპუსის გამოყენება და კვლევა-ძიება. შეიძლება, ავირჩიოთ „ვეფხისტყაოსნის“ რომელიმე რედაქცია და, მაგალითად, ვეძებოთ, რამდენჯერ ან რა კონტექსტშია გამოყენებული ის სიტყვა, რომლის მნიშვნელობა აქამდე არ იცოდნენ მოსწავლეებმა და ამ აქტივობის შედეგად გაარკვიეს. ამ პლატფორმაზე შესაძლებელია მინაწერების, ხელნაწერების, მინიატურების დათვალიერებაც. თუ აქამდე „ვეფხისტყაოსნის“ ენის კორპუსი არ გამოგიყენებიათ, ეს ვიდეო დაგაკვალიანებთ.

 

ლექსიკონში მოგზაურობა

სათაურიც მიგვანიშნებს, რომ ამ წიგნის მთავარი და მაგიური სიტყვაა ლექსიკონი. ის ერთგვარი პორტალია რეალობიდან წარმოსახვით სამყაროში შესაბიჯებლად. ამ წიგნის დახმარებით სულ სხვა თვალით დავანახებთ მოსწავლეებს ლექსიკონებს, ეს კი იქნებ თვითგანვითარების ახალი გზა აღმოჩნდეს მათთვის.

 

„ლექსიკონში მოგზაურობა არც ისე მარტივი საქმეა. როგორი სიტყვა არ შეგხვდება აქ: ზოგი – ძალიან საშიში, ზოგი – ისეთი შეუმჩნეველი, ფეხი შეიძლება წამოჰკრა…

ბიჭი მიაბიჯებდა ამ საოცარ ქვეყანაში. წინ რა არ ხვდებოდა, თითქოს ამ ერთ წიგნში ყველა ლექსიკონი გაერთიანებულიყო. უცხო სიტყვათა ლექსიკონი სულ უცხო, უცხო, ზოგჯერ საშიშად უცხო სიტყვებით; საზღვაო ტერმინების ლექსიკონი – ისეთი საინტერესო რამეებით, რომ ბიჭს თავისი საყვარელი წიგნები ახსენდებოდა, სათავგადასავლო, გემებსა და მეზღვაურებზე. სიტყვები სინონიმთა ლექსიკონიდან მინდვრის ყვავილებივით ყვავილობდნენ, სულ ოდნავ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, მხოლოდ მახვილი თვალი თუ შეამჩნევდა; ანტონიმები – კაქტუსის უცნაურ ბუჩქებს ჰგავდნენ…“ – და ასე აგრძელებს გიორგი ლექსიკონებში მოგზაურობას. ამ თავის წაკითხვისას შეგვიძლია, ბავშვებს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ელექტრონული ლექსიკონები გავაცნოთ. აღმოაჩენენ, რამხელა შესაძლებლობა ჰქონიათ, მაგალითად, რამდენიმე წამში მოახერხებენ იმის გარკვევას, როგორ იწერება ესა თუ ის სიტყვა სწორად, უცნობ ფრაზეოლოგიზმებს იპოვიან და ა.შ. თუ ჩვენი მიზანი მართლწერის სწავლებაა, რატომ არ უნდა ვავარჯიშოთ ელექტრონული ორთოგრაფიული ლექსიკონის გამოყენებაში?

 

ძალიან საინტერესოა პირადი ლექსიკონების შედგენაც, მაგალითად, რას ჩაწერდნენ ბედნიერების, მეგობრობის, აკრძალული ან საშიში სიტყვების ლექსიკონში?

გიფიქრიათ თქვენს ყოველდღიურ ლექსიკონზე? წარმოიდგინეთ, რომ ერთი დღის განმავლობაში მხოლოდ 10 სიტყვის გამოყენების უფლება გაქვთ, რას აირჩევდით?

 

წიგნის წაკითხვის შემდეგ

 

მას შემდეგ, რაც ბოლო თავში ამ სიტყვებს ამოიკითხავთ: „ადამიანი ენასავითაა, თუ გახსოვს, ცოცხალია, თუ გავიწყდება, ჯერ გადაშენება ემუქრება, ბოლოს კი კვდება“, – წიგნი თავად მიგახვედრებთ, რა შეიძლება დაგეგმოთ.

 

ჩემმა მოსწავლეებმა შთაბეჭდილებები დაწერეს და ბლოგზე გამოაქვეყნეს, მერე დისტანციურად შეხვდნენ ავტორს და ინტერვიუ ჩამოართვეს. წაკითხულის გასააზრებლად, კითხვებზე პასუხების საპოვნელად არაჩვეულებრივი იყო. თუ დაინტერესდებით, მკითხველებისთვის კარი ღიაა – https://avocabularyofthelostwords.blogspot.com/, იქამდე კი „დაკარგული სიტყვების ლექსიკონში“ დაუვიწყარ მოგზაურობას გისურვებთ!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იყავი აქტიური მკითხველი

0

„ვკითხულობ და მავიწყდება წაკითხული. კითხვისას სულ სხვა რამეზე ვფიქრობ, წინა აბზაციც კი არ მახსოვს“; „კითხვისას კონცენტრირება მიჭირს წაკითხულზე. ფიქრებით სხვაგან ვარ“, – შემომჩივლეს მეთორმეტეკლასელებმა ერთ-ერთი საპროგრამო დიდი ტექსტის დამუშავებისას.

სავსებით გასაგები და ნორმალური რეაქციაა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მოსწავლე ყველაფერს დიდი ენთუზიაზმითა და მოწონებით უნდა კითხულობდეს. არც ის მგონია სწორი დამოკიდებულება, რომ ,თუ მოსწავლეს რამე არ მოსწონს, მასწავლებელმა იმუშავა ცუდად!“.

არის ტექსტები, რომლებიც ზოგიერთს არც აინტერესებს და არც მოსწონს. ეს შეიძლება იყოს აღიარებული კლასიკა, ჩვენთვის ძვირფასი და მხატვრულად ღირებული ტექსტები, ისტორიული ან ეროვნული მნიშვნელობის ლიტერატურა.

ამ შემთხვევაში არჩევანი, რასაკვირველია, მოსწავლეს არ აქვს, ტექსტის ჩანაცვლება ვერ მოხდება, მაგრამ ვითარება საინტერესო გამოწვევად კი შეიძლება ვაქციოთ.

„გამოიყენეთ ეს ტექსტები ნებისყოფის განსამტკიცებელ, ნების საწვრთნელ სავარჯიშოდ“ – ვცდილობ მოსწავლეებს შევუცვალო დამოკიდებულება.

ყურადღების კონცენტრირებისა და ნებისყოფის გამოსამუშავებელ სავარჯიშოდ აქტიური კითხვის მეთოდის გამოყენებას ვთავაზობ.

მეცადინეობის მეთოდის შეცვლა ჭრის.

„მოემზადეთ სამუშაოდ. ათი წუთის განმავლობაში გამოიყენეთ აქტიური კითხვის მეთოდი და წაკითხულიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღეთ!“.

ბლოგში გთავაზობთ აქტიური კითხვის დეტალურ ინსტრუქციას. ინსტრუქცია მოსწავლეებისთვისაა, ამდენად, „შენ-მიმართვის“ სტილი შევარჩიე:

კითხვა, როგორც სასწავლო ქმედება, მხოლოდ მაშინაა შედეგიანი, თუ აქტიურად იქნები ჩართული პროცესში.

ეს ნიშნავს დეტალების შემჩნევასა და მათზე დაკვირვებას, კითხვების მეშვეობით წაკითხულის გააზრებას, მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენას, წაკითხულის დაკავშირებას წინარე ცოდნასთან, საკუთარ ყოველდღიურობასთან.

დასამუშავებელი ტექსტების კითხვისას გაითვალისწინე აქ თავმოყრილი რჩევები.

ეს დაგეხმარება უკეთ გაიაზრო და დაიმახსოვრო წაკითხული.

 

დააკვირდი  

დააკვირდი სათაურს, ტექსტის სტრუქტურას:

  • დაყოფილია თუ არა თავებად?
  • დასათაურებულია თუ არა თავები?
  • აქვს თუ არა ტექსტს პროლოგი ან ეპილოგი?
  • ეპიგრაფი?

კითხვის დაწყებამდე განსაზღვრე მიზანი

რატომ კითხულობ ამ ტექსტს? სანამ საკითხავს ჩაუღრმავდები, გაიცხადე, განისაზღვრე, რატომ აკეთებ ამას? ცნობიერი დამოკიდებულება მნიშვნელოვანია!

  • ვკითხულობ იმიტომ, რომ რაღაც ახალი შევიტყო…
  • ვკითხულობ სიამოვნებისთვის…
  • დავალება მაქვს შესასრულებელი…

მოიმარჯვე ფანქარი (კალამი) და სამუშაო რვეული

  • გააკეთე ჩანაწერები.
  • მონიშნე წიგნში საგულისხმო, მნიშვნელოვანი მონაკვეთები.
  • პერსონაჟის სახასიათო ქმედება, ეპითეტები, რომლითაც ისაა მოხსენებული, დეტალები, რომლებიც ატმოსფეროს ქმნის…

წინასწარ შეგიძლია გაამზადო პერსონაჟების „ანკეტა“

  • პერსონაჟის ტექსტში გამოჩენის პარალელურად – ამოიწერე სახელი, მახასიათებლები, ქმედებები, შენეული შეფასება.
  • ვინაა ეს გმირი? როგორია? რას აკეთებს? რითაა მნიშვნელოვანი? რას ფიქრობ მასზე?

დააკავშირე

დააკავშირე წაკითხული იმასთან, რაც უკვე იცი (წინარე ცოდნა);

დააკავშირე ამოკითხული ამბავი, ინფორმაცია, ცნობები საკუთარ გამოცდილებასთან.

  • გსმენია მსგავსი ამბები? მომხდარა რამე ამგვარი შენ ირგვლივ?
  • იცნობ ვინმეს, ვინც ხასიათის რაიმე თვისებით ჰგავს მთავარ გმირს? რომელიმე პერსონაჟს?
  • ყოფილხარ მსგავს სიტუაციაში?

თვალსაჩინოება/ილუსტრაცია

თუ ტექსტში აღწერილია გარემო, ატმოსფერო, მოქმედება, ფერები – შეაყოვნე ყურადღება აღწერაზე.

  • ტექსტში სიტყვიერად აღწერილი სურათები დახატე წარმოსახვაში;
  • „დაინახე“ წაკითხული გონების თვალით.

შეამოწმე, გადაამოწმე

ყოველი ეპიზოდის, მონაკვეთის ან თავის დასრულების შემდეგ დასვი კითხვები, რომლებიც დაგეხმარება უკეთ გაიგო წაკითხული:

  • რა მოხდა?
  • რატომ მოხდა ასე?
  • რას აკეთებს პერსონაჟი?
  • რატომ იქცევა ასე?

 

დაიხმარე სახელმძღვანელოში თავმოყრილი შინაარსობრივი და საანალიზო კითხვები. დაუსვი ეს კითხვები საკუთარ თავს და მოიძიე პასუხები.

  • თუ პასუხის მოძიება გაგიჭირდება, გადაავლე თვალი ტექსტს კიდევ ერთხელ.
  • თუ მაინც ვერ იპოვი სათანადო პასუხს, შეკითხვა დაუსვი კლასს.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...