ორშაბათი, ივნისი 16, 2025
16 ივნისი, ორშაბათი, 2025

უკუკავშირი

0

მიუხედავად იმისა, რომ არჩევანი არ გქონდათ, მადლობა, რომ ჩემთან იყავით. თავს მეტად აღარ შეგაწყენთ, მინდა მომწეროთ, ჩვენი ლექციებიდან რა გახსოვთ კარგად და რა – ცუდად.

ნინო

……….

დავალება

 

იმ სკოლაში, რომელშიც მე ვმუშაობ, მეათეკლასელები საერთოდ არ მოვიდნენ შემაჯამებელი დავალების დასაწერად. ძალიან გავბრაზდი, მაგრამ მერე თქვენ გამახსენდით და დალაპარაკება ვცადე. გამომივიდა! იმასაც მივხვდი, რომ ადამიანური უნდა ვიყო და არასოდეს დავუპირისპირდე ბავშვებს. საერთოდაც, ვცდილობ, ისე მივმართო, როგორც თქვენ მოგვმართავთ ხოლმე ჩვენ. ხშირად ვიხდი მადლობას, როგორც თქვენ. უკვირთ და თან ძალიან უხარიათ. ეს მე თქვენ მასწავლეთ.

კარგად ვერ ვსწავლობ, ვიცი. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინოდა ეს სკოლა და მასწავლებლობა-მეთქი, მაგრამ მერე ამ უბედურ ქვეყანას რომ ვუყურებ, მეცოდება და მინდა, ამ ბავშვებმა უკეთესში იცხოვრონ. ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველა დაცული იქნება ნებისმიერის ძალმომრეობისგან.

ამის გამო გავხდი მასწავლებელი..

თქვენ გამო და ერთი ადამიანის გამო, რომელსაც ვუყვარვარ, ამ კურსს დავამთავრებ და გპირდებით, რომ ვეცდები, ეს სამყარო სულ ოდნავ მაინც უკეთესი გავხადო.

ცუდს ვერ ვიხსენებ, არაფერი მახსენდება კარგის მეტი.

04.02. 2022 წ.

დავწერე თქვენი ლექციის შემდეგ

დათია

……….

დათია, რა საოცარია ეს სამყარო! რა საოცარია, რომ ის სიტყვები მომწერეთ, რომლებიც ძალიან მჭირდებოდა და მაშინ, როცა რაღაცები ისე დამიმძიმდა და ვეღარ ვუძლებდი!

ზუსტად ვიცი, რომ ამ სამყაროში უმიზეზოდ და შემთხვევით არ მოვდივართ! ზუსტად ვიცი, რომ ბევრი კარგი გოგო-ბიჭის ცხოვრებას გაანათებთ! ზუსტად ვიცი, რომ გულში და ფიქრებში მეყოლებით და სხვა თუ ვერაფრით, ფიქრებით დაგეხმარებით!

ღმერთი გფარავდეთ ყველა კეთილ საქმეში!

მუდამ თქვენი ნინო

სინამდვილე, მთელი თავისი სისავსით

0

„უშენოდ არცა სიხარულს და არც მშვენიერებას არა აქვს მადლი“

ლუკრეციუსი

(ხუან ვალერა „პეპიტა ხიმენესი”)

ხუან ვალერას (1824-1905) ფსიქოლოგიურ რომანში „პეპიტა ხიმენესი”, რომელიც ესპანური რეალისტური პროზის საუკეთესო ნიმუშია, დაკვირვებული მკითხველი შეამჩნევს ფარულად დასმულ კითხვას ფრაზაში: Neskit lobi virtus – სათნოებისთვის უცხოა ყოყმანი. აღნიშნულ კითხვაზე პასუხია ეს ნაწარმოები, მივყვეთ მას და პასუხიც ნათელი იქნება. საკათედრო ტაძრის წინამძღვრის ქაღალდების დასტაზე აღმოჩენილ ამ ლათინურ წარწერაში უმაღლესი სათნოება იგულისხმება.

ნაწარმოები სამი ნაწილისგან შედგება.

  1. ჩემი ძმისშვილის წერილები”

„პატარა პროვინციულ ქალაქებში სამეცნიერო, სალიტერატურო ტიტულებს, კეთილშობილებას, დახვეწილ გემოვნებას, ნიჭსა და თავაზიანობას ნაკლები ფასი აქვს და დიდ ღირებულებადაც ნაკლებად მიიჩნევა. აქ მხოლოდ ერთი რამ არის მთავარი: სოციალური იერარქია. ვიღაცა დიდი ქონების პატრონია, ვიღაცა – პატარასი” (15), – სწორედ ამ ფორმულას აბათილებს მთავარი გმირი, დონ ლუის დე ვარგასი, რომანის დასაწყისში მღვდლობაზე მხურვალედ მეოცნებე სემინარისტი, თავისი ცხოვრების წესით, ქცევითა და თვისებებით. სწორედ მისი ბიძისადმი, ტაძრის წინამძღვრისადმი, გაგზავნილი წერილებით იწყება და ვითარდება სიუჟეტი. მკითხველი ხვდება, რა მტკიცეა გადაწყვეტილება ყმაწვილი კაცისა, რომელსაც სულ ახლახან შეუსრულდა ოცდაორი წელი, რომელიც ერთადერთი მემკვიდრეა მდიდარი, დიგვაროვანი მამისა. იგი მზად არის, შეეწიროს ქრისტესა და რჯულის სიყვარულს, გახდეს მღვდელი და წავიდეს მისიონერად შორეულ აღმოსავლეთში. თვითონვე ცდილობს, გაერკვეს ამ დიდი სურვილის მოტივაციის სიღრმეებში: ამქვეყნიური ამაოების მიმართ გულმიუსვლელობა ამოძრავებს თუ რელიგიური ცხოვრებისადმი ჭეშმარიტი სწრაფვა? იქნებ ეს შურისძიებისგან თავდაცვა იყო, რომელიც შეიძლებოდა მექალთანე მამის მიმართ გასჩენოდა, ასე რომ სარგებლობდა მთავარი გმირის დედის სულგრძელობით? მამის მიმართ არასდროს ჩაიდენდა ქედმაღლობის ცოდვას („სხვებზე მეტი არაფრით ვარ”). მისი სულიერი სწრაფვა მძაფრია, მაგრამ არ გეგონოთ, ეს მას რეალობის გრძნობას აკარგვინებს. „იქნებ თავად სამღვდელოებაა დამნაშავე? იქნებ დღესდღეობით არ დგას იგი თავის სიმაღლეზე? მრევლს რომ ზნეობაზე უქადაგებს, აქვს კი მას ამის უფლება? მავანნი რომ თავიანთ ცხოვრებას უძღვნიან, ეს ჭეშმარიტი რწმენით არის ნაკარნახევი, თუ მხოლოდ არსებობის წყაროს წარმოადგენს მათთვის? მით უმეტეს, რომ ღარიბები მომრავლდნენ ღვთის მსახურებად… ჭკვიანი, სათნო, კეთილი, ჭეშმარიტად ღვთისმსახური მღვდელი სანთლით საძებარი გახდა დღეს”(23), ფიქრობს დონ ლუისი, თითქოს, ყველა დროისა და ქვეყნის სატკივარზე. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ უნდა, ასეთი მღვდელმსახური იყოს, თავს იმუნათებს ასკეტივით: მისი მატერიალური სამყაროს სილამაზით გატაცება, ყველაფერი დახვეწილი, ნაზი და ჰაეროვნით ტკბობა, უფრო სულით რომ აღიქმება, ვიდრე ხორცით, როგორიც „მინდორ-ველების სურნელებით გაჟღენთილი კამკამა ჰაერის მსუბუქი ქროლაა, ჩიტების გალობაა… საღამოჟამს მშვიდი, დიდებული სიჩუმეა ბაღებში”, რაც უმაღლესი მშვენიერებაა, ხომ არაა კერპთაყვანისმცემლობა და ხომ არ აკლდება ამით მ ი ს სიყვარულს, ვინც შექმნა ეს „ჰარმონიული, დიდებული შენობა”? – მკითხველსაც ჩააფიქრებს ეს კითხვები, თავისთავად… რა არის ის სულიერი მდგომარეობა, როცა რომანის ახალგაზრდა გმირი ლამაზი ყვავილის ან შორეული ვარსკვლავის იდუმალი ციმციმის ჭვრეტისას იოლად ტირის, სინაზით შეპყრობილი? ეს ხომ ცოდვა არაა, რადგან თუნდაც წმინდანებს ახასიათებდათ ადამიანური სისუსტეები, რომლებისგან ვერ გათავისუფლდება ჩვენი სული, სანამ ის სხეულშია. დონ ლუისის ეს შინაგანი სიფაქიზე ვლინდება მის დამოკიდებულებაშიც ქალისადმი, უმშვენიერეს პეპიტა ხიმენესისადმი, რომელიც სწორედაც რომ თავდავიწყებით შეუყვარდება. აი, როგორ აღწერს იგი პეპიტას ხელებს, როგორც უტყუარ ნიშანს ჩვენი კეთილშობილებისა: „პეპიტას ხელები კი გამჭვირვალეა და მოვარდისფრო, თითქოს ხედავ, როგორ ფეთქავს სუფთა კრიალა სისხლი, რა ნაზი სილურჯით ფერავს იგი ძარღვებს. ეს ხელები, ეს ჩამოქნილი თითები თითქოს სიმბოლოა ჯადოსნური ძლიერებისა და იდუმალი ძალაუფლებისა – რომელსაც ხორცი შეასხა ადამიანის სულმა მატერიალური ძალის დაუხმარებლად – იმ ხილულ საგნებზე, ღმერთმა რომ შექმნა, ხოლო შემდეგ სრულყო ადამიანის დახმარებით. ძნელი დასაჯერებელია, ასეთი ხელების პატრონს გააჩნდეს ბნელი ზრახვები და უხეში, მდაბალი ანგარება” (41). ნახეთ, რა არაჩვეულებრივად ახასიათებს ხუან ვალერა ქალისა და მამაკაცის ცოლქმრული ურთიერთობის ხიბლს: „განა, ის სიყვარული არ სჯობს, ტანჯვა, გრძნობათა ჭიდილი რომ ახლავს. შეჩვევა რომ გადადის სინაზეში და საკუთარი თავისადმი სიყვარულს ემატება” (43).

„განა, სუფთა, სპეტაკ სულს უფლება აქვს იხაროს სხეულის სილამაზით?” – ეს კი ის კითხვაა, რომელსაც სვამს ქრისტიანულიც და მთელი ძველი ელინური სამყაროც. დონ ლუისს ეშინია, ცხოვრებამ მატერიალისტად არ აქციოს და მისი რელიგიური გზნება არ გაანელოს. ნუთუ სიცოცხლის სიყვარული დანაშაულია?! „ამას წინათ შუაღამისას გამაღვიძა შეყვარებული სოფლელი ბიჭის სიმღერამ. თავის დანჯღრეული გიტარის თანხლებით მღეროდა ფანდანგოსა და როიდენიას კუპლეტებს, რომლებიც პოეტურობითა და დახვეწილობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ გული ისე ამიჩუყდა, თითქოს ციურ მელოდიას ვუსმენდი…” (46), – რატომ უნდა იყოს ეს ღმერთისთვის მიუღებელი? ან თუნდაც ის ფიქრი დონ ლუისის მამასთან მისულ გლეხზე – თავისი ფეხმოტეხილი ხბო რომ მიუყვანა, რომელი ნაჭერი მოგართვათ, რომ დავკლავო – ხბო ხომ არ ვიყიდო, ფეხი მოვურჩინო და დაკვლას გადავარჩინოო, მორცხვობის გამო ქმედებად რომ ვერ იქცა. ეს ხომ ლოცვასაც აღემატება და ვაჟას მინდიას ურთულეს სიბრძნემდე მაღლდება?…

მთავარ გმირზე კი ვსაუბრობთ, მაგრამ წიგნში აქცენტი მეორე გმირზე, პეპიტა ხიმენესზეა, რომელშიც სწორედ სამყაროს ყველა მშვენებამ, სულიერმა თუ ფიზიკურმა, შეისხა ხორცი და ამას ნაწარმოების სათაურიც მოწმობს. სწორედ მისგან გამომდინარე ხდება დონ ლუსისის ის დიდი მეტამორფოზა, რომელზეც ეს წიგნი მოგვითხრობს. ვინაა იგი („პეპიტა საშიში ქალია და ასე მოუმზადებელი არ უნდა შევხვედროდი მას”)? ქალი, რომლის „ღვთისმშობლისადმი ერთგულებაში იგრძნობა ის ავადმყოფური განცდა დამცირების, ნაღვლისა და ტანჯვისა, რომელიც თავის უნაყოფო ქორწინებას ახსენებს ხოლმე” და რომელიც წმინდა ჩასახვასა და იდეალურ ბავშვზე ოცნებობს. ეს უდიდესი ამპარტავნებაა, ღვთის რჩეულობაზე პრეტენზია? ანგელოზია ის, თუ „ბუნებით ცბიერი დახვეწილი კოკობზიკა”? ქალი, რომლისადმი დონ ლუისი ბავშვური სინაზის მოზღვავებას გრძნობს, რომელიც მეცადინეობას, განსჯასა და ლოცვას ავიწყებს, რომელსაც ისე ჭვრეტს, როგორც ხელოვნების ნიმუშს, „მით უმეტეს, თუ ეს ნიმუში „უმაღლესი ხელოვანის” მიერ არის შექმნილი და მისი სამყოფელი ტაძარია”, ანუ სამყარო (57). პეპიტასაც განდეგილივით ცხოვრება აურჩევია, რითაც ძალიან ჰგავს დონ ლუისს, ამიტომ თავიდან ეს უკანასკნელი იმით აპირებს მისი ჩანაფიქრი უარყოს, რომ ცდილობს, პეპიტა მამამისს გაჰყვეს ცოლად. იქნებ ამ ფიქრშია ფესვი მისი მოგვიანო „სიმართლისა”, როცა თავის სანუკვარ ოცნებას „უღალატებს”? დონ ლუისს შეუცნობლის შიშის, მოკრძალების გამო თავი არ მიაჩნია იმ კაცად, რომელსაც ძალუძს, ზოგადად, ქალის ყურადღება მიიქციოს თავისი მოუქნელობის გამო, იმიტომ, რომ მათთან საუბარს შეჩვეული არაა და ჰგონია, რომ პეპიტას ყურადღებას, პატივისცემას, მეგობრობას ერთ მშვენიერ დღეს სიწმინდითა და შრომისმოყვარეობით დაიმსახურებს, პეპიტასი, რომლისგანაც გაქცევა არ უნდა, რადგან თუ ეს ბრძოლაა, „გამარჯვებას სხვა გზით უნდა მიაღწიო და არა გაქცევით”. მიმართავს კიდეც მოძღვარს ამის შესახებ საოცარი გულწრფელობით, რომელიც მისი კიდევ ერთ-ერთი დიდი ღირსებაა.

ხანდახან გვიჩნდება განცდა, რომ დონ ლუისის მიმართება ცხოვრებასთან, სიცოცხლის ვნებაში გადაზრდილი დიდი სიყვარულია („შენ უნებურად წარმოიდგენ, როგორ ცხოვრობდნენ ძველი პატრიარქები, პირველყოფილი გმირები, მწყემსები და მზიან შუადღეს როგორ ეცხადებოდნენ მათ ნიმფები, ღმერთები, ანგელოზები”), რომელიც ქრიტიანულიცაა და წარმართულიც, ისეთივე ძირძველი, როგორც თავად ყოფიერება… თუ ასკეტების ლამაზი ქალისგან დამცავი ხერხი ისაა, რომ მას ბებერს, სნებისგან სახედაღმეჭილს ან სულაც მკვდარსა და მატლებდახვეულს წარმოიდგენენ, დონ ლუისი ფიქრობს: „სილამაზე ღვთითბოძებული განძია, უმაღლესი ღვთაებრივი ხელოვნების ქმნილება. ის შეიძლება იყოს არამყარი, ეფემერული, შეიძლება ერთ წამში გაქრეს, მაგრამ მისი იდეა, როგორც ასეთი, მარადიულია” (71). და ეს ძალიან ჰგავს ნეოპლატონიზმს. ეს მომხიბვლელი გმირი ხანდახან წარმოიდგენს, რომ თავისი სულიერი ლტოლვებით პეპიტასადმი ღმერთთან მებრძოლი იზრაელია; ღმერთი მას თეძოში დაჭრის და ამ ორთაბრძოლაში დამარცხებით გახდება გამარჯვებული.

დონ ლუისის აღსარებები მოძღვარი ბიძისადმი წერილებში გულახდილობით ჰგავს, მაგრამ არც ჰგავს აღსარებას – მათში სულ უფრო იკლებს სინანული და იმატებს აღტაცება სიცოცხლით, მისი მოულოდნელობებითა და იდუმალი სიტკბოთი, სწორედ ზემოთქმული ვნება არსობისა: „როგორ უნდა მეშინოდეს სიკვდილისა, როცა თავად მივილტვი მისკენ… სიყვარული და სიკვდილი ხომ ძმები არიან”. ადამიანი ერთადერთი არსებაა, ანგელოზებრივად რომ მეტყველებს, მაგრამ „ჩვენი სხეული წმინდა სულების ტაძარია და თუ ალი ლოკავს მის კედლებს, თუნდაც უცეცხლოდ, კედლები იჭვარტლება” (94). მთავარი გმირის ლტოლვა საბედისწერო სიყვარულისკენ ძალიან პოეტურია – „ის, ვინც მიყვარს აღმატებული სიყვარულით, ჩემს რელიგიურ ხედვას წარმოუდგება, როგორც მანათობელი მზე, რომელიც უზარმაზარ სივრცეს ჰფენს თავის შუქნათელ სხივთა ტალღებს; ხოლო ის, ვინც მიყვარს მიწიერი სიყვარულით, ჰაერში ფარფატებს მზის შუქში გახვეული ოქროსფერი მტვერივით” (99). მოძღვარი ბიძაც იმავეს ამბობს მასზე ნაწარმოების ბოლოს: „მჯეროდა, რომ სული აღსავსე ჰქონდა ჭეშმარიტი მოწოდებით, მაგრამ შევცდი, პოეტის მშფოთვარე სული ჰქონდა” (199).

„მძულს და ვაღმერთებ” – ესაა დიდი სიყვარულის ბედისწერა. საოცარია მისი ძალა: „შემიძლია ქრისტეს მივბაძო. თუ მტერ-მაცდური მთაზე ამიყვანს და მთელ სამყაროს შემომთავაზებს მის წინაშე დაჩოქების სანაცვლოდ – არ დავიჩოქებ! მაგრამ თუ ამ ქალს შემომთავაზებს, ჯერ კიდევ ვყოყმანობ, ჯერ კიდევ არ ვდგავარ მტკიცედ. ნუთუ ეს ქალი ჩემთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მთელი სამყარო, სახლი, ღირსება, ძალაუფლება?” – დონ ლუისის ეს „თავგანწირული სულისკვეთება” ძალიან ნაცნობია ჩვენთვის, თუნდაც იმით, რომ ჩვენ ის ილიას „განდეგილშიც” გვიგრძნია… დილემის წინაშეა მღვდლობაზე მეოცნებე დონ ლუისი – თუ ღვთისადმი სიყვარული არ გამორიცხავს სიყვარულს სამშობლოსადმი, ადამიანებისადმი, მეცნიერებისადმი, ბუნებისადმი, სილამაზისადმი, ხელოვნებისადმი, მაშინ ქალისადმი სიყვარულმა რა დააშავა? რატომ დააკარგვინა ამ სიყვარულმა ადამს სამოთხე და გახადა იგი ცოდვილი. მას შემდეგ კი „გასაკვირი ის კი არ არის, რომ სცოდავენ, გასაკვირი ის იქნებოდა, რომ არ სცოდავდნენ”, როგორც წმინდა ბონავენტურა ბრძანებსო, მე-13 საუკუნის იტალიელი საეკლესიო მოღვაწე. ძალიან მძიმეა ეს განაჩენი, როცა ქალი, როგორც ბეატრიჩე დანტესთვის, სამშობლოს სახე, სიბრძნისა და სილამაზის განსახიერებაა; როგორც დონ ლუისი ამბობს, ქალის საშუალებით შევიცანი სადღაც სულის სიღრმეში მიმალული უმაღლესი სიკეთე, რის წყალობითაც ვტკბები სიმშვიდითა და ყოველთა სიყვარულით” – ეს ყველაფერი ოდნავ აბსტრაგირებული, მაგრამ სრულყოფილებასთან მაზიარებელია.

  1. „პარალეპომენოს”

ძნელი სათქმელია, ვინაა მთხრობელი ამ თავში: ავტორი თუ მისი ერთგვარი ცენზორი? აქ წინა პლანზე უფრო პეპიტაა, თავისი შინაგანი გაორებითა და ქარიშხლებით. აი, რას ამბობს იგი დონ ლუისზე: „თუ ასე ძალიან უყვარს ღმერთი, მის შექმნილ საბრალო არსებას რატომ ტანჯავს ასე? ეს არის გულმოწყალება, ეს არის რწმენა? არა, ეს უსულგულო ეგოიზმია!” (126) – სიყვარულისგან, რომელზე ძლიერი არც მიწაზე და არც ზეცაში არაფერია („დონ ლუისის გულისთვის სულის ცხონებაზეც ვიტყოდი უარს” – ეს არა მარტო თავის, ყველაფრის დავიწყებაა).

ნაწარმოების იდეის კარგად გასააზრებლად გასათვალისწინებელია ისიც, როგორი ძლიერია დონ ლუისის სიყვარული ღვთისადმი: მას საკუთარ თვალში არაფერი დაამცირებდა ისე, როგორც უარის თქმა კარგა ხნის არჩეულ მრწამსზე. ეს არის ადამიანი, უმაღლესი რწმენის ფილოსოფიით გამსჭვალული: ცხოვრება ღმერთს მიუძღვნას მომავალი წმინდანივით. მაგრამ წუთისოფლის „კანონით” გვაქვს განგება – ღვთის უცვლელი ნება, ბედისწერა, რომელსაც ადამიანიც წარმართავს და საბედისწერო შემთხვევითობაც, ასე ზუსტად და ოსტატურად რომაა აღწერილი ამ ნაწარმოებში: „საერთოდ ჩვენ, ადამიანები, ხშირად ვხდებით ვითარების სათამაშო. იმის ნაცვლად, რომ მიზანმიმართულად, უყოყმანოდ მივიწევდეთ წინ, დინებას მივყვებით, თავად კი არ ვირჩევთ როლს, არამედ ჰაიჰარად ვიღებთ იმას, რაც წილად გვხვდება, თანაც შემთხვევით. პროფესია, პოლიტიკური შეხედულებები, მთელი ცხოვრება ხშირად დამოკიდებულია გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე, ბედ-იღბალზე” (136). დონ ლუისსაც, – რომელსაც კარგად ახსოვს იოანე ოქროპირის ამბავი, დედამისი რომ ემდურებოდა, ღვთისმსახურების გამო მარტო ნუ მტოვებო და გულსაკლავი ქვითინითაც კი ვერ გატეხა შვილი, – ცდის მიუხედავად, არ ჩამორჩეს წმინდანებს, წაიღებს ცხოვრების, სიყვარულის ძლიერი დინება, საბედისწერო შემთხვევითობების იმპულსებითა თუ შენაკადებით.

„მოკვდავმა ადამიანმა კი არა, მერყევი მდაბიოების ხუშტურებმა კი არა, ბარბაროსთა შემოტევამ კი არა, სიხარბეშეპყრობილმა მეამბოხეთა ძალადობამ კი არა, მთავარანგელოზმა კი არა, ხალხის მიერ აღიარებულმა მბრძანებელმა კი არა – არამედ თვით წმინდა სულმა დაადგინა მღვდლობა, როგორც ჩინი” (138) – ეს მშვენივრად იცის დონ ლუისმა, ღირსეულმა, შეურყვნელმა, რაინდულმა („არ ახსოვს, ბავშვობაში მისი თანდასწრებით ვინმეს დასცდენოდა უდიერი სიტყვა, უხეშადაც არავინ იქცეოდა”). სხვებიც ხვდებიან, რომ ეს ღვთისმოსაობის განსაკუთრებული შემთხვევაა, ამიტომაც პაპი გამოგზავნის სპეციალურ დისპენსიას, რომლის საფუძველზეც დონ ლუისი, ასაკის მიუხედავად, გამონაკლისის სახით, დადგენილ ვადაზე ადრე მიიღებდა მღვდლობის ხარისხს. „ის, ვისაც მღვდლობა სურს – უნდა იყოს თავმდაბალი, მორჩილი, მშვიდი. ის არ ჰგავს მუხას, ამაყად მდგარს მანამ, სანამ მეხი არ დაეცემა. ის ჰგავს ტყის ბალახს, მორცხვ მინდვრის ყვავილს, რომელიც მაშინაც კი – და უფრო მეტადაც – ირგვლივ ნაზ სურნელს აფრქვევს, როცა უხეშად თელავენ” (148); – აქ აუცილებლად გაგვახსენდება დიდი ქართველი ჰუმანისტის „ბალახი ვიყო სათიბი”, საკუთარი თავის დიდ მსხვერპლშეწირვაზე რომ მიგვანიშნებს. იქნებ ეს მსხვერპლშეწირვაცაა, თუმცა უფრო სხვა მოვლენაა ქართული, მებრძოლი ქრისტიანობა (ბერი თევდორე ან თუნდაც მღვდლები, ცხინვალიდან მეომართა გვამები რომ გამოჰქონდათ საკუთარი სიცოცხლის ფასად)…

რომანი თხრობის საოცარი ექსპრესიულობითაც გამოირჩევა და პერსონაჟთა ღრმა ფსიქოლოგიზმის ოსტატურად, მსუბუქად წარმოჩენით. ამას დავუმატოთ ისიც, რასაც ამ თავის მთხრობელი – „ცენზორი” (თითქოს, ერთგვარი ლიტერატურული ხერხია) გვთავაზობს: „…ის (ავტორი – მ. ი.) არ უნდა დავტუქსოთ იმისთვის, რომ სხვისი ნაკარნახევი ხერხები არ გამოიყენა, პირიქით, დიდი მადლობა უნდა მოვახსენოთ ასეთი მომეტებული კეთილსინდისიერებისთვის: ამბავი რომ ზუსტად გადმოსცა, უარი თქვა ყოველგვარ ეფექტებზე, ფანტაზიას გასაქანი არ მისცა და პაემანი არ დაამძიმა ზედმეტი ეპიზოდებით” (167). როგორ ვხვდებით, წარმმართველი აქ არც ზემოხსენებული ბედისწერა ან შემთხვევაა, არამედ რომანში მონაწილე ადამიანების გრძნობებია „დამნაშავე”, როგორც ამბობს მწერალი („პეპიტა ჩვენ ძალიან გვიყვარს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჭეშმარიტება უარვყოთ”).

პეპიტა თავისდაუნებურად თავიდანვე მაცდური, ბიბლიური ევაა, ურყევი მცდელობით, „რადაც არ უნდა დაჯდომოდა, დაემარცხებინა ეს კაცი”. ეს არის ქალი, რომლისთვისაც საშუალო არ არსებობდა, ყველაფერში უკიდურესობამდე მიდიოდა: ჯერ ბრმად დაემორჩილა დედასა და ქმარს და მერე „დესპოტურად” მბრძანებლობს, განაგებს გარშემომყოფებს. ეს, გავიმეორებთ, თავისდაუნებურად ხდება და ძალაუფლების წყურვილი ამ ქალში ბოლომდე გაუმჟღავნებელი რჩება. რაც შეეხება დონ ლუისს, ის პეპიტაში განსხეულებულ ქალის იდეალს ხედავს („მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი”) – ფიქრობს, რომ პეპიტამ დაჩრდილა მისი ყმაწვილკაცური სიზმრებისა და ფანტაზიების ნიმფები, დედოფლები, ქალღმერთები: „მე ხომ თქვენ პირველსავე შეხვედრისას შემიყვარდით, მგონი, სულაც უფრო ადრე, სანამ გნახავდით, სანამ გავაცნობიერებდი, რომ შემიყვარდით… მე უკვე მიყვარდით. არის აქ რაღაც საბედისწერო. ეს ალბათ წინასწარ იყო გაწერილი, განსაზღვრული…”(181) ეს არის, როცა „ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ”, როცა ადამიანი კვდება საკუთარ თავში, რომ იცოცხლოს საყვარელ არსებაში.

ამ ნაწილის ბოლოს დონ ლუისი ცდილობს, საკუთარ თავში გაამართლოს ის, რასაც უკვე დაცემას კი არა, ცვლილებას ეძახის. ასკეტიზმისთვის ხომ საჭიროა ხანგრძლივი შრომა, ცოდვების მონანიება, აღსარება, დრო, რომ მიიღოს ღვთის მადლი, დაიმსახუროს მარადიული წყალობა. თვით ცრუმოძღვრებსაც კი უდიდესი ძალისხმევა სჭირდებოდათ, ვიდრე თავიანთ ცრუსასწაულებს ჩაიდენდნენ. მას კი „წლები არ გაუტარებია ჭვრეტაში და რა დამსახურებისთვის უნდა დაეშვა ღმერთს მისთვის ასეთი გამონაკლისი?”. დონ ლუისი აღიარებს, რომ დამარცხდა, რომ იდეალი დაენგრა და მისი სიხარული სევდანარევია. სწორედ ამ სევდით ემსგავსება დონ კიხოტს, „რომელზეც „თეთრი მთვარის” რაინდთან დამარცხებამ და ხუმრობამ ისეთი დამანგრეველი გავლენა მოახდინა, რომ გადაწყვიტა მწყემსი გამხდარიყო” (202). დონ ლუისიც გადაწყვეტს, იქორწინოს პეპიტაზე, სახლი აქციოს ტაძრად, გააერთიანოს ცოლქმრული თუ ღვთის სიყვარული, შექმნას თუნდაც თავშესაფარი უსახლკაროებისთვის, ღარიბებისთვის, თავისი კულტურული ცენტრითა და მეგობრული გარემოთი… და ჩნდება ორი კითხვა: ა) იქნებ ყველას ვერ მოსთხოვს ღმერთი მსხვერპლს, ასკეტიზმს, რომელიც სწორედ ამ სიცოცხლის ვნების დაძლევით მიიღწევა? და ბ) ი გ ი ხომ უბრალო ადამიანებსაც ეცხადება და ანდობს ჭეშმარიტებას?…

ბოლომდე უცნობი რჩება, ვისი დაწერილია ეს თავი. თავიდან ავტორს „ეგონა”, რომ ის მოძღვრის დაწერილია, მაგრამ იმან, რომ შემწყნარებლობითაა ნახსენები ზოგიერთი შეხედულება, ის დააეჭვა, რადგან მოძღვარი ამდენ მელანს არ დახარჯავდაო ამ საკითხებზე წერისთვის, ანუ ავტორი ვერც უარყოფს და ვერც ადასტურებს სენიორ მოძღვრის ავტორობას.

რაც შეეხება ამ ნაწილის ლიტერატურულ გემოვნებას, ის შესაშურია…

  1. „ჩემი ძმის წერილები” – ეპილოგი

ამ თავში ვიგებთ მეორეხარისხოვანი პერსონაჟების ბედზე, რომელიც არ რჩება ავტორის ყურადღების მიღმა. თუნდაც პადრე ვიკარიო, რომელიც ბრწყინვალე განათლებით არ გამოირჩეოდა, სამაგიეროდ, ფლობდა მტკიცე ნებას, უბადლო რწმენასა და ღმერთის უმაღლეს სიყვარულს, „მისი ცხოვრება სამაგალითო იყო ყველასთვის”. ეს ესპანელი, 80 წლამდე მღვდელი, არის ძალიან საინტერესო გმირი, თავისი გულწრფელობით, კეთილშობილებითა თუ მიამიტობით. ის ბევრად სჯობს ნებისმიერ ნაკითხ ეკლესიის მსახურს, რომლის სულშიც რწმენის ცეცხლი ისეთი ძალით არ გიზგიზებს, როგორს პადრე ვიკარიოში. დამაჯერებელია მისი ხასიათის რეალისტურობაც: „იგი ყველაფერში კარგად ერკვევა, კარგად უთავსებს ერთმანეთს რელიგიის ჭეშმარიტ სიყვარულს და იმ სასარგებლო ძვრების მიმართ პატივისცემასაც, რომლებიც თანამედროვე ცივილიზაციამ მოგვიტანა” (48). როცა დონ ლუისი მას თავს შეადარებს, აღიარებს, რომ პადრე ვიკარიოს ზნეობრივ სრულყოფილებამდე ბევრი აკლია. თუმცა ყველა სხვადასხვა გზით მიდის ღმერთამდე…

არანაკლებ დასამახსოვრებელია კურიტო – პერსონაჟი ხალხის წიაღიდან, უსაქმური, გზაკვალარეული, მაგრამ გულკეთილი ყმაწვილი. მას თავისი კუზენი დონ ლუისი მხოლოდ თეოლოგად მიაჩნდა, არცთუ ისე დიდი წარმოდგენისა იყო მასზე. მაგრამ, როცა დაინახა, რა მოხდენილად ატარებდა ეს თეოლოგი ცხენს, სწორედ მიწიერმა აქცია იგი მისთვის ლამის ზეცისკაცად, კერპად. დონ ლუისი კი მას ნებას აძლევს, ეთაყვანებოდეს, უყვარდეს ის, ოღონდ ძალიან უცნაური ფორმით, რადგან იქით ექცევა მისი გავლენის ქვეშ. ეს უცნაური ფსიქოლოგიური მომენტია რომანში. ბოლოს კურიტოს, თავისი ბიძაშვილის ბედნიერი ოჯახის შემყურეს, თვითონაც მოუნდა დაქორწინება. რადგან მსუქანი და პირმშვენიერი ქალები უყვარდა, მისმა საცოლემ, მდიდარი მიწათმფლობლის ლამაზმა, ყაყაჩოსავით ლოყებღაჟღაჟა ქალიშვილმა, პირობა დადო, მალე სიმსუქნეში ჩემს დედამთილს, დონია კასილდას, გადავაჭარბებო. ეს იუმორია, მსუბუქად, უმტკივნეულოდ ირონიაშეპარული, ცხოვრების სიღრმეებს შეგნებულად აცდენილი ისეთი შემთხვევებისთვის, როცა ზედაპირულობა დიდი ფილოსოფიაა…

დონ ლუისის რეალისტი და ბრძენი მამა დონ პედრო – „არ ჯობია თავის სახლში იქადაგოს, ერთი ბუდის პატარა ქრისტიანები მაჩუქოს, ქერუბინოებივით ქერაკულულებიანი და ვარდისფერები, პეპიტას მსგავსნი?” (220). აქვე მოვიხსენიოთ პეპიტას უსაქმური ძმა, რომელიც ნაწარმოების ბოლოს იწერება, რომ მნიშვნელოვანი პიროვნება გახდა და ოჯახის შემარცხვენელი კი არა, დამამშვენებელია. თუმცა დონ პედრო, ეს ბებერი დიონისე, მაინც ფიქრობს, რომ მას ბედად უწერია, თაღლითად დარჩეს და „იმ თაღლითობაში ბედნიერი ვარსკვლავიც ახლდეს თან”.

„ადამიანს შეუძლია, ემსახუროს ღმერთს ყველა ვითარებასა და მდგომარეობაში. შეუძლია ერთმანეთს შეუთავსოს ცოცხალი რწმენა და ღვთის სიყვარული – მის სულს რომ ავსებს – ნებადართულ მიწიერ და წარმავალ სიყვარულს” (232), – სწორედ ეს სიყვარულია ღვთაებრივი საწყისიც… ადამიანი კი „სულის ცოცხალი ტაძარია”, რომელიც შემქმნელის გარეშე ვერ შეძლებდა ვერც მოყვრისა და ვერც კაცობრიობის სიყვარულს. სწორედ ამ სიყვარულის ჰიმნია ეს რომანი, როგორც ჩამონატეხი სამყაროს მომაკვდავი ჰარმონიისა, როგორც სურათზე გამოსახული მთრთოლარე ჭრიჭინობელა დაფნისის მშვენიერი სიმღერა, უნაზეს ქლოეს მკერდზე რომ ეძებს თავშესაფარს.

რაც მთავარია, ეს ნაწარმოები იმდენად დამაჯერებელია, რომ წუთითაც არ გეპარება ეჭვი, რომ ეს „ჭირი იქა, ლხინი აქა” კი არაა მხოლოდ, ზღაპრის მარადიული „ჰეფი ენდი”, არამედ სინამდვილე, მთელი თავისი სისავსით… ანუ ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ზღვარი ზღაპარსა და რეალობას შორის წაშლილია…

 

 

 

ციტატები წიგნიდან – ხუან ვალერა „პეპიტა ხიმენესი”, გამომცემლობა „ინტელექტი”, 2017

 

 

 

 

ომის ლექსები

0

პატარაობიდანვე პოეზიით შეპყრობილს, მახსოვს, როგორ მიყვარდა და თან მზაფრავდა მირზა გელოვანის ამ ორი ლექსის დაწყვილება:

***

ყველა მოკლე და ქერა თმის ნახვით

გამახსენდება თმები შოლტები.

როგორ არ მინდა, როგორ არ მინდა,

მაინც მივდივარ, მაინც გშორდები.


ასე თიშავდნენ ძველი ზღაპრები

ასფურცელას და ოქროსთმებიანს,

ქარმა დაგლიჯა ყველა აფრები

და შენზე დარდში დამთენებია.


მგზავრი ვარ, შენზე ფიქრებს ვუნდები

და აჩრდილებთან თამაშს უვნებელს.

მე დავბრუნდები, ჰო, დავბრუნდები,

მე შენი თმები დამაბრუნებენ.

 

ო, მაპატიეთ

ბედმა უცნობი გზით გამაქანა,

თქვენ დარჩით შორი… ცაზედაც შორი…

და, როგორც კარტში აგურის ქალებს,

გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.

 

მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,

რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,

მაგრამ დღეები, როგორც ქურდები

ჩემს შეპირებას ანადგურებენ.

და სადმე ტყვია თუ გააციებს

გულს საშინელი განადგურებით,

თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,

დანაშაული არდაბრუნების.

ჩემთვის ეს იყო ომის ლექსები… ზაფრას ამძაფრებდა იმის გაგება, რომ პოეტის ომიდან ვერ დაბრუნდა.

მეორე, რამაც შემძრა, ის იყო, რომ 9 აპრილს, როცა მე ჯერ კიდევ პატარა ვიყავი და არ მესმოდა, რა ტრაგედია ტრიალებდა ჩემს ქვეყანაში, თურმე ადამიანები რუსთაველზე, ხეებზე აკრავდნენ ლექსებს. ასე გამოხატავდნენ თავიანთ ემოციებს, ტკივილს, დარდს, სასოწარკვეთას მომხდარის გამო და მხეცურად დაჩეხილი ახალგაზრდებისადმი თანაგრძნობას.

„ხეები ლექსებით იფარჩება, ხეებზე აკრავენ ღვთის ბრალდებას

ამდენი მგოსნის ძლივს მარჩენალს, ისევ მგოსნები გიმრავლდება…“ –

დაუწერია შოთა ნიშნიანიძეს მაშინ.

ომი და განსაცდელი არც მერე ჰკლებია ჩვენს ქვეყანას, მაგრამ არასოდეს ასეთი მძაფრი არ მომჩვენებია ომში, ომზე და ომის გამო დაწერილი პოეზია.

აი, უკრაინის ომმა ხომ მსოფლიოს აუხილა თვალები, მანამდე შემაშფოთებლად ოდნავშეშფოთებული ევროპის გრძნობებისა და სინდისის ძაფები ერთდროულად შეარხია, საერთაშორისო ორგანიზაციების საჭიროება ეჭვქვეშ დააყენა, მუდმივი დამპყრობლის სახე კიდევ ერთხელ და მთელი სისაზარლით დაანახვა სხვა არადამპყრობელ, მაგრამ სხვისი ჩაგვრის ვერგანმცდელ ქვეყნებს…

ჩვენც უცნაური რამ დაგვემართა ამ ომში: თუ რამ ტ კ ი ვ ი ლ ი გვქონდა – სიმძაფრის გამო ვერთქმული, ნ ა ნ ა ხ ი  კ ა დ რ ე ბ ი – დაუჯერებლობის, წარმოუდგენლობის გამო თვალებში ჩამარხული, ს ა თ ქ მ ე ლ ი – შემსმენელის არყოლის გამო გულში ჩატოვებული, მ ო მ ა ვ ლ ი ს  ი მ ე დ ი – ვერასრულების შიშით კბილებს არგაცდენილი… ყველაფერი ამოიყარა ზედაპირზე, ამოტივტივდა, ამოხეთქა, გამოიფინა, გამომზეურდა. აუცილებელი იყო. და, მგონია, ეს ყველაზე უკეთ პოეზიამ გააკეთა. სოციალურმა ქსელებმა კი ხელისგულზე დაგვიდო ეს ლექსები.

ახლა ასე ვარ, დილით რომ ვიღვიძებ, უკრაინის კიდევ ერთ ჯოჯოხეთურ, მაგრამ მაინც გათენებულ ღამეს ვაკვირდები, ჯერ საზარელი ამბები მხვდება თვალში, მერე – ლექსებად ტრანსფორმირებული, მშობლიურ ტკივილთან შერწყმული ისევ ეს საზარელი ამბები. რა თქმა უნდა, ყველაზე ვერა, რამდენიმე მათგანზე ვისაუბრებ ამ სტატიაში.

ეს ლექსები ომს კი ეხება, მაგრამ ნათლად აჩვენებს, რამდენი წახნაგი აქვს ამ ყველაზე დიდ ბოროტებას, რომელსაც სულ სხვადასხვა მხრიდან ხედავენ პოეტები.

მარადჭაბუკი, უბრალოდ ცოცხალი კი არა, მარადიული კლასიკოსის, ბესიკ ხარანაულის, ლექსები ჩვეული სიმძაფრითა და სიზუსტით ეხმიანება ყველაფერ იმას, რაც მსოფლიოსა თუ ჩვენს ქვეყანაში ხდება, ამიტომ აუცილებლად პასუხგასაცემი მგონია მისი უმწვავესი კითხვა, რომელსაც სვამს მეტისმეტად შთამბეჭდავსათაურიან ლექსში – „ლაფიტოპია ნისლიდან გამოდის“:

„აი, ამ ლაფს ვიფიცები,

რომელსაც მოვტოპავ,

ამ ჭუჭყს და ამ ტალახს,

რომელიც მაკრია,

ამ საძაგლობას ვიფიცები,

როგორც ჩემს საკუთარს:

ომი რომ მორჩება,

ჩვენ სად ვიქნებით?

მთვარე ამოვა,

მზე ჩავა,

ჩვენ სად ვიქნებით?

სამყარო გამოიცვლება,

შეიქნება სირცხვილნამუსი,

ჩვენ სად ვიქნებით?

რომ დავიხოცებით,

ვინ დაგვმარხავს,

მიწას ვინ მოგვაყრის,

ჩვენ სად ვიქნებით?“

ლექსის ბოლოს ჩნდება შთამბეჭდავი სახე ლაფიტოპია ხარისა, რომელსაც მკერდით ჭალა მოაქვს, რქებით ნისლს მოარღვევს და მშრალზე გამოსული, ლაფჩამობერტყილი, აუცილებლად მოსთხოვს ამ კითხვაზე პასუხს ლირიკულ გმირს. მკითხველის გონებაში კი მაშინვე წამოტივტივდება ასე ნაცნობი წარმართულ-მითიური სახე-სიმბოლო უძლეველი ხარისა…

ამ ლექსში ძალიან კარგად ჩანს ის გარდამტეხი და საპასუხისმგებლო ადგილი, სადაც ახლა მოულოდნელად აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა და ის ეგზისტენციალური კითხვა, რომელიც, წესით, ყველა ქართველს უნდა აწუხებდეს: რა ვიღონოთ ამ მუდმივი ბოროტების წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის მომავლის სასიკეთოდ, ისე, რომ ღირსება შევინარჩუნოთ.

მეორე ლექსში მიწებით გაუმაძღარი მონსტრის, რუსეთის, სახეს წარმოაჩენს პოეტი, შეუჩერებელ დამპყრობელს, რომელიც მიილტვის, გააფართოოს თავისი ისედაც ვრცელი საზღვრები, უფრო სწორად, უსაზღვროებას ეძებს მიწაზე და ეს სურვილი თავისთავად ნიშნავს უმიწაწყლობას, ბოგანოობას, მაშინ როცა ასანთის კოლოფისხელა მიწებსაც კი მტკიცე საზღვრები აქვთ.

„… რუსო,

შენი რქა თურმე ცვილისაა,

გახსოვდეს, ხარჩამავალი ქვაბი თუხთუხებს ცეცხლზე,

გახსოვდეს, სხვისი მიწები რომ მიგაქვს ჩასაყლაპად,

ზოგიერთი ალმასისაა.

რუსო!

გაჭირვებამ დედამიწის ხალხები ახლობლები გახადა,

მტრობის ხემაც ხმობა დაიწყო,

რუსო! მტრობას შენღა ანედლებ!

რუსო! შენი სახელიც ერთი მოკლე სიტყვით იწერება.

რუსო!

ყველაფერი სამწუხაროა, რაც რომ მოგახსენე,

მწყინს, რომ სიმართლეა.

ყველა როდია ყრუ შენს მიწაზე.

რუსო!

შეისმინე შენი დიდი მწერლის სიტყვები:

განა რამდენი მიწა ჭირდება ადამიანს?

ჩემიც გაიგონე:

დიდო ერებო!

ნუ ჩაყლაპავთ პატარა ხალხებს,

ვაითუ რომელიმე იყოს ალმასისა“.

ჩემი ქვეყანა ალმასია,

მწიფე ვაზივით მიმზიდველია აგრესიისთვის,

ყელზე დაგადგებით!“

ძალიან კარგად ჩანს, მცირე ქვეყნებიც რომ შეიძლება საფრთხედ იქცნენ დამპყრობლებისთვის, რადგან სულისკვეთება სხვადასხვაა: მცერედნი საზღვრებს იცავენ, მონსტრები უსაზღვრობის ძებნაში მთავარს კარგავენ: საკუთარის, ნაღდის, მნიშვნელოვნის განცდას. ასევე პოეტის მიმართვა, არა მრავლობითში, არა ერისადმი, არამედ უმოკლესი სიტყვით – რუსო – მრავალჯერ განმეორებული, მიანიშნებს რუსეთის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაზე ქვეყნის სახელით ჩადენილ ბოროტებაში.

* * *

ერის პერსონალიზაციის, თითოეული რუსის პასუხისმგებლობის თემას სხვა კუთხით აგრძელებს შოთა იათაშვილის ლექსი რუს ჯარისკაცზე: ფსევდოპატრიოტიზმისა და ფსევდომართლმადიდებლობის მსხვერპლი რუსი ჯარისკაცი როგორ ეჯახება სიმართლეს – ისე ზრდიდნენ, ვითომ მორწმუნეს, მეათე და უმნიშვნელოვანეს ცნებას უმალავდნენ: ,,არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყუასისა შენისა, არცა სახლისათვის მოყუასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა მონისა მისისა, არცა მხევლისა მისისა, არცა ხარისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაჲ იყოს მოყუასისა შენისა”.

ლექსში ზუსტად არის ჩატეული ის სამარცხვინო რეალური სახე, დამცირებულმა, დამონებულმა, დაბრმავებულმა, უოჯახოდ ან ოჯახში უსიყვარულოდ გაზრდილმა რუსმა ჯარისკაცებმა ჯერ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, მერე კი უკრაინაში რომ აჩვენეს: გაუპატიურებული ქალები და ბავშვები, დანგრეული სახლები, დახოცილი შინაური ცხოველები, წამოკიდებული უნიტაზები და ბოხჩებში გამოხვეული საყოფაცხოვრებო ნივთები. აი, რა ირონიულად ჟღერს ამ ფონზე სტროფი, რომლითაც საკუთარ თავზე საუბარს იწყებს ლირიკული გმირი:

მე რუსი ჯარისკაცი ვარ,

ჭეშმარიტი მართლმადიდებელი,

გულანთებული პატრიოტი,

და მარიუპოლთან ჩემი სამშობლოს საზღვრებს ვიცავ…“

უსახელო რუსი ჯარისკაცის სახეს ლექსშივე უპირისპირდება მეორე „პერსონაჟი“, იაშკა, ასევე რუსი, რომელსაც სიმართლე ბებიამ კი უთხრა, მაგრამ სახელმწიფომ ასწავლა, რომ მეათე მცნების გამხელა დანაშაულია, რადგან ის რუსეთის უსაზღვრობის იდეას უშლის ხელს, სხვისი ქვეყნების დაპყრობას უშლის ხელს, სხვისი ცოლების დაუფლებას, სხვისი ოჯახების გაუბედურებას, საერთოდ, ყველასა და ყველაფრის, რაც შენი არაა, იმის არმითვისებას გვასწავლის!

აი, ეს რუსი ჯარისკაცი რომ ომში დაიღუპოს, რას იტყვის, რას იფიქრებს, როგორ განაგრძობს დედამისი ცხოვრებას? როგორია მოკლული ჯარისკაცების დედების ცხოვრება? რას გრძნობენ, ერთი მხრივ, ომში მოტყუებით გარეკილი 17-18 წლის ბიჭების დედები? დედები, რომლებსაც ჰგონიათ, მათი შვილები დიდ რუსეთს იცავენ მომცრო, მაგრამ ალმასივით ქვეყნებისგან? და, მეორე მხრივ, რა სტკივათ დედებს, რომელთა შვილები, ადრე მომღერლები, მასწავლებლები, მექანიკოსები, მსახიობები, ახლა კბილებით იცავენ სამშობლოს? ან როგორ ხვდებიან სიკვდილს დედები, რომელთა შვილები სხვისი სამშობლოს დაცვით საკუთარს იცავენ და იხოცებიან? ყველას ხომ არ შეუძლია, მუშტშემართული, სახეზე უდიდეს ტკივილაღბეჭდილი, მაგრამ შვილის სიმართლეში დარწმუნებული, ოთარაანთ ქვრივივით შეუდრეკლად იდგეს?!

* * *

ნატო ინგოროყვას ლექსში „ნატირალიდან“ შვილმკვდარი დედის სულ სხვანაირი განცდის ამოკითხვა შეიძლება. მან იცის, რომ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო, მაგრამ კაცისკვლისთვის მაინც არ ემეტებოდა. სიამაყესა და შეუპოვრობაზე მეტად, ტკივილით აქვს სავსე თვალები: „უპეებიდან გმირი შვილის უკანასკნელი კვნესა მოუჩანდა. ცოტათი ჰგავს კიდეც „ვეფხისა და მოყმის ბალადის“ დედას მტერთან მობოდიშებით:

არ იყო ჩემი შვილი კაცთმოძულეო

ებოდიშებოდა მოკლულ მტერს

და ცოცხალ მოყვარეს.

ჩემი ხელით ჩავალაგე მისი

ბოლო გზის ტანსაცმელიო,

თქვა და სიტყვა გაუშრა.

მეტი რა უნდა მექნაო

გულზე მივიწვენ,

დედა ვარ და მიწაც“. –

უკანასკნელი სტრიქონი იტევს დედობის ყველა სიმძიმეს, პასუხისმგებლობასა და სიდიადეს.

მეორე ლექსში, „პურის რიგი“ რომ ჰქვია, დედა არ არის ნახსენები, მაგრამ როცა მამები იბრძვიან, პურის რიგში, ალბათ, დედა თუ იდგება. შემაძრწუნებლად ზუსტი შედარებით ირევა მკითხველის გონებაში ნამდვილი და წარმოსახვითი:

„ბოლო ვიყავი რიგში და

პირველი ტყვია მომხვდა.

თითქოს მეპურემ ცხელი პური

გამომიწოდა და უბეში ჩავმალე“.

მომაკვდავი მხოლოდ შვილებზე ფიქრობს, როგორ გაიყოფენ იმ ერთადერთ პურს, რომელიც სინამდვილეში დედის გულში გავლილი ტყვიაა. კიბეზე არბის, შვილებს უნდა გაუნაწილოს, თვითონ სულმა არ უნდა წასძლიოს… და ერთი ტრაგედია კიდევ უფრო დიდი ტრაგედიით გრძელდება:

„დახოცილებს გულისჯიბით

ხორბალი გავატანე –

ვიცი, გაღივდება“.

საოცრად მტკივნეული და, გავიმეორებ ამ სიტყვას, შემაძრწუნებელი სახეა გარდაცვლილი შვილების გულისჯიბეში გასაღვივებელი ხორბლის მარცვლები.

ყველაზე დაუნდობელ განსაცდელს რომ მოგივლენს ცხოვრება და შენ, სასოწარკვეთილი და განადგურებული, გამართლებას მოუძებნი მაინც.

ოჯახი, პური და ხორბალი – რა მარტივი, ცხოვრებისეული, ყოფითია ეს სიტყვები და თან ბიბლიური, მეტისმეტად ღრმა სიმბოლიკაა ამ მოკლე და რთულ ლექსში.

ომის დასაწყისში, სანამ ქვემოთ მოყვანილი ლექსი გაჩნდებოდა;

სანამ მსოფლიო შეეჩვეოდა, რომ ომი… უკრაინაშია;

სანამ ჯერ კიდევ არ გვჯეროდა, რომ ეს მართლა ხდებოდა ჩვენს თავს ოცდამეერთე საუკუნეში;

სანამ ჯერ კიდევ ღამეს ვუთევდით უკრაინის ცას, –

მაშინ გაჩნდა პოეტის სოციალური ქსელის კედელზე სულისშემძვრელი სიტყვები: „ღმერთო, არ ჩაგეძინოს!“

ჰო, არის მომენტები, როცა ჩვენი, ადამიანები, სიფხიზლე და თანაგრძნობა აღარ არის საკმარისი, ერთმანეთის იმედი აღარ გვყოფნის, როცა ყბადაღებული პრაგმატულობა და რაციონალურობა ცვდება, აზრს კარგავს და მის ადგილს მთავარი, რწმენა იჭერს.

მოგვიანებით ლექსიც დაიბადა:

„ღმერთო, არ ჩაგეძინოს!

მინიმა ომზე,

სხვა ლექსისთვის წასამძღვარებლად“

ასე იწყება ლექსი ადამიანურ ურთიერთობებზე: იმაზე, რას განიცდიან მეგობრები ომში; როგორ ცვლის ომი სურვილებსა და მიზნებს, როცა გავიაზრებთ, რომ ხვალისთვის გადადებული საქმეები, თუ ისინი ახლობელ, საყვარელ, მონატრებულ ადამიანებს უკავშირდება, რა საშური ყოფილა თურმე!

და რადგან ომში მათი შესრულება მოკვდავის ძალებს აღემატება, ამიტომაც სრულდება ეს სითბოთი და ტკივილით გაჟღენთილი ლექსი უფლისადმი პარადოქსული მიმართვით:

„ ღმერთი არ გაგიწყრეს,

არ ჩაგეძინოს!“

* * *

პოეტი, რომელიც არაერთხელ გამოეხმაურა თავისი პოეზიით ოცდამეერთე საუკუნის დიდ ბოროტებას, გიორგი ლობჟანიძეა. მისი ლექსიც, რომელიც ეხება უკრაინის ომის ყველაზე მძიმე ღამეს, რუსი სამხედროების მიერ მარიუპოლის თეატრის დაბომბვას, – სოციალურ ქსელში გამოჩნდა. ამ შენობას მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის – უამრავი ბავშვი აფარებდა თავს და მის წინ დიდი ასოებით, რუსულად ეწერა: дети! – რათა ნებისმიერ სამხედრო პილოტს დაენახა და ისინი მაინც დაენდო.

ამ საზარელი ღამის შემდეგ გავრცელდა ცრუ ცნობა, რომ თეტრის ბომბსაფარმა საჰაერო დარტყმებს გაუძლო და ყველა ცოცხალია. ამ ცნობით აღფრთოვანებას მოჰყვა გიორგი ლობჟანიძის ლექსი, რომელიც თითქოს გაგრძელებაა ზემოთ განხილული ლექსისა. ის ასე სრულდება:

„… იქ კი, სარდაფში,

ძველი ნიღბების ნატეხებში,

იშმუშნება

ახალი სიცოცხლე,

საღ, თოთო ხელებს იწვდის

მომავლისკენ

და ჰაერს ისე ებღაჭაუება,

თითქოს დედის მკერდი იყოს,

საიდანაც სიმართლე გადმოჩქეფს.

მიწისქვეშეთში ანგელოზები არ არიან.

მარიუპოლის თეატრის სარდაფში ყოფილხარ, ღმერთო!“

ეს შეძახილი ლექსის ბოლოს თითქოს მთელ მსოფლიოს აღმოხდა, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა; ყველას, ყველას, ვისაც სჯერა, რომ პუტინის რუსეთი და ომი ბოროტებაა და რომ თვით ყველაზე დიდ ბოროტებასაც აქვს ზნეობრივი კანონები, რომლებსაც მხოლოდ უღირსები არ იცავენ.

სანამ ქვემოთ მოყვანილ კიდევ ერთ ლექსს წაიკითხავთ, წარმოიდგინეთ პატარა უკრაინელი გოგონას ფოტო, გოგონა დგას ზურგით კამერისკენ და სიფრიფანა, ნორჩ სხეულზე მარკერით აწერია თავისი სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და მშობლების ტელეფონის ნომრები – ერთმანეთის დაკარგვის შიშით შეპყრობილმა დედამ დააწერა:

„თუ ჩვენ დაგვხოცეს,

შენ გახსოვდეს შენი სახელი,

სად დაიბადე,

ვინ ვიყავით შენი მშობლები.

კაცს ბედი შუბლზე აწერია.

სახელი -ზურგზე,

როგორც ტვირთი,

ჩემო პატარავ.

და ეს ტვირთი მთელი ცხოვრება

უნდა ატარო.

აღარ მახსოვს,

მე თვითონ რა მერქვა

ომამდე,

მაგრან შენ, ამ ომს გადარჩენილო,

დაიმახსოვრე,

რომ შენ გქვია თავისუფლება

გაუფრთხილდი

ამ ძვირფას სახელს

და უსახელო ჯარისკაცებს

არ დაგვაყვედრო,

რომ ბედისწერას მოთმინებით ვერ გადავურჩით.“

ეს ლექსიც გიორგი ლობჟანიძეს ეკუთვნის. მისი ლირიკული გმირი ჯარისკაცია, მიმართავს პატარას და ეუბნება მთავარს: იმ საზარელ ომში უკრაინელი ჯარისკაცები იბრძვიან სწორედ ბავშვებისთვის, ომს სასწაულით გადარჩენილი პატარების თავისუფლებისთვის! და მე მახსენდება პოლ ელუარის ცნობილი ლექსი:

„…უსურვილო სიცოცხლეს

შიშველ სიმარტოვეს

სიკვდილის ნაბიჯებს

ვაწერ შენს სახელს

 

აღდგენილ ძალ- ღონეს,

დაკარგულ საფრთხეს თუ

უხსოვარ იმედს

ვაწერ შენს სახელს

 

და ერთი სიტყვის ფესვებიდან ვიწყებ სიცოცხლეს

შენი შეცნობით ვიბადები

შენი სახელით

 

თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა.“

* * *

მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ომში ყველა ბავშვი არ გადარჩენილა, ბავშვებს ისევ ემუქრებათ საფრთხე. ვერგადარჩენილებზე გვესმის გაუგონრად, დაუჯერებლად, გაუსაძლისად საზარელი ამბები. მაგრამ ამ ამბების ერთ ლექსში მოქცევა შეძლო პოეტმა დიანა ანფიმიადიმ. ლექსს ჰქვია „მარიუპოლი“: ალყაშემორტყმული ქალაქი, ახლა მთავარი ჯოჯოხეთი მთელ დედამიწაზე:

 

მარიუპოლი

 

-ჩემი დაწყებითი კლასის მასწავლებელი

-არის

-ყვავილების გამყიდველი მეზობელი ქუჩიდან

-არის

-მხარნატკენი ჩელისტი გოგო

-არის

-ჩემი პირველი შეყვარებული

-არის

-კარის მეზობლის სამი ბავშვი

-გადარჩნენ.

-მეფუნთუშე, რომლისგანაც ვყიდულობდი ვატრუშკებს საუზმისათვის

-დაჭრილია

-მეზობლის ბიჭი, მუსიკას რომ ხმამაღლა უსმენს

-ნაღმზე აფეთქდა

-მწვანეთვალება გოგო, ჩუმად რომ წერდა ლექსებს

-ნანგრევებიდან ვისი ხმა ისმის?

-დედაჩემი

-არის

-მამაჩემი

-ვერ ვნახეთ გვამი.

-ქალაქი?

-არის, მაგრამ კვამლში.

-ჩემი შვილები?

-არ დაიბადებიან.

 

ომში ბევრი ლაპარაკისთვის არავის სცალია, ომი მოკლე და აუცილებელი კითხვა-პასუხის დროა. ალბათ ამიტომაც აირჩია პოეტმა ეს შთამბეჭდავი ფორმა, რომელსაც ზედმეტი სასვენი ნიშანიც კი არ ამძიმებს, თითქოს არც უნდა ამოისუნთქონ შემკითხველ-მოპასუხემ. ამოსუნთქვის დროც არ არის.

ამ ვრცელ სტატიას დიანასავე ლექსით დავასრულებ: „აღდგომა“, – რადგან სიკვდილს აღდგომა მოსდევს, დაცემას – წელში გამართვა, ხოლო თავდადებულ ბრძოლას თუ მთელი მსოფლიოს გაერთიანებული ნება და სურვილი შეუერთდა, წამებულთა გამარჯვება გარდაუვალია!

„ აღდგა მკვდრეთით ოთხი წლის საშკა,

როცა დახვრიტეს, თმა ჰქონია ჯერ კიდევ სველი.

აღდგა მკვდრეთით ცხრა წლის უცნობი გოგო,

თერთმეტი მხეცის დაგლეჯილი,

აღდგა მკვდრეთით ველოსიპედიანი მოხუცი კაცი,

ჩამოიფერთხა შარვალი და თმა გაისწორა,

აღდგა მკვდრეთით ჩემი გაგრელი ნათესავი,

მოხერხებულად მოაგორებს თავის თავს, კენწლავს.

აღდგა მკვდრეთით ქალი კვასკვასა, წითელი ლაქით,

სულ მალე მოვა, ცოტა ფრჩხილებს მოიწესრიგებს,

შვილის გათხრილი სამარიდან მკვდრეთით აღდგა უცნობი დედა,

დედის გათხრილი სამარიდან მკვდრეთით აღდგა უცნობი შვილი,

აღდგა მკვდრეთით პურის რიგში დახვრეტილი უცნობი კაცი,

აღდგა მკვდრეთით ქალი, წყალი რომ ვერ მიიტანა სამალავამდე,

აღდგა მკვდრეთით შუაზე გადაჭრილი გოგო, ვინ თქვა, ვერ ივლისო,

ამ აღდგომაზე ბევრი აღდგა, ბევრად მეტი, ვიდრე ოდესმე,

ახლა ყველანი აქ მოჯარდნენ, გამოქვაბულთან,

შემოგძახიან, ლოდსაც შენ ნაცვლად გადაწევენ,

ოღონდ არ შეგრცხვეს, არ დაიმალო,

შენც აღსდექი, უფალო,

მესამე დღეს ანდაც თუნდაც ერთი თვის თავზე

მსგავსად წერილისა.

კიდევ ბევრი პოეტი გამოეხმაურა საზარელ რეალობას: რატი ამაღლობელი, ლელა სამნიაშვილი, დავით მაღრაძე და სხვები. წარმოუდგენელია ერთ სტატიაში მათი მოქცევა. ალბათ, კიდევ ბევრი ლექსი დაიწერება ომის დროსაც და ომის შემდეგაც – ყველაზე მძიმე ჭრილობების მოსაშუშებლად. სოციალური ქსელი დღეს თითქოს რუსთაველის ფუნქციას ასრულებს, სადაც ხეებზე – თავიანთ კედლებზე – აკრავენ ლექსებს პოეტები თუ პოეზიის მკითხველები და ამით არსებულ რეალობას ეხმიანებიან.

* * *

აკა მორჩილაძემ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე თქვა, საქართველო უფრო პოეზიის ქვეყანაა და ახლა მე, პროზაიკოსი რომ ვლაპარაკობ, უხერხულად ვგრძნობ თავსო. ქართულ პოეზიაში ასეთი სისავსით ასახულმა უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მართალია აკა: მწერალი მაინც რჩება საქართველოში გამორჩეულ ფიგურად. ეს ისეთი ადამიანია, რომელიც ყოველთვის იქ არის, სადაც ყველა არასდროს არ არის და მავდროულად იქ არის, სადაც ყველა ყოველთვის მოიყრის თავს“.

სწრაფი ტესტი ფაშიზმზე

0

ქართული საზოგადოება უმბერტო ეკოს ძირითადად მხოლოდ მწერლად აღიქვამს. შუა საუკუნეების მკვლევართა ვიწრო წრეებში იტალიელის ფილოსოფიურ მემკვიდრეობასაც ხშირად განიხილავენ. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ დიდმა რომანისტმა მრავალი საფიქრალი გაუჩინა პოლიტიკის მეცნიერების წარმომადგენლებსაც.

უმბერტო ეკომ 1990-იან წლებში ფაშიზმის 14 ძირითადი მახასიათებელი გამოკვეთა. ესეის მომზადების დროს მეცნიერი აკადემიურ მემკვიდრეობასთან ერთად პირად გამოცდილებასაც დაეყრდნო. მან და მისმა ქვეყანამ საკუთარ მხრებზე გადაიტანეს ფაშისტური რეჟიმის სუსხი, უმბერტო ეკო მთელი ცხოვრების განმავლობაში პირადად აკვირდებოდა საზოგადოების სხეულზე მუსოლინის დიქტატურის შედეგად წარმოქმნილ ჭრილობებსა და მათი მოშუშების პროცესს. საბოლოოდ არავის გაჰკვირვებია, რომ ფენომენალური ნიჭის მქონე მოაზროვნემ ერთგანზომილებიან პოლიტტექნოლოგებზე უკეთესად განსაზღვრა ფაშიზმის არსი და შემოხაზა მისი საზღვრები.

უმბერტო ეკოს ესეის წაკითხვის შემდეგ ბევრი ამტკიცებს, რომ თუ რომელიმე საზოგადოებაში 14 კრიტერიუმიდან ნახევარი მაინც შეიმჩნევა, მაშასადამე ის ქვეყანა ახლოს არის ფაშიზმის დამყარებასთან. მე რომ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვიყო, ჩემს მოსწავლეებთან ერთად ფაშიზმის ტესტს ჩავატარებდი, რათა უკრაინაში ომის გამჩაღებელი ქვეყნის – რუსეთის წყობის არსი ამომეხსნა.

მოდით, მარტივად დავუკავშიროთ უმბერტო ეკოს კრიტერიუმები თანამედროვე რუსეთს.

1. ფაშიზმისთვის დამახასიათებელია ტრადიციონალიზმის ყველაზე მანკიერი ფორმა, რომლის მიხედვითაც ცოდნას განვითარება აღარ სჭირდება. ამ ხედვის მიხედვით, საზოგადოების ყველა საფიქრალზე პასუხი უკვე გაცემულია, ახალი იდეებისა და ღირებულებების განსჯა დროის ფუჭად ხარჯვასთან არის დაკავშირებული. ჭეშმარიტება ერთხელ და სამუდამოდ უკვე აღმოჩენილია.

თუ კარგად დავაკვირდებით, დავასკვნით, რომ პუტინის რუსეთშიც უკვე დიდი ხანია მიაგნეს ჭეშმარიტებას, რომელიც საუკუნეების წინ ჩამოყალიბებულ კონცეფციებთან არის დაკავშირებული. ახალს არავინ ეძიებს, პირიქით, მხოლოდ ძველი იმპერიის რესტავრაციის იდეით არიან შეპყრობილნი.

2. ფაშიზმს გამოარჩევს მოდერნიზმის მიუღებლობა და ირაციონალიზმი. ფაშისტები უარყოფენ განმანათლებლობას, ეწინააღმდეგებიან სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესს, ინდუსტრიალიზაციის მასშტაბებს. თუმცა მათ უარყოფასა და წინააღმდეგობას სრულყოფილი ხასიათი არ აქვს, ხანდახან მხოლოდ ვერბალური ჯანყით შემოიფარგლებიან. მაშასადამე, სიამოვნებით სარგებლობენ იმ მოვლენათა შედეგებით, რომელთაც თავად აკრიტიკებენ.

რუსეთი გლობალური კაპიტალიზმის ერთ-ერთ კრიტიკოსად გვევლინება. რუსები შიშობენ, რომ ტრანსნაციონალური კორპორაციები ხელში ჩაიგდებენ რუსეთის სიმდიდრეებს და ბაზარზე გაანიავებენ მას. იდეური კრიტიკის პარალელურად, საქმით რუსები თავად ქმნიან ამგვარ კორპორაციებს და თავად ანიავებენ ეროვნულ სიმდიდრეს გლობალურ ბაზრებზე. მათი საქმე და სიტყვა ირაციონალურად არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან.

3. „მოქმედება მოქმედებისთვის“. უმბერტო ეკოს მტკიცებით მოქმედებას აზრი, კულტურული ამოცანა უნდა ედოს საფუძვლად. მოქმედება გამართლებული უნდა იყოს გარკვეული კულტურული მიზნებით. ფაშისტებისთვის კი მოქმედება თავისთავად ღირებულებაა, მას არ სჭირდება კულტურული საფუძვლები. კულტურა, უნივერსიტეტები, ინტელიგენცია „კომუნისტური ბაცილის“ გავრცელების კერებად მიიჩნევა, მათგან თანხმობა და მათი იდეური მხარდაჭერა არაფერში არ არის საჭირო.
ლია ახეჯაკოვას, ბორის აკუნინის, ვიქტორ შენდეროვიჩისა და სხვა მოღვაწეების დევნის მაგალითზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმის შესახებ, თუ რამდენად სჭირდება კრემლის მოქმედებებს კულტურულ-საგანმანათლებლო წრეების მხრიდან ლეგიტიმაცია.

4. ფაშიზმისათვის თანხმობის არარსებობა ღალატის ტოლფასია. ფაშისტური მმართველობა ვერ იტანს კრიტიკას, დაეჭვებას, ნაწილთა ინტერესების გათვალისწინებას. ის ესწრაფვის საერთო სახალხო თანხმობას გამონაკლისის გარეშე.

რუსეთში ყველა კრიტიკული მედია საშუალება დახურულია, სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაციები გაუქმების პირას არიან და თავისუფალი საქმიანობის საშუალება არ ეძლევათ.

5. კრიტიკისა და წინააღმდეგობის არარსებობას მივყავართ მტრების, „სხვების“ ძიებამდე, განსხვავებული ადამიანების დევნამდე, მათ სიძულვილამდე.

2000-იანი წლებიდან დღემდე ვაკვირდებით რუსეთის ხელისუფლების მიერ უცხოეთის აგენტებად, მოღალატეებად, მასონებად გამოცხადებული ადამიანების მთელ არმიას, რომელთაც სამშობლოში არ დაედგომებათ და ემიგრაციასა თუ იატაკქვეშეთს აფარებენ თავს.

6. დიდი ლიტერატორის აზრით, ფაშისტური სისტემები განსაკუთრებით უჭერენ მხარს ბურჟუაზიას და საშუალო კლასს თავის დასაყრდენად აცხადებენ.

თანამედროვე რუსეთი ბიზნესისა და პოლიტიკის ურთიერთშეზრდის საფუძველზე ჩამოყალიბებულ კლასსა და სპეციალური სამსახურების შემადგენლობაზე დგას. შესაბამისად, საშუალო ფენასთან განსაკუთრებული კავშირის კრიტერიუმს ჩვენი მეზობელი ქვეყანა ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს.

7. რას ეუბნება ფაშისტური ხელისუფლება ღარიბებსა და მასებს? მათ უნდა იამაყონ, რომ საუკეთესო, გამორჩეულ ქვეყანაში დაიბადნენ. აღნიშნული გარემოება მასებს უნდა აბედნიერებდეს და ამაზე დიდ სიხარულს არ უნდა ესწრაფოდნენ. ამასთანავე, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათი სათაყვანებელი ქვეყნის წინააღმდეგ საერთაშორისო შეთქმულება მზადდება. რიგით მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შეგრძნება, რომ მტრები ყველგან არიან, ქვეყნის გარეთაც და მის წიაღშიც. ისინი უნდა აცნობიერებდნენ, რომ სამშობლო ალყასა და განსაცდელშია.

უმბერტო ეკოს მეშვიდე კრიტერიუმი ერთი ერთში შეესაბამება თანამედროვე რუსეთში გამეფებულ განწყობას. დღეს ყველა ფედერალური ტელევიზია საუბრობს იმის შესახებ, რომ სამყარო რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობს, რათა მსოფლიოში ყველაზე დიდ ქვეყნის სიდიადეს წერტილი დაუსვან.

8. ფაშისტები თავიანთი მტრების წინააღმდეგობრივ სურათს წარმოადგენენ. ერთი მხრივ, ამბობენ, რომ მტერი ძლევამოსილია, აქცენტს სვამენ მათ განსაკუთრებულ მახასიათებლებზე. ამავდროულად კი აცხადებენ, რომ მათი დამარცხება ძალიან ადვილია. ისინი ვერასდროს აფასებენ მტერს ადეკვატურად.

მრავალი გარემოება მიანიშნებს, რომ რუსეთის მთავარსარდლობა უკრაინის აღებას სამ დღეში ვარაუდობდა. თუმცა, როგორც ვხედავთ ჩვენი მეგობრები არნახულ წინააღმდეგობას უწევენ მოწინააღმდეგეს და რამდენიმე კვირაა სიცოცხლის ფასად ამაგრებენ თავიანთ ქალაქებსა და სოფლებს.

9. „არ ვიბრძვით სიცოცხლისთვის, ვცოცხლობთ ბრძოლისთვის“ – მაშასადამე, ფაშიზმი ბრძოლას თვითმიზნად აცხადებს. ამასთანავე, ფაშისტებს აქვთ გადამწყვეტი ბრძოლის რწმენა, რომელშიც გამარჯვება სამუდამო მშვიდობისა და კეთილდღეობის დასადგურების წინაპირობა გახდება.

რუსული პროპაგანდისტული მედია აღნიშნულ გარემოებაზეც ხშირად საუბრობს. სალავიოვი, კისილიოვი, სიმონიანი არცთუ ისე იშვიათად მიანიშნებენ იმაზე, რომ უკრაინასთან ომში გამარჯვება რუსეთის ყველა ძირითად გეოპოლიტიკურ ამოცანას გადაწყვეტს და სლავ ხალხებს შორის დიდი ხნით დაამყარებს მშვიდობას.
10. ელიტარიზმი – ფაშისტური მმართველობის დასაყრდენს ერთგვარი ელიტა წარმოადგენს. ელიტის მიზანს წარმოადგენს მისი წევრების ორგანიზება და ძალაუფლების ვერტიკალის ირგვლივ მათი გაერთიანება. ამასთანავე, ელიტა საკუთარ ამოცანად მიიჩნევს მასის დაყოფას, დაქსაქსვას. მასების მობილიზება მხოლოდ ხელისუფლებას უნდა შეეძლოს და არავის სხვას. ხელისუფლების გარეშე მასა ატომიზირებული, მარტო დარჩენილი ინდივიდებისგან უნდა შედგებოდეს.
თანამედროვე რუსეთშიც შესამჩნევია ამგვარი კონსტრუქციების არსებობა. პუტინის ირგვლივ ადვილად აღმოაჩენთ ორგანიზებულ ელიტებსა და ინტერესჯგუფებს, რომლებიც რეჟიმის საიმედო პარტნიორები არიან. საერთო რუსული მასშტაბით შეუძლებელია იმგვარი ოპოზიციური პარტიის, პროფკავშირების, ეკლესიის ან სხვა ტიპის ინსტიტუტის აღმოჩენა, რომელსაც ხელისუფლების გარეშე შეუძლია კრიტიკული მასის მობილიზება.

11. ფაშისტურ საზოგადოებებში არსებობს სიკვდილის კულტი. ადამიანებს ზრდიან იდეით, რომ გმირულ სიკვდილზე უკეთეს საქმეს სამშობლოსთვის ვერ გააკეთებ. გმირული სიკვდილი ყველასთვის უმაღლესი ჯილდოა.

სამწუხაროდ, დადასტურებული ცნობები არ მაქვს იმის შესახებ, თუ რამდენად არის ამგვარი სულისკვეთება გავრცელებული რუსეთის ფედერაციაში. ჩავთვალოთ, რომ ფაშიზმის ამ კრიტერიუმს მეზობელი ქვეყანა ბოლომდე ვერ აკმაყოფილებს.

12. ომისკენ, ძალადობისკენ მისწრაფება ფაშისტურ ქვეყანაში მასკულინური კულტის, პატრიარქალური კულტის წარმოქმნის წინაპირობებს ქმნის. მიზოგინია და შეუწყნარებლობა ამგვარი რეჟიმების მნიშვნელოვანი მახასიათებელია.
ვისაც ერთხელ მაინც მოუკრავს თვალი რუსეთის წინასაარჩევნო კამპანიისათვის, შესანიშნავად უწყის, თუ რა არნახულად დიდი გასავალი აქვს მეზობელი ქვეყნის საზოგადოებაში ვულგარულ „მაჩოიზმს“.

13. ფაშიზმი პოპულიზმის განსაკუთრებულ ფორმას ანიჭებს უპირატესობას. ამგვარი პოპულიზმი ხალხს მონოლითურ ერთობად განიხილავს, რომლის ნება თავს ერთ, რჩეულ წინამძღოლში იყრის. ამგვარი პოპულიზმი არ ტოვებს ადგილს საპარლამენტო დემოკრატიისათვის, არჩევნებისთვის.

პუტინის მმართველობის პერიოდში რუსეთის პარლამენტიდან საბოლოოდ გაქრნენ დემოკრატიული ძალები, პარლამენტი უფუნქციო სტრუქტურად იქცა. პრეზიდენტის ხელში კი თავი მოიყარა ფაქტობრივად შეუზღუდავმა ძალაუფლებამ. რამდენიმე დღის წინ „ლუჟნიკების“ მოედანზე პუტინის გამოჩენამ და ლიდერის დანახვით გამოწვეულმა ოვაციებმა შესანიშნავად წარმოაჩინა თანამედროვე რუსეთის კავშირი თვისებრივ, განსაკუთრებულ პოპულიზმთან.

14. ფაშიზმი საუბრობს მარტივ, ახალ ენაზე, რომელიც ხელს არ უწყობს აზროვნებას და წყალს ასხამს ადამიანებით მანიპულაციის წისქვილზე. ღარიბი ლექსიკა, პრიმიტიული სინტაქსი, აზროვნების შემზღუდავი ჩარჩოები ფაშისტური ქვეყნების სახელმძღვანელოთა მთავარი მახასიათებელია.

სამწუხაროდ, ახალი ენის შესახებ მსჯელობისთვის საჭირო მასალები არ გამაჩნია. აქედან გამომდინარე, ამ კრიტერიუმის ბედი რუსეთისთვის სასარგებლოდ გადავწყვიტოთ.
თუ კიდევ ერთხელ გადავხედავთ უმბერტო ეკოს ნუსხას და მის მიერ ჩამოთვლილი პუნქტების მიხედვით ჩვენ მიერ ჩატარებულ სწრაფ ტესტს, აღმოვაჩენთ, რომ რუსეთი ფაშიზმის 14-დან 11 კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ცხადია, ხელის ერთი მოსმით წარმართული მსჯელობის საფუძველზე უტყუარი დასკვნების ჩამოყალიბების პრეტენზია არ გვაქვს. არც უმბერტო ეკოს კონცეფციაა ერთადერთი და უნივერსალური. უბრალოდ, მოსწავლეებს მსჯელობისთვის საფუძველი მიეცემათ და შეიძლება ფაშიზმზე „PCR-ტესტის” ჩატარების სურვილი, ლაბორატორიული კვლევების გაგრძელების განზრახვა გაუჩნდეთ.

ჩინური თავსატეხი-ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილებისთვის

0

როგორ მოახერხა ჩინეთმა განვითარების ყველასგან განსხვავებული გზის პოვნა

ნაწილი მეორე

დღეს ჩინეთი იძულებულია, შეცვალოს თავისი სავაჭრო-ეკონომიკური მოდელი – ორიენტაცია შიდა ბაზარზე აიღოს. ჩინურ ეკონომიკურ ლექსიკონში ამას „ორმაგი ბრუნვის“ პრინციპს ეძახიან. ამას ერთვის ისიც, რომ ადამიანებს მეტი შრომა უწევთ – ჩინეთში ჩამოყალიბდა ე.წ. საშუალო კლასი, რომელიც დაახლოებით 400-450 მილიონ ადამიანს ითვლის. ამ ფენას სულ სხვა მოთხოვნები და ცხოვრების წესი აქვს. როგორც ყველგან, საშუალო კლასი მუშაობს საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის, სიმდიდრის დასაგროვებლად, ხოლო ჩინეთს შემდგომი წინსვლისთვის კვლავ ძალიან სჭირდება ეკონომიკური ზრდის სტიმულის შენარჩუნება. ხშირად ამ ფაქტორს ჩინეთის გრძელ სამუშაო დღეებს აბრალებენ. აქ სიტუაციაში კარგად გარკვევაა საჭირო – ჩინეთში ეკონომიკის მთავარი მახასიათებელი არა მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), არამედ მენეჯერული აქტივობის ინდექსი (Purchasing Managers’ Index, PMI) გახლავთ. ითვლება, რომ თუ ეს მაჩვენებელი 50-ზე მაღალია, მაშინ ვაჭრობა და ეკონომიკა ვითარდება. ბოლო ხანს ეს ინდექსი 50-ზე დაბლა ჩამოვიდა. ეს ქვეყნისათვის ნამდვილ შოკად იქცა. რაც შეეხება ტრადიციულ ინდიკატორებს, მათ შორის – მშპ-ს, არიან ქვეყნები, რომლებიც ამ მონაცემით ჩინეთს უსწრებენ, მაგალითად, მეზობელი ვიეტნამი. ასევე დიდხანს ჰქონდა 17%-იანი ზრდა ჩინეთის ჩრდილოელ მეზობელს – მონღოლეთს. მაგრამ ეს მცირე ეკონომიკური საბაზო მაჩვენებლებით უფრო იყო განპირობებული, ვიდრე რეალური ეკონომიკური ზრდით. მზარდი მშპ-ს რიცხვებით მანიპულაციას ხშირად შეცდომაში შევყავართ. ამიტომ ჩინეთიც PMI მაჩვენებელს უფრო უყურებს და მის სტიმულირებას ცდილობს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩინეთის წამყვანი ბანკები მთლიანად სახელმწიფოს მფლობელობაში არიან, რაც კაპიტალიზმის პირობებში შეუძლებელია.
რა თქმა უნდა არსებობს მსხვილი კერძო სექტორი – Huawei, ZTE, Alibaba. ყველა მათგანი კერძო კორპორაციაა, მაგრამ უნდა გავიხსენოთ, როგორ გაჩნდნენ ისინი. თავიდან სახელმწიფომ გამოყო მსხვილი კრედიტები ამ კომპანიების განსავითარებლად, რის შედეგადაც სტარტაპები უმსხვილეს კორპორაციებად გადაიქცნენ. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ რაკი მას ამ ბიზნესების სტიმულირებაში წვლილი აქბს შეტანილი, კორპორაციებიც ვალდებულნი არიან, სახელმწიფოსთვის იმუშაონ.

თუ სახელმწიფო მოწყობის სხვადასხვა მოდელს ერთმანეთს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ჩინური მოდელი რუსულთან უფრო ახლოა (მასშტაბებში განსხვავების მიუხედავად) და არაფრით ჰგავს ამერიკულ ან ევროპულ მოდელებს. ჩინეთის მოდელს და მის გამოცდილებას მრავალი აზიური ქვეყანა გაჰყვა. მაგალითად, ინდონეზია და მალაიზია, სადაც სტრატეგიული დაგეგმარების საკითხებს სახელმწიფო აგვარებს, ხოლო ტაქტიკა მცირე და საშუალო საწარმოებს ეთმობა.

„ტოტალური კონტროლის ტექნიკური სისტემა ჩინეთს უკვე აქვს“. ალბათ გსმენიათ ჩინეთში არსებულ „რეიტინგების სისტემაზე“. მის შესახებ აზრი იყოფა. ზოგი მას განხორციელებულ ანტიუტოპიად და ორუელისებურ ტოტალიტარიზმად მიიჩნევს, ზოგი კი ამბობს, რომ საუბარია მხოლოდ საბანკო სისტემის მცდელობაზე, რომელიც ცდილობს, არაკეთილსინდისიერ მოვალეებს ფული დააბრუნებინოს. სინამდვილეში როგორ არის საქმე? რას ნიშნავს ადამიანების ტოტალური კონტროლი, შეფასება და მათთვის რეიტინგების მინიჭება?

პროფესორი მასლოვი განმარტავს, რომ სოციალური რეიტინგის ან სოციალური დაკრედიტების სისტემა ჩინურ კანონმდებლობაში 2021 წლის იანვარში შევიდა. მისი დანერგვა პანდემიის გამო დგვიანდა, თუმცა ფორმალურად გადაწყვეტილება 2014 წლიდან არსებობდა და სისტემას სატესტო რეჟიმში ამუშავებდნენ, სხვათა შორის, კერძო კომპანიებიც (Alibaba და Tencent).

სოცრეიტინგების ჩინური სისტემა დახლოებით ასე გამოიყურება: თითოეულ ადამიანს ენიჭება ათასი ქულა – საკრედიტო ერთეული. ქულები შეიძლება გაზარდოთ, ხოლო თუ „ცუდად მოიქცევით“ – დაკარგოთ. ტექნიკურად ტოტალური კონტროლის სისტემა უკვე არსებობს, თუმცა ის ყველგან არ არის დანერგილი. აშკარაა, რომ თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, სისტემა ხვალვე ყველგან ამოქმედდება.

ქულების რაოდენობაზე მოქმედებს საბანკო კრედიტების მიმართ მსესხებლის კეთილსინდისიერება. მეორე მომენტია ადამიანის მონაწილეობა სოციალურად მნიშვნელოვან ღონისძიებებში. მაგალითად, მოხალისედ მუშაობა კოვიდით დაავადებულთა სავადმყოფოში. რეიტინგზე დადებითდ მოქმედებს მოხუცებზე ზრუნვა. ჩინეთში მოქმედებს ქუჩებისა და საცხოვრებელი სახლების კომიტეტები, რომელთა ხელმძღვანელობა აკვირდება ბინადართა ქცევას. თუ თქვენი კომიტეტის ხელმძღვანელობამ ზემდგომებს შეატყობინა, რომ თქვენ სათანადოდ ზრუნავთ თქვენს მოხუც მშობლებსა და შვილებზე, თქვენი რეიტინგი მოიმატებს; თუ პირიქით – დაიკლებს.

არსებობს ასეთი პუნქტიც: სტიმულირება პირადი მაგალითით. მაგალითად, შეგიძლიათ, მონაწილეობა მიიღოთ შაბათობაში ან პირველმა გაიკეთოთ კოვიდის ვაქცინა. არის სრულიად უბრალო მაგალითებიც – ქულებში აისახება, ამტვრევთ თუ უფრთხილდებით ნაქირავებ ველოსიპედს. ეს მონაცემთა გიგანტური ბაზებია, რომლებსაც მთავრობა ჯერ კიდევ ტესტირების რეჟიმში სწავლობს.

რისთვის კეთდება ეს? ამის გაგება ალბათ შეიძლება – დედამიწაზე არ არსებობს მეორე ქვეყანა 1,4 მილიარდი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანი ცხოვრობს. ბევრი მათგანი არც წყანარია და არც ზრდილობიანი. ისიც სიმართლეა, რომ ყოველგვარ დარღვევაზე ჯარიმას ვერ გამოწერ, ციხეს ვერ მიუსჯი. ეს ხალხში ბრაზსა და უკმაყოფილებას გამოიწვევს.

წამოწყების მთავარი იდეა ალბათ ის არის, რომ ყველა აკვირდებოდეს ყველას ქცევას. ეს მნიშვნელოვანია. წინათ, თუ მეზობლები ზედმეტად ხმაურობდნენ, თავად გიწევდათ მათთან ჩხუბი და ურთიერთობის მოგვარება, სოციალური რეიტინგების სისტემის დანერგვის შემდეგ კი საკმარისია შეატყობინოთ „სადაც ჯერ არს“. უნდა ითქვას, რომ ასეთი პრაქტიკა ჩინეთში ადრეც არსებობდა, მაგრამ მაშინ „საჩივრებს“ ქაღალდზე წერდნენ.

მოსალოდნელია, რომ ჩინეთი სოცრეიტინგების სისტემას სავალდებულოს გახდის, თუმცა ეს ალბათ თანდათანობით მოხდება. ჯერჯერობით ხელისუფლება აკვირდება, როგორ მიიღებს ხალხი ამ ახალ წესებს.

სოციალური გამოკითხვების მიხედვით, საზოგადოება სოცრეიტინგებს დადებითად იღებს. ძნელი წარმოსადგენია ასეთი სისტემის დანერგვა, ვთქვათ, ევროპაში. ასეთი წამოწყებების კოპირება დიდი ხიფათის შემცველია. მაგრამ ჩინეთში ასეთი რამ ყოველთვის არსებობდა – წინათ ყველა ქუჩაზე იდგა „ნდობის ყუთები“ – ყველას შეეძლო, დაეწერა დასმენა ან საჩივარი და ჩაეგდო ყუთში – მას აუცილებლად განიხილავდნენ. თუმცა ეს კლასიკური „ანონიმკა“ არ ყოფილა – განიხილებოდა მხოლოდ ხელმოწერილი საჩივრები.

როგორც ხედავთ, შუა საუკუნეების ჩინეთში უკვე არსებობდა რაღაც სოცრეიტინგების მსგავსი – ყველა ყველას უთვალთვალებდა და აკვირდებოდა. აზიური წესების მცოდნეთათვის ეს შეიძლება უზბეკურ „მახალლას“ ჰგავდეს – თემის წევრებზე სათემო მეთვალყურეობის წესს. ჩინეთიც აზიის სახელმწიფოა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სათემო ცხოვრების წესები იქ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ჩინეთი თემურობისგან შორს არ წასულა, ის დღესაც ძლიერია.

რაც შეეხება სოცრეიტინგის ქულების კლებას, უნდა გვახსოვდეს, რომ რეიტინგი არ არის სისხლის სამართლის კოდექსის ანალოგი თუ მისი შემცვლელი. თუ რამეს მოიპარავთ, ციხეში მოხვდებით, ხოლო თუ რეიტინგი შეგიმცირდათ – გაგიჭირდებათ ბანკში სესხის აღება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან თითქმის ყველა ჩინელი ამა თუ იმ ტიპის მეწარმეობას ეწევა.

მეორე მომენტი: დაბალი ქულის შემთხვევაში შესაძლოა შეგეზღუდოთ საავიაციო და სარკინიგზო ბილეთების შეძენის უფლება პიკურ სეზონებზე. თქვენ უბრალოდ რიგის ბოლოსკენ გადაგწევენ.

მესამე: თუ დაბალი ქულა გაქვთ, მაგალითად, ველოსიპედის დაქირავებისას დეპოზიტის შეტანას მოგთხოვენ, მაღალი სოცრეიტინგის მქონე ადამიანებს კი ეს არ მოეთხოვებათ. ჩინეთში ველოსიპედი მნიშვნელოვანია – ის ქალაქში გადაადგილების მთავარ საშუალებას წარმოადგენს.

კომერციულმა კომპანიებმა ბოლო 30 წლის განმავლობაში უკვე მიაჩვიეს ჩინელები სოციალური რეიტინგების სისტემას. ჩინეთში ეს ერთგვარ თამაშად გადაიქცა. მაგალითად, საკომუნიკაციო კომპანიები მომხმარებელს მუდმივად სთავაზობენ ქულების დაგროვებას და ტარიფზე მათ გადაცვლას. სოცრეიტინგების სიტემაც დაახლოებით ასეთივე წესებით მოქმედებს.

ოქსიმორონი

0

საინტერესო ფენომენია სიტყვათწარმოება. ჩვენი მოქნილი ენის მოძრაობა და ჰაერის ნაკადის მდინარება შეიძლება ასოებითა და სასვენი ნიშნებით გამოისახოს. სამი ათეული ასო-ბგერის საშუალებით შეიძლება ჩაწერო და საუკუნო სიცოცხლე მიანიჭო სხვის გასაგონად თუ შენთვის, გულში წარმოთქმულ სიტყვას.

რამდენი სიტყვის დაწერა შეიძლება ამ ასო–ბგერებით? ვინ მოთვლის. აქ ყველა მათემატიკური ხრიკი უძლურია. თუმცა კითხვაზე, რამდენი სიტყვა არსებობს, პასუხი მარტივია: იმდენი, რამდენიც ვიცით. ეს ცოდნა ინდივიდუალურია. უფრო მეტიც – ერთ ადამიანსაც კი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სიდიდის სიტყვათა მარაგი აქვს. ერთეულებით იწყება, თანდათან იზრდება, მერე ისევ კლებას იწყებს და ბოლოს სულაც ქრება…

ტვინის უჯრედების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ ყოველი ახალი სიტყვის დასწავლას შეიძლება რომელიმე შეეწიროს, ან დიდი ხსნის გამოუყენებლობით რომელიმე მათგანი მეხსიერების ისეთ ბნელ კუნჭულში გადავინახოთ, რომ მერე ვეღარ მივაგნოთ. ესეც დაკარგვის ტოლფასია…

სიტყვა „ოქსიმორონი“ ერთი კარგი ნაცნობისგან მოვისმინე პირველად. მერე შევამჩნიე, რომ ხშირად იყენებდა, თან ისე მოქნილად, სიტყვათიუველირული სიზუსტით, რომ ტექსტიც და ქვეტექსტიც გასაგები ხდებოდა. მაგრამ „ოქსიმორონის“ ზუსტი განსაზღვრება რომ გეკითხათ, ვერ გეტყოდით. ამიტომ ავდექი და ლექსიკონს ჩავხედე. მერე მაგალითების მოძიება ვცადე… და მართლაც, დღევანდელ ტექნიკურ-ტექნოლოგიური ტერმინებით, ბარბარიზმებით, ნეოლოგიზმებით და ბევრი სხვა იზმით გადავსებულ ყოველდღიური მოხმარების ენაში მათ უფრო ადვილად იპოვი, ვიდრე რიყეზე კენჭს.

გახსოვთ ალბათ, ამ რამდენიმე წლის წინ გლობალური კონფლიქტის მოგვარებისა და მეგასახელმწიფოების ვნებათა დაშოშმინების მიზნით ერთმა ქვეყანამ მაამებლური პოლიტიკა რომ წამოიწყო, რომელსაც ქართულად „გადატვირთვა“ დავარქვით. მას შემდეგ სულ ვფიქრობ და ვერაფრით ამიხსნია: „გადატვირთვა“ სიმშვიდისა და სტაბილურობის მომტანი როგორ უნდა ყოფილიყო? სკოლის ფიზიკის სახელმძღვანელო თუ არ გადაგიშლია და არ იცი, რა არის მოძრაობა, აჩქარება და გადატვირთვა, თვითმფრინავში მაინც არ მჯდარხარ? ფრენა ადვილია, აფრენა-დაფრენაა საქმე. სწორედ მაშინ არის, რომ სისხლის თითქმის მთელი მარაგი ერთ ორგანოში იყრის თავს და ან თავი გიხდება რუმბივით, ან ყურები საშინლად გიწუის… მექანიკურად შემოტანილი სიტყვები კიდევ სხვა პრობლემაა…

მოკლედ, ეს გადატვირთვა რომ დასრულდა და რუსეთმა თავისუფალი ფრენის სიმაღლეს მიაღწია, მაშინ დაიწყო, რაც დაიწყო… ეს სამყარო ერთპოლუსიანია და ასე ვეღარ გაგრძელდებაო, მეორე პოლუსი ჩვენ უნდა შევქმნათო, დიდი რიხითა და მუშტების ბრახუნით ბრძანა მავანმა. მაგრამ რას ნიშნავს ერთპოლუსიანი სამყარო? ცალ-ცალკე „ერთიც“ და „პოლუსიც“ გასაგებია, მაგრამ ერთად – ოქსიმორონია, სხვების გასაბიაბრუებლად მოგონილი ეკლექტიკური ნაკრები. როგორ შეიძლება, რამეს ერთი პოლუსი ჰქონდეს? პოლუსი ნიშნავს, რომ ერთ მხარეს ჭარბად არის თავმოყრილი რაღაც – მუხტი, ელექტრონები, ენერგია… ეს კი იმავდროულად იმასაც ნიშნავს, რომ მეორე მხარეს მისი დეფიციტია – ანუ არსებობს საპირისპირო პოლუსიც. დედამიწასაც ორი პოლუსი აქვს, მაგნიტურ ღეროსაც, ელემენტსაც და აკუმულატორსაც… უფრო მეტიც: მაგნიტს რომ რომელიმე ერთი პოლუსი (ბოლო) მოატეხოთ, დარჩენილ ნატეხებს ისევ ორ-ორი პოლუსი ექნება.

კიდევ უფრო დიდი ოქსიმორონი იყო განაცხადი, ორპოლუსიანი სამყარო უფრო მშვიდი და უსაფრთხო იქნებაო. ორი პოლუსი ნიშნავს, რომ ერთიდან მეორისკენ ყოველთვის ხდება ლტოლვა. ელექტრონები კათოდიდან ანოდისკენ მიიჩქარიან, იონები ელექტროლიტში – საპირისპიროდ დამუხტული ელექტროდებისკენ, სითხეები და აირები – მაღალი წნევის ადგილიდან დაბალი წნევის ადგილისკენ, ნივთიერებები – უფრო კონცენტრირებული არეალიდან დაბალკონცენტრირებულისკენ, სითბო – თბილი ზედაპირიდან შედარებით გრილისკენ.  სწორედ ამის დამსახურებაა, რომ გვაქვს ელექტროენერგია, ელემენტები და აკუმულატორები, მილსადენებში წყალი მოედინება, თვითმფრინავი ახერხებს დედამიწის ზედაპირიდან აფრენას, შაქრიანი ჩაის ყოველი ყლუპი თანაბრად ტკბილია, მოსავლის აღების შემდეგ დედამიწაში მიკრო–და მაკროელემენტების ბალანსი კვლავ აღდგება მომდევნო მოსავლისთვის და ა.შ.

მოკლედ, ორი პოლუსის არსებობა შობს მოძრაობას, მოძრაობა კი – ენერგიას. იქ, სადაც ენერგიაა, სრულდება მუშაობა. მუშაობა კი, თავის მხრივ, წინსვლის, განვითარების, შემოქმედების საწინდარია… ცხადია, რაღაცის დანგრევასაც ენერგია სჭირდება, მაგრამ პოლუსების არსებობას ამაში ბრალი არ მიუძღვის – ეს იმ „შემოქმედის“ სინდისზეა, რომელსაც პოლუსებთან შეერთებული სადენები უჭირავს ხელში და არასწორად აერთებს.

სიმშვიდე და „უსაფრთხოება“ მხოლოდ იქაა, სადაც სრული ერთფეროვნებაა (პოლუსები არ არსებობს). ასე კი ალბათ მხოლოდ სამოთხეშია…

 

მულტფილმების გავლენა ბავშვის ფსიქიკაზე

0

ვფიქრობ, ნებისმიერი აღმზრდელი დამეთანხმება, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმიანობა მულტფილმების ყურებაა. ყველა ბავშვს უყვარს მულტფილმები. ისინი ადრეული ასაკიდან „მონუსხული“ უყურებენ ეკრანს. ალბათ ბევრი მშობელი არ დაფიქრებულა იმაზე, თუ რატომ იზიდავს მაგნიტივით ტელევიზორის ეკრანი პატარას და თვალს ვერ აცილებს იქ გამოჩენილ გამოსახულებებს. ისინი სხედან მოჯადოებული და მზად არიან, მორიგი მულტფილმის საყურებლად ნებისმიერი რამ გააკეთონ. ბევრ მშობელს გამოუვალი მდგომარეობა აიძულებს, ჩაურთოს ბავშვს მულტფილმი; ცდილობს, გადართოს ბავშვის ყურადღება სხვა მიმართულებით, იმისათვის, რომ პატარამ სხვა საქმის კეთებაში ხელი არ შეუშალოს. სანამ ბავშვი გატაცებით უყურებს მორიგ მულტფილმს, უფროსი ბევრი რამის გაკეთებას ასწრებს, რაც მისთვის ძალიან მომგებიანია. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ, მართალია, ბავშვებს მოსწონთ მულტფილმების ყურება, მაგრამ ყველაფერი, რაც მათ მოსწონთ, შეიძლება მათთვის სასარგებლო არ იყოს. იმ დროს, როცა ბავშვი მორიგ მულტფილმს გატაცებით უყურებს, ბევრი მშობელი ალბათ არ ფიქრობს იმაზე, რომ მულტფილმების საყურებლად მუდმივად ეკრანის წინ ჯდომა შეიძლება მათი პატარისთვის მავნე ჩვევად იქცეს და ძალიან მალე გაუჭირდეს მისი ეკრანიდან მოწყვეტა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს სამყაროში არაფერია მხოლოდ დადებითი ან მხოლოდ უარყოფითი, და, რომ ყველაფერში შეიძლება ვიპოვოთ როგორც პლუსები, ასევე მინუსები, მულტფილმების გავლენა ბავშვის ფსიქიკაზე სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა გაანალიზდეს.

მულტფილმების დადებითი გავლენა ბავშვის ფსიქიკაზე და მის განვითარებაზე:

  • პიროვნების ფორმირების პროცესში განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპებს ბავშვი 7 წლამდე გადის, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ბავშვი განსაკუთრებით არის გატაცებული მულტფილმების ყურებით. იმაზე, თუ რა ჩაიდება პატარა არსებაში ამ წლებში, ბევრად არის დამოკიდებული შემდგომში მისი ფსიქიკის განვითარება. მულტფილმი ბავშვის აღზრდისა და განვითარების ერთ-ერთ ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს განმავითარებელი, შემეცნებითი და აღმზრდელობითი როლი ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში. ხატოვანი, წარმოსახვითი, საყურებლად სასიამოვნო და გასართობი მულტფილმები თავისი განმავითარებელი შესაძლებლობებით ახლოს არის ზღაპრებთან, თამაშებთან, ცოცხალ ურთიერთობებთან;
  • მულტფილმი შეიძლება ბავშვის მეტყველების განვითარების სერიოზული ხელშემწყობი გახდეს. ისმენს რა პერსონაჟების ლამაზ, გამართულ მეტყველებას, პატარა იმდიდრებს ლექსიკურ მარაგს, სწავლობს გამართულად ლაპარაკს, საკუთარი აზრების ლამაზად, სწორად ფორმულირებას და შეიძლება გააოცოს კიდეც გარშემომყოფები თავისი გამონათქვამებით;
  • მულტფილმი ავითარებს წარმოსახვას, აზროვნებას და მეხსიერებას. ბავშვი სწავლობს მულტფილმის შინაარსის გაანალიზებას, შედარებას, განზოგადებას, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის პოვნას;
  • მულტფილმს სერიოზული დახმარების გაწევა შეუძლია სწავლების პროცესში. მულტფილმები მოგვითხრობს გარემომცველ სამყაროზე.მათი დახმარებით ბავშვმა შეიძლება ისწავლოს თვლა, კითხვა, უცხო ენაზე ლაპარაკი, შეისწავლოს გეომეტრიული ფიგურები, ფერები;
  • მულტფილმს შეუძლია განავითაროს შემოქმედებითი უნარები, წარმოსახვა. ის კვებავს ბავშვის ფანტაზიას, უტოვებს მას ნათელ შთაბეჭდილებებს და შეიძლება გახდეს წყარო მისი შემოქმედებისა.

მიუხედავად იმისა, რომ მულტფილმებს საკმაოდ ბევრი პლუსი აქვს და მათი ყურება შეიძლება დადებითი შედეგის მომტანი აღმოჩნდეს ბავშვისთვის, ისინი გარკვეული საფრთხის შემცველიც არიან და მათმა ყურებამ შეიძლება ნეგატიურადაც იმოქმედოს ბავშვზე.

მულტფილმების ყურებიდან მომდინარე საფრთხეები ბავშვის ფსიქიკისთვის:

  • მულტფილმების უკონტროლო ყურებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის მხედველობის და ნერვული სისტემის გადატვირთვა;
  • მულტფილმებიდან შეიძლება მოედინებოდეს ისეთი ინფორმაცია, რომლის აღქმისთვის პატარას ჯერ კიდევ არა აქვს საკმარისი ცოდნა, გამოცდილება და არ შეუძლია მისი გაფილტვრა, გაანალიზება და კრიტიკულად შეფასება. თუ ეს ინფორმაცია უარყოფითი შინაარსის მატარებელია, დიდი ალბათობით ის ნეგატიურ გავლენას მოახდენს ბავშვის ფსიქიკაზე;
  • მულტფილმებში ბავშვი ხედავს ქცევის მოდელს. ის აიგივებს საკუთარ თავს მთავარ პერსონაჟებთან; აკოპირებს მათ მეტყველებას, ქცევას და სწავლობს. როგორ იმოქმედოს ამა თუ იმ სიტუაციაში, რეალურ ცხოვრებაში. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბავშვმა შეიძლება მიბაძოს, როგორც დადებით, ასევე უარყოფით პერსონაჟებს. ხშირად უფროსების მიერ დაფიქსირებული ბავშვის აგრესიული ქცევის მიზეზი შეიძლება იყოს მულტფილმის მთავარი პერსონაჟებისთვის მიბაძვის სურვილი. პატარასთვის ძალიან ძნელია იმაში გარკვევა, ვინ არის ნამდვილად კარგი და ვინ ცუდი. როგორც წესი, ასეთ დროს ის ირჩევს ქცევის იმ სტრატეგიას, რომელიც მას უფრო ლოგიკურად ეჩვენება;
  • გამომდინარე იქიდან, რომ ძალადობის სცენები იშვიათი არ არის თანამედროვე მულტფილმებში, ბავშვმა შეიძლება ქცევის ისეთი მოდელი „აიღოს“ ნანახი მულტფილმიდან, რომელიც მას გარშემომყოფებთან ურთიერთობას სერიოზულად გაურთულებს;
  • მულტფილმის ყურება ბავშვში ძლიერ ემოციურ რეაქციას იწვევს. სწორედ ამიტომ, მისი სიუჟეტი დიდხანს რჩება პატარის ცნობიერებაში, ის ღრუბელივით შთანთქავს, იწოვს ნებისმიერ ინფორმაციას ისე, რომ ხშირად არც კი ესმის მისი აზრი. ხშირად ცვალებადი კადრები საშუალებას არ აძლევს პატარას, გააცნობიეროს მათი თანმიმდევრობა;
  • მულტფილმებში გამოყენებული მყვირალა ფერები, ხმამაღალი, მკვეთრი ბგერები დიდ ზეწოლას ახდენს ბავშვის მოუმწიფებელ ფსიქიკაზე, იწვევს თავის ტკივილს და მომატებულ შფოთიანობას; ამასთან, შესაძლებელია შიშების გამოვლენაც. საღამოს საათებში ასეთი მულტფილმების ყურების შემდეგ ბავშვს გაუჭირდება ღამით დაძინება და ძილიც საკმაოდ შფოთიანი ექნება;
  • ხანგრძლივი დროის განმავლობაში მულტფილმების ყურებამ შეიძლება ბავშვში მულტფილმების მიმართ დამოკიდებულება, მიჯაჭვულობა გამოიწვიოს. მულტფილმებს მიჩვეული ბავშვი მათი ყურების აკრძალვის შემთხვევაში ხდება ჭირვეული, აპათიური, ნერვიული. ასეთ დროს ძნელია ბავშვის დაინტერესება წიგნით, ხატვით, ძერწვით. მისთვის გაცილებით უფრო მომხიბვლელია მულტფილმის ყურება, სადაც ყველაფერი გაცილებით დინამიკურად მიმდინარეობს, ემოციურია, ფერადია და თან მუსიკაც ახლავს.

როგორც ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ჩანს, მულტფილმის გავლენა ბავშვზე ერთგვაროვანი არ არის. ის შეიძლება იყოს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი და საფრთხის შემცველიც. ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია მულტფილმების ისე შერჩევა და გამოყენება, რომ მათ დადებითი გავლენა მოახდინონ ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაზე.

რეკომენდაციები მულტფილმებიდან მომდინარე საფრთხეების თავიდან ასაცილებლად:

  • ყურადღებით და დიდი სიფრთხილით შევარჩიოთ მულტფილმები, რომლებსაც ბავშვს ვთავაზობთ;
  • გავითვალისწინოთ, რომ მულტფილმი, პირველ რიგში, უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკს. ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე პატარას არ შეუძლია ნებისმიერი მულტფილმის არსის გაგება. ამის გარეშე კი მას გაუჭირდება თანაუგრძნოს მულტფილმის გმირს. თანაგრძნობა, თავის მხრივ, ყურადღებით მომართავს ბავშვს, საშუალებას აძლევს თვალ-ყური ადევნოს ლოგიკურ ჯაჭვს, დააფიქროს და აითვისოს ის, რასაც ეკრანზე ხედავს;
  • სასურველია, მულტფილმის სიუჟეტი იყოს მარტივი და ბავშვის ცხოვრებასთან ახლოს;
  • კარგი იქნება, თუ ჩვენ წინასწარ თავად ვნახავთ იმ მულტფილმს, რომლის შეთავაზებასაც ბავშვისთვის ვაპირებთ; გავეცნობით მის შინაარსს, გავიგებთ, რა ასაკის ბავშვებზეა ის გათვლილი. ნუ მოგვხიბლავს მულტფილმის პოპულარობა. გავითვალისწინოთ, რომ თუ მულტფილმი პოპულარულია, ეს არ ნიშნავს, რომ ის ნამდვილად სასარგებლოა. გვახსოვდეს, რომ ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლები მის გარშემო მყოფი უფროსები ვართ; მულტფილმი არა მხოლოდ საინტერესო, სასარგებლოც უნდა იყოს;
  • ნუ დავტოვებთ პატარას მარტო მულტფილმის ყურების დროს – როგორც მისი მიმდინარეობის, ასევე დასრულების შემდეგ ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ მულტფილმის გმირების, მათი ქცევის შესახებ. ჩვენი კომენტარები დაეხმარება მას კრიტიკულად აღიქვას მულტფილმის შინაარსი, გააანალიზოს მისი პერსონაჟების ქცევა;
  • ყურადღება მივაქციოთ მულტფილმში გამოყენებულ ფერებს, მუსიკასა და პერსონაჟების გარეგნულ სახეს, სახის ნაკვთებს, ფიგურის პროპორციებს. კაშკაშა, არაბუნებრივი ფერები ბავშვისთვის ძალიან დამღლელია, ამასთან მასში ნერვიულობასა და აგრესიასაც იწვევს. გვახსოვდეს, რომ მხედველობითი ხატები საკმაოდ მდგრადია და დიდ გავლენას ახდენს ბავშვის ცნობიერებაზე;
  • საჭიროა ვაკონტროლოთ, რა დროს ატარებს ბავშვი ეკრანის წინ მულტფილმების ყურებაში. 3 წლამდე ასაკის პატარებისთვის საერთოდ არ არის რეკომენდებული მულტფილმების ყურება. ამ ასაკის ბავშვებს არ შეუძლიათ ერთდროულად ჯდომა, მულტფილმის ყურება და მოსმენა;
  • სასურველია, რომ ყოველდღე არ შევთავაზოთ ბავშვს მულტფილმების ყურება. საკმარისი იქნება, თუ ამას კვირაში რამდენჯერმე გავაკეთებთ. რასაკვირველია, ბავშვებს იზიდავს ზღაპრული სამყარო, მაგრამ არსებობს სხვა გასართობიც რეალურ სამყაროში. შევეცადოთ, რაც შეიძლება გავამრავალფეროვნოთ ბავშვის დასვენება. თუ ვიგრძნობთ, რომ გაძლიერდა მისი დამოკიდებულება ეკრანთან, დავაკავოთ ის ხატვით, ძერწვით, დახატოს და გამოძერწოს საყვარელი მულტფილმების პერსონაჟები;
  • რეკომენდებულია, რომ ბავშვისთვის შერჩეულ და შეთავაზებულ მულტფილმებში პერსონაჟებს ახმოვანებდნენ პროფესიონალი მსახიობები, რომლებიც თითოეულ სიტყვას წარმოთქვამენ ნათლად, მკაფიოდ, გამოკვეთილად და გამომხატველობითი ინტონაციით. ეს ყველაფერი დაეხმარება პატარას სწორად მეტყველების უნარის გამომუშავებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვის აღზრდის პროცესში მულტფილმები შეიძლება გახდეს ჩვენი სერიოზული მოკავშირე და აქტიური დამხმარე ან იქცეს გარდაუვალ საფრთხედ. ამასთან, გვახსოვდეს, რომ ვერანაირი მულტფილმი ვერ ჩაანაცვლებს უფროსთან ბავშვის ცოცხალ ურთიერთობას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის.

 

 

 

 

ინტერდისციპლინური სწავლების მნიშვნელობა

0

სასკოლო საგნებს შორის შეუძლებელია, გამოიყოს ძირითადი და მეორეხარისხოვანი საგნები.

ინტერდისციპლინური კავშირების განხორციელება გამორიცხავს შესწავლაში საკითხის დუბლირებას, ზოგავს დროს და ხელსაყრელ პირობებს ქმნის მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო უნარებისა და შესაძლებლობების ფორმირებისთვის.

ინტერდისციპლინური კავშირების დახმარებით თვისობრივად ახალ დონეზე წყდება მოსწავლეების არა მხოლოდ სწავლების, განვითარებისა და აღზრდის ამოცანები, არამედ საფუძველი ეყრება რეალური პრობლემების ყოვლისმომცველ კომპლექსურ ხედვას, მიდგომასა და გადაჭრას. შემეცნებითი აქტივობის განზოგადებული ბუნება შესაძლებელს ხდის ცოდნისა და უნარების უფრო ფართოდ გამოყენებას კონკრეტულ სიტუაციაში, კონკრეტული საკითხის განხილვისას.

აკადემიურ საგნებს შორის კავშირის აუცილებლობას გვკარნახობს ასევე განათლების დიდაქტიკური პრინციპები, სკოლის საგანმანათლებლო ამოცანები, რაც განაპირობებს მოსწავლეთა მომზადებას პრაქტიკული საქმიანობისთვის.

ინტერდისციპლინური კავშირების განხორციელება ეხმარება მოსწავლეებს ბუნებრივი პროცესების ურთიერთდაკავშირებაში, რაც ცოდნას უფრო საფუძვლიანს და პრაქტიკაში გამოყენებადს ხდის.

ინტერდისციპლინური კავშირები გეოგრაფიის სწავლებაში უამრავ ფუნქციას ასრულებს:

მეთოდოლოგიური ფუნქცია გამოიხატება იმაში, რომ მოსწავლეებს მხოლოდ ამ საფუძველზე შეუძლიათ, ჩამოაყალიბონ დიალექტიკური და მატერიალისტური შეხედულებები ბუნებაზე, იდეები მის მთლიანობასა და განვითარებაზე.

ინტერდისციპლინური კავშირების საგანმანათლებლო ფუნქცია არის ის, რომ მათი დახმარებით მასწავლებელი მოსწავლეებს უყალიბებს ისეთ თვისებებს, როგორებიცაა – თანმიმდევრულობა, სიღრმე, ცნობიერება, მოქნილობა. ინტერდისციპლინური კავშირები მოქმედებს, როგორც გეოგრაფიული ცნებების განვითარების საშუალება, ხელს უწყობს მათსა და ზოგად საბუნებისმეტყველო ცნებებს შორის კავშირის დამყარებას.

ინტერდისციპლინური კავშირების განმავითარებელი ფუნქციაა მოსწავლეების სისტემური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, მათი შემეცნებითი აქტივობის ფორმირება და ინტერესის გაღვივება ბუნების შესაცნობად. ის ხელს უწყობს აზროვნების საგნობრივი ინერციის დაძლევას და სააზროვნო ჰორიზონტის გაფართოებას.

ინტერდისციპლინური კავშირები ეხმარება მასწავლებელს სწავლების ორგანიზების მეთოდებისა და ფორმების გაუმჯობესებაში – ეს მისი კონსტრუქციული ფუნქციაა. ინტერდისციპლინური კავშირების განხორციელება მოითხოვს მასწავლებლების მიერ საბუნებისმეტყველო საგნების საგანმანათლებლო და კლასგარეშე მუშაობის ერთობლივ დაგეგმვას.

ინტერდისციპლინური კავშირების ფუნქციების ერთობლიობა რეალიზდება სასწავლო პროცესში. განასხვავებენ შემდეგ კავშირებს:

– ინტრაციკლი – (გეოგრაფიის კავშირები ფიზიკასთან, ქიმიასთან, ბიოლოგიასთან);

– ინტერციკლი – (გეოგრაფიის კავშირები ისტორიასთან, შრომითი სწავლება).

ინტერდისციპლინური კავშირების დასამყარებლად გვიწევს ორი ეტაპის გავლა:

I – საწყისი (მოსამზადებელი) – საგანმანათლებლო თემის ფართო ინტერდისციპლინურ საფუძველზე შესწავლა;

II – მთავარი – თემის წამყვანი დებულებების პირდაპირ გამჟღავნება ინტერდისციპლინურ საფუძველზე.

ეტაპების არსი შემდეგია:

I მოსამზადებელი ეტაპი უზრუნველყოფს მოსწავლეების კონცენტრირებულობას სასწავლო თემის შინაარსზე, მათ ფსიქოლოგიურ მზაობას სასწავლო თემის ინტერდისციპლინურ საფუძველზე შესასწავლად. ამ მიზნით, მისი შესწავლის დასაწყისში ტარდება სამუშაო, რომელიც მოსწავლეებს უბიძგებს იმის გაცნობიერებისკენ, რომ თემის განხილვა შესაძლებელია სხვადასხვა საგნის ჭრილში. შედეგად, მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ადგენს თემის ინტერდისციპლინურ საფუძველზე შესწავლის გრძელვადიან გეგმას.

II ეტაპზე მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად შემუშავებული გეგმის შესაბამისად გამოკვეთს თემის წამყვან დებულებებს. საგანმანათლებლო პროცესის აგებისას მასწავლებელი იყენებს სხვა საგნების მასალას, რითაც ხელს უწყობს მასწავლებელთა შორის უფრო ფართო და ღრმა კომუნიკაციას. შედეგად, ინტერდისციპლინური კავშირების განხორციელებაზე მუშაობა არ შემოიფარგლება გაკვეთილებით, ის გულისხმობს ინტერდისციპლინური სემინარების, ექსკურსიებისა და სხვადასხვა კონფერენციის მოწყობასაც.

ინტერდისციპლინური კავშირები თანამედროვე სკოლაში სწავლების უმნიშვნელოვანესი პრინციპია. ეს არის განათლების უმაღლესი დონე – ინტერდისციპლინური კავშირების განხორციელების ყველაზე ეფექტური ფორმა სკოლაში. ასეთი გაკვეთილები ტარდება ორი ან მეტი საგნის მასწავლებელთან ერთად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაკვეთილის მეთოდოლოგია: წინასწარ არის განსაზღვრული მასალის მოცულობა და სიღრმე, მისი შესწავლის თანმიმდევრულობა. ურთიერთდაკავშირებულ დისციპლინებში რთული პრობლემის შესწავლის დრო წინ უნდა უსწრებდეს მათ განზოგადებას, მაშინ არ დაირღვევა ცალკეული საგნის შესწავლის ლოგიკა. თითოეული მასწავლებლის მონაწილეობის წილი უნდა იყოს თანაბარი.

ამ გაკვეთილების საშინაო დავალებები ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით: ისინი ერთდროულად ორ ან მეტ აკადემიურ საგანზეა გათვლილი.

სპეციფიკურია აქტივობის შეფასებაც: თუ მოსწავლემ პასუხის გაცემისას მხოლოდ ერთ დისციპლინაში მიღებული ცოდნა გამოიყენა, ის შეფასებას იღებს მხოლოდ ამ საგანში; ხოლო თუ მან ერთ საგანში მიღებული ცოდნა განიხილა სხვადასხვა ასპექტით, დააკავშირა ის სხვა საგნებთან, მაშინ ის შეფასებას იმსახურებს ამ საგნებშიც.

ინტეგრირებული გაკვეთილი ყველაზე ხშირად ტარდება კონკრეტულ საკითხზე მასალის შესწავლის, კონსოლიდაციისა და შეჯამების მიზნით. გაკვეთილები ითვალისწინებს მოსწავლეთა საქმიანობის სახეების შეცვლას, ტექნიკური საშუალებების გამოყენებას (სლაიდშოუები, ფილმები), დავალებების შესრულებას ნასწავლის შეკავშირების მიზნით. ეს ხელს უწყობს საგნების დაახლოებას, საერთო ენის პოვნას, დისციპლინების შინაარსის უფრო ღრმად და უფრო ფართოდ გაგებას.

ინტერდისციპლინური კავშირების საშუალებით შესაძლებელი ხდება განათლების შინაარსის ძირითადი ელემენტების გამოყოფა; იდეების, კონცეფციების, საგანმანათლებლო საქმიანობის ზოგადი სამეცნიერო მეთოდების განვითარება; მუშაობის პროცესში სხვადასხვა საგნის ცოდნის კომპლექსური გამოყენება. ინტერდისციპლინური კავშირები გავლენას ახდენს აკადემიური საგნების შემადგენლობასა და სტრუქტურაზე. თითოეული აკადემიური საგანი არის გარკვეული ტიპის ინტერდისციპლინური კავშირის წყარო. ამიტომ შესაძლებელია გამოვყოთ ის კავშირები, რომლითაც სხვა საგნები უკავშირდება გეოგრაფიას და პირიქით – გეოგრაფია უკავშირდება სხვა საგნებს.

მრავალმხრივი ინტერდისციპლინური კავშირების დახმარებით ხდება არა მხოლოდ მოსწავლეების სწავლების, განვითარებისა და აღზრდის ამოცანების თვისობრივად ახალ დონეზე გადაწყვეტა, არამედ საფუძველი ეყრება პრობლემების გადაჭრის კომპლექსურ ხედვასა და მიდგომას. შემეცნებითი აქტივობის განზოგადებული ბუნება შესაძლებელს ხდის კონკრეტულ სიტუაციებში ცოდნისა და უნარების უფრო ფართოდ გამოყენებას. გეოგრაფია, რომელიც სწავლობს ბუნებრივ და სოციალურ მოვლენებს, ეფუძნება ბუნებრივი და ჰუმანიტარული დისციპლინების მონაცემებს. გეოგრაფიის სწავლების პროცესში მთავარია ჰოლისტიკური აღქმის გაძლიერება. გეოგრაფიის კავშირები სხვა აკადემიურ საგნებთან ორმხრივია: გეოგრაფია არ ეყრდნობა მხოლოდ სხვა საგნებს. ის იმდენად უნივერსალურია, რომ ნებისმიერ საგანთან შესაძლებელია მისი ინტეგრირება. იდეალური იქნებოდა ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება სხვა მასწავლებლებთან ერთად. თუმცა ინტეგრაციის ელემენტების გამოყენება გეოგრაფიის თითოეულ გაკვეთილზეა შესაძლებელი. მე-7 კლასის მათემატიკაში ითვლიან საშუალო არითმეტიკას, კითხულობენ გრაფიკებს. ეს კი ძალიან საჭიროა ჰაერის საშუალო თვიური, საშუალო წლიური ტემპერატურის გამოსათვლელად და ღერძის ორ წერტილს შორის მანძილის გამოსათვლელად – ჰაერის ტემპერატურის ამპლიტუდის საპოვნელად. მოსწავლეები სწავლობენ კითხვებზე პასუხის გაცემას, სეზონისა და სიმაღლის მიხედვით ტემპერატურის გრაფიკების გამოყენებით. გაბატონებული ქარის მიმართულება განისაზღვრება ქარის ვარდების დიაგრამიდან. ამრიგად, სტუდენტები დარწმუნებული არიან, რომ მათემატიკური მეთოდების გამოყენებით, მეცნიერები აკეთებენ დასკვნებსა და პროგნოზებს. მათემატიკის მასწავლებელთან ერთობლივი მუშაობის შედეგი შეიძლება იყოს ინტეგრირებული გაკვეთილი (მათემატიკა + გეოგრაფია), სადაც მოსწავლეები გადაწყვეტენ პრაქტიკულ ამოცანებს.

„მასშტაბი“, რომელსაც მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე გადიან, კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლება გეოგრაფიის გაკვეთილზე – „გეგმა და რუკა“. მოსწავლეები იყენებენ მათემატიკურ უნარებს რუკაზე მანძილების გასაზომად, რიცხვითი მასშტაბის დასახელებულ მასშტაბად გადასაქცევად და პირიქით. ამიტომ შესაძლებელია, ჩატარდეს ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკასა და გეოგრაფიაში თემაზე „სკალა და მისი გამოყენება გეოგრაფიაში“.

თემის „ატმოსფეროს“ შესწავლისას თვალსაჩინოა გეოგრაფიის კავშირი მათემატიკასთან და ფიზიკასთან. ეს თემა მოიცავს ცნებებს, როგორიცაა ტემპერატურა, ატმოსფერული წნევა, ტენიანობა, ნალექი, ქარი. მოსწავლეები სწავლობენ კითხვებზე პასუხის გაცემას ტემპერატურის სეზონისა და სიმაღლის მიხედვით გრაფიკების გამოყენებით; პოულობენ ჰაერის ტემპერატურის ამპლიტუდას. გაბატონებული ქარის მიმართულება განისაზღვრება ქარის ვარდების დიაგრამიდან. თვეების მიხედვით წლის განმავლობაში და ნალექების რაოდენობის ვიზუალური გამოსახულების სანახავად აგებულია ზოლები და წრიული დიაგრამები.

საკითხის – „მდინარეების“ (მე-8 კლასი, ნებისმიერი კონტინენტის ფარგლებში) – განხილვისას, მდინარეების წყლის რეჟიმის თემა უკავშირდება მათემატიკაში ნასწავლ თემას „ფუნქციები”. წყლის რეჟიმის ტიპი განისაზღვრება წყლის ნაკადის განაწილებით წლის განმავლობაში. წყლის ნაკადის განაწილების გრაფიკები სხვა არაფერია, თუ არა ფუნქციების გრაფიკები. მოსწავლეები ასეთ გაკვეთილზე ხვდებიან, რომ ფუნქცია, ფუნქციის გრაფიკი არ არის რაღაც აბსტრაქტული, არამედ აუცილებელი რგოლია წყალდიდობის პროგნოზის გასაკეთებლად. ინტეგრირებულ გაკვეთილზე „მდინარეების კვება და რეჟიმი“ მოსწავლეებს ესმით, რომ მათემატიკის ცოდნის გარეშე შეუძლებელია წყლის მართვის რომელიმე აქტივობის განხორციელება, იქნება ეს სარწყავი, წყალმომარაგება, დრენაჟი, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, თუ წყალსაცავის მშენებლობა. გაკვეთილის ტიპი – შერწყმულია პრაქტიკულ ორიენტაციასთან.

თანამედროვე სასკოლო განათლებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ეკოლოგიის საკითხებსა და პრობლემებს. ამიტომ გეოგრაფიის გაკვეთილებზე აუცილებელია, მოსწავლემ გააცნობიეროს, რომ ცხოვრების გრძელ ისტორიულ გზაზე კაცობრიობამ განვითარების პროცესში უზარმაზარი ზიანი მოუტანა გარემოს, რომ მხოლოდ თავად ადამიანს შეუძლია კაცობრიობის გადარჩენა. აქ შესაძლებელია ისტორიისა და გეოგრაფიის გაკვეთილების ინტეგრირება, რომლის მიზანი იქნება ეკოლოგიურად კულტურული პიროვნების აღზრდა, რადგან ამაზეა დამოკიდებული დედამიწის მომავალი.

ინტერდისციპლინური სწავლების თანამედროვე პრინციპი, რომელიც გავლენას ახდენს საგანმანათლებლო მასალის შერჩევასა და სტრუქტურაზე, აძლიერებს მოსწავლეთა სისტემურ ცოდნას, ააქტიურებს სწავლების მეთოდებს, ყურადღებას ამახვილებს სასწავლო ორგანიზაციის კომპლექსური ფორმების გამოყენებაზე.

გეოგრაფიის შესწავლა უნდა დაეხმაროს მოსწავლეს ცნობიერების შეცვლაში, რათა მან დაინახოს პირადი პასუხისმგებლობა ყველაფერში, რაც ამ სამყაროში ხდება.

 

 

OLABS – რესურსი ქიმიის გაკვეთილისთვის        

0
Students doing experiments in the laboratory. Science and education.

ჩვიდმეტი წელია, რაც ქიმიას ვასწავლი და ყველაზე მეტად ერთი მოსწავლის სიტყვები მახსოვს – „რა საცოდავი ვარ, ერთი ცდაც კი არ ჩამიტარებია“. საბედნიეროდ, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრებისთვის გამოაცხადა პროექტების კონკურსი. მეც დავწერე პროექტი, მუშაობის პროცესში სულ მარიამის სიტყვები ჩამესმოდა ყურში. ძალიან სასიამოვნო იყო, რომ პროექტი დაფინანსდა და სსიპ ქალაქ თბილისის N 143 საჯარო სკოლაში მოვაწყეთ საბუნებისმეტყველო დისციპლინების კაბინეტი. ბედნიერი ვიყავი, რომ მარიამი და მისი მეგობრები სიხარულით შემოდიოდნენ ქიმიაზე. ლაბორატორიაში ატარებდნენ ექსპერიმენტებს, იღებდნენ ფოტოებს, დაბალი კლასის მოსწავლეები მოუთმენლად ელოდებოდნენ ქიმიის სწავლის დაწყებას. ზოგი მოსწავლე ამბობდა, რომ ჩვენი სკოლა ევროპულ სკოლას ჰგავს, სხვა შეგრძნებაა ლაბორატორიაში გამოსვლაო. სამწუხაროდ, პანდემიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა, ჩვენს კაბინეტშიც ერთ-ერთი კლასი განთავსდა. მასწავლებლებისა და მოსწავლეების დიდ ნაწილს ხელი არ მიუწვდება რეალურ ექსპერიმენტებზე. ქიმიის სწავლა ექსპერიმენტის გარეშე ძალიან რთულია. ელექტრონული სიმულაციები მთლიანად ვერ ჩაანაცვლებს რეალურ ექსპერიმენტს, არც ის ადრენალინი გამოიყოფა ორგანიზმში, რომელიც მოსწავლეების თვალებში ციცინათელებს აჩენს ხოლმე, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ გაკვეთილი  მოსაწყენი მაინც არ იყოს. ამიტომ სულ ვეძებ ინტერნეტის ლაბირინთებში ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის ვირტუალურ ლაბორატორიებსა და სიმულაციებს. მივაგენი კიდეც საინტერესო საიტს: https://www.olabs.edu.in/. ის დაფინანსებულია ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში. მასზე განთავსებულია ფიზიკის, ბიოლოგიის, ქიმიის, მათემატიკისა და ინგლისურის ლაბორატორიები და აპლიკაციები. მთავარ გვერდზე ჩანს საგნების ჩამონათვალი. კონკრეტული საგნის არჩევის შემდეგ კლასების მიხედვით გაიხსნება ყველა სიმულაცია.

ვისაც მასწავლებლის სამუშაო გრაფიკი არ უნახავს, ვერ მიხვდება რა დრო სჭირდება მომდევნო დღის ყველა გაკვეთილისთვის მომზადებას და რესურსების მოძიებას. ინტერნეტში ბევრი რესურსია, თუმცა ძირითადად უცხო ენაზე. სტატიაში განვიხილავ რამდენიმე სიმულაციას და ასევე ჩემ მიერ ჩაწერილ ვიდეო-ინსტრუქციებს, რაც ქიმიის მასწავლებლებს ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს სამუშაოს.

დანართი 1. https://bit.ly/36Zw9kN ქიმიური რეაქციები

სიმულაციაში განხილულია:

  1. მაგნიუმის წვა – Burning of magnesium in air;
  2. მშრალი ყინულის სუბლიმაცია – Sublimation of dry ice;

3.ნატრიუმის სულფატსა და ბარიუმის ქლორიდს შორის რეაქცია – Na2SO4 და BaCl2;

  1. სპილენძის სულფატსა და რკინას შორის რეაქცია – Iron nail with CuSO4 (aq);
  2. სპილენძის სულფატის დაშლა – Heating of CuSO4;
  3. ყინულის დნობა Melting of ice.

სიმულაციის გამოყენებით მოსწავლე გაეცნობა სხვადასხვა სახის რეაქციას და მოახდენს მათ კლასიფიცირებას. (ვიდეო ინსტრუქცია)

დანართი 2. https://bit.ly/36XLToa დაშლის რეაქციები

სიმულაციაში გამოსახულია დაშლის რეაქციები.

შეგიძლიათ აირჩიოთ: თერმული დაშლა – Thermal Decomposition

ელექტრული დენით დაშლა- Electrolytic Decomposition

სინათლით დაშლა- Photo Decomposition

 

მას შემდეგ, რაც აირჩევთ დაშლის ტიპს, სიმულაციაში თქვენ ირჩევთ ნიმუშს Select the sample – ღილაკზე დაწკაპებით. ბოლოს Start ღილაკით განახორციელებთ რეაქციას. ექსპერიმენტის თავიდან დასაწყებად გამოიყენეთ ღილაკი Reset. (ვიდეო ინსტრუქცია)

დანართი 3. https://bit.ly/3cWtzzH შეერთების რეაქცია.

ბმულის გახსნის შემდეგ გამოჩნდება ასეთი სურათი:

ექსპერიმენტის მსვლელობა: მაუსი მიიყვანეთ კოვზთან და გადააადგილეთ ცარიელი ჭიქისკენ, რომელშიც თერმომეტრია ჩაკიდული. ნივთიერება ჩაიყრება ჭიქაში. შემდეგ მაუსით დისტილირებული წყლის ჭიქა გადაიტანეთ ცარიელი ჭიქის თავზე. წყალი ჩაისხმება. მოსწავლე დააკვირდება თერმომეტრის საწყის და საბოლოო მაჩვენებლებს.

ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ გამოჩნდება Next ღილაკი. მასზე დაწკაპებით ასეთი ფანჯარა გაიხსნება:

პიპეტით ამოიღეთ ქიმიური ჭიქიდან ხსნარი და გადაიტანეთ სინჯარაში, სინჯარას მოარგეთ გაზგამტარი მილი საცობით.

Next ღილაკზე დაწკაპებით გაიხსნება ასეთი ფანჯარა:

Blow-ზე დაწკაპებით ნახშირორჟანგი ჩავა ხსნარში და მოსწავლე დააკვირდება მიმდინარე მოვლენას. (ვოდეო ინსტრუქცია).

 

დანართი 4  https://bit.ly/3aWf3Fg ჩანაცვლების რეაქციები

სიმულაცია ასახავს რკინასა და შაბიამნის ხსნარს შორის მიმდინარე ჩანაცვლების რეაქციას.

ერთ-ერთ ლურსმანზე დაწკაპებით ლურსმანი გადაიტანეთ რომელიმე სინჯარაში. საათზე დროის ათვლა დაიწყება და ხსნარიც ნელ-ნელა შეიცვლის შეფერილობას. მოსწავლე გააკეთებს დასკვნას. ექსპერიმენტის თავიდან დასაწყებად გამოიყენეთ Reset ღილაკი. (ვიდეო-ინსტრუქცია მოცემულია ქიმიურ და ფიზიკურ მოვლენებში).

 

 

 

 

როგორ დავწეროთ შინაარსი მარტივად

0

( მცირე პრაქტიკული სავარჯიშო მათთვის, ვისაც სხვა გზა არ აქვს)

დაწერეთ ლექსის შინაარსი, დაწერეთ ნაწარმოების მოკლე შინაარსი – ასეთ წერით დავალებას ხშირად ავალებენ მოსწავლეებს სკოლაში. ამ სტატიაში არ ვაპირებ საუბარს ამ დავალების მიზანსა და სარგებელზე. ნამდვილად შეიძლება უფრო საინტერესო დავალებების მოფიქრება, მაგრამ თუ შინაარსის დაწერას ნაწარმოებში მთავარი იდეის, ერთგვარი კონცეპტუალური ცენტრის, სტრუქტურული ბირთვის პოვნის ფუნქციას მივანიჭებთ და თანაც ტექსტის აგების სავარჯიშოსაც მივამატებთ, მშვენიერი სამუშაო გამოვა.

 ყველა მოსწავლე ერთნაირად ვერ ახერხებს ტექსტის მთავარი ნაწილის გამოყოფას, ვერ აგნებს იმას, რაც ამ ტექსტის აზრობრივ ცენტრს ქმნის, ამიტომ, შესაძლოა, შინაარსის დაწერა გაუჭირდეს. სწორედ ასეთ შემთხვევაში გამოგადგებათ მეთოდი, რომელსაც მე ვიყენებ. ( მით უფრო სასარგებლოა დამატებითი საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან სამუშაოდ, შეგიძლიათ, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაშიც გამოიყენოთ.)

მოკლედ, წამომყევით J

ნაბიჯი 1

შევარჩიოთ ტექსტი

დასაწყისისთვის, კარგი იქნება თუ ერთგვერდიან ტექსტს შევარჩევთ, მოთხრობას, იგავ-არაკს, ზღაპარს – კარგად გამოკვეთილი სიუჟეტური ხაზით, დასასრულით, განვითარებით, კვანძის გახსნითა და დასასრულით. გამოყავით აბზაცები.

ნაბიჯი 2

ამოვბეჭდოთ ტექსტი

ტექსტი, რომელიც ერთ თაბახის ფურცელს მოიცავს, უნდა ამოვბეჭდოთ, გაითვალისწინეთ შრიფტი, ისეთი უნდა იყოს, რომ მოსწავლემ კარგად მოახერხოს გარჩევა. 

ნაბიჯი 3

დაგვჭირდება  რამდენიმე მარკერი

ნაბიჯი 4

ხმამაღლა წავიკითხოთ ტექსტი

ნაბიჯი 5

კიდევ ერთხელ, ჩაღრმავებული მეთოდით წავიკითხოთ ტექსტი

ნაბიჯი 6

განვიხილოთ ტექსტი, სიუჟეტი, ამბავი, შინაარსი, მოქმედი გმირები

ნაბიჯი 7

 დაურიგეთ მოსწავლეებს ამობეჭდილი ტექსტი, თქვენც მასთან ერთად გქონდეთ ტექსტის თქვენი ეგზემპლარი

ნაბიჯი 8

სთხოვეთ მოსწავლეებს, იპოვონ ტექსტში ისეთი სიტყვები და წინადადებები, რომელთა წაშლითაც ტექსტის შინაარსი არ იცვლება

ნაბიჯი 9

ხმამაღლა წაიკითხეთ და განიხილეთ მოსწავლეთა არჩევანი

ნაბიჯი 10

სწორად აირჩიეს მოსწავლეებმა ტექსტის ეპიზოდები? თუ მათი არჩევანი სწორია, სთხოვეთ, გადაშალონ ტექსტის ეს ნაწილი ფერადი მარკერით.

ნაბიჯი 11

ახლა სთხოვეთ მოსწავლეებს, წაიკითხონ დარჩენილი ნაწილი

ნაბიჯი 12

ჰკითხეთ მოსწავლეებს, ხომ არ შეიძლება კიდევ გადაშალოთ სიტყვები ან წინადადებები?

ნაბიჯი 13

თუ არის ასეთი სიტყვები, კიდევ გადაშალეთ

ნაბიჯი 14

წაიკითხეთ ტექსტის დარჩენილი ნაწილი

ნაბიჯი 15

ჰკითხეთ მოსწავლეებს, რაიმე მნიშვნელოვანი ხომ არ დააკლდა ტექსტს?

ნაბიჯი 16

სთხოვეთ მოსწავლეებს, თავიანთი სიტყვებით გადმოსცენ ტექსტის ის ნაწილი, რომელიც დარჩა.

ნაბიჯი 17

სთხოვეთ მოსწავლეებს ერთმანეთს შეადარონ ტექსტის პირველი და შემოკლებული ნაწილი

ნაბიჯი 18

მოსწავლეებთან ერთად თქვენი სიტყვებით გადმოეცით მოკლე ვერსია

ნაბიჯი 19

სთხოვეთ მოსწავლეებს, დაწერონ მოკლე ვერსიის წერილობითი ვარიანტი თავიანთი სიტყვებით

ნაბიჯი 20

სთხოვეთ მოსწავლეებს, წაიკითხონ თავიანთი ნაწერი და თუ თვლიან, რომ რაიმე მნიშვნელოვანი გამოტოვეს, შე

ავსონ ტექსტის პირვანდელი ნაწილიდან.

შემდეგ ჯერზე შეგიძლიათ გაზარდოთ ტექსტი.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...