ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
22 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

გმირის მოგზაურობა – გზამკვლევი მომავალი გმირებისთვის

0

სიტყვა „გმირი“ ამ ტექსტში გამოყენებულია ყველა მნიშვნელობით. განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, გმირი არის: 1. ბრძოლასა და შრომაში თავდადებული, მამაცობითა და გამბედაობით გამოჩენილი, სიძნელეთა ვაჟკაცურად დამძლევი პირი. 2. მითოლ. ძველი ეპიკური პოემებისა და მითების მთავარი მოქმედი პირი, რომელიც დაჯილდოებული იყო ზეკაცური ძალით. ჯერ არავინ უწყის, თუ ვინ ყოფილა უფრო დიდი გმირი, ჰომეროსი თუ აქილევსი (კ. გამს.). 3. ლიტ. მხატვრული ნაწარმოების მოქმედი პირი, პერსონაჟი.

მაშ, ვინ არის გმირი?

ის, ვისი მთავარი მახასიათებელი მოქმედებაა.

მოძრაობა.

წინსვლა. უკანდახევა და შემოვლითი გზების ძიება. პოვნა. გაკაფვა.

მოძრაობა შიგნით (საკუთარ არსებაში, არსებობაში, შიგანში, შინაგანში) და მოძრაობა გარეთ.

მაინტერესებს იშტა, გაბედულება ადამიანისა, რომელიც ტოვებს სამოსახლოს და მიდის შეუცნობელ სამყაროში ან იღებს თამამ გადაწყვეტილებას და აბიჯებს განუსაზღვრელ მომავალში. არ უშინდება ან უშინდება, მაგრამ მაინც მიდის, მაინც წყვეტს მოქმედებას, არჩევს – იმოქმედოს.

მაინტერესებს, როგორ შეიძლება იქცეს ასეთი გმირების ქმედება შთამაგონებლად იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დღემუდამ სიჩუმეს, უმოქმედობას, უქნარობას, სტაგნაციას ირჩევენ.

ირჩევენ შინაგან ემიგრაციას თვითგადარჩენის ფორმად.

არ უშვებენ არავის და არაფერს ამ წიაღში – არც ცოდნის სხივებს, არც მასწავლებლის მცდელობებს, არც თანატოლების ყიჟინას.

არაფერს.

იქმნიან გარსს, იყუჟებიან ამ გარსში, არიან იქ და არ ცდილობენ სამყაროს გააგონონ – მე აქ ვარ! მე ვარსებობ.

არჩევენ სიჩუმეს, მდუმარებას, არყოფნას, არაფრობას. ეშინიათ ყოველგვარი გამოვლინებისა, პიროვნული იმპულსების გამომჟღავნებისა. უფრთხიან ყველას და ყველაფერს, რაც ირგვლივაა. ემიჯნებიან გარემოს.

მოკუნტული. შეუმჩნეველი

ასეთი გმირები სხეულებრივი მონაცემებითაც ამოიცნობიან: მხრებში აწურულები, მოკუნტულები, მოხრილები, საუბრისას ძალაუნებურად იხევენ უკან ან ცდილობენ კიდევ უფრო მოიკუნტონ, მოიხარონ. თავი დახრილი, თვალები – იატაკს ჩასობილი. საუბრისას – ლოყები შეფაკლული ან ფერი – დაკარგული. თვალებით კონტაქტს გაურბიან. დააკვირდით, რამდენად ხშირად მიემართება მზერა გვერდით ან ქვევით. და სხეულებრივი გამოვლინებები საინტერესო სიმპტომებია –

საჭირო, მნიშვნელოვანი. სასარგებლოა მათზე დაკვირვება, რადგან ცვლილებებისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯი სწორედ სხეულზე ზემოქმედება უნდა გახდეს. გმირებმა ეს იციან – ხანგრძლივი მოგზაურობისთვის აბგაა ჩასალაგებელი, კუნთებია მოსამაგრებელი, გამძლეობაა მოსაპოვებელი.

სწორედ სხეულებრივი ცვლილებების დასაწყისი შეიძლება იქცეს საწყის იმპულსად. „მკლავთა გამამაცურება“, აღმართვა, მხრებში გაშლა. ასე ტარიელი იქცევა გადამწყვეტი მომენტის წინ, როდესაც როსტევანის გამოგზავნილი მონების აბჯრის ხმას გაიგონებს. სხეული ავტომატურად, მყისიერად გადაირთვება თავდაცვის რეჟიმზე. უცხო მოყმემ „თვალთა ხელი უკუივლო, ცრემლნი ცხელნი მოიწურნა“, იარაღი მოიმარჯვა და მკლავნი გაიმამაცურნა. ეს მკლავთა შეთამაშება, სხეულის გაშლა-გაფართოება, მოჭიმვა და მომზადება ნებისმიერი მოულოდნელობისთვის ემოციურ ფონსაც ცვლის. მანამდე თუ სხვაგან ქროდა გმირის გონება, ახლა აქაა, აქ და ახლა. აკვირდება და აფასებს, რა ხდება მის თავს. იღებს გადაწყვეტილებას. იწყებს ქმედებას.

მივყვეთ გმირის მოგზაურობის ამბავს. ეს ერთგვარი მოდელია, პატერნი, ერთგვარი პროგრამა, რომელიც თითოეულში იმთავითვეა ჩადებული. იმთავითვეა „დაინსტალირებული“ ცოცხალ ორგანიზმში. იმიტომ, რომ რაც ცოცხალია, ის მოძრაობს. სხვაგვარად ლპობის პროცესი იწყება.

გასააქტიურებლად კი სხვადასხვა გარემოებები ან გარემოებათა დამთხვევაა საჭირო. ნებისმიერ შემთხვევაში, პროგრამის ამამოქმედებელი, „ჩამშვები“ თავად გმირია. მხოლოდ ის.

მხოლოდ მისი არჩევანი წყვეტს მომავალს, მისი გადადგმული პირველი ნაბიჯით იწყება გზა ათასი თავგადასავლისკენ. თუ ეს არ მოხდა, იქნება სტაგნაცია (სტაგნუმ – stagno ვაჩერებ, უმოძრაოს ვხდი; stagnum გაჩერებული წყალი…). არაფრობა. უმაქნისობა. უქნარობა. იქნება ის, რასაც ვაჟა ასე აფასებდა „უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს, უქმად საფლავში სწვებითა“.

კემპბელის სქემა

როგორ უნდა აქციოს ადამიანმა საკუთარი თავი გმირად – მთავარ პერსონაჟად. საკუთარი ამბის, საკუთარი ცხოვრების მოქმედ პირად? თამაშის, ფანტაზიის მოშველიებით. დავიწყოთ სწორედ ამით. წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი მომავალი თავგადასავლის მთავარ გმირად. საამისო გზამკვლევი ძალიან, ძალიან ბევრს დაუწერია. როგორც თეორიულ-აკადემიური, ისე მხატვრული.

მითები, ზღაპრები, პოემები – შეთხზული ამბების უმეტესობა ამაზეა. ამ გმირების გაცნობა შვებაა. მათი ამბების კითხვა მაკურნებელია და იმედის მომცემი. გმირები ასეთებად არ იბადებიან. უმეტესწილად, ისინი ქმნიან თავიანთ თავგადასავლებს. თვითონ განსაზღვრავენ აწმყოს, მომავალს.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაკვირვება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მითებისა და ლეგენდების, ზღაპრებისა და თქმულებების შესწავლის საფუძველზე ეკუთვნის ამერიკელ მწერალს, მეცნიერს, შედარებითი მითოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის პროფესორს, ჯოზეფ კემპბელს.

მხატვრული ტექსტების რეალობა წრიულ სტრუქტურას ჰგავს, გმირები ერთგვარ პარადიგმაში არიან მოქცეული. კემპბელის სქემის თანახმად, გმირი ისაა, ვინც იწყებს ქმედებას და ტოვებს სამოსახლოს, თავშესაფარს, უსაფრთხო ადგილს, კომფორტის ზონას. ამ ნაბიჯს მოჰყვება მომდევნო „პუნქტები“:

„თავგადასავალი გიხმობს“, „უარყოფის ხიბლი (არ მინდა არანაირი თავგადასავალი)“, „ზებუნებრივი წახმარება“, „ზღურბლის გადაკვეთა (ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო…)“, „ვეშაპის შიგანი“ (დიდი განსაცდელი), „გამოწვევებითა და დაბრკოლებებით სავსე ბილიკები“, „საბედისწერო შეხვედრები“, „ქალი – მაცდური (ან ყოველგვარი საცდური…), მონანიების, კვლავ თავშესაფრის ძიების, წიაღში დაბრუნების სურვილი, დამხმარეებთან შეხვედრა, კომფორტის ზონაში დაბრუნების სურვილის უგულებელყოფა, ჯადოსნური აღმაფრენა, დაბრუნების სურვილის სამუდამო ქრობა, სიცოცხლისა და მოძრაობის წყურვილი…

და გმირი იწყებს თავის ამბავს, დგამს იმ პირველ ნაბიჯს, რომელსაც ათასგვარი თავგადასავალი მოჰყვება თან.

 

სამი აქტის თეორია

(შთაგონებულია ამერიკელი სცენარისტის, სიდ ფილდის წიგნით „სცენარი – სასცენარო ოსტატობის საფუძვლები“ . სიდ ფილდი წიგნში ნარატივის სამაქტიანი სტრუქტურის მოდელს განიხილავს).

როგორ ხდებიან გმირები – გმირები? ანუ საკუთარი პიროვნების შემოქმედები.

აქტი პირველი – სტარტი

  1. გაცხადება – პროლოგი: ასევე – წინასიტყვაობა. ეს რეალობის გაცხადების მცდელობაა. გმირი ეცნობა საკუთარ თავს. იკვლევს საწყის მონაცემებს. პირდაპირ სიტყვიერად აღწერს ამას. შეუბრალებლად, დაუფარავად, პირდაპირ. სწორ სიტყვებში აქცევს, აყალიბებს იმას – რაც არის.
  2. უთანხმოება – უთანხმოება მნიშვნელოვანი სასტარტო მონაცემია. ყველაფერი ისე აღარაა, როგორც იყო. რაღაც უნდა შეიცვალოს. ასე ყოფნა, ეს ყოფა უკვე შემაწუხებელია. უმოქმედობა დამღუპველია. ცრუ მოქმედებებიც – ასევე. ვიხსენებთ ლუარსაბისა და დარეჯანის ყოფას – მთელი ტექსტი ერთ ჩაკეტილ სივრცეშია მოქცეული. „გმირები“ ერთადერთხელ ტოვებენ სამოსახლოს და ისიც მკითხავის დისტანციური მითითების საფუძველზე. სად მიდიან? შორეულ თელეთში. რისთვის? მოსალოცად, რომ „ხატს არ ეწყინოს“. სულ ესაა მათი „მოქმედება“. მთელი ცხოვრება გაილია ცრუ ქმედებებსა და ჭამაში. მთავარი „გმირის“ ბოლო კი საოცრად შთამბეჭდავია. ლუარსაბი ჭამით გასკდა. იცხოვრა იმისთვის, რომ ეჭამა და მოკვდა ჭამით.
  3. ამავე აქტშია მიზნის მოხაზვა, განუსაზღვრელი მომავლიდან თუნდაც ერთი სასურველი მისაღწევი მიზნის გამოყოფა. მიზნის გამოკვეთას მოტივაციის გააქტიურება მოჰყვება.
  4. პირველი აქტის დასასრული გზის ან ბილიკის მონიშვნაა. აი – მიმართულება. აი – გასავლელი გზა.

აქტი მეორე:

  1. სირთულეების წყება იწყება – ერთი-მეორის მიყოლებით, უსასრულოდ, გაუჩერებლად, სირთულე-სირთულეზე. ყველაფერი ისე არაა, როგორც წარმომედგინა, როგორც ფილმებსა და წიგნებშია, არ მიმართლებს, არ ლაგდება გარემო პირობები ისე, რომ შევძლო გაგრძელება – სირთულეები ზვავივითაა. ეს ზვავი არ ჩერდება.
  2. გმირი იწყებს გადაწყვეტილებების მიღებას და ყოველ ჯერზე მოქმედებს. აკეთებს. მიჰყვება პატარა ნაბიჯებს. არ ნებდება. ცვლის იმას, რისი შეცვლაც იმ მომენტში შეუძლია. არ ივიწყებს მიზანს.
  3. მონიშნული გზა ნაპოვნია. ნახევარი – გავლილია – გმირი თანდათან აცნობიერებს, რომ მიზნის მისაღწევ გზაზე კარგა გვარიანი მანძილი აქვს გავლილი. რაღაცებს უკვე მიაღწია, რაღაცებს ვერა. ისწავლა ძლიერი და სუსტი მხარეები. შეეჯახა გადაულახავ და გადასალახავ სირთულეებს. ყველაფრისგან მიიღო სარგებელი. ზოგიერთი გაკვეთილი მწარე იყო. გმირმა იცის – წინ ასევე რთული გზაა. ზღაპრის კეთილი ბოლოს მოლოდინი დიდად არ უნდა ჰქონდეს. რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარადაა მაგრამ ყველაფერი ექვემდებარება მოძრაობის დაუმარცხებელ კანონს – ცხოვრება მოძრაობაა. ყველაფერი, რაც ცოცხალია, მოძრაობს. მოძრაობა სტაგნაციის საპირისპიროა. სტაგნაცია, უმოძრაობა – არაფრობაა. მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა ქმნის სიცოცხლის ღონეს, ძალას, თავად სიცოცხლეს.
  4. მეორე აქტის დასასრულისკენ საარაკო, დიდებული ჩავარდნა გარანტირებულია. ყველაფერი ჩამოინგრევა. იმედები გაქარწყლდება. სირთულეებს ბოლო არ უჩანს. ეს – კანონზომიერია. თუ ვიცი, რომ გმირები გადიან ამ გზას, ვიცი ისიც, რომ გმირები დგებიან და აგრძელებენ გზას. ავთანდილი იქ რომ დანებებულიყო, იმ მქისე, უდაბურ, უკაცრიელ ადგილზე, ან გულში დანა რომ ჩაეცა, ან საყვარელთან გაბრუნებულიყო, ის აღარ მოხდებოდა, რაც მოხდა. გმირი ვერ შედგებოდა. ავთანდილი არ ნებდება. იწყებს იმაზე ზრუნვას, რაზე ზრუნვაც შეუძლია – იწყებს სხეულის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. გემრიელად მიირთმევს. ისვენებს. თავს იგულიანებს. ყველაფერი კანონზომიერია. გმირები ასეთ სიტუაციაში არიან ხოლმე. ხშირადაც არიან. სიტუაცია გამოუვალი ჩანს, მაგრამ მხოლოდ ჩანს. ავთანდილი ტარიელის ბრალდებასა და წყენაში რომ ჩარჩენილიყო, მის მოსაძებნად წასასვლელი ძალა არ ეპოვა საკუთარ თავში, იმედგაცრუებისა და ბრაზის მორევში ჩამხრჩვალიყო, ის არ მოხდებოდა, რაც მოხდა. ავთანდილი ყოველ ჯერზე პოულობს გზის გაგრძელების მიზეზს, ძალას, სახავს გეგმას. იწყებს მოძრაობას. ერთი ნაბიჯი. მერე მეორე. წავიდა…
  5. მეორე აქტის ბოლოს გმირი იწრთობა გამძლეობაში. მოიპოვებს საკუთარი თავის ნდობას. იკრებს ძალებს. მიიწევს წინ. ავლენს საკუთარ პიროვნულ თვისებებს. სინჯავს ძალებს. აჩვენებს გარშემომყოფებს – მე აქ ვარ. ჩემი აქ ყოფნით რაღაც იცვლება. იცვლება გარემო. ატმოსფერო. ვიცვლები მე.

აქტი მესამე

  1. ახლოვდება ერთ-ერთ კულმინაცია და გადასხვაფერების პირველი ნიშნები ჩნდება. ასეთ დროს გმირი უყურებს და აფასებს საკუთარ მიღწევებს. ახსოვს როგორი იყო გზის დასაწყისში და შეუძლია გამოყოს განსხვავებები. გრძნობს ფიზიკურ დონეზე ცვლილებებს. გრძნობს სასიცოცხლო ძალას, ღონეს, ენერგიას. აგრძელებს მოძრაობას. განვითარებას. მცირე ნაბიჯების გადადგმას.
  2. ამ ეტაპზე – ახალი თავგადასავლის დაწყებამდე.

და ეს უსასრულო პროცესია. ხანგრძლივობა – მთელი სიცოცხლე.

ყოველ ჯერზე იწყება ახალი მოგზაურობა, ახალი თავგადასავალი, ახალი გმირის (პიროვნების) დაბადება.

მთავარია, გმირი არ იმსხვერპლოს საკუთარმა უუნარობამ, უმოქმედობამ არაფრობამ.

გმირი დარწმუნებულია:

„დევებს, ურჩხულებს, მონსტრებს, მტრებს, მოწინააღმდეგეებს გავუმკლავდები. მთავარი მტრის (უმოქმედობის) დამარცხება ამის გარანტიაა!“.

 

 

 

 

 

 

 

 

26 მარტი – ბედნიერების ცრემლების და სიხარულის დღე

0

26 მარტს, სამშაბათს, მთელი დღე დაძაბული ვიყავი, გულს ვერაფერს ვუდებდი. იმ დღეს გაკვეთილები როგორ ჩავატარე, არც კი მახსოვს. ყველაფერს რეფლექსიურად ვაკეთებდი. ჩემი გონება და აზრები ეროვნულ სტადიონზე იყო. გაკვეთილიდან მხოლოდ ჩემი მოსწავლის ფრაზა მახსოვს – „თემო მასწ, ჩვენ დღეს ვილოცებთ ალაჰის სახელზე, რომ ამ საღამოს საქართველომ გაიმარჯვოს“. დარწმუნებული ვარ ილოცეს…

ფეხბურთს და ზოგადად სპორტს (ასევე ხელოვნებას), შეუძლია ერის გაერთიანება, ერთ მუშტად შეკვრა, ეროვნული იდენტობის ჩასახვა და მისი გაძლიერება. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენ ასეთი გამარჯვებების შიმშილი გვაქვს. 26 მარტის საღამო სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო ჩვენთვის…

27 მარტს მეგონა, რომ სულ სხვა საქართველოში გავიღვიძე. დილით სკოლის ჭიშკარში ამაყად და თამამად შევაბიჯე. ეზოში მოზეიმე მოსწავლეები გამომეგებნენ. ყველა კლასმა – ქართველმა, აზერბაიჯანელმა თუ სომეხმა მოსწავლემ, რომელთაც ვასწავლი, იცოდა, რა მნიშვნელობის შეხვედრა მოვიგეთ.

ბოლოს როდის დაინახეთ ამდენ კაცს სიხარულით ეტიროს? მე ასეთი არაფერი მახსენდება. 26 მარტს გამარჯვებასთან ერთად, გენდერული სტერეოტიპი „კაცები არ ტირიან“ საქართველოში საბოლოოდ დაიმსხვრა.

წლებია, ქართული საფეხბურთო კლუბები საერთაშორისო სარბიელზე წარმატებას ვერ აღწევენ. ამიტომ გვიწევს სხვა ევროპული გუნდების გულშემატკივრობა. ხშირად დაინახავთ ეზოებში „მადრიდის რეალის“, „ბარსელონას“, „მილანის“, „ლივერპულის“ თუ „მიუნხენის ბაიერნის“ მაისურებით მორბენალ ბავშვებს. მარნეულში, ასევე პოპულარულია თურქული კლუბები „ფენერბახჩე“, „გალათასარაი“… ამ კუთხით სიტუაცია შეიცვალა ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენით, უფრო მეტიც – გაბრწყინებით. თვალსაჩინოდ გაიზარდა იტალიური ნაპოლის ფორმები წარწერით KVARATSKHELIA 77.

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ამით ქვეყანამ დაიბრუნა 70 წლის წინ, იძულების წესით წართმეული დამოუკიდებლობა.

დამოუკიდებლობის აღდგენას წინ უსწრებდა ფეხბურთში ეროვნული ჩემპიონატის დაწყება. საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში, 1990 წლის 30 მარტს, ერთმანეთს „იბერია“ (თბილისი) და „კოლხეთი 1913“ დაუპირისპირდნენ… საინტერესოა, რომ ფეხბურთმა ერთი წლით დაასწრო მოვლენებს, რაც მის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ამ მოვლენიდან ორ თვეში უკვე ეროვნული ნაკრები ატარებს პირველ თამაშს. დინამოს სტადიონზე საქართველო ამხანაგურ მატჩში კიდევ ერთ საბჭოთა რესპუბლიკას ლიტვასთან (აწ უკვე ლიეტუვა) გამართა. ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა პირველი ოფიციალური თამაში ევრო 1996 შესარჩევი ეტაპზე მოლდავეთთან ჩაატარა და, სამწუხაროდ, წააგო.

გუნდურ სახეობებში ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე გასვლა 2003 წელს მორაგბეებმა დაიწყეს. მალე მხარი კალათბურთელებმაც აუბეს. 2011 წელს პირველად ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე. 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში მივიღეთ მონაწილეობა. სპორტის სხვა გუნდურ სახეობებშიც გვქონია გამონათებები. მაგრამ ის, რაც 26 მარტის საღამოს ფეხბურთში გამარჯვებამ მოგვიტანა, მსგავსი სიხარული დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სპორტის არცერთ სახეობაში მიღწეულ წარმატებას არ მოუტანია.

2024 წლის 26 მარტამდე იყო დიდი ტკივილით სავსე გზა. უამრავი იმედგაცრუება, დაკარგული თაობები, ფუჭი მოლოდინები, ჩამქრალი ვარსკვლავები…

მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი 3-4 თამაშის შემდეგ თეორიული შანსი გვრჩებოდა. მახსოვს უიმედო თამაშები, გულშემატკივრები დინამოს სტადიონის ორ სექტორს ძლივს რომ ვავსებდით…

ყველაფერი შეიცვალა ერთა ლიგის ტურნირის შემოღების შემდეგ. გვირაბის ბოლოს სხივი გამოჩნდა. 2019 წელს ქვეჯგუფში პირველ ადგილზე გავედით. სწორედ ამ დროს დაიწყო კოვიდისტერია. მარტის თამაშები გადაიდო. ევროპის ჩემპიონატიც…

2020-ის შემოდგომაზე ჩვენი იმედები ჩრდ. მაკედონიელებმა ცარიელ ეროვნულ სტადიონზე დაასამარეს. მაშინ მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდემიის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით 30%-ს აუკრძალეს თამაშზე დასწრება.

ისევ დაიწყო ერთა ლიგის მორიგი გათამაშება, რომელიც დამაჯერებლად მოვიგეთ. შემდეგ ევროპის კლასიკური შესარჩევი გვქონდა, სადაც უშანსოდ ვიყავით. დარწმუნებული ვარ ყველა 2024 ის მარტის თამაშებზე ფიქრობდა.

მოვიდა დიდი ხნის ნანატრი მარტი. ლუქსემბურგთან ნახევარფინალური დაპირისპირების დროც დადგა. უბედნიერესი ვიყავი. ძალიან ლამაზი იყო ის 2:0 და ფინალის მოლოდინი.

2024 წლის 26 მარტის ფინალამდე, ყოველდღე განმარტოებით, საკუთარ თავთან ჩაკეტვით ვავედრებდი გამარჯვებას ღმერთს. ჩემი მოსწავლეები ამყვნენ ყველაფერში. გულს მიკეთებდნენ, ემოციურად მაძლიერებდნენ. საქართველოს ძალიან სჭირდებოდა ისეთი გამარჯვება, რომელიც ერს შეკრავდა.

ამ ბედნიერ დღეს მოვესწარით.

2024 წლის 26 მარტიც ერთგვარი რეფერენდუმი იყო. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი დიდი გამარჯვების ჩაწერის მოთხოვნით… ჩვენმა ფეხბურთელებმა ერის მოთხოვნა შეასრულეს და გაგვიყვანეს საოცნებო – ევრო 2024-ზე.

ჩვენ გვჭირდება საერთო ეროვნული გამარჯვებები! ისეთი გამარჯვებები, რომლებსაც იზეიმებს ყველა ქართველი, დიახ ყველა ვინც საქართველოს მოქალაქეა! ჩვენ გვჭირდება გამარჯვებები, რომლებიც ენგურს გაღმა თუ სამაჩაბლო-ახალგორში სიმპათიას და კეთილ შურს გამოიწვევს, ისეთი გამარჯვებები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების გულის ფეთქვის ვექტორს შეცვლის! გამარჯვებები, რომლებიც გაზრდის საერთო სულისკვეთებას, გამარჯვებები დიდი ბრძოლის მოსაგებად!..

 

 

გამოყენებული წყაროები:

https://www.crystalsport.ge/news/23493-30-tslis-tsin—sakartvelos-nakrebma-pirveli-matchi-gamarta

https://lelo.ge/article/%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C-video-1990-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-30-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%97-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A9%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-21808/

რატომ ხატავს მოსწავლე გაკვეთილზე

0

ჩემთვის ხშირად უთქვამთ: იცი, შენ ძალიან კარგი მსმენელი ხარო. ზუსტად ვიცი, ეს რას ნიშნავს. მე ვარ ადამიანი, რომელიც გულისყურით ისმენს, როცა რაღაცას უამბობენ. თავის ქება არ მინდა, ეს უდავოდ კარგი თვისებაა, რასაც სხვებშიც ნამდვილად ვაფასებ, თუმცა სწორედ იმიტომ, რომ მეც კარგ მსმენელად მივიჩნევი, ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: ზოგჯერ არ ვუსმენთ, უბრალოდ, ისე ჩანს, რომ ვუსმენთ. შესაძლებელია, მოსმენის პროცესში მთელი სხეული იყოს ჩართული, თვალები მოსაუბრეს უყურებდნენ, მაშინაც კი, თუკი მოსაუბრე გადაადგილდება, მსმენელის მზერა მას დაჰყვება, მზერასთან ერთად თავი აქეთ-იქით ტრიალებს, მსმენელი მშვიდად ზის ან დგას და მთელი ყურადღება მოსაუბრისკენ აქვს მიმართული, შესაძლოა, პერიოდულად თავსაც უკრავდეს იმის ნიშნად, გისმენო. მაგრამ ეს მხოლოდ ავტომატური მოძრაობებია. სინამდვილეში, მარტივად შესაძლებელია, მსმენელის გონება საერთოდ სხვაგან დაქროდეს და მოსაუბრის ყველა სიტყვას ისხლეტდეს. ასე ეს უბრალოდ ფონური ხმაურია, რომელსაც ყურს არ ვუგდებთ და, შესაბამისად, ვერაფერს ვიგებთ. ეს მდგომარეობა ისეთივე საგანგაშოა, როგორც იმ მოსწავლისა, რომელზეც ვწუწუნებთ, რომ სულ ცელქობს და არაფერს ისმენს. ორივე უკიდურესი მხარეა, ვერცერთი კონცენტრირებას ვერ ახერხებს. განსხვავება ისაა, რომ „ჩუმი“ ხელს არ გვიშლის, პირიქით, გვგონია, რომ გვისმენს და თუკი სარკედ ქცეულ მის თვალებს თვალს ვერ მოვკრავთ, ვერც მივხვდებით, რომ როცა დავუძახებთ: „გაიმეორე, ბოლოს რა ვთქვი“ კი არა, „რომელი წელია?“-საც ვერ უპასუხებს, ვიდრე კარგად არ გამოერკვევა.

მაშ ასე, ჩვენ ვიცით, რომ ეს დიდი პრობლემაა. ვიცით, რომ შესაძლოა, სწორედ ის არ გვისმენდეს, ვინც გვგონია, რომ გვისმენს. ვიცით, რომ რამე უნდა მოვუხერხოთ იმ მოსწავლეს, რომელსაც ცხადად ეტყობა, რომ არ გვისმენს, რადგან ცდილობს, თანაკლასელებს გამოელაპარაკოს, წიგნი სხვა გვერდზე გადაშალოს და იქ დაიწყოს კითხვა, ფანჯარაში იყუროს ან მოულოდნელად კონტექსტიდან ამოვარდნილი კითხვით გაგვაწყვეტინოს საუბარი. მაგრამ რატომღაც თვალში სწორედ ის მოსწავლე გვხვდება, რომელიც მშვიდად ზის და რვეულში რაღაცას ხატავს? დიდი ალბათობით, სწორედ ეს მოსწავლე ინტუიციით ხვდება, თუ რა უნდა აკეთოს მაშინ, როდესაც მისი სხეული და გონება გადაღლილია და კონცენტრირებას ვეღარ ახერხებს.  ჩემს გაკვეთილზე ხატვის დრო არ არისო, – სამართლიანად იწყენს ხოლმე მასწავლებელი. ასეა, მე არც ხელოვნებას ვასწავლი, არც რამე მსგავსს, მაშინ რატომ ხატავს აქ? რადგან მხოლოდ ასე ახერხებს, რომ მოგისმინოს! ცხადია, ხშირად იქნება შემთხვევები, როდესაც მოსწავლე თავის ესკიზებში უჩინარდება და გარესამყაროსთან კავშირს კარგავს, მაგრამ ამის გამოცდა მარტივად შეგვიძლია. შემდეგ ჯერზე, როდესაც დაინახავთ, რომ მოსწავლე რაღაცას ხატავს, უბრალოდ, ჩაეკითხეთ იმ თემის ირგვლივ, რომელზეც საუბრობდით. დიდი ალბათობით, გაოცდებით.

მოსწავლეს გაკვეთილზე ხატვის სურვილი ბევრი მიზეზის გამო შეიძლება გაუჩნდეს. შესაძლოა, ეს მოწყენილობით დაემართოს, ან თავის გამოფხიზლებას ცდილობდეს. ეს ქცევა სტრესთან გამკლავების მეთოდადაც შეიძლება აღვიქვათ. თუკი მოსწავლე ხატავს, ის რაღაცისგან თავისუფლდება და თუკი რაღაცისგან თავისუფლდება, ეს რაღაც მას აღარ აწუხებს, შესაბამისად, მეტად არის მზად, რომ გვისმინოს. ცხადია, მასწავლებლის გადასახედიდან, რთულია იმის მიღება და დაჯერება, რომ ასე უსმენენ, თუმცა ეს უფრო მეტად სარწმუნოა, ვიდრე ის, რომ რვეულ და ფანქარჩამორთმეული მოსწავლე მოგვისმენს, რადგან ის აღარ ხატავს.

თუკი მოსწავლეს ხატვას ავუკრძალავთ, მაშინ ის ხელის, კალმის ან ფეხის ნერვიულ ქნევას მოჰყვება, შესაძლებელია, მერხზე კაკუნიც დაიწყოს ან მთელი სხეულის რწევა, რადგან ყველას საკუთარი გამოწვევები აქვს, ყველა სხვადასხვანაირად გამოავლენს იმას, რასაც ხატვაში ჩუმად ავლენდა და ასე გონებას იმშვიდებდა. მახსოვს, როგორ მითხრა ჩემმა უფროსმა მეგობარმა, რომელიც ასევე მასწავლებელია – ლექციაზე ვიჯექი, მოწყენილობისგან ფეხსაცმელს ვიხდიდი და ვიცვამდი, მერე უცებ გამძვრა და მერხის იქით გადამივარდაო. ასეა, მსგავსი რამეები დიდ ადამიანებსაც გვემართება, როცა ვიცით, რომ ვალდებულები ვართ, ვისხდეთ და ვისმენდეთ, თუნდაც ჩვენთვის საინტერესო რამ იყოს. მსგავსად ხდება მოსწავლეების შემთხვევაშიც. თუკი მათ ხატვას ავუკრძალავთ, მოვთხოვთ, რომ ყველაფერი შეინახონ, რითაც და რაზეც კი შეიძლება ხატონ და მშვიდად ისხდნენ, დიდი ალბათობით, ასეც მოიქცევიან, თუმცა მათი სტრესი გაორმაგდება და უარესად შეუშლით ხელს გაკვეთილზე კონცენტრირებაში.

ამის ნაცვლად მასწავლებლებს შეგვიძლია, რომ მცირე გადახვევა გავაკეთოთ გაკვეთილიდან, მოსწავლეებს ვთხოვოთ, ჩვენთან ერთად რამდენიმე ხატვითი სავარჯიშო შეასრულონ. სთხოვეთ მათ, დაგიხატონ ნებისმიერი ემოჯი იმის მიხედვით, თუ რას გრძნობენ და სად არის მათი გონება მოცემულ მონაკვეთში. ან სთხოვეთ უფრო კომპლექსური სკეტჩის შექმნა დამხმარე კითხვების საშუალებით: რას ვგრძნობ? სად ვარ ახლა ჩემი ემოციების მიხედვით? სხეულის რომელ ნაწილში ვგრძნობ ყველაზე მეტად სიმძიმეს? რა მჭირდება ამ წამს? რით შემიძლია შევამსუბუქო ჩემი მდგომარეობა? შესანიშნავი დამხმარეა წერტილების შეერთების სავარჯიშოც, რომელიც ყველაზე მარტივი და ყველაზე სასარგებლოც კი შეიძლება აღმოჩნდეს. დაუხატეთ მოსწავლეებს რამდენიმე წერტილი ფურცელზე და სთხოვეთ, როგორი ხაზებითა და გზებითაც სურთ, ისე დააკავშირონ ერთმანეთთან.  ეს მათ დაეხმარება, გათავისუფლდნენ სტრესისგან და ნელ-ნელა გამოგყვნენ იქ, სადაც თქვენ გსურთ – გაკვეთილზე, სადაც თქვენ საუბრობთ, ისინი კი გისმენენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი დაინახავთ, რომ თქვენს გაკვეთილზე ხატავენ, ნუ შეიქმნით წარმოდგენას, რომ არ გისმენენ არც თქვენ და არც თანაკლასელებს. სინამდვილეში, სწორედ მცირე სკეტჩებისა და პატარ-პატარა ჩანახატების გაკეთებაა მათი მცდელობა თქვენკენ შემობრუნებისა და კონცენტრაციის.

 

 

სწავლება და ვიდეოთამაშები

0

ძვირფასო მკითხველებო, კარგად მოგეხსენებათ, რომ თამაში ადამიანების უძველესი გამოგონებაა. ირანელი ემიგრანტების ოჯახში დაბადებული იალდა ულსი ფიქრობს, რომ შესაძლოა თამაშის მოთხოვნილება ადამიანის გენეტიკის ნაწილია.  კალიფორნიის უნივერსიტეტში მოღვაწე ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის დოქტორი ძირითადად განვითარების ფსიქოლოგიის მიმართულებით მუშაობს. ის ავტორია წიგნისა „მედიადედები და ციფრული მამები. ბავშვების აღზრდისადმი თანამედროვე მიდგომები ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში“, რომელიც ჩვენი ინტერესის საგანია.

უძველესი ცივილიზაციების ხელნაწერთა შორის ნაპოვნია ჩანაწერები სამაგიდო თამაშების შესახებ, სპორტული თამაშები ხომ საყოველთაოდ ცნობილია. არსებობს განსხვავებული მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ რატომ ინარჩუნებს საუკუნეების მანძილზე პოპულარობას სხვადასხვა სახის, შინაარსის, ფუნქციის მქონე თამაშები. ზოგიერთი მოსაზრების მიხედვით, ისინი სოციალური ურთიერთობების მოთხოვნილებას უკმაყოფილებენ ადამიანებს. არსებობს თეორია, რომ თამაშები შეჯიბრებითობასა და აზარტულობას ავითარებს.

თანამედროვე ეპოქამ თამაშების ახალი კატეგორია დაამკვიდრა. ბავშვები, მოზარდები, ზრდასრულები პრაქტიკულად თანაბარი სიხშირით ერთობიან ვიდეოთამაშებით. ასეთი პოპულარობის მიუხედავად, მშობლების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ვიდეოთამაშები დამღუპველ ზეგავლენას ახდენს მათ შვილებზე, რადგან მათ უუარესდებათ ძილის ხარისხი, გაკვეთილებზე ყურადღების კონცენტრაციას ვერ ახდენენ, უქვეითდებათ კრეატიულობა, ანალიტიკური უნარები და ფიზიკური აქტივობა. შეწუხებულ მშობლებს შორის მეც ვარო, – აღიარებს ამერიკელი ფსიქოლოგი და განაგრძობს: – რეალობის გათვალისწინებით, აუცილებელია, კარგად გავიგოთ ვიდეოთამაშების პლუსები და მინუსებიო.

„თავდაპირველად, კვლევები ვიდეოთამაშების შინაარსს ეხებოდა, – ვკითხულობთ მის წიგნში, – კერძოდ, ყურადღება ექცეოდა იმ გარემოებას, იყო თუ არა კავშირი სისასტიკის დონესა და ბავშვებში თამაშებისგან პროვოცირებულ აგრესიულ ქცევას შორის. შემდგომ, ვიდეოთამაშების პოპულარობის ზრდასთან ერთად, მკვლევრებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ ხომ არ შეუძლია თამაშებს გარკვეული სააზროვნო უნარების განვითარების პროვოცირება.

დავიწყოთ ვიდეოთამაშების დადებითი მხარეების ჩამოთვლა. ნეირომეცნიერები და კოგნიტური ფსიქოლოგიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისეთი ვიდეოთამაშები, სადაც მონაწილეები სამიზნეებს არჩევენ და შემდეგ ზუსტად ისვრიან, პოზიტიურად აისახება სააზროვნო უნარებზე. კვლევების შედეგად გაირკვა, რომ სივრცეში ორიენტაციისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარები უკეთ აქვთ განვითარებული მსგავსი ვიდეოთამაშებით გატაცებულ ადამიანებს. კრეატიული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარიც შედის იმ სააზროვნო უნარების რიცხვში, რომელთა განვითარებას ხელს უწყობს ვიდეოთამაშები.

პატივცემულო მშობლებო, თქვენ შესაძლოა არ მოგწონდეთ ის ფაქტი, რომ ვიდეოთამაშები დადებით გავლენას ახდენს ბავშვების განვითარებაზე. თქვენ შეგიძლიათ სულაც არ გაუმხილოთ ეს ფაქტები თქვენს შვილებს, მაგრამ იქნებ მაინც კარგად აწონ-დაწონოთ ყველა ზიანი და სარგებელი, სანამ კატეგორიულად აუკრძალავთ ბავშვებს, ითამაშონ ნებისმიერი სახის ვიდეოთამაში. ცხადია, ეს სულაც არ ათავისუფლებს უფროსებს იმ პასუხისმგებლობისგან, რომ  ვიდეოთამაშების შეძენამდე აუცილებელია, საგულდაგულოდ გაეცნონ და შეისწავლონ მათი შინაარსი და გრაფიკა“.

სანამ მშობლები შფოთავენ ვიდეოთამაშებით შვილების გატაცების გამო, სასწავლო დაწესებულებები სწავლების ახალი მეთოდების გამოყენებაზე ფიქრობენ. მათ შორის ვიდეოთამაშებით სწავლებასაც განიხილავენ. იალდა ულსი მშობლებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს: „თავადაც არ მჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო, დადებითი მხარე ჰქონოდა ბავშვების ამგვარ გატაცებას, სანამ ჩემმა შვილმა სამყაროს აგებულების შესახებ საინტერესო ფაქტების მოყოლა არ დაიწყო. ეს ინფორმაცია მან კომპიუტერული თამაშის საშუალებით გაიგო. მანამდე ბავშვმა ნაციონალური საკალათბურთო გუნდის ისტორია და ყველა მოთამაშის სახელი და გვარი დაიმახსოვრა, რადგან საკალათბურთო ვიდეოთამაშს თამაშობდა. მიზნისკენ თანმიმდევრული სვლა, მუდმივი წახალისება, დაჯილდოება და მყისიერი რეაგირება – ის ელემენტებია, რომლებიც ზრდის მოტივაციას და იმ თეორიას აძლიერებს, რომლის თანახმადაც სწავლება ვიდეოთამაშების გამოყენებით ჩაანაცვლებს ტრადიციული განათლების მოდელს“.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ერთმა მკვლევარმა, რომელიც იკვლევდა ვიდეოთამაშების გავლენას ქცევით მოტივაციაზე, დაასკვნა, რომ ბავშვებისთვის თამაშები საჭიროა უარყოფითი ემოციების დასაძლევად. თანაც ეს საუკეთესო ალტერნატივაა აგრესიის უკონტროლო ამოფრქვევისა და ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენების წინააღმდეგ. პატარებსა და უფროსებსაც პერიოდულად სჭირდებათ განტვირთვა – მოზარდები ამას ვიდეოთამაშებით ახერხებენ, უფროსი ასაკის ადამიანები – სერიალების ყურებით. ადამიანები ხომ სოციალური არსებები არიან, ჰოდა, ინტერნეტისა და ვიდეოპლატფორმების დახმარებით ბავშვები და მოზარდები პოულობენ თანამოაზრეებს, მაშინაც კი, თუ ისინი პიჟამით სხედან ეკრანთან. თამაშები ფიზიკური ჯანმრთელობის ხელშემწყობიცაა. მშობლებო, არ ინერვიულოთ, თუ თქვენს შვილს უყვარს ვიდეოთამაშები! ირკვევა, რომ ამ გატაცებას ბევრი პლუსი აქვს!

წიგნის ავტორი უარყოფით მხარეებზეც საუბრობს: „ჯერ კიდევ 2009 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთ სკოლაში სცადეს, დაენერგათ ვიდეოთამაშებით სწავლება. დიდი მოლოდინის, ფინანსური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მიუხედავად, ხუთი წლის შემდეგაც არ არსებობს მტკიცებულება, რომ ამ წამოწყებამ პოზიტიური შედეგები გამოიღო. მოსწავლეების აკადემიური მოსწრება საშუალო დონეს ვერ ასცდა. ამ ინიციატივამ ვერ გადაჭრა ამერიკის შეერთებული შტატების საგანმანათლებლო სისტემაში არსებული ხარვეზები.

ვიდეოთამაშების გავლენა აგრესიულ ქცევებზე  ყველა მშობლის და უფროსის საფიქრალია. არსებობს კვლევა, რომელიც აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა, გამოიკვეთა უხეში, აგრესიული შინაარსის ვიდეოთამაშების გავლენა ქცევაზე. მეორე კვლევა, ასევე ამერიკაში ჩატარებული, არ ადასტურებს თამაშების ნეგატიურ გავლენას აგრესიულ ქცევაზე. ვიდეოთამაშები სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება, კვლევები გრძელდება. მანამდე კი ძალიან მნიშვნელოვანია, თვალყური ადევნოთ შვილებს და თუ შეამჩნევთ, რომ მათი ქცევები გახდა უჩვეულოდ უხეში ან დაუნდობელი, შეზღუდეთ მათ მიერ ინტერნეტის მოხმარების დრო. აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს და სთხოვეთ დახმარება“.

ორი სიტყვით ვახსენოთ ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულებაც. მართლაც სამწუხარო რეალობაა, რომ მოზარდების გარკვეული ნაწილი თამაშებზე დამოკიდებული ხდება. ნამდვილი დამოკიდებულება სერიოზული ფსიქოლოგიური გადახრააო, –განმარტავს ამერიკელი ფსიქოლოგი და მოუწოდებს მშობლებს: – გულდასმით დააკვირდით შვილების ქცევას, სანამ დაიწყებთ საუბარს დამოკიდებულებაზეო.

მაშ ასე, შეჯამება:

  1. ვიდეოთამაშები სივრცეში ორიენტაციის უნარს ავითარებს;
  2. გარკვეულწილად, ავითარებს კრეატიულ აზროვნებას, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა პროფესიულ უნარს აძლიერებს;
  3. ვიდეოთამაშებით გატაცება ხელს უწყობს ადამიანებს, წარმატებას მიაღწიონ ისეთ საქმიანობებში, რომლებიც ყურადღების კონცენტრაციასა და მხედველობით სიზუსტეს საჭიროებს;
  4. სასტიკი შინაარსის ვიდეოთამაშებით გატაცებასა და აგრესიულ ქცევას შორის კავშირი ძალიან მცირეა.

ტრადიციულად, რამდენიმე რჩევა  მშობლებისთვის:

  1. ბავშვების ვიდეოთამაშებით გატაცება სავსებით მისაღები საქმიანობაა;
  2. ეცადეთ, მრავალფეროვნება შეიტანოთ შვილების თამაშებით გატაცებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს სარგებლის მომტანიც კი შეიძლება იყოს, მაინც არ დაუშვათ სხვა თამაშების იგნორირება; განსაკუთრებით ისეთი თამაშები, რომლებიც სუფთა ჰაერზე, ღია სივრცეში აქტიურობას ითხოვს;
  3. ყურადღებით შეისწავლეთ იმ ვიდეოთამაშების შინაარსი, რომლებსაც თქვენი შვილები თამაშობენ. ყველა ახალი თამაში უნდა იყოს გატარებული მშობლის კრიტიკული დამოკიდებულების პრიზმაში. განსაკუთრებით ეს ეხება ვიდეოთამაშების შინაარსს (სექსიზმი, ანტისოციალური, ღიად დანაშაულებრივი შინაარსის შემცველი და მსგავსი არასასურველი თემატიკა);
  4. თუ შეამჩნევთ შვილებს პრობლემური ქცევის ნიშნებს ან თამაშზე დამოკიდებულების საფრთხეს იგრძნობთ, დროულად გაიარეთ კონსულტაცია ფსიქოლოგთან;
  5. ჩვენ არ შეგვიძლია დროის უკუღმა შემობრუნება და არც არის ამის საჭიროება. სამაგიეროდ, უფროსებს შეუძლიათ დაეხმარონ იმ ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებსაც არ აქვთ გამოცდილება, რომ დამოუკიდებლად გაერკვნენ ინტერნეტსივრცის შესაძლო ნეგატიურ შედეგებში;
  6. ნეგატიური ფაქტორების ჩამონათვალში ყველაზე თვალსაჩინო პუნქტად უნდა გამოვყოთ პირადი სივრცის ხელყოფა და რეალური ურთიერთობების ონლაინკომუნიკაციით ჩანაცვლება;
  7. მოზარდებს ძალიან არ უყვართ, როდესაც მშობლები ცდილობენ, შეუმჩნევლად უთვალთვალონ, რადგან ჰგონიათ, რომ ეს მათი პირადი სივრცის დარღვევაა;
  8. ონლაინმიმოწერებს ბავშვები და მოზარდები უმეტესად მაინც რეალურ ურთიერთობებს ამჯობინებენ. ამიტომ უნდა ეცადოთ, დაეხმაროთ შვილებს, გააცნობიერონ, რომ გაჯეტებით და ვიდეოთამაშებით გადაჭარბებული გატაცება ხელს უშლის მეგობრებთან ურთიერთობაში;
  9. პირადი სივრცის დაცვის პრობლემა საკმაოდ სერიოზულია, მაგრამ ბავშვები და მოზარდები მას, ხშირ შემთხვევაში, სრულად უგულებელყოფენ. უფროსების მოვალეობაა, დაეხმარონ ახალგაზრდებს, გააცნობიერონ საფრთხეები, დაფიქრდნენ მომავალზე და პასუხისმგებლობით მოეკიდონ უსაფრთხოების საკითხს.

 

გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს!

0

ჟურნალი “მასწავლებელი”,  ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge”, გილოცავთ აღდგომის  დღესასწაულს! ევროპულ და ღირსეულ მომავალს, მშვიდობას, ჯანმრთელობას, წარმატებას,  საინტერესო და  ნაყოფიერ ცხოვრებას გისურვებთ!

საკლასო პროექტი – მე მიყვარს ჩემი მასწავლებელი

0

დაფიქრებულხართ, რას ვლაპარაკობთ, როდესაც მასწავლებლებზე ვლაპარაკობთ? რა გესმით, როგორც მშობელსა თუ მასწავლებელს? როგორ კომენტარს აკეთებთ, როდესაც მასწავლებლებზე გესაუბრებიან?

სემესტრის დასაწყისში სადამრიგებლო კლასის აყვანისას დილემის წინაშე აღმოვჩნდი – საგნის მასწავლებლებსა და მშობლებს შორის ემოციათა გამტარის როლი დამეკისრა, რამაც მუდმივი შფოთვა მომიტანა. შიშით ველოდებოდი თითოეული გაკვეთილის დასრულებას და მასწავლებლების რეაქციას ბავშვების ქცევის შესახებ. თითოეული საყვედური გულზე ეკალივით მესობოდა და მეორე დღემდე მტანჯავდა. დროდადრო მშობლების უკმაყოფილების მოსმენა მიწევდა და ვგრძნობდი, რომ მეტს ვეღარ გავუძლებდი. ორი თვის შემდეგ დაგროვილმა ბრაზმა, წყენამ და უმწეობის განცდამ ერთბაშად ამოხეთქა და ერთ დღესაც იმდენად მძაფრად გამოვხატე დაგუბებული ემოციები, რომ მეხუთეკლასელი ბავშვების წინაშე მთელი ხმით ავყვირდი, შემდეგ კი ტირილი ამიტყდა. ბავშვებიც ჩემთან ერთად ტიროდნენ. არასდროს დამავიწყდება ჩემი საქციელის გამო მათ თვალებში არეკლილი შეშფოთება.

მაშინ მივხვდი, რომ სასწრაფოდ რაღაც უნდა გამეკეთებინა ისეთი, რაც არსებულ სიტუაციას შეცვლიდა.

პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე ფიქრმა გარკვეულ დასკვნებამდე მიმიყვანა. სკოლაში ორმაგი როლი მაკისრია – ჩემი ორი შვილის მასწავლებელიც ვარ, რაც დიდწილად დამეხმარა სიტუაციის ანალიზისას. ერთი მხრივ, შვილების ქცევას და გარემოს კარგად ვიცნობ, მეორე მხრივ კი, ვიცი, სკოლის შემდგომი ცხოვრება როგორი აქვთ, რა აწუხებთ, რა მოსწონთ, როგორ გამოხატავენ ემოციებს შინ დაბრუნებისას. მე რომ მათი მასწავლებელი არ ვიყო, ძალიან აღმაშფოთებდა იმის მოსმენა, რასაც მომიყვებოდნენ და ობიექტურობას ავცდებოდი.

ჩემი დაკვირვებით, ბავშვები ხშირად აბუქებენ სიტუაციას და ცდილობენ მსმენელის გულის მოგებას. მხარდაჭერის მოპოვების გაუცნობიერებელი სურვილით ავსებულები, ამბავს ისე ჰყვებიან, საკუთარი საქციელის გამართლებას ცდილობენ. ამ დროს მშობლისთვის ძნელია სიმშვიდის შენარჩუნება და უარყოფითი განწყობა ეუფლება შვილის მასწავლებლისა თუ კლასელის მიმართ. ცხადია, იმას არ ვგულისხმობ, რომ შვილი ყოველთვის უნდა გაამტყუნო, მაგრამ მისი მძაფრი ემოციების მიღმა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სხვა ადამიანების (კლასელების, მსწავლებლების) ქცევის მოტივი. როგორია მშობლის საპასუხო რეაქცია – ამაზეა მიბმული ბავშვის შემდეგი დღე. არ არსებობს პრობლემა, რომელსაც გულწრფელი საუბრით ვერ მოვაგვარებთ. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენი, მშობლების, კომენტარები ბავშვის გონებაში ილექება და  ეკლიან მავთულხლართებად იქცევა, რადგან ადამიანები ერთმანეთის ფიქრებს ვირეკლავთ და მასწავლებელიც მარტივად გრძნობს, როგორ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ მისდამი.

სწორედ ამიტომ, მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთობისას ბალანსის მისაგნებად რამდენიმე აქტივობა ჩავიფიქრე. პირველი ნაბიჯი მშობელთა კრების მოწვევა იყო, სადაც განვიხილეთ ჩემ მიერ ზემოთ აღწერილი პრობლემები. შევთანხმდით, რომ ბავშვების თანდასწრებით მასწავლებლების შესახებ აგრესიული ტონით არ ვისაუბრებდით და თუკი ბავშვი წყენას გამოხატავდა, პირველ რიგში, გულითადად მოვუსმენდით, დავამშვიდებდით და პრობლემის მოსაგვარებლად დახმარებას აღვუთქვამდით, შემდეგ კი კლასის დამრიგებელს ჩავაყენებდით საქმის კურსში. მასწავლებლებისადმი მშობლის მიერ გამოხატული პატივისცემა ბავშვის განწყობას აუცილებლად ცვლის, რაც საგაკვეთილო პროცესში მის ქცევაზეც აირეკლება. თუკი ბავშვს მშობლებისგან მუდამ ესმის მასწავლებლის კრიტიკა, აგრესიული ტონი საუბრისას, აუცილებლად მოექცევა გავლენის ქვეშ და სკოლაშიც გაიყოლებს უარყოფით განწყობას. მასწავლებლის როლიც გაუფასურდება. სწორედ ამიტომ შევეცადოთ, პატივისცემით ვისაუბროთ ჩვენი შვილების მასწავლებლების შესახებ და თუკი მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა ჩიხში შევა, ჯერ თავად მოსწავლეს ვთხოვოთ პრობლემის მოგვარება, შემდეგ ეტაპზე დამრიგებელი ჩავრთოთ, საუკეთესო გამოსავლად კი მასწავლებელთან პირადი საუბარი მიმაჩნია.

ბავშვების ცნობიერების ასამაღლებლად მომაფიქრდა საკლასო პროექტი, სახელად მე მიყვარს ჩემი მასწავლებელი. პროექტის მიზანი იყო,  ბავშვებს მასწავლებლები ახლოს გაეცნოთ, მათთან პირადი ურთიერთობის საშუალება ჰქონოდათ და მათდამი ზრუნვა გამოეხატათ.

პროექტი შემდეგ ეტაპებს მოიცავდა:

  1. გამოსაძახებელი ჩხირების დახმარებით კლასის სამწევრიან ჯგუფებად დაყოფა;
  2. ინტერვიუსთვის კითხვარის შედგენა;
  3. თითოეული საგნის მასწავლებელთან ინტერვიუს ჩასაწერად დროისა და ადგილის შეთანხმება;
  4. მზადება შეხვედრისთვის;
  5. ინტერვიუს ჩაწერა, ფოტოს გადაღება;
  6. მასწავლებლებისთვის ნაჭრის ჩანთების შეკერვა და მოხატვა;
  7. მათთვის პირადი წერილების მიწერა;
  8. პროექტის შემაჯამებელი ღონისძიებისთვის მზადება.

კითხვარი ინტერვიუსთვის

თავდაპირველად ვფიქრობდი, მოსწავლეებს თავად მოეფიქრებინათ კითხვები მასწავლებლებისთვის და მობილური ტელეფონის ხმის ჩამწერით ჩაეწერათ, თუმცა მივხვდი, რომ ამისთვის დიდი დრო დაგვჭირდებოდა და საწყის ეტაპზე გაუჭირდებოდათ თავის გართმევა (ინტერვიუს გაშიფვრა, წერილობით ტექსტად გადაქცევა). ამიტომ გადავწყვიტე, თავად მომემზადებინა ინტერვიუს ფორმა.

თაბახის ფურცელზე დავხატე საჰაერო ბუშტი და მის ირგვლივ ჩავწერე წინადადებები, რომლებიც უნდა დაებოლოებინათ მასწავლებლებს:

  • მე შემიძლია…
  • როცა მიხარია…
  • მასწავლებლობა ნიშნავს…
  • მე–5 ბ კლასზე ვფიქრობ…
  • მაბრაზებს…
  • ბავშვებო, გირჩევთ…
  • ხშირად ვფიქრობ…
  • ჩემ შესახებ მინდა, იცოდეთ…
  • ჩემი სუპერძალაა…
  • ერთხელ, როცა მეხუთე კლასში ვიყავი…
  • ჩემი საგანი ამ წამს მახსენებს…

პროექტის განსახორციელებლად ერთი თვე დაგვჭირდა. ბავშვები დამოუკიდებლად უთანხმდებოდნენ მასწავლებლებს შეხვედრის დროისა და ადგილის შესახებ. ინტერვიუსთვის მოჰქონდათ ტკბილეული, მე ყავის მოდუღებაში ვეხმარებოდი და ეს ფუსფუსი ქმნიდა განუმეორებელ აურას, რომელსაც მასწავლებლებიც ვგრძნობდით. შევსებული კითხვარები სიხარულით მოჰქონდათ ჩემთან და საგულდაგულოდ ვინახავდით განმარტებითი სიტყვის ლექსიკონში. ბავშვები მიგზავნიდნენ მასწავლებლებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და აღტაცებით მიზიარებდნენ შთაბეჭდილებებს.

თვალს ვადევნებდი, როგორ აბამდნენ თავს შეხვედრის ორგანიზებას, როგორი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ მასწავლებლებთან შეხვედრას და როგორ უთბებოდათ პატარა გულები.

ნაჭრის ჩანთები

ათ მასწავლებელთან ინტერვიუს აღების შემდეგ გადავწყვიტეთ, ჩვენი ხელით ნაჭრის ჩანთები შეგვეკერა მათთვის და საგნის თემატიკის მიხედვით მოგვეხატა.

სკოლაში მივიტანე საკერავი მანქანა და სემესტრის ბოლო კვირას გაკვეთილების შემდეგ საკლასო ოთახში ჭრა-კერვა გავმართეთ. თითოეული მოსწავლე დავსვი საკერავ მანქანასთან და გვირისტი გავავლებინე. კერვასა და მოხატვაში მეშვიდეკლასელი გოგოები – მარიამი და ნინი – დაგვეხმარნენ. დღის მეორე ნახევარში, როგორც კი შევატყობინებდი მშობლებს, სკოლაში კერვას ვიწყებ და ვისაც სურვილი აქვს, დამეხმაროს-მეთქი, ცოტა ხანში საკლასო ოთახი ივსებოდა გულაფანცქალებული ბავშვებით, თან მოჰყავდათ და-ძმები და ისინიც გვეხმარებოდნენ.

ჩემი მიზანი იყო მათი დარწმუნება, რომ საკუთარი ხელებით ბევრი რამის კეთება შეგვიძლია. კეთებით სწავლებამ ერთად ყოფნას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა და სემესტრის ბოლო კვირა ყველაზე ნაყოფიერ დროდ იქცა.

შეკერილი ჩანთა პატარა ჯგუფებად დაყოფილ კლასში ინაცვლებდა, რასაც მოჰყვებოდა ჩანთისთვის ნახატის შერჩევა, შემდეგ კი ხატვის პროცესი იწყებოდა და ნელ-ნელა ფანჯრის თაროები გადაივსო სველსაღებავიანი ჩანთებით.

კერვისა და ხატვის პარალელურად ერთმა ჯგუფმა მოსაწვევი ბარათები დაამზადა, მეორემ – აფიშა, მესამემ ინტერვიუს კითხვარებიდან პასუხები შეარჩია, პოსტერზე მასწავლებლები დახატა და მათ გასწვრივ ამოწერილი პასუხები გადაწერა.

მოსწავლის პირადი წერილები

იმისთვის, რომ საგნის მასწავლებლებსაც უკეთესად გაეცნოთ ბავშვები, მათთვის  პირადი წერილების მიწერა გადავწყვიტეთ. ერთ გაკვეთილზე შევიმუშავეთ წერილის ქარგა და თითოეულმა მოსწავლემ მისწერა  იმ მასწავლებელს, ვისთანაც ინტერვიუ ჩაწერა.

წერილის ქარგა ამგვარი იყო:

  • მოიფიქრე მიმართვა;
  • გააცანი შენი თავი;
  • გაიხსენე სამი რამ, რაც ამ სემესტრში ისწავლე;
  • მისწერე, რა ხდება ახლა კლასში;
  • დაუსვი ერთი შეკითხვა;
  • დაემშვიდობე.

პირადი წერილები ნაჭრის ჩანთებში მოვათავსეთ.

პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება

შემაჯამებელი ღონისძიებისთვის რაღაც ისეთი უნდა მომეფიქრებინა, რაც სასკოლო საზოგადოებას სიხარულს მოჰგვრიდა და ბავშვების შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებასაც  მომცემდა. „პოეზია – სიხარულია“ – ეს გზავნილი გალაკტიონის სახლ-მუზეუმის კედელზე ამოვიკითხე და ხშირად მახსენებდა თავს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, პოეზია მექცია ურთიერთობების მედიუმად, ბავშვების ხმებისა და ემოციების ერთგვარ გამტარად.

მურმან ლებანიძის ლექსებისკენ კი რაჭის მონატრებამ მიბიძგა. პოეზიის სწავლების მეთოდებზე ამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ და ცალკე სტატიად გაგიზიარებთ, რამდენ უნარს ავითარებს ლექსების კითხვა. ლექსების შერჩევის შემდეგ რამდენიმე გაკვეთილი დავუთმე ხმამაღალ კითხვას. შეარჩიეს საყვარელი სტრიქონები და დახატეს. დავამზადეთ ხელნაკეთი გვირგვინები და ლექსიდან ერთი სიტყვა დააწერეს. გავაკეთეთ ორწუთიანი ჩანაწერი კლასის რადიოსთვის. ჩემს უფროს მეგობარს, ქალბატონ სოფო გუგეშაშვილს, რომელიც ონში ცხოვრობს და უწერის სკოლაში მუშაობისას ჩვენი ლიტერატურული ღონისძიებების ერთგული სტუმარი და დიდი გულშემატკივარი იყო, ერთი ლექსის წაკითხვა და ვიდეოჩანაწერის გამოგზავნა ვთხოვე. სემესტრის ბოლო დღეს, 29 დეკემბერს, საკლასო ოთახი მოვრთეთ – კედელზე შეკერილ-მოხატული ჩანთები ჩამოვკიდეთ, გაფერადებულ ქილებში სანთლები ავანთეთ და მოწვეულ სტუმრებს დაველოდეთ.

ბავშვებმა რიგრიგობით წაიკითხეს მურმან ლებანიძის ლექსები. გადავსახლდით რაჭის სოფლებში, ქვასროლია ბიჭების სინანული გულში გამოვიტარეთ, ქართული ვაზის ჯიშების სახელები ლექსის სტრიქონებად გავაცოცხლეთ, შავ კორტოხზე მდგარი შავი მუხის მარტოობა გავიზიარეთ და პოეტის ერთ-ერთი კრებულის სათაური „ლიხს იქით და ლიხს აქეთ საქართველო გიყვარდეთ“ მთავარ გზავნილად ჩავიტოვეთ გულში.

განსაკუთრებით სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ ღონისძიებაზე გვესტუმრა ჩემი ორი მასწავლებელი. ნანი მასწავლებელმა მოიტანა 181-ე სკოლის გაზეთი „მერანი“, რომელშიც დაბეჭდილი იყო მერვე კლასში ყოფნისას დაწერილი ჩემი ჩანახატი „ცა, ბებერი ცა“.

სკოლაში ერთი წელი ინგლისურს დედაჩემი, მარისა მასწავლებელი, გვასწავლიდა. ამჯერად დედა, ნანი მასწავლებელთან ერთად, ჩემი მასწავლებლის სტატუსით მოვიწვიე. მისთვის შეკერილ ჩანთაზე დავხატეთ ჯეინ ეარი, რომელიც დედას საყვარელი პერსონაჟია და მთელი ბავშვობა მესმოდა, როგორი დიდსულოვანი ადამიანები იყვნენ მისტერ როჩესტერი და ჯეინ ეარი.

ბავშვებისთვის გასაოცარი იყო ჩემი მასწავლებლების სტუმრობა და ვფიქრობ, მოსწავლე-მასწავლებლების ურთიერთობის ჩემეული გამოცდილება მათთვის პირად მაგალითად იქცევა.

პროექტის აქტუალობაში რამდენიმე ამბავმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა: ერთხელ შინ დაბრუნებულმა 10 წლის გაბრიელმა სიხარულით მიამბო, თურმე ნინო მასწავლებელს სახლში მოპსის ჯიშის სამი ძაღლი ჰყოლიაო. შემაჯამებელ ღონისძიებაზე ბავშვებმა პირადი წერილებიდან კითხვები დაუსვეს თითოეულ მასწავლებელს და სტუმრებში დიდი სიხალისე შემოიტანეს. ჩემთან აღებული ინტერვიუს შემდეგ კი ათი წლის სალომემ მომწერა: ეს დღე დაუვიწყარი გახდება ჩემთვისო.

მასწავლებლების მიერ შევსებული კითხვარებიდან გულისხმიერება და სითბო იფრქვევა. ღონისძიებისთვის შევარჩიე ერთ-ერთი დაუსრულებელი წინადადების პასუხები, თითოეული მასწავლებლის ფოტო მოვიძიე და სლაიდშოუდ ავკინძე. ამ მოულოდნელმა სიურპრიზმა აუდიტორია გაახალისა. მასწავლებლებს ამგვარი წინადადება უნდა დაებოლოებინათ: როცა მეხუთე კლასში ვიყავი…

  1. „სწორედ მეხუთე კლასში ყოფნისას მასწავლებელმა გამოიჩინა ყურადღება, ყოველდღე მიძახებდა დაფასთან და გამიღვიძა მათემატიკური ნიჭი, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ მისი“. დალი მასწავლებელი
  2. „მიხაროდა მოსწავლეობა“. ლელა მასწავლებელი
  3. „ვიცელქე და ხელი მოვიტეხე“. მაია მასწავლებელი
  4. „ბუნების გაკვეთილზე წავიყვანე ცოცხალი ზაზუნა, რომელიც მათემატიკის გაკვეთილზე გამოიპარა პატარა ყუთიდან და კლასში დარბოდა. ატყდა წივილ-კივილი. ზოგს ეგონა, რომ თაგვი იყო“. ნინო მასწავლებელი
  5. „თქვენსავით გაკვირვებული და დაბნეული ვუყურებდი მასწავლებლებს. არ ვიცოდი, შემშინებოდა მასწავლებლებისა თუ შემყვარებოდა ისინი“. თამუნა მასწავლებელი
  6. „მასწავლებელი გვყავდა, რომელსაც ჰყავდა ერთი შვილი. მას ერქვა სოსო. როდესაც მასზე რამეს ვიტყოდით, ვიცოდით, მთელ გაკვეთილს მის შესახებ მოგვიყვებოდა და ამ დროს გაკვეთილს აღარ ვაბარებდით“. ნელი მასწავლებელი
  7. „განვიცდიდი და ვნერვიულობდი“. ნანა მასწავლებელი
  8. „მახსოვს, პირველად როგორ გამიკვირდა, მუსიკის მასწავლებელმა მაგნიტოფონი რომ მოიტანა და ბახის სიმფონია რომ მოგვასმენინა“. ქეთი მასწავლებელი
  9. „მეტროში დავიკარგე, შემეშინდა, მაგრამ არ შევიმჩნიე“. მარი მასწავლებელი
  10. „მახსოვს, ერთ-ერთი შეჯიბრების დროს წარმატება მოვუტანე სკოლას“. გელა მასწავლებელი
  11. „ერთი ბიჭი შემიყვარდა და მისთვის კანფეტები მიმქონდა. მას ეს არ ახარებდა და მალევე ამოვიგდე გულიდან“. ლელა მასწავლებელი

პროექტის სათაურის მთავარი გზავნილი მრავლისმთქმელია – მასწავლებლის სიყვარულის გარეშე სკოლის დღეები მუქი ფერებით ივსება, სიყვარულის გაღვივებას კი ძალისხმევა სჭირდება. ბავშვების სიყვარული ყველას ეყოფა – დაწყებითი თუ შემდგომი საფეხურის დამრიგებლებს, საგნის მასწავლებლებს, დირექტორს, კლასელებსა და კლასელების მშობლებს. მთავარია, უფროსებმა პირადი მაგალითით ვასწავლოთ პატივისცემა, ზრუნვა, მოსმენა, ყურადღება, პატიება, ზრდილობა… როგორც წესი, ბავშვები კოცონად ააბრიალებენ სულ პაწაწინა ენერგიას და გაცემა-დაბრუნების სიხარულით აგვავსებენ.

დიფერენცირებული სწავლება –  თანამედროვე საგანმანათლებლო პარადიგმა

0

რატომ იქცა დიფერენცირებული სწავლება, ახალ საგანმანათლებლო პარადიგმად?

დიფერენცირებული სწავლება სწორედ იმიტომ იქცა ახალ საგანმანათლებლო პარადიგმად, რომ  ის გვთავაზობს, გადავხედოთ  კლასის სტრუქტურას,  კლასის მართვას, მასალის შინაარსს და კლასის ყველა წევრი ჩავრთოთ სასწავლო პროცესში ისე, რომ ყველამ ნახოს სარგებელი.

რამ განაპირობა დიფერენცირებული სწავლების მოდელის შექმნა?

რამდენიმე ათეული წლის წინ  კლასში მოსწავლეთა მრავალფეროვნებამ, რაც გამოიხატებოდა იმით, რომ კლასებში თავი მოიყარეს სხვადასხვაენოვანმა, სხვადასხვა კულტურული წარმოშობის, სხვადასხვა ცოდნის დონის მქონე მოსწავლეებმა, პედაგოგები აიძულა, გადაეხედათ თავიანთი პედაგოგიური პრაქტიკისათვის და სწავლების მეთოდები მოერგოთ კლასის საჭიროებებისთვის. დიფერენცირებული სწავლების  მოდელი  შეიქმნა, როგორც პასუხი ჰეტეროგენულ კლასებში სწავლა-სწავლების ეფექტიანად წარმართვაზე.

რას ეფუძნება ჰეტეროგენულ კლასებში დიფერენცირებული სწავლების კონცეპტუალური ჩარჩო?

დიფერენცირებული სწავლება  აღიარებულია, როგორც დამაჯერებელი და ეფექტიანი საშუალება  იმისათვის, რომ მრავალფეროვან კლასში შევქმნათ ბავშვზე ორიენტირებული სასწავლო გარემო. სწავლების დიფერენცირებულ მოდელს მეცნიერულად დასაბუთებული უპირატესობა  აქვს ჰეტეროგენულ კლასებში სწავლებისას. ჰეტეროგენულ კლასებში დიფერენცირებული სწავლების კონცეპტუალურ ჩარჩოდ მკვლევრები აღიარებენ ვიგოტსკის (1896-1934) სოციოკულტურულ თეორიას.

სოციოკულტურულმა თეორიამ, რომელიც ეყრდნობა ვიგოტსკის (1962) და მოგვიანებით ვერტშის (1991), შარპის, გალიმორეს ნაშრომებს, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა  სწავლებაზე, სკოლასა და განათლებაზე (Tharp, R. G., and Gallimore, R., 1988). ეს თეორია ეფუძნება წინაპირობას, რომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ  მოსწავლის  სოციოკულტურული კონტექსტი, რადგან სოციალური ურთიერთქმედება ფუნდამენტურია შემეცნების განვითარებისთვის. უფრო მეტიც, ვიგოტსკის თეორია განათლებას განიხილავს როგორც მიმდინარე პროცესს და არა პროდუქტს.

რა მოიაზრება ვიგოტსკის თეორიის ერთ-ერთ   ცნებაში, რას გულისხმობს პროქსიმალური განვითარების ზონა?

ვიგოტსკის თეორიის ერთ-ერთი   ცნება – პროქსიმალური განვითარების ზონა – ამ თეორიის ცენტრალური ცნებაა და ეხება განვითარების დონეს, რომელიც მიღწეულია მაშინ, როდესაც მოსწავლეები ებმებიან სოციალურ ინტერაქციაში.

პროქსიმალური განვითარების ზონას ვიგოტსკი განმარტავს როგორც მანძილს  განვითარების რეალურ  და პოტენციურ დონეებს შორის.აქედან გამომდინარე,  პროქსიმალური  განვითარების ზონა  აკავშირებს ცნობილს   უცნობთან.  როგორც კერსლი (1996) აღნიშნავს, განვითარებისთვის მოსწავლეებმა აქტიურად უნდა ითანამშრომლონ   მასწავლებელთან ან უნარიან თანატოლებთან (Kearsley, 1996). შესაბამისად, მოსწავლემ უკვე იცის ის, რასაც დაეუფლა ამ ინტერაქციით.  მასწავლებელი არის ერთგვარი შუამავალი აქტივობებზე მუშაობის  დროს. ეს საშუალებას აძლევს მოსწავლეს, მიაღწიოს პროქსიმალური განვითარების ზონას.

 რას ეყრდნობა დიფერენცირებული სწავლების თეორიული ჩარჩო?

ვიგოტსკის კოგნიტური განვითარების  თეორია გამოიყენებოდა როგორც  დიფერენცირებული სწავლების თეორიული ჩარჩო. ამან სერიოზული გავლენა მოახდინა  სწავლებასა და სწავლაზე (Flem, A., Moen, T., and Gudmundsdottir, S., 2000).   სოციალური ინტერაქციის სფეროები, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კომუნიკაცია, ფიზიკური სივრცის მოწყობა, აქტივობის ინსტრუქცია, ხარაჩოები, მოსწავლის უნარი და სასწავლო შინაარსი სწავლების ელემენტებია.

 

როგორ უნდა იქცეს დიფერენცირებული სწავლება  პედაგოგიურ ინსტრუმენტად სასწავლო პროცესის გასაადვილებლად?

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  მასწავლებლის მიერ მოსწავლისთვის  შემუშავებული ინსტრუქციები, რომელსაც შეუძლია მოსწავლე გადაიყვანოს ეკვილიბრიუმის მდგომარეობაში. ამ მხრივ  აღსანიშნავია ის ინსტრუქცია-ხარაჩოები, რომლებიც მოსწავლეებს  ეხმარება, მიაღწიონ პროქსიმალურ  ზონას, აქედან გამომდინარე, დიფერენცირებული სწავლება არის  პედაგოგიური ინსტრუმენტი სასწავლო პროცესის გასაადვილებლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინსტრუქცია-ხარაჩოების გამოყენება. მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ, როგორ უპასუხონ თანამედროვე საკლასო ოთახების მზარდ მრავალფეროვნებას.

 

რა გავლენა აქვს მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებას მოსწავლეთა მოტივაციაზე?

მოსწავლეთა განსხვავებებისა და ინტერესების გათვალისწინება, როგორც ჩანს, აძლიერებს მათ მოტივაციას(Tomlinson C. A., 2004b).  ამ ფუნდამენტური განსხვავებების იგნორირებამ კი შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი მოსწავლის ჩამორჩენა, დემოტივაცია და წარუმატებლობა (Tomlinson C. A., 1998). მოსწავლეებმა, რომელთაც შეუძლიათ იყვნენ წარმატებულები და მოტივირებულები, შეიძლება დაკარგონ მოტივაცია, თუ მასწავლებელი  ორიენტირებულია პროგრამის გავლაზე. მოსწავლე წარმატებული და მოტივირებულია, როდესაც მასწავლებელი ორიენტირებულია მოსწავლეთა  საჭიროებებზე.

ტომლინსონის განმარტებით დიფერენცირებული სწავლება რა მთავარ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული?

ტომლინსონი (2005)  დიფერენცირებულ სწავლებას განმარტავს როგორც ფილოსოფიას, რომლის თანახმადაც, სწავლება  დაფუძნებულია იმ წინაპირობაზე, რომ მოსწავლეები საუკეთესოდ სწავლობენ მაშინ, როცა მასწავლებლებმა კარგად იციან  განსხვავებები მათი მზაობის დონეებს შორის, ასევე მათ  ინტერესებს შორის. დიფერენცირებული სწავლება არის ყველა მოსწავლის სწავლის უნარის სრულად გამოყენება (Tomlinson C. A., 2000a).

 

ტომლინსონი ამტკიცებს, რომ დიფერენციაცია არ არის მხოლოდ სასწავლო სტრატეგია და არც სწავლების რეცეპტი, არამედ ეს არის სწავლებისა და სწავლის შესახებ აზროვნების ინოვაციური გზა. დიფერენციაციის თეორია ეფუძნება ასეთ დასკვნას –  მოსწავლეები განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ყველა მოსწავლე ინდივიდუალური თავისებურებებით ხასიათდება (Tomlinson C. A., 2000).

რა ტიპის სტრატეგიებით სწავლებას უწევს რეკომენდაციას დიფერენცირებული სწავლება?

ამ დასკვნიდან გამომდინარე თეორია რეკომენდაციას უწევს სტრატეგიებს, რომლებიც მასწავლებლისთვის არის ერთგვარი გზამკვლევი, რათა მან შეძლოს, სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეს შეუქმნას ეფექტიანი სასწავლო გარემო, რისთვისაც მასწავლებელი ინტენსიურად იყენებს სხვადასხვა დავალებებს, განსხვავებულ სასწავლო მასალებს და მოქნილ, ადაპტირებულ სასწავლო პრაქტიკას.

საკლასო ოთახში დიფერენციაციის თეორიის გამოყენებისას მასწავლებელი მიმართავს კლასის მართვის და სწავლა-სწავლების ფასილიტაციის იმ პრინციპებს, რომელთა ეფექტიანობა თითოეული მოსწავლის საჭიროებებთან მიმართებაში ეჭვს არ იწვევს. ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ  პერმანენტულად იცვლება გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობების შინაარსი, აქტივობის მიმდინარეობის პროცესი, აქტივობისას შექმნილი პროდუქტის ტიპი –  მოსწავლეთა მზაობის  გათვალისწინებით.

რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკაში გამოყენებისას?

დიფერენციაციის თეორიის  პრაქტიკაში გამოყენებისას –

  1. მასწავლებელს დაკონკრეტებული აქვს, რა არის გაკვეთილის სასწავლო მიზანი;
  2. მასწავლებელმა იცის ჰეტეროგენული კლასის მონაცემები და მოსწავლეების შესაძლებლობებს შორის არსებულ განსხვავებებს ეყრდნობა;
  3. სწავლების კომპონენტი პირდაპირ კავშირშია შეფასების კომპონენტთან;
  4. მასწავლებელი დაკვირვების შედეგების საფუძველზე არეგულირებს სასწავლო შინაარსს,  სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, მიღებულ შედეგებს;
  5. სწავლებას აქვს ორმაგი სასწავლო მიზანი: პირველი მდგომარეობს მოსწავლეთა ინდივიდუალური პროგრესის ზრდაში, მეორე კი წარმატების მაქსიმალურ ზრდაში;
  6. მასწავლებელმა დიფერენცირებული სწავლებისას: დაგეგმვის, სწავლების და შეფასების ეტაპებზე უნდა გამოიყენოს მოქნილი მიდგომები(Tomlinson C. A., 2000).

 

დიფერენცირებული სწავლებისას რისი მოდიფიკაცია უნდა მოახდინოს მასწავლებელმა?

 

იმისათვის, რომ მასწავლებელმა საკლასო ოთახში პრაქტიკულად გამოიყენოს დიფერენციაციის თეორია, მან უნდა მოახდინოს სწავლის კომპონენტების მოდიფიკაცია. მოდიფიკაცია უნდა შეეხოს:

  1. იმ სასწავლო გარემოს, სადაც მიმდინარეობს სწავლა-სწავლება;
  2. იმ სასწავლო შინაარსს, რაც უნდა ასწავლოს მასწავლებელმა მოსწავლეებს;
  3. იმ სასწავლო რესურსებს, რომლითაც უნდა ასწავლოს მასწავლებელმა სამიზნე აუდიტორიას.

 

 

დიფერენცირებული სწავლებისას რა ასპექტები განაპირობებს მოდიფიკაციის აუცილებლობას?

მოდიფიკაციის აუცილებლობას განაპირობებს სამი ძირითადი ასპექტი:

  1. მოსწავლეთა სწავლის განსხვავებული შესაძლებლობები;

2.მოსწავლეთა განსხვავებები სწავლის მოტივაციაში;

  1. სწავლის ეფექტიანობა.

ეს ასპექტები პირდაპირ კავშირშია: მოსწავლეთა განსხვავებულ მზაობასთან, მოსწავლეთა განსხვავებულ ინტერესებთან და მოსწავლეთა განსხვავებულ სწავლის სტილთან.

 

ბიბლიოგრაფია

Flem, A., Moen, T., and Gudmundsdottir, S. (2000). ECER Conference. Towards inclusive schools: a study of how a teacher facilitated differentiated instruction. Edinburgh.

Kearsley, G. (1996). Social Development Theory. Open Learning Technology Cooperation.

Tharp, R. G., and Gallimore, R. (1988). Rousing Minds to Life: Teaching, Learning and Schooling in Social Context. Cambridge, Engaland: Cambridge University Press.

Tomlinson, C. A. (1998). Teach me, teach my brain: A call for differentiated classrooms . Educational Leadership, 56(3), 52-55.

Tomlinson, C. A. (2000). The Differentiated Classroom: Responding to the Needs of all Learners. Alexandria: Association for Supervision and Curriculum Development.

Tomlinson, C. A. (2000a). The Differentiated Classroom: Responding to the Needs of all Learners. Alexandria: Association for Supervision and Curriculum Development.

Tomlinson, C. A. (2004b). Research evidence for differentiation. School Administrator 61(7), 30.

ესტონეთის განათლების სისტემის ზოგადი მიმოხილვა

0

ნაწილი პირველი

 

ბოლო ათწლეულში საერთაშორისო კვლევების (PISA, OECD) შედეგები მთელ მსოფლიოში განხილვის საგანია. მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA – Program for International Student Assessment) განმეორებითი საერთაშორისო კვლევაა. ის 2000 წლიდან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით სამ წელიწადში ერთხელ ტარდება ორგანიზაციის წევრი და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით.საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა, PISA-ში 2009 წლიდან ჩაერთო და მას შემდეგ 2015, 2018 და 2021 წლების ციკლში მიიღო მონაწილეობა (Naec.ge). სწორედ ამ დროიდან გახდა საქართველოში ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 15 წლის ქართველი მოსწავლეების მიღწევები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კითხვასა და მათემატიკაში. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ქვეყანა ბევრად ჩამორჩება მონაწილე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, ხოლო რეიტინგის სათავეში ჯერ სკანდინავიის ქვეყნები (კერძოდ, ფინეთი) და შემდეგ მისი მეზობელი, ესტონეთი არიან.

ფინეთის ლიდერობის გამოკვეთის შემდეგ აქტიურად დაიწყო ფინური განათლების სისტემის განხილვა, მისი მიდგომებისა და პოლიტიკის ანალიზი. საქართველოსთვის კი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ესტონეთის წარმატება. ამ პატარა, მილიონნახევრიანი მოსახლეობის მქონე, თითქმის რესურსების გარეშე მყოფმა ქვეყანამ საბჭოთა ოკუპაციისგან თავის დაღწევის შემდეგ მოახერხა იმდენი, რამდენიც დანარჩენმა „მოძმე“ რესპუბლიკებმა 30 წლის განმავლობაში ვერ შეძლეს – განათლების სისტემის გადაყვანა ახალ ღირებულებით რელსებზე და ამ  მიღწევის არა მხოლოდ ერთი რეფორმის ფარგლებში შექმნა, არამედ შენარჩუნება და განვითარებაც. სწორედ ქვეყნის მოცულობის, მოსახლეობის რაოდენობის, საერთო ისტორიული წარსულის კონტექსტში ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ მიაღწიეს ესტონელებმა ასეთ წარმატებას. სტატიების ამ ციკლში განვიხილავთ ესტონური განათლების სისტემიდან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს – განათლების პოლიტიკისადმი ქვეყნის ზოგად მიდგომას, მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პროცესებს, ციფრულ განათლებას და სხვა.

განათლების სისტემის რეფორმირებაზე ფიქრი ესტონეთში ჯერ კიდევ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში, 1987 წლიდან დაიწყო. იმ დროისთვის ესტონური საზოგადოება მიხვდა, რომ სისტემაში არსებითი ცვლილებები იყო საჭირო, რომელთა ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელებაც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დაიწყო. მასწავლებლების ამ კონგრესზე მიღებულ გადაწყვეტილებათა პოლიტიკური განხორციელება 1991 წლიდან სისტემის დეცენტრალიზაციით გადაწყდა. 2005-დან 2015 წლამდე ესტონეთში, ისევე როგორც მრავალ სხვა ქვეყანაში, სტრატეგიული დაგეგმვის აფეთქება იყო. არსებობდა ბევრი მინისტრატეგია, რომლებიც საბოლოოდ დაიხვეწა და გაერთიანდა 2012-2020 წლების ერთიან ხედვად, ხოლო ამჟამინდელი 2021-2035 წლების სტრატეგიის დოკუმენტი აერთიანებს მიზნებს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ცვლილებებისა და შესწორებების შედეგად დარჩა.

2020 წელს ქვეყანამ ასევე მიიღო მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სტრატეგია, რომლის ძირითადი პრინციპებია სწავლისადმი მიდგომის ცვლილება, კომპეტენტური და მოტივირებული მასწავლებელი და სკოლის დირექტორი, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობებსა და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა, ციფრული ფოკუსი მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობებზე და თანაბარი შესაძლებლობის შეთავაზების გზით LLL პროგრამების მონაწილეთა რაოდენობის ზრდა.

მთავარი, რის გაკეთებაც ქვეყანამ შეძლო, არის შეთანხმება სამთავრობო და ოპოზიციურ პარტიებს შორის. განათლების ექსპერტები, რომლებიც თავიდანვე ჩართული იყვნენ ახალგაზრდა ქვეყნის საგანმანათლებლო სტრატეგიისა და პოლიტიკის დაგეგმვაში, ამბობენ, რომ მოლაპარაკებები  მიმდინარეობდა როგორც სამთავრობო, ისე ოპოზიციურ თუ ნეიტრალური მიდგომის მქონე პარტიებთან. მოლაპარაკებების მიზანი იყო, მიღწეულიყო საერთო შეთანხმება განათლების პოლიტიკის, მისი განხორციელებისა პრინციპებისა და მექანიზმების შესახებ. ქვეყანაში შედგა კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ღირებულებების მქონე მოსწავლე, მასწავლებელი და სკოლის დირექტორი იყო საჭირო სამომავლო განვითარებისათვის. ამიტომაც განათლების სისტემა დაცული იყო სამთავრობო ცვლილებების შემთხვევაში საფუძვლიანი რყევებისგან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ესტონეთის მოსახლეობის 35% რუსულენოვანია, ამიტომ რუსეთისგან მომავალი საფრთხეები დღემდე აქტუალურია საზოგადოებისთვის. დღეისთვის ქვეყნის გაცხადებული პოლიტიკაა რუსულენოვანი მოსახლეობის ინტეგრაცია ესტონურ სოციუმში, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მაშინ როდესაც მრავალ ქვეყანაში (მათ შორის საქართველოშიც) ენობრივ და ეთნიკურ ნიადაგზე გაღვივებული ომები მიმდინარეობდა, ესტონურმა საზოგადოებამ შეძლო, შეეფასებინა საფრთხეები და განათლება ქვეყნის განვითარების მთავარ იარაღად ექცია.

განათლების სისტემის ფორმირებაში ესტონეთს აქტიურ დახმარებას უწევდნენ სხვა ქვეყნებიც, განსაკუთრებით – მეზობელი ფინეთი. მასწავლებლების მომზადება-გადამზადების, საუნივერსიტეტო პროგრამების დახვეწისა და სხვა მიმართულებით ფინეთთან თანამშრომლობა ბევრის მომცემი იყო ქვეყნისთვის. ესტონელებმა შეძლეს (რასაც დღემდე აგრძელებენ), სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან აეღოთ საუკეთესო და მოერგოთ ის ადგილობრივი კონტექსტისთვის, საკუთარი ხალხის ხასიათის, რეალობის, ქცევისა და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით.

განათლების პოლიტიკისადმი მეორე და მნიშვნელოვანი მიდგომაა მისი ცენტრალიზება – მკაცრი კონტროლი, ვინ შემოვა სისტემაში. ქვეყანაში მხოლოდ 6 უნივერსიტეტია, აქედან მხოლოდ ორია კერძო, რომლებსაც ვიწრო კვლევითი პროფილი აქვს (სახელოვნებო და ბიზნესი). ძალიან მცირეა კერძო სკოლების რაოდენობა საჯარო სკოლებთან შედარებით. განათლებასთან დაკავშირებით ესტონეთში არ მუშაობს თავისუფალი ბაზრის პრინციპები. განათლების საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული ქვეყნის უსაფრთხოების, უთანასწორობის აღმოფხვრისა და სამომავლო განვითარების საკითხებთან, ამიტომ ახალი, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების სისტემაში შემოსვლა ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელი, განსაკუთრებით უმაღლეს საგანამანათლებლო სფეროში.

მეორე და მნიშვნელოვანი პუნქტი უნივერსიტეტების გაძლიერებაა. სახელმწიფო განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალს იმ ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლებიც მასწავლებლის მომზადების პროგრამებს ახორციელებს. ყოველ წელს მთავრობა უნივერსიტეტებს უფორმებს ხელშეკრულებას, რომელშიც ასახულია, დაახლოებით რა რაოდენობის მასწავლებელი იქნება საჭირო ესტონეთისთვის მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ასევე კონტროლდება შინაარსი – რას ასწავლიან – და პერსონალი – ვინ ასწავლის. ქვეყანას სურს, დაწრმუნებული იყოს, რომ იმ ღირებულებებისა და ცოდნის მასწავლებელი გადის უნივერსიტეტიდან, რომელიც მისი განვითარებისთვის არის საჭირო, ხოლო სკოლაში შესულს აძლევს თავისუფლებას, თავად დაგეგმოს და მიიღოს გადაწყვეტილებები სწავლებასთან დაკავშირებით. ავტონომიურობა და ნდობა სწავლა-სწავლების პროცესის მთავარი პრინციპებია. ამაზე უფრო ვრცლად მომდევნო სტატიებში ვისაუბრებთ.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ესტონეთმა დიდი ყურადღება დაუთმო უნივერსიტეტში განათლების სკოლების/ფაკულტეტების გაძლიერებას. საუნივერსიტეტო სივრცე მთლიანად ინტერნაციონალიზებულია. დაიწყო კვლევები განათლების სხვადასხვა სფეროში და, რაც მთავარია, კვლევების მთავარი დამკვეთი და მომხმარებელი თავად სახელმწიფოა. ამან ხელი შეუწყო აკადემიური პერსონალის კომპეტენციის ამაღლებას და ახალგაზრდების შემოდინებას საუნივერსიტეტო სივრცეში. ყველა ესტონელი ექსპერტი, პროფესორი, სკოლის დირექტორი, მასწავლებელი – რიგითი ჯარისკაცი თუ გენერალი – აღნიშნავს უტყუარი მტკიცებულებების – მონაცემებისა და მათი ანალიზის – მნიშვნელობას. სკოლის დონიდან განათლების პოლიტიკის დაგეგმვამდე – ყველა საფეხურზე – მტკიცებულებებსა და კვლევების შედეგებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება მიიჩნევა პრიორიტეტად. თუ რაიმე მიმართულებით მონაცემები არ არსებობს (რაც უკვე ფაქტობრივად შეუძლებელია), სახელმწიფო მაშინვე იწყებს ამ კუთხით კვლევას და მონაცემთა ბაზების შექმნას.

დაბოლოს, სისტემის წარმატების კიდევ ერთ მთავარ პირობად სახელდება ესტონელი ხალხის ხასიათის თვისება – პრობლემების ძიება. ესტონელი ექსპერტები ხუმრობენ კიდეც: ყველაფერი გამართულად რომ ფუნქციონირებდეს, ესტონელი მაინც იპოვის პრობლემას და მიზეზს ჩაეძიებაო. პრობლემები და შეცდომების დაშვება ნორმად მიიჩნევა, მთავარია, ორგანიზაციას/პიროვნებას ჰქონდეს პრობლემის გააზრებისა უნარი და მისი აღმოფხვრის შესახებ მკაფიო წარმოდგენა, ან იცოდეს მაინც, სად შეიძლება იპოვოს დახმარება. ესტონელები არ მალავენ პრობლემებს – რომ დღემდე არიან სისტემაში მასწავლებლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, თუმცა წარმატების ერთ-ერთ საიდუმლოდ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა უმრავლესობის პროფესიონალიზმს ასახელებენ („ჩვენ ვენდობით ჩვენს მასწავლებლებს და სკოლის დირექტორებს, რადგან უკვე დარწმუნებული ვართ, რომ მინიმუმ 80% კომპეტენტური და პროფესიონალია“).

 

შენიშვნა: მასალები მომზადებულია ტალინის უნივერსიტეტის პროგრამის (microdegree) „საგანმანათლებლო ლიდერობა და ინოვაცია“ ფარგლებში მიღებული გამოცდილებისა და მასალების საფუძველზე. პროგრამის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის ავტორი მადლობას უხდის ტალინის უნივერსიტეტის პროფესორს ევე აიზენშმიდტს და საერთაშორისო ექსპერტს პეტერ მეჰისტოს.

 „მე ვმღერი, როგორც დამსხვრეული ლერწამის ღერი“

0

„ცხოვრება შარია, ცხოვრება შაირია“

(შოთა ჩანტლაძის ლექსები)

 

შოთა ჩანტლაძის პოეზია ალოგიკურიცაა, როგორც სრულიად განსხვავებული ხმა საბჭოთა სივრცის „ჩახუთულ დაშტამპულობაში“, როცა იყო ვითომ ზღვართა თუ ჩარჩოთა მოშლის კოსმოპოლიტური ტენდენცია უფრო დიდ „ციხეში თავის ამოსაყოფად“, და მე-20 საუკუნეში დამკვიდრებული პოსტმოდერნიზმის არაკანონიკური, არატრადიციული პოეზიის ფორმებისა და განწყობების წარმომჩენიც, სწორედ საბჭოთა, სოცრეალისტური კულტურის „რკინის ლოგიკის“ დამრღვევი. ანუ შოთა ჩანტლაძის პოეზია, შემოქმედება, ბუნებრივის ფარული გამარჯვებაა ძალადობრივზე, ესთეტიკა იქნება ეს თუ სააზროვნო ტენდენციები. 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ხელახალი ანაქსიით შეწყდა ის თავისუფალი, ევროპულ-ავანგარდული სუნთქვა, „ცისფერყანწელებმა“ რომ შემოიტანეს ქართულ პოეზიაში და ამით შეწყდა, „დაკონსერვდა“ ევროპეიზაციის, დემოკრატიზაციის უნიკალური პროცესიც, დამკვიდრდა რა სტალინური კუტურული პოლიტიკა, თავისი ცენზურითა და სააზროვნო სამანებით. სოციალისტურმა რეალიზმმა კი 1937 წელიც მოიტანა. შოთა ჩანტლაძეც წერდა ამ პერიოდში გალაკტიონისეული „კოლექტივო, მხარი მხარს, აბა, ჰე, აბა, ჰოს“ ტიპის ლექსებს, როგორც მრავალი სხვა ხელოვანი, თუმცა მოგვიანებით მისი ორიენტაცია საბოლოოდ შეიცვალა და გეზი ტოტალიტარიზმის მხილებისკენ აიღო. ეს ურთულესი გზა იყო „თეთრი ყვავობისა“, სავსე მარტოობით, გაუცხოებით, შინაგანი თუ გარეგანი ბრძოლებით და, რაც მთავარია, ავანგარდული, წინააღმდეგობის, პროტესტის სულით გაჟღენთილი ანტისაბჭოთა ნარატივის მატარებელი (მის ლექსებში ხშირია ტრამვაის მეტაფორა, როგორც გულისამრევი რეჟიმის სახე-სიმბოლოსი – ის ლიანდაგებს, საბჭოურ „რელსებს“ არის მიჯაჭვული, მას მილიცია სდარაჯობს და ა.შ). ეს ის დროა, როცა გალაკტიონი, გიორგი ლეონიძე თუ სიმონ ჩიქოვანი საბჭოთა პოეტებად იხსენიებიან, ტიციანისა და პაოლოს რეაბილიტაცია ჯერ ადრეა, დასავლურ სამყაროსთან კი კომუნიკაცია გაწყვეტილია. დიდი გამბედაობა იყო ამ რეალობაში ისეთი მოდერნისტული ტექსტების შექმნა, რომლებიც თავისუფალი იქნებოდა კომუნისტური ტაბუსგან. ასეთმა თამამმა შინაარსმა ფორმაც შესატყვისი მოირგო – თავისუფალი ლექსი, ვერლიბრი, ტრადიციული, რითმულ-მეტრული პოეზიის მხრიდან პროტესტისა თუ განქიქების, პოლემიკის საგანი. ამიტომ იყო, რომ საბჭოთა მწერალთა ყრილობებზე გმობდნენ ეროვნულ თუ პიროვნულ ინდივიდუალიზმს, შოთა ჩანტლაძე კი როგორც ინდივიდი-მეამბოხე იდგა საბჭოთა იდეოლოგიის პირისპირ. რა გასაკვირია, რომ უდიდესი მარტოობის განცდა ესოდენ ბუნებრივი იყო ამ ცხოვრებისეული თუ შემოქმედებითი კრედოს მატარებელი ადამიანისთვის. არც ის არის გასაკვირი, რომ ასეთი არატრადიციული ფორმისა და შინაარსის გამო შოთა ჩანტლაძე ვერ გახდა აღიარებული პოეტი – ის თვით ავანგარდულმა სტრუქტურამაც კი ჩრდილში დატოვა. ის დარჩა გაუგებარი და უღიარებელი, ვერ დამკვიდრდა საბჭოთა შემოქმედებით სივცეში. მაგრამ ეს როდი ნიშნავდა, რომ შოთა ჩანტლაძის პოეზიამ ვერ მოიპოვა გავლენა თუნდაც თანამედროვე ქართულ კულტურაზე.

მოდი, გავეცნოთ ამ პოეტის განწყობებს, უნივერსიტეტის ახლოს პატარა ბინაში რომ ცხოვრობდა და უნივერსიტეტის ბაღის „იატაკქვეშა ავანგარდის რექტორი“ იყო, არაოფიციალური, მაგრამ აღიარებული. ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, აღარ გვიკვირს, რომ შოთა ჩანტლაძე საბჭოთა სისტემაში, სოციუმში დამკვიდრების კარიერულ გზებს არ იზიარებდა და 1968 წლის 29 ნოემბერს, 40 წლის ასაკში, ყოველგვარი კეთილდღეობის გარეშე, – ერთი ლექსიც არ დაუბეჭდავთ მისთვის, რადგან პოეზიადაც არ მიაჩნდათ, – ბრმა ნაწლავის დაგვიანებული ოპერაციის შემდეგ, თრომბით გარდაიცვალა.

დღეს მოვიდა „უდროოდ“ დაბადებული თუ დროს აცდენილი შოთა ჩანტლაძის დრო, დროის მისეული, გამძაფრებული აღქმით. გავეცნოთ მის „მედიტაციურ“, წინასწარმეტყველურ თუ ინტუიციურ, არატრადიციულობით ძნელ შემოქმედებით აზროვნებას, ვეზიაროთ 60-იანელთა ნიჭიერი თაობის ასეთი გამორჩეული წარმომადგენლის პოეტურ არტისტიზმს, „ლიანდაგებიდან აცდენილი ტრამვაის“, ტექსტიდან სქოლიოში გადანაცვლებული სათქმელის უცნაური აქცენტებითა და ინტონაციებით, რომელთა მიმართ ოდნავაც არ განელებულა ინტერესი. ვიხეტიალოთ შოთა ჩანტლაძის ხშირად ყოფით, მაგრამ აუხსნელი მაგიის მქონე პოეზიაში, კონტექსტურ რეალობაში.

იგი ცხოვრობდა „გაჩერებული საათების“ რეალობაში და ღმერთს სთხოვდა, „ოღონდ ნუ მიმიყვან შეშლამდეო“, როგორც „ყველა დევნილს, ყველა ყარიბს“, გაცნობილი ჰყავდა „წუხილის ღმერთი,/ის უძლეველი და ერთადერთი“ (გამომელია შენი ღიმილი…) მარტოობის, და განდეგილობის მოტივი, საბჭოთა მილიციის წნეხი მის ბევრ ლექსში იგრძნობა: „გენერალი ქალაქიდან დამპირდა გასახლებას…/მაგრამ ორშაურსაც მუდამ ვერ ვშოულობ,/თუმც მნიშვნელოვანი ვარ მოღვაწე“. შოთა ჩანტლაძისეულ მეტაფორათა ქვეტექსტი სინამდვილეზე შემტევია, ხისტი, ზოგან შემზარავიც („ვენახი სად არი, სად ნახე უფალი!“), მასთან უიმედობა არ არის, ამ უკანასკნელის შიშია („ბოლოს და ბოლოს, როდის იქნება,/ როდის იქნება, ღმერთო, მალამო?“). შედარებებიც ისეა, როგორც ამსოფლიურ ნისლში ჩაკარგულ გზაზე გამომკრთალი ნაღვლიანი კონტურები: ა) „და ირგვლივ ქვიშა, როგორც მიწის გარდაცვალება“; ბ) „აქლემის კუზნი -წაქცეული პირამიდები…“; გ) „ლომი ღუოდა კაცის ძვლებზე, როგორც მდინარე…“; დ) „ოთახი მძიმედ დაგმანულა, როგორც სქოლიო… ქაღალდი ელავს, როგორც შუბლი ჩამოღარული“; ე) მისტიკურ-მითოსური მეტაფორა – „მოხდება მზეთა გარდაცვალება“. ამ გზაზე დათარეშობს ლანდი სიკვდილისა, შექსპირისა არ იყოს: „რადგან გარდაცვლილთ სიცოცხლე გვიხმობს,/ისე, ვით ცოცხლებს – სიკვდილი თვისი!“ („ახლა სიკვდილი ბედია ჩემი“). ამ პოეზიაში არის „ვერმოსვენება ლექსით,/მერე გავარდნა ქარში“. ასეთი ლექსების წერას მუზა არ უნდაო, ამბობს ეული პოეტი („ახლა ვარ მარტო და ამიტომ ვარ მე მაღალი“). ეს არის სიკვდილის ფარული, ფილოსოფიური კაეშნით სავსე (თუმცა გადამრჩენი ირონიითაც) პოეზია:

„ყველამ დამტოვა, დავშთენილვარ თქვენი ამარა

და ახლა ვხედავ – საიქიოს ვლიან ლანდები;

დიდი ხანია მე მიმელის ჩემი სამარე,

წამობრძანდებით?“

(„მახსოვს სიფითრე“)

შოთა ჩანტლაძის ლექსი-შედევრი „მე გულანშაროში“, – შორეული ქალისა თუ „უცნობი-ნაცნობი“ ლიტერატურის, საკუთარი ქვეყნის ეშხი:

„გულ-ანშარო, გულანშარო, სამეფოო ვაჭართა… ყველა ქალი ვიხილე და ნესტანი კი არ ჩანდა. ვინახულე ნავსადგურის ყველა გემის ბაქანი, ყველა ბაზრის დუქანი და ყველა საქულბაქონი. ლხინი იყო, ამოჰქონდათ ლოთებს სიტყვა გულიდან, ზოგი ღვინით მთვრალი იყო, ზოგიც – სიყვარულითა. გლოვა მესმა, – ალბათ სადმე აზიელნი მღეროდენ: უმღეროდნენ ტანად ალვას, ქალას არაცეროდენს. უმღეროდნენ და მღეროდნენ ასე გულდამწვარები, გულანშაროს ეწვიაო ანგელოსი ყარიბი. მეფის კარზე მიიყვანეს, მეფისავე ბრძანებით. მეფის კარზე ფატმანები გახდნენ ნაფატმანები. გაიოცეს, არ იცოდნენ, ასეთი რამ დალოცა, გააოცა მეფეცა და მთელი გულანშაროცა. შემდეგ თურმე უჩინარი სადღაც გაპარულიყო… დაეძებდნენ, დაეძებდნენ, როგორც ჩვენში – სულიკოს. გულანშარო, გულანშარო, სამეფოო ვაჭართა… ყველა ქალი ვიხილე და ნესტანი კი არ ჩანდა.“შოთა ჩანტლაძის პოეზიაში არის ლექსები ყოფის ნატურალიზმზე, რუტინაზე ანუ ლექსები „პროზაზე“. აქ გვხვდება ეროტიკაც („ვინაც კოცნა არ იჩქარა, უკოცნელი დამრჩალა“), ამაოებაც სიცოცხლის მწარე სიტკბოში („სიხარულის და ჯავრის ჯახანი“); არქაული დაღლილობაც, ბიბლიური მაგიაც და თითქოს ადამიანთა მოდგმის წყევლაც („როგორც დაღლილა აუზთან გველი, /საათის ხმაური სამყაროს ხამურში, -/ასეთი დაღლილი ვარ“); აქ არის სალაღობო სტრქონები, მრეკველნი ირონიულ-სევდიანი ამაოებით, ნაღვლიანები და სადღესასწაულონი:„სადღაც მოკვდა თარი მძიმედ,

ისევ აღდგა მკვდრეთით ბოლოს,

დღეს ნურავინ დავიძინებთ,

ღვინო ვსვათ და გავაბოლოთ.

გავაბოლოთ ყალიონი,

გავაბოლოთ ერთად ყველამ,

ღვინო უნდა დალიონო,

ასე ბრძანა ქალპეპელამ.

ასე ბრძანა ქალპეპელამ,

ბანი მისცეს არიფებმა,

ღვინო უნდა შესვათ ყველამ“.

(„სადღაც მოკვდა თარი მძიმედ“)

თავი გამხდარა ძნელად შესაგუებელი; დარდი – გარდასული; ქაღალდი, ლექსი – ამაოების დადასტურება; ფანქარი – როგორც ჯაშუში („ღმერთო ჩემო, ეს ქვეყანა როგორ აირია, ახლა ცხოვრება სულ სხვანაირია“). პოეტის თქმისა არ იყოს, ღმერთს მართლა ჩვენივე სახელს ვარქმევთ, მხოლოდ დოგმატებითა და აკრძალვებით მასთან ვერ მიხვალ. მასთან ლექსითაც „ადიხარ“ – „ხავერდის ახმოვანებით“, „ლობიოსფერი სუფრებითაც“, ადამიანური გულისკვლებითა და აღმაფრენებით („პირველად ფიქრობ, რომ არაფერს არ აქვს მიზანი,/შემდეგ უეცრად მოგინდება აღფრთოვანება,/თითქოს კალმახნი მოგემწყვდიოს არაგვისანი“).

წუთისოფლის დილემა – „მიწაში“ მოქცეული „ცა“. მგონი, ვერსად, მსოფლიო პოეზიაშიც კი, ვერ შევხვდებით სულისა და ხორცის გაყრის მტკივნეული პროცესის ისეთ უზუსტეს აღწერას, როგორც შოთა ჩანტლაძის ლექსებშია. აქ არის მოდერნული, ფანტასმაგორიული, მარგინალური რეალობა, „დახატული პიკასოს აბსტრაქციებით“; ფიქრი ფანტასმაგორიები, ერთ დროს გაფუჭებული შადრევნიდან ისევ ამომსკდარი წყალივით სტრიქონები: „ფიქრებით დატვირთული მივესვენები. ფეხმა ქვა/ ამომიგდო ქვაფენილიდან. და მეც ამოვვარდი ფიქრებიდან“; „შარას მიამიტად გაყოლილი ფიქრი“ და „რითმებივით ლექსში მომრავლებული ფიქრები“; აქ არის სიურეალიზმი, ირონია, სარკაზმი, შეფარული ცინიზმიც („მე იძულებული ვარ, აქ ლექსი დავამთავრო/ჰოლივუდის ფილმი მაგონდება./ვაშა და დიდება ამ მთავრობას…“).

შოთა ჩანტლაძემ იცოდა საკუთარი პოეზიის ფასი („და ვისაც უნდა, რომ შემიცნოს, როგორც გენია,/ლექსებს ნურასდროს მიაჩერდება,/(თუ მიაჩერდა, მოუყვანოს ღმერთმა შენდობა/ თვალში ჩამხედოს, ღვთის სხივი რომ გადამფენია“).

შოთა ჩანტლაძესთან არის რუტინაც, რაც დიდი იშვიათობაა, იმიტომ რომ მასშიც არის ღვთაებრივი, იდუმალი, ფარული მელოდია, კოდი, ანბანი.

„სად გაგონილა გულთან ლაგამი,

იგი აფეთქდა, როგორც „მერანი“

ან რომელიმე ვულკანთაგანი.“

(„ჯორდანო ბრუნო“)

შოთა ჩანტლაძის პოეზიაში გვხვდება ძალიან ორიგინალური სატრფიალო მეტაფორები: „ცრემლად იღვრება ორი გიშერი/ იტირე, დაო, ცრემლი გიშველის“; „შენ – დამფრთხალი ნუკრი, მე – დამდგარი ავაზა,/შენ – დამფრთხალი ნიავი, მე – დამდგარი ქარი“. ამ პოეზიაში სიცოცხლის დიდი სურვილია, „ოცნების ლანდებით“, „სევდის წვიმებით“ – ეს შოთა ჩანტლაძის პოეზიის „შემკვრელი“ განწყობაა. ეს იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა ქალაქის „მტანჯველ წიგნში, რომლის კითხვა მიესაჯა“. „წაკითხვა“ კი მან ისეთივე საუკეთესო იცოდა, როგორიც წერა:

„ჰეი, გამაქანეთ, ზეცის ტიტანებო!

ჰეი, მომიტანეთ დიდების სადავე!

ზეცის ქვეშ მომიხდა ფიქრის დავანება

და ჩემი დიდება გამხდარა სადავო…

და მინდა წავიდე, ო! თუნდაც დავიწვა,

დავიწვა მე ცეცხლით და არა სიცივით,

თვითონაც არ ვიცი, რატომ და რა მინდა,

სიცილით მომყვება ფიქრი და სირცხვილი,

აღარ შემიბრალებს და აღარ დამინდობს,

ყინვა იქნება თუ იქნება მზის სხივი.

ჰოდა, გამაქანეთ…“

ასეთები კი „იწვებიან“, მაგრამ მითიური ფენიქსივით აღდგებიან ხოლმე ფერფლიდან. მათი ადგილი თითქოს არ არის დროში, მაგრამ მათი დრო ყოველთვისაა, რადგან ისინი დროს ამარცხებენ. თუნდაც ახლაა შოთა ჩანტლაძის დრო… და მერეც იქნება!

ალბათ ამიტომაც სრულდება მისი ლექსების სათაურების უმრავლესობა მრავალწერტილით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პასიური მშობლების გასააქტიურებლად

0

მოსწავლეთა მშობლები უზარმაზარი და ამავე დროს, მრავალფეროვანი ჯგუფია. საქართველოში, დაახლოებით, ერთი მილიონი ადამიანი ატარებს მოსწავლის მშობლის სტატუსს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შორის მრავალი მახასიათებლის მქონე პირს შეხვდებით. თითოეულს თავისი მსოფლმხედველობა და ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს, თავისებური საჭიროება, შესაძლებლობა, ხედვა და მოტივაცია.

პედაგოგები და სკოლის დირექტორები ხშირად ამბობენ, რომ აქტიური, მზრუნველი, გაბედული, მიზანმიმართული და ინტერესიანი მშობლების გვერდით, ისეთი ადამიანებიც არიან, ვინც შვილის სასკოლო ცხოვრებაში არ ერთვება. მეტიც, მშობლების ყველაზე დიდი ნაწილი პასიურია, დრო არ აქვთ და/ან ინდიფერენტული არიან სასკოლო ცხოვრების მიმართ.

ე.წ. პასიური მშობლები, ერთი მხრივ, პრობლემას წარმოადგენენ სკოლებისთვის: ნაკლებად ესწრებიან სასკოლო ღონისძიებებს და მშობელთა შეკრებებს; არ ცდილობენ დაეხმარონ შვილსა და სკოლას განვითარებაში; პასუხისმგებლობა სრულად მასწავლებლებზე აქვთ დაკისრებული. არ ინტერესდებიან სასკოლო ცხოვრების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული მულტიმედია მასალებითაც კი; არ უბრუნებენ პედაგოგს არანაირ უკუკავშირს; ყველა საკითხი, რომლებიც აწუხებთ, ცდილობენ, განიხილონ ცალკე ჯგუფებსა თუ „ჩათებში“, სადაც მასწავლებელი არ არის.

მეორე მხრივ, იგივე მშობლები კომფორტის ზონას უქმნიან განათლების მუშაკებს. ისინი მუდამ დათმობაზე მიდიან; მოქმედებენ მითითებებისა და გავრცელებული სტერეოტიპების შესაბამისად; ეგუებიან ნებისმიერ მოცემულობას და შვილსაც ამასვე ასწავლიან; ქმნიან ილუზიას, რომ ყველაფერი წესრიგშია. მაგალითისთვის, პასიური მშობელი არასოდეს იღვწის სკოლაში არსებული პრობლემური სიტუაციის სიღრმისეული გადაჭრისთვის; არასოდეს არაფერს აპროტესტებს; ყოველთვის იმ მხარეს დგას, სადაც უმრავლესობაა და არა იმ მხარეს, სადაც სიმართლეს ხედავს.

პასიური მშობლები ხშირად იყენებენ ფრაზებს: „ყოველთვის ასე იყო და სულ ასე იქნება“, „ჩემი უფროსი შვილის კლასშიც ასეა“, „ჩვენ მაინც ვერაფერს შევცვლით“, „რა აზრი აქვს“,
„მე მაგის დრო არ მაქვს“, „მერე ჩემს შვილს შეექმნება პრობლემა“, „ნიშანს დააკლებენ, დამიჩაგრავენ“
და ა.შ.

ჩამოთვლილი ფრაზებიდანაც ჩანს, რომ მშობლების პასიურობას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მათ შორის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • გაუბედაობის გამო დემოტივირებული მშობლები;
  • დროის არმქონე მშობლები;
  • ნიჰილისტი და/ან ინდიფერენტული მშობლები.

თუ პედაგოგს პასიური მშობლების გააქტიურება სურს, პირველი, რაც უნდა გააკეთოს, მათი პასიურობის მიზეზები უნდა გაარკვიოს. იმის დასადგენად, რომელი მშობელი რომელ ჯგუფს მიეკუთვნება, ყველაზე მარტივი გზა არაფორმალურ გარემოში მშობლებთან ინდივიდუალური გასაუბრებაა. თუ პედაგოგისთვის, მოსწავლეთა დიდი რაოდენობის ან სხვა მიზეზის გამო ეს ფორმა მიუღებელია, შესაძლოა ფოკუსჯგუფები ან ანკეტირება ჩატარდეს და საფუძვლიანად იქნას შესწავლილი მშობელთა არქეტიპები, რის შემდეგაც დაიგეგმება ცალკეულ ჯგუფთან ეფექტური კომუნიკაციის გზები.

მშობელთა პასიურობის მიზეზების დასადგენად სასურველია, პედაგოგმა ცხრილში მოცემულ შეკითხვებზე პასუხები მოიპოვოს:

მშობელთა პასიურობის მიზეზების დასადგენი ცხრილი
მშობელთა მახასიათებლები: (სტატუსი მოსწავლესთან მიმართებაში, სქესი, განათლების დონე, დასაქმების სტატუსი, საცხოვრებელი არეალი, თავისუფალი დროის კოეფიციენტი, შვილების რაოდენობა)
როგორია მათი ჩართულობისადმი დამოკიდებულება?

 

წუხილები და შიშები:

·         როგორია მათი ზოგადი წარმოდგენა მშობელთა ჩართულობის შესახებ?

·         როგორ აფასებენ მშობლები პირად გამოცდილებას, საკუთარი თავით რამდენად კმაყოფილნი ან უკმაყოფილონი არიან და რატომ?

·         რის გაკეთება მოუწევთ, თუ უფრო აქტიური მშობლები იქნებიან და ამით რა შეიცვლება მათი შვილების ცხოვრებაში?

·         რაიმე რისკებს თუ ხედავენ მშობელთა ჩართულობაში?

·         რამდენად თავდაჯერებული არიან სკოლასთან ურთიერთობაში?

·         რამდენად კომპეტენტურად გრძნობენ თავს სკოლასთან კომუნიკაციის დროს?

საჭიროებები და მოტივაცია:

·         რა სჭირდებათ სკოლისგან, პედაგოგისგან იმისთვის, რომ იყვნენ უფრო აქტიური მშობლები?

·         მათი აზრით, რა მოტივი ამოძრავებთ სხვა აქტიურ და პასიურ მშობლებს?

·         რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის, იყვნენ მშობელთა დიდი ჯგუფის თანამოაზრე და არ გაემიჯნონ საერთო ხედვებს?

რა განაპირობებს მათ ჩართულობას?

 

სარგებლის აღქმა:

·         რა სარგებელი მოაქვს ბავშვისთვის მშობლების პასიურობასა და აქტიურობას?

·         რის მოლოდინის შემთხვევაში გახდებოდა უფრო აქტიური მშობელი?

·         რას გააკეთებდა სიამოვნებით სასკოლო ცხოვრებაში? მონაწილეობის ფარგლებში? როგორ იგრძნობდა თავს, სკოლა რომ ასეთ შესაძლებლობას აძლევდეს?

ცვლილებაზე გავლენის აღქმა:

·         რამდენად გრძნობენ პასუხისმგებლობას, როგორ განათლებას მიიღებს სკოლაში მათი შვილი? რა სახის საქმიანობაში კონვერტირდება ეს პასუხისმგებლობა?

·         რამდენად გრძნობენ ძალას, გავლენა მოახდინონ სასკოლო ცხოვრებაზე?

 

ამ შეკითხვებზე მიღებული პასუხებით პედაგოგი გამოავლენს პასიურ მშობლებს, დაადგენს მათ რაოდენობას, პასიურობის მიზეზებს, მათ წუხილს, შიშებს, საჭიროებებს, მოტივაციას. მათთვის პოტენციური სარგებლის და ცვლილებებზე გავლენის აღქმას.

 

მიღებული ინფორმაცია პედაგოგს დაეხმარება, ისე დაგეგმოს მომავალი აქტივობები, რომ ყველა ძირითადი ჯგუფის საჭიროებები და მოტივაცია გაითვალისწინოს.

 

 

­­­­

რა შეიძლება შესთავაზოს პედაგოგმა მშობლებს, რომ ხელი შეუწყოს მომავალში მათ გააქტიურებას? ცალკეული კლასის შემთხვევაში, შესაძლოა განსხვავებული აქტივობების დაგეგმვა გახდეს საჭირო, იმის მიხედვით, თუ რას აჩვენებს მშობლებისგან მიღებული პასუხები. ზოგადი რეკომენდაციებით კი მასწავლებელმა შემდეგ ფაქტორებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება.

  • გაუბედაობის გამო დემოტივირებული მშობლები – მასწავლებელი მშობლების რესურსებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით გეგმავს აქტივობებს, რათა ყველას მიეცეს შანსი, დააგროვოს კარგი გამოცდილება. მასწავლებელი აფასებს მათ წვლილს და ხაზს უსვამს მათ პოზიტიურ გავლენას სკოლის განვითარებაზე.
  • დროის არმქონე მშობლები – მასწავლებელი მშობლების თავისუფალი დროის გათვალისწინებით ადგენს აქტივობების განრიგს და წინასწარ აცნობს მშობლებს, რათა შეძლონ თადარიგის დაჭერა და აქტივობებში ჩართვა. საზღვარგარეთ მცხოვრები მშობლების შემთხვევაში, მათთან ერთად დისტანციურად განიხილავს შესაძლო მონაწილეობის სცენარებს, მაგალითისთვის, სთავაზობს იმ ქვეყანაში არსებული ტრადიციების შესახებ მოამზადოს თემა, სადაც ამჟამად იმყოფება და Online-ფორმატში გაუზიაროს მოსწავლეებს.
  • ნიჰილისტი და/ან ინდიფერენტული მშობლები – მასწავლებელი ცდილობს, მშობლებს აჩვენოს, რამდენად დიდი გავლენა აქვს მათ მონაწილეობას ბავშვის განვითარებაზე. პროაქტიულად უზიარებს მათ მშობელთა ჩართულობის წარმატებების მაგალითებს, რომლებიც მათ რწმენას დაუბრუნებს. ასევე, უზიარებს სხვადასხვა მულტიმედია მასალებს, სადაც მშობლობის ინდიფერენტული სტილისა და მისი თანმხლები ზიანის შესახებ საუბრობენ სპეციალისტები; სთავაზობს დიალოგისთვის უსაფრთხო სივრცეს, სადაც შესაძლებელი იქნება მათი ხედვების გაზიარება და მსჯელობა.

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...