შაბათი, აგვისტო 2, 2025
2 აგვისტო, შაბათი, 2025

მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტიკური ინსტრუმენტები

0

შეფასების სხვადასხვა ფორმის გამოყენება მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის განუყოფელი ნაწილია, თუმცა, მაინც ,,აქილევსის ქუსლს’’ წარმოადგენს ამ ტიპის დოკუმენტების წარმოება.

საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მინდა, გაგიზიაროთ დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი მიმართულებისთვის შექმნილი მარტივი დიაგნოსტიკური ინსტრუმენტი, რომელიც ასახავს მოსწავლეთა მიღწევებს  სამი დავალების შესრულების პროცესში.

დიაგნოსტირების ინსტრუმენტი ეფუძნება შედეგების მიღწევის ინდიკატორებს სამიზნე ცნებების მიხედვით:

ტექსტი (ჟანრები) (შედეგები: (I).1, 2, 3, 4, 5)

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • კონკრეტული ჟანრის ტექსტის გაგება, ჟანრული მახასიათებლების ამოცნობა;
  • ტექსტის ხმამაღლა, გამართულად და შეუფერხებლად წაკითხვა;
  • ნაცნობი ჟანრის მცირე ზომის ტექსტის (მაგ., წერილის) შექმნა ნასწავლი ლექსიკისა და

ჟანრული მახასიათებლების ცოდნის გამოყენებით.

    სიტყვა, წინადადება, ტექსტი (შედეგები: (I).4, 5, 6)

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • მიზნის შესაბამისი სამეტყველო ქმედების (მაგ., თხრობის, აღწერის, დასაბუთების)

განხორციელება ზეპირად ან/და წერილობით;

  • მიზნის შესაბამისი ლექსიკისა და ენობრივი საშუალებების შერჩევა;
  • სამეტყველო ეტიკეტის ნასწავლი ნორმების დაცვა.

     გრამატიკა (პრაქტიკული) (შედეგები: (I).5, 6)

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • სიტყვის მორფოლოგიური აგებულების, სიტყვის ფორმაცვალების კონკრეტული წესის

ამოცნობა და მათი ცოდნის ფუნქციურად გამოყენება;

  • გრამატიკული ფორმების მართლწერის წესების დაცვა წინადადების/ფრაზის აგებისას;

სასვენი ნიშნების (წერტილის, კითხვისა და ძახილის ნიშნების, მძიმის) მართებულად

გამოყენება;

  • მართლმეტყველების, კალიგრაფიისა და მართლწერის ელემენტარული ნორმების დაცვა.

შენიშნვნა:  ჩარჩო დოკუმენტი გაიწერება მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისად.

შედეგების მიღწევების კიდევ უფრო თვალსაჩინოდ წარმოსაჩენად, სასურველია,  განვსაზღვროთ თითოეული სამიზნე ცნების წარმატებით დაძლევის შესაბამისი პროცენტული მაჩვენებელი.

დიაგნოსტირების ინსტრუმენტში მკაფიოდ ჩანს, რომ მოსწავლეთა 87%-მა წარმატებით დაძლია სამიზნე ცნება ტექსტი, 74%-მა სამიზნე ცნება – სიტყვიდან ტექსტამდე და 70%-მა  – სამიზნე ცნება – გრამატიკა (პრაქტიკული).

სასწავლო წლის ბოლოს, ორივე სემესტრის შედეგების მიღწევის შედარების საფუძველზე, შეგვიძლია კიდევ უფრო მკაფიოდ დავინახოთ ჩვენი მოსწავლეების წარმატება, როგორ დაძლიეს ეროვნული სასწავლო გეგმის გრძელვადიანი მიზნები:

არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით მარტივია მომავალი სასწავლო წლის სწავლის პროცესის დაგეგმვა მოსწავლის სუსტი და ძლიერი მხარეების გათვალისწინებით.

გთავაზობთ დიაგნოსტირების ინსტრუმენტების ჩარჩო დოკუმენტებს (ჩამოსატვირთი ვერსია).

მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტირების ინსტრუმენტები

მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერი საგნისა და საფეხურის მასწავლებელს (შესაბამისი სამიზნე ცნებებისა და სტანდარტის შედეგების ინდიკატორების  გათვალისწინებით).

 

მარო და სხვა გაკვეთილები

0

საქართველოს ეროვნული გმირი, მამაცი, ლამაზი და სათნო მარო მაყაშვილი  ძალიან უყვართ მოსწავლეებს, ალბათ იმიტომ, რომ თითქმის მათი კბილა, გულწრფელი, ემოციური, მათნაირად მოფიქრალია, მერე რა, რომ ერთი საუკუნე აშორებთ, მარო მათი თანატოლია.

მარო მაყაშვილის სახელი თანამედროვე ქართული სკოლის კურიკულუმში ხშირად გვხვდება, როგორიც ქართული ენისა და ლიტერატურის, ისე ისტორიისა და მოქალაქეობის გაკვეთილებზე, სახელმძღვანელოებსა თუ დამატებით მასალებში.

მაროს ბიოგრაფიას აღარ მოგიყვებით, ამისთვის ნინია სადღობელაშვილის წერილს გადაავლეთ თვალი, აი, ბმულიც ინებეთ:   მარო მაყაშვილი 

ხშირად, როდესაც საქართველოს ისტორიის დიდებულ ეპიზოდებს,  ომებისა და გამარჯვებების დიდებულ ამბებს ვიხსენებთ, დროში მოგზაურობა გვინდება, ამ ამბების ისეთი დეტალების გაცნობა, რასაც ისტორიკოსთა თუ ჟამთააღმწერელთა კალმის მიღმა რჩება, ასეთ დროს, განსაკუთრებით ძვირფასია დოკუმენტები, ჩანაწერები, მინაწერები თუ დღიურები, რომელთაც დამატებით მასალად ვიყენებთ ამა თუ იმ მოვლენის შესასწავლად.

1921 წლის, საქართველოს ოკუპაციის და თბილისის მისადგომებთან ახალგაზრდების გმირულ ბრძოლას ჟამთააღმწერლად სწორედ მარო მოევლინა, კოტე მაყაშვილის ასული, სტუდენტი, მეოცნებე გოგონა, რომელიც იმ სისხლიანი დღეების სიმბოლოდ იქცა. მისი დღიურები, რომელიც წელს შევსებული სახით კიდევ ერთხელ გამოსცა ლიტერატურის მუზეუმმა, თითქოს კინოფირია, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდა ქართული რესპუბლიკის ცხოვრებასა და ბრძოლას ვადევნებთ თვალს.  რატომ არ შეიძლება ამ დღეებს არა ერთი გაკვეთილი, არამედ გაკვეთილების მთელი ციკლი დავუთმოთ? სულაც პროექტად ვაქციოთ,  რომელიც კვლევითი ნაწილით დაიწყება და ლიტერატურული სპექტაკლით დასრულდება? ვფიქრობ, რამდენიმე კლასი, სხვადასხვა მასწავლებელი და მშობლებიც ჩავრთოთ ამ საინტერესო პროცესში.

 

ეპოქის გაცოცხლება:

დამოუკიდებლობის სამი წლის შესახებ ინტერნეტში ბევრი მასალაა, სტატიები, მიმოხილვები, ფოტოები და ვიდეოკადრებიც კი. მასალებს გაციფრებულ პრესაშიც მოიძიებთ, განა საინტერესო არაა, ჩვენთვის ნაცნობი ადამიანები როგორ ქალაქში ცხოვრობდნენ, როგორი ტრანსპორტით მგზავრობდნენ, როგორ მაღაზიებში ყიდულობდნენ საკვებს, როგორი კაფეები იყო, რა გადიოდა თეატრში, როგორი ამინდი იყო, როგორი პოეზიის საღამოები ტარდებოდა. ინფორმაციის მოძიების შემდეგ შეგიძლიათ რეტროსპექტივაც მოაწყოთ, დროის მანქანა გამოიგონოთ, რომლის როლსაც ძველებური პროექტორი შეასრულებს. იქნება სულაც ამბების მიმდევრობა ფოტომოთხრობის საშუალებით წარმოადგინოთ.

მაროს დღიური

უკვე გითხარით, რომ მარო მაყაშვილის დღიურის ახალი გამოცემა გვაქვს, სადაც დამატებით მაროს წერილები, ფოტოები და დოკუმენტური მასალაა შესული. აქ კიდევ სხვანაირ მაროს ვეცნობით – მარო-შვილს, მარი-შვილიშვილს, მარო-მეოცნებეს. სიცხიან გოგონას, რომელსაც პარიზი ესიზმრება, დღიურში საოცნებო კაბებს ჩაიხატავს, საზღვარგარეთ სწავლაზე ოცნებობს:„თანდათან რაღაც მეპარება მე გულში. რაღაცა ახალი გრძნობა, ტკბილი, სასიამოვნო. ერთ ვინმეს რომ დავინახავ-ხოლმე,  გული ძგერას იწყებს და სისხლი თავში ამივარდება. მე არ ვიცნობ მას, არ ვიცი მისი სახელი, გვარი, ნეტავ ვინ არის?“

„თავისუფალი ქალი თავისუფალ საქართველოში… ოქროს სიტყვებია“!

„თუ ფული მქონოდა, სულ მოგზაურობაზე დავხარჯავდი“!

„დღიურო, რამდენ უბედურებას იღებ შენ მკერდში, იწერ, იწერ, ახლა მკითხე მე. განა მე მეადვილება? შენ სდუმხარ, ითმენ, ნეტავ, როდემდის?!“

თეატრალური დადგმა

ისეთი პიესები, რომელთა დადგმა და განხორციელება სასკოლო თეატრებსაც შეუძლიათ, არც ისე ბევრია ქართულ ლიტერატურაში, ამ მხრივ სალომე ბენიძის ახალი პიესა „მარო“ ნამდვილი აღმოჩენაა.  ამ მცირე ფორმატის, ლამაზი და პოეტური პიესის პირველი ვერსია  შეიქმნა ლიბრეტოდ  მონოდრამისთვის, დელფტის კამერული მუსიკის ფესტივალთან თანამშრომლობით.  პიესა მაროსთვის მიძღვნილი კვირეულის დასკვნით ნაწილად შეგიძლიათ გამოიყენოთ, რადგან პოეტური და პროზაული ქსოვილის შერწყმით, მოსწავლეებისათვის გასაგებ და ახლობელ ენაზე ცოცხლდება მაროს ცხოვრება, ოჯახი, პოლიტიკური კონტექსტი, ომისა და მშვიდობის ამბები.

მოსწავლეებს მოეწონებათ ისიც, რომ მონოდრამაში მოქმედება ორ დროში ხდება, თანამედროვე გოგონები ჰყვებიან და განიხილავენ მაროს ცხოვრებას, რა ამბები ხდებოდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, თებერვლის ტრაგიკული მოვლენები რომ არა. პიესაში ფოტოგრაფიული სიზუსტითაა მოცემული ფაქტები, თითქოს მაროს საოჯახო ალბომს ათვალიერებ და ნაბიჯ-ნაბიჯ, გვერდ-გვერდ, ფრაზა-ფრაზა შენ წინაშე იშლება ეს ტრაგიკული და, ამავე დროს, აღმაფრთოვანებელი ამბავი.

მხოლოდ ფაქტები კი არა, პიესაში შეკრული და გამოცემულია თებერვლის მოვლენების მთელი კონტექსტი, რაც კიდევ უფრო გვაახლოებს დროსთან, როდესაც ერთი პატარა გოგო თავის თანატოლებთან ერთად სამშობლოს თავისუფლებისათვის იბრძოდა.

წიგნი თათია ნადარეიშვილის ულამაზესი ილუსტრაციებითაა გაფორმებული, რაც კიდევ უფრო ახლობელს ხდის მაროს ისტორიას.

ნეტავ, არიადნეს გორგალი გვაპოვნინა…

0

იდიომი ბერძნული მითებიდან

ქართულის გაკვეთილი, შევდივარ ბავშვებთან, ხელში ჩვეულებრივი ძაფის გორგალი მიჭირავს და ბავშვებს ვეუბნები, როგორც იქნა არიადნეს გორგალს მივაგენი, რა ბედნიერებაა!

ბავშვებს უკვირთ და კითხულობენ: რას ნიშნავს არიადნეს გორგალი? ვთხოვ საკუთარი ვერსიები ჩამოწერონ პატარა, ფერად ბარათებზე, რომლებსაც ვაბამ ძაფს და ზედ პატარა ხის სარჭებით ვამაგრებ.

ვკითხულობ ბავშვების მოსაზრებებს, ამის შემდეგ კი ვიწყებთ:

თუკი ძალიან, ძალიან ჩახლართული, რთული საქმიდან თავს დააღწევთ, მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალს იპოვით, თამამად შეგიძლიათ განაცხადოთ: მე არიადნეს გორგალი ვიპოვე და ახლა ეს ძაფი ამ რთულ სიტუაციას დამაძლევინებსო.

არიადნე – შუქმოციმციმეს ნიშნავს და ის კუნძულ კრეტას მეფე მინოსის ულამაზესი ასული იყო.

ათენის მეფე ეგეოსი და კრეტის მეფე მინოსი ემტერებოდნენ ერთმანეთს. ამ მტრობას თავისი მიზეზები და ისტორიაც აქვს, მაგრამ ჩვენ ახლა მხოლოდ არიადნე და მისი ძაფის გორგალი გვაინტერესებს.

ათენიდან ყოველ ცხრა წელიწადში ერთხელ, შავიალქნიანი გემი მიემართებოდა შვიდი ჭაბუკითა და შვიდი ულამაზესი ასულით კუნძულ კრეტაზე. კრეტის მეფე მინოსი კი მათ ცნობილ, ლეგენდარულ ხუროთმოძღვარი დედალოსის მიერ აგებულ ლაბირინთში გამომწყვდეულ კაციჭამია მინოტავრს საჩუქრად უძღვნიდა, მსხვერპლად სწირავდა.

ერთხელაც ამ შვიდ ჭაბუკში ათენის მეფის ვაჟი თესევსიც აღმოჩნდა. თესევსი რომ მშვენიერმა არიადნემ დაინახა მაშინვე შეუყვარდა და გადაწყვიტა ვაჟი გადაერჩინა, დახმარებოდა მინოტავრის მოკვლაში. ოღონდ მანამდე ლაბირინთი უნდა გაევლო და ეპოვა გზა – მინოტავრამდე, რათა შემდეგ მოეკლა.

არიადნეს დედალოსის მიერ ძაფის გორგალი ჰქონდა ჩაბარებული, როგორც ლაბირინთის გასაღებ. მან სწორედ ეს ძაფის გორგალი და ბასრი მახვილი მისცა თესევსს. თან დაარიგა: გორგლის თავისუფალი ბოლო ლაბირინთის კარისთვის უნდა გამოება. ამის შემდეგ გორგალი საქმეს თავად გააკეთებდა, გაგორდებოდა და უგრძესი, დაუსრულებელი დერეფნების გავლით იქ მიგორდებოდა, სადაც კაციჭამია მინოტავრი იმყოფებოდა. არიადნემ პირობაც წაუყენა, როდესაც თესევსი მინოტავრს მოკლავდა, კრეტას მეფის ასული ცოლად უნდა შეერთო და ათენში წაეყვანა. ხოლო ლაბირინთგავლილ გმირს უკან გამობრუნებისას, დაშლილი ძაფი ისევ გორგლად უნდა აეხვია.

რაღა თქმა უნდა, როგორც მითებს სჩვევია, თესევსმა მოკლა მინოტავრი და არიადნეც წაიყვანა ათენში. მათი ამბავი როგორ განვითარდა, ეს უკვე სხვა მითია.

ჩვენ კი, თანამედროვე ეპოქის ადამიანები, გასაჭირში ჩავარდნილები, როდესაც რთული დღეები გვაქვს, იმედიანად ვეძებთ ხოლმე არიადნეს გორგალს, რომ ჩვენი პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვაგვარებინოს, ისე როგორც ოდესღაც ათენელმა გმირმა დაამარცხა კრეტას მონსტრი.

 ლექსიკონი

იალქანი – ნავის, ხომალდის ანძაზე მიმაგრებული მკვრივი ტილო

ხუროთმოძღვარი – არქიტექტორი; ის, ვინც ქმნის და აპროექტებს ნაგებობებს.

ლაბირინთი – აქ: მრავალი დახლართული შესასვლელისა და გამოსასვლელის, აუარებელი ოთახის შემცველი ძნელად გასაგნები შენობა.

დახატე შუქმოციმციმე არიადნე ან თესევსი, რომელიც მინოტავრს ებრძვის.

 

ტექსტის წაკითხვის შემდეგ უპასუხე კითხვებს

მოდი, შეცვალე მთხრობელი და ამბავი მოჰყევი არიადნეს, თესევსის ან მინოტავრის ხედვის კუთხიდან. შეგიძლია მოვლენები შეცვალო, ასევე წარმოიდგინე ამ პერსონაჟების ფიქრები, განცდები – აღწერე შენს ტექსტში. დაასათაურე და გაუკეთე ილუსტრაციაც.

დაეხმარე თესევსს, ლაბირინთში გზა გაიგნოს, იპოვოს მინოტავრი, მოკლას და უკან დაბრუნდეს.

ყურადღებით წაიკითხე კრეტას შესახებ პატარა ტექსტი, მოცემული სიტყვები დააბრუნე და ჩასვი იქ, სადაც მათი ადგილია.

იალქანი, ხუროთმოძღვარი, ლაბირინთი, განთიადი, მინოტავრი, სხივები, სიო.

ქალაქი კრეტა განსაკუთრებით მშვენიერი ——- იყო, როდესაც ამომავალი მზის ————– ოქროსფრად იფარებოდა ლეგენდარული ——— დედალოსის მიერ აგებული შენობები. ამ დროს კუნძულს გემი მოადგებოდა, რომლის —————– ნელი ——–წამოქროლებაზე ლურჯად ლივლივებდა. კრეტას მეფე მინოსი ამაყობდა საოცარი ————————, რომლის სიღრმეებშიც საშიში —————- მიმალულიყო.

 

 

 

თემატური პოსტერების მრავალმხრივი გამოყენება

0

რა არის თემატური პოსტერი და რა მიზნით ვიყენებთ მას?

თემატური პოსტერი არის ცხოვრებისეული ან გამოგონილი სიუჟეტის მიხედვით შექმნილი დიდი ფორმატის ნახატი/სურათი. პოსტერის თემატიკა ამოუწურავი შინაარსის შეიძლება იყოს, რაც განაპირობებს ამ რესურსის უნივერსალურობას — გამოყენებულ იქნას სხვადასხვა კლასსა და სხვადასხვა საგანში, განსაკუთრებით კი ენის გაკვეთილებზე. მნიშვნელოვანია, რომ თემატური პოსტერი დაბეჭდილი იყოს დიდი ზომის მასალაზე, რათა დაფაზე გაკვრის შემდეგ მოსწავლეებმა იოლად აღიქვან მისი დეტალები.

თემატური პოსტერი გვეხმარება მეტყველებისა (ზეპირი თუ წერილობითი) და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში და გამოიყენება, როგორც მშობლიური ენის, ასევე მეორე/უცხოური ენის გაკვეთილებზე. უფრო კონკრეტულად, იგი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი მიზნებისთვის:

  1. ლექსიკური მარაგის გამდიდრება (ყველა კლასში, განსაკუთრებით, მეორე/უცხოური ენის გაკვეთილებზე);
  2. ფონოლოგიური უნარების განვითარება (პირველ კლასში);
  3. ფონეტიკური კომპეტენციის, ბგერების სწორად წარმოთქმის უნარის გამომუშავება, განსაკუთრებით, ქართულის (ან ნებისმიერი სხვა ენის), როგორც არამშობლიური ენის შემსწავლელებისთვის;
  4. ზეპირმეტყველების (მოსმენისა და ლაპარაკის) განვითარება (ყველა კლასში);
  5. სიტყვების წაკითხვაში გაწაფვა (პირველ, მეორე და მესამე კლასებში);
  6. ფუნქციური სამეტყველო ქმედებების (აღწერა, თხრობა, შედარება, დასაბუთება) განვითარება (ყველა კლასში);
  7. წერისა (პირველ-მეორე კლასებში) და შემოქმედებითი წერის ფარგლებში სხვადასხვა ჟანრის ტექსტის (დღიური, ჩანახატი, წერილი, ესე, მოთხრობა, ზღაპარი…) სწავლება (მესამე კლასიდან);
  8. სხვადასხვა გრამატიკული საკითხის სწავლება;
  9. ინტეგრირებული და დიფერენცირებული სწავლება.

როგორ ვმუშაობთ თემატური პოსტერით?

თემატურ პოსტერზე მუშაობისას შეგვიძლია მრავალფეროვანი აქტივობების წარმართვა. სანამ ასეთ აქტივობებს ჩამოვთვლით, აღვნიშნოთ, რომ თითოეული აქტივობის სირთულე-სიმარტივე, ხანგრძლივობა თუ საერთოდ ჩატარებაც კი დამოკიდებული იქნება მოსწავლეთა საჭიროებებსა და მზაობაზე. თუნდაც იმაზე, მოსწავლეები მშობლიური ენის სწავლების ფორმატში დაამუშავებენ პოსტერს თუ მეორე/უცხოური ენის სწავლებისას გამოიყენებენ. ერთიც აღვნიშნოთ, რომ ეს რესურსი შეუცვლელი და მეტად სასარგებლოა არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის შესწავლისთვის. რასაკვირველია, ქართულენოვანი სკოლებისთვისაც — უცხოური ენებისა და თვით მშობლიური ენის გაკვეთილებზეც.

მოკლედ მიმოვიხილოთ პოსტერის გამოყენების საფეხურები, ხოლო შემდეგ კონკრეტული პოსტერის მიხედვით განვიხილოთ თითოეული საფეხური.

 

  • პოსტერის/თემის წარდგენა

მასწავლებელი წარადგენს პოსტერს, ასახელებს თემას, ზოგადად აღნიშნავს, ნაცნობი გარემოა თუ არა პოსტერზე ასახული და ამ პროცესს წარმართავს მოსწავლეთა ჩართულობით.

  • პოსტერზე არსებული საგნების დასახელება/დაწერა/წაკითხვა (ვინ? რა?)

ერთ-ერთი პირველი აქტივობა უნდა იყოს, საგნებისთვის სახელების დარქმევა. მეორე/უცხოური ენის გაკვეთილებზე პირველ კლასში შეტანილ ასეთ პოსტერებზე ფაქტობრივად საგანთა უმეტესობის დასახელება უცნობი იქნება ბავშვებისთვის. მშობლიური ენის გაკვეთილებზეც იქნება რამდენიმე ისეთი საგანი, რომელთა სახელი ბავშვებმა შეიძლება არ იცოდნენ. რასაკვირველია, სიტყვების რაოდენობა და სიხშირის დონე დამოკიდებული იქნება, თუ რომელ კლასში რა საჭიროების მოსწავლეებთან ვამუშავებთ ამა თუ იმ პოსტერს.

აქ და ქვემოთ წარმოდგენილი სიტყვები მასწავლებელმა უნდა განათავსოს ანბანური ან თემატური სიტყვების კედელზეც.

თუკი მასწავლებელი შედარებით მაღალ კლასში იყენებს პოსტერს, შესაძლოა, ამა თუ იმ საკვანძო სიტყვის მიხედვით მოსწავლეებს შევავსებინოთ სხვადასხვა სქემა. მაგალითად, ,,სიტყვის პირამიდა” (იხ. https://rb.gy/p88r6m ), ,,ფრეიერის სქემა” (იხ. https://rb.gy/k3m5w0 ) და სხვ.

  • საგნის თვისების აღმნიშვნელი სიტყვების დასახელება (როგორი?)

მიუხედავად იმისა, იციან თუ არა ბავშვებმა გრამატიკული კატეგორია ,,ზედსართავი სახელი”, ისინი მაინც ახერხებენ საგნისა და მისი თვისების აღმნიშვნელი სიტყვების გამიჯვნას. ამაში მასწავლებელს დაეხმარება კითხვითი სიტყვის (როგორი? რანაირი?) გამოყენებაც. აგრეთვე, შეიძლება გააქტიურდეს საგანთა რაოდენობის აღმნიშვნელი სიტყვებიც: ერთი, ორი… ბევრი, რამდენიმე…

  • მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვების დასახელება (რას შვრება?)

ამ შემთხვევაშიც, ბავშვებმა შეიძლება არ იცოდნენ (და პირველ წლებში არც იციან) ზმნა, როგორც გრამატიკული კატეგორია, თუმცა სიტყვათა სიმრავლეში შეუძლიათ მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვების გამოყოფა. კარგი იქნება, თუკი ასეთ სიტყვებზე მასწავლებელი ცალკეც გაამახვილებს ყურადღებას. განსაკუთრებით ფასეულია ეს რესურსი იმ მეორე/უცხოური ენის მასწავლებლებისთვის, რომლებიც გაკვეთილზე მოსწავლეთა მშობლიური ენის გამოყენებას მინიმუმამდე ზღუდავენ და პირდაპირ, თვალსაჩინოდ აჩვენებენ პოსტერზე ასახული ქმედების ამსახველი სიტყვების მნიშვნელობას.

ასევე, შეიძლება ყურადღება გავამახვილოთ ზმნიზედებზე (სად? როდის? როგორ?) და სხვა მეტყველების ნაწილებზე.

  • პოსტერზე ასახული ადამიანებისთვის/პერსონაჟებისთვის სახელების დარქმევა

ეს კომპონენტი პოსტერსაც უფრო ,,აცოცხლებს” და სასწავლო პროცესსაც ხელშესახებს ხდის. მოსწავლეები ხალისით არქმევენ ხოლმე პოსტერზე ასახულ ადამიანებსა თუ ცხოველებს საკუთარ სახელებს.

  • პოსტერის სიტყვების განთავსება სიტყვების კედელზე

როგორც წესი, დაწყებით საფეხურზე საკლასო რესურსების შემამკობელია ე. წ. ანბანური და/ან თემატური სიტყვების კედელი. კარგი იქნება, თუკი პოსტერის სიტყვებს აგრეთვე განათავსებენ სიტყვების კედელზეც, ხოლო თუკი უკვე განთავსებულია, მაშინ მოძებნიან და წაიკითხავენ კიდეც.

მას შემდეგ, რაც პოსტერი კარგად დამუშავდება ზეპირმეტყველებაში (მოსმენითა და წარმოთქმით), კარგი იქნება სიტყვის ბარათების გამოყენება, მათი პოსტერზე განთავსებაც, მიკვრა და მათი გამოყენებით სიტყვების სწრაფად წაკითხვაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი სავარჯიშოს წარმართვა.

  • კი და არა” წინადადებებზე რეაგირება

სიტყვების დასახელებისა და პოსტერის ლექსიკურად დამუშავების შემდეგ მასწავლებელი ასახელებს წინადადებებს, ხოლო მოსწავლეები კი-არა პასუხებით უნდა დაეთანხმონ ან უარყონ ამ წინადადების სისწორე. განსაკუთრებით პირველ-მეორე კლასში ასეთი საფეხური, მხოლოდ თანხმობა-უარყოფით რეაქცია მოსწავლეებს უადვილებთ ინტერაქციაში შესვლას პოსტერის შინაარსის ათვისების გზაზე. ამასთან, თანდათან წინადადებების დასახელებაში ჩაერთვებიან მოსწავლეებიც.

წინადადებების სირთულე დამოკიდებული იქნება მოსწავლეთა მზაობასა და საჭიროებაზე და ის შეიძლება დავიწყოთ ერთსიტყვიანი წინადადებებით ისე, როგორც, მაგალითად, ამ ვიდეოშია მოცემული 1:06-დან: https://shorturl.at/akqwX

  • წინადადებების შედგენა და/ან მათი განვრცობა

მასწავლებელი მოსწავლეთა ჩართულობით მოფიქრებულ წინადადებებს ამატებენ სიტყვებს და ამით განავრცობენ მათ. ამ დროს შეიძლება გამოიყენონ ნებისმიერი ახალი სიტყვა, რომელიც წინადადება გახდის უფრო განვრცობილს, ლექსიკურად მდიდარს.

  • სხვადასხვა დონის შეკითხვებზე პასუხების გაცემა (ერთსიტყვიანი, ორსიტყვიანი, სრული პასუხები)

ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის პოსტერის მიხედვით შეკითხვების დასმა და მათზე პასუხის გაცემა. შეკითხვების დიაპაზონი დაიწყება უმარტივესიდან და დასრულდება რთული შეკითხვებით. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსწავლეთა კონკრეტულმა ჯგუფმა ეს დიაპაზონი თავიდან ბოლომდე ამოწუროს — შეკითხვების შერჩევა მოსწავლეთა შესაძლებლობაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ქვემოთ სწორედ ამ დიაპაზონის სხვადასხვა დონის შეკითხვების ნიმუშებს შემოგთავაზებთ.

  • თუ-თუ წინადადებები და სრული ფიზიკური რეაქცია

ერთ-ერთი მომხიბლავი კომპონენტი პოსტერებზე მუშაობისას სწორედ ე.წ. ,,თუ-თუ წინადადებებია“. ამ წინადადებების წარმოთქმისას მასწავლებელი იძლევა ინსტრუქცია, რომელიც უნდა შეასრულონ მოსწავლეებმა იმ შემთხვევაში, თუკი ეს წინადადება შეესაბამება პოსტერზე ასახულ სინამდვილეს. ხოლო თუკი მცდარ წინადადებას ასახელებს მასწავლებელი, მაშინ მოსწავლეები ამ ინსტრუქციას არ ასრულებენ.

  • ზეპირად და/ან წერილობით სურათის აღწერა

მოსწავლეები აღწერენ პოსტერზე ასახულ სიტუაციას. ხშირად მასწავლებელი რამდენიმე ნაწილად ყოფს ხოლმე პოსტერს და ჯერ ერთ ნაწილს აღწერენ, შემდეგ დანარჩენებს. ან, შეიძლება, მოსწავლეთა ერთ ჯგუფს ერთი ნაწილი აღვაწერინოთ, ხოლო სხვა ჯგუფს — მათი შესაძლებლობისთვის შესაბამისი სხვა ნაწილი.

  • კომპლექსური დავალებების შესრულება

თემატური პოსტერები კარგი რესურსია კომპლექსური ხასიათის დავალებების შესასრულებლად. ასეთი დავალებების დიაპაზონი ფართოა: დაწყებული სხვადასხვა გრამატიკული კატეგორიის სიტყვების დაჯგუფებიდან, ამბის მოფიქრებით თუ სხვა შემოქმედებითი წერითი დავალებებით. აგრეთვე, რომელიმე ფუნქციური სამეტყველო ქმედების (შედარება, დასაბუთება…) განვითარებაზე ორიენტირებული დავალება კარგად ინტეგრირდება პოსტერის შინაარსთან დაკავშირებითაც.

 

რესურსის გამოყენება საკმაოდ მოქნილად შეგვიძლია, რაც იძლევა საშუალებას, სხვადასხვა ხანგრძლივობის, დანიშნულების აქტივობები ამა თუ იმ თანმიმდევრობით წარვმართოთ. ერთი თემატური პოსტერის დამუშავება შესაძლებელია გაგრძელდეს რამდენიმე გაკვეთილზე და მას შეიძლება კიდევ მივუბრუნდეთ ორი-სამი კვირის/თვის, მეტიც, რამდენიმე წლის შემდეგაც კი ახალი, განსხვავებული დავალებებით. იმის მიხედვით, თუ რა შინაარსისა და რა სტრუქტურისაა თემატური პოსტერი, მისი დამუშავება შეიძლება წარიმართოს ნაწილ-ნაწილაც. ქვემოთ შემოთავაზებულია იდეები ორ ნაწილად დაყოფილი პოსტერისთვის. ბოლოს კი წარმოდგენილია დავალებების იდეები მთლიანი პოსტერისთვის.

 

მნიშვნელოვანია, თითოეულ ეტაპზე მუშაობისას მასწავლებელმა გაითვალისწინოს ე.წ. პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემის მოდელი, რაც გულისხმობს ჯერ მასწავლებლის მიერ თვალსაჩინო მოდელირებას, შემდეგ მასწავლებლის პერფორმანსში მოსწავლეთა თანდათან ჩართვას, შემდეგ უკვე მოსწავლის პერფორმანსში მასწავლებლის თანამონაწილეობას, ბოლოს კი მოსწავლის მიერ კონკრეტული კომპეტენციის დამოუკიდებლად წარმართვას.

 

თემატური პოსტერი “სოფელი”

(პოსტერი დამზადებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.)

ქვემოთ წარმოდგენილია ორ ნაწილად გაყოფილი პოსტერის დამუშავება. აღსანიშნავია, რომ პოსტერის კიდევ უფრო მეტად დეტალიზებაც შეიძლება. მაგალითად, მხოლოდ ტრაქტორის სცენის ან ბოსტნის სცენის გამოყოფა და ასე ნაწილ-ნაწილ დამუშავება. ერთი მონაკვეთის დამუშავებისას შეიძლება სხვა ნაწილი გადავკეცოთ და ისე გავაკრათ დაფაზე ან დანარჩენი სივრცე ქაღალდით დავფაროთ.

1-ელი ნაწილი

საგნების დასახელება

ქალი/ქალები, კაცი/კაცები, გოგო, მწყემსი, მძღოლი, ძროხები, ხბო, ძაღლი, იხვი, ჭრიჭინა, ბატები, ცხვრები, თხა, ფუტკრები, სკები, სახლი, სამზარეულო, სკა, წყარო, ხე, ეზო, მთები, ცა, შვეულმფრენი, ტრაქტორი, ველოსიპედი, ფარები, ბორბალი, საბურავები, ძარა, ურიკა, შეშა, საზამთრო, ვედრო, ბოსტანი, ბაღი, ეზო, მდინარე, გუბე, ხე, ვაშლები, კომბოსტო…

 

საგნის თვისებების აღმნიშვნელი სიტყვების დასახელება

მწვანე, წითელი, ყვითელი, ლურჯი, თეთრი… მრგვალი, დაჭრილი, ზოლიანი, სავსე, მძიმე, ღია, ანკარა, მწიფე, დახურული, გაბრაზებული, დახრილი, ასული, სუფთა…

 

მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვების დასახელება

ზის, დგას, მირბის, წევს, სვამს, დაცურავს, დადის, მიდის, ატარებს, მწყემსავს, დებს, კრეფს, მოაქვს, ამზადებს, ყიყინებს, მიფრინავს…

 

სახელების დარქმევა

მაგალითად, ქეთევანი, ლია, ანა, ლეილა, ზურიკო, ივანე, დათო, სიმონი, ვახტანგი, ჯუდუ…

 

კი და არა წინადადებებზე რეაგირება

მასწავლებელი დაასახელებს წინადადებებს, მოსწავლეები კი მხოლოდ ,,კი” ან ,,არა” პასუხებით რეაგირებენ:

  • მწყემსს ჰყავს ოთხი ცხვარი. (კი)
  • ეზოში ბევრი საზამთროა. (კი)
  • წითელპერანგიანი კაცი ძარაზე საზამთროს დებს. (არა)
  • ორი ძროხა გუბეში წევს. (კი)
  • სახლის წინ, სკამზე, მოხუცი კაცი ზის. (კი)

როგორც წესი, ამ კომპონენტისთვის საწყის ეტაპზე გამოიყენება სახელდებითი წინადადებები. მაგალითად,

  • ძროხა
  • ჭრელი ძროხა
  • მწყემსი
  • ნაბდიანი მწყემსი
  • ნაბდიანი მწყემსი კომბლით…

(კი-არა წინადადებებზე რეაგირებისას აუცილებელია, მასწავლებელმა თავისი ხელით ან ჯოხით ან ლაზერის სხივით კონკრეტულად მიუთითოს იმ ადგილზე, რომელსაც ასახავს ესა თუ ის წინადადება).

 

წინადადებების შედგენა და მათი განვრცობა

  • გოგონა ვაშლებს კრეფს. → მოკლეკაბიანი გოგონა ვაშლებს კრეფს. → მოკლეკაბიანი გოგონა წითელ ვაშლებს კრეფს. → მოკლეკაბიანი გოგონა ეზოში წითელ ვაშლებს კრეფს. → მოკლეკაბიანი გოგონა ეზოში წითელ ვაშლებს ფრთხილად კრეფს. → მოკლეკაბიანი გოგონა ეზოში მაღალ ხეზე წითელ ვაშლებს ფრთხილად კრეფს.
  • კაცი საზამთროს ძარაზე დებს. → მელოტი კაცი საზამთროს ძარაზე დებს. → მელოტი კაცი საზამთროს ძარაზე ფრთხილად დებს. → მელოტი კაცი მოწყვეტილ საზამთროს ძარაზე ფრთხილად დებს. → მელოტი კაცი თავის ბოსტანში მოწყვეტილ საზამთროს ძარაზე ფრთხილად დებს.

 

შეკითხვების დასმა

(შეკითხვების დასმისას მასწავლებელი თან ხელითაც ანიშნებს შესაბამის ადგილზე. პირველ ეტაპზე ეს აუცილებელია).

ქალაქი? სოფელი? დიდი სოფელი? პატარა სოფელი?

რა დგას ამ ეზოში? რამდენი სართული აქვს ამ სახლს? ვინ ცხოვრობენ ამ სახლში? რას აკეთებს ქალი სახლში? რას აკეთებს ქალი ეზოში? რას აკეთებს კაცი ეზოში? რას აკეთებს კაცი სახლის წინ? კიდევ ვინ არის ეზოში? რას აკეთებს გოგონა?

რამდენი ძროხაა პოსტერის ამ ნაწილზე? რას შვრებიან ისინი? კიდევ რა არის მდინარეში? კიდევ რომელი ფრინველია პოსტერზე? რამდენი ძაღლია პოსტერზე და სად არიან ისინი?

ვინ ზის ტრაქტორზე? რატომაა ტრაქტორის მძღოლი გაბრაზებული? რა მოაქვს მას? სად ალაგია შეშა? როგორ ფიქრობთ, სად მიაქვს მძღოლს შეშა?

 

,,თუ-თუ წინადადებები” და სრული ფიზიკური რეაქცია

  • თუ ცაში შვეულმფრენი დაფრინავს, ადექით ფეხზე!
  • თუ ბიჭი ველოსიპედით მიდის, აწიეთ მარჯვენა ხელი!
  • თუ გოგონა ვაშლს კრეფს, თავზე გადაისვით მარჯვენა ხელი!
  • თუ მელოტი კაცი ბალახს თიბავს, თავი მიაბრუნეთ ფანჯრებისკენ!
  • თუ ტრაქტორის ძარაზე შეშა აწყვია, გაშლილი ხელები მერხებზე დააწყვეთ!
  • თუ ეს კაცი სახლის წინ ზის, ბიჭებმა ტაში დაუკარით!
  • თუ ამ სახლს კრამიტის სახურავი აქვს, დააკაკუნეთ მერხზე!..

ეს კომპონენტიც უნდა დაიწყოს უმარტივესი წინადადებებით:

  • თუ ეს არის სახლი, აწიეთ ხელები!
  • თუ ეს არის ძროხა, დააბაკუნეთ ფეხები!..

 

იდეები კომპლექსური დავალებებისთვის

  • დაწერეთ ამბავი ,,საზამთროს თავგადასავალი — გზა მიწიდან სუფრამდე” და დაასურათეთ;
  • დახატე ,,შეშით დატვირთული ტრაქტორის მარშრუტი” და აღწერე;
  • შეადარე ერთმანეთს გუბე და მდინარე. გამოყავი, რა აქვთ მსგავსება და რა — განსხვავება.

 

მე-2 ნაწილი

საგნების დასახელება

ბიჭი/ბიჭები, გოგო/გოგონები, კაცი/კაცები, ეზო, ხე, ცა, მთა, სახლი, სახურავი, კრამიტი, ფიცარი, კიბე, ფანჯარა, კარი, კედელი, ღობე, თივა, ზვინი, ცელი, ფიწალი, ბალახი, მდინარე, ხიდი, ვირი, ურიკა, ჯოხი, თოკი, ანკესი, ვედრო, ქვა, თევზი, სათამაშო მანქანა…

 

საგნის თვისებების აღმნიშვნელი სიტყვების დასახელება

წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი… გრძელი, დახურული, გრძელყურა, გაბრაზებული, გახარებული, დაღლილი, მდორე…

 

მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვების დასახელება

თევზაობს, თამაშობს, ზის, გადადის, მიუძღვის, უჭირავს, თიბავს/ცელავს, მიაქვთ, ადის, დგას, აწოდებს, ალაგებს/აწყობს…

 

სახელების დარქმევა

მაგალითად, ანა, მამუკა, გია, პეტრე, გიო, მალხაზი, გარი, ალი, კახა, კობა…

 

კი და არა წინადადებებზე რეაგირება

მასწავლებელი დაასახელებს წინადადებებს, მოსწავლეები კი მხოლოდ ,,კი” ან ,,არა” პასუხებით რეაგირებენ:

  • მდინარეზე თევზაობს ოთხი ბავშვი. (არა)
  • ხიდზე გადადის ვირი, რომელსაც მიაქვს თივა. (კი)
  • ეზოში დგას ერთი კაცი და ბალახს თიბავს. (კი)
  • მეორე ეზოში გრძელი ფიცრები აწყვია. (კი)
  • კიბეზე კაცი დგას და სახლის სახურავზე კრამიტს ალაგებს. (კი)

როგორც წესი, ამ კომპონენტისთვის საწყის ეტაპზე გამოიყენება სახელდებითი წინადადებები. მაგალითად,

  • ბიჭი
  • წითური ბიჭი
  • ურიკაში შებმული ვირი
  • გრძელი ფიცრები
  • ცისფერი მდინარე…

(კი-არა წინადადებებზე რეაგირებისას აუცილებელია, მასწავლებელმა თავისი ხელით ან ჯოხით ან ლაზერის სხივით კონკრეტულად მიუთითოს იმ ადგილზე, რომელსაც ასახავს ესა თუ ის წინადადება.)

 

წინადადებების შედგენა და მათი განვრცობა

  • კაცი ბალახს თიბავს. → კაცი ეზოში ბალახს თიბავს. → მწვანეშარვლიანი კაცი ეზოში ბალახს თიბავს. → მწვანეშარვლიანი ულვაშა კაცი ეზოში ბალახს თიბავს. → მწვანეშარვლიანი ულვაშა კაცი ეზოში მწვანე ბალახს მარჯვედ თიბავს.
  • ბიჭი მდინარეში თევზაობს. → პატარა ბიჭი მდინარეში თევზაობს. → პატარა ბიჭი მდინარეში ანკესით თევზაობს. → გახარებული პატარა ბიჭი მდინარეში ანკესით თევზაობს. → გახარებული პატარა ბიჭი სოფლის მდინარეში ანკესით თევზაობს.

 

შეკითხვების დასმა

(შეკითხვების დასმისას მასწავლებელი თან ხელითაც ანიშნებს შესაბამის ადგილზე. პირველ ეტაპზე ეს აუცილებელია.)

მდინარე? ქალაქის მდინარე? სოფლის მდინარე?

რას აკეთებს პატარა ბიჭი? რით თევზაობს პატარა ბიჭი? როგორ ვხვდებით, რომ ეს პატარა ბიჭი თევზაობს, რა მიგვანიშნებს ამაზე? როგორ ხასიათზეა პატარა ბიჭი? რატომ არის პატარა ბიჭი კარგ ხასიათზე?

რას აკეთებს ეს გაბრაზებული კაცი? რატომ არის ის გაბრაზებული? რა მიაქვს ვირს? რას აკეთებს ბიჭი, რომელიც თივაზე ზის? ვინ იქნება ეს ბიჭი ამ კაცის? სად მიდიან ისინი? საიდან მოდიან?

რას აკეთებენ ადამიანები მეორე ეზოში? სახლის შენების რა ეტაპზე არიან ისინი? რა მიგვანიშნებს იმაზე, რომ ისინი სახლის შენების ბოლო ეტაპზე არიან? რას აკეთებს კიბეზე მდგარი ადამიანი? ვინ ეხმარება მას? როგორ ფიქრობთ, ვინ არიან ეს ადამიანები ერთმანეთისთვის?..

 

,,თუ-თუ წინადადებები” და სრული ფიზიკური რეაქცია

  • თუ მდინარესთან სამი ბავშვია, ადექით ფეხზე!
  • თუ ბიჭი თევზებს ანკესით იჭერს, აწიეთ მარჯვენა ხელი!
  • თუ ხიდზე ძროხა გადადის, თავზე გადაისვით მარჯვენა ხელი!
  • თუ ეზოში ულვაშიანი კაცი ბალახს თიბავს, თავი მიაბრუნეთ ფანჯრებისკენ!
  • თუ ფიცარი ორ კაცს მიაქვს, გაშლილი ხელები მერხებზე დააწყვეთ!
  • თუ ეს ბიჭი თივაზე ზის, ბიჭებმა ტაში დაუკარით!
  • თუ აქ წვიმს, დააკაკუნეთ მერხზე!..

 

იდეები კომპლექსური დავალებებისთვის

  • აღწერე სახლის აშენების ეტაპები და დაასურათე თითოეული ეტაპი;
  • აღწერე ბალახის ,,თავგადასავალი” გაზაფხულიდან ზამთრამდე და დაასურათე ეს ეტაპები;
  • გაითამაშე იმ ადამიანების დიალოგი, რომლებიც სახლს აშენებენ…

დავალებების იდეები მთლიანი პოსტერისთვის

  • შეადარე ერთმანეთს ორი ეზო, აღნიშნე მათ შორის მსგავსება-განსხვავება. შენ რომელ ეზოში უფრო მოგეწონებოდა ცხოვრება? რატომ?
  • დაწერე თხზულება ,,ერთი დღე ამ სოფელში”.

 

თემატური პოსტერი “ზამთარი”

(პოსტერი დამზადებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ).

1-ელი ნაწილი

საგნების დასახელება

ბიჭი/ბიჭები, გოგო/გოგონები, ბოტები, ქუდი, შარვალი, პალტო, შარფი, ჯემპრი, ციგა, თხილამურები, გუნდა, თოვლი, ნაძვი…

 

საგნის თვისებების აღმნიშვნელი სიტყვების დასახელება

წითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ღია მწვანე, სტაფილოსფერი, თეთრი, თოვლიანი, მხიარული, აწითლებული, შეკრული, მრგვალი, გაშლილი…

 

მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვების დასახელება

სრიალებს, ზის/სხედან, დგას, მირბის, ისვრის, გუნდაობს, უკეთია, აცვია, იცინის…

 

სახელების დარქმევა

მაგალითად, ანა, თაკო, კახა, ლუკა, დათო, ნინი, ნიკო, მანუშაკი, ალი…

 

კი და არა” წინადადებებზე რეაგირება

მასწავლებელი დაასახელებს წინადადებებს, მოსწავლეები კი მხოლოდ ,,კი” ან ,,არა” პასუხებით რეაგირებენ:

  • თხილამურებზე დგას ერთი ბავშვი. (კი)
  • ციგაზე ზის სამი ბავშვი. (არა)
  • ბავშვები ქვიშაში თამაშობენ. (არა)
  • ყველა ბავშვს ქუდი ახურავს. (არა)
  • ორ ბავშვს შარფი არ უკეთია. (კი)

აღსანიშნავია, რომ ამ კომპონენტისთვის საწყის ეტაპზე გამოიყენება სახელდებითი წინადადებები. მაგალითად,

  • გოგო
  • ნარინჯისფერი პალტო
  • გოგო ნარინჯისფერ პალტოში
  • ციგა
  • თავისუფალი ციგა…

(კი-არა წინადადებებზე რეაგირებისას აუცილებელია, მასწავლებელმა თავისი ხელით ან ჯოხით ან ლაზერის სხივით კონკრეტულად მიუთითოს იმ ადგილზე, რომელსაც ასახავს ესა თუ ის წინადადება).

 

წინადადებების შედგენა და მათი განვრცობა

  • გოგონა გუნდას ისვრის. → წითელბოტებიანი გოგონა გუნდას ისვრის. → წითელბოტებიანი გოგონა თოვლის გუნდას შორს ისვრის. → წითელბოტებიანი გოგონა თოვლის გუნდას შორს ისვრის და იცინის.
  • ბიჭი თხილამურებზე დგას. → წითელქურთუკიანი ბიჭი თხილამურებზე დგას. → წითელქურთუკიანი ბიჭი თხილამურებზე დგას და სრიალებს. → წითელქურთუკიანი ბიჭი ჭრელ თხილამურებზე დგას და სწრაფად სრიალებს.

 

შეკითხვების დასმა

(შეკითხვების დასმისას მასწავლებელი თან ხელითაც ანიშნებს შესაბამის ადგილზე. პირველ ეტაპზე ეს აუცილებელიცაა.)

გოგო? ნარინჯისფერპალტოიანი გოგო? რას აკეთებს გოგო? რას აკეთებს ბიჭი? რამდენი ბავშვია პოსტერის ამ ნაწილზე? რას აკეთებს წითელქურთუკიანი ბიჭი? რამდენი ციგაა პოსტერზე? რატომ არის ერთი ციგა თავისუფალი? ვისია ის ციგა, რომელზეც ორი ბავშვი ზის?

 

 

,,თუ-თუ წინადადებები” და სრული ფიზიკური რეაქცია

თუ გოგონას წითელი ბოტები აცვია, ადექით ფეხზე! თუ აქ ოთხი ბავშვია, აწიეთ მარჯვენა ხელი! თუ ამ ციგაზე ერთი ბავშვია, თავზე გადაისვით მარჯვენა ხელი! თუ ციგაზე წინ მჯდარ ბიჭს მწვანე ქურთუკი აცვია, თავი მიაბრუნეთ ფანჯრებისკენ! თუ წითელქურთუკიანი გოგონა თხილამურებზე დგას, გაშლილი ხელები მერხებზე დააწყვეთ!

იდეები კომპლექსური დავალებებისთვის

  • აღნუსხე, აღწერე და დააჯგუფე ბავშვების ტანსაცმელი;
  • აღწერე ბავშვი, რომელიც ყველაზე უფრო უფრო მოგწონს…

მე-2 ნაწილი

საგნების დასახელება

ბიჭი/ბიჭები, გოგო/გოგონები, ქალი/ქალები, სახლი, სკამი, ბოტები, ხელთათმანები, ქუდი, შარვალი, პალტო, შარფი, ჯემპრი, ციგა, გუნდა, თოვლი, თოვლის ბაბუა, სტაფილო, ვედრო…

 

საგნის თვისებების აღმნიშვნელი სიტყვების დასახელება

იისფერი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, სტაფილოსფერი, თეთრი, ჭრელი, ზოლიანი, თოვლიანი, მხიარული, წითელლოყება, მრგვალი…

 

მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვების დასახელება

აკეთებს/აკეთებენ, სრიალებს, ზის/სხედან, ისვრის, გუნდაობს, უკეთია, აცვია, იცინის, უსწორებს, ლაპარაკობენ…

 

სახელების დარქმევა

მაგალითად, ნუკრი, თამრიკო, ლევანი, ნანი, იმედა, ხათუნა, ირმა, ალინა, მუჰამედი, თარაში…

 

კი და არა წინადადებებზე რეაგირება

მასწავლებელი დაასახელებს წინადადებებს, მოსწავლეები კი მხოლოდ ,,კი” ან ,,არა” პასუხებით რეაგირებენ:

  • თოვლის ბაბუას აკეთებს ორი ბავშვი. (კი)
  • ციგაზე ზის ორი ბავშვი. (არა)
  • ბავშვები სკოლაში ერთობიან. (არა)
  • ყველა ბავშვს პალტო აცვია. (არა)
  • ბავშვები თოვლის ბაბუას სტაფილოს უკეთებენ. (კი)

როგორც წესი, ამ კომპონენტისთვის საწყის ეტაპზე გამოიყენება სახელდებითი წინადადებები. მაგალითად,

  • ბიჭი
  • ჭრელქუდიანი ბიჭი
  • ბიჭი ნარინჯისფერ პალტოში
  • ხელთათმანი
  • ვარდისფერი ხელთათმანი…

(კი-არა წინადადებებზე რეაგირებისას აუცილებელია, მასწავლებელმა თავისი ხელით ან ჯოხით ან ლაზერის სხივით კონკრეტულად მიუთითოს იმ ადგილზე, რომელსაც ასახავს ესა თუ ის წინადადება.)

 

წინადადებების შედგენა და მათი განვრცობა

  • ბავშვები თოვლის ბაბუას აკეთებენ. → ზამთარში ბავშვები თოვლის ბაბუას აკეთებენ. → ზამთარში ეზოში ბავშვები თოვლის ბაბუას აკეთებენ. → ზამთარში ეზოში თბილად ჩაცმული ბავშვები თოვლის ბაბუას აკეთებენ. → ზამთარში ეზოში თბილად ჩაცმული ბავშვები თოვლის ბაბუას მხიარულად აკეთებენ.
  • ეზოში სახლი დგას. → ეზოში ხის სახლი დგას. → თოვლიან ეზოში ხის სახლი დგას. → თოვლიან ეზოში დათოვლილი ხის სახლი დგას.

 

შეკითხვების დასმა

(შეკითხვების დასმისას მასწავლებელი თან ხელითაც ანიშნებს შესაბამის ადგილზე. პირველ ეტაპზე ეს აუცილებელია).

ბიჭი? ნარინჯისფერპალტოიანი ბიჭი? რას აკეთებს ნარინჯისფერპალტოიანი ბიჭი? რა უჭირავს ამ ბიჭს ხელში? რატომ უჭირავს ამ ბიჭს ხელში ტოტი?

რამდენი ბავშვია პოსტერის ამ ნაწილზე? რამდენი ადამიანი ზის პოსტერის ამ ნაწილზე? რამდენი ბავშვი სრიალებს? ვის ესვრის ბიჭი გუნდას? საიდან მოიტანდნენ ბავშვები სტაფილოსა და ვედროს? ვინ მოიტანდა სტაფილოს?

 

 

,,თუ-თუ წინადადებები” და სრული ფიზიკური რეაქცია

თუ თოვლის ბაბუას ორი ბავშვი აკეთებს, ადექით ფეხზე! თუ თოვლის ბაბუას ჭარხალი უკეთია, აწიეთ მარჯვენა ხელი! თუ ამ ციგაზე ერთი ბავშვია, თავზე გადაისვით მარჯვენა ხელი! სკამზე მჯდარი ბავშვები ლაპარაკობენ, თავი მიაბრუნეთ ფანჯრებისკენ! თუ ციგაზე მჯდომ ბავშვს შარფი არ უკეთია, გაშლილი ხელები მერხებზე დააწყვეთ! თუ სახლის წინ სკამზე ოთხი ადამიანი ზის, გოგონებმა ტაში დაუკარით! თუ რომელიმე ბავშვს ყავისფერი ბოტები აცვია, დააკაკუნეთ მერხზე!..

 

იდეები კომპლექსური დავალებებისთვის

  • აღნუსხე, აღწერე და დააჯგუფე ბავშვების ტანსაცმელი;
  • აღწერე თოვლის ბაბუას გაკეთების ეტაპები და დაასურათე თითოეული ეტაპი;
  • გაითამაშე იმ ბავშვების დიალოგი, რომლებიც თოვლის ბაბუას აკეთებენ…

 

 

 

დავალებების იდეები მთლიანი პოსტერისთვის

  • აღწერე ბავშვი, რომელიც შენ ყველაზე მეტად გგავს და ისაუბრე, რით გგავს იგი.
  • აღწერე ბავშვი, რომლის როლში ისურვებდი ყოფნას და ისაუბრე, რატომ მოგწონს მის როლში ყოფნა.
  • დახატე და შემდეგ აღწერე ის მაღაზია, რომელშიც პოსტერზე დახატული ბავშვების ტანსაცმელები იყიდება. გაითამაშეთ ტანსაცმლის ყიდვის სცენა.
  • მოიფიქრე, როგორ გაერთობოდნენ პოსტერზე უკანა სკამზე მსხდომი უფროსი ადამიანები, როდესაც ისინი პატარები იყვნენ? რა იქნებოდა მსგავსი და რა იქნებოდა განსხვავებული ამ პოსტერზე მოცემული სიტუაციისგან?

 

 

  1. S. დაახლოებით მსგავსი პრინციპით დამუშავებული სხვა პოსტერები შეგიძლიათ იხილოთ USAID საბაზისო პროგრამის ფარგლებში ჩემ მიერ შექმნილი რესურსების სახით:1. თემატური პოსტერი „ექსკურსია” https://drive.google.com/file/d/1LgE5Yf1A1bjHc7ypkFY9LBae4KHet9-i/view?usp=drive_link

    2. თემატური პოსტერი „დაბადების დღე” https://drive.google.com/file/d/16lV0XhttEqzuR1v0xNkRU5C-tT2GaUQc/view?usp=drive_link

 

 

 

 

 

 

მინიატიურული „ხელოვნური ჭაობი“ სკოლაში

0

„მასწავლებლის“ და ჩემი ერთგული მკითხველი, ალბათ იოლად გაიხსენებს დროს, როდესაც „ხელოვნურ ჭაობზე“ ვწერდი. ეს სადღაც 2014-15 წლებში ხდებოდა, როდესაც შავი ზღვის აუზის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში ვმონაწილეობდი. სწორად მიხვდით, პროექტი „ხელოვნურ ჭაობს“ შეეხებოდა. საქართველოში არც მაშინ და არც ახლა ხელოვნური ჭაობი არ გვაქვს. ინტერნეტში იძებნება, რომ ხაშურში ერთ-ერთი ფონდის დაფინანსებით აპირებენ აშენებას. ასევე, ხულოში დაუგეგმავთ მშენებლობა 2021 წელს. ჯერ ჯერობით აშენებული არაფერია.

შეიძლება კითხვა გაგიჩნდეთ:

-რა საჭიროა „ხელოვნური ჭაობი“? ბუნებრივიც გვეყოფა, სადაც არის!

„ხელოვნური ჭაობი“ ჩამდინარე საკანალიზაციო წყლების ეფექტურად და იაფად მომუშავე გამწმენდი სისტემაა. ჩამდინარე წყალი მუნიციპალური, სასოფლო-სამეურნეო ან სამრეწველო საქმიანობის საბოლოო ან თანაური პროდუქტია. ჩამდინარე წყლის ქიმიური შემადგენლობიდან კარგად ჩანს მისი წარმომავლობა. თუმცა, თვით ტერმინი „ჩამდინარე წყალი“ მიუთითებს, რომ ის ნარჩენი პროდუქტია და გარემოს ეკოლოგიური პირობების დაცვის მიხედვით უნდა იქნეს განადგურებული.

ხელოვნური ჭაობი ( ადამიანის მიერ შექმნილი სისტემაა, რომლის ფუნქციაც ბუნებრივი ჭაობის მსგავსად დამაბინძურებელი აგენტების ჩამოშორებაა. ამ მიზნის მისაღწევად იმიტირებულ ჭაობში მთელი რიგი ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პროცესები მიმდინარეობს. ეს პროცესები ეფუძნება წყლის, ნიადაგის, ატმოსფეროს და მიკროორგანიზმების ურთიერთქმედებას. ჭაობის მცენარეები მძიმე მეტალების და სხვა ტოქსიკური ნაერთების გაუვნებლებასა და საკვები ნივთიერებების შენარჩუნებაში სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებენ. ჩვეულებრივი ლერწამი (Phragmites australis) და ლაქაში (Typha latifolia, T. angustifolia) ჭაობის მცენარეთა სახეობის ეფექტურ მაგალითს წარმოადგენენ, რომლებსაც შეუძლიათ კარგად შთანთქან დამაბინძურებლები და ამიტომ წარმატებით გამოიყენებიან ხელოვნურ ჭაობში.

არსებობს ხელოვნური ჭაობის ყველაზე გავრცელებული სამი ტიპი: თავისუფალი წყლის ზედაპირის  სისტემები, ჰორიზონტალური მიწისქვეშა ნაკადის  სისტემები და ვერტიკალური ნაკადის  სისტემები.

თავისუფალი წყლის ზედაპირის ხელოვნური  ჭაობები შედგებიან ერთი ან მეტი მცენარეული ზედაპირის მქონე ჰერმეტული აუზებისგან ან არხებისგან (40 დან 60 სმ სიღრმის).ისინი ამოვსებულია ნიადაგით, სადაც ჩარგულია მცენარეები (მაგ. ლერწამი, ისლი, ჭილი და ლაქაში) და აღჭურვილია შესაბამისი შემშვები და გამომშვები სტრუქტურებით. ჩამდინარე წყლებზე აღწევს 10-დან 30სმ-დე და 45 სმ სიღრმეშიც კი. მასზე მოქმედებს ატმოსფერული ჰაერი, ქარი და მზის პირდაპირი სხივები.

ჰორიზონტალური მიწისქვეშა ნაკადის ჭაობი ქვიშით და ხრეშით ამოვსებული დიდი ზომის არხია, სადაც წყალმცენარეებია ჩარგული. არხი 0.5-დან 1მ-დე სიღრმისაა (3–32მმ დიამეტრი) და ამოფენილია წყალგაუმტარი ფენით (თიხა ან წყალგაუმტარი მემბრანები), რათა თავიდან იქნეს აცილებული გამორეცხვა. ჩამდინარე წყალი რჩება ფოროვანი არის ქვეშ, გაედინება ფორებში ფესვებისა და ფესვაკების გავლით. ფართო შესასვლელი ზონა უზრუნველყოფს წყლის მაქსიმალური მოცულობის შედინებას. ქვედა ნაწილზე ეს დაახლოებით 1%-ია. რაც შეეხება მცენარეებს, ნებისმიერი მცენარე ღრმა და ფართო ფესვებით, რომლებიც კარგად ეგუებიან სველ და საკვები ნივთიერებებით მდიდარ გარემოს, ზემოთ აღწერილი ჭაობის ტიპში კარგად ხარობს. ჩამდინარე წყლები, გამფილტრავ მასალასთან და მცენარეთა ფესვებთან შეხებისას, იწმინდება.

ვერტიკალური ნაკადის ჭაობი წყალმცენარეებიან გამფილტრავ არხებს წარმოადგენს. ჩამდინარე წყლები ჭაობში შედის ნახვრეტებიანი მილების ქსელის მეშვეობით. ეს კი მთელ სივრცეზე წყლის თანაბარ მიწოდებას უზრუნველყოფს. წყალი სიმძიმის ძალის და ფილტრების მატრიცის გავლით ქვემოთ მიედინება. შემდეგ ის მიაღწევს დრენაჟის ფენას , რომელიც შეიცავს ფორებიან შემკრებ და აირაციისთვის განკუთვნილი მილების ქსელს.

სკოლაში, მინი „ხელოვნური ჭაობი“ შეიძლება გაკეთდეს.

თუმცა, მანამდე, მოსწავლეებმა უნდა გამოიკვლიონ, საიდან მოდის ჩამდინარე წყალი.

აქტივობის მიზანი: საიდან მოდის დაბინძურებული წყალი და როგორ შეიძლება მისი გასუფთავება.

დაფიქრებულან მოსწავლეები, სად მიდის წყალი სახლის ონკანებიდან? სად გროვდება ადამიანის მიერ გამოყენებული წყალი, მას შემდეგ, რაც საკანალიზაციო მილებს გაივლის.  საბოლოოდ წყალი ზედაპირულ წყლებს (მდინარეებს) უერთდება. მანამდე კი მექანიკური, ქიმიური და ბიოლოგიური წმენდის პროცესი აქვს გასავლელი. თანაც, ეს წმენდა საერთაშორისო სტანდარტის დონეზე უნდა იყოს, რათა მდინარეების დაბინძურება ავიცილოთ თავიდან.  წყლის პირველადი (მექანიკური) წმენდა დამაბინძურებლების დაახლოებით 50%-ს აშორებს. დარჩენილი დამაბინძურებელი მეორად წმენდას გადიან. მეორადი წმენდა აერაციულ ავზებში მიმდინარებს, სადაც წყლიდან ორგანული დამაბინძურებლების მოცილება მიმდინარეობს. ეს ძირითადად სპეციალური ბაქტერიებით ხდება, რომლებიც ორგანულ ნივთიერებებს „ჭამენ“. მათი დიდი ნაწილი ილექება, შემდეგ კი მათ აცილებენ. ისეთი არაორგანული ნუტრიენტები, როგორიც არის ნიტრატები და ფოსფატები, ქიმიური მეთოდებით (მათ შორის, შლამის გამოყენებით) იქნება მოცილებული.

ზემოთ აღწერილი პროცესი მოსწავლეებს შეიძლება შემდეგი ილუსტრაციით მივაწოდოთ.

ამის შემდეგ,  უკვე მინი „ხელოვნური ჭაობის“ მოდელის შექმნაზე გადავიდეთ.

საჭირო მასალები:

გამჭვირვალე პლასტმასის ყუთი 35X23X31

1 კგ ქვიშა  4-16მმ

25 კგ თიხა 1-4მმ

პლასტმასის 2 ქეთლი 10ლ

25 სმ-იანი გამჭვირვალე პლასტმასის შლანგი, 20მმ დიამეტრი

1 ონკანი

1 საზომი ჭიქა/1ლ-იანი

ხის რამდენიმე ფიცარი

წებოიანი „ლენტები“

ჭაობის მცენარეები: Umbrella papurus; rush ან ნებისმიერი, რასაც ვიპოვით;

ჭაობის მოდელი შემდეგნაირად გამოიყურება:

 

  1. გახვრიტეთ პლასტმასის ყუთი და შიგნით დაამაგრეთ ონკანი.
  2. მოათავსეთ ყუთში ქვიშა 25სმ და თიხა 10სმ.

 

  1. დაამატეთ თიხა და ჩარგეთ შიგნით მცენარეები.

 

  1. შეავსეთ ბოლომდე თიხით და დახარეთ, ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

 

შეგიძლიათ დაიწყოთ წყლის გასუფთავება.

თუმცა, აქტივობები ამით არ დასრულდება. ყველაფერს მომდევნო წერილში გავაგრძელებთ.

STEM პროექტი „გონიერი ნაგვის ყუთი“

0

კაცობრიობამ განვითარების ევოლუცია საკვების მოპოვებაზე ზრუნვით დაიწყო. ეს ხდებოდა ნადირობით, თევზჭერითა და შემგროვებლობით. თანდათანობით ეს საქმიანობები შეცვალა მიწათმოქმედებამ. ათასწლეულებთან ერთად საზოგადოებას დაუგროვდა გამოცდილება, მეტად განვითარდა ადამიანის გონება, აშენდა ქალაქები, დაინერგა ვაჭრობა, განვითარდა ინდუსტრია. ათასობით წელი დასჭირდა ადამიანს ნადირობიდან სამრეწველო რევოლუციამდე გადასასვლელად.

პირველი ინდუსტრიული მიღწევა იყო მრეწველობაში წყლისა და ორთქლის მანქანების დანერგვა. შემდეგი გრანდიოზული წარმატება გახდა ელექტროენერგიის გამოყენება, რამაც სრულად შეცვალა და საოცრად კომფორტული გახადა ადამიანის ცხოვრება. მეოცე საუკუნის მიწურულს მსოფლიო დადგა უდიდესი აღმოჩენების წინაშე – კომპიუტერი, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ელექტრონიკა, რამაც უზრუნველყო ინდუსტრიის ავტომატიზებული წარმოება.

21-ე საუკუნეში ადამიანი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რობოტებს, ინტერნეტს და იმ მოწყობილობებს, რომელთა არსებობა მანამდე წარმოუდგენლად ესახებოდა მსოფლიოს. ბოლო 50 წლის განმავლობაში კაცობრიობის ევოლუციური განვითარების ტემპი უპრეცედენტოდ დაჩქარდა. ცვლილებები იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, რომ რაც ვიცით ან გვაქვს, სულ რამდენიმე თვეში ძველდება.

ყოველწლიურად ისეთი კომპანიები, როგორიცაა Apple და Samsung, უშვებენ სმარტფონების სულ მცირე 2-3 ახალ ვერსიას უახლესი მახასიათებლებით. შემოთავაზებული სიახლეები იმდენად გასაოცარია, რომ გინდა, უარი თქვა წინა, თუნდაც რამდენიმე თვის წინ გამოჩენილ მოდელზე. სმარტფონები ბოლო ათწლეულის განმავლობაში იმ დონემდე განვითარდა,  რომ ძნელი წარმოსადგენია მათ გარეშე ცხოვრება.

მსგავსი ცვლილებები ხდება ინდუსტრიაშიც. კაცობრიობა განიცდის სწრაფ განვითარებას ცხოვრების ყველა სფეროში. თანამედროვე წარმატებული კომპანიების ზრდისა და განვითარების ტემპები ფენომენალურია. ამაში დიდ როლს ასრულებს ხელოვნური ინტელექტი (AI), ანუ მანქანური სწავლება. AI არის ინტელექტი, რომელსაც ადამიანები აყენებენ მანქანებში წინა გამოცდილების, მოქმედებების, ცოდნისა და იდეების საფუძველზე.

ხელოვნურ ინტელექტს ადამიანთან შედარებით ერთი რამ აკლია – კოგნიტიური უნარები. გასაკვირია, მაგრამ ღრმა ნეირონული ქსელების მეშვეობით, AI-ტექნოლოგია ცდილობს, განივითაროს ისეთი უნარები, რომლებიც გააჩნია ადამიანს, როგორიცაა აღქმის, პროგნოზირებისა და ერთობლივი დავალებების შესრულება. სამომავლოდ საზოგადოების ყველა სფეროს ელოდება ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის მოხმარების ზრდა, რაც წარმოუდგენლად შეცვლის სამყაროსა და ადამიანის ცხოვრებას.

მსოფლიოში შრომის ბაზარი განიცდის გარდამავალ პერიოდს. ამჟამად, STEM მიმართულებით დასაქმებული ადამიანები საშუალოდ 26%-ით უფრო მაღალ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე იმ პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული STEM-თან. იმისათვის, რომ მომავალი თაობა იყოს კონკურენტუნარიანი და შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება, სასწავლო დაწესებულებები უნდა აღიჭურვოს შესაბამისი ცოდნით, რესურსებითა და უნარებით, რასაც STEM განათლების დანერგვა მოითხოვს.

თუ განათლების მესვეურები შრომით ბაზარზე მოთხოვნილ ახალი უნარ-ჩვევების მქონე მომავალი თაობის აღზრდას ვერ უზრუნველყოფენ, სამომავლოდ ბევრი ახალგაზრდა დარჩება დასაქმების გარეშე. განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ ჩვენი განათლების სისტემა გადაეწყოს ტრადიციული სწავლების მეთოდებიდან ექსპერიმენტული და აქტიური სწავლების მიდგომებზე.

რა არის STEM განათლება და რაში გამოიყენება იგი? 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიური ინოვაციები ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. მეცნიერების ყველა სფეროში ძალიან გახშირდა ახალი აღმოჩენები და მიღწევები. ამ პროგრესის ასახვა სწავლა-სწავლების პროცესში არ შეესაბამება იმ მოთხოვნილებას, რომელიც რეალურად მომავალ პროფესიებს ესაჭიროება. ეს თანდათან იწვევს სწავლისადმი მოტივაციის დაკარგვას, რადგან ტრადიციული განათლება მეტწილად თეორიულ ცოდნაზეა დაფუძნებული, შესაბამისად თან არ ახლავს ღრმა გააზრება და ანალიზი. განათლების მკვლევრებმა გააცნობიერეს სწავლის ეს ხარვეზი და თანდათანობით ინერგება STEM პედაგოგიკა. STEM განაპირობებს პარადიგმის შეცვლას სწავლების ადრეული ასაკიდან და ცდილობს, შეინარჩუნოს ბავშვების ცნობისმოყვარეობა და სწავლის სურვილი ზრდასრულობამდე.

ტერმინი „STEM“ რეგულარულად გამოიყენება განათლების პოლიტიკის, სასწავლო გეგმების შერჩევისა და დასაქმების სტრატეგიაში. STEM ნიშნავს მეცნიერებას, ტექნიკას, ინჟინერიასა და მათემატიკას. ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც საგნები ისწავლება თანმიმდევრულად და ინტეგრირებულად. STEM სწავლება ხელს უწყობს ბავშვს, გახდეს აქტიური მსმენელი და აღმოჩნდეს სიახლეების ეპიცენტრში.

STEM არ არის მხოლოდ მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის აბრევიატურა. ეს არის სწავლების მეთოდი, რომელიც აერთიანებს ყველა ამ საგანს. STEM განათლება უზრუნველყოფს საბუნებისმეტყველო საგნების ინტეგრირებულ სწავლებას. ტრადიციულად, ისინი ცალ-ცალკე ისწავლება და მოზარდები ვერ ხედავენ ამ საგნებს შორის მჭიდრო კავშირს. ის არის ინტერდისციპლინარული, პრაქტიკული სწავლების მიდგომა. თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია ამ დარგების ერთმანეთისგან გამიჯვნა. ნებისმიერი ნივთის მუშაობის პრინციპი, რომელსაც ვიყენებთ ყოფა-ცხოვრებაში, ვერ აიხსნება STEM მიმართულების რომელიმე კონკრეტულ საგნობრივ ჭრილში. ეს შეუძლებელია, რადგან მეცნიერების ბევრი სფერო ურთიერთკავშირშია.

მეცნიერება და მათემატიკა განაპირობებს ტექნოლოგიის განვითარებას, რომელიც შემდეგ ინტეგრირებულია ინჟინერიასთან, რათა ის გამოვიყენოთ რეალურ ცხოვრებაში. ეს კი შესაძლებლობას აძლევს ბავშვებს, მონაწილეობა მიიღონ ექსპერიმენტებში, დაუშვან შეცდომები, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გამოიტანონ დასკვნები და არ დაეყრდნონ მხოლოდ სახელმძღვანელოებში არსებულ ინფორმაციას. კრიტიკული აზროვნება, ლოგიკური ანალიზი, კვლევა და პროექტზე დაფუძნებული სწავლება STEM განათლების ქვაკუთხედია; აღვივებს ბავშვის ცნობისმოყვარეობას, რაც სასწავლო პროცესს ხდის მხიარულს, აქტუალურსა და ნაყოფიერს.

STEM განათლება მოსწავლეს უბიძგებს ღრმა ფიქრისა და ანალიზისკენ. საბუნებისმეტყველო საგნების განცალკევებულად სწავლების ძირითადი უარყოფითი მხარე არის ის, რომ მოსწავლეები ვერ ხედავენ კავშირს ნასწავლ დისციპლინასა და რეალურ ცხოვრებას შორის. მცირდება პროდუქტიულობა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა.

STEM-ზე დაფუძნებული სწავლება სასურველია, დაიწყოს ადრეული ასაკიდან. სწავლის ის ტემპი, რომელსაც ბავშვი ამჟღავნებს 5 წლის ასაკში, უპრეცედენტოა. ეს შეიძლება შემდგომ ასაკში არც განმეორდეს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ პერიოდის გამოყენება. ადრეული ასაკიდან საგნებისადმი ინტერესის გაღვივება, ბავშვს განაწყობს პრობლემის გადაჭრისკენ, ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნებისა და საკითხისადმი საკუთარი მიდგომის გამომუშავებას, რაც ავითარებს მეტაკოგნიციის უნარს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მცირეწლოვან ბავშვებს, სკოლის დაწყებისთანავე, უკვე საკმარისი ცოდნა აქვთ სამყაროს შესახებ და შეუძლიათ განსხვავებულად, ორიგინალურად ფიქრი. ისინი არიან ცნობისმოყვარეები და შეუძლიათ დამოუკიდებლად მსჯელობა.

ბავშვები აკვირდებიან გარემოს, შეიმეცნებენ და აღიქვამენ სამყაროს. მათი სწავლის პროცესს ართულებს სწავლების ტრადიციული მიდგომები. ტრადიციული სწავლების მეთოდი მათ უბიძგებს ცოდნის მექანიკურად, გაუცნობიერებლად მიღებისკენ. განათლების სისტემამ და პროგრამებმა ხელი უნდა შეუწყონ მოზარდის ბუნებრივ განვითარებასა და სწავლის პროცესს. მოსწავლეს უნდა მივცეთ მოტივაცია, იფიქროს, წარმოიდგინოს, შექმნას, დააგროვოს საკუთარი გამოცდილება და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები.

დასავლეთის ბევრმა ქვეყანამ შექმნა STEM სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები ტექნიკური, პროფესიული და აკადემიური სწავლების მიმართულებით. ზოგიერთი პროგრამა მოიცავს სწავლებას ეროვნული საზღვრების მიღმა, როგორც STEM სწავლების გაუმჯობესებისა და მოზარდების უკეთ მომზადების გზას საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად. ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ქმნიან პროგრამებს, რაც ეხმარებათ მასწავლებლებს, დაამყარონ კავშირი სასკოლო მასალით შესწავლილ შინაარსსა და STEM შესაძლებლობებს შორის.

საქართველოში ბოლო წლებში მეტად გააქტიურდა პედაგოგთა დახმარება STEM სწავლების დასანერგად. იქმნება შესაბამისი პროგრამები, ამუშავდა ბევრი პროექტი და ხორციელდება STEM კონკურსები. სამომავლოდ ამ მიმართულებით კიდევ ბევრი მიდგომაა დასახვეწი. ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია თავად პედაგოგთა მზაობა STEM სწავლების რეალურად გასათავისებლად.

წარმოგიდგენთ ჩემი მოსწავლეების მიერ განხორციელებულ STEM პროექტს „გონიერი ნაგვის ყუთი“.

 პროექტი „გონიერი ნაგვის ყუთი“

პროექტზე მუშაობა განხორციელდა სასკოლო STEM კლუბ ,,ჩხირკედელას“ მუშაობის ფარგლებში. შევქმენით მეტად საინტერესო და ორიგინალური რესურსი.

ამ პროექტით მუშაობა მუშაობა გადის ესგ-ს შემდეგ სტანდარტზე:

ფიზ.საბ.4. ფიზიკური მოვლენების შესწავლის მიზნით კვლევის (ცდა, ექსპერიმენტი) დაგეგმვა (ჰიპოთეზების შემუშავება, დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადების განსაზღვრა, კვლევის პროცედურის, მონაცემების აღრიცხვის ფორმების განსაზღვრა, სათანადო რესურსების შერჩევა);

ფიზ.საბ.5. ფიზიკური პროცესებისა და კანონზომიერებების კვლევისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება (დაკვირვება, გაზომვა, მონაცემების აღრიცხვა, შესაბამისი მასალისა და აღჭურვილობის ადეკვატურად გამოყენება);

ფიზ.საბ.8. მოდელების შექმნა და გამოყენება ფიზიკური მოვლენების/ კანონზომიერებების საჩვენებლად;

ფიზ.საბ.11. ფიზიკისა და ტექნოლოგიების მიღწევების ყოველდღიურობასთან დაკავშირება.

პროექტის მიზანი:

  • მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება STEM მიმართულების საგნების მიმართ;
  • ვიზუალური სენსორების მუშაობის გაცნობა და გამოყენება;
  • საშუალო სირთულის ავტომატურად მოქმედი ინჟინრული კონსტრუქციის შექმნა, რომლის მოქმედება რეგულირდება ვიზუალური სენსორებიდან მიღებული ინფორმაციით;
  • არდუინოს არსებული კოდის განვითარებაზე მუშაობა;
  • შემოქმედებითი, კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნების, ცოდნის ტრანსფერული უნარების განვითარების ხელშეწყობა.

საჭირო მოწყობილობები:

  • არდუინო უნო;
  • ულტრაბგერითი სენსორი;
  • მიკროსერვო ძრავა;
  • კრონას 9-ვოლტიანი ელემენტი;
  • ჯამფერები.

პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს მოკლე აღწერა და განხორციელებული აქტივობით მიღებული კონკრეტული შედეგები:

ამ პროექტისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტებია Arduino uno, ულტრაბგერითი სენსორი და სერვოძრავა. როდესაც ხელს ან სხვა საგანს ვათავსებთ ულტრაბგერითი სენსორის ზევით, Arduino აღიქვამს ამ ინფორმაციას. Arduino-ს უკავშირდება სერვო ძრავა, რომელიც ბრუნდება 900-ით და შემდეგ ისე ჩამოდის ქვევით. ულტრაბგერითი სენსორი გრძნობს მის სიახლოვეს. თუ სიახლოვე 10 სმ.-ზე ნაკლებია, Arduino იწყებს მოქმედებას და აკონტროლებს სერვოძრავას.

ნაგვის ურნა თუ ხედავს მის წინ რაიმე ნივთს, იხსნება და მერე ისევ ხურავს თავსახურს; ამისთვის უნდა მიიტანოთ მასთან ნარჩენი, ის ავტომატურად გაიხსნება და გარკვეული დროის შემდეგ კვლავ ავტომატურად დაიხურება.

ასეთ პროექტებზე მუშაობა მოზარდებისთვის მეტად სახალისო და სასარგებლოა. ისინი ხედავენ მეცნიერების, კონკრეტულად, ფიზიკისა და პროგრამირების ურთიერთკავშირს ინჟინერიასთან ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

რა არის ულტრაბგერითი სენსორი:

ულტრაბგერითი სენსორი არის სენსორი, რომელიც გარდაქმნის ულტრაბგერითი ტალღის სიგნალებს ელექტრულ სიგნალებად. ულტრაბგერითი ტალღებს აქვთ სითხეებსა და მყარ სხეულებში შეღწევის უნარი, განსაკუთრებით გაუმჭვირვალე მყარ ნაწილებში. როდესაც ულტრაბგერითი ტალღები ხვდება მინარევებს ან ინტერფეისებს, ისინი წარმოქმნიან მნიშვნელოვან ანარეკლს ექო-სიგნალების სახით. გარდა ამისა, როდესაც ულტრაბგერითი ტალღები მოძრავ ობიექტებს ხვდება, მათ შეუძლიათ დოპლერის ეფექტის წარმოქმნა. ულტრაბგერითი სენსორი არის ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც ზომავს სამიზნე ობიექტამდე მანძილს ულტრაბგერითი ტალღების გამოსხივებით და არეკლილ ტალღას გარდაქმნის ელექტრულ სიგნალად. ულტრაბგერითი სენსორები შედგება ორი ძირითადი კომპონენტისგან: გადამცემი (რომელიც გამოსცემს სიგნალს პიეზოელექტრული კრისტალების გამოყენებით) და მიმღები (რომელშიც სიგნალი ხვდება სამიზნემდე და უკან დაბრუნების შემდეგ). ულტრაბგერითი სენსორები ასევე გამოიყენება დაბრკოლებების აღმოჩენის რობოტულ სისტემებში, ასევე საწარმოო ტექნოლოგიაში. ულტრაბგერითი სენსორები ასევე გამოიყენება დახურულ კონტეინერებში სითხის დონის დასადგენად, მონიტორინგისთვის და ქიმიური ქარხნების ღუმელებში რეგულირებისთვის. ულტრაბგერითმა ტექნოლოგიამ საშუალება მისცა სამედიცინო ინდუსტრიას, შეექმნა შინაგანი ორგანოების გამოსახულება, გამოევლინა სიმსივნეები და უზრუნველეყო საშვილოსნოში ჩვილების ჯანმრთელობა.

Micro Servo Motor – მიკრო სერვოძრავა

არის პატარა და მსუბუქი სერვერის ძრავა მაღალი სიმძლავრით. სერვოს შეუძლია ბრუნვა დაახლოებით 1800-ით, (900 ორი მიმართულებით). სამართავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სერვოკოდი ან აპარატურა. კარგია დამწყებთათვის, როდესაც გვსურს ისეთი რესურსის შექმნა, რომელიც საჭიროებს ნივთების გადაადგილებას.

1.5 მლ.წმ-ის შემდეგ ძრავა შემობრუნდება 90°-ით;

2 მლ.წმ-ის შემდეგ კი 180°-ით.

ძრავის კონტროლი არის 1-დან 2მლ.წმ-მდე.

შესაძლებელია ძრავის ბრუნვა 0°-დან 180°-მდე.

 

ასევე საჭიროა კრონას 9-ვოლტიანი ელემენტი.

 

სქემა „გონიერი ნაგვის ყუთის“ ასაწყობად:

თავდაპირველად რესურსი შევქმენით tinqerqad-ში. სასურველია, ჯერ სქემა ავაწყოთ Tinqerqad-ში და მერე შევქმნათ უკვე მისი ანალოგი რეალურად. Tinqerqad -ში მუშაობა იმით არის საინტერესო, რომ მასში ყველა ვირტუალური რესურსი არის რეალურის ანალოგი. ვირტუალური წრედის შექმნა აიოლებს შემდგომ უკვე რეალური წრედის აწყობას. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს რესურსის შინაარსობრივ გამართულობას.

წარმოგიდგენთ ჩემი მოსწავლეების მიერ Tinqerqad-ში აწყობილი სქემას:

https://www.tinkercad.com/things/e7r6XDBOWfm-swanky-jaban-esboo

 

რესურსის კოდი:

https://rb.gy/xrfwor

მსგავს პროექტებზე მუშაობით მოსწავლეს უჩნდება შესაძლებლობა, თავად გახდეს ინოვაციური მოწყობილების შექმნის ავტორი. რესურსში მოსწავლეებმა შეიტანეს უნიკალური და საინტერესო ელემენტები. პროექტი საინტერესო აღმოჩნდა იმ მხრივაც, რომ მოხდა ფიზიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინტეგრირება; საბოლოოდ კი შეიქმნა ყოველდღიურობისთვის საჭირო პროდუქტი. ასეთი ამოცანები ახდენენ ცოდნის ტრანსფერს და მოზარდები კიდევ ერთხელ რწმუნდებიან საგანთა შორის კავშირის არსებობასა და ინტეგრირებულად დასწავლის საჭიროებაში. პროექტმა განაპირობა STEM სწავლებისადმი მოსწავლეთა ინტერესის გაზრდა, ხელი შეუწყო სამუშაო პროცესში მათ ჩართულობასა და ინტერაქციას, მოხერხდა დასახული მიზნის მიღწევა – მოზარდებმა შექმნეს ორიგინალური კონსტრუქციის გონიერი ნაგვის ყუთი.

ასეთი სასწავლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითობის, ლოგიკური მსჯელობისა და მაღალი სააზროვნო უნარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც იმის წინაპირობაა, რომ მომავალში კიდევ უფრო საინტერესო იდეებს განახორციელებენ.

პროექტმა ხელი შეუწყო გამჭოლი კომპეტენციების – წიგნიერების, სწავლის- სწავლის, რაოდენობრივი წიგნიერების, მედიაწიგნიერების, ციფრული წიგნიერების, სემიოტიკური წიგნიერების განვითარებას; ინდივიდუალური და ინოვაციური მიდგომების გაღვივებას მოსწავლეებში; ცოდნის ტრანსფერს.

პროექტის პრეზენტაცია და ჩვენ მიერ რეალურად შექმნილი მოწყობილობის ბმული:

https://rb.gy/6v0s4o

https://rb.gy/gsy7jn

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://rb.gy/an7snd

https://rb.gy/4tn07i

https://rb.gy/mky3ln

 

 

მასწავლებელი უცხო მიწაზე

0

ნაწილი მეორე

როდესაც ჩემი ამბის და უცხო მიწაზე მასწავლებლობის პირველ ნაწილს ვწერდი, თავში მხოლოდ დადებითი ემოციები მიტრიალებდა. თუმცა ისიც ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ამ თავგადასავალში სირთულეც იმდენივეა, რამდენიც სიმსუბუქე. სხვანაირად ალბათ წარმოუდგენელიც კია, როდესაც შენი ქვეყნისგან ათასობით კილომეტრით ხარ დაშორებული და რაც დროს გადის, მეტად ხვდები, შეიძლება თუ არა, რომ ის ადგილი, სადაც ხარ, ოდნავ მაინც წააგავდეს სახლს, მით უმეტეს, რომ ვერსად ისე ვერ მოახერხებთ თავის გაცნობას, როგორც შორეულ მოგზაურობაში.

ჩემი თავგადასავალი მოგზაურობა რამდენად არის, არ ვიცი. უფრო საცხოვრებელი ადგილის გამოცვლას ჰგავს, რადგან ჩემი ყოველდღიურობა დიდად არ შეცვლილა. დილით ისევ ადრე ვდგები, ისევ სკოლაში მივდივარ და ისევ ინგლისურ ენას ვასწავლი. თუმცა ეს ყველაფერი აისბერგს ჰგავს. რაც არ უნდა დიდი ჩანდეს წყლის ზემოთ, და თუნდაც მის გარშემო ათჯერ გქონდეს შემოვლილი – ილუზიით, რომ უკვე კარგად იცნობ, მაინც უნდა გახსოვდეს, რომ წყლის ქვემოთ იგი ათჯერ დიდია.

დროის მდინარებასთან ერთად უცხო მიწაზე ყველაფერი შედარებით ნაცნობი ხდება და ამ მხრივ, თითქოს მარტივდება. თუმცა ამავდროულად, რაღაცებს უფრო ახლოდან ხედავ, პირველადი შთაბეჭდილების ეიფორიიდან გამოდიხარ და რეალობის აღქმას, შესაბამისად კი იმის გააზრებას იწყებ – არის თუ არ არის ეს ქვეყანა შენთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შესაძლოა ყველაფერი ძალიან ნაცნობი გახდეს და ამავდროულად შენი შინაგანი სამყაროსგან დაშორებაც დაიწყოს. ამ ყველაფრის გააზრებას გზადაგზა სხვადასხვა ფორმისა და ზომის სირთულეებთან შეჯახებით იწყებ. ცხადია, სირთულეებისგან არსად ვართ დაზღვეული, მათ შორის არც მშობლიურ ქვეყანაში, თუმცა როდესაც უცხო მიწაზე ხარ, გაცილებით მოწყვლადი ხდები. ჰო, და გაცილებით ძლიერიც. პარადოქსია, ვიცი.

ყველაზე რთული – ენის ბარიერია; ყველაზე ზუსტი სიტყვა კი, რაც ამის თანმდევ ემოციას გამოხატავს – ფრუსრტაცია. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანების ნათქვამი ერთი სიტყვაც არ გესმით, ვერავის ვერაფრით აგებინებთ, რა გსურთ და ვერც ისინი გაგებინებენ, რადგან ციფრებსაც კი სხვანაირად გამოხატავენ, არამხოლოდ დამწერლობით, არამედ – ჟესტების ენითაც. ჰო, ასე, ათივე თითი რომ აჩვენოთ, ვერ მიხვდებიან, რომ ათი ცალი ბანანი, ვაშლი ან ვარდი გინდათ, თუკი ვინმემ თქვენი მადლი არ მოისხა და არ გასწავლათ, რომელია ათის მაჩვენებელი ჟესტი თითებით.

თანამედროვე ტექნოლოგიები ყველაფერს ამარტივებს, დაწერ – თარგმნის, ჩასძახებენ – გადმოთარგმნის, თუმცა ასე ელემენტარულ კომუნიკაციასაც იმხელა დრო მიაქვს, რომ ბევრჯერ უარი მითქვამს, მეცადა ის, რაც მაინტერესებდა, რადგან ემოციური ძალის აღარქონის გამო ენის ბარიერის თანმდევ გართულებებს თავი შეგნებულად ავარიდე. ასე იკეტები ნელ-ნელა თავში და ხშირად არანაირი სურვილი აღარ გაქვს, არც რაიმე კულტურის შეცნობის და არც რაიმე ადგილის მონახულების. სილამაზის სალონში ნებისმიერი და, ამგვარად, გარდაუვალი ვიზიტიც კი უდიდესი ბრძოლის ტოლფასი ხდება ხოლმე.

მეორე საკითხია, როგორ გიღებენ ადგილობრივები. შორეულ აზიურ ქვეყნებში, გინდა თუ არა ეს, მეტ-ნაკლებად მუდამ უცხო ხარ. რამდენად ღია და თბილიც არ უნდა იყვნენ შენი კოლეგები ან ადამიანები, ვისთანაც ყოველდღიური ურთიერთობა გაქვს, მათთვის მაინც დიდთვალება უცხოელად რჩები, რომელსაც სათქმელს პირდაპირ არასდროს ეტყვიან, არც სიმართლეს, არც უარს რამეზე – თუმცა პასუხად „არ ვიცის“ – ყოველთვის. რამდენადაც ძალიან სტუმართმოყვარეები არიან, ზოგჯერ ზედმეტადაც კი, იმდენადვე იჭერენ საზღვრებს და მათში ბოლომდე თავის დამკვიდრება თითქმის შეუძლებელია. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, ნებისმიერი სხვა ადამიანი – უახლოესი მეგობარიც კი, შეიძლება დროებითი აღმოჩნდეს და მათი გზები როცა იქნება გაიყაროს. ეს ჭეშმარიტებაა, თუმცა ამის შიშით არც მეგობრობაზე ვამბობთ უარს და არც სხვა ურთიერთობებზე. ჩემი გამოცდილებით, ჩინელებს ზედმეტად მკაცრად აქვთ თავში ჩაბეჭდილი ის, რომ შენ, როგორც უცხოელი მასწავლებელი, ერთი პატარა ეპიზოდი ხარ, მათ დიდ და სტაბილურ ცხოვრებაში. ამიტომ, თან გადაგყვებიან, მაგრამ მაინც მუდამ იგრძნობ, რომ დროებით ხარ მათთან. იმაზე წინ ვერასდროს დადგები, ვინც დროებით არაა. ასე მოქმედებს უფრო დიდ მასშტაბებშიც. ასი პროცენტით მართალი რომ იყო, მტყუანი ხარ, თუკი მოქალაქე ამბობს, რომ თავადაა მართალი. უსამართლოდ ჟღერს, თუმცა მათი სახლია და მათივე წესები.

დაახლოებით იგივე სიტუაცია შეიძლება იყოს იმ სამსახურშიც, რომელშიც მუშაობას დაიწყებ. მზად უნდა იყო, რომ შეიძლება უსამართლობის განცდა ხშირად გქონდეს, რადგან რამდენადაც ნაკლებ პასუხისმგებლობას გაკისრებენ, იმდენადვე ნაკლებად ელიან შენგან რამეზე მითითებას. როგორც ჩემი ამბის პირველ ნაწილში გიამბეთ, ყველა დამსაქმებელი განსხვავდება, ყველა ხედვა, სიტუაცია თუ გამოცდილება, თუმცა მაინც მგონია, რომ ამ ყველაფერს საერთო ბირთვი აქვს და ამიტომ, მეტ-ნაკლებად ყველაფერი დიდი მსგავსებით და დატვირთვით მუშაობს.

მასწავლებლისთვის პროცენტულად ყველაზე დიდი იმედგაცრუება და შესაბამისად ყველაზე დიდი შინაგანი ბრძოლის გადატანა საკლასო ოთახში შესვლისთანავე იწყება. ისევ და ისევ ენის ბარიერის გამო, ვერაფრით ვახერხებ ბავშვებთან ის ჯადოსნური კავშირი მქონდეს, რაც სამშობლოში მქონდა ხოლმე. რაც დრო გავიდა მათი სახეები, სახელები, ხასიათები, ყველაფერი შევისწავლე და ავითვისე, მუნჯურად ვაცინებთ ერთმანეთს, ჟესტების ენით ვმაიმუნობთ; თავს არ ვზოგავ, რომ ინგლისური ვასწავლო, თუმცა როდესაც ნახატით მომადგებიან და ჩინურად უგრძეს წინადადებებს მესვრიან, როცა კიბეზე დამინახავენ და ჩემკენ გამორბიან, რომ იმ დღის ამბები მომიყვნენ, ვხვდები, რა ძალიან მენატრება ის, რაც აქამდე მქონდა – კლასში შესვლისთანავე სხვა სამყაროში შებიჯება, სადაც შენ სანდო და საიმედო მასწავლებელი ხარ, ისინი კი – თვალებგაბრწყინებული პატარები, რომლებიც დაუღალავად გიზიარებენ თავიანთ დიდ თუ პატარა ამბებს, თავგადასავლებსა თუ ემოციებს.

ვიცი, რასაც ფიქრობთ, რომ მათი ენის სწავლა სასარგებლო გამოსავალია. სირთულეების სია კი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს და მასში მოჰყვეს დაუსრულებელი საბუთომანია და ბიუროკრატია, იმის ვერგარკვევა, ბოლოს და ბოლოს ვინაა უფროსი, რადგან ყველა უფროს თავისი უფროსი ჰყავს და გადამწყვეტ მომენტში შენ რომ სულ მთავარი უფროსი გეგონა, ის შეიძლება ვერაფერს წყვეტდეს, რადგან შენთვის მითურმა სულ მთავარმა უფროსმა უარი თქვა (რომელიც მართლა შეიძლება მითური აღმოჩნდეს და უბრალოდ შენთვის პირდაპირ უარის თქმა ერიდებოდეს; ან წეს-ჩვეულების ამბავია, ან კომუნისტური წყობის).

სირთულეა ისიც, რომ ჩემი იდეები და მიდგომები, რომლებიც მთელი ჩემი მასწავლებლობის განმავლობაში ყალიბდებოდა, იხვეწებოდა, იცვლებოდა სრულად ან ნაწილობრივ, სწავლების ფილოსოფია, რომელიც მთლიანად თანასწორობის, უსაფრთხო და პატივისცემით აღსავსე გარემოს შექმნას ეფუძნება, დღეში მინიმუმ ერთხელ მაინც დგება ჩამოშლის წინაშე, როდესაც ჩემი დამხმარე ადგილობრივი მასწავლებელი ყველაფრის საპირისპიროდ კეთებას იწყებს. ტყუილს ვერ ვიტყოდი, ყველა მასწავლებელი არ ყვირის და არც ხელებს იქნევს, ბევრი გაწონასწორებული პროფესიონალია. თუმცა როდესაც თუნდაც მხოლოდ ერთი ყვირის ან ხელებს იქნევს, ეს კი აბსოლუტური ნორმაა – უკვე დიდი პრობლემაა. მე კი ვერაფერს ვშვრები და ვერაფრის წინააღმდეგ ვერ წავალ, რადგან მე დროებითი კადრი ვარ, მათ დიდ და სტაბილურ ცხოვრებაში, სადაც თავად წყვეტენ, როგორი აღზრდის მეთოდები გამოიყენონ და როგორი ყელსახვევები გაუკეთონ ბავშვებს.

წითელი ყელსახვევები კი დედაჩემის ბავშვობის სურათებს მახსენებს. მისი ბავშვობის სურათები კი რატომღაც ჩემთვის მისსავე ბავშვობის ტრავმებთან ასოცირდება, რომლებიც თავის მხრივ სწორედ სკოლასთანაა დაკავშირებული. ისე მახსენდება, თითქოს თავად გამომეცადოს.

ბავშვები კიდევ მღერიან, ცეკვავენ, აწყობენ ათასნაირ პერფორმანსს, სპორტულ შეხვედრებს, აცვიათ სხვადასხვანაირი ლამაზი და ფერადი ფორმა. მალე ავიწყდებათ წყენა და ცელქობენ ისე, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, როგორც ყველაზე სხვა ეპოქაში. ცელქობენ და თან იმაზე გრძელი სასწავლო დღე აქვთ, ვიდრე მე – სამუშაო. ვუყურებ ხოლმე მათ ბედნიერ სახეებს, აღაჟღაჟებულ ლოყებს და ჩემდაუნებურად მეფიქრება: არაფერია ისეთი, რაც არ სრულდება. ოდესმე ესენი ან სხვა ასაკის წითელყესახვევიანები დედაჩემივით იტყვიან, როგორ მძულდაო, ან დეიდაჩემივით – ძალიანაც მიყვარდაო. გააჩნია, რასთან იქნებიან უფრო ახლოს.

მანამდე კი დიდი გზაა. ყველაფერი ჯერ ძალიან ნაცნობი უნდა გახდეს, რათა მიხვდე, რამდენად უცხო ყოფილა შენი შინაგანი სამყაროსთვის.

მაინც რა არის ტემპერატურა

0

ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გვესმის ტერმინი „ტემპერატურა“. ვიყენებთ თერმომეტრებს ჰაერის, ცოცხალი ორგანიზმების, სხვადასხვა სხეულების ტემპერატურის გასაზომად. იშვიათად თუ ვინმე უფიქრდება, რას ვზომავთ, სინამდვილეში რა არის ტემპერატურა. ყოველთვის საინტერესოა მოსწავლეებთან ამ საკითხზე საუბარი და მათი ვარაუდების მოსმენა – მათი აზრით, რა არის ტემპერატურა. მოზარდები საინტერესო პასუხებს იძლევიან ტემპერატურის ფიზიკური შინაარსის შესახებ, მაგრამ უმრავლესობა ვერ აყალიბებს სწორ ფორმულირებას. ეს ბუნებრივიცაა, ტემპერატურას ვიყენებთ როგორც „რაღაცის“ საზომ ერთეულს მოცემულს რიცხვებში. ეს საკმარისია საყოფაცხოვრებო პირობებისთვის; მაგ. რამდენია ჰაერის ტემპერატურა, ადამიანის ტემპერატურა და ა.შ.

ტემპერატურის რაობის შესახებ სტატია ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომელიც საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ მოზარდების დაინტერესებას გამოიწვევს.

ოდითგანვე ასე იყო, ტემპერატურის ცნებას სიცივისა და სითბოს შეგრძნებებს უკავშირებენ. ტერმინი „ტემპერატურა“ ჩამოყალიბდა ცნებებიდან – „ცხელი“ და „ცივი“. თუ სხეული ცივი ეჩვენებათ, ამბობენ რომ მისი ტემპერატურა დაბალია, ხოლო თუ სხეული იწვევს სითბოს შეგრძნებას, ამბობენ, რომ მისი ტემპერატურა არის მაღალი. შედარებითია ადამიანის მიერ სიცივის და სითბოს შეგრძნება.

ტემპერატურის ფიზიკური არსის გარკვევაში ეფექტურია მარტივი ცდა: სამი ჯამი სხვადასხვა ტემპერატურის წყლით; ერთ ხელს ვყოფთ ცხელ წყალში, მეორეს – ცივში, ამის შემდეგ ორივე ხელს ვყოფთ ოთახის ტემპერატურის წყალში. ადამიანს ეუფლება სითბოსა და სიცივის შეგრძნებები. ამ შეგრძნებების ახსნა, ასევე სხვა მსგავსი ცდები, კიდევ უფრო დააფიქრებს მოზარდს, გაიაზროს, რა ნიშნავს ტერმინები „სიცივე“ და „სითბო“, რას ზომავს სინამდვილეში თერმომეტრი.

მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ იმ საკითხზე, რომ სითბოსა და სიცივის შეგრძნებები სხვა ბევრი ფაქტორითაც არის განპირობებული. ზამთრის ცივ დილას ხე უფრო თბილი გვეჩვენება, ვიდრე იქვე რაიმე ლითონის სხეული. ხე და ლითონის სხეული თერმულ წონასწორობაშია ჰაერთან და შესაბამისად, ორივე სხეულის შემთხვევაში ტემპერატურა ერთნაირია. განსხვავებაა შეგრძნებებში, რაც განპირობებულია იმით, თუ როგორ მიიტაცებს სხვადასხვა სხეული სითბოს ადამიანის კანიდან. ლითონი სითბოს ჩვენი სხეულიდან უფრო სწრაფად იღებს, ვიდრე ხე. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, რომ ადამიანის მიერ სიცხისა და სიცივის შეგრძნება მხოლოდ ტემპერატურით არ განისაზღვრება. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს აღქმაზე ტემპერატურის შესახებ, არის ტენიანობა. ადამიანების უმეტესობას ცხელ, ნოტიო დღეებში გაცილებით სცხელათ, ვიდრე ცხელი, მშრალი ამინდის პირობებში. ეს იმიტომ ხდება, რომ მაღალი ტენიანობისას კანიდან ოფლი არ ორთქლდება ისე ეფექტურად, როგორც მშრალ დღეებში.

ტემპერატურის გაზომვა პირველად სცადა გალილეო გალილეიმ 1592 წელს, რომელიც „ზომავდა სითბოსა და სიცივეს“. ეს იყო პირველი თერმომეტრი, უფრო სწორად თერმოსკოპი. https://rb.gy/eur49k

ადამიანები იყენებენ საკმაოდ ზუსტს თერმომეტრებს, მაგრამ არ უღრმავდებიან იმას, თუ რა არის სინამდვილეში ტემპერატურა; რით განსხვავდება ცხელი წყალი ცივისგან.

ყველა ნივთიერება შედგება უმცირესი ნაწილაკებისგან, რომელთა შორის არის შუალედები. ნივთიერების შემადგენელი ნაწილაკები იმყოფებიან განუწყვეტელ ქაოსურ მოძრაობაში. მოლეკულები ურთიერთქმედებენ, მიიზიდებიან და განიზიდებიან. ტემპერატურის ფიზიკური შინაარსის გააზრებაში დაგვეხმარება ორი საკითხის გახსენება – ბროუნის მოძრაობა და დიფუზია.

ბროუნის მოძრაობა არის სითხესა და აირში შეწონილი უმცირესი მიკროსკოპული ნაწილაკების სითბური მოძრაობა, გამოწვეული შეჯახებებით სითხისა თუ აირის მოლეკულებთან. ბროუნმა დაადგინა, რომ ასეთი ქაოსური მოძრაობები დამახასიათებელია ნებისმიერი მიკროსკოპული ნაწილაკებისთვის. სწორედ ნაწილაკების განუწყვეტელი ქაოსური მოძრაობაა სითბური მოძრაობა და რაც მეტია ქაოსური მოძრაობის სისწრაფე, მით უფრო თბილია სხეული. https://rb.gy/t1d6ha

დიფუზია არის მატერიის ან ენერგიის გადასვლა მაღალი კონცენტრაციის არიდან დაბალი კონცენტრაციის არეში. სწორედ დიფუზიის შედეგია უშუალო კონტაქტში მყოფი აირების, სითხეებისა და მყარი სხეულების ერთმანეთში შერევა. დიფუზიის მიზეზი მდგომარეობს მოლეკულების უწყვეტ ქაოსურ მოძრაობაში. რაც მეტია ამ მოძრაობის სიჩქარე, მით უფრო სწრაფად ხორციელდება დიფუზია. შესაბამისად, უფრო მსუბუქი მოლეკულების დიფუზია უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე მძიმე მოლეკულების. მოლეკულების დიფუზია აირებში უფრო სწრაფია, ვიდრე დიფუზია სითხეებში, ეს უკანასკნელი კი ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე დიფუზია მყარ სხეულებში. https://rb.gy/isa3b5

ნივთიერების შემადგენელი ნაწილაკების ქაოსური მოძრაობის სიჩქარე განსაზღვრავს სხეულის სითბოსა და სიცივის შეგრძნებებს. ის, რასაც ჩვენ ტემპერატურას ვუწოდებთ, არის სხეულის შემადგენელი ნაწილაკების მოძრაობის საშუალო კინეტიკური ენერგიის ზომა. დადგენილია, რომ თუ ჟანგბადის მოლეკულების სიჩქარე 440 მ/წმ-ია, მაშინ ჟანგბადის ტემპერატურა არის 200C-ია, ხოლო თუ აზოტის მოლეკულები ამავე სიჩქარით იმოძრავებენ, მაშინ აზოტის ტემპერატურა იქნება 160C, რაც განპირობებულია იმით, რომ აზოტის მოლეკულა უფრო მსუბუქია, ვიდრე ჟანგბადის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარდა ნაწილაკების საშუალო სიჩქარისა, სხეულის ტემპერატურა ასევე დამოკიდებულია მასაზეც. ასე რომ, სხეულის ტემპერატურა განისაზღვრება ნაწილაკების საშუალო კინეტიკური ენერგიის ზომით.

ტემპერატურა მოლეკულების სითბური მოძრაობის ინტენსივობას ახასიათებს. სხეულის შემადგენელი ნაწილაკების საშუალო კინეტიკური ენერგია მით მეტია, რაც მეტია მისი ტემპერატურა. https://rb.gy/8hag1a

ერთი სხეულის შემადგენელი ნაწილაკები ეჯახებიან მეორე სხეულის შემადგენელ ნაწილაკებს. შეჯახებისას სწრაფად მოძრავი ნაწილაკების კინეტიკური ენერგიის ნაწილი გადაეცემა შედარებით ნელა მოძრავ ნაწილაკებს. შესაბამისად მცირდება შედარებით სწრაფად მოძრავი ნაწილაკების კინეტიკური ენერგია და იზრდება შედარებით ნელა მოძრავი ნაწილაკების კინეტიკური ენერგია. შეჯახების პროცესში საშუალო კინეტიკური ენერგია გათანაბრდება და შესაბამისად გათანაბრდება ტემპერატურაც – მყარდება სითბური წონასწორობა. უთვალავ დაჯახებათა გამო საშუალო კინეტიკური ენერგია თანაბრდება და სითბური წონასწორობის დროს სხვადასხვა მასის სხეულისთვის ერთნაირი ხდება.

სხეულის შემადგენელი ნაწილაკების განუწყვეტელ ქაოსურ მოძრაობას ეწოდება სითბური მოძრაობა. მეცნიერების განმარტებით, სითბო არის თერმული ენერგიის გადაცემა ორ, კონტაქტში მყოფ სისტემას შორის, რომელთა ტემპერატურებიც განსხვავებულია.

ნებისმიერ სხეულში არსებული მოლეკულები ყოველთვის მოძრაობენ და ეჯახებიან ერთმანეთს. მოლეკულების ყოველი შეჯახებისას შეიძლება მოხდეს კინეტიკური ენერგიის ცვლილება. როდესაც ორი სისტემაა კონტაქტში, სითბოს გადაცემა მოხდება მოლეკულური შეჯახებების საშუალებით უფრო ცხელი სისტემიდან უფრო ცივი სისტემისთვის. თერმული ენერგია მანამდე გააგრძელებს ამ მიმართულებით დინებას, სანამ ორივე სისტემა ერთსა და იმავე ტემპერატურას არ შეიძენს. როდესაც ორი სისტემა კონტაქტშია ერთსა და იმავე ტემპერატურაზე, ვამბობთ, რომ ისინი იმყოფებიან თერმულ წონასწორობაში.

თერმოდინამიკის ნულოვანი კანონი განსაზღვრავს თერმულ წონასწორობას იზოლირებულ სისტემაში. ნულოვანი კანონის მიხედვით, როდესაც თერმულ წონასწორობაში არსებული ორი ობიექტია კონტაქტში, ობიექტებს შორის სითბოს გაცვლა არ ხდება; აქედან გამომდინარე, მათ ერთი და იგივე ტემპერატურა აქვთ. შეგვიძლია, ნულოვანი კანონი სხვანაირად ჩამოვაყალიბოთ, თუ ვიტყვით, რომ თუ ორი ობიექტი ცალ-ცალკეა თერმულ წონასწორობაში მესამე ობიექტთან, მაშინ ისინი ერთმანეთთან არიან თერმულ წონასწორობაში.

თერმოდინამიკის ნულოვანი კანონი საშუალებას იძლევა, დადგინდეს ტემპერატურის პრინციპი. ეს პრინციპი ემსახურება თერმულ წონასწორობაში მყოფი ორი განსხვავებული სხეულის თერმული ენერგიის ერთმანეთთან შედარებას. თუ ამ ორ სხეულს აქვს თერმული წონასწორობა, მათ ერთნაირი ტემპერატურა ექნებათ. მეორე მხრივ, თუ ორივე შეიცვლის თერმულ ბალანსს მესამე სისტემით, ისინიც ერთმანეთთან ისევ წონასწორობაში დარჩებიან.

როცა სისტემა შთანთქავს ან კარგავს სითბოს, მოლეკულების საშუალო კინეტიკური ენერგია შეიცვლება. აქედან გამომდინარე, სითბოს გადაცემა იწვევს სისტემის ტემპერატურის ცვლილებას, თუ სისტემა არ განიცდის ფაზათა ცვლილებას.

სისტემაში ან სისტემიდან სითბოს გადაცემით გამოწვეული ტემპერატურული ცვლილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი მოლეკულაა სისტემაში. იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორ შეცვლის სისტემისთვის გადაცემული სითბო სისტემის ტემპერატურას, უნდა ვიცოდეთ მინიმუმ სისტემაში არსებული მოლეკულების რაოდენობა და სისტემის სითბოტევადობა.

თერმოდინამიკაში სითბო და ტემპერატურა ერთმანეთთან ახლოს მდგარი კონცეფციებია ზუსტი განსაზღვრებებით.

სითბო არის თერმული ენერგია, რომელიც კონტაქტში მყოფი უფრო ცხელი სისტემიდან უფრო ცივ სისტემას გადაეცემა. ტემპერატურა კი არის სისტემაში არსებული ატომების საშუალო კინეტიკური ენერგიის საზომი.

თერმოდინამიკის ნულოვანი კანონის მიხედვით, როდესაც ორი ობიექტი თერმულ წონასწორობაში იმყოფება, მათ შორის სითბოს მიმოცვლა არ ხდება; აქედან გამომდინარე, მათ აქვთ ერთი და იგივე ტემპერატურა. სისტემაში ტემპერატურული ცვლილების გასაზომად შეგვიძლია თერმომეტრის გამოყენება.

საინტერესოა, როგორ უნდა გამოვიყენოთ ტემპერატურის ცვლილება გადაცემული სითბოს რაოდენობის დასათვლელად. მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის ძირითადი დებულება არის ხიდი მაკროსკოპულ და მიკროსკოპულ სამყაროებს შორის. მიკრონაწილაკების მდგომარეობა განაპირობებს მაკროსკოპული სხეულების მდგომარეობას. რაც მეტია სხეულის შემადგენელი ნაწილაკების ქაოსური მოძრაობის სიჩქარე, მით უფრო თბილია იგი. როდესაც ერთმანეთს ეხებიან ცივი და თბილი სხეულები, მყარდება სითბური წონასწორობა, ცივი სხეული თბება, ცხელი კი ცივდება. სწორედ სითბური წონასწორობის დამყარებაზეა დამოკიდებული თერმომეტრების მუშაობის პრინციპი.

ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი: აიღეს განსხვავებული მოცულობის სამი ჭურჭელი და აავსეს განსაზღვრული მასის სხვადასხვა აირით. ჭურჭლები მოათავსეს მდნობარე ყინულში. სითბური წონასწორობის დამყარების შემდგომ, თითოეულ მათგანში მანომეტრით გაზომეს წნევა. მიუხედავად იმისა, რომ აირის კონცენტრაცია და წნევა

ეს კი მას ნიშნავს, რომ იდეალური აირის წნევის შეფარდება კონცენტრაციასთან შეიძლება მივიჩნიოთ ტემპერატურის ბუნებრივ საზომად.

ტემპერატურის გაზომვა მოუხერხებელია ჯოულებში, ამიტომ გამარტივების მიზნით მას ვზომავთ გრადუსებში. გამარტივებულ ნიშანთა სისტემას გრადუსი უწოდეს.

ტემპერატურას ზომავენ ცელსიუსის, ფარენჰაიტის და კელვინის სკალით. ტემპერატურის საზომი ერთეულები:

თერმოდინამიკური ტემპერატურის საზომი საბაზისო ერთეული ერთეულების SI საერთაშორისო სისტემაში არის კელვინი K. კელვინის სკალა არის აბსოლუტური ტემპერატურის სკალა, რომელსაც ეწოდა ბრიტანელი ფიზიკოსის უილიამ ტომსონის სახელი, რომელიც ცნობილი  იყო, როგორც ლორდ კელვინი (1824-1907).

აბსოლუტური ტემპერატურის სკალას აქვს ნულოვანი წერტილი, თეორიული ტემპერატურა, რომლის დროსაც ნივთიერების მოლეკულებს აქვთ ყველაზე დაბალი ენერგია. აქედან გამომდინარე, ამ სკალის ყველა მნიშვნელობა არაუარყოფითია. ბევრი ფიზიკური კანონი და ფორმულა შეიძლება უფრო მარტივად იყოს გამოხატული, როდესაც გამოიყენება აბსოლუტური ტემპერატურის სკალა; შესაბამისად, კელვინის სკალა მიღებულია, როგორც ტემპერატურის სამეცნიერო გაზომვის საერთაშორისო სტანდარტი.

ცელსიუსის, ფარენჰაიტის და კელვინის ერთეულთა დამაკავშირებელი ფორმულებია:

K = C + 273,15

C = K – 273,15

C = (F − 32) × 5/9

F = C(9/5) + 32

K = (F − 32) × 5/9 + 273,15

F = (K – 273,15) × 9/5 + 32

2018 წელს წონისა და ზომების გენერალურმა კონფერენციამ გადაწყვიტა, რომ ძალაში 2019 წლის 20 მაისიდან ერთეული განისაზღვრა ისე, რომ ბოლცმანის მუდმივი ტოლი იქნება 1,380649 × 10-23 ჯ/K. ეს ერთეული თავდაპირველად განისაზღვრა, როგორც სუფთა წყლის სამმაგი წერტილის 100/27,316 ბალანსი მყარ, თხევად და აირისებრ ფაზებს შორის.

დანაყოფის ფასი ყველა სკალაზე არის ერთნაირი:

∆ K = ∆0C=∆ 0F

ესეც არის ნიშანთა სისტემების ურთიერთმონაცვლეობა შინაარსის გააზრებისა და გამარტივების მიზნით.

საინტერესოა, როგორი შეიძლება იყოს ბუნებაში ყველაზე დაბალი და ყველაზე მაღალი ტემპერატურა? შეწყდება თუ არა მატერიის მოძრაობა აბსოლუტური ნულის შემთხვევაში?

ფორმულიდან გამომდინარეობს, რომ ტემპერატურა არის გადატანით მოძრავი მოლეკულებისა და ატომების საშუალო კინეტიკური ენერგიის ზომა. რადგან მოლეკულების და ატომების სიჩქარე არ შეიძლება ნულზე ნაკლები იყოს, ამიტომ სხეულის ტემპერატურას აქვს ქვედა ზღვარი. ეს ზღვარი არის აბსოლუტური ნული. მატერიის ძირითადი თვისება მოძრაობაა. აბსოლუტურ ნულზე ნივთიერებათა ატომებისა და მოლეკულების გადატანითი მოძრაობის სიჩქარის მოდული ნულის ტოლია, მაგრამ მოძრაობა არ წყდება. მოლეკულები და ატომები, ატომებში კი ელემენტარული ნაწილაკები მოძრაობას განაგრძობენ.

აინშტაინის ფარდობითობის თეორიიდან ცნობილია, რომ სხეულებისა და ნაწილაკების სიჩქარე არ შეიძლება გახდეს ვაკუუმში სინათლის სიჩქარის ტოლი. ამიტომ ტემპერატურას აქვს ზედა ზღვარი, გამოთვლილია, რომ მიკრონაწილაკების სიჩქარის სინათლის სიჩქარესთან მაქსიმალურად მიახლოებისას ეს ზღვარი დაახლოებით 1,41679 x 10 32K-ია. ეს არის ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რაც გამომდინარეობს ნაწილაკთა სტანდარტული მოდელიდან, რომელიც მართავს და საფუძვლად უდევს ჩვენს სამყაროს. ამის იქით ფიზიკა „არ მუშაობს“. ეს ცნობილია როგორც პლანკის ტემპერატურა. 1,41679 x 10 32K მიიღწევა მაშინ, როდესაც ნაწილაკები მიაღწევენ თერმულ წონასწორობას. სამყაროში ასეთმა ტემპერატურამ რომ იარსებოს, საჭიროა მთლიანი სამყარო თერმულ წონასწორობაში იყოს სწორედ ამ ტემპერატურისათვის, ე.ი. სამყაროში არსებული ყველა ობიექტი გახურებული უნდა იყოს პლანკის ტემპერატურამდე. პლანკის ტემპერატურა – TP – არის ტემპერატურის ერთეული ბუნებრივ ერთეულთა, კერძოდ კი პლანკის ერთეულთა სისტემაში. განსხვავებით პლანკის მანძილისა და პლანკის დროისაგან, რომლებიც აღწერენ მანძილისა და დროის უმცირეს გაზომვად სიდიდეებს, პლანკის ტემპერატურა აღწერს ტემპერატურის მაქსიმალურ გაზომვად ზღვარს.

ყველაზე ახლოს, როგორც მეცნიერები თვლიან, რომ სამყარო ოდესმე მივიდა ამ ტემპერატურასთან, მოხდა დიდი აფეთქების დროს. ჩვენი სამყაროს ადრეულ მომენტებში სივრცე – დრო ისე სწრაფად გაფართოვდა, რომ ნაწილაკებს არ შეეძლოთ ურთიერთქმედება, რაც ნიშნავს, რომ სითბოს გაცვლა არ შეიძლებოდა. ამ ეტაპზე, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კოსმოსს არ ჰქონდა ტემპერატურა.

ახლა ვისაუბროთ თერმომეტრების შესახებ.

თერმომეტრი არსებობს სამი სახის: სითხიანი, აირიანი და ბიმეტალური.

სითხიანი თერმომეტრების მუშაობა ეფუძნება სითხეების გაფართოების მოვლენას. თერმომეტრებში სითხედ გამოყენებულია ვერცხლისწყალი ან სპირტი. სითხიანი თერმომეტრი ზომავს სითხის მიერ რეზერვუარში დაკავებული მოცულობის ცვლილებას. თერმომეტრებს აქვთ გაზომვის ზღვარი. სპირტიანი თერმომეტრი მოსახერხებელია უფრო დაბალი ტემპერატურის გასაზომად, ვიდრე ვერცხლისწყლიანი.

აირიან თერმომეტრებში გამოყენებულია გაუხშოებული აირი, რადგან აირი გათბობისას ერთნაირად ფართოვდება და ტემპერატურის მომატებისას ერთნაირად იცვლის წნევას.

ბიმეტალურ თერმომეტრებში გამოყენებულია ლითონების სითბური გაფართოების მოვლენა. ბიმეტალი არის ერთმანეთთან შეერთებული ორი სხვადასხვა ლითონი, რომელთაგანაც ერთი უფრო ფართოვდება და იწვევს ბიმეტალის გაღუნვას.

ტემპერატურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიზიკური სიდიდე, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მისი ცვლილება განპირობებულია მიკროსამყაროში მიმდინარე სითბური პროცესებით. თუ განვაზოგადებთ, მაკროსამყარო და მასში მიმდინარე ყველა პროცესი განპირობებულია მიკროსამყაროში მიმდინარე პროცესებით… უმეტესად, ჩვენი თვალისთვის ბევრი უხილავი განაპირობებს ყველაფერს, უხილავსაც და ხილულსაც…

გამოყენებული ლიტერატურა:

ქ.ტატიშვილი, ფიზიკა, მასწავლებლის წიგნი, მე-11 კლასი

ქ.ტატიშვილი, ფიზიკა, მოსწავლის წიგნი, მე-8 კლასი

გ.გედენიძე, ე.ლაზარიშვილი, მასწავლებლის წიგნი, მე-11 კლასი

https://rb.gy/3yslyu

https://rb.gy/a3atxf

https://rb.gy/8nnizd

https://rb.gy/0v43y5

https://rb.gy/wy978f

 

სამი თაობის მკითხველი

0

ხშირად მეკითხებიან რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ შევაყვაროთ კითხვა ბავშვებს. ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით, ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მკითხველად ჩამოყალიბებისას განმსაზღვრელი ფაქტორი პირადი მაგალითი და წაკითხული წიგნების შესახებ შთაბეჭდილებების გაზიარებაა.

ღრმა ბავშვობიდან ჩემს მეხსიერებას შემორჩა კადრები, თუ როგორ კითხულობდნენ წიგნებს ჩემი მშობლები და ძმები. მახსოვს ზაფხულის ერთი შუადღე. დედა საძინებელ ოთახში ისვენებდა და კითხულობდა. მეც იქვე ვტრიალებდი. მერე მიამბო მეფის შესახებ, რომელიც უფროსმა ქალიშვილებმა სასახლიდან გამოაძევეს და მხოლოდ უმცროსმა შვილმა შეიბრალა. ახლა რომ ვუკვირდები, უსამართლობისა და სიბრალულის მძაფრმა შეგრძნებებმა სამუდამოდ მიმაჯაჭვა შექსპირის „მეფე ლირთან“. მამაჩემს ხშირად ვხედავდი ლევან სანიკიძის წიგნით ხელში. მამაც ხშირად მესაუბრებოდა წაკითხულის შესახებ. წიგნის თაროზე შავყდიან „კეისარიადას“ თვალს შევავლებ თუ არა, მაშინვე მამა მახსენდება. ჩემი ძმები ჟიულ ვერნის წიგნებს კითხულობდნენ და ერთი სული მქონდა, მეც გამეგო, რა ეწერა წიგნებში, რომლებიც ჩემს ძმებს მაშორებდნენ.

ცნობისმოყვარეობის როლი ბავშვების ინტერესს განსაზღვრავს. ჩემი ოჯახის წევრები მიზანმიმართულად აღვივებდნენ ჩემს ცნობისმოყვარეობას. წიგნით ხელში დანახული საყვარელი ადამიანების  სურათ-ხატი განაპირობებდა ჩემი წიგნით დაინტერესებას, თუმცა, დედ-მამას რომ არ ესაუბრათ წაკითხულის შესახებ და კითხვისას თანამონაწილედ რომ არ გავეხადე, შეიძლება, კითხვის სურვილი არ გამჩენოდა, ამასთანავე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ხმამაღალი კითხვისა და თხრობის ძალაც. ძმები ქართულ ხალხურ ზღაპრებს ხმამაღლა მიკითხავდნენ, მამა თავის მოგონილ ზღაპრებს მიამბობდა, დედა – საყვარელ ლექსებს.

ჩემი ბავშვობის მოგონებებმა, მკითხველის გამოცდილებამ და მასწავლებლობისას დაგროვებულმა სხვადასხვა ტექნიკამ იმის შესახებ, თუ როგორ დავაინტერესოთ ბავშვი წიგნის კითხვით, გამიადვილა ჩემი შვილებისთვის კითხვის შეყვარება. ჩვენს მისაღებ ოთახში ცალკე დევს წიგნები, რომლებსაც მე, თეკლა და გაბრიელი ვკითხულობთ. მიყვარს დაკვირვება, თუ როგორ იცვლება დროდადრო წიგნის ყდები. 75 წლის დედაჩემიც მუდმივად კითხულობს და ჩემი ბიბლიოთეკიდან ხშირად არჩევს წიგნებს. ამ ცოცხალმა პროცესმა მიბიძგა სამი თაობის მკითხველის შესახებ სტატიის დაწერისკენ. თითოეულთან ინტერვიუ ჩავწერე და ძირითადად, ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ რა წავიკითხეთ ბოლოს, რას ვკითხულობთ ახლა და როგორ ვარჩევთ წიგნებს. ინტერვიუს თვალს ადევნებდა ჩემი 5 წლის გოგოც და მასაც დავუსვით რამდენიმე შეკითხვა. ვფიქრობ, თქვენთვისაც საინტერესო იქნება სხვადასხვა თაობის ლიტერატურული გემოვნების გაცნობა.

დედა, მარიამ  შიუკაშვილი, 75 წლის:

-რას კითხულობ ახლა? რა წაიკითხე ბოლოს?

-ახლა ვკითხულობ ნინო ხარატიშვილის „მერვე სიცოცხლეს“, მაგრამ არ დამისრულებია, რადგან სოფელში წავიღე და იქ დავტოვე. ბოლოს წავიკითხე  შტეფან ცვაიგის „მარია სტიუარტი“, რადგან ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ და ძალიან მიყვარს ინგლისის ისტორია. შემაშფოთა და აღმაფრთოვანა ამ წიგნში სხვადასხვა მოცემულობამ,  განსაკუთრებით, ამ ორ დინასტიას – ტიუდორებსა და სტიუარტებს შორის ბრძოლამ. ინგლისის დედოფალს უნდოდა, რომ ყოფილიყო შოტლანდიის დედოფალი და შოტლანდიის დედოფალს კი – პირიქით. ორივე დინასტია გააფთრებით იბრძოდა. განსხვავებული რელიგიური ინტერესები ჰქონდათ – მარიამი კათოლიკე იყო, ელიზაბედ დედოფალი კი ეწინააღმდეგებოდა კათოლიციზმს. მარიამ სტიუარტმა ძალიან ბევრი სირთულე გამოიარა და ზუსტად ამაზე მოგვითხროს წიგნიც. თანავუგრძნობ მას, როგორც ქალს.

ეს რომანი გვასწავლის იმას, რომ პირველობისთვის ადამიანებს შორის ხშირად დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობს, განსაკუთრებით, სამეფო კარზე, სადაც ტახტის, დიდებისა და სახელის გულისთვის ყველაფერს აკეთებენ.

-როგორ არჩევ წასაკითხ წიგნს?

-კლასიკური ჟანრის წიგნები მიყვარს საინტერესო სიუჟეტის, პერსონაჟთა ძლიერი ხასიათების გამო, თუმცა თანამედროვე ლიტერატურას და ახალ გამოცემებსაც ვკითხულობ.

– რას ნიშნავს წიგნის კითხვა შენთვის?

-წიგნის კითხვა ჩემთვის  არის ძალიან დიდი სიამოვნება, განსაკუთრებით, როდესაც ასაკში ხარ და შენს საყვარელ საქმეს წყდები, მარტო ხარ – წიგნის კითხვა გამშვიდებს, გაწყნარებს და გსიამოვნებს. ასაკის გამო ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჩემი დრო ამოწურულია და წიგნის კითხვა სისულელედ მეჩვენება,  მაგრამ ესეც რომ არ ვაკეთო და არ ვიკითხო, მაშინ სიკვდილისთვის უნდა გავემზადო. ჩემთვის ჩემი საყვარელი გმირები ისევ ცოცხლები არიან, არ იხოცებიან. ეს არის წიგნის სიყვარული. მე ისევ ისე მიყარს ანა კარენინა, ჯეინ ეარი, მისტერ როჩესტერი, ბოსინი, აირენი… მე რომ ვაბარებდი, მისაღებ გამოცდებზე ლექტორმა მკითხა, ვინ არის შენი საყვარელი პერსონაჟიო. ვუთხარი, კონსტანტინე ლორთქიფანიძის „კოლხეთს ცისკარში“ მექი-მეთქი, მან კი მიპასუხა, ყოჩაღ, რა ძლიერი ვაჟკაცი შეგყვარებიაო. ბოლოს ენის შესახებ სამი წიგნი რომ წავიკითხე. სიამოვნება მომანიჭა. იმან აღმაფრთოვანა, რომ გოგო, რომელსაც მშობლები არ ჰყავდა, ასეთი ძლიერი, ჭკვიანი და კეთილი ქალი დადგა.

 

გაბრიელ მეტრეველი, 11 წლის:

-რას კითხულობ ახლა და როგორ არჩევ წასაკითხ წიგნს?

-ახლა ვკითხულობ ჰარი პოტერის მეოთხე ნაწილს – „ ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი“. -ბოლოს წავიკითხე წრიპა ბიჭის მე-17 ნაწილი. წიგნებს ხშირად ყდით ვარჩევ. ჩემი და 11 წლის რომ გახდა, მაშინ დაიწყო ჰარი პოტერის კითხვა, რადგან ჰარიც თერთმეტის ხდება პირველ ნაწილში და მეც თეკლას მივბაძე. ჰარი პოტერში მომწონს  მეგობრობა და ჯადოსნობა.

-ზოგი ამბობს, რომ ჰარი პოტერის წაკითხვა საშიშიაო, შენ რას ფიქრობ?

-ჩემი აზრით, არც ერთი წიგნი არ გაბოროტებს. ჰარი პოტერი რაღაცებზე გაფიქრებს და უფრო კეთილს გხდის.

-რატომ კითხულობ წიგნებს?

-იმიტომ, რომ მომწონს და  ამ ბოლო დროს მუცელი „მიწუილებს“, როდესაც წიგნის წაკითხვა მინდა, ჰარი პოტერის გრძნობას ვეძახი.

–              რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები?

–              სულ რომ არ ვიყოთ გაჯეტებთან, რომ განვვითარდეთ. უნდა ვიკითხოთ ჩვენი სიამოვნებისთვის.

–              კლასში წაკითხული წიგნებიდან რომელი წიგნი იყო დაუვიწყარი?

–              ჩემთვის დაუვიწყარი იყო „ჯადოქრის ქუდი“, “სალამურას თავგადასავალი“,“ ცისფერი ირემი“ და „ვაფლის გულები“. სახალისო და საინტერესო იყო მათი წაკითხვა. მახსოვს „ვაფლის გულების“ დასრულების შემდეგ კლასში ვაფლების გამოცხობა და ნორვეგიიდან სტუმრების სკოლაში მოსვლა.

 

თეკლა მეტრეველი, 14 წლის:

-ახლა ვკითხულობ ნატო დავითაშვილის“ გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლისა“.  ფენტეზის ჟანრის წიგნია და გაჟღენთილია ქართული მითოსით, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

-როგორ შეარჩიე ეს წიგნი?

-თავიდან ჩვენმა ქართულის მასწავლებელმა ამ წიგნის გაგრძელება მოიტანა „ნისლებში და ნისლებს მიღმა“. ძალიან დამაინტერესა და მომეწონა, რადგან ქართული მითოსი მიყვარს და ჩამითრია. ნატო დავითაშვილი ძალიან კარგად წერს და  განათლებული რომ არის, მის წიგნებს ეტყობა – ქართული მითოსის შესახებ ინფორმაცია უხვად აქვს დაგროვებული. ამ წიგნებიდან ბევრი რამე ვისწავლე. შემდეგ სხვა ნაწილების შეძენა დავიწყე.

ბოლოს მარო მაყაშვილის დღიური წავიკითხე. მაროს დღიური ძალიან საინტერესოა და სევდიანია იმ მხრივ, რომ როდესაც იცი, რომ ეს გოგო გარდაცვლილია და თან იმდენი ოცნება ჰქონდა, რომლის ასრულებაც უნდოდა და ვერ აისრულა, ძალიან სამწუხაროა. არადა, დარწმუნებული ვარ, რომ ეცოცხლა, აუცილებლად აისრულებდა თავის ოცნებებს, რადგან ძალიან მშრომელი, მიზანდასახული და განათლებული იყო.

-რატომ კითხულობ წიგნებს?

-იმიტომ, რომ სიამოვნებას მანიჭებს, საკუთარი თავის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა, ცოდნასაც ვიძენ. წიგნები რომ არა, ცხოვრება მოსაბეზრებელი იქნებოდა და ვერ ვიცხოვრებდი.

 

ლელა კოტორაშვილი, 37 წლის:

-რომელია შენი საყვარელი წიგნი?

-ჩემი საყვარელი წიგნის დასახელება სულ მიჭირს. მგონია, რომ კიდევ ბევრი წიგნი მაქვს აღმოსაჩენი. ახლა რომ დავდგე ჩემი წიგნის თაროსთან, ბევრი წიგნის შესახებ შემიძლია უდიდესი სიყვარული გაგიზიარო, მაგალითად, როგორ მიყვარს ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელი“, რომელიც ჩემმა მოსწავლემ ჩემთვის წაიკითხა და ფურცლებზე დამიტოვა უამრავი საინტერესო შეკითხვა, ან როგორ მითბობს გულს ჯონ მილტონის „დაკარგული სამოთხე“, რომელიც ჩემს ბავშვობას მახსენებს და რომელსაც ულამაზესი გრავიურები აქვს; ასევე, ცოცხალი არსებებივით მიყვარს ჩემი ბავშვობის სახლიდან წამოღებული წიგნები. წიგნები, რომლებიც სულ მაოცებს და სასიცოცხლო ძალებით მავსებს არის „ვეფხისტყაოსანი“, „მობი დიკი“ და „დონ კიხოტი“.

-ახლა რას კითხულობ?

-ერთდროულად რამდენიმე წიგნს ვკითხულობ, მაგალითად, ახლა ვკითხულობ ლ.მ. მონტგომერის „ენი კუნძულიდან“, თემო რეხვიაშვილის „ კურიერის ამბებს“, რომელიც უბნის ბიბლიოთეკიდან წამოვიღე, შიო მღვიმელის პოეზიას, “Mastsavlebeli.ge”-ს სტატიებს და ჩემი მეშვიდეკლასელი მოსწავლეების რვეულებს. ასეთი მრავალფეროვანი ტექსტებით არის სავსე ჩემი ყოველდღიურობა და ეს დიდწილად ჩემმა პროფესიამ განაპირობა.

-როგორ არჩევ წასაკითხ წიგნებს?

-ეს ყველაზე რთული მომენტია მკითხველის ცხოვრებაში, რადგან ძალიან ბევრი წიგნია წასაკითხი და დრო – მცირე. ყოველთვის ვყიდულობ ბევრ წიგნს, მაგრამ ყველას წაკითხვას ვერ ვასწრებ. ზოგი წიგნი თავისით მოდის ჩემთან, ზოგს მასწავლებლის თვალით ვკითხულობ. მყავს რამდენიმე ადამიანი,  რომელთა წაკითხული წიგნების წაკითხვის სურვილი მიჩნდება ხოლმე. ვუსმენ ლიტერატურული გადაცემების წამყვანებს და ხშირად მათ რჩევებსაც ვითვალისწინებ.

ბოლოს წავიკითხე მონტგომერის „ენი ევონლიდან“. ძალიან საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ მეც ენის მსგავსად ძალიან ვდარდობ მასწავლებლობისას დაშვებულ შეცდომებზე და მწამს ყველა მოსწავლის შესაძლებლობებისა. ბევრი საერთო ვიპოვე ამ პერსონაჟთან. მიუხედავად იმისა, რომ 100 წლის წინ დაწერილი წიგნია, ახლაც ბევრი საკითხით ეხმიანება თანამედროვეობას.

 

ლილე მეტრეველი, 5 წლის:

 

-ლილე, რომელია შენი საყვარელი წიგნი?

-ჩემი საყვარელი წიგნი არის გრუფალო და დათუნია დრუნჩა.

-ვიცი, რომ ბევრი წიგნი გაქვს. შეგიძლია, ჩამოთალო?

– რწყილი და ჭიანჭველა, ერნესტი და სელესტინი, პიერი და მთვარე, ბუზანკალი, დათუნია დრუნჩა.

-წიქარა?

-წიქარა ჩემი წიგნი არ არის.

-აბა, ვისი წიგნია?

-გაბოსი და და ვოცნებობ, რომ ჩემი იყოს.

-გაბო სიხარულით გაჩუქებს წიქარას.

სანამ ამ ინტერვიუს წერილობით ფორმას მივცემდი, ჩვენი საკითხავი წიგნები შეიცვალა: დედამ „კურიერის ამბები“ წაიკითხა, გაბრიელმა ჰარი პოტერის მეხუთე ნაწილის კითხვა დაიწყო, თეკლა ნატო დავითაშვილის რომან „ლურჯი სუფრის მოცეკვავეს“ კითხულობს, მე ჟოზე სარამაგუს „იესოს ცხოვრება“ წავიკითხე, ლილემ კი „ცალწინდა ყვანჩალა და მეგობრები“ შეიყვარა.

ჩვენს საუბარზე დაკვირვებით მივხვდი, რომ ერთმანეთის წიგნებს ვკითხულობთ, რჩევებს ვითვალისწინებთ და კითხვა გართობის ერთ-ერთ ფორმასთან ერთად ჩვევად გვაქვს ჩამოყალიბებული. სამივე თაობისთვის კითხვა სიამოვნებას უკავშირდება.

ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე ჩემი ოჯახის ლიტერატურული თავგადასავალია – წიგნებით შენახული დრო და მოგზაურობა უკიდეგანო სამყაროში.

 

როგორ გამოვუმუშაოთ ბავშვებს საძიებო უნარები საყვარელი არტისტების დახმარებით 

0

დღეს ბავშვების ცხოვრება ბევრად მარტივია – თუ ჩვენს ბავშვობაში ფავორიტი მსახიობის, მუსიკოსის, მწერლის ან მხატვრის მხოლოდ პოსტერი შეიძლება გქონოდა სიყვარულის ნიშნად კედელზე გამოკრული და მისი ცხოვრების შესახებ ამბები ყვითელ ჟურნალებში გეკენკა, ახლა ყველა ცოცხალ ავტორს და შემსრულებელს შეგიძლია სოციალურ ქსელებში “აეკიდო”, მასთან და მის აგენტებთან მიმოწერა გააჩაღო, ფოტოზე კომენტარი დაუტოვო, კითხვა დაუსვა. ინტერნეტმა სხვა ბევრ რამესთან ერთად ვარსკვლავებიც უფრო ხელმისაწვდომი გახადა, მაგრამ ხაფანგიც დააგო: ზღვა ინფორმაციაში მართლის და ტყუილის, მნიშვნელოვნის და უმნიშვნელოს, სანდოს და არასანდოს გარჩევა უნდა ვიცოდეთ. ეს უნარები თანამედროვე სამყაროში გადარჩენისთვის ალბათ ისეთივე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც გამოქვაბულში მცხოვრები ქვით შეიარაღებული ადამიანისთვის ცეცხლის დაცვა იყო.

 

ჩემი შვილებისთვის საინფორმაციო ნაკადებში მშვიდად და უსაფრთხოდ ცურვის სასწავლებლად ხშირად “ვემეგობრები” ხოლმე მათ საყვარელ არტისტებს, იქნებიან ესენი მუსიკოსები, რეჟისორები, მწერლები თუ მხატვრები. უფრო მარტივია საჭირო უნარები სიყვარულით და ცნობისმოყვარეობით განვითარება, ვიდრე მოსაწყენი თეორიების კითხვით და აბეზარი დავალებების გაკეთებით. ცნობისმოყვარე ტვინი მეტად ღიაა ახალი ცოდნისა და პერსპექტივების მისაღებად და მეტ კითხვასაც სვამს. იდეალურია, თუკი ბავშვისთვის ინფორმაციებში გზის გაკვლევა თავგადასავლებითა და აღმოჩენებით სავლე მოგზაურობას დაემსგავსება.

 

ძიების უნარების განსავითარებლად მარტივი პრინციპები ასეთია:

 

  • განსაზღვრე ამოცანა, კონკრეტულად რას ეძებ.
  • გადაამოწმე რამდენიმე წყაროში ცნობები. შეაფასე მათი ხარისხი და სანდოობა.
  • გამოყავი მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცია.
  • თუკი ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, გაეცანი სხვადასხვა მხარის პოზიციებს.
  • ყურადღება მიაქციე დროს – კონკრეტული ინფორმაციის მოძიებას კონკრეტული დრო სჭირდება და ეს პროცესი უსასრულოდ არ უნდა გაიწელოს.
  • აღწერე ძიების ინსტრუმენტები
  • გააკეთე ჩანაწერები მოძიებული ინფორმაციის მიხედვით
  • გახსოვდეს რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ამბებს მნიშვნელობას მისი ინტერესებისა და გამოცდილებების მიხედვითაც ანიჭებს – საინტერესოა იმის დანახვაც, ერთსა და იმავე თემაზე სხვადასხვა ადამიანი რას მიიჩნევს საყურადღებოდ.
  • შეაჯამე შენი სიტყვებით – ინფორმაციის გადამუშავება და საკუთარ პერსპექტივაში გატარება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
  • გაუზიარე შენი აღმოჩენები მეგობრებს და გარშემომყოფებს.

 

როგორ გადმოვიტანოთ ეს პრინციპები პრაქტიკაში მარტივად?

 

მაგალითად, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ჩემი შვილების საყვარელი შემსრულებლის, ამერიკელი მომღერლის, ბილი აილიშის ახალი ალბომი. ალბომის მოსმენის შემდეგ შეგვიძლია გადავავლოთ თვალი მის წინა ალბომებს, ვნახოთ როგორ იცვლებოდა მისი მუსიკა და სიმღერების თემატიკა, რა რჩებოდა მუდმივად, გადავხედოთ ალბომების გაფორმების ვიზუალურ მხარეს და ვიდეოების ესთეტიკას და თუკი დრო გვაქვს, არც თავად შემსრულებლის ინტერვიუების მოსმენა იქნებოდა ურიგო – დავიჭიროთ რა აქვს საერთო მის მუსიკას მის ცხოვრებასთან, მის ღირებულებებთან, როგორ ირეკლავს შემოქმედება ავტორს. ეს კონკრეტული მომღერალი ძალიან ახალგაზრდაა, სულ რაღაც 22 წლის და ბავშვებისთვის შეიძლება სარკეში ჩახედვა ან მომავლის განჭვრეტაც კი იყოს მასზე დაკვირვება – როგორ იცვლება პატარა გოგოს სხეული, მისი გარეგნობა, ლექსიკა, ჩაცმის სტილი, როგორ ეძებს საკუთარ თავს, როგორ პოულობს გზებს თვითგამოხატვისას. და ბარემ ისიც ვნახოთ, რისგან შედგება ბიოგრაფია – ვინ არიან მისი მშობლები, თამაშობენ თუ არა მისი ოჯახის წევრები რაიმე როლს მის მუსიკალურ ცხოვრებაში, სად გამოჩნდა მისი პირველი სიმღერა, რამდენკაციანი გუნდი დგას მისი მუსიკალური წარმოების  უკან, სად ჰქონია კონცერტი და სად გეგმავს, რომელ ქვეყნებშია ყველაზე მეტად პოპულარული და რა ჯილდოები მიუღია გამოჩენიდან ამ დრომდე – ამ კითხვებზე პასუხები ერთდროულად გაზრდის ცოდნას გეოგრაფიის, ისტორიის, შემოქმედებითი ინდუსტრიების მუშაობის მექანიზმების შესახებ.

 

ან ავიღოთ იაპონელი ანიმატორი, რეჟისორი, ჰაიაო მიაძაკი – მის ფილმებზე უკვე თაობებია გაზრდილი, ის არის ხიდი იაპონიასა და დანარჩენ სამყაროს შორის ბავშვებისთვის, პირველი გზამკვლევი ამ უცხო კულტურაში. თუკი ბავშვებს ვთხოვთ მოძებნონ მისი ფილმების სცენარების ავტორები ან დაინტერესდნენ მის ანიმაციებში გამოყენებული მითოლოგიური ამბების წარმომავლობით, თვალსაწიერსაც გაიფართოებენ და ახალ სახელებს, მანამდე უცნობ ამბებსაც აღმოაჩენენ. ბავშვებს შეიძლება იმის კვლევაც ვთხოვოთ, რა განასხვავებთ მიაძაკის გოგო  და ქალ პერსონაჟებს მაგალითად დისნეის გოგოებისა და ქალი პერსონაჟებისგან. შეგვიძლია მიაძაკის შესახებ დოკუმენტური ფილმის ყურება ვთხოვოთ და მასში მოყვანილი ისეთი ფაქტების ჩანიშვნა დავავალოთ, რაც მანამდე არ იცოდნენ საყვარელი რეჟისორის შესახებ, მოკლედ ყველაფერი ჩვენს ფანტაზიასა და ბავშვების ინტერესებზეა დამოკიდებული.

 

შეგვიძლია კვლევის უნარების გამოსამუშავებლად უფრო მარტივი გზაც ავირჩიოთ – არსებობს ასეთი გადასარევი არხი იუტუბზე – Great Art Explained, სადაც სხვადასხვა ეპოქისა და სტილის მხატვრებზე ჰყვებიან; შეგვიძლია კვირის დასაწყისში ბავშვებს ამ ვიდეოებიდან ერთი სერია ვაჩვენოთ და ვთხოვოთ ამ არტისტზე პარასკევამდე მეტი ინფორმაცია მოიპოვონ, გაიგონ მეტი მისი ბიოგრაფიის შესახებ, შეისწავლონ ნამუშევრები, მათგან 5 ფავორიტი გამოყონ და შეეცადონ ახსნან, რამ მოხიბლა. შეიძლება მხატვრების სამეგობროს სქემის აწყობაც და იმ ადგილების რუკის შედგენაც, სადაც ისინი მუშაობდნენ, გამოიფინებოდნენ, რასაც ხატავდნენ.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...