განათლება ანტიკურ საბერძნეთში
რატომ მიყვარს სოციალური ქსელი




დეკემბრის წერილი
წელს უხვ თოვლს და ცივ ზამთარს გვპირდებიან.
ვზივარ საყვარელი
კაფეს კუთხის მაგიდასთან, ვსვამ ჩაის, რომელსაც რაღაც ძალიან პოეტური სახელი ჰქვია.
ვზივარ და ჩემი კლავიატურიანეკრანიანი მეგობრის დახმარებით ამ პოსტს ვწერ.
გვერდით მაგიდასთან დედა–შვილი ზის. პატარა ბიჭია, ასე
მესამეკლასელი, წითელი ლოყები და აჩეჩილი თმა აქვს, ჩაის ხრუპუნით სვამს და ხაჭაპურს
აყოლებს. დედა ყავას სვამს, ნაქსოვი ხელთათმანები მაგიდის კიდეზე ჩამოდო და ზედ ნაცრისფერი
ბერეტიც დააბრძანა.
–დე – ეუბნება ბავშვი– გიომ თქვა, რომ ქუჩის ბავშვებს
ფული არ უნდა მივცეთ, იცი, თურმე ბიზნესი ჰქონიათ, მთელი მაფიააო– ასე ყვებოდა, უფროსები
ჰყავთ თურმე და ფულს იმათ აძლევენ, გიომ ასე თქვა, მამაჩემმა მითხრაო.
დედამ მხრები აიჩეჩა და მეორე ნაჭერი ხაჭაპური მიუჩოჩა
ახლოს.
–შენ ის მითხარი, მათემატიკის საკონტროლოში რა ქენი?
…………………………………………………………………………………………………………………………………………
გამახსენდა, უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა
და მეორეკლასელების დამრიგებელი ვიყავი. ძალიან კარგი, საყვარელი ბავშვები იყვნენ,
გულწრფელები და მიმნდობები.
მაშინაც დეკემბერი იყო, შობის დღესასწაულისთვის ვემზადებოდით,
ჩვენი ხელით ლიმონათები მოვამზადეთ და მთელ სკოლას გავუმასპინძლდით, მერე პატარა, ძალიან
მარტივი ორცხობილები დავაცხვეთ, ბავშვებმა სათამაშოებთან ერთად ჩააწყეს პატარა, ლამაზ
ყუთებში და მათ გაუგზავნეს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ თანატოლების ყურადღება.
ერთხელ მახსოვს,
რაღაც გაკვეთილი გაუცდათ და მე უნდა ჩამენაცვლებინა, ჰოდა, სრულიად სპონტანურად, ზღაპარი
მოვიფიქრე რკინის ერთლარიანზე , რომელმაც მთელი ქალაქი შემოიარა.
ზუსტად აღარ მახსოვს შინაარსი, დაახლოებით კი, ზღაპარი იმაზე იყო, თუ როგორ მისცა
ფუნთუშის საყიდლად გამოსულმა გოგონამ რკინის ერთლარიანი მოხუცს, მოხუცმა მაღაზიაში
პური იყიდა, მაღაზიის სალაროდან ერთლარიანი კიდევ სხვაგან მოხვდა, მერე ავადმყოფი ბავშვის
წამალზე დაიხარჯა და ასე შემოიარა მთელი ქალაქი, ბოლოს, როცა გოგონას თავისი ავადმყოფი
ძმის საჩუქარზე ზუსტად ერთი ლარი აკლდებოდა, ისევ მოგორდა რკინის ერთლარიანი მასთან…
მარტივი, დიდაქტიკური შინაარსია, ქვაზე დადებულ სიკეთეზე,
თუმცა, მგონია, რომ პატარებს ასეთი მარტივი არქეტიპებით აუცილებლად უნდა გავაგებინოთ
, ვასწავლოთ და შევაყვაროთ სოლიდარობა, ქველმოქმედება, სხვისთვის შოკოლადისა თუ ღიმილის გაზიარება.
სწორედ ამიტომ, დეკემბრის სუსხიან და ცივ დღეებში სასკოლო პროგრამაში სპეციალურ, თემატურ კვირას
შევიტან. ჯერ ოსკარ უაილდის „ბედნიერ უფლისწულს” წავიკითხავთ, გახსოვთ ალბათ ეს შესანიშნავი მოთხრობა:
„– აი, იქ, შორს,პატარა ქუჩაში, – განაგრძო უფლისწულმა დაბალი,საამური ხმით, – ერთიღარიბი სახლი დგას.სარკმელი ღიაა და მე ვხედავქალს, რომელიც მაგიდას უზის. მას გამხდარი დაღლილი სახე და ნემსითდაჩხვლეტილი უხეში, წითელითითები აქვს.
ქალიმკერავია. ის ვარდებს ქარგავს ატლასის კაბაზე,რომელიც დედოფლის სეფექალთაგან ულამაზესმა უნდაჩაიცვას მომავალ მეჯლისზე. ოთახისკუთხეში, ლოგინში მისიპატარა ავადმყოფი ბიჭუნაწევს. ბიჭუნას ციებ–ცხელება სჭირსდა ფორთოხალს თხოულობს; დედამისს კი მდინარის წყლისგარდა არაფერი გააჩნია და ბავშვი ტირის.მერცხალო, მერცხალო, პატარამერცხალო, ხომ არ მიუტან იმ მკერავს ჩემიხმლის ვადის ლალს?მე ფეხები მიკრული მაქვს კვარცხლბეკზე და განძრევა არ შემიძლია.”
შემდეგ
ნოდარ დუმბაძის მხიარულსა და სევადიან სამყაროს გავიცნობთ, ომისდროინდელ ბავშვებს,
მათ ერთსულოვნებას, რთული, რთული დღეების ერთად გადალახვის სიძლიერეს. დუმბაძის
შესანიშნავი იუმორი ცოტა შეგვამსუბუქებს კიდეც.
კიდევ ჯეიმს გრინვუდის „პატარა
მაწანწალადან” წავიკითხავთ
ნაწყვეტებს-პატარა ბიჭის რთული და სახიფათო ცხოვრება ლონდონში, ტკივილიანი ამბები
და ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისათვის.
შემდეგ,
ანდერსენის ზღაპარს მივადგებით. მიხვდით არა რომელს? დიახ, ზღაპარს, რომელიც
ყველაზე ნაკლებად ჰგავს ზღაპარს-„გოგონა ასანთით”.
ვნახავთ
დისნეის შესანიშნავ ანიმაციას:
ვიცი, რომ
პატარა გულები ეტკინებათ, ვიცი, მაგრამ მაინც მგონია, რომ სწორედ სკოლის წლებში,
სწორედ ასეთ გაკვეთილებზე, სწორედ მაშინ, როდესაც შთაბეჭდილება ყველაზე, ყველაზე
ძლიერი და დაუვიწყარია, უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს სიყვარული, საკუთარის
სხვისთვის განაწილება და თანაგრძნობა.
პს. მგონია,
რომ დეკემბერი ყველაზე შესაფერისი თვეა სხვებზე ფიქრის, სხვათა ტკივილების
თანაზიარობისა და კეთილი საქმეებისათვის, რადგან შობა-პირველ რიგში, სწორედ სიყვარულის დღესასწაულია.
დაკარგულები

მაიკლ ფულანი-განათლების სისტემის რეფორმის მცდარი მამოძრავებელი ძალები
მაიკლ ფულანი (Michael Fullan) არის კანადის ონტარიოს პროვინციის ქ. ტორონტოს უნივერსიტეტის განათლების სფეროში კვლევათა ინსტიტუტის ემერიტუსი პროფესორი. ამჟამად ის, როგორც განათლების საგანგებო მრჩეველი, ემსახურება ონტარიოს პროვინციის პრემიერს. აღიარებულია მსოფლიო დონის სპეციალისტად ორგანიზაციული ცვლილებების სფეროში. ჩართულია მთელ მსოფლიოში მიმდინარე სასწავლო, საკონსულტაციო და შეფასების ცვლილებათა პროექტებში.
გორდონ ბრაუნი: „უპირატესობა განათლებას უნდა მიენიჭოს“ (II ნაწილი)
როგორ ვირჩევთ პროფესიას, ანუ უზრუნველყოფილი მომავლის ძიებაში


„ვეფხისტყაოსანი“ და ფენტეზი
როგორ წარმოგიდგენიათ, „ვეფხისტყაოსანზე” ფილმი რომ გადაიღონ, რომელი ჟანრი იქნება? ვფიქრობ, ეს იქნება ფენტეზის ჟანრი. სხვა ჟანრში წარმოუდგენელია აღწერო ის პასაჟები, რაც პოემაში ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ფენტეზის ჟანრი ახალია და „ვეფხისტყაოსანსაც” ცალსახად ამ ჟანრს ვერ მივაკუთვნებთ, მასში აუცილებლად აღმოვაჩენთ იმ ნიშნებს, რაც ამ ჟანრის მახასიათებელია; საერთოდაც მგონია, რომ „ვეფხისტყაოსანი” ჟანრის მიხედვით ეკლექტურია და რომელი ჟანრიდანაც არ უნდა შევხედოთ, ერთი რომელიმე ძალიან ვიწრო იქნება ამ პოემისთვის.
ფენტეზის ჟანრის უამრავი განმარტების მიუხედავად, გამოყოფენ 5 ძირითად ნიშანს, რაც აუცილებელია ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებში იყოს. ეს ნიშნებია:
- სინათლისა და სიბნელის ბრძოლა;
- მისია;
- ფენტეზის პერსონაჟები;
- ჯადოქრობა;
- ჯადოსნური საგნები
„ვეფხისტყაოსნიდან” ამ ნიშნებს შეგვიძლია შევუსაბამოთ:
- სინათლისა და სიბნელის ბრძოლა _ რაინდებისა (ავთანდილი, ტარიელი, ფრიდონი) და ქაჯების ბძოლა;
- მისია _ სატრფოს გამოხსნა ქაჯთაგან;
- ფენტეზის პერსონაჟები _ დევები და ქაჯები;
- ჯადოქრობა _ ქაჯების გრძნეულებანი და სხვა;
- ჯადოსნური საგნები _ მოსასხამი, ხმალი, მუზარადი…
”ვეფხისტყაოსნის” სამყრო ერთი მთლიანი და განუყოფელი სამყაროა: სამეფოებით, ბრძოლებით, დევებით, ქაჯებით… ეს სამყარო თანაარსებობს.. პოემის პერსონაჟებმა იციან ”ქაჯთა სამყაროს” არსებობა, ამიტომ დიალოგში ხშირად არის აპელირება მათ თვისებებზე (გრძნეულებაზე), რაც ნიშნავს, რომ მათთვის ეს სამყარო უცხო არ არის, არამედ კარგად ნაცნობია:
”კვალი ძებნეს და უკვირდა ვერ-პოვნა ნაკვალევისა,
აგრე კვალ-წმინდად წარხდომა კაცისა, ვითა დევისა;”
“ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან,
მაგრა საქმე მის კაცისა ვერასადა შემიგნიან;
უღონიოდ მართალ იყვნეს, რომელთაცა ქაჯად თქვიან.
აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან?»
„ვითა ქაჯი დაგვემალე, მონებიცა დავაფეთეთ, (ავთანდილი ტარიელს)
«ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა, ვინცა იცის,
მან უამბო დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის”

დევების ამბავი
ხშირად ხდება, რომ პოემის სწავლებისას სკოლაში მასწავლებლები ე.წ. „მთავარ ამბებს” აქცევენ ყურადღებას და დეტალებს არ განიხილავენ; არა და, ტექსტის მთლიანობის გასაგებად მნიშვნელოვანია დეტალები. ამიტომ არის, რომ „ვეფხისტყაოსანთან” კვლავ და კვლავ მიბრუნებისას რაღაც ახალს ყოველთვის აღმოვაჩენთ. არ ვიცი, რამდენს გახსოვთ დევების ამბავი…
როგორც პოემიდან იცით, ტარიელი ცხოვრობდა დევების გამოქვაბულში, რომელიც ბრძოლით მოიპოვა. ამ ბრძოლაში, მართალია, დევებმა ტარიელს მონები დაუხოცეს, მაგრამ ტარიელმაც დიდი ამბავი დააწია დევებს, ისე ააწიოკა, რომ მათი ხმა ზეცას სწვდებოდა.
“ესე ქვაბნი უკაცურნი ვპოვენ, დევთა შეეკაფნეს,
შემოვები, ამოვწყვიდენ, ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს,
მათ მონანი დამიხოცნეს, ჯაჭვნი ავად მოექაფნეს.
საწუთრომან დამაღრიჯა, ცქაფნი მისნი კვლა მეცქაფნეს.”
“დევთა ყვირილი, ზახილი ზეცამდის აიწეოდა;
მათისა ლახტის ცემითა ქვეყანა შეირყეოდა;
მზე დააბნელეს მტვერითა, ალვის შტო შეირხეოდა,
ასი ერთ კერძოთ მომიხდეს, დავფრიწე, დაიხეოდა.
ამ ამბავს ტარიელი ავთანდილს უამბობს, ეტყვის, რომ მას აქეთია, ცხოვრობს დევების გამოქვაბულში, რომ მას თან ახლავს ასმათი, რომელიც არ ტოვებს, რადგან ტარიელი თავად ხან ტირის, ხან იბნიდება და ხანაც გახელებული ველად იჭრება:
“აჰა, ძმაო, მაშინდლითგან აქა ვარ და აქა ვკვდები;
ხელი მინდორს გავიჭრები, ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები,
ესე ქალი არ დამაგდებს, – არს მისთვისვე ცეცხლ-ნადები, –
ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას არ ვეცდები!
დევების საგანძური და „აბჯარი საკვირველი”
მგონი, ამ განძის ამბავი ძალიან მნიშვნელოვანია პოემაში, რადგან აქ გადანახულ ნივთებთან არის დაკავშირებული გმირების მომავალი გამარჯვება.
ტარიელი უამბობს ავთანდილს, რომ როდესაც დევები დახოცა და მათ გამოქვაბულში დაიწყო ცხოვრება, იმ დროიდან იცის, რომ გამოქვაბულში განძია, მაგრამ არასდროს გასჩენია სურვილი ტარიელს, რომ ეს განძი მოენახულებინა, ახლა კი გადაწყვიტა, რომ ავთანდილთან ერთად ენახა ძვირფასეულობა, რომელიც 40 დარბაზში იყო განთავსებული, რაც შიგნით ნახეს, ტექსტის ამ ნაწილიდან გაიგებთ:
იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი.
პოვეს ერთი ზარადხანა, აბჯრისათვის სახლად ქმნილი;
მუნ აბჯარი ყოვლი-ფერი ასრე იდვა, ვითა მწნილი,
შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდილი, არ-გახსნილი.
ზედა ეწერა: “აქა ძევს აბჯარი საკვირველიო,
ჯაჭვ-მუზარადი, ალმასი, ხრმალი ბასრისა, მჭრელიო;
თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, დღე იყოს იგი ძნელიო!
უმისჟამისოდ ვინც გახსნას, არის მეფეთა მკლველიო”.
ყველაზე მნიშვნელოვანი განძი კიდობანში აღმოაჩინეს: „სამი ტანი აბჯარი” უბრალო არ ყოფილა, სასწაულმოქმედი იყო, ხრმალი რკინას ისე სჭრიდა, როგორც ბამბას; გმირებმა ჯაქებთან ბრძოლის წინ ამ განძის აღმოჩენა კარგი ბედის ნიშნად მიიჩნიეს:
კიდობანი გახსნეს, პოვეს მუნ აბჯარი სამი ტანი,
რასაცა ვით შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი:
ჯაჭვი, ხრმალი, მუზარადი, საბარკული მათი გვანი, –
ზურმუხტისა ბუდებითა იყვნეს ვითა ლუსკუმანი.
თვითომან თვითო ჩაიცვეს, თავის თავს გამოსცდიდიან,
ჯაჭვ-მუზარადსა, აბჯარსა მართ ვერა ვერ მოჰკიდიან;
ხრმალი რკინასა მოჰკრიან, ვით ბამბის მკედსა სჭრიდიან,
მათ უღირს ყოვლად ქვეყანად, შევატყევ, არ გაჰყიდიან.
თქვეს: “ესე ნიშნად გვეყოფის, ვართო კარგითა ბედითა;
ღმერთმან მოგვხედნა თვალითა, ზეგარდმოთ მონახედითა”.
აიღეს იგი აბჯარი თავის-თავისა ქედითა,
თვითო მათ, ერთი ფრიდონის საძღვნობლად შეკრეს ღვედითა.
ვინ არიან ქაჯები?
ქაჯი — ქართულმითოლოგიაშისულები;უსიამოვნო გარეგნობის ანთროპომორფული არსებები. ქაჯების მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ქაჯეთი ეწოდება. ქაჯებს შეუძლიათ დღის – ღამედ, ღამის კი – დღედ ქცევა, ზღვაზე ქარიშხლის გამოწვევა, ისინი ძირავენ ხომალდებს, თავისუფლად გადაადგილდებიან წყლის ზედაპირზე, გადაქცევის და გაუჩინარების უნარი აქვთ. განარჩევენ მიწიერ და წყლის ქაჯებს. მიწიერი ქაჯები ტყეებში და მიუვალ კლდეებში ცხოვრობენ, მტრობენ ადამიანებს, სასიკვდილოდ სცემენ ან აგიჟებენ მათ. წყლის ქაჯები მდინარეებსა და ტბებში ცხოვრობენ. ისინი ნაკლებ ბოროტები არიან და ხშირად ეხმარებიან მეთევზეებს. ქალი-ქაჯები სილამზით გამოირჩევიან, ადამიანებთან სასიყვარულო ურთიერთობებს ამყარებენ, ხშირად უბედურებისაგან იხსნიან მათ, მიჰყვებიან ცოლად გმირებს.
თანამედროვე ქართულ ენაში ქაჯი იხმარება ადამიანის მისამართით, რომელმაც არ იცის ან ხშირად არღვევს მიღებული ქცევის ნორმებს.
ლექსიკონებიდან
„არ კაცნია, ქაჯნიაო, მინდობიან კდესა სალსა…” _ პოემაში ქაჯები ჩვეულებრივ ადამიანებად არ მოიხსენებიან, მათი ბრძოლის წესებიც განსხვავებულია, ისეთი არ არის, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, თუნდაც გმირები, იბრძვიან, ამიტომ არის რომ ქაჯებისგან შეპყრობილი ნესტანი წერს სატრფოს: „ნუთუ ესენი გეგონენ სხვათა მებრძოლთა წესითა…?” და არ ურჩევს აქამდე უბრძოლველ ქაჯეთან შებმას:
«ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია:
ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია…”
გრძნეულებით განთქმული ქაჯებისთვის არაფერია მიუღწეველი. მათ შეუძლიათ საშინელი ქარების გამოწვევა, წყალზე ისე სიარული, როგორც ხმელეთზე, დღის ღამედ გადაქცევა და ღამის განათება და სხვა:
“იქმენ რასმე საკვირველსა, მტერსა თვალსა დაუბრმობენ,
ქართა აღძრვენ საშინელთა, ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ,
ვითა ხმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ,
სწადდეს – დღესა ბნელად იქმენ, სწადდეს – ბნელსა ანათობენ.
ქაჯთა გრძნეულებანი პოემაში
ფატმან-ხათუნი თავის გრძნეულ მონას (ქაჯს) აგზავნის ქაჯეთში ნესტანის ამბის გასაგებად:
მოჰგვარა მონა გრძნეული, შავი, მართ ვითა ყორანი;
უბრძანა: “ქაჯეთს გაგზავნი, წა, გზანი გისხენ შორანი!
ფატმანი ეუბნება მონა-ქაჯს, რომ: ახლა გამოჩნდება, რა შეგიძლია შენი გრძნეულებითო:
“აწ გამოჩნდების სახმრობა ჩემთვის შენისა გრძნებისა,….”
იმის მიუხედავად, რომ გზა იყო ძალიან შორი, ქაჯი პასუხობს: ”მან უთხრა: “ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა”. (ქაჯები გადაადგილდებიან არაბუნებრივად სწარფად)
მას შემდეგ, რაც ფატმანი წერილს გადასცემს ქაჯ-მონას, იგი (ქაჯი) წამოისხამს ჯადოსნურ მოსასხამს და გაფრინდება:
ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ხელოვანსა.
“ესე წიგნი მიართვიო ქალსა, მზისა დასაგვანსა!»
მან გრძეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა,
მასვე წამსა დაიკარგა, გარდაფრინდა ბანის-ბანსა.
რა ქაჯეთს შეხდა, ქმნილ იყო ოდენ ბინდ-ბანდი ბნელისა.
უჩინოდ შევლო სიმრავლე მოყმისა, კართა მცველისა,
მას მზესა ჰკადრა ამბავი მისისა სასურველისა.
ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი,
შევიდა ზანგი პირ-შავი, თმა-გრძელი,
მრავალი დღის მოგზაურობის ნაცვლად მონა-ქაჯი „წამ-ერთ მიხდა ფატმანისას”:
”იგი მონა წამოვიდა, გულანშაროს მომავალი,
წამ-ერთ მიხდა ფატმანისას, დღე იარა არ-მრავალი...”
მისია შესრულებულია: რაინდებმა გამოიხსნეს ნესტანი (ამით გაათავისუფლეს სიყვარული)და იხილეს სასწაულებრივი სურათი:
„ნახეს, მზისაშესაყრელადგამოეშვამთვარეგველსა…” _ ამმეტაფორითყველაზეუკეთიხსნებაპოემის იდეა.
ეს და სხვა ადგილები ნამდვილად ანიჭებს „ვეფხისტყაოსანს” ფენტეზის ხიბლს და ამ კუთხიდან პერსონაჟების დანახვა კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ტექსტს.
პ.ს. თქვენი არ ვიცი და ამ პასაჟებით ჩემთვის თითქოს ახალი „ვეფხისტყაოსანი” „დაიბადა”…



