შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

კითხვის ეფექტიანი მეთოდები – “დაკარგული სიტყვები”

კითხვა ერთიანი პროცესია, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა საერთო განვითარებას და რომლის დახასიათება შეიძლება სამი ასპექტის მიხედვით:

1.კითხვა არ ნიშნავს ცალკეული ასოების, მარცვლების, სიტყვების ან თუნდაც ცალკეული წინადადებებისა და ფრაზების ამოკითხვას. კითხვა, როგორც სასწავლო ქმედება, აქტი, ხორციელდება მაშინ, როცა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტის წაკითხვის უნარ-ჩვევა ერთიანდება მთლიანი ტექსტის გასაგებად.

2.კითხვა ხანგრძლივი პრაქტიკის შედეგია. მხოლოდ მუდმივი ვარჯიშის შემდეგ უვითარდება მოსწავლეს გააზრებული და დამოუკიდებელი კითხვის უნარ-ჩვევა.

3.კითხვა კომპლექსური კომუნიკაციური პროცესია, საუბარია მკითხველსა და ავტორს შორის, სოციალური აქტია, რომელიც ფიქრსა და თანამონაწილეობას მოითხოვს. კითხვა ყოველთვის გულისხმობს ინტერპრეტაციას, რომელსაც წინ უძღვის გაგების პროცესი; წაკითხულის გაგების ხარისხი კი დამოკიდებულია მკითხველის მომზადების დონეზე, კითხვის მიზანსა და წასაკითხი ტექსტის შინაარსზე.

პედაგოგი კითხვის სწავლების ისეთ სტრატეგიებს უნდა იყენებდეს, რომლებიც მოსწავლეს სამყაროს შესახებ არსებული ცოდნის გააქტიურებასა და გამოყენებაში დაეხმარება. იმავდროულად ის ასწავლის მოსწავლეებს, როგორ განსაზღვრონ კითხვის მიზანი (რისთვის წაიკითხონ); როგორ შეარჩიონ საკითხავი მასალა (შინაარსი – რა წაიკითხონ) და რა ხერხები და საშუალებები, კითხვის რომელი სტრატეგიები გამოიყენონ (როგორ წაიკითხონ). ყოველივე ეს მიიღწევა, თუ მასწავლებელმა იცის, როგორ მართოს კითხვის პროცესი. კითხვის პროცესს კი იგი მართავს არა მხოლოდ კლასში, არამედ კლასის გარეთაც, ოღონდ ისე, რომ არ ზღუდავს მოსწავლის დამოუკიდებლობას, არჩევანის თავისუფლებას. მასწავლებელი გზამკვლევია კითხვის უსასრულო და საინტერესო სამყაროში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, კითხვის პროცესი ორგვარია: ხელმძღვანელობითი და დამოუკიდებელი. მასწავლებლის საქმიანობები ხელმძღვანელობითი კითხვის დროს ხელს უწყობს პროცესის გამრავალფეროვნებას, მოსწავლეთა კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნების, მსჯელობისა და მეტაკოგნიტიური უნარების განვითარებას. Dდამოუკიდებელი კითხვისას მოსწავლეები იყენებენ იმ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ ხელმძღვანელობითი კითხვისას შეიძინეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ხელმძღვანელობითი კითხვის პროცესში მოსწავლეებს მივაწოდოთ ისეთი ეფექტიანი სტრატეგიები, რომელთაც ისინი წარმატებით გამოიყენებენ დამოუკიდებელი კითხვის დროს. ერთ-ერთი ასეთი სტრატეგიაა “დაკარგული სიტყვები”.

როგორც ცნობილია, ეფექტური კითხვის მნიშვნელოვანი ასპექტი სიტყვათა მარაგის გაფართოება და სიტყვებს შორის კავშირების დამყარებაა. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოსწავლეები დაეუფლონ უცნობ სიტყვებთან მუშაობის ისეთ სტრატეგიებს, როგორიცაა კონტექსტური გასაღებების გამოყენება, სიტყვის ნაწილების გააზრება, სიტყვებს შორის კავშირების დამყარება და ა. შ. (კითხვის ეფექტური მეთოდები, I ნაწილი). “დაკარგული სიტყვები”, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, სიტყვებთან მუშაობის სხვა ეფექტიანი სტერატეგიებითაც ამდიდრებს მოსწავლეებს. ამასთან, ის ეხმარება მათ ტექსტის შინაარსის გაგებასა და მნიშვნელობის კონსტრუირებაში.

მეთოდის ეფექტიანობას განსაზღვრავს ისიც, რომ ის წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც მხატვრულ, ისე სასწავლო, ინფორმაციულ, სამეცნიერო-პოპულარულ ტექსტებზე მუშაობის პროცესში.

ზემოთქმულის საილუსტრაციოდ გთავაზობთ ამ სტრატეგიის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილის ნიმუშს.
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი: მეექვსე
გაკვეთილის თემა: “კოპალა” (ტექსტი მითოსური გმირის შესახებ მხატვრული ელემენტებით).
ხანგრძლივობა: 45 წუთი

გაკვეთილის მიზნები:
. ტექსტის მახასიათებლების ამოცნობა

. კონტექსტურ გასაღებებსა და არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით გამოტოვებული სიტყვების აღდგენა

. კითხვის ეფექტიანი სტრატეგიების გააქტიურება

გაკვეთილის შედეგების კავშირი ეფექტური კითხვის კომპონენტებთან: 

. კონტექსტური გასაღებების ამოცნობა და გამოყენება

. წინარე ცოდნის გააქტიურება; ტექსტის შინაარსის გაგება და მნიშვნელობის კონსტრუირება
გაკვეთილის შედეგების კავშირი ესგ-სთან:

ქართ. VI. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება-გაანალიზება.

·ახალ ინფორმაციას აკავშირებს არსებულ ცოდნასა და გამოცდილებასთან.
·ამოიცნობს და ერთმანეთთან აკავშირებს ტექსტში არსებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციას.
·გამოაქვს დასკვნა მთლიანი ტექსტის გააზრების საფუძველზე.
ქართ. VI. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე დაკვირვება და მსჯელობა.

·თავისუფლად ჩაანაცვლებს უცნობ სიტყვებსა და ფრაზებს სინონიმური განმარტებებით.

ქართ. VI. 13. მოსწავლეს შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის მიზნობრივად გამოყენება. 

·კითხვისას წამოჭრილი სირთულეების დასაძლევად მიმართავს სხვადასხვა საშუალებას: თავიდან გადაიკითხავს რთულ ან მნიშვნელოვან ნაწილებს, აკეთებს ჩანაწერებს, კომენტარებს უკეთებს ტექსტის ცალკეულ ნაწილებს; კონტექსტზე, გამოცდილებაზე დაყრდნობით ან ლექსიკონის დახმარებით აზუსტებს უცხო სიტყვების მნიშვნელობას. 

·სხვადასხვა ელემენტის (სათაურის, აბზაცების დასაწყისის, საკვანძო სიტყვების, ერთ-ერთი აბზაცის, გამოყოფილი სიტყვების) გამოყენებით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის/ტექსტების მონაკვეთის შინაარსის შესახებ.

·ტექსტის სახისა და საკითხავი ამოცანის გათვალისწინებით ირჩევს კონკრეტულ სტრატეგიას/მიდგომას და ხსნის თავის არჩევანს.

·საკითხავი დავალებების შესრულების შემდეგ მონაწილეობს გამოყენებული სტრატეგიების განხილვაში (ვინ რა მიდგომა, ხერხი გამოიყენა); მსჯელობს იმის შესახებ, რომელი მიდგომა იყო ან იქნებოდა უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ.

გამოყენებული მეთოდები

. ვარაუდების გამოთქმა – სქემა “მგონია, იმიტომ რომ… / სინამდვილეში…”
. დაკარგული სიტყვები
. “დაწყვილდი, დაფიქრდი, გაუზიარე”
. “ხმამაღლა ფიქრი” – სასწავლო გამოცდილების გაზიარება კლასისთვის
. ხუთწუთიანი წერა
საჭირო რესურსები:

ტექსტის ქსეროასლები; საწერ-კალმები; ფურცლები; “ქართული ენა და ლიტერატურა”, მეექვსე კლასის სახელმძღვანელო, ნათელა მაღლაკელიძე, ნანა ღონღაძე
გაკვეთილის მსვლელობა (სამფაზიანი მოდელით): 

I ფაზა 

მასწავლებელი გაკვეთილის დასაწყისში ურიგებს მოსწავლეებს სქემას “მგონია, იმიტომ რომ… / სინამდვილეში…” და მიმართავს მათ: “დღეს ჩვენ შევისწავლით ტექსტს, რომელსაც ჰქვია “კოპალა”. როგორ ფიქრობთ, რა ან ვინ არის კოპალა? რა სახის იქნება ტექსტი? რატომ გგონიათ ასე? გთხოვთ, თქვენი ვარაუდები ჩაწეროთ სქემის პირველ სვეტში”.
რამდენიმე მოსწავლე აცნობს კლასს საკუთარ ვარაუდს.
II ფაზა
მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს ტექსტს გამოტოვებული სიტყვებით და აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: “ვმუშაობთ ინდივიდუალურად. ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი, შეეცადეთ იფიქროთ თქვენ მიერ შევსებული სქემის პირველ სვეტში გაკეთებულ ჩანაწერებზე და თან აღადგინოთ ტექსტში გამოტოვებული სიტყვები. სიტყვები დანომრეთ ისევე, როგორც ტექსტშია” (ტექსტი იხ. ქვემოთ).
კოპალა

ძველად არაგვის ხეობაში დევები ბატონობდნენ. მთავარი ბუდე ციხეგორაზე ჰქონდათ, სოფელ აკუშისთან. აქ იყო მათი ყველაზე დიდი ციხესიმაგრე და ხალხს ცხვარ-ძროხა იოლად ვერ დაუდიოდა (–– 1 ––). უწმინდურები კაცსაც სანსლავდნენ და (–– 2 ––).
ერთხელ დევებმა პატარა (–– 3 ––) კოპალა შეიპყრეს.
– ეს ვის ეყოფა შესაჭმელადო, – თქვა უფროსმა (–– 4 ––), – გაიზარდოს და მერე მივირთვათო.
იუმცროსებდნენ დევები კოპალას. ხან წყალს აზიდვინებდნენ, ხან – შეშას. დასძახებდნენ: – ჰაიტ, შე ტყის ბუკაკავ, შენაო, და თავში უბარტყუნებდნენ ხოლმე.
ბრაზობდა კოპალა, პატარა კოღოს რომ ადარებდნენ. ნატრობდა, მალე (–– 5 ––) და დევებისათვის სამაგიერო გადაეხადა. გაიზარდა და დავაჟკაცდა კიდეც, დევები კი ნერწყვის ყლაპვით იღრჩობოდნენ. იგრძნო კოპალამ, რომ ისინი მალე (–– 6 ––) გამოასალმებდნენ და ერთ უკუნეთ (–– 7 ––) ციხიდან გაიპარა. გადაიარა მთები, ტყეები, ხევები და თიანეთში იხინჭის ეკლესიაში მივიდა ბერებთან. იქ დილიდან საღამომდე (––8 ––) ევედრებოდა, იმდენი ძალა მომეცი, დევებს ხალხის ხოცვა-ჟლეტა არ შევარჩინოო.
ღმერთმა იცოდა ფშავ-ხევსურეთში უწმინდურთა მომრავლების ამბავი, ისმინა კოპალას (–– 9 ––) და მისცა დიდი ძალ-ღონე. იგრძნო ერთ დღეს კოპალამ, რომ ძალა მოაწვა მკლავებში, მისწვდა იფნის ხეს, მოსწია და ძირფესვიანად (–– 10 ––). რაკი ძალა შეემატა, გადაწყვიტა, საბრძოლველად შებმოდა დევებს, საომრად გაიმზადა ლახტი, რომელიც მეხივით ქუხდა და ცეცხლს აჩენდა.
წავიდა კოპალა და ციხეგორაზე ნაცნობ დევებს მიადგა. ამ დროს ისინი ქვის სროლაში (–– 11 ––) ერთმანეთს – ჯილდაობდნენ. კოპალამ საწყლურად სთხოვა დევებს, ქვა მეც მასროლინეთო. დევებმა სასაცილოდ აიგდეს – შენ რა მსროლელი ხარ ამოდენა ქვებისაო. სამასხროდ კი ერთი რკინის ზოდი გადმოუგდეს, მისცეს ერთი პირშესქელებული ცული და უთხრეს: თუ ბიჭი ხარ, შეანაფოტეო.
კოპალამ შემოჰკრა ცული და ნაფოტებად აქცია. დევებს (–– 12 ––) ეცვალათ. ჰკითხეს:
რამ მოგიყვანა ჩვენთან და რა გინდაო?
რა მინდა და ეს ადგილები ჩემია და აქედან აიყარენითო, – შეუბღვირა კოპალამ დევებს.
მაშ, ვიჯილდაოთ და ვინც გაიმარჯვოს, ციხეგორაც იმას დარჩესო, – (–– 13 ––) დევებმა კოპალას. 
კარგიო, – დაეთანხმა კოპალა.
აიღეს სასროლი ლოდები და ირემაანთ კალოზე უძილაურის მთაზე ავიდნენ. ციხეგორელმა დევებმა იქიდან ხევსურეთისა და ფშავის მთების დევებს გასძახეს, მოწმეებად დაგვიდექითო.
ციხეგორელმა დევებმა (–– 14 ––) კალოზე ფეხის მოსამაგრებლად დიდი სიპები დაიდგეს. იქ ახლაც არის ეს სიპები მიწაში. ირგვლივ ყველგან რბილი მიწაა, მარტო იმ კალოსხელა მიწაზე ვერ ჩაარჭობს კაცი მარგილს, თუნდაც რკინისა იყოს. ციხეგორელი დევები სიპებზე დადგნენ და ისე ისროლეს სახლისოდენა (–– 15 ––) ციხეგორისაკენ.
დევებს ციხეგორაზე ქაჯები დაეყენებინათ ნამალევად: თუ კოპალამ გვაჯობოს, მისი ნასროლი ლოდი ჩვენი ნასროლი ლოდების აქეთ გადმოაგორეთო.
კოპალამ ნასროლი ლოდი სამოცი ნაბიჯით გადააცილა დევების ნასროლ ლოდებს. ქაჯებმა დიდი წვალებით გადმოაგორეს კოპალას ნასროლი ლოდი, მაგრამ დევების ერთ ლოდს წამოსდვეს. დაეჯაჯგურნენ და ამ დროს მოცილენიც წამოადგნენ თავს. ახლა კი (–– 16 ––) კოპალა, თავისი ლახტით დაერია დევებს და სულ გაწყვიტა.
იმ დღიდან კოპალა ციხეგორაზე ცხოვრობდა და ხალხს სხვა დევებისაგან (–– 17 ––).
ლექსიკონი:

ბუკაკა – გამოშტერებული, გამოლენჩებული (დამამცირებელი მეტსახელი)
ლახტი – ტყავის ქამარი
ჯილდაობდნენ – მიზანში ესროდნენ (ჯილდა – სამიზნე)
ზოდი – ლითონის მთლიანი ნაჭერი
კალო – მოსუფთავებული და დატკეპნილი მომრგვალო ადგილი
შეანაფოტე – ნაფოტებად აქციე
მარგილი – თავწათლილი მსხვილი სარი, იყენებენ ღობის გასაკეთებლად
(როგორც ვხედავთ, ტექსტს თან ერთვის მცირე ლექსიკონი ისეთი სიტყვებისა, რომელთა არცოდნამაც შეიძლება გაურთულოს მოსწავლეებს სასწავლო ამოცანა. ლექსიკონის დართვით მოწმდება ისიც, რამდენად შეუძლიათ ლექსიკონით სარგებლობა და გამოიყენებენ თუ არა ისინი აქ მოცემულ ახალ ლექსიკურ ერთეულებს გამოტოვებული სიტყვების აღსადგენად).

წყვილები ერთმანეთს უზიარებენ ნამუშევრებს და ამ პროცესში შეიძლება ერთი სიტყვის ნაცვლად დაგროვდეს რამდენიმე სავარაუდო პასუხი. ისინი მსჯელობენ და მიუწერენ “საკუთარ” სიტყვებს განსახვავებული ფერის კალმით, რომ შემდეგ ადვილად გაარჩიონ.

მასწავლებელი კითხულობს ტექსტის სწორ ვარიანტს და მოსწავლეებს შესწორებები შეაქვთ თავიანთ ნამუშევრებში (შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მოსწავლის მიერ შერჩეული სიტყვა უფრო ადეკვატური იყოს, ვიდრე ტექსტშია, შეიძლება სინონიმებზე აქცენტის გაკეთებაც. მნიშვნელოვანია სიტყვის სემანტიკაზე დაკვირვება. მაგალითად, რატომ “ამოგლიჯა” და არა “ამოთხარა”?). მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს, როგორ შეარჩიეს ესა თუ ის სიტყვა, რას ეყრდნობოდნენ/იყენებდნენ ამ დროს (ეს შეიძლება იყოს ტექსტის მთლიანი შინაარსი, სუბიექტური ცხოვრებისეული გამოცდილება, აბზაცის კონტექსტი და სხვა). მასწავლებლის მიზანია, დაადგინოს, რომელ კონტექსტურ გასაღებებსა და კითხვის რომელ სტრატეგიებს იყენებდნენ მოსწავლეები. ამისთვის მნიშვნელოვანია თითოეულ სიტყვაზე ცალკეული მოსწავლის პასუხის მოსმენა. მრავალფეროვანი პასუხები ამდიდრებს მათ სტრატეგიებს. მოსწავლეთა პასუხებს (ყველა ეს პასუხი შეიძლება განვიხილოთ როგორც კითხვის სტრატეგია) მასწავლებელი წერს დაფაზე/ფორმატზე. ფაქტობრივად, იქმნება გამოყენებული სტრატეგიების ჩამონათვალი. ამის შემდეგ მოსწავლეები კიდევ ერთხელ წაიკითხავენ ტექსტს, ამჯერად სახელმძღვანელოდან, თავად პოულობენ მსგავსება-განსხვავებას საკუთარ ნამუშევრებთან და ავსებენ სქემის მეორე სვეტს, რომელშიც წერენ, რა აღმოჩნდა სინამდვილეში. 
III ფაზა

მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს წერით დავალებას: მათ კალმის ხელაუღებლად უნდა დაწერონ “რა მივიღე/რა შევიძინე ამ გაკვეთილიდან?” (თუ მოსწავლეებისგან მყისიერი უკუკავშირის მიღება გვინდა, წერითი დავალება შეიძლება შეიცვალოს იმავე შეკითხვაზე ზეპირი გამოკითხვით). 
ძირითადი დასკვნები 

როგორც ვხედავთ, გაკვეთილზე დაცული იყო სამფაზიანი მოდელი. 
·პირველ ფაზაში გააქტიურდა მოსწავლეთა არსებული ცოდნა და გამოცდილება.

·მეორეში მოსწავლეები “იძულებულები გახდნენ”, ყურადღებით წაეკითხათ ტექსტი, რათა აღედგინათ გამოტოვებული სიტყვები და შეემოწმებინათ საკუთარი ვარაუდები. ლექსიკური მარაგის გააქტიურებასთან ერთად ხელი შეეწყო ტექსტის მთლიანობაში გაგებასა და გააზრებას, ამასთან, ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული კითხვის პროცესში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მასწავლებელმა მოსწავლეებს უბიძგა იმ სტრატეგიების გააზრებისკენ, რომლებიც გამოიყენეს კითხვის პროცესში სიტყვების აღსადგენად. ხმამაღლა ფიქრმა თითოეულს “აღმოაჩენინა” საკუთარი სტრატეგია, ამასთან, გაამდიდრა თითოეულის არსენალი სხვა სტრატეგიებით. ერთდროულად მოხდა მოსწავლეთა დიაგნოსტირებაცა და მეტაკოგნიტიური უნარების განვითარებაც.

·მესამე ფაზაზე “ხუთწუთიანმა წერამ” მოსწავლეები დააფიქრა გამოყენებული სტრატეგიების ეფექტიანობაზე, მათ მნიშვნელობაზე, მასწავლებელს საშუალება მისცა, მოსწავლეთა ნაწერების საფუძველზე შეეფასებინა არა მარტო მოსწავლეები, არამედ საკუთარი საქმიანობაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი