შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ უნდა გავაუმჯობესოთ საშინაო დავალების ეფექტიანობა?

მინდა გაგიზიაროთ ჩემი პრაქტიკული კვლევა, რომელიც საკვლევ ჯგუფთან ერთად თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სამაგისტრო დაცვისთვის განვახორციელე. კვლევა ჩატარდა ორ მეათე კლასში, მათემატიკის საგანში. პრაქტიკული კვლევის არსი მდგომარეობდა პრობლემის შესწავლაში (რამდენად დაკავშირებულია საშინაო დავალება საკლასო სამუშაოსთან, რამდენად გათვალისწინებულია ყველა მოსწავლის უნარ-ჩვევა, როგორ ხდება საშინაო დავალების შესწორება და რა კრიტერიუმებით ხდება შეფასება), ინტერვენციების დასახვასა და მათი ეფექტის შეფასებაში.

მოგეხსენებათ, რომ საშინაო დავალება მოსწავლეებს ხშირად ეძლევათ და ამით მათ ერთგვარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. თითოეულ დავალებას შესაძლოა სხვადასხვა მიზანი ჰქონდეს. ზოგიერთი საშინაო დავალება მოსწავლეთათვის არის სახალისო, საინტერესო და შემეცნებითი. ზოგიერთი კი პირიქით, რუტინული და მომაბეზრებელი. ამიტომ მათ ხშირად ეზარებათ დავალების შესრულება, მით უმეტეს – მაღალ კლასებში. რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა იმისათვის, რომ საშინაო დავალება არ იყოს მოსაბეზრებელი?

  • გათვალიწინებული იქნეს მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები;
  • დავალება კავშირში იყოს სასწავლო მიზნებთან;
  • დავალება იყოს სახალისო და საინტერესო, რათა მოსწავლე სიამოვნებით ასრულებდეს მას.

კვლევის დასაწყისში ვეცადეთ, დაგვედგინა, როგორ აძლევდა მასწავლებელი დავალებებს თავის მოსწავლეებს, რა სიხშირით, რა ფორმით ასწორებდა, რის მიხედვით აფასებდა და როგორ ხდებოდა უკუკავშირის გაცემა. თუ მასწავლებელი მიცემულ საშინაო დავალებას არ გამოიკითხავს და უკუკავშირს არ მოახდენს, ის დაკარგავს ინტერესს და აღარ შეასრულებს მას.

კვლევის პირველ ეტაპზე ორივე კლასში დავაკვირდით საგაკვეთილო პროცესს, რის შედეგადაც უკეთ შევისწავლეთ კლასებში არსებული პრობლემები და შევარჩიეთ რესპონდენტები სიღრმისეული ინტერვიუებისთვის. ასევე ორივე კლასში ჩავატარეთ გამოკითხვა, რომლითაც დავადგინეთ მოსწავლეების დამოკიდებულება მათემატიკის საგნის მიმართ, მათი დავალებების სიხშირე და არშესრულების მიზეზები. ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩავატარეთ ორივე მეათე კლასში როგორც მოსწავლეებთან, ასევე მასწავლებლებთან.

ინტერვიუების ფონზე უკეთ შევისწავლეთ არსებული პრობლემა და მისი გამომწვევი მიზეზები, რათა შემდეგში ეფექტიანად მომხდარიყო ინტერვენციების შემუშავება.

დამატებით გავეცანით საკლასო და საშინაო დავალების რვეულებს, რომ გაგვერკვია პედაგოგები რა მეთოდებისა და ტექნიკის საშუალებით ასწორებენ და აფასებდნენ ბავშვებს.

მეტი სიზუსტისთვის დავესწარი თვითონ გაკვეთილებსაც, რითაც გადავამოწმე ის ინფორმაცია, რომლითაც საშინაო დავალების რვეულებიდან და გამოკითხვიდან მქონდა მიღებული. გაკვეთილზე დასწრება და დაკვირვება იმაზე მეტ რეალურ პასუხს იძლევა, ვიდრე რომელიმე ფურცლიდან ამოკითხული წინადადება.

ამის შემდეგ მასწავლებლებს გავაცანი ჩვენ მიერ შესწავლილი მდგომარეობა საშინაო დავალებასთან არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, გაკვეთილზე დაკვირვება მოვახდინე ამ დროსაც, რათა უკეთ დამენახა, რამდენად მუშაობდა შეთავაზებული რეკომენდაციები. ბოლოს კი სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა მოსწავლეებთან, ისევე როგორც დასაწყისში.

დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა პრობლემები:

  • მოსწავლეები ნაკლებად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში;
  • მოსწავლეების მხრიდან არ იყო ინტერესი გამოხატული იმ საკითხებზე, რომელიც მათთვის იყო გაუგებარი საშინაო დავალების შესრულების დროს;
  • დავალებები არ იყო სახალისო და მრავალფეროვანი;
  • დავალებების შესრულება საჭიროებდა ბევრ დროს;
  • არ ხდებოდა მასწავლებლების მხრიდან ინდივიდუალური უკუკავშირი საშინაო დავალების შესრულებისას.

რეკომენდაციები, რომლებიც მასწავლებლებს მივეცით, სწორედ ამ პრობლემებიდან გამომდინარეობდა:

  • ინდივიდუალური უკუკავშირის გაზრდა ამ ამოცანის გადასაჭრელად მასწავლებლებს ვთხოვეთ, საშინაო დავალების შესრულების შემდეგ თითოეული მოსწავლისთვის რვეულში წერილობით გამოეხატათ უკუკავშირი.
  • გაკვეთილისა და საშინაო დავალების ფორმატის მრავალფეროვნების გაზრდა –  მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ თანამედროვე მეთოდების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, რაც გამოკითხვამაც აჩვენა. ამიტომ, თავდაპირველად შევეცადეთ გაგვემდიდრებინა გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდების ერთობლიობა. ახალი თემის გასაცნობად, მაგალითად, სამკუთხედის ფართობის ასახსნელად, გამოვიყენეთ ვიდეოგაკვეთილი, ვიდეოს ჩვენების შემდეგ მოსწავლეებმა დაწერეს მინი-ტესტი იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად ყურადღებით მოისმინეს ახსნილი მასალა. საშინაო დავალებას მასწავლებელი გამოიკითხავდა ბურთის სროლით, ვისაც ესროდა, იმას უნდა წაეკითხა საშინაო დავალების პასუხი. რაც შეეხება საშინაო დავალებებს, გამოვცადეთ ჯგუფური პროექტების ფორმატი, ასევე სხვადასხვა მეთოდი წყვილებში მუშაობისათვის. მოსწავლეებს დაევალათ, გაეკეთებინათ პოსტერი სამკუთხედის ფართობის შესახებ, რომელიც უნდა ყოფილიყო კრეატიული და სახალისო. ასევე, მასწავლებლებმა დაჰყვეს კლასი ორ სხვადასხვა ჯგუფად, ერთს ჰქონდა მხოლოდ ფურცლებზე დაწერილი ამოცანები, მეორეს – მხოლოდ პასუხები. ამოცანის ავტორს უნდა მოეძებნა თავისი მეწყვილე პასუხი.
  • დიფერენცირებული სირთულის დავალებების გამოყენება: შევეცადეთ მაგალითები და ამოცანები დაგვეხარისხებინა სირთულის მიხედვით, მოსწავლეებს ახალი მასალის ახსნის შემდეგ, ეძლეოდათ სხვადასხვა სირთულის დავალება. საგაკვეთილო პროცესში, მასწავლებელს მოჰქონდა ფერად ფურცლებზე დაწერილი ამოცანები, ფერები განსხვავებული იყო სირთულის მიხედვით (წითელი-ძნელი,  ყვითელი – მარტივი, მწვანე – საშუალო).
  • მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდა კლასში ჩართულობისა და ინტერესის ასამაღლებლად შევეცადეთ გაკვეთილები  და საშინაო დავალებები ყოფილიყო არაერთფეროვანი. განსხვავებულმა გაკვეთილებმა ის შედეგი გამოიღო, რომ გაკვეთილში დისციპლინის პრობლემის მქონე მოსწავლეებიც ჩაერთნენ, მაგალითად, ზოგი სამკუთხედს ჭრიდა, ზოგი ვიდეოგაკვეთილისთვის აპარატურის მომზადებაში დაგვეხმარა, ზოგს მოეწონა სამკუთხედის პოსტერის გაკეთების იდეა და სხვა.

კვლევის დასასრულ მოსწავლეებთან სიღრმისეული ინტერვიუების, კლასებში ჩატარებული გამოკითხვისა და დაკვირვების შედეგების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა მიერ დავალების შესრულების სიხშირე გაიზარდა. გაკვეთილი შედარებით სახალისო და აქტიური გახდა, რის გამოც მასში მეტი მოსწავლე ჩაერთო.

ვფიქრობ, კვლევის მიგნებები საინტერესოა არა მხოლოდ ამ კონკრეტული სკოლის მასწავლებლებისთვის, არამედ სხვა სკოლებისთვისაც, სადაც მასწავლებლები ანალოგიურ პრობლემებს აწყდებიან.

მასწავლებლებს კი, ნუ დაგვავიწყდება, რომ როგორც საგაკვეთილო პროცესი არის მეტად საინტერესო, როცა ის არის მრავალფეროვანი და გათვალისწინებულია მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები, იგივე ხდება საშინაო დავალებების შესრულების დროსაც.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი