სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

ემოციური თავისებურებები და ბავშვის ქცევის მართვა

სწავლებაში წარმატებისთვის ხშირად საგაკვეთილო პროცესის სწორად დაგეგმვა არ არის საკმარისი. ბავშვთან ურთიერთობისას როგორც საკუთრივ მისი, ისე ჩვენი ემოციური თავისებურებების გაუთვალისწინებლობა შესაძლოა უამრავი პრობლემის წყაროდ გვექცეს. წლების წინ ერთმა შეწუხებულმა მშობელმა თხოვნით მოგვმართა, დავხმარებოდით მის შვილს, რომელიც ისტორიაში არათუ მაღალი, დაბალი ნიშნის მიღებასაც ვერ ახერხებდა – საგანგებოდ მომზადებულიც კი ვერ ამჟღავნებდა გაკვეთილზე საკუთარ ცოდნას. დიტო დინჯი, მშვიდი ბიჭუნა იყო. მას საკმაოდ ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა ჰქონდა, მაგრამ დასმულ კითხვებზე მისგან პასუხის მისაღებად მასწავლებელს დიდი ძალისხმევა და მოთმინება უნდა გამოეჩინა. ისტორიის მასწავლებელისთვის ეს ადვილი არ იყო – საკუთარი ემოციური თავისებურებები უშლიდა ხელს. მარინა მასწავლებელი სწრაფად მოქმედებდა, აზროვნებდა, მეტყველებდა და იმავეს ითხოვდა ბავშვებისგანაც. ამ პედაგოგთან ურთიერთობა დიტოსთვის დაუძლეველ პრობლემად იქცა.

ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდა პატარა ტატოც, რომელიც ხასიათით ძალიან ჰგავდა უფროს მეგობარს. ერთხელ, როცა მასთან, გაკვეთილზე, სტუმრად მყოფმა, მისი პასიურობა შევამჩნიე, ვუსაყვედურე: „რატომ არ იწევდი ხელს, დავიჯერო, ასეთმა ჭკვიანმა ბიჭმა ერთ კითხვაზე მაინც არ იცოდი სწორი პასუხი?” საგონებელში ჩავარდნილმა ტატომ დინჯად მიპასუხა: „ვიცოდი, მაგრამ სანამ ხელს ავიწევდი, პასუხი უკვე გაცემული იყო და რაღა აზრი ჰქონდა ხელის აწევას?” ასეთ სიტუაციებს არცთუ იშვიათად წააწყდებით ჩვენს სკოლებში.

ვინაიდან ადამიანის ემოციური ცხოვრების საფუძველს ტემპერამენტი წარმოადგენს, სასურველია, ყველა პედაგოგი მეტ-ნაკლებად ერკვეოდეს მის არსსა და ტიპოლოგიურ თავისებურებებში და ითვალისწინებდეს ამას ბავშვთან ურთიერთობისას.
ტემპერამენტი პირველად აღწერა და ამ ცნების პირველი განმარტება, ისევე როგორც ტემპერამენტის ტიპების პირველი კლასიფიკაცია, მოგვცა ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში ძველი საბერძნეთის მოაზროვნემ, მედიცინის მამამთავარმა ჰიპოკრატემ. დღესაც, ოცდახუთი საუკუნის შემდეგ, ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიასა და ფიზიოლოგიაში მიღებულია ტემპერამენტის ის 4 ძირითადი ტიპი, რომლებიც ჰიპოკრატემ გამოყო.

ტემპერამენტის ძირითადი ტიპები:

·სანგვინიკური
·ქოლერიკული
·ფლეგმატიკური
·მელანქოლიკური

ტემპერამენტის ტიპების ძირითადი განმასხვავებელი ნიშნები:
·გრძნობათა აღმოცენების სისწრაფე
·გრძნობათა ხასიათი
·გრძნობათა ხანგრძლივობა
·გრძნობათა ექსპრესიულობის ხარისხი

სანგვინიკური ტიპი

·გრძნობები აღმოცენდება ძალიან სწრაფად;
·აღმოცენებული გრძნობა არ არის ღრმა და მტკიცე, ის ადვილად და სწრაფად ქრება;
·მიდრეკილება აქვს დადებითი ხასიათის გრძნობებისადმი;
·საკმაოდ კომუნიკაბილურია;
·ახასიათებს მკვეთრი ჟესტიკულაცია და მიმიკა;
·არის ოპტიმისტი, მხიარული, არასოდეს კარგავს მომავლის იმედს.

ქოლერიკული ტიპი 

·გამოირჩევა ემოციური აღგზნებადობით, ძლიერი განცდების სწრაფი აღმოცენებით; ეს ტიპი ადვილად ინთება, ხშირად აფექტურიც არის;
·ახასიათებს შედარებით მტკიცე, უფრო ხანიერი და ღრმა გრძნობები;
·მიდრეკილება აქვს უარყოფითი ხასიათის გრძნობებისადმი;
·ახასიათებს მდიდარი მიმიკა და მეტყველი ჟესტიკულაცია, ასევე – აჩქარებული მოქმედება და მოძრაობათა სისწრაფე.

ფლეგმატიკური ტიპი

·ახასიათებს გრძნობათა სუსტი აღგზნებადობა, მისთვის უცხოა აფექტები;
·აღმოცენებული გრძნობები არის მტკიცე და ღრმა, დიდხანს არ ქრება, პირიქით, დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ღვივდება და ძლიერდება;
·მიდრეკილება აქვს უფრო დადებითი ხასიათის გრძნობებისადმი, არის ოპტიმისტი;
·მისი მიმიკა და ჟესტები ძუნწია, არ უყვარს გრძნობების გამომჟღავნება.

მელანქოლიკური ტიპი

·ახასიათებს გრძნობათა სუსტი აღგზნებადობა;
·აქვს მიდრეკილება უარყოფითი გრძნობებისადმი; მასთან ჭარბობს უარყოფითი ემოციები; იგი პესიმისტურადაა განწყობილი, ხშირად ნაღვლიანია;
·მისი მოქმედება, ჩვეულებრივ, დუნეა, უენერგიო, უხალისო. ცხოვრების ტონუსი დაქვეითებული აქვს, გულჩათხრობილი და ეჭვიანია, ყველაფერი გულთან მიაქვს;
·გრძნობები ღრმა და ხანგრძლივია;
·ჟესტები და მიმიკა გაუბედავი აქვს.
რეკომენდაციები სხვადასხვა ტემპერამენტის ადამიანებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის
არ არსებობს ტემპერამენტის კარგი და ცუდი ტიპი; ეფექტური კომუნიკაცია შეიძლება ნებისმიერი ტემპერამენტის ადამიანთან, თუ გავითვალისწინებთ მის თავისებურებებს.

სანგვინიკი ცოცხალია, ცნობისმოყვარე, მოძრავი, მხიარული, ხალისიანი, ემოციურად არამდგრადი; ადვილად ემორჩილება გრძნობებს, მაგრამ მისი გრძნობები არ არის ძლიერი და ღრმა. სწრაფად ავიწყდება წყენა, შედარებით ადვილად იტანს წარუმატებლობას. ადვილად ეგუება ცვლილებებს.

სანგვინიკში უნდა აღვზარდოთ მდგრადი ინტერესები, სერიოზული დამოკიდებულება ნებისმიერი საქმიანობის მიმართ, აუჩქარებლობა.

ქოლერიკი გამოირჩევა მოძრაობისა და მოქმედების სისწრაფით, აღგზნებადობით. ფსიქიკური პროცესები მასში სწრაფად, ინტენსიურად მიმდინარეობს. ქოლერიკისთვის დამახასიათებელი გაუწონასწორებლობა აშკარად მჟღავნდება მის მოქმედებაში: ის გატაცებით იწყებს საქმეს, იჩენს ინიციატივას, მაგრამ ნერვული ენერგიის მარაგი შესაძლოა მალე გამოელიოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამუშაო ერთფეროვანია და მოთმინებას მოითხოვს. ამ დროს ქოლერიკს ეუფლება გულგრილობა, განწყობა მკვეთრად ეცემა.

თავშეუკავებლობის, უხეშობისა და სიფიცხის გამო ადვილად ვარდება აფექტურ მდგომარეობაში, ამიტომ მასთან მკვეთრი და ხმააწეული ტონით საუბარი რეკომენდებული არ არის, ეს მხოლოდ გააძლიერებს მის აღგზნებას. ქოლერიკზე უკეთესად მოქმედებს მშვიდი, წყნარი ხმა. სასურველია, გავითვალისწინოთ მისი დადებითი თვისებები – ენერგიულობა, აქტიურობა, ინიციატივიანობა.

ფლეგმატიკი ნელია, მშვიდი, აუჩქარებელი; საქმიანობას ეკიდება გულისყურით, ბეჯითად. მიდრეკილება აქვს წესრიგისკენ, ჩვეული გარემოსკენ; ცვლილებები არ უყვარს. დაწყებული საქმე, წესისამებრ, ბოლომდე მიჰყავს. ფსიქიკური პროცესები მასთან შენელებულია. ადამიანებთან ურთიერთობისას ის ყოველთვის მშვიდი, გაწონასწორებული და ზომიერად კომუნიკაბელურია. ფლეგმატიკის წონასწორობიდან გამოყვანა და ემოციურად დამუხტვა ადვილი არ არის. ის გაურბის ჩხუბს, უსიამოვნებას და წარუმატებლობას, ძალიან ძნელია მისი გაცინებაც და გაბრაზებაც.

ფლეგმატიკის ნაკლია ინერტულობა, სიზანტე. მას დრო სჭირდება ყურადღების მობილიზებისთვის, ერთი ობიექტიდან მეორეზე ყურადღების გადატანისთვის სასურველია, განვუვითაროთ აქტიურობა, ქმედითობა, ვიზრუნოთ, რომ არ გამოიჩინოს გულგრილობა, სიზარმაცე და ინერტულობა საქმიანობის მიმართ.

მელანქოლიკი ძნელად რეაგირებს ძლიერ გამღიზიანებლებზე. ფსიქიკური პროცესები მასში შენელებულად მიმდინარეობს. მართალია, ის სწრაფად იღლება, მაგრამ ნაცნობ სიტუაციაში თავს მშვიდად გრძნობს და ნაყოფიერად მუშაობს. მისი წყენინება ადვილია. ის მტკივნეულად განიცდის წყენას, მწუხარებას, თუმცა გარეგნულად ამ განცდებს სუსტად გამოხატავს. მიდრეკილება აქვს ჩაკეტილობისკენ, გაურბის ურთიერთობას ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან. ხშირად მორცხვობს და გრძნობს უხერხულობას უცხო ვითარებაში. საშიშ სიტუაციებში განიცდის ძლიერ შიშს.

მელანქოლიკთან ურთიერთობისას აუცილებელია სირბილე, ტაქტი, გულისხმიერება, კეთილგანწყობა. უზომო სიმკაცრე და მაღალი მოთხოვნები უფრო მეტად თრგუნავს მას და აქვეითებს მის შრომისუნარიანობას. მელანქოლიკს ხშირად სჭირდება მოწონება, შექება და გამხნევება. 
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, ალბათ, ბევრს გაუჩნდა სურვილი, მიიღოს ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც მას საკუთარი თუ ბავშვის ტემპერამენტის ტიპის განსაზღვრაში დაეხმარება. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, ვერიდოთ ფართო მკითხველისთვის  ფსიქოლოგიური ტესტების მიწოდებას – ასეთი ტესტის გამოყენება და, მით უმეტეს, შედეგების ინტერპრეტირება კვალიფიციური ფსიქოლოგის საქმეა, ვინაიდან მცირე უზუსტობაც კი შესაძლოა სიკეთის ნაცვლად ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. ამასთან, ვფიქრობთ, ტემპერამენტის ტიპების ზემოთ მოყვანილი დახასიათება გარკვეულწილად დაეხმარება ადამიანს საკუთარი ტიპის განსაზღვრაში. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტემპერამენტის წმინდა ტიპები იშვიათად გვხვდება – ადამიანთა უმრავლესობა ნარევს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს როგორც ერთი, ისე მეორე ტიპის ნიშნები. საყურადღებოა, რომ ტემპერამენტის წმინდა ტიპებს ბავშვებთან უფრო ვხვდებით, ვიდრე მოზრდილებთან. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანი ასაკის მატებასთან ერთად უკეთესად ახერხებს იმ მახასიათებელთა გამოვლენის შესუსტებას, რომლებიც მას სხვებთან ურთიერთობას ურთულებს.
ქვემოთ წარმოდგენილ ნახატზე დანიელმა მხატვარმა ბიდსტრუპმა დიდი ოსტატობით გამოსახა ტემპერამენტის 4 ტიპი. ვფიქრობთ, ჩვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მეშვეობით მკითხველი ადვილად ამოიცნობს თითოეულ მათგანს ერთსა და იმავე სიტუაციაში მოქმედების მიხედვით:

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი