პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

WEB-ქვესტების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში

21-ე საუკუნეში თანამედროვე პედაგოგის აუცილებელი და ბუნებრივი ამოცანაა მოსწავლეებისთვის კომპიუტერული საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების ჩვენება. კომპიუტერული საინფორმაციო ტექნოლოგიები, არის სფეროთა კომპლექსი, რომელსაც განეკუთვნება კომპიუტერული ტექნიკის მეშვეობით საინფორმაციო მონაცემების შექმნა, შენახვა და დამუშავება. მოგეხსენებათ, რომ ყოველივე ამისთვის საჭირო ტექნიკურ აღჭურვილობას წარმოადგენს კომპიუტერი, პროგრამული უზრუნველყოფა, ინტერნეტი და ქსელი.

კომპიუტერული კლასების, ინტერაქტიული დაფების, კომპიუტერული მიკროლაბორატორიებისა და მულტიმედიური სახელმძღვანელოების მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა, აღმოვაჩინოთ ქიმიის (ან სხვა ნებისმიერი საგნის) კურსთან ინფორმაციული ცოდნის ინტეგრაციის ახალი გზები. ამით საგნის სწავლებას უფრო მობილურსა და თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნებთან ადაპტირებულს გავხდით. ყოველივე ეს კი, ქიმიის შესწავლის  მოტივაციას და მზარდ ინტერესს გამოიწვევს, ასევე შექმნის ახალ საშუალებებს ქიმიის აქტიური სწავლებისათვის.

კომპიუტერული საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება შესაძლებელია საგაკვეთილო პროცესის სხვადასხვა ეტაპზე რამდენიმე მიმართულებთ: კურსის პროგრამული მხარდაჭერა, ცოდნის კონტროლი და კორექცია, პრეზენტაციები და პროექტებზე მუშაობა.

სასწავლო პროცესში საგანმანათლებლო ინტერნეტ-ტექნოლოგიების გამოყენებისას დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტგაკვეთილები. განსაკუთრებულად საინტერესო ფორმას Web-ქვესტის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილი წარმოადგენს.

სიტყვა „ქვესტი“ (ინგლისურად quest – ძებნა) აღნიშნავს თამაშს. საგანმანათლებლო პროცესში კი ქვესტი საგანგებოდ ორგანიზებული კვლევითი სამუშაოს სახეობაა, რომლის შესასრულებლადაც მოსწავლეები რეალურ დროში ახორციელებენ მითითებულ მისამართებზე ინფორმაციის მოძიებას, თვით ამ მისამართების, სხვა ობიექტების, ადამიანების, დავალებებისა და სხვათა ძებნას.

რა არის Web-ქვესტი? პედაგოგიკაში, ეს პრობლემური დავალება, მინი-პროექტია როლური თამაშის ელემენტებით, რომლის შესასრულებლად საჭიროა ინტერნეტში არსებული საინფორმაციო რესურსების გამოყენება.

Web-ქვესტები შეიძლება მოიცავდეს ცალკეულ პრობლემას, სასწავლო საგანს, თემას, იყოს განსხვავებულ საგანთა მაკავშირებელი, ხანმოკლე (ერთი ან ორი მეცადინეობა) და ხანგრძლივი (რამდენიმე მეცადინეობა, ერთი თვე).

ბერნი დოდჯი  Web-ქვესტებისთვის შემდეგი სახის დავალებებს აღწერს: თხრობა – თემის ცოდნის დემონსტრირება, სხვადასხვა წყაროებიდან აღებულ მასალაზე დაყრდნობით და მისი ახალი ფორმატით წარმოდგენის გზით; პრეზენტაციის, პლაკატის, მოთხრობის შექმნა; დაგეგმარება და პროექტირება – მოცემული პირობების გათვალისწინებით გეგმის ან პროექტის შემუშავება; თვითშემეცნება – პიროვნების კვლევის ნებისმიერი ასპექტები; კომპილაცია – სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის ფორმატის ტრანსფორმაცია; წიგნის, ვირტუალური გამოფენის შექმნა; შემოქმედებითი დავალება- შემოქმედებითი სამუშაო, გარკვეულ ჟანრში – პიესის, ლექსის, სიმღერის, ვიდეორგოლის შექმნა; ანალიტიკური დავალება – ინფორმაციის მოძიება და სისტემატიზაცია; დეტექტივი, თავსატეხი, საიდუმლოებით მოცული ისტორია – ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტების საფუძველზე დასკვნების გაკეთება; კონსენსუსის მიღწევა – ძირითად პრობლემაზე გადაწყვეტილების შემუშავება; შეფასება – გარკვეული თვალსაზრისის დასაბუთება; ჟურნალისტური გამოძიება – ინფორმაციის ობიექტურად  გადმოცემა (ფაქტებისა და აზრთა სხვადასხვაობა); დარწმუნება – ოპონენტების ან ნეიტრალურად განწყობილი სუბიექტების გადმობირება; სამეცნიერო კვლევები – სხვადასხვა მოვლენების, აღმოჩენებისა და ფაქტების შესწავლა, უნიკალურ ონლაინ წყაროებზე დაყრდნობით.

Web-ქვესტების პოპულარული ფორმები ასევე შესაძლოა განსხვავებული იყოს. მაგალითად: პრობლემის გარშემო მონაცემთა ბაზის შექმნა, რომლის ყველა დანაყოფს მოსწავლეები ამზადებენ; მიკროსამყაროს შექმნა, სადაც მოსწავლეები შეძლებენ ფიზიკური სივრცის მოდელირებით ჰიპერბმულების მეშვეობით გადაადგილებას; ინტერაქტიური ისტორიის დაწერა (მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ სამუშაოს გაგრძელების ვარიანტები) ამისათვის ყოველ ჯერზე მითითებულია შესაძლო ერთი-ორი მიმართულება; დოკუმენტის შექმნა, რომელიც რომელიმე რთული პრობლემის ანალიზს იძლევა და იწვევს მოსწავლეებს დაეთანხმონ ან არ დაეთანხმონ ავტორის მოსაზრებას; ვირტუალურ პერსონაჟთან ონლაინინტერვიუ მოსწავლეთა მიერაა შემუშავებული, რომლებმაც ღრმად შეისწავლეს მოცემული პიროვნება (რესპონდენტი შეიძლება იყოს პოლიტიკოსი, ლიტერატურული პერსონაჟი, გამოჩენილი მეცნიერი და ა.შ.).

ამგვარად, მოსწავლეები არამარტო აგროვებენ, აანალიზებენ და განავრცობენ ინფორმაციას, არამედ აკეთებენ დასკვნებს, ახდენენ საკუთარი მოსაზრების ფორმირებასა და დაცვას. ისინი საკუთარ საქმიანობას დასახული ამოცანის გადაჭრისკენ მიმართავენ და ამ გზით უვითარდებათ შემეცნებითი და კვლევითი მოღვაწეობის ჩვევები. ამ შემთხვევაში ინტერნეტი წარმოადგენს საშუალებას, რომელიც გაკვეთილს უფრო კონსტრუქციულსა და ნაყოფიერს ხდის, მოსწავლეთა საქმიანობა კი უფრო შემოქმედებითია. სხვადასხვა წყაროებიდან მოძიებული ინფორმაციის ამგვარი გარდაქმნის პროცესი, აზროვნების განვითარებასა და მყარი ცოდნის მიღებას განაპირობებს.

ქიმიის გაკვეთილზე შესაძლებელია მოსწავლეებთან ერთად ვიმოგზაუროთ ქიმიურ საწარმოებში, ვირტუალურ გამოფენებზე, გავხსნათ ელექტრონული სახელმძღვანელოები, გავეცნოთ გამოჩენილ ქიმიკოსთა ცხოვრებასა და მოღვაწეობას, გავიაროთ ონლაინტესტები და სხვა.

Web-ქვესტების მეთოდიკა, უნივერსალური და მარტივია, ამისათვის მხოლოდ ინტერნეტში ჩართული კომპიუტერია საჭირო. მის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მოსწავლეებთან დამოუკიდებელი ან ჯგუფური მუშაობისთვის საჭირო ინფორმაცია სრულად ან ნაწილობრივ განთავსებულია სხვადასხვა ვებსაიტზე, რომლებზე გადასვლაც დავალების გვერდიდან ჰიპერბმულებითაა შესაძლებელი.

Web-ქვესტებთან მუშაობა მოიცავს გარკვეულ ეტაპებს: პრობლემის დასმა, Web-ქვესტის დავალებასთან გაცნობა, დავალების შესრულება ინტერნეტ-რესურსებზე დაყრდნობით, დავალების გაფორმება, სამუშაოს შედეგების განხილვა.

სამუშაო რომ მაქსიმალურად ეფექტური იყოს, Web-ქვესტი უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისგან:

  • შესავალი, რომელშიც მოცემულია საწყისი სიტუაცია;
  • საინტერესო დავალება, რომელიც რეალურად შესრულებადია და სადაც ნათლადაა განსაზღვრული დამოუკიდებელი მუშაობის საბოლოო შედეგები;
  • სამუშაოს მიმდევრობა, რომელიც ქვესტის ყველა მონაწილემ უნდა დაიცვას დამოუკიდებლად დავალების შესრულებისას. და აუცილებელი რესურსები – ეს აუცილებელი ბმულებია ქსელის რესურსიდან, (ელექტრონული სახით კომპაქტ-დისკზე, ვიდეო-აუდიო მატარებლებზე, ქაღალდზე, ბმულები ინტერნეტ-რესურსებიდან, ვებსაიტების მისამართები თემასთან დაკავშირებით და ა.შ.). ასევე დამხმარე მასალები (მაგალითები, შაბლონები, ცხრილები, ბლანკები, ინსტრუქციები და ა.შ.)
  • როლების შერჩევა, რა სახითაც უნდა შესრულდეს დავალება. გეგმის აღწერილობა ყოველი როლისთვის.
  • სამუშაო პროცედურის აღწერა, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულოს Web-ქვესტის ყველა მონაწილემ დამოუკიდებლად მუშაობისას (ეტაპები).
  • Web-ქვესტის შეფასების კრიტერიუმებისა და პარამეტრების აღწერა. შეფასების კრიტერიუმების შკალა ნებისმიერი Web-ქვესტის ძირითად ნაწილს წარმოადგენს, რომელზე დაყრდნობითაც პროექტის მონაწილენი საკუთარ თავსა და თანაგუნდელებს აფასებენ. ამავე კრიტერიუმებით სარგებლობენ მასწავლებლებიც. ვებ-ქვესტი, კომპლექსური დავალებაა, ამიტომ მისი შესრულება რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. რეკომენდებულია 4-დან 8-მდე კრიტერიუმის გამოყენება: კვლევითი და შემოქმედებითი სამუშაო, არგუმენტაციის ხარისხი, სამუშაოს ორიგინალობა, მიკროჯგუფში მუშაობის ჩვევები, დეკლამაცია, მულტიმედიური პრეზენტაცია, წერილობითი ტექსტი და სხვა.
  • დასასრული, სადაც ჯამდება გამოცდილება და ახალი უნარები, რომლებიც მოსწავლეებმა Web-ქვესტის შესრულებისას შეიძინეს.

           მსგავსი გაკვეთილები სასურველია ჩატარდეს განზოგადებულად, ყოველი თემის შესწავლის შემდეგ. ისინი საინტერესო, გასაგები და სახალისოა. ასეთი გაკვეთილების შემუშავება პედაგოგის განსაკუთრებულ მომზადებას მოითხოვს, რადგან მან არამარტო  უნდა შექმნას ქვესტი, არამედ უნდა შეარჩიოს სათანადო ინფორმაცია ინტერნეტიდან. ამგვარი სამუშაოთი დაკავებისას უნდა გვახსოვდეს, რომ ინტერნეტი ძალზე საჭირო რესურსია ქიმიის (ზოგადად) პედაგოგისთვის, მაგრამ თუ ზომიერად არ გამოვიყენეთ, მან შესაძლოა დიდი დრო და ენერგია წაგვართვას, რომელიც სხვა მიზნებისთვის უნდა იქნეს გამოყენებული. ინტერნეტში სპეციალურად შემუშავებული მრავალი შაბლონია მსგავსი გაკვეთილის ვებგვერდის ან ვებსაიტის შესაქმნელად. ეს შაბლონები საშუალებას იძლევა შევქმნათ საკუთარი Web-ქვესტი, როგორც ონლაინ ასევე ავტონომიურ (ოფლაინ) რეჟიმში. ინტერნეტგაკვეთილის ჩატარებისას, კარგია, თუ ჩავრთავთ ინფორმატიკის პედაგოგებს, რომლებიც დაგვეხმარებიან გაკვეთილის საიტის ვებდიზაინის შექმნასა და მის ინტერნეტში განთავსებაში.

ქართული ინტერნეტ რესურსები მუდმივად განახლებადია. თუმცა მაინც იგრძნობა ქიმიაში საჭირო ქართულენოვანი ინფორმაციის ნაკლებობა, ამიტომ კარგი იქნება თუ საჭიროების შემთხვევაში ასეთ გაკვეთილს ინტეგრირებულად უცხო ენის პედაგოგთან ერთად ჩავატარებთ. უდავოა, რომ ინტეგრირებული გაკვეთილები, მაგალითად, ქიმიისა სხვა საგნებთან, როგორიცაა ისტორია, ინფორმატიკა, ბიოლოგია და სხვა, მეტად სასარგებლო და საინტერესოა.

გთავაზობთ განვიხილოთ ინტერნეტ-გაკვეთილის ეტაპები, Web-ქვესტების გამოყენების ტექნოლოგიით.

თემა  – „Understanding Atom“, „ზოგადი ცნობები ატომზე“.

https://questgarden.com/91/03/9/091113174533/index.htm

ამ Web-ქვესტში მოსწავლეები აკეთებენ ექსპოზიციას ატომის ისტორიის მუზეუმისთვის. Web-ქვესთზე მუშაობა რამდენიმე ეტაპად შეგვიძლია დავყოთ:

პრობლემის დასმა, თემაში ჩაღრმავება.

პირველ ეტაპზე მასწავლებელი მოსამზადებელ სამუშაოს ატარებს, აკეთებს პრობლემის ფორმულირებას, მოსწავლეები უღრმავდებიან თემას. მოსწავლეები, მუზეუმის პერსონალის როლში არიან, რომლებიც ატომის ისტორიის შესახებ გამოფენას ამზადებენ მეცნიერების მუზეუმში.

Web-ქვესტის დავალების გაცნობა.

მოცემული Web-ქვესტისთვის 4 ძირითადი ამოცანა სრულდება: 1. კვლევის ვებსაიტის შესწავლა 2. გეგმის შედგენა, რომელიც მოიცავს ატომის ისტორიის მნიშვნელოვან თარიღებს, მონაცემებს მეცნიერების შესახებ, ატომის აღნაგობის განსხვავებულ თეორიებს. 3. უნდა შეიქმნას მოდელები, ატომის განსხვავებული აღნაგობების დემონსტრირებისთვის. 4. გამოფენაზე სადემონსტრაციოდ უნდა შემუშავდეს და წარმოდგენილ იქნეს კვლევა, ექსპოზიციის სახით. სამუშაოს დაწყებამდე, პედაგოგი აფრთხილებს მოსწავლეებს, რომ კარგი იქნება, თუ ნახავენ შეფასების კრიტერიუმებს, რათა დამოუკიდებლად აკონტროლონ და კარგად დაგეგმონ სამუშაო. მოცემულ Web-ქვესტში, შეფასების კრიტერიუმები და შკალა, აღწერილია ამ საიტზე: https://questgarden.com/91/03/9/091113174533/evaluation.htm

დავალების შესრულება, ინტერნეტ- რესურსების საფუძველზე.

დავალების შესასრულებლად, კლასი იყოფა 3-კაციან ჯგუფებად, რომელთაც კონკრეტული დავალებები და შესაბამისი როლები აქვთ. Timeline Designer – მოსწავლე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კვლევაზე, მისი დავალებაა განახორციელოს ინფორმაციის მოძიება. სამუშაოს დასრულების შემდეგ ის გადაინაცვლებს მეორე მონაწილესთან, ასევე მუშაობს პრეზენტაციის კოორდინატორთან, რათა შეაგროვოს საბოლოო მოდელები ექსპოზიციისთვის. Atom Builder – ეს მონაწილე შექმნის ორ-სამ ან მეტ განზომილებიან ატომის მოდელებს. ყოველი მოდელი უნდა გამოხატავდეს ატომის აგებულების თეორიას, უნდა მოიცავდეს ატომის განსხვავებული ნაწილების გასაღებს. Atom Builder იმუშავებს, Timeline Designer-თან, რათა გადაწყვიტონ, თუ რომელი მოდელი უნდა აიგოს. Atom builder ასევე კავშირში უნდა იყოს პრეზენტაციის კოორდინატორთან, რათა საბოლოოდ შეკრას ექსპოზიცია. Presentation Coordinator – ეს პერსონა პასუხისმგებელი იქნება სადემონსტრაციო მასალების შექმნაზე. ამისათვის პრეზენტაციის კოორდინატორი იმუშავებს ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად.

სამუშაოს შედეგების გაფორმება.

 შედეგების გაფორმებისას ხდება ჩატარებული კვლევის გაანალიზება. ამ ეტაპზე, სამუშაო ითვალისწინებს დაგროვილი მასალიდან განსაკუთრებული მნიშვნელობის ინფორმაციის გადარჩევას. ჯგუფების მუშაობის შედეგებს მოსწავლეები აფორმებენ დოკუმენტის სადემონსტრაციო ტაბლოს სახით (პოსტერი, ტრიპტიხი, პლაკატი), რომლის ნიმუშიც პედაგოგის მიერ არის მითითებული შემდეგ ბმულზე:

https://www.sciencebuddies.org/science-fairprojects/project_display_board.shtml. ატომის მოდელები სამუზეუმო ექსპონატის სახით მზადდება.

სამუშაოს შედეგების განხილვა.

ეს ბოლო ეტაპია, სადაც ჯამდება დამოუკიდებელი სამუშაოს შედეგები. მოცემულ Web-ქვესტში, განხილვა მიმდინარეობს გამოფენაზე, სადაც მოსწავლეები, მას შემდეგ, რაც გაიაზრეს და გაითავისეს შესრულებული სამუშაოს მნიშვნელობა, საკუთარი ნაშრომის დემონსტრირებას ახდენენ.

საინტერესო ბმულებია:

https://questgarden.com/93/43/1/091210174045/index.htm

https://questgarden.com/95/02/6/100125071042/index.htm

https://questgarden.com/101/59/7/100424125206/index.htm

https://questgarden.com/82/55/0/100411162809/process.htm

https://sites.google.com/site/vebkvesthimiaizizn11klass/

https://webcache.googleusercontent.com/search?q=cache:https://departments.jordandistrict.org/curriculum/science/secondary/archive/grade8/80102/ChemistryWebquest.doc

https://webquest.org/index-create.php

https://www.itlt.edu.nstu.ru/webquest_templates.php#1

https://sites.google.com/site/studentwebquesttemplate/,

https://zunal.com/

https://nsportal.ru/vu/fakultet-inostrannykh-yazykov/obrazovatelnaya-tehnologiya-veb

kvest/kak-sozdat-veb-kvest

https://www.greenwichschools.org/search-results?q=web-quest%20

https://www.brighthubeducation.com/teaching-methods-tips/70489-using-webquests-in-the-     classroom/

წყაროები:

  1. page https://webquest.org
  2. WebQuest Resource Page https://academics.smcvt.edu/cbauer-ramazani/Links/webquests.htm
  3. What is a WebQuest? https://www.thirteen.org/edonline/concept2class/webquests/index.html
  4. March Criteria for Assessing Best WebQuests. 2002-2003. https://tommarch.com/writings/ascdwebquests/
  5. Осяк С.А., Султанбекова С.С., Захарова Т.В., Яковлева Е.Н., Лобанова О.Б., Плеханова Е.М. Образовательный квест – современная интерактивная технология. Современные проблемы науки и образования. 2015, № 1-2.; https://www.science-education.ru/ru/article/view?id=20247
  6. Dusty Carroll. Websites for teaching chemistry

https://webcache.googleusercontent.com/search?q=cache:https://www.sas.upenn.edu/~carrolld/WebCritique.htm

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი