ხუთშაბათი, ივლისი 9, 2026
9 ივლისი, ხუთშაბათი, 2026

თომას გორდონი- ჩვენი შვილების სხვა „მშობლები“

0
თავიანთი ცხოვრების განმავლობაში ჩვენს შვილებზე აუცილებლად ზემოქმედებენ ის ზრდასრულებიც, რომელთაც გარკვეული პასუხისმგებლობა გადავუნაწილეთ. რაკი ეს ადამიანები ჩვენი შვილებისთვის გარკვეულწილად მშობლის ფუნქციებს ასრულებენ, ცხადია, მათაც ძლიერი გავლენა ექნებათ ბავშვების ზრდასა და განვითარებაზე. მხედველობაში მყავს ბებიები და პაპები, ნათესავები, ძიძა, მასწავლებლები, სკოლის დირექტორი, მწვრთნელი, საკვირაო სკოლის პერსონალი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ოფიცრები.

როდესაც შვილებს ასეთ „სუროგატ მშობლებს” ვანდობთ, მათი ეფექტურობის რა გარანტია გვაქვს? შეძლებენ თუ არა ეს ზრდასრულები ჩვენს ქალიშვილთან ან ვაჟიშვილთან ისეთ ურთიერთობას, რომელიც „თერაპიული” და კონსტრუქციული იქნება, თუ, პირიქით, – იქნება „არათერაპიული” და დესტრუქციული? რამდენად ეფექტური დამხმარე აგენტები იქნებიან ისინი ჩვენი მოზარდებისთვის? შეგვიძლია მათ მივანდოთ შვილები და ვიყოთ მშვიდად?

ეს მნიშვნელოვანი კითხვებია, რადგან შვილების ცხოვრებაზე ძლიერ გავლენას მოახდენენ ის უფროსები, ვისთანაც ექნებათ ურთიერთობა. 

მშობლის სუროგატ ბევრ ზრდასრულს საჭირო უნარები P.E.T. კურსებით ან ვიდეო თვითმასწავლებლის საშუალებით აქვს განვითარებული. მათ სხვა ისეთ სპეციალურ საწვრთნელ პროგრამებსაც ვთავაზობთ, როგორიცაა: „მასწავლებლის ეფექტურობის წვრთნა” (Teacher Effectiveness Training – T.E.T.), ლიდერის ეფექტურობის წვრთნა (Leader Effectiveness Training – L.E.T.) და კონფლიქტის გადაჭრის სწავლება (Conflict Resolution Workshop) და სხვ. ჩვენი აზრით, ამ ადამიანთა უმრავლესობა შვილებთან დამოკიდებულებისა და ურთიერთობის მეთოდების თვალსაზრისით ძალიან ჰგავს მშობლებს. კერძოდ, მათ არ იციან ბავშვების მოსმენა, მათ ისე ესაუბრებიან, რომ შედეგად ბავშვი ითრგუნება და თვითშეფასება უმცირდება, ბავშვის ქცევის მანიპულირებისა და კონტროლისათვის ძირითადად ავტორიტეტსა და ძალაუფლებას იყენებენ, იფარგლებიან კონფლიქტის გადაჭრის ორი გამარჯვება-დამარცხება მეთოდით, ზღუდავენ, კიცხავენ, არცხვენენ ბავშვებს. ასე ცდილობენ ჩამოუყალიბონ ღირებულებები და რწმენა და ისინიც საკუთარი ხატის მიხედვით „გამოძერწონ”.

ბუნებრივია, ამ უფროსებშიც, ისევე როგორც მშობლებში ვხვდებით გამონაკლისებს, თუმცა, ზოგადად, ჩვენი შვილების ცხოვრების თანამონაწილე ზრდასრულებს არასაკმარისად ჩამოყალიბებული დამოკიდებულებები და უნარები აქვთ იმისთვის, რომ ეფექტური დამხმარე აგენტები იყვნენ. მშობლების მსგავსად არც მათ უსწავლიათ, როგორ გამხდარიყვნენ ეფექტური „თერაპიული აგენტები” ბავშვთან ან მოზარდთან ინტერპერსონალური ურთიერთობისას. ამიტომაც, სამწუხაროდ, შესაძლებელია ზიანიც კი მიაყენონ ჩვენს შვილებს.

 

მაგალითისთვის სკოლის მასწავლებლებსა და ადმინისტრატორებს მოვიყვან, თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ სწავლება ან ყველაზე არაეფექტურები არიან. მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ის გახლავთ, რომ სწორედ ისინი ატარებენ ჩვენს შვილებთან დიდ დროს და, შესაბამისად, მათზე დადებითი თუ უარყოფითი ზემოქმედების უდიდესი პოტენციალი აქვთ. მრავალ სკოლასთან ურთიერთობის გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ სკოლა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ძირითადად ავტორიტარული ინსტიტუტია, რომლის ორგანიზაციული სტრუქტურა და ლიდერობის ფილოსოფია სამხედრო ორგანიზაციისას წააგავს. 

მოსწავლეთა ქცევის წესებსა და რეგულაციებს, როგორც წესი, ცალმხრივად განსაზღვრავენ ხელმძღვანელობის იერარქიის თავში მდგომი ზრდასრულები იმ მოსწავლეების მონაწილეობის გარეშე, რომელთაგან წესების შესრულებასა და მორჩილებას მოელიან. ამ წესების დარღვევას დასჯა მოსდევს – ზოგჯერ კი, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ფიზიკური დასჯაც. კლასის დამრიგებელსაც კი არ აქვს ხმის უფლება. მეტიც, მათ ძირითადად იმის მიხედვით აფასებენ, რამდენად ეფექტურად ინარჩუნებენ წესრიგს და არა იმის მიხედვით, რამდენად ეფექტურად შეუძლიათ სწავლის სტიმულირება. 

ამას გარდა, სკოლა თავს ახვევს მოსწავლეებს ისეთ სასწავლო პროგრამას, რომელსაც მათი უმრავლესობა მოსაწყენად მიიჩნევს და თვლის, რომ მას არაფერი აქვს საერთო რეალურ ცხოვრებასთან. აცნობიერებენ რა, რომ ასეთი პროგრამა ვერ გაუღვივებს მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას ინტერესის ნაკლებობისა და არარელევანტურობის გამო, თითქმის ყველა სკოლა აამოქმედებს ხოლმე ჯილდოსა და სასჯელის სისტემას – ყოვლისმომცველ შეფასებას – რაც თითქმის სრულ გარანტიას გვაძლევს, რომ ბავშვების გარკვეულ, საკმაოდ მაღალ პროცენტულ რაოდენობას ექნება იარლიყი – „საშუალოზე დაბალი”.

მასწავლებლები ხშირად ტუქსავენ და თრგუნავენ ბავშვებს კლასში. გაკვეთილის მოყოლისთვის მათ აჯილდოებენ, ხოლო განსხვავებული აზრისა და წინააღმდეგობისთვის სჯიან. თითქმის ყველგან, განსაკუთრებით კი, დაწყებითი სკოლის ბოლო, საბაზო და საშუალო სკოლის ყველა კლასში მასწავლებლებს ძალიან უძნელდებათ მოსწავლეთა ჩართვა მნიშვნელოვან ჯგუფურ დისკუსიებში, რადგან მასწავლებელთა უმრავლესობა, ჩვეულებრივ, მოსწავლეთა მონაწილეობაზე „თორმეტი გზის ჩამკეტის” საშუალებით რეაგირებს. მოსწავლეთა ღია და გულწრფელი კომუნიკაცია, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არც ერთ მასწავლებელს არ ახარებს.   

როდესაც მოსწავლეები ამგვარ კლასებში „თვითგამოხატვას” იწყებენ, რაც სავსებით ბუნებრივია, ასეთ „არათერაპიულ” და უინტერესო გარემოში, შედეგად წარმოქმნილი კონფლიქტები ჩვეულებრივ I მეთოდით იჭრება. ბავშვებს აგზავნიან სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელთან ან დირექტორთან, რომელსაც ევალება მასწავლებელი–მოსწავლის კონფლიქტის გადაჭრა მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესს არ ესწრება კონფლიქტის ერთ–ერთი მონაწილე მხარე, კერძოდ, მასწავლებელი. როგორც წესი, დირექტორი ვარაუდობს, რომ დამნაშავეა მოსწავლე და, შესაბამისად, სჯის, მოძღვრავს ან იძულებით ართმევს მორჩილების დაპირებას. 

სკოლების უმრავლესობაში მოსწავლეებს აშკარად ართმევენ სამოქალაქო უფლებებს – სიტყვის, საკუთარი გემოვნებით ვარცხნილობის, ჩაცმის სტილის არჩევის თავისუფლებას. სკოლა ასევე უარყოფს ბავშვის უფლებას უარი თქვას საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე და თუკი ბავშვი გასაჭირში ვარდება, ადმინისტრატორი იშვიათად იცავს  „შესაბამის სამართლებრივ პროცედურას”, რომელიც ყველა მოქალაქეს სასამართლო სისტემით აქვს გარანტირებული.

იქნებ ეს სკოლის დამახინჯებული რეალობაა? ჩემი აზრით, არა! სკოლის სისტემის მრავალი სხვა მკვლევარიც აღნიშნავს ზემოთ აღწერილ ნაკლოვანებებს. (იხ. დამატებით ლიტერატურაში ჰოლტის, ნეილის, როჯერსის შრომები). მეტიც, შეგვიძლია ბავშვებს ვკითხოთ აზრი სკოლისა და მასწავლებლების შესახებ და ვნახავთ, რომ უმრავლესობას სძულს სკოლა და აღიარებს, რომ მასწავლებელი უპატივცემულოდ და უსამართლოდ ექცევა. მათი უმრავლესობის გამოცდილებით სკოლა ის ადგილია, სადაც უნდა იარონ; სწავლა ძალზე იშვიათად არის სასიამოვნო ან სახალისო, მოსაბეზრებელი შრომაა; მასწავლებლები კი, პოლიციის უჟმური ოფიცრები არიან. 

როდესაც ბავშვებზე პასუხისმგებლობას ისეთ ზრდასრულებს ვაკისრებთ, რომლებთან ურთიერთობა უარყოფით ემოციებს ბადებს, ალბათ, უსამართლო იქნება მხოლოდ მშობლებს მოვთხოვოთ პასუხისმგებლობა შვილების გამო. მშობელი, უდავოდ, შეგვიძლია დავადანაშაულოთ, მაგრამ დანაშაული სხვა ზრდასრულებმაც უნდა გაიზიარონ. 

რის გაკეთება შეუძლია მშობელს? შეუძლია თუ არა კონსტრუქციულად იმოქმედოს თავისი შვილების სხვა მშობლებზე? აქვს თუ არა უფლება გადაწყვიტოს, როგორ დაელაპარაკონ ან მოექცნენ მის შვილებს სხვა უფროსები? ჩემი აზრით, არა მარტო შეუძლია, არამედ ევალება კიდეც. ამისთვის მან პასიურობასა და სხვებზე დამოკიდებულებას უნდა სძლიოს. 

პირველ რიგში, ისინი მუდამ ფხიზლად უნდა იყვნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტში უფროსების მიერ ბავშვების კონტროლისა და დათრგუნვის მცდელობის ნებისმიერი გამოვლინების მიმართ. შვილები უნდა დაიცვან და შეეწინააღმდეგონ მათ, ვინც „მტრად გაზრდას” ქადაგებს, ვინც ბავშვებთან ურთიერთობაში ძალისა და ძალაუფლების გამოყენებას „კანონისა და წესრიგის” ლოზუნგით იწონებს, ავტორიტარული მეთოდების გამოყენებას იმით ამართლებს, რომ ბავშვებს არ შეიძლება ვანდოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და თვითდისციპლინა.

მშობელმა უარი უნდა თქვას სათადარიგო მოთამაშის სკამზე და საკუთარი შვილების სამოქალაქო უფლებები ყოველ ჯერზე იმ ზრდასრულებისგან უნდა დაიცვას, ვინც თვლის, რომ ბავშვები არ იმსახურებენ ამ უფლებებს. 
მშობლებს ისეთი პროგრამების მხარდაჭერა და ხელშეწყობაც შეუძლიათ, რომლებიც სკოლის რეფორმის ინოვაციურ იდეებსა და მეთოდებს გვთავაზობს – სასწავლო პროგრამის რეფორმა, შეფასების სისტემის გაუქმება, სწავლების ახალი მეთოდების დანერგვა, მოსწავლეებისათვის დამოუკიდებლად და მათივე ტემპით სწავლის თავისუფლება, ინდივიდუალური მეცადინეობები, მოსწავლეებისთვის სკოლის მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობა, მასწავლებლებისთვის ბავშვებთან ურთიერთობის უფრო ჰუმანური და თერაპიული მეთოდების სწავლება. 

ასეთ პროგრამებს უკვე ახორციელებენ ის საზოგადოებები, რომელსაც სკოლის სრულყოფა სურთ. ბევრი მათგანი შემუშავების ეტაპზეა. მშობელს არ უნდა ეშინოდეს ახალი საგანმანათლებლო პროგრამების, პირიქით, უნდა დაეხმაროს სკოლის ადმინისტრაციას სიახლის გამოცდასა და მისი შედეგების შემოწმებაში.

პროგრამა, რომელსაც ყველაზე უკეთ ვიცნობ „მასწავლებლის ეფექტურობის წვრთნაა (Teacher Effectiveness Training – T.E.T.). ეს კურსი ასობით სკოლას შევთავაზეთ როგორც შეერთებული შტატების მასშტაბით, ასევე სხვა ქვეყნებში. მისი შედეგები იმედისმომცემია. 

კალიფორნიის შტატის ქალაქ კუპერტინოს ერთ-ერთი საბაზო სკოლის დირექტორი ჩვენმა პროგრამამ დაარწმუნა, რომ მასწავლებლები და მოსწავლეები მოსწავლეთა ქცევის წესების შემუშავებაში უნდა ჩაერთო. უფროსისა და უმცროსის თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილმა ჯგუფმა უარი თქვა წესების ძველ სქელ წიგნზე და მის ნაცვლად ორად-ორი მარტივი წესი შეიმუშავა: არავის აქვს უფლება ხელი შეუშალოს სხვას სწავლაში და არავის აქვს უფლება ფიზიკურად შეეხოს სხვას! აი, რა თქვა დირექტორმა შედეგების შესახებ:

„მოსწავლეების მიმართ ძალისა და ძალაუფლების გამოყენების შემცირებას შედეგად მოჰყვა მოსწავლეთა თვითმართვის სტიმულირება და პასუხისმგებლობის ზრდა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვათა ქმედებების მიმართ”.  

კალიფორნიის შტატის ქალაქ პოლო ალტოს სკოლაში III მეთოდით კონფლიქტის გადაჭრის პროცედურის გამოყენებით, იმ კლასში, რომელიც უდისციპლინობის გამო დაშლის პირას იყო, ერთი აკადემიური საათის განმავლობაში მასწავლებელმა შეძლო „მიუღებელი და დამანგრეველი ქცევების” რაოდენობის შემცირება 30-დან საშუალოდ 4,5-მდე. შემდგომ გამოკითხვის მიხედვით, კლასის მოსწავლეთა 76%-მა აღიარა, რომ პრობლემის გადაჭრის სეანსების შემდეგ მოსწრება ამაღლდა, ხოლო 95%-ი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ კლასში გარემო „გაუმჯობესდა” ან „მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა”.

აპოლოს საშუალო სკოლის დირექტორმა თავის სკოლაში „მასწავლებლის ეფექტურობის წვრთნის” პროგრამის შედეგები ასე დაახასიათა:

1.დისციპლინის პრობლემები მინიმუმ 50%-ით შემცირდა. დავრწმუნდი, რომ ქცევასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა მოსწავლეთა დროებითი გარიცხვის გარეშე გაცილებით ეფექტურია. მივხვდი, რომ გარიცხვა პრობლემას მხოლოდ 3 – 4 დღით აგვარებს და ვერაფრით შეცვლის ქცევის მიზეზებს. ის უნარები, რომლებიც მასწავლებლის ეფექტურობის წვრთნის პროგრამით შევიძინე, ხელს უწყობს პრობლემების გადაჭრას თვით მოსწავლეებს შორის, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას შორის და მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის. 

2.დავაწესეთ რეგულარული საერთო სასკოლო შეკრებები, რომელთა საშუალებით მანამ ვცდილობთ კონფლიქტის თავიდან აცილებას, სანამ ის თავს იჩენს. ჩვენ დოქტორი გორდონისეული პრობლემის გადაჭრის მეთოდის გამოყენებით წარმატებით ვუმკლავდებით კონფლიქტებს, სანამ ისინი ქცევის პრობლემებად იქცევა.

3.ჩემი მოსწავლეებთან ურთიერთობები არსებითად გაუმჯობესდა იმის წყალობით, რომ მათ საშუალება აქვთ პასუხი აგონ საკუთარ ქმედებებსა და ქცევაზე და თავად გადაჭრან საკუთარი პრობლემები. 

ლა მესას დაწყებითი სკოლის დირექტორმა ჩვენი პროგრამა ასე შეაფასა:

„როგორც დაწყებითი სკოლის დირექტორს ურთიერთობა მაქვს ბევრ (23–დან 16) პროგრამა გავლილ მასწავლებელთან. მასწავლებლებისა და მოსწავლეების ქცევაში მომხდარ შემდეგ სასიკეთო ცვლილებებს უშუალოდ პროგრამას ვუკავშირებ:

1.მასწავლებელს სჯერა, რომ შესწევს უნარი თავად გადაჭრას ქცევასთან დაკავშირებული რთული პრობლემები.
2.კლასის ემოციური კლიმატი ბევრად უფრო მშვიდი და ჯანსაღია.
3.ბავშვები მონაწილეობენ სკოლის ქცევის წესების შემუშავებაში. შესაბამისად, ამ წესების დაცვის მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ.
4.ბავშვები სწავლობენ სოციალური პრობლემების ძალისა და მანიპულირების გამოყენების გარეშე გადაჭრას.
5.ჩემამდე დისციპლინასთან დაკავშირებული მხოლოდ რამდენიმე „საქმე” აღწევს. 
6.მასწავლებლის ქცევა ბევრად უფრო ადეკვატური გახდა – მოსწავლეებს კონსულტაციას მხოლოდ მაშინ უწევს, როცა მოსწავლეს აქვს პრობლემა და არა მაშინ, როცა თვით მასწავლებელს აქვს პრობლემა. 
7.მასწავლებელი ბევრად ეფექტურად აგვარებს საკუთარ პრობლემებს მოსწავლეებთან ძალის გამოყენების გარეშე.
8.მასწავლებელი უფრო ეფექტურად უძღვება მშობლებისა და მასწავლებლების ერთობლივ მნიშვნელოვან შეხვედრებს.  

სკოლაში შესაძლებელია არსებითი ცვლილებები, თუკი ადმინისტრატორებსა და მასწავლებლებს იმ უნარებს გავაცნობთ, რასაც P.E.T. პროგრამის ფარგლებში ვასწავლით მშობლებს. დაკვირვება ცხადყოფს, რომ სკოლა მზად არ არის ცვლილებებისთვის ისეთ საზოგადოებაში, სადაც მშობელთა უმრავლესობა სტატუს ქვოს შენარჩუნებას ცდილობს, ეშინია ცვლილების ან თავს ვერ აღწევს ბავშვებისადმი ავტორიტარული მოპყრობის ტრადიციას. 

საჭიროა მშობლების დარწმუნება, რომ აუცილებელია მოუსმინონ შვილებს, როცა ისინი ნერვიულობენ მასწავლებლების, მწვრთნელების, აღმზრდელების, და სხვათა დამოკიდებულებაზე. მშობლებმა უნდა ირწმუნონ შვილების გრძნობების გულწრფელობა, როცა ეს უკანასკნელები აცხადებენ, რომ სძულთ სკოლა ან სწყინთ უფროსების დამოკიდებულება. მშობელს შესწევს ძალა გამოავლინოს საგანმანათლებლო ინსტიტუტების ნაკლოვანებები, მაგრამ ამისთვის ხშირად უნდა მოუსმინოს შვილებს და ყოველთვის საგანმანათლებლო ინსტიტუტები არ უნდა დაიცვას.

მხოლოდ მშობლების წყალობით „გაღვიძებული”, ეს ინსტიტუტები უფრო დემოკრატიული, ჰუმანური და თერაპიული გახდება. უმთავრესი, რაც, ჩემი აზრით, გვჭირდება, ბავშვებთან და მოზარდებთან ურთიერთობის სრულიად ახალი ფილოსოფიაა, ახალგაზრდების უფლებათა ახალი ბილი. აღარ შეიძლება საზოგადოება ისევე ექცეოდეს ბავშვებს, როგორც ორი ათასი წლის წინ ექცეოდა, ისე როგორც წარსულში ექცეოდნენ უმცირესობათა წარმომადგენლებს.

უფროსებისა და ბავშვების ურთიერთობის ერთ-ერთ ასეთ ფილოსოფიას, რომელზეც აგებულია P.E.T.–ის პროგრამები, გთავაზობთ კრედოს ფორმით. P.E.T.-ის ფილოსოფიის ლაკონური და გასაგები ფორმულირების მცდელობით ის რამდენიმე წლის წინ შეიქმნა. მას ჩვენი კურსების ყველა მსმენელს ვაკითხებთ. აქ კი გთავაზობთ მას, როგორც გამოწვევას ყველა ზრდასრულისთვის:
ჩემი ურთიერთობების კრედო
შენ და მე ის ურთიერთობა გვაქვს, რომელსაც ვაფასებ და მსურს შევინარჩუნო. თითოეული ჩვენგანი ცალკეული ინდივიდია, რომელიც საკუთარი უნიკალური მოთხოვნილებებით და უფლებით ეცადოს ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. მე ვეცდები გულწრფელად მივიღო შენი ქცევა, როცა ცდილობ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ან სირთულეს აწყდები მათი დაკმაყოფილების გზაზე.

როდესაც პრობლემებს გამიზიარებ, ვეცდები მოგისმინო, გავიზიარო და გაგიგო, რომ თავად მოძებნო პრობლემის გადაჭრის გზა და ჩემზე არ იყო დამოკიდებული. როდესაც შენ გაქვს პრობლემა, რადგან მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ მიმართული ჩემი ქცევა ხელს გიშლის, ხელს შეგიწყობ გულახდილად გამიზიარო შენი გრძნობები. ამ დროს მოგისმენ და თუკი შევძლებ, ვეცდები შევცვალო ქცევა. 

მაშინ, როცა შენი ქცევა ხელს შემიშლის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში და შენდამი მიუღებლობის გრძნობა გამიჩნდება, ჩემს პრობლემას გაგიზიარებ და გულწრფელად გეტყვი რას ვგრძნობ, რადგან მჯერა, იმდენად მცემ პატივს, რომ მომისმენ და საკუთარი ქცევის შეცვლას შეეცდები. 

როცა ვერ ერთი ჩვენგანი ვერ შეძლებს საკუთარი ქცევის შეცვლას, ისე, რომ ხელი არ შეუშალოს მეორის მიერ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას და აღმოვაჩენთ, რომ ურთიერთობაში მოთხოვნილებათა კონფლიქტი გვაქვს, პირობას ვდებთ, რომ არც ერთი არ გამოვიყენებთ საკუთარ ძალაუფლებას, რომ ვერც ერთმა ვერ გავიმარჯვოთ მეორის დამარცხების ხარჯზე. მე პატივს ვცემ შენს მოთხოვნილებებს, მაგრამ პატივი უნდა ვცე საკუთარ მოთხოვნილებებსაც. შესაბამისად, მოდი, მუდამ ვეცადოთ ჩვენი გარდაუვალი კონფლიქტებიდან ისეთი გამოსავალი მოვძებნოთ, რომელიც ორივესთვის იქნება მისაღები. ამ შემთხვევაში შენი და ჩემი მოთხოვნილებებიც დაკმაყოფილდება – არავინ იქნება წაგებული, ორივე მოვიგებთ.

ასეთი მიდგომის შედეგად, მოთხოვნილებების დაკმაყოფილების წყალობით შენც გააგრძელებ პიროვნულ განვითარებას და ჩემს განვითარებასაც აღარაფერი შეუშლის ხელს. ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის შეინარჩუნებს სიჯანსაღეს, რადგან ურთიერთ დამაკმაყოფილებელი იქნება. ყოველი ჩვენგანი შეძლებს გახდეს ისეთი, როგორიც შეუძლია, რომ გახდეს და ერთმანეთთან ურთიერთობის გაგრძელებას ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთსიყვარულის გრძნობით შევძლებთ, დავტკბებით მეგობრობით და სიმშვიდით.

ეჭვი არ მეპარება, რომ ამ კრედოს გამოყენება საგანმანათლებლო ინსტიტუტების მიერ დროთა განმავლობაში კონსტრუქციულ რეფორმას მოიტანს შედეგად, თუმცა იმასაც ვაცნობიერებ, რომ ამგვარ რეფორმას დიდი დრო დასჭირდება. ბოლოსდაბოლოს, დღევანდელი ზრდასრულები ხომ გუშინდელი ბავშვები არიან და თავად არიან არაეფექტური აღზრდის ნაყოფი. 

გვჭირდება მშობლების ახალი თაობა, რომელიც გამოწვევას მიიღებს, შეითვისოს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ბავშვების აღზრდის უნარები. ყველაფერი ოჯახში უნდა დაიწყოს. ის შეიძლება დაიწყოს დღეს, ამ წუთას, თქვენს ოჯახში. 

კაცების ჩართულობა ოჯახში. გენდერული სტერეოტიპების სტატისტიკა

0
თუ არ არსებობს საჭიროება რომ იმუშაო, რატომ უნდა გახვიდე გარეთ, როცა შვილი გყავს გასაზრდელი, – უთხრა ახალგაზრდა კაცმა ცოლს.

იმიტომ, რომ ცოტა ხანში გავგიჟდები, – უპასუხა ცოლმა.
მე კი იქვე მდგარი ვფიქრობდი – რა აზრი აქვს ოჯახურ ცხოვრებას, თუკი მთელი ცხოვრება ჩხუბით და აყალმაყალით მოგიწევს მოვალეობების სამართლიანად გადანაწილებაზე ზრუნვა, ან იმის მტკიცება, რომ ქალის უპირველესი მოვალეობა მხოლოდ დედობაა, ან ის რომ ქალს ოჯახის გარდა სხვა ინტერესებიც აქვს და მისი დაკმაყოფილება სრულებით  სამართლიანი და ბუნებრივი მოთხოვნაა. თუკი მეუღლეს ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფა შეუძლია, es იმას  არ ნიშნავს, რომ ქალის კუთვნილი, სამუდამო ადგილი და მოვალეობა უკვე დეტერმინირებულია და მისი “ბუნებრივი პრიორიტეტი” მხოლოდ საშინაო საქმეები, კერძების მზადება, შვილების გაზრდა და ყველანაირი საშინაო საქმის ერთპიროვნული გამგებლობა გახლავთ.

იმაზე უკვე აღარ ვსაუბრობ, რომ ადამიანებს შორის გამოვლენილი ასეთი ურთიერთდამოკიდებულებები რეალურად სიყვარულის და ურთიერთგაგების დეფიციტს ნიშნავს. თუმცა ამასთან ისიც გასათვალისწინებელია, რომ პატრიარქალური კულტურის საზოგადოებებში ასეთი შემთხვევები უცხო მოვლენა არ არის და სწორედ სოციალური გარემო აყალიბებს პიროვნებებს მსგავსი  მენტალობით.

გაეროს მოსახლეობის ფონდმა საზოგადოებას კიდევ ერთი ახალი კვლევა გააცნო. კვლევის მიზანი გენდერული თანასწორობის მიმართ კაცების განწყობებისა და მათი საოჯახო საქმეებში ჩართულობის გამოვლენა იყო. გამოკითხვაში ქალებიც იღებდნენ მონაწილეობას, რამაც შესაძლებელი გახადა კვლევის შედეგებში ორივე სქესის მოსაზრებები ყოფილიყო წარმოდგენილი. კვლევა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: კაცების ჩართულობა საოჯახო საქმეებში და ბავშვის აღზრდაში, ვინ იღებს გადაწყვეტილებას ოჯახში, გამხდარან თუ არა პარტნიორის მხრიდან ფსიქოლოგიური, ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და ა.შ.

კვლევაში ნათქვამია, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა გამოყოფს ისეთი გენდერული როლების არსებობას, როცა ქალის მთავარი როლი ოჯახზე ზრუნვა, ბავშვების მოვლა (საფენების გამოცვლა, დაბანა და გამოკვება), დედობის პასუხისმგებლობა, სახლში გადამწყვეტი სიტყვის კაცისთვის მიკუთვნება, ოჯახის შენარჩუნების მიზნით ქალისთვის მიყენებული შეურაცხყოფის  მოთმენის ვალდებულებაა და ა.შ. თუმცა, ისიც ნათქვამია, რომ ოჯახური საქმეების გენდერის ნიშნით განაწილების კულტურულმა მოდელმა დროთა განმავლობაში პატრიარქალური პრაქტიკის “შერბილების” თვალსაზრისით ცვლილება განიცადა. მაგრამ პატრიარქალური, გენდერული სტერეოტიპები საქართველოს მოსახლეობაში მაინც მყარია და უმრავლესობას ამ  სტერეოტიპებზე კრიტიკული რეფლექსია არა თუ არ გააჩნია, არამედ  ამით გამოწვეული უთანასწორობის გაცნობიერებაც კი უჭირს”. 
 
თუ ზედაპირულად მივუდგებით საკითხს, სცენა – ვინ მიაჭედებს ლურსმანს კედელზე, ქალი თუ კაცი – შესაძლოა არც ისე მწვავედ მოგვეჩვენოს. მაგრამ ის რომ მამების 82% შვილებს წიგნებს არ უკითხავს, არ ესაუბრება პრობლემებზე, არ უმზადებს საჭმელს და არ მიჰყავს სკოლაში, არ ესაუბრება მასწავლებელს, ეს ის რეალობაა, სადაც  მამა არ მონაწილეობს. მეტი დამაჯერებლობისთვის იხილეთ ვიდეო, რომელიც მამების დაბალ აქტივობას გრაფიკულად გამოსახავს.

როცა, მეოჯახე და არამეოჯახე კაცებზე ვიწყებ ფიქრს, სამართლიანად მახსენდება სკანდინავიური საბავშვო ლიტერატურა, სადაც ძლიერი და დამოუკიდებელი ბიჭები და გოგონები იზრდებიან, სადაც ვილა ყიყლიყოში დამოუკიდებლად ცხოვრობს პეპი გრძელიწინდა, სადაც მამაზე გაბრაზებული ლოტა “აურზაურის ქუჩიდან” საცხოვრებლად ბებიასთან გადადის, სადაც მამები სიამოვნებით ირგებენ წინსაფარს და აცხობენ  ფუნთუშებს, სადაც ისტორიკოსი მეოჯახე მამიკოები უვლიან შვილებს, იბარებენ ოჯახის საქმეს, რეცხავენ ფარდებს და ტანსაცმელს, ასუფთავებენ სადარბაზოს კიბეებს  და წინასაახალწლოდ აცხობენ  ნამცხვრებს. სახლში დარჩენილ მამიკოებს არც ერთი საქმის კეთება არ ეთაკილებათ და არც მათი გაკეთებული საქმეები აკნინებს მათ მამაკაცურ ღირსებას, არც ის ხალხი ადარდებთ, რომელთაც მიაჩნიათ რომ  “მამაკაცის შინ ჯდომა სწორი არ არის. უნდა იყოს პირიქით, ქალი უნდა იჯდეს სახლში, მამაკაცები უნდა მუშაობდნენ”. 

ტელევიზორები სტერეოტიპების საბადო და ისეთი ენერგოვამპირია, რომელიც მთელ ჩვენს ენერგიას და პოზიტიურ განწყობას გვართმევს, სასაუბრო დროს მთლიანად გვიჭამს. იქედან გადმოღვრილი, მყვირალა წამყვანების ხმა კი ისე გვაღიზიანებს, ვერც კი ვხვდებით როგორ სწრაფად შემოდის გაურკვეველი სიბრაზე და გაღიზიანება ჩვენში და რატომ ველაპარაკებით ხმამაღლა და გაღიზიანებული ტონით ერთმანეთს. თუ მათ გამოვრთავთ უმალ ვიგრძნობთ, როგორ ჩამოდგება  ოთახში ბედნიერი სიმშვიდე, გაღიზიანებაც ქრება და ახლა უკვე შეიძლება  შვილს ზღაპრები წავუკითხოთ, დამალობანა ვეთამაშოთ, მასთან ერთად ვიკოტრიალოთ იატაკზე, მეცადინეობაში დავეხმაროთ ან სულაც მის რომელიმე პრობლემაზე ვესაუბროთ. ალბათ, პრობლემები არასოდეს გამოილევა და მათი პროცენტებში გამოსახვა და გრაფიკული სქემებით წარმოდგენა, კიდევ ერთხელ გაგვახსენებს ჩვენს მოვალეობებს და ჩვენს შეცდომებს. კარგი იქნება თუ ასევე მკაცრი ბუღალტრული თვალით გადავხედავთ ჩვენს დღეებს და გაცდენილ საათებს, რომელიც ჩვენი საყვარელი ადამიანების მოსმენისთვის არ გამოვიყენეთ.

ჩვენ ყველა, იმ პატრიარქალური სოციალური სივრცის ნაწილი ვართ, სადაც თაობიდან თაობას გადაეცემა გენდერული სტერეოტიპები. სამწუხაროდ, ოჯახთან ერთად სკოლაშიც ხდება გენდერული ნიშნით სტიგმატიზება. სწორედ ამიტომ არის ძალიან მძიმე მასწავლებლობა. გარდა საგნისა მან უნდა დაეხმაროს მომავალ თაობას მემკვიდრეობით მიღებული სტერეოტიპებისგან განთავისუფლებაში, რომ ამ უკანასკნელებმა უფრო სამართლიანი და ჯანსაღი სამოქალაქო სივრცის შექმნა შეძლონ. 

ჩვენი ცხოვრების ზღაპრები

0
პოსტს, რომელსაც მე რვა მარტს ვწერ, თქვენ ალბათ მოგვიანებით წაიკითხავთ, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. არსებობს საკითხები, რომლებზეც დრო არ მოქმედებს.

 

ქალთა პრობლემებზე ხშირად ვლაპარაკობ, მარტის დასაწყისში – უფრო ხშირად. ზოგჯერ, როცა მიმტკიცებენ, რომ ქალებს ჩვენს ქვეყანაში ხელისგულზე ატარებენ, რომ მათ დასაცავი არაფერი სჭირთ, რომ ყველა პრობლემა გამოგონილი და ხელოვნურად შექმნილია, რომ საოჯახო ნივთი ქალისთვის საუკეთესო საჩუქარია და აბა, სხვა რა უნდა ისურვო, თუ 8 მარტს წითელი ბაფთით შეკრულ მტვერსასრუტს მოგართმევენ, ტონი მეცვლება და ჯერ საპირისპიროს მტკიცებას ვიწყებ, მერე კი, ვინ იცის, მერამდენედ ვიქექები გონებაში, რომ მივხვდე, საიდან მოდის ჩვენში ღრმად ფესვგადგმული სტერეოტიპები, მხოლოდ ჩვენი საზოგადოებაა დამნაშავე თუ უფრო გლობალური ანალიზია საჭირო.

 

ალბათ 1993 წელი იქნებოდა, ან 1994. ჩემი მეგობრის უფროსკლასელმა დამ სასწავლო სტიპენდია მოიპოვა და ერთი წლით წავიდა იმ დროს ასე შორეულ, უცხო და სანატრელ ამერიკაში. დაბრუნებულმა თან მთელი ჩვენი ოცნება ჩამოიტანა: რამდენიმე ბარბი, კასეტებზე ჩაწერილი მულტფილმები და ბევრი ფერადი ნივთი, რომლებზეც დისნეის გმირები იყვნენ გამოსახული. ჩვენც ვისხედით და საათობით, გადაბმულად ვუყურებდით მულტფილმებს, ვუყურებდით და ვფიქრობდით, რომ ჩვეულებრივი გოგოობიდან პრინცესობამდე ერთი ნაბიჯია და თუ ძალიან გინდა, ყველაფერი შესაძლებელია: ერთი ნახვით შეყვარებაც, საუკუნო ძილიდან გამოფხიზლებაც, ურჩხულის უფლისწულად ქცევაც, ზღვიდან დედამიწაზე გადასახლებაც და ყველაზე შეუწყნარებელი ბოროტების დამარცხებაც. მაშინ საყოველთაო ნატვრა ელექტროენერგია და შინიდან გასული ახლობლების მშვიდობით დაბრუნება იყო, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლიდა, თუნდაც ცოტა ხნით ზღაპრულ პრინცესებად ვქცეულიყავით, დანგრეული, ნაომარი,
გაღატაკებული ქვეყნიდან გაქცეულ ზღაპრულ პრინცესებად.

 

დღეს ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ და გულის სიღრმეში მაწუხებს, რომ ჩემი ბავშვობის წარმოდგენები ჩემსავე კრიტიკას ვეღარ უძლებს. ალბათ ვინმე შემომედავება, რა საჭიროა ყველაფრის გართულება, როცა ბავშვურ ფანტაზიებზე ვლაპარაკობთო, მაგრამ მე მწამს, რომ ოცნებები, განსაკუთრებით კი ადრეული ოცნებები, მთელ ჩვენს ცხოვრებას ცვლის. ამიტომ უნდა ვეცადოთ და მათ სწორი მიმართულება მივცეთ. ჩვენ კი მთელი ბავშვობა მაგალითს დისნეის პრინცესებისგან ვიღებდით და ალბათ არცაა გასაკვირი, რომ ეს მაგალითი არ გამოგვადგა.

 

 

<ჩვენ დავიჯერეთ, რომ ჩვეულებრივი ამბავია, შვიდი მამაკაცის მიერ არეული სახლი დაალაგო და ამით ბედნიერი იყო, რომ ადვილია, მსხვერპლად გაიღო საკუთარი ცხოვრება, დათმო ხმა, რომელიც სიცოცხლეს აზრს აძლევს, ოღონდ შენი უფლისწული დაიბრუნო, რომ მხოლოდ ქალის მოთმინების წყალობითაა შესაძლებელი მხეცის მოთვინიერება, რომ სამეფო ოჯახში მოხვედრა ბედნიერებისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა და ეს გზაც აუცილებლად ლამაზ კაბებსა და ბრჭყვიალა სამკაულებზე გადის, სასახლეში გამართულ მეჯლისზე სხვაგვარად არავინ დაიშვება.

 

დრო ყველაფერს თავის მოთხოვნებს უყენებს, მათ შორის – ზღაპრებსაც, ამიტომ არ გამკვირვებია, როცა 2013 წელს გამოსულ მულტფილმ „გაყინულზე” სრულიად განსხვავებული რეცენზიები და კომენტარები წავიკითხე. ჰანს ქრისტიან ანდერსენის „თოვლის დედოფლის” მოტივებზე შექმნილი ანიმაციური ფილმი ორი დის, ანას და ელზას, ისტორიას გვიამბობს. ერთი მათგანი ძნელად სამართავ ზებუნებრივ ძალებს ფლობს და ამიტომ განცალკევებით უწევს ცხოვრება, მეორე კი ცდილობს, დასთან ურთიერთობა აღადგინოს და ის სიყვარული დაიბრუნოს, რომელიც ბავშვობაში აკავშირებდათ.

„გაყინული” არც სასიყვარულო ისტორიის განვითარებით ჰგავს დანარჩენებს. უფლისწული, რომელიც პრინცესა ანას უყვარდება, სინამდვილეში არც კეთილშობილებით გამოირჩევა, არც მოწყალე გულით და არც ერთგულებით. როგორ ვითარდება მოვლენები, გირჩევთ, თავად ნახოთ და ბავშვებსაც აყურებინოთ, რათა თქვენმა გოგონებმა დაიმახსოვრონ, რომ რაც ბრწყინავს, ყოველთვის ოქრო არ არის, რომ ერთი ნახვით შეყვარება არ არის თანაცხოვრების საუკეთესო წინა პირობა და კოცნა, რომელსაც ჩვენი გადარჩენა შეუძლია, შესაძლოა, პრინცისა კი არა, დისა იყოს.

 სიმართლე გითხრათ, მიხარია, რომ ჩემი მეგობრების შვილები, განსაკუთრებით – გოგონები, „გაყინულს” ხშირად უყურებენ. იმედი მაქვს, ისინი სხვანაირად იაზროვნებენ და იცხოვრებენ, გაცილებით უკეთესად, ვიდრე ჩვენი თაობა. აქვე გამოვტყდები, რომ იმ დროს, ამერიკიდან ჩამოტანილ კასეტებზე ჩაწერილ მულტფილმებს ათასჯერ რომ ვატრიალებდით და ვოცნებობდით, მე ყველაზე მეტად პატარა ქალთევზა – არიელი მიყვარდა, რომელიც, ახლა რომ მკითხოთ, საოცრად ტრაგიკული პერსონაჟია.

 რა თქმა უნდა, ზღაპრებს
ჩვენი ყოფის შეცვლა შეუძლია. საბედნიეროდ, ჩვენც გვაქვს საშუალება, თავად ავირჩიოთ
ზღაპარი, რომელშიც გვინდა ცხოვრება და რომელიც არასასიამოვნო სურპრიზებს არ მოგვიმზადებს
მას შემდეგ, რაც ვიტყვით: „ჭირი იქა, ლხინი აქა…”

 

 

 

აფხაზეთის სანაპირო თბილისის ზღვაზე

0
ჩვენ ზღვამ თბილისში გამოგვრიყაო, ღიმილით მითხრა 79 წლის სოხუმელმა ქალბატონმა. სიხარული როგორ დავარქვა, მაგრამ გვიხაროდა, წყალტუბოში ან ბორჯომში რომ არ გავირიყეთ, რადგან დედაქალაქში დასახლება ყოფითი პრობლემების მოგვარების, გაჭირვებისგან თავის დაღწევის მეტ იმედს გვაძლევდაო. თბილისი ჰქვია, თორემ ისეთი გრძელი და ძნელი მისასვლელი გზაა დევნილთა დასახლებამდე, ქალაქის ნაწილად ვერც კი აღიქვამ. ეს ძველი, უსახო საბჭოთა შენობები ისევე გარიყულა დედაქალაქისგან, როგორც იქ საკუთარ ტკივილებთან ერთად მცხოვრები ადამიანები –  ჩვენგან. 
ფოტოკორესპონდენტად მუშაობისას ბაქოში ბევრჯერ გადამიღია აზერბაიჯანელი დევნილები ყარაბაღიდან, თუმცა ათასი ხრიკისა და ტყუილის გამოგონება მიწევდა, ფოტოს გადაღების უფლება რომ მოეცათ, თბილისის ზღვის დევნილთა დასახლებაში კი არაფრის შეთხზვა არ დამჭირვებია – აქ ყველა უცხოს იმედის თვალით უყურებენ და სთხოვენ, რაც შეიძლება მეტს გააგებინოს მათი არსებობა, რომ ლოზუნგები კი არ ახსენებდეს თანამოქალაქეებს აფხაზეთს, არამედ აქვე, ჩვენ გვერდით, ჯერ კიდევ ძაძით მოსილი და ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანები.
როცა რამით უკმაყოფილო ვარ და ვწუწუნებ, უმალვე ეს ხალხი მახსენდება და საკუთარი პრობლემების გამო წუხილისა მრცხვენია. მრცხვენია ადამიანებისა, რომლებმაც ერთ დღეს ყველაფერი დაკარგეს რისთვისაც უშრომიათ, სისხლი და ოფლი დაუღვრიათ, რაც ააშენეს, რაც გააშენეს, რაც დარგეს, რაც შექმნეს; სამუდამოდ დაკარგეს, ვინც უყვარდათ, ვინც ეძვირფასებოდათ; დაკარგეს მეზობლები, ნათესავები, ურთიერთობები, დაკარგეს საფლავები… მაგრამ არასოდეს დაუკარგავთ იმედი და ადამიანობა.
მე ხშირად მესიზმრება მათი თვალები, ხმა და ისტორიები. 
ამბებს სხვა დროს მოვყვები, ეს ფოტოამბებია…


სკოლა და შეცდომები

0
“ვინც არასოდეს შემცდარა, ახალი არაფერი შეუქმნია” – ალბერტ აინშტაინი

შეცდომების დაშვება  არავის უყვარს, ასეთ დროს ადამიანები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ, ერთნი მტკივნეულად განიცდიან და შფოთავენ, მეორენი თავის მართლებას ან სხვებზე გადაბრალებას ცდილობენ და ა.შ.  სამწუხაროდ, როგორც არ უნდა მოვინდომოთ,  შეცდომებს გვერდს ვერ ავუვლით. ჩვენ უნდა შევძლოთ თვალი გავუსწოროთ ამ რეალობას  და მძაფრი ემოციების გარეშე ვეძებოთ გამოსავალი.  როგორც ირკვევა, ამ უნარსაც სკოლაში  სწავლისას ეყრება საფუძველი.  მასწავლებლებს პროფესიულად გვევალება აღმოვაჩინოთ და გავასწოროთ შეცდომები. დამეთანხმებით, ეს არ არის სასიამოვნო პროცესი, თანაც სარისკო ფაქტორებსაც შეიცავს. სანამ მოსწავლის პასუხს შეცდომად ჩავთვლით, კარგად უნდა დავფიქრდეთ. არანაკლებ რთულია  სასარგებლორჩევების  და კორექტული შენიშვნების მიცემა. გამუდმებით მკაცრი ტონით შეცდომებზე მითითება, რასაც დაბალი ნიშნები მოჰყვება,  სწავლაზე ხელის ჩაქნევას იწვევს. ჩემი სუბიექტური მოსაზრებით  ზოგიერთი საგნის მასწავლებლებს უფრო გაუმართლათ. მაგ: ისტორიის  სწავლებისას მაქსიმალურად გვეძლევა  იმის შესაძლებლობა, რომ მოსწავლეს მუდმივად შეცდომებზე არ მივუთითოთ, მის მიერ გამოთქმული ნებისმიერი ლოგიკური აზრი ღირებულად ჩავთვალოთ, ფაქტობრივი მასალის (მაგ; თარიღების) ცოდნაში დაშვებული უზუსტობებიც შედარებით უმტკივნეულოდ შეიძლება გამოვასწოროთ. იგივე შეიძლება ითქვას ლიტერატურის გაკვეთილების შესახებ, სადაც მასწავლებლის მთავარი ამოცანაა ხელი შეუწყოს    მოსწავლეებს თამამად გამოთქვან  თავიანთი შეხედულებები, თუმცაღა  იგი, რასაკვირველია, ვერ შეეგუება გრამატიკის და მართლწერის ნორმების დარღვევას. დამეთანხმებით, არც ერთი გამოჩენილი ავტორი უნაკლო გრამატიკით არ გამხდარა სახელგანთქმული. მსოფლიომ  საუკეთესო ავტორები  თავიანთი ორიგინალური და ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობებით აღსავსე შეხედულებებით გაიცნო.  
    არადა ყველაფერი სულ სხვაგვარად იწყება – ადრეულ ბავშვობაში ჩვენს შეცდომებს სრული გაგებით ხვდებიან, ხალისობენ კიდეც როცა რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. როცა  სიარულს ვიწყებთ, რამდენჯერაც არ უნდა წავიქცეთ, წამოგვაყენებენ და გვამხნევებენ, ვიდრე დამოუკიდებლად სიარულს არ ვისწავლით. ასევე მონდომებით ცდილობენ წაგვახალისონ, როცა დამოუკიდებლად ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის ჩაცმას ვცდილობთ, თავიდან  წესისამებრ უკუღმა ვიცვამთ, მაგრამ  უფროსები უბრალოდ იღიმიან, გვაქებენ  და გვიჩვენებენ, როგორ უნდა გავაკეთოთ სწორად. შეიძლება ითქვას, პატარები სავსებით მართებულ  მესიჯებს ღებულობენ – შეცდომა  ყველას მოსდის და წარმატებისაკენ მიმავალ გზას მის გარეშე უბრალოდ ვერ გავივლით. 

    მაგრამ ბავშვები იზრდებიან, იწყებენ სკოლაში სიარულს და იგებენ, რომ  შეცდომები ცუდია და უნდა ვეცადოთ, მათ გვერდი ავუაროთ. გვეუბნებიან, რომ პასუხები სინამდვილეში მხოლოდ ორგვარია – სწორი და არასწორი. ყველა ინფორმაცია ჭეშმარიტება ან სიცრუეა. ყველა შეკითხვას ერთი სწორი პასუხი აქვს. სხვა ნებისმიერი კი მსხვილი ხაზით  (უმეტესად წითლით) სწორდება. ბავშვები აცნობიერებენ, რომ მასწავლებლის ყველა შეკითხვა რისკის შემცველია. მათზე გაცემული პასუხების გამო შესაძლოა შეაქონ, მაგრამ არც  საყვედური ან გაკიცხვაა გამორიცხული. შედეგად სწავლის საწყის ეტაპზევე მოსწავლე ასეთი არჩევნის პირისპირ  დგება: ან საერთოდ თავს არიდებს შეკითხვებზე პასუხების გაცემას ან პასუხობს მხოლოდ მაშინ, როცა ,,უსაფრთხო” პასუხი აქვს. სამწუხაროდ,  ამგვარი ,,შავ-თეთრი” აზროვნება სწავლის პროცესს ამუხრუჭებს,  აძლიერებს შეცდომების დაშვების შიშს,  აქვეითებს გამჭრიახობას, კლავს მოსწავლეში შემოქმედებითობის და კრიტიკული აზროვნების უნარს. კმაყოფილები არც მასწავლებლები არიან. ისინი მოსწავლეთა წარუმატებლობას საკუთარ მარცხად თვლიან (სხვათა შორის, არცთუ უსამართლოდ) და წუხან, რომ მოსწავლეების სულ უფრო დიდი რაოდენობა კარგავს სწავლის ხალისს და ეთიშება აქტიურ სასწავლო პროცესს. მხედველობაში მისაღებია ის  გარემოებაც, რომ შეცდომების მკვეთრად დაფიქსირება კიდევ ერთ ტენდენციას უყრის საფუძველს –  მოსწავლეებს აღარ მოსწონთ ახალი რაღაცების კეთება, რადგანაც სწორედ ახალი მასალის შესწავლისას მატულობს შეცდომების დაშვების ალბათობა, შესაბამისად, კლებულობს   ,,სრულყოფილების” შანსი, რასაც განსაკუთრებით მწვავედ პერფექციონისტი ბავშვები განიცდიან.
    
 მოდით,   უცხოელი ექსპერტების კვლევის შედეგებს, აგრეთვე  მასწავლებლების და გამოჩენილი ადამიანების ზოგიერთ მოსაზრებასაც გავეცნოთ. დავიწყოთ შარშან ივნისში კალიფორნიის მასწავლებელთა გაერთიანების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით. კვლევის მონაცემების თანახმად, მოსწავლეთა შემოქმედებითობა და კრიტიკული აზროვნების დონე სასურველისაგან შორს დგას. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზი არც თუ ისე ძნელი გამოსაცნობია. მასწავლებლებისათვის მოსწავლეთა ცოდნის შემოწმების ყველაზე მოხერხებულ ფორმად ტესტირება იქცა, ეს არ გახლდათ მასწავლებლების არჩევანი. ყველა გამოცდა უმეტესწილად მოსწავლის ფაქტობრივ ცოდნას ამოწმებს. ამან მასწავლებლები აიძულა გამოცდებისათვის ტესტირების სახე მიეცათ, ხოლო მოსწავლეები სწორი პასუხების დაზუთხვას შეუდგნენ. შესაბამისად მოსწავლეებში შესუსტდა  კრიტიკული აზროვნების და თვითშეფასების უნარი. 
    
მეცნიერების მასწავლებელი მარსენ კენდალი მშობლებს და მასწავლებლებს ურჩევს, გაითვალისწინონ მისი მოსაზრება: ,,შეცდომებისგან მაქვს სარგებელი.  შეცდომები სასწავლო პროცესის მშვენიერი და ძალიან სასარგებლო ნაწილია. გახსოვდეთ,  თავის დროზე ბევრი აღმოჩენა დაშვებულ შეცდომებს უნდა უმადლოდეს”. მართლაც, ცნობილია, რომ ისეთ მნიშვნელოვან აღმოჩენებს, როგორიცაა მაგ;  პენიცილინი   და რენტგენის სხივები   მხოლოდ მას შემდეგ მიაგნეს,   რაც დაწყებული პროცესი  ,,არასწორი” მიმართულებით წავიდა.

 

 მისსავე კოლეგას ადამ სავაჯის თუ ვერწმუნებით, ,,ნებისმიერი ,,წარუმატებლად” დასრულებული  ექსპერიმენტი ღირებულია, რადგანაც ახალ ინფორმაციას გვაწვდის, რომელიც შესაძლოა უფრო  მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს,  ვიდრე ის შედეგი, რომელსაც ამ ექსპერიმენტისაგან თავდაპირველად მოველოდით”. 

როცა  მათემატიკის  გაკვეთილზე მოსწავლე ხელს სწევს და კითხვაზე პასუხობს, მასწავლებელ  ჯერი ბროდკისაგან ვერასოდეს გაიგონებ: ,, სამწუხაროდ, პასუხი არასწორია”.  ამის ნაცვლად ის ეუბნება : ,,შენი პასუხი  საინტერესოა, როგორ მიხვედი ამ დასკვნამდე?”.  ბროდკის პრინციპია, მსჯელობაში გამოიწვიოს მოსწავლე და მასთან ერთად გაასწოროს შეცდომები. ამგვარად ის სტიმულს აძლევს დანარჩენ მოსწავლეებსაც, რომლებსაც  შესაძლოა მსგავსი შეცდომა ჰქონდეთ დაშვებული. 

მისი კოლეგა  ეთ ბელი გვეუბნება: ,,მათემატიკის წარსულში დაშვებული შეცდომები და გადაუჭრელი სირთულეები მომავალში დიდი წარმატებების საფუძვლად იქცა. ბევრი მათემატიკური თეორია, რომელიც თავის დროზე დაიწუნეს და უარყვეს, დროის შემდეგ უცილობელ ჭეშმარიტებად იქნა აღიარებული. აინშტაინიც უშვებდა შეცდომებს, მაგრამ კაცობრიობის საბედნიეროდ  წამოწყებულ საქმეს თავს არ ანებებდა ხოლმე.” 

  ჯეინ როულინგის სახელი სამართლიანად არის გაიგივებული წარმატებასთან – ის არის მსოფლიოში ცნობილი თავბრუდამხვევი პოპულარობის ავტორი, გინესის რეკორდსმენი ნაწარმოებების ტირაჟით და გამომუშავებული ჰონორარებით. ერთი შეხედვით მარცხისათვის აქ ადგილი ნაკლებად რჩება, მაგრამ 2008 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში  ჯოან როულინგმა ლექცია სწორედ ამ თემას მიუძღვნა. იგი ამბობს: ,,შეუძლებელია იცხოვრო ისე, რომ კრახი არაფერში განიცადო. მე არ ვგულისხმობ ისეთ სიფრთხილეს, რომ მართლაც არასოდეს დამარცხდე. ასეთ მდგომარეობას არა ცხოვრება, არამედ არსებობა ჰქვია, რაც საამაყო ნამდვილად არ არის. შეცდომამ შინაგანი დაცვის იმგვარი გრძნობა მომანიჭა, როგორიც ჩემთვის არ მოუნიჭებია  არც ერთ წარმატებით ჩაბარებულ გამოცდას. შეცდომებს ვუმადლი ჩემს პიროვნებაში აღმოჩენილ ისეთ თვისებებს, რომელსაც სხვა გზით ვერანაირად დავინახავდი”.  

დასასრულს გვინდა გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრება – ალბათ  ურიგო არ იქნება თუ სკოლა  მოახერხებს მოსწავლეებში იმის გაცნობიერებას, რაც მათ ქვეცნობიერად ჯერ კიდევ პატარაობისას იცოდნენ. შეცდომები სწავლის პროცესის ღირებული, მნიშვნელოვანი ნაწილია. სიახლეებისკენ და აღმოჩენებისაკენ ბავშვების ბუნებრივ მისწრაფებას მხოლოდ იმ შემთხვევაში წავახალისებთ, თუ მათ შეცდომების დაშვების უფლებას მივცემთ. გვსურს ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს წარმატებები ვუსურვოთ მაგრამ ნურც იმას დავუშვებთ, რომ   სკოლა გადავაქციოთ ისეთ  ადგილად, სადაც მხოლოდ სწორ პასუხებს ასწავლიან. 

ნეიროლინგვისტური პროგრამირება – ადამიანთა ქცევისა და კომუნიკაციის ახალ მოდელი

0
რა არის ნლპ _ ნეიროლინგვისტური პროგრამირება?
 
მინდა გესაუბროთ ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაზე _ როგორც მეცნიერები უწოდებენ, ადამიანთა ქცევისა და კომუნიკაციის ახალ მოდელზე. 

შემოვლით გზებს ავირჩევ აქამდე მისასვლელად. 

რა არის ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება? მეცნიერების ეს ახალი დარგი შეიძლება განიმარტოს, როგორც ნევროლოგიის, ლინგვისტიკისა და კიბერნეტიკის ურთიერთკავშირი; ყველაფერი, რაც ადამიანის ცხოვრებაში ხდება, „იწერება” მის ნერვულ ქსოვილებში, ვლინდება მეტყველებაში და ექვემდებარება პროგრამირებას. ვფიქრობ, ძალიან მარტივად განვმარტე, შემეძლო დამეწყო რთული ახსნებითაც.

კიდევ უფრო გავამარტივებ:

ჩვენ ვუყურებთ ერთსა და იმავე სამყაროს… ერთი შეხედვით, ერთსა და იმავეს… თუმცა თითოეული ჩვენგანის აღქმა განსხვავებულია… მაშასადამე, ჩვენ უნიკალურ სამყაროებში ვცხოვრობთ. ამის გასაცნობიერებლად ნეიროლინგვისტები (გარი ოლდერი და ბერილ ხეზერი) გვთავაზობენ ძალიან მარტივ გაკვეთილს:
აიღეთ რაიმე საგანი, მოათავსეთ თქვენ წინ მაგიდაზე და კონცენტრირდით ამ საგანზე. ნუ შეაკავებთ აზრებს, გამოვლენის საშუალება მიეცით ნებისმიერ ასოციაციას. საგნის ფერმა შეიძლება დაგაბრუნოთ ბავშვობაში, ფორმამ კი _ გამოიწვიოს წარმოსახვათა თამაში, ისეთივე, თითქოს ღრუბლებს ან  ცეცხლს უყურებდეთ. როგორც კი შეწყვეტთ საგნის „ობიექტურ” განხილვას და საშუალებას მისცემთ არაცნობიერს განმარტოს დანახული, წარმოიქმნება გარკვეული შინაარსები. 

საგნის ჭვრეტისას „თავში ჩნდება ახალი აზრები”. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ეს საგანი. ერთ შემთხვევაში, თქვენ აღმოაჩენთ კავშირს საგანსა და იმ აზრებს შორის, რომელსაც ეს საგანი იწვევს; „ლოგიკური” ახსნა მოეძებნება  წარმოქმნილ ასოციაციებს, როგორი ბუნდოვანიც არ უნდა იყოს და, სხვა შემთხვევაში, თავში გაელვებული აზრი შეიძლება, სრულიად არალოგიკური მოგეჩვენოთ, თუმცა, ეჭვი არ არის, რომ მას აუხსნელი ვითარებით კავშირი აქვს ამ საგანთან.

კითხვა მდგომარეობს შემდეგში: რა მოხდება, თუ 100 ადამიანი ამგვარად შეხედავს ერთსა და იმავე საგანს. 
ამ გამოცდილების თანახმად, ისინი დაინახავენ 100 განსახვავებულ „შინაარსს”, განიცდიან სრულიად განსხვავებულ გრძნობებს. ეს ადასტურებს იმას, რამდენად სუბიექტურია ეგრეთ წოდებული ობიექტური მატერიალური სამყაროს აღქმა, როდესაც რაიმეს ვხედავთ, გვესმის ან შევიგრძნობთ. 
ეს აზრია გამოხატული მუხრან მაჭავარიანის შემდეგ ლექსში:

“სხვას რომ არ ესმის შენი ლექსი,
  შენ როგორც გესმის! _
  სისულელეა, _
  ამის გამო უკეთუ ბორგავ:
  სისულელეა, _
  ვინაიდან,
  არამცთუ ლექსი,
  სიტყვაც კი ერთი
  ერთნაირად არ ესმის ორ კაცს”.

ლექსს თუ განსხვავებული ინტერპრეტაციები ექნება, ამის გამო დიდ წინააღმდეგობაში არ ჩავცვივდებით, რადგან ხელოვნებაში განსხვავებული აღქმები ბუნებრივია, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ცხოვრებას… აი, აქ ხელს გვიშლის განსხვავებული გაგება და აღქმა.

მთავარი იდეა მდგომარეობს შემდეგში:

რეაქცია, რას ვგრძნობთ და განვიცდით, დომინირებს ჩვენს ქცევაზე _ რას ვაკეთებთ. 

თითოეული ადამიანის მიერ გარესამყაროს ხედვა უნიკალური, იდუმალი და სრულიად სუბიექტურია, რაც განაპირობებს კონკრეტული ადამიანის ქცევებს.

ჩვენ შეიძლება ვხედავთ ერთსა და იმავეს, მაგრამ განსხვავებული აღქმების გამო სხვადასხვაგვარად ვიქცევით. გამოდის რომ, ჩვენი ქცევა, და, მაშასადამე, ჩვენი წარმატება-წარუმატებლობა (და არა მხოლოდ) განისაზღვრება სუბიექტური განცდებით.

ენა ხდება ადამიანთა შორის არა გაგებინებისა და აზრთა გაცვლის, არამედ გაუგებრობების წყარო.

რას აკეთებს ამ შემთხვევაში ნეირო-ლინგვისტიკა? 

ის სწავლობს და ავლენს მეტყველებაში აზროვნების შტამპებს, რომელიც ხელს უშლის ადამიანს კომუნიკაციაში და შლის მეხსიერების მყარი დისკიდან, შემდეგ კი ახდენს ახალი პროგრამის ჩაწერას…

ეს წინადადება მეტაფორაა, მაგრამ ზუსტად ასახავს ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების არსს.

ერთი სიტყვით, ჩვენ ვსწავლობთ, როგორ ქმნის და აგებს ჩვენი აზროვნება შაბლონებს და შტამპებს და როგორ შეიძლება მათი ჩანაცვლება ახალი სისტემით, რაც საბოლოო ჯამში აფართოებს ჩვენს ცნობიერებას და მასში მეტი ჟანგბადი შემოაქვს.

საინტერესო ის არის, რომ ჩვენ ვსწავლობთ მოდელების აგების მექანიზმებს და ჩვენს აზროვნებას, როგორც მექანიზმს და ამასობაში აღმოვაჩენთ ამ პროცესში ენის მაგიურ ფუნქციას, რადგან მოდელების ამოცნობა და ჩანაცვლება სწორედ მეტყველების მეშვეობით ხდება.

ეს ფუნქცია _ ზეგავლენის ფუნქცია _ ენას ყოველთვის ჰქონდა და დღემდე ბუნებრივად აქვს. 

ვმეტყველებ, ნიშნავს, ვახდენ ზეგავლენას… 

სხვა საკითხია, როგორ ზეგავლენას ახდენს ერთი ადამიანის მეტყველება მეორეზე ან ადამიანთა ჯგუფზე, თორემ ისე  გავლენა ყოველთვის არსებობს!

სანამ წინ წავიწევდეთ და ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების სხვა ასპექტებზე ვისაუბრებდეთ, გადავწვდეთ წარსულს.

ჩემი დაკვირვებით, ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების უძველესი ფორმები ფოლკლორში უნდა ვეძებოთ. ასეთად შესაძლოა განვიხილოთ, მაგალითად, ხალხური შელოცვები.

„გულო, ჩადექ საგულესა…”

შელოცვების ენა განსაკუთრებული სემიოტიკური სისტემაა. ენობრივი ნიშანი აქ არაკონვენციურ ხასიათს ავლენს, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტყვა საგნის პირობითი აღმნიშვნელი კი არ არის, არამედ მისი უშუალო ნაწილია. სიტყვის არაკონვენციური გაგება დამახასიათებელია ბავშვთა ფსიქოლოგიისთვის _ „სიტყვა იგივდება საგანთან”. მაგალითად, პირველკლასელმა შეიძლება ჩათვალოს, რომ წინადადებაში: „აქ დგას ორი სკამი და ერთი მაგიდა” _ სულ სამი სიტყვაა, ან რომ სიტყვა „კანფეტი”_ ტკბილია. არაკონვენციურობა ნიშნისა და აღსანიშნის, სიტყვისა და საგნის, საგნის სახელისა და საგნის არსის იგივეობრიობაა. სწორედ ასეთი იყო პირველყოფილი ადამიანის აზროვნება. 

იაკობსონი ენის მაგიურ ფუნქციას ენის პოეტურ ფუნქციასთან ანათესავებს. ჩემი აზრით, პოეზია მსმენელზე ზეგავლენას ძალდაუტანებლად, უშუალოდ ახდენს… ხოლო შელოცვა, ადრესატის თანხმობის მიუხედავად, მაინც ერთგვარი „ძალადობაა” ფსიქიკაზე.

შელოცვები „რწმენას უნერგავს” ადამიანს და ამ რწმენის ხარჯზე აჯანმრთელებს. ეს იგივე ნეირო-ლინგვისტური პროგრამირებაა, ოღონდ გაცნობიერების გარეშე. აქ ადამიანს არ აინტერესებს, რა მექანიზმებით მოქმედებს მასზე ენა. 

ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების შესწავლით ჩვენ შეგვიძლია გამოვიკვლიოთ, როგორ მუშაობს ჩვენი აზროვნება და შეგვიძლია თვითონ შევცვალოთ „პროგრამები” და თავიდან ავიცილოთ სხვების მიერ ჩვენი დაპროგრამება. (გაგრძელება იქნება…)

„ფეისბუკი საკონტროლო სამუშაო არ არის, ამიტომ სკოლებში უნდა აიკრძალოს“

0
21-ე საუკუნეს, გადაუჭარბებლად შეიძლება, „ქსელების საუკუნე” ვუწოდოთ. დაქსელვა არც აქამდე აკლდა საავტომობილო, სარკინიგზო და, თუ გნებავთ, საჰაერო მაგისტრალებს, მაგრამ ამჯერად იმ „ობობაზე” გვექნება საუბარი, რომელმაც თანამედროვე ადამიანის ცნობიერში სულ მოკლე ხანში შეძლო მეტად ჩახლართული და გამოუცნობი ქსელების გაბმა. ვგულისხმობთ ინტერნეტში არსებულ უამრავ სოციალურ ქსელს, რომლებზეც აშშ-ის ფლორიდის შტატის სასკოლო სოციოლოგთა და მოსწავლეთა უფლებების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ქევინ დროუკი ლაპარაკობს. მას მიაჩნია, რომ სოციალური ქსელებით სარგებლობა ნეგატიურ გავლენას ახდენს სკოლის მოსწავლეთა კრიტიკულ აზროვნებასა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარზე. „ინტერნეტსაძიებლებით მუდმივი სარგებლობა ქსელის მომხმარებელ მოზარდთა მეხსიერებას აქვეითებს, რადგან ისინი ვეღარ ხედავენ აუცილებლობას, დაიმახსოვრონ ცნობები, რომლებსაც ნებისმიერ წუთს ადვილად მიიღებენ”, – აცხადებს დროუკი. ასოციაციის დირექტორი აცხადებს, რომ სოციალური ქსელი Facebook-ი საზოგადოების, ამ შემთხვევაში კი სკოლის აღსაზრდელთა ცნობიერში ღრმადაა შეჭრილი და ბავშვები ამ ქსელს ლამის უახლოეს მეგობრად აღიქვამენ. Facebook-ის უამრავი ფუნქცია, საძიებელი, ათასნაირი გასართობი და 800 მილიონზე მეტი მომხმარებელი აიძულებს სკოლის მოსწავლეებს, დღის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ სოციალურ ქსელში გაატარონ.

ამ და სხვა მიზეზების გამო ფლორიდის შტატის სასკოლო სოციოლოგთა და მოსწავლეთა უფლებების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ქევინ დროუკმა გამოთქვა საკმაოდ თამამი ინიციატივა, ფლორიდის სკოლებში მასწავლებლებს საკუთარ მოსწავლეებთან სოციალურ ქსელებში დამეგობრება და ურთიერთობა აეკრძალოთ. სკოლა Lee County-ს ხელმძღვანელობამ უკვე ოფიციალურად გასცა განკარგულება, რომელიც ავალდებულებს მასწავლებლებს, არავითარ შემთხვევაში არ იურთიერთონ მოსწავლეებთან ისეთი სოციალური ქსელების მეშვეობით, როგორებიცაა Facebook-ი, MySpace-ი და Twitter-ი. 

აღნიშნული ბრძანება აფრთხილებს მასწავლებლებს იმის თაობაზეც, რაც შესაძლოა ამგვარ კომუნიკაციას მოჰყვეს.
„სკოლის თანამშრომლებს, განურჩევლად მიზეზისა, არ აქვთ უფლება, არათუ დაუმეგობრდნენ სკოლის მოსწავლეებს სოციალურ ქსელში, არამედ თუნდაც პერსონალურ ვებგვერდებზე წვდომის უფლება მისცენ”, – ნათქვამია ბრძანებაში.

ხსენებული სკოლა, სავარაუდოდ, პირველია არა მხოლოდ ფლორიდაში, არამედ მთელ ამერიკაში, რომელიც ამგვარ პრეცედენტს უშვებს.

ეს დოკუმენტი შეიქმნა არა დასჯის მიზნით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პრევენციისთვის. „არ გვინდა, მასწავლებელმა ან მოსწავლემ ჩაიდინონ ისეთი რამ, რაც შემდგომ სანანებელი გაუხდებათ”, – აცხადებს სკოლა Lee County-ს დირექტორი. მან საკუთარი გადაწყვეტილება შემდეგი მოტივით დაასაბუთა: ყოფილა უამრავი შემთხვევა, როდესაც მავან მოსწავლეს ფეისბუკზე განუთავსებია ინფორმაცია, რომელიც შემდგომ მისთვის სავალალოდ შემოტრიალებულა. ამასთანავე, დირექტორმა დასძინა, რომ ის არ წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ „ინტერნეტპოლიციას” და განაცხადა, რომ მას ერთადერთი რამ სურს: მოსწავლეებმაც და მასწავლებლებმაც გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ.

„როდესაც მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთთან სოციალური ქსელის მეშვეობით ამყარებენ ურთიერთობას, უამრავი გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება მოხდეს, რაც შესაძლოა ორივე მხარისთვის სავალალოდ დასრულდეს”, – აცხადებს ქევინ დროუკი.

გადაწყვეტილების ავტორები ვარაუდობენ, რომ მათ მაგალითს ამერიკის მრავალი სკოლა მიბაძავს და მოსწავლეთა და მასწავლებელთა ურთიერთობა მომავალში გაცილებით უფრო მოწესრიგებული და უსაფრთხო გახდება.

სოციალური ქსელის უარყოფითი გავლენის მაგალითად პენსილვანიის ერთ-ერთი სკოლიდან დათხოვნილი მასწავლებლის შემთხვევა მოჰყავთ. ამ უკანასკნელმა ფეისბუკზე განათავსა საკუთარი „გოგონათა წვეულების” სურათი, რომელზეც ნახევრად შიშველი იყო გადაღებული. მართალია, სოციალურ ქსელში ეს ფოტო სულ რაღაც ნახევარი საათის განმავლობაში იდო, მაგრამ ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, სკოლის რამდენიმე ათეულ მოსწავლე ბიჭს ერთიმეორისთვის გაეზიარებინა და საბოლოო ჯამში მასწავლებელი სკოლიდან გაათავისუფლეს კიდეც.

„საკმაოდ მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ფეისბუკი პრაქტიკულად უზრუნველყოფს მომხმარებლის კონფიდენციალობას. ასე რომ, ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია, საიტზე სხვა სახელით დარეგისტრირდეს, ინტერნეტში სიმპათიური მამაკაცის ფოტო მოიძიოს, საკუთარ მასწავლებელს დაუმეგობრდეს და…” – აცხადებენ ინიციატივის მომხრეები. მათი თქმით, ასეთი შემთხვევა უამრავია, მაგალითად კი კალიფორნიის შტატში მომხდარი ინციდენტი მოჰყავთ. ერთი „მოხერხებული და საზრიანი” მოსწავლე ფეისბუკზე ასაკით სამჯერ უფროსი მამაკაცის ნიკით დარეგისტრირდა, დაუმეგობრდა თავის მასწავლებელს და იმოდენა ფანტაზია გამოამჟღავნა, რომ მასწავლებელი აიძულა, პირად მიმოწერაში თავისი ინტიმური ფოტოები გაეზიარებინა. ამის შემდეგ მოსწავლემ საგნის მომზადებას თავი მიანება და, მიუხედავად უცოდინარობისა, ამ საგანში წლის ბოლომდე უმაღლესი შეფასება ჰქონდა. ძნელი გამოსაცნობი არ არის, რა გზით ახერხებდა ჩამორჩენილი მოსწავლე კარგი ნიშნების მიღებას. სიმართლე მაშინ გაირკვა, როდესაც მოსწავლემ მასწავლებელს არა მხოლოდ მაღალი ნიშნების დაწერა, არამედ მისი სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაც მოსთხოვა.

„პედაგოგებმა უბრალოდ უნდა ამოშალონ მეგობრების სიიდან თავიანთი მოსწავლეები, რათა მსგავსი ინციდენტები სამომავლოდ თავიდან აიცილონ. მოსწავლეებთან სოციალურ ქსელში მეგობრობისთვის მასწავლებლებს არავითარი მიზეზი არ გააჩნიათ, მეტადრე მაშინ, როდესაც არსებობს ურთიერთობის უამრავი სხვა ფორმაც, თუნდაც სასკოლო ვებგვერდი, ან სულაც ელექტრონული ფოსტა”, – აღნიშნავენ წინადადების ინიციატორები.

სოციალური ქსელები უფრო და უფრო ფართოვდება, იხვეწება მათი გამოყენების მეთოდები. სხვადასხვა ქვეყანაში მრავალი მასწავლებელი და არამხოლოდ ისინი რეგულარულად მოიხმარენ ამ ქსელებს. ამა თუ იმ საწარმოსა თუ დაწესებულების ხელმძღვანელები ცდილობენ, სოციალური ქსელების მეშვეობით გარკვეული წარმოდგენა შეიქმნან საკუთარ თანამშრომლებზე. იგივე შეიძლება ითქვას მასწავლებლებზე: ისინი ცდილობენ, სოციალური ქსელის, ამ შემთხვევაში კი ფეისბუკის მეშვეობით ჩასწვდნენ აღსაზრდელთა სულიერ მისწრაფებებს, გააანალიზონ მათი დამოკიდებულება ამა თუ იმ საგნისა თუ მოვლენის მიმართ, მაგრამ ხშირად ავიწყდებათ, რომ ფეისბუქი მხოლოდ და მხოლოდ სოციალური ქსელია და არა საკონტროლო სამუშაო, იქ მოზარდს ვერავინ და ვერაფერი აიძულებს, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე განათავსოს.

სკოლებში სოციალური ქსელების გამოყენების მოწინააღმდეგეთა არგუმენტის თანახმად, შეუძლებელია, აღმზრდელმა სოციალურ ქსელში პირდაპირ გადაიტანოს ყველაფერი, რაც შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენოს, ეს კი მომავალში მათაც და მათ აღსაზრდელებსაც უმეტესად სავალალო შედეგებამდე მიიყვანს.

მოგზაურობა ევროპაში – ბავშვები და მუზეუმები

0
ახლაღა მივხვდი, რომ სანამ ამბების მოყოლას დავიწყებდი, მცირე შესავალი უნდა წამემძღვარებინა, ანუ ჩემი მოგზაურობის მიზეზებზე მომეთხრო.

მოკლედ, ასე იყო: ცოტა ხნის წინ ფრანკფურტის ქართული ლიტერატურული სალონიდან შემატყობინეს, რომ სხვა ავტორებთან ერთად ლიტერატურულ საღამოზე მიწვევდნენ და რამდენიმე ლექსის თარგმნასაც აპირებდნენ. ფრანკფურტის ლიტერატურულ სალონსა და მის დიასახლისზე, მანანა თანდაშვილზე აუცილებლად უფრო დაწვრილებით მოგიყვებით, ახლა სხვა ამბებზე შევჩერდები. მოკლედ, რაკიღა, ასეთი კარგი შემთხვევის გამოტოვება არ იქნებოდა, მე და ზაზამ დავგეგმეთ, რომ გერმანიაში ჩავიდოდით, ლიტერატურულ შეხვედრას დავესწრებოდით, მერე რაიმე იაფფასიან მანქანას ვიყიდდით და გერმანიიდან საქართველოსკენ მანქანით წამოვიდოდით, გზად რამდენიმე ქვეყანას ვნახავდით, გერმანიასა და საბერძნეთში ჩემს მონატრებულ ოჯახის წევრებს ვესტუმრებოდით. 

მიუხედავად იმისა, რომ გეგმა ცოტათი ავანტიურისტულად გამოიყურებოდა, ის მაინც აღსრულდა. ჰოდა, ჩვენი თვითმფრინავი მიუნხენის აეროპორტში დაეშვა….

ძალიან ბევრი რამის ნახვა გვინდოდა, ამიტომ ზუსტად გაწერილი განრიგი შევადგინეთ, მეც ვეცდები, მოგზაურობის ყველაზე საინტერესო ეპიზოდებზე გიამბოთ.

ამჯერად, მუზეუმებზე შევჩერდები.

1. „აუდის” მუზეუმში

„აუდის” ქარხანაზე წინა პოსტში მოგიყევით. ეს კომპანია ძალიან დიდ როლს ასრულებს პატარა ქალაქის,  ინგოლშტადტის ცხოვრებაში. „აუდის” ავტომობილების მუზეუმი, თავისი ძალიან საინტერესო და კარგად მოფიქრებული ექსპოზიციებით ყოველდღიურად ძალიან ბევრ სტუმარს მასპინძლობს.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომანქანები დიდად არ მაინტერესებს, მუზეუმში მაინც წავედი, რადგან სანაცვლოდ ქმრისგან დაპირება მივიღე, რომ უდრტვინველად გამომყვებოდა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. 

ექსპოზიცია ნამდვილად ძალიან საინტერესო იყო, კომპანიის ისტორიის ამსახველი ფილმები თითქმის ყველა სტენდზე გადიოდა, ხოლო მეოცე საუკუნის დასაწყისის მანქანების, ველოსიპედებისა თუ მოტოციკლეტების მოდელები უახლესი ავტომანქანების გვერდით იწონებდნენ თავს.

 პირველი, რამაც მუზეუმში შესვლისას გამაოცა, ბავშვების სიმრავლე იყო. 2–3 კლასელი ბავშვები ყურადღებით ათვალიერებდნენ გამოფენას, ზოგი მშობელთან ერთად იყო, ზოგი -მათ გარეშე, მასწავლებლის თანხლებით.

 გვერდით მდგარ მაგიდებთან რამდენიმე ბავშვი იჯდა და საკლასო დავალებას ასრულებდა. აღმოჩნდა, რომ მეორეკლასელების გაკვეთილზე მოვხვდი. ბავშვებს ავტომანქანებსა და გერმანიის ეკონომიკაზე უამბეს, მერე კი სხვადასხვა მასალისგან სასაცილო  მანქანები დაამზადებინეს, ეს მანქანები დიდი ხნის განმავლობაში იქნება გამოფენილი აუდის მუზეუმში.
 
 ახალგაზრდა მამა პატარა შვილთან ერთად ათვალიერებს 1937 წელს გამოშვებული მანქანის  მოტორს და რაღაცას უხსნის, ბიჭუნა ყურადღებით უსმენს.
დედა და სამი ბავშვი მეოცე საუკუნის ბოლოს გამოშვებულ მანქანებს უყურებენ და რაღაცაზე ხმამაღლა იცინიან.
ყველა მუზეუმში თუ გამოფენაზე, წიგნის მაღაზიებში – ბავშვები და მშობლები ყველგან ერთად იყვნენ! გამოგიტყდებით და ცოტათი შემშურდა.

რა იქნებოდა, ჩვენც უფრო საინტერესოდ რომ ვგეგმავდეთ შვილებთან ერთად გასეირნებებს, მათთან ერთად ვეძებდეთ და ვპოულობდეთ საინტერესო რამეებს, თბილისში ხომ იმდენი კარგი მუზეუმია.

2.ზენკერბერგის ბუნებისმეტყველების მუზეუმი, ფრანკფურტი

ფრანკფურტში საინტერესო ადგილების დასათვალიერებლად სულ ერთი დღე მქონდა, ამიტომ ჩემს მეგობარს ვთხოვე, ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცები  გვენახა. პირველი, რაც მას გაახსენდა, ბუნებისმეტყველების მუზეუმი იყო, ცნობილი თავისი უძვირფასესი და უიშვიათესი კოლექციებით, სადაც დინოზავრების ჩონჩხები, გადაშენებული ცხოველებისა და ფრინველების ფიტულები, იშვიათი ქვები თუ მეტალები და ბევრი სხვა რამ არის წარმოდგენილი.

რასაკვირველია, აქაც, ისევე, როგორც გერმანიის ყველა საგანმანათლებლო თუ კულტურულ ცენტრში, რამდენიმე ღია გაკვეთილი თუ ექსკურსია მიმდინარეობდა. მოსწავლეების სიმრავლე იყო, მასწავლებელი დაწვრილებით უხსნიდა ბავშვებს ბუნების საოცრებებს და ისინიც, თვალებგაფართოებულები, ათვალიერებდნენ არქეოპტერიქსებს თუ ბიზონებს, უმცირეს მიკროორგანიზმებს თუ იშვიათ მწერებს.
ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი გამახსენდა, გაგიჟდებოდა ეს მუზეუმი რომ ენახა.
 
 
 

        
შემდეგ პოსტში გოეთეს მუზეუმში ჩატარებულ ლიტერატურის გაკვეთილზე მოგიყვებით. ერთი რამ კი აუცილებლად უნდა გავაკეთო, მომავალი კვირიდან თბილისის მუზეუმებს დავივლი და იქ ჩემი მოსწავლეებისთვის საინტერესო გაკვეთილებს დავგეგმავ.

როგორ განვუვითაროთ მოსწავლეს თვითმართვადი სწავლის უნარები -ნაწილი პირველი

0
რას წარმოადგენს თვითმართვადი სწავლა?
თვითმართვადი სწავლა არის კომპლექსური და მრავალმხრივი საქმიანობა, რომლის დროსაც „აქტორს შეუძლია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება – რა, როდის, რა დროში, როგორ და რისთვის უნდა ისწავლოს” (Weinert. F. E., 1982, Selbsgesteuertes Lernen als Voraussetzung, Methode und Ziel des Unterrichts. Unterruchtswissenschaft).
სხვა განმარტებით, თვითმართვადი სწავლა არის საკმაოდ კომპლექსური პროცესი, როდესაც „შემსწავლელს უნარი შესწევს, სხვისი დახმარებით ან დაუხმარებლად დაადგინოს თავისი სასწავლო მოთხოვნილებები და საჭიროებები, მოახდინოს საკუთარი სასწავლო მიზნების ფორმულირება, შეძლოს სწავლისთვის საჭირო რესურსების იდენტიფიცირება, აირჩიოს და გამოიყენოს სწავლის შესაბამისი სტრატეგიები და ბოლოს შეაფასოს სწავლის შედეგები” (Knowles M. (1980) Self-directed learning. A guide for learners and teachers. 4-th edition. Englewood Cliffs: Prentice Hall).
აქედან გამომდინარე, რა უნარებს უნდა ფლობდეს დამოუკიდებლად შემსწავლელი?
მას უნდა შეეძლოს გადაწყვეტილების მიღება:
·სასწავლო მიზნის შესახებ (რისთვის? რა მიზნით?);
·შინაარსის შესახებ (რა?);
·სასწავლო რესურსების შესახებ;
·დროითი ასპექტების შესახებ (როდის? რა დროში?);
·მეთოდური ასპექტების შესახებ (როგორ?);
·სასწავლო მიზნების მიღწევის შეფასების შესახებ (რას მივაღწიე?);
·შეფასების შედეგების გათვალისწინებით სწავლის შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვის შესახებ (რა უნდა გავაუმჯობესო?).
რატომ არის მოსწავლეთა თვითმართვადი სწავლის უნარების განვითარება თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი?
1. თანამედროვე საზოგადოების საკმაოდ სწრაფი ეკონომიკური, ტექნოლოგიური, კულტურული და სოციალური ცვალებადობა მოითხოვს ცოდნის მუდმივ განახლებას, ამიტომ სკოლის მნიშვნელოვანი ამოცანაა, მოსწავლეებს განუვითაროს უნარები, რომლებიც დამოუკიდებელ სწავლას უწყობს ხელს.
2. თვითმართვადი სწავლისადმი ასეთი ინტერესი განპირობებულია მოსწავლეზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო სისტემაზე გადასვლით.
3. სწავლა ინდივიდუალურად აქტიური პროცესია. სწორედ თვითმართვადი სწავლა ავითარებს ინდივიდუალური სწავლის უნარებს.
4. უნარი, თავად იყო პასუხისმგებელი სწავლის ამა თუ ასპექტზე, მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სისტემის ყველა საფეხურზე, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლიდან მოყოლებული, უნივერსიტეტებისა და ზრდასრულთა განათლების ჩათვლით.
რა არის თვითმართვადი თვითმართვად სწავლაში?
„როცა ვლაპარაკობთ უნარზე, ვისწავლოთ დამოუკიდებლად, საქმე ეხება არა „არაფერს”, ანუ სრულ უუნარობას, მართო და აკონტროლო საკუთარი სწავლა, ან „ყველაფერს”, ანუ უნარს, ყოველივე ეს სხვის დაუხმარებლად აკეთო, არამედ კონტინიუმს, რომელიც ამ ორ ექსტრემს შორის იშლება” (Simons P.R.J., 1992, Lernen, selbstständig zu lernen-ein Rahmenmodell). თვითმართვადი სწავლის დროს სასწავლო პროცესი მიმართული უნდა იყოს როგორც მოსწავლეთა დამოუკიდებელი აქტივობისკენ, ისე სხვათა (მასწავლებელთა, თანატოლთა, მშობელთა) დიდაქტიკური ქმედებისკენაც. ეს ხელს არ უშლის მოსწავლეთა ავტონომიას, თუ ეს მეთოდური თანადგომა სწორად არის წარმართული.
თვითმართვადი სწავლის რეალიზებას მივყავართ მასწავლებლის როლის აშკარა ცვლილებისკენ – ავტორიტარიდან ფასილიტატორისკენ. დასავლეთში ჩატარებული მრავალრიცხოვანი კვლევა ცხადყოფს, რომ მასწავლებლები, რომლებიც წარმატებას აღწევენ საკუთარი მოსწავლეების თვითრეგულირებად შემსწავლელებად ჩამოყალიბებაში, გამოირჩევიან საგნის ღრმა ცოდნით, მეთოდური კომპეტენციით, დიდი მონდომებით, რუდუნებით, თანმიმდევრულობით, ანალიზისა და შეფასების უნარით და, რაც მთავარია, მოსწავლეებთან თანამშრომლობით.
რა მოთხოვნებს გვიყენებს თვითმართვადი სწავლა?
ეს მოთხოვნები სხვადასხვა ავტორის მიერ უფრო ფართო ან უფრო ვიწრო პროფილებად არის კლასიფიცირებული, მაგრამ ნებისმიერი კლასიფიკაციისას ნათლად ჩანს, რომ თვითმართვადი სწავლა პიროვნების ყველა ასპექტს მოიცავს, ე.ი. იგი პიროვნებას მთლიანობაში განიხილავს.
თვითმართვადი სწავლისთვის აუცილებელი კომპონენტებია:
·კოგნიცია; 
·მეტაკოგნიცია;
·მოტივაცია;
·რესურსების გამოყენება;
·სოციალური ინტერაქცია.
კოგნიცია
სწავლისას ხდება ახალი ინფორმაციის მიღება, რომელიც სოციალური თუ ინდივიდუალური დამუშავების პროცესში ცოდნად ტრანსფორმირდება. ყოველივე ამას სწავლის შემდეგი კოგნიტიური სტრატეგიები უზრუნველყოფს:
·ელაბორაციის სტრატეგიები, რომლებიც მოსწავლეს ეხმარება, ახალი მასალის დამუშავებისას ღრმად ჩასწვდეს მას, რაც მოითხოვს აქტიურ კავშირს უკვე არსებულ და ახალშეძენილ ცოდნას შორის, აქცენტის დასმას არსებითზე, გაანალიზებას, დასკვნების გამოტანას და ა.შ.;
·შენარჩუნების სტრატეგიები, რომლებიც მაშინ უნდა გამოიყენონ მოსწავლეებმა, როცა სურთ, ახალშეძენილი ცოდნა რაც შეიძლება ზუსტად ჩაიბეჭდონ მეხსიერებაში. ასეთებია, მაგალითად, გამეორება და ვარჯიში, რომლებიც ხელს უშლის ნასწავლის „გაფერმკრთალებას” და მეხსიერებიდან ამოშლას;
·გამოხმობის სტრატეგიები, რომლებიც გვეხმარება მეხსიერებიდან ნასწავლის მიზნობრივ გამოხმობაში. მაგალითად, საკვანძო სიტყვებით, სქემებითა და სხვა საშუალებებით;
·ორგანიზების სტრატეგიები, რომლებიც ეხმარება მოსწავლეებს რთული, კომპლექსური ინფორმაციის გამარტივებაში, რათა ახლადნასწავლი უკეთ იყოს გაგებული, შენარჩუნებული და საჭიროების შემთხვევაში გამოხმობილი. 
ეს კოგნიტიური სტრატეგიები თვითმართვადი სწავლის მნიშვნელოვანი ასპექტებია.
მეტაკოგნიცია 
მეტაკოგნიცია არის აზროვნება საკუთარი აზროვნების შესახებ, რაც თვითმართვადი სწავლის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მეტაკოგნაცია გულისხმობს სწავლის ეფექტური სტრატეგიების ცოდნასა და გამოყენებას. იგი ადმიანისგან მოითხოვს პრობლემის იდენტიფიცირებას, მისი სირთულის დადგენას, მერე კი დაძლევის სტრატეგიების შემუშავებას. რაც უფრო მაღალია მოსწავლეებში მეტაკოგნიტიური აზროვნება, მით უფრო ეფექტურად სწავლობენ ისინი.
გამოყოფენ სწავლისა და აზროვნების მარეგულირებელ სამ მეტაკოგნიტიურ უნარს:
·დაგეგმვა გულისხმობს იმის გადაწყვეტას, რამდენი ხანი დახარჯო დავალებაზე, რა სტრატეგიები გამოიყენო, რით დაიწყო და ა.შ. მოსწავლემ შესაძლოა საკუთარ თავს ჰკითხოს: „რაც უკვე ვიცი, იქიდან რა შეიძლება გამოვიყენო პრობლემის გადასაჭრელად?”, „რა ამოცანები დგას ჩემ წინაშე და როგორ ვაპირებ მათ გადაჭრას?”, „რა უნდა გამოვკვეთო, რა არის არსებითი?” – და ა.შ. 
·მონიტორინგი იმის გაცნობიერებაა, „როგორ ვუმკლავდები დავალებას”, „სწორ გზაზე ვდგავარ თუ არა”, „ვიყენებ თუ არა შესაბამის ინფორმაციასა და რესურსებს”, „რა უნდა შევცვალო უკეთესი შედეგის მისაღებად”;
·შეფასება მოიცავს განსჯას სწავლის შედეგების შესახებ. ამოცანის დასრულების შემდეგ მოსწავლემ შესაძლოა ჰკითხოს საკუთარ თავს: „რამდენად სწორად გადავჭერი ამოცანა?”, „მივაღწიე თუ არა დასახულ მიზანს?”, „მოითხოვს თუ არა ჩემი მუშაობა კორექციას?”
მაშასადამე, თვითმართვადი სწავლისთვის მნიშვნელოვანია მეტაკოგნიტიური სტრატეგიები, რომლებიც ხელს უწყობს სიტუაციის სათანადო დაგეგმვას („როგორ გადავჭრი მე ამ პრობლემას?”), დაკვირვებას („მე ეს ვერ გავიგე/მე ეს გავიგე”) და რეგულაციას („მე ეს კიდევ ერთხელ უნდა ვცადო”).
მოტივაცია
თვითმართვადი სწავლისთვის სწავლის მეტაკოგნიტიურ და კოგნიტიურ სტრატეგიებთან ერთად, რომლებიც შეიძლება გამოვხატოთ ერთი წინადადებით: „მე ეს შემიძლია”, – მნიშვნელოვანია სწავლის მოტივაციური სტრატეგიებიც: „მე ეს მსურს”. სწავლის მეტაკოგნიტიური და კოგნიტიური სტრატეგიები კონკრეტულ სიტუაციაში გააქტიურდება თუ არა, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სწავლის მოტივაციური სტრატეგიების სწორად გამოყენებაზე. თვითმართვადი სწავლის მნიშვნელოვანი მოტივაციური წინა პირობაა შინაგანი მოტივაცია, როდესაც სწავლა მიმდინარეობს საგნისადმი, საქმისადმი ინტერესით, კომპეტენციის გასაფართოებლად. ამ დროს სწავლა კომპლექსური სასწავლო სტრატეგიების ამოქმედებით ხორციელდება, განსხვავებით გარეგანი მოტივაციისგან, როდესაც ადამიანი სწავლობს, მაგალითად, სოციალური აღიარებისთვის, მატერიალური კეთილდღეობისთვის და ა.შ. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ სწავლის მოტივაციის ეს ორი ფორმა ერთმანეთს გამორიცხავს. ერთი და იმავე სასწავლო დავალების შესრულებისას შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ორივე ფორმა: ისწავლო როგორც საგნისადმი ინტერესის გამო, ასევე კარგი ნიშნისთვის. სწავლის გარეგანი მოტივაციის გამოყენების საბოლოო მიზანი სწორედ შინაგანი მოტივაციის გამოწვევაა.

რესურსების გამოყენება
თვითმართვადი სწავლის მნიშვნელოვანი კომპონენტია რესურსების მიზნობრივი შერჩევა და გამოყენებაც. თანამედროვე სამყაროში მოზარდის დამოუკიდებელ შემსწავლელად ჩამოყალიბებისთვის სპეციალისტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ დროითი, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და მულტიმედია რესურსების სათანადო და რაციონალურ გამოყენებას. მრავალი კვლევის შედეგები მოწმობს, რომ რაც უფრო ეფექტურად იყენებს მოსწავლე რესურსებს, მით უფრო იზრდება სწავლის სტარტეგიების გამოყენების ეფექტურობა.
სოციალური ინტერაქცია
თვთმართვადი სწავლის უნარის განვითარებას და დამოუკიდებელ შემსწავლელად ჩამოყალიბებას ხელს უწყობს არა მხოლოდ ინდივიდუალური მუშაობა, არამედ თანამშრომლობითი სწავლებაც. სწავლა ჯგუფებში ხშირად უფრო სახალისოა, ვიდრე დამოუკიდებლად. ჯგუფში თითოეულ მოსწავლეს აქვს განსხვავებული შეხედულებები, იდეები, წინარე ცოდნა და ა.შ. შეკრული ჯგუფის წევრები ერთმანეთს სთავაზობენ პრობლემის გადაჭრის განსხვავებულ გზებს, ეხმარებიან სწავლის პროცესში, უზიარებენ სწავლის ეფექტურ სტრატეგიებს, აკვირდებიან ერთმანეთის საქციელს. ჯგუფებში მოსწავლეები სწავლობენ დაკვირვებით/მოდელით. ეს ქმნის ურთიერთნდობის ატმოსფეროს, რაც საგრძნობლად ამცირებს სწავლის პროცესის თანმხლებ სტრესსა და დაძაბულობას, რაც, თავის მხრივ, სწავლისადმი ინტერესს ზრდის.
თვითმართვადი სწავლის ზემოთ განხილული ოთხივე კომპონენტის კონკრეტულ სტრატეგიებზე მომდევნო სტატიაში გესაუბრებით.

მაია ფირჩხაძე

0

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...