სამშაბათი, აპრილი 21, 2026
21 აპრილი, სამშაბათი, 2026

გიგზის უმწეო პასის ამბავი

0
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იყო. ქალაქ ოზურგეთში ჯერ კიდევ არსებობდა ,,გადმოყვანილი დენის’’ არამიწიერი მადლი და მისი მომმატებელი ალქიკიმოსი ტრანსფორმატორი. ეს უკანასკნელი ან გულებს წვავდა სერიალების მაყურებელთა ან მათ სახლებს, ვისაც ღამე ჩართული რჩებოდა. ჩემი გული კი და სახლიც და რაც გნებავთ მაშინ ბარსელონაში იყო. წითელმაისურიანმა თერთმეტმა ნომერმა რაღაცნაირად განწირულად მოიქნია ფეხი, თითქოს უმიზნოდ, ტედი შერინგემა დაახვედრა და ანგარიში გათანაბრდა. ბაიერნი–მანჩესტერი 1:1. თერთმეტი ნომერი კი რაიან გიგზისა გახლდათ, მანჩესტერის ყველა დროის უმთავრეს კაცთაგანის – ჩარლტონის, ბესტის, კანტონას ტოლის. ის ფეხბურთიდან წავიდა.

 ეს ცოტა უცნაური, გულჩათხრობილი კაცი, რომელსაც მამა ინგლისელი ჰყავდა, გვარად ვილსონი, თავის დროზე დედის გვარს აირჩევს. ამ ყველაფრის გამო შემდეგ ის უელსის ნაკრებში გამოდის. უელსი ბევრს იგებს ამით, ინგლისს მარცხენა ფლანგზე სტივ მაკმანამი ჰყავს, მაგრამ..ეს რაიან გიგზია. კაცი, რომელმაც ასოციაციის თასის ნახევარფინალში ნახევარი არსენალი მოატყუა და ამ ფილმ–მატში გადამწყვეტი ბურთი შეაგდო. სერ ფერგი იგონებს, რომ სეზონის ტრიუმფით დასრულების იმედი სწორედ ამ გოლის შემდეგ გაუჩნდა – რაღაც დიდ სასწაულს უჩანდა პირი. საერთოდ ფერგიუსონს განსაკუთრებით უყვარს რაიანი –


წყნარი და დისციპლინის მიმდვარი, მედიის არმოყვარული კაცი, რეკლამებისთვის და  საიმიჯო მიმოხვრისთვის თითის არგამტოკებელი. მოკლედ რომ ვთქვათ – ანტიბექჰემი. ვარჯიშისას დევიდიც თავდაუზოგავი იყო, მაგრამ მისი გონება სხვაგან ჰქროდა და ფერგის ნასროლი ბუცი მისი თავისკენ. გიგზისთვის მსგავსი ამბები უცხო ხელობა გახლდათ. თუმცა ბრიტანულ ტაბლოიდებს ვერც ის ასცდა – ,,სანი’’ წერდა, რომ რაიანს საკუთარი ძმის ცოლთან, ნატაშასთან ჰქონდა რომანი. მერე მამამისმა, რომელსაც დიად გულზე არც მანამდე ეხატებოდა გვარშეცვლილი ფეხბურთელი, ასეთი რამ თქვა: ,,ის სულელია. გსურთ, რაიანი მოკლედ დავახასიათო? სულელის გარდა, მოღალატე, მატყუარა და დედიკოს ბიჭია. ვერ გამიგია, როგორ ენდობა ამხელა კლუბის ხელმძღვანელობა ასეთ მშიშარას, რომელმაც საკუთარ ძმას ოჯახი დაუნგრია. მასში “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელობისთვის საჭირო თვისებებს ვერ ვხედავ. რაიანი პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდა’’.  გიგზმა სამიოდ კვირის გადმოიბარა მანჩესტერის მწვრთნელის პოსტი გადაყენებული მოიესისგან. მართალია დროებით, მაგრამ მაინც. მიუხედავად მამის სიტყვებზე გამარჯვებისა, ეს სკანდალი გარემარბის ცხოვრებაში ყველაზე რთულ ეტაპად შემორჩა. თუმცა დიდი გმირები სწორხაზოვანნი არასდროს არიან. ცხადია, საკუთარი სიდიდე ვერ ამართლებთ, მაგრამ მეორე მხრივ, მორალისტ დიდაქტიკოსებს პასუხი ადვილად გაეცემა – ცუდი და არმისაბაძი საქმე მნიშვნელოვანი ხალხის ფონზე უფრო ცხადად ჩანს.  მოკლედ ასე იყო თუ ისე, გიგზი ამ ისტორიის კაცად არ შემორჩება მსოფლიოს. ჩვენ ის როგორც ფეხბურთელი, ისე გვაინტერესებს.  როგორც, მაგალითად, ბილი ჰოლიდეის სიმღერები და არა ბილი ჰოლიდეის პრობლემები სამართალთან.

გიგზი გენიალური მოთამაშე იყო. ამ სიტყვის სრულიად არაპათეტიკური გაგებით. მისი მოძრაობა, მანევრები, პასებიც არაპათეტიკური იყო. მე პათეტიკური ფეხბურთელებიც მიყვარს, მაგრა რაიანის მნიშვნელობა მისი სტილის სისადავეში უფრო იყო. მოედანს სრულად ხედავდა. ამობებენ რომ ოქროს გუნდში ამ კომპონენტით მხოლოდ სქოულზს ჩამოუვარდებოდა. ფინტების დარგში პირველი იყო.  გრძელი პასის უნარი ვეტერანობისასაც არ დაუკარგავს. ცოტას თუ დაავიწყდება მისი გადაცემა მაიკლ ოუენისკენ, სიტისთან 4:3 მოგებულ მატჩში. სტაბილურობა მისი ერთ–ერთი უმთავრესი მიღწევაა – ათწლეულების თამაში უმაღლეს დონეზე ბევრი ფეხბურთელის ხვედრი როდია. ცხადია აქ იღბლის საქმეცაა – უტრავმობა და მწვრთნელის ულიმიტო ნდობა.

მოკლედ, სახელი და გვარი, რაიან გიგზი – უკვე ოქროს ასოებია ფეხბურთის წიგნში. წიგნში, სადაც მოხვედრა ბევრ სწავლსა და შრომას, არაერთ იმედგაცრუებას და  სირთულესთან არის დაკავშირებული, შუაღამამდე ვარჯიშთან, ნიუანსების დახვეწასთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომლის გვირიგვინად, რაც უნდა პარადოქსული იყოს – განწირულად, სუსტად მოქნეული ფეხი შეიძლება იქცეს, სუსტად და ბედსმინდობილად, რომლის შემდეგ ბურთი ტედი შერინგემს მიუვა და მე ჩაბნელებული ოზურგეთიდან, გადმოყვანილი შუქით ძვლისგნათებული ოთახიდან, რომელიც გრაფიკის გამო მალე მხოლოდ ნავთის ლამფის შუქს დაჯერდებოდა – აჩახჩახებულ კამპ ნოუზე აღმოვჩნდი. 

როგორ ვიმუშაოთ უყურადღებო, იმპულსურ და ჰიპერაქტიურ ბავშვებთან

0
კლასის მაღალი აკადემიური მოსწრება, გარკვეულწილად, მოსწავლეთა დისციპლინაზეა დამოკიდებული. ხშირია შემთხვევა, როდესაც მასწავლებლები  კლასში უდისციპლინო მოსწავლეებს უჩივიან. ამ ბავშვების არასწორი ქცევა მრავალ ქმედებაში ვლინდება. ასე, მაგალითად: 

·უნებართვოდ დადიან გაკვეთილზე;
·არ ელოდებიან თავიანთ ჯერს;
·ღეჭავენ  და ისვრიან კალმებს ან სხვა ნივთებს;
·ავიწყდებათ სასწავლო სახელმძღვანელოების მოტანა და დავალებების შესრულება;
·საუბრისას გისმენენ, მაგრამ არ აკეთებენ იმას, რაც დაავალეთ;
·ახასიათებთ პასუხების უნებართვოდ წამოძახება;
·ძვრებიან მერხებზე და ფანჯრის რაფებზე;
·იქნევენ კიდურებს და შეიძლება თანაკლასელს რამეც ატკინონ;
·სწრაფად ბრაზდებიან და ვერ აკონტროლებენ ემოციებს, უსასრულოდ ეკამათებიან მასწავლებლებს.
ასეთ ბავშვებს მასწავლებლები „ცუდ ბავშვებად” მოიხსენიებენ, მიაჩნიათ, რომ ცუდი ქცევა ცუდი აღზრდის შედეგია. მათთან მუშაობის გავრცელებული ხერხია უკანა მერხზე გადასმა ან კლასიდან გარეთ გაშვება. ყურადსაღები ისაა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ქცევები, გონებრივი დარღვევების სადიაგნოსტიკო და სტატისტიკური სახელმძღვანელოს (DSM-IV, Diagnostic and Statistical Manual and Mental Disorders) თანახმად, მიეკუთვნება  ქცევის დარღვევას, რომელსაც ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომს (Attention Deficit Hyperactivity Disorder  – ADHD) უწოდებენ. 
მასწავლებლები დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, შესაძლებელია, რომ ყოველ კლასში, სულ მცირე, ერთი ჰიპერაქტიური მოსწავლე მაინც იმყოფებოდეს. ხშირად საქმეს ისიც ართულებს, რომ ბავშვის ქცევის დარღვევის მიზეზს მშობლები მალავენ. მასწავლებლები მომზადებული უნდა დახვდნენ ჰიპერაქტიურ მოსწავლეებთან შეხვედრას.
მასწავლებლები გულისხმიერი ადამიანები არიან და გულგრილად არ უყურებენ დისციპლინურ გადაცდომებს, მით უმეტეს, თუ ეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეინიშნება და აკადემიურ მოსწრებაზეც აისახება. ამ დროს მათ დიდი სიფრთხილე მართებთ. პირველ რიგში, საჭიროა, რთული ბავშვის უკანა მერხიდან წინ, მასწავლებლის სიახლოვეს გადმოსმა და შემდეგ დაკვირვება, ყურადღების გაფანტულობაც ხომ არ შეიმჩნევა მასში. თუ უყურადღებობა სერიოზულია და სისტემატურ  ხასიათს ატარებს, მაშინ მასწავლებელმა აუცილებლად უნდა აცნობოს მშობელს ბავშვის არასწორი ქცევების შესახებ და თან ისე, რომ მას თავდაცვის რეაქცია არ გაუჩნდეს. როგორც ვთქვით, მშობლები ხშირად დუმილს ამჯობინებენ ბავშვის ქცევის დარღვევაზე საუბარს. ამ სინდრომის მქონე ბავშვის კეთილდღეობისთვის აუცილებელია მშობლის, მასწავლებლის და ფსიქოლოგის თანამშრომლობა.
ADHD-ის სადიაგნოსტიკოდ რამდენიმე მეტ-ნაკლებად მსგავსი სამედიცინო ტესტი არსებობს. ყველა მათგანი ეყრდნობა კარგად განსაზღვრულ სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებს, რომლებიც DSM-IV-შია დასახელებული. ამ კრიტერიუმებსა და სხვა საჭირო საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით,  შესაძლებელია როგორც მოზარდის, ასევე ზრდასრულის ზუსტი დიაგნოსტიკა, რისთვისაც ფსიქოლოგებს უნდა მივმართოთ.
ADHD-ის სამ ფორმას გამოყოფენ (ჰიპერაქტიურ-იმპულსურს, უყურადღებოს და კომბინირებულს). სამივე მათგანს, გარკვეულწილად, შემდეგი ნიშნები ახასიათებს: 
·ADHD-ის მქონე ბავშვები ყოველთვის ცქმუტავენ და მოუსვენრობენ. ისინი მუდმივად იქნევენ ხელ-ფეხს და გამუდმებით წრიალებენ;
·არ შეუძლიათ მჯდომარე მდგომარეობაში გაჩერება. თუ სხედან, მოუსვენრად იქცევიან, მოულოდნელად წამოდგებიან და დადიან;
·გამოცდილებიდან ცოდნას ვერ იძენენ. ვერ იმახსოვრებენ თავს გადამხდარი ამბის შედეგებს; 
·დარბიან და დაცოცავენ გადამეტებულად. ბავშვობასა და მოზარდობაში ასეთ ქცევებს მოუსვენრობად აღიქვამენ;
·ვერ ელოდებიან თავიანთ ჯერს; 
·ახასიათებთ უადგილო ჩარევა საუბარში და პასუხების წამოძახება; 
·ვერ მიყვებიან მითითებებს, რაც არ უნდა მარტივი იყოს ისინი, რადგან არ უსმენენ მოსაუბრეს; 
·ვერ იმახსოვრებენ რამდენიმე მითითებას. მათთვის საჭიროა გრძელი მითითებების შემოკლება და გამარტივება, შემდეგ კი რამდენჯერმე მშვიდად გამეორება; 
·საუბრისას თანამოსაუბრეს თითქოს არ უსმენენ. შეიძლება რამდენჯერმე გაუმეოროს მასწავლებელმა, გადაშალე წიგნიო, ბავშვს კი რეაქცია არ ჰქონდეს;
·ეკარგებათ როგორც სასკოლო ნივთები, ასევე სათამაშოები;
·არიან უწესრიგოები. ვერ ასრულებენ დავალებებს, რადგან არ იციან, როგორ მიიყვანონ ისინი ბოლომდე;
·ვერ ახდენენ ყურადღების კონცენტრირებას. არ სიამოვნებთ ისეთი დავალებების შესრულება, რომლებიც მათგან დაფიქრებას მოითხოვს;
·არ შეუძლიათ წინასწარ განჭვრეტა. ხშირად იმ წიგნებს ტოვებენ სკოლაში, რომლებიდანაც დავალებები აქვს სახლში მოსამზადებელი;
·არიან გულმავიწყები; 
·არ შეუძლიათ მოქმედებებსა და დეტალებზე ყურადღების გამახვილება. ოც წუთში ეკარგებათ ინტერესი წამოწყებული საქმის მიმართ;
·გააჩნიათ საკუთარი სამყარო. ხშირად ოცნებობენ და ემიჯნებიან რეალობას სავარძელზე მოკლათებულნი ან საწოლზე წამომჯდარნი. ასეთ დროს მათთვის სხვა ყველაფერი  შეუმჩნეველია. 
ზემოთ აღწერილი ქცევების ხანდახან გამოვლენა ბავშვებისთვის დასაშვებია, მაგრამ თუ მათ ასეთი ქცევები ხანგრძლივად აღენიშნებათ, მაშინ მშობელმა ფსიქოლოგს უნდა მიმართოს. ADHD-ის დადგენის შემთხვევაში საშველი არსებობს.
უახლესი გამოკვლევების თანახმად, გონებრივმა სავარჯიშოებმა შესაძლოა გააუმჯობესოს თავის ტვინის მსჯელობასა და პრობლემების გადაწყვეტაზე პასუხისმგებელი კომპონენტები. 
ADHD-ის ძირითადი ნიშნები: იმპულსურობა, ჰიპერაქტიურობა და უყურადღებობა აღმასრულებელი ფუნქციების დარღვევებითაა გამოწვეული. ეს ფუნქციები გულისხმობს იმპულსების შეკავებას, პრობლემების გადაჭრას, ინფორმაციის გახსენებას, დაგეგმვას, ყურადღების კონცენტრირებას. აღმასრულებელი ფუნქციების, რომლებიც მუშა მეხსიერების ნაწილია, შესრულებას განაპირობებს თავის ტვინის პრეფრონტალური ქერქი. ფაქტობრივად, ADHD-ის დროს მუშა მეხსიერების  პრობლემებთან გვაქვს საქმე.
მუშა მეხსიერებას ხანმოკლე მეხსიერებასაც უწოდებენ. ეს არის მეხსიერების დროებითი სისტემა, რომელიც საჭიროა ისეთი რთული კოგნიტური ამოცანების გადასაჭრელად, როგორიცაა მსჯელობა, დასწავლა, გაგება. ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან მუშა მეხსიერების ტევადობისა და ფუნქციონირების მიხედვით. მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს, რომელებსაც განვითარებული აქვთ პრობლემების გადაჭრის, იმპულსების შეკავების და მსჯელობის უნარი, დიდი ტევადობის მუშა მეხსიერება აქვთ.  ფსიქოლოგები მუშაობენ მუშა მეხსიერების ტევადობის გაზრდაზე, რაც ყველა ადამიანისთვის და მით უმეტეს ADHD-ის მქონე ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის სასარგებლო აღმოჩენა იქნება. 
საკლასო ოთახში მუშაობის დროს მუშა მეხსიერება მუდმივად აქტიურ მდგომარეობაშია. მაგალითად, მუშა მეხსიერება მცირე ხნის განმავლობაში იმახსოვრებს იმ წინადადებას ან ახალ სიტყვას, რომელიც მოსწავლეს უკარნახეს და მან უნდა ჩაიწეროს. მუშა მეხსიერებაში ინფორმაციის შენახვაზე გავლენას ახდენს ყურადღება, რომელიც თუ დაირღვა, მყისვე ამოვარდება გონებიდან დამახსოვრებული სიტყვა ან წინადადება. 

პატარა ტევადობის მუშა მეხსიერების მქონე მოსწავლეებს უჭირთ გრძელი მითითებების დამახსოვრება და მათი თანმიმდევრული შესრულება. ამის გამო ისინი სათანადო სისწრაფით ვერ ერთვებიან მიმდინარე საკლასო დავალების შესრულებაში. ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ მათ ყურადღება არ მიუქცევიათ, რა დაავალეს, სინამდვილეში კი უკვე დაავიწყდათ, ამოუვარდათ ხანმოკლე მუშა მეხსიერებიდან  დავალების შესასრულებლად გამოსაყენებელი მითითებები. მაშინ ისინი გართულებულ საქმეს თავს ანებებენ და ბოლომდე აღარ მიჰყავთ, ამიტომაც  აქვთ დაბალი აკადემიური მოსწრება. 
დაწყებითი საფეხურის ბავშვებთან მუშაობისას გვირჩევენ გამოვიყენოთ ვიზუალური მასალა. ახალი სიტყვის ახსნის დროს, თუ შესაძლებელია, უნდა ვაჩვენოთ ეს საგანი. მოსწავლეს უნდა შევუქმნათ საშუალება, შეეხოს ამ საგანს ხელით, დაათვალიეროს ის, დააკავშიროს სხვა სიტყვებთან, ან მოუძებნოს რითმა. როგორც დაწყებით, ასევე მაღალ საფეხურზე ADHD-ის მქონე მოსწავლეების სწავლებისას მისაღებია გაკვეთილის თეატრალიზება. უნდა წავახალისოთ გუნდური მუშაობა, რომელიც  ასეთ მოსწავლეებს დაეხმარება კლასთან სოციალიზაციაში. გუნდთან ერთად მიღწეული დადებითი შედეგი ზრდის მოსწავლეების თვითშეფასებას.
 
ჰიპერაქტიურ მოსწავლეებს სჭირდებათ ყურადღების ხშირად მიქცევა და შექება. აკადემიური ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სასურველია ერთი გაკვეთილის განმავლობაში მათი სხვადასხვაგვარი სავარჯიშოებით დასაქმება, რათა არ დაეკარგოთ ინტერესი მიმდინარე დავალებისადმი. 
მუშა მეხსიერებას ავარჯიშებს არა მარტო მათემატიკური ამოცანები, არამედ უცხო ენების შესწავლისთვის გამოსაყენებელი სავარჯიშოებიც, რომლებიც ენის შესწავლის გარდა სააზროვნო ფუნქციებსაც ააქტიურებს. ისეთი სავარჯიშოები, როგორიცაა წინადადების წაკითხვა და “ჭეშმარიტის ან მცდარის” ამოცნობა, მოითხოვს წაკითხული სიტყვების მცირე ხნით დამახსოვრებას. ეს სავარჯიშოები გამოიყენება როგორც მუშა მეხსიერების მიერ ინფორმაციის დამუშავების პროცესის გასაზომად, ასევე გასავარჯიშებლად.
წაკითხული წინადადებებიდან დამახსოვრებულის დასახელება, მაგ., ბოლო სიტყვის ან სიტყვების გამეორება ავარჯიშებს მუშა მეხსიერების ტევადობას.
მუშა მეხსიერების გასავარჯიშებელ სავარჯიშოებში შედის სიტყვათა მარაგზე დაფუძნებული სავარჯიშოებიც, რომლებიც ორ ჯგუფად იყოფა: პერცეპტუალურად და ექსპრესიულად (აღქმითი და გამომხატველობითი). პერცეპტუალური ავარჯიშებს მუშა მეხსიერების ტევადობას, ექსპრესიული კი –  მის მიერ ინფორმაციის გადამუშავების პროცესს. ასეთი სავარჯიშოებია წაკითხულის გაგება – ჭეშმარიტია/მცდარია, ზედმეტი სიტყვის გამორჩევა, მოცემული სიტყვის ან სიტყვების განმარტება და სხვ.
ADHD-ის მქონე ბავშვებისადმი საჭიროა დიდი ყურადღების გამოჩენა, რათა მათ შეიძინონ ცოდნა და სასარგებლო მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ. ამიტომ მათთან მუშაობის დროს გასათვალისწინებელია ის მითითებები, რასაც ფსიქოლოგები მათზე მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად გვირჩევენ:
·ყურადღების დეფიციტიანი მოსწავლე დასვით წინ, თქვენთან ახლოს და ხშირად მიაქციეთ ყურადღება;
·იმპულსური ბავშვების დასაწყნარებლად შეიძლება გამოიყენოთ მშვიდი მუსიკა, რომელიც მათ აწყნარებს;
·ესაუბრეთ მშვიდად და აუღელვებლად. თქვენი საუბარი მათ დაამშვიდებს. მასწავლებლის აწეული ტონი უარესად აფორიაქებთ ბავშვებს;
·ADHD-ის მქონე ბავშვები შესაძლოა არ გისმენდნენ ან ყურადღება ეფანტებოდეთ, როდესაც საშინაო დავალებაზე ესაუბრებით. დაწერეთ საშინაო დავალება დაფაზე, თანაც ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას, რათა იცოდნენ, საიდან შეძლებენ დავალების ჩანიშვნას მოგვიანებით;
·დროდადრო  შეამოწმეთ, რა გაიგეს ბავშვებმა. უთხარით, გაიმეორონ, რა არის საშინაო დავალება;
·ყოველთვის მოიტოვეთ დრო ზარის დარეკვამდე და გაუმეორეთ მოსწავლეებს, ჩაინიშნონ დავალება;
·საკლასო დავალებების მითითებამდე მოითხოვეთ, მოსწავლეებმა შემოგხედონ თვალებში. მაშინ ADHD-ის მქონე მოსწავლე უყურადღებობას ვეღარ გამოავლენს და ვერც დაგემალებათ;
·თუ სკოლას ელექტრონული ჟურნალი გააჩნია, აუცილებლად შეიტანეთ მასში საშინაო დავალება, რათა სახლში მშობლებსაც შეეძლოთ მისი ნახვა და ბავშვებსაც, იმ შემთხვევაში, თუ მათ გაკვეთილზე ჩანიშვნა მაინც გამორჩათ;
·ისაუბრეთ ნელა და ინფორმაცია ნაწილ-ნაწილ გადაეცით. თუ ბავშვის მუშა მეხსიერება მცირე ტევადობისაა, ის ვერ დაიტევს თქვენს ნათქვამს და მალე დაკარგავს იმ ძაფს, რომელსაც მოყვებოდა მოსმენილის გასაგებად;
·იმუშავეთ მოსწავლეების მუშა მეხსიერების გაუმჯობესებაზე;
·ეცადეთ, გაკვეთილებს ინტერაქტიური სახე ჰქონდეს. გაამეორებინეთ მოსწავლეებს თქვენი ნათქვამი, რათა ამ გზით მაინც დაიმახსოვრონ;
·რამდენჯერმე შეახსენეთ მნიშვნელოვანი თარიღები, მაგალითად, შემაჯამებელი სამუშაოს დღე;
·წაახალისეთ და დააჯილდოვეთ ქულებით მოსწავლე, თუ მას შესასრულებელი დავალება არ დაავიწყდა;
·სთხოვეთ მშობლებს, ძილის წინ რამდენჯერმე შეახსენონ მოსწავლეს შემდეგი დღის სახელმძღვანელოების ჩანთაში ჩადება.
ADHD როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულებში საკმაოდ გავრცელებული ქცევის დარღვევაა, მაგრამ ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბავშვების 4 %-ს აქვს ეს დარღვევა, მაშინ საქართველოშიც არ უნდა იყოს ნაკლები მაჩვენებელი. 
მასწავლებლებს და მშობლებს არ უნდა გამორჩეთ ბავშვის ქცევის დარღვევა. ADHD-ს მედიკამენტებითაც მკურნალობენ, მაგრამ მასწავლებლებს მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ.  მათ გონებრივი სავარჯიშოებით უნდა დაძლიონ ხანმოკლე მუშა მეხსიერების ის შეფერხებები, რაც ბიოლოგიურმა მიზეზებმა გამოიწვია.
გამოყენებული ლიტერატურა
 Foreign language acquisition and ADHD learners at primary level of education by Silvia Hvozdikova 2011, MVEK
Teaching English to children with ADHD by Natalia Turketi, https://digitalcollections.sit.edu/ipp_collection
ADHD behaviour therapy: promoting discipline and focus in kids by Nicole Sprinkle,  June/July 2004 issue of ADDitude.
School based working memory training: preliminary finding of improvement in children’s mathematical performance by Marcus Witt.  Volume 7, 2011 Advances of cognitive phsychology
https://www.gocognitive.net/video/alan-baddeley-development-working-memory-model

მეტაფორები და თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო

0
მაინც რით განსხვავდება ჩვეულებრივი სიტყვებით გამოთქმული აზრი მეტაფორებით გამოხატული აზრისგან…? სად და რაში იმალება მეტაფორების ძალა?

ბენდლერმა და გრინდერმა ერიკსონის მეთოდებზე დაკვირვების შედეგად მეტაფორების გავლენის მექანიზმზე ლინგვისტურად ორიენტირებული თეორია ჩამოაყალიბეს. ამ თეორიის თანახმად, მსმენელის მიერ მეტაფორების „მიღებისას” მნიშვნელობა გადის სამ სტადიას: 

1.მეტაფორა წარმოადგენს მნიშვნელობის ზედაპირულ სტრუქტურას, რომელიც გამოხატულია თხრობაში;

2.მნიშვნელობის ზედაპირულ სტრუქტურას მოქმედებაში მოჰყავს (აღვიძებს) მასთან ასოციაციურად დაკავშირებული მნიშვნელობის სიღრმისეული სტრუქტურები;

3.აქტიურდება დაბრუნებული სიღრმისეული სტრუქტურის მნიშვნელობა, ამ ფაზაში იწყება მსმენელში ტრანსდერივაციული ძიება, რომლის დროსაც მას მეტაფორა საკუთარ თავზე გადააქვს. თხრობის სიუჟეტური ხაზი – ეს არის უბრალოდ ხიდი მსმენელსა და თხრობაში დაფარულ გზავნილს შორის.

ფსიქოთერაპიაში მეტაფორებით ეფექტურად მკურნალობის შედეგების გაანალიზებამ მეცნიერები ფიზიოლოგიამდე მიიყვანა… დიახ, ფიზიოლოგიამდე… რა ხდება ჩვენს ტვინში მეტაფორების „მიღებისას”, როგორ ახერხებდა ერიკსონი, გაეფართოებინა ადამიანთა ცნობიერება მეტაფორების მეშვეობით?

მეტაფორების ფიზიოლოგია

თავის ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფერო
უკვე საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, რომ თავის ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებს ინფორმაციის აღქმისას თავისი პრიორიტეტები აქვთ და განსხვავებული „სტილით” მუშაობენ. ძირითადად, მეტაფორულად რომ ვთქვათ, მარცხენა ნახევარსფერო – მეცნიერებისაა, ხოლო მარჯვენა – შემოქმედების. ამას გარდა:

თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფერო არეგულირებს: ლოგიკურობას,  არგუმენტებს, ფაქტებს. ამ ნახევარსფეროს პრეროგატივაა: მათემატიკური ანალიზის უნარი, აწმყოსა და წარსულის, წესრიგის, საგნების სახელების ცოდნა; მარცხენა ნახევარსფერო ეყრდნობა რეალურობას, სტრატეგიის ფორმირებაც ამ ნახევარსფეროში მიმდინარეობს, პრაქტიკულობა-პრაგმატულობაც მარცხენა ნახევარსფეროს პროდუქტია.

მარჯვენა ნახევარსფერო მოიცავს: შემოქმედებას, ფანტაზიებს, ოცნებას, ქაოსს, გრძნობებს, წარმოდგენებს, სურათებსა და სიმბოლოებს, ფილოსოფიასა და რელიგიას, მრწამსს, ფასეულობებს. რისკის გაწევაც მისივე უნარია.
ინფორმაციის მიღებისას პირველ ინფორმაციას იღებს მარჯვენა ნახევარსფერო, ეს „მიღება” არის მთლიანი, ერთიანი, მაშინ, როდესაც მარცხენა ნახევარსფეროს „მიღება” არის დანაწევრებული… ის მიჰყვება სიტყვათა მნიშვნელობებს, ისმენს ფაქტებს, არგუმენტებს…

ინფორმაციის მიღებისას მარჯვენა ნახევარსფეროს გამოჰყავს სახეები და აფორმებს ემოციურად. შემდეგ მარცხენა ნახევარსფერო მხოლოდ ლოგიკურად ამართლებს და აძლიერებს ამ ინფორმაციას, იმის მიუხედავად, როგორია ეს ინფორმაცია სინამდვილეში.

მარცხენა ნახევარსფერო არ განსჯის… იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ნეიტრალურია, მაშინ ლოგიკა ინფორმაციის გაანალიზებას იწყებს, ხოლო თუ მარჯვენა ნახევარსფერომ ინფორმაცია ემოციურად „გააფორმა”, ლოგიკა მხოლოდ ამ ემოციის გამართლებას ეძებს!

რაც ჩვენთვის საინტერესოა, მეცნიერული გამოკვლევებით დადგენილია, რომ მეტაფორული შეტყობინებების წარმოქმნა-დამუშავება თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს პრეროგატივაა.  
ერიკსონის მიხედვით, მეტაფორების გამოკვლევა საშუალებას მოგვცემს, თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს უშუალოდ თავის ენაზე ველაპარაკოთ.

მეტაფორა პირდაპირ ამყარებს კავშირს მარჯვენა ნახევარსფეროსთან და მოქმედებაში მოჰყავს პროცესები…
მეტაფორებით სწავლება
მეტაფორა – სიმბოლური ენაა, საუკუნეების მანძილზე სწავლებაში ამ ენას მიმართავდნენ: ძველი და ახალი აღთქმის იგავები, კაბალას ტექსტები, ლიტერატურული ალეგორიები, პოეტური სახეები – ყველაფერში მეტაფორაა.
მეტაფორის ამ ძალას გრძნობს ყველა მშობელი, ბებიები და ბაბუები, ამიტომ მოწყენილ ბავშვს უყვებიან ისტორიებს, ამბებს, რომელიც ბავშვს ინტუიციურად საკუთარ თავზე გადააქვს.

აღმოსავლური სიბრძნე პარადოქსული მეტაფორებით გადმოცემული, აგრეთვე დიდი ზეგავლენის მქონეა, რადგან ის აბნევს მსმენელს და აიძულებს დაფიქრდეს და თავად ეძებოს პასუხი.

 მაგალითად: ახალგაზრდა ბერი კითხულობს: „- რაშია გასხივოსნების საიდუმლო?” მასწავლებელი პასუხობს: „- როცა მშიერი ხარ, ჭამე, როცა დაღლილი ხარ, დაიძინე”.

ან:  „- რას ნიშნავს ძენი?”  მასწავლებლის პასუხი: „- ჩაასხით მდუღარე ზეთი მძვინვარე ცეცხლში”.

მეტაფორული სახეებით გადმოცემული ემოცია აღქმის დროს კონტექსტი ხდება, რაც უფრო ადექვატურს ხდის აღქმას. ამიტომ სახეებით გადმოცემული აზრი უფრო სრულია და უფრო ზუსტად შიფრავს მას ჩვენი თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო, ხოლო მარცხენა ნახევარსფერო ამ დროს თავისი „სპეციალობით” მუშაობს. 

დღესდღეობით, მრავალი მეცნიერული გამოკვლევით დასტურდება, რომ ჩვენი შესაძლებლობები სრულად მხოლოდ მაშინ რეალიზდება, როცა ორივე ნახევარსფერო ჰარმონიულად მუშაობს. 

გთავაზობთ სპეციალისტების შედგენილ 7 მარტივ სავარჯიშოს, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ინფორმაციის დამუშავებისას მარჯვენა ნახევარსფერო ყოველთვის იყოს ჩართული.
შვიდი გზა მარჯვენა ნახევარსფეროს გასააქტიურებლად
1.გამოიყენეთ ფერი –  როცა თქვენ წერას გადაწყვეტთ, მოიმარაგეთ ფერადი კალმები ან ფერადი ფურცლები; გამოიყენეთ განსხვავებული ფერები სათაურებისა და ქვესათაურებისათვის, გამოყოფილი სიტყვებისთვის, გასაღები ფრაზებისთვის, რეზიუმესთვის. ამ ხერხით მუშაობაში მარჯვენა ნახევარსფეროს ჩართავთ;
2.გამოიყენეთ სურათი – სურათები ფერებზე არანაკლებ ეფექტურია. ერთი სურათი ცვლის ათას სიტყვას. სურათები შეიძლება იყოს ძალიან მარტივი, მიახლოებითი. გამოიყენეთ, უბრალოდ, როგორც სიმბოლოები;
3.გამოიყენეთ მეტაფორები და ანალოგიები – ამა თუ იმ აზრის გადმოცემისას თქვენ არ უნდა უფრთხოდეთ მეტაფორების გამოყენებას. ეს გაცილებით ეფექტურია, ვიდრე აზრის მშრალად გადმოცემა. როდესაც თქვენ წარმოთქვამთ ისეთ ფრაზას, როგორიცაა: „დავეწიოთ და გავუსწროთ Coca-Cola-ს პოპულარობას”, – ირღვევა შაბლონური ჩარჩოები და იხსნება შემოქმედებითი აზროვნება;
4.გამოიყენეთ ემოცია – ემოციების გამოხატვაში სათაკილო არაფერია. ისინი არსებობენ და მათი გამოყენება ლოგიკურ ტექსტებში ზრდის ზეგავლენის ძალას. ემოციისა და ლოგიკის კომბინაცია აღქმისას ბარიერებს ამცირებს.
5.გამოიყენეთ ინტუიცია – ჩვენ ძალიან ხშირად ვინტერესდებით ფაქტებით და ყურადღებას არ ვაქცევთ წინათგრძნობას. ფაქტები – ეს არის სუფთა ლოგიკა. ინტუიცია კი დაკავშირებულია მარჯვენა, შემოქმედებით ნახევარსფეროსთან. ლოგიკისა და ინტუიციის ერთიანობას დიდი ძალა აქვს. ადამიანი თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ორივე ნახევარსფეროს მონაწილეობით იღებს; 
6.გამოიყენეთ არა მარტო ფაქტები, არამედ  ამბები –  „ფაქტები თავისთავად მეტყველებენ” – ეს გამონათქვამი არასწორია. ამ ფრაზას ხშირად მიმართავენ ისინი, ვისაც თანამოსაუბრის დარწმუნება უჭირს. ფაქტები რომ თავისთავად მეტყველებდნენ, მაშინ კამათი არ იარსებებდა. ამიტომ ფაქტების წარმოდგენისას გამოიყენეთ სხვადასხვა ამბავი, ისტორია, ანეკდოტი, რომელიც შეაფასებს და კონტექსტს შეუქმნის ფაქტებს. ასეთ შემთხვევაში, ფაქტი  მსმენელისათვის აზრს იძენს. ერთი ისტორია, ამბავი, ანეკდოტი შეიძლება უფრო ეფექტური აღმოჩნდეს, ვიდრე მთელი წყება ფაქტებისა.
7.გამოიყენეთ არა მხოლოდ პროფესიული ლექსიკა, არამედ – სახეები – პროფესიული სლენგის დიდი ნაწილი დაკავშირებულია თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფეროსთან. ეს არის ერთგვარად ფორმულათა კრებული. პროფესიული სლენგი, რა თქმა უნდა, უნდა მონაწილეობდეს ჩვენს მეტყველებაში, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი. თუ თქვენ გსურთ სიღრმით გადმოსცეთ აზრი, აუცილებლად მიმართეთ სახეებს, რომლებიც სათქმელს მსმენელამდე ზუსტად მიიტანენ.
გისურვებთ წარმატებებს და ორივე ნახევარსფეროს ჰარმონიულ მუშაობას!

ფერი, ქიმია, ჩვენ

0

ვრცლად 

ლიტერატურის დასაცავად

0
როდესაც არტურ კონან დოილმა საკუთარი პერსონაჟი, შერლოკ ჰოლმსი, გაწირა და რეიხენბახის ჩანჩქერის სიახლოვეს “მოკლა”, მთელი ინგლისი ფეხზე დამდგარა, ეს როგორ იკადრაო.  მკითხველები სასტიკ პროტესტს გამოთქვამდნენ თურმე.  

დაბნეულ დოილს დედისთვის მიუწერია წერილი, რჩევა უკითხავს. დედასაც არ დაუყოვნებია, შენ ნამუსი თუ გაქვს საერთოდ, ყველასთვის საყვარელ ჰოლმს როგორ კლავ, მაგას როგორ ბედავო!   

ამ ამბავს რომ ვიხსენებდი, შემშურდა კიდეც ვიქტორიანული ინგლისის, წიგნის გმირის სიკვდილს საკუთარივით რომ განიცდიდნენ, ლიტერატურით რომ ცხოვრობდნენ და ალბათ ჩვენზე ცოტათი ბედნიერებიც იყვნენ.  

თუმცა, ჩვენც გვაქვს ასეთი სასიამოვნო მაგალითი: ალექსანდრე ყაზბეგის “ელგუჯა” თავიდან პატარა მოთხრობა იყო, ახლა რომ ერთი თავია, იმისგან შედგებოდა მთლიანად. დანარჩენი მერე დაუმატებია ყაზბეგს. მიზეზი კი ასეთი ყოფილა: სტამბაში უნდა აეწყოთ მოთხრობა (მაშინ გაცილებით ჩახლართული იყო ეს ამბავი) და ცხადია, ასოთამწყობები მუშაობისას კითხულობდნენ კიდეც. ბოლომდე რომ ჩასულან და ელგუჯას სიკვდილის ამბავი რომ შეუტყვიათ, პროტესტი განუცხადებიათ: არ ავაწყობთ არაფერს, თუ ავტორი არ გააგრძელებს მოთხრობას და შესაბამისად, ელგუჯას არ “გააცოცხლებსო”, ასეთი კაიკაცის მოკვლის უფლებას ვერ მივცემთ ავტორსო. 

რა უნდა ექნა ყაზბეგს? გააგრძელა.

როგორც ყველა პატიოსანმა ბავშვმა, კითხვა მეც ზღაპრებით დავიწყე. მერე და მერე სხვა წიგნებიც შემომაპარეს მშობლებმა, მაგრამ, მახსოვს, დიდად არ მივუზიდივარ. იმდენად, რომ ორი-სამი გვერდის მერე ვხურავდი და პროტესტის ნიშნად, სათამაშოდ გავრბოდი. მაგრამ მამაჩემს ხელები არ ჩამოუშვია, როგორც ჩანს, მალევე შეიმუშავა ახალი მეთოდი: მეტყოდა, ახლა ამას (მაგ: ნიკო ლორთქიფანიძის რომელიმე ნოველას) თუ წაიკითხავ, მერე წავალთ გალში და შოკოლადის ნაყინსაც გიყიდიო. რა თქმა უნდა, მოტყუება არ გამომივიდოდა, მერე კითხვებს მისვამდა, მალაპარაკებდა წიგნის ავ-კარგზე, მეკამათებოდა, ვეკამათებოდი. ჩემი “მოქრთამვა” მხოლოდ შოკოლადებით არ ხდებოდა, იყო სხვა მომენტებიც, მაგრამ ამაზე სხვა დროს.

როგორ ვაიძულოთ ადამიანებს, რომ იკითხონ? შევძლებთ კი, ვაიძულოთ? ან რატომ უნდა ვაიძულოთ? ვთქვათ, ვაიძულეთ, მერე? 

იძულება კითხვის მექანიზაციაა და გამორიცხავს ინტერპრეტაციის აქტს. ამის გარეშე კითხვა კი არაფრისმომცემია. გამოსავალი მოტივაციის გაღვივება შეიძლება იყოს. მაგრამ როგორ გინდა, ეკრანის თაობას (როგორც დაგლას რაშკოვი იტყოდა, სქრინეიჯერებს) ეკრანი გამოსტყუო და წიგნისკენ წაიტყუო. მართალია, ეკრანიც შეიძლება წიგნის ფუნქციით დატვირთო, მაგრამ საბოლოოდ მაინც “ჰარი პოტერის” ეკრანიზაციისკენ გაიწევენ, ვიდრე ტექსტისკენ.  

ნაცად ტრუიზმს რომ მივყვეთ, კარგი ფილმი კარგია. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ კარგი ლიტერატურა კიდევ უფრო კარგია. არა, არ ვაპირებ კინემატოგრაფის და ლიტერატურის შედარებით დახასიათებას და შესაბამისად, ამ უკანასკნელის იმ პირველთან უპირატესობის გამოკვეთას. ესეც შეიძლებოდა, რატომაც არა, მაგრამ მე მხოლოდ ორი მაგალითის მოტანით დავკმაყოფილდები. 

ჰომეროსის “ილიადაში” მშვენიერი ელენეს  შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ მშვენიერია. დანარჩენი უკვე ჩვენზე, მკითხველის ფანტაზიაზეა დამოკიდებული, მთავარია, როგორ აღვადგენთ მშვენიერის ხატს გონებაში, როგორ შევქმნით ჩვენს, პერსონალურ ელენეს. 

ახლა ვნახოთ “გაფილმებული” ელენე – ის კარგი ნაშაა, ჩვენი დროისათვის სახასიათო სილამაზის ყველა სტერეოტიპმომადლებული. რაღა უნდა წარმოვიდგინოთ, წარმოსადგენზე უკეთესიც კია მისი ვიზუალი. წარმოსახვა რაღაზე უნდა დავძაბოთ, როცა კასტინგის რეჟისორმა უკვე იზრუნა და ჩვენ მაგივრად წარმოისახა. რაღა დაგვრჩენია, თვალები უნდა გავაფაციცოთ და ვუყუროთ, წარმოსახვა, ფანტაზიის დაძაბვა საჭირო აღარაა.

ახლა ვნახოთ სხვა ტიპის  მაგალითიც. მიშელ უელბეკი, დიდი პროვოკატორი და “გლამურული მარკიზ დე სადი”, როგორც მას უწოდებენ, ერთ ოსტატურ სვლას გვთავაზობს. მის “რუკა და ტერიტორიაში” ასეთი საინტერესო მომენტია: ავტორი აღწერს პერსონაჟს, ისე, რომ საერთოდ არ აღწერს მას. ამ რომანში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია ჟედი, რომლის გარეგნობის შესახებ არაფერი ვიცით. არადა, შევეჩვიეთ, უკვე ნახევარი რომანი მოვლიეთ, გვესიმპათიურება კიდეც ეს გმირი, მაგრამ არ ვიცით, როგორი გარეგნობა აქვს: მაღალია, მელოტია, მსუქანია თუ? ცოტათი მაინც რომ მიენიშნებინა, კიდევ რაღაცას ვიფიქრებდით, მაგრამ უელბეკი გვეთამაშება. 

და აი, რომანის (დაახლოებით) შუა ნაწილში, პერსონაჟი ჟედი იძახებს ხელოსანს, რომლის გარეგნობას ავტორი უშურველად აღწერს: “პატარა ტანის, შავთმიანი კაცი გახლდათ, თხელი, სწორნაკვთებიანი გაფითრებული სახე ჰქონდა და Belle epoque-ის სტილის პატარა ულვაში.”  რა გავიგეთ აქედან ხელოსნის გარეგნობაზე? ბევრი რამ. ჟედის გარეგნობაზე? ჟედი ისევ თამაშგარეთაა.  მაგრამ ავტორი იქვე ამატებს: “რაღაცით ოდნავ ჟედს ჩამოაგავდა, ულვაშს თუ არ ჩავთვლით, რასაკვირველია.”

აი, ასე მარტივად და ოსტატურად აღწერა უელბეკმა “რუკა და ტერიტორიაში” მთავარი პერსონაჟი ისე, რომ მასზე საერთოდ არაფერი დაუწერია. სამაგიეროდ, ჩვენს ფანტაზიას მეტი გასაქანი მისცა და ამავე დროს, ორი კურდღელი დაიჭირა: შემთხვევითი პერსონაჟის აღწერაც მოგვცა და მთავარი გმირის გარეგნობაზეც “დაგვლინკა”. სხვა ყველაფერთან ერთად, ამაშიცაა ლიტერატურის უპირატესობა.

ვასილი კანდინსკი ნაშრომში “სულიერების შესახებ ხელოვნებაში” წერს: “ძალზე მარტივი მოძრაობა, რომლის მიზანიც უცნობია, თავისთავად მოქმედებს, როგორც მნიშვნელოვანი, საიდუმლოებით აღსავსე, სადღესასწაულო.”
აქ მნიშვნელოვანია დღესასწაულის და მოულოდნელობის დიქოტომია. დღესასწაული ეს არის საშუალება, ხერხი, თუ თუ როგორ გამოვტყუოთ რუტინას საკუთარი თავი. რუტინა სტატიკური დროა, დღესასწაული – დინამიკური.

 როდესაც მწერალი “აამუშავებს”, “მოქმედებაში მოიყვანს” დღესასწაულს, აქ იწყება ლიტერატურის მოულოდნელობა და დავინახავთ, როგორ მოძრაობს დრო, რომელიც აქამდე რუტინული, გაქვავებული და შედედებული იყო. წავიკითხოთ ტრანსტრომერის ეს ფრაზა: “ვიკეთებ მზის სათვალეს, ჩიტების ჭიკჭიკი ჩამუქდა”. წარმოგიდგენიათ ამის გაფილმება? ვერცერთი რეჟისორი ვერ წარმოიდგენს ჩამუქებულ ჭიკჭიკს, ან ივლისისფერ ყინვის თასებს. ჯერჯერობით, ტექნიკურად მოუხერხებელია ასეთი რამ, ვნახოთ, მომავალში რა იქნება.

ისე გამოვიდა, რომ, დაპირების მიუხედავად, მაინც ფილმები და ლიტერატურა დავაპირისპირე და ამ უკანასკნელის უპირატესობის გამოკვეთას ვეცადე.  ცხადია, ეს ოდნავ გადაჭარბებულია, ცხადია, ბევრი გენიალური ფილმი არსებობს, რომელიც რაგინდარა ლიტერატურას გაუწევს კონკურენციას და ზოგჯერ, მათზეც მაღლაც დადგება. უბრალოდ, მე ლიტერატურის აპოლოგიას ვეწევი, ფილმებს კი ისედაც არაფერი სჭირთ ჩემი დასაცავი, მათ თავისუფალი ბაზრის მადლი ჰფარავთ. 
 

სასკოლო კომპლექსები

0
წინა სტატიაში იმის შესახებ ვისაუბრეთ, როგორ ყალიბდება არასრულფასოვნებისა და უპირატესობის კომპლექსები. ისინი ასახავენ უკვე განმტკიცებული ცუდი სოციალური ადაპტაციის ფაქტს. ეს კომპლექსები წარმოიშობა ინდივიდისა და მისი გარემოცვის ურთიერთქმედების პროცესში. ითქვა, რომ აღნიშნული განცდები ყველა ინდივიდის განვითარების ფუნდამენტს წარმოადგენს, კომპლექსები კი ყველას არ აქვს. რატომ? ისინი არ გააჩნიათ მათ, ვისთვისაც არასრულფასოვნებისა და უპირატესობის გრძნობები საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის მამოძრავებელ ძალად იქცა –  ერთობა, სითამამე და საღი აზრის ლოგიკა, საზოგადოდ, სოციალური ინტერესი, ფსიქიკური ჯანმრთელობის მაჩვენებელია. წარმატება გამბედაობაზეა დამოკიდებული. ფსიქოლოგის ამოცანაა, სასოწარკვეთილება აქციოს იმედად, რომელთან ერთადაც ჩნდება კონსტრუქციული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ენერგია. ა. ადლერის აზრით, ამ საქმეში უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლია პედაგოგს.
პრობლემების გადალახვისკენ მიმართულ მამოძრავებელ ძალას ა. ადლერი ცხოვრების სტილს უწოდებს. ცხოვრების სტილი ინდივიდუალური და განუმეორებელია, რადგან ყველა თავისებურად წყვეტს არასრულფასოვნების ამოცანას. არასრულფასოვნების კომპლექსს სკოლამდელ ასაკში ეყრება საფუძველი და ადრევე იჩენს თავს ჯერ ოჯახში, შემდეგ – ბაღში, სკოლაში, სტუდენტობის პერიოდში, პროფესიულ საქმიანობაში, მეგობრებთან, მასწავლებლებთან, თანამშრომლებთან ურთიერთობისას… სხვადასხვა ინსტიტუტი, თავის მხრივ, ზოგჯერ ახალი კომპლექსების წარმოშობას უწყობს ხელს და ძველ „შენაძენთან” ერთად შესაძლოა ადამიანის მთელი ცხოვრების თანამგზავრად და დამანგრეველ ძალად იქცეს. ხშირად მშობლები აღზრდისას სერიოზულ შეცდომებს უშვებენ – მათი უმრავლესობა ვერ ამჩნევს გაძლიერებულ არასრულფასოვნების განცდას და არ შეუძლია მისი გამოსწორება. მშობლებს ურჩევნიათ, გაანებივრონ შვილები (ან პირიქით, საერთოდ არ აინტერესებთ ისინი) და უჭირთ აღზრდისას დაშვებული შეცდომების აღიარება. ამდენად, მათი დახმარების იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს, – აღნიშნავს ა. ადლერი. 
პროტოპებში (ჩამოყალიბებულ სქემებში) არსებული ხარვეზები ხშირად სკოლაში წასვლამდე არც კი მჟღავნდება, ამიტომ მათი შემჩნევა და ამოვსება გამოცდილ და მცოდნე მასწავლებელს უფრო შეუძლია, ვიდრე ოჯახს. მასწავლებელი, თავისი სოციალური ფუნქციიდან გამომდინარე, უფრო უკეთ ამჩნევს ბავშვის არასასურველ თვისებებს და ძალუძს სასურველი ქცევის ფორმირებაზე მუშაობა. სკოლები ხომ იმიტომ დაარსდა, რომ ოჯახს ნაკლებად შესწევს უნარი, სოციალური მოთხოვნების შესაბამისად აღზარდოს ბავშვი. ყველაფერი ეს კიდევ უფრო ნათლად მეტყველებს მასწავლებლების ფსიქოლოგიური ცოდნით აღჭურვის აუცილებლობაზე, რადგან ამ შემთხვევაში მათი შრომა გაცილებით ნაყოფიერი იქნება.

სასკოლო კომპლექსები. ა. ადლერი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პრობლემური ქცევის საფუძველს არასრულფასოვნების კომპლექსი წარმოადგენს. მისი სიმპტომები მრავალნაირია – უკიდურესი ჩაკეტილობით დაწყებული, თამამი, მაგრამ უტაქტო გამოხტომებით დამთავრებული. სასკოლო კომპლექსების რაოდენობა შესაძლოა დიდი არ იყოს, მაგრამ მათი გავლენა უდიდესია. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

1. პასიური დამკვირვებლის კომპლექსი. ამ კომპლექსს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩაურთველობა იწვევს. უცნაურია, მაგრამ ამის მიზეზი შეიძლება იყოს სწავლისთვის „ზედმეტი” მომზადება. წერა-კითხვის მცოდნე ბავშვისთვის უინტერესოა სასკოლო ცხოვრების პირველი თვეები, ის ზის გაკვეთილზე და უხალისოდ ადევნებს თვალს, რაც მის გარშემო ხდება. ირგებს „პასიური დამკვირვებლის” ნიღაბს. თუ მასწავლებელმა ასეთი მოსწავლის მიმართ არ გამოიჩინა სათანადო ყურადღება და არ მისცა ისეთი დავალება, რომელიც მას დააინტერესებს და აზროვნებისკენ უბიძგებს, მოსწავლე შესაძლოა აღნიშნული კომპლექსის ტყვეობაში აღმოჩნდეს – შეეჩვიოს პასიური დამკვირვებლის პოზიციას და ასეთივე იყოს ლექციებზე, სამსახურში, საზოგადოდ, ცხოვრებაში.

2. ლუზერის კომპლექსი. მისი ჩამოყალიბება შესაძლოა სასკოლო ასაკამდე დაიწყოს. ეს უმეტესად იმ ბავშვებს ეხება, რომლებსაც საბავშვო ბაღში არ უვლიათ ან ეზოში თანატოლებთან არ აქვთ კონტაქტი. ასეთი ბავშვები, წესისამებრ, ზედმეტად მზრუნველი მშობლების შვილები არიან. ისინი დიდი სიფრთხილით ეკიდებიან ყველაფერს, რაც სკოლაში ხდება, არ ამჟღავნებენ ინიციატივას, შიშობენ, რომ მათი პასუხები შესაძლოა მცდარი იყოს და უმეტესად ჩუმად არიან. მალე თვითონვე გრძნობენ, რომ გამოირჩევიან სხვებისგან, თანდათან ეს დაშორება უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. ბავშვი კარგავს საკუთარი თავის რწმენას, უყალიბდება განწყობა „მე სხვებზე უარესი ვარ”, „არაფერი შემიძლია”, „არაფერი გამომივა”, იკეტება საკუთარ თავში… ეს უკვე ლუზერის კომპლექსის გამოხატულებაა. რას ფიქრობს სინამდვილეში ასეთი ბავშვი? იგი ოცნებობს მეგობრებზე, სურს, შესვენებაზე მხიარულად ირბინოს დერეფანში მათთან ერთად, მაგრამ ჰგონია, რომ მასთან მეგობრობა არავის უნდა, ამიტომ იგი, მაგალითად, დიდხანს უნდება ჩანთის ჩალაგებას, დავალების შესრულებას და თავს ისე აჩვენებს, თითქოს დაკავებულია, არ სცალია. მერხი მისი ნავსაყუდელია, აქ ის დაცულად გრძნობს თავს. თუ ასეთ მოსწავლეს მასწავლებელმა დროულად არ გაუწია კვალიფიციური დახმარება, წარუმატებლობის სინდრომი მთელი სიცოცხლე გაჰყვება.

3. ოროსნის ან ფრიადოსნის კომპლექსი. უდავოა, რომ სკოლაში ბავშვის ღირსების მთავარი საზომი აკადემიური მოსწრებაა. ასეც კი მჯელობენ: ფრიადოსანი კარგი ბავშვია, ოროსანი – ცუდი. ვინაიდან დაწყებით კლასებში მასწავლებელი მოსწავლეზე უდიდეს გავლენას ახდენს, თავად ნიშნებსაც შეუძლიათ, მოახდინონ გავლენა მოსწავლის პიროვნულ შეფასებაზე მეგობრების მხრივ, რაც საბოლოოდ დაბალ თვითშეფასებას უყალიბებს მას. ამ მხრივ უფრო უკეთ აქვთ საქმე საშუალო მოსწრების მოსწავლეებს – მათ კომპლექსები ნაკლებად ემუქრებათ. უფროსები, რომლებიც ბავშვს სხვას ადარებენ და აჩვენებენ, რომ თავად უუნაროა, სხვას კი მასზე უკეთ გამოსდის, არასრულფასოვნების განცდისთვის წირავენ მოზარდს. თვითონ ბავშვს შედარების უნარი ჯერ კიდევ არ აქვს განვითარებული და ჩვენი შეგონების მნიშვნელობაც არ ესმის, ამიტომ ამგვარი დამოკიდებულება შესაძლოა ნევროზის მიზეზად ექცეს. ფრთხილად უნდა ვიყოთ მოსწავლეებთან ურთიერთობისას. „სამაგალითო” ბავშვი, რომელიც მასწავლებელს უსიტყვოდ ემორჩილება, ზრდასრულ ასაკში უინიციატივო ხდება და უჭირს ცხოვრებისეულ სირთულეებთან ბრძოლა, მათი გადალახვა. მეორე მხრივ, მეამბოხე, დაუმორჩილებელ ბავშვებს, რომლებიც ამჟღავნებენ ამბიციას, სიჯიუტეს და მარცხისადმი გადაჭარბებულ მგრძნობიარობას, მიზნის მიუღწევლობა ზრდასრულ ასაკშიც ჰგვრის გადაჭარბებულ ემოციურ სტრესს და უღვიძებს არასრულფასოვნების განცდას. განებივრებას კი ხშირად ყოვლისშემძლეობის განცდის ჩამოყალიბებამდე მივყავართ. ასეთ პირობებში მკაცრ ცხოვრებისეულ რეალობასთან შეხებას, სურვილებისა და მოლოდინების დაუკმაყოფილებლობას ადამიანი დეპრესიისკენ მიჰყავს. ამ კომპლექსთან დაკავშირებით უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი რამ: ერთი მხრივ, მასწავლებლებს მოსწავლის მცირე წარმატებაც კი არ უნდა გამოგვეპაროს, მეორე მხრივ კი არ უნდა შთავაგონოთ მათ, რომ ნიშნები მთავარია ცხოვრებაში. მნიშვნელოვანი კია, მაგრამ არა მთავარი.

4. შეცდომის შიშით გამოწვეული კომპლექსი. ეს კომპლექსი იმ მოსწავლეებში წარმოიშობა, რომლებსაც თავის შეკავება არ შეუძლიათ, მაგ., დაბალი ნიშნის მიღებისას. თავდაპირველად ცუდი შეფასების გამო მათ ეშინიათ მშობლებისა, მასწავლებლებისა, მერე უკვე თვითონ დაბალი ნიშნისა, დაბოლოს – საზოგადოდ, შეცდომისა. რა გზას მიმართავს მოსწავლე შეცდომის თავიდან ასაცილებლად? – არ წერს საკონტროლოს, გაურბის სირთულეებს, არ ენდობა საკუთარ ცოდნას, წარმოდგენებს, უნარებს. ეს კომპლექსი მას მთელი ცხოვრება თან სდევს, აწუხებს და წარუმატებელს ხდის. ადრე ჩამოყალიბებული პროტოტოპების შეცვლაზე მუშაობა სკოლამდელ ასაკში გაცილებით ადვილია, მაგრამ შესაძლებელია მოგვიანებითაც, სკოლაში. ფსიქოლოგიის მცოდნე მასწავლებელი ამ ხარვეზს მალე შეამჩნევს, მცოდნე და გამოცდილი – სწავლის პირველსავე კვირას.

5. თეთრი ყვავის კომპლექსი. გარდამავალ ასაკში მოზარდს უჩნდება თანატოლებისადმი მიჯაჭვულობის განსაკუთრებით ძლიერი მოთხოვნილება, სურვილი, არ გამოირჩეოდეს მათგან: „არ მაქვს ისეთი მობილური, როგორიც სხვებს”, „არ ვარ ისეთი, როგორიც ჩემი მეგობრების უმრავლესობაა”, „არ მაცვია ისე, როგორც მათ”… ეტალონური ჯგუფისგან განსხვავებულობა მოზარდისთვის შეიძლება სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმის წყაროდ იქცეს და ჩიხში მოაქციოს მისი სოციალიზაციის პროცესი. შედეგი კი საკმაოდ არასასურველია – საკუთარ თავში ჩაკეტვა და აგრესია.

აქვე უნდა მივუთითოთ ერთ მომენტზეც, რაც მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. კერძოდ, მან ხაზი არ უნდა გაუსვას იმას, რომ მამაკაცი ძლიერია, ქალი კი სუსტი. ამან შესაძლოა მამაკაცში წარმოშვას უპირატესი პოზიციის დაკარგვის შიში, მოთხოვნილება, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ეს პოზიცია შეინარჩუნოს, ხოლო ქალში – მამაკაცთან გატოლებისადმი მისწრაფება, რაც მასთან განუწყვეტელი პაექრობითა და შეჯიბრით იჩენს თავს.

როგორ ვლინდება კონკრეტულ ქცევებში არასრულფასოვნების კომპლექსები?

სოციალური იზოლაცია. მოსწავლე თავს არიდებს საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობას, შეხვედრებს, დისკუსიებს. ხშირად აცდენს გაკვეთილებს – შინ დარჩენას ამჯობინებს, ცდილობს, თავისი სისუსტეები შეუმჩნეველი გახადოს, ეშინია დაცინვის.

უხეშობა, უკმეხობა. მოსწავლე შესაძლოა იმ დონემდე გახსნილი იყოს, რომ მისი ღიაობა უხეშობაში გადაიზარდოს. ამას საფუძვლად უდევს სურვილი, დაუმტკიცოს სხვებსაც და საკუთარ თავსაც, რომ შეუძლია იმის კეთება, რასაც სხვები აკეთებენ.

პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბრალება (მათ შორის – სამყაროსთვის). თავის ნებისმიერ წარუმატებლობას ადამიანი სხვას აბრალებს: უიღბლობას, ცუდ წრეს, გარემოს, ბედისწერას… თუ ადამიანს პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნია, ის უდავოდ წარუმატებლობის კომპლექსის მატარებელია.

ე.წ. „მკვახე ყურძნის” მექანიზმი. ეს ძალზე ცნობილი სიმპტომია. მაგ., წარუმატებლობის შემთხვევაში მოსწავლე გამოაცხადებს, რომ კმაყოფილია შედეგით, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა დროსაც მას დაავალებდნენ ამის გაკეთებას, ან ერთი მოსწავლე არ აღმოჩნდა მათ რიცხვში, ვინც წარმატებით გაართვა თავი დავალებას, მეორემ კი სასურველი შედეგი მიიღო. პირველი ცდილობს, მისი წარმატება გარე ფაქტორებს მიაწეროს („გადაიწერა”, „უკარნახეს”, „წინასწარ იცოდა”, „ბედი აქვს” და სხვა). დაკომპლექსებული ადამიანი სხვის წარმატებას განიხილავს როგორც გარე ფაქტორების მოქმედების შედეგს და არა როგორც მის პიროვნულ უნარს.

კონკურენციისთვის თავის არიდება. მოსწავლე გაურბის კონკურენციას, სადაც მისი უნარების დემონსტრირების საშიშროება არსებობს. არ ცდილობს შეჯიბრებაში ჩართვას და თუ მაინც ჩაერთო, მიაჩნია, რომ წარმატებას მაინც ვერ მიაღწევს.

ნაკლოვანებების ძიება. რაც უნდა ბედნიერი იყოს, ის ვერ იქნება მშვიდად, თუ სხვაც ბედნიერია, ამიტომ ხშირად პოულობს ნაკლს, მაგ., თანაკლასელში და ცდილობს, ისიც დააჯეროს, რომ უუნაროა. საზოგადოდ, დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი ხშირად ცდილობს, სხვებიც ჩაითრიოს თავის ბუნაგში.

ზედმეტი მგრძნობელობა. არასრულფასოვნების კომპლექსის მქონე მოსწავლე ძალზე მგრძნობიარეა როგორც კომპლიმენტის, ისე კრიტიკის მიმართ. მაგალითად, კარგადაც რომ მოყვეს გაკვეთილს, მაინც არ სურს საქებარი სიტყვების მოსმენა – მიაჩნია, რომ არც იმსახურებს და არც გულითაა ნათქვამი, კრიტიკის შემთხვევაში კი მაშინვე თავდაცვაზე გადადის. არაადეკვატურად რეაგირებს ხუმრობაზეც. ხდება პირიქითაც – ზოგიერთი კომპლექსიანი ადამიანი მიისწრაფვის, რაც შეიძლება მეტი კომპლიმენტი დაიმსახუროს, ხშირად ილაპარაკონ მასზე, აღნიშნონ მისი თუნდაც უმნიშვნელო მიღწევები.

არასრულფასოვნების ძლიერი განცდის ნიშნები უფრო შესამჩნევად ვლინდება დაძაბულ ან რთულ ვითარებაში. ეს ნიშნებია:

▪ ზედმეტი თავდაჯერება, მოუთმენლობა და მოჩხუბრობა, აგრესიულობა, მტრობაც კი;
▪ უჩვეულო ინტერესები, მომავლის უჩვეულო გეგმები; 
▪ სხვებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება, სხვებზე მაღლა დგომისადმი მისწრაფება;
▪ საკუთარ შესაძლებლობათა რწმენის უქონლობა, სხვებისგან შორს დგომა ან ვიწრო წრის სოციალური კონტაქტები (გაურბის ძლიერ ბავშვებს და ეთამაშება სუსტებს);
▪ ყოყმანი, გადაწყვეტილების მიღების უუნარობა ან სირთულე;
▪ წინააღმდეგობრივი ბუნება (მაგ., ხან მეტისმეტად აგრესიულია, ხან – მეტისმეტად დამთმობი, ზოგჯერ – კეთილი, ზოგჯერ – მეტისმეტად ძუნწი);
▪ მერხთან ჯდომის, დაყრდნობის, დგომის, სიარულის, ჟესტიკულირების უჩვეულო მანერები, დაძაბული (არაბუნებრივად გამართული – უპირატესობის კომპლექსი) ან ზედმეტად მოშვებული დგომა (მოხრილია, მაგრამ არა ფიზიკური ნაკლის გამო); კედელთან დგომისა და მასზე მიყრდნობის ჩვევა (როგორც არასაკმარისი დამოუკიდებლობის სიმპტომი);
▪ მეტისმეტად დამთმობი ხასიათი (რომლის მიღმა უპირატესობის კომპლექსი იმალება);
▪ მეტისმეტი მორცხვობა (რაც ზრდასრულ ასაკში შესაძლოა ნევროზში გადაიზარდოს);
▪ ზედმეტი მოშიშრობა, მიუკარებლობა, სიტყვაძუნწობა და არაბუნებრივი სიწყნარე და სხვა.

ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანთა უმეტესობა, ცდილობს რა პირდაპირ ან ირიბად შენიღბოს საკუთარი კომპლექსები, სწორედ იმას გამოკვეთს, რის დამალვაც სურს.

კომპლექსებთან გამკლავების საუკეთესო გზაა ბავშვის ჩართვა ისეთ საქმიანობაში (წრეში, სპორტულ სექციაში და სხვა), სადაც ის თავის საჭიროებასა და ნიჭიერებას დაინახავს. მნიშვნელოვანია მოსწავლის საქმიანობის პოზიტიური შეფასება მასწავლებლის მხრივ, რაც ხელს შეუწყობს თვითშეფასების ამაღლებას და გაანეიტრალებს სასკოლო გარემოს ზოგიერთი არასასურველი კომპონენტის უარყოფით ზემოქმედებას.

უნდა ითქვას, რომ ცალკე აღებული რომელიმე მახასიათებელი შესაძლოა სანდო არ იყოს დასკვნის გამოსატანად, მაგრამ მათი ერთობლიობა და სისტემატურობა უკვე გარკვეული სიგნალია. საჭიროა გამოვლენილ თავისებურებათა ერთმანეთთან შეჯერება, ფსიქოლოგთან კონსულტირება, რათა მოხდეს პრობლემის სწორი იდენტიფიკაცია და შემდგომ – მასზე მუშაობა.

კომპიუტერული ტექნოლოგიები და გაკვეთილზე მათი გამოყენების თავისებურებები

0
თანამედროვე ცხოვრების რიტმი არავის ინდობს. ძნელია მისი ატანა მოსწავლეებისთვისაც, რადგან მათ მიმართაც გამუდმებით იზრდება მოთხოვნები: იკითხონ გაკვეთილებზე, უპასუხონ შეკითხვებს, შეასრულონ დავალებები და ა.შ. საქმე კიდევ უფრო რთულდება, როცა ინტერესი ნაკლებია ან სულაც არ არის – მოზარდთა უმრავლესობა ხომ მასალას აღიქვამს არა პრინციპით „ძნელია”/„ადვილია”, არამედ „საინტერესოა” ან „უინტერესოა”.
როცა სწავლება ბუნებრივად და სასიამოვნოდ მიმდინარეობს, ადამიანი ნასწავლს იმახსოვრებს, ხოლო იმის მიმართ, რაც არ მოსწონს, გულგრილია და ცდილობს, მალე დაივიწყოს. აი, აქ შეგვიძლია, მასწავლებლებისა და მოსწავლეების დასახმარებლად გამოვიყენოთ თანამედროვე საინფორმაციო-კომუნიკაციური ტექნოლოგიები, რომლებიც საგაკვეთილო პროცესის უფრო და უფრო აუცილებელი ატრიბუტები ხდება – მათი მეშვეობით ადვილია მასალის ახსნა, ნაკლული მხარეების შევსება და დიდია ინტერესიც მოსწავლეთა მხრივ, ამიტომ საგაკვეთილო პროცესში ამ ტექნოლოგიების ჩართვა ძალზე შედეგიანია.
სახელდობრ რა უპირატესობა აქვს კომპიუტერული და მულტიმედიური პროგრამების გამოყენებას გაკვეთილზე?

აღდგომა კოტიასთვის და ანიკოსთვის

0
ტეტააა, ტეტააა, აღდომა მოდის, აღდომა – ყვიროდა საქანელაზე შემომჯდარი ჩემი ნათესავი. სამზარეულოში, დიდ, თავდახურულ ქვაბში შეღებილი ათობით კვერცხი ეწყო და ერთი სული გვქონდა, შუაღამის თორმეტი როდის დადგებოდა. დილით ეზოში და მერე, არდადეგების გასრულებისას, სკოლაში დიადი ტურნირი იწყებოდა. ყველაზე მზაკვარს, ხის კვერცხი ჰქონდა დიდი რუდუნებით შემზადებული, შედარებით პატიოსანს – ციცარის.

  ბებიაჩემი ბევრს ლოცულობდა. განსაკუთრებით ვნების კვირაში. გარდაცვლილ შვილზე და ქმარზე, ძმაზე და დედ–მამაზე. ცოცხალ შვილებზე და შვილიშვილებზე. ნათესავებზე. მეზობლებზე. მე ხან ბებიაჩემის ოთახში მეძინა და დღესაც ზეპირად მახსოვს ამის გამო ფსალმუნები და საწესო ლოცვები. ბოლო ასე ასრულებდა: ,,ღმერთო ყველა კარგად ამყოფე, ყველა გაჭირებული’’ და ლოგინს გადაწერდა პირჯვარს.

  ყველა დღესასწაული მისით მახსოვს. საეროებიც კი. იმ წელს რვა მარტს მოთოვა. სულ ეს მაგონდება – ცალ თვალზე მისი შავად შენაღები, გახუნებული თავშალი მეფარებოდა და ცალით ქარით დახრილ ფიფქებს ვხედავდი.  ე.წ. ზაგოზერნოსკენ  მივდიოდით. იქ იყიდებოდა პური იმ დროს. კაცი, ზედსახელად ბუკაკიე გახლდათ ამ საქმის გამგებელი. ჰოდა, მივდიოდით მე და ბებიაჩემი. ზუკუტურით მივყავდი. ზურგზე მოკიდებული ანუ. ცალ თვალზე მისი შავად შენაღები, გახუნებული თავშალი მეფარებოდა და ცალით ქარით დახრილ ფიფქებს ვხედავდი. ზღაპარს გავდა. მოყოლით არ გამოდის. არის ჩვეულებრივი ამბები, რომელიც მხოლოდ შენთვისაა არაჩვეულებრივი. ის მნიშვნელოვანი ქალი იყო. ჩემზე უფრო ჯიუტი და იდეალისტი.

 ტეტააა, ტეტააა, აღდომა მოდის, აღდომა! – ყვიროდა ნათესავი. ოთახიდან პასკის სუნი გამოდიოდა, შეშის ღუმელში რომ ცხვებოდა. გარეთ უკვე თბილოდა და სახლში ცხელოდა მით უფრო. მაგრამ ბებიაჩემი შავ თავშალს არ იშორებდა და უცნაურ, ძნელად შესამჩნევ ღიმილს, რომელიც მე ყველაზე უფრო მძიმე დღეებში შემინიშნავს. ალბათ ეს იყო, იმ ძალის მიზეზიც. იმ, ძალის რომ პირველად, მეზობელ, ლოთ კოტიასთან მიგვქონდა წითელი კვერცხები მე და ბებიაჩემს, მერე იქვე, ანიკოსთან, როგორც ავი ენები ამბობდნენ, სოფლის ძველ მეძავთან და მაშინ უკვე ლოგინად დავარდნილ ქალთან, მერე სახლში ,,ვუჭახუნებდით’’, მერე სასაფლაოზე. ბებიაჩემა ევროპული კონვენციები არ იცოდა, მაგრამ ზურგის ტვინით გრძნობდა, რომ ამ წუთისოფლის მთავარი ღირებულება არის ადამიანი – ნებისმიერი ადამიანი. ამითაა ეს ქვეყანა საინტერესო, რომ ,,გვაქვს უთვალავი ფერითა’’. მეც ასე ჩამრჩა, რომ აღდგომის მისტერიის ერთ–ერთი მთვარი საქმე, საკუთარი თავზე ამაღლება და სხვა ადამიანების შემჩნევაა. მათთვის ტანჯვა და მათთვისვე ამაღლება. სულ მცირე – როგორც ვთქვი, შემჩნევა მაინც. კოტიას და ანიკოს და სხვების და სხვების. პათეტიკური ამბავია, მაგრამ პათეტიკაც ადამიანური საქმეა. თან ხანდახან დიდად მარგებელი. გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს.

როგორ დავარწმუნოთ ბავშვები, რომ „სწავლა სინათლეა“

0
„აი, წლის ბოლოს თუ სულ ხუთები გექნებათ ჟურნალში, აგვისტოში ზღვაზე წაგიყვანთ და ველოსიპედს გიყიდით”, – ჰპირდებოდნენ ჩემს ერთ თანაკლასელს და მის და-ძმას მშობლები ყოველი სასწავლო წლის დამდეგს. გადიოდა წელი და ბავშვებს, არცთუ სახარბიელო ნიშნების მიუხედავად, მაინც სჩუქნიდნენ ველოსიპედს და მიჰყავდათ ურეკში, მე კი მუდამ მიკვირდა: რა საჭირო იყო კარგი ნიშნებისთვის დასაჩუქრება? სწავლა ხომ სიკვდილივით და გადასახადებივით გარდაუვალ რამედ მეჩვენებოდა და ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, მათემატიკის ამოცანის სწორ პასუხს რომ მივიღებდი რამდენიმესაათიანი წვალების შემდეგ.

უნივერსიტეტში გავიგე, რომ ზემოხსენებული მეზობელი ცდილობდა, შვილებისთვის გარეგანი მოტივატორებით შეეყვარებინა სწავლა. აი, ჩემმა მშობლებმა კი თითქოს ინექცია გამიკეთეს და ვენაში შემიყვანეს სწავლის აუცილებლობის განცდა, ანუ შინაგანი მოტივაცია ჩამომიყალიბეს. თუმცა მაგისტრატურაში სწავლის დროს, მიზეზთა გამო, „ავურიე” და არათუ შინაგანი, გარეგანი სტიმულებიც კი არ მეყო სასწავლო პროცესში მოსწავლის მოტივაციაზე მოქმედ ფაქტორებზე სამაგისტრო ნაშრომის დასაწერად. ის, რომ დღეს მაგისტრის დიპლომი მაქვს, ჩემი ლექტორების დამსახურებაა, რომლებმაც ხელახლა მასწავლეს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა.

მოსწავლის სასწავლო მოტივაცია აკადემიურ მოსწრებაზე ზეგავლენის განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩევა და თანამედროვე სკოლის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. მოტივაცია შინაგანი მდგომარეობაა, რომელიც მოქმედებისკენ გვიბიძგებს. ფსიქოლოგები მოტივაციის ორ სახეს განასხვავებენ. შინაგანად მოტივირებული ადამიანი მოქმედებს საკუთარი ინტერესებისა და სურვილების შესაბამისად. მაგალითად, როდესაც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადებოდი, აღმოვაჩინე, რომ გალაკტიონის ორმოცდახუთი ლექსი ვიცოდი ზეპირად. ვიზუთხავდი, განურჩევლად იმისა, შეტანილი იყო თუ არა პროგრამაში და ეს მსიამოვნებდა. აი, გარეგანი მოტივაციის დროს კი ადამიანი გარე ფაქტორების ზეგავლენით მოქმედებს. მაგალითად, მათემატიკას იმიტომ ვაქცევდი განსაკუთრებულ ყურადღებას, რომ დედაჩემი ჰუმანიტარებს არ სწყალობდა. მასწავლებელი გარეგანი მოტივატორების შემოტანით ცდილობს, გაუმძაფროს მოსწავლეს მიზნის მიღწევის სურვილი.

მეცნიერთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოსწავლეთა შინაგანი მოტივაცია მესამე კლასიდან საგრძნობლად იკლებს. ამ დროს მასწავლებლებმა უნდა იზრუნონ მათი შინაგანი მოტივაციის შესანარჩუნებლად, მაგრამ არც გარეგანი მოტივატორები დაივიწყონ.

ფსიქოლოგიური თეორიები მოტივაციის შესასწავლად რამდენიმე მიდგომას გვთავაზობს. ბიჰევიორისტული მიდგომის თანახმად, მოსწავლეთა მოტივირება შეიძლება გარეგანი იმპულსების (დასჯა-წახალისების) გამოყენებით. თუ მოსწავლეს მუდმივად შეაქებენ რაიმე ქცევისთვის, დიდია ალბათობა, მან ეს ქცევა გაიმეოროს და პირიქით, თუ რამისთვის დასჯიან, უსაყვედურებენ, შესაძლოა, ეს ქცევა შემდგომში აღარ განმეორდეს. 

კარგი ნიშნები, სტიკერები, ვარსკვლავები და სხვა საშუალებები სასწავლო პროცესში სწორედ მოსწავლის კარგი ქცევის განსამტკიცებლად გამოიყენება. კიდევ ერთი სასიამოვნო მოტივატორია ქება, რომელშიც მასწავლებელმა უნდა ასახოს როგორც დღევანდელი მიღწევები, ასევე რჩევაც, გაუზიაროს მოსწავლეს თავისი მოლოდინი. მაგალითად: „ნინო, ძალიან მომეწონა შენი შესრულებული დავალება. მეტი ყურადღება მიაქციე პუნქტუაციას და შემდეგში უფრო მაღალ ნიშანს მიიღებ”. ქება უნდა იყოს ინფორმაციული, გასაგები; მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მისი მიღწევების შესახებ მოცემულ მომენტში, ამასთან, ყურადღება გაამახვილოს მოსწავლის ძალისხმევაზე და არა მის უნარებსა და ინტელექტზე. ეს მოსწავლეს ჩამოუყალიბებს რწმენას, რომ ძალისხმევით ყველაფერს მიაღწევს.

მოტივაციისადმი კოგნიტური მიდგომის მიხედვით, მშობლებისა და მასწავლებლების დაინტერესება ზრდის მოსწავლის შინაგან მოტივაციას. მოსწავლეები, რომლებიც განიცდიან მიკუთვნებულობას მშობლებთან, მასწავლებლებთან ან თანატოლებთან, უფრო ემოციურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში. კოგნიტური თეორეტიკოსები აქცენტს მოტივაციაზე სვამენ და სჯერათ, რომ ადამიანის ქცევა აზროვნებით არის განპირობებული და არა იმით, ამ ქცევის გამო წარსულში დაააჯილდოეს თუ დასაჯეს.

მოტივაციაზე სოციოკულტურული წარმოდგენა ხაზს უსვამს ერთობის წევრობას. ადამიანები ერთვებიან აქტივობაში, რათა განამტკიცონ თავიანთი იდენტობა და ინტერპერსონალური ურთიერთობები ამ ჯგუფის შიგნით. მოსწავლეებს აქვთ სწავლის უფრო ძლიერი მოტივაცია, როდესაც გრძნობენ მიკუთვნებულობას იმ ჯგუფისადმი, რომლისთვისაც სწავლას დიდი ღირებულება აქვს. ჯგუფის ახალი წევრები მოტივირებულნი არიან ისწავლონ და შეითვისონ ჯგუფის ღირებულებები და გამოცდილება, რათა მის ნამდვილ წევრებად იგრძნონ თავი. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის იმის ჩვენება, რომ სწავლა აუცილებელია.

განსხვავებული კულტურების კვლევის შედეგად მაკკლელანდმა (McClelland, 1955) დაასკვნა, რომ მიღწევის მოთხოვნილება ანუ სწრაფვა წარმატებისა და უპირატესობისკენ კულტურული ღირებულებებით არის განპირობებული. მისი მტკიცებით, ბავშვებს, რომელთა მშობლებიც პრიორიტეტს არ ანიჭებენ განათლებას, ხშირად აქვთ დაბალი მოტივაცია სასკოლო დავალებების შესასრულებლად. აი, ხომ გახსოვთ, კუკარაჩას რომ ეკითხება ანიკო ბახტაძე: „ვინ დამღუპა?” – ის კი პასუხობს: „თქვენ, ქალბატონო ანიკო! დადგენილია, რომ ყველაზე ხშირად ის ბავშვები იწყებენ მოწევას, რომელთა ოჯახის წევრებიც ეწევიან”. ასე რომ, თუ გსურთ, თქვენს შვილს შეუქმნათ სასწავლო მოტივაცია, თავად იკითხეთ წიგნები. სასურველია, იკითხოთ ბავშვთან ერთად ან ესაუბროთ იმ წიგნზე, რომელსაც მოცემულ მომენტში კითხულობს – ამით მას დაანახვებთ, რომ კითხვა მნიშვნელოვანია.

კვლევებით დადგენილია, რომ მასწავლებლის მოტივაცია და მისი სწავლების სტილი გავლენას ახდენს მოსწავლის სასწავლო მოტივაციაზე. კერძოდ, თუ მასწავლებელი შინაგანი მოტივაციით ხელმძღვანელობს პროფესიული საქმიანობისას, ესე იგი თუ მისთვის სწავლება სახალისო და საინტერესო პროცესია, მისი მოსწავლეების მოტივაციაც იზრდება. ასეთივე გავლენა აქვს მასწავლებლის გარეგან მოტივაციასაც: თუ მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია მისი სტატუსი და ღირსება კოლეგებისა და სკოლის ადმინისტრაციის წინაშე, ის ყველაფერს იღონებს, რათა არ შებღალოს თავისი რეპუტაცია და მაღალპროფესიონალურ დონეზე დარჩეს; ამის გამო ის ეცდება მოსწავლეთა მოტივირებას, რაც დადებითად აისახება კიდეც მათ მოტივაციაზე, თუმცა შინაგანი მოტივაცია უფრო მეტად მოქმედებს, ვიდრე გარეგანი. რაც შეეხება სწავლების სტილს, თუ ის ეფექტურია, რაც იმას გულისხმობს, რომ მასწავლებელი ორიენტირებულია პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებაზე, იყენებს ახსნისა და სწავლების თანამედროვე მეთოდებს და მოსწავლის შეფასების მკაფიო და ცხად კრიტერიუმებს, მაშინ მოსწავლის მოტივაციაც იზრდება.

მე მჯერა, რომ თუ მშობლები და მასწავლებლები გავერთიანდებით და ბავშვებს დავანახვებთ, რომ „სწავლა სინათლეა”, ისინი ამას გაითავისებენ და მათი ცხოვრების გზა საინტერესო და სასიამოვნო გასავლელი იქნება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...