შაბათი, მაისი 24, 2025
24 მაისი, შაბათი, 2025

,,ნათლობის“ კვირა, საფობიეთი და მოშინაურებული მგლები

0
აი, ახალი სასწავლო წლის პირველი კვირაც დამთავრდა და  ცხრამეტ მეორეკლასელთან ერთად,  ახალი საკუთარი თავიც გავიცანი. მიუხედავად თეორიული ,,მზადყოფნისა”, უამრავი შეცდომა დავუშვი და კლასიც და ხმაც ერთდროულად ,,გამექცა”,  პირველად ვიტირე უფროსის კაბინეტში, გადავიტყავე მუხლები, ეჭვი შევიტანე საკუთარ ძალებში და  ბოლოს, მგლის შიშით ლამის ცხვარიც გავწყვიტე, ანუ  სასოწარკვეთაში ჩავვარდი… ,,ვიჯექ სასოწარკვეთაში, როგორც მგლისათვის გათხრილ ბნელ ორმოში და ველოდებოდი მგელს. მგელი, სამწუხაროდ, სასოწარკვეთაში არ ჩამოვარდნილა”, პირიქით, თავზე ერთგული ძაღლივით დამწკმუტუნებდა და  წამოდგომას მთხოვდა. 

აქამდე თავი საკმაოდ დიდი და ძლიერი მეგონა, მაგრამ მოულოდნელობის ტყიდან გამოვარდნილი  უცნობი მტაცებელი (სქოლიოფობია – სკოლის შიში)  შტორმივით დამატყდა თავს და ეს ჩემი  მრავალ ქარიშხალგამოვლილი ნებისყოფა ხუხულასავით,  სულის ერთი შებერვით, დამინგრია, მერე კი თავად  გამომიწოდა დახმარების ხელი. სწორედ ამ ახლად შეძენილ–დამეგობრებულმა ფობიამ გამახსენა მთელი ჩემი ბავშვობის საფობიეთი, მოშინაურებული მგლები  და მათთან ერთად შიშის ყველა კუთხე–კუნჭულში  შეჭყეტილი გოგო.
***
1993  წლის პირველი თვე იდგა. ეს უხვთოვლიანი ზამთარი სახლიდან ჭიშკრამდე გაყვანილი თოვლის გვირაბების, მოხარშული სიმინდისა და ღუმელში შებრაწული დაშაქრული ვაშლის სურნელით  სავსე  საღამოების გარდა, ათიოდე წლის გოგოს დამოუკიდებლად მიღებულ პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მახსენებს.  სწორედ მაშინ გადავწყვიტე პერსონალური საფობიეთის მოშინაურება, თუმცა წარმოდგენაც არ მქონდა, სად მდებარეობდა ეს მხარე და  იმ ერთადერთ ,,გზის მაჩვენებელს” გავყევი, ჩვენი სახლის უკანა ეზოში რომ მეგულებოდა.

ბატონი ნიქტო(ფობია) ქალბატონ მელანო(ფობია)სთან  მეგობრობდა. ის დაღამებისთანავე უზარმაზარი ჩრდილის მოსასხამს მოიგდებდა მხრებზე და ყორანივით შავი კაბის  ფრიალ–შრიალით მონარნარებულ ,,მელანოს” ტანგოს ეცეკვებოდა.  ამ ,,საცეკვაო მოედანზე” მარტო გასვლას ყოველთვის  ვარიდებდი თავს. მაგრამ ერთ საღამოსაც ქათმების განწირულმა კრიახმა მაიძულა ბეწვის ხიდიც გადამერბინა და უღრან ტყეში, ანუ ღამის იდუმალებით  ერთიორად გადიდებული საქათმის მიწაზე დამედგა ფეხი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პატარა გოგოს მსგავსად, შუაგულ საზღაპრეთში ვცხოვრობდი, გზის გამოსაგნებად თოვლიან ბილიკზე პურის  ნამცეცები არ დამიყრია (არადა, დღისით, ბაბუასეულ უზარმაზარ ბაღში შესვლისას, ხშირად  ვიქცეოდი ასე). ახლაც  ვგრძნობ, როგორ მეხვეოდნენ აჩურჩულებული ჩრდილები, მიძვრებოდნენ ქურთუკის საყელოში, თვალებში. შიში ჩემს სხეულს ტალღასავით  ეხეთქებოდა და სახლისკენ მიბიძგებდა, მაგრამ რადგან გადავწყვიტე, უკან დახევა  აღარ  ვიკადრე  და შედეგად ორიოდე ქათამი მაინც გადაურჩა ტურის მსგავსი არსების კლანჭებს. როგორც ჩანს,  ჩემს საფობიეთში ალეკროფობია, ანუ ქათმების შიში  არ ბინადრობდა,  ან უფრო ადრე, ღრმა ბავშვობის ბინდბუნდში მოვიშინაურე და არ მახსოვს.

შემდეგ მელისოფობიის (მელიისა არ გეგონოთ) –  ფუტკრების შიშის კარმიდამოს მივადექი. ალბათ ყველას გახსოვთ ვინი პუჰი – ,,საავდრო ღრუბელი”  თაფლის მოპარვას რომ  განიზრახავს. ჰოდა, მეც მას დავემსგავსე,  ფუტკრებთან დამეგობრების თუ მოტყუების ყველა ბუშტი– მცდელობა რომ გამისკდა და ძირსაც მწარედ დავენარცხე.  მელისოფობიის კარ–მიდამოში მეგობრობანას თამაში მასპინძლისათვის ფატალური, სტუმრისთვის კი გასიებულ ცერა თითზე ალესილი დანის პირის დასმით დასრულდა. დავრჩით მე და ჩემი მკბენარა ფობია  კონფლიქტური ზონებივით. მას მერე როცა ფუტკარს, ბზიკს ან უარეს შემთხვევაში, ბაზს ვხედავ, იან ლარის საკუთარ ეზოში მოხეტიალე კარიკასა და ვალიკას მსგავსად ვპატარავდები და უახლოესი თავშესაფრისკენ გავრბივარ.

ჩემი საფობიეთი ალბათ ფუტკრების ვერმოშინაურებას უნდა უმადლოდეს კიდევ ერთი დე–ფაქტო ტერიტორიის შემომატებას.  ნემსის შიში(ენეტოფობია)  ტკივილის შიშზე (ალგოფობია) ძლიერი აღმოჩნდა და  ჩემდა საუბედუროდ, გულის წასვლის ფონზე გაკეთებული ანალიზების,  არასდროსგაყუჩებული ყბებისა და გაოცებული სტომატოლოგების თვალწინ, კიდევ უფრო იზრდება და ძლიერდება. 

არავის უსწავლებია და არც ის ვიცი, რატომ ვაკეთებ ამას, მაგრამ როცა რაღაც ძალიან მტკივა, წარმოვიდგენ, რომ იმ ადგილას რაიმე წვეტიანი საგანი მაქვს შერჭობილი (მაგალითად, ხიჭვი) და წარმოდგენის ძალით ვცდილობ მის ამოღებას. თქვენ წარმოიდგინეთ, ხშირად გამომდის–კიდეც.

 ცოტა რომ გავიზარდე , სადღაც მეთხუთმეტედან მეთექვსმეტე შემოდგომისკენ მიმავალ გზაზე ერთ ძალიან უცნაურ საფობიეთის მკვიდრს გადავეყარე. მაშინ უკვე პირველი სიყვარულის სურნელი იდგა ჩემს სამყაროში.  შესაბამისად, საკუთარ მომავალზეც დავფიქრდი, რამდენიმე წლის იქით გადავიხედე და ეს ცოტათი მოსულელო, მაგრამ დიდი მაკვარანცხი  ქალბატონი მაგეიროკო (ფობია), ანუ საჭმლის მომზადების შიში დავლანდე. არ გეგონოთ, ოჯახი მშიერი დამეტოვებინოს, მაგრამ როგორც ჩემი საუკეთესო კულინარი–მეგობარი ამბობს, ჩემს გაკეთებულ კერძებს რაღაცნაირი, შიშის გემო დაჰყვებათ (მარილის და სანელებლების გადაჭარბების მეშინია). 

კიდევ ერთი სასაცილო ფობია მახსენდება. კარადასავით დიდი, მჭექარეხმიანი და კიდევ, გუგულიანი  კედლის საათების მეშინოდა. ჩემი  ღამეული ისტერიკების წყალობით,  ახალი ოჯახის საამაყო საგვარეულო რელიკვიამ დიდი ხნით სხვენზე დაიდო ბინა. 

გავიდა დრო და სიყვარულის შემეშინდა, ფილოფობიის ფილოსოფიას ვერაფერი გავუგე და დაკარგული ტერიტორიების სიას მივუერთე. მაგრამ რა ვიცოდი, რომ  ჩემ მიერ ასე დიდსულოვნად გათავისუფლებული მონა  მთელ  მონოფობიეთს (საკუთარი თავის შიში)  ამიჯანყებდა და მისი ბატონობა ყველაზე დიდხანს გასტანდა. ამ პერიოდში ყველა მოშინაურებული მგელი გამიველურდა. სიზმრების ტყეში თავისუფლად დაძუნძულებდნენ ახალი მეთაურის – სომნიფობიის (ძილის შიში) თანხლებით, რომელიც ხანდახან  ახლაც კამკრავს ხოლმე კბილს. 

ამ სამიოდე წლის წინ მოვიკრიბე ძალა და ყველა ძველ მეგობარს თუ ახალ შიშს თვალებში ჩავხედე. მათი უმეტესობა  ნელ–ნელა გამიყუჩდა, ანუ ერთად  ცხოვრება ვისწავლეთ. მთელ ამ საფობიეთში ერთადერთი შიში დამრჩა მოსაშინაურებელი და ამას მაშინ მივხვდი, როცა წალკის რაიონის ყველაზე მაღალ სოფელში მოვხვდი. ასე მეგონა, იმ  თვალუწვდენელ, უხეო სივრცეში ბუშტივით ამაფრიალებდა ქარი და ვეღარაფერი დამიჭერდა დედამიწაზე. საქმიანი ვიზიტი რომ არა, ალბათ იმ დღესვე დავუბრუნდებოდი დედაქალაქს.

რაც შეეხება ბრბოს და ხმაურის პანიკურ შიშს,  იგი ძალიან ძნელად საცნობი გამოდგა და სანამ სახელს მოვუძებნიდი, დამასწრო და თავად მომიშინაურა. მას მერე ყოველთვის მპოულობს  ბევრ ხალხში და ხმაურში ჩაკარგულს და ღიმილით მახსენებს, რომ მიუხედავად შიშისა, მე მაინც ძალიან, ძალიან მიყვარს ადამიანები.

***
მოვა დრო და ჩემს მოსწავლეებს სწორედ ასეთ ქალბატონ თამთას გავაცნობ და დამალობანას ნაცვლად, ჩემს ბეწვისხიდებიან თამაშს ვასწავლი. ვინ იცის, ამ პატარა ,,წითელქუდებს” რამდენი მგელი ჰყავთ მოსაშინაურებელი.

ორნი გზისპირას

0
– მაპატიე, ბეჟანი ხომ არ ხარ შენ? ბეჟანი, ზაზას ახლობელი… აი მაშინ, ლაგოდეხში… 

– ბოდიში და რომ ვერ გიცანი ჩემო ბატონო. ისე ბეჟანი ვარ. კი.

– როგორ ვერ მიცანი, შე კაცო, არ გახსოვს, მაშინ, ზაზას ბიჭის ნათლობაში, ჩემ გვერდით რომ იჯექი? წარსულების სადღეგრძელოზე ლექსი რომ თქვი…

– ოჰ, ახლა გამახსენდი. რავა ყველაფერი მავიწყდება ამ ბოლო დროს…

– რას შვრები, ჩემო ბეჟან, ისევ რესტორანში მუშაობ? როგორც ვიცი, კაი ფული გამოგდიოდა ადრე.

– რაღა დროს რესტორანია, კაცო. ახლა სხვა საქმეს მოვკიდე ხელი და ვნახოთ, რა იქნება…

– მაინც რა საქმეა?

– ისეთი არაფერი, ბავშვებს ვავარჯიშებ ფეხბურთში. ძმაკაცს თავისი სტადიონი აქვს და ვჯახირობ რაღაცას.
– კაცო, შენ არ იყავი მაშინ ნათლობაზე რომ დაგვცინოდი, ამხელა ხალხს მეტი საქმე არა გაქვთ, ღამეებს ფეხბურთის ცქერაში რომ ათენებთ, დასხედით, იქეიფეთო?!

– გაჭირვებას რა ვუთხარი, ჩემო ძმაო. აბა, შენ მირჩენ ოჯახს?

– ეგ ყველაფერი კარგი და თუ არ გიყვარს ეს ფეხბურთი, ბავშვებს რას ასწავლი, მითხარი ერთი, თუ კაცი ხარ!
– ვინ გითხრა, რომ არ მიყვარს?! ახლა ძალიანაც მიყვარს. ბავშვები ჩვენი ჩემპიონატის თამაშებზეც დამყავს და ვსწავლობთ ერთად ცოტ-ცოტას. აბა, ისე როგორ იქნება…

– მარტო ბავშვების ფეხბურთზე ტარება ხომ არაა საქმე? ტაქტიკა, ვარჯიში, რამე… ამას ხომ ცოდნა უნდა?

– შენ რა გგონია ახლა, ბავშვთა ფეხბურთში ყველა მწვრთნელი გარკვეულია ასეთ რამეებში?! არავინ მოგატყუოს. მე ვცდილობ მაინც, რაღაც ვისწავლო და ზოგიერთი ისეთია, არც იცის და არც აინტერესებს. აი ამ კვირას, მაგალითად, ერთ გუნდს შევხვდით, რომლის მწვრთნელი ჩემს ძმასთან მუშაობდა თეთრეულის ფაბრიკაში. ფეხბურთის გაგებაში არაა, მაგრამ ისე დაიბღინძება, იგი როა, ჰო, ლიპი თუ კლიპი – ის გეგონება! მაგან რა უნდა ასწავლოს ბავშვებს, მთელი ცხოვრება ქალის ნიფხვების მოპარვის მეტი არაფერი უკეთებია, მარა იხმარა ჭკუა, ბიძია, და ახლა კი დაბრძანდება კაი „მერსედესით”. 

– შენ არ გეწყინოს და, მართლა ძალიან ცუდად ყოფილა ჩვენი ფეხბურთის საქმე, თქვენაირი ხალხი ბევრი თუა ჩვენს ბავშვთა ფეხბურთში… 

– მე რას მემართლები, ჩემო ძმაო? სამწვრთნელო ლიცენზია მაინც მაქვს პატიოსანი გზით აღებული. ცოტა კი გამიჭირდა, მარა, აგერ, ნახე (ბეჟანი ჯიბიდან ორად გაკეცილ ლიცენზიას იღებას და ნაცნობს აჩვენებს), ახლა შემიძლია, ბაღნების გუნდი თავისუფლად გავწვრთნა. ულიცენზიო ხალხით რომაა სავსე ჩვენი ფეხბურთი, ჯობია, ამას მიაქციონ ყურადღება. თან, ხომ გეუბნები, თანდათან მეც ვსწავლობ რაღაცეებს, ისე კი არაა საქმე…
– მაინც რას სწავლობ ასეთს, მითხარი ერთი, თუ კაცი ხარ…

– როგორ თუ რას?! შეხვალ ინტერნეტში, შენ ხარ ჩემი ბატონი და, რა გინდა, სულო და გულო, რომ ვერ ნახო. სადაც რომელიმე მწვრთნელს რამე ნახაზი გაუკეთებია, ყველაფერი, რომ იტყვიან, ხელისგულზეა. შენც ადექი და ჯერ ერთი სცადე, მერე – მეორე, მერე – მესამე და ასე… ისე როგორ იქნება, ერთი ვერ გამოგადგეს. ძლიერ გუნდს დაცვაში რომ უნდა ჩაუჯდე და სუსტს რომ უნდა შეუტიო, ეს ხომ ისედაც ყველამ იცის და ასე, მიდის საქმე წინ. 
– რამდენ ბავშვს ავარჯიშებ ახლა?

– იქნება ასე, 40-45. ზუსტად არ მახსოვს, რომ არ მოგატყუო. ფულს ბევრს მე არ ვახდევინებ და არაფერი. 50 ლარი ახლა ისეთი ფული მართლა არაა, რომ მამამ შვილს ფეხბურთის ამბავში ვერ გადაუხადოს და გამოდის პატარა რაცხა..

.

– ესე იგი შენ ამბობ, რომ თვეში 2000 ლარს არაფერში აკეთებ?

– რას ქვია არაფერში? როგორ მელაპარაკები, ბიჭო, შენ?!

– როგორც იმსახურებ, ისე გელაპარაკები! ატყუებ აქ პატარა ბავშვებს და არ გრცხვენია ამხელა კაცს! რაღა ფეხბურთით გინდა ფულის შოვნა? რაც იცი, ის გააკეთე. წადი, რა, მიხედე იმ შენს რესტორანს!

– გამასწარი, თორემ მეცემინები ახლა, ბიძია, შენ! უყურე ამას… გამოვიდა ჭკუის კოლოფი…

– უსინდისო კაცი ხარ შენ. მიგტყიპავენ, ერთხელაც იქნება, მაგ ბავშვების მშობლები და ნახავ მერე…
– ახლა არ მეჩქარებოდეს, გიზამდი საქნელს…

ბატონი ბეჟანი სწრაფად ჩაჯდა იქვე, ჭადრის ხესთან გაჩერებულ მცირელიტრაჟიან ჯიპში და წავიდა. ადრიანი შემოდგომის გრილი დღე იყო. ისეთი კარგი დღე, ვარჯიში რომ მოუნდება კაცს…

ისინი საუკეთესოს იმსახურებენ

0
რაც დრო გადის, მით მეტად ვაფასებ ჩემს მასწავლებლებს. ამის მიზეზი მხოლოდ საინტერესო და მხიარული სასკოლო გარემოს მონატრება არ უნდა იყოს. წლების შემდეგ ზუსტად ვხვდები, რას ემსახურებოდა მათი თითოეული ნაბიჯი, თითოეული მოწოდება. დღეს უკეთ ვაცნობიერებ, რომ ჩემი ღირებულებების, პრინციპების მნიშვნელოვანი ნაწილი პედაგოგთა ხელშეწყობით აღმოვაჩინე. თორმეტივე კლასში ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ პროფესიონალებთან მქონდა ურთიერთობა. ყველას საჯაროდ გახსენება ურთულესი ამოცანაა, ამიტომ მინდა, ჯერ მხოლოდ რამდენიმე ნამდვილი გურუს შესახებ მოგითხროთ, დანარჩენებზე კი მომავალში აუცილებლად მომიწევს დაწერა.

უპირველეს ყოვლისა, ჩემს უკანასკნელ დამრიგებელზე მოგითხრობთ, რომელიც შვიდი წელი დაგვდევდა მთასა თუ ბარში, ქალაქსა თუ მის შემოგარენში და ანტირუსული ისტერიის ფონზე ცდილობდა, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ლიტერატურა საფუძვლიანად ესწავლებინა ჩვენთვის. მეტისმეტად უინტერესო მაშინდელი სახელმძღვანელოების ნაცვლად, იგი ფარულად იყენებდა ძველ ალმანახებს. არაერთი ტრიმესტრ-სემესტრის განმავლობაში უამრავი წიგნი წავიკითხეთ და განვიხილეთ, თუმცა ერთ პატარა, თითქოსდა ნაკლებად სერიოზულ მოთხრობაზე მასწავლებელმა ყველაზე მეტი დრო დახარჯა. ეს ნაწარმოები ანტონ ჩეხოვის „Палата № 6″ გახლდათ. დამრიგებლის განსაკუთრებულმა მონდომებამ შედეგიც გამოიღო. დარწმუნებული ვარ, სწორედ მაშინ, მეცხრე კლასში, მზრუნველი ადამიანის მინიშნებით მივედი მარტივ დასკვნამდე – თავისუფლება მხოლოდ ოთხ კედელს შუა მომწყვდევით არ იკარგება, მისი გაუფასურება ღირსების შელახვით, პასუხისმგებლობის შეუგნებლობითა და უსამართლო საზოგადოებრივი ურთიერთობებით იწყება.

საქართველოს სკოლებში ცალკე ფენომენს წარმოადგენენ ქართულის მასწავლებლები. ხშირად – უმიზეზოდ, ხანდახან – სამართლიანად მრავალ მათგანს ანტისაბჭოთა ნაციონალიზმის მოძველებული პრინციპებით მოქმედებაში ადანაშაულებენ. ჩვენ კი ძალიან დიდხანს გვასწავლიდა ადამიანი, რომელსაც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ პიროვნებად და ნამდვილი, წესიერი მოქალაქის საუკეთესო მაგალითად მივიჩნევ. მისი მთავარი პრინციპი ნებისმიერი საკითხის ყველა, თუნდაც ტაბუდადებული პერსპექტივიდან შეფასება გახლდათ. შედეგად საზოგადოებისთვის, პირადად ჩვენთვის დამახასიათებელი თითქმის არც ერთი ნაკლი უყურადღებოდ არ დაგვრჩენია. მათზე გამუდმებით ვფიქრობდით და ვწერდით კიდეც, სირთულეთა მოგვარების გზებს კი ყოველთვის მერხზე გადაშლილ წიგნებში ვეძებდით და ვპოულობდით. არაერთხელ მიხელმძღვანელია ვაჟა-ფშაველას პოემების განსჯის დასრულებისას ნათქვამი მისი ფრაზით: „ადამიანი – ეს მთავარი, უპირველესი ფასეულობაა. ბრბოს საზოგადოებად გარდაქმნას ამ აზრის გაცნობიერება უყრის საფუძველს”.

პროფესიის გააზრებულად არჩევაში კი ორმა ძლიერმა, გაბედულმა და ნაკითხმა ქალმა შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი. ერთი მათგანი საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიას მასწავლიდა, თან ყოველთვის განსაკუთრებული, ორიგინალური მხიარულებით უძღვებოდა გაკვეთილებს. მაგალითად, სერიოზული არგუმენტების ჩამოყალიბებამდე არ ერიდებოდა სტალინის „უკანონო საქონლად” (левый товар), ხოლო რუსუდან დედოფლის „მსუბუქ ხელმწიფედ” მოხსენიებას. ახლაც ვიყენებ შედარებითი პოლიტიკური ანალიზის ელემენტარულ მეთოდს, რომელიც მის მიერ დაფაზე დახაზული ცარიელი დიაგრამების შევსებისას ავითვისე. მაშინაც ლიბერალიზმსა და სოციალიზმს ვადარებდი ერთმანეთს. ისტორიის მასწავლებლის ძალისხმევით მომიხდა სახელმძღვანელოებში გაკვრით მოხსენიებული ბრიტანელი მეფის თავისკვეთის, საფრანგეთის რევოლუციის, „ჩარტისტული მოძრაობისა” თუ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაფუძნების შედეგებზე თემებისა და მოხსენებების მომზადება, რომლებიც დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან სასაცილო მეჩვენება. სამაგიეროდ, არასდროს დამჭირვებია უმნიშვნელო თარიღების დაზუთხვა.

წარმოიდგინეთ სკოლის ბნელ სარდაფში სახელდახელოდ მოწყობილი საკლასო ოთახი, დაფასთან ჩამოკიდებული, ათასფერად აჭრელებული ფიზიკური თუ პოლიტიკურ-ეკონომიკური რუკები და მასწავლებლის ირგვლივ – მოსწავლეთა მჭიდრო რკალი. რამდენიმე მხარედ დაყოფილი მოსწავლეები სამხრეთ იტალიის ჩამორჩენილობაზე, შვეიცარიის სახელმწიფო მოწყობაზე, ანტვერპენის პორტსა და საქართველოს კვების მრეწველობის პოტენციალზე უსასრულოდ დავობენ. ეს ჩემი გეოგრაფიის გაკვეთილია, სადაც პედაგოგი (ის მეორე, რომელიც პროფესიის არჩევაში დამეხმარა) შანსს არ უშვებდა ხელიდან, ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი ფაქტორების შედარებაში დაგვხმარებოდა. მაშინდელი ჩვენი ანალიზი არც ერთხელ არ დასრულებულა მხოლოდ კაპიტალისა და ინვესტორის სასარგებლოდ. 

ჩემს გურუებს ბევრი რამ ჰქონდათ საერთო. უპირველეს ყოვლისა, ისინი არასდროს გვთავაზობდნენ დოგმებს – ყველა შესაძლებლობის წარმოდგენას, განსხვავებული მიდგომების შედარებას სჯერდებოდნენ. ხშირად არ ემორჩილებოდნენ მათთვის მიუღებელ სასკოლო რუტინას და დაუღალავად ეძებდნენ სწავლების ახალ, უფრო თავისუფალ მიმართულებებს. რაც მთავარია, ისინი კლასს მორჩილებ მასად არ აღიქვამდნენ და ამიტომ ყოველთვის დამოუკიდებელ ადამიანებად ვგრძნობდით თავს.

ამ ოთხი პედაგოგიდან სამი უკვე წავიდა სკოლიდან. მათ გზას დაადგა იმ მასწავლებელთა უდიდესი ნაწილი, რომელთა შესახებაც მომავალში მოყოლას დაგპირდით. ისინი საუკეთესოს იმსახურებენ, მაგრამ დღემდე დაუფასებლად, ფინანსური თუ სხვა ტიპის ხელშეწყობის გარეშე, არაეფექტური სისტემური ზეწოლით მოღვაწეობენ საგანმანათლებლო სფეროში. გაბრაზებულს, მინდოდა შემეხსენებინა, რომ პოლიციის განყოფილებებზე მნიშვნელოვანი სკოლებია, სპეცრაზმელებზე მეტად მასწავლებლებს სჭირდებათ მხარდაჭერა, თორემ განათლების დარგში მხოლოდ რამდენიმე გაჭირვებული გმირი და ბევრი უცნაური ადამიანი მოიყრის თავს.

ეპიზოდის ანალიზი კრიტიკული აზროვნების განვითარებაში და სტრატეგია „მოზაიკა 1“

0
„ცხოვრება პრობლემების ქონას ნიშნავს, ხოლო მათი გადაჭრა – ინტელექტუალურ ზრდას”, – ამბობდა ცნობილი ფსიქოლოგი ჯ. გილფორდი. პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა სტრატეგიის ფლობა კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანის ერთ-ერთი ღირსებაა.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანთა უმრავლესობა ერთ ან ორ სტრატეგიას იყენებს, ანუ ადამიანები დგამენ გარკვეულ ნაბიჯებს, რომლებიც, მათი აზრით, მათ მიზნის მიღწევაში დაეხმარება. ასეთი ადამიანი, რომელიც ფლობს კრიტიკული აზროვნების უნარებს, ყოველდღიურად არა მარტო იყენებს პრობლემის გადაწყვეტის სტრატეგიებს, არამედ აქვს კიდეც მათი შემეცნების, გააზრების საშუალებები: „რატომ ვმოქმედებ ასე და ამგვარად მოცემულ სიტუაციაში და არა სხვაგვარად?” 

ვრცლად 

მეგობრობა – მწერლის თვისება

0

გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”

– თქვენი წიგნების რეცენზიებს თუ კითხულობთ ხოლმე?

– დიახ, ვკითხულობ.

– რა აზრისა ბრძანდებით “სამოთხის” გამო “ნიუ-იორკ თაიმსში” დაბეჭდილ მიჩიკო კაკუტანის მკვეთრად უარყოფით რეცენზიაზე?

– ამ წიგნსა და მის მნიშვნელობაზე განსხვავებული მოსაზრებები რომ გაჩნდებოდა, წინასწარ ვიცოდი. ვფიქრობდი, იქნებ, ამა თუ იმ თვალსაზრისის გამოქვეყნების შემდეგ ზოგიერთმა მკითხველმა უფრო ჩაღრმავებით წაიკითხოს-მეთქი… “ნიუ-იორკ თაიმზის” ყოველდღიურ მიმოხილვაში “სამოთხე” საკმაოდ უსიამოვნოდაა ნახსენები. უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა – რეცენზია არ იყო კარგად დაწერილი. უსიამოვნო რეცენზიით გამოწვეული გულისტკივილი დიდხანს არ მიგყვება; ცუდად დაწერილი რეცენზია კი ძალზე შეურაცხმყოფელია. ავტორმა დრო ვერ გამონახა ამ წიგნის გულდასმით წასაკითხავად.

– როგორ გგონიათ, თავდასაცავად ხომ არ სჯობს, კაცმა საერთოდ არ უგდოს ყური კრიტიკოსებს?

– მაგას ვერ შეძლებს.

– გჭირდებათ კი იმის ცოდნა, რასაც ამბობენ?

– ზოგიერთ მწერალს მიაჩნია, რომ მათი ჯანმრთელობისთვისაც და შემოქმედებითი პროცესისთვისაც უმჯობესია, საერთოდ არ ჩაიხედონ რეცენზიებში; ან ამორჩევით იკითხონ, რადგან ზოგიერთ მათგანზე გული ერევათ. ჩემთვის მიუღებელია ამგვარი იზოლაცია. ძალიან მაინტერესებს, როგორ აღიქვამენ ამ ქვეყანაში აფრიკულ- ამერიკულ ლიტერატურას, რას წერენ მასზე, როგორ განიხილავენ. ჩვენ გრძელი, მძიმე ბრძოლა გამოვიარეთ და ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. განსაკუთრებით მაინტერსებს, როგორ განიხილავენ და იგებენ ქალების პროზას. ამას ყველაზე უკეთესად საკუთარ წიგნებზე დაწერილი რეცენზიების კითხვისას გავიგებ. რეცენზიები სულაც არ არის იმაზე, რასაც მე ვწერ, არაფერი ესაქმებათ ჩემს ნამუშევრებთან. არც ისეთი თავგზაარეული ქალი ვარ, რომ სხვების ნალაპარაკევით ვიმსჯელო ჩემს რომანებზე ან ვინმეს დავეკითხო, ესა თუ ის ნაწარმოები როგორ უნდა გამეკეთებინა, რას მივაღწიე- მეთქი. ასე რომ, რეცენზიებს ჩემზე დიდი გავლენა არა აქვთ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ზოგადი მოსაზრებები. ხშირად უცნაურ და თავშესაქცევ რასმე წააწყდებით ხოლმე.

– “სამოთხეს” ფემინისტური რომანი უწოდეს. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

– არავითარ შემთხვევაში. მე არაფრით არ დავწერდი “-ისტურ” რომანს. საერთოდ არ ვწერ “-ისტურ” რომანებს.

– ასე შორს რატომ გიჭირავთ თავი ფემინიზმისაგან?

– იმიტომ, რომ თავისუფალი ვიყო, შეძლებისდაგვარად. მე არ შემიძლია ჩაკეტილი მდგომარეობის ატანა, ამას ვერ გავუძლებ. მწერლობაში თუკი რამე გამიკეთებია, უფრო მეტყველების განვითარებისა და გახსნისათვის, ვიდრე მის ჩასაკეტავად; მიყვარს ღია კარები, ხანდახან წიგნსაც არ ვხურავ ხოლმე – ბოლოს ღიას ვტოვებ, ხელახალი ინტერპრეტაციისთვის, გადამოწმებისთვის; ცოტაოდენი ორაზროვნებისთვის. მძულს და მეზიზღება ჩაკეტილი ჩარჩოები. ეს, ალბათ, გააწბილებს იმ მკითხველებს, ვისაც ჰგონია, რომ რაღაც ფემინისტურ ტრაქტატებს ვწერ. არ მომწონს პატრიარქატი, მაგრამ სულაც არ ვფიქრობ, რომ ის მატრიარქატით უნდა შეიცვალოს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი სამართლიანად უნდა გადავწყვიტოთ. ყველაფერს ფართოდ უნდა გავუღოთ კარი. ადვილია წიგნისთვის ფემინისტური იარლიყის მიკერება მხოლოდ იმიტომ, რომ პერსონაჟებს შორის ქალები სჭარბობენ. ამგვარი განმარტებები არ სჭირდებათ თეთრკანიან მამაკაც მწერლებს. არავინ ამბობს, სოლჟენიცინი მხოლოდ რუსებზე წერს, რა ემართება, რატომ ვერმონტზე ხმას არ იღებსო. ვერავინ ვერ შეამჩნევს, რომ ესა თუ ის წიგნი მამაკაცებითაა სავსე და სულ ერთი-ორი ქალია გამოყვანილი. კაციშვილი არაფრად აგდებს, რომ ჰემინგუეის ძალიან უჭირს ქალებზე წერა. ამაზე თვალსაც არავინ ახამხამებს.

– “სამოთხეზე” იმასაც ამბობენ, ძნელი წიგნიაო.

– ეგ ყოველთვის მაოგნებს – სულს მიხუთავს – როცა მეუბნებიან, ძნელი წასაკითხავიაო; სკოლაში აღარავინ ლაპარაკობს ჩავლილ ამბებზეო.

– ყმაწვილქალობაში რამეს ნიშნავდა თქვენთვის სიტყვა “ფემინიზმი”? თუ საკუთარი თავის შეცნობისას იგრძენით, რომ ჯერ შავკანიანი ბრძანდებით, და მერე – ქალი?

– მგონი, ერთმანეთს მივუსადაგე ეს ორი სიტყვა: ზანგი და ფემინისტი. მე ძალიან უხეში და აგრესიული შავკანიანი ქალების გარემოცვაში ვიზრდებოდი. მიაჩნდათ, რომ უნდა ემუშავათ, შვილები გაეზარდათ და ოჯახს გასძღოლოდნენ. უსაშველოდ ბევრს მოითხოვდნენ და ელოდნენ თავიანთი ქალიშვილებისგან და არანაირ შეღავათს არ გვიწევდნენ. არასოდეს აზრად არ მომსვლია, რომ ეს ფემინისტობაა. დედაჩემი ხშირ-ხშირად შეივლიდა ხოლმე პატარა ქალაქის ახლად გახსნილ თეატრში, რათა ეგრძნო, რომ ამ ქალაქის ნაწილი იყო, ერთ- ერთი მკვიდრი. აქ შავკანიანებიც ცხოვრობდნენ და თეთრკანიანებიც. თეატრის გახსნისთანავე შევიდოდა, ნახავდა, როგორი ადგილი მისცეს, მიიხედ-მოიხედავდა და აყალ-მაყალს ატეხდა. ასე ხდებოდა ყოველდღე. არც ის მომსვლია აზრად არასოდეს, რომ თავი უნდა დაენებებინა მთელ ქვეყანასთან დაპირისპირებისთვის. ის ფაქტი, რომ ქალი იყო, არ აკავებდა, არ ზღუდავდა. ისიც უნდა სცოდნოდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო კინოში, სადაც მისი შვილები – ზანგი ბავშვები – დადიოდნენ და გოგონების ბედიც ისევე აღელვებდა, როგორც ბიჭებისა. მოგვიანებით ამას ფემინისტური ქცევა დაერქვა. მე ბევრი რამ გადამხდა ამ დეფინიციებთან დაკავშირებით. რამდენიმე წერილიც დავწერე ამის გამო; დავწერე “სულა”, რომელიც ემ- ყარება ახალ იდეას: ქალებმა ერთმანეთს მეგობრობა უნდა გაუწიონ. საზოგადოებაში, სადაც მე ვიზრდებოდი, იყვნენ ქალები, რომლებსაც მამაკაცთან ყოფნას ხანდახან მეგობარ ქალებთან ერთად ყოფნა ერჩივნათ. ისინი მართლაც “დები” იყვნენ.

– მეგობრობთ თუ არა მწერალ ქალებთან? როგორ გგონიათ, გჭირდებათ ასეთი ურთიერთობები?

– მყავს რამდენიმე მეგობარი მწერალი, მაგრამ მათთან იმიტომ ვმეგობრობ, რომ არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. ვფიქრობ, მეგობრობა საერთოდ მწერლის ცხოვრების თვისებაა. ჩემი აზრით, საინტერესოა, რომ, როცა ზანგმა ქალებმა სახელის მოხვეჭა დაიწყეს, იმ დროს არსებობდა გამოუთქმელი, ხელშეუხებელი წესი: არასოდეს დაბეჭდოთ ერთმანეთის ლანძღვა-გინება. ცხადია, თავისუფლები ვიყავით და შეგვეძლო, დაგვეწუნა ერთმანეთის ნაწარმოებები, მაგრამ არავინ მონაწილეობდა თამაშში “ვინ აჯობებს”. საუცხოოა, რომ ჩვენ შორის არ არსებობდა ჯიბრი. ახლა დროდადრო ვკითხულობ, აკრიტიკებს ზანგი მიმომხილველი ქალი ზანგ მწერალ ქალს. ჩვეულებრივ, ამას არაფერი აქვს საერთო კულტურულ კრიტიკასთან. ადრე იცოდნენ, რომ მწერლობა ის სფეროა, სადაც ადგილი ყველას ეყოფა.

– წლების განმავლობაში შეიცვალა რამე კრიტიკაში? თქვენი წიგნები უკეთესად ესმით?

– დიახ. უფრო კარგად ესმით, უფრო კარგად გრძნობენ. მოიშორეს სიზარმაცე. ერთ დროს ჩემსა თუ სხვა ზანგი მწერლების წიგნებს განიხილავდნენ, როგორც სოციოლოგიურ აღმოჩენებს. როგორ არის წარმოდგენილი ზანგების ოჯახი – კარგად თუ ცუდად? მახსოვს, ერთხელ “ნიუ-იორკში” დაიბეჭდა რეცენზია ჩემს რომანზე “მიჯ- ნური”. ავტორმა ძალიან ბევრი ილაპარაკა ბილ ქოზბის სატელე- ვიზიო გადაცემაზე – იქაური ზანგების ოჯახი შეადარა ჩემს რომანში აღწერილ ოჯახს. ეს ამაზრზენი იყო. ერთხელ კიდევ “ნიუ-იორკ რევიუ ოფ ბუქზში” დაიბეჭდა წერილი, სადაც საუბრობდნენ ჩემსა და კიდევ ორი ზანგი მწერლის წიგნებზე. ჩვენ სამნი ერთნაირს არაფერს ვწერდით, მაგრამ ერთ გუდაში გვიკრეს თავი ჩვენი ფერის გამო. ბოლოს ავტორმა სცადა გაერკვია, სამი წიგნიდან რომელი იყო უკეთესი და ერთი ამოირჩია, რომელიც, იქნებ, მართლაც საუკეთესო იყო; მაგრამ მიმომხილველი თავის არჩევანს იმით ასაბუთებდა, რომ იმ წიგნში, თურმე, პერსონაჟები ყველაზე უფრო ჰგავდნენ “ნამდვილ” ზანგებს. ეს ნამდვილად დამთრგუნველი იყო.

– პრინსტონში წერას ასწავლით. შეიძლება ამის სწავლება?

– ჩემი აზრით, შეიძლება წერის ზოგიერთი ასპექტის სწავლება. ცხადია, ვერ ივარაუდებთ, რომ ხედვას ან ტალანტს ასწავლით, მაგრამ შეგიძლიათ ასწავლოთ ამ სამყაროში გაშინაურება.

– ან გულახდილი საუბარი?

– მანდ ბევრს ვერაფერს ვასწავლი. მაგ საქმეში ძალიან უხეში ვარ. ვეუბნები: ეს უნდა გააკეთოთ და მორჩა. სულაც არ მინდა, ვუსმინო, როგორ წუწუნებს ვინმე, ეს რა ძნელი საქმეაო. ამის პატიება არ შემიძლია, ვისაც ოდესმე რამე დაუწერია, უზარმაზარი ძალისხმევით აკეთებს ამას; სხვათა შორის, მეც. ჰოდა, სასაცილოა წუწუნი, ამას ვერ ავიტანო. შემიძლია, თვალი ვადევნო, როგორ ფიქრობენ ახალგაზრდები, როგორ ვითარდება მათი ენა, გეზი მივცე, რაღაც შევთავაზო. ამის გაკეთება შემიძლია. თან ძალიან კარგად. მიყვარს ხელნაწერზე მუშაობა.

– თქვენ ერთდროულად ბრძანდებით გამომცემელიც, მწერალიც, დედაც. როგორ ახერხებთ ამას?

– ახლა, უკან რომ ვიხედები და ის წლები მახსენდება, ყოველდღე სამსახურში რომ დავდიოდი და ჩემი შვილები პატარები იყვნენ, თვითონაც მიკვირს, როგორ ვართმევდი თავს ყველაფერს. რატომ ვაკეთებდი სამ საქმეს ერთდროულად? ნაწილობრივ იმიტომ, რომ ვიცოდი – მარჩენალი ვიყავი და ოჯახისთვის უნდა მიმეხედა. მა- გრამ წერა მხოლოდ ჩემი იყო, ამას მალულად ვაკეთებდი, მთელი ქვეყნისგან მალულად.

– მაშ, როდისღა წერდით?

– უთენია, სანამ დანარჩენები წამოიშლებოდნენ. ღამე მაინცდამაინც ყოჩაღად ვერა ვარ. ბევრს ვერაფერს ვაკეთებ, მაგრამ დილით ძალიან ადრე ვდგები. ჰოდა, ვწერდი დილაობით, ვწერდი შაბათ-კვირას. ზაფხულობით ბალღები ჩემს მშობლებთან, ოჰაიოში, დადიან, ჩემი დაც იქ ცხოვრობს, მთელი ჩემი ოჯახი იქაა – და მთელ ზაფხულს წერას ვუთმობდი. ასე ვახერხებდი რაღაცას. ახლა, როცა ვფიქრობ, თუ როგორ ცხოვრობენ ნორმალური ქალები, როგორ აკეთებენ რამდენიმე საქმეს ერთდროულად… მეც ასე ვიყავი. აკეთებენ ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეუძლიათ. თანდათანობით დროის გამოყენებასაც სწავლობ. ჭურჭლის გასარეცხავად გონება არ გჭირდება. ჰოდა, თან რეცხავ და თან შენს საქმეზე ფიქრობ. მეტროშიც ასეა. უამრავი ლიტერატურული პრობლემა გადამიწყვეტია, პერსონაჟებზე მიფიქრია გაჭედილ ვაგონში. ამ დროს ხანდახან რაღაც მართლა კარგი მოგაფიქრდება ხოლმე. სამსახურიდან დაბრუნებული ჩაინიშნავ და აღარ გავიწყდება. ძალიან მძაფრი შინაგანი ცხოვრებით ვცხოვრობდით, მეც და ჩემი პერსონაჟებიც, რადგან ცხოვრება დუღდა. ახლა ასე აღარა ვარ. ბევრ საქმეზე კი მაქვს ხელი მოკიდებული, მაგრამ გარეთ ისე ხშირად აღარ გავდივარ.

– თუ არ ვცდები, “თაიმსში” განაცხადეთ, “სამოთხეში” კიდევ ბევრი სამუშაოაო…

– ჩემს ნაწარმოებებს ყოველთვის ამ თვალით ვუყურებ, ასევე ყველა წიგნს. წლები რომ გაივლის, ვკითხულობ და ვამბობ…

– “ესა და ეს უნდა გამეკეთებინა…”

– ან “ესა და ეს არ უნდა გამეკეთებინა…” მუდამ ასეა.

– ერთმა მეგობარმა დამაბარა, ჰკითხე ერთი ტონი მორისონს, ასე რამ გააბრაზაო.

– იცით რა, ბრაზი ერთხანს გამიქრა. ძალიან უცნაურია. ამ ზაფხულს ვიღაცას ვეუბნებოდი, აფორიაქებული ვარ, თვალსა და ხელს შუა ვიცვლები და არ ვიცი, რას მივაწერო-მეთქი. მაშინ ბრაზიც გაქრა. ძალიან ვდარდობდი. ახლა ისევ გავბრაზდი იმ გოგოს გამო, ჩემს წიგნში რომ მყავს. ერთი კია – პირად ცხოვრებაში ასეთი რისხვა არავის გამოუწვევია, რადგან ადამიანებზე კი არ ვბრაზობ, რაღაცის გამო გავბრაზდები ხოლმე; მერე დავჯდები და მუშაობას ვიწყებ.

– თანამედროვე ავტორებიდან ვის ნაწარმოებებს კითხულობთ?

– ჰოო… მარკესს ყოველთვის თვალს ვადევნებ და მის დაწერილს ყველაფერს ვკითხულობ. პიტერ ქერეის ერთგული მკითხველი ვარ. ფინჩონს ვკითხულობ. კიდევ ვისა? ჯამაიკა კონსაიდსა აქვს ახალი წიგნი, ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ უნდა წავიკითხო. მომწონს მისი ნაწარმოებები, ვკითხულობ და ვნებივრობ, ერთდროულად ბასრიცაა და ლამაზიც.

– აფრიკაში ნამყოფი ხართ?

– არა.

– გული არ მიგიწევთ?

– ძალიან.

– როგორ გგონიათ, ეს მნიშვნელოვანი მოგზაურობაა შავკანიანი ამერიკელებისათვის?

– არ ვიცი. ჩვენ ისე რომანტიულად წარმოგვიდგება იქაურობა. სწორედ ამ მიზეზით, იქნებ, მართლაც მნიშვნელოვანი იყოს. ისე იოლად გვითრევს მითი – ისტორია – იგავი. სენეგალში მინდა წასვლა, რადგან ოსმან სემბინმა დამპატიჟა. ძალიან მინდა. სამხრეთ აფრიკაშიც მინდა, იქიდანაც მივიღე რამდენიმე მიწვევა.

– თითქოს 1776 წელი იყოს, ზანგები რომ არჩევანს აკეთებდნენ . . .

– უკვე გადაწყვეტილი მაქვს. მგონი, ახლა შევძლებ მოგზაურობას. ეს არც სამუშაოდ წასვლა იქნება, არც სხვა რამე, რასაც მთელი სიცოცხლე ვაკეთებდი. უბრალოდ წავალ, დავჯდები, მივიხედ-მოვიხედავ და ვიმუსაიფებ.

სექტემბრის რიტუალი

0

რა დრო იყო: აგვისტოს ბოლოს წავიდოდნენ დედაჩვენები რომელიმე მტვრიან ბაზარში, დაბრუნდებოდნენ დაღლილები, დაჭმუჭნილები, იწუწუნებდნენ სასკოლო წლის დასაწყისის სირთულეებზე: ხალხმრავლობაზე, სასექტემბრო „ცეცხლის ფასებზე”, ჩვენთვის ვერნაყიდ ლამაზ ქვედაკაბაზე, რომელსაც ჰქონდა სამიოდე პლისეთი მეტი და ღირდა, ალბათ, სამიოდე ლარით მეტი. ჩვენ მოუთმენლად ამოვყრიდით ჭრაჭუნა პარკებიდან ახალთახალ ტანსაცმელს. შევაფასებდით, ძირითადად, დადებითად. არ გვანაღვლებდა ცუდი ხარისხი. ახლა გავხდით პრეტენზიულები: ყოველ ნაკერს ისე გულმოდგინედ ვამოწმებთ, თითქოს კაბა კი არა, საპატარძლო იყოს, ჩვენ კი – ცალწარბაწეული სადედამთილოები.


ჩვენი სკოლები, ცარიელები, სამი თვის მშივრები გველოდნენ. უბუყბუყებდათ ცარიელი დერეფნები და სასკოლო ოთახები. ნაღვლიანი ფანჯრებით გადმოჰყურებდნენ გზებს, რომლებითაც ოდესმე დავუბრუნდებოდით. მშივრები, მშივრები. მოაჯირებს, კიბეებსაც ნეკნებივით დაუთვლიდით. გამხდრები, გამხდრები. სექტემბრის პირველ ორშაბათს კედლებაკაწკაწებულები ელოდნენ.


ჩვენც მიგვქონდა ჩვენი პატარა სხეულები, ჩვენი ამბები, საზაფხულო, არასკოლური. პირველი დღე ამბებისა იყო. ამბები იყვნენ, ძირითად, სოფლურები, მუხლებგადაყვლეფილები, შავი თუთით დაწინწკლულები, ჩიტის ბუდეების ინტერიერის ინტერესით იხოცებოდნენ და ხანდახან ველოსიპედიდან ჩამოვარდნის სიმწარესაც მთელ კლასს ამცნობდნენ. მასწავლებლები ხშირად წაკითხული წიგნების რაოდენობით ინტერესდებოდნენ. ჩვენი მონაგარი ხან „ერთი თარო” იყო, ხან – უფრო მეტი. ეს სასაცილო „ერთი თარო” სერიოზულად განიხილებოდა. რა დრო იყო – ნეთბუქები თვალით არ გვენახა და სასკოლო სახელმძღვანელოებსაც, აბა, მაშინ უფასოდ ვინ დაგვირიგებდა, ასე რომ, მომდევნო ორი კვირა მაინც უწიგნობისა იყო.


უსწავლელი გაკვეთილები უწიგნობას ბრალდებოდა. მასწავლებლები გულზე სკდებოდნენ. ჩვენს მშობლებს გულები უსკდებოდათ და საფულეები – არა. მძაფრად მახსოვს ჩემი ყველა ახალი სახელმძღვანელო: ზომა, წონა, დიზაინი, სუნი. ისტორიის უზარმაზარი წიგნები ლიდერობდნენ: მოდელებივით ლამაზები, ტანადები, მაღლები, ჩემი ყველა ჩანთიდან კიდეებამოყრილები.


ასეთი იყო სექტემბერი. მოშვებული, ზაფხულგადმოყოლილი. ასეთი მახსოვს: მაშინ ჯერ კიდევ, ტრადიციულად, ვზეიმობდით. ულექსოდ სასწავლო წლის დასაწყისი ვერ ჩაივლიდა. გაზეპირებულ სტროფებს ისე სწრაფად ჩამოვარაკრაკებდით, დამსწრეებს ერთი სიტყვაც არ ესმოდათ. რომელ ბავშვს უყვარს „ლექსის თქმის” მტანჯველი რიტუალი. მშობლები კი რატომღაც მუდამ გრძელ-გრძელ ლექსებზე გიჟდებოდნენ და მოთმინებით გვაზეპირებინებდნენ. ჩვენი სიბეჯითის დასტური თუ იყო. ალბათ, მშობლისაც.


სკოლა კი, კმაყოფილი, ფანჯრებს ფართოდ გაახელდა, ფარდებს გადასწევდა და მერხებს ააჭრიალებდა. სექტემბრის ბოლო კვირას უკვე ვფიქრობდით, რომ უკეთესი იქნებოდა, მუდმივი ზაფხულითა და თავგადასავლებით სავსე ჯადოსნურ ქვეყანაში გვეცხოვრა. მაშინ არც ერთს არ მოგვივიდოდა აზრად, რომ მრავალი წლის შემდეგ რომელიმე ჩვენგანი ნოსტალგიურ წერილს დაწერდა ძველ, წვრილმან ამბებზე. თუმცა რას გაუგებ უფროსებს – მათ ხომ შეუძლიათ, ყველაზე მოსაწყენები და სენტიმენტალურები იყვნენ.

როგორ მივაღწიოთ სკოლებში სწავლების მაღალ ხარისხს – (პირველი ნაწილი)

0

წერილი მომზადებულია მოცემული
კვლევის ორიგინალური და რუსული გამოცემების საფუძველზე: Barber, M. and Mourshed,
M. (2007) How the World’s Best Performing Schools Come Out on Top. London, McKinsey
& Company;
М. Барбер, М. Муршед. КАК ДОБИТЬСЯ СТАБИЛЬНО ВЫСОКОГО
КАЧЕСТВА ОБУЧЕНИЯ В ШКОЛАХ
. Вопросы
образования
” (2008)

 განათლების რეფორმა თითქმის ყველა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. მიუხედავად ამ მიმართულებით დაფინანსებისა და ძალისხმევის ზრდისა, სასკოლო სისტემებში განათლების ხარისხი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. ხარისხის მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში, ქვეყნების მიხედვით, ძლიერ მერყეობს.

სასკოლო განათლების ზოგიერთი სისტემა მუშაობს უკეთესად და ვითარდება უფრო სწრაფად. ჩვენ შევისწავლეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 25 სასკოლო სისტემა, მათ შორის 10 საუკეთესო, რათა გაგვეგო, რისი ბრალია განსხვავება ხარისხსა და განვითარების დინამიკას შორის. ყურადღება გავამახვილეთ სისტემებს შორის განსხვავებაზე, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს სწავლების ხარისხს. მთავარი კითხვა ასეთი იყო: რა აერთიანებს საუკეთესო სასკოლო სისტემებს კულტურული და სოციალური კონტექსტისგან დამოუკიდებლად? რა ინსტრუმენტები გამოიყენება მოსწავლეთა სწავლის შედეგების მუდმივი გაუმჯობესებისთვის?

ამ კითხვებზე მარტივი პასუხები არ არსებობს. შეცვალო ის, რაც ხდება მილიონობით ბავშვის გულსა და გონებაში – რადგან სწორედ ეს არის ნებისმიერი სასკოლო სისტემის მიზანი – არ გახლავთ იოლი საქმე. სასკოლო სისტემის განვითარების მრავალი გზა არსებობს, მაგრამ დღემდე ვერ შეთანხმებულან იმის თაობაზე, რომელი მათგანია უფრო ეფექტური. საუკეთესო სისტემების გამოცდილება მოწმობს, რომ გადამწყვეტ როლს ასრულებს სამი ფაქტორი:

1) მასწავლებლებად უნდა მუშაობდნენ შესაფერისი ადამიანები; 

2) მათ უნდა მიიღონ საჭირო მომზადება, რაც მისცემს საშუალებას გააუმჯობესონ პედაგოგიური პრაქტიკის ეფექტურობა; 

3) აუცილებელია ისეთი გარემოს უზრუნველყოფა, რომელშიც ყველა მოსწავლე, უგამონაკლისოდ, მიიღებს ხარისხიან განათლებას.

კვლევის შედეგები მოწმობს: ამ სფეროში მოწინავე პოზიციებზე მყოფ ქვეყნებში არსებობს სისტემები, რომლებიც ისეა ორგანიზებული, რომ ყველა ეს ფაქტორი მუშაობს, რაც ამტკიცებს, რომ სწავლის შედეგების გაუმჯობესება შესაძლებელია, თანაც მოკლე ხანში.


„შავი ყუთის” შიგნით

მიუხედავად დაფინანსების გაზრდისა და რეფორმების გატარებისა, სასკოლო სისტემებმა ვერ მოახერხა სწავლების ხარისხის მნიშვნელოვანი გაზრდა. ვერც სკოლისთვის მეტი ავტონომიის მიცემამ, ვერც კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებამ ვერ მოგვცა მოსალოდნელი შედეგი. მაგალითად, აშშ-ში ბოლო 25 წლის განმავლობაში 73%-ით გაიზარდა დაფინანსება, ერთ მასწავლებელზე მოსწავლეთა რაოდენობა კი 18%-ით შემცირდა. შედეგები მაინც თითქმის უცვლელი დარჩა. და ამერიკა არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რეფორმების განხორციელებისას სირთულეებს აწყდება.

სისტემური ცვლილებები რეფორმების პროცესში

თამამი და ნოვატორული რეფორმები
გატარდა მსოფლიოს თითქმის ყველა სასკოლო სისტემაში. ინგლისში არსებითი ცვლილებები
განხორციელდა სკოლის ფინანსურ საქმიანობაში, მის მართვაში. შეიცვალა პროგრამები,
შეფასება და ტესტირებისადმი მიდგომები. შეიცვალა ადგილობრივი ხელისუფლების
ფუნქციები, თემისადმი სკოლის დამოკიდებულება. მიუხედავად 50-წლიანი რეფორმებისა,
ინგლისის დაწყებით სკოლებში ვერ მოხდა ცოდნის ოდნავ მაინც შესამჩნევი ზრდა. იგივე შედეგები
აღირიცხა სხვა ქვეყნებში.
ამერიკაში გაატარეს სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც ითვალისწინებდა სკოლების
მმართველობის დეცენტრალიზაციას, სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებას და ე.წ
ჩარტერული სკოლების რაოდენობის გაზრდას (ჩარტერულ სკოლას აქვს დიდი ავტონომია და
გაზრდილი პასუხისმგებლობა). შედეგები არცთუ იმედის მომცემი აღმოჩნდა. საუკეთესო
ჩარტერულ სკოლებში სწავლების ხარისხი კი ამაღლდა, მაგრამ კომპლექსურმა მაჩვენებლებმა
ცხადყო, რომ ვერც ასეთმა სკოლებმა აჯობა მნიშვნელოვნად სხვა სასწავლო
დაწესებულებებს. თუ ერთი მიმართულებით, მაგალითად, კითხვაში, მდგომარეობა გაუმჯობესდა,
სხვა მიმართულებით, მაგალითად, მათემატიკაში გაუარესდა. იგივე მოხდა ახალ ზელანდიაში.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: სკოლებმა ვერ შეძლეს სწავლების ჩვეული მეთოდების
შეცვლა, შესაბამისად, ვერ აამაღლეს სწავლების ხარისხი. ერთადერთი, რაც სასკოლო
სისტემათა რეფორმებს აერთიანებს, მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებაა. სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი
შედეგი ვერც ამ რეფორმამ გამოიღო.

 

მასწავლებელთა პროფესიონალური უნარების ზრდისკენ მიმართული ძალისხმევა

კვლევებმა გვიჩვენა, რომ მოსწავლეთა სწავლის
დონეებს შორის განსხვავება, უპირველესად, მასწავლებლზეა დამოკიდებული. თუ ერთნაირი
დონის ორი მოსწავლიდან ერთს ჰყავს მაღალკვალიფიციური მასწავლებელი, ხოლო მეორეს –
დაბალკვალიფიციური, მათი სწავლების შედეგები 50%-ით განსხვავდება ერთმანეთისგან, მაშინ
როდესაც კლასში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება ამ განსხვავებას მხოლოდ 8%-ით
ზრდის. ყველა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მაღალკვალიფიციური პედაგოგის კლასში
მოსწავლეთა პროგრესი სამჯერ სწრაფია, ვიდრე დაბალკვალიფიციურისაში. სკოლების დირექტორებიც
აღიარებდნენ, რომ სწავლის ხარისხის გაუმჯობესება უმეტესად მასწავლებლის მუშაობის
დონით იყო განპირობებული.

ცუდი მასწავლებელი ძალზე ნეგატიურ
გავლენას ახდენს ბავშვის სწავლის ხარისხზე, განსაკუთრებით – დაწყებით კლასებში.
კვლევები მოწმობს, რომ მოსწავლეს, რომელსაც 11 წლის ასაკში ცუდი შედეგები აქვს, მხოლოდ
25% აქვს შანსი, 14 წლისთვის სათანადო დონეს მიაღწიოს, ხოლო 14 წლის ცუდი
მოსწრების მქონე მოსწავლისთვის შანსი, რომ სკოლას ცოდნის დადგენილ მინიმუმზე
დაამთავრებს, მხოლოდ 6%-ია. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ განურჩევლად იმისა,
განათლების სისტემა კარგია თუ ცუდი, მოსწავლეს, რომელიც ცუდი მასწავლებლის გამო დაწყებით
კლასებში ვერ აღწევს წარმატებას, თანატოლების დაწევის მცირე შანსი აქვს.

 

სასკოლო სისტემების მსგავსება და განსხვავება

მიუხედავად პრობლემებისა, სასკოლო
განათლების ზოგიერთ სისტემას შეუძლია იამაყოს მაღალი ხარისხით და განვითარების
სწრაფი ტემპით. მაგალითად, სინგაპურის სკოლები მაღალ შეფასებას იღებენ მათემატიკისა
და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სწავლების საერთაშორისო
TIMSS-ის კვლევებში, თუმცაღა ნაკლებ თანხას
ხარჯავენ დაწყებით განათლებაზე, ვიდრე ყველა განვითარებული ქვეყანა ერთად, ფინეთში
კი ბავშვები სკოლაში 7 წლისანი მიდიან და ორი წლის განმავლობაში იქ დღეში მხოლოდ 4-5
საათს ატარებენ. მიუხედავად ამისა, 15 წლის ფინელ მოსწავლეებს მსოფლიოში ყველაზე
მაღალი რეიტინგი აქვთ მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კითხვასა და
ამოცანების ამოხსნაში. ბოსტონში (აშშ) იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც
აკმაყოფილებდნენ საერთო შეფასების სისტემას, მათემატიკაში 25%-დან 74%-მდე გაიზარდა,
ხოლო ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში – 43%-დან 77%-მდე, და ეს მხოლოდ 6
წელიწადში.

გვინდოდა გაგვეგო, რატომ მუშაობდა ეს
სისტემები სხვებზე უკეთესად და რა წვლილის შეტანა შეეძლო მათ გამოცდილებას იმის გაგებაში,
როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ სწავლების ხარისხი ყველგან. ყურადღებას ვამახვილებდით
თავისებურებებზე, რომლებიც სისტემურ დონეზე იძლეოდა კარგ შედეგებს. გვაინტერესებდა,
რომელი ცვლილება იძლეოდა სწავლებისა და ცოდნის ხარისხის გაუმჯობესების
შესაძლებლობას.

ჩვენ მიერ განხილულ განათლების
სისტემებს ბევრი რამ განასხვავებს. ისინი მოქმედებენ სხვადასხვა კულტურულ და
პოლიტიკურ კონტექსტებში და აწყდებიან სხვადასხვა პრობლემებს. ზოგიერთი სისტემა
რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ნიდერლანდები თავის წარმატებას სისტემის
დეცენტრალიზაციას მიაწერს, სინგაპური, პირიქით ცენტრალიზებულ კონტროლს. ინგლისში
23 000 სკოლაა, ხოლო ბოსტონში – მხოლოდ 150.

და მაინც, სისტემებს შორის არსებობს
არა მარტო განსხვავება, არამედ ფუნდამენტური მსგავსებაც. მივედით დასკვნამდე, რომ
მაღალეფექტური სასკოლო სისტემები, რომლებიც სტრუქტურითა და სწავლების შინაარსით ერთმანეთისგან
განსხვავდებოდა, ყურადღებას მასწავლებლის მუშაობის ხარისხზე ამახვილებდა, რადგან
სწორედ ეს ფაქტორი ახდენს პირდაპირ გავლენას მოსწავლის სწავლის დონეზე. ეს სასკოლო
სისტემები მისდევდა სამ პრინციპს:

* პედაგოგებად მიეზიდათ შესაფერისი ადამიანები (განათლების სიტემის
ხარისხი არ შეიძლება იყოს მასში მომუშავე მასწავლებლის ხარისხზე მაღალი);

* ექციათ ეს ადამიანები ეფექტურ პედაგოგებად (მოსწავლეთა შედეგების
გაუმჯობესების ერთადერთი გზა პედაგოგების პროფესიონალიზმის ხარისხის ამაღლებაა);

 * შეექმნათ სიტემა და მას ისე
ემუშავა, რომ თითოეულ მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო მაღალკვალიფიციური სწავლება
(ერთადერთი გზა, მიაღწიო სისტემის შედეგიანობის მაღალ დონეს, თითოეული მოსწავლის
დონის ამაღლებაა).

(მთრგმენლის
შენიშვნა: საქართველოში რეფორმა 9 წელია მიმდინრეობს და, სამწუხაროდ, არც ერთი ამ
მიმართულებით არ გადადგმულა ეფექტური ნაბიჯები!
)

იმისთვის, რომ ამ პრინციპების
შესაბამისად იმოქმედო, აუცილებელია ცვლილებები სასკოლო განათლების სისტემის სხვა
ასპექტებშიც – ფინანსირების სტრუქტურით დაწყებული, მმართველობისა და სტიმულირების
სტრუქტურით გაგრძელებული. მაგრამ კვლევები გვიჩვენებს, რომ მოსწავლეთა განათლების
ხარისხის ამაღლებისთვის სამ ზემოხსენებულ პრინციპზე ყურადღების გამახვილებას
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ ამ სამ პრინციპს სათანადო ყურადღება არ
მივაქციეთ, ვერ მივაღწევთ მიზანს (შედეგების გაუმჯობესებას), რომლისკენაც
მივისწრაფით.

 

განათლების სისტემის ხარისხი ვერ იქნება მასში მომუშავე პედაგოგების
პროფესიონალიზმის ხარისხზე მაღალი

ყველაზე ეფექტური სისტემები იმით
გამოირჩევა, რომ სტაბილურად იზიდავს მასწავლებლებად ხარისხიან კადრებს, რასაც
სწავლის შედეგების გაუმჯობესებისკენ მივყავართ. ეს მიიღწევა მასწავლებელთა
მოსამზადებელ პროგრამებზე მათი მკაცრი შერჩევით, რისთვისაც შემუშავებულია კადრების
შეფასების ეფექტური მეთოდები და, რასაკვირველია, ინიშნება საკმაოდ მაღალი საწყისი
ხელფასი. ასეთ მიდგომას მივყავართ მასწავლებლის სტატუსის ამაღლებისკენ, შესაბამისად,
ჩნდება სულ უფრო მეტი მაღალკვალიფიციური კანდიდატი.

სკოლის სისტემის ხარისხი ეფუძნება
მასწავლებლის მუშაობის ხარისხს. არსებობს უამრავი (როგორც სტატისტიკური, ასევე
პრაქტიკული) მტკიცებულება იმისა, რომ სწორედ მასწავლებლის პროფესიისკენ შესაფერისი
კადრების მოზიდვა წარმოადგენს სწავლების ხარისხის გაზრდის გადამწყვეტ პირობას.

ჩვენ მიერ გამოკვლეულ განსაკუთრებით
ეფექტურ სასკოლო სისტემებს მასწავლებლები კურსდამთავრებულთა საუკეთესო მესამედიდან
აჰყავს.

რაც შეეხება ცუდ სასკოლო სისტემებს, ისინი
იშვიათად იზიდავენ საუკეთესო კადრებს. მაგალითად, კვალიფიციური კომისია ამერიკის
სამუშაო ძალის უნარების შესახებ აღნიშნავს: „დღესდღეობით ჩვენ პედაგოგებად აგვყავს
სკოლის კურსდამთავრებულთა დაბალი შეფასების მქონე მესამედი. შეუძლებელია,
მოსწავლემ სათანადო დონეზე დაამთავროს სკოლა, თუ მის მასწავლებელს არ გააჩნია ის
ცოდნა და უნარები, რომლებიც გვინდა ჰქონდეთ ჩვენს შვილებს”. არსებობს იმავე აზრის
კარგი ფორმულირება: „შეუძლებელია, სხვას მისცე ის, რაც თავად არ გაგაჩნია”.

თარგმანი და რედაქცია კახა ჟღენტისა

საიდან მოდის უცნაური ქართული სახელები

0
„ოზურგეთში რკინიგზა რომ გაიყვანეს, გახარებულმა მამამ თავის ქალიშვილს ლიანდაგი დაარქვა”.
უცნაური ქართული სახელების შესახებ ალბათ ყველას გაგვიგონია და, უნდა ვაღიაროთ, კარგადაც გვიხალისია. ცნობილია, რომ ბავშვებს უცნაურ სახელებს უმთავრესად სამეგრელოსა და გურიაში არქმევენ, მაგრამ არც ქართლი და კახეთია გამონაკლისი. ეთნოგრაფები ამ ფენომენს ქართული ბუნებით ხსნიან. მათი თქმით, ქართველებს ორიგინალურობა და სხვათაგან გამორჩევა გვიყვარს და ამიტომაც მოგვდის აზრად, შვილებს ისეთი უცნაური სახელები დავარქვათ, როგორიცაა, მაგალითად, სააგენტო, ბოჩოლა, ელშუქი, ვანგა, ძიღვი… საინტერესოა ქართული გვარებიც – მათი უმეტესობის საბოლოო ფორმირება XVIII-XIX საუკუნეებში მოხდა და ამ გვარებს, როგორც წესი, ერთი ან რამდენიმე ადამიანი იგონებდა, მაგრამ ამჯერად, მოდი, სახელებით შემოვიფარგლოთ.
გიორგი კახაბრიშვილი, ეთნოგრაფი: 
– ქართველებს ერთი ნიშანდობლივი თვისება გვაქვს: გვინდა, ჩვენ და ჩვენი შვილები სხვებს არ ვგავდეთ. ეს საძრახისი არ არის – ორიგინალურობის სურვილი ამბიციაზე მიუთითებს, ამბიცია კი პატივსაცემია. ქართულ გვარ-სახელებზე მუშაობისას მეცნიერები ნამდვილ “მარგალიტებს” პოულობენ. ყველაზე ორიგინალურები მაინც მეგრელები არიან, რადგან ერთ სოფელში დღესაც კი იშვიათად წააწყდებით ერთნაირი სახელების მქონე ადამიანებს. ბოლო ხანს ყველგან დამკვიდრდა მოდური ქართული სახელები: ლუკა, საბა, ელენე, თორნიკე და სხვა, – მაგრამ ტრადიციების მოყვარული ბევრი მეგრელი მაინც ჯიუტად არქმევს შვილს ორიგინალურ სახელს და პირადად მე ამას მივესალმები.

თქვენს მკითხველებს ალბათ აინტერესებთ, რა ორიგინალურ გვარ-სახელებს გადავაწყდით. მაგალითად, ზუგდიდის რაიონში ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ: გვარგვალია რუნდუკი, ურიდია მიმოზა, ხახამია ჟოზეფინა, მოლაშხია მენახა, კილასონია სააგენტო. მარტვილელებიც დიდად ორიგინალური ხალხია. ამის დასტურად ეს სახელებიც კმარა: ემაილი, ვანცტა, ქორდიკო, ბოჩოლა, ელშუქი… მათ არც სენაკელები ჩამოუვარდებიან: ღურწკაია ჭუჭუ, ძაძუ, ბოქოლავა ირმიზოლდი, ძიღვი, ჭაჭუა განგა, ჯეელი და ფუჩქი სწორედ სენაკელები არიან. მათი უმეტესობა, სამწუხაროდ, გარდაცვლილია და დასანანია, რომ ყველა მათგანზე ვერ შევაგროვეთ ინფორმაცია.
– სხვა კუთხეებზე რაც გვეტყვით? კახელები და გურულებიც ხომ ცნობილი არიან უცნაური სახელების დარქმევის ტრადიციით…
– მოდი, გურიით დავიწყოთ. გურიაში XX საუკუნის 40-იან წლებამდე ფაქტობრივად ვერ ნახავდით ოჯახს, სადაც უცნაური სახელის მქონე ერთი ადამიანი მაინც არ ყოფილიყო. ლანჩხუთში ერთ კაცს ძალიან უნდოდა, მისი რომელიმე შვილი იურისტი გამხდარიყო და თავის ოთხ ვაჟს ასეთი სახელები დაარქვა: უფროსს – იური, მომდევნოს – დიული, მესამეს – ფაკული და ნაბოლარას – ტეტი. ალბათ უკვე შეამჩნევდით, რომ მათი სახელები ერთად “იურიდიულ ფაკულტეტს” შეადგენს.
ოზურგეთის რაიონში რკინიგზა რომ გაიყვანეს, ამ ამბით გახარებულმა მამამ თავის ახალდაბადებულ ქალიშვილს ლიანდაგი დაარქვა.
აღმოჩენილი სახელებიდან ყველაზე საინტერესოა, მაგალითად, მამალაძე ქოგელი, კაკალაძე ხურთქი, მამალაძე ბულბული, როყვა ჯართუ, გუმბარიძე ფიზიკა…
კახელები რისი კახელები იქნებოდნენ, სხვებს რომ ჩამორჩენოდნენ? კახეთსა და ქართლში ადგილობრივი მოსახლეობა ვერაფრით დავარწმუნეთ, რომ, მაგალითად, ზარიზონი, თავა, ძლიერა და სხვები უცნაური სახელებია. მეგრელებმა იცოდნენ და შეგნებულად არქმევდნენ შვილებს ორიგინალურ სახელებს, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოში ვერც კი წარმოედგინათ, რომ, ვთქვათ, სახელი კურია არ იყო მთლად ჩვეულებრივი… საგარეჯოში ერთმა ადგილობრივმა გლეხმა გვითხრა: “აქ რას დაეძებთ უცნაურ სახელებს, სამეგრელოში ვერ წახვედითო?” არადა, მის შვილს გობერტი (და არა რობერტი) ერქვა. ქართლში ქალბატონი, სახელად გრუნია, მთელი საათი გვიმტკიცებდა, რომ მისი სახელი სულაც არ იყო უცნაური და საბუთად ის მოჰყავდა, რომ მის ბებიასაც გრუნია ერქვა”.
გიორგი კახაბრიშვილის კოლეგა, ეთნოგრაფი თემურ კაპანაძე, სვანეთში, იმერეთსა და აფხაზეთში აღმოჩენილ უცნაურ გვარ-სახელებზე გვესაუბრება. მიუხედავად იმისა, რომ ეს კუთხეები უცნაური სახელების რაოდენობით სამეგრელოსა და გურიას ვერ გაუტოლდება, თავად დარწმუნდებით, რომ ორიგინალურობას არც აქ უჩივიან.

თემურ კაპანაძე, ეთნოგრაფი: 
– მეორე მსოფლიო იმის შემდეგ გმირი, მებრძოლი და სხვა ამგვარი სახელები მხოლოდ სამეგრელოში როდი იყო პოპულარული – აფხაზეთში, იმერეთსა და სვანეთშიც ბევრს ერქვა. საინტერესოა ასევე ტანკი, ზარბაზანი, მაუზერი, მაიორი. ასეთ სახელებს თითქმის მთელს დასავლეთ საქართველოში არქმევდნენ ბავშვებს. სვანეთში 1942 წელს, გახურებული მსოფლიო ომის დროს, დაბადებულ ბიჭს ძირჰი დაარქვეს, რაც ასე იშიფრება: „ძირს სისხლიანი ჰიტლერი!” იმერეთში, ხარაგაულის რაიონში, გასული საუკუნის 70-იან წლებში გარდაცვლილი ტყუპი და-ძმის სახელების შესარჩევად მშობლებს, როგორც ჩანს, დიდხანს არ უფიქრიათ: ბიჭს ძმა დაარქვეს, გოგოს კი და. მეგრელებში ძალიან პოპულარულია სახელი არველოდი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მშობლებისთვის ბავშვის დაბადება მოულოდნელი იყო. როგორც ჩანს, სხვაგვარად ფიქრობდა სოხუმელი თემურ ჯეჯელავა, რომელმაც 1955 წელს დაბადებულ ქალიშვილს სახელად კიველოდი დაარქვა. ელოდა კაცი შვილს და რას ერჩით… ამ სამ კუთხეში აღმოვაჩინეთ შემდეგი გვარ-სახელებიც: ჟორჟოლიანი ბრძოლვერდი, კლემონჯავა ჯონსონი, მუმლაძე გულჭორი, ხაბუზანია გაჯია, კიკნაძე კონვეირი, კუპეტია ლევტერი, წერეთელი გრიალა, პერჭაია პაჭო, ხვისტანი მუხუტური, ჭკადუა ლავანდა, ეთერია დაზმირი. 

საბჭოთა პერიოდში ამ ფენომენს საქართველოში, სამწუხაროდ, ირონიით უყურებდნენ, მისი მოკვლევით არავინ დაინტერესებულა. არადა, სახელები ხომ ჩვენი ეთნოკულტურის შემადგენელი ნაწილია და მათში შესანიშნავად ჩანს ჩვენი ხალხის ბუნება და მისი ყოფა სხვადასხვა ეპოქაში. დღეს, ბუნებრივია, ლენსტანბერს (იშიფრება როგორც „ლენინი, სტალიანი, ბერია”) შვილს აღარავინ დაარქმევს, მაგრამ არავის გაუკვირდეს, თუ ვინმემ ახალშობილს ბუში უმცროსი ან კონდოლიზა დაარქმვა. ეს არც სამარცხვინოა და არც დასამალი.

მარინა ლომოური – ჩვენ ვეხმარებით სკოლას

0
„მე ვარ თიკო კუპრაძე, ვსწავლობ 182-ე სკოლაში. ნორჩ ეკონომისტთა სკოლაში იმისთვის მოვედი, რომ გავცნობოდი ეკონომიკის ფაკულტეტს, რადგან მსურს, შემდგომში სწავლა ამ უნივერსიტეტში და ამ ფაკულტეტზე გავაგრძელო. ნორჩ ეკონომისტთა სკოლაში ყველაზე მეტად მომეწონა ლექციები მიკროეკონომიკაზე, პირადად ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო იყო”, – სწერს თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტს 182-ე სკოლის მოსწავლე თიკო კუპრაძე.
2007-2008 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოში პირველად, დაარსდა „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი”, რომელიც 2011 წელს ევროპის უნივერსიტეტთა საბავშვო უნივერსიტეტების გაერთიანების (EUCU NET – the European Children's Universities Network https://eucu.net/) წევრი გახდა.
„EUCU NET-ის დეკლარაციაში ვკითხულობთ: „უპირველესი მიზანი, რამაც ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბება განაპირობა, არის თანამედროვე, დემოკრატიული, საუნივერსიტეტო ევროპის რწმენა, რომ ყველა ბავშვს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა და სოციალური წარმომავლობისა, უნდა ჰქონდეს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა და ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. ცივილიზებული საზოგადოება მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი სახელმწიფოსთვის უაღრესად ფასეულ სტრატეგიულ რესურსს წარმოადგენს, გაცილებით მნიშვნელოვანს, ვიდრე წიაღისეული ან სხვა ბუნებრივი რესურსი, ხოლო საბავშვო უნივერსიტეტის საქმიანობის მთავარი მიზანი სწორედ სწავლის სურვილის, მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივებაა”, – როგორც თსუ რექტორის კონსულტანტი, თსუ-საბავშვო უნივერსიტეტის კოორდინატორი მარინა ლომოური აცხადებს, პირველი ქართული „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი” სავსებით იზიარებს ამ დოკუმენტის პათოსს.

კიდევ რა მიზანს ემსახურება „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი”? – ამის შესახებ mastsavlebeli.ge მარინა ლომოურს ესაუბრება. 
– სასკოლო განათლების სფეროსთვის საბავშვო უნივერსიტეტს, ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი მიზანია, დააინტერესოს მოსწავლე ცოდნის მიღებით, დაანახვოს ის პერსპექტივა, რასაც ცოდნა აძლევს. ჩვენი დევიზია „ცოდნა ძალაა”, ლათინურად – Scientia potentia est. ეს გამოთქმა ევროპული ფილოსოფიური აზროვნების ერთ-ერთ ფუძემდებელს, ფრენსის ბეკონს ეკუთვნის. ჩვენც ვიზიარებთ მას. განათლებული ადამიანი უფრო ძლიერია, ვიდრე გაუნათლებელი – ცხოვრებისეული წარმატების, კარიერული ზრდის მისი პერსპექტივა უფრო საიმედოა, ვიდრე გაუნათლებელი ადამიანისა. საუბედუროდ, სკოლაში მიღებული ცოდნა, არცთუ იშვიათად, თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
უკანასკნელ ათწლეულებში არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში შეინიშნება სასკოლო განათლების ხარისხის დაქვეითება, ამიტომ საბავშვო უნივერსიტეტის უპირველესი ამოცანა სასკოლო განათლების ხელშეწყობა, სწავლისადმი მოსწავლის ინტერესის გაღვივება, ცოდნის შეძენის მოტივაციის გაზრდაა. ამას უნივერსიტეტის პროფესორები უსასყიდლოდ, საკუთარი დროისა და ენერგიის ხარჯზე აკეთებენ. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საქმეა და რომ არა მათი ენთუზიაზმი და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, პროექტი ვერ განხორციელდებოდა.   
საბავშვო უნივერსიტეტი მოსწავლეებს რამდენიმე სალექციო კურსს სთავაზობს. მაგალითად, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – მათემატიკაში, ასტრონომიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, გეოგრაფიაში. მოსწავლეები ინტერესით ისმენენ ლექციებს, მაგრამ ლაბორატორიული მეცადინეობები უფრო მეტად აინტერესებთ. მით უმეტეს, რომ სკოლებში, საუბედუროდ, მარტივი ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებაც კი შეზღუდულია. ეს სასწავლო პროცესის დიდი ხარვეზია. ჩვენთან, უნივერსიტეტში, მოსწავლეებისთვის თეორიული ლექციებიც იკითხება და ექსპერიმენტული მეცადინეობებიც ტარდება, მაგ., საბავშვო უნივერსიტეტს ფიზიკის სპეციალური ლაბორატორია აქვს. აქ ტარდება ცდები და კვლევები, რომლებიც სასკოლო პროგრამას შეესაბამება. მოსწავლეები ექსპერიმენტული ფიზიკის ელემენტებს ეუფლებიან. იგივე ხდება ქიმიაში. ძალიან საინტერესოა გეოგრაფიის ლექციები, ეკოლოგიური პრობლემების განხილვა, რასაც ექსკურსიები მოსდევს და ლექციაზე მოსმენილს მოსწავლეები ბუნებაში აკვირდებიან. წარმატებულია „ნორჩ ასტრონომთა სკოლა”, მით უმეტეს, რომ სკოლაში ასტრონომია არჩევითი საგანი გახდა და ფაქტობრივად აღარ ისწავლება, რაც მოსწავლეებს სამყაროს შესახებ ცოდნის საგრძნობ დეფიციტს უქმნის. ეს დღეს მით უფრო სავალალოა, რომ მოსახლეობაში უფრო და უფრო მძლავრობს უმეცრებასა და ცრურწმენაზე აღმოცენებული სხვადასხვა ფობია თუ აგრესია. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით მოსწავლეებთან აქტიურად მუშაობენ პროფესორები გ. დვალაშვილი, ი. თავხელიძე, რ. ლომსაძე, ე. მარქარაშვილი, დ. ნიკოლაიშვილი, შ. საბაშვილი და სხვები. ძალიან საინტერესო პროგრამაა დანერგილი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, სადაც საბავშვო უნივერსიტეტის ეგიდით „ნორჩ ეკონომისტთა სკოლა” ფუნქციობს. ამ სკოლას ყოველწლიურად 80-100 მოსწავლე ირჩევს, რომლებიც შაბათობით ესწრებიან ლექციებს, ირჩევენ თემებს, ბოლოს კი კონფერენციაზე წარადგენენ მათ. სკოლის კოორდინატორია მ. უკლება, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სწავლების პროცესში ფაკულტეტის მთელი პროფესურაა ჩართული. სხვათა შორის, „ნორჩ ეკონომისტთა სკოლაში” ლექციები მინისტრებმაც – ნოდარ ხადურმა და დავით ნარმანიამ – წაიკითხეს. მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ავტორიტეტულ პირებთან უშუალო კონტაქტი. ვფიქრობ, გვაქვს უფლება მივიჩნიოთ, რომ ამ სკოლის მოსწავლეები ეკონომისტის პროფესიას არა ბრმად, არამედ გაცნობიერებულად აირჩევენ.

რაც შეეხება იურიდიულ მეცნიერებებს, მათდამი ჩვენი მიდგომა განსხვავებულია. თსუ-ს დოქტორანტი იურისტები, ამ პროექტის კოორდინატორის შ. ჩარბაძის წარდგინებით, დადიან სკოლებში და მოზარდებისთვის აქტუალურ საკითხებზე ლექციებს კითხულობენ.

„ნორჩთა სკოლების” მუშაობის სხვადასხვა სტილი და მეთოდოლოგია შემთხვევითი არ არის. ყველა პროფესიას და საგანს თავისი სპეციფიკა აქვს. მაგალითად, ფიზიკის ლექციებს ირჩევენ და ისმენენ ის მოსწავლეები, რომლებიც კარგად სწავლობენ და აინტერესებთ ეს საგანი, მაგრამ სამართლებრივი საკითხების შესახებ ლექციები ყველამ უნდა მოისმინოს, რადგან ამ შემთხვევაში მიზანი მხოლოდ პროფესიის გაცნობა კი არა, უფრო მნიშვნელოვანი რამ – მოქალაქის აღზრდაა. მოსწავლეებს, რომლებიც ცუდად სწავლობენ, არ აპირებენ სწავლის გაგრძელებას, ცხოვრებისეულმა სირთულეებმა შესაძლოა მცდარი გზისკენ უბიძგოს, ამიტომ მათთვის მოზარდთა სამართლებრივ უფლება-მოვალეობებზე, საფრთხეებსა და დანაშაულებზე პრევენციული ლექციების მოსმენა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ერთი სიტყვით, კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტისას საბავშვო უნივერსიტეტი ურთერთობის ადეკვატური მეთოდისა და ფორმის შერჩევას ცდილობს. 
მეცნიერების სხვადასხვა დარგის გაცნობასთან ერთად, ჩვენ სკოლის მოსწავლის უნივერსიტეტთან დაახლოებასაც ვისახავთ მიზნად. გვინდა, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში გავაცნოთ მას საუნივერსიტეტო ცხოვრება. გვინდა, მოსწავლისთვის უნივერსიტეტი იყოს არა რაღაც მიუწვდომელი, უცხო, რთული, არამედ საინტერესო, მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო, რომელიც მას სასარგებლო უნარ-ჩვევებითა და ცოდნით შეაიარაღებს. 
მოზარდმა სკოლაშივე უნდა იცოდეს, რა სარგებლობას მოუტანს მას განათლება, სერიოზულად ფიქრობდეს მომავალი პროფესიის არჩევაზე, გაცნობიერებული ჰქონდეს ის შესაძლებლობები, რასაც ესა თუ ის პროფესია მისცემს მას. ამისთვის კი საჭიროა, მან სკოლაშივე გაიცნოს საქმიანობის სხვადასხვა სფერო, ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა სხვადასხვა პროფესიის შესახებ.

უნივერსიტეტში შემოსული პირველკურსელი ხშირად ძლიერ კულტურულ შოკს განიცდის, უცხოდ და უსუსურად გრძნობს თავს. სტუდენტობის საწყისი პერიოდის სირთულეებს დღევანდელი უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის თავისებურებაც უწყობს ხელს – თუნდაც ის, რომ სკოლაში სწავლის ტრადიციულ მეთოდებზე გაზრდილს, უნივერსიტეტი სასწავლო საგნების არჩევის თავისუფლებას სთავაზობს. გუშინდელმა მოსწავლემ თავად უნდა განსაზღვროს, რის სწავლა სჭირდება არჩეული პროფესიის დასაუფლებლად. მაგრამ იცის კი მან თავიდან, რა დასჭირდება ბოლოს? გვინდა, მოსწავლეს ამ პრობლემების მოგვარებაში ზედმიწევნით დავეხმაროთ.
ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საბავშვო უნივერსიტეტის ძალზე პოპულარული პროექტი „თსუ დესპანი”, რომელიც ორი წელია ხორციელდება. თსუ-ს სტუდენტები ბრუნდებიან თავიანთ სკოლებში და თანასკოლელებს უამბობენ საკუთარი პროფესიის შესახებ, აცნობენ თსუ-ს. აღმოჩნდა, რომ უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ეს ფორმა ძალიან საინტერესოა მოსწავლეებისთვის, მეტადრე – რეგიონებში. დესპანის მეშვეობით, ერთი მხრივ, უნივერსიტეტი ცნობადი ხდება მოსწავლისთვის, მეორე მხრივ კი დესპანი მოზარდს არასრულფასოვნების კომლპექსის გადალახვაში ეხმარება. მოსწავლე ფიქრობს: „თუ ჩემი თანასკოლელი გახდა სტუდენტი, ესე იგი მეც შემიძლია იმავეს მივაღწიო”. ყველაზე შორეული სოფლის სკოლის მოსწავლეს გაბედულება და საკუთარი თავის რწმენა ემატება. სოციალურ განსხვავებათა სტიგმის გადასალახავად, გაბედულების შთაგონებისთვის საჭიროა მუშაობა ყველა სკოლაში, კარგი იქნება ის თუ ცუდი, ახლოს მდებარე თუ შორს. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ არც ერთი პოტენციურად ნიჭიერი მოსწავლე, უნდა დავაძლევინოთ მას ის კომპლექსები, რომლებიც შეიძლება ჰქონდეს საკუთარი წარმომავლობის, საცხოვრებელი ადგილის ან თუნდაც კუთხური კილოს გამო. ჩვენ ვცდილობთ იმ შეგნების დამკვიდრებას, რომ მოსწავლეს, თუ ის მართლა მოინდომებს, თვითონ შეუძლია წარმატების მიღწევა. 
– სკოლები თავად გამოთქვამენ საბავშვო უნივერსიტეტთან ურთიერთობის სურვილს?
– ჩვენს ვებგვერდს https://junior.tsu.ge/ მოსწავლეები და მასწავლებელები იცნობენ და საკუთრ მოსაზრებებსა და სურვილებსაც ხშირად გვწერენ, რომლებსაც შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებთ. ამავე დროს ჩვენ ვთანამშრომლობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ვაცნობთ ჩვენს პროექტებს და ზოგჯერ სკოლისთვის ინფორმაციის მიწოდებაში დახმარებას ვთხოვთ. მოგეხსენებათ, სამინისტროს ინფორმაციის გავრცელების დიდი საშუალება აქვს. გვეხმარებიან რესურსცენტრების ხელმძღვანელებიც. ძალიან მნიშვნელოვანია სკოლების დირექტორების დამოკიდებულება ჩვენი წინადადებების მიმართ. ჩვენი საქმიანობა მაშინ არის ეფექტური და წარმატებული, როდესაც სკოლა თანამშრომლობის სურვილსა და მზადყოფნას იჩენს. მაგრამ კიდევ გავიმეორებ – ეს საქმიანობა ვერ განხორციელდებოდა, რომ არა თსუ-ს პროფესორების უანგარო სამსახური. ეს მათი მხრივ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოვლინებაა და, ვფიქრობ, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი და უკეთესი, ვიდრე დაეხმარო მოსწავლეს, საკუთარი შრომითა და მონდომებით შეასხას ხორცი თავის ოცნებას. 
– რა შედეგი აქვს საბავშვო უნივერსიტეტის მუშაობას?
– აშკარად ვხედავთ, რომ მოსწავლეების თვალსაწიერი ჩვენი ლექციების შემდეგ ფართოვდება. ამასთან, არსებობს სტატისტიკა, რომ ჩვენი მუშაობის შედეგად იზრდება უნივერსიტეტის პოპულარობა. მოსწავლეთა დიდი ნაწილი მომავალში სწავლის გასაგრძელებლად სწორედ თსუ-ს ირჩევს. ჩვენ უშუალოდ ვაცნობთ მათ უნივერსიტეტს, ვთავაზობთ ექსკურსიებს მის პირველ კორპუსში, ვათვალიერებინებთ პირველი კორპუსის მუზეუმს, პანთეონს, ბიბლიოთეკას, ასევე ზოოლოგიისა და მინერალოგიის მუზეუმებს. ყველა ღონეს ვხმარობთ, რათა უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლისთვის მშობლიური სახლი გახდეს. 

– სამომავლოდ რამე სიახლეს ხომ არ სთავაზობთ მოსწავლეებსა და მასწავლებელებს?
– ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ვაპირებთ პროგრამების გამრავალფეროვნებას. უახლოეს მომავალში დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასკოლო განათლების მესვეურებთან, რესურსცენტრების ხელმძღვანელებსა და სკოლების ადმინისტრაციასთან, რომელზეც უნივერსიტეტისა და სკოლის ურთიერთობის საკითხებს განვიხილავთ. მინდა ხაზგასმით განვაცხადო – ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვერევით სასკოლო სწავლების პროცესში. ამის არც მორალური და არც ფორმალური უფლება არ გაგვაჩნია. სკოლას უზარმაზარი საგანმანათლებლო ამოცანები აქვს გადასაწყვეტი და ეს მხოლოდ სასკოლო განათლების სპეციალისტების კომპეტენციაა. თსუ-ს პროფესორის ლექცია არ არის გაკვეთილი, მას სულ სხვა მიზანი და დატვირთვა აქვს, ამაზე ზემოთ მოგახსენეთ. მაგრამ როდესაც უნივერსიტეტელი ლექტორი მოზარდს საინტერესო ლექციას უკითხავს (რა თქმა უნდა, იგი ანგარიშს უწევს მისი ცოდნის დონეს, ესაუბრება მოსწავლისთვის გასაგები ენით), ეს სასარგებლოა არა მარტო მოსწავლისთვის, არამედ მასწავლებლისთვისაც. ამით ჩვენ ვუბიძგებთ მასწავლებელს, თვითონაც მეტი წაიკითხოს, მეტი გაიგოს. მომხრეები ვართ, ჩვენს ლექციებს მასწავლებლებიც ესწრებოდნენ, რადგან მათაც ვაწვდით ცოდნას, რომელიც საგნით დაინტერესებას, მათი თვალსაწიერის გაფართოებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრისას სკოლის მასწავლებლებს ვესაუბრებით არა სკოლის ნაკლოვანებებზე, არამედ იმაზე, რის შეთავაზება შეგვიძლია, რაში შეიძლება დავეხმაროთ და როგორ შეუძლიათ გამოიყენონ მიწოდებული ინფორმაცია. ჩვენ ვეხმარებით სკოლას, მაგრამ არ ვაკრიტიკებთ მას.

როგორ ვასწავლოთ წერა (გაგრძელება)

0
წერის პროცესი

წინა წერილში საუბარი გვქონდა წერისთვის მოსწავლეების მომზადების შესახებ. ამჯერად გთავაზობთ მოსაზრებებს უშუალოდ წერის პროცესის ეფექტიანად წარმართვის თაობაზე.

წერის პროცესი იწყება ვარიანტების შექმნით. ეს არის წერამდე გენერირებული აზრების ფურცელზე გადატანის პროცესი. სასურველია, მოსწავლეებმა ხალვათად (თუნდაც ხაზის გამოტოვებით) წერონ. ეს მათ გადასწორებისა და დამატების საშუალებას მისცემს. ერთზე მეტ ვარიანტზე ფიქრი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, დახვეწონ აზრები, იპოვონ მათი გამოხატვის უკეთესი ფორმა. ამ ეტაპზე ისინი არ ფიქრობენ მართლწერასა და კალიგრაფიაზე. 

მას შემდეგ, რაც პირველი ვარიანტი დაიწერება, მოსწავლეები იწყებენ მის დახვეწას. ისინი უზიარებენ ნაშრომს მასწავლებელს და/ან თანაკლასელებს, რომლებიც, თავის მხრივ, კითხვებს უსვამენ ავტორს და ამით ნაწერის დახვეწაში ეხმარებიან. ამ ეტაპს პირველი ვარიანტის განხილვის ეტაპი ეწოდება.

ვარიანტის განხილვის შემდეგ ხდება მისი რედაქტირება და კორექტირება. რედაქტირებისა და კორექტირების ეტაპი ნაყოფიერია მაშინ, როდესაც მოსწავლემ იცის, რომ ნაშრომი მხოლოდ ნიშნისთვის არ იწერება და მას სხვებიც გაეცნობიან. ამ შემთხვევაში მოსწავლე ცდილობს, მისი ნაწერი არ იყოს სავსე ენობრივ-გრამატიკული შეცდომებით, ყურადღებას აქცევს წერის კულტურას, კალიგრაფიას. იმისთვის, რომ მოსწავლემ შეძლოს საკუთარი და სხვისი შეცდომების შემჩნევა და გასწორება, სასურველია, მას ჩამოწერილი, კატეგორიზებული და კლასიფიცირებული ჰქონდეს მართლწერის წესები. ამისთვის შეიძლება თითოეულ მათგანს სამუშაო მაგიდაზე დავუდგათ პატარა ყუთი ან თუნდაც ხელსაწმენდების ჩასადები, რომელშიც სხვადასხვა ფერის ფურცლებით გამოყოფილი იქნება ბარათებზე ჩამოწერილი მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, სინტაქსური, სტილისტიკური ხასიათის გავრცელებული შეცდომები, მათ გასწვრივ – მართებული ვარიანტები და იქვე – მოკლე ახსნა ან წესი. მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად უნდა შექმნას და განიხილოს ნაწერის შეფასების კრიტერიუმები. სასურველია, ეს კრიტერიუმები ხელთ ჰქონდეს ყველა მოსწავლეს. 

ჩვენს სინამდვილეში ყველაზე გავრცელებული ფორმატი ანალიტიკური თხზულებაა, ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ იმ ასპექტებზე საუბარი, რომლებიც მოსწავლეებს თხზულების წერაში დაეხმარება.


რა უნდა გვახსოვდეს, სანამ თხზულების წერას შევუდგებით

ერთი მჭევრმეტყველი ისე აგებდა თავის გამოსვლას, რომ მისი აზრები ყველასათვის ნათელი და ადვილად აღსაქმელი იყო. ერთხელ ჰკითხეს: როგორ ახერხებთ სათქმელის ისე გამოხატვას, რომ ის ყველას გონებამდე აღწევდესო? მან უპასუხა:

– პირველი – ვიცი, ვის ველაპარაკები, რა მინდა ვუთხრა და მარტივად ვეუბნები იმას, რის თქმაც მინდა;

მეორე – შემდეგ სათქმელს ვასურათხატებ / მაგალითებით ვამდიდრებ;

მესამე – ბოლოს კი ვუმეორებ იმას, რაც თავიდან ვუთხარი.

ამ მჭევრმეტყველის ნათქვამის პერიფრაზირებას რომ მივმართოთ, შეიძლება, იგი ასე ჩამოვაყალიბოთ:
თხზულება შედგება სამი ძირითადი კომპონენტისგან. ესენია:

1. შესავალი / თეზისი;
2. თეზისის გაშლა / განვრცობა / დასურათხატება;
3. დასკვნა.

შესავალი: სასურველია, თეზისი პირველივე წინადადებით ჩამოყალიბდეს, პირდაპირ, მოურიდებლად დაისვას საკითხი და ამას მოჰყვეს რამდენიმე განმარტებითი ხასიათის ფრაზა.

თეზისის გაშლა: ამ ნაწილში თეზისის გასამყარებლად / დასადასტურებლად, სულ მცირე, სამი არგუმენტი უნდა მოვიყვანოთ.

დასკვნა / შეჯამება: აქ სათქმელი ჯამდება. მეორდება თეზისი და ხაზი ესმება პოზიციის სისწორეს / მნიშვნელოვნებას.
რა შეიძლება ვურჩიოთ მოსწავლეებს?
* მოერიდეთ ზოგად მსჯელობას. ეცადეთ, თქვენი ნაწერი ფოკუსირებული იყოს ზოგადი საკითხის ერთ კონკრეტულ ასპექტზე (მაგალითად, ზოგადი საკითხი: პიროვნება საზოგადოების პირისპირ. კონკრეტული ასპექტი: ალუდა ქეთელაურსა და თემს შორის კონფლიქტის საფუძველი).
* დასაწყისი განაპირობებს თქვენი ნაწერის მიმართულებასა და სტილს. შექმენით დასაწყისის რამდენიმე ვარიანტი და ამოარჩიეთ ის, რომელიც ყველაზე უკეთ დაგანახვებთ, როგორ განავითაროთ აზრი / მსჯელობა.
* უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს დასკვნას. ეფექტურად ჩამოყალიბებული დასკვნითი ნაწილი = ძირითად ნაწილში მიმოხილული ყველა კონკრეტული საკითხის რეზიუმეს + აზრი, რომელიც შემდგომი ფიქრისკენ უბიძგებს მკითხველს.
* ნაწერის დასახვეწად გამოიყენეთ შემდეგი სტრატეგია: ფურცლის ერთ სვეტში ჩამოწერეთ ის სიტყვები და ფრაზები, რომლებითაც იწყებთ აბზაცებს. დააკვირდით და იფიქრეთ, მეტი კონკრეტიკისა და ეფექტისთვის ხომ არ შეცვლიდით ზოგიერთს. მათ გასწვრივ, მეორე სვეტში, დაწერეთ ალტერნატივები.
* თქვენი ნაწერი მაშინ იქნება საინტერესო და დამაჯერებელი, თუ მას დატვირთავთ (მაგრამ არ გადატვირთავთ): ა) ფაქტებით, მაგალითებით; ბ) ჩანართებით, ციტატებით; გ) მიზეზის დასახელებით, ახსნა-განმარტებით, შეჯამებით / რეზიუმირებით; დ) პერიფრაზით, შედარებით, პარალელებით.
* დათვალეთ წინადადებებში სიტყვების რაოდენობა. ჩამოწერეთ ეს რიცხვები ფურცელზე წინადადებების ნაცვლად და დააკვირდით, უსაშველოდ გრძელი წინადადებები ხომ არ გამოგივიდათ? შემოკლება ხომ არ არის საჭირო?
* ნაწერი რომ მოსაბეზრებელი არ იყოს, პარაგრაფში შეანაცვლეთ წინადადებების სიგრძე. გრძელი წინადადების / წინადადების შემდეგ ჩართეთ მოკლე და სხარტი წინადადება, შემდეგ ისევ გრძელს დაუბრუნდით და ა.შ.
* ეცადეთ, ნაწერი „სუნთქავდეს”. გახსოვდეთ: თავისუფალი სივრცე ნაწერს უფრო ადვილად აღსაქმელს ხდის. 

წერის პროცესის მხარდაჭერა და მართვა

მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, თავი დაცულად, მშვიდად იგრძნონ „რისკის გაწევისას” (იგულისხმება ორიგინალური აზრების თამამად და შეუზღუდავად გამოთქმა). კლასში უნდა შეიქმნას „მწერალთა” თანამეგობრობა, რომელშიც მოსწავლეები ერთმანეთს მხარს დაუჭერენ და აზრებს გაუზიარებენ (მასწავლებელიც ამ თანამეგობრობის წევრია). სასურველია, ჯერ კიდევ წერამდე მოსწავლეებმა თავად დაადგინონ წესები ასეთი უსაფრთხო და თანამშრომლობითი გარემოს ჩამოსაყალიბებლად (მაგალითად, „არ დავცინოთ მეგობარს”; „მოვერიდოთ წითელი კალმით ჩასწორებას”; „მივცეთ მეგობარს საშუალება, თავად ჩაასწოროს” და ა.შ.).

მერხები შეიძლება ისე დალაგდეს, რომ მათზე სამი-ოთხი მოსწავლე მოთავსდეს (შეიქმნას თანამეგობრობის მინიჯგუფები, რომლებიც ერთმანეთს გააცნობენ ნაწერებს, დაეხმარებიან რედაქტირება-კორექტირებაში). კედლის თაროზე შეიძლება რესურსების (მაგ., ლექსიკონების, სასწავლო ტექსტების, ლიტერატურის) განთავსება, რათა მათ დახმარება გაუწიონ მოსწავლეებს წერის დროს.
 
უწყვეტი საწერი დრო

მოსწავლეებს წერისთვის გახანგრძლივებული დრო ეძლევათ. მასწავლებლებს უნდა ახსოვდეთ, რომ მოსწავლეებს წერის სხვადასხვა ტემპი აქვთ. ზოგი წერამდელ საფეხურზე იქნება მაშინ, როდესაც სხვები გადახედვას (რედაქტირებას), საბოლოო ვარიანტის მომზადებას შეუდგებიან. მასწავლებელი გამუდმებით უნდა აკვირდებოდეს მოსწავლეებს, აკეთებდეს ჩანაწერებს, ჩანიშვნებს და ამის საფუძველზე არჩევდეს მოსწავლეებთან მუშაობის ფორმებს წერის ტემპის გათვალისწინებით, აძლევდეს მათ რჩევებს. 

უწყვეტი საწერი დროის განმავლობაში მასწავლებელი უმეტესად საკლასო ოთახში უნდა მოძრაობდეს და უზიარებდეს აზრს თითოეულ მოსწავლეს, აწვდიდეს ინსტრუქციას მას, ვისაც ეს სჭირდება. უწყვეტ საწერ დროში უნდა შევიდეს დრო თანატოლთა შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლისთვისაც. წყვილებში ან მცირე ჯგუფებში მოწყობილ აზრთა გაცვლა-გამოცვლაში შეიძლება მონაწილეობდეს მასწავლებელიც. მისი მონაწილეობა შეიძლება რამდენიმე წამს გაგრძელდეს, მაგალითად, იმისთვის, რომ მოსწავლეებმა დაადგინონ გარკვეული ცნების მნიშვნელობა, იპოვონ სინონიმი. შეიძლება, საუბარი უფრო მეტხანსაც, თუნდაც რამდენიმე წუთს გაგრძელდეს, მაგალითად, იმისთვის, რომ მოიძებნოს მოსაზრების დამამტკიცებელი უკეთესი არგუმენტი. 

აზრთა გაცვლა-გამოცვლა წერის პროცესში საჭიროა იმისთვის, რომ:

* ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს საკუთარი ნაწერის განხილვაში, მისთვის უცხო თვალით შეხედვაში; 
* მივცეთ მოსწავლეებს ნაწერის გაუმჯობესების საშუალება; 
* ჩავაბათ მოსწავლეები საუბარში, რათა მეტი შეიტყონ საკუთარი თავისა და სხვების შესახებ. 
მოსწავლეთა შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლის საფეხურები
 
1. მოსწავლე გადაწყვეტს, როგორ გაუზიაროს პარტნიორს / პარტნიორებს წერითი ნამუშევარი. ეს გზა შეიძლება იყოს:

* პარტნიორის/ების მიერ ჩუმად წაკითხვა; 
* თავად ნაწერის ავტორის მიერ ხმამაღლა წაკითხვა; 
* ორივე ზემოხსენებულის კომბინაცია. 
2. მოსწავლე წყვეტს, წერითი ნამუშევრის რომელ ასპექტებზე მოხდეს ფოკუსირება (მაგალითად, აბზაცებად დაყოფაზე, მხატვრულ ხერხებზე, სტილზე, სათქმელის მკაფიოობაზე).

3. პარტნიორი მოსწავლეს (ნაწერის ავტორს) ეუბნება, სულ მცირე, ერთ რამეს, რაც, მისი აზრით, ნაწერის ავტორმა ყველაზე უკეთ გააკეთა და რაც მას განსაკუთრებით მოეწონა. 
რჩევები პარტნიორებს აზრთა გაცვლის პროცესის ნაყოფიერად წარმართვისთვის

1. დაეხმარეთ თანაკლასელს მისი პრობლემის მოგვარებაში, მაგრამ გახსოვდეთ: ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ თავად მას შეუძლია.

2. გაუზიარეთ შთაბეჭდილებები, მიეცით რჩევები, მაგრამ მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კრიტიკისაგან.

3. ყურადღებით მოუსმინეთ იმას, რაც ავტორისთვის მნიშვნელოვანია, რაც მას აწუხებს და წერითი ნამუშევრის კითხვის ან მოსმენის დროს გაითვალისწინეთ.

4. ნაწერის შესახებ მოსაზრებების გამოთქმისას გაითვალისწინეთ შემდეგი:
* დასაწყისი 
საინტერესოა იგი? მიიპყრო თქვენი ყურადღება?
* შუა ნაწილი
მნიშვნელოვანი დეტალები ხომ არ გამოუტოვებია?
* დასასრული 
შთამბეჭდავია? 
* სტილი
ენა ნათელია და ადვილად გასაგები? არის გამოყენებული ადეკვატური ლექსიკა?
* ტექსტის ორგანიზება
აბზაცები მართებულად არის გამოყოფილი? არის მათ შორის ლოგიკური კავშირი?
* გრამატიკული მხარე
ხომ არ არის დაშვებული მორფოლოგიური, პუნქტუაციური და სინტაქსური ხასიათის შეცდომები?
მას, ვინც ნაწერის შესახებ მოსაზრებებს უზიარებს ავტორს, სასურველია, ახსოვდეს ნაწერის შეფასების ამგვარი სქემა: რა მომეწონა? / დასახვეწია / როგორ შეიძლება ამის უკეთესად გაკეთება? ამგვარად ის არა მარტო ხედავს ნაწერის პოზიტიურ მხარეს, არამედ სთავაზობს მეგობარს სხვა ვარიანტს, ანუ თვითონაც ფიქრობს, აანალიზებს, ეძებს და აყალიბებს ვერსიებს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...