სამშაბათი, სექტემბერი 9, 2025
9 სექტემბერი, სამშაბათი, 2025

სწავლის კომპონენტები

0
განათლების სფეროს მკვლევარები აღნიშნავენ: მასწავლებლებთან დიალოგის შემდეგ მძაფრია იმის განცდა, რომ განსხვავება მათ შორის დიდია; მასწავლებლების ნაწილი საუბრობს მოსწავლეთა შესაძლებლობებზე, ნაწილი _ პრობლემებსა და შეზღუდვებზე. არიან მასწავლებლები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რა შეიძლება მოხდეს, აგრეთვე, წარმატების გზებზე, მოსწავლეების ჩავარდნებზე, ახალ იდეებზე, მოსწავლეების შეუზღუდავ პოტენციალსა და შესაძლებლობებზე. არიან ისეთებიც, რომლებიც საუბრობენ იმაზე, თუ რა ცუდად მიდის საქმეები, როგორ არ უსმენს მათ არავინ, რამდენად მართლები იყვნენ ისინი, რა სჭირს განათლებას, ვის უნდა დაბრალდეს მათ სკოლაში არსებული პრობლემები და ა.შ.

14 წლის მოსწავლეებს ჰკითხეს: “ბიოლოგიაში ფოტოსინთეზის შესწავლისას   რომელს ამჯობინებდით _ ვიდეოს ყურებას, ლექციის მოსმენას თუ ლაბორატორიაში მუშაობას?” მოსწავლეთა 20%-მა აირჩია ლექცია, 45%-მა _  ვიდეოს ყურება, 35%-მა _ ლაბორატორიული მუშაობა. 

სასწავლო პროცესის დროს მოსწავლის კოგნიტური განვითარება არ ხდება  ერთი უნივერსალური მიდგომის გამოყენებით. ამიტომაა, რომ…ყველა დროში და ყველა ქვეყანაში აქტუალურია კითხვები:

_ როგორ ვასწავლოთ? 
_ როგორ სწავლობენ მოსწავლეები? 
პედაგოგიკის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ სასწავლო პროცესისას გავითვალისწინოთ სწავლის ოთხი მნიშვნელოვანი კომპონენტი: 
1.კონტექსტი; 
2.ინფორმაციის მიღება; 
3.მასალის გადამუშავება; 
4.პასუხის ფილტრები.

კონტექსტი

სასწავლო გარემოს თანმხლები პირობები გვაძლევს მინიშნებას იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს მოცემულ პერიოდში. მნიშვნელოვანია, გაითვალისწინა თუ არა მასწავლებელმა საკლასო ოთახის ფიზიკური გარემო, სოციალური პირობები თუ ურთიერთობები. კონტექსტი მნიშვნელოვანია, ვინაიდან ყველა ტიპის სწავლება ორიდან ერთ-ერთ ტიპს განეკუთვნება: 

1.კონტექსტზე დამოკიდებული _ შინაარსს იმავე გარემოში ვასწავლით, რა გარემოშიც უნდა იქნას ბუნებრივად გამოყენებული. მოსწავლეები უპირატესობას ანიჭებენ კონტექსტურ მინიშნებებს: ბუნებრივ კონტექსტებს, როგორიცაა ექსკურსიები ბუნებაში, ექსპერიმენტები, გამოცდილება რეალური ცხოვრებიდან.

2.კონტექსტისგან დამოუკიდებელი _ რაიმეს სწავლება ისეთ გარემოში, რომელშიც ის ნორმალურ პირობებში არ გამოიყენება. მოსწავლეებს შეუძლიათ “არარელევანტურ” კონტექსტებს მოერგონ, ანუ გამოიყენონ კომპიუტერები, სახელმძღვანელოები, აუდიო და ვიდეოჩანაწერები. როგორც წესი, მათ მოსწონთ მეორადი და მომდევნო სწავლება და შეუძლიათ ისეთ გარემოში სწავლა, როგორიცაა ბიბლიოთეკა და საკლასო ოთახი.

ბევრი მოსწავლე კარგად სწავლობს კონტექსტისგან დამოუკიდებლად, ზოგს კი ეს ცუდად გამოსდის. ჩვეულებრივი სკოლების უმეტესობა კონტექსტისგან დამოუკიდებელ სწავლებას იყენებს.
ინფორმაციის მიღება

ყველა ტიპის სწავლება მოითხოვს გარკვეული წვლილის შეტანას პროცესის დაწყებაში. ჩვენ ინფორმაციას ვაგროვებთ/ვიღებთ ჩვენი ხუთი გრძნობის გამოყენებით: 

·მხედველობით (თვალები); 
·სმენით (ყურები); 
·შეგრძნებით (სხეული);
·ყნოსვით (ცხვირი); 
·გემოვნებით (პირი). 

მიუხედავად იმისა, რომ ორი თვის ყველა ბავშვი გემოვნებით სწავლობს, მოსწავლეთა 1%-ზე ნაკლები თუ მოიხმარს გემოვნებას სწავლის დომინანტურ გზად. ყნოსვითი გზით ინფორმაციის მიღებაც იშვიათად არის დომინანტური. ინფორმაციის მიღება შეიძლება იყოს:

1.გარეგანი _ გარე წყაროდან მიღებული; 
2.შინაგანი _ საკუთარ გონებაში ჩამოყალიბებული;  
3.ვიზუალურ-გარეგანი _ მოსწავლეებს, როგორც წესი, ინფორმაციის ვიზუალურად მიღება ურჩევნიათ. ისინი თვალით ამყარებენ კონტაქტს მასწავლებელთან. მათი პოზა ვერტიკალურია, ისინი ქმნიან გონებრივ სურათებსა თუ მოდელებს. შესაძლოა, ილაპარაკონ ძალიან სწრაფად და მონოტონურად. მათ მოსწონთ დამატებითი მასალა, რომელსაც მასწავლებელი გაკვეთილზე ურიგებს, და იყენებენ ვიზუალურ ტერმინოლოგიას. მოსწავლეები ძლიერები არიან მართლწერაში, მათ ურჩევნიათ, თავად წაიკითხონ, ვიდრე სხვამ წაუკითხოს. მათ მოსწონთ წერა, უყვართ აკურატულობა, არიან ორგანიზებულები და ნაკლებად უფანტავთ ყურადღებას ხმაური. მათ აქვთ პირადი სივრცე და არ უყვართ, როდესაც ვინმე მათთან ძალიან ახლოს დგას. მათ უყვართ წიგნები, კომპიუტერები, პროექტორები, ხელოვნება და ფოტოები. ისინი გაცილებით უკეთ ითვისებენ ვიზუალურ ინფორმაციას და უჭირთ ვერბალური ინსტრუქციების შესრულება. 

4.ვიზუალურ-შინაგანი _ ამ დროს მოსწავლე იყენებს წარმოსახვას. მოსწავლეებს ურჩევნიათ, საგნები ჯერ გონების თვალით დაინახონ. ისინი მიდრეკილები არიან ოცნებისაკენ, უყვართ წარმოდგენა და ქმნიან გონებრივ სურათებს ან მოდელებს, სანამ სწავლის უფრო ფორმალურ მხარეზე გადავიდოდნენ. ისინი უფრო ფრთხილად და გააზრებულად უდგებიან ნებისმიერი ტიპის ახალ სწავლებას. უჩნდებათ სტრესი მაშინ, როდესაც ინფორმაციას იმაზე სწრაფად იღებენ, ვიდრე გონებრივი სურათების შექმნას ახერხებენ.

წარმოვიდგინოთ, კლასში რომ მინა გატყდეს, რას გააკეთებს ესა თუ ის მოსწავლე პირველ რიგში? ზოგიერთი გარშემო მიმოიხედავს და ვიზუალურად სწრაფად შეაფასებს სიტუაციას; სხვები ხმამაღლა დაიწყებენ უსაფრთხოების ინსტრუქციების გამოცხადებას (სმენითი); დანარჩენები კი მოსწავლეებს მოძრაობას აიძულებენ (შეგრძნებითი). თითოეულ მათგანს აქვს თავისი უპირატესობა; შესაძლოა, ამა თუ იმ მოსწავლემ სამივე გამოიყენოს, მაგრამ დომინანტური გზა არის ის, რომელსაც პირველს გამოიყენებს. 
მასალის გადამუშავება

მასალის გადამუშავება გულისხმობს იმ აქტივობებს, რომელთა გამოყენებითაც ჩანს, თუ როგორ უმკლავდებიან და მანიპულირებენ მოსწავლეები მიღებული მონაცემებით. გადამუშავება შეიძლება მოხდეს სხვადასხვა გზით: 

·გლობალური ან ანალიტიკური; 
·კონკრეტული ან აბსტრაქტული; 
·მრავალამოცანიანი ან ერთამოცანიანი. 

მოსწავლეების მიერ ინფორმაციის გადამუშავების პროცესი შეიძლება დამოკიდებული იყოს მათ ნიჭზე, ინტელექტსა და განწყობაზე. 

პასუხის ფილტრები

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები მიიღებენ და გადაამუშავებენ ინფორმაციას, ინტუიციური პასუხის ფილტრები იმოქმედებს იმაზე, თუ რა უნდა მოუხერხოს ამ ინფორმაციას. აზროვნების პროცესი განსაზღვრავს იმ ფაქტორებს, რომლებიც ეხმარება მოსწავლეებს, უკეთესად შეძლონ მასალის ერთმანეთთან დაკავშირება. მოდელი, რომელიც განიხილავს სწავლის ამ ასპექტს, არის ბერნის მაკკარტის ფორმატის (4MAT) მოდელი, რომელიც გამოყოფს სწავლისადმი ოთხ ძირითად მიდგომას:

1.რატომ? (მოსწავლეების 35%). 

ეს მოსწავლეები სწავლობენ მნიშვნელობის ძიების გზით. ისინი აკეთებენ შედარებებსა და შეპირისპირებებს. ისინი პირველ რიგში ინტერესდებიან, რა მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ ინფორმაციას მათთვის. მათ სჭირდებათ მიზეზები იმისთვის, რომ ისწავლონ _ იდეალურ შემთხვევაში, ის მიზეზები, რომელთა საშუალებითაც ახალ ინფორმაციას პირად გამოცდილებას დაუკავშირებენ და ამ ინფორმაციას ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმატებით გამოიყენებენ. 

მოსწავლეების ამ ტიპისთვის ეფექტურ სასწავლო მეთოდებს შორისაა: ერთობლივი სწავლება, გონებრივი იერიში, შინაარსის კონკრეტული სფეროების ინტეგრირება (მაგ., მეცნიერების ინტეგრირება სოციალურ კვლევებთან, წერის ინტეგრირება ხელოვნებასთან). 

მასწავლებელს წამქეზებლის როლი აქვს. 
2.რა?  (მოსწავლეების 22%). 
ასეთი მოსწავლეები სწავლობენ იდეების გააზრებით. ისინი ეძებენ ფაქტებს და აინტერესებთ, თუ რას ფიქრობენ ექსპერტები. ისინი იღებენ მოსაზრებას და შემდეგ მსჯელობენ მასზე. ეს ანალიტიკური აზროვნების მქონე მოსწავლეები პირველ რიგში დაინტერესებულნი არიან ფაქტების მოძიებით იმისათვის, რომ გაიღრმავონ ცნებებისა და პროცესების ცოდნა. მათ შეუძლიათ, ეფექტურად ისწავლონ ლექციებიდან და სიამოვნებას ანიჭებთ დამოუკიდებელი კვლევა და მონაცემთა ანალიზი. 

მასწავლებლი ვალდებულია, შინაარსის მიღებაში დაეხმაროს მოსწავლეს.
3.როგორ? (მოსწავლეების 18%). 

ასეთი მოსწავლეები სწავლობენ თეორიების შემოწმებით. ისინი იწყებენ რაიმე მოსაზრებით და შემდეგ ამოწმებენ მას. საღად მოაზროვნე მოსწავლეებს პირველ რიგში აინტერესებთ, როგორ “მუშაობს” ესა თუ ის მოვლენა; მათ სურთ, “შიგ შეძვრნენ და გამოსცადონ”. 

მათთვის საუკეთესოა კონკრეტული, ემპირიული სასწავლო აქტივობები: მანიპულაციები, პრაქტიკული სამუშაოები, კინესთეტიკური გამოცდილება… მათ უნდათ იცოდნენ, როგორ მუშაობს ესა თუ ის მოვლენა/საგანი. ისინი განიხილავენ მას პრაქტიკულობის თვალსაზრისით. 
მასწავლებელს მწვრთნელის როლი აქვს. 
4.მერე რა? (მოსწავლეების 25%). 

ასეთი მოსწავლეები მცდელობებისა და შეცდომების წყალობით სწავლობენ და ეძებენ დაფარულ შესაძლებლობებს. დინამიკური მოსწავლეები პირველ რიგში ინტერესდებიან მათ მიერვე განხორციელებული აღმოჩენებით. ისინი მთლიანად ენდობიან საკუთარ ინტუიციას და სურთ ისწავლონ თავადაც და ასწავლონ სხვებსაც. 

ნებისმიერი ტიპის დამოუკიდებელი კვლევა ეფექტურია ამ ტიპის მოსწავლეებისათვის. მათ ასევე მოსწონთ სიმულაციები, როლური და სხვა ტიპის თამაშები. ისინი მსჯელობენ საკითხზე და ერთვებიან აღმოჩენის პროცესში. 

მასწავლებელი უნდა იყოს მათი კოლეგა ამ აღმოჩენებში. 
ყველა მოსწავლე განსხვავებულია. არ არსებობს “სტანდარტული” მოსწავლე და არ არსებობს ერთი იდეალური ხერხი, რომლითაც ყველა მოსწავლის პრობლემას გაუმკლავდება მასწავლებელი. სასწავლო პროცესში მრავალფეროვნების დადებითი მოქმედება მოსწავლის აზროვნებაზე დამტკიცებულია მრავალი გამოკვლევით. იგი იმდენად მნიშვნელოვანი და ეფექტურია, რომ აღიარებულია, როგორც მთავარი ფაქტორი აზროვნების შეცვლაში. მოსწავლეებს საკლასო ოთახში სჭირდებათ მეტი მოძრაობა, ცვლილებები, პერსპექტივები, სტიმული, ფერთა სიმრავლე, გამოწვევები, ემოციების წახალისება. მასწავლებელთან ურთიერთობა იდეალურია მოზარდის აზროვნების განვითარებისთვის. ზოგიერთ მოსწავლეს მეტი თავისუფლება და  სტიმული სჭირდება, რათა შეიქმნას საინტერესო და კრეატიული გარემო.  

ხმამაღალი ფიქრები გაკვეთილზე

0

თანამედროვეობის ყველა სიძნელე, გარემომცველი სამყაროს მთელი
სირთულე დიდ გავლენას ახდენს მოზარდის განვითარებაზე, მის მიზნებსა და მისწრაფებებზე,
შესაძლებლობების გამოვლენაზე და, ზოგადად, ამ შესაძლებლობებისა და უნარების ფლობაზეც
კი. ამიტომ სწავლის პროცესში მოსწავლეთა სააზროვნო პროცესების გააქტიურება შეიძლება
გადამწყვეტი აღმოჩნდეს მათი მომავალი ცხოვრებისათვის. აზროვნების სტრატეგიების მართვა
ის საჭირო ინსტრუმენტია, რომლის წარმატებით გამოყენებისას სწავლების საგანმანათლებლო
მიზნები მაქსიმალურად მიიღწევა. სწორად განსაზღვრული სტრატეგია თითქმის ნიშნავს შემუშავებულ
მიზანს, სწავლის შინარსის ათვისების პროცესს, მოსწავლეთა მხარდაჭერას და უკუკავშირს. 

აზროვნების უნარ-ჩვევების ათვისება-ავტომატიზებით მოსწავლეც
მოგებული რჩება, მასწავლებელიც და საზოგადოებაც, რადგან მას, ყოფილი მოსწავლის სახით,
ღირსეული წევრი შეემატება, რომლის თითოეული ნაბიჯიც პოზიტიური იქნება სოციუმისთვის.
ეს სტრატეგიები საშუალებას აძლევს მოსწავლეს, იაზროვნოს ისე, რომ შეცვალოს გარემომცველი
სამყარო უკეთესობისაკენ.

ქვემოთ მოცემულ სქემაზე გამოსახულია სწავლის სტრატეგიების
მიზნებისა და მიმართულებების ძირითადი ნიუანსები, რომლებიც პასუხობს სწავლის  სტრატეგიის მთავარ შეკითხვას: “რას ვაკეთებთ სწავლის
მიზნის მისაღწევად?”

მას შემდეგ, რაც შეირჩევა
სტრატეგია, მოსწავლეს აუცილებლად სჭირდება შესაფერისი სიტუაციური მაგალითები და ნიმუშები,
ახალი უნარების ათვისებისა და გამოყენების ეფექტური საშუალებები.

როდესაც მასწავლებელი
დაიწყებს ფიქრს იმაზე, თუ რით დაიწყოს, თავისთავად გამოიკვეთება თავად ფიქრის, როგორც
სწავლის სტრატეგიის, შერჩევის მნიშვნელობა. დაფიქრების და გაანალიზების გარეშე მრავალრიცხოვანი
სტრატეგიებიდან მასწავლებელი ვერც ერთს ვერ აარჩევს. თავისუფლად შეიძლება, რომ მისი
ეს როლი – დაფიქრდეს და გააკეთოს სწორი არჩევანი _ გადაიქცეს მოსწავლეებისათვის ფიქრის,
როგორც სწავლის ერთ-ერთი მეთოდის, აქტიურად გამოყენების ნიმუშად!

ფიქრი ადამიანის ის თვისებაა,
რომლითაც ის განსხვავდება ყველა დანარჩენი ცოცხალი არსებისაგან. ეს საკმაოდ რთული პროცესია.
იგი ერთგვარად ყვავილის გაშლასაც კი მოგვაგონებს – ჯერ თესლს ჩაყრიან, მორწყავენ, გაღვივების
შემდეგ მცენარე მიწიდან ამოიზრდება, ფოთლებს გამოისხამს და ბოლოს გამოჩნდება ლამაზი,
სურნელოვანი ყვავილი. ასეა ფიქრიც: ჯერ “გამოღვიძება”, მერე აზრის განვითარება და ბოლოს
მისი გამოხატვა სიტყვებით. ამიტომ ფიქრი ყველაზე რთული სამუშაოა (ჰენრი ფორდი). 

კიდევ უფრო რთულია საკუთარი
ფიქრების სწორად და ნათლად გადმოცემა. მაგრამ მიზანი მიღწევადია, რადგან არსებობს მიდგომები,
წესები, “გასაღებები” და კანონებიც კი, რომლებიც გვეხმარებიან, ჩვენი მოსაზრებებიდან
გონივრულად ავაგოთ ტექსტი – ჩვენი აზრების გასაოცარი ყვავილები.

და მაინც რა არის ფიქრი?
რა ნიშნებით გამოირჩევა აზროვნების ეს ტიპი? რაშია მისი განსაკუთრებულობა? როგორია
მისი აგებულება? როგორია მისი მთავარი კითხვები?


ü 

ფიქრი _ ეს ცხოვრებისეული
სიტუაციის დამოუკიდებელი ანალიზია, გამოცდილებაა; 


ü 

ეს უპირველესად არჩევანის გაკეთებაა
– როგორ გავაკეთოთ? როგორ ვიცხოვროთ?


ü 

ესაა მსჯელობა, როდესაც ტექსტის
(ნაფიქრალის, ნააზრევის) ერთი თეზისის ახსნა ხდება, ხოლო მეორის – დამტკიცება;


ü 

ესაა პროცესი, რომელიც აუცილებელად
მოითხოვს მიზეზშედეგობრივი კავშირების დამყარებას;


ü 

ეს ერთგვარი კითხვა-პასუხის
ფორმაცაა, როდესაც შეკითხვის მიზანია დაფიქრება, ფიქრის “გამოწვევა”, ალტერნატიული
შეკითხვების დასმა, რომლებიდანაც უნდა ავარჩიოთ ერთი პასუხი;


ü 

ფიქრი _ ეს არის ის, რაც გვეხმარება
სიტყვის ფორმირებაში.

 

როგორ უნდა დავაფიქროთ მოსწავლეები საკუთარ პრობლემებზე?
როგორ უნდა მივაღებინოთ სწორი გადაწყვეტილება, გავაკეთებინოთ სწორი არჩევანი? ჩვენ
ხანდახან ჩვენს თავზე ხმამაღლაც კი ვფიქრობთ, თითქოს ჩვენს თავთან ვსაუბრობთ. ეს გადამწყვეტ
მომენტებში ყველაზე მეტად გვეხმარება. როგორ ვასწავლოთ ჩვენს მოსწავლეებს ხმამაღალი
ფიქრი და საკუთარ თავთან საუბარი?

როდესაც სწავლის პროცესში ამგვარი საკითხები წამოიჭრება,
ეს უკვე ნიშნავს, რომ სწავლება იღებს მიზანმიმართულ ფორმას –კონკრეტულ, შესაფერის მიმართულებას
და აუცილებელი ხდება ყურადღების გამახვილება საკითხის ძირეულ მახასიათებლებზე. აქ აუცილებელია
სხვადასხვა მომენტის გათვალისწინება, მაგალითად:

რადგან მიზანმიმართული სწავლების ძირეულ კომპონენტს სააზროვნო
უნარების ფართოდ დემონსტრირება და შესაფერისი მაგალითების მოყვანა წარმოადგენს, ამას
ყველაზე მეტი წარმატებით სწორედ ხმამაღალი ფიქრის დროს შეიძლება მივაღწიოთ. ამ დროს
ხდება ყველა შესაძლო ვარიანტის გადმოცემა: რას ფიქრობს, როგორ განიხილავს საგანს ექსპერტი
– ჩვენი გონება.

ხმამაღალი ფიქრისას ისევ დგება მთავარი საკითხების გათვალისწინების
აუცილებლობა:


§ 

წინასწარი შერჩევა – აზროვნების
რომელი უნარის მოდელირებაა მოსახერხებელი მოცემულ თემაზე; ფიქრებიც ამ უნარების ფორმირებისკენ
უნდა იყოს მიმართული;


§ 

მოსწავლეებისათვის წინასწარი
ახსნა _ რის გაკეთებას ვაპირებთ, და დარწმუნება, რომ მათ ესმით ხმამაღალი ფიქრის მნიშვნელობა;


§ 

ტექსტზე მუშაობისას მოსწავლეებისათვის
ხმამაღალი ფიქრის მნიშვნელობის ახსნა, განსხვავების ჩვენება კითხვასა და ფიქრს შორის
(მაგალითად, შესაძლებელია ამ დროს მასწავლებელი შებრუნდეს სხვა მხარეს, რათა მოსწავლეები
დარწმუნდნენ, რომ ის ფიქრობს და არ კითხულობს);


§ 

მას შემდეგ, რაც დაიწყება ფიქრი
მოცემულ თემაზე, არ შეიძლება   მასწავლებელი
გადავიდეს ლექციის კითხვაზე; არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახსნა გაცილებით ადვილია, ვიდრე
რომელიმე თემაზე ფიქრი;


§ 

ხმამაღალი ფიქრის დროს შეიძლება
თავიდან გარკვეული უხერხულობა გაჩნდეს, მაგრამ გამოცდილების შეძენასთან ერთად ეს გაცილებით
გაადვილდება;


§ 

სთხოვეთ მოსწავლეებს, მოგბაძონ
თავადაც.

რა მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის
მაგალითს? ასე თუ არ მოხდა, როგორ გაიგებენ მოსწავლეები, რას მოელიან მათგან? მოსწავლეებს
უნდა მივცეთ მაგალითი, სტრუქტურა, რომელიც წარმართავს მათ საქმიანობას. სწორად წარმართული
მოდელირება კი გარანტირებულს ხდის მოსწავლის წარმატებას.

განვიხილოთ
ხმამაღალი ფიქრის რამდენიმე მაგალითი.

VII კლასი, საგანი _ ისტორია, თემა _ “აშშ-ის კოლონიზაცია”:

I _ მასწავლებელი ამერიკის კოლონიზაციის ისტორიის ახსნის
და ამერიკელი  ემიგრანტების შესახებ ტექსტის
წაკითხვის შემდეგ იწყებს ხმამაღლა ფიქრს: “მე ვერც კი წარმომიდგენია ყველა ის განსაცდელი, რაც გადაიტანეს მათ.  სახლის და ოჯახის დატოვება ჩემთვის საშინელებაა.
იმისთვის, რომ წახვიდე ამაზე, უნდა იყო ნამდვილად გაბედული ადამიანი. მაგრამ ახალ სამყაროსთან
შეხვედრა მაინც საინტერესოა. ვფიქრობ, ადამიანი თუ ხვდება, რომ სხვა გამოსავალი არ
აქვს, უნდა წავიდეს ასეთ რისკზე. მე რომ მათ ადგილზე ვყოფილიყავი, მეც ასე მოვიქცეოდი.
მაგრამ ვთვლი, რომ აუცილებლად საჭირო იქნებოდა დღიურის წარმოება და ამას გავაკეთებდი
კიდეც, დაწვრილებით აღვწერდი ჩემს თავგადასავალს უცხოეთში, რაც საშუალებას მისცემდა
იმ ადამიანებს, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ გამგზავრება და არ ფიქრობდნენ მომავალ
სირთულეებზე, დაენახათ უცხოობაში ცხოვრების ყველა შესაძლო სირთულე, რათა უფრო მობილიზებულები
შეხვედროდნენ ახალ სამყაროს”.

მას შემდეგ, რაც მასწავლებელი
მოახდენს ფიქრის სიტუაციის მოდელირებას, შეუძლია, სთხოვოს მოსწავლეებს, გაიაზრონ თავიანთი
შეკითხვები და იდეები. მან უნდა აუხსნას მათ, როგორ გააკეთონ ჩანაწერები დღიურებში,
შეამოწმოს, როგორ აითვისეს მოსწავლეებმა მასალა, შემდეგ კი სთხოვოს, გააკეთონ დავალება
დამოუკიდებლად – თავად იფიქრონ ხმამაღლა მოცემულ (ან მსგავს) თემაზე. მას შემდეგ, რაც
შესთავაზებს მაგალითებს ფიქრის უნარის გამოყენების შესახებ, მასწავლებელმა მოსწავლეებს
უნდა მისცეს პრაქტიკის საშუალება. ამის გაკეთება ყველაზე ეფექტური ისევ გაკვეთილზეა.
შეიძლება ეს პრაქტიკა მათ გაიარონ ინდივიდუალურადაც და ჯგუფურადაც. მთავარია, მოსწავლეებს
ჰქონდეთ უნარის დამოუკიდებლად გამოყენების საშუალება. 

მაგალითად, როდესაც მოსწავლეები გაეცნობიან შედარების ხერხებს
ხმახმაღალი ფიქრის დროს, შესაძლებელია, დავალებად მიეცეთ ორი საგნის შედარება, ან თუნდაც თავიანთი თავის შედარება
შუა საუკუნეების ან უფრო ძველი ეპოქის მოსწავლეებთან და ა.შ.

მოვიყვანოთ
მაგალითი: 

II – მოსწავლის ხმახმაღალი ფიქრები, თემა – “ძველი აღმოსავლეთი”:

“მე მინდა შევადარო ჩემი თავი შუმერს. ახლა ვნახოთ,
რაში შემიძლია შედარება: მაგალითად, შემიძლია შევადარო სიდიდეები, ვთქვათ, ჩემი და
მისი სახლის ზომები; შემიძლია შევადარო საწერი მოწყობილობები, ჩაცმულობა, ასევე სხვა
საგნები, რომლების გაკეთებაც, ჩემი აზრით, მე უკეთ შემიძლია. მე მგონი, რაღაცით ვგავარ
კიდეც შუმერ მოსწავლეს – ვსწავლობ წერა-კითხვას, ანგარიშს, ისტორიასაც კი; შემიძლია
მასავით გავერთო, ვიმუშაო მიწაზე ან დავეხმარო მშობლებს სხვადასხვა საქმეში… მოკლედ,
ვფიქრობ, რომ ცხოვრების წესში ბევრი იქნება განსხვავება, მაგრამ რაღაც განსაკუთრებულსაც
ალბათ  ვერაფერს ვიპოვი”. 

საუკეთესო შემთხვევაში, მასწავლებელს
მოსწავლეთა “ფიქრის გამოწვევისთვის”  შეუძლია
დაგეგმოს გაკვეთილი, სადაც გადაწყვეტილი იქნება შემდეგი საკითხები:

 


1.   

გაკვეთილის მიზნის განსაზღვრა;


2.   

ტექსტის შერჩევა, რომელსაც
მასწავლებელი გააანალიზებს მოსწავლეებთან ერთად (სასურველია, მოსწავლეები წინასწარ
შეარჩიოს); ტექსტი უნდა პასუხობდეს შემდეგ კრიტერიუმებს: იყოს მნიშვნელოვანი (ნებისმიერი
კრიტერიუმით) და იოლად აღსაქმელი მოცემულ ვითარებაში;


3.   

მოსწავლეებისათვის რეპროდუქტიული
და პროდუქტიული ხასიათის შეკითხვების მომზადება;


4.   

შეკითხვების და იმ დამატებითი
მასალის მომზადება, რომელსაც მოსწავლეები გამოიყენებენ ჯგუფური დისკუსიისას;


5.   

2 საგაკვეთილო საათი (2 გაკვეთილი):

I ნაწილი
– ტექსტის წერილობითი ანალიზი;

II ნაწილი
– შესრულებული სამუშაოს თვითანალიზი მასწავლებლის ხელმძღვანელობით (მოსწავლეებს აფასებენ
პასუხების “სისრულესა” და სწორად “დალაგებაში” (შეიძლება შეფასება გაკეთდეს კომენტარის
ფორმითაც));

III ნაწილი
– დისკუსია შეთავაზებული პრობლემის შესახებ;

IV ნაწილი
– მოსწავლისა და მასწავლებლის შემაჯამებელი რეზიუმე, როგორც გაკვეთილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
მომენტი. რეზიუმეში უნდა გამოიკვეთოს პოზიტიური აზრი და გასწორდეს ნებისმიერი  ცდომილება. მაგრამ იმისთვის, რომ რეზიუმე ასეთი
იყოს, მოსწავლემ/მასწავლებელმა აუცილებლად
უნდა უპასუხოს რამდენიმე შეკითხვას: “როგორ დავძლიეთ დავალება?”, ”შევძელით თუ არა
რამე ისეთი, რისი დამახსოვრებაც აუცილებელი და საჭირო იქნება?” (ცხადია, ამ უკანასკნელ
შეკითხვას აზრი ექნება მხოლოდ პირველ ორ შეკითხვაზე პოზიტიური პასუხის შემთხვევაში).

 


იქ, სადაც ყოველდღიურად
ხდება
დაფიქრება და მიზნის შესაფერისადსხვადასხვა სასწავლო სტრატეგიის გამოყენება, მოსწავლეები ღრად არიან მოტივირებულები,
სწავლობენ ინტერესით და
აღწევენ კარგ შედეგებს. ფიქრი – ეს  დახმარებაა,
საჭეა, რომელსაც ადამიანი, ამ შემთხვევაში, მოსწავლე/მასწავლებელი უსაფრთხოდ მიჰყავს და არ აძლევს გზიდან გადახვევის უფლებას. 

როგორ გადავაქციოთ პასიური მეთოდები აქტიურად

0
ტრადიციულ მეთოდთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი ლექციაა. მას პასიურ მეთოდთა რიცხვს მიაკუთვნებენ, რადგან ითვლება, რომ ლექციის დროს დაბალია მსმენელთა აქტიურობის ხარისხი და, შესაბამისად, მცირეა შემეცნებითი ეფექტი, დამახსოვრების მაჩვენებელი საშუალოდ 5%-ს აღწევს (გაიხსენეთ ჩართულობისა და დამახსოვრების პირამიდა). თუ ლექცია 20 წუთზე მეტ ხანს გრძელდება, შეიძლება ამ მაჩვენებელმა კიდევ უფრო დაიწიოს. 
მაშინაც კი, როცა ლექცია სწავლების დომინირებული მეთოდი იყო, არსებობდნენ ლექტორები, რომლებიც ახერხებდნენ აუდიტორიის ჯერ მონუსხვას, შემდეგ კი დროდადრო მსმენელების გააქტიურებას შეკითხვებით, ლირიკული გადახვევებით, იუმორის ჩართვითა და სხვა ეფექტებით. ამას ორატორულ ხელოვნებას მიაწერდნენ და მიიჩნევდნენ, რომ ასეთი ნიჭი ერთეულთა ხვედრი იყო. დღეს განსხვავებულია დამოკიდებულება და ცხადი ხდება, რომ სწორი მეთოდოლოგიის შერჩევის შემთხვევაში ტრადიციული ლექციის აქტიურ მეთოდად გარდაქმნა სრულიად შესაძლებელია. სწორედ ასეთ ვარიანტებს შემოგთავაზებთ სტატიაში.     
ლექცია პრობლემის დასმით, ანუ პრობლემური ლექცია
ეს არის ლექციის ფორმა, რომლის დროსაც მოსწავლე პასიური მსმენელის პოზიციიდან გადაიქცევა აქტიური შემეცნების სუბიექტად, ჩაერთვება ძიებისა და კვლევის პროცესში. მისი ფუნქცია აღარ არის მხოლოდ  ინფორმაციის მიღება. ის საკუთარი ცოდნის კონსტრუირების პროცესის თანაავტორი ხდება. ლექცია პრობლემის დასმით უზრუნველყოფს სამი დიდაქტიკური მიზნის მიღწევას:
·მოსწავლეების მიერ თეორიული ცოდნის ათვისებას.
·პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარებას.
·ასახსნელი მასალის მიმართ შემეცნებითი ინტერესის აღძვრასა და მოსწავლეების შემეცნებით აქტივაციას. 
განსხვავებით ტრადიციული ლექციისაგან, რომლის დროსაც მასწავლებელი მოსწავლეებს ახალ ცოდნას გადასცემს როგორც უალტერნატივოს, რაც მათგან მხოლოდ დამახსოვრებას მოითხოვს,  პრობლემური ლექციის დროს მიღებული ინფორმაცია მოსწავლეებს უქმნის უკვე კარგად ნაცნობის აღმოჩენის ილუზიას. ეს მათ აძლევს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას, უზრუნველყოფს მასალის ღრმად გააზრებასა და ხანგრძლივ დამახსოვრებას.
ასეთი ლექცია იწყება შეკითხვით, პრობლემის დასმით, რომელიც მასალის გადაცემის პროცესში უნდა გადაიჭრას. პრობლემა დაისმება მანამ, სანამ მოსწავლეები მიიღებენ ამ პრობლემის გადაჭრისათვის აუცილებელ ახალ ინფორმაციას. ეს იძლევა წინარე ცოდნისა და გამოცდილების გააქტიურების საშუალებას. ტრადიციული ლექციის დროს კი პირიქით ხდება. მასწავლებელი მოსწავლეებს თავიდანვე გადასცემს საჭირო ინფორმაციას, აცნობს პრობლემის გადაჭრის არსებულ გზებს და მოჰყავს შესაბამისი მაგალითები.  
პრობლემური ლექციის დროს ახალი მასალა დიალოგის ფორმით გადაეცემა მოსწავლეებს. შესაბამისი ხერხების გამოყენებით, როგორებიცაა პრობლემური შეკითხვების დასმა, ჰიპოთეზების წამოყენება მოსწავლეების მხრიდან, მათი დადასტურება ან უარყოფა, პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების მონახვაში მოსწავლეების ჩართვა და ა.შ.,  მასწავლებელი უბიძგებს მათ ფიქრისაკენ, დისკუსიისაკენ, რომელიც შეიძლება დაიწყოს უშალოდ ლექციის დროს ან მის შემდეგ. დიალოგში ჩართვისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების დაცვა:
·მასწავლებელი უნდა იყოს ჭეშმარიტების არა ერთადერთი გადამცემი, არამედ თანამოსაუბრე, რომელიც უზიარებს მოსწავლეებს არსებულ თვალსაზრისებს და აინტერესებს ამაზე მათი აზრი.
·მოსწავლეებს უნდა გაუჩნდეთ განცდა, რომ ახალი ინფორმაციის ობიექტურობას  განსაზღვრავს არა მხოლოდ მასწავლებლის, მეცნიერისა თუ სახელმძღვანელოს ავტორიტეტულობა, არამედ მოსწავლეთა მიერ გამოთქმული თვალსაზრისების დამამტკიცებელი არგუმენტებიც.
·სალექციო მასალა უნდა უშვებდეს ისეთი განსხვავებული ხედვის, თვალსაზრისების არსებობას, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საგნის ლოგიკას.
·მოსწავლეებთან უნდა დამყარდეს ისეთი ურთიერთობა, რომ ისინი დამოუკიდებლად მივიდნენ დასკვნებამდე, შეძლონ თავად მასწავლებლის მიერ საგანგებოდ შექმნილი წინააღმდეგობრიობიდან გამოსავლის მოძებნა.
·მასწავლებელი ლექცია-დიალოგის პროცესში უნდა სვამდეს შეკითხვებს, რომლებიდანაც ნაწილს თავადვე გასცემს პასუხს, ნაწილს კი – მოსწავლეები (მაგალითად, „როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იწვევდეს ასეთ მოვლენას?”).  
 დიალოგური ლექციის მიზანი მოსწავლეთა აზროვნების გააქტიურებაა, რომლის დროსაც გამოიყენება როგორც პრობლემური, ისე ინფორმაციული შეკითხვები. პრობლემურია შეკითხვები, რომლებზედაც მოსწავლეების პასუხები  არ ემყარება წინარე ცოდნას და, აქედან გამომდინარე, გარკვეულ ინტელექტუალურ სირთულეებს შეუქმნის მათ, თუმცა ჰიპოთეზების დონეზე მოსწავლეებს შეუძლიათ ასეთ კითხვებზე სხვადასხვა პასუხის გაცემა გამოცდილების, ან ლოგიკური თუ წარმოსახვითი აზროვნების გამოყენებით. ინფორმაციული შეკითხვები კი მიმართულია იმ უკვე არსებული ცოდნის გააქტიურებისაკენ, რომელიც ხელს შეუწყობს დასმული პრობლემის გადაჭრას. პრობლემური და ინფორმაციული შეკითხვების მონაცვლეობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს გაააქტიუროს მოსწავლეები, დიაგნოსტირება გაუკეთოს მათ ცოდნასა და შესაძლებლობებს, თვალი გაადევნოს მათი აზროვნების პროცესს და დაეხმაროს ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარებაში.    

ლექცია წინასწარ დაგეგმილი შეცდომებით, ანუ ლექცია-პროვოკაცია
ასეთი ლექცია მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, თავი იგრძნონ ექსპერტებად, ოპონენტებად, რეცენზენტებად, განასხვავონ არაზუსტი ინფორმაცია ზუსტი და სანდო ინფორმაციისაგან.
მასწავლებელი წინასწარ ეუბნება მოსწავლეებს, რომ მის ლექციაში დაშვებული იქნება რამდენიმე შეცდომა (სასურველია, თუ ზუსტ ციფრს დაუსახელებს). ეს შეცდომები კარგად უნდა იყოს შენიღბული, ისე, რომ მოსწავლეებმა ადვილად ვერ შენიშნონ. მოსწავლეების ამოცანაა, გააკეთონ ლექციის კონსპექტური ჩანაწერი და თან აღნიშნონ, რა მიაჩნიათ შეცდომად. ლექციის ბოლოს ისინი ასახელებენ ამ შეცდომებს, რომელთა განხილვა მიმდინარეობს ერთობლივად – მასში მონაწილეობენ როგორც მასწავლებელი, ისე მოსწავლეები. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეცდომების ჩამონათვალი მასწავლებელს წინასწარ ჰქონდეს ჩამოწერილი ფორმატზე და მოსწავლეთა პრეზენტაციების დაწყებამდე გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას. შეცდომების შინაარსი, სპეციფიკა და რაოდენობა დამოკიდებულია მასალის შინაარსზე, სასწავლო მიზანსა და მოსწავლეთა მომზადების დონეზე. ეს შეიძლება იყოს ფაქტობრივი შეცდომა, ლოგიკური შეცდომა, ენობრივიც კი. ინფორმაცია შეცდომის ტიპზე/ტიპებზე მასწავლებელმა ასევე ლექციის დაწყებამდე უნდა მიაწოდოს მოსწავლეებს. 

ასეთი ინტელექტუალური თამაში ქმნის დადებით ემოციურ ფონს და იწვევს მოსწავლეთა შემეცნებით აქტივაციას, უვითარებს მათ ინფორმაციის ოპერატიული ანალიზისა და შეფასების უნარს, უზრუნველყოფს ყურადღების კონცენტრაციას. ამასთან, მასწავლებელს აძლევს მოსწავლეთა ცოდნის შეფასების საშულებას. ასეთი ტიპის ლექცია მიზანშეწონილია თემის დასასრულს.  
ლექცია წყვილში 

ასეთი ლექციის დროს მოსწავლეებს მიეწოდება პრობლემური შინაარსის შემცველი მასალა ორ მასწავლებელს შორის ცოცხალი დიალოგის სახით. აქ ხდება ისეთი საკითხის განხილვის მოდელირება, რომელიც საჭიროებს ორი განსხვავებული პოზიციიდან დანახვასა და ანალიზს, მაგალითად, მომხრისა და მოწინააღმდეგის, თეორეტიკოსისა და პრაქტიკოსის და ა.შ. დიალოგის დროს მასწავლებლები მიუბრუნდებიან მოსწავლეებს და მათგან ითხოვონ მხარდაჭერას არგუმენტებით, ფაქტებით. მიმართავენ აუდიტორიას შეკითხვებით, რომლებიც მათი პოზიციის გამყარებას შეუწყობს ხელს.

წყვილში ლექციის დროს აუცილებელია შემდეგი პირობების დაცვა:

·მასწავლებელებმა თავად უნდა მისცენ მოსწავლეებს პრობლემური საკითხზე მსჯელობისას დილოგის წარმართვის კულტურა. ისინი შეთანხმებულად უნდა მოქმედებდნენ, ამისათვის საჭიროა წინასწარ უნდა მომზადება, მაგრამ, ამავე დროს, მათ უნდა გამოიჩინონ იმპროვიზაციის უნარი, შეძლონ სწრაფი და ადეკვატური რეაგირება მოსწავლეთა კომენტარებზე.

 

·მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება ყოველგვარი შიშისა და უხერხულობის განცდის გარეშე გამოხატონ საკუთარი პოზიცია. ამისათვის მასწავლებელმა, შეიძლება მადლიერებაც გამოხატოს იმ მისწავლის მიმართ, რომელიც არ დაეთანხმა მას და ამისათვის საინტერესო არგუმენტი მოიშველია (მაგალითად, „მადლობა, რომ საკითხი განსხვავებული კუთხით დამანახვე. ამაზე აუცილებლად დავფიქრდები”).    

ლექცია წყვილში მოსწავლეებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებთან ერთად უვითარებს გადაწყვეტილების მიღების უნარსაც, რადგან მათ დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტონ, რომელ პოზიციას ემხრობიან და დამაჯერებლად დაასაბუთონ  საკუთარი გადაწყვეტილება.  
არსებობს აქტიური ლექციის კიდევ რამდენიმე ტიპი: ლექცია-ვიზუალიზაცია, ლექცია-პრესკონფერენცია, ლექცია-დისკუსია და სხვ., რომელთა შესახებაც მკითხველთა დაინტერესების შემთხვევაში  შემდეგ წერილში გესაუბრებით.

უმცროსკლასელთა ფიზიკური განვითარება ოჯახში

0
ბავშვის ფიზიკური განვითარება საოჯახო პედაგოგიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. ამთავითვე უნდა დავსვათ კითხვა: როგორი ბავშვი შეიძლება ჩავთვალოთ ფიზიკურად განვითარებულად? პასუხი: ისეთი, რომელსაც კარგი ჯანმრთელობა აქვს, ადვილად არ ექვემდებარება ავადმყოფობებს, წამდაუწუმ არ ხდება ავად, ასაკის შესაბამის ფიზიკურ მონაცემებს ფლობს; როგორც იტყვიან ხოლმე, ”მოძრავი ბავშვია”, სხარტია, იოლად დარბის, ხტუნავს; ხალისით დასდევს ბურთს, ცურავს, არ უჭირს წონასწორობის დაცვა, თავისუფლად მართავს ველოსი­პედს და ა.შ. ამასთან, აქვს სწორი, გამართული ტანადობა, მსუბუქი, კოორდინი­რებული ნაბიჯი, ლამაზი აღნაგობა და სხვ.

თუ ჩვენ გვინდა, რომ ბავშვი მართლაც ჯანმრთელი და ფიზიკურად განვითარებული იყოს, თუ ჩვენ გვინდა, რომ სასკოლო მეცადინეობებმა იგი ამ მხრივ ვერ შეზღუდოს, აუცილებელია, შევქმნათ ისეთი პირობები, რომ მისი დღის წესრიგი მკაცრად იყოს დაცული და რეგლამენტირებული, რაც, სპეციალისტების რჩევით, უნდა აკმაყოფილებდეს, სულ ცოტა, სამ ძირითად მოთხოვნას. ესენია: გეგმაზო­მიერი მოძრაობა, ნორმალური ძილი და რაციონალური კვება.

დღის რეჟიმი, როგორც ცნობილია, სხვადასხვა კომპონენტისაგან შედგება, მათ შორის კი, როგორც ითქვა, უმთავრესია: ძილი, კვება, ნაირგვარი საქმიანობის მონაცვლეობა. ფსიქოლოგებმა დიდი ხანია დაადგინეს, რომ აქედან რომელიმე კომპონენტის რამდენადმე მაინც გაუთვალისწინებლობა საგრძნობლად უარყოფითად მოქმედებს ბავშვის გუნება-განწყობილებაზე, რაც მაშინვე აისახება სწავლი­სადმი დამოკიდებულებაზე. ფიზიოლოგებისა და ფსიქოლოგების სპეციალურმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ ის მოსწავლეები, რომლებიც მიჩვეული არიან დღის რეჟიმს, უკეთესად სწავლობენ, იშვიათად ხდებიან ავად და, საერთოდაც, უფრო მშვიდი, დამჯერე და კეთილგანწყობილი არიან. ხოლო, პირიქით, ისინი, ვისი ყოველი შემდეგი დღეც არ ჰგავს წინას, ჩვეულებრივ, აღგზნებულნი ხდებიან. მათ ახასიათებთ: მწვავე ემოციური აშლილობა, ჟინიანობა, ახირებულობა, ჭირვეულობა, უკონტაქტობა და მისთ. ამას კი, როგორც წესი, ემატება სხვადასხვანაირი დაბრკო­ლებები და გართულებებიც სწავლაში.
ჰიპოდინამია – თანამედროვე საზოგადოების ავადმყოფობა
ბავშვის ავადმყოფობათა მნიშვნელოვანი ოდენობა მის ცხოვრებისეულ ინერტუ­ლობასთან და, უპირველეს ყოვლისა, არასაკმარის ფიზიკურ დატვირთვასთანაა დაკავშირებული. არადა, ადამიანის მოძრაობითი აქტივობა მისი ჯანმრთელობის დაცვა-შენარჩუნების უმთავრესი წყაროა. აი, რატომაა, რომ პედაგოგები, ფსიქო­ლოგები, ფიზიოლოგები, მედმუშაკები ასე დაბეჯითებით ირწმუნებიან, რომ დაურე­გულირებელი სასკოლო ცხოვრება, არასაკმარისი მამოძრავებელი რეჟიმი ჰიპოდინამიის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს, რასაც თან სდევს გულ-სისხლძარღვთა ქმედითუნარიანობის დარღვევა, წნევის მომატება თუ დაქვეითება, სიმსუქნე, ტანადობის მოშლა-მოშვება, ხერხემლის მოხრილობა-გამრუდება, სქოლიოზი, წელკავი, ნაირგვარი ქრონიკული დაავადებანი; ამას გარდა, ქვეითდება ინფექ­ციები­სა და გაციებისადმი წინააღმდეგობა; ეს, თავის მხრივ, იწვევს ფსიქო-ნერვულ სტრესებს, კონფლიქტებს და სხვ.
როგორ ვებრძოლოთ ჰიპოდინამიას
ბავშვის ფიზიკურ განვითარებაში დადებითი შედეგების მისაღწევად უნდა დავიცვათ შემდეგი ძირითადი მოთხოვნები:

1.მოძრაობითი აქტივობა უნდა ხორციელდებოდეს 6-10 წლის ბავშვის ორგა­ნიზმის ზოგადი თავისებურებების გათვალისწინებით. საამისოდ, სამედიცინო ლიტერატურაში გამოწვლილვითაა აღწერილი ის, თუ რას განიცდის ამ ასაკის ბავშვის ორგანიზმი ფიზიკური დატვირთვის დროს. ასევე, მითითებულია, რომ, ვთქვათ, ჭამის შემდეგ მაშინვე არ შეიძლება ცურვა, ფეხბურთის, კალათბურთის და ა.შ. თამაში. სჯობს, წესად დავამკვიდროთ: ფიზიკური აქტივობა დავიწყოთ ჭამიდან 1-1,5 საათის გასვლის შემდეგ.

2.უნდა ვითვალისწინებდეთ ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებს. ფრთხილად, ფაქიზად, მზრუნველობით უნდა ვეპყრობოდეთ მის ფიზიკურ შესაძლებლობებსა და ინტერესებს, და, რაც მეტად მნიშვნელოვანია, ფიზი­კურ დატვირთვათა განაწილების დროს საჭიროა, ვიცავდეთ ზომიერებას. იგი უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ასევე, ფიზიკურ აქტივობათა, ვარჯიშობათა და მოძრავ თამაშობათა დროს ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ბავშვები არ გადაიღალონ. ამის ნიშნები თვალნათლივ ვლინდება. დაღლილობისას ბავშვებს ეცვლებათ სახის ფერი (გამოიხატება სიმკრთალით ან სიწითლით), ტუჩებს სილურჯე გადაჰკრავს, ეხუთებათ სული, ნესტოები ებერებათ, პულსი უხშირდებათ; ხელ-ფეხის მოძრაობებს კოორდინაცია ეკარგება (”ფეხები ებლანდებათ”). ასეთი სიმპტომებისას მეცადინეობები დაუყოვნებლივ უნდა შევწყვიტოთ, ბავშვები გარკვეული დროით უნდა წამოვაწვინოთ, ან დავსვათ მაინც.

3.ოჯახში ფიზიკური აღზრდის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა მისი სისტე­მატურობა და თანმიმდევრულობა. იმისათვის, რომ ფიზიკური აღზრდის ვარჯიშობანი ეფექტური იყოს, მეცადინეობებს შორის ინტერვალი, როგორც სპეციალისტები გვირჩევენ, 48 საათს არ უნდა აღემატებოდეს, ვინაიდან, ვთქვათ, თუნდაც დილის ვარჯიშის ორჯერ ზედიზედ გამოტოვების შემთ­ხ­ვევაშიც კი მისი ეფექტიანობა საგრძნობლად მცირდება და საჭირო ხდება კვირის ფიზიკური დატვირთვის ხელახალი გადანაწილება. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ოჯახში ბავშვისათვის ფიზიკურ დატვირთვათა ინდივი­დუალური რეჟიმის დაწესება. მიჩნეულია, რომ რეჟიმის დარღვევის შემდეგ უპრიანია, ბავშვი სამჯერ ნაკლებად დავტვირთოთ (და არა პირიქით), ხოლო თვით ვარჯიშობანი საშუალო ტემპში ვასრულებინოთ, თანდათანობითი მატებით, ცხადია.

4.ფიზიკურ დატვირთვათა ატანისას ბავშვს სწორად, ნორმალურად სუნთქვა უნდა ხელეწიფებოდეს. ამ მნიშვნელოვანი პირობის დაცვა აუცილებელია ნებისმიერი ვარჯიშობის დროს, განსაკუთრებით კი სირბილისას, ხტომე­ბისას (ახტომა-დახტომებისას) და სხვა მიმსგავსებულ მოძრაობათა შესრულებისას. სუნთქვის შეკავება ამცირებს ნახშირბადის რაოდენობას სისხლში, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ფილტვებისა და გულის მუშაობაზე.

მაშ, მთავარია, ბავშვს ავათვისებინოთ ფიზიკური ვარჯიშებისას სწორად სუნთქვა. საამისოდ საჭიროა, რომ:

Øსუნთქვის რიტმი შეესაბამებოდეს მოძრაობათა რიტმს;
Øშესუნთქვა ემთხვეოდეს იმ მოძრაობებს, რომელთა დროსაც გულმკერდი ფართოვდება, ხოლო ამოსუნთქვა – იმას, რომელთა დროსაც იგი ვიწროვდება; 
Øთუ ბავშვს სუნთქვა შეეკრა, იმისათვის, რომ აღიდგინოს იგი, ორ-სამჯერ ღრმად უნდა ამოისუნთქოს;
Øფიზიკური დატვირთვის შემდეგ ბავშვი მაშინვე არ უნდა წამოვაწვინოთ, არც დავსვათ, არც შხაპი მივაღებინოთ. ეს ყველაფერი მან მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გააკეთოს, როდესაც დარღვეული სუნთქვა ნორმალურს მიუახ­ლოვდება. 

როგორ უზრუნველვყოთ ბავშვთა მოძრაობითი აქტივობა
მოძრაობითი აქტივობა ოჯახში შემდეგ კომპონენტებს მოიცავს: დილის ვარჯიშს; მოძრავ თამაშო­ბებს (სკოლის შემდეგ, დასვენებისას); ფიზკულტურულ პაუზებს (საშინაო დავალე­ბების შესრულებისას); ისეთ საოჯახო შრომით საქმიანობაში მონაწილეობას, რომე­ლიც გარკვეულ კუნთურ დაძაბულობას საჭიროებს; სპორტულ თამაშობებს (შინ, ეზოში ან საამისოდ გამოყოფილ მოედანზე); სეირნობებს, ლაშქრობებს. მოძრაო­ბითი აქტივობის უზრუნველყოფა სკოლამდელი ასაკიდანვეა საჭირო. უნდა გავი­თვალისწინოთ, რომ სკოლაში სისტემატური სწავლების დაწყების შემდეგ იგი შესამჩნევად მცირდება. ჯანმრთელობის დაცვის მუშაკები, ექიმები მიიჩნევენ, რომ აქტიურობისა თუ ცხოვრებისეული ტონუსის შესანარჩუნებლად უმცროსკლა­სელმა დღეში არანაკლებ 5 კმ-ისა უნდა იაროს, ირბინოს (იგულისხმება განსაკუთ­რებული ძალისხმევის გარეშე), ისეირნოს.

მოძრაობითი აქტივობა შეიძლება დაიწყოს ყოველდღიური დილის ვარჯიშით. მისი ძირითადი დანიშნულებაა ზოგადგანმავითარებელ ვარჯიშობათა შესრულება საგნებით (ბურთით, სავარჯიშო ჯოხებით, რგოლებით, ლენტებით) ან საგნების გარეშე. მისი ხანგრძლივობა უმცროსკლასელისათვის, ჩვეულებრივ, 8-10 წუთით განისაზღვრება. თუ ამინდი (და სხვა პირობები) შესაძლებლობას იძლევა, უპრიანია იგი სუფთა ჰაერზე – აივანზე ან ეზოში ჩავატაროთ.

საოჯახო დილის ვარჯიშის კომპლექსის შედგენისას უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. 9-10 წლის ბავშვისათვის შედარებით მრავალფეროვანი და გართულებული ვარჯიშობანი უნდა შეირჩეს. იგულისხმება სიმარჯვის, სიმარდის, მოხერხებულობის, რეაქციის სისწრაფის განმავითარებელი ვარჯიშები, აქვე შეიძლება ზოგი სახის ძალოსნური ვარჯიშის ჩართვაც (განსაკუთრებით ბიჭუნებისათვის). 

დილის სატანვარჯიშო კომპლექსში ისეთი ვარჯიშობანი უნდა შევიტანოთ, რომ მათ შესრულებაში მონაწილეობდეს მკლავების, მხრის სარტყლის, ფეხების, ზურგის კუნთების სხვადასხვა ჯგუფები. მიზანშეწონილია, იგი ტარდებოდეს, დაახლოებით ასეთი თანამიმდევრობით: დაჭიმვა, ხელებისა და მხრების სარტყლის ვარჯიში, ტორსის კუნთების გასამაგრებელი და სწორი აღნაგობის (ე.წ. ”კუნთური კორსეტის”) შესანარჩუნებელი ვარჯიშები, ვარჯიშები ფეხებისათვის; წახტომები,  რბენა ადგილზე, სიარული, სუნთქ­ვითი ვარჯიშები.

არსებობს რამდენიმე მარტივი წესი, რომელთაც დილის ტანვარჯიში უნდა ”ექვემდებარებოდეს”, სხვაგვარად იგი სასარგებლო კი არა, შეიძლება ზიანის მომტანიც კი აღმოჩნდეს. მთავარი წესია გეგმაზომიერი დატვირთვა (რაც არ უნდა უბრალო და მარტივი გვეჩვენებოდეს ის, მრავალჯერადი განმეორებისას ბავშვისათვის შესაძლოა რთული გამოდგეს). სპეციალისტები გვირჩევენ, რომ მოთელვის ყოველგვარი მოძრაობა 4-6-ჯერზე მეტად არ გავიმეოროთ, ამასთან, ყოველი ილეთის შემდეგ აუცილებლად უნდა გაკეთდეს პაუზა. ასევე მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ამ ასაკის ბავშვები ძალიან სწრაფად და იოლად კარგავენ ინტერესს ნებისმიერი მეცადინეობისადმი, თუ იგი მონოტონურად და ერთფეროვ­ნად ტარდება.

უმცროსკლასელის დილის ტანვარჯიშის კომპლექსი შედგება 8-10 სავარჯიშოსაგან, რომლებიც გამიზნულია კუნთების თითოეული ჯგუფის (კისრის, მკლავების, ფეხების, ტანის) მოთელვისა და ვარჯიშისათვის. ამასთან, მათი ხანგრძლივობა შეიძლება დაახლოებით 15 წუთით განვსაზღვროთ (შეიძლება ოდნავ წავუმატოთ ან მოვაკლოთ, გააჩნია ბავშვის ასაკს და კუნთების განვითარების დონეს).

დილის ტანვარჯიშის ჩატარებისას აუცილებელია, ყურადღებით ვიყოთ ბავშვის გუნება-განწყობის მიმართ. თუ დილაობით ვარჯიშებს იგი ძალდაუტანებლად, ხალისით ასრულებს და ფხიზლად, მხნედ გამოიყურება, ავარჯიშეთ, მაგრამ თუ გამოფხიზლება უჭირს და ვარჯიშის დაწყება ეძნელება, შეამცირეთ დატვირთვა, ან სულაც საღამოსთვის გადადეთ იგი.
ფიზკულტურული პაუზა ოჯახში
საშინაო დავალებათა შესრულების პროცესში მიზანშეწონილია, უზრუნველვყოთ თუნდაც მცირე ფიზკულტურული აქტივობა (ფიზკულტურული წუთშესვე­ნების სახით). შეიძლება მოხერხდეს რამდენიმე უბრალო ვარჯიში – მკლავების, ტანის, ფეხების კუნთებისათვის. ეს დაგვეხმარება, მოვხსნათ იმ ცალკეული კუნთების დაძაბულობა, რომლებიც მასში მონაწილეობენ, ასევე ავამოქმედოთ მოდუნებული კუნთები. ასეთი ფიზიკური აქტივობის გამოწვევა-გამოვლენის ოპტიმალური ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, 2-3 წუთია. იმისათვის, რომ ამ დროს ბავშვმა გარკვეული ემოციური კომფორტიც განიცადოს, სრულიად შესაძლებელია, ეს თამაშის ფორმითაც გაკეთდეს.
ასწავლეთ ბავშვს, თავადაც მოიხსნას დაღლილობა
უმცროსკლასელს ჯერ არ შეუძლია, ისე მოიწყოს თავისი ცხოვრება და საქმიანობა, რომ სხვისი რჩევა-შეხსენება-კარნახის გარეშე მოიხსნას მთელი დღის მანძილზე დაგროვილი დაღლილობა. უფროს ადამიანს კი ხელეწიფება, აკონტროლოს სიტუაცია – ცვალოს ბავშვის საქმიანობა (”გაკვეთილები უკვე მოამზადე? წამო, გავისერნოთ!” ”ამ ტელეგადაცემას ხომ უყურე, მოდი, ახლა პურზე გამეგზავნე მაღაზიაში!”). ეს ასეა, მაგრამ როგორ შევაძლებინოთ ბავშვს, თვითონვე ”გაუმკლავდეს” დაღლილობას?

საამისო ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა, გავათავისებინოთ სპეციალურად შერჩეული ფიზიკური სავარჯიშოები, რაც უდავოდ დაეხმარება, დამოუკიდებლად გათავისუფლდეს დაღლილობისაგან. გთავაზობთ რამდენიმე ასეთ სავარჯიშოს.

ვარჯიში 1. ბავშვი თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ გამართულ, სწორ პოზაში ყოფნას. ამისათვის მან უნდა გაიხადოს ფეხსაცმელი და ფეხები ისე მიადგას ერთმანეთს, რომ ფეხის ცერები და ქუსლები მიტყუპებული ჰქონდეს. ამასთან, მხრები უნდა გადაშალოს, ბეჭები გამართოს და წელშიც არ უნდა გაიზ­ნიქოს, ხოლო ხერხემალში, რამდენადაც ეს შესაძლებელია, გასწორდეს (გაიჭიმოს). ასე უნდა გაჩერდეს რამდენიმე წუთს, შემდეგ, ისე, რომ მდგომარეობა არ შეიცვა­ლოს, თავი უნდა დახაროს, მერე დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას და გაიმეოროს ეს ვარჯიში რამდენჯერმე.

ვარჯიში 2. პირველ ვარჯიშს ემატება ხელების მოძრაობა. ამ დროს, შესუნთქვასთან ერთად, ხელები სხვადასხვა მხარეს, ნელ-ნელა, გამართულად, ხელისგუ­ლებით ზევით იწევა მაღლა. შესუნთქვა-ამოსუნთქვას შორის კეთდება მცირე პაუზა, რომელიც ვარჯიშთან შეგუების კვალობაზე ასევე ნელ-ნელა მატულობს. ხელების დაბლა დაშვებისას ისინი ნელი მოძრაობით უნდა ამოვაბრუნოთ ისე, რომ ხელისგულები ტანის მხარეს გვქონდეს. ამოსუნთქვის შემდეგ ისევ დგება პაუზის დრო, რასაც მოსდევს მხრების მოშვება და მოდუნება. ბავშვს ყურადღება გაამახვილე­ბი­ნეთ იმაზე, რომ ვარჯიშის შესრულებისას ხერხემალში არ მოიხაროს, ისევ სწორად (ვერტიკალურად) ეჭიროს იგი. ტანის სიმძიმე ტერფებზე თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს, ყველა მოძრაობა დაყოვნებულად და მდორედ უნდა მიმდინა­რეობდეს. ასე ბავშვი თანდათანობით შეიგრძნობს თავის ტანს, სხეულს.

ვარჯიში 3. ბავშვი იკავებს საწყის მდგომარეობას (როგორც პირველ სავარჯიშოში). შემდეგ ნელ-ნელა უნდა აიწიოს ფეხის წვერებზე, ტანის სიმძიმე გადაიტანოს ტერფების წინა ნაწილზე, ანუ ”გაათავისუფლოს” ქუსლები, შემდეგ ასევე ”გაათა­ვისუფლოს” ფეხის თითები, სიმძიმე გადაიტანოს ქუსლებზე. ფეხის წვერებზე აწევისას ჰაერი უნდა შეისუნთქოს, მერე სუნთქვა შეაყოვნოს, ბოლოს კი ამოსუნთ­ქვასთან ერთად ისევ ჩვეულებრივ დადგეს ტერფებზე (მთლიანად).

ვარჯიში 4. ამ ვარჯიშს პირობითად ”ყანჩას” უწოდებენ, ვინაიდან მისი შესრუ­ლებისას ბავშვს ცალ ფეხზე დადგომა მოუწევს. ამ დროს მეორე ფეხი უნდა მოხა­როს, მოავლოს ხელი წვივს (კოჭთან) და ფეხისგული მიაბჯინოს მეორე ფეხის ბარძაყის შიდა მხარეს. დასაწყისში წონასწორობის დასაცავად დასაშვებია თავის შეკავება თავისუფალი ხელით. შეუძლია იგი ჩასჭიდოს რაიმე საყრდენს – მაგი­დას, სკამს, ანდა სულაც მიეყრდნოს კედელს, მაგრამ შემდეგ ეს აღარ უნდა გამოიყენოს, ვარჯიში უნდა შეასრულოს დამატებითი საყრდენის გარეშე. ასე კუნთები თანდათანობით გაუმაგრდება და საყრდენები აღარ დასჭირდება. პოზის დაფიქსირების შემდეგ მოხრილი ფეხის მუხლი ისევ ნელ-ნელა და ფრთხილად უნდა გასწიოს განზე, მერე კი გაშალოს, მოადუნოს და ძირს დაუშვას. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს საგრძნობლად აწყნარებს ბავშვს, სუნთქვა თანაბარი და მშვიდი ხდება. ამ ვარჯიშს 0,5-1 წუთი ეთმობა, ჩვევის გამომუშავების შემდეგ კი მისი ხანგრძლივობა შეგვიძლია გავზარდოთ.

სწავლის თავისუფლებისათვის

0
რამდენად ეფექტურია მონადირე-შემგროვებელ ხალხთა განათლების წესები?
თარიღი: 2013 წლის 18 ივნისი
წყარო:https://www.thisviewoflife.com/
ავტორი: გაბრიელა პრინჩიპე 
თუ თქვენ 30 წელს ხართ გადაცილებული, ალბათ ფიქრობთ, რომ ბავშვობა ცხოვრების საუკეთესო ხანა იყო, სიყმაწვილე კი გაცილებით სჯობია თქვენს დღევანდელ ასაკს. ვინ იცის, თქვენში ნელ-ნელა იკიდებს ფეხს საბავშვო თამაშების ნოსტალგია – თამაშებისა, რომლებსაც არ სჭირდებოდა ჯოისტიკი და სათამაშო კონსოლები, უბრალოდ ბურთით თამაშისა (მწვრთნელების გარეშე) მეზობლებთან, მეგობრებთან ერთად, ბავშვური მოგზაურობებისა და თავგადასავლებისა (ზედამხედველობის გარეშე), მეგობრებთან საუბრისა საერთო მოგონებების შესახებ (სოციალურ ქსელებში ამ მოგონებების გაუზიარებლად). ბატონი პიტერ გრეი, ბოსტონის კოლეჯის ფსიქოლოგიის პროფესორი, თავის ახალ წიგნში „სწავლის თავისუფლებისათვის” („Free to Learn”) ასევე მიიჩნევს, რომ ბავშვობა იმ ძველ, კეთილ დროს, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, უკეთესი გახლდათ. იმ ძალიან ძველ დროს, როდესაც ჩვენ, ადამიანები, ჯერ კიდევ მონადირეთა და შემგროვებელთა საზოგადოებას წარმოვადგენდით. ფაქტობრივად, პროფესორი გრეი ფიქრობს, რომ ჩვენ ვალდებული ვართ, მივაბრუნოთ ბავშვობა ფესვებისკენ და შევქმნათ ახალი სასწავლო გარემო, რომელიც დაეფუძნება მონადირე-შემგროვებელთა ძირეულ სოციალურ ღირებულებებს: ავტონომიას, გაყოფა-გაზიარებას და თანასწორობას.
დღევანდელ საგანმანათლებლო სისტემას კრიტიკა არ აკლია, მაგრამ უცნაურია, რატომ გვთავაზობს ფსიქოლოგი პლეისტოცენის ხანის პრინციპებთან დაბრუნებას. როგორც პროფესორი გრეი განმარტავს, ჩვენ, ადამიანებს, ჩვენი არსებობის უდიდესი ნაწილი მონადირე-შემგროვებელთა მომთაბარე ჯგუფებად გვაქვს გატარებული. იმ დროს მომთაბარეთა ბავშვები დროის უმეტეს ნაწილს დამოუკიდებლად თამაშში ატარებდნენ. სწავლა მიმდინარეობდა „რეალურ დროში” უფრო გამოცდილ უფროს ბავშვებთან ერთად, გადარჩენისთვის აუცილებელი ამოცანების გადაჭრისას. მხოლოდ ბოლო რამდენიმე ასწლეულია, რაც კაცობრიობამ მეტ-ნაკლებად ყველასთვის შექმნა განათლების ფორმალიზირებული სისტემა, რომელიც ბავშვებისთვის სავალდებულო გახდა. ეს პერიოდი გახლავთ კაცობრიობის მიერ დედამიწაზე გატარებული დროის დაახლოებით 0,1 პროცენტი.
თუ ბავშვობას ამ ევოლუციური ლინზით შევხედავთ, ნათელი გახდება, რომ ფორმალური განათლება და იმ უნარების უმეტესობა, რომლებსაც ბავშვები დღევანდელ სკოლებში ითვისებენ: კითხვა, წერა, თანამედროვე მათემატიკის კურსი, – ახალია კაცობრიობის ისტორიაში. სასკოლო სისტემის ევოლუციური სიახლე, გრეის აზრით, ნიშნავს იმას, რომ წინასწარ განსაზღვრული სასწავლო პროგრამა, მექანიკური დაზეპირება და სტანდარტიზებული შეფასების მექანიზმი ვერ უვითარებს ბავშვებს ბუნებრივად თანდაყოლილ სოციალურ და შემეცნებით მექანიზმებს. მეტიც – შემოთავაზებული სისტემა არატიპურია ჩვენი ბიოლოგიური სახეობისთვის და კონტრრევოლუციურია იმ სასწავლო გამოცდილებისთვის, რომელიც ტიპობრივი იყო ჩვენი სახეობისთვის ისტორიის განმავლობაში. თუ ჩავთვლით, რომ სკოლა ბავშვებისთვის ატიპურ გარემოს წარმოადგენს, აღარც ის გაგვაკვირვებს, რომ ბავშვების დიდი ნაწილი ვერ ეჩვევა საკლასო ოთახის გარემოს.
მოსაზრებები ფორმალური განათლების არაბუნებრიობის შესახებ გამოთქმულია სხვა ავტორთა წიგნებშიც. დეივიდ ბიორკლუნდი (David Bjorklund) თავის წიგნში „ადამიანური განვითარების უმწიფრობა” აღნიშნავს, რომ ბავშვობა ადამიანის განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია თავისი უნიკალური დანიშნულებით, რომელიც განსხვავდება ზრდასრულობის ეტაპისგან. ბოირკლუნდი ამბობს, რომ ბავშვობა ადამიანში ზრდისა და სამყაროს აღმოჩენის დროა, რომელიც არ უნდა დააჩქარო. თავის მხრივ, პროფესორი გრეი უფრო რადიკალურ პოზიციას იკავებს და ხაზს უსვამს განათლების დღევანდელი სისტემის უზნეო დამოკიდებულებას აღზრდისა და განვითარების პროცესისადმი. გრეის არგუმენტით, სკოლებში „დაძალებული” განათლება ამორალური ჩარევაა ბავშვის პერსონალურ თავისუფლებაში. გრეის აზრით, ბავშვების ასეთი „კარცერიზაცია” დემოკრატიული საზოგადოების ფასეულობათა წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. ეს წააგავს იმას, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ვინმე აიძულო, აკეთოს ის, რაც არ სურს ან დააქორწინო ვინმეზე მისი სურვილის გაუთვალისწინებლად. გრეი მიიჩნევს, რომ ბავშვების სკოლაში იძულებით ტარება შეცდომაა.
გრეის სიტყვები სისტემის არაეთიკურობის შესახებ ბევრს სახტად ტოვებს. მრავალი კომენტატორი თუ მკითხველი ფიქრობს, რომ მაშინ ასევე ამორალურია ბავშვებისთვის ბალანსირებული საკვების მიცემა, მათი ადრე დაძინება, უსაფრთხოების ქამარი მანქანის უკანა სავარძელზე, ფთორის შემცველი კბილის პასტა, ველოსიპედის მუზარადი, გეგმური ვაქცინაცია და სხვა, თუ ეს ბავშვებს არ სურთ. მშობლები ზემოთ ჩამოთვლილ წესებს იმიტომ იცავენ, რომ სამეცნიერო კვლევები ადასტურებს: ეს ყველაფერი სასარგებლოა ბავშვებისთვის. თუმცა მოსალოდნელია, მშობლების უმეტესობამ თავი ანებოს მათ დაცვას, თუ მეცნიერება სხვაგვარად განსჯის. არის, რა თქმა უნდა, ცალკეული შემთხვევები, როდესაც ვაქცინაცია, სკოლაში სიარული თუ მანქანის უსაფრთხოების ღვედი ბავშვს ვნებს. ყოველთვის არსებობს სივრცე იმისთვის, რომ ვაქცინები უფრო ეფექტური ან ნაკლებად მავნე გახადო, სკოლები გააუმჯობესო და ახალი კონსტრუქციის უსაფრთხო ღვედი მოიგონო.
პროფესორ გრეის მოწოდება „დაძალებული” განათლების შესახებ სკოლას ციხის მსგავს ინსტიტუტად წარმოაჩენს. „ყველამ, ვინც ოდესმე ყოფილა სკოლაში, იცის, რომ სკოლა ციხეა”, – ამბობს ერთ-ერთ სტატიაში პროფესორი. როდესაც მისი ეს წინადადება ჩემს 9 წლის შვილს წავუკითხე, მან თავი გააქნია და მითხრა: „არამც და არამც! ციხეში ვერაფერს სწავლობ”. ამიტომაც გადავწყვიტე, გრეის განცხადება ჩემი შვილებისა და მათი მეგობრების არაშემთხვევითი შერჩევის მაგალითზე შემემოწმებინა. აღმოჩნდა, რომ ამ ჯგუფიდან არც ერთი ბავშვი სკოლას ციხედ არ აღიქვამდა. ბევრმა იწუწუნა საშინაო დავალებებზე, სამუშაო რვეულებზე, სტანდარტიზებულ გამოცდებზე, მასწავლებელთა მოკრძალებულ განსწავლულობაზე და ალგებრის უმნიშვნელო როლზე მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ, ამასთან ერთად, მე ბავშვებისგან მოვისმინე ამბები ფიზიკის გაკვეთილზე ჩატარებული ექსპერიმენტების, ბიოლოგიის შესწავლისას გაშენებულ ბოსტანზე, სამოგზაურო ბროშურებსა და ბერძნული მითების თეტრალიზებულ დადგმებზე, თიხის ქოთნების კეთებასა და სპილენძის გრავირებაზე, ლექსებსა და თხზულებებზე ენის კურსში, ცელქობაზე შესვენებისას და მეგობრობაზე სპორტულ გუნდებში. ამ ბავშვების დიდი ნაწილი სკოლაში მიცემულ ბევრ დავალებას მოსაწყენად და მძიმედ მიიჩნევდა. მათ დამარწმუნეს, რომ ზოგიერთ საგანს საერთოდ არ შეისწავლიდნენ, სავალდებულო რომ არ ყოფილიყო. მაგრამ არც ერთს არ უთქვამს, რომ სკოლა ციხეს ჰგავს და სკოლის ავტობუსში ასვლა იძულებაა.
პროფესორი გრეი კი მიიჩნევს, რომ სკოლა მოსაწყენია და ამიტომ არის, რომ ბავშვებს გული უცრუვდებათ მასზე. „ბავშვებს სკოლა არ უყვართ იმიტომ, რომ, ნებისმიერი ადამიანივით, მათაც თავისუფლების მოთხოვნილება აქვთ. სკოლაში კი ისინი თავისუფლები არ არიან”. მართალია, ბევრ ბავშვს ბევრი რამ არ მოსწონს სკოლაში, ბევრსაც არ უყვარს იგი; ისიც შესაძლოა, ბავშვებს არ მოსწონდეთ, თავისუფლებას რომ უზღუდავენ, მაგრამ რეალური მიზეზები, რომელთა გამო სკოლისადმი ბავშვების დამოკიდებულება ნეგატიურია, გრეის ვერ მოჰყავს. ბავშვების მიერ სკოლის არმოწონებას ალბათ მრავალი მიზეზი აქვს, სხვადასხვა ბავშვს კი, თავისი გამოცდილების კვალობაზე, სხვადასხვა რამის გამო არ მოსწონს სკოლა. ვფიქრობ, სკოლაში თავისუფლების დეფიციტი მომდინარეობს იქიდან, რას და როგორ ასწავლიან ბავშვებს. ამერიკული საგანმანათლებლო კანონებისა და მათგან მომდინარე აქტების გამო, სახელმწიფოს მიერ თავს მოხვეული სასკოლო კურიკულუმის გამო საუკეთესო, მზრუნველი და ნიჭით დაჯილდოებული მასწავლებლებიც კი ვერ აკეთებენ თავიანთ საქმეს.
გაცილებით მწვავეა გრეის წიგნში განხილული კიდევ ერთი საკითხი: არის თუ არა თანამედროვე ამერიკული ოჯახი დემოკრატიული? თუ ის დემოკრატიულია, მაშინ მხოლოდ კენჭისყრით დაგროვილი ხმათა უმრავლესობა უნდა აიძულებდეს ბავშვებს სკოლაში სიარულს. ეჭვი მაქვს, წარსულის გახსენებისას არც ისე ბევრი ამერიკელი მოზრდილი უწოდებს თავის ოჯახს დემოკრატიულს. ამერიკული ოჯახების უმეტესობა მონარქიის პრინციპებით მოქმედებს. ამ წესის ზნეობრიობა შესაძლოა კამათის საგანი გახდეს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ამერიკელი მშობლების უმრავლესობა წინააღმდეგი იქნება, დათმოს საოჯახო იერარქიის მწვერვალი. სხვაგვარად შესაძლოა სადილად მივიღოთ შოკოლადის ნამცხვარი, დიდ ოთახში – გასაბერი ციხესიმაგრე სახტუნაოდ, ხოლო უკანა ეზოში – საყვარელი პონის ოჯახი. გრეი ამბობს, რომ ჩვენ ჩვენს ოჯახებს არადემოკრატიულად ვმართავთ, რადგან დავკარგეთ ბავშვების ნდობა, რომელიც არსებობდა მონადირე-შემგროვებელთა საზოგადოებაში – იქ, სადაც ბავშვები თამაშობდნენ წვეტიანი და ბასრი საგნებით, დაძრწოდნენ, სადაც სურდათ და იძინებდნენ, როდესაც ეძინებოდათ. მაგრამ მონადირე-შემგროვებელთა საზოგადოება იმდენად განსხვავდება დღევანდელისგან, რომ ბევრმა შესაძლოა გრეის მიამიტი უწოდოს, რადგან მიაჩნია, რომ ნამდვილი დემოკრატია მის ყველა მკითხველს გულს უხარებს.
გრეი ამბობს, რომ ჩვენ ბავშვების თავისუფლებას ვზღუდავთ, რადგან მათ – თუმცაღა უსამართლოდ – უმწიფარ და მარტივ არსებებად მივიჩნევთ. ეს ცოტა უცნაური არგუმენტია ევოლუციური განვითარების შემსწავლელი ფსიქოლოგისთვის. ევოლუციური განვითარების თეორიის ჩარჩოში ბავშვი განიხილება როგორც მოზრდილისგან ფუნდამენტურად განსხვავებული  და მისი უმწიფარი ქცევა ითვლება არა სისუსტედ, რომელიც უნდა გადაილახოს, არამედ ევულუციურ ადაპტაციად, რომელიც აუცილებელია ტიპობრივი განვითარებისთვის. მაგალითად, პატარა ბავშვების ეგოცენტრიზმი აუმჯობესებს მეხსიერებას და სწავლის უნარს. მათი მიდრეკილება, არ დაუკავშირონ სხვების საქციელი თავისას, იწვევს უკეთესად ინტეგრირებულ და ადვილად „გამოსაძახებელ” მოგონებებს. სუსტი მეტაკოგნიტიური უნარები (თვითშემეცნების უნარები) პატარებს საშუალებას აძლევს, გაზვიადებით შეაფასონ თავიანთი ტალანტები და, ამავე დროს, იკისრონ უფრო ძნელი ამოცანების შესრულება, ვიდრე თავიანთი განვითარება აძლევთ საშუალებას. ეს არ მოხდებოდა, ამ ასაკის ბავშვებს თავიანთი შესაძლებლობების სწორად შეფასება რომ შესძლებოდათ. აქედან გამომდინარე, ბავშვების უმწიფრობა ევოლუციური განვითარების მექანიზმია და არა სოციალური კონსტრუქცია, რომელსაც, გრეის აზრით, თანამედროვე დასავლური კულტურა იწვევს.
სინამდვილეში სწორედ ბავშვთა უმწიფრობა აძლევს საფუძველს გრეის წიგნის ზოგიერთ მკითხველს, თქვას, რომ ბავშვები ჯერ არ არიან მზად, სრულყოფილი მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ პროცესებში. მართლაც, ყველაზე ძლიერნი და დემოკრატიულნი ის ქვეყნები არიან, რომელთა მოქალაქეები ყველაზე უკეთ არიან ინფორმირებულნი. ეს მათ საღი შეფასებისა და არგუმენტირებული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას აძლევთ. კითხვები ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: 
* როგორ შედეგს მიიღებენ მშობლები და განმანათლებლები, თუ ისინი უკეთესად მოამზადებენ ბავშვებს მათი გვიანი ბავშვობის პერიოდში დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობისათვის? 
* უმჯობესია თუ არა ამ პროცესებში ბავშვების ჩართვა ადრეული ბავშვობიდან, როდესაც მათ ჯერ კიდევ არ გააჩნიათ საკმარისი ინფორმაცია და ფსიქოლოგიური განვითარება სწორი, დამოუკიდებელი შეფასებებისთვის, პირადი მოთხოვნებისა და უფრო ფართო საზოგადოებრივი ინტერესების ასაწონ-დასაწონად?
თავისი მოსაზრების დასაცავად პროფესორი გრეი იმოწმებს სადბერის ველის სკოლას, რომელსაც „ნამდვილ დემოკრატიულ სკოლად” მოიხსენიებს და რომელიც მას მონადირე-შემგროვებელთა განათლების პრინციპებისკენ დაბრუნების მაგალითად მიაჩნია. სადბერის ველის სკოლაში ბავშვების განათლების პროცესი თავად ბავშვების ხელშია. მოსწავლეები ამ სკოლაში თვითონვე გეგმავენ თავიან დღეს. ისინი საკლასო ოთახებში არ არიან დანაწილებულნი. იქ არც კლასებია. მოწაფეები თავისუფლად გადაადგილდებიან სასკოლო კამპუსში, უფლება აქვთ, იურთიერთონ, ვისთანაც სურთ და თავიანთი შეხედულებისამებრ გამოიყენონ სკოლის უხვი რესურსები. სადბერიში არც სასწავლო პროგრამაა, არც ნიშნები და არც გამოცდები.
ამ სკოლაში საგნების მიხედვით სწავლება მიმდინარეობს მხოლოდ მაშინ, როდესაც ვინმეს ამის ინტერესი გაუჩნდება, მაგრამ გაკვეთილზე დასწრება არავის მოეთხოვება. სწავლება მთავრდება, როდესაც ამ საგნისადმი ინტერესი ქრება. მოსწავლეებსა და სკოლის პერსონალს სასკოლო წესების ჩამოყალიბების დროს თანაბარი უფლებები აქვთ მინიჭებული. მოზრდილები, რომელთა ხელახალი დანიშვნა სკოლის კონგრესზე, ხმათა უმრავლესობით წყდება, მასწავლებლებად არ განიხილებიან. მათ უფრო დამხმარე სასკოლო პერსონალად მოიაზრებენ, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის ფუნქციობას და რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლეებს ეხმარება.
სადბერის სკოლის დიპლომის მისაღებად მოსწავლემ უნდა დაწეროს და დაიცვას თხზულება, რომელშიც იგი აღწერს, როგორ მოემზადა წარმატებული სრულწლოვანი ადამიანის ცხოვრებისთვის. გრეი აღნიშნავს, რომ სადბერის სკოლის მოსწავლეთა ნახევარზე მეტს სერიოზული პრობლემები ჰქონდა ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში, მაგრამ თითქმის ყველა კურსდამთავრებულმა ნორმალური ცხოვრება მოიწყო, მიაღწია წარმატებას და სადბერის სკოლას დადებითად იხსენებს.
უდავოა, ზემოთ აღწერილი სკოლის მაგალითი მართლაც დამაჯერებელია; იგი იმსახურებს, ამ ექსპერიმენტის შესწავლა გაგრძელდეს, თუმცა სათანადო კვლევის გარეშე შეუძლებელია იმის დადგენა, რამდენად ეფექტურია სადბერის ველის სკოლის მოდელი. ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი კვლევა, რომელიც შეაფასებს შედეგებს; კვლევა, რომელიც უფრო ღრმად შეისწავლის სადბერული ტიპის განათლებისა და სწავლის ერთმანეთთან კავშირს, გამოიკვლევს ამ ტიპის განათლებისა და სწავლების მექანიზმებს. ასეთი მიდგომის გარეშე შეუძლებელია ითქვას, პლაცებოს ეფექტთან ხომ არ გვაქვს საქმე.
ნებისმიერ მოსწავლეს, რომელიც მზადაა, გადაიხადოს სწავლაში საკმაოდ ძვირი და მრავალი წელი ერთსა და იმავე სკოლაში გაატაროს, სურს იფიქროს, რომ მის მიერ მიღებული განათლება ყველაზე კარგია. შესაძლოა, გრეის წიგნის მთავარი ღირსება ის იყოს, რომ მან მკითხველს შესთავაზა განათლების ალტერნატიული ბილიკი, განსაკუთრებით – იმ მოსწავლეებისთვის, რომელთათვისაც ტრადიციული სასკოლო განათლების გზა უეფექტო აღმოჩნდა. უფრო მეტიც – შესაძლოა, სადბერის სკოლის გამოცდილება წარმოაჩენდეს სწავლების მრავალ ასპექტს, რომლებიც ტრადიციულ სკოლებსაც წაადგებოდა. მაგრამ ისევ აღვნიშნავთ, რომ ეს ყველაფერი სამომავლო ემპირიული კვლევის საგანია.
მიუხედავად მოწოდებებისა, სადბერის სკოლის მოდელი კარგად შეისწავლონ, გრეი ამბობს, რომ სკოლაში უნდა იყოს ნაკლები პირდაპირი ინსტრუქცია, ნაკლები ზეპირობა თუ შემოწმება და მეტი თამაში, რის თაობაზეც უზარმაზარი ლიტერატურა არსებობს, რომელიც ამტკიცებს, რომ თავისუფალი თამაში აუცილებელია ბავშვის კოგნიტიური, სოციალური და ემოციური განვითარებისთვის. თამაში აძლევს ბავშვებს მოტივაციას კულტურული უნარების, რთული პრობლემების გადაწყვეტის, აღმოჩენებისა და პრაქტიკული საქმიანობის უნარების განვითარებისთვის. 
გრეის არგუმენტები ასევე შეესაბამება უამრავ კვლევას, რომლებიც ადასტურებს, რომ სწავლებისა და შეფასების დღევანდელი სტანდარტიზებული, შედეგებზე ფოკუსირებული სისტემა არ არის მიმართული ბავშვისთვის ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის, ახლის შესწავლის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენ. კალიის ცხოვრების ციკლის დაზეპირება, ქაღალდის დამჭერის აგებულების შესწავლა თუ ამერიკული სამოქალაქო ომის ბატალიების რუკის დახატვა, რაც მე-4 კლასის პროგრამითაა გათვალისწინებული, ვერ აკმაყოფილებს შემეცნების ბუნებრივ მოთხოვნილებას. ეს იგივეა, რომ დავიჯეროთ, თითქოს მუყაოს ჰამბურგერი შიმშილს მოგვიკლავს. მთავარი ხაზი ასე გამოიყურება: ჩვენ ვიცით, რომ ბავშვებს მოსწონთ აქტიური და ხალისიანი სასწავლო გარემო – გარემო, რომელშიც, ჩვეულებრივ, ცხოვრობდნენ ბავშვები მონადირე-შემგროვებელთა დროს.
თავის პოლიტიკურ იდეოლოგიაზე, პირად გამოცდილებასა და ემპირიულ კვლევაზე დაყრდნობით ბატონი გრეი მკითხველს გააცნობს „იძულებითი სწავლების” „შვიდ მომაკვდინებელ ცოდვას” (პიტერ გრეის ეს სტატია გამოქვეყნდა „მასწავლებელი.გე-ს” 2013 წლის 24 ივლისის გამოშვებაში, ლ.ა.), თუმცა არც ერთი ეს „ცოდვა”არ ეხმიანება თანამედროვე სასკოლო სისტემის ევოლუციური განვითარების კრიტიკულ მოსაზრებებს. თანამედროვე ბავშვები ტექნოლოგიურ უნარებს თავიანთი სურვილით, თავიანთი ინტერესებისთვის ითვისებენ და არა რეალური ცხოვრების პრობლემების გადასაჭრელად.
ისტორიულად, ბავშვები ახალ უნარებს იძენდნენ სწორედ იმ კონტექსტის შესაბამისად, რომელიც მათ სჭირდებოდათ და იმ მიზეზით, რომელიც ნათელი იყო მათთვის. მოზრდილები ბავშვებს საკვებად ვარგისი მცენარეების ამოცნობას იმისთვის როდი ასწავლიან, რომ მათ ეს ცოდნა ბიოლოგიის გაკვეთილზე წარმოაჩინონ – ეს საჭიროა უვნებელი საკვების მოსაპოვებლად.
ჩვეულებრივი ევოლუციური მოსაზრებები და არგუმენტები ფოკუსირებულია სწავლების კონტექსტუალურობაზე – სწავლება აზრიანი უნდა იყოს და, შესაბამისად, ახლის ათვისების მოტივაცია წარმოშვას. რატომ? კითხვის მოტივაციას არ განაპირობებს თავად კითხვის პროცესი – ბავშვი კითხულობს არა იმისთვის, რომ გაიგოს, როგორ ჟღერს ცალკე აღებული სიტყვები, ან როგორი თანამიმდევრობით ლაგდება ასოები ამ სიტყვაში; კითხვის მოტივაცია დაკავშირებულია სიტყვების გამოყენებასთან, ანუ მოთხრობების წაკითხვასთან, მესიჯის მიწერასთან, საგზაო ნიშნებისა თუ აბრების წაკითხვასთან… როდესაც სასწავლო პროგრამა რამის მნიშვნელობას მკაფიოდ წარმოაჩენს, გრეის არგუმენტი სწავლის „თავისუფლების” შესახებ აღარ არის პრობლემა, ვინაიდან სწავლის მოტივაცია უკვე არსებობს.
მკვლევარი კატი ჰირშ-პასეკი და მისი კოლეგები ტემპელის უნივერსიტეტიდან (პენსილვანია, აშშ), აღნიშნავენ, რომ მართული თამაშები ქმნის უფრო მრავალფეროვან სასწავლო გარემოს და უკეთეს შედეგებს იძლევა, ვიდრე თავისუფალი ან მკაცრად რეგლამენტირებული თამაშები. არსებობს მრავალი მტკიცებულება, რომ სწავლების წახალისება შესაძლებელია ბავშვებთან თანათამაშით, ღია შეკითხვების დასმით, მასალის შესწავლისა და გამოკვლევის ახალი გზების შეთავაზებით. ვფიქრობთ, ასეთი მიგნებები სერიოზულად უნდა აღიქვან პროფესორ გრეის მსგავსმა მკვლევრებმა, რომლებიც ბავშვების სწავლის პროცესის სრული გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებენ. შესაძლოა, გრეი ერთმანეთში ურევდეს სასწავლო პროგრამასა და პედაგოგიკას. პროფესორს ადარდებს „დაძალებული” სასწავლო პროგრამა, რადგან ბავშვები ბუნებამ თავისუფლად სათამაშოდ გააჩინა, თუმცა გამოკვლევები მოწმობს, რომ ძირეული აკადემიური და სოციალური უნარები ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის წარმატებისთვის. ძლიერი საბაზისო კურიკულუმი და თამაშებით გაჯერებული პედაგოგიკა ერთმანეთთან სავსებით თავსებადია. პროფესორ გრეის კვლევების შეჯერებამ ჰირშ-პასეკისა და ევოლუციური განვითარების ფსიქოლოგების ნაშრომებთან შესაძლოა სათავე დაუდოს სწავლების უფრო მისაღებ ფორმებს – ბავშვებისთვის ძლიერი სასწავლო პროგრამის მიწოდებას თამაშებით გაჯერებული, საინტერესო და პრაქტიკული მეთოდებით. 
ინგლისურიდან თარგმნა ლევან ალფაიძემ

როგორ ვასწავლოთ ამბავი, რომელიც მორალს შეიცავს?

0

„მორალი არ არის დოქტრინა, როგორ გავხდეთ ბედნიერები,მორალი არის იმისთვის, რომ გავხადოთ საკუთარი თავი ბედნიერების ღირსი”.

 

იმანუელ კანტი

როგორც ცნობილია, იგავ-არაკი პატარა ისტორიაა, რომელიც სხვა ტრადიციული ლიტერატურული ნაწარმოებებისგან იმით განსხვავდება, რომ მისი დასასრული მორალურ დასკვნას შეიცავს. ის ზნეობრივ-დამრიგებლური ხასიათის თხზულებაა და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, დაწყებით კლასებშივე განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს იგავ-არაკების სიღრმისეულ შესწავლას, მოსწავლეთა მიერ ეთიკური საკითხებისა და მორალური ღირებულებების შესახებ მსჯელობას.

იგავ-არაკების შესწავლა ხელს უწყობს:


·

წიგნიერების უნარების განვითარებას;

იგავ-არაკის სტრუქტურა, მისი მარტივი და გასაგები ენა ეფექტურ გავლენას ახდენს პატარა მკითხველებსა და “მწერლებზე”, ადვილად დასამახსოვრებელს ხდის ტექსტს და უბიძგებს მოსწავლეებს, ხალისით ჩაერთონ კითხვის პროცესში და თავადაც შექმნან მორალური ამბის შემცველი წერილობითი ნაშრომები.


·

ეთიკური და მორალური ღირებულებების განვითარებას;

ეთიკური საკითხების შესახებ დისკუსიები საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, აწონ-დაწონონ განხილვის შედეგები, გააანალიზონ, შეაფასონ და შეადარონ საკუთარ ღირებულებებს.


·

საკლასო საზოგადოების განვითარებას;

ეთიკურ საკითხებზე დიკუსიებისა და დებატების საშუალებით, მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთის მოსმენას, საკუთარი მოსაზრებების გამოხატვასა და დასაბუთებას, მსჯელობის შედეგების რეალურ ცხოვრებაში განზოგადებას. ასეთი სახის რეფლექსია მოსწავლეებს უბიძგებს, იფიქრონ მორალურ საკითხებზე და ხელს უწყობს კლასის საერთო ღირებულებების ჩამოყალიბებას.


·

მეტაფორული აზროვნების განვითარებას.

იგავ-არაკების სწავლება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, ასოციაციური კავშირების დახმარებით ახსნან და გაიგონ რთული კონცეფციები. ამ ტიპის აზროვნება ასევე ეხმარება მათ პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრასა და ახალი იდეების გენერირებაში.

სტატია განიხალავს რამდენიმე სტრატეგიას, რომლებიც ეფექტურია იგავ-არაკების შესასწავლად, 8-დან 11 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის.

სანამ უშუალოდ აღნიშნული სტრატეგიების განხილვაზე გადავიდოდეთ, მოკლედ მიმოვიხილოთ იგავ-არაკის ძირითადი ლიტერატურული ელემენტები.

იგავ-არაკის ამბავს თხრობითი სტრუქტურა აქვს, რომელიც შეიცავს შედარებით მოკლე დასაწყისს, გარემოს აღწერას, პერსონაჟებს, პრობლემას, პერსონაჟების მოქმედებას პრობლემების გადასაჭრელად და დასკვნას. არაკი უნიკალურია იმით, რომ მისი ფინალი მორალს ან ცხოვრებისეულ გაკვეთილს შეიცავს.

იგავ-არაკის დასაწყისი მოკლეა და ხშირად გამოხატულია პერსონაჟებისა და მათი მოქმედებების აღწერით. დრო და გარემო ზოგჯერ დასახელებულია, მაგრამ არ არის მნიშვნელოვანი. მაგალითად, დრო შეიძლება აღნიშნული იყოს: “ერთ დღეს” ან “ერთ ცხელ ზაფხულს”. გარემო შეიძლება აღწერილი იყოს, როგორც “სეირნობა ტყეში” და ა.შ.

იგავ-არაკის პერსონაჟები უფრო ხშირად სტერეოტიპულად წარმოდგენილი, გასულიერებული ცხოველები, მცენარეები ან საგნები არიან, მაგ., ბუ ბრძენია, ლომი – ძლიერი, კატა _ ეშმაკი.

ავტორი მოქმედების გასავითარებლად და პერსონაჟების შესაქმნელად დიალოგის ფორმას მიმართავს. მისი ოსტატობაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ამ ხერხით საშუალებას აძლევს მკითხველს, სწრაფად გაიცნოს პერსონაჟები და ადვილად მიადევნოს თვალი მოქმედების განვითარებას.

ფაბულა ძირითადად პერსონაჟებს შორის მორალთან დაკავშირებულ კონფლიქტს შეიცავს. პრობლემის გადასაჭრელად პერსონაჟების მოქმედება, ჩვეულებრივ, ერთ-ორ ეპიზოდშია გადმოცემული, იგავ-არაკის დასასრულს კი ცხოვრებისეულ გაკვეთილამდე ან მორალამდე მივყავართ.

იგავ-არაკების საკითხავად

სასურველია, იგავ-არაკების სწავლება მასწავლებელმა მოსწავლეთა გამოცდილებაზე დაყრდნობით წარმართოს. ამისათვის მან შეიძლება სთხოვოს მოსწავლეებს, რომ გაიხსენონ საკუთარი ამბავი, რომლიდანაც ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღეს, წაახალისოს ისინი, რომ გამოიტანონ დასკვნა და აღნიშნონ, თუ რა ისწავლეს ამ სიტუაციიდან, გაუზიარონ თანაკლასელებს და იმსჯელონ ერთმანეთის მონათხრობზე.

იგავ-არაკის ელემენტების უკეთ გაგებისთვის მასწავლებელმა მოსწავლეებათან ერთად უნდა შეარჩიოს ერთ-ერთი მათგანი, მაგალითად, ცნობილი მეიგავის, ეზოპეს “ლომი და თაგვი”.

დრო და გარემო

როგორც წესი, დრო იგავ-არაკებში იშვიათად არის აღნიშნული და ისიც _ მნიშვნელობის გარეშე. ჩვენ მიერ შერჩეულ იგავში – „ლომი და თაგვი” დრო ნახსენები არ არის. რაც შეეხება გარემოს, პირველი ეპიზოდი ლომის ბუნაგში ვითარდება, ხოლო მეორე _ ტყეში.

პერსონაჟების ტიპების განსაზღვრა

იგავ-არაკის პერსონაჟები, როგორც აღვნიშნეთ, სტერეოტიპულად წარმოდგენილი გასულიერებული ცხოველები, მცენარეები ან საგნები არიან. მთავარი გმირების რაოდენობა ძირითადად ერთი ან ორია.

განსახილველ იგავ-არაკში ორი მთავარი გმირია: ლომი და თაგვი. მათ თვისებებში გარკვევისთვის მასწავლებელმა შესაძლებელია იგავის შესწავლამდე მოსწავლეებს სთხოვოს, დაწერონ ლომის და თაგვის დახასიათება, ან თავად ჩამოწეროს ის თვისებები, რომლებიც ნაწარმოებში გვხვდება და მოსწავლეებს მისცეს საშუალება, მიუსადაგონ ისინი წარმოდგენილ ცხოველებს. საკითხის შესწავლის შემდეგ კი, შეკითხვების დახმარებით, მასწავლებელმა მათთან ერთად უნდა მოახდინოს ჩამოწერილი თვისებების კორექტირება. მაგალითად:


·

“ვინ არიან ამ არაკის პერსონაჟები?”


·

“აქვთ თუ არა ამ პერსონაჟებს ის თვისებები, რომლებსაც თქვენ მოელოდით?” და ა.შ.

სიუჟეტი

იგავ-არაკში “ლომი და თაგვი” ორი მოვლენა ვითარდება. პირველი, თაგვის დატყვევება და გათავისუფლებაა, ხოლო მეორე _ თაგვის მიერ ლომის გადარჩენა. ნაწარმოების დასკვნა თაგვის სიტყვაა, რომლიდანაც შეგონება გამომდინარეობს.

იმისათვის, რომ მოსწავლეებს გაუადვილდეთ იგავ-არაკში გადმოცემული

მოვლენებისთვის თვალყურის მიდევნება, შედეგის შეჯამება და მორალური დასკვნის გამოტანა, მასწავლებელმა შესაძლებელია დასვას ასეთი შეკითხვები:


·

რამდენი მოვლენაა გადმოცემული? რა მოვლენებია ესენი? შეგიძლიათ მოუძებნოთ მათ სახელწოდებები?


·

რას გვასწავლის იგავ-არაკი?


·

როგორ მივყავართ ავტორს იგავ-არაკის მორალამდე? და ა.შ.

იგავ-არაკის რუკა

იგავ-არაკის რუკა, რომელიც მის შემადგენელ ყველა ძირითად ელემენტს მოიცავს, ეფექტური საშუალებაა იმისათვის, რომ მოსწავლეები ადვილად გაერკვნენ ამ ტიპის ლიტერატურული ნაწარმოების სტრუქტურაში. ამისათვის მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა სთხოვოს, რომ შეავსონ ორსვეტიანი ცხრილი და პასუხი გასცენ მის მარცხენა გრაფაში წარმოდგენილ დამხმარე შეკითხვებსა და დავალებებს (იხ. ცხრილი 1.).

იგავ-არაკი „ლომი და თაგვი”

დამხმარე შეკითხვები

და დავალებები

პასუხები

იგავ-არაკის დასაწყისი

აღწერეთ დრო და გარემო, სადაც იგავ-არაკში გადმოცემული ამბავი ხდება.

დრო არ არის წარმოდგენილი

გარემო _ ლომის ბუნაგი, ტყე

პერსონაჟები

რა თვისებებით გამოირჩევიან იგავ-არაკის პერსონაჟები?

ლომი – ძლიერი და ძლევამოსილი

თაგვი – პატარა და სუსტი

ეპიზოდი პირველი – თაგვის დატყვევება და გათავისუფლება

რაში მდგომარეობს პრობლემა?

ლომი თაგვის შეჭმას აპირებს.

როგორ გადაიჭრა პრობლემა?

ლომმა თაგვი შეიწყალა, რადგან თაგვმა უთხრა, რომ შეიძლება ოდესმე ისიც დახმარებოდა მას.

მეორე ეპიზოდი: ლომი თაგვმა სიკვდილს გადაარჩინა

რაში მდგომარეობს პრობლემა?

ლომი მონადირის ხაფანგში გაება.

როგორ გადაიჭრა პრობლემა?

თაგვმა გაღრღნა თოკი და ლომი გაათავისუფლა.

დასკვნა, რომელსაც მორალთან მივყავართ

თაგვი ახსენებს თავის დანაპირებს ლომს, რომ ოდესმე ისიც შეძლებდა მის დახმარებას.

მორალი

პატარა მეგობარსაც შეუძლია დაამტკიცოს დიდი მეგობრობა.

ცხრილი 1.


იგავ-არაკების დამოუკიდებლად წერისთვის

მოსწავლები იგავ-არაკის სტრუქტურასა და არსს კიდევ უფრო კარგად დაინახავენ

და გაიაზრებენ, როდესაც ისინი თავად შექმნიან მას. ამისათვის, მასწავლებელმა უნდა სთხოვოს მოსწავლეებს, რომ დამოუკიდებლად მოიფიქრონ მორალი, ან აირჩიონ მის მიერ წინასწარ გამზადებული ჩამონათვალიდან. მან უნდა წაახალისოს ისინი, რომ შეავსონ არაკის რუკა (იხ. ცხრილი 2.).

ცხრილი 2.

გარდა ზემოთ აღნიშნული რუკისა, ასევე ეფექტურია, მოსწავლეებმა იგავ-არაკების შესაქმნელად შემდეგ დამხმარე შეკითხვებს გასცენ პასუხი:


·

რა მორალი გინდათ, რომ ასწავლოთ სხვებს?


·

ვინ იქნებიან თქვენი პერსონაჟები?


·

რა თვისებები ექნებათ თქვენს პერსონაჟებს?


·

რა პრობლემის გადაწყვეტა მოუწევთ თქვენს პერსონაჟებს?


·

როგორ დამთავრდება თქვენი იგავ-არაკი? და ა.შ.

სანამ მოსწავლეები საკუთარ იგავ-არაკებს საბოლოო სახეს მისცემენ, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ ამ საკითხზე, ამაში კი შემდეგი კითხვები დაეხმარებათ:


·

საიდან და რატომ აირჩიეთ ეს მორალი? რას გვასწავლის ის? როგორ ფიქრობთ, მნიშვნელოვანია ამ მორალის შესახებ მსჯელობა?


·

როგორ შეარჩიეთ პერსონაჟების თვისებები? როგორ ფიქრობთ, ეს თვისებები ამყარებს მორალს?


·

ეფექტურად იყენებთ თუ არა დიალოგს მოქმედების გასავითარებლად?


·

თქვენი იგავ-არაკის ფინალს პირდაპირ მივყავართ მორალამდე? და ა.შ.

როგორც განხილული თემიდან ჩანს, იგავ-არაკების საშუალებით მოსწავლეები სწავლობენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის პერსონიფიცირება, სტერეოტიპული პერსონაჟებისა და მათი თვისებების გააზრება, რთული ცნებების გაგება და პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტა; ივითარებენ წიგნიერებისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარებს და, რაც ყველაზე მთავარია, ითავისებენ გარკვეულ მორალურ ღირებულებულებებს.


ამბავი ალიაქოთისა, ლიმონთა სამეფოში ხახვის გამო რომ ატყდა

0
ამას წინათ საოცარი ამბავი გადამხდა თავს. იმდენად უჩვეულო, რომ არც კი ვიცი, გავიცინო (სიმწრით?) თუ მეწყინოს.

საქმე ასე იყო: ერთი კოლეგა პროფესორი მესტუმრა, მითხრა, თქვენი ვიდეოლექციები მოვისმინე და თანამშრომლობა მსურს თქვენთანო. თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზად ვარ და ვუპასუხე, გისმენთ, ბატონო-მეთქი.

დიეტის ამოცანის ამოხსნა მინდაო თქვენთან ერთად. თან ამიხსნა, რომ ამ მეთოდით კალორიებს და სასარგებლო ნივთიერებების დღიურ ნორმას ჯერ კიდევ ძველი ბერძნები ითვლიდნენ თურმე; შემდეგ, 40-იან და 60-იან წლებში, ამერიკელ მეცნიერებს გაუკეთებიათ იგივე და აგერ ახლა ჩვენც ეს გზა უნდა გაგვევლო, ოღონდ – საქართველოსა და 21-ე საუკუნის რეალობის გათვალისწინებით.

ჩამოვწერეთ პროდუქტების გრძელი სია. მე უნდა მიმეთითებინა თითოეული მათგანის შემადგენლობა, შეუცვლელი ამინმჟავებით დაწყებული, ვიტამინებითა და მინერალებით დამთავრებული, ჩემი კოლეგა კი ამ ყველაფერს უკვე მათემატიკურად დაითვლიდა.

ცოტა ვიკამათეთ კიდეც. მაგალითად, მე სიიდან ამოვიღე ჩურჩხელა, ფაფები და წვენები, მას კი ეს არ მოეწონა, მაგრამ ჩემი გავიტანე, ავუხსენი, რომ ნიგოზი, ყურძენი და ხორბალი (ფქვილი) უკვე შევიტანეთ სიაში, ძაფი კი არ იჭმებოდა; რომ ხილი გვქონდა და ცალკე წვენები საჭირო აღარ იყო და ა.შ. ისიც რამდენჯერმე შევახსენე, რომ ქიმიკოსი ვიყავი და არა ექიმი დიეტოლოგი. ვიმუშავე ბევრი (საბრალო ჩემი თვალები!) და ბოლოს კოლეგის წერილი მივიღე. მშვენივრად შეგივსიათ სიაო, ახლა უკვე ვიცი, ჩემი შვილები (მრავალშვილიანია) სწორად როგორ გამოვკვებოო. აღმოჩნდა, რომ უმცროსები მცირეწლოვნები ჰყავდა და ეს წვენები, ფაფები და ჩურჩხელა ალბათ მათთვის უნდოდა, მე კიდევ სიიდან ამოვუყარე.

მას შემდეგ მის შესახებ აღარაფერი მსმენია…

ხახვზე საგანგებოდ მთხოვა, კარგად მიმიხედეო. არ ვიცი, ეტყობა უყვარს, თუმცა ამისთვის მხოლოდ შევაქებ, რადგან ეს ბოსტნეული ჩვენს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. ვინაიდან სიის შევსება ხახვით დავიწყე, ავდგები და ჩემს შეკრებილ ინფორმაციას (ამჯერად – ხახვზე) თქვენ გაგიზიარებთ. აბა, მხოლოდ ერთი კაცის შვილები ხომ არ ისარგებლებენ?!

იყო ერთი ოჯახი, ისიც მრავალშვილიანი. მამას ჩიპოლონე ერქვა, რვა შვილი ჰყავდა: ჩიპოლინო, ჩიპოლეტო, ჩიპოლოჩა, ჩიპოლუჩა და რა ვიცი კიდევ… აღარ მახსოვს. ისე კი, მშვენიერი სახელებია ხახვებისთვის. კარგები იყვნენ, ოღონდ, ესაა, არ უმართლებდათ. რას იზამ, სადაც ხახვია, ცრემლებიც იქაა…

უფრო მეტიც – ხახვის ჭამა მდაბიოობის ნიშნად მიიჩნეოდა. მხოლოდ მდაბიო თუ შეჭამდა ხახვს და მერე მისი სურნელით ხალხში გამოვიდოდა.

ხახვის ოჯახი გარეუბანში, პატარა მიწურში ცხოვრობდა და, ბუნებრივია, ხახვის სურნელსაც აფრქვევდა. მათ ყველა ერიდებოდა. დიდგვაროვანი ლიმონები და ფორთოხლები ცხვირსაც უბზუებდნენ და წარმოიდგინეთ, რა ალიაქოთი ატყდებოდა მეფის სასახლეში, როცა ერთ დღესაც პრინცმა ლიმონმა გარეუბნის მონახულება გადაწყვიტა. 

რა უხერხულიაო, – თავს იქნევდნენ ციტრუსები, – იქაურობა ხახვის სუნითაა გაჟღენთილი და პრინცს შესაძლოა გული ცუდადაც კი გაუხდესო. მრჩეველმა ლიმონმა თქვა, ჯარისკაცები გავგზავნოთ და ყველას სუნამო აპკურონო. სუნამოს შემადგენლობა ასეთი იყო: იის ესენცია, ყვავილთა ნაკრები და ვარდის წყალი.

გეცნოთ ალბათ ჯანი როდარის კეთილი ზღაპარი ხახვისთავა ბიჭუნა ჩიპოლინოზე. ამ ზღაპარში ხახვისებრთა ოჯახის კიდევ ერთი წარმომადგენელია  – ბიძია პრასი, რომელიც პროფესორ მსხალთან მებოსტნედ მუშაობდა. ერთხელაც ჩიპოლინოს გული გადაუშალა, დიდი ულვაშების გამო საკუთარი ცოლიც კი აბუჩად მიგდებსო. სარეცხს რომ დარეცხავს, აივანზე დამსვამს, ულვაშებს გადამიგრეხს და ყველაფერს ზედ აშრობსო.

მოკლედ, ხახვის ჭამა და შემდეგ სეირნობა არ შეიძლება, მაგრამ ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია და ჩუმად, ჩვენთვის, შეგვიძლიათ მივირთვათ კიდეც.

ერთი ძველი მეგობარი მყავს. საფრანგეთში გრაფინია კაროლინ დე ლოღჟეღილის საზაფხულო სკოლაში ვიყავით ერთად. იმხანად ის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა. ვცხოვრობდით გრაფინიას ციხე-კოშკში, რომელსაც ბურბანსეები ერქვა და ღამურებით იყო სავსე. ისინი ლაღად გრძნობდნენ თავს გრძელ დერეფნებში და ჩემს აღშფოთებულ ყვირილს

არავითარ ყურადღებას არ აქცევდნენ. ერთ საღამოს ყველაზე თამამი ღამურა თმაში ჩამაფრინდა.

ზიზღისა და შიშისგან ყველაფერი გადამავიწყდა და კედელს მინარცხებული ღამურა უსულოდ დაეცა ძირს. მიშიკოს კი ღამურა სასიკვდილოდ არ გაემეტა, ცივი წყლის ჭავლს შეუშვირა და გულის მასაჟი ჩაუტარა. ღამურამ ამოისუნთქა, თვალი გაახილა და სიბნელეში გაუჩინარდა. მაშინვე ხმა გავარდა მომავალ ექიმზე, რომელმაც ღამურა “გააცოცხლა”. ულოცავდნენ, ახლა რომ ეს შეძელი, მერე რაღას იზამო. ის კი ეშმაკურად იღიმებოდა. რა თქმა უნდა, ყველამ არ იცოდა, რომ ღამურებს განსაცდელის ჟამს თავის მომკვდარუნება სჩვევიათ.

ჰოდა, სწორედ მიშიკომ გამიმხილა, როგორ ამზადებდა ბავშვობაში ხახვისგან ე.წ. ფარულ მელანს: ხახვს დანაყავთ და გაწურავთ; მიღებული უფერო სითხე უკვე მელანია. ნაწერი უნდა დააუთოოთ – მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ მის წაკითხვას. ეს ისე, მცირე გასართობი უმცროსკლასელთათვის. ცოტა მოზრდილებისთვის კი – უფრო სერიოზული დავალება: გამოყავით ხახვისგან ნუკლეინის მჟავა – დნმ.

საშუალო ზომის კანგაცლილი ხახვი პატარა ნაწილებად დაჭერით, პლასტმასის დიდ ჭიქაში მოათავსეთ და ერთი სუფრის კოვზი მარილი დაამატეთ. ეს ნარევი ფაიფურის როდინში ენერგიულად დასრისეთ. მიღებულ მასას მასზე ორჯერ მეტი მოცულობის წყალი დაასხით და 3-4 წვეთი ჭურჭლის სარეცხი სითხე შეურიეთ. კარგად აურიეთ და 10 წუთი გააჩერეთ. ყავის ფილტრი სამაგრებით ჩაამაგრეთ პლასტმასის დიდ ჭიქაში (ფილტრის ბოლო არ უნდა ეხებოდეს ჭიქის ფსკერს; ფილტრი წყლით დანამეთ). 10 წუთის შემდეგ ნარევი გადაიტანეთ ფილტრში. გაფილტრულ სითხეს დაამატეთ 2-3 წვეთი თხევადი სარეცხი საშუალება და ფრთხილად მოურიეთ. გააჩერეთ 5 წუთი. პატარა პლასტმასის ჭიქა მესამედზე შეავსეთ გაფილტრული ხსნარით და ძალიან ფრთხილად თხელ ფენად დაასხით ეთანოლი. დააკვირდით, როგორ გამოილექება ეთანოლში დნმ. მისი ნაპირები ერთმანეთს მიეკვრება და ლორწოსმაგვარი გახდება, რომლის მოცულობა ნელ-ნელა გაიზრდება. ჩხირის დახმარებით ბლანტი დნმ ფრთხილად ამოიღეთ. ჩხირი თითებს შორის დაატრიალეთ, რომ დნმ ზედ დაეხვიოს. ფრთხილად დადეთ დნმ ფილტრის ქაღალდზე, რათა ეთანოლი მოსცილდეს. მოათავსეთ პეტრის ჯამში და გააშრეთ.

რას შეიცავს ხახვი, გარდა იმ ფიტონციდებისა, რომლებიც ტკივილის გამომწვევ ბაქტერიებს ანადგურებენ?

100 გრამი ხახვის ქიმიური შემადგენლობა ასეთია: ცილა – 1,4 გ; წყალი – 86 გ; გლუკოზა – 8,2 გ; ფრუქტოზა – 0,7 გ; ვიტამინები: E – 3,2 გ; PP – 1 გ; B1-0,4 გ; B2 – 0,1გ; B6 – 0,2 გ; B9 – 23 მკგ; H – 20 მკგ; ელემენტები: Ca – 52 მგ; K – 330 მგ; Na – 20 მგ; 130-130 მგ; Co – 5 მკგ; Fe – 3,6 მგ; Cu – 450 მკგ; Zn – 4,3 მგ; S – 88 მგ; P – 430 მგ; I2-6 მკგ; F – 45 მკგ.

ახლა კი ხახვის შემადგენლობა გავაანალიზოთ. ახალგაზრდობის ვიტამინი E თვალის ბადურასაც იცავს და ერითროციტების მემბრანასაც ზეჟანგური დაჟანგვისგან. ოღონდ რაიმე ცხიმიანის მიყოლება არ დაივიწყოთ – ეს ვიტამინი ცხიმში ხსნადია და წვრილ ნაწლავში მის შესაწოვად ცხიმია საჭირო. PP ვიტამინი უძილობისგან დაგიცავთ და ნერვული სისტემის სიმშვიდეს შეგინარჩუნებთ. B ჯგუფის ვიტამინები ნერვულ სისტემასთან ერთად თქვენს ეპიდერმისს და ლორწოვან გარსსაც არგებს. რაც მთავარია, მათი უმეტესობა ნივთიერებათა ცვლაში მონაწილეობს, სწორი მეტაბოლიზმი კი ჯანმრთელობის საწინდარია. კალიუმი და ნატრიუმი მემბრანული ტრანსპორტისთვისაა საჭირო, კალციუმი – ძვლოვანი სისტემის, ფრჩხილებისა და კბილის მინანქრის სიმაგრისთვის, ოღონდ აქ მთლად ხახვის იმედად ნუ დარჩებით, რძის პროდუქტებიც მიაშველეთ. რძიდან D ვიტამინსაც მიიღებთ, ურომლისოდაც სისხლიდან ქსოვილებში კალციუმის ტრანსპორტი ვერ მოხერხდება. კობალტი კობალამინის შემადგენლობაში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წყალობით მეგალობლასტური ანემია არ დაგვემუქრება. რკინა, თავადაც იცით, ჰემოგლობინის ნაწილია. სპილენძი მიტოქონდრიებში არსებული სუნთქვითი ჯაჭვისთვისაა აუცილებელი, თუთია კი მეტალდამოკიდებული ცილებისთვის და ა.შ. 

ყველაფერი ზემოთ თქმული ნიშნავს, რომ ხახვი ძალიან სასარგებლოა. აუცილებლად უნდა მივირთვათ, ოღონდ ფრთხილად. 

კინაღამ გამომრჩა – პრინც ლიმონს, ქვეშევრდომთა ძალისხმევის მიუხედავად, ხახვის სურნელი მაინც უგრძნია და ისე აღშფოთებულა, პაწაწინა ფეხები სულ აქეთ-იქეთ უქნევია, მის გვირგვინზე დამაგრებულ ზანზალაკს კი იმდენი უწკრიალია, ყურთასმენა წაუღია. 

ახლა წარმოიდგინეთ, ხახვმირთმეულებს, სადმე ჩვენც რომ გადაგვეყაროს პრინცი ლიმონი… მერე სად მივდივართ?..

მხიარული ენათმეცნიერება(ამბავი I)

0

– ოო, მას, არ გვინდა გრამატიკა, ისევ ტომ სოიერზე ვილაპარაკოთ რაა!

– რა საჭიროა ეს ბრუნვები, სერიები და მწკრივები, როგორც ვლაპარაკობთ, ისე ვლაპარაკობთ!

– მას, ვერაფრით გავიგე, ეს ზმნა ასე რატომ უნდა დავწერო და საერთოდ, რა საჭიროა მართლწერა, პრობლემების მეტს რას აჩენს?

– გრამატიკა არა ისა!

– ოოო, ენის წიგნი სახლში დამრჩა, უფრო სწორად სახლში დავტოვე…

და ა.შ. და ა. შ.

ნაცნობობის პირველ დღეებში ასეთი წუწუნი ხშირად მესმოდა. ჩემი მოსწავლეების უკმაყოფილო გამომეტყველებამ თუ საუბარმა მიმახვედრა, რომ გრამატიკის და, საზოგადოდ, ენათმეცნიერების პრესტიჟის აღსადგენად საფუძვლიანი მუშაობა, საინტერესო და, რაც მთავარია, მხიარული იდეები დამჭირდებოდა.

როგორ გავაგებინო მათ, რომ გულივერის მოგზაურობაზე არანაკლებ საინტერესო გზა გაიარა ენამ, ვიდრე ზმნის პირებს განარჩევდა, ვიდრე რიცხვს გამოხატავდა, ვიდრე ერთი სიტყვიდან რამდენიმეს აწარმოებდა, ვიდრე ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენდა და თავის სახელს დაარქმევდა?

ჩემი ძვირფასი მასწავლებლების ლექციებიდან, ცნობილი მეცნიერების ნაშრომებიდან უამრავი მნიშვნელოვანი რამ მახსენდებოდა: რომ ენა მსოფლხედვაა, რომ ენა ყოფიერების სახლია, რომ ყველანი ჩვენი ენის მიერ დადგენილი წესებით ვცხოვრობთ, რომ… რომ… რომ…

მაგრამ, ვინაიდან საქმე მეხუთეკლასელებთან მაქვს, არცერთი ეს თეზა თუ დეფინიცია არ გამომადგება, რამე უფრო მხიარული და ინტერაქტიული უნდა დავგეგმო.

მაშ, ასე, ჩვენი მხიარული ენათმეცნიერების გაკვეთილები:

1. გამოგონილ სიტყვათა ლექსიკონი

იმ დღეს ენათა წარმოშობაზე ვესაუბრე, უფრო სწორად, ყველაზე საინტერესო ამბებს მოვუყევი, განსაკუთრებით – იმის შესახებ, როგორ ცდილობდნენ ადამიანები, ენის წარმოშობის საიდუმლო ამოეცნოთ, ზოგჯერ – მეტისმეტად მარტივი და ბავშვური „ექსპერიმენტებით”. ადამიანთა ცნობისმოყვარეობა ენობრივი საკითხებისადმი ძალიან ადრე, მითოლოგიასა თუ რელიგიური წარმოდგენებში ჩანს; ის, რაც სხვადასხვა ღმერთსა თუ ნახევარღმერთს მიეწერება, ის, რაც მითისა თუ მითოლოგიური ციკლის მთავარი თემაა, ანუ მატერიის შექმნა და შემდეგ მისი სახელდება, ჩვენ საკლასო ოთახში ვცადეთ.

როგორ? ახლავე გეტყვით.

საუბრისას აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ გარშემო არსებულ მრავალ საგანს უბრალოდ არ აქვს სახელი, განსაზღვრებისა თუ დაკონკრეტებისთვის სხვა სიტყვას იყენებს. მაგალითად, ბოთლის საცობი, ჩანთის სახელური, სკამის საზურგე… ჰოდა, ჩვენც გადავწყვიტეთ, მათთვის სახელები გვებოძებინა, გამოგვეგონებინა. მერე უკვე არსებული სახელების გადარქმევაც გავბედეთ. შედეგად გაკვეთილის ბოლოს ყველა მოსწავლეს ჰქონდა თავისი პირადი ლექსიკონი.

გგონიათ, მხოლოდ ლექსიკონის შედგენით ვიყავით გართული? მანამდე სიტყვის წარმოქმნის სხვადასხვა გზაზე ვისაუბრეთ, მოტივირებულ და არამოტივირებულ ნიშნებზე, ენის წარმოშობის ძველბერძნულ თეორიებზე, ცოტა ფუტკრების ენასაც მოვუსმინეთ, გავიგეთ ერთი და იმავე სიტყვის ჟღერადობა სხვადასხვა ენაზე. ბოლოს ფონოსემანტიკის საკითხებსაც შევეხეთ. ეგ როგორ? ახლავე მოგახსენებთ.

გახსოვთ „ტაკეტე” და „მალუმას” ცნობილი ექსპერიმენტი? ცდისპირებს შესთავაზეს ორი ფიგურა, რომელთაგანაც ერთს მომრგვალებული ფორმები ჰქონდა, მეორეს – კუთხოვანი და სთხოვეს, ორი პირობითი სახელწოდება, „ტაკეტე” და „მალუმა”, ამ ორ ფიგურაზე გაენაწილებინათ. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობამ მომრგვალებულფორმებიან ფიგურას სახელი „მალუმა” მიაკუთვნა, ხოლო კუთხოვანს – „ტაკეტე”. ამ ექსპერიმენტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ განურჩევლად იმისა, როგორია კავშირი ენობრივ ნიშანში აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის, როგორ ნიშანთან გვაქვს საქმე, ბგერები მაინც ატარებენ გარკვეულ შინაარსს. სწორედ ამ, ბგერათა ამოხსნად შინაარსებს სწავლობს ფონოსემანტიკა.

რატომ მოვყევი ამ ამბებს?

ჩემი მოსწავლეების მიერ თითქოს შემთხვევით მოფიქრებული არარსებული სიტყვები ზედმიწევნით იმეორებენ ფონოსემანტიკის იმ წესს, რომელიც ბგერებს გარკვეული თვისებების მიხედვით ხსნის.

მეტიც – როდესაც მათ საგნებს ახალი სახელები მოარგეს ან არარსებული საგნები თან დახატეს და თან დაასათაურეს, ყველა მივხვდით, რომ სიტყვათა შინაარსები მათ გარეგნულ, ბგერით ფორმებში ზოგჯერ საგრძნობლად, ზოგჯერ – ძნელად შესამჩნევად, მაგრამ მაინც აუცილებლად გამოიხატება.

ადამიანები, მით უფრო – ბავშვები, ინტუიციისა თუ შეგრძნებების დონეზე ბევრ საინტერესო ლინგვისტურ ინფორმაციას ფლობენ.

დაელოდეთ შემდეგ ბლოგებს, ჩვენი სახალისო ლინგვისტური ექსპერიმენტების შესახებ კიდევ მოგიყვებით.

სამოდელო გაკვეთილების ციკლი თემაზე „СЕМЬЯ“ (მეორე ნაწილი)

0

სტატიის პირველ ნაწილში აღწერილი აქტივობებისა და მოცემული
სავარჯიშოების მეშვეობით ლექსიკაზე, კითხვასა და მოსმენაზე მუშაობის შემდეგ გაეცანით
მასალას „
ЭЛЕМЕНТЫ ПИСЬМА”. ნიმუშებსა
და ხშირად გამოყენებულ ფრაზებზე დაყრდნობით მოსწავლეს შეუძლია, მასწავლებლის
დახმარებით გაარჩიოს თითოეული ელემენტი და შექმნას ამავე ტიპის წერილი.

სამუშაო სქემა ასეთია: ჯერ
ვმუშაობთ წერილის სტრუქტურაზე (ელემენტებზე), შემდეგ – შაბლონებზე. მასალის განმტკიცების
შემდეგ წარმოდგენილია „წერილი მეგობარს” (ნიმუში), რომლის ზედმიწევნით დამუშავება დაეხმარება
მოსწავლეს, თავადაც დაწეროს ასეთივე წერილი. წერის დროს მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს
ყველა ის ფრაზა და ლექსიკური ერთეული, რომელიც მოსასმენი თუ წასაკითხი ტექსტების
გარჩევისას შეხვდა (იხ. პირველი ნაწილი).

სტატიის დასასრულს
მოცემულია შემაჯამებელი სამუშაოს ნიმუში.

 

ДАВАЙТЕ НАПИШЕМ

 

Учимся
писать письмо.

ЭЛЕМЕНТЫ ПИСЬМА


·                    

Обращение или приветствие (Дорогой друг! Привет,
Антон! и т.д.)


·                    

Общие фразы (Я очень соскучился (лась)/Как
поживаешь? /Почему не пишешь? / Как дела? и т.д.)


·                    

Основная часть (о чём пишете)


·                    

Окончание письма (Вот и всё; пиши о себе; пока; счастливо;
до свидания и т.д.)

 

Дорогой друг! Привет, Антон! и т.д.

 

Я очень соскучился (лась)/Как поживаешь? /Почему
не пишешь? / Как дела? и т.д.

 

 О чём пишете
(основная часть)

 

Вот и всё; пиши о себе; пока; счастливо; до свидания

                                                                                                                                                                                                                                      

 Подпись

 

 

  

Письмо другу по
переписке.

 

Вступление

 

Место проживания

Я живу в городе Тбилиси, на улице Чавчавадзе. Около нашего дома детский
парк. Там я часто гуляю.

С кем живёт

Я живу с мамой, папой, братом и бабушкой.

Род занятий
родителей

Моя мама работает врачом в больнице. Мой папа адвокат. Мой брат студент,
а бабушка пенсионерка.

Что делает

Я учусь в школе в шестом классе. В школе у меня много друзей. Ещё я хожу
в бассеин.

Интересы

В свободное время я хожу к друзьям. Мы вместе играем в футбол, сидим у
компьютера, иногда смотрим телевизор.

Завершение

Сейчас я готовлюсь к экзаменам. А чем занимаешься ты? Напиши мне о себе. Жду
от тебя письма.

Пожелания

Подпись

Всего хорошего!

Лука Давиташвили

 

7. Напишите письмо
другу о своей семье (по образцу).

 Основная часть:


·                    

Какая у вас семья
(большая или небольшая)
;


·                    

Назовите членов
вашей семьи
;


·                    

Кому сколько лет;


·                    

Чем они занимаются
(учатся или работают)
;


·                    

Что любят делать в
свободное время
;


·                    

Попросите вашего
друга написать о своей семье
.

 

 

შემაჯამებელი სამუშაო

Тема: Семья


1.                 

Прослушайте текст
и восстановите его (текст №
2).

 Моя семья

 Я _____________ в Кутаиси. У нас
большая ____________: папа, мама, три брата и я. У ________ нет сестёр. У нас
небольшой _________, в котором сейчас живут родители и младшие _________.
Раньше я тоже жил там.

 Мой отец работает в __________. Он
__________. Днём он _________, а после работы любит сидеть __________ и читать
_________ и журналы.

 Моя мама _______. Она работает в
детской _______________. Она __________ и красивая. У неё ___________ волосы,
голубые ____________.

 Мой ___________ брат учится в школе.
Ему ________ лет. Он очень ________ играть в теннис. Мой второй _______ учится
в музыкальной школе. Ему _____ лет. А старший брат _________ в Тбилиси. Он
___________. У него _______ и дети: сын и _________.

 Сейчас я живу __________. Я учусь в
институте. Я __________ пишу письма домой. Скоро у меня _____________ и я
собираюсь приехать в ______________.

 

2. Прочитайте текст и дайте
краткие ответы на вопросы.

Рассказ мальчика.

Мы с моим другом Колей жили в двухэтажном доме в старом районе города.
Сейчас на месте нашего дома начали строить гостиницу. Моей семье дали квартиру
в новом районе. У нас теперь трёхкомнатная квартира на пятом этаже
девятиэтажного дома. У меня есть своя комната и новый компьютер. А родители
моего друга купили частный дом в нашем старом районе.

Мой дом находится недалеко от остановки автобуса. Из нашего района легко
добраться до центра города. Туда ходят автобусы и маршрутки. А дом моего друга
находится между площадью и станцией метро. От его дома до нашей старой школы
можно дойти пешком за пять минут.

Мама хотела, чтобы я пошёл в новую школу, потому что она расположена прямо
перед нашим домом. Но я сказал, что лучше буду вставать на полчаса раньше и
ездить в свою старую школу.

 

1. Где находился дом,
в котором жили мальчики?

________________________________________________________________________________

2. В какой квартире
живёт мальчик сейчас?

_________________________________________________________________________________

 

3. Что собираются
строить вместо старого дома?

_________________________________________________________________________________

 

4. Где находится
новый дом мальчика?

 

 

5. Где находится
новая школа, в которую мать хотела перевести мальчика?

 

 

6. Где решил остаться
мальчик?

_________________________________________________________________________________

 

3. Вставьте слова из рамки (три слова лишних).

 

восьмом газовая газовая лежат стулья часы
удобная отдыхаем завтракаем слушаем районе ванная пианино полке самовар прихожая
холодильник говорим

 Мы живём в большом
городе, в новом______________, в новом девятиэтажном доме на ___________этаже.
У нас не очень большая, но ______________квартира:____________, кухня, спальня,
гостиная, детская, _________и туалет.

 На кухне стоит стол и___________, на
столе – ___________и чашки. Ещё там стоит _____________плита и холодильник.
Посуда на __________и в шкафу. На кухне мы _____________ и ужинаем.

 В гостиной в углу стоит телевизор, в
центре стол, на столе свечи. Ещё там есть___________, кресло, диван и
большие________. В гостиной мы___________, смотрим телевизор, _______________,
играем на пианино и ______________музыку.

4. Напишите рассказ о вашей семье:


·                    

Какая у вас семья
(большая/небольшая)


·                    

Назовите членов
вашей семьи


·                    

Где работают, где
учатся


·                    

Что любят делать в
свободное время

 

 

 

Текст для прослушивания

 

Текст № 2

Моя семья

Я родился в Кутаиси. У нас большая семья: папа, мама, три брата и я. У меня
нет сестёр. У нас небольшой дом, в котором сейчас живут родители и младшие
братья. Раньше я тоже жил там.

Мой отец работает в школе. Он учитель. Днём он работает, а после работы
любит сидеть в саду и читать газеты и журналы.

ირანი, უკრაინა, საქართველო

0
ბოლო ხანს მეც აქტიურად ვადევნებ თვალს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, ვღელავ, ტუჩებს ვიჭამ, ზოგჯერ ცრემლიც მომდის. უკრაინა იბრძვის, გრგვინავს, გუგუნებს, კიევის ქუჩებში ცეცხლი ანთია, აქვე, ჩვენს ახლოს, ისტორია იწერება. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, კომპიუტერებთან ვსხედვართ, ვქოთქოთებთ, ვდუღვართ და გადმოვდივართ, სხვის ომში სიბრძნეს ვიჩენთ და, საქმეშემოლეულებივით, ერთმანეთისკენ ვიშვერთ თითებს, განვიხილავთ, საჭიროა თუ არა უკრაინელებისთვის სოლიდარობის გამოცხადება, ვის აქვს აქციებზე მისვლის მორალური უფლება და ვის – არა, ერთმანეთს ძველ ამბებს ვუხსენებთ და დაუსრულებლად ვქილიკობთ. ალაგ-ალაგ ხმასაც ვუწევთ, ვჩხუბობთ, ოპონენტის პარტიულ ინტერესებს ვუსვამთ ხაზს, გავყვირით: „სხვა აქციებზე რომ არ მინახიხარ?” – და ბოლოს მჭექარე სტატუსით ვამთავრებთ: „ვინც არ მეთანხმებით, წამშალეთ, დამბლოკეთ, დამკარგეთ, გამარჯობა არ მითხრათ!”

პოლიტიკურ ნიადაგზე ადამიანების გადამტერება ჩვეულებრივი ამბავი გახდა ჩვენთვის. განსხვავებული მოსაზრებების გამო იყოფა ოჯახები, მეგობრები მტრებად იქცევიან. არ ვაჭარბებ. ჩემი თუ არ გჯერათ, გარშემო მიმოიხედეთ.

 

მე კი, როცა პოლიტიკის გამო ერთმანეთს წაკიდებულ ახლობლებს ვხედავ, შირინ ებადი მახსენდება და მისი წიგნი, „ოქროს გალია”, რომლის თარგმნასაც სულ ახლახან მოვრჩი.
***
არასოდეს დამავიწყდება: 2010 წლის აგვისტო, ლეონი, მექსიკა – უზარმაზარი, ამფითეატრის მსგავსი აუდიტორიის შუაგულში, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ქალი დგას და სპარსულად ლაპარაკობს. ჩვენ ყურსასმენები გვიკეთია და სუნთქვაშეკრულები ვსხედვართ. ის ჰყვება ირანელ ქალებზე, სტუდენტებზე, აქტივისტებზე, ჰყვება, როგორია მათი ცხოვრება, ჰყვება, როგორ ისჯებიან მის სამშობლოში ადამიანები თავისუფლების სიყვარულისთვის. ემოციურად და მკაფიოდ ლაპარაკობს. მისი ენა არ ვიცი, მაგრამ მგონია, სინქრონული თარგმანის გარეშეც გავიგებ ყველა სიტყვას. მე მჯერა, რომ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს უსიტყვოდაც შეიძლება ესმოდეთ ერთმანეთის. 

ასე მოვუსმინე პირველად ირანელი ნობელიანტის შირინ ებადის ლექციას მექსიკაში, ახალგაზრდობის მსოფლიო კონფერენციაზე. მას ნობელის პრემია 2003 წელს გადასცეს მშვიდობის დარგში. ცნობილი იურისტის ოჯახში გაზრდილი ებადი არა მარტო პირველი ირანელი ნობელიანტია, არამედ პირველი ირანელი ქალიც, რომელიც თეირანის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა.  

წარმოდგენაც კი მიჭირს, რა ძნელია იყო ქალი, რომელიც თანასწორობის, თავისუფლების იდეით და საკუთარი თავის რწმენით გაზარდეს, რომელმაც თავისი განათლებითა და შრომით მიაღწია მიზანს, იყო ორი გოგონას დედა და მოქალაქე ქვეყნისა, რომელიც გართმევს საყვარელ საქმეს, ძვირფასი ადამიანების სიცოცხლეს, თვითრეალიზაციის ყოველგვარ საშუალებას და ყოველდღე სიკვდილით ან პატიმრობით გემუქრება. თეთრი შურით მშურს ქალების, რომლებიც ახერხებენ, ღირსეულად და უშიშრად იცხოვრონ ასეთ სახელმწიფოებში, იბრძოლონ უკეთესი მომავლისთვის, იბრძოლონ ისე, როგორც შეუძლიათ: აქციებზე დგომით, წერით, ციხეში წამებისას – დუმილით, შვილების აღზრდით თუ სხვა გზებით. შირინ ებადისაც მშურს – მან ყველაფერი მოახერხა, რაც ზემოთ ჩამოვთვალე.

შირინ ებადის „ოქროს გალია” 2011 წელს დაისტამბა. წიგნში მოთხრობილი ავტორის ბავშვობის მეგობრების, სამი ძმისა და ერთი დის, ისტორია, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს. ეს არის ამბავი ოჯახისა, რომელიც პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა გაანადგურა. სამი ძმა: შაჰის გენერალი, კომუნისტი და ხომეინის მომხრე – ისე გათიშა აზრთა სხვადასხვაობამ, რომ მათი ურთიერთობა ვეღარც საერთო სისხლმა და სახლმა გადაარჩინა და ვეღარც ერთადერთმა დამ. როგორ დასრულდა მათი ამბავი, არ მოგიყვებით – „ოქროს გალიას” სულ მალე გამომცემლობა „ინტელექტი” „ნობელის პრემიის ლაურეატების” სერიით გამოსცემს.

შირინ ებადის წიგნი ადამიანებზეა, რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ მსხვერპლად ეწირებიან რეჟიმს, პოლიტიკას, ერთეულთა ინტერესებს; ოჯახებზეა, რომელთაც ჭერი თავზე ენგრევათ და ნანგრევებში მოყოლილებს მშველელი არ ჰყავთ. ეს წიგნი ჩვენს ცხოვრებაზეცაა, ჩვენს რეალობაზე, იმაზე, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებში არა რომელიმე პოლიტიკოსი ან სულიერი ლიდერი, არამედ დედმამიშვილები და მეგობრები გაგვახსენდება, ისინი კი, შესაძლოა, ჩვენივე დამსახურებით ჩვენ გვერდით არ აღმოჩნდნენ. 
***
ხშირად მსმენია, რომ მთარგმნელის შრომა დაუფასებელია. მე კი ვფიქრობ, რომ როცა საყვარელ წიგნს თარგმნი, მთავარი ის კი არ არის, მკითხველმა შენი სახელი და გვარი დაიმახსოვროს, არამედ მიხვდეს, რატომ მოჰკიდე მის თარგმნას ხელი. 

„ოქროს გალია” დროული წიგნია ჩვენთვის. დროულია იმის ცოდნაც, რომ ყველას აქვს უფლება, ისე გამოხატოს თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია, როგორც უნდა, ნებისმიერ აქციაზე დადგეს და არჩევნებზე საკუთარი შეხედულებისამებრ მისცეს ხმა. თქვენ შესაძლოა სასაცილო მოგეჩვენოთ ჩემი პათოსი, მე კი მგონია, რომ ამ ყველაფრის შეხსენებაც დროულია, თორემ ხანდახან გვავიწყდება, რომ დედამიწა არც ისე პატარაა – ყველანი დავეტევით.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...