სამშაბათი, მაისი 20, 2025
20 მაისი, სამშაბათი, 2025

მეტაშემეცნება, სწავლის სტრატეგიის წესები და SQ3R

0
სწავლა შემოიფარგლება ცოდნა-ჩვევათა იმ მოცულობითა და შინაარსის ათვისებით, რაც გათვალისწინებულია პროგრამით და შეესაბამება გარკვეულ ასაკს. მიუხედავად ამისა, სკოლაში მეცნიერების საფუძვლების შესწავლისას მოსწავლე მრავალ სირთულეს აწყდება, რაც ალბათ, საზოგადოდ, სწავლის მრავალფეროვნებითაც არის გამოწვეული. სწავლის მრავალფეროვნება გულისხმობს: 

*ზრდას 
(ახალი ცოდნის შეძენას ან ცოდნის შეძენას ახალი ურთიერთობების შესახებ, ანდა ახალი მონაცემების საფუძველზე მეხსიერების გაზრდას, სამუშაო მახსოვრობის გარდაქმნას დეკლარირებულ მეხსიერებად); 

*სტრუქტურირებას 
(მასალის გარდაქმნა-გადატანას პროცედურულ მეხსიერებად, ანუ ეს არის კოგნიტური ეტაპი – გააზრება უნარისა, რომელსაც უნდა დაეუფლო; დეკლარაციული ეტაპი; კომპილაციური ცოდნის ეტაპი; პროდუქტის აგება; ასოციაციური ეტაპი – რომლის დროსაც ხდება არსებული ცოდნის გამტკიცება და მცირდება შემეცნება; ავტომატიზაციის ეტაპი – როდესაც უნარები ავტომატურად მოქმედებს);

*დეკლარირებას 
(დავალების დაყოფას ქვეპუნქტებად; განსაზღვრას, რა ხდება განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეთოდების თანმიმდევრულ გამოყენებას).
 
 სწავლის სამი სახის დახასიათება

პარამეტრი

ზრდა

რესტრუქტურიზაცია

შექმნა, აგება

 

ზემოქმედების ქვეშ მყოფი
მეხსიერება

 

დეკლარაციული

პროცედურული

პროცედურული

სწავლის ტიპი

ცნებისა და კავშირების
(ასოციაციური) ათვისება-გაგება კოდირების საშუალებით (დაკვირვება, ვერბალური
ინსტრუქცია, რჩევა)

 

ვარჯიშის გზით ათვისება

მოდიფიკაცია ვარჯიშისას

სწავლის პროცესები

განსხვავებული
სტიმულები, სწავლა რეაქციებით. ასოციაცია (ასოცირება), პასუხების დამახსოვრება

 

კომპოზიციის პროცედურული
ორგანიზების კომპილაცია

პროდუქტის
დიფერენციაციის განზოგადების უზრუნველყოფა

სწავლის სტრატეგიები

ინტერაქტიული
წარმოსახვის გაუმჯობესება, დამახსოვრება, საკვანძო სიტყვების მეთოდი,
SQ3R, PQ4R, ქსელური კავშირები (ბადის აგება)

 

პრობლემის გადაჭრის
მეთოდი და ანალოგია (საერთო ოპერაციების გამოყენება)

უკუკავშირების კორექცია

სხვა ცვლილებები,
რომლებიც გავლენას ახდენს პროცესებზე

კონკრეტულობა, სტიმულების
ორგანიზაცია. სწავლისა და ტესტური პროცესების მსგავსება

სამუშაო მეხსიერების
დატვირთვა. დადებითი გამოცდილების რაოდენობა. უარყოფითი გამოცდილების
(წარუმატებლობის) რაოდენობა

 

შეთანხმება გამოხატვის
საშუალებებში

მაგრამ სწავლა თეორიულ მხარესთან ერთად ბუნებრივად გულისხმობს პრაქტიკასაც, ანუ აუცილებელ სასწავლო მოღვაწეობას, რომელიც, წესისამებრ, მოიცავს წაკითხვას, წაკითხულის დამახსოვრებას, სავარჯიშოების შესრულებას სპეციფიკური უნარების დასაუფლებლად და მასალის მომზადებას მასწავლებლების შეფასების მისაღებად. მოსწავლეს დამატებით შეიძლება დასჭირდეს ბიბლიოთეკის გამოყენება, სხვა ბეჭდური მასალები, აუდიოწყაროები. ასეა თუ ისე, სწავლა ყოველთვის გულისხმობს მრავალფეროვან მეთოდებს, ხერხებს, ახალ სასწავლო ტექნოლოგიებს, რომლებიც, ამის შესაბამისად, სხვა თანამდევ პროცესებსაც იწვევს; იგი უმთავრესად გულისხმობს მარტო, დამოუკიდებლად მეცადინეობას, თუმცა მოსწავლეები ხანდახან ჯგუფებადაც ერთიანდებიან სამუშაოს დასაგეგმავად და შესასრულებლად, უკუკავშირების დასამყარებლად, ცოდნის შესამოწმებლად.

მაგრამ სწავლა/დასწავლა თავის თავში აუცილებლად მოიცავს დამახსოვრების პროცესსაც, რადგან მეხსიერების და, საზოგადოდ, მახსოვრობის გააქტიურების გარეშე ძნელია იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებსაც გულისხმობს სწავლის მრავაფლეროვნება (სწავლის ყველა პროცესის მართვას ხომ სინამდვილეში სწორედ ის განაპირობებს).

რა არის მეხსიერება და რა პროცესებს მოიცავს იგი?

მეხსიერების დახასიათებისთვის გთავაზობთ ცხრილს: 
 
მეხსიერების დახასიათება 

შეფასების სისტემა

დეკლარაციული მეხსიერება (დმ)

ე.წ. სამუშაო
მეხსიერება (სმ)

პროცედურული
მეხსიერება (პმ)

ძირითადი ფუნქცია

იმახსოვრებს ძირითადი მონაცემების მნიშვნელობას

სასწავლო და სააზროვნო პროცესების ცენტრი; დმ-ის ქვეპუნქტი,
ცოდნის დროებითი შენახვა და გადამუშავება

ცოდნის მუდმივად შენახვა („როგორ”)

მოცულობა

განუსაზღვრელია

მკაცრად განსაზღვრულია (სწრაფად ქრება კვალი)

უსაზღვროა

შინაარსი (კოდი)

სემანტიკური, ძირითადად სივრცობრივი, აკუსტიკური,
მამოძრავებელი, დროითი

ძირითადად ორიენტირებულია მოსმენაზე (სმენის კოდი)

ისეთივეა, როგორიც დეკლარირებული მახსოვრობის დროს

საინფორმაციო ერთეულები

ცნებები, განცხადებები, სქემები (ფრეიმები)

ისეთივეა, როგორიც დმ-ის შემთხვევაში

პროდუქტი მიმართულია კონკრეტულიდან საერთოსკენ („თუ…”
-„მაშინ…”)

ორგანიზება

იერარქიული კავშირები (დაშვებულია არასწორი მნიშვნელობებიც;
მემკვიდრეობითი თვისებები; სხვადასხვა სირთულეები)

ისეთივეა, როგორიც დმ-ის შემთხვევაში

ვიწრო

სწავლა-დავიწყების პროცესები

ვერბალური სწავლა (საჭიროების მიხედვით და დავალების
შესაბამისად), რეკოდირება (სპეციფიკური კოდირების სისტემა), შენახვა (ძალიან „ნელი
დავიწყება”), რეპროდუქცია

ინტერფერენცია (მსგავსი სტიმულებისთვის), განდევნა
(გამოდევნა, გამოთავისუფლება), ჩაქრობა, მიმალვა

სწავლა ქმედებით (ვარჯიში, გავარჯიშება, საერთო დავალებების
შესრულება), ანალოგია, განზოგადება, განსხვავება, სწრაფვა გაძლიერებისკენ

ცხადია, ისეთი მრავალფეროვანი დავალებების შესრულებას, რომლებსაც სჭირდება სწავლისა და მახსოვრობის წესების ასეთი დიდი მოცულობა, მოსწავლის მხრივ სათანადო უნარ-ჩვევებიც უნდა ახლდეს. ყოველ შემთხვევაში, დიდად მნიშვნელოვანია იმ მეთოდების გააქტიურება, რომლებიც მას ამ პროცესების სრულყოფასა და ავტომატიზებაში დაეხმარება. ამ მეთოდებს შორისაა მეტაშემეცნება (რომელიც ეყრდნობა კავშირ-ურთიერთობებს სწავლასა და მეხსიერებას შორის) და მისი გამოყენების წესებიც. 

მეტაშემცნება სწავლის სტრატეგიის წესების (UST, st. Paul, Minnsota) მნიშვნელოვანი დეტალია და მისი დაუფლება ხელს შეუწყობს მოსწავლეს, მაღალ შედეგებს მიაღწიოს პროფესიულ და პირად ცხოვრებაში, რამდენადაც ეს არის საშუალება, გააანალიზო საკუთარი აზრობრივი სტრატეგიები და მართო საკუთარი შემეცნებითი საქმიანობა; ეს არის განსაკუთრებული ფორმის განათლება, რომლის პროცესშიც მოსწავლე მხოლოდ მშრალ ფაქტებს და რიცხვებს კი არ ითვისებს, არამედ მთლიანად ვითარდება როგორც პიროვნება მთელი საგანმანათლებლო პროცესის განმავლობაში. 

მეტაშემეცნების მეთოდიკის მიხედვით, დასწავლისა და მასალის უკეთ დამახსოვრებისთვის მნიშვნელოვანია:

1. მასალის შესწავლის დროს ძირითადი აზრის პოვნა – ინფორმაციის გაცნობისას მოსწავლემ უნდა მოახერხოს ძირითადის გამოყოფა, მოახდინოს მიღებული ინფორმაციის კოდირება, აქტიურად ეძებოს მყარი კავშირები მასალის ნაწილებს შორის და მოახდინოს მისი სტრუქტურირება;
2. მასალის დამახსოვრებისთვის მასალის მინიმუმამდე დაყვანის სტრატეგია – ანუ მეორედ გადაამუშაოს დასამახსოვრებელი მასალა, გაამყაროს ინფორმაცია განმეორებითი გადაკითხვით და უფრო მეტად შეამჭიდროოს ძირითადი აზრი;
3. „ისწავლე, ისწავლე, ისწავლე” – ანუ ინფორმაციის დასწავლას და შესწავლას საზღვარი არ გააჩნია და მოსწავლე არ უნდა შეჩერდეს, არ უნდა დასჯერდეს მიღწეულს;
4. „გაექეცი, არ მიაქციო ყურადღება მეორეხარისხოვან დეტალებს” – თუკი მასალაში არის ისეთი ინფორმაცია, რომლესაც საქმესთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, „ამოყაროს” ის და დატოვოს ძირითადი; ამისთვის ეფექტურია თემის მოკლე შინაარსის გაანალიზება;
5. თავისუფალი ინტერპრეტაციისთვის დროის გამოყოფა – ანუ ასოციაციური კავშირების გადახედვა, იმ აზრობრივად დაკავშირებული ფაქტების გახსენება, რომლებიც გაახსენებს და დაამახსოვრებინებს არსებულ მომენტს; 
6. მოკლე შინარსის გამოყენება – გაანალიზებისას იფიქროს, რა არის მასალაში ასახული და რა – გამოტოვებული; შეეცადოს უპასუხოს შეკითხვებს, რომელიც ტექსტის კითხვისას გაუჩნდა;
7. განმეორებითი ციტირების მეთოდის გამოყენება თვითშემოწმებისთვის – ხელახლა გაიხსენოს რაც შეიძლება მეტი ფაქტი იმ მასალიდან, რომელიც ახლახან წაიკითხა;
8. შესვენება მეცადინეობისას – უმჯობესია, თუ სამეცადინო დროს გადაანაწილებს მთელ კვირაზე; ასე გაცილებით უკეთ დაამახსოვრდება. დღეში 2 საათი – ერთი საგანი, 2 საათი – მეორე და ა.შ.;
9. სამეცადინო მასალის ნაწილებად დაყოფა – მაგალითად, ინტენსიურად იმეცადინოს და გაიმეოროს მთელი მასალის 1-2 ნაწილი, მერე კი სხვა ნაწილები; ასე უკეთესია, ვიდრე მთელი თეორიული მასალის ერთიანად შესწავლა – ამგვარად ხდება სხვადასხვა უნარის გავარჯიშება და ერთმანეთში შერევა;
10. ძირითადი აზრის დაწვრილებით შესწავლა – დაეუფლოს ძირითადი აზრის გადმოცემის უნარს;
11. სწავლის საუკეთესო მოდელისა და საჭირო უნარის პოვნა – მაგალითად, კარგი პროგრამისტის დაწერილი პროგრამის შესასწავლად, მეთოდიკისა და პროგრამირების სტილის შესასწავლად;
12. შედეგების გაგების საშუალებათა პოვნა – სანამ მეხსიერებაში შემორჩენილია წაკითხული ინფორმაციის კონტექსტი და პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობები, მოსწავლემ უნდა შეძლოს, უკუკავშირის გზით მიიღოს ინფორმაცია მოსალოდნელი შედეგების შესახებ;
13. შესასწავლ მასალაზე კონცენტრირება – თავი არიდოს სწავლის პროცესის ხელისშემშლელ საშუალებებს (ტელევიზორს, გართობას და ა.შ.);
14. სასიამოვნო განწყობილების შექმნა – გააფართოოს წარმოსახვა დადებითი ემოციების გამოსაწვევად;
15. პრობლემის გამოყოფა და მისი ცალკეული მხარეების შესწავლა;
16. რთული ინსტრუქციების დაყოფა და მიზნის შესაბამისად მათი ნაწილ-ნაწილ შესრულება.
 
მეტაშემეცნების მეთოდიკის მიხედვით, დასწავლისა და უკეთეს დამახსოვრებისთვის ასევე მნიშვნელოვანია სწავლება ტექსტებით: 

17. წინასწარი ანალიზის, ძირითადი ანალიზისა და შემოწმების უზრუნველყოფა – ხდება დასწავლა მოკლე შინაარსით და შემოწმება დავალებებით;
18. სტრატეგიის დასწავლის უზრუნველყოფა – თავდაპირველად 2 დღე ეთმობა დასწავლის სხვადასხვა ხერხის დაუფლებას (მნემონიკური მიდგომები, SQ3R-ის გამოყენებას, ქსელური კავშირების შედგენის მეთოდიკას და სხვ. 
ასევე მნიშვნელოვანია ამოცანის, პრობლემის გადაწყვეტა რთული უნარების დაუფლების გზით:
19. ცნებების დადებითი და უარყოფითი მაგალითებით იდენტიფიცირების შესაძლებლობა – იმ მონაცემების გამოვლენა, რომლებიც ეწინააღმდეგება სამუშაო ჰიპოთეზას;
20. სტრუქტურის შერჩევა მოცემული დავლებისთვის – მიზნების რუკაზე ზედა დონე იყოფა რამდენიმე ქვემიზნად (შუალედური მიზნები) და ასე მანამდე, ვიდრე არ მივაღწევთ საწყის მონაცემებს;
21. მიზანთან მიახლოების თითოეული ნაბიჯის ფორმულირება:
* მასწავლებელმა უნდა გამოიცნოს და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება;
* მისცეს საჭირო რჩევა და გაუწიოს დახმარება მოსწავლეს რთული დავალების შესრულების ადრეულ სტადიაზე ან მიმდინარეობის პროცესში, მაგრამ მხოლოდ მანამდე, ვიდრე ის ამ უნარს შეისწავლიდეს, მერე კი რჩევები უნდა შემცირდეს;
22. სამუშაო მეხსიერების მინიმალური დატვირთვა:
* ამოცანის, პრობლემის გადაწყვეტა სტრატეგიების გზით მოითხოვს მინიმალურ სამუშაო მეხსიერებას;
* სწავლისას დამხმარე საშუალებების (კომპიუტერის, დისპლეის, კომენტარების, სქემების) გამოყენება;
* ახალ დავალებებზე თანდათანობით გადასვლა – ერთი დავალება ერთი კონკრეტული უნარისთვის;
23. დავალების მიმართ ინტერესის შენარჩუნება – უარი თქვას ადვილად მისაღწევ მიზნებზე, გამოიყენოს უკუკავშირები, აიმაღლოს მოტივაცია (გრაფიკის, მოძრაობის, ხმის და ა.შ. გამოყენება); 
24. სწრაფი რეაქცია შეცდომებზე – თუ მოსწავლემ შეცდომა დაუშვა და არ იცის ეს, მის გონებაში გაიზრდება იმ პროცედურათა რიცხვი, რომლებმაც შეცდომამდე მიიყვანა;
25. აქტიური სწავლის მხარდაჭერა – მეცადინეობისას ხშირად გამოიყენონ ტესტები; 
26. ინსტრუქციის დროს ყურადღების გამახვილება კონტექსტზე – სასარგებლოა უნარების ცალკეული კომპონენტების გამოყოფა, რომლებიც მოსწავლეს კონტექსტის გარჩევაში დაეხმარება;
27. დავალების შესრულების უნივერსალური პროცედურების გამოყენება – ეს პროცედურები საუკეთესო შედეგებს იძლევა, იმაზე უკეთესს, ვიდრე დავალებების შესრულება ანალოგიების გზით;
28. დავალების შეთავაზება – ანუ როგორ უნდა მოხდეს ამოცანის გადაწყვეტის წესის ფორმირება (პროცედურა – „თუ – მაშინ”) და კონკრეტული დავალების შესრულების გზების გამოყენება/გადატანა სხვა ამოცანის შესრულებაზე;
29. სწავლის პროცესში მოთხოვნილებათა ცვლილებებზე უარი – სტიმულ-რეაქციას შორის ზოგადი კავშირის წესიდან უნარების ავტომატიზაციამდე;
30. საჭირო უნარების დასაუფლებლად მნიშვნელოვანი ცდების მაქსიმალური გამოყენება – ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იქ, სადაც მოვლენები, რომლებზეც უნდა მოხდეს რეაგირება, ითხოვს ბევრ დროს. შესაძლოა, ხელოვნურად ამაღლდეს მოვლენათა სიხშირე, მაგრამ ეს ფრთხილად უნდა გაკეთდეს, რათა მოცემულ პირობებში არ დაქვეითდეს მუშაობის ეფექტურობა; 
31. ოპერაციის მაღალი ხარისხი – იგი უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია რეალური პირობების დუბლირება;
32. ვარჯიშისა და მეცადინეობის დროს სასწავლო კომპონენტების შერევა – ეს უკეთესია, ვიდრე ცალკეული კომპონენტების მკაცრად გადამუშავება; 
33. გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი სიჩქარით ვარჯიში – აუცილებელ სიტუაციაში სწრაფად რეაგირების საშუალებათა განვითარება; 
34. უნარების შესწავლის უზრუნველყოფა დროის განაწილების პრინციპით – წარმართონ  რეალური სამუშაო დროის განაწილების პრინციპით; 
35. ადვილად და ეფექტურად დასაუფლებელი სისტემების გამოყენება რთული დავალებების გამოყენების დროს და პირიქით – არ მიაქციონ ყურადღება რთულად ასათვისებელ სიტუაციებს; 
36. გადაიხედოს, შემოწმდეს, რომელ ამოცანებს წყვეტს არჩეული სისტემა – როგორ, როდის, რა შეზღუდვებით და როგორი ამოცანის გადაწყვეტა ხდება, გაითვალისწინონ სწავლის ხანგრძლივობა, კონტინგენტი და ა.შ.;
37. დავალების შესრულების სხვა გზების არსებობის დადგენა და გამოყენება – მთავარია, ამან არ გამოიწვიოს დაბნეულობა და არ დააქვეითოს დავალების შესრულების ეფექტურობა; 
38. შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობა – სასურველია, დააბრუნონ სისტემა საწყის მდგომარეობაში ერთი ან რამდენიმე შეცდომის დაშვების შემდეგ; 
39. ფერისა და გრაფიკული საშუალებების გამოყენება ძირითადი ინფორმაციიდან ცვლილებების გამოსაყოფად – მაგრამ ამის შემდეგ კიდევ უნდა გამოიყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფორმაციები; 
40. არაარსებითი ინფორმაციისგან მეხსიერების გათავისუფლება – დატოვონ მხოლოდ მიზნების შესაფერისი ინფორმაციები; 
41. აბსტრაქტულ ფორმებთან შედარებით ინფორმაციის კონკრეტული მონაცემების გამოყენება; 
42. რთულ ინსტრუქციებზე უარი; 
43. ტესტირებისა და ვარჯიშისთვის საჭირო პირობების შექმნა;
44. ზოგიერთი უნარის დაუფლებისას, მაღალი დონის მიღწევის შემთხვევაშიც კი, უნდა ივარჯიშო ამ უნარის შესანარჩუნებლად.
როგორც ვხედავთ, მასალის უკეთ დამახსოვრება უმთავრესად ხდება მაშინ, როცა ადამიანი ცდილობს აქტიურად დაუკავშიროს სხვადასხვა სტიმული რაღაც მთელის გააზრებას, ანუ როცა ხდება საწყისი ინფორმაციის აქტიური გადამუშავება, ხოლო მოტივაცია განსაკუთრებით იზრდება მაშინ, როდესაც: 

* არსებობს კონკრეტული მიზანი;
* გამოიყენება ხმოვანი ეფექტები;
* არის „მოლოდინის რეჟიმი”;
* გამოიყენება კოგნიტური სქემები;
* ხდება ქულების „გამოთვლა”, ანუ შეფასება. 
მაგრამ იმის გასახსენებლად, რა ავითვისეთ განსაზღვრული განწყობილების შემთხვევაში, საჭიროა მოცემული განწყობილების აღდგენა/განმეორებაც.
და მაინც, როგორ მოვახერხოთ რთული ტექსტის დამახსოვრება, არსებობს თუ არა ამის მარტივი წესი?

მოსწავლეთა სახელმძღვანელოების წაკითხვის მეთოდის ავტორის, რობინსონის მიხედვით, საამისოდ ერთობ ეფექტურია SQ3R ანდა SQRRR მეთოდი („survey, question, read, recite and review” – „შეფასება, შეკითხვა, წაკითხვა, გახსენება და რეცენზია”), რომელსაც თანაბრად აწყდებიან წაკითხვისას სუსტი, ძლიერი და საშუალო შეძლების მოსწავლეები. 

მეთოდი SQ3R ეფუძნება პრინციპს, რომ ტექსტი, ინფორმაცია შეიძლება უკეთესად ავითვისოთ, თუ გამოვიყენებთ ხუთ ნაბიჯს: 

1. მასალის გადახედვა (survey) – ამ დროს მოსწავლე ეცნობა ტექსტის სტრუქტურას, საერთო ჩანაფიქრს, დედააზრს, მოცულობას და სირთულეს, რითაც დაგეგმავს სამომავლო ნაბიჯებს; მეტი სიზუსტისთვის კარგია ცხრილებისა და დიაგრამების, ცალკეული ნაწილების გაცნობა; ასეთი „გადარბენა” საშუალებას მისცემს მოსწავლეს, გაიგოს, შეიცავს თუ არა ტექსტი აუცილებელ ინფორმაციას, თუ არა და, მაშასადამე, ამაზე დროის დახარჯვა არ ღირს;
2. წაკითხული მასალისთვის კითხვების მისადაგება, კითხვების დასმა (question) – ამ დროს ფორმულირდება ძირითადი შეკითხვები (Question), რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს; მოსწავლეს შეუძლია ქვეთავებიც გადააქციოს შეკითხვებად; შემდეგი წაკითხვისას კი მან უნდა მიიღოს პასუხი დასმულ კითხვებზე. ასეთ დროს შეკითხვას „კვლევის” ხასითი აქვს, რადგან ამის გამო წაიკითხავს ტექსტს, ხოლო მიღებული პასუხებით შესაძლებელია ინფორმაციის სტრუქტურირება; 
3. მასალის ყურადღებით წაკითხვა (read) – ამის შემდეგ ტექსტი აქტიურად და ყურადღებით უნდა წაიკითხოს ((Read), ხაზი გაუსვას ძირითად სიტყვებს და ფრაზებს, გააკეთოს შენიშვნები; არ მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება მეორეხარისხოვან, არაარსებით ინფორმაციას; იმ ადგილებს, რომლებიც მეორეხარისხოვან ინფორმაციას შეიცავს, შეიძლება გადარბენითაც გაეცნოს; 
4. ჩამოთვლა (recite) – გადმოსცეს წაკითხული თავისი სიტყვებით (Recall/Recite), რითაც შეამოწმებს ტექსტის ცოდნას, გამოყოფს ძირითად ფაქტებს, შეაპირისპირებს, სად ძირითადი ინფორმაციაა და სად – მეორეხარისხოვანი; ეს მასალის უკეთ ორგანიზებაში დაეხმარება;
5. ძირითადი მომენტების გამოყოფა და მასალის ხელახლა გამეორება (review) – ინფორმაციის გამტკიცების საუკეთესო მეთოდია, ვინმეს გადასცე მასალა ისე, როგორც ამას ხსნის, გადასცემს მასწავლებელი.

მეტაშემეცნება ზრდის მოსწავლის შესაძლებლობებს, უკეთ გაიგოს წაკითხულის აზრი, რაც საშუალებას გვაძლევს, განვიხილოთ მეტაკოგნიტური უნარები როგორც წარმატებული სწავლის გასაღები, როგორც ნებისმიერ სფეროში ცოდნის გაუმჯობესების საშუალება. მასზე დაყრდნობით მოსწავლეები აცნობიერებენ თავიანთ ძლიერ მხარეებს და შესაძლებლობების საზღვრებს და პოულობენ გზებს ამ უკანასკნელთა გასაფართოებლად და წარმატების მისაღწევად.

როგორ მივაღწიოთ სკოლებში სწავლების მაღალ ხარისხს -(მესამე ნაწილი)

0
 
წერილი მომზადებულია მოცემული კვლევის ორიგინალური და რუსული გამოცემების საფუძველზე: Barber, M. and Mourshed, M. (2007) How the World’s Best Performing Schools Come Out on Top. London, McKinsey & Company; М. Барбер, М. Муршед, КАК ДОБИТЬСЯ СТАБИЛЬНО ВЫСОКОГО КАЧЕСТВА ОБУЧЕНИЯ В ШКОЛАХ, „Вопросы образования”, 2008 
პედაგოგის სტატუსის მნიშვნელობა
კვლევებმა აჩვენა, რომ მასწავლებლის პროფესიაში საუკეთესო კადრების მოზიდვა მჭიდროდ არის დაკავშირებული ამ პროფესიის სტატუსთან. მაგ., სინგაპურსა და სამხრეთ კორეაში ჩატარებული გამოკითხვები მოწმობს, რომ, მოსახლეობის აზრით, მასწავლებლების წვლილი საზოგადოების განვითარებაში ყველაზე დიდია. თვითონ პედაგოგები კი ამბობენ, რომ მათი არჩევანი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მასწავლებლის პროფესიის სტატუსმა.

ყველა სასკოლო სისტემაში შეინიშნება მკაფიო კავშირი პედაგოგის პროფესიასა და მის საზოგადოებრივ სტატუსს შორის. იქ, სადაც ამ პროფესიას მაღალი სტატუსი აქვს, მასწავლებლებად მიდიან უფრო ნიჭიერი ადამიანები, რაც თავისთავად ხელს უწყობს ამ პროფესიის სტატუსის ამაღლებას. სრულიად საპირისპირო ტენდენციები შეინიშნება გარემოში, სადაც მასწავლებლის პროფესიას დაბალი სტატუსი აქვს: აქ ამ პროფესიის მაძიებელთა რიცხვი ნაკლებია, რასაც მისი სტატუსის დაწევამდე და კონტინგენტის ხარისხის გაუარესებამდე მივყავართ (მთარგმნელისა და რედაქტორის მინაწერი: სამწუხაროდ, სწორედ ასე მოხდა საქართველოში).

ყველა სასკოლო სისტემაში შეინიშნება ერთი და იგივე სურათი: მასწავლებლის სტატუსი ძირითადად მოქმედი რეგულირებით განისაზღვრება და რეგულირების ცვლილებას ძალიან სწრაფად შეუძლია სტატუსის შეცვლა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში დომინირებდა ორი მიდგომა, რომელსაც შეეძლო მასწავლებლის სტატუსის შეცვლა.

ბრენდის შექმნა – ბოსტონსა (აშშ) და ჩიკაგოში (აშშ) პროგრამებმა Teach First და Teach for America შექმნეს თავიანთი ბრენდი, რომელსაც აქვს განსაზღვრული სტატუსი. მაგ., Teach First-მა და Teach for America-მ წარმატებით წარმოაჩინეს თავი როგორც დამოუკიდებელმა პროგრამებმა. ისინი მკვეთრად განსხვავდებიან მასწავლებელთა მეინსტრიმული მომზადებისგან: „პროგრამამ Teach First თავი გამოიჩინა მასწავლებლის პროფესიის იმიჯის გაუმჯობესების კუთხით. შედეგად ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ეს პროფესია არაპრესტიჟულად მიაჩნდათ, ის მისაღები გახდა. ორგანიზატორებმა მიაღწიეს იმას, რომ მონაწილეები საკუთარ თავს ელიტურ ჯგუფად განიხილავენ”.

სტრატეგიები სისტემების დონეზე – სინგაპურმა და ინგლისმა მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ასამაღლებლად კარგად შემუშავებული მარკეტინგული სტრატეგიები გამოიყენეს. მათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს სასტარტო პირობები, განსაკუთრებით – საწყისი ხელფასი.

ორივე შემთხვევაში გადამწყვეტი როლი შეასრულა კარგად შემუშავებულმა და ბრწყინვალედ განხორციელებულმა სარეკლამო კამპანიამ. სკოლებისთვის კადრების მომზადებისა და განვითარების ინგლისურმა სააგენტომ ყურადღებით გააანალიზა თავისი სარეკლამო კამპანიის შედეგები და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საკუთარ მიდგომას მოდიფიცირება გაუკეთა. ამ ყველაფერში ჩაიდო მნიშვნელოვანი ინვესტიცია: დაიხარჯა 50 მილიონზე მეტი. ორივე შემთხვევაში განათლების სისტემამ გამოიყენა ბიზნესის გამოცდილება.
სხვა მოწინავე მოდგომები

გარდა ისეთი ძირეული ფაქტორებისა, როგორიცაა კანდიდატების შერჩევის გამართულად მომუშავე პროცესი, მასწავლებელთა კურსებზე მოხვედრის კონტროლი, კარგი საწყისი ხელფასი და მასწავლებლის სტასუსი, არსებობს კიდევ ოთხი მიდგომა, რომლებიც წარმატებულ სისტემებში გამოიყენება.

აქცენტი განვითარებაზე – სისტემების ხელმძღვანელებმა გააცნობიერეს, რომ მასწავლებლის პროფესიის აღქმა მასწავლებლის განათლების დონესა და მომზადების ხარისხზეა დამოკიდებული. მაგ., ფინეთში ამისთვის დამკვიდრდა მოთხოვნა, რომ ყველა მასწავლებელს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი. სინგაპურში კი პედაგოგმა ყოველწლიურად უნდა გაიაროს პროფესიული გადამზადების 100-საათიანი კურსი, რომელსაც მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს.

ეფექტური მარკეტინგული ხერხები – სკოლის კადრების მომზადებისა და განვითარების ინგლისურ სააგენტოს დაევალა გაეზარდა ხარისხი და რაოდენობა პრეტენდენტებისა, რომელთაც არჩევანი მასწავლებლის პროფესიაზე შეაჩერეს. ამისთვის სააგენტომ გამოიყენა მოწინავე მარკეტინგული და რეკრუტინგული მეთოდები, რომლებიც კერძო სექტორიდან ისესხა: სეგმენტებად დაყო მიზნობრივი აუდიტორია, რთული საინფორმაციო სისტემის საშუალებით, რომელიც ითვალისწინებდა კლიენტის ინდივიდუალური მოთხოვნების აღრიცხვას და პერსონალური გრძელვადიანი კავშირების დამყარებას, თვალყურს ადევნებდა კანდიდატების დინამიკას, გამოიყვანა ურთიერთდამოკიდებულების ალგორითმი თავის წარმომადგენლებსა და პოტენციურ მასწავლებლებს შორის და გამოკითხვისა და მარკეტინგული კვლევების საშუალებით აკვირდებოდა რეაქციას ამ ქმედებებზე. მან ასევე მხარი დაუჭირა ორ პროგრამას, რომლებიც მიმართული იყო ბაზრის სხვადასხვა სეგმენტისკენ: ერთის მიზნობრივ აუდიტორიას უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები წარმოადგენდნენ, ხოლო მეორის მიზანი იყო პოტენციური სკოლის ხელმძღვანელების მიზიდვა და მომზადება-განვითარება.

დაქირავების პროცესის სრულყოფა – ბოსტონში(აშშ) აქტიური, მიზანმიმართული მუშაობის შედეგად სრულყვეს დაქირავების პროცედურები, გააუმჯობესეს მმართველობა და გააძლიერეს კანდიდატების მხარდაჭერა. პროცესები გამარტივდა, შემოვიდა წინასწარი გაფრთხილების პრინციპი და რეკრუტინგული ღონისძიებები კონცენტრირდა მაძიებლების ხარისხის ამაღლებაზე.

ალტერნატიული გზები მასწავლებლის პროფესიის დასაუფლებლად – მოთხოვნები, რომლებსაც მასწავლებლობის მსურველებს უყენებენ, ხშირად ძნელად გადასალახავ ბარიერებს უქმნის უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებს, რომელთაც სხვა სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვთ. მათ ხშირად თვითონვე უწევთ გადამზადების საფასურის გადახდა. ეს მასწავლებლის პროფესიას ნაკლებად მიმზიდველს ხდის მათთვის, ვისაც ოჯახიც აქვს და ფინანსური პრობლემებიც. ალტერნატიული გზები, რომლებიც ხსნის ამ ბარიერებს, საგრძნობლად ზრდის პოტენციური მაძიებლების რაოდენობასა და ხარისხს. ამისთვის, მაგ., ინგლისში ხელმისაწვდომი გახდა მასწავლებლის პროფესიის დაუფლების 32 გზა. ყველა მათგანი ითვალისწინებს, რომ მომზადების დასრულების შემდეგ მომავალი მასწავლებელის ცოდნა და უნარი შესაბამისი იქნება საერთო სტანდარტისა, რომელიც აუცილებელია სკოლაში სამუშაოდ.
დასკვნა

წარმატებული სასკოლო განათლების სისტემების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ხელმძღვანელებმა, რომელთა მიზანიც რეფორმების გატარებაა, უნდა იხელმძღვანელონ ახალი პარადიგმებით. ყველა სასკოლო სისტემის ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ არჩევანის გაკეთების დროს კვალიფიციური კადრებისთვის პედაგოგის პროფესია შესაძლოა უპირატესი გახდეს. ამ მიზნის მიღწევა იმდენად მაღალ ხელფასსა და კულტურულ გარემოზე არ არის დამოკიდებული, რამდენადაც რამდენიმე მარტივ და ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ აუცილებელ გადაწყვეტილებაზე: 

·პროფესიული სწავლებისთვის კანდიდატების შერჩევის მკაცრი პროცესის ორგანიზებაზე; 
·მაღალ საწყის ხელფასზე; 
·მასწავლებლის სტატუსის ამაღლებაზე. 

შედარებითი ანალიზი გვაჩვენებს, რომ:

პირველი – სწავლებაში ვერ მიიღწევა მაღალი დონე, თუ ამ პროფესიაში არ მივიზიდეთ საუკეთესო კადრები;
მეორე – განათლების სისტემის ხარისხი მასში მომუშავე მასწავლებლების დონეზე მაღალი ვერ იქნება.

ცოდნის მიღების ეფექტურობის გაზრდის ერთადერთი საშუალება სწავლების პროცესის გაუმჯობესებაა.

ცოდნის მიღება ხდება მაშინ, როდესაც მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის არსებობს ურთიერთკავშირი (უკუკავშირი), ამიტომ აუცილებელია ამ ურთიერთობის გაუმჯობესება. წარმატებული სისტემების ხელმძღვანელებმა იციან, რა ხერხებია საჭირო ამ მიზნის მისაღწევად – ესენია აღმზრდელობა, პედაგოგების სწავლება უშუალოდ კლასში, სკოლებში ძლიერი ხელმძღვანელების წარდგენა, რომლებსაც შეეძლებათ, დახმარება გაუწიონ მასწავლებლებს განვითარებაში, ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მასწავლებლებს შეეძლებათ ერთმანეთისგან სწავლა. მათ იპოვეს მეთოდები თავიანთ სისტემებში ამ ღონისძიებათა გასატარებლად.

სასკოლო განათლების სისტემების საერთო ამოცანა შეიძლება ასე განვსაზღვროთ: კლასში შესული მასწავლებელი უზრუნველყოფილ უნდა იყოს სათანადო მასალით, ცოდნით, უნარებითა და სწრაფვით, რომ ყოველდღე აამაღლოს თითოეული მოსწავლის ცოდნის დონე. ეს იოლი არ არის. მაღალი შედეგის მისაღწევად საჭიროა, პედაგოგი ფლობდეს საკმაოდ რთული უნარ-ჩვევების სპექტრს. მაგ., კანადის ალბერტას პროვინციის ეფექტური სწავლების სტანდარტში აღწერილია, სულ ცოტა, 30 „ზემოქმედების ფაქტორი”, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა იმის გადაწყვეტისას, რომელი პედაგოგიური ტექნიკა გამოიყენოს ამა თუ იმ სიტუაციაში. მასწავლებელს უნდა შეეძლოს მოსწავლის სუსტი და ძლიერი მხარეების შეფასება, სათანადო პედაგოგიური მეთოდების გამოყენება ცოდნის მიღებაში ბავშვის დასახმარებლად და ეფექტურად და მიზანმიმართულად ურთიერთობა მასთან.

პრობლემა, უპირველეს ყოვლისა, მდგომარეობს იმაში, რომ განისაზღვროს, რა არის საერთოდ კარგი სწავლება. ამოცანა რთული და ურთიერთგამომრიცხავია განათლების კუთხით, მაგრამ შედარებით იოლი და გასაგებია მართვის სისტემის გადასახედიდან: ფართო გაგებით, ის გულისხმობს, რომ მოიძებნოს საუკეთესო პედაგოგები, მიეცეს მათ სივრცე დისკუსიებისთვის, უკეთესი პროგრამების შესაქმნელად და სათანადო პედაგოგიური საშუალებების გამოსაყენებლად.

პრობლემის მეორე ნაწილი გაცილებით რთულია: მივცეთ ათასობით და ზოგჯერ ასიათასობით მასწავლებელს ისეთი უნარ-ჩვევები, რომელთა მეშვეობითაც ისინი ყოველდღე ათასობით სკოლაში, ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებულ გარემოში და მინიმალური კონტროლის გარეშე, შეძლებენ სწავლებას.

წარმატებულ სისტემებში ყოველთვის აღიარებდნენ მეორე პრობლემის სირთულესაც და პირველხარისხოვან მნიშვნელობასაც, ამიტომ რეფორმირების დროს ყურადღება უმთავრესად ექცეოდა სწავლების გაუმჯობესებისთვის წარმატებული სტრატეგიების შემუშავებას და გამოყენებას. ერთი ბოსტონელი რეფორმატორი ამბობს, რომ „რეფორმა სამ ვეშაპზე დგას: პროფესიულ განვითარებაზე, პროფესიულ განვითარებაზე და პროფესიულ განვითარებაზე… ყველაფერი, რაც კი გაგვაჩნდა, – ფულადი და ორგანიზაციული რესურსები, ადამიანები და ტექნიკა – ჩვენ პროფესიული განვითარებისკენ მივმართეთ. მუნიციპალური ბიუჯეტის 5% პროფესიულ განვითარებას მოხმარდა, ხოლო ამ თანხის 80% მასწავლებლებზე დაიხარჯა”. სინგაპურში მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის გამოიყენეს განათლების ნაციონალური ინსტიტუტი: „თქვენს განკარგულებაში შეიძლება იყოს საუკეთესო პროგრამა, შესანიშნავი ინფრასტრუქტურა და მართვის საუკეთესო პრინციპები, მაგრამ თუ არ გყავთ კარგი მასწავლებლები, ყველაფერი დაკარგულია… ჩვენ მასწავლებლებს ვაძლევთ საშუალებას, ყოველწლიურად გაიარონ პროფესიული განვითარების 100 საათი… თუ არ გყავთ თავიანთი საქმის მოყვარული მასწავლებლები, როგორ გეყოლებათ სწავლის მოყვარული მოსწავლეები?!” ინგლისში რეფორმირება კონცენტრირებული იყო საკლასო მუშაობის გაუმჯობესებაზე: „1988 და 1998 წლებში ბევრი რამ მკვეთრად, ხანდახან ორჯერ და სამჯერ იცვლებოდა. ეს ცვლილებები, უპირველესად, თითოეული კლასის დონეზე ხდებოდა. ჩვენ ისე შევცვალეთ კლასში მუშაობა, რომ რეფორმები ყველა მოსწავლემდე მივიტანეთ”.

ამ მეთოდებმა შესამჩნევად იმოქმედა სწავლების შედეგებზე. ბოსტონში იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც შეესაბამებოდნენ MCAS სტანდარტს, მათემატიკაში 25-დან 74%-მდე გაიზარდა, ინგლისურში – 43-დან 77%-მდე. ინგლისში, სადაც 50 წლის განმავლობაში არ შეინიშნებოდა გაუმჯობესება, რეფორმების შემდეგ სამ წელიწადში იმ მოსწავლეთა რაოდენობამ, რომლებიც სტანდარტებს შეესაბამებოდნენ, 63-დან 75%-მდე მოიმატა.

თომას გორდონი-როგორ გავხდე კარგი მშობელი – მეთორმეტე თავი

0
მშობლების შიში და შფოთვა „უდანაკარგო” მეთოდთან დაკავშირებით 

კონფლიქტის გადაჭრის უდანაკარგო მეთოდს, როგორც იმედისმომცემ ახალ ალტერნატივას მშობლები, როგორც წესი, ადვილად წვდებიან და მალევე ითვისებენ. მიუხედავად ამისა, როგორც კი საქმე თეორიული დისკუსიიდან ოჯახში გამოყენებაზე მიდგება, ბევრი მათგანი სავსებით საფუძვლიან შიშს და ნერვიულობას გამოხატავს.  

„თეორიულად არაჩვეულებრივია, მაგრამ პრაქტიკულად გამოგვადგება თუ არა?” კითხულობს ბევრი მშობელი. ადამიანური ბუნებისათვის დამახასიათებელია სიახლისადმი შიში და სურს ბოლომდე დარწმუნდეს სიახლის სიკეთეში, სანამ ჩვეულზე უარს იტყოდეს. ამასთან, მშობლებს ეშინიათ საკუთარ შვილებთან „ექსპერიმენტების”.
ქვემოთ გთავაზობთ მშობლების გავრცელებულ შიშებსა და წუხილს და ჩვენს რჩევებს მათ დასაძლევად, რაც, იმედი გვაქვს, დაეხმარებათ „საქმეში გამოსცადონ” უდანაკარგო მეთოდი.   
ისევ ის ძველებური ოჯახური საბჭოა, მხოლოდ ახალი სახელით?
თავიდან ზოგიერთი მშობელი იმ მიზეზით ეწინააღმდეგება III მეთოდს, რომ მას ძველებურ „ოჯახურ საბჭოდ” მიიჩნევს, რომელსაც თავის დროზე თვით მათი მშობლები იყენებდნენ. როდესაც მშობლებს ვთხოვთ ბავშვობის გამოცდილებიდან ოჯახური საბჭოს აღწერას, თითქმის ყველა მათგანი ერთს და იმავე სურათს ხატავს:

„ყოველ კვირა დღეს დედა და მამა სასადილო ოთახში შეკრებას გვთხოვდნენ სხვადასხვა პრობლემებზე სასაუბროდ. როგორც წესი, პრობლემებს ისინი წამოსწევდნენ, ხოლმე, თუმცა, ზოგჯერ ჩვენც გვქონდა ამის შესაძლებლობა. ძირითადად მამა და დედა საუბრობდნენ, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვის უფლება მამას ჰქონდა. ხშირად ისინი გაკვეთილის მსგავს შეხვედრას გვიწყობდნენ და გვმოძღვრავდნენ. ზოგჯერ ჩვენი აზრის გამოთქმის უფლება გვქონდა, თუმცა საბოლოოდ ისინი წყვეტდნენ. თავიდან ყოველთვის საინტერესო იყო, მაგრამ თანდათან საშინელი მოსაბეზრებელი ხდებოდა. ასეთი საბჭოები, როგორც მახსოვს, დიდხანს არ გრძელდებოდა. რაზე ვსაუბრობდით? ძირითადად საოჯახო პასუხისმგებლობების, დაძინების დროისა და დღის განმავლობაში დედაზე ზრუნვის შესახებ”.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწყვეტი არ ასახავს საოჯახო საბჭოების მთელ მრავალფეროვნებას, მასში საერთო მახასიათებლებია მოცემული: მშობლებზე ორიენტაცია, მამის დომინანტური როლი, მშობლების მიერ გადაწყვეტილების მიღება, შვილების „დამოძღვრა”, პრობლემები უმეტესწილად აბსტრაქტულია და არ შეიცავს პოლემიკის მუხტს, ატმოსფერო როგორც წესი, სასიამოვნო და მეგობრულია.      

III მეთოდი ოჯახური საბჭო არ არის, ის კონფლიქტების მოგვარების მეთოდია, თანაც დაუყოვნებლივ. კონფლიტში ყოველთვის მთელი ოჯახი არ არის ჩართული, უმეტესწილად მასში ერთ–ერთი მშობელი და შვილი მონაწილეობს. ოჯახის სხვა წევრების დასწრება არათუ აუცილებელი, არასასურველიცაა. ეს მეთოდი მშობლებისთვის სწავლების და დამოძღვრის ხელსაყრელი მიზეზი არ არის, რაც, ჩვეულებრივ, გულისხმობს ხოლმე, რომ მასწავლებელმა ან მოძღვარმა უკვე იცის პასუხი. მშობლები და შვილები თავიანთ ერთადერთ პასუხს ეძებენ და არ არსებობს მიკერძოებული პასუხი, რომელიც უდანაკარგო გადაწყვეტილებას მოგვიტანს. ასევე არ არსებობს „ხელმძღვანელი” ან „ლიდერი”; მშობელი და შვილი თანასწორი მონაწილეები არიან, რომლებიც თავდაუზოგავად ცდილობენ საერთო პრობლემის გადაჭრას.

ზოგადად, III მეთოდი პრობლემების გადაჭრის თვალსაზრისით მაღალი ოპერატიულობით გამოირჩევა. ასეთ პრობლემებს „მწვავეს” ვუწოდებთ, რადგან მონაწილეები განყენებულ საოჯახო საბჭოს კი არ ელოდებიან, რომ მათზე იმსჯელონ, არამედ დაუყოვნებლივ ცდილობენ მოგვარებას. 

III მეთოდის დროს ატმოსფერო ყოველთვის სასიამოვნო და მეგობრული როდია. მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტები ხშირად ძალზე ემოციურია და ვნებათაღელვა ხშირად პიკს აღწევს.

გასულ თვეში ვაჟიშვილს ავტომანქანა უყიდეთ და შეთანხმდით, რომ ბენზინისა და დაზღვევის ფულს ის გადაიხდიდა. და აი, ერთ მშვენიერ დღეს გაცნობებს, რომ ამ თვეში დაზღვევის ფული არ აქვს.

ერთი კვირაა მოზარდ შვილებს გვიანობამდე სძინავთ, რადგან გვიანობამდე თამაშობენ ვიდეოთამაშებს ან ტელევიზორს უყურებენ. ხმაურის გამო თქვენც გვიანობამდე ფხიზლობთ და სამსახურში გამოუძინებელი მიდიხართ.  

ათი წლის ქალიშვილს ბოლოსდაბოლოს ლეკვი უყიდეთ იმ პირობით, რომ მის ჭმევასა და სეირნობაზე იზრუნებდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ძაღლი არც კი გახსენებია.  

ასეთი კონფლიქტების დროს მძაფრი გრძნობები მონაწილეობს. როდესაც მშობელი აცნობიერებს განსხვავებას ტრადიციულ ოჯახურ საბჭოსა და კონფლიქტების გადაჭრის მეთოდს შორის, მისთვის ცხადი ხდება, რომ სრულიადაც არ ვცდილობთ ახალი სახელწოდებით ძველი ტრადიციის აღორძინებას.

არის თუ არა III მეთოდი მშობლის სისუსტის გამოვლენა?

დასაწყისში, ზოგიერთი მშობელი, განსაკუთრებით მამა, III მეთოდს აფასებს, როგორც ბავშვისთვის დათმობას, „სისუსტეს” „საკუთარი შეხედულებების კომპრომისს”. ერთ–ერთმა მამამ საბავშვო ბაღში წასვლასთან დაკავშირებით ბონისა და დედამისის დიალოგის ჩანაწერის მოსმენის საკმაოდ გაბრაზებულმა განაცხადა: „ამ დედამ შვილის დაკრულზე იცეკვა და სხვა არაფერი! ახლა მოუწევს ყოველ საღამოს ერთი საათი გაატაროს თავის „გაფუჭებულ” შვილთან. ბავშვმა გაიმარჯვა, ასე არ არის?” რა თქმა უნდა ბავშვმა „გაიმარჯვა”, მაგრამ დედაზეც ხომ იგივეს თქმა შეგვიძლია. მას აღარ მოუწევს კვირაში ხუთჯერ ემოციური წნეხის გადატანა. 

მამის რეაქცია გასაგებია, რადგან ადამიანებს სჩვევიათ კონფლიქტის შესახებ გამარჯვება–დამარცხების ტერმინებით მსჯელობა. მათი აზრით, რაკი ერთი მხარე შძლებს საკუთარი პოზიციის დაცვას, მეორეს პოზიცია მსხვერპლად ეწირება. რომელიმე მხარე უნდა დამარცხდეს. 

თავიდან მშობლებს უჭირთ იმის გაცნობიერება, რომ შესაძლებელია ორივე მხარემ დაიცვას საკუთარი პოზიცია. III მეთოდი არ ჰგავს II მეთოდს, რომლის დროსაც ბავშვს თავისი გააქვს მშობლის ხარჯზე. ბუნებრივია, დასაწყისში ზოგიერთი მშობელი ასე ფიქრობს: „თუკი I მეთოდზე უარს ვიტყვი, II მეთოდიღა მრჩება”, „თუ ჩემსას არ გავიტან, ჩემი შვილი გაიტანს თავისას”. ეს კარგად ნაცნობი „ან–ან” მიდგომაა კონფლიქტის გადაჭრისას.  

 

მშობლებს უნდა დავეხმაროთ, რომ დაინახონ II და III მეთოდს შორის არსებითი განსხვავება. მათ იმის შეხსენება სჭირდებათ, რომ III მეთოდის დახმარებით მათაც უნდა დაიკმაყოფილონ საკუთარი მოთხოვნილებები; საბოლოო გადაწყვეტილება მათთვისაც მისაღები უნდა იყოს. თუკი ისინი ფიქრობენ, რომ შვილებს დაუთმეს, ჩანს II და არა III მეთოდი გამოიყენეს. მაგალითად ბონისა და დედამისს შორის კონფლიქტის დროს (როცა ბონის არ სურდა საბავშვო ბაღში სიარული), დედამ გულწრფელად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ერთი საათი მხოლოდ ბონის დაუთმოს ყურადღება (ფაქტობრივად, სწორედ ასე მოიქცა დედა). წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ის ბონის „დანებდა” (II მეთოდი). 

დასაწყისში ზოგიერთი მშობელი ვერ ხვდება, რომ მიღებული გადაწყვეტილება ბონის დედისთვისაც ხელსაყრელია – არა მხოლოდ დილაობით ხვეწნასა და უკმაყოფილებას მოეღო ბოლო, არამედ დამნაშავედაც აღარ გრძნობს თავს იმის გამო, რომ ბონის საბავშვო ბაღში აგზავნის. ის კმაყოფილია, რომ ბონის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება აღმოაჩინა და მისი დაკმაყოფილების გზაც იპოვნა.

მიუხედავად ზემოთქმულისა, ზოგიერთი მშობელი მიიჩნევს, რომ III მეთოდი გარდაუვალი „კომპრომისია” და ეს უკანასკნელი მათთვის უკან დახევას, სასურველზე ნაკლების მიღებას, „სისუსტეს” ნიშნავს. როდესაც მათ ხმაში ამგვარ განცდას ვიჭერ, ხშირად ინაუგურაციის დროს წარმოთქმული პრეზიდენტ ჯონ ფ. კენედის სიტყვები მახსენდება: „ნუ შეგეშინდებათ მოლაპარაკებების, მაგრამ არასოდეს გამართოთ მოლაპარაკებები შიშის გამო”. III მეთოდი მოლაპარაკებას ნიშნავს, რომლის დროსაც ყოველი მხარე ჯიუტად ცდილობს საკუთარი პოზიციის დაცვას მანამ, სანამ ორივესთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება მოიძებნება. 

ჩვენთვის III მეთოდი „კომპრომისის” ტოლფასი არ არის იმ აზრით, რომ ვიღებთ სასურველზე ნაკლებს, რადგან ჩვენი გამოცდილებით ვიცით, რომ ამ მეთოდის საშუალებით მიღებულ გადაწყვეტილებას სასურველზე მეტი მოაქვს მშობლისთვისაც და ბავშვისთვისაც. ეს ის გადაწყვეტილებებია, რომელსაც ფსიქოლოგები ხშირად „ელეგანტურ გამოსავალს” უწოდებენ – კარგი, ხშირად საუკეთესო, ორივესათვის. ამრიგად, III მეთოდი უკან დახევას არ ნიშნავს. სრულიად საპირისპიროდ! განვიხილოთ ქვემოთ მოცემული კონფლიქტი, რომელიც მთელ ოჯახს ეხება და ვნახოთ, რამდენად ხელსაყრელი იყო ის მშობლებისთვის და შვილებისთვის. აი რა გვიამბო ერთ–ერთმა დედამ:

„მადლიერების დღე (დღესასწაული, რომელიც ნოემბრის თვეში აღინიშნება ამერიკის კონტინენტზე პირველი კოლონისტების ხსოვნის აღსანიშნავად. მთარგმნ. შენ.) ახლოვდებოდა. ჩვეულებისამებრ ინდაურით სადღესასწაულო სადილის მომზადებას და ოჯახურ შეკრებას ვგეგმავდი. ჩვენს სამ ვაჟსა და ქმარს სხვა რამ სურდად, ამიტომ პრობლემის გადაჭრას შევუდექით. მეუღლეს სახლის გადაღებვა უნდოდა და არ სურდა  დროის დაკარგვა სადღესასწაულო მაგიდასთან ხანგრძლივად ჯდომაში. სტუდენტ შვილს მეგობრის მოწვევა უნდოდა სახლში, რომლის ოჯახს არ ჰქონდა მადლიერების დღის აღნიშვნის ტრადიცია. უფროსკლასელ შვილს მთელი ოთხი დღით აგარაკზე წასვლა სურდა. ნაბოლარას რაც შეეხება, მას წინასწარ აშინებდა სადღესასწაულო ჩაცმულობის აუცილებლობა და ხანგრძლივი და, მისი აზრით, მოსაწყენი „ოფიციალური” სადილი. მე, ჩემის მხრივ მნიშვნელოვნად მიმაჩნდა ოჯახური ერთობის გრძნობა, რომელიც მაშინ მტკიცდება, როდესაც ოჯახი ერთად იკრიბება და ამას გარდა მინდოდა თავი გამომეჩინა კარგი დიასახლისობითაც, რომელსაც სადღესასწაულოდ ინდაურის გემრიელად მომზადება შეუძლია. პრობლემის გადაჭრის საფუძველზე ასეთი გეგმა შევიმუშავეთ: ინდაურის სადილს მოვამზადებდი, რომელსაც აგარაკზე წავიღებდით მას შემდეგ, რაც მეუღლე სახლს შეღებავდა. სტუდენტი ვაჟიშვილი მეგობარს დაპატიჟებდა სახლში და ყველანი მამას მიეხმარებოდნენ, რომ რაც შეიძლება მალე წავსულიყავით აგარაკზე. ასეთი ცვლილების შედეგად  თავიდან ავიცილეთ კარებების მიჯახუნება და მრისხანება. ყველამ არაჩვეულებრივად გაატარა დრო – საუკეთესო მადლიერების დღე გვქონდა. ჩემი შვილის მეგობარიც კი მოგვეხმარა სახლის შეღებვაში. პირველი შემთხვევა იყო, როცა შვილები თავისი ნებით, ძალდატანებისა და ნერვიულობის გარეშე დაეხმარნენ მამას. მამა აღფრთოვანებული იყო, ბიჭები გაბრწყინებულები, მე თავს ნამდვილ დიასახლისად ვგრძნობდი. ამასთან, ჩვეულებრივზე ნაკლები ძალისხმევა დამჭირდა სადღესასწაულო სადილის მოსამსადებლად. მეთოდის შედეგებმა ბევრად გადააჭარბა მოლოდინს. აღარასოდეს ვუკარნახებ ოჯახურ გადაწყვეტილებებს!”

რამდენიმე წლის წინ ჩემს ოჯახშიც გვქონდა კონფლიქტი სააღდგომო არდადეგებთან დაკავშირებით და III მეთოდმა ყველასათვის მისაღები მოულოდნელი შედეგები მოგვიტანა. საბოლოოდ მე და ჩემს მეუღლეს თავი დამარცხებულად არ გვიგრძვნია; ბედნიერები ვიყავით, რომ თავიდან ავიცილეთ უსიამოვნება:

ჩვენი თხუთმეტი წლის ქალიშვილი მეგობრებთან ერთად აპირებდა სააღდგომო არდადეგების გატარებას ნიუპორტ–ბიჩზე (სადაც „ბევრი ბიჭის გარდა” ლუდი, ნარკოტიკები და პოლიციაც ბევრია ხოლმე). მე და ჩემს ცოლს ნამდვილად გვეშინოდა იმის, რაც, როგორც ამბობდნენ, ხდებოდა ხოლმე ათასობით მოზარდის ამ ყოველწლიურ შეკრებებზე. ჩვენ გამოვთქვით შიში, შვილმა მოგვისმინა, თუმცა არ გაითვალისწინა, რადგან ძალიან უნდოდა მეგობრებთან ერთად სანაპიროზე დასვენება. ვიცოდით, რომ ვერ დავიძინებდით და გვეშინოდა, რომ შუაღამისას დაგვირეკავდნენ და ქალიშვილის შესახებ რაიმე საშინელებას გვეტყოდნენ. აქტიური მოსმენის საშუალებით მოულოდნელი რამ აღმოვაჩინეთ – შვილის მთავარი სურვილი იყო ერთ კონკრეტულ მეგობართან ერთად ყოფნა, იქ სადაც ბიჭებიც იქნებოდნენ და თან აუცილებლად სანაპიროზე, რომ სკოლაში დაბრუნებულებს თავი რუჯით მოეწონებინათ. კონფლიქტის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ, როცა ჯერ კიდევ არ გვქონდა ნაპოვნი გადაწყვეტილება, ქალიშვილმა ახალი წინადადება შემოგვთავაზა: „ხომ არ აიღებდით შვებულებას, რომელიც დიდი ხანია არ გქონიათ?” ის თავის მეგობარს დაპატიჟებდა და იმ მოტელში გავჩერდებოდით, სადაც ჩემი საყვარელი გოლფის კორტია და რომელიც ახლოსაა სანაპიროსთან, მართალია, არა ნიუპორტის, თუმცა, არ ამ სანაპიროზე იქნებიან ბიჭები საძებნელი. ჩვენ მისი წინადადება ავიტაცეთ, შვებით ამოვისუნთქეთ იმის გამო, რომ თავიდან ავიცილეთ ნიუპორტში მეთვალყურეობის გარეშე მის გაშვებასთან დაკავშირებული ნერვიულობა. ისიც კმაყოფილი იყო, რადგან ყველა მისი მოთხოვნილება დაკმაყოფილდა. ჩვენ მიღებული გეგმა განვახორციელეთ. დრო არაჩვეულებრივად გავატარეთ – მე ცოლთან ერთად გოლფის თამაშში, გოგონებმა კი სანაპიროზე. მართალია, სანაპიროზე მხოლოდ რამდენიმე ბიჭი იყო, რის გამოც ჩვენს ქალიშვილსა და მის მეგობარს იმედი გაუცრუვდათ, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ჩიოდა და არ გვსაყვედურობდა იმის გამო, რომ ჩვენი გავლენით ისეთი გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც სრულად არ შეესაბამებოდა მათ თავდაპირველ გეგმას.

მოცემული სიტუაცია ცხადყოფს, რომ III მეთოდის დახმარებით მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის იდეალური არ არის. ზოგჯერ, შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ ერთი შეხედვით კონფლიქტის ყველა მონაწილისათვის ხელსაყრელმა გადაწყვეტილებამ, რომელიმე მათგანს იმედი გაუცრუა. მიუხედავად ამისა, იმ ოჯახებში, სადაც რეგულარულად იყენებენ III მეთოდს, ოჯახის რომელიმე წევრის იმედგაცრუება ურთიერთწყენისა და გაბოროტების მიზეზი არ ხდება, რამეთუ ყველა ხვდება, რომ შვილების იმედგაცრუების მიზეზი მშობლები კი არ არიან (განსხვავებით I მეთოდისაგან), არამედ შემთხვევა, იღბალი ან უამინდობა. შვილებს შეუძლიათ დაადანაშაულონ გარეგანი ანუ მოულოდნელი ძალები, მაგრამ არა მშობლები. რა თქმა უნდა, არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი – III მეთოდის წყალობით ნაპოვნ გადაწყვეტილებას საკუთარ და არა მხოლოდ მშობლების გადაწყვეტილებად აღიქვამენ. 
„ჯგუფს არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება”
გავრცელებულია შეხედულება, რომ გადაწყვეტილების მიღება ინდივიდებს შეუძლიათ და არა ჯგუფს. „აქლემი ჯგუფური გადაწყვეტილების შედეგია იმის თაობაზე, როგორი უნდა იყოს ცხენი”, ეს იუმორნარევი ციტატა ხშირად მოჰყავთ მშობლებს საკუთარი შეხედულების დასტურად, რომ ჯგუფი საერთოდ ვერ იღებს გადაწყვეტილებას ან თუ იღებს, არასწორს. „საბოლოოდ, მაინც ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას კოლექტივის სახელით”, ასეთია კიდევ ერთი მოსაზრება, რომელსაც მშობლები ხშირად გვიზიარებენ.  

ზემოხსენებული მითის არსებობას ის განაპირობებს, რომ მხოლოდ ერთეულებს ეძლევათ ხოლმე ეფექტური გადაწყვეტილების მიმღები ჯგუფის წევრობის შანსი.  სიცოცხლის განმავლობაში ზრდასრულთა უმრავლესობას უარს ეუბნებიან ამგვარი გამოცდილების მიღებაზე ძალაუფლების მქონენი – მშობლები, მასწავლებლები, დეიდები და ბიძები, მწვრთნელები, ძიძები, სამხედრო ლიდერები, ხელმძღვანელები და ა.შ. – და პრობლემების გადაჭრისას და კონფლიქტების  მოგვარებისას მუდამ I მეთოდს იყენებენ. ზრდასრულთა უმრავლესობას ჩვენს „დემოკრატიულ” საზოგადოებაში იშვიათად ეძლევა იმის ხილვის შესაძლებლობა, რომ ჯგუფი პრობლემებსა და კონფლიქტებს დემოკრატიულად ართმევს თავს. გასაკვირი არ არის, რომ მშობლები სკეპტიკურად უყურებენ ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღების უნარს: ისინი ამას არც კი მოსწრებიან! შედეგები შემაშფოთებელია, თუ გავითვალისწინებთ, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ლიდერები პასუხისმგებელი მოქალაქეების აღზრდას.  
შესაძლოა, სწორედ ამის გამო სჭირდება ზოგიერთ მშობელს მყარი დასაბუთება, რომ ოჯახს, როგორც ჯგუფს, შეუძლია მაღალხარისხიანი გადაწყვეტილების მიღება და პრობლემების გადაჭრა, მათ შორის ისეთი ფაქიზი და რთულის, როგორიცაა კონფლიქტები:

ჯიბის ფულის ან ზოგადად ფულის, 
ოჯახზე ზრუნვის,
საოჯახო საქმეების,
ოჯახისთვის საყიდლების,
ტელევიზორის გამოყენების,
ვიდეო თამაშების,
არდადეგების,
წვეულებაზე ბავშვების ქცევის,
ტელეფონის გამოყენების,
ძილის დროის,
სადილობის დროის,
მანქანაში ადგილის,
კომპიუტერის გამოყენების,
საკვების არჩევის, 
ოთახებისა და საკუჭნაოების დანიშნულების,
ოთახების მოვლის შესახებ.

ეს სია უსასრულოა – ოჯახს, როგორც ჯგუფს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება და ამაში ყოველდღიურად დავრწმუნდებით, თუკი კონფლიქტის გადაჭრის უდანაკარგო მეთოდს გამოვიყენებთ. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ III მეთოდი და საკუთარ თავსაც და შვილებსაც უნდა მივცეთ შესაძლებლობა გამოვცადოთ და დავრწმუნდეთ, რომ ჯგუფს შეუძლია შემოქმედებითი და ურთიერთმისაღები გადაწყვეტილების მიღება.   
„III მეთოდი ძალიან ბევრ დროს გვართმევს”

ბევრ მშობელს აშინებს ის ფაქტი, რომ პრობლემების გადაჭრას ძალიან ბევრი დრო სჭირდება. ბატონი უ. ძალზე დაკავებული ჩინოვნიკი, რომელიც ისედაც ძლივს ართმევს თავს თავის სამსახურებრივ პასუხისმგებლობებს, აცხადებს: „უბრალოდ ვერ შევძლებ დროის გამონახვას, რომ ყოველ ჯერზე სათითაოდ დავუჯდე ხოლმე ჩემს შვილებს და მოვაგვაროთ კონფლიქტი. ჩემი მხრიდან ეს უპატიებელი დროის ფლანგვა იქნებოდა!” „სახლის საქმეებს ვეღარ დავასრულებ, თუკი III მეთოდის გამოყენებას დავიწყებ”, ამატებს ხუთი შვილის დედა.

არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ III მეთოდს ბევრი დრო სჭირდება და ის დამოკიდებულია პრობლემის რაობასა და მშობლისა და შვილის მზაობაზე იპოვნონ უდანაკარგო გადაწყვეტილება. გთავაზობთ დასკვნებს იმ მშობლების გამოცდილებიდან, რომლებიც კეთილსინდისიერად ცდილობდნენ III მეთოდის გამოყენებას:

1.ბევრი პრობლემა თითიდან გამოწოვილია ან იმდენად მარტივია, რომ მის გადაჭრას ათიოდე წუთი თ სჭირდება.

2.ზოგიერთ პრობლემას მეტი დრო სჭირდება, მაგალითად, ჯიბის ფული, საოჯახო საქმეები, ტელევიზორის გამოყენება, დროული დაძინება. მიუხედავად ამისა, III მეთოდით გადაჭრის შემდეგ ისინი, როგორც წესი, აღარ ჩნდება ხოლმე. I მეთოდისაგან განსხვავებით III მეთოდით მიღებული გადაწყვეტილება გრძელვადიანია.

3.III მეთოდის გამოყენებით მშობელი, საბოლოო ჯამში, ზოგავს დროს, რადგან აღარ უწევს დროის კარგვა შეხსენებებზე, იძულებაზე, კონტროლსა და საყვედურებზე. 

4.პირველ ჯერზე III მეთოდის გამოყენება ოჯახს მეტ დროს ართმევს, ვიდრე მისი შემდგომი გამოყენება. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ბავშვებს (და მშობლებს) ჯერ კიდევ არ აქვთ ახალი მეთოდით სარგებლობის გამოცდილება, ბავშვები შესაძლოა უნდობლად მოეკიდონ მშობლების კეთილ განზრახვებს („ჩვენი კონტროლის ეს რა ახალი მეთოდი მოიგონეთ?”) ან, ბოლოსდაბოლოს იმის გამო, რომ მათში ჯერ კიდევ ბატონობს კონფლიქტის განხილვა „გამარჯვება–დამარცხების” ჭრილში („ჩემი უნდა გავიტანო”).

შესაძლოა, უდანაკარგო მეთოდის გამოყენების ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, რომელსაც არც კი ველოდებოდი და რომელიც მაქსიმალურად ზოგავს დროს ის გახლავთ, რომ გარკვეული დროის შემდეგ კონფლიქტები სულ უფრო და უფრო იშვიათად იჩენს ხოლმე თავს.   

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ამოვწურეთ გადასაჭრელი კონფლიქტები”, გვაცნობა ერთ–ერთმა დედამ კურსების დამთავრებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ. 

მეორემ თხოვნაზე, გაეზიარებინა III მეთოდის გამოყენების გამოცდილება, მომწერა: „სიამოვნებით დაგეხმარებოდით ფაქტობრივი მასალის მოწოდებაში, მაგრამ ამ ბოლო დროს იმდენად ცოტა კონფლიქტი ჩნდება ჩვენს ოჯახში, რომ III მეთოდის სათანადოდ გამოცდის შესაძლებლობაც კი არ გვეძლევა”. ჩემს საკუთარ ოჯახში მშობლებსა და შვილებს შორის იმდენად უმნიშვნელო კონფლიქტებს წავაწყდით, რომ გულწრფელად ვერ შევძლებ რომელიმეს გახსენებას, მითუმეტეს, რომ მათი გადაჭრა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მოვახერხეთ და არ მივეცით ნამდვილ „კონფლიქტად” გადაქცევის შესაძლებლობა. 

მე ველოდებოდი, რომ კონფლიქტები მუდამ გაჩნდებოდა წლიდან წლამდე და დარწმუნებული ვარ, ჩვენი კურსებს მსმენელთა უმრავლესობაც ასევე ფიქრობდა. რატომ მცირდება კონფლიქტები? ამ საკითხზე ფიქრმა შემდეგ დასკვნამდე მიმიყვანა: III მეთოდის დახმარებით მშობელსა და შვილს სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება უყალიბდება ერთმანეთის მიმართ. შვილმა იცის რა, რომ მშობლებმა უარი თქვეს ძალაუფლების გამოყენებაზე საკუთარი გადაწყვეტილების გასატანად – შვილის ინტერესების უგულებელყოფით საკუთარ გამარჯვებაზე – შვილს აღარ რჩება მიზეზი საიმისოდ, რომ დაჟინებით დაიცვას საკუთარი ინტერესები ან წინ აღუდგეს მშობლის ძალაუფლებას. შედეგად, ინტერესთა მძაფრი კონფლიქტი თითქმის მთლიანად ქრება. შვილი უფრო დამთმობი ხდება – მშობლის ინტერესები მას საკუთარ ინტერესებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ეჩვენება. მოთხოვნილებას გაჩენისთანავე ღიად გამოხატავს და მშობლებიც „ფეხის აწყობას” ცდილობენ. თუკი რომელიმე მხარეს უძნელდება მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, იმის ნაცვლად, რომ საბოლოო გამარჯვებამდე იბრძოლონ, ცდილობენ მეტი დრო მოანდომონ პრობლემის მოგვარებას.

და ბოლოს, აი კიდევ ერთი შედეგი: მშობლები და შვილები კონფლიქტის თავიდან აცილების მეთოდების გამოყენებას იწყებენ. მოზარდი ქალიშვილი მშობლებს კარებში ბარათს უტოვებს და ახსენებს, რომ საღამოს ავტომობილი დასჭირდება. ან წინასწარ ეკითხება, ხომ არ შეეშლებათ ხელი მომდევნო პარასკევს მეგობარს თუ დაპატიჟებს სადილზე. ყურადღება მიაქციეთ, რომ ქალიშვილი ნებართვას არ ითხოვს; მშობლის ნებართვის თხოვნა I მეთოდისთვის არის დამახასიათებელი და გულისხმობს, რომ მშობელს ნებართვაზე უარის თქმა შეუძლია. III მეთოდის შემთხვევაში შვილი ამბობს: „ჩემი საქმის კეთება მსურს, თუკი ეს თქვენი საქმის კეთებაში არ შეგიშლით ხელს”.   
„ამართლებს თუ არა I მეთოდის გამოყენებას ის, რომ მშობლები უფრო ჭკვიანები არიან?”

შეხედულებას, რომ მშობელს აქვს შვილის მიმართ ძალაუფლების გამოვლენის უფლება, რადგან უფრო ჭკვიანი და გამოცდილია, მკვიდრად აქვს ფესვები გამდგარი. ამის დამადასტურებელი რამდენიმე გამონათქვამი უკვე შემოგთავაზეთ კიდეც: „გამოცდილებით ჩვენ უკეთ ვიცით”, „უარს შენივე საკეთილდღეოდ გეუბნებით”, „როცა გაიზრდები, მადლობას გვეტყვი ამისათვის”, „ვცდილობთ იმ შეცდომებისაგან დაგიცვათ, რომელიც ჩვენ დავუშვით”, „უბრალოდ ვერ დავუშვებთ ისეთი რამ გააკეთო, რასაც შემდეგ ინანებ”, და ა.შ.

მრავალ მშობელს ამ და სხვა მსგავსი შეტყობინებების გადაცემისას გულწრფელად სჯერა საკუთარი ნათქვამის. გამოცდილება გვარწმუნებს, რომ არც ერთი სხვა შეხედულების შეცვლა ისე რთული არ არის, როგორც იმისა, რომ მშობელს აქვს ძალაუფლების გამოყენების უფლება, მეტიც, ევალება კიდეც მისი გამოყენება, რადგან მეტი იცის, უფრო გონიერია, შეუძლია წინასწარგანჭვრეტა და გამოცდილია.

ეს მხოლოდ მშობლების შეხედულება არ გახლავთ. ყველა დროის ტირანი ამ არგუმენტით ამართლებდა ძალაუფლების გამოყენებას მათზე, ვისაც თრგუნავდა და იმორჩილებდა. მათ უმრავლესობას ძალზე მცდარი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ ქვეშევრდომებზე – ისინი მათთვის მონები, გლეხები, ველურები, პროვინციელები, შავკანიანები, „ოფლიანები”, ქრისტიანები, ერეტიკოსები, ბრბო, მუშები, ებრაელები, ლათინოამერიკელები, არაბები ან ქალები იყვნენ. როგორც ჩანს, არსებობს რაღაც ზოგადი პრინციპი, რომლის თანახმადაც, ძალაუფლების მქონემ, როგორღაც უნდა დაასაბუთოს და გაამართლოს ტირანია და არაადამიანობა დაქვემდებარებულების მიმართ.

ვინ გაბედავს უარყოს მოსაზრება, რომ მშობელი შვილზე ჭკვიანი და გამოცდილია? ამას ხომ დამტკიცებაც არ სჭირდება. მიუხედავად ამისა, როცა მშობლებს ვეკითხებით, თვლიან თუ არა, რომ მათი მშობლები არაკეთილგონივრულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ I მეთოდის დახმარებით, ყველა, როგორც ერთი, დადებითად გვპასუხობს. თურმე რა იოლად ავიწყდებათ მშობლებს საკუთარი ბავშვობის შთაბეჭდილებები! როგორ ადვილად ავიწყდებათ, რომ ხშირად შვილებმა მშობლებზე უკეთ იციან: როდის ეძინებათ და როდის შიათ; საკუთარი მეგობრების თვისებები; საკუთარი მისწრაფებები და მიზნები; მასწავლებლების დამოკიდებულება მათდამი; საკუთარი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები; ვინ უყვართ და ვინ არა; ვის აფასებენ და ვის არა.

მშობელი უფრო ჭკვიანია? არა! ყოველ შემთხვევაში, უმეტესწილად არა, როცა საქმე შვილებს ეხებათ. რა თქმა უნდა, მშობლებს აქვთ სიბრძნე და გამოცდილება, რომლის უგულებელყოფა არ შეიძლება.

P.E.T.-ის მრავალ მშობელს თავდაპირველად შეუმჩნეველი რჩება ფაქტი, რომ უდანაკარგო მეთოდისას მობილიზებულია როგორც მშობლის, ისე ბავშვის სიბრძნე. პრობლემის გადაჭრაში მონაწილეობს როგორც ერთი, ისე მეორე (განსხვავებით I მეთოდისაგან, რომელიც არად აგდებს ბავშვის სიბრძნეს ან II მეთოდისაგან, რომელიც არად აგდებს მშობლების სიბრძნეს).

ორი ტყუპი არაჩვეულებრივი და გონიერი ქალიშვილის დედამ გვაცნობა, სკოლასთან დაკავშირებული პრობლემის წარმატებული გადაჭრის შესახებ. ოჯახს ვერ გადაეწყვიტა, ტყუპები წინსწრებით მომდევნო კლასში გადაეყვანა, სადაც უფრო საინტერესო და რთული სამუშაო ექნებოდათ, თუ იმავე კლასში, ნაცნობ გარემოში დაეტოვებინათ. ასეთი პრობლემები, როგორც წესი, ექსპერტების – მშობლებისა და მასწავლებლების – მიერ გვარდება. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დედას თავისი მოსაზრება ჰქონდა, მაგრამ ის შვილების გონიერებასაც ენდობოდა, იცოდა, რომ ობიექტურად შეაფასებდნენ საკუთარ ინტელექტუალურ პოტენციალს და განსაზღვრავდნენ, რა იქნებოდა მათთვის უკეთესი. რამდენიმე დღის განმავლობაში არგუმენტებისა და კონტრატგუმენტების აწონ–დაწოვნის, დედის მოსაზრებების მოსმენის, მასწავლებელთან ინფორმაციის გაზიარების შემდეგ, ტყუპებმა მომდევნო კლასში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. ოჯახური გადაწყვეტილების შედეგები ხელსაყრელი აღმოჩნდა – ტყუპები კმაყოფილებიც იყვნენ და კარგადაც სწავლობდნენ. 

„შესაძლებელია თუ არა III მეთოდის გამოყენება მცირეწლოვანებთან?”

„ვხედავ, რომ III მეთოდი წარმატებით შემიძლია გამოვიყენო მოზრდილ ბავშვებთან, რომლებსაც უკვე საუბარი და ფიქრი შეუძლიათ, მაგრამ არა 2–დან 6 წლამდე. ისინი იმდენად პატარები არიან, რომ არც კი იციან რა არის მათთვის უკეთესი. მათთან I მეთოდის გამოყენება ხომ არ აჯობებს?” ეს ის კითხვაა, რომელსაც თითქმის ყველა მშობელი სვამს. მცირეწლოვანი შვილების მშობელთა გამოცდილება მეთოდის წარმატებულობას ადასტურებს. გთავაზობთ სამი წლის გოგონასა და დედის დიალოგს:

ლაურა: მეტი აღარასოდეს დავრჩები ძიძასთან.
დედა: არ მოგწონს ქალბატონ კროკეტთან დარჩენა, როცა მე სამსახურში მივდივარ?
ლაურა: არა, არ მინდა იქ წასვლა.
დედა: მე სამსახურში უნდა წავიდე სახლში მარტო ვერ დარჩები, მაგრამ ვატყობ, არ მოგწონს იქ წასვლა. იქნებ რაიმე მოვიფიქროთ, რომ გაგიადვილდეს დარჩენა?
ლაურა (დუმს): ტროტუარზე დავრჩები, სანამ შენ მანქანას დაძრავ.
დედა: ჰო, მაგრამ ქალბატონ კროკეტს სხვა ბავშვებიც მისახედი ჰყავს და შენ თუ გარეთ იქნები, ვერ მოგაქცევს ყურადღებას.
ლაურა: შემიძლია ფანჯრიდან გიყურო, სანამ შენი მანქანა ჩანს.
დედა: ასე თავს უკეთ იგრძნობ?
ლაურა: კი.
დედა: კარგი, ვცადოთ!

აი როგორ აღწერს ორი წლის გოგონას დედა არაძაუფლებრივი მეთოდის გამოყენების შედეგს:

„ერთ საღამოს ვახშამს ვამზადებდი, ჩემი გოგონა იქვე ხის ცხენზე იჯდა და მხიარულად ჭყიოდა. შემდეგ ცხენიდან ჩამოვიდა, მანქანაში ბავშვის სკამის მისამაგრებელი ქამრები აიღო და აღვირის გაკეთება დაიწყო. უშედეგო მცდელობების გამო სულ მთლად გაწითლდა და აზუზუნდა. ვიგრძენი, რომ ვბრაზდებოდი. საქმეს თავი დავანებე და გევრდზე მივუჯექი, როგორც ასეთ დროს ვიქცევი ხოლმე. მან ხელი მკრა და აზლუქუნდა. ახლა კი მზად ვიყავი თავის ცხენთან და აღვირთან ერთად თავის ოთახში გამეყვანა და კარი მომეხურა, რომ მისი ზლუქუნი აღარ გამეგო. უცებ ვიგრძენი, რომ შიგნით რაღაც გადამიტრიალდა. ისევ დავუჯექი გვერდზე, მხრებზე ხელი მოვხვიე და ვკითხე: „ძალიან ბრაზობ, მარტო რომ ვერ შეძელი აღვირის გაკეთება?” მან თავი დამიქნია, ზლუქუნი შეწყვიტა და რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ მხიარულად ჭყიოდა თავის ცხენზე. „აი, სინამდვილეში რა ადვილი ყოფილა!” გავიფიქრე გულში”.

რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე მარტივად არ არის საქმე, მაგრამ III მეთოდი მართლაც გასაოცრად ამართლებს არათუ სკოლამდელებთან, ჩვილებთანაც კი. მახსენდება ჩვენს ოჯახში მომხდარი ამბავი: 

„ჩვენი გოგონა ხუთი თვის იყო, როდესაც ტბის პირას კოტეჯში დასვენება გადავწყვიტეთ. ამ მოგზაურობამდე პატარას საღამოს 11:00–დან დილის 7:00–მდე მშვიდად ეძინა ხოლმე. გარემოს შეცვლამ ბოლო მოუღო ჩვენს ბედნიერებას. პატარამ დილის 4 საათზე დაიწყო გაღვიძება და საჭმლის გამო ტირილი. რა თქმა უნდა ამ დროს გაღვიძება ჩვენთვის ძალზე რთული იყო. სექტემბერი იდგა და თანაც ვისკონსინის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში ვიყავით. გასათბობად შეშის ღუმელი გვქონდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ნაჩქარევად უნდა დაგვენთო ცეცხლი და როგორმე გაგვეყვანა ის ერთი საათი, რაც ბავშვის რძის მომზადებას დასჭირდებოდა. ვგრძნობდით, რომ „ინტერესთა კონფლიქტი” გვქონდა და პრობლემა ერთობლივი ძალებით უნდა გადაგვეჭრა. მოლაპარაკების შემდეგ პატარას ასეთი ალტერნატივა შევთავაზეთ იმ იმედით, რომ მისთვის მისაღები იქნებოდა. იმის ნაცვლად, რომ საღამოს 11 საათზე გაგვეღვიძებინა და გვეჭმია, 12–მდე დავაცადეთ ძილი და მერე ვაჭამეთ. მეორე დილას პატარამ 5 საათზე გაიღვიძა. დასაწყისისათვის არც ისე ცუდი იყო. იმ საღამოს ნორმაზე ცოტა მეტი ვაჭამეთ და 12:30–ზე დავაძინეთ. ხერხმა გაჭრა და მომდევნო  დღეებში 7 საათზე იღვიძებდა ხოლმე, როცა ისედაც უნდა ავმდგარიყავით და სათევზაოდ წავსულიყავით, რადგან ამ დროს ყველაზე მეტი თევზის დაჭერა შეიძლებოდა. შედეგად, არავინ დამარცხებულა, ყველამ გავიმარჯვეთ”.

III მეთოდის გამოყენება ჩვილებთან არათუ შესაძლებელი, აუცილებელიც კი არის. რაც უფრო ადრე დავიწყებთ მის გამოყენებას, მით უფრო ადრე ისწავლის ჩვენი შვილი დემოკრატიულ ურთიერთობებს, სხვების მოთხოვნილებების პატივისცემას და იმის გაცნობიერებას, რომ თვით მის მოთხოვნილებებსაც პატივს სცემენ.

როდესაც ჩვენს კურსებზე მოზრდილი შვილების მშობლები მოდიან და I და II (კონფრონტაციული) მეთოდის შემდეგ III მეთოდის გამოყენებას იწყებენ, გაცილებით მეტ სიძნელეებს აწყდებიან, ვიდრე ის მშობლები, რომლებიც თავიდანვე III მეთოდს იყენებენ.

„ეს რა ახალი ფსიქოლოგიური ხრიკია, რომ ის გაგვაკეთებინოთ, რაც თქვენ გსურთ?” ასეთი კითხვა დასვა ერთ–ერთმა მოზარდმა ვაჟმა, როდესაც მისმა მშობლებმა პირველად სცადეს III მეთოდის გამოყენება. ეს გონიერი ბიჭი მიჩვეული იყო პრობლემების გადაჭრას გამარჯვება–დამარცხების მეთოდით (როცა დამარცხებული მუდამ თავად იყო) და აღარ ენდობოდა მშობლების კეთილ განზრახვას და მათ გულწრფელ სურვილს მოესინჯათ უდანაკარგო მეთოდი. მომდევნო თავში შემოგთავაზებთ რჩევებს მოზარდთა ამგვარი წინააღმდეგობის დასაძლევად. 

„არის თუ არა ისეთი შემთხვევა, როცა აუცილებელია I მეთოდის გამოყენება?”

თითქმის ყველა ჯგუფში გვხვდება მშობელი, რომელიც ცდილობს ეჭვქვეშ დააყენოს III მეთოდი ან დაამტკიცოს მისი შეზღუდულობა:

„თუ ბავშვი ქუჩაზე გადარბის და ლამისაა მანქანას შეუვარდეს. განა იძულებული არა ხარ I მეთოდი გამოიყენო?”
„თუ ბავშვს აპენდიციტის შეტევა აქვს, განა იძულებული არ ხარ I მეთოდი გამოიყენო და საავადმყოფოში წასვლა აიძულო?”

ჩვენი პასუხი ორივე კითხვაზე დადებითია. ეს კრიზისული სიტუაციებია, რომელიც დაუყოვნებლივ და მტკიცე ქმედებას მოითხოვს. თუმცა, როცა საქმე მანქანის წინ გადარბენას ან საავადმყოფოში სასწრაფოდ წაყვანას არ ეხება, შეგვიძლია არაძალაუფლებრივი მეთოდები გამოვიყენოთ. 

თუ ბავშვს ჩვევად აქვს ქუჩაზე გადარბენა, თავდაპირველად მშობელს შეუძლია გააფრთხილოს მოსალოდნელ შედეგებზე, ისეირნოს მასთან ერთად ტროტუარზე, აჩვენოს იმ ბავშვის ფოტო, რომელიც ავტოკატასტროფაში მოხვდა, შემოღობოს ეზო, რამდენიმე დღის განმავლობაში თვალყური ადევნოს და ყოველ ჯერზე, გარეთ გასვლის მცდელობისას გააფრთხილოს. დასჯის მომხრეც რომ ვყოფილიყავი, მაშინაც კი არ ვიქნებოდი მხოლოდ მის იმედზე, თუკი საქმე შვილის სიცოცხლეს ეხება. ვეცდებოდი, უფრო კონკრეტული და ქმედითი გზები მომენახა. 

არაძალაუფლებრივი მეთოდები ასევე წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ, თუკი ბავშვი ავად არის, ნემსის გაკეთება ან ქირურგიული ოპერაცია სჭირდება. ქვემოთ მოცემულ სიტუაციაში მოთხრობილია როგორ იყენებს დედა აქტიურ მოსმენას თავის ცხრა წლის ქალიშვილთან, რომელსაც თივის ციებ–ცხელების საწინააღმდეგოდ ინექციების კურსი აქვს გასაკეთებელი. 

ლინდსი (გრძელი მონოლოგი აქვს): არ მინდა ამ ნემსების გაკეთება. ვის მოსწონს ნემსები? მტკივნეულია… მგონია, რომ მთელი სიცოცხლე უნდა მიკეთონ… კვირასი ორჯერ… მირჩევნია მახველებდეს ან მაცემინებდეს… რატომ მიგყავარ?

დედა: ჰმმმ.
ლინდსი: გახსოვს მუხლი რომ გადავიყვლიფე და ნემსი გამიკეთეს?
დედა: ჰო, რა თქმა უნდა მახსოვს. ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრა გაგიკეთეს.
ლინდსი: შენ და ექთანი მელაპარაკებოდით და მთხოვეთ კედელზე დაკიდებული სურათისათვის შემეხედა. ვერც კი გავიგე ნემსი როგორ გამიკეთეს.
დედა: ბევრ ექთანს ისე შეუძლია ნემსის გაკეთება, რომ ვერც კი იგებ.
ლინდსი (საავადმყოფოსთან მიახლოებისას): არ შემოვალ.
დედა (ყურში ეჩურჩულება): რა თქმა უნდა, გერჩივნა სულ არ მოვსულიყავით.
ლინდსი (მეტისმეტად ნელი ნაბიჯით მიჰყვება).
დედის სიტყვებით, ამბავი იმით დამთავრდა, რომ ლინდსიმ ვაჟკაცურად აიტანა ინექციები და ექთანისგან ქებაც კი დაიმსახურა. დედა ასე ასრულებს ნაამბობს: „P.E.T.–ის კურსების მოსმენამდე, ალბათ, ლექციას წავუკითხავდი ექიმის მიერ დანიშნული ინექციების აუცილებლობაზე, ვუამბობდი, მე როგორ მიშველა ნემსებმა, როცა ალერგია მქონდა, დავარწმუნებდი ნემსების უმტკივნეულობაში, ვესაუბრებოდი იმის შესახებ, როგორ გაუმართლა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები არა აქვს და ბოლოს გავუბრაზდებოდი და ვუბრძანებდი, დაუყოვნებლივ შეეწყვიტა ზლუქუნი. რა თქმა უნდა, იმის შანსსაც კი არ მივცემდი, გაეხსენებინა ექთანი, რომელიც ისე აკეთებს ნემსს, რომ „ვერც კი იგებ”. 
„შვილები ჩემს პატივისცემას ხომ არ დაკარგავენ?” 

ზოგიერთი მშობელი, განსაკუთრებით მამები, შიშობენ, რომ თუ III მეთოდს გამოიყენებენ შვილების პატივისცემას დაკარგავენ. აი მათი ყველაზე გავრცელებული შეხედულებები:

„მეშინია, რომ შვილები თავზე გადამახტებიან”.
„განა შვილებმა თვალებში არ უნდა უყურონ თავიანთ მშობლებს?”
„ვფიქრობ, შვილებმა პატივი უნდა სცენ თავიანთი მშობლების ავტორიტეტს”.
„თქვენი აზრით, შვილებს ისე უნდა მოვექცეთ, როგორც თანასწორებს?”

ბევრ მშობელს არასწორად ესმის სიტყვა „პატივისცემის” მნიშვნელობა. ზოგჯერ, როდესაც ამ სიტყვას იყენებენ, მაგალითად, ფრაზაში „ჩემი ავტორიტეტის პატივისცემა”, სინამდვილეში „შიშს” გულისხმობენ. მათ ადარდებთ, რომ შვილებს აღარ ექნებათ მშობლების შიში და შედეგად, ვეღარ დაიმორჩილებენ, ვეღარ გააკონტროლებენ. ამის საპასუხოდ ზოგიერთი მათგანი ამბობს: „არა, ამას არ ვგულისხმობდი – მინდა პატივს მცემდნენ ჩემი შესაძლებლობების, ცოდნის და ა.შ. ნამდვილად არ მინდა, ჩემი ეშინოდეთ”. 

 „თქვენ როგორ გიჩნდებათ სხვა ადამიანების მიმართ პატივისცემა?” ვეკითხებით ხოლმე ამ შემთხვევაში. ჩვეულებრივ, ასეთ პასუხს ვისმენთ: „მან უნდა გვიჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები – როგორღაც უნდა დაიმსახუროს ჩემი პატივისცემა”. როგორც წესი, მშობლებისათვის ცხადი ხდება ხოლმე, რომ მათაც უნდა დაიმსახურონ შვილების პატივისცემა საკუთარი უნარებისა და ცოდნის დემონსტრირებით.

მშობელთა უმრავლესობა საღი განსჯის საფუძველზე ხვდება, რომ უსაფუძვლოა პატივისცემის მოთხოვნა – მას დამსახურება სჭირდება. თუ მათი უნარები და ცოდნა პატივსაცემია, შვილების პატივისცემა ექნებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი – არა.

ის მშობლები, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ, გამარჯვება–დამარცხების მიდგომის III მეთოდით ჩასანაცვლებლად, აღმოაჩენენ ხოლმე, რომ შვილებს მათდამი ახლებური პატივისცემა უჩნდებათ, რომელსაც შიში კი არ განაპირობებს, არამედ მათ ცნობიერებაში მშობლის, როგორც პიროვნების ახლებური აღქმა. ქვემოთ მოცემული წერილი ერთ–ერთი სკოლის დიტექტორმა გამომიგზავნა:

„ადვილად რომ წარმოიდგინოთ, რა როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში P.E.T.–მა, გიამბობთ ჩემს გერთან ურთიერთობებს, რომელსაც დანახვისთანავე არ მოვეწონე. მაშინ ორწლინახევრის იყო. მისი აგდებული დამოკიდებულება საგონებელში მადგებდა. ზოგადად, ბავშვებს ვუყვარვარ, მხოლოდ სალის გული ვერ მოვიგე. ვამჩნევდი, რომ თანდათან მის მიმართ ზიზღი მიჩნდებოდა. ერთხელ სიზმარი ვნახე, სადაც მის მიმართ ჩემი გრძნობები იმდენად მტრული და უსიამოვნო იყო, რომ ცივ ოფლში გავიღვიძე. მივხვდი, რომ დახმარება მჭირდებოდა. მკურნალობის კურსი ჩავიტარე და ცოტა დავმშვიდდი, თუმცა სალის კვლავ არ ვუყვარდი. მკურნალობიდან წლინახევრის შემდეგ, ამასობაში კი სალი ათი წლის გახდა, თქვენი კურსები გავიარე და თვითონ გავხდი მასწავლებელი. ერთი წლის განმავლობაში მე და სალის ისეთი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა, რომელზეც მხოლოდ ოცნებას თუ გავბედავდი. ახლა 13 წლისაა. ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს, გვიყვარს ერთმანეთი, ვიცინით, ვკამათობთ, ვთამაშობთ, ვმუშაობთ და დრო და დრო ვბრაზობთ ერთმანეთზე. ერთი თვის წინ სალიმ სიმწიფის ატესტატი მიიღო. მთელი ოჯახი ჩინურ რესტორანში წავედით. სანამ ბედის ნამცხვარში ჩადებულ ბარათს წავიკითხავდით, სალიმ ჩუმად წაიკითხა თავისი ბარათი, გადმომაწოდა და მითხრა: „მამ, ეს შენ უნდა შეგხვედროდა”. „ბედნიერებას თქვენს შვილებში იპოვით, ისინი კი თქვენში”, ეწერა ბარათზე. როგორც ხედავთ, მიზეზი მაქვს P.E.T.–ის მადლობელი ვიყო”.

მშობელთა უმრავლესობა დამეთანხმება, რომ სალის პატივისცემა მამინაცვლისადმი სწორედ ის არის, რასაც მრავალი მშობელი ნატრობს საკუთარი შვილისაგან. რასაკვირველია, III მეთოდი შვილებს აკარგვინებს მშობლებისადმი შიშზე აგებულ „პატივისცემას”, მაგრამ რას კარგავს მშობელი, თუკი სანაცვლოდ გაცილებით ღირებულ პატივისცემას დაიმსახურებს? 
 

ფრანკფურტი 2013, ნაწილი პირველი

0
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წასვლის წინა კვირა საშინლად დაძაბული და დატვირთული გამოდგა. უამრავი საქმე დამეყარა თავზე – დილიდან გვიან საღამომდე ვიჯექი სამსახურში და მათგან ერთხელ და სამუდამოდ თავის დაღწევას ვცდილობდი. ერთიმეორისგან რომ გამერჩია და არც ერთი არ დამრჩენოდა უყურადღებოდ, თაბახის ფურცელზე ჩამოვწერე, დავნომრე და ამ ფურცელს ყველგან თან დავატარებდი, როგორც რუკას – უცხო ქალაქში ჩასული ტურისტი.

დიახ, მარტივი და გაცვეთილი შედარებაა. მერეც მარტივად უნდა განვითარებულიყო მოვლენები, მაგრამ მოგვიანებით, უკვე ფრანკფურტში ჩასულმა, სასტუმროს ნომერში აღმოვაჩინე ეს დანომრილი ქაღალდი, რომელიღაც რაღაც ბედად ჩარჩენილიყო საგულდაგულოდ გარეცხილ-გაუთოებული შარვლის ჯიბეში. ვერ დავიჩემებ, რომ ეს ამბავი განგებისგან ჩემთვის გამოგზავნილი ნიშანი იყო, მაგრამ გამომადგა კი: გადავწყვიტე, ქალაქში ხუთდღიანი ყოფა-ცხოვრების შთაბეჭდილებები იმავე ფორმით ჩამეწერა, როგორითაც წინა კვირის სამუშაო გრაფიკი. მაშ, ასე:

1) დამღლელი მგზავრობის შემდეგ, – თბილისი-კიევი-ფრანკფურტი, – როგორც იქნა, ჩამოვაღწიეთ „ბუხმესეს” ქალაქში. სასტუმრო – დიდი ვერაფერი, მაგრამ სასიამოვნოა, რომ ისევ იმ უბანში ვიქნები, სადაც სამი წლის წინ გავჩერდი. უზარმაზარი შენობები, ბიზნესდაწესებულებები და მათ გვერდით – წიგნის ინდუსტრია: ხვალ იხსნება გამომცემლების, მწერლების, წიგნის მოყვარულთა არენა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულები შეერკინებიან ერთმანეთს – ვინ უფრო მეტ საავტორო უფლებას გაყიდის, ვინ უფრო მეტად გაუწევს თავისი ქვეყნის ლიტერატურას პოპულარიზაციას ისე, რომ საკუთარი ბიზნესიც ახეიროს.

2) ჩვენ უბანში რომაა, კოლორიტი, სანახაობა, აღებ-მიცემობა ეგეთი უნდა ინატრო. ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი. გასული საუკუნის ჩვენი 90-იანები გამახსენდა, მაგრამ, იმ დროისგან განსხვავებით, აქაური სურათი გაცილებით უწყინარია: ხელს არც ხულიგანი გიშლის, არც მეძავი, არც ნარკომანი; ახლა ხმაურმაც აღარ გაგაღვიძოს შუაღამისას?! შენი რა მიდის, დილაადრიან თუ სიცივისგან მობუზული და ღამისთევისგან ალეწილი ტიპები შეგეფეთებიან – გვერდს აუვლი და მორჩა! რაც მთავარია, სულ არ ანაღვლებთ, რას ფიქრობ მათზე, ამიტომაც არც აქეთ გვჩრიან თავიანთ არეულ ცხოვრებას.

3) პირველი დღე სტენდის აწყობას ვუნდებით, ახალი გამოცემების დალაგებას, ერთმანეთთან გამოლაპარაკებას. ცოტა ხანში ყოველი კუთხე წიგნებით, საგანგებოდ აქაურობისთვის მომზადებული ფლაერებითა და კატალოგებით აივსება. კარგია, რომ კულტურის სამინისტროც, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაც და თავად გამომცემლებიც სულ უფრო მეტად ცდილობენ, უკეთ წარმოაჩინონ თანამედროვე ქართული წიგნი. ამ დღეებში რამდენიმე წარდგენაცაა დაგეგმილი. ერთ-ერთი მათგანი, „პოლიფონიური ქართული პროზა”, ავტორთა სიუხვით გამოირჩევა. ირაკლი სამსონაძე თავის წიგნზე საუბრისას იმ დროს იხსენებს, როცა „ყურთბალიშზე” მუშაობდა: ეს ერთწინადადებიანი რომანი უკვე დაწერილი მქონდა, ზაფხული იდგა, ჩემი მეუღლე სახლს ალაგებდა, პორტფელში ეს გადაშლილ-გადმოშლილი, გადაჯღაბნილ-გადმოჯღაბნილი ფურცლები რომ ნახა, გადაწყვიტა, თავიდან მოეშორებინა და ჩემი რვა თვის შრომა და ცხოვრება გაანადგურაო… აამის ჩამდენი ან უნდა მოკლა, ან აპატიო… ავდექი და ხელახლა დავწერე „ყურთბალიში” დეპეშური სტილით, ცოლს არ გავშორებივარო.

4) არც ჩვენი სამეზობლოსკენ გახედვა გვაწყენდა, მით უმეტეს, საპრეზენტაციო სივრციდან ორ ნაბიჯზე არიან. აზერბაიჯანული სტენდის ნახევარზე მეტი მამა-შვილი ალიევების ღვაწლისა და დამსახურების წარმოჩენას ეძღვნება. ითქვას სიმართლე: მათი გადიდებული ფოტოებითა და მათ შესახებ დაწერილი უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული წიგნებით ყურადღების მიქცევა არ გაუჭირდებათ. სკეპტიკოსებმა შესაძლოა იკითხონ: კი მაგრამ, სჭირდება ეს დანარჩენ მსოფლიოს? ფაქტია: მწერლებზე მეტად პოლიტიკოსებს ვენდობით, ვუჯერებით და, რაც მთავარია, ვირჩევთ, გამორჩეულ ადგილს მივუჩენთ, რომ მათგან ისევე გაგვიჭირდეს თავის დაღწევა, როგორც მწერებს – დროზერას ბუსუსებისგან. 

5) შუადღისას გამომცემლობა „ბონიერის” საავტორო უფლებათა აგენტს, გუსტავ ბონდეს ვხვდებით. მათგან უკვე შევიძინეთ ტომას ტრანსტრომერის პოეტური კრებულისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ავტობიოგრაფიული წიგნის საავტოროები. ახალი წინადადებაც გვაქვს. სიმპათიური და გულისხმიერი მასპინძელი არაერთ ახალ გამოცემას გვიჩვენებს თავის სტენდზე, ღიმილით გვიყვება თითოეულ მათგანზე. ვხედავ, არც ჩვენი გვანცა ჯობავაა გულგრილი, თვალებში შესციცინებს და მის ყოველ ჟესტსა და სიტყვას ისრუტავს. „გაციებული კი ვარ, მაგრამ თქვენისთანა ხალხთან შეხვედრა მშველის, რომ ამ მდგომარეობას თავი დავაღწიოო”, – ამბობს გუსტავი და გახედვაც არ მინდა, ისედაც ვგრძნობ, როგორ დატკბება და დადნება გვანცა.

6) პირველად მესმის ქართველი პოეტისგან უცხო ენაზე წაკითხული საკუთარი ლექსი – ეს ზვიად რატიანია. ერთი-ორგან კი წაიბორძიკა, მაგრამ მთლიანობაში კარგად ისმინებოდა მის მიერ გერმანულად წარმოთქმული სტრიქონები. მოგვიანებით ერთად მოვხვდით მიღებაზე, ფურშეტთან. პლასტმასის თეფშზე გადავიღე ძეხვიანი პური და რატომღაც ზვიადის ის ლექსი გამახსენდა: „ჩვენ, ვინც არასდროს გამოვალთ გარეთ და ხმას არასდროს შევუერთებთ მშიერ რაინდებს”. უცებ დამაინტერესა, ვკითხე, ამ რაინდებში ვის გულისხმობდი-მეთქი. გაეღიმა, ოთხნი არიან: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გია ჭანტურია და ირაკლი წერეთელიო, მითხრა.   

7) საღამოს ჰოლანდიელ დისტრიბუტორებს ვხვდებით, საქმიანი ვახშამი და საინტერესო საუბარი, ახალი გეგმები, სივრცის გაფართოება… კითხვა ჩვენც ბევრი გვაქვს და იმათაც, აინტერესებთ წიგნის ბაზრის რეალური მდგომარეობა საქართველოში. უცებ დათო გოცირიძე ეკითხება ერთ მათგანს, რომელწლიანი ხარო. გავჩუმდით ყველა. 1973-იანი, – არ დაიბნა ის. ე, ტო, ამას ემახსოვრება ის ამბავი, ჩვენმა „დინამომ” რომ დაადო „ფეიენოორდს”, – იღიმება დათო.

რიგითი თამუნიას გადასარჩენად

0
ტკბილ 90-იანებში ვაზისუბნელების ერთადერთი სავაჭრო ცენტრი ვარკეთილის მიწისქვეშა გადასასვლელი იყო. ყავის ფინჯნები – თანაკლასელის დაბადების დღის საჩუქრად; მტვერში გამოფენილი საცვლები – საკუთარი მოხმარებისთვის; ორლარიანი პლასტმასის პისტოლეტები – ღვთისგან დაწყევლილ დროს გაჩენილი შვილების გულის გასახარებლად; მძაფრი სუნამოები – გადაჭედილ სამარშრუტოებში ოფლის სურნელებასთან გასაზავებლად; ბათუმიდან მატარებლით ჩამოტანილი მომჩვარული ხამსა – თევზეულის გემოს არდასავიწყებლად; ქსეროქსის დაკოჭლებული აპარატი – წყლის გადასახადის ჩამოწერის თაობაზე სახლმმართველობაში შესატანი განცხადების გასამრავლებლად…

მოგვიანებით ვაზისუბანში გაჩნდა „კოკორინა” – დიდი, მხარგაშლილი, ბაცი შარდისფერი შენობა, რომელშიც სუპერმარკეტმა დაიდო ბინა. მაშინ ცხადში პირველად ვნახეთ უმეთვალყურეოდ დახლზე შემოწყობილი საქონელი და პროდუქტის ჩასალაგებელი ეტლები. „სულო და გულო. მოკიდე ხელი და ჩააგდე”, – ასე აგვიხსნა „კოკორინას” მუშაობის სტრუქტურა მეზობელმა, რომელმაც ეს სასწაული პირველმა იხილა. რა გასაკვირია, რომ ყველანი ურწმუნო თომებად ვიქეცით.

„კოკორინაში” იყო, სახელგატეხილი ვაზისუბნელი ქურდბაცაცების გამო, სალაროსთან ატუზულს, კონსულტანტმა შარვლის ჩახდა რომ მომთხოვა და დაუფიქრებლად დავემორჩილე. ამაზე ბევრი იცინეს. თანამშრომლებმაც და კლიენტებმაც. მე კი აჭარხლებული გამოვვარდი გარეთ და ყელში ბურთგაჩხერილმა ყვითელ კორპუსამდე შეუსვენებლად ვირბინე. ის დღე იყო და ის დღე – ისე დაადეს მძიმე ბოქლომი, „კოკორინაში” ფეხი აღარ შემიდგამს. თუმცა გაკვირვებით ერთხელაც გამაკვირვა, როცა მამაჩემმა იქიდან „დენდის” ანალოგი – „სიუბორი” მოგვიტანა.

მასში ბედნიერებისთვის საჭირო ყველაფერი იყო: ტანკები, რომლებშიც მე და ვახო მსუბუქად მძიმე მუსიკის თანხლებით მტერს ვასამარებდით; ცირკი, სადაც თოკიდან თოკზე გადახტომისას დღემუდამ მიწაზე ვეზღერთებოდი; ტეტრისი – ციდან ჩამოცვენილი ბლოკები გულზე შავ მიწასავით რომ მაცვიოდა; გალაქტიკა – ვარკვლავურ ომებში რომ მხლართავდა; ბომბერმენი – კუდში გამოდევნებული მტერი მუცელს რომ მატკივებდა; თოფის სროლა – სიმო ჰაიად რომ მაქცევდა ხოლმე; კონტრა – რომელიც მაგრძნობინებდა, რომ მე და ჩემი ძმა ერთი გუნდი ვართ. 

და კიდევ ერთი…

მარიო ბევრი ვიცით. გემოვნების ამბავია, ზოგს ჩიმარო მოსწონს, ზოგს – ვარგას ლიოსა და ზოგსაც – გომესი. ისეთებსაც ვიცნობ, ყველა ერთბაშად რომ მოსდის თვალში. ისე კი, ამ სახელის მონოპოლისტი ერთი სუპერკაცია. უფრო სწორად, ნახევრად სუპერკაცი. ან იქნებ ნახევრის ნახევრად სუპერკაცი. შეიძლება, უფრო პატარაც.

მე თუ მკითხავთ, მარიო იტალიელი სანტექნიკი კი არა, ქართველი ხელოსანია. აი, ასე – დარდიმანდი ხელოსანი, ღვინის მსმელი, მომლხენი და ხელის დამრტყმელი. ბახუსმორეულს ძველი გულის პრანჭვები რომ ახსენდება, კრაჭუნა პაპას დუქნიდან პირდაპირ თემქისკენ რომ გაუწევია თამუნიას ეზოში ცაცხვთან ჩასათვლემად. მერე, ქართველი კაცის ბუნება და თბილისი ისეთი თაიგულია, ყველაფერს რომ იტევს. გზად ვის არ გადაეყრები: მუსიკის გაკვეთილიდან შინ მიმავალ სარაფნიან გოგონებს, მთვრალ ოღრაშებს რომ შეუწუხებიათ და კაცობა გკარნახობს – უნდა დაიხსნა; ჩელუსკინელებთან შემხვედრ ბაცნებს, თან სიგარეტს რომ გთხოვენ და თან გაიძულებენ, ზედ შემდექიო; თამუნიას მამას, ქალიშვილს სადარბაზოსთან რომ დარაჯობს ცეცხლისმფრქვეველი დრაკონივით. მერე კი, ამ ხაფანგებს რომ დაუსხლტები და ყველას ჯანდაბაში გაისტუმრებ, თამუნიაც ანაზდად გადმოგხედავს მბჟუტავი შუქით განათებული აივნიდან. 

„სუპერ მარიოს” თამაშში ჩემი ძმა აბსოლუტური ჩემპიონი იყო მძიმეწონოსნებს შორის. ჯოისტიკს ისე იმორჩილებდა, როგორც რონი სალივანი – კიას. მისი მატჩების სანახავად სამეზობლო იკრიბებოდა. მე კომენტატორის ამპლუაში უფრო ძლიერი გახლდით. ახლაღა ვაკვირდები: ჩემი და ვახოს თამაშის სტილს ჩვენი ხასიათი განასხვავებდა. ის რთულ, გრძელ გზებს ირჩევდა, მე – მოკლეს და მარტივს. ამ სიმარტივეს კი, როგორღაც, ფასი არ ჰქონდა, წყალწყალა იყო. ვახო რისკავდა, მე რისკი მაფრთხობდა. 

უეცრად გადავწყვიტეთ, „მარიოს” პერსონაჟებისთვის, მათი გარეგნობიდან გამომდინარე, სახელები დაგვერქმია. მიწაზე მოსრიალე ბაღლინჯოებს მარკ რივკინს ვამსგავსებდით, მაგრამ რაკი მისი სახელი ყურში ცუდად გვხვდებოდა, „ვესტნიკის კაცი” შევარქვით; ბოროტ ღრუბელს, არსაიდან რომ გამოტყვრებოდა ხოლმე, ჩვენი მეზობლის პატივსაცემად „ნანა ქალი” ვუწოდეთ. 

ყველაზე საინტერესო კი წინ გველოდა. ჩვენი მშობლები, რომლებიც განუწყვეტლივ გვიმეორებდნენ: „ადექით, თვალები გეტკინებათ”, „ადექით, ადაპტორი გახურდა”, „ადექით, ეკრანი დაჯდება”, – ღამღამობით თურმე ჩუმად თამაშობდნენ „სუპერ მარიოს”. მოუხერხებლად, დილეტანტურად, მაგრამ გულმხურვალედ. მახსოვს, როცა ულვაშიანი სანტექნიკი უფსკრულს გადაახტებოდა, დედაჩემი ჯოისტიკიანად მიჰყვებოდა ხოლმე. ისინი თამაშობდნენ ძალიან ნელა, აგროვებდნენ ყველა ქულას, ამტვრევდნენ ყველა აგურს, მაგრამ ვერასოდეს იმარჯვებდნენ.

გაგიკვირდებათ და ზუსტად მახსოვს ჩემი უკანასკნელი თამაში. შუაწელში გასული, „ნანა ქალს” რომ გავურბოდი, უფსკრულში გადავიჩეხე. ეს იყო და ეს. ჩემი გმირი იქიდან აღარც ამოსულა. თუკი პიკასოს ცხოვრებაში ცისფერი პერიოდი არსებობდა, ჩემს ცხოვრებაში იყო „მარიოს” პერიოდი – საარაკოდ ბედნიერი დრო, როცა მტრებად მხოლოდ ვიდეოთამაშის გმირები მიმაჩნდა.

მას შემდეგ ბევრი რამ შემემთხვა: გულის პრანჭვებიც, ჩელუსკინელებზე ადევნებული ბაცნებიც, მუსიკის გაკვეთილიდან შინ მიმავალი გოგონებიც და მათი მამებიც. 

ეჰ, თამუნია, თამუნია!

ფრონტალური გამოკითხვის ალტერნატივა (ცნებათა ქსელი)

0
გაკვეთილზე ერთფეროვნებას თავი რომ დააღწიოს, კარგი მასწავლებელი მუდამ ძიებაშია. ყოველი ახალი მეთოდის გამოყენებისას ადვილი შესამჩნევია მოსწავლეთა გახალისება. ყველა დამეთანხმება: საკმარისია, მასწავლებელს საკლასო ოთახში შესვლისას ახალი ნივთი, თუნდაც თვალსაჩინოება ან დასურათებული წიგნი დაუნახონ, ბავშვებს თვალები ცნობისმოყვარეობით აენთებათ. ამიტომაც იჩენს კარგი პედაგოგი განსაკუთრებულ ინტერესს სიახლეების მიმართ, გამუდმებით ეძებს ახალ გზებს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და შემეცნებითი გააქტიურებისათვის. 

დღეს მასწავლებლებს ბევრ ახალ და საინტერესო მეთოდზე მიუწვდებათ ხელი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ორგანიზების თვალსაზრისით რთული მეთოდი მათ ხშირად აფრთხობს. რაც უფრო მარტივად გამოსაყენებელია ესა თუ ის მეთოდი, მით უფრო მეტია ალბათობა, მასწავლებლებმა ის ადვილად მოსინჯონ პრაქტიკაში. სწორედ ასეთ მეთოდებს გაგაცნობთ ამჯერად. 

„ცნებათა” ქსელი. ეს მეთოდი ემსახურება ნასწავლი მასალის გამეორებას, არსებული ცოდნის გააქტიურებას. მას იყენებენ განვლილი მასალის სისტემაში მოსაყვანად შესასწავლი თემის დასრულების შემდეგ. თუმცა ამ მეთოდის გამოყენება წარმატებით შეიძლება გაკვეთილის პირველ ფაზაშიც, როდესაც ჩვენი მიზანი მოსწავლეთა წინარე ცოდნის დიაგნოსტირებაა. არსებული ცოდნის გააქტიურების მრავალი მეთოდი არსებობს, თუნდაც ყველაზე გავრცელებული ფრონტალური გამოკითხვა, მაგრამ ცნებათა ქსელის უპირატესობა ის არის, რომ მასში ყველა მოსწავლის ჩართვაა შესაძლებელი. ისინი შეუზღუდავად ამბობენ იმას, რაც ახსოვთ, არ უფრთხიან შეცდომის დაშვებას.

გარდა ამ დადებითი მხარეებისა, ცნებათა ქსელი
·ავითარებს კომუნიკაციურ უნარებს;
·ხელს უწყობს თანამშრომლობას, ურთიერთსწავლებას;
·ხელს უწყობს ცნებათა შორის ლოგიკური კავშირების დანახვას, ანუ ანალიტიკურ აზროვნებას;
·ადვილი გამოსაყენებელია ყველა საგანში. 
მეთოდის აღწერა: კონკრეტული თავის/პარაგრაფისთვის მნიშვნელოვანი ცნებები დავწეროთ ბარათებზე. თითო ბარათზე – თითო ცნება. ბარათების რაოდენობა უნდა აღემატებოდეს მოსწავლეთა რაოდენობას. გავანაწილოთ ბარათები შემთხვევითობის პრინციპით. მოსწავლეებს შეიძლება დავრთოთ ნება, ბარათი გაუცვალონ თანაკლასელს ან გადაცვალონ რომელიმე დარჩენილ ბარათზე. 10 წუთის განმავლობაში მოსწავლეები ფიქრობენ და თავს უყრიან იმ ცოდნას, რომელიც აქვთ ბარათზე დაწერილი ცნების შესახებ. შეუძლიათ, დახმარებისთვის მიმართონ თანაკლასელს ან საჭირო ინფორმაციის მისაღებად თავიანთი ჩანაწერები გამოიყენონ. ეს მათ საშუალებას მისცემს, დაძლიონ შიშისა და უსუსურობის განცდა იმ შემთხვევაში, თუ ამ ცნების შესახებ რამე არ იციან ან დაავიწყდათ. ჩვენი მიზანი იმის დადგენა კი არ არის, რა არ იციან მოსწავლეებმა, არამედ იმისა, რა იციან, და კიდევ – მათი დახმარება საკუთარი ცოდნის დონის დადგენასა და შევსებაში.

წარსადგენი ინფორმაციის მომზადების შემდეგ მოსწავლეები წრეში სხდებიან. რომელიმე მათგანი იწყებს თავის ბარათზე დაწერილი ცნების ახსნას. მის შემდეგ ლაპარაკს იწყებს ის მოსწავლე, რომლის ცნებაც ლოგიკურად ყველაზე მეტად უკავშირდება უკვე ახსნილს და ასე შემდეგ, ვიდრე ყველა ცნება არ განიმარტება. დასასრულ, შეიძლება იმ ცნებების დამატებით განხილვა, რომელთა შესახებ ინფორმაცია ბუნდოვანი და მცირე (ნაკლული) აღმოჩნდა, ანდა რომლებიც გაუნაწილებელ ბარათებზე დარჩა.

მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეთა გამოსვლა არ იყოს ხანგრძლივი, რათა მათი ყურადღება არ მოდუნდეს. ამისთვის მათ წინასწარ უნდა მივცეთ განსაზღვრული დრო – რეგლამენტი. შეიძლება, ერთმა მოსწავლემ რამდენიმე ბარათი აიღოს. ეს – იმ შემთხვევაში, თუ მას შედარებით მარტივი ცნება შეხვდა და ადრე დაასრულა სამუშაო.

გთავაზობთ ცნებათა ქსელის მოდიფიცირებულ ვარიანტსაც. ეს ვარიანტი მოსწავლის მიერ ცოდნის დამოუკიდებლად დამუშავებას ემსახურება. მისი გამოყენება მოსწავლეებს ეხმარება იმ „ჩავარდნების” აღმოჩენასა და დაძლევაში, რომლებიც კონკრეტული სასწავლო მასალის ფარგლებში აქვთ. მასწავლებელს შეუძლია, ეს ტექნიკა გამოიყენოს ახალი თემის შესწავლამდე – მოსწავლეთა წინარე ცოდნის დასადგენად და იმის განსაზღვრისთვის, კიდევ რაზეა საჭირო ინტენსიური მუშაობა კონკრეტული მასალის დამუშავების შემდეგ. 

ისევე როგორც ცნებათა ქსელის გამოყენებისას, მასწავლებელი თავს უყრის შესწავლილი მასალის ყველა მნიშვნელოვან ცნებას. მერე ამ ცნებებს ჩამოწერს ბარათებზე, თითოზე – თითოს. მზადდება საჭირო რაოდენობის ეგზემპლარები, თითო მოსწავლისთვის – რამდენიმე ბარათი, ანუ ბარათების შეკვრა (იმისთვის, რომ ყოველ ჯერზე ხელახლა არ მოგვიხდეს ასეთი ბარათების დამზადება, შეიძლება მათი ლამინირება და მრავალჯერადი გამოყენება). დავალება ასეთია: მოსწავლემ ბარათები ორ ჯგუფად უნდა დაახარისხოს. მარცხნივ თავსდება ცნებები, რომლებსაც მოსწავლე კარგად იცნობს და განმარტავს, ხოლო მარჯვნივ – ცნებები, რომელთა ცოდნაშიც მას ეჭვი ეპარება, ნაწილობრივ იცის ან საერთოდ არ იცის. დახარისხების პროცესი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია. დახარისხების შემდეგ მოსწავლე იღებს მარჯვნივ მოთავსებულ ბარათს და მუშაობს შესაბამისი ცნების გონებაში აღსადგენად (თუ დავიწყებული აქვს), შესავსებად (თუ ნაწილობრივ ახსოვს) ან შესასწავლად (თუ საერთოდ არ იცის). ამისთვის ის იყენებს მისთვის ხელმისაწვდომ მასალებს: სახელმძღვანელოს, საკუთარ ჩანაწერებს. ცნების შესახებ ინფორმაციის მოძიება შეიძლება წყვილებშიც. სწორედ ამ დროს მიმდინარეობს ურთიერთსწავლების, თანამშრომლობის პროცესი. მოსწავლეები ერთმანეთს უხსნიან ცნებას ან სთავაზობენ დამატებით ინფორმაციას მის შესახებ. 

ცნების საფუძვლიანად დამუშავების შემდეგ მოსწავლე ბარათს დებს მარცხენა მხარეს. თუ რომელიმე ბარათი მარჯვენა მხარეს დარჩა, მასზე დაწერილი ცნება კლასში განიხილება. ეს მოსწავლეს ეხმარება, გააცნობიეროს საკუთარი ხარვეზები და შეავსოს ისინი, თანაც თვალს ადევნებს საკუთარი ცოდნის შევსების პროცესს. ამაზე მას მარჯვნიდან მარცხნივ ბარათების გადანაცვლება მიანიშნებს. ეს ერთი შეხედვით მარტივი ტექნიკა ზრდის მოტივაციას, მატებს მოსწავლეს საკუთარი თავის რწმენას, უყალიბებს ობიექტურ თვითშეფასებას. მოსწავლესთან ერთად მასწავლებელსაც ეძლევა მოსწავლის ცოდნისა და საჭიროებების დიაგნოსტირების შესაძლებლობა.

ნებისმიერი მეთოდი კონკრეტული კლასის საჭიროებებსა და სასწავლო მიზნებს უნდა იყოს მორგებული, ამიტომ მასწავლებელს შეუძლია აღწერილი მეთოდის ინტერპრეტაცია. ეს მის შემოქმედებით უნარზეა დამოკიდებული. შემოქმედებითი უნარის მქონე მასწავლებლების ნაკლებობას კი, არა მგონია, ჩვენი სკოლა განიცდიდეს.

სასკოლო განათლება ჰოლანდიაში

0
განათლების მიღების თვალსაზრისით ჰოლანდია საკმაოდ პოპულარული ქვეყანაა, მისი პოპულარობის ერთ-ერთი საიდუმლო კი ის არის, რომ არაინგლისურენოვან ქვეყნებს შორის ჰოლანდია პირველია, რომელიც ინგლისურენოვან სწავლებას სთავაზობს როგორც საკუთარ მოქალაქეებს, ისე უცხოელ მოსწავლეებს.

ნიდერლანდებში კონსტიტუციის 23-ე მუხლი დიდი პატივისცემით სარგებლობს, რადგან მისი ძალით ქვეყანაში გარანტირებულია განათლების თავისუფლება. ეს გულისხმობს შემდეგს: ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქესა თუ ორგანიზაციას, თუკი აქვს შესაბამისი რესურსი და ჰყავს საკმაო რაოდენობის მოსწავლე, შეუძლია გახსნას სკოლა, რომელიც რელიგიურ თუ არარელიგიურ მსოფლმხედველობაზე იქნება დაფუძნებული. ამიტომ სკოლების 70 პროცენტზე მეტი კერძო ორგანიზაციებისა და ფონდების მიერაა დაარსებული. საკმაოდ მრავალრიცხოვანია, მაგ., კათოლიკური, პროტესტანტული, იუდაური, მუსლიმური ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები. არსებობს არარელიგიური კერძო სკოლებიც, მაგ., მონტესორისა, ვალდორფისა. დანარჩენი 30 პროცენტი სახელმწიფო სკოლაა. მიუხედავად ასეთი სიჭრელისა, ნიდერლანდების განათლების სამინისტრო ყველა ტიპის სკოლებში განათლების მაღალ და თანაბარ სტანდარტს უზრუნველყოფს, ამიტომ ჰოლანდიაში მიღებულ განათლებას (როგორც სასკოლოს, ისე უმაღლესს) დამსახურებულად აღიარებენ მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნები.

ჰოლანდიაში სასკოლო განათლება სავალდებულოა. ბავშვები ოთხი წლის ასაკში მიჰყავთ სკოლაში. როდესაც პატარა სამი წლის ხდება, მუნიციპალიტეტიდან მშობლებს წერილი ეგზავნებათ, სადაც მათ ატყობინებენ, რომ ბავშვი რომელიმე სკოლის „მომლოდინეთა სიაში” უნდა ჩაწერონ. ჰოლანდიაში ზოგიერთი სკოლა ძალიან პოპულარულია. მათი „მომლოდინეთა სიები” საკმაოდ გრძელია.

სკოლებში საკმაოდ მკაცრი დისციპლინაა. მოსწავლეს არ აქვს არასაპატიო მიზეზით გაკვეთილების გაცდენის უფლება. ამასთან, თუ, მაგ., მშობელმა მოსწავლე საპატიო მიზეზის გარეშე არ გაუშვა სკოლაში და ამის შესახებ არ შეატყობინა სკოლას, ჰოლანდიური კანონმდებლობით, იგი დანაშაულს სჩადის და შესაძლოა, სერიოზულად დაჯარიმდეს კიდეც. მაგრამ თუ მოსწავლე მალულად აცდენს გაკვეთილებს, მშობლებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ მყისიერად დაუკავშირდებიან სკოლიდან.

ჰოლანდიაში სასკოლო განათლება შემდეგ ეტაპებად იყოფა: საწყის (4-დან 12 წლამდე), საშუალო (12-დან 17/18 წლამდე) და სპეციალურ ანუ პროფესიულ სკოლებად.

დაწყებითი განათლება. პირველი ორი წელი ბავშვები საბაზისო საგნებს სწავლობენ. ასეთია, მაგ., კითხვა, წერა და არითმეტიკა. ამის შემდეგ მოსწავლეები ზოგადსაგანმანათლებლო საგნებს ეუფლებიან: ისტორიას, გეოგრაფიას, ფიზიკას, მათემატიკას, ჰოლანდიურ ენას და სხვა. ამავე პერიოდში იწყებენ ინგლისური ენის სწავლას. დაწყებითი სკოლის დამთავრებისას მოსწავლეები ნაციონალურ ტესტს აბარებენ, რომლის შედეგების მიხედვით გადადიან საშუალო სკოლაში. 

საშუალო განათლება. 12 წლის შემდეგ ბავშვები საშუალო სკოლებში იწყებენ სწავლას. აქ საშინაო დავალებებისა თუ მასწავლებლების რიცხვი დაწყებითთან შედარებით მნიშვნელოვნად იზრდება. საშუალო სკოლებში სამი ტიპის განათლებას იძლევიან: წინაპროფესიულ საშუალო განათლებას (VMBO) – 4 წელი; ზოგად საშუალო განათლებას (HAVO) – 5 წელი; წინასაუნივერსიტეტო განათლებას (VWO) – 6 წელი. პირველი სამი წლის განმავლობაში ძირითადი საშუალო განათლება ყველა მოსწავლეს ეძლევა, განურჩევლად იმისა, რა ტიპის განათლებას იღებს – VMBO-ს, HAVO-ს თუ VWOს. აუცილებელი საგნებია: ჰოლანდიური და ინგლისური ენები, გერმანული ან ფრანგული ენა, ისტორია და პოლიტიკა, გეოგრაფია, ეკონომიკა, მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, კომპიუტერული ტექნოლოგიები და სხვა. სამი წლის შემდეგ მოსწავლეები თავად წყვეტენ, რომელი აირჩიონ ზემოთ დასახელებული სამი ტიპის განათლებიდან.

სპეციალური (პროფესიულ-ტექნიკური) განათლება. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჰოლანდიელ მოსწავლეს ორი ალტერნატივა აქვს: ან უნივერსიტეტში ჩაბარების, ან საშუალო სპეციალური განათლების მიღების, რომელიც 4 წელი გრძელდება (MBO). ეს უკანასკნელი გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო, ეკონომიკურ, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ, საზღვაო და სამედიცინო პროფესიებს.

ჰოლანდიაში არსებობს სკოლები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვისაც (VSO).

ვინაიდან ჰოლანდიაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების უმეტესობა სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისა და საზოგადოებების მიერ არის შექმნილი, დანარჩენი კი საჯაროა, სასწავლო პროგრამებიც საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ამ პროგრამათა ხარისხი თითქმის ყველა სკოლაში თანაბარია. ჰოლანდიაში ყოველთვის არსებობდა ინტერესი არატრადიციული საგანმანათლებლო თეორიებისა და მეთოდებისადმი, ამიტომ, მაგ., ვალდორფისა და მონტესორის სკოლები აქ უფრო ადრე წარმოიშვა, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში. არსებობს ბევრი ექსპერიმენტული სკოლაც, რომელსაც „ალტერნატიულს” უწოდებენ. ბრიტანული სკოლა-პანსიონების მსგავსად, ჰოლანდიაშიც არის ელიტური ტრადიციული სკოლა-ინტერნატები. აქ მოსწავლეებს 12 წლის შემდეგ ასწავლიან საბანკო საქმეს და პოლიტოლოგიის საფუძვლებს, რითაც ერთგვარად ამ ასაკიდანვე ამზადებენ მომავალში მაღალი თანამდებობების დასაკავებლად. ჰოლანდიაში არსებობს წმინდა ბრიტანული სკოლებიც, სადაც სწავლება ბრიტანული პროგრამებით მიმდინარეობს. The British School in the Netherlands 1935 წელს დაარსდა.

ზოგიერთს ჰოლანდიური სასკოლო განათლების სისტემის მთავარ ნაკლად (რაც, ზოგიერთის აზრით, ღირსებაა) ის მიაჩნია, რომ სხვა ქვეყნიდან მოსწავლე იქ ვერ ჩავა და ვერ ისწავლის მზრუნველის გარეშე. მას აუცილებლად უნდა ახლდეს მშობელი, ახლო ნათესავი ან სხვა ადამიანი, ვისაც მსგავსი უფლებამოსილება ექნება. მაგრამ ეს პრობლემა არ წარმოიშობა, თუ ბავშვის ოჯახს ჰოლანდიაში ახლო ნათესავები ან მეგობრები ჰყავს, რომლებიც თანახმა იქნებიან, ბავშვზე იზრუნონ.
ჰოლანდიელ მოსწავლეებს ძალიან ცოტა თავისუფალი დრო აქვთ. სავალდებულო საგნების სია, გარდა იმ დისციპლინებისა, რომლებიც, სტანდარტულად, ყველა ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ისწავლება (მშობლიური ენა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და მისთ.), მოიცავს ისეთ საგნებსაც, რომლებსაც, მაგ., საქართველოში, წესისამებრ, მხოლოდ უნივერსიტეტებში ასწავლიან. ასეთია განათლების მეთოდიკა, ეკონომიკა, მედიცინა, ბუღალტერია. ასევე, ნაცვლად ერთი რომელიმე კონკრეტული კონფესიის საფუძვლების სწავლებისა (მაგ., რუსეთის სასკოლო სივრცეში მიღებულია შემდეგი სახელწოდების საგანი: „მართლმადიდებლური კულტურის საფუძვლები”), მოსწავლეებს ასწავლიან ყველა ძირითადი რელიგიის ისტორიას და ზოგიერთ თეოლოგიურ საკითხსაც კი აცნობენ.

სასკოლო პროგრამის ლინგვისტური ნაწილი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჰოლანდიელები დაინტერესებულნი არიან, მათივე ენაზე ესაუბრონ მეზობლებს – ფრანგებს, გერმანელებს, ინგლისელებს, ასევე – „ძმურ” ქვეყნებს ბელგიასა და ლუქსემბურგს, რომლებთან ერთადაც ბენელუქსის პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირში არიან გაწევრებულნი. გარდა ინგლისურისა, გერმანულისა და ფრანგულისა, ზოგადი განვითარებისთვის ისწავლება ლათინური და ბერძნულიც. არცთუ იშვიათად ისწავლება რუსული, ესპანური და სხვა ენებიც.

18 წლამდე სასკოლო განათლება უფასოა. მაგ., დაწყებით სკოლაში ერთ მოსწავლეზე სახელმწიფო წელიწადში 3 086 ევროს იხდის, სპეციალურ სკოლებში თითოეულ შშმ ბავშვზე კი 6,444 ევროს. სკოლას შეუძლია, სთხოვოს მშობელს სკოლის ბიუჯეტში ყოველწლიური შენატანის გაკეთება, რაც ნებაყოფლობითია. ეს თანხა კულტურული ღონისძიებებისთვის იხარჯება.

„მუხა კი დიდი ყვავილი იყო“

0
რამდენიმე დღის წინ სკოლაში მთელი დღის შრომით დაქანცული და მშობლების მომლოდინე პატარა თავების „გასანიავებელი” საუბარი წამოვიწყე. პატარებს გავუმხილე, რომ რაც თავი მახსოვს, ყველა ცოცხალ არსებაზე მეტად ხეები მიყვარს. მოვუყევი, როგორ ვატარებდი ბავშვობაში ზაფხულს ამოჩემებული ბლის კენწეროზე წიგნებით ხელში. მერე ტყის სასარგებლო თვისებებზე ვისაუბრეთ. ერთმა მოსწავლემ მკითხა, მაინც რომელი ხე გიყვართ ყველაზე მეტადო, მე კი დაუფიქრებლად წამოვიძახე: „მუხა!” არადა, ამ ხისთვის მგონი თვალიც არსად მომიკრავს, მაგრამ ერთი საოცარი, ამქვეყნად თითქოს ფეხაკრეფით მოსული და ასევე ფეხაკრეფით გაბრუნებული კაცის კალამმა ისე ცხადად მიახატა ჩემს წარმოსახვას, რომ „დიდი ყვავილი” ყველა ხისგან გამომარჩევინა და შემაყვარა.
დიდი არაფერი

თეთრი, ძალიან თხელი წიგნი, გახევას რომ ცოტაღა უკლია, ისეთი გაცრეცილი „ვანო და ნიკო” ახლაც ხშირად დამაქვს ჩანთით. ამ დროს ვამბობ ხოლმე: „ერლომის სეზონი დადგა”. ჩემთან ახლაც ერლომის სეზონია და, უკვე მერამდენედ, „უცხო თვალით~ ვკითხულობ, ამჯერად – მასწავლებლის თვალით. სამწუხაროდ, არ ვიცი, შეტანილია თუ არა ერლომ ახვლედიანი ქართული ლიტერატურის სასწავლო პროგრამაში, მაგრამ მე მაინც ვაპირებ, მისი დახმარებით ბავშვებს ადამიანის, ბუნების, მოკლედ, სიცოცხლისა და ყოველივე ცოცხალის სიყვარული ვასწავლო („სიყვარული უცნაური რამ არის _ ის არსებობს”).
 
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პრობლემური სასკოლო სიტუაცია – ჩხუბი დერეფანში: ნ. მ-ს დაეჯახა და წააქცია. მას შემდეგ გაბრაზებულ მზერას თუ გაიმეტებენ ერთმანეთისთვის, რადგან მასწავლებელმა დროის სიმცირის გამო თუ სხვა მიზეზით მხოლოდ ფიზიკურ შეხლა-შემოხლასთან დაკავშირებით მიიღო ზომები. არადა…

„ყველაფერი რიგზე იქნებოდა, ნიკო ვანოს უხეშად რომ არ ელაპარაკებოდეს, მაგრამ ყველაფერი რიგზე არ იყო, რადგან ნიკო ვანოს უხეშად ელაპარაკებოდა”. თითქოს არაფერი, მაგრამ მაინც, ხვდები, რომ მიზანში მოგხვდა. კადრებივით მისდევს ერთმანეთს გაოცებული, განაწყენებული, გაბუტული, აცრემლებული მზერები, რომელთა პატრონსაც ოდესღაც უხეშად მიმართე. იმ დროს კი, ვინ იცის, იმ ადამიანს მოხუცი დედა ჰყავს ავად, ან სულაც აღარ ჰყავს მოხუცი დედა.

თავის დაჭერის გაკვეთილი: მასწავლებელი კი ხარ, მაგრამ ცუდი ამბებისგან ეს ვერ დაგიცავს. შენ კი დღის ნებისმიერ მონაკვეთში უნდა გაუღიმო მშობლებს, კოლეგებს, ბავშვებს (მათთან შეგიძლია გულახდილი იყო) და თან გეტირებოდეს და არ (ვერ) ტიროდე. თანდათან ეს ყველაფერი ჩვევად იქცევა და ერთხელაც ცრემლი სანატრელი გახდება: 

„რა იქნებოდა, ადამიანს ჰქონდეს ცრემლები. როცა ეტირებოდეს – ტიროდეს, ეცინებოდეს და იცინოდეს… ქარავანი კი მიდიოდეს…”

ყველაფერზე სიცილის სენი: ნამდვილი ასთავისანი დევია. იტყვი რამეს – მით უარესი შენთვის, თუ რეპლიკა იუმორის ელემენტებითაა გაჯერებული და ახარხარდება მთელი კლასი. მერე მსგავსი კომენტარების კერა აქა-იქ პერიოდულად იფეთქებს და ამ ხანძრის ჩაქრობაში კი გადის ნახევარი გაკვეთილი. მე აქაც ნიკო და ვანო მახსენდება, რადგან ხანდახან მეც ვარ ნიკო, მეც მიცინია ყველაფერზე დაუფიქრებლად და ისიც ვიცი, რომ აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვანოს მსგავსი, რომელსაც შეუძლია, ჩემი ცარიელი ოთახი გარეთ გაიტანოს, სარჩულივით გადმომაბრუნოს, გამომბერტყოს და სიცოცხლისა და ბედნიერების სველი კვალი დატოვოს ჩემს სახეზე.

გადავშალე კიდევ ერთი ფურცელი და მივხვდი, ადამიანის ცხოვრება მშვენივრად ეტევა ერთ ჩვეულებრივ სიტყვაში – „ერთხელ”:

ერთხელ ბრიყვი ვანო ვიყავი. ვუცქერდი მზეს, გათენებას, დაღამებას და კარგი იყო. ერთხელ პატარა ვანოც ვიყავი, ერთი ვანო, შვიდი ნიკო რომ დაჰპატრონებოდა და სანამ არ მოვკვდი, ვერ მივხვდი, რომ მხოლოდ ჩემი ვიყავი და ეს დიდი ბედნიერება იყო.

ერთხელ ნიკომ გამოღვიძება მაჩუქა, მე კი ჩემი სიზმარი დავუთმე. მერე დიდხანს ვაჩეჩებდით ერთმანეთს მძიმე ფქვილის ტომარასავით სიმართლეს და გვძულდა ყველაფერი, რადგან მეტისმეტად ბევრი ვისურვეთ და აგვიხდა. 
მერე ერთმანეთზე თითო–თითო სანტიმეტრით მაღალი ვიყავით, მეორე დღეს – ერთმანეთზე თითო–თითო სანტიმეტრით დაბალი, მუხა კი ისევ ყვავილი იყო…

ადამიანებს ერთი, რბილად რომ ვთქვა, ხელის შემშლელი თვისება გვაქვს – სულ ერთმანეთს ვეტოლებით და ვერაფრით მივხვდით, რომ „შეუძლებელია, სიამაყის გრძნობა ებადებოდეს ვენახს, რომ ის ვენახია, ვაზია და ისხამს მტევანს. ან ვაშლს, ან მსხალს, ან ლეღვს. ეს უპირატესობა არ არის. ეს უბრალოდ აღმოჩენაა, რომ ეს შენ ხარ და სხვა არავინ, ამ ჯიშისა ხარ. 

ჩემი სამშობლო, ჩემი საქართველო, ჩემი მამული! არ არსებობს უფრო ჩუმად სათქმელი სიტყვები. მე ამ ნეტარ სიჩუმეში გავატარე მთელი ჩემი ცხოვრება და არასოდეს მომნდომებია, ეს განცდა გამომეთქვა და გამომეხატა. მე ამ განცდაში ვიყავი, როგორც მერცხლის ბარტყი მერცხლის ბუდეში…”
 
დღეს ყველა ჩემი საყვარელი მოთხრობა გადავიკითხე და ერლომის გასაცნობად მეორეკლასელებისთვის შურიანი კაცის ამბავი შევარჩიე: 

„კაცი იყო შურიანი, ყველასი და ყველაფრის შურდა. შინ იყო და შური აღრჩობდა, შინიდან გავიდოდა და შური თვალებს უბნელებდა და გზა-კვალს უბნევდა. ადგებოდა და დაწოლისა შურდა. თვალს გაახელდა და თვალის დახუჭვისა შურდა. მარჯვნივ გაიხედავდა და მარცხნივ გახედვისა შურდა. სძულდა შურიან კაცს და სიყვარულისა შურდა… დიდი შურით იყო შეპყრობილი შურიანი კაცი… ერთხელ გადაწყვიტა, შურზე შური ეძია: ჯერ თევზისა შურდა და ცურვა ისწავლა; ფრინველისა შურდა და ფრენა ისწავლა; ძაღლის ერთგულებისა შეშურდა და ძაღლივით ერთგული გახდა; ცხვრის თვინიერებისა შეშურდა და ცხვარივით თვინიერი გახდა. 

ბოლოს ხისა შეშურდა, ერთ ადგილას რომ იდგა, და რომ მას მაგრილობელი ჩრდილი ჰქონდა და რომ მას ნაყოფი ჰქონდა და რომ მისი ფოთლები შრიალებდნენ და რომ ტოტებზე ფრინველები ისვენებდნენ და ბუდეებს იშენებდნენ.

და შინიდან გავიდა შურიანი კაცი. ბევრი იარა, მრავალი მწვანეშეფოთლილი კორდი გადაიარა და ბოლოს მონახა მწირი, ხრიოკი ადგილი, ერთიც მოხედა თავის განვლილ გზას და დადგა. დადგა და მიწაში ფესვები გაიდგა, მერე მარადმწვანე ფოთლებით შეიმოსა, ხოლო ნაყოფად ზეთისხილი მოისხა. 

ახლაც იქ დგას შურისგან დამცხრალი შურიანი კაცი. დგას და შრიალებს…”

არაფერსაც არ ავხსნი. წავუკითხავ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… მერე გავჩუმდები და, დარწმუნებული ვარ, უმეტესობაც გაჩუმდება, ჩაფიქრდება. მერე სიმშვიდის მარადმწვანე ხის გარშემო დაიწყებენ ტრიალს და იმ მცირედ შურსაც ჩამოიფერთხავენ, ერთმანეთის ბრჭყვიალა, ახალი ნივთების დანახვისას ჭიასავით რომ შეუძვრებათ გულში.

გაგიკვირდებათ და კარგად არც კი ვიცი, ვინ იყო ერლომ ახვლედიანი. იშვიათად ვკითხულობ ბიოგრაფიებს. რა ვქნა, არ მაინტერესებს, რამდენი დღე, ენერგია და სიტყვა დახარჯა ხელოვანმა ლუკმაპურის მოსაპოვებელად, სად დაიბადა, რომელ წელსა და საუკუნეში, რომელ რელიგიას აღიარებდა… ერთადერთი, რაც მის შესახებ მაინტერესებს, მისი შემოქმედებაა. ჩემი აზრით, მწერალი საუკეთესო, ხშირად „გაშალაშინებულ” საკუთარ თავს სწორედ წიგნებში ინახავს. რა თქმა უნდა, ისეც ხდება, მწერალი უფრო მეტი აღმოჩნდება, ვიდრე მისი წიგნებია, ან პირიქით – გაიცნობ რომელიმე საინტერესო წიგნის ავტორს და ნანობ მერე. მოკლედ, ჩემთვის ერლომი ერთად აღებული ყველა იმ კაცის ამბავია, რომლებზეც წერდა: გამომგონებლისა, მეოცნებესი, დღეგრძელისა, გულმავიწყისა, კაცისა, რომელიც, ყველას ეგონა, არ იყო… „ერთობ გამოუსწორებელი კაცი იყო გამომგონებელი კაცი. ჯერ იყო და თავისი თავი გამოიგონა… ყველა ჩვენ გამოგვიგონა. ბოლოს… უსასრულო გზა გამოიგონა და იმ გზას დაადგა”.

ლექსიკაზე მუშაობა რუსული ენის გაკვეთილზე

0

ლექსიკაზე მუშაობისას ხშირად ვაწყდებით პრობლემებს:
მოსწავლეები არ სწავლობენ ან ვერ სწავლობენ (ვერ იმახსოვრებენ) სიტყვებს; სწავლობენ,
მაგრამ მალე ავიწყდებათ ნასწავლი მასალა; ვერ იყენებენ ნასწავლ ლექსიკას წერისა და
ზეპირი მეტყველების დროს და სხვ.

რა ხერხს მივმართავთ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად? მასწავლებელი
ეკითხება კოლეგებს, ეცნობა მეთოდისტთა რჩევებს, ცდილობს, საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით
მიაგნოს წარმატებულ მეთოდს…

მოდი, გამოსავლის ძებნისას თავს რამდენიმე კითხვა დავუსვათ:

. როგორ ვსწავლობდით და ვიმახსოვრებდით უცხოურ სიტყვებს
ჩვენ? რას ვურჩევდით მოსწავლეებს? საჭიროა თუ არა სიტყვების ზეპირად სწავლა? რამდენი
სიტყვა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ უცხო ენაზე ვილაპარაკოთ? როდის და როგორ უნდა შემოვიტანოთ
ახალი სიტყვები? თუ მოსწავლემ არ იცის სიტყვის მნიშვნელობა, რა უფრო მართებულია: მოვაძებნინოთ
სიტყვა ლექსიკონში, ავუხსნათ თუ მივცეთ საშუალება, ამოიცნონ მისი მნიშვნელობა კონტექსტის
მიხედვით? როგორ და როდის გავაცნოთ მოსწავლეებს რამდენიმე მნიშვნელობის მქონე სიტყვები?
როგორ მოვიქცეთ, რომ ჩვენს მოსწავლეებს ნასწავლი სიტყვები არ დაავიწყდეთ?

ამ კითხვებზე პასუხი თითქოს ყველა მასწავლებელს აქვს,
მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება, ამიტომ შევეცდები, ჯერ საკვანძო საკითხები გამოვავლინო.

 

რა ხარვეზებს ვაწყდებით
ლექსიკაზე მუშაობის დროს

1. გაკვეთილზე მოსწავლეებს სთავაზობენ მეტისმეტად ბევრ
ლექსიკურ ერთეულს, რომლებსაც ისინი ვერ იმახსოვრებენ.

2. გაკვეთილის მსვლელობისას ლექსიკაზე მუშაობას ნაკლები
დრო ეთმობა. მოსწავლეებს სთავაზობენ სიტყვების სახლში დასწავლას, კლასში კი ნასწავლის
მხოლოდ კონტროლი ხდება. ნაკლები დრო ეთმობა ლექსიკაზე ვარჯიშს, რაც სიტყვების დავიწყებას
უწყობს ხელს.

3. მასწავლებლები მოსწავლეებს სიტყვებს ცალკე ნუსხად,
კონტექსტის გარეშე აძლევენ სასწავლად. ასეთი მექანიკური დამახსოვრება ვერ ავითარებს
ლექსიკის გამოყენების უნარს. ეს სიტყვები ბავშვებს მალე ავიწყდებათ.

4. სიტყვებზე მუშაობა ენობრივ და სამეტყველო დონეებზე
მიმდინარეობს, თავისუფალ საკომუნიკაციო დონეზე გადასვლა არ ხდება.

5. არ ხდება ან ნაკლები დრო ეთმობა ლექსიკონზე მუშაობას,
არადა კვლევები მოწმობს, რომ დაწყებით ეტაპზე საკომუნიკაციო დონეზე გასვლა ხდება უშუალოდ
ლექსიკით და არა გრამატიკით.

6. ნაკლები დრო ეთმობა ლექსიკონებზე დამოუკიდებელ მუშაობას.
იყენებენ უმთავრესად სახელმძღვანელოში მოცემულ სიტყვებს და მასწავლებლის მიერ მიწოდებულ
თარგმანს. ეს ვერ უვითარებს მოსწავლეს დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევას.

7. მასწავლებელი ხსნის უცნობ სიტყვებს და არ სთავაზობს
მოსწავლეებს, კონტექსტის მიხედვით ამოიცნონ მათი მნიშვნელობა.

8. არ ხდება ნასწავლი ლექსიკის გამეორება (კონტექსტში)
სასწავლო პროცესის დროს. სიტყვების ერთი ჯგუფი ცვლის მეორეს, რაც მათ დავიწყებას უწყობს
ხელს.

 

 

რას გვირჩევენ მეთოდისტები

 

Введение и дозировка новых слов

Сначала новые слова даются только в одном
значении в составе элементарных предложений: Это комната. Это стол. Там окно. Здесь доска. Значение слов
это, там, здесь демонстрируется указательным жестом на эти предметы. Позже
структура предложения, вводящего новые слова, может усложниться: Мы умеем петь и танцевать. Мы говорим и
читаем по-русски. Брат занимается русским языком
и т. д. При этом
предложение, вводяшее новое слово, не должно содержать грамматических
трудностей.

 

გთავაზობთ რამდენიმე ლექსიკურ სავარჯიშოს, რომლებიც გაკვეთილის
სწორად წარმართვაში დაგეხმარებათ.

1. დააჯგუფეთ სიტყვები, გამოიყენეთ შემდეგი კრიტერიუმები:
ასოციაციები, ფუნქციები. რა აქვთ საერთო ამ სიტყვებს?

Мороженое, магазин, огурец, газета, ребенок, дом,
сад, компьютер, собака, жираф, апельсин.

2. დაასახელეთ ხუთი პროფესია, რომელთა წარმომადგენლებსაც
თეთრი ხალათები აცვიათ.

3. დაასახელეთ ხუთი მოქმედება, რომლებსაც ვასრულებთ
დილით.

4. თამაში «Снежный ком».

მოსწავლე 1: Сегодня утром я встал в 8 часов.

მოსწავლე 2: Сегодня утром я встал в 8 часов и
почистил зубы.

მოსწავლე 3: Сегодня утром я встал в 8 часов,
почистил зубы и сделал зарядку.

5. ბურთით თამაში.

иду… домой… (Бросает мяч другому ученику) в университет…

6. შეადგინეთ მოთხრობა ერთად.

Преподаватель: Вчера я видел странного человека.

Ученик: У него были зеленые волосы.    

Если
сочинение рассказа идет с трудом, учитель может сыграть роль следователя,
непонимающего или забывчивого человека:

Преподаватель: Но вы сказали, что у него были синие волосы?

7. შეადგინეთ მოთხრობა. გამოიყენეთ   ახალი
სიტყვები და ფრაზები.

8. გამოიყენეთ ახალი სიტყვები და ისაუბრეთ.

9. გაანაწილეთ სიტყვები ცხრილში:

 

Дом

Еда

спальня                     

масло             

кровать                      

морковь                     

кухня             

нож                

стол               

кресло                       

 

 

Тренировка
лексики для выработки умений

 Языковые

Речевые

Коммуникативные

1. «Шторм»

а) назовите слова
этой группы

неделя:

понедельник…

 

б) Назовите
действие,

связанное с этим

словом

летает

птица

поет


1.      


«Снежный ком»

Что можно подарить
на день рождения?

Каждый добавляет
слово, повторяя все предыдущие
.                               

1.Обсуждение,
дискус
сия

«Если бы вы
выиграли миллион»
.

 

2.«Что это?»

К каждому существительному подберите
соответствующее прилагательное, запишите: узкий, опасный, аккуратный; улица, преступник, студент

 2. «Ассоциации». Назовите слово, как оно
связано с названным раньше
.

 

2. «Найдите… в аудитории»

 (опрос,
анкетирование)

 

3. Назовите десять профессий,
связанных с машиной: шофер…

3. Разверните/ сверните фразы:
(какая?) Королева неожиданно
увидела офицера
(когда? где?)

3.Рассказ по
цепочке (один
ученик начинает,
следующий добавляет и т. д.)

 

4. Напишите действия, связанные с
профессией …

4. «Круг в круге».

 Задайте десять воп-росов о семье.

4. Работа в
группах

 

5. На доске написано десять слов.
Запомните их. Скажите, как вы их запомнили
.

 

5. Придумайте
ситуацию, диалог

 

6. Категории. Расклассифицируйте
слова по категориям
.

 

6. Обобщите, кто
что сказал в течение урока

 

7. На доске написано двадцать слов. Запомните. Слова стираются. Восстановите
их

 

7.Передайте
содержание текста одной
фразой

8.Напишите
сочинение, включив
пять слов:

солнце, зонтик, еда,

врач, учебник

9.Напишите
сочине-

ние (5 минут) на

тему: «Дверь»,

«Щедрый человек»

10. Как связаны
следую-щие картинки?

Образец работы на
начальном этапе над лексикой

по теме «Семья»

1. Обработка
материала
.

Преподаватель читает текст и просит учеников: а) поднять руку, если они слышат слово с
названием члена семьи (невербальная поддержка); б) отм
етить в таблице слова, которые они слышат
(вербальная)
.

Отец

Мать

Сестра

Дедушка

………….

Просит
заполнить пропуски в тексте, вставив, где надо, слова: отец, мать …

Затем
следует повторение, предлагается упражнение: «Слушайте и повторяйте фразы».

2. Тренировка

1. Дается ключевое слово, например сын. Студенты
должны включить это слово во все возможные вопросы.

2. Раздаются карточки со словами. Студенты должны задать
друг другу вопросы, в которые входят эти слова, начав: У вас есть …

 Образец карточки


сын    
друг   дети   дядя бабушка

дочь   
подруга         семья тетя дедушка

брат

 

3.Выход в речь.


1.     

Ролевая игра
(моделирование): студенты получают карточки, на которых написано, кто какой
член семьи.


2.     

Реальное общение.
Дискуссия. Маленькие группы обсуждают

свои
семьи и сообщают об этом всем (используются фото).

წიგნები სპორტზე

0
ქართული სპორტის რომელ ქომაგსაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველა გეტყვით, რომ ჩვენს ქვეყანაში სპორტის აღორძინებას, უპირველესად, ბევრი ფული, მერე კი ამ ფულის სწორად დახარჯვა სჭირდება. ფაქტია, უფულოდ მართლაც არაფერი გამოვა, მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე წარმატებას ვერ მიაღწევ, მაგრამ სპორტის განსავითარებლად ფულთან ერთად ბევრი სხვა რამ არის საჭირო, მათ შორის – ისეთიც, რაზეც მრავალ ჩვენგანს შესაძლოა არც კი უფიქრია.
იმ ქვეყნებში, განვითარებულს რომ ვეძახით, სპორტული ლიტერატურა, სპორტული სამწერლო საქმე ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან სფეროდ მიიჩნევა. მრავალ დიდ ქალაქში სპორტული ბიბლიოთეკებიც კი არსებობს, სადაც სპორტის ამა თუ იმ სახეობით დაინტერესებულ ადამიანებს ყოველგვარი ტიპისა და თემატიკის წიგნების ნახვა შეუძლიათ. აღარაფერს ვამბობ ბესტსელერებზე, რომლებსაც ცნობილი სპორტსმენები და მწვრთნელები წერენ (ან სხვებს აწერინებენ) – მათზე ევროპაში პირდაპირ ტაციაობაა გაჩაღებული. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს იმას, რომ დასავლეთში გულშემატკივრობა მხოლოდ სტადიონზე მისვლა და სპორტული სანახაობით ტკბობა არ არის. გულშემატკივრები ითხოვენ იმაზე მეტს, ვიდრე სპორტულ მოედნებზე ხდება. ჩვენთან კი ამ მხრივ, თამამად ვიტყვი, ძალიან ცუდი მდგომარეობაა, სპორტული თემატიკის წიგნებით ვაჭრობა წიგნის ბაზრის ყველაზე ნაკლებად განვითარებული სექტორია.

დავიწყოთ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქართულ ენაზე ძალიან ცოტა სპორტული წიგნი გამოიცა. მათი უმეტესობა შემეცნებითია (რამდენიმე მათგანი ბეჭდვის მართლაც რომ მაღალი ხარისხითა და საინტერესო შინაარსით გამოირჩევა), დანარჩენი კი საავტორო წიგნებია, რომლებშიც აღწერილია ამა თუ იმ ადამიანის პირადი მოსაზრებები სპორტის შესახებ. სპორტული ლიტერატურის ეს ჟანრიც თავისებურად საინტერესოა, მაგრამ საქართველოში არსებობს ერთი ცუდი ტრადიცია – გამოიცემა წიგნები, რომლებშიც სპორტსმენის ან გუნდის უსაგნო ქება-დიდების მეტი არაფერია. მაგალითად, წაიკითხავთ, რომ 1964 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი თბილისის „დინამო” „დიდებული გუნდი” იყო, რომ ზაურ კალოევი და შოთა იამანიძე „მსოფლიოში ყველაზე მაგრები” იყვნენ, რომ ქართველი გულშემატკივრები „ყველას სჯობიან” და სხვა… არც 1964 წლის „ოქროს ბიჭებთან” მაქვს რამე სადავო, არც ქართველ გულშემატკივართან და, მით უმეტეს, არც ჩვენი გუნდის მაშინდელ კაპიტანთან, ლეგენდარულ შოთა იამანიძესთან, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ საბოლოო ჯამში ლაყბობაა და მეტი არაფერი. სხვა საქმე იქნება, თუ ავტორი იმასაც გვეტყვის, რატომ იყო 60-იანი წლების „დინამო” დიდებული გუნდი, თამაშის როგორ სტილს ანიჭებდნენ უპირატესობას მაშინდელი მწვრთნელები კაჩალინი და იაკუშინი, რით განსხვავდებოდნენ თბილისელი ფეხბურთელები, ვთქვათ, ოდესელებისგან ან მოსკოველებისგან, რა სტილში თამაშობდა თუნდაც იგივე იამანიძე და სხვა. ეს იქნებოდა ამგვარი ლიტერატურის არსებობის საუკეთესო გამართლება.

სპორტის განვითარება მხოლოდ სპორტსმენებისთვის კარგი სავარჯიშო პირობების შექმნას და კარგი ხელფასის მიცემას არ ნიშნავს (თუმცა ესეც აუცილებელია); საჭიროა, გაიზარდოს ქართველ ქომაგთა და, საზოგადოდ, სპორტის მოყვარულთა ისეთი თაობა, რომელსაც საყვარელი სპორტსმენების ქება-დიდებასთან ერთად გონივრულად მსჯელობა, პრობლემური საკითხების წინ წამოწევა და სწორად განსჯა შეეძლება. ყოველივე ამისთვის კი აუცილებელია, ქართულ ენაზე არსებობდეს როგორც უცხოურიდან თარგმნილი, ასევე სამამულო მაღალი ხარისხის სპორტული ლიტერატურა, რომელიც ადრე თუ გვიან, დარწმუნებული ვარ, ქართული საგულშემატკივრო ტრადიციის მრავალ მანკიერებას აღმოფხვრის.

მხოლოდ ტოტალიზატორებში სიარულით და იქ მოსმენილი „რონალდინიო მაგარია, ბურთზე ფეხი სამჯერ გადაატარათი” ახალგაზრდა ქომაგები ვერაფერს ისწავლიან და ნამდვილ გულშემატკივრებად ვერ ჩამოყალიბდებიან. ნამდვილი გულშემატკივარი კი საყვარელი გუნდის დამარცხების შემდეგ სტადიონზე ბოთლების სროლას არასოდეს დაიწყებს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...