ხუთშაბათი, სექტემბერი 4, 2025
4 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2025

,,ძალა, რომელიც უფრო მძლავრია

0
წინასიტყვაობის მაგიერ: ეს წერილი უკვე დასრულებული მქონდა და შენახული, რათა რედაქტორთან გაგზავნამდე კიდევ ერთხელ წამეკითხა, როდესაც კიევში, მაიდანზე, ძალოვანები მშვიდობიან დემონსტრანტებს დაესხნენ თავს, მიტინგი დაარბიეს და უიარაღო ადამიანები დახოცეს. . .

,,სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების” _ თქვა დავით გურამიშვილმა; ,,იპოვე შენი საყვარელი საქმე და ერთი დღეც არ მოგიწევს მუშაობა” _ ეს კი კონფუცმა ბრძანა, თუ ამ ორ გამონათქვამს ერთმანეთზე დავამყნობთ, რაღაც ასეთი გამოვა: ისწავლე ის, რაც მოგწონს და არასოდეს იგემებ სიმწარეს. თუკი ეს გამოთქმა ჭკუაში დაგიჯდათ და ოდესმე გამოიყენებთ, ნუ დაიზარებთ ჩემი სახელის მითითებას, გეთაყვა. ეს ხუმრობით, ისე კი იმაზე, რომ სწავლა ერთდროულად სასარგებლოცა და სასიამოვნოც უნდა იყოს, დიდი ხანია ყველანი შევთანხმდით და ამ მხრივ პროგრესიც იგრძნობა. თუკი ჩემი მოსწავლეობის პერიოდში ხშირად ქართულ ლიტერატურაში საშინაო დავალება არ მომიმზადებია, რადგან ამ დროს რამე თანამედროვე და აქტუალური ნაწარმოების კითხვას ვუთმობდი, ახლა სასკოლო პროგრამაში მრავალი ასეთი თხზულებაა და მასწავლებლებს ისღა დაგვრჩენია, მოსწავლეებს მათი თანამედროვეობა და აქტუალურობა სწორად დავანახოთ. ამჯერად მსურს ოთარ ჭილაძის პოემაზე ,,ადამიანი გაზეთის სვეტში” გესაუბროთ, რომელიც ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მეცხრე კლასის პროგრამაშია შეტანილი.
ზოგადად მსოფლიო ისტორიაში აღწერილი საზოგადოებრივი პროტესტის შემთხვევათა უდიდესი ნაწილი, განსაკუთრებით მეოცე საუკუნემდე, ძალადობასა და სისხლისღვრასთან არის დაკავშირებული. მშვიდობიანი პროტესტი, როგორც უკმაყოფილების გამოხატვის ფართოდ გავრცელებული საშუალება, წინა საუკუნის მონაპოვარია და დემოკრატიული წყობისათვის დამახასიათებელ ფასეულობას წარმოადგენს _ იგი ეხმარება ერთი საერთო იდეის გარშემო გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფს, სისხლიანი მსხვერპლშეწირვის გარეშე შეცვალოს სამყარო. ცნობისათვის, აზრის ამ უაღრესად კულტურული გამოხატვის ერთ-ერთი პირველი მაგალითია 1838 წელს ჩეროკის ტომის ინდიელების მიერ ევროპელ კოლონიზატორთა წინააღმდეგ მოწყობილი მშვიდობიანი აქცია; ასევე ინდოეთის ჯალიანვალა ბაგის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც ინგლისელი ჯარისკაცების მიერ ათასამდე უდანაშაულო ადამიანის ჩახოცვით დასრულდა.
პირველი მშვიდობიანი საპროტესტო მოძრაობა, რომელმაც პროტესტანტებისათვის სასურველი შედეგი გამოიღო 1919 წლის პირველ მარტს კორეაში გაიმართა და იაპონიის იმპერიალისტური ზრახვების წინააღმდეგ გალაშქრებას ისახავდა მიზნად. მიუხედავად დამპყრობელთა სასტიკი რეაქციისა, კორეამ ამ დღეს არაძალადობრივი პოზიცია შეინარჩუნა და დიდი ნაბიჯი გადადგა ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვების თვალსაზრისით.
მშვიდობიანი პროტესტის ძალა ყველაზე უკეთ მსოფლიოს ინდოეთმა აჩვენა, რომელმაც მაჰათმა განდის მეთაურობით შეძლო დიდი ბრიტანეთის მარწუხებისაგან თავი დაეღწია. სწორედ ამ პროტესტის ისტორიას ასახავს ფილმი, რომელმაც ჩემზე ოდესღაც უზარმაზარი ზეგავლენა მოახდინა. ფილმის ქართული სახელწოდება ასე ჟღერდა ,,ძალა, რომელიც უფრო მძლავრია” და მეც ასევე დავასათაურე ჩემი ეს სტატია, ვინაიდან, ჩემი ღრმა რწმენით, ეს ფრაზა საუკეთესოდ გამოხატავს მშვიდობიანი პროტესტის არსს.
პროტესტის მშვიდობიანი ფორმა, დემოკრატიის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო იკიდებს ფეხს _ როგორც ვიცით, 2003 წელს ჩვენს ქვეყანაშიც მოხდა ხავერდოვანი რევოლუცია, ხოლო ამჟამად ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის უკრაინელი ხალხის შეუპოვარი ბრძოლის მოწმენი ვართ. როგორც ვხედავთ, მშვიდობიანი ბრძოლა სამშობლოსა თუ ერთი პატარა სკვერისათვის, ჩვენ ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება და იმედია, რომ ახლო მომავალში მთლიანად ჩაანაცვლებს ძალადობრივ გადატრიალებებს, მაგრამ იმისთვის, რომ ეს ასე მოხდეს, ჩვენი მომავალი თაობა მზად უნდა იყოს, სწორად აღიქვას მშვიდობიანი პროტესტის მთელი პროგრესული ღირებულება.
,,ადამიანი გაზეთის სვეტში” არ არის ნაწარმოები, რომელსაც ერთგვაროვნად მიიღებს და გაიაზრებს მოზარდი; თუ კარგად დავუკვირდებით, იგი უპირისპირდება ერთ საყოველთაოდ გავრცელებულ იდეოლოგიურ დოგმას: რომ ჯარისკაცი, რომელიც ბრმად არ ემორჩილება სარდლის მითითებებს, სამშობლოს მოღალატეა. ჯარისკაცს არჩევანის უფლება არ აქვს _ ის იარაღია სარდლობის ხელში. . . თუ ,,მარცვალია ღმერთის კალთიდან გადმოვარდნილი”…
ადამიანს, ვინაიდან იგი ,,ვერასოდეს ვერ შეათავსებს ბოროტსა და კეთილს” და ვერც ბოროტსა და კეთილზე მაღლა დადგება, არჩევნის გაკეთება უწევს. ძირითადად ეს არჩევანი, შორიდან რომ ასეთი პათეტიკის ელფერი დაჰკრავს, ყველას ცხოვრებაში ჩვეულებრივად დგება და ამ დროს ირკვევა, ადამიანი გაკვალულ გზას დაადგება თუ ფიქრის უფლებას აირჩევს, ,,მზეს აფასებს თუ კუსავით სულ თან დაათრევს ჯავშანს.”
ვაჟა-ფშაველა წერდა:
,,ბალახი ვიყო სათიბი,
არა მწადიან ცელობა.
ცხვრადვე მამყოფე ისევა,
ოღონდ ამშორდეს მგელობა.”
მართლაც ,,ცხვრად ყოფნა” ერთგვარი მორალური ფუფუნებაა: როდესაც ადამიანი მშვიდობიანთა, უარაღოთა, თავდამცველთა რიგებშია, მისთვის გაცილებით იოლია გამოიჩინოს გმირობა, ვინაიდან მისი პოზიცია თავისთავად გულისხმობს თავდადებას, რომელსაც მრავალრიცხვოვანი თანამოაზრეების მხარდაჭერა უმაგრებს ზურგს; გაცილებით უფრო ძნელია, იყო გამარჯვებულთა მხარეს, გეჭიროს ხელში იარაღი და ამ დროს იყენებდე ფიქრის ძვირადღირებულ უფლებას, ამ დროს იყო გმირი. რასაკვირველია, ვერავის შევრისხავთ იმის გამო, რომ ამგვარ შემთხვევაში გმირად ვერ იქცა, არგმირობისთვის ადამიანის გაკიცხვა მეტისმეტია, მაგრამ მით უფრო დასაფასებელნი არიან ისინი, ვინც პირველი ნაბიჯის გადადგმა გაბედეს.
იგივე ვაჟა-ფშაველა ამბობდა, რომ ყველა, ვინც პატრიოტია, ამავდროულად კოსმოპოლიტიც არის, რადგან იცის, რას გრძნობს ის სხვა, რომელსაც საკუთარი სამშობლო ისე უყვარს, როგორც მას _ თავისი და თანაუგრძნობს კიდეც. ყველა პატრიოტმა იცის, რომ:
,,ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას , რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია,
ხოლო სამშობლო თავს ურჩევნიათ ადამიანებს და არა მონებს.
არა სხეულის, არამედ სულის საჭურისობას ნიშნავს მონობა,
და ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას, მონაა ისიც.”
ანუ გამოდის, სამშობლოს სიყვარული ნიშნავს არა იმას, იარაღი აღმართო მისთვის, არამედ პირიქით, იარაღი დაუშვა იმ ადამიანების წინაშე, ვინც საკუთარ სამშობლოს იცავენ ანდა საკუთარი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის აწყობენ დემონსტრაციას:
,,არ შეიძლება, რომ მტრები იყვნენ უიარაღო დემოსტრანტები,
არ შეიძლება, რომ უსასრულოდ მხოლოდ ძლიერი იყოს მართალი.
მაგრამ თუ ვინმე არ დაეხმარა, როგორ დაიცავს სიმართლეს სუსტი…”
დაემორჩილო სარდლის ბრძანებას ჯარისკაცისთვის კანონია, რომლის დარღვევაც ძვირად დაუჯდება, მაგრამ არსებობს კიდევ უფრო მაღლა მდგარი კანონი: ,,თავისუფლების და სიყვარულის”. და ვინც ამ კანონს ემორჩილება, სწორედ მისი სხეულია ,,სისხლის გუბეზე ხიდივით გადამხობილი დამსჯელებსა და დასჯილებს შორის”. და ის პირველია, რომელისაც მალე სხვები მიჰყვებიან.
და ეს ასეა, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე…

შოთა ჩანტლაძე და ვუდი ალენი

0

ლექსი
1958 წელს დაიწერა. მოდით, ერთად აღვიდგინოთ ის განწყობა:

 

ღამე,
განათებულ ოთახში სართულებად დაწყობილი წიგნები და ფიქრში გარბენილი დრო. ოდესღაც
გაცნობილი უცნობი სახეები, სიხარულიც და ტირილიც რაღაცის გამო. მძიმე, უცნაური სიყვარული
– უამრავი სიყვარულები. გაქანების წყურვილი და მაინც უძრაობა. სადღაც დაკარგული
ლექსების რვეული და ფიქრი: ლექსებიც ქათმებივით მოამრავლო. მერე სტუდენტობა,
„გარეშე” წიგნების კითხვა, არშესვლა აუდიტორიის კარებში, კიროვის ბაღი და
ზოოპარკი, ვერამოვსებული ვარაზის ხევი. საუბარი, კამათი, ლაპარაკი.

 

და
უცებ:


 

„აღმფრთოვანებელი
ფილმები ჰოლივუდის,

იტალიური
ფილმები,

მათ
ერთ ფილმს ჩვენი ორი უდრის,

მაინც
ჩვენია პირველი”
.

 

მთავარი
წინაა, უფრო სწორად, შემდეგ სტრიქონშივე:

 

„მათი
გმირების გადმოსვლა ეკრანიდან,

პარტერის
პირველ რიგში დასხდომა,

ფილმის
დამთავრება, დავა მეკარესთან,

თბილისის
ქუჩებში გასხლტომა.

და
მერე მათგან თბილისის მოწონება,

აღარ
დაბრუნება ეკრანზე.

თბილისის
ქუჩებში მათი წოწიალი,

ფიქრი:
თბილისში ვერ გავძლებ”.

 

გმირები
კი ბატონო, მაგრამ მეც მასეთი ვარო, – არ მალავს ლექსის ავტორი, – ეკრანის
ერთ-ერთი გმირი ვარ, ეკრანზე საქმოსანი მოვკალი (იგრძნობა, რომ საბჭოთა კავშირში
ცხოვრობს ავტორიც და პერსონაჟიც), მისი ასული მიყვარდა და ვიცი, არ შემრთავდა,
თუმცა კი მასთან საქმროსავით ვიყავიო. მოკლედ, ეს საქმე მკვლელობით დამთავრდა,
დამნაშავე ვიყავი, და მკვლელობისთვის რომ პასუხი არ მეგო, სასწრაფოდ გადმოვედი
ეკრანიდან.

 

დასკვნა
შთამბეჭდავია, – მე ეხლა სასჯელს ვერავინ მომისჯის, ვერავინ გაბედავს რაიმე
დამწამოსო, – და ალბათ მართალიცაა, რადგან პერსონაჟმა ეკრანული, გამოგონილი და
დადგმული სივრცე მიატოვა და რეალურ სივრცეში ითხოვა თავშესაფარი.


„კაიროს მეწამული ვარდიც” (1985 წ.) იმაზეა,
თუ როგორ შეიძლება გადაიკვეთოს რეალური და გამოგონილი სამყარო. ფილმის მთავარი პერსონაჟის
– სესილიას ცხოვრება ერთფეროვანი და მოსაწყენია. მთელ დღეს მიმტანად მუშაობს, რომ
თავიც ირჩინოს და უმუშევარ, სმასა და ბანქოს თამაშს გადაყოლ ქმარსაც ჩაუთვალოს
გროშები. დროდადრო შეურაცხყოფის მოთმენაც უწევს და როცა ერთხელაც, შინ დაბრუნებული,
ქმარს ვიღაც ქალთან ერთად შეუსწრებს, გადაწყვეტს წავიდეს.

 

სესილიას
ერთადერთი შვება და სიხარული კინოსეანსებზე სიარულია. იქ განცდილ შთაბეჭდილებებს
თავის მეგობარს უზიარებს და მერე ისე მოხდება, რომ ამ განცდებისგან აღტაცებული და
დაბნეული, საქმეს თავს ვერ გაართმევს – კლიენტთან შეკვეთა დროულად ვერ მიაქვს,
ჭურჭელი ემტვრევა, და სამსახურსაც კარგავს.

 

ამ
დროს კინოთეატრში ახალ ფილმს – „კაიროს მეწამულ ვარდს” უჩვენებენ. ცხელ გულზე,
გაბრაზებული, დათრგუნული და დამცირებული სესილია მთელ დღეს ეკრანთან გაატარებს. ქალის ემოცია და თავგამოდება შეუმჩნეველი
არ დარჩება მისი კუმირის – ტომ ბაქსტერისთვის, რომელიც გადაწყვეტს სესილიას გამო მიატოვოს
ფილმი და გადმოვიდეს შავ-თეთრი სივრციდან ფერად სამყაროში.

 

„კი
მაგრამ, შენ ხომ იქ უნდა იყო?!”– გაოცებული და აღტაცებულია სესილია. „არა, მეყოფა, ეს მოსაწყენი ფილმი უკვე
2000-ჯერ ვითამაშეო”, – უკან არ იხევს ტომი.

 

შემდეგ
ასე ვითარდება სიუჟეტი: ორივენი გამოიქცევიან კინოთეატრიდან, მიდიან საცეკვაოდ, ტომი
შამპანურზე პატიჟებს, სიყვარულს ეფიცება, თუმცა მისი ყოველი საქციელი, მის მიერ
ნათქვამი ყველა სიტყვა მხოლოდ ფილმის სცენარით საზრდოობს და შორს დგას რეალობისგან
– ომისშემდგომ კრიზისსა და უმუშევრობაში ჩაძირული ნიუ ჯერსის ყოფისგან.

 

ამ
დროს კინოთეატრში პანიკაა – პერსონაჟები უსაქმოდ არიან, მაყურებელი ბილეთებში
გადახდილი ფულის დაბრუნებას მოითხოვს.
კინოთეატრის დირექტორი ფილმის პროდიუსერს თხოვს დახმარებას (ამასობაში, ტომ
ბაქსტერი ჯერ ჩიკაგოს, შემდეგ კი სენტ ლუისის, დენვერისა და დეტროიტის
კინოთეატრების ეკრანებიდან უჩინარდება). საქმეში ბაქსტერის როლის შემსრულებელი გილ
შეპარდიც ერთვება (აქაოდა, ჩემმა პერსონაჟმა რეპუტაცია არ შემილახოსო). ეცდება, სესილიას
დაუახლოვდეს, რათა ტომი ჩამოაშოროს და უკან, ფილმში დააბრუნოს.

 

ბოლოს
ასეც ხდება: ქალი არჩევანს გააკეთებს რეალურ შეპარდსა და გამოგონილ ბაქსტერს შორის
რეალურის სასარგებლოდ იმ
იმედით, რომ მსახიობი მას
ჰოლივუდში წაიყვანს. მაგრამ შინიდან
ჩემოდნით წამოსულს კინოთეატრთან ეტყვიან: როგორც კი გმირი (ბაქსტერი) „კაიროს
მეწამულ ვარდში” შებრუნდა, იმწამსვე ფილმის მთელი სამუშაო ჯგუფი პროდიუსერიან-შეპარდიანად
ჰოლივუდისკენ გაემართაო.  

 
ხომ
ენათესავება ერთმანეთს ეს ორი შესანიშნავი ნაწარმოები – შოთა ჩანტლაძის 1958 წელს
დაწერილი ლექსი და ვუდი ალენის „კაიროს მეწამული ვარდი”, რომელიც ეკრანებზე 1985
წელს გამოვიდა?! შესაძლოა, ეს ნათესაობაზე მეტიც იყოს და საქმეში ჩახედულმა
ადამიანებმა გავლენებსაც დაუწყონ ძებნა, მაგრამ ამის გასაბათილებლად რამდენიმე ობიექტური
მიზეზი არსებობს: ჯერ ერთი – საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ამერიკელ რეჟისორს არ ეცოდინებოდა
ქართველი პოეტის შემოქმედება; მეორეც – ლექსის წერის დროს არც შოთა ჩანტლაძისთვის იქნებოდა
ხელმისაწვდომი ვუდი ალენის ფილმები თუნდაც იმის გამო, რომ რეჟისორის პირველი ფილმი
„ჩარლზ ფელდმანი” 1965 წელს გამოვიდა.

 

თუმცა
საქმეში უფრო ღრმად ჩახედულმა ადამიანებმა შეიძლება ამ ორი ნაწარმოების ორი
მეტისმეტად საინტერესო წინაპარი შემახსენონ. ჩვენთვის უცნობია, რა გახდა შოთა
ჩანტლაძისთვის ამ ლექსის შთაგონების წყარო, ვუდი ალენი კი არ მალავს, რომ „კაიროს
მეწამული ვარდი” ლუიჯი პირანდელოს მოდერნისტული კომედიით – „ავტორის მაძიებელი
ექვსი პერსონაჟი” (1921) და ბასტერ კიტონის უხმო კომედიური ფილმით – „შერლოკი
უმცროსითაა” (1924) ინსპირირებული.

 

მაგრამ
მთავარი მაინც ის ძალა, იდუმალი კავშირები და უხილავი ძაფებია, რომელიც სრულიად
განსხვავებულ ორ ხელოვანს ისე ანათესავებს ხოლმე, რომ წარმოდგენაც არა აქვთ
ერთმანეთის შესახებ.

 

„მე
იძულებული ვარ აქ ლექსი დავამთავრო, ჰოლივუდის ფილმზე მაგვიანდებაო”, ამბობს შოთა
ჩანტლაძე ფინალში და ჩვენ ეჭვი გვიპყრობს, ვინც იცის, იქნებ ახლაც დადის  ჰოლივუდური ფილმიდან გადმოსული პერსონაჟი თბილისის
ქუჩებში, ან უახლოეს ხანებში აპირებს ეკრანის დატოვებას.

 

წარმოიდგინეთ,
რა მოხდება, ერთ დღესაც, ვარაზისხევში, „დიდი გეტსბიდან” გადმოსული ლეონარდო
დიკაპრიო რომ გამოჩნდეს!..

განათლება და თანამედროვე ტექნოლოგიები

0
მესამე სასწავლო წელია, სკოლა პირველკლასელებს მათთვის განკუთვნილი საკმაოდ ძვირად ღირებული და მნიშვნელოვანი საჩუქრით ეგებება – ბუკებით ხელდამშვენებული პატარების ნახვა ერთ რამედ ღირს. ბავშვებისთვის ამ საჩუქარს, უპირველესად, სიხარული, მშობლებისთვის კი პასუხისმგებლობა მოაქვს. რაც შეეხება მასწავლებლებს, ჩემი დაკვირვებით, მრავალი მათგანისთვის ბუკი ზედმეტი თავის ტკივილია. თუმცაღა მასწავლებელთა უკმაყოფილებას ობიექტური მიზეზებიც აქვს (მათ ჩამოთვლას აქ არ შევუდგები), მაინც ყველა ვთანხმდებით, რომ თანამედროვე სასწავლო პროცესი ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემის ტენდენციები თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ სასწავლო პროცესის წარმატება დღეისთვის იმაზეა დამოკიდებული, – და უფრო მეტად იქნება დამოკიდებული სამომავლოდ, – როგორი წარმატებით მოხდება საგანმანათლებლო პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების როლის გაფართოება. ტექნოლოგიებმა დიდი ხანია თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობაში შემოაბიჯა და უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა, კოსმოსური სიჩქარითაც ვითარდება და ლამის ყოველდღიურად გასაოცარი სიახლეების მოწმენი ვხდებით. ვფიქრობ, წარმოდგენაც კი შეუძლებელია, როგორ ტექნოლოგიებს გამოიყენებენ თუნდაც 20 წლის შემდეგ, უფრო შორეულ მომავალზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

როგორც ერთ-ერთ სტატიაში უკვე აღვნიშნე, რამდენიმე წელია, პირველკლასელებს ვასწავლი, ასე რომ, საშუალება მქონდა, მათ მიერ ბუკების ათვისების პროცესს დავკვირვებოდი. გულწრფელად მინდა გითხრათ, მათი უნარები ამ მხრივ განსაკუთრებულია, შეიძლება ითქვას, გასაოცარიც კი. კომპიუტერთან ურთიერთობას შესანიშნავად ახერხებენ არა მარტო ნიჭიერი ბავშვები, არამედ ნორმალური და სუსტი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებიც. მშობლებთან გასაუბრებით ადვილად გაარკვევთ, რომ კომპიუტერები საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსაც ანდამატივით იზიდავს. საახალწლოდ ლაპლანდიელი სანტასა თუ ქართველი თოვლის ბაბუასთვის გაგზავნილ წერილებს თვალს თუ გადაავლებთ, გაიგებთ, რას სთხოვენ ჩვენი ბავშვები მათ საჩუქრად. გამოიცანით, არა? აიპადს, ლეპტოპს, კომპიუტერს, მობილურ ტელეფონს… თუ ოჯახში მხოლოდ ერთი კომპიუტერია, ბავშვები 3-4 წლიდან აქტიურად იწყებენ მათით სარგებლობაზე თავიანთი „უფლებების” დაკანონებას. საინტერესოა (ზოგჯერ სახალისოც), რომ ბავშვებმა ზუსტად იციან, რისთვის სჭირდებათ კომპიუტერი – საყვარელი კომპიუტერული თამაშებისთვის, სოციალურ ქსელებში გასართობად, ვირტუალური ცხოველებისა და მცენარეების მოსავლელად… მათი მიხვედრილობა და გონებამახვილობა ამ კუთხით მართლაც გასაოცარია. ისინი მყისიერად უღებენ ალღოს ნებისმიერ თამაშს, არასოდეს სჯერდებიან მიღწეულს, ეძებენ სიახლეებს, ირჩევენ რთულ გზებს. მათთვის თამაში მით უფრო მიმზიდველია, რაც უფრო მეტად მოითხოვს ფიქრს, განსჯას, შემოქმედებით მიდგომას. განსაკუთრებით თანატოლებისთვის აზრის გაზიარება, მათთან თანამშრომლობა მოსწონთ. თითქმის საპირისპირო ვითარებაა წიგნთან ურთიერთობისას – მოსწავლეებს ის მაინცდამაინც არც თავიდან იზიდავს, სირთულეების წარმოშობისას კი ყველასათვის ნაცნობი „ბატალიები” იწყება.

როგორც განათლების უცხოელი მკვლევრები ამტკიცებენ, ბავშვების მიერ ტექნოლოგიების გამოყენება სკოლაში და სკოლის მიღმა ძალზე არათანაბარია როგორც დათმობილი დროის, ისე შესრულებულ აქტივობათა მრავალფეროვნების მიხედვითაც და ამას თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს. სრული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ჩვენთანაც ანალოგიური მდგომარეობაა.

სტატიის დასკვნით ნაწილში ამერიკულ საგანმანათლებლო სისტემაში დანერგილ ერთ საინტერესო, თამამ და ინოვაციურ პროექტზე მოგითხრობთ, რომელსაც ავტორებმა „Bring Your Own Technology” (BYIOT) უწოდეს. ეს სახელწოდება სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება: „მოიტანე საკუთარი ტექნოლოგია”. მეთოდი მოსწავლეთა საკუთრებაში არსებული ციფრული და კომპიუტერული ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ჩართვას ითვალისწინებს. მისი ავტორების მოსაზრებით, სკოლების უმეტესობას არ აქვს საკმარისი რაოდენობის კომპიუტერი და რაც აქვთ, მათი მოზრდილი ნაწილიც მოძველებულია; დიდია განსხვავება სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების მდგომარეობის მხრივ. BYOT ინიციატივა იძლევა საშუალებას, ჩაირთოს სასწავლო პროცესში სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიური მოწყობილობა, რომლებსაც მოსწავლეები ფლობენ და ამ გზით შეივსოს არსებული ხარვეზები. ამ მოულოდნელ ინიციატივას მაშინვე გამოუჩნდნენ პრინციპული მოწინააღმდეგეები. ბევრ ცნობილ ექსპერტს მიაჩნია, რომ სკოლაში BYOT-ის ადგილი არ არის და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ორი ძირითადი არგუმენტი მოჰყავთ: პირველი – ირღვევა სამართლიანობის პრინციპი (ყველა მოსწავლე ვერ სარგებლობს ძვირად ღირებული ტექნოლოგიებით); მეორე – საჭირო ტექნოლოგიებით სკოლების უზრუნველყოფა სახელმწიფოს უშუალო მოვალეობაა. პროექტის ავტორები ამ არგუმენტებს არ უარყოფენ, მაგრამ, მათი აზრით, არც ის არის სადავო, რომ მასწავლებლების მოვალეობაა, ყველაფერი იღონონ მოსწავლეთა საუკეთესო აკადემიური შედეგების უზრუნველსაყოფად. ამისთვის მათ ინოვაციური და ორიგინალური მეთოდებიც გამოადგებათ, თუ სიახლეები მეთოდურად იქნა გამართული. მათი მტკიცებით, სასწავლო აქტივობათა მართებულად დაგეგმვისა და ტექნოლოგიების კომპეტენტურად გამოყენების შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია, მოსწავლეთა კუთვნილი მოწყობილობების გამოყენებამ დასახული მიზნისკენ მიმავალი გზა გააადვილოს.

BYIOT-ი მილფორდის ჰაი-სქულში რამდენიმე თანამოაზრემ შექმნა. პროგრამა თავდაპირველად პილოტირების სახით აამოქმედეს რამდენიმე კლასში. პროექტის დასაწყისშივე გამართლდა მთავარი მოლოდინი – მოსწავლეები დიდი ინტერესით შეხვდნენ ამ მნიშვნელოვან სასკოლო ცვლილებას. ინიციატივის ავტორებს დიდი მეთოდოლოგიური სამუშაოს ჩატარება მოუხდათ. პროგრამაში მკაფიოდ იყო განსაზღვრული, სახელდობრ რომელი კომპიუტერული საშუალებების მიტანის უფლება ჰქონდათ მოსწავლეებს. სკოლას შინაგანაწესის იმ მუხლის შესწორებაც მოუხდა, რომელიც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების, აიპადებისა და ამგვარი ტექნიკის გამოყენებას კრძალავდა. მოწყობილობებში ჩატვირთეს სპეციალური პროგრამები. პროექტის ავტორები არ უარყოფენ, რომ მათი ინიციატივა უთანასწორობის ელემენტებს შეიცავს, მაგრამ მათთვის უფრო მნიშვნელოვანი ის რეალური სასწავლო ღირებულებაა, რომელიც აქვს მათ მეთოდს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. ქვემოთ სწორედ პროექტის ავტორთა არგუმენტებს წარმოგიდგენთ: 
● მეთოდი სავსებით ცვლის მოსწავლეების წარმოდგენას საკუთარ მოწყობილობებზე. ბავშვები აცნობიერებენ, რომ ისინი მხოლოდ გასართობი კი არა, არამედ სასწავლო ხელსაწყოებიცაა და ამ მიმართულებით მათი ღირებულება მუდმივად გაიზრდება. 

● BYIOT-ის სასწავლო პროცესში ჩართვა მოსწავლეებისთვის დიდი სტიმულია, მაგრამ მასწავლებელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ იგი ზუსტად ეთანადება კონკრეტულ სასწავლო აქტივობას და მოსალოდნელი შედეგიც კარგადაა გამოკვეთილი. 

● BYIOT-ის ინიციატივას რეალურად შეუძლია სრულყოს სკოლის ტექნოლოგიური ბაზა და გაზარდოს ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა. კლასში ხშირად არ არის ხოლმე საკმარისი კომპიუტერები. ამ დროს BYIOT-ის დახმარებით შესაძლებელია დამატებით რამდენიმე მოსწავლის აქტიურად ჩართვა სასწავლო პროცესში. 

●  ბევრი მოსწავლე ამ ტექნოლოგიებს აქტიურად იყენებს სკოლის გარეთ, უმეტესად – არასასწავლო მიზნით. პროექტის ავტორებს მართებულად მიაჩნიათ მათი სასწავლო მიზნებზე მორგება და საგანმანათლებლო პროცესში გამოყენება.
დასასრულ, დავასახელებთ რამდენიმე პრობლემურ გარემოებას, რომლებზეც მკვლევრები ამახვილებენ ყურადღებას – მასწავლებლების მომზადება, სპეციალური ლიტერატურით მათი მომარაგება, მოსწავლეების შესაძლო სურვილი, თავიანთი შეხედულებისამებრ გამოიყენონ საკუთარი ტექნოლოგიები. ისინი მზად არიან, გაიზიარონ კომპეტენტური რჩევები და შენიშვნები BYIOT-ის დასახვეწად, მაგრამ პრინციპულად არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ მეთოდი სასკოლო ცხოვრებაში ზედმეტი ან გამოუსადეგარია, ანდა სოციალური სამართლიანობის პრინციპის გამო მიუღებელი.

სოციალური ფაქტორების ზემოქმედება განათლების ხარისხზე. (პირველი ნაწილი )

0
საქართველოში განათლების რეფორმის დაწყებისთანავე მიმდინარეობს დაუსრულებელი დავა, თუ რამდენად შეესაბამება განხორციელებული ცვლილებები ქვეყნის რეალობას. რას უნდა ეფუძნებოდეს გადაწყვეტილებები რომლესაც იღებს სახელმწიფო? სერიოზულ მეცნიერულ კვლევებს და მათ საფუძვლინა ანალიზს? საზოგადოების წევრების უმრავლესობაში გავრცელებულ „ტრადიციულ” ხედვებს და თეორიებს აღზრდის შესახებ? რა როლს თამაშობს განათლების სისტემის ეფექტურობაში სოციალური ფაქტორები? 
 
დანიელ ვ. როსსიდესის ნაშრომი ამ საკვანძო საკითხებს ეხება. ის არის პროფესორ ემერიტუსი, ბოუდინის კოლეჯში, რომელიც წარმოდაგენს ერთ-ერთ უძველეს,  სასწავლებელს აშშ-ში, მენის შტაში (დაარსებულია 1794 წლეს). ასვე ასწავლიდა ჰანტერის კოლეჯში და ნიუ-იაორკის საჯარო უნივერსიტეტში(The City University of New York), იორკის უნივერსიტეტში, ტორონტოში, კანადა. მას გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები სოციალურ თეორიებში, საზოგადოების სოციალურ ფენებად დაყოფის თეორიაში. ამჟამად მუშაობს ნაშრომზე  „ამერიკული კაპიტალიზმის გააზრება”.
მისი ცნობილი ნაშრომებია:
1.Social Stratification: The Interplay of Class, Race, and Gender (2nd Edition)   by Daniel W. Rossides (Jul 27, 1996)
2.Social Theory Its Origins, History, and Contemporary Relevance by Daniel W. Rossides (Jan 1, 1998)
საინტერესოა, რომ მის ნაშრომს ორიგინალში ასეთი სათაური აქვს:”Knee-Jerk Formalism: Reforming American Education”. 
ტერმინი knee-jerk reaction – მოიაზრება როგორც რეფლექსური რეაქცია, დაუყოვნებელი რეაქცია ყოველგვარი მიზეზების თუ ფაქტების გააზრების გარეშე. თუ გადავხედვათ ჩვენი რეფორმის განვლილ წლებს, მეჩვენება რომ ბევრი გადაწყვეტილება სწორედ გაუაზრებელი, მყისიერი რეაქციის შედეგი იყო განათლების სისტემაში მიმდინარე მოვლენებზე. არ უნდა გვიკვირდეს ამ პრინციპით მირებული გადაწყვეტილებების წარუმატებლობა.  ამ საინტერესოა გავეცნოთ აშშ-ში მიმიდნარე განათლების რეფორმების კრიტიკულ განხილვას.
 
დანიელ ვ. როსსიდესი 
ამერიკული განათლების რეფორმა: გაუაზრებელი ფორმალიზმი
80–იან წლებში ამერიკული საზოგადოება უკმაყოფილებას გამოთქვამდა  განათლების დონის ვარდნის  გამო  და  შეშფოთებული იყვნენ  იმ საფრთხეებით,  რომელსაც ის  ქვეყნის განვითარებას უქმნიდა. ასეთივე უკმაყოფილებას ვხედავთ დღესაც. თანამედროვე, რეფორმის მხარდამჭერი  კონსერვატული მოძრაობა,  ღრმად ცდება თავის შეხედულებებში განათლების შესახებ და აუცილებლად დამარცხდება, რადგან იგნორირებას უკეთებს  ემპირიულ მონაცემებს,  რომლებიც ეწინააღმდეგებიან  მათ მიზნებს და პოლიტიკას. ამ მოძრაობის შეხედულებები ემსახურება მიზნებს, რომლებიც არანაირად არ არის დაკავშირებული განათლებასთან. სახელმწიფო სკოლების ლიბერალმა დამცველებმა და მათაც ვინც განიხილავს უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ასევე დაკარგეს რეალობასთან კავშირი. ამერიკული საგანმანათლებლო საზოგადოების შეცდომების გასაანალიზებლად საჭიროა საბაზისო მონაცემების განხილვა. 
აშშ-ში ფართოდ გავრცელებულია რწმენაზე დაფუძნებული ვარაუდი, რომ განათლება  არის  ძლევამოსილი  ძალა  კარგი თანამშრომლების და კარგი მოქალაქეების წარმოებისთვის. ამერიკელებს ასევე სჯერათ, რომ განათლება არის ის ინსტრუმენტი, რომელიც ყოველ თაობაში გამოარჩევს ნიჭიერ პიროვნებებს და ბუნებრიად დაეხმარებათ მათ თვითრეალიზაციაში. ამით განათლება იძლევა გარანტიას, რომ ისინი ვინც საზოგადოების სოციალურ იერარქიაში „ზემოთ”, „შუაში” ან „ქვემოთ” არიან, იმსახურებენ  იქ ყოფნას. ამერიკული საზოგადოების კონსენსუსი ეფუძნება ვარაუდს, რომ ელიტური სკოლები, კოლეჯები და უნივერსიტეტები – ესა არის მისაბაძი მაგალითი  ნაკლებად  წარმატებული სკოლებისთვის.  საინტერესოა რომ, ემპირიული კვლევები ყველა ამ პოსტულატში დაეჭვების საფუძველს იძლევა.

კვლევებიდან გამომდინარე შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ  განათლებაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მიღწევა შეიძლება, თუ  ქვეყნის „დაბალი” (ღარიბი) ფენებისთვის პირობებს მნიშვნელოვნად და შესამჩნევად გავაუმჯობესებთ. ეს ნიშნავს მათი სკოლების რესურსების მნიშვნელოვან გაუმჯობესებასაც. ამ შეხედულებაში არც თუ უმნიშვნელოა იმის აღიარება, რომ საზოგადოების სოციალურ განვითარებაში სკოლა არ თამაშობს მნიშვნელოვან როლს. არსებობს სერიოზული დასაბუთება იმისა, რომ ფორმალური განათლება როგორც ელიტარულ ისე არაელიტარულ დონეზე, არ გვაძლევს უშუალო დადებით შედეგებს მოქალაქეების და თანამშრომლების „წარმატებით ფორმირების, აღზრდის” საქმეში. კარგი მოქალაქეების და  თანამშრომლების ფორმირების, აღზრდის საკითხებში  არ შეიძლება გვქონდეს მხოლოდ სკოლის იმედი!
   
ამერიკელების გადაჭარბებული რწმენა განათლებისადმი
განათლებისადმი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა თომას ჯეფერსონის დროს, რომელიც პლატონის მსგავსად, ოცნებობდა საზოგადოებაზე, სადაც საუკეთესო წარმომადგენლებს მიეცემოდათ  საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება და  სწორედ ისინი ჩამოყალიბდებოდნენ ლიდერებად. მათ  წარმოედგინათ ისეთი საზოგადოება, რომელიც აძლევს თვითრეალიზაციის საშუალებას განსაკუთრებით ნიჭიერი ინდივიდებს, გამორჩეულს ყველა კლასობრივი/სოცილაური ფენიდან. ორივე  ხაზს უსვამდა განათლების მნიშვნელობას სახელმწიფოში ბუნებრივი ელიტის  და შესაბამისად, კარგად ორგანიზებული  საზოგადოების განვითარებაში.

თომას ჯეფერსონის რწმენას  განათლებისადმი მოგვიანებით დაემატა რწმენა თავისუფალი ბაზრისა და თავისუფალი არჩევნებისადმი. ეს გადაიქცა  ამერიკული უკლასო საზოგადოების სოციალურ ფილოსოფიად, რომელიც თავისუფლებით და თანასწორობით მიიღწევა. ამერიკელებისთვის აქსიომას წარმოადგენს ის, რომ არ უნდა იყოს შემთხვევითობები  სოციალურ ანაზღაურებასა და პიროვნების დამსახურებას შორის. მათი აზრით სწორედ თანაბარი შესაძლებლობების შექმნა საზოგადოებაში, კონკურენცია ეკონომიკაში, პოლიტიკასა და განათლებაში, ანგრევს ხელოვნურ ბარიერებს, როგორიცაა სოციალური წარმოშობა, რელიგია, ეთნიკური და რასობრივი მიკუთვნება.

ასეთ  გარემოში, თავისუფალი ბაზრის პირობებში, განათლებას ამერიკელების გულში  განსაკუთრებული ადგილი უკავია. ითვლება, რომ მას აქვს დიდი ძალა გააუმჯობესოს ადამიანები და მათი არსებობის პირობები. ამერიკელისთვის ტიპიურია, პრობლემების შემთხვევაში, მიაწეროს ის არასაკმარის განათლებას. შესაბამისად თუ საჯარო სკოლების სისტემა ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუ არ არსებობს ბარიერები ფორმალური განათლების მიღების პროცესში, ამერიკელები ამას მიიჩნევენ საკმარის პირობათ ყველა პიროვნებისათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნაში. ამერიკელისთვის შესაძლებლობა – ეს არის „რაღაც” რაც უნდა დაიჭირო, ხელიდან არ გაუშვა და გამოიყენო; უთანაბრობა ნებისმიერ სფეროში – უბრალოდ იმის ანარეკლია, აქვთ თუ არა ადამიანებს შინაგანი  უნარი მიიღონ  სარგებელი  იმ შესაძლებლობებიდან, რომელიც ყველასთვის  გახსნილია.დღესდღეობით ნაკლები აქცენტი კეთდება განათლებაში თანაბარ შესაძლებლობებზე, უფრო მეტი კი – ყველასთვის  გარკვეული ტიპის განათლების წვდომაზე და პასუხისმგებლობაზე, რომ გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას, რაც გამოჩნდება მაღალ აკადემიურ მიღწევებში. ასეთი ახალი აქცენტები – იმ დროს, როცა განათლების სისტემაში მიმიდნარე მოვლენების აღწერისას ხშირად გამოიყენება სიტყვები: „სიღარიბე”, „დაბალი შემოსავალი”, „მდიდრული გარეუბნები”, „უმცირესობა”, „ცუდი რაიონები” – მიუთითებს კლასობრივი განათლების სისტემის არსებობაზე. ამას ადასტურებს კვლევებიც.  არ შეიძლება უარყოფა იმისა, რომ სოციალური კლასები არსებობენ და განათლებაში

აქვთ ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესები. არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ  ურთიერთსაპირისპირო კლასობრივი ინტერესები დამახასიათებელია ამერიკული საზოგადოების ყველა ფენებისთვის. ამერიკელები შოკირებული იქნებიან თუ გაიგებენ, რომ  ბევრი გონებაშეზღუდული და სწავლისადმი უუნარო მოსწავლეები, რომელთაც დაბალი IQ აქვთ, ასეთები გახდნენ იმის გამო, რომ სკოლებმა, პროფესიონალებმა საშუალო კლასის მაღალი ფენებიდან და სახელმწიფო აგენტებმა, მიაკუთვნეს ისინი დაბალ კლასს და ექცევიან მათ როგორც დაბალი კლასის  წარმომადგენლებს, განსაკუთრებით ეს ეხებათ ეთნიკუ უმცირესობებს. რეალობასთან სრულ შესაბამისობაში იქნებოდა დისკუსია ამერიკულ საზოგადოებაში იმის შესახებ, რომ აშშ–ს აქვს კლასობრივი სისტემა, რომელიც ჰგავს სხვა განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნებისას. მათ(კლასებს/სოცილაურ ფენებს) ახასიათებთ მყარი უთანაბრობა შემოსავლებსა და კეთილდღეობაში. მაღალი კლასები დომინირებენ სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეკონომიკას ახასიათებს სამუშაო ძალის ქრონიკული სიჭარბე (უმუშევრობა), ქვეყანაში არის სიღარიბის ქრინიკულად დაბალი დონე და მკვეთრად გამოხატული განათლების კლასობრივი სისტემა.

განათლების სფეროში სოციალური მახასიათებლებით დაყოფა ( 1925– 1975)

განათლების სფეროში სოციალური მახასიათებლებით დაყოფის კვლევებმა გამოავლინა სურათი, რომელიც არსობრივად განსხვავდება განათლების მუშაკთა, სახელმწიფო ჩინოვნიკების, ნაციონალური ლიდერების და არაპროფესიონალი საზოგადოების  ძირითადი შეხედულებებისგან. ადრეული კვლევები იძლევა შერეული კლასობრივი განათლების სურათს. ამ დროს სხვადასხვა კლასების  წარმომადგენლები ერთი და იგივე სკოლებში დადიოდნენ. ამ პერიოდში ყალიბდება ამერიკული განათლების ნორმები: უფასო სავალდებულო განათლება, რომელიც გადასახადებით ფინანსდება, სასწავლო პროგრამები წიგნიერებაზე აქცენტებით, აბსტრაქტული ცოდნა, პატრიოტიზმი, პროტენსტანტული ღირებულებები, ბურჟუაზიული ფასეულობები, ასევე ტესტირების და შეფასების სისტემები, რომლებიც სავარაუდოდ, ავლენენ  ბუნებრივ ნიჭს. ХХ საუკუნეში მუდმივად იზრდება იმის გაცნობიერება, რომ  არსებობს კავშირი სოციალურ წარმომავლობას და განათლების თავისებურებებს შორის. საუკუნის დასაწყისში ეჭვქვეშ დადგა არსებული შეხედულება სხვადასხვა სოციალური კლასების წარმომადგენლებისთვის  ერთნაირი განათლების მიცემის თაობაზე. 20–30–იანი წლების პროგრესული მოაზროვნეები, მიუხედავად იმისა, რომ  სპეციალურ  პროგრამებს და   სკოლებს მოუწოდებდნენ ორიენტირებული  ყოფილიყვნენ  მოსწავლეთა მრავალფეროვნებაზე, ვერ წარმოიდგენდნენ იმ ტენდენციას, რომელიც გამოიკვეთა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.


სოციალური წრმომავლობა და დანახარჯი ერთ  მოსწავლეზე
     

რესურსები, რომელსაც აშშ განათლებაზე ხარჯავს, ვარირებს  შტატებს შორის, ოლქის ერთ სკოლებს შორის. მდიდარი  ოლქები უფრო მეტს  ხარჯავს განათლებაზე, ვიდრე  ღარიბი. ამის ძირითადი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ სკოლის ხარჯები ივსება ადგილობრივი გადასახადებიდან. იმის გამო, რომ არსებობს დიდი განსხვავება მოცემულ ადგილზე მცხოვრებ ადამიანთა კეთილდღეობას შორის, ამიტომ  არსებობს განსხვავებაც იმ თანხაში, რომელიც ერთ მოსწავლეზე იხარჯება.

კოულმანის მოხსენებამ(Coleman Report), რომელიც აანალიზებდა კანონის გამოყენებას განათლების სფეროში მოქალაქეთა უფლებებზე, გამოავლინა  საშუალო სკოლებს შორის არსობრივი განსხვავება ისეთ პარამეტრებში როგორიცაა შენობის ასაკი, კლასში მოსწავლეთა რაოდენობა, წიგნები, ბიბლიოთეკები, ლაბორატორიები, სპეციალური აკადემიური პროგრამების სიმრავლე, დირექტორის ხელფასი, კლასგარეშე ღონისძიებების ნაირსახეობა ა.შ. ამ მოხსენებამ აგრეთვე გამოავლინა განსხვავება  თეთრკანიან და სხვა ეთნიკურ და რასობრივ ჯგუფებს  და  სხვადასხვა სოციალური კლასიდან გამოსულ მოსწავლეების მოსწრებას შორის. აქვე კეთდება დასკვნა, რომ უცვლელ სოციალურ–ეკონომიკური სტატუსის დროს სკოლის ხარისხს არ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა მოსწავლეთა სასწავლო პროცესზე და მათ მიღწევებზე. 

კოულმანის მოხსენების ძირითადი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ „ღარიბი” სკოლების დამატებითი დაფინანსების პოზიტიური ეფექტების მიუხედავად, არ შეიცვლება განსხვავება მათსა და  მდიდარი რაიონების სკოლებს შორის, სანამ დამატებითი დაფინანსება არ შევა დაბალი ფენის ოჯახებში. კონსერვატორები ითხოვენ, რომ შეწყდეს ცუდი სკოლების ფინანსირება, დამთავრდეს განათლებაზე სახელმწიფო მონოპოლია კერძო სკოლების კონკურენციის გზით (ასეთივე მოსაზრებები გაისმა საქართველოშიც, რეფორმის მიმდინარეობის გარკვეულ ეტაპზე ! – რედ.). და ეს   მიუხედავად ცნობილი ფაქტისა, რომ სახელმწიფო მონოპოლიას ჰქონდა მნიშვნელოვანი წარმატება რაიონებში, სადაც ცხოვრობს საშუალო და საშუალოზე მაღალი ფენის მოსახლეობა  და რომ ცუდი სკოლები  მდებარეობს  რაიონებში, სადაც მუშათა კლასი ცხოვრობს. სტრატეგია  ფოკუსირებული  განათლებაში დანახარჯებზე, როგორც საკვანძო  სტრატეგიაზე რომელიც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარ შესაძლებლობებს, კოულმანის მოხსენაბაში ეჭვს იწვევდა. იმ დროს როდესაც კონსერვატორი მეცნიერები და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები იგნორირებას უკეთებენ თანაბარ ფინანსირებას საკუთარი საბაზრო განათლების პროპაგანდის მიზნით, ლიბერალი დემოკრატები ასევე უარყოფენ რეალურ ღრმა სოციალურ  განსხვავებას იმ დონეზე, რომ  გვთავაზობენ განათლებაში დანახარჯების გათანაბრებას, მაგრამ არ ითხოვენ სახელმწიფო სტრატეგიას, რომელიც  დააბალანსებს  და დაეხმარება „მაღლა აწევაში” დაბალ ფენებს.

სოციალური წარმომავლობა და საგანმანათლებლო მისწრაფებები

ამერიკელების ერთგულება განათლებისადმი ცნობილია. მაგრამ ყურადღებამისაქცევია ის ფაქტი, რომ განათლების ფასეულობა დამოკიდებულია სოციალურ კლასზე. მაღალი ფენის ოჯახები  თავის შვილს სკოლაში წარმატებისკენ განაწყობენ, იმ დროს როცა დაბალი ფენის ოჯახები  საკუთარ შვილებს არათუ საშუალო აკადემიური  წარმატებისთვის, არამედ წარუმატებლობისთვისაც კი  ამზადებს.

     მისწრაფებებთან დაკავშირებით სამი ფაქტორი უნდა გვახსოვდეს.

 
·დაბალი კლასების წარმომადგენლების მისწრაფებები მატულობს, თუ ისინი საშუალო ფენის  სკოლებში დადიან. 
·კოლეჯების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობრივი ზრდა და  თავისუფალი მიღების პრინციპის გავრცელება, გვიჩვენებს როგორ გაიზარდა სწრაფვა განათლების გარკვეული სახეობების მიმართ  ამერიკული საზოგადოების დაბალ ფენებში. 
·ვერანაირი მორალური მოწოდება ვერ შეძლებს შეცვალოს  სოციალური კლასის   მიზნებს.
სოციალური წარმომავლობა და აკადემიური მოსწრება

რამდენიმე ათეულ წლიანი კვლევები  ერთი და იგივე შედეგებს იძლევა: სკოლაში მიღწევები ძლიერ კოლერაციაშია კლასობრივ წარმომავლობასთან. ასევე ბავშვის სოციალური წარმომავლობა პირდაპირ კავშირშია აკადემიურ წარმატებასთან და IQ– თანაც კი. 

 ფინანსური დანახარჯი თითოეულ მოსწავლეზე, საგანმანათლებლო მისწრაფებები და ეკონომიკური მიღწევები, ეს არის ფაქტორები რომლითაც ზემოქმედებს სოციალური კლასი განათლებაზე. მაგრამ არა მარტო….იმ დროს, როდესაც განათლების ასპექტის თითქმის ყველა ნაწილი არაპირდაპირ მაინც ხვდება დასახელებულ სამკატეგორიაში, საჭიროა აღვნიშნოთ, რომ სხვა ასპექტები როგორიცაა მასწავლებელთა და მოსწავლეთა შესაბამისობა, ემოციური მდგომარეობა, მუდმივი დასწრება, კლასიდან კლასში გადასვლა, სკოლადამთავრებულთა რაოდენობა, კოლეჯებში მოსამზადებელი კურსებზე დასწრება, კლუბებში მონაწილეობა, სტიპენდიების რაოდენობა, მშობელთა მონაწილეობა სკოლის ცხოვრებაში და ა.შ. ასევე უშუალო კავშირშია სოციალურ კლასთან. გაგიკვირდებათ, მაგრამ დამატებითი გაკვეთილების გარეშეც კი, სწავლაში დახმარებას  და უფასო კვებას საშუალო ფენის  უფრო მეტი ბავშვი იღებს, ვიდრე დაბალი ფენისა.

თარგამანი, რედაქტირება და კომენტარები – კახა ჟღენტი

         

გამოყენებული ლიტერატურა:

1.Knee-Jerk Formalism: Reforming American Education.Rossides, Daniel W., 1925-; The Journal of Higher Education, Volume 75, Number 6, November/December.2004, pp. 667-703 (Article) Published by The Ohio State University Press DOI: 10.1353/jhe.2004.0039. (https://www.bupedu.com/lms/admin/uploded_article/eA.1063.pdf)
2.Дэниел Россидис. БЕЗДУМНЫЙ ФОРМАЛИЗМ: РЕФОРМИРОВАНИЕ АМЕРИКАНСКОГО ОБРАЗОВАНИЯ. (https://ecsocman.hse.ru/data/2011/05/06/1268034294/03ros.pdf)

ბავშვები ეზოში აღარ ჩადიან

0
კომპიუტერი რომ საშინელებაა, ამაზე, რა თქმა უნდა, აღარავინ დავობს. ის იწვევს გაუცხოებას, ავიწყებს რეალურ ურთიერთობებს, აშორებს ბუნებას, ხელს უწყობს სიზარმაცეს, უძილობას, წარმოშობს უსწავლელობის, გაუნათლებლობის, ცუდი ქცევის საფრთხეს, იწვევს აგრესიის მოზღვავებას, გაღიზიანებას, ემოციური ფონის გამწვავებას და, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხშირად ძალიან ცუდად მოქმედებს ჯანმრთელობაზეც, რაც თავის ტკივილებითა თუ მხედველობის გაფუჭებით გამოიხატება. ჰო, ასეთია კომპიუტერი, 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი კერპი და ნამდვილი მსოფლიო იმპერატორი. ჩვენ, ჰომო კომპიუტერუსები, ბოლომდე ვემონებით და თაყვანს ვცემთ დიად სამებას: კომპიუტერს, ინტერნეტს და ახლა უკვე მათ პირმშოს – ფეისბუქს. უდავოა, ჩვენ მეორედ მოსვლის ეპოქის შვილები ვართ და რაც უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ტექნიკური პროგრესი, მით უფრო ახლოვდება აპოკალიფსიც. დედამიწამ რა ხანია დაკარგა მართვის სადავეები და ახლა ყველაფერს დიდი ობობა მართავს, რომლის World Wide Web ან უბრალოდ WWW უკვე მთელ მსოფლიოს ფარავს და თითოეულ ჩვენგანს ბუზივით ითრევს შიგნით. ჰო, ასეა, კომპიუტერი ნამდვილად საშინელებაა…

ბევრს ვფიქრობ, როგორ შეიძლება ამ პრობლემის აღმოფხვრა, როგორ დავამარცხოთ ჩვენ, ადამიანებმა, ეს მონსტრი, რომელიც გვართმევს ჩვენს საუკეთესო თვისებებს: ერთმანეთის სიყვარულს, ბუნებისადმი ლტოლვას, განათლებისა და ცოდნის მიღების დაუოკებელ სურვილს და ა.შ. არადა, ნამდვილად დასანანია რომ კაცობრიობა ამ ყუთის კაპრიზებზე კარგავს დროს, ნაცვლად იმისა, რომ უკეთეს მომავალზე იფიქროს. გამოფხიზლდით, ხალხო, ჩვენ ხომ ასეთი კარგები ვართ სინამდვილეში, ჩვენ ხომ ისიც კარგად გვესმის, რომ ყველაფერი კომპიუტერით არ დაწყებულა. თავს ვერ დავდებ, რომ ეს მართლაც ორგანიზებული შეთქმულებაა კაცობრიობის წინააღმდეგ, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ სამყარო ნაბიჯ-ნაბიჯ მიექანება უფსკრულისკენ, რომ ტექნიკური პროგრესის შედეგად ჩვენ სულ უფრო გვაშორებენ რეალურ იდეალებს, რომლებსაც ყოველთვის ესწრაფოდა ადამიანი. თვალი გავახილოთ, ამისთვის ისტორიის გახსენებაც კმარა. აი, მაგალითად, სულ სხვა იყო შუა საუკუნეები, მაშინ არც ამდენი ომი იყო მსოფლიოში და არც ამდენი კატაკლიზმა. ქრისტიანული და მუსულმანური სამყაროებიც კი ტკბილად ცხოვრობდნენ. თუნდაც მაშინდელი მედიცინა რად ღირდა! ახლა, ტექნოლოგიური ბუმის პირობებში, ხალხს უაზროდ ჭყეპენ წამლებით, მაშინ კი – გაიხსენეთ, ოდნავ მოგვიანებით, როგორ გაუსწორდა ევროპა შავ ჭირს! აღგავა პირისაგან მიწისა! და ურთიერთობები? სულ სხვა იყო… ადამიანებს სამი, ოთხი, ხშირად მთელი ხუთი მეგობარიც კი ჰყავდათ ისეთი, რომლებსაც ყოველდღე ესაუბრებოდნენ, ახლანდელი ფეისბუქივით კი არ იყო ყველაფერი… თუმცა ეს – მაშინ, ახლა კი ჩვენ, ბუნებით კეთილშობილ ადამიანებს, ეს საშინელი გამოგონება, ეს ეშმაკის ყუთი გვრყვნის და გვანადგურებს. ვის ახსოვს, რომელ ეპოქაში ყოფილა გარყვნილებისადმი ამხელა მიდრეკილება?! ახლა ყოველ ფილმში სექსუალური სცენებია, მაშინ კი, იმ ძველ დროში, ნამდვილი უმანკოების ხანა იდგა, თუნდაც რომის იმპერია ავიღოთ, ან საფრანგეთის ძლიერი სამეფო – ერთ მეძავსაც ვერ ნახავდით ქუჩაში. ფაქტია, ეს ყველაფერი ახალმა საუკუნემ მოიტანა. ჩვენ, კეთილშობილი ბუნების ადამიანებს, ამაში ბრალი არ მიგვიძღვის, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობენ, თავს მოგვახვიონ კომპიუტერიზაცია და ტვინები გამოგვილაყონ, რამეთუ ასეთი ძვირფასია ჩვენი ტვინები, გამოტენილი ცოდნითა და შემეცნების სურვილით. ასე ძვირფასი იყო ჩვენი ტვინები ყოველთვის. აკი თითის განძრევაც არ დასჭირდა ილია ჭავჭავაძეს, რომ წერა-კითხვა და, საზოგადოდ, განათლების სიყვარული ესწავლებინა ერისთვის – ერმა პირველივე დაძახებაზე აიტაცა შემეცნების იდეა და კეთილად დაადგა ამ გზას, ვიდრე თითიდან გამოწოვილმა დასავლურმა ფასეულობებმა არ დაგვაბრმავა და არ მოგვიტანა დასავლური სიბნელე. აბა, სხვა რა შეიძლება ეწოდოს სიტუაციას, როცა საკუთარი ახლობლის მეზობლის მონაყოლი ვერ დაგვიჯერებია, რომელმაც თავისი თვალით ნახა გარკვეული ფაქტი და მის გადამოწმებას ფეისბუქსა და საინფორმაციო საიტებზე ვცდილობთ, რომლებზეც, ვინ იცის, რა ჯურის ხალხი აქვეყნებს სტატიებს. და ენის პრობლემა?! განა ეს ნათელი არ არის?! ჩვენ, ერი, რომელმაც დღემდე ასე შეურყვნელად მოიტანა ქართული ენა; ერი, რომელმაც, არაერთი დამპყრობლის მიუხედავად, არ დაუშვა ენაში არაბული, მონღოლური, თურქული, სპარსული, რუსული სიტყვების ბარბარიზმებად ქცევა; ერი, რომლის ენაზე არც სპარსულს მოუხდენია გავლენა და არც რუსულად მეტყველება ჩაუთვლია ოდესმე თვითწარმოსაჩენ მიზეზად; აი, საკუთარ ენაზე შეყვარებული სწორედ ეს ერი ახლა რას სჩადის?! – გაისმის ინგლისური სიტყვების რახარუხი: ისთებლიშმენთი, ივენთი, ლაიქი, ფართი… განა ეს ტექნოლოგიური პროგრესისა და გლობალიზაციის ნაყოფი არ არის?! განა ეს არ არის 21-ე საუკუნის ლოგიკური შედეგი?! განა ადრე ასე იყო?! ახლა ხომ ყველაფერი გაცილებით უარესადაა, ამის დაუნახავობა ხომ წარმოუდგენელია, არა?

და მაინც…

სულ ერთი წამით დავუშვათ, რომ კომპიუტერი უბრალო ხელსაწყოა, აი, როგორც თოხი ან სავარცხელი, ოღონდ ამ ხელსაწყოებზე უფრო მეტი, ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობებით. დავუშვათ, რომ კომპიუტერი სულაც არ არის მიზეზი ჩვენი გაბოროტების, გაუცხოების, გაზარმაცების. დავუშვათ, რომ პრობლემა ჩვენშია. მაშინ? არა, მესმის, ეს წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც… ვცადოთ და დავფიქრდეთ, იქნებ სწორედ ჩვენ ვართ დამნაშავე და მხოლოდ იმიტომ არ აღვიბეჭდეთ დანაშაულის ამსახველ არც ერთ ფოტოზე, რომ თავად ვართ ამ ყველაფრის ფოტოგრაფი? თუმცა არა… სისულელეა…. ასე ხომ გამოვა, რომ ჩვენშია სიზარმაცეც, გაუცხოებისკენ სწრაფვაც, კომფორტის ხათრით ბუნებაზე უარის თქმის სურვილიც; ასე გამოვა, რომ თავად ვიკიდებთ ფეხებზე მეგობრებს, როცა ერთად ვართ და მაინც ფეისბუქს ვსტუმრობთ, რომ ჩვენ ვართ ის აპოკალიპსური მხეცი, რომელსაც ადამიანებს შორის რეალური ურთიერთობის დანგრევა სურს. გამოვა, რომ სინამდვილეში ყველაფერი ბევრად უკეთაა, ბევრად, ბევრად უკეთ, ვიდრე ადრე იყო, გარდასულ საუკუნეებში, უბრალოდ, გვირჩევნია, პრობლემა სხვაგან ვეძებოთ, სხვებს დავაბრალოთ, მტრებს, გაურკვეველი შეთქმულების ავტორებს, მასონებს, უცხოპლანეტელებს თუნდაც, ან – კომპიუტერს, და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ, რომ პრობლემა ჩვენშია, რადგან ჩვენ ისეთი კარგები ვართ, ვერანაირად ვერ ვიქნებით იმ უბედურებათა სათავე, რაც მოაქვს 21-ე საუკუნეს… და მოაქვს კი 21-ე საუკუნეს უბედურება? ან ცოტა სხვანაირად ვიკითხოთ: მოიტანს კი 21-ე საუკუნე უბედურებას, თუ საკუთარ თავში აღმოვაჩენთ პრობლემათა სათავეს და გავაქრობთ მას? თუ მივხვდებით, რომ კომპიუტერიც ჯადოსნური ყუთია, რომელსაც სწორი შელოცვები უნდა ჩასძახო, რომ კეთილად გემსახუროს, ან შენივე შინაგანი ბრაზის შემნახველ პანდორას ყუთად აქციო. ჰო, მგონი, ასე გამოვა… ამიტომ ეს არ დავუშვათ, არ უნდა დავუშვათ, ჯობია, ისევ ისე იყოს ყველაფერი, როცა კომპიუტერი საშინელებაა და ამაზე ყველა ვთანხმდებით.

ბოლოს ცოტა გავხალისდეთ. რამდენიმე დღის წინ საკუთარ ფეისბუქზე მარტივი/რთული კითხვა დავსვი. კითხვას მრავალი საინტერესო პასუხი მოჰყვა, რამდენიმე მათგანს ვეთანხმები, რამდენიმეს – არ, რამდენიმეზე კი ზემოთ უკვე ვისაუბრე. შესაბამისად, ისღა დამრჩენია, უცვლელი სახით შემოგთავაზოთ ჩემი სტატუსისქვეშეთი, თქვენ კი, თუ მიგაჩნიათ, რომ ამ ბლოგის სახით დიდაქტიკური პათოსით განმსჭვალული სისულელე წაიკითხეთ, ჩემი თხოვნაა, კომპიუტერს დააბრალოთ ეს ყველაფერი, – აბა, მე რა შუაში ვარ?



„დასანახს მხოლოდ გულით დაინახავ, მთავარი თვალისთვის უხილავია“

0
ფილის ნოირინგის (Phyllis Nuehring) ქვემოთ მოცემული აქტივობის „კარგი ვაშლები” ადაპტირებულ ვერსიას მრავალი წელია ვიყენებ, თუმცა მისი გაზიარება რამდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე. აი, ეს მიზეზები:

1) რამდენიმე დღის წინ დაბადების დღეზე მოვხვდი. უმეტესად 25-35 წლის დედები იყვნენ. ორი საათის განმავლობაში მხოლოდ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სამკაულის ბრენდებზე და ამ სიკეთეებში გადახდილ ფულზე საუბარმა, ერთმანეთის აღკაზმულობის ბოღმიანმა შეფასებამ, სიცარიელემ ძალიან დამთრგუნა. მეგონა, წამხედურობისა და ზედაპირულობის ეს ტალღა უკვე გადალახული გვქონდა. „თუ იმით ფასობ, რაც გაქვს და არა იმით, რაც ხარ – ეს ფასეულობითი კრიზისია” (ჯანა ჯავახიშვილი).

2) გლობალიზაციის საუკუნეში მრავალფეროვნებას უარყოფით დასავლურ ღირებულებად აღიქვამენ ის ადამიანები, რომლებსაც საბჭოეთის ნებისმიერი მემკვიდრეობა დღესაც უპირობოდ დადებითად მიაჩნიათ. ვგულისხმობ განსხვავებულისადმი დამოკიდებულებას. ალბათ გახსოვთ, საბჭოეთში იმდენად მიუღებელი იყო განსხვავებულობა, რომ ავადმყოფობაც, როგორც ადამიანის განსხვავებულობის ერთ-ერთი ფორმა, არავის უნდა სცოდნოდა, უნდა დაემალათ. 

3) აღზრდაში ორმაგი სტანდარტების უარყოფით გავლენაზე იმდენია უკვე ნათქვამი, თავს აღარ შეგაწყენთ. მრავალფეროვნებასთან მიმართებით კიდევ უფრო მკვეთრია ეს ორმაგი დამოკიდებულება, რაც ხელს გვიშლის მრავალფეროვნების სიკეთის აღიარებასა და გამოყენებაში. წიგნის „კულტურები და ორგანიზაციები. გონების პროგრამული უზრუნველყოფა” ავტორები აღნიშნავენ, რომ „მულტიკულტურულ სამყაროში გადარჩენის მთავარი გზა ჯერ – საკუთარი კულტურული ღირებულებების გააზრებაა (სწორედ ამისთვის სჭირდება ადამიანს საკუთარი კულტურული იდენტობა), მერე კი იმ ადამიანების კულტურული ღირებულებებისა, ვისთანაც გვაქვს ურთიერთობა. ადამიანი ღირებულებებს ძირითადად თავისი ცხოვრების პირველი ათი წლის განმავლობაში იძენს. მათი ათვისება უფრო მეტად დაკვირვებებისა და უფროსების მიბაძვის გზით ხდება, ვიდრე ინდოქტრინაციისა. მშობლების ცხოვრების კულტურა ქმნის ბაზას ბავშვის კულტურული იდენტობისთვის. ის, როგორ საუბრობენ და იქცევიან მშობლები სხვა კულტურათა წარმომადგენელ ადამიანებსა და ჯგუფებთან მიმართებით, განსაზღვრავს ბავშვის გონების ღიაობას ან, პირიქით, ჩაკეტილობას კულტურათაშორისი გაგებისათვის… დღეს ადამიანთა მოდგმას თვით ადამიანებისავე მიერ შექმნილი რამდენიმე უბედურება ემუქრება და ისინი უფრო მეტად კულტურული საფრთხეებია, ვიდრე ბუნებასთან დაკავშირებული… კულტურათაშორისი თანამშრომლობა გახდა კაცობრიობის გადარჩენის უპირველესი და აუცილებელი წინაპირობა”.

4) 2012 წლიდან საქართველოს ხუთი უმაღლესი სასწავლებელი და ორი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართულია ტემპუსის პროექტში „კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის შემუშავება მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების სწავლებისთვის – DOIT (Development of International Model for Curricular Reform in Multicultural Education and Cultural Diversity Training)”. პროექტი ინიცირებულია გორდონის განათლების კოლეჯის (Academic Gordon College of Education) მიერ და მისი კოორდინატორია დოქტორი რონდა სოფერი (Dr. Rhonda Sofer). გარდა ისრაელის მხრივ შვიდი უმაღლესი სასწავლებლისა და ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა, პროექტში ჩართულია ევროპის ექვსი უმაღლესი სასწავლებელი. კონსორციუმის რიცხოვნობა და მასშტაბი ცხადყოფს მულტიკულტურული განათლების აქტუალობას მასში ჩართული ქვეყნებისა და მათი ინსტიტუტებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ, საზოგადოდ, ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი მულტიკულტურული განათლების მიმართულებით, მიხარია, რომ პროექტის ფარგლებში შექმნილი ყველა სასწავლო მასალა თუ აქტივობა ვებპორტალის სახით მალე ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის. როგორც პროექტის წევრს, მიმაჩნია, რომ ჩემი სათქმელი უნდა ვთქვა. 
ეს – მიზეზები, ეს კი – დაპირებული აქტივობა:

სათაური: კარგი ვაშლები

კლასი:  სკოლამდელი ასაკი – მე-5 კლასი (მიუხედავად იმისა, რომ ავტორს კონკრეტული ასაკი აქვს მითითებული, ამ აქტივობას ხალისით ასრულებენ სტუდენტებიც).

საგნებთან კავშირი: სამოქალაქო განათლება, ისტორია, გეოგრაფია (ან როგორც თემა `ინდივიდუალური განსხვავებების~ ნაწილი)
საჭირო დრო: 35 წუთი.

მოკლე შინაარსი:  ყოველი ჩვენგანის ცხოვრების ხარისხისთვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალურ განსხვავებათა პატივისცემისა და მიღების/გაზიარების უნარს. ხშირად ბავშვები თავს უფრო დაცულად გრძნობენ მსგავსების პირობებში, ეშინიათ იყვნენ განსხვავებულები/გამორჩეულები ან დაუახლოვდნენ იმას, ვინც განსხვავებულია. მოსწავლეები შეძლებენ ინდივიდუალურ განსხვავებათა გაგებას და პატივისცემას.
მიზანი: 

·ბავშვები გაიგებენ, რომ ადამიანები გარეგნულად შესაძლოა განსხვავდებოდნენ, მაგრამ შინაგანად ერთმანეთს ჰგვანან; 
·ბავშვები გაიგებენ, რომ ადამიანთა კულტურული განსხვავებები საზოგადოებისთვის ღირებულია; 
·ამგვარი განსხვავებები ჩვენს ცხოვრებას ხარისხიანს, საინტერესოსა და ფასეულს ხდის; 
·ბავშვები გააცნობიერებენ, რომ, მიუხედავად განსხვავებულობისა, ჩვენ მრავალი საერთო გვაქვს. 
მასალები: 

·თითო ვაშლი ყოველი მოსწავლისთვის (ასევე – დამატებით რამდენიმე ვაშლი). ვაშლები უნდა იყოს სხვადასხვა ზომისა, ფორმისა და ფერისა. ასევე კარგი იქნება, თუ შევარჩევთ `განმასხვავებელი თავისებურებების~ მქონე ვაშლებს – ფოთლებიანს, ნაოჭებიანს, ხაზებიანს, ლაქებიანს, დაჟეჟილს;
·მჭრელი დანა;
·თაბახის დიდ ფურცელზე ან დაფაზე დახატული დიდი ვაშლი წარწერით „კარგი ვაშლი”;
·მცირე ზომის ქაღალდის (თუ შესაძლოა, სხვადასხვა ფერისა, ან თავად გააფერადონ) ვარსკვლავი ყოველი ბავშვისთვის;
·მცირე ზომის ქაღალდის ვაშლი (თუ შესაძლოა, სხვადასხვა ფერისა ან თავად გააფერადონ) ყოველი ბავშვისთვის.
გაკვეთილის მსვლელობა: 

1. უთხარით მოსწავლეებს, რომ გსურთ დაადგინოთ ადამიანთა საერთო და განმასხვავებელი ნიშნები. 
2. დაალაგეთ ვაშლები მოსწავლეების წინ მაგიდაზე და აარჩევინეთ ყოველ მათგანს თითო ვაშლი.
3. სთხოვეთ, კარგად დააკვირდნენ და იპოვონ მისი განსაკუთრებული (სპეციფიკური) თავისებურება.
4. სთხოვეთ, მოიგონონ ამბავი საკუთარ ვაშლზე და უამბონ მეგობარს. შესაძლოა დავუთმოთ დრო მათ მიერ შეთხზული ამბების მთელი კლასისთვის გაზიარებას.
5. უთხარით, ვაშლები მაგიდაზე დააბრუნონ. ვაშლები აურიეთ და სთხოვეთ მოსწავლეებს „საკუთარი” ვაშლის პოვნა.
6. როდესაც ადგილებზე დაბრუნდებიან, ჰკითხეთ, როგორ ამოიცნეს საკუთარი ვაშლი (ისინი აუცილებლად ისაუბრებენ ფერზე, ფორმაზე, ზომასა და განსაკუთრებულ თავისებურებებზე).
7. ჰკითხეთ, რა საერთო აქვს ამ ყველაფერს ადამიანებთან. სთხოვეთ შექმნან ადამიანთა განსხვავებული თავისებურებების სია. იმსჯელეთ განსხვავებულობის მნიშვნელობაზე.
8. სთხოვეთ ადამიანთა საერთო ნიშნების ჩამონათვალის შექმნა (შეიძლება, ასეთი სიები მცირე ჯგუფებში ან წყვილებში შეიქმნას და შემდეგ ერთმანეთს გაუზიარონ). 
გაკვეთილის შეჯამება: შეაჯამეთ ადამიანთა ინდივიდუალური განსხვავებისა და მსგავსების მნიშვნელობა. უთხარით, რომ ადამიანებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი საერთო ნიშანია მათში არსებული ვარსკვლავი – რაღაც განსაკუთრებული, რაც შიგნიდან ასხივებს და მათ (და სხვებსაც) ყველაზე მეტად მოსწონთ საკუთარ თავში. სწორედ ასევე ყოველ ვაშლში დამალულია ვარსკვლავი. გაჭერით ყოველი ვაშლი ორად, მაგრამ არა ჩვეულებისამებრ სიგრძეზე, არამედ სიგანეზე. დაანახვეთ თითოეულ ბავშვს ვარსკვლავი მათ ვაშლში. დაურიგეთ ქაღალდის ვაშლები და ვარსკვლავები. სთხოვეთ, დახატონ ვარსკვლავზე საკუთარი თავი და დააწებონ ვაშლის შუაგულში. სთხოვეთ, დაწერონ ვარსკვლავზე 5 თავისებურება, რაც მათ განსაკუთრებულს ხდის და ვარსკვლავივით ბრწყინვის საშუალებას აძლევს. სთხოვეთ, თავიანთი ვაშლები დააწებონ თაბახის დიდ ფურცელზე დახატულ დიდ ვაშლზე. ეს საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, ერთმანეთს გაუზიარონ აზრი საკუთარი ვარსკვლავის, საკუთარი ღირსებებისა და ინდივიდუალობის შესახებ. აქტივობის დასასრულს მოსწავლეები ვაშლებს მიირთმევენ.

მაფორმირებელი შეფასება: დაკვირვების ფურცელი, რომელზეც ვინიშნავთ მოსწავლეების ჩართულობას. 
შეფასება: დასრულებული თაბახის ფურცელი „კარგი ვაშლი”, რომლითაც ვამოწმებთ, რამდენად კარგად გაიგეს. 
აქტივობის ზოგადი და სპეციფიკური შედეგები: 

საუბარი და მოსმენა, კითხვების დასმა და კითხვებზე პასუხი, მითითებების შესრულება, ინფორმაციის თავმოყრა, გაგება, ცოდნის დემონსტრირება.

მოსწავლეები გაიგებენ, რომ:

·გეოგრაფიული და ადამიანური თავისებურებები ქმნის კულტურას და განსაზღვრავს რეგიონებს;
·ადამიანური ფაქტორი და რესურსების თავისებურებები და განაწილება გავლენას ახდენს საზოგადოების განვითარებაზე და მოსახლეობის მიგრაციაზე;
·დედამიწას ახასიათებს კულტურული მოზაიკის თავისებურებები, განაწილება და სირთულე;
·ადამიანსა და გარემოს შორის მუდმივი ურთიერთკავშირია.
აქტივობის ბოლოს ჩემს სტუდენტებს „პატარა უფლისწულიდან” მელიისა და უფლისწულის საუბარს ვახსენებ ხოლმე: 

„ამ დროს მელია გამოჩნდა.
– გამარჯობა, – მიესალმა მელია პატარა უფლისწულს.
– გაგიმარჯოს, – თავაზიანად მიუგო პატარა უფლისწულმა და ირგვლივ მიმოიხედა, მაგრამ ვერავინ დაინახა.
– მე აქა ვარ, – გაისმა ხმა, – ვაშლის ხის ძირას.
– ვინა ხარ? – შეეკითხა პატარა უფლისწული, – სანდომიანი იერი გაქვს…
– მე მელია ვარ, – მიუგო მელიამ.
– მოდი მეთამაშე, – შესთავაზა პატარა უფლისწულმა, – ძალიან უბედური ვარ.
– შენთან თამაში არ შემიძლია, – მიუგო მელიამ, – მე მოუშინაურებელი მელია ვარ.
– მომიტევე, – უთხრა პატარა უფლისწულმა. და მცირე ხნის ფიქრის შემდეგ დასძინა:
– რა არის „მოშინაურება”?
– შენ აქაური არ უნდა იყო, – უთხრა მელიამ, – რას დაეძებ აქ?
– ადამიანებს დავეძებ, – თქვა პატარა უფლისწულმა – რა არის „მოშინაურება”?
– ადამიანებს, – თქვა მელიამ, – თოფები აქვთ და ნადირობენ. ეს სახიფათო რამაა. მაგრამ მათ ქათმებიცა ჰყავთ. ამის გარდა ისინი კარგს არაფერს აკეთებენ. ქათმებს ხომ არ დაეძებ?
– არა, – მიუგო პატარა უფლისწულმა, – მე მეგობრებს დავეძებ. რას ნიშნავს „მოშინაურება”?
– ეს ისეთი რამაა, რაც დიდი ხანია დავიწყებას მიეცა. იგი მიჩვევას ნიშნავს.
– მიჩვევას?
– სწორედ მაგას, – მიუგო მელიამ. – შენ ჩემთვის ჯერჯერობით მხოლოდ ერთი პატარა ბიჭი ხარ, ისეთივე, როგორიცაა ასი ათასი სხვა პატარა ბიჭი, და სრულებით არ მჭირდები. არც მე ვარ შენთვის საჭირო. შენთვის მე მხოლოდ ისეთი მელია ვარ, როგორიცაა ასი ათასი სხვა მელია. მაგრამ, თუ მომიშინაურებ, ჩვენ საჭირონი გავხდებით ერთმანეთისთვის. შენ ერთადერთი იქნები ამქვეყნად ჩემთვის და მეც ერთადერთი ვიქნები შენთვის…
– მგონი მიგიხვდი, – თქვა პატარა უფლისწულმა, – ერთ ყვავილს ვიცნობ… მან, მგონი, მომიშინაურა…
– შეიძლება, – მიუგო მელიამ, – რა არ ხდება ამ დედამიწაზე.
– ო, არა, ეს დედამიწაზე არ მომხდარა, – თქვა პატარა უფლისწულმა.
მელიას ცნობისმოყვარეობა და გაოცება დაეტყო.
– სხვა პლანეტაზე მოხდა?
– დიახ.
– მონადირეები თუ არიან იმ პლანეტაზე?
– არა.
– საინტერესოა! ქათმები?
– არა.
– სრულყოფილი არაფერია ქვეყნად, – ამოიოხრა მელიამ. და ისევ დაუბრუნდა თავის იდეას.

– ერთფეროვანია ჩემი ცხოვრება. მე ქათმებზე ვნადირობ, ადამიანები ჩემზე ნადირობენ. ყველა ქათამი ერთმანეთსა ჰგავს და ყველა ადამიანი ერთმანეთსა ჰგავს. ცოტათი მომწყინდა, მაგრამ შენ თუ მომიშინაურებ, ჩემი ცხოვრება გაცისკროვნდება. შენი ნაბიჯის ხმას ყველა ნაბიჯის ხმაში გამოვარჩევ. ახლა ნაბიჯის მოახლოებაზე სოროში ვიმალები. შენი ნაბიჯის ხმა კი სიმღერასავით ჩამესმება და სოროდან გამომიყვანს. ხედავ, იქ პურის ყანები რომ ბიბინებს? მე პურს არა ვჭამ. არც ხორბალი მჭირდება, პურის ყანა არაფერს არ მაგონებს. და ეს გულსა მწყვეტს! მაგრამ შენ ოქროსფერი თმა გაქვს. რა კარგი იქნება, რომ მომიშინაურებდე! მაშინ ეს ოქროსფერი ყანა შენს თავს მომაგონებს და მეყვარება ყანის შრიალი ქარში…

მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
– მომიშინაურე!.. – შეევედრა იგი უფლისწულს.
– სიამოვნებით მოგიშინაურებდი, – მიუგო პატარა უფლისწულმა, – მაგრამ ძალიან ცოტა დრო მაქვს. მეგობრები უნდა ვიპოვო და ბევრი რამ გავიგო.
– მხოლოდ იმის გაგება შეიძლება, ვისაც მოიშინაურებ, – თქვა მელიამ. – ახლა ადამიანებს დრო არ ჰყოფნით, რაიმე გაიგონ. ისინი მხოლოდ მზამზარეულ საგნებს ყიდულობენ მაღაზიებში, მაგრამ ქვეყნად არ მოიძებნება ისეთი მაღაზია, სადაც მეგობრის შეძენა შეიძლებოდეს. და ადამიანებსაც ვეღარ უპოვიათ მეგობარი. თუ მეგობარი გსურს, მე მომიშინაურე.
– როგორ უნდა მოგიშინაურო? – ჰკითხა პატარა უფლისწულმა.
– ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, – მიუგო მელიამ. – ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები…
მეორე დღეს პატარა უფლისწული ისევ მივიდა მელიასთან.
– უკეთესი იქნება, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მოხვიდე, – უთხრა მელიამ, – მაგალითად, თუ ყოველთვის ნაშუადღევის ოთხ საათზე მოხვალ, სამ საათზე უკვე ვიგრძნობ ბედნიერებას და რაც უფრო მოახლოვდება დანიშნული დრო, მით უფრო მომემატება ხალისი. ოთხ საათზე კი მღელვარება და მოუსვენრობა შემიპყრობს და შევიცნობ ბედნიერების ფასს! მაგრამ თუ შენ სხვადასხვა დროს მოხვალ, აღარ მეცოდინება, როდისთვის მოვამზადო გული შენს შესახვედრად. აქ ერთგვარი რიტუალის დაცვაა საჭირო.
– რიტუალი რა არის? – შეეკითხა პატარა უფლისწული.
– ესეც ისეთი რამაა, რაც დიდი ხანია დავიწყებას მიეცა, – მიუგო მელიამ. – რიტუალი განასხვავებს ერთ დღეს დანარჩენი დღეებისგან, ერთ საათს – დანარჩენი საათებისგან. მაგალითად, აქაურ მონადირეებს ასეთი რიტუალი აქვთ: ხუთშაბათობით სოფლის გოგოებთან ცეკვავენ ხოლმე. დიდებული დღეა ხუთშაბათი! ამ დღეს ზვრებამდეც კი შემიძლია გავისეირნო. მონადირეები რომ ყოველთვის ცეკვავდნენ, მაშინ ყველა დღე ერთნაირი იქნებოდა და ვერასდროს მოვითქვამდი სულს.
ასე მოიშინაურა პატარა უფლისწულმა მელია. მაგრამ დადგა განშორების დღე.
– ო!.. – ამოიოხრა მელიამ, შენ რომ არ მეყოლები, ვიტირებ.
– შენი ბრალია, – უთხრა პატარა უფლისწულმა. – მე ცუდი არაფერი მინდოდა შენთვის. შენ თვითონ მოინდომე, რომ მომეშინაურებინე…
– მართალია, – თქვა მელიამ.
– ახლა კი უნდა იტირო!
– მართალია.
– მერედა, რა მოიგე?
– დიახაც მოვიგე, – მიუგო მელიამ, – მოიგონე, რა გითხარი ოქროსფერ თავთავებზე.
და მცირე ხნის დუმილის შემდეგ დასძინა:

– წადი, ერთხელ კიდევ ინახულე ვარდები და დარწმუნდები, რომ შენი ვარდი ერთადერთია ქვეყნად. გამოსამშვიდობებლად რომ მობრუნდები ჩემთან, ერთ საიდუმლოს გაგიმხელ და ჩემი საჩუქარიც ეს იქნება.
პატარა უფლისწული ვარდებისკენ გაემართა.

– თქვენ სრულებით არ ჰგავხართ ჩემს ვარდს, – უთხრა მათ პატარა უფლისწულმა, – თქვენ ჯერ არარანი ხართ. თქვენ ჯერ არავის მოუშინაურებიხართ. და არც თქვენ მოგიშინაურებიათ ვინმე. თქვენ სწორედ ისეთები ხართ, როგორიც იყო ჩემი მელია, როდესაც პირველად შევხვდი მას. იგი არაფრით გამოირჩეოდა ასი ათასი სხვა მელიისგან. მაგრამ მე იგი დავიმეგობრე და ახლა იგი ერთადერთია ქვეყნად.

ყვავილებმა ეს სიტყვები ძალიან ითაკილეს.

– თქვენ მშვენიერნი ხართ, მაგრამ ცარიელნი, – განაგრძო მან. – არავინ გაწირავს თქვენთვის თავს. ჩვეულებრივი გამვლელი, რა თქმა უნდა, იტყვის, რომ ჩემი ვარდი თქვენისთანაა, მაგრამ იგი ყველა ვარდზე ძვირფასია ჩემთვის, რადგან მას ვრწყავდი ყოველდღე, მას ვახურავდი მინის სარქველს, მას ვაფარებდი თეჯირს, რომ ქარს არ შეეწუხებინა. მისი გულისთვის ვხოცავდი მუხლუხოებს (თუმცა ორი თუ სამი არ მოვკალი – პეპლებისთვის დავტოვე) და მხოლოდ მას ვუსმენდი, როცა საყვედურებს მეუბნებოდა ან ტრაბახობდა, ზოგჯერ მაშინაც კი ვუსმენდი, როცა დუმდა ხოლმე. იმიტომ, რომ იგი ჩემი ვარდია.

და პატარა უფლისწული მელიასთან დაბრუნდა.
– მშვიდობით… – უთხრა მან მელიას.
– მშვიდობით, – მიუგო მელიამ. – აი ჩემი საიდუმლოც. იგი ძალიან უბრალოა: მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი.
– თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი, – გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი.
– თავს რომ ევლებოდი შენს ვარდს, მიტომაა იგი ასე ძვირფასი შენთვის.
– თავს რომ ვევლებოდი ჩემს ვარდს… – გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი.
– ადამიანებმა დაივიწყეს ეს ჭეშმარიტება, – თქვა მელიამ, – მაგრამ შენ არ უნდა დაივიწყო იგი. შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე. ვალდებული ხარ იზრუნო შენს ვარდზე…
– ვალდებული ვარ ვიზრუნო ჩემს ვარდზე… – გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი”.
ყველა ჩვენგანში კულტურით, რელიგიით, სქესით, რასით, სტერეოტიპებით, ტრადიციებით, აღკაზმულობითა და სხვა ზედაპირულობებით დაჩრდილული განსაკუთრებული ვარსკვლავი ანთია. ამ ვარსკვლავის პოვნას, ადამიანების მოშინაურებას და გულით ხედვას გისურვებთ!

ტოლერანტი მასწავლებელი – საიმედო მეგზური ტოლერანტი საზოგადოებისკენ

0
ტოლერანტობა ,,არ არის მხოლოდ მორალური მოვალეობა, იგი პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნაცაა”, – ნათქვამია იუნესკოს „ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაციაში”. ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში კი არაორაზროვნად არის განსაზღვრული სკოლის ამოცანა – აღზარდოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.

ამ მიზნის მიღწევა პირობათა ერთობლიობას და დროს მოითხოვს. სწრაფი შედეგის მოლოდინი იდეალურ გარემოშიც კი ნაკლებია, რადგან საღამოს რაც უნდა მოინდომოს ადამიანმა, დილით ის ტოლერანტად ვერ გაიღვიძებს. ტოლერანტობა თვისებად, დამოკიდებულებად ჩამოყალიბების შემთხვევაში იძენს თავის რეალურ შინაარსს, თორემ ფორმალური, დეკლარირებული ტოლერანტობა მყიფე და მსხვრევადია და ხშირად ეკლიან და შხამიან ყვავილებს ისხამს, თანაც იქ, სადაც ამას უფრო ნაკლებ ელიან. ასეთ გამოცდებს კი ყოველ ნაბიჯზე გვახვედრებს ჩვენი მრავალფეროვანი გარემო. 
სად, როდის, ვინ და როგორ უნდა მისცეს შემწყნარებლობის გაკვეთილები მომავალ მოქალაქეს? 
ამ მიმართებით ოჯახსა და საზოგადოებას სამაგალითო გამოცდილება ძირითადად დეკლარაციის დონეზე აქვთ. ეს ჩვენს კითხვაზე პასუხს აადვილებს, მაგრამ სკოლის წინაშე დასახული მიზნის მიღწევას ძალიან ართულებს. ადვილი პასუხი ასეთია: ბავშვის ტოლერანტული აღზრდა ძირითადად იწყება სკოლაში მისვლის შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ და ინტეგრირებულად. ეროვნული სასწავლო გეგმა კონკრეტულ პასუხისმგებლობას საკვანძო – სამოქალაქო და სოციალური – კომპეტენციის განვითარებაზე სამოქალაქო განათლების საგანსა და მასწავლებელს აკისრებს.
მასწავლებელი კი მარტო ამა თუ იმ სასწავლო გეგმის წარმმართველი არ არის, ის იმავდროულად მატარებელია ურთიერთობათა მთელი კომპლექსებისა, ღირებულებათა სისტემებისა და სოციალური პრიორიტეტებისა, რომლებიც ასახულია მის პირად დამოკიდებულებებში და, საერთოდ, გარემომცველი საზოგადოების კულტურულ მახასიათებლებში. Aანუ, სურს თუ არ სურს, თავისი კულტურის, თავისი საზოგადოების დამოკიდებულებები მასშიც ფესვგადგმულია და ამიტომ იგი ერთდროულად ორი ურთიერთდაკავშირებული პროცესის მონაწილედ იქცევა: ის თვითონაც სწავლობს ტოლერანტობას, მრავალფეროვნების მიმღებლობას და მოსწავლეებსაც ასწავლის.
ტოლერანტობა მასწავლებლისთვისაც მხოლოდ სურვილი და ზნეობრივი მოვალეობა არ არის – ეს მისი ვალდებულებაა. და რადგან ტოლერანტობა არის მსოფლიოს მრავალფეროვანი კულტურების, ამ კულტურებში არსებულ სხვადასხვა ღირებულებათა გამოხატულების, განსხვავებული ადამიანების პატივისცემისა და ცნობის აღიარება, პედაგოგი უნდა იყოს მაგალითის მიმცემი მრავალფეროვნებასთან ურთიერთობაში. ეს არის მისი მოქალაქეობისა და პროფესიონალიზმის მნიშვნელოვანი საზომი. მისი პროფესიული განვითარების გეგმა ამ საკითხს აუცილებლად უნდა მოიცავდეს.
დავიწყოთ იმით, რომ, ზოგადი განათლების კონცეფციის თანახმად, საგანმანათლებლო პროცესი მთლიანად ორიენტირებულია მოსწავლეზე, თანამშრომლობით სწავლებაზე, რის მისაღწევადაც მასწავლებელმა თავი უნდა დააღწიოს დომინანტის როლს და ისეთი გარემო შექმნას, სადაც კლასის ყველა წევრს თანაბარი პირობა ექნება სწავლისთვის, განვითარებისთვის, მიუხედავად მისი განსხვავებულობისა. 
თვითშეფასების პირველი კრიტერიუმებიც ამ მოთხოვნებთან მიმართებით შეიძლება განვსაზღვროთ: 
რამდენად პოზიტიურია ჩემი ქცევა და ლექსიკა, ანუ როგორ ვახორციელებ კომუნიკაციას?
როგორ ვგეგმავ გაკვეთილს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების ხელშესაწყობად?
გააზრებული მაქვს თუ არა მრავალფეროვნების არსი და მისი გამოწვევები?
რამდენად ვახერხებ კონკრეტულ კლასში მრავალფეროვნების ანალიზსა და მართვას?
რა და ვინ მეგულება ჩემს მოკავშირედ?
სქემატურად გავიხსენოთ პოზოტიური ქცევისა და ლექსიკის შემადგენელი კომპონენტები:
და კრიტიკული აზროვნების პროცესი:
ახლა კი მრავალფეროვნების არსსა და მრავალფეროვნებასთან ურთიერთობას მივუბრუნდეთ.
მრავალფეროვნებას სხვადასხვაგვარად განმარტავენ და ამ ცნების ძირითადი ქვაკუთხედი ადამიანთა სხვადასხვა ნიშნით განსხვავებაა: სქესის, რასის, ეთნიკური კუთვნილების, განათლების, რწმენის, უნარების, ღირებულებების მიხედვით და ასე შემდეგ.
მრავალფეროვნების ყველა განზომილება მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენს რეალობაში გამორჩეული ადგილი უკავია ეთნიკურ, კულტურულ და რელიგიურ მრავალფეროვნებას. ჩვენც ამასთან დაკავშირებული ზოგადი გამოწვევების ცოდნითა და გააზრებით დავიწყოთ, რომ შემდეგ შევძლოთ კონკრეტული კლასის შიგნით არსებული მრავალფეროვნების განსაზღვრა და გამოწვევების პროგნოზირება, საბოლოოდ კი – მათი მართვა. საამისოდ კარგად უნდა ვიცოდეთ იმ ეთნიკური ჯგუფების, კულტურებისა და რელიგიების მახასიათებლები, რომელთა წარმომადგენლებიც კლასში გვეგულება.
მთავარ გამოწვევებს ანუ კონფლიქტებს ჩვენსა და მოსწავლეთა ცნობიერებაში ფესვგადგმული სტერეოტიპები გვიქმნიან. მათი დამარცხების ყველაზე ეფექტური სტრატეგია კრიტიკული აზროვნების განვითარებაა, რადგან ამგვარად მოაზროვნე ადამიანისთვის (სუბიექტური თუ ობიექტური) ინფორმაციის მიღება მხოლოდ დასაწყისია ანალიზისთვის, განსჯისთვის, არგუმენტების ძიებისთვის, შედარებებისთვის და დასკვნების გამოსატანად. კრიტიკული აზროვნება ეხმარება მოსწავლეებს, ახალი კუთხით შეხედონ იმ სტერეოტიპებს, რომლებიც განსხვავებულებთან ურთიერთობისას ბარიერებს ქმნის.
მარკეტოლოგები მრავალფეროვნების კომპეტენციას ერთ-ერთ საკვანძო კომპეტენციად მიიჩნევენ, რადგან, გარდა მისი ჰუმანური არსისა, თანამედროვე, მულტიკულტურული შრომის ბაზარი პროფესიონალიზმში ტოლერანტობასა და მრავალფეროვნების მიმღებლობის უნარ-ჩვევებსაც მოიაზრებს. ჩვენ შეგვიძლია, ეს ფაქტორი მოსწავლეებისთვის მოტივაციის ამაღლების საფუძვლად ვაქციოთ პიროვნული განვითარების გეგმის განსაზღვრისა და შესრულების სწავლების ეტაპზე.
ფსიქოლოგები მრავალფეროვნების კომპეტენციას ოთხი საფეხურებრივი კომპონენტის ერთობლიობით წარმოადგენენ. ესენია გათვითცნობიერებულობა, ცოდნა, უნარები და ქცევა.
გათვითცნობიერებულობა ნიშნავს:
▪ აღიარო განსხვავებები როგორც მრავალფეროვნების გამოვლინება და არა როგორც ნორმიდან გადახრა. 
▪ აღიარო, რომ სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა ღირებულებებია და, მაშასადამე, სხვადასხვა ქცევაა მიღებული.
▪ იცოდე საკუთარი ინდივიდუალური კულტურის არსი და მნიშვნელობა.
▪ აღიარო საკუთარი სტერეოტიპული აზროვნება, სხვათა მიმართ განსჯა-დისკრიმინაცია, უცხო კულტურული ღირებულების მიმართ ემოციური რეაგირება.
▪ გააცნობიერო „კაცობრიობის კულტურისთვის” დამახასიათებელი საერთო ღირებულებები, რომლებსაც უკლებლივ ყველა ადამიანი და ადამიანთა ჯგუფი იზიარებს: უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, შვილების კეთილდღეობა და განათლება, სიყვარული და ოჯახი, თვითრეალიზაციის შესაძლებლობა.
ცოდნა ნიშნავს:
▪ სხვა კულტურებისა და ჯგუფების შესახებ ფაქტობრივი ინფორმაციის შესწავლას;
▪ სხვა კულტურის ამსახველი ლიტერატურის, ფილმების გაცნობას, გაანალიზებას და საკუთარ წარმოდგენებსა და ცხოვრებასთან შედარებას;
▪ ახალი ენის/ენების შესწავლას;
▪ პირად საუბრებს განსხვავებული კულტურისა და ჯგუფების წარმომადგენლებთან მათი ყოველდღიური ცხოვრების წესების შესახებ.
უნარები გულისხმობს:
▪ პასუხისმგებლობით ეკიდებოდე საკუთარ რეაქციას განსხვავებული კულტურის მიმართ;
▪ მუდამ და გულწრფელად ცდილობდე სხვისი თვალსაზრისის გაგებას;
▪ ფლობდე კულტურათაშორისი კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს;
▪ ფლობდე პრობლემის მოგვარების უნარ-ჩვევებს;
▪ ფლობდე კონფლიქტის მართვის უნარ-ჩვევებს;
▪ ეძიებდე ადამიანთა განსხვავებულ ჯგუფებთან ეფექტური თანამშრომლობის გზებს.
ქცევა ნიშნავს:
▪ გაუზიარო ცოდნა სხვებს და გააცნობიერებინო კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელობა;
▪ დაამყარო მეგობრული ურთიერთობა განსხვავებული კულტურის ან ჯგუფის წარმომადგენელთან. 
▪ გამოიჩინო მეტი მოთმინება იმ მოსწავლეებთან მუშაობისას, რომლებიც განსხვავდებიან სწავლისა და ათვისების უნარით;
▪ ესაუბრო მრავალფეროვნების საკითხებზე კოლეგებს;
▪ მუდამ იზრუნო მრავალფეროვნების კომპეტენციის შემდგომ განვითარებაზე.
ამ ინდიკატორებზე ნაბიჯ-ნაბიჯ რეაგირება მასწავლებელს აძლევს მზაობას, პროფესიულ დონეზე წარმართოს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნებასთან ურთიერთობის სწავლების პროცესი. თითოეული კომპონენტის დაძლევისას მიღებული პირადი, თუნდაც უარყოფითი გამოცდილება და დასკვნები მას საშუალებას აძლევს, თავდაჯერებულად გაუძღვეს მოსწავლეებს იმავე გზის გასავლელად, რომელიც თავად უკან მოიტოვა. ცხადია, მათ ასაკსა და წინარე ცოდნაზე მორგებული აქტივობებით, რომლებიც აუცილებელ თანხვედრაში იქნება ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. 
ვინ და რა მეგულება ჩემს მოკავშირედ? 
კვლევა და საკუთარ თავზე დაკვირვება მასწავლებელს ანალიზისა და დასკვნების გამოტანის საშუალებას აძლევს, რაც თვითგანვითარების დაგეგმვაში ეხმარება. ინოვაციური და მეტად ინფორმაციული მეთოდით – ვიდეოჩანაწერის გაკეთების და შემდეგ მისი გაანალიზების საფუძველზე – დასკვნების გამოტანა იოლდება. შეიძლება მივმართოთ სხვა მეთოდებსაც. კრიტიკული მეგობრის ჩართვა კიდევ ერთი შესაძლებლობაა პროფესიული განვითარებისა. კოლეგებმა შეიძლება ფასდაუდებელი დახმარება გაუწიონ ერთმანეთს. ამ კომპეტენციის ქონა ხომ მარტო სამოქალაქო განათლების პედაგოგს არ მოეთხოვება – სასკოლო სივრცეში, ბავშვებთან ურთიერთობისას, იმავე გამოწვევის წინაშე დგანან დირექცია, ყველა საგნის მასწავლებელი, მით უფრო – კლასის დამრიგებლები.
მასწავლებლისთვის ხელმისაწვდომია მეტად საინტერესო რესურსები. მათში მოცემულია ინფორმაცია, სტრატეგიები და მეთოდები, რომლებიც ამ თემებზე მუშაობისას გამოგვადგება, სავარჯიშოები, სიტუაციური ამოცანები, რომლებსაც მიზნობრივი გამოყენების ინსტრუქციებიც ახლავს.
ურთიერთობა მასწავლებელსა და მოსწავლეებს, მასწავლებლებს, დირექციასა და მასწავლებლებს, სკოლასა და მშობლებს შორის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც უნდა ემყარებოდეს ტოლერანტი პიროვნების აღზრდა. სასკოლო სივრცეში საყოველთაოდ აღიარებული ადამიანური ღირსებებისადმი რეალური პატივისცემა წინაპირობაა იმისა, რომ დღევანდელი მოსწავლეები დემოკრატიული საზოგადოების ღირსეულ წევრებად იქცნენ და არა დაკომპლექსებულ, შეუწყნარებელ და რევანშისტ ადამიანებად.
ტოლერანტობა კაცობრიობის საჭიროებაა, ამ მიმართებით ჩვენ ჩვენი პრობლემები გვაწუხებს, მაგრამ დემოკრატიულად აღიარებული საზოგადოებების შიგნითაც კი შემწყნარებლობის საკითხი პრობლემად რჩება. ამ თემაზე მუშაობენ ფსიქოლოგები, სოციოლოგები, პოლიტოლოგები.… ტარდება კვლევები, იწერება დეკლარაციები, ნაშრომები, რეკომენდაციები.
კიდევ ერთი გარემოება:
შემწყნარებლობაზე მსჯელობისას გამახსენდა: შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის პროფესიონალთა დახმარებით დავგეგმეთ ინტერვიუ აივ ინფექცია/შიდსიან პაციენტთან – სტიგმაზე უნდა გვესაუბრა, ცხადია, ანონიმურობის დაცვით. რედაქციაში შეხვედრის დროზე ტელეფონით შევთანხმდით. წინასწარ მივიღე რჩევები მისი პირადი ექიმისა და ფსიქოლოგისგან. ინტერვიუ კი მაინტერესებდა, მაგრამ უწინარესად მისი ნდობის მოპოვება იყო მნიშვნელოვანი, რადგან ამ თემაზე რუბრიკის წამოწყებას ვაპირებდით. ახალგაზრდა კაცი დათქმულ დროს მოვიდა. იოლად მომაგენით-მეთქი? – ვკითხე, ამინდზე ჩამოვუგდე სიტყვა, თითქოს ყინული გალღვა, საუბარიც აეწყო. Aამ დროს კოლეგამ კარი შემოაღო, რესპონდენტი რომ დაინახა, მოიბოდიშა, არ ვიცოდი, თუ ინტერვიუს იწერდიო და გაბრუნდა. სტუმარი აფორიაქდა, ერთი-ორი წუთი ჩუმად იყო, მერე ნერვულად წამოდგა, მეჩქარებაო და ისე სწრაფად წავიდა, კიბეზე თვალიც ვეღარ შევასწარი. დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, მაგრამ მისი გაქცევა ან სიტყვა „ჩაწერამ” განაპირობა, ან ეჭვმა, რომ ჩემმა კოლეგამ სწორედ მის სანახავად შემოიხედა. ამ მარცხის გამო ძალიან ვწუხდი. ფსიქოლოგმა ამიხსნა: ჩვეულებრივ, უმცირესობაში აღმოჩენილთა ნდობა საზოგადოების მიმართ სხვებისადმი მათივე შემწყნარებლობის პირდაპირპროპორციულიაო. ასე რომ, ტოლერანტი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად უმრავლესობის მზაობა არ კმარა, არანაკლებ მნიშვნელოვანია უმცირესობაში მყოფთა განწყობა-დამოკიდებულება.
მასწავლებლის როლიც იმიტომ არის უმნიშვნელოვანესი, რომ უმრავლესობასაც და უმცირესობასაც (არავინ იცის, მრავალფეროვნების თვალსაზრისით, ვინ როდის საით აღმოჩნდება) მასწავლებელი ამზადებს თავისი მომავალი, ცვალებადი როლების შესასრულებლად და საამისოდ მას მაღალი პროფესიული უნარები სჭირდება.

ტოლერანტობა განსაკუთრებული ზნეობრივი თვისებაა, რომელიც ასახავს პიროვნების აქტიურ სოციალურ პოზიციას და ფსიქოლოგიურ მზაობას, პოზიტიურად იურთიერთოს განსხვავებული ნაციონალობის, აღმსარებლობის, სოციალური წარმოშობის ან შეხედულებების, მსოფლმხედველობის, აზროვნებისა თუ ქცევის მქონე ადამიანებთან – აი, კიდევ ერთი განსაზღვრება.
როგორც აღვნიშნეთ, მოქალაქის აღზრდაში გარემოს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, სასკოლო კულტურა, სკოლის შინაგანაწესი ტოლერანტული უნდა იყოს და რეალურად ხორციელდებოდეს. აღარ არის საჭირო საუბარი იმაზე, რომ ამგვარი აღზრდა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესით ვერ ამოიწურება და კლასგარეშე აქტივობები აუცილებელია. მით უმეტეს, ჩამოთვლილი ინდიკატორები პირდაპირ აღძრავს მრავალფეროვანი სასწავლო პროექტების იდეებს. თუ მასწავლებელი მაღალი კომპეტენციებით აღჭურვილი შევა კლასში, მას ექნება შესაძლებლობა, გასაქანი მისცეს თავის შემოქმედებით უნარებს, მრავალეთნიკური თუ სხვა მრავალფეროვნების სირთულეები შესაძლებლობად აქციოს და კლასში ღირსეული ტოლერანტული გარემო დაამკვიდროს. 
რეკომენდებული ლიტერატურა:
◦ სარჯველაძე ნ., შუშანია ნ., მელიქიშვილი ლ., ბალიაშვილი მ. ტოლერანტობა მრავალეროვან საქართველოში, მწიგნობარი, თბილისი, 2009
◦ ვქმნით ტოლერანტულ გარემოს. ტოლერანტობის სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი, 2005
◦ ნეკი ნეკისა, შერიგებისა – კონფლიქტების მართვის საფუძვლები მოზარდებისათვის, თბილისი, 2002
◦ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პორტალის ელექტრონული ბიბლიოთეკა მასწავლებლებისათვის https://civics.ge/i
dex.php?m=841

სიყვარული, სიცოცხლე, სტატისტიკა

0
რუკას ხშირად ვუყურებ. მოგზაურობა ჩემი ყველაზე სუსტი წერტილია. ზოგჯერ მშურს მათი, ვისაც საყვარელი ადამიანები ერთ ქალაქში ჰყავს თავმოყრილი. ჩემი ამბავი სხვანაირია, ჩემი მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვანაირად ცხოვრობენ, სხვადასხვანაირად მაფიქრებენ და მეძახიან. ზოგი ლექციებს კითხულობს, ზოგი წიგნებს გამოსცემს, ზოგი ავადმყოფობას ებრძვის, ზოგი შვილებს უვლის, ზოგი კონცერტებს მართავს, ზოგი, ევროპის ხმაურს გაქცეული, აფრიკაში მოგზაურობს. რომ შემეძლოს, ერთ დიდ წიგნს დავწერდი მათზე, ფურცლებზე ყველას ერთად დავასახლებდი და ვინ იცის, იქნებ მერე უფრო მშვიდად, უფრო ნაკლები მონატრებით გამეგრძელებინა ცხოვრება.
ჰოდა, რუკას რომ ვუყურებ, ბოლო დროს განსაკუთრებით პაკისტანისკენ გამირბის თვალი. ვიცი, უახლოეს მომავალში მოსაწვევს მივიღებ, ქორწილის მოსაწვევს. ჩემი მეგობრის ქორწილია. მხოლოდ ერთი „დეტალია” დასაზუსტებელი – ჯერ წარმოდგენა არა აქვს, ვის მიჰყვება ცოლად. დიახ, ასეც ხდება ოცდამეერთე საუკუნეში.
. . .
ბავშვობაში, როცა თვალებს ვხუჭავდი, ხშირად ვხედავდი კადრებს, რომლებიც სინამდვილეში არასოდეს მინახავს: შუაღამეა, ტყიან დაღმართზე თოთხმეტი წლის გოგო გარბის, ისე გარბის, თითქოს ვერც გრძნობს შიშველი ფეხების ტკივილს; მიტკლის თეთრი პერანგი აცვია, შავი თმა წელამდე სწვდება. სახეს ვერ ვხედავ, მაგრამ ვიცი, რაღაცით დედაჩემს უნდა ჰგავდეს და რაღაცით – დეიდაჩემებს. ეს თოთხმეტი წლის გოგო ჩემი დიდი ბებიაა. არც პირადად ვიცნობდი, არც მისი ახალგაზრდობის ფოტო მინახავს ოდესმე. ეს მკრთალი პორტრეტი მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფია. გარდა იმისა, რომ საუკეთესო ბებია ყოფილა, ბაბუაჩემის დედა ეკატერინეზე მხოლოდ ის ვიცი, რომ თოთხმეტი წლისა გაათხოვეს. შვილიშვილებს უყვებოდა თურმე, როგორ გაიქცა სახლიდან ქორწილის ღამისთვის შეკერილი მიტკლის პერანგით, რომ სრულიად უცნობი, ბევრად უფროსი საქმრო თვალით არ დაენახა. სად გარბოდა, რა გეგმა ჰქონდა – არ ვიცი. ერთმანეთს რომ შევხვედროდით, ალბათ დაწვრილებით გამოვკითხავდი ყველაფერს, იმასაც ვკითხავდი, როგორი იყო თოთხმეტი წლის გოგოს ცხოვრება ახალ ოჯახში, როგორი იყო მისი ბავშვური სიზმრები და შიშები უცხო ჭერქვეშ, იყო თუ არა ბედნიერი სინამდვილეში და მართლა შეუყვარდა თუ არა ჩემი დიდი ბაბუა, თუ, უბრალოდ, ბედს შეეგუა.
შვილიშვილები ამბობენ, რომ ეკა ბებია უბედურს არ ჰგავდა, თუმცა ბედნიერება ხომ ძალიან პირობითი რამაა, მით უმეტეს მაშინ, როცა ისეთ ასაკში ხარ, რომ ბედნიერება თუ მისი იმიტაცია, შეგიძლია, შვილიშვილებზე ააგო, რადგან სხვა გზა აღარაა, ან, უბრალოდ, ასეა საჭირო, ან უკვე თვითონვე გჯერა ცხოვრების, რომელიც გამოიგონე.
. . .
ჩემი პაკისტანელი მეგობარი, რომელზეც ზემოთ გიყვებოდით, არაჩვეულებრივი გოგოა. ლექსებს წერს, საუკეთესო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, სხვაგან რომ ეცხოვრა, ალბათ საუკეთესო კარიერაც ექნებოდა, მაგრამ უკვე ოცდახუთი წლის ხდება და გათხოვების დრო აქვს. მისი შეძლებული, სხვებთან შედარებით პროგრესული, მაგრამ მაინც ტრადიციების მიმდევარი ოჯახი ვერ აიტანს, ქალიშვილი რომ წარმატებით არ გაათხოვოს. ალბათ იმისთვის ასწავლეს, რომ მერე გაცნობა-დაოჯახების ბიუროს ანკეტაში ჩაეწერათ უნივერსიტეტის წლები, ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები, სპეციალობა – ბიზნესის ადმინისტრირება და რამდენიმე უცხო ენის უმაღლეს დონეზე ფლობა. ეს ის შემთხვევაა, როცა განათლება ვერაფერს ცვლის, უბრალოდ, საბაზრო ფასს ზრდის. გვინდა თუ არა, ასეა. რეალობა სასტიკ მოთხოვნებს გვიყენებს, რომელთა წინააღმდეგ გალაშქრებაც ყველას არ შეუძლია. ვუსმენ მეგობარს და ვხვდები, რომ სადღაც, გულის სიღრმეში, ყოველთვის იცოდა, საით მიდიოდა მისი ცხოვრება, იცოდა და ჩუმად, თავისთვის, ბედს ეგუებოდა. შედეგად ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ მალე ქორწილში დაგვპატიჟებენ, სადაც ჩვენთვის გამზადებული ტრადიციული სამოსი, რამდენიმედღიანი ზეიმი და დღესასწაულის თითქმის უცნობი მთავარი გმირი დაგვხვდება.
ზოგჯერ ვფიქრობ, რომ გამიმართლა. იღბლიანი აღმოვჩნდი, რომ არც ერთი საუკუნის წინ დავიბადე, ჩემი დიდი ბებიის მსგავსად, და არც დედამიწის სხვა მხარეს, ჩემი მეგობარივით. ვფიქრობ და მერე ის 1500 გოგო მახსენდება, რომელთა სიცოცხლეც, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სელექციურ აბორტს შეეწირა. ალბათ ვერავითარ გამართლებაზე ვერ ვილაპარაკებთ მაშინ, როცა გოგოს ყოლა უამრავი ოჯახისთვის ტრაგედიაა, როცა გოგოების მამები თავს უხერხულად გრძნობენ და მაინც იმედი აქვთ, რომ სიბერეში სწორედ ის შვილები მოუვლიან, რომელთა დაბადებითაც თავის დროზე ვერ იამაყეს. ამიტომ მე, ჩემი მშობლების ერთადერთი გოგო, ვეღარ ვხვდები, სად მთავრდება ჩემი პირადი გამართლება და სად იწყება სტატისტიკურ მონაცემებში ასახული უბედურება, რომელსაც თვალს ვერ ვუსწორებთ და მაშინ, როცა ხმამაღლა, ომახიანად წარმოვთქვამთ ქალების სადღეგრძელოს, საკუთარი ნებით ვამბობთ უარს, ვიყოთ გოგოების ამაყი და ბედნიერი მშობლები. ან რა უარესია – თავიდანვე წავართვათ ქალებს დაბადების უფლება თუ გავაჩინოთ, გავზარდოთ და მათი ცხოვრება ვაჭრობის საგნად ვაქციოთ.
ბევრისთვის ალბათ პაკისტანი შორეული ქვეყანაა, მე კი, რაც უფრო ხშირად ვუყურებ რუკას, ვხვდები, რომ შორეული ქვეყნები არ არსებობს და ჩვენ, ყველანი, ერთმანეთის ბედს ვიზიარებთ, ისე, რომ ვერც კი ვხვდებით ამას.

წყლის ძალა და ღირებულება

0
წყალზე ერთხელ უკვე დავწერე. მაშინ გალაკტიონის უკვდავი სტრიქონები მოვიშველიე, ყველას გასაგონად რომ ამბობდა, სული თოვლით მევსება, დღეები კი უკანმოუხედავად რბიანო. დათოვლილი სულის ხსენება იმისთვის დამჭირდა, რომ მისგან წყალზე გადამეტანა საუბარი – თოვლი ხომ ადრე თუ გვიან დადნება და წყლად იქცევა, წყალი კი სიცოცხლის საწყისია, მის გარეშე ვერც ერთი ცოცხალი ორგანიზმი ვერ გაძლებს. ეს ბიზნესის სამყაროშიც კარგად იციან და ათასგვარ პროდუქტს ქმნიან მათთვის, ვინც უკანასკნელ ცენტებსაც არ დაიშურებს, რომ წყალი, მაგალითად, „სვაროვსკის” კრისტალებით შემკული ბოთლიდან მიირთვას. არ მოგჩვენებიათ, ასეთ ბოთლებში ჩამოსხმული წყალი მართლაც არსებობს. ის ჰოლივუდელმა მწერალმა და პროდიუსერმა კევინ ბოიდომ შექმნა და „Bling H2O” ” დაარქვა. წყალს ტენესის შტატში მოიპოვებენ და სვაროვსკის კრისტალებით მოჭედილ ატმისფერ ბოთლებში ასხამენ. ერთი 500 მლ-იანი ბოთლი 37 ამერიკული დოლარი ღირს.

თუ ამდენი ფული არ გაქვთ ან არ გემეტებათ, წყურვილს 23 დოლარადაც მოიკლავთ. ამ ფასად ლაპლანდიის წყალს იყიდით, სახელად „Veen-ს”. ის რამდენიმე პრიზის მფლობელია, მათ შორის – Pentawards-ისაც, ოღონდ… ყველა ბოთლის დიზაინისთვის აქვს მიღებული.

თუ ესეც გეძვირათ, უფრო იაფი წყალიც არსებობს – კანადური „Aquadeco”. ერთი ბოთლი სულ 12 დოლარი ღირს.
გასაგებია… 

მაშინ უფრო იაფს შემოგთავაზებთ – წყალი „Berg”, რომელსაც ნიუფაუნდლენდის სანაპიროსთან მცურავი აისბერგებიდან მოიპოვებენ, 6,19 დოლარად იყიდება. აისბერგიდან წყლის მოპოვება, ცოტა არ იყოს, სახიფათო საქმეა, ამიტომ ფასიც შესაბამისი აქვს.

6 დოლარად პატაგონიურ მინერალურ წყალს „Lauquen Artesian mineral water-ს” გაუსინჯავთ გემოს. წყალს ანდებთან, მიწის ქვეშ, 500 მეტრ სიღრმეზე მოიპოვებენ და პირდაპირ სათავიდან ისე ასხამენ ბოთლში, რომ ჰაერი არ შეეხოს.
5 დოლარად „Fine-ის” დაჭაშნიკება შეიძლება – ეს წყალი 640 მეტრ სიღრმეზე მოიპოვება მთა ფუძის ძირას.
4 დოლარად „Iskilde-ით” გაიგრილებთ გულს. მისი სახელწოდება „ცივ წყაროს” ნიშნავს. წყალს დანიაში, 55 მეტრ სიღრმეზე მოიპოვებენ. მოპოვებისას მისი ტემპერატურა 30 გრადუსია, რაც ჩვეულებრივ მიწისქვეშა წყალზე 3-4 გრადუსით ნაკლებია.

ასევე 4 დოლარი ღირს „ტასმანიის წვიმა”(„Tasmanian rain”). ბოთლში, არც მეტი, არც ნაკლები, ტასმანიის ჩრდილოეთ სანაპიროზე მოსული წვიმის წყალი ასხია. ამ ადგილებში ჰაერიც და წვიმის წყალიც განსაცვიფრებლად სუფთად მიიჩნევა.

დაბოლოს, სულ რაღაც 1 დოლარად და 88 ცენტად შეიძენთ „Equa-ს”. წყალს ამაზონის ტყეებში, განსაზღვრულ ადგილას მოიპოვებენ. აქ ნიადაგის ზედა ფენა მთლიანად ვარდისფერი კვარცისგან შედგება.

მე კი არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი მარკა არაფერში მჭირდება. მე თუ მკითხავთ, ვერაფერი შეედრება იმ წყალს, ერთხელ, რაჭიდან მომავალმა, ნიკორწმინდის მახლობლად წყაროზე რომ დავლიე.

ძველი ბერძნები ოთხი ელემენტის არსებობას აღიარებდნენ: ჰაერისა, მიწისა, ცეცხლისა და წყლისა. მათი ჰიპოთეზა სულ ნაბიჯ-ნაბიჯ დაინგრა – ქიმიაში მომხდარმა აღმოჩენებმა ცხადყო, რომ არც ერთი მათგანი ელემენტი არ იყო. წყლის ამბავი ჰენრი კავენდიშმა გაარკვია. ეს თავისდა უნებურად მოუვიდა – ადგა და თუთიის მარცვლები მარილმჟავაში ჩაყარა. მისდა გასაკვირად, გაზი გამოიყო (კარგად იცით, რომ ეს წყალბადი იყო). ჰენრიმ ცდა გაიმეორა და გამოყოფილ გაზს ცეცხლი წაუკიდა. ის განსაცვიფრებლად კაშკაშა ალით დაიწვა. კავენდიში ადგა და იგივე ცდა დახურულ ჭურჭელში ჩაატარა – ამჯერად გამოყოფილი გაზი ჭურჭლის კედლებზე კონდენსირდა და სითხის წვეთებად იქცა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს წყალი იყო – არა ელემენტი, როგორც ძველი ბერძნები გვიმტკიცებდნენ, არამედ ჟანგბადისა და წყალბადისგან შემდგარი რთული ნივთიერება.

ლავუაზიეს ეპოქაში კიდევ ერთი მცდარი თეორია ვრცელდებოდა – თუ წყალს ჩაკეტილ სისტემაში დიდხანს ადუღებთ, მიწა წარმოიქმნებაო… საინტერესოა, ხომ? ჰოდა, ლავუაზიემაც გადაწყვიტა, შეემოწმებინა და 101 დღის განმავლობაში დახურულ ჭურჭელში განუწყვეტლივ ადუღა წყალი. ჭურჭლის ძირში რაღაც მასა მართლაც წარმოიქმნა, ოღონდ ეს მიწა კი არა, მინის ჭურჭლის კედლებიდან ჩამოფცქვნილი ნაწილაკები იყო.

ძველად იმასაც ამტკიცებდნენ, წყალს ღვთაებები განაგებენო: პოსეიდონი – ზღვებს, ნაიადები – მდინარეებს, ნეტუნსი და ფონტუსი – ჭის წყლებს, ჩალჩიუტლიკე – ნაკადულებს… ლიმნადები გამომრჩა – ტბებსა და ჭაობებს განაგებდნენ თურმე. ნეტავ თუ იცოდნენ, რომ მოვიდოდა დრო და XXI საუკუნის ადამიანი დაბინძურებულ წყალს ხელოვნური ჭაობის შექმნით გაწმენდდა… წყალს, სხვა ფაქტორებთან ერთად, ადამიანის საქმიანობიც შედეგიც აბინძურებს – მუნიციპალური ჩამდინარე წყლები, სამრეწველო ჩამდინარე წყლები, ქალაქის ჩამდინარე წყლები, მეცხოველეობის ნარჩენები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ნარჩენები, მაღაროების მჟავა ნარჩენები, სეპტიკური ცისტერნებიდან ჩამდინარე წყლები და შლამი. ხელოვნური ჭაობი კი ადამიანის მიერ შექმნილი სისტემაა, რომელსაც დაბინძურების წყაროს აღკვეთა ევალება. ამისთვის იმიტირებულ ჭაობში ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პროცესების მთელი წყება მიმდინარეობს. ეს პროცესები ეფუძნება წყლის, ნიადაგის, ატმოსფეროსა და მიკროორგანიზმების ურთიერთქმედებას. ჭაობის მცენარეები, მათ შორის – ჩვეულებრივი ლერწამი (Phragmites australis) და ლაქაში (Typha latifolia, T. angustifolia), მძიმე მეტალებსა და სხვა ტოქსიკურ ნაერთებს შთანთქავენ და აუვნებლებენ.
ლიმნადები ხელოვნურ ჭაობსაც განაგებენ თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ მეცნიერები რომ ზრუნავენ ამაზე, ფაქტია. ეს პატივი მეც მხვდა წილად და რუმინელ, მოლდოველ, სომეხ, უკრაინელ, თურქ და ბერძენ კოლეგებთან ერთად პროექტ „WASTEnet-ის” ფარგლებში სწორედ ამ საკითხებზე მიწევს ფიქრი.

წყლის მოლეკულას კუთხური აღნაგობა აქვს. ასეთი აღნაგობისა და O-H ბმების პოლარობის გამო წყლის მოლეკულა დიპოლია. სწორედ წყლის დიპოლური ბუნებით აიხსნება მასში ნივთიერებათა უმრავლესობის ხსნადობა და დისოციაცია. ჩვეულებრივ მოლეკულებთან ერთად წყალი ასოცირებულსაც შეიცავს. ასოციაციის მიზეზი წყალბადური ბმებია. წყალბადურ ბმებში მონაწილე მოლეკულების ასოციაციით აიხსნება წყლის ფიზიკური თვისებების ანომალიები: მაქსიმალური სიმკვრივე 4 გრადუსზე ცელსიუსით ნულის ნაცვლად, დუღილის მაღალი ტემპერატურა, დიდი სითბოტევადობა და სხვა. ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ გამყარებისას მრავალი ნივთიერება იკუმშება, წყალი კი გაყინვისას 10%-ით ფართოვდება. ამიტომ არის, რომ ზამთარში, როცა წყალსატევს ზემოდან ყინულის ქერქი გადაეკვრება, წყალში სიცოცხლე არ წყდება. ყინული რომ წყალზე მკვრივი ყოფილიყო, ფსკერზე დაეშვებოდა, წყალსატევი მთლიანად გაიყინებოდა და წყალში მობინადრე ცოცხალი არსებები დაიხოცებოდნენ.

ჩემი მეგობრის შვილი მაშველია. საოცრად ამაყობს თავისი პროფესიით. ამბობს, შუაგულ ცეცხლში რომ შევდივარ და ადამიანი გამომყავს, ბედნიერებისგან დავფრინავო. ერთხელ თავი ვერ შევიკავე და ჩემებურად გავეხუმრე – იცი, რომ წყალი, რომლითაც ცეცხლს აქრობ, იწვის-მეთქი? კარგი, რა, თქვენ სულ მეხუმრებითო. არადა, სიმართლე ვუთხარი – ფთორის ატმოსფეროში წყალი მართლაც იწვის: 2H2O+2F2=4HF+O2.

დედამიწაზე არსებული წყლის საერთო მასა კოლოსალურია, თუმცა მისი უდიდესი ნაწილი სასმელად უვარგისია, რადგან კონცენტრირებული მარილხსნარია. მტკნარ, სუფთა წყალს გაფრთხილება სჭირდება, ჩვენ, ადამიანები, კი მას დაუნანებლად ვაბინძურებთ. ალბათ ამიტომაც, 2030 წლისთვის დედამიწის ნახევარი მოსახლეობის მთავარ პრობლემად შესაძლოა სასმელი წყლის ნაკლებობა იქცეს. გაფრთხილება ამის შესახებ წყლის რესურსების სამიტზე უკვე გაისმა. ისიც ითქვა, რომ 2030 წლისთვის წყალზე მოთხოვნა მის მარაგზე 40%-ით მეტი იქნება.

არ ვიცი, ახდება თუ არა ეს პროგნოზი. ვნახოთ. მანამდე კი კვლავ გალაკტიონის კრებულს გადავშლი, სადაც ყველას გასაგონად წერს:

„ძვირფასო, სული მევსება თოვლით,
დღეები რბიან და მე ვბერდები…”

ჰამბავი ერთი კაცის მარტოობისა

0
იმერლებსა, არა, კახეთში ნამყოფებს, სუყველას, ერთი ამბავი აქვთ ხოლმე მოსაყოლად, ყვებიან კიდეც, თან სულ გაცინებულები, ოღონდაც დარცხვენილები იმგვარად, თითქოს დიდი რამ ცოდვა ჩაედინოთ უპატიებელი, ეგრე იწყება მაგისთანა ამბები, მეტი რა მომისმენია, მივედითო და დაგვსხესო, დიდიან–პატარიანა, სუფრაა ისეთი რო უკეთესი არ შეიძლება და დაიწყეს ჭამაო, ჭამენ გამგელებულებიო, მე კიდე ვზივარ, მრცხვენია, ვარ პირაკრული, გამოუყვანეს იმათმა წირვა საჭმელსა და სასმელსაც ეძალებიან და ეძალებიან, მე კიდე, ჰა, ამომდის სული შიმშილით, იმ ჩვენმა მასპინძელმა კი მითხრა, რას იკიკნებიიო, მაძალებენ ამ ღვინოსა, მე კიდე ეს ოხერი ულუკმოდ არ გადამდის ყელში, მომეშალა ნერვები, მეთქი კიკნვა ეგრე არ უნდა, რო გავუსვი ყბა, ერთი და ორი, ძალიან შევეხიდე იმ გამგელებულ ხალხს პურისჭამაში. გაჩუმდება მერე წამით ეს ჩვენი პატიოსანი იმერელი და კიდევ დაამატებს, აბა, რა მექნა, არ ცოდნიათ, ბიჭო მაგათ სუფრაზე შეპატიჟება და მშიერი ხო არ მოვაკვლევინებდი თავსაო. 

ზურაბო, კოჭლი ზურაბა, ზურაბა პაპა და ზოგჯერ, განსაკუთრებით ზურგსუკან, პირისმორიდებით, მის ყურსარგასაგონად, კახელო. იკითხავთ კახელო რატო ვითომაო, რატო და ღრჯუობისათვის. დიდი თავისნათქვამა კაცი იყო და იმიტო, აიჩემებდა რამეს და მეზობელს გადაიმტერებდა, დაკარგავდა, თავისას კი გოჯს არ დაუთმობდა. იდგა თავის ეზოში კეტით, იდგა რა, დგას ახლაც. წესი ქონდა თავისი, გამოშლიგინდებოდა თუ არა მეზობლის ბურვაკები, დურთავდნენ თავს ამის ბოსტნისკენ და იყო მერე ერთი გამიშვი–დამაკავე, თუ მიასწრებდა, ვაი გოჭს პატრონს, უმარჯვებდა და უმარჯვებდა იმ თავის კეტს, ხელებში გოლიათის ძალა ჰქონდა და ბურვაკიც ამ და–კეტ–ვის მერე ძნელად რომ ფეხზე დარჩენიყო. ჩამოივლიდა და იტყოდა, ,,ღორის ღობეს შენ გააკეთებ? მიხედონ თავისას, ვაწუხებ მე ჩემით?” წყინდათ, ემდუროდნენ, პირში ვერა ოღონდ, შიში კი არ ჰქონდათ, მშრომელიკაცი ერქვა, უბედური მშრომელიაო, გაძრავდნენ ხმას სოფლის ქალები (კაცებიც), მარა რათ გინდაო. ბავშვობისას ზურაბოს სახელით მწყევლიდა შეღამების პირზე  ტყიდან მობრუნებულს დაღლილი დედაჩემი, სულ იმ გადარეულს ემსგავსები, შენ არ მოუკვდი დედაშენსო. ისე ეს უკუღმართული წყევლებიც დიდებული რამეა, სახალისო და გულზე ტკბილად მოსახვედრი და თუ დამირჩა თავი მოვყებით მაგ ამბებსაც ოდესმე.

გვიან გადის თბილისიდან მატარებელი ჩემსკენ, ამიტომ ჩემთან სადგურზე არ ჩამოვსულვარ, ხუთიოდე კილომეტრით ადრე ჩამოვედი, მეზობელ სოფელში, ტყე–ტყე სიარულს დანგრეულ, მაგრამ მაინც სწორ საფოსტო გზაზე სიარული ვარჩიე, დავაღირე თავი, არადა, ლამის ბნელა უკვე, მივდივარ, მივფორხილობ, ვიარე ერთი სამი კილომეტრი და გადავუხვიე მოკლეზე, თოვს, წვრილად, ნელა. ჰოდა, იმას ვამბობდი, გადავუხვიე საურმე გზაზე და შევყევი აღმა, ტყე აქაცაა, მაგრამ გზაც უფრო ფართოა აქეთ და ავად თუ კარგად გაარკვევ კაცი, სად მიდიხარ, ყურადღებით თუ ვიქნები მშვიდობიანად ავაღწევ სახლამდე. საფოსტო გზა გაწმენდილივით იყო, აქ ზემოთ კიდევ უვალი თოვლია, უკვალავი. მუხლს ზემოთ სამი–ოთხი თითის დადება იქნება, დავსველდი გვარიანად, დავმძიმდი, მივდივარ აღმა, და ერთი სული მაქვს, როდის ავალ სასაფლაომდე, რო გავივაკო ცოტა და მერე მინდორ–მინდორ აღარაფერი მიჭირის. მოვდივარ მარტო, არაა სწორი საქციელი, მაგრამ რას იზამ, როგორ გინდა სხვას გააგებინო, შუაღამისას რატო მოალაჯებ ტყეში მოწყურებული და მოშიებული. 

კაი გვიანი იყო გადასაბიჯამდე რო ავატანე, მეთქი ახლა რა გათოვლის ამ საცალფეხო ბილიკს, მინამქრული იქნება, გავცდი კინკარუჟა ტყემლებს, გადავებღოტე გადასაბიჯზე, გავანათე ფანრით იქითურობა და რას ვხედავარ არ არის თოვლი, გაწმენდილია გზა. ჰე, მეთქი მეჩვენება უეჭველად. თურმე არ მეჩვენება, გაკვალულია გზა, თან ნიჩბით არი ნამუშევარი, განა ისე. გულში ვფქირობ, გაახარე ღმერთო, ვინც რომ ამას თავი დაადგა–მეთქი. ავედი ავაღწიე სახლამდე, დავანთე ცეცხლი, მოვითქვი სული, ვზივარ, ძვლებს ვითბობ და გააჭრიალა ვიღაცამ შინაური ჭიშკარი, ჩვენთან ეგრეა, გვაქ შინაური ჭიშკარი, ეზოებს შორის და დიდი ჭიშკარი უცხოსთვის, მომსვლელ–წამსვლელისთვის. ჰოდა, იმას ვამბობდი გაჭრიალადა ეს ჩემი შინაური ჭიშკარი, წინდაწინ ვიცოდი, ზურაბო იქნება–მეთქი. მეტი აღარავინ აღარ ცხოვრობს იმ ჩვენ კუთხეზე, ზემო სოფელში, ხუთი სახლი დგას სულ და ერთი კინკილა კაცი არი შემორჩენილი. 

დაიფერთხა წინკარში ფეხები, დააბრაგუნა. ,,კუხნა სახლში” ვზივარ, დიდში რა გამიყვანს და რომც გავიდე, იქაურობას რა გაათბობს. გავხდე კარში ზურაბოს. როგორა ხარ–მეთქი, ზურაბო, სანამ შიგნით არ შემოვიდა, ხმა არ გაუღია. შემოვიდა, შემოეტია, შემსებული (შემსებული, ვინც არ იცის, ჩვენში გავსებულს არ ნიშნავს, უფრო მუცელ გაკეთებულს, მუცელწამოზრდილს) პარკი მაგიდაზე დადო, ძღვენი, გაიხადა თავისი ძველი, დაბამბული წამოსასხამი, ნახევრად პალტო–ნახევრად ქურთუკი, მერეღა ჩამომართვა ხელი. როგორა ხარო მკითხა, დაჯე–მეთქი. დავსვი. მივედ–მოვედიეთ ქვეყნიერებისას, ვლაპარაკობთ და ვლაპარაკობთ, ენას ქარს არ ვაღებინებთ. 

ეგრე უყვარს ზურაბოს. იმ ბნელ ოთხმოცდაათიანებში, დედაჩემი მაგათთან ტელევიზორის საყურებლად რო გადავიდოდა ხოლმე, ავეკიდებოდი მეცა, ვისხედით მერე მე და ზურაბო ,,ფეჩთან”, ნარდს ვაგორებდით, ქალები კიდევ გრძელთმიანი ბოშების ამბავს შეჰყურებდნენ თვალგაფაციცებულები. ეგ კია, მაშინ რაღა და მერე, დიდობაში ვიფიქრე უკვე, სხვასთან ნარდის მოთამაშე არც მინახავს ზურაბო არასოდეს. მეთქი ზურაბო, რამ გამოგიყვანა ამ შუაღამეს, ან საიდან გაიგე რო ჩამოვედი. ძაღლები აწრიალდენო, მერე კვამლის სუნიც გადმოვიდა, ვინ უნდა ყოფილიყო შენს მეტიო. მეთქი ზურაბო, გზები შენ გაწმინდე მეთქი? დუმს, დუმს, კრინტს არა ძრავს, მეორედ ცავეკითხე, მა ვინ გაწმენდდაო მითხრა გაბრაზებით. გაგახარებს მეთქი ღმერთი. მოვათიეთ ესა, დაგვიანდა უკვე, დილით კიდე ადრეა ასადგომი ზურაბო, საქონელი ეყოლება დასრწყულებელი. ნაშუაღამევს ადგა, როდის მიდიხარო? მეთქი სამი დღე ვიქნები კიდე, აგაშენა ღმერთმაო და გავიდა, შინაურ ჭიშკრამდე გავაცილე, იქით აღარ გავყევი, ეწყინებოდა, არ კი იტყოდა არაფერს, მაგრამ იწყენდა, ვიცი, დაბერებული ვგონივარ ამ ოხერსო, გაივლებდა გუნებაში. ჰოდა, არ გავყევი, ზურაბო ისეთია, ხო იცის, რო მოტყდა, ძალა არარ ერჩის ძველებურად, მაგრამ თუ რომ სხვები არ შეამჩნევინებ, კიდე კარგა ხანს შემოუძახებს თავს და იქნება ასე, ღობის კიდეში დასობილი ეკლის ბოძივით. რო დგას და დგას ძირმომწვარი და ერთ თაობას ისე მოინელებს ხოლმე, როგორც რო არაფერი. 
მეორე დილით ავდექი და გადავთოვლი–მეთქი სახლს. სანამ სათოვლე ნიჩაბი გამოვიღე, სანამ მოვწიე, სანამ ის, სანამ ეს, როდის როდის ავებობღდი ზევით. გადავხედე რას ვხედავ, ყველა სახლი გადათოვლილია ამ ჩემის მეტი. ე, მეთქი, ოოო. რა გზა იყო, მივყევი, გამოვიდა ზურაბო, ვედრო უჭირავს ცალ ხელში და მომჩერებია თავისი ეზოდან, მე კიდე ნება–ნება მივსდევ საქმეს. ზურაბო–მეთქი, გავძახე, ამ სხვებისას რო ჩამოუარე, ჩემმა რა დაგიშავა, პაპად მომხვდები, მევუთხარი. გაიცინა, ხმამაღლა, გულიანად, ჰე–ჰე–ჰეო, გაიქნია ხელი, კაი მაიმუნი ხარო, ვითომო, შემომაქცია ზურგი და წავიდა ზევით ბოსლისკენ. გამეცინა, მეც, გავთბი და ეგრე. ჰო ვიცი, რო, რატომაც მე არ გადავყევი წუხელ ჭიშკარს გაღმა, იმიტო დამიტოვა ზურაბომაც სახლი სათოვლად.   
პს. რა ამის პასუხია და ილიას გავდივართ მე და ჩემი მეთერთმეტეები, ჰოდა, ამას წინათ დავალება მივეცი, მეთქი ხვალის ხვალ რომ მოხვალთ, ნაფიქრი გქონდეთ და ლელთ ღუნია შემიდარეთ ოთარაანთ ქვრივთან. მოვიდნენ. აბა, მეთქი რა ქენით, ზოგმა ამ მთისა თქვა, ზოგმა იმ ბარისა, როგორღაც ისე გამოვიდა, რომ გოგოები, ვინცა გვყავს, უფრო მოხევეს უტყდებოდნენ სიყვარულში, ბიჭები კიდევ უფრო მეტად ქვრივს. ვიდავეთ ბევრი, ვამტკიცეთ სამტკიცებელიცა და უმტკიცებელიც. ჰოდა, ბოლოს, ადგა ერთი ძალიან ჩემი და ის მეუბნება (თან ნაჩხუბრები ვართ, ერთი კვირის წინ დაადო თავი და შატალოზე წავიდა, ჰოდა, გაჯორილი მყავს მაგრად, მეთქი შვიდიანს არ მოგაცილებ), მეო, მასწავლებელოო, ძალიან არ მომდის თვალში ეს ცხენების გამცილებელი მოხევეო. რა დაგიშავა, მევუთხარი, რაო და რასაც ეგ იძახის, თბილისელი ტაქსისტის ნალაპარაკევს გავსო. დაესიენ გოგოები, აბა, რას ამბობ და აბა, ეგ როგორ თქვი და ეგ ლელთ ღუნია, ხო ილიას აზრებს იძახის და სხვანი. მეთქი აცადეთ, მაგან ხო გაცადათ. ამას, კიდევ, ამ ძალიან ჩემს, მეთქი, რას გულისხმობ. როგორო, მომიბრუნდა, თბილისელი ტაქსისტები სულ მაგას არ იძახიან, ეს რა გაცვიათ, ასე როგორ დადიხართ, ადრე კარგი იყო, კაცი კაცს გავდა, ქალი კიდე ქალსო? მეთქი არა მხოლოდ ტაქსისტები. მეთქი გააგრძელე. ამანაც ლელთ ღუნია მთელი ერთი თავი იმაზე წუხს, ადრე ვაჟკაცობით იშოვებოდა სახელი, ახლა კიდევ ჩემი ვაჟკაცობა მგონი რომ მეც აღარაფერში მარგიაო. სიმართლე ის არი, სახელმწიფოს აშენება თუ გვინდა (ზუსტად ეგრე თქვა, სახელმწიფოს აშენებაო, მერე რა რო ჩვიდმეტის არი), ის კი არ უნდა ვიძახოთ, ადრე რა კარგად ვიყავით, ხელი უნდა გავანძრიოთ, აი მაგიტო მომწონს ოთარაანთ ქვრივი, რო შრომა უყვარს, უკეთესი ცხოვრება კიდე შრომას მოაქვს, სადღეგრძელოებს და გულზე მჯიღის ბრაგუნს არაო. ქვეყანას კარგი ვაჟკაცები კი არ აშენებენ, ხელზე შრომისგან გაჩენილი მაზოლები აშენებს, მაგიტომაც მომწონს ოთარაანთი, ლელთ ღუნია რა მორალსაც იძახის მანდა, მერე იმაზე ერთი სიტყვა აღარ არი ნახსენები, არც ,,კაცია ადამიანში” და არც ქვრივში, მე მოვრჩი, ეხლა კიდე რაც გინდათ ის დამიწერეთო. დაჯდა და მიყურებს გაჯავრებული. 

მეთქი ე. 
მეთქი ადექი. 
ადგა. ავდექი მეც. დგას ის ოხერი, თვალს არ ახამხამებს, თან უხარია, ვითომ, ხო მაინც არ დაგიჯერეო, ხო მაინც არ გაგიგონეო,  ხო მაინც არ დაგემორჩილეო. 
მეთქი ყოჩაღ.
მეთქი ძალიან ყოჩაღ.
ჰოდა, მივედი და ვაკოცე, სხვა რა უნდა მექნა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...