ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
23 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

საზაფხულო ვნებები

0

საუზმეზე შეგიძლია ყველა ნახო, ვინც შენთან ერთად ისვენებს. სასტუმროს სასადილოში მაგიდები ნელ-ნელა ივსება დამსვენებლებით. ჩვენს წინა მაგიდასთან ქალი ჯდება ორი შვილით. დაახლოებით 10-11 წლის გოგონა ყავს და 3 წლის ბიჭი. ბავშვებთან ერთად დასვენების სირთულეებზე ვლაპარაკობთ, სასტუმროს ავკარგიანობას ვარჩევთ, ვცდილობთ შვილებს რაც შეიძლება მეტი ფაფა შევაჭამოთ. ის ნახევრად ხუმრობით ამბობს – კარგი იქნება, თუ მისი 3 წლის ბიჭი, როცა გაიზრდება, ისეთსავე დიდსა და ლამაზ სახლს აუშენებს, როგორიც ჩვენს ზემოთაა, მთაზე. ვიღიმი და ვფიქრობ, რატომ ხდება ასე, რომ რთულ მისიებს მაინცდამაინც ბიჭებს ვაკისრებთ, რატომ გვგონია რომ ჩვენ ან ჩვენს გოგონებს ნაკლები შეუძლიათ, ვიდრე კაცებს. ნეტა რას ფიქრობს მისი უფროსი გოგონა?

შუადღეა, ცხელა და ზღვიდან ამოსული ხალხი თავს სანაპიროზე, პატარა კაფეს ვაფარებთ. ჩვეულებრივი ამბავია, სანამ შეკვეთას მოგიტანენ გვერდზე მდგომ მაგიდებს ათვალიერებ, სხვა დამსვენებლებს სწავლობ. ზოგი მათგანი უკვე შეგინიშნავს სანაპიროზე, სასტუმროში, კაფეში, აუზზე,  ზოგი ახალია, ვიღაც უფრო საინტერესო თემაზე ლაპარაკობს, სხვა ნაკლებად და ასე.

ერთ-ერთ მაგიდაზე  დრამა ვითარდება. 16-17 წლის გოგონა, რომელიც დილით დაახლოებით თავისტოლა ბიჭს კლასიკურ მუსიკაზე მხიარულად ელაპარაკებოდა, ახლა მშობლებთან ერთად ზის, უკმაყოფილებას ვერ მალავს და ცდილობს აგრესია ხან პიცაზე, ხან მიმტანზე, ხანაც გამვლელზე გადაიტანოს. სინამდვილეში მას მშობლები აღიზიანებენ, მათი მზრუნველობა, ყურადღება, მეგობრული ტონი… არაფერი მოსწონს, უნდა რომ მათთან ერთად არ ისვენებდეს, მათ არ ხედავდეს. დიდხანს ვერ იკავებს თავს, დგება და ისევ სანაპიროზე მიდის, ყურსასმენებით და წიგნით შეირაღებული. გეცოდინებათ, ეს იმის ნიშანია, რომ  ადამიანს  თავისთვის უნდა ყოფნა, უკან გაყოლა არავინ უნდა იფიქროს.

გოგონას მამასთან  სხვა გოგონა ჯდება, მისი მეგობრების შვილი, რომლის მშობლები უკვე საათზე მეტია ხელოვნებასა და ქვეყნის კულტურის პოლიტიკაზე მსჯელობენ. გოგონა ისე იწყებს ლაპარაკს, ვერ მიხვდები, კაცს ელაპარაკება თუ თავის თავს, გეგონება ხმამაღლა ფიქრობს. ამბობს, რომ ხელოვანები აუტანელი ხალხია, მათი გაგება შეუძლებელია, არც ერთი მათგანი, ვისაც ის იცნობს, ღირებულს არაფერს ქმნის და  ყველას ისეთი პოზა აქვს, თითქოს მათზე დგას სამყარო. მას მეცნიერება იზიდავს, ზუსტი მეცნიერები, სადაც ყველაფერი კონკრეტულია, რაც გაინტერესებს, შეგიძლია იკვლიო, რაშიც ეჭვი გეპარება, ატარო ცდები, შედეგები თვალნათელი და ხელშესახებია, შენ არაფერს იგონებ.

მეცნიერები უფრო კეთილსინდისიერი ხალხია, თითქმის არ იტყუებიანო, ამბობს და ეღიმება. თვითონაც იცის, რომ მისი ეს მონოლოგი დიდად არაფრით განსხვავდება მეორე გოგონას აგრესიული შენიშვნების კასკადისგან. ორივე მშობლებით უკმაყოფილო მოზარდის მანიფესტია.

გოგონა თითქოს იმის ახსნას ცდილობს კაცისთვის, რაც თვითონაც უნდა იცოდეს. მას უნდა უთხრას, რომ მათი შვილის კონფლიქტი, მათი დაძაბული ურთიერთობა ჩვეულებრივი ამბავია, ყველა შვილი, მიუხედავად იმისა, როგორია მშობელი, უკმაყოფილების მიზეზს აუცილებლად იპოვის.

საღამოს, როცა ჩვენი შვილი იძინებს, დაღლილები გასული დღის ამბებზე ვფიქრობთ. ძნელია უყურო, როგორ ტკენენ გულს ერთმანეთს უახლოესი ადამიანები, როგორ უჭირთ ერთმანეთის მოსმენა და გაგება.

 ამბის მთავარი სირთულე ისაა, რომ გამონაკლისი არ არსებობს: ყველა შვილს  აქვს უკმაყოფილების მიზეზები და ყველა მშობელს მოდელები, რომელსაც მისი შვილი უნდა მოერგოს. გამონაკლისები არც ჩვენ ვართ: ვცდილობთ ის, რაც ჩვენი მშობლების სისუსტედ და შეცდომად მიგვაჩნია, ჩვენ არ გავიმეოროთ და თან წინასწარ ვეგუებით იმას, რომ  ჩვენი მცდელობა და მონდომება განწირულია. შვილები აუცილებლად იპოვიან რაღაცას, რაც მათ უკმაყოფილებას გამოიწვევს.
ერთადერთი, რამაც შეიძლება გადაგარჩინოს, საკუთარი და სხვების პატივისცემა და იმის აღიარებაა, რომ ყველა ადამიანს თავისი შეხედულებები, მოსაზრებები და ცხოვრება აქვს, რომელზე პასუხისმგებლობაც მასვე ეკისრება. ამიტომ უნდა შეგვეძლოს მოსმენა და უარის თქმა ვნებაზე, რასაც სხვისი ცხოვრების განკარგვა, სხვისი ქცევის შენთვის მისაღებ მოდელზე გადაწყობა ქვია.

კრეატიული პედაგოგიკა და თანამედროვე გამოწვევები

0

ხშირად  გვსმენია მოსაზრება, რომ ნებისმიერი პედაგოგიკა შემოქმედებითია.    პასუხი  ამგვარ დამოკიდებულებაზე  მხოლოდ  ასეთი  შეიძლება  იყოს – დიახ, მაგრამ გარკვეული დოზით, რადგან სპეციალური განათლების გარეშე შემოქმედებითი განვითარება ყოველთვის  ნაწილობრივ მიიღწევა.  

სწავლისთვის  საგნის სპეციფიკას შეიძლება  არც  კი  ჰქონდეს  მნიშვნელობა,  მაგრამ  მეთოდოლოგიას (პედაგოგიკის ტიპს)  ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 

მაგალითად, შემოქმედებითი, კრეატიული მეთოდური მიდგომით საერთოდ  იცვლება სწავლა/სწავლების პროცესი, რადგან კრეატიული პედაგოგიკა გულისხმობს სუბიექტზე არამარტო პედაგოგიურ ზემოქმედებას გარკვეული მასალის (სასწავლო საგნის) შეთვისების მიზნით, არამედ მოიცავს  შემხვედრ პროცესსაც – ვისაც  ასწავლიან  ზემოქმედების ობიექტიდან შემოქმედების (კრეატიულობის)  სუბიექტად გადაიქცევა და შედეგად ვიღებთ საოცარ მიღწევებს მოსწავლეთა ცოდნის დაუფლების თვალსაზრისით.   

ანუ კრეატიული პედაგოგიკის გამოყენებისას ტრადიციული (ძირითადი) სასწავლო   მასალა  ათვისების  საგნიდან მიზნის მიღწევის საშუალებად გადაიქცევა, ხოლო  დამატებითი მასალა მხოლოდ ევრისტიული მიდგომებისა და მეთოდების  აღწერა/ჩვენებით შემოიფარგლება. ამიტომ იყო, რომ კრეატიული პედაგოგიკა   გამოქვეყნებისთანავე (1990 წ.) პოპულარული გახდა. მისი გამოყენება შეიძლება    ნებისმიერი  საგნის  სწავლებისას, იქნება  ეს  მათემატიკა, ფიზიკა თუ ეკონომიკა. 

 კრეატიული პედაგოგიკის მიზანია ნებისმიერი საგნის სწავლების შემოქმედებით   სასწავლო პროცესად გადაქცევა, რომელიც  გაცილებით ეფექტურია შემოქმედებითი მოსწავლეების აღზრდისთვის, ვიდრე ტრადიციული მეთოდები. ტრადიციული საგნის (კლასის,  კურსის, პროგრამის,  სკოლის)  ასეთი   გარდაქმნის   პროცესს  ეწოდება   „კრეატიული ან შემოქმედებითი ორიენტაცია”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კრეატიული პედაგოგიკა შეისწავლის და გამოიკვლევს იმ პროცესს, თუ როგორ ხდება შემოქმედების და შემოქმედი პიროვნების ფორმირება და განვითარება.    

ერთი მხრივ, კრეატიული პედაგოგიკა დიფერენცირებულია შემოქმედების როგორც საგნის სწავლებისაგან  (მაგალითად, შეიძლება   ვასწავლოთ  შემოქმედება სრულიად არაშემოქმედებითად, ანუ ტრადიციული მეთოდებით), მეორე მხრივ კი,  კრეატიული  პედაგოგიკა  ზოგადადაც  განსხვავდება შემოქმედებითი სწავლებისაგან როგორც ასეთი  (მაგალითად, მასწავლებელი შეიძლება  ძალიან შემოქმედებითი და საუკეთესო მასწავლებელიც კი იყოს სკოლაში, მაგრამ თავის საქმეს ინტუიციურად აკეთებდეს, შემოქმედებითი განვითარების სპეციალური მეთოდების ცოდნის გარეშე, შესაძლოა მოსწავლეებსაც უყვარდეთ და იცოდნენ მისი საგანი, მაგრამ ეს არ  ნიშნავს, რომ მას შეუძლია  თავად გახდეს შემოქმედებითი ადამიანი ან ამ მიმართულებით სიახლე შექმნას). 

რამ გამოიწვია პედაგოგიკის ამ მიმართულების განვითარება? მიჩნეულია, რომ პედაგოგიკის ტიპი ყოველთვის დამოკიდებულია საზოგადოების მოთხოვნილებაზე. კონკრეტულად:  

·როდესაც საზოგადოებას სჭირდებოდა შემგროვებლები, მეთევზეები და მონადირეები (უძველეს დროში), მაშინდელი დროის მოთხოვნების შესაბამისად განვითარდა  პრიმიტიული პედაგოგიკა  (სწავლება). იგი  მარტივი მაგალითების საფუძველზე „ქმნიდა” შემგროვებლებს, მეთევზეებს და მონადირეებს („გააკეთე ისე, როგორც მე! მომბაძე მე!”). ეს საკმარისი იყო მათი (მეთევზეების, მონადირეების, შემგროვებლების და მეომრების)  აღზრდისთვისაც კი; 

·როდესაც საზოგადოებას სჭირდებოდა ორატორები და  ფილოსოფოსები,  საფუძველი ჩაეყარა პედაგოგიკას (შტუდიები ძველ საბერძნეთში), რომელიც ორიენტირებული იყო ორატორების  და ფილოსოფოსების აღზრდაზე.  ეს იყო რიტორიკის კლასები და საზოგადოებრივი დისკუსიები (ხოლო როდესაც სოკრატემ შემოიღო ახალი  მეთოდოლოგია, დღეს რომ სოკრატული მეთოდის სახელითაა ცნობილი, იგი სიკვდილით დასაჯეს);

·როდესაც საზოგადოებას სჭირდებოდა დიდი რაოდენობით ხელოსანი, ასეთ საზოგადოებაში გაჩნდა ტექნიკური სკოლები (სახელოსნოები) და, შესაბამისად, ტექნიკური უნარების და ჩვევების  პედაგოგიკა;

· როდესაც საზოგადებას დასჭირდა უფრო განათლებული ინჟინრები და დოქტორები, გაჩნდა ცოდნის შეძენაზე ორიენტირებული პედაგოგიკა (სკოლა, კოლეჯი, უნივერსიტეტი);

·XX საუკუნის შუა წლებში აღმოჩნდა, რომ არსებობს პრობლემის გადაჭრის შესწავლის საშუალებები, შესაბამისად წარმოიშვნენ პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრაზე ორიენტირებული  სკოლები,  სადაც სწავლებას და სწავლას  შემოქმედებითი ხასიათი ჰქონდა. და ეს იყო სრულიად  ახალი პედაგოგიკა, რომელმაც კრეატიული პედაგოგიკის სახელი მიიღო. იგი წარმოიშვა როგორც პედაგოგიკა, რომელიც მიისწრაფვის შემოქმედებითი ადამიანის აღზრდისკენ, რომელსაც შეუძლია გაუსწორდეს ცხოვრების სულ უფრო მზარდ სირთულეებს და საზოგადოების დაჩქარებული  განვითარების რიტმს. 

კრეატიულ პედაგოგიკას  სხვადასხვა  სფეროში იყენებენ: 

·ხელოვნების გაკვეთილებზე;

·ტექნიკური  შემოქმედებისას;

·შემოქმედების ფსიქოლოგიის შესწავლისას;

·პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრისას;

·სწავლის პროგრამის  შემოქმედებითი  ორიენტაციისას და ა.შ. 

კრეატიული   პედაგოგიკის   შექმნის   შემდეგ   მეორე  მნიშვნელოვანი  ნაბიჯი იყო შემოწმება –  შესაძლებელი  იყო თუ არა შემოქმედებითი  სწავლის   თეორიის  და პრაქტიკის  გადაცემა სხვა მასწავლებლისათვის,  პროფესორებისთვის ან საერთოდ პედაგოგებისათვის. კრეატიული პედაგოგიკა ხომ უმთავრესად იმის სწავლების მეცნიერება და ხელოვნებაა, თუ როგორ ვასწავლოთ შემოქმედებითად (ამიტომაა რომ ევრისტიული  აზროვნების  სწავლება    კრეატიული პედაგოგიკის  მხოლოდ ნაწილია, ხოლო მასწავლებლისათვის  ევრისტიულად  აზროვნების  სწავლება – კრეატიული  მეტაპედაგოგიკის  ნაწილი).  

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, პედაგოგის მუშაობა ყველაზე ხშირად შემოიფარგლება მოსწავლეთათვის შემოქმედებითი დავალებების მიცემით, რომელთა შესრულებისას  მოსწავლეებს  უვითარდებათ შემოქმედებითი შესაძლებლობები. მაგრამ კრეატიულობის  განვითარებისათვის  ეს არაა საკმარისი. ამიტომ სწავლის სტრატეგია, რომელიც ამ მიზანისკენაა მიმართული, უნდა ითვალისწინებდეს  კრეატიულობის   ყველა ფაქტორს,   რომელსაც   მნიშვნელოვანი წონა აქვს სწავლის ნებისმიერ საფეხურზე და არა  მარტო ცოდნის შემოქმედებითად  გამოყენების ეტაპზე. მასში  უნდა აისახოს საგნის შესწავლისთვის საჭირო ყველა ფსიქოლოგიური და პედაგოგიური საშუალება და მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების   გააქტიურებისთვის აუცილებელი მიდგომებიც. ანუ კრეატიული  პოტენციალის  გამოვლენისა და განვითარებისათვის უნდა მოხდეს სხვადასხვა  პედაგოგიური სისტემის (დიდაქტიკური, მეთოდური, ტექნოლოგიური) ეფექტური   შერწყმა.  

ზოგადად კრეატიული პოტენციალი განიხილება, როგორც კოპლექსური  ფსიქიკური  განათლება, რომლის კომპონენტებიც არიან მენტალური სტრუქტურები. მათში თითქოსდა „ჩადებულია” სუბიექტის ინტელექტუალური, ემოციონალური, მოტივაციური რესურსები, რომლებიც თავის მხრივ   განსაზღვრავენ  სიტუაციის (დავალების, ამოცანის, პრობლემის) კრეატიულ   და ინდივიდუალურ  ხასიათსაც. 

კრეატიული მეთოდები საშუალებას იძლევიან გაკვეთილების გარკვეული ორგანიზებისათვის.  ამ ტიპის გაკვეთილებია:   

vამოცანის შედგენის და გადაწყვეტის გაკვეთილები; გაკვეთილი-დიალოგი (დისკუსია, დისპუტი, ევრისტიული საუბარი); გაკვეთილი-პარადოქსი; გაკვეთილი-ფანტაზია; გამოგონებების გაკვეთილი; ისტორიის „შეცვლის” გაკვეთილი (ისტორიული მოვლენების საკუთარი გადაწყვეტა); საქმიანი თამაში; როლური თამაში; გაკვეთილი-მოგზაურობა (რეალური, ვირტუალური); გაკვეთილი – „პირიქით” (მოსწავლე მასწავლებლის როლში). 


კონკრეტულად   კი  კრეატიული  მეთოდი   განიხილავს   იმ ამოცანას,  პრობლემას, სადაც   აუცილებლია   დაფიქრება  და ჩაძიება, სადაც  გამოცანა  თავად  დავალებაშია მოცემული.  მაგალითად,  ისტორიის შესწავლის  პირველ საფეხურზე შეიძლება შეგვხვდეს ასეთი  სურათები (ნახ.1): 


                             

 

ნახ.1.

მასწავლებელი, გამოიყენებს რა კრეატიულ მეთოდებს, სვამს შეკითხვას:  

·რას უნდა ნიშნავდეს  ეს ნახატები? 

·რისთვისაა ეს ქანდაკებები? 

·წარმოიდგინეთ სიტუაციები, როდესაც მათ ქმნიდნენ;

·რა საჭირო იყო მათი გამოგონება?

·როგორ უნდა გეკეთებინათ ისინი?

·წარმოისახეთ, რაზე უნდა ეოცნებათ მათ შემქმნელებს?

·აღწერეთ, როგორ შეიძლებოდა ეცხოვრათ იმ  ხალხს, ვინც  მათ ქმნიდა?

და ა.შ. 

სამუშაოს პროცესში მოსწავლეები თვითონაც გადიან  მათი შექმნის გზას. რა თქმა უნდა, მოსწავლეთა ვარაუდები პრიმიტიული შეიძლება იყოს, მაგრამ ბავშვების აზროვნების სტრუქტურები ამ გზით აქტიურდებიან და კრეატიული პედაგოგიკის მიზანიც ესაა!  სინამდვილეში მოსწავლეები ხომ მხოლოდ გზის დასაწყისში არიან?!  


კრეატიული მეთოდები

კრეატიული  მეთოდები ძირითადად ორიენტირებულია მოსწავლის მიერ საკუთარი  საგანმანათლებლო  პროდუქტის შექმნაზე. მაგალითად, გამოგონების მეთოდი: ესაა  მოსწავლის მიერ უცნობი, ახალი პროდუქტის შექმნის საშუალება, რომელიც გარკვეული გონებრივი სამუშაოს შესრულების შედეგია. მეთოდი რეალიზდება შემდეგი მიდგომების გამოყენებით: 

ა) ერთი ობიექტის თვისებრივი ცვლილებები სხვა, ახალი ობიექტის შექმნის მიზნით;

 ბ) ობიექტის თვისებების მოძიება სხვა გარემოში; 

გ) შესასწავლი ობიექტის ელემენტების შეცვლა და ახალი, შეცვლილი ობიექტის თვისებების აღწერა.

მეთოდი „თუკი.. რომ..”:  მოსწავლეებს სთავაზობენ შეადგინონ ან დახატონ სურათი თემაზე, რა შეიცვლება, თუ სამყაროში რამე შეიცვლება? 

მაგალითად: თუ 10-ჯერ გაიზრდება გრავიტაციის ძალა; გაქრება სიტყვის დაბოლოებები ან თავად სიტყვები; ყველა ფართო მოცულობის გეომეტრიული სხეული  გახდება  წვრილი, პატარა; ყველა ადამიანი გადასახლდება მთვარეზე და ა.შ.  

მსგავსი დავალებების შესრულება არამარტო ავითარებს მოსწავლის  გამომსახველობით  უნარებს, არამედ  საშუალებას  აძლევს   მას   უკეთესად  გაიგოს რეალური საყარო, დაინახოს მათში მიმდინარე პროცესების ურთიერთკავშირი,  შეიმეცნოს სხვადასხვა მეცნიერებების ფუნდამენტური საფუძვლები.  

მასალის ვიზუალიზაციის მეთოდი: რამდენადაც მოსწავლისათვის მნიშვნელოვანია შექმნას და გადმოსცეს მთლიანი სურათი იმისა, რაც აღიქვა და დაინახა, მათ სთავაზობენ გამოიგონონ, მაგალითად, 

·ბუნების საკუთარი სურათი;

·  წარმოიდგინონ  ნახატის  ფერი,  ხე,  ღრუბლის   გამოსახულება;

· ან შექმნან საკუთარი თვალით დანახული  სამყაროს  ვიზუალური  მოდელი, დედამიწა,  მთლიანად კოსმოსი  და სხვ.

და ეს უნდა გააკეთონ ნახატების, სიმბოლოების, ძირითადი ტერმინოლოგიის  გამოყენებით. ყოველი მოსწავლე ასეთი სამუშაოს დროს არამარტო ფიქრობს სხვადასხვა მასშტაბზე, როცა თავის ცოდნას მეცნიერების სხვადასხვა სფეროსთან შეაჯერებს, არამედ შეიგრძნობს კიდეც გამოსახულების რეალობას.  ანუ ამ მეთოდით  შესასწავლი ობიექტის  აღქმა  და გაგება ერთ სისტემაში ექცევა.    

წელიწადში 2-3-ჯერ მსგავსი დავალების საშუალებით შეიძლება დავინახოთ და შევაფასოთ მოსწავლეთა განვითარებაში მომხდარი  ცვლილებები და საჭიროების მიხედვით  გარკვეული  კორექტივებიც  შევიტანოთ  სწავლების  პროცესში. 

ჰიპერპოლარიზაციის მეთოდი: ამ დროს იზრდება ან მცირდება შემეცნების ობიექტი,  მისი ცალკეული ნაწილები ან თვისებები. მაგალითად, მოსწავლეები ასეთ შემთხვევაში   გამოიგონებენ, დაასახლებენ:

·ყველაზე  გრძელ სიტყვას, ან  ყველაზე  პატარა ციფრს; 

·გამოსახავენ უცხოპლანეტელებს დიდი თავით ან პატარა ფეხებით;

·მოამზადებენ  ყველაზე  ტკბილ  ჩაის,  ან  ძალიან მარილიან საკვებს.

(მსგავსი წარმოსახვებისთვის სასტარტო ეფექტად შეიძლება იქცეს „გინესების რეკორდი” ).  

აგლიუტანიციის მეთოდი: მოსწავლეებს სთავაზობს  შეაერთოს, დააკავშიროს  რეალობაში ერთმანეთთან „შეუთავსებელი” თვისებები, ანუ შეაერთოს ის მხარეები და თვისებები, რომელთა კავშირი ფაქტობრივად შეუძლებლად მიაჩნდა.   მაგალითად, 

·გამოსახეთ ტკბილი მარილი, შავი შუქი, უძლურების  ძალა,  მორბენალი ხე, მფრინავი დათვი, ჭყავანა ძაღლი და ა.შ. 

„გონებრივი შტურმის” მეთოდის (ა.ფ.ოსბორნი) ძირითადი ამოცანაა  რაოდენობრივად რაც შეიძლება მეტი იდეის შეკრება იმ მოსწავლეებისაგან,   რომლებიც თავისუფლები არიან  აზროვნების  ინერციისა და სტერეოტიპებისგან.  „შტურმის” დროს ხდება პასუხების სწრაფი მოძიება, რომელსაც ერთგვარი გავარჯიშების ფორმა აქვს, შემდეგ კიდევ ერთხელ დაზუსტდება  დასმული ამოცანა,  მონაწილეებს შეახსენებენ  განხილვის წესებს და  იწყება  სტარტიც: თითოეულს  შეუძლია საკუთარი მოსაზრების გამოთქმა, იდეის წამოყენება, დამატება, დაზუსტება. ჯგუფებს მიმაგრებული ჰყავთ ექსპერტები, რომელთა დავალებაა    დააფიქსირონ ქაღალდზე გამოთქმული იდეები.

 „შტურმი” 10-15 წუთი გრძელდება. ამისთვის შეირჩევა შეკითხვები, რომლებიც არატრადიციულ გადაწყვეტას მოითხოვენ.  მაგალითად, 

·როგორ განვსაზღვროთ  დახვეული ფოლადის მავთულის სიგრძე ისე, რომ არ გავშალოთ; 

·ან  როგორ  განვსაზღვროთ უკომპასოდ  აქვს  თუ  არა უცნობ  პლანეტას  მაგნიტური ველი;  

·როგორ შეიძლება დამატებითი განათების გარეშე  დავინახოთ  და გამოვყოთ წყალქვეშა საგნები; და სხვ.

ასეთი სამუშაო რამდენიმე ეტაპიანია და  წინასწარ მომზადებას და მოსწავლეთათვის  წესების  კარგად გაცნობას  გულისხმობს. 

„გონებრივი იერიშის” წესები

v„გონებრივი იერიშის” დროს არ არიან არც უფროსები, არც უმცროსები, არსებობს მხოლოდ წამყვანი და მონაწილეები.;

v„გონებრივი იერიშისას” არ გვხვდება შაბლონური აზროვნება. აუცილებელია სტერეოტიპებისაგან და ტრადიციებისაგან სრული გათავისუფლება;

vწარმოსახვის სრული თავისუფლება. როგორი ფანტასტიკური და დაუჯერებელიც არ უნდა იყოს რომელიმე მონაწილის მიერ წამოყენებული იდეა, მას უნდა შეხვდნენ ყურადღებით;

vსაკუთარი აზრების მოკლედ და ზუსტად გადმოცემა. რაც ბევრია იდეა, მით უკეთესია;

vოპტიმიზმი და დამაჯერებლობა აათმაგებენ ადამიანის გონებრივ ენერგიას.

„გონებრივი იერიში” რამდენიმე ეტაპისაგან შედგება:

1.სასწავლო პროცესის ფორმულირება, მისი გადაწყვეტის გზების დასაბუთება. ჯგუფური მუშაობის ფორმა. რამდენიმე სამუშაო და ექსპერტული ჯგუფის  შედგენა, რომელიც შეაფასებს და შეარჩევს საუკეთესო იდეებს;

2.სწრაფი პასუხები (ამ ეტაპის მიზანია – დაეხმაროს მოსწავლეებს უხერხულობისა და დაძაბულობისაგან გათავისუფლებაში);

3.პრობლემის „იერიში”. კიდევ ერთხელ დაზუსტდება დასახული ამოცანა.  განხილვის წესების შეხსენება. იდეების გენერირება იწყება მასწავლებლის მიერ მიცემულ ნიშანზე. იკრძალება შემოთავაზებული  იდეების კრიტიკა. ყველა ხმამაღლა ამბობს საკუთარ იდეას. ჯგუფებს ჰყავს ექსპერტი, რომლის დავალებაა იდეების ფურცელზე დაფიქსირება. „იერიში” გრძელდება 10-15 წუთის განმავლობაში;

4.ჯგუფის საუკეთესო ექსპერტების მიერ  შეფასება და შერჩევა;

5.„გონებრივი იერიშის” შედეგების განხილვა სამუშაო ჯგუფებში, საუკეთესო იდეების შეფასება და მათი დაცვა. 

სინეკტიკის მეთოდი (ჯ. გორდონი): დაფუძნებულია გონებრივ იერიშზე, სხვადასხვა  ტიპის ანალოგიაზე (მაგ., სიტყვების),  ინვერსიაზე,  ასოციაციაზე  და ა.შ.  დასაწყისში განიხილავენ პრობლემის საერთო  ნიშნებს, ახდენენ  იდეების, ანალოგიების  გენერაციას,  განავითარებენ  პრობლემის გადაჭრის გზებს, ეძებენ ალტერნატივას, ახალ ანალოგიებს და ა.შ. სინეკტიკისას ფართოდ გამოიყენება პირდაპირი, სუბიექტური, სიმბოლური, ფანტასტიკური ანალოგიები. 

მრავალგანზომილებიანი  მატრიცის მეთოდი: ცნობილი  და  უცნობი  ელემენტების სხვადასხვა  კომბინაციების  გზით  ორიგინალურის და ახალის მიღების მეთოდი.  იგი გამოიყენება როგორც პრობლემის გამოყოფისთვის, ასევე ახალი იდეების მოძიებისათვის.  

ინვერსიების  ანუ საპირისპირო ქცევის მეთოდი: როდესაც სტერეოტიპური მიდგომები უშედეგოა, გამოიყენება პრინციპულად ახალი, ალტერნატიული, საპირისპირო გადაწყვეტა. მაგალითად, ნაკეთობის გამძლეობა დამოკიდებულია მისი მასის გაზრდაზე, მაგრამ აღმოჩნდება, რომ გაცილებით ეფექტურია მთლიანი, ღრუიანი ნაკეთობის დამზადება. მაშასადამე, უმჯობესია  ობიექტის შიგნიდან გამოკვლევა  და ამის შემდეგ ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღება  და ა.შ. 

ზოგადად, მოსწავლეებში კრეატიული მეთოდების გზით მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის ორიგინალურია, ხელს უწყობს ინტუიციური აზროვნების, ფარული  შესაძლებლობების, მეხსიერების  სხვადასხვა სტურქტურების  გამოვლენას, ცნობიერების გაფართოებას. ის ძალიან შედეგიანია სწავლების  მაღალი შედეგების მისაღწევად. 





ნაილი ვექილი – სამუსლიმანო საქართველო

0

ამ ზაფხულს ალბათ ბევრმა მიაშურა ბათუმს, ზოგმა იქნებ მთიანი აჭარაც მოინახულა და, დარწმუნებული ვარ, მრავალი მათგანი არაერთხელ გაივლებდა გულში ფრაზას: “ქართველობა და მართლმადიდებლობა სინონიმებია”.

მაგრამ ცოტას თუ მოაგონდებოდა, ჩემი თვალთახედვით, ყველაზე დიდი ქართველის, ილია ჭავჭავაძის, სიტყვები: “სარწმუნოება სინდისის, სასოების საქმეა და აქ ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი”.

ცოტას თუ მოაგონდებოდა მისი “ოსმალოს საქართველო”: “არ გვაშინებს-მეთქი ჩვენ ის გარემოება, რომ ჩვენ ძმებს, ოსმალოს საქართველოში მცხოვრებთა, დღეს მაჰმადიანის სარწმუნოება უჭირავთ, ოღონდ მოვიდეს კვლავ ის ბედნიერი დღე, რომ ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევუერთდეთ, ერთმანეთი ვიძმოთ, ქართველი, ჩვენდა სასიქადულოდ, კვლავ დაუმტკიცებს ქვეყანასა, რომ იგი არ ერჩის ადამიანის სინიდისს და დიდი ხნის განშორებულს ძმას ძმურადვე შეითვისებს, თვის პატიოსანს და ლმობიერს გულზედ ძმას ძმურადვე მიიყრდენს თვალში სიხარულის ცრემლ-მორეული ქართველი” (გაზეთი „ივერია”, 1877).

საბჭოთა მმართველობის პერიოდში ყველა აღმსარებლობამ საშინელი დევნა და შევიწროება გადაიტანა. სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენმა საზოგადოებამ ცოტა რამ იცის რელიგიურ უმცირესობათა იმდროინდელ ცხოვრებაზე. სამაგიეროდ, საბჭოეთიდან შემოგვრჩა სტერეოტიპები, რომლებიც დღეს ქართულად საღდება და თუ ყველამ არ მოვინდომეთ და არ დავუპირისპირეთ მათ განათლება, სახელმწიფოებრივი აზროვნება და მოქალაქეობა, კიდევ დიდხანს შევაჭმევინებთ თავსაც და ჩვენს თანამოქალაქეებსაც, რომლებმაც იმდენივე გაიღეს სამშობლოსთვის მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში, რამდენიც რელიგიური უმრავლესობის წარმომადგენლებმა.

ჩვენ არ ვიცით ჩვენი საერთო ისტორია, ამის შესახებ არაფერს გვიყვებიან სახელმძღვანელოები. აქა-იქ თუ გაიელვებს მათი სახელები. თუ სადმე დიდ საქმეებს ჩამოთვლიან, არსად ახსენებენ მათ ღვაწლს, მათ თავდადებასა და პატრიოტიზმს.

ჩვენს სახელმძღვანელოებში არაფერია ნათქვამი ქართველ კათოლიკეთა, ბაპტისტთა, იუდეველთა და მუსულმანთა რეპრესიებზე, წამებასა და დახვრეტაზე. არც მათ შესახებ მოგვითხრობენ, ვინც სიკვდილამდე იცავდა რწმენას და ემსახურებოდა სამშობლოს, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ბოლშევიკები, დღესაც უამრავი ჩვენი თანამოქალაქე მათ “ნამდვილ ქართველებად” არ მიიჩნევს, რადგან ისინი, მაგალითად, სამების საკათედრო ტაძარში კი არა, ბათუმის ჯუმა მეჩეთში ლოცულობენ.

განა ჩვენს სახელმძღვანელოებში რამე წერია მუსლიმი მესხების შესახებ, იმ უსამართლობის შესახებ, რაც მათ მიმართ ჩაიდინა საბჭოთა კავშირმა?

განა ისწავლება იმ ქართველ მუსლიმთა მოღვაწეობა, ვინც უდიდესი ღვაწლი დასდო ჩვენი ქვეყნის ერთიანობას, აჭარის შემოერთებას, ქართული სახელმწიფოებრიობის იდეის გადარჩენას ქართველ მუსლიმთა ტკივილიანი ისტორიის მანძილზე?

დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პარლამენტში წარმოდგენილი იყო ქართველ მუსლიმთა პარტია (მემედ აბაშიძის მეთაურობით), რომელსაც საქართველოს მუსლიმი მოსახლეობის ინტერესების გამოხატვა ევალებოდა. ერთ-ერთ ოფიციალურ სხდომაზე მემედ აბაშიძემ განაცხადა: “ნურავინ იფიქრებს, რომ სარწმუნოება და ეროვნება ერთი და იგივეა! გახსოვდეთ, რომ ჩვენი ხსნა, ჩვენი ბედნიერება საქართველოს ერთიანობაშია. გაუმარჯოს მთლიან საქართველოს!” (გაზეთი “სამუსლიმანო საქართველო”, გამოდიოდა 1919-1921 წლებში)

და მიუხედავად იმისა, რომ თავი ტოლერანტებად, უცხოთა შემწყნარებლებად მოგვაქვს (ან რა არის შესაწყნარებელი იმაში, რომ სხვა სარწმუნოებას აღიარებ?), მე მაინც ვიტყვი, რომ ძნელია, ჩვენს ქვეყანაში იყო განსხვავებული, სხვანაირად ლოცულობდე, სხვა ტრადიციებს მისდევდე…

მომდევნო ფოტობლოგში სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტერზე მოგითხრობთ; ქართველებზე, რომლებიც სამშობლოშიც და თურქეთშიც სხვებად იწოდებოდნენ.

 

პედაგოგთა ჩართვა განათლების რეფორმაში (I ნაწილი)

0
ვასრულებთ მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის მსოფლიო გამოცდილების მიმოხილვისადმი მიძღვნილი წერილების სერიას. ბოლო ორ წერილში შევეხებით ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, როგორცაა რეფორმაში პედაგოგიური საზოგადოების ჩართვა. ჩვენი წერილები ეყრდნობოდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის განათლების ექსპერტების  2011 წლის მოხსენებას.  მოხსენება მომზადებულია ანდრეას შლეიხერის (გერმანია) მიერ, რომელიც განათლების მკვლევარი, ეკონომიკური და კულტურული განვითარების ორგანიზაციის (OECD) PISA-ს ერთ-ერთი  ხელმძღვანელი და კოორდინატორია
მოხსენება ეყრდნობა შემდეგ კვლევებს, მოხსენებებსა და მონაცემებს:
1.OECD Program for International Student Assessment (PISA) and the OECD Teaching
and Learning International Survey (TALIS )
2.OECD ’s comparative policy review Teachers Matter;
3. The reports of the ILO /UNESCO Committee of Experts on the Application of the Recommendations concerning Teaching Personnel;
4. OECD ’s annual data collection Education at a Glance;
5. OECD ’s report Strong Performers and Successful Reformers;
6. OECD ’s review of Evaluation and Assessment Frameworks for Improving School Outcomes;
7. OECD ’s study Evaluating and Rewarding the Quality of Teachers – International Practices;
8.OECD’s report Making Reform Happen
9. Outcomes from the recent meeting of OECD Education Ministers in November 2010. )
        სკოლაში სწავლების ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება თითოეულ  კლასში, ამიტომ  მხოლოდ ის რეფორმები შეიძლება ჩაითვალოს  ეფექტურად, რომელთა  შედეგებიც კლასის მუშაობაზე აისახება. ამგვარად, პედაგოგთა როლი განათლების  რეფორმის  შემუშავებასა  და  განხორციელებაში  ძალიან  მნიშვნელოვანია  და   ვერანაირი ცვლილებები  სკოლაში  ვერ  მოიტანს  შედეგს,  სანამ  არ  მოხდება „დახმარება  ქვევიდან”. ისინი,  ვინც  პასუხისმგებლები არიან  რეფორმაზე, უნდა მოახერხონ თავიანთი მიზნების  მკაფიო  ფორმულირება  და  რეფორმის  პროცესში  ჩართონ  ყველა  დაინტერესებული  პირი, ვისაც  ცვლილებები შეეხება.  მასწავლებლები ამ დროს გამოდიან არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ ცვლილებების ინიციატორები. რეფორმები, რომლებიც ხორციელდებოდა  ძლიერი  პროფკავშირების  მხარდაჭერით,  უფრო  წარმატებული იყო, ვიდრე  ის  რეფორმები, რომელშიც  პროფკავშირები  არ იღებდა  აქტიურ   მონაწილეობას.
როგორ  მივაღწიოთ   რეფორმის  ეფექტურ  მუშაობას
      ჩვენ განვიხილავდით სკოლის რეფორმის ასპექტებს, რომლებიც სწავლების  ეფექტურობის  გაზრდას დაეხმარებოდა. მათ  მივყავართ  საკვანძო  კითხვასთან – როგორ  შედგეს  კონსტრუქციული  სოციალური  ურთიერთქმედება  განათლების  სისტემის  ჩინოვნიკებსა და  პედაგოგთა  პროფესიულ  გაერთიანებებს  შორის  იმისათვის, რომ  შედეგად მივიღოთ განათლების სისტემის რეფორმა, რომელიც ორიენტირებული იქნება მოსწავლეთა  კეთილდღეობაზე.
    არსებული მდგომარეობის რადიკალურმა ცვლილებამ პედაგოგებს შეიძლება  გაურკვევლობის და უიმედობის შეგრძნება და სიახლეების მიმართ პროტესტი გაუჩინოს. მასწავლებელთა აქტიური და მოტივირებული მონაწილეობის გარეშე კი  საგანმანათლებლო  რეფორმის  უმრავლესობა წარუმატებელია. წარმატების შანსები შეიძლება გაიზარდოს, თუ  ჩატარდება ეფექტური კონსულტაციები, შეძლებენ კომპრომისებზე წასვლას და – რაც ყველაზე მთავარია – თუ მასწავლებლები ჩაერთვებიან რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებაში. კონსულტაციებიდან რეფორმის პროცესში ჩართვის გზაზე პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობით იწყება სკოლის სასწავლო დაწესებულებად გარდაქმნა.
    მასწავლებლებს  და  დაინტერესებულ  პირებს  არ  უნდა  ჰქონდეთ  განათლების  რეფორმაზე  ვეტოს  უფლება, რომლებიც  დადგენილია  დემოკრატიული  პოლიტიკური  პროცედურებით. მათთვის ამ უფლების მინიჭება – ნიშნავს საზოგადოების  მხარდაჭერის რისკის ქვეშ დაყენებას, რომელსაც  ასე მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა  განათლება. ბალანსის  მოძებნა რთულია, გადამწყვეტი  როლი  ენიჭება  გახსნილ, უწყვეტ  და  სისტემატურ  დიალოგსა  და  კონსულტაციას,  რომელიც  ასაბუთებს   პედაგოგთა, როგორც  სწავლა–სწავლების  სპეციალისტების  აღიარებას, რომელთაც  მნიშვნელოვანი  წვლილის  შეტანა  შეუძლიათ  რეფორმების  შემუშავებაში.
    ცვლილებები  იწვევს  გაურკვევლობას, ამიტომ ადამიანები ხშირად სტატუსქვოს  ამჯობინებენ. იმისათვის, რომ გადაილახოს ცვლილებების შიში, საგანმანათლებლო  სისტემებმა  სპეციალური  ზომები  უნდა  მიიღონ  მათ  მხარდასაჭერად  და  თავიანთი  მიზნები უკეთ უნდა გააცნონ საზოგადოებას
     ისევე, როგორც სახელმწიფო სექტორის სხვა სფეროებში, განათლებაში რეფორმების  გატარება შეიძლება გაართულოს წინააღმდეგობამ დაინტერესებული პირების მხრიდან. ეს იმ შემთხვევაში, თუ  სიახლეებში ისინი დაინახავენ საფრთხეს, რომ მათ რაღაცები უნდა დათმონ. ამიტომ  განათლების სისტემის წარმატებული რეფორმისთვის საკმარისი არაა მხოლოდ ისეთი რეფორმის  გატარება, რომელსაც სწავლების მაჩვენებლის შეცვლა შეუძლია –  საჭიროა მოიძებნოს დაინტერესებული პირების მხრიდან წინააღმდეგობის გადალახვის საშუალებები, სხვანაირად  ინიციატივას  მხარს  არ  დაუჭერენ  ისინი, ვინც  ამ  სისტემის ნაწილია. ეს  არაა  იოლი ამოცანა, რადგან ადამიანები უმეტესად გაურბიან რაიმეს დაკარგვას, ნაცვლად იმისა, რომ სიახლეს იმედის თვალით შეხედონ.
     პედაგოგები  არ  არიან  მარტონი  მათთვის  ჩვეული  სისტემის დაცვისას.  განათლების  რეფორმის  დამცავი  ტენდენციები მატულობს, რადგან  რეფორმა  ეხება  უამრავი  ადამიანის  – მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების,  დამქირავებლების  და  პროფკავშირების – ინტერესებს. ცალკე  პრობლემას  წარმოადგენს  გაურკვეველი დანახარჯები, რადგან  განათლების  ინფრასტრუქტურა  უზარმაზარია და სხვადასხვა  დონეზე ხელისუფლების  მრავალ  ორგანოს  მოიცავს.  თითოეული  მათგანი  ცდილობს  მინიმუმამდე  დაიყვანოს  ან  მმართველობის  სხვა  დონეს  მიაწეროს გადაწყვეტილება რეფორმის  გასატარებლად  საჭირო  დანახარჯებზე.
                   საგანმანათლებლო  მომსახურების  წარმომადგენლებს, როგორც  წესი, საზოგადოება კარგად იცნობს და ისინი მის მეტ ნდობას იმსახურებენ, ვიდრე პოლიტიკოსები. უკანასკნელთათვის  არც თუ  იოლია  რეფორმების  მხარდასაჭერი  არგუმენტების  მოტანა, რადგან  არ  არსებობს  ერთიანი  შეხედულება  იმის  შესახებ, თუ  როგორ  უნდა  შეფასდეს  განათლების  მიღწევები: ნაწილობრივ  ეს  აიხსნება  მიზნების  რთული  შესაბამისობით (სამართლიანობა, ეფექტურობა, ხარისხი, არჩევანი, დანახარჯების  შემცირება  და  ა.შ.), უფრო  მეტად  კი – განათლების  ხარისხის  საიმედო, საყოველთაო  მაჩვენებლების  უკმარისობით. ძნელია  რეფორმის  განხორციელება, რომელიც  ისეთ  მონაცემებს  ეფუძნება, რომლებიც არ არსებობს ან დავის საგანია. ასეთი მდგომარეობის ერთ–ერთი  შედეგი ისიცაა, რომ  სხვადასხვა  ფაქტებმა, ცალკეულმა  მონაცემებმა  ან  ერთი  რეზონანსული  კვლევის  გამოჩენამ  შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს პოლიტიკურ  დებატებზე.
     განათლების სისტემაში ასეთი წინააღმდეგობების გადასალახად უნდა  გამოიყენებოდეს ყველაზე  თანამედროვე  ცოდნა, პროფესიული  უნარები  და ორგანიზების  ადექვატური  ინსტიტუციონალური ფორმები, რათა გავრცელდეს  ინფორმაცია ახალი ამოცანებისა  და  მოვალეობების შესახებ. უამრავმა ასეთმა რეფორმამ, რომელიც  საბოლოოდ  წარმატებული  აღმოჩნდა,  მოითხოვა  მნიშვნელოვანი  ინვესტიცია   პროფესიონალების  განვითარებისა  ან  რეფორმის ბლოკში გაერთიანებისთვის, რამაც საშუალება მისცა მათ მხარდაჭერა მოეპოვებინათ შესაბამის  ინსტიტუტებში.
         რეფორმების გატარების გამოცდილება გვიჩვენებს, როგორ მოვიზიდოთ ამ   პროცესებში   პედაგოგები.
           2008 წლის  სექტემბერში, OECD-ს ქვეყნების  განათლების  მინისტრები შეიკრიბნენ, რათა  განეხილათ, რატომაა, რომ  ზოგიერთი  განათლების  რეფორმა  წარმატებულია, ზოგი  კი – წარუმატებელი. ისინი  ეძებდნენ  გზებს,  როგორ  მიეზიდათ  რეფორმის  მხარდასაჭერად  მშობლები, მასწავლებლები  და  პოლიტიკოსები  და  ცდილობდნენ იმის   გაგებას,  რა  მოახდენდა   გავლენას  თითოეული  ამ  კატეგორიის დაინტერესებული  პირების შეხედულებაზე, როდესაც  ისინი  რეფორმის  საწინააღმდეგოდ  გამოდიოდნენ. ზოგიერთი  თემა  მეორდებოდა  და  მეორდებოდა.
·პოლიტიკოსები  განათლების  რეფორმის  მიზნებთან დაკავშირებით უნდა მივიდნენ  კონსენსუსამდე. მათ აქტიურად უნდა მოიზიდონ დაინტერესებული პირები,  განსაკუთრებით მასწავლებლები, როცა საქმე ეხება პოლიტიკური ამოცანების მოფიქრებასა და  რეალიზაციას.
·ზოგიერთი რეფორმა გარე ზეწოლის ან კრიზისის შედეგად მხოლოდ იგებს, რადგან  ცვლილებების  აუცილებლობის თაობაზე ჩნდება დამაჯერებელი არგუმენტები.
·იმისათვის, რომ  რეფორმამ  დადებითი შედეგები  გამოიღოს, პოლიტიკოსებს  და  დაინტერესებულ  პირებს  უნდა  ჰქონდეთ  რეალისტური მოლოდინები  მისი  ვადებისა  და  შინაარსის  შესახებ.
·რეფორმის  გატარება  მოითხოვს  სტაბილურ  დაფინანსებას.
·არსებობს ყველა დონეზე ინტენსიური უკუკავშირით რეფორმის  ინიცირებიდან  თვითრეგულირებადი სისტემის აგებისკენ გადასვლის ტენდენცია, რომელიც  ხელს  შეუწყობს  შედეგების  გაუმჯობესებას.
·აუცილებელია განათლების სისტემაში ცვლილებების მართვის უნარების  განვითარებისთვის ინვესტირება. მასწავლებლები უნდა დავარწმუნოთ, რომ ასეთი  უნარების  განვითარებით  მათ არ გაუჭირდებათ ცვლილებების დაძლევა და ისინი მეტად იქნებიან ორიენტირებულები მოსწავლეთა  მოსწრების  ამაღლებაზე.
·პოლიტიკურ  გადაწყვეტილებებს  საფუძვლად  სანდო  მონაცემები  და  ფაქტები,    მათ  შორის  საერთაშორისო  კონტროლის  მაჩვენებლები, ნაციონალური  მიმოხილვები  და  ინსპექცია უნდა  ედოს, რაც საშუალებას  იძლევა დასაბუთებული  დასკვნების გასაკეთებლად.
·სხვადასხვა ფაქტი, რომლებიც  განათლების  ორგანიზებას  ეხება  ძალიან  სასარგებლოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ინსტიტუტში უკავშირდება ინფორმაციას, თუ როგორ ამაღლეს მათი დახმარებით შედეგები.
·განათლების სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმისთვის აუცილებელია მასში ქვეყნის  ხელისუფლების მონაწილეობა, რადგან ის ეფექტურ  კოორდინაციას და ყველა  ჩართული  სამინისტროების ერთიან  ხელმძღვანელობას მოითხოვს.
   რეფორმაში  მათი  მონაწილეობა, ვისაც ეს რეფორმა უშუალოდ შეეხება საჭიროებს  ინვესტიციას. პოლიტიკური კონსულტაციები ვერ  იძლევა გარანტიებს, რომ  რეფორმების  გატარებისას არ იქნება კონფლიქტები პრობლემურ ოლქებში, მაგრამ დროთა  განმავლობაში, როგორც  ჩანს, მას თავისი  შედეგი  მაინც  მოაქვს, კერძოდ  ხელს  უწყობს  მონაწილეთა  ურთიერთნდობის  ჩამოყალიბებას. ამ შემთხვევაში დაინტერესებული  პირები შეეცდებიან არ გადაუხვიონ მიღწეულ შეთანხმებას, ეს კი ნიშნავს, რომ  შემცირდება  სუბიექტური  დანაკარგები.
      სამეცნიერო–კვლევით  ლიტერატურაში  დიდი  ყურადღება  ეთმობა  დანაკარგების  კომპენსაციას  იმ  დაინტერესებულ  პირთათვის, რომლებიც  რეფორმის  გატარებისას დაზარალდებიან: მათთვის შესაძლებელია ცვლილებების გადავადება, თუნდაც  გარკვეული  დროით, ან  დამატებითი  ანაზღაურების გადახდა. თუ  ასეთი  კომპენსაციის გაკეთება შეუძლებელია, ამან შეიძლება გააძლიეროს წინააღმდეგობა რეფორმის მიმართ, გადამეტებული  კომპენსაცია კი შეიძლება ძალიან  ძვირი დაჯდეს ან  დაბლა  დასწიოს  თვით  რეფორმის  ეფექტურობა. ამასთან  ერთად გადამეტებულმა კომპენსაციამ  შეიძლება  გააძლიეროს  ოპოზიცია  მომავალ  რეფორმებთან  მიმართებაში, რადგან  ხელმძღვანელობის  სისუსტეს  მივყავართ იქამდე, რომ  მისგან  მაქსიმალურ  დათმობებს ითხოვენ.
     პედაგოგები   რეფორმის   აქტიური   მონაწილეები   უნდა   იყვნენ –  არა  მხოლოდ  მისი  შემსრულებლები,   არამედ შემქმნელებიც….
       რეფორმის  მხარდაჭერა  პედაგოგთა  მხრიდან – ეს  არაა  მარტო  პოლიტიკის  და  პრაგმატულობის  საკითხი. ეფექტური  პროფესიული  განვითარების  კვლევები  ადასტურებს, რომ  მასწავლებლები აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ საკუთარი  პრაქტიკის ანალიზის პროცესში პროფესიული ნორმების  შესაბამისობისა  და  მოსწავლეთა  პროგრესის კუთხით – სწავლების სტანდარტების კუთხით. მასწავლებელთა ასეთი  მონაწილეობის  უზრუნველყოფისთვის რეფორმას  უნდა  ჰქონდეს  გასაგები  და  კარგად  სტრუქტურირებული პოლიტიკური საფუძველი. ეს მნიშვნელოვანწილად  დამოკიდებულია  ცალკეული  ინსტიტუტების  და  კონკრეტული  ქვეყნის  ტრადიციებზე.
          თითოეული  რეფორმის  კონტექსტში  აუცილებელია  მკაფიოდ  განისაზღვროს  ყოველი მონაწილის როლი და კომპეტენციის სფერო. თითოეული მონაწილე  დარწმუნებული უნდა იყოს ნდობის, თანამშრომლობის, ინფორმაციის  გაცვლის და  ასევე  რეფორმის  განხორციელების სამუშაო  გეგმის  არსებობაში.
        ….რეფორმა   უნდა   ეფუძნებოდეს ღრმა  კვლევებსა   და  ანალიზს.
      რეფორმაში მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის  საჭიროა  თანმიმდევრული  და  შეთანხმებული ძალისხმევა მათ დასარწმუნებლად, ვისაც ის უშუალოდ შეეხება. აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება, რამდენად აუცილებელია მისი გატარება და  რად შეიძლება დაუჯდეთ ურეფორმობა. ეს  არც  თუ  იოლია  განსაკუთრებით  მაშინ, როდესაც  სტატუსქვოს  შესანარჩუნებლად  ნაკლები დანახარჯებია საჭირო, ვიდრე  ცვლილებებისთვის.
     პოლიტიკური   სტრატეგიები  უნდა  შემუშავდეს  ღრმა  და  საფუძვლიანი  კვლევებისა  და  ანალიზის  საფუძველზე. თუ  რეფორმის  მომხრეები  ექსპერტების  და  საზოგადოების  მხრიდან მხარდაჭერას მიაღწევენ და თან ამას დასაბუთებულად მოახერხებენ, მათი  პოზიციები  მნიშვნელოვნად  გამყარდება.
            სტატია მომზადდა – „Building a high-quality teaching profession. Lessons from around the world” – მოხსენების საფუძველზე
გამოყენებული ლიტერატურა:
1.Building a High-Quality Teaching Profession Lessons from around THe worLd – https://asiasociety.org/files/lwtw-teachersummit.pdf
2.https://www.oecd.org/education/school/programmeforinternationalstudentassessmentpisa/47506177.pdf
3.«Учитель как специалист высокой квалификации: построение профессии.Уроки со всего мира» – Вопросы образования.2011

მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები და მათი პრობლემები

0
საქართველოში ბავშვთა სახლები აღარ არსებობს. მათ ნაცვლად მიუსაფარი და სოციალურად დაუცველი პატარები სხვადასხვა ინსტიტუციაში გადაამისამართეს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 2005 წელს დაწყებული პროცესი, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაუჭირა მხარი, 2013 წელს დასრულდა. ამ დროისათვის ბავშვების ნაწილი მინდობით აღმზრდელებსა და მეურვეებს ჩაჰბარდა, ნაწილი გაშვილდა, ნაწილი ბიოლოგიურ ოჯახებს დაუბრუნდა, ნაწილი კი მცირე საოჯახო ტიპის სახლებს მიაბარეს. 

მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები 10 არასრულწლოვანზეა გათვლილი. ამ სახლების აშენების მიზანი ის იყო, რომ ბავშვებს თავი საკუთარ სახლში ეგრძნოთ.    ამ ტიპის სახლების თავდაპირველ აღწერილობაში წაიკითხავთ: ბავშვთა სააღმზრდელო ტიპის დიდი დაწესებულებებიდან მცირე საოჯახო ტიპის სახლებზე გადასვლის შემდეგ მკვეთრად გაუმჯობესდა ბენეფიციართა საცხოვრებელი პირობები. ინდივიდუალური საჭიროებები და ინფრასტრუქტურა მიახლოებულია ოჯახურ პირობებთან. შენობებსა და ეზოებში დაცულია სისუფთავე. ეზოები შემოსაზღვრულია მესრით. ერთ ბენეფიციარზე გათვალისწინებულია არანაკლებ 6 კვ.მ ფართობი. თითქმის ყველა სახლი უზრუნველყოფილია: ცენტრალური გათბობის სისტემით, ავეჯით, საყოფაცხოვრებო და სხვა ტექნიკით, ინვენტარით, ჰიგიენური ნორმების დასაცავად საჭირო ნივთებით, ტელეფონით, ბუნებრივი და ხელოვნური განათებით, კეთილმოწყობილი სააბაზანო-საპირფარეშოებითა და სამზარეულო-სასადილოებით. ბავშვები უზრუნველყოფილი არიან საკუთარი პირადი კუთხით და ტანსაცმლისა და ნივთების შესანახი სათავსოებით. ფანჯრებს ყველგან აქვს ფარდები. საძინებლები აღჭურვილია თანამედროვე ტიპის ხის საწოლებით, თეთრეულით, კარადებით, ტუმბოებით, ბენეფიციართა სამეცადინო მაგიდებითა და სკამებით. 

2014 წლის თებერვალში საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციულმა ჯგუფმა 30 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში მონიტორინგი ჩაატარა.  ესენი იყო, თბილისის (13 სახლი), რუსთავის (2 სახლი), დუშეთის (1 სახლი), ახმეტის (1 სახლი), თელავის (3 სახლი), მცხეთის (2 სახლი), ხაშურის (4 სახლი), გორის (1 სახლი), კასპის (1 სახლი), გარდაბნისა (1 სახლი) და ლაგოდეხის (1 სახლი) მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები. 
მონიტორინგის ჯგუფებმა დაწესებულებებში ბავშვთა მდგომარეობა, მათდამი მოპყრობის ხარისხი, მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, სახლების ინფრასტრუქტურა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები შეამოწმეს. 

შედეგებმა გვიჩვენა, რომ აღსაზრდელების ცხოვრების პირობები არ აკმაყოფილებს „ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების” მოთხოვნებს და ყველაფერი ისე არ არის, როგორც თავდაპირველ აღწერილობაშია მოცემული. მონიტორინგის შედეგად, ზოგიერთ მცირე საოჯახო ტიპის სახლში გამოვლინდა ნაკლოვანებები, რომლებიც დროულ გამოსწორებას საჭიროებს. 

·სახლის მდებარეობა ართულებს ხელმისაწვდომობას ბავშვების ფორმალურ/არაფორმალურ განათლებასა და ჯანდაცვაზე;

·სახურავიდან ჩამოსული ბუნებრივი ნალექის გამო, დაზიანებულია ჭერი და კედლები; 

·სახლს ამორტიზებული აქვს კარ-ფანჯრები, რის გამოც ვერ ხერხდება შენობაში ტემპერატურის სტაბილურობის უზრუნველყოფა;

· არ მუშაობს სამზარეულოსა და სველი წერტილების ჰაერის გამწოვები; 

·2007 წლის შემდეგ არ განახლებულა ინვენტარი, რის გამოც ბავშვებს პირადი ნივთები სკამებზე უწყვიათ; 

·ბავშვების ოთახებში არ ინთება ელექტრონათურა, რის გამოც მათ მაგიდის ნათურის შუქზე უწევთ მეცადინეობა; 

·არ არის ინტერნეტი;

·სახლს წყალი მიეწოდება გრაფიკით, ამიტომ წყალს აგროვებენ ავზში, რომელიც განთავსებულია 15 კვ.მ ოთახში, სადაც ჭერი და კედლები ნესტიანი და დაობებულია; 

·სახლში არსებული ტემპერატურა არ აკმაყოფილებს ნორმას;

·ბუნებრივ აირზე მომუშავე ცენტრალური გათბობის გამაცხელებელი მოწყობილობიდან გამონაბოლქვი კედლის გარეთა მხარეს გადის. მილი იმდენად მოკლეა, რომ გამონაბოლქვი ოთახებში აღწევს და ინტოქსიკაციის საფრთხეს ქმნის. ამის გამო ბავშვები თავიანთ ოთახებში ფანჯრებს ვერ აღებენ. 

·თბილისის ერთ-ერთი სააღმზრდელო დაწესებულების შენობის გარშემო ავტომობილების სარემონტო ცენტრია განთავსებული, სადაც დგას სარემონტო ავტომანქანები, მიმდინარეობს სამღებრო და აღდგენითი სამუშაოები, ნავთობით ირეცხება ძრავის ნაწილები, დგას მძაფრი სპეციფიკური სუნი. გარდა ამისა, იქვე, 80 მეტრის მოშორებით მდებარეობს ავტომანქანების გაზით გასამართი პუნქტი.

·თითქმის ყველა მცირე საოჯახო ტიპის სახლის სველ წერტილებში კბილის ჯაგრისები, დამცავი საშუალებებისა  და მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გარეშე, საერთო სარგებლობის ჭიქებში ინახება.

მონიტორინგის დროს დადგინდა, რომ მთელ რიგ სახლებში: ბავშვებს პირად სარგებლობაში არ აქვთ: 

·პირსახოცები;
· სააბაზანოებსა და ტუალეტებში არ ფუნქციონირებს ვენტილაცია;
·არ ფუნქციონირებს გამწოვი, რის გამოც მთელ სახლში დგება საჭმლის სუნი;
·ოთახებში შეინიშნება ოფლისა და ჭუჭყის მძაფრი სუნი; 
·სახლის ეზოში მოთავსებულია აზიური ტიპის საერთო სარგებლობის საპირფარეშო ჩამრეცხი ავზისა და ხელსაბანი ნიჟარის გარეშე.

სახალხო დამცველმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა თხოვნით ზემოთჩამოთვლილი ყველა  ხარვეზის სასწრაფოდ მოსაგვარებლად; ასევე, სახელმწიფო ზრუნვისადმი დაქვემდებარებული ბავშვების მიმართ ძალადობისა და არაჰუმანური მოპყრობის თავიდან აცილების, ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელებისა და ამ ბავშვთა ოჯახებთან აქტიურ რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. 

XXI საუკუნის უნარები

0
ვიდრე მთავარ სათქმელზე გადავიდოდე, მინდა, ერთ საჭირბოროტო საკითხზე ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მასწავლებლის საქმიანობას, შესაბამისად, ჩვენს გაზეთსა და ავტორებს. მე, რასაკვირველია, ყურადღებით ვეცნობი ჩვენი პოპულარული ინტერნეტგაზეთის სტატიებს და გამოხმაურებებს ამ სტატიებზე. მკითხველი მართლაც არ გვაკლია, კომენტარების უმრავლესობა პოზიტიურია, თუმცა ხანდახან ისეც ხდება, რომ მკითხველი მკვეთრად უარყოფით მოსაზრებას გამოთქვამს. ამ კომენტარების შინაარსი ერთი წინადადებით ასე შეიძლება გადმოვცეთ: „ამოვიდა ყელში ამდენი მოთხოვნა, ამ მათხოვრული ხელფასების შემხედვარე!” ეს პათოსი კიდევ უფრო მკვეთრია სოციალურ ქსელებსა და რეალურ ცხოვრებაში. უკანასკნელ ხანს მასწავლებლის ხელფასი მართლაც იზრდება, თუმცა ინფლაციის ტემპს ვერ უსწრებს, შედეგად მასწავლებელთა მატერიალური მდგომარეობა უარესდება. ეს ძალზე სერიოზული პრობლემა გახლავთ და დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის მომავალს. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ამ მიმართულებით გარღვევა უნდა მოხდეს. ფაქტია, სერტიფიცირების მცირე დანამატმა სერტიფიცირებულთა ეკონომიკური მდგომარეობა ვერ გამოასწორა და სამომავლოდაც მხოლოდ პროფესიული განვითარების სქემით მოპოვებული კრედიტების იმედად ვერ ვიქნებით. სადღეისოდ ჩვენს მასწავლებლებს მოკრძალებული ხელფასით უწევთ იმ პრობლემებთან ბრძოლა, რაზეც ჩვენი გაზეთი წერს. ხშირად მათი აღშფოთება სამართლიანია, მაგრამ, ჩემი აზრით, უსამართლობაა, რომ მათი რისხვა ჩვენს ავტორებს ატყდებათ თავს.

ახლა კი განსახილველ საკითხებს დავუბრუნდეთ. ოცდამეერთე საუკუნის პირველსავე წლებში მოწინავე ქვეყნებმა (აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და სხვებმა) თავიანთი საგანმანათლებლო სისტემების მსოფლიოში არსებულ ახალ რეალობაზე მორგება დაიწყეს. მალევე დაიწყო მოძრაობა, რომელსაც „XXI საუკუნის უნარები” უწოდეს. ამ მოძრაობაში ჩართულმა ცნობილმა სპეციალისტებმა სასწავლო საგნების ახალი პროგრამები შექმნეს, დაიწყო მათი პილოტირება. ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ საჭირო უნარებს შორის სასიცოცხლოდ აუცილებლად შეიძლება მივიჩნიოთ კრიტიკული აზროვნება, პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირება და შემოქმედებითობა ანუ კრეატიულობა. განათლების მუშაკებს მხარი სხვა სფეროების წარმომადგენლებმაც აუბეს – პოლიტიკოსებმა, ბიზნესმენებმა… ისინი თანხმდებიან, რომ ეს უნარები მხოლოდ წარმატების მისაღწევად კი არ არის აუცილებელი, არამედ მათ გარეშე შესაძლოა მომავალში ცხოვრებაც კი გაჭირდეს სხვადასხვა მიზეზით შექმნილი ურთულესი პირობების გამო (ბუნებრივი რესურსების მკვეთრი შემცირება, გლობალური დათბობა, მძაფრი რეგიონული დაპირისპირებები პოლიტიკურ, სოციალურ, რელიგიურ ნიადაგზე და სხვ.). ეს სირთულეები უკვე არსებობს და ზრდის ტენდენციაც აშკარაა. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ამჟამინდელი ვითარების თუნდაც სრულყოფილი შეფასებითაც ვერ განვსაზღვრავთ, რა მოხდება რამდენიმე ათწლეულის შემდეგ. ექსპერტების აზრით, XXI საუკუნის უნარები სწორედ ამას გულისხმობს – მოულოდნელ ვითარებაში გარკვევისა და გამოსავლის პოვნის უნარს. ცხადია, ეს უნარები სულაც არ არის ახალი, ათასწლეულების განმავლობაში მთელი კაცობრიობის პროგრესს სწორედ ისინი განაპირობებდნენ. ამ უნარების მქონე ადამიანების დამსახურებაა ყველა გამოგონება, მარტივი ხელსაწყოებით დაწყებული (რომლებიც თავისი ეპოქისთვის სულაც არ იყო მარტივი), მეცნიერების სხვადასხვა სფეროში მომხდარი უზარმაზარი აღმოჩენებით დამთავრებული.

ქვემოთ შევეხებით უცხოელ ექსპერტთა მიერ ხაზგასმულ იმ პრობლემურ საკითხებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად ჩვენი საგანმანათლებლო სისტემისთვისაც აქტუალურია.

განათლების სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა სკოლების არათანაბრობაა. ზოგიერთ სკოლაში წარმატებით ხორციელდება ახლებური მიდგომებით სწავლება, მაგრამ სკოლების და, შესაბამისად, მოსწავლეების უმრავლესობა მოკლებულია თანამედროვე მოთხოვნების შესაფერის სწავლას. დღევანდელი გამოწვევაა, ახალმა მიდგომებმა მთლიანად მოიცვას საჯარო განათლების სიტემა. 

ექსპერტების აზრით, მასწავლებლები ცდებიან, როცა მიაჩნიათ, რომ თუ მოსწავლე ამჟღავნებს კრიტიკულ აზროვნებას ერთ საგანში, ე.ი. შეუძლია, ყველა სხვა საგანშიც გამოამჟღავნოს. კრიტიკული აზროვნება არ არის უნივერსალური უნარი, რომელიც თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერ სიტუაციაში. ზოგჯერ ჩვენ მანამდე ვერ ვახერხებთ ამა თუ იმ სააზროვნო უნარის ამუშავებას, სანამ ის არ შეგვხვდება ჩვენთვის ნაცნობი ფორმით. მაგალითად, პატარა ბავშვებსაც კი ესმით შემდეგი პირობის ლოგიკა: „თუ შეჭამ ბოსტნეულს, დაიმსახურებ ნამცხვარს სადილის შემდეგ”. ისინი ასკვნიან, რომ თუ არ სურთ ნამცხვარი, არც ბოსტნეულის ჭამაა სავალდებულო. მაგრამ თუ ჩვენ ამ პირობას ფორმულად ვაქცევთ, ბავშვისთვის ნაცნობ ბოსტნეულს და ნამცხვარს ასოებით შევცვლით და ასეთი სახით მივაწვდით, ბავშვი ვერაფერს გაიგებს. მოსწავლეებს კრიტიკულად აზროვნება შეუძლიათ მხოლოდ იმ საგნებში, რომლებშიც საამისოდ საკმარისი ცოდნა და ინფორმაცია აქვთ.

თუმცა თეორიულად უკვე აღარ ვკამათობთ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების, პრობლემის მოგვარებაზე დაფუძნებული სწავლის ან თუნდაც პროექტით სწავლების ეფექტურობაზე – ვთანხმდებით, რომ ასეთი სწავლება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ითანამშრომლონ, იმუშაონ ავთენტურ პრობლემებზე და ჩართული იყვნენ საზოგადოებასთან კომუნიკაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდები დაწვრილებითაა განხილული დამხმარე თეორიულ ლიტერატურაში, მასწავლებლებმა იციან მათ შესახებ, სჯერათ მათი ეფექტურობა, მათი უმეტესობა ამ მეთოდებს პრაქტიკაში არ იყენებს. მაინც რატომ არ იყენებენ მასწავლებლები მეთოდებს, რომლებიც თავად მიაჩნიათ სასარგებლოდ? ისინი მიზეზთა შორის ასახელებენ საკლასო მენეჯმენტს. როცა მოსწავლეები ერთმანეთთან თანამშრომლობენ, ხშირად ეს ხმაურს იწვევს, მასწავლებელს დიდი ძალისხმევის გაღება უხდება, რომ შემოქმედებითი ხმაური ქაოსში არ გადაიზარდოს. ამასთან, თანამედროვე მეთოდებით მუშაობას მასწავლებლის მხრივას სჭირდება გარკვეული მომზადება, მაგალითად, განსახილველი საკითხის ღრმა ცოდნა, მუდმივი მზადყოფნა გაკვეთილის მსვლელობისას მომხდარი ცვლილებებისთვის. ეს მომქანცველი სამუშაოა. 

თანამედროვე განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა მასწავლებლების მაქსიმალური თანამშრომლობაა. ჩვენ ბევრს დავკარგავთ, თუ მასწავლებლებს არ მივცემთ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას. მაგრამ ამ მიმართულებითაც უამრავი ჯერჯერობით პასუხგაუცემელი კითხვა გვაქვს. მაგალითად, როგორ უნდა გამონახონ სკოლებმა და მასწავლებლებმა ზედმეტი თავისუფალი დრო თანამშრომლობისთვის? მზად არის თუ არა ამ თანამშრომლობისთვის სკოლების ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა? ვინ უნდა უხელმძღვანელოს იმ უამრავ ინტერნეტრესურსებს (საიტებს, ბლოგებს და ა.შ.), რომლებიც ამ პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის იქნება საჭირო?

კიდევ ერთი საკითხი – მოსწავლეების შეფასება. ფაქტია, რომ შემაჯამებელი შეფასების ყველაზე მოხერხებულ ფორმად ტესტებით გამოკითხვა რჩება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კარგ ტესტს შეუძლია მეტ-ნაკლები წარმატებით დაადგინოს მაღალი დონის უნარების ფლობა (მაგ., კრიტიკული აზროვნებისა, ანალიზისა და სხვ.). მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სრულყოფილმა ტესტმა უნდა შეაფასოს მოსწავლის კრეატიულობა, მოგვცეს საშუალება დავინახოთ, როგორ მივიდა ის კონკრეტულ პასუხამდე. უფრო მეტიც – ისეთი დავალებებიც კი შეიძლება მივცეთ, რომლებიც თანამშრომლობას მოითხოვს. ასეთი ტესტების შედგენა მხოლოდ მაღალი დონის პროფესიონალებს შეუძლიათ და, შესაბამისად, თანხებთან არის დაკავშირებული. 

სტატიის დასასრულს შემოგთავაზებთ კრეატიულობისა და კულტურული განათლების დარგში ბრიტანეთის მთავრობის მრჩევლის კენ რობინსონის რამდენიმე საინტერესო მოსაზრებას კრეატიულობის შესახებ. სხვა ექსპერტების მსგავსად, კენ რობინსონიც მიიჩნევს, რომ კრეატიულობა XXI საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა. მისი აზრით, თანამედროვე მწვავე პრობლემების გადაჭრა მხოლოდ ამ უნარის ათვისებითაა შესაძლებელი. მისი ყველაზე ცნობილი წიგნებია „ელემენტი” (2009) და „ჩვენი გონების საზღვრების მიღმა – როგორ ვისწავლოთ კრეატიულობა” (2001).

კენ რობინსონი ამბობს, რომ ადამიანებს შეცდომა მოსდით, როცა კრეატიულობა კრიტიკულ აზროვნებასთან შეუთავსებელ, ყოველგვარი წესისგან თავისუფალ, არასტრუქტურირებულ საქმიანობად მიაჩნიათ, სადაც მხოლოდ ახალი იდეები დომინირებს. მაგრამ კრეატიულობა არ არის მხოლოდ ახალი იდეები, რადგან ზოგიერთი მათგანი სრულიად გიჟურიც კი შეიძლება აღმოჩნდეს. ნამდვილ კრეატიულობას მუდამ თან ახლავს კრიტიკული აზროვნება. 

შეცდომაა ისიც, როცა ადამიანებს კრეატიულობა ბუნებისგან ბოძებულ განსაკუთრებულ თვისებად მიაჩნიათ, რომლითაც მხოლოდ რჩეულები არიან დაჯილდოებულნი. განათლების პოლიტიკაში კრეატიულობა უნდა განიხილებოდეს როგორც ყველასთვის ხელმისაწვდომი უნარი. კენ რობინსონი არც იმ მოსაზრებას ეთანხმება, თითქოს კრეატიულობა მხოლოდ განსაკუთრებულ აქტივობებში გამოვლინდება. მაგალითად, უმრავლესობა შემოქმედებითობას ხელოვნებას უკავშირებს, სინამდვილეში კი ის შეიძლება გამოვლინდეს ადამიანის ყოველგვარ საქმიანობაში. კიდევ ერთი სტერეოტიპის თანახმად, კრეატიულობა ადამიანის პირადი ცხოვრების ნაწილია, შემოქმედი თავისი სურვილისამებრ იქცევა, მისი მოქმედება გარშემო მყოფებს ხშირად ახირებად, სიგიჟედაც კი მიაჩნიათ. სინამდვილეში კრეატიულობა მკაცრად დისციპლინირებული პროცესია, რომელიც მოითხოვს უნარს, ცოდნას და ექვემდებარება კონტროლს. რასაკვირველია, მას სჭირდება წარმოსახვა და შთაგონებაც.

თუ დავუკვირდებით, სულ უფრო იშვიათად ისმის: „ეს ხომ მუდამ ასე იყო”. სამაგიეროდ, ამა თუ იმ ორგანიზაციის განცხადებაში სულ უფრო ხშირად ვკითხულობთ: „გვჭირდება თანამშრომელი, რომელიც დაჯილდოებულია ინოვაციური ნიჭით, აქვს განსხვავებული აზროვნება”. ჩვენ გარშემო მართლაც უამრავი ახალი რამ ხდება და სასიცოცხლოდ გვჭირდება გამომგონებლობის ყოველი წვეთი, რათა ამ პრობლემებს გავუმკლავდეთ.
კრეატიულობა კოლაბორაციული უნარია. კრეატიული ადამიანი შთაგონებულია სხვების იდეებით. არავინ ატარებს ცხოვრებას ვაკუუმში. ის ხალხიც კი, ვინც „თავის ჭკუაზე” ცხოვრობს, – მაგალითად, გარაჟებში ჩაკეტილი გამომგონებლები, – თავის აღმოჩენებს სხვა ადამიანების აზრებსა და მიღწევებზე აფუძნებს. კენ რობინსონს საუკეთესო მაგალითად თომას ედისონი მიაჩნია. ის იყო ამერიკის ისტორიაში ყველაზე ნაყოფიერი გამომგონებელი, რომელმაც 1.100-ზე მეტი პატენტი აიღო, მაგრამ სინამდვილეში მისი ყველაზე დიდი ნიჭი სხვების მობილიზების უნარი გახლდათ. მას პრობლემებზე მომუშავე მთელი ჯგუფები ჰყავდა.

რობინსონი ამტკიცებს, რომ შესაცვლელია კიდევ ერთი წარმოდგენა, თითქოს კრეატიულობის სწავლა შეუძლებელია. სინამდვილეში კრეატიულობის სწავლის გზები არსებობს. უფრო გასაგები რომ ყოფილიყო, რობინსონმა ერთმანეთისგან გამოყო კრეატიული სწავლება და კრეატიულობის სწავლება. კრეატიული სწავლება ნიშნავს, რომ მასწავლებელი პოულობს გზებს მოსწავლის ინტერესებისა და სასწავლო საგნის ერთმანეთთან დასაკავშირებლად, გაკვეთილზე წარმოიშობა ახალი, საინტერესო იდეები, რითაც შესასწავლი მასალაც უფრო მიმზიდველი ხდება მოსწავლისთვის. რაც შეეხება კრეატიულობის სწავლას, ის გულისხმობს ისეთ პედაგოგიკას, რომლითაც კრეატიულ აზროვნებას ასწავლიან, როცა მოსწავლეებს შთააგონებენ, ჩაატარონ ექსპერიმენტები, იყვნენ ინოვაციურები, არ ეუბნებიან პასუხებს და სანაცვლოდ უჩვენებენ გზებს, რომლებიც მათ პასუხებამდე მისასვლელად ან სულაც ახალი დასკვნების გამოსატანად სჭირდებათ.

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაში

0
მასწავლებლები და მშობლები შვილებთან და მოსწავლეებთან ურთიერთობაში ხშირად აწყდებიან ისეთ პრობლემებს, როგორიც არის ბავშვების მხრიდან სასკოლო ნივთების სახლში დატოვება, შესასრულებელი სამუშაოს სხვა დროისთვის გადადება ან დავიწყება, გაკვეთილის მოუმზადებლობა, გუნდში დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა და ა.შ., რაც თავისთავად აისახება მოსწავლეთა სწავლის შედეგებსა და საბოლოო წარმატებაზე. 

მშობელთა უმრავლესობა თვლის, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, ბავშვებმა შეიძინონ კითხვის, წერისა და არითმეტიკული გამოთვლების უნარები. თუ დავუკვირდებით, ადვილად მივხვდებით, რომ ამ სამი ფუნდამენტური კომპეტენციის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი პასუხისმგებლობის გრძნობაა. ის მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა, გამოირჩევიან სწავლისა და ქცევის მართვის უნარებით, არიან მოტივირებულები, დამოუკიდებლები და აღწევენ წარმატებას როგორც სკოლაში, ასევე ცხოვრებაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის ეს თვისება თანდაყოლილი არ არის. ის უნდა გამომუშავდეს ეტაპობრივად, გარკვეული მიდგომებისა და სტრატეგიების საშუალებით. ამის გახორციელების საუკეთესო ადგილი კი სახლი და სკოლაა, სადაც ბავშვმა საკუთარ განათლებასა და ქცევაზე პასუხისმგებლობის აღება უნდა ისწავლოს.

ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები დაეხმარება მშობელსა და მასწავლებელს, ჩამოუყალიბონ ბავშვებს პასუხისმგებლობის გრძნობა და ხელი შეუწყონ მის შემდგომ განვითარებას. 

აჩვენეთ პირადი მაგალითი. ბავშვებს გაცილებით მოსწონთ იმის კეთება, რასაც თავად ხედავენ, ვიდრე იმის, რასაც ეუბნებიან. ისინი უკეთესად სწავლობენ უფროსების მაგალითებიდან. ბავშვისთვის იმის თქმა, რომ იყოს პასუხისმგებლიანი, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. უფრო ეფექტურია, მას დავანახოთ, თუ როგორ უნდა გააკეთოს ეს.  

ჩართეთ საზოგადოებრივ საქმიანობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ადამიანს ადრეული ასაკიდანვე გააზრებული ჰქონდეს, თუ რას ნიშნავს გარემოს და საზოგადოების წინაშე პირადი პასუხისმგებლობა. ამისათვის შესაძლებელია ბავშვი უფროსებთან ერთად ჩაერთოს საზოგადოებრივ პროექტებში, მაგალითად, სამეზობლოს დასუფთავებაში, ხეების დარგვაში, მაკულატურის შეგროვებაში და ა.შ. ამის პარალელურად კი უნდა მოხდეს თითოეული აქტივობის მნიშვნელობის გააზრება როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ კონტექსტში.

თანდათანობით გაართულეთ პასუხისმგებლობები. არ არსებობს „ჯადოსნური ასაკი”, როდესაც ბავშვი მოულოდნელად ხდება პასუხისმგებლიანი. ის ამას ითვისებს თანდათანობით. შეიძლება ეს პროცესი სიარულისა და ლაპარაკის სწავლასაც კი შევადაროთ. მაგალითად, სკოლამდელი ასაკის ბავშვს შესაძლებელია ეტაპობრივად, ასაკის მატებასთან ერთად მიეცეს ისეთი დავალებები, როგორიც არის სათამაშოების ალაგება, სუფრის გაშლისა და ალაგების პროცესში დახმარება, შინაური ცხოველებისა და ყვავილების მოვლაში დახმარება და ა.შ.  

მიანდეთ ბავშვებს დავალების დამოუკიდებლად შესრულება. ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა პასუხიმგებლობის განვითარებისთვის. ბავშვს უნდა მისცეთ სხვადასხვა ამოცანის დამოუკიდებლად შესრულების საშუალება. ამისათვის:

შექმენით შესასრულებელ სამუშაოთა ნუსხა. მიეცით თქვენს შვილს/მოსწავლეს ასაკის შესაბამისი დავალება _ ის, რის გაკეთებასაც დამოუკიდებლად შეძლებს. 
ჩართეთ შესასრულებელ სამუშაოთა ნუსხის შედგენის პროცესში, გაითვალისწინეთ მისი მოსაზრებები და სურვილები. 
მიეცით საშუალება, შესასრულებელ სამუშაოთა ნუსხიდან შეარჩიოს ის დავალება, რისი გაკეთებაც ურჩევნია.
დავალების შესრულებამდე დარწმუნდით, რომ მან ნამდვილად გაიგო, რა ევალება ან როგორ უნდა გააკეთოს. დიდი ამოცანები შესაძლებელია დანაწევრდეს და ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდეს მათი შესრულება.
იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი შეცდომით ასრულებს დავალებას, ნუ გაუბრაზდებით, ხელახლა აუხსენით და მიეცით საშუალება, თავიდან დაიწყოს მისი გაკეთება. 
ზოგჯერ ნება დართეთ, შეასრულოს რთული დავალებები. წინასწარ ნუ ივარაუდებთ, რომ ის ამის გაკეთებას ვერ შეძლებს.
აღნიშნეთ და დააჯილდოვეთ, როდესაც ის პასუხისმგებლიან საქციელს გამოავლენს და წაახალისეთ შესრულებული სამუშაოსთვის.
შესაძლებელია, ბავშვს დავალებათა ნუსხა კვირის დღეების მიხედვით გაუნაწილოთ და თვალსაჩინო რომ იყოს, ცხრილის ან სხვა გრაფიკული ორგანიზატორის სახე მისცეთ. ყოველდღე ცხრილის შესაბამის გრაფაში, შესრულებული ან შეუსრულებელი სამუშაოს მიხედვით, ბავშვმა უნდა აღნიშნოს წინასწარ შეთანხმებული სიმბოლო, მაგ.: მოწყენილი ან გახარებული ღიმილაკი. კვირის ბოლოს კი ერთად დაითვალეთ სიმბოლოები და შესაბამისად შეაქეთ.

მიეცით ბავშვს არჩევანის გაკეთებისა და გადაწყვეტილების მიღების საშუალება. პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი განმსაზღვრელი როლი არჩევანის გაკეთებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებას უკავია. ადამიანი, როდესაც თავად აკეთებს არჩევანს რამდენიმე ალტერნატივიდან, უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს საკუთარი გადაწყვეტილების გამო. 

შეუქმენით ბავშვებს ისეთი გარემო, სადაც ისინი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას. მაგალითად, ზოგჯერ შესაძლებელია ვკითხოთ ბავშვს, როდის ურჩევნია საშინაო დავალების შესრულება: სადილის წინ თუ მის შემდეგ? როგორ უფრო მოსახერხებელი იქნება მისთვის? სამი ჩამოთვლილი სათაურიდან, რომელზე სურს ესეს დაწერა? და ა.შ.
ესაუბრეთ ბავშვებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააკეთონ არჩევანი და მიიღონ გადაწყვეტილება მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 
პატივი ეცით ბავშვის არჩევანს, რითაც მის ნდობას დაიმსახურებთ.
შეეკითხეთ ბავშვს, რამდენად სწორი იყო მისი არჩევანი? რა შედეგი მიიღო? ხომ არ შეცვლიდა მიღებულ გადაწყვეტილებას და რატომ? და ა.შ.
აღიარეთ ბავშვის ძალისხმევა და მონდომება. გასათვალისწინებელია, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია, შეაქოთ ბავშვი პასუხისმგებლიანი საქციელის გამო, ვიდრე ყურადღება გაამახვილოთ მის მიერ დაშვებულ შეცდომებზე. 
შემაფასებელი განცხადება არ უნდა ატარებდეს ზოგად ხასიათს, ის კონკრეტულად უნდა მიუთითებდეს, რა იყოს ბავშვის საქციელში ღირებული და მნიშვნელოვანი, რა მოგეწონათ და რატომ.
ნუ დაელოდებით ბავშვის მიერ დავალების წარმატებით დასრულებას, აღიარეთ მისი ძალისხმევა სამუშაოს შესრულების პროცესშიც. როდესაც ბავშვი დაინახავს, რომ მის საქმიანობას აფასებენ, ის უფრო მეტი მონდომებით და ხალისით გააგრძელებს მუშაობას.
გამოიყნეთ პოზიტიური უკუკავშირი, როდესაც ხედავთ, რომ ბავშვის საქციელი შესწორებასა და დახვეწას საჭიროებს. პირველად აღიარეთ ის, რაც მას კარგად გამოუვიდა და მხოლოდ ამის შემდეგ უთხარით, რა აქვს გასაუმჯობესებელი. 
იმსჯელეთ პასუხისმგებლობის შესახებ. ასევე ეფექტურია, მშობლებმა და მასწავლებლებმა ბავშვებთან ერთად განიხილონ ისეთი საკითხები, რომლებიც ორიენტირებულია პასუხისმგებლობის მნიშვნელობის ჩვენებასა და მის გათავისებაზე. ამისათვის შესაძლებელია:
ბავშვებს მიაქცევინოთ ყურადღება მათ თვალწინ მომხდარ ისეთ სიტუაციებზე, რომლებიც პასუხისმგებლობის მნიშვნელობის დანახვასა და მიღებული შედეგების გააზრებაში დაეხმარებათ.
გააცანით პასუხისმგებლობის არსთან დაკავშირებული ისტორიები, მხატვრული ნაწარმოებები, ფილმები და ა.შ. სთხოვეთ, იმსჯელონ მათ შესახებ. ყურადღება გაამახვილებინეთ მიღებულ შედეგებზე და შეაფასებინეთ ისინი.
გაარკვიეთ, რა წარმოდგენა და დამოკიდებულება აქვთ ბავშვებს პასუხისმგებლობის ცნებისადმი:

1.თქვენი აზრით, რას გულისხმობს სიტყვა “პასუხისმგებლობა”?

2.მოიყვანეთ მაგალითები სხვადასხვა წყაროდან (მხატვრული ლიტერატურა, ისტორია, პირადი ცხოვრება და ა.შ.), რომლებიც პასუხისმგებლიან საქციელს უკავშირდება.

3.როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორები განაპირობებს და რა უშლის ხელს ადამიანის პასუხიმგებლიან პიროვნებად ჩამოყალიბებას?

4.რატომ არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის განვითარება როგორც პიროვნულ, ასევე საზოგადოებრივ დონეზე? შეაფასეთ მისი მნიშვნელობა.

5.შეაფასეთ თქვენი პასუხისმგებლობის გრძნობა 1-დან 10 ქულამდე და ახსენით, რატომ დაწერეთ ეს კონკრეტული ქულა? და ა.შ.

უბიძგეთ ბავშვებს მიზნების დასახვისკენ. მიზნების დასახვა ეხმარება ბავშვს, ყურადღება გაამახვილოს მნიშვნელოვანზე და ნაკლები ყურადღება დაუთმოს უმნიშვნელო საკითხებს. როდესაც ბავშვი მიზნის მიღწევაზეა ორიენტირებული, ის უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება შესასრულებელ სამუშაოს. მიზნების დასახვა შესაძლებელია ყველა მიმართულებით, მაგ.: სასკოლო დავალებების შესრულება, სპორტში წარმატების მიღწევა და ა.შ.

პასუხისმგებლობა ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა იმ თვალსაზრისით, რომ ის არა მარტო ინდივიდის, არამედ საზოგადოების წარმატებასაც განაპირობებს. ამიტომ დღეს განსაკუთრებით აქტუალურია მისი განვითარების ხელშეწყობა ბავშვებსა და მოზარდებში როგორც მშობლების, ასევე მასწავლებლების მხრიდან.

სწავლება, სწავლა და პრაქტიკული ეთიკა

0
ეთიკის ნორმების სწავლება 
2010 წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ  სკოლის დირექტორებთან, მასწავლებლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობისა და კონსულტაციების შედეგად დამტკიცდა მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი, სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი და მოსწავლის ქცევის კოდექსი. ეს ის ძირეული დოკუმენტებია, რომლებიც სკოლის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნის საწინდარს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, რთულია, მასწავლებელმა მოსწავლის ქცევის ფორმირება შეძლოს, თუ მოსწავლის ქცევის კოდექსს ტრადიციული დიდაქტიკური მეთოდით შეასწავლის.  მოსწავლეებისათვის უფრო სასარგებლოა იმ ეთიკური ნორმების გაცნობა და გათავისება, რომლებიც მათ პრაქტიკულ საქმიანობაში, არა მარტო სკოლაში, არამედ სკოლის მიღმაც გამოადგებათ. 

რატომ უნდა მოახდინოს მასწავლებელმა ეთიკის ნორმების ინტეგრირება საგნის სასწავლო კურსში? 

გარდა იმისა, რომ ეთიკის ნორმების სწავლა მოსწავლეს მორალურ სტანდარტებზე დააფიქრებს, ამას სრულიად პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. მაგალითად, კვლევის ეთიკის დაცვის გზით მას უყალიბდება აკადემიურ გარემოში ინფორმაციის კეთილსინდისიერად მოპოვების, დამუშავებისა და ანგარიშგების პასუხიმგებლობის გრძნობა. ამასთან, მოსწავლე შესაბამისი ცოდნითა და უნარებით არის მომზადებული უმაღლეს საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად.  

როგორ უნდა ისწავლებოდეს ეთიკა?

ეთიკის, ისევე, როგორც სამოქალაქო თვითშეგნების, ცალკე საგნად სწავლება გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული. მოსწავლეს ექმნება წარმოდგენა, თითქოს ეთიკა დასასწავლი დისციპლინაა, რომელსაც რეალურ ცხოვრებასთან ცოტა რამ აქვს საერთო. გარდა ამისა, კვლევები (მაგალითად, სტენფორდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევა) ცხადყოფს, რომ ეთიკის, როგორც დამოუკიდებელი საგნის, სწავლება ვერ აყალიბებს მოსწავლეებს უფრო შეგნებულ, კეთილსინდისიერ მოქალაქეებად. მიუხედავად ამისა, თუ ეთიკური ნორმების სწავლება მათ პრაქტიკულ გამოყენებასთანაა დაკავშირებული, მოსწავლეები მეტად თავისუფლდებიან დოგმატური აზროვნებისგან და ტოლერანტურ მოქალაქეებად ყალიბდებიან. ამასთან, მათ მეტი პასუხისმგებლობა უჩნდებათ, შექმნან ახალი და ღირებული ცოდნა. 

ნებისმიერი საგნის მასწავლებელი, გაცნობიერებულად თუ ქვეცნობიერად, მოსწავლეებს უყალიბებს გარკვეულ უნარებს, შეხედულებებსა და თვისებებს, რომლებსაც ისინი სამომავლოდ (სკოლის კედლებს მიღმა) მორალური დილემების გადაჭრისას გამოიყენებენ. ამ გადაწყვეტილებების სისწორე სწორედ ადრეულ ასაკში ჩამოყალიბებულ ეთიკურ ნორმებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პრაქტიკული ეთიკის სწავლების ყველაზე მარტივი მაგალითია ის, რომ მოსწავლეებმა ხელი უნდა ასწიონ მანამ, სანამ მასწავლებლისგან საუბრის დაწყების უფლებას მოიპოვებენ. ეთიკის პრაქტიკული ნორმების დამკვიდრებით მოსწავლეები სწორი და არასწორი ქმედებების დიფერენცირებას, შემდეგ კი ამგვარი კატეგორიზაციის შეფასებას/გადაფასებას სწავლობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ეთიკა მორალურ კატეგორიას განეკუთვნება, არსებობს ცხადი პრაქტიკა, თუ როგორ შეიძლება ეთიკური ქცევის ჩამოყალიბება როგორც ჰუმანიტარული, ასევე საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების სწავლებისას. 

ეთიკის სწავლება საბუნებისმეტყველო საგნებში

საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა ყურადღება მიაქციონ, რამდენად სწორად ასახავენ მოსწავლეები კონკრეტული ექსპერიმენტის თუ სასწავლო პროექტის ფარგლებში მიღებულ მონაცემებს. აღნიშნულ საგნებში ექსპერიმენტული და პრაქტიკული დაკვირვებების შეჯერება მასწავლებლებისათვის და მოსწავლეებისათვის ახალი და საინტერესო გამოცდილებაა, რაც მათგან მეტ ძალისხმევას და დროს მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში ხშირია რისკი, რომ მასწავლებელმა მეტი ყურადღება დაუთმოს უშუალოდ სამეცნიერო კვლევის ჩატარების პროცესს, ვიდრე მიღებულ შედეგს. მნიშვნელოვანია, მასწავლებელი დარწმუნდეს კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების  სიზუსტეში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსწავლეებს გაუჩნდებათ განცდა, რომ შედეგების შეცვლითა და “გალამაზებით” მათი სამეცნიერო პროექტი უფრო მაღალ შეფასებას მიიღებს. 

კვლევის ეთიკა. პლაგიარიზმი და შემოქმედებითობა

თანამედროვე სწავლა და სწავლება კვლევის ელემენტებსაც გულისხმობს. მასწავლებლები სულ უფრო ხშირად სთხოვენ მოსწავლეებს საშინაო დავალების მოსამზადებლად სხვადასხვა დამატებითი წყაროს მოპოვებას როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. ეს უმნიშვნელოვანესია მოზარდის მედია და ციფრული წიგნიერების დონის ასამაღლებლად. საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება ცოდნის ახალი წყაროების აღმოსაჩენად არსებითია სწავლის პროცესის დივერსიფიცირებისათვის. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს საკმარისი ინფორმაცია ჰქონდეთ აღნიშნული გზით მოპოვებული რესურსების გამოყენების შესახებ. 

21-ე საუკუნეში მოსწავლეებისათვის სირთულეს არ წარმოადგენს ნებისმიერ საკითხთან თუ მოვლენასთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციის მოპოვება. ხშირად მოსწავლე ყურადღებას არ აქცევს მოპოვებული წყაროს სანდოობას და მეტიც, პირდაპირ იწერს მას. მასწავლებლისათვის, როგორც წესი, სირთულეს არ წარმოადგენს მოსწავლის ორიგინალური და სხვა წყაროდან გადმოწერილი ნაშრომების დიფერენცირება. მიუხედავად ამისა, მოსწავლის შრომისა და ძალისხმევის წასახალისებლად, ხშირად უგულებელყოფენ ასეთ ფაქტებს და მაღალ შეფასებებს აძლევენ ამ “ნაშრომებს”. პლაგიარიზმის – სხვისი ნამუშევრის/იდეების საკუთარ ნამუშევრად/იდეებად წარმოჩენის _ ასეთი “წახალისებით” მოსწავლეს უჩნდება განცდა, რომ მასწავლებელი მუდმივად ელის მისგან ახალ, ორიგინალურ პროექტებს. მაშინ, როცა ახალი ცოდნის დამოუკიდებლად შექმნა რთულია, მოსწავლისათვის სხვისი აზრების საკუთარ ნააზრევად წარმოდგენა უფრო მომგებიანი ხდება. ამდენად, აუცილებელია, პედაგოგმა ცხადად აუხსნას მოსწავლეებს, რომ მათგან არავინ ელის მუდმივად შემოქმედებით და ინოვაციურ იდეებს. ნებისმიერი წარჩინებული მოსწავლისგან მასწავლებელი, როგორც წესი, უნდა ითხოვდეს მხოლოდ სანდო ინფორმაციის მოპოვებას, ინფორმაციის სწორად მოხმობას, ციტირებას და შეგროვებული მონაცემების სწორ ინტერპრეტაციას.  

გარდა ამისა, მასწავლებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რომ პლაგიარიზმით ისინი ახალ ცოდნას ვერ შეიძენენ და სირთულეს შეიქმნიან სწავლის შემდეგ საფეხურებზე. ამის თავიდან ასარიდებლად მასწავლებელს შეუძლია:

·მოსწავლეებს მისცეს ისეთი დავალება, სადაც უფრო მნიშვნელოვანია ახალი ცოდნის შეძენა, ვიდრე ინოვაციური და კრეატიული იდეების წარმოდგენა;
·სთხოვოს მოსწავლეებს, გამოიყენონ მრავალფეროვანი წყაროები და სწორად მოახდინონ ამ წყაროების ციტირება;  
·აღნიშნოს, რომ ისევე, როგორც ბეჭდურ მასალაზე მუშაობისას, მიუღებელია ვებგვერდიდან მასალის გადმოწერა წყაროს და ავტორის მითითების გარეშე. ის ფაქტი, რომ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომია, არ გულისხმობს იმას, რომ აღნიშნულ მასალას არ ჰყავს ავტორი და მისი გამოყენებისას არ არის აუცილებელი წყაროს და შესაბამისი ბმულის მითითება; 
·აუხსნას მოსწავლეებს, როგორ ხდება სხვების აზრების ციტირება და პერიფრაზირება.  
ეთიკური სასწავლო გარემოს შექმნა 
სკოლაში მასწავლებლებისა და თანატოლების მიერ შექმნილი გარემო მოსწავლეების ქცევის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია. სამართლიანობის განცდის დაკარგვის შემთხვევაში, შესაძლებელია, მოსწავლეს გაუჭირდეს იმის გაცნობიერება, რატომ უნდა დაიცვას ეთიკური ნორმა. 

მაშინ, როდესაც მოსწავლეებისათვის დასახული მიზნები მაღალია, ყოველთვის იზრდება სხვისგან გადაწერის, ან ე.წ. “შპარგალკების” გამოყენების ალბათობა. “შპარგალკის” გამოყენების განსაკუთრებით დიდი ცდუნება უჩნდებათ მოსწავლეებს მაშინ, როდესაც სკოლას ამთავრებენ ან უმაღლეს სასწავლებელში აბარებენ. უნდა ვაღიაროთ, რომ გადაწერის და “შპარგალკების” მიმართ საზოგადოებაში ამბივალენტური დამოკიდებულებაა, რაც მოსწავლეს/აბიტურიენტს აფიქრებინებს, რომ ასეთი წყაროს გამოყენება დასაშვებია, თუ არ მოხდა მისი აღმოჩენა. 
ეთიკური დამოკიდებულება მიღწევების კეთილსინდისიერი დემონსტრირების მიმართ სწორედ სკოლაში ყალიბდება. ეთიკური ნორმებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების დასაცავად მასწავლებელს შეუძლია შეიმუშაოს  კონკრეტული წესები, რომელთა დაცვაც ყველა მოსწავლისათვის აუცილებელი იქნება. მაგალითად, გარდა იმისა, რომ საკონტროლო თუ შემაჯამებელი შეფასების დროს მასწავლებელმა მოსწავლეები არ უნდა დასვას ერთმანეთის გვერდით, არ უნდა მისცეს ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული ტექნიკის გამოყენების საშუალება, მან უნდა მოიფიქროს ისეთი კითხვები, რომლებიც მოსწავლის ცოდნის გადამოწმების საშუალებას მისცემს. როგორც კვლევა ცხადყოფს, იმ შემთხვევაში, როდესაც მასწავლებელი ერთსა და იმავე კითხვას სხვადასხვა ფორმულირებით უსვამს მოსწავლეს, მარტივი ხდება იმის დიფერენცირება, მოსწავლემ იცის კონკრეტული საკითხი თუ არა. 

ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეულ მოსწავლეს გაცნობიერებული ჰქონდეს ამ წესების დაცვის აუცილებლობა, თითოეულმა მოსწავლემ იცოდეს, რომ ერთგვარი პრივილეგიებით არავინ ისარგებლებს.  

და ბოლოს, ეთიკური ნორმების სწავლებისას მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ სხვა საკითხებისგან განსხვავებით, ეთიკური ნორმების სწავლება ცოდნის მუდმივ განმტკიცებას და მასწავლებლისგან პრაქტიკული მაგალითის ჩვენებას მოითხოვს. მოსწავლეებს კი უნდა სჯეროდეთ, რომ მთავარი ახალი ცოდნის მიღებაა და არა წარჩინებულობა. 

შიდასასკოლო შეფასების მექანიზმები (ნაწილი მეორე)

0
სტატიის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ სასკოლო შეფასების არსზე, იმ მნიშნელოვან წინაპირობებზე, რაც შეფასების სისტემის ჩამოყალიბებისას უნდა დავიცვათ, ასევე შეფასებასა და მონიტორინგს შორის განსხვავებაზე. ამჯერად შევეცდებით პროცესის უკეთ წარმოსადგენად  განვიხილოთ თითოეული ნაბიჯი ვირტუალური სკოლის მაგალითზე. 

საწყის ეტაპზე ადმინისტრაცია მასწავლებლებთან (შესაძლებელია კათედრის ხელმძღვანელებთან) ერთად სასწავლო წლის დაწყებამდე ცდილობს პასუხი გასცეს იმ 4 შეკითხვას, რომელზეც სტატიის პირველ ნაწილში გვქონდა საუბარი. შედეგები სავარაუდოდ ასე გამოიყურება:

1.უნდა შეფასდეს მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები, სასკოლო გარემო და ინფრასტრუქტურული მდგომარეობა;

2.შეფასების პროცესში ჩართული იქნებიან დირექციის წევრები (დირექტორი და მოადგილეები), კათედრის ხელმძღვანელები და სურვილის შემთხვევაში სამეურვეო საბჭოს წევრები. ამ ფორმალურ თუ არაფორმალურ გაერთიანებას პირობითად შეიძლება შეფასებისა და მონიტორინგის ჯგუფი ვუწოდოთ.

3.შეფასებასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელი გუნდი შეარჩევს შესაფერის მეთოდოლოგიას: 

ა) მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შეფასების მიზნით ისინი შეისწავლიან მონაცემებს სასკოლო ჟურნალებიდან (განმსაზღვრელი შეფასება), კათედრის პორტფოლიოებიდან (შემაჯამებელი დავალებების შესრულების ანგარიშები, კათედრის ხელმძღვანელის ანგარიშები), შეადგენენ დიაგრამას და გამოკვეთენ კონკრეტულ საგნებში აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელს საგნების მიხედვით;

ბ) სასკოლო გარემოს სფეროს დაყოფენ ორ მიმართულებად – ხელმძღვანელობისა და მენეჯმენტის შეფასება და სასკოლო კულტურის შეფასება. მეთოდად ირჩევენ გამოკითხვას, ინტერვიუს, მეორადი მონაცემების შესწავლასა (დირექციისა და მასწავლებლების თვითშეფასების ანგარიშები, დისციპლინური კომიტეტის ოქმები) და ფოკუს ჯგუფს.

გ) ინფრასრუქტურული მდგომარეობის შესაფასებლად ჯგუფი ირჩევს დაკვირვებას და მეორადი მონაცემების შესწავლას. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ვიხელმძღვანელოთ არსებული სტანდარტებით შენობის მდგომარეობის, ფართისა და მატერიალური რესურსის სხვა მახასიათებლებით. ვიზუალური დათვალიერებითა და დოკუმენტაციის შესწავლის გზით ვადგენთ, რამდენად აკმაყოფილებს შენობის მდგომარეობა მოსწავლეთა საჭიროებებს. 

4.ჯგუფი თანხმდება, რომ ყველა ზემოთ აღნიშნული მიმართულების შეფასება მოხდება წელიწადში ორჯერ – სასწავლო წლის დასაწყისსა და დასასრულს. 

სტატიის მომდევნო ნაწილებში დეტალურად გავეცნობით კითხვარის შედგენის, ინტერვიუს, ფოკუს ჯგუფის ჩატარების პრინციპებს და კვლევის სხვადასხვა მეთოდს, რომელიც შეიძლება წარმატებით გამოვიყენოთ სკოლაში.
წარმოვიდგინოთ, თითქოს მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შეფასების დროს აღმოჩნდა, რომ საბაზო საფეხურზე მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელი მათემატიკაში 6 ქულას შეადგენს. სასკოლო გარემოს შეფასებისას დადგინდა, რომ სკოლაში ხშირად იქმნება კონფლიქტური სიტუაციები, რაც დირექციის მხრიდან არასწორი კომუნიკაციის შედეგია. ინსფრასტურქტურული მდგომარეობის შესწავლისას გამოიკვეთა პრიორიტეტული პრობლემა სკოლაში – სველი წერტილების სათანადოდ მოწესრიგება. სკოლის დირექცია, შეფასების ჯგუფთან ერთად იწყებს იმ გზების შემუშავებას, რაც აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. 

ამისათვის დირექციამ შეიმუშავა ერთ წელზე გათვლილი სამოქმედო გეგმა. წლის მანძილზე მიზნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება (პირობითად 4 მიზანი):

1.მათემატიკის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა (ტრენინგები, ინტეგრირებული გაკვეთილები, შეხვედრები გამოცდილების გაზიარებისათვის);

2.მათემატიკის კათედრის აღჭურვა რესურსებით და სწავლების ხელშემწყობი სხვა საშუალებებით;

3.მასწავლებელთა წახალისება მოტივაციის გაზრდის მიზნით;

4.მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით სასკოლო კონკურსის დაგეგმვა მათემატიკაში და წარმატებული კლასის წახალისება.

სასურველია, მონიტორინგის განხორციელების მიზნით, შედგეს პირობითი სქემა, რომელიც თვალსაჩინოდ წარმოგვიდგენს მიღებულ შედეგს და დაგვეხმარება შედეგების საბოლოო შეფასებაში. მსგავსი პრინციპით შედგება სქემა თითოეულ მიზანზე, რომელიც სასკოლო გარემოსა და  ინფრასტრუქტურას შეეხება. 
 
როგორც ცხრილიდან ჩანს, მიზნის ნაწილში იწერება სამოქმედო გეგმის შემუშავებისას გამოვლენილი პრობლემა – რომელიც მიზნად იქცა. აქტივობის გრაფა აზუსტებს  მისაღწევ გზებს – რა კონკრეტულ ქმედებებს განვახორციელებ წარმატებისათვის. მონიტორინგის მეთოდის ნაწილში ვწერთ იმ კონკრეტულ მეთოდოლოგიას, რომლის საშუალებითაც სკოლის გუნდი პროცესის მუდმივ კონტროლსა და შემოწმებას განახორციელებს შესაბამისი ვადისა და შესრულებაზე პასუხისმგებელი პირის მითითებით. მნიშვნელოვანია, ასევე გავითვალისწინოთ დადასტურების ნაწილი. ეს ჩვენ მიერ განხორციელებული ქმედებების ნამდვილობის მაჩვენებელია, რაც შედეგების სანდოობას უზრუნველყოფს.

მსგავსი ცხრილის წარმოება სკოლის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს კომპლექსური და საბოლოო შეფასებისას უფრო სწრაფად მოახდინონ ინფორმაციის მოძიება, გაითვალისწინონ შედეგები სამომავლოდ და შექმნან სკოლაში ხარისხის მართვის საკითხებთან დაკავშირებული ინსტიტუციური მეხსიერება.

უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს კონკრეტული მეთოდი, რომელიც შეფასების ან მონიტორინგის პროცესის აუცილებელი მახასიათებელი იქნება. მეთოდს ვირჩევთ მიზნის შესაბამისად. ამ ორი კომპონენტის შესაბამისობა მნიშვნელოვანია სანდო შედეგისა და პროცესის გამჭვირვალედ წარმართვისათვის.

ჩემი თავგადასავალი

0
ბებიაჩემს მაინცდამაინც არასდროს უყვარდა ჩემი საზაფხულო ვიზიტები. ორსართულიანი სახლი ორ ნაწილად იყოფოდა: პირველი სართული- ჩემი სამფლობელო და მწირი ბიბლიოთეკა, მეორე სართული- ბიცოლაჩემის წესრიგი და მდიდარი ბიბლიოთეკა. სულ ტომებად ჩაწყობილი წიგნები, ფერისა და მოოქროვილი ზედაპირის ბრწყინვალების მიხედვით განლაგებული ლიტერატურა, ალუბლის ხის უძვირფასეს თაროებზე შემოლაგებული ტექსტები, რომლებიც ისე მედიდურად გამოიყურებოდნენ, როგორც მოდური მაღაზიის კონსულტანტები იმ ძველი ფილმიდან “ლამაზმანი”. და მე, თვითმარქვია ჯულიას, ხელში მსხვილ- მსხვილი ბანკნოტები არ მეჭირა, სამაგიეროდ, მეტისმეტად თავხედური ბუნების გახლდით და მეტისმეტად მიყვარდა კითხვა. ჩემთვის დაბრკოლებები არ არსებობდა, მითუმეტეს- აკრძალვები. სწორედ ამიტომ, მეორე სართულის თავდაყირა დაყენების მცდელობა მცდელობად არ რჩებოდა და ჩემი ვიზიტიდან ერთ საათში გამეფებული ქაოსის დანახვაზე შეძრწუნებულ ბებიაჩემს ასე ვპასუხობდი: “კარგი რა, მე თვითონ დავალაგებ, არ მოგბეზრდათ ეს კომუნისტური, “უმტვერო” წესრიგი?!” ერთი სიტყვით, მაშინ ვფიქრობდი რომ ჩემი მიზანი ამ მედიდური, კუდაბზიკა თაროებისა და წიგნების გაადამიანურება იყო. რომ ყავა თუ დაგექცა წიგნის რომელიმე გვერდზე, ტრაგედია სულაც არ არის, რომ ლაქები უხდება ტექსტებს, რომ ავტორებს სუფთა ფურცლები არ უყვართ და რომ ჩაკეცილი ფურცლების არაესთეტიკურობა ბებიების და ბიცოლების მიერ მოგონილი მითია.

ამ აკრძალული ბიბლიოთეკის გვერდით კიდევ ერთი მტკივნეული რეალობა არსებობდა: “აკრძალული ლიტერატურა” და პირიქით- “აუცილებლად საკითხავი ლიტერატურა”. ეს სულაც არ ჰგავდა ორ ცეცხლს შუა მდგომი ადამიანის გასაჭირს, რომელიც რატომღაც ვერ ხვდება, რომ კიდევ ორი გზა აქვს: მარცხენა ან მარჯვენა. დედაჩემის აზრით, 13 წლის გოგოს არ უნდა წაეკითხა დიტერ ნოლის “ვერნერ ჰოლტი” ზედმეტად ეროტიული სცენების გამო, სამაგიეროდ, აუცილებლად უნდა დაეძლია სერვანტესის მწვერვალები. რაღა დაგიმალოთ, მაშინ დონ კიხოტის “ქარის წისქვილები” სულაც არ გახლდათ ჩემი სულის მამოძრავებელი მექანიზმი, ხორბლის ვერცერთ მარცვალს ჩამომიფქვავდა, სამაგიეროდ, სიამოვნებით ვკითხულობდი ალფონს დოდეს წისქვილის ამბებს. და თავხედურად, მალულად ვიჭყიტებოდი “ვერნერ ჰოლტისკენ”, რადგან გაცნობიერებული მქონდა “მარჯვენა” და “მარცხენა” ბილიკების არსებობის თეორია. კითხვა მაშინ ცოტათი ჰგავდა ქურდობას და ეს დღემდე ძალიან მაბედნიერებს, რადგან “აკრძალული ხილის” ქურდი ქურდი არ არის, ისევე, როგორც ხუთი მწიფე მსხლის ქურდობა ვერ იქნება დასჯადი ქმედება.

აუუუ, რამდენ რამეს გვიკრძალავდნენ. სკოლაში- სამკაულებს: მძაფრად მახსოვს, როგორ მახსნევინებენ საყურეებს, ფაქტობრივად, ჭრილობიდან, ახალგახვრეტილი, შეუხორცებელი ყურებიდან. მართმევენ ბავშვურ ბედნიერებას, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა- ორი, მცირე ზომის მოოქროვილი მეტალი. სკოლა ფიქრობდა, რომ ლაქი ფრჩხილებზე მხოლოდ დიდური სილამაზის შტრიხი იყო და ჩვენი, პატარა გოგოების უმწიკვლოება დიდწილად გახლდათ დამოკიდებული შეურყვნელი ფრჩხილების სისპეტაკეზე. მაკიაჟის არსებობაზე, რა თქმა უნდა, ლაპარაკი ზედმეტია. სკოლისთვის მისაღები მოსწავლეების იდენტიფიცირება მაშინ ვიზუალური ეფექტის მიხედვით ხდებოდა.

აქეთ- ოჯახი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ეცინებოდა სკოლის ქარაფშუტულ მიდგომებზე და თვლიდა, რომ ყურის გახვრეტა სულის გახვრეტა არ არის, რომ, დაე, მისმა შვილმა ტუჩზე წითელი პომადა მოიცხოს, მთავარია, 13 წლის ასაკში არ წაიკითხოს “წითელი და შავი”, სამაგიეროდ, აუცილებლად ჩაუჯდეს “გულივერს”.

დედაჩემის “განათლებული” შვილის მიერ წაკითხული წიგნების სია აუცილებლად ითხოვდა სვიფტს! მაგრამ გულმა მაინც ვერ მიიღო გულივერი! ბოლოსდაბოლოს, რაღას იზამდა დედაჩემი,- ადგა და შინაარსი მიამბო. ეს გახლდათ ჩემი დიდი და ბნელი საიდუმლო და ისტორია, რომლის გახსენებაც ღიმილს მგვრის.

…ჩვენი მეხსიერება უზარმაზარი ყუთი არ არის, სადაც მოუწესრიგებლად ყრია უამრავი სხვადასხვა ისტორია, პირიქით: სულ დახარისხებული წარსული გვაქვს, რომელიც, მართალია ძვირფას თაროებზე ვერ შემოვაწყეთ, მაგრამ ვიზრუნეთ, სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით გაგვენაწილებინა. ჩვენი ემოციური დამოკიდებულება მისდამი კი საზომად გამოვიყენეთ. არ ვიცი, ვიქნებოდი თუ არა ერთი და იგივე ლაქიანი და ულაქო, საყურეებიანი და საყურეების გარეშე, სვიფტწაკითხული და სვიფტწაუკითხავი?!- ერთი კია, სწორედ ძველმა აკრძალვებმა, ხანდახან ქარაფშუტულმა და თითქმის სულელურმაც კი, მასწავლა დინების საწინააღმდეგოდ მოძრაობის ტექნიკა, რომელიც განსაკუთრებით მაშინ არის მნიშვნელოვანი, როცა რუტინა შენი დღეების ზედაპირზე ისე ახლოს დევს, როგორც- შორთქათი კომპიუტერის ეკრანზე.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...