ორშაბათი, ივლისი 6, 2026
6 ივლისი, ორშაბათი, 2026

ნივთიერებათა გასაუბრებაროლური თამაშები

0
გამოიცანით!
– მეგობარო, სად ხარ? უშენოდ მიჭირს, ვერ ვისვენებ, შენთან თავს მშვიდად ვგრძნობ. თერთმეტი შვილი მახვევია გარს, ყველა თვალებში შემომცქერის, ყველა დამჯერე და ჭკვიანია, გარდა ერთისა. ვერაფერი მოვუხერხე იმ ერთს, მიჭირს მისი დამორჩილება, ერთი სული აქვს, როდის გამექცევა… შენთან ურჩევნია. ვიცი, რომ შენც გულში ჩაიკრავ და ღვიძლი შვილივით მოუვლი. მეც ბედნიერი ვიქნები, რადგან საიმედო ხელში დავიგულებ ჩემს ურჩს, რომელიც შენს 17 შვილს მიემატება და სამუდამოდ დაგვაკავშირებს ერთმანეთთან.

ასე იქცეოდნენ ჩვენი წინაპრებიც, ამიტომ ბუნება სავსეა ჩვენი ჯიშითა და ჯილაგით. ჩვენ ყველგან ვართ, ხმელეთზე თუ წყალში, უჩვენოდ სიცოცხლე ხომ შეუძლებელია! (NaCl)

 
– რაო?! ეს ვინ არის, ასე რომ მოაქვს თავი, უჩვენოდ სიცოცხლე შეუძლებელიაო?! სიცოცხლე ხომ სუნთქვაა, სუნთქვა კი ჩემი მოგონილია, უჩემოდ ადამიანი ერთ წუთსაც ვერ გაძლებს, გაიგუდება და მოკვდება. მე ხომ სუნთქვის, წვისა და ჟანგვის დედა ვარ! (O2)
 
– მართალი ხარ, მაგრამ ნუ დაგავიწყდება – შენ გვერდით რომ არ ვიყო და შენზე 4-ჯერ მეტი არ ვიყო, შენი წყალობით დედამიწა აქამდე მილიონჯერ გადაიხრუკებოდა. მე გაკავებ, გამშვიდებ და გიქმნი კომფორტულ გარემოს. აბა, შეხედე ამ უქნარას, რომელიც ჩვენ ირგვლივ დაპარპაშებს და ბუნებას გლობალურ დათბობას, წარღვნასა და წალეკვას უქადის! (N2)
 
– მთლად ასეც არ არის, ჩემო ბატონო, არც მე ვარ გამოუსადეგარი. სწორედ ჩემი წყალობით ხდება კოკა-კოლასა თუ ლიმონათის დაგემოვნება, რომელიც ასე უყვართ ჩვენს თმაქოჩორა გოგო-ბიჭებს (CO2).
 
– რა ამბავია, რა ხმები მესმის, ყური ხომ არ მატყუებს?! თქვენი საუბარი სასაცილო და მკრეხელურია. თუ ზომა-წონაზე მიდგა საქმე, ვინ შემედრება?! მე ხომ სიცოცხლის დედა ვარ, ჩემში იშვა სიცოცხლე, ბუნებაც ხომ უმთავრესად მე ვარ, დედამიწის ზედაპირის სამი მეოთხედი მე მიკავია, ერთი მეოთხედია მხოლოდ ხმელეთი და ისიც სავსეა ზღვებით, ტბებით, მდინარეებითა და მორაკრაკე ნაკადულებით. მე ვარ ყველგან და ყველაფერში, უჩემოდ სიცოცხლე არ არსებობს, სიცოცხლე ჩემი არსებობის ფორმაა (H2O).

 
– დამშვიდდით, ბატონებო, ნუ კამათობთ, ჩვენი ძალა ერთობაშია, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით. მე, რომელსაც ზოგჯერ დამამცირებლად ნახშირს, ზოგჯერ კი აღტაცებით ალმასს მეძახიან, ვქმნი 20 მილიონზე მეტ ნივთიერებას, რომელთაგანაც შედგება მთელი ცხოველური და მცენარეული სამყარო. იმის თქმა მინდა, რომ ყველა საჭირო ვართ. ახალგაზრდებმა ბევრი რამ უნდა ისწავლონ ჩვენზე. ისინი ჩვენს გარემოცვაში ცხოვრობენ და რაც უფრო უკეთ გაგვიცნობენ, მით უფრო კომფორტული იქნება მათი ცხოვრება (C).
  

ნინელი თორდინავა
აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი
ჩხოროწყუს რაიონი, დაბა ჩხოროწყუ

წერილი გარდაცვლილებს

0

ხშირად, როცა თაობებს შორის მსგავსება-განსხვავებაზე ვფიქრობ, მგონია, რომ ჩვენი და, მაგალითად, ჩვენი მშობლების თაობა ერთმანეთისგან ავტორიტეტების არსებობით განსხვავდება. დიახ, წინა თაობას მეტი ჰყავდა ისეთი ადამიანი, ვისი ცხოვრებაც სამაგალითოდ მიაჩნდა, ვისაც უპირობოდ სცემდა პატივს, ვის სიტყვასაც იოლად იჯერებდა. ახლა ასე აღარ არის, რაშიც ალბათ ლომის წილი ინტერნეტს უდევს. ახლა შეგიძლია, ნებისმიერი ადამიანი, ვინც გაინტერესებს, სოციალურ ქსელში იპოვო, თვალი ადევნო და მის ძლიერ მხარეებთან ერთად სუსტებიც დაინახო, ხელშესახები და განხილვადი გახადო, დაელაპარაკო, ხმა მიაწვდინო. მიუწვდომლობისა და განსაკუთრებულობის საბურველის გარეშე კი ყველა ადამიანი ადამიანია, რომელიც უფრო შენნაირია, ვიდრე განსხვავებული. ასე კვდება ავტორიტეტი, ქრება დისტანცია.

ჩემი თეორიის საბუთად არაერთი მაგალითის მოყვანა შემიძლია, მაგრამ ამჯერად ერთზე მოგიყვებით.

წერილი გარდაცვლილ ხალხს [ https://www.facebook.com/letterstodeadpeople ] – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ინტერნეტში 2009 წლიდან დღემდე მიმდინარეობს და მასში ჩართული ადამიანები ცნობილ გარდაცვლილებს მოკლე ღია ბარათებს სწერენ.

„ნელსონ მანდელა, ბავშვობიდან მესმოდა, რომ ძალიან მაგარი ტიპი იყავი, მაგრამ არასოდეს მომისმენია, რამ გაქცია ასეთად”.
„ძვირფასო ფრენკ სინატრა, განგსტერებსაც უყვართ მუსიკა”.
„ედუარდ მუნკ, რა გაყვირებდათ?”
„კაზანოვა, შეგიძლია თქვა, რამდენი ქალის გული მოინადირე?”
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მოკლე, ოდნავ ფამილარული წერილებისა, რომლებსაც სხვადასხვა ასაკის, ეროვნებისა და ინტერესების ადამიანები სწერენ გარდაცვლილებს. ასეთი ბარათი ათასობითაა და მათი კითხვა მშვენიერი თავშესაქცევია მათთვის, ვისაც აინტერესებს, როგორ ხდება დროთა განმავლობაში ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრების გადაფასება, როგორ იხსნება ბარიერები და ჩნდება კითხვები. ამ ბარათების ანალოგიით რამდენიმე წერილს ვწერ მათ, ვისაც არ ვიცნობდი, ვინც ცოცხალი აღარ არის და ვის შესახებაც, მიზეზთა გამო, ხშირად ვფიქრობ.
წერილი I
გურამ რჩეულიშვილს

ძვირფასო გურამ, ბავშვობაში დედა მიყვებოდა ბიჭზე, რომელიც მძიმე ჩექმებით (ბათინკებით) და მკერდზე შეხსნილი პერანგით, გამორჩეული სიარულის მანერით იქცევდა გარშემო მყოფთა ყურადღებას. ეს ფეხსაცმელი მისთვის ქალაქში მთასთან დამაკავშირებელი ელემენტი იყო. ამ ბიჭმა, ძლიერმა და უშიშარმა, ერთ ღამესაც თურმე ლენინის ძეგლს ესროლა. ასეთი რამ მაშინ არ ხდებოდა, იმპერია ხალხისგან მონურ მორჩილებას, ბელადების პატივისცემას მოითხოვდა. რუსი გოგოს გადარჩენისას დაიღუპა, – ამბობდა დედა, – ოჰ, ეს რუსი ქალებიო…

ცოცხალი რომ იყოთ, 80 წლის იქნებოდით და ძალიან გეწყინებოდათ იმის დანახვა, რომ ჩვენთან ისევ უსიტყვოდ ემონებიან ბელადს. მას არა – სხვას, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს; ხალხმა ისევ ვერ ისწავლა საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება, დამოუკიდებლად აზროვნება. მთებში ახლა მეტი ხალხი დადის. ეს კარგია, მაგრამ ისინი მთას და, საზოგადოდ, გარემოს უფრო ნაკლებ პატივს სცემენ, ყველა ტურისტულად აქტიური ადგილი ნაგვითაა სავსე. გაგრაში რუსი გოგოები ისევ ისვენებენ, მაგრამ კანტიკუნტად. აფხაზეთი ახლა დე ფაქტო ავტონომიური რესპუბლიკაა, რომელიც, რაც დრო გადის, უფრო და უფრო უცხო ხდება ჩვენთვის. ალბათ ესეც გეწყინებოდათ…

წერილი II
ანატორის აკლდამაში „მცხოვრებ” ქალს, რომელიც, თქმულების თანახმად, ბავშვითურთ წავიდა იქ ჟამიანობისას

შენი სახელი არ ვიცი. არც ის ვიცი, შენი ამბავი მართალია თუ არა. ამბობენ, რომ სოფელი ჟამიანობისას დატოვე პატარა შვილთან ერთად, რომელიც აკვნით წაიყვანე აკლდამაში. ჩემი სოფელი ახლოს არის იმ სოფელთან, სადაც ალბათ შენ ცხოვრობდი აკლდამაში გადასახლებამდე. ჩემი სოფელი ახლა უდაბური და მიტოვებულია, იქ აღარავინ ცხოვრობს, გარდა ჩემი და ჩემნაირების მოგონებებისა. იქაურობა სწორედ ეგეთი ამბებისა და ლეგენდების გამო მიყვარს. მგონია, რომ წინათ იქ უფრო შეგნებული ხალხი ცხოვრობდა, ვიდრე ახლა, მეტად ზრუნავდნენ გარშემო მყოფებსა და გარემოზე, ვიდრე ახლა, მაგრამ ვინ იცის.

მეც მყავს შვილები და მას შემდეგ, რაც ისინი გაჩნდნენ ჩემს ცხოვრებაში, უფრო ხშირად ვფიქრობ შენზე როგორც გმირზე, რომელიც შვილითურთ მარტო წავიდა სიკვდილთან შესახვედრად. ვფიქრობ იმაზე, როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება, ახლა რომ გეცხოვრა, როცა ადამიანები შავი ჭირის გამო აკლდამებში აღარ მიდიან, მაგრამ სხვა პრობლემების წინაშე ისეთივე უსუსურები ვართ, როგორიც ალბათ შენ იყავი შვილის ავადმყოფობისას. მაგალითად, მე გამუდმებით მქენჯნის სინდისი იმის გამო, რომ ჩემს შვილებთან იმაზე ათჯერ ნაკლებ დროს ვატარებ, ვიდრე სამსახურებში. სხვებს წამლისა და თბილი ფეხსაცმლის ფული არ აქვთ, კიდევ სხვები ტყვიების ზუზუნში ან ლტოლვილის სტატუსით ზრდიან ბავშვებს…
წერილი III
შუშანიკ წამებულს
შუშანიკ, ეკლესიისთვის შენ წმინდანი ხარ, ლიტერატურათმცოდნეებისთვის – ლიტერატურული გმირი, ჩემთვის კი ქალი, რომელიც 15 საუკუნის წინ იმავეს ამბობდა, რასაც ჩვენ ვამბობთ დღეს, ამავე ქვეყანაში მცხოვრები ის ქალები, ვისთვისაც მიუღებელია ქალის შეურაცხყოფა, მისი არათანაბარ პირობებში ჩაყენება, საკუთარი აზრის ქონისთვის ცემა და განკვეთა; ქალი, რომელიც ისევე შეუპოვრად იბრძოდა საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებისთვის, როგორი სიმტკიცეც ჩვენ გვმართებს ძალადობის ფაქტების შესამცირებლად და გენდერული თანასწორობის მოსაპოვებლად.
წერილი IV
ასტრიდ ლინდგრენს
ბავშვობიდან მინდოდა, შენთვის მომეწერა და დარწმუნებული ვიყავი, რომელ ენაზეც არ უნდა ყოფილიყო ეს წერილი, წაიკითხავდი და გაიგებდი. დღემდე მგონია, რომ დედამიწის ზურგზე ყველაზე უკეთ შენ გესმოდა პატარების და თუ რამე კარგი მოგონება გამომყვა ბავშვობიდან, შენი წიგნებით გამოწვეული ემოციაა. ამ ზაფხულს ბინა გამოვიცვალეთ, ახალ ბინაში გადასვლისას ერთ-ერთმა დამხმარემ შენი წიგნი შენიშნა, აიღო და მოეფერა. ჰო, მოეფერა. ნამუშევარ, დაღარულ, მტვრიან ხელებს უსვამდა და ამბობდა, სკოლაში არაფერი მისწავლია, ერთი წიგნიც არ წამიკითხავს, მარტო ეს მიყვარდაო. იმ წიგნში ემილი, ბიულერბიუელი და სალტკროკელი ბავშვები ცხოვრობენ.

აუტიზმი – რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებმა და ჩვენ

0

2014 წელს აუტიზმთან დაკავშირებული ორი გლობალური კვლევა დასრულდა. კვლევებმა დაადასტურეს, რომ აუტიზმის განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას გარემო ახდენს. ჩიკაგოს უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო ცენტრის მკვლევრებმა 100 მილიონამდე სამედიცინო ისტორია შეისწავლეს. შედეგად კი  დაადგინეს პირდაპირი კავშირი აუტისტურ დარღვევებსა და ახალშობილ ბიჭებში გენეტალიურ დეფორმაციებს შორის, რომელიც ბავშვს დედის მუცლად ყოფნის პერიოდში ტოქსინების ზემოქმედებით უვითარდება. რაც უფრო დიდია ამგვარი დეფორმაციების რისკი, მით უფრო ხშირია აუტიზმით დაავადების შემთხვევები. მეორე, არანაკლებ საყურადღებო კვლევა, რომელიც ის მილიოკის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გამოაქვეყნეს – ამტკიცებს, რომ აუტიზმის მქონე ბავშვები ხშირად იბადებიან ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში.          

 

ეკოლოგიური ფაქტორების გარდა, აუტიზმის განვითარება ორსული ქალის დიეტასაც უკავშირდება. მაგალითად, ქალებს, რომელთა ორსულობის პერიოდში კვების რაციონში რკინა და ფოლიევის მჟავა ჭარბობს, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები ნაკლებად უჩნდებათ.

 

2014 წლის განმავლობაში ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა პირველად გამოავლინეს აუტიზმის განვითარებაზე „პასუხისმგებელი” სპეციფიკური გენი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამომავლოდ სავსებით შესაძლებელია აუტიზმის გამოვლენა გენეტიკური ანალიზის საფუძველზე. სტატისტიკის მიხედვით, აუტიზმის მქონე ბავშვების დები და ძმები ამ დაავადების განვითარების რისკის ქვეშ 10-ჯერ ხშირად ხვდებიან, ვიდრე მათი ბიძაშვილ-მამიდაშვილები.

 

აუტიზმთან დაკავშირებული 2014 წლის აღმოჩენების ჩამონათვალში კიდევ ერთი შესანიშნავი, ადრეულ დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული ფაქტი მოხვდა. ცნობილია, რომ დაავადების ადრეულ სტადიაზე სწორი დიაგნოსტიკა საგრძნობლად აუმჯობესებს აუტიზმის მქონე ბავშვების ცხოვრების ხარისხს. მკვლევრებმა დააფიქსირეს ადრეული დიაგნოსტიკის მარტივი მეთოდი ქცევითი სიმპტომების მიხედვით: აღმოჩნდა, რომ ერთ წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც იშვიათად იღიმიან, აუტზმისადმი მეტად არიან მიდრეკილნი, ვიდრე მათი მოღიმარი თანატოლები.     

 

ფლორიდას შტატის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევები ცხადყოფს, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე ბავშვების მშობელთა როლი გაცილებით მნიშვნელოვანია მათ წარმატებულ მკურნალობაში, ვიდრე მედიკამენტური ჩარევები.  

 

ასევე, 2014 წელს აშშ-ის ეპიდემიოლოგებმა ახალი კვლევები გამოაქვეყნეს. ადრე მიიჩნევდნენ, რომ აუტიზმით ყოველი 90-ე ბავშვი ავადობდა. დღეს დაწყებით კლასებში ყოველი 68-ე ბავშვი აუტისტია (გასული საუკუნის 60-იან წლებთან შედარებით შემთხვევები 4-5-ჯერ არის გაზრდილი). აუტიზმი გვხვდება მსოფლიო მოსახლეობის ყველა რასისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანთა შორის. ის 3-ჯერ უფრო ხშირია ბიჭებში.

 

მიუხედავად იმისა, რომ აუტიზმის მქონე ბავშვები განსხვავებულად აღიქვამენ სამყაროს, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანატოლებთან ურთიერთობა. ეს პროცესი ორმხრივია. დადასტურებულია, რომ „უჩვეულო ბავშვებთან” ურთიერთობა დადებითად აისახება სკოლის მოსწავლეებზე, რომლებიც აუტისტ ბავშვებთან კონტაქტის წყალობით ბევრი ცხოვრებისეული სიატუაციის გადაფასებას ახდნენ.

 

როგორ უნდა შევამზადოთ ბავშვები იმ თანატოლებთან სამეგობროდ, რომლებიც მათთვის უჩვეულოდ იქცევიან? ამისათვის აუტიზმის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას უნდა ვფლობდეთ.

 

რა არის აუტიზმი? აუტიზმი ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარების უნარზე, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და გონებრივი განვითარების პროცესებზე.

 

აუტისტური სპექტრის აშლილობების დიაგნოსტიკა არცთუ ადვილია. მისი ნიშნები 18 თვემდე ვლინდება, პრობლემას კი 3 წლამდე ვერ ავლენენ, ვიდრე თვალსაჩინო არ გახდება ბავშვის მეტყველების განვითარებისა და სოციალური ურთიერთობების საკითხები. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუტისტი ბავშვი ვინმეზე ცუდია. ის შეიძლება ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი იყოს. აუტისტებს ხშირად აქვთ მუსიკის, ხატვის, ანგარიშის და ფაქტების დამახსოვრების გაძლიერებული უნარები. თანამედროვე სამყაროში არსებობს აუტიზმის კორექციის მრავალი წარმატებული მეთოდი.

 

ჩვენ შეჩვეული ვართ იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობები ხილულია, მაგრამ აუტიზმის დროს ადამიანი ჩვეულებრივად გამოიყურება. უბრალოდ, მისი ტვინი განსხვავებულად მუშაობს. მას უჭირს გარე სამყაროსთან კომუნიკაციის დამყარება, მოსმენა და გაგება, უჭირს ვინმესთან დამეგობრება. მაგალითად, მასწავლებლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია გაარკვიოს, რას აკეთებს აუტისტი ბავშვი ინტერესით, რა სახის მითითებს ასრულებს, რისი გაკეთება შეუძლია დამოუკიდებლად, რა არ მოსწონს, როგორ რეაგირებს ცვლილებებზე, როგორ გამოხატავს ემოციებს – სიხარულს და სიბრაზეს.

 

აუტიზმის მქონე ადამიანი მართლაც სხვაგვარად ხედავს სამყაროს. სხვაგვარად აღიქვამს ყველაფერს: ხმებს, ფერებს, არომატებს, შეხებას. ვიღაცისთვის ქუჩის ხმაური მეორადი ფონია, აუტისტისთვის შესაძლოა ის ისეთივე სიძლიერის იყოს, როგორც გამაყრუებელი სირენა. აუტიზმის მქონეთა დიდ ნაწილს არ მოსწონს ვინმე თუ ეხება. ის ზედმეტად რეაგირებს არომატებზე, რომელიც სხვისთვის შეუმჩნეველია. ამიტომ თუ აუტისტი ბავშვი ითხოვს ყურსასმენების ან სათვალის გაკეთებას, არ გავიკვირვოთ და უარი არ ვუთხრათ. მეორე მხრივ, გამახვილებული მგრძნობელობის გამო აუტიზმის მქონე ბევრი ადამიანი უფრო მკაფიოდ აღიქვამს სამყაროს, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ხელოვნებაში ჩანს.          

 

ზოგი აუტისტი ბავშვი არ ლაპარაკობს ან ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ მას სათქმელიც აქვს და ბევრი რამ ესმის კიდეც. ის ყველაფერს აღიქვამს, მაგრამ სიტყვებით საპასუხო რეაგირებას ვერ ახდენს. მაგალითად, საგნებზე ხელით ან სხვა ჟესტებით მიგითითებენ. აუტისტები კარგად კონტაქტობენ სპეციალურნახატებიანი ბარათებით ან ქაღალდზე დაბეჭდილი სიტყვებით. მოთმინებით უნდა დავაკვირდეთ, რომ გავიგოთ რა სურთ.

    

აუტიზმის მქონე ბავშვებს შეუძლიათ უჩვეულო მოძრაობები აკეთონ ან უცნაური ხმები გამოსცენ. ზოგი აუტისტი წინ და უკან იხრება, ზოგი ხელის მტევნებს  ან თავს იქნევს, ფეხებს აბაკუნებს. ასეთი მოძრაობების არ უნდა გვეშინოდეს. ისინი ხშირ შემთხვევაში უნებურად მოძრაობენ, ეს მათ სიამოვნებს, ამშვიდებს და ფიქრში ეხმარება. ხელის უჩვეულო მოძრაობა კი ხშირად იმის ნიშანიცაა, რომ ბედნიერებას განიცდიან.    


ზოგი ბავშვი ჩუმია, ზოგიც ენაწყლიანი და შეუსვენებლად ლაპარაკობს ყველაფერზე, რაც აინტერესებს: მოგზაურობაზე, კოსმოსზე, ცხოველებზე, კომპიუტერზე… საყვარელი თემა ყველას გვაქვს, მაგრამ აუტისტების ინტერესი რაღაცის მიმართ უსაზღვროა. თუ გეჩვენებათ, რომ თქვენი მოსაუბრე აღარ ჩერდება, უბრალოდ, უთხარით ამის შესახებ.

 

საუბრის დროს ჩვენ ხშირად ვუყურებთ ერთმანეთს თვალებში. აუტიზმის მქონე ადამიანს კი ეს აფრთხობს, არ სიამოვნებს, ბევრს არც შეუძლია ერთდროულად თვალებშიც გიყუროს და თან ესმოდეს, რას ეუბნები. ამიტომ თუ აუტიზმის მქონე ადამიანს ესაუბრებით და ის თვალებში არ გიყურებთ, ამით უარს არ ამბობს კომუნიკაციაზე. პირიქით, ამ დროს უფრო ყურადღებით გისმენთ.   

 

აუტიზმის მქონე ბავშვს თქვენი სახის გამომეტყველების მიხედვით უჭირს განსაზღვროს, რა გინდათ. სამაგიეროდ კარგად ესმის ნათქვამი, ოღონდ პირდაპირი, ბუკვალური. აუტისტებს მაქსიმალურად ღიად ესაუბრეთ, ხუმრობის და მინიშნებების გარეშე. ჩვენთვის, ვისაც არ აქვს ყოველდღიური ურთიერთობა ასეთ ადამიანებთან, რთულია იმის გაგება, რას და როგორ გრძნობენ, რა უხარიათ და რა სწყინთ. აუტიზმის დროს გარეგანი ემოცია სხვაგვარად ვლინდება ხმის ტონალობასა და სახის გამომეტყველებაში. თუ ადამიანს „უძრავი, გაყინული” სახე და მონოტონური ხმა აქვს, ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. ამიტომ თუ გაინტერესებთ რა უნდა აუტისტ ადამიანს, უმჯობესია პირდაპირ ჰკითხოთ.

 

შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ აუტისტებს არაფერი აინტერესებთ, მაგრამ ისევე როგორც სხვა ადამიანებისთვის, მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა და მეგობრობა. მათ არ იციან, როგორ უნდა დაიწყონ ურთიერთობა თქვენთან და ამიტომაც შეიძლება გვეგონოს, თითქოს თავს გვარიდებენ ან არიდებენ თანატოლებს. ურთიერთობის დაწყება თქვენ უნდა შესთავაზოთ და ცოტა ხანში მათი სახით  უერთგულეს მეგობრებს შეიძენთ. რაც ყველაზე მთავარია, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია. ნორმებს კი ჩვენ თვითონ ვიგონებთ და ვაკანონებთ. თუ ვისწავლით განსხვავებულის აღიარებას და მიმღებლობას, ადრე თუ გვიან, ესეც ნორმად იქცევა.             


მოამზადა ირმა კახურაშვილმა

 

გულო, სანამ გული გქვია…

0
„ტკივილი მარჯვენა მხრიდან დაეწყო. უცებ გულის ფიცრისკენ დაიძრა და მარცხენა ძუძუს ქვეშ გაჩერდა. მერე თითქოს ვიღაცამ მკერდი გადაუხსნა, შიგ დაკოჟრილი ხელი ჩაუყო და გული ყურძნის მტევანივით დაუწურა. წურავდა ნელა, დიდი მონდომებით: ერთი და ორი, ორი და სამი, სამი და ოთხი… ბოლოს ისე მოუჭირა ხელი, ისე დაწურა, სისხლის ნატამალიც აღარ დაუტოვა შიგ და ასე გამომშრალი და დაჭყლეტილი მიაგდო სადღაც კუთხეში, – გული გაჩერდა. არა, კი არ გაჩერდა, ჯერ ფანჯრის მინაზე შემსკდარ ბეღურასავით ჩავარდა ქვევით, აფართხალდა, გაიბრძოლა და შემდეგ გაჩერდა, მაგრამ გულის გაჩერება სიკვდილი არ ყოფილა, ეს ყოფილა უზომო შიშისაგან ფართოდ გახელილი თვალები და დაუსრულებელი მოლოდინი იმისა, ამუშავდება თუ არა ისევ წყეული გული, ამუშავდება თუ არა?!

გულის წყევლა არ შეიძლება, ბატონო, გულს მოფერება და სულის ბერვა უნდა ცეცხლზე შემდგარ რძესავით…”
ნოდარ დუმბაძემ ასე თავისი ინფარქტი აღწერა თავისივე ნაწარმოებში. ოღონდ ეს მაინც მხატვრული წარმოსახვაა. მე კი, მოდი, ისე დავწერ, როგორც ქიმიკოსს მოეთხოვება – რა არის ინფარქტი და რამდენი ხანია ჩვენს განკარგულებაში.

ინფარქტის დროს ზუსტად 90 წუთი გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენი ან სხვისი გული გადავარჩინოთ.

მიოკარდის ინფარქტი დაავადებაა, როცა გულის კუნთს აღარ მიეწოდება სისხლი, რადგან სისხლძარღვის სანათური იჭედება. ეს უმთავრესად ათეროსკლეროზის გამო ხდება, თუმცა შესაძლოა სხვა მიზეზებიც ჩაერთოს საქმეში. მაგალითად, ბაქტერია სტაფილოკოკს ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ შეუძლია გამოყოს ფერმენტი კოაგულაზა, რომელიც გულს უტევს. შედეგად სისხლი ვეღარ მოძრაობს, ადამიანი ტკივილს გრძნობს და სიმწრის ოფლი ასხამს. 20 წუთის შემდეგ გულის კუნთი სიკვდილს იწყებს. თუმცა წინ მთელი 90 წუთი გვაქვს, რომ კუნთი გადავარჩინოთ.

როგორ მოვიქცეთ, თუ შინ მარტო ვართ და ეს ყველაფერი ჩვენს თავს ხდება ან ოჯახის წევრის ინფარქტის უნებლიე მოწმე გავხდით?

რა თქმა უნდა, მაშინვე სასწრაფო უნდა გამოვიძახოთ, მაგრამ მის მოსვლამდე გულხელდაკრეფილი ლოდინი არ შეიძლება. პირველი, რაც უნდა მივაშველოთ გულს, ნიტროგლიცერინია – „მკვლელი და მკურნალი” (ნობელსა და ნიტროგლიცერინზე უკვე დავწერე სტატიაში „წერილები ბიძას”). ის აფართოებს სისხლძარღვებს და სისხლის მიმოქცევაც უმჯობესდება. მერე კი ასპირინი უნდა დავღეჭოთ, რათა თრომბოციტების შეწებება შევაჩეროთ. ათეროსკლეროზულ ფოლაქებზე, რომლებითაც შევიწროებული სისხლძარღვის კედელია ამოფენილი, სწორედ თრომბოციტების შეწებება ხდება და საბოლოოდ თრომბად ყალიბდება. 

წამლების მიღების დროს ავადმყოფი უნდა იჯდეს ან იწვეს.

ასპირინი, იგივე აცეტილსალიცილის მჟავა, პირველად შარლ ჟერარმა მიიღო სინთეზურად 1853 წელს.

1897 წლის 10 აგვისტოს ფელიქს ჰოფმანმა, რომელიც ბაიერის ლაბორატორიაში მუშაობდა, აცეტილსალიცილის მჟავა პირველად მიიღო მედიცინაში გამოსაყენებელი ფორმით. ის რევმატიზმის საწინააღმდეგო წამალს ეძებდა, რადგან ამ დაავადებით იტანჯებოდა მამამისი.

ბაიერმა ახალი წამალი ასპირინის სახელით დაარეგისტრირა.

1899 წელს ასპირინის გაყიდვა დაიწყო. თავდაპირველად ის სიცხის დამწევ პრეპარატად ითვლებოდა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტიც ჰქონდა. 1904 წლიდან მას აბების ფორმა მისცეს.

1983 წელს სამედიცინო ჟურნალ “New England Journal of Medicine”-ში დაიბეჭდა პუბლიკაცია, სადაც აღწერილი კვლევის თანახმად, ასპირინი მიოკარდის ინფარქტის დროს გადარჩენის შანსს ორჯერ ზრდიდა.

კიდევ ერთი – თუ შინ მარტო ვართ, კარი უნდა გავაღოთ. გონების დაკარგვა ნებისმიერ წუთს არის მოსალოდნელი და სასწრაფოს ექიმები ღია კარში ადვილად შემოვლენ.

„ჩვენ ის ვართ, რასაც მივირთმევთ”, – ერთ დღესაც ასე ბრძანა ლუდვიგ ფოიერბახმა. ისღა დამრჩენია, დავეთანხმო ლუდვიგს და იმ საკვების ჩამოთვლაზე გადავიდე, რომელიც ინფარქტგადატანილი ადამიანისთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება:

* ცხიმი;
* ნახშირწყლები, განსაკუთრებით – შაქარი;
* მარილი (ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ ორგანიზმში წყალს აკავებს და ქსოვილთა შეშუპებას იწვევს, წნევასაც სწევს მაღლა და სისხლძარღვის სანათურის შეკუმშვასაც უწყობს ხელს).

სამაგიეროდ, კარგია პარკოსნები, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო – ეს ბოსტნეული შეიცავს უხეშ ბოჭკოს, რომელიც არ გადამუშავდება, არ შეიწოვება, წყლით გაჯირჯვებისას კი (ხომ გახსოვთ, დღეში ორი ლიტრი წყალი გვჭირდება) ფუვდება და ხელს უშლის ქოლესტერინის შეწოვას. უფრო სწორად, ქოლესტერინისა და ტოქსიკური ნივთიერებების 15%-ს თვითონვე იწოვს და ორგანიზმიდან გამოაქვს. გამოდის, რომ უხეში ბოჭკოს შემცველი საკვები აუცილებელია.

კიდევ რა არ შეიძლება? 

სიმძიმეების აწევა, ავად სახსენებელი სიგარეტი და ბევრი ყავა.

უბიქინონზეც უნდა დავწერო – „ყველგან მყოფზე”. დიახ, სწორედ ასე ითარგმნება მისი სახელწოდება ლათინურიდან. საქმე ის არის, რომ ეს დაბალმოლეკულური ორგანული ნივთიერება თავისუფლად „დაეხეტება” მიტოქონდრიაში არსებულ სუნთქვით ჯაჭვში, – იქ, სადაც ATP-ის სინთეზი ხდება, – და თავისუფალ რადიკალებს უვნებელყოფს. ამიტომაც შეარქვეს „ყველგან მყოფი”.

მიტოქონდრიის შიგნითა მემბრანაში უბიქინონის რაოდენობა საგრძნობლად აღემატება სუნთქვითი ჯაჭვის სხვა კომპონენტების რაოდენობას. ის ადვილად დაცურავს მემბრანის ლიპიდურ შრეში, მონაწილეობს პროტონებისა და ელექტრონების „შეგროვებაში” და ელექტრონების ციტოქრომული სისტემისთვის გადაცემაში.
წყალბადის ატომების მიერთებისას უბიქინონი აღდგება უბიქინოლად ანუ უბიჰიდროქინონად, ხოლო უბიჰიდროქინონის მიერ პროტონებისა და ელექტრონების გაცემის შედეგად დაჟანგული ფორმა უბიქინონი მიიღება:

CoQ+2H=CoQH2

უბიქინონი როგორც მცენარეების, ისე ცხოველების უჯრედებში გვხვდება. ქიმიურად ის 2,3-დიმეთოქსი-5-მეთილ-1,4-ბენზოქინონია, რომელთანაც მეექვსე მდგომარეობაში 6-დან 10-მდე იზოპრენის ნაშთია დაკავშირებული. ადამიანის უჯრედების მიტოქონდრიების CoQ იზოპრენის 10 ნაშთს შეიცავს და ასეც გამოსახავენ – CoQ10. დიახ, სწორედ ასეთ სიმბოლოს წააწყდებით იმ დამატებითი მედიკამენტის შეფუთვაზე, რომელსაც ექიმი ინფარქტგადატანილ ადამიანს გულის კუნთის საკვებად დაუნიშნავს. ბუნებრივია, ინიციატივა ჩვენ თვითონ არ უნდა ავიღოთ ხელში და თუნდაც ისეთი დანამატი, როგორიც უბიქინონია, ექიმის უნებართვოდ არ უნდა დავლიოთ.

ინფარქტზე ვწერ…

იცით, რომ მათ, ვინც ველოსიპედით დადის, გული უფრო ჯანმრთელი აქვთ და 6 წლით მეტს ცოცხლობენ, ვიდრე ავტომანქანით მოსეირნენი? არც ფეხით სიარულის მოყვარულებს აქვთ საქმე ურიგოდ – მათი უპირატესობა გულის მხრივ 4 წლით მეტი სიცოცხლეა.

იცით, რომ 36 წლამდე ინფარქტის მასტიმულირებელი ერთ-ერთი ფაქტორი სიგარეტია?

იცით, რომ არასწორი ცხოვრებისა და კვების რეჟიმის შედეგად ადამიანის სისხლძარღვებში გაჩენილი ათეროსკლეროზული ფოლაქების სისქე 35-40 წლისთვის უკვე სარისკოა?

იცით, რომ ყველაფრის გულთან მიტანა არ შეიძლება?

იცით, რომ მუმიის კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად აღმოჩნდა, რომ გულით ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იხოცებოდნენ? ისინი რაღაზე დარდობდნენ ნეტავ?..

გული ოხერია, შეუძლია, უამრავი გულისტკენა, იმედგაცრუება, აღშფოთება, უსამართლობა მოითმინოს, წლობით არაფერი შეიმჩნიოს და თავისი საქმე აკეთოს, მერე ერთ დღესაც ყველაფერი ერთბაშად გაუხსენოს პატრონს, უსაყვედუროს, ამდენ უსამართლობას რატომ ითმენდიო და გაჩერდეს…

ერთმა ნაცნობმა მითხრა, ისეთი უგრძნობი გავხდი, არც არაფერზე ვღელავ, არც არაფერი მადარდებს, ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა ამქვეყნადო. 

ჰო, ასეთს გული არ ეტკინება. 

მე კიდევ…

„გულო, სანამ გული გქვია, გულო, უნდა მტკიოდე.
გულო, უნდა მიერთგულო, მიმყვე საიქიომდე” (შოთა ნიშნიანიძე)

ადამიანურ სიხარულთა გამო

0
მთვარემოჭრილი ღამე რომ არის, ვარსკვლავებგამოფხეკილი ანუ უკუნი, კუნაპეტი. საბნის ქვეშ და საბნის გარეთ ერთი ფერია და იღვიძებ და გგონია, დაბრმავდი. ჯერ იყურები ფანჯრისკენ, ეგებ ღამის პატარა ნარღვევი მაინც შეამჩნიო. რად გინდა. ხელის ცეცებით მივარდები შუქს და აანთებ, თუ დროს 15 წლით უკან გადავწევთ – ჩინურ ბატარეას. და უუუფ… გიხარია. ასე მოულოდნელად და თითქმის უმიზეზოდ, მიუხედავად იმისა, ძილამდე ავი საქმე გჭირდა თუ ავზე კიდევ უარესი. რამდენჯერმე დამმართია. მეც, თქვენც და სხვათაც. ეს არის მთავარი სიხარული ჩემთვის. ანუ ამგვარი სიხარულები. ეს სიხარული მალე ქრება, წამ-ნახევარში, მაგრამ ისეთი დიდია, ამდენ ტავტოლოგიად მიღირს. სხვანაირი, გრძელვადიანი სიხარული მე არ შემიძლია – ასე დამწყევლეს დელფოსის მისნებმა.
სკოლა ეგეთი რამეა ოზურგეთში. გზა უნდა გაიარო სანამ მიხვალ.
– ნახე, რონალდომ (ეს სხვა, ძველი ლუის ნაზარიოა, – გ. კ.) რა პადსებია ქნა?
– არ იყო დენი. რამდენი გეიტანა?
– ერთი გაიტანა. ერთი პასი გოლიზა მიცა.
– დღეს ვითამაშოთ?
– ლაშაიეს უკან? ტალახი იქნება.
– გაკვეთილების მერე აშრება, მზეი გამოდის.
იწყება გაკვეთილები. პირველი ორი – ქართული. მათემატიკა. ფიზიკა. შრომა. შრომაზე რა უნდა ქნა – ერთადერთი ალტერნატივა გაცდენაა. მასწავლებელი კი სათნო ქალია, მაგრამ მზეა დაუნდობელი. უფრო მალე გააშრო ნაწვიმარი, ვიდრე გვეგონა. თამაშობ, თამაშობ და უცებ ბურთი გადავარდება ავთონას ეზოში. რა გადმეიტანს ახლა ამ ბურთს? უფრო უკეთ – ვინ გადმეიტანს? მტრისას ავთონა! ბოსტანი აქვს. ერთი პომიდვრის გადათელვა მისთვის სამოთხეში საშვის გაუქმებას ნიშნავს. იქ გადასვლა არ გინდა?! კენჭი უნდა ვყაროთ. შაკოიას აქვს ათთეთრიანი. აგდება არ გამოდის, ბევრი ვართ, ამიტომ ორი ქვა დავდეთ და იმაში ვინც ვერ გააძვრენდა, ის გადმოიტანდა. გავაძვრინე. გამიხარდა. გივი გადაძვრა.
ჩემი მამიდაშვილი სულ მაშინებდა. მეუბნებოდა, ნიანგია საწნახელს უკან შემალული, ხელი შეყევი, აბა, თუ ბიჭი ხარო. დედას გეფიცებით, ამაზე საშინელი არაფერია – თან რომ იცი, საწნახელის უკან ნიანგები არ ბინადრობენ და თან მაინც ძრწი. ერთხელაც გვერდები მოულპება ამ საწნახელს, გადაწყვეტენ, გამოწიონ და რას ხედავ – ნიანგი კი არა, ის სათამაშო მეომარი აგდია, დაკარგული რომ გეგონა. გამიხარდა.
თოვლი მოვიდა. სკოლაში სასრიალო გავაკეთეთ. კიბეზე რომ მოთოვს, წყალი უნდა გადაასხა და დილით სათხილამურო ტრასა გხვდება. მაგრამ რად გინდა – ზედამხედველი თუ ვიღაც ეგეთი ღამით წმენდს და დილით კიბე-კიბეა. ერთხელ მოვიდა და გაყინული დაგვხვდა. ზედამხედველს ტრადიციული საქმის აღსრულებისას ფეხი დაუცურდა და იღრძო. გამიხარდა. ცუდი საქმე გამიხარდა, ვაღიარებ, მაგრამ ადამიანი ვარ, ეგრეც ხდება.
მიხაროდა, ლილოს ბაზრობიდან ჩამოტანილი საახალწლო შუშხუნა ყალბი თუ არ აღმოჩნდებოდა. ბაღში სუპი თუ გაფუჭდებოდა და არ მომიწევდა. ზამთარში გაყინული ხელებით ზმეიკის (ვიცი, ელვა ჰქვია) შეკვრას თუ მოვახერხებდი.
უფრო გრძელვადიან სიხარულებს გისურვებ. მე აქ დავრჩები. აქა ვდგავარ და…

თამაში, სწავლა და განვითარება

0
“პიროვნების შესახებ გაცილებით მეტს გაიგებ მასთან ერთი საათით 
თამაშისას, ვიდრე ერთი წლით საუბრისას”.
პლატონი
რას წარმოადგენს თამაში?

ამ კითხვის უკან მრავალი, ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრება დგას. ზრდასრულთა ნაწილი ფიქრობს, რომ თამაში, თავისი ბუნებით, მკვეთრად განსხვავდება ისეთი აქტივობებისგან, როგორიც არის სწავლა ან მუშაობა. თითქოს თამაში მხოლოდ გარდაუვალი ეტაპია ბავშვის ცხოვრებაში და რამდენადაც სერიოზულ მიზნებს არის მოკლებული, იმდენად არ ატარებს მნიშვნელოვან ხასიათს.

როდესაც ამავე შეკითხვით ბავშვებს მიმართავენ, მათი უმეტესობა აღნიშნავს, რომ თამაში არის სახალისო და საინტერესო პროცესი, სიამოვნებით იღებენ მონაწილეობას, იძენენ მეგობრებს, სწავლობენ ახალ აქტივობებს, თავად ირჩევენ, რა, სად და როდის გააკეთონ და ა.შ. ბავშვებს უყვართ თამაში და საყურადღებოა, რომ, ფსიქოლოგების აზრით, ის უმეტესად ასახავს იმას, რაც ბავშვის ცხოვრებაში იმ მომენტისთვის არის მნიშვნელოვანი.

განათლებისა და ფსიქოლოგიის სფეროს მკვლევარები კი აღნიშნავენ, რომ თამაშის წილი ადამიანის წარმატებაში ძალიან დიდია, ვინაიდან ის მჭიდროდ არის დაკავშირებული როგორც  კოგნიტურ და მეტაკოგნიტურ, ისე  ემოციურ და მოტორულ განვითარებასთან. თამაში ასევე ხელს უწყობს ბავშვებში ისეთი უნარების განვითარებას, რომლებიც შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე იყოს აქტუალური. მაგალითად, ქართველი ფსიქოლოგის, დიმიტრი უზნაძის აზრით, “თამაშს ეგოდენ დიდი ობიქტური აზრი აქვს: ამიტომაა, რომ იგი გროსის არ იყოს, ცხოვრების ნამდვილი “მოსალოდნელი სკოლაა”. 
რატომ არის მნიშვნელოვანი თამაში?

·ბავშვები თამაშის დროს ავარჯიშებენ როგორც სხეულს, ასევე გონებას; ისინი ურთიერთობენ გარემოსთან, სხვა ადამიანებთან, სწავლობენ რესურსების გამოყენებას; ეცნობიან და იკვლევენ მათთვის უცნობ, ახალ ელემენტებს;

·რეალური ცხოვრების იმიტაციისას თითოეული ბავშვის დაცულობის ხარისხი, რეალობისგან განსხვავებით, გაცილებით მაღალია და, შესაბამისად, გარისკვა უფრო ადვილია. ისინი თამაშის დროს სწავლობენ რისკის გაწევასა და გადაწყვეტილებების მიღებას;

·თამაში ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების კარგი საშუალებაა, ბავშვები ივითარებენ ვერბალური და არავერბალური, მარტივი და კომპლექსური კომუნიკაციის უნარებს; 

·თამაშში ბავშვები ხალისით ერთვებიან და ინტერესით ასრულებენ საკუთარ ფუქნციას; სწავლობენ როლის გათავისებას; არიან უფრო კონცენტრირებულები და ყურადღებიანები, რაც საშუალებას აძლევს მათ, უკეთესად აითვისონ და გაიაზრონ ახალი ინფორმაცია;

·თამაში ეხმარება ბავშვებს, განცდებისა და ემოციების საშუალებით, უფრო მარტივად, დამოუკიდებლად ააშენონ ახალი ცოდნა და გამოცდილება უკვე არსებულზე დაყრდნობით;

·თამაშის დროს ბავშვების წარმოსახვა ძლიერია, ისინი თავად ქმნიან, იგონებენ და ცვლიან პერსონაჟებს, მოვლენებს, დროს, ადგილებს და ა.შ.; თამაში ხელს უწყობს ბავშვებს, განივითარონ შემოქმედებითი აზროვნება;
·თამაში ეფექტური საშუალებაა თანამშრომლობის, კონფლიქტების გადაჭრისა და პრობლემების მოგვარების უნარების ფორმირებისთვის;

·აღსანიშნავია, რომ ფიზიკური თამაშები, მოტორული უნარების განვითარებასთან ერთად, ხელს უწყობს ბავშვებს, გაუმკლავდნენ სტრესს, გაღიზიანებას და ადვილად დაძლიონ შინაგანი კონფლიქტები;

·თამაშის საშუალებით ბავშვებში ვითარდება ის მნიშვნელოვანი კომპეტენციები, რომლებიც ცხოვრებაში მრავალი სხვადასხვა საქმიანობისთვის არის აუცილებელი.
როგორც ვხედავთ, თამაში დიდ როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში და მნიშვნელოვანია, რომ მისი ინიცირება ხდებოდეს არა მხოლოდ სახლსა და ეზოში, არამედ სკოლასა და საგაკვეთილო პროცესში. ყველა მასწავლებლისთვის ცნობილია, რომ სწავლაში წარმატება დიდად არის დამოკიდებული მოსწავლის დაინტერესებაზე, სურვილსა და მასში ცნობისმოყვარეობის გამოწვევაზე. უზნაძის აზრით, “თამაშის ძირითად არსს, მის შინაგან ბუნებას, ბავშვის ბიოლოგიურად არააქტუალურ შესაძლებლობათა, ფუნქციონალური ტენდენციის იმპულსით გამოწვეული აქტივობა შეადგენს”. Aაქედან გამომდინარე, ვინაიდან თამაში ბავშვის ბუნებრივი მდგომარეობაა და უმეტესად მისი სურვილიდან გამომდინარეობს, თამაშის დახმარებით სწავლა ერთ-ერთი კარგი საშუალებაა საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩასართავად. მაგალითად, საშუალო და უფროსი ასაკის მოსწავლეებს შეიძლება შევთავაზოთ ინტელექტუალური და როლური თამაშები, უმცროსი ასაკის ბავშვებს _ ნატიფი მოტორიკის განსავითარებელი სახალისო აქტივობები და ა.შ. 

ფსიქოლოგები თამაშებს, დამახასითებელი თავისებურებების მიხედვით, სხვადასხვა ტიპად ყოფენ, მაგ.: სიმბოლური, ფიზიკური, საგნებით, წესებით, წარმოსახვითი, სოციალური და ა.შ. ბავშვები შეიძლება ჩართულები იყვნენ ერთდროულად ერთზე მეტ თამაშში. ამ დროს მნიშვნელოვანია, თამაში/თამაშები ისე იყოს დაგეგმილი, რომ ხელს უწყობდეს გამოცდილების გაფართოებას როგორც ცოდნისა და უნარების, ასევე დამოკიდებულებების დონეზე; ფოკუსირებული იყოს ბავშვის ფიზიკურ, ინტელექტუალურ და სოციო-ემოციურ ზრდა-განვითარებაზე.
როგორ წარვმართოთ თამაში?

იმისათვის, რომ თამაშს მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდეს, საჭიროა, მასწავლებელმა წინასწარ ან მოსწავლეებთან ერთად განსაზღვროს მისი მიზანი და მისაღწევი შედეგები, შეარჩიოს აქტივობები, შეიმუშაოს დაკვირვებისა და შეფასების ინსტრუმენტები. თამაშის დაგეგმვის, პროცესის ორგანიზებისა და შედეგების განხილვისას გასათვალისწინებელია ის გარემოებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მოსწავლეთა სხვადასხვა კუთხით განვითარებას. ამისათვის მასწავლებელი: 
თამაშის დაგეგმვა

·ქმნის თამაშის გეგმას, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტული უნარების განვითარებაზე და საშუალებას აძლევს მას, გაზომოს  მისაღწევი შედეგები; 

·ითვალისწინებს მოსწავლეთა ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის ჩართულობას;

·ქმნის თამაშისთვის უსაფრთხო გარემოს და უბიძგებს მოსწავლეებს, იმოქმედონ გაბედულად;
·მოსწავლეებს აძლევს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალებას;

·რესურსების შერჩევისას (წიგნები, საღებავები, სურათები, ტექნიკა და ა.შ.) ითვალისწინებს როგორც სხვადასხვა შესაძლებლობისა და ინტერესების მქონე ბავშვთა საჭიროებებს, ასევე განსხვავებული კულტურის, რელიგიის, ეთნიკური წარმოშობისა და ა.შ. მოსწავლეთა მსოფლმხედველობას.

თამაშის მხარდაჭერა
·პატივს სცემს და აღიარებს ბავშვების არჩევანს. გარდა 

ამისა, ხელს უწყობს  მოსწავლეებში ურთიერთპატივისცემის ჩამოყალიბებას;

·თამაშის დროს ასრულებს ფასილიტატორის როლს და არ ერევა პროცესში;

·ბავშვები უკეთესად სწავლობენ უშუალოდ მოდელის ქცევაზე დაკვირვებით; ახალი თამაშის შეთავაზებისას, საჭიროების შემთხვევაში, თავადაც ერთვება მასში და მაგალითს აძლევს მოსწავლეებს; 

·ასრულებს შუამავლის როლს ან ერევა სიტუაციაში, როდესაც ნეგატიური შედეგის საფრთხე დგება (ფიზიკურად ან ემოციურად), მაგალითად, როდესაც მოსწავლეები აშინებენ ან გარიყავენ ჯგუფის რომელიმე წევრს;

·გარემო გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ და რას თამაშობენ ბავშვები. მასწავლებელი უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის თამაშისთვის საკლასო სივრცის დანაწილებას (მაგ.: ბიბლიოთეკის, მოძრაობის, ხატვის, მედიის და ა.შ. არეები), ასევე, რესურსების ხელმისაწვდომობას.
თამაშის განხილვა

·თამაშის მიმდინარეობისას ყურადღებას ამახვილებს ბავშვების ქცევაზე, ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაზე, მათ ჩართულობასა და დაინტერესების ხარისხზე, ინიშნავს როგორც გასაუმჯობესებელ, ასევე პოზიტიიურ მხარეებს. შემდგომი განხილვისთვის ასევე ეფექტურია ვიდეოს და ფოტოების გადაღებაც;
·აკვირდება წინასწარ ორგანიზებულ გარემოს და ადგენს: 1. რამდენად ეფექტურია ბავშვების თამაშისთვის და 2. რამდენად უწყობს ხელს მათ განვითარებასა და შესაძლებლობების გამოვლენას.

·თამაშის შედეგებს განიხილავს მოსწავლეებთან ერთად და, საჭიროების შემთხვევაში, გასცემს რეკომენდაციებს; 

·დაკვირვების შედეგად მიღებულ მონაცემებს აანალიზებს და  ითვალისწინებს მომავალი თამაშის დაგეგმვისას.
როგორც ვხედავთ, თამაშს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადამიანის ცხოვრებაში. თამაშის დახმარებით ბავშვი ვითარდება ფიზიკურად, გონებრივად, სოციალურად და ა.შ. (იხ. სქემა 1). ეს არის საშუალება, რითაც ბავშვები დამოუკიდებლად ან სხვებთან ერთად შეისწავლიან საკუთარ გარემოს, ადამიანებს და სამყაროს, სწავლობენ პრობლემების გადაწყვეტასა და ურთიერთობებს, უვითარდებათ კრეატიული აზროვნება და ლიდერობის უნარი. ასევე აღსანიშნავია, რომ ეფექტურად წარმართული თამაშები ჯანსაღი პიროვნების ჩამოყალიბებას განაპირობებს.

მასწავლებლის მანიფესტი- პესტალოცის პროგრამა

0
“პესტალოცის” პროგრამის შესახებ თუ არ გსმენიათ, მას მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის ვებგვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ. ალბათ უკვე მიხვდით, რომ პროგრამის მიზანი განათლების სფეროს სპეციალისტების პროფესიული ზრდის ხელშეწყობაა.  თუ ამ პროგრამის საზაფხულო სკოლით დაინტერესდებით და მონაწილეობის მიღებას გადაწყვეტთ, სჯობს, შტუტგარტში ჩაფრინდეთ. იქიდან მატარებელი აგიყვანთ სამკურნალო თბილი წყლებით მდიდარ კურორტ ბად-ვილდბადში, რომელიც შვარცვალდში, მდინარე ენტცის ხეობის კალთებზეა შეფენილი. მანამდე კი პფორცჰაიმი უნდა გაიაროთ. პფორცჰაიმიდან იწყება ზღაპრული სანახაობა: მატარებელი ვიწრო ლიანდაგს მიუყვება მდინარე ენტცის გვერდით. გარშემო გორები და მთის წვერები მოჩანს, ყველაფერი წიწვოვანი ხეებითაა დაფარული. ნაძვის ხეებით მდიდარი ტყეებისთვის შავი ტყე დაურქმევიათ (“შვარცვალდი” გერმანულად შავ ტყეს ნიშნავს). აქ ხეებსაც და მდელოს ყვავილებსაც უფრო სქელი ფოთლები აქვთ, რათა მკაცრი ზამთარი თავისი სიძლიერით გადაიტანონ. 

ქალაქის ცენტრში ე. წ. მეფე კარლის აბანოა, რომელიც დღეს წარმოდგენებისა და შეხვედრების ადგილი გამხდარა. მის კედლებზე წავიკითხე, რომ 1856 წელს ბად-ვილდბადში სამკურნალოდ ჩასულა დიდი იტალიელი კომპოზიტორი ჯაკომო როსინი. შვარცვალდის ჰაერს და სამკურნალო წყლებს ისე მოუღონიერებია მუსიკოსი, რომ თითქოს მეორედ დაბადებულა და ახლიდან შესდგომია ნაყოფიერ მოღვაწეობას. იმ წუთიდან მესახება იმედი, რომ “პესტალოცის” ტრენინგი ამ საკურორტო ქალაქში ჩამოსულთათვის ენერგიის მომცემი და სულის ჩამდგმელი აღმოჩნდება.

 საზაფხულო სკოლა წელს უკვე მეორედ ჩატარდა ბად-ვილდბადში. პროგრამაში დაახლოებით 30 ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობდა. მიყვარს საერთაშორისო კონფერენციები და სამუშაო შეხვედრები, სადაც სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის ხალხი მეტად საინტერესო მრავალფეროვნებას ქმნის და ერთ მიზანს ემსახურება. ამგვარი მრავალფეროვნება ევროპაში გატარებულ სტუდენტობის წლებს მაგონებს, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები რომ ვიყავით ერთად. ამჯერად მე ვიყავი არა სტუდენტი, არამედ მასწავლებელი-მოსწავლე, რომელიც მონაწილებდა დემოკრატიული სწავლების მეთოდების შესასწავლად დაგეგმილ აქტივობებში. სამუშაო შეხვედრები რვა დღე მიმდინარეობდა. დილიდან საღამომდე ვმუშაობდით და ვსწავლობდით კეთებით. ტრენერებს “ფასილიტატორები”, ანუ „საქმის გამაადვილებლები” ერქვათ და გვეუბნებოდნენ, რომ ყველანი თანასწორები ვიყავით. ვიღაც ალბათ იკითხავს, როგორ იყავით თანასწორები, როცა თქვენ არ იცოდით ის, რასაც ისინი გასწავლიდნენო. საქმეც სწორედ ესაა. ადამიანები სხვადასხვა ცოდნის და უნარების მატარებლები ვართ. იმისათვის, რომ სხვების ღირსებები დავინახოთ, უნდა ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან. მოსწავლეებს, არაჯანსაღი კონკურენციის ნაცვლად, უნდა ვასწავლოთ თანამშრომლობითი მუშაობა, გავუზიაროთ ცოდნა. გაზიარება კი უკვე ზრუნვაა.
ემოციების გამოხატვა

სხვადასხვა სამუშაო შეხვედრას სხვადასხვა მასწავლებლები ვესწრებოდით. შეხვედრა იწყებოდა ჩვენი მოკითხვით – რას ვგრძნობდით, როგორ მოგვეწონა წინა აქტივობა. ემოციების გაზიარება ჩვენ შორის ნდობის გაზრდის საფუძველი ხდებოდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში არის სკოლები, სადაც ემოციებზე საუბარს, ემოციური ინტელექტის სწავლებას უმთავრესი ადგილი უკავია. ემოციების გამოხატვასაც სწავლა სჭირდება. ასევე საჭიროა კონტროლი, რომ გადაჭარბებულად არ გამოვხატოთ დადებითი ან უარყოფითი ემოცია. 

ჩვენ შორის სკოლის ცხოვრებაზე საუბარი არ ცხრებოდა სადილობის დროსაც. მასწავლებლებთან საუბრისას გამოირკვა, რომ ზოგიერთი მათგანის კლასში არის სპეციალური პოსტერი, რომელზეც მოსწავლეების სურათებია, ხოლო სურათების ქვემოთ ძაფია გაჭიმული. პოსტერის კუთხეში ბარათების ჯიბეა. ბარათებზე ემოციების აღმნიშვნელი ზედსართავი სახელები წერია. გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეები მიდიან და საკუთარი სურათის ქვემოთ, ძაფზე ამაგრებენ იმ ემოციის ამსახველ ბარათს, რასაც ისინი განიცდიან იმწუთას. იგივე მეორდება გაკვეთილის ბოლოს. მასწავლებელი ნათლად ხედავს, როგორი ემოციური გავლენა მოახდინა მოსწავლეებზე. მოსწავლეები კი თანდათან სწავლობენ საკუთარ ემოციებს და საკუთარ თავს. 
დემოკრატიული სწავლება 

დღეს სწავლა უნდა ემსახურებოდეს ტრანსვერსიული კომპეტენციების გადაცემას. ადრე საგნის შინაარსის დასწავლა იყო სწავლის მიზანი. დღეს შინაარსი მოქმედებასთან, პროცესთან, ცხოვრებასთან კავშირში უნდა ვასწავლოთ, სწავლა კვლევა-ძიებაზე, აზროვნების შესწავლაზე, თანამშრომლობის დაფასებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ჩვენს მოსწავლეებს უნდა დავანახოთ რეალური სამყარო და ვასწავლოთ სხვებთან თანაცხოვრება.

„პესტალოცის” პროგრამის ორგანიზატორებმა შეიმუშავეს ე.წ. მასწავლებლის მანიფესტი, სადაც ვკითხულობთ, რომ ღირებულებები ჩვენი აზროვნების ნაწილია. ჩვენი ღირებულებები განსაზღვრავს ჩვენს მომავალს.  ღირებულებების, შეხედულებების, უნარებისა და ცოდნის ერთობლიობა, რეალურ სიტუაციებში განხორციელებულ მოქმედებებთან ერთად, შესაძლებელს ხდის დემოკრატიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას სასწავლო გარემოში.
თანამშრომლობითი სწავლება

დემოკრატიული სწავლების უმთავრესი შემადგენელი ნაწილია თანამშრომლობითი სწავლება. განსხვავებით ტრადიციული ჯგუფური მუშაობისაგან, თანამშრომლობითი სწავლების დროს ჯგუფის წევრებს შორის განაწილებულია პასუხისმგებლობები და სამუშაო მასალები საერთო მიზნის მისაღწევად. მასწავლებელს ევალება დახმარება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლეები გაბედულად გამოთქვამენ მოსაზრებებს, რადგან ყველას აზრი იქნება დაფასებული.

ასეთი გარემოს შესაქმნელად, მუშაობის დაწყებამდე, გვირიგებდნენ ბარათებს წარწერებით: „დროის კონტროლიორი”, „ხალისის შემომტანი”, „აღმრიცხველი”, „მომხსენებელი”. ყველას გვევალებოდა მუშაობაში თანაბარი წვლილის შეტანა. 

მოსწავლეებთან ამ მეთოდის გამოყენება ავითარებს თანამშრომლობით და ინტერპერსონალურ უნარებს. ურთიერთდახმარების სურვილის და საერთო სულისკვეთების არსებობა კლასში ერთი შეხედვითაც კი შეიმჩნევა. თუ მასწავლებელი კლასში შექმნის ერთსულოვნებას, მთელი კლასი წარმატებული იქნება. შეჯიბრი, დაყოფა და ფავორიტების არჩევა ცუდ გავლენას ახდენს კლასზე. ჩვენ, მასწავლებლებს შეგვიძლია ბავშვებს ვაგრძნობინოთ კლასის ერთსულოვნება, სადაც ერთის წარმატება ყველას წარმატებაა. ასეთი გარემოს შექმნისთვის კი აუცილებელია, რომ მოსმენისა და საუბრის გზით ეფექტურ კომუნიკაციას მივაღწიოთ. მასწავლებელმა უნდა უთხრას მოსწავლეს, რომ მოსმენა და გაგება არის ის პასუხისმგებლობა, რომლის გარეშეც კომუნიკაცია ვერ შედგება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დამაჯერებელი საუბარის უნარის განვითარება.
თანამშრომლობითი თამაშები

თანამშრომლობითი თამაშების მიზანია ერთმანეთთან საუბრის ხელშეწყობა, ნდობის გაზრდა, კინესთეტიკური აქტივობის განხორციელება და ამ გზით გართობა და სიცილი საერთო თემაზე, შეზღუდული სივრცის ერთად გამოყენება, არაკონკურენტული სწავლება და სხვ.

პასკალ მომპოინტ-გელარდი არის ფსიქოლოგი და „პესტალოცის” პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელმაც ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თანამშრომლობითი თამაში – „ღირებულებებით ვაჭრობა”, ახლა რომ უნდა გიამბოთ, სწორედ პასკალმა შექმნა და შემდეგ ჩვენ გაგვაცნო.
„ღირებულებებით  ვაჭრობა”

პასკალმა მოკლედ გაგვახსენა ღირებულებების მნიშვნელობა საზოგადოებაში: „ყველას გვაქვს ღირებულებები, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს იმედებს  და საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენას – რისი გაკეთება შეგვიძლია საზოგადოებისთვის. ღირებულებები რწმენისა და გამოცდილების მიხედვით განსხვავდება. რაკი ისინი ფიქრისა და ქცევის განმსაზღვრელია, იბადება კითხვა: როგორ გვეხმარება ღირებულებები კარგ ადამიანად ჩამოყალიბებაში? ჩვენ ვერ ვეტყვით სხვა ადამიანებს, შეიძინონ ის ღირებულებები, რომლებიც საუკეთესოდ მიგვაჩნია, მაგრამ შეგვიძლია დავაფიქროთ ღირებულებების სისტემაზე”. თამაშის ბოლოს უნდა აგვეხსნა, რატომ გავაკეთეთ ესა თუ ის არჩევანი.

ჩვენმა ხელმძღვანელმა ბანქოს ფორმის ქაღალდები ჯერ კარგად აურია და მერე დაგვირიგა. თითოეულს ექვს-ექვსი ბარათი გვერგო, როგორც ბანქოს ზოგიერთი თამაშის წესია. ბარათებზე ღირებულებები ეწერა: თანასწორობა, ჯანმრთელობა, ბედნიერება, დემოკრატია, ლამაზი სხეული, დრო, ADHD მოსწავლე, ახლად ჩამოსული იმიგრანტი მოსწავლე, ნიჭიერი მოსწავლე, უნარშეზღუდული მოსწავლე, ჰომოსექსუალი მოსწავლე, სიყვარული, ახალი განათლების სისტემა, მაღალი ხელფასი, პატივისცემა, კანონის უზენაესობა, ბედნიერება, თავისუფლება, ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი, აიფონი, აიპედი, კარგი სახლი, კარგი ტანსაცმელი, კოლეგებთან თანამშრომლობა. ღირებულებები ზოგჯერ მეორდებოდა კიდეც.

შემდეგ აქტივობის ეტაპები გაგვაცნო. 10 წუთის განმავლობაში ბარათები უნდა გვეჩვენებინა ერთმანეთისთვის. ამასთანავე, უნდა დაგვერწმუნებინა მეორე მონაწილე რომელიმე ღირებულების ფასეულობაში, შედეგად, ბარათი უნდა გაგვეცვალა ჩვენთვის სასურველში. ისე უნდა გვეწარმოებინა გადაცვლა, რომ ხელში ისევ ექვსი ბარათი დაგვრჩენოდა.

ასეც მოვიქეცით. მე ზუსტად ის ღირებულებები შემხვდა, რაზეც ვიოცნებებდი: ბედნიერება, თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, თანასწორობა და მაღალი ხელფასი. აქედან მორალურად ყველაზე ნაკლები ღირებულების მქონე მაღალი ხელფასია-მეთქი, გავიფიქრე. მაგრამ რაკი ის ყველას ძალიან გვჭირდება და ბედმა აქ მაინც მარგუნა, ნასიამოვნები შევუერთდი მონაწილეებს.

ვდგავარ სხვებთან ერთად ძალიან კმაყოფილი საკუთარი ბარათებით. სხვა რამეზე ხომ არ დავიწყებ საუბარს? სულ არაა საჭირო ვინმეს შეწუხება და იმის გაგება, რა ბარათი აქვს მას – მაინც არ ვაპირებ გადაცვლას არც აიფონში და არც ბრტყელეკრანიან ტელევიზორში. მესმის გარშემომყოფთა საუბარი. მაღალ ღირებულებებს არც სხვები თმობენ. უცებ ვიღაც იოლად თანხმდება ლამაზი ტანსაცმლის გადაცვლას უნარშეზღუდულ მოსწავლეზე, ვიღაც ბრტყელეკრანიან ტელევიზორს ცვლის აიპედში, იმიტომ, რომ ორი ტელევიზორი შეხვედრია. მეც მიჩნდება მონაწილეობის სურვილი. მივდივარ ADHD მოსწავლის პატრონთან და მაღალ ხელფასს ვთავაზობ სანაცვლოდ. ვაიმედებ, რომ შევძლებ მის მოვლას, რადგან ცოტა რამ ვიცი ამ დარღვევის შესახებ. 

გავიდა 10 წუთი. დავსხედით. გამოირკვა, რომ უმრავლესობას მხოლოდ ერთი ბარათი გადაგვეცვალა. „რა იყო ამ აქტივობის მთავარი მიზანი? – გვკითხა პასკალმა. – მინდა, რომ ამაზე იფიქროთ. ჩვენ გვინდა, რომ უფრო მეტი კითხვა გაგიჩნდეთ და მათზე იფიქროთ, ვიდრე ყველა კითხვაზე მზა პასუხი მიიღოთ და პასუხგაუცემელი კითხვა აღარ გაგაჩნდეთ”.

ჩემს თავში უკვე დიდი ხანია ირეოდა კითხვები. სწორ გზაზე ვმდგარვარ-მეთქი, დავიმშვიდე თავი. ამასობაში კედელი პროექტორმა გაანათა და სხვა კითხვები გამოჩნდა თეთრ  ეკრანზე:

·რა გავლენას ვახდენთ გარშემომყოფებზე ჩვენი ღირებულებებით?
·რა კომპეტენციების განვითარებას უწყობს ხელს ეს აქტივობა?
·შესაძლებელია თუ არა ღირებულებების სისტემის შეცვლა?
·იწვევს თუ არა ცხოვრებისეული გამოცდილება ღირებულებების გადაფასებას?
·შეგვიძლია თუ არა ვინმეს ვაიძულოთ ღირებულებების გამოცვლა?
·თქვენი ღირებულებები აისახება თუ არა თქვენს საქმიანობაზე?
·როგორ ვიმუშაოთ კლასში სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაზე?
·რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ მასწავლებლები ამ დროს?

არ მინდა, ჩემი პასუხები მოგახვიოთ თავს. მე დაგიტოვებთ პასუხგაუცემელ კითხვებს და დაველოდები თქვენს პასუხებს ჟურნალ „მასწავლებლის” ელექტრონული ვერსიის გვერდებზე.

სტატიას პროგრამა „პესტალოცის” ერთ-ერთი მონაწილის, ფილოსოფიის მასწავლებლის, მილოშ ჯერევიჩის სიტყვებით დავასრულებ: „სწავლება მაშინ ჩაითვლება წარმატებულად, თუ კურსის ბოლოს უფრო მეტ კითხვას იპოვით, ვიდრე მის დასაწყისში”.

მშობლებთან ურთიერთობა

0
ყველა მასწავლებელს მჭიდრო კავშირი აქვს მშობელთან. ეს განპირობებულია იმით, რომ მათ შეუძლიათ გავლენა იქონიონ  მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებაზე. ამას არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო კვლევა ადასტურებს. ამ კვლევების მთავარი იდეა ასეთია: რაც უფრო ხშირად ესაუბრება მშობელი შვილს განათლების მნიშვნელობაზე, მით უკეთესად აღწევს მოზარდი აზროვნების მაღალ დონესა და აკადემიურ წარმატებას.

საერთო მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობა. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ორივე მხრიდან დანახული როლები – მასწავლებლის მიერ დანახული მშობლის როლი და, პირიქით, მშობლის მიერ – მასწავლებლის როლი.

მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთობა ბევრად განსაზღვრავს მოსწავლის შემდგომ წარმატება-წარუმატებლობას. მშობლის მხარდაჭერასა და წაქეზება-გამხნევებაზე, შვილის  სწავლის პროცესით დაინტერესებაზე, სწავლისთვის შესაფერისი გარემოს შექმნაზე დიდწილად არის დამოკიდებული ბავშვის შემდგომი ბედი და მომავალი, თუმცა თუ თავ-თავის წილ პასუხიმგებლობას ორივე მხარე გაინაწილებს (მასწავლებელიცა და მშობელიც) მოსწავლის მიღწევების კუთხით, მაშინ გაცილებით მეტს მივაღწევთ. მასწავლებლებს კარგად გვესმის, რომ საჭიროა ხშირად გავუზიაროთ  მშობელს შვილთან დაკავშირებული ინფორმაცია, მივაწოდოთ ანგარიშები, შეფასებები შვილის პროგრესის შესახებ, რათა მშობელმა შვილის შესახებ ყველაფერი იცოდეს: კარგიც და ცუდიც; უმჯობესია, უკეთ ვიცნობდეთ თითოეულის ოჯახს, რაც დაგვეხმარება მოსწავლისადმი სპეციფიკური მიდგომების შემუშავებაში და ა. შ.

უკუკავშირისთვის მშობელიც მზად უნდა იყოს. მშობელი უნდა ენდოს მასწავლებელს და შვილის წარმატებით უკმაყოფილომ ყველაფერზე პედაგოგს არ მოსთხოვოს პასუხი. გააცნობიეროს, რომ მოსწავლის წარმატება-წარუმატებლობაში მასაც მიუძღვის წილი, რადგან განათლება გუნდური მუშაობაა და მასაც უნდა აინტერესებდეს შვილის ძლიერი და სუსტი მხარეები, გაკვეთილზე აქტიურობა, ჩართულობა, მომზადების დონე; უნდა იცოდეს, სწავლობს თუ არა ის შესაძლებლობების ფარგლებში, ესმის თუ არა მასწავლებლის მოლოდინები და დროულად მოაქვს თუ არა დავალებები, მზად არის თუ არა გაკვეთილებისთვის…

მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელიც მრავალი პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება. ამ ურთიერთობამ შესაძლოა, გაზარდოს მოსწავლის დამოუკიდებლობის ხარისხიც. მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ იგი თვითონ ირჩევს შედეგამდე მისასვლელ გზას და რომ ამ გზაზე მისი დამხმარე და თანამოაზრე მასწავლებელია. 

სწორედ ამიტომ შევიმუშავე „მოსწავლის მუშაობის შემოწმების დოკუმენტის შაბლონი”, რომელსაც საფუძვლად უდევს მოსწავლის საქმიანობის ყოველგაკვეთილური სისტემატური შემოწმების პრინციპი და ხელს უწყობს საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის ფორმირებას როგორც საკუთარ თავთან, ასევე მასწავლებლის, თანაკლასელებისა და მშობლების წინაშე.

 ეს შაბლონი დაგვეხმარება მშობლის სასწავლო პროცესით დაინტერესებასა და მათთან კომუნიკაციაში. ძვირფასო პედაგოგებო, ეს დოკუმენტი   გამოგადგებათ, თუ კლასში გყავთ მოსწავლე, რომელიც არღვევს სასწავლო დისციპლინას:  აცდენს გაკვეთილებს, არ ასრულებს საშინაო დავალებას, გაკვეთილზე დაკავებულია სხვა საქმით და ამავე დროს ძალიან გულმავიწყია, რადგან ხშირად ამტკიცებს, რომ საშინაო დავალება  არ მიუციათ და  საერთოდ ეს მასალა ჯერ არ აუხსნიათ, ან როდესაც მასწავლებელმა ახსნა გაკვეთილი, ის ცუდად იყო და სკოლაში არ იმყოფებოდა.

          ყოველ გაკვეთილზე მოსწავლესთან ერთად ამ დოკუმენტის  შევსებით თქვენ გადააჩვევთ მას ტყუილის თქმასა და პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას. დაეხმარებით, დაინახოს საკუთარი მოსწრების (ვერმოსწრების) სრული სურათი. შედეგად მოსწავლე შეიცვლის ქცევასა და სწავლისადმი დამოკიდებულებას, რადგან კონტროლი ყოველთვის დისციპლინას აჩვევს ადამიანს. თუ არ შეიცვლის, თქვენ „ალიბი” მაინც გექნებათ ადმინისტრაციისა და მშობლების წინაშე. ამ დოკუმენტის დახმარებით, ყოველთვის შეგიძლიათ დაამტკიცოთ და აჩვენოთ, როგორ მუშაობდით მოსწავლეებთან, მაგალითად,  სემესტრის განმავლობაში, მათ შორის ინდივიდუალურად, რას მიაღწიეთ ან ახსნათ (გააკეთოთ დასკვნა), რატომ ვერაფერს მიაღწიეთ.

              ამ დოკუმენტზე დაყრდნობით შესაძლებელი იქნება ადვილად მიადევნოთ თვალი ნებისმიერ დინამიკას და გაანალიზოთ კლასის დამრიგებელთან, მშობელთან, სხვა მასწავლებლებთან ერთობლივი მუშაობის, მოსწავლის მოსწრების დადებითი და უარყოფითი მხარე. უკეთესია, დოკუმენტი ინახებოდეს მასწავლებელთან და მშობელს გასაცნობად კლასის დამრიგებლის მეშვეობით გადაეცეს.

              ნებისმიერი სხვა დამატებითი ინფორმაცია (მშობლისთვის ან მოსწავლისთვის) შესაძლებელია, დაიწეროს დოკუმენტის მეორე მხარეს. 

დოკუმენტის
შაბლონი

______კლასი მოსწავლე ________________________________

(სახელი,
გვარი)

მშობლის
გაფრთხილება
________________ ქართულის მასწავლებელი რ. გონაშვილი.

თარიღი _______________ მშობლის ხელმოწერა__________________________

თარიღი

საშ. დავალების
შესრულება

წინა გაკვეთილი

მიმდინარე გაკვეთილის
თემა
და შინაარსი

გაკვეთილზე
მუშაობა

(.შ. ინდ)

საშ.დავალება

გაკვეთილი

(მ.შ. ინდ.)

მოსწავლის ხელმოწერა

მასწავლებლის
ხელმოწერა

გამოყენებული ლიტერატურა:

https://www.mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=348

ორგანული ქიმია vc არაორგანული ქიმია

0

მოლეკულათა სამყაროზე მათი გავლენის სფეროები გადანაწილდა. არაორგანულ ქიმიას, როგორც უფრო „ასაკოვანს” პერიოდული სისტემის ყველა ელემენტი ერგო. ახალდაბადებულ ორგანულს კი – მხოლოდ ერთი, ექსცენტრული, თავისებურებებით აღსავსე ნახშირბად ატომი. თუმცა ორგანული ქიმიის ხვედრი უფრო მომგებიანი აღმოჩნდა: დღეისათვის პერიოდულობის სისტემის 107 ელემენტი სამასი ათასამდე ნაერთს წარმოქმნის, ხოლო ორგანული ნივთიერებების რაოდენობამ კი 21 მილიონს გადააჭარბა. გავიდა ხანი და გლობალიზაცია ამ ორ სამყაროსაც შეეხო – ნელ-ნელა წაიშალა მათ შორის გავლებული სადემარკაციო ხაზი. დღეისათვის უამრავი ნაერთია უკვე ცნობილი, რომელთაც ცალსახად ვერც ორგანულ ნაერთებს მივაკუთვნებთ და ვერც არაორგანულს… მაგრამ გლობალიზაცია ერთმანეთში ერთმანეთში ათქვეფას არ ნიშნავს (რაც ხშირად გვაშინებს!)- იგი სხვადასხვა თვითმყოფადობას შორის საერთო შეხების კავშირების მოძებნაა.

არაორგანული და ორგანული ქიმიის საკითხების აღრევას ყველაზე გამოკვეთილად კი საკლასო ოთახსა და უნივერსიტეტის აუდიტორიაში ვხვდებით…

მოსწავლეები ქიმიის შესწავლას ზოგადი ქიმიით იწყებენ. აქვე ეცნობიან ისინი ქიმიური ფორმულების ჩაწერას. ზოგად ქიმიას არაორგანული ქიმია ანაცვლებს შემდეგ კლასებში. შესწავლის სფერო ფართოვდება, მაგრამ ქიმიური ობიექტების – მოლეკულების ჩაწერის მეთოდი არ იცვლება: წყალი H2O-ია, გოგირდმჟავა H2SO4, ალუმინის სულფატი Al2(SO4)3

შემდეგ იწყება ორგანული ქიმიის შესწავლა და მოსწავლეები ისევ (ინერციით, არ ცოდნით თუ სხვა რაიმე მიზეზით) ამავე მეთოდით აგრძელებენ მოლეკულების ჩაწერას: მეთანს CH4ით გამოსახავენ, ეთანს C2H6-ით, ბენზოლს C6H6‑ით, ეთილის სპირტს C2H5OH-ით. მაგრამ სამწუხაროდ ამით დიდ შეცდომას უშვებენ.

ერთი შეხედვით არ ღირს პრობლემის ასე დრამატიზება. მეთანზე, ეთანზე, ბენზოლზე და თუნდაც ეთილის სპირტზეც მარტივად შეიძლება რეაქციების დაწერა ბრუტო ფორმულების გამოყენებით:

CH4 + Cl2 = CH3Cl + HCl

C2H6+ Cl2 = C2H5Cl + HCl

C6H6+ Cl2 = C6H5Cl + HCl

C2H5OH + HBr = C2H5Br + H2O

მაგრამ ბოლო რეაქციაში რატომ ვართ დარწმუნებული, რომ ეთილის სპირტთან გვთხოვენ რეაქციის დაწერას? C2H5OHხომ სპირტთან ერთად დიმეთილეთერსაც აღნიშნავს?

რა მიიღება C3H6Oალდეჰიდის აღდგენის რეაქციით? პროპან-1-ოლი თუ პროპან-2-ოლი?

ასეთი „გაუგებრობის” თავიდან ასაცილებლად საჭიროა ბრუტო ფორმულების ნავლად სტრუქტურული ფორმულებით რეაქციის ჩაწერა.

და ზოგადად, ორგანულ ქიმიაში მოლეკულები უნდა გამოისახოს სტრუქტურული ფორმულებით! ბრუტო ფორმულების გამოყენება მოსწავლეს უვითარებს რეალურ პროცესზე არასწორ შეხედულებას, მისთვის ქიმიური გარდაქმნა არითმეტიკულ ოპერაციამდე დადის და „ცდილობს” რომელიმე ელემენტი არ გამორჩეს ტოლობის მეორე მხარეს. საუკეთესო შემთხვევაში კი – ახერხებს სტექიომეტრიული კოეფიციენტების გასწორებასაც…

სამწუხაროდ, ქიმიის სწავლებისას ამაზე ხშირად ჩვენ თვალს ვხუჭავთ და ვკმაყოფილდებით მოსწავლის ასეთი პასუხით. ჩვენი მიდგომის გამართლებაც შეგვიძლია არაერთი ფაქტორით თუ მიდგომით: (ა) ბტურო ფორმულა ხომ შეესაბამება პროდუქტს; (ბ) მთავარია რაღაც დაწეროს და სტრუქტურულ ფორმულა რა აუცილებელია და სხვა მისთანა…

მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: მოსწავლეს ქიმიური რეაქციის დაწერის დროს უნდა ესმოდეს მიმდინარე პროცესის არსი და ქიმიურ ტოლებას არითმეტიკული მეთოდებით არ უნდა იყვანდეს. კიდევ უფრო შორს წავალ და თამამად განვაცხადებ: ორგანულ ქიმიაში ამ არსის ცოდნა უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ვიდრე სტექიომეტრიული კოეფიციენტების გასწორება თუ ყველა თანაური პროდუქტის ჩვენება!

მოსწავლეების (სტუდენტების) დიდ ნაწილს, ვისაც ქიმიაში საშუალოზე მაღალი შეფასება აქვთ შეუძლიათ დაწერონ რეაქცია:

 


 

 

 

მაგრამ იმავე ვიურცის რეაქციაში 2-ქლოპროპანზე უმეტესობა უშვებს შეცდომას:

 


 

 

 

ამის მიზეზი ზემოთ დასახელებული პრობლემაა.

 

 

როგორ განუვითაროთ მოსწავლეს ქიმიური რეაქციის მიმდინარეობის „ქიმიური აღქმის” უნარი? ამისათვის სულ უმარტივესი მეთოდის გამოყენება შეიძლება.

დავწეროთ თითოეული საწყისი მოლეკულა (რეაგენტები) ფურცელზე და გამოვჭრათ:

შემდეგ ავიღოთ ერთ-ერთი რეაგენტი. მოსწავლემ უკვე იცის (უნდა იცოდეს) რომ იგი ჰალოგენის ატომს კარგავს. ამიტომ ამ მოლეკულას ჩამოვაჭრათ ჰალოგენის ატომი ისე, რომ C‑Cl ბმა შუაზე გაიჭრას (გაჭრის ადგილს აქვს მნიშვნელობა).

გაჭრის შემდეგ მივიღებთ:

გავაკეთოთ იგივე ჰალოგენალკანის მეორე მოლეკულისათვის.

შემდეგ გადავიდეთ პროდუქტის დაწერაზე. სანამ პროდუქტს განვსაზღვრავთ, ვიპოვოთ მიღებულ მოლეკულის ფრაგმენტებში ის ნახშირბად ატომები, რომელთა ვალენტობა არ არის 4-ის ტოლი. პროდუქტში ეს ფრაგმენტები სწორედ ამ ნახშირბადატომებით დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში დავარღვევთ ნახშირბადის ოთხვალენტოვნებას:

მაგალითად, თუ ამ ფრაგმენტებს ერთმანეთს პირდაპირ მივაწყობთ გვერდიგვერდ, მაშინ ერთ-ერთი ნახშირბად ატომი ხუთ ვალენტიანი გახდება:

სწორი პასუხის მისაღებად ვაკანტური ბმები (ბმები, რომელიც ჩვენ გავჭერით) უნდა შევაერთოთ ერმანეთთან. ამისათვის შეიძლება ერთ-ერთი ფრაგმენტის შემობრუნება დაგვჭირდეს. ეს კი თავის მხივ აჩვენებს, რომ მოლეკულა ფიქსირებული არ არის და მას შეუძლია შემობრუნებაც.

დღეს, როდესაც კომპიუტერული ტექნოლოგიები უკვე ფართოდ არის დანერგილი სწავლების პროცესში (მათ შორის ქიმიაშიც), ქიმიური რეაქციის მოდელირება ფურცლითა და მაკრატლით შეიძლება სამარცხვინოა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სირცხვილი არ ცოდნაა და ამიტომ ამ შემთხვევაში „მიზანი ამართლებს საშუალებას”.

ჩემი ზღაპრების გმირი

0

ის ახლა რაჭის მთიან სოფელში სქელ და ჭრაჭუნა თოვლში სქელძირიანი ბათინკებით ნაფეხურებს ტოვებს. თავის რამდენიმე მოსწავლესთან ერთად თეთრ თუ იისფერ თოვლს მიაპობს – ის მასწავლებელია, ბავშვები – მოსწავლეები.

ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით ამ თეთრი პეიზაჟის ფონზე, ამინდი წყნარია, ზამთრის ცივი, ცინცხალი ნიავი ოდნავ, სულ ოდნავ არხევს მისი თბილი ქუდის პომპონს.

პირველად თითქმის ერთი წლის წინ მომწერა, მითხრა, რომ სულ კითხულობს,  რასაც ვწერ, რომ ბევრი საერთო მეგობარი გვყავს და რომ ჩემი გულშემატკივარია.

მერე ერთხელაც თავისი გადაწყვეტილებაც გამანდო, რომელიც სულ, სულ მალე მოიყვანა სისრულეში –ადგა და ორ პატარა შვილთან ერთად მთიანი რაჭის ნახევრადდაცლილ სოფელში მასწავლებლად წავიდა.

პირველი რეაცია?  – რომ სხვამ გაბედა ის, რისი გაკეთებაც დიდი ხანია მინდა და ვერ ვბედავდი.  რამდენჯერ მიფიქრია, ავდგები და წავალ, მაგრამ მერე ათასი დაბრკოლება და კითხვა – „კრედიტს რა ვუყოთ”, „სამსახური?”, „ბავშვი როგორ შეეგუება?”  –  მოკლედ, ათასი  როგორ და მაგრამ. მან კი გაბედა და წავიდა.

წავიდა და ერთ კვირაშივე შეცვალა მთიანი სოფლის ბავშვების ცხოვრება.

როცა ათასი საფიქრალით, წერით, პრობლემებით და ხმაურიანი ქალაქით დაღლილი ფეისბუქზე შევდივარ, ერთ–ერთი მთავარი თერაპიათაგანი – მისი ფოტოების დათვალიერება და მისი ამბების წაკითხვაა.

„დილას ჩემი მოსწავლე თამუნა მეკითხება: -მასწავლებელო, ადრე საჩუქარი რომ გაგიკეთეთ გაგიხარდათ?

– ძალიან,ძალიან.-ვპასუხობ.

-გინდათ კიდევ განიცადოთ სიხარული? – და ჩანთიდან ფრთხილად ამოიღო შეფუთული , “დასკოჩილი” საჩუქარი. იმან, რაც შიგ იდო, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. სიყვარულის გამოხატვის გარდა, აღმოვაჩინე, უკვე დარდობენ ეს პატარები, მათი დატოვება რომ მომიწევს. თან ამ ასაკში ასეთი დარდი, ხომ გახსოვთ, როგორი მტკივნეულია. არ მინდა, რომ იდარდონ! ისიც აღმოვაჩინე,რომ ჩემს თითოეულ სიტყვას ისრუტავენ,იმახსოვრებენ.

ამ ბავშვებს უკვე ეტყობათ წაკითხული წიგნების გავლენა. თამუნას საოცარი მოთხრობა დაუწერია, მოთხრობის გმირებისთვის არაჩვეულებრივი სახელები მოუფიქრებია, ილუსტრაციებიც დაუხატავს, “არარსებული” მზეც გამოუძერწავს ჩემთვის და სიყვარულის გამოსახატავად წერილებიც დაუწერია. მე უბედნიერესი ადამიანი ვარ, აქ და ახლა ამ ბავშვებთან რომ ვარ.ამ პატარა არსებების, ნაძვების, ცის, მთების სილამაზეს რომ განვიცდი ყოველდღე.” ( მისი ფეისბუქიდან).

ამას წინათაც მომწერა, რაღაც რჩევა მკითხა გაკვეთილის აგების შესახებ. აბა,  ჩემი რჩევები  რაში სჭირდება, თვითონ ჩემზე უკეთ იცის ყველაფერი, მაგრამ მაინც, სულ პატარა მინიშნება მივეცი. ამ პატარა მინიშნებიდან ჯადოსნური გაკვეთილი შექმნა, მეორე დღეს როცა ამ გაკვეთილის და გახარებული ბავშვების შესახებ მწერდა, ისე კარგად, ისე ცხადად დავინახე მისი გაბრწყინებული თვალები, რომ იმ დღეს აღარც არაფერზე მიწუწუნია და არც დავღლილვარ მაინცდამაინც.

იმ მთიანი სოფლის პატარა სკოლაში სულ რამდენიმე მოსწავლე ჰყავს, პატარა კლასისთვის გაკვეთილის დაგეგმვა ადვილიცაა და ძალიან რთულიც, ადვილია იმიტომ, რომ  პატარა ანცების შფოთი, ხმაური და ფაციფუცი ადვილი გასაკონტროლებელია, რთული კი იმიტომ, რომ მთელი გაკვეთილი ისე უნდა დაგეგმო, რომ არ მობეზრდეთ და ჩაერთონ, მათ, თითოეულს ხომ გაკვეთილისთვის დათმობილი დროიდან უფრო მეტი შეხვდებათ, შესაბამისად, ეს დრო კარგად, ჭკვიანურად უნდა დაუგეგმო. მას არ გაუჭირდება, ვიცი.

ვუყურებ მის ფოტოებს – პოეზიის კვირა, ასტრიდ ლინდგრენობის დღესასწაული, ხელნაკეთი წიგნების გაკეთება, შემოდგომის დღეები, ლიტერატურული პერსონაჟები და პარალელები… ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს  ეს ყველაფერი ჩემს საყვარელ წიგნში ხდება, იქნებ ეს კუნძული სალტკროკაა ან ბიულერბიუ?!

„შაბათი დღე მთელი უწერის ბავშვები ლინდგრენის სამყაროში გადასახლდნენ.ზოგს ყანაში მიქონდა სათუთად გახვეული წიგნები და შემთხვევით შეხვედრილები,მამშვიდებდნენ:ნუ გეშინიათ,მასწავლებელო,არ დავსვრითო. თუ უნდა სულ დასვრილი და დაფლეთილი დამიბრუნონ,ოღონდ წაიკითხონ!” – ისევ მისი ჩანაწერებიდან მოვიპარე.

ახლა აქცია მოაწყო, პატარა მთიანი სოფლის სკოლის ბიბლიოთეკისთვის წიგნები მოაგროვა, ბევრი გამოეხმაურა, პატარა, მაგრამ მდიდარი ბიბლიოთეკა ბავშვების ცხოვრებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.

მას ლელა ჰქვია,  ჩემი ახალი ზღაპრის გმირია, „ასწავლე საქართველოსთვის” პროგრამის მონაწილე და შესანიშნავი, ენთუზიასტი მასწავლებელი.

მინდა ამ ახალ წელს ჩემს ქვეყანას ბევრი მისნაირი დაებედოს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...