პარასკევი, ივნისი 20, 2025
20 ივნისი, პარასკევი, 2025

მასწავლებლის ოქროს გასაღები

0

სკოლის მოგონებათაგან ბევრი დავივიწყე. ზოგი ისეთი იყო გასახსენებლადაც კი არ ღირდა. ახლა უკვე იმაზე ვფიქრობ რა დამამახსოვრდა კარგად, ვინ იყო ჩემი გამორჩეული მასწავლებელი, რა ვისწავლე მათგან.

 



სკოლა, თითქმის ტყეში იყო, მდინარესთან ახლოს. სად იყო ეს სკოლა, ამას არ გავამხელ და საიდუმლოდ დავიტოვებ. იქ თითქმის სულ წვიმდა, სკოლის პირდაპირ ფსიქიატრიული საავადმყოფოს შენობა იდგა. ახლაც დგას. ცოტა სევდიან ამბავს ჰგავს. მაგრამ არაფერი მსგავსი. საკლასო ოთახში რუხი ფერებია, ფანჯრიდან დიდი ხეები ჩანს, ტოტები და ფოთლები მზის სხივების შემოღწევას ხელს უშლის. ხეებს იქით მდინარეა. გარეთ უამრავი ფიჩხი ყრია. ალბათ შემოდგომის პირია, ან დასასრული, თუ სწორად ვიხსენებ. იქ ასეთ დროს უკვე კარგად ცივა. ირგვლივ, ყველგან წებოვანი სინესტეა. მე მომწონს ასეთი ადგილები. გაკვეთილზე განსაკუთრებული არაფერი ხდება. ქართულის გაკვეთილია და შესაბამის პროგრამას გავდივართ. ჯგუფში სამი მოსწავლე ვართ – მე, ერთი გოგო და ერთი ბიჭი, სამივე მასწავლებლის წინ ვხსედვართ და ყურადღებით ვუსმენთ. შემდეგ, კახა ამბობს, რომ ღუმელში ცეცხლი ქრება და ეზოში გადის, მდინარესთან ახლოს ფიჩხს აგროვებს და ოთახში შემოაქვს. ღუმელი გუგუნებს. ჩვენი მასწავლებელი კი გვიყვება ამბავს, რა ხშირად სტუმრობდნენ მის ოჯახს გიორგი ლეონიძე და სხვა მწერლები ფშავში, გვიყვება მამაზე, იქაურ ცხოვრებაზე, მეურნეობაზე, თექის დამუშავებაზე.


სხვა გაკვეთილებზე ხმაურია. ქართულის გაკვეთილზე მშვიდად ვზივართ, არ ვებრძვით არც ერთმანეთს და არც მასწავლებელს, არც ხელის გულები გვიოფლიანდება. ეს მაშინ ხდება, როცა მათემატიკური ფორმულების გამოყვანას ვერ ვახერხებთ. ამ გაკვეთილზე სხვანაირი ნდობა და ურთიერთპატივისცემაა, ეს ყველაფერი თავიდანვე, ძალდაუტანებლად გაჩნდა. ჩვენ ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს ისეთი, რომ შემდეგ გვენანა. არც საიდუმლო გაგვიმხელია, უბრალოდ ჩვენმა მასწავლებელმა გადაწყვიტა თავისი ამბები მოეყოლა ჩვენთვის და ჩვენც მოვინუსხეთ, მისი კეთილი გავლენის ქვეშ მოვექეცით, მის მიმართ უნებლიეთ მოვიდა შინაგანი პატივისცემა, ისე, რომ ჩვენი თავისუფლება ერთი წუთითაც არ შეზღუდულა, პირიქით, უფრო თავისუფლები გავხდით.

ამ პოსტში მინდა ვისაუბრო ნდობაზე და ორმხრივ პატივისცემაზე მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის.

რა არის მასწავლებლის მოსწავლესთან ურთიერთობის გასაღები? როგორ შეუძლია მას შეცვალოს მოსწავლის ცხოვრება, ახალი გზები დაანახოს და მისი ქცევის ფორმირებას ხელი შეუწყოს. როგორ, შეიძლება იმეგობროს მასთან? როგორ, შეიძლება ურთიერთობის ნდობაზე დაფუძნება? რადგან მასწავლებლობა ყველაზე საპასუხისმგებლო და რთულ საქმედ მეჩვენება და არც ის მინდა, არაკომპეტენტური დასკვნები გავაკეთო და არც მზა პასუხები მაქვს კითხვებზე, ამის მიუხედავად ინტუიციით ვხვდები, რომ მასწავლებელი, რომელიც ახერხებს განაწყოს კლასი მის მიმართ პატივისცემითა და სიყვარულით, მას ყველაფერი გამოუვა. მასწავლებელი, რომელიც ცდილობს არ ჩაკლას ინდივიდუალიზმი და წაახალისოს მოსწავლეების შემოქმედებითი უნარები, არ მოაქციოს ისინი სტანდარტულ ყალიბში, არამედ პირიქით, გასაქანი მისცეს მათ თავისუფლებას და მათ განსაკუთრებულ ხასიათს, მოსწავლეებისგანაც იგრძნობს რეალურ უკუკავშირს.

ერთ ამბავს მოვყვები, მართალია მე არ გადამხდენია, მაგრამ ერთი მოსწავლე გოგონას ბლოგზე ამოვიკითხე. ის წერს, როგორ შესძულდა რაღაც პერიოდის განმავლობაში ვაჟა-ფშაველა, რადგან მასწავლებელი აიძულებდა, ვაჟას სტილში ეწერათ თემები. თხზულებაში გამოეყენებინათ სიტყვები “მრუმე”, “თვალებბარჩხალა მზე”, გოგონა არ ემორჩილებოდა ამ წესს და თემას ისევ თავისი სიტყვებით წერდა. გასწორებულ ნაშრომში კი თავის სიტყვებს წითლად ჰქონდა ხაზი გასმული და ისევ “თვალებბარჩხალა მზე” ეწერა და ა.შ ბლოგის ბოლოს, კი განაწყენებული მასწავლებლის კომენტარია მოსწავლის მიმართ : „ნუ არაამქვეყნიურობ”, „პუნქტუაციურ და ორთოგრაფიულ შეცდომებს მიხედე, რითაც დედასაც არცხვენ და საკუთარ თავსაც”.

მიუხედავად ასაკისა, ჩვენ ყველანი სრულფასოვანი ადამიანები ვართ ჩვენი ღირსებებით და შეცდომებით. ჩვენი შეცდომები ჩვენი პირადი პასუხისმგებლობაა და მასზე ვალდებულების აღება არც ოჯახს და არც ნათესავებს არ ეკისრებათ. და როცა ისევ ოჯახის და დედის შერცხვენაზე ვკითხულობდი, ერთი საბჭოთა გადმონაშთი გამახსენდა – სტენდი, სადაც გამოკრული იყო თანამშრომელთა ფოტოები – “ვინ გვარცხვენს” და “ვინ გვასახელებს”. როგორ განისჯებოდნენ ადამიანები საჯაროდ სხვადასხვა მორალისტების მიერ თავიანთი პატარა შეცდომების გამო და როგორ ხდებოდა მათი ჩარჩოებში მომწყვდევა, მათი პიროვნულობის უგულებელყოფა. ასეთი მიდგომა თავიდანვე გამორიცხავს ნდობას და პატივისცემას ორ ადამიანს შორის.

ჩემი ქართულის მასწავლებელი კი სექტემბრიდან ალბათ ისევ მოკრძალებული ღიმილით გაუღიმებს თავის მოსწავლეებს, გიორგი ლეონიძის და სხვა მწერლების სტუმრობაზე მოუყვება და ნდობის უხილავ ძაფებს გააბამს ფშავის ერთ უბრალო საჯარო სკოლაში. თავისუფალ დროს კი თექაზე იმუშავებს და დაქარგავს.

აწუხებთ თუ არა თქვენ შვილებს დეპრესია?

0
თუ დედებსა და მამებს, ბებიებსა და პაპებს, ძიძებსა და აღმზრდელებს და თვით მასწავლებლებსაც ვთხოვთ ჩამოთვალონ ბავშვთა გავრცელებული დაავადებები, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ისინი დიდ  და მრავალფეროვან ჩამონათვალს შემოგვთავაზებენ, წითელა-ჩუტყვავილით დაწყებული, ნაირ-ნაირი ალერგიებით დამთავრებული, მაგრამ არავინ ახსენებს დეპრესიას. სიტყვა ,,დარწმუნებით”  იმიტომ გამოვიყენეთ, რომ სხვა ქვეყნებში ჩატარებული გამოკითხვები ამას ადასტურებს… მეტიც, როცა გამოკითხულებს დეპრესიას უხსენებენ, ისინი კატეგორიულად აცხადებდნენ, რომ ბავშვებში ასეთი დაავადება არ არსებობს. ფსიქოლოგები კი საწინააღმდეგოს აცხადებენ: ჩვილ ბავშვებშიც კი გვხვდება დეპრესიის შემთხვევები.   

ჩვეულებრივი ვირუსებისაგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ ადამიანისაგან ადამიანზე ვრცელდება, ნაღვლიანობის ,,ვირუსი”  ადამიანიდან ცხოველებსაც გადაეცემა. არსებობს საერთო ბიოლოგიური კანონზომიერებები და მათ მიხედვით, ადამიანთა და ცხოველთა 20%-ისათვის დამახასიათებელია დაქვეითებული ფსიქოლოგიური იმუნიტეტი. პატარებს, რომლებიც ამ ჯგუფს განეკუთვნებიან, შეიძლება სიცოცხლის პირველ თვეებშივე  გამოეხატოთ დეპრესია.

როგორ უნდა გაარკვიოს მშობელმა, მიეკუთვნება თუ არა მისი შვილი დეპრესიულთა ჯგუფს? როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ამისათვის ექიმთან მისვლა არ არის აუცილებელი. საკმარისია, საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოთ. ეს, პირველ რიგში, ეხებათ დედებს. მათი შინაგანი განწყობა პირმშოს როგორც გენეტიკურ, ასევე საყოფაცხოვრებო დონეზეც გადაეცემა.  თუ თქვენ ბუნებით პესიმისტი ხართ და ვერც ბავშვის მამას უწოდებთ ხალისიანსა და იმედიანს, მაშინ პატარა ვის დაემსგავსება?  ის ფსიქოლოგიური იმუნიტეტის მარაგით  ნამდვილად არ იქნება განებივრებული. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ  დეპრესია უკვე სახეზეა.. სპეციალისტთა რჩევების გათვალისწინება ბავშვს ნაღვლიანობას აარიდებს.

ამერიკელი ფსიქოლოგები დედებს ორ კატეგორიად ყოფენ.  ერთნი შვილებს მხოლოდ ,,რძეს” აძლევენ, ანუ უზრუნველყოფენ იმ აუცილებელი მინიმუმით (კვება, ჩაცმა, ჰიგიენა, სეირნობა…), რომელიც მათი არსებობისათვის არის საჭირო, ხოლო მეორენი,  ,,რძესთან” ერთად შვილებს ცხოვრების ,,თაფლსაც”  აგემოვნებინებენ: ასწავლიან როგორ უნდა უხაროდეთ ყოველი ახალი დღის გათენება, როგორ აღიქვან თავიანთი არსებობა  განგების საჩუქრად. სიცოცხლით ტკბობის  განცდა დეპრესიისაგან დაცვის ყველაზე საიმედო ,,იმუნიზაციად” მიიჩნევა. მაგრამ როგორ განაცდევინებს ამ სიხარულს დედა, რომელსაც თავად ,,ნულოვანი” განწყობა აქვს? 

პასუხი ერთია: უნდა თავად შეიცვალოთ, ეს გჭირდებათ თქვენ და თქვენს პატარასაც, გარშემომყოფებსაც, სხვათა შორის. უცხო თვალით შეხედეთ თქვენს ცხოვრებას და ეძებეთ მასში დადებითი საყრდენები. ხშირად გაიღიმეთ, მოიწყეთ პატარ-პატარა დღესასწაულები, გაუკეთეთ თუნდაც მცირე საჩუქრები საკუთარ თავს და ახლობლებს. თუ ამანაც არ გიშველათ, მაშინ მიმართეთ ფსიქოლოგს ან ფსიქოანალიტიკოსს, რომ უმკურნალოთ არამარტო საკუთარ თავს, არამედ შვილი გადაარჩინოთ გადამდები შავნაღვლიანობისაგან.

 ფსიქოლოგებისავე  აზრით, განსაკუთრებული რისკის ჯგუფს შეადგენენ ბავშვები, რომელთა მშობლებს ეგრეთ წოდებული შუა ასაკის (30-დან 40 წლამდე) კრიზისის პერიოდი აქვთ. ამ ასაკისათვის დამახასიათებელია ღირებულებათა გადაფასება და ოჯახური ურთიერთობების გამწვავება. მიუდექით ცხოვრებისეულ სიძნელეებს ფილოსოფიურად, ნუ შექმნით მათგან ტრაგედიას, იყავით მიმტევებლები ერთმანეთის მიმართ, არ დაატეხოთ შვილს თავს თქვენი სასოწარკვეთა, მშვიდად! ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება, – ასეთია ფსიქოლოგთა რჩევები ამ ასაკის მშობლებისათვის.

რისკის კიდევ ერთ ჯგუფს შეადგენს ოჯახური სამკუთხედი: წარმატებული, მტკიცე  ხასიათის, ძალაუფლების მოყვარული ქალი,  ერთადერთი შვილი  – გოგონა და ხელმოცარული მამა. უწყვეტად ხდება ურთიერთობების გარჩევა სოციალურად წარმატებულ დედასა (რომლის მიმართ შვილს აქვს ქალური სოლიდარობის განცდა) და ფინანსურად და პროფესიულად არასტაბილური მდგომარეობის მამას შორის. ეს ბავშვის ფსიქიკაზე დამთრგუნველად მოქმედებს. ფსიქოლოგების რჩევა არ არის ძნელად მისახვედრი _ შეცვალეთ ოჯახური ურთიერთობების სტილი და კეთილგანწყობა აღდგება, ბავშვსაც საფრთხე გვერდით ჩაუვლის.

არც დანგრეული ოჯახები უქმნიან ამ მხრივ პატარებს ხელშემწყობ გარემოს და, სხვათა შორის, აქ გოგონები უფრო მალე ახერხებენ ფსიქოლოგიური წონასწორობის აღდგენას. მათ თანატოლ ვაჟებს ორჯერ მეტი დრო სჭირდებათ ამისათვის. მათ სტანჯავთ მიტოვებულობის, დანაშაულის განცდა, კარგავენ ინტერესს სწავლისადმი. ხშირად დედები ცეცხლზე ნავთს ასხამენ, როცა ყოფილი მეუღლის მიმართ აღძრული უარყოფითი ემოციები ვაჟზე გადააქვთ. მშობლებმა მაქსიმუმი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ისედაც სუსტი ფსიქოლოგიური იმუნიტეტის მქონე შვილი ამგვარი ფსიქოლოგიური ხაფანგისათვის არ გაწირონ. 

სპეციალისტები დაავადების სეზონურ მახასიათებელზეც მიგვანიშნებენ: განსაკუთრებით ძლიერდება დეპრესია გვიან შემოდგომაზე, ზამთარსა და ადრე გაზაფხულზე. ემოციურ ვარდნას ამ პერიოდში ყველა ადამიანი განიცდის, მით უფრო, მელანქოლიისადმი მიდრეკილები.

დარდი და დეპრესია ყველა დაავადების წინაპირობად შეიძლება იქცეს. ფიზიოლოგები ადასტურებენ, რომ დადებითი ემოციები იწვევს სასიცოცხლო ძალების გააქტიურებას, ხოლო უარყოფითი _ პირიქით. ბავშვის განწყობის გამოსასწორებლად და ორგანიზმის ბუნებრივი დაცვის გასაძლიერებლად, რეკომენდირებულია მხიარული თამაშები, მხიარული ლიტერატურული ან ფილმის პერსონაჟების მიბაძვა, მხიარული სანახაობები (ცირკი, კომედია…).  ნორვეგიელი ექიმები გვარწმუნებენ, რომ თავად ბავშვების ხელნაკეთი სასაცილო ნივთების მიმართ აღძრულ ემოციას ძლიერი გამაჯანსაღებელი ეფექტი ახასიათებს.

რჩევაა, ბავშვებმა შეითვისონ იაპონური ჩვევა – მუდამ იღიმოდნენ, რადგან მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ არამარტო სიხარული აღძრავს ღიმილს, არამედ ღიმილიც რეფლექსურად იწვევს ეგრეთ წოდებული სიხარულის ჰორმონების სტიმულირებას. ეს ჰორმონები კი ამტკიცებენ ორგანიზმის ბუნებრივი დაცვის სისტემას და გვევლინებიან ბუნებრივ ანტიდეპრესანტებად. დეპრესიისაგან დაცვისა და მკურნალობის  საშუალებადაა მიჩნეული მხიარული ვარჯიში, ანუ აერობიკა, კოლექტიურ სპორტულ თამაშებში ჩართვა, სადაც იბრძვიან გამარჯვებისთვის.

შევეხოთ დეპრესიას პედაგოგებს შორისაც. ცხადია, ზემოთ ნახსენებ 20%-ში პედაგოგებიც არიან. შეუძლებელია, დეპრესიული პედაგოგის განწყობა არ გადავიდეს მოსწავლეებზე და არ იმოქმედოს მათ მოტივაციაზე. ამიტომ პედაგოგმაც უნდა შეძლოს გარედან შეხედოს საკუთარ თავს და მართოს და აკონტროლოს საკუთარი ემოციები. სხვანაირად ის ვერ შეძლებს ეფექტური სასწავლო პროცესის გაძღოლას და გაკვეთილისადმი ინტერესის გაღვივებას. უფრო მეტიც, მოსწავლეებს ასეთ პედაგოგთან თანამშრომლობა გაუჭირდებათ.

კლასის დამრიგებლებმა, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, როცა პატარებს უფრო უჭირთ გამკლავება საკუთარ ემოციებთან, დიდი გულისყური უნდა გამოიჩინოს, რომ ხელი შეუწყოს იმ მოსწავლეებს, რომელთაც დაბალი ფსიქოლოგიური იმუნიტეტი აქვთ.  მათ განსაკუთრებით სჭირდებათ  ჯგუფისადმი (კლასისადმი) მიკუთვნებულობის განცდა, რომ კეთილგანწყობილ გარემოში იგრძნონ თავი. ასეთ შემთხვევებში, მშობლისა და პედაგოგის თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

წაკითხვისთანავე დაივიწყეთ

0
ტექსტები, რომლებსაც ერის ცნობიერება ქმნის,  ატარებენ ამ ერის მენტალიტეტის ნიშნებს. ასეთ შემთხვევაში, არცა აქვს მნიშვნელობა, როგორია ეს ტექსტი, მხატვრული, ნაკლებადმხატვრული, თუ, საერთოდაც, მხატვრულობას მოკლებულია. თუ ჩვენ ამ ტექსტებს (შესაბამისად, ავტორებს) ხშირად “ვიმეორებთ”, მაშასადამე, ავტორის ტექსტების განზოგადებაც შეიძლება, ანუ: ის მხოლოდ ავტორს აღარ ეკუთვნის, ის ეკუთვნის მკითხველსაც და კულტურასაც.

ტექსტები სემიოტიკურ ფენებად შეიძლება დავშალოთ და აღმოვაჩინოთ მასში, როგორც პალიმფსესტში, სხვადასხვა ფენა და შრე… ერთ-ერთ შრეს სოციალური ფენა ნამდვილად წარმოადგენს. ისეც შეიძლება მოხდეს, რომ  ამ შრის გარდა ტექსტი სხვას არც არაფერს შეიცავდეს…

ერთი სიტყვით, საბჭოთა პოეტების ტექსტები სავსეა კლიშეებით და არ გაგიკვირდებათ, თუ ერთი ასეთი კლიშე იყო პათეთიკური, უაზრო და „ხმამაღლა წასაკითხი” ლექსები. შეიძლება, რომ „ხმამაღლა” კარგი ლექსებიც ეწერათ, მაგრამ, ამ შემთხვევაში, საკუთრივ უგემოვნო და არამხატვრულ ტექსტებზე ვისაუბრებთ. აქვე აღვნიშნავ, რომ ავტორის სახელი და გვარი ასეთ დროს არაფერს წყვეტს, ჩვენი ანალიზის მიზანი  მკითხველის ცნობიერებაში ამ ”ვითომ პოეზიის” გააქტიურება, გადაფასება  და წაშლაა… რადგან ამ „ნაგვისგან” გათავისუფლების გარეშე ჩვენი ცნობიერება დიდხანს დარჩება ჭაობში და არასდროს არ იქნება მზად ახლის მისაღებად.

არწივი ქართველებისთვის (და არა მხოლოდ ქართველებისთვის) განსაკუთრებული ფრინველია და დავიწყოთ ლექსით ”არწივი”. ამ არწივს რომ ვაჟას არწივთან ირიბი კავშირი შეიძლება და პირდაპირი კავშირი არა და არ აქვს.

არწივი  
                                                                                           
მზე როცა ჩადის, მზე როცა ჩადის…
და სწორედ მაშინ გადმომიქროლებს.
ამქვეყნად დამაქვს მე ჩემი დარდი,_
არწივზე რატომ უნდა ვფიქრობდე?!
მზე როცა ჩადის, მზე როცა ჩადის…
ფრთას ყურისძირთან გამტყლაშუნებს,
რადგანაც ვიცი არწივის ყადრი
პაპის ნაჩუქარ ადათს ვასრულებ.
მოვზიდე მშვილდი, ისარი ვტყორცნე,
მიწაზე გდია ზეცის პატრონი…
მე დაჭრილ არწივს თვალებში ვკოცნი,
მერე ფრთებს ვუშლი და მხრებს ვატოლებ.

ამ სტრიქონების ავტორს ”ამქვეყნად დააქვს თავისი დარდი” და თვითონვე უკვირს: ”არწივზე რატომ უნდა ვფიქრობდეო?!”… მაგრამ ეს ფიქრი ავტომატურია და მასაც ეფიქრება, რა ჰქნას? ვაჟკაცური ბუნება ითხოვს ამ ფიქრს…  რადგანაც პოეტმა იცის ”არწივის ყადრი” (და აქ ალბათ მკითხველს გაახსენდება არწივი _ თავისუფლების, სიძლიერის, სიმაღლის სიმბოლო), პაპის ”ნაჩუქარი ადათის” შესრულებას დააპირებს.. ნეტავ რა იქნება ეს ადათი…? შემდეგი სტრიქონის წაკითხვამდე გული უფანცქალებს მკითხველს… მერე ცოტა ეჭვით უყურებს, როცა მშვილდს მოზიდავს პოეტი…. ვითომ ხუმრობს…? იქნებ ხუმრობს…? ო, არაა… ისარი სტყორცნა (რა ვუთხარი შენს მარჯვენას…?) და არც მეტი და არც ნაკლები _ ”მიწაზე გდია ზეცის პატრონი…” ეს ნამდვილი მოულოდნელობის ეფექტია… მაგრამ ამით ყველაფერი არ სრულდება… ფინალი კიდევ უფრო მოულოდნელია… წარმოიდგინეთ სურათი: დაჭრილ არწივს ბედნიერი პოეტი მივარდება, თვალებში აკოცებს და… აი, ამის წარმოდგენა კი ნამდვილად გაგიჭირდებათ: ფრთებს გაუშლის და მხრებს დაატოლებს… და რა კითხვა გაგიჩნდებათ ამ სურათის შემყურეს? არწივის ფრთებმა თუ პოეტის მხრებს გადააჭარბა, უკვე ხომ იცით, რას ჩაიდენს ავტორი…? ვერ მიხვდით…? მკვდარ არწივს ფრთებს დაუმოკლებს… დიახ, დიახ, ნამდვილად ასე იზამს. ამ ლექსის წაკითხვის შემდეგ თქვენ აუცილებლად ჩაგაფიქრებთ ლექსის იდეა… მაინც რისი თქმა უნდოდა ამ სტრიქონებით ავტორს…?  არწივის მოკვლით თავისუფლება მოიპოვა თუ დაკარგა პოეტმა…?  ეეჰ, ”პაპის ნაჩუქარო ადათო”, არწივის მოკვლა როგორ აიძულე შვილიშვილს…?

აქ მართლა გაგახსენდებათ ვაჟას ”არწივის”  სიტყვები: ”ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო, ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა, თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს გაშლილს, გაფანტულს ველადა!”

შემდეგი ლექსი, რომლითაც უნდა ”გაგაოცოთ”,  არის ”ჯოკონდა”.

ჯოკონდა

ყველაფერი ძვირფასია,
ამავე დროს მძიმეა,
სილამაზე ვინ ასწია_
თუმც ყვავილზე მცირეა.
რას არ მივედ-მოვედებით,
რა საქმეს არ ვეწევით,
როცა არ ვართ პოეტები,
ვართ უბრალოდ ბერწები.
ჯერ სიცოცხლით ვინ დამთვრალა,
მშობელი დაიგინოს,
გაიხედე, შე ცალთვალა,
პაწაწინა პინგვინო…

ჭეშმარიტად მართალია ფროიდი, როცა ის ’წამოცდენებს” აანალიზებს…  მე ის მიკვირს, რომ  წამოცდენებს თავად პოეტიც  ვერ შენიშნავს ხოლმე… ამ აბდაუბდას რატომ ჰქვია ”ჯოკონდა”, მხოლოდ ფროიდმა უწყის… ჩვენ კი მთავარ წამოცდენას გავიმეორებთ: ”როცა არ ვართ პოეტები, ვართ უბრალოდ ბერწები…” ჩვენ კი ვიცით, პოეტო, ბერწი სიტყვებით და აზრებით რომაა სავსე თქვენი ლექსები და ნეტავ მხოლოდ თქვენი ლექსები… ამ ლექსებს დედები და მამები სკამზე და მაგიდაზე შემხტარ შვილებს ამაყად აამბობინებდნენ… და მერე ეს მკვდარი სიტყვები და ფრაზები ჩვენი ცნობიერების სარეველად იქცეოდა…

ამავე ლექსშია დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში  ”დაგინების ტრადიციის”  ფესვებიც… არა და, სულ გვიკვირდა, საიდან…საიდან მოდიოდა… აგერ, ამ ”ჯოკონდა” ლექსიდან: ”ჯერ სიცოცხლით ვინ დამთვრალა, მშობელი დაიგინოს…”  დაიგინეს პოეტებმა ხაშლამიან-ხინკლიან სუფრაზე, დაგინება გააგრძელეს ლექსებში… ლექსებიდან გადავიდა ხალხში და ასე… გადადიოდა, გადადიოდა და ასე მივიდა გრეჩეხამდე და ახლა გრეჩეხას დაგინება გაგიკვირდეს მიტინგზე…

ყველა, ყველა და…”ჯოკონდასთან” ცალთვალა პინგვინის კავშირს თუ ახსნით, დედას გაფიცებთ, გამაგებინეთ… ეჰ, მართლაც, ”რას არ მიედ-მოედებით, რა საქმეს არ ეწევით…”
ეს ლექსი კი არც მეტი, არც ნაკლები, ცუდ კაცს ეძღვნება:

ცუდ კაცს

კაცები, ვიცი, მშვიდობა მოგვმადლეს,
ახლა თამაშიდან გადიან.
თუ გამზრდელი ხარ, გამზრდელი იყავ,
თუ გადია ხარ, გადია…
იქით რომ ითხოვ თაყვანისცემას,
აქეთ რა წმინდა სულის ხარ?
ერთი ჩვენსკენაც ჩამოასხი,
შენს სტომაქში რომ სულ ისხამ.
შუა  სტრიქონში მომინდა
შორს გაპურჭყება და გაჭყირტვა,
არწივს მართვე არ გამოადგა,
ადგა და შიგ ბუდეში გაჭყლიტა.

ამ თავიდან ბოლომდე მარგალიტი ლექსის ფინალი სრულიად განუმეორებელია: პოეტები არა მხოლოდ სუფრაზე იპურჭყებიან და იჭყირტვებიან (ასეთი სიტყვა ლექსიკონში არ არის, პოეტის თვითშემოქმედებაა), ლექსებშიც იგივე ემართებათ, თანაც, შუა სტრიქონში… ან თავში ყოფილიყო, ან _ ბოლოში… არა, შუა სტრიქონში… აქედან მკითხველი ვერსად გაიქცევა… და მოუწევს პოეტის ნახშირორჟანგის სიტყვებით ჩასუნთქვა, სხვა რა გზაა…  ლექსის იდეა ბოლო ორ სტრიქონშია გამჟღავნებული შეგონების სახით, პირდაპირ და მკაფიოდ.  მოკლედ, როცა შეატყობთ, რომ შეიძლება მომავალში შვილი არ გამოგადგეთ  და თუ კარგად დააკვირდებით, აუცილებლად შეატყობთ (კოჭებზე გადაიტანეთ გამჭოლი მზერა) …  არწივად თავი წარმოიდგინეთ, მართვედ _ თქვენი შვილი და ნუღარ გამამეორებინებთ, როგორ უნდა მოიქცეთ…  ეს იქნება სპარტანული აღზრდის კლასიკური მაგალითი… ცივ წყალში ჩაგდებას ისევ გაჭყლეტვა სჯობს… რატომ…? უფრო ჰუმანურია!

ცუდი კაცის დეფინიცია კი ამ სტრიქონების მიხედვით შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ:  ”ერთი ჩვენსკენაც ჩამოასხი, შენს სტომაქში რომ სულ ისხამ…”  ცუდი კაცია ის, ვინც არ უსხამს პოეტს და არ მერიქიფეობს და, შესაბამისად, ასეთი კაცი აკვანში უნდა გაგუდო… რომ მერე სუფრაზე ნერვები არ მოუშალოს პოეტს და ერის მამას.

გგონიათ, რომ ეს ლექსები განგებ ავარჩიე…? არა და არა..! ერთი პოეტის ერთი რჩეული კრებულია და აქ თითქმის ყველა ერთი მეორეზე უკეთესია… კი, ბატონო, სხვა თემას შემოვიტან, აგერ ლექსი ვნახე ”პოეტზე” და მთლიანად გაგაცნობთ, აქ არცერთი სიტყვა არ უნდა გამოტოვოთ, კონცეპტუალური დატვირთვა აქვს ყველას:
პოეტი

გესმის?! ყივილი სისხლისფერი_
დაჭრილ მამლისა,
ჩაჩეხილ ხევში გელოდება
ხროვა ძაღლების…
მაგრამ, მგოსანო,
მჯდომარე ხარ მარჯვნივ მამისა…
და ვიცი, ზეცით რომ ამაღლდები!

დაჭრილი მამლის სისხლისფერი ყივილი თუ მოგესმათ და ჩაჩეხილ ხევში ძაღლების ხროვაც წარმოიდგინეთ… გადადით შემდეგ კადრზე: მგოსანი ზის უფლის (მამა-ღმერთის) მარჯვნივ (მხარი არ გეცვალოთ და არ აგერიოთ, ეს მნიშვნელოვანია!) და ჰაეროვნად მაღლდება…  ლექსის დასასრული…

და თუ მიჯნურთა ცეცხლი იშვიათად რატომ სწვავდა მგოსანს,  ახლავე გაიგებთ ამ გულწრფელი ლექსიდან:

საყვედური
შენ მსაყვედურობ:
_ნაკლებ იწვი მიჯნურთა ცეცხლით,
ნაკლებად გშვენის სიყვარულის ლურჯი არშია!
ნაკლებად ისმის შენს ლექსებში
ჟღურტული მერცხლის…
_ ჩემო ძვირფასო, მოგახსენებ, საქმე რაშია:
ეს ჩემი „გორდა”, „ლეკურსა” და „სპარსულს” შეაცვდა,
კაცს არ უწვნია იმოდენა,
მე რომ ვიწვალე,
მამულის გამო არ ვყოფილვარ მონა დიაცთა.
მინდოდა, მაგამ ვერ მოვიცალე…

ვერაფერს ვერ იტყვი ამ სტრიქონების შემდეგ: ”მამულის გამო არ ვყოფილვარ მონა დიაცთა.

მინდოდა, მაგამ ვერ მოვიცალე…”  მოკლედ, ისეთივე რთული კითხვაა: როგორც შორენა თუ სვეტიცხოველი…?  ეს არა, ის შორენა… ”დიდოსტატის მარჯვენაში”. მოუცლელობის გამო (თუ ეს მოუცლელობა მამულს უკავშირდებოდა) პოეტს ვერ გავასამართლებთ და ეს ლექსი მშვიდობიანად გავიაროთ და გადავიდეთ შემდეგზე…

მამა-შვილის საუბარი სპექტაკლის შემდეგ:

თეატრში

_რა მოსაწონია, მამა,
რა მოგწონს ამ უბედურების?
კომედიაა თუ დრამა,
თუ ცირკი არის დუროვის?
_შენ, ჩემო სისხლო და ხორცო,
ვცდილობ, რომ გამოვსწორდე,
სუყველაფერი მომწონს,
რაც უნდა არ მომწონდეს!
ამ სტრიქონებს მთლად წამოცდენილსაც ვერ დავარქმევთ… ადამიანი (პოეტი) ამბობს, რომ რაც არ უნდა მოსწონდეს, ყველაფერი მოსწონს და თანაც, გამოსწორდა… ნამდვილად ზედმეტია კომენტარი.
არც ეს სტრიქონებია წაცდენილი:
ამ ქვეყანაზე სული ვერ ვიცხონე,
ცოტა ვიგიჟე და ბევრი ვიდინჯე.
ისე ფრთხილად და შიშით ვიცხოვრე,
ტყვია რა არის… ტყვია ვერ ვიგლიჯე!

აქ ცრუობს პოეტი, პირიქით: ბევრი იგიჟა და ცოტა იდინჯა… და  ტყვია არა, მაგრამ ვერც კალამი გამოსტაცა ვერავინ ხელიდან…

ესეც ფინალისთვის, მეტს ვერ გავუძლებთ:

მავრის მოტივი

აი, კახპების თვალისეირი,
ქვევით თხები და ზევით _ ვირთხები…
გთხოვთ, გამომხედოთ, ფარისეველნო,
მე ვიფურთხები,
მე ვიფურთხები…

ვიცით, ბატონო, ვიცით….  მაგრამ ამდენი…. რა საკადრისი იყო?
პ.ს.
ლექსები ამოკრებილია თანამედროვე (საბჭოთა) პოეტის „რჩეულიდან”

სწავლა და სწავლება კლას-კომპლექტში

0
საქართველოში, ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, კლასში მოსწავლეთა განაწილება ქალაქსა და სოფლად თანაბარი არ არის: ქალაქის სკოლებში კლასში მოსწავლეების ჭარბი რაოდენობაა, ხოლო სოფლად – უჩვეულოდ მცირე. განათლების მკვლევარები მიუთითებენ, რომ იმ კლასებში, სადაც მოსწავლეების რაოდენობა ათს არ აღემატება, ისევე იჩენს თავს საგანმანათლებლო პრობლემები, როგორც იმ სკოლებში, სადაც კლასში მოსწავლეთა რაოდენობა უპრეცედენტოდ დიდია და 35-40-ს აღწევს. 

2012 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსწავლეთა სრული რაოდენობის დაახლოებით 8% სწავლობს ისეთ კლასებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა ხუთი ან ნაკლებია. ერთი შეხედვით, ეს ციფრი დიდი არაა, მაგრამ ეს ბავშვები 880-მდე სკოლაში არიან განაწილებული, რაც საქართველოს სკოლების 38%-ს _ ერთ მესამედზე მეტს მოიცავს. 

აღნიშნულ სკოლებში სწორედ შეზღუდული ფინანსური და ადამიანური რესურსების გამო, რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით, ხშირად ქმნიან კლას-კომპლექტებს.

რა არის კლას-კომპლექტი?
კლას-კომპლექტში, სულ მცირე, ორი სხვადასხვა კლასის სხვადასხვა სასწავლო შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები ერთ საკლასო ოთახში სწავლობენ და ინტელექტუალურ, აკადემიურ და სოციალურ უნარებს  ავლენენ.  ასეთი სასწავლო გარემოს შექმნის ერთ-ერთ მთავარ პირობას, როგორც წესი, რესურსების სიმწირე და გეოგრაფიული აუცილებლობა ქმნის. კერძოდ, სკოლის სხვა სკოლასთან კონსოლიდაცია შეუძლებელია მათი მდებარეობის გამო. ამასთან, მოსწავლეების მცირე რაოდენობის გამო სკოლა მცირებიუჯეტიანია და იძულებულია, არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსების ოპტიმიზაციას მიმართოს. 

დღესდღეობით მთელ მსოფლიოში სკოლებში მოსწავლეების ჯგუფებად განაწილება, ბუნებრივია, ასაკის მიხედვით ხდება. თუმცა საინტერესოა, რომ კლასებად სეგრეგირებული სკოლები დასავლეთში მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს, ინდუსტრიულ რევოლუციასა და ურბანულ დასახლებებში მოსწავლეების რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან ერთად გაჩნდა. აღნიშნული პრინციპი მოსახერხებელია როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის, რადგან გათვალისწინებულია ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები და ჯგუფებში მათი კატეგორიზაცია სწორედ ამ პრინციპით ხორციელდება. მაგრამ დღესაც ზოგ ქვეყანაში კლას-კომპლექტი სწავლების დომინანტური ფორმაა (მაგ.: პერუში, სადაც სკოლების 78%-ში კლას-კომპლექტში ხორციელდება სწავლება; შრი ლანკაში, სადაც ეს სკოლების 63%-ში ხდება).   

რა სირთულეებს ქმნის კლას-კომპლექტში სწავლება? 

კლას-კომპლექტში სწავლება მასწავლებლისათვის შრომატევადი პროცესია. ის მასწავლებლის განსაკუთრებულ პროფესიულ ოსტატობას, გაკვეთილის ზედმიწევნით დაგეგმვას და დამატებით რესურსებს მოითხოვს. მასწავლებელმა უნდა მართოს სხვადასხვა ასაკის და აკადემიური საჭიროებების მქონე მოსწავლეები და იზრუნოს თითოეულის მოტივირებაზე. სირთულეს ის სასწავლო გარემოც ქმნის, რომელშიც მასწავლებელს უწევს მუშაობა. საქართველოში კლას-კომპლექტები იქმნება მაღალმთიან, სოფლის მცირებიუჯეტიან სკოლებში, სადაც სკოლა არ არის მდიდარი თვალსაჩინოებებით, დამატებითი სასწავლო რესურსებით, ბიბლიოთეკით. მასწავლებელს არ აქვს შესაძლებლობა, ხშირად დაესწროს პროფესიული განვითარების ტრენინგებს, სკოლის მწირი ადამიანური რესურსის გამო პედაგოგები ხშირად ითავსებენ ადმინისტრაციულ საქმიანობასაც, რაც მათ დიდ დროსა და ენერგიას ართმევს. ამასთან, სკოლა შეიძლება კულტურული და გეოგრაფიული იზოლაციის არეალშიც იყოს. 
თუმცა სკოლის დირექციის შესაბამისი დახმარების, რესურსების სწორად შერჩევის, კლასში აქტივობების სწორი განაწილების შემთხვევაში შესაძლებელია კლას-კომპლექტში მამოტივირებელი სასწავლო გარემოს შექმნა და დასახული სასწავლო მიზნების მიღწევა.  

რა უპირატესობა აქვს კლას-კომპლექტს? 
მიუხედავად რიგი სირთულეებისა, კლას-კომპლექტს დადებითი მხარეებიც აქვს. რიგ სკოლებში კლას-კომპლექტების არსებობა მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენის და კეთილსაიმედო სასწავლო გარემოს შექმნის საშუალებას აძლევს.  

მაგალითად, მოსწავლეები უკეთ შეიმუშავებენ სწავლის გრაფიკსა და თავისებურებებს, ყალიბდებიან უფრო პასუხისმგებლობიან და დამოუკიდებელ მოსწავლეებად.  ამასთანავე, კლას-კომპლექტში ნაკლებად ფორმალური და კეთილგანწყობილი გარემოა, ვიდრე ჩვეულებრივ საკლასო ოთახში, შესაბამისად, მოსწავლეები სწავლობენ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობას, უვითარდებათ ურთიერთდახმარებისა და ურთიერთსწავლების უნარები, რაც ჩვეულებრივ კლასებში რთულად მისაღწევი მიზანია. კლას-კომპლექტში სხვადასხვა ასაკის მოსწავლეების სწორი გადანაწილების შემთხვევაში, უფროსკლასელები ირგებენ მზრუნველი უფროსის, მასწავლებლის როლს, ხოლო უმცროსი საფეხურის მოსწავლეებს საშუალება აქვთ, დააკვირდნენ უფროსკლასელების სამოდელო ქცევას. 

რა უნდა იცოდეს კლას-კომპლექტის მასწავლებელმა?

კლას-კომპლექტის მასწავლებლებს განსაკუთრებით მოეთხოვებათ ბავშვის განვითარების ეტაპების კარგად ცოდნა. შესაბამისად, სწავლების სტრატეგიები, რომლებსაც მასწავლებელი საკლასო სივრცეში გამოიყენებს, ასაკობრივ თავისებურებებს უნდა შეესაბამებოდეს. 

კლას-კომპლექტში სწავლებისას მასწავლებელს უნდა შეეძლოს, წარმართოს პოზიტიური ინტერაქცია ჯგუფში და გამოიყენოს მოსწავლეების სოციალური უნარები სწავლის პროცესის ხელშესაწყობად. მან უნდა შექმნას მრავალფეროვანი სასწავლო გარემო, რომელიც ეფექტური და კომფორტული იქნება სხვადასხვა დონის მოსწავლეებისათვის.  რაც მთავარია, მასწავლებელს უნდა შეეძლოს მოსწავლეების შეფასების თვისებრივი ინსტრუმენტების (პორტფოლიოებისა და ანგარიშების) გამოყენება. და ბოლოს, მას უნდა შეეძლოს აუხსნას მშობლებს, თუ რა პრინციპითა და სტრატეგიით ახორციელებს სწავლებას. 

ამ რთულ პროცესში მთავარი მისია მასწავლებელს აკისრია, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, თუ როგორ დაეხმარება მას სკოლის დირექტორი და ადმინისტრაცია. დირექტორის მოვალეობაა, ხელი შეუწყოს ასეთ მასწავლებელს, აქტიურად იყოს ჩართული მის პროფესიულ საქმიანობაში, მიაწოდოს რეკომენდაციები და ინფორმირებული იყოს, თუ რა მიღწევები და პრობლემებია ასეთ საკლასო გარემოში. 

საკლასო ოთახის ორგანიზება 

კლას-კომპლექტში სწავლებისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომელთაც მასწავლებელი სწავლებისას იყენებს, არამედ სასწავლო გარემოსაც. როგორც უკვე ვახსენეთ, საქართველოში კლას-კომპლექტებში სწავლება ხორციელდება ისეთ სკოლებში, სადაც სასწავლო რესურსები უკიდურესად შეზღუდულია. მიუხედავად ამისა, მწირი რესურსების შემთხვევაშიც არის შესაძლებელი, პედაგოგმა თანაბრად მამოტივირებელი პირობები შეუქმნას სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს. 

“აქტივობების ცენტრი” 

კლას-კომპლექტში სწავლების დაწყებამდე მასწავლებელმა თავად უნდა განსაზღვროს, როგორი სასწავლო გარემო უნდა შექმნას მოსწავლეებისათვის. ამისათვის, მან თავიდანვე უნდა იცოდეს, რა ტიპის აქტივობებს გამოიყენებს სწავლებისას. ზოგადად, საკლასო გარემოში ყველაზე ხშირად შემდეგი აქტივობები ხორციელდება:
1.მოსწავლის ინდივიდუალური მუშაობა;
2.მთელ კლასთან მუშაობა;
3.ჯგუფური მუშაობა;
4.წყვილში მუშაობა;
5.საკლასო მუშაობა;
6.მასწავლებელთან/უფროსკლასელ მოსწავლესთან კონსულტაცია.

იმისათვის, რომ კლას-კომპლექტში შესაძლებელი იყოს სხვადასხვა ჯგუფთან სხვადასხვა ტიპის აქტივობის განხორციელება, მასწავლებელმა შესაბამისად უნდა შეცვალოს საკლასო ოთახში მერხებისა და სხვა ავეჯის წყობა. 
მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სხვადასხვა აქტივობა სხვადასხვა დონის ხმაურს იწვევს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სივრცე, სადაც მოსწავლეებს ინდივიდუალურად მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ, საკლასო ოთახის ერთ კუთხეში იყოს _ მერხები ერთმანეთისგან მოშორებით უნდა იდგეს, რათა მოსწავლეებმა ინდივიდუალური მუშაობისას ხელი არ შეუშალონ ერთმანეთს. ჯგუფური სამუშაოსათვის განკუთვნილი სივრცე კი მეორე კუთხეში უნდა იყოს, სადაც მერხები, პირიქით, ერთმანეთთან ახლოს უნდა იდგეს, რათა მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, ერთი მაგიდის გარშემო იმსჯელონ და იმუშაონ. 

სასურველია, ერთ-ერთი ასეთი სივრცე იყოს მინიბიბლიოთეკა, სადაც მოსწავლეებისათვის სასარგებლო დამატებითი ლიტერატურა იქნება ხელმისაწვდომი. ასეთი “ბიბლიოთეკის” მოსაწყობად რამდენიმე წიგნიც საკმარისია. სკოლის დირექციასთან და სკოლის ბიბლიოთეკართან შეთანხმებით შესაძლებელია სასკოლო ბიბლიოთეკის გარკვეული მასალის გამოყენებაც, რამდენადაც საკლასო ოთახში, სასწავლო კონტექსტში, თანატოლების გარემოცვაში წიგნის კითხვა მოსწავლეებს საგნის უკეთ სწავლის მოტივაციასაც გაუზრდის და, ზოგადად, კითხვის სურვილსაც გაუღვივებს. 

მსგავსი პრინციპით, შესაძლებელია საკლასო ოთახში მოეწყოს “კომპიუტერული რესურს-ცენტრი”. საქართველოს თითქმის ყველა სკოლაში მოიპოვება რამდენიმე კომპიუტერი მაინც. ბევრ სკოლაში არსებული კომპიუტერული ლაბორატორიის გამოყენება ვერ ხერხდება იმის გამო, რომ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ხელი არ მიუწვდებათ ტექნიკაზე უშუალოდ საგაკვეთილო პროცესის დროს. მცირეკონტინგენტიან სკოლებში სასწავლო რესურსები შეზღუდულია, მაგრამ ამასთან უფრო მარტივია, არსებული რესურსების ისე განაწილება, რომ ყველა მოსწავლემ სასარგებლოდ გამოიყენოს. კომპიუტერული ტექნიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კი შესაძლებელია ასეთი კლას-კომპლექტის საკლასო ოთახი ყველაზე დაცულ ოთახში იყოს მოწყობილი. 

უმნიშვნელოვანესია, რომ საკლასო ოთახში ასეთი სივრცეების განაწილების შემდეგ ნათლად აუხსნათ მოსწავლეებს და მშობლებს, თუ რა მიზანს ემსახურება კლასის ასეთი მოწყობა. მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ, რომ მართალია, მათი საკლასო ოთახი ტრადიციული წესით მოწყობილი არ არის, მაგრამ მათ მაინც უნდა დაიცვან დისციპლინა და კლასის წესები. მასწავლებლის დახმარებით მათ უნდა მოახერხონ თითოეულ სივრცეში შესაბამისი ქცევის ნორმების შემუშავება და დაცვა. ასეთი განაწილება არა მხოლოდ მეტ ხალისს შესძენს მოსწავლეებს, არამედ ჩამოუყალიბებს კონტექსტისა და გარემოს მიხედვით შესაბამისი ქცევის გამომუშავების უნარსაც. 

სასურველია, ყველა მოსწავლეს ჰქონდეს გამოყოფილი ადგილი, სადაც ის ბარათებს, დავალებებს, ჩანაწერებს, წიგნებსა და რვეულებს დაალაგებს. იმ შემთხვევაში, თუ საკლასო ოთახში ვერ მოხერხდება წიგნების თაროს გამოყოფა, შესაძლებელია, ასეთ სათავსოდ ჩვეულებრივი მუყაოს ყუთები გამოვიყენოთ. მოსწავლე თავად გააფორმებს ამ ყუთს და თავის სახელსაც დააწერს. აღნიშნული ყუთი, შესაძლოა, მასწავლებლებისა და მოსწავლეების კომუნიკაციის წყაროდაც იქცეს, სადაც მასწავლებელი გზავნილებს, წერილებს, ინსტრუქციებს დაუტოვებს მოსწავლეს. 

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე შესაძლო ვარიანტი, თუUროგორ შეიძლება კლას-კომპლექტში სასწავლო გარემოს მოწყობა. ცხადია, სკოლის, კლასის საჭიროებები და შესაძლებლობები ყველა სკოლაში სხვადასხვაა, შესაბამისად, მასწავლებელმა სკოლის დირექციასთან ერთად თავად უნდა განსაზღვროს, როგორია მისთვის და მისი მოსწავლეებისათვის ყველაზე მისაღები და ადეკვატური გარემო. მთავარია, თითოეული სივრცე ადვილად ხელმისაწვდომი და გამოსაყენებელი იყოს თითოეული მოსწავლისათვის. 

კლასის მართვა და დისციპლინა 

სხვადასხვა საფეხურისა და საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ერთ საკლასო სივრცეში გაერთიანება მასწვლებლისაგან მეტ ძალისხმევას მოითხოვს კლასში შესაბამისი დისციპლინისა და წესრიგის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად. 

მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მოსწავლეები ყოველთვის ღელავენ, სანამ სასწავლო გარემოს შეეჩვევიან, კლასელებს გაიცნობენ და მეგობრებს გაიჩენენ. თითქმის ყველა ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, წარმატებული იყოს და ყველაფერი კარგად გამოუვიდეს.Gგარემოსა და აქტივობების სწორი მართვით მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს ეს პროცესი გაუმარტივოს, პოზიტიური განწყობა ჩამოუყალიბოს და აგრძნობინოს, რომ მათი აკადემიური პროგრესის იმედი აქვს. 

ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებელს ჰქონდეს ლიდერის ფუნქცია კლას-კომპლექტში, რაც არ გამორიცხავს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას. პედაგოგმა უნდა მართოს კლასში ყველა სასწავლო აქტივობა, სწორი ინსტრუქცია მისცეს მოსწავლეებს და თვალი ადევნოს მათ შესრულებას. მაგალითად, თუ მასწავლებელმა მცირე ჯგუფებში გაანაწილა მოსწავლეები და დავალება მისცა, აუცილებელია, მისცეს მათ დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება, მაგრამ ამასთანავე, ის უნდა დარწმუნდეს, რომ მოსწავლეებმა ზუსტად გაიგეს დავალება და ასრულებენ მას. მცდარია სტერეოტიპი, რომ რაც უფრო მკაცრია მასწავლებელი და ხმამაღლა აძლევს მოსწავლეებს შენიშვნებს, კლასში მით უფრო კარგი დისციპლინაა. შესაძლოა, ასეთი მასწავლებლის კლასში იყოს სიჩუმე, რომელიც მეტწილად შიშითაა გამოწვეული, მაგრამ რთულია, ასეთ დაძაბულ და არაკეთილგანწყობილ გარემოში მოსწავლეს სწავლის სურვილი გაუღვივდეს. კვლევამ აჩვენა, რომ მშვიდ, გაწონასწორებულ მასწავლებლებს უფრო კარგად გამოსდით ნებისმიერი კლასის მართვა. 

კლას-კომპლეტში ხშირია შემთხვევა, როცა ერთი საფეხურის მოსწავლეები მორჩებიან დავალების შესრულებას, ხოლო მასწავლებელი ამ დროს სხვა მოსწავლეების დახმარებითაა დაკავებული. იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ხელი არ შეუშალონ სხვებს, მნიშვნელოვანია, მასწავლებელს განსაზღვრული ჰქონდეს ნუსხა იმ აქტივობებისა, რომლებსაც მოსწავლეების ”დასასაქმებლად” გამოიყენებს, მაგალითად:

·დამატებითი ლიტერატურის კითხვა;
·ლექსიკონში სიტყვების მოძიება;
·მასწავლებლის დახმარება;
·დღიურის შევსება;
·უმცროსი კლასელის დახმარება. 

სასკოლო დავალებების განაწილებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ პირველკლასელებს და მეორეკლასელებს მეტი ყურადღება და დახმარება სჭირდებათ იმისათვის, რომ ჩამოუყალიბდეთ წიგნიერებისათვის მყარი საფუძველი, განსაკუთრებით იმ მოსწავლეებს, რომელთაც საბავშო ბაღში არ უვლიათ. მესამეკლასელებს და მეოთხეკლასელებს, სასურველია, უფროსი კლასის მოსწავლეები ეხმარებოდნენ წყვილში მუშაობისას, ხოლო მეხუთეკლასელ და მეექვსეკლასელ მოსწავლეებს მეტი დრო უნდა ჰქონდეთ ინდივიდუალური სასკოლო დავალებების შესასრულებლად. 

კლას-კომპლექტში მოსწავლეთა განსხვავებული შესაძლებლობები უფრო მეტად იგრძნობა, ვიდრე ჩვეულებრივ კლასში. მასწავლებელი, საგაკვეთილო დროის მაქსიმალურად გამოყენების და სწორი პასუხების დროულად მიღების მიზნით, ხშირად იმ მოსწავლეებს ეკითხება, ვინც მას ყველაზე სხარტად უპასუხებენ. შესაბამისად, გაკვეთილის პროცესში ჩართული არიან სწორედ ძლიერი და ყოჩაღი მოსწავლეები. ის მოსწავლეები, რომლებსაც სწორი პასუხის მოსაფიქრებლად ოდნავ მეტი დრო სჭირდებათ, პასიური მსმენელები ხდებიან. უფრო მეტიც, მუდმივი მარცხის შედეგად მათ უყალიბდებათ განცდა, რომ სხვებზე ნაკლები უნარი აქვთ, ისწავლონ და წარმატებას მიაღწიონ. ძლიერებად და სუსტებად ასეთი კატეგორიზაცია კიდევ უფრო საგრძნობია მაშინ, როცა მასწავლებელი ისეთ საკლასო დავალებებს ავალებს მოსწავლეებს, სადაც მხოლოდ ერთი სწორი პასუხია. 


ჯგუფში მუშაობა

მოსწავლეები, რომლებიც შეჩვეულები არიან ჯგუფში, თანამშრომლობით მუშაობას, ზოგადად, უფრო მაღალ აკადემიურ შედეგებს აღწევენ. ამიტომ აუცილებელია, მასწავლებელმა წაახალისოს თანამშრომლობა, პასუხისმგებლობა დააკისროს თითოეულ მოსწავლეს ჯგუფში მუშაობისას და შექმნას წახალისების მდგრადი სისტემა. კლას-კომპლექტში მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა სხვადასხვა მეთოდით შეიძლება და საგანსა და სასწავლო მიზნებზეა დამოკიდებული.  

მულტფილმები და ვიდეოკლიპები/სიმღერები რუსული ენის გაკვეთილზე – მეორე ნაწილი

0
მულტფილმების, ვიდეოკლიპებისა და სიმღერების როლზე საგაკვეთილო პროცესში პირველ ნაწილში ვისაუბრეთ.  ახლა წარმოგიდგენთ  ცნობილი  რუსული მულტფილმის მიხედვით ჩატარებული გაკვეთილის მოდელს. 

გთავაზობთ  ლინკს

ლექსიკურ დავალებებს, სამუშაო ცხრილებს, პაუზებად დაყოფილ ტექსტს, სადაც წამების სიზუსტითაა დაფიქსირებული დრო (როდის უნდა შეაჩეროთ ჩვენება) და ბოლოს კარაოკეს. ჩემ მიერ შემოთავაზებული  დავალებები შესაძლებელია შეიცვალოს ან სტატიის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, შეიქმნას ახალი, სხვა ტიპის და შინაარსის, კლასის დონისა  და შესაძლებლობის დავალება. სამოდელო გაკვეთილის ბოლოს გთავაზობთ მთელი მულტფილმის სრულ ტექსტს, რომლის გამოყენება შეგიძლიათ თქვენი შეხედულებისამებრ. ამ ტექსტის გამოყენებით შესაძლებელია მასწავლებელმა სხვა საკომუნიკაციო უნარის გასავითარებელი დავალებები შეარჩიოს. მაგალითად, კითხვის სტრატეგიების გამოყენებით ან რაიმე სხვა. 

პირველი ნაწყვეტი (პაუზა)  0:57 – 3:08  

·Посмотрите отрывок (без звука)  и назовите животных, которых видите.
·Учитель пишет на доске …. 
·Затем раздает карточки с названиями животных. 
·Ученики  разсмотрят отрывок и поднимают карточку с названием животного, которое видят. 
·Как вы думаете, о чем говорят черепаха и львёнок?
Учитель  раздает карточки со словами. Ученики должны объяснить слова жестами, придумать предложения и фразы.
ЛЕЖУ, СИЖУ, ПЛЫВУ, ИДУ, ШЕВЕЛИТЬ  УШАМИ, ГЛЯЖУ,
ЛЬВЁНОК, КРОКОДИЛ, НОСОРОГ.

Учитель раздает текст и включает мультфильм,  который показывает по частям. 
Ученики слушают песненку черепахи. 
Они должны заполнить пропущенные слова. После каждой паузы нужно проверить правильно ли выполнили ученики задание. 
·Пауза 1.                1:27
Я на солнышке  _________________.
Я на ________________   гляжу.
Всё лежу и лежу, 
И на солнышко ___________. 
·Пауза 2.                  2:13
Носорог-рог-рог _____________, 
Крокодил-дил-дил ____________, 
Только _______  всё лежу 
И на солнышко ___________ . 
·Пауза 3.                2:40
Рядом львёночек лежит
И _____________  шевелит, 
Только я всё лежу
И на львёнка __ _____________. 
Выполните задание. Отметьте, чья это фраза? Кто это сказал?
 
N Фраза Автор Львёнок Черепаха   
1.А черепаха мурлыкала себе под нос, не замечая львёнка, потому что глаза у неё были закрыты от удовольствия. 
  
2.«Ну, как же я буду петь лежу, если я сижу?»
  
3.«Не сижу, а лежу!»
  
4.«Нет, сплю я лёжа. Но, когда я сплю, я же не пою!»
  
5.«Ну ты же лежал, когда подкрался ко мне».
  
6.«А ты ляг, и тогда все будет правильно”.   
7.«Конечно. Приходи завтра!»
  
8. Жил в Африке львёнок. Звали его РРРРРРРРР-мяу…   
9.«Ой, какая красивая  песня! Ну, просто замечательная песня!»
  
10.«А я не люблю лежать. Я люблю бегать. Ну, в крайнем случае, сидеть.»
 
Учитель  раздает текст диалога на карточках. Ученики  должны найти правильную последовательность. 
«И все-таки надо петь лежу! Это же я придумала.»
«Ну, как же  я буду петь лежу, если я сижу?»
«А ты ляг, и тогда все будет правильно. Ты будет лежать и петь. .. Только я всё лежу». 
«А я не люблю лежать. Я люблю бегать. Ну, в крайнем случае, сидеть.»
«Ну ты же лежал, когда подкрался ко мне.»
«Я лежал только для того, чтобы подслушать песню. Я лежу только в особенных случаях».
«Ну,  а как же ты спишь? Сидя что ли?»  
«Нет, сплю я лёжа. Но, когда я сплю, я же не пою!»
«А ты представь себе, что спишь и поёшь!»
«Попробую! Давай начнем сначала!»» 
Караоке 
https://www.karaoke.ru/catalog/song/23761/
Полный текст мультфильма.
Жил в Африке львёнок. Звали его РРРРРРРРР-мяу…
И вот вышел он однажды погулять по пустыне и встретил БОЛЬШУЮ ЧЕРЕПАХУ.
Черепаха лежала на солнышке и мурлыкала себе под нос веселую песенку. 
Я на солнышке лежу.
Я на солнышко гляжу.
Всё лежу и лежу, 
И на солнышко гляжу. 
« Какая хорошая песенка! Я подойду поближе….» И он подошел поближе. А черепаха мурлыкала себе под нос, не замечая львёнка, потому что глаза у неё были закрыты от удовольствия. 
Носорог-рог-рог идёт, 
Крокодил-дил-дил плывёт, 
Только я все лежу 
И на солнышко гляжу. 
Львенок подкрался совсем близко, лёг на песок  радом с черепахой и поднял одно ухо. 
«Ну, да! Чтобы лучше слышать!»
Рядом львёночек лежит 
И ушами шевелит, 
Только я всё лежу
 И на львёнка не гляжу. 
Только я всё лежу 
И на львёнка не гляжу.
Черепаха допела песню и открыла глаза. 
« Здравствуй! Я большая черепаха. А ты кто?»
«Я львёнок РРРРРР-мяу.  Мне очень нравится твоя песенка».
Я на солнышке сижу.
Я на солнышко гляжу.
Всё сижу и сижу, 
И на солнышко гляжу. 
«Не сижу, а лежу!»
«Это ты лежишь, а я сижу!» 
Носорог-рог-рог идёт.
Крокодил-дил-дил плывёт.
Только я все сижу 
И на солнышко гляжу. 
«И все-таки надо петь лежу! Это же я придумала».
«Ну, как же  я буду петь лежу, если я сижу?»
«А ты ляг, и тогда все будет правильно. Ты будешь лежать и петь. Только я всё лежу». 
«А я не люблю лежать. Я люблю бегать. Ну, в крайнем случае, сидеть».
«Ну ты же лежал, когда подкрался ко мне».
«Я лежал только для того, чтобы подслушать песню. Я лежу только в особенных случаях».
« Ну, а как же ты спишь? Сидя что ли?»  
« Нет, сплю я лёжа. Но, когда я сплю, я же не пою!»
«А ты представь себе, что спишь и поёшь!»
«Попробую! Давай начнем сначала!»» 
Я на солнышке лежу.
Я на солнышко гляжу.
Всё лежу и лежу.
И на солнышко гляжу. 
« И все-таки это не по-правде.  Я сплю с закрытыми глазамии, значит, солнышко видеть не могу!
«А ты открой глаза и представь себе , что спишь с открытыми глазами».
Носорог-рог-рог идёт.
Крокодил-дил-дил плывёт.
Только я все лежу 
И на солнышко гляжу. 
«А теперь ты пой одна. Ведь я не могу   петь сам про себя!»
Рядом львёночек лежит 
И ушами шевелит, 
Только я всё лежу
 И на львёнка не гляжу. 
Только я всё лежу 
И на львёнка не гляжу.
« Ой, какая красивая  песня! Ну, просто замечательная песня!»
« А теперь покатай меня, а?»
Когда солнышко закатилась, они расстались.  
«До свидания,БОЛЬШАЯ ЧЕРЕПАХА.  А ты придумаешь завтра новую песню?»
«Конечно. Приходи завтра!»
«Хорошо, до завтра!»
Носорог-рог-рог идёт. 
Крокодил-дил-дил плывёт.
Он шел и по дороге все  времядумал:  « Ну, как же это все-таки можно спать с открытыми глазами и в то же время ещё и петь песню! Не понимаю!»
Только я все лежу 
И на солнышко гляжу. 

ანა პოლიტკოვსკაია

0

ომი და ბავშვები

0
ტისტუ გახსოვთ? 
მწვანეთითება ტისტუ, ჯადოსნურ ხელებიანი უფლისწული, რომელსაც მიწიდან ყვავილების აღმოცენება სულ მარტივად შეეძლო – მიწაში თითებს ჩაჰყოფდა და ულამაზესი ყვავილნარი ამობიბინდებოდა. 

მორის დრიუონის ეს საოცარი ნაწარმოები ჩემი, ომთან ერთად გავლილი ბავშვობის ყველაზე საყვარელი საკითხავია, მწვანეთითება ტისტუ, ქვემეხები რომ ყვავილებითა და სუროთი დაამარცხა, ომი რომ სილამაზით შეაჩერა,  ახლა ძალიან ხშირად მახსენდება, როდესაც ბავშვებს ვხედავ – ომის ბავშვებს, მუდმივი ომის რეჟიმში მცხოვრებ პატარა ანგელოზებს.

„„პოლკოვნიკმა ბინოკლით ახედა ცას, მერე სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და თვალის დახამხამებაში გაქრა. იმწამსვე – ბუხ, ბუხ, ბუხ! – ზედიზედ სამიყუმბარა ჩამოვარდა. დაჭრით არავინ დაჭრილა, მაგრამ მაინც ყველანი სანგრებში ჩაიმალნენ, იქ უფრო უშიშრად ვიქნებითო.

  ყუმბარები და ქვემეხების ჭურვები ისეა მოწყობილი, შიგ უამრავი ტყვია და რკინის ნაჭერია თავმოყრილი. გასკდება თუ არა, მაშინვე ტყვია და რკინის ნაჭრები აქეთ-იქით იფანტება, ზოგს დაჭრის, ზოგს კლავს. სანგარში ვინც ზის, იმას კი თავზე გადაუფრენს ხოლმე და თითქმის ვერასოდესვერაფერს აკლებს, თუ ყუმბარა პირდაპირ შიგ სანგარში არ ჩავარდა. შიგ კი იშვიათად ვარდება: ქვემეხებით რამდენიმე კილომეტრის მანძილიდან ისვრიან და ძალიან ძნელია ამსიშორეზე ისევ დამიზნება, რომ ყუმბარა შიგ სანგარში ჩავარდეს.

“– გახსოვთ ეს ეპიზოდი რომელი წიგნიდანაა? კიდევ ერთი ბავშვი–პერსონაჟი გაგანია ომში, მეფე მათიუში, პატარა ბიჭი – მათიუში, იანუშ კორჩაკის დავიწყარი გმირი, იანუშ კორჩაკისა, რომელმაც ყველაზე კარგად იცოდა, რომ ომი ყველაზე მეტად ყველაზე სუსტებს და პატარებს– ბავშვებს აზარალებს, თავადაც ხომ ებრაელი ბავშვების სიკვდილის ბოლო წუთის გალამაზებას შეეწირა, მშვიდი და ლამაზი გარდაცვალება აჩუქა მათ.

„მესვრიან, ნინცო, ესენი. ტვინს გამასხმევინებენ, ნინცო, ესენი. როგორც იმ კაცს იმ ხევში, გახსოვს, როგორ ჰქონდა? გახსოვს, ტვინი როგორ ჰქონდა? მესვრიან. რაც არ უნდა ვიკივლო, მაინც მესვრიან. მაინც ვერ გავაგონებ. მთელი ყუთი მაქვს თან, სათითაოდ ვყარე ტუალეტის ფანჯრიდან. აი ეხლა ჩავაწყობ და სანამ მომიახლოვდებიან, გავიქცევი. მესვრიან ესენი. მესვრიან. დაიცა, მე ხომ ჩიტი ვარ, იწილო ბიწილო შროშანო გვრიტინო ალხო მალხო ჩიტმა გნახოს შენი ფესვი ფესვმანდური სიკოჭორი კალმახური აბდა უბდა გაიქეცი. გაიქეცი. აბდაუბდა გაიქეცი. იწილო ბიწილო შროშანო გვრიტინო ალხო მალხო ჩიტმა გნახოს, შენი… შენი ფესვი ფესვმანდური სიკოჭორი კალმახური, აბდა უბდა გაიქეცი გაიქეცი… იწილო ბიწილო შროშანო გვრიტინო ალხო მალხო, ჩიტმა გნახოს, შენი ფესვი ფესვმანდური სიკოჭორი კალმახური აბდა უბდა 
 
გა-ი-ქე-ცი
 
წკიპ და რიკ. 
 
შაბათი
 
დედამ თქვა: მიშველეთ. ეს მაინც ნუ მომიკვდება. ხალხო. 

” – მძიმე ეპიზოდია არა? წიგნი კიდვ უფრო მძიმე და ემოციურია. ეს  თანამედროვე ქართველი მწერლის, თამთა მელაშვილის „გათვლაა”, ამბავი ომზე და ამბავი გოგოებზე, ამბავი იმაზე, რომ სულერთია ვინ იმარჯვებს ომში, ბავშვები ყოველთვის მარცხდებიან.

გავროში აუცილებლად გეხსომებათ, ბარიკადებზე ბრმა ტყვიით მოკლული პატარა, მშიერი ბეღურა, მისთვის გაუგებარ რევოლუციას და იდეებს შეწირული, ვიქტორ ჰიუგოს ერთ–ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ტრაგიკული ლიტერატურული პერსონაჟი, არც მშიერი და  ფეხშიშველი ომის  ბავშვები დაგავიწყდებოდათ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებიდან…

თუმცა, რაღა ლიტერატურა, საითაც გაიხედავ, ყველგან ომია – ქვეყნებს შორის თუ პოლიტიკურ პარტიებს შორის, ადამიანებს შორის, იდეებსა და იდეალებს შორის და ყველა ამ ომში, მიუხედავად იმისა, ვის მხარესაა სამართალი თუ ძალა, ვინაა მართალი და ვინ მტყუანი, ვის მეტი ჯარი ჰყავს და ვის ნაკლები – ბავშვები მარცხდებიან, იღუპებიან, არაადამიანური პოლიტიკის, ტყვიისა თუ კასეტური ბომბების ბრმა სამიზნეები…

ერთ–ერთ გაკვეთილზე  ბავშვთა უფლებების კონვენცია განვიხილეთ, მუხლები ცალ–ცალკე ფურცლებზე ამოვწერეთ და შემთხვევითი ამორჩევის პრინციპით განვიხილეთ – ვის რომელი შეგვხვდა. 

გუგამ ხელი ასწია და დამიძახა – ახალი მუხლი მოვიგონე, მას!
ჩვენ ინტერესით მივაჩერდით –აბა, თქვი, გუგა…

ბავშვებს აქვთ უფლება ომი არ იყოს. – თქვა მან და გაიღიმა.

ჰო, ბავშვებს აქვთ ამის უფლება, ბავშვებს – ბრძოლის ველის განაპირას თუ  შუაგულში ამოსულ ყვავილებს.

აგვისტო მოდის, ჩვენი ომის თვე.

მე მასწავლებელი ვარ!

0
მე მასწავლებელი ვარ! დიდი ხანი არ არის რაც სკოლაში ვარ… არადა თურმე უკვე 10 წელი გასულა… რამდენმა თაობამ გაიარა ჩემ თვალწინ? ყველა მახსოვს, მახსოვს გვარებიც, სახელებიც. ყოველთვის მიკვირდა მასწავლებლების: როგორ იმახსოვრებენ ამდენ მოსწავლეს-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ეს პროფესიული უნარია. მახსოვს, რომელ კლასთან როგორ ვმუშაობდი, რომელ მოსწავლეს რა უყვარდა და რა მოსწონდა. თითოეული მათგანი მახსოვს და მენატრება. მინდა მათზე გიამბოთ, ჩემს მოსწავლეებზე, ჩემს პატარა ზვიგენებზე…რატომ ზვიგენებზე? 

მეგობარმა იაპონელების შესახებ სოციალურ ქსელში მოპოვებული ინფორმაცია გამაცნო. ძალიან მომეწონა:
„იაპონელები უძველესი დროიდან მისდევენ თევზჭერას. ოდითგანვე თევზი მათი ყველაზე საყვარელი კერძი, ხოლო თევზჭერა ყველაზე სარფიანი საქმე იყო. მაგრამ რაც უფრო იზრდებოდა კუნძულის მოსახლეობა, მით უფრო ძნელი იყო თევზის მოპოვება სანაპიროს სიახლოვეს და მეთევზეებს თანდათანობით სულ უფრო და უფრო შორს უწევდათ ოკეანეში შესვლა.

რაც უფრო ღრმად  შედიოდნენ ოკეანეში, მით უფრო დიდხანს უნდებოდნენ უკან დაბრუნებას. თევზი თანდათან ძველდებოდა, კარგავდა გემოს და კარგავდა ღირებულებას, ამიტომ  მეთევზეებმა გემებზე დიდი მაცივრების დამონტაჟება დაიწყეს, მაგრამ გაყინულ თევზს მაინც სხვა გემო ჰქონდა და ისე არ იყიდებოდა, როგორც ახალი. მაშინ თევზსაჭერ გემებზე დაიწყეს უზარმაზარი წყლის რეზერვუარების განთავსება. თევზს ამ რეზერვუარებში აგროვებდნენ, სანამ ისინი არ გაივსებოდა და მერე ბრუნდებოდნენ უკან. ამ ხნის განმავლობაში  მათ კვებავდნენ და ცოცხლად მოჰყავდათ კუნძულზე. მაგრამ, რადგანაც თევზები დიდი ხნის განმავლობაში, თითქმის უძრავად იმყოფებოდნენ ამ რეზერვუარებში, ისინი მაინც კარგავდნენ ახალი თევზისთვის ჩვეულ გემოს და შესაბამისად  ეცემოდა მათი ფასი. საზრიანმა იაპონელებმა იფიქრეს, იფიქრეს და შემდეგი რამ მოიფიქრეს: ისინი თითოეულ რეზერვუარში სვამდნენ მომცრო ზომის ზვიგენს. ზვიგენები, მართალია თევზის ნაწილს ჭამდნენ კუნძულზე დაბრუნებამდე, მაგრამ გადარჩენილები ინარჩუნებდნენ ცოცხალ გემოს და ისეთივე გემო ჰქონდათ, როგორიც ახლადდაჭერილ თევზებს. რატომ?  – ზვიგენის არსებობა რეზერვუარებში თევზებს აიძულებდა ყოფილიყვნენ მუდმივ მოძრაობაში!”
აი, რატომ ზვიგენები. ხომ მიხვდით? კლასი სადაც 40 და ზოგჯერ მეტი მოსწავლეა, ზვიგენებზე მეტად სახიფათოა, რადგან მათაც როგორც პატარა მტაცებლებს საზრდო სჭირდებათ, სულიერი საზრდო. თუ არ იქნა ეს საზრდო მათთვის საინტერესო და სასარგებლო. დაკარგულია ის 45 წუთი, რომელიც მათთან ერთად გაატარე.
როგორც ზვიგენები აიძულებენ თევზებს მოქმედებაში ყოფნას, ასევე მაიძულებენ ჩემი მოსწავლეები, ვიყო მუდამ მოქმედებაში და ახალ-ახალი აქტივობები თუ ინფორმაციები მოვიძიო. ასეთ ზვიგენებთან ჩვეულებრივ გაკვეთილებს ვერ ჩაატარებ. თუ არადა ჩათვალე, რომ დაკარგე მოსწავლე. შენც  და მანაც დაკარგეთ საგნის ინტერესი. მიყვარს ასეთი ზვიგენები. მათ მე მასწავლებლად ჩამომაყალიბეს.

ყველამ იცის, რომ არ მიყვარს კლასი სადაც მარტო მე ვხმაურობ. მე მიყვარს ჩემი პატარა ზვიგენები… ყველა ინტერაქციული გაკვეთილი თუ კრეატიული იდეა მათ მიერაა პროვოცირებული. 

თავიდანვე ვიტყვი, რომ ჩემი საგნის სახელმძღვანელო რომლითაც ვასწავლი, მომწონს. არც ის გაუკვირდება ვინმეს, რომ მე ჩემი საგანი ძალიან მიყვარს, მაგრამ ერთი რამ მაინც აღსანიშნავია: რაც დრო გადის მით მეტად ძლიერდება ეს გრძნობა და სურვილი, ჩემს მოსწავლეებსაც შევაყვარო და დავანახო ამ უძველესი და მარად ახალგაზრდა მეცნიერების მნიშვნელობა, მომავალი და პერსპექტივა. მე გეოგრაფიას ვასწავლი. 

ამდენი რამ საიდან იცით? – წამოიძახა აღფრთოვანებულმა მეოთხეკლასელმა  ანანომ. ეს გეოგრაფიაა, მეცნიერება, რომელიც დედამიწას შეისწავლის –  ავუხსენი მოკლედ.

მაშინ მეც გეოგრაფი გამოვალ –  გამომიცხადა ამაყად. არ ვიცი, რამდენად მყარი იქნება ანანოს დღევანდელი გადაწყვეტილება, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ანანოსაც და მის კლასელებსაც ინტერესი გაუჩნდათ ამ საგნის მიმართ. 
რამდენი გეგმა დამიწერია გაკვეთილის ჩატარების შემდეგ, რამდენი პროექტი გაგვიკეთებია მათი ინტერესების გათვალისწინებით…

სწავლა ეზარებოდათ, სიმღერა უყვარდათ. ძალიან საინტერესო პროექტი მივიღეთ, კვლევითა და გამოკითხვით; რაც მთავარია ერთად ვიმუშავეთ, წიგნებში ქექვაც აღარ ეზარებოდათ. მათთან ერთად უამრავი ახალი ინფორმაცია გავიგეთ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის შესახებ. 

ფეხბურთის ფანებიც მყავდა. გამოგიტყდებით და არ მიყვარს, მაგრამ ფეხბურთის ისტორიაზე მათი ინფორმაცია მეც მომეწონა.

ერთი საინტერესო კლასი მყავდა. აბა ისინი იყვნენ მართლა ზვიგენები: ჭკვიანები და ლამაზები. თან არც მეტი არც ნაკლები 42 მოსწავლე იყო. წარმოიდგინეთ, აქედან უმეტესობა დღეს უკვე წარმატებული ადამიანია. მიუხედავად სიმრავლისა ამ კლასში ვისვენებდი, ალბათ იმიტომ, რომ „ძალიან ჩემები” გახდნენ. შევდივარ ერთხელ კლასში და სრული სიწყნარეა. ამოვიკითხე სია, გადავხედე, იგივე სიტუაციაა. რა გჭირთ? – ვკითხე. -არაფერი! – გაიკვირვეს.
– თუ არაფერი მაშინ დავიწყოთ დისკუსია….

– ეს გინდოდათ ხომ? ნახეთ რა დღეში ვართ! – დღესაც მახსოვს ბესოს თვალები. თემა არ მახსენდება, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს რა იყო. გეოგრაფიაში იმდენი საკამათოა, რა გამოლევს. იმ დღეს მე მართლა ის მივიღე, რაც მინდოდა. „ჩემებიც” კმაყოფილები დარჩნენ.

რამდენჯერ უთქვამთ თქვენი გაკვეთილის მერეც გავაგრძელეთ კამათიო. 

წელსაც გავუშვი რამდენიმე ზვიგენი, მისაღებ გამოცდებს წარმატებით აბარებენ. მიხარია, ძალიან მიხარია. მათი წარმატება ჩემი წარმატება მგონია, არა როგორც მასწავლებლის, არა… მე ვარ აბიტურიენტი, მე ვაბარებ და ვიღებ მაღალ ქულებს, მე თორნიკე ვარ, მე  ნიკა ვარ, მარი, ნინი, ქეთი….. ეს ყველა მე ვარ და მე ვაბარებ ყოველ წელს გამოცდებს, მე ვიწყებ ახალ ცხოვრებას. ისინი მე ვარ. 
ასე გრძელდება… თაობები იცვლებიან… ჩვენ მასწავლებლები ვრჩებით ჩვენს ახალ ზვიგენებთან… გვიმრავლოს…მე მიყვარს ჩემი ზვიგენები.

მედიაწიგნიერება და ახალი, საინტერესო ტრენენგპროგრამა მასწავლებლებისათვის

0
უძველეს დროში ადამიანები ინფორმაციას და ცოდნას ზეპირად გადასცემდნენ. შემდეგ მას  დაემატა იეროგლიფები, პიქტოგრამები, ნახატები, ნახაზები და  ნაბიჯ-ნაბიჯ კაცობრიობა მივიდა დამწერლობამდე. იცვლებოდა საუკუნეები, ეკონომიკური ფორმაციები,  ეპოქა და  მათთან ერთად იცვლებოდა მსოფლიოს განვითარების ფაქტორებიც.  

    მეოცე საუკუნის სამოციან წლებში დამკვიდრდა ტერმინი “ინფორმაციული საზოგადოება” – ადამიანი, კომპანია თუ ქვეყანა, რომელიც ფლობდა ინფორმაციას, ჰქონდა მეტი წინაპირობა წარმატების მიღწევის  და იყო  კონკურენტუნარიანი. 

    ოთხმოცდაათიანი წლებიდან ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომი გახდა. შესაბამისად, დღეს კონკურენტუნარიანია ის, ვისაც აქვს უნარი ინფორმაცია ცოდნად აქციოს. ოცდამეერთე   საუკუნეში კაცობრიობის განვითარების მთავარ  ფაქტორებად იქცა:

1. მეცნიერული ცოდნა;
2. გამოგონებები; 
3. ინოვაციები.

 ასეთია დღევანდელობის ცოდნის ეკონომიკა, რომლის  ძირითადი მახასიათებლებია: 
·ცოდნის გენერაციისა და გავრცელების დიდი სისწრაფე;
·ცოდნის ეკონომიკის  შემოქმედი მეცნიერი და გამომგონებელი;   
·განვითარების ინსტრუმენტი – ინოვაციურ პროდუქტში რეალიზებული ცოდნა;
·კომპლექსური, თანამედროვე  ინოვაციური პროდუქცია.
   ამიტომაა, რომ არც ერთ ეპოქაში არ ყოფილა კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარი ისე აქტუალური, როგორც დღეს.

 

   მნიშვნელოვანია, რომ  საქართველოს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და საზოგადოებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს ცხრა პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციას, რომელთა შორის ერთ-ერთია მედიაწიგნიერება. მათი  ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისა და სათანადო ადგილის დამკვიდრებისთვის. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები მოიცავს იმ ძირითად ცოდნასა და უნარებს, რომელთა გამომუშავება და განვითარება სპეციფიკური კომპეტენციების განვითარებასთან ერთად ხელს უწყობს ყველა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის სწავლებას.      

      ტექნოლოგიების განვითარების შედეგად თანამედროვე სამყაროში ტრადიციული ტექსტების გვერდით მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მულტიმედიურმა ტექსტებმა – ტექსტებმა, რომლებიც ერთდროულად იყენებს ენობრივ, ხმოვან და ვიზუალურ საშუალებებს. გარდა ამისა, თანამედროვე მსოფლიოში მედია ყველაზე მძლავრი კულტურული იარაღია, რომელმაც ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. 

    ამიტომაა აუცილებელი, მოსწავლემ შეძლოს, ერთი მხრივ, ამ ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის ტექსტების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა, მეორე მხრივ კი, მედიასამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევნის გაკეთება (ინფორმაციის „გაფილტვრა”) და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება. ფაქტია, რომ  მედიაწიგნიერება და კრიტიკული და  შემოქმედებითი  აზროვნება  პირდაპირ კავშირშია  ცოდნის ეკონომიკასთან.
  სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI)  ფონდ ღია საზოგადოების მხარდაჭერით  ახორციელებს პროექტს „საგანმანათლებლო რესურსები მედიაწიგნიერებაში”, რომლის ფარგლებშიც :
1. ითარგმნა ჯეიმს პოტერის  წიგნი „მედიაწიგნიერება” (მეექვსე გამოცემა);
2. შეიქმნა  და გაპილოტდა ტრენინგ-მოდული მასწავლებლებისათვის „კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი აზროვნება და მედიაწიგნიერება”;
3. ითარგმნა უცხოელი ავტორების 14 ვიდეორესურსი;
4. ქართველი განათლების სპეციალისტების მიერ შეიქმნა  სამი ვიდეომასალა.
 
 მედიაწიგნიერება არის:
1. იმ ცოდნისა და ინსტრუმენტების კრებული,  რომელიც გვეხმარება შევქმნათ სწორი გზავნილები და სწორად განვმარტოთ შემხვედრი გზავნილების მნიშვნელობა. 
2.პერსპექტივათა კრებული, რომელსაც აქტიურად ვიყენებთ მასმედიასთან ურთიერთობისას  შემხვედრი გზავნილების მნიშვნელობის  განმარტებისთვის. 
 
  
   27 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ჩაქვში მასწავლებლების 15 წევრიან ჯგუფს ჩაუტარდა  6 დღიანი საპილოტე ტრენინგი მედიაწიგნიერებაში. 

  ტრენინგ-პროგრამის პილოტირების პროცესში ჩართული იყვნენ პრაქტიკოსი მასწავლებლები. სამუშაო ჯგუფი ისე იყო დაკომპლექტებული, რომ  მასში საქართველოს რამდენიმე რეგიონიდან თითქმის ყველა საგნის, საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებელი შედიოდა. 

  საპილოტე ტრენინგ-პროგრამის მომზადებასა და საგანმანათლებლო მასალების შერჩევაში იმუშავა ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში შედიოდა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის  მედიისა და  განათლების ორ-ორი სპეციალისტი.  ტრენინგ-პროგრამაში ასახულია სკოლაზე გავლენის ბერკეტები – ანუ გაკვეთილზე მედიაწიგნიერების, როგორც გამჭოლი კომპეტენციის დანერგვის კონკრეტული გზები. შემუშავდა როგორც თეორიული მასალა, ასევე – პრაქტიკული სავარჯიშოები. ტრენინგ-პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის დებულებაში განსაზღვრულ მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია.
 
    
ჩაქვში მიმდინარე მედიაწიგნიერების ტრენინგი ინტენსიურად გაშუქდა აჭარის და სხვა ტელევიზიების მიერ 
ტრენინგ-პროგრამის ფარგლებში  განხილული იყო შემდეგი საკითხები:
1.მედიაწიგნიერების თეორიული ასპექტები;
2.მედიაწიგნიერების ორი მთავარი კომპონენტი: ინფორმაციის შექმნა-გავრცელება და მიღებული ინფორმაციის სწორად გააზრება;
3.მედიაწიგნიერების უნარების განვითარების მთავარი საფუძვლებია კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, როგორც ინფორმაციის მოძიებისა და შექმნის, ასევე ინფორმაციის კრიტიკულად გააზრების ინსტრუმენტები; ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების საფუძვლებს, სტრატეგიებსა და მიდგომებს;
4.ტრენინგ-პროგრამის ნაწილი იქნება გამოხატვის თავისუფლების არსებული ლეგიტიმური ჩარჩო; აგრეთვე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და ბავშვთა საკითხების პროფესიული გაშუქების საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტები.
  ტრენინგზე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო:
· სატრენინგო საკითხავი მასალის კრიტიკულ ანალიზს.
·მედიაპროდუქტების ეფექტიანი გამოყენების მიდგომების განხილვას სწავლების პროცესში. 
·ტრენინგზე გამოიყენეს სპეციალურად ტრენინგ-პროგრამისთვის თარგმნილი და მომზადებული ვიდეოფილმები, ანიმაცია.
· საქართველოში შექმნილი ვიდეო და ბეჭდური მასალა. 

  
 ტრენინგის მნიშვნელოვანი კომპონენტია არასაკონტაქტო საათები. რომელიც  ორიენტირებული იქნება სკოლაში მოსწავლეებთან განხორციელებულ საქმიანობებზე. სამომავლოდ (პროგრამის აკრედიტების შემდეგ) მასწავლებლები შექმნიან პორტფოლიოს, სადაც განათავსებენ ინფორმაციას სკოლის ბაზაზე მედიაწიგნიერების შესახებ განხორცილებული საქმიანობების შესახებ. ამ საქმიანობების ძირითადი შინაარსი იქნება მოსწავლეების დახმარება – რომ მათ შეძლონ, შექმნან, გააანალიზონ, შეაფასონ აუდიოვიზუალური და ბეჭდური ტექსტები და გააცნობიერონ საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. 

      ტრენინგ-პროგრამა, თარგმნილი „მედიაწიგნიერების” სახელმძღვანოლო და სპეციალურად ამ თემაზე შექმნილი მედიარესურსები  პრაქტიკოს  მასწავლებლებს დაეხმარება, პროფესიული მხარდაჭერა აღმოუჩინონ მოსწავლეებს მზარდ საინფორმაციო ნაკადებში სწორი ორიენტირებისთვის, ნებისმიერი შინაარსის ინფორმაციის შეფასებისთვის კრიტიკული აზროვნების პლატფორმიდან.

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაში

0
მასწავლებლები და მშობლები შვილებთან და მოსწავლეებთან ურთიერთობაში ხშირად აწყდებიან ისეთ პრობლემებს, როგორიც არის ბავშვების მხრიდან სასკოლო ნივთების სახლში დატოვება, შესასრულებელი სამუშაოს სხვა დროისთვის გადადება ან დავიწყება, გაკვეთილის მოუმზადებლობა, გუნდში დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა და ა.შ., რაც თავისთავად აისახება მოსწავლეთა სწავლის შედეგებსა და საბოლოო წარმატებაზე. 

მშობელთა უმრავლესობა თვლის, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, ბავშვებმა შეიძინონ კითხვის, წერისა და არითმეტიკული გამოთვლების უნარები. თუ დავუკვირდებით, ადვილად მივხვდებით, რომ ამ სამი ფუნდამენტური კომპეტენციის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი პასუხისმგებლობის გრძნობაა. ის მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა, გამოირჩევიან სწავლისა და ქცევის მართვის უნარებით, არიან მოტივირებულები, დამოუკიდებლები და აღწევენ წარმატებას როგორც სკოლაში, ასევე ცხოვრებაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის ეს თვისება თანდაყოლილი არ არის. ის უნდა გამომუშავდეს ეტაპობრივად, გარკვეული მიდგომებისა და სტრატეგიების საშუალებით. ამის გახორციელების საუკეთესო ადგილი კი სახლი და სკოლაა, სადაც ბავშვმა საკუთარ განათლებასა და ქცევაზე პასუხისმგებლობის აღება უნდა ისწავლოს.

ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები დაეხმარება მშობელსა და მასწავლებელს, ჩამოუყალიბონ ბავშვებს პასუხისმგებლობის გრძნობა და ხელი შეუწყონ მის შემდგომ განვითარებას. 

აჩვენეთ პირადი მაგალითი. ბავშვებს გაცილებით მოსწონთ იმის კეთება, რასაც თავად ხედავენ, ვიდრე იმის, რასაც ეუბნებიან. ისინი უკეთესად სწავლობენ უფროსების მაგალითებიდან. ბავშვისთვის იმის თქმა, რომ იყოს პასუხისმგებლიანი, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. უფრო ეფექტურია, მას დავანახოთ, თუ როგორ უნდა გააკეთოს ეს.  

ჩართეთ საზოგადოებრივ საქმიანობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ადამიანს ადრეული ასაკიდანვე გააზრებული ჰქონდეს, თუ რას ნიშნავს გარემოს და საზოგადოების წინაშე პირადი პასუხისმგებლობა. ამისათვის შესაძლებელია ბავშვი უფროსებთან ერთად ჩაერთოს საზოგადოებრივ პროექტებში, მაგალითად, სამეზობლოს დასუფთავებაში, ხეების დარგვაში, მაკულატურის შეგროვებაში და ა.შ. ამის პარალელურად კი უნდა მოხდეს თითოეული აქტივობის მნიშვნელობის გააზრება როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ კონტექსტში.

თანდათანობით გაართულეთ პასუხისმგებლობები. არ არსებობს „ჯადოსნური ასაკი”, როდესაც ბავშვი მოულოდნელად ხდება პასუხისმგებლიანი. ის ამას ითვისებს თანდათანობით. შეიძლება ეს პროცესი სიარულისა და ლაპარაკის სწავლასაც კი შევადაროთ. მაგალითად, სკოლამდელი ასაკის ბავშვს შესაძლებელია ეტაპობრივად, ასაკის მატებასთან ერთად მიეცეს ისეთი დავალებები, როგორიც არის სათამაშოების ალაგება, სუფრის გაშლისა და ალაგების პროცესში დახმარება, შინაური ცხოველებისა და ყვავილების მოვლაში დახმარება და ა.შ.  

მიანდეთ ბავშვებს დავალების დამოუკიდებლად შესრულება. ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა პასუხიმგებლობის განვითარებისთვის. ბავშვს უნდა მისცეთ სხვადასხვა ამოცანის დამოუკიდებლად შესრულების საშუალება. ამისათვის:

შექმენით შესასრულებელ სამუშაოთა ნუსხა. მიეცით თქვენს შვილს/მოსწავლეს ასაკის შესაბამისი დავალება _ ის, რის გაკეთებასაც დამოუკიდებლად შეძლებს. 

ჩართეთ შესასრულებელ სამუშაოთა ნუსხის შედგენის პროცესში, გაითვალისწინეთ მისი მოსაზრებები და სურვილები. 

მიეცით საშუალება, შესასრულებელ სამუშაოთა ნუსხიდან შეარჩიოს ის დავალება, რისი გაკეთებაც ურჩევნია.

დავალების შესრულებამდე დარწმუნდით, რომ მან ნამდვილად გაიგო, რა ევალება ან როგორ უნდა გააკეთოს. დიდი ამოცანები შესაძლებელია დანაწევრდეს და ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდეს მათი შესრულება.

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი შეცდომით ასრულებს დავალებას, ნუ გაუბრაზდებით, ხელახლა აუხსენით და მიეცით საშუალება, თავიდან დაიწყოს მისი გაკეთება. 

ზოგჯერ ნება დართეთ, შეასრულოს რთული დავალებები. წინასწარ ნუ ივარაუდებთ, რომ ის ამის გაკეთებას ვერ შეძლებს.

აღნიშნეთ და დააჯილდოვეთ, როდესაც ის პასუხისმგებლიან საქციელს გამოავლენს და წაახალისეთ შესრულებული სამუშაოსთვის.

შესაძლებელია, ბავშვს დავალებათა ნუსხა კვირის დღეების მიხედვით გაუნაწილოთ და თვალსაჩინო რომ იყოს, ცხრილის ან სხვა გრაფიკული ორგანიზატორის სახე მისცეთ. ყოველდღე ცხრილის შესაბამის გრაფაში, შესრულებული ან შეუსრულებელი სამუშაოს მიხედვით, ბავშვმა უნდა აღნიშნოს წინასწარ შეთანხმებული სიმბოლო, მაგ.: მოწყენილი ან გახარებული ღიმილაკი. კვირის ბოლოს კი ერთად დაითვალეთ სიმბოლოები და შესაბამისად შეაქეთ.

მიეცით ბავშვს არჩევანის გაკეთებისა და გადაწყვეტილების მიღების საშუალება. პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი განმსაზღვრელი როლი არჩევანის გაკეთებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებას უკავია. ადამიანი, როდესაც თავად აკეთებს არჩევანს რამდენიმე ალტერნატივიდან, უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს საკუთარი გადაწყვეტილების გამო. 

შეუქმენით ბავშვებს ისეთი გარემო, სადაც ისინი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას. მაგალითად, ზოგჯერ შესაძლებელია ვკითხოთ ბავშვს, როდის ურჩევნია საშინაო დავალების შესრულება: სადილის წინ თუ მის შემდეგ? როგორ უფრო მოსახერხებელი იქნება მისთვის? სამი ჩამოთვლილი სათაურიდან, რომელზე სურს ესეს დაწერა? და ა.შ.

ესაუბრეთ ბავშვებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააკეთონ არჩევანი და მიიღონ გადაწყვეტილება მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

პატივი ეცით ბავშვის არჩევანს, რითაც მის ნდობას დაიმსახურებთ.

შეეკითხეთ ბავშვს, რამდენად სწორი იყო მისი არჩევანი? რა შედეგი მიიღო? ხომ არ შეცვლიდა მიღებულ გადაწყვეტილებას და რატომ? და ა.შ.

აღიარეთ ბავშვის ძალისხმევა და მონდომება. გასათვალისწინებელია, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია, შეაქოთ ბავშვი პასუხისმგებლიანი საქციელის გამო, ვიდრე ყურადღება გაამახვილოთ მის მიერ დაშვებულ შეცდომებზე. 

შემაფასებელი განცხადება არ უნდა ატარებდეს ზოგად ხასიათს, ის კონკრეტულად უნდა მიუთითებდეს, რა იყოს ბავშვის საქციელში ღირებული და მნიშვნელოვანი, რა მოგეწონათ და რატომ.

ნუ დაელოდებით ბავშვის მიერ დავალების წარმატებით დასრულებას, აღიარეთ მისი ძალისხმევა სამუშაოს შესრულების პროცესშიც. როდესაც ბავშვი დაინახავს, რომ მის საქმიანობას აფასებენ, ის უფრო მეტი მონდომებით და ხალისით გააგრძელებს მუშაობას.

გამოიყნეთ პოზიტიური უკუკავშირი, როდესაც ხედავთ, რომ ბავშვის საქციელი შესწორებასა და დახვეწას საჭიროებს. პირველად აღიარეთ ის, რაც მას კარგად გამოუვიდა და მხოლოდ ამის შემდეგ უთხარით, რა აქვს გასაუმჯობესებელი. 

იმსჯელეთ პასუხისმგებლობის შესახებ. ასევე ეფექტურია, მშობლებმა და მასწავლებლებმა ბავშვებთან ერთად განიხილონ ისეთი საკითხები, რომლებიც ორიენტირებულია პასუხისმგებლობის მნიშვნელობის ჩვენებასა და მის გათავისებაზე. ამისათვის შესაძლებელია:

ბავშვებს მიაქცევინოთ ყურადღება მათ თვალწინ მომხდარ ისეთ სიტუაციებზე, რომლებიც პასუხისმგებლობის მნიშვნელობის დანახვასა და მიღებული შედეგების გააზრებაში დაეხმარებათ.
გააცანით პასუხისმგებლობის არსთან დაკავშირებული ისტორიები, მხატვრული ნაწარმოებები, ფილმები და ა.შ. სთხოვეთ, იმსჯელონ მათ შესახებ. ყურადღება გაამახვილებინეთ მიღებულ შედეგებზე და შეაფასებინეთ ისინი.

გაარკვიეთ, რა წარმოდგენა და დამოკიდებულება აქვთ ბავშვებს პასუხისმგებლობის ცნებისადმი:

1.თქვენი აზრით, რას გულისხმობს სიტყვა “პასუხისმგებლობა”?

2.მოიყვანეთ მაგალითები სხვადასხვა წყაროდან (მხატვრული ლიტერატურა, ისტორია, პირადი ცხოვრება და ა.შ.), რომლებიც პასუხისმგებლიან საქციელს უკავშირდება.

3.როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორები განაპირობებს და რა უშლის ხელს ადამიანის პასუხიმგებლიან პიროვნებად ჩამოყალიბებას?

4.რატომ არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის განვითარება როგორც პიროვნულ, ასევე საზოგადოებრივ დონეზე? შეაფასეთ მისი მნიშვნელობა.

5.შეაფასეთ თქვენი პასუხისმგებლობის გრძნობა 1-დან 10 ქულამდე და ახსენით, რატომ დაწერეთ ეს კონკრეტული ქულა? და ა.შ.

უბიძგეთ ბავშვებს მიზნების დასახვისკენ. მიზნების დასახვა ეხმარება ბავშვს, ყურადღება გაამახვილოს მნიშვნელოვანზე და ნაკლები ყურადღება დაუთმოს უმნიშვნელო საკითხებს. როდესაც ბავშვი მიზნის მიღწევაზეა ორიენტირებული, ის უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება შესასრულებელ სამუშაოს. მიზნების დასახვა შესაძლებელია ყველა მიმართულებით, მაგ.: სასკოლო დავალებების შესრულება, სპორტში წარმატების მიღწევა და ა.შ.

პასუხისმგებლობა ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა იმ თვალსაზრისით, რომ ის არა მარტო ინდივიდის, არამედ საზოგადოების წარმატებასაც განაპირობებს. ამიტომ დღეს განსაკუთრებით აქტუალურია მისი განვითარების ხელშეწყობა ბავშვებსა და მოზარდებში როგორც მშობლების, ასევე მასწავლებლების მხრიდან.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...