ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025
14 აგვისტო, ხუთშაბათი, 2025

„ვეფხისტყაოსნის“ გარეშე დარჩენილები

0
მშობლის და სამშობლოს სიყვარულს არც ლაპარაკი სჭირდება და არც სწავლა, მაგრამ თუკი სამშობლო ღარიბია, არეულ-დარეული და შენთვის არ სცალია, შვილებს ის ხომ მაინც უნდა ვასწავლოთ, რაც მაგარი გაკეთებულა, როგორ აღიქვან, როგორ გაითავისონ და როგორ მიიღონ სიამოვნება.

მსოფლიოში უამრავი ქვეყანაა საქართველოზე დალაგებული, მდიდარი, წინ წასული. რადგან ესაა ჩვენი სამშობლო, ჩვენ ეს გვიყვარს, ეს გვეძვირფასება, მაგრამ მოდიან თაობები და მათთვის ჩვენი, საბჭოთა მონობაში დაბადებულიების „ტყვე სამშობლოს” მიმართ ნათქვამი გაცვეთილი ფრაზები უკვე ყალბი და უსუსურია. ისინი რაციონალურ კითხვებს სვამენ, ყველა შეგრძნებას მხოლოდ საკუთარ ტყავზე ცდიან და გიჩნდება სურვილი, თავი გაიმართლო, აქ რომ გააჩინე და მძიმე პასუხიმგებლობასთან ერთად, ამ პატარა ქვეყნის შვილობამ რომ არგუნათ, რაღაც სიტკბოებაც შესთავაზო, რაღაც საამაყო, რაღაც ისეთი, მსოფლიო ღირებულებაც რომ აქვს და თან  ქართულია.

თხუთმეტიდან ოც წლამდე ასაკისას მეგობრებთან ერთად ხმამაღლა მცირედი შესვენებებით „ვეფხისტყაოსანი” ალბათ 5-6 ჯერ მაინც წამიკითხავს. მახსოვს  სიხარული, აღფრთოვანება და ყველაზე მთავარი, სიამოვნების განცდა. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი გვესმოდა, ამას, რაღა თქმა უნდა, ვერც დღეს დავიჩემებ, ვერც იმას ვიტყვი, იმ 90-იანებში ჩვენ ირგვლივ ყველა ამით იყო დაკავებული-მეთქი, მაგრამ ჩვენ რა გზითაც მივედით ამ სიამოვნებამდე, თანამედროვე ბავშვებისთვის ეს გზაც ნაკლებად არსებობს. ვისაც ცოტა მაინც გვიყვარდა ლიტერატურა, ბევრს ვკითხულობდით, მაშინ მეტი გასართობი არც იყო, თანაც რომ გვეტყოდნენ, მაგარიაო, გვჯეროდა და მანამ ვუკირკიტებდით, სანამ რამეს თუ ვერ გავიგებდით,  რაღაცას ვიგრძნობდით მაინც.

ახლა  უფრო ძნელია „ვეფხიტყაოსნამდე” მისვლა. დღევანდელი ბავშვი გაცილებით კრიტიკულია, დროც ნაკლები აქვს (ამ ტექსტის მეცხრე კლასში სწავლებაც ძალიან საკამათოა, იქნებ სჯობს, უარი ვთქვათ ქართული ლიტერატურის სწავლების ქრონოლოგიურ პრინციპზე), ხშირად ქართულის მასწავლებელიც სცოდავს, ცუდად ხსნის, ბევრ საზეპიროს აძლევს, ის კი – ერთს რომ შეიძულებს, მერე  ვეღარ ხვდება, რატომ უნდა მოიწონოს პოემა ვიღაც მტირალა კაცზე.

და ვაყრუებთ ბავშვებს, ყურებში ბამბას ვუცობთ და მერე ვუყვირით, – გაიგეთ, რა მაგარიაო! კიდევ კარგი, ხშირად ყოფნით გამბედაობა, დაგვცინონ. თორემ სიამოვნებით მოვიტყუებდით თავს, რომ ყველაფერი კარგადაა.

არადა, რუსთაველის პოემის სწავლებისას თავისუფლად შეიძლება თანამედროვე ადამიანის, მოქალაქის აღზრდა, თუკი ჩვენ თვითონ შევეცდებით დავინახოთ და მოვისმინოთ 21-ე საუკუნის „ვეფხისტყაოსანი”.

ავთანდილი და ტარიელი რომ ერთმანეთს „უცხოობით არ დაჰრიდებენ” და პირველივე ნახვაზე გადაეხვევიან, თანამედროვე ადამიანისთვის  გადარჩენის ნათელი მაგალითია, რადგან დღეს ის გაცილებით მარტოა.

გვახსოვს როგორი მარტოები ვიყავით 14 წლისანი? მთელი სამყარო ჩვენი მტერი გვეგონა. ვჯანყდებოდით, მაგრამ მაინც უფრო ვგავდით ჩვენს მასწავლებლებს, მშობლებს, ბებია-ბაბუებსაც კი, ვიდე ჩვენი შვილები – ჩვენ. 

ესენი ჩვენზე მარტონი არიან. სწრაფად ვითარდება სამყარო, ჩვენ სულ სხვა ბავშვობა გვაქვს გამოვლილი, ესენი სულ სხვას ცხოვრობენ. თანავუგრძნობთ მათ ამ მარტოობაში?
დღეს ადამიანი შეძლებისდაგვარად თავისუფლდება და ნაკლებად ცხოვრობს მშობლების, მასწავლებლების, მეზობლების, ნათესავების  კარნახით, მაგრამ გასაჭირშიც რომ აღარ დაუდგნენ გვერდში, სხვანაირი ხარო?! სოლიდარობა უცხოს მიმართ, –  „ვეფხისტყაოსანში” ბევრი რამაა ამგვარ თემებზე სასაუბროდ. თუ მივეცით საშუალება, თვითონ იმსჯელონ საკუთარ მარტოობაზე, უცხოობაზე ილაპარაკონ, საკუთარი გასაჭირი მოყვნენ, თუ დავანახეთ, რომ მათი პრობლემები ჩვენთვის, თუნდაც ასაკით განსხვავებულებისთვის, მნიშვნელოვანია, იქნებ გვენდონ და ერთი ფარდა მაინც ჩამოვხსნათ „ვეფხისტყაოსანს”.

ქართულ ლიტერატურას ქმედითი ქალები აკლია. გენდერული პრობლემები ახალ თაობას ძალიან აინტერესებს. ვესაუბროთ მოსწავლეებს იმაზე, თუ ვისი ცნობისმოყვარეობითა და უკომპრომისობით იწყება ქმედება „ვეფხისტყაოსანში”.ეჭვი მაქვს, რუსთაველის სწავლებისას თინათინის როლი დიდწილად იჩქმალება.

როსტევანს თავისი მეფური ღირსების აღდგენა ტყუილის ფასად უწევს, როცა საკუთარ თავს და ქვეშემდრომებს აჯერებს, რომ უცხო მოყმე მოჩვენებაა. ვალაპარაკოთ ბავშვები ადამიანებზე, რომლებიც თავს იტყუებენ. მივცეთ იმაზე მსჯელობის საშუალება, რაც თვითონ იციან. ტყუილს ხომ ჯერ კიდევ ჩვენზე  მეტად გრძნობენ.

ერთ-ერთი ძლიერი გენდერული სტერეოტიპია, კაცი რომ არ უნდა ტიროდეს. თანამედროვე ფსიქოლოგია კარგად გვიხსნის, როგორ იქცევა აგრესიად შეკავებული გრძნობები. საზოგადოებაში, სადაც ქალი უფრო ჩაგრულია, საკუთარი გამოცდილებით ვიცი, ბიჭებს უხარიათ, თუკი ეტყვი, რომ კულტურა მათზეც ძალადობს. რამდენი აღიარებს, რომ ტირილის უფლება მასაც აქვს? შეიძლება იმაზეც იმსჯელონ, ადრე სად და რისთვის იხარჯებოდა ეს აგრესია. თუ სწორედ დავგეგმავთ, იქნებ ტარიელის ცრემლები, რომლებიც ხელს უშლით ხოლმე სიუჟეტის მიღებაში, პირიქით, მათთვის ყველაზე თანამედროვე, გასაგებ აქტად იქცეს. ცოტა ჰიპერბოლას დავიხმარებთ, ცოტა ენის ესთეტიკის ცვლილებებზე ვესაუბრებით და მათ კეთილგანწყობას მაინც მივაღწევთ, რომ არ შეეშინდეთ იმ ერთი შეხედვით განსხვავებული სამყაროსი, რომელიც „ვეფხისტყაოსანშია” და რომელიც, თუ მოვინდომებთ, თავისუფლად შეგვიძლია  თანამედროვე საკითხავად ვაქციოთ.

თუკი მოსწავლეებს  დისკუსიას ვთავაზობთ, თუკი ვეკითხებით, როგორია მათი თვალით დანახული  სამყარო და მათი ჩამონათვალი ბუნების მრავალფეროვნებიდან ადამიანებზე ვერ გადადის, ე. ი. მანამდე ძალიან დავაშავეთ, ძალიან დავაშინეთ და იქნებ „ვეფხისტყაოსნით” მაინც ვასწავლოთ, რომ „ჩვენ კაცთა მოგვცა სამყარო, გვაქვს უთვალავი ფერითა” თითოეული ადამიანის განსხვავებულობასა და თავისუფლებას ნიშნავს.

გიორგი ახვლედიანი

0

ზუსტად არ მახსოვს, მგონი, მაგისტრატურის მეორე კურსზე ვსწავლობდი და ენათმეცნიერების კათედრაზე ლექცია მქონდა. მაშინ კათედრა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მესამე სართულზე იყო, კაბინეტი გიორგი ახვლედიანის სახელობისა გახლდათ და კართან დიდი ენათმეცნიერის ბიუსტიც იდგა.

შუა ლექციაზე თავი სტუდენტმა გოგონამ შემოყო:

-უკაცრავად, ბატონი გიორგი ახვლედიანი სად ვნახო?

ჩვენ განცვიფრებისგან ხმა ვერ ამოვიღეთ, მერე კი ლექტორმა მშვიდად, აუღელვებლად უთხრა:

-იცით, ბატონი გიორგი ვესტიუბიულში დგას, ეწევა.

ეს პატარა ამბავი ახლახანს გამახსენდა, როდესაც მეგობარ მასწავლებელთან საუბრისას აღმოვაჩინე, რომ ჩვენი დიდი მეცნიერების, ფილოლოგების, ენათმეცნიერების სახელები, რომელთა მხრებზეც, ფაქტობრივად, დგას პირველი ქართული უნივერსიტეტი, თანდათანობით გვავიწყდება, ჩვენთვის უმნიშვნელო ხდება.

ამიტომაც, აუცილებლად მივიჩნიე ქართულის გაკვეთილებზე ზოგჯერ 5 წუთი მომეტოვებინა და ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების ბრწყინვალე წარმომადგენლებზე მომეყოლა, ერთ-ერთი პირველი, ვისზე საუბარიც გადავწყვიტე, სწორედ გიორგი ახვლედიანი იყო – ქართველი ენათმეცნიერი. თსუ-ის პროფესორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი , საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ჩრდილო-ოსეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ექსპერიმენტული ფონეტიკის საერთაშორისო საზოგადოების და ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების საპატიო წევრი.

არ ვიცი, რისი ბრალი იყო, ჩვენი ლექტორები კრიტიკულ აზროვნებას გვიყალიბებდნენ, სხვადასხვა აზრს და თეორიას გვაცნობდნენ, წიგნთან მუშაობას გვასწავლიდნენ თუ რამე სხვა, მაგრამ ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლისას არ მახსენდება ბევრი სახელმძღვანელო, რომელსაც თავიდან ბოლომდე მივყევი.

ყველა თეორიასთან მიმართებაში არსებობდა უამრავი ავტორი თუ წიგნი, რომელიც უნდა გვენახა, ერთი სახელმძღვანელო კი – არა. მოგვიანებით გამოიცა თამაზ გამყრელიძის “თეორიული ენათმეცნიერების კურსი” რომელმაც ასე თუ ისე, შეავსო სიცარიელე.

ზარმაცი სტუდენტი არ ვყოფილვარ და არც სხვადასხვა წიგნებში საკითხების მოძებნა მეზარებოდა, მაგრამ ნებისმიერი საგნისა თუ დისციპლინისათვის ერთი, ფუნდამეტური სახელმძღვანელოს არსებობა აუცილებლად მიმაჩნია – მხოლოდ იმისთვის, რომ ახალბედა, დაბნეული სტუდენტი კიდევ უფრო არ დაიბნეს ლინგვისტური თეორიებისა და ნაშრომების პირისპირ.

ერთ-ერთი იმ მცირე წიგნთაგან, რომელთაც ჩემთვის სახელმძღვანელოს ფუნქცია იტვირთეს, გიორგი ახლედიანის “ზოგადი ფონეტიკა” იყო, წიგნი, რომელმაც პირველად გამაცნო ეს გენიალური ენათმეცნიერი. ამ წიგნში დღემდე ძალიან ხშირად ჩავიხედები ხოლმე.

გიორგი ახვლედიანი ქართული და არამხოლოდ ქართული ენათმეცნიერებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო, მისი ნაშრომები სანსკრიტში, ბერძნულში, ლათინურ, სლავურ ენებში, ინდოლოგიაში, ირანისტიკასა და ზოგად და ექსპერიმენტული ფონეტიკაში დღემდე არ კარგავენ აქტუალობას.

სწორედ მისი თაოსნობით შეიქმნა ექსპერიმენტული ფონეტიკის განყოფილება, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო ექსპერიმენტი და კვლევა ხორციელდებოდა. გარდა სამეცნიერო მუშაობისა, გიორგი ახვლედიანი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. სხვადასხვა დროს კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს ენათმეცნიერების შესავალში, ლინგვისტიკურ მოძღვრებათა ისტორიაში, ზოგად და ექსპერიმენტულ ფონეტიკაში, სანსკრიტში, ბერძნულ ენაში, რუსული ენის ისტორიაში, დიალექტოლოგიაში, ინდოევროპულ ენათა შედარებით გრამატიკასა და გარკვეულ დროს – დასავლეთ ევროპის ლიტერატურაშიც კი.

ქართული ენათმეცნიერება, განსაკუთრებით კი მისი თეორიული და ექპერიმენტული ნაწილი ძალიან ბევრით არის დავალებული გიორგი ახვლედიანისგან, მისი ნაშრომები: “ზოგადი და ქართული ენის ფონეტიკის საკითხები” (ტ. 1, 1938), “ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები” (1949), “ზოგადი ფონეტიკის შესავალი” (1956) – ფონეტიკის, როგორც ენათმეცნიერების უმნიშვნელოვანესი სფეროს ასახვისა და კომპლექსური დამუშავების საუკეთესო მაგალითია.

გ.ახვლედიანის სახელთან არის დაკავშირებული ისეთი რთული ფონეტიკური სისტემის მქონე ენის ბგერათა შესწავლა და კლასიფიკაცია, როგორიცაა აფხაზური. მან 1926 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი “მასალები აფხაზურ ენათა ფიზიოლოგიისათვის”.

მხატვრული თარგმნის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, სამეცნიერო ტერმინოლოგია, ლიტერატურული და ენობრივი კონტაქტები და კიდევ მრავალი სხვა საკითხი სწვდებოდა მეცნიერის ინტერესების მრავლისმომცველ ჰორიზონტს.

დღემდე, როდესაც რომელიმე სიტყვაში რაიმე ფონეტიკული მოვლენა, ენობრივი პროცესის ნიუანსები, სხვადასხვა ენობრივი პრობლემა მაინტერესებს, აუცილებლად ვაკითხავ ჩემი სახლის ბიბლიოთეკას, სადაც გამოსაჩენ ადგილს იკავებს აკადემიკოსისა და პედაგოგის, გიორგი ახვლედიანის შრომები.

კიდევ რამდენიმე რესურსი თქვენი საინტერესო გაკვეთილებისათვის

0

უქმეებმა გადაიარა, შობის არდადეგებიც მოვილიეთ, სკოლაში დაბრუნების რთული და ამავე დროს, სასიხარულო დღეებიც დაიწყო.  ვიცი, ძალიან ძნელია, დილის ძილს, დასვენებას, საინტერესო წიგნების კითხვას, ოჯახის წევრებთან ერთად საახალწლო ეიფორიით ტკბობას  თანდათანობით გადაეჩვიო და ისევ სასკოლო რუტინაში ჩაება.

ამ სტატიაში იმ რამდენიმე რესურსს გაგიზიარებთ, რომლებსაც თავი სწორედ საშობაო არდადეგებზე მოვუყარე და გაკვეთილებზე გამოყენებას ვაპირებ, ზოგიერთ წიგნს, საიტს, ელექტრონულ  თუ სხვა სახის რესურსს გაგაცნობთ ან გაგახსენებთ.

მაშ ასე, მომყევით:

1. ბესარიონ  ჯორბენაძე,  . ენა და კულტურა / ბესარიონ ჯორბენაძე ; რედ. გიორგი გოგოლაშვილი. – თბ., 1997

როდესაც მოსწავლეებთან ენობრივ საკითხებზე საუბარს ვიწყებთ, როგორც წესი, მათ ზოგჯერ ცინიკურ, წინასწარ უარყოფითად განწყობილ დამოკიდებულებას ვიღებთ – აუ, სერიები და მწკრივები, უღლება, ბრუნება, არ გეზარებათ, მას?

მაგრამ თუ კი ვისაუბრებთ, ენაზე, როგორც კულტურულ ფენომენზე, როგორც სტიქიაზე, როგორც ცოცხალ არსებაზე, როგორც ჩვენი ყოფიერების სახლზე, რომელიც ჩვენი ბედისწერაცაა, სისხლის შემადგენლობაც და ჰაერიც, რომელსაც ვსუნთქავთ, – მათი დამოკიდებულება  აუცილებლად შეიცვლება და ერთი შეხედვით მოსაწყენ გრამატიკულ წესებსაც საინტერესო მხარეს და გამოყენებას უპოვნიან.

შესანიშნავი ენათმეცნიერის ეს წიგნი მისი ლექციების ჩანაწერებს, ჩანიშნულ საკითხებს, იდეებს და გეგმებს მოიცავს, იგი მისმა მოსწავლეებმა შეადგინეს და ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობის განხორციელების სტიმულსაც მოგცემთ.

2. ციფრული ფოტომატიანე, ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/3946

ეპოქას ხსნით? მწერლის ბიოგრაფიაზე საუბრობთ? ისტორიული თუ კულტურული კონტექსტი გაინტერესებთ? იქნებ  ნაწარმოებში ასახული მხატვრული გამონაგონი უფრო ხელშესახები, უფრო ადვილად დასანახი გინდათ გახადოთ? იქნებ რომელიმე  კონკრეტულ მწერალს ან მისი ნაწარმოების პროტოტიპს ეძებთ?  მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ეროვნული ბიბლიოთეკის და ჯეოსელის ამ საოცარ ფოტოპროექტს, რომლისთვისაც უამრავი ფოტოს გაციფრება მოხდა პირადი არქივებიდან, საოჯახო ალბომებიდან თუ სხვადასხვა კოლექციებიდან.

აქ სრულიად სასწაული და განსაკუთრებული  ფოტოების პოვნა შეგიძლიათ. იქნებ რომელიმე მათგანი თქვენი მოსწავლეების თხზულების თემაც გახდეს, იქნებ მოთხრობის სიუჟეტიც შთაგაგონოთ ან სულაც, ძალიან საინტერესო სასკოლო ღონისძიება დაგაგეგმინოთ.

მოატანინეთ საოჯახო ალბომები თქვენს მოსწავლეებს და შექმენით კონკრეტულად თქვენი კლასის მოსწავლეების ციფრული ფოტომატიანე. ძალიან, ძალიან საინტერესო და სახალისო იქნება.

მაგალითისთვის ერთი ფოტო ფოტომატიანედან, რამდენი რამის თქმა და დაწერა შეიძლება ამ ულამაზეს ბავშვებზე:

3. კომიქსი, როგორც სწავლების საშუალება.

არ გიფიქრიათ, რომ ნაწარმოების დასურათება, განსაკუთრებით კომიქსად გარდაქმნა უფრო გაუადვილებს თქვენს მოსწავლეებს მის გაგებას თუ შეყვარებას? განსაკუთრებით,  დაბალ კლასებში ძალიან კარგი იქნება ეს აქტივობა, აიღეთ რომელიმე ქართველი მწერლის საპროგრამო ნაწარმოები და თქვენს მოსწავლეებთან ერთად დახატეთ, კომიქსად აქციეთ ის.  თვალსაჩინოებად გამოგადგებათ რამდენიმე კლასიკური ნაწარმოების კომიქსები, მაგალითად ასეთი:

https://www.shortlist.com/entertainment/books/classic-literature-turned-into-comic-books
4. ლიტერატურული რუკა
იცოდით, რომ ქართველ მწერალთა ბიოგრაფიები და მათი სახლმუზეუმების შესახებ ინფორმაცია ერთ საიტზე შეგიძლიათ იპოვოთ? https://www.pencenter.ge/index.php?option=com_content&view=article&id=8&Itemid=14
ნახეთ საქართველოს ლიტერატურული რუკა, გაიგეთ თქვენი საყვარელი მწერლების შესახებ მეტი.

5. ვახტანგ ჯავახაძე, უცნობი

დარწმუნებული ვარ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა ძალიან კარგად იციან ამ საოცარი წიგნის არსებობის შესახებ, სადაც გენიალური ქართველი პოეტი, გალაკტიონ ტაბიძე   ისეთივე ცოცხალია, ისეთივე აქტიურია, როგორც თქვენი ნებისმიერი მოსწავლე საკლასო დისკუსიისას.

დღიურების, ჩანაწერების, არქივის და უამრავი სხვა მასალის გამოყენებით თავადაც შესანიშნავმა პოეტმა, ვახტანგ ჯავახაძემ შექმნა წიგნი გალაკტიონზე, რომელიც ერთდოულად წიგნიცაა და ფილმიც, რომანიც და დოკუმენტური პროზაც.

სულ ახლახანს ამ წიგნის ახალი, შევსებული ვერსია გამოიცა.
6. 50 ქალი საქართველოდან

ქალ ავტორებზე საუბარი გსურთ? თანასწორობასა და ქალთა უფლებებზე ყურადღების გამახვილება გინდათ? მაშინ ეს ლინკი აუცილებლად დაგეხმარებათ, 50 საინტერესო, განათლებული, განსაკუთრებული ქართველი ქალი მოღვაწის ბიოგრაფია თქვენს გაკვეთილებს სრულიად სხვა მიმართულებას მისცემს:

https://www.feminism-boell.org/ka/kategoriebi/kalta-muzeumi
წარმატებებს გისურვებთ!

პრაქტიკული პედაგოგიკა – შემაჯამებელი დავალების შედეგების ანალიზის პრაქტიკა

0

ოცდამეერთე საუკუნეში მასწავლებელი  ახალი  გამოწვევების წინაშე დადგა. მაგრამ  არის მთელი რიგი საქმიანობებისა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას. ერთ-ერთ ასეთად ითვლება შემაჯამებელი დავალებები. სტატიაში განვიხილავთ არა შემაჯამებელი დავალებების ტიპებს და ნიმუშებს, არამედ შემაჯამებელი დავალებების შედეგების შესახებ სემესტრული და წლიური ანგარიშის დაწერის მნიშვნელობას და ფორმებს.

როგორც ცნობილია, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან შემდეგ სამ კომპონენტში:

1. საშინაო დავალება;
2.საკლასო  დავალება;

3.შემაჯამებელი დავალება.

   შეფასების სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს. საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება.   შემაჯამებელი დავალების კომპონენტში აუცილებელია განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება.

   ყველა  მასწავლებელმა კარგად იცის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა თითოეული საგნისათვის განსაზღვრავს სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალურ რაოდენობას. ამ კომპონენტით შეფასებისას სტანდარტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია შემაჯამებელი დავალების მრავალგვარი ფორმის გამოყენება:

1.თხზულება;
2.ტესტური დავალება;
3.მოხსენება;
4.რეფერატი;
5.პროექტი;
6.საველე-გასვლითი სამუშაო;

7.ლაბორატორიული კვლევა და სხვა.

       ეროვნულ სასწავლო გეგმაში ყველა საგნისთვის დაზუსტებულია შემაჯამებელი დავალებების მინიმალური, სავალდებულო რაოდენობა თითოეული სემესტრისათვის ცალ-ცალკე. მასწავლებელმა აუცილებლად უნდა ჩაატაროს სასწავლო გეგმით განსაზღვრული ყველა შემაჯამებელი დავალება. თუმცა, კლასის საჭიროებიდან გამომდინარე, მასწავლებელს შეუძლია დაამატოს შემაჯამებელი დავალებები. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ვერ დაესწრო შემაჯამებელ დავალებას, სკოლამ უნდა შეუწყოს ხელი და შესთავაზოს დამატებითი შემაჯამებელი სამუშაო. შემაჯამებელი დავალებების აღდგენა ვრცელდება, როგორც სავალდებულო, ისე მასწავლებლის მიერ დამატებულ შემაჯამებელ დავალებებზე. გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის ვადები და პირობები განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.

    ყველა მასწავლებელმა იცის, რომ ვალდებულია, შეაგროვოს და შეინახოს მის მიერ კლასში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა ეს დავალებები; მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული სამუშაოს რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული სამუშაოს ამსახველი ვიზუალური მასალა; თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები.

 ამ მოთხოვნების შესაბამისად შესრულებული შემაჯამებელი სამუშაოები არაჩვეულებრივი  მასალაა იმისათვის, რომ მასწავლებელმა მის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების რეფლექსია მოახდინოს. ხშირად მასწავლებელი ამა თუ იმ კლასში წერს სემესტრულ ან წლიურ ანგარიშს შემაჯამებელი სამუშაოების  შესახებ და ამ ანგარიშს, წარადგენს კათედრაზე კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით და  განათავსებს თავის პორტფოლიოში.  შემაჯამებელი სამუშაოების ეტაპობრივი განზოგადების  აქტივობები ეხმარება მასწავლებელს თვითგანვითარებასა და პედაგოგიური პრაქტიკის სრულყოფაში. ანგარიშის მოცულობა და ფორმა არ არის დადგენილი და მასწავლებელი თავისუფალია ფორმატისა და  ზომის შედგენაში.

  გთავაზობთ შემაჯამებელი სამუშაოების ანგარიშის რამდენიმე (სარეკომენდაციო) ფორმას:

 

პირველი
სემესტრის შემაჯამებელი სამუშაოების ანგარიში

პედაგოგი
——————

კლასი  ———————

საგანი  ———————

შემაჯამებელი
სამუშაოების ანალიზი





რამდენი შემაჯამებელი ჩატარდა?





ესგ
საგნობრივი სტანდარტის
რომელ შედეგებზე/შედეგებზე  გადის ეს შემაჯამებელი დავალებები?





რა ტიპის შემაჯამებელი სამუშაოები ჩატარდა?





რამდენია თითოეული შემაჯამებლის საშუალო  ქულა?





რა ტიპის აქტივობების დაძლევა გაუჭირდა მოსწავლეთა უმრავლესობას ამა თუ იმ შემაჯამებელი
სამუშაოს დროს?

შეჯამება

ესგ შესაბამის შედეგებთან მიმართებაში,
როგორ შეიძლება შეფასდეს შემაჯამებ
ლი სამუშაოების  დაგეგმვის, განხორციელების და
შეფასების პროცესი?

 

რეკომენდაციები,
მეორე სემესტრის შემაჯამებელი სამუშაოების დაგე
მვისთვის

რა
არის ამ შემაჯამებელი სამუშაოების ძლიერი მხარე?

რა
არის გასაუმჯობესებელი
ამ შემაჯამებელ სამუშაოებში?

როგორ
შეიძლება გაუმჯობესება?
 

 

    ხშირად მასწავლებელი შეიმუშავებს კონკრეტულ სქემას,
რომლის შევსება უფრო მცირე დროშია შესაძლებელი, მაგრამ ის იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას,
რაც შემაჯამებელი სამუშაოების  ეტაპობრივ ანგარიშში
უნდა იყოს ასახული.  მაგალითად
:

 

 

 

პირველი
სემესტრის შემაჯამებელი სამუშაოების ანგარიში

პედაგოგი
——————

კლასი  ———————

საგანი  ———————

 

 

1

შემაჯამებელი

2

შემაჯამებელი

3

შემაჯამებელი

4

შემაჯამებელი

 

შენიშვნა

 

ჩატარების დრო

 

 

 

 

 

 

 

 

კლასის საშუალო ართმეტიკული ქულა ამ შემაჯამებელში

 

 

 

 

 

 

 

 

 

რა გაუჭირდა კლასს ამ შემაჯამებელში

 

 

 

 

 

 

 

სტანდარტის რომელ შედეგებზე/შედეგებზე  გადის ეს შემაჯამებელი

 

 

 

 

 

რეკომენდაციები,
მეორე

სემესტრის
შემაჯამებელი სამუშაოების დაგემვისთ ვის

           

 





რა არის ამ შემაჯამებელ სამუშაოების დაგეგმვაში, ჩატარებაში და  შეფასებაში
გასაუმჯობესებელი?





როგორ შეიძლება გაუმჯობესება?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


როდესაც ამ ფორმით ან ნებისმიერი
გზით მასწავლებლები  აანალიზებენ შემაჯამებელი
დავალებების შეფასების შედეგად მიღებულ მონაცემებს
, ამ დროს ისინი მიზნად ისახავენ თითოეული
მოსწავლის, მოსწავლეთა ჯგუფისა და, ზოგადად, კლასის  მიღწევების გაუმჯობესებას.

 

 

   როდესაც მასწავლებელი ასეთი ტიპის ანგარიშებს განათავსებს თავის პირად
პორტფოლიოში თუ კათედრის პორტფოლიოში
, ამით პორტფოლიო ხდება უფრო ინფორმაიული და უფრო მეტს „მოგვითხრობს”
მასწავლებლის საქმიანობის შესახებ. ამასთანავე ამგვარი პორტფოლიოების მეშვეობით
სკოლას შეუძლია უფრო მასშტაბური სურათის დანახვა და ს
ავლა-სწავლების ხარისხის
გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სტ
ატეგიების დაგეგმვა, მოსალოდნელი საფრთხეების პროგნოზირება და
პრევენცია.


 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016

2.მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი (ძირითადი ნაწილი)

ჯეიმს ბენკსის წიგნი „შესავალი მულტიკულტურულ განათლებაში“

0
მსოფლიო მასშტაბით მზარდი იმიგრაციისა და გლობალიზაციის გამო მრავალფეროვნება და მისი აღიარება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მთელ მსოფლიოში. 

მრავალფეროვნება გამოწვევაც არის და შესაძლებლობაც ქვეყნისთვის, სკოლისთვის და მასწავლებლისთვის. მულტიკულტურული განათლების მნიშვნელოვანი მიზანია დაეხმაროს განათლების მუშაკებს მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული პრობლემების შემცირებასა და მრავალფეროვნების შესაძლებლობების გაზრდაში. მრავალფეროვნებას შემოქმედებითად და ეფექტურად რომ უპასუხოს, განათლების მუშაკმა აუცილებლად უნდა იცოდეს მულტიკულტურული განათლების კონცეფციები, პრინციპები, თეორია და პრაქტიკა. მან ასევე უნდა განსაზღვროს საკუთარი რასობრივი და ეთნიკური დამოკიდებულებები და შეიძინოს ისეთი პედაგოგიური ცოდნა და უნარები, რომელიც სხვადასხვა რასის, ეთნოსის, კულტურის, სქესის, სოციალური კლასისა და რელიგიის მოსწავლეებთან ეფექტური მუშაობის საშუალებას მისცემს. 

მულტიკულტუტული განათლების ერთ–ერთი ფუძემდებელი ჯეიმს ბენკსი თავის ნაშრომში „შესავალი მულტიკულტურულ განათლებაში” განმარტავს მულტიკულტურულ განათლებას: „ეს არის იდეა, კონცეფცია, საგანმანათლებლო რეფორმა და პროცესი”. მულტიკულტურული განათლების იდეა ის გახლავთ, რომ ყველა მოსწავლეს, განურჩევლად სქესისა, სქესობრივი ორიენტაციისა, სოციალური კლასისა და ეთნიკური, რასობრივი ან კულტურული მახასიათებლებისა, სკოლაში სწავლის თანასწორი უფლება უნდა ჰქონდეს.

მულტიკულტურული განათლების შესწავლის საგანია, რა გავლენას ახდენს რასა, ეთნოსი, კლასი, სქესი, რელიგია, ენა, სქესობრივი ორიენტაცია მოსწავლის სწავლასა და ქცევაზე. ის ამ ფაქტორებზე ეფექტური ზემოქმედების გზებსაც სწავლობს. მულტიკულტურული განათლების მკვლევრები ტერმინ ინტერსექციურობასაც კი იყენებენ იმის აღსანიშნავად, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ეს ცვლადები მოსწავლის ქცევაზე ზემოქმედებისას. ავტორი სქემის სახით წარმოგვიდგენს მრავალფეროვნების ცვლადების გადაკვეთასა და ურთიერთქმედებას (იხ. სქემა 1).

წიგნში აღწერილია ის ძირითადი მიზნები, რომელსაც მულტიკულტურული განათლება ემსახურება:

ეხმარება ინდივიდებს თვითშეცნობაში სხვა კულტურის პერსპექტივიდან საკუთარი თავის განხილვით;
უზრუნველყოფს ინდივიდებს სხვა კულტურული, ეთნიკური და ენობრივი ალტერნატივებით;
ინდივიდებს უვითარებს იმ ცოდნას, უნარებსა და დამოკიდებულებებს, რომელიც საჭიროა საკუთარი საზოგადოების კულტურის, უმრავლესობის კულტურისა და სხვა კულტურების ფარგლებში ფუნქციონირებისათვის;
ამცირებს დისკრიმინაციას, რომელსაც ზოგიერთი ჯგუფი განიცდის საკუთარი რასის, რელიგიის და კულტურის თავისებურებების გამო;
ხელს უწყობს გლობალური და „ბრტყელი” ტექნოლოგიების სამყაროში ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭირო წიგნიერების უნარების დაუფლებას.
ქემა 1. მრავალფეროვნების ცვლადების ურთიერთკვეთა
დემოკრატიული განათლება ზრუნავს რა საერთო მიზნის მქონე სამოქალაქო საზოგადოების შექმნასა და შენარჩუნებაზე, ეხმარება ინდივიდებს ისეთი ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში, რომელიც საჭიროა სამოქალაქო ჩართულობისათვის უფრო თანასწორი და სამართლიანი საზოგადოების შესაქმნელად.

მულტიკულტურულ განათლებაზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს დებატების მნიშვნელობა, რადგან მულტიკულტურული განათლება არის განათლება თავისუფლებისთვის, რომელიც ასე არსებითია თანამედროვე პოლარიზებულ სამყაროში. სიმართლე მისი განვითარებისა და მიღწევების შესახებ მეცნიერული ობიექტურობის შენარჩუნების მიზნით უნდა დავიცვათ.   

ავტორი გვთავაზობს იმ შეხედულებებს მულტიკულტურული განათლების შესახებ, რომელიც შორს არის რეალობისაგან: 

მულტიკულტურული განათლება სხვებისთვისაა, კერძოდ, აფროამერიკელების, ლათინოამერიკელების, სოციალურად დაუცველების და სხვა მარგინალიზებული ჯგუფებისთვის;
მულტიკულტურული განათლება ეწინააღმდეგება დასავლეთის ინტერესებს;
მულტიკულტურული განათლება ანაწევრებს ქვეყანას.

არასწორად გაგებულმა და აგებულმა მულტიკულტურულმა განათლებამ შესაძლოა მოგვარების ნაცვლად კიდევ უფრო გაამწვავოს მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული პრობლემები. 

მიუხედავად იმისა, რომ მულტიკულტურული განათლება ჯერ კიდევ არ არის მრავალი სკოლის, კოლეჯისა თუ უნივერსიტეტის კურიკულუმის არსებითი ნაწილი, უკანასკნელი ხუთი ათწლეულის მანძილზე ის მნიშვნელოვნად განვითარდა. ცვლილებები განიცადა სახელმძღვანელოების ბაზარმაც, რომელიც იძულებულია უპასუხოს სულ უფრო მზარდ მრავალფეროვნებას. სწორედ სახელმძღვანელო (როგორც კურიკულუმის ამსახველი) რჩება მულტიკულტურული განათლების რეფორმატორთა მნიშვნელოვან სამიზნედ. 

მიუხედავად წარსული და აწმყო გამოწვევებისა, უნდა ვაღიაროთ ის მიღწევები, რომელებიც მულტიკულტურულ განათლებას 1960–იანი და 70–იანი წლების სამოქალაქო უფლებების დაცვის მოძრაობებიდან მოყოლებული აქვს. ეროვნული და საერთაშორისო კონფერენციების, მასწავლებელთა გადამზადების კურსების რაოდენობა მულტიკულტურული განათლების წარმატებისა და მზარდი მნიშვნელობის მაჩვენებელია. ის სულ უფრო ინსტიტუციონალიზებული ხდება ისეთი ქვეყნების საგანმანათლებლო ორგანიზაციებში, როგორიცაა შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, ჩინეთი, კორეა. რაკი ეთნიკური სტრუქტურა ამ ქვეყნებში სულ უფრო ღრმავდება, უნდა შეიქმნას და განვითარდეს ეთნიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო პროგრამებიც. პლურალისტულ დემოკრატიულ საზოგადოებებში გაჩნდება ახალი გამოწვევებიც. ამ გამოწვევების შესაძლებლობებად გადაქცევა დამოკიდებული იქნება ცალკეული ქვეყნის განათლების მუშაკთა ხედვაზე, ცოდნასა და თავდადებაზე. 

სამყარო ტრანსფორმაციას განიცდის, „ბრტყელი” (ფრიდმანი, 2005) ხდება – აზიურ ქვეყნებში განათლებამიღებული მეცნიერები და ტექნოლოგიური მუშაკები წარმატებით უწევენ კონკურენციას და ხშირად სჯობნიან კიდეც დასავლელ კოლეგებს. 

მულტიკულტურული საზოგადოება პრობლემის წინაშეა: შექმნას სახელმწიფო, რომელიც ასახავს და გააერთიანებს მოქალაქეთა მრავალფეროვნებას და იმავდროულად ექნება საერთო და ყოვლისმომცველი ღირებულებები, იდეალები და მიზნები, რომლებიც სავალდებულო იქნება ყველა მოქალაქისთვის. 

იცვლება მოქალაქეობის განმარტება მულტიკულტურულ საზოგადოებაში: დემოკრატიული მულტიკულტურული ქვეყნის მოქალაქე ისეთი ყოვლისმომცველი იდეალების მომხრეა, როგორიცაა სამართლიანობა და თანასწორობა და პასუხისმგებელია ამ იდეალების შენარჩუნებასა და დაცვაზე, თანახმაა და მზად არის იმოქმედოს ამ იდეალების შებღალვის შემთხვევაში (ბენკსი, 2004). ამრიგად, დემოკრატიულ მულტიკულტურულ საზოგადოებაში სამოქალაქო განათლების მნიშვნელოვანი ამოცანაა დაეხმაროს მოსწავლეებს შეიძინონ ის ცოდნა, უნარ–ჩვევები და დამოკიდებულებები, რომელიც საჭიროა გააზრებული გადაწყვეტილების მისაღებად და აქტიური მოქმედებისათვის, რათა საკუთარი ქვეყანა კიდევ უფრო დემოკრატიული და სამართლიანი გახადონ (ბენკსი, 2011).

დემოკრატიული მულტიკულტურული საზოგადოება ხასიათდება სამოქალაქო თანასწორობით, ტოლერანტობითა და აღიარებით (გუტმენის 2004). მოქალაქედ ჩამოყალიბება პროცესია და მასში განათლებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მოსწავლეებმა მოქალაქეობის პრაქტიკა სკოლაშივე უნდა გაიარონ.

გამოცდილება აჩვენებს, რომ მოქალაქეობა და სამოქალაქო აღზრდა განსხვავებულად აღიქმება და ხორციელდება სხვადასხვა ქვეყნებში და განსხვავებულ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კონტექსტში. 
გლობალურ საუკუნეში მოქალაქეთა აღზრდის პრინციპები და კონცეფციები, ცხრილის სახით შეიძლება წარმოვადგინოთ:
 
პრინციპები:
I ნაწილი: მრავალფეროვნება, ერთობა, გლობალური ურთიერთკავშირები და ადამიანის უფლებები
1. მოსწავლეებმა უნდა შეისწავლონ ადგილობრივ საზოგადოებაში, ქვეყანასა და მსოფლიოში ერთობასა და მრავალფეროვნებას შორის რთული ურთიერთკავშირების შესახებ.
2. მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ, რომ მათი საზოგადოების, ქვეყნისა და რეგიონის მაცხოვრებლები სულ უფრო მეტად დამოკიდებულნი ხდებიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებზე და იმ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ, გარემოსა და ტექნოლოგიურ ცვლილებებზე, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ხდება.
3. მულტიკულტურულ ქვეყნებში სამოქალაქო განათლებას საფუძვლად უნდა ედოს ადამიანის უფლებათა სწავლება.
II ნაწილი: გამოცდილება და მონაწილეობა
4. მოსწავლეებმა უნდა მიიღონ განათლება დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების შესახებ. უნდა მიეცეთ დემოკრატიაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
კონცეფციები
1.დემოკრატია;
2.მრავალფეროვნება;
3.გლობალიზაცია;
4.მდგრადი განვითარება;
5.იმპერია, იმპერიალიზმი, ძალაუფლება;
6.ცრურწმენა, დისკრიმინაცია, რასიზმი;
7.მიგრაცია;
8.იდენტობა/მრავალფეროვნება;
9.მრავალმხრივი პერსპექტივა;
10.პარტიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი. 
სათანადოდ წარმართული სამოქალაქო განათლების საფუძველზე მოსწავლეს კულტურულ, ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ იდენტობებს შორის ერთგვარი ფაქიზი წონასწორობა უნდა ჩამოუყალიბდეს.  

მულტიკულტურული განათლება რთული და მრავალშრიანია. ჯეიმს ბენკსი მულტიკულტურული განათლების ხუთ განზომილებას გვთავაზობს: 1) შინაარსის ინტეგრაცია, 2) ცოდნის აგების პროცესი, 3) ცრურწმენის შემცირება, 4) თანასწორობის პედაგოგიკა და 5) სკოლისა და სოციალური სტრუქტურის მხარდაჭერა (იხ. სქემა 2).
 
სქემა 2. მულტიკულტურული განათლების განზომილებები  
მულტიკულტურული განათლების სფეროს მუშაკები ვარაუდობენ, რომ თუ სკოლაში  წარმატებით დავნერგავთ მულტიკულტურული განათლების განზომილებებს, სხვადასხვა ჯგუფის მოსწავლეები შეძლებენ მაღალი აკადემიური მაჩვენებელების მიღწევას და ჯგუფთაშორისი დამოკიდებულებები, შეხედულებები და ქცევა უფრო დემოკრატული გახდება. 
ბენკსი ერთმანეთთან აკავშირებს მულტიკულტურულ განათლებასა და ეროვნულ თვითგადარჩენას და ასკვნის, რომ ფერადკანიანი მოსახლეობის სწრაფი ზრდა, არათეთრკანიანთა (ჩინეთი, ინდოეთი) მნიშვნელოვნების ზრდა და ღარიბთა და მდიდართა შორის უფსკრულის გაღრმავება მომავალი მოქალაქეებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას სძენს მულტიკულტურულ წიგნიერებასა და კროსკულტურულ უნარებს. 
განათლების რეფორმის პროცესში მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, როგორ იქმნება ცოდნა და როგორ ასახავს ის მის შემქმნელ ისტორიკოსთა, სოციალური მეცნიერების მკვლევართა და განათლების მუშაკთა ბიოგრაფიას, კულტურას, პერსპექტივებსა და ფასეულობებს. ბენკსი აღწერს ცოდნის ხუთ ტიპს და ცოდნის შემქმნელთა გავლენას ცოდნაზე. მოსწავლეებმაც სხვათა მსგავსად უნდა იცოდნენ: როგორ შექმნან ცოდნა და რა გავლენას უნდა ახდენდეს მათი ფასეულობები, პერსპექტივა და ბიოგრაფია მათ მიერვე შექმნილ ცოდნაზე.   
ცოდნის ხუთ კატეგორიას – (1) პერსონალური/კულტურული ცოდნა; (2) პოპულარული ცოდნა; (3) ძირითადი აკადემიური ცოდნა; (4) ტრანსფორმაციული აკადემიური ცოდნა; და (5) პედაგოგიური ცოდნა – შორის კავშირი  ინტერაქტიურია და არა სტატიკური (იხ. სქემა 3). 
სქემა 3. ცოდნის ტიპები და მათი ურთიერთკავშირი
ტრანსფორმაციული კურიკულუმის მთავარი მიზანია, რომ მოსწავლეებმა იცოდნენ, იზრუნონ და იმოქმედონ ისეთი დემოკრატიული და სამართლიანი საზოგადოების შესაქმნელად და ხელშესაწყობად, რომელშიც ყველა ჯგუფი შეძლებს კულტურული დემოკრატიითა ტკბობას. ცოდნა, ზრუნვა და მოქმედება, ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთგანმაპირობებელი ცნებებია. სწორედ მათი ურთიერთკავშირით შეძლებენ მასწავლებლები გლობალური საზოგადოებისათვის მოსწავლეთა მომზადებას (იხ. სქემა 4). 
სქემა 4. ცოდნის, ზრუნვისა და ქმედების ურთიერთდამოკიდებულება
ბენკსს აღწერილი აქვს ის ცოდნა, რომელიც წარმატებულ მულტიკულტურულ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს:
1.ცოდნა მულტიკულტურული განათლების ძირითადი პარადიგმების შესახებ; 
2.ცოდნა მულტიკულტურული განათლების ძირითადი კონცეფციების შესახებ;
3.ცოდნა ძირითადი ეთნიკური ჯგუფების ისტორიისა და კულტურის შესახებ
4.პედაგოგიური ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოარგოს კურიკულუმი და სწავლება განსხვავებული კულტურული, ეთნიკური, ლინგვისტური და სოციალური კლასის ჯგუფის მოსწავლეთა უნიკალურ მოთხოვნებს.
ცოდნის შექმნის სურვილი და უნარი ერთ–ერთი ძირითადი იარაღია მულტიკულტურულ (და ზოგადად) განათლებაში, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელია ახალი აქტივობებისა და სასწავლო სტრატეგიების შემუშავება, რაც მოსწავლეებს წარსულის, აწმყოსა და მომავლის მათეული ინტერპრეტაციის საშუალებას მისცემს.
როგორც წესი, ადამიანები უფრო მნიშვნელოვან იდეებს იმახსოვრებენ, ვიდრე ფაქტობრივ დეტალებს. ეს მათ არა მხოლოდ ხანგრძლივ დამახსოვრებაში ეხმარება, არამედ მოვლენისა თუ ფენომენის შესახებ უფრო სრულყოფილ წარმოდგენას უქმნის, უადვილებს კატეგორიზაციას, დაკვირვებათა კლასიფიკაციას და ცოდნის ერთი სიტუაციიდან მეორეში ტრანსფერს. ასეთ მნიშვნელოვან იდეებს, რომელსაც ვიმახსოვრებთ და რომელიც ცოდნის გაგებასა და ტრანსფერში გვეხმარება ბენკსი კონცეფციებსა და განზოგადებას უწოდებს. სწავლებისადმი ამგვარი კონცეპტუალური მიდგომისას კურიკულუმი, ისევე როგორც თემები და გაკვეთილები, თავმოყრილია სხვადასხვა დისციპლინის საკვანძო კონცეფციებისა და განზოგადებების ირგვლივ. ეს მოსწავლეებს ეხმარება დიდი მოცულობის მონაცემთა და ინფორმაციათა ორგანიზებასა და სინთეზში და საგნის, საკითხის არსის წვდომაში, რასაც ჯერომ ბრუნერი „სტრუქტურას” უწოდებს თავის კლასიკად ქცეულ წიგნში „განათლების პროცესი”.

კონცეპტუალურ მულტიკულტურულ კურიკულუმში საკვანძო კონცეფციები და განზოგადებები ასაკთან ერთად თანდათანობითი რთულდება და სიღრმისეულად ისწავლება. ავტორი კურიკულუმის აგების რამდენიმე პრაქტიკულ მაგალითსაც გვთავაზობს. 

სკოლის რესტრუქტურიზაცია საჭიროა 21–ე საუკუნისთვის საჭირო სამუშაო ძალის მოსამზადებლად და ამ პროცესში მულტიკულტურული განათლების მიმართულებით რეფორმას მნიშვნელოვანი წილი აქვს. ცოდნა არსებითი ელემენტია იმ მასწავლებელთა და ადმინისტრატორთა მოსამზადებლად, რომლებსაც კულტურული, რასობრივი და ლინგვისტური მრავალფეროვნების გარემოში მოუწევთ საქმიანობა. 

მულტიკულტურულ ორიენტირებზე საუბრისას ავტორი აჯამებს და ხაზს უსვამს მულტიკულტურული განათლების ძირითად კომპონენტებს, აღწერს იმ ძირითად ნიშნულებს, რომლის გამოყენებაც მკითხველს შეუძლია, რათა განსაზღვროს, რა ზომით არის სკოლა მულტიკულტურული; ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას კულტურული მრავალფეროვნების შესახებ რეფლექსიისათვის და სკოლის მულტიკულტურული გარემოს მუდმივი ხელშეწყობის გზებს.

მულტიკულტურული სკოლის ორიენტირები მოკლედ ასე შეიძლება წარმოვადგინოთ: 

მულტიკულტურული განათლების პოლიტიკა;
სკოლის პერსონალის დამოკიდებულება;
ტრანსფორმაციული კურიკულუმი;
სწავლების სტრატეგიები;
სკოლის პერსონალის მრავალფეროვნება;
მშობლების მონაწილეობა;
სასწავლო მასალები;
მუდმივი მონიტორინგი.

წიგნი სრულდება შემდეგი დანართებით: „სწავლება მულტიკულტურულ გარემოში, სკოლასა და მის გარეთ”, „საინფორმაციო მასალის შეფასების ფურცელი”, „მულტიკულტურული განათლების შეფასების ფურცელი”, „მულტიკულტურული განათლების საბაზისო ლიტერატურა”.

თანდართული გლოსარიუმი და გამოყენებული ლიტერატურის სია დიდ დახმარებას გაუწევს მულტიკულტურული განათლებით დაინტერესებულ მკითხველს.

ცხოვრების ჯანსაღი წესი და სპორტული განათლება

0
სპორტი ჩვენი ქვეყნის სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი სფეროა. ის ეფექტური საშუალებაა მოსახლეობის ჯანმრთელობის განსამტკიცებლად, თითოეული მოქალაქის სრულფასოვან პიროვნებად ფორმირებისთვის, პატრიოტული გრძნობების გასაძლიერებლად, ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის გასაზრდელად.

ქვეყნის ევროპული ორიენტაცია გულისხმობს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ დაახლოებას დასავლურ სამყაროსთან. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მოვლენათა თანმიმდევრობის წინასწარ განსაზღვრა, მათ შორის – იმის დადგენაც, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ფიზიკური განათლებისა და სპორტის სფეროში ინტეგრაციული პროცესების სამართავად, ამ მიმართულებით გეგმაზომიერი და წარმატებული რეფორმის ჩასატარებლად.

მიუხედავად უკანასკნელ წლებში საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი სპორტსმენების მიღწევებისა, ამ საქმეში მწვრთნელებისა და სპორტის სპეციალისტების მიერ შეტანილი დიდი წვლილისა, რომლებმაც განსაზღვრულ წინააღმდეგობათა ფონზე მაღალი პროფესიონალიზმი და ერთგულება გამოამჟღავნეს, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ფიზიკური განათლებისა და სპორტის განვითარების დონე ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს ქართული საზოგადოების მოთხოვნებს.

საქართველოში ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სპორტის უპირატესობათა აქტიური პროპაგანდა თანამედროვე მოთხოვნების დონეზე ორგანიზებული არ არის. მოსახლეობაში ჯანმრთელობის გაუმჯობესების ღონისძიებათა დაბალი დონე ხელს უშლის პიროვნების ფუნქციური აქტიურობის ზრდას, ეს კი დაავადებათა პრევენციის ძირითადი საფუძველია. ეკოლოგიური ვითარების გაუარესება, სოციალური უსაფრთხოების სისტემის არქონა, მედიცინის სფეროში არსებული პრობლემები და მოსახლეობაში ფიზიკური წვრთნის დაბალი დონე დემოგრაფიულ ვითარებას ამძიმებს.

სპორტის ექსპერტების აზრით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის გაუარესება. მათ დიდ ნაწილს აღენიშნება ფიზიკური განვითარებისა და ჯანმრთელობის დარღვევები. მოზარდ თაობაში განსაკუთრებით პროგრესირებს გულის რევმატული დაავადებები, ჰიპერტონიული დაავადება, ნევროზი, ართრიტი, სკოლიოზი. ვითარებას ამძიმებს ბავშვებსა და ახალგაზრდებში სხვადასხვა არაფიზიკური გასართობის (ავტომატური და კომპიუტერული თამაშების, ტოტალიზატორის და სხვ.) მზარდი პოპულარობა.

პრობლემების სიმცირით ვერც მაღალი მიღწევების სპორტი დაკვეხნის. განსაკუთრებით საყურადღებოა და დროულ გადაჭრას მოითხოვს მსოფლიოსა და ევროპის ოფიციალური შეჯიბრებებისთვის ეროვნული გუნდების მზადებისა და ამ ტურნირებში მონაწილეობისთვის, სახელმწიფოში მასშტაბური სპორტული ღონისძიებების ჩატარებისთვის არასაკმარისი დაფინანსების საკითხი. იურიდიული თვალსაზრისით მოსაგვარებელია ბავშვთა სპორტის შემდგომი განვითარების პრობლემა. ფინანსური სირთულეების, სუსტი მატერიალური ბაზისა და კვალიფიციური კადრების ნაკლებობის გამო სასწავლო-საწვრთნელი მუშაობის ხარისხი ყოველგვარი ტიპის სპორტულ სკოლებსა თუ სპორტულ კლუბებში დაქვეითებულია. არასაკმარისია ახალგაზრდა სპორტსმენთა საშეჯიბრებო გამოცდილებაც.

ექსპერტების აზრით, ქვეყანაში სპორტის განვითარების ხელშემშლელ ფაქტორებს შორის უმთავრესია:

1) არათავისუფალი, დაუცველი და არაკონკურენტული გარემო;

2) თანამედროვე სპორტული ბაზებისა და სპეციალური ინვენტარის უქონლობა; 

3) წვრთნისა და შეჯიბრების პროცესში უახლესი მეცნიერული ტექნოლოგიების, მიღწევების დანერგვის დაბალი დონე; 

4) მწვრთნელებისა და მომავალი სპორტსმენების სამედიცინო უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის არასაკმარისი ხარისხი.

ამავე დროს, სპორტი როგორც სოციალური ფენომენი თანამედროვე საზოგადოების განვითარების უწყვეტი პროცესის აუცილებელი კომპონენტია. იგი ხელს უწყობს ჯანმრთელობის განმტკიცებას, სოციალურ აქტიურობას, ყოველდღიურ სამოქალაქო ცხოვრებაში სრულფასოვან მონაწილეობას, სწავლაში, შრომით საქმიანობაში, ოჯახსა და საზოგადოებაში თვითრეალიზაციას.

ჩვენ მიერ გამოკითხული თითქმის ყველა სპორტის მასწავლებელი და მწვრთნელი ამბობს, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სასკოლო ასაკის ბავშვებისა და სტუდენტებისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, კვირაში არანაკლებ 8-10 საათის განმავლობაში მიზანდასახულ სპორტულ საქმიანობას ეწეოდნენ. ფიზიკური დატვირთვის ასეთი მოცულობა ჯანმრთელობის გაუმჯობესების ეფექტური გზაა. იგი ხელს უწყობს ბავშვებისა და ახალგაზრდების პოზიტიურ აქტიურობას, მათ ჩართვას რეგულარულ სპორტულ საქმიანობაში, წარმატებებს დიდ სპორტში.

დაგვიანებული ბოდიში

0

სამი მწვანე გვქონდა და ერთი სტაფილოსფერი. საახალწლოდ გვიყიდეს. მანამდეც ვაფეთქებდით. გამოზოგვით. სხვადასხვა მეთოდით – ბოთლში. სკოლის ქვეშ რომ სარდაფია, იქ. პარალელკლასელის კაპუიშონში. პიროტექნიკა. ასაფეთქებლები. მე შევაგდებ! – ვთქვი ოდნავი ყოყმანით, მაგრამ ამაყად. მანამდე ცოტა ვითათბირეთ. მეზობლებმა. ბავშვებმა. კაშუტიჩს, უბნის გიჟს, ავთო ცერცვაძეს პირი ღია ჰქონდა და ისე ეძინა. დედამისი მეორე სართულზე წვებოდა. ეს ქვევით, ტელევიზორთან, დაღლილ ტახტზე. თვითონაც დაღლილი. რაღაც უცხოთი. ეძინა კაშუტს. შეიძლება ის რუსი გოგო ესიზმრებოდა, ჯარში ყოფნისას, სადაც ,,გააგიჟეს”, როგორც ამბობდნენ. სოფელში წყლის დასალევად რომ შევიდნენ და ღუმელთან ოდნავ გაკვირვებული იჯდა – ის გოგო. შეიძლება ჭიდაობა, რომელსაც ,,გაგიჟდა’’ და ვერ გაყვა. შეიძლება კარაქი ესიზმრებოდა. კარაქის ჭამა განსაკუთრებით უყვარდა. ან ყავა ხუთი კოვზი შაქრით. შეიძლება არაფერი ესიზმრებოდა. კაშუტს ეძინა. შევაგდე და კაშუტი გამოვარდა. ჩვენც გავვარდით. წამით მოვიხედე უკან, კაშუტიჩი იყურებოდა სადღაც გაურკვეველი მიმართულებით და მომეჩვენა, რომ ცახცახებდა. მესამე დღეს, სკოლიდან მომავალს და უცებ მითხრა: ,,არ გინდა ბუძია მაი შენ’’. მივიღე უტიფარი სახე, ,,მე არ ვყოფილვარ ავთოია’’ – უნდა მეთქვა, მაგრამ სწრაფად ჩამიარა. მომეჩვენა, რომ ისევ ცახცახებდა. გუშინ კაშუტიჩი მომკვდარა. უბნის გიჟი. მე მინდა დაგვიანებული ბოდიში შევუთვალო. სიცოცხლეში ვერ შევძელი. რადგან უფრო ასე ადვილია ავთოია. შენ ადვილად გამიგებ. იქ ისედაც ყველაზე უფრო შენ გესმოდა ჩემი.

ბაბუაჩემი სხვა რანგის კაცი გახლდათ. გარე-ამბებისა, სხვათა თვალის და საკუთარი რეპუტაციის დიდად დამკვირვებელი. სირცხვილიანი. მე კი ახირებული, საშინელი ბავშვი. აი, სამყარო მის ირგვლივ რომ ბრუნავს წაღმა-უკუღმა და ხან ჩერდება კიდეც. ჰოდა, მე ერთი, საყმაწვილო ჰალსტუხი მქონდა, სიგრძეში ჩემთვისაც პატარა -საგანგებოდ. ავიჩემე და დიდი ომის შედეგად, რომელშიც მთელი ოჯახი ჩაერთო – პოზიცია/ოპოციზიად – არგუმენტებით: ,,ბაღანას ასე უნდა, რა მოხთება ერთხელ ქენით!’’ VS ,,ნუ გააბდლეთ ამხელა კაცი, რას მიდიხართ ყაზილარის ჭკუაზე’’ – ბაღანამ გაიმარჯვა. მთელი გზა უყურებდა ბაბუჩემს ორსანტიმეტრიანი ჰალსტუხით, გაწითლებული სახით, ზომაზე მეტად ხელზე მოჭერილი ხელით მივყავდი სკოლაში. ახლა ვხვდები, თუ როგორ რცხვენოდა და ითმენდა. ძალიან ითმენდა. ამისთვისაც ბოდიში.

ბებიაჩემი, ნათელა, სტუდენტობისას, როცა ზაფხულობით ჩავდიოდი, ჩემ გვერდით წვებოდა. ისევ პატარა ვეგონე – თაფლიანი კოვზით, ფეხები დაითბილეო მეუბნებოდა ძილის წინ. ძილისას მის სუნთქვას ვაკვირდებოდი, ეგეთი აკვიატება ადრეც მქონდა – სიტყვებით ცოტა რთულად გამოდის ამის თქმა რატომ. უფრო სწორედ წაფილოსოფობა გამოდის – ვაკვრიდებოდი, იმიტომ რომ ვიცოდი, ადრე თუ გვიან შეწყდებოდა და წამისშეჩერების ამბავზე ვფიქრობდი და მსგავსი ფუჭი ამბები. ეს იმიტომ, რომ ძალიან მიყვარდა. მასაც ვუყვარდი. ამის მიუხედავად, ხშირად მიწყენინებია. საშინლადაც. დღემდე ვნანობ – ერთხელ, მეგობრებთან ერთად ვიყავი სურებში, ზაფხულში, თვითონც გვახლდა და ღამით ტუალეტისთვის რომ გავდიოდი, ბავშობისას რომ მეუბნებოდა, ეგრე მითხრა: ,,გადააფსი ბებია ბალკონიდან, აფერი არ უჭირს” იმხელა ვუყვირე, ახლაც ყურები მტკივა. და სინდისიც. თვითონ მეორე დღეს ცრემლი ედგა თვალში. არაფერი უთქვამს, ნათელა წლების წინ გარდაიცვალა.გურული დღიურები-ს წერა მის გამო დავიწყე. ახალ წელს ვულოცავ, სადაც არის – კვირიკეთის სასაფლოეზე თუ სამოთხეში. თუ სამოთხე არის, სამოთხეში იქნება

მორალის მასწავლებლად მე ვერ გამოვდგები. ეს ბლოგი არ გახლავთ მოწოდება – ,,ბავშვებო, დროულად მოიხადეთ ბოდიში’’. ალბათ ახლაც ვერ შევძლებდი, არ ვიცი, ვერ გეტყვით. ადამიანები უცნაური არსებები ვართ. სხავდასხვაგვარი. ამოუცნობი. ეს ბლოგი სხვა რამისკენ მოწოდებაა. ასევე კარგი რამისკენ. დაფიქრდებით და თქვენვე მიხვდებით.

ჯგუფური მუშაობა და კომუნიკაციის განვითარების სავარჯიშოები სწავლების პირველ საფეხურზე

0
განათლების ზოგად კომპეტენციებში მნიშვნელოვანია ჯგუფური მუშაობის უნარი. ადამიანს, რომელსაც შესწევს ჯგუფში მუშაობის უნარი, – როგორც რიგით წევრს, ასევე ლიდერსაც, – შეუძლია ამოცანების მკაფიოდ ფორმულირება, ჯგუფის წევრებთან შეთანხმება, მათი საქმიანობის კოორდინაცია და ჯგუფის წევრთა შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასება, კონფლიქტისა და რთული სიტუაციების მართვა. მას, შეიძლება ითქვას, ყველაფერი შეუძლია. ის იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს თანამედროვეობის ურთულეს მოთხოვნებს და სოციალურ რეალობასთან სხვებზე გაცილებით უკეთ არიან ადაპტირებულნი. ამიტომ სწავლებისა და მასწავლებლის ძირეულ ამოცანას წარმოადგენს კომუნიკაციურად კომპეტენტური, მრავალმხრივ განვითარებული და განათლებული პიროვნებების აღზრდა.

მაგრამ კომუნიკაციური კომპეტენტურობა ცარიელ ადგილზე არ წარმოიშობა; ის ყალიბდება და ვითარდება მიზანმიმართული ქმედების საფუძველზე (Communicare (ლათ.) რამის ერთად კეთებაა, კეთება კი ქმედებას გულისხმობს, განსაზღვრულ სიტუაციაში – საქმისთვის ერთობლივად რამის კეთებას). ამ კომპეტენციის ამოსავალი წერტილი ადამიანური ურთიერთობის გამოცდილებაა, რომლის შეძენა განათლების მიღების საწყის საფეხურზევე უნდა დაიწყოს. ამ ეტაპზევე უნდა დავეხმაროთ მოსწავლეებს კომუნიკაციური და სოციალური ტიპის უნარების განვითარებაში.

კომუნიკაციის ასეთი გააზრება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მეცადინეობის პროცესზე: ამ დროს მოსწავლეებს და მასწავლებელს საერთო მიზანი აქვთ, თანამშრომლობენ ამ მიზნის მისაღწევად და შესაბამისად კომუნიცირებენ.

მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს ამ სახის კომპეტენციის განვითარება-ჩამოყალიბებას და საამისოდ წინასწარ მოახდინოს მოსწავლეთა ურთიერთობის, უწინარესად კი ჯგუფური მუშაობის (განსაკუთრებით – ჯგუფების ხშირად ცვლის) ორგანიზება. პრაქტიკოსი პედაგოგების მიხედვით, საუკეთესო გაკვეთილები სწორედ ასეთ დროს ტარდება, როდესაც ჯგუფი აქტიურად არის ჩართული კომუნიკაციაში.

ჯგუფურ მუშაობას აღნიშნული კომპეტენციების განვითარების კუთხით დიდი უპირატესობა აქვს. ესენია:

oსაქმიანობის მაღალი მოტივაცია; 
oსწორი კომუნიკაციის, თანამშრომლობითი სწავლის შესაძლებლობა;
oერთმანეთის მოსმენისა და გაგების შესაძლებლობა; 
oშემეცნების გააქტიურება;
oპრობლემის გადასაჭრელად მოქმედების დაგეგმვა ანუ საკუთარი საქმიანობის ალგორითმის შედგენა;
oშესრულებული დავალების ზეპირი და სიტყვიერი ფორმით გადმოცემის უნარის გააქტიურება;
oსაჭირო ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების გაცნობა-შესწავლა;
oდამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევის განვითარება;
oპიროვნული თვისებების გამოკვეთა;
oსაკუთარი თავისა და პარტნიორის ადეკვატურად შეფასება. 

კომუნიკაციური კომპეტენციების შეძენა ხდება ლიტერატურული კითხვის, ისტორიის, მათემატიკის და სხვ. გაკვეთილებზე. 

განვიხილოთ ჯგუფური მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების აქტივაციისთვის განკუთვნილი კონკრეტული სავარჯიშოები. 

ისინი მოკლედ ასე შეიძლება დავახასიათოთ:

Ø სივრცეში ორიენტაცია;

Ø მოსმენა და გაგება (როგორ მოვუსმინოთ პარტნიორს და გავიგოთ მისი ნათქვამი);

Ø მუდმივ ხმაურში მუშაობა; 

Ø საჭირო ინფორმაციის მოძიება; 

Ø ინდივიდუალური ჩათვლის წიგნაკის გამოყენება;

Ø სახეობრივი ინფორმაციის, გამოსახულების, სიტყვად (და პირიქით) გარდაქმნა, წარმოსახვა (ინფორმაციის ტრანსფორმაცია). 


მიზანი: მოსწავლეთა მომზადება ჯგუფური მუშაობის ჩატარებისთვის


სავარჯიშო N1: სივრცეში ორიენტაცია


კლასში გავათავისუფლოთ ორი ადგილი. 

I ვარიანტი: 

მასწავლებელი სვამს კითხვას: „რამდენი თავისუფალი ადგილია კლასში?” მოსწავლეები პასუხობენ. მას, ვინც პირველი უპასუხებს, მასწავლებელი მიუთითებს თავისუფალი ადგილისკენ და სთხოვს, დაიკავოს იგი რაც შეიძლება სწრაფად. მოსწავლე დაიკავებს მითითებულ ადგილს. 

მასწავლებელი კითხვას გაუმეორებს კლასს, ოღონდ ამჯერად მიუთითებს, რომელმა მოსწავლემ უნდა დაიკავოს მეორე თავისუფალი ადგილი, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსწავლე თავად იპოვის მას. ამ ხნის განმავლობაში მასწავლებელი ითვლის: „ერთი, ორი, სამი…” ანდა უკრავს ტაშს რიტმულად. მოსწავლე პოულობს თავის ადგილს.


II ვარიანტი შეიძლება გავართულოთ.

საწყისი პირობა იგივეა, მაგრამ მასწავლებელი ერთდროულად ორ მოსწავლეს მიუთითებს: ერთი თავისუფალ ადგილს იკავებს, მეორე კი სულ ახლახან გათავისუფლებულ ადგილს.


III ვარიანტი კიდევ უფრო რთულია: 

მასწავლებელის თხოვნით მოსწავლეები ხუჭავენ თვალებს და ყურადღებით უსმენენ გარე სამყაროს. თავდაპირველად თითქოს არაფერი ესმით, მაგრამ თანდათან იწყებენ გარჩევას, როგორ წვეთავს წყალი ანდა როგორ ხმაურობენ მატარებლის ბორბლები, ესმით ხმები, რომლებისთვისაც ადრე ყურადღება არ მიუქცევიათ.


ამის შემდეგ მასწავლებელი ამბობს: „მოსწავლე, რომელსაც მხარზე შევეხები, გაახელს თვალს და დაიკავებს თავისუფალ ადგილს, მაგრამ რაც შეიძლება უხმაუროდ”.

შემდეგ კი მასწავლებელის თხოვნით ყველა გაახელს თვალს და მასწავლებელი მიუთითებს იმ მოსწავლეეებზე, რომლებმაც სწორად გაართვეს თავი დავალებას.

მსგავსი სავარჯიშოები განტვირთავს მოსწავლეთა ყურადღებას და ხსნის დაღლილობას. 


სავარჯიშო N2: როგორ მოვუსმინოთ პარტნიორს და გავიგოთ მისი ნათქვამი

მოსწავლეებს ძალიან უყვართ თამაში „გაფუჭებული ტელეფონი”. ამ თამაშის ელემენტები წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ ჯგუფური მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების აქტივაციისთვის, განსაკუთრებით – დაწყებით საფეხურზე.

ამ დროს მას შეიძლება ამგვარი ფორმა ჰქონდეს: კლასი დაიყოფა რიგებად; ყოველ რიგს დაურიგდება პატარა ბარათები, რომლებზეც, ასაკისა და შესასწავლი თემის მიუხედავად, წერია პატარა ანდაზა, გამოთქმა, წესი, განსაზღვრება და ა.შ. მოსწავლეები, რომლებიც პირველ ადგილებზე სხედან, წაიკითხავენ და დაიმახსოვრებენ მას, შემდეგ კი, მასწავლებლის ნიშანზე, უკან მსხდომებს მოუყვებიან. ისინი, თავის მხრივ, წაკითხულს გადასცემენ მათ უკან ან გვერდით მსხდომებს და ეს უკანასკნელნიც მოცემული თანმიმდევრობით იმოქმედებენ. უკანასკნელ მერხზე მსხდომი მოსწავლე მოსმენილს უკვე ხმამაღლა წარმოთქვამს.


II. ამ სავარჯიშოს გართულებული ვარიანტი ასეთია:

მასწავლებელი თითოეული მერხისთვის წინასწარ ამზადებს პატარა ბარათებს, რომლებზეც წერია მხოლოდ ერთი, მაგრამ საკმაოდ გრძელი ფრაზა. ერთი მოსწავლე აიღებს ბარათს, ყურადღებით წაკითხავს, დაისწავლის, გონებაში გაიმეორებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადასცემს წაკითხულ ინფორმაციას მეწყვილეს, მაგრამ გაუმეორებს მხოლოდ ერთხელ. ის ყურადღებით მოუსმენს და შეეცდება, დაიმახსოვროს.

ამის შემდეგ ის მოსწავლე, რომელმაც წაიკითხა ფრაზა, გადააბრუნებს ბარათს (სხვამაც რომ არ წაიკითხოს) და მოძებნის ახალ პარტნიორს; ყოფილი მეწყვილე ახალ მოსწავლეს ჩასჩურჩულებს ფრაზას და ისიც ასევე იწყებს ახალი მეწყვილის ძებნას. და ასე მანამდე, სანამ მასწავლებელი მათ არ შეაჩერებს. ამის შემდეგ კი მასწავლებლის ნიშანზე მოსწავლეები დაწერენ გაგონილ ფრაზას (ანუ იმას, რაც ამ ფრაზისგან დარჩა).

დასასრულ, ბარათს კითხულობენ ხმამაღლა, რასაც, ცხადია, მოსწავლეთა გულიანი სიცილი მოჰყვება. 


III. კიდევ უფრო რთული ვარიანტია, როდესაც მასწავლებელი დაავალებს მოსწავლეებს, ჩაინიშნონ, ჩაიწერონ ის, რაც დაამახსოვრდათ, მიღებული შედეგები კი პირველი ვარჯიშის შედეგებს შეადარონ. აღმოჩნდება, რომ ამჯერად უკეთესად დაიმახსოვრეს. 

მასწავლებლის მითითებით, მოსწავლეები განიხილავენ წარმატების მიზეზს.


აღნიშნული სავარჯიშოების შესრულების დროს ძირითად უნართან – მოსმენასთან ხდება არანაკლებ მნიშვნელოვანი სხვა უნარის – თანაკლასელის სიტყვების სწრაფად და ზუსტად ჩაწერის უნარის გააქტიურებაც.


IV. მოცემული სავარჯიშო შეიძლება კიდევ უფრო გავართულოთ და ფრაზების ნაცვლად გამოვიყენოთ, მაგალითად, წესები, რომელთა დამახსოვრებაც უჭირთ მოსწავლეებს. მაგრამ აქ უკვე ყველაფერი მთლიანად მასწავლებლის მოწადინებაზეა დამოკიდებული: თუ მას ეყოფა მოთმინება, პერიოდულად ავარჯიშოს მოსწავლეები ამ ტიპის სავარჯიშოებით, ის მალევე შეამჩნევს, რომ „გაფუჭებული ტელეფონის” ეფექტი გამქრალა.


სავარჯიშო N3: მუდმივ ხმაურში მუშაობის უნარი


ადამიანი მჭიდროდ არის დაკავშირებული ბუნებასთან, გარემომცველ სამყაროსთან, რომელიც არა მარტო განუწყვეტლივ მოძრაობს, არამედ სავსეა ხმებით. ეს გარემო ბუნებრივია ადამიანისთვის. მასწავლებელი კი, რომელიც მიიჩნევს, რომ ფიქრისთვის საუკეთესო პირობა იდეალური სიჩუმეა და ცდილობს კლასში ასეთი გარემოს შექმნას, გარკვეულწილად მოსწავლის ბუნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. 

არადა წყვილებში მუშაობა, როდესაც კლასის თითქმის ნახევარი ლაპარაკობს, ხმაურს იწვევს, ამიტომ ხმაურში სწავლის უნარი საგანგებოდ უნდა გამოვუმუშაოთ მოსწავლეებს. 

ამ უნარის განვითარებას ხელს უწყობს შემდეგი ტიპის სავარჯიშოები:

ბავშვებს უყვართ სტუმრად სიარული. მიეცით მათ ამის შესაძლებლობა პირდაპირ გაკვეთილზე (მაგალითად, ბიჭები „მივიდნენ” გოგონებთან).

დავალება ასეთია:

თითოეულ მოსწავლეს აქვს პატარა ბარათი, რომელზეც წერია ენის გასატეხი, ანდაზა ან… სტუმრად მისული ბიჭუნები წაუკითხავენ გოგონებს თავიანთ ანდაზას, ენის გასატეხს ან… გოგონები კი – ბიჭუნებს (მნიშვნელოვანია, რომ ეს ფრაზები არ იყოს ექსპრომტი „სტუმრებისთვის”). როდესაც ყველა წარმოთქვამს თავის სათქმელს, მოსწავლეები გაცვლიან ბარათებს, ბიჭუნა მადლობას გადაუხდის გოგონას და ახლა სხვასთან წავა „სტუმრად”.

ამ დროს კლასში, ბუნებრივია, ხმაურია, ანუ მოსწავლეთა ნახევარი ლაპარაკობს. ისინი მალე ეჩვევიან ამას და ხმაურს თითქმის ვეღარ ამჩნევენ. ეს იმიტომ, რომ ბავშვები ადვილად ადაპტირდებიან ხმაურიან გარემოსთან. მოსწავლეები უნდა ეცადონ ისე ლაპარაკს, რომ მათი მხოლოდ მეზობელს, მეწყვილეს ესმოდეს (პირადად მე ასეთ ხმაურს „ჩუმად ხმაურს” ვუწოდებ, ანუ მასწავლებელმა უნდა მიაღწიოს, რომ მოსწავლეებმა „ჩუმად იხმაურონ”). ამავე დროს მოსწავლეთა ყურადღება გამახვილებულია ანდაზებზე, ენის გასატეხზე ან… რაც ამ დროს მოსწავლეებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ხმაურიანი გარემო. 

ასეთ „ექსტრემალურ” ვითარებაში უნდა მივაღწიოთ იმას, რომ მხოლოდ საკუთარმა ხმაურმა აიძულოს მოსწავლეები, მაქსიმალურად დაძაბონ ყურადღება და არა მასწავლებლის მუქარამ ზედმეტი ხმაურის გამო. 

მოცემული სავარჯიშო ააქტიურებს და ავითარებს არა მარტო ხმაურში მუშაობისა და სწავლის, არამედ ბარათებთან (საზოგადოდ, ინფორმაციასთან) მუშაობის უნარსაც.


სავარჯიშო N4. საჭირო ინფორმაციის მოძიება

ამ სავარჯიშოს შესრულება და სივრცეში ორიენტირების უნარის გამომუშავება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც მოსწავლე თავისუფალ პარტნიორს იპოვის.

მაგრამ საჭირო ინფორმაციის მოძიების უნარის გააქტიურების სავარჯიშოებს ტრადიციულ სასწავლო გარემოში თითქმის არ იყენებენ. მართლაც, რატომ უნდა ეძებოს მოსწავლემ ინფორმაცია, თუ მას მასწავლებელი ყველაფერს მოუყვება, რაც საჭიროა? არის პარადოქსული შემთხვევებიც, როდესაც მასწავლებელი რაღაც პრობლემას აუხსნის მოსწავლეებს, ისინი წავლენ შინ და ტელევიზიით მოისმენენ იმავე საკითხის განხილვას, რაც მთავარია – სრულიად სხვა კუთხით. რომელია უფრო საჭირო და დასამახსოვრებელი? როგორ მოიქცეს მოსწავლე?!


საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად აუცილებელი უნარის გამომუშავება შესაძლებელია ასეთი სავარჯიშოებით:

 

I. კლასის თანდასწრებით მაგიდაზე უკუღმა ვათავსებთ პატარა ბარათს. მასზე შემოკლებით წერია ანდაზები, მაგალითად, ერთზე – „შორიდან მოუარე”, მეორეზე – „შინ მშვიდობით მიდიო”. წყვილების ბარათები კლასის სხვადასხვა ადგილას აწყვია. დავალება ასეთია: მოსწავლეებმა უნდა იპოვონ პარტნიორები (ბარათის ნაწილი) და შექმნან წყვილები. 


დავალების შესასრულებლად საჭიროა:

·ყველას მიეცეს კლასში თავისუფლად გადაადგილების უფლება;

·კლასში სიარულის უფლება მიეცეს მხოლოდ მოსწავლეთა ნახევარს.


განხილვისას, დიდი ალბათობით, მოსწავლეები მხარს დაუჭერენ მეორე ვარიანტს – ასეთ დროს მეტია წესრიგი, ძებნაზე კი ნაკლები დრო იხარჯება. 

ანდაზის ნაცვლად შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა განსაზღვრება, დახასიათება, ზღაპრის გმირების სახელები და ა.შ.


II. ეს სავარჯიშო შეიძლება გავართულოთ:

მაგალითად, პირველ წყვილს შევთავაზოთ რებუსი ან ამოცანა, მეორეს კი – გამოცანა. პირველი ადგილზე რჩება, მეორე კი მიმერთება საჭირო ინფორმაციის მოსაძებნად, რომლითაც აიხსნება პირველი ინფორმაცია.

თუ ამოცანას უფრო მეტად გავართულებთ, მართალია, დავალების შესრულება მოსწავლეებს  გაცილებით გაუჭირდებათ, მაგრამ მეტ ინტერესსაც გამოიწვევს. 

ვარჯიშის შედეგად მოსწავლეები იოლად შეძლებენ საჭირო ბარათის პოვნას წყვილების შეცვლის დროსაც. 


სავარჯიშო N5: ინდივიდუალური ჩათვლის ფურცელი

I. ესენია დანომრილი ბარათები, რომლებზეც გამოცანები წერია. ერთი მეწყვილე გამოცანას კითხულობს, ხოლო მეორე მის გამოცნობას ცდილობს. ამის შემდეგ როლები იცვლება.


ჩათვლის წიგნაკში მოცემულია პირობითი ნიშნები:

„+” – გამოვიცანი (მივიღე ბარათი);

„0″ – წავუკითხე მეწყვილეს გამოცანა (გადავეცი ბარათი).


ჩათვლის ფურცელი ასე გამოიყურება:

 როგორც ვხედავთ, ამ მაგალითის მიხედვით, კლასში სულ 12 ბარათია. ამ ბარათის მფლობელმა გამოიცნო 4 გამოცანა, მაგრამ მე-2 ბარათს თავი ვერ გაართვა, მაშასადამე, მას ხელახლა მოუწევს მასზე მუშაობა; ამ მოსწავლემ გადასცა ოთხი ბარათი, მას ხელში უჭირავს ბარათი N5.


როდესაც მასწავლებელი შეამჩნევს რომ მოსწავლეები დაიღალნენ, შეაწყვეტინებს ვარჯიშს და განიხილავს შედეგებს: ვინ რამდენი გამოიცნო? საიდან ვიცით ეს? ვის უჭირავს ხელში ბარათი N6? ასწიეთ ხელი, ვინ გადასცა ხუთი ბარათი? რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ზუსტად ხუთი გადაეცით? – და ასე შემდეგ.

ამგვარი კითხვები აიძულებს მოწავლეს, უკეთესად გამოიცნოს თავისი „ჩათვლის” შესაძლებლობები და, მასშასადამე, საკუთარი სამუშაოც.

ჩათვლის ფურცლად შეგვიძლია რვეულის ფურცლის კიდეც (ე.წ. მინდორი) გამოვიყენოთ: უჯრებში იწერება ციფრები (ბარათების რაოდენობის მიხედვით), მის საწინააღმდეგოდ კი დაისმება იგივე აღნიშვნები. 

ჩათვლის ფურცლის წარმოების უნარი ერთ-ერთი ურთულესი უნარია, ვინაიდან იგი მოიცავს წინა გამოცდილებასაც და ამ სავარჯიშოს შეთავაზება სასურველია ყველა დანარჩენი სავარჯიშოს ათვისების შემდეგ. 
სავარჯიშო N6: სახეობრივი ინფორმაციის, გამოსახულების, სიტყვად (და პირიქით) გარდაქმნა, წარმოსახვა (ინფორმაციის ტრანსფორმაცია)
სასურველია, სავარჯიშო წყვილებში შესრულდეს, თანაც თამაშის ფორმატით, რადგან ის დამატებითი მოტივატორია წყვილებში მუშაობისთვის. სავარჯიშო ასევე ავითარებს მეტყველებას, სახეობრივი მონაცემების გამოთქმას სიტყვით, ასწავლის მეწყვილის ნათქვამის ყურადღებით მოსმენას და შესაბამისი საგნების ზუსტად შერჩევას.

ამ მეთოდის გამოყენება დაწყებით საფეხურზე შეიძლება განმავითარებელ თამაშ „ორნამენტის შერჩევაზე” დაყრდნობით (თუმცა მისი შესრულება სხვა თამაშის მაგალითზეც შეიძლება). თამაშის წესის მიხედვით, ჯგუფის ერთი წევრი იღებს ბარათს ორნამეტით, რომლის ჩვენების უფლებაც სამუშაოს დამთავრებამდე არ აქვს. მისი მეწყვილე იღებს კუბიკს. პირველს ევალება, ისე უხელმძღვანელოს სხვებს, რომ მათ, მიცემული ნახატის შესაბამისად, რაც შეიძლება სწრაფად შექმნან ორნამენტი კუბიკებისგან, ანუ ხელმძღვანელმა უნდა მიუთითოს ჯგუფის წევრებს: „აიღე განაპირა მარცხენა კუბიკი, მოაბრუნე მარჯვნივ…” და ა.შ. მითითებების მიცემა შეიძლება მხოლოდ სიტყვიერად, ჟესტიკულაციის გარეშე. 

ამის შემდეგ „ხელმძღვანელი” მოძებნის სხვა თავისუფალ მეწყვილეს. ის კი, ვინც შეძლო და კუბიკებისგან ორნამენტი შეადგინა, ელის ახალი მეწყვილის მოსვლას. ჯგუფის ხელმძღვანელი ახლა უკვე ის იქნება.
სწავლების ზედა საფეხურზე მოცემული დავალება შედარებით რთული იქნება:

„ხელმძღვანელს” აქვს ბარათი, რომელზეც გამოსახულია გეომეტრიული ფიგურები. მან ისე უნდა აუხსნას მეწყვილეს, რომ მან შეძლოს რვეულში ზუსტად ასეთი გამოსახულების ჩახაზვა/დახატვა. სავარჯიშოს მიზანია, „ყურადღებით მოვუსმინოთ ხელმძღვანელს”, „თუ საჭიროა, მივცეთ დამაზუსტებელი შეკითხვები” და „შევძლოთ მსგავსი ბარათის გაკეთება”.

როგორც წინა, ასევე მოცემულ შემთხვევაშიც „ხელმძღვანელობა” ხდება მხოლოდ სიტყვიერად, ჟესტების გამოუყენებლად.

მოსწავლეთა ჯგუფური მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების აქტივაციის, კომუნიკაციის განვითარების სავარჯიშოები ხელს უწყობს მეცადინეობის ფარგლებში მაქსიმალურად სიმეტრიული და აქტიური კომუნიკაციური სიტუაციის შექმნას, რის შედეგადაც გაკვეთილი ცოცხალი და ორიგინალური გამოდის, შედეგები კი – ეფექტური და საინტერესო. 

სწავლების პირველ საფეხურზე ამ ტიპის სავარჯიშოები მხოლოდ ეფექტურ კომუნიკაციურ უნარებს კი არ ავითარებს, არამედ ეხმარება კიდეც მოსწავლეებს შემდეგში, სწავლების მეორე და მესამე საფეხურებზე, ისეთი ტიპის საქმიანობების შესრულებაში, როგორებიცაა ჯგუფური პროექტები, კვლევები და პრეზენტაციები, ამიტომ მათი გამოყენება ამ მხრივაც საჭირო და მნიშვნელოვანია.

როცა ბავშვი სმენის საშუალებით ვერ იღებს ინფორმაციას

0
რა გაიფიქრეთ პირველად, როდესაც აღმოაჩინეთ, რომ თქვენს შვილს სმენის საშუალებით არ შეუძლია ინფორმაციის მიღება? რა იყო ის  გრძნობა, რაც წამის მეასედებში დაგეუფლათ? რა მოიმოქმედეთ? ამ შეკითხვებზე რესპოდენტთა უმრავლესობა მპასუხობს, რომ პირველი ფიქრი, რაც მათ გაუჩნდათ, იყო შეკითხვა – რატომ, პირველი გრძნობა – სასოწარკვეთა, პირველი ქმედება – უმოქმედობა.

ხშირ შემთხვევაში მშობლისათვის ბავშვის მსგავსი განსხვავებულობა ტრაგედიასთან ასოცირდება. არა იმიტომ, რომ მათ უმრავლესობას განსახვავებული შესაძლებლობის მიმართ მიუღებლობა გააჩნიათ, არამედ იმიტომ, რომ მათთვის შვილის მომავალი ბუნდოვანი და გაურკვეველი ხდება. როგორ  დაიმკვიდრებს  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ადამიანი თავს  საზოგადოებაში და მოახდენს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას? აღნიშნული საკითხები ჩვენს ქვეყანაში მრავალ პრობლემასთანაა დაკავშირებული. საკუთარი თავი მსგავს სიტუაციაში რომ წარმოვიდგინოთ, ვერც კი მოვიფიქრებთ პირველ რიგში ვის მივმართოთ და რა გავაკეთოთ.

გასათვალისწინებელია ისიც, თუ ვინაა რესპოდენტი. თუ მას თავადაც არ შეუძლია ინფორმაციის სმენის საშუალებით მიღება, მაშინ თავისი შვილის მდგომარეობას ისე აღიქვამს, როგორც ბუნებრივს. ემოციური დაძაბულობა და სტრესი ძირითადად ისეთ ადამიანებს უჩნდებათ, ვისთვისაც ეს ფაქტი სრულიად ახალი რეალობა და მოულოდნელობაა. „არც კი ვიცოდი რა მექნა, ვისთვის მიმემართა. მთელი თვე ვერ ვაცნობიერებდი ბავშვის მდგომარეობას, ეს ჩემთვის ტრაგედია იყო” – ამბობს ერთ-ერთი რესპოდენტი. 

მსგავს თემებზე ინფორმაციის ნაკლებობა მრავალი პრობლემის სათავეა. განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის, სადაც სპეციალისტების არსებობაც კი დიდი ფუფუნებაა. ასეთ შემთხვევაში, რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. პირველ რიგში, საჭიროა დადგინდეს სმენის შეზღუდვის ხარისხი და ამის მიხედვით განისაზღვროს მომავალი სამოქმედო გეგმა. რაც ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს, თუმცა მათ საერთო მახასიათებლებიც გააჩნიათ – ეს არის სპეციალისტების ჩართვა ბავშვის სამომავლო განვითარების თვალსაზრისით (მეტყველების თერაპევტი, სურდოპედაგოგი, ოკუპაციური თერაპევტი და ა.შ). თუ ბავშვს გააჩნია, ე.წ. „ნარჩენი სმენა”, ამ შემთხვევაში მასთან მუშაობა სხვაგვარად მიმდინარეობს. საწყის ეტაპზე აუცილებელია ბავშვის მდგომარეობის ადეკვატური შეფასება, რაც აუდიოლოგის პრეროგატივაა და შემდგომ ამისა უნდა მივმართოთ სპეციალისტებს. 

ხშირ შემთხვევაში მშობლებს სურთ საკუთარი შვილები გახადონ იმ ბავშვების ანარეკლი, რომლებიც უმრავლესობას წარმოდგენენ და, ე.წ. „ჩვეულებრივები” არიან. მრავალი მათგანი წლებს ანდომებს იმის გაცნობიერებას, რომ შვილს საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში მისცეს მაქსიმალური განვითარების საშუალება. დროის დაკარგვა პირველ და უდიდეს შეცდომას წარმოადგენს. ბავშვის განვითარებაში დიდი როლი ენიჭება ინფორმაციის მიღების შესაძლებლობასა და კომუნიკაციას. პატარა, რომელიც სმენის საშუალებით ვერ ახერხებს გარესამყაროსაგან ინფორმაციის მიღებას, სრულ საინფორმაციო ვაკუუმში იმყოფება, რაც აისახება მის კოგნიტურ განვითარებაზე, აკადემიურ მოსწრებასა და სწავლის გაგრძელების მუდმივ შესაძლებლობაზე. მნიშვნელოვანია თავად არ შეუწყოთ ხელი საკუთარი შიშების ხორცშესხმას – გაუცნობიერებლად არ შევაფერხოთ ბავშვის განვითარება. თუ საწყის ეტაპზე მას ემოციური მიჯაჭვულობა მშობლებთან აკავშირებს, ზრდასთან ერთად უჩნდება მოთხოვნილება, კომუნიკაცია დაამყაროს სხვა ადამიანებთან, გაიფართოვოს ნაცნობების წრე, შეიძინოს მეგობრები. ინფორმაციის მიწოდების და ამ სიცარიელის შევსების ერთ-ერთ საშუალებას ჟესტური ენა წარმოადგენს. მისი საშუალებით ბავშვს შესაძლებლობა ეძლევა კომუნიკაცია დაამყაროს გარესამყაროსთან, იაზროვნოს, იფიქროს, გაიაზროს ცნებების მნიშვნელობა, გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები და თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს. ოჯახის მხარდაჭერას გადამწყვეტი როლი ენიჭება. აუცილებელია ოჯახის წევრთა უმრავლესობამ თავადაც შეისწავლოს ჟესტური ენა, რომლის ბავშვისთვის სწავლება არ ნიშნავს მეტყველებაზე უარის თქმას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. 

დღეისათვის ახალშობილთა სკრინინგი იძლევა პრობლემის ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირების საშუალებას. ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა მსგავსი მიმართულებით თბილისის 203-ე საჯარო სკოლასა და ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლაშია შესაძლებელი, რომლებიც რეგიონიდან ჩამოსულ ბავშვებს პანსიონურ მომსახურებასაც სთავაზობენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით რამდენიმე საჯარო სკოლაში ინტეგრირებული კლასებიც გაიხსნა.   

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ბავშვის ადრეული განვითარება მჭიდრო კავშირშია მის მიერ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობასთან. კოგნიტური განვითარების ადრეულ ეტაპზე ამას გადამწყვეტი როლი ენიჭება. წინააღდეგ შემთხვევაში გამოუსწორებელ შედეგებს ვიღებთ, რომელთაგანაც ერთი-ერთია – ბავშვებისთვის ზოგადი განათლების შემდგომ, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობის არქონა. რა თქმა უნდა, ამ შეთხვევაში პრობლემას მრავალი გამომწვევი მიზეზი აქვს, თუმცა ერთ-ერთ მიზეზად ადრეულ ასაკში განვითარების შეფერხებაც შეგვიძლია დავასახელოთ. 

ამ ეტაპზე ზოგადი განათლების შემდგომ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს პროფესიულ განათლებაში აქვთ, რაზეც მომდევნო კვირაში დეტალურად ვისაუბრებთ სტუმრის ბლოგში.

რაც შეეხება სკოლამდელ განათლებას, მდგომარეობა შედარებით უფრო რთულია. ამ შემთხვევაში პრობლემა არა მხოლოდ ბავშვებთან სპეციალისტების მუშაობა, არამედ მათი გამოვლენაცაა – განსაკუთრებით რეგიონებში. აღნიშნული მიმართულებით, USAID-ის დაფინანსებით ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება” საინტერესო პროექტის პილოტირებას იწყებს. თბილისში, თელავსა და მარნეულში მოხდება სენსორული დარღვევის მქონე (სმენა, მხედველობა) ბავშვების გამოვლენა და დაიწყება მათთან მუშაობა. ვიზიტები განხორციელდება როგორც ოჯახებში, ასევე სკოლებში. ცენტრებში ბენეფიციარებთან იმუშავებენ სპეციალისტები, შეიქმნება სახელმძღვანელოები, მომზადდებიან სპეციალისტები. აღნიშნულის შესახებ დეტალურ ინფორმაციას სტატიის მომდევნო ნაწილებში მოგაწვდით.

როგორ ვიყენებ ინოვაციურ აქტივობებს წიგნიერების განვითარებაში

0
ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლ კომპეტენციებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  წიგნიერების განვითარება, რომელიც არა მარტო ტრადიციული კითხვის, წერისა და ზეპირმეტყველების უნარების დაუფლებას, არამედ ცოდნის სხვადასხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადატანას და გამოყენებას, ზეპირი კომუნიკაციის, წაკითხულის განხილვის, დისკუსიის, ანალიზისა და სინთეზის, კრიტიკული აზროვნებისა და წარმოსახვის უნარების განვითარებასაც გულისხმობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მასწავლებელმა სწორად და მიზანმიმართულად უნდა შეარჩიოს მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული ინოვაციური, ინტერაქტიული სწავლების მეთოდები და სტრატეგიები. მსურს, შემოგთავაზოთ რამდენიმე კომპლექსური აქტივობა.
ხუთსტრიქონიანი ლექსი შეესაბამება წიგნიერების სტანდარტის სამ მიმართულებას: ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, წაკითხულის გაგება-გააზრებას და წერას.
დაფაზე დავხაზოთ გრაფიკული სქემა:
                                             ——————————–

                                                               არსებითი სახელი

                   —————————————-            —————————————

                          ზედსართავი სახელი                                     ზედსართავი
სახელი

———————–     ————————-   ———————–  

        ზმნა                                           ზმნა                                               ზმნა                            

————————————————————————————————–

                                           ოთხსიტყვიანი
ფრაზა

                                           ———————————-

                                                  არსებითი სახელი

ვიდრე მოსწავლეებს სქემის დამოუკიდებლად შევსებას ვთხოვთ, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ამის მაგალითი და გზადაგზა განვუმარტოთ, სად, რას და რატომ ვწერთ.  პირველ ხაზზე ვწერთ თემის ან საკითხის შესაბამის საკვანძო არსებით სახელს, მეორე ხაზზე – ზედსართავ სახელებს, რომლებიც აღწერენ საკვანძო  სახელს, ხოლო მესამეზე – ამ სახელის მოქმედების გამომხატველ ზმნებს. მეოთხე ხაზზე დაწერილი ოთხსიტყვიანი ფრაზა უნდა გამოხატავდეს განხილული საკითხის დედააზრს ან ჩვენს ასოციაციას ამ თემასთან დაკავშირებით. მეხუთე ხაზზე ვწერთ საკვანძო არსებითი სახელის სინონიმს. წერის დაწყების წინ ვთავაზობთ სხვა თემაზე შექმნილ ნიმუშს:
დედა

 თბილი   ტკბილი
გვეფერება გვივლის ზრუნა

მან ჩვენ სიცოცხლე გვაჩუქა

მშობელი

გთავაზობთ IV კლასის პროგრამული მასალიდან შელ სილვერსტაინის  თანამედროვე ზღაპრის „ვაშლის ხე და ბიჭი”  მიხედვით მოსწავლის მიერ შექმნილ ხუთსტრიქონიან ლექსს: 

 ვაშლის ხე

კეთილი       ბედნიერი
გაართო        გაათბო        დააპურა
 ბიჭს ყველა სურვილი შეუსრულა
 მოკეთე

საგულისხმოა, რომ ამ ნამუშევარში მოსწავლემ საკუთარი განწყობა საინტერესო ფორმით გამოხატა, როცა „ვაშლის ხის” სინონიმად „მოკეთე” დაწერა.

ტექსტის შერჩევის დროს მასწავლებელი არ უნდა შეიზღუდოს. შეიძლება შევარჩიოთ ინფორმაციული ხასიათის ტექსტი, სტატია, ასევე ლექსი, როგორც პროგრამული, ასევე დამატებითი მასალების დახმარებით. 
აღსანიშნავია, რომ ეს კომპლექსური სტრატეგია ხელს უწყობს არა მარტო ტექსტის გაგება-გააზრებას, არამედ გრამატიკული ფორმების სწორად გამოყენებასაც.
პერსონაჟებისთვის ბარათების მიწერა

III კლასის მოსწავლეებს კითხვის გაკვეთილებზე წავუკითხე ვაჟა-ფშაველას მოთხრობები: „ხმელი წიფელი”, „მთის წყარო” და „ფესვები”. ემოციური ფონი იმდენად ძლიერი იყო, შევთავაზე, პერსონაჟებისთვის მიეწერათ ბარათები და ამგვარად გამოეხატათ თანაგრძნობა. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. შესწორების გარეშე გთავაზობთ რამდენიმე მათგანის ნამუშევარს:

„ფესვებო, მე როცა წავიკითხე თქვენი ამბავი, ძალიან მეწყინა. ამბავში აღწერილი იყო თქვენი მწუხარება. მე მესმის, რაც გაწუხებთ. ვიცი, რომ გველები არა ხართ და არავის უკბენთ. თქვენ ნორჩი ფესვები ხართ. მე თქვენ გველებად არასდროს მიგიჩნევთ. მე ვეტყვი ჩემს მეგობრებს და ნათესავებს, რომ ხეები არ მოჭრან.

სიყვარულით ნინი ჩაფიძე”

„მთის წყაროვ როგორ ხარ? მენატრები. ვიცი, შენ რაზე ნაღვლიანობ და შევეცდები დაგეხმარო. იმედი მაქვს ამის შემდეგ ჩვენს საქციელს გვაპატიებ. ნახვამდის.

დიდი სიყვარულით ანა”

„ხმელო წიფელო, მე ძალიან მეწყინა შენი ამბავი რომ გავიგე. გარშემო ხეები მხიარულობდნენ, ხოლო შენ დაჩაგრული იყავი. არაუშავს! შენც გეყოლება მეგობარი, რომელიც პატივს გცემს და ეყვარები. კარგი დრო იყო, შენც ამაყად რომ იყავი. არწივი შენს წვერზე ისვენებდა. ძალიან ცუდია, რომ მხოლოდ სამი ტოტი შეგრჩა. ალბათ ამიტომ არ უნდათ შენთან მეგობრობა. თვითონ ხომ რას ამბობ მაგრები არიან! ზამთარში მათაც ხომ გასცვივდებათ ფოთლები. რას იზამენ? მოკლედ რომ ვთქვა, როგორც არ უნდა იყო, მე მაინც შენი მეგობარი ვიქნები. 
დიდი სიყვარულით ელენე ამაშუკელი”
რა თქმა უნდა, ნამუშევრებში სხვადასხვა ტიპის შეცდომებია დაშვებული, მაგრამ შედეგი ნათლად ჩანს: ბავშვებმა წაკითხული მასალა გაიგეს, გაიაზრეს და სწორად გააანალიზეს.
როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ლექსიკის დაუფლებაში?

ლექსიკური მარაგის გამდიდრებისა და ახალი სიტყვების სწავლისადმი ინტერესის გაღვივების მიზნით სასწავლო სახელმძღვანელოებში მოცემული „სიტყვის სკივრის” სიტყვებს ვწერ ფერად ბარათებზე და ვათავსებ მუსიკალურ ზარდახშაში. ბავშვები ზარდახშიდან იღებენ ბარათებს. მუსიკის ფონზე ხდება სიტყვების განმარტება, ხოლო შემდგომ – წინადადებების შედგენა.

ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ თამაში „იდუმალი ყუთი”. ლამაზად შეფუთულ ყუთში მოსწავლეებისგან ფარულად ვაწყობთ ნივთებს, რომელთა ცნობა და დახასიათება მათ არ გაუჭირდებათ. ასეთებია: ასანთი, ფარანი, კალამი, მობილური ტელეფონი, ფოტოაპარატი, ვაშლი, საღეჭი რეზინი, შოკოლადი, ნათურა, სათვალე და სხვა. მოსწავლეები რიგრიგობით იღებენ ნივთებს და ახასიათებენ. თავდაპირველად ისინი მარტივი ფრაზებით შემოიფარგლებიან, მაგრამ თანდათანობით მდიდრდება მათი ლექსიკური მარაგი, ვითარდება ზეპირმეტყველება, არგუმენტირებული მსჯელობა, ლოგიკური აზროვნება და გარკვეული ხნის შემდეგ მოსწავლეები ახერხებენ ამა თუ იმ ნივთის სრულყოფილად დახასიათებას.
როგორ შევაყვაროთ მოზარდებს კითხვა? 

„ჩემი წიგნის 5 წუთი” ერთ-ერთი აქტივობაა, რომელიც ამ სირთულის დაძლევაში მეხმარება. საკუთარი გემოვნებით შერჩეულ წიგნებს (საჭიროების შემთხვევაში შერჩევაში მასწავლებელი ეხმარება) მოსწავლეები და მასწავლებელი ყოველ გაკვეთილზე კითხულობენ 5 წუთის განმავლობაში. წიგნების მთლიანად წაკითხვის შემდეგ სასურველია მოეწყოს განხილვა, ჩანაწერების გაკეთება წიგნის ავტორის, პერსონაჟების და სხვა შენიშვნების გათვალისწინებით. ამ აქტივობის განხორციელების შედეგად წლის ბოლოს კლასის 60%-ზე მეტს 3-4 წიგნი აქვს წაკითხული. 

ბავშვებს ძალიან მოსწონთ „ლიტერატურულ კაფედ” გარდასახული სასკოლო ბიბლიოთეკა, სადაც ისინი მუსიკის ჰანგების ფონზე მსმენელს სთავაზობენ საყვარელი წიგნების ანოტაციას და შთაგონებით კითხულობენ ეპიზოდებს. სასურველია, სიურპრიზად შევთავაზოთ გემოვნებით გაწყობილი, ჩვენი ხელით დამზადებული, ფერადი ხელსახოცებით გაფორმებული ტკბილეული და ტრადიციული ჩაი. ამ კომპლექსური აქტივობის შედეგია წიგნისადმი ინტერესის გაღვივება და მოსწავლეებში ეთიკის ნორმების ფორმირება.

ეფექტური და შთამბეჭდავია საბავშვო ფილმებზე დასწრება, რომელსაც შესავალი საუბარი უძღვის, ფილმის ნახვის შემდეგ კი განხილვა მოჰყვება. ამ აქტივობას წიგნიერების მიმართულების ხელმძღვანელის ბ-ნ პაატა პაპავას დახმარებით კინოთეატრ „ამირანის” მცირე დარბაზში ვახორციელებთ პერიოდულად. 

წიგნიერების განვითარებაში ინოვაციური მეთოდებისა და აქტივობების გამოყენება მრავალმხრივი პროცესია და მასწავლებლის მაღალ კომპეტენციებს მოითხოვს. ნებისმიერმა არასწორად შერჩეულმა აქტივობამ თუ არაპროფესიონალურად გამოყენებულმა მეთოდმა შეიძლება გამოუსწორებელი დაღი დაასვას მოსწავლეთა სრულფასოვან განვითარებას, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ კომპლექსური მეთოდები და საგანთაშორისი კავშირები, განვუვითაროთ მოსწავლეებს ახალი ცოდნისა და ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი. ეს უნდა იყოს უწყვეტი პროცესი, რათა მათ შეძლონ თვითრეალიზაცია, შესაძლებლობებისა და მოთხოვნილებების განსაზღვრა და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება.

დასასრულ, მსურს, მადლობა გადავუხადო წიგნიერების მიმართულების ხელმძღვანელს ბ-ნ პაატა პაპავას და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომელიც ახალი მეთოდების დაუფლების მიზნით სისტემატურად გამოსცემს მასწავლებელთათვის ხელმისაწვდომ დამხმარე მეთოდურ ლიტერატურას. ერთ-ერთი ასეთი წიგნი გახლავთ „კითხვის ეფექტური მეთოდები”. მისი დახმარებით ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია, სწორად და მიზანმიმართულად დანერგოს ინოვაციური აქტივობები.

ლელა მანგოშვილი, საერო სკოლა „ბინულის” ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (I-VI)

გამოყენებული ლიტერატურა:
. კითხვის ეფექტური მეთოდები -ნათია ნაცვლიშვილი; ზაქარია ქიტიაშვილი [თბ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი] 2013 წელი
. წიგნიერება – მასწავლებლის სახელმძღვანელო – პაატა პაპავა; თამარ ჭანტურია [თბ. შპს „მწიგნობარი”], 2012 წელი
. პედაგოგიკის საკითხები – მანანა ბოჭორიშვილი; თამარ მოსიაშვილი; [თბ. „უსტარი”] 2013 წელი
. ბავშვზე ორიენტირებული სკოლის გზამკვლევი – [თბ.სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი] 2012 წელი

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...