ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
2 ივლისი, ხუთშაბათი, 2026

ტექნიკური მარილი – უსაფრთხოება თუ საფრთხე

0
თბილისისთვის უჩვეულოდ თოვლიანი და ყინვიანი ზამთარი დასრულდა, მაგრამ ვიდრე თბილი ამინდების მოყვარულები მრავალთვიან ნეტარებას მივეცემოდეთ, კარგი იქნება, დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ და თადარიგი დავიჭიროთ, რათა მეტად მომზადებულები შევხვდეთ მომდევნო ზამთარს და, ამასთან, ნაკლები ზიანი მივაყენოთ გარემოს.

ჩვენი კომფორტისთვის მოყინულ და დათოვლილ გზებზე ტექნიკურ მარილს ყრიან, რაც ქალაქების გზებსა და ავტომაგისტრალებზე გავრცელებული პრაქტიკაა. გამოიყენება იქ, სადაც ზამთრის თვეებში გზები საშიში ხდება ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეებისთვის. მარილი ზრდის საბურავების მოჭიდებას, გარდა ამისა, მარილიანი წყალი უფრო დაბალ ტემპერატურაზე იყინება, რაც აადვილებს ყინულის დნობას და, შესაბამისად, გადაადგილებას უფრო უსაფრთხოს ხდის. ცნობისათვის: მსოფლიოში ამინდთან დაკავშირებული ავარიების რიცხვი ყოველწლიურად 0,6 მლნ-ს აღწევს.

თოვლსა და ყინულთან გამკლავების თანამედროვე სტრატეგიები უნდა პასუხობდეს ჩვენი დროის მოთხოვნებს, ქმნიდეს პირობებს უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილებისთვის. იმავდროულად გასათვალისწინებელია ის საფრთხეებიც, რომლებსაც გარემოს ტრადიციული საშუალებები უქმნის. ამ თემაზე მრავალი ქვეყანა აქვეყნებს მეგზურებს, წვრთნის პერსონალს, რომელსაც გზების კეთილმოწყობა ევალება, შეიმუშავებს უფრო რაციონალურ, ეკონომიურ და უსაფრთხო მოდელებს. სიმართლე რომ ითქვას, ამის შესახებ დისკუსია არსად მომისმენია და ვერც სათანადო საჯარო ინფორმაციას წავაწყდი ჩვენი ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, რაც კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ თემა აქტუალურია და ყურადსაღები.

მოსწავლეთა ცნობიერების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია, გამოვუმუშაოთ მათ არსებული მდგომარეობის კრიტიკული შეაფასების უნარი და ვასწავლოთ გარემოზე ფიქრი, ბავშობიდანვე დავანახვოთ ყველა პროცესი მრავალი პერსპექტივიდან, რომელთაგანაც საკვანძოა გარემოსდაცვითი პერსპექტივა, რადგან ჩვენი ჯანმრთელობა, რესურსების გამოფიტვა სწორედ მასზეა დამოკიდებული.

საგზაო მარილი ყოველთვის როდია ნატრიუმის ქლორიდი. ბაზარზე არის მრავალი მინარევი, რომლებიც ანალოგიურად მისაღებია თოვლისა და ყინულის გასადნობად. ასეთებია ნატრიუმის ქლორიდი, კალციუმის ქლორიდი, მაგნიუმის ქლორიდი, პოტასიუმის ქლორიდი. ხშირად მარილწყალში ამატებენ იონებს, რომლებიც გაყინვის ტემპერატურის კიდევ უფრო დაბლა სწევს. მაგალითად ნატრიუმის ქლორიდის ყოველი მოლეკულა იძლევა ნატრიუმის დადებით იონსა და ქლორიდის უარყოფით იონს. მაღალი კონცენტრაციის დროს ეს ნაერთი გარემოზე დამღუპველ ზემოქმედებას ახდენს.
მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ზიანი, რაც მარილს მოაქვს. თუ ამაზე არასოდეს დაფიქრებულხართ, გაგაცნობთ, რა შეიძლება გამოიწვიოს მან.

ერთი მილი სიგრძის გზას 1 ტონა მარილი სჭირდება, ამდენად გასაგები ხდება, რომ ცივ თვეებში მილიონობით ტონა მარილი იხარჯება. მარილის კონცენტრაციის დადგენა აუცილებელია, მისი გაუთვალისწინებლობა კი მრავალ პრობლემას იწვევს. დოზების დადგენის ცხრილი ნათელ წარმოდგენას გვიქმნის იმის თაობაზე, როგორი კონცენტრაცია შეიძლება იქნეს გამოყენებული ეფექტიანად და რა ტემპერატურაზე.

მარილი, სამწუხაროდ, უკვალოდ არ ქრება – დნობისას ის ერევა წყალს, იხსნება მასში და წყალს ის სხვადასხვა ადგილას გადსააქვს; წყალში გახსნილი მარილი ზრდის მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების მარილიანობას ან იჟონება ნიადაგში და მის დამლაშებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ეკვრის მანქანის საბურავებს და გადაიტანება უფრო მოშორებულ ადგილებშიც. 200 მეტრის რადიუსით მიდამო საგრძნობლად ზიანდება. წყლის 70% კი იმავე ადგილას რჩება და მის ბუნებრივი გზით გაწმენდას ბევრი დრო ჭირდება, ხოლო ხელოვნური ძვირად ღირებულია. მაგალითად, ნიუ ჰემფშირის სატრანსპორტო დეპარტამენტს სასმელად გამოყენებული წყლის მიწოდების ჩასანაცვლებლად 3,2 მლნ აშშ დოლარი დასჭირდა.

დასაშვებ ნორმად მიიჩნევა 230 მგ/ლიტრი, რაც უდრის 1 ჩაის კოვზს, გახსნილს 5 გალონ წყალში. გაზომვამ აჩვენა, რომ ქალაქების შიდა წყლებში ქლორიდების დონე სახიფათოდ მომატებულია.

გზებისთვის გამოყენებული მარილის გავლენა:

● მიწისქვეშა წყლებზე – მათ გაწმენდას უამრავი დრო სჭირდება; გავლენას ახდენს ადამიანებზე, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროზე;

● მცენარეებზე – გზის პირას დარგული მცენარეები ხშირად მლაშე წყლების გამო იღუპებიან (გარდა მლაშე ნიადაგს შეგუებული სახეობებისა);

● წყლის ორგანიზმებზე – თევზები თუ ამფიბიები ხშირად ვერ ეგუებიან დამლაშებულ გარემოს;

● ძუძუმწოვრებსა და ფრინველებზე – ხშირად სასმელად გამოყენებული დამლაშებული წყალი მათ მოწამვლისა და დაღუპვასაც კი იწვევს;

● გარეულ ცხოველებზე – იზიდავს ირმებსა და სხვა გარეულ ცხოველებს, რომლებსაც მარილი სჭირდებათ, და ისინი ხშირად იქცევიან საგზაო ინციდენტების მიზეზად თუ მსხვერპლად;

● ლითონის კონსტრუქციებზე – აჩქარებს მათ კოროზიას; ზიანდება ავტომობილებში გამოყენებული ლითონი, ასევე – ხიდის კონსტრუქციები.

სადავო არ არის, რომ უსაფრთხოებისთვის, ავარიებისა და ტრავმების რაოდენობის შესამცირებლად, ეკონომიკური აქტივობის შესანარჩუნებლად, ტრანსპორტის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია, მოყინულ გზებს რამე მოვუხერხოთ. მაგრამ რატომ ვიყენებთ მარილს, თუ მისი უარყოფითი ეფექტი ასეთი აშკარაა? უპირველესად, ალბათ, იმიტომ, რომ ეს ეფექტური და იაფი საშუალებაა.

არ არსებობს მარტივი, ერთმნიშვნელოვანი პასუხი იმაზე, როგორ გავართვათ თავი აღნიშნულ პრობლემას, რადგან ეს არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული – ზამთრის ხანგრძლივობაზე, ტემპერატურულ რეჟიმზე, გზის ტიპზე, ტოპოგრაფიაზე, დაჩრდილულ თუ მზიან ექსპოზიციაზე, ქარის მიმართულებაზე, წყლის რეზერვუარების სიახლოვეზე, არსებულ ტექნიკაზე, ფინანსურ რესურსებზე და სხვა. ამჟამად მიმდინარეობს ექსპერიმენტები იმის გასარკვევად, რით შეიძლება მარილის ჩანაცვლება. ცდიან ყველის შრატს, ჭარხლის წვენს და სხვა პროდუქტებს, თუმცა სასურველი ეფექტი ჯერჯერობით არ მიუღიათ. სხვათა შორის, ჭარხლის წვენი შეიცავს შაქარს, რომელიც ატმოსფეროში ჟანგბადის კონცენტრაციას ამცირებს.
ასე რომ, სადღეისოდ საუკეთესო გზად შეიძლება ჩაითვალოს გონივრულად გამოთვლილი რაოდენობის გამოყენება, რაც ტონობით მარილს ზოგავს, ნაკლები ზიანის მომტანია და, იმავდროულად, ეკონომიკურადაც ეფეტიანი. ასევე კარგია, სანამ თოვლი დაიტკეპნება, მისი მექანიკურად გაწმენდა და გაფხვიერება. მარილის მოცულობას ამცირებს მისი წყალში გარევაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასფალტზე წინასწარ არის დატანილი და ხელს უშლის მოყინვას. ამის კვალობაზე, მნიშვნელოვანი ხდება ამინდის პროგნოზის სისტემის გაუმჯობესება, რაც თადარიგის დაჭერის საშუალებას მოგვცემს.

მარილის ალტერნატივაა:

▪ ქვიშა – მისი ფხვიერი, წვრილი გრანულები არ დნება და, შესაბამისად, ზრდის მოჭიდებას გზებზე; არ ვნებს გარემოს, რადგან ბუნებრივი პროდუქტია, არ ცვლის წყლისა თუ ნიადაგის ქიმიურ თვისებებს. უკეთესია ფხვიერი აგურის გამოყენება, რადგან ის უფრო უხეში ფრაქციებისგან შედგება. ის შეიძლება იყოს ძველი შენობების მეორეული პროდუქტი ან წარმოების ნარჩენები, ამიტომ უფრო იაფიცაა. ამასთან. ქვიშისა და აგურის ნაფხვენი უფრო მუქი ფერისაა, ვიდრე თოვლი და ყინული, შესაბამისად, ქვიშამოყრილი ზედაპირი მზის სხივების მეტ ენერგიას შთანთქავს და აჩქარებს დნობას.

▪ ფერფლი – დიდი რაოდენობით ძნელი მოსაპოვებელია, მაგრამ თუ საკუთარი სახლი და ბუხარი გაქვთ, იმდენი დაგრჩებათ, რომ სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმოაბნიოთ. ისიც ზრდის მზის სხივების ენერგიის შთანთქმას და აჩქარებს დნობას.თუმცა აქვს ნაკლიც: დნობისას შესაძლოა აიზილოს და გარემო აატალახოს.

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ საგზაო უსაფრთხოებისთვის მარილის გამოყენება არის თემა, რომელიც მოსწავლეებს ყოველდღიურობასთან კავშირს ამყარებინებს, ეს კავშირი კი სკოლაში მიღებულ ცოდნის ცხოვრებაში გადატანის საშუალებას იძლევა.

განძის კუნძული

0
ალბათ წაგიკითხავთ რობერტ ლუის სტივენსონის რომანი „განძის კუნძული” და დაინტერესებულხართ კიდეც, სად მდებარეობს იგი სინამდვილეში. თუ მსოფლიოს რუკას კარგად დააკვირდებით, კარიბის ზღვაში, კუბის სამხრეთ სანაპიროდან არცთუ შორს, პატარა კუნძულების ჯგუფს აღმოაჩენთ, რომელიც კუბას ეკუთვნის. მათ შორის ყველაზე დიდია ჰუვენტუდი (ფართობი – დაახლ. 3000 კვ. კმ), რომელსაც არცთუ შორეულ წარსულში პინოსი ერქვა. სწორედ ეს არის სტივენსონის განძის კუნძული.
თუ მე-18 საუკუნეში შედგენილ კუნძულის რუკას და რომანში ავტორის მიერ ჩადებულ რუკას ერთმანეთს შევადარებთ, მათ მოხაზულობასა და კონფიგურაციას შორის გასაოცარ მსგავსებას აღმოვაჩენთ. ერთმანეთს ძალიან ჰგავს მათი რელიეფიც. მაგალითად, ჰუვენტუდზე ერთ-ერთ ბორცვს, ისევე როგორც სტივენსონის „განძის კუნძულში”, სათვალთვალო მილი (ესპანურად – ლა ვიხია) ჰქვია. მწერალმა ნაწარმოებში კუნძულზე გავრცელებული ხშირი ფიჭვის ტყეები აღწერა, რომლებიც კუნძულის თითქმის ნახევარს ფარავდა, ამით კი მხოლოდ ჰუვენტუდი თუ დაიკვეხნის, არც ერთ სხვა კუნძულზე ასეთი ლანდშაფტი არ გვხვდება. ამიტომაც მიიჩნევა, რომ რომანში აღწერილი მოვლენები სწორედ ამ კუნძულზე ხდებოდა.
ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენამდე ჰუვენტუდზე უკვე ცხოვრობდნენ ინდიელთა ტომები, რომლებიც სოფლის მეურნეობას და მეთევზეობას მისდევდნენ. ხმელეთის ამ თვალწარმტაც ნაგლეჯს, რომელიც კოლუმბმა 1494 წელს აღმოაჩინა, ესპანელებმა ისლა დე პინოსი – „პინიების კუნძული” – უწოდეს (პინია იტალიური ფიჭვია, 20-25 მ სიმაღლისა და ქოლგისებრვარჯიანი; მისი სამშობლო ხმელთაშუა ზღვის ოლქია და პორტუგალიიდან მცირე აზიამდე ვრცელდება ზღვის დონიდან 1000 მეტრამდე სიმაღლეზე). კოლონიზატორებმა მოკლე ხანში მუსრი გაავლეს აქაურ მოსახლეობას და წიწვოვანი ტყეების მნიშვნელოვან ნაწილსაც, მაგრამ მიხვდნენ, რომ ოქროს აქ ვერ იპოვიდნენ და კუნძულის მიმართ ყოველგვარი ინტერესი დაკარგეს. პინოსს მალევე გამოუჩნდა ახალი პატრონი – ფლიბუსტიერები (ზღვებში მოთარეშე ყაჩაღები, მეკობრეები). კუნძულმა მათი ყურადღება იმით მიიპყრო, რომ იუკატანის სრუტესთან ახლოს მდებარეობდა, ამ გზაზე კი კოლონიზატორების მიერ სამხრეთ ამერიკის მოსახლეობისთვის წართმეული სიმდიდრით დატვირთული გემები ესპანეთისკენ მიემართებოდნენ. სწორედ ამ კუნძულიდან ესხმოდნენ თავს ფლიბუსტიერები არა მარტო გემებს, არამედ კარიბის ზღვის პორტებსაც.
დაახლოებით 300 წლის განმავლობაში კუნძული პინოსი მეკობრეებისთვის სასმელი წყლით მომარაგების ადგილს, თავგადასავლების მაძიებელთა ასპარეზს და გემების გასაჩერებელ და სარემონტო ბაზას წარმოადგენდა. გეოგრაფიულ წყაროებზე დაყრდნობით, სხვადასხვა დროს პინოსზე იმყოფებოდნენ იმ დროისთვის ყველაზე სახელგანთქმული მეკობრეები – დრეიკი, მორგანი, დამპირი, ოლონე, ჰოლი, ბასკერვილი და მრავალი სხვა. ისინი კუნძულს განძის სამალავადაც იყენებდნენ და ნაქურდალ ქონებას მიუვალ ადგილებში მალავდნენ. ასეთ ადგილებს ისინი საიდუმლოდ ინახავდნენ და სპეციალურ რუკებზე აღნიშნავდნენ, რომლებსაც მხოლოდ ერთ ეგზემპლარად ამზადებდნენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი რუკა ჩაუვარდა ხელში ცნობილი რომანის მთავარ გმირს – ჯიმ ჰოპკინსს. მიიჩნევა, რომ სტივენსონმა, რომელიც ამ ადგილებში ნამყოფიც კი არ იყო, კუნძულის აღწერისას დრეიკის, მორგანისა და სხვა მეკობრეთა ჩანაწერები გამოიყენა.
ესპანელებმა არაერთხელ სცადეს მეკობრეთა ბუნაგის განადგურება. პონოსი მათ მხოლოდ 1830 წელს დაიბრუნეს და დამნაშავეთა გადასახლების ადგილად აქციეს. კუნძულის მეტსახელთა ნუსხას, „მეკობრეთა ბუნაგთან” ერთად, „კუნძული-ციხე”, „ტანჯვის ადგილიც” დაემატა.
ამ კუნძულის ცხოვრება მაშინაც კი არ შეცვლილა, როცა ესპანელებმა მასზე ბატონობა დაკარგეს და ის ოფიციალურად კუბის მფლობელობაში გადავიდა. იმ დროისთვის პინოსზე ერთადერთი მნიშვნელოვანი ნაგებობა ე.წ. „საჩვენებელი ციხე” იყო სიერა-დე-კაბალოსის მთის ძირას. სწორედ ამ ციხეში იჯდა 1953 წელს ფიდელ კასტრო – კუბის რევოლუციის ლიდერი, მთავრობის მეთაური 1959 წლიდან და ქვეყნის პრეზიდენტი 1976 წლიდან.
შემდეგ წლებში კუნძულზე, რომელიც, შეიძლება ითქვას, კუბის ციმბირს წარმოადგენდა, არსებითად არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ აქ მრავალი ტურისტი ჩამოდიოდა, უმთავრესად – ამერიკელი ავანტიურისტები, რომლებიც ძველ რუკებზე დაყრდნობით გულმოდგინედ ეძებდნენ მეკობრეთა მიერ დამალულ განძს. განძის მაძიებელთა მიერ ხელში ჩაგდებულ ერთ-ერთ რუკას თან ახლდა ტექსტი, რომელშიც ეწერა, რომ ერთ-ერთ გამოქვაბულში დამალული იყო 20 მილიონი პიასტრი, ხოლო ოკეანის ფსკერზე აურაცხელი სიმდიდრით დატვირთული რამდენიმე ესპანური გემი იყო ჩაძირული. აღსანიშნავია, რომ განძის მაძიებელთა ერთ-ერთ საზღვაო ექსპედიციას მართლაც გაუღიმა ბედმა – 1954 წელს ამერიკელმა ტედ უიკერმა ხანგრძლივი ძიების შემდეგ ოქროთი და ვერცხლით სავსე სკივრი იპოვა.
1958 წელს კუნძულზე ტურისტებისთვის პატარა სასტუმრო ააშენეს, რომლის ჰოლს მოზაიკური პანო ამშვენებდა. პანოზე გამოსახული იყო სცენა რომანიდან „განძის კუნძული”.
კუნძულის ახალი ისტორია 1959 წლიდან იწყება, როცა ციხეები აქ სამუდამოდ იქნა ლიკვიდირებული, ხოლო ნოყიერი მიწები აყვავებულ ბაღებად აქციეს. ვისაც კი ფეხი დაუდგამს განახლებულ კუნძულ პინოსზე, მას კარიბის ზღვის ზურმუხტს უწოდებს. ოდესღაც ღვთისა და კაცისგან მივიწყებული ხმელეთის ეს პატარა ნაკუწი ახლა მთელ მსოფლიოშია ცნობილი თავისი ციტრუსების პლანტაციებით, რომლებიც გვალვაში აქ აშენებული ოცამდე წყალსაცავის წყლით ირწყვება. გარდა ამისა, კუნძულის მოსახლეობას მოჰყავს ანანასი და ბანანი, მისდევს მეცხოველეობას, თევზჭერას. ოდესღაც გაუვალი ბილიკები გზატკეცილებმა შეცვალა. კუნძულზე მოიპოვებენ ვოლფრამს და მარმარილოს, განვითარდა მსუბუქი და კვების მრეწველობაც. კუნძულის შავი – ბიბიჰაგუას – და წითელი ქვიშის პლაჟები მრავალრიცხოვან ტურისტს იზიდავს. ფლიბუსტიერების ბატონობის პერიოდს კი მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატები მოგვაგონებს.
1978 წელს კუნძულს ჰუვენტუდი („ახალგაზრდობის კუნძული”) ეწოდა. მისი დედაქალაქია ნუევა-ჰერონა. ამჟამად კუნძულზე 70 ათასი კაცი ცხოვრობს.

ყავის გზა მარცვლიდან ფინჯნამდე

0
საზოგადოებრივ მეცნიერებათა მე-5 და მე-8 კლასების საგნობრივ სტანდარტში ბუნებრივი რესურსების რაციონალური და მრავალმხრივი გამოყენების შესწავლისას მოცემულია ინდიკატორები, რომლებიც მასწავლებელს აძლევს რეკომენდაციას, შედეგის მისაღებად მიმართოს შემდეგ გზას: გამოსახოს რესურსების სახეცვლილება მოპოვებიდან მოხმარებამდე. ეს შეიძლება გაკეთდეს ხორბლის მაგალითზე – რა ეტაპებს გაივლის იგი, ვიდრე პურ-ფუნთუშეულად იქცევა და მივირთმევთ, ასევე – საწვავის ან ალტერნატიული რესურსის ელექტროენერგიად გარდაქმნაზე. სწორედ ამ ინდიკატორის წყალობით გამიჩნდა ამ სტატიის იდეა.
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მილიონობით ადამიანისთვის დღე ერთნაირად იწყება: განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა, ენისა, კულტურისა, სქესისა, რელიგიისა თუ პროფესიისა, ისინი გამოსაფხიზლებლად ყავას სვამენ.

ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, მოხალულ ყავასა და მის არომატს რომ არ იცნობდეს, თუმცა ყავის ხეს, მის მუქ მწვანე, პრიალა, ერთმანეთის მოპირდაპირედ მზარდ ფოთლებსა და წითელ ნაყოფს ყველა ვერ ამოიცნობს.
სხვათა შორის, ბევრმა ყავის მოყვარულმა ისიც კი არ იცის, ვის უნდა უმადლოდეს ამ პროდუქტის ასეთ პოპულარობას.
რა გზა გამოიარა ყავის მარცვალმა ჩვენამდე?

ლეგენდას შორეულ ეთიოპიაში, კაფის პროვინციაში მივყავართ. ყავის საყოველთაო სახელწოდებაც სწორედ ამ პროვინციის სახელიდან მომდინარეობს. აქაურებს თურმე თხები ჰყოლიათ მოშენებული. ერთხელ ერთ ბერს შეუმჩნევია, რომ პირუტყვი საძოვარზე ხის წითელ ნაყოფს ჭამდა და ენერგიით ივსებოდა. ამის შემხედვარე ბერმა ნაყოფი შინ წაიღო და ძმას გაუმასპინძლდა. ეფექტი გასაოცარი აღმოჩნდა…

ამის შემდეგ ნაყოფს სახელი გაუვარდა, როგორც პროტეინებით მდიდარსა და პირუტყვისთვის მაწიერს. მოგვიანებით მან გადალახა წითელი ზღვა და არაბეთში მოხვდა. პირველად სწორედ იქ დაფქვეს და მოადუღეს ყავა. ნახარშს რელიგიური რიტუალებისთვისაც იყენებდნენ. გაიხსნა ყავახანებიც, სადაც ყავას სვამდნენ, მუსიკას უსმენდნენ, ჭადრაკს თამაშობდნენ, საუბრობდნენ, ახალ ამბებს ჰყვებოდნენ… ამის გამო ყავის სახლებს სიბრძნის სკოლებსაც უწოდებდნენ.

1600 წელს ინდოელმა პილიგრიმმა მარცვლები ტანზე მიკრული გამოიტანა მექიდან. ამის შემდეგ დაიწყეს ყავის მოყვანა სხვა ქვეყნებში, საიდანაც მან საბოლოოდ ევროპამდე მიაღწია. მოგზაურობიდან დაბრუნებული ვენეციელი ვაჭრები ჰყვებოდნენ, რომ თურქები „შავ სასმელს” სვამდნენ. ერთხანს ყავას „ეშმაკის სასმელს” უწოდებდნენ და კინაღამ აკრძალეს კიდეც (სხვათა შორის, ყავის თაობაზე ცრურწმენები საზოგადოებას დიდხანს შემორჩა. იქნებ მოგისმენიათ კიდეც იოჰან სებასტიან ბახის მოკლე კომედიური ოპერა „ყავის კანტატა”, რომელიც „ციმერმანის ყავის სახლის” დაკვეთით დაიწერა. „კანტატაში” გაშარჟებულია ყავის უაზრო აკრძალვა ქალებისთვის, რომელთაც უშვილობით აშინებდნენ).

ჰოლანდიელი კოლონიზატორები ინდონეზიაში ეზიარნენ ამ სასმელს, შემდეგ ამსტერდამში ჩამოიტანეს და სათბურებში მის მოყვანას მიჰყვეს ხელი.

ევროპაში ყავით ვაჭრობა პირველად ვენეციაში დაიწყეს. პირველი ყავის სახლი სან-მარკოს მოედანზე გაიხსნა. სხვათა შორის, უდიდესი სადაზღვევო კომპანია „ლოიდის” ისტორიაც ყავის სახლიდან იღებს სათავეს.
ჰოლანდიიდან ყავამ საფრანგეთში გადაინაცვლა: ლუდოვიკო XIV-ს ყავის ხე უსახსოვრეს, მან კი ნერგი სამეფო ბოტანიკურ ბაღს გადასცა.

ახალგაზრდა საზღვაო ოფიცერმა ნერგის მარტინიკაზე წაღების ნებართვა ითხოვა, რაზეც უარი მიიღო, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა – ღამით შეიპარა ბოტანიკურ ბაღში და იქიდან ქურდულად გამოიტანა მცენარის თესლი. მიუხედავად იმისა, რომ მისი გემი გზად მეკობრეებმა დაატყვევეს, ყავა საბოლოოდ მაინც მოხვდა მარტინიკაზე, სადაც სულ რაღაც 50 წლის შემდეგ უკვე 18 მლნ ძირი ყავა ხარობდა. ამას ბუნებრივმა პირობებმაც შეუწყო ხელი.

ლათინურ ამერიკაში ყავა მავრიტანიიდან გავრცელდა, თუმცა არც ეს მომხდარა იოლად. ამის შემდეგ ბრაზილიის მთავრობამაც მოინდომა ყავის გახარება. სადღესასწაულო ვახშამზე მირთმეული ყავის ტოტების თაიგულიდან, რომელსაც სათესლე ნაყოფიც შეჰყოლოდა, მათ პლანტაციები გააშენეს. მოგვიანებით ბრაზილიამ სწორედ ყავის ექსპორტით გაითქვა სახელი.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აფრიკისა და აზიის მრავალმა ქვეყანამ განიზრახა ყავის ექსპორტი, რადგან ის მსოფლიო ბაზარზე უფრო და უფრო მყარად იკიდებდა ფეხს და უფრო და უფრო მეტი მოთხოვნით სარგებლობდა.
ძნელია გააზვიადო ყავით ვაჭრობის მნიშვნელობა. მრავალი ქვეყნისთვის ეს პროდუქტი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. მაგალითად, ბურუნდის საექსპორტო ნაწარმის ნახევარზე მეტს ყავა შეადგენს. 2010 წელს ყავის ექსპორტმა 133,4 მილიონი ტომარა შეადგინა, რომელთა საერთო ღირებულება 15,4 მლრდ აშშ დოლარი გახლდათ. ყავა სულ სულ 70 ქვეყანაში მოჰყავთ. მის ინდუსტრიაში მოყვანიდან მაღაზიის დახლამდე 26 მლნ ადამიანია დასაქმებული.

მიუხედავად იმისა, რომ ყავის სამშობლოდ აფრიკა მიიჩნევა, მოხმარებული ყავის უდიდესი ნაწილი სამხრეთ ამერიკაში მოჰყავთ. ის განსაკუთრებულ ბუნებრივ პირობებს მოითხოვს: მზის სხივებსა და წვიმას, 20˚ტემპერატურას რყევების გარეშე, ნაყოფიერ, ფოროვან ნიადაგს… სამაგიეროდ, ეს პროდუქტი 26 მლნ ადამიანის შემოსავლის წყაროა.
ცნობილია ყავის ხის ორი ძირითადი ტიპი: არაბიკა, რომელიც პროდუქციის 70%-ს შეადგენს და რობუსტა, რომლის წილად დანარჩენი 30% მოდის. მათ შორის ის განსხვავებაა, რომ არაბიკას თბილი, ჰუმიდური კლიმატი სჭირდება ზღვის დონიდან 1212-1818 მ-მდე, ხოლო რობუსტა მკაცრ პირობებსაც უძლებს (მისი სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს: robust – მკაცრი, ძლიერი), ზღვის დონიდან 757 მ-მდე სიმაღლეზე მოჰყავთ და ხსნადი ყავის დასამზადებლად იყენებენ. სხვათა შორის, რობუსტას გავრცელება ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთი აფრიკიდან, ბრაზილიიდან, ინდონეზიიდან და ვიეტნამიდან სულ უფრო ფართო მასშტაბს იძენს. ამის მიზეზია, ერთი მხრივ, მასზე მოთხოვნის ზრდა, მეორე მხრივ კი ის, რომ ამ ჯიშის ყავა დაავადებებისა და პარაზიტებისადმი რეზისტენტულია, რაც ამცირებს დანახარჯს. გარდა ამისა, მასში ორჯერ მეტი კოფეინია – 1,6%-2,7%, მაშინ როდესაც არაბიკაში კოფეინის შემცველობა 1%-1,5%-ს არ აღემატება.

ყავის მოუხალავი მარცვლები შეიცავს მჟავებს, ცილებსა და კოფეინს. მოხალვისას, მაღალი ტემპერატურის წყალობით, მათში იწყება ქიმიური რეაქცია, რომელიც ნახშირწყლებს და ცხიმებს არომატულ ზეთებად გარდაქმნის, აორთქლებს სითხეს და ნახშირორჟანგს და ყავას განუმეორებელ არომატს სძენს. რაც უფრო მეტხანს გრძელდება მოხალვა, მით უფრო არომატული და მაგარია ყავა; მსუბუქი მხოლოდ 7 წუთის განმავლობაში იხალება, ხოლო ყველაზე მაგარი, ესპრესო – 14.
ყავის ექსპორტიორი ქვეყნები
ყავის ძირითადი მწარმოებლები

მოსავლიან წლებში მსოფლიოში მოხმარებული ყავის მესამედს ბრაზილია აწარმოებს. ასევე დიდი ექსპორტით გამოირჩევიან კოლუმბია, ვენესუელა, პერუ, ეკვადორი. ბოლო ხანს წამყვან ექსპორტიორებს შორის უფრო და უფრო მყარად იკავებს ადგილს ვიეტნამი – სულ რაღაც 30 წელიწადში მან ბაზრის 20% დაიპყრო.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვიეტნამი კარგა ხანს ვეღარ წამოდგა ფეხზე, მის გაჩანაგებულ ეკონომიკას ვერ უშველა საბჭოთა კავშირიდან გადმონერგილმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ. სოფლის მეურნეობაში კოლექტივიზაციამ შედეგი ვერ გამოიღო. 1986 წელს კომუნისტურმა პარტიამ ექსპერიმენტის ჩატარება და ყავის პლანტაციების გაშენება გადაწყვიტა. უკვე 1990 წელს კი ყავის ინდუსტრიაში 2,6 მლნ კაცი იყო დასაქმებული. სწორედ ყავის კულტურის დამსახურებაა, რომ თუ 90-იანების დასაწყისში ამ ქვეყნის მოსახლეობის 60% ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ამჟამად ეს მაჩვენებელი 10%-ს შეადგენს.

ვიეტნამში ჩაის სმის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია დღემდე არ შეცვლილა, ყავა კი კვლავ საექსპორტო პროდუქციაა. აქ რობუსტას აწარმოებენ.
ყავის იმპორტიორი ქვეყნები
ყავის ხემ ნაყოფი რომ გამოიღოს, 3-4 წელი სჭირდება. მწიფე ყავა მკვეთრი წითელი ფერისაა. მანქანით კრეფისას მწიფესთან ერთად მოუმწიფებელი მარცვლებიც იკრიფება, ხოლო ხელით კრეფისას – მხოლოდ მწიფე. ბუნებრივია, მწიფე მარცვლები უფრო არომატული და გემრიელია.

დაკრეფის შემდეგ აუცილებელია ყავის მარცვლების ლპობისგან დაცვა. ეს ორგვარად ხდება: მშრალი წესით და სველით. პირველი ტრადიციული მეთოდია, რომელიც წყლის შეზღუდული რესურსების პირობებში კვლავაც აქტუალურია. დღის განმავლობაში გაშლილი მარცვლები ღამით იფარება. ასე გრძელდება კვირაობით, ვიდრე მარცვლებში ტენის შემცველობა 11%-მდე არ დაიწევს. ამის შემდეგ ყავის დასაწყობება უკვე შეიძლება.

სველი მეთოდი ყავის მარცვლების გაფცქვნას გულისხმობს. გარდა ამისა, მსუბუქი მარცვლები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება, ხოლო მძიმე ფსკერზე რჩება. ამის შემდეგ დაძირული მარცვლები გაივლის დამუშავების მომდევნო ეტაპს, სადაც სპეციალურ დანადგარებში წონის მიხედვით ნაწილდება, ბოლოს კი მათაც საჭირო კონდიციამდე აშრობენ.

გამშრალი ყავა გარსისგან იწმინდება. დეფექტური მარცვლები იყრება (ეს ხელითაც კეთდება და მექანიკურადაც). ამის შემდეგ პროდუქცია საექსპორტოდ მზად არის.

ყავა ყოველ საფეხურზე გაივლის ხარისხის კონტროლს: თავდაპირველად – ვიზუალურს, მოხალვის შემდეგ – არომატისას, შემდეგ კი გემოსას. როგორც უკვე გითხარით, სწორედ მოხალვა აძლევს ყავას განსაკუთრებულ არომატს. მაღალ ტემპერატურაზე მარცვლებში არსებული ზეთი გარეთ გამოდის, მისი მოწვა კი ყავას ყავისფერ შეფერილობას აძლევს.

დასასრულ, ყავა იფქვება. რაც უფრო მსხვილია ნაფქვი, მით მეტი დრო უნდა მოსადუღებლად და პირიქით.
ამიერიდან, როდესაც ყავას მოიდუღებთ და სიამოვნებით დააგემოვნებთ, შეგეძლებათ მთელი იმ გრძელი და რთული გზის წარმოდგენა, რომელსაც ის ხიდან ჩვენს ფინჯნამდე გაივლის.
გვინდოდა, ამ სტატიის მეშვეობით გვეჩვენებინა მასწავლებლებისთვის, რამდენი რამ შეიძლება შეიტყონ მოსწავლეებმა ასეთი დავალებების შესრულებისას. დავალების მიცემამდე მასწავლებელმა უნდა შეამოწმოს სანდო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გაუნაწილოს რესურსები მოსწავლეებს ან მოსწავლეთა ჯგუფებს, წინასწარ განსაზღვროს ნაშრომის სტრუქტურა და აუცილებელი კომპონენტები, დაგეგმოს პრეზენტაცია.

ამგვარი დავალებების წყალობით მოსწავლეები გაიფართოებენ თვალსაწიერს და სხვა თვალით შეხედავენ ყოველდღიურ საკვებს, მეტად დააფასებენ შრომას, რომელიც დაიხარჯა ნედლეულიდან გასაყიდ პროდუქციად მის გარდაქმნამდე და უფრო გონივრულად მოიხმარენ მას.

ფილმი, რომელიც გულგრილს ვერ დაგტოვებს

0
კინემატოგრაფის ძალა და შესაძლებლობები გაზვიადებული არ არის. მას შეუძლია დაგაფიქროს, შეგიცვალოს მსოფლხედველობა, ახლებურად დაგანახვოს თითქოს უკვე კარგად ნაცნობი რამ.

სწორედ ერთი დოკუმენტური ფილმის გავლენით გადავწყვიტე ამ სტატიის დაწერა. მომინდა, თქვენთვისაც გამეზიარებინა ემოცია, რომელიც ამ მისი ნახვისას დამეუფლა; პასუხი გამეცა კითხვებზე, რომლებსაც ამ ფილმის ნახვის შემდეგ აუცილებლად დაუსვამთ საკუთარ თავს. ეს კითხვები ეთიკურ-მორალური ხასიათისაა და ხშირად დილემის წინაშე აყენებს გადაწყვეტილების მიმღებს.
„სახლი” („Home”) 2009 წელს გადაიღეს უდიდესმა ხელოვანებმა – იან არტიუს ბერტრანმა, გამოჩენილმა ფოტოგრაფმა, და ლუკ ბესონმა, საკულტო რეჟისორმა. ფილმის გადაღებას მათ წელიწად-ნახევარი მოანდომეს. გადაღებები 50-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობდა. ხშირად საგანგებო ნებართვა იყო საჭირო, რაც უფრო მეტად ართულებდა საქმეს, თუმცა შედეგი ამად ღირდა.

ფილმი ასახავს დედამიწის მშვენიერებას, რომელსაც გადაშენება ემუქრება. იგი ჩიტის ფრენის სიმაღლიდან – ფილმი ვერტმფრენიდანაა გადაღებული – გადაგვიშლის თვალწინ ისლანდიის, გრენლანდიის, ანტარქტიდის, კოსტა-რიკის, არგენტინის, ინდონეზიის ბუნების უნიკალურ ხედებს, ენით აუწერელი სილამაზის ადგილებს, რომლებიც ადამიანის ქმედებებს ეწირება.

თუმცა ყველა ქვეყანა ერთნაირი ენთუზიაზმით არ შეხვედრია ფილმის გადაღებას. რაც უფრო დიდი იყო წინააღმდეგობა, მით უფრო ცხადი ხდებოდა ავტორებისთვის, რომ ამ აკრძალვების მიღმა ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები იმალებოდა. საუდის არაბეთში, ინდოეთში, სამხრეთ კორეასა და ჩინეთში მათ მრავალი ობიექტის გადაღებაზე უარი უთხრეს. გადაღებული მასალის ნაწილი უბრალოდ კონფისკაციას დაექვემდებარა, ხოლო არგენტინაში გადამღები ჯგუფის წევრებმა ერთი კვირა ციხეში გაატარეს. თავად ფილმი ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ არაერთ ქვეყანაში აიკრძალა. იმ ქვეყნებში, რომლებიც არცთუ მომხიბვლელი კუთხით წარმოაჩინეს ფირზე.

ფილმში ნაჩვენებია ხელუხლებელი, ველური ბუნება და ის მოუშუშებელი იარები, რაც ინდუსტრიულმა განვითარებამ, ომმა, ეკოლოგიურმა კატასტროფებმა დააჩნია დედამიწას. ამ ჭრილში დანახული პროცესები რეალობას ასახავს და ჩვენც მეტი გონიერებისკენ მოგვიწოდებს.

სათაური შემთხვევით არ შეურჩევიათ; როგორც არ უნდა განვსხვავდებოდეთ ერთმანეთისგან ადამიანები, რა განსხვავებულიც არ უნდა იყოს ჩვენი ტრადიციები, ენა, კულტურა, ყველას ერთი, საერთო სახლი გვაქვს. ინდუსტრიულ რევოლუციამდე ეს სახლი ძალიან დიდი ჩანდა, ტექნოლოგიურმა წინსვლამ, კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის განვითარებამ კი ერთბაშად „დააპატარავა”. ახლა გაცილებით ნაკლები ხანი გვჭირდება ერთი კონტინენტიდან მეორეზე მოსახვედრად; თუ ატლანტის ოკეანის გადაკვეთა ერთ დროს შეუძლებელი იყო, შემდეგ გემით რამდენიმე თვე ან კვირა სჭირდებოდა, დღეს კონტინენტებს სულ რამდენიმე საათის საფრენი აშორებს. ერთი ადგილი მეორეზე დიდ გავლენას ახდენს და ეს გავლენა მხოლოდ დადებითი და პროგრესული არ არის. ამის მაგალითია მჟავა წვიმები და ტრანსსასაზღვრო მდინარეების დაბინძურება, რომლის დროსაც ერთ ქვეყანაში მომხდარი ეკოლოგიური უბედურების შედეგები მეორეში იჩენს თავს. ერთი სიტყვით, დედამიწა ყველა ჩვენგანის სახლია და აქ პრობლემების გარეშე რომ ვიცხოვროთ, მხოლოდ საკუთარ თავსა და კეთილდღეობაზე არ უნდა ვიფიქროთ.

რატომ უნდა ვუყუროთ ამ ფილმს? უპირველეს ყოვლისა, ალბათ იმიტომ, რომ უამრავი აღმოჩენის საშუალებას იძლევა. რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს მას, მეტი შესაძლებლობა გაჩნდება, გააზრებულად მოვეპყროთ ჩვენს გარემოს, ზემოქმედება მოვახდინოთ არსებულ ვითარებაზე. არ შეიძლება, მხოლოდ მომხმარებლები ვიყოთ და ჩვენს კეთილდღეობას ბუნებრივი გარემო და რესურსები შევწიროთ. მომავალ თაობებს უნდა შეეძლოთ, დატკბნენ ველური ბუნების წარმტაცი ხედებით და არ ჰქონდეთ საფიქრალი, სად იცხოვრონ, არ არსებობდნენ ეკომიგრანტები.

ბუნების დამცველებად არ იბადებიან; ბუნების დამცველად ადამიანს თვითშეგნება, ცოდნა, მორალური ღირებულებები აქცევს. დედამიწა იცვლება, იცვლება ყველა მიმართულებით. ჩემი დაბადებიდან დღემდე მსოფლიოს მოსახლეობა გაორმაგდა, რაც ბუნებაზე ბევრად უფრო დიდ ზეწოლას გულისხმობს, ფართოვდება ადამიანის საცხოვრებელი, მისი არსებობისთვის საჭირო პროდუქციის წარმოების ადგილები ავიწროებს ბუნებას… ეს პროცესები კიდევ გაგრძელდება, ამიტომ ბუნებას დაცვა სჭირდება, რათა მასთან ყოველი შეხება უფრო გააზრებული იყოს, არ ვანადგურებდეთ სახლს, რომელშიც ვცხოვრობთ, არ მოვიხმარდეთ იმაზე მეტს, ვიდრე გვჭირდება. ეს კი შესაძლებელია, რადგან მხოლოდ საფრანგეთში 13 მილიონი ადამიანი უსასყიდლოდ ემსახურება გარემოს დაცვას, ჩართულია გარემოსდაცვით ღონისძიებებში.

რეჟისორმა იან ბერტრანმა ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ უარი თქვა საავტორო უფლებებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს მისი ნახვა ნებისმიერს სრულიად უსასყიდლოდ შეუძლია. ამით ბერტრანმა საშუალება მოგვცა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გვენახა ფილმი და გადაგვეწყვიტა, როგორი მომავალი გვირჩევნია, უმოქმედოდ დავრჩეთ თუ გარემოს დამცველთა უზარმაზარ არმიას შევუერთდეთ.
ფილმში გვიჩვენებს უდაბნოს ტიპის ლანდშაფტებს; ერთი მხრივ – ლას ვეგასს ვილებით, წყლის ატრაქციონებითა და უზარმაზარი მდიდრული აუზებით, მეორე მხრივ კი ინდოეთს, სადაც ქალები წყლის მოსატანად ყოველდღიურად კილომეტრებს გადიან, თხრიან უფრო და უფრო ღრმა ჭებს და ორმოებს, რომლებიც მუსონური წვიმების დროს წყლით ივსება და ერთგვარ რეზერვუარებს ქმნის.

ფილმს ფონად არმანდ ამარის მუსიკა გასდევს. ამარი საინტერესო კომპოზიტორია, რომელიც იერუსალიმში დაიბადა, ბავშვობა მაროკოში გაატარა, ხოლო ფილმის გადაღებისას პარიზში ცხოვრობდა. ის მრავალ კულტურას ეკუთვნის. ალბათ ამიტომ არის, მისი მუსიკა რომ უხდება და არ ამძიმებს ფილმს.

საინტერესოა, რომ ბევრმა კრიტიკულად მიიღო ფილმი. მის ავტორებს საყვედურობენ გამონაბოლქვის გამო, რომელიც გადაღების დროს ვერტმფრენიდან ატმოსფეროში გაიბნა. გადამღები ჯგუფი კი ირწმუნება, რომ ეს ნახშირორჟანგი სულ ორი სპილოს წონა იყო, დაახლოებით იმდენი, რამდენსაც თანამედროვე ქალაქის მცხოვრები აბნევს ატმოსფეროში. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ ნახშირორჟანგის კომპენსაცია მოხდა სპეციალური პროგრამით, რომელიც საშუალებას იძლევა, გამონაბოლქვის სანაცვლოდ მწვანე პროექტის განხორციელებისთვის გადაიხადო გარკვეული თანხა. ამ შემთხვევაში ფული ტრადიციული ენერგოწყაროების ალტერნატიულით ჩანაცვლებისთვის გადაირიცხა.

ფილმი უსასყიდლოდ განთავსდა YouTube-ზე და უკვე 100 მლნ-ზე მეტმა მომხმარებელმა ნახა სხვადასხვა ენაზე. ეს არცთუ უმნიშვნელო შედეგია. ფილმი 40 ენაზე ითარგმნა, 131 ქვეყანაში მისი ოფიციალური ჩვენება გაიმართა, მიიღო უამრავი ჯილდო…
შეიძლება თუ არა ფილმის სასწავლო რესურსად გამოყენება

მასწავლებლებმა, განურჩევლად იმისა, რომელ საგანს ასწავლიან, ეს ფილმი უნდა ნახონ. ეს ჩემთვის ცხადზე უცხადესია. იმავდროულად, შეიძლება მოსწავლეებსაც ვაყურებინოთ. ფილმის ყურებისას თითოეულ მასწავლებელს შესაძლოა გაუჩნდეს სურვილი, თავისი საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიმე სადისკუსიო საკითხი წამოჭრას და მოსწავლეებთან ერთად განიხილოს. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ გარემო თითოეული ჩვენგანის საზრუნავია, რომ ეკოლოგიური წიგნიერების განვითარებაზე ყველა უნდა ზრუნავდეს.

ფილმის მთავარი სათქმელი ასეთია: ის, რის შექმნასაც ასეულობით წელი სჭირდება, შესაძლოა უმოკლეს დროში განადგურდეს.

ფილმში მოყვანილია შემდეგი ფაქტები:
● მოსახლეობის მხოლოდ 20% იყენებს რესურსების 80%-ს.
● სამხედრო დანახარჯები 12-ჯერ აღემატება საერთაშორისო დახმარებათა მოცულობას.
● მსოფლიოში ყოველდღიურად 5 ათასი კაცი იღუპება მხოლოდ იმიტომ, რომ ხელი არ მიუწვდება სუფთა წყალზე. უწყლობით იტანჯება მილიარდი ადამიანი.
● მილიარდი ადამიანი შიმშილობს.
● მარცვლეულის 50% ცხოველების გამოსაკვებად და ბიოსაწვავად გამოიყენება.
● სახნავ-სათესი მიწების 40% ეროზირებულია.
● ყოველწლიურად ნადგურდება 13 მლნ ჰა ტყე.
● ოთხიდან ერთი ძუძუმწოვარი, რვიდან ერთი ფრინველი, სამიდან ერთი ამფიბია გადაშენების პირასაა.
● სარეწაო თევზის სამი მეოთხედი უკვე გადაშენების პირასაა.
● კლიმატის ცვლილება სულ უფრო კატასტროფულად აისახება დედამიწის სხვადასხვა ადგილზე.
● უკანასკნელ 40 წელიწადში ყინულოვანი საფარი 40%-ით გათხელდა.
● 2050 წლამდე კლიმატის ცვლილების გამო 200 მლნ მიგრანტი გვეყოლება
რას უნდა მიექცეს ყურადღება

ფილმის ყურებისას

ფილმი ხელს უწყობს მოსწავლის ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის გაღვივებას, აღმოაჩენინებს მას მცენარეთა თუ ცხოველთა უამრავ სახეობას, ადგილს, მოვლენასა თუ პროცესს, რომლის შესახებაც მეტის გაგება მოუნდება, უამრავ ქვეყანას, დაანახვებს მათ განსხვავებული კუთხით.

ყურადღების მოსაკრებად საჭიროა მოსწავლეებს მიეცეთ დავალება, ფილმის ყურებისას ჩაინიშნონ, რის დამახსოვრებაც სურთ, რაც გამოადგებათ; რა ნახეს, რა იგრძნეს, რა ისწავლეს, რა შეცვალა ფილმმა მათ მსოფმლხედველობაში და რის თქმას ისურვებდნენ მათთვის, ვისაც ფილმი ჯერ არ უნახავს.

მოთხოვნები იმის თაობაზე, რას უნდა მოიცავდეს მათი ჩანაწერი, უმჯობესია დაფაზე ან ფლიპჩარტზე დაიწეროს.
ფილმის ყურების შემდეგ

ფილმის ყურების შემდეგ შეიძლება დაისვას რამდენიმე გეზის მიმცემი კითხვა, რათა მოსწავლეებს არ მიავიწყდეთ მთავარი და ის მეორეხარისხოვანმა არ გადაფაროს. შინაარსთან ერთად შეიძლება ყურადღება მიექცეს კინემატოგრაფულ ხერხებს, სტილს, მუსიკას; რა ძირითადი იდეის გადმოცემა სურდათ ფილმის შემქმნელებს, როგორია პირველი და ბოლო კადრები, რამდენად ეფექტურია პირველი წინადადება, ვინ არის ფილმის მთავარი გმირი – დედამიწა, ადამიანი, ბუნება თუ დრო, რა ადგილი უკავია ფილმში ბუნებას, ადამიანს, სამეცნიერო და სამრეწველო პროგრესს. გამოხატავს თუ არა თავის პოზიციას ფილმის ავტორი, გვახვევს თუ არა მას თავს, ეფუძნება თუ არა ფაქტებს. რამდენად ეფექტურია ზემოდან დანახული დედამიწა და სხვა.

ფილმის ძირითადი იდეა არცთუ იოლი მოსახელთებელია, რადგან მის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა თემაა წამყვანი: თავდაპირველად თუ დედამიწის სილამაზეა უყრადღების ცენტრში, შემდეგ იგი საწვავ რესურსებზე გადაინაცვლებს; ამას მოჰყვება პესტიციდების პრობლემა, ჭარბი თევზჭერა, გაუდაბურება, მონოკულტურა და ნიადაგის ეროზია, კლიმატის გლობალური ცვლილება, დაცული ტერიტორიები, ტყეების აღდგენა და ალტერნატიული ენერგოწყაროები

მოსწავლეებმა შეიძლება ცალ-ცალკე ჩაიწერონ თითოეულ თემაზე მოწოდებული ფაქტები და ანალიზი. დასკვნების გამოტანაც მათვე მიანდეთ. დაე, განსაზღვრონ, რა პასუხისმგებლობა ეკისრება ადამიანს მიმდინარე ცვლილებებზე.

ამის შემდეგ კი შეიძლება მსჯელობა იმაზე, რამდენად ეფექტურად სრულდება ფილმი, რატომ არ გვგვრის პესიმისტურ განწყობას და რა მიუთითებს იმაზე, რომ პრობლემების მოგვარება და ამ უნიკალური ბუნების შენარჩუნება შესაძლებელია.
ინტერნეტში ფილმი ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართებზე:

– ფრანგულ ენაზე

 

– რუსულ ენაზე

ყველაზე უჩვეულო მდინარეები

0

ჩვენს პლანეტაზე მრავალი საინტერესო მდინარეა. მინდა, ამ სტატიით ზოგიერთი მათგანი გაგაცნოთ.

დედამიწაზე ყველაზე ლამაზ მდინარედ კანიო კრისტალესი ითვლება. ზოგჯერ მას ხუთი ფერის მდინარესაც უწოდებენ. ის კოლუმბიის ჩრდილოეთ ნაწილში, სიერა-დე-ლა-მაკარენაში მიედინება და მისი სიგრძე დაახლოებით 100 კმ-ია. მდინარის უჩვეულო ფერი აქ არსებული მღიერებისა და წყალმცენარეების მრავალფეროვნებამ განაპირობა. ფერების სხვადასხვაობა წელიწადის დროსა და მდინარეში წყლის დონეზეა დამოკიდებული. კანიო კრისტალესი განსაკუთრებით ლამაზია ზაფხულში და შემოდგომაზე. მდინარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული.

სამხრეთ ამერიკაში, ჩილეს ნავსადგურ არიკადან არცთუ შორს, პატარა მდინარე მიედენება… ოღონდ მხოლოდ ღამით. ეს იმით აიხსნება, რომ მდინარე ანდების თოვლით საზრდოობს, რომელიც მხოლოდ მზის სხივებით გათბობის შემდეგ დნება, ამიტომ დღისით მდინარის კალაპოტი შრება და წყალი იქამდე მხოლოდ საღამოს აღწევს.

უჩვეულოა სამხრეთ ამერიკის მეორე მდინარეც – ორინოკო. მისი ზემო დინება ორ ტოტად იყოფა, რომლებიც შემდეგ სხვადასხვა აუზში ჩაედინებიან. ერთი ტოტი გზას აგრძელებს, ხოლო მეორე მდინარე ამაზონის ერთ-ერთ შენაკადს უერთდება. ამ მოვლენას ბიფურკაცია – გაორება ჰქვია.

კამბოჯის ცენტრალურ ნაწილში ულამაზესი ტბა ტონლესაპი მდებარეობს. მას კამბოჯის შიდა ზღვასაც უწოდებენ. ტბიდან მდინარე საპი გამოედინება, რომელიც ამავე დროს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი უდიდესი მდინარის, მეკონგის, მარჯვენა შენაკადია. ქვეყნის დედაქალაქის პნომპენის ახლოს ეს მდინარეები ერთმანეთს უერთდება.

მდ. მეკონგის შენაკადი საპი ტიბეტის ზეგანზე იღებს სათავეს და ტბაში ჩაედინება. გაზაფხულზე თოვლის დნობისას, განსაკუთრებით კი მუსონური წვიმების პერიოდში, მდინარეში წყლის დონე 12 მ-ით იმატებს. ამ დროს ტბის ფართობი ოთხჯერ იზრდება და დატბორილი წყალმარჩხი ტერიტორიები თევზების გამრავლებისა და ცხოვრებისათვის საუკეთესო გარემოს წარმოადგენს. ფართობის ერთ ჰექტარზე თევზის რაოდენობით ეს ტბა ლიდერია მსოფლიოში. როცა მეკონგის წყლის დონე იკლებს, მდინარე საპი წყლის მარაგს სწორედ ამ ტბიდან ივსებს.

მდინარეები ზოგჯერ „იატაკქვეშა” მოქმედებაზე გადადიან. ასეთი მდინარეა სიმი, რომელიც დროდადრო მთის ძირში ქრება და შემდეგ მთის მეორე მხარეს ამოყოფს ხოლმე თავს ხმელეთის ზედაპირზე.

ზოგიერთი მდინარე თავის ნაპირებზე მაღლა მიედინება. ასეთებია პო იტალიაში, რიონი საქართველოში, წითელი ვიეტნამში, ხუანხე ჩინეთში… მათმა დონემ ზაფხულში შესაძლოა მთელი 12 მ-ით აიწიოს, ხოლო ზამთარში – 5 მ-ით, ამიტომ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ნაპირების გამაგრება, დამბების მშენებლობა, რომ მდინარეებმა კალაპოტიდან „გაქცევა” ვერ მოახერხონ.

მდინარე ხუანხემ თავისი მჩქეფარე „ტემპერამენტის” გამო მრავალი მეტსახელი მიიღო: „ათასი უბედურების მდინარე”, „გულის გამგლეჯი” და სხვ. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ხუანხემ უკვე 26-ჯერ შეიცვალა კალაპოტი და წყალდიდობების გამო 1500-ჯერ მიაყენა უდიდესი ზარალი მოსახლეობას. ხუანხე ყველაზე მღვრიე მდინარეა ჩვენი პლანეტის დიდ მდინარეებს შორის: 1 კუბურ მეტრ წყალში დაახლოებით 40 კგ ნატანი მასალაა. ეს მდინარე ერთი წლის განმავლობაში შესართავთან თითქმის 2 მილიარდ ტონა ნატანს ლექავს. სურათი რომ ნათელი იყოს, ასეთ შედარებას მოვიყვანთ: ეგვიპტის ხეოფსის პირამიდა თითქმის 6 მილიონ ტონას იწონის. შესაბამისად, მდინარეს წლის განმავლობაში ზღვაში 3.5 ტონა პირამიდის ქვიშა, ანუ თითქმის მთელი ქალაქი ჩააქვს. ამიტომ სულ არ არის გასაკვირი, რომ ზღვას, რომელშიც ხუანხე ჩაედინება, ჩინელებმა ყვითელი უწოდეს.

დედამიწაზე გვხვდება მდინარეები, რომლებიც არსად ჩაედინება. ისინი უდაბნოს ქვიშებში იკარგებიან ან მათ მთლიანად სარწყავად იყენებენ. ასეთებია, მაგალითად, ცენტრალური აზიისა და ყაზახეთის მდინარეები – ჩუ, მურღაბი, სარისუ, ზერავშანი. მდინარე ტეჯენი კი ყველაზე გრძელია ამ ტიპის მდინარეებს შორის. მისი სიგრძე 1150 კმ-ია. იგი თურქმენეთისა და ირანის ტერიტორიებზე მიედინება, თუმცა სათავეს ავღანეთის მთებში იღებს და მას ძირითადად სარწყავად იყენებენ.

სამხრეთ აფრიკაში მიედინება მდინარე ოკავანგო, რომელიც კალაჰარის უდაბნოში იკარგება და იქ მსხვილ ნაპრალებს წარმოქმნის.

ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე, ქ. როტორუას ახლოს, უნიკალური მდინარე მდებარეობს. ის იმითაა გამორჩეული, რომ მისი წყალი მარჯვენა ნაპირთან ძალიან ცივია, ხოლო მარცხენასთან „დუღს”. მდინარე ისე სწრაფად მიედინება, რომ ცივი და ცხელი წყლის ნაკადები შერევას ვერ ასწრებს.

არსებობს მდინარეები, რომლებიც ყველას აოცებს დინების „ნახაზით”. თუ რუკას ყურადღებით დააკვირდებით და მდინარე ვოლგის მარჯგვენა შენაკადს სვიტიაგუს მოძებნით, აღმოაჩენთ, რომ ის დაახლოებით 400 კმ-ზე, ვოლგის პარალელურად მიედინება, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით.

დედამიწაზე არის სხვა საინტერესო მდინარეებიც. მაგალითად, ასეთია მდინარე სურის შენაკადი პიანა (რუსეთი). მას არაჩვეულებრივი საფეხურებრივი აგებულება აქვს. ასეთივე თავისებურებით შეუძლია დაიკვეხნოს მდინარე ურალსაც, რომელიც ამავე დროს ევროპისა და აზიის საზღვარია. იგი ურალის მთების აღმოსავლეთ კალთაზე იღებს სათავეს, სამხრეთით მიედინება, შემდეგ ზუსტად 90 გრადუსით იცვლის მიმართულებას და კიდევ რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლის შემდეგ თავდაპირველ მიმართულებას უბრუნდება.

ცნობილია, რომ ყველა მდინარეს აქვს შენაკადები, რომლებიც მთავარ მდინარეს წყლით ამარაგებენ. წესისამებრ, ისინი სიგრძითა და წყალუხვობით მთავარ მდინარეს ჩამორჩებიან, თუმცა არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე. მაგალითად, მდ. ენისეის შენაკადი ანგარა უფრო წყალუხვია, ვიდრე თავად ენისეი.

ასევე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი მდ. სენაზე კი არა, მის შენაკად იონზეა გაშენებული, რადგან მისი წყლის ხარჯი წამში 105 კუბური მეტრია, ხოლო თავად სენასი – მხოლოდ 75.

ასევე ხშირია პარადოქსები მთავარი მდინარეებისა და მათი შენაკადების სიგრძესთან დაკავშირებით. მაგალითად, განგის სიგრძე 2700 კმ-ია, რაც 200 კმ-ით ნაკლებია მისივე შენაკადის სიგრძეზე. ავსტრალიაში მდებარე მდინარე მურეი, რომლის სიგრძე 2750 კმ-ია, 170 კმ-ით ჩამოუვარდება თავისივე შენაკადს – დარლინგს. ალბათ ბევრისთვის იქნება მოულოდნელი ის ფაქტიც, რომ მისისიპის შენაკადის მისურის სიგრძე 3950 კმ-ს უდრის, ხოლო თავად მისისიპისა მისურისთან ერთად 4740 კმ-ია.

თუ ავსტრალიის რუკას დააკვირდებით, მის დასავლეთ ნაწილში მდინარე გასკოინს იპოვით, მაგრამ თუ ამ კონტინენტს ესტუმრებით, იქ მხოლოდ გრძელი ქვიშის ზოლი დაგხვდებათ ბუჩქებსა და ხეებს შორის. სწორედ ამ ბრტყელი ზოლის ქვეშაა მოქცეული მდინარე გასკოინი, რის გამოც გამო მას „უკუღმა მდინარე” უწოდეს.

ოდესმე გინახავთ მდინარეები, რომლებიც ერთმანეთს სწორი ანუ მართი კუთხით კვეთენ და შემდეგ თავიანთ კალაპოტში დამოუკიდებლად აგრძელებენ დინებას? თურმე ასეთი რამ ხდება პოლონეთის ქალაქ ვონგრავეცში. ეს მდინარეებია ნელბა და ველნა (იხ სურათი).

 

ყველაზე საკვირველი კი ის არის, რომ ამ მდინერეების წყლები ერთმანეთს არც კი ერევა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ არაჩვეულებრივი მოვლენის საიდუმლო მდინარეების წყლის სხვადასხვა ტემპერატურაა. ამ ადგილას ბევრი ექსპერიმენტი ჩატარდა. მდ. ველნაში წითელი საღებავი ჩაასხეს, ხოლო ნელბაში – ლურჯი. მდინარეთა გადაკვეთის ადგილას საღებავები ერთმანეთს არ შეერია: ლურჯად შეფერილი წყალი თავის კალაპოტში მიედინებოდა, წითელად შეღებილი კი – თავისაში. ეს კი მართლაც რომ ბუნების საოცრებაა.

„გამქრალი“ გეოგრაფიული ობიექტები

0
გეოგრაფიული აღმოჩენების შესახებ ალბათ ყველამ იცის, მაგრამ გამქრალი გეოგრაფიული ობიექტების შესახებ, მგონი, ბევრს არაფერი გაუგონია. არადა, გეოგრაფიულ აღმოჩენებთან ერთად ასეთი რამაც ხშირად ხდება და ეს ფენომენიც დიდ როლს ასრულებს გეოგრაფიული მეცნიერების განვითარებაში.

არცთუ დიდი ხნის წინ ატლანტის ოკეანის ფსკერის იმ ნაწილის რუკაზე გამოსახვისას, რომელიც კ. გრენლანდიასა და შპიცბერგენის არქიპელაგს შორის მდებარეობს, ოკეანოგრაფები მონიშნავდნენ დიდ ქედს, რომელსაც ნანსენის ბარიერი ერქვა. ამჟამად ეს ადგილი რუკებზე შესწორებულია, რადგან ყოფილი საბჭოთა კავშირის ექსპედიციამ ფსკერის გამოკვლევისას დაადგინა, რომ ამ ადგილას არავითარი ქედი არ არის. ექოლოტებით გაზომილ იქნა სიღრმეები და საბოლოოდ დადგინდა, რომ ოკეანეში მხოლოდ ცალკეული წყალქვეშა მთებია, რომლებიც ერთმანეთისგან 3000 მ სიღრმის ფართო „სრუტეებითაა” გამოყოფილი. ამრიგად, ინფორმაცია მითიური წყალქვეშა ბარიერის შესახებ, რომლის არსებობაში გეოგრაფები მრავალი წელი იყვნენ დარწმუნებულები, მცდარი აღმოჩნდა და ეს ობიექტიც რუკიდან გაქრა.

გამქრალი გეოგრაფიული ობიექტების სიმრავლით გამოირჩევა ანტარქტიდის ნაპირები. ცნობილია, რომ დროდადრო ამ კონტინენტს გიგანტური აისბერგები – მოდრეიფე ყინულის კუნძულები – სწყდება და ოკეანეში დაცურავს. მეცნიერებმა გამოიანგარიშეს, რომ ანტარქტიდის ყინულოვანი სანაპირო მცირედ გადაადგილდება ჩრდილოეთით წელიწადში 50-დან 500 მ-მდე, ზოგჯერ კი 2000 მ სიჩქარით. ამ გადაადგილების შედეგად ანტარქტიდის სანაპირო ხაზი გამუდმებით იცვლება. მაგალითად, ერთ-ერთი გიგანტური აისბერგის წყალობით არცთუ დიდი ხნის წინ ოკეანეში „გაცურდა” ეიმერის კონცხი, ევანსის, ტორეჰავნისა და ინგრამის უბეები. ასევე გაქრა პრიუდსისა და მაკენზის ყურეები და მათ ადგილას ერთი დიდი ყურე წარმოიქმნა.
სახელგანთქმულ ნორვეგიელ პოლარულ მკვლევარ რუალ ამუნდსენს ჩვენს დროში ხელახლა რომ მოეწყო ექსპედიცია ანტარქტიდაზე, უბრალოდ ვერ იპოვიდა ცნობილ ვეშაპთა უბეს, სადაც მდებარეობდა მისი ფრამჰეინის ექსპედიციის ბაზა და საიდანაც ის სამხრეთ პოლუსზე გაემგზავრა – აღმოჩნდა, რომ ნაპირის ეს ნაწილი გიგანტურ აისბერგთან ერთად ჯერ კიდევ 1940 წელს გაცურდა ჩრდილოეთისკენ. 1963 წელს როსის ზღვაში მცურავი ამერიკული გემი ნაპირიდან 500 კმ-ის მოშორებით ამ კუნძულის ნაშთებს გადაეყარა.

შეიძლება ითქვას, იგივე ბედი ეწია საკმაოდ დიდი ფართობის ჩელუსკინელების ნახევარკუნძულს, რომელიც 1956 წელს საბჭოთა ექსპედიციამ აღმოაჩინა. ეს ნახევარკუნძული, რომელიც გამუდმებით იცვლებოდა, საბოლოოდ 1964 წელს მოსწყდა კონტინენტს, 5 000 კვ. კმ ფართობის კუნძულად იქცა და ვეება ლაინერივით მშვიდად გაცურა ოკეანეში ჩრდილოეთის მიმართულებით.

რუსმა მეცნიერებმა 1959 წელს „გააუქმეს” კუნძულები სუეინს-აილენდი და მეისის-აილენდი, რომლებიც ჯერ კიდევ 1800 წელს აღმოაჩინა ინგლისელმა კაპიტანმა სუეინსმა. ეს კუნძულები, რომლებიც ს.გ. 59 გრადუსსა და დ.გ. 90 გრადუსზე მდებარეობდა, როგორც შემდეგ გაირკვა, კუნძულები კი არა, აისბერგები ყოფილა. ასევე „გაქრა” ვულკანი სოვოლდიც, რომელიც ყველა ამერიკულ და ნორვეგიულ რუკაზე იყო გამოსახული. ეს 300 მ სიმაღლის ვულკანი კონტინენტზე მყინვარ ეიმერის მახლობლად მდებარეობდა.

1982 წელს ექსპედიციამ, რომელიც დედამიწის გარშემო ფ. ბელინსჰაუზენისა და მ. ლაზარევის მარშრუტით მოგზაურობდა, დაადგინა რომ კ. ტერა-ნოვა მხოლოდ და მხოლოდ დიდი ყინულის მასივია, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს კონტინენტს მოსწყდა და ოკეანეში ისევე გაცურდა, როგორც კლარას მიწა, რომელიც ფრანგმა მოგზაურმა დიუპონ-დიურვილმა აღმოაჩინა. 1987 წელს კი გაჩნდა ცნობა კონტინენტიდან ახალი აისბერგის მოწყვეტის შესახებ, რომლის ზომები იყო 134/37 კმ და რომელმაც შესამჩნევად შეცვალა როსის ზღვის სანაპირო ხაზი.
უნდა ითქვას, რომ გეოგრაფიული ობიექტები არა მარტო მაღალ განედებში „ქრებიან”, არამედ იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც დიდი ხანია გამოკვლეულია. მაგალითად, ამჟამად რუკაზე ვერ იპოვით ისეთ კუნძულთა ჯგუფს, როგორიცაა განგესი, რომელიც მე-17 საუკუნეში ესპანელმა ზღვაოსნებმა აღმოაჩინეს. ესპანელების აღმოჩენილია წყნარი ოკეანის კუნძულები ბონინი, იდჰუ და ვოლკანოც. ექსპედიციის უკან დაბრუნებისას კი მათ ეს ობიექტები უკვე სხვა რაკურსით დაინახეს, მაგრამ ვერ იცნეს და ამავე დროს შეცდომითაც განსაზღვრეს მათი გეოგრაფიული კოორდინატები. „ახალ” კუნძულებს განგესი უწოდეს. არარსებულ კუნძულთა ჯგუფს თითქმის 300 წლის განმავლობაში აღნიშნავდნენ რუკებზე. 1965 წელს საბჭოთა ექსპედიციამ საბოლოოდ გააქარწყლა მითი ამ კუნძულების შესახებ და ეს აღმოჩენა „გააუქმა”.

ასეთი შემთხვევები იშვიათი არ არის. თანამედროვე გეოგრაფიულ რუკებზეც კი გვხვდება კუნძულები, რომლებიც აღნიშნულია აბრევიატურებით: „ПС” და „СС”, რაც ნიშნავს „მდებარეობა საეჭვოა” ან „არსებობა საეჭვოა”.

დიდი ხნის წინ აღმოჩენილი ზოგიერთი კუნძული უკვე რამდენიმე ასეული წელია „დამალობანას” გვეთამაშება. ამის კარგი მაგალითია კ. ბუვიე, რომელიც თეორიულად ნორვეგიის საკუთრებაა და სამხრეთ ოკეანეში ანტარქტიდის ახლოს მდებარეობს. ეს ვულკანური კუნძული თითქმის მთლიანად ყინულით არის დაფარული და სქელი ნისლით არის გარემოცული. იგი ფრანგმა კაპიტანმა ბუვიემ აღმოაჩინა ჯერ კიდევ 1793 წელს, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ კი ცნობილმა ინგლისელმა მოგზაურმა ჯ. კუკმა ამ ადგილას ხმელეთის ნაგლეჯიც კი ვერ იპოვა. კუკი დარწმუნებული იყო, რომ ბუვიემ რუკაზე კუნძულად აისბერგი მონიშნა. კიდევ 200 წლის შემდეგ ინგლისური ვეშაპებზე მონადირე შხუნის კაპიტანი ლინდსეი სრულიად მოულოდნელად დაეტაკა ნისლში გახვეულ კუნძულს და მას თავისი სახელი უწოდა. ალბათ წარმოგიდგენიათ, რაოდენ დიდი იყო მისი იმედგაცრუება, როცა ეს ბუვიეს კუნძული აღმოჩნდა.

კ. ბუვიეს ხელახალი აღმოჩენა დიდი ხნით მივიწყებულ იქნა. მოგვიანებით ინგლისელმა კაპიტანმა ნორისმა კიდევ ერთხელ იპოვა კუნძული და დარწმუნებულმა, რომ სრულად ახალი ტერიტორია აღმოაჩინა, მას ლივერპული უწოდა, იქვე ახლოს კი მეორე კუნძულიც ნახა და მას ტომპსონიო დაარქვა.

ვულკანური კუნძულები გეოგრაფებს და ზოგიერთი ქვეყნის მთავრობებს ბევრ უსიამოვნო მოულოდნელობას სთავაზობს. როგორც წესი, ისინი მალევე უჩინარდება და რამდენიმე ხნის შემდეგ ხელახლა ჩნდება. ზღვაოსნები და მოგზაურები აღმოაჩენენ ხოლმე ვულკანურ კუნძულებს, მათ რუკაზე აღნიშნავენ, კუნძულის ტერიტორიაზე საკუთარი ქვეყნის დროშას აღმართავენ, ერთი წლის შემდეგ კი კუნძულები ისე ქრებიან, თითქოს არც არასდროს ეარსებათ. ამის გამო ზოგჯერ საერთაშორისო კონფლიქტებიც კი ხდება. მაგალითად, 1831 წლის 13 ივლისს ხმელთაშუა ზღვაში, კ. სიცილიასა და აფრიკის ნაპირებს შორის, უეცრად ახალი მიწა გაჩნდა, რომელსაც კ. იულია უწოდეს. სავსებით ლოგიკურია, რომ ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო „ახალდაბადებული” კუნძული მაშინვე იქცა დიპლომატიური კონფლიქტის მიზეზად იტალიასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის. ორივე ქვეყანას ის თავის საკუთრებად მიაჩნდა. მაგრამ სანამ ისინი ერთმანეთთან ურთიერთობას არკვევდნენ, კუნძული გაუჩინარდა. საინტერესოა, რომ მას შემდეგ იგი არაერთხელ გამოჩნდა და გაქრა და ყოველ გამოჩენაზე ახალ-ახალ სახელწოდებას იღებდა.

1935 წელს კურიოზული შემთხვევა მოხდა: ერთ-ერთმა იაპონურმა კომპანიამ ამერიკულ ტრესტს მიწა მიჰყიდა, რომელიც იაპონიის საკუთრებაში, კაროლინას არქიპელაგში, შემავალ რამდენიმე კუნძულზე მდებარეობდა. ამერიკელებს ამ ტერიტორიაზე ტროპიკული კულტურების პლანტაციების გაშენება სურდათ. მაგრამ როდესაც ამერიკელთა მცენარის თესლებითა და ნერგებით დატვირთული გემი დანიშნულების ადგილს მიადგა, იქ კუნძულები ვეღარ ნახა. აღმოჩნდა, რომ დოკუმენტების გაფორმებისას ისინი ოკეანეს შთაენთქა.

1957 წლის 28 სექტემბერს პორტუგალიის საკუთრების, აზორის კუნძულების სიახლოვეს წყალქვეშა მიწისძვრის შედეგად კიდევ ერთი ახალი კუნძული წარმოიქმნა, რომელმაც სულ რაღაც ერთი თვე იარსება. ალბათ იგივე ბედი ეწევათ 1963 წელს ისლანდიის მახლობლად გაჩენილ კ. სურსეის და 1986 წელს იაპონიის ნაპირებთან წარმოქმნილ ფუკუტა-კუილობას. 1992 წლის ივლისში ახალი კუნძული გაჩნდა ალეუტის არქიპელაგში, რომლის სიგრძე 1.5 კმ-ია, ხოლო სიმაღლე ზ.დ. 100 მ.

ასეთი კუნძულები ზოგჯერ ლიტერატურულ ნაწარმოებებშიც აისახება. მაგალითად, რომანში „ბიძია ანტიფერის საოცარი მოგზაურობა” ცნობილმა მწერალმა ჟიულ ვერნმა დიდი ოსტატობით აღწერა ვულკანური კუნძულების მოძრაობა. რომან „საიდუმლო კუნძულში” კი ასევე შთამბეჭდავადაა აღწერილი აბრაამ ლინკოლნის კუნძულის გაქრობა. მის პროტოტიპად იქვა კ. კრაკატაუ, რომლის დიდი ნაწილი 1883 წლის ვულკანურ ამოფრქვევას შეეწირა.

თანამედროვე მსოფლიოს შვიდი საოცრება

0

თითოეულ ჩვენგანს გაუგონია, რომ ძველ სამყაროში არსებობდა მსოფლიოს 7 საოცრება. პირველი ცნობები მათ შესახებ ძველი ბერძენი მეცნიერის ჰეროდოტეს ნაშრომებში გვხვდება, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5 ათასწლეულში დაიწერა. ჰეროდოტემ სცადა, დაეჯგუფებინა იმ დროისთვის არსებული უდიდესი ნაგებობები, რომლებიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველზე. მან მხოლოდ გამორჩეული საინჟინრო კონსტრუქციების სია კი არ შეადგინა, არამედ აღწერა კიდეც ისინი. სამწუხაროდ, ამ ნაშრომებს ჩვენამდე არ მოუღწევია – ისინი ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში გაჩენილმა ხანძარმა იმსხვერპლა სხვა, არანაკლებ ფასეულ ხელნაწერებთან ერთად.

ვრცლად

ერთი ჩვეულებრივი გაკვეთილი

0
გთავაზობთ გეოგრაფიის ჩვეულებრივი გაკვეთილის გეგმას, რომლისთვისაც, გარდა სახელმძღვანელოსი და რვეულისა, არავითარი დამატებითი რესურსი არ არის საჭირო. გაკვეთილის დაგეგმვის ნიუანსებზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ – ისინი დაწვრილებით ვარის განხილული არაერთ თეორიულ მასალაში.
მე-9 კლასი

გაკვეთილის თემა: ჰავის ძირითადი ტიპები

ვრცლად

თანამედროვე რობინზონები

0
მსოფლიო ოკეანის თვალუწვდენელ წყლებში დღესაც გვხვდება უკაცრიელი კუნძულები და ზოგჯერ მათზე თავშესაფარს ჩვენი დროის რობინზონები პოულობენ. სავსებით შესაძლებელია, ახლაც კი, როცა თქვენ ამ სტრიქონებს კითხულობთ, ჩვენი პლანეტის სხვადასხვა კუთხეში ისინი ველურ პირობებში არსებობისთვის იბრძოდნენ. სხვათა შორის რობინზონებს მხოლოდ დაუსახლებელ კუნძულებზე კი არ შეხვდებით, არამედ სხვაგანაც, ცივილიზაციის კერებიდან არცთუ შორს.

მაგალითად, 1983 წელს ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე, პატარა მდინარე სამხრეთ სარმატის ნაპირას, გაუვალ ჯუნგლებში, მონადირეთა ჯგუფი 12 წლის გოგონას, იმაიატას, წააწყდა, რომელმაც აქ სრულ მარტოობაში ექვსი წელი გაატარა. 1977 წლის თებერვლის ერთ დღეს იმაიატა მეგობრებთან ერთად მდინარეზე სათევზაოდ წავიდა და უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. ყველამ ჩათვალა, რომ გოგონას ნავი გადაუბრუნდა და დაიხრჩო. ექვსი წლის განმავლობაში იმაიატა ისე გაველურდა, რომ მშობლიური ენაც კი დაავიწყდა. მიუხედავად ამისა, ბედნიერმა მშობლებმა მაშინვე იცნეს ქალიშვილი. ყველაზე საინტერესო კი ამ ისტორიაში ის არის, რომ პატარა „რობინზონი” მშობლიური სახლიდან სულ რაღაც 20 კმ-ზე ცხოვრობდა.

მომდევნო გმირი, შეიძლება ითქვას, ჩემპიონია ყველა დროის რობინზონებს შორის. 1911 წელს ბრიტანული შხუნა „მშვენიერი ნეტარება” წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში ქარიშხალში მოჰყვა და ჩაიძირა. ქოქოსის პალმებით დაფარულ, მაგრამ უკაცრიელ მარჯნის კუნძულს მხოლოდ 14 წლის იუნგამ ჯერემი ბიბსმა მიაღწია. ბიჭი მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ კარგად იცნობდა დანიელ დეფოს რომანს, რომელიც მისთვის მრჩევლის ფუნქციას ასრულებდა. ჯერემიმ ქოხი აიშენა, ჩიტებზე სანადიროდ მშვილ-ისარი დაამზადა… იუნგა ფრინველთა კვერცხებით, ქოქოსის პალმის ნაყოფითა და ქოქოსის რძით იკვებებოდა. როგორც რობინზონ კრუზო, ჯერემიც საკუთარი ხელით შექმნილი ხის კალენდარით სარგებლობდა. ასე გაატარა მან მრავალი წელი და მხოლოდ 1985 წელს კუნძულთან შემთხვევით მოხვედრილმა გერმანულმა გემმა დააბრუნა სამშობლოში 88 წლის ჯერემი ბიბსი.
რობინზონებს შორის ისეთებიც არიან, ნებით რომ ტოვებენ ცივილიზებულ სამყაროს და უკაცრიელ კუნძულებზე თუ სხვა დაუსახლებელ ადგილებზე მიდიან. თუმცა თანამედროვე მსოფლიოში ასე დამალვა, შეიძლება ითქვას, წარმოუდგენელია; ასეთ რობინზონებს ადრე თუ გვიან პოულობენ. მაგალითად, 1957 წელს წყნარ ოკეანეში მდებარე პოლინეზიის ერთ-ერთ დაუსახლებელ კუნძულზე ინგლისელმა მეზღვაურებმა აქ შოტლანდიელი ადამ მაკაალოკას კვალს მიაგნეს. მან მრავალი წელი გაატარა ნახევრად დანგრეულ ქოხში. სწორედ აქ იპოვეს მისი დღიური, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მაკაალოკი კუნძულზე 1850 წელს დასახლებულა.
მომდევნო რობინზონის ცხოვრება კი ინგლისელმა მწერალმა სომერსეტ მოემმა აღწერა თავის მოთხრობაში „გერმანელი ჰარი”. სინამდვილეში ამ რობინზონის სახელი ჰენრი ელვორტია და ის 1849 წელს დანიაში დაიბადა. ჰენრი 16 წლიდან მოგზაურობაზე ოცნებობდა. ის აფრებიან იახტა „ჟიბროზე” მოეწყო მეზღვაურად. 1884 წელს იახტა ავსტრალიასა და ახალ გვინეას შორის მდებარე ტორესის სრუტეში მარჯნის რიფს შეასკდა და ჩაიძირა. ელვორტი უკაცრიელ კუნძულ ტერედიზე მოხვდა, სადაც მოულოდნელად თავის ძველ ნაცნობს ლუი გრეკს გადაეყარა. მეგობრებმა გადაწყვიტეს, სამუდამოდ დარჩენილყვნენ ტროპიკულ „სამოთხეში”. ისინი აგროვებდნენ მარგალიტებს, ნადირობდნენ და თევზაობდნენ. ცხრა წლის შემდეგ ამ რობინზონების პოლკს კიდევ ერთი წევრი შეემატა: მათ თავგადასავლების მაძიებელი ჯოზეფ დე პაოლი შეუერთდა. მალე მან მეგობრების მიერ შეგროვებული მარგალიტების მთელი მარაგი მოიპარა და კოლონისტების გემით გაიქცა კუნძულიდან. 1900 წელს კუნძული ლუი გრეკმაც დატოვა. ის დიდხანს სთხოვდა მეგობარს, მასთან ერთად წასულიყო, მაგრამ ვერ დაიყოლია. კუნძულზე მარტო დარჩენილმა ელვორტმა, დ. დეფოს რობინზონის მსგავსად, 28 წელი გაატარა იქ და 1928 წელს გარდაიცვალა.

1960 წელს წყნარი ოკეანის სამხრეთში, კუკის არქიპელაგში შემავალი უკაცრიელი ატოლის სუვოროვოს თავზე გადაფრენისას, ამერიკული სამხედრო გემის შვეულმფრენის ეკიპაჟმა ადამიანი შეამჩნია. ეს ახალზელანდიელი ტომ ნილი აღმოჩნდა, რომელიც 1957 წლიდან ნებით ცხოვრობდა იქ. ნილი ძალზე წინდახედული რობინზონი აღმოჩნდა. კუნძულზე ცხოვრების გასაადვილებლად მას თან წაუღია საკმაო რაოდენობის საწვავი, ასანთის კოლოფები, რამდენიმე საბანი, საპონი და სხვა სასარგებლო წვრილმანები. გარდა ამისა, ატოლზე მან ბოსტანი გააშენა, ქათმები, მტრედები და ღორებიც კი მოაშენა… ნილმა კუნძულზე თავისი ძაღლიც წაიყვანა და მთელი ცხოვრება მასთან ერთად 700 მ სიგრძისა და 250 მ სიგანის ხმელეთის ნაკუწზე გაატარა.

განცვიფრებული ამერიკელი მეზღვაურები უფრო მეტად გააოცა მოხალისე რობინზონის დამცინავმა სიტყვებმა – მან კატეგორიული უარი განაცხადა უკან დაბრუნებაზე და თქვა, რომ საერთოდ არ აინტერესებდა, რა ხდებოდა იმ სამყაროში. ცხრა წლის შემდეგ, 1966 წელს, ტომ ნილი სამშობლოში დაბრუნდა და გამოსცა წიგნი სათაურით „კუნძული ჩემთვის”, რომელშიც კუნძულზე გატარებული წლები აღწერა. 1967 წელს ნილი ისევ ატოლზე დასახლდა და კიდევ 10 წელი გაატარა იქ.

მოხალისე რობინზონები დღესაც არსებობენ. უკვე ოც წელიწადზე მეტია, შოტლანდიის ნაპირებთან განმარტოებით ცხოვრობს შოტლანდიელი დევიდ გრერლი. სამსახურის დაკარგვის შემდეგ ცხოვრებით უკმაყოფილო დევიდმა თვითიზოლაცია გადაწყვიტა და შეგროვებული თანხით სუფთა სასმელი წყლით უზრუნველყოფილი პატარა კუნძული იყიდა. დევიდ-რობინზონი გამოქვაბულში ცხოვრობს და სოფლის მეურნეობას მისდევს: მოაშენა ცხვრები, ღორები და ქათმები; მისდევს თევზჭერათ და უვლის ბოსტანს.

მარადიული ზაფხულის მხარეში, ფილიპინების არქიპელაგში შემავალ კუნძულ ტამლაგუნაზე (კ. პალავანთან ახლოს), გაცილებით უკეთეს პირობებში ცხოვრობს საზოგადოებისგან განდგომილი კიდევ ერთი რობინზონი – წარმოშობით გერმანელი, მიუნხენელი ფრიდრიხ ტეკსტერი, პროფესიით მექანიკოსი. მან მთელი ქონება გაყიდა და ფილიპინებზე 99 წლის ვადით სულ რაღაც 6 000 გერმანულ მარკად იყიდა პატარა მწვანე კუნძული. ტეკსტერი ბამბუკის ქოხში ცხოვრობს და ხილისა და ბოსტნეულის მოყვანითაა დაკავებული.

ბრაზილიელი 80 წლის რობინზონი, უფრო სწორად, მეცნიერი ფერდინად ლი უკვე 40 წელია ბრაზილიის სანაპიროსთან მდებარე პატარა კუნძულზე ბინადრობს. მან აქ პალმები და ბოსტანი გააშენა, კლდეში კი იპროვიზებული რეზერვუარი შექმნა, რომელშიც წვიმის წყალს აგროვებს. ლი ელექტროენერგიას ქარის ელექტროსადგურებიდან იღებს.

ფერნანდო მუდამ ფეხშიშველა დადის, არ აინტერესებს სამყაროში მიმდინარე მოვლენები და ამიტომაც არ უსმენს რადიოს. ლი კუნძულზე მარტო არ არის: მან რამდნეიმე იგუანა მოიშინაურა, რომლებიც მას ერთგული ძაღლებივით დასდევენ უკან.

სინამდვილეში ამ რობინზონს გუს ანჰელმაიერი ჰქვია და გერმანელია. ბრაზილიაში ჰამბურგიდან ჩავიდა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, მოგვიანებით კი ამ სტუმართმოყვარე კუნძულზე სამუდამოდ დასახლდა.

ავსტრალიის ნაპირებთან, ტორესის სრუტეში, პატარა კუნძულ პაკიზე, პრინც უელსის კუნძულიდან არცთუ შორს, თითქმის ოცი წელი გაატარა კიდევ ერთმა რობინზონმა – შვედმა მეზღვაურმა რუალ ესტა ბანმა. მისი ამორჩეული კუნძული მდიდარია პალმებითა და ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებით, აქვეა ორი მტკნარწყლიანი ტბა, ამიტომაც რუალ ესტა ბანი საჭმელ-სასმელის დეფიციტს არსდროს შეუწუხებია. რობინზონ რუალი ამბობდა, რომ სწორედ აქ გრძნობდა თავს ყველაზე მდიდარ და ბედნიერ ადამიანდ მთელ მსოფლიოში.

რობინზონ კრუზოს ნაკვალევზე

0
დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანს წაუკითხავს ინგლისელი მწერლის დენიელ დეფოს რომანი „რობინზონ კრუზო”. თუ არ წაუკითხავს, ამავე სახელწოდების ფილმი მაინც ექნება ნანახი. ჰოდა, ალბათ ერთხელ მაინც დავფიქრებულვართ, მართლა არსებობდა თუ არა რობინზონ კრუზო და სად მდებარეობდა მისი უკაცრიელი კუნძული.

რობინზონი არ ყოფილა მწერლის ფანტაზიის ნაყოფი – დეფოს რომანს საფუძვლად უდევს ისტორიული ფაქტი და წიგნში მხოლოდ მთავარი გმირის სახელი და გვარია შეცვლილი, ხოლო კუნძული, სადაც ის მოხვდა, მწერალმა ატლანტის ოკეანეში, კარიბის ზღვაში ჩამდინარე მდინარე ორინოკოს შესართავთან გადაიტანა. რობინზონის კუნძულის ბუნებრივი პირობების აღწერისას მან კუნძულების ტრინიდადისა და ტობაგოს ბუნება დაახასიათა.

მაინც სად მდებარეობს რობინზონის ნამდვილი კუნძული? თუ რუკას დახედავთ, ს.გ. 33 გრადუსსა და დ.გ. 80 გრადუსზე კუნძულთა პატარა ჯგუფს შეამჩნევთ. ეს ხუან-ფერნანდესის კუნძულებია, რომლებიც 1563 წელს აღმოაჩინეს და სახელიც მათი პირველაღმომჩენის, ესპანელი მოგზაურის პატივსაცემად ეწოდა. ხუან-ფერნანდესის კუნძულთა შორისაა ვულკანური კუნძული მას-ა-ტერა, რომლის სახელი ესპანურიდან ასე ითარგმნება: „ნაპირთან ახლოს”, – კუნძული მას-ა-ფუერა, ანუ „ნაპირიდან შორს” და კუნძული სანტა-კლარა. სამივე ჩილეს ეკუთვნის. პირველი მათგანი ანუ მას-ა-ტერა კი სწორედ რობინზონ კრუზოს რეალური კუნძულია, რასაც იქ აღმოჩენილი წარწერები მოწმობს. მე-20 საუკუნის 70-იანი წლებში კუნძულს ოფიციალურად ეწოდა რობინზონ კრუზოს სახელი.

რიბინზონ კრუზოს კუნძულის სიგრძე 23 კმ-ია, სიგანე – 8 კმ, ხოლო ფართობი – 144 კვ. კმ. არქიპელაგის სხვა კუნძულების მსგავსად, მისი რელიეფი მთაგორიანია. მისი უმაღლესი მწვერვალის, მთა იუნკეს სიმაღლე 1000 მ-ია ზ.დ-დან.

კუნძულის კლიმატი რბილი ოკეანურია. ყველაზე ცივი თვის, აგვისტოს, ჰაერის საშუალო ტემპერატურა +12 გრადუსია, ხოლო ყველაზე თბილის, თებერვლის – +19 გრადუსი. კუნძულის დაბლობ ადგილებში სავანებია გავრცელებული, სადაც ალაგ-ალაგ გვიმრები და პალმის ჭალები გვხვდება, ხოლო მთის ფერდობები ტყეებითაა დაფარული, რომლებიც ადამიანის სამეურნეო საქმიანობის გამო საკმაოდ შემცირდა. რამდენიმე ხნის წინ კუნძული მისი ფლორისა და ფაუნის დაცვის მიზნით ეროვნულ პარკად გამოცხადდა. აქ 100-ზე მეტი სახეობის მცენარე ხარობს, რომელთა უმრავლესობა უნიკალურია. მაგ., ხე ნალკა და პალმა ჩონთა. ასევე მრავლადაა სხვადასხვანაირი ყვავილები და გვიმრები, რომლებიც სხვაგან არსად გვხვდება დედამიწაზე. ოდესღაც კუნძული ხშირი ტყეებით იყო დაფარული, მაგრამ დღეს მათ მხოლოდ ზოგიერთი მთის ძნელად მისადგომ მწვერვალებზეღა ნახავთ. ნიადაგი აქ ძალიან ნაყოფიერია, ხოლო მთელ კუნძულზე კრისტალური სისუფთავის ნაკადულები მოედინება.

კუნძულის სანაპირო წყლები მდიდარია ცოცხალი ორგანიზმებით. აქ შეხვდებით კუს, ზღვის ლომებს, ლანგუსტებს, სელაპებსა და სხვა თევზებს. ერთ დროს კუნძულზე თურმე იმდენი სელაპი ბინადრობდა, რომ ნაპირთან მიახლოება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მათ ნიჩბებით იგერიებდნენ. კუნძულის ბინადარია აგრეთვე თხა, რომლის „წინაპარი” 1563 წელს აქ ხუან-ფერნანდესმა ჩამოიყვანა.

1709 წლის 2 თებერვალს სწორედ მას-ა-ტერას მიუახლოვდა ორი ინგლისური სამხედრო გემი – „დიუკი” და „დიუშესი”. ხანგრძლივი ცურვის შემდეგ ეკიპაჟებს დასვენება სჭირდებოდათ. 7 მეზღვაური და ოფიცერი კუნძულამდე პატარა ნავით მიცურდნენ და მალევე დაბრუნდნენ უკან თხის ტყავისგან დამზადებულ სამოსში გახვეულ მამაკაცთან ერთად, რომელსაც გრძელი თმა და წვერი ჰქონდა. სტუმარი კაპიტანისთვის რაღაცის ახსნას ცდილობდა, მაგრამ მხოლოდ გაურკვეველ ბგერებს გამოსცემდა, რომლებიც თითქოს ინგლისურს წააგავდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ მამაკაცმა თავისი საოცარი თავგადასავლის მოყოლა მოახერხა. ეს იყო ვინმე ალექსანდრე სელკირკი, რომელიც 1676 წელს შოტლანდიის პატარა ქალაქ ლარგოში ღარიბი მეწაღის ოჯახში დაიბადა. 19 წლის ასაკში, მშობლებთან გაუთავებელი კონფლიქტის გამო, მან გვარი გამოიცვალა და უკვე სელკირკის გვარით სახლიდან წავიდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ის მეზღვაურად მუშაობდა ინგლისის სამხედრო ფლოტის გემებზე. ერთხელაც მან მოისმინა, რომ სამეფოში ცნობილი მეკობრე დამპირი თავისი გემისთვის მეზღვაურებს ეძებდა. სელკირკსაც ბევრი არ უფიქრია და მასთან მისვლა გადაწყვიტა. ის დამპირთან არა, მაგრამ მეორე გემის კაპიტანთან – პიკერინგთან მოხვდა.

1703 წლის სექტემბერში მეკობრეთა გემებმა სტარტი აიღეს. ეს იყო იმ დროისთვის ტიპური მეკობრული რეისი. ესკადრა პერუს ნაპირებთან ერთმანეთის მიყოლებით იპყრობდა და ძარცვავდა ოქროთი და სხვა ძვირფასეულობით დატვირთულ ესპანურ გემებს, რომლებიც ევროპისკენ მიემართებოდნენ. მალე პიკერინგი გარდაიცვალა და გემის კაპიტანი ვინმე სტრედლინგი გახდა, რომელიც ვერ შეეწყო დამპირს და ამიტომ გამოეყო მას. გამჭრიახი სელკირკი იმ დროისთვის უკვე კაპიტან სტრედლინგის მეორე თანაშემწედ ითვლებოდა. 1704 წლის მაისში გემი შტორმში მოხვდა, დაზიანდა და ღუზა მას-ა-ტერას შორიახლოს ჩაუშვა. გემს კაპიტალური რემონტი სჭირდებოდა, ეს კი კაპიტანს არ სურდა. ამის გამო მასა და მის თანაშემწეს შორის კონფლიქტი მოხდა. შედეგად სელკირკი, სტრედლინგის ბრძანების თანახმად, უკაცრიელ კუნძულზე გადასვეს და მხოლოდ აუცილებელი ნივთები დაუტოვეს: იარაღი და ტყვიები, დანა, ცული, სათვალთვალო მილი, ცოტაოდენი თამბაქო და საბანი.

თავდაპირველად სელკირკი სასწარკვეთილებამ შეიპყრო, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს მის დაღუპვას მოასწავებდა და საქმეს შეუდგა. „მე მხოლოდ შრომამ გადამარჩინა”, – ამბობდა მოგვიანებით მეზღვაური. მან პატარა ქოხი აიშენა, კუნძულზე მოგზაურობისას მრავალი საკვებად ვარგისი და გემრიელი მცენარე იპოვა, რომლებიც თავის დროზე თავად ხუან-ფერნანდესმა დარგო. მოგვიანებით სელკირკმა თხებიც მოიშინაურა და ზღვის კუებზე ნადირობა და თევზაობაც ისწავლა. ყოფილი მეზღვაური ცეცხლს ხახუნით აჩენდა, ხოლო ტანსაცმელს თხების ტყავისგან საკუთარი ხელით დამზადებული ლურსმნებით კერავდა. კუნძულზე ცხოვრებისას სელკირკმა სხვა სასარგებლო ნივთებთან ერთად საკუთარი კალენდარიც კი შექმნა.

ასე, სრულ მარტოობაში გაატარა ინგლისელმა უკაცრიელ კუნძულზე ზუსტად 5 წელი, სანამ შემთხვევით ამ კუნძულს ინგლისელი მეზღვაურები არ ესტუმრნენ კაპიტან როჯერსის მეთაურობით. მოგვიანებით გაირკვა, რომ მას შემდეგ, რაც სელკირკი კუნძულზე გადასვეს, სტრედლინგის გემი შტორმში მოხვდა, ხოლო მისი ეკიპაჟის გადარჩენილი წევრები ესპანელებმა დაატყვევეს. როჯერსი მოხიბლული იყო სელკირკის გამჭრიახობით, გამძლეობითა და უნარ-ჩვევებით და იგი თავის თანაშემწედ დანიშნა. ამგვარად, სელკირკი ისევ მეკობრულ საქმიანობას დაუბრუნდა.

1712 წელს სელკირკი სამშობლოში დაბრუნდა. იმავე წელს დაისტამბა კაპიტან როჯერსის წიგნი სათაურით „მოგზაურობა დედამიწის გარშემო”, რომელშიც მოკლედ იყო აღწერილი ინგლისელი მეზღვაურის თავგადასავალი. რამდენიმე ხნის შემდეგ კიდევ ერთი წიგნი გამოვიდა: „ბედისწერის ხელი ანუ ალექსანდრე სელკირკის საოცარი თავგადასავლი”, რომელიც მან თავად დაწერა. სამწუხაროდ, ალექსანდრეს არ ჰქონდა მწერლის ნიჭი, ამიტომ წიგნს დიდი წარმატება არ მოჰყოლია. მხოლოდ დენიელ დეფოს რომანმა, რომელიც 1817 წელს გამოვიდა, მოუტანა მეზღვაურს ნამდვილი აღიარება, წიგნი კი ბესტსელერი გახდა. ახალი წიგნის სათაური საკმაოდ გრძელი იყო: „ცხოვრება და საოცარი მოგზაურობა რობინზონ კრუზოსი, იორკელი მეზღვაურისა, რომელმაც 28 წელი გაატარა უკაცრიელ კუნძულზე”. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში ვინმე რობინზონ კრუზოს თავგადასავალი იყო მოთხრობილი, ხოლო მისი კუნძულზე ყოფნის პერიოდი რამდენიმე წლით იყო გაზრდილი, მთავარ გმირში მაშინვე იცნობოდა ალექსანდრე სელკირკი. მით უმეტეს, წიგნის პირველ გამოცემაში ავტორი პირდაპირ ამბობდა: „ჯერ კიდევ ჩვენს შორის არის ადამიანი, რომლის ცხოვრებაც დაედო საფუძვლად ამ წიგნს”.
ალექსანდრე სელკირკი 1723 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მშობლიურ ქალაქ ლარგოში გარდაცვალების მე-100 წლისთავზე სელკირკს ძეგლი დაუდგეს, ხოლო 1868 წელს კ. მას-ა-ტერაზე, იმ მთაზე, საიდანაც სელკირკი გემებს უთვალთვალებდა, მემორიალური დაფა დადგეს.

აღსანიშნავია, რომ კუნძულის ისტორიაც ისეთივე საინტერესოა, როგორიც თავად სელკირკ-რობინზონისა. აღმოჩნდა, რომ ალექსანდრე სულაც არ ყოფილა პირველი და უკანასკნელი რობინზონი ამ კუნძულზე. პირველი გადასახლებული მისი პირველაღმომჩენი – ზღვაოსანი ხუან-ფერნანდესია. კუნძულზე მან რამდენიმე წელი გაატარა და შემდეგ კონტინენტზე დაბრუნდა. სწორედ მისი „სახსოვარია” კუნძულის ბინადარი თხები, რომლებიც ისე სწრაფად გამრავლდნენ, რომ არც მომდევნო რობინზონებს და არც თანამედროვე ადგილობრივ მონადირეებს თხის ხორცი და რძე არ მოჰკლებიათ.

ოკეანეში დაკარგული დედამიწის ეს პატარა ნაგლეჯი საუკუნეების განმავლობაში ხელიდან ხელში გადადიოდა. მე-17 ს-ის 20-იან წლებში კუნძულზე საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდნენ ჰოლანდიელი მეზღვაურები, ხოლო 1680 წლის იანვრიდან 1683 წლამდე აქ ინდიელი ვილიამი იმყოფებოდა, რომელიც უცნობი მიზეზების გამო ინგლისელმა მეკობრეებმა დატოვეს. სავსებით შესაძლებელია, სწორედ ეს ადამიანი იყოს დეფოს რომანის მეორე გმირის – პარასკევას პროტოტიპი. 1683 წლის 22 მარტს ვილიამი, ბედის ირონიით, ასევე ინგლისელმა მეკობრეებმა იპოვეს და თან წაიყვანეს.

მომდევნო რობინზონების ისტორია ძალიან სახალისოა. 1687 წელს კაპიტან დევისის ბრძანებით კუნძულზე გადასვეს ცხრა მეზღვაური, რომლებიც „ზარს” თამაშობდნენ. მათაც მეტი რა უნდოდათ – „გადასახლებაში” პრაქტიკულად მთელ დროს თამაშში ატარებდნენ. რაკი ამ უკაცრიელ მიწაზე ფულს ფასი არ ჰქონდა, მათ კუნძული გაიყვეს და თავიანთ წილს ჩამოდიოდნენ ფსონად. დროდადრო კუნძულს ესპანელები სტუმრობდნენ და მისი მოთამაშე ბინადრების დაჭერას ცდილობდნენ. მეზღვაურთა უშფოთველი ცხოვრება 3 წელიწადს გაგრძელდა. 14 წლის შემდეგ კი კუნძულზე ა. სელკირკი მოხვდა. მას შემდეგაც, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, კუნძული მეკობრეთა გასაჩერებელი ადგილი იყო, 1715 წელს კი აქ ესპანელებმა პატარა კოლონია დაარსეს, რომელიც მიწისძვრამ მალევე გაანადგურა.

მოგვიანებით, 1719 წელს, მას-ა-ტერაზე ერთხანს ინგლისელების ფლოტიდან გამოქცეული დეზერტირები ცხოვრობდნენ, ერთი წლის შემდეგ – ჩაძირული გემის „სპიდუალის” ეკიპაჟის წევრები. 1750 წელს აქ ესპანელებმა ციხესიმაგრე ააშენეს, რომელმაც მოგვინებით ციხის ფუნქცია შეიძინა – აქ ჩილეს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს სვამდნენ. მიწისძვრამ ეს შენობაც დაანგრია და კუნძული ისევ გაუკაცრიელდა.

1855 წელს კუნძულზე ჩილედან მოსულმა კოლონისტებმა მორიგი დასახლება დააარსეს. ისინი მიწათმოქმედებას, თევზჭერასა და მესაქონლეობას მისდევდნენ და კუნძულზე საკონსერვო ფაბრიკაც კი ააშენეს. მე-19 ს-ის მიწურულს ჩილეს მთავრობამ საქვეყნოდ ცნობილი კუნძული არენდით მისცა შვეიცარელ ბიზნესმენს ბარონ დე როდტს, რომელმაც აქ ლანგუსტებზე ნადირობა გააჩაღა.

მშფოთვარე მე-20 საუკუნეში ოკეანეში დაკარგული დედამიწის ეს პატარა ნაგლეჯი რამდენჯერმე აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში. 1915 წელს კუნძულის ნაპირებთან ინგლისელთა ფლოტმა გერმანული კრეისერი „დრეზდენი” ჩაძირა. მეორე მსოფლიო ომის დროს მას-ა-ტერასთან იაპონელი და გერმანელი წყალქვეშა ნავები და მსუბუქი კრეისერები იმალებოდნენ.

მოგვიანებით ამერიკულმა კომპანიამ რობინზონ კრუზოს სახელით ტურისტების მოზიდვა განიზრახა და კუნძულზე სასტუმრო ააშენა. გამოუშვა ღია ბარათებიც, რომლებზეც კუნძულის ხედებია აღბეჭდილი. ტურისტებს შორის ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს გამოქვაბული, სადაც ვითომდა ცხოვრობდა სელკირკი-რობინზონი, და ბორცვი, საიდანაც ის ოკეანეს გადაჰყურებდა.

ამჟამდ მას-ა-ტერაზე ერთადერთი პატარა დასახლებული პუნქტია – სან-ხუან-ბატისტა, რომლის მოსახლეობა სულ რაღაც 500 კაცია. სხვათა შორის, კუნძულის ბინადართა უმეტესობას რობინზონი, პარასკევა და დანიელი ჰქვიათ. მართალია მას-ა-ტერაზე არის სატელეფონო კავშირი და ინტერნეტი, მუშაობს ფოსტა, მაგრამ კუნძული მაინც საკმაოდ იზოლირებულია. სურსათით დატვირთული გემი აქ წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოდის, თუმცა უნდა ითქვას, რომ კარგადაა განვითარებული საჰაერო მიმოსვლა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...