სამშაბათი, მაისი 5, 2026
5 მაისი, სამშაბათი, 2026

მნემოტექნიკის  ელემენტების გამოყენება ისტორიისა და სამოქალაქო განათლების  გაკვეთილებზე

0

მახსოვრობის  პრობლემა  უძველესი დროიდან იყო აქტუალური, მაგრამ ის  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა კომპიუტერული ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში ინფორმაციის უსაზღვრო ნაკადი შემოვიდა. საკითხმა უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა მოსწავლეებისთვისაც, რადგან მათ განსაკუთრებით მოეთხოვებათ აქტიური გონებრივი მოღვაწეობა, ამიტომ სასკოლო ცხოვრებაში  მოსწავლის მახსოვრობის პრობლემის გამოკვეთა დღეს არავისთვისაა უცხო და მოულოდნელი. მასალის დამახსოვრებისა და გამტკიცებისთვის მოსწავლეები   ტექსტებს ზეპირად იმახსოვრებენ,  მაგრამ შეგვიძლია მოსწავლეებს დამახსოვრების  სხვადასხვა მეთოდი  შევთავაზოთ და  სწავლა შედარებით მარტივ და საინტერესო  პროცესად გადაიქცევა.

პედაგოგიკის მეცნიერებაში ბევრი კვლევა გვხვდება მახსოვრობის პრობლემებსა  და მის ურიერთკავშირზე ასაკობრივ თავისებურებებთან (ლ. ვიგოცკი), მაგრამ  ამ საკითხზე არანაკლებ გვიფიქრია მოქმედ მასწავლებლებსაც. განსაკუთრებით ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს,  რადგან საგნობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე მოსწავლეებს ხშირად უწევთ რთული  ტერმინებისა და განსაზღვრებების დასწავლა. ამიტომ  ეს საკითხი მუდმივად ყურადღების ცენტრშია.

კვლევების მიხედვით, რაიმე მასალა დამახსოვრების მიზნით ოთხჯერ მაინც უნდა გავიმეოროთ: პირველად – გავიმეორეოთ დამახსოვრებისთანავე;  მეორედ – 20-30 წთ-ის შემდეგ; მესამედ – ერთი დღის შემდეგ; მეოთხედ- ორი-სამი კვირის შემდეგ  (ამასთანავე, ეფექტისთვის, განმეორებას აქტიური ხასიათი უნდა ჰქონდეს, ვიდრე პასიური კითხვის ან თუნდაც გადახედვის და გადაკითხვის დროს ხდება). თუმცა პედაგოგიკის მეცნიერები გვირჩევენ, მახსოვრობის გაუმჯობესებისათვის ფართოდ ჩავრთოთ  სწავლებაში მნემოტექნიკის ელემენტები, რომელიც ხელს უწყობს სიტყვების, რიცხვების და დიდი მოცულობის ინფორმაციის დამახსოვრებას. მნემოტექნიკა სავარჯიშოების კიდევ უფრო ფართო  სპექტრს გვთავაზობს, რადგან   იგი  სხვადასხვა მიდგომებისა და სისტემის ნაზავია, რომელიც  მიმართულია მეხსიერებაში ინფორმაციის  შენახვასა  და გარდაქმნაზე. მნემოტექნიკა – ეს  „დამახსოვრების ხელოვნება“, იმ  წესებისა და ხერხების ერთობლიობაა, რომლებიც გამოგონილია საჭირო ცნობების დახსომების გასაადვილებლად ხელოვნური ასოციაციების შექმნის გზით.

მნემონიკას  ერთობ ინდივიდუალური ხასიათი გააჩნია: ზოგი უკეთესად იმახსოვრებს  ციფრებს, ზოგიც – ხატოვან გამოთქმებს, მაგრამ ზოგადად, მნემოტექნიკის „საიდუმლო“ ძალიან მარტივია: ადამიანი თავის წარმოსახვაში გააერთიანებს რამდენიმე ვიზუალურ  სახეს. ტვინი აფიქსირებს ამ ურთიერთკავშირს, და შემდეგ, ერთ-ერთის გახსენების შედეგად ის ადრე დამახსოვრებულ სახეებს აღიდგენს.  კავშირის განსამტკიცებლად მნიშნელოვანია, რომ:

ა) ვიპოვოთ ასეთი სიტყვა;

ბ) გავაძლიეროთ ის  ვიზუალური სურათით, წარმოსახვით;

გ) გავაკეთოთ ახსნა-განმარტება – რატომ გაკეთდა ასე, რატომ მოგივიდათ თავში ამგვარი აზრი.

მეთოდის   თანახმად   დამახსოვრებისთვის  აუცილებელია,  მოსწავლემ შეძლოს შემდეგი სააზროვნო ოპერაციების შესრულება: საკითხის გააზრება;   დაინტერესება; საყრდენი სიტყვის მოძიება;  სიტყვებს  შორის  მსგავსების გამოვლენა; დროდადრო  დამახსოვრება; მიზნის დასახვა (“სერიოზულად და ხანგრძლივად“);  შინაარსი;  შთაბეჭდილება; კონტექსტი; მოცულობა;  განმეორება; „საწყისის და დასასრულის“  პოვნა; დაჯგუფება, კლასიფიცირება; ასოციაცია; სქემატიზაცია; მასალის სტრუქტურირება   და ა.შ.

განვიხილოთ მნემოტექნიკის  რამდენიმე დავალება, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება,  ადვილად აითვისოს ინფორმაცია ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე. მაგალითად,

I სქემატიზაცია:

ა) მასწავლებლის  კარნახის  მიხედვით  (ყოველ 10-15 წმ.) დაიმახსოვრეთ  თარიღები,  დასრულების შემდეგ კი ისინი ისე უნდა ჩამოწეროთ, როგორი  თანმიმდევრობითაც იყო ნაკარნახევი;

ბ) შედეგების შემოწმება: მასწავლებლის მითითებით, ერთ-ერთი მოსწავლე ჩამოთვლის დამახსოვრებულ სიტყვებს,  სხვები კი ამოწმებენ.

 

II –  სიტყვებს  შორის  მსგავსების გამოვლენა:

ცნებების დამახსოვრებისთვის იპოვეთ მსგავსება სიტყვებს შორის –

  • ისტორიული ტერმინი „სამოქალაქო ომი“ – ანუ ესაა ომი ერთი ქვეყნის მოქალაქეებს შორის;

·         ოქროს  ურდოს  დედაქალაქი  სარაი – გაავლეთ პარალელი  მონღოლების ცხოვრების  წესსა  და  მშენებლობას შორის (მომთაბარე ცხოვრების წესიდან გამომდინარე  მონღოლები არ აგებდნენ მონუმენტურ  ნაგებობებს. ყველაზე უკეთესად  მათ  გამოსდიოდათ სარაი /(სარაი (რუს.) – არასაცხოვრებელი შენობა სამეურნეო საქმიანობისთვის);

  • ტერმინი „ბენილუქსი“= ბელგია+ნიდერლანდია+ლუქსემბურგი;
  • და ა.შ.

III –  დამახსოვრება საყრდენი სიტყვის გამოყენებით:

მაგალითად, არგონავტები  მიცურავდნენ   ხომალდ „არგოთი“, დააკავშირეთ მასთან სიტყვები „კოსმონავტი“  და  „ასტრონავტი“:  ძველად  ადამიანები მოგზაურობისთვის იყენებდნენ ხომალდს,  არგონავტები მიცურავდნენ ხომალდით „არგო“,  კოსმონავტიც  და ასტრონავტიც  კოსმოსურ  „ხომალდში“  იმყოფება, კოსმოსში „დაცურავს“(სურ.1):

fi1

  1. IV) ასოციაცია:

 ა) თავისუფალი  ასოციაცია: სწავლის დაწყებით საფეხურზე  ახალი  ცნება „რეფორმის“ ახსნისთვის  შესაძლებელია გამოვიყენოთ  რამდენიმე მოქმედება:

  1. დაფაზე დავწეროთ სიტყვა „რეფორმა“;
  2. შეკითხვა მოსწავლეებს: ვინ იცის, რას აღნიშნავს ეს სიტყვა?

– ცხადია, ბავშვების უმეტესობამ არ იცის სიტყვის მნიშვნელობა.

  1. თქვენთვის ნაცნობ რომელ სიტყვას გაგონებთ ის?

– ძალიან კარგი, თქვენ შესძელით და იპოვეთ ის სიტყვა, რომელიც ნაცნობია თქვენთვის – „ფორმა“;

  1. თქვენი აზრით, ყველა საგანს გააჩნია „ფორმა“?

 – „დიახ, ყველას თავისი ფორმა აქვს“;

  1. აქვს თუ არა, მაგალითად, ფორმა საჰაერო ბუშტს?

– დიახ, აქვს;

  1. მაშინ მე ამ ბუშტზე დავწერ სიტყვა „ფორმას“, და სიტყვის რომელი ნაწილი დაგვრჩა გაურკვეველი? ესაა „რე“ (ფორმა);
  2. გაგონებთ რამეს ნაწილაკი „რე“? მაგალითად, „რევოლვერს“?

-დიახ;

  1. შეიძლება თუ არა რევოლვერიდან გასროლა?

-დიახ;

  1. და თუ ვესვრით საჰაერო ბუშტს, რა მოუვა მას? მოდით შევამოწმოთ. აქ კი ბავშვებში ჩაერთვება არამარტო მხედველობითი, არამედ ემოციური მახსოვრობაც და

– ბურთი გაიხევა;

  1. რა მოუვიდა ბურთის ფორმას?

– ის ფორმას შეიცვლის;

  1. ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს უნდა იყოს ის სიტყვა, რომელიც აღნიშნავს რაიმე ცვლილებას: რეფორმა -ცვლილება.
  2. ახლა ვნახოთ რას გვეუბნება სახელმღვანელო?

– იმავეს, ჩვენი აზრი დამტკიცდა.

  1. სიტყვის დამახსოვრების მთავარი პრინციპია კავშირის ძიება, ახალი სიტყვა უნდა „მივაბათ, დავაკავშიროთ“ უკვე ცნობილ სიტყვასთან.
  2. დამახსოვრებისთვის ამჯერად  ჩვენ გამოვიყენეთ ფანტაზია და ნახატი.

ბ) ასოციაცია – ფანტაზია, ნახატი:  

ნახატი და ფანტაზია გვეხმარება დავიმახსოვროთ არამარტო ცალკეული ისტორიული პიროვნებები და  მოვლენები, არამედ ისტორიული ანდა საზოგადოებრივი ტერმინები. მაგალითად, განვიხილოთ  სიტყვა „პროგრესი“ :

  1. დავწეროთ დაფაზე სიტყვა „პროგრესი“
  2. რაიმე მისანიშნებელი სიტყვა აქ არ გვაქვს. გამოსავალი ფანტაზიაა, ან რაიმე ნახატი.  პირველი  ასო-ბგერა „პ“ დავწეროთ  გამოცალკავებით, დიდი შრიფტით;
  3.   დავაკვირდეთ ხელის მოძრაობას, საიდან საით, რა მიმართულებით ვწერთ სიტყვას?
  • ქვემოდან ზევით.
  • fi2
  1. შეკითხვა მოსწავლეებს: რას გაგონებთ ეს სიტყვა?

      – ზემოთ სვლას.

  1. ანუ  შეიძლება ითქვას  რომ  ის ჰგავს უფრო დაბალი საფეხურებიდან უფრო მაღალ საფეხურზე ასვლას? წინსვლას?

        – დიახ.

  1. დავწეროთ ნახატის გვერდით ჩენი ვარაუდი, შემდეგ კი შევუდაროთ სახელმძღვანელოს განმარტებას –fi3

 –  პროგრესი (ლათ. progressus, მოძრაობა წინ, წარმატება) —

განვითარება, წინსვლა; განვითარების უფრო დაბალი საფეხურებიდან უფრო

მაღალ საფეხურებზე ასვლა.

  1. რა საერთოა ამ ორ განმარტებას შორის?

        -იგივე, ჩვენი აზრი დამტკიცდა;

  1. დამახსოვრებისთვის ჩვენ გამოვიყენეთ ფანტაზია და ნახატი.

Vმნემოტექნიკა შეიძლება გამოვიყენოთ ისტორიული თარიღების დამახსოვრებისთვისაც, რომლითაც საკმაოდ გადატვირთულია სახელმძღვანელოები.

  1. მაგალითად, რომის დაარსების  წელი შემდეგნაირად შეიძლება დავიმახსოვროთ:

ა)  უპირველესად მოვიგონოთ  მარტივი ახსნა-განმარტება დროის ხაზის შესახებ. შემდეგ  ვივარაუდოთ, რომ თქვენ იმყოფებით „ძველი“ და „ახალი“ წელთაღრიცხვების მიჯნაზე (მაგალითად, მარჯვენა ხელი –  ეს ახალი ერაა, მარცხენა ხელი – ძველი ერა, ჩვენს დრომდე არსებული წლები, „მინუსი“, „უარყოფითი“  რიცხვები);

ბ)  რომი დაარსდა ძვ.წ. 753 წელს,  ესაა  თუ  ბოლოდან  დავწერთ  რიცხვებს  (თავიდან ნულამდე თითო წლის გამოკლებით) მათი  თანმიმდევრობა ასეთი იქნება – х9х7х5х3х1х0х – შუა რიცხვი  არის  რომის დაარსების წელი.

  1. მონღოლები საქართველოში ბატონობდნენ 1235 წლიდან დაახლოებით 1335 წლამდე,  თითქმის 100 წელი და ა.შ.

VI –„ჭის“ პრინციპი დაფუძნებულია საუკუნეების ურთიერთპროექციაზე: დამახსოვრებისთვის სასარგებლოა დავიმახსოვროთ ბოლო ორი ციფრი. მაგალითად, ა) „ხრუჩოვი გადააყენეს 1964 წელს, შექსპირის 40 წლისთავზე“ –  ცხადია, შექსპირს არანაირი  როლი ხრუჩოვის ბიოგრაფიაში არ შეუსრულებია, მაგრამ დამთხვევა საინტერესოა („ჭა“ –  1564-1964);

ბ)1225 წელს მოხდა გარნისის ბრძოლა, 1625 წელს მოხდა მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლები, ანუ დაახლოებით  400 წლის შემდეგ და ა.შ.

VII  დამახსოვრება  რიგობითი ნომრის მიხედვით:

მეფეთა სახელების და შესაბამისი ეპოქების დამახსოვრებისათვის ეფექტურია მათი დამახსოვრება  რიგობითი ნომრის მიხედვით: მაგალითად,

 

 

დავით IV გიორგი V ვახტანგ VI გიორგი VII გიორგი VIII დავით IX დავით

X

გიორგი XI გიორგი XII
XI-XII სს. XIII-XIV სს. XVIII სს. XV  ს-ის ბოლოს და XVI ს-ის დამდეგს XV ს. შუა ხანები XIV -XVსს. შუა წწ. XVI ს-ის დამდეგი XVIII სს. XVIII სს.

VIII- უკეთესად გვამახსოვრდება ასევე ის ფრაზები, რომელიც რიცხვით ინფორმაციას   შეიცავენ.

 მაგალითად: „მსოფლიოს 7  საოცრება“, „ძველი რომის 7 ბორცვი“, „300 არაგველი“, „300 სპარტელი“, „9 ძმა ხერხეულიძე“, „12 მოციქული“, 8 მსოფლიო საეკლესიო კრება და ა.შ.

IX ინტელექტ-სქემების აგება:

 სწავლის ზედა საფეხურზე მოსწავლეები ადგენენ ინტელექტ-სქემებსაც (მენტალურ რუკებს, ასოციაციებს), რომელთაც ასევე მნემოტექნიკა უდევთ საფუძვლად. ის მოსახერხებელია მიზნის განსაზღვრისა და ინფორმაციის სტრუქტურირებისათვის. მისი აგებისათვის ფურცლის ცენტრში ვათავსებთ ნახატს ან სიმბოლო-ცნებას წარწერით (მაგ. სახელმძღვანელოს სახელწოდება). შემდეგ ცენტრალური ობიექტიდან ფურცლის ბოლოებისკენ ავაგებთ ჯაჭვს იმ ცნება-სიმბოლოთი, რომელიც ასახავს შესასწავლი  მასალის სტრუქტურას. ასეთი პრინციპით აგებულ „ტექსტს“ ტვინი უკეთ იმახსოვრებს, ვიდრე მომქანცველ ინფორმაციას, მოსწავლეებს კი მდიდარი ფანტაზიის წყალობით  სრულიადაც არ უჭირთ ასოციაციური კავშირების დამყარება.

fi4

მნემოტექნიკის გამოყენებით ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილები გაცილებით საინტერესო და შემოქმედებითი  ხასიათისაა და  ხელს უწყობს მოსწავლეთა შემეცნებითი საქმიანობის განვითარებას.

სასკოლო ცხოვრება და თვითშეფასება

0

როგორ აფასებს და განიცდის მოსწავლე საკუთარ თავს? თვითშეფასებასთან დაკავშირებით მასწავლებელმა, სულ მცირე, ორი კითხვა უნდა დასვას:

  1. როგორია მოსწავლის თვითშეფასების გავლენა სკოლაში მის ქცევაზე?
  2. რა გავლენას ახდენს სასკოლო ცხოვრება მოსწავლის თვითშეფასებაზე?

ვუპასუხოთ პირველ კითხვას. კვლევებმა აჩვენა, რომ სკოლაში წარმატების მეტი შანსი აქვთ მაღალი თვითშეფასების მქონე მოსწავლეებს, თუმცა ამ ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი იცვლება იმის მიხედვით, კვლევის რომელ მეთოდებს ვიყენებთ მოსწავლის მახასიათებლების გათვალისწინებით. ლონგიტუდური კვლევა ცხადყოფს, რომ პოზიტიური თვითრწმენა დაკავშირებულია აკადემიურ მიღწევებთან, განსაკუთრებით – თუ ის სპეციფიკურია და შეესაბამება შესასწავლ საგანს, მაგრამ ამ ურთიერთდამოკიდებულების მაჩვენებელი, საზოგადოდ, დაბალია. რა თქმა უნდა, ორ პარამეტრს შორის კავშირი არ ნიშნავს, რომ ერთი მეორეს იწვევს. შესაძლოა, სწორედ წარმატებას და პოპულარობას მივყავდეთ საკუთარი თავის პატივისცემასთან (მაღალ თვითშეფასებასთან) და არა პირიქით. ფაქტობრივად, ორივე ვარიანტი დასაშვებია.

მეორე კითხვაა, რა გავლენას ახდენს სკოლა თვითშეფასებაზე, მნიშვნელოვანია თუ არა მისი როლი ამ კუთხით. მოსწავლეთა თვითშეფასებაში სკოლის როლი არაერთხელ ქცეულა კამათის საგნად. ერთ-ერთი სკოლის მე-6 კლასზე ორწლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ როცა მოსწავლე კმაყოფილია სკოლით, მოსწონს მასწავლებლები და გაკვეთილებიც აინტერესებს, ყოველივე ეს, მასწავლებელთა შეფასებასთან ერთად, დიდ გავლენას ახდენს მის თვითშეფასებაზე. ფიზიკურ აღზრდაში მასწავლებლის აზრს განსაკუთრებული მნიშვნელობა აღმოაჩნდა მოსწავლეთა მიერ საკუთარი ათლეტური უნარის გაცნობიერებისთვის. დაბალუნარიანთა ჯგუფში ყოფნას ან სწავლაში ჩამორჩენას თვითშეფასებაზე, როგორც ჩანს, ნეგატიური გავლენა აქვს, ხოლო თანადგომისა და თანამშრომლობის პირობებში სწავლა დადებითად მოქმედებს.

დაახლოებით 125 წლის წინ ფსიქოლოგმა უილიამ ჯემსმა (1890) განაცხადა, რომ თვითშეფასება იმით განისაზღვრება, როგორი წარმატებით ვაღწევთ ჩვენთვის ფასეულ მიზნებს. როდესაც მიზანი მნიშვნელოვანი არ არის, მისი მიუღწევლობა თვითშეფასებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მოწაფეებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებში უნდა მიაღწიონ წარმატებას. ასევე მნიშვნელოვანია, რით ხსნის პიროვნება თავის წარმატებასა თუ მარცხს. მაღალი თვითშეფასებისთვის საჭიროა, მოსწავლემ წარმატება საკუთარ ქმედებებს მიაწეროს  და არა იღბალს ან ვისიმე დახმარებას.

მასწავლებელთა დამოკიდებულებამ, შეფასებამ, მზრუნველმა ურთიერთობამ შესაძლოა შეცვალოს მოსწავლის წარმოდგენა საკუთარ უნარ-შესაძლებლობებზე ამა თუ იმ საკითხში. თვითშეფასება განსაკუთრებით მაშინ იწევს მაღლა, როცა იზრდება მოსაწავლის კომპეტენტურობა მისთვის მნიშვნელოვან სფეროებში, მათ შორის – სოციალურშიც, რომელიც მოზარდ ასაკში მეტად დიდ მნიშვნელობას იძენს. ამგვარად, მასწავლებლის უმთავრესი ამოცანაა, მოსწავლეს მნიშვნელოვან საკითხებში გარკვევასა და უნარ-ჩვევების ათვისებაში დაეხმაროს.

როგორ უნდა მოიქცნენ მასწავლებლები, რომელთაც ასეთი პასუხისმგებლობა აკისრიათ? გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას:

◦ დააფასეთ და მიიღეთ ყველა მოსწავლე, მათი მცდელობები და მიღწევები.

◦ შეუქმენით მოსწავლეებს ფიზიკურად და ფსიქიკურად უსაფრთხო გარემო.

◦ გააანალიზეთ თქვენი წინასწარი განწყობა და მოლოდინი.

◦ დარწმუნდით, რომ სწავლებისთვის თქვენ მიერ გამოყენებული ხერხები და მოსწავლეთა დაჯგუფება ნამდვილად საჭიროა და არ არის მხოლოდ მოხერხებული გზა რთული მოსწავლეების სამართავად თუ ზოგიერთი მოსწავლისთვის თავის ასარიდებლად.

◦ შეიმუშავეთ შეფასების მკაფიო სტანდარტები; დაეხმარეთ მოსწავლეებს, ისწავლონ საკუთარი მიღწევების შეფასება.

◦ შეიმუშავეთ თვითკრიტიკის, შეუპოვრობისა და თვითდაჯილდოების შესაბამისი მეთოდები.

◦ თავი არიდეთ დესტრუქციულ შედარებებსა და შეჯიბრებას, წააქეზეთ მოსწავლე, შეეჯიბროს საკუთარი მიღწევის უმაღლეს დონეს და არა სხვა მოსწავლის მიღწევებს.

◦ მაშინაც კი ნუ უგულებელყოფთ მოსწავლეს, როცა თქვენთვის მიუღებელია მისი ქცევა ან შედეგი. ტესტირებაში ჩაჭრა ან შენიშვნის მიღება მოსწავლისთვის იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ ის „ცუდი“ ადამიანია.

◦ გახსოვდეთ, პოზიტიურ თვითშეფასებას წარმატება და თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების მხრივ თქვენი დაფასება განაპირობებს.

◦ ხელი შეუწყვეთ მოსწავლეებს, იკისრონ პასუხისმგებლობა თავიანთ რეაქციებზე. აჩვენეთ, რომ აქვთ არჩევანი და აჩვენეთ ისიც, როგორი უნდა იყოს პასუხი.

◦ სკოლაში შექმენით მხარდამჭერი ჯგუფები და ასწავლეთ მოსწავლეებს, როგორ დაეხმარონ ერთმანეთს.

◦ დაეხმარეთ მოსწავლეებს მკაფიო მიზნების დასახვაში; კოლექტიურად განიხილეთ მიზნის მიღწევის რეალური გზები.

◦ ხაზი გაუსვით სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის ფასეულობებს, მათ კულტურასა და მიღწევებს.

სული რომ ამოგვდიოდა

0

 

ამა წინათ ვფიქრობდი – ერთხელაც წიგნებიდან რომ გადმოვიდნენ გმირები, რას მოვუყვებით ჩვენ, რას დავახვედრებთ?!. დავუშვათ, თუნდაც უარყოფითი ან დადებითიც, მეორეხარისხოვანი პერსონაჟებიც რომ გაცოცხლდნენ და მათ დაიწყონ ჩვენი ამბების მოსმენა-გაგება, რა გვექნება მოსაყოლი. ამას არ ვამბობ პირდაპირი გაგებით და რომც ვთქვა, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, ამ ბლოგის კითხვის დროს მაინც. საკაცობრიო რეალობაზე არ ვსაუბრობ, მე საქართველოში არსებული რეალობის მიხედვით ვქმნი ამ სურათს.

ვთქვათ და, პროსპერ მერიმეს პატარა ფორტუნატო ან გურამ დოჩანაშვილის დომენიკო, უილიამ ფოლკნერის დარლი, ჰამსუნის ნაგელი და სხვები გამოვიდნენ ერთხელ, რას დაინახავენ?… დღეს, როცა ამას ვწერ რამდენიმე დღის გამოქვეყნებულია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, გუშინ რუსეთმა კიდევ მიიერთა საქართველოს ტერიტორიები, უნივერსიტეტში სტუდენტების ერთ ნაწილსა და თვითმმართველობის წევრებს შორის დაპირისპირებაა, ზოგი ფანჯრიდან ძვრება და კარს ამტვრევს, ზოგი მიზნისთვის იბრძვის და ამ დროს უცებ სადღაც, თუნდაც ჯანდაბიდან ან იმავე წიგნებიდან თუ რა ვიცი კიდევ საიდან, წარმოიდგინე, გამოდიან წიგნის გმირები. მე, მაგალითად, გავშეშდებოდი და შემრცხვებოდა. ენს ბარდრენსი ან ურია ჰიპი რომ მენახა, მათიც კი შემრცხვებოდა.

სულ მგონია, რომ წიგნები ყველაზე მეტად ასხვაფერებენ ადამიანს, მაგრამ დღევანდელ რეალობაში ეს ძალიან ცოტას თუ ეტყობა. იქნებ ცოტა ადამიანი კითხულობს და კითხულობდა. ამან კი ის საზოგადოება შექმნა, რომელიც ახლა მოქმედებს და უმრავლესობაშია? მგონია, რომ ასეა. საბჭოთა კავშირის დაშლის და საქართველოში რამდენიმე ომის პერიოდში თუ მათ შემდეგ თითქმის არავის ეცალა წიგნისთვის. მე აღარ მოვყვები იმ დროის ვითარებას, რაც ხელს უშლიდა სხვადასხვა სიკეთეების მიღება-გამოყენებას. თითქოს ახლა ის პერიოდი დამთავრდა, მაგრამ ზუსტად ახლა დგას ყველაზე მძიმე დრო, როცა მაშინდელი პატარა ბავშვები დღეს საზოგადოების წევრები არიან და ისე დაეხეტებიან, თითქოს ოდისევსისა და მისი მეგობრების ნაცვლად ესენი გამოეკეტოს ბნელ გამოქვაბულში ციკლოპს.

რეპეტიტორის როლში, ჩემს მოსწავლეს როცა ვუყვები და ვუხსნი ვაჟა-ფშაველას გმირების ხასიათს, გადაწყვეტილებების სიმტკიცის მიზეზებს, როცა ილიას პოემებიდან განმარტებებს ვიწყებთ, ზოგჯერ მე თვითონ მიჭირს დავიჯერო ის, რომ ლიტერატურისა და ცხოვრების ხაზები სადმე ერთმანეთს კვეთენ. თუნდაც ქართული ლიტერატურიდან რომ ავიღოთ – ავთანდილი, ალუდა ქეთელაური, მინდია, ჯოყოლა მეურმე პეტრე და სხვები ვერაფერს გვასწავლიან, გარდა აზროვნებითი თანაგრძნობისა და საუბრებისა. მათი საქმეები არაა ჩვენი საქმეები და პირიქით. ეს იქნებ პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ პათეტიკაც რეალობაა და ესაა ცხოვრება, შემოთავაზებულიც და მიღებულიც.

ესპანეთში ბოლო წლებში აწუხებთ ის, რომ რომანების მკითხველთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და კომპიუტერზე დამოკიდებულება გაიზარდა. ეს, რა თქმა უნდა, სხვა პრობლემაა და მიზეზებზე არ დავიწყებ საუბარს, ის მინდა ვთქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომანს კითხულობენ ნაკლებად, პოეზიას თუ ნოველებს, მთავარი ის უნდა იყოს, როგორ მოქმედებს ეს ტექსტები პიროვნებებსა თუ საზოგადოებებზე. თუ ლიტერატურამ ცხოვრებაზე არ მოახდინა გავლენა და ცხოვრებამ ლიტერატურაზე, მაშინ ერთ-ერთი მათგანი ნამდვილად ზედმეტი გამოდის. ფაქტია, რომ დღეს აბსოლუტურად უგემოვნო ტელეშოუებს, უდიდეს ინფორმაციულ ნაკადს, რომელშიც უმეტესი ნაწილი სრულიად უსარგებლოა, უფრო მეტად მიპყრობილი აქვთ საზოგადოებებისა და ჯგუფების ყურადღება, ვიდრე წიგნებს, მათში დაბეჭდილ ტექსტებს, პერსონაჟებს, ამბებს, ისტორიებს, მეტაფორას.

მე ვახსენე აქ ფოლკნერის ერთ-ერთი გმირი, ამ ტექსტზე ავტორი ამბობდა: “დავხატე ოჯახი და ორი დიდი კატასტროფა დავატეხე თავს, რაც ადამიანს გადახდენია, წყალდიდობა და ცეცხლი. აი, სულ ესაა”…

და, აი, ამ “სულ ესააში” ვართ ჩვენც და ჯოჯოხეთის რეპეტიციას გავდივართ. ლიტერატურა კი ისეთივე შორია, როგორც სამოთხე, შავი ხვრელები ან პარალელური სამყაროები და ხარანაულის არ იყოს, თითქოს ესღა გვრჩება:

“როცა ეს ყველაფერი არყოფნაში გადაინაცვლებს,

როცა გაყვავილდება ცხოვრება და ჩვენ აღარ ვიქნებით,

გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!”

ელ-ნინიო – ანომალიური მოვლენა

0

ოკეანური და ატმოსფერული გამოკვლევების ნაციონალური სამმართველო (NOAA), რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს, იუწყება, რომ 2015 წლის სექტემბერში დედამიწაზე უკანასკნელი 135 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი საშუალო ტემპერატურა აღირიცხა. მსოფლიოს 15 სახელმწიფოში ტემპერატურის მაჩვენებელი მეოცე საუკუნეში აღრიცხულზე საშუალოდ 0,9 გრადუსით მაღალი აღმოჩნდა.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ტემპერატურის მატება ელ-ნინიოსთანაა დაკავშირებული.

el1

ელ-ნინიო (ესპ. El Niño – ბავშვი, ბიჭუნა) ანომალიური და გლობალური კლიმატური მოვლენაა. ეს არის თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩნდება სამ ან შვიდ წელიწადში ერთხელ ცივი დინების გაქრობის შემდეგ და ბატონობს არანაკლებ ერთი წლისა. ელ-ნინიო დეკემბერში წარმოიშობა და ემთხვევა შობის დღეებს. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც — „ბავშვი“, რაც ყრმა იესოს გულისხმობს.

ელ-ნინიო წყნარი ოკეანის ეკვატორული ნაწილის ზედაპირული ფენის ტემპერატურის რყევაა, რომელიც შესამჩნევ გავლენას ახდენს კლიმატზე. ამ მოვლენის დროს წყლის ზედაპირული ფენა უჩვეულოდ თბება +1°C-იდან +5°C-მდე. ელ-ნინიო ვრცელდება სამხრეთ ნახევარსფეროში, ეკვადორის სანაპიროს გასწვრივ ეკვატორამდე სამხრეთ განედის 5-7°-მდე, ხოლო ცალკეულ წლებში ძლიერდება და აღწევს სამხრეთ განედის 15°-ს. განსაკუთრებით კარგად ვლინდება პერუსა და ეკვადორის სანაპიროებთან, ზამთრის თვეებში კი ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზეც ჩნდება.

ელ-ნინიოს გავრცელების არეალები

el2

ატმოსფეროს ცირკულაციის ცვლილება გავლენას ახდენს დედამიწის სხვადასხვა რეგიონის კლიმატზე. იწვევს გვალვას, უხვ ნალექს, წარმოშობს უჩვეულოდ თბილი ან ცივი ამინდის პირობებს. ელ-ნინიოს თბილი წყლების თხელი ფენა წყვეტს ჟანგბადის მიმოსვლას ზედაპირულ ფენაში, რაც დიდ გავლენას ახდენს პერუს ნაყოფიერი რაიონების მდგომარეობაზე. ძლიერი წვიმები გამშრალ სანაპიროებზე კატასტროფულ წყალდიდობებს იწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ ელ-ნინიო ბოლომდე ჯერ კიდევ არ შეუსწავლიათ, ცნობილია, რომ თბილი წყლების შეღწევა პასატური ქარების მოქმედებისა შესუსტებასა და ოკეანის სანაპირო ნაწილის ცივი ზედაპირული წყლების ამოსვლის შეწყვეტას უკავშირდება. ასეთი კატასტროფული მოვლენები, ჩვეულებრივ, შეინიშნება დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში.

ტერმინი „ელ-ნინიო“ პირველად გამოიყენეს 1892 წელს, როდესაც ქალაქ ლიმაში გეოგრაფიული საზოგადოების კონგრესზე კაპიტანმა კამილო კარილომ დამსწრეებს აუწყა, რომ პერუელმა მეთევზეებმა ჩრდილოეთის თბილ დინებას ელ-ნინიო დაარქვეს, რადგან ის ყოველთვის კათოლიკური შობის დღეებში იჩენდა თავს.

არსებობს სხვა ფენომენიც – ლა-ნინია, რომელიც გამოიხატება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთი ნაწილის ძლიერი გაცივებით, წყნარი ოკეანის დასავლეთი ნაწილის ძლიერი გათბობითა და პასატების ძლიერი გავლენით.

ადრეული კვლევების მიხედვით, ელ-ნინიოს, უპირველეს ყოვლისა, განიხილავდნენ ოკეანურ მოვლენად, რომელიც აღინუსხებოდა სამხრეთი ამერიკის დასავლეთი სანაპიროს გასწვრივ.

ახალმა კვლევებმა ელ-ნინიო დაუკავშირა ატმოსფერულ მოვლენას – ეგრეთ წოდებულ სამხრეთის რყევას. სამხრეთის რყევა პირველად ჯილბერტ უოლკერმა აღწერა მუსონების შესწავლის დროს. ელ-ნინიოს ეფექტი განსაკუთრებით მკაფიოდაა გამოხატული სამხრეთ ამერიკაში. ჩვეულებრივ, ეს მოვლენა იწვევს თბილი და ძლიერ ნოტიო ზაფხულის პერიოდებს.

ელ-ნინიო განსაკუთრებით მკაცრი იყო 1891, 1925, 1941, 1953, 1957-1958 და 1972-1973 წლებში. მისი უძლიერესი ფაზები აღირიცხა აგრეთვე 1982-1983 და 1997-1998 წლებში, ხოლო 1991-1992, 1993, 1994 წლებში ის კვლავ განმეორდა.

ელ-ნინიო ექსტრემალური ამინდის პირობებში ეპიდემიურ დაავადებათა გავრცელების ციკლს იწვევს. ის ზრდის კოღოს მიერ გადატანილი დაავადებების – მალარიისა და ციებ-ცხელების რისკს. დაავადებათა რისკის ზრდა ელ-ნინიოსთანაა დაკავშირებული ინდოეთში, ვენესუელასა და კოლუმბიაში. ეპიდემიის რისკი იზრდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიაშიც ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობების შემდეგ, რომელსაც ლა-ნინია იწვევს. ჩრდილო-აღმოსავლეთ კენიასა და სამხრეთ კენიაში კი 1997-1998 წლებში ელ-ნინიოს გავლენით უხვი ნალექიანობის შედეგად ციებ-ცხელების ეპიდემიამ იფეთქა.

მიიჩნევენ, რომ ელ-ნინიოსთანაა დაკავშირებული ომები და სამოქალაქო დაპირისპირებები იმ ქვეყნებში, სადაც კლიმატი მის გავლენას განიცდის. 1950 წლიდან 2004 წლამდე პერიოდის მონაცემების შესწავლამ აჩვენა, რომ კონფლიქტების 21%–ს ელ-ნინიოსთან აქვს კავშირი. ელ-ნინიოს მოქმედების პერიოდში სამოქალაქო ომის რისკი ორჯერ მაღალია, ვიდრე ლა-ნინიას დროს. ცხელი კლიმატით გამოწვეული მოუსავლიანობა სამოქალაქო დაპირისპირებას იწვევს.

2006 წლის სექტემბრიდან 2007 წლის დასაწყისამდე მოქმედმა ელ-ნინიომ გვალვა გამოიწვია, რომელსაც ეგვიპტეში, კამერუნში და ჰაიტიზე სურსათის გაძვირება და სოციალური დაპირისპირება მოჰყვა.

ოკეანური და ატმოსფერული გამოკვლევების ნაციონალური სამმართველოს (NOAA) ინფორმაციით, 2009 წლის ივნისში წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილში აღრიცხულმა ელ-ნინიომ გამოიწვია წყლის ტემპერატურის მომატება, რომელიც 2010 წლის მაისამდე გაგრძელდა. შემდეგ ის ლა-ნინიაში გადაიზარდა, ნორმალურ რეჟიმს კი კლიმატი საბოოლოდ 2012 წელს დაუბრუნდა. ამ პერიოდში ელ-ნინიომ გამოიწვია ყველაზე გვალვიანი პერიოდი უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში.

2014 წელს, დიდი ბრიტანეთის მეტეოროლიგიური სამსახურის პროგნოზით, მოსალოდნელი იყო ელ-ნინიოს ჩამოყალიბება, თუმცა ვარაუდი არ გამართლდა.

NOAA-ს ინფორმაციით, 2015 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბებული ელ-ნინიო შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურად ჩაითვალოს. ამერიკის შეერთებულ შტატებში (მდინარე მისისიპის გასწვრივ), სამხრეთ ამერიკაში (ლა-პლატას დაბლობის გასწვრივ) და გაერთიანებული სამეფოს ჩრდილო-დასავლეთით საშობაო დღესასწაულს თან ახლდა წვიმები და წყალდიდობები.

გამოყენებული ინტერნეტსაიტები:

https://www.ibusiness.ge/tag/el-ninio/ ; https://en.wikipedia.org/wiki/El_Ni%C3%B1o

განვლილი მასალის გამეორება უფროსებისა და უმცროსებისთვის

0

-დიანა, რატომ არ იციან უფროსებმა ამდენი რამე და რატომ ეშლებათ ასე ხშირად? – მეკითხება მეოთხეკლასელი თაკო.  – არ ვიცი, კონკრეტულად რამ განაპირობა მისი კითხვა, თუმცა, რაა გასაკვირი, უფროსებს იმდენი რამე გვეშლება.

-არ ვიცი, ალბათ ბავშვობაში არ ასწავლეს, ან ასწავლეს და არ გადაუმეორებიათ. – ვუღიმი და ვცდილობ ქართულის სავარჯიშო კიდევ ერთხელ ავუხსნა.

-თუ დავიწყება ასე მარტივია, მაშინ რატომ უნდა ვისწავლო?

-დავიწყება მარტივია, მაგრამ გახსენება კიდევ უფრო მარტივი – მინდა თავი დავიძვრინო, როგორ გამომდის, არ ვიცი.

ჩვენ, მასწავლებლებმა  უნდა ვცადოთ ჩვენი მოსწავლეების მომავალი დავიცვათ  – შეცდომებისა და უზუსტობებისგან, უაზროდ თავის მართლების არც თუ ისე სასარგებლო ჩვევისგან, დავიცვათ იმ ინფორმაციით, იმ ცოდნით, რომელსაც ახლა მივცემთ, სანამ ჩვენი მოსწავლეები არიან, სანამ  თვალებში შემოგვყურებენ და ყოველ  სიტყვას მწყურვალებივით ისრუტავენ.

ჰოდა, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ გაკვეთილები, განვლილი მასალა – რა შემთხვევაში და როგორ არ უნდა გამოვიყენოთ სამედიცინო დიაგნოზები, სამედიცინო ტერმინები ადამიანთა სალანძღავად და დასაკნინებლად.  კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცოდნა გვიცავს შეცდომებისგან!

განვიხილავ ყველაზე მეტად გავრცელებულ შემთხვევებს, რომელთაც სკოლაში  ( და ყოველდღიურ, ცხოვრების სკოლაში) ხშირად ვხვდებით.

  1. დაუნი.

დაუნის სინდრომი ეწოდა მდგომარეობას (დაუნი არის მეცნიერი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი), რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. მაშ ასე, დაუნის სინდრომი მდგომარეობაა, დაავადება არ არის.  ის ათასგვარი სტერეოტიპი, რომელიც  ამ სინდრომთან დაკავშირებით არის გავრცელებული – სწორედ არცოდნის და არასწორი დამოკიდებულების ბრალია. ასწავლეთ მოსწავლეებს, რომ პიროვნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი მდგომარეობა და ამიტომაც, ნებისმიერ ადამიანს ერთნაირი მიმღებლობით და სიყვარულით უნდა მოექცნენ.  ამ თემაზე საუბრისას  შეგიძლიათ დაუნის სინდრომის მქონე მრავალი წარმატებული  ადამიანი გააცნოთ – მსახიობები, სპორტსმენები, პედაგოგები.

  1. აუტისტი.

სიტყვა „აუტისტს“ ხშირად იყენებენ  ჩაკეტილობის, ქცევის პრობლემის, ცელქი, „უცნაური“  ქცევის მქონე ადამიანების დასახასიათებლად, რაც, აგრეთვე არასწორია. ჯერ ერთი, აუტისტური სპექტრის აშლილობის ყველა შემთხვევა განსხვავდება ერთმანეთისგან, შესაბამისად, არასწორია, გაუგებარი იარლიყების მიკერება, მეორეც, ეს რთული, მრავალშრიანი პრობლემაა, ამიტომაც დამაკნინებელი მნიშვნელობით ამ სიტყვის გამოყენება ძალიან არაეთიკურია და მხოლოდ სტიგმის გაძლიერებას უწყობს ხელს.

  1. გიჟი, შიზოიდი, შეზოფრენიით დაავადებული, ფსიქიატრიულის პაციენტი… – გაიხსენეთ, თუ თქვენ გამოგიყენებიათ ეს სიტყვები სალანძღავად, წარმოიდგინეთ, რომ შეურაცხყოფა მიაყენეთ ყოველ მეოთხე ადამიანს, დიახ, ასეთია ფსიქიკური დაავადებების სტატისტიკა, იქნება ეს დეპრესია თუ უფრო რთული დაავადებები, შესაბამისად, როდესაც ერთ-ერთს, ამ სიტყვათაგან,  სალანძღავად გამოიყენებთ, შესაძლოა, გამოჯანმრთელების შანსი წაართვათ ადამიანს, რომელიც ექიმთან წასვლას აპირებდა და სტიგმისა და თქვენი დამოკიდებულების გამო – გადაიფიქრა.
  2. ჩამოვწერ რამდენიმე სტანდარტულ და ძალიან გავრცელებულ ფრაზას:

-ე, ბიჭო, შენ ყრუ ხომ არ ხარ?

-დაბრმავდი, თვალებიდან ვერ იყურები:?

-რა ინვალიდივით იქცევი, ჩქარა წამოდი რა!

-ბრუციანო,  შე,  ბრუციანო!

-ენაბლუ ხარ ბიჭო?

-დამუნჯდი?

-დებილი ხარ?

-ეს ჭკუასუსტია!

-ბნედიანი ეს!

-დამბლა დაგემართა? გაინძერი-მეთქი.

-დაწყნარდი და ფსიქიატრიულში წადი!

და ა.შ და ა.შ.

ყოველი ეს სიტყვა, სიტყვათშეხამება  თუ წინადადება, რომელთაც უფროსები თუ უმცროსები ყოველდღიურად, დაუფიქრებლად ვიყენებთ დამაკნინებელი და სალანძღავი ფუნქციით, სამედიცინო პრობლემებს ასახავს, სხვადასხვა სირთულის  სამედიცინო დიაგნოზებს წარმოადგენს, მათ მიღმა კონკრეტული ადამიანები დგანან, ჩვენნაირი ადამიანები, ჩვენი თანამოქალაქეები, მეგობრები, მეზობლები, ნათესავები….  დარწმუნებული ვარ, თუ ოდნავ დავფიქრდებით და  გავიაზრებთ, გავიხსენებთ და არ დავივიწყებთ –  აღარასოდეს გამოვიყენებთ მათ.

არც უფროსები და არც უმცროსები!

გამეორება ცოდნის დედაა.

კიდევ ერთხელ პატრიოტული ლირიკის შესახებ _ ანუ როგორ გადავცეთ ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება

0

ფეხბურთის მოყვარულ მამაკაცებს ერთი ჩვეულება აქვთ ხოლმე, თავიანთ ,,ოცნების ნაკრებს” ადგენენ, გეგმავენ, რომელი ფეხბურთელებისაგან დააკომპლექტებდნენ საყვარელ გუნდს. როგორც ყველა ოცნებას სჩვევია, არც მათ აქვთ მისჯილი ,,ზღვათა სილურჯე”, შეუძლიათ უკვე გარდაცვილილი ანდა კარგა ხანია დაბერებული ფეხბურთელიც კი ,,ათამაშონ” თავიანთ ნაკრებში.

მსგავსი ოცნება აქვთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებსაც _ შეადგინონ ,,თავიანთი” სახელმძღვანელო, რომელშიც საკუთარი გემოვნებით შეიტანენ ამა თუ იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს. მეტიც, თუ ქართულის მასწავლებელი რამე ახალს წაიკითხავს და მოეწონება, ერთი პირობა აუცილებლად გაიფიქრებს, ნეტავ ეს პროგრამაში იყოს შეტანილი და ჩემი მოსწავლეები იძულებული იყვნენ, წაიკითხონო. ზოგიერთი იმ იდეათაგანი, რომლებიც მე მსმენია, ნამდვილად არ არის დასაწუნი, მაგალითად, თუნდაც ის, რომ მოსწავლეები სკოლაში ეცნობოდნენ კოტე ჯანდიერის ,,გლობალიზაციას”.

თუმცა იმაზე მეტად, თუ რას შეიტანდნენ სასკოლო პროგრამაში, ჩემი კოლეგები საუბრობენ იმაზე, თუ რას ამოიღებდნენ სასკოლო პროგრამიდან, მათი ნება რომ იყოს. ,,შუშანიკის წამებიდან” დაწყებული ბესიკ ხარანაულის ლექსებით დამთავრებული თითქმის ყველაფერზე გამიგონია, რომ ეს ნაწარმოები სასკოლო პროგრამიდან ამოსაღებია ამა თუ იმ მიზეზის გამო. თვით ,,ვეფხისტყაოსანიც” კი არ დარჩენილა ხელშეუხებელი… თუმცა ყველაზე ხშირად მაინც პატრიოტული ლირიკა ხდება ხოლმე განქიქების საგანი. პათეტიკურობა _ ამ ბრალდებას ყველაზე ხშირად უყენებენ ამ თემატიკაზე შექმნილ პოეზიას. ,,ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები”, ,,გულზე მჯიღის ბრაგუნი”, ,,პატარა ქვეყნის კომპლექსი” _ და მსგავსი მკვეთრი შეფასებები ხშირად გვსმენია ყველას იმ ლექსების მიმართ, რომლებსაც არათუ სკოლაში, ხშირად სკოლამდელ ასაკშიც გვასწავლიდნენ ზეპირად და  გამოთქმით ვამბობდით ისე, რომ მათი შინაარსი და მით უმეტეს, განწყობა ჩვენთვის საკმაოდ ბუნდოვანი იყო.

რასაკვირველია, როდესაც ამ საკითხზე დავფიქრდი, გამიჩნდა კითხვა, არის თუ არა პატრიოტული სულისკვეთებით გაჟღენთილი ნაწარმოებებისადმი მიძღვნილი ცალკე ქვეთავი სხვა ქვეყნების ლიტერატურის სახელმძღვანელოებში და საგანმანათლებლო წიგნების ცნობილი ამერიკული გამომცემლობის, ,,პრენტას ჰოლის”, ,,ოქროს სტანდარტის” სახელმძღვანელო გადმოვიღე _ ერთ-ერთ ქვეთავში გვხვდება კარლ სენდბერგის ,,ლინკოლნის” შესავალი, მარტინ ლუთერ კინგის ,,მე ვოცნებობ”, უოლტ უიტმენის ,,მესმის, როგორ მღერის ამერიკა”, მისივე ,,ჰეი, კაპიტანო, ჩემო, კაპიტანო”. მოკლედ, მთელი თაიგული.

ეს ამერიკის ამბავია, თუმცა ისიც ცხადია, რომ პატრიოტული მოტივი პატარა და დამპყრობლებისაგან შევიწროვებული ქვეყნების ლიტერატურისთვის უფროა დამახასიათებელი: შოტლანდიური ლიტერატურა მეტადაა პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული, ვიდრე _ ინგლისური; ქართული უფრო მეტად, ვიდრე _ რუსული და ვინ იცის, ეგებ ტიბეტური მეტად _ ვიდრე ჩინური. ამიტომ იმას, რაც ჩვენი ქვეყნის ლიტერატურული ტენდენცია იყო საუკუნეების მანძილზე, რასაკვირველია, ვერც სასკოლო სწავლებისას ავუქცევთ გვერდს.

სხვა საქმეა, თუ რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს თანამედროვე მოსწავლისათვის ,,თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში”, რომლის მხატვრული ღირებულება და პათოსიც მათთვის გაუგებარი არ რჩება, მაგრამ არც დიდად გულთან მისატანია და მხოლოდ ისტორიული რაკურსის თვალსაზირისით აინტერესებთ; ანდა რამდენად მრავლისმომცემია სკოლაში ილიას ,,ბედნიერი ერის” სწავლა, როდესაც ახალი თაობისთვის კოლექტიური ეროვნული თვითრწმენის ნაკლებობა ისედაც არაა უცხო ხილი.

 პატრიოტიზმი, რასაკვირველია, მარადიული თემაა, მაგრამ ერის განვითარების ყოველ კონკრეტულ პერიოდში იგი სხვადასხვა ნიუანსებით წარმოჩინდება. ის, რაც კონკრეტულ ისტორიულ ეპოქაში ერის ხმის გამოძახილი იყო, შემდეგი თაობის სინამდვილისათვის შეიძლება არცთუ დამაჯერებლად ჟღერდეს.

როგორია პატრიოტიზმის დღევანდელი აღქმა? ჩემი მოკრძალებული აზრით, მას ყველაზე უკეთ გურამ დოჩანაშვილის ცნობილი მოთხრობის  სათაური _ ,,ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება” _ ასახავს. ეს აღქმა გულისხმობს ნაკლებ ლაპარაკს პატრიოტიზმის შესახებ და მეტ საქმეს, სამშობლოზე ლაპარაკი, თანაც მაღალფარდოვნად, სულ უფრო ცუდ ტონად ითვლება.

მეოცე საუკუნის პატრიოტული პოეზიის იმ ნიმუშთა უმეტესობა, რომლებიც სასკოლო სახელმძღვანელოშია შეტანილი, მე პირადად, როგორც ერთ რიგით მკითხველს, მომწონს და მიყვარს, თუმცა, ასევე მგონია, რომ კარგი იქნება, მოსწავლეებმა მეტი შეიტყონ ამ პერიოდის ,,ექპერიმენტატორი” პოეტების, ტარიელ ჭანტურიასა და ვახტანგ ჯავახაძის შესახებ, თუნდაც იმიტომ, რომ გაიგონ, რომ პატრიოტულ პოეზიაში სიღრმე და ამავდროულად, მეტი უშუალობაც შეიძლება სიტყვასთან თამაშითა და აზროვნების ,,ცელქობითაც” იყოს მიღწეული.

და თუ განცდების უშუალობასა და სისადავეზე მიდგება საქმე, ეგებ უმჯობესია თანამედროვე მოსწავლეებს თანამედროვე პოეტების ლექსები შევთავაზოთ, თანამედროვე პრობლემატიკითა და სახეებით.

მაგალითად, ნაწყვეტი ერთ-ერთი გამორჩეული პოეტის, ზვიად რატიანის, ლექსების ციკლ ,,გზები და დღეებიდან”:

III
(12 აგვისტო, 2003)

ეს ქვეყანა ხშირად გაძლევს შესაძლებლობას
გიყვარდეს იგი. იშვიათად – კიდეც სარგებლობ.
განსაკუთრებით – თუ გზაში ხარ, გზა კი ეფლობა
ზაფხულის მთებში, იკლაკნება. “ჩემო კარგებო,
მე თქვენ მიყვარხართ”, _ გინდა უთხრა გზისპირა სოფელს
და სოფლის თავზე დროშასავით გაკიდულ ძერას.
და ტყიან ფერდობს, საიდანაც ეს ძერა მოფრენს.
და ცას, მთებშორის ჩამოწოლილს, რომელსაც სერავს.
ბალახს, რომელსაც მალე მსხვერპლის ბუმბულით მოფენს
და მსხვერპლს, რომელსაც გულდასმით ზვერავს.
ძაღლი კი გიყეფს. ყეფა-ყეფით აწყდება ღობეს.
სოფლელი გოგო შენს მანქანას აყოლებს მზერას.
შენ კი რას უზამ ამ სიხარულს, გულში გალღობილს?
ტკივილი იყოს – აჯობებდა, რამეს დაწერდი.
მაგრამ რას დაწერ სიხარულზე, როცა არცერთი,
არც სიმარტოვე და არც ნიჭი, არ გაქვს სამყოფი?

 ამ ლექსში ასახული შეგრძნება არის ის, რითაც, ჩემი აზრით, ადამიანი პირველად აცნობიერებს სამშობლოს სიყვარულს _ მშობლიური, ნაცნობი და მშვენიერი კადრები გაგრძნობინებენ, რომ შინ ხარ, იმ ადგილას, რომელსაც ეკუთვნი და ჰარმონიას გრძნობ. ვფიქრობ და შემთხვევასაც არაერთხელ დაუდასტურებია, რომ ეს ლექსი მოსწავლეებს მოსწონთ _ მოსწონთ იმიტომ, რომ მათი შეგრძნებებია ასახული, მოსწონთ ის, რომ არც პათეტიკა და არც შეფარული მოწოდება არ ჩანს და თუ ჩანს (,,ეს ქვეყანა ხშირად გაძლევს შესაძლებლობას გიყვარდეს იგი. იშვიათად კიდეც სარგებლობ”) ავტორი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს საყვედურობს და მოსწონთ იმიტომ, რომ სამშობლოს სიყვარული, როგორც იქნა, ბედნიერებასა და სილაღესთანაა კავშირში და არა _ დაბრკოლებების გადალახვასა და სირთულეებთან.

თითქმის ყველა მოსწავლე, რომლის ლიტერატურით დაინტერესებაც გაკვეთილის ანდა გამოცდის ჩაბარების მისწრაფებით არ სრულდება და კარგ თანამედროვე ქართველ ავტორებს ეძებს, მაინც ზვიად რატიანის პოეზიამდე მიდის. მაშ, რატომ არ უნდა მივაწოდოთ მათ ის, რაც ძალიან მოეწონებათ, სკოლაშივე?!

სამშობლოს სიყვარული, რომელსაც ბედნიერებისა და სილაღის შეგრძნება მოაქვს, რასაკვირველია, კარგია, მაგრამ, ამასთანავე პრობლემების განხილვაც არანაკლებ საინტერესოა. ჩვენ მოსწავლეებს არც იარაღით უწევთ სამშობლოს დაცვა (და დიდი იმედი მაქვს, არც მოუწევთ) და მეტ-ნაკლებად თავისუფალ ქვეყანაშიც ცხოვრობენ. ის პრობლემატიკა, რომელიც მათთვის განსაკუთრებით აქტუალურია, არის სამშობლოში დარჩენისა თუ მისი დატოვების არჩევანი. ჩემი ყოფილი მოსწავლეების დიდი ნაწილი უკვე საზღვარგარეთ ცხოვრობს და არ ვარ დარწმუნებული, რომ მათი შესაძლებლობები მომავალში საქართველოს განვითარებას მოხმარდება. საკლასო პოლემიკის ყველაზე ხშირი თემაც ეს არის: უნდა წავიდნენ და ბედი ეძებონ თუ დარჩნენ და მცირედს დასჯერდნენ.

ეს ლექსი დარჩენაზეა და იგი ერთ-ერთ საინტერესო თანამედროვე პოეტს, ლელა სამნიაშვილს, ეკუთვნის. ამ ლექსის ინტიმმა დასაწყისში შეიძლება აფიქრებინოს მოსწავლეებს, რომ ის სასიყვარულო პოეზიას მიეკუთვნება და მხოლოდ ტექსტზე დაკვირვების შემდეგ ჩნდება სამშობლოს განცდა:

,,რადგან შენ თვითონ მომახატე მხარზე მერცხალი,

ნუ გიკვირს წასვლა, ნურც დაბრუნება.

ზოგჯერ მგონია თავი _ მეცხვარე _

სიტყვებს გაბარებ თვლით და უვნებლად.

ცარიელი და თავისუფალი _

არადა, მინდა ქარივით ვქროდე,

ადგილის ღმერთთან ვიყო არადანს

და სივრცე  _ კაბის ატლასად მქონდეს.

შენგან და შენკენ რატომ მეწევი,

თუკი ასეთი ლაღი გამზარდე?

მე შემიძლია აღარ მოგწერო,

სიტყვებიანად შენში გავზავდე,

მხრებში ჩაგიწყო მხრები და შუბლში

შუბლი _ ცაზეც რომ ფართო მეგონა _

ჩავტიო შენში, დავემშვიდობო

გზების გადაღმა ყველა მეგობარს

და გავქრე შენში.

მე მსუბუქი ვარ.

ისე მატარებ, თითქოს გაგეშვი.

და მაპატიე ეს უნებური

აწრიალება _ მკერდის არეში.”

ძვირფასო მკითხველო, ჩათვალეთ, რომ ეს ჩემი საფეხბურთო ნაკრების ორი მოთამაშეა, რომლებიც დიდი სიფრთხილით შევარჩიე, თუმცა ვთვლი, რომ ეს სია კიდევ უნდა გაგრძელდეს და რასაკვირველია, სახელმძღვანელოების ავტორები, ჩემზე ბევრად კომპეტენტური ადამიანები, ამას შეძლებენ და მოახერხებენ, რომ, ჯერ ერთი, მოსწავლეებს სიმპათია აღუძრან თანამედროვე ლიტერატურული პროცესების მიმართ და მეორეც, დაარწმუნონ, რომ როგორც ვაჟა-ფშაველა ამბობს, პატრიოტზმი გულის საქმეა და იგი ერთნაირად აქტუალურია ყველა დროში, ესაა, რომ ყველა დრო გამოსახვის განსხვავებულ, მისთვის დამახასიათებელ ფორმებს გვთავაზობს.

აუტიზმის დიაგნოზიდან უნივერსიტეტის პროფესორობამდე

0

სტივენ შორი, რომელსაც აუტისტური სპექტრის ერთ-ერთი აშლილობა – ასპერგერის სინდრომი აქვს, ნიუ-იორკის ადელფის უნივერსიტეტის პროფესორი, სპეციალური პედაგოგიკის დოქტორი და საერთაშორისო ექსპერტია. ის თხუთმეტ წელიწადზე მეტია ეხმარება აუტიზმის მქონე ბავშვებს, რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, აქვეყნებს სტატიებს და რამდენიმე წიგნის ავტორიცაა. ამჟამად მუშაობს მესამე წიგნზე – „კოლეჯი შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე სტუდენტებისთვის“. სტივენმა ოჯახის წევრების თანადგომით შეძლო სიჩუმის კედლის დანგრევა, ახლა კი მათ ეხმარება, ვისაც ჯერ კიდევ ეუცხოება ეს სამყარო.

შორი ამბობს, რომ მშობლები ყოველთვის ისეთად იღებდნენ, როგორიც იყო. ექიმები მის მშობლებს ურჩევდნენ, შვილი სპეციალურ დაწესებულებაში მიებარებინათ, მაგრამ ისინი ასე არ მოქცეულან. ესმოდათ – ბავშვის სიცოცხლე ნაყოფიერი და სრულფასოვანი რომ ყოფილიყო, მოთმინებით უნდა ემუშავათ. სწორედ მშობლები იცავდნენ სტივენის უფლებებს, განუწყვეტლივ იბრძოდნენ და ცდილობდნენ, სახლის პირობებში განევითარებინათ ის. იმდროინდელ ამერიკულ საზოგადოებას აუტიზმის მქონე პირთა მიმართ არცთუ ტოლერანტული განწყობა ჰქონდა – ისინი საზოგადოებისგან იზოლირებულები იყვნენ, მაგრამ სტივენს ბედმა გაუღიმა – მას შინ ასწავლიდნენ ფიზიკურ კულტურას, მუსიკას, სენსორულ ინტეგრაციას.

„არტისტული ბავშვი ვიყავი და მახსოვს, იმიტაციის გაკვეთილებს რომ გავდიოდი, მშობლები ვერაფრით მაიძულებდნენ, მათთვის მიმებაძა. ბოლოს ადგნენ და თავად მომბაძეს. ასე ყალიბდებოდა ჩვენს შორის ნდობა. აუტიზმის პირველი ბომბი წლინახევრის ასაკში აფეთქდა. მე ერთბაშად შევწყვიტე ლაპარაკი. მოულოდნელი ბრაზის შეტევები დამეწყო. მშობლები ვარაუდით ხვდებოდნენ, რა მინდოდა. ბევრს მესაუბრებოდნენ, ყველაფერს დაწვრილებით მიხსნიდნენ. მაგალითად, თუ ვიჯექი, ამბობდნენ: „ო, სტივენი ზის!“ – და ა.შ. მასმენინებდნენ მუსიკას, რომელიც ჩემზე პოზიტიურად მოქმედებდა.

ოთხი წლისამ ლაპარაკი დავიწყე. ამ ასაკში გამიჩნდა პირველი „სპეციალური ინტერესი“, ჰობი. სამზარეულოს დანა ამიღია და მაჯის საათი დამიშლია, დეტალებით მითამაშია და ისევ ამიწყვია. საათი მუშაობდა. მშობლებმა ეს შეამჩნიეს და რეგულარულად მაპარებდნენ სხვადასხვა ნივთს, რომლებსაც ვშლიდი და ვაწყობდი: მაგნიტოფონებს, ველოსიპედებს, ფოტოაპარატებს. სხვათა შორის, დღეს 13 ველოსიპედი მაქვს“, – ამბობს სტივენი.

მუსიკას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა სტივენის ცხოვრებაში. დღეს ის მუსიკას როგორც კომუნიკაციის საშუალებას აუტიზმის მქონე ბავშვებთან მუშაობის დროს იყენებს. პროფესორს მიაჩნია, რომ მუსიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება ვერბალური ურთიერთობისგან. ის საუკეთესო ინსტრუმენტია კავშირის დასამყარებლად. შორი პატარა საწებურიან ფურცლებზე ნოტებს წერს, ბავშვები კი ამ ფურცლებს ფორტეპიანოს კლავიშებზე აკრავენ. ისინი სხვადასხვა ოქტავაში პოულობენ ერთსა და იმავე ნოტებს და ითვლიან. მერე სტივენი სანოტო სისტემას ხაზავს და ზედ ნოტებს მონიშნავს. ის ბავშვს ეკითხება: „შეგიძლია, აქ „სი“ დახატო? ახლა კი კლავიატურაზე მაჩვენე“. ამის შემდეგ ბავშვები სიმღერის ფრაგმენტს ასრულებენ. მუსიკა მათ მობილიზებაში, მოძრაობის კონტროლში ეხმარება.

სტივენ შორის სამყარო მთლიანად შეგრძნებებს ეფუძნებოდა – მისთვის შეგრძნება იყო ენაც, ისიც, რასაც თვალით ხედავდა, არომატებიც, რომლებსაც ცხვირით იჭერდა. სტივენი ყველაფერს მძაფრად აღიქვამდა. მასზე განსაკუთრებით მოქმედებდა ხმაური. აშინებდა სუპერმარკეტი, სადაც ხალხმრავლობა იყო და კაშკაშა ნათურები ენთო.

6 წლისა საბავშვო ბაღში მიიყვანეს. იქაურმა პედაგოგებმა არ იცოდნენ, როგორ მოჰქცეოდნენ. არც ბავშვს ესმოდა, როგორ უნდა დაემყარებინა ურთიერთობა თანატოლებთან. სტივენს დასცინოდნენ, ის კი ვერ ხვდებოდა, რას ითხოვდნენ მისგან. მასწავლებლები უფრო მარტივი გზით მიდოდნენ და უბრალოდ აძლევდნენ იმის კეთების საშუალებას, რაც აინტერესებდა.

თავდაპირველად სტივენი ვერავის უმეგობრდებოდა, მერე კი რამდენიმე მეგობარი გაიჩინა. ერთად სეირნობდნენ ველოსიპედით, დადიოდნენ სტუმრად.

სტივენი ბიბლიოთეკაში ჩაეწერა. ისტორიულ ლიტერატურას კითხულობდა, გარდა ამისა, უნდოდა, მეტი გაეგო კატაკლიზმების შესახებ, მაგრამ სხვა საგნებში ჩამორჩებოდა. ერთხელ მათემატიკის მასწავლებელმა უთხრა, რომ ვერასოდეს ისწავლიდა მის საგანს, რადგან მეტისმეტად იტაცებდა ასტრონომია, თუმცა სტივმა სკოლის პერიოდშივე ისეთ დონეზე შეისწავლა მათემატიკა, რომ შეეძლო, უნივერსიტეტის მასწავლებელს გატოლებოდა.

მაღალ კლასებში სტივენი მუსიკამ გაიტაცა. ეს იყო სტრუქტურირებული ინტერესი, რომელიც გარე სამყაროსთან ურთიერთობაში ეხმარებოდა. სტივენი საათობით იჯდა სარეპეტიციო ოთახში და გულმოდგინედ უკრავდა ხან ტრომბონზე, ხან პიანინოზე, ფლეიტასა და ფრანგულ საყვირზე. სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრა საუნივერსიტეტო დონეზე შეისწავლა და ბაკალავრის ხარისხიც მიიღო. მერე ორი სადოქტორო დისერტაცია დაიცვა – მუსიკასა და სპეციალურ პედაგოგიკაში.

„ჩემს განვითარებას ჩემივე გატაცებებმა შეუწყო ხელი. დიახ, თანატოლებთან კონტაქტი მიჭირდა, მაგრამ მუსიკასა და ასტრონომიაზე შემეძლო საათობით მელაპარაკა. ამიტომ თუ ველოსიპედმა დაგაინტერესა, კარგი იქნება, ველოსიპედისტთა კლუბს შეუერთდე, თუ მუსიკამ – ორკესტრში მიხვიდე. გატაცებები აუტიზმის კომპენსირებას ახდენს. ამ დიაგნოზთან ერთად ცხოვრების სწავლა შესაძლებელია. აუტიზმთან ადაპტირება ადამიანს წარმატების შანსს აძლევს. თუმცა სირთულეები ყოველთვის ექნება. მაგალითად, ისევე როგორც აუტიზმის მქონე სხვა სხვა ადამიანები, მეც მგრძნობიარე ვარ მკვეთრი სინათლის მიმართ, ამიტომ კეპს ვხმარობ და ის ჩემი იმიჯის ნაწილი კი არ არის, აუცილებელი ატრიბუტია.

მიჭირს სახეების დამახსოვრება. სემესტრის დასაწყისში სტუდენტებს ვაფრთხილებ, რომ არ გამინაწყენდნენ, თუ სახეზე ვერ დავიმახსოვრე.

აუტიზმის მქონე ადამიანები ხშირად ვარდებიან უხერხულ სიტუაციებში სამსახურში. დაზღვეული რომ ვიყო, უნივერსიტეტში რამდენიმე სანდო კოლეგა მყავს, რომლებსაც ხშირად ვთხოვ რჩევას.

ახლაც არ მიყვარს ტანზე მოტმასნილი სამოსი, რომელსაც სხვები დიდ ყურადღებას არ აქცევენ, ზოგჯერ კი არ მესმის პოლიტიკის, როდესაც ადამიანი ერთს ამბობს და სხვა რამეს გულისხმობს. თქვენ ავტომატურად იგებთ ამას, ჩემნაირებს კი კონკრეტული ინსტრუქცია სჭირდებათ“, – განმარტავს პროფესორი.

სტივენს ხშირად უწევს საუბარი კიდევ ერთ საკითხზე – აუტიზმის მქონე პირთა დასაქმებაზე. ამერიკაში მათი 88% ვერ საქმდება. არადა, მათ შეუძლიათ, საზოგადოებას სარგებლობა მოუტანონ. ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ის უხერხული სოციალური სიტუაციებია, რომლებსაც დამსაქმებელი თავს არიდებს. თუმცა არის კომპანიები, მათ შორის – კორპორაცია Microsoft-ი, რომელიც მიესალმება აუტიზმის მქონეთა დასაქმებას, რადგან ისინი შესანიშნავი პროგრამისტები გამოდიან. კიდევ ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ აუტიზმის მქონე ადამიანს შეიძლება შეასწავლო სასარგებლო უნარები.

პროფესორი აღნიშნავს, რომ აუტიზმის მქონე ბავშვებს სხვადასხვანაირად უნდა მივუდგეთ. მაგალითად, ზოგის რეაბილიტაცია წარმატებით ხორციელდება იპოთერაპიის (ჯირითი და ა.შ.) გზით, ზოგს კი TEACCH პროგრამა (სტრუქტურული სწავლება), Daily თერაპია („ყოველდღიური ცხოვრების თერაპია“), PECS (გამოსახულების ცვლაზე დაფუძნებული კომუნიკაციის სისტემა), არტთერაპია, მუსიკალური თერაპია შველის.

სტივენი ამბობს: „რასაკვირველია, მნიშვნელოვანია დაავადების აღმოჩენა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი მართვის ცოდნა. სხვადასხვა ბავშვს სხვადასხვა მიდგომა სჭირდება. აუტისტი შვილის მშობლებს ვურჩევდი დაედგინათ, რა აინტერესებს ბავშვს, რა ძლიერი მხარე აქვს. მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათი შვილი განუსაზღვრელ პოტენციალს ფლობს და ისეთივეა, როგორიც ნებისმიერი სხვა. ის ინდივიდია“.

მეუღლე, რომელთანაც უკვე 23 წელია ცხოვრობს, სტივენმა ბავშვობაში, მუსიკის გაკვეთილზე გაიცნო. ბავშვები ერთმანეთს გაკვეთილების შესრულებაში ეხმარებოდნენ. მერე საზოგადოებრივ საქმიანობაშიც ერთად ჩაერთნენ. ერთხელ, პლაჟზე სეირნობის დროს, მომავალი მეუღლე მოეხვია, აკოცა და ხელი ჩაჰკიდა. სტივი მიუხვდა, რომ გოგონას მოუნდა, მეგობარზე მეტი ყოფილიყო მისთვის. სასწრაფოდ რამე უნდა ეპასუხა, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა. არ ესმოდა, როგორ შეიძლებოდა, მეგობრებს სხვაგვარადაც ჰყვარებოდათ ერთმანეთი. „ასეთ ემოციაში გარკვევა გამიჭირდა, რის გამოც „სატრფო“ გამინაწყენდა, ატირდა, გამიმხილა, რომ ისედაც რცხვენოდა, პირველმა რომ გადადგა ეს ნაბიჯი… მე მასთან მხოლოდ მეგობრობა მაკავშირებდა. თანაც ძალიან ხმამაღალი ტემბრი ჰქონდა და ეს მძაბავდა. მერე ჩემი ცხოვრებიდან გაქრა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ არსებობს ურთიერთობის კიდევ ერთი სახე – სულ სხვა, არავერბალური კომუნიკაცია. ამ თემაზე უამრავი წიგნი წავიკითხე და მივხვდი, რომ სიყვარული მხოლოდ აუტიზმის მქონე ადამიანებს არ ატკივებს თავს“, – იღიმება სტივენი.

ახლა ის ბევრს მოგზაურობს. მის პრეზენტაციებს, რომლებსაც ხანგრძლივი მონოლოგის ფორმატი უფრო აქვს, ათასობით ადამიანი ესწრება. თუ საუბარი კონკრეტულ ინტერესებს შეეხო, სტივენი აუდიტორიასთან დიალოგშიც შედის. მისი ლექციების შემდეგ ბევრმა შეიცვალა წარმოდგენა აუტიზმზე.

„დედაჩემი დღეში სულ ორ საათს მუშაობდა, მე კი 18 თვისამ სამყაროსთან ურთიერთობის ფუნქცია დავკარგე. მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ექიმმა პირველად რომ გამსინჯა, აუტიზმი მიშვებულ ფსიქიატრიულ აშლილობად მიიჩნეოდა, ცუდი აღზრდის შედეგად. ათი ათასი პაციენტიდან მხოლოდ ერთს უსვამდნენ აუტიზმის დიაგნოზს. დღეს ატლანტის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ასეთ პროპორციას ადგენს – 1:50. ან უტიზმის მქონე ადამიანების რაოდენობა იზრდება, ან აუტიზმის დიაგნოსტირება უმჯობესდება. ალბათ სიმართლე სადღაც შუაშია“, – ასკვნის სტივენ შორი.

სპექტაკლი ხელისგულზე

0

მასწავლებელი უნდა იყოს მსახიობი, არტისტი, 

რომელიც თავდავიწყებითაა შეყვარებული თავის საქმეზე.
ა.პ. ჩეხოვი

 

მასწავლებლობის დაახლოებით ათწლიანი გამოცდილება მაქვს. ათი წელი არცთუ ბევრია, მაგრამ არც ძალიან ცოტა. ყოველ შემთხვევაში, იმის გასაცნობიერებლად მეყო, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, შემოქმედებითი პროფესია, რომელიც მუდმივად ტონუსში გამყოფებს. პროფესია წრეზე მბრუნავი ენერგიით – გასცემ და გიბრუნებენ პატარა ადამიანები. კიდევ გასცემ – კიდევ გიბრუნებენ. გგონია, აღარ დაგრჩა გასაცემი, გამოწურული ხარ… მაგრამ მეორე დღეს კვლავ აღდგები ფენიქსივით და კვლავ ირთვება ენერგიების გაცვლის უჩინარი მექანიზმი. სულ პატარა, ოცდაერთი წლისა აღმოვჩნდი სკოლაში. მაშინ ბევრი არც სწავლების თანამედროვე მეთოდებზე ვიცოდი რამე და არც ბავშვთა უფლებებზე. ერთადერთი, რაც არ მეშლებოდა, თექვსმეტამდე თვლა იყო, რადგან სწორედ ამდენი პირველკლასელი მოსწავლე მყავდა, რომლებიც სულ გარს მეხვივნენ და რომელთაც გამუდმებით ვითვლიდი. ოდნავ მოგვიანებით, როდესაც მათი სახელები და სახეები ერთმანეთში აღარ მერეოდა და მათი ჩემ გარშემო ტრიალი თავბრუს აღარ მახვევდა, მივხვდი – ერთდროულად ყველაზე რთული და მარტივია, მიიჩვიო, მოათვინიერო, დააინტერესო, გაააქტიურო, შეიყვარო პატარა ადამიანები. შეიყვარო არა როგორც მშობელმა, არც როგორც მოვალეობის პირნათლად შემსრულებელმა პირმა, არამედ როგორც ადამიანმა, რომელიც ითავისებს თავის პასუხისმგებლობას, რომ მას უდიდესი წვლილი მიუძღვის პატარა ტვინების, პატარა გულების, ცნობიერების ფორმირების საქმეში. შეიყვარო იმ ადამიანის დაჟინებული, ფრთხილი სიყვარულით, რომელიც აცნობიერებს, რომ სწორედ მისი შრომის ანარეკლი იქნება ის საზოგადოება, რომელსაც რამდენიმე წელიწადში ხალხთან ერთად თავადაც შეაქებს ან აძაგებს.
ზემოთ ვახსენე, ეს ერთდროულად რთული და მარტივია-მეთქი. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გამოა რთული. ხანდახან მეგონა, ეს გიგანტური პასუხისმგებლობა, ღამე რომ არ გაძინებს, არდადეგებზე რომ გაფუსფუსებს, დაღლილს რომ მაღაზიაში წაგალასლასებს მეორე დღისთვის რესურსების შესაძენად, ქვეშ მომიყოლებდა და გამსრესდა. მაგრამ იმხელაა ბავშვებისგან წამოსული ენერგია და იმდენად ჯადოსნურად მაცოცხლებელი, მთების გადადგმაც კი გიღირს მის ფასად! აი, სწორედ ამიტომაცაა რთულთან ერთად მარტივიც. ბავშვები ძალიან მარტივად გენდობიან, უშურველად გაძლევენ სიყვარულს, მუხტებს… მთავარია, შენ მთელი ეს ემოციური არსენალი სწორად მიმართო და შედეგი აუცილებლად მოვა! შეიძლება გვიან, მაგრამ უეჭველად!
ამ ყველაფრის გაცნობიერებასთან ერთად მუდმივად ვფიქრობდი იმაზე, როგორ დამემყარებინა მათთან სწორი კომუნიკაცია, როგორ მომეხერხებინა, რომ დამეცვა ოქროს შუალედი მაგიდაზე დიდი ბეჭდით დამკაკუნებელ, თვალებდაწკურულ, მკაცრსახიან პედაგოგსა და იმ მასწავლებელს შორის, რომლის გაკვეთილიც შეიძლება არ ვისწავლოთ, რადგან მაინც არაფერს იტყვის – „ჯიგარია“; როგორ მომეხერხებინა, რომ მე და მათ ერთ ენაზე გვესაუბრა; როგორ მეგრძნობინებინა, რომ მართლა ვგულშემატკივრობ, მართლა მიხარია მათთან ერთად რაღაცების კეთება, მართლა მაინტერესებს მათი ამბები…
გამოცდილების, მიგნებების გაზიარება ხომ მნიშვნელოვანი, საჭირო და კეთილშობილი საქმეა…
ჰოდა, აი, რამდენიმე რჩევა რიგითი მასწავლებლის პირადი გამოცდილებიდან:

რჩევა 1. ჩამოდი კვარცხლბეკიდან!
პირველი, რასაც მივაგენი, იყო, რომ დიდობის კვარცხლბეკიდან უნდა ჩამოვსულიყავი და მათი  სიმაღლიდან ცქერა, მსჯელობა, დაკვირვება მესწავლა.
აგრძნობინე, რომ მათ აღიქვამ ინდივიდებად, რომ შენთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ ისინი შენზე, რომ მათი რჩევა მნიშვნელოვანია, რადგან რაღაცების მიხვედრაში, შეცვლაში დაგეხმარება. ლაღად იცინე, იხუმრე მასთან ერთად და ნუ შეგეშინდება, რომ თავს გაუვა და გაგითამამდება. სწორედ შენი სწორი დამოკიდებულებები, შენი ქცევის მაგალითი იქნება მათთვის ნიმუში, თუ როგორ კალაპოტში უნდა მიედინებოდეს თქვენი ურთიერთობა.

რჩევა 2. ესაუბრე – გაიგებს!

ხანდახან სულ მარტივი რამეა საჭირო – დაელაპარაკო. მხოლოდ საქმეზე, გაკვეთილის ცოდნაზე, წესიერად მოქცევაზე საუბრებს არ ვგულისხმობ (თუმცა, ცხადია, ეგეც მნიშვნელოვანია), არც ჭკუის დამრიგებლური გამოგონილი სიუჟეტების მოყოლას. უბრალოდ, ესაუბრე. მოუყევი, რამ გაგაკვირვა დღეს დილით, რა გაგახსენდა ავტობუსში და გაგეცინა, რა დაინახე ფანჯრიდან, რას აკეთებდით შენ და შენი მეგობარი არდადეგებზე, როგორ გიკითხავდა დედა, რა გეზარება, რა შეგშლია, რისი გრცხვენია…
მოუყევი შესვენებაზე, კლასში, ეზოში, სოციალურ ქსელში, წერილში…
მოუყევი და ნახავ, როგორ გაქრება თვალსა და ხელს შუა მისი შებოჭილობა. მოუყევი და ნახავ, როგორი კარგი მსმენელია. ეს საუბრები იქნება ის ხიდი, რომელიც მის შინაგან სამყარომდე მიგიყვანს.

რჩევა 3. მოუსმინე!
როცა მასწავლებელი ხარ, თვალი, ყური, გული – ყველაფერი ორმაგად გაწაფული და გამახვილებული გაქვს. სულ მარტივად შეატყობ, როდისაა საჭირო, გვერდით მიუჯდე, ცალკე დაელაპარაკო, აგრძნობინო, რომ მის გვერდით ხარ, შენი პედაგოგიური ოსტატობა გამოიყენო და გაიგო, რამე ხომ არ უჭირს, ხომ არ შეგიძლია დახმარება. იქნებ მას უბრალოდ უნდა ვინმეს გაუზიაროს, როგორ აჭამა ეზოში ძაღლს, იქნებ კლასელი ეუხეშა და მან თავის დაცვა ვერ მოახერხა, იქნებ უნდა ვინმეს წერილი მისწეროს და რჩევა სჭირდება, იქნებ უნდა, გკითხოს, დაბადების დღეზე რა ჩაიცვას… აგრძნობინე, რომ გაინტერესებს ის, რაც მისთვისაა მნიშვნელოვანი, რომ გახარებს მისი შენდამი ნდობა და ეცდები გაამართლო, რომ მზად ხარ სიხარულით მოუსმინო და გაიზიარო მისი ემოციები.

რჩევა 4. იქნებ რაღაც გაერთიანებთ?
ახლაც მახსოვს, როგორ ვუსმენდი ხოლმე გაყურსული, როდესაც თავიანთ საყვარელ სათამაშოებზე, მსახიობებზე, მულტფილმებზე, კომპიუტერულ თამაშებზე საუბრობდნენ. ვუსმენდი და ბუტბუტით ვიმეორებდი ჩემთვის უცნობ სახელებს, რომ არ დამვიწყებოდა.
მერე იყო მეცადინეობა. ნამდვილი და სერიოზული. დავჯექი, მოვძებნე, მოვუსმინე, ვუყურე, გავიაზრე… არასოდეს დამავიწყდება, როგორი აღფრთოვანებით მიყურებდნენ, როცა აღმოაჩინეს, რომ მესმის, რაზეც ლაპარაკობენ, შემიძლია აზრი გამოვთქვა იმაზე, რაც მათ აინტერესებთ. არც ჩემი სიხარული დამავიწყდება, როცა ვიგრძენი, რომ მათიანად მიგულეს და მენდნენ. პირველი ხიდი გაიდო! მერე უკვე ადვილია – ხან იმაზე საუბრობთ, რაც შენ მოგწონს, ხან ისინი გიზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს, ხან ერთად მიდიხართ ახალი აღმოჩენების გასაკეთებლად. ერთი ცხადია, აუცილებლად გაიბმება ძაფი, რომელსაც შეუძლია მჭიდროდ დაგაკავშიროთ. ჰოდა, მოძებნე!

რჩევა 5. თავად იყავი მაგალითი!

აბსტრაქტულია ნებისმიერ ღირებულებაზე საუბარი ბავშვებთან, თუ თავად არ აჩვენე მაგალითი იმისა, რაც გინდა შეასწავლო. შენ მათ ხელისგულზე ჰყავხარ, შენი თითოეული ქცევა, მიმიკა, შეფასება, ჟესტიკულაცია იქნება ის მაგალითი, რომელსაც ღრუბლებივით შეისრუტავენ და არეკლავენ თავიანთ საქციელში.
გინდა იყვნენ კაცთმოყვარეები? თავად აჩვენე ყოველდღიური მაგალითით, როგორ გიყვარს ადამიანები.
გინდა, შეძლონ პატიება და ბოდიშის მოხდა? თავად არ შეგეშინდეს მათ წინაშე დაშვებული შეცდომების აღიარების და ნურც მასწავლებლურ წყენას ჩაიდებ გულში.
გინდა ჰქონდეთ კითხვის მოტივაცია? თავადაც იკითხე მათთან ერთად შენი საყვარელი წიგნი და სიხარულით ისაუბრე მასზე.
გინდა ყოველთვის მომზადებულნი მოვიდნენ სკოლაში? თავად იყავი თავდაჯერებული და სიღრმისეულად მომზადებული მათთან შესახვედრად.
გინდა სიხარულით მოდიოდნენ გაკვეთილზე? თავად გამოხატე გულწრფელი სიხარული მათთან შეხვედრისას.
გინდა, რომ არ დასცინონ ერთმანეთს, იყვნენ გულისხმიერები, კეთილგანწყობილნი ერთმანეთის მიმართ? თავად მოექეცი ამგვარად და ბუმერანგივით დაგიბრუნებენ ყველაფერს. არ იყო ცინიკური მათი გულუბრყვილო ქმედებების ან თუნდაც შეგნებული ცუდი საქციელის მიმართ, არ დაგრჩეს რომელიმე მათგანი უყურადღებოდ ან არ დაამძიმო ზედმეტი ყურადღებით, არ მიაკერო იარლიყები, რომლებიც შეიძლება მთელი ცხოვრება ვეღარ ჩამოიხსნან, არ დაგეჩაგროს შენი უფროსული უპირატესობის გამო.

გახსოვდეს, შენ ყოველდღიურად მონოსპექტაკლს თამაშობ! ყველაზე საპასუხისმგებლო სპექტაკლს, რომლის დადგმაც, როლის გათავისებაც, რეკვიზიტისა და დეკორაციის მომზადებაც უზარმაზარ ენერგიას, ფიზიკურსა თუ ემოციურ რესურსს მოითხოვს შენგან მსხვერპლად. ზოგჯერ ძალა არ შეგწევს, ზოგჯერ გარეგანი ფაქტორები სულაც გიკლავენ მოტივაციას, მოირგო შენი როლი და გამოხვიდე ავანსცენაზე…
მაგრამ თავდაუზოგავი შრომის შედეგიც აქვეა:
შენი „აპლოდისმენტები“ რამდენიმე წყვილი ცნობისმოყვარედ აციმციმებული თვალია,
შენთვის „მორთმეული ყვავილები“ – საინტერესო პრეზენტაციებია,
შენი „ბის“ – „მას, კიდევ როდის გვექნება თქვენი გაკვეთილი“-ა.
ჰოდა, გამოდიხარ, დაღლილი, ფეხებდაქანცული, წინა ღამის უძინარი, მაგრამ მაინც გაღიმებული – შედგა! – იმსჯელეს, იკითხეს, იფიქრეს, ივარაუდეს, წარმოიდგინეს, პარალელები გაავლეს, გაიაზრეს, შეაფასეს… სწორედ ეს გინდოდა!
საიდანღაც გამოწურული ენერგიაც გიბრუნდება, ახალი იდეები თავში ფუთფუთს იწყებენ…
ერთგვარი ჟინიც გიპყრობს – ხვალ უფრო საინტერესო მასალას მივუტან, ტექსტს ასე დავამუშავებინებ, ამას ვაჩვენებ, იმას გავაკეთებინებ…
და იწყებ ახალი დღისთვის მზადებას ხელისგულისოდენა სცენის მსახიობი – მასწავლებელი.

გართობა, როგორც ასეთი

0

“ჩვენი, სტუდენტების ფული, უნივერსიტეტის ბიუჯეტის საკმაოდ დიდი ნაწილი იხარჯება გართობაზე”, – მითხრა ერთმა ჩემმა რესპოდენტმა რამდენიმე დღის წინ, რომელიც ახლა უნივერსიტეტის ავტონომიურობისთვის იბრძვის თსუ-ს 115-ე აუდიტორიაში.

 

“ერთადერთი, რისთვისაც ფული არ მენანება, გართობაა, კარგი კონცერტი, მოგზაურობა”, – გვითხრა ერთმა მეგობარმა, როცა მორიგი მსჯელობა გვქონდა იმაზე, სად მიდის ფული, რომლისთვისაც ლამის დღე და ღამე ვმუშაობთ.

 

ფულზე და გართობაზე ფიქრი და ლაპარაკი ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ახლა, ამ მოვლენების ფონზე, რაც ჩვენ გარშემო ტრიალებს უფრო და უფრო ხშირად ვფიქრობ ამ ორ განსხვავებულ პოზიციაზე და მგონია, რომ ჩვენ ვართ ხალხი, რომლებსაც არც საკმარისი ფული გვაქვს და არც გართობის გაგვეგება დიდად რამე. და თუ ამ მსჯელობას გავყვებით, ადვილად შესაძლებელია, ჩვენი ბევრი პრობლემა ამ მოცემულობასაც კი დავაბრალოთ.

 

როგორია ტიპური ქართველი სტუდენტის, გინდა მოსწავლის ან უკვე დამოუკიდებლად მცხოვრები ახალგაზრდის გართობა?

 

არ დამავიწყდება ზაფხული, როცა ქვიშხეთში ვისვენებდი. მთელი კვირის განმავლობაში ვეძებდი სხვა დამსვენებლებს, ახალგაზრდებს, ჩამოსულებს, ადგილობრივებს. არავინ ჩანდა. შაბათ-კვირას გამოვიდნენ სოფლის ორღობეებში, საღამოს ლოცვისა და დილის წირვისთვის. ხო, ეკლესიის ეზო იყო ერთადერთი ადგილი, საჯარო სივრცე, სადაც მათ ერთმანეთის ნახვა, ერთმანეთთან ლაპარაკი, ცოტაოდენი გართობა შეეძლოთ. ღვთისმსახურების მერე ისხდნენ გალავნის გარშემო და ლაპარაკობდნენ. მერე მცირე ჯგუფებად უკან ბრუნდებოდნენ, შემდეგ კვირამდე.

 

Screen Shot 2016-03-16 at 4.16.20 PM

ქვიშხეთი პირობითი ადგილია, ასეა ქვეყნის თითქმის ყველა დიდსა და პატარა დასახლებაში, ასე იყო იქ, სადაც მე გავიზარდე.

არაფერი ხდებოდა. ბიბლიოთეკებში საბჭოთა პერიოდის წიგნები იყო, კინო არ არსებობდა, არც სპორტული მოედნები და დარბაზები, შიგადაშიგ რომელიმე ესტრადის ვარსკვლავი შეიძლებოდა ჩამოსულიყო,  საშინელი კონცერტი გაემართა. ისიც ძალიან იშვიათად.  დაბადების დღეებზე და სასკოლო ღონისძიებებზეც შეიძლებოდა წასულიყავი, მაგრამ იქაც რა, წინასწარ იცოდი, ვინ დაგხვდებოდა და რა მოხდებოდა.

გავიზარდეთ ასე, გართობის გარეშე.

 

უნივერსიტეტში რა ხდებოდა? არც იქ ხდებოდა არაფერი საინტერესო. სტუდენტური დღეები, უნიჭო შემსრულებლების კონცერტები, ხმამაღალი პოეზიის საღამოები, იდეოლოგიზებული პატრიოტთა ბანაკები… ეგ იყო და ეგ.

 

მართალია ის ჩემი რესპონდენტი, რომელიც ამბობს, ჩვენი ფული გართობაზე იხარჯებაო. მაგრამ მე ამას ერთ პრინციპულად მნიშვნელოვან სიტყვას დავამატებდი. ფული უაზრო გართობაზე იხარჯება. გუშინ ვიყავი უნივერსიტეტში მისული და განცხადებები დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ არაფრით განსხვავდებოდა 10 წლის წინანდელი განცხადებებისგან. იგივე ხალხის საჯარო ლექციები, იგივე შეხვედრები, იგივე საღამოები. ჩვენ რომ ბავშობიდან კარგად გართობა გვესწავლა, ბევრი განსხვავებული სივრცე გვქონოდა, სადაც ჩვენი ინტერესების შესაბამის გასართობებს აღმოვაჩენდით, ალბათ ასე ადვილად ვერ შემოგვთავაზებდნენ წლების განმავლობაში ერთსა და იმავე გასართობებს, ერთსა და იმავე თემებს სასაუბროდ, ერთსა და იმავე ადგილებს წასასვლელად. ალბათ ის დაფა ახლა ცოტა განსხვავებული იქნებოდა.

 

მართალია ჩემი მეგობარიც, რომელიც ამბობს, რომ გართობაზე არ ენანება ფულის დახარჯვა. ის გართობის იმ ფორმას გულისხმობს, რაც დიდ ემოციებს, კარგ მუხტს, თავგადასავლებს და დაუვიწყარ მოგონებებს ნიშნავს. ამისთვის კი არაფერი უნდა დაგენანოს კაცს, სწორედ ამეებისთვის უნდა იცხოვრო. დაუვიწყარი მომენტებისთვის, მნიშვნელოვანი თავგადასავლებისთვის.

 

ჩვენი ინტერესები და გასართობები რომ მრავალფეროვანი იყოს, ყველას რომ ჰქონდეს საშუალება ის აკეთოს, რაც ესიამოვნება, იქნებ უფრო ნაკლებად გვექექა სხვისი ცხოვრების დეტალები, გვეძებნა ჭუჭრუტანები ყურის მისაგდებად, გაგვერჩია მნიშვნელოვანი ნაკლებად მნიშვნელოვნისგან, სწორი აქცენტები დაგვესვა და ამდენი დრო არ დაგვეხარჯა ელემენტარული ჭეშმარიტებების მტკიცებაში.

 

 

 

ბავშვის ბუნების ფენომენი და აღზრდის პრობლემები

0

ამ სტატიის დაწერა თბილისის ერთ-ერთი სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგებთან და აღმზრდელებთან შეხვედრამ გადამაწყვეტინა. შეხვედრაზე საუბარი იყო 6-9 წლის ბავშვების განვითარების ასაკობრივ თავისებურებებზე. მასწავლებლები და აღმზრდელები ამ ასაკიდანვე აწყდებიან სერიოზულ სირთულეებს, როგორც ბავშვებთან ურთიერთობისას, ასევე მათ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესში. შეხვედრის დროს პედაგოგებმა რამდენიმე „რთული“ შემთხვევა აღწერეს. ისინი ცდილობდნენ  მიეღოთ პასუხები საკუთარ შეკითხვებზე:

  • რომელი ასაკიდან ხდებიან ბავშვები „რთულები“?
  • რატომ ხდება, რომ მათ მიერ დახარჯული ძალისხმევა ზოგ შემთხვევაში სრულიად უშედეგოა?

შევეცდები ამ კითხვებზე პასუხის გაცემას.

„რთული“ მოზარდების კატეგორია საკმაოდ ფართო და მრავალგვარია. ამ კატეგორიას ზოგადად მიაკუთვნებენ ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებთანაც მშობლებს, აღმზრდელებსა და მასწავლებლებს უჭირთ მუშაობა. უფროსები ფიქრობენ, რომ ასეთ ბავშვებთან ოჯახში თუ საკლასო ოთახში მისაღები ქცევის ნორმების შესახებ ბრძნულ საუბრებს აზრი არ აქვს. გარშემო სოციუმი დარწმუნებულია, რომ ასეთი ბავშვები ჯიუტი, თავნება, უყურადღებო, გონებაგაფანტული, ზარმაცი, ზოგ შემთხვევაში აგრესიული და უმართავიც კი არიან.

და მაინც ცხოვრების რომელი პერიოდიდან უყალიბდება ბავშვს ისეთი თვისებები, რომლებიც აფიქრებინებს ზრდასრულ ადამიანებს, რომ ისინი „რთული“ ქცევის არიან? ფსიქოლოგების უმრავლესობა დიდი ხანია შეთანხმდა, რომ ბავშვის პიროვნება ხუთი წლის ასაკისათვის უკვე ფორმირებულია. ფართოდ გავრცელებულია ის მოსაზრებაც, რომ ხუთი წლის შემდეგ ბავშვის აღზრდაში დაშვებული სერიოზული შეცდომების გამოსწორება ძალზე რთულია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ასევე არსებობს მოსაზრება, რომ არასწორი და არაადეკვატური აღზრდის სტილის მიუხედავად, ბევრი ბავშვი ზრდასრულ ასაკში  ყალიბდება დამოუკიდებეალ, ძლიერ პიროვნებად და აღწევს გარკვეულ წარმატებას პროფესიულ კარიერასა და პირად ცხოვრებაში.

„რთულ“ ბავშვებთან, მოზარდებთან, ახალგაზრდებთან, მათი ოჯახის წევრებთან მუშაობის ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების შედეგად ვემხრობი მოსაზრებას, რომ მიზეზები, რომელთა გავლენითაც ბავშვების ქცევა „რთულის“ კატეგორიას მიეკუთვნება, განპირობებულია  აღზრდაში სულ მცირე ასაკიდანვე დაშვებული შეცდომებით.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ მშობლობა ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო მოვალეობაა. ახალგაზრდა მშობლებს არავინ ასწავლის და არც ტრენინგებს უტარებს. როდესაც ოჯახში პატარა ჩნდება მაშინვე მის ფიზიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე გადადის მთელი ძალისხმევა. რამდენი გრამი შეჭამა; კბილები ხომ დროზე ამოუვიდა;  სიარულის როდის დაიწყო; ავად ხომ არ გახდა…. და უამრავი მსგავსი საზრუნავი.

შვილი წამოიზარდა, საჭიროა საბავშვო ბაღში შეყვანა. აქ ოჯახში ახალი საზრუნავი ჩნდება: როგორი ბაღი ავირჩიოთ? სადაც კვებაა დაბალანსებული თუ „ინგლისურს“რომ ასწავლიან განსაკუთრებული ხერხებით? ზეიმებზე აუდიოჩანაწერებს ხომ აკეთებენ? აბა როგორ, სოციალურ ქსელში მისი ვიდეო არ უნდა დაიდოს?

შემდეგი ეტაპი – „კარგი“ სკოლის შერჩევა. როგორ ირჩევენ დღეს მშობლები სკოლას? ჩემი დაკვირვებით ოჯახების უმრავლესობა საკუთარი ნაცნობებისა და მეგობრების რჩევა-დარიგებას მისდევს. და არჩევანიც გაკეთებულია, სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება უცხო ენები, ფუნქციონირებს სხვადასხვა დამატებითი სპორტული და შემეცნებითი, ე.წ. „წრეები“. მშობელი კმაყოფილია. სად არის აქ ბავშვის საუკეთესო ინტერესები? რომელმა მშობელმა სცადა საკუთარ პატარას დალაპარაკებოდა და ისე მიეღო გადაწყვეტილება? ჩვენს კულტურაში ბავშვები, მშობლების არარეალიზებული სურვილების რეალიზების „ინსტრუმენტია“. ბავშვს გამუდმებით ესმის უფროსებისგან: „მშობლების იმედები გაგემართლებინოს. მასზე კარგად არავინ იცის შენთვის რა არის საუკეთესო“. განა ბევრია ისეთი ოჯახი, რომელიც საკუთარი შვილის შესაძლებლობებს ობიექტურად აფასებს?

მაგრამ მივუბრუნდეთ დასაწყისში ჩემს მიერ ნახსენებ სკოლას, რომელიც კერძო სკოლებს შორის ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებლად ითვლება და რომლის მეორე კლასში  სწავლობენ ის „რთული“ ბავშვები.

შეფიქრიანებულ მასწავლებლებთან პრობლემაში უფრო სიღრმისეულად  გარკვევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ:

  • ერთ ბავშვს მშობლები არ ჰყავს (უცხოეთში არიან სამუშაოდ წასულები), მას ბებია ზრდის;
  • მეორის ოჯახში დიდი არეულობაა, მშობლები გაყრის პროცედურას აწარმოებენ;
  • მესამის მშობლები დაძაბული სამუშაო გრაფიკის შემდეგ სახლში ძალიან დაღლილები მიდიან და ბავშვთან კონტაქტს თითქმის ვერ ახერხებენ;
  • მეოთხეს სულ ახლახან პატარა ძამიკო შეეძინა და ამიტომ დარწმუნებულია, რომ ის მშობლებს ისე ძალიან აღარ უყვართ;
  • მეხუთეს ძალიან „მზრუნველი“ მშობლები ჰყავს და ახლახან ბოლო თაობის მობილური და პლანშეტი უყიდეს. ის დარწმუნებულია, რომ ყველა მისი სურვილი ყოველთვის უნდა ასრულდეს;
  • მეექვსეს უფროსი დაიკო ჰყავს, რომელიც სწავლაში წარჩინებულია და ყველა „წრეზე“ დადის. დედიკოს უნდა, რომ მანაც იაროს იმავე წრეებზე და თანაც უფრო მეტად წარმატებული იყოს. მას კი სულ სხვა სურვილები აქვს;
  • მეშვიდე ბავშვის მშობლები გარკვეულწილად აცნობიერებენ საკუთარი შვილის ქცევით პრობლემებს. მაგრამ დარწმუნებული არიან, რომ „გაიზრდება და თავისათავად გადაუვლის“, რადგან მის ასაკში თავადაც ცელქები და ჯიუტები იყვნენ, მაგრამ ახლა წარმატებული ადამიანები არიან;
  • მერვეს მშობლები თვლიან, რომ ბავშვი ზედმეტად არ უნდა აკონტროლო და შეზღუდო, ამიტომ ის მთელ თავისუფალ დროს ხან ტელევიზორთან და ხანაც კომპიუტერთან ატარებს.

ალბათ მიხვდით, რომ ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ სათქმელი ვფიქრობ ისედაც ნათელია: მასწავლებლებს ძალიან უჭირთ ასეთ კლასში საგანმანათლებლო პროცესის  წარმატებით წარმართვა და მაქსიმალური შედეგის მიღება.

ბავშვები სკოლაში ოჯახებიდან მიდიან და შესაბამისად მათ უკვე გავლილი აქვთ აღზრდის ოჯახური სტილის სპეციფიკური „კურსი“. ხომ საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ ადამიანის ძირითადი პიროვნული თვისებები სწორედ ოჯახში ყალიბდება. რაც არ უნდა კვალიფიციური  პროფესიონალი პედაგოგი შეხვდეს სკოლაში ბავშვს, რომელსაც უკვე გარკვეული წარმოდგენა აქვს სიკეთესა და ბოროტებაზე, გამომუშავებული აქვს საკუთარი პოზიტიური და მავნე ჩვევები, ძალიან გაუჭირდება ცვლილებების შეტანა მის ღირებულებათა სისტემაში.

საინტერესოა სინამდვილეში რატომ „იწებებენ“ ბავშვები მცირე ასაკიდანვე „რთული“ ბავშვის იარლიყს? ჩემი ფიქრით იმის მიზეზი, რომ მათ თავად ძალიან უჭირთ, ოჯახში არსებული ფსიქოლოგიური კლიმატია. ეს გასაჭირი კი სწორედ სწავლის დასაწყის ეტაპებზევე იჩენს თავს. მიზეზთა გამო მათ ეწყებათ სწავლისა და ქცევის პრობლემები, უძნელდებათ კლასში არსებული სასწავლო ტემპისთვის ფეხის აწყობა, ზოგადად ნებისმიერი დავალების წარმატებულად შესრულება.  მაგრამ არსებობენ წარმატებული  „რთული“ მოსწავლეებიც, მათთვის ადვილია სასწავლო პროგრამის დაძლევა. სამაგიეროდ მათ უჭირთ თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობა.

ბავშვებთან მომუშავე დაკვირვებული პერსონალი ხედავს, რომ ზოგიერთი ბავშვი თანატოლებს ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩება, ზოგი პირიქით, სწრაფი ტემპით ვითარდება. ზოგიერთი გონებრივი განვითარების შენელებული ტემპით ხასიათდება, ზოგიერთი პირდაპირ ვუნდერკინდია. ზოგი მათგანი უფროსების უგულვებელყოფის, ზოგიც ჰიპერმზრუნველობის მსხვერპლია. ზოგი საერთოდ ცდილობს ყველაფრით გამორჩეული და სრულიად ორიგინალური იყოს. ამით იმის თქმა მინდა, რომ უფროსი „სირთულის“ უამრავ ნაირსახეობას ხვდება და ნებისმიერი მათგანი ყურადსაღებია.

რა ტიპურ შეცდომებს უშვებენ მშობლები აღზრდის პროცესში:

  • ბავშვის ინტერესებისა და სურვილების გაუთვალისწინებლობა;
  • ჰიპერმზრუნველობა/ჰიპერმეურვეობა, რაც აფერხებს ბავშვის დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებას;
  • აქცენტის გადატანა ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე, პიროვნული განვითარების სერიოზულობის გაუცნობიერებლობა;
  • ბავშვის მიღწევების გადამეტებულად შეფასება;
  • არარეალისტური მიზნების დასახვა, რამაც მომავალში შესაძლებელია მას თვითშეფასება დაუქვეითოს;
  • სხვა ბავშვებთან გამუდმებული შედარება: „ნახე, შენი თანატოლი ნინიკო უკვე ინგლისურად ლაპარაკობს, შენ კი ერთი ლექსიც ვერ დაიმახსოვრე“, „შენზე პატარა გიორგიმ გამრავლების ტაბულა ზეპირად იცის, შენ კი ჯერ სწავლაც არ დაგიწყია“….

დიმიტრი უზნაძეს მიაჩნია, რომ „აღმზრდელი ვერ მიაღწევს თავის მიზნებს, თუ არ ჩასწვდება ბავშვის ბუნებას“. ხშირ შემთხვევაში, მშობლები ბავშვებთან ურთიერთობისას საკუთრი მიზნებით ხელმძღვანელობენ და ცდილობენ, მიზანს მბრძანებლური, ჭკუის დამრიგებლური დამოკიდებულებით მიაღწიონ.

 

როგორ მოიქცეს მშობელი და მასწვლებელი?

  • „დაივიწყეთ“ საკუთარი საქმეები და პრობლემები, რათა შეძლოთ ბავშვის პრობლემის დანახვა/გაცნობიერება;
  • შეეცადეთ შეხედოთ ბავშვების პრობლემებს ბავშვის თვალით. მას ხომ ჩვენზე მეტად უჭირს პრობლემასთან გამკლავება;
  • თუ არ გავარკვევთ მიზეზებს, რატომ უჭირს ბავშვს, ვერ მოვახერხებთ მათ აღმოფხვრას და ბავშვის დახმარებას;
  • არ იფიქროთ სხვა „მსუბუქ“ ბავშებზე. ბავშვების აღზრდის პროცესი – ყოველთვის რთულია, მიუხედავად საუკეთესო პირობებისა, რომელშიც შეიძლება იმყოფებოდეს ბავშვი;
  • არ ჩავარდეთ პანიკაში და არ იფიქროთ, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ხართ. არ შეაფასოთ ბავშვი, როგორც „ცუდი/გამოუსწორებელი“, მხოლოდ იმიტომ, რომ ის გარკვეულ შეცდომებს უშვებს;
  • მნიშვნელოვანი რჩევა, რომელსაც ყველა ფსიქოლოგი და ბავშვების აღზრდის პრობლემებზე მომუშავე სპეციალისტი აუცილებელ პირობად მიიჩნევს: მშობლებმა, აღმზრდელებმა, უახლოესმა სოციუმმა და მასწავლებლებმა უნდა ითანამშრომლონ და თანამიმდევრულად უნდა იმოქმედონ ბავშვთან ურთიერთობისას.

დაბოლოს, „რთული“ ქცევის მქონე შვილისა და  მოსწავლის მშობლობა და მასწავლებლობა არ არის გადაულახავი პრობლემა, მით უმეტეს მათთვის, ვინც ამას აცნობიერებს. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ პრობლემის მოგვარების სწორი გზის დასახვისათვის აუცილებელი წინაპირობა ამ პრობლემის გაცნობიერებაა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...