ელექტრომაგნიტური ინდუქციის კანონის თანახმად, გამტარით შემოსაზღვრული ფართობის გამჭოლი მაგნიტურ ინდუქციის ნაკადის ცვლილების დროს გამტარში აღიძვრება ინდუქციის ემძ, რომელიც გამოითვლება ფორმულით
ელექტრომაგნიტური ინდუქციის კანონის თანახმად, გამტარით შემოსაზღვრული ფართობის გამჭოლი მაგნიტურ ინდუქციის ნაკადის ცვლილების დროს გამტარში აღიძვრება ინდუქციის ემძ, რომელიც გამოითვლება ფორმულით
ტოლსტოისეული ბედნიერი და უბედური ოჯახების მსგავსად, ყველა ცუდი ლექტორი ერთმანეთს ჰგავს, ყველა კარგი ლექტორი კი – კარგია თავისებურად.
ვახტანგ იმნაიშვილი სტუდენტობის პირველსავე დღეს დავინახე. ვერ ვიტყვი გავიცანი-მეთქი. ახალბედა სტუდენტი, თავისი ნებით, ერთი შეხედვით, უმკაცრესი იერის მქონე პროფესორის გაცნობას ვერ გაბედავდა. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VI კორპუსის, მძიმე კარი 08:15 საათზე სანახევროდ გამოაღო და ქვის ფილაქნებზე სწრაფი ნაბიჯებით გამოიარა, თუმცა ჩანთა, რომლის სახელურიც მაგრად ჰქონდა მუჭში მოქცეული, არც კი ირხეოდა. იმნაიშვილი, მას შემდეგ, რაც დაცვის სამსახურის თანამშრომელს აუდიტორიის გასაღები გამოართვა, კიბისკენ დაიძრა. მერე კიბის პირველ საფეხურთან მდგომ ბიჭს წარბების ქვემოდან ამოხედა და მის მიერ ნათქვამ გულწრფელ სალამს სალმითვე უპასუხა. ის ბიჭი მე ვიყავი.
ამ დღის შემდეგ ერთი წელი გავიდა. მე ვცდილობდი პირველი, მშობლებისგან დამოუკიდებელი ნაბიჯები გადამედგა ცხოვრებაში. დღეები ერთმანეთს მისდევდნენ, მოუმზადებელი დავალებები უხმოდ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, წასაკითხი თაბახის ფურცლები კი ჩემს საწერ მაგიდაზე კურდღლებივით მრავლდებოდნენ. მე ვცდილობდი მესწავლა ის საგნები, რომლებიც მაინტერესებდა. მეეშმაკა იმ საგნების კოლოკვიუმებზე, რომლებიც ინტერესს არ იწვევდნენ ჩემში. ცოდვა გამხელილი ჯობს – ამას იოლად ვახერხებდი. პერიოდულად მახსენდებოდა ის მკაცრი პროფესორი, რომელიც პირველ დღეს დავინახე. “ნეტავ, რას ასწავლის ის კაცი?” – ვეკითხებოდი საკუთარ თავს, მაგრამ, როგორც ახალგაზრდას გონებას სჩვევია, მალევე მავიწყდებოდა ეს ფიქრი.
მეორე კურსზე საბოლოოდ გადავწყვიტე, ჟურნალისტი გავმხდარიყავი. სკოლის პერიოდში შეთხზული თავისუფალი თემების გამო, მეგონა, რომ წერა კარგად გამომდიოდა. აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი. ამიტომაც ქართული ენის კურსის არჩევა მომიწია. საქართველოში ეს სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ქართულ ენაზე მომუშავე ჟურნალისტმა ქართული ენაც უნდა იცოდეს. სკოლაში ქართული ენა ნესტან კუბლაშვილმა ძალიან კარგად მასწავლა (ვფიქრობ, რომ ის ერთერთი საუკეთესოა მათ შორის, ვინც კი დღეს ქართულ საჯარო სკოლებში ქართულს ასწავლის), მაგრამ სკოლიდან უნივერსიტეტში გადადგმული ნაბიჯი ადამიანის თავში ყველაფერს დავდაყირა აყენებს. იმხანად სემესტრის დასაწყისში, საგნების არჩევის დროს, თსუ-ის ელექტრონულ ბაზაში ქრისტეს ტირილი ისმოდა. სასურველ საგანზე, სასურველ ლექტორთან მოსახვედრად იუდა კიდევ ერთხელ გაყიდდა მაცხოვარს, ძმა კი ძმას სიამოვნებით გამოუსვამდა ყელში ბლაგვ დანას. ამის გამო, გადავწყვიტე, წინასწარ გამეკითხა, ვინ, სად და როგორ ჯობია და კომპიუტერთან მედარაჯა. ალბათ ჩემს ცხოვრებაში ერთით ნაკლები ჭკვიანი ადამიანი იქნებოდა, VI კორპუსის წინ, სტუდენტურ ბირჟაზე ერთი წინადადება რომ არ დამცდენოდა: “ვინ ავირჩიო ქართულ ენაში?” – ვიკითხე და თითქოს თბილისმა ერთხმად იხუვლა: “იმნაიშვილი, იმნაიშვილი”, ისევე როგორც მაჰმუდის სახელს აგუგუნებენ შორეულ მიწაზე. ეს ხმა ექომ გაიტაცა ჭავჭავაძესა და მელიქიშვილზე.
მერე მოხდა ის, რაც ჰოლივუდურ ფილმებში ხდება ხოლმე. უმკაცრესი პროფესორი, რომლის ვინაობაც სულ მაინტერესებდა, ვახტანგ იმნაიშვილი აღმოჩნდა. კაცი, რომელიც ქართული ენის გარდა, გასწავლიდა იმასაც, თუ როგორ დარჩენილიყავი ადამიანად ისეთ გარემოშიც კი, სადაც ადამიანობას არავინ გთხოვდა. გირჩევდა, ყოფილიყავი შენი პრინციპების ერთგული და თავისუფალი ადამიანი. ღიად შეგეტანა ეჭვი იმაში, რაც ყოველთვის გიღრღნიდა გონებას, მაგრამ, საზოგადოებაში გამეფებული ტაბუს გამო, თქმას ვერ ბედავდი.
მისი ლექციები ყოველთვის 08:30 საათზე იწყებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ერთ ზარმაც ყმაწვილს, რომელიც ვაზისუბანში ცხოვრობდა, ცივი ზამთრის დროს 06:30-ზე უნდა გაეღვიძა, მომზადებულიყო და 07:00-ზე გასულიყო სახლიდან, როცა ჩაბნელებული უბნის კორპუსებში ჯერ არცერთი ფანჯრიდან არ გამოდიოდა სინათლე. ქუჩის ძაღლთან ერთად მდგარიყო გაჩერებაზე და კანკალით დალოდებოდა #35 სამარშრუტო ტაქსის. გაჰყოლოდა მას ელბაქიძის აღმართამდე და უნივერსიტეტამდე ფეხით გაეგრძელებინა გზა. ამ რთული დავალების შესასრულებლად ენერგიასა და შთაგონებას თავად ვახტანგ იმნაიშვილი მაძლევდა. ის ყოველთვის თხუთმეტი წუთით ადრე მოდიოდა VI კორპუსთან და ლექციის დაწყებამდე ეზოში სეირნობდა. “როგორ ბრძანდებით, ბატონო ვახტანგ” – ვკითხავდი ჯერ კიდევ ნამძინარევი და უსიცოცხლო ხმით 70 წლის პროფესორს. ის კი ენერგიულად და სხარტად მპასუხობდა: “ყველაზე კარგად”. არც ტყუოდა.
ცხადია, ისეთი ადამიანის ლექციები, როგორიც ვახტან იმნაიშვილია, სტანდარტული ვერ იქნებოდა. ის გვერდს უვლიდა სწავლების რუტინულ და მოსაბეზრებელ მეთოდს – წესების დაზუთხვას და დაუჯერებელია, მაგრამ გვასწავლიდა ისეთი მეთოდით, რომ 06:30-ზე აწკრიალებული მაღვიძარას ხმა თავზარს კი არ გცემდა, სასიამოვნოდ ჩაგესმოდა ყურში. იმნაიშვილის მიერ შექმნილი ტესტები დანაღმულ ველს ჰგავდა, რომელიც ფრთხილად უნდა გაგევლო, ნაღმები აღმოგეჩინა, ანუ შეცდომები გეპოვა, გაგენეიტრალებინა, ანუ შეგესწორებინა და გზა გაგეგრძელებინა. პირადად მე, თითო ტესტში, ასე, ხუთჯერ-ექვსჯერ მაინც ვფეთქდებოდი ხოლმე. სულ რამდენჯერმე გამიღწევია ჯანმრთელს სამშვიდობომდე.
დღევანდელი გადმოსახედიდან ასე ვხედავ: ვახტანგ იმნაიშვილმა უსისხლო, უმტკივნეულო ოპერაცია ჩამიტარა, რომელიც ორი აკადემიური სემესტრის განმავლობაში გრძელდებოდა. ისევე როგორც ალკოჰოლიკებს უდგამენ ხოლმე კუნთში კაფსულებს, მან ჩამიმონტაჟა მოწყობილობა, რომელიც ჩემს გონებას მუდმივად აიძულებს იმუშაოს ქართულ ენაზე; შეეცადოს სწორად დაალაგოს წინადადებები; აღმოაჩინოს შეცდომები და გაასწოროს ისინი.
იმნაიშვილის კოლოკვიუმები და გამოცდები სხვათა გამოცდებს არ ჰგავდა. აქ ინტელექტუალურ ქურდობას, ანუ სხვისი ნაწერიდან გადაწერის მეთოდს, არ მივდევდით. განა იმიტომ, რომ ჩვენი ჭინკებით სავსე ტვინები რაიმე მანქანას ვერ მოიფიქრებდნენ. უბრალოდ იმიტომ, რომ გადაწერის გვერიდებოდა. ვიცოდით, რომ ამით მასთან ურთიერთობას გავაფერმკრთალებდით, ურთიერთობას, რომელიც ჩემთვის დღემდე ძალიან ძვირფასია.
ქართული ენის კურსის მიწურულს ვახტანგ იმნაიშვილმა საკუთარი წიგნი მაჩუქა იმის ნიშნად, რომ ჩვენი ურთიერთობა არც მისთვის იყო უმნიშვნელო. წიგნში წერილი დამხვდა, რომელიც ამ სიტყვებით მთავრდებოდა: “მიხარია, რომ მშობლიური ენის მასწავლებლად მაინცდამაინც მე ამირჩიე, და, რაც უფრო მნიშვნელოვანია – თუკი შენი მოლოდინი გავამართლე”.
რამდენიმე თვის წინ ვახტანგ იმნაიშვილი ერთერთ (სწორედ მისი კურსის შემდეგ ვწერ ამ სიტყვას ერთად და არა დეფისით) სატელევიზიო გადაცემაში ვნახე, სადაც საკუთარი სიყვარულის ისტორიაზე ლაპარაკობდა. ეს თემა ირიბად, მაგრამ ყოველთვის თან სდევდა იმნაიშვილის ლექციებს. ერთხელ მელიქიშვილზე შემხვდა. გაიცანი, ეს ჩემი შვილიაო – მითხრა. მეორე დღეს, ლექციის წინ მკითხა:
– დათო, გახსოვს გუშინ ჩემი შვილი რომ გაგაცანი?
– რა თქმა უნდა.
– ის სინამდვილეში ჩემი ცოლია – თქვა და გულიანად გაიცინა. ამ ამბავს ხშირად მახსენებს, როდესაც ტელეფონით ვსაუბრობთ.
ასე გავიცანი ქალბატონი ქეთინო, რომელიც, მართალია, ქმრის ლექციებს არ ესწრებოდა, მაგრამ ყოველთვის ვხედავდით მას, როცა კი იმნაიშვილს სიყვარულზე დასცდებოდა რამე.
ჩემი და იმნაიშვილის ურთიერთობა დღემდე გულწრფელი და სიყალბისგან დაცლილია. ხანდახან ის მირეკავს და მთხოვს, რომ Facebook-ზე ბილწსიტყვაობის გარეშე გამოვთქვა ჩემი აზრი. მე მას ყოველ ჯერზე ვაძლევ პირობას, მაგრამ ხანდახან მაინც მომდის გადაცდომები, რის გამოც ბოდიშს ვუხდი ხოლმე.
… და მაინც, ბატონო ვახტანგ, ნეტავ რამდენჯერ ავფეთქდი ამ წერილის წერისას?
ის 26 წლის იყო, შთამბეჭდავი წარმოსახვის უნარით დაჯილდოებული. მე კი დამწყები ფანტაზიორი გახლდით. დღემდე მიკვირს, როგორ აღმოვჩნდით ერთ სივრცეში. მე ჯერ თექვსმეტისაც არ ვიყავი და ზრდის პროცესის ,,დასაჩქარებლად“ ძალ–ღონეს არ ვიშურებდი, ყველაფერს ვკითხულობდი, რაც ხელში ჩამივარდებოდა. ფარნის შუქზე – საბნის ქვეშ, სანთლის მბჟუტავ ალზე, მთვარის შუქზეც კი – თუ ზაფხულის ნათელი ღამეები დამებედებოდა. ამგვარი ლიტერატურული შიმშილის დასაპურებლად კარგი მრჩეველი ნამდვილად დროული იყო. ჰოდა, თავი არც დაუზოგავს იმ ოცდაექვსი წლისას. ჩვენი ხანმოკლე ნაცნობობის პერიოდში რამდენიმე საინტერესო ავტორი გამაცნო. მათ შორის იყო გურამ რჩეულიშვილიც. მაშინ ამ ავტორის შესახებ მხოლოდ ის მსმენოდა, რომ უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა.
მარტის თვე იყო. მორიგი შეხვედრიდან სახლში ვბრუნდებოდი. დამემგზავრა. ჯერ თავისი ახალი მოთხრობა წამიკითხა, მერე კი რატომღაც გურამ რჩეულიშვილი ახსენა და შემპირდა, რომ მის მოთხრობებსაც წამიკითხავდა. პირველი მერცხალი გახლდათ ,,სიყვარული მარტის თვეში“ და მგონი – უკანასკნელიც. ის ბიჭი ისევე მოულოდნელად გაქრა ჩემი ჰორიზონტიდან, როგორც გამოჩნდა. მისგან მხოლოდ ეს ბუნდოვანი მოგონება და მარტის თვის მოურჩენელი სიყვარული დამრჩა.
მართალია, გაგრაში არასდროს დამისვენია და არც საყვარელი მწერლის თუ ბიჭის დაკარგვა მიგლოვია. მაგრამ რატომღაც სწორედ გურამ რჩეულიშვილს ეძღვნებოდა ჩემი პირველი ნოველა, რომელშიც ახალგაზრდა მწერლისა და ზღვის საბედისწერო შეხვერაზე ვწერდი. მას შემდეგ ყველა მარტი მის შემოქმედებასთან მიბრუნების საბაბად იქცა, მოგვიანებით კი ჩვევაში გადაიზარდა.
,ცისკარში“ 1957 წელს პირველად დაიბეჭდა გურამ რჩეულიშვილის ხუთი მოთხრობა: „სიყვარული მარტის თვეში“, „ნელი ტანგო“, „თვირთვილა“, „სათაგური“ და „შემოდგომა ბაბუა კოტესი“. ეროვნულ არქივში მოთხრობის რამდენიმე ვარიანტთან ერთად ინახება ჩანაწერი, რომელშიც გურამი ახალ მოთხრობასთან დაკავშირებულ შეგრძნებებზე წერს:
„…ახლა დავამთავრე ერთი პატარა მოთხრობის წერა, რომელსაც დავარქვი „სიყვარული მარტის თვეში“. ჯერ მხოლოდ დილის ათი საათია. დედას ძინავს, ბებომ კი გაიღვიძა და თავისთვის წვალობს. მე კარგ ხასიათზე ვარ რატომღაც. არა, კარგზე კი არა, უბრალოდ რაღაცას ძლიერადა ვგრძნობ. ამას ვეძახი მე კარგ ხასიათს.“ (1956 წლის 29 მაისი).
ახალი მოთხრობის სიზმარ–ცხადის მიჯნაზე მყოფი მთავარი გმირიც ,,კარგ ხასიათზეა“… დიდი ხანია სიყვარულთან შეხვედრაზე ოცნებობდა, ისღა დარჩენია, შთაბეჭდილების მოსახდენად რომელიმე ბრძნული გამონათქვამიც მოიშველიოს:
,,იყო არაბეთს ერთი მეფე, მეფე ბრძენი და მჭევრმეტყველი. ერთხელ მეფემ იხმო თავისი მრჩეველი და ჰკითხა:
– ბრძენო! მითხარ ჭეშმარიტება სად არის, ან თუ არის, რასა ჰგავს?
– დიდო მეფეო, – მიუგო ბრძენმა, – ჭეშმარიტება სად არის, არავინ იცის, ხოლო გვანებით იგი კეფასა ჰგავს, რომელიც ვიცით, სად არის, მაგრამ ვერასოდეს დავინახავთ.“
ჩემი შთაბეჭდილება ნოდარის სიტყვებითვე შემიძლია გადმოვცე: ,,დიდი არაფერია, თუმცა სიყვარულია.“ გურამ რჩეულიშვილის ობიექტივში სწორედ ასეთი ამბები ხვდებიან – შეგრძნებების და სამწერტილების ზღვაში მოხვედრილები, ზღვაში, რომელიც, არც თუ ისე ღელავს, არადა, ღრმად თუ შეხვალ, შეიძლება ნაპირი სამუდამოდ დაკარგო.
გურამი რომ მძაფრი შეგრძნებების მოყვარული იყო, ამას მისი შემოქმედება და მეგობრებიც ადასტურებენ. სიკვდილი და სიყვარული კი ის თემებია, რომელსაც ვერც ერთი რისკიანი თავგადასავლების მაძიებელი გვერდს ვერ აუვლის.
,,სიკვდილი მთებში“ შედარებით გვიან წავიკითხე. გურამი ბევრს წერს მოულოდნელი დასასრულებზე. მის მოთხრობებში სიკვდილის მიერ დადგმული წარმოდგენის მთავარ გმირებად გარდაცვლილები კი არა, ,,გადარჩენილები“ გვევლინებიან. დასასრულის ელდით შებორკილი ადამიანების დუმილში, საუბარსა თუ მოქმედებაში ერთმანეთს ენაცვლება ცივი გონება და ემოცია, კრიტიკა და თანაგრძნობა. ზემოხსენებულ მოთხრობაში ადგილობრივებს ,,ცივი გერმანელების“ სიკვდილისადმი დამოკიდებულება აგიჟებს. ცხადია, კავკასიის მთებში, სადაც
დღემდე არსებობს მამაკაცების ,,ზარი“, მსგავსი ემოციური კონტრასტი ორმაგად თვალისმომჭრელია:
,, – დგას და სურათებს იღებს, მგონი არ უყვარდა!.. თითქოს სულ არ დარდობს“
,,გურამი უყურებდა და უკვირდა, როგორ ახერხებდა კურელა დარდისა და საქმის ასე საოცრად შეთავსებას!“
ვაღიარებ, დღემდე მიჭირს მეუღლის დასახიჩრებულ გვამთან მდგომი, ლამაზი ხედების გადაღებით დაკავებული ახლად დაქვრივებული ალფრედის ქცევის ბოლომდე გაანალიზება. ყველა მისი სიტყვა ემოციისგან დაცლილია, მისი საუბარი კი სულ უფრო ემსგავსება თავის მართლებას. თუმცა ვინ იცის, იქნებ სწორედ ასე გამოიყურება რეალობიდან გაქცევის მცდელობა?!
,,- ვინც დარდი არ იცის, მან არც მხიარულება იცის, არც რაიმე ძლიერის გრძნობა. მან მხოლოდ გონებით იცის, რომ არის ძლიერი და სუსტი განცდები.“
და აქვე: – ,,ნეტა მეც ასე შემეძლოს!“
ხორცმა და სულმა ერთად იგრძნო იმ ადამიანის დასასრული, ოცი წელი რომ ალფრედის სარეცელს იზიარებდაო, – წერდა მოთხრობის ერთ–ერთ ვარიანტში მწერალი. თუმცა საბოლოოდ დასკვნითი ეპიზოდი ავტორისეული ,,ახსნა–განმარტების“ გარეშე დაიბეჭდა – გურამმა დასკვნების გამოტანა მკითხველს მიანდო:
,,კიბეებზე მსუბუქად ამოვიდა ალფრედი, სწრაფად მოათვალიერა სასადილო და საწოლ ოთახში შევიდა, კარი ღია იყო, სასადილოს სარკეში ჩანდა: ალფრედი იდგა გაშეშებული, მარტოკა, და იმ საწოლს უყურებდა, რომელზეც ქალის კაბა და ყვითელყვავილებიანი ხალათი იყო გადაკიდებული… სარკეში ჩანდა: ალფრედი დაეცა საწოლზე, აღრიალდა. ის ტიროდა, ხმამაღლა ქვითინებდა და ზორბა მხრები უძაგძაგებდა…“
გურამ რჩეულიშვილი ხშირად გვევლინება მისივე მოთხრობების პერსონაჟად. იგი ხან დამკვირვებელია, ხან კი სიუჟეტის განვითარების მწვერვალზე დროშასავით ფრიალებს და მზად არის ყველაზე გიჟური საქციელიც კი ჩაიდინოს, ოღონდ ეს მოდუნებული, ცხოვრების რუტინულ ყოფას აყოლილი ხალხი გამოაფხიზლოს. თუმცა იმასაც აღიარებს, რომ ამდენი წლის მანძილზე გადაგვარებული რწმენა–წარმოდგენების ნიადაგით გამოკვებილი ბრბოს ახალ ეპოქაში ,,გადარგვა“ არც თუ ისე ადვილია:
,,აღარ შველის ალავერდობას აღარაფერი… უცნაური განურჩევლობა, უმიზნო დაუოკებელ ვნებაში შეზრდილი, სუფევს გარეშემო და თითქოს ყველაფერს, როგორც რეჟისორის მთავარ ჩანაფიქრს, ხაზს უსვამს ორი ნაცნობი, ოფლში გაღვრილი მოცეკვავე, დარჩენილი უმუსიკოდ და უმაყურებლოდ. უყურებს მათ მანქანიდან ახლად ჩამომხტარი ჩვენი მოთხრობების გმირი და ცრემლებივით ადგება ყელში, უნდა რაღაც გააკეთოს, შეაჯანჯღაროს რითიმე ეს ხალხი.“
ცხენებისა და მთის სიყვარულით სტუდენტობისას ,,დაავადდა“. ხევსურეთის ექსპედიციის წევრებს ალბათ სამუდამოდ დაამახსოვრდათ, როგორ დააქროლებდა ფაფარს ჩაფრენილი გურამი უბელო ცხენს. მაგრამ სიკვდილი მხოლოდ მთის ბილიკებზე და ,,თვირთვილებში“ არ იყო ჩაბუდებული…
ზღვაზე იმდენი მოთხრობა დაუწერია, ძნელია რომელიმე მათგანი გამოარჩიო. მათ შორისაა ,,ნელი ტანგოც“. ზღვის ფონზე გათამაშებული ,,ტრაგედია გმირებით“ ხალხისთვის კიდევ ერთ თავშესაქცევს წარმოადგენს, სალაპარაკო თემას, რომელიც დროებით მაინც გაუყუჩებს ცოცხლად დარჩენილებს ,,ადამიანად ყოფნის ტკბილ სევდას“:
როგორც ვიცი, სკოლაში უკვე ისწავლება გურამ რჩეულიშვილის მოთხრობები (,,ალავერდობა“, ,,ნელი ტანგო“). გურამი საბავშვო მწერალი ნამდვილად არაა, მაგრამ ჩემი პატარებისთვისაც შევარჩიე ერთი–ორი მოთხრობა. ძალიან მოეწონათ ,,შემოდგომა ბაბუა კოტესი“ – ოცნებებშიც კი შეეზიარნენ და გასხვისებული სახლის ბაღში ერთად აიღეს მანდარინის მოსავალი. თუმცა ყველაზე მეტი მაინც აი ამ პატარა მოთხრობაზე იფიქრეს და იდარდეს:
,,ტკივილი? – არა. რაღაც და გათავდა
პირველი თოვლი სულ თხელი იყო. იმ ღამეს არ გადაიღო, დილისთვის მთელი ველი დაფარა. ახლა უკვე ფეხი ეფლობოდა. მოშივდა ბაჭიას. ციოდა. თოვლი გაქექა და უკანა ფეხებზე ხტომით დაეშვა ჭალისაკენ. ქარი უბერავდა. ვერაფერი იპოვა.
შიოდა.
ძალიან, ძალიან მოუნდა ბალახი; თუნდაც სულ ცოტა, უფრო მოუნდა ან თივა, ან ყლორტი.
შიოდა.
რა გემრიელი იქნებოდა ბალახი.
ახლა შუა ველზე მიკუნტრუშობდა.
შიოდა.
უცებ იგრძნო რაღაც.
ტკივილი? – არა.
რაღაც და გათავდა.
ვანომ თავის შვილს დაუძახა და მოკლული ბაჭია აბგაში ჩაუდო:
– მამა, ფეხები მომეყინა, – თქვა ბიჭმა.
– ნუ გეშინია, ერთ საათში შინ ვიქნებით, – დაამშვიდა მამამ.“
ტყეში ხეტიალის დროს პერ გიუნტი მთის მეფის ასულს გადაეყრება. ასული პერს „ბნელი სულებით“ გარშემორტყმული მამის სამფლობელოში – გამოქვაბულში მიიყვანს, სადაც მათთან ერთად დოვრის მეფის ერთგული უწმინდური არსებები – ტროლები, კობოლდები და ჯადოქრები ცხოვრობენ. ტროლების მეფე საკუთარი წესების თავს მოხვევით მოხეტიალე პერს საბოლოოდ გაუმრუდებს ცხოვრების გზას.
იბსენის დრამის ერთ-ერთი ეპიზოდის მუსიკალური ილუსტრაციაა „მთის მეფის გამოქვაბულში“. ამ სცენაში დამუშავებული კობოლდისეული სახეები სტიქიური, დემონური თვისებებით არიან აღჭურვილნი. ძირითადი თემა კონტრაბასის, ფაგოტისა და ვიოლონჩელისთვისაა დაწერილი. თავშეკავებულად იწყება, ყოველი გამეორებისას უფრო და უფრო ჩქარდება და ბოლოს ბობოქარ prestissimo-ზე მძაფრი აკორდებით წყდება. კომპოზიტორი ოსტატურად შლის ამ სცენის მუსიკას – თემის იდუმალი ხმოვანებით ბანებში გატარებიდან, დინამიკის თანდათანობითი გაძლიერებითა და რეგისტრის ამაღლებით მძლავრად მჟღერ ტონალობამდე. რჩება შთაბეჭდილება, თითქოს გამოქვაბულის ზღაპრული მკვიდრნი უხილავმა ძალამ გრიგალში გაახვიაო.
პერი 40 წლის განმავლობაში დაეხეტება მთელ ქვეყანაზე – ამერიკაში, ჩინეთში, აფრიკაში… ძალაუფლებასა და დიდებაზე მეოცნებე და გამდიდრებული აღმოსავლეთში მოგზაურობისას ბედუინების ტომის ბელადს და მის ქალიშვილს ხვდება. ბელადის ასული ცდილობს, მდიდარ უცხოელს თავი მოაწონოს. მისი გრაციოზული ცეკვა მართლაც ხიბლავს პერს, მაგრამ ცბიერი ანიტრა მეოცნებე მოგზაურს მოხერხებულად გაძარცვავს და მიატოვებს.
დახვეწილი საორკესტრო პიესა, „ანიტრას ცეკვა“, სწორედ ცეკვითაა განსაკუთრებული. ორკესტრის სიმებიანი ჯგუფის უფაქიზესი ჟღერა სამკუთხედის ტემბრითაა შემკული. სიმებიანების ამ ფაქიზ მაქმანში სამკუთხედის ნაზი წკრიალი ძვირფასი ქვების ელვარებას ჰგავს. მუსიკალურ ნაგებობაში იმიტაციები და ნაზი ქრომატული სვლებია ჩაქსოვილი. აკორდული საცეკვაო აკომპანემენტი staccato ოქტავებით იცვლება. პიესა არა მხოლოდ აღმოსავლეთის ველურ სილამაზესა და ანიტრას მოხდენილობას, არამედ მის ხასიათსაც აღწერს – მხიარულს, ცვალებადსა და ცბიერს. გრაციით აღსავსე აღმოსავლური სცენები, „ანიტრას ცეკვა“ და „არაბული ცეკვა“, კონტრასტს ქმნის ნაწარმოების საერთო ეროვნულ კოლორიტთან.
ცნობისთვის: ნორვეგიულ მუსიკაში განსაკუთრებით უხვადაა წარმოდგენილი გლეხური ცეკვები, ეგრეთ წოდებული სლოტერები, ანუ ცეკვები, რომლებსაც ნორვეგიულ ხალხურ ვიოლინოზე უკრავენ (ხალხურ ვიოლინოს ხარდინგული ეწოდება, ჩვეულებრივ ვიოლინოზე პატარაა, აქვს მოკლე ყელი და მკვეთრად გამობურცული დეკა, 4 ნორმალურ სიმს ემატება ოთხი ალიკვოტური (მარეზონირებელი) სიმი, რაც საკრავს ლითონისებრ ჟღერადობას ანიჭებს).
სიცოცხლის განმავლობაში პერი რამდენჯერმე აიხდენს ოცნებას – მოიპოვებს ზღაპრულ სიმდიდრეს, მაგრამ სიცრუით შეძენილს ადვილად კარგავს. ბოლოს, ღარიბი, დაღლილი და სასოწარკვეთილი, სამშობლოში ბრუნდება. ის მოხუცია და მარტოხელა. მისი ცხოვრება ამაოდაა გაფლანგული. პერს ერთადერთი შვება და თავშესაფარიღა დარჩენია – სოლვეიგის უანგარო სიყვარული, თავისი მუზისა, პერის დაბრუნების მოლოდინით რომ ცხოვრობდა და ხსოვნაში ინახავდა ახალგაზრდა, ლამაზი და გულადი ჭაბუკის სახეს.
ასე სრულდება ერთგულებისა და სიკეთის ამბავი, ამბავი იმისა, როგორ გადაარჩენს სიყვარული გზააბნეულს. სოლვეიგის სახე ამაღლებული გრძნობების სამყაროს სიმბოლოა.
ახლა მოვუსმინოთ ნორვეგიის მუსიკალური კულტურის სიამაყეს – „სოლვეიგის სიმღერას“. გულწრფელი სიყვარულით დამუხტული, საოცრად მგრძნობიარე მელოდია მსმენელთა გულებს ადვილად იპყრობს.
დიდი ეროვნული თავისებურებებით გამოირჩევა გრიგის ხალხური ხასიათის მელოდიები. ასეთია მომხიბვლელი „სოლვეიგის სიმღერაც“ – სიუიტის დასკვნითი აკორდი, რომლის დამახასიათებელი მელოდიური საქცევები კომპოზიტორისთვის სამშობლოს სიყვარულის გამოხატვის საშუალება იყო. „ „სოლვეიგის სიმღერა“ ჩემს სიმღერებს შორის ალბათ ერთადერთია, სადაც ხალხური მელოდიის პირდაპირი მიბაძვა შეიძლება დავინახოთ“, – წერდა გრიგი.
სოლვეიგი მღერის განშორებაზე, სიყვარულსა და მარტოობაზე, დროზე, სწრაფად რომ გადის, მაგრამ შეხვედრას არ აახლოებს. მის სიმღერაში გრძნობათა მთელი გამაა გამოხატული: იმედს იმედგაცრუება ცვლის, თავდაჯერებას – ეჭვი. მხოლოდ სიყვარული რჩება უცვლელი.
ეს სევდიანი და ნაზი სიმღერა ერთმანეთის მიმართ კონტრასტული ორი ნაწილისგან შედგება: წამოწყებისა და მისამღერისგან. სიმღერის წამოწყება მშვიდია და თხრობითი. მასში გამოხატულია მწუხარება, ბედის მორჩილება და რწმენა. მისამღერი ნატიფ და მსუბუქ ცეკვას ჰგავს. სოლვეიგისთვის ის იმედის მუსიკაა.
გრიგისთვის განსაკუთრებით ძვირფასი იყო ერთგული, მოსიყვარულე სოლვეიგის სახე, ამიტომ „სოლვეიგის სიმღერა“ მთელ პარტიტურას ლაიტმოტივად გასდევს. ნორვეგიული ხალხური სულით გაჟღენთილი ეს წმინდა და უმანკო მუსიკა გრიგის საუკეთესო ქმნილებათა რიცხვს მიეკუთვნება.
„პერ გიუნტმა“ უკვდავყო, ერთი მხრივ, გრიგის როგორც კომპოზიტორის სახელი, მეორე მხრივ კი იბსენისა როგორც დიდი დრამატურგისა.
„პერ გიუნტის“ მდიდარი სახეები, მაღალი მხატვრული ღირსებები გრიგის სიუიტას თეატრალური მუსიკის ისეთ თვალსაჩინო ნიმუშთა გვერდით აყენებს, როგორებიცაა ბეთჰოვენის „ეგმონტი“ (გოეთეს პიესისთვის), მენდელსონის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (შექსპირის პიესისთვის), ბიზეს „არლელი ქალი“ (დოდეს პიესისთვის).
კითხვები მოსწავლეებისთვის
მაგალითად: იშვიათია დრამატული სპექტაკლი მუსიკის გარეშე. ის შესაძლოა იყოს ინსტრუმენტული, ვოკალური ან საცეკვაო, როგორც მოქმედების შემავსებელი (პერსონაჟი თავად უკრავს რომელიმე საკრავზე, მღერის ან ცეკვავს). ფსიქოლოგიური ფონის შექმნით მუსიკა მაყურებელს პიესის იდეისა და მოქმედი გმირების ხასიათის გახსნაში ეხმარება.
(ქონდრისკაცებთან – მარშს, ანიტრასთან – ცეკვას, ხოლო სოლვეიგთან – სიმღერას).
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd).
ბიზნესის უნარ–ჩვევების პროგრამის მიზანია, მოსწავლეებს ადრეული ასაკიდან განუვითაროს ისეთი უნარ–ჩვევები, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა, ლიდერობა, დაგეგმვა და სხვა.
რა არის ბიზნესის უნარ–ჩვევების პროგრამა?
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) ორიენტირებულია კითხვისა და მათემატიკის უნარების გაუმჯობესებაზე I-VI კლასებში. პროექტი საჯარო სკოლებში 2011 წლიდან ხორციელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით და პროექტში ჩართული დაწყებითი სკოლების ქსელის მეშვეობით G-PriEd და მისი მთავარი პარტნიორი ორგანიზაცია Junior Achievement ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენელთა მონაწილეობით მთელი საქართველოს მასშტაბით 39 საპილოტე სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მეწარმეობის, დასაქმებისთვის მზაობის და ფინანსური წიგნიერების საფუძვლებს ასწავლის. G-PriEd-ის ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამა 2015 წლიდან ხორციელდება და სთავაზობს უნიკალურ საგანმანათლებლო გამოცდილებას მოსწავლეებს, რომლის შედეგადაც ისინი უკეთ გაიგებენ და აღიქვამენ ბიზნესის სამყაროს, რომელში ჩართვაც მათ სკოლის დასრულების შემდეგ ელით. დაწყებით (I-IV) კლასებში ბიზნესის უნარ-ჩვევების გაკვეთილებს კლასის დამრიგებელი ატარებს, ხოლო კერძო სექტორიდან მოწვეული მოხალისეები აღნიშნული პროგრამის წარმატებით განხორციელებაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ, რადგან V-VI კლასებში გაკვეთილებს ისინი უძღვებიან. სწორედ მოხალისეები ქმნიან საკლასო ოთახებში ბიზნესგარემოს და უტარებენ ბავშვებს ინტერაქტიულ გაკვეთილებს, რაც მოსწავლეთა შორის მოტივაციას აღვივებს. გაკვეთილები მოსწავლეებს სახალისო თამაშებისა და აქტივობების სახით მიეწოდება. მოხალისეები მოსწავლეებს აცნობენ ეკონომიკისა და ფინანსების საბაზისო ცნებებს, ეხმარებიან მათ პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტისა და ცხოვრებისეული უნარების განმტკიცებაში.
რა არის Junior Achievement?
Junior Achievement აშშ-ში დაარსდა და თითქმის ასწლიანი ისტორია აქვს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს ექსპერიმენტული და პრაქტიკული პროგრამების საშუალებით მეწარმეობას, დასაქმებისთვის მზაობასა და ფინანსურ წიგნიერებას ასწავლის. ამჟამად Junior Achievement-ის მიერ შემუშავებული პროგრამები მსოფლიოს 123 ქვეყანაში (მათ შორის საქართველოშიც) წარმატებით ისწავლება და მათში ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტი მოსწავლეა აქტიურად ჩართული.
რას მოიცავს დაწყებითი სკოლისათვის განკუთვნილი ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამა?
ბიზნესის უნარ-ჩვევების დაწყებითი სკოლის პროგრამა მოსწავლეებს აცნობს საბაზრო სისტემის მუშაობის პრინციპებს, მათ მიმართებას დემოკრატიულ ღირებულებებთან და იმას, თუ რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ თავად მათ აღნიშნული სისტემის მუშაობაში.
რატომ არის ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანი და რა იქნება მოსალოდნელი შედეგი?
ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის დახმარებით მოსწავლეები შეძლებენ ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია, ლიდერობა, გადაწყვეტილების მიღება, გუნდური მუშაობა, არჩევნის სწორად გაკეთება და სხვა. ადრეულ ასაკშივე ასეთი მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავებით მოსწავლეები უკეთ მოემზადებიან სამომავლო განათლებისა და სამუშაო გარემოსათვის.
რა არის ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის ძირითადი მიმართულებები?
ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის ძირითადი მიმართულებებია: დასაქმებისთვის მზაობა, ფინანსური წიგნიერება და მეწარმეობა.
რა როლი ეკისრება მასწავლებელს და კერძო სექტორის მოხალისეს ბიზნესის უნარ-ჩვევების გაკვეთილების ჩატარებისას?
I-IV კლასებში ბიზნესის უნარ-ჩვევების გაკვეთილებს კლასის დამრიგებელი ატარებს და პროგრამას სპეციალური თვალსაჩინოებებისა და სასწავლო მასალების გამოყენებით ახორციელებს. V-VI კლასებში კი გაკვეთილებს კერძო სექტორის მოხალისეები უძღვებიან. ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის სწავლების მეთოდიკა სრულად არის დაფუძნებული შემეცნებით-სააზროვნო თამაშებზე. გარდა ამისა, მოხალისეები მოსწავლეებს თავიანთ ცხოვრებისეულ და კარიერულ გამოცდილებასაც უზიარებენ. სწორედ მოხალისეები ქმნიან საკლასო ოთახში ბიზნესგარემოს, ატარებენ ინტერაქტიულ გაკვეთილებს, რაც სამომავლოდ მოზარდებს შორის აღვივებს მოტივაციას. მოხალისეები აცნობენ მოსწავლეებს ეკონომიკისა და ფინანსების საბაზისო ცნებებს. ეხმარებიან მათ პრობლემის შემოქმედებითად გადაწყვეტასა და ცხოვრებისეული უნარების განმტკიცებაში.
ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამები და მათი მიმოხილვა
G-PriEd-ის ბიზნესის უნარ-ჩვევების პროექტი მოიცავს I-VI კლასებისათვის განკუთვნილ შვიდ ინდივიდუალურ პროგრამას, როგორებიცაა: „ჩვენ თვითონ“ (I კლასი), „ჩვენი ოჯახი“ (II კლასი), „ჩვენი საზოგადოება“ (III კლასი), „ჩვენი ქალაქი“ (IV კლასი), „ჩვენი რეგიონი“ (V კლასი), „ჩვენი ქვეყანა“ და „ფულზე მეტი“ (VI კლასი).
I კლასი – „ჩვენ თვითონ“
პროგრამა მოსწავლეებს ინდივიდის ეკონომიკურ როლებს ასწავლის – არჩევნის გაკეთების, მიზნების დასახვის, სურვილების და საჭიროებების განსაზღვრის, ფულის გამომუშავების, დანაზოგის გაკეთების, გაზიარებისა და ეთიკური შრომის პრინციპების გაცნობის გზით.
II კლასი – „ჩვენი ოჯახი“
პროგრამაში აღწერილია ის როლები, რომლებსაც ადამიანები ასრულებენ ადგილობრივ ეკონომიკაში. აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს მოსწავლეების ჩართვას ისეთ აქტივობებში, რომლებიც დაკავშირებულია საჭიროებებთან, სურვილებთან, სამუშაოსთან, საშუალებებთან და უნარებთან, ასევე ურთიერთდამოკიდებულების პრინციპებთან.
III კლასი – „ჩვენი საზოგადოება“
პროგრამაში განხილულია დასაქმებულთა როლები საზოგადოებაში, სხვადასხვა საქმიანობათა ურთიერთკავშირი და საზოგადოებაში შრომის ორგანიზების საკითხები.
IV კლასი – „ჩვენი ქალაქი“
ამ პროგრამის საშუალებით მოსწავლეები სწავლობენ სხვადასხვა პროფესიებს, მათთვის საჭირო უნარებს, ეცნობიან თუ რა როლს ასრულებს ბიზნესი ქალაქის განვითარებაში.
V კლასი – „ჩვენი რეგიონი“
პროგრამაში წარმოდგენილია კავშირი სხვადასხვა რეგიონში არსებულ ბუნებრივ, ადამიანურ და კაპიტალურ რესურსებს შორის. მასში განმარტებულია რეგიონული ბიზნესები, რომლებიც მომხმარებელს საქონლითა და მომსახურებით უზრუნველყოფს.
VI კლასი – „ჩვენი ქვეყანა“
პროგრამის საშუალებით მოსწავლეები ითვისებენ პრაქტიკულ ინფორმაციას ბიზნესის მოთხოვნების შესახებ, რომლებიც ინდივიდებს შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის სჭირდებათ.
VI კლასი – „ფულზე მეტი“
პროგრამის მიხედვით, მოსწავლეები სწავლობენ ფულის გამომუშავებასთან, ხარჯვასთან, განაწილებასთან და დაზოგვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ისინი იძენენ თანხის მართვის უნარებს, მათ ცხოვრებაში ფულის როლის და მნიშვნელობის უკეთ გაცნობიერებისათვის.
წარმატებული ბიზნესსექტორის წარმომადგენლები პროგრამის შესახებ
„ბიზნესის უნარ-ჩვევები დაწყებით განათლებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თავიდანვე უვითარებს ბავშვს ისეთ უნარ-ჩვევებს როგორებიცაა: მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, ლიდერობა, ამოცანის გადაწყვეტის უნარი, ალტერნატივების ძიება და ა.შ. ჩვენი კომპანიის ბევრი თანამშრომელი სიამოვნებით დათანხმდა ამ პროექტში მონაწილეობას, ვინაიდან ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის საქართველოს მომავალი და ჩვენი წარმატება მომავალ თაობაზეა დამოკიდებული“.
აიეტი კუკავა, სს „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი
„ჩვენი კომპანიისთვის, „თი-ბი-სი ლიზინგისთვის“ ძალიან სასიხარულოა, რომ ამ პროექტში მონაწილეობის შანსი მოგვეცა, რადგან პირველ რიგში „თი-ბი-სი ჯგუფის“ ფასეულობებიდან გამომდინარე, სოციალური პასუხისმგებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და განათლების სისტემაში მონაწილეობის მიღება, ორმაგად და სამმაგად უფრო მნიშვნელოვანი. აღნიშნული პროგრამა ბავშვებს შანსს აძლევს, რომ ბიზნესის უნარ-ჩვევები და ფინანსური განათლება პატარა ასაკიდანვე გამოიმუშაონ. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, იმ შეცდომების ალბათობა, იმ იმედგაცრუებების ალბათობა, რომლებიც დღეს ხშირად გვხვდება, უკვე მინიმუმამდე იქნება დაყვანილი“.
ნანა მიქაშავიძე, სს „თი-ბი-სი ლიზინგის“ დირექტორი
ამ წიგნის შინაარსის განსაზღვრა ორგანიზაციის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ჩატარებული მასწავლებლების გამოკითხვის შედეგებით მოხდა. მასწავლებლთა ფოკუს ჯგუფებში ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მათთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია:
ამ სახელმძღვანელოში მოცემული მასალები, ერთგვარი „მეგზური” იქნება მასწავლებლებისთვის სწორად დაგეგმონ, განახორციელონ, შეაფასონ საკუთარი მუშაობა და შედეგებზე დაყრდნობით თავიდან დაგეგმონ სასწავლო აქტივობები, პროექტები, საგანმანათლებლო რესურსების შექმნა თუ საკუთარი პროფესიული განვითარების საქმიანობები.
ფაქტია, მასწავლებლის პროფესიული ოსტატობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული რომელთაგან უმნიშვნელოვანესია, საკუთარი პროფესიული პრაქტიკის რეფლექსია (ლათ. reflexio ნიშნავს „უკან მიბრუნებას”). წიგნში შევიდა პრაქტიკული ხასიათის მასალები, რაც დაეხმარება მასწავლებელს როგორც თვითრეფლექსიაში, თვით-რეალიზებაში, ასევე კარიერულ წინსვლაში.
ალტერნატიული განათლების საერთაშორისო ინსტიტუტმა, პროექტის ფარგლებში, მასწავლებლებისთვის მოამზადა პრაქტიკული სახელმძღვანელო :”როგორ დავაგროვოთ კრედიტქულები კარიერული წინსვლისთვის”.
სახელმძღვანელოში მასწავლებლები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:
„ქვეყანას სამი რამ აკლია: ცას – კიბე, ზღვას – ხიდი და ადამიანს – სამართალი!“ – ამბობს გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხის“ პერსონაჟი. ჩვენ კი, და ეს ბოლოდროინდელმა მოვლენებმა განსაკუთრებით გამოაჩინა, განსხვავებული აზრის მოსმენის უნარი გვაკლია. მის გათვალისწინებაზე არაფერს ვამბობ: შეიძლება ისე მოხდეს, რომ დიდიან-პატარიანად ავილესოთ იმის წინააღმდეგ, ვინც ჩვენთვის არასასურველ რამეს გვეუბნება. და ამასობაში მოწინააღმდეგის დათრგუნვისა და დამარცხების ისეთი ხერხებიც გაგვიშინაურდა, როგორიც საძინებლის ჭუჭრუტანიდან თვალთვალია.
განსხვავებული აზრის მოსმენას/მოთმენას შესწავლა უნდა, პატარაობიდანვე – ანბანს რომ სწავლობ, ასოების მოხაზულობას და შეუცდომლად დაწერას, თითქმის ისე. ეს რომ მხოლოდ ოჯახში ისწავლებოდეს, ალბათ უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა, მაგრამ ცხადია მარტო შინაურული გარემო არ აყალიბებს ადამიანს. ჩვენ დედ-მამის შვილები კი ვართ, მაგრამ გარეთ ნანახი, შენახვედრი და დამახსოვრებული უფრო გვძერწავს და ამტანსაც გვხდის.
მახსოვს, საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში, ერთ-ერთი თავის ბოლოში, დანართის სახით VI საუკუნის ეგრისელი დიდებულების – აიეტისა და ფარტაზის სიტყვები იყო დაბეჭდილი. მეფე გუბაზის მკვლელობის შემდეგ, 555 წელს ეგრისში საგანგებო კრება მოეწყო, სადაც პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. დიდებულთა ერთი ნაწილი, აიეტის მეთაურობით, მოითხოვდა ბიზანტიასთან კავშირის გაწყვეტას და ირანის მხარეზე გადასვლას; ფარტაზის მომხრეები ეწინააღმდეგებოდნენ ირანთან კავშირს, სამაგიეროდ ბიზანტიის იმპერატორისგან მოითხოვდნენ გუბაზის მკვლელთა სასტიკ დასჯას და ეგრისის მეფედ გუბაზის უმცროსი ძმის დამტკიცებას.
მეშვიდე კლასში ვიყავი და წაკითხულმა იმდენად მძაფრად იმოქმედა ჩემზე, რომ ერთიხანობა ყოველკვირეული პოლიტიკური სეირის, თოქ შოუების ყურებას თავი მივანებე. აგათია სქოლასტიკოსის მიერ შემონახული ეგრისის სახალხო კრების პოლემისტების შემდეგ, ეს უარგუმენტო, ადამიანების ურთიერთშეურაცხყოფაზე აგებული, ყალბი პათოსითა და ემოციებით დატვირთული ფარსი საერთოდ ამოვარდნილი ჩანდა პოლემიკის ჩარჩოდან.
ფარსი და სიძულვილით გამოკვებილი ციტატები არც მერე დაგვკლებია, და ახლა რომ ვუყურებ, რაღაც ძალიან სერიოზულად გაგვიჭირდა, ისე, რომ ცოტა ხანში სუფრაზე ამაყად მოხსენიებული წინაპრების მხოლოდ სახელები დაგვრჩება საკვეხნად.
აბა, მათი ნათქვამი სიტყვისა ჩვენ არ გვეყურება და არც მათი გაკეთებული საქმეებისგან დავიტოვეთ რამე. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმათ ჩვენზე დროული და შედეგიანი კრიტიკა იცოდნენ, – გაწყდეს საცა ვიწროაო, – გადაწყვეტდნენ რაც გადასაწყვეტი იყო. ეს იმიტომ, რომ უსაბუთო და პიროვნების შეურაცხმყოფელი პასკვილები ცუდ, უკეთურ საქმედ იყო მიჩნეული და საზოგადოების თანაგრძნობა არ ეღირსებოდა.
„მამებისა და შვილების ბრძოლის“ სახელით შერაცხული პაექრობა 1860-70-იან წლებში ენისა და სტილის საკითხებზე მსჯელობით დაიწყო და მოგვიანებით კიდევ უფრო გამწვავდა, რადგან „შვილების“ თაობის სახელოვანმა წარმომადგენლებმა „მამების“ ყველაზე ავტორიტეტული ფიგურაც კი არ დაინდეს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ პოლემიკამ ბევრი სასიკეთო შედეგი (მათი ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ) გამოიღო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორივე მხარემ საბოლოოდ დაადასტურა ერთმანეთისადმი პატივისცემა.
ადამიანური პატივისცემის საუკეთესო ნიმუშია ბერი ალექსი შუშანიასა და ექიმ ივანე გომართელის მიმოწერა (XX ს.-ის პირველი ათწლეული). მრწამსისა და მსოფლმხედველობის თვალსაზრისით რადიკალურად განსხვავებულ პოლუსებზე მდგომი პიროვნებები, მაშინაც კი, როცა ცდილობენ მოპაექრე მისი შეხედულების მცდარობაში დაარწმუნონ, ინარჩუნებენ საოცარ ტაქტსა და წონასწორობას.
ნიკოლო მიწიშვილის გახმაურებული „ფიქრები საქართველოზე“ (1926 წ.) გახდა მიზეზი და საბაბი არაერთი უმნიშვნელოვანესი წერილის გამოსაქვეყნებლად, სადაც ავტორები – ქართული მწერლობისა და მეცნიერების თვალსაჩინო სახელები – ქვეყნის ბედს, ისტორიულ გამოცდილებასა და ქართულ ხასიათს, წარსულის მემკვიდრეობასა და თანამედროვეობას სიღრმისეულად განსჯიდნენ.
ხშირად მიფიქრია, რომ კარგი იქნებოდა საქართველოს ისტორიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებში უფრო უხვად შეეტანათ პოლემიკის საუკეთესო ნიმუშები, სადაც საკამათო საგნის იმდროინდელი კონტექსტიც აიხსნებოდა და კულტურული/სალიტერატურო მნიშვნელობაც.
დღეს ამის საჭიროება უკვე აშკარად იგრძნობა. დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლები და განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთის შეურაცხყოფა დახშულ სივრცეს ქმნის. აქედან ერთადერთი გამოსავალი განათლებაა, იმ გამოცდილების შეთვისება სკოლის ასაკიდან, რომელიც ერთდროულად ორ რამეს გვასწავლის: 1) გაუაზრებელი, ბოლომდე გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავებას, და 2) ადამიანის დანდობას და პატივისცემას.
ზაზა თვარაძის „სიტყვები“ მარტის დასაწყისში წავიკითხე. წლების წინ „ყველა დროის საუკეთესო ქართული მცირე რომანის“ სერიით გამოცემულმა ამ წიგნმა თვითონ მომძებნა და თავი წამაკითხა – ისეთივე ცოცხალი აღმოჩნდა, როგორც მისი მანათობელი, სურნელოვანი, სასწაულთმოქმედი სიტყვები. წავიკითხე და დავფიქრდი იმ ენის სიცოცხლეზე, რომლითაც რაღაცის გამოხატვას ყოველ წუთს ვცდილობთ, რომლის წიაღშიც არაერთხელ დავკარგულვართ და, საბოლოოდ გზააბნეულებს, ყველაფერი მისთვის დაგვიბრალებია – მისი სიხისტისთვის, მოუქნელობისთვის. ვინ იცის, რამდენჯერ ვმდგარვართ აწურული მხრებით უცხო ენის რთული სინტაქსური კონსტრუქციების წინაშე და მშობლიური ენობრივი ერთეულების მოძებნა, ქართული ენისკენ ნაბიჯის გადადგმა წარმოუდგენლად გაგვძნელებია.
თანამედროვე ამერიკელი მწერლის, ჯონათან ფრენზენის წიგნში „შესწორებები“ მთავარი გმირი წინადადების ტყეში იკარგება. გრძელზე გრძელი, ამაღელვებელი წინადადება დიდ აბზაცად იქცევა და მკითხველის თვალწინ მთელი სრულყოფილებით გადაიშლება ენისა და ტყის მშვენიერებები, უსასრულობისკენ მიმავალი ბილიკები, ბინდით მოცული ფიგურები, იდუმალი ნათებები… მკითხველი ფეხდაფეხ დაჰყვება მთავარ გმირს, მისი ჩრდილი ხდება, ბოლოს კი მასთან ერთად მიადგება ტყის ნაპირს, სადაც პასუხის მოლოდინში გარინდული ქალი დგას, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს უსიერ ტყეზე, იქაურ ცხოველებსა და ფრინველებზე, საფრთხეებზე, ხმაურსა და სიჩუმეზე.
ჯონათან ფრენზენის წიგნში წინადადება მთელი სამყაროა, თავისი ფორმებით, ხმებით, შუქ-ჩრდილებით. ზაზა თვარაძის წიგნში კი ყოველი სიტყვა ცოცხალი არსებაა – მოძრაობს, სუნთქავს, ხელიდან გისხლტება, სხვა სიტყვებისკენ მიიწევს, ციმციმებს, მომდევნო სიტყვებს ირჩევს, შინაური ცხოველივით გეალერსება… ამ წიგნის მთავარი გმირი იმ დიდ შესაძლებლობებს აცნობიერებს, რომლებსაც ქართული ენა გვთავაზობს; იმ სიმდიდრის შემჩნევას იწყებს, რომელიც ამ ენას მწერლისთვის საოცნებო, ფასდაუდებელ ინსტრუმენტად აქცევს.
ჩვენი ენა ცოცხალია. მას სასწაულების მოხდენა შეუძლია, როგორც ამ წიგნში.
ზაზა თვარაძე აღარ არის ცოცხალი.
გასული საუკუნის ბოლოს ჟურნალ „არილის“ რედაქციაში გავიცანი. შუა ოთახში დიდ მაგიდასთან ვისხედით და იმ მინიატურებს ვარჩევდით, რომლების გამოქვეყნებაც გადაწყვეტილი მქონდა. მის ხელში მოხვედრილი ტექსტები უცნაურად იკუმშებოდნენ, საზარელ ნაოჭებს ისხამდნენ, შემზარავად მახინჯდებოდნენ, მერე კი, ჩვენ თვალწინ, მაგიდის ზედაპირზე სულს გააფრთხობდნენ ხოლმე. ზაზა მიხსნიდა, რომ ამის მიზეზი სიტყვებისადმი ჩემი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, მათი გაუაზრებლად შერჩევა იყო.
მარწმუნებდა, რომ სიზუსტე გადამწყვეტი იყო – აუცილებლად უნდა მცოდნოდა არა მხოლოდ ის, თუ რატომ ვწერდი რომელიმე სიტყვას ან ფრაზას, არამედ ისიც, თუ რატომ ვიყენებდი სასვენ ნიშანს, რატომ ვიწყებდი აბზაცს, რატომ ვამთავრებდი ტექსტს იქ, სადაც ვამთავრებდი. შემთხვევითობა დასაწყისშივე უნდა გამომერიცხა. უნდა გამეზარებინა, რომ წერა პასუხისმგებლობაა და მე პასუხისმგებელი ვიყავი როგორც თითოეული სიტყვის გამოყენების, მისთვის ადგილის შერჩევის, კონტექსტის განსაზღვრის გამო, ასევე მკითხველის თითოეული ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის გამოც.
მე ლიტერატურული ღირსებებით გამორჩეულ ტექსტებს ვუსახელებდი, სადაც ბუნდოვანება თუ ორაზროვნება კიდევ ერთ ღირსებად ჩაითვლებოდა. ვუსახელებდი მოდური მწერლების, ლიტერატურის თეორეტიკოსების, სტრუქტურალისტებისა და პოსტსტრუქტურალისტების გვარებს – ძირითადად, თავის მოსაწონებლად. ზაზა სიცხადის მხარეს იყო – მიხსნიდა, რომ კარგმა მწერლებმა ყოველთვის იციან სიტყვის ფასი, დრო, ადგილი. ის, რაც მკითხველისთვის ბუნდოვანია, მწერლისთვის ცხადზე ცხადი უნდა იყოსო.
ვკამათობდით. თითოეულ წერტილსა და მძიმეს განვიხილავდით.
მასწავლებლად ვერ აღვიქვამდი, რადგან მასწავლებელს არ ჰგავდა. არც მისი რჩევა-დარიგებები მეჩვენებოდა შეუვალი ჭეშმარიტების ნიშნით აღბეჭდილად. დროდადრო თავს ვუქნევდი ხოლმე – როცა მის არგუმენტებს ვეღარაფერს ვუპირისპირებდი. ვწრიალებდი. თან მეჩვენებოდა, რომ თითოეულ ჯერზე უფრო და უფრო მეტს ითხოვდა ჩემგან. ალბათ ისეთი მოსწავლე ვიყავი, გაკვეთილის დასრულების მანიშნებელი ზარის ხმა ნაადრევად რომ ესმის – გონებაგაფანტული, გასაქცევად მზადმყოფი.
დადგა დღე, როცა ზაზა თვარაძის „სიტყვები“ წავიკითხე – „ყველაზე მდიდარი, ყველაზე მოუთოკავი ფანტაზიის ნაყოფი… წიგნი, რომელიც ირონიანარევი სევდითა და ოცნებებითაა ნაშენები“ (მალხაზ ხარბედია) – და ამ პატარა წიგნმა მწერლის ჩრდილი კი არ გამოიხმო დავიწყების ტყიდან, ის ჩემ თვალწინ გააცოცხლა. მისი ფურცლებიდან ისეთად წარმომიდგა, როგორიც იყო: ენისა და სიტყვების ერთგული მცველი, მათი მშვენიერების დამნახავი და დამფასებელი, კეთილი კაცი, მასწავლებელი.