კვირა, მაისი 18, 2025
18 მაისი, კვირა, 2025

ოცნების კონტინენტზე

0
„ჩვენი ფიქრები სრიალებენ ქალაქის თავზე –
აქ არ არის ვარდის ზეთით გაჯერებული
მხუთავი სიტკბო.
შეგიძლია დაისვენო, ამოისუნთქო,
მეტალის ფრთები სკამზე დაკიდო.
მოითხოვო ფინჯანი-ყავა…”
დარეჯან სუმბაძე
ძვირფასო მკითხველო, მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრის ახალ 2016 წელს; ჩვენ ისევ ერთად ვართ. თუმცა, კაცობრიობა ერთხელ უკვე შეხვდა 2016 წელს, მხოლოდ ჩვენ წელთაღრიცხვამდე. და აი, ამ საახალწლოდ ისევ ვცდილობ თქვენთვის სასიამოვნო წუთების გაზიარებას. იმედი მაქვს, მოვახერხებ.
ძნელი საპოვნელია ადამიანი ახალი წელი რომ არ უყვარდეს. საახალწლო დღესასწაული ის დროა, როცა ყველაზე მეტად გვსურს უზრუნველ ატმოსფეროში ჩაძირვა და დასვენება. ის ადრეული ბავშვობიდანვე დღესასწაულთა შორის ყველაზე საყვარელი და თბილია. ახალი წლის დღეებში გარემოს უნებლიედ პატარების თვალით აღვიქვამთ და ეს ნამდვილი ბედნიერებაა. ასეთ საახალწლო ზღაპარში ყოფნას გისურვებთ ყველას.
უძველესი დროიდან ახალი წელი დედამიწაზე მცხოვრები ყველა ხალხისთვის უდიდეს დღესასწაულად იყო მიჩნეული. რაიმე ისტორიულ თუ მითიურ მოვლენასთან დაკავშირებით ყველა მათგანი ახალი წლის საკუთარ თარიღს ამკვიდრებდა. ახალ წელთან შეხვედრის ტრადიცია ადამიანებში სამყაროს პერიოდული განახლების აუცილებლობის შეგრძნებას იწვევდა, რასაც ბიო-კოსმიურ რიტმებზე ხანგრძლივი დაკვირვებები ასაზრდოებდა: სამყაროში ყველაფერს დასაწყისი და დასასრული აქვს… ცოცხალი ორგანიზმი განვითარების, დაბერებისა და სიკვდილის სტადიებს გადის. თუმცა, ყოველი სიკვდილის მიღმა ახალი სიცოცხლე იბადება. და სწორედ ამიტომ სამყარო ადამიანთან ერთად პერიოდულ განახლებას საჭიროებს. ეს კი, ახალი წლის მოსვლას ყოველთვის თან ახლავს.
„ამაღლებულ სულსა და გრძნობებს ადამიანები სამყაროზე მაღლა აჰყავს”
მარკ შაგალი
„ხედვითი პოეზიის” ოსტატი, რომელიც საკუთარ შემოქმედებაში არ ცნობდა საზღვრებს, სტილსა და მიმართულებას, მკაფიოდ იკითხება მის დაშიფრულ ნამუშევარში „ქალაქის თავზე” (ავტორი მუზასთან/ცოლთან ერთად, როგორც ერთი ორგანიზმი ჩიტებივით ფრენენ. თითქოს მათთვის ეს ფრენა სასწაული კი არა, ჩვეულებრივი გასეირნება იყოს). მიუხედავად ამისა, ნახატის სიუჟეტი თავისუფლად შეგვიძლია ფანტასტიკას მივაკუთვნოთ. მაგრამ მხატვარი კატეგორიულად უარყოფდა ტერმინებს „ფანტაზია” და „სიმბოლიზმი”: „ჩვენი შინაგანი სამყარო რეალობაა, შესაძლოა უფრო მეტად რეალურიც, ვიდრე გარემომცველი სამყარო”.
მარკ შაგალი ასე ლოცულობდა: „უფალო, შენ, რომელიც ღრუბლებსა თუ მეწაღის სახლს უკან იმალები, იყოს შენი ნება რათა გამჟღავნდეს სული ჩემი, საბრალო სული ენაბორძიკა ბიჭუნასი. მაჩვენე გზა ჩემი. მე არ მსურს ვგავდე სხვებს, ჩემებურად მინდა ვუყურებდე სამყაროს”.
***

ყველამ ვიცით, რომ ახალი წლის ღამეს თოვლის კეთილი ადამიანი მთელი მსოფლიოს ბავშვებისთვის საჩუქრებს არიგებს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ის ყველას არ ერგება. საბავშვო იტალიელი მწერლის ჯანი როდარის ზღაპრის მიხედვით გადაღებული მულტიპლიკაციური ფილმი სათამაშო მატარებელზე მეოცნებე ღარიბ ბიჭუნაზე მოგვითხრობს. ბიჭუნას მხურვალე სურვილს ვიტრაჟის მიღმა გამოფენილი სათამაშოები გულშემატკივრობენ. ისინი მაღაზიიდან გაქცევას გადაწყვეტენ ფრანჩესკო საახალწლოდ საკუთარი თავით რომ დაასაჩუქრონ.

„თუ გსურს დღესასწაული შენს ქუჩაზეც დადგეს, იმ ქუჩაზე დასახლდი, სადაც უკვე დღესასწაულია”.
კონტინენტის ერთი რომელიმე წერტილი ავირჩიოთ და საახალწლოდ ამაღლებული გუნება-განწყობით იმ სამოთხის კუნძულისკენ ავიღოთ გეზი, სადაც რეგის უკვდავი მეფე ბობ მარლი მოღვაწეობდა. ბობ მარლი ერთ ჩემს ძველ მეგობარს ძალიან უყვარდა. სიყვარული გადამდები აღმოჩნდა. ვფიქრობ, ჩვენს დღევანდელ შეხვედრას შემოთავაზებული მუსიკა ძალიან მოუხდება, ის ხომ დადებითი ენერგიის განსაკუთრებულ მუხტს ატარებს.
„მე მჯერა – რასიზმი, ბოროტება და სიძულვილი შესაძლებელია მუსიკით განიკურნოს”.
ბობ მარლი
აფრიკული ერთიანობის სიმბოლოდ მიჩნეულ ნაციონალურ გმირ ბობ მარლის არაერთი ფილოსოფიური გამონათქვამი აქვს. ჩვენს რთულ დროში მსოფლიოსადმი მისი მიმართვები მშვიდობაზე, თანასწორობასა და სიკეთეზე დღესაც დროული და აქტუალურია.
„მე მსურდა მუსიკის საშუალებით სამყარო სულ ოდნავ გამეკეთილშობილებინა”
ბობ მარლი
რეგის რიტმში მცხოვრებთა კუნძულზე ახალი წელი მოვლენაა და მას შესაბამისად, პომპეზურად აღნიშნავენ. იამაიკა სადღესასწაულო ატმოსფეროში იანვრის ბოლომდე იძირება. კულტურის გასაცნობად (სხვადასხვა სახის ფესტივალები, მუსიკალური წარმოდგენები თუ კარნავალები) იანვარი საუკეთესო დროა. თვალწარმტაც ტროპიკულ კუნძულზე მცხოვრებთა დევიზია „No problem!”
***
„ბგერა სიჩუმის გაგრძელების ფორმაა” – ამბობდა იოსიფ ბროდსკი
4 წუთი და 33 წამი სიჩუმე ძალიან ჰგავს მალევიჩის ცარიელ „შავ კვადრატს”. რა დასამალია და ეს იდეა კეიჯამდე და მალევიჩამდე ადრე იყო (ერიკ სატი და ალფონს ალე). თუმცა, მუსიკოსი სიჩუმის შესახებ გამოცდილებას ასე გვიზიარებს: „ექოს მოკლებულ სპეციალურ ოთახში გავაცნობიერე, სიჩუმე ბგერის არარსებობას არ ნიშნავს. სიჩუმე შედგება კუნთებისა და სისხლ-ძარღვთა სისტემის ცირკულაციის შემთხვევითი შევიწროებით გამოწვეული „ხმაურისგან”. საბოლოოდ, ამ დაკვირვებებმა და რობერტ რაუშენბერგის თეთრმა ტილოებმა შთამაგონეს კომპოზიციის შექმნა”.
კომპოზიციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ „შესრულების” დროს გაგონილი ბგერები, სინამდვილეში კი სიჩუმის 4 წუთი და 33 წამი მსმენელების მიერ მუსიკად აღქმულიყო. კეიჯი თავისი პიესით სიჩუმის შეუძლებლობაში გვარწმუნებს და რომ კომპოზიტორისა და შემსრულებლის გარეშეც კი გარემო გამუდმებით გამოსცემს ბგერებს. 4’33 ერთ-ერთი ყველაზე სადავო ნაწარმოებია XX საუკუნის მსოფლიოში.
რას ურჩევს გავლენიანი ამერიკელი კომპოზიტორ-ავანგარდისტი „ინტერნეტგაზეთის” მასწავლებლებს? ვფიქრობ, მისი „უჩარჩოო” რჩევები ჩვენს კლასიკურ ტრადიციებს ამ ეტაპზე არ გამოადგება. დაველოდოთ მომდევნო მონაწილეს.
ვიქტორ ჰიოგოსთვის თუ „მუსიკა მოაზროვნე ხმაურია”, შექსპირისთვის „მუსიკა მწუხარებას ახშობს”.
„სინდისი ადამიანის თავისუფლების დეკლარაციაა ღმერთში”
ლ. ისაკაძე
მასზე, ვის შესახებაც ნათქვამია: „ყველა დროისა და ხალხის ყველაზე ნათელი, მომღიმარი, პრინციპული, ექსპრესიული და გრანდიოზული მევიოლინე” არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, ბრწყინვალე მუსიკოსი ლიანა ისაკაძე გახლავთ.
ახალგაზრდა მუსიკოსებისადმი ლიანა ისაკაძის მთავარი მესიჯია არ დაუკრან კარიერისა და ფულისთვის, მხოლოდ მუსიკისთვის, უხილავი ფასეულობებისთვის. მისი კრედო კონფუცის გამოთქმით გამოიხატება: ადამიანი იზომება არა ტერფიდან თავამდე, არამედ თავიდან – ზეცამდე, სადაც დაუსრულებელი ძიებებია.
„ჩემი მიწა: უმოძრაო ღრუბლად ქცეულიყო
შორ გზებზე გაწვა ჩემი ჩრდილი და მოვიდა ჩემამდეც
შევხსენი კარი შევედი ენის სამყოფელში
უბეში ორი ჩიტი შევიფარე
სიტყვების ციმციმა სინათლეს მივენდე
ხეების გაზაფხულს მივაბარე ჩემი მოუთვინიერებელი სიყვარული
და ფართოდ გავშალე ხელები
თავისუფლად რომ აფრენილიყვნენ მტრედები ცისკენ”
ამინა საიდი
ბედნიერად.

საახალწლო წერილი

0

მწერენ, რომ ღამით შენი იო-იოებიანი პიჟამოს ნაცვლად ჩემს მაისურებს იცვამ, დღისით კი სულ ჩემზე ლაპარაკობ. ნაძვის ხესთან ჩამუხლული კი ჩემს ნაჩუქარ ვერცხლისფერ ბურთულას ხელის კანკალით კიდებ და საერთოდაც, ისეთი ნოსტალგიური ხარ, თითქოს ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით ვიყო. ნუ დარდობ. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია, გვყავდეს ერთმანეთი. მაშინაც კი, როცა  სკოლის ფანჯრიდან გადაიხედავ და გაგახსენდება, რომ შენს წასაყვანად დღესაც არ მოვალ. მაშინაც კი, როცა მე რომელიმე მორიგი ქვეყნიდან ჩემს სახლში დავბრუნდები, რომელიც სინამდვილეში სულაც არაა ჩემი და ზუსტად მეცოდინება, რომ იქ არ დამხვდები. მიუხედავად იმისა, რომ წელსაც ერთად ვერ მოვრთეთ ნაძვის ხე.

ახალ წელს გილოცავ. ყველაზე დიდი ბედნიერება საკუთარ თავად დარჩენაა, მაგას გისურვებ. 2016 წელსაც შენ იყავი. ამას წინათ, სრულიად ჩვეულებრივი დღის სრულიად ჩვეულებრივ საღამოს შუა ქუჩაში ვიგრძენი, რომ მე ვიყავი. რომ ღმერთო ჩემო, ნამდვილად მე ვიყავი. რომ ეს ხორცი, ეს სისხლი, ეს კანი, ეს ჩემებური ცხვირი და თვალები სულ მთლად ჩემი იყო, რომ ღმერთო ჩემო, რა მაგარია გყავდეს შენი ნამდვილი თავი. მინდა, რომ ეს ხშირად იგრძნო. იგრძნო, რომ უნიკალური ხარ და ისიც არ დაგავიწყდეს, როგორი უნიკალურები და ერთადერთები არიან სხვები. ხანდახან ისე გაგიჭირდება საკუთარ თავად დარჩენა, ხანდახან, იქნებ, დაგავიწყდეს კიდეც, რამხელა ქონების პატრონი ხარ, ხანდახან ისე გადაიყვარებ შენს ძვირფას თავს, ხანდახან ისე მოგინდება სხვის ქერქში შეძრომა. სხვისი ქურქები და სხვისი ქერქები არასდროს მოგერგება, ყველა საკუთარ თარგზეა გამოჭრილი, უბრალოდ, ზოგმა ეს საერთოდ არ იცის.

ბევრ სიყვარულს გისურვებ, ტომი. შენ ის ბიჭი ხარ, ვინც ბავშვის სახელით სიმძიმეებს არ გაექცა. ლამაზი ტყუილები ჩვენც არ აგიშენეთ, იქნებ, მართლები არ ვიყავით, იქნებ სხვებივით უნდა გვეცრუა და გვეთქვა, რომ მამა წავიდა და როცა ჩამოვა, ათას სასუსნავს ჩამოგიტანსო. თუ ფიქრობ, რომ სიმართლე უნდა გადაგვემალა, გვაპატიე, თუ ფიქრობ, რომ ძალიან გატკინეთ,  გვაპატიე. მაგრამ რადგან შენ ახლა უკვე ყველაფერი იცი, ასე სახალხოდ გეუბნები: არ იდარდო! არ იდარდო, რადგან შენ ყოველთვის შეგიძლია, გყავდეს მამა. რადგან გახსოვს, ე. ი. გყავს. ხედავ, როგორი უნიკალურები ვართ?! ხედავ, რამდენი რამ შეგვიძლია?! ამაზე ჯადოსნური რა შეიძლება იყოს, ტომი, საყვარელო.

ბევრ თავგადასავალს გისურვებ, ტომი. შენ შეგიძლია, გქონდეს ყველაზე ამაღელვებელი, ყველაზე სახიფათო და ყველაზე დაუჯერებელი თავგადასავალი მანდაც კი, საკუთარ ოთახში.  წიგნები ბევრი რამისთვის იწერება, განსაკუთრებით კი – ახალი ნაცნობობისთვის. რას აღარ გეტყვიან, როგორ ჩახლართულად, როგორი განსწავლულობით და მედიდურობით აღარ აგიხსნიან წიგნის როლსა და ფუნქციებს, მაგრამ შენ არ შეშინდე: წიგნებს კრძალვითა და ცახცახით არ ეხებიან. თუმცა ისინი ხშირად კრძალვითა და ცახცახით იწერებიან. ყველა წიგნი ისე უნდა გადაშალო, თითქოს საკუთარი სახლის კარს აღებდე.

მწერენ, რომ ბევრი ენის შესწავლა გინდა. ეს მაფიქრებინებს, რომ ერთბაშად გაიზარდე. ეს მაფიქრებინებს, რომ უკვე გრძნობ: მსოფლიო შენი სახლია. ეს მაფიქრებინებს, რომ  გეყვარება ადამიანები მსოფლიოს ყველა კუთხიდან, გეყვარება მსოფლიო ქალაქები, მიწები, პროვინციები, რადგან ისინი უნიკალურები არიან, რადგან მათ შენებაში ადამიანების შრომაა ჩადებული და ისიც გეცოდინება, რომ ყველაზე ლამაზი ხედები, ყველაზე ლამაზი ადგილები არაფერია ადამიანის გარეშე. ფასს კარგავს ეგ სილამაზე. ხმაური შეიყვარე. ხმაური ენერგიაა. სიცოცხლეა ხმაური. მოქმედებაა, კეთების სურვილია. ქმნაა. ხმამაღლა ცხოვრება ისწავლე, რადგან ხარ, პომპეზურად, არამალულად და არაჩუმად უნდა იყო. და ტომი, გულიანად გაიცინე ხოლმე. აუცილებლად. არ მოგერიდოს, უხერხული არაფერია.
იმედია, ახალი წლისთვის სათანადოდ მოემზადე. იმედია, ჩვენი სახლი სათანადოდ ბრჭყვიალებს. იმედია, ფიფქები საკუთარი ხელით გამოჭერით და ფანჯრებს ააკარით. იმედია ითოვებს მანდაც, აქაც.

როგორ აიხსნება, თუ მასწავლებელი და სკოლა გესიზმრებათ?

0
სიზმარი ჯერ კიდევ ბოლომდე აუხსნელი ფენომენია. გავრცელებულია მოსაზრება, რომ ადამიანს სწორედ ის ესიზმრება, რაზეც ხშირად ფიქრობს და დარდობს, ან რაც კონკრეტულ დღეს თავს გადახდა. უამრავი ფსიქოლოგი, ასტროლოგი, ეზოთერიკი თუ უბრალოდ „მუცლითმეზღაპრე” სწორედ არაცნობიერს იკვლევენ, რასაც უშუალოდ სიზმარი წარმოადგენს. წინამდებარე მასალაში არ შევუდგებით სიზმრის რაობისა და თვისობრიობის განსაზღვრას. უბრალოდ სიზმართან მიმართებაში ჩვენი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას სხვადასხვა ფსიქოლოგიური თუ ეზოთერული სკოლის დასკვნებს გაგიზიარებით. მაშ ასე, რას განიცდის და რა ელოდება ადამიანს, თუ მან სიზმარში სკოლა, მასწავლებელი ან გამოცდის პროცესი იხილა.
„ქალღმერთ იუნონას” სიზმრების სკოლა: თუ გესიზმრათ, რომ სკოლაში დადიხართ, თავისთავად ბავშვობაში დაბრუნებას ნიშნავს. თუ პირველი მასწავლებელი გესიზმრათ, ეს წყნარი ცხოვრების სიყვარულზე მიუთითებს და ცხოვრების მცირედი სიხარულისადმი მიდრეკილებას ნიშნავს. აი, სკოლაში მოთამაშე და მოსეირნე მოსწავლეებს თუ ხედავთ, ნელი, მაგრამ განსაკუთრებული წინსვლა გელოდებათ პირად ცხოვრებასა და სამსახურში.
ფსიქოლოგი კარლ გუსტავ იუნგი სიზმარში სკოლისა და მასწავლებლის ნახვის თაობაზე ფიქრობს, რომ ეს, როგორც წესი, სკოლაში, კოლეჯში, უნივერსიტეტში, ან სამსახურში გამოცდების წინა ნერვიულობებს ახლავს. თუმცა, შეიძლება ეს ამ ადამიანის სხვებთან ურთიერთობებში პრობლემებზეც მიუთითებდეს – „გაქვთ შეგრძნება, რომ ვიღაც გამუდმებით განგსჯით”. შესაძლოა, ამგვარი ხასიათის სიზმრის ნახვა წარუმატებლობის შიში, შეუსრულებელ ვალდებულებებზე ნერვიულობაც იყოს. თუ სიზმარში სკოლის გამოცდაზე თაღლითობას ცდილობთ, მაშინ საკუთარ თავთან გულწრფელი არ ხართ და რაღაც საკითხში თავის მოტყუებას ცდილობთ.
ეზოთერიკი ჰ. ჰასსეს აზრით,თუკი სიზმარში სკოლაში სიარული მოგწონთ, ტიპურ გამოვლინებაში ეს მიწიერი შეზღუდვებისგან გათავისუფლების სიმბოლოა.  იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ რაღაც გამოწვევა მიიღეთ და როგორც იქნა გადაჭერით პრობლემა, რომელიც ძალიან დიდი ხანია გაწუხებდათ. ამასთანავე, სიზმარში სკოლაში სიარული ყოველდღიურ ცხოვრებაში მოახლოებულ ცვლილებებზე მიუთითებს. ან იმაზე, რომ ვერ ახერხებთ პროგრესს, შემდეგი ნაბიჯის გადადგმას. მეტაფიზიკაში სკოლის თაობაზე ნანახი სიზმრები უმაღლეს ცნობიერთან კავშირსა და სულიერ თავისუფლებაზე მიუთითებს.
ფსიქოლოგი ჰენრი მილერი მიიჩნევს, რომ ძილის დროს სიზმარში სკოლის მონახულება ლიტერატურული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს ახასიათებთ. თუ თქვენ სკოლა და პირველი მასწავლებელი გესიზმრებათ, ეს მიუთითებს, რომ გარკვეულწილად ნოსტალგიას განიცდით თქვენს წარსულზე და უახლოეს მომავალში აუცილებლად მოგიწევთ გადახედოთ მას. დაკვირვებული ადამიანი შორეულ ცნობიერში უთუოდ მიაგნებს დაშვებულ უზუსტობებს და რეალურ ცხოვრებაში წარსულის განმეორებასა და შეცდომების გასწორებას შეეცდება. სასურველია, თუ „სიზმრის ავტორი” ბავშვობის დროინდელ საშინაო დავალებების რვეულებს გადაათვალიერებს. აქ კი, განსაკუთრებით ყურადსაღებია მათემატიკისა და შემოქმედებითი გაკვეთილების დავალებების გადახედვა.
ასტროლოგ გუსტავ ბერნეტის აზრით, სიზმარში სკოლის ნახვა მიუთითებს იმაზე, რომ უახლოეს მომავალში რაღაც ცვლილებებს ელოდებით, ძალიან დიდს, გრანდიოზულს და ერთი სული გაქვთ, როდის დადგება ეს დრო. მეტაფიზიკურად სული დროის გარეშე ცხოვრობს და როცა საკუთარ წარსულს ხედავთ და სიზმარში სკოლის მოსწავლის შეგრძნება გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი სულიც სამგანზომილებიან რეალობაში რჩება. თუ ამას განიცდით, ეს კომპლექსია! თქვენ ძალიან დარდობთ საკუთარ იმიჯზე; იმაზე, თუ რას ფიქრობენ თქვენზე სხვები. შეიძლება მიუთითებდეს იმაზეც, რომ რაღაცას მალავთ და გეშინიათ საკუთარი ნამდვილი სახის გამოჩენა.
ასტრონომისა და ფილოსოფოსის, გალილეო გალილეის თუ ვერწმუნებით,  სკოლისა და მასწავლებლის დასიზმრება თქვენს პიროვნებაში ერთმნიშვნელოვნად დადებით ძვრებზე მიუთითებს. ქვეცნობიერი არასაკმარისად აღიქვამს ცნობიერში არსებულ ცოდნას და გამალებით ისწრაფვის სიღრმეებისაკენ. ანუ ცდილობთ იმის კომპენსირებას, რაც ბავშვობაში, სიზარმაცისა თუ სხვა რიგი გარემოებების გამო თქვენმა გონებამ ვერ აითვისა. მასწავლებლის დასიზმრების შემთხვევაში, გამოღვიძებულმა შეძლებისდაგვარად სასწრაფოდ აღიდგინეთ სიზმრის შინაარსი. ამის შემდგომ, ანალიზი გაუკეთეთ ბავშვობის დროინდელ სისუსტეებს ამა თუ იმ საგანში და „აზრზე მოსულმა” სწორედ იმ სფეროებზე გააკეთეთ ფსონი, რომლებშიც ბავშვობაში მოიკოჭლებდით.
მოამზადა კახა ჭაბაშვილმა

როგორ შევხვდეთ ახალ წელს?

0
,,დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად, საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში”, – ესგ
სადამრიგებლო საათის მიზანი:

·მოსწავლეები გაიაზრებენ ახალი წლის დღესასწაულის მნიშვნელობას, მასთან დაკავშირებულ ტრადიციებს;
·წარმოისახავენ მომავალი წლის იდეალურ სურათს, რაც ხელს შეუწყობს მათი ფანტაზიის განვითარებას;
·იზრუნებენ ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე და დაგეგმავენ როგორ მიულოცონ ახალი წელი საყვარელ ადამიანებს;
·მოსწავლეები ერთმანეთისაგან გამიჯნავენ საახალწლო სამზადისს კლასში და ოჯახში.
საჭირო რესურსები: დიდი ფურცლები, ფერადი ფურცლები, მარკერები, ,,ჯადოსნური ჯოხი”;
კლასი:   მეორე ან მესამე

 

პირველი აქტივობა: მასწავლებელი გონებრივი იერიშის მეთოდით სვამს კითხვებს:

 

რომელია თქვენი საყვარელი დღესასწაული?
რატომ გვიყვარს ახალი წელი?
საახალწლოდ რით შეგვიძლია გავახაროთ ერთმანეთი, ჩვენი ოჯახის წევრები? – ამ შეკითხვაზე პასუხებს ჩამოვწერთ დაფაზე ან ფურცელზე. ჩამონათვალში ყველა ბავშვის პასუხი შეგვაქვს.


 

მეორე აქტივობა: მასწავლებელი ესაუბრება ბავშვებს ახალი წლის მნიშვნელობაზე. ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხზე, რომ ტრადიციულად, ჩვენ ახალი წლის დადგომამდე ვიხსენებთ, რა გავაკეთეთ წინა წელს, რით იყო მნიშვნელოვანი, რა ვისწავლეთ, რა ვერ მოვახერხეთ, რა იყო ამის მიზეზი.

 

შემდეგ ურიგებს მათ ფერად ფურცლებს და სთხოვს ერთი წინადადებით დაწერონ, რა მოხდა მათთვის  მნიშვნელოვანი და გასახარი მიმავალ წელს და ეს ფურცლები მიამაგრონ კედელზე გაკრულ წარწერასთან: „მადლობა 2015 წელს!”
მესამე აქტივობა: მასწავლებელი ეუბნება ბავშვებს: წამოდგეს, ვისაც კეთილი ჯადოქრობა უნდა! (ბავშვები წამოდგებიან) დაფიქრდით ერთი წუთით  და გვითხარით: რას გააკეთებდით თქვენი ჯადოქრობის წყალობით მომავალ წელს, რომ ის  ბედნიერი წელი იყოს? ვისაც ჯადოსნურ ჯოხს (მომზადებული გვაქვს დახვეული ქაღალდისგან დამზადებული და შეფერადებული ,,ჯოხი”) გადმოგცემთ, გვითხარით თქვენი ჩანაფიქრი. ბავშვები ერთმანეთს გადასცემენ ჯოხს და რიგრიგობით ამბობენ, რას გააკეთებენ ბედნიერი წლის დასადგომად. მასწავლებელი ამას აფიქსირებს კედელზე გაკრულ დიდ ფურცელზე, რომელსაც აწერია: ,,ჯადოსნური 2016 წელი”.


 

მეოთხე აქტივობა: ვაჯამებთ ბავშვების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და გამოვთქვამთ იმედს, რომ ისინი მომავალში შეძლებენ ამ ჯადოსნური სურვილების შესრულებას. შემდეგ საუბარი მიგვყავს იქით, თუ რა შეგვიძლია, გავაკეთოთ სადღესასწაულოდ კლასში, ოჯახში რეალურად?

 

გონებრივი იერიშის გამოყენებით, ვადგენთ კლასში განსახორციელებელი საქმიანობის გეგმას. მაგალითისათვის:
·შევქმნით იმიტირებულ ნაძვის ხეს (დიდ ფურცელზე ვხატავთ ნაძვის ხის კონტურს და მას ვრთავთ ჩვენს მიერ დამზადებული ქაღალდის სათამაშოებით);
·ვაწყობთ საახალწლო გამოფენას, რომელზეც ყველა მოსწავლე წარმოადგენს თავის ნამუშევარს: ნახატს, აპლიკაციას, ნაქსოვს, ნაქარგს, ლექსს, მოთხრობას და ასე შემდეგ;
·ვსწავლობთ  საახალწლო ლექსებს, სიმღერებს.
ამ გეგმას (ორი-სამი პუნქტით) ჩამოვწერთ და მივაწერთ დროს, როდისთვის უნდა გავაკეთოთ ეს.


 

მეხუთე აქტივობა: გადავდივართ სახლისთვის გასაკეთებელ საქმეებზე. მასწავლებელი განაზოგადებს პირველ აქტივობაში შედგენილ ჩამონათვალს და უხსნის ბავშვებს, რომ საახალწლოდ ახლობელი ადამიანები ზრუნავენ ერთმანეთზე, უმზადებენ საჩუქრებს. მერე ეკითხება, თქვენ რის გაკეთებას აპირებთ ოჯახის წევრებისათვის?

 

მოსმენის შემდეგ კი ეუბნება ბავშვებს: – მოდით, მომავალი კვირა ახლობლებისთვის მისალოცი ბარათების მომზადებას მივუძღვნათ. ქართულის გაკვეთილზე მოვამზადოთ მილოცვის ტექსტი,  ხელოვნების გაკვეთილზე მოვამზადოთ ბარათები; თანაც ვეცადოთ ეს საიდუმლოდ შევინახოთ, რომ დღესასწაულზე მათ სიურპრიზი (აქვე ვკითხულობთ, იციან თუ არა ბავშვებმა ამ სიტყვის არსი და საჭიროების შემთხვევაში განვმარტავთ) მოვუწყოთ.
მომდევნო დღეებში კედელზე ვტოვებთ კლასში განსახორციელებელი აქტივობების გეგმას და დროდადრო ბავშვებთან ერთად ვამოწმებთ, როგორ ვიცავთ ვადებს, ხომ არ გვავიწყდება რაიმე.
ბავშვებს ვთხოვთ, თითოეულმა ასეთივე გეგმა შეიმუშაოს ოჯახის წევრების მისალოცებთან დაკავშირებით და თავად განსაზღვროს, მოასწრებს თუ არა, რომ ყველასთვის მოამზადოს ბარათი, ნახატი, ხელნაკეთი (რასაც თავად გადაწყვეტს).
ამ საქმიანობების წასახალისებლად  მასწავლებელმა წარმატებით შეიძლება გამოიყენოს ციფრული ტექნოლოგიები და მოიძიოს უამრავი რესურსი სხვადასხვა საახალწლო სუვენირის მომზადების წესზე. ეს კიდევ უფრო სახალისოსა და მრავალფეროვანს გახდის საახალწლო სამზადისს.
მიმდინარე პერიოდში მართებული იქნება კლასთან  მუშაობა ქველმოქმედების არსში გასარკვევად და ამ ტიპის აქტივობების დასანერგად.
წარვმართოთ მცირე დისკუსია თემაზე – „ვის არ მიულოცავენ ახალ წელს?” ბავშვების მონაწილეობით.  დამრიგებელი ეუბნება მოსწავლეებს, რომ ჩვენ გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ახალ წელს მარტო ხვდებიან (მარტოხელა მოხუცები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები…), რომლებსაც არავინ/ვერავინ მიულოცავს ახალ წელს.
რის გაკეთება შეგვიძლია მათთვის? – ეს კითხვა ახალი მიმართულების აქტივობების დასაგეგმად შეიძლება გამოვიყენოთ.
მთავარი, ყველა შემთხვევაში, არის იმის გათვალისწინება, რომ ჩვენი გეგმა/გეგმები იყოს რეალისტური, ანუ შესრულებადი. მოსწავლეებთან ყურადღება უნდა გავამახვილოთ ამ საკითხზე, რათა ბავშვებმა ერთმანეთს შეუსაბამონ სურვილები და შესაძლებლობები – შეეჭიდონ იმდენს, რამდენის შესრულებაც შეუძლიათ.
მოამზადა ნინო კაპანაძემ

ახალი წელი და გეოგრაფია

0
ახალი წელი მოდის. დაიწყო სკოლების მორთვა – მოკაზმვა, საახალწლო ზეიმებისთვის მზადება. განსაკუთრებით დაწყებითი კლასები აქტიურობენ. გაკვეთილების შემდეგ ყელმოღერებული პატარების მღერას სიამოვნებით ვუსმენ… აპლიკაციებს მაჩვენებენ, თითოეულს უნდა, თავი მოიწონოს… და ირთვება ჩვენი საყვარელი სკოლა.
ახალი წელი მოდის, წელი ახალი იმედებისა, ახალი იდეებისა…
ბევრმა არ იცის ალბათ, რომ საქართველოში ახალი წლის 1–ელ იანვარს აღნიშვნა XIV საუკუნეში დამკვიდრდა. IV საუკუნეში ახალ წელს 6 აგვისტოს ზეიმობდნენ, VII საუკუნეში – 1–ელ სექტემბერს, IX–ში კი ახალი წლის ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან, მარტიდან იწყებოდა.
1–ელი იანვარი მართლმადიდებელი წმინდანის, ბასილი დიდის ხსენების დღეა და საქართველოში ახალი წელი ამ დღესასწაულთან არის გაიგივებული, ამიტომ საახალწლო პურებს, რომლებსაც სხვადასხვა კუთხეში აცხობენ ახალი წლისთვის, ბასილას პურებს ეძახიან. თოვლის პაპის არსებობაც წმინდა ბასილის უკავშირდება.
ახალ წელს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აღნიშნავენ, მაგრამ სხვადასხვანაირად და სხვადასხვა დროს. მაგალითად, მიანმაში (ბირმაში) 1–ელ აპრილს აღინიშნება, ესკიმოსებთან კი – პირველი თოვლის მოსვლისთანავე. ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ ინდოეთში ახალ წელს წელიწადში 8-ჯერ აღნიშნავენ. ამ მრავალკულტურიან ქვეყანაში იმდენი დღესასწაულია, ყველა რომ აღინიშნებოდეს, სამუშაოდ ვეღარავინ მოიცლიდა, ამიტომ ზოგი მათგანი „არჩევით დღესასწაულად” იქცა. „არჩევით დღესასწაულებზე” ყველა დაწესებულება მუშაობს, მაგრამ თანამშრომლებს, თუ სურვილი ექნებათ, შეუძლიათ, სამსახურში არ გამოცხადდნენ. სწორედ ასეთ დღესასწაულთა რიცხვში შედის ინდოეთში 1–ელი იანვარიც. ახალი წელი ინდოეთში, ერთიანი ეროვნული კალენდრის შესაბამისად, 22 მარტს დგება. მაჰარაშტრას შტატში ამ დღესასწაულს „გუდი პადვას” უწოდებენ, ხოლო ანდჰრა პრადეშის შტატში – „უგადის”. კერალის შტატში ახალ წელს 13 აპრილს აღნიშნავენ, სახელად კი „ვიშუს” უწოდებენ.
სამხრეთ ინდოეთში შემოდგომაზე ფართოდ აღინიშნება დივაპალის დღესასწაული, რაც ახალი წლის დადგომასაც ნიშნავს.
მიანმაში ახალ წელს, როგორც გითხარით, აპრილში აღნიშნავენ, ტროპიკული წვიმების სეზონის დამდეგს. ბუნებისადმი მადლიერების გამოსახატავად ბირმელები წყალს ასხამენ ერთმანეთს და ახალი წლის დადგომას ულოცავენ. იწყება წყლის ფესტივალი – ტინჯანი.
წყლის ფესტივალი მიანმაში
საუდის არაბეთში ახალ წელს 21 მარტს ზეიმობენ. 1–ელ იანვარს ახალი წლის აღნიშვნა ქვეყანაში ოფიციალურად აიკრძალა. პოლიციელებმა საჩუქრებით მოვაჭრე მაღაზიები გააფრთხილეს, რომ არ გაეყიდათ საახალწლო ნივთები, რომლებსაც უცხოელი ტურისტები ყიდულობენ ხოლმე. ასე რომ, ახალი წლის აღნიშვნა სტუმრებისთვისაც კი აკრძალულია.
ისრაელში ახალ წელს შემოდგომაზე აღნიშნავენ – სექტემბერში ან ოქტომბერში. დღესასწაულს „როშ ჰაშანა” ჰქვია. ებრაული კალენდარი ეფუძნება მთვარის ფაზებსა და მზის წლიურ ციკლს, ამიტომ ძირითადი დღესასწულების თარიღები ცვალებდია. 2014 წელს „როშ ჰაშანა” 5 სექტემბერს აღინიშნა, ებრაელთა წელთაღრიცხვით – 5774 წელს.
ახალი წელი იანვარში არც ირანში აღინიშნება. იქ ახალი წლის დადგომას გაზაფხულის პირველ დღეს ზეიმობენ, რომელიც გრეგორიანული კალენდრით 22 მარტს ემთხვევა. ახალ წელს ირანში ნოვრუზს უწოდებენ. მათ საკუთარი კალენდარი (ჰიჯრა) აქვთ, რომლითაც ახლა 1436 წელია.
ნოვრუზს, გარდა ირანისა, ავღანეთში, ტაჯიკეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ყაზახეთში, თურქმენეთში, ყირგიზეთში, ალბანეთსა და მაკედონიაშიც აღნიშნავენ.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ 1949 წელს ახალი წლის პირველ დღედ 1–ელი იანვარი დააწესა, მაგრამ ჩინელებისთვის ის დღემდე ვერ იქცა დღესასწაულად. ახალი წელი, იუან-დანი, ჩინეთში საკმაოდ შეუმჩნევლად ჩაივლის ხოლმე – როგორც ამბობენ, რამდენიმე სუპერმარკეტსა და სავაჭრო ცენტრში თუ ნახავთ ხელოვნურ ნაძვის ხეს და სანტა კლაუსებს. ჩინელები თავიანთ დასავლელ მეგობრებს ელექტრონულ მისალოცებსაც უგზავნიან, თუმცა ამასაც უფრო საშობაოდ და არა საახალწლოდ. ჩინელებისთვის ახალი წელი დგება ჩინური კალენდრის პირველი თვის პირველ დღეს. ამ დღესასწაულს „გაზაფხულის ფესტივალს” უწოდებენ და 15 დღეს გრძელდება. ყოველი დღე სხვადასხვანაირად აღინიშნება. კულმინაციაა მე-15 დღე, ლამპიონების ფესტივალი. ირთვება ათასობით ლამპიონი, იმართება სეირნობა. ამ დღესასწაულის ნაწილია დრაკონის ცეკვაც. ჩინელები ხმაურით ცდილობენ ავი სულების განდევნას, რომლებიც, მათი წარმოდგენით, გარს ეხვევიან ახალ წელს. ჩინეთში ახლა 4697 წელია.
დრაკონის ცეკვა
ახალ წელს იანვარში არც ეგვიპტელები აღნიშნავდნენ. მათ დღესასწაულად ნილოსის ადიდება მიაჩნდათ, რადგან მოსავალი მასზე იყო დამოკიდებული, ამიტომ ახალ წელს სექტემბრის ბოლოს ზეიმობდნენ. ეგვიპტელები ნილოსში ნავებით შეაცურებდნენ ღმერთ ამონისა და მისი ცოლ-შვილის ქანდაკებებს. ახალ წელს ერთი თვის განმავლობაში ზეიმობდნენ. ბოლოს კერპებს ტაძრებში აბრუნებდენ.
ძველ რომში ახალ წელს „კალენზ” ერქვა და 1–ელ მარტს აღინიშნებოდა, მაგრამ, იულიუს კეისრის ბრძანებით, ძვ. წ. 46 წელს დროის ათვლა 1–ელი იანვრიდან დაიწყეს. ეს დღე რომაელებმა შემოსვლისა და გასვლის, კარისა და ყველა საწყისის ღმერთს იანუსს მიუძღვნეს. სწორედ იანუსის პატივსაცემად დაერქვა წლის პირველ თვეს იანვარი. არისტოკრატები და მონები ერთად ზეიმობდნენ, ილხენდნენ, საჩუქრებს უძღვნიდნენ ერთმანეთს.
21-ე საუკუნეში ახალი წელი საერთაშორისო დღესასწაულად მიიჩნევა. მას ყველა ქვეყანაში სხვადასხვა დროს და სხვადასხვანაირად ხვდებიან. ალბათ, მრავალ ჩვენგანს ახსოვს ის პერიოდი, როცა ახალ წელს ორჯერ ვეგებებოდით: საქართველოსა და საბჭოთა კავშირის (მოსკოვის) დროით.
საინტერესოა, პირველად რომელ ქვეყანაში „დგება” ახალი წელი?
პირველად მას წყნარი ოკეანის ქვეყნებში, სამოასა და კირიბატიზე ხვდებიან. სამოა სამოას არქიპელაგის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აღმოსავლეთი ნაწილი ამერიკის სამოად არის ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე სამოას მოსახლეობა ერთ ერს ეკუთვნის და ერთი ენა აქვთ, მათ შორის კულტურული სხვაობაც არსებობს. აღმოსავლეთი სამოა ამერიკის შეერთებულ შტატებზეა ორიენტირებული, დასავლეთი კი – ახალ ზელანდიაზე.


სამოას დროშა და გერბი

2011 წლის 31 დეკემბერს სამოამ დროის სარტყელი UTC 10-დან UTC +14-ზე შეცვალა. ტექნიკურად ეს მოხდა 30 დეკემბრის გაუქმების ხარჯზე. ამის შედეგად სამოა თარიღის შეცვლის ხაზიდან დასავლეთით მოექცა. ეს ახალ ზელანდიასთან ეკონომიკური ურთიერთქმედების გასამარტივებლად გაკეთდა. ასე რომ, სამოა კირიბატისთან ერთად პირველი ქვეყანაა, რომელიც ახალ წელს ხვდება. ამერიკის სამოა კი ყველაზე ბოლო ეგებება ახალ წელს.
ოკეანეთის ქვეყნები
რესპუბლიკა კირიბატი მდებარეობს კუნძულებზე, რომელთა უმეტესობა ატოლია. 32 ატოლი დაყოფილია 3 ჯგუფად: 16 კუნძული გილბერტის კუნძულებს ეკუთვნის, 8 – ფენიქსის კუნძულებს, 8 – ლაინის კუნძულებს, ბანაბას კუნძული კი ცალკეა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ლაინის კუნძულებზე დრო შეცვალეს და თარიღთა ხაზი გადასწიეს, რის შედეგადაც ატოლი კაროლაინი მეთორმეტე საათის სარტყლის აღმოსავლეთი წერტილი გახდა და სამოასთან ერთად პირველი ეგებება ახალ წელს.
მერე უკვე ახალი ზელანდია და ავსტრალია ხვდებიან ახალ წელს. პირველ იანვარს აქ ისე ცხელა, რომ სანტა კლაუსი საჩუქრებს საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი არიგებს, თუმცა სიმბოლურად თეთრი წვერი და სანტას წითელი ქუდი მაინც ამშვენებს.
ახალ წელს ყველაზე გვიან ალასკის, ჰავაისა და ამერიკის სამოას მცხოვრებნი აღნიშნავენ.
ასე მოიწევს ახალი წელი დედამიწაზე. ამ დღეს ადამიანები ყოველგვარ საზრუნავს ივიწყებენ და ახალი წლის შემობრძანებას იმედით ელიან. დედამიწა ფერადი და მხიარული ხდება.
იმედების ახდენის წელი ყოფილიყოს…

მეღვინეობის ანა–ბანა

0
საქართველო მეღვინეობის უძველესი ქვეყანაა – აქ წარმოიშვა ყურძნის პირველი კულტურული სახეობები. უნიკალური გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და მრავალფეროვანი ნიადაგი იდეალურ პირობებს ქმნის მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებისათვის.
კახეთის მევენახეობის ისტორია ძვ. წ. აღ.VI ათასწლეულიდან იწყება. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ყურძნის წიპწები სწორედ ამ ასაკისაა და ისინი უძველესია მსოფლიოში, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველო ვაზის სამშობლოა.
მეცნიერთა აზრით, თავად სიტყვა – “ღვინო” (“vin”, “wine”, “vine” და სხვ.) ქართული წარმოშობისაა. მსოფლიოში ცნობილი 2000 ყურძნის ჯიშიდან 500 ქართულია.
არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის ნაკეთობანი, უძველესი საწნახელები, მარნები, თიხისა და მეტალისგან დამზადებული ღვინის სასმისები და სხვ. ასევე აღმოჩენილია ჩვ.წ.-მდე IX-VII სს. დათარიღებული ღვინის მსმელი კაცის ფიგურა, რომელიც აგრეთვე ნაყოფიერების სიმბოლოცაა. ყურადღებას იქცევს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოსაგან დამზადებული ღვინის სასმისები, შემკული ძვირფასი თვლებითა და ვაზის გამოსახულებით.
ვაზის კულტურასთანაა დაკავშირებული საქართველოში ქრისტიანული რელიგიის გავრცელება, ვაზის ჯვრით შემოვიდა საქართველოში წმინდა ნინო და იქადაგა ქრისტიანობა. ქართულ ტაძრებს ხშირად ამშვენებს ვაზის გამოსახულებანი.
ქართულ ეკლესია-მონასტრებში არსებობდა პრიმიტიული ღვინის ქარხნები, აქ დღესაც შეხვდებით მარნებსა და საწნახელებს. აღსანიშნავია ნეკრესში აღმოჩენილი IV საუკუნის მარანი, იყალთოს სამონასტრო კომპლექსში არსებული ღვინის ქარხნის ნაშთები. ალავერდის კათედრალის ტერიტორიაზე აღმოჩენილია უძველესი ორმოცქვევრიანი მარანი, სამონასტრო ღვინის დამზადების ტრადიცია აქ დღესაც გრძელდება.
ყვარლის რაიონში მდებარეობს უნიკალური ღვინის საცავი, რომელიც კლდეში ნაკვეთ გვირაბშია განთავსებული. გვირაბის სიგრძე 13,5 კმ-ს შეადგენს. საცავი წელიწადის ყველა დროს ინარჩუნებს მუდმივ ტემპერატურას 14-დან 16-გრადუსამდე, რაც იდეალურია ღვინის დაძველებისათვის. საცავში დღემდე აძველებენ ქართულ სამარკო ღვინოებს.
როგორც ისტორიული, ასევე არქიტექტურული თვალსაზრისით, აღსანიშნავია ალ. ჭავჭავაძის მამულში მდებარე XIX საუკუნეში აგურით ნაგები ენოთეკა თავისი უძვირფასესი ღვინოების კოლექციით. კოლექციის ყველაზე ძველი სასმელი – “პოლონური თაფლი”, 1814 წლით თარიღდება.
ღვინის დამზადების კახური ტექნოლოგია
კახეთში ღვინოს ყველა ოჯახში ამზადებენ. გლეხური წესით დამზადებული ღვინო ტოლს არ უდებს ცნობილ საფირმო ღვინოებს.
ტრადიციულად დაკრეფილი ყურძენი გადასამუშავებლად სპეციალურ ნაგებობაში – მარანში თავსდება. დასაწურად საწნახელი გამოიყენება. მიღებული წვენი მიწაში ჩაფლულ ქვევრში ჩაედინება – იქ ღვინდება და ინახება.
ღვინის ტრანსპორტირებისა და შენახვისათვის გამოიყენება ტყავისაგან დამზადებული ტომრები – ტიკები და რუმბები.
ღვინის სასმისებად სპეციალურად დამზადებული თიხის ფიალები გამოიყენება. ტრადიციულად გამოიყენება, აგრეთვე- ყანწი – თხის ან ჯიხვის რქისაგან დამზადებული სასმისი.
მარანი
მარანს, ძირითადად საცხოვრებელ სახლთან ან ვენახთან აგებენ, საშენ მასალად ქვა ან აგური გამოიყენება. ვხვდებით აგრეთვე, კაპიტალურად ნაშენ მარნებს – დამუშავებული ქვისაგან აგებულს და ორნამენტებით დამშვენებულს, რომლებიც არქიტექტურულ ძეგლთა რიგს მიეკუთვნება.
მარანი, როგორც წესი საწნახელითა და ქვევრითაა აღჭურვილი. ხშირად ღვინის დაყენებას თან ერთვის მისი დაჭაშნიკებაც, რისთვისაც მარანშივე ვხვდებით სუფრის გასაშლელ ატრიბუტიკას.

 

საწნახელი

ყურძენი ქვაში ნაკვეთ ან ხისაგან გამოთლილ ნავისებური ფორმის, საწნახელში იწურება. მისი ძირი, საიდანაც სითხე გაედინება, შინდისა და გვიმრის წნულითაა დაფარული. გლეხი საწნახელში დგებოდა და ყურძენს ფეხით წურავდა, რასაც სიმღერები და შეძახილები სდევდა თან. ღვინის წურვის ამ ტრადიციას დღეს აღარ მისდევენ, მისი ხილვა მხოლოდ ღვინის ფესტივალებსა და თეატრალიზებულ სანახაობაბზეა შესაძლებელი.

 

ქვევრი

ქვევრი ღვინის დაყენებისა და შენახვისათვის გამოიყენება. იგი მზადდება თიხისაგან, რომელიც სპეციალურ წვასა და დამუშავებას გადის. ღვინის ტემპერატურის შესანარჩუნებლად, დამზადებული ქვევრი მიწაში ეფლობა; მასში ჩასხმული ყურძნის წვენი ღვინის საბოლოო დაყენებამდე ჰერმეტულად ილუქებოდა, მას მხოლოდ მორევისას და ჭაჭის მოსახდელად ხსნიდნენ. დღესდღეობით ქვევრში ღვინოს იშვიათად აყენებენ, მას მხოლოდ ღვინის შენახვის ფუნქცია აქვს.
არქეოლოგიური გათხრებისას ქვევრის კულტურა უძველეს ფენებშია აღმოჩენილი. არსებობდა აგრეთვე ქვევრის ეკლესიისადმი შეწირვის ტრადიცია. ეკლესია-მონასტრებში დღესაც შეხვდებით ძველისძველ ქვევრებს.

 

რთველი

საქართველოში ყურძნის კრეფას რთველი ეწოდება. რთველი, როგორც წესი, სექტემბრის ბოლოს იწყება და ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. კახეთში რთველი შრომის დღესასწაულია, მოსახლეობა რთველისთვის განსაკუთრებულად ემზადება. ყურძნის კრეფა დილას ადრე იწყება და გვიან საღამომდე გრძელდება. მას ამ მოვლენისადმი სპეციალურად მიძღვნილი ფოლკლორული სიმღერები სდევს თან.
ყურძნის საკრეფად დაწნული კალათა – გოდორი გამოიყენება. რთველში მეზობლები და ნათესავები, ჩამოსული სტუმრები მონაწილეობენ. სამუშაო დღის დასასრულისთვის ხალხი სუფრასთან იყრის თავს, სადაც რთველის დღესასწაულს განსაკუთრებული მხიარულებით აღნიშნავენ.

მაგიური თეატრი

0
სულ მაქვს ეს შეკითხვა, თუ რა იყო სკოლა ჩემთვის. 1995 წლიდან 2007 წლამდე. მძიმე და რთულ წლებში. მოვიდოდა დიდი სატვირთო მანქანა, ჩამოდგებოდა და ჩვენ ვიწყებდით შეშის აზიდვას საკლასო ოთახში. რა თქმა უნდა, ყველაფერი არ იყო სამწუხარო ფერებით შეღებილი ჩვენთვის. ბავშვები ვიყავით და ყველაფერს სხვაგვარად ვუყურებდით, მაგრამ რა იყო ეს ყველაფერი? ფეხს რომ შევდგამდი შენობაში, რამე განცდა თუ მქონდა?..
მახსენდება, რომ ზოგჯერ მეზარებოდა, ზოგჯერ მიხაროდა, თუ პირველი დღეები იყო, ან რაიმე განსაკუთრებულს ველოდი. ახლა ძალიან იშვიათად მიწევს იმ სკოლასთან მისვლა, სადაც ვსწავლობდი, მაგრამ თუ მოვხვდები ხოლმე იქ, სასწაული ამბები მახსენდება, ვიფიქრებ ხოლმე, ეს საიდანღა მომაგონდა ამდენი წლის მერე-მეთქი. საათობით შემიძლია ვიჯდე ეზოში და ვუყურო ფანჯრებს, რომლებიც ახლა მეტალოპლასტმასის არის, დაბალი სართულების კლასებიც შიგნით შეცვლილი ჩანს, მაგრამ მაინც ყველას ვცნობ თითქმის. აი, იქ ქიმიის კაბინეტია გარედან გისოსებით ფანჯრებზე. მაშინაც ასე იყო და სულ გვიკვირდა, ვინ უნდა ამძვრალიყო მესამე სართულზე გარედან და იმ ოთახიდან მოეპარა რაიმე, სადაც ჩვენი საკონტროლო რვეულების გარდა, თითქმის არაფერი იყო, რადგან ლაბორატორია დიდი ხნის წინ გაეუქმებინათ ნივთიერებების არქონის გამო. წინ, შესასვლელის გადახურულთან კიდევ ის ფანჯრებია, რამდენიმე მოსწავლე რომ გადავძვერით, ბეტონზე დავდექით და იქიდან დირექტორის კაბინეტში შევხტით ღია სარკმლიდან.
ამ სტატიის სათაური ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგელიდან” ავიღე. ჰარი ჰალერი მარტოსული პიროვნებაა და მისი გარდასახვა მაგიურ თეატრში მოხვედრის შემდეგ იწყება. საოცარი ამბები ხდება იქ, იმ თეატრში, სხვადასხვა ოთახებში. იუნგის თეორიის მიხედვით შექმნილი ეს წიგნი პირველად დამამთავრებელ კლასში სწავლის პერიოდში წავიკითხე და მაშინ არ მიფიქრია, მაგრამ ახლა სულ ერთი კუთხით მახსენებს თავს; უნდა ჰგავდეს სკოლა იმ მაგიურ თეატრს! ოთახებით, რომლებშიც აბსოლიტურად განსხვავებული ამბები ხდება.  სკოლის შესასვლელში ეწეროს, რომ იქ შესვლის საფასური მხოლოდ გონებაა (როგორც მაგიურ თეატრში).
ყოველთვის გვესმის მოსწავლეებისგან, რომ ნატრობენ იმ დროის დადგომას, როცა სწავლას დაამთავრებენ და სკოლიდან წავლენ, გვესმის მასწავლებლებისგანაც დაახლოებით იგივე, რომ დროულად მოვიდეს არდადეგები და დაისვენონ, ან თითქმის იმ გადაწყვეტილებამდე არიან მისული, პროფესია შეიცვალონ. გარემო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სასწავლო პროცესში წარმატების მიღწევისათვის.
მე არ გირჩევთ ბავშვები ჰარიდ აღიქვათ, საკუთარი თავი კი ჰერმინედ, მასწავლებლებო. იმ ტექსტში, მოვლენები ისე ვითარდება, ჩვენ რომ პირდაპირი გაგებით და გააზრებით არ გამოგვადგება, მაგრამ შეიძლება მაინც ამ როლების განაწილება და მორგება სკოლაზე. მოსწავლე – მაგიურ თეატრში მოსული, მასწავლებელი – ამ თეატრში მისი გზამკვლევი. საკლასო ოთახი არ უნდა იყოს სივრცე მომაბეზრებელი ან სავალდებული ორმოცდახუთი წუთის გასატარებლად.
შეაღონ კარები და დახვდეთ რაღაც სხვა, ვიდრე წინა ოთახში ჰქონდათ დასვენებამდე. შემოვიდნენ იმ მოლოდინით, რომ სხვანაირები, უკეთესები გავლენ იქიდან და კიდევ შემდეგში გადაინაცვლებენ. ”ადამიანები ისე, რომ არავითარი სურვილი არ აქვთ, თავს აიძულებენ იარონ სტუმრად, იმუსაიფონ, დაწესებულ დროს სამუშაოზე გამოიცხადდნენ და ყოველივეს ძალისძალად, ანგარიშმიუცემლად, უხალისოდ სჩადიან. არადა, ამას მანქანაც მშვენივრად გაართმევს თავს”. – ამბობს ჰერმინე.
ნუ იქნება სკოლა საავადმყოფოს დერეფნების მსგავსი ცივი და დამთრგუნველი კედლების მახე. მარნეულში როდესაც ვასწავლიდი სკოლაში, ფსიქოლოგიურად ძალიან გადაღლილი ვიყავი, ჩემი თავით და მუშაობით უკმაყოფილო, რაც კიდევ უფრო მთრგუნავდა. იმ სკოლაში ჩემი კოლეგა ზვიად ფიფია იყო. წითელ ხიდთან ახლოს, სოფელ კაჩაგანის მეორე საჯარო სკოლაში ვმუშაობდით. სკოლის პირველი სართულის დერეფნის ფანჯრებს არც ჩარჩო აქვს და მითუფრო – შუშები, მეორე სართული სრულად გაუქმებულია. კარის, ფანჯრების, მერხების, სკამების გარეშე ცარიელი კლასების რიგს ქარი და წვიმა ანიავებს და ალპობს, მაგრამ ისევ იქ, პირველ სართულზე იყო და არის ერთი კლასი, რომელსაც ზვიადი ასწავლიდა იმ დროს. ძალიან ცუდად რომ გავხდებოდი, გამოვიდოდი კლასიდან, დავტოვებდი იქ ადგილობრივ მასწავლებელს და შევიდოდი ზვიადის გაკვეთილზე და რაღაც ნათდებოდა ტვინში. მთელი კლასი ჯადოსნური ხომალდივით ჰქონდა მორთული. ზოგგან ბავშვების ფოტოები იყო, ზოგგან სხვადასხვა პერსონაჟები ეხატა კედლებზე. უფროსკლასელებიც კი, შესვენებაზე იქ შემორბოდნენ ხოლმე. მე იქ ვერ შევძელი მსგავსი გამეკეთებინა მაშინ.

ვიცი, ძალიან ძნელია ყველაფერი ეს, რასაც ვწერ, შექმნა რაიმე მიმზიდველი სკოლაში, როცა ფინანსებისა და რესურსების ნაკლებობაა. მე პირადად მანამდე მხოლოდ ჯავახეთში მოვახერხე ასეთი რამ და შემდეგ ნებისყოფა ან ენერგია აღარ მეყო, მაგრამ მუდმივად არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ ჯიუტად, უანგაროდ, გამიზნულად და გააზრებულად.

ქმნიან მაგიური თეატრის გარემოს და შემდეგ ისე ასწავლიან, თითქოს კართან აბრა ჰქონდეთ გაკრული: „პიროვნების აგების გაკვეთილი. წარმატება განაღდებული გაქვთ”.

დღესასწაულებზე დავიწყებული ან გასახსენებელი ამბები

0
ახალ წელს ზოგი დასვენებას ელოდება, ზოგი საჩუქრებს, ზოგი თოვლის ბაბუას, ზოგი გემრიელ კერძებს ან ციმციმა, ბრჭყვიალა დეკორაციებს, მე მივხვდი, რომ თუ თოვლის ბაბუა შენთან აღარ მოდის, არდადეგებით ვეღარ ისარგებლებ და ბრჭყვიალა დეკორაციების ყურებაც დიდად ვერ უზრუნველყოფს შენს სადღესასწაულო განწყობას, შეგიძლია დიდი კომპანიების მიერ მომზადებულ წინასაახალწლო ვიდეო რგოლებს დაელოდო და მათი ყურებით შეიქციო თავი. წინასაახალწლო ვიდეორგოლებში პრინციპში ყველაფერია, რაზეც შეიძლება ადამიანი ოცნებობდეს, რაც შეიძლება გახარებდეს: ოჯახური თავყრილობა, მხიარული წვეულება, მეგობრები, საჩუქრები, სიურპრიზები, ლამაზი ტანსაცმელი, მოკისკისე ბავშვები, მუსიკა და ა.შ. მაგრამ არის კიდევ რაღაც, რაც რეკლამების ხელოვნურად შექმნილ ჰარმონიაშიც კი იჩენს თავს. პრობლემები, რომლებიც როგორც ჩანს თანამედროვე სამყაროს ისე აწუხებს, მათი დამალვა სადღესასწაულოდაც კი აღარ გამოდის და ეს პრობლემები რა თქმა უნდა ყველაზე სუსტებს, ყველაზე დაუცველებს, ბავშვებს და მოხუცებს ეხებათ.
როგორც ჩანს, თანამედროვე სამყაროში მოხუცები ძალიან მარტოები დარჩნენ, იმდენად მარტოები, რომ ოჯახის წევრების ყურადღების მისაქცევად ზოგჯერ ყველაზე მძიმე ამბის, საკუთარი სიკვდილის გამოგონება უწევთ. სწორედ ასეთ ამბავს გვიყვება ერთ-ერთი გერმანული კომპანია წინასაახალწლოდ მოხუცზე, რომელთანაც ახალ წელს არავინ არ მოდის, შვილები მუშაობენ, შვილიშვილები თავიანთი გასართობებით არიან დაკავებულები, ის კი, მარტოა, მეზობლების სტუმრებს უყურებს და ხვდება, რომ ასე არ მოწონს, ოჯახის წევრებს გამოფხიზლება ჭირდებათ, ასე მართლაც შეიძლება ისე მოკვდეს, არავინ ყავდეს გვერდით და აგზავნის წერილს, რომელიც იუწყება, რომ ის გარდაიცვალა.
როგორც ჩანს, თანამედროვე სამყაროში მოხუცები იმდენად მარტოები არიან, ერთადერთი გასართობი მათთვის შეიძლება სამსახურში სიარული და ალტერნატიული რეალობის გამოგონება იყოს. ასე იქცევა მანეკენების ქარხნის მოხუცი დარაჯი, რომელიც სამუშაოდ ყოველ დღე თითქმის ცარიელი ავტობუსით მიდის და ვინაიდან ხმის გამცემი დიდად არავინ ყავს, მანეკენებთან იწყებს მეგობრობას. მათ არგებს სხვადასხვა როლს, ანიჭებს ფუნქციას, უჩენს ადგილს, მიყავს ექიმთან და ა.შ.
როგორც ჩანს, თანამედროვე სამყაროში მოხუცები შესაძლოა იმდენად მარტო იყვნენ, რომ მათ დურბინდით მოუწიოთ სხვების მხიარულობის ყურება და რაც უფრო სევდიანია, ზრდასრულებიდან , ვერავინ შეამჩნიოს მათი მარტოყოფნა.
ცხადია, მოხუცების მარტოობა, განდეგილობა და სევდა მხოლოდ მათ არ ეკუთვნით, მთელ საზოგადოებაზე ნაწილდება: შვილებზე, ზრდასრულ ადამიანებზე, რომლებსაც არსებობისთვის იმდენი მუშაობა უწევთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებიც კი ავიწყდებათ, ბავშვებზე, რომლებიც ბებია-ბაბუების გარეშე იზრდებიან, ინდუსტრიაზე, სადაც ადამიანები უსულო საგნებთან უფრო ადვილად მეგობრდებიან, ვიდრე სხვა ადამიანებთან და ყველა დანარჩენთან, ვინც ამ ყველაფერს გულგრილად ან ისე უყურებს, ვითომც აქ არაფერი, ვითომ ასე ცხოვრება ნორმალურია.
უყურებ ამ ვიდეოებს და ხვდები, რომ არსებობს სამყარო, რომელიც წინასადღესასწაულოდ მაინც ხვდება თავის შეცდომებს და არსებობს სამყარო, რომელსაც გრძელი გზა აქვს გასავლელი იმისთვის, რომ მოხუცების მარტოყოფნა ეხამუშოს და განსხვავება ამ ორ სამყაროს შორის ძალიან დიდია. იქ, სადაც შეცდომებს აღიარებენ და პრობლემებს ხედავენ, მოხუცები მარტო და სევდიანად, მაგრამ თბილ სახლებში, განათებულ ქუჩებსა და კეთილმოწობილ ქალაქებში ცხოვრობენ, ჩვენ კი, ვინც ამ ყველაფერს შორიდან ვუყურებთ, გარშემო უამრავი მშიერი მოხუცი გყვავს, გაყინულ სახლებში, ცარიელ მაცივრებთან მყოფები. მოხუცები, რომლების სახლებამდე მისასვლელი გზაც წლიდან წლამდე იშლება და მხოლოდ ერთმანეთი ყავთ სევდის გასაზიარებლად, მოსავლელად, სანუგეშებლად.

გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება და მისი გააზრება

0
გასულ ზაფხულს დიდ ბრიტანეთში გახლდით მივლინებით სკოლებს შორის მეგობრული ურთიერთობის დასამყარებლად. ჩემი ვიზიტი ითვალისწინებდა სხვადასხვა სასწავლო აქტივობას და გაკვეთილებზე დასწრებას. ვთხოვე, ეჩვენებინათ ინგლისური ენის გაკვეთილი. ვინაიდან უკვე განსაზღვრულ პროგრამაში ეს საგანი არ შედიოდა, მითხრეს, რომ რამდენიმე დღის შემდეგ გამონახავდნენ დროს ჩემი თხოვნის შესასრულებლად. რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველოდი დანიშნულ დროს. წარმოვიდგინე, როგორ მოვხვდებოდი უფროსკლასელთა გაკვეთილზე, დავესწრებოდი შექსპირის პიესების, ბერნსის პოეზიის ან თანამედროვე ინგლისელი მწერლების შემოქმედების განხილვას, გავეცნობოდი კლასის მართვის ახალ სტრატეგიებს, სწავლების თანამედროვე მეთოდებს.

დადგა ნანატრი დღეც და წავედით მეზობლად მდებარე კერძო სკოლა „კროსფილდში” ინგლისური ენის გაკვეთილის სანახავად.

საკლასო ოთახი საინტერესოდ გამოიყურებოდა. კედლები სავსე იყო მოსწავლეთა ნამუშევრებით. ადგილი რომ აღარ დარჩენოდათ, ზოგი ჭერზე ჩამოეკიდათ. იატაკზე იდგა ფერადი ქაღალდებით სავსე ყუთი. ერთ კედელზე ეკიდა „გონიერი” დაფა, რომელზეც პროექტორი იყო მინათებული. საკლასო ოთახი გადიოდა დიდ დარბაზში, სადაც კომპიუტერები ეწყო და წიგნის კარადები იდგა. საკლასო ოთახშიც იდგა კარადები, მხატვრული ლიტერატურით სავსე.

უაღრესად სიმპათიურმა და სათნო მასწავლებელმა, ქალბატონმა სერენა უანსიმ, მითხრა, რომ ბავშვებს შეეძლოთ ამ კარადიდან წიგნების აღება და წაკითხვა, თან ამაყად მაჩვენა მათი ნამუშევრები.

მოსწავლეები საკლასო ოთახში ირეოდნენ, საქმიანობდნენ. საუბარზე შევატყვე, რომ ინგლისური ენა ყველა მათგანისთვის მშობლიური არ იყო. მიუხედავად ამისა, ისინი მხიარულად ფუსფუსებდნენ, ეხმარებოდნენ ერთმანეთს და მთელი არსებით ამ პროცესში იყვნენ ჩართულნი. ბავშვების ერთი ჯგუფი მომიახლოვდა და თავისი გამოგონება მაჩვენა. ეს იყო პლასტმასის დიდი ყვავილი, რომლის ქვეშაც, თითქოს ღეროაო, სათამაშო წყლის თოფი იმალებოდა. ვინც ყვავილის სურნელით დატკბობას მოინდომებდა, წყალი შეესხმებოდა სახეზე.

დრო გამოზომილი მქონდა, ამიტომ თავაზიანად ვიკითხე, როდის დაიწყებდნენ გაკვეთილს. მასწავლებელმა ღიმილით მომიგო, რომ გაკვეთილი უკვე დაწყებული იყო და ბავშვები მუშაობდნენ პროექტზე, რომელსაც „ცირკი” ერქვა. თითოეულ ჯგუფს ევალებოდა ცირკისთვის შესაფერისი ამა თუ იმ გასართობი ნივთის შექმნა, მისი გაფორმება და შეფუთვა. შემდეგ თავიანთი სამუშაოს არსი წერილობით უნდა გადმოეცათ და წარმოედგინათ პაუერ პოინტში შესრულებული პრეზენტაციის სახით, ნამუშევრებს კი პორტფოლიოებში შეინახავდნენ. პრეზენტაციას დაესწრებოდნენ მშობლებიც.

ბავშვები მათვალიერებინებდნენ ნამუშევრებს და გატაცებით მიყვებოდნენ მათზე. ისინი დამოუკიდებლად მუშაობდნენ და პასუხისმგებლობები განაწილებული ჰქონდათ. საკუთარი გამოცდილებითაც სწავლობდნენ და ერთმანეთისგანაც.

ვეძებდი ინოვაციურ მეთოდებს და წავაწყდი კიდეც ერთ მათგანს, რომელსაც გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება ეწოდება. გამოცდილების შეძენას უნდა მოსდევდეს მისი გააზრება ანუ რეფლექსია. მოსწავლემ უნდა გაიაზროს, რა გადახდა თავს, რა გააკეთა, რა საჭირო იყო ამის გაკეთება, რა სირთულეებს შეეჯახა, რას გააუმჯობესებდა.

გააზრებისთვის, როგორც ჩვენც ვიცით, კარგი იქნება, რომ მოსწავლეებმა:
·შექმნან პორტფოლიო;
·აწარმოონ დღიური;
·დაწერონ ესე საკუთარი გამოცდილების შესახებ და დასვან პრობლემური კითხვები;
·გამოიყენონ როლური თამაშები ან მოაწყონ პატარა ინსცენირება;
·მოახდინონ წაკითხულის ვიზუალიზაცია, ილუსტრირება;
·შექმნან მოდელები, ანალოგები და ჩამოაყალიბონ თეორია;
·განახორციელონ ისეთი ქმედებები, რომლებითაც გამოხატავენ ემპათიას;
·დაწერონ მოთხრობები და წაუკითხონ ერთმანეთს;

·იმსჯელონ სხვდასხვა საკითხზე და ითანამშრომლონ ერთმანეთთან.

გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლის დროს მოსწავლე პროცესის აქტიური მონაწილეა და მთლიანადაა ჩართული მასში. გარედან კი არ აკვირდება მოვლენებს, არამედ უშუალო კავშირი აქვს შესასწავლ საკითხთან.

ვულფის (Woolfe, R. Experiential Learning in Workshops) თანახმად, გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლა ოთხი კომპონენტისგან შედგება:
1. მოსწავლემ იცის, რა ხდება და რა პროცესში მონაწილეობს, რაც შესაძლებელს ხდის დასწავლას.
2. მოსწავლე გაიაზრებს მიმდინარე პროცესის არსს, რისი წყალობითაც აკავშირებს აწმყოს წარსულსა და მომავალთან. ამ კავშირს ბავშვი დაფიქრების გარეშეც გრძნობს.
3. გარემოს, სადაც გამოცდილებას იძენს, ბავშვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს: მნიშვნელოვანია ისიც, რას სწავლობს და ისიც, როგორ სწავლობს.

4. მოსწავლე მთლიანადაა ჩართული სასწავლო პროცესში: სხეულით, ფიქრებით, გრძნობებითა და მოქმედებით.

„კროსფილდში” ნანახ ამ გაკვეთილზე რომ ვყვები, მსმენელები მხრებს იჩეჩავენ და ეცინებათ. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ გაკვეთილის წამყვანი მასწავლებელი უნდა იყოს. მაშინაც კი, როცა ვიდეოკამერით ვიღებთ ჩვენს გაკვეთილებს, რათა მერე, როცა საჭირო გახდება, გავუგზავნოთ ჩანაწერი გაკვეთილების შეფასების კომისიას, კამერის წინ ვპოზიორობთ და მინი-ლექციას მაინც ვკითხულობთ თავის მოსაწონებლად. „კროსფილდის” ინგლისური ენის მასწავლებელი კი მშვიდად დადიოდა მოსწავლეებს შორის და ახლოდან აკვირდებოდა მათ მუშაობას.

სკოლა და ლიტერატურა

0

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...