ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
15 მაისი, ხუთშაბათი, 2025

ესთეტიკურის სუროგატები – ლევ ვიგოტსკის „პედაგოგიური ფსიქოლოგია“

0

ლევ ვიგოტსკი  თავისი ადრეული წიგნის „პედაგოგიური ფსიქოლოგია“, ერთ-ერთ თავში, რომელიც ესთეტიკური აღზრდის საკითხს ეძღვნება, გამოყოფს სამ ფსიქოლოგიურ შეცდომას, რომლითაც სცოდავს ტრადიციული პედაგოგიკა: მორალისტური ხელოვნება, ხელოვნება და სინამდვილის შესწავლა და ხელოვნება, როგორც თვითმიზანი. ვიგოტსკი მათ   ესთეტიკურის  სუროგატებად განიხილავს, რომლებიც ანაცვლებენ და განდევნიან  ესთეტიკურს და მის ველს იკავებენ.

ვიგოტსკის აზრით, ჩვეულებისამებრ, მიიჩნევენ, რომ მხატვრული ნაწარმოები ფლობს დადებით ან უარყოფით, მაგრამ უშუალო მორალურ ეფექტს. მხატვრული შთაბეჭდილებების შეფასებისას, განსაკუთრებით საყმაწვილო და ბავშვურ ასაკში უპირველესად მხედველობაში აქვთ მორალური იმპულსი. საბავშვო ბიბლიოთეკები შეირჩევა იმ პრინციპით, რომ ბავშვებმა წიგნებიდან დიდაქტიკური მაგალითები, მოსაწყენი გაწერილი მორალი, ყალბი მსწავლელობა ამოიკითხონ. ეს იქცა საბავშვო ლიტერატურის აუცილებელ სტილად. დღესდღეობით თუ წიგნის მაღაზიებში არასასკოლო საბავშვო ლიტერატურას თუნდაც ზედაპირულად გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ის სავსეა კლიშეებით, განსაკუთრებით გენდერულით, თუმცა ამაზე სხვა დროს.

            საზოგადოდ ფიქრობენ, რომ ერთადერთი სერიოზული, რაც შეიძლება ბავშვმა ხელოვნებასთან ურთიერთობის შედეგად მიიღოს – ესაა მეტ-ნაკლებად ცოცხალი ილუსტრაცია ამა თუ იმ ტიპის მორალური წესების. სხვა ყველაფერი ბავშვის შემეცნებისთვის გაუგებრად ცხადდება და მორალს მიღმაც, საბავშვო ლიტერატურა, როგორც წესი, შემოისაზღვრება სულელური (ავტორის ციტირება, გ.ფ.) პოეზიით, როგორც ერთადერთ ხელმისაწვდომობად ბავშვის გაგებისთვის. ავტორი თითქოს ხელმძღვანელობს იმ მოსაზრებით, რომ რაც უფრო სულელურია ლექსი, მით უფრო ახლო, მნიშვნელოვანი და გასაგებია ბავშვისთვის. როგორც, ვიგოტსკი აღნიშნავს ასეთი ტიპის ლიტერატურა ბავშვებზე მხოლოდ უარყოფით გავლენას ახდენს. მისი აზრით აქედანვე მომდინარეობს სულელური სენტიმენტალიზმი, რომელიც ახლავს საბავშვო ლიტერატურას, როგორც განმასხვავებელი ნიშანი. უფროსი ადამიანი ცდილობს ბავშვის ფსიქოლოგიას მოერგოს, ხელოვნურად და მოუქნელად ატკბილებს სიტუაციებს და გმირებს, გრძნობას ანაცვლებს მგრძნობიარობით, ემოციას – სენტიმენტით.

            როდესაც ვიგოტსკი საუბრობს მორალზე, როგორც ესთეტიკურის სუროგატზე, არ გულისხმობს მორალურობის უარყოფას, არამედ ხელოვნების ნაწარმოებების ხარჯზე მორალისტურობით გაჟღენთილი და შეფუთული სწავლების უარყოფას. ეს ტენდენცია დამახასიათებელია არამხოლოდ სასკოლო ტიპის ლიტერატურისთვის. საქართველოში ხშირად ხელოვნებას აღიქვამენ, როგორც  მორალის აპრიორ მაწარმოებელს და მის ძირითად დანიშნულებად მორალურ გადაწყვეტას მიიჩნევენ, მაშინ როდესაც ხელოვნება შესაძლოა იყოს იმორალური, ანუ მორალურისა და ამორალურის მიღმა მყოფი.

            ესთეტიკური აღზრდის სხვა არანაკლებ მავნებლურ ფსიქოლოგიურ ილუზიად, მისთვის უცხო მიზნებისა და ამოცანების თავს მოხვევად, ვიგოტსკი ასევე სოციალური და შემეცნებითი ხასიათის სწავლებას მიიჩნევს ხელოვნების ნაწარმოებებით და არა სწავლების ხელოვნებით. მისი აზრით, მიზანმიმართულად იცვლებოდა მხატვრული ფაქტების შესწავლა სოციალური და საზოგადოებრივი ელემენტების წესების შესწავლით. აქ შესაძლოა საბჭოთა კავშირში გავრცელებული ერთადერთი დეკლარირებული და ნებადართული სახელოვნებო მიმართულება სოციალური რეალიზმი გაგვახსენდეს.

ვიგოტსკი მიიჩნევს, რომ საჯარო სივრცის ლიტერატურული ხატებით შესწავლა, ყოველთვის მცდარ და სახეცვლილ ფორმებში მყარდება. რადგან მხატვრული ნაწარმოები არასდროს გამოხატავს რეალობას სრულყოფილად და დანამდვილებით, არამედ წარმოადგენს სინამდვილის ელემენტების რთული გადამუშავების პროდუქტს. სწავლების ასეთ შეხედულებას საფუძვლად უდევს წარმოდგენა, რომ ლიტერატურა წარმოადგენს სინამდვილის ერთგვარ კოპირებას, რომელიც გვაგონებს კოლექტიურ ფოტოს. ამ შემთხვევაში კი ინდივიდუალური მახასიათებლები ჩრდილში ექცევა.

            შესაძლოა, ერთი შეხედვით ეს საკითხი დღევანდელი გადმოსახედიდან აღარ იყოს აქტუალური, რადგან წარმოადგენს არქაული პედაგოგიკის  და იმ პერიოდში გაბატონებული სოციალური რეალიზმის არაპირდაპირ კრიტიკას და როგორც ვარაუდობენ, რომ არა ავადმყოფობის გამო სიკვდილი ვიგოტსკი აუცილებლად მოხვდებოდა 1937 წლის დასახვრეტთა სიაში. მან გარკვეულწილად იწინასწარმეტყველა ტენდენცია, რომელიც შემდგომში საბჭოურ არამხოლოდ საგანმანათლებლო სივრცეში აისახა, არამედ სახელოვნებო სივრცეც სრულად შთანთქა. ჩემი აზრით, წარსულის ინერცია საქართველოს, როგორც პოსტსაბჭოურ ქვეყანას დღემდე მოყვება. იმ პერიოდში, როცა ვიგოტსკი ამას წერდა ხელოვნებაში იქმნებოდა ან უკვე შექმნილი იყო უამრავი ახალი მიმდინარეობა, როგორიცაა სიურრეალიზმი, აბსტრაქციონიზმი, ეგზისტენციალიზმი, მოგვიანებით – აბსურდისტები, რომლებიც სწორედ ასეთ და ხელოვნების ამგვარ გაგებას უპირისპირდებოდნენ.

მესამე ილუზია, რომლითაც სცოდავს ტრადიციული პედაგოგიკა, (არამხოლოდ იმ თუ ამ პერიოდის პედაგოგიკა, დღესდღეობით ასეთად შეიძლება განვიხილოთ მასმედიაც, მარკეტინგული ხერხები, რეკლამა და ა.შ.) ეს არის შემთხვევები, როდესაც ესთეტიკა დაყვანილია სასიამოვნო გრძნობამდე, მხატვრული ნაწარმოებით ტკბობამდე და ამაში ხედავს თვითმიზანს. სხვა სიტყვებით დაჰყავს ესთეტიკური მღელვარების მნიშვნელობა იმ უშუალო სიამოვნების შეგრძნებასთან, რომელსაც ის აღძრავს ბავშვში. აქ მხატვრული ნაწარმოების ტრაქტირება კვლავაც ხდება, როგორც ჰედონისტური რეაქციების გამღვივებლის და შინაარსობრივად დგება რეალური წესრიგის სხვა მსგავსი რეაქციების და გამღიზიანებლების გვერდით.  ვიგოტსკი თვლის, რომ ბავშვის ასაკის განსაკუთრებულობა ის გახლავთ, რომ ბავშვისთვის ბევრად მნიშვნელოვანია კონკრეტული რეალობის მღელვარებები, ვიდრე წარმოსახული ემოციის ძალა. შედეგად ვხედავთ, რომ პედაგოგიკა ცდილობს ესთეტიკურ აღზრდას თავს მოახვიოს მისთვის უცხო და არადამახასიათებელი მიზნები. ამ აზრის განზოგადება და უფრო ფართოდ განხილვაც შეიძლება. თუ 50-იანი წლების და შემდგომ სახელოვნებო მოვლენებს გადავხედავთ, ვიგოტსკის ეს პოზიცია ნაწილობრივ გამყარდება იმით, რომ იმ დროისთვის ხელოვნებაში შემოდის ისეთი გაგება, როგორიცაა ანტიესთეტიკა, რომელმაც როგორც ლიტერატურაში, ისე მუსიკაში, მხატვრობაში და კინოშიც ჰპოვა განსახიერება და დაუპირისპირდა იმდროინდელ, როგორც მეინსტრიმულ ისე არამეინსტრიმულ ხელოვნებას.

რამდენიმე საჭირო წიგნი

0

წიგნი, რომელსაც ვკითხულობთ ჩვენი პროფესიული ზრდისთვის, ინტერესისა თუ სიამოვნებისთვის, უამრავია. ახალი ტექსტების მოძიება თუ ძველების გადაკითხვა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვისვეა სასარგებლო, რათა ერთ დღესაც ჩვენი საქმიანობა მოსაწყენ რუტინად არ გადაიქცეს, სადაც ზუსტად გვეცოდინება, როგორ ავხსნათ ესა თუ ის საკითხი, იმიტომ რომ ეს უკვე მრავალჯერ გაგვიკეთებია… შემოქმედებით სიახლეებს სწორედ წიგნები შთაგვაგონებენ, ხშირად წაკითხული, ახალი თუ მივიწყებული წიგნები.

წინათაც გვისაუბრია იმ რესურსების შესახებ, რომელთა გამოყენება გაცილებით საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის როგორც გაკვეთილს, ისე ჩვენი, პედაგოგების ცხოვრებას. ჰოდა, ახლა მინდა, კიდევ ერთხელ გიამბოთ წიგნებზე, ჩამოგითვალოთ და განვიხილო რამდენიმე მათგანი, ზოგიერთი – სულ მთლად ცინცხალი, ზოგიც – რამდენიმე წლის წინ გამოცემული, რომელთა წაკითხვა წაგვადგება.

მაშ ასე, ზედმეტი შესავლის გარეშე დავიწყოთ:

  1. ქართული ენის პარონიმთა ლექსიკონი. შ. აფრიდონიძე, თ. ვაშაკიძე, ვ. მაღრაძე, თ. ტეტელოშვილი, თ. ღვინაძე, ნ. ჯორბენაძე; 2011, თბილისი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

პარონიმთა დაწერილობასთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად გვხვდება მოსწავლეთა წერით თუ ზეპირ მეტყველებაში. შეგახსენებთ, რომ პარონიმებს ისეთ სიტყვებს უწოდებენ, რომლებიც ბგერობრივად ერთმანეთს ჰგავს, ამიტომაც ხშირად შეცდომით მონაცვლეობს და პრობლემებს ქმნის. ღერი თუ ღერო, მოსარჩელე თუ მოსარჩლე, მესაზღვრე თუ მოსაზღვრე, ნოტა თუ ნოტი, საწარმო თუ საწარმოო, მრუდი თუ მრუდე და ა.შ და ა.შ. – სახელებსა თუ ზმნებს შორის ბევრი პარონიმული წყვილია, რომელთა დაწერილობაც ხშირად რთული და გაუგებარია მოსწავლეებისთვის. სანამ შეცდომებს წითელი თუ სხვა ფერის კალმით გადავხაზავდეთ, იქნებ მიზეზები განვიხილოთ? ვფიქრობ, ასეთი ლექსიკონის გამოყენება პედაგოგებსაც და მოსწავლეებსაც გაუადვილებს ორთოგრაფიული პრობლემების მოგვარებას.

  1. აკაკი დავითიანი, ქართული ენის სინტაქსი. ქართული ენის სპეცკურსის სახელმძღვ. პედ. ინსტიტუტების ფილოლოგიის ფაკ-ტის სტუდენტთათვის. განათლება, 1973 წ.

ამ წიგნის მოძიება ბიბლიოთეკებში მოგიწევთ, თუმცა, ვფიქრობ, ძალიან გამოგადგებათ. წიგნში მარტივი და გასაგები ენით არის განხილული ქართული ენის სინტაქსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები. სინტაქსი ძალიან უჭირთ მოსწავლეებს, ეს სახელმძღვანელო კი რთული საკითხების მარტივად გადმოცემაში უდავოდ დაგეხმარებათ.

  1. ჯემალ ქარჩხაძე, პუბლიცისტიკა. 2012 წელი, ქარჩხაძის გამომცემლობა

თუ გვინდა, ჩვენს უფროსკლასელებს კრიტიკული აზროვნება, საკითხის მრავალმხრივი ჭვრეტის, სოციალურ თუ პოლიტიკულ პრობლემებზე აზრის გამოთქმის უნარი გამოვუმუშაოთ, შესანიშნავი მწერლის პუბლიცისტური ტექსტების კრებული ძალიან დაგვეხმარება. წიგნში შესულია ჯემალ ქარჩხაძის პუბლიცისტური წერილები, ესეები და ინტერვიუები, რომლებიც 1988–1998 წლებში გამოქვეყნდა ქართულ პრესაში. თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც კონცეპტუალურ ნააზრევს ლიტერატურისა და, საზოგადოდ, შემოქმედებითი პროცესის შესახებ, ისე ქართული საზოგადოების კვლევას და, კერძოდ, 90-იანი წლების სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების თანადროულ ანალიზსაც.

  1. ზინა გაბიჩვაძე, ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისთვის. გამომცემლობა „სიესტა“, 2015 წ.

თქვენი მოსწავლეებიც ფიქრობენ, რომ გრამატიკა მოსაწყენი და რთული წესების ერთობლიობაა, რომელთა გაგებაც ხშირად ძალიან გვიჭირს? აი, ერთ-ერთი გამოსავალი, რომელზეც თვითონ ავტორი გვიამბობს: „დიდხანს ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, როგორ შემეყვარებინა მკითხველისთვის გრამატიკა ან, უბრალოდ, მორფოლოგია-სინტაქსით დამეინტერესებინა. გადავწყვიტე, მარტივი, საინტერესო (ჩემი აზრით), ყველასათვის გასაგები ენით შეგიძღვეთ და, შეძლებისდაგვარად, გაგატაროთ ქართული ენის გრამატიკის რთულ ლაბირინთში. იმედი მაქვს, ელემენტარულ ცოდნას მიიღებთ, დაინტერესდებით მაინც. ამ წიგნით მე არც ველოსიპედი აღმომიჩენია და არც ნოვატორობის პრეტენზია მაქვს. ვფიქრობ, წიგნის ასეთი სათაურიც არ გაგაღიზიანებთ. უბრალოდ, ვისაც არ სჭირდება ან ეზარება ამა თუ იმ საგნის სიღრმისეულად შესწავლა და სწრაფად და ადვილად სურს მინიმალური ინფორმაციის მიღება, ურჩევნია, ელემენტარული, მისთვის (როგორც არასპეციალისტისთვის) მარტივი და გასაგები ენით შეისწავლოს ის, რაც საჭიროების შემთხვევაში გამოადგება“. არ დაგავიწყდეთ, წიგნის ავტორი დიდი ხნის გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი პედაგოგია, ამიტომაც მისი ხედვა, შემოქმედებითი მიდგომა, ვფიქრობ, თქვენც გამოგადგებათ.

ამჯერად ეს იყო. თქვენც გამიზიარეთ, რა წიგნებს კითხულობთ და, რაც მთავარია, როგორ იყენებთ მათ სასწავლო პროცესში.

ზეპირმეტყველების უნარის განვითარება უცხო ენის სწავლების პროცესში.

0

უცხო ენის სწავლება ძირითადად ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს. მოსმენა, საუბარი, წერა და კითხვა. ოთხივე უნარ-ჩვევა მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და იმისთვის რომ უცხო ენის შესწავლა წარმატებით განხორციელდეს, ოთხივე მიმართულების  განვითარება შესაფერისი აქტივობების დაგეგმვით თანაბარ დონეზე  უნდა მიმდინარეობდეს.

    ზეპირმეტყველების (სასაუბრო) უნარის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია უცხო ენის სწავლების პროცესში, ვინაიდან ის კომუნიკაციის ძირითადი წყაროა.  ამ უნარის განვითარება ამავდროულად პრობლემურიცაა, რამდენადაც შესაფერისი აქტივობების დაგეგმვის გარდა, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია მოსწავლეების სოციალური უნარებიც, როგორიცაა თავდაჯერებულობა, თვითშეფასება, მოტივაცია. ზეპირმეტყველების უნარის განვითარებას ახლავს უამრავი ხელის შემშლელი ფაქტორი, მაგ: შიში ან სიმორცხვე, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს როგორც სასაუბრო თემის ირგვლივ შესაფერისი ლექსიკური ან გრამატიკული ერთეულების და სტრუქტურების არცოდნით, ასევე  შეცდომის დაშვების შიშით. ამიტომ მასწავლებელმა ზეპირმეტყველების აქტივობების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეების სოციალური და ემოციური განვითარების დონე. საინტერესო და, სახალისო აქტივობების გარდა, მოსწავლეებისთვის აუცილებელია ჯანსაღი გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლე იგრძნობს მასწავლებლის კეთილგანწყობას და მხარდაჭერას და არ ექნება შეცდომის დაშვების შიში.

შესაძლებელია მასწავლებელმა აჩვენოს მოსწავლეებს ვიდეო, რომლებშიც წარმატებული პრეზენტატორები საჯაროდ გამოსვლის დროს შეცდომებს უშვებენ და მათთვის არასასურველ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, თუმცა მაინც წარმატებულად აგრძელებენ გამოსვლას. მოსწავლეები გააცნობიერებენ, რომ შეცდომა შესაძლებელია ნებისმიერმა ადამიანმა (ამ შემთხვევაში წარმატებულმა)  დაუშვას და შესაძლოა დაეხმაროს მათ დაძლიონ სიმორცხვე ან შიში და გახდნენ უფრო თავდაჯერებულები. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლე არ მოექცეს მასწავლებლის ზეგავლენის ქვეშ და არ შეასრულოს იძულებითი პერფორმანსი, პირიქით, დავაკისროთ მათ ისეთი დავალების შესრულება, რომელიც ნაკლებ საუბარს ითვალისწინებს, შევაქოთ მისი ნებისმიერი მცდელობა, რაც აუმაღლებს მას თვითშეფასებას და გაზრდის მის დავდაჯერებულობას.  მასწავლებელი უნდა ეცადოს გაზარდოს მოსწავლის შინაგანი მოტივაცია წახალისებით, მოდელირებით და ასე მიიყვანოს მოსწავლე სასურველ შედეგამდე.

აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება

     სალაპარაკო აქტივობების შერჩევის და დაგეგმვის პროცესში მასწავლებელი მზად უნდა იყოს პასუხი გასცეს შემდეგ შეკითხვებს:

  1. საჭიროა თუ არა თემასთან დაკავშირებული საკვანძო სიტყვების თუ ფრაზების წინასწარ მიწოდება მოსწავლეებისთვის?
  2. როგორ იმუშავებენ მოსწავლეები? წყვილებში? ჯგუფურად?
  3. როგორ მიაწოდებს უკუკავშირს მოსწავლეებს?

ამასთანავე აქტივობები უნდა იყოს მოსწავლეების დონის შესაფერისი, საინტერესო და სახალისო. ინსტრუქცია უნდა იყოს მკაფიო და ნათელი, რომ თითოეულმა მოსწავლემ საფუძვლიანად გაიგოს შესასრულებელი დავალება. დაცული უნდა იყოს დროის ლიმიტი, და მოსწავლეებმა წინასწარ უნდა იცოდნენ, როგორ და რა კრიტერიუმებით მოხდება მათი შეფასება. სალაპარაკო აქტივობებისთვის ძირითადად გამოიყენება შეფასების სქემები, ე.წ რუბრიკები, რომლებშიც ნათლადაა ასახული აქტივობის შეფასების კომპონენტები და კრიტერიუმები. ზეპირმეტყველების განმავითარებელი აქტივობები ძირითადად 2 მიმართულებით ფასდება: accuracy-სიზუსტე (გრამატიკა, წარმოთქმა, ლექსიკური მარაგი) და fluency – გაბმული მეტყველება.

ზეპირმეტყველების განმავითარებელი სტრატეგიები/აქტივობები საბაზო/საშუალო

                                                  საფეხურზე

 

საწყის ეტაპზე მოსწავლეები ისრუტავენ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც გადავცემთ, ამიტომ მნიშვნელოვანია გამოვუმუშავოთ მათ სწორი წარმოთქმის უნარი. თანამედროვე სახელმძღვანელოთა უმრავლესობას თან ერთვის კომპაკტ დისკები (CD) აუდიო და ვიდეო მასალით, სახალისო ტექსტებით და გახმოვანებებით. მოსმენის პროცესში მოსწავლეები იმეორებენ სიტყვებს, და აკეთებენ გმირების იმიტაციას. მოსწავლეებს უვითარდებათ როგორც მოსმენის, ასევე სწორი წარმოთქმის უნარიც, რაც მნიშვნელოვანია ზეპირმეტყველებისთვის. სურვილის შემთხვევაში ისინი ინაწილებენ როლებს და ახორციელებენ შესაბამის აქტივობას. გასათვალისწინებელია რომ ამ ეტაპზე მოსწავლეები უფრო ექსტროვერტები არიან და უყვართ თავიანთი ინგლისურით თავის წარმოჩენა.

როლური თამაში (role-playing)

როლური თამაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ნაყოფიერი მეთოდია ზეპირმეტყველების განვითარებისთვის. იგი წარმოადგენს რომელიმე სიტუაციის მოდელირებას, სადაც მოსწავლეები ირჩევენ შესაფერის როლებს და მოქმედებენ ამ როლის შესატყვისად საკუთარი ინტერპრეტაციით. როლური თამაში ხელს უწყობს საკითხის ღრმად წვდომას, მასალის ხანგრძლივი დროით დამახსოვრებას, და ზრდის მათ ჩართულობასა და მოტივაციას. როლური თამაშისთვის მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს მოამზადებინოს სცენარი ან გეგმის მარტივი მონახაზი და დაეხმაროს როლების გადანაწილებაში. წარმოგიდგენთ საკუთარ პრაქტიკაში გამოყენებულ როლური თამაშის მაგალითებს:

სიტუაცია 1: ორგანიზაციის დირექტორს სურს შეიძინოს 3 საჩუქარი წარმატებული თანამშრომლების დასაჯილდოებლად. გაითამაშეთ სიტუაცია როლების მიხედვით – ორგანიზაციის დირექტორი, გამყიდველი და მაღაზიის მეპატრონე.

სიტუაცია 2: მაშველებმა მოახერხეს გოგონას გადარჩენა და წყლიდან გამოყვანა ნავის ჩაძირვის შემდეგ. ჟურნალისტს სურს მოამზადოს სტატია აღნიშნულ ფაქტზე. გაითამაშეთ როლური სიტუაცია როლების მიხედვით: გოგონა, მაშველი, ჟურნალისტი.

    შესაძლებელია კითხვები წინასწარ დაიგეგმოს მოსწავლეების ასაკის და შესაძლებლობების გათვალისწინების მიხედვით.

გმოკითხვა წყვილებში (peer-interview)

 

გამოკითხვა წყვილებში საუკეთესო სტრატეგიაა სწავლების ნებისმიერ ეტაპზე, როცა მოსწავლეებს ათვისებული აქვთ საბაზო ლექსიკური და გრამატიკული ერთეულები. საწყის ეტაპზე სასურველია მოსწავლეებს მიაწოდოთ გამზადებული კითხვები ჰენდაუტების სახით ამა თუ იმ თემის ირგვლივ.  მოსწავლეები იყოფიან 2 ჯგუფად, ინტერვიუვერი და რესპონდენტი, ისინი აწარმოებენ გამოკითხვას და აკეთებენ რეპორტს მოპოვებული ინფორმაციის წარდგენით. შესაძლებელია როლების გაცვლა. საბაზო საფეხურზე მოსწავლეებს აქვთ საკმარისი გამოცდილება თვითონ შეადგინონ კითხვები, რომლებსაც გამოიყენებენ ინტერვიუსთვის. კითხვები შეიძლება კავშირში იყოს როგორც ლექსიკურ თემატურ ერთეულთან, ასევე გრამატიკულ მასალასთან. აქტივობის ბოლოს მოსწავლეები ავსებენ ურთიერთდაკვირვების და თვითშეფასების რუბრიკას, რომლის საშუალებით მათ შეეძლებათ შეაფასონ  საკუთარი ცოდნა, გამოავლინონ ძლიერი და სუსტი მხარეები, რაც დაეხმარება მათ შემდგომი სწავლის დასაგეგმად.

 

მთხრობელობა (story-telling)

 მთხრობელობა სალაპარაკო უნარის განვითარებასთან ერთად მოსწავლეებში სოციალური და ემოციური უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს, ზრდის მათ შემოქმედებითობას, ფანტაზიის უნარს, პროდუქტულობას და თავდაჯერებულობას. არსებობს მრავალფეროვანი სხვადასხვა აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს მთხრობელობის გაუმჯობესებას. წარმოგიდგენთ ჩემ მიერ სასწავლო პროცესში გამოყენებულ ერთ-ერთ აქტივობას. მასწავლებელი ყოფს მოსწავლეებს 4-5 კაციან ჯგუფებად, აწვდის მათ 3 თემას. მაგ, 1. ჩემი ოცნების არდადეგები (my dream holidays), ჩემი ოცნების ქალაქი (my dream city), ჩემი საუკეთესო გასული არდადეგები (my best past vacation). მოსწავლეები ირჩევენ მათთვის სასურველ თემას და ამზადებენ ერთწუთიან საუბარს რუბრიკის მიხედვით (მოსწავლეებს წინასწარ ურიგდებათ რუბრიკები, რომლებშიც მოცემულია ის კომპონენტები, რაც უნდა გაითვალისწინონ მათ საუბრის მომზადების პროცესში (კომპონენტები: 1. საუბრის ხანგრძლივობა, 2. შინაარსი-მრავალფეროვანი ლექსიკური ერთეულების გამოყენება 3. მკაფიო და გასაგები საუბარი 4.ჟესტიკულაცია და ა.შ) თითოეული ჯგუფი ირჩევს საუკეთესო თემას და თემის ავტორს უწევს კლასის წინაშე საკუთარი თემის მოყოლა. პრეზენტატორი ფასდება რუბრიკის მიხედვით.

დისკუსია/დებატები (discussions/debates)

დისკუსია 21-ე საუკუნის ყველაზე გავრცელებული საგანმანათლებლო მეთოდია, რომელიც ზეპირმეტყველების განვითარებასთან ერთად ხელს უწყობს მოსწავლეებში ფიქრის, კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრის და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას. არსებობს თავისუფალი დისკუსია (free discussion), რომელშიც მასწავლებლის აქტიურობა მინიმალურია და დამკვირვებლის როლით შემოიფარგლება და სტრუქტურირებული (structured discussion), რომელშიც მოსწავლეების როლი და ფუნქციები წინასწარ არის განსაზღვრული, შემუშავებულია წესები და მასწავლებელი ასრულებს ფასილიტატორის ფუნქციას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სადისკუსიო თემის/კითხვების შერჩევა დიდ სიფრთხილეს და დაკვირვებას მოითხოვს, ვინაიდან სასაუბრო თემატიკა უნდა განისაზღვრებოდეს მოსწავლეების ინტერესების და შესაძლებლობების მიხედვით. ქვემოთ წარმოდგენილი აქტივობა საინტერესო და სახალისოცაა, ვინაიდან ეს აქტივობა მოითხოვს ფიზიკურ მოძრაობას, რაც მოსწავლეებს აძლევს საშუალებას თავი დააღწიონ მერხებთან ჯდომის მომაბეზრებელ რუტინას.

სად დგახარ? Where do you stand?

მასწავლებელი კლასის ერთ კუთხეში ათავსებს წარწერას „ვეთანხმები“ (agree), ხოლო მეორე კუთხეში წარწერას „არ ვეთანხმები“ (disagree). მოსწავლეები წყვილებში განიხილავენ სხვადასხვა მტკიცებულებებს (statements) კონკრეტული თემის ირგვლივ, იღებენ გადაწყვეტილებას, ეთანხმებიან თუ არ ეთანხმებიან მოცემულ მტკიცებულებას, მოძრაობენ კლასში და იკავებენ თავიანთ ადგილს შესაფერის წარწერასთან. მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საშუალებას არგუმენტებით დაასაბუთონ მიღებული გადაწყვეტილება.

 

 

 

 

 

 

 

იაპონელი უფროსკლასელები ყველაზე დაკავებულ და საქმიან ადამიანებად ითვლებიან

0

განათლებას იაპონიაში საკულტო მნიშვნელობა ენიჭება, რომელსაც მხარს თითოეული იაპონელის ოჯახი, საზოგადოება და სახელმწიფო უმაგრებს. იაპონელები 5 წლის ასაკამდე მოზარდს „მეფესავით“ ეპყრობიან, 5-დან 15 წლამდე როგორც „მონას“, 15 წელს ზემოთ კი, როგორც თანასწორს. აქ მიჩნეულია, რომ 15 წლის ყმაწვილი ზრდასრული ადამიანია, რომელიც პირუთვნელად ემორჩილება საზოგადოებაში მიღებულ საყოველთაო წესებს. იაპონურ ოჯახში ბავშვის აღზრდაზე ძირითადად დედაა პასუხისმგებელი, მამა იშვიათად ერევა და მისი როლი ოჯახში მხოლოდ „შემომტანით“ განისაზღვრება. იაპონურ ოჯახში ბავშვს არაფერი ეკრძალება. მოზრდილებისგან ის მხოლოდ გაფრთხილებებს იღებს: „საშიშია!“, „ჭუჭყიანია!“, „ცუდია!“ თუ ბავშვს რამე დაუშავდება, დედა საკუთარ თავს ადანაშაულებს და ბავშვს პატიებას სთხოვს. იაპონელები არასოდეს უყვირიან ბავშვებს, ფიზიკურ დასჯაზე კი საუბარი საერთოდ ზედმეტია. დედა არასოდეს ედავება შვილს: ის მხოლოდ ცდილობს მიახვედროს მოზარდი, რომ მისი საქციელით უკმაყოფილოა. თავის მხრივ კი, ბავშვები, როგორც წესი, იმდენად აღმერთებენ დედას, რომ მათი ნება-სურვილის წინააღმდეგ იშვიათ შემთხევაში თავისდაუნებურად თუ მიდიან.

იაპონური პედაგოგიკის მთავარი ამოცანაა, აღზარდოს პიროვნება, რომელსაც შეეძლება შეთანხმებულად იმუშაოს და იცხოვროს კოლექტივთან ერთად. იაპონელი მასწავლებლისთვის ყველა ბავშვი თანასწორია. მათ შორის არ არსებობენ ძლიერები და სუსტები, არამედ არიან ზარმაცები და ბეჯითები. აქ ნახავთ სპეციალურს პროგრამებს, როგორც ნიჭიერი, ასევე ნაკლები აკადემიური მოსწრების მქონე ბავშვებისთვის. ამასთანავე, იაპონურ სკოლებში არ არსებობს, ე.წ. „კლასში ჩარჩენის“ პრაქტიკა. ყველა სკოლაში ფუნქციობს „ძიუკუ“ (რეპეტიტორთა გაკვეთილები), რომელთა დახმარებითაც ჩამორჩენილი მოსწავლეები ახერხებენ ხარვეზების გამოსწორებას. ბავშვებს ასწავლიან, არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. სკოლაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჯგუფურ სიმღერას, რომელიც მოზარდებში ამყარებს ერთიანობის შეგრძნებას. ამ მიზნის მისაღწევად ასევე გამოიყენება კოლექტიური სპორტული თამაშები.
სკოლაში ყველა მოსწავლე ერთმანეთს უნდა ჰგავდეს, არამხოლოდ ტანსაცმლით და სასკოლო ნივთებით, არამედ მიზანსწრაფულობითაც. მოსწავლეები რიგრიგობით აწესრიგებენ საკლასო ოთახს, დერეფნებსა და საპირფარეშოებს. ამით ისინი ეჩვევიან შრომისმოყვარეობას, უმუშავდებათ თვისება, დაძლიონ საკუთარი თავი და მართონ ემოციები. იაპონიის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მთელი სამედიცინო პერსონალი მუშაობს: ჯანმრთელობის კურატორი, ფარმაცევტი, მედიცინის და სტომატოლოგი და ა.შ. იაპონიის სკოლებში დაწესებულია მთელი რიგი დღესასწაულები, რომლებიც მოზარდებს უნერგავს საკუთარი ქვეყნისა და ტრადიციების პატივისცემასა და სიყვარულს.

იაპონიაში მოზარდის საბავშვო ბაღში შეყვანა სამი წლის ასაკიდან სავალდებულოა. საბავშვო ბაღში ბავშვებს მათემატიკის საფუძვლებსა და ჰირაგანუსა და კატაკანუს კითხვას ასწავლიან;

სკოლაში მისაღებად ყველა ბავშვს გამოცდის ჩაბარება უწევს. თუ ბავშვმა გამოცდა ჯეროვნად ვერ ჩააბარა, მოუწევს მოსამზადებელ სკოლაში სწავლა;

დაწყებითსა და საშუალო სკოლაში ყველა იაპონელისთვის სავალდებულო და უფასოა;

დაწყებით კლასებში საშინაო დავალებას არ იძლევიან. სამაგიეროდ, საშუალო და უფროს კლასებში საშინაო დავალების მოცულობა იმდენად დიდია, რომ იაპონელი უფროსკლასელები მსოფლიოში ყველაზე დაკავებულ და საქმიან ადამიანებად ითვლებიან;
იაპონიაში ყველა სკოლას განსხვავებული და უნიკალური სასკოლო ფორმა აქვს;

სკოლათა უმრავლესობას მკაცრი დამოკიდებულება აქვს მოსწავლის თმის ფერთან. აქ მხოლოდ ბუნებრივი თმის ფერია მისაღები და დასაშვები. სახელმწიფო და კერძო სკოლებში ბიჭებს ეკრძალებათ გრძელი თმის ტარება. გოგონებს ეკრძალებათ კოსმეტიკის, ფრჩხილების ლაქის გამოყენება და სამკაულების ტარება;

მოსწავლეებს უფლება აქვთ, ჩაიცვან მხოლოდ თეთრი, შავი ან მუქი ლურჯი ფერის წინდები. თუ მოსწავლე ყავისფერ წინდას ჩაიცვამს, წინდები კონფისკაციას დაექვემდებარება;

საგანმანათლებლო დაწესებულების თითოეულ კლასში დასაშვებია 30-40 მოსწავლე. მთელი წლის განმავლობაში სასწავლო პროცესის დროს მოსწავლეები ერთსა და იმავე საკლასო ოთახში იმყოფებიან და ყველა საგნის მასწავლებელი მათთან რიგრიგობით შედის.
მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა შეისწავლონ 2500-მდე სიმბოლო, რათა შეძლონ იაპონურ ენაზე წერა და კითხვა. იაპონელი ბავშვები 3 ეტაპად სწავლობენ წერა-კითხვას: იაპონური იეროგლიფები; ჩინური იეროგლიფების იაპონური ვერსია და ლათინური ანბანი;

იაპონურ სკოლებში ძირითად საგნებად ითვლება მათემატიკა, იაპონური ენა, სოციალური მეცნიერებები, მუსიკა და ფიზიკური აღზრდა;

სკოლებში ბავშვები მცირე ჯგუფებად იყოფიან, რომელთა ფუნქციაცაა საკლასო ოთახის დალაგება, სკოლის ეზოს დალაგება და ა. შ.
იაპონიაში დაწყებითი განათლება 6 წელიწადს გრძელდება, საშუალო და უმაღლესი – 3 წელი, ხოლო საუნივერსიტეტო განათლების ხანგრძლივობა 4 წელია. საზაფხულო არდადეგები 40 დღეა, 20 ივლისიდან 31 აგვისტომდე; ზამთრის არდადეგები 26 დეკემბრიდან 6 იანვრამდე; გაზაფხულის არდადეგები კი 25 მარტიდან 5 აპრილამდე;

სასწავლო წელი იაპონიაში აპრილში იწყება. სასწავლო პროცესი კვირაში 6 დღე დილის 8.30 სთ-დან 15 საათამდე გრძელდება;
მოსწავლეებს სასტიკად ეკრძალებათ სკოლაში სადილისა ნებისმიერი სასუსნავის შეტანა. მათ შორის ტკივილგამაყუჩებელი საწუწნი აბების, რადგანაც ისინი აქ სასუსნავად ითვლება;

ყველა სკოლას ჰყავს დიეტოლოგი, რომელიც ზრუნავს მოსწავლეების ჯანსაღ კვებაზე.

სიყვარულის მეტაფორები: დაავადება

0

„ყოველ სნეულებაზე სიყვარული ძნელია,

ოი და,  შეყვარებულისათვის,

ოი და, ნათელიც კი ბნელია…“

 აკაკი წერეთელი

შეიძლება ითქვას, რომ მეტ-ნაკლებად არცერთი კონცეპტი, საგანი, მოვლენა არ არის დარჩენილი, რომელიც სიყვარულის მეტაფორად არ ქცეულა.  არც ერთ, თუნდაც უნივერსალურ, მეტაფორას და არც ყველას ერთად, არ შეუძლია სრულად გამოხატოს სიყვარულის ბუნება.

ის არის სტიქია (ცეცხლი), რომელიც წვავს და გარდაქმნის,  ის მცენარეა, რომელსაც ზრდი… ჭაა, რომელშიც ვარდები;  ვარდია, რომელზეც ბულბული გალობს; სიგიჟეა, რომელიც არ კონტროლდება; დაავადებაა, რომელიც განუკურნებელია და სხვა და სხვა…

მაგრამ რომელი მეტაფორა მოგცემთ სიყვარულის სრულ ახსნას?  რა თქმა უნდა, არცერთი.

უმეტესად სიყვარულის „ახსნას“ მაინც პოეტები და ექიმები ცდილობენ, ხშირად მათი დასკვნები ერთნაირიც კია.

პოეტების აღწერით:

„ტრფობა კვამლია, წარმომდგარი ოხვრით და ხვნეშით,

ხან, თუ აღეგზნო, ცეცხლს აკვესებს მიჯნურთ თვალებში,

გზა თუ დაუხშეს, ცრემლების ზღვად იქცევა მაშინ.

კიდევ რა არის სიყვარული? სიგიჟე არის,

ბრძნული სიგიჟე, ნაღველი და სიმწარე მტკბარი.“ („რომეო და ჯულიეტა“)

თუ შექსპირთან  სიყვარული „ბრძნული სიგიჟეა“, „ვეფხისტყაოსნის“ ტარიელის სიშლეგეს ბრძნულს ნამდვილად ვერ დავარქმევთ:

„ბრძენი, ვინ ბრძენი, რა ბრძენი, ხელი ვითა იქმს ბრძნობასა?

ეგ საუბარი მაშინ ხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა“.

ან:

აქიმნიცა იკვირვებდეს: „ესე სენი რაგვარია?“

სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრია.“

ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცთარი წამერია…“

მიჯნური ხომ ისედაც „შმაგს“ ნიშნავს და რატომ შმაგდება შეყვარებული, ამას შოთა ასე განმარტავს:

„მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა,
მით რომე შმაგობს მისისა ვერ-მიხვდომისა წყენითა;“

მოუხელთებლის ვერ-მოხელთება  და მიუწვდომლის ვერ-მიწვდენა აშმაგებს და აავადებს შეყვარებულს…

ექიმების განმარტებით: სიყვარული იწვევს ფსიქიკურ აშლილობას, შფოთიანობას, ტემპერატურის მომატებას, უძილობას, დეპრესიას და ეიფორიას, ცნობიერების დაბინდვას; პაციენტები, დიაგნოზით-სიყვარული, განიცდიან შეპყრობილობას, არაადექვატურები არიან, აწუხებთ ტრფობის საგნის აკვიატება… პროცესი უფრო შორსაც შეიძლება წავიდეს და სიყვარული იქცეს სასიკვდილო იარაღად.

სემიოტიკური აღწერით:

სიყვარულის გამოვლენა სამყაროში ყველაზე მეტად აღიწერება ტერმინით- სემიოზისი. სიყვარული სემიოზისის პროცესია – მუდმივად ფორმაცვალებადი ღრუბელი: ხან ავდრის და ხანაც – დარის მომასწავებელი,  განსხვავებული არომატების გამოსავლენად განსხვავებული მეტაფორების სათვალეს ირგებს. სემიოზისის პროცესის  შედეგია ნიშნის შექმნა; სიყვარულის მეტაფორები სიყვარულის ნიშნებადაც შეგვიძლია განვიხილოთ…ნიშანი არ არის ის, რაც ამ ნიშნით გამოითქმის;  სიყვარულის ყველა მეტაფორა რომ ერთად შევკრიბოთ, უბრალოდ, მოზაიკას მივიღებთ… ყველა ნიშანი ხომ მაინც პირობითია…?

სიყვარულის თითოეული მეტაფორა განპირობებულია, თავისი კონტექსტი აქვს… უპირობო გრძნობის პირობითი ნიშნებით გადმოცემა შეუძლებელია. საბოლოოდ, ყველა ნიშანი იშლება, უქმდება და მისი აზრი მხოლოდ ის არის, რომ პირობათა და ფორმათა სამყაროდან შექმნას ნაპრალი, რომელიც სხვა გაზომილებაში გასასვლელია.

სიყვარულის უნივერსალური მეტაფორებიდან „ავადმყოფობა“, „სენი“, „სიგიჟე“ _ ყოველთვის აქტუალური იყო და არის. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიყვარული დაავადებათა ნუსხაში შეიტანესო. ამ თემას შემდეგ ბევრი სერიოზული განხილვა და ანალიზი მოჰყვა სხვადასხვა საიტსა და ბლოგზე.

 „სიყვარული დაავადებაა, რომელსაც უნდა უმკურნალო ისევე, როგორც სხვა დაავადებებს“. თურმე ნუ იტყვით და, გარკვეული ნიშნებით, სიყვარულის დაავადება მოხვდა ისეთი დაავადებების გვერდით, როგორებიცაა: ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, კლეპტომანია და სხვა მისთანები.  არ ვიცი, ვინ შეუმოწმა მსოფლიო ჯანდაცვის საზოგადოებას ეს დასკვნა, მაგრამ, ფქტია, რომ თემა აქტუალური აღმოჩნდა. შეყვარებულების ავადმყოფებად გამოცხადება ახალიც არ არის. ბევრსაც საკუთრ თავზე გამოუცდია…

ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები სიყვარულის შფოთებს სხვაგვარ განმარტებებს აძლევენ: ჯგუფებად ჰყოფენ, ახარისხებენ და ასე შემდეგ. ერთი ეგ არის, რომ  მას ვერავინ ვერ მკურნალობს.

მოკლედ, სიყვარული ამ მოდელის მიხედვით, არის დაავადებაც და სხვა დაავადების გამომწვევიც. სხვა მეტაფორული მოდელის მიხედვით კი, სიყვარულია ის, რომლითაც ყველა დაავადება იკურნება.

ამ ბოლოს ორ ფრანგულ ფილმს ვუყურე: ერთს ჰქვია: „სიყვარულის ავადმყოფობა“ და მეორეს: „ყველა დაავადებას სიყვარული კურნავს“.  თავიდანვე გაგაფრთხილეთ, რომ ეს გრძნობა იმდენად ამბივალენტურია, ერთდოულად შეიცავს კისაც და არასაც, შავსაც და თეთრსაც, ცხელსაც და ცივსაც („ცხელი გული“ და „ცივი წყლის გადასხმა“), სიტკბოსაც და სიმწარესაც, ერთდროულად მიგიზიდავს და განგიზიდავს, დაგწვავს და აღგადგენს; გულიანი და უგულო –  ორივე სიყვარულის მეტაფორებია…

ყველა მეტაფორის „გავლის“ შემდეგ დგება ალბათ მთავარი მდგომარეობა: სიყვარული – ღმერთია… ღმერთი კი განუმარტავია… სიყვარულიც…

ერთ თანამედროვე სულიერ მასწავლებელს ჰკითხეს:

_ გვითხარი, რა არის სიყვარული, რომელსაც ყველა ასე ესწრაფვის?

მან უპასუხა: _ მე არ შემიძლია გითხრათ, რა არის სიყვარული, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რაც არ არის: ძალადობა – არ არის სიყვარული, ემოცია – არ არის სიყვარული, ფლობა – არ არის სიყვარული. ნამდვილი სიყვარული შეუძლებელია, სიტყვებით აღიწეროს, ის უნდა განიცადო… აზრი არა აქვს მასზე ლაპარაკს, რადგან ყველაფერი, რაც ვიცით, პირობითია, ნამდვილი სიყვარული კი უპირობოა: მას არა აქვს მიზეზი, არა აქვს ახსნა, ის უბრალოდ არის და მორჩა!

„ქიმერიონის” ბედი ანუ გამარჯობა, facebook-ო, შენი

0

არც ისე დიდი ხნის წინ, უფრო გაჭირვებულ და უცნაურ ყოფაში, აი, მოკლედ „შევარდნაძის დროს“ რომ ეძახიან, თბილისი ლიტერატურულ საღამოებს მიჰქონდა. არ ვიცი, თავდაცვისა და თვითგადარჩენის ინსტინქტი იყო ეს, საქმის ნაკლებობა თუ სხვა რამ, მაგრამ ცხადია –ოთხმოცდაათიანების მიწურულისა და ორიათასიანების გარიჟრაჟის ლიტერატურული კონტექსტი სწორედ მაშინ მოიხაზა.

მე დედაქალაქში სწორედ იმ დროს ჩამოვედი. მახსოვს უნივერსიტეტის ლეგენდარული ოთხმოცდამეცამეტე ოთახი, ლიტერატურული სამშაბათობები და სავსე აუდიტორია. ნამდვილი ჭყლეტა. სხვადასხვა გემოვნებისა და ნიჭის ავტორები. დავა, ტაში, მერე – იქვე, იაფფასიან კაფეში გადანაცვლება და საშინელი არაყის სმა.

კიდევ – სარდაფომანია. იქაც რიგები. ასე განსაჯეთ, ბილეთების გაყიდვაც კი პოეზიის მოსასმენად. ან პროზის მოსასმენად. ან ვინმეს სანახავად – ლიტერატურის სახელით.

მოკლედ, მოდური საქმე იყო: საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი, პანტომიმის თეატრის სცენა და რა ვიცი. ლიტერატურულ კაფეებზე აღარაფერს ვამბობ.

ორიათასიანებშიც იყო რამდენიმე გაბრძოლება ამ მხრივ – „ქარავანი“, მარჯანიშვილის თეატრის კაფე, როკ-კლუბისა და ლიბ.გე-ს საღამოები. მაგრამ ესეც დასრულდა.

დღეს ადგილი, სადაც, ახალთბილისურად რომ ვთქვათ, კარგი ლიტერატურა „იღება ცოცხლად“, თითქმის აღარ გვაქვს.

ეს მხოლოდ ქართული ამბავი როდია. მთელი მსოფლიო ამ კითხვას სვამს. ამ კითხვას სვამს თბილისიც. როგორც ჩანს, მკითხველმა იკლო. ვგულისხმობ ამგვარ შეხვედრებზე მოსიარულე მკითხველს. მე ბოლო ხანებში ყველგან ვყოფილვარ – მწერალთა სახლშიც, უნივერსიტეტშიც გრძელდება ასეთი შეხვედრები, ზოგიერთი კერძო ორგანიზაციაც მართავს ხოლმე და თვალში საცემია: უკიდურესი გამონაკლისების გარდა, ძალიან, ძალიან ცოტა ხალხი ესწრება. რისი ბრალია ეს –შეუსაბამო მენეჯმენტის, ავტორების პასიურობის, საზოგადოდ, ლიტერატურის კრიზისის თუ ონლაინ სივრცის დომინაციის? – აი, მთავარი კითხვა. მგონი, ყველასი ერთად, მაგრამ უფრო – ამ უკანასკნელის. ეს კი საკითხის სირთულეს ამძაფრებს – ხომ არ მიილია ლიტერატურული საღამოების ეპოქა, ხომ არ გადაინაცვლეს ლიტერატურის მსმენელებმა facebook-ზე, youtube-ზე თუ სხვა ვიდეოპორტალებზე, ხომ არ დასრულდა გასული საუკუნის გარიჟრაჟზე „ქიმერიონში“ დაწყებული საქმე?..

მასწავლებლის ტიპური შეცდომები გაკვეთილის დაგეგმვის დრო

0

ეს წერილი ეძღვნება მასწავლებლების ტიპურ შეცდომებს გაკვეთილის დაგეგმვის დროს. ხაზგასმით აღვნიშნავთ: ჩვენი მსჯელობისთვის ამოსავალია მოსწავლეზე ორიენტირებული განათლების პრინციპები, რადგან თუ ამ პრინციპებს უკუვაგდებთ, მასწავლებლის შეცდომა ხშირად სულაც არ ჩაითვლება შეცდომად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის, რაც შეცდომაა ამ პრინციპების ფონზე, სრულიადაც არ არის შეცდომა ტრადიციული გაკვეთილის პირობებში, წინა საუკუნის მასობრივი პედაგოგიური პრაქტიკის გადმოსახედიდან, მასწავლებლის იმდროინდელი სტანდარტული მოქმედებების დონეზე.

 

შეცდომა #1გაკვეთილის მიზანში არ არის დაზუსტებული, რას გააკეთებენ მოსწავლეები ისეთს, რაზე დაკვირვება და რისი შეფასებაც შესაძლებელია. ამგვარი კონკრეტიკის გარეშე მიზანი, როგორც წესი, ბუნდოვანი ან წინააღმდეგობრივია ან სულაც არარეალისტური, მოუზომავად გადამეტებული ან შეუფერებლად შეკვეცილი. ისიც გაითვალისწინეთ, რომ მოსწავლეთა მოქმედებების დეტალური აღწერა ნათელს ხდის, რა შინაარსის სასწავლო პროცესი უნდა წარიმართოს კლასში. ზერელედ გადმოცემული ან მეტისმეტად ზოგადი ფორმით ჩამოყალიბებული მიზნები ქმნის საფუძველს არასწორი დასკვნებისა და არაადეკვატური გადაწყვეტილებებისთვის, განაპირობებს მოვლენათა მცდარ განვითარებას გაკვეთილის განმავლობაში.

შეცდომა #2გაკვეთილის შეფასება მოწყვეტილია/აცილებულია მოსწავლეთა იმ მოქმედებებს, რომლებზეც მიზნებში იყო საუბარი. გაკვეთილის შემდგომი რეფლექსიისთვის მომზადებული შეფასების პუნქტი იმის აღწერაა, როგორ განსაზღვრავს მასწავლებელი, მიაღწია თუ არა დასახულ მიზნებს მოცემულ გაკვეთილზე. შესაბამისად, შეფასება აუცილებლად შეთანხმებული უნდა იყოს გაკვეთილის მიზნებთან, გადაჯაჭვული უნდა იყოს მიზანში აღწერილ მოსწავლეთა საქმიანობასთან. სწორედ ობიექტური, გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეთა მიღწევებსა და პროგრესზე ფოკუსირებული შეფასებაა იმის საწინდარი, რომ მომდევნო გაკვეთილები უფრო უკეთ დაიგეგმება და განხორციელდება.

შეცდომა #3მოსწავლეთა აუცილებელი წინარე ცოდნა არ არის განსაზღვრული ან არ შეესაბამება გაკვეთილის მსვლელობაში მოსწავლეთა შედეგიანი მონაწილეობისთვის საჭირო კომპეტენციებს. თუ ისიც კი არ არის გარკვეული, რა უნდა იცოდეს და რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს დავალებების შესრულებაში და გაკვეთილის მიზნებს მიაღწიოს ან მისი მზაობა რადიკალურად არ შეესაბამება შესასრულებელ დავალებებს, მაშინ ის თავს ვერ გაართმევს სამუშაოს და წინასწარაა განწირული მარცხისთვის. კვლევა ადასტურებს, რომ სწავლის ნაყოფიერების 70% დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ფლობენ მოსწავლეები წინარე ცოდნას, ამიტომ წინარე ცოდნა ზუსტად და სრულად უნდ განისაზღვროს, ხოლო თუ წინასწარი სადიაგნოსტიკო ან განმავითარებელი შეფასების შედეგად გაირკვა, რომ მოსწავლეები არ ფლობენ ამ წინარე ცოდნას, მაშინ, უპირველეს ყოვლისა, ეს ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს საგაკვეთილო მიზნების განხორციელებაზე ზრუნვა.

შეცდომა #4გაკვეთილისთვის განსაზღვრული/მომზადებული რესურსები და დამხმარე მასალები არაარსებითია, მხოლოდ თვალს ჭრის, შინაარსობრივ კავშირებს კი არ წარმოაჩენს, მოჩვენებითად ამშვენებს გაკვეთილს. მხოლოდ ის რესურსებია აუცილებელი, რომლებიც მიზნებში აღწერილი მოქმედებებით გაჯერებული აქტივობების ჩასატარებლადაა საჭირო. თვალსაჩინოებებითა და სხვა რესურსებით გადატვირთვა სულაც არ სძენს გაკვეთილს ღირსებას, თუმცა არც მათი სიმწირე წაადგება ცოდნის ათვისების პროცესს.

შეცდომა #5სასწავლო პროცესი, რომელშიც მოსწავლეები უნდა ჩაებან, არ არის საკმარისად ნაყოფიერი იმის ასათვისებლად, რაც მიზნადაა დასახული. სასწავლო გეგმები, როგორც წესი, გადატვირთულია და მოსწავლეთა მიერ ამდენი სასწავლო მასალის ასათვისებლად უკიდურესად ეფექტიანი აქტივობების დაგეგმვაა საჭირო. ეფექტიანობა საზომია იმისა, რომ აქტივობის ჩატარებისას ნაკლები ძალისხმევით მიიღწევა იგივე შედეგი ან იმავე ძალისხმევით – მეტი. სხვაგვარად, სასწავლო პროცესი არა მარტო მოსწავლეზე, არამედ შედეგზე ორიენტირებულიც უნდა იყოს და აქტივობათა რამდენიმე შესაძლო ვარიანტიდან ის უნდა განხორციელდეს, რომელიც უფრო ნაკლები ძალისხმევით უფრო მეტ შედეგს გამოიღებს, რათა არც მოსწავლეები გადაიღალონ და არც მასწავლებელს გაუწყდეს ქანცი. მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა: უმჯობესია ნაკლები სავარჯიშო შესრულდეს, მაგრამ უფრო გულდასმით და სიღრმისეული წვდომით, ვიდრე ბევრი სავარჯიშო დახვავდეს, თავბრუდამხვევი კალეიდოსკოპის შთაბეჭდილება შეიქმნას და მხოლოდ ზედაპირზე სრიალით შემოვიფარგლოთ. ყოველ დავალებას კონკრეტული წვლილი უნდა შეჰქონდეს გაკვეთილის მიზნის მიღწევაში. მისაღებია მხოლოდ ის ვარიანტი, როდესაც მზარდი სირთულის, თანმიმდევრობით დალაგებული მიზანმიმართული აქტივობების ოპტიმალურ სისტემას საფეხურებრივად მიჰყავს მოსწავლეები საჭირო კომპეტენციების დაუფლებისკენ.

შეცდომა #6მოსწავლეთა საქმიანობა გაკვეთილის განმავლობაში არ უწყობს ხელს დასახული მიზნების მიღწევას. თანამედროვე გაკვეთილი აღარ ტოვებს დროს მომხიბვლელი, მაგრამ თვითმიზნური აქტივობებისთვის, რომლებსაც პირდაპირ არ მივყავართ საგაკვეთილო მიზნისკენ. მოსწავლეები მხოლოდ იმისთვის არ უნდა ფუსფუსებდნენ გაკვეთილზე, რომ რამით იყვნენ დაკავებული. მიზანმიმართული აქტივობების ზედმიწევნით ზუსტად და სრულყოფილად შესრულებისკენ მოსწავლეების წასაქეზებლად უმნიშვნელოვანესია როგორც შინაგანი, ისე გარეგანი მოტივაციაც – სწორი შეფასების სქემის/რუბრიკის შედგენა მოსწავლეებთან ერთად ან მათთვის ასეთი სქემის წინასწარ, აქტივობის დაწყებამდე გაცნობა; აგრეთვე ნიშნების დახვეწილი სკალის გამოყენება იმ კლასებში, სადაც ნიშნები იწერება.

ყველა ეს შეცდომა უცილობლად მოუვა მასწავლებელს, თუ მის გონებაში მომწიფდა საინტერესო იდეა გაკვეთილისთვის, მაგრამ:

  • მან გაკვეთილი არ დაგეგმა მეტ-ნაკლებად დეტალური ჩანაწერების შესრულების გზით და მომდევნო დღეს სპონტანურად წარმართა იგი საკუთარი გამოცდილებისა და იმპროვიზაციის უნარის იმედად, ან
  • გაკვეთილის დაგეგმვის ჩვეული წესი, დაგეგმვის სახელმძღვანელო სქემა/ჩარჩო შეუფერებელია მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილისთვის, ან
  • გაკვეთილის მსვლელობის მისეული ხედვა კვლავაც ტრადიციულია და ძვალ–რბილში ისე აქვს გამჯდარი, რომ ვერაფრით ახერხებს მისგან განთავისუფლებას საგაკვეთილო ვითარებაში.

ამიტომ მნიშვნელოვანია გაკვეთილების დაგეგმვაზე მუშაობის ხერხების გაცნობიერება, რათა თავიდან ავიცილოთ ზემოთ ჩამოთვლილი ტიპური შეცდომები და ამით გამოწვეული მძიმე შედეგები სწავლებაში.

რეკომენდაციები გაკვეთილის დაგეგმვის თაობაზე

გაკვეთილების დაგეგმვის უნარ–ჩვევა ფუნდამენტურია ყველა მასწავლებლისთვის და ყოველი მასწავლებელი გაწაფული უნდა იყოს მასში, თუმცა დაოსტატებას საკმაოდ დიდი დრო, ძალისხმევა და პრაქტიკა სჭირდება. ამ უნარ-ჩვევის განვითარებას საფუძვლად უდევს აუცილებელი წინასწარი დაფიქრება იმის შესახებ, როგორი გაკვეთილის ჩატარებას მოითხოვს სასწავლო გეგმა და კლასში შექმნილი ვითარება მოსწავლეთა მზაობისა თუ საჭიროებების გათვალისწინებით.

თუ თქვენ მიერ შედგენილი გეგმა მრავალფეროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, ჩათვალეთ, რომ კარგი გეგმა არ დაგიწერიათ. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ კარგი გეგმა სპეციფიკური უნდა იყოს. ამ სპეციფიკურობას გაკვეთილს შესძენს არა მხოლოდ სპეციფიკური სასწავლო შინაარსის ან მიზნების გააზრება და მათთან დაკავშირებული წინარე ცოდნის ჩამონათვალის შექმნა, არამედ მოსწავლეებისა და მასწავლებლის იმ აქტივობათა მოძიება/შედგენა და თანწყობის მიგნება, რომლებიც სასწავლო პროცესის მიმდინარეობას განსაზღვრავს. შესაფერისი რესურსებისა და შეფასების სისტემის (როგორც მოსწავლეებისა, ასევე გაკვეთილისა) შემადგენელი კომპონენტები შეკრავს და დაასრულებს გაკვეთილის სპეციფიკურ სახეს.

გაკვეთილის ჩანაფიქრი/იდეა სქემატურად ასე შეიძლება გამოიხატოს:

შენატანი    პროცესი     გამოსავალი

სადაც:

შენატანი მოიცავს იმ რესურსებსა და ინფორმაციას (მაგალითად, გაკვეთილის ჩასატარებლად საჭირო დრო; მოსწავლეთა მზაობის, ინტერესებისა და სასწავლო პროფილის სპექტრი), რომელიც აუცილებელია პროცესის წარმატებით წარმართვისთვის;

პროცესი იმ აქტივობათა თანმიმდევრობაა, რომელსაც მოსწავლეები და მასწავლებელი ასრულებენ გაკვეთილის განმავლობაში. ამასთანავე, მასწავლებლის მიერ შესრულებულ ყოველ მოქმედებასთან ერთად გააზრებულ უნდა იქნეს მოსწავლის მიერ შესასრულებელი თანმხლები ან მომდევნო მოქმედებაც ისე, რომ მოსწავლეთა აქტიურობა, მათი მონაწილეობის ინსტენსივობა და ჩაბმულობის რაოდენობრივი მაჩვენებლები რაც შეიძლება მაღალი იყოს; სხვაგვარად, მასწავლებლის აქტივობა კი არ უნდა დომინირებდეს გაკვეთილზე, არამედ მოსწავლეთა აქტივობა, ხოლო მასწავლებელი ძირითადად ფასილიტატორის როლში უნდა მოგვევლინოს.

ბუნებრივია, არის საკითხები, რომლებიც მასწავლებელმა უნდა აუხსნას ან შეატყობინოს მოსწავლეებს, ანუ მასწავლებლის როლი მხოლოდ დავალების ინსტრუქციების გაცემაზე არ დაიყვანება, მაგრამ სასწავლო პროცესის ძირითადი ნაწილის განმავლობაში სწორედ მოსწავლეები უნდა იყვნენ ჩაბმული მასწავლებლის დავალებით განსაზღვრულ სააზროვნო-შემოქმედებით პროცესში, ხოლო მასწავლებელი:

  • უწყვეტად უნდა ახორციელებდეს განმავითარებელ შეფასებას, აკვირდებოდეს მოსწავლეთა საქმიანობას და იძლეოდეს კონსტრუქციულ უკუკავშირს;
  • საჭირო შემთხვევებში სკაფოლდინგის საშუალებით ერეოდეს დისკუსიებში;
  • წარმართავდეს მომდევნო აქტივობებს იმის გათვალისწინებით, თუ როგორ დაძლიეს წინა დავალება მოსწავლეებმა;
  • მოსწავლეთა შეფერხებისა თუ ხარვეზების აღმოჩენის ან სასწავლო პროცესის გამდიდრების საჭიროების დადგენის შემთხვევაში ახდენდეს რეაგირებას სწავლების დიფერენცირებით.

ალბათ, ისიც ყველასთვის ცხადია, რომ პროცესი უნდა დაიწყოს შესავალი აქტივობით (მაგალითად, „ყინულის გალღობა“, უჩვეულო ფაქტებისთვის მოსწავლეთა ყურადღების მიპყრობა, ცნობისმოყვარეობის გაღვივება, ინტერესის აღძვრა, მათი მზაობის დონის შესახებ მონაცემების მოძიება, შესასწავლი ტერმინების სიის გაცნობა და ა.შ) და დასრულდეს შემაჯამებელი აქტივობით (მაგალითად, აქტივობათა შეფასება, შემაჯამებელი ბარათების აქტივობა, მასწავლებლის ან მოსწავლეების შეჯერებული დასკვნები, „ხიდის გადება“ შემდგომი გაკვეთილისკენ და ა.შ). რადგან აქტივობათა მსვლელობის ყველა წინასწარი დროითი გათვლა მიახლოებითია, ამიტომ ძირითად, საბაზო აქტივობებთან ერთად მიზანშეწონილია წინასწარ დაიგეგმოს ორი ტიპის აქტივობები:

ა) არჩევითი აქტივობები – ეს ის აქტივობებია, რომელთა ჩატარება სასურველია, თუმცა აუცილებლობის (მაგალითად, დროის დეფიციტის) შემთხვევაში იოლად შეიძლება გეგმიდან მათი ამოგდება. ხშირად მასწავლებლები ასეთ აქტივობებზე ამბობენ: „თუ დრო საშუალებას მომცემს, ნამდვილად ჩავატარებ, ისეთი კარგია“.

ბ) სარეზერვო აქტივობები – ეს ის აქტივობებია, რომლებიც საკვანძო არ არის გაკვეთილისთვის, მათი გამოტოვება გაკვეთილს ეფექტიანობას არ დაუკარგავს, თუმცა მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში ატარებს მასწავლებელი, თუ ძირითადი აქტივობები გათვალისწინებულზე სწრაფად დასრულდება და დრო მორჩება.

დაბოლოს, დაუშვებელია მთელი გაკვეთილის დაგეგმვა მხოლოდ ლოგიკურ-ვერბალურ ან რომელიმე სხვა ერთ სასწავლო სტილზე მორგებით. ყოველი კლასის მოსწავლეთა სასწავლო პროფილი მრავალფეროვანი და უნიკალურია. ეს მრავალფეროვნება მასწავლებელმა უნდა შეისწავლოს, გაარკვიოს და გაითვალისწინოს, რათა რაც შეიძლება მეტ პროფილს მიაგოს სათანადო ყურადღება და შეუქმნას მოსწავლეებს კომფორტული სასწავლო პირობები გაკვეთილის თუნდაც რომელიმე მონაკვეთში იმით, რომ საკვანძო საკითხები რამდენიმე სტილზე გათვლით წარმოაჩინოს. მაგალითად, თუ მასწავლებელი მათემატიკური სასწავლო საკითხის რომელიმე აბსტრაქტულ ასპექტს ეხება, მაშინ მისი ლოგიკურ-ვერბალური სტილით პრეზენტაციის შემდეგ გრაფიკულ-სქემატური ხერხებითაც წარმოადგინოს და გააზრებისთვის კომფორტული პირობები შეუქმნას როგორც ინტროვერტ, ასევე ექსტრავერტ მოსწავლეებსაც, მაგალითად, დავალების შესრულების პროცესში მათი დაჯგუფება-განცალკევებისა თუ დავალების პროდუქტის დემონსტრირების ხერხების საშუალებით.

გამოსავალი არის იმ შედეგების ერთობლიობა, რომლებითაც დაგვირგვინდა პროცესი – მოსწავლეთა პროგრესი, მათი მიღწევები, დასახულთაგან მიღწეული და ვერმიღწეული მიზნები, შესრულებული და ვერშესრულებული აქტივობები თუ დავალებები, მიღებული გამოცდილება, სამომავლოდ გასათვალისწინებელი დასკვნები და სხვა.

ასეთი წესით დაგეგმილი გაკვეთილი ვერასგზით ვერ დაემსგავსება ცოდნის გადაცემა-ათვისების სქემას მორგებულ ტრადიციულ გაკვეთილს, სადაც ათვისება და გაწაფვა მხოლოდ მასწავლებლის მიბაძვით და მისი ნათქვამის დამახსოვრება-გამეორებით ხდება მას შემდეგ, რაც მასწავლებელი ასათვისებელი მოქმედების მოდელირებას მოახდენს. პირიქით, მოსწავლეები ბუნებრივად აღმოჩნდებიან ისეთი სასწავლო პროცესის მონაწილენი, სადაც ცოდნის ათვისება ძირითადად გაგება-გააზრებითა და ათვისებული ცოდნის ტრანსფერით (ანუ გადატანით) ხდება და არც ახალი ცოდნის აგება-კონსტრუირებაა გამორიცხული. ამასთანავე, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ჩაბმულია სააზროვნო-შემოქმედებით პროცესში სასწავლო საკითხთან დაკავშირებით და მნიშვნელოვნად პროგრესირებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მიმართულებით, თუმცა ყველა მოსწავლეს ერთნაირად მაღალი შედეგები ვერ ექნება, საკითხის დამუშავების საწყის ეტაპზე მაინც.

ინტეგრირებული გაკვეთილის უპირატესობანი

0

სასწავლო საგნებს შორის კავშირის დამყარება მოსწავლეებისთვის სასარგებლოსთან ერთად ძალიან საინტერესოცაა, განსაკუთრებით, დაწყებით საფეხურზე, სადაც სრულფასოვან საგნობრივ სწავლებას სკოლების უმეტესობა მე–5 კლასიდან იწყებს. უნდა აღნიშნოს, რომ ინტეგრირებული სწავლება სინთეზური აზროვნების განვითარების საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა, ინტეგრირებული გაკვეთილი მასწავლებლის პორტფოლიოს  მნიშვნელოვანი ნაწილია.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სასწავლო დისციპლინების შიგნით მოხდა ინტეგრაცია, მაგალითად, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში. ამასთან, სასწავლო მასალა ერთი საგნის მეორესთან  თემატური კავშირის დამყარების საშუალებასაც იძლევა. ჩემი აზრით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს სხვა სასწავლო დისციპლინებთან  დანათესავების ყველაზე ფართო არჩევანი აქვს.

სასწავლო მასალაზე დაყრდნობითა და საგნებს შორის დამაკავშირებელი თემის გამოყოფით შეირჩევა სასწავლო დისციპლინები, რომლებსაც შეუძლიათ აღნიშნული თემის საფუძვლიანად შესწავლის საქმეში თავისი წვლილის შეტანა. ინტეგრირებული გაკვეთილი დეტალურად უნდა დაიგეგმოს, გამოიკვეთოს სასურველი მიზნები, დროში გაიწეროს მიზნის შესაბამისი აქტივობები, რომლებიც უზრუნველყოფს შედეგს და მიესადაგება სათანადო საგნობრივ კრიტერიუმებს. ამისათვის საჭიროა საგნების პედაგოგთა სამუშაო შეხვედრა და გაკვეთილის ერთობლივად დაგეგმვა, თუმცა შესაძლებელია ერთ–ერთი საგნის მასწავლებლის მიერ ინტეგრირებული გაკვეთილის ზოგადი სცენარის შექმნა და კოლეგებისთვის იდეის სახით შეთავაზებაც. მოსამზადებელი საფეხურის დასკვნით სამუშაოს საგაკვეთილო რესურსების მოძიება წარმოადგენს. ერთობლივი გაკვეთილის ჩატარების შემდეგ კი სასურველია შედეგების ანალიზის მომზადებაც.

როგორც ვხედავთ, სასწავლო საგნების მთავარი შემაკავშირებელი რგოლი გაკვეთილის თემა გახლავთ. პედაგოგთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სახელმძღვანელოებში იშვიათად მოიძებნება  ისეთი საკითხი, რომელიც  მისი მრავალმხრივი შესწავლის საშუალებას იძლევა. თუმცა არსებობენ ერთგვარი ,,მონათესავე საგნები“, რომლებიც თემატური თვალსაზრისით ხშირად გადაიკვეთებიან, მაგალითად: ქართული ენა და ისტორია, აგრეთვე ბუნებისმეტყველება და მუსიკა (დაწყებით საფეხურზე).

სასურველია, ინტეგრირებულ გაკვეთილს კოლეგები ან ადმინისტრაციის წევრები ესწრებოდნენ, რადგან დამკვირვებლებს შეუძლიათ ობიექტური პასუხი გასცენ საგაკვეთილო პროცესის შესაფასებელ შეკითხვებს, მაგალითად: მიეცათ თუ არა მოსწავლეებს პროცესში თანაბრად ჩართვის საშუალება? მასწავლებლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია გასაგები იყო თუ არა ყველასათვის? მიეცათ თუ არა მოსწავლეებს საშუალება, ერთი და იგივე საკითხი შეესწავლათ სხვადასხვა კუთხით და მოეხდინათ ცოდნის სინთეზი? და სხვ. ჩატარებული გაკვეთილი მონაწილე პედაგოგებმაც უნდა შეაფასონ.

როგორც უკვე გითხარით, დაწყებით საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის ბუნებისმეტყველებასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო გაკვეთილების დაგეგმვა შეიძლება, თან საერთო თემის პოვნაც არ გაგიჭირდებათ. მეტიც, ამა თუ იმ ლიტერატურული ტექსტის დამუშავების პროცესში მოსწავლეებს ხშირად უჩნდებათ ისეთი შინაარსის შეკითხვები, რომლებზე პასუხიც გაცემაც სწორედ ბუნების მასწავლებლის პრეროგატივაა. ამიტომაც, ნიმუშის სახით, სწორედ ქართული ენისა და ბუნებისმეტყველების ინტეგრირებულ გაკვეთილს შემოგთავაზებთ:

 

ინტეგრირებული გაკვეთილი:  ქართული ენა და ლიტერატურა, ბუნებისმეტყველება

გაკვეთილის თემა:   ეკოლოგია

კლასი: IV

გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წთ.

(საჭიროა პედაგოგების ვინაობის, მოსწავლეთა რაოდენობისა და გაკვეთილის ჩატარების თარიღის მითითებაც).

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაიაზრებენ ეკოლოგიურ პრობლემებს,  გაერკვევიან მათ გამომწვევ მიზეზებში და დასახავენ პრობლემის გადაჭრის სავარაუდო გზებს; განივითარებენ სინთეზურ აზროვნებას; დახვეწენ  კვლევა-ძიების, მონაცემთა დახარისხებისა და ჩაწერის, აქტიური მოსმენის, ტექსტის ანალიზის, დაკვირვების,  თვითგამოხატვისა და პრეზენტატორის  უნარ-ჩვევებს.

 

რესურსები: ქართული ენის სახელმძღვანელო, პროექტორი, ნოუთბუქი,  ინტერნეტი, პრინტერი, ფოტო და ვიდეომასალა,  ფორმატები, ფერადი ფურცლები, მაკრატელი,  გუაში,  ფუნჯი. პოლიეთილენის  პარკი,  შუშის   ბოთლი,  რკინის   ქილა,  გაზეთი,  ნაგვის  ურნა.

 

აქტივობების ორგანიზების ფორმა: საკლასო, ჯგუფური, ინდივიდუალური.

აქტივობა I:  (13 წუთი)

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე დამუშავებული სასწავლო მასალის: ,,ჩვენი ხევი“  მიხედვით შექმნილი პლაკატი ,,SOS“,  სადაც გამოიკვეთა ეკოლოგიური პრობლემა – გარემოს დაბინძურება. ჯგუფებად დაყოფილმა მოსწავლეებმა იმსჯელეს პრობლემის წამოჭრის ეტაპებსა და  მიზეზებზე, დასახეს მისი გადაჭრის სავარაუდო გზები.

აქტივობა II: (20 წუთი)

ბუნებისმეტყველების პედაგოგი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოში მომხდარ ეკოლოგიურ კატასტროფებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე, რომელთა უმეტესობაც ადამიანთა ბუნებაზე არასწორი ზემოქმედების შედეგს წარმოადგენს. მასწავლებელმა  სლაიდშოუს დახმარებით   აჩვენა   მოსწავლეებს   ჩვენი ქვეყნის  დანაგვიანებული ტერიტორიები, ისაუბრა ნიადაგის, ჰაერის თუ წყლის   დაბინძურებასთან დაკავშირებულ რისკზე, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობასთან ერთად საქართველოს ფლორას და ფაუნასაც აზიანებს. განსაკუთრებით გაესვა ხაზი იმ მოქმედებებს, რითაც ადამიანი ყველაზე ხშირად ვნებს ბუნებას. გამოიკვეთა დაბინძურების ძირითადი ფაქტორი – დანაგვიანება მომწამლავი ნივთიერებებით (პოლიეთილენი, პლასტმასი, უკონტროლო ნაგავსაყრელები, ჰაერის დაბინძურება გამონაბოლქვით, წყლის დაბინძურება). შემდეგ მოსწავლეები გაეცნენ თემატურ ვიდეომასალებს:

 

 

აქტივობა III: (10 წუთი)

 

მოსწავლეებმა შექმნეს სიმბოლური პლაკატი – ,,დავიცვათ საქართველო“, რომელიც  მცენარეს,  როგორც   ეკოლოგიური  პრობლემების  მთავარ  მომგვარებელს  მიეძღვნა. საქართველოს რუკის პლაკატზე განთავსების შემდეგ, მოსწავლეებმა დახატეს ხე, რომელზეც თითოეულმა მათგანმა დატოვა თავისი ფოთლის – ხელისგულის ანაბეჭდი – დარგო თავისი წილი ხე.

 

აქტივობა IV: (2 წუთი)

მოსწავლეებს დაევალათ ერთ ეკოლოგიურ  კატასტროფაზე ინფორმაციის მოძიება  და  ნამუშევრის  პრეზენტაციის   სახით წარმოდგენა.

გაკვეთილის შედეგი: მოსწავლეებმა გაიაზრეს ეკოლოგიური პრობლემის მნიშვნელობა და ადამიანის როლი ამ პრობლემების წარმოშობისა თუ  გადაჭრის პროცესში; დაასახელეს ეკოლოგიური საფრთხეების თავიდან აცილების სავარაუდო გზები; დახვეწეს კვლევა–ძიების, დაკვირვების, აქტიური მოსმენის, წაკითხულის გააზრების, ინფორმაციის დახარისხების, თვითგამოხატვისა და პრეზენტატორის უნარ–ჩვევები.

 

***

გაკვეთილის დაგეგმვასა და შეჯამებაში დაგეხმარებათ საგნის შესაბამისი განმავითარებელი/განმსაზღვრელი (სასწავლო საფეხურის მიხედვით) შეფასების სქემები და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი კრიტერიუმები. ჩატარებული გაკვეთილი, პროცესის მონაწილეთა გარდა, დამსწრე პედაგოგებმა ან ადმინისტრაციის წევრებმაც უნდა შეაფასონ, რათა მასწავლებლებს მიეცეთ რჩევა–რეკომენდაციები. სასურველია, წინასწარ შეადგინოთ გაკვეთილის შეფასების/თვითშეფასების სქემები, სადაც მითითებული იქნება სკოლა, კლასი, სასწავლო საგნები და თემები, მონაწილე პედაგოგები და საგაკვეთილო პროცესის წარმატებით წარმართვისთვის აუცილებელი საკითხები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა ინტეგრირებული გაკვეთილის წარმატებით ჩატარებისთვის, მაგალითად:

  1. მასწავლებლებმა მოსწავლეებს გაკვეთილის დასაწყისშივე გააცნეს გაკვეთილის მიზანი;
  2. მასწავლებლებმა გაკვეთილის თემაზე დაყრდნობით გამოკვეთეს საგანთშორისი კავშირი;
  3. ყველა სასწავლო აქტივობა უკავშირდებოდა გაკვეთილის მიზანს;
  4. მოსწავლეებს მიეცათ ერთი და იმავე საკითხის სხვადასხვა კუთხით შესწავლის საშუალება;
  5. მოსწავლეებმა წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეძლეს მასწავლებელთა მიერ მიწოდებული სასწავლო მასალის ათვისება და შეჯამება.

მსგავსი შეფასების სქემები თავად მასწავლებლებს დაეხმარება სამომავლოდ საკუთარი შედეგის გაუმჯობესებაში.

 

 

წყაროს ახალი სიცოცხლე

0

პრობლემის არსი და სიტუაციის ანალიზი:

სოფელი ახალსოფელი მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 240 მეტრის სიმაღლეზე. ის ერთ-ერთი ქალაქთან ახლომდებარე და მაღალმთიანი სოფელია მუნიციპალიტეტში. ამიტომაც სოფელს მუდმივად ჰქონდა სასმელი წყლის პრობლემა, რამაც უფრო მწვავედ იჩინა თავი გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობის ფონზე. მაღალი სიცხეები და ხანგრძლივი გვალვები ჭების დაშრობის მიზეზი ხდება. მოსახლეობა ამ დროს წყაროს წყლის იმედად რჩება.

სოფელში არსებულ წყაროს წყალთაგან ყველაზე წყალუხვი და გამოყენებისთვის ხელსაყრელი მდებარეობისაა წყარო, რომლის არსებობის შესახებაც ყველამ იცის არა მხოლოდ სოფელში, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტში. ხალხში არსებობს მოსაზრება, რომ წყარო სამკურნალო თვისებებისაა, რომ ის კურნავს კუჭ-ნაწლავისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებებს. შესაბამისად ადამიანები ახლომდებარე სოფლებიდან და ქალაქიდან ხშირად სტუმრობენ მას და იყენებენ როგორც სამკურნალო საშუალებას.

წყაროს წყალი მთელი მისი არსებობის მანძილზე უკონტროლოდ, განუსაზღვრელი რაოდენობით იღვრება, რაც თავის მხრივ აჭაობებს მიმდებარე ტერიტორიას, რითაც გარკვეულ ზიანს აყენებს გარემოსაც. ტერიტორია არ სუფთავდება და ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებულია სოფელში.

წლების წინ (დაახლოებით 20-25) აღნიშნული წყაროს წყლით მარაგდებოდა სოფლის სკოლის საცურაო აუზი, სადაც ადგილობრივი და რეგიონული მასშტაბის შეჯიბრებები იმართებოდა ცურვაში. ამჟამად აუზი არ ფუნქციონირებს, მაგრამ ექვემდებარება რეაბილიტაციას. აქვე შევნიშნავთ, რომ დღეისათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საერთოდ არ არსებობს საცურაო აუზი. მოსწავლეების უმრავლესობამ არც კი იცის ცურვა.

პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როცა მოზარდებში ასე ხშირია ჭარბი წონა, სქოლიოზი და ხერხემლის სხვა დაავადებები. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი ფასდაუდებელი ღირებულება ექნება საცურაო აუზს, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტულ-გამაჯანსაღებელთან ერთად სამკურნალო ფუნქციასაც შეიძენდა. საცურაო აუზით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ არა მხოლოდ ახალსოფლის, არამედ ახლომდებარე 4 სხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც (დაახლოებით 800 მოსწავლეს).

ზემოთ ნახსენები წყაროს წყლის გამოყენებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარების შემდგომ შესაძლებელია მუნიციპალიტეტის მასშტაბით არაერთი პრობლემის მოგვარებაც. მაგალითისათვის, სახანძრო რაზმებს, რომლებიც ძირითადად მდინარის წყლით მარაგდებიან (რაც ზაფხულის პერიოდში გართულებულია მდინარეთა დაშრობის გამო და გაცილებით შორ მანძილზე უწევს გადაადგილება, ვიდრე ჩვენი წყაროს წყალია), საჭიროების შემთხვევაში შეეძლებათ წყლის მარაგი შეავსონ წყაროს ან საცურაო აუზში დაგროვილი წყლით, რაც შეუფერხებელი ფაქტორი იქნება სახანძრო სამსახურის ეფექტური მუშაობისათვის.

რა გაკეთდა:

ახალსოფლის საჯარო სკოლა აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის მცირე გარემოსდაცვით ღონისძიებებს. 2015 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეში სკოლაში განხორციელდა გოეთეს ინსტიტუტის პროექტი „Vernetzt fuer Nachhaltigkeit” – “გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“. სკოლაში ერთი კვირით მოავლინეს პრაქტიკანტი, ვენის აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ბერნდ ჰოსტიცკი, რომელმაც მოსწავლეებთან ერთად განახორციელა სხვადასხვა აქტივობები. სკოლის ფოიეში გაკეთდა სტენდი, სადაც განთავსდა მოსწავლეთა მიერ დახატული წითელ წიგნში შეტანილ ცხოველთა და მცენარეთა სურათები ქართულ-გერმანულენოვანი მოკლე ტექსტებით. ხელოვნების ოთახში მოსწავლეებმა მოაწყვეს გამოფენა „ყველა ნივთი ძვირფასია“, სადაც გამოფინეს მეორადი მასალისგან დამზადებული სხვადასხვა ნივთები. პროექტის ფარგლებში სკოლის ეკოკლუბმა მოაწყო ექსკურსია კოლხეთის ტყე-პარკში. ეს იყო პალიასტომი-ფიჩორის მარშრუტით 3 საათიანი მგზავრობა გემით გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების მიზნით. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მოგვეცა შესაძლებლობა ფოტოებზე აღგვებეჭდა იშვიათი სახეობის ფრინველები.

შევიძინეთ 14 ძირი დეკორატიული ქოთნის ნაძვები და ხელოვნების ოთახში მოვაწყვეთ მწვანე კუთხე. პროექტში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეთა მშობლები, რომლებმაც საკუთარ ეზოებიდან სკოლას უსახსოვრეს რცხილის ნერგები, რომლებიც დაირგო სკოლის ეზოში. ასევე სოფლის მოსახლეობამ მოსწავლეებთან ერთად დაამზადა ბამბუკის ხისგან ბუნგალოს ტიპის პატარა სახლი და დაიდგა წყაროს წყლის ახლოს, სადაც შესაძლებელია დასვენება და წყაროს წყლის მირთმევა.

სამიზნე ჯგუფის მიერ განხორციელდა წყაროს წყლის ქიმიურ-ლაბორატორიული გამოკვლევა, მოსწავლეებმა მიმართეს შესაბამის ქიმიურ ლაბორატორიას, სადაც მათი მონაწილეობით მოხდა წყლის შემადგენლობის შესწავლა. გამოკვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ წყაროს წყალს არ გააჩნია სამკურნალო თვისებები და ის გრუნტის ჩვეულებრივი, ეკოლოგიურად სუფთა წყალია.

ეკოკლუბის წევრებმა მიმართეს ადგილობრივი თემის გამგეობასა და მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურს და მათი დახმარებით დასუფთავდა წყაროს წყლის მიმდებარე ტერიტორია. ტერიტორია პირველი აქციის შემდგომ პერიოდულად სუფთავდება. დაიდგა სანაგვე ურნები, გაკეთდა ბამბუკის ბუნგალო და სანიშნეები. ბუნგალოსა და სანიშნეების მომზადებაში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა. დამზადდა და სოფლის მაცხოვრებლებს დაურიგდა საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტების წყაროს წყლის შემადგენლობის შესახებ.

  1. შედეგები:

ა. სკოლის ახლოს მდებარე, დაბინძურებული ადგილი გადაიქცევა მოსწავლეთათვის სასურველ და მიმზიდველ გარემოდ;

ბ. დაიმსხვრა მითი წყლის სამკურნალო თვისებების შესახებ;

გ. გატარდება შესაბამისი ღონისძიებები წყლის უკონტროლო ღვრის შეწყვეტისათვის;

დ. სკოლის საცურაო აუზთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის პროცესში შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართვის, ასევე დონორი ორგანიზაციების მოძიების შემთხვევაში მოხდება სკოლის ღია საცურაო აუზის რეაბილიტაცია, რომლითაც ისარგებლებენ სოფელ ახალსოფლისა და მიმდებარედ არსებული 4 სხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები;

ე. სახანძრო რაზმებს ექნებათ წყლით მომარაგების დამატებითი წყაროები.

სპორტული ამუნიციის ისტორია

0

რამდენიმე წლის წინ სპორტის ქართველი მოყვარულებისათვის ერთგვარი სიურპრიზი აღმოჩნდა ის ინფორმაცია,  რომ ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე იტალიის ნაკრებს საქართველოში შეკერილი სპორტული მაისურები ეცვა, რაც იძლეოდა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ საქართველოში შეკერილი მაისურები ევროპის რამდენიმე ცნობილმა საფეხბურთო კლუბმაც ჩაიცვას.

მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული ფირმები, რომლებიც სპორტული დანიშნულების ნივთებსა და აქსესუარებს აწარმოებენ, წლიდან წლამდე ცდილობენ, რომ ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, ერთმანეთს მძაფრი კონკურენცია გაუწიონ და ამ კონკურენციის წყალობით, სპორტის კონკრეტული სახეობების განვითარების პარალელურად, ავტომატურად იხვეწება სპორტული აქსესუარების ხარისხი.

ხშირ შემთხვევაში, სპორტული ფირმები ნამდვილ ნოვატორებად გვევლინებიან და სპორტის განვითარებას მთელს რიგ შემთხვევებში წინაც კი უსწრებენ. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ სპორტული მაისურების დიზაინი, რომელიც წლიდან წლამდე იხვეწება და თანდათან ყალიბდება ტენდენცია, რომ ამა თუ იმ კლუბს ან ნაკრებს, კონკრეტულად მისთვის შესაფერისი და განსაკუთრებული ეკიპირება ჰქონდეთ.

2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე იტალიის ნაკრებს ფირმა “ნაიკმა” პირველად ჩააცვა ფეხბურთელის ტანის ზედა ნაწილში შემოჭერილი და წელზე ოდნავ განიერი მაისურები. შემდგომ ასეთი ტიპის მაისურები “რომამ,” “ლაციომ” და სხვა კლუბებმაც დაუკვეთეს. ასეთ მაისურებში იტალიელი ფეხბურთელები ნამდვილ რომაელ ლეგიონერებს დაემსგავსნენ.

რომაელი ჯარისკაცები ტრადიციული სამოსის (ტუნიკის) ქვეშ სწორედ ასეთ მჭიდროდ შემოჭერილ მაისურებს იცვამდნენ და როგორც ერთ-ერთი რომაელი ისტორიკოსი, კერძოდ კი ტაციტუსი ამბობს:

“რომელებისაგან ჩაცმულობის სტილი პართიელებმაც (შემდგომში სპარსელები) გადაიღეს, მაგრამ პართიელმა თერძებმა ტუნიკის შიგნით ჩასაცმელი პერანგი ვერაფრით შეკერეს და ჩვეულებრივ ხალათებს იცვამდნენ”.

ეს ყველაფერი ნათლად მეტყველებს, რომ სპორტს ისტორიასთან ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდი კავშირი აქვს და ამ ფაქტის უგულებელყოფა უბრალოდ შეუძლებელი გახლავთ.

ევროპული ჩაცმულობის ჩვენს ქვეყანაში პოპულარიზაციის შემდეგ, სამწუხაროდ, ჩვენამდე ჩოხების მხოლოდ მცირე სახეობებმა მოაღწია. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ქართულ ჩოხებთან ერთად, მეგრელი, აჭარელი და გურული გლეხები იცვამდნენ, ე.წ. საცქვიტაო ჩოხებსაც, ანუ ასეთი ტიპის ჩოხების უმთავრესი დანიშნულება იყო, რომ მის მფლობელს რაც შეიძლება მარტივად ემოძრავა და ცნობილი ქართული თამაშობების დროს ჩვენი წინაპრები, სავარაუდოდ, სწორედ ასეთ ჩოხებს იცვამდნენ.

ქართულ თამაშობებში შესაძლებელია ისეთი სპორტულ-კულტურული ფენომენი აღმოვაჩინოთ, რომელზეც ეთნოგრაფებსაც კი არ უმუშავიათ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...