კვირა, მაისი 11, 2025
11 მაისი, კვირა, 2025

ადამიანი გაზეთის სვეტში

0

რომ ვუფიქრდები, თითქოს თავადაც თხრილში ჩაგდებულმა იცხოვრა. ბოლო ათწლეული მაინც. ის პერიოდი, რაც მე ვაკვირდებოდი როგორც მკითხველი, თანამოქალაქე, დაინტერესებული პირი. ასეთია ჩემი პირადი გამოცდილება ოთართან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, სწყინდა, აწუხებდა, ბედნიერიც იყო, მაგრამ მისი ხმა მარტო ფურცლებიდან ისმოდა. სულ რამდენიმე ვიდეო- და აუდიოჩანაწერი დაგვრჩა… არ ვიცი, რომელმა თავისიანმა ესროლა ტყვია და ამ თხრილისთვის გაიმეტა. ვფიქრობ, ეს ერთი ადამიანი არ ყოფილა – მთელი საზოგადოება იყო, მთელი სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური გარემო, რომელსაც იარაღი ეჭირა ხელში.

იწვა იმ თხრილში და უკვირდა, როგორ შეიძლება, კარგად ყოფილიყო ვინმე სხვისი გაჭირვებისას ან ვინმეს სხვისი ბედნიერება სწყენოდა. იწვა და ფიქრობდა ადამიანი, რომელიც ნამდვილად ვერ ჩაეტეოდა გაზეთის სვეტში. გაზეთი ხომ მასთან წარმავლობის სახე-სიმბოლოა, რაღაც ისეთი, რაც პეპელაზე სწრაფად კვდება – გუშინდელი ნომერი დღეს აღარავის სჭირდება, რადგან ახალი იბეჭდება, რომელსაც მომდევნო ნომრამდე რკინის ძალა აქვს, მერე კი ისიც ქარზე მეტად მსუბუქდება. კიდევ უფრო მალე იხოცებიან ამ გაზეთის ფურცლებზე მიმობნეული ამბები. მთავარი გმირიც ხომ ამას ამბობს: „ხოლო გაზეთი ადვილად კვდება, როგორც ფრინველი“. სიახლეებმა, რომლებსაც მთელი გვერდი უკავია, იქნებ იცოცხლონ კიდევ ცოტა ხანს, სადმე სვეტში მიმალული ისტორიები კი იმთავითვე თხრილებია, იმ თხრილის მსგავსი, რომელშიც პანამის არხთან სასიკვდილოდ დაჭრილი ამერიკელი ჯარისკაცი იწვა, ხოლო აქ, საქართველოში – ოღონდ უკვე ტექსტის გარეთ, რეალურ ცხოვრებაში – ოთარ ჭილაძე.

პოემას ორი ტექსტი უძღვის წინ. ორივე თითქოს ისტორიულ-დოკუმენტური ინფორმაციის შემცველი ნარატივია, თუმცა ერთმანეთისგან განსხვავდება. პირველს ავტორი წარმოგვიდგენს როგორც გაზეთებიდან ამოღებულ ინფორმაციას იმის შესახებ, როგორ გაიმეტეს თანამებრძოლებმა ჯარისკაცი, რომელმაც არ ინდომა სამშობლოს დასაცავად გამოსულ პანამელებთან ბრძოლა, მეორე კი ავტორის ფანტაზიის ნაყოფია, რომელიც ასევე შეიძლება ემთხვეოდეს რეალურად მომხდარ ფაქტს. წევს თხრილში კრუს ხიმენესი და მის თავს ზემოთ უდიდესი მოვლენები ვითარდება. მაგრამ პოემის შინაარსის თხრობას და მის დაწვრილებით განხილვას აღარ მოვყვები – ბლოგის ფორმატი ამის საშუალებას არ იძლევა…

პოემის დასაწყისში კრუს ხიმენესი ამბობს: „მე მარცვალი ვარ, ღმერთის კალთიდან გადმოვარდნილი / და ღმერთმა იცის, რა მელოდება – / ჩიტის ჩიჩახვი თუ ქვის საწოლი, / ეკალბარდები თუ თბილი ხნული“. შეუძლებელია, ამ სიტყვებმა არ გაგვახსენოს ახალი აღთქმისეული იგავი მთესველზე (მარკ. 4:1; ლუკ. 8:4), რომლის მიერ მიმობნეული მარცვლები სხვადასხვა ადგილას დაეცემა და მხოლოდ ერთი, ხნულში ჩავარდნილი, გაიხარებს.

ამის შემდეგ კრუს ხიმენესი თითქოს თავის სიკვდილისწინა აგონიას აღწერს (ეს პოემის ერთადერთი ადგილია, სადაც გმირი საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობაზე ლაპარაკობს, თუ არ ჩავთვლით პასაჟს, სადაც ის სხეულში ჩარჩენილ ტყვიებს ახსენებს). აღწერს, როგორ ებინდება მზერა და ვეღარ გაურჩევია „ხისგან – სხეული, ქვისგან – სახე, ცისგან – თვალები“. ტექსტის ამ ნაწილში შეიძლება უფრო ღრმა აზრის ამოკითხვაც. ხიმენესი უკვე სხვა ადამიანია. ის აღარ დგას ყოფილი თანამებრძოლების გვერდით, რომლებიც უიარაღო, უდანაშაულო დემონსტრანტებს ებრძვიან. მასში გარდატეხა მოხდა, ის ბევრ რამეზე დაფიქრდა და გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა იცოდა, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამას, ამიტომ ის უკვე არა მხოლოდ სულიერად, თითქოს ხორციელადაც შორდება რეალურ გარემოსა და დროს. საგნების, მოვლენების, ხმების ვერგარჩევა, მკრთალ და გადღაბნილ სურათად მათი აღქმა რეალობისგან გაცლას, სულიერად თუ ხორციელად განდგომას ნიშნავს. გავიხსენოთ გედეონი ძველი აღთქმიდან – მან უფალს სთხოვა, საქმით დაედასტურებინა თავისი სიტყვები, თანაც რამდენჯერმე. ადამიანიც არა მხოლოდ სიტყვით, საქმითაც უნდა გაემიჯნოს მიუღებელ სინამდვილეს. სხვაგვარად მისი განდგომა მოჩვენებითი იქნება.

კრუს ხიმენესმა ალუდა ქეთელაური გამახსენა. ამ ორ პერსონაჟს შორის მსგავსება დიდია, თუმცა განსხვავებაც არის – ალუდა კლავს მტერს და ამის შემდეგ იბადება ახალ ადამიანად, ხოლო ხიმენესი ნაბიჯის გადადგმამდე ხვდება ამ ნაბიჯის უსამართლობას. ვინმეს იქნებ პათეტიკურიც მოეჩვენოს, მე კი ძალიან ამაღელვებელი მგონია ორივე პოემის ის ნაწილი, სადაც აღწერილია, როგორ ემშვიდობებიან გმირები საკუთარ წარსულს: „მაგრამ სიცოცხლე ჯერ არასოდეს არ მნდომებია ასე მტანჯველად, / ასე არასდროს მომნატრებია დედა და წყალი და ძველისძველი ჩემი საწოლი“, – ამბობს ხიმენესი; „ერთხელ მაუნდა ალუდას / ერთხელ მობრუნვა თავისა: / „მშვიდობით, საჯიხვეებო, / გამახარელნო თვალისა! / მშვიდობით ჩემო სახ-კარო / გულში ამშლელო ბრალისა“, – ეს უკვე ალუდა იხედება უკან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ წარსულთან გამოთხოვება უჭირთ – პირიქით, როგორც ვაჟას სხვა პერსონაჟი აღნიშნავს ერთგან, მათი ფიქრი ძაფითაც კი არ არის მიბმული წარსულზე; ეს ადამიანური სისუსტეა, მშვენიერი სისუსტე, რომელიც გაცილებით ამაღლებულიც კია, ვიდრე მავანთა ძლიერება. სახარებაშიც ხომ ყველაზე ამაღელვებელი ის ეპიზოდია, სადაც ჯვარზე გაკრული ქრისტე მამას უხმობს. სწორედ ამ სიტყვების გაგონებისას ხვდები, რომ იესო – გწამს თუ არ გწამს, იყო თუ არ იყო, ეცვა თუ არა ჯვარს – შენიანია, ადამიანია და გაგიგებდა ან გაგიგებს.

პლატონს მიაჩნდა, რომ ბოროტებას არსებობა არ გააჩნია, რომ მხოლოდ სიკეთეა მატერია, ბოროტება კი სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის ნაკლებობა. ხიმენესსაც სჯერა, რომ მისი საქციელი ამაოდ არ ჩაივლის, რადგან იდეები გადამდებია.

„ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე ჰგონია, / მაგრამ აქამდე ვერ უპოვია საბრალოს თავი“, – ათქმევინებს ჭილაძე თავის პერსონაჟს, მაგრამ იგრძნობა, რომ ეს მარტო ხიმენესის კი არა, თავად მისი სათქმელიც არის, მისი წარსულით, პირადი გამოცდილებით ნაკარნახევი. მართლაც, ბევრმა საკუთარი თავის პოვნაც კი ვერ შეძლო, არათუ ამ დიდი თანამედროვის დანახვა. ამიტომ იწვა თხრილში და იქიდან, „როგორც ბროლის მაღალ ტაძარში“, წვიმაში შევყავდით.

ამბავი ერთი პირობითად ჩინელი ქალისა

0

ვიცოდი ის, რომ ყოფილ სამხედრო დასახლებაში მივდიოდი, სადაც ახლა სოციალურად დაუცველები, მაღალმთიანი რეგიონებიდან ჩამოსულები, იძულებით გადაადგილებულები, ემიგრირებული  ჩინელები და ინდოელები ცხოვრობდნენ. მოლოდინიც შესაბამისი მქონდა. ეგზოტიკური დასახლება, რომლის განსაკუთრებულობასაც, ერთი მხრივ, მისი ისტორია, მეორე მხრივ კი, ახლანდელი მრავალფეროვანი პალიტრა ქმნის. ადამიანებს მოვუსმენ, აქ როგორ აღმოჩნდნენ, როგორ ცხოვრობენ, რას აპირებენ, რას აკეთებენ, რაზე ოცნებობენ-მეთქი – გზაში ვფიქრობდი.

ყველაზე მძიმე, რაც ასეთ ადგილებში სტუმრობას ახლავს, არის პროცესი, როცა უსმენ ადამიანებს, რომლებიც იმედით გიყურებენ და ფიქრობ იმაზე, რა გზა უნდა გაიაროს მათმა სურვილებმა ასრულებამდე. მათ სჯერათ, რომ თუ მედია მათზე რამეს იტყვის, ვინმემ ყურადღება შეიძლება მიაქციოს: ნაგვის ურნები დადგას, შენობები შეაკეთონ, წყალი გაუყვანონ, გაზი ჩაურთონ, დახმარება დაუნიშნონ, ხეები დაურგონ, ბავშვებს სათამაშო მოედნები მოუწყონ  და ასე შემდეგ. შენ კი უსმენ და იცი, რომ მასალას, რომელსაც ამზადებ, ის, ვისაც ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლია, ან მოისმენს,  ან არა. რომც მოისმინოს, ან მიაქცევს ყურადღებას, ან არა, მაგრამ მეტი შენც არაფერი შეგიძლია, გარდა იმისა, რომ ყველაზე საყურადღებო ამბები მოაგროვო, თხრობისთვის შესაბამისი ტონი იპოვო და ადგილობრივების ამბები მოუყვე მათ, ვინც შეიძლება მათთვის რამე გააკეთოს, თუმცა თვითონ არასოდეს ყოფილან ყოფილ სამხედრო ქალაქში.

და ასე, გადავწყვიტე, მოგიყვეთ ამბავი ვაზიანში მცხოვრები პირობითად ჩინელი ქალისა.

ის ერთ-ერთი კორპუსის მეორე სართულზე ცხოვრობს, ბავშვებს ამეცადინებს, საკვირაო სკოლა აქვს და მათ, ვინც ბეჯითად ამზადებს დავალებებს, მონეტებს ჩუქნის. ამ მონეტებს ბავშვები აგროვებენ და თვეში ერთხელ სასურველ ნივთებზე ცვლიან: ტკბილეულზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე, სათამაშოებზე. ეს ყველაფერი, ბავშვების ოცნებები  მანქანას მოაქვს, რომელიც თვეში ერთხელ ყოფილ სამხედრო დასახლებაში მოდის.

ადგილობრივების თქმით, ეს ქალი ჩინელია, იცის რუსული და ძალიან ცოტა ქართული, თავის აქ ყოფნას ღვთის ნებად თვლის, ჰყავს დამხმარე, რომელიც მისივე მეზობელია და  ეხმარება ქართველ ბავშვებთან კომუნიკაციაში.

_DSC6657

სწორედ ეს ქალი, ერთი ქალი იგულისხმებოდა ინფორმაციაში, რომელიც წინასწარ მქონდა ამ დასახლებაზე, რომ იქ ჩინელები ცხოვრობენ. ამ ერთ ქალს მრავლობითად აღიქვამენ ადგილობრივებიც, რომლებიც მისი კორპუსიდან მოშორებით ცხოვრობენ და პირადად არ იცნობენ, არასოდეს დაინტერესებულან, რამ მოიყვანა აქ, სადაც უცხო თითქმის არასოდეს მოდის, სადაც შემთხვევით ვერ აღმოჩნდები. ისინი ზუსტად ასე  ამბობენ: „ქვემოთ ცხოვრობენ “ჩინელები”, რომლებიც ბავშვებს ამეცადინებენ და საჩუქრებს ურიგებენ კვირაობით“. აქ კი, ამ ღატაკ და ყველასგან მიტოვებულ დასახლებაში, საჩუქარი, როგორიც არ უნდა იყოს ის, ორმაგად ძვირფასია, ისევე როგორც განათლება. თუმცა იმასაც ვერავინ გეტყვით, რა ტიპის განათლებას აძლევს ეს ერთი ჩინელი ქალი მათ შვილებს.

ჩინელი ქალი კი ამასობაში ადაპტირებას უკეთებს რელიგიურ ტექსტებს, ბავშვებს მათთვის გასაგები ენით გაურკვეველ კონფესიას აზიარებს და ასე ავსებს იმ ვაკუუმს, რაც ღატაკ და ყველასგან მიტოვებულ დასახლებაში მცხოვრებ ბავშვებს აქვთ. ასე, ტკბილი სიტყვით, თბილი ოთახით, ადვილად დასამახსოვრებელი ფრაზებით და ნახატებით, პატარ-პატარა საჩუქრებით ბავშვების გულს იგებს, მათ ნდობას იპოვებს, ერთადერთი ნათელი წერტილია მათთვის, ვისაც არც კლასგარეშე აქტივობების არჩევანი აქვთ, არც სათამაშო მოედანი, არც სივრცე, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან, ითამაშებენ, იმეცადინებენ, ისაუბრებენ…

ერთი, პირობითად ჩინელი ქალი, გადასარევი მაგალითია იმისა, რა ხდება სივრცეებში, სადაც ბავშვებს ბევრი თავისუფალი დრო და ცოტა გასართობი აქვთ, ცოტა რესურსი განვითარებისა და გართობისთვის; სივრცეებში, სადაც უფროსები იმდენად დაღლილი არიან ყოფითი პრობლემებით, აღარ უღრმავდებიან შვილების ყოველდღიური საქმიანობის შინაარსს, სადაც მანამ, სანამ ჩვენ თბილ სივრცეებში ერთმანეთს ჭკვიანი გამომეტყველებით მნიშვნელოვან თემებზე ვესაუბრებით, სხვა რეალურად ქმედებებს ამჯობინებს…

დაგეგმვა და მისი მნიშვნელობა კლასში

0

უკანასკნელი წლების განმავლობაში, განათლების მკვლევრები დიდ ინტერესს იჩენენ მასწავლებლის მიერ დაგეგმვის პროცესისადმი. მრავალ მასწავლებელს გამოჰკითხეს მათი გეგმების შესახებ, სთხოვდნენ, „ხმამაღლა ეფიქრათ“ დაგეგმვის პროცესში ან ეწარმოებინათ ჟურნალები, რომლებშიც აისახებოდა მათი გეგმები. მკვლევრები ასევე რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად აკვირდებოდნენ მასწავლებლებს. თქვენი აზრით, რა გაირკვა?

აქ მოტანილია კვლევების შედეგები. პირველი: დაგეგმვისას დგინდება, რას ისწავლიან მოსწავლეები. რამდენადაც დაგეგმვისას განისაზღვრება დროის და მასალის კურიკულუმი, დავალებები, ამოცანები მოსწავლეებისათვის – დრო დაგეგმვის არსია. როდესაც მასწავლებელი გადაწყვეტს კვირის მანძილზე 7 საათი დაუთმოს მშობლიურ ენას და 15 წუთი მეცნიერებას, ბავშვები უფრო ენას ისწავლიან, ვიდრე საბუნებისმეტყველო საგნებს. ფაქტობრივად, ასეთი განსხვავებები იჩენს თავს ყოველთვის, როცა გარკვეულ საგნებს უფრო დიდი დრო დაეთმობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაგეგმვა წლის დასაწყისში, რამდენადაც მრავალი რუტინა, სწავლების მოდელი, დაწესებული დრო ამ ეტაპზე განისაზღვრება. ამდენად მცირე გეგმაც ხანგრძლივად მუშაობს იმ თვალსაზრისით, რომ იგი განსაზღვრავს, რას უნდა ასწავლიდნენ და რას უნდა სწავლობდნენ.

მეორე: მასწავლებლები რამდენიმე დონეზე ახდენენ დაგეგმვას ესაა წლიური,  სემესტრული, დროის ცალკეული მონაკვეთებზე, კვირისა და დღის გეგმები.  ყველა ეს დონე ერთმანეთთან უნდა იყოს კოორდინირებული.  წლიური გეგმის შესრულება მოითხოვს მის განაწილებას სემესტრებზე, სემესტრული გეგმის განაწილებას დროის ცალკეულ დანაყოფებზე,  თავის მხრივ ამ გეგმების განაწილებას კვირებსა და დღეებზე. გამოცდილი მასწავლებლებისათვის დროის ცალკეული მონაკვეთის დაგეგმვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამას მოსდევს კვირისა და დღის გეგმები.  როცა გამოცდილებას შეიძენთ,  უფრო გაგიადვილდებათ დაგეგმვის ამ დონეების კოორდინირება და ჩართვა კურიკულუმის ერთიან სტანდარტებში.

მესამე: სამწუხაროდ, გეგმები სწავლების პროცესში მცირდება, თუმცა არ ბათილდება.  დაგეგმვა მოქნილობის საშუალებას უნდა იძლეოდეს. დადასტურებულია, რომ როდესაც მასწავლებლები მეტისმეტად ამახვილებენ ყურადღებას გეგმებზე, რა სიტუაციაც არ უნდა იყოს,  ყოველ წუთს გეგმას არიან მიჯაჭვული, მათი მოსწავლეები არ სწავლობენ იმდენს, რამდენსაც ის მოსწავლეები,  ვისი მასწავლებლებიც მოქნილნი არიან.  ამდენად გეგმები იმიტომ არ დგება,  რომ დაირღვეს, თუმცა ხანდახან აუცილებელი ხდება მცირეოდენი გადახვევა.

იმისათვის, რომ გეგმები მოქნილი და კრეატიული იყოს, მასწავლებლებს აუცილებელია ჰქონდეთ ინფორმაცია მოსწავლეების შესახებ, მათი ინტერესების, უნარ-ჩვევებისა და იმ საგნების შესახებ,  რომელთაც ასწავლიან,  სწავლებისა და ალტერნატიული გზების, აგრეთვე იმის თაობაზე, როგორ უნდა იმუშაონ ჯგუფებში,  სკოლისა და ერთობების მოლოდინებისა და შეზღუდვების შესახებ,  როგორ გამოიყენონ მასალა და ტექსტები და მოახდინონ მათი ადაპტირება, როგორ მოუყარონ თავი მთელ ამ ცოდნას და გამოიყენონ მნიშვნელოვან აქტივობებში.  დამწყებ მასწავლებელთა გეგმები ხშირად არ მუშაობს, რადგან მათ მცირე ინფორმაცია აქვთ მოსწავლეთა და საგნის შესახებ, არ შეუძლიათ ზუსტად შეაფასონ, რა დრო დასჭირდებათ მოსწავლეებს კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად,  იბნევიან,  როცა განმარტებას ან სხვა მაგალითის მოყვანას სთხოვენ.

დაგეგმვისას შეგიძლიათ ეს საკუთარი ძალებით განახორციელოთ, მაგრამ თანამშრომლობა უკეთესია. სხვა მასწავლებლებთან ერთად მუშაობა და იდეების გაზიარება საუკეთესო გზაა სწავლებაში.  ზოგიერთი პედაგოგი მიიჩნევს, რომ იაპონიაში გამოყენებული თანამშრომლობითი მიდგომა, რომელსაც „კენშუ“ – ანუ „დახელოვნება სწავლის გზით“ ეწოდება,  ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არიან ასეთი წარმატებულები იაპონელი მოსწავლეები საერთაშორისო ოლიმპიადებში. ამ პროცესის ძირითადი ნაწილი გულისხმობს მასწავლებელთა მცირე ჯგუფის მიერ გაკვეთილის წარმართვას,  ხდება ჯგუფის ერთ-ერთი წევრის გაკვეთილის მაგნიტოფონზე ჩაწერა. შემდეგ ჩანაწერს უყურებენ ჯგუფის დანარჩენი წევრები, აანალიზებენ მოსწავლეთა პასუხებს და მსჯელობენ გაკვეთილის გაუმჯობესებაზე. სხვა მასწავლებლები იმავე გაკვეთილს ატარებენ იმ ცვლილებების გათვალისწინებით, რომლებიც დასკვნების შედეგად გამოვლინდა. აკადემიური წლის ბოლოს ყოველი სასწავლო ჯგუფი აქვეყნებს თავისი მუშაობის შედეგებს.  ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ პროცესს გაკვეთილის შესწავლა ეწოდება.  ამ და სხვა მიდგომების უკეთ გასაცნობად მიმართეთ ინტერნეტს, ასევე იხილეთ გაკვეთილის გეგმის მაგალითები ან მოიძიეთ კონკრეტული საგნისა და კლასის მიხედვით, მაგალითად, მათემატიკის ან ფიზიკის კონკრეტული გაკვეთილების გეგმები.

მაგრამ, რაც არ უნდა კარგი იყოს გაკვეთილის გეგმა, რომელსაც სამეცნიერო საიტებზე ნახავთ, იგი მაინც ადაპტირებას საჭიროებს კონკრეტულ სიტუაციასთან, კონკრეტულ კულტურაში და კონკრეტულ ჯგუფთან. ადაპტაცია შეიძლება მოხდეს სწავლებამდე ან ამის შემდეგ. ფაქტობრივად,  ის,  რაც გამოცდილმა მასწავლებლებმა იციან დაგეგმვის შესახებ,  უკუკავშირი და იმის ანალიზია, თუ რამ იმუშავა და რამ არა. ამდენად, ყოველთვის მოიხედეთ უკან, გააანალიზეთ თქვენი გეგმები, რათა დახელოვნდეთ პროფესიული თვალსაზრისით.  თანამშრომლობითი რეფლექსია და გაკვეთილის გადახედვა მთავარი კომპონენტებია გაკვეთილის შესწავლის მიდგომისა და დაგეგმვისადმი.

დაბოლოს,  არ არსებობს ეფექტური დაგეგმვის ერთი კონკრეტული მოდელი.  ასე რომ, დაგეგმარებისას ერთი ზომა ყველას და ყველაფერს ვერ მოერგება. თუკი ერთი მოდელი ერთი კონკრეტული მასწავლებლის თუ საგნის შემთხვევაში წარმატებულია, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ იგივე მოდელი სხვა მასწავლებლის ან სხვა საგნის შემთხვევაშიც გაამართლებს. დაგეგმარება პრობლემის გადაჭრის კრეატიული პროცესია გამოცდილი მასწავლებლებისათვის. ამ მასწავლებლებმა იციან,  როგორ წარმართონ გაკვეთილი და როგორ ასწავლონ ბავშვებს ეფექტურად.  მათ იციან,  რისი მოლოდინი უნდა ჰქონდეთ და როგორ წარმართონ პროცესი ეფექტურად.  ამიტომ მათ არ სჭირდებათ მიჰყვნენ დაწვრილებით გეგმას,  რომელიც მასწავლებელთა მოსამზადებელი პროგრამით ისწავლეს. დაგეგმვა უფრო არაფორმალური ხასიათისაა – ეს „მათ თავში ხდება“.  ყოველ შემთხვევაში,  გამოცდილი მასწავლებლები ამ სწავლებას საჭიროდ მიიჩნევენ და თვლიან, რომ მან დიდი დახმარება გაუწია და საფუძველი შეუქმნა მომავალი საქმიანობისათვის. მნიშვნელობა არა აქვს,  რა გზით ადგენთ გეგმებს,  გონებაში ყოველთვის უნდა გიტრიალებდეთ სასწავლო მიზნები – რა გსურთ თქვენ და თქვენს მოსწავლეებს და რის მიღწევას აპირებთ, რა შედეგი გინდათ, რომ მიიღოთ.

ნორვეგიული მუსიკალური ზღაპარი – (ნაწილი I)

0

„სიტყვებს ხანდახან სჭირდება მუსიკა, მუსიკას კი არაფერი სჭირდება“.

ე. გრიგი

მუსიკალური ლიტერატურა სხვა საგნებთან ერთად მუსიკალურ სკოლაში სწავლების ერთ-ერთი საფუძველია. ის მიზნად ისახავს მრავალმხრივი უნარების განვითარებას: მუსიკის გააზრებულ მოსმენას, ნაწარმოებების ანალიზსა და ძირითადი თემების სმენით დამახსოვრება-გამოცნობას. დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს კლასიკოსი კომპოზიტორების ცხოვრებისა და შემოქმედების შესწავლას, შთაბეჭდილებების გადმოცემას; მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ, ამოიცნონ სტილი, ჟანრი, სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალება და ა.შ. დიდი კომპოზიტორების მუსიკის მოსმენა მოზარდებს მსოფლიოს მუსიკალურ საგანძურს აზიარებს და მათ სულიერებასა და კულტურის დონეს აამაღლებს.

norveg

არსებობენ ადამიანები, რომელთა სახელები მშობლიური ქვეყნის კულტურასთან, მის თავისებურებებთან აღძრავს ასოციაციებს. მათი შემოქმედება ნაციონალური სულითაა გამსჭვალული. როდესაც ნორვეგიის (Nororvegr – „გზა ჩრდილოეთისკენ“) შესახებ ვიწყებთ საუბარს, ასეთ ადამიანად მსოფლიო მნიშვნელობის კომპოზიტორი ედვარდ გრიგი წარმოგვიდგება. ნორვეგიული მუსიკის სიმბოლოდ ქცეულმა კომპოზიტორმა თავის შემოქმედებაში სული და გული და სამშობლოთი აღტაცება ჩააქსოვა.

მოსწავლეებისთვის ალბათ საინტერესო იქნება, თუ მოვუთხრობთ, რომ შორს, ჩრდილოეთში, არის მკაცრი და ცივი, მაგრამ საოცრად ლამაზი ქვეყანა – ნორვეგია, შუაღამის მზის, ფიორდებისა და ვიკინგების მხარე. აქ მიუვალი კლდეები ზაფხულში ხასხასა მწვანით იფარება, ხოლო ზამთარში – მბრწყინავი სითეთრით. ციცაბო ფერდობიდან დიდი სისწრაფით ჩამოვარდნილი ჩანჩქერისა და სანაპიროებზე ღრმად შეჭრილი ვიწრო და ხვეული ყურეების – ფიორდების ცქერას არაფერი სჯობია. საოცარი სანახავია ჩრდილოეთის ცა – ლურჯ, უძირო ტბებში სარკესავით არეკლილი, განსაკუთრებით კი – ჯადოსნური ჩრდილოეთის ციალი.

დიდმა ნორვეგიელმა დრამატურგმა ჰენრიკ იბსენმა 1875 წელს კომპოზიტორ ედვარდ გრიგს მუსიკის შექმნა შესთავაზა პიესა „პერ გიუნტის“ თეატრალური დადგმისთვის. გრიგი სიამოვნებით დათანხმდა და მუსიკალურ კომპოზიციებზე მუშაობას შეუდგა. არსებობს ასეთი ჟანრი – გამოყენებითი მუსიკა. ასეთი მუსიკა ყველას მოგვისმენია ფილმსა თუ თეატრალურ სპექტაკლში. ის აკომპანემენტს უწევს მოქმედებას და დამოუკიდებელი მნიშვნელობა ხშირად არც კი გააჩნია. სწორედ ამ ტიპის მუსიკა შეუკვეთა დრამატურგმა კომპოზიტორს. როდესაც დიდი მუსიკოსი თანახმაა, შექმნას გამოყენებითი ანუ მეორეხარისხოვანი მუსიკა, ეს უკანასკნელი ხშირად სცდება უბრალო აკომპანემენტის ჩარჩოებს და დამოუკიდებელი მხატვრული ნაწარმოების სახეს იღებს. ედვარდ გრიგთანაც ასე მოხდა.

პოემა „პერ გიუნტში“ იბსენმა ერთმანეთს შეუხამა რეალური ამბები და რომანტიკული ფანტაზია; გამოიყენა ნორვეგიული ლეგენდები და ზღაპრები და ისინი ახლებურად, თანამედროვედ „ააჟღერა“. მწერალი ნაწარმოებს უაღრესად ნორვეგიულად მიიჩნევდა და აღნიშნავდა, რომ სკანდინავიის საზღვრებს გარეთ მისი გაგება გაჭირდებოდა, მაგრამ მისი შიში არ გამართლდა – მწერალი ხომ ცხოვრებისა და ხელოვნების მარადიულ საკითხებს შეეხო. გრიგმა კი დიდებული მუსიკა შექმნა და ამით კიდევ უფრო გაამყარა ნაწარმოების პოპულარობა. სწორედ ამ ისტორიული სპექტაკლით დაიწყო დრამატურგისა და კომპოზიტორის მსოფლიო დიდება, რასაც საუკეთესო ორკესტრების მიერ შესრულებული ჩანაწერები, უამრავი თეატრალური დადგმა და ეკრანიზაცია მოჰყვა.

ჰენრიკ იბსენის პიესაში ბევრი სატირაა. „პერ გიუნტის“ გმირი სწორედ ამ „იარაღითაა“ გამათრახებული. აქ ხაზგასმითაა ნაჩვენები, ეგოიზმმა და ამპარტავნებამ როგორ მიყვანა ის სინამდვილესთან გაუცხოებამდე. პიესის მთავარი იდეა ყოველი ადამიანის პრობლემას – პიროვნების ფორმირებას, დანიშნულებასა და რეალიზაციას ეხება. კითხვაზე: „რას ნიშნავს იყო ის, ვინც ხარ“, – პასუხს ფუქსავატი და მერყევი პერი ვერ პოულობს და გამოსავალს სახიფათო თვითკმაყოფილებაში ხედავს: „იყო საკუთარი თავით კმაყოფილი“.

პიესის მთავარი გმირი ცდილობს, „გვერდი აუაროს“ ცხოვრების სირთულეებს. იბსენს ასეთი პერსონაჟი შემთხვევით არ შეურჩევია: იმ დროის ლიტერატურულ ნაწარმოებში გმირებს ძალა არ შესწევდათ მოქმედებისთვის, ისინი ცხოვრებაში საკუთარ ადგილს ვერ პოულობდნენ. ეს იყო თავისებური გამოთხოვება რომანტიზმთან, ერთგვარი მზადება და შემდეგ გადასვლა რომანტიზმიდან რეალიზმზე.

პერ გიუნტი ადამიანთა სისუსტეებისა და მანკიერებების კრებითი სახეა.

კომპოზიტორისთვის ამოცანა საკმაოდ რთული აღმოჩნდა; სხვისი ჩანაფიქრის განხორციელება ყოველთვის ძნელია. გასაკვირი არ არის, რომ პარტიტურა მწერლის ჩანაფიქრისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. დრამაში გადმოცემული ცხოვრების ნეგატიური მხარეების მკაცრი განსჯა მუსიკოსისთვის უცხო იყო, ამიტომ გმირის უარყოფითი თვისებები მუსიკაში არ ასახულა: „მე განსხვავებულ პერს ვხედავ. ის სოლვეიგის გულში იმად დარჩა, ვინც იყო, და მსურს, ასეთი ვიხილო ჩემს მუსიკაშიც“, – სწერდა გრიგი იბსენს. მან მთელი ყურადღება იმ ეპიზოდებზე გადაიტანა, რომლებიც მის ბუნებას – ღრმა, უმანკო ლირიკას უპასუხებდა. პარტიტურის 23 ნომერი კომპოზიტორმა ლირიკულ-დრამატულ, პეიზაჟურ და ჟანრულ-საყოფაცხოვრებო ეპიზოდებს მიუძღვნა. პრემიერა 1876 წელს გაიმართა. საზოგადოებამ იმდენად მოიწონა მუსიკა, რომ გრიგმა მისგან 2 სიუიტა შეადგინა, რომლებიც მალე სამუდამოდ დამკვიდრდა სიმფონიური კონცერტების პროგრამაში.

ახლა დროა, „პერ გიუნტიდან“ პირველ სიუიტას – იდილიურ-პასტორალური ხასიათის „დილას“ გავეცნოთ (მითითებულ ტემპთან ერთად ავტორს მიუწერია: „pastorale“, – რაც „მწყემსურს“ ნიშნავს. ნაწარმოები პასტორალურად მიიჩნევა, თუ ის ბუნების სურათებსა და სოფლის ცხოვრების სცენებს ასახავს).

ლირიკული და ზღაპრულ-ყოფითი მომენტები პეიზაჟური ჩანახატებითაა შევსებული (მოხეტიალე პერ გიუნტი მზის ამოსვლას ეგვიპტეში ეგებება, მაგრამ მის წარმოსახვაში მშობლიური ნორვეგიის სურათი იშლება). ჟღერს მწყემსური, სადა, გამჭვირვალე და მშვიდი მელოდია. ის მხოლოდ გამთენიის ფერებს კი არ გადმოგვცემს, არამედ განწყობასაც, რომელიც ამომავალი მზის ცქერისას გვეუფლება. მუსიკა ბუნების თანდათანობითი გამოღვიძების სურათს ხატავს: მზეს, ღრუბლებისგან თავის დაღწევას რომ ცდილობს, ჩიტების ჟღურტულს, ფოთლების შრიალს, წყაროს რაკრაკს. გადმოგვცემს, რა გრძნობას აღძრავს ადამიანის სულში ბუნების სილამაზე.

მუსიკალურ ქსოვილში სხვადასხვა საკრავია ჩართული. ფლეიტისა და ჰობოის ტემბრი მწყემსური სალამურის ხმოვანებას მოგვაგონებს, ხოლო ვალტორნა მონადირის ბუკივით ჟღერს. პიესაში მოტივი ვარიაციების სახით არაერთხელ მეორდება. განსაკუთრებით ხატოვანია მისი შუა ნაწილი. სიმებიანი ჯგუფის მსუყე და ფართო დიაპაზონის ხმოვანება პიესას სიცოცხლის სისავსის შეგრძნებას მატებს. მელოდიას უკანასკნელად ისევ ფლეიტა აამღერებს.

სტივენ ჰოუკინგი-დროის მოკლე ისტორია. დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე

0

1988 წელს ამერიკულმა საგამომცემლო სახლმა „Bantam Dell Publishing Group“ გამოსცა თანამედროვეობის უდიდესი ფიზიკოსის სტივენ ჰოუკინგის წიგნი „დროის მოკლე ისტორია – დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე“, რომელშიც იგი მკითხველს პოპულარულ ენაზე უამბობს სამყაროს შექმნის ისტორიას, დროისა და სივრცის თავისებურებებზე, შავ ხვრელებზე. წიგნი გამოცემის დღიდან გახდა ბესტსელერი, რადგან დაწერილია საინტერესო, ცოცხალი ენით, რომლითაც ავტორი არასპეციალსტ მკითხველს მისთვის გასაგებ ენაზე უყვება სამყაროს საინტერესო ისტორიას. წიგნი რამდენჯერმეა გამოცემული, თარგმნილია 40-ზე მეტ ენაზე (მათ შორის ქართულ ენაზე ილიას უნივერსიტეტის მიერ) და გაყიდულია მისი 10 მილიონზე მეტი ეგზემპლარი.

წინამდებარე წერილში შემოგთავაზებთ ნაწყვეტს ამ წიგნიდან, რომელიც ეხება დროს.

თავი მეცხრე – დროის ისარი

…ჩვენი საუკუნის დასაწყისამდე (იგულისხმება მეოცე საუკუნე – ა.შ.) ადამიანებს სჯეროდათ აბსოლუტური დროის. სხვა სიტყვებით, ნებისმიერი მოვლენა შეიძლება ცალსახად მოინიშნოს ერთადერთი რიცხვით, რომელსაც ეწოდება დრო, და ყველა ზუსტი საათი ორ მოვლენას შორის ზუსტად აჩვენებს დროის ერთსა და იმავე ინტერვალს. მაგრამ აღმოჩენამ, რომ სინათლის სიჩქარე ერთი და იგივეა ნებისმიერი დამკვირვებლისთვის იმისდა მიუხედავად, თუ როგორ მოძრაობს იგი, მიგვიყვანა ფარდობითობის თეორიის შექმნამდე, რომელმაც უარყო აბსოლუტური დროის არსებობა. ყველა დამკვირვებელს აქვს თავისი საკუთარი დრო, რომელსაც იგი ზომავს თავის საკუთარი საათით და სულაც არ არის სავალდებულო, განსხვავებული დამკვირვებლების საათების ჩვენებები ერთმანეთს ემთხვეოდეს. დრო გახდა უფრო სუბიექტური ცნება,  რომელიც დაკავშირებულია მის გამზომ დამკვირვებელთან.

გრავიტაციისა და კვანტური მექანიკის გაერთიანების მცდელობამ მიგვიყვანა წარმოსახვითი დროის ცნებამდე. წარმოსახვითი დრო არაფრით განსხვავდება სივრცის მიმართულებებისგან. თუ მიდიხართ ჩრდილოეთის მიმართულებით, შეგიძლიათ მობრუნდეთ და წახვიდეთ სამხრეთის მიმართულებით. ანალოგიურად, თუ ვინმე წარმოსახვით დროში წინ მიდის, მას შეუძლია  შემობრუნდეს და წამოვიდეს უკან. ეს ნიშნავს, რომ წარმოსახვითი დროის ორ საპირისპირო მიმართულებას შორის არსებითი განსხვავება არ არის. მაგრამ, როდესაც საქმე გვაქვს რეალურ დროსთან, ჩვენ ვიცით, რომ დროში წინ და უკან მოძრაობას შორის არის დიდი განსხვავება. საიდან მოდის ეს სხვაობა წარსულსა და მომავალს შორის? რატომ გვახსოვს წარსული და არ გვახსოვს მომავალი?

მაცნიერების კანონები არ განასხვავებს წარსულს მომავლისგან. უფრო ზუსტად, მეცნიერების კანონები არ იცვლება C, P, T გარდაქმნების შესრულების შედეგად (C – ნაწილაკის ანტინაწილაკით შეცვლა,  P – სარკული არეკვლა, როდესაც მარცხენა იცვლება მარჯვენათი, T – ნაწილაკის მოძრაობის მიმართულების საპირისპიროთი შეცვლა).

ფიზიკის კანონები, რომლებიც მართავენ მატერიის ყოფაქცევას ნებისმიერ სიტუაციაში, არ იცვლება აგრეთვე მხოლოდ ორი C, P გარდაქმნების შესრულებისას. სხვა სიტყვებით, ცხოვრება ერთნაირი იქნება ჩვენთვის და სხვა პლანეტის ბინადრებისთვისაც თუ ისინი, პირველ რიგში, იქნებიან ჩვენი სარკული ანარეკლი და, მეორეც, ისინი შედგებიან ანტიმატერიისგან და არა მატერიისგან. თუ მეცნიერების კანონები არ იცვლება  C, P გარდაქმნებით და აგრეთვე C, P, T გარდაქმნებით, მაშინ ეს კანონები არ უნდა იცვლებოდნენ მხოლოდ T გარდაქმნების შესრულების დროსაც. მაგრამ ჩვეულებრივ ცხოვრებაში დროში წინ და უკან მოძრაობებს შორის  არსებობს დიდი განსხვავება. წარმოიდგინეთ, რომ მაგიდიდან ვარდება და იმსხვრევა წყლიანი ფინჯანი. თუ ამ ვარდნას ფირზე გადავიღებთ, ფირის ნახვისას ცხადი გახდება ფირის გადახვევა ხდება წინ თუ უკან. უკან გადახვევისას დავინახავთ, რომ ნამსხვრევები იკრიბება ფინჯანად და ფინჯანი ახტება მაგიდაზე. ჩვენ დავასკვნით, რომ ფირი უკუღმა ტრიალებს, რადგან ასეთი რამ ჩვეულებრივ ცხოვრებაში არ ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევდა ფაიფურის ქარხნების დახურვა.

იმის ასახსნელად, თუ რატომ არ ბრუნდებიან ნამსხვრევები უკან მაგიდაზე როგორც მთელი, ჩვეულებრივ ამბობენ, რომ ეს შეეწინაღმდეგებოდა თერმოდინამიკის მეორე კანონს. იგი ამბობს, რომ ნებისმიერი ჩაკეტილი სისტემის უწესრიგობა, ანუ ენტროპია, ყოველთვის იზრდება დროში. სხვა სიტყვებით, ეს ემსგავსება მერფის კანონს: ჩვენს სამყაროში ყველაფერი არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს. მთელი ჭიქა მაგიდაზე ეს არის უმაღლესი წესრიგი, ხოლო დამსხვრეული ჭიქა იატაკზე იმყოფება უწესრიგო მდგომარეობაში. რთული არ არის გზის გავლა მთელი ჭიქიდან მაგიდაზე დამსხვრეულ ჭიქამდე იატაკზე, მაგრამ მოვლენების უკუსვლა შეუძლებელია.

უწესრიგობის, ან ენტროპიის გაზრდა დროის მიხედვით არის დროის ისრის, ანუ წარსულის მომავლისგან გარჩევის შესაძლებლობის, დროის მიმართულების განსაზღვრის ერთ-ერთი განმარტება. შეიძლება ვისაუბროთ დროის სამ განსხვავებულ ისარზე. პირველ რიგში, ეს არის თერმოდინამიკური ისარი, რომელიც გვიჩვენებს დროის მიმართულებას, რომელშიც იზრდება უწესრიგობა ან ენტროპია. მეორე, ფსიქოლოგიური ისარი. ეს არის მიმართულება, რომელშიც ჩვენ შევიგრძნობთ დროის სვლას, რომლის დროსაც ჩვენ გვახსოვს წარსული და არა მომავალი. და მესამე, კოსმოლოგიური ისარი. ეს არის დროის მიმართულება, რომელშიც სამყარო კი არ იკუმშება, არამედ ფართოვდება.

ამ თავში, გამომდინარე სამყაროს საზღვრების არარსებობის და სუსტი ანთროპიის პრინციპებიდან,  მე დავამტკიცებ, რატომ არ აქვს სამივე ისარს ერთნაირი მიმართულება და, უფრო მეტიც, რატომ უნდა არსებობდეს საზოგადოდ დროის განსაზღვრული ისარი. მე დავამტკიცებ, რომ ფსიქოლოგიური ისარი განისაზღვრება თერმოდინამიკურით და რომ ორივე ყოველთვის ერთნაირადაა მიმართული. დაშვებით, რომ სამყაროსთვის სამართლიანია  საზღვრების არარსებობის პრინციპი, ჩვენ დავინახავთ, რომ სამყაროს მთელი ისტორიის მანძილზე არ არის სავალდებულო, მათ ჰქონდეთ ერთნაირი მიმართულება. მაგრამ მე ვაჩვენებ, რომ თუ ეს მიმართულებები ერთმანეთს ემთხვევა, შეიძლება წარმოიქმნას გონიერი არსებების განვითარების პირობები, რომელთაც შეუძლიათ დასვან შეკითხვა: რატომ იზრდება უწესრიგობა იმ მიმართულებით, რომელშიც სამყარო ფართოვდება?

ჯერ განვიხილოთ დროის თერმოდინამიკური ისარი. თერმოდინამიკის მეორე კანონი გამომდინარეობს იქიდან, რომ უწესრიგო მდგომარეობების რაოდენობა ყოველთვის გაცილებით მეტია, ვიდრე მოწესრიგებული მდგომარეობების. ავიღოთ, მაგალითად, ნახატები საბავშვო კუბებზე. არსებობს კუბების მხოლოდ ერთი ურთიერთგანლაგება, რომლის დროსაც იქმნება სასურველი ნახატი. ამავე დროს არსებობს უამრავი განლაგება, რომლის დროსაც ეს ნახატი საერთოდ არ იქმნება.

ვთქვათ, რაღაც სისტემა თავიდან იმყოფება რომელიმე მოწესრიგებულ მდგომარეობაში. ეს მდგომარეობა დროში შეიძლება შეიცვალოს მეცნიერების კანონების შესაბამისად. რაღაც დროის შემდეგ სისტემა, სავარაუდოდ, მოწესრიგებული მდგომარეობიდან გადავა მოუწესრიგებელ მდგომარეობაში, რადგან ამ უკანასკნელთა რიცხვი გაცილებით მეტია. მაშასადამე, თუ სისტემა თავიდან იმყოფება მოწესრიგებულ მდგომარეობაში, დროის მიხედვით უწესრიგობა გაიზრდება. თუ ჩვენი კუბები თავიდან მოწესრიგებულად არის განლაგებული, მათი არევის შემდეგ შეიცვლება მათი განლაგება და, სავარაუდოდ, მათი განლაგება გახდება უწესრიგო, რადგან ამ  უწესრიგობათა  რიცხვი გაცილებით მეტია. სურათის რაღაც ნაწილი შენარჩუნებული იქნება, მაგრამ შემდგომი არევა ამ ნაწილებსაც დაშლის და უწესრიგობა დროში გაიზრდება. საბოლოოდ არანაირი სურათი აღარ დაგვრჩება. ამრიგად, თუ თავიდან სისტემა მოწესრიგებულ მდგომარეობაშია, დროთა  განმავლობაში სისტემის უწესრიგობა გაიზრდება.

ვთქვათ, ღმერთმა ინება სამყაროს ისეთი განვითარება, რომ, საწყისი მდგომარეობის მიუხედავად, ის მაღალი წესრიგის მდგომარეობით დასრულდა. ადრეულ სტადიაში სამყარო, სავარაუდოდ, მოუწესრიგებელ მდგომარეობაში იქნებოდა. მაშინ თქვენ დაინახავდით, როგორ შეიკრიბებოდა ნამსხვრევები, გამრთელდებოდა ფინჯანი და ახტებოდა მაგიდაზე. მაგრამ ადამიანები, რომლებიც ამას დაინახავდნენ, უნდა ყოფილიყვნენ იმ სამყაროს ბინადარნი, რომელშიც უწესრიგობა დროში მცირდება. მე ვამტკიცებ, რომ მათი ფსიქოლოგიური დროის ისარი უნდა იყოს მიმართული უკან, ანუ მათ უნდა ახსოვდეთ მომავლის მოვლენები. დაინახავდნენ რა ფინჯანს მაგიდაზე, მათ უნდა ხსომებოდათ მისი ნამსხვრევები იატაკზე, მაგრამ როდესაც ფინჯანი აღმოჩნდებოდა მაგიდაზე, მათ არ ეხსომებოდათ დამსხვრეული ფინჯანი იატაკზე.

ადამიანის მეხსიერებაზე მსჯელობა არ არის უბრალო რამ, რადგან ჩვენ არ ვიცით თავის ტვინის მუშაობის დეტალები. სამაგიეროდ, ჩვენ ყველაფერი ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს კომპიუტერის მეხსიერება. მე მგონია სავსებით ლოგიკური იქნება დაუშვათ, რომ კომპიუტერისა და ადამიანების დროის ფსიქოლოგიურ ისარს ერთნაირი მიმართულება აქვს. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მაშინ იმ კომპიუტერით, რომელსაც ეხსომებოდა აქციების ხვალინდელი კურსი ბირჟაზე, შეიძლებოდა შესანიშნავად გვეთამაშა ბირჟაზე.

კომპიუტერის მეხსიერება, უხეშად რომ ვთქვათ, ეს არის ელემენტების შემცველი მოწყობილობა, რომელთაც ორიდან ერთ-ერთ მდგომარეობაში ყოფნა შეუძლიათ. ასეთი მოწყობილობის მარტივი მაგალითია აბაკუსი (საანგარიშო), რომელიც წარმოადგენს ჰორიზონტალური მავთულების ერთობლიობას მათზე წამოცმული კოჭებით, რომელთაც მხოლოდ ორ მდგომარეობაში შეუძლიათ ყოფნა[1]). ვიდრე კომპიუტერის მეხსიერებაში შეყვანილი არაფერია, ის იმყოფება მოუწესრიგებელ მდგომარეობაში, რომელშიც კოჭების ორივე მდგომარეობა თანაბარალბათურია (კოჭები მავთულებზე უწესრიგოდ არის განლაგებული). მას შემდეგ, რაც კომპიუტერი სისტემასთან ურთიერთქმედებაში შევა, რომლის მდგომარეობაც უნდა დაიხსომოს, მისი მდგომარეობა გახდება სავსებით განსაზღვრული და სისტემის მდგომარეობაზე დამოკიდებული (ყოველი კოჭა იქნება მავთულის მარჯვენა ან მარცხენა კიდურა  მდგომარეობაში). ამრიგად, კომპიუტერის მეხსიერება გადავიდა მოუწესრიგებელი მდგომარეობიდან მოწესრიგებულში. მაგრამ იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, იმყოფება თუ არა მეხსიერება სწორ მდგომარეობაში, უნდა დავხარჯოთ გარკვეული ენერგია (მაგალითად, კოჭების გადაადგილებაზე ან კომპიუტერის კვებაზე). ეს ენერგია გადავა სითბოში  და ამით გაიზრდება სამყაროს უწესრიგობა. შეიძლება ვაჩვენოთ, რომ უწესრიგობის ეს ნაზრდი ყოველთვის მეტია, ვიდრე მოწესრიგების ნაზრდი კომპიუტერის მეხსიერებაში. კომპიუტერის გაგრილების აუცილებლობა მიუთითებს იმაზე, რომ როდესაც კომპიუტერის მეხსიერებაში რაღაც იწერება, სამყაროს უწესრიგობა იზრდება.

დროის მიმართულება, რომელშიც კომპიუტერი იმახსოვრებს წარსულს, აღმოჩნდება იგივე, რომელშიც იზრდება უწესრიგობა.

მაშასადამე, დროის მიმართულების ჩვენი სუბიექტური შეგრძნება – დროის ფსიქოლოგიური ისარი – ჩვენს გონებაში დროის თერმოდინამიკური ისრითაა მოცემული. კომპიუტერის მსგავსად, მოვლენები ჩვენც ისე უნდა დავიხსომოთ, რომ ენტროპია გაიზარდოს. ამასთან თერმოდინამიკის მეორე კანონი თითქმის ტრივიალური ხდება. უწესრიგობა იზრდება იმიტომ, რომ ჩვენ დროს ვზომავთ იმ  მიმართულებით, რომელშიც იზრდება უწესრიგობა. რთულია ამ ლოგიკასთან კამათი! და მაინც, საერთოდ რატომ უნდა არსებობდეს დროის თერმოდინამიკური ისარი? ან სხვა სიტყვებით, სამყარო რატომ უნდა არსებობდეს მაღალი წესრიგის მდგომარეობაში დროის ერთ-ერთ ბოლოში, იმ ბოლოში, რომელსაც ჩვენ წარსულს ვუწოდებთ? რატომ არ უნდა არსებობდეს იგი სრულიად მოუწესრიგებელ მდგომარეობაში? ეს ხომ უფრო ალბათური იქნებოდა. გარდა ამისა, რატომ იზრდება უწესრიგობა დროში იმ მიმართულებით, რომელშიც სამყარო ფართოვდება?

ფარდობითობის ზოგადი კლასიკური თეორია ვერ იძლევა იმის გამოთვლის საშუალებას, თუ როგორ შეიქმნა სამყარო, რადგან დიდი აფეთქების სინგულარულ წერტილში ბუნების ჩვენთვის ცნობილი ყველა კანონი უნდა დაირღვეს. სამყარო შეიძლება წარმოიქმნას რომელიღაც ერთგვაროვან, ძალიან მოწესრიგებულ მდგომარეობაში. ეს მიგვიყვანდა დროის მკაფიოდ განსაზღვრულ ისრებთან – თერმოდინამიკურ და კოსმოლოგიურ ისრებთან, როგორც ახლა ამას ვაკვირდებით ჩვენ. თუმცა სამყაროს საწყისი სტადია სავსებით შესაძლებელია ყოფილიყო ძალიან არაერთგვაროვანი და მოუწესრიგებელი. მაშინ სამყარო იქნებოდა ძალიან მოუწესრიგებელი და უწესრიგობა ვეღარ გაიზრდებოდა დროში. ის დარჩებოდა შეუცვლელი. მაშინ არ იქნებოდა  დროის  თერმოდინამიკური ისარი, ან შეიძლებოდა შემცირებულიყო და მაშინ დროის თერმოდინამიკური ისარი იქნებოდა დროის კოსმოლოგიური ისრის საპირისპირო.

არცერთი ეს შესაძლებლობა არ არის თანხმობაში იმასთან, რასაც ჩვენ ვაკვირდებით. როგორც ჩვენ ვნახეთ, ფარდობითობის ზოგადი კლასიკური თეორია ირღვევა, როდესაც დრო-სივრცის სიმრუდე იზრდება, არსებითი ხდება კვანტური გრავიტაციის ეფექტები და კლასიკური თეორია არასაიმედო ხდება სამყაროს აღწერისთვის. სამყაროს წარმოშობის ასახსნელად საჭიროა მივმართოთ კვანტურ გრავიტაციას. თუმცა, რომ გავიგოთ, თუ როგორ განვსაზღვროთ კვანტური გრავიტაციის თეორიაში სამყაროს მდგომარეობა, აუცილებელია, როგორც წინა თავებში ვნახეთ, ვიცოდეთ, თუ როგორ იქცეოდა სამყარო დრო-სივრცის საზღვარზე წარსულში. ეს აუცილებლობა ვიცოდეთ ის, რაც ჩვენ არ ვიცით და არც უნდა ვიცოდეთ, აღარ იქნება, თუ წინა ისტორიები საზღვრების არარსებობის პრინციპს დააკმაყოფილებენ: მათ აქვთ სასრული განფენილობა, მაგრამ არ აქვთ არც საზღვრები, არც კიდეები, არც განსაკუთრებულობები. მაშინ დროის ათვლის დასაწყისი უნდა ყოფილიყო დრო-სივრცის რეგულარული, გლუვი წერტილი. სამყარო დაიწყებდა თავის გაფართოებას სავსებით მოწესრიგებული და ერთგვაროვანი მდგომარეობიდან. ის არ შეიძლებოდა ყოფილიყო სრულად მოწესრიგებული, რადგან ამით დაირღვეოდა კვანტური თეორიის განუზღვრელობის პრინციპი. ეს ნიშნავს, რომ უნდა არსებულიყო ნაწილაკების სიმკვრივის და სიჩქარის მცირე ფლუქტუაციები, მაგრამ  საზღვრების არარსებობის ძალით ეს ფლუქტუაციები უნდა ყოფილიყო მცირე, რათა თანხმობაში ყოფილიყო  განუზღვრელობის პრინციპთან.

თავიდან სამყარო შეიძლებოდა გაფართოებულიყო ექსპონენციალურად ან გაბერილიყო. შედეგად მისი ზომები ბევრჯერ გაიზრდებოდა. სიმკვრივის თავიდან მცირე ფლუქტუაციები, შემდეგ გაიზრდებოდა. იქ არის გაფართოება, სადაც ფლუქტუაციები გადააჭარბებდა საშუალოს, შენელდებოდა ჭარბი მასის გრავიტაციული მიზიდულობის გამო. ბოლოს და ბოლოს ასეთი არეები აღარ გაფართოვდებოდნენ და დაიწყებდნენ კოლაფსირებას. შედეგად გაჩნდებოდნენ გალაქტიკები, ვარსკვლავები და ჩვენი მსგავსი არსებები. ამრიგად, სამყარო მისი წარმოშობის მომენტში შეიძლებოდა ყოფილიყო ერთგვაროვან და მოწესრიგებულ მდგომარეობაში და გადასულიყო დროში არაერთგვაროვან და მოუწესრიგებელ მდგომარეობაში. ასეთი მიდგომით შესაძლებელი იქნებოდა დროის თერმოდინამიკური ისრის არსებობის ახსნა.

მაგრამ, რა მოხდებოდა, როდესაც სამყარო გაფართოებას შეწყვეტდა და დაიწყებდა შეკუმშვას? მობრუნდებოდა თუ არა დროის თერმოდინამიკური ისარი? დაიწყებდა თუ არა უწესრიგობა დროში შემცირებას? იმათ, ვინც გადარჩებოდა ამ ფაზურ გადასვლაში, გაუჩნდებოდათ ფანტასტიკური შესაძლებლობები. იქნებ მათ შეიძლებოდა, დაენახათ როგორ იკრიბება ფინჯნის ნამსხვრევები და როგორ ბრუნდება ფინჯანი მაგიდაზე? ან იქნებ მათ სცოდნოდათ ბირჟაზე აქციების ხვალინდელი კურსი? მართალია, ფიქრი იმაზე, თუ რა მოხდება, როდესაც სამყარო დაიწყებს შეკუმშვას, ნაადრევია, რადგან მანამდე დარჩენილია სულ ცოტა ათი ათასი მილიონი წელიწადი. თუმცა ამის შესახებ შეიძლება უფრო მალეც გავიგოთ, თუ შავ ხვრელში ჩავხტებით. შავი ხვრელის მდგომარეობაში ვარსკვლავის კოლაფსი სამყაროს კოლაფსის ანალოგიურია. ამიტომ, თუ უწესრიგობა შემცირდება სამყაროს შეკუმშვის ფაზაში, იგივე მოხდება შავი ხვრელის შიგნით. მაშინ იქ მოხვედრილ ასტრონავტს შეიძლებოდა ფული ეშოვნა რულეტზე თამაშით, რადგან ეცოდინებოდა თუ სად გაჩერდებოდა ბურთულა. (მართალია, თამაში იქნებოდა ხანმოკლე, რადგან მანამდე ასტრონავტი გადაიქცეოდა სპაგეტად. ის გაქრებოდა მოვლენების ჰორიზონტის მიღმა, ვიდრე შეგვატყობინებდა დროის თერმოდინამიკური ისრის შემობრუნების შესახებ.

თავიდან მე ვთვლიდი, რომ სამყაროს შეკუმშვის შემდეგ უწესრიგობა უნდა შემცირდეს, რადგან სამყარო უნდა დაბრუნდეს თავის საწყის გლუვ და ერთგვაროვან მდგომარეობაში. ეს იმის მომასწავებელი იქნებოდა, რომ შეკუმშვის ფაზა ეკვივალენტურია გაფართოების ფაზის შებრუნებულ დროში. შეკუმშვის სტადიაში ადამიანები მათ დაბადებამდე დაიხოცებოდნენ და შეკუმშვის განმავლობაში გაახალგაზრდავდებოდნენ.

ასეთი დასკვნის მიმზიდველობა გაფართოებისა და შეკუმშვის ფაზების სიმეტრიაშია. მაგრამ მისი განხილვა არ შეიძლება თავისთავად, სამყაროზე სხვა წარმოდგენებისგან დამოუკიდებლად. ისმის შეკითხვა: ეს დასკვნა გამომდინარეობს საზღვრების არარსებობის პირობიდან, თუ პირიქით ამ პირობასთან შეუთავსებელია? როგორც აღვნიშნე, მე თავიდანვე მივიჩნევდი, რომ საზღვრების არარსებობა მართლაც ნიშნავს, რომ უწესრიგობა უნდა გაიზარდოს შეკუმშვის სტადიაში. ნაწილობრივ მე შეცდომაში შემიყვანა დედამიწის ზედაპირთან ანალოგიამ. დაუშვათ, რომ სამყაროს დასაწყისი ჩრდილოეთ პოლუსს შეესაბამება. მაშინ სამყაროს დასასრული უნდა ჰგავდეს მის დასაწყისს, ისევე როგორც სამხრეთ პოლუსი ჰგავს ჩრდილოეთ პოლუსს. მაგრამ სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსები სამყაროს დასაწყისსა და დასასრულს შეესაბამება წარმოსახვით დროში. რეალურ დროში დასაწყისი და დასასრული შეიძლება დიდად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. მე შეცდომაში შემიყვანა კიდევ ერთმა შრომამ, რომელშიც მე განვიხილავდი სამყაროს ერთ მარტივ მოდელს, სადაც შეკუმშვის ფაზა მსგავსი იყო დროში შებრუნებული გაფართოების ფაზისა. მაგრამ ჩემმა კოლეგამ პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტიდან დონ პეიჯმა აჩვენა, რომ ასეთი სიმეტრიისთვის სულაც არ იყო აუცილებელი საზღვრის არარსებობის მოთხოვნა. შემდეგ ჩემმა ასპირანტმა რაიმონდ ლეფლემმა დაადგინა, რომ უფრო რთულ მოდელში სამყაროს შეკუმშვა ძალიან განსხვავდება გაფართოებისგან. მე მივხვდი, რომ შევცდი: საზღვრების არარსებობის მოთხოვნიდან გამომდინარეობს, რომ შეკუმშვის დროს უწესრიგობა უნდა იზრდებოდეს. დროის თერმოდინამიკური და ფსიქოლოგიური ისრები არ იცვლიან თავის მიმართულებას არც შავ ხვრელში და არც სამყაროში, რომელიც შეკუმშვას დაიწყებს.

რას გააკეთებდით თქვენ, რომ თქვენი ასეთი შეცდომა აღმოგეჩინათ? მავანნი არასოდეს აღიარებენ თავიანთ შეცდომას და იწყებენ არგუმენტების ძებნას თავიანთი იდეების გასამართლებლად. ასე მოიქცა ედინგტონი, როცა თავის აზრს იცავდა. მე ვფიქრობ, ბევრად უფრო სწორი იქნება, თუ საკუთარ შეცდომას საჯაროდ აღიარებ. ამის მაგალითია აინშტაინი, რომელმაც აღიარა, რომ სამყაროს სტატიკურ მოდელში მის მიერ კოსმოლოგიური მუდმივას შემოტანა მისი ყველაზე სერიოზული შეცდომა იყო.

დავუბრუნდეთ დროის ისარს. დაგვრჩა ერთი საკითხი: რატომ აქვთ, როგორც ამას დაკვირვება გვიჩვენებს, დროის თერმოდინამიკურ და ფსიქოლოგიურ ისრებს ერთნაირი მიმართულება? ანუ რატომ იზრდება უწესრიგობა იმ მიმართულებით, რომელშიც სამყარო ფართოვდება? თუ ჩავთვლით, რომ სამყარო გაფართოების შემდეგ დაიწყებს შეკუმშვას, რაც გამომდინარეობს საზღვრების არარსებობიდან, მაშინ ჩვენი შეკითხვა იქნება ასეთი: რატომ უნდა ვიმყოფებოდეთ ჩვენ  გაფართოებისა და არა შეკუმშვის ფაზაში?

ამ შეკითხვაზე პასუხს იძლევა სუსტი ანთროპიის პრინციპი: შეკუმშვის ფაზაში არსებობის პირობები გამოუსადეგარია ისეთი გონიერი არსებებისთვის, რომელთაც შეუძლიათ იკითხონ, თუ რატომ იზრდება უწესრიგობა იმავე მიმართულებით, რომელშიც სამყარო ფართოვდება? საზღვრების არარსებობის პირობა სამყაროს გაფართოებას წინასწარმეტყველებს მის ადრეულ სტადიაზე. ეს ნიშნავს, რომ გაფართოება უნდა ხდებოდეს კრიტიკულთან ახლო სიჩქარით,  რომლის დროსაც კოლაფსი გამორიცხულია და ამიტომ კოლაფსი არ იქნება ძალიან დიდხანს. მაგრამ მაშინ ყველა ვარსკვლავი დაიწვება, ხოლო მათი წარმომქმნელი პროტონები და ნეიტრონები დაიშლება უფრო მსუბუქ ნაწილაკებად. სამყარო დარჩებოდა პრაქტიკულად სრული უწესრიგობის მდგომარეობაში, რომელშიც არ იქნებოდა დროის ძლიერი თერმოდინამიკური ისარი. უწესრიგობა ძალიან არ გაიზრდებოდა, მაგრამ გონიერი ცხოვრებისთვის საჭიროა დროის ძლიერი ისარი. იმისათვის, რომ გადარჩნენ, ადამიანებმა უნდა მიიღონ საკვები, რომელიც გამოდის როგორც ენერგიის მოწესრიგებული ფორმის მატარებელი, და გარდაქმნან იგი სითბოდ, ე.ი. ენერგიის მოუწესრიგებელ ფორმად. მაშასადამე, შეკუმშვის ფაზაში არანაირი გონივრული ცხოვრება არ იქნებოდა. ამით აიხსნება დროის თერმოდინამიკური და ფსიქოლოგიური ისრების ერთნაირი მიმართულება. არ არის სწორი დაშვება, რომ უწესრიგობა გაფართოების გამო იზრდება. ყველაფრის მიზეზია საზღვრების არარსებობა, მის გამო იზრდება უწესრიგობა და მხოლოდ გაფართოების ფაზაში იქმნება გონივრული ცხოვრების პირობები.

შევაჯამოთ ყოველივე. მეცნიერების კანონები არ განასხვავებენ ერთმანეთისგან დროში წინ და უკან მიმართულებებს. მაგრამ არსებობს სულ მცირე დროის სამი ისარი, რომლებიც წარსულს მომავლისგან ასხვავებენ. ეს არის თერმოდინამიკური ისარი, ანუ დროის მიმართულება, რომელშიც იზრდება უწესრიგობა;  ფსიქოლოგიური ისარი – მიმართულება რომელშიც გვახსოვს წარსული და არა მომავალი; კოსმოლოგიური ისარი – მიმართულება, რომელშიც სამყარო ფართოვდება და არ იკუმშება. მე ვაჩვენე, რომ დროის თერმოდინამიკური  და კოსმოლოგიური ისრები თითქმის ეკვივალენტურია და ამიტომ ერთნაირი მიმართულება უნდა ჰქონდეთ. საზღვრების არარსებობის პრინციპიდან გამომდინარეობს დროის მკაფიოდ განსაზღვრული თერმოდინამიკური ისრის არსებობა, რადგან სამყარო უნდა წარმოქმნილიყო ერთგვაროვან და მოწესრიგებულ მდგომარეობაში. ხოლო ამ ორი მიმართულების თანხვედრის მიზეზი არის ის, რომ გონიერი არსებების ცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ გაფართოების ფაზაში. შეკუმშვის ფაზა მათთვის მიუღებელია, რადგან მათ სჭირდებათ დროის ძლიერი თერმოდინამიკური ისარი.

სამყაროს შეცნობის გზაზე ადამიანის პროგრესმა სამყაროს მზარდი უწესრიგობის ფონზე წესრიგის პატარა კუთხესთან მიგვიყვანა. თუ ამ წიგნის ყველა სიტყვას დაიხსომებთ, თქვენი მეხსიერება მიიღებს ინფორმაციის დაახლოებით ორ მილიონ ერთეულს და წესრიგი თქვენს გონებაში ორი მილიონი ერთეულით გაიზრდება. მაგრამ ვიდრე ამ წიგნს კითხულობდით სულ მცირე ათასი კალორია მოწესრიგებული ენერგიის, რომელიც თქვენ საკვების სახით მიიღეთ, გარდაიქმნა ენერგიის მოუწესრიგებელ ფორმად, რომელიც თქვენ გადაეცით გარემოს თქვენ გარშემო სითბოს სახით კონვექციის და ოფლის გამოყოფის მეშვეობით. სამყაროს უწესრიგობა გაიზრდება ოცი მილიონი ერთეულით, რაც ათი მილიონი მილიონჯერ აჭარბებს წესრიგის ნამატს თქვენს გონებაში. ეს იმ პირობით, რომ თქვენ ჩემი წიგნიდან ყველაფერს დაიხსომებთ…

თარგმანი წიგნიდან A brief history of time – Bantam Dell Publishing Group 1988 US

[1] მკითხველს შეიძლება კიდეც ახსოვდეს აბაკუსის სხვა სახელი, საბჭოეთის დროინდელი საანგარიშო „ჩოთქი“.

თანამედროვე პოეზიის მოკლე მიმოხილვა

0

ბატონი პი ჩქარი ნაბიჯით შევიდა წიგნის მაღაზიაში. ასეთი არეული თაროები, მიმოფანტული წიგნები და ბევრი ძახილის მიუხედავად ვერნაპოვნი გამყიდველი – ცოტა უჩვეულო ამბავი კი იყო, მაგრამ აბა რა დააბნევდა ბატონ პის, ლიტერატურათმცოდნესა და ესეების მარჯვედ მწერალ კაცს. პირველი, რაც დაასკვნა, მარტივად სათქმელი გამოდგა: ,,თანამედროვე ლიტერატურაში მიმდინარეობები აღარ არსებობს, დიახ, დაიხ, აღარც ისეთი ზოგადი და ფილოსოფიური, როგორც პოსტმოდერნიზმია. უფრო ზუსტად: ყველა ისე წერს, როგორც ეწერება, ისე, კითხულობს, როგორ ეკითხება. და ეს უკეთესია? არ ვიცი, არ ვიცი, სწორედ. აბა, ჩვენ კრიტიკოსებს რა საქმეღა დაგვრჩენია?!’’

იკითხა თითქმის ხმამაღლა, ნახევრად იმის იმედად, რომ კონსულტანტი გოგო გამოჩნდებოდა, მაგრამ ამაოდ. წავალ, ჩაის დავლევ – ეს მეორე ხმამაღალი ფიქრის მცდელობა გახლდათ.

ბატონი პი თბილ, არტისტულ კაფეში ზის. კედლებზე პლაკატებია: ,,ი.ი.-ს პორნო დღიურები ლექსებად’’ ,,უ.უ.-ს პოეზია სამშობლოზე და ქარზე’’ ,,ო.ო. -ს ლექსები სამივე თემაზე’’

-,,ჩაი, თუ შეიძლება. ყველაზე იაფიანი ვისკი რომელი გაქვთ? ჯონი? ოო, ჯონ სტეინბეიკი, ჯონ, ჯონ, ბევრ მწერლას მახსენებს ჯონი’’

თქვა და რვეული დააძრო. წერდა:

,,ამბობენ, რომ ჯოისის ,,ფენიგანის ქელეხი’’ ერთ-ერთი პირველი პოსტომდერნული ტექსტია. ა, ეს რა შუაშია, ასე, კი არა, უფრო მხატვრულ-სიმბოლურად.

 ეცვა სადღაც ოდნავ დახეული ჯინსი.. ჩანთა ,,სტიკერებით’’..ერთი შეხედვით თანამედროვე..რაღაც აზრით – მეორე შეხედვითაც.. მოვიდა ჩვეულებრივ..დაჯდა მაგიდასთან, როგორც სხვა ათასი მისი მსგავსი ანაც არამსგავსი …ვინმე ახალგარდაცვლილი კაცის ლექსები მოძებნა..რაღა ვინმე.. როგორც სხვა ათასმა მსგავსმა და არამსგავსმა..მერე მობილურში მესიჯად აკრიფა და კმაყოფილი სახით გაგზავნა.

  ,,მე შენ მიყვარხარ და მეყვარები, რამ დამავიწყოს შენი თვალები, შენი თვალები, როგორც ალები, მე შენ მიყვარხარ და მეყვარები’’

რაღაც ამგვარი..

ხოლო თქვენ მოხვალთ და მეტყვით: აი, პოსტმოდერნიზმი, აი, მაღალი და დაბალი ხელოვნების გათანაბრება, აი, მასკულტურის აღზევება და მერე სიმულაკრები და ჩაკრები და დერიდა და იჰაბ ჰასანი.

ან მოხვალთ და მეტყვით. შეგშურდა. დიახ, შემშურდა. არა, უფრო გავბრაზდი. თუნდაც ბევრი ჩემი მეგობრის გამო. ძალიან საინტერესო და მაგარი პოეტის გამო და მაგივრად.

   დღეს რომ საქართველოში პოეზიაა პოპულარული, ასეთი საშინელი ამბავი იშვიათად ყოფილა. თუმცა ჩვენებური ლექსმოყვარეობა დიდწილად ყოველთვის ზერელე გალხდათ.ახლა, ინტერნეტ-ვიდეოთა ერაში უფრო აიშვა თავი. ადრეც დავწერე, ერთმა კაცმა დაიდო ჩვენი ცოდვა და კეთილად მოგვატყუა. ასე თქვა. ყველა ქართველი პოეტია და ყველა ქართველი პოეტი ორჯერ პოეტი. სულ მგონია, რომ ტიციანის ეს სტრიქონები ამაზე პასუხია (თუნდაც დროში და სივრცეში დაშორებული): ,, იმერეთში მღერის დანიელა ურია,
კახეთში კიდევ – დედას ლევანა…

საქართველოში ყოველ ჭორფლიან ქალს
თავის საკუთარი ჰყავდა პოეტი.
დღეს ღვთისმშობელი ძირს რომ ჩამოვიდეს,
მითხარით, მართლა ვინ ეტყვის ლექსს? ’’

  აღქმა კი გვქონდა სხვანაირი. არ დაიჯეროთ. ყველა ქართველის პოეტობა ანუ. არც მკითხველობა დაიჯეროთ. მერე რა, რომ  ,,ვეფხისტყაოსნის’’ და ,,თოვლის’’ ქვეყანა გვქვია და აღაზას სცენა ჩვენს ენაზეა დაწერილი და სულხან-საბას ლექსიკონი (ერთ-ერთი უდიდესი პოეტური წიგნი – ჩემი აზრით).    ამ ტექსტების დიდმა ნაწილმა ქართველ მკითხველს გვერდი აუარა. უფრო სწორედ მკითხველმა აუარა გვერდი. ბევრს ჩვენთან ვაჟა არ ესმის. არც გურამიშვილი. გალაკტიონის ის ლექსები უყვართ, ბოლოს რომ თვითონვე ეზიზღებოდა. შეიძლება თქვათ, რომ ყველგან ასეა. ყველა ქვეყანაში. შეიძლება. მაგრამ ნუ ვიჟინებთ მაინც იმ ორჯერპოეტობას.

  ამ ტელე-ინტერნეტ პოეზიის ორი მიმდინარეობა არსებობს. სამიჯნურო და საკუთრივ პოეტის შესახებ. ანუ გაუტეხელი, უდარდელი, დაუფასებელი, მაგრამ მაინც ღრუბელშემოსილი პოეტის შესახებ. პირველი, ისეთია, ზემოთ რომ sms-ით გაიგზავნა. მეორე დაახლოებით ასეთი:

  ,,ვერვინ დამძალავს , მე ვარ პოეტი,

და მთები ამაქვს ღმერთთან ტკივილით,

არ მინდა ფული, არ მინდა სახლი,

ლექსები უნდა ვშობო კივილით.

ასე, ასე ვიქნები მარად,

მე არ ვიცვლები პოეტი მქვია,

სანამ ჩემ ამაყ, ნაჩუქარ პალტოს

არ შეჭამს ჭია.

მე დავბრუნდები მერე მიწაზე,

თქვენ რომ გგონივართ ხუთი წლის მკვდარი,

მე დავბრუნდები. პირამიდები.

ორი ღერი სიგარეტი.

ქარი.’’

ეს ,,ლექსი’’ მე დავწერე რა თქმა უნდა. როგორც წინა. შევეცადე სტილით მიმებაძა. ბევრს ვერაფერს გავხდი და ამასობაში პირველ სიტყვასა ზედა მოვიდეთ. გოგომ რაღაც პასუხი მიიღო. სავაურადოდ მეორე სტროფი იყო. კმაყოფილმა გაიღიმა. მაშინ ვიფიქრე, ეგებ მე ვცდები და ეს ქელეხი კი არა, ქორწილია.

ვინ იცის’’

ვინ იცის, წაიკითხავს კი ამა ვინმე? – ისევ ხმამაღლა ამოიხრა ბატონმა პიმ. ჩაის ჭიქას ჩახედა და გავიდა.

გურამ დოჩანაშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“

0

გურამ დოჩანაშვილი ერთადერთი ცოცხალი ავტორია, რომლის მოთხრობა „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ ეროვნული გამოცდებისთვის სავალდებულო ნაწარმოებების ჩამონათვალში შედის.

რამდენიმე წლის წინ ბესიკ ხარანაულის ორი ლექსიც შედიოდა, მაგრამ სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო ისინი პროგრამიდან გაქრა. ეტყობა, არ არის საჭირო, თანამედროვე ბავშვმა საფუძვლიანად იცოდეს თანამედროვე პოეზია და პროზა – კლასიკაც გვყოფნის.

თუმცა ამ მოთხრობის გაგება-ანალიზიც, როგორც ჩანს, გვიჭირს.

ამას წინათ ერთ ლიტერატურულ შეკრებაზე ქართულის მასწავლებლებს შევხვდი. მსჯელობა ბავშვთა წიგნიერების დონეს შეეხო. გამოსავალი უცებ იპოვეს: „კარცერ-ლუქსი უშველის მაგათ!“ არავის გასცინებია, სავსებით სერიოზულად თქვეს და მოისმინეს. ამ სტატიის დაწერაც სწორედ ამან გადამაწყვეტინა.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ნაწარმოების სწავლება სულაც არ არის სკოლის მასწავლებლების საქმე. „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ მეთორმეტე კლასის პროგრამაშია და თუ სიმართლეს თვალს გავუსწორებთ, ამ პერიოდში სანახევროდ ჩაშლილია სასწავლო პროცესი. ჩვენი შვილები ან არ დადიან სკოლაში, ან დილაობით შეივლიან ერთი-ორი საათით და მაშინაც რეპეტიტორების მიცემულ დავალებებს ასრულებენ ან, უბრალოდ, ერთობიან. შესაძლოა, ყველგან ასე არ იყოს, მაგრამ ჩემ ირგვლივ სხვანაირი ისტორია მე არ მომისმენია.

გადავხედე მეთორმეტე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოს (ავტორები: ვ. როდონაია, ნ. ნაკუდაშვილი, ა. არაბული, მ. ხუციშვილი). ტექსტი შესასწავლად რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი. თითოეულ მათგანს მოსდევს კითხვები, რომლებიც დეტალების სწორად გააზრებას ემსახურება. არსადაა მინიშნება მთლიანი ნაწარმოების არსზე, ეზოპეს ენაზე, საბჭოთა კონტექსტზე, საზოგადოდ, ალეგორიაზე. შესაძლოა, მეთორმეტეკლასელისთვის ზედმეტად დაღეჭვა არც იყოს საჭირო, მაგრამ თუ „დიდოსტატის მარჯვენას“ ან „ჯაყოს ხიზნებს“ სჭირდება მოკლე ისტორიული ექსკურსი, რატომ გვგონია, რომ გასული საუკუნის 70-იანი წლების შესახებ ჩვენმა მოსწავლეებმა კარგად იციან?! დღევანდელი ახალგაზრდობისთვის, თუ არ ავუხსენით, საბედნიეროდ, სრულიად გაუგებარია, როგორ მუშაობდა საბჭოთა ცენზურა და როგორ შეიძლებოდა ცენზორების გაცურება. ასევე მნიშვნელოვანია იმის ახსნაც, რომ საქართველოში 70-80-იან წლებში ცენზურა სხვა საბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით რბილი იყო – ალბათ, ჩვენი თავისუფლების მოყვარული ბუნებიდან გამომდინარე, ერიდებოდნენ ზედმეტ სიმკაცრეს, რათა ხალხში წინააღმდეგობის მუხტი არ დაგროვილიყო. ეს „თავისუფლება“ მართლაც საბჭოთა იმპერიის სასარგებლოდ მუშაობდა: იქმნებოდა ილუზია, რომ რაღაც შეგეძლო, რომ არც ისე დამონებული იყავი, როგორც სხვები, რომ არსებობდა ეროვნული სარბიელი – მცირე, მაგრამ მაინც.

„კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ ჩემთვის ყველაზე ანტისაბჭოთა ნაწარმოებია, რომელიც საქართველოში შექმნილა. ის, უპირველესად, ამ ქვეყნის ისტორიას ჰყვება. ჰყვება მსუბუქად, ირონია-იუმორის ზღვარზე, ჰყვება ისე, რომ საბჭოთა ადამიანის ცხოვრების ტრაგიზმი თითქმის არ ჩანს. ეს, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ცენზურითაა ნაკარნახევი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ადეკვატური ფორმაა იმ სინამდვილის გადმოცემისა. საბჭოთა ადამიანსაც, თუ სინამდვილის აღქმის გამბედაობა ჰქონდა, ეს სინამდვილე მსუბუქად, იუმორისა თუ რომანტიკის ბურუსში უნდა აღექვა. სხვაგვარად მას მოუწევდა ბრძოლა არსებული სისტემის წინააღმდეგ ან ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევა და, მაგალითად, ლოთობა. ორივე სიკვდილის ტოლფასი იყო.

ნაწარმოების ერთ-ერთი თავი სწორედ ლოთობისა და ლიტერატურის დაპირისპირებით იწყება. რატომ ირჩევს კეჟერაძე ლიტერატურის გზას და რატომ არიან მისი აგრესიის სამიზნე ლოთები? მხატვრულ გამონაგონში პერსონაჟს ნაპოვნი აქვს არსებობის ნიშა, რომელიც მას საშუალებას აძლევს გაიზარდოს, ყოველი წიგნის წაკითხვის შემდეგ უკეთესი გახდეს, მაგრამ ამ უკეთესი ადამიანების სარბიელი არსადაა. ხელმძღვანელისადმი მისი პასუხიც ამას მოწმობს: „– რა გამოვა და… რომელიმე კლიმი!.. რომელიმე კლიმისგან? მეტი რაღა უნდა გამოვიდეს, დალოცვილო – მივიღებთ ადამიანს, ვისაც ძლიერ უყვარს ლიტერატურა!“

ადამიანს, განურჩევლად იმისა, უყვარს თუ არა ლიტერატურა, საზოგადოებრივი სარბიელიც სჭირდება, ის მაშინ არ არსებობდა.

ამრიგად, მოთხრობაში საზოგადოება სამ ნაწილადაა დაყოფილი. ერთნი საბჭოთა იდეოლოგიას ემსახურებიან, მორგებული აქვთ შესაბამისი როლები და უბადლოდ ასახიერებენ იმ ტყუილს, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს. აქ ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ ჩვენი მოსწავლეებისთვის არც ისაა თავისთავად გასაგები და ტრაგიკომიკური, რომ სოციოლოგიური კვლევა საბჭოეთში არ არსებობდა და თუ არსებობდა, ან ისეთივე ფიქცია იყო, როგორიც ამ მოთხრობაშია აღწერილი, ან მასების უკეთ მართვისთვის სჭირდებოდათ, თუმცა მაინცდამაინც არც სჭირდებოდათ, რადგან სოციალოგიური კვლევა ხალხთან შეიძლება ჩაატარო, თორემ მასების ფსიქოლოგია ადვილი გასაგებია, ხალხად ყოფნის საშუალებას კი სისტემა არ იძლეოდა.

არსებობდა უამრავი ასეთი ინსტიტუტი, მეცნიერი თანამშრომელი თუ ხელმძღვანელი, რომლებიც აკეთებდნენ რაღაცას, რაც თავისთავად არავის სჭირდებოდა, მაგრამ ემსახურებოდა ტყუილის იდეოლოგიას, ამიტომ მსგავსი ინსტიტუტების შენახვაზე კრემლი უკან არ იხევდა.

გურამ დოჩანაშვილის ენა ყოველთვის დარჩება ქართული ლიტერატურის ისტორიაში შემოქმედებითობის ერთ-ერთ ბრწყინვალე ნიმუშად, მაგრამ მოთხრობის „კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ დასაწყისი, ასე მგონია, ავტორისეულ უსაზღვრო შესაძლებლობებსაც კი ამეტებს. სულ ერთ ფრაზაში, ერთ აბზაცში აცოცხლებს და გადმოსცემს მთელ იმ ყალბ პათეტიკას, რომლითაც გაჟღენთილი იყო საბჭოეთი.

„– თქვენს მომავალ ნაშრომში უნდა აისახოს ქალაქის ტიპის დასახლებაში მცხოვრებ მუშა-მოსამსახურეთა ყოველდღიური საქციელის ასპექტები და გამომჟღავნდეს კანონზომიერებანი, რომლებიც განსაზღვრავენ მის დამოკიდებულებას ცხოვრების პირობებისადმი. საზოგადოების ფუნქციონირებისა და განვითარების იმ მხარეებში, რომლებსაც ამჟამად მეტი ყურადღება ექცევა…“

მეთორმეტე კლასში რომ ცოცხალი სასწავლო პროცესი იყოს, სასარგებლო იქნებოდა, მოსწავლეებისთვის დაევალებინათ ძველი სატელევიზიო ჩანაწერების ნახვა. საბედნიეროდ, ინტერნეტის ეპოქაში ბევრი რამაა ხელმისაწვდომი და საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც, რომელიც პირველი არხის მემკვიდრეა, თავისი ოქროს ფონდის ნაწილი გამოაქვეყნა. საინფორმაციო გადაცემა „მოამბის“ ჩანაწერები, კომუნისტური დემონსტრაციების ტელეტრანსლაციები თუ ისეთი, თითქოს უწყინარი საბავშვო გადაცემის ნაწყვეტები, როგორიც იყო „გმადლობთ, ბოდიში“, მძაფრ შთაბეჭდილებას ახდენს თანამედროვე ახალგაზრდებზე და ვფიქრობ, ისტორიული კონტექსტის გაგებაში დაეხმარება.

ასევე საინტერესო იქნებოდა ტელესპექტაკლის ნახვაც, რომელშიც მთავარ როლებს ეროსი მანჯგალაძე და ჟანრი ლოლაშვილი ასრულებენ. საბედნიეროდ, ეს ჩანაწერიც შემორჩა ოქროს ფონდს. ძალიან საინტერესო ტელერეჟისორის, ზურაბ კანდელაკის, ყველა ფირი გაანადგურეს, მხოლოდ „ კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ და „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება“ გადარჩა. გადარჩა ეროსი მანჯგალაძის გამო.

მოთხრობის სივრცეში მეორე კატეგორია ლოთებია. თუკი ხელმძღვანელსა და თამაზს ვასიკო კეჟერაძე აშკარად დასცინის, ლოთების მიმართ ის აგრესიულია. მისი ნება რომ იყოს, ფიზიკურ ძალადობასაც არ მოერიდებოდა და ხელებსაც გადაუგრეხდა კარცერ-ლუქსში ჩასაგდებად.

ლოთები ყველა დროში იყვნენ და იქნებიან, მაგრამ საბჭოთა კავშირში მათ ყოფას თითქოს რაღაც გამართლება თუ რომანტიკა ახლდა თან. ეს იყო ქვეყანა, სადაც სამუშაო ადგილი ყველასთვის მოიძებნებოდა, სადაც კოდექსში არსებობდა მუხლი მუქთახორობის შესახებ და უმუშევარ ადამიანებს იჭერდნენ და აპატიმრებდნენ, ამიტომ ლოთობა, ამ სიტყვის იმდროინდელი გაგებით, საბჭოთა სისტემის მიმართ ერთგვარი ჩუმი პროტესტიც იყო. თითქოს ადამიანი უარს ამბობდა სისტემაში არსებობაზე და ემიჯნებოდა ალკოჰოლიზმის, ნელი სიკვდილის ხარჯზე. ოღონდ ისიც აღსანიშნავია, რომ უთავბოლოდ მოქეიფე, მაგრამ სამსახურისა და სოციალური მდგომარეობის მქონე კაცს საზოგადოება ალკოჰოლიკად არ აღიქვამდა. ლოთები მხოლოდ გასტრონომებთან მდგომი წითელცხვირიანი საწყალი კაცები იყვნენ. ასეთებს ერჩოდა ვასიკო კეჟერაძე, ერჩოდა, რადგან თავად ნაპოვნი ჰქონდა არსებობის მშვენიერი ნიშა _ ლიტერატურა, რომელიც სიკვდილისგან თავის დახსნის ყველაზე მომხიბვლელი საშუალება იყო.

დაბოლოს, ყველაზე მთავარი – ვასიკო კეჟერაძე და მისი კლიმი, უკვდავი წყვილი ქართულ ლიტერატურაში! ისინი ლიტერატურული პერსონაჟების ცხოვრებით ცხოვრობენ და ასე ემიჯნებიან სისტემას, თანაც ახერხებენ გადარჩნენ, არ ილოთონ და იცოცხლონ, თუნდაც სხვათა გამონაგონში.

მხატვრულ ლიტერატურას „სიცრუე“ სიტყვების უპირველესმა განმმარტებელმა, სულხან-საბა ორბელიანმა უწოდა. ამ სიცრუეს აქვს სიბრძნის ძალაც და ისეთი მომხიბვლელობაც, რომ შეუძლია, სარბიელის უქონლობის შემთხვევაში მოაზროვნე ადამიანი შეიფაროს, მაგრამ ვასიკო კეჟერაძისა და კლიმის ცხოვრებაც ტყუილია. „კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ აღწერს საბჭოთა საინამდვილეს, სადაც ორი გამონაგონი უპირისპირდება ერთმანეთს. ეს ის სივრცეა, სადაც სინამდვილის ადგილი საერთოდ არ არის, არც იმისი საშუალებაა, ადამიანს ჰქონდეს გადარჩენის, საზოგადოების განვითარების რეალური იდეა. ამიტომაცაა ვასიკო კეჟერაძის კარცერ-ლუქსი აბსურდული. ის ძალადობით იწყება და არსად მიდის. „კლიმობა“ მხოლოდ არსებობის ფორმაა და არა ასპარეზი. ასეთ ადამიანებს საბჭოეთში „შინაგან ემიგრაციაში“ მყოფებს ეძახდნენ.

საბჭოთა კავშირი კი თვითონ იყო კარცერი ლუქსი, სადაც, კარგი წიგნების დეფიციტის მიუხედავად, შეგეძლო გეკითხა, განვითარებულიყავი, გეოცნება, ოღონდ სახელმწიფო ისე გიყურებდა, როგორც კეჟერაძე – თავის უსაქმურებს და იმ დროს გადაგიგრეხდა მკლავებს, როდესაც გამონაგონიდან სინამდვილეში გამოსვლას დააპირებდი.

გეოგრაფიული გარემო

0

გარემომცველი ბუნება თავისი კლიმატური, ჰიდროლოგიური, გეომორფოლოგიური თავისებურებებით, ნიადაგებით, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროთი იმ განსაკუთრებულ გეოგრაფიულ კომპლექსს წარმოადგენს, რომლის კომპონენტების შერწყმამ კაცობრიობის გაჩენისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნა.

გეოგრაფიული გარემო გეოგრაფიული გარსის ის ნაწილია, რომელიც ასე თუ ისე გარდაქმნილია ადამიანის მიერ და რომელთანაც საზოგადოება უშუალოდაა დაკავშირებული თავისი შრომითი საქმიანობით. დედამიწის ბუნებრივი გარემო მხოლოდ ადამიანთა საზოგადოების გაჩენამ (ადრინდელი პალეოლითი) აქცია გეოგრაფიულ გარემოდ და ისიც მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც საზოგადოება ცხოვრობდა. გეოგრაფიული გარემო თანდათან ფართოვდებოდა, რადგან ადამიანი თავის მზარდ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად პლანეტის ახალ–ახალ ნაწილებს იპყრობდა და ბუნების ახალ-ახალ ნაწილებს იყენებდა.

ცნება „გეოგრაფიული გარემო“ ცნობილ რუს გეოგრაფს ლ. ი. მეჩნიკოვს და ფრანგ გეოგრაფსა და სოციოლოგს ე. რეკლიუს (1830-1905 წ.წ.) ეკუთვნის. ამ ცნებით ისინი ბუნების მხოლოდ იმ ელემენტებს მოიაზრებდნენ, რომლებთანაც განვითარების მოცემულ ისტორიულ საფეხურზე მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა საზოგადოებას. მათი აზრით, გეოგრაფიული გარემო ისტორიული კატეგორიაა, რომელიც განუწყვეტლივ იცვლება ბუნებრივი პირობების კომპლექსური შეცვლის შედეგად. იყო დრო, როცა მრავალი მდინარე, მაგალითად, ობი, ენისეი, ლენა, ამაზონი, იუკონი, მაკენზი, საზოგადოებისთვის მის გეოგრაფიულ გარემოს არ წარმოადგენდა, მაგრამ მატერიალური წარმოების განვითარებასთან ერთად ისინი საზოგადოების არსებობისთვის აუცილებელ პირობად და გეოგრაფიულ გარემოდ იქცა.

გეოგრაფიული გარემო საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი, მუდმივი, მაგრამ არა ძირითადი პირობაა; მას შეუძლია მხოლოდ დააჩქაროს ან შეანელოს და არა განსაზღვროს საზოგადოების განვითარება. გეოგრაფიული გარემოს თავისებურებანი – სხვადასხვა ქვეყნისა და რაიონის ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნება და ბუნებრივი რესურსებით უზრუნველყოფა – არსებით გავლენას ახდენს ამა თუ იმ ქვეყნის განვითარებაზე.

გეოგრაფიული გარემო პირობითად ფიზიკურ-გეოგრაფიულ და ეკონომიკურ-გეოგრაფიულ გარემოდ იყოფა.

ფიზიკურ-გეოგრაფიული გარემო იმ ელემენტთა ერთობლიობაა, რომელიც საზოგადოების განვითარების მოცემულ ისტორიულ ეტაპზე მისი არსებობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ეს ბუნების ისეთი ელემენტებია, როგორიცაა კლიმატი, ზედაპირული წყლები, რელიეფი, სასარგებლო წიაღისეული, მცენარეთა და ცხოველთა სამყარო, რომელთა გარეშე საზოგადოება ვერც იარსებებს და ვერც განვითარდება. საზოგადოება მათ ან მატერიალურ წარმოებაში იყენებს, ან ისინი ადამიანის არსებობის ბუნებრივ პირობებად და ეკონომიკურ-გეოგრაფიული გარემოს კომპონენტებად გველინებიან.

შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის გაჩენა დედამიწაზე ახალი, კიდევ უფრო მძლავრი ძალის გაჩენას ნიშნავდა, ვიდრე თავად ბუნების ძალაა, რომლისგანაც ის იმით განსხვავდება, რომ მისი ქმედება გონებითაა ნაკარნახევი. მატერიალური წარმოება საზოგადოების არსებობის საფუძველი და საშუალებაა. ჯერ კიდევ ე. რეკლიუ აღნიშნავდა, რომ საზოგადოების განვითარებასთან ერთად „ადამიანი უსასრულობამდე ზრდის გარემოსთან გადაკვეთისა და შეხების წერტილებს და სწავლობს იმ ბუნებრივი პირობების გამოყენებას, რომლებიც მანამდე მისთვის უსარგებლო და უფრო მეტიც, საზიანო იყო“.

ადამიანის მიერ მოშინაურებული და გამოყვანილი ცხოველები და მცენარეები ქვის, ხის, ძვლის დამუშავებასთან ერთად კაცობრიობის ისტორიის პირველ საფეხურზე შრომის ძირითად საშუალებებს წარმოადგენდა. ადამიანი განუწყვეტლივ ზრდიდა მათ რაოდენობას. ამჟამად 20 ათასამდე კულტურული მცენარეა ცნობილი, რომლებსაც ხმელეთის 10%-ზე მეტი უკავია. ადამიანი ყოველწლიურად აშენებს ტყეებს, აგებს წყალსაცავებს, სარწყავ სისტემებს, ამუშავებს ნიადაგს და კიდევ მრავალ სხვა საქმიანობას ეწევა, რაც ანთროპოგენულ ლანდშაფტებს – ე.წ. მეორე ბუნებას ქმნის. ეს „მეორე ბუნება“, რომელიც ერთსა და იმავე დროს შრომის პროდუქტიცაა და წარმოების საშუალებაც, ადამიანებსა და ტექნიკასთან ერთად საზოგადოების მთავარი ნაწილი გახდა.

ადამიანის მიერ გარდაქმნილ ბუნებას ეკონომიკურ-გეოგრაფიული გარემო ჰქვია. სიტყვა „ეკონომიკა“ იმაზე მიუთითებს, რომ მეურნეობა, მატერიალური წარმოება მისი წარმოშობის მიზეზი და, ამავე დროს, არსებობისა და განვითარების საფუძველია. ეკონომიკურ-გეოგრაფიული გარემო ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი ან გარდაქმნილი გარემოა. ესაა კულტურული ნიადაგები, ადამიანის მიერ გამოყვანილი ცხოველთა და მცენარეთა სახეობები, მინდვრები, ბაღები, ბოსტნები, პლანტაციები, ხელოვნური წყალსატევები და წყალსაცავები, სარწყავი არხები და სხვ.

ეკონომიკურ-გეოგრაფიულ გარემოში ობიექტები 3 ჯგუფად შეიძლება დავყოთ. პირველს მიეკუთვნება ისინი, რომელთა როგორც წარმოების საშულებების ფუნქციობა მათი ბუნებრივი თვისებების გამოყენებაზეა დაფუძნებული. ასეთებია, მაგალითად, ადამიანის მიერ გამოყვანილი მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშები, სოფლის მეურნეობისთვის დამუშავებული მიწები.

ეკონომიკურ-გეოგრაფიული გარემოს ობიექტთა მეორე ჯგუფს ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი ან გარდაქმნილი ის ბუნებრივი სხეულები მიეკუთვნება, რომლებიც ფუნქციობს როგორც შრომის ან წარმოების საშუალებები მხოლოდ ტექნიკასთან ერთად. ასეთებია, მაგალითად, მდინარეთა ნაწილები დარეგულირებული წყლის ხარჯით, წყალსაცავები ჰიდროელექტროსადგურებითა და კაშხლებით, საირიგაციო ნაგებობები, ხელოვნურად შექმნილი რელიეფის ფორმები: მიწაყრილები სარკინიგზო და საავტომობილო გზებთან, მდინარეთა ჯებირები და სხვ.

ეკონომიკურ-გეოგრაფიული გარემოს ობიექტთა მესამე ჯგუფი ხელოვნურად შექმნილ ან ბუნების ისეთ გარდაქმნილ ელემენტებს აერთიანებს, როგორებიცაა საქალაქო და სასოფლო პარკები, ბაღები, სკვერები, შინაური ცხოველები და მცენარეები და ა.შ. ეს ობიექტები არ მიეკუთვნება მატერიალურ წარმოებას, ადამიანის არამატერიალური საქმიანობის შედეგია და ამიტომ მხოლოდ საზოგადოებასთან ერთად ფუნქციობს.

მაშასადამე, ფიზიკურ-გეოგრაფიული და ეკონომიკურ-გეოგრაფიული გარემო ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული როგორც იდენტური, ასევე არსებითად სხვადასხვა ხასიათის ბუნებრივი თვისებებითა და კანონებით. ეს ურთიერთკავშირი სქემატურად ასე შეიძლება გამოისახოს.

 

      bl1         bl2  

bl3

ფიზიკურ-გეოგრაფიული და ეკონომიკურ-გეოგრაფიული გარემოს ურთიერთდამოკიდებულება ბუნების ათვისების ისტორიულ პროცესში

 

 

როგორც სქემებიდან ჩანს, კაცობრიობის განვითარების ადრეულ ეტაპზე ბუნებრივი პირობები გადამწყვეტ როლს ასრულებდა როგორც ადამიანის არსებობისა და ცხოვრების საშუალებები, მოგვიანებით კი ისინი შრომის საშუალებებად იქცა.

ამრიგად, ბუნების გავლენა საზოგადოებაზე ისტორიული ხასიათისაა და მას თავად საზოგადოების განვითარება განსაზღვრავს. გეოგრაფიულ გარემოში ადამიანის სამეურნეო საქმიანობას აქვს როგორც აღმშენებლობითი, ისე დამანგრეველი ხასიათი, რაც ბუნების ყველა ელემენტს – რელიეფს, ჰავას, წყლებს, ნიადაგს, ორგანულ სამყაროს და მთელ ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსებს (ბტკ) ეხება. სწორედ ამიტომ გარემოს კომპონენტების მოხმარების პრაქტიკა – გარდაქმნა, გამოყენება, აღდგენა, ფიზიკურ-გეოგრაფიული და ეკონომიკურ-გეოგრაფიული გარემოს დაცვა როგორც გეოგრაფიული კვლევების განვითარების მთავარ მიმართულებას, ისე გეოგრაფიაში ახალ მიმართულებათა წარმოშობის წინაპირობასაც წარმოადგენს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომავალში გეოგრაფიული გარემო მთლიანად მოიცავს გეოგრაფიულ გარსს და შესაძლოა, მის ფარგლებსაც კი გასცდეს (დედამიწიდან მოუწყვეტლად).

არცთუ იოლი გზა დიდ ჩემპიონობამდე

0

როდესაც რბოლებს ტელეეკრანზე ვუყურებთ, გვეჩვენება, რომ ბოლიდები ლიანდაგებზე დადიან, კოკპიტების თავზე განლაგებული კამერებით კი მხოლოდ საჭისა და პილოტის მუზარადის ჯანჯღარი ჩანს. მოკლედ, გიგანტური დატვირთვების არანაირი მტკიცებულება არ შეინიშნება.

ტესტების დროს დაღუპულმა იტალიელმა მრბოლელმა მიკელე ალბორეტომ ერთხელ თქვა: ”ყველაზე სწრაფი ავტომობილის სალონიდან „ფორმულა 1-ის“ ბოლიდში გადაჯდომა იგივეა, რაც სხვა პლანეტის ზედაპირზე გავლა”. ძნელია არ დაეთანხმო ამ შედარებას, რადგან პილოტი მანქანას ადამიანის ორგანიზმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების ზღვარზე მართავს.

მაგალითად, მონცას ტრასის 90-მეტრიან მონაკვეთზე 340-დან 130 კმ/სთ-მდე სიჩქარის დაკლებისას, შემდეგ კი სლალომისებურ მოსახვევში შესვლისას პილოტი განიცდის 1,4 გ. დატვირთვას და ამ პირობებში მან უნდა მოასწროს სიჩქარის სამჯერ გადართვა, დამუხრუჭება, სიჩქარის აკრეფა და ამავდროულად ტრაექტორიის კორექტირება. ასეთი დატვირთვის ეკვივალენტი 2 ცენტნერი წონაა, რომელიც ადამიანის მხრებზე თანაბრად ნაწილდება.

კოსმოსური დატვირთვების თითქმის ყველა მიზეზი აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტში მდგომარეობს, რომელიც ბოლიდებს ჩვეულებრივ სწრაფ ავტომობილებზე სამჯერ უფრო მაღალი აქვს. სარბოლო მანქანების განიერი ბორბლები გარს შემოდენილი ფრთებით არ არის დაფარული, ანტიფრთას კი საკმაოდ დიდი ფართობი აქვს. ყოველივე ეს მიზიდულობის ძალას ზრდის, შედეგად 300 კმ/სთ სიჩქარეზე ბოლიდი პილოტთან ერთად 3-4-ჯერ მეტს იწონის, ვიდრე გაჩერებულ მდგომარეობაში.

იგივე აეროდინამიკური წინააღმდეგობა ზღუდავს ტრასის სწორ მონაკვეთებზე ბოლიდის მაქსიმალურ აჩქარებას. აქსელერატორის პედლიდან ფეხის აღებისას სიჩქარე ისევე სწრაფად ეცემა, როგორც ექსტრემალური დამუხრუჭებისას. აქედან გამომდინარე, პილოტმა გაზის პედლის მოძრაობის გაკონტროლება

მილიმეტრების სიზუსტით უნდა შეძლოს. პირველ წრეებზე სიჩქარის კარგი მაჩვენებელი არაფერზე მეტყველებს. პილოტს მთელ დისტანციაზე ძალების განაწილება უნდა შეეძლოს, რაც აბსოლუტურ კონცენტრაციასა და კოლოსალურ დაძაბვას მოითხოვს, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მოსახვევებში აჩქარებისას დატვირთვა 5 გ-მდე (აქ გრამი თუ კილოგრამი?) იზრდება. ამ დროს მრბოლელებმა ბოლიდის მოძრაობის ტრაექტორია ზუსტად უნდა გააკონტროლონ, მაგრამ გადატვირთვის გამო წამის მეათედით მხედველობა საერთოდ ეკარგებათ.

გარდა ამისა, მრბოლელი უნდა იყოს ჯანმრთელი და ფიზიკურად მომზადებული, რათა კოლაფსში პირდაპირ რბოლის დროს არ ჩავარდეს. „ფორმულა 1-ის“ პილოტების კონსულტანტი ექიმები ამტკიცებენ, რომ გადატვირთვას მრბოლელის ჯანმრთელობისთვის მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე შესაძლო შეჯახებას.

ზემოთ აღწერილის გარდა, არსებობს დამუხრუჭებით გამოწვეული გადატვირთვა, რომელიც 3-4 გ-ს აღწევს, ანუ მრბოლელის წონას გარკვეულ მომენტში 3-4-ჯერ ზრდის. ყოველივე ეს კუნთების უეცარ შეკუმშვას, სისხლის მიმოქცევის შეფერხებას და მის სიბლანტეს იწვევს. შედეგად ტვინი ჟანგბადის არასაკმარის რაოდენობას იღებს და გულს სულ უფრო და უფრო სწრაფად ამუშავებს. ზოგი პილოტის პულსის სიხშირე რბოლის დროს წუთში 220 დარტყმას აღწევს. ამ მიზეზით ბევრ მათგანს კოჭ-წვივის სახსრებში სისხლის ჩაქცევები აღენიშნება.

უსაფრთხოების მიზნით, პილოტის სხეული ღვედებით ექვს წერტილზეა მიმაგრებული, თუმცა ხელებმა და ფეხებმა გარკვეული თავისუფლება უნდა შეინარჩუნონ. მუხლებსა და ფეხისგულებს სპეციალური ფარები, კანს გატყავებისგან სპეციალური კომბინიზონი, თავს კი მუზარადი იცავს.

სხვათა შორის, გვერდული აჩქარების დროს თავსა და კისერზე 30-40 კგ-ის ექვივალენტი ძალა მოქმედებს. სპეციალური ვარჯიშების გარეშე ასეთი დატვირთვების ატანა შეუძლებელია. თუ ამას დავამატებთ ძრავის გადახურების გამო პილოტის ორგანიზმის გამოშრობას, მითი მრბოლელის უსაფრთხო გრიალის შესახებ საბოლოოდ განადგურდება. არადა, ალბათ ხშირად გსმენიათ მოსაზრება, რომ „ფორმულა 1-ში“ ყველაფერს კონსტრუქტორები წყვეტენ და არა პილოტები.

ასეთი დატვირთვებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ პილოტებს სპეციალური ფიზიკური მომზადება სჭირდებათ. იტალიელი ჩემპიონი ალბერტო ასკარი პირველი იყო მრბოლელთა შორის, ვინც ფიზიკურ მომზადებას სერიოზული ყურადღება მიაქცია. ასკარის ბევრმა მისმა კოლეგამ მიბაძა, მაგრამ 1955 წელს იტალიელის გარდაცვალების შემდეგ, ალბათ ცრურწმენის გამო, ვარჯიშს თავი დაანებეს.

„ფორმულა 1-ში“ ფიზიკური მომზადებით მეორედ მაშინ დაინტერესდნენ, როდესაც ავსტრიელმა მწვრთნელმა ვილი დანგმა სპეციალური ვარჯიშებით ავარიაში საშინლად დამტვრეული ნიკი ლაუდა ფეხზე წამოაყენა. სპორტული გაჯანსაღების კიდევ ერთმა ციებ-ცხელებამ „ფორმულა 1-ის“ სამყარო 80-იან წლებში მოიცვა, როდესაც ფიზიკური მომზადების ასპექტში ბრაზილიელი აირტონ სენას აშკარა უპირატესობა გამოიკვეთა.  სენას ბავშვობიდან მოძრაობის ფუნქციასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ვარჯიშების განსაკუთრებულმა რეჟიმმა მოუქნელი ბიჭუნა მეგავარსკვლავად აქცია.

 დატვირთვის გათვალისწინებით, მწვრთნელები სპორტსმენებს კვების გარკვეულ რაციონს სთავაზობენ, რათა წონის საშუალო მაჩვენებელი (დაახლოებით 70 კგ.) შეინარჩუნონ. პილოტს არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი ქონი და მასკულატურა.

წონის მცირედი მომატებაც კი ორგანიზმისთვის, რომელმაც კოსმოსურ დატვირთვებს უნდა გაუძლოს, დამატებითი სტრესია. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია კვების დაბალანსება. მაგალითად, ცხიმიანი საკვები სისხლში ლიპიდების შემცველობას ზრდის, გული უფრო მეტი დატვირთვით მუშაობს, რამაც რბოლის დროს შესაძლოა სავალალო შედეგი გამოიწვიოს. ამიტომაც დიეტოლოგის რჩევების გათვალისწინება ისევე მნიშვნელოვანია წარმატებისათვის, როგორც ინჟინრის პროფესიონალიზმი – მანქანის აწყობისას. დიეტოლოგები „ფორმულა 1-ის“ ყველა ეტაპს ესწრებიან და თავიანთ კლიენტებს სპეციალურ საკვებს უმზადებენ.

პილოტის კვების რაციონიდან ამოღებულია: ნახევარფაბრიკატები, სპირტიანი სასმელები, შაქარი და ნებისმიერი ის საკვები, რომლის შემადგენლობაშიც ცხიმი შედის. კვერცხის მირთმევა კვირაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება. ერთი დღის რაციონი კი 3500 კალორიას არ უნდა აღემატებოდეს. „ფორმულა 1-ის“ პილოტის მენიუ დაახლოებით შემდეგნაირია:

საუზმე: ერთი თეფში ფაფა ბანანითა და შემწვარი ვაშლით.

ლანჩი: ნებისმიერი ხილი და მინერალური წყალი შეუზღუდავი რაოდენობით.

სადილი: ბოსტნეულის სუპი, ერთი ნაჭერი თეთრი პური, სპაგეტი უცხიმო სოუსით, ხილი, ჩირი, იოგურტი, ხილის წვენი ან მინერალური წყალი.

ვახშამი: საუზმის ან ლანჩის გამეორება, სასმლის რაოდენობა შეზღუდულია.

როგორც ხედავთ, „ფორმულა 1-ის“ პილოტის ცხოვრება მკაცრი რეჟიმისგან, დიეტისა და თავდაუზოგავი ვარჯიშისგან შედგება. სამყაროში ადვილი მხოლოდ პოლიტოკოსობაა, თუმცა წარმატების ფორმულის ამოხსნა აქ უფრო რთულია.

რამდენიმე საჭირო ბმული

0

წინა პოსტში მიმოვიხილეთ წიგნები, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ ენისა თუ ლიტერატურის გაკვეთილების სრულყოფისთვის, ორთოგრაფიასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად თუ, უბრალოდ, ახალი და საინტერესო საკითხების განსახილველად. ახლა მინდა, რამდენიმე ინტერნეტსაიტზე მოგახსენოთ, რომელთა პრაქტიკული გამოყენება გაკვეთილზე თუ არასაგაკვეთილო მუშაობისას დროს დაგაზოგვინებთ, ინტერესს დაგიკმაყოფილებთ, ახალი რესურსებისა და მასალების პოვნაში დაგეხმარებათ.

მოკლედ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მომყევით!

  1. ქართული ენა – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინტიტუტის ვებგვერდი https://www.lingua.ge/

საიტის მარცხენა მხარეს არსებულ ჩამონათვალს თუ თვალს მიადევნებთ, თქვენთვის საჭირო ბევრ მასალას იპოვით, იქნება ეს ვიდეოლექციები, სასწავლო კურსები თუ ინფორმაცია თანამედროვე ენის ნორმების შესახებ. განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება ლექსიკონების განყოფილებას – აქ რამდენიმე ისეთი ლექსიკონია, რომელთა გამოყენებაც ყოველდღიურად გიწევთ. მაგალითად, სინონიმთა, განმარტებითი, სასკოლო ორთოგრაფიული თუ ენობრივ შეცდომათა ლექსიკონები.

  1. ეროვნული ბიბლიოთეკა – სკოლას

უკვე რამდენიმე წელია, ეროვნული ბიბლიოთეკა ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო ელექტრონული რესურსების სისტემატიზაციას უწყობს ხელს, ციფრული ბიბლიოთეკა იქნება ეს, ფოტომატიანე, პერიოდიკის ციფრული არქივი თუ სხვა. ამას წინათ ბიბლიოთეკის ელექტრონულ რესურსებს კიდევ ერთი დაემატა – საგანგებოდ სკოლისთვის: მასშტაბური ელექტრონული ბიბლიოთეკა, სადაც სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ტექსტების, განმარტებების, თემატური სტატიებისა თუ კომენტარების მოძიება შეგიძლიათ. ვფიქრობ, ეს საუკეთესო საჩუქარია მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, ამიტომ აუცილებლად ეწვიეთ საიტს ელექტრონულ მისამართზე : https://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolos.htm

  1. აკადემიური სოციალური ქსელი https://www.academia.edu/

ალბათ, აღარ არის საჭირო იმაზე კამათი, როგორ შეცვალა ჩვენი ცხოვრება სოციალურმა ქსელმა, როგორ გაამარტივა თანამოაზრეების პოვნა, ინფორმაციის მოძიება, საკუთარი თვალსაზრისის სხვისთვის გაზიარება. წარმოიდგინეთ, რომ არსებობს სპეციალური აკადემიური სოციალური ქსელი, სადაც შეგიძლიათ მოიძიოთ მსოფლიოს გამოჩენილ მეცნიერთა უახლესი სტატიები, შეუერთდეთ თქვენთვის საინტერესო თემატურ ჯგუფს, საქმიანი კონტაქტი დაამყაროთ კოლეგებთან… გაიარეთ რეგისტრაციის მარტივი პროცედურა და მოძებნეთ, რაც გაინტერესებთ. საძიებელში თუ ჩაწერთ თქვენთვის საინტერესო მეცნიერების დარგს, უამრავ საინტერესო ადამიანს და რესურსს იპოვით. მაგალითად, გაეცნობით თანამედროვე განათლების სიახლეებს, ინკლუზიურ სწავლებასა თუ მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს, კონკრეტული საგნის სწავლების საინტერესო ხედვას…

  1. ქართული სამეცნიერო მეტაენის კორპუსი – sml.corpora.co

ქართულ დიალექტურ კორპუსზე მრავალჯერ მომიყოლია თქვენთვის. ამ ძალიან მნიშვნელოვანი ელექტრონული რესურსის ინტერდისციპლინურ კვლევებსა თუ სასკოლო გაკვეთილებში გამოყენების მაგალითებიც მიჩვენებია. დიალექტური კორპუსის შემქმნელმა ჯგუფმა სამეცნიერო საზოგადოებასა და მომხმარებელს ახალი, სამეცნიერო მეტაენის კორპუსი შესთავაზა, რომელიც ცნობილ მეცნიერსა და ქართველოლოგს ბესარიონ ჯორბენაძეს მიეძღვნა. საიტზე უკვე განთავსებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაშრომი, მათ შორის – ბესარიონ ჯორბენაძის სამეცნიერო ტექსტები. კორპუსი თანდათან უფრო და უფრო შეივსება და ყველას, მათ შორის – პედაგოგებსაც, დიდ დახმარებას გაუწევს.

მეტაენის კორპუსს გლოსარიუმი და ტექსტების ბიბლიოთეკაც აქვს. შეგიძლიათ, პირდაპირ წაიკითხოთ სამეცნიერო ნაშრომი, მოძებნოთ რომელიმე სამეცნიერო ტერმინის განმარტება და კორპუსის საშუალებით ნახოთ, რა კონტექსტში იყენებს ტერმინს ესა თუ ის მეცნიერი, რა დამატებითი კონოტაციები აქვს მას, როგორია ამა თუ იმ მეცნიერის სამეცნიერო სტილი და ა. შ.

  1. https://www.futurelearn.com/ – ონლაინკურსები თქვენი უწყვეტი განათლებისთვის

სწავლა და ახალი საკითხებით დაინტერესება არასდროსაა გვიანი. ეს უწყვეტი პროცესია და, მხატვრულად რომ ვთქვა, მხოლოდ სამარის კართან მთავრდება.

გლობალურ ინტერნეტსივრცეში მრავლადაა საიტები, რომელთა საშუალებითაც შეგიძლიათ განათლება მიიღოთ. ამჯერად ერთ მათგანს გაგაცნობთ – https://www.futurelearn.com/. ნაცადი და კარგი საიტია და მრავალი უნივერსიტეტის მიერ მომზადებულ კურსებს გთავაზობთ. ამ საიტზე კორპუსლინგვიტიკისა და შექსპიროლოგიის კურსები გავიარე და ძალიან, ძალიან საინტერესო იყო.

  1. https://www.learner.org – საიტი პედაგოგიური უნარების განვითარებისთვის

ის იმ საიტთაგანია, რომლებიც პედაგოგებისთვის, მათი საქმიანობის სრულყოფისთვის იქმნება. საინტერესო რესურსები, განსხვავებული და მრავალფეროვანი მიდგომები, მულტიმედიამასალები, დისკუსიები… ნახეთ, აუცილებლად მოგეწონებათ, გაიზიარეთ სხვათა გამოცდილება ან კიდევ ერთხელ დარწმუნდით საკუთარი მიდგომებისა და თვალსაზრისის ეფექტურობაში.

წარმატებას გისურვებთ!

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...