ოთხშაბათი, ივნისი 24, 2026
24 ივნისი, ოთხშაბათი, 2026

გოგოებისთვის

0

ფანჯრიდან კორპუსები.

კორპუსებიდან ფანჯრები და სხვა კორპუსები.

ხეები შიგადაშიგ და ზამთრულად. ხეები ზამთარში დიდებულია, სადა.

შენობები მნიშვნელობას იძენენ. „შევიდეთ“,- ვამბობთ. „შიგნით“,- ვაზუსტებთ. „გარეთ“- იძულებით და თბილად.

ზამთარიც იძულებით. არ გვინდა. არ უნდათ. უფრო მეტად არ უნდათ, ვიდრე უნდათ. მწყინს, კაშნეს ვიხვევ და გავდივარ.

სევდიანი ზამთარი მაქვს, ვფიქრობ. ბავშვები სკოლიდან ბრუნდებიან და ვერ ვიხსენებ, რა მაგარია, ბრუნდებოდე სკოლიდან. რა მაგარია, როცა გელიან. გაკვეთილებსაც სიამოვნებით ჩავაბარებდი ვინმეს, ოღონდაც მელოდებოდნენ. მაგრამ არა, ვერ ვიხსენებ. დედები დარჩნენ შორს.

მერე წასვლა დაიწყო. მოდიოდნენ და მერე მიდიოდნენ და ჩვენ გვასწავლეს, რომ აუცილებლად ბედნიერები უნდა ვყოფილიყავით, არ გვეტირა, როცა გვტოვებდნენ. საზიზღრობაა. ყველას აქვს უფლება, ხანდახან იყოს უბედური. მოწყენილი. იმედგაცრუებული. იტიროს მეტროში, ავტობუსში, ქუჩაში.

მე ვიცნობ მობუზულ, მტირალ გოგოებს. და ერთადერთ მტირალ ბიჭს. ის ბიჭი წარსულშია, თვრამეტი წლის და ამბობს- მოდი, არ დავშორდეთ. ამბობს- რა მაგარია, რომ მიყვარხარ, როგორ მშორდები.

მერე, როცა მე დამშორდნენ, ჯერ ვიტირე,- „როგორ მშორდები“ და მხოლოდ შემდეგ გამიკვირდა.

დედაჩემს ახსოვს: დავდიოდი ოთახებში, უკვე უცრემლოდ. დავდიოდი დაუსრულებლად და დაუსრულებლად მიკვირდა, როგორ შეეძლოთ, დათანხმებოდნენ მარტო ყოფნას, შეეწყვიტათ ჩემი სიყვარული. დედას ვახსოვარ, დედებს ვახსოვართ ჩვენ, გოგოები, რომლებიც დადიოდნენ ოთახიდან ოთახში და ამბობდნენ,- „ვერ გადავრჩები“.

ყველა გადავრჩით.

მერე ვთქვით, გოიმობაა სიყვარული. როგორი გოიმურია, ვარდები და სუნამოები, როგორი ძველმოდურია ხელი- ხელჩაკიდებული სიარული, გოიმურია სასიყვარულო მესიჯები, არ ვამბობთ სიტყვას „საყვარელო“, არც- „ძვირფასო“, არ ვსხდებით პარკებსა და სკვერებში, რადგან ძმეტისმეტად გოიმურია.

გულის სიღრმეში გვეშინია, ვაითუ შეგვიყვარდეს. ვაითუ ისევ. ისევ თავიდან. დედები ვეღარ გადაიტანენ,- თავს ვიმართლებთ.

სევდიანია ეს ზამთარი. დედები ვეღარ გვხედავენ და ოთახებიდანაც გამოვედით. დავდივართ უზარმაზარ ქალაქში და ვფიქრობთ, ხვალ ყველაფერი შეიცვლება, დღეს გვაქვს უფლება, ვიაროთ უხმოდ, უცრემლოდ, მარტო და ვიფიქროთ, ვისთან წავიდა ჩვენი ყოფილი შეყვარებული.

მასწავლებლობის სიღრმე და სიმაღლე  

0

“ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა მარიამ ყაუხჩიშვილმა, რომელმაც განათლება შვეიცარიაში მიიღო და საქართველოში დაბრუნებული ცდილობდა ევროპული ღირებულებები საგანმანათლებლო ცხოვრებაში შეეტანა, 1903 წელს დაარსა სკოლა, რომელიც დღეს ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის სახელით არის ცნობილი.  სკოლა დღესაც გამოირჩევა ჰუმანისტური და თავისუფალი მიდგომებით და სკოლის ცხოვრების ცენტრში კვლავაც მოსწავლე და მისი საჭიროებებია მოქცეული.  სკოლას 2004 წლიდან ირინა ჯგერენაია ხელმძღვანელობს, რომელიც ჟურნალ „მასწავლებლის’’ სტუმარია .

 

12 წელია  უკვე ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლას  ხელმძღვანელობთ. რა ცვლილებები გამოიარა სკოლამ თქვენი ხელმძღვანელობის განმავლობაში და  რა არის ამ დროისთვის სკოლისთვის და თქვენთვის ყველაზე დიდი მონაპოვარი?

მახსენდება ცნობილი როკჯგუფის Pink Floyd -ის ჰიტი – ,,The Wall “,“, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს უგულებელყოფილი იდეებისა და შეხედულებების გამო სისტემის მარწუხებში მოქცეული სულების პროტესტს. სისტემის მხრიდან ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, მე და ბევრმა ჩემმა თანატოლმა ვიცოდით, რომ შეგვეძლო რაღაც ახლისა და განსხვავებულის თქმა, შეგვეძლო სკოლასა და ჩვენ შორის აღმართული კედლის მსხვრევა. ჩემთვის ამ იდეასთან მიახლოება, 2002 წლიდან საქართველოს ზოგადი განათლების რეფორმით დაიწყო, მაშინ  ქუთაისის 25-ე სკოლის ფიზიკის მასწავლებელი გახლდით. რეფორმის  ლოგიკური შედეგი კი 2004 წლის 18 ოქტომბერის საქართველოს მთავრობის განკარგულება # 84 იყო, რომლითაც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები განისაზღვრა. დამტკიცდა ეროვნული სასწავლო გეგმა, შეიცვალა  სისტემაში მანამდე არსებული მიდგომები და შეხედულებები: საგანმანათლებლო სისტემის ცენტრში მოექცა მოსწავლე და მისაღწევი შედეგები, ერთ მოსწავლეზე გათვლილმა დაფინანსების ვაუჩერულმა სისტემამ ხელი შეუწყო სკოლების დეცენტრალიზაციას და გაზარდა ავტონომიურობის ხარისხი. ამ ცვლილებებით აღსავსე პერიოდში 2004 წლის 17 ნოემბერს მე-17 საჯარო სკოლაში მოვედი როგორც დირექტორი.

 1003329_613766198656665_932431289_n

საზოგადოებისთვის თითქმის უცნობია სკოლი დაარსებისა და მისი დამაარსებლის ისტორია. არც სკოლის საგანმანათლებლო წარსულია ცნობილი…

დღემდე აღმაფრთოვანებს  სკოლის დამაარსებლის მარიამ ყაუხჩიშვილის ბიოგრაფია. მარიამმა განათლება ჟენევაში მიიღო და ევროპული ღირებულებებით დაბრუნებულმა 1898 წელს ქუთაისში პროგიმნაზიის კურსით სასწავლებელი დააარსა. იმ წლებში ქალთა და ვაჟთა სკოლები ცალ-ცალკე იყო. მიუხედავად იმისა, რომ გიმნაზია ქალთათვის იყო განკუთვნილი, მარიამ ყაუხჩიშვილმა ვაჟებიც ჩარიცხა. განსაკუთრებულ ყურადღებას რთულად აღსაზრდელებს აქცევდა. თავად მარიამი ყველაფერს აკეთებდა, რომ ისინი კარგ მოქალაქეებად აღეზარდა. იმ დროისათვის სასწავლებელი ერთადერთი იყო, სადაც საქართველოს ისტორიას ასწავლიდნენ.  მარიამ ყაუხჩიშვილის გიმნაზიის აღმზრდელობითი მეთოდები უაღრესად პროგრესული და ჰუმანური იყო. არ იყენებდნენ ფიზიკურ დასჯას, მოსწავლის გარიცხვა პედსაბჭოს სისუსტედ ითვლებოდა, წარმატებულ ბავშვებს აჯილდოებდნენ, მჭიდრო კავშირი ჰქონდათ მშობლებთან. 1939 წლიდან გიმნაზია უკვე მე-17 სკოლაა. 2015 წლის 19 მაისს ვიზეიმეთ სკოლის დაარსებიდან 117 წელი. ვამაყობთ, რომ საუკუნის წინანდელი პრინციპული, ფუნდამენტური ღირებულება – მოსწავლეზე და მის საჭიროებებზე ზრუნვა – დღესაც ჩვენი სკოლის აზროვნების, ფილოსოფიისა და ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფერთა და ფორმათა ამ მარადიულ მეტამორფოზაში უცვლელი დარჩა  ჩვენი ფასეულობები განათლების, წარმატების, ტრადიციის, ერთსულოვნების, სულიერების, მოქალაქეობის, პლურალიზმის, პატრიოტიზმის, პლურლინგვური განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მშობლიური ენისადმი.

რა შეიცვალა თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში სკოლაში და  განსაკუთრებით რა მნიშვნელოვან  მოვლენებს გამოყოფდით სკოლის საგანმანათლებლო ცხოვრებიდან?

ასეთი საინტერესო წარსულის მქონე სკოლა 2005 წელიდან საქართველოს 100 სკოლიდან ერთ-ერთია, სადაც ეროვნული სასწავლო გეგმის პილოტირება დაიწყო. რეფორმის ფარგლებში შეიცვალა შეფასების სისტემა, მოსწავლეებმა მიიღეს  უფასო სახელმძღვანელოები, მიმდინარეობდა ინტენსიური ტრენინგები, მასწავლებლები ეუფლებოდნენ სწავლისა და სწავლების ახალ მეთოდებსა და სტრატეგიებს, ტრადიციული გაკვეთილები მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულმა გაკვეთილებმა შეცვალა, რომელთა ცენტრში მოსწავლე იდგა.  რთული, მაგრამ საინტერესო ცვლილებების წინაშე აღმოვჩნდით. წარმოუდგენლად მაღალი იყო პედაგოგთა მონდომება ენთუზიაზმი და მოტივაცია პროფესიული ზრდისათვის. პილოტირების დაწყებიდან 6 თვის შემდეგ გადავწყვიტეთ უაღრესად გაბედული ნაბიჯის გადადგმა: სკოლაში მოვაწყვეთ ღია კარის დღე, რომელზეც  მოვიწვიეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ე.ს.გ.-ს დეპარტამენტი სვიმონ ჯანაშიას ხელმძღვანელობით, ტრენერთა ჯგუფი, მშობლები, სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები. აქტივობის მიზანი იყო პრაქტიკაში გვეჩვენებინა მიღებული თეორიული ცოდნა და თანამშრომლობით გარემოში გადაგვეჭრა ის პრობლემა თუ სირთულე, რომელიც ამ პროცესში წარმოიქმნებოდა. ექსპერიმენტმა გაამართლა, დაიგეგმა სამომავლო შეხვედრები. მას შემდეგ ღია კარის დღეები ჩვენი სკოლის კულტურის განუყოფელი ნაწილია.  დაუღალავმა შრომამ და სკოლის თანამშრომელთა ერთსულოვნებამ შედეგი გამოიღო: სკოლაში დამკვიდრდა ჰოლისტური განათლების სისტემა, შეიქმნა პოზიტიური მაქსიმალურად უსაფრთხო ძალადობისაგან დაცული გარემო, დიდ მნიშვნელობას იძენს სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობა. მოქმედებს მშობელთა მკითხველთა კლუბი, მშობლების თოჯინების თეატრი, მონიტორინგის ჯგუფში გაერთიანებული მშობლები მორიგეობენ სკოლაში და თვალყურს ადევნებენ სასკოლო ცხოვრებას, ბავშვების უსაფრთხოებას. თამამად შემიძლია ავღნიშნო, რომ დღეს სკოლა  თემის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია. მოსწავლეების, მათი მშობლების კეთილგანწყობა და გულწრფელი სიყვარული კი ჩვენი მთავარი ჯილდოა.

ხშირად დადიხართ სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგზე. რა ცოდნას გიზიარებენ უცხოელი კოლეგები და როგორია მათი გამოცდილება?

 ბევრ საერთაშორისო ტრენინგსა და კონფერენციას ვესწრები, ვარ საერთაშორისო ორგანიზაცია NAMAშშ-ის წევრი. ორგანიზაციის ხელმძღვანელი პროფესორი, ფსიქოლოგი რიჩარდ ფაიფერი ძალიან საინტერესო ადამიანია. მისი ლექცია ,,გაბრაზებული ტვინის მკურნალობა’’ ერთ-ერთი საუკეთესოა. მასწავლებლებს  უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება, იყოს არამარტო კვალიფიციური, არამედ გაწონასწორებული, შეეძლოს საკუთარ თავში ემოციისა და სიბრაზის მართვა. ბატონმა რიჩარდმა საჩუქრად გადმომცა მისი ნაშრომების კრებული, რომელსაც ამშვენებს წარწერა : ,,გაბრაზდი, მაგრამ ნუ შესცოდავ, დაე შენი აღშფოთების მზე ჩაეშვას’’. სიამოვნებით ვთანამშრომლობ ჩემს უცხოელ კოლეგებთან,  ერთმანეთს ვუზიარებთ ცოდნასა და გამოცდილებას. ვცდილობ გავეცნო წარმატებული სკოლების გამოცდილებას მათთან ვიზიტით. ასევე ჩვენც  ვმასპინძლობთ თურქეთის, უკრაინის, სომხეთის, ამერიკის შეერთებული შტატების სკოლების დელეგაციებს. შეხვედრებმა დამარწმუნა, რომ ჩვენს ეპოქაში მასწავლებელი ყველა ქვეყანაში მსგავსი პრობლემის წინაშე დგას. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი სოციალური და ეკონომიკური ვითარებაა ამა თუ იმ სახელმწიფოში. მოტივაციის ამაღლება, კლასის მართვა, ახალგაზრდების წიგნთან მიყვანა, საინტერესო გაკვეთილების დაგეგმვა, თანამედროვე განათლების სისტემის მთავარ გამოწვევებად რჩება.

წლების წინ თქვენი სკოლა ერთ-ერთი იყო, სადაც ხშირად ტარდებოდა სხვადასხვა არაფორმალური გაკვეთილი, შეხვედრები, ტრენინგები, მიდიოდა თავისუფალი საუბრები… დღეს ამ მხრივ როგორია სკოლის არაფორმალური ცხოვრება და რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი გარემოს არსებობა მოსწავლეებისთვის?

სკოლის არაფორმალური ცხოვრება დღეს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და სიახლეებით დატვირთულია. სკოლის კულტურას ამდიდრებს სხვადასხვა პროფესიის ცნობილი, წარმატებული ადამიანების მოწვევა და არაფორმალური შეხვედრები გამოჩენილ ექიმებთან, მეცნიერებთან, მწერლებთან, მხატვრებთან, მასწავლებლებთან, ისტორიკოსებთან მსახიობებთან რეჟისორებთან, დიპლომატებთან. ხშირად ეს შეხვედრები ძალიან მასშტაბური ხასიათისაა. გასულ წელს მწერლის საერთაშორისო დღეს სკოლაში მოწვეულმა 33 მწერალმა ერთდროულად  ჩაატარა 33 გაკვეთილი 33 კლასში. ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ემოციები მოჰყვება თითოეულ ასეთ დღესასწაულად ქცეულ დღეს. მარტინ სელიგმანის პოზიტიური ფსიქოლოგიის მიხედვით დადებითი ემოციებით გაჯერებული გარემო ზღუდავს და პერსპექტივაში აქრობს ნეგატივს, ძალადობას, სასოწარკვეთას. სკოლა და ოჯახი,  სადაც პოზიტიური გარემოა, ბავშვს აძლევს თავისუფლებას, ,,გაიფურჩქნოს“.

როგორია დირექტორისა და მოსწავლეების ურთიერთობა? რა იცით მათი საჭიროებების შესახებ?

ჩვენს  სკოლაში 1200-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.  მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი როგორც ინდივიდი, როგორც პიროვნება. ყოველდღიური ფორმალური და არაფორმალური შეხვედრები, საუბრები, ერთობლივი პროექტები,  მაღალი  მოლოდინებით განმაწყობს. ჩემთვის  ცნობილია უმეტესის ოჯახური მდგომაროება, შესაძლებლობები და უნარები, მისწრაფებები და გატაცებები, რაც  განაპირობებს მათ აქტიურ ჩართულობას როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე სხვადასხვა სასკოლო, საქალაქო და რესპუბლიკურ ღონისძიებაში.

ხართ ფიზიკა-მათემატიკის სპეციალისტი. მიუხედავად იმისა, რომ ახლა საგაკვეთილო საათები აღარ გაქვთ, როგორ გაიხსენებდით იმ პერიოდს, როდესაც ამ საგანს ასწავლიდით?

 90-იან წლებში ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, ამ პერიოდს ტკბილად გაიხსენებო, ალბათ, გამეცინებოდა.  სკოლაში, ისევე როგორც ყველგან, სიცივეს, სიბნელეს, გაურკვევლობასა  და მომავლის შიშს დაესადგურებინა. მაშინ სიტყვა მოტივაციას არავინ ახსენებდა, მაგრამ მაშინ ის გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე დღეს. უფროსები ვგრძნობდით, რომ მომავალი თაობის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის სახელით, მოდუნების უფლება არ გვქონდა. რას ვაკეთებდი მათ დასაინტერესებლად? ჩემ მიერ ჩატარებული ფიზიკის გაკვეთილები (პროექტები, ინტეგრირებული, ინტერაქტიული გაკვეთილები, ჯგუფური აქტივობები, შემეცნებითი პროცესები და სხვა) არწმუნებდათ, რომ ეს მეცნიერება გაცილებით მეტია ვიდრე ყოველდღიური ცხოვრებისთვის  საჭირო ცოდნის მიცემა.

რა არის ამ პროფესიის მთავარი საიდუმლო და თქვენ საიდან იღებთ შთაგონებას, რომ საგანმანათლებლო ცხოვრება მოსაწყენი არ გახდეს?

მეც ვეძებ პასუხებს, მათ შორის იმ ადამიანებისგანაც, რომლებსაც მხოლოდ  მათი ნააზრევით ვიცნობ, და რომლებიც ნამდვილ მეგობრებად და თანამოაზრეებად  მესახებიან. ასეთია ამერიკელი მწერალი პალაციო და მისი ნაწარმოები ,,საოცრება, თანამედროვეობის დიდი ფრანგი მწერალი და მასწავლებელი დენიელ პენაკი და მისი ავტობიოგრაფიული წიგნი სკოლის სევდა“. ,, რომანივით საკითხავი’’ ეს არის ამბავი იმისა, როგორ იქცა „კლასის მაჩანჩალა ოროსანი“ წარმატებულ პედაგოგად და ცნობილ მწერლად. პენაკი რომანივით შეფუთულ სასწავლო მეთოდებს გვთავაზობს, ამ მეთოდების ცენტრში ბავშვისადმი დიდი, უპირობო სიყვარული დგას.  საზოგადოებაში ხომ ასეთი პოპულარულია მითები „ოროსანი აინშტაინის“ და „გონებაჩლუნგი ედისონის“ შესახებ. ,,ჩვენ უნდა შევძლოთ აქ და ახლა დავინახოთ ინდივიდი და გენიოსი თითოეულ ბავშვში და არა მაშინ, როცა შინაგან სულიერ ძალებზე დაყრდნობით ფერფლიდან აღმდგარი და წარმოჩენილი ისედაც ყველასაგან მიღებული და პატივცემული იქნება“. ამიტომ, მნიშვნელობა არა აქვს მოსწავლეთა სოციალურ, რელიგიურ თუ ეთნიკურ კუთვნილებას, მნიშვნელოვანი მხოლოდ მათი დაფრთიანება, სწორი მიმართულების მიცემაა. მასწავლებლობის სიღრმეც და სიმაღლეც ესაა: ფრენის სწავლაში ’’გაბრუებული მერცხალი ცხოვრებისაკენ უნდა შემოაბრუნო და მორჩა’’.

როგორ შევამციროთ სკოლაში ძალადობის რისკი

0

პოზიტიური სასკოლო კულტურის დამკვიდრება თავისთავად გულისხმობს ყოველგვარი ძალადობისგან თავისუფალ სასკოლო გარემოს. ეს ეხება ბულინგსა და მობინგს – ძალადობის იმ ფორმას, რომელიც ხშირად იჩენს თავს მოზარდთა კოლექტივებში, მათ შორის – სკოლაშიც.

მკვლევართა მიერ გამოყოფილი ბულინგის სახეები ყველა შემთხვევას ვერ აღწერს, რადგან მოძალადეთა ქმედებები მრავალფეროვანია.

„სხვა სკოლიდან გადმოვიდა, მორიდებული, თავჩაღუნული ბავშვი იყო, მოვიდა თუ არა, ერთმა ჯგუფმა აითვალწუნა… სულ მოიბუზა, ხმას აღარ იღებდა, ხან აცდენდა სკოლას. მინდოდა დახმარება, მაგრამ სანამ მოვიფიქრებდი, როგორ ჩავრეულიყავი, ჩვენი სკოლიდანაც წავიდა…“ „სკოლას ჯერ ტრანსპორტი არ ჰყავდა, მეზობელი სოფლიდან დადიოდნენ ბიჭები და ერთ-ერთს სულ ხუთი ჩანთა დაჰქონდა. სკოლიდან წასვლის დროსაც იგივე მეორდებოდა. ცალკე ვესაუბრე. რა მოხდა, მინდა და მომაქვსო… დანარჩენებმაც – თავად გვართმევს, ეხალისებაო. ავდექი და იმ ჯგუფის ორ „მეთაურს“ გაკვეთილზე 5-5 ჩანთა დავაჭერინე. ვიცი, სწორად არ მოვიქეცი, მაგრამ კი გაჭრა, დაანებეს თავი…“ „განსხვავებული ქცევა ჰქონდა. კარგად სწავლობდა. მეორე წარმატებულმა გოგონამ დაცინვა დაუწყო, დაიწყებდა თუ არა მოყოლას, გამოაჯავრებდა ხოლმე და ესეც იბნეოდა, ენა ებმოდა. ორივეს რამდენჯერმე ველაპარაკე ცალ-ცალკე… შედეგი იგვიანებდა. ახალ სასწავლო წელს მოძალადის ქცევა შეიცვალა, რა მოხდა, ვერ ვხვდები, ახლა კარგი ურთიერთობა აქვთ“.

ეს ყველაზე მსუბუქი ისტორიებია მასწავლებელთა მონათხრობიდან.

როგორ მოვიქცეთ, თუ ბულინჯს შევეჯახეთ?

ფსიქოლოგები ბულინგის მსხვერპლს ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედებას ურჩევენ:

პირველი ნაბიჯი იმის აღიარებაა, რომ სერიოზულ პრობლემას შეეჯახა. ეს არც ისე იოლია, რადგან მოქმედებს უარყოფა როგორც თავდაცვის მექანიზმი: „ეს უმნიშვნელო პრობლემაა, რომელიც თავისთავად მოგვარდება“, – ან უარესი: ,,ეს სულაც არ არის პრობლემა, საიდან მოიტანეთ?“ – და ყველაზე ცუდი ვარიანტი: „მეშინია, რამე ვიღონო – უარესი მოხდება. მოვითმენ“. როგორც კი მსხვერპლი შეწყვეტს პრობლემის უარყოფას და აღიარებს მის სერიოზულობას, შეძლებს, ობიექტურად შეაფასოს სიტუაცია და პრობლემის სიმწვავე.

მეორე ნაბიჯი თვითდიაგნოსტიკა, ფხიზელი შეფასება და სიტუაციის ანალიზია. მსხვერპლმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვები: ხელს უშლის თუ არა ეს პრობლემა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმში, განსაზღვრული სამუშაოს (სწავლა იქნება თუ სხვა) შესრულებაში? სჭირდება თუ არა ოჯახის, მეგობრების, სპეციალისტის დახმარება? შეიცვალა თუ არა მისი ქცევა? სურს თუ არა, შეცვალოს ბულინგის ჯგუფის ქცევა მის მიმართ?

მომდევნო ნაბიჯია სპეციალისტისთვის, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის დახმარების თხოვნა და მოქმედების გეგმის შედგენა.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, მოზარდებსა და ბავშვებს მასწავლებლები და მშობლები დაეხმარონ. მასწავლებელი განსაზღვრული გეგმის შესაბამისად იწყებს მოქმედებას. იმის მიხედვით, რა ასაკისაა მსხვერპლი, განისაზღვრება  ამ პროცესში უფროსის (მასწავლებლის, მშობლის) როლი და ჩართულობის ხარისხი.

თავდაპირველად გასარკვევია, ხომ არ არის ბულინგი ბიჭებში ძალაუფლებისთვის ბრძოლის გამოხატულება და ხომ არ უკავშირდება ბიჭების ნორმატიულ კულტურას. თუ ეს გოგონათა შორის ხდება, უნდა გავარკვიოთ, რამდენად დესტრუქციულია ის. ამასთან, საჭიროა როგორც მსხვერპლისგან, ისე მოძალადისა თუ დამკვირვებლისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლა-გაანალიზება. შემდეგ უმჯობესია, შემოვიკრიბოთ მხარდამჭერთა ჯგუფი (მეგობრები, სოციალური ქსელების მომხმარებლები) და ამ ჯგუფის ლიდერთა შესაძლებლობები ბულინგთან დაპირისპირებისთვის გამოვიყენოთ. მათთან ერთად შევიმუშაოთ ბულინგთან დაპირისპირების სტრატეგია. ეს შეიძლება იყოს კლასში მიმდინარე პროცესებში მასწავლებლების ჩარევა, მოძალადეთა კონსულტაციები ფსიქოლოგთან, პოპულარული მოსწავლეების მიერ მოძალადეთა ქცევის (და არა მათი პიროვნების) კრიტიკა, ხაზგასმით თავაზიანი და ცივი ურთიერთობა მოძალადეებთან, მათ მიმდევრებთან, მოწმეებთან, ხოლო მათ დასანახად ბულინგის მსხვერპლთან თბილი და უშუალო ურთიერთობის დემონსტრირება, კლასის გაერთიანება რაიმე საქმის ერთობლივი შესრულებისთვის და შევიწროებული მოსწავლისთვის მნიშვნელოვანი დავალების მინდობა, მოძალადეთა მიმდევრებთან, დამკვირვებლებსა და გულგრილ მოსწავლეებთან ცალკე მუშაობა, ამ პროცესის ფრთხილი, გააზრებული გამეორება სოციალურ ქსელებში. ამის პარალელურად, სასურველია, მოძალადესთან/მოძალადეებთან იმუშაოს ფსიქოლოგმა აგრესიის, შიშის, წყენისგან მათი გათავისუფლების მიმართულებით. საჭიროა მოძალადე-მსხვერპლის ჯაჭვის გამოკვლევა. ბუნებრივია, პარალელურად უნდა ვიმუშაოთ პიროვნებებსა თუ ჯგუფებს შორის აგრესიული და მტრული განწყობის შესაცვლელად, აგრესიული რეაქციების შესასუსტებლადაც. მიზანშეწონილია კონფლიქტის მოგვარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, კონფლიქტის მართვის, კონფლიქტში ემოციების მართვის უნარების გამომუშავებაში დახმარება.

მომდევნო ნაბიჯი ბულინგის მსხვერპლთან ინდივიდუალური მუშაობაა. ის მოიცავს მსხვერპლისთვის სოციალური და კომუნიკაციური უნარების ამაღლებას, მისი თვითშეფასების ამაღლებას, შფოთვის დაძლევას, თავდაჯერების განმტკიცებას, დეპრესიის პროფილაქტიკას, ჩართვას ნებისმიერ ჯგუფურ აქტივობაში – ბულინგის მსხვერპლი ხომ, ჩვეულებრივ, დაბალი თვითშეფასებისა და დეპრესიული განწყობის ადამიანი ხდება, რომელსაც, დიდი ალბათობით, ძალადობა მანამდეც გამოუცდია. საჭიროა მუშაობა მოძალადესთანაც, რადგან მის ქცევასაც აქვს მიზეზები, რომელთა შორის, სავარაუდოდ, მისდამი ძალადობაც არის. დამკვირვებლებსაც სჭირდებათ ყურადღება, რადგან ზოგიერთი მათგანი თავადაც დათრგუნულია და ცხოვრობს შიშით, მასაც ასე არ მოექცნენ. ამიტომ საჭიროა, მასწავლებელმა სწორად გათვალოს რისკი და კლასთან მუშაობა თავიდანვე ისე წარმართოს, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ თანაგრძნობის უნარი, გახდნენ სამართლიანები და გახსნილები. ღია დისკუსიები, არაფორმალური შეხვედრები, სწორად შერჩეული ფილმებისა თუ ნაწარმოებების განხილვა საშუალებას მისცემს მოზარდებს, ანალოგიური შემთხვევები და მათი უარყოფითი შედეგები გააანალიზონ, პოტენციურ მოძალადეებს – მიხვდნენ, რომ არავინ მისცემს უფლებას, შელახონ სხვათა უფლებები. ასეთ გარემოში ძალადობისთვის ადგილი აღარ დარჩება.

  ტექსტი-მანიფესტი საგზაო ტრაგედიების წინააღმდეგ

0

     ბოლო დროს ალბათ ყველას წაგიკითხავთ უამრავი სტატია საბედისწერო, ტრაგიკული შემთხვევების შესახებ, რომლებიც ჩვენს გზებზე ხდება. დღე არ გავა მძღოლისა და ქვეითის დაუდევრობას, სიჩქარის გადამეტებას, უყურადღებობას ახალი მსხვერპლი არ მოჰყვეს.  მგონია, რომ ასეთ თემებზე კლასშიც უნდა ვილაპარაკოთ, პროექტები მოვამზადოთ, განვიხილოთ და ვწეროთ.

საერთოდ, დაკვირვებული ვარ, როდესაც მოსწავლეებთან ერთად მუშაობ, მათსავით ერთვები შემოქმედებით პროცესში და შენს პროდუქტსაც უზიარებ, მათი ნდობა თუ მოტივაცია საგრძნობლად იზრდება, შედეგი კი – შესანიშნავია.

ჰოდა, წარმოვიდგენ, რომ სწორედ საგზაო საფრთხეებია ჩემი გაკვეთილის თემა, განვიხილოთ პრობლემა მრავალი სპექტით, იქნება ეს გზების კეთილმოწყობა, წესების დაცვა-დარღვევა თუ ჩვენი თანამოქალაქეების დამოკიდებულება. ბოლოს, როდესაც მოსწავლეებს დავავალებ თავიანთი აზრი ფურცელზე გადმოსცენ, მეც ასეთ პატარა მინიატურას დავწერ, დავწერ და მერე წავუკითხავ. მანამდე, სათანადო მაგალითებით იმაზეც გავამახვილებ ყურადღებას, როგორ შეიძლება საზოგადოებისთვის აქტუალური, სოციალური თემატიკა აისახოს მხატვრულ ლიტერატურაში, როგორი მნიშვნელოვანია, რომ მხატვრული ლიტერატურა თანამედროვე პრობლემებს ასახავდეს.

ესეც ჩემი მინიატურა:

 

პირველი გვერდი, ბოლო გვერდი

            ძველ, აქერცლილშპალერიან ოთახში უამრავი წიგნი, ორი, ტყავგადაკრული პუფი და ძველებური ტორშერი იდგა. თუ შპალერს კარგად დააკვირდებოდი, ბავშვის ნახატებს, გაკრული ხელით მიწერილ ტელეფონის ნომრებს, ოკრობოკრო ასოებს დაინახავდი. სახლის დალაგებაზე ტელეფონით შეუთანხმდნენ, გასაღებიც ტილოს ქვეშ დაახვედრეს, სასადილო და სასტუმრო ოთახების შემდეგ ბიბლიოთეკაშიც შემოვიდა.  წიგნების სუნი მძიმე ჰაერს ერთვოდა, დიდი ხნით დაკეტილ სახლებში რომ იცის ხოლმე, ისეთს. სუნი ადამიანივით დარაჯობდა ოთახს და ყველა შემსვლელს დიდი ყურადღებით აკვირდებოდა.  გოგომ თაროდან პირველივე წიგნი გადმოიღო-„მერი პოპინსი“, ცხვირში შეუღიტინა ვარსკვლავებიანი თაფლაკვერების მოტკბო სურნელმა. სატიტულო გვერდზე გადაშალა: „ ჩემს შვილს, სანამ გაჩნდება. შენი დედიკო. თბილისი, 1981 წელი, ნანა“.

თითქოს რაღაც თავგადასავალი იწყებოდა, გადაწყვიტა, მორიგეობით ჩამოეღო წიგნები, მტვერი გაეწმინდა, მათი ამბავი გაეგო, ასეც მოიქცა:

„აღმოსავლური პოეზია“. „საყვარელო, ეს წიგნი ჩვენს სკამთან რომ ბუკინისტი კაცია, იმასთან ვიყიდე, ერთად წავიკითხოთ, მენატრება შენი ტუჩები, 1982 წელი, თბილისი, ნანა“.

ბარქაია ვ. „მანქანათმშენებლობის ტექნოლოგია“  – „ვიყიდე დისერტაციისთვის, თუმცა ზუსტად ვიცი, თუ არ გნახავ, ბწკარსაც ვერ დავწერ, შენი დიმიტრი, ქუთაისი, 1982 წელი.

მარკ ტვენი, „ტომ სოიერის თავგადასავალი“ . „მამიკოს საყვარელი წიგნი შვილიკოს. დაბადების დღეს გილოცავ, დიდი ტომ სოიერი გაიზარდე, შენი მამიკო, თბილისი, 1985 წელი.

ლუის კეროლი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“.  გიოს დედიკოსა და მამიკოსგან. ყოველთვის გაბედე საოცრებათა ქვეყნებში მოგზაურობა, ეძებე საოცრებები. გვიყვარხარ. თბილისი 1987

ბარბარე ჯორჯაძე, „სრული სამზარეულო“. „დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო პატარა, მსოფლიოში ყველაზე ცუდი ტაფამწვარის და ყველაზე კარგი კოცნის ავტორო. დიმიტრი, 1988

რეზო ინანიშვილი „შორი, დიდი მწვერვალი“ –„ ჩვენს გოგოს, სანამ გაჩნდება, ნანა 1990“

ამერიკული პროზა, მოთხრობების კრებული „ დედა, მამა, ქორწინების წლისთავს გილოცავთ, იმის ნაცვლად, რომ ხშირად მოიკითხოთ, სად ვარ და რატომ მაგვიანდება, ჰემინგუეი და ო’ჰენრი წაიკითხეთ!, მიყვარხართ“ 1995, “

ასტრიდ ლინდგრენი, „პეპი გრძელიწინდა“ – გიოსგან  მარიამს, გაიზარდე დიდი გოგო. 1997“.

ხალხური პოეზია  „ჩემს ნანას ქმარუკასგან, მიყვარხარ, მიყვარდი, მეყვარები“ 1998.“

            წიგნიდან ძველი გაზეთიდან ამოჭრილი ფურცელი გადმოვარდა, „მკვლელი გზატკეცილები“ – ერქვა საგაზეთო სვეტს.

„დღეს, 9 აგვისტოს, თბილისი-გორის გზატკეცილზე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა კიდევ ერთი ოჯახი,  გარდაცვლილია მამაკაცი, ორსული ქალი და მოზარდი. პატარა გოგონა მძიმე მდგომარეობაშია’. „საქართველოს რესპუბლიკა N 10/ 2002.

კარჩაკეტილობა ანუ როცა მოზარდებს არაფერი არ უნდათ

0

კატერინა დემინა ფსიქოლოგი კონსულტანტია, ბავშვებთან მუშაობს. თავისი სტატიით ის დაეხმარება მშობლებსა და მასწავლებლებს, გაიგონ, რატომ „არაფერი უნდათ“ მოზარდებს. ფსიქოლოგის აზრით, არაფრის კეთების სურვილი ახალგაზრდებში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში განსაკუთრებით მომძლავრდა. მათ არ აქვთ საკუთარი ჯიბის ფული, არც აწყობილი პირადი ცხოვრება. ისინი დღე და ღამე უსხედან „კომპებს“ ან მობილურ ტელეფონებში არიან თავჩარგულები. ბიჭები ნაკლებად ინტერესდებიან გოგონებით. ბევრი არ ფიქრობს იმაზე, თუ რა მომავალი ელის, რა პროფესიას აირჩევს. მშობლების თბილ და საიმედო კალთას გამოკერილი მოზარდები ნაადრევად იწყებენ სიგარეტის მოწევას და ლუდის დაგემოვნებას.

„ალექსანდრე კონსულტაციაზე დედამ მომიყვანა. ის 15 წლისაა, ნებისმიერი გოგოსთვის საოცნებო რაინდი. სპორტული აღნაგობა აქვს, არ უზრდელობს, სიტყვებს არ კარგავს, გამართულად მეტყველებს, თამაშობს ჩოგბურთს, უკრავს გიტარაზე. დედა კი უკმაყოფილოა და ჩივის, რომ მას არაფერი აინტერესებს.

„რას ნიშნავს „არაფერი აინტერესებს?“ – ვეძიები დედას. – სულ არაფერი? ნუთუ არც ჭამა, არც ძილი, სეირნობა, თამაში, ფილმის ყურებაც არ უნდა?“

თურმე, ალექსანდრეს არ სურს მოზარდისთვის „ნორმალური“ საქმეების კეთება. ესაა სწავლა, მუშაობა, კურსებზე სიარული, გოგონებთან პაემნები, საოჯახო საქმეებში დახმარების გაწევა და შვებულების დროს დედასთან ერთად დასვენება.

ამის გამო დედა სევდიანი და სასოწარკვეთილია. აი, მან ჯანმრთელი ბიჭი გაზარდა, ხეირი კი არ არის. დედა მის გამო ყველაფერს აკეთებს, ოღონდ შვილი კარგად ჰყავდეს – საკუთარი თავი უკანა პლანზე გადაწია, ყველანაირ სამსახურსაა გამოკიდებული, რომ ორიოდე ზედმეტი კაპიკი იშოვოს… შვილი წრეებზე დაჰყავდა, ძვირადღირებულ სპორტზე, უცხო ენების გასაძლიერებლად საზღვარგარეთ ბანაკებში უშვებდა. და რა?.. ბიჭს სადილამდე სძინავს, მერე იღვიძებს, კომპიუტერთან ჯდება და გვიანობამდე უაზროდ თამაშობს. დედას იმედი ჰქონდა, რომ შვილი გაიზრდებოდა და მას დაეხმარებოდა.

ალექსანდრეს დედას ვეკითხები: „რამდენი წევრი ხართ ოჯახში? ფულს რით შოულობთ? ვის რა ფუნქცია აქვს?“ ის მპასუხობს, რომ დიდი ხანია ქმარს გასცილდა, მაშინ შვილი ხუთი წლის ჰყავდა. „მამამისიც ასეთი უქნარა იყო. იქნებ სიზარმაცე გენეტიკურია?“ ქალი ბევრს მუშაობს, იღლება. მას ალექსანდრეს გარდა, ხანდაზმული დედაც ჰყავს შესანახი. სამსახურიდან ძალიან დაქანცული ბრუნდება… საოჯახო საქმეებს კი ბებია უძღვება. ალექსანდრესაც ის აქცევს ყურადღებას, მაგრამ ბიჭი აღარ უჯერებს. ბებიას აღარც ეპასუხება, მის ლაპარაკს „ერთ ყურში შეუშვებს და მეორედან გამოუშვებს“. სკოლაში ალექსანდრე მაშინ დადის, როცა მოესურვება. სულაც არ ირჯება საიმისოდ, რომ ოდნავ უკეთესად ისწავლოს. თუმცა ყველა მასწავლებელი ერთხმად აცხადებს, რომ აქვს ამის პოტენციალი.

ალექსანდრე ელიტარულ სკოლაში დადის და იქიდან რომ არ გააგდონ, იძულებულია ძირითად საგნებში რეპეტიტორებთან მოემზადოს. სახლში კი უქნარობს. საკუთარ ჭიქასაც კი არ რეცხავს. ბაზარში ბებია დადის. მძიმე ჩანთებს ატარებს. საჭმელი ალექსანდრესთვის კომპიუტერთან მოაქვთ.

დედა ლამის ტირის: „კი მაგრამ, რა სჭირს ამ ჩემ ბიჭს, მე ხომ მას მთელი ცხოვრება შევწირე?“

შემდეგ ჯერზე ალექსანდრეს მარტო ვიბარებ. მართლაც, რა კარგი ბიჭია, სიმპათიური, მოდურად ჩაცმული, ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ თითქოს სიცოცხლე აკლია, სიხალისე. გოგონების ჟურნალში ჩახატულ ბიჭუნას ჰგავს, გლამურულ პრინცს, რომელსაც შუბლზე არცერთი მოზარდული მუწუკი არ აქვს.

ჩემთან მიმართებაში ის საკმაოდ მეგობრულია, თავაზიანი, მთელი თავისი არსით მაჩვენებს, რომ ღიაა და მზად არის თანამშრომლობისთვის. მე საკუთარ თავს ამერიკული ფილმის რომელიღაც პერსონაჟად აღვიქვამ: მთავარი გმირი ფსიქოანალიტიკოსთანაა მოსული.

ძალიან უცნაურია, მაგრამ ბიჭი დედამისის ტექსტით მელაპარაკება და ამბობს, რომ ის ძალიან ზარმაცია, სიზარმაცე წარმატების მიღწევაში ხელს უშლის. ამბობს, რომ თავმოუბმელია. შეუძლია დიდხანს იჯდეს ერთ წერტილს მიჩერებული.

„შენ თვითონ რამე გინდა?“ – ვეკითხები. მპასუხობს, რომ არც არაფერი. სკოლაში მოწყენილობაა, გაკვეთილები ერთფეროვანია, თუმცა კარგი მასწავლებლები ასწავლიან. მეგობრები ბევრი არ ჰყავს, არც შეყვარებული. გეგმები არ აქვს.

ანუ ალექსანდრეს არ სურს კაცობრიობის გაბედნიერება, არ გეგმავს იქცეს მეგავარსკვლავად, მას არ სჭირდება სიმდიდრე, კარიერული ზრდა და მიღწევები. მას უბრალოდ არაფერი სჭირდება. მას ისედაც ყველაფერი აქვს.

ნელ-ნელა ფსიქოლოგიური სურათი იკვეთება: დაახლოებით 3 წლის ასაკიდან ალექსანდრე მეცადინეობს. ჯერ სკოლისთვის ამზადებდნენ, დაჰყავდათ ცურვასა და ინგლისურზე. მერე სკოლაში წავიდა და ცხენოსნობაც დაემატა. დღეს მათემატიკურ ლიცეუმში სწავლის გარდა, ინგლისური ენის კურსებზე დადის, ორ სპორტულ სექციაშია გაწევრიანებული, მეცადინეობს რეპეტიტორთან. ეზოში არ ჩადის, არ სეირნობს, ტელევიზორს არ უყურებს, არ სცალია. კომპიუტერზე მხოლოდ არდადეგების პერიოდში თამაშობს და ისიც არაყოველდღიურად.

რატომ არაფერი უნდა?

როდესაც ალექსანდრეს ვეკითხები, რით დაკავდებოდა სწავლა რომ არ უშლიდეს ხელს, ამბობს გიტარაზე დაკვრითო. გიტარაზე დაკვრა – აი, ეს სიტყვა დაიმახსოვრეთ.

იცით, ამ მესიჯით – „მოზარდ ვაჟს არაფრის კეთება უნდა“ (13-19 წლის ასაკში). სამჯერ მაინც მომმართავენ. სიუჟეტი არ იცვლება: მომჩივანი აქტიური, ენერგიული, ამბიციური დედაა. მამა ოჯახში არ არის, სახლში ბებია ან ძიძაა. ოჯახის სქემა დამახინჯებულია: დედას მამის როლი შეუთავსებია. ისაა ფულის შემომტანი, ის იღებს გადაწყვეტილებებს, კონტაქტობს გარე სამყაროსთან და იცავს ვინმეს, თუ ამის საჭიროება არსებობს. ანუ დედა სახლში არ არის, დედა ველადაა გაჭრილი და ნადირობს. ოჯახში ბებიაა, მაგრამ ის ვერ მართავს ბავშვს, ამის სადავეები ბებიობის სტატუსის გამო არ გააჩნია. ოჯახში დედ-მამას ერთად რომ ეცხოვრა, საღამოს სამსახურიდან მოსულ მამას დედა შესჩივლებდა და ვაჟის ქცევაზე რამენაირი რეაქცია მაინც იქნებოდა, მაგრამ უმამობის ჟამს ეს შეუძლებელია. პირიქით, დედა ცდილობს ბავშვს ყველაზე საუკეთესო მისცეს: მოდური გართობა, საჩუქრები. შვილი კი სულაც არ არის ბედნიერი. მას „არაფერი უნდა“. და როგორ უნდა მოუნდეს, თუ მის მაგივრად დედამ ყველაფერი უკვე დაგეგმა და განახორციელა?..

წარმოვიდგინოთ, რომ 5 წლის ბავშვი სახლში ზის და ხალიჩაზე პატარა მანქანას აგორავებს. იმ მომენტისთვის მას სურვილები უჩნდება, მაგალითად, უფრო დიდ მანქანაზე იწყებს ოცნებას. შემდეგ, ამ ოცნებას დედას უზიარებს. დედა ეუბნება, რომ დიდ მანქანას საახალწლოდ აჩუქებს. ბავშვი ელის საჩუქარს. ძილის წინ ის ოცნებობს დიდ სათამაშო მანქანაზე, დეტალურად წარმოიდგენს ხოლმე სანატრელ ნივთს. ამ გზით ბავშვი სწავლობს კონტაქტირებას თავის შინაგან სამყაროსთან სურვილების მიმართულებით.

ალექსანდრესთან კი რა ხდებოდა? მანქანას თუ მოისურვებდა, დედას შეტყობინებას გაუგზავნიდა და საღამოსვე დიდი მანქანა უკვე მის ხელთ იყო. ალექასანდრესნაირ ბიჭებს ყველაფერი აქვთ: უახლესი სმარტფონები, ძვირადღირებული ჯინსები, ევროპაში მოგზაურობა. მათ არ სჭირდებათ ფიქრი, გადაწყვეტილების მიღება, ოცნება. მათ ნაცვლად ყველაფერს დედა აგვარებს.

პირველად გავიგე, რომ ბევრ მოზარდ ბიჭს დედა სკოლაში დაჰყვება. მეგონა, დედა შვილს მაქსიმუმ მესამე კლასამდე დაყვებოდა სკოლაში, მაგრამ საქმე სხვაგვარად ყოფილა. შიში და შვილის გადაჭარბებული სიყვარული სიგიჟეს გაკეთებინებს. იქნებ, ბავშვს სადმე ცუდი ბიჭები უსაფრდებიან, ანდა ნარკოტიკების მოხმარებაში ითრევენ, იქნებ, რამეს ისეთს ასწავლიან, რომ დაღუპონ? ჩვენ ხომ ასეთ რთულ დროში ვცხოვრობთ…

მე კი ვფიქრობ, რომ დრო ყოველთვის ერთნაირია.

ჩემს დროს გოგონები უკაცრიელ ადგილებში სიარულს ერიდებოდნენ. მაშინ სექსუალური მანიაკებიც იყვნენ და ყაჩაღებიც. არ იყო თავისუფალი პრესა. ამიტომ კრიმინალური ამბები ცოცხლად ვრცელდებოდა. რაც უფრო ბევრი ადამიანი გადაღეჭავდა ისტორიას მანიაკის შესახებ, მით უფრო და უფრო საშიში დეტალები ემატებოდა მას.

ადამიანის ფსიქიკა არ არის ჩვეული სიკვდილის ყოველდღიურ დაკვირვებას, განსაკუთრებით ძალადობრივი სიკვდილის. ეს ადამიანისთვის დიდი ტრავმაა, თავდაცვა კი მას არ ეხერხება.

ამიტომ, ერთი მხრივ, ჩვენ ცინიკურები ვართ, მეორე მხრივ, ბავშვებს ეზოში სათამაშოდ არ ვუშვებთ, გვეშინია. ყველაზე ხშირად უსუსური ბავშვები იმ მშობლებს ეზრდებათ, ვინც ადრეული ბავშვობიდან დამოუკიდებლები იყვნენ, ზედმეტად პასუხისმგებლიანები; ვისაც ყელზე თოკზე ასხმულ სახლის გასაღებს ჰკიდებდნენ, გაკვეთილებს თვითონ სწავლობდნენ, საჭმელსაც თვითონ იცხელებდნენ; ვინც ზაფხულობით ბანაკში ან ბებიასთან სოფელში მიდიოდა, სადაც თავის ჭკუაზე ატარებდა დროს. შემდეგ ეს ბავშვები გაიზარდნენ და გარდაქმნაც დაიწყო. ყველაფერი შეიცვალა: ცხოვრების წესი, ღირებულებები, ორიენტირები. თაობა ადაპტირდა, მაგრამ შფოთვა დარჩა. სწორედ ამ შფოთვის მსხვერპლი არიან ჩვენი შვილები.. .

„იმ ასაკში უკვე ვიცოდი, რა მინდოდა, ეს კი მეათე კლასში თამაშებს თამაშობს. მე მესამე კლასიდან თვითონ ვმეცადინეობდი, ეს კი მაგიდასთან ვერ დავსვი. ჩემმა მშობლებმა არ იცოდნენ რანაირი მათემატიკის პროგრამა გვქონდა, მე კიდე ამასთან ერთად მიწევს ამოცანების ამოხსნა“, – ამას მშობლები ტრაგიკული ინტონაციით ჰყვებიან და აუცილებლად ამატებენ – „როგორ გადაგვარდა სამყარო!“

სამყარო გადაგვარდა?.. და რატომ უნდა ცხოვრობდნენ ჩვენი შვილები მაინცდამაინც მშობლებისნაირად?

ამ დროს მშობლებს ვეკითხები ხოლმე – რას ელიან შვილებისგან. ჩამონათვალის სია სახალისო გამოდის, თითქოსდა ისინი იდეალური მამაკაცის პორტრეტს აღწერდნენ: ბავშვმა ყველაფერი თვითონ უნდა აკეთოს, უსიტყვოდ დაემორჩილოს, გამოიჩინოს ინიციატივა, იაროს წრეებზე, რომელიც ცხოვრებაში გამოადგება, იყოს მზრუნველი და არაეგოისტი, იყოს გამტანი და ცოტა თავხედი. ამ ჩამონათვალის გაჟღერებისას მშობელი ხვდება, რომ ბავშვისგან ბევრს მოითხოვს. მაგრამ სინამდვილეში ან სიმღერა უნდა ვარჩიოთ, ან ცეკვა. თქვენი შვილი ან ფრიადოსანი ბოტანიკოსი იქნება ან ენერგიული, ინიციატივიანი ცელქი. ის ან თანაგიგრძნობთ და დაგეხმარებათ, ან თავს დაგიქნევთ და თავისას გააკეთებს.

ბევრ ბიჭს გამოტოვებული აქვს განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი – თანატოლებთან თამაში. ისინი არ იგონებენ თავიანთ თამაშებს, არ ჩხუბობენ, არ იძიებენ ახალ ტერიტორიებს ეზოს სიახლოვეს, არ ეხერხებათ თავის გარშემო გუნდის შეკრება.

ვამჩნევ, რომ თანამედროვე მოზარდები ცუდად მეტყველებენ მშობლიურ ენაზე, არ აქვთ სიტყვების მარაგი. მშობელი კი ამაყად აცხადებს, რომ შვილი უცხო ენებზე დაჰყავს და ის ძალიან დატვირთულია.

რას ამბობენ ბავშვები 

„მე არავინ მისმენს. მინდა სკოლიდან სხვა ბავშვებთან ერთად გამოვიდე და არა ძიძასთან ერთად.  არ მაქვს დრო ტელევიზორის საყურებლად. არ მაქვს კომპიუტერით გართობის დრო. დიდი ხანია არ ვყოფილვარ კინოში მეგობრებთან ერთად. არ მიშვებენ სტუმრად და ჩემთანაც არავინ მოდის. დედაჩემი მიმოწმებს ჩანთას, ჯიბეებს, ტელეფონს. თუ სკოლიდან გამოსვლა ხუთი წუთით დამაგვიანდა, ეგრევე მირეკავენ“. ამას ამბობენ არა პირველკლასელები, არამედ მეცხრეკლასელები!

მათი ჩივილი შეიძლება ორ კატეგორიად დავყოთ: საზღვრის დარღვევა („მიმოწმებს ჩანთას. არ მაძლევს უფლებას ის ჩავიცვა, რაც მინდა“) და პირობითად, ძალადობა პიროვნებაზე („არაფერი არ შეიძლება“). რჩება შთაბეჭდილება, რომ მშობლებმა ჯერ ვერ შენიშნეს შვილების გაზრდა. 14 წლის ასაკის მოზარდის ოთახში ფორმალური კაკუნით შესვლა მისი პიროვნების პატივისცემას ნიშნავს. თუმცა ვერ გეტყვით, რას ნიშნავს მოზარდის ტელეფონში ძრომიალი… მოზარდის ვარცხნილობის კრიტიკა და შეხსენება „წადი, იბანავე, რაღაც ცუდი სუნი გდის“, თბილი ქურთუკის ჩაცმის მოთხოვნა. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ მოზარდი ისევ ბავშვად მიაჩნიათ და მიუთითებენ, რომ მშობლებს უნდა დაემორჩილოს, მათ გადაწყვეტილებას დანებდეს.

არა მგონია ქვეყნად არსებობდეს მშობელი, რომელმაც არ იცოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდისთვის თანატოლებთან ურთიერთობა. დიახ, მოზარდი გამოდის მშობლების კონტროლის არეალიდან, მშობლები მისთვის ჭეშმარიტების ერთადერთ ინსტანციას აღარ წარმოადგენენ.

რაც შეეხება პასუხს შეკითხვაზე: რატომ არ უნდა მოზარდს არაფერი? თუკი ბავშვის შემოქმედებითი ენერგია იმთავითვე იბლოკება და მოზარდს ეკრძალება ის, რაც სურს, საბოლოოდ, ის უარს აცხადებს ყველა სურვილზე. მას აღარაფერი უნდა. ეს მართლა საშინელებაა, მაგრამ ბუნებრივია – რატომ უნდა უნდოდეს რამე, თუკი ამას მაინც აუკრძალავენ და დაუსაბუთებენ, რომ ეს მისთვის საზიანო და არაფრის მომცემია („წადი და გაკვეთილებს მიხედე, ეგ ჯობია“)?!

ჩვენი სამყარო შორსაა იდეალისგან. ის არ არის უსაფრთხო, მასში ქაოსი და ბოროტებაა, მაგრამ ჩვენ მაინც ვახერხებთ არსებობას, სიყვარულს, ვიცვლით სამსახურებსა და საცხოვრებელ ადგილებს, გადაგვაქვს შინაგანი და გარეგანი კრიზისები. რატომ არ ვაძლევთ ჩვენს შვილებს იმის საშუალებას, რომ მათაც გაიგონ, რა არის ეს? მესმის, რომ ოჯახებში, სადაც ეს პრობლემები არსებობს და სტრესის ხარისხი ორგანიზმის ადაპტაციის შესაძლებლობებს აჭარბებს, მშობლებს სურთ შვილმა სიმშვიდესა და ჰარმონიაში იცხოვროს, შვილს კი ეს არ სურს! მას მოსწონს ქარიშხალი, თავგადასავლები და როდესაც ამის შანს უქრობენ, დივანზე წვება და არაფერი აღარ უნდა.

როგორ მოვიქცეთ

როგორც ყოველთვის, უნდა ვიმსჯელოთ, შევადგინოთ გეგმა და მივყვეთ მას. გაიხსენეთ, რას გთხოვდათ ადრე ბავშვი და ახლა რას აღარ გთხოვთ. დარწმუნებული ვარ, რომ მოზარდმა ყოველდღიურად ერთი საათი მაინც თანატოლებთან ერთად უნდა გაატაროს. ეს აუცილებელი პირობაა მოზარდის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

გაგიკვირდებათ, მაგრამ ზოგჯერ მოზარდმა უაზრო თამაშებიც უნდა ითამაშოს და გასართობ არხებსაც უყუროს. ამ დროს მათ ტრანსის მაგვარი შეგრძნებები ეუფლებათ, მედიტაციასთან მიახლოებული სულიერი მდგომარეობა, როდესაც საკუთარ თავზე ფიქრობენ. იმავეს ვიტყოდი სოციალურ ქსელებზე, სატელეფონო ლაქლაქზე. ეს ყველაფერი თქვენ კი გაღიზიანებთ, მაგრამ უნდა მოითმინოთ. შეიძლება მოზარდი შეზღუდოთ, დაუწესოთ ჩარჩო, მაგრამ ტოტალურად არ აუკრძალოთ შინაგანი ცხოვრება, თორემ ზრდასრულობაში ადამიანს დაეტყობა, რომ რომელიღაც თამაშით გული ვერ იჯერა, ქუჩა-ქუჩა ტყუილად არ უხეტიალია, არ უცინია სულელურ კომედიებზე.

ერთ მოზარდ ბიჭს ვიცნობდი, რომელიც თავის მშობლებს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, დივანზე კოტრიალით აგიჟებდა, თან მონოტონურად კედელს ჩოგბურთის ბურთს ურტყამდა. მშობლებს ჭკუიდან ბურთის ხმა კი არ შლიდა, არამედ ის, რომ მათი შვილი არაფერს აკეთებდა. დღეს ეს ბიჭი 30 წლისაა. ნორმალური კაცი დადგა, ცოლი მოიყვანა, მუშაობს. უბრალოდ, 15 წლის ასაკში მას თავის ნაჭუჭში ყოფნა სჭირდებოდა.

მეორე მხრივ, ასეთ ბავშვები კატასტროფულად განიცდიან ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრების დეფიციტს. ისინი მხოლოდ სწავლაზე იხარჯებიან. არ დადიან პროდუქტების საყიდლად, არ წმენდენ იატაკს, არ უკირკიტებენ გაფუჭებული ტექნიკას.

პირადად მე მათ მეტ შინაგან თავისუფლებას მივცემდი, მაგრამ გარეგან შეზღუდვებს დავუწესებდი, ანუ მოზარდს თვითონ გადავაწყვეტინებდი, რა უნდა ჩაიცვას და რით სურს დაკავდეს სწავლის გარდა, მაგრამ ამავე დროს სავალდებულო საშინაო საქმეების სიასაც მივცემდი. სხვათა შორის, ბიჭები ძალიან კარგად ამზადებენ საჭმელს და აუთოვებენ. ნამდვილად!

ატომური და ბირთვული ფიზიკა

0

მეოცე საუკუნის დასაწყისში ელექტრომაგნიტური გამოსხივების შესწავლამ მეცნიერები კვატური თეორიის შექმნამდე მიიყვანა. აბსოლუტურად შავი სხეულის გამოსხივების ექსპერიმენტული შედეგების მონაცემების ასახსნელად მ. პლანკმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომლის თანახმად, ელექტრომაგნიტური ტალღის გამოსხივება ხდება დისკრეტულად, პორციებად (ამ პორციას ეწოდა შემდგომ ფოტონი).

ვრცლად:

ატომური ფიზიკა

სკოლა, ასთავიანი დევი და ,,ხულიგანი“ პრობლემები

0

დიდი ხანია მინდა ამ თემაზე რაიმეს დაწერა. მოსწავლეობის დროს მოთხრობად ჩავიფიქრე, მაგრამ გაილექსა. მერე ის ლექსიც დავივიწყე. დიდი ხნის შემდეგ კი ისევ მოვხვდი ასთავიანი დევის სამყაროში – ბავშვობაში, სადაც ,,ხელიხელნაგოგმანები“  პრობლემები, დევის ხელახლა ამოზრდილი თავების მსგავსად, ისევ იქ დამხვდა, სადაც დავტოვე.

ძალადობის თემაზე ძალიან ხშირად წერენ, თუმცა მასთან ბრძოლის კვალს იშვიათად თუ გადავაწყდებით სადმე. მე არც ფსიქოლოგი ვარ, არც – სოციოლოგი, ახალს ვერაფერს გეტყვით. უბრალოდ ცოტა ხნით თანამედროვე სკოლის სარკეში ჩაგახედებთ, რომ ბულინგის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის მიერ დაგროვილ გამოცდილებას კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი.

ხანდახან გაოცდები, იმდენად დაუნდობელი შეიძლება გახდეს  პატარა ადამიანი, რომელიც ორი წამის წინ დედამიწის უსაყვარლეს არსებად წარმოგედგინა. ემოციური არასტაბილურობა, ზღვარს გადასული მღელვარება, ზედმეტად მაღალი ან პირიქით, დაბალი თვითშეფასება და საზოგადოებიდან გარიყვის, საკუთარი ადგილის გარეშე დარჩენის შიში ხშირად აქცევს მოზარდს მოძალადედ ან  მსხვერპლად.

როგორც ვიცით, სამეცნიერო  ლიტერატურაში  სასტიკი  მოპყრობის  აღსანიშნავ ტერმინად  ბულინგს  იყენებენ  (ინგ. Bully – ხულიგანი, მოძალადე). დაშინებას, ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ დევნას ხშირად მეორე ადამიანში  შიშისა და მორჩილების გამოწვევა აქვს მიზნად. როგორც წესი, ამგვარი ნეგატიური ქცევა რეგულარულად მეორდება, იგი წინასწარგანზრახული და მიზანმიმართული აქტივობაა.

პირველად ბულინგის თემით სკანდინავიელი მეცნიერები დაინტერესდნენ, საგანმანათლებლო დაწესებულებები კი სოციალიზაციის საკითხს  ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ.  ამასობაში სასკოლო ბულინგი იმდენად გაძლიერდა, რომ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულად დასაძლევ პრობლემად ითვლება.

თავდაპირველად ბულინგი განიხილებოდა ერთი ინდივიდის მიმართ წარმართული  ძალადობის აღმნიშვნელ ტერმინად, ხოლო მობინგს მოძალადეთა ჯგუფის მიერ განხორციელებულ აგრესიულ აქტს უწოდებდნენ. ორივე ტერმინი საერთო იდეას ემსახურება და ასახავს სოციალურ აგრესიას, რის შედეგადაც ლიდერის სტატუსით შემკული ინდივიდი (ან ჯგუფი) განზრახ დევნის მეორე ადამიანს თუ ადამიანთა ჯგუფს.

სკოლა შემთხვევით არ წარმოადგენს ერთგვარ სასტარტო ზოლს.  გზა როლური თამაშებიდან  როლურ ურთიერთობებამდე სწორედ სკოლაზე გადის.  სოციალური როლებიდან ყველაზე გავრცელებული პერსონაჟების – ლიდერისა და, ე.წ. ლუზერის დაპირისპირება ხშირად მსხვერპლს ბავშვობის ხანას ჯოჯოხეთად უქცევს. დაცინვის საგნად კი უამრავი რამ შეიძლება იქცეს:  განსხვავებული ეროვნება, რწმენა, სქესი, კანის ფერი, ძველმოდური სამოსი, სიმსუქნე,  გამონაყარი,  ცუდი მხედველობა, საზოგადოების მიერ ათვალწუნებული მეგობარი და სხვ. მსხვერპლად ქცეული ბავშვების მთავარი დამახასიათებელი თვისება ისევ და ისევ განსხვავებულობაა.

არსებობს ჩაგვრის სხვადასხვა  მეთოდი. ფიზიკური ბულინგი გულისხმობს ფიზიკურ თავდასხმას,  ემოციური კი – სიტყვიერ შეურაცხყოფას. არასწორი ინფორმაციის,  ჭორის გავრცელება არაპირდაპირი ჩაგვრის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს და მას ყველაზე ხშირად ნეგატიური ენერგიით დამუხტული, გაუბედავი ადამიანები მიმართავენ.

დღეისათვის ჩაგვრის ყველაზე გავრცელებულ ფორმად კიბერბულინგი მიიჩნევა. ეს ტერმინი ტექსტური გზავნილების, სურათების, ბლოგებისა და სოციალური ქსელის საშუალებით ადამიანის დევნას, შევიწროვებას გულისხმობს. ჩაგვრის მოტივატორად უამრავი ფაქტორი სახელდება, მათგან ყველაზე გავრცელებული კი კონკურენცია, შურისძიება და დომინირებისკენ მიდრეკილებაა.

მამრობითი სქესის წარმომადგენლები ბულინგის იარაღად უმეტესად ფიზიკურ ზეწოლას იყენებენ, გოგონები კი ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად იკავეფავენ გზას ლიდერობისკენ. ის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მოძალადის ნიღბის უკან უმეტესად დაბალი თვითშეფასების,  ემოციურად  გაუწონასწორებელი ინდივიდი დგას, დიდი ხანია დავიწყებას მიეცა. ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად ცხადი გახდა, რომ აგრესორთა უმეტესობა საკუთარ ძალებში მყარად დარწმუნებული, ფიზიკურად ძლიერი, მშვიდი და გულგრილი ინდივიდია.

მოძალადისა და მსხვერპლის ამოცნობა ძალიან ადვილია. „ხულიგნებს“ ახასიათებთ გარკვეული მაგნეტიზმი, იმპულსურობა,  ეპატაჟური ქცევა, ასაკობრივი სხვაობის უგულებელყოფა (უფროსებსაც ისევე აგდებულად შეუძლიათ მოექცნენ, როგორც თანატოლებს). ხშირად მათი თავხედური ქცევა სითამამის ნიღაბქვეშ უფროსების ხელშეწყობითვე იმალება. მსხვერპლის როლში კი უმეტესად მორიდებული, დაბალი თვითშეფასების, საკუთარ თავში ჩაკეტილი, ფიზიკურად სუსტი ადამიანები გვევლინებიან. დეპრესიული, სუიციდისადმი მიდრეკილი მოზარდები იშვიათად პოულობენ საერთოს თანატოლებთან და მეგობარს უფროსი ასაკის ადამიანებში ეძებენ.

მჩაგვრელ-ჩაგრულთა ამოცნობა ადვილად შეიძლება ამ თემაზე საუბრისას. მოძალადეს აუცილებლად „აეწვება კუდი“ და აგრესიის გამოყენებით შეეცდება მოსაუბრესთან დისტანციის დაცვას; დაჩაგრული კი ამ საუბარს ისე ჩაეჭიდება, როგორც მაშველ რგოლს  – დასახრჩობად განწირული ადამიანი.

მჩაგვრელი, დაუსჯელობის სინდრომის წყალობით, უმეტესად გზას კრიმინალური მომავლისკენ იკაფავს, მსხვერპლს კი დიდხანს უხდება ფსიქიკური იარების მოშუშება. ასევე ზიანდება იმ ინდივიდების ემოციური ფონი, ვინც ჩაგვრის უშუალო მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ დიდხანს მოუხდა შიშის ქვეშ („ოღონდ მე არა“) სირაქლემის პოზაში ყოფნა.

სამწუხაროდ, სასკოლო ბულინგთან ბრძოლა უმეტესად მხოლოდ პედაგოგებს უწევთ.  მოზარდები მათზეც ხშირად ახორცილებენ ძალადობას. შედეგად მასწავლებლების გარკვეული ნაწილი მსხვერპლის პოზიციაში აღმოჩნდება. უმეტეს შემთხვევაში რეაგირება ძალადობის შედეგებზე ხდება, ბულინგის პრევენციას კი საკმაოდ ხანგრძლივი დაკვირვება და, რაც მთავარია, სპეციალისტის  ჩარევა სჭირდება. თუმცა მასწავლებელს მოსწავლეთა  დროულად გაფრთხილება და მათი საჭირო ინფორმაციით აღჭურვა შეუძლია.

მოზარდებთან  ბულინგზე საუბრისას, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია მოსწავლეთა ასაკი. თუ ბულინგის თემას საშუალო საფეხურზე განიხილავთ, „ტბის“  სარკეში ჩახედვას გირჩევთ. აღნიშნული ფილმი იმ თვალსაზრისითაც უნიკალურია, რომ მჩაგვრელსაც და მსხვერპლსაც  ერთი პერსონაჟის მაგალითზე წარმოგვიდგენს. საშუალო საფეხურზე ასევე შეგვიძლია კენ ლოუჩის ეკრანიზაციის გამოყენება („კესი“ 1969), სადაც  მარტოსული, მაგრამ ძლიერი ნებისყოფის მოზარდი ერთადერთ მეგობრად თავისივე გაწვრთნილ შავარდენს მიიჩნევს.

ყველაზე ამ თემაზე საუბრისას ყველაზე ფრთხილად მაინც დაწყებით საფეხურზე უნდა ვიყოთ, თუმცა მეოთხე კლასიდან  ანტიბულინგზე ორიენტირებული შეხვედრის მოწყობა სამომავლო საფრთხეების პრევენციას ნაწილობრივ მაინც შეუწყობს ხელს.

პირველ რიგში, მოზარდებისთვის გასაგებ ენაზე  ხუმრობისა და ჩაგვრის განმასხვავებელ ნიშნებზე ხაზგასმას გირჩევთ, რადგან ამ ასაკში ხშირად გადადის ზღვარს მოზარდებს შორის, ე.წ. ჭიდაობა თუ  იუმორი. შემდეგ ორიოდე სიტყვით ბულინგის სახეობებზეც შეგიძლიათ ესაუბროთ.  თემატური ფილმის (მაგალითად, ,,სუფთა დაფა“) ჩვენების შემდეგ, საჭირო ინფორმაციით შეიარაღებული მოსწავლეები ფილმში გამოკვეთილ ბულინგის ტიპებსაც დაასახელებენ და შესაძლოა, ჩაგვრის წარმომშობი მიზეზებიც აღმოაჩინონ.

 

ზემოაღნიშნული  ფილმი საკმაო მასალას იძლევა პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის ჩასატარებლად. აგრესორისა და მსხვერპლის დამახასიათებელი თვისებების დასახარისხებლად  T დიაგრამა გამოგადგებათ. დისკუსიის პროცესში ცხადი გახდება, რამდენად კარგად გაიაზრეს მოსწავლეებმა  მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ხედავენ თუ არა მსგავს საფრთხეს რეალურ გარემოში და რამდენად აღიქვამენ პრობლემად სკოლებში ბულინგის ყველაზე გავრცელებულ სახეობას – სიტყვიერ შეურაცხყოფას.

ჩაგვრისგან  მთავარ დამცავ ბერკეტს ისეთი გარემოს შექმნა წარმოადგენს, რომელშიც ბულინგი ვერ განხორციელდება. ეს კი საკმაოდ რთულად შესასრულებელი და გლობალური საკითხია, რადგან გარემოს შეცვლას დიდი ადამიანური თუ ფინანსური რესურსი ესაჭიროება. გვრჩება ბავშვის სტრესისგან დაცვის პერსპექტივა, რომლის განხორციელება მხოლოდ ცალკეული ინდივიდების დიდი ძალისხმევის შედეგადაა შესაძლებელი. თუ თქვენს საკლასო ოთახში ბულინგი მძვინვარებს, მოგიწევთ თითოეული სიტყვის, მზერისა თუ გადაჩურჩულების გაკონტროლება. ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლის ტერიტორიაზე „დიდ ძმად“ უნდა გადაიქცეთ.

ბულინგის მოსპობისკენ პირველ წინგადადგმულ ნაბიჯად პრობლემის აღიარება ითვლება. ყველამ, სკოლით დაწყებული და მოსწავლითა და მშობლით დამთავრებული, უნდა აღიაროს პრობლემის არსებობა და შეუდგეს მის შესწავლას. პრობლემის მასშტაბის, სიხშირისა და სიძლიერის, მსხვერპლის, მოძალადისა და მოწმეების სულიერი მდგომარეობის განსაზღვრის შემდეგ, ერთგვარი სტრატეგიული გეგმის შემუშავებაც მოგიწევთ, რადგან ორგანიზებული და ფესვგადმული ძალადობრივი აქტის დამარცხებას სპონტანური იდეებით ვერ შეძლებთ. სასურველია, გეგმის პირველ საფეხურს ნებისმიერი ტიპის ძალადობის აქტის მიუღებლობა წარმოადგენდეს. შემდეგ ნაბიჯად სახელდება მოსწავლეთა ურთიერთობებზე დაკვირვება და ბავშვებთან ჯგუფური თუ ინდივიდუალური მუშაობა, რასაც სკოლის ფსიქოლოგი უნდა უზრუნველყოფდეს. დამრიგებელს კი, თავის მხრივ, ანტიბულინგის ერთგვარი პროპაგანდის წარმოება შეუძლია. სერიოზულად მოეკიდეთ თუნდაც უმნიშვნელო ჩაგვრის შემთხვევებს და ყოველთვის თანადგომა გამოუცხადეთ ძალადობის მსხვერპლს, რის შედეგადაც მოძალადეს  ხელშეუხებლობის შეგრძნება ნელ-ნელა გაუქრება. რაც მთავარია, ხშირად შეახსენეთ მოსწავლეებს, რომ პრობლემის გადაჭრა ძალადობის გვერდის ავლითაც შეიძლება.

სახელის მოხვეჭა სირცხვილი არ არის – (მეორე)

0

ხშირად, ჩემს მეგობარს, აკა სინჯიკაშვილს აკრიტიკებენ, სიკეთეს ღიად რატომ აკეთებო. აკა ეკვილიბრიუმის წვერია. ამასწინ, ისიც კი გავიგე, კეკელიძე ეკვილიბრიუმით სახელს იხვეჭსო. სასიამოვნო ბრალდებად მოჩანს.

სახელზე და ეკვილიბრიუმზეც მოგიყვებით.

დიახ, მე ვარ სახელის ადამიანი და ეს მოსახვეჭელი მირჩევნია დანარჩენს, – ცოტათი ალუზია რომ გავაკეთოთ ცნობილი აფორიზმის.  „ეკვილიბრიუმიც“ არის სამოქალაქო მოძრაობა და არ არის რეგისტრირებული, როგორც სახელმწიფო ტიპის რაიმე ორგანიზაცია. მე ვფიქრობ, რომ ის მოცემულობა, რომელიც საქართველოში თავის დროზე ძალიან კარგი პრეცენდენტის – „წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების“ სახით შეიქმნა, რაღაც ფორმით უნდა გაგრძელდეს და უნდა გაგრძელდეს ისევ სამოქალაქო სექტორიდან. ბუნებრივია, ეროვნული ბიბლიოთეკა არის სახელმწიფო ორგანიზაცია, მაგრამ ის არ არის პოლიტიკურად დატვირთული ორგანიზაცია და მას შეუძლია კარგად თანამშრომლობა ამ მიმართულებით, აქედან გამომდინარე, ჩემს მთავარ როლს მე ამ მიმართულებით ვხედავ. რაც შეიძლება მეტი, კარგი გაგებით აგრესიული, საგანმანათლებლო პოლიტიკა უნდა იყოს ჩვენი ტიპის ქვეყნების დღის წესრიგის განმსაზღვრელი, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენი მომავალი ძალიან ბუნდოვანია.

მე ვიცი, როგორ შეიძლება გავაკეთოთ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ თანამედროვე ტიპის ბიბლიოთეკა, რომელიც არ იქნება მხოლოდ ბიბლიოთეკა, იმ გაგებით, რა გაგებითაც ჩვენს მეხსიერებას ეს შემორჩა ან სტერეოტიპად არის დამკვიდრებული. რეალურად ბიბლიოთეკა უნდა იყოს ერთგვარი საინფორმაციო ცენტრი, რომელიც თავის თავში მოიცავს როგორც ტიპურ საბიბლიოთეკო ცხოვრებას, ამავდროულად იქ აუცილებლად უნდა იყოს კომპიუტერიც, უნდა იყოს ინტერნეტი, საინფორმაციო ბიურო, სადისკუსიო კლუბი, ღონისძიებისთვის განკუთვნილი სივრცეები და ამავდროულად უნდა შეეძლოს სოფლის ახალგაზრდების და არა მარტო ახალგაზრდების თვითორგანიზების მიმართულებით რაღაც ნაბიჯების პროვოცირება. ეს არის ძალიან რთული სამუშაო, ამ მოძრაობას სჭირდება ძალიან ბევრი მოხალისე და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ხალხი ნელ-ნელა გამოჩნდება სოფლებში.

ამ ეტაპზე ბევრი ადამიანის ძალისხმევაა მიმართული ამ საქმეზე, გვყავს ძალიან ბევრი შემომწირველი, თითქმის ყოველდღე ეროვნულ ბიბლიოთეკაში შემოდის თანამედროვე წიგნები, რომლებსაც ოჯახებიდან წირავენ ადამიანები, კონკრეტული სოფლების ან კონკრეტული ბიბლიოთეკებისთვის. ახლა ვაკეთებთ ირაკლის ბიბლიოთეკას , რომელიც თბილისში გარდაიცვალა ტრაგიკულად და ვცდილობთ, მისი სახელი შემორჩეს, იქაურ ახალგაზრდებს ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციასთან. ძალიან ბევრი მოხალისეა ამაში ჩართული, აქ თბილისიდანაც, ჭიათურის რაიონიდანაც… ამის უკვე არსებული და კარგი პრეცენდენტი არის ივლიტას ბიბლიოთეკა, რომელიც ასევე ამ მოძრაობის, კერძოდ ჩემი იდეა იყო. ივლიტა 13 ივნისის სტიქიის დროს გარდაიცვალა. ის ჩოხატაურელი გოგონა იყო და დღეს თუ ჩოხატაურში გაივლით, ნახავთ ძალიან თანამედროვე ბიბლიოთეკას, რომელიც სწორედ მთლიანად, თავიდან ბოლომდე, მოხალისეების მიერ აგურ-აგურ გაღებული შემოწირულობებით გაკეთდა. გარდა ამ ტიპის კერძო თანამედროვე ბიბლიოთეკისა, 600-ზე მეტი ბიბლიოთეკა აღვადგინეთ ან განვაახლეთ სოფლებში.

პოლიტიკოსის სიტყვასავით გამომივდა. ამ საქმეს არ ვაპირებ. შეგნებულად დავწერე ეს ორი ნაკვესი ასე, რომ მეთქვა: სახელის მოხვეჭა და საკუთარი საქმის ჩვენება არ არის სამარცხვინო საქმე.  გადამდებია. მეც სხვას ვბაძავ ამით. სხვამაც შეიძლება მოგვბაძოს.

თუ თქვენი შვილი მეოცნებეა

0

თქვენი შვილი წარმოსახვით მეგობრებს ელაპარაკება? ხშირად ჰყვება ისტორიებს, რომლებსაც არაფერი აკავშირებს სინამდვილესთან? თავისი ტყუილის თვითონვე სჯერა? მაშ, ბავშვი მეოცნებეა და განსხვავებული მიდგომა სჭირდება. ის შეიძლება გახდეს ცნობილი მხატვარი, მწერალი, გამომგონებელი, დიზაინერი, მსახიობი, მუსიკოსი, მეცნიერი… მაგრამ ხომ არ ვნებს თავისივე ფანტაზია? აუცილებელია თუ არა ბავშვის მიწიერთან დაბრუნება?

როგორც არ უნდა ჩანდეს შორიდან, ბავშვის ფანტაზიორობას ბევრი დადებითი მხარე აქვს. მეოცნებეს მდიდარი წარმოსახვა ახასიათებს, მისი გონება გამუდმებით მუშაობს, მისი ფანტაზია უშრეტია და შემოქმედებისთვის მსუყე ნიადაგს ქმნის. ასეთი ბავშვები კრეატიულ ადამიანებად იზრდებიან, მერე კი სწორედ ასეთი ადამიანები ხდებიან გამომგონებლები, ანგრევენ სტერეოტიპებს, ცვლიან სამყაროს…

მაგრამ მშობლებს აწუხებთ მეოცნებე ბავშვის მდიდარი ფანტაზია. ისინი შიშობენ, რომ მათი შვილი, ზრდასრულიც კი, თავის სამყაროში დარჩება, ცხოვრების მკაცრ მოთხოვნებს ვერ მოერგება.

ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ თუ ბავშვი მეტისმეტად მოსწყდა რეალობას, ესე იგი მან ან ტრავმა გადაიტანა, ან მშობლების ყურადღება დააკლდა, ან მორიდებულია და დაბალი თვითშეფასება აქვს.

მეოცნებეს ყურადღება სჭირდება. ჯერ ერთი, მას შეუძლია დაიჯეროს, რომ ფრენას მოახერხებს და მაღლიდან გადახტეს; ოცნებით გატაცებული, დაუდევრად გადავიდეს ქუჩაზე; შეუძლია, კლასში წარმოსახვით მეგობარს დაელაპარაკოს და თანაკლასელების დასაცინი გახდეს. მეორე – მეოცნებეს უჭირს თანატოლებთან კომუნიკაცია, უჩვეულო ბავშვს იოლად ამჩნევენ და იჩემებენ. მესამე – რეალობისგან გამოთიშვის ყველაზე მძიმე მხარე ის არის, რომ ბავშვის მიერ შექმნილი სამყარო საინტერესოა, რეალობა კი მის ფონზე ფერმკრთალი და ერთფეროვანი ჩანს. დროთა განმავლობაში ეს ბავშვს დეპრესიაში აგდებს და ფსიქოლოგის ჩარევის გარდა ვეღარაფერი შველის.

სპეციალისტები გვირჩევენ, ყურადღებით მოვეპყროთ ბავშვებს. შესაძლოა მათ ჩვენი თანადომა, გამხნევება და სითბო აკლდეთ. შესაძლოა, თავიანთ წარმოდგენაში ჯადოქრები და გმირები იყვნენ, რადგან ხშირად ეუბნებით, არაფრის მაქნისი ხარო.

მშობლებს შეუძლიათ, ბავშვის მდიდარი წარმოსახვა შემოქმედებითი საქმიანობისკენ მიმართონ. პირველი ნაბიჯის გადასადგმელად ჰკითხეთ ბავშვს, როგორია მისი სამყარო, ვინ ცხოვრობს იქ, ზღაპრულია ეს სამყარო თუ ნამდვილს ჰგავს. სთხოვეთ მისი დახატვა, მასზე მოთხრობის დაწერა. შეუქეთ თავისი სამყარო. წარმოსახვითი მეგობრებიც შეუქეთ – შესაძლოა, ისინი თქვენი მოკავშირენი გახდნენ. იქნებ ერთ-ერთმა მათგანმა შეახსენოს ხოლმე თქვენს შვილს, რომ ძილის წინ კბილების გახეხვა აუცილებელია J

მთავარია, ბავშვის ფანტაზიაში თქვენც არ ჩაყვინთოთ. ხშირად უთხარით: „წარმოიდგინე, რომ…“ ან „ვითომ ჩვენ…“ ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ რეალობა სხვაა და ის, რაზეც ოცნებობს – სხვა.

მშობლებმა და მასწავლებლებმა ბავშვს რეალური სამყარო უნდა შეაყვარონ. უნდა აჩვენონ, რომ აქ უამრავი რამაა საინტერესო. წაიყვანეთ ბავშვი პიკნიკზე. აუხსენით, რომ შეუძლია წარმოიდგინოს ზღაპრული ტყე, მაგრამ არც ნამდვილი ტყე ჩამოუვარდება ზღაპრულს. ის გაცილებით იდუმალია. ბევრი დრო გაატარეთ შვილთან ერთად: ეთამაშეთ, ეცეკვეთ, მასთან ერთად მოიგონეთ მუსიკა, მიეხმარეთ სხვა ბავშვებთან კომუნიკაციაში – ბავშვს რეალური მეგობრებიც უნდა ჰყავდეს.

ყოველ ასაკს განსაზღვრული ფსიქოლოგიური თავისებურებები ახასიათებს. ეს თავისებურებები განაპირობებს ბავშვის ქცევას, მის  წარმატებას, სოციალური მოთხოვნებისადმი შესაბამისობას და სხვა. ბავშვის ქცევის ხასიათზეა დამოკიდებული, როგორი რეაქცია ექნებათ მასზე გარშემო მყოფებს (მშობლებს, მასწავლებლებს, სხვა ბავშვებს). ფსიქიკური განვითარებიდან გადახვევა მაშინ ხდება, როდესაც გარშემო მყოფები ამძაფრებენ ბავშვის ფსიქოლოგიურ პრობლემებს. ბავშვთან ურთიერთობის დროს უფროსები თავიანთი ქცევით გაუცნობიერებლად ართულებენ მის მდგომარეობას, ამიტომ ბავშვის სწორ თუ არასწორ განვითარებაში უფროსების დდი წვლილია.

რეალობიდან ძლიერი ამოვარდნა შინაგან სამყაროში, ფანტაზიაში გადასახლებას ნიშნავს. ბავშვი თითქოს „სადღაც დაფრინავს“, არ ესმის გაკვეთილზე მასწავლებლის ხმა, არ რეაგირებს მშობლების მითითებებზე. ის თავის წარმოსახვაში ცხოვრობს და თამაშობს. ხან მონადირის როლს ირგებს, ხან მოგზაურისა და კინოვარსკვლავისას. წარმოსახვითვე იკმაყოფილებს თამაშის მოთხოვნილებას. შეუძლია, მოიაროს აფრიკა და აზია, გაეხვიოს თავგადასავლებში, იქცეს ყველასათვის სათაყვანებელ სუპერგმირად… ხშირად ბავშვს სინამდვილე და გამონაგონი ერთმანეთში ერევა. ის ისეთ ისტორიებს ყვება, რომ მშობლებიც კი ძნელად არჩევენ ტყუილსა და მართალს.

სასკოლო ასაკში რეალობიდან ამოვარდნა სკოლამდელი ცხოვრების, თამაშის გაგრძელებაა. დავალებებს ბავშვი საკუთარი აქტივობების ნაწილად აღიქვამს და მათ ზედმიწევნით შესრულებაზე არ არის ორიენტირებული. ინსტრუქცია ირღვევა, მაგრამ ბავშვი ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

მეოცნებეს განვითარების პროგნოზი დროული კორექციის შემთხვევაში არაჩვეულებრივია: ბავშვი კარგად სწავლობს და ძალიან კრეატიულია. მას ეადვილება ფიქრი, გონებრივი სამუშაოს შესრულება. შესაძლოა, სისტემური საქმიანობა ოდნავ უჭირდეს, მაგრამ მალევე აინაზღაურებს დანაკლისს.

მეოცნებე ბავშვისთვის დამახასიათებელია შფოთვის მაღალი დონე. შფოთვა ბარიერია, რომელიც ბავშვს გულღია ქცევაში ხელს უშლის, რადგან გარშემო მყოფთა ნეგატიური რეაქცია აშინებს. კონფლიქტი რეალური ყურადღების მიპყრობის სურვილსა და ამავე ყურადღების უქონლობას შორის დაუკმაყოფილებლობას, შფოთვას იწვევს. ეს მიზეზშედეგობრივი მანკიერი წრეა: ყურადღების მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობა იწვევს შფოთვას, რომელიც, თავის მხრივ, ბლოკავს ქცევის იმ ფორმებს, რომლებითაც ბავშვი საკუთარი პიროვნებისადმი ყურადღების მიპყრობას მოახერხებდა.

მოზარდ ასაკში ქცევითი აქცენტები არცთუ იშვიათად იცვლება. თუ ადრე ბავშვი მხოლოდ სწავლაში იყო პასიური, ახლა თანატოლებთან ურთიერთობის დროსაც პასიურობს. რეალობიდან გაქცევის ტენდენცია მას მარტოსულობს, კარჩაკეტილს ხდის. მოზარდი ნელ-ნელა უუცხოვდება თანატოლებს, მისი ინტერესები სხვებისას არ ემთხვევა. სხვა მოზარდები „ვერ უგებენ“ მას და მის ფანტაზიებს არ იზიარებენ.

რეალობიდან გაქცევის ტიპური შფოთვის „განკურნება“ მოზარდის თეატრალურ სტუდიაში მიბარებით შეუძლებელია. თუ მოზარდი თავის შესაძლებლობებში არ არის დარწმუნებული, სცენაზეც შებოჭილი იქნება და ვერაფერს მიაღწევს. „განკურნებისთვის“ კი მას სწორედ წარმატება, ყურადღება, ემოციური მხარდაჭერა სჭირდება. ასეთ დროს გაცილებით ეფექტიანია სხვაგვარი შემოქმედებითი საქმიანობა, მაგალითად, ხატვის წრეზე ან ლიტერატურულ სტუდიაში სიარული. თუ მოზარდს მხატვრული ნიჭი არ აღმოაჩნდა, შეუძლია, აბსტრაქტულ მხატვრობას მოჰკიდოს ხელი. რეპროდუქციების ნახვა, საგამოფენო სივრცეში ნამდვილი ტილოების თვალიერება დაარწმუნებს მოზარდს, რომ აბსტრაქტული ხელოვნება არსებობს და საზოგადოების ინტერესს იწვევს.

მოიმარაგეთ ქაღალდი, გუაში, ფუნჯები და შესთავაზეთ მოზარდს, დახატოს აბსტრაქცია. ფერადი დეკორატიული ნახატები მეოცნებე ბავშვებს კარგად გამოსდით. ამ ნამუშევრების შინ გამოფენაც შეიძლება. მოზარდი უნდა დარწმუნდეს, რომ ამაყობთ მისით. ეს საუკეთესო თერაპიაა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...