ვრცლად
ლიზი პატარა გოგონაა, რომელიც ზაფხულის გასატარებლად მამასთან ერთად სოფლად, მდელოზე მდებარე სახლში დადის. მამა მეცნიერია – პეპლებს იკვლევს და უნდა ისეთი ჯიშის პეპელა ნახოს, რომელიც მისი აღმოჩენა იქნება, რომელსაც ლონდონში კოლეგებთან წაიღებს და სახელს მოიხვეჭს. სოფლადაც მაგ მიზნით ჩამოვიდა. ლიზის ფერიების სჯერა. მათთვის მინიატურულ სახლებს აშენებს, ყველა ქაღალდზე ფერიებს ხატავს. სჯერა, რომ ისინი ნამდვილად არსებობენ და ოდესმე მასაც ესტუმრებიან. მეცნიერი მამა კი ამბობს, რომ ის ილუზიებში ცხოვრობს და რომ მხოლოდ იმის შეიძლება გჯეროდეს, რასაც ნამდვილად ნახავ, რაც ნამდვილად არსებობს, ფერიები კი არ არსებობენ, ისინი არავის უნახავს.
ლიზიც და მეცნიერი მამამისიც დისნეის ერთ-ერთი სრულმეტრაჟიანი ანიმაციის პერსონაჟები არიან და ისინი ჩემი შვილის ინიციატივით რამდენიმე დღის წინ გავიცანი. მაროსაც, ისევე როგორც ლიზის, ფერიების, პრინცესებისა და ჯადოსნური ამბების სჯერა და ლიზისავით მონდომებული ცდილობს ხოლმე, ჩვენი, ანუ უფროსების ყურადღება მიიპყროს მათზე სალაპარაკოდ. ამ ფილმიდან, რომელმაც ჩემი შვილი ფერიების გამჭვირვალე ფრთებმა და ჯადოსნურმა ფხვნილმა მოხიბლა, ადამიანებს ფრენის უნარს რომ აძლევს, ყველაზე დიდხანს ალბათ ზუსტად ის მემახსოვრება, როგორ იშორებს მამა თავიდან შვილს იმ მიზეზით, რომ უფრო მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და ყოველ ჯერზე სხვა დროისთვის გადადებს მასთან საუბარს. მეც გამიკეთებია ასე და პირობას ვერ დავდებ, რომ აღარასოდეს გავაკეთებ. ზოგჯერ საქმეები მართლაც სასწრაფოა, მაგრამ ერთხელ მაინც თუ ამოწევ თავს შენი საქმიდან და დაინახავ თვალებს, რომელიც შენს ყურადღებას ელოდება, გაგიჭირდება თქმა, რომ ახლა არ გცალია. ასე დამემართა ერთხელ და იმის მერე სულ ვცდილობ სახლში სამსახურის საქმეები არ გავიყოლო, საღამოობით ტელეფონი ჩემგან მოშორებით დავდო, ლეპტოპი ჩანთიდან არ ამოვიღო და შაბათ-კვირას მხოლოდ ბავშვებთან ერთად ვიყო. ამას მხოლოდ ბავშვების გამო არ ვაკეთებ, მივხვდი, რომ იშვითად მანიჭებს რაიმე ისეთ დიდ სიამოვნებას, როგორც ბედნიერი შვილის დანახვაა და ეს მეც მჭირდება. თავს მნიშვნელოვან ადამიანად ვგრძნობ და ამის შემდეგ საქმეებსაც უფრო კარგად ვაკეთებ.
ფილმებს ხშირად არ ვუყურებთ. ვცდილობ, რომ შთაბეჭდილება დიდხანს გაჰყვეს და ერთი ამბის ნიუანსები გარკვეული დროის განმავლობაში განვიხილოთ, ან კონკრეტული ამბების ალტერნატიული გაგრძელებები მოვიგონოთ და ასე გავერთოთ. ახალ ფილმს მაშინ ვეძებთ ხოლმე, როცა ვხვდები, რომ უკვე ნანახზე სალაპარაკო აღარაფერი დაგვრჩა. საერთოდ, ბავშვები კარგ იმპულსს გვაძლევენ ფანტაზიის გასავარჯიშებლად და ახალი უნარების აღმოსაჩენად. როგორია, მოიფიქრო ყოველდღე რაიმე ისეთი, რაც მათთვის იქნება საინტერესო, რაც მათ გაამხიარულებს, რასაც დაიმახსოვრებენ. სულაც არ არის მარტივი და როცა ჩემი ფანტაზია იწურება ხოლმე, მეგობრებს ვეკითხები, როგორ ართობენ თავიანთ შვილებს და ამ გამოკითხვის პასუხებიდან რამდენიმეს გამოვარჩევ.
ასე, მაგალითად, ვიცი, რომ თუ მსოფლიოს დიდ რუკას გაშლი იატაკზე, ათასი რამ შეგიძლია მოუყვე ბავშვს. დაწყებული სხვადასხვა კონტინენტებსა და ქვეყნებში გავრცელებული ცხოველებითა და ფრინველებით, დამთავრებული მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით. შეგიძლია სხვადასხვა ქვეყნის შესახებ სხვადასხვა ხალხების ზღაპრები მოჰყვე, ოკეანეების კვეთისას მოგზაურობების ამბები გაიხსენო, მეზობლების ურთიერთობები განიხილო, სტრატეგიული პარტნიორობის პერსპექტივებზე ისაუბრო – ყველაფერი შენ მონდომებასა და ბავშვის ინტერესებზეა დამოკიდებული.
საღამოს სასეირნოდ გასვლისას შეგიძლიათ ჯიბეში ფერადი ცარცები ჩაიდოთ და ბავშვებთან ერთად რომელიმე კედლის ნახატებით გალამაზება სცადოთ. რამდენიმე დღეში თუ ისევ ამ ადგილს ჩაუვლით, მათ ძალიან გაუხარდებათ საკუთარი ნახატის ქუჩაში ნახვა.
თუ ცუდი ამინდია და გარეთ ვერ გადიხართ, სახლის რომელიმე მიკარგულ კუთხეში რაიმე საინტერესო ნივთი დამალეთ, სახლის გეგმა დახაზეთ და ამ გეგმაზე დამალული ნივთის მდებარეობა მონიშნეთ. თუ ნახაზი ბავშვისთვის მარტივად აღსაქმელი, დამალული ნივთი კი მიმზიდველი იქნება, შეიძლება საათზე მეტიც კი გაატაროს მის ძებნაში.
აიღეთ ცარიელი სახატავი რვეული, მარტივი ფორმებით ბავშვებისთვის საინტერესო საგნები, ცხოველები, პერსონაჟები, სიტუაციები დახატეთ და საწოლის გვერდით ერთ რომელიმე დილას დაახვედრეთ. სთხოვეთ გააფერადოს ნახატები და თითოეულ ნახატს რაიმე ისტორია მოუფიქროს. თუ ბავშვი პროცესმა ჩაითრია, მას პირველი საკუთარი ხელით გაკეთებული ილუსტრირებული წიგნი ექნება.
დღის ბოლოს, როცა დასაძინებლად დააწვენთ, ჰკითხეთ რა მოეწონა და რა არ მოეწონა დღეს ყველაზე მეტად. ასე ბუნებრივად, გულისგამაწვრილებელი კითხვების გარეშე გაიგებთ, რა აწუხებს, რა ახარებს, რაზე ოცნებობს, რა უჩუყებს გულს, ვინ მოსწონს და ვინ არ მოსწონს ბავშვს და ეს ინფორმაცია შეიძლება სულაც არ ემთხვეოდეს ჩვენს წარმოდგენებს.
რუტინიდან თავის დასაღწევად თვეში ერთხელ ან წელიწადში რამდენჯერმე მოაწყვეთ ყველა სურვილის ასრულების დღე. ასეთი დღეები, გარდა იმისა, რომ ეს თქვენი შვილებისთვის სასურველ ადგილზე წასვლის, ტკბილეულების ათვისების და სათამაშოების მიღების კარგი საშუალება იქნება, ასწავლის მათ თავიანთ სურვილებზე ფიქრს და დროთა განმავლობაში ადვილად გამიჯნავს ნამდვილ სურვილებს უბრალო ახირებებისგან.
ნასტასია არაბული
„სამყაროს ორი ძალა ქმნის – ზღაპარი და ოცნება, დაბადებული ზღაპრიდან“.
დეიან სტოიანოვიჩი, სერბი მწერალი, პოეტი და ესეისტი
ცოტა ხნის წინ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საქართველოს განათლების მინისტრის, ბ-ნი ალექსანდრე ჯეჯელავას რამდენიმე კომენტარმა ქართული ზღაპრებისა და, საზოგადოდ, ზღაპრების შესახებ. შეგახსენებთ მინისტრის ერთ ციტატას, რომელიც ძალიან საყურადღებოა: „ერთი განსაკუთრებული ჩავარდნა, მაგალითად, ეხება ჩვენს ზღაპრებს, რომლებიც არ შეესაბამება საზოგადოების ამჟამინდელ ფასეულობათა სისტემას. დოგმატური არ უნდა ვიყოთ ამ ნაწილში. ზოგიერთმა მშობელმა შეცვალა „წითელქუდა“ და ისე უყვება ბავშვს, რომ იქ ნაკლები ძალადობაა. ჩვენ ამას ხელი უნდა შევუწყოთ. ასევე არ მომწონს, მაგალითად, ყველა ქართველი ბავშვი კომპიუტერთან რომ დამწკრივებულა და „Маша и Медведь“-ს უყურებს. მერე თუ ვინმეს უკვირს რუსეთის მიმართ მეგობრული განწყობა, არ უნდა გაუკვირდეს, რადგან ამ ასაკში თავში ჩაბეჭდილი ძალიან დიდ გავლენას ახდენს მთელ შემდგომ ცხოვრებასა და აზროვნებაზე“.
ბატონი მინისტრი თავის კომენტარში ბევრ საინტერესო თემას ეხება: თანამედროვე ფასეულობათა სისტემას, ზღაპრების დოგმატურობას, მათ ერთგვარ შეუსაბამობას თანამედროვეობასთან, ზღაპრების შინარსისადმი მშობლების დამოკიდებულებას, ზღაპრების ალტერნატიულ ვერსიებს და, რაც მთავარია, იმას, რომ „ამ ასაკში თავში ჩაბეჭდილი ძალიან დიდ გავლენას ახდენს მთელ შემდგომ ცხოვრებასა და აზროვნებაზე“.
ბატონი მინისტრი სწორად მიგვითითებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის ის სამყარო, გარემო თუ ფორმა, რომელსაც ზღაპრები და ჩვენ, ამ ზღაპრების წამკითხველნი თუ მომთხრობნი, ვქმნით ბავშვებთან ურთიერთობისას.
დღევანდელი წერილიც სწორედ ამ საკითხს ეხება. მსურს, გაგაცნოთ ზღაპრებისადმი დამოკიდებულება, მათი აღქმა და მათ შესახებ გამოთქმული მოსაზრებები დასავლეთის ქვეყნებში, კერძოდ, ინგლისურენოვან სამყაროში, რომელიც, შეიძლება ითქვას, თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი დომინანტური კულტურული სივრცეა. ეჭვგარეშეა, რომ ანგლოსაქსური სამყაროს კულტურულ მოდელზე დაყრდნობით ან მისი ძლიერი ზეგავლენით მსოფლიოში ბევრი სხვადასხვა კულტურა თუ ტრადიცია ვითარდება და ყალიბდება. ამერიკული, ბრიტანული, საზოგადოდ, დასავლური, ევროპულ-ქრისტიანული კულტურული ექსპანსია იმდენად მძლავრია, რომ მედიის, მუსიკის, ლიტერატურის და მათ შორის ზღაპრების, თუ შეიძლება ითქვას, „იმპორტი“ ჩვენთვის ყოველდღიურობად იქცა. უცხოელი ავტორების უცხო ენებზე დაწერილი კულტურული თუ მედიაპროდუქცია ნელ-ნელა, მაგრამ შეუჩერებლად ჩვენი თანამედროვე კულტურის ნაწილი ხდება. აშკარაა რომ „ჰარი პოტერის“, „ნარნიის ქრონიკების“, „ბეჭდების მბრძანებლის“, „სამეფოთა თამაშებისა“ და სხვა მსგავსი „პროდუქტების“ წარმატება, პოპულარულობა, მათი შეჭრა ჩვენს კულტურულ სივრცესა და ჩვენი შვილების წარმოსახვაში უკვე მომხდარი ფაქტია, ჩვენ უკვე ამ რეალობაში ვცხოვრობთ. ჩვენ, ქართული კულტურისა და ქართულ ენაზე შექმნილი კულტურული ტრადიციის შვილებს, გვიწევს ამ რეალობის მიღება და მისდამი ჩვენი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
„უცხოური“ წარმოშობის მედიაჟანრები და მათი პროდუქცია, რომელიც მოიცავს ფენტეზის, ჯადოსნური ზღაპრების, ევროპული ლეგენდებისა და მითების ინტერპრეტაციებს და მათ საფუძველზე შექმნილ მხატვრულ თუ ანიმაციურ ფილმებს, კომპიუტერულ თამაშებსა თუ სატელევიზიო სერიალებს, ჯანსაღ კონკურენციას უწევს ქართულ ტრადიციულ ფოლკლორსა და ეროვნულ მითოსს. აღნიშნული პროდუქციის ასეთი მასშტაბით წარმოება და მისი ექსპანსია გარკვეულწილად ადასტურებს, რომ მისი გავლენა და მნიშვნელობა მცირეწლოვან მსმენელსა თუ მაყურებელზე იზრდება და ხანდახან, ელექტრონული საკომუნიკაციო მატარებლების (სმარტ-ტელეფონების, აიპადების და სხვ.) ხელმისაწვდომობის გამო, უკონტროლოც კი ხდება. ამავე დროს, ამ ხელმისაწვდომობას დადებითი მხარეც აქვს: ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქცია, კერძოდ, ზღაპრები, მათი კინო- თუ ანიმაციური ვერსიები, ასევე ხელმისაწვდომია სხვადასხვა ქვეყნისა და სოციალური ფენის ბავშვების უმეტესობისთვის. ზღაპრების თემაზე შექმნილი მედიაპროდუქცია მრავალფეროვანი, საინტერესო და მიმზიდველია. ფაქტია, ზღაპრები ოცდამეერთე საუკუნის მეორე დეკადაშიც პოპულარული და ტრენდულია (ანუ „მოდაშია“). მოკლედ თუ ვიტყვით, დასავლეთში როგორც ბიზნესი, ისე საგანმანათლებლო სისტემა და სახელმწიფო მიიჩნევენ, რომ ზღაპრები ძალიან მნიშვნელოვანია სრულყოფილი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის, ხოლო პირიქით თუ ვიტყვით, ეს ნიშნავს, რომ ზღაპრების გარეშე სრულყოფილი პიროვნების ჩამოყალიბება ფაქტობრივად შეუძლებელია.
სხვა საკითხია, რა ფორმით უნდა ხდებოდეს ამ ლიტერატურული შინაარსის (როგორც ხშირად ამბობენ დღეს, კონტენტის) მიწოდება ბავშვებისათვის, მაგრამ ამაზე დღეს არ ვისაუბრებთ.
სანამ ზღაპრების მნიშვნელობაზე ჩვეულებრივი მოკვდავების აზრს გაგაცნობდეთ, ნახეთ, რას გვეუბნება ზღაპრის შესახებ მეგაპოპულარული „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „ჰობიტის“ ავტორი, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენთვის უცნობი, ახლა კი ყველასთვის საყვარელი ინგლისელი მეზღაპრე და მწერალი, ფენტეზის ჟანრის ამაღორძინებელი და მამამთავარი ჯონ რონალდ როუელ ტოლკინი (და არა „ტოლკიენი“, როგორც გავრცელდა ჩვენში რუსულის გავლენით):
„თუ ზღაპრები საერთოდ იმსახურებენ წაკითხვას, მაშინ ისინი იმსახურებენ იმასაც, რომ დაიწერონ ზრდასრული ადამიანებისთვის და წაკითხულ იქნენ მათ მიერ“.
აღსანიშნავია, რომ ტოლკიინი „ზღაპრის“ აღმნიშვნელ ტერმინად ინგლისური Fairy-tale-ის ნაცვლად ყოველთვის fairy-story-ის იყენებს, ანუ „ჯადოსნურ ამბავს“ ანიჭებს უპირატესობას და, ვფიქრობ, ამით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამბის თუ მონათხრობის მნიშვნელობას, საზოგადოდ, ადამიანისთვის.
ტოლკიინის მტკიცებით, ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის ზღაპარს ოთხი ძირითადი ფუნქცია აქვს:
თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ბავშვებისთვის ზღაპრების მნიშვნელობისა ყველას არ სჯერა. ბოლო წლებია, დასავლეთის მედიაში ზღაპრებისა და მათი სატელევიზიო თუ კინოვერსიების გარშემო დიდი მითქმა-მოთქმა და კამათია ატეხილი. ცოტა ხნის წინ ბრიტანული გამომცემლობა „ტელეგრაფის“ მიერ მშობლებს შორის ჩატარებულმა გამოკითხვამ კიდევ უფრო გაამწვავა დებატები ზღაპრების შესახებ. აღმოჩნდა, რომ გამოკითხული მშობლების 25% ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს ტრადიციულ ზღაპრებს არ უკითხავს – ურჩევნიათ, პატარებს უფრო თანამედროვე ან თანამედროვეობასთან ადაპტირებული ტექსტები უკითხონ, რადგან, მათი აზრით, „ტრადიციული“ ზღაპრები არც ისე კარგ მაგალითს იძლევა ან, უბრალოდ, საშიში საკითხავია ბავშვებისთვის.
გაზეთმა გამოყო ათი ზღაპარი, რომლებსაც ზოგიერთი მშობელი აღარ უკითხავს შვილებს. სიაში მოხვდა ისეთი ცნობილი ზღაპრები, როგორებიცაა „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, „რაპუნცელი“ და „წითელქუდა“. სტატიის თანახმად, მშობლებს აშფოთებთ „ის მძაფრი და სასტიკი დეტალები“, რომლებიც ზღაპრების ტექსტში გვხვდება.
მელისა ტეილორი, ამერიკელი მასწავლებელი და ავტორი წიგნისა Book Love, წერს, რომ მისთვის სრულიად გაუგებარია მშობლების მიერ მოყვანილი მიზეზები. მაგალითად, ცნობილი ბრიტანული ზღაპრის „ოქროსთმიანი გოგონა და სამი დათვის“ (ჩვენში უფრო ცნობილია მისი რუსული ვერსია – „მაშა და დათვი“) „არაწასაკითხთა“ სიაში მოხვედრა, „რადგან ამ ზღაპარში საუბარია უცხო სახლში შესვლისა და საჭმლის მოპარვის დაუშვებლობაზე“.
ცნობილი თანამედროვე ბრიტანელი მეზღაპრისა და მწერლის, „კორელაინის“, „ამერიკელი ღმერთებისა“ და „ვარსკვლავების მტვრის“ ავტორის ნილ გეიმანის აზრით, ზღაპრებზე საუბრისას დიდი მნიშვნელობა აქვს, რას განვიხილავთ. მისი თქმით, ბევრი ცნობილი ზღაპრის თანამედროვე ვერსიები მნიშვნელოვნად განსხვავდება ორიგინალებისგან და მათზე საუბარი ხშირად არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს. „მაგალითად, დისნეის ცნობილ „მძინარე მზეთუნახავს“ არასწორად გაიაზრებენ, რადგან მისი სატელევიზიო ვერსია არ არის დასრულებული ამბავი, ის მხოლოდ ორიგინალში მოთხრობილი ამბის დასაწყისია. ამ ზღაპრის პირველადი ვერსიები უფრო დახვეწილი და დასრულებულია, მაგრამ, შეიძლება ითქვას, ნაკლებად „კეთილი“. შარლ პეროს ამ ზღაპრის მეორე ნაწილის ორიგინალში პრინცი მზეთუნახავის მოჯადოებიდან (დაძინებიდან) ასი წლის შემდეგ შედის მოჯადოებულ ციხესიმაგრეში, რომელშიც მზეთუნახავს ძინავს, ცდილობს ამბორით მის გაღვიძებას, მაგრამ არაფერი გამოსდის. პეროს ვერსიით, პრინცს ახალგაზრდა ქალი დანახვისთანვე შეუყვარდება და, არც მეტი, არც ნაკლები, მძინარე მზეთუნახავს დააორსულებს კიდეც. ცხრა თვის შემდეგ ტყუპი გოგო-ბიჭი იბადება. ერთი ახალშობილი დედის ძუძუს წოვას იწყებს, ხოლო მეორე – თითისას, რომელშიც მძინარე მზეთუნახავს შხამიანი ნემსი შეერჭო. საბოლოოდ ბავშვი დედას თითიდან ჯადოსნურ შხამს გამოსწოვს, მზეთუნახავი-დედა გამოიღვიძებს და ჯადო მოეხსნება. ამის შემდეგ პრინცი ახალშეძენილ ოჯახთან ერთად შინ ბრუნდება.
მთავარი ამბავი სწორედ აქ იწყება: პრინცის დედა, ბოროტი დედოფალი, კაციჭამიების შთამომავალია, ცდილობს, რძალი და შვილიშვილები თავის მზარეულს დაახოცვინოს და მათი ხორცი იგემოს. საბოლოოდ კეთილი მზარეული მზეთუნახავსა და ბავშვებს არ დახოცავს, დედა-დედოფალს საქონლის ხორცს შეაპარებს და პრინცესას და მის შვილებს გადაარჩენს.
როგორც ხედავთ, ზღაპრის ძირითადი ხაზი ბოროტ დედამთილსა და მის საშინელ სურვილებზეა აგებული და არა პრინცის სასწაულებრივ ამბორზე. დღეს კი ამ ზღაპრის პირველადი შინაარსი საკმაოდ არის შეცვლილი და ორიგინალთან მისი დაკავშირება ძნელია“.
ასევე ცნობილია, რომ საქვეყნოდ ცნობილმა მეზღაპრეებმა, მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე გერმანელმა ძმებმა ვილჰელმ და იაკობ გრიმებმა ზღაპრების შეგროვება ფოლკლორის შესასწავლად და გერმანული ენის დიდი ლექსიკონის შესადგენად დაიწყეს და არა ბავშვებისთვის საკითხავი წიგნის შესადგენად. ზღაპრების გადამუშავებისას ვილჰელმმა იაკობს შესთავაზა, შეეცვალათ ზღაპრების შინაარსი და ისინი ნაკლებად სასტიკი გაეხადათ. ცვლილებები შეეხო ისეთ ცნობილ ზღაპრებს, როგორებიცაა „კონკია“, „მძინარე მზეთუნახავი“, „ჰანზელი და გრეტელი“, „რაპუნცელი“, „რუმპელშტილტსკენი“, „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“.
ნილ გეიმანი იმავეს ამბობს „ოქროსთმიან გოგონასა და სამ დათვზეც“: შოტლანდიელი მეზღაპრისა და პოეტის რობერტ საუთის მიერ 1837 წელს დაწერილ ორიგინალურ ვერსიაში ოქროსთმიანი გოგონა არ არის – მთავარი გმირი ხანდაზმული მაწანწალა ქალია, რომელსაც საუთიმ „ვერცხლისთმიანი“ უწოდა. შეცივებული და დამშეული ქალი დათვების ქოხში შედის საჭმლის საპოვნელად, მაგრამ დათვები შეუსწრებენ. ქალი გარბის, ფანჯრიდან ხტება და კისერს იტეხს. ამ ზღაპრის „დანიშნულება“, შეიძლება ითქვას, ქურდობის სიავის ჩვენება გახლდათ, მაგრამ „ვერცხლისთმიანი“ დროთა განმავლობაში „ოქროსთმიანად“ იქცა და გმირის ასაკიც მკითხველთა ასაკისთვის შესაფერისი გახდა. „გულახდილად რომ ვთქვათ, ბავშვობაში მეც არ მომწონდა „ვერცხლისთმიანი“ მათხოვარი, დათვები მერჩივნა“, – ამბობს გეიმანი. როგორც ვხედავთ, ცნობილი ზღაპრების სიუჟეტები, გმირები და თვით შინაარსიც კი ხშირად შეცვლილა, იცვლება და კვლავაც შეიცვლება.
ამიტომ ქართულ ტრადიციულ ზღაპრებში შესაძლო ცვლილებების შესახებ ბატონი ჯეჯელავას გულწრფელი სურვილის ადრესატები მწერლები უფრო არიან, ვიდრე ჟურნალისტები, რომლებმაც თემა ასე ზერელედ აიტაცეს და, რბილად რომ ვთთქვათ, ზედაპირულად გააშუქეს.
ქართული სოცქსელებისა თუ მედიის ლოგიკით, გასაკრიტიკებელია ვილჰელმ გრიმიც, რომელმაც „წითელქუდა“ მგლის მიერ საბოლოოდ შეჭმას „გადაარჩინა“ (ორიგინალურ ვერსიაში მგელი წითელქუდას გზას უბნევს და სადილად მიირთმევს, ყოველგვარი ბებიის, მონადირისა თუ ბებიის ქოხის გარეშე). გრიმების მიერ ჩაწერილ „კონკიაში“ უხეირო და უგულო დები (დედინაცვლის შვილები) ფეხებზე ცერა თითებს იჭრიან, რათა კონკიას დაკარგული ფეხსაცმელი მოირგონ და პრინცის ცოლობას გამოჰკრან ხელი… დამეთანხმებით, გრიმებმა ორიგინალის შეცვლით კარგი საქმე გააკეთეს და თავიდან აგვაცილეს მეცხრამეტე საუკუნის გერმანული ბიურგერული ფოლკლორის არცთუ სასიამოვნო ხატები.
(პირველი ნაწილის დასასრული)
ისაკ,
21 წელი გავიდა ჩვენი გაცნობიდან.
იცი რა გამახსენდა? – პირველ კლასში შენზე ამბობდნენ, რომ სკოლაში მოსვლამდე უკვე იცოდი ქართულად წერა-კითხვა. აღმოჩნდა, რომ ცდებოდნენ. თურმე ინგლისურადაც გამართულად წერდი და კითხულობდი. საოცარია, ამდენი წელი, ამდენი თვე, კვირა და საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ; სად არ აღმოვჩენილვართ ერთად, რა ფათერაკი არ გადაგვხდენია და დღემდე ვერ გამირკვევია, რა მოცულობის ინფორმაცია გიდევს მაგ გასიებულ თავში. რამდენს იტევს ეგ მყარი დისკი.
გახსოვს? ერთხელ, ბავშვობაში, ჩვენი სახელები დავწერეთ და ფურცელი სკოლის კედლის ნაპრალში დავმალეთ იმ იმედით, რომ ეს ფურცელი სამუდამოდ ამ შენობაში დარჩებოდა, ჩვენი მეგობრობა კი ისეთივე მყარი იქნებოდა, როგორც ის კედელი. წინასწარ გთხოვ პატიებას იმის გამო, რასაც ახლა გეტყვი, მაგრამ დამალვას აზრი აღარ აქვს. ის ფურცელი მალევე გამოვიღე უკან და შევინახე. დღემდე მე მაქვს. ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ჩვენს მეგობრობას 172-ე სკოლის ნახევრად მონგრეული კედლის იმედად ვერ დავტოვებდი.
ამასწინათ ვფიქრობდი, რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ვემსგავსებით ტიმონსა და პუმბას, რა თქმა უნდა, მსგავსებაში წონასა და ფორმას ვგულისხმობ. მე თანდათან ვმრგვალდები, შენ კი კარგა ხანია ჩამოცდი 50 კილოგრამიან ნიშნულს. რაც შეეხება დანარჩენს, მათი ცხოვრების სტილს, სილაღესა და თავისუფლებას, ამ სიმაღლეებს ვერცერთი ვერ მივწვდით. ბორკილები, რომლებიც ვაზისუბანურმა ბავშვობამ, 90-იანმა წლებმა, ნავთის სუნმა, მეცხრე ბლოკმა, დენის გადამწვარმა დამცველებმა, აყრილი ასფალტის ორმოში დაგუბებულმა მანქანის ზეთგარეულმა წყალმა, შებინდებულზე სკოლის ეზოში შემჩნეული გოგოსთვის იარლიყის მიკვრის ტრადიციამ, სახლის ტელეფონებზე უმისამართოდ გაშვებულმა ზარებმა, არაგულწრფელად შევსებულმა მეგობრობის დღიურებმა, ვეფხისტყაოსნის ქალთა სახეებმა, თავისუფალმა თემებმა და სუპერ მარიოს მოწინააღმდეგეებმა დაგვადეს, მეჩვენება, რომ დღემდე მაჯებზე გვაქვს.
ადრეც დამიწერია, რომ ჩვენ ორს შორის, შერლოკი შენ ხარ, მაგრამ ყოველთვის პირიქით ჩანდა. მე უმეტესად მონიტორის ფუნქცია მქონდა, შენ კი – პროცესორის, თუმცა განა ბევრი ფიქრობს ასე? არა მგონია. შენ ყოველთვის ჩრდილში დგომას ამჯობინებდი. ასე უფრო კომფორტულია შენთვის.
ახალი წელი დადგა. ახალი წელი კი, საცივის ჭამას, მაშხალების ბათქა-ბუთქს, ახლობელ-ნათესავებთან გალეშვას კი არა, საკუთარი თავისთვის ახალი ცხოვრების დაწყების შანსის მიცემას ნიშნავს. ეს განახლების მომენტია. ადრე არ ვიცოდი, თურმე შეიძლება, რომ კომპიუტერის მსგავსად, საკუთარ თავსაც გამოუცვალო ოპერაციული სისტემა. არ ივარგებს? გაჭედავს? პროგრამებს არ წაიღებს? მუსიკას არ დაუკრავს? ფილმებს არ გაგიხსნის? -რა პრობლემაა, გადააყენებ.
მე და შენ მილიონჯერ გვიჩხუბია და ამდენჯერვე გვიწოდებია ერთმანეთისთვის ის, რისი სახელიც ახლა არ ითქმის, მაგრამ როცა არ უნდა მკითხონ, ვის უღალატობაში არ გეპარება ეჭვიო, არც კი დავფიქრდებოდი, ისე დაგასახელებდი შენ, ჩემო ისაკ.
ახლა კი, ამ წინასაახალწლო აურზაურის დროს, როცა ლარი ეცემა, ნიგვზის ფასი კი მაღლა მიიწევს, იმედი მაქვს, რომ შენი გონების ოპერაციულ სისტემას განაახლებ და საბოლოოდ გამოათავისუფლებ იმ ადამიანს, რომელსაც 26 წელია იქ მალავ, რომელსაც საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა უნდა. მას შეუძლია იყოს თავისუფალი – ის რაც აქამდე ვერცერთმა ვერ მოვახერხეთ.
ალბათ გახსოვს, როცა პირველი მოწონებული გოგოს შესახებ მომიყევი, მაშინ ძალიან პატარები ვიყავით, მე გირჩიე, მიდი და ტუჩებში ეძგერე-მეთქი. ცხადია, ამ რჩევის სისწორის თავდაც არ მჯეროდა. ის ამბავი ცუდად დასრულდა. ახლა, ამ რჩევისა თუ სურვილის ისე მწამს, როგორც იმის, რომ მე მქვია დავით გორგილაძე, შენ კი ირაკლი ისაკაძე და, რომ 21 წლის წინ ჩამორთმეულ ხელებს ისევ მაგრად უჭირავთ ერთმანეთი და ბოლომდე არ გაუშვებენ.
ბევრ რამეს გისურვებ:
გისურვებ, რომ ჰიდეო კოჯიმა კარგად მოეწყოს ახალ კომპანიაში და კარგი თამაშები შეგიქმნას;
გისურვებ, რომ ტარანტინო კინოდან არ წავიდეს;
გისურვებ, რომ ამ წელს ახალი მიზეზი მოიფიქრო, თუ რატომ არ პასუხობ სატელეფონო ზარებს;
გისურვებ, რომ ორთაჭალამ ჩაიცვას თეთრი, შენ კი არ ჩაიცვა კაბა ყვავილის;
…და ბოლოს, ჩემო ძველო და ერთგულო მეგობარო, გისურვებ, რომ 2017 წლის დამდეგს დაისახო მიზნები და შეეცადო მათ მიღწევას; საკუთარ თავში იპოვო ძალა, რომ იყო ისე, როგორც შენ გინდა და არა ისე, როგორც ცხოვრების დინება გვკარნახობს. მე მჯერა შენი იმაზე მეტად, ვიდრე ტიმონს სჯეროდა პუმბასი, ასტერსს ობელიქსის, ბეტმენს რობინის, შურისმაძიებლებს ერთმანეთის, სირიუს ბლეკს კი – ჰარი პოტერის.
ახალ წელს გილოცავ ისაკ!
აკუნა – მატატა.
ძვირფასო მასწავლებლებო, ჩვენო ერთგულო მკითხველებო, ჟუნალი “მასწავლებელი” და ინტერნეტგაზეთი “mastasvlebeli.ge”, გილოცავთ ახალ შობა- ახალ წელს!