შაბათი, აგვისტო 2, 2025
2 აგვისტო, შაბათი, 2025

მემარცხენეობა ნაკლი არ არის

0

ერთხელ, როცა სკოლაში სწავლის დასაწყებად გასაუბრებაზე მოსულ პატარა გიოს ფანქარი გავუწოდე დავალების შესასრულებლად, მან მარცხენა ხელი შემომაგება. თუმცა, დედის უკმაყოფილო სახის დანახვაზე გამოწვდილი ხელი უკან წაიღო და ფანქარი მარჯვენა ხელით გამომართვა. ბავშვი კარგა ხანს წვალობდა, ფანქარს ხან მარჯვენა ხელში ატრიალებდა, ხან მარცხენაში და ვერ გადაეწყვიტა, რომელი ხელით დაეწყო ხატვა. დედის დაჟინებულმა და უკმაყოფილო მზერამ მას არჩევანი მარჯვენა ხელზე გააკეთებინა. გიომ ხატვა დაიწყო, თუმცა ძალიან ნერვიულობდა და დაძაბულობა ეტყობოდა. შორიახლოს მდგარი ბავშვის მამა მეუღლეს მიუბრუნდა და გაოცებულმა ჰკითხა – „კი მაგრამ, ჩვენი შვილი ხომ ცაციაა, მარჯვენა ხელით რატომ ხატავს?“ „ვცემე და ვაიძულე მარჯვენა ხელით ეხატა!“ – მიღწეული შედეგით კმაყოფილება ვერ დამალა ბიჭუნას დედამ. მართალია, დღეს იშვიათად შევხვდებით ისეთ მშობლებს, რომლებიც ძალდატანებით და დაშინებით ცდილობენ ცაცია ბავშვი „მემარჯვენედ აქციონ“, მაგრამ, გიოს მდგომარეობას, ყველაფრის მიუხედავად, მაინც ბევრი ბავშვი იზიარებს. მემარცხენეობა, არცთუ ისე იშვიათად, მშობლების მიერ ნეგატიურად აღიქმება, უფრო მეტიც – ისინი ამას სასჯელად იღებენ.

მაინც რა არის მემარცხენეობა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ცაცია ბავშვის შეცვლის, გარდაქმნის მცდელობას. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მემარცხენეობა არც პათოლოგიაა და არც ნაკლი – ის მნიშვნელოვანი ინდივიდუალური თავისებურებაა. ყველაფერი ცოცხალისთვის დამახასიათებელია ასიმეტრიულობა და ჩვენი წყვილი ორგანოებიც გამონაკლისს არ წარმოადგენს.  ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად იღებს თავის თავზე მთავარ როლს, მეორე კი მას ექვემდებარება. ხელების, ისე როგორც სხეულის სხვა ნაწილების ასიმეტრია განპირობებულია თავის ტვინის ჰემისფეროების ფუნქციონალური ასიმეტრიის თავისებურებებით. მარჯვენა ჰემისფერო პასუხისმგებელია სხეულის მარცხენა ნაწილის მუშაობაზე, მარცხენა კი – სხეულის მარჯვენა ნაწილის მუშაობაზე. ჩვეულებრივ, დომინანტი ხელი დაკავშირებულია თავის ტვინის წამყვან ჰემისფეროსთან, რომელსაც მისი საწინააღმდეგო მდებარეობა უკავია – თუ დომინირებს მარჯვენა ჰემისფერო, წამყვანი მარცხენა ხელია და პირიქით – მარცხენა ჰემისფეროს დომინირების შემთხვევაში წამყვანი მარჯვენა ხელია.

ალბათ, საინტერესო იქნება იმის გაგება, თუ რა თავისებურებებით ხასიათდებიან მემარცხენეები:

  • ცაცია ბავშვები ფლობენ სივრცითი ორიენტაციისა და მოძრაობების კოორდინაციის შესანიშნავ უნარს, უფრო მოძრავი არიან, ვიდრე მემარჯვენეები. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან სივრცითი ორიენტაციისა და მოძრაობების კოორდინაციაზე პასუხისმგელობა მარჯვენა ჰემისფეროს აკისრია, რომელიც ცაციებთან დომინანტურია;
  • ისინი უფრო წარმატებული არიან გეომეტრიის შესწავლისას მისი სივრცითი ბუნების გამო. არითმეტიკულ გაანგარიშებებთან კი პრობლემები აქვთ, რადგან ეს მოქმედებები საჭიროებს ლოგიკას, თანმიმდევრულ აზროვნებას, რაც მარცხენა ჰემისფეროს ფუნქციაა;
  • ცაციებს უჭირთ ისეთი მოქმედებების შესრულება, რომელიც მუდმივ თვითკონტროლს საჭიროებს;
  • მემარცხენეები უფრო მეტად ემოციური, მგრძნობიარე და წყენიებია, ვიდრე მემარჯვენეები;
  • აქვთ მდიდარი წარმოსახვა, მიდრეკილება ფანტაზიორობისაკენ, რაც განპირობებულია მათში მარჯვენა ჰემისფეროს დომინირებით;
  • ცაციები განსაკუთრებულ სირთულეებს განიცდიან სკოლასთან ადაპტაციის და ასევე წერა-კითხვის დაუფლების პროცესში;
  • ცაცია ბავშვები ხშირად ერთმანეთში ურევენ მოხაზულობით მსგავს ასოებს, ციფრებს. უჭირთ ფორმით მსგავსი გეომეტრიული ფიგურების განსხვავება. უჭირთ კოპირება;
  • ახასიათებთ ასოების, ციფრების, გრაფიკული ელემენტების სარკისებური წერა. ეს იმის გამო, რომ მათ სერიოზული სირთულეები აქვთ მხედველობით-სივრცით აღქმაში და მხედველობით – მოტორულ კოორდინაციაში. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების უმრავლესობაში, არა მხოლოდ მემარცხენეებში, არამედ მემარჯვენეებშიც ფიქსირდება სარკისებური წერა, რაც წერის დაუფლების ჩვეულებრივ ეტაპს წარმოადგენს;
  • კითხვის, წერის და საერთოდ მოქმედების ნელი ტემპი ცაციების ერთ-ერთ მახასიათებელი ნიშანია;
  • ცაციები, როგორც წესი, ცუდად წერენ და ამის მიზეზი მათი დაბნეულობა და ყურადღების გაფანტულობაა; როცა ცაცია ბავშვები თავის შინაგან სამყაროში იკეტებიან, არ ესმით მათკენ მომართული შეკითხვა, რაც ასევე აღიზიანებს მასწავლებლებსაც და მშობლებსაც;
  • ცაცია ბავშვებში იშვიათი არ არის სასკოლო შიშები. ეს შიშები, როგორც წესი, ბავშვებს იმ ოჯახებში უჩნდებათ, სადაც მშობლები ზედმეტად შფოთავენ შვილის მემარცხენეობის გამო და თვლიან, რომ ის შეიძლება დაბრკოლება გახდეს ბავშვისთვის სასწავლო საქმიანობაში წარმატების მისაღწევად;
  • ცაცია ბავშვების სამყარო ისეთი უცნაური და მრავალფეროვანია, რომ მისი ამოცნობა არც ისე ადვილია. ასეთ ბავშვებთან ურთიერთობა, მათი სწავლება შესაძლებელია მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით, მხოლოდ მათი თავისებურებების გაგებითა და პატივისცემით, მხოლოდ სურვილით ვიპოვოთ, აღმოვაჩინოთ და განვავითაროთ მათი ორიგინალური შესაძლებლობები. ეს ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან და დადებითი განმტკიცების გარეშე თავის შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ ავლენენ.

     რა შეიძლება მოჰყვეს ცაცია ბავშვის მემარჯვენედ გარდაქმნის მცდელობას. რეკომენდაციები მშობლებს:

  • ნურავითარ შემთხვევაში ნუ შეეცდებით ცაცია ბავშვის გარდაქმნას, ვინაიდან ეს პროცესი ნამდვილ ძალმომრეობას წარმოადგენს ბავშვის ტვინისთვის. შედეგად მივიღებთ შეფერხებას მეტყველების განვითარებაში, დავდგებით ლოგოპედიური პრობლემების წინაშე, თავს იჩენს ნევროტულობის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები: ძილისა და მადის დარღვევა, თავისა და მუცლის ტკივილი, ენურეზი, ენის ბორძიკით ლაპარაკი და ა.შ.
  • მემარცხენესთვის მარჯვენა ხელით წერის დაძალება იგივეა, რაც მემარჯვენეს გარდაქმნა მემარცხენედ;
  • ნუ გავამახვილებთ ყურადღებას ბავშვის ცაციობაზე. არც თავად ბავშვმა და არც ჩვენ არ უნდა დავინახოთ ამაში რაიმე განსაკუთრებული. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ბავშვს ჩამოუყალიბდეს არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასება, სიმორცხვე, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა;
  • შევეცადოთ არ ვუყვიროთ ასეთ ბავშვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩაიკეტება საკუთარ თავში და დროთა განმავლობაში დაკარგავს კონტაქტს მშობლებთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ უნდა შევეცადოთ ცაცია ბავშვის შეცვლას ისე, როგორც ჩვენ გვსურს. ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი იქნება ის, რომ შევეგუოთ ჩვენ თვითონ ცაცია ბავშვის თავისებურებებს და დავეხმაროთ მას გარემოსთან ადაპტირებაში. მხოლოდ მშობლების მხრიდან გამოვლენილი სიყვარული, მოთმინება, გაგება დაეხმარება ბავშვს აღარ იგრძნოს თავი „თეთრ ყვავად“ და რეალიზება გაუკეთოს ბუნების მხრიდან მომადლებულ ნიჭს.

 

ქეთევან ოსიაშვილი

15.02.2017.

 

 

წაბლის გამყიდველი

0

ქუჩაში ოთხთვალა დახლია. ლამაზად გაფორმებული სახურავი აქვს, შიგნით ვიღაც კაცი დგას, ხელთათმანები აცვია და წაბლს წვავს. შემწვარი წაბლი ძალიან მიყვარს, ამიტომ მისკენ მივდივარ.  თურქულად წაბლის სახელიც ვიცი, მაგრამ ამ წუთას ვერ ვიხსენებ. აი, ენის წვერზე მიტრიალებს, მაგრამ ვერ ვამბობ. გამყიდველს  ვეუბნები, რომ ათი ლირის ჩამიყაროს პაკეტში. იქვე ვეკითხები:

-სახელი რა არის? გამახსენეთ?

-ჰასაან,- ფართოდ იღიმება, თავის სახელს მაცნობს, როგორც ჩანს.

-თქვენი კი არა, „ამისი“ სახელი.

-ჰე, ქესთანე, ქესთანე.

ჰო, როგორ დამავიწყდა, ქესთანეა. წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ოთხი ძირითადი სახეობაა: ევროპული, ჩინური, იაპონური და ამერიკული. საქართველოში კოლხეთშია გავრცელებული. წაბლნარებს და ფართოფოთლოვან ტყეებს ქმნის. წაბლის მერქანი მაგარი და გამძლეა.  ავეჯისა და სახარატო წარმოებაში იყენებენ, ასევე  სამღებრო საქმეშიც. ქერქი და გულგული მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებებით. ნაყოფი გემრიელი საჭმელია. თაფლოვანი მცენარეა. უსისტემო ექსპლუატაციის გამო არეალი მკვეთრად შემცირებულია, ამიტომ „საქართველოს წითელ წიგნშია“ შეტანილი.

წაბლი ნახშირწყლების მომატებულ რაოდენობას შეიცავს, კალორიული პროდუქტია. 100 გრამში 166 კკალორიაა. შემწვარში ოდნავ მეტია-182კკალ. 100 გრამი წაბლი ასევე შეიცავს: ცილები-2,3გრ; ცხიმი-0,5გრ; მინერალური ნივთიერებები-0,9გრ; წყალი-61გრ; 2-3% უჯრედისს და A,C,  B ჯგუფის ვიტამინებს. მოკლედ, სასარგებლო და გემრიელია.

წაბლს მივირთმევ და პროფესორ ფუატ სეზგინის სახელობის მედიცინის და მეცნიერების ისლამური ისტორიის ფონდისკენ მივდივარ. ფონდში ბიბლიოთეკაა. ათი ლირის წაბლიც ტყუილად არ მიყიდია, დარჩენილ მანძილამდე ზუსტად მეყოფა.

ბიბლიოთეკაში  Mufarrih an-nafs-ის ხელნაწერის გამოცემა ინახება. თავად ხელნაწერი 1970 წელს მკვლევარ ისტორიკოსს ბურგელს სტამბულის რომელიღაც საცავში უპოვია და შვეიცარიაში სამეცნიერო აკადემიების ერთობლივ კონფერენციაზე წარუდგენია. თავად ნაპოვნ  ნაშრომს ფსიქოთერაპიულ გზამკვლევს უწოდებდა და თვლიდა, რომ ამ ვიწრო სფეროში განსაკუთრებული იყო.

ნახსენებ ხელნაწერში იბნ ქადი ბაალ ბაქის ნაწერები ჭარბობს. ალქიმიკოს-ექიმი გახლდათ. დამასკოში გაზრდილა და მედიცინა მუჰად ჰაბად-დინალ-დაკჰვართან შეუსწავლია. ერთად ბევრიც უმოგზაურიათ, ბოლოს კი თავად ალ-რაქაში დაფუძნებულა და ალქიმიკოს-ექიმობა გაუგრძელებია. მისი პაციენტები ძირითადად დიდგვაროვანი ოჯახები ყოფილან. ისიც, თურმე არა მხოლოდ მკურნალობდა,  ცხოვრების წესსაც ასწავლიდა, სამკურნალონი, რომ არ გამხდარიყვნენ.

ამისთვის კი, ორი მეფის-„სულის“ და „სხეულის“ ერთობა იყო საჭირო. უფრო სწორედ, „სული“ იყო მეფე, სხეული კი დაახლოებით მინისტრივით , „ვეზირის“ მსგავსი. თუმცა, თუ „ვეზირმა“ აურია, „მეფეს“ კარგი დღე  ვერ დაადგება. ამისთვის ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ერთ-ერთი სწორი კვება გახლავთ. „მეფე“ რომ მშვიდად იყოს, ლოცვების კითხვაც აუცილებელია, მაგრამ თუ საკითხავად მხედველობა ხელს არ გიწყობთ?

ამ შემთხვევაში, საქონლის ღვიძლი მიირთვით, მხედველობას გამოგისწორებთო, წერს ექიმი. სხვათა შორის, იმავეს ამოიკითხავთ, იბნ სინას (ავიცენას) „მედიცინის ტრაქტატშიც“.

ისიც საგულისხმოა, რომ ღვიძლის მომზადების რეცეპტები ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტელებს სცოდნიათ. მხედველობას რაც შეეხება, ეს ღვიძლში შემავალ რეტინოლს, ანუ A ვიტამინს უკავშირდება. ეს არც ავიცენას, არც იბნ ქადი ბაალ ბაქის  ეცოდინებოდათ, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. მთავარი ის არის, რომ 100 გრამი ღვიძლი A ვიტამინის სამი დღის ნორმას შეიცავს.

ბევრია ვიტამინი B12-იც, იგივე კობალამინი.

B12 ნაწლავებში არსებული მიკროფლორის მიერ სინთეზირდება. წყალში ხსნადი ვიტამინებიდან B12 ერთადერთია, რომელიც შეიძლება ორგანიზმში დაგროვდეს. ძირითადად ღვიძლში დეპონირდება. ნაწლავებში მისი შეწოვისთვის აუცილებელია ცილა ტრანსკორინი ანუ კასლის შინაგანი ფაქტორი (კასლის გარეგანი ფაქტორი თავად B12 ვიტამინია), რომელიც კუჭის ლორწოვანი გარსის პარიეტული უჯრედების მიერ სეკრეტირდება.

B12 ვიტამინში გაკვეთილზე კობალტის იონის აღმოჩენა შეგიძლიათ. ბიოლოგიური მასალა ან აფთიაქში ნაყიდი ვიტამინი მოათავსეთ ფაიფურის ჯამში და დაამატეთ კონცენტრირებული აზოტმჟავას 1 მლ. ამწოვ კარადაში გააცხელეთ სრულ ამოშრობამდე. გაციების შემდეგ, ნალექს დაამატეთ ერთი წვეთი  წყალი, ასევე α-ნიტროზო-βნაფტოლის  1%-იანი ხსნარი აცეტონში და წვეთობით ნატრიუმის ჰიდროფოსფატის 10%-იანი ხსნარი სუსტ ტუტე რეაქციამდე (ლაკმუსით გასინჯეთ). კობალტის იონების არსებობისას წარმოიქმნება რუხი წითელი შეფერილობა, თუ კობალტის იონები არ იქნება, ხსნარი მოყვითალო-მომწვანო ფერის გახდება.

კვლავ ღვიძლს დავუბრუნდეთ და წარმოვიდგინოთ, რომ სამი სახეობის ღვიძლი გვაქვს: ღორის, ძროხის და ქათმის. სად იქნება ყველაზე ნაკლები ქოლესტერინი?

რა თქმა უნდა, საქონლის ღვიძლში, მეორე ადგილზე ქათმის ღვიძლი მოთავსდება, ბოლო ადგილზე კი ღორის ღვიძლია, აქ ქოლესტერინის შემცველობა ყველაზე მაღალია.

ზემოთ ნახსენებ ხელნაწერში ორივე ექიმი წერს, რომ ღვიძლის შენახვა არ შეიძლება. მაშინვე უნდა მიირთვათო. სხვა შემთხვევაში, მასში დაავადების გამომწვევი „დემონები“ ჩასახლდებიან, რადგან სისხლით არისო გაჯერებული. „დემონებს“ კი, მოგეხსენებათ, სისხლი უყვართო.

ვადასტურებ… „დემონები“ ჩასახლდებიან. ამ „დემონებს“ სულ ნაირ-ნაირი სახელები აქვთ, მაგრამ აქ განვაზოგადოთ და ბაქტერიები ვუწოდოთ. თუმცა, შენახვა მაინც შეიძლება. ღვიძლი მაცივარში, მაქსიმუმ, დღე-ნახევარი ინახება, ისიც თავღია ჭურჭელში უნდა იყოს,  ვენტილაცია სჭირდება.

თუ უფრო დიდხანს გსურთ შენახვა, მაშინ საყინულეში -18 გრადუსზე უნდა გაყინოთ. თუმცა, თუ დიდ პორციას გაყინავთ, შემდეგ  გაალღობთ, მოჭრით რაღაც ნაჭერს და დანარჩენს კვლავ გაყინავთ, იცოდეთ, რომ მასთან ერთად „დემონებიც“ გაიყინებიან. შემდეგ გალღობაზე მათაც გაალღობთ. ამიტომ, გაყინვა პირციებად ჯობს, რამდენის მომზადებასაც აპირებთ.

იბნ ქადი ბაალ ბაქის ნაწერებში ბადრიჯანზეც წაიკითხავთ.

ბადრიჯანი კენკროვანია… იცოდით? მე აქამდე ბოსტნეული მეგონა, ეს კიდევ, თურმე ხილი ყოფილა. პომიდვრის, კარტოფილის და თამბაქოს ახლო ნათესავია და ძაღლყურძნისებრთა ოჯახში ერთიანდება.

ძაღლყურძენაზე მცირე დოსიე  ასეთია: მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახები, ნახევრად ბუჩქები  ან ბუჩქებია, ზოგჯერ ხეებიც. სწორი, მცოცავი ან ხვიარა ღერო აქვთ. 1700-მდე სახეობა გავრცელებულია ტროპიკულსუბტროპიკულ და ზომიერ  სარტყლებში, მაგრამ ძირითადად მაინც  სამხრეთ ამერიკაშია.   ძაღლყურძენას გვარს მიეკუთვნება მნიშვნელოვანი კულტურული მცენარეები – კარტოფილიბადრიჯანი, ზოგჯერ პომიდორი. საქართველოში იზრდება 11 სახეობა; იზრდებიან მთის შუა სარტყლამდე ტყეებსა და ბუჩქნარებში, გზისპირებზე, დანაგვიანებულ ადგილებზე, სარეველად ბოსტნებში. ძაღლყურძენას ზოგი სახეობა დეკორატიული და თაფლოვანია, ზოგს ხალხურ მედიცინაში იყენებენ.

თავად ბადრიჯანი, ნიკოტინის შემცველობით, თამბაქოს შემდეგ, მეორე ადგილზეა (თამბაქოსთან შედარებით უფრო მცირე რაოდენობას შეიცავს), მაგრამ მაინც.  მისი კანი ყავისფერ შეფერილობას  ანტოციანებს უნდა უმადლოდეს.

ძაღლყურძენასებრთა ოჯახის სამი წარმომადგენელი: პომიდორი, კარტოფილი, ბადრიჯანი, რომელი უფრო კალორიულია?

კარტოფილი ყველაზე კალორიულია, 100 გრამზე 80კკალ მოდის,  შემდეგ ბადრიჯანი, 100 გრამზე 30-60 კკალ და ბოლოს პომიდორი, 100 გრამზე 15კკალ.

უხეშ ბოჭკოს რომელი უფრო შეიცავს? შეგახსენებთ, რომ უხეში ბოჭკო ორგანიზმში არ შეიწოვება, არ გადამუშავდება, წყლით ჯირჯვდება და ორგანიზმიდან გამოიდევნება. გზად თან მოუნელებელ მასასაც გამოაყოლებს  (მათ შორის 15% ქოლესტერინს, ტოქსიკურ ნივთიერებებს, კარცეროგენებს). ბადრიჯანი ამ მხრივ პირველ ადგილზეა, შემდეგ პომიდორია, ბოლოს კარტოფილი.

ბადრიჯნის  შეწვა არ ვარგა. საერთოდ შეწვა არც არაფრის ვარგა. კი ბატონო,  გეთანხმებით, შემწვარი საკვები გემრიელი უდაოდ არის. თუმცა, ხომ ყველაფერს ცხიმში ვწვავთ… ჰოდა, როგორც კი  აშიშხინდება, ჩათვალეთ, რომ  იქ უკვე პოლიარომატული ნახშირწყალბადებია, რომელიც კარცეროგენი გახლავთ. სხვათა შორის, ავიცენა ბადრიჯანს უმად ჭამდა. ასე უჯრედისიც და ვიტამინ- მინერალებიც ხვდებოდა ორგანიზმში, კალორიაც ნაკლები იყო. ჩვენ ჩაშუშვა ან ღუმელში გამოცხობა შეგვიძლია. ან, სულაც შეწვაც… ბოლოს და ბოლოს, ნაკლები ვიცოცხლოთ და გემრიელად.

ბიბლიოთეკიდან სასტუმროსკენ ვბრუნდები. წაბლის გამყიდველი კვლავ თავის ადგილზეა. ისევ   უნდა ვიყიდო. ძალიან მიყვარს. ეტყობა დამიმახსოვრა, წაბლის სახელი, რომ ვკითხე და სახელდახელო გამოცდას მიწყობს:

-ამის სახელი რა არის?

-ქესთანეა ეგ და ისევ ათი ლირის მინდა.

 

 

 

 

 

ჟურნალ “მასწავლებლის” ახალი ნომერი!

0

გამოვიდა ჟურნალ “მასწავლებლის” 2017 წლის პირველი ნომერი, რომელიც  საქართველოს ყველა საჯარო სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს  საჩუქრად გადაეცემა.

 

ჟურნალის ამ ნომერში წაიკითხავთ:

ჟურნალი მასწავლებელი-შინაარსი

 

როგორ დაგვეხმარება კინო განათლებაში

0

 

სკოლის მოსწავლეები  მოზარდები  არიან.  მათი სათუთი ხასიათის გათვალისწინებით, სასწავლო მედიარესურსის თუ ფილმის  ჩვენებისას აუცილებელია  რამდენიმე სარეკომენდაციო მითითების დაცვა.

  1. ვიდრე დავალებად  მივცემთ ამა თუ იმ ფილმის  ნახვას,  წინასწარ ვნახოთ ეს ფილმი ჩვენ.

 

თავად უყურეთ ფილმს მანამ, სანამ კლასს აჩვენებთ, რათა მოემზადოთ. ჩაინიშნეთ ის ადგილები, სადაც საჭიროა პაუზა განსახილველად. ჩაიწერეთ კითხვები და ის სეგმენტები, რომლებიც შესაძლოა იყოს დამაბნეველი ან საჭიროებდეს დამატებით გამარტივებას.

 

  1. მივაწოდოთ მოსწავლეს საჭირო ინფორმაცია

 

მნიშვნელოვანია, უზრუნველყოთ მოსწავლეები საჭირო  ინფორმაციით, რათა ფილმის ყურების დაწყებისას დრო იმის გარკვევაში არ დაკარგონ, თუ “სად არიან”. თქვენ შეგიძლიათ უზრუნველყოთ ინფორმაცია გარემოსა და დროის პერიოდის შესახებ, რომელშიც ფილმი მიმდინარეობს, იმ საკითხების საფუძვლებზე, რომელსაც ფილმი ეხება ან კულტურული კონტექსტი, რომელშიც ფილმია გადაღებული.

 

  1. დაუკავშირეთ ფილმი თქვენი მოსწავლეების ცხოვრებას

 

ფილმის დაწყებამდე დაგეგმეთ “ემპათიის გამომწვევი” და “კავშირის შემქმნელი” აქტივობები თქვენი მოსწავლეებისთვის, ასე მათ ფილმის შედარებით ფართო საკითხებსა თუ თემებზე ფიქრს დააწყებინებთ.  ამ გზით ისინი მზად იქნებიან კავშირისთვის.

 

  1. ასწავლეთ ფილმის ენა

 

მართალია, თქვენ არ უნდა შეასწავლოთ მათ ფილმის თეორია, მაგრამ ისინი  უნდა გაარკვიოთ ძირითად ტერმინებში, როგორიცაა მონტაჟი, ფოკუსი, ჩარჩო, გამოსახულების გაქრობა, წინა პლანი და ა.შ. ეს მათ დაეხმარება დანახულის მარტივად ფორმულირებაში.

 

  1. გარკვეულ ჩარჩოში მოაქციეთ ფილმი.

მოამზადეთ კითხვები და პატარა აქტივობები, რომლებიც ხაზს გაუსვამს ყურადღებამისაქცევ ადგილებს. მაგალითად, გაკვეთილი დაიწყეთ შესავალი განხილვით და დაასრულეთ რეფლექსიის დაწერით, რომელშიც მითითებული იქნება ძირითადი ასპექტები, თუ რატომ უყურებენ ისინი ამა თუ იმ ფილმს. ეს მათ ხელს შეუწყობს, გაიგონ, თუ რას უნდა დააკვირდნენ ყურების დროს.

 

  1. დარწმუნდით, რომ ისინი კონცენტრირებულები არიან ფილმზე.

მოამარაგეთ თქვენი მოსწავლეები შენიშვნების ჩასაწერი ფურცლებით – ცხრილით, გრაფიკული ორგანიზატორით ან შეკითხვების კომპლექტით. ამისათვის გამოიყენეთ სპეციალურად დამზადებული “მაყურებელთა სქემა” სვეტებით, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ ცალკეული სცენების გაზიარება და იმის ჩანიშვნა, თუ როგორ უკავშირდება ეს სცენები კონკრეტულ თემებს. ეს მოსწავლეებს  ფილმში მოცემული ინფორმაციის აქტიურად გადამუშავების საშუალებას მისცემს.

 

  1. დააკისრეთ ბავშვებს პასუხისმგებლობა.

ეს არ უნდა იყოს გამოკითხვა, არამედ  ეს იქნება თქვენი ყოველდღიური დისკუსია. საშინაო დავალებებმა, ჟურნალის ჩანაწერებმა და/ან ნახვის სქემებმა უნდა აღმოფხვრას სიზარმაცე და იმოქმედოს როგორც მოკლე პორტფოლიომ თვითშეფასებისა და მომავალი რეკომენდაციისათვის.

 

  1. გამოიყენეთ ფილმის ნახვა , როგორც საშინაო დავალება

შესაძლოა, თქვენ არ გაქვთ დრო, რომ მთლიანი კვირა დაუთმოთ ფილმს. საბედნიეროდ, დღევანდელი ტექნოლოგიური ლანდშაფტის გათვალისწინებით, შესაძლებელია,  ფილმის ნახვა საშინაო დავალებად მისცეთ მოსწავლეებს . დასაინტერესებლად  აყურებინეთ თქვენს მოსწავლეებს ფილმის  30 წუთი საკლასო ოთახში, ფილმის ყურება კი სახლში დაასრულონ.

 

  1. 9. ტექნიკას არ მისცეთ თავგზის აბნევის საშუალება.

შეამოწმეთ თქვენი პროექტორი გაკვეთილის დაწყებამდე და წინასწარ მოამზადეთ ფილმი ჩასართავად. შეფერხების შემთხვევაში სასურველია, გათვალისწინებული გქონდეთ ფილმთან დაკავშირებული პატარა ჯგუფური აქტივობები.

 

  1. არ უნდა ჩააქროთ შუქი.

ბევრი ამტკიცებს, რომ ეს არის ფილმის ყურების ყველაზე სასიამოვნო გზა, მაგრამ თუ თქვენი მოსწავლეების უსაქმურად ყოფნა გადარდებთ, სინათლე გენთოთ, ამით მათზე კონტროლსაც შეძლებთ.

 

ჩვენ უკვე ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ სასიამოვნო სეანსები დავიწყოთ. სულ მალე ახალი  რჩევებით დაგიბრუნდებით, რომელიც საშუალებას მოგცემთ, ერთად შევარჩიოთ საინტერესო თემები და ფილმები მოსწავლეებისთვის.

 

როგორ ვაქციოთ ექსკურსია საინტერესო სასკოლო აქტივობად, პროფესიონალი გიდის რჩევები

0

გაზაფხული მოვიდა, სულ მალე მარტის ქარიანი დღეებიც გადაივლის და საუკეთესო პერიოდი დადგება მოსწავლეებისთვის ასეთი საყვარელი და საჭირო ექსკურსიებისთვის. როგორ ვგეგმავთ მარშრუტსა და აქტივობებს, სად, რატომ და რა მიზნით მივდივართ? როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენი ექსკურსია მხოლოდ   პიკნიკად ან თუნდაც ფრენბურთის თამაშად არ გადაიქცეს, როგორ უნდა მოვემზადოთ წინასწარ და საერთოდ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი მოსწავლეები მათთვის ახალი, საინტერესო ადგილების აღმოსაჩენად წავიყვანოთ?

ყველაზე უკეთესად ალბათ პროფესიონალი გიდი გვირჩევს, არა? მითუმეტეს, რომ სკოლაში სწავლების შესანიშნავი გამოცდილება აქვს.

ნუცა ცქიმანაური ფეისბუქის ერთ-ერთ ჯგუფში გავიცანი, სადაც დედები ერთმანეთს რჩევებსა და მოსაზრებებს უზიარებდნენ. მოგვიანებით, ჩემს საყვარელ ჯავახეთზე საუბარს შევყევით და მაშინ გავიგე, რომ ორი წელი ახალქალაქის სკოლაში მასწავლებლობის გამოცდილება და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროფესია  ჰქონდა- გიდის.

როდესაც მის ფოტოებს გადავავლე თვალი, სადაც ზოგიერთი ისეთი ეკლესია თუ ძეგლი აღმოვაჩინე, რომლის დასახელებაც კი არ ვიცოდი, მაშინვე მივხვდი, რომ მისი გამოცდილება ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩვენი მასწავლებლებისთვის.

ვეცადე, საკითხებად ჩამომეწერა ყველაფერი, რაც მისგან მოვისმინე, ერთგვარი გეგმა-კონსპექტი გამოვიდა სასკოლო თუ არასასკოლო ექსკურსიის დასაგეგმად, იმედია, გამოგადგებათ.

  1. როგორ ვარჩევთ მარშრუტს წინასწარ:

ა.  დაფაზე ვკიდებთ საქართველოს რუკას და ზედ ფერადი ჭიკარტებით მოვნიშნავთ, სად ვართ უკვე ნამყოფი. უკვე მონახულებული ადგილები მაშინვე არ გამორიცხოთ, ჯერ ჰკითხეთ ბავშვებს, რა იციან ამ ისტორიული ძეგლისა თუ ადგილის შესახებ, რა უნახავთ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ იმ ადგილის ხელახლა დათვალიერება ბევრი ახალი ინფორმაციის მომცემია. თუ ჭიკარტებით მონიშნული ადგილების შესახებ ყველაფერი უკვე გარკვეულია, ექსკურსიის მარშრუტი რუკის თავისუფალ ადგილებში მოვნიშნოთ, ანუ იქ, სადაც ჯერ არ ვყოფილვართ.

ბ. მოსწავლეებს ვავალებთ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მოიძიონ, შესაძლოა, ამ ყველაფერს პრეზენტაციის სახეც მივცეთ, როდესაც ექსკურსიიდან დავბრუნდებით,  ჩვენს პრეზენტაციებს ახალი ინფორმაციით გავამდიდრებთ.

გ. ვადგენთ ექსკურსიის განრიგს, როგორი თამაშები გვინდა, რა უფრო გვაინტერესებს, თუ კლასში შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვი გვყავს, მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ექსკურსია მოსწავლისთვის მაქსიმალურად კომფორტული იყოს.

 

  1. მარშრუტი შედგენილია, ექსკურსია დაგეგმილი, ვაგვარებთ ტრანსპორტის, კვების და სხვა საორგანიზაციო საკითხებს და ვთანხმდებით ექსკურსიის თარიღზე.
  2. ნებისმიერი ისტორიული თუ ბუნების ძეგლი, სოფელი, ეკლესია, ქალაქი თუ ნაქალაქარი ხშირად არა მხოლოდ ისტორიულ მოვლენას თუ თარიღს უკავშირდება, არამედ ზეპირ ისტორიას, ლეგენდას, თქმულებას თუ მითს. ასეთი ამბები ბავშვებს განსაკუთრებით აინტერესებთ. წინასწარ მოძებნეთ ასეთი ლეგენდები.

  1. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მატერიალური, არამედ არამატერიალური კულტურის ძეგლები, ისეთი, როგორიცაა ენა, დიალექტი, რომელიმე კერძი, ყოფა-ცხოვრების წესი. ამიტომ, ადგილობრივებთან გასაუბრების გარეშე ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი გამოგვრჩება და ჩვენი მოგზაურობაც მთავარს- აღმოჩენების სიხარულსა და სიამოვნებას დაკარგავს.

ნუ მოაკლებთ მოსწავლეებს ასეთ შთაბეჭდილებებს.  შესაძლოა, რამდენიმე წინადადება, რომლითაც ადგილობრივი მოსახლე გზას მიგასწავლით, უფრო მეტი ინფორმაციის შემცველი იყოს, ვიდრე მთელი სტატია ინტერნეტში.

  1. არ შეუშინდეთ ფეხით სიარულს, ისტორიული ნანგრევების ახლოდან ნახვას, გორაკზე თუ ძველ ციხე-კოშკზე აცოცებას, რასაკვირველია, სიფრთხილე მნიშვნელოვანია, მაგრამ ექსკურსია ხომ შეგრძნებები და შთაბეჭდილებებია.
  2. ბუნების წიაღში მხიარული თამაშები, ბურთი, ბადბინტონი ან ჩოგბურთი შესანიშნავად დააგვირგვინებს თქვენს ექსკურსიას.
  3. ექსკურსია, როგორც სასკოლო აქტივობა, თავის ლოგიკურ დასასრულს საკლასო ოთახში იპოვის, სადაც მიღებულ ინფორმაციას დაამუშავებთ, განიხილავთ, დისკუსიას გამართავთ და იქნებ საუკეთესო ფოტოგამოფენაც მოაწყოთ.

 

შორს წასვლას ვერ ახერხებთ? აი, პატარა ტური თბილისის სკოლების მოსწავლეთათვის. დარწმუნებული ხართ, რომ კარგად იცნობთ თქვენს ქალაქს?

                   

 თბილისის  საფეხმავლო  ტური

 

ვიწყებთ პანორამული  ხედით  ძველ თბილისზე  მეტეხის  პლატოდან.  საბაგიროთი გავისეირნებთ ნარიყალაზე.  ხედი  ბოტანიკურ ბაღზე, შახტახტი,  ბოტანიკურის ქუჩით, ჯუმა მეჩეთის გავლით დავეშვებით  ლეღვთახევში. აქედან გზას ვაგრძელებთ  შარდენის მიმართულებით, სადაც  ერთ დროს მეფის ქარვასლა და სავაჭრო რიგები იყო. ლესელიძის ქუჩით ავალთ ტაბიძის ქუჩაზე.

ეს ქუჩა ყოველთვის საოცარად ლამაზი ყოფილა, ახლაც და თავის დროზეც. ამ ქუჩაზე მაშინდელ 4 ნომერში გახლდათ განთავსებული ქართველ თავადაზნაურთა სახლი, ზუხნერის კორსეტების ფაბრიკა, რომლის  კორსეტები საკმაოდ ძვირი ღირდა. მათი ფასი 2 მანეთი და 50 კაპიკიდან იწყებოდა და 12 მანეთამდე ადიოდა. აქ ცხოვრობდა ცნობილი  მარია პავლიჩეკი, თბილისელ ლამაზმანებს „შლაპებით“ რომ ამარაგებდა, ვნახავთ ზეთის საღებავით შესრულებულ სადარბაზოს შემკულობას, რომელიც ძმები სეილანოვების, თბილისში თამბაქოს 10 ფაბრიკის მფლობელების, სახლს  ამშვენებს დღემდე, მანთაშევის  საშემოსავლო სახლს და  ცნობილ, ოპერის სტილში მოხატულ და აგებულ XIX საუკუნის სახლს, რომელიც ცნობილმა კომერსანტმა კალანტაროვმა მომღერალ ცოლს აუშენა. ტურს  დავასრულებთ  ლადო ასათიანის ქუჩის ბოლოს, თბილისში  ცნობილი არქიტექტორის,  კორნელი  ტატიშჩევის სახლთან.

სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ!

 

ექსცენტრიული და მომაჯადოებელი Liza (II ნაწილი)

0

 

„დედის ჩრდილიდან გამოსვლა არცთუ ადვილი იყო“                    

                                               (ლ. მინელი)

 

ოჯახური ბედნიერების ძიებაში ჯუდი გარლენდი მეორედ დაქორწინდა. ამ კავშირიდან ქალ-ვაჟი შეეძინა. სამწუხაროდ, ნარკოტიკებისადმი მომაკვდინებელი ლტოლვა ვერც მეორე მეუღლემ დააძლევინა. ამ რთულ გარემოში პაწაწინებისთვის დედის როლის შესრულება პატარა ლაიზას მოუწია, რადგან ჯუდი ნარკოტიკების ზემოქმედებით არაადეკვატური ხდებოდა. მაგრამ ეს ჭირვეული და ახირებული მისის გარლენდი პერიოდულად კეთილიც იყო და ნაზიც: შობის დღესასწაულისთვის მზადების დროს ბავშვები დედასთან ერთად საშობაო სცენებს იგონებდნენ; ჯუდი მათ ცეკვასა და სიმღერას ასწავლიდა. მაგრამ ასეთი იდილიური მომენტები არცთუ ხშირი იყო და სამწუხაროდ, ზოგჯერ ერთი და იმავეთი მთავრდებოდა – დეპრესიაში ჩავარდნილს აბები და ალკოჰოლი, შედეგად კი კლინიკაში „დასვენება“ ესაჭიროებოდა. უარესიც ხდებოდა, ნარკოტიკებზე დამოკიდებული თვითმკვლელობის მცდელობამდე მიდიოდა (ცნობილია თვითმკვლელობის 23 მცდელობა). ამ დროს ბავშვებს საშინელი პანიკა იპყრობდა… რომ დედა საკუთარ თავს რაიმეს დაუშავებდა… მუდმივი შიში რომ დედა მათ მიატოვებდა. ამ ყველაფრის მომსწრე ლაიზა მშობლის მშველელად და და-ძმაზე მზრუნველად გვევლინება.

 

გასაკვირი სულაც არ არის, ლაიზა სცენით ადრევე რომ დაინტერესდა. მისმა ბავშვობამ ხომ კულისებში გაიარა. ლაიზამ დიდი ხნით ადრე შენიშნა, რომ დედა მხოლოდ სიმღერის და ფილმებში გადაღების დროს იყო ბედნიერი. მის ცნობიერებაში სცენა იმ ადგილს წარმოადგენდა, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ, სადაც სავსებით შესაძლებელია ყოველგვარი უბედურებისგან თავის დაღწევა. დიახ, დედის ვარსკვლავურმა ფაქტორმა საკმაო გავლენა მოახდინა ლაიზას ცხოვრებაზე; დედასთან ერთად ჯერ კიდევ მოზარდობის პერიოდში ჩნდებოდა ეკრანებსა და კონცერტებზე.

გაოცებას არც ის იწვევს, რომ თხუთმეტი წლის ლაიზა ლოს-ანჯელესს ტოვებს. მომავალში ცნობილი მომღერალი და მსახიობი სასწავლებლად ნიუ იორკის თეატრალური ხელოვნების უმაღლესი სკოლისკენ იღებს გეზს. ჩვენი გმირი შემოქმედებითი კარიერის შექმნას დამოუკიდებლად ცდილობს და ძალიან მალე  გამოჩნდება კიდეც ადგილობრივი თეატრების სცენებზე.

 

17 წლის ლაიზამ პარიზში ცნობილი შანსონიე შარლ აზნავური გაიცნო. მისი მცდელობით ლაიზა უდიდეს დარბაზ „ოლიმპია“-ში გამოვიდა. მისმა სცენურმა (სიტყვა, მოძრაობა, რიტმი, პლასტიკა), მხიარულმა ტემპერამენტმა აანთო ფრანგი მაყურებელი.

დედამ 18 წლის ლაიზა ლონდონში საკუთარ კონცერტზე მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. ერთი წლის შემდეგ კი გამოვიდა მათი ერთობლივი ალბომი სახელწოდებით „ჯუდი გარლენდი და ლაიზა მინელი“.

ცხოვრება მოულოდნელობებით აღსავსეა და ერთ დილას სატელეფონო ზარი 23 წლის ლაიზას დედის გარდაცვალებას ამცნობს – „უბედური შემთხვევა“ – იყო ოფიციალური დასკვნა. ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯუდი გარლენდი 47 წლის ასაკში წამლების გადამეტებული დოზით გარდაიცვლება. ლაიზასთვის ეს შოკის მომგვრელი შეტყობინება სულიერი ტკივილის გასაქარვებლად ნარკოტიკის მიღების მიზეზი ხდება. დანაკარგის გადასატანად თანდათან აბებსა და დალევასაც მიეძალება და ამით „ჯუდის სრულ რეინკარნაციას“ მოახდენს. „მე არ შემეძლო ამის დაჯერება. დედა ჩემთვის იყო სამუდამო“ – იხსენებდა ლაიზა.

 

***

 

„ზედ გამოჭრილი დედაა“ – ჩურჩულებდა საზოგადოება. „ჯუდის ასლია“ – აღფრთოვანებით აღნიშნავდნენ კრიტიკოსები და ამით დამწყები მომღერლის ინდივიდუალობა უნებლიედ უარყოფილი იქნა. „დედის ჩრდილიდან გამოსვლა არცთუ ადვილი იყო“ – ამბობდა ლაიზა. მასზე ამბობდნენ, რომ ის ჰოლივუდის ვარსკვლავის ჯუდი გარლენდის ქალიშვილია, მაგრამ დადგა დრო, როდესაც მისი სახით სრულიად ახალი ვარსკვლავი დაიბადა – ლაიზა მინელი, და რომელიც დედის თავბრუდამხვევ წარმატებას დიდი მანძილით გასცდა.

ქარიშხალივით მქროლავი ლაიზა მსმენელებს სცენიდან მგრძნობიარე და ძლიერი ხმით აჯადოებდა და საზოგადოებამ დიდი ხნის ფავორიტს, საყვარელ მომღერალ ჯუდი გარლენდს (რომელზეც მზე და მთვარე ამოსდიოდა) „უღალატა“. ქალიშვილის ცეცხლისმფრქვეველი, ენერგიული სოლოს ფონზე დედის გულწრფელი ლირიკა თითქოს უსუსურადაც კი გამოიყურებოდა.

ბობ ფოსის ფილმში „კაბარეს მთავარი როლის შესრულების შემდეგ ლაიზას აღარავინ ადარებდა დედას და მაყურებლის მხურვალე სიყვარულმა ახლა ლაიზასკენ გადაინაცვლა. „კაბარეს“  ტრიუმფმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი ლაიზას დედასთან გაიგივებას. ლაიზა თავის გამოკვეთილ ინდივიდუალობას ხომ მთელი სულით და ხორცით შეიგრძნობდა და დედასთან შედარებაზე მწვავედ რეაგირებდა. თავისი მანიაკალური სურვილით არ დამსგავსებოდა დედას, სულ უფრო და უფრო წინ მიიწევდა. ფილმი „კაბარე“ ლეგენდარული გახდა, ლაიზამ კი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის „ოსკარის“ ქანდაკება დაიმსახურა.

მიუხედავად ჯოჯოხეთური მოგონებებისა… კითხვაზე როგორი იყო დედა, ლაიზა პასუხობს: – „საუკეთესოებს შორის საუკეთესო“.

 

გთავაზობთ 1989 წელს ლონდონის „ალბერტ ჰოლში“ ჩატარებული კონცერტიდან უდიდესი ამერიკელი მომღერლების, ნამდვილი მეგა-ვარსკვლავების – ფრენკის, ლაიზას და სემის შესანიშნავ ერთობლივ დასკვნით გამოსვლას სიმღერით „New YorkNew York“.

სიმღერა „ნიუ იორკი, ნიუ იორკი“, რომელიც ამავე სახელწოდების ფილმად 1977 წელს მარტინ სკორსეზეს მიერ იქნა გადაღებული, თავად ლაიზა მინელი მონაწილეობს. კომპოზიცია მუსიკალური ფილმისთვის სპეციალურად კომპოზიტორმა ჯონ კენდერმა („კაბარეს“ მუსიკის ავტორი) შექმნა და უნდა ითქვას, რომ ამ სიმღერამ მინელის მუსიკალური რეპერტუარი უდავოდ გაამდიდრა. 1979 წლიდან  New YorkNew York“-ს ახლებური არანჟირებით ფრენკ სინატრაც ასრულებდა. მას შემდეგ სიმღერა უწყვეტადაა დაკავშირებული ამ ორ შემსრულებელთან.

 

***

 

ამერიკული მუსიკალური თეატრისა და კინოს ერთ-ერთი ბრწყინვალე მსახიობი, მომღერალი და მოცეკვავე, ჰოლივუდის ჭეშმარიტი ვარსკვლავი ლაიზა მინელი მფლობელია „ოსკარის“, „გრემის“, „ოქროს გლობუსის“, „ემის“ და უამრავი „ტონის“.

 

ლეგენდარული ამერიკელი მსახიობისა და მომღერლის ბედი თითქოს სხვა ვარსკვლავების ბედს წააგავს: ადრეული დიდება, წარმოუდგენელი წარმატება, აურაცხელი თაყვანისმცემელი, დიდი რაოდენობით ფული, მრავალი წარუმატებელი ქორწინება (მიუხედავად ოთხი ქორწინებისა ლაიზამ საოცნებო შვილის ყოლა ვერ შეძლო). შემდეგ მარტოობა. მშფოთვარე, მძაფრ პირად ცხოვრებას თან სდევდა ნარკოტიკებითა და ალკოჰოლით გატაცება და სხვადასხვა ფსიქიატრიულ კლინიკებში მკურნალობა. ჰოლივუდელი ვარსკვლავის ცხოვრებაში იყო სასიყვარულო იმედების გაცრუება, მძიმე ავადმყოფობები გამოწვეული ფიზიკური და სულიერი ტრავმებით – სიცოცხლისათვის სახიფათო მავნე ჩვევებით. მაგრამ დედისგან განსხვავებით ლაიზა სისუსტეების დაძლევისა და წინსვლისთვის ძალას ყოველთვის პოულობდა.

ლაიზა მინელი იმ უიშვიათეს ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც უზარმაზარ შინაგან ენერგიას ფლობენ და დასახული მიზნის მისაღწევად არც ასაკი და არც ავადმყოფობა აბრკოლებთ. და კიდევ, ასეთი ადამიანების მნიშვნელოვანი თვისებაა ფენიქსივით საკუთარი ფერფლიდან აღდგნენ.

 

ის, რომ სალი ეკრანზე უცვლელად 26 წლისაა, ხოლო ლაიზა კარგა ხანია ექვს ათეულს გასცდა, არ აქვს მნიშვნელობა. იგი კონცერტებზე 66 წლის ასაკშიც ძველებურად ბრწყინავდა. მიუხედავად დატვირთული საგასტროლო გრაფიკისა, სტუდენტებისთვის მდიდარი სამსახიობო გამოცდილების გაზიარებას მაინც ახერხებდა. ამის პარალელურად წერდა პიესებს, სცენარებს. ამ ქალბატონის ენთუზიაზმსა და შეუპოვრობას შეიძლება კეთილი შურით შევხედოთ ან უბრალოდ მისით აღვფრთოვანდეთ.

ვიხსენებთ, ვმსჯელობთ ლაიზა მინელის მავნე მიდრეკილებებზე ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი, ოთხჯერ ქორწინებასა თუ უამრავ გახმაურებულ კავშირზე, მაგრამ „კაბარეში“ შესრულებული როლის გვერდით ყოველივე ეს ისეთ წვრილმანად და უმნიშვნელოდ გვეჩვენება…

ბრწყინვალე მსახიობსა და მომღერალ ლაიზა მინელის 12 მარტს 71 წელი შეუსრულდება. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, დღეს იგი ცნობილია, როგორც ნარკოტიკების წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლი და გულუხვი ქველმოქმედი.

 

ლაიზას შემოქმედებითი ცხოვრება დაფიქრების საკმაო საშუალებას გვაძლევს, რომ მივხვდეთ, მიმბაძველობა ცუდია და მას უნდა გავექცეთ. მიმბაძველობითა და გავლენით შეპყრობილი ერთმნიშვნელოვნად ვუხვევთ საკუთარი ბუნებიდან, ნებაზე ვძალადობთ და პიროვნულობას ვისახიჩრებთ.

დამახასიათებელი სტილი „გვაიძულებს გავიგონოთ“ და გამოვიცნოთ ავტორი. ადვილად ამოსაცნობი ხელწერა – ინდივიდუალური საავტორო სიტყვა, საკუთარი შემოქმედებითი მანერა უმნიშვნელოვანესია თითოეული ჩვენთაგანისთვის (ინდივიდუალურ სტილთან დაკავშირებულია ავტორის ფიზიოლოგიური და ფსიქიკური თავისებურებები, სოციალურ-პიროვნული თვისებები, პროფესიონალური წყობა, მხატვრული, ესთეტიკური, პრაქტიკული და სხვადასხვა ორიენტაციის მთელი სისტემა, მუსიკალური და ცხოვრებისეული გამოცდილება). ეს განმასხვავებელი ნიშანი – თვითმყოფადობა ყველაფერზე ფასეულია, ამიტომ ვეცადოთ თამამად დავიკავოთ სამყაროში საკუთარი სრულიად ახალი ნიშა.

პოეზიის აფთიაქი: „განახლდა გული… დღეს ის აღარ ვარ…“

0

,,იქამდე უნდა იტეხო გული, სანამ ბოლომდე არ გაიღება“

რუმი

გული არის ბერძნული და
ფრანგული და ქართული!
ერთნაირი _ ტკივილია! _
ბრძნული… მიოკარდული…

ტარიელ ჭანტურია

გულს ხომ ვერასდროს ავუვლით გვერდს… იმდენი რამე ემართება, თითქოს ის ერთი იყოს სამყაროში და სხვა ყველაფერი მის გარშემო ტრიალებდეს… აი, დავიწყოთ ფრაზეოლოგიზმებიდან: გული მისცა, გული აჩუქა, გული დაუთმო, გული გაიტეხა, გული გაუბზარა, გული შეუღონდა, გული დაიპყრო, გული მოინადირა, გული გაუთბო, გული გაულღო, გული მოულბო, გულში ჩახედა, გულში ჩაიდო, გულიდან ამოიღო…

ჰოდა, ამდენი ამბის გადამხდელს, გული ერთხელაც გეტკინება, აბა, რა იქნება?… მე არ ვიცი, როგორ განიცდით თქვენ გულის ტკივილს… როდის გტკენენ გულს და რომელ იარაღს მიმართავენ, რომ გატკინონ… ნუთუ პირდაპირ „გულში ლახვრის ჩაცემით“ დაიწყეს?

ვფიქრობ თქვენზე, გულატკიებულებო, და თან ჩემს თაროებს ვათვალიერებ, სადაც გულისტივილის აბები მაქვს განთავსებული, მაგრამ აგერ პაციენტი შემოდის და  იმას მივხედავ… ეს კი ანამნეზია:

– როდის დაგეწყოთ ტკივილი?

– როცა უპასუხოდ დარჩა ჩემი სიყვარული…

– რას განიცდიდით ტკივილის დროს?

– ძლიერ შეკუმშვას გულისას, კიდევ გაშეშებას, გაოგნებას და მერე „გულის ჩაწყვეტას“…

– დაწყვეტას თუ ჩაწყვეტას…?

– იცით…? ორივეს, მაგრამ ჯერ დაწყვეტას და მერე ჩაწყვეტას…

და სხვა რა მოვლენები ახლდა ჩაწყვეტას, შეგიძლიათ, რომ გაიხსენოთ?

– პულსის აჩქარება და ნერვების დაწყვეტა – ესენი მახსოვს… და კიდევ… აი, ასე ვგრძნობდი თავს:

„სულში ისეთი სუსხია,
ვნატრობ, არასდროს დაღამდეს,
თითქოს საკუთარ გულიდან
ადგნენ და გარეთ გამაგდეს… „(ცირა ბარბაქაძე)

– და თქვენ თუ გიყვარდათ და გული მას არ აჩუქეთ, როგორღა გეტკინათ?

– ვაჩუქე…? ჩუქებამდე არ მივსულვარ, მე, უბრალოდ, გული დავუთმე… ცოტა ხნით, ვიდრე ვენდობოდი ბოლომდე…

– რამდენი ხნით დაუთმეთ გული…?

– პოეზიის აბებს მომცემთ თუ დაკითხვას გააგრძელებთ….?

– მოითმინეთ, სანამ ავადმყოფობის ისტორიას არ დავასრულებთ, მანამდე  ლექსის ერთ სტრიქონსაც კი ვერ გადაყლაპავთ… შეიძლება ძლიერი უკუჩვენება მოგცეთ და სუიციდამდე მიგიყვანოთ… ახლა მითხარით, როდის ძლიერდებოდა თქვენი გულის ტკივილი? ექიმის დანიშნულების გარეშე ხომ არ მიიღეთ ლექსები?

– სანამ თქვენამდე მოვიდოდი, მხოლოდ ერთი-ორი ლექსი მივიღე და გული უფრო მეტად შემეკუმშა… და მერე ამიფრიალდა…

– ხომ ვერ გაიხსენებდით, რომელი ლექსები იყო?

– ოთარ ჭილაძის ერთი ვრცელი ლექსიდან მხოლოდ ორი სტროფი და  ჯერ გულის გაბზარვა დამეწყო, შემდეგ გატეხვა და სანამ „გულის წასვლამდე“ მივიდოდა საქმე,  შევჩერდი… ცოტა ხნით გულიც გამიჩერდა…

– იქნებ მიჩვენოთ, რომელი სტრიქონები იყო? ოღონდ ამჯერად არ გადაყლაპოთ…

–  გადაიპენტა თეთრად ტკივილი,

სულში ნაცნობი, ცივი ქარია…

არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი

უბრალოდ შენთან მინდა ძალიან…

……..

წლები მათოვს და ქრება ღიმილი,

უხეშად მაცლი ფერებს ყოველ დღე…

ჩალად არ გიღირს სხვისი ტკივილი

მიკვირს წლების წინ როგორ მოგენდე?

– თქვენმა მეგობრებმა თუ იციან თქვენი გულისტკივილის შესახებ?

–  „რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,

ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული…“ (გალაკტიონი)

– ეგ როგორ…? ნუთუ გული არავისთვის გაგიხსნიათ და არავისთვის გადაგიშლიათ?

– „ტელეფონების წიგნაკში მიჭირს გვარების გადაშლა,
ვით მავანთან და მავანთან – გულის გახსნა და გადაშლა,
რომლებსაც სიცოცხლეშივე სიამოვნებით გადავშლი,
რომ ისევ არ შემიტყუონ მოშაირეთა ღადავში“. (ვახტანგ ჯავახაძე)

– თქვენი აზრით, ვინ ან რა არის გულთან ყველაზე ახლოს?

_ ”ხელი ყველაზე ახლოა გულთან,
ჩვენ ხშირად ხელში გვიჭირავს გული…” (ვახტანგ ჯავახაძე)

– ბოლო ტკივილის დროსაც…?

-დიახ და ახლაც და თუ არ დამეხმარებით, უკვე კი არ ამტკივდება და წამივა, გამისკდება გული… ძალიან გაბრაზებული ვარ…. ხომ ხედავთ?

ახლავე, ახლავე…. ჯერ რჩევას მოგცემთ მაშინ გაბრაზებისთვის:

„გაბრაზდით? ვიდრე პასუხს გასცემდეთ,

გადაითვალეთ გულში ასამდე…

ილაპარაკეთ, ილაპარაკეთ,

დახურულიდან – გულის გახსნამდე…“ (ცირა ბარბაქაძე)

– არასდროს გიცდიათ, რომ გული არ გაგებრაზებინათ და რაც უნდოდა, ის ეკეთებინა…?

– არ მიცდია… ? მხოლოდ მაგას ვაკეთებდი და სულ უფრო მეტად მტკიოდა გული:

ვერაფერს გავხდი მზისაკენ

მუდამ ხელების აშვერით,

რაც გულს უნდოდა, ისა ვქმენ,

მაგრამ ამაოდ დავშვერი!           (ალექსანდრე აბაშელი)

 

საკმარისია, დიაგნოზი დასმულია…. ახლა კი დანიშნულება:

 

  1. ადგილობრივი წარმოების ლექსის აბი მაქვს თქვენთვის და კარგად მომისმინეთ. ეს ვიტამინი ბესიკ ხარანაულის ლექსიდანაა, დღეში 2-ჯერ მიიღებთ, 2 აბი, დილით და ძილის წინ…

„ალბათ გული ისე იშვა ადამიანში,
როგორც ყვავილი, როგორც ია,
ხომ ჰგავს კიდევაც იის კონა შენს გულს, მკითხველო!
რომ გული არ შობილიყო ადამიანში,
გრძნობა ყოველი, რომელიც მან ერთად შეკონა,
სულ ცალ-ცალკე დაშრებოდა ნაკადულებად.”

 

  1. გალაკტიონის ეს ლექსი გვაქვს „განახლდა გული“, კარგად იყიდება და ეფექტურია. დღში სამჯერ თითო აბი, ჭამამდე. ბოლოში სამჯერ უნდა თქვათ: ამინ! ეს ლექსში არ არის და დაიმახსოვრეთ.

„განახლდა გული… დღეს ის აღარ ვარ,

რაც უწინ ვიყავ… ფერი ვიცვალე…

გზა დამიცალე, შავო ბურუსო,

წყეულო ღამევ, გზა დამიცალე!“

 

  1. შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი კი დღეში ერთხელ უნდა მიიღოთ, ძილის წინ და აუცილებლად სიმღერით, გიორგი ცაბაძის შესრულებით….

 

„როგორც ჩიტი გალიაში, როგორც მუჭში პეპელა,

ფრთხიალებ და ჩუმად ფეთქავ, სიცოცხლის სანთებელა,

რა ბედის ხარ, რა ვარსკვლავის, სულ შენა ხარ სამიზნე,

ნურცერთ ისარს ნუ აიცდენ, გულო, სანამ გამიძლებ.

თვითონ ღმერთი, წამებული, შენ ერთს გწყალობს ისევე –

მხოლოდ გულში განისვენებს, მხოლოდ გულში ისვენებს.

გულო, სანამ გული გქვია, გულო, უნდა მტკიოდე.

გულო, უნდა მიერთგულო, მიმყვე საიქიომდე.

ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ,

ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ…“

 

ჯერჯერობით, სულ ეს არის…. ერთი კვირის შემდეგ გამოიარეთ ილიას უნივერსიტეტში, E317-ში, პოეზიის აფთიაქში, უცხოურ მედიკამენტებს და პოეზიის კლუბის წევრების ახალ ლექსებს  ველოდებით….

 

პატივისცემით

პოეზიის ა(მ)ბების შემქმნელისაგან

 

დაჟამკრება

0

წინათაც მითქვამს, ბავშვობაში ერთი უჩვეულო გასართობი მქონდა – ძველი კარადის უჯრებში ხეტიალი და მიტოვებულ-მივიწყებული ნივთების თვალიერება. დრო გავიდა, ვეღარც მე ავდივარ სოფელში ხშირად და აღარც ის კარადები არიან – ჟამთასვლამ ხელს გააყოლა. მეც ახალი თავშესაქცევი მოვიგონე – მტვრიანი ნივთების ნაცვლად მივიწყებულ სიტყვებს დავეძებ.

ლინგვისტები და ლიტერატურათმცოდნეები ამბობენ, ენა ცოცხალი ორგანიზმია და განუწყვეტლივ განახლდებაო. აქ სადავო არაფერია, მეტადრე – როცა არაერთი ნათელი მაგალითი ხელისგულზე გვიდევს. უფრო მეტიც, საბუნებისმეტყველო და ტექნიკური დარგების წარმომადგენლებისთვის ენის განახლების სიჩქარე დიდად ჩამოუვარდება თვით ამ დარგების პროგრესის დინამიკას, ამიტომ ახალი ტერმინოლოგია პირდაპირ, უცვლელად გადმოდის ენაში და საერთო შეთანხმება-სტანდარტის უქონლობის გამო ხშირად დიდ უხერხულობას გვიქმნის.

როგორ იქმნება ახალი სიტყვა? კაპანელი ამბობს, სიტყვის დაბადებას განცდა სჭირდებაო. არც ცდება. მაგრამ განცდასთან ერთად ოსტატობაც საჭიროა. ამიტომაც ახალი სიტყვების აკვანი პოეზია და პროზაა. შოთა რუსთაველის, დავით გურამიშვილის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონისა თუ სხვათა შემოქმედებაში მრავალ სიტყვას ვიპოვით „ჯერარნახულს, ჯერარგაგონილს“…

მაგრამ არსებობენ ძველი სიტყვებიც… ისინი უფრო ადრე დაიბადნენ, მაგრამ ისევე მოევლინნენ სამყაროს, როგორც დღეს იბადებიან ახლები. სიტყვაც კაცივითაა – იბადება, ცხოვრობს, ბერდება და ბოლოს კვდება…

ერთი ასეთი ძველი, ფშაურ დიალექტში დღემდე შემორჩენილი, სიტყვაა „დაჟამკრება“.

„ჟამი“ დროის სინონიმია, თუმცა ხშირად უფრო „მოგვიანებით“ დროს აღნიშნავს. საღამოს წირვასაც „ჟამის წირვა“ ჰქვია. ფშაურ დიალექტში კი მისგან ნაწარმოებ კიდევ ერთ ფორმას – „დაჟამულს“ შევხვდებით. ასე მოიხსენიებენ სიმწიფეში შესულ ხილს. „დაჟამკრების“ მეორე ფუძე „კარი“ უნდა იყოს (ან, შესაძლოა, „კრებაც“). ამ ორი სიტყვის ერთმანეთთან შერწყმით კი ვიღაც სიტყვათმშენებელმა ახალი სიტყვა გვისახსოვრა – „დაჟამკრება“, რომელიც საქონლისა თუ მოსავლის საიმედოდ დაბინავებას, დაცული კარს იქით შეკრება-განთავსებას აღნიშნავს.

ასე, სიტყვებივით იბადებიან ახალი მოლეკულებიც. ნატრიუმი და ქლორი ალბათ ბევრს გაუგონია. პირველი მათგანი, მართალია, მეტალია, მაგრამ საქვეყნოდ ცნობილ ზანტ რკინას არაფრით ჰგავს. წყლისა და ტენისა ისე ეშინია, იგი თითის მიკარებასაც ვერ ჰგუობს. ხელისგულზე არსებული ოფლის უხილავი წვეთიც საკმარისია, რომ უმალ შევიდეს მასთან რეაქციაში და ნაპერწკლები ყაროს. ქლორი კიდევ უფრო „ვერაგია“. ის ერთ-ერთი პირველი ქიმიური იარაღი იყო, რომელიც პირველ მსოფლიო ომში გამოიყენეს და ქარის მიერ აქეთ–იქით მიმოტანილმა, მტერსა და მოყვარეს ერთნაირად დაუხშო სასუნთქი გზები. ჰოდა იფიქრებდა ვინმე, რომ ამ ორი ნივთიერების შეერთებით მიღებული ნაერთი ჩვენი სუფრისა თუ ნორმალური სასიცოცხლო პროცესების განუყრელი და უაღრესად საჭირო ატრიბუტი იქნებოდა?! ნატრიუმისა და ქლორის შეერთებით მიღებული ნაერთი სუფრის მარილია…

ძმრის მკვეთრ სუნს ყველა იცნობს. იზოამილის სპირტს კიდევ უფრო არასასიამოვნო სუნი აქვს (არყის გამოხდისას ჩამოდენილ რახში მისი სულ რამდენიმე წვეთი შედის). მაგრამ თუ კოლბაში ამ ორ ნაერთს განსაზღვრული წესების დაცვით ერთად გავაცხელებთ, მივიღებთ ესტერს, რომელსაც ძმარმჟავაიზოამილის ესტერი ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ მის დასახელებაშიც ფიგურირებს „ძმარმჟავა“ და „იზოამილის სპირტი“, არც ერთ მათგანთან აღარაფერი აქვს საერთო –  მსხლის სასიამოვნო სუნის მქონე ნაერთია და კვების ტექნოლოგიაში ფართოდ გამოიყენება.

მე-18 საუკუნის ბოლოს იქნა მიღებული პირველი შემღებავი ნაერთი. მოგვიანებით ტექნოლოგია დაიხვეწა და აღმოჩენილ იქნა გაცილებით იაფი, მარტივად მისაღები და ფერისა და სხვა ტექნიკური თვისებების ფართო დიაპაზონის მქონე საღებრები – აზოსაღებრები. პირველი მათგანი ანილინის გამოყენებით მიიღეს. ანილინის ამ „დამსახურების“ გამო საღებრების ტექნოლოგიას ხშირად მოიხსენიებენ ანილინურ-სამღებრო წარმოებად, ხოლო საღებრებს – ანილინურად, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა უშუალოდ ანილინს არ შეიცავს (ხშირად წააწყდებით სოციალურ ქსელებში თუ საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ „შოკისმომგვრელ“ სტატიებს ანილინური საღებრების მავნებლობაზე, რომელთა ავტორები სწორედ ანილინის ტოქსიკური თვისებებით აპელირებენ.

მწერლები და პოეტები ახალ სიტყვებს ქმნიან, ქიმიკოსები – ახალ მოლეკულებს. მათ შორის დიდი სხვაობაა, თუმცა შემოქმედებითი მეთოდი ერთი და იგივეა – სინთეზი, ორის შერწყმით ახლის დაბადების ხელოვნება…

როგორ დავწეროთ პროექტის მიზანი

0

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 28 თებერვალს დაამტკიცა მასწავლებელთა შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტი (ბრძანება #39), რომელიც მოიცავს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით დამტკიცებული 29 აქტივობის შეფასებას. აღნიშნულ დოკუმენტში აღწერილი კრიტერიუმებით შეფასდება პედაგოგთა სხვადასხვა ინიციატივა. ამ აქტივობებიდან ვიგებთ, რომ მასწავლებელს 0,5 ქულა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუკი ის შესაფასებლად წარმოადგენს პროექტს (სასწავლოს ან სოციალურს) და მოაგროვებს 36 მაქსიმალური ქულიდან არანაკლებ 22-ს. პროექტების ერთ-ერთი შესაფასებელი კომპონენტი არის მიზნის ფორმულირება. ამ წერილში ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ, როგორ დავწეროთ პროექტის მიზანი.

საერთაშორიო ბაკალავრიატის საბაზისო საფეხურს მოსწავლეები პერსონალური პროექტით ასრულებენ, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება: საპროცესო ჟურნალი, პროდუქტი და რეპორტი. 3500 სიტყვიანი რეპორტი გარე შეფასებისთვის მზადდება და მას სხვადასხვა კრიტერიუმებით აფასებს კომპეტენტური კომისია. რეპორტში ყველა მოსწავლემ აუცილებლად უნდა გამოკვეთოს პროექტის მიზანი. მიზნის დაწერა კი მარტივი საქმე არაა, ამიტომაც ადმინისტრაციამ ონლაინ ცენტრში, სადაც განთავსებულია ყველა ის ძირითადი თუ დამატებითი მასალა, რომლითაც ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო ბაკალავრიატის მასწავლებლები, როდესაც ჩვენს მოსწავლეებს ვაკვალიანებთ, ატვირთა რამდენიმეწუთიანი ვიდეორგოლი ინგლისურ ენაზე, რათა აგვიხსნას, როგორ იწერება პროექტის მიზანი. ამ ვიდეოთი საქმე შედარებით გაგვიმარტივდა ( https://nestanratiani.blogspot.com.ee/2017/03/writing-your-goal.html ). იმდენად მომწონს ვიდეოში გამოთქმული რჩევები, გადავწყვიტე, თქვენც გაგიზიაროთ, რადგან ხშირად, სანამ ჩვენს მოსწავლეებს რაიმეს ვასწავლიდეთ, ჩვენც კარგად უნდა გავერკვეთ საკითხში. თანაც ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოსწავლისთვის მიცემული რჩევები ჩვენც გამოგვადგება ჩვენს საქმიანობაში (ყოველ შემთხვევაში მე გამომადგა და, იმედია, თქვენც ამასვე იტყვით). ამაში მაშინ დავრწმუნდი, როდესაც მე თავად ვიყავი პერსონალური პროექტების კოორდინატორი და ვნახე, როგორ უჭირდათ მასწავლებლებს, მხოლოდ ძირითადი დოკუმენტების გაცნობის იმედად, სათანადოდ დაეკვალიანებინათ მოსწავლეები. მას შემდეგ, რაც აიტვირთა ვიდეორგოლი, ბევრი რამ, თუკი მანამდე გაუგებარი იყო, ცხადი გახდა და მასწავლებლებსაც გაუადვილდათ პროექტების ხელმძღვანელობა. ჩვენი სკოლიდან გარე შეფასებისთვის გაგზავნილმა ყველა პროექტმა ზუსტად ის შეფასება მიიღო, როგორი მოლოდინიც მქონდა. მე კი დიდი გამოდილება მივიღე და ერთ რამეს მივხვდი: არაფერი არაა იმაში დასაძრახი, თუკი ჩვენს მასწავლებლებს ჯერ კიდევ არა აქვთ გათავისებული პროექტის წერის კულტურა, ვერ ფლობენ პროექტის ენას. ამ ყველაფრის სწავლა არაა რთული და ეს სწორედ ის ცოდნაა, რომელიც პრაქტიკიდან მოდის. ახლა წარმოგიდგენთ მაგალითებს, რომელიც კარგად აჩვენებს, როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ პროექტის მიზანი.

მაგალითი პირველი: ჰიპოთეტური პროექტის მიზანია, მატერიალური დახმარება გავუწიო X სკოლას  – წამოწყება ნამდვილად კარგია, აქტუალურიც, მაგრამ პროექტის მიზანი არის საკმაოდ ზოგადი, შეიძლება ითქვას, ბუნდოვანიც. იმისთვის რომ ეს კარგი წამოწყება არ დაზარალდეს, საჭიროა, უკეთ ჩამოვაყალიბოთ მიზანი. მიზნის ფორმულირების მეორე ეტაპი ასე გამოიყურება: შევაგროვო თანხა და შევწირო X სკოლას – ახლა მიზანი უფრო გამოიკვეთა და გამოჩნდა, რომ პროექტი რთულია და ემსხაურება დამაკმაყოფილებელ გამოწვევას. მაგრამ ეს მიზანი ჯერ კიდევ არ ასახავს პროექტის საჭიროებას, დაძლევის გამოკვეთილ ხედვას და მისი გაზომვაც რთულია. ამიტომ მიზნის უკეთ ფორმულირებისთვის ასეთ ვარიანტზე შევჩერდეთ: შევისწავლო მთის სკოლების საჭიროებები, შევაგროვო თანხა, შევიძინო შესაბამისი საჭიროებებზე მორგებული საქონელი და გადავცე მთის X სკოლას მოგროვილი თანხით შეძენილი საქონელი – როგორც ვხედავთ, მიზანში უკვე მკაფიოდაა ჩამოყალიბებული რთული გამოწვევა, რომელიც ეფუძნება კვლევას, მორგებულია საჭიროებებზე, ასახავს პრობლემის მოგვარების გზას.

მაგალითი მეორე: შარშან ჩემმა ერთმა მოსწავლემ მოისურვა პროექტის გაკეთება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებზე. მოსწავლეს შევთავაზე, დაფიქრებულიყო, თუ რა მიზანი ჰქონდა მის პროექტს. თავდაპირველად მან მითხრა, რომ კარგად შეისწავლიდა ამ სინდრომისთვის დამახასიათებელ ყველა ნიშანს, გამომწვევ მიზეზებს და ა.შ. მიზანი ცუდი არაა, მაგრამ არაა გამოკვეთილი არც პრობლემა და შესაბამისად, ვერც მისი გადაჭრისა და დაძლევის ხერხი და გზები გამოიკვეთებოდა. გადავწყვიტეთ, რომ მოსწავლე დაუკავშირდებოდა შესაბამის ცენტრებს, გამოკითხავდა და დაადგენდა, რა პრობლემების (თუ ასეთები აქვთ) წინაშე დგანან და შემდეგ იფიქრებდა პროექტის მიზნის უკეთ ჩამოყალიბებაზე. აღმოჩნდა, რომ ძირითადი პრობლემა (ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად), რომელიც ასეთი ცენტრების მესვეურებს აწუხებთ, ესაა საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე. გადაწყდა, მოსწავლის პროექტის მიზანი იქნებოდა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების შესახებ საზოგადოების ინფორმირება მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით. რა თქმა უნდა, პროექტის მიზანი საკმარისად გამოიკვეთა, მაგრამ მასში მაინც არ ჩანდა ერთი რამ, როგორ მოხდებოდა საზოგადოების ინფორმირება ცნობიერების ამაღლების მიზნით. მოსწავლემ თავად იპოვა გამოსავალი და გადაწყვიტა, გაეკეთებინა ფილმი. პროექტის მიზანი (შევისწავლო დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების საჭიროებები და ამ თემაზე კლასელების დახმარებით გადავიღო ფილმი, რომლის სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის ჩვენებით ამაღლდება საზოგადოების ცნობიერება) უკვე სრულად აკმაყოფილებდა ყველანაირ გამოწვევას: იყო რთული, მაგრამ მისი განხორციელება შესაძლებლობის ფარგლებს არ აღემატებოდა, მისი წარმატების გაზომვა მოხდებოდა ჩვენების შემდეგ დარიგებული კითხვარებისა და იუთუბზე ატვირთვის შედეგად მიღებული ნახვებისა და კომენტარების მიხედვით, მოსწავლე შეძლებდა პროექტში ჩაერთო კლასელებიც და ეთანამშრომლა განსხვავებულ აუდიტორიასთანაც. ამ პროექტის ხელმძღვანელი გეოგრაფიის მასწავლებელი იყო, თუმცა, როგორც ვხედავთ, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რომელი საგნის მასწავლებელი გაუწევს მეთვალყურეობას მოსწავლის პროექტს.

რა განასხვავებს ზოგად, კარგ და ძალიან კარგ მიზნებს ერთმანეთისგან? ზოგადი მიზანი აჩვენებს, რისი გაკეთება მინდა, ხოლო კარგი მიზანი მეუბნება, რისი გაკეთება მინდა და რატომ. ე.ი. თუკი ზოგადი მიზანი ერთნაწილიანია, კარგი მიზანი უკვე ორი ნაწილისგან შედგება. აი ძალიან კარგი მიზანი კი ორზე მეტი ნაწილისგან შედგება და მას სასწავლო დანიშნულებასთან ერთად სირთულეც მეტი აქვს. ეს ყველაფერი, მარტივად რომ ვთქვათ, მიზნის დაწერის პროცესში აისახება გამოყენებულ ზმნებში. პროექტის მიზნის ჩამოყალიბებისას დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენი და რომელი ზმნები იქნება წინადადებაში, რადგან ზმნა წინადადების ის წევრია, რომელიც მოქმედებას გამოხატავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კარგი მიზანი მოქმედების სიმრავლით და ხარისხით იზომება, ამის გამოხატვა კი წერისას სწორედ ზმნას ეკისრება. რაც მეტი ზმნაა, მოქმედებაც მეტიაა, ე.ი. პროექტის მიზანი რთულიცაა, გამოწვევაც მეტია და მეტი საქმის შესრულების შემდეგ მეტის სწავლაც შეიძლება. ზმნები (საწყისი ფორმით), რომლებიც მიზნის წერისას გამოიყენება შემდეგია: მოძიება, გამოკვლევა, შესწავლა, შექმნა, დაგეგმარება, განვითარება, დახმარება, შესყიდვა და ა.შ. დარწმუნებული ვარ, თქვენ კიდევ უფრო მეტ ზმნას მიამატებთ აქ წარმოდგენილ ზმნებს, როცა ფურცელზე მოქმედების გადატანას მოინდომებთ. ამიტომაც, სანამ პროექტის მიზნის წერას შეუდგებოდეთ, კარგად მოიფიქრეთ, რისი გაკეთება გსურთ, რატომ გსურთ მისი განხორციელება, რა გამოწვევა დგას თქვენს წინაშე, საიდან გაიგეთ და რამდენად ზუსტად იცით, რომ ეს გამოწვევა რელევანტურია, რა მეთოდით დაადგენთ ამას და შემდეგ უკვე როგორ, რა გზებით, ხერხებით და საშუალებებით აპირებთ ამ გამოწვევის დაძლევას. ჩამოწერეთ თითოეული ეტაპის შესატყვისი თითო ზმნა და შემდეგ ამ ზმნების სწორად დალაგებით ააგეთ წინადადება, რომელიც ნათლად გამოხატავს თქვენი პროექტის მიზანს. ჩემი რჩევაა, აუცილებლად წააკითხეთ გარეშე პირს თქვენი ჩამოყალიბებული მიზანი (მე თითქმის ყოველთვის ასე ვიქცევი) და ჰკითხეთ, რამდენად გასაგებია მისთვის, რისი გაკეთება გსურთ. თუკი უცხო პირმა თქვენი წინადადებიდან შეიტყო, რა, რატომ და როგორ გინდათ, ე.ი. თქვენი მიზანი სწორადაა ჩამოყალიბებული.

და ბოლოს ერთი მცირე შენიშვნაც გაითვალისწინეთ, სამი ზმნა აბსოლუტურად საკმარისია ძალიან კარგი მიზნის დასაწერად. ოთხზე მეტი ზმნა უკვე სამოქმედო გეგმაა (to dos) და არა მიზანი. შეეცადეთ, სამოქმედო გეგმის ამსახველი რამდენიმე ზმნა ერთ მთავარ ზმნად გააერთიანოთ, რომლის შემდგომი ჩაშლაც შესაძლებელი იქნება მარტივ მოქმედებებად. მაგალითად, თუკი თანხის მოძიების მიზნით სკოლაში თქვენი დახმარებით მოსწავლეები მოაწყობენ ტკბილეულის ან ხელნაკეთი ნივთების გაყიდვას, ჩაატარებენ საქველმოქმედო კონცერტს, სკოლასთან გაჩერებული მშობლების მანქანების საქარე მინებს გაწმენდენ, ამის ჩაწერა სულაც არაა აუცილებელი პროექტის მიზანში. ინფორმაციის მოძიების ან სხვა საჭირო მიზნით ფეისბუქზე ჩაატარებთ გამოკითხვას, ამობეჭდილ ფრომებს დაარიგებთ სკოლაში, სუპერმარკეტში თუ ქუჩაში, არც ამის მითითება დაგჭირდებათ პროექტის მიზანში. ეს ყველაფერი წვრილად ჩაშლილი სამოქმედო გეგმაა და ამაზე პროექტის სხვა ნაწილში ისაუბრებთ. მიზანში უფრო მთავარია ისაა, ზუსტად განსაზღვროთ, როგორი იქნება პროექტის საბოლოო სახე, ლექციების ციკლი, ფილმი, გასვლითი ღონისძიება, კონცერტი, სპექტაკლი, თანხის უბრალო გადარიცხვა თუ საჩუქრის შეძენა და მისი საზეიმოდ გადაცემა.  ასე პროექტის წერის სტილსაც დაიცავთ და, ეჭვი არ მეპარება, რომ ადეკვატურ შეფასებასაც დაიმსახურებთ.

აქვე წარმოგიდგენთ ჩემი მოსწავლის პროექტს, რომელსაც ფილმის სახე აქვს  (https://nestanratiani.blogspot.com.ee/2017/02/blog-post.html ). აჩვენეთ ფილმი და აუხსნით მოსწავლეებს, რატომ მიიღო გაერომ გადაწყვეტილება, დაუნის სინდრომის დღედ გამოეცხადებინა სწორედ 03.21 და არა სხვა რომელიმე დღე. ჰუმაიმ ფილმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით გადაიღო. მას კლასელებიც (თანადგომით) და ოჯახის წევრებიც (ფინანსებით) მიეხმარნენ, როდესაც საახალწლო ზეიმის მოწყობა გადაწყვიტა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის. ფილმის გადაღებისას ჰუმაი მიხვდა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დედის გადაწყვეტილებას, რომელიც უარს არ ამბობდა ქრომოსომის გამო განსხვავებულ შვილზე. რადგან ფილმის ჩვენება მარტის დასაწყისში გაიმართებოდა, სიურპრიზის სახით ჰუმაიმ დაუნის სინდრომის ბავშვების დედებისთვის მეორე ფილმიც გადაიღო https://nestanratiani.blogspot.com.ee/2017/02/blog-post_4.html ), რომელშიც მისი ახალი მეგობრები მადლობას ეუბნებიან დედებს. უყურეთ ამ ფილმებს, ეგებ მათი ნახვის შემდეგ თქვენც მოიფიქროთ უკეთესი პროექტები, ჩართოთ მასში მოსწავლეები, არ დაიზაროთ, გაგვიზიაროთ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი ცნობიერების ამაღლების შესაშურ გზაზე. ყველამ ვიცით, რომ მარტო კრედიტქულებზე ორიენტირება კი არა, ჩვენი მოსწავლეების სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება ჩვენი, როგორც პედაგოგების, საუკეთესო მიზანია. მე კი ჩემდა თავად თქვენი დაინტერესების შემთხვევაში შევეცდები, სხვა წერილებში კიდევ სხვა პროექტებიდან შეძენილი  გამოცდილებაც გაგიზიაროთ.

მწერლები და მათი ქალიშვილები

0

„შეწირული ხარ იმავე ტანიტს

წითელი ფეხით დაბმული მტრედი.

სთქვეს: საკუთარი მოკვდება დანით,

განწირულია ჰანიბალ ბედით…

 

მე ასე გიწერ, შვილო, ორ აპრილს,

არ ვიცი კიდევ რამდენი დამრჩა.

ვიგონებ დროშას, კართაგენ დახრილს,

რომ შეაგინეს ტანიტის ფარჩა.“

ეს სტროფები ტიციან ტაბიძის მიერ ქალიშვილისადმი მიძღვნილი ლექსიდანაა. 2007 წელს, ტანიტ (ნიტა) ტაბიძის დაკრძალვაზე მყოფი, მივხვდი, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დამთავრდა. ის ხომ უკანასკნელი ადამიანი იყო, ვინც პოეტთან პირდაპირ გვაკავშირებდა. მაშინ უკვე ვიცნობდი მუხრან მაჭავარიანის ქალიშვილ ნანას, ფრიდონ ხალვაშის ქალიშვილს – მზიას და ბევრ სხვას, ქალებს, რომლებიც ატარებენ ამოუცნობ შუქს, მამების ანარეკლს. მალევე გადავწყვიტე ფოტოების სერია გადამეღო, გამეკეთებინა ერთგვარი პროექტი, რომელსაც „მწერლებსა და მათ ქალიშვილებს“ დავარქმევდი. თითქოს შევთანხმდით კიდეც ფოტოსესიაზე, მაგრამ გადაგვედო და სამწუხაროდ ვერ გადავუღე მამის პორტრეტთან და წიგნებთან ლადო ასათიანის ქალიშვილს, ქალბატონ მანანას… ვერ მოვასწარი პირადად გამეცნო რუსუდან ჯავახიშვილი…

ქართველი მწერლები მეტწილად უფრთხიან ქალიშვილებზე წერას. თუმცა დაკვირვებული მკითხველი იმ თითზე ჩამოსათვლელ ლექსებშიც დაინახავს იშვიათ სიფაქიზეს, რჩევებთან ერთად რომ უმჟღავნებენ ისინი შვილებს. მაგალითისთვის 1924 წელს მიხეილ ჯავახიშვილის მიერ ქალიშვილის – ქეთევანის უბის წიგნაკში ჩაწერილი „ჩვენი დროის ათი მცნებაც“ გამოდგება, რომელიც სამართლიანადაა მიჩნეული ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გზავნილად შვილისადმი, ზოგადად ახალი თაობისადმი.

 

 

* * *

 

„ – ლალი, ლალი, ჩემო ლალი!

– რაო, ჩემო მანანა?

ეს თოჯინა დედაშენმა
ჩემთან გამოგატანა?..“

 

„…დედიკომ და მამიკომ
დამიტოვეს ქეთინო,
ასე მითხრეს: – მიხედე,
არაფერი ეტკინოს…“

 

მანანა და ქეთევან დუმბაძეები ხშირად არიან ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსების პერსონაჟების პროტოტიპები. ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთი დუმბაძე ამჟამად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველია ლიტერატურის საკითხებში, ავტორი და ხელმძღვანელია პროექტისა – „ცოცხალი წიგნები“, ხელმძღვანელობს ნოდარ დუმბაძის ფონდს. რამდენიმე ორიგინალური ნაწარმოების ავტორს გამოქვეყნებული აქვს სტატიები და კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმანები როგორც ქართულ, ისე უცხოურ პრესაში; არის რამდენიმე სატელევიზიო პროექტისა და ფილმის სცენარის ავტორი, მთავარი რედაქტორი და პროდიუსერი.

 

მანანა დუმბაძე მამის – ნოდარ დუმბაძის პორტრეტთან

მანანა დუმბაძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობს საქართველოს მთარგმნელთა და თარჯიმანთა ასოციაციას. არის არაერთი ლიტერატურული და სამეცნიერო ნაშრომის, ასევე მხატვრული თარგმანის ავტორი. ბოლო დროს იგი განსაკუთრებული ინტერესით მუშაობს სამოგზაურო ჟანრსა და დოკუმენტურ პროზაში. ამ მხრივ საინტერესოა მისი წიგნები: „ინდური დღიური“, „შორია ქაშიდან გულრიფშამდე?!“, „უმიკროფონოდ და უმეგაფონოდ“, „ავღანეთი ბარონის ჭუჭრუტანიდან“, „გზებით დაღარული ჩემი ხელისგული“ და „დაყირავებული პირამიდა“. ამჟამად ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ელჩის მრჩეველია.

 

* * *

„თაკო, ძვირფასო!

ღმერთის წყალობით

შენც დაქალდები და გაფრინდები

და როგორც ტაძრის თაღი გალობით

შენც გაივსები მზით და ჩიტებით.

შენც განათდები…

ძალიან მალე

დატრიალდება შენი მორევიც

და მოგაბჯენენ მხურვალე თვალებს

სტადიონები და რესტორნები.

 

გზა, დაწყებული წინარის ქოხთან,

დღეს შენი გზაა და შენთვის მიდის.

შენ არ გეხება, რაც ადრე მოხდა:

დრო მდინარეა,

ქალი კი ხიდი.

და შენც გავალებს შენი ქალობა,

რომ შენს ქვეყანას გაუთბო ფიქრი

და შენი დიდი გულის წყალობით

გადაიყვანო მდინარის იქით.“

 

ეს ოთარ ჭილაძეა და ფრაგმენტი 1963 წელს დაწერილი პოემიდან – „თაკო და ზაზა“, რომელიც შვილებს ეძღვნებათ. 1995 წელს კი მწერალს დღიურში ჩაუწერია: „ხვალ გიორგობაა… „7 დღეში“ დაიბეჭდა თაკოს წერილი ამერიკელ მუსიკოსზე. კითხვა შიშით დავიწყე და აღფრთოვანებულმა დავამთავრე… ასეთი სტატიები რომ იბეჭდებოდეს ჩვენს გაზეთებში, საკმაოდ მაღალი დონის პრესა გვექნებოდა. თაკო, რა თქმა უნდა, გამონაკლისია, მაგრამ ამინდს (დონეს, გემოვნებას, სტილს) გამონაკლისები ქმნიან სწორედ. ასე რომ, გამონაკლისი ნაკლი კი არა, ღირსებაა. ნიჭი პროფესიონალიზმის გარეშე ლამაზი სათამაშოა, რომელიც არც ზნეს იცვლის, არც ფერს, რის გამოც, ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება, მოსაწყენიც აღმოჩნდეს.“

თაკო ჭილაძე მამის – ოთარ ჭილაძის პორტრეტთან (მხატვარი: დიმიტრი ერისთავი)

თაკო ჭილაძე დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის სპეციალისტია. წლების განმავლობაში მუშაობდა სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში. მისი მთარგმნელობითი დებიუტი 2011 წელს როი ჯენკინსის ბიოგრაფიული ორტომეულით – „ჩერჩილი“ – შედგა. ამას მოჰყვა რონალდ რეიგანის „ამერიკული ცხოვრება“, ჯეკ კერუაკის „გზაზე“, პიტერ აკროიდის „შექსპირი“, რენდელ კეინესის „დარვინი“, ბობ დილანის „ქრონიკები“ და მარგარეტ ტეთჩერის „როგორც თავად იტყოდა“. 1994 წელს ოლდოს ჰაქსლის 100 წლის იუბილეზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიიდან მივლინებით იყო ლონდონში. 2016 წელს კი თარგმნა ჰაქსლის რომანი „დრო უნდა ჩერდებოდეს“.

 

* * *

„ირა, ირენ, ირინა,

ირინოლა, ირინე –

ლექსი შემაწერე და

კიდეც შემაწირინე,

 

გიხმობს მამა-პაპათა

ნახნავი და ნათესი –

დიდზე დიდი, დი-დი-დი,

უდი-ადი-ადესი.

 

დაემგზავრე: მრავალი

აჰყვა წმინდა სათავეს,

არ ზოგავენ თავებს და

თავ-თავიანთ თავ-თავებს.

 

მე კი ჩემი ოცნებით,

დარდებით და ფიქრებით –

მაინც შენთან ვიქნები,

როცა აღარ ვიქნები.

 

უცებ გაინაბები,

უცებ გაირინდები,

ჯერ ირა ხარ, პატარა,

მალე გაირინდები,

 

მკლავი – საამირანე,

ყელი – საჯეირანე,

გელოდება, ირინა,

ირინოლა, ირინე!“

 

„ათი წლისა ვიყავი, მამას რომ შევუჩნდი, ჩემზე ლექსი დაწერე-მეთქი. 53 წლის კაცმა 10 წლის გოგოს „ჭკუაზე გაიარა“, – მიამბობს ირინა ჯავახაძე. ვახტანგ ჯავახაძის ქალიშვილმა ჯერ დასავლეთ ევროპული ენების ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ კი – სახელმწიფო მართვის სკოლა და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა არაერთი კერძო კომპანიის მარკეტინგის მიმართულებას.

ირინა და ვახტანგ ჯავახაძეები

„ჩემი აზრით, არაფერი მაახლოებდა ლიტერატურას გარდა იმისა, რომ ყოველდღიური შეხება მქონდა პოეტთან, რომელიც მამაჩემი იყო და ხშირად ვნახულობდი მის მეგობრებს, ნათლიაჩემს – მურმან ლებანიძეს, ანა კალანდაძეს, ბესიკ ხარანაულს… თუმცა ყველაფერი ეს ჩემთვის მაინც მამის, და არა ჩემი, სამყარო იყო.

მამა დუმდა. იცოდა – მალე, ძალიან მალე მივუახლოვდებოდი…

ჩემი დაბადებიდან 38 წლის თავზე მივუახლოვდი – ელექტრონული წიგნების სახლ „საბას“ ჩავუდექი სათავეში. ჩემდაუნებურად აღმოვჩნდი მამაჩემის სამყაროში და თუ სხვისთვის შესაძლოა გაცილებით რთული ყოფილიყო ლიტერატურულ ცხოვრებაში გზის გაკვალვა, ჩემთვის ყველაფერი ეს ლაღ ბავშვობაში დაბრუნებას ჰგავდა.“

 

* * *

ვიმედოვნებ, კიდევ მომეცემა საშუალება უფრო ახლოს გაგაცნოთ სხვა ქართველი მწერლებიც მათ ქალიშვილებთან ერთად. ასევე დიდი სურვილი მაქვს, მალე დაგპატიჟოთ დასრულებული პროექტის წარდგინებაზე – ფოტოგამოფენაზე, სადაც ოცამდე ქალს/გოგონას შეხვდებით. მათ, ვინც განსაკუთრებული კვალი დატოვეს მწერალი მამების ცხოვრებაზეც და შემოქმედებაზეც.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...