კვირა, აგვისტო 3, 2025
3 აგვისტო, კვირა, 2025

დროის მართვის სადავეები მოსწავლეებისთვის

0

თანამედროვე ცხოვრების რიტმი იმდენად სწრაფია, რომ ხშირად მოსწავლეები კი არა, მასწავლებლებიც ვერ ახერხებენ დაგეგმილი საქმეების ბოლომდე მიყვანას. დაბალი პროდუქტიულობის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს, მათ შორის დაღლილობა, სტრესი, სიზარმაცე. ამ ყველაფერთან გამკლავება კი სავსებით შესაძლებელია, თუკი დროის მართვის, ანუ თაიმ მენეჯმენტის საიდუმლოებებს ეზიარებით. დროის სწორი განაწილება აწესრიგებს ცხოვრებას, გვეხმარება მიზნების მიღწევაში და იმაში, რომ საერთო რიტმიდან არ ამოვვარდეთ. სულიერი წონასწორობის შენარჩუნებისთვის თაიმ მენეჯმენტის პარალელურად აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ჯანმრთელობას, დავიტოვოთ დრო დასვენებისთვის, რომლის გარეშე ცხოვრება აზრს ნებისმიერ ასაკში კარგავს. ჩვენი რჩევები დაეხმარება მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი სკოლაშიც კარგად ისწავლონ და სკოლის გარეთაც არ ჩამორჩნენ საინტერესო აქტივობებს, იქონიონ თავისუფალი დრო ჰობისთვის, მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის.

დაგეგმეთ დღე

როგორც წესი, დღის პირველი ნახევარი მოსწავლეებისთვის კარგად არის შედგენილი: ისინი დილით ერთსა და იმავე დროს იღვიძებენ, მიდიან სკოლაში, სხედან გაკვეთილებზე, ისვენებენ შესვენებებზე… მაგრამ სკოლის შემდეგ თავისუფალი პერიოდი აქვთ. მოსწავლეს უჩნდება იმის ცდუნება, რომ სადაც მოუნდება, იქ წავიდეს; მაშინ იმეცადინოს, როცა საჭიროდ ჩათვლის.

ერთი შეხედვით, ამაში ცუდი არაფერია. თუმცა საქმე იმით მთავრდება ხოლმე, რომ „ერთი წუთით“ სოციალურ ქსელში შესული მოსწავლე იქ მთელ დღეს ატარებს. ამასობაში საღამოვდება და საშინაო დავალებების შესრულების თავიც აღარ გაქვს.

საჭიროა დღის სტრუქტუირება. ყველაზე მარტივი მეთოდია წინა საღამოს მომდევნო დღის დაგეგმვა – ფურცელზე გაწერა, როდის და რას აკეთებ, რა ვადებში, რამდენ საათში. გაწერის პროცესში გამოიკვეთება რამდენი თავისუფალი დრო გრჩება, როგორ შეიძლება მისი განაწილება.

თუკი საქმე ბევრია, გამოყავით პრიორიტეტები და ნაკლებად აუცილებელი საქმეების სია ზეგინდელ ჩამონათვალში გადაიტანეთ. ქაღალდზე ჩამოკიწკიწებული ამოცანები დაგეხმარებათ, რომ არ გადაუხვიოთ მიზნისაკენ მიმავალი გზიდან. თაიმმენეჯმენტის სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ დაგეგმილი საქმეები თქვენს ნაყოფიერებას 25%-ით გაზრდის.

თუ დღის განმავლობაში ახალი პუნქტი მოგემატათ, ჩაამატეთ სიაში, დასრულებული საქმეები კი ამოშალეთ, რაც კმაყოფილებას გაგრძნობინებთ და მოტივაციის მომენტს გაგიზრდით. ისწავლეთ უარის თქმა ისეთი ამოცანების გადაჭრაზე, რომლებიც არ შედის თქვენს პრიორიტეტებში.

ქაღალდზე ჩამოწერილი საქმეების სია საშუალებას მოგცემთ, სწორად მართოთ დრო.

მნიშვნელოვანია, რომ მაგიდა, სადაც მეცადინეობთ, არ იყოს არეული. შემჩნეულია, რომ არაპროდუქტიული ადამიანების მაგიდაზე ქაოსია ხოლმე. ქაოსი ხელს უშლის ყურადღების კონცენტრირებას.

დაისახეთ გასაგები მიზანი

თითქოსდა მიზნის დასახვა პრობლემას არ წარმოადგენს. თქვენ ხომ მშვენივრად იცით, რომ ბიოლოგიის გაკვეთილისთვის ინტერნეტიდან რაღაც გაქვთ მოსამზადებელი, ლიტერატურაში კი თემაა დასაწერი. მაგრამ როგორც კი სამეცადინოთ ჯდებით, ფიქრი გერევათ, არ იცით საიდან დაიწყოთ. იწყებთ ჩაის მოდუღებას, მერე კი ხსნით კომპიუტერს და აი, უკვე სულ სხვა საინფორმაციო ნაკადმა გაგიტყუათ.

დასახული ამოცანის გადაჭრისათვის აუცილებელია გქონდეს მიზნები. მიზანი უნდა იყოს მკვეთრი, მაგალითად, ასეთი: „სკოლის მერე ამა და ამ დროს წასაკითხი მაქვს 30 გვერდი“, ან „დღეს 10 ქულა უნდა მივიღო“.

აუცილებელია მიზანი არ იყოს მიუღწეველი. ოცნება ყველას შეუძლია და საოცნებო მიზნებიც არსებობს, მაგრამ თუ მას ვერ შეასრულებ, დროის ხარჯვაც არ ღირს. წარმატებას რომ მიაღწიოთ, რეალისტურ ვადებზე და თქვენს შესაძლებლობებზე იფიქრეთ, შემდეგში კი ამ შესაძლებლობებს ნელ-ნელა დახვეწთ.

განსაზღვრეთ მთავარი

საქმეებში რომ არ ჩაიძიროთ, დაყავით ისინი ჯგუფებად, მათი აუცილებლობიდან და მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე. თუ ხვალ საკონტროლო წერა გაქვთ, ის პრიორიტეტში უნდა იყოს. ვიდრე სკოლიდან მოსულს გონება გერჩით, ამ საქმეს მიხედეთ. მოიკრიბეთ ძალები და პირველ რიგში ის გააკეთეთ, რაც ყველაზე მეტ სარგებელს მოგიტანთ.

მნიშვნელოვანი საქმის განსაზღვრის შემდეგ, შეაფასეთ მისი შესრულების შედეგები. დროის განსაზღვრულ პერიოდში აკეთეთ მხოლოდ ერთი საქმე. თუ მას მიატოვებთ და მერე კვლავ მიუბრუნდებით, თქვენს ეფექტიანობას 5-ჯერ მაინც შეამცირებთ.

თანაც, ყველაზე სანერვიულო და რთული საქმის პირველ რიგში მოცილება კმაყოფილების განცდას მოგიტანთ და სხვა, შედარებით მარტივი გაკვეთილების სწრაფად შესრულების მოტივაციას გაგიზრდით.

იპოვეთ საკუთარი რიტმი

ჩაატარეთ ექსპერიმენტი და გაარკვიეთ დღის რომელ მონაკვეთში ხართ მეტად შრომისუნარიანი. საქმე ისაა, რომ ადამიანები დროის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვაგვარი პროდუქტიულობით  გამოირჩევიან. ვიღაც უფრო ეფექტიანად დილის საათებში მეცადინეობს, ვიღაც კი საღამოს ითვისებს მასალას. დააკვირდით თავს. მას თქვენზე კარგად არავინ იცნობს.

იქნებ, ერთი საათით ადრე უნდა გაიღვიძოთ და მაშინ უკეთ დაიზეპირებთ ლექსს? იქნებ, შუადღეზე ძილი და დასვენება გჭირდებათ? იქნებ, ყველა საქმის მოცილება ერთდროულად გირჩევნიათ და არ არის საჭირო მათი გადანაწილება?

მუშაობის დროს იმუშავეთ

ეფექტიანი მუშაობის ოქროს წესია იმ საქმეში ჩაღრმავება, რომელსაც ასრულებთ. ერთ საქმეზე კონცენტრირებული მოსწავლე გაცილებით სწრაფად ახერხებს მის გაკეთებას.

გირჩევთ, გაკვეთილების მომზადების პერიოდში გათიშოთ მობილური ტელეფონი, ჩაკეცოთ ბრაუზერი, გამოხვიდეთ სოციალური ქსელებიდან. ეს არცთუ მარტივია, მაგრამ ასე თქვენი მეცადინეობის ნახევარი საათი უფრო პროდუქტიული იქნება, ვიდრე ფეისბუქის პარალელურად მეცადინეობის სამი საათი. ვიმედოვნებთ, რომ გაჯეტების გათიშვა ნელ-ნელა ჩვევაშიც გადაგივათ.

ბევრი ადამიანი რუტინული სამუშაოს შესრულების დროს ტაიმერს აყენებს. ვთქვათ, მათემატიკაში 25 წუთს მეცადინეობთ და მერე 5 წუთს ისვენებთ. მერე ისევ აყენებთ ტაიმერს. გვერწმუნეთ, ასე თქვენი გონება გაცილებით საღად იმუშავებს.

ხშირად მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოსწავლეებს ეჩვენებათ, რომ თუ დღეში ათი საათი არ იმეცადინეს, წარმატებას ვერ მიაღწევენ, მისაღებ გამოცდებს ვერ ჩააბარებენ, სკოლაში დაბალ ქულებს მიიღებენ… ეს მცდარი შეხედულებაა. არ დაივიწყოთ, რომ ტვინი იღლება. დაღლილ მდგომარეობაში ის ვერ ითვისებს მასალას და მოსწავლე დროს ტყუილად კარგავს.

იპოვეთ მოტივაცია

ყველა მოსწავლეს უწევს ისეთი საგნის სწავლა, რომელიც არ მოსწონს. იმისათვის, რომ საგანი უსწავლელი არ დარჩეს, უნდა მოიძებნოს მისი სწავლების მოტივაცია. საამისოდ გამოდგება ნებისმიერი იდეა, ადამიანი, რომელიც თქვენში პოზიტიურ ემოციებს აღძრავს. მაგალითად, კედელზე დაიკიდეთ შელდონ კუპერის პოსტერი, რომელსაც ნამდვილად არ მოეწონებოდა თქვენი ჩამორჩენა ფიზიკაში. შეგიძლიათ, თითოეული ნასწავლი გაკვეთილის მერე საკუთარი თავი შოკოლადით დააჯილდოვოთ. თხოვეთ დედას რამე გისაჩუქროთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის საძულველ საგანში მაღალი ნიშანს მიიღებთ.

ჩაანაცვლეთ საქმეები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტვინი იქანცება ერთფეროვანი სამუშაოსგან. ამიტომ სამუშაო გეგმის შედგენის პროცესში გაიმრავალფეროვნეთ მეცადინეობის თქვენეული სისტემა – მათემატიკის მერე იმეცადინეთ ისტორია, ფიზიკის ათვისების მერე გადადით ლიტერატურაზე, ლიტერატურიდან – ბიოლოგიაზე.  შეუნაცვლეთ ერთმანეთს ტექნიკური, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული საგნები.

ასეთივე პრინციპით შეარჩიეთ თქვენი ჰობი და დასვენების საშუალებები. ასეთი განტვირთვა გაცილებით ხარისხიანია, ვიდრე მეგობრებთან გატარებული რამდენიმე საათი. მით უფრო, რომ სახლში დაბრუნებული კი ისევ კომპიუტერს მიუჯდებით და მათთან საუბარს ეკრანიდან განაგრძობთ.

გაერთიანდით სხვებთან

შეუძლებელია ყველა საგანი საუკეთესოდ იცოდე. სხვისი რვეულიდან გადაწერაც ცუდი იდეაა – ის მხოლოდ დროებით მოგიტანთ შედეგს. ამიტომ თხოვეთ თქვენს კლასელს დაგეხმაროთ იმ საგნის ათვისებაში, რომელიც თქვენთვის პრობლემურია. სანაცვლოდ კი, თქვენ დაეხმარებით მისთვის პრობლემური საკითხების გავლაში. ასეთი ფორმატის ურთიერთდახმარება კარგი შედეგების მომტანია ხოლმე. ჯერ ერთი თქვენი კლასელიც გაიმყარებს ცოდნას და თქვენც არ დარჩებით წაგებული. ხშირად ისეც ხდება, რომ თანატოლებს ერთმანეთის ენა უფრო კარგად ესმით, ვიდრე მასწავლებლის ახსნილი.

გააანალიზეთ შესრულებული სამუშაო

შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ – თქვენ შეადგინეთ შესასრულებელი საქმეების დეტალური ჩამონათვალი, გულმოდგინედ მიყვებით მას, მაგრამ დღის ბოლოს ძალაგამოცლილი ხართ. ეს იმის ნიშანია, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ.  გრაფიკის შედგენისას შეცდომა გაგეპარათ.

კვირის ბოლოს აუცილებლად გადახედეთ თქვენ მიერ გაწეულ სამუშაოს. დაფიქრდით, რატომ ვერ შეასრულეთ გეგმა, რა იყო მიზეზი? დღის განმავლობაში ჰკითხეთ თავს: რომელი საქმეებია ყველაზე მნიშვნელოვანი? რა შემიძლია გავაკეთო არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად? როგორ გამოვიყენო დრო მაქსიმალურად სასარგებლოდ?

 

 

       გაზაფხულის გაკვეთილები

0

„ეს გაზაფხული

მე მოგიყვანე…“

ბესიკ ხარანაული

 

 

რაც გინდათ დაარქვით _ ეგოიზმი, გულაჩუყება, თუნდაც რამე უფრო მკაცრი და გაბრაზებული _ მაინც სხვანაირი გაზაფხულები მახსოვს მე და, იყო ეს გაზაფხულები ჩვენს ქალაქში, სოფლებში, ქვეყანაში და, ალბათ მთელ დედამიწაზე, იყო, ისევე როგორც ჩვენ ვიყავით იმ წარსულში და, გაზაფხულები კი, სწორედ იმ წარსულის წიგნში, საკუთარ თავს გვამახსოვრებინებდა.

ჩემი ბავშვობის გაზაფხულები _ სკოლის ფანჯრიდან, სახლის ფანჯრიდან,  აივნიდან დანახული და შესუნთქული!

დიდი, ლურჯი თვალებით შემოდიოდა, ზამთარგამოვლილი ხეების მკლავებით და ყინვისგან დამზრალი მიწის ნაფეხურებით, ყველგან ჰქონდა ადგილი _ მიწაზეც, ბალახზეც, ხეზეც, ცაშიც _ ყველგან მას უთმობდნენ ადგილს მის ფრთებს დანატრებული ადამიანები, მარტო ზამთარ- კი არა, _ ომგამოვლილი, უღელტეხილებგამოვლილი, სიკვდილგამოვლილი ადამიანები!

ჩემი სკოლის წინ, ზუსტად ჩემი საკლასო ოთახის ფანჯრების გასწვრივ  (9 წელი ამ ოთახში გავატარე, ერთ მერხთან, ადგილ და მეზობელ-მოუცვლელად), ალვების მწკრივი იყო, ალვების უკან _ დაქანებულ ფერდობზე, ნაძვები და მესამე რიგში კი ნუშები და ალუბლები ჩაეყარა თავის დროზე ვიღაცას, ვისაც ბუნების დღესასწაულის ცქერა ალბათ ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებდა და რატომღაც ასე გადაწყვიტა, ამ თანმიმდევრობით შეექმნა პატარა ბაღი, წელიწადის ოთხი სეზონის და ზედაც კიდევ მარადისობის ფერებით სავსე.

სწორედ ამ დამრეცი ბაღიდან ამოყოფდა ხოლმე თავს ჩვენი გაზაფხული, საკლასო ოთახის ფანჯრებზე ცხვირმიჭყლეტილები პირველად იმ ბაღის ნუშებს წავასწრებდით ახალგაფეთქილ კვირტებს, მერე ატმები მიყვებოდა, მერე ალაგ-ალაგ სამეზობლო სივცეებში – ტყემლები და ალუჩები (იყო ეს ხეები ჩვენს ქალაქში, ნამდვილად იყო!), ავტეხდით ერთ დავიდარაბას, ვინმე ძალიან სულაკაწკაწებული რტოსაც წაატეხდა ხოლმე რომელიმე აყვავებულ ხეს, შეყვარებულისთვის ან ვინმესთვის მისართმევად, ან, უბრალოდ, მუჭში დიდხანს გასაჩერებლად, რათა დაუღალავად ჩაეყნოსა და ჩაეყნოსა იმ კვირტების ბუტკოების თაფლი და ბადაგი.

მახოვს, პატარა მიწის ნაკვეთიც გვქონდა იმ ბაღის გადმოსწვრივ, სკოლის მეორე მხარეს, ტირიფების წკირებით კოხტად შემოსალტული დაბალი ღობე ერტყა გარშემო (ერთმა მასწავლებელმა თავის ხელით გააკეთა ის ღობე და ზოგიერთ მოსწავლეს ტირიფის ტოტებით მსგავსი სილამაზეების დაწვნაც ასწავლა); ჰოდა, ჩაგვიყვანდა ხოლმე შრომის მასწავლებელი იმ ნაკვეთში, გადაგვიშლიდა გაზაფხულისგან თავის კანში ვერდატეულ მიწას, როგორც კარგ წიგნს, გადაგვიფურცლავდა ნიჩბის პირით და, შევესეოდით ამ თბილორთქლიან, მაყვლისფერ წიგნის ფურცლებს და ვავლებდით ოხრახუშის, კამის, პიტნის წვრილ ხნულებს და ვწერდით მასში ჩვენს სიცოცხლისხელა ოცნებებს და ვდებდით მასში ჩვენს გულებს _ ახალთახალი გაზაფხულისგან, სიყვარულისგან, სულ ახალ-ახალი შეგრძნებებისგან აზანზარებულს და სიხარულის ცრემლებით სველს…

იყო დიდი ამბავიც, როცა მიწის ბელტის ქვეშ ნეშომპალით ნაკვებ ვარდისფრად დატიკნულ ჭიაყელებს ამოვატრიალებდით,  უცებ გაჩნდებოდა უწყინარი ლეგენდა იმაზე, რომ სადღაც, ამ ჭიაყელების, მატლების და ხოჭოების ქვეშ უფრო დიდი და საშიში არსებები ცხოვრობენ, რომ უფრო ღრმად თუ ამოვთხრით, შეიძლება ისეთ სანგრებსაც მივაგნოთ, ისეთ მღვიმეებს და სარკოფაგებს!.. და, მზეზე აფართხალებული, თითის სიგრძე ჭიაყელების ისტორიიდან იქმნებოდა ჩვენი პირადი მითოლოგია, თავის განუმეორებელი გმირებით და ანტიგმირებით, მითის კანონის თანახმად, ყოველივეს ეძლეოდა თავისი სახელი და, ამ თამაშებშიც იყო რაღაც სახიფათოც და გულუბრყვილოც, მტკივნეულიც და ბედნიერიც!..

ამასობაში ფრჩხილები მიწით გვევსებოდა, ყველაზე ნაზს და ფაქიზს ჩვენს შორის _ რომელიმე გოგოს ბებერებიც უჩნდებოდა თითის და ხელისგულის შესაყარზე, მუხლისთავებიც გვესვრებოდა, რადგან ახალი ბაღის გაშენება ჩვენგან დაჩოქებასაც ითხოვდა, მიწის შეხებას, მაგრამ, აბა ვინ ჩიოდა ამას _ წინასწარ თავბრუ გვეხვეოდა ჩვენი ნაჯაფის შედეგების წარმოდგენით _ როგორ ამოიზრდებოდა სულ ცოტა ხანში ამ მიწიდან ჩვენი დათესილი მცენარეები, როგორ მოვუვლიდით, კიდევ უფრო გავზრდიდით, მერე დავკრეფდით, მოვიწევდით, მერე…

იმ მცენარეებივით, იმ მიწის ნაგლეჯზე ჩვენც გვზრდიდით მაშინ, გაზაფხულის გაკვეთილებო!..

ახლა კი… ბევრი უნდა იარო, ქუსლები უნდა გადაიტყავო, ამ ქალაქში აყვავებულ ხეებს რომ შეეფეთო, გაზაფხულის მახარობლებს რომ შეხვდე! აღარც ის მხიარული მიწის ნაგლეჯებია სკოლის ეზოებში, აღარც დამრეცი ან სწორფერდა ბაღები, ზეცისკენ აწვდილი დედამიწის სიხარულები…

ან იქნებ, არის სადმე ისევ, იქნებ ისევ ტარდება რომელიმე სკოლის ეზოში შრომის, მიწის, გაზაფხულის გაკვეთილები? იქნებ ისევ ბაღებიდან მოდის პირველი შეტყობინება, მისი აღმატებულება _ გაზაფხულის მობრძანების შესახებ, ბაღებიდან და არა, ვთქვათ, ინტერნეტიდან? იქნებ ისევ ეთხვრებათ ახალთახალ მზის გულზე ატკარცალებულ გოგო-ბიჭებს ხელისგულები და მუხლისთავები, როცა თავიანთი მიწის ნაგლეჯებზე რგავენ, თესავენ, ისარგაყრილ გულებს დებენ და მოსამკელის მოლოდინით ინუსხებიან?

თუ ასეა, მაშ ნუ დაიზარებთ, გადაუღეთ ფოტოები ასეთ ბაღებს, ასეთ ნაკვეთებს, თქვენი ხელით გადაშლილ მიწის წიგნებს, ოხშივარიან ფურცლებს, თქვენი ხელით დარგულ და დათესილ სიცოცხლეებს და გამომიგზავნეთ, მე გაზაფხულებს ვაგროვებ, ვინ იცის, რისთვის გამოგვადგეს!..

ჩემი მისამართია _ ninia80@gmail.com

გაზაფხულის გაკვეთილების კურსდამთავრებული, ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური მოლოდინის მაგისტრი.

ბავშვის მოტორული განვითარება

0

„მოტორული განვითარება არის ბავშვის უნარი, სხვადასხვა ჯგუფის კუნთების ამოქმედებით შეასრულოს ესა თუ ის მოძრაობა. მოტორული განვითარება მოიცავს მსხვილ, ანუ უხეშ და წვრილ, ანუ დახვეწილ მოტორიკასა და სენსომოტორულ, ანუ მგრძნობელობით-მოძრაობით უნარებს.

  • მსხვილი მოტორიკა (უხეში მოტორიკა) არის ბავშვის უნარი, აკონტროლოს კიდურები და მსხვილი კუნთები, რომელთა საშუალებითაც იგი ახერხებს თავის დაჭერას, ჯდომას, სიარულს, სირბილსა და სხვა.
  • წვრილი მოტორიკა (ნატიფი მოტორიკა) არის ბავშვის უნარი, აკონტროლოს წვრილი, თხელი კუნთები (მაჯისა და თითების მომხრელი და გამშლელი კუნთები და თვალის სწორი და ირიბი კუნთები, რომლებიც განსაზღვრავენ მხედველობის მიმართულებას), რომელთა საშუალებითაც იგი ახერხებს თვალი გააყოლოს საგნებს, მოეჭიდოს სათამაშოს და სხვა.
  • სენსომოტორული (მგრძნობელობით-მოძრაობითი) ჩვევები გამოხატავს ბავშვის უნარს, გრძნობათა ორგანოების (მხედველობის, ყნოსვის, სმენის, გემოვნების, შეხების) გამოყენებით შეასრულოს გარკვეული მოძრაობები, შეძლოს კოორდინირება და გარემოს აღქმა თუ შეცნობა. სენსორულ-მოტორული განვითარების ერთ-ერთი საკვანძო ასპექტია თვალისა და ხელის კოორდინაცია”. (ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები. 2010).

მოტორული განვითარება გულისხმობს ბავშვების იმ უნარების ცვლილებებს, რომელიც ეხმარება მათ საკუთარი სხეულის მოძრაობის გაკონტროლებაში.  თუ ჩვილი თავდაპირველად სპონტანურად იქნევს ხელ-ფეხს, თანდათან ის სწავლობს გააზრებულად ხელის გაწოდებას, გადაადგილებას და ითვისებს რთულ სპორტულ ჩვევებს (Adolph, Weise, and Marin 2003, 134). ბავშვის მოტორული განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული მის პერცეპტულ, კოგნიტურ და სოციალურ განვითარებასთან. მისი სხეული, ტვინი და გამოცდილება ერთმანეთზე ახდენს გავლენას. წვრილი მოტორიკა მოიცავს ხატვის, წერის უნარებს, ასევე, ჩაცმისა და ჭამის ჩვევებს. სიცოცხლის პირველი 5 თვის განმავლობაში ჩვილები ცდილობენ თითების მეშვეობით მიიღონ ინფორმაცია გარემოდან. თავიდან ბავშვი საკუთარ ხელებს აღმოაჩენს, შემდეგ სხვა საგნებს, საკუთარ ფეხებს და ეს ყველაფერი პირისკენ მიაქვს შესაცნობად. ისინი თანდათან სწავლობენ დაგეგმვას – მისწვდნენ საგანს, აიღონ და დაღეჭონ, ხელის, თვალის და პირის მეშვეობით, როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთიანობაში. ბავშვების უმრავლესობას 8 თვისთვის შეუძლია ობიექტის გადატანა ერთი ხელიდან მეორეში, სქელფურცლიანი წიგნის გადაშლა.  მათ ძალიან მოსწონთ ორივე ხელში  ნივთების დაჭერა და ერთმანეთთან შეხებით კაკუნი. ტაშიც იგივე მიღწევაა. ზოგიერთი ბავშვი 12 თვის მერე იწყებს კოვზისa და ჭიქის გამოყენებას სხვების დახმარების გარეშე, მართალია, ამას აკურატულად ვერ ახერხებს, მაგრამ ეს ძალიან დიდი ნაბიჯია მისი დამოუკიდებლობის  განვითარებისთვის და გარშემომყოფების მხრიდან აუცილებელია მისი წახალისება.

წვრილი მოტორიკის განსავითარებლად მიეცით ბავშვს საშუალება, შეეხოს სხვადასხვა ზედაპირის მქონე საგნებს – ბალახს, ქვიშას, კენჭებს. 1 წლიდან  „ფაზლების”, მოზაიკის, სხვადასხვა სახატავი და საძერწი მასალით, კუბებით და კონსტრუქტორებით თამაში, მძივების აწყობა ეხმარება ბავშვებს ნატიფი მოტორიკის დახვეწაში და შემდგომში უზრუნველყოფს წერის უნარის განვითარებას.

მსხვილი მოტორიკა მოიცავს ისეთ უნარების განვითარებას, როგორიცაა გადაბრუნება, ჯდომა, ხოხვა, სიარული და სირბილი. თუ 2 თვის ბავშვის მიღწევა მუცელზე წოლისას თავის დაჭერაა, 8 თვის ბავშვების უმრავლესობას შეუძლია დაუხმარებლად დაჯდომა და თითქმის ყველა მათგანს, მისაყუდებლის გარეშე ჯდომა, მას შემდეგ, რაც მათ დაეხმარებიან მჯდომარე პოზიციის მიღებაში. ზოგს შეუძლია დგომა რამეზე ჩაჭიდებით, მას შემდეგ, რაც ფეხზე დააყენებენ. ზოგიერთი მათგანი თვითონ დგება. მცირე ნაწილს დადის კიდეც.  7-10 თვემდე ჩვილები იწყებენ ცოცვას, ჯერ მთელი სხეულით, შემდეგ ხელებზე და მუხლებზე დაყრდნობით. ეს არის მათი დამოუკიდებლად გადაადგილების პირველი მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, რომელიც შემდგომში დაეხმარება სიარულში, სირბილსა და ხტუნვაში. ცოცვის დროს ბავშვი ცდილობს ბალანსის დაცვას, რაც ასევე ეხმარება მას მსხვილი მოტორიკის შემდეგი ეტაპების დაძლევაში; ის ასევე უზრუნველყოფს ახლო მანძილზე მხედველობის ჩამოყალიბებას, რაც შემდგომში ნატიფი მოტორიკის განსავითარებლად გამოადგება, მაგალითად, კითხვისთვის, ხატვისთვის, წერისთვის.  შეიძლება ბავშვმა გამოტოვოს ეს ეტაპი და პირდაპირ გადავიდეს სიარულზე. იმისათვის, რომ უბიძგოთ მას ხოხვისთვის, საჭიროა პირველივე თვეებში ხშირად დააწვინოთ მუცელზე მღვიძარე, დაუდგეთ წინ და გაუღიმოთ, ფერადი ან ჟღარუნა სათამაშოთი მიიქციოთ მისი ყურადღება. როცა თავის კონტროლს ისწავლის, დაუფინეთ ხალიჩა მყარ ზედაპირზე და მისთვის საინტერესო ნივთები შემოუწყვეთ გარშემო. თანდათან ისწავლის გადაბრუნებას და გახოხდება სასურველი ნივთის მოსაპოვებლად. ამ ასაკში აუცილებელია მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, მაგალითად, ისეთი პატარა საგნების გადამალვა, რომლის გადაყლაპვა მათ შეეძლებათ ან ელექტრო ჩამრთველების დაცვა პატარა ცნობისმოყვარეებისგან.

როცა ბავშვი ისწავლის დგომას და სიარულს, ის განსხვავებულად დაინახავს გარემოს. მისი თვალთახედვის სამყარო გაფართოვდება. 12 თვის ბავშვს შეუძლია გაწიოს ხელისშემშლელი საგნები, გახსნას ყუთები,  შეძვრეს კარადებში, აიღოს ასანთის ღერები ცერა და საჩვენებელი თითების გამოყენებით, დაიჭიროს ბურთი ორივე ხელით და გადაუგდოს სხვას და ა.შ. იმისათვის, რომ ბავშვმა გაიგოს კონკრეტული ნივთის დანიშნულება, მას სჭირდება, რომ ის თვითონ გამოსცადოს, გააგოროს, ხელი ჰკრას, დააბზრიალოს. მიეცით ამის საშუალება, წაახალისეთ საწოლზე ასაძრომად, მაგიდის ქვეშ შესაძრომად. ეს მას დაეხმარება მიზნის მისაღწევად გეგმის შემუშავების და წონასწორობის შენარჩუნების გზების ძიებაში.

მოტორიკის განმავითარებელი სავარჯიშოები მნიშვნელოვანია ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის. ამიტომ აუცილებელია,  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ისეთი აქტივობების დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს აღსაზრდელების შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას. ისინი ხომ დღის უმეტეს ნაწილს სწორედ ბაგა-ბაღში ატარებენ. 2012 წელს გამოცემული პუბლიკაცია – მშობლისა და აღმზრდელის წიგნი „თამაშები და აქტივობები სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის” საჭირო რესურსია და კარგი იქნება, თუ ბევრი მშობელი და აღმზრდელი მასში აღწერილ თამაშებს ამ მიზნისთვის გამოიყენებს.

მსხვილი მოტორიკის განვითარებისთვის ღია ცის ქვეშ თამაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ხელშემწყობია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უფროსებმა, რაც შეიძლება ხშირად მისცენ ბავშვს ეზოში თამაშის საშუალება. ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქვიშაში თამაშს, ბურთის კენწვლას და ასკინკილით ხტუნვას არც თუ ისე მოკრძალებული ხიბლი აქვს.

 

 

ანტიდაბადება

0

ამ დღეებში მედიაში  სამწუხარო განცხადება გავრცელდა ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე  ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსთან მომხდარი ტრაგედიის შესახებ. 1981 წელს აგებულ შენობას ჩამოენგრა ბოლო სართულსა და სახურავს შორის არსებული გარე ფასადის ნაწილი, რომელმაც მშობლებთან ერთად მყოფ 12 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ეს ითვალისწინებს დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესისა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

12 წლის გოგონა მარიამ ხეჩინაშვილია, წარჩინებული მოსწავლე და საუკეთესო კოლეგის ერთადერთი შვილი, იმ ადამიანთა მსხვერპლი, ვინც თავის საქმეს პასუხისმგებლობით არ ეკიდება.

ამ გამზირზე გასულ წელს ჩამონანგრევით დაღუპულა სხვა მარიამიც.
მარადისობის არსებობის რღვევა, სხვანაირად – ანტიდაბადება,  ბუნების საწინააღმდეგო მოვლენაა, ის პათოლოგიური შემთხვევა, როდესაც წამავალი მომავალს სპობს ან თუნდაც მოსპობით ემუქრება.

ადამიანის აღქმის  საზღვრებს სცდება ამ მოვლენის შემზარაობა და ვერაფრით იგებ, რატომ უნდა გაიმეტოს უფროსმა თაობამ უმცროსი სიკვდილისათვის სწორედ ისე, როგორც ისააკი გაიმეტა აბრაამმა ან იეფთაემ  – ერთადერთი ასული. აგამემნონმა  – იფიგენია, ბორგნეულმა ჰერაკლემ  კი  შვილები ამოხოცა, მერე რა, რომ  გიგანტები ეგონა, დიოსკორემ – წმინდა ბარბარე მოიშორა, ევრიპიდემ კი მცირეწლოვნები გააწირვინა მედეას, მერიმემ ფორტუნატო – მატეო ფალკონეს, გოგოლმა ანდრია მოაკვლევინა ტარას ბულბას, ყაზბეგმა ონისე – ხევისბერს. ისტორიიდანაც გვახსოვს უსაშინლესი მაგალითები იმისა, თუ რა უმოწყალოდ ხოცავდნენ ძალაუფლებისთვის, ტახტისთვის, შიშისთვის, რწმენისთვის, იდეა-ფიქსისთვის უმცროს მემკვიდრეებს.

ქრისტესთვის ჩაქოლეს ცხრა კოლაელი ძმა, სურამელი ზურაბი კედელს ჩააშენეს, ძალმომრეობა კი ასობით ახალგაზრდის სისხლს ჩვენში თუ სხვაგან კვლავაც ხარბად ითხოვს.

თუ მავანი ხელისუფალი ივანე მრისხანესა ან აღმოსავლური იმპერიების მმართველებივით სიკვდილისათვის გაიმეტებს შთამომავლობას, ეს ანტიდაბადებაა და უნდა დაისაჯოს!

თუ მავანი ხელისუფალი თავისი დაუდევრობით, უპასუხისმგებლობით, მოუცლელობით, უვიცობით მომავალი თაობების სიკვდილის მიზეზი ხდება, ეს ანტიდაბადებაა. მისი შემოქმედი კი დემიურგის მტერია და მისგან ყოველთვის დაისჯება!

თუ საზოგადოების წევრი სიჩუმით, უმოქმედობით, კომფორმიზმით, კანონის დაუცველობით მავან ხელისუფალს უმოქმედობასა თუ უკეთურობაში ეხმარება და ამით თაობების სიკვდილის მიზეზი უნებლიედ თავადაც ხდება, ეს ანტიდაბადებაა!

თუ უდანაშაულო ბავშვი ქუჩაში ჩამოვარდნილი ბათქაშით იღუპება, ის არც ისააკი ყოფილა და არც იფიგენია. უბრალოდ, გაწირეს და არსებობის კანონი დაარღვიეს. ეს შემზარავი ანტიდაბადებაა, რომელიც აუცილებლად უნდა შევაჩეროთ!

ცრემლით, მოთქმით, ლოცვით, ვანუგეშებთ განა შვლმკვდარ დედას, რომელიც ფრანგული ენისა და მუსიკის პედაგოგია და მარიამის სკოლაში ასწავლის?!

განა მისდამი თქმული თითო თბილი სიტყვით შევაჩერებთ მარადისობის რღვევას?!  უამრავჯერ დავწერთ და გულს მოვიოხებთ?! თუ ჰაჯი უსუფივით დავაბრალებთ თავს ამდენი დამნაშავის არსებობას და პატიოსნებით, სამართლიანობით, მაღალი პასუხისმგებლობით, შრომით, გაფაციცებით დავბადებთ  ისეთი თაობას, რომელსაც ეყოფა ღირსება, რომ ჯიბეში დაუმსახურებლად პრემია კი არა, ხელფასიც არ ჩაიდოს, რომელსაც ეცოდინება, რომ გამუდმებული შრომა და თავგანწირვაა საჭირო თავისი და სხვების სიცოცხლის გადასარჩენად, რომელიც ალტრუისტი იქნება და ვერასოდეს ავნებს სხვას, ვერასოდეს დააბნელებს მზეს, რომელიც ხვალ ახალ მარადისობას გვაზიარებს და ერთით ნაკლები ან მეტი სხივით გაჩნდება ცაზე?!

 

 

 

 

 

 

 

 

 

მერციშოპი. რატომ მაინცდამაინც ფტალატებით?

0

ბილიკის იქეთ ტყე იწყებოდა. სწორედ იქ, მოსახვევში ულამაზესი გაზაფხული გამოჩნდა. გაიხედ-გამოიხედა და თოვლით დაფარული ენძელები დაინახა. დახმარება გადაწყვიტა. თოვლი ხელით გადაფერთხა. ზამთარი ზემოდან აკვირდებოდა და გაბრაზდა, ხელი აიქნია და იმისთანა ქარბორბალა დაატრიალა,  ენძელები მიწას გაერთხნენ. გაზაფხულმა ყვავილებს კალთა გადააფარა, მაგრამ რაღაც ეკალბარდს წამოედო და ხელი გაიჭრა. ჭრილობიდან სისხლის წვეთი გამოვიდა, ყვავილებს დაეცა და გააცოცხლა. ასე დამარცხდა ზამთარი. თეთრ თოვლზე წითელი სისხლი კი მერციშოპის ფერებია.

  • რა ლამაზი ამბავია, – ვიღიმები და გულზე დაბნეულ მერციშოპის ყვავილს თითით ვეფერები.

დამავიწყდა მეთქვა, კიშინიოვის აეროპორტში ვარ. ეს წუთია საზღვარი გავიარე და კარებშივე ორი ულამაზესი გოგონა დამხვდა. ერთმა ყვავილი შემაბნია, მეორემ ამბავი მომითხრო. ისიც მითხრეს, ყვავილი მთელი თვე უნდა ატაროთ, შემდეგ რომელიმე ხეს შეაბათ და სურვილი ჩაუთქვათო.

პირველი მარტია და მოლდოვა მერციშოპის დღესასწაულს აღნიშნავს. თითოეულ მგზავრსაც სწორედ ასე ხვდებიან.

დღესასწაული სათავეს რომის იმპერიის დროიდან იღებს, მაშინ ახალ წელს სწორედ პირველ მარტს, ღვთაება მარსის თვეს ზეიმობდნენ. მარსი არა მხოლოდ ომის ღმერთი იყო, მიწათმოქმედებას და ბუნების აღორძინებასაც  მფარველობდა. სწორედ ეს ორმაგი მიდგომაა მერციშოპში გამოსახული, სადაც თეთრი და წითელი შეგვიძლია ომს და მშვიდობას შევადაროთ.

ახლა უკან, ლეგენდაში უნდა დავბრუნდე და ახლებურად მოგითხროთ. მაშ ასე, ტყიდან გაზაფხული გამოვიდა, მიმოიხედა და რა დაინახა… მიწა, წყალი და საერთოდ გარემო ფტალატებით იყო დაბინძურებული…

რატომ მაინცდამაინც ფტალატებით?

ძალიან აქტუალური თემაა და ბოლო ათი წლის მანძილზე ყველა დონეზე განიხილება. ფტალატები ფტალმჟავას მარილები და ესტერებია.  დიდი რაოდენობით წარმოიქმნება, რადგან ჩანაცვლების ორი გზა არსებობს.  წლიურად  დაახლოებით ხუთ მილიარდ ტონას აწარმოებენ. წარმოებული ფტალატების 95% პოლიმერული მასალების წარმოებაში გამოიყენება, როგორც პლასტიფიქატორი, მაგრამ პლასტმასის ჩონჩხში არ შედის. ისინი პლასტიფიკატორები არიან, ანუ თავისუფლად გადაადგილდებიან. ამიტომ გარემოსთან შეხებისას, ძალიან იოლად მიგრირებენ.  ევროკავშირში გამოყენებული და წარმოებული ფტალატებია: დიმეთილ ფტალატი (DMP), დიბუთილ ფტალატი (DBP), დიეთილ ფტალატი (DEP), დი-2-ეთილჰექსილ ფტალატი (DEHP, DOP), ბენზილბუთილ ფტალატი (BBP) და ა.შ.  ყოველწლიურად მხოლოდ დიმეთილფტალატი 20 ტონა მოიხმარება და პოლიმერული მასალის ძირითადი კომპონენტია.

ადამიანის ორგანიზმზე, რა თქმა უნდა,  ცუდად მოქმედებს.  აქვთ აკუმულირების უნარი და ძირითადად ცხიმოვან ქსოვილში გროვდებიან. იწვევენ ჰორმონალური სისტემის რღვევას, აზიანებენ ღვიძლს, თირკმელებს, იწვევენ ალერგიას, ასთმას, კიბოს, ნერვული სისტემის აშლილობას. აფერხებენ ბავშვის განვითარებას.

ფტალატებს ყველგან შეხვდებით… საღებავებში, ლაქებში, ლამინატებში, სამედიცინო დანადგარებში, ბავშვის სათამაშოებში, პლასტმასის ჭურჭელში, საკვების კონტეინერებში, კაბელებში, მავთულის საფარველებში, პარფიუმერიაში და ა.შ.

ევროპაში, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში განსაზღვრეს, საშუალოდ ფტალატის რა რაოდენობას ღებულობს ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში.  აღმოჩნდა, რომ დღის საშუალო დოზა, გამოსახული მიკროგრამებში წონის ერთ კილოგრამზე -ყველაზე მეტი რაოდენობით ერთ წლამდე ბავშვებზე მოდის და კილოზე 380 მიკროგრამს შეიძლება მიაღწიოს; სამ წლამდე ბავშვს – კილოზე  183 უგროვდება; ათ წლამდე ბავშვებს – კილოზე  54. ქალის ორგანიზმში კაცთან შედარებით, გაცილებით მეტია. ის კილოზე 124-ს აღწევს, კაცებში კი – კილოზე 92. ეს გასაგებიცაა, რადგან ქალბატონები გაცილებით მეტ კოსმეტიკას იყენებენ და ხშირ შემთხვევაში არც კი ფიქრობენ, რატომ შეიძლება ღირდეს იაფი? იმიტომ ხომ არა, რომ ეკოლოგიურად სუფთა არ არის და, ფტალატების გარდა, სხვა ათას დამაბინძურებელს შეიცავს.

გარემოში მოხვედრისას ფტალატებზე ნიადაგში არსებული მიკროორგანიზმები მოქმედებენ, იწყება ჰიდროლიზი. შედეგად, წარმოიქმნება შხამი, ფტალის მჟავა.  ფტალის მჟავა-1,2 ბენზოლდიკარბონმჟავაა, ტერაფტალ და იზოფტალმჟავას იზომერია. პირველად, 1836 წელს, ფრანგმა ქიმიკოსმა ოგუსტ ლორანმა ნაფტალინის ტეტრაქლორიდის დაჟანგვით მიიღო. თავდაპირველად ორთოფტალმჟავა წარმოიქმნა და რადგან ლორანს ეგონა, რომ მიღებული ნივთიერება ნაფტალინის წარმოებული იყო „ნაფტალინის მჟავა“ დაარქვა. მოგვიანებით, შვეიცარელმა ქიმიკოსმა ჟან შარლ ჰალისარ დე მარინიაკმა მიღებული ნივთიერების ფორმულა განსაზღვრა და დაშვებული შეცდომაც აღმოაჩინა. ამის შემდეგ, ლორანმა ნივთიერებას თანამედროვე სახელი დაარქვა.

ფტალატები გარემოში აბიოტურ დეგრადაციაში ერთვებიან. სხვადასხვა ატმოსფერულ პირობებში ფტალატების ნახევრადდაშლის პერიოდი შემდეგია:

 

ფტალატები წლიური ჰიდროლიზი ატმოსფერული ფოტოლიზი, დღიური ფოტოლიზი წყალში, დღიური
DMP

DEP

DnBP

BBP

DEHP

DnOP

 

3,2

8,8

22

<0,3

2000

107

9,3-93

1,8-18

0,6-6

0,5-5

0,2-2

0,3-3

152-4380

152-4380

44-548

 

ყურადღება მიაქციეთ DEHP-ს, პოლიმერებში ყველაზე მეტად გამოიყენება და ჰიდროლიზით მისი ნახევრად დაშლის პერიოდი 2000 წელია. ატმოსფეროში ნახევრად დაშლა უფრო მცირე დროში ხდება. მაგრამ ფტალატები, სამწუხაროდ, არც ისე აქროლადები არიან. წყალსა და მიწაში მოხვედრისას მათი აქროლადობა ძალიან მცირეა. წყლის გარემოში ფოტოლიზია შესაძლებელია, მაგრამ ისიც საკმაოდ დიდხანს გრძელდება. თავადაც ხედავთ, რა მომწამლავებიც არიან, ამიტომ, 2013 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე ფტალატების გამოყენება აკრძალული ყოფილიყო, თუმცა ეს გეგმა ვერ განხორციელდა. ფტალატების გამოყენებაზე უარის თქმა, ძალიან, ძალიან ძვირი აღმოჩნდა.

თუმცა თავადაც შეგვიძლია  ფტალატების გამოყენება ოდნავ მაინც შევამციროთ:

  1. ერთი და იმავე პლასტმასის ბოთლიდან ორჯერ არ დალიოთ წყალი. ანუ, მეორედ და მით უმეტეს, უფრო მეტად არ გამოიყენოთ. უფრო მეტიც, ნაყიდი წყალი დალევამდე ისეთ ადგილას არ დადგათ, რომ მზე მიწვდეს;
  2. შეამცირეთ პროდუქტების გამოყენება, რომელთა შეფუთვაზე წერია სიტყვა „არომატიზატორი“, ფტალატები არომატიზატორების მდგრადობისთვის გამოიყენება. რთული არ არის, წაიკითხოთ, რა წერია შესაძენი პროდუქტის შეფუთვაზე;
  3. პროდუქტები უფრო მინის შეფუთვით შეიძინეთ და არა პლასტმასის შეფუთვით;
  4. თუ მაინც პლასტმასის შეფუთვით შეიძენთ რამეს, სახლში მინის ჭურჭელში გადაალაგეთ;
  5. ბავშვის სათამაშოები შეიძინეთ ეტიკეტზე წარწერით – „ფტალატების გარეშე“. დიახ, უფრო ძვირი იქნება, მაგრამ ჯანმრთელობას განა აქვს ფასი?
  6. იგივე ითქმის კოსმეტიკაზეც. კი, აქაც მეტს დახარჯავთ, მაგრამ მაშინ საერთოდ ნუ გამოიყენებთ, რადგან … მერწმუნეთ ფტალატები თქვენს სახეს, თმებს, რბილად რომ ვთქვათ, ავნებს.
  7. არ გამოიყენოთ პლასტმასის ჭურჭელი. აქ ერთი ნაცნობი მახსენდება. სახლი უძვირფასესი ჭურჭლით რომ აქვს სავსე, თავად კი პლასტმასის თეფშებზე ჭამს. ჩემს შენიშვნაზე, მიპასუხა – ჯანდაბა ჩემს მტერს, ამათ გატყდომას მირჩევნია, ისევ ეგ შენი ფტალატი ვჭამოო. მტერს მართლაც „ჯანდაბა“, მაგრამ ფტალატს შეჭამთ თუ არა, თქვენი გადასაწყვეტია.

საქართველოში ჩამოსულს მერციშოპის ყვავილი კვლავ მაბნევია. უნდა ვატარო ერთი თვე და შემდეგ რომელიმე ლამაზ ხეს შევაბა. სურვილიც უნდა ჩავუთქვა. რომ გითხრათ, ჩავიფიქრებ მსოფლიო ფტალატების გარეშე-მეთქი, მოგატყუებთ. თან აზრიც არ აქვს, მაინც არ ასრულდება, ძვირი ოცნება გამოვა ძალიან. ამიტომ, რაიმე უფრო იოლად შესასრულებელს ჩავუთქვამ, მერციშოპის რეპუტაციაც, რომ არ დაზიანდეს ძალიან.

ისე კი, გარემოს ქიმია დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ჩემს სტატიებში ამ პრობლემატიკაზე ხშირად ვწერ… მძიმე მეტალებზეც, მჟავა წვიმებზეც, სათბურის ეფექტზეც, სმოგზეც… კიდევ ბევრჯერ დავწერ.

…და ეს სტატიაც  „დასასრული არ არის. ის არც დასასრულის დასაწყისია. შეიძლება უფრო დასაწყისის დასასრული იყოს“ (ჩერჩილი).

 

 

SIMPLE- ფინური განათლების ხიბლი

0

რამდენიმე წლის განმავლობაში ფინეთში მცხოვრებმა ამერიკელმა მასწავლებელმა – ორი წიგნის: Lost in Finland და Teach Like Finland: 33 Simple Strategies for Joyful Classrooms ავტორმა და ბლოგერმა, ტიმ უოკერმა – დაადგინა, რატომ  ხიბლავს მსოფლიოს ფინეთის განათლების სისტემა. პასუხი ამ კითხვაზე უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა.

„19 წლის რომ ვიყავი და ჩემს ფინელ შეყვარებულს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ჩემი ცოლის სტატუსი, ჰელსინკში ჩავედი და მის ნათესავებს ვესტუმრე. პოტენციურმა სიდედრმა ეგრევე მკითხა: „რა მოგწონთ ყველაზე მეტად ფინეთში?“ დიდხანს არ მიფიქრია, ვუპასუხე, რომ ქვეყნის სიმარტივე მომწონდა. სიდედრი მოიღუშა. როგორც ჩანს, ასეთმა განმარტებამ გაანაწყენა, მაგრამ დავარწმუნე, რომ მის სამშობლოსადმი კრიტიკულად განწყობილი სულაც არ ვიყავი – ფინეთი ჩრდილოეთის ქვეყანაა. ამიტომ განვუმარტე, რომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საუნებისა და საზაფხულო აგარაკების რაოდენობამ, ახალბედა მშობლებისთვის აუცილებელი ნივთების სასაჩუქრე კომპლექტმა და ტყე-ველზე თავისუფლად გადაადგილების შეუზღუდავმა შესაძლებლობამ. ფინეთი ქვეყანაა, სადაც ადამიანებმა იციან, როგორ უნდა იცხოვრონ უბრალოდ და კარგად.

2013 წელს ბოსტონიდან ფინეთში გადმოვბარგდი. მაშინ ფინურ სკოლებზე არაჩვეულებრივ შეფასებებს ვისმენდი და მეგონა, რომ ამ ქვეყანას და მის წარმატებულ მოსწავლეებს საერთაშორისო აღიარება ძვირადღირებულმა სასწავლო აღჭურვილობამ და სწავლების უახლესი მეთოდების დანერგვამ მოუტანა. თუმცა, როგორც კი ჰელსინკში დაწყებითი სკოლის მასწავლებლად დავინიშნე, ეს მცდარი წარმოდგენა გამიქარწყლდა.

გავიდა დრო და ფინური განათლების სისტემის აღწერისთვის ექვსასოიანი აკრონიმი შევადგინე – SIMPLE (უბრალო). ის ასე იშიფრება: Sensible (გონივრული), Independent (დამოუკიდებელი), Modest (მოკრძალებული), Playful (მხიარული, თამაშ-თამაშით), Lowstress (დაბალსტერსიანი), Equitable (თანასწორუფლებიანი).

Sensible (გონივრული)ფინეთში მოსწავლეთა წარმატება რიგი საბაზისო მეთოდებით მიიღწევა. მაგალითად: სასკოლო დღის მანძილზე ყოველი 45 წუთის შემდეგ მოსწავლეები 15 წუთს ისვენებენ. მრავალი კვლევა ცხადყოფს, რომ ხანგრძლივი დასვენება სკოლაში ხელს უწყობს მოსწავლეთა აქტიურობას გაკვეთილის მსვლელობისას.

ფინეთი არის ქვეყანა, სადაც მოსწავლეებს, მათი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მიუხედავად, უფასო და ნოყიერ სადილს აჭმევენ. ასევე, უფასოა სკოლაში დაგეგმილი კლასგარეშე აქტივობები: ექსკურსიები, მუზეუმებში სტუმრობა და სხვა. უფასოა სახელმძღვანელოები, საკანცელარიო მასალა, ნოუთბუქები და პლანშეტები. საჭიროების შემთხვევაში ბავშვებს უფასოდ ემსახურება სკოლის ავტობუსი.

ფინური სკოლების 90% ჩართულია ეფექტიან პროგრამაში (KiVa), რომელიც  თანატოლებში ხულიგნობასა და სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგაა მიმართული.  საქმე ისაა, რომ სკოლის მასწავლებლები ბავშვების კონფლიქტებში ნაკლებად ერევიან და  ცდილობენ, ყველა მხარემ პრობლემა საუბრით მოაგვაროს. საკუთარი თავის სიტყვიერად დაცვას ბავშვები სკოლაში სწავლობენ. ფინეთში ბავშვებზე არ ამბობენ – „ეს სულელია, დებილია, იდიოტია, მას არაფერი ესმის“, აგრესიულ ბავშვზეც კი არავინ იტყვის, რომ ის აგრესიულია, იტყვიან, რომ ის „ზედმეტად აქტიური ან მოჩხუბარია“.

ფინეთის სკოლების 70% ნაციონალურ ინიციატივაში – „მოძრავ სკოლაშია“ ჩართული. პროგრამა ბავშვთა ფიზიკური აქტივობის გაზრდას ემსახურება.

Independent (დამოუკიდებელი) – ჰელსინკში ახალგადასული ვიყავი, როდესაც ბავშვებთან დაკავშირებულმა რამდენიმე ფაქტმა გამაოგნა. მცირე ასაკის ბავშვები უფროსების მეთვალყურეობის გარეშე ქალაქში მოძრაობენ. სკოლაშიც მასწავლებელი არავის დაჰყვება ფეხდაფეხ. მოსწავლეები თვითონ ჩადიან და სადილობენ სასადილოში. სკოლიდანაც მარტოები ბრუნდებიან შინ. მსგავსი რამ ჩემს ქვეყანაში არ ხდებოდა… ფინურ სკოლებში მასწავლებლები მოსწავლეებს ბევრ თავისუფლება ეძლევათ. მასწავლებელს შეუძლია ბავშვს პროექტის შესრულება დაავლოს, მაგრამ ამას ჩაბარების ზუსტი ვადა არ ჰქონდეს. არ აქვს მნიშვნელობა დედლაინს. სწავლების ასეთი პრაქტიკა არა მხოლოდ ადგება შემოქმედებით პროცესს, არამედ ბავშვს კრიტიკული აზროვნების უნარებსაც უვითარებს.

ფინეთის სკოლის სისტემა განთქმულია იმით, რომ მასწავლებელს, როგორც საქმის პროფესიონალს, უსაზღვროდ ენდობიან. კლასებში მასწავლებლებიც არ არიან რაიმეთი შეზღუდულები. ეს მათთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია და ერთ-ერთი მიზეზიც იმისა, რომ პროფესიაში დიდხანს დარჩნენ.

ბავშვის დამოუკიდებლობის საკითხი დღის წესრიგში სკოლამდე დგება. ის მარტო სეირნობს ეზოში, თვითონ ცდილობს ჩაიცვას ტანსაცმელი. მოზარდობის ასაკში, რასაკვირველია, დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რისკფაქტორები და „აკრძალული ხილის“ დაგემოვნების სურვილი ეზრდება, მაგრამ უფროსი თაობა ამის მოგვარებას არა დაშინებითა და ჩხუბით, არამედ საუბრებით, განმარტებებით ცდილობს. ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკების შეთავაზება ბავშვებისათვის კანონით იკრძალება.

მშობლებს მიაჩნიათ, რომ სკოლამ ბავშვს, დამოუკიდებლად ცხოვრება უნდა ასწავლოს. დამოუკიდებლად ცხოვრება კი საღ აზროვნებას უკავშირდება. აზროვნების უნარების განვითარება ფინური განათლების სისტემის ძირითადი ამოცანაა. სკოლაში არავის აინტერესებს საზეპიროების და ფორმულების დაზუთხვა. მთავარია, ბავშვმა ისწავლოს, როგორ უნდა ისარგებლოს ლექსიკონებით, ტექსტებით, ინტერნეტით, პლანშეტებით, ანუ იმ რესურსით, რაც მიმდინარე პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება.

Modest (მოკრძალებული) – როდესაც ფინეთში საცხოვრებლად გადავედი, მეგონა, რომ სკოლებში უახლოეს სასწავლო მეთოდებს გავეცნობოდი, კლასები საოცრად აღჭურვილი დამხვდებოდა ტექნიკურად, შენობები კი ბრწყინვალედ გარემონტებული იქნებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მსოფლიოში ყველაზე გამართული განათლების სისტემა სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო – ზედმიწევნით  კეთილმოწყობილი გარემოთი, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ სკოლების უმეტესობა მოკლებულია ამ ელემენტებს. რასაკვირველია, სწავლების მოწინავე მეთოდები, თანამედროვე გაჯეტები და გაპრიალებული სკოლის დერეფნები ფინეთშიც არის, მაგრამ ეს არ არის პირველხარისხოვანი. ფინეთში ყველაზე მთავარი დაბალანსებული სასწავლო გეგმა, კომპეტენტური მასწავლებელი და ის კეთილგანწყობილი სასკოლო გარემოა, რომელიც ბავშვებზე დადებითად ზემოქმედებს. ისინი სკოლაში თავს კომფორტულად გრძნობენ.

Playful (თამაშ-თამაშით)ფინეთში მშობელთა და მასწავლებელთა უმეტესობას მიაჩნია, რომ მცირე ასაკის ბავშვმა თამაშს დიდი დრო უნდა დაუთმოს. სამომავლოდ თამაში ხელს შეუწყობს ბავშვის სოციალურ, ემოციურ და ფიზიკურ განვითარებას. ბავშვების უმეტესობა სკოლაში შვიდი წლის ასაკში შეჰყავთ, მანამდე კი თუკი ბავშვი რაიმეს სწავლობს, მხოლოდ თამაშ-თამაშით.

თამაშით სწავლება დაბალ კლასებშიც გრძელდება. პირველი და მეორეკლასელები საშუალოდ დღეში სამ საათს სწავლობენ. გაკვეთილებს შორის მოკლე შესვენებები აქვთ. როგორც წესი, დღის მეორე ნახევარს ისინი გახანგრძლივებულ ჯგუფებში ატარებენ და დრო თამაშში გაჰყავთ.

ფინელ მოსწავლეებს საშინაო დავალებას იშვიათად აძლევენ. ბავშვებმა კარგად უნდა დაისვენონ, აქ ასეთი წესია. მშობლებმა შვილებთან ერთად გაკვეთილები კი არ უნდა ამზადონ, არამედ თავისუფალი დროის შემთხვევაში მშობლებთან ერთად იარონ მუზეუმში, ლაშქრობაში, აუზზე.

Low-stress (დაბალსტრესიანი) – ბევრ ფინურ სკოლაში ვყოფილვარ და რაც თვალში მომხვედრია, მშვიდი და უშუალო სასკოლო გარემოა. ფინელებმა იციან, რომ სტრესი უარყოფითად იმოქმედებს სწავლებაზე, დაბალსტრესული ატმოსფერო კი ერთნაირად მნიშვნელოვანი იქნება როგორც პედაგოგებისთვის, ისე  მოსწავლეებისთვისაც. მაგალითად, ყველა სკოლა ჩართულია სახელმწიფო ელექტრონულ სისტემა «Wilma»-ში, იგი ელექტრონული დღიურის მსგავსია, სადაც მშობლები პირადი კოდებით შედიან, პედაგოგები კი მისი მეშვეობით მშობლებს ეკონტაქტებიან ბავშვის გაცდენების, მისი სასკოლო ცხოვრების შესახებ. აქვე თავიანთ შენიშვნებს ტოვებენ: ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, ექიმი.

Equitable (თანასწორუფლებიანი)

ფინეთში პრაქტიკულად ყველა სკოლა საჯაროა, ძალიან ცოტას თუ ნახავთ კერძოს. ეს უზრუნველყოფს სწავლების მაღალ სტანდარტს. არ აქვს მნიშვნელობა, მოსწავლე ქალაქში ცხოვრობს თუ სოფლად, მას ყველგან აქვს საშუალება ისწავლოს კარგ სკოლაში, იყოს კვალიფიციური მასწავლებლების ხელში, მიჰყვეს გონივრულად შედგენილ სასწავლო გეგმას, აითვისოს ხარისხიანი სასწავლო მასალა და ნორმალურად იკვებოს სკოლის სივრცეში.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

 

 

 

შემაჯამებელი სამუშაოს ფორმა და ანალიზი

0

ქართული ენა და ლიტერატურა

გარკვეული სასწავლო მონაკვეთის შესწავლა-დამუშავების შემდეგ სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს მოეთხოვებათ შემაჯამებელი დავალებების ჩატარება. შემაჯამებელი სამუშაო ორივე მხარეს ( მასწავლებელსა და მოსწავლეს) უქმნის გარკვეულ წარმოდგენას – რამდენადაა დაძლეული სასწავლო ერთეული, რამდენად წარმოჩნდა სტანდარტით განსაზღვრული ცოდნა და/ან უნარ-ჩვევები სასწავლო წლის კონკრეტულ ეტაპზე.

ქართული ენასა და ლიტერატურაში შემაჯამებელი დავალებები უნდა ამოწმებდეს საგნის  სტანდარტით განსაზღვრულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. შესაბამისად, ფორმის თვალსაზრისით შემაჯამებელი სამუშაო შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს ზეპირმეტყველება, წერა თუ კითხვა.

გავრცელებულია მცდარი თვალსაზრისი, რომ შემაჯამებელი დავალების ერთადერთი ლეგიტიმური ფორმა წერითი ტესტური დავალებებია. ეს, ალბათ, გამოწვეულია იმით, რომ მასწავლებელს ხშირად სთხოვენ, შემაჯამებელი სამუშაოს წერილობით ანალიზს თან დაურთოს ჩატარებული შემაჯამებლის გასწორებული სამი ნიმუში ან ეს, შესაძლოა, ყველაზე მარტივი გამოსავალი იყოს რუტინული მოთხოვნის ფორმალურად დასაკმაყოფილებლად.

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ შემაჯამებელი სამუშაო გავხადოთ ერთდროულად ეფექტურიც და ეფექტიანიც? პასუხი მარტივია – უნდა გამოვიყენოთ მრავალფეროვანი ფორმები, რადგან დასმულ შინაარსობრივ ან ფაქტობრივ კითხვაზე 4 სავარაუდო პასუხიდან ერთ-ერთის მონიშვნა ნადვილად ფორმალური, არაფრისმომცემი და რუტინული საქმეა.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში შესაძლებელია შემდეგი ტიპის შემაჯამებელი დავალებების გამოყენება:

  • მხატვრული/არამხატვრული ტექსტის გაგება-გააზრება;
  • სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა;
  • არგუმენტირებული მსჯელობა კონკრეტული საკითხის/თემის შესახებ;
  • ზეპირი მოხსენების წარმოდგენა;
  • ესეს შედგენა;
  • პრობლემური საკითხის წარმოდგენა იმიტირებული სიტუაციის (მინისპექტაკლის, როლური თამაშის და სხვ.) საშუალებით;
  • გამომეტყველებითი კითხვა (ინდივიდუალური ან გუნდური);
  • ლიტერატურული სალონი;
  • ზეპირი გამოსვლის აუდიო ან აუდიოვიზუალური ჩანაწერის მოსმენა და შეფასება;
  • სხვა.

როგორც ვხედავთ, გარდა წერილობითი ფორმისა, მასწავლებელს შეუძლია კლასში ჩატარებულ დისკუსიას, მსჯელობას ან მინისპექტაკლსაც კი მისცეს შემაჯამებლის ფორმა.

ამ შემთხვევაში მასწავლებლებს უჩნდებათ კითხვა – როგორ მოვახდინოთ ჩატარებული შემაჯამებლის დოკუმენტირება?

თავდაპირველად გავეცნოთ სავალდებულო მოთხოვნებს, რომლებიც საერთოა ნებისმიერი ფორმით ჩატარებული შემაჯამებელი სამუშაოსთვის:

მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები:

დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს შეფასების ზოგადი რუბრიკა

ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების, პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით

10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე

მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შემოწმებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.

შემაჯამებლის ანალიზი – დოკუმენტირება

შემაჯამებლის ანალიზის წერისას მასწავლებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ხელთ ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი პროგრამის დოკუმენტი, სადაც კლასების მიხედვითაა გაწერილი სტანდარტი – წლის ბოლოს რა შედეგებს უნდა მიაღწიოს მოსწავლემ.

იმის მიხედვით, თუ რა ფორმა შეარჩია მასწავლებელმა, შემაჯამებლის წერილობით გაანალიზებისას ის მიუთითებს მიმართულებას და დაურთავს შესაბამის აღნიშვნას. მაგალითად, თუ მასწავლებელმა საშუალო საფეხურზე შეარჩია შემაჯამებლის ფორმა – ზეპირი მოხსენების წარდგენა – სტანდარტის თანახმად ეს შეესაბამება შემდეგ გრაფებს: ზეპირმეტყველება: ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე / ქართ. IX. 5. მოსწავლეს შეუძლია  დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება.

შეფასების რუბრიკის შედგენისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს სამსჯელო საკითხი, კლასში ჩატარებული სამუშაოები, კონკრეტული კლასის საჭიროებები. კარგი იქნება, თუ მასწავლებელი შეფასების რუბრიკას შეათანხმებს კლასთანაც. ნებისმიერ შემთხვევაში, შეფასების კრიტერიუმების წინასწარ გაცნობა მოსწავლეებისთვის საჭიროა.

სანიმუშოდ, გთავაზობთ ასეთ რუბრიკას:

  • მსჯელობის ორგანიზება (2 .);
  • არგუმენტაცია ტექსტობრივი მასალის გამოყენებით (2 .);
  • დამოუკიდებელი აზროვნებააზროვნების არაშაბლონურობა და ორიგინალურობა (2.);
  • ადეკვატური სტილისა და ლექსიკის შერჩევა (2 .);
  • ენობრივი გამართულობა (2 .).

 

რაც შეეხება დოკუმენტურ მასალას, რომელმაც უნდა დაადასტუროს ჩატარებული შემაჯამებელი:

ეროვნულ სასწავლო გეგმაში მეოთხე თავი მოსწავლის შეფასების სისტემას ეძღვნება. მეთვრამეტე მუხლში აღნიშნულია:

თითოეული მასწავლებელი ვალდებულია, შეაგროვოს და შეინახოს მის მიერ კლასში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია…მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული სამუშაოს რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული სამუშაოს ამსახველი ვიზუალური მასალა;

შემაჯამებელი – ტესტური დავალებების შემთხვევაში ეს, როგორც უკვე აღინიშნა, შესრულებული წერითი დავალებების გასწორებული ნიმუშებია.

სხვა ტიპის შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარების შემთხვევაში მასწავლებელს შეუძლია წარადგინოს ფოტო ან ვიდეოჩანაწერი, რაც დღესდღეობით დიდ სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს.

ცალკე საკითხია ის, თუ რამდენად მიზანშეწონილია  შემაჯამებელი სამუშაოს ანალიზი იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს მოეთხოვებათ მასწავლებლებს. რამდენად ამართლებს ეს საკმაოდ შრომატევადი სამუშაო მასზე დახარჯულ დროს, ენერგიას.

საინტერესო იქნებოდა კოლეგების გამოხმაურება ამ საკითხთან დაკავშირებით.

მკითხველთა კლუბი:  ჭიამაიების მწყემსის კვალდაკვალ

0

წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს  მსოფლიოში 2010 წლიდან აღნიშნავენ, ჩვენი ქვეყანა კი ამ საინტერესო წამოწყებას 2016 წლიდან შეუერთდა. ამ დღეს სკოლის ბიბლიოთეკის კარი ყველა მოსწავლემ შეაღო. მაღალ კლასებში პოტერიადას გულშემატკივრებმა ,,გაიმარჯვეს“, ზოგიერთ კლასში ბავშვებმა ერთმანეთს საყვარელი წიგნებიდან წაუკითხეს ნაწყვეტები, პატარა მკითხველების უმრავლესობამ კი  არჩევანი ,,სალამურას თავგადასავალზე“  შეაჩერა. სახლში მისულმა ვერ მოვისვენე და ჭიამაიების მწყემსის თავგადასავალს ისევ მივუბრუნდი. თან ვნატრობდი, ნეტავ ჩემი პატარა მსმენელებიც ამავე გზას დაადგებოდნენ-მეთქი.

აღარ მახსოვს, ,,სალამურას თავგადასავალი“ პირველად როდის წავიკითხე. ის პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი წიგნი მაინც იყო იმ თხზულებებს შორის, რომელიც კითხვის უნარების სრულფასოვნად დაუფლების შემდეგ დავაგემოვნე. თავად წიგნის ავტორზე იმდენად მწირი ინფორმაცია მქონდა, რომ მის შესახებ წარმოდგენა მისივე წიგნების დახმარებით შევიქმენი. თუმცა ორიოდე სიტყვით მაინც შევეხები ამ შესანიშნავი მწერლის ცხოვრების ცალკეულ დეტალებს.

სულაკაურების ოჯახის თითოეულმა წევრმა საკმაოდ საინტერესო ცხოვრების გზა გაიარა. არჩილი თბილისში, 1927 წლის 15 თებერვალს დაიბადა. მტკვრის სანაპიროსთან ახლოს გაზრდილ მომავალ მწერალს ძალიან უყვარდა თავისი უბანი, თურმე მტკვარში ხშირად ცურავდა და ნავსაც ოსტატურად მართავდა. არჩილის მამა – სამსონ სულაკაური კინოსცენარისტი და ქართული კინოდრამატურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახლდათ. მისი სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმებიდან ერთ-ერთმა – ,,იბრაჰიმი და გოდერძი“ (1927წ.) სახელი გაუთქვა ადრეული წლების ქართულ კინოს. სამსონ სულაკაურმა 15 წელი გაატარა გადასახლებაში, არჩილის დედამ კი შვილები მეუღლის მხარდაჭერის გარეშე გაზარდა. ქ-ნი ქეთევანის შეუპოვრობის წყალობით, სამსონის ვაჟები საზოგადოების ღირსეულ წევრებად იქცნენ. არც არჩილის ძმა დარჩენილა ,,კადრს მიღმა“.  კარლო სულაკაურს საზოგადოება თოჯინური ფილმების წყალობით იცნობს ( ,,სიკო და ნიკო“, ,,შადრევანი“, ,,საზამთრო“, ,,ბომბორა“ და სხვ.).

რაც შეეხება არჩილ სულაკაურს,  იგი სტუდენტობის წლებიდან ირიცხებოდა უნივერსიტეტის ლიტერატურულ წრეში და მისი ლექსები უნივერსიტეტის ალმანახში სისტემატურად იბეჭდებოდა. პირველმა კრებულმა დღის სინათლე 1951 წელს იხილა. მოგვიანებით, ახალბედა პოეტი ჟურნალ ,,მნათობში“ სიმონ ჩიქოვანმა მიიწვია. სწორედ ამ პერიოდში დაწერა არჩილმა პირველი მოთხრობა –  ,,ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფიან“, რომელმაც საკმაოდ დიდი ,,ხმაური“ გამოიწვია. მოთხრობა გააკრიტიკეს, გაარჩიეს, თარგმნეს… მეტსახელიც კი შეარქვეს – „სამოციანელთა თაობის  პირმშო“. ამას გარდა, ინსცენირებული მოთხრობა წლების განმავლობაში წარმატებით იდგმებოდა მარჯანიშვილისა და რუსთაველის სახელობის თეატრებში.

1971 წლიდან  არჩილ სულაკაური გამომცემლობა „ნაკადულს“ ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით ბევრი მნიშვნელოვანი წამოწყება განხორციელდა ( ითარგმნა საბავშვო ნაწარმოებები, გამოიცა სერიები გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრების შესახებ, დაიბეჭდა „ქართული პოეზიის“ ჩვიდმეტტომეული და სხვ.). მწერალი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა საბავშვო ლიტერატურას და ბავშვის სულიერ აღზრდას, რასაც წერილების მთელი სერიაც კი მიუძღვნა ( „ბავშვებს საუკეთესო წიგნები“ („თბილისი“ 1973წ.), „სკოლაში ბავშვის აღზრდაზე სკოლამ უნდა იზრუნოს“ („სახალხო განათლება“ 1997წ.) და ა.შ.).

ამ წერილების შემდეგ გასაკვირი არც იყო, რომ არჩილი თავისი კალმის ძალას საყმაწვილო ლიტერატურაშიც მოსინჯავდა. პირველი მერცხალი პოემა –  „თავნება ბაჭიები“ (1955წ.) იყო. ზღაპარი  ,,სალამურას თავგადასავალი“  ჟურნალ ცისკარში (1967 წ.) იბეჭდებოდა. წიგნს, რომელიც ქართული საყმაწვილო პროზის ნამდვილ მარგალიტად იქცა, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია 1971 წელს მიენიჭა. კარლო სულაკაურმა ძმის მიერ დაწერილი ზღაპრის მიხედვით თოჯინური ფილმი გადაიღო. მოგვიანებით კი, პატარა მწყემსების მეგობრობის გულის ამაჩუყებელი ისტორია რუსთაველის თეატრის სცენაზე დაიდგა. არჩილ სულაკაურის თხზულებებით ,,ქართული ფილმიც“ დაინტერესდა. მალე ეკრანებზე გამოჩნდა: ,,ერთი ცის ქვეშ“ (1961წ.), ,,ბიჭი და ძაღლი“ (1971წ.) და ,,ზღარბი“ (მოთხრობის ,,ზევით და ქვევით“ მიხედვით, 1979წ.).

როგორც ზემოთ აღვნიშნე, პატარა მკითხველთა უმრავლესობამ წელს ხმამაღლა წასაკითხად შეთავაზებული წიგნების ჩამონათვალიდან  ,,სალამურას თავგადასავალი“ აირჩია. ასე ვაჩუქეთ ერთმანეთს ქონდარეთის უფლისწულის უცნაურ სიზმარში გასამგზავრებელი ბილეთი.

 

ახალბედა მკითხველებს, წიგნის საინტერესო სიუჟეტის გარდა, ქონდარეთისა და თოკზე მოსიარულეთა ქალაქის ბინადრების, მოკრივეებისა და პოეტების  გამოცანა-სახელებიც ხიბლავთ.  მათი წყალობით გამოუცდელ თვალსაც არ გაუჭირდება პერსონაჟის ნამდვილი სახის დანახვა.

ამბობენ, სახელგანთქმული მოგზაურიც რომ იყოთ, ამ ქვეყანას ვერსად აღმოაჩენთო. მწერალი კი გვარწმუნებს, რომ ქონდარეთი ნამდვილად არსებობდა. თუმცა მაშინ სხვა დრო იყო და  მთელი დედამიწა მხოლოდ ზღაპრული ქვეყნებით იყო დასახლებული, სადაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ზღაპრის გმირები ცხოვრობდნენ.

თუ რომელიმე მსმენელი ქონდარეთის ზუსტი კოორდინატებით დაინტერესდება, შევახსენებ, რომ შორს, ,,მაღალი მთებიდან ბარისკენ მოიჩქაროდა ატეხილ ჭალებში ჩაფლული მდინარე ჩქაფუნა. მთის მდინარე როგორც კი ბარში ჩამოვიდოდა და გაივაკებდა, ორად იტოტებოდა. სწორედ ამ ტოტებს შორის იყო მოქცეული ქონდრისკაცების ულამაზესი ქვეყანა.“ და თუ პატარა მოგზაური ასეთ შორ გზასაც არ შეუშინდება, მაშინ მან უფლისწულ ქონდარუხისა და  გრძელცხვირა ქონდართუხუცესის ზრახვებს შეწირული ციცინათელების მზეთუნახავისთვის კუთვნილი მზის ამოსვლის დასაბრუნებლად, ცხრა მთას თუ ქალაქს იქით, სხვადასხვა დაბრკოლებას თავდაღწეულ სალამურასთან ერთად, ჯერ თოკით მოსიარულეთა ქალაქში შეძენილი პირველი მეგობარი, ფოსტალიონი სირბილა უნდა დაკარგოს და ალე ჰოპის ,,სწავლის მწარე ძირი“ უნდა იგემოს ( ,,მეგობრის“ ღალატის გემოზე აღარაფერს ვიტყვი). საჯილდაო ქვად გადაქცეულ სალამურას მიდი მოადეს მძიმე მუშტის გაძლება უსურვოს, შემდეგ კი ხელსაყრელი დროის იმედად დარჩეს. მოგვიანებით, სხვისთვის განკუთვნილი ყვავილების ზღვაში  ჩაკარგული ჭიამაიების მწყემსი 23 დამწვარი ლექსის ავტორის, ჰილარიო ბუერას ახალგაზრდა მეუღლეს შეახვედროს და კვანტი დაუდეს გასათავისუფლებლად დარაზმული დაჰკა-დაჰკას, ცომი ზელიასა და სხვა ქონდარელების გული ქარბორბალას დამარცხებით მოაგებინოს, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ,,ციხე შიგნიდან ტყდება“ და ,,რაზაც“ მოწინააღმდეგის ძალის  სალამურას მოხერხებულობასთან ,,დამეგობრების“ შედეგად აიხსნება. მხოლოდ ასეთი რთული გზის გავლის შემდეგ იხილავს მკითხველი მზის სინათლეს ზღაპრის სამყაროში:

,,ჯერ ჰორიზონტი მტრედისფრად განათდა. მერე ნელ-ნელა დიდი, ლამაზი, ოქროსფერი მზე ამოიწვერა. მწყემსმა ბიჭუნამ სალამურს ჩაჰბერა და მზის ამოსვლისა დაუკრა.

მზის ამოსვლისთანავე გარშემო ყველაფერმა იცვალა ფერი. მწვანესა და ლურჯს ოქრო შეერია და უფრო მეტი ბრწყინვალებით ააელვარა. ბაიას მოეჩვენა, რომ ქვეყანა ჯადოსნური ხმებით აივსო. სალამურის ხმას ტყეებიდან , მინდვრებიდან, ზეციდან ათასგვარი ჰანგი ერწყმოდა. ამ ჰანგებით მგალობელი ჩიტები ესალმებოდნენ გათენებას . ბაიამ სახესა და სხეულზე მზის თბილი სხივების შეხება იგრძნო, ნეტარებით შეიშმუშნა და მზეს გაუღიმა.

სალამურა მიხვდა, ბაია არასოდეს ყოფილა ასეთი ბედნიერი. უფრო მეტი გატაცებით ჩაჰბერა სალამურს და საოცრად კმაყოფილმა გადახედა ქონდარეთს, საიდანაც ათასი წყვილი თვალი მისჩერებოდა. ქონდარელებიც ბედნიერები იყვნენ.“

საზღაპრეთს მიღმა კი, ,,ჭიამაიების მწყემსის“ საწერ მაგიდასთან გათენებული ღამეების მუსიკა ჟღერდა:

,,არა იმიტომ, რომ დავიღალე

და  მინდა, ძილში მოვითქვა სული.

ო, ღმერთო, ერთხელ მაჩვენე კიდევ

ძველი სიზმარი,

ო, ერთხელ, ვიდრე

მარადიული ძილი მეწვევა,

ვიდრე ჯერ კიდევ შემიძლია გამოღვიძება.“

გაცვლითი პროგრამის მონაწილე მოსწავლეების შთაბეჭდილებები (მეორე ნაწილი)

0

 

გთავაზობთ ახალგაზრდა ამერიკელი მკვლევრის, ფულბრაითის სტიპენდიანტის, გერმანიაში მომუშავე დოქტორანტ ქორი დაიკის შთაბეჭდილებებს გერმანული სკოლის შესახებ:

„რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტე, ამერიკელებისთვის მომეთხრო იმ განსხვავებათა შესახებ, რომლებიც ამერიკულ და გერმანულ სკოლებსა და, საზოგადოდ, სასკოლო სისტემებს შორის არსებობს. გერმანიაში რამდენიმეწლიანმა სწავლამ, მერე კი ასისტენტის პოზიციაზე მუშაობამ საშუალება მომცა, საკუთარი თვალით მენახა სკოლის ყოველდღიური მუშაობა გერმანიის ერთ ჩვეულებრივ სკოლაში. ქვემოთ მოყვანილი საკითხების ჩამონათვალი ასახავს ჩემს გამოცდილებას გერმანულ რეალშულეში (მეორე საფეხურის სკოლა, რომელიც მოიცავს მე-5-10 კლასებს; მე-10 კლასის დასრულებისას გერმანელი მოსწავლე იღებს რეალშულეაბშლუსს (Realschuleabschluss) –რეალშულესდამთავრების დამადასტურებელ დიპლომს, რის შემდეგაც შეუძლია დაეუფლოს რომელიმე პროფესიას ან განაგრძოს სწავლა სკოლა-გიმნაზიაში უმაღლესი განათლებისთვის მოსამზადებელი სპეციალური პროგრამით. ორი წლის შემდეგ მოსწავლე აბარებს გამოცდას, ე.წ. აბითურს (Abitur), რომლის შედეგებზეც არის დამოკიდებული მისი მიღება (უკვე უგამოცდოდ) რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში – ლ.ა.).

 

როგორც ხედავთ, გერმანული სისტემა ცოტათი განსხვავებული და უფრო რთულია, ვიდრე ამერიკული ჰაი-სქულებისა. კერძოდ, Hauptschule და Realschule უფრო იმ ახალგაზრდების მოსამზადებლად მუშაობენ, რომლებსაც სკოლის შემდეგ პროფესიის შესწავლა აქვთ განზრახული და უნივერსიტეტში არ აპირებენ სწავლის გაგრძელებას, აკადემიურ კარიერაზე არ ფიქრობენ. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ე.წ. „პროფსასწავლებლებისთვის“ სწავლა, ეს უფრო შეგირდობისთვის მომზადებაა, რომელსაც მოსწავლე სკოლის დამთავრების შემდეგ იწყებს.

დავუბრუნდეთ განსხვავებებს, რომლებიც ამერიკულ და გერმანულ სკოლებსა და, საზოგადოდ, სასწავლო პროცესებს შორის დავინახე:

 

1) რელიგია და სკოლა

ხშირად გაიგონებთ, რომ ამერიკა ძალიან რელიგიური ქვეყანაა (ყოველ შემთხვევაში, მისი ზოგიერთი ნაწილი), თუმცა რელიგიის გავლენა, როგორც მე დავინახე, გერმანულ სკოლებში უფრო დიდია, ვიდრე ამერიკულში.

აშშ-ში, მიუხედავად ჩვენი რელიგიურობის შესახებ გავრცელებული სტერეოტიპებისა, სახელმწიფოსა და ეკლესიის გაყოფის კონცეფციას და პოლიტკორექტულობას უფრო სერიოზულად აღიქვამენ, ვიდრე გერმანიაში.

სახელმწიფოსა და ეკლესიის გაყოფა ნათლად ჩანს, როდესაც საქმე საჯარო სკოლებს ეხება. ვინაიდან საჯარო სკოლებს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს, შეუძლებელია, მთავრობამ ხელი შეუწყოს რომელიმე რელიგიას და სკოლაში მის გავრცელებას. პოლიტკორექტულობისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სკოლის ყველა მოსწავლე არ არის ქრისტიანი, სკოლების დიდი ნაწილი ცდილობს, ქრისტიანული დღესასწაულები ან უქმეები რელიგიურად ნეიტრალური „არდადეგებით“ ან „სეზონური დღესასწაულებით“ ჩაანაცვლოს. ეს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ არაქრისტიანი ან არარელიგიური მოსწავლეებისთვის ქრისტიანული დღესასწაულების თავს მოხვევა.

გერმანიაში ასე არ არის. მე ქალაქ ფულდის საჯარო სკოლაში ვმუშაობდი და საკლასო ოთახის კედელზე ჩამოკიდებული ჯვარცმა იქ ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ.

ცხადია, ისიც უნდა ითქვას, რომ ფულდა კათოლიკური ქალაქია და დანარჩენი, არაკათოლიკური გერმანიისგან განსხვავდება – პროტესტანტულ გერმანიაში ჯვარცმა საკლასო ოთახებში არ უკიდიათ, მაგრამ ეს ფაქტი, საჯარო სკოლის საკლასო ოთახში ქრისტიანული სიმბოლოს საჯარო დემონსტრაცია, საზოგადოდ, გერმანიისთვის ნამდვილად არ არის უჩვეულო რამ.

როგორც გერმანელებმა მითხრეს, ჯვარცმის დატოვება–ჩამოხსნის თაობაზე დისკუსია რამდენიმეჯერ გაიმართა, მაგრამ რეალობაში არავის გაუპროტესტებია საკლასო ოთახებში მათი არსებობა. ასე რომ, ისინი დატოვეს. წარმოდგენაც კი მიჭირს, ამერიკაში ასეთ დისკუსიას რა ვნებათა ღელვა მოჰყვებოდა.

ისიც აღსანიშნავია, რომ რელიგია ყველა გერმანულ სკოლაში (მეორე საფეხურის საშუალო სკოლებში) ძირითადი საგანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეს მისი აღება მოეთხოვება.

ჩვეულებრივ, გერმანიაში რელიგიის გაკვეთილები ასე ტარდება: კათოლიკე მოსწავლეები კათოლიციზმის კლასს ესწრებიან, პროტესტანტები (გერმ. Evangelisch) – პროტესტანტიზმისას, ხოლო მოსწავლეები, რომლებიც არც ერთ ამ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან, ეთიკის გაკვეთილებზე დადიან.

მე, ამერიკელს, ეს უცნაური მეჩვენება. არ მესმის, რატომ უნდა იყოს რელიგიური საგნები, მათემატიკისა თუ ისტორიის მსავსად, სკოლის სასწავლო პროგრამის ნაწილი. ჩემი აზრით, თუ მოსწავლეს საკუთარი რელიგიის შესწავლა სურს, შეუძლია, ეს ეკლესიის დახმარებით გააკეთოს და არა საჯარო სკოლაში, რომელიც სახელმწიფო სახსრებს ხარჯავს. ყოველთვის, როცა კი გერმანელებთან ამ სისტემის უცნაურობაზე (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის მაინც) ჩამომიგდია სიტყვა, მივმხვდარვარ, რომ ეს მაინცდამაინც არ ადარდებდათ – შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სკოლაში რელიგიის სწავლების მიმართ ჩემი დამოკიდებულება უფრო აკვირვებდათ.

 

2) სასწავლო დღის სტრუქტურა გერმანულ სკოლაში

ამჯერად ჩემი გამოცდილება გერმანულ რეალშულეში სწავლებით შემოიფარგლება – ქალაქ ფულდის სკოლაში დღის სტრუქტურა და ხანგრძლივობა შესაძლოა ცოტათი განსხვავებული ყოფილიყო, მაგრამ, საზოგადოდ, ის ტიპურია გერმანიისთვის.

ჩემს სკოლაში სასწავლო დღე დილის რვა საათზე იწყებოდა და, წესისამებრ, 12:30-ზე მთავრდებოდა, ზოგჯერ – უფრო გვიანაც, თუმცა არა უგვიანეს 14:00 სთ-ისა. სასწავლო დღის ხანგრძლივობა კვირის დღესა და სასწავლო განრიგზეა დამოკიდებული. მაგალითად, მოსწავლეებს შესაძლოა ჰქონდეთ ინგლისური ენის გაკვეთილი ორი საათის განმავლობაში ორშაბათ დილას, სამშაბათს კი ის საერთოდ არ ჰქონდეთ და დილა ისტორიის გაკვეთილით დაიწყოს; შესაძლოა, ხუთი გაკვეთილი ჰქონდეთ ოთხშაბათს, ხოლო ხუთშაბათს – ექვსი.

ამ გარემოებებმა ჩემი სამასწავლებლო განრიგი საკმაოდ გაართულა. მისი შედგენა განსაკუთრებით მიჭირდა, როდესაც გაკვეთილების განრიგი სკოლის მასშტაბით იცვლებოდა ხოლმე. გაკვეთილებს შორის შესვენებები ხუთწუთიანია (აშშ-ს მსგავსად), მაგრამ ეს შესვენებები მასწავლებლებისთვის უფროა, ვიდრე ბავშვებისთვის. ეს იმიტომ, რომ მასწავლებლები იცვლიან საკლასო ოთახებს და არა მოსწავლეები  – ყოველი კლასი მუდმივად ერთ ოთახში რჩება.

როდესაც ვამბობდი, რომ კლასებისა და მასწავლებლების როტაციას ჩვენ სხვანაირად ვაგვარებთ და ყოველ მასწავლებელს თავისი ოთახი აქვს, გერმანელები სევდიანად გამომხედავდნენ ხოლმე და ამოიოხრებდნენ: „რა კარგი იქნებოდა, ჩვენთანაც თქვენსავით ყოფილიყო…“

კიდევ ერთი განსხვავება ის არის, რომ ამერიკული სკოლების სასკოლო ოთახები უფრო მრავალფეროვანია და მორთულია ნახატებით, პლაკატებით თუ დეკორაციებით.

აშშ-ში, მაგალითად, ფრანგულის მასწავლებელს აუცილებლად ექნება თავისი საკლასო ოთახი, მორთული საფრანგეთის ფოტოებით, დროშითა თუ რუკებით, ფრანგული ენის გრამატიკული სქემებით და ზმნების უღლების მაგალითებით. გერმანულ სკოლაში კი, ვინაიდან ერთი საკლასო ოთახი სხვადასხვა საგნის გაკვეთილებისთვის გამოიყენება, საუკეთესო შემთხვევაში, უცხო ენის გაკვეთილზე ერთ გრამატიკულ პოსტერს თუ ნახავთ. ეს, ჩემი აზრით, არასწორია. ვინაიდან მოსწავლეები მუდმივად ერთ საკლასო ოთახში არიან, სასკოლო კარადა-თაროები (ე.წ. ლოკერები (ამერიკ.), მცირე კარადები მოსწავლეთა პირადი ნივთებისათვის – ლ.ა.) გერმანულ სკოლებში საერთოდ არ არის. ფულდის სკოლაში მსგავსი რაღაც იყო შორეულ კუთხეში, მაგრამ არასოდეს მინახავს, ვინმეს გამოეყენებინოს – გერმანელ მოსწავლეებს თავიანთი წიგნები, რვეულები თუ სხვა ნივთები ჩანთებში უწყვიათ, ხოლო ჩანთები – მერხებში.

როგორც ჩანს, გრძელი ჰოლი კედლების გასწვრივ განლაგებული ლოკერებით წმინდა ამერიკული სასკოლო სტერეოტიპია.

 

3) მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა

ეს თავი უფრო ძნელი დასაწერი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა, რადგან მკაფიო მაგალითების მოყვანა ვერ შევძელი. მოყვანილი მაგალითები უფრო ზოგად შთაბეჭდილებებსა და ჩემს მოგონებებს ეფუძნება.

მოკლედ თუ ვიტყვით, გერმანიაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების ურთიერთობა უფრო რბილი და ნდობაზე დამყარებულია, განსაკუთრებით – მაღალ კლასებში. ჰო, მინდა, კიდევ ერთი რამ აღვნიშნო: მასწავლებლებისთვის გერმანიაში დრესკოდი არ არსებობს. მათი უმეტესობა ჯინსებითა და მეტ–ნაკლებად კოხტა პერანგებით დადის გაკვეთილებზე. მახსოვს მამაკაცი მასწავლებლები, რომლებიც საკლასო ოთახში ჯინსის შორტებითაც შემოსულან. ამერიკულ სკოლაში ასეთი რამ წარმოუდგენელია. ვფიქრობ, ასეთი დრესკოდი სკოლაში ნაკლებად დაძაბულ და უფრო სოციალურ გარემოს ქმნის, რაც სრულიად განსხვავდება აშშ-სგან, სადაც მასწავლებლებს აუცილებლად „მასწავლებლისთვის შესაბამისად“ უნდა ეცვათ და განსხვავდებოდნენ მოსწავლეებისგან.

ალბათ, სკოლებში არსებული ამ ატმოსფეროს დამსახურებაა ისიც, რომ მოსწავლეთა ზოგ ისეთ საქციელს, რაც აშშ-ში დაუშვებლად მიიჩნევა, გერმანელი მასწავლებლები უფრო მსუბუქად უყურებენ. მაგალითად, თუ მოსწავლემ გაკვეთილზე შესვლა ზარის დარეკვამდე ვერ მოასწრო, ის ჩვეულებრივ შევა საკლასო ოთახში და მასწავლებელს ეტყვის: „მაპატიეთ დაგვიანებისთვის“, ან „მაპატიეთ, თუ შეიძლება, ჩამეძინა“ – და მერხს მიუჯდება. მასწავლებელი თვალებს გააფართოებს, შესაძლოა, რაიმე კომენტარიც დაურთოს, მერე კი გაკვეთილის ახსნას გააგრძელებს. აშშ-ში მასწავლებლების უმეტესობა ზარის დარეკვისთანავე კეტავს საკლასო ოთახს, რაც ნიშნავს, რომ დაგვიანებულმა მოსწავლემ კარზე უნდა დააკაკუნოს შემოსვლის უფლების მისაღებად. უფრო მეტიც – დაგვიანებისთვის ამერიკელი მოსწავლე, ჩვეულებრივ, ამა თუ იმ სასჯელს იღებს – გერმანიაში ასეთი რამ არ ხდება.

თუ მასწავლებელმა მოსაწავლეებს ძნელი ან არასასურველი დავალება მისცა, მოსწავლეები ხმამაღლა გამოხატავენ უკმაყოფილებას, რაც შემდგომ მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ხუმრობანარევ დიალოგში გადაიზრდება ხოლმე.

ჩემი ამერიკული გამოცდილებით, ამერიკელი მასწავლებლები ასეთ დისკუსიას არც კი დაუშვებდნენ და მას ხელის შეშლად განიხილავდნენ, რაც შესაძლოა მოსწავლისთვის კიდევ უფრო დიდი ან რთული დავალების მიცემით დასრულებულიყო.

გარდა ამისა, გერმანიაში ნათლად დავინახე ისიც, რომ მასწავლებლები მოსწავლეებს გაცილებით მეტ თავისუფლებას და არჩევანს აძლევენ, რეგულარულად სთხოვენ,  გაუზიარონ მას თავიანთი დამოკიდებულება ამა თუ იმ თემის მიმართ – რატომ მოსწონთ ან არ მოსწონთ და ა.შ. ეკითხებიან, რისი შესწავლა ურჩევნიათ და როგორ შეიძლება არსებული პრობლემების მოგვარება ან სწავლების გაუმჯობესება სამომავლოდ. რაც მთავარია, მასწავლებლები მოსწავლეთა მოსაზრებებს ყურადღებით ისმენენ.

არ მგონია, აშშ-ში ასეთი რამ ხშირად ხდებოდეს. ყოველ შემთხვევაში, საკუთარი სასკოლო პრაქტიკის განმავლობაში მე მსგავი არაფერი მინახავს.

ასეთივე რბილი და ლიბერალური მიდგომა დავინახე სასკოლო ექსკურსიების დროსაც: ერთხელ, როდესაც მეათეკლასელებთან ერთდ ბერლინში წავედით ექსკურსიაზე, აღმოჩნდა, რომ ჩვენს მოსწავლეებს არავინ აიძლებდა ღამის 12–ზე დაწოლას, არავინ უშლიდა ღამის ბერლინში სეირნობას და არავინ კითხულობდა სიას მუზეუმში ბავშვების წაყვანის წინ.

მასწავლებლების დამოკიდებულება დაახლოებით ასეთი იყო: „ისინი 16 წლისები არიან და თუ შარში გაეხვევიან, თვითონვე აგებენ პასუხს – მასწავლებლები მათი ძიძები არ ვართ“.

 

4) ნიშნები და უკუკავშირი

რაც უფრო მეტხანს ცხოვრობთ გერმანიაში, მით უფრო უკეთ ხვდებით, საიდან მომდინარეობს მათ შესახებ გავრცელებული სტერეოტიპები. ერთ-ერთი ასეთი სტერეოტიპია გერმანელების ზედმეტი პირდაპირობა – ეს თვალნათლივ დავინახე ერთ სასწავლო დღეს, თამაშის მიმდინარეობისას. მარტივი სცენარი: მასწავლებელი კითხვას უსვამს მოსწავლეებს, რომელსაც სწორი პასუხი აქვს. მოსწავლე ხელს სწევს და პასუხობს კითხვას, რომელიც საკმაოდ შორს არის სწორისგან.

აშშ-ში ასეთ დროს მასწავლებელი იტყვის: „არა, ეს მთლად სწორი არ არის, მაგრამ ვხვდები, როგორ მიხვედით ამ პასუხამდე. იქნებ ამ საკითხზე ასე გეფიქრათ…“

გერმანიაში მასწავლებელი უბრალოდ უპასუხებს: „არა,არ არის სწორი. ვინმე სხვას გაქვთ პასუხი?“

რა თქმა უნდა, ამ ორ რეაქციას შორის დიდი განსხვავება არ არის, მაგრამ გამაკვირვა იმან, რა ხშირად ეუბნებიან მასწავლებლები მოსწავლეებს: „ეს შეცდომაა“ ან „არ მესმის, რისი თქმა გსურთ“. ჩემი აზრით, ამერიკელი მასწავლებლები ცდილობენ, უფრო მეტად წაახალისონ აზროვნება და არ გააჩუმონ მოსწავლეები მცდარი ან არაზუსტი პასუხის გამო.

ცოდნის შეფასებაც გერმანიაში გაცილებით მკაცრად ხდება. იშვიათია, მოსწავლემ უმაღლესი შეფასება დაიმსახუროს და გამოცდებზე ხშირია არადამაკმაყოფილებელი ნიშნები. თუ რამდენიმე მოსწავლე გამოცდაზე „ჩაიჭრა“, ამას, ჩვეულებრივ, მათსავე ცუდ სწავლას აბრალებენ და არა იმას, რომ მასწავლებელმა ცუდად აუხსნა მასალა.

ასევე ჩვეულებრივია, როდესაც მასწავლებელი გულახდილად ლაპარაკობს მოსწავლის შესაძლებლობების შესახებ, თუ ახალგაზრდას გიმნაზიაში სურს სწავლის გაგრძელება (სადაც მოთხოვნები მკაცრია და სასწავლო მასალაც საკმაოდ რთული – ლ.ა.). გერმანელი მასწავლებლები სათქმელს დაუფარავად ამბობენ და არ დარდობენ იმაზე, ვის შეიძლება ატკინოს გული მათმა სიტყვებმა.

 

5) მოსწავლეთა ქცევის წესები

როგორც ზემოთ ვთქვი, გერმანულ სკოლებში ამერიკულზე ნაკლებად ზღუდავენ მოსწავლეთა ქცევას. მაგალითად, გერმანულ სკოლებში არ არსებობს დრესკოდი.

გერმანული სკოლების უმეტესობას არ აქვს განსაზღვრული, რისი ჩაცმა შეიძლება ან არ შეიძლება. გერმანელებს ძალიან უკვირთ, როდესაც იგებენ, რომ აშშ-ში ჩაცმის წესი მოქმედებს (რამდენიმე გაკვეთილიც კი ჩავატარე მოსწავლეებისთვის, სადაც ამერიკული სასკოლო დრესკოდის შესახებ ვისაუბრეთ).

დარწმუნებული ვარ, მოსწავლეს, რომელსაც სკოლისთვის აშკარად შეუსაბამოდ ეცმება, გერმანელი მასწავლებლები სახლში გაუშვებენ, მაგრამ, საზოგადოდ, ისინი დიდად არ აქცევენ ყურადღებას მოსწავლეთა ჩაცმულობას და ახალგაზრდებსაც, რაც სურთ, ის აცვიათ (აქვე უნდა დავძინო, რომ გერმანიაში არასდროს მინახავს სკოლისთვის სრულიად შეუფერებლად ჩაცმული მოსწავლე).

საკმაოდ შემწყნარებლურია მასწავლებლების დამოკიდებულება საკლასო ოთახში ბილწსიტყვაობის მიმართ; მასწავლებელი, რა თქმა უნდა, შენიშვნას აძლევს დამრღვევს, მაგრამ, როგორც წესი, ასეთი საქციელისთვის სასჯელი არ არის გათვალისწინებული, რადგან ზოგჯერ თვითონ მასწავლებლებიც არ ერიდებიან უცენზურო გამოთქმებს მოსწავლეების წინაშე.

დაუჯერებლად განსხვავებულია დამოკიდებულება ალკოჰოლის მიმართაც. გერმანიაში ალკოჰოლიანი სასმლის მიღება კანონით უფრო მცირე ასაკიდანაა ნებადართული, ვიდრე აშშ-ში. მაგალითად, ლუდისა – 16 წლიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ მეათე კლასის დამამთავრებელ საღამოზე, აბშლუსბალზე (Abschlussball), რომელიც, ჩვეულებრივ, ივლისში იმართება ხოლმე, ჩემს მოსწავლეებს შეეძლებათ ლუდის ყიდვა და პრაქტიკულად განუსაზღვრელი რაოდენობით დალევა, მიუხედავად იმისა, რომ საღამოს მათი მასწავლებლებიც დაესწრებიან.

როდესაც მეათეკლასელები დამამთავრებელ საღამოზე ჩასაცმელ მაისურებზე საუბრობდნენ, გადაწყვიტეს, ზედ ირონიულად დაეწერათ „Absch(l)uss“, რაც სკოლის დამთავრებას აღნიშნავს, ხოლო თუ „ლ“-ს გამოვაკლებთ, მივიღებთ სიტყვას, რომელიც დათრობის აღნიშვნელი ჟარგონია გერმანულში.

მასწავლებელმა, მიუხედავად მოსწავლეების არცთუ გემოვნებიანი გადაწყვეტილებისა, არაფერი თქვა, რადგან, მისი აზრით, ეს მოსწავლეების პირადი საქმე იყო. ამერიკულ სკოლაში კი ალკოჰოლზე ასეთ პირდაპირ მინიშნებას მიუღებლად მიიჩნევდნენ და დაუყოვნებლივ აკრძალავდნენ.

 

6) მოსწავლეთა ცხოვრება

დაბოლოს, ვიტყვი, რომ მოსწავლეთა ცხოვრება გერმანულ სკოლებში ბევრად უფრო ღარიბია სასკოლო მოვლენებით თუ ღონისძიებებით, ვიდრე ამერიკაში. გერმანულ სკოლაში სასკოლო სპორტული გუნდები მცირე ზომისაა და მათ ნაკლები გულშემატკივარი და მიმდევარი ჰყავთ. გერმანელი მოსწავლეები უფრო ადგილობრივ საუბნო თუ სათემო გუნდებში ერთიანდებიან, რომლებიც სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისგან შედგება და მეზობელი რაიონებისა თუ ქალაქების გუნდებს ეჯიბრება.

ასევე ცოტაა გერმანიაში კლუბიც. ჩვენს სკოლაში იყო რამდენიმე მუსიკალური გაერთიანება (ინსტრუმენტული ბენდი, სასიმღერო გუნდი), დებატების ხელოვნებისა და კვლევითი ჯგუფები, მაგრამ არ ყოფილა ხელოვნების კლუბი, ფრანგული ენის, სასკოლო „წლიური წიგნის“[1] კლუბები. საზოგადოდ, გერმანულ სკოლებში ნაკლებად იგრძნობა ის, რასაც ამერიკაში „სკოლის სულს“ ვეძახით – მოსწავლეები გაკვეთილების დამთავრებისთანავე მიდიან სკოლიდან და თავიანთ ახალგაზრდულ ცხოვრებას სკოლის გარეთ მდებარე სამყაროში აგრძელებენ.

მიუხედავად ზემოთქმულისა, ვერ ვიტყვი, რომ ჩემს გერმანულ სკოლას ერთიანობის სული აკლდა. უბრალოდ, მგონია, რომ აქ, გერმანიაში, ადამიანები სხვაგვარად ერთიანდებიან, ხშირად – მოსწავლეთა ერთობლივი აქტივობების ან საქმიანობის გარშემო, თუმცა უმეტესად – სკოლის გარეშე.

წყარო: 1) https://www.edutopia.org/foreign-intrigue-living-in-loving-america

წყარო: 2) https://toridykes.com/blog/2014/6/20/schoolsystemdifferences#.WIHM0FV96Uk

 

 

[1] „წლიური წიგნი“ (Yearbook)- ამერიკულ სკოლებში დამკვიდრებული ტრადიცია, რომელიც ყოველი სასწავლო წლის ბოლოს, ითვალისწინებს ჰაი-სქულის წლის წიგნის გამოცემას. ამ წიგნებში დეტალურად არის აღწერილი სასკოლო ცხოვრების ყველა ასპექტი, აკადემიური მოსწრების, სპორტული, სასწავლო, სამეცნიერო თუ ხელოვნების კლუბების ცხოვრებისა და მიღწევების ჩათვლით. წლიური წიგნების მომზადებასა და გამოცემაში ჩართულნი არიან როგორც მასწავლებლები, ისე მოსწავლეები.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...