ორშაბათი, ივნისი 16, 2025
16 ივნისი, ორშაბათი, 2025

ისევ მოტივაციებზე

0

aასეთი მეზობელი მყავდა. გურიკა. უწყინარი და მოწყენილი კაცი. ჩემი სახლის მოპირდაპირედ ცხოვრობდა. სულ ჭიშკართან იდგა და ხმას არ იღებდა. მხოლოდ საჭმელად და ტუალეტისთვის ბრუნდებოდა შინ ან შეღამების გამო. ჰკითხავდი რამეს, გიპასუხებდა. თავისით არაფერს ამბობდა. უბრალოდ იდგა და გზას უყურებდა. და გზაზე იშვიათად მიმავალ მანქანებს და ცოტა უფრო ხშირად მიმავალ ადამიანს. ვერაფრით ვწვდებოდი რას ფიქრობდა გურიკა, რა უნდოდა, რატომ ღეჭავდა თვალებით გზის გამხმარ ბოლოს და რატომ არასდროს მიდიოდა იმ გზაზე. ერთი რასაც ვხვდებოდი, ეგ იყო, რომ მე უნდა წავსულიყავი, რომ იმ გზის ბოლოს კიდევ სხვა ბოლოები ჰქონდა და უნდა მეარა და მეარა და მეარა.  ამ კაცმა მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე. ამ კაცის დგომამ და გზისთვის ცქერამ. სხვამ არავინ და არაფერმა.

გზა კი მარტივი არასდროსაა

როცა ძალიან გავბრაზდი და მივხვდი, რომ მხოლოდ მაშინ გავიმარჯვებდი, როცა  თვითონ შევძლებდი იმას, რაც სხვაზე დამოკიდებულს მაჩენდა. უნივერსიტეტში ვსწავლობდი. მე და ჩემი მეგობრები ლექსებს ვწერდით და ვთარგმნიდით. ვფიქრობ, არცთუ ურიგოდ. მაგრამ როგორც წესია, უკვე სხვების მიხურული კარის შეღება რთული იყო. ამიტომაც ერთ დღეს ზაალ ჩხეიძესთან ერთად გადავწყვიტე ლიტერატურული ჟურნალი გამოგვეცა, სადაც მერე არაერთი ძალიან კარგი ლექსი, მოთხრობა და თარგმანი გამოქვეყნდა, ბოლოს კი ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-დ ვაქციეთ.

თუმცა ამისთვის ფული იყო საჭირო, ფულისთვის სამსახური – მშობლების გამოგზავნილი თვიური სამოცი ლარი, გზას ყოფნიდა და მასაც აკლდებოდა ხოლმე. სად აღარ ვიყავით, რა აღარ ვქენით. ზოგი მცდელობა, მაგალითად მანდარინების ბიზნესის, გურული დღიურების მეორე წიგნშიც მაქვს აღწერილი და აქვე დავურთავ, ამბავ-დანართად. სამსახურის პოვნა კი სრულიად შემთხვევით მოვახერხე. ჩემი მამიდაშვილი, გელა სასულიერო აკადემიაში სწავლობდა. ნაშუადღევს მასთან მივდიოდი საერთო საცხოვრებელში. ვჭამდით, ვლაპარაკობდით, ხან ვრჩებოდი.

ერთხელ მივედი და საპატრიარქოში გადასული დამხვდა. გადავედი მეც. ქვევით, მოსაცდელში დავჯექი. სხვებიც ისხდნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია. ევროკავშირის პროექტს იწყებდნენ ციხეებში დამატებითი სწავლების. საპატრიარქოს ცენტრიდან აჰყავდათ ერთი მასწავლებელი – რეზო შარაბიძე. სულ ორი უნდოდათ და მეორეს ეძებდნენ. თქვეს კიდეც ხმამაღლა და მე ვარ მეთქი! გამომხედეს და ამიყვანეს. მერე ეს პროექტი დასრულდა და მე დავწერე ახალი და ხუთკაციანად გადავაკეთე. ამ ფულით ვუშვებდით ჟურნალს. თვითონ ციხეში მასწავლებლად გატარებული ორი წელი კი უმნიშვნელოვანეს გამოცდილებად იქცა ჩემთვის. მეგობრებიც მომყვება იქაური მოსწავლეებიდან და რაც მთავარია, დიდი ცოდნა.

პროზაული ტექსტი – გაგება-გააზრებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარების საშუალება

0

გთავაზობთ აქტივობებს, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც შინაარსობრივი, ისე შემოქმედებითი-სააზროვნო მიმართულებით სამუშაოდ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე.

პროზაული ტექსტების დამუშავება

ნებისმიერი პროზაული ტექსტის დამუშავების დროს მნიშნელოვანია, მკითხველმა სწორად გაიგოს წაკითხული. ლექსიკური ერთეულები, ფაქტების თანმიმდევრობა, პერსონაჟების ხასიათი, მათი დამოკიდებულებები, ურთიერთობა ერთმანეთთან, სიუჟეტური ქარგა – ეს ყველაფერი ტექსტის „საშენი მასალაა“ და მნიშვნელოვანია ფაქტობრივი სიზუსტის დაცვა. საწყის ეტაპზე, პირველი წაკითხვის შემდეგ, მოსწავლეებთან ერთად დაამუშავეთ ტექსტის შინაარსობრივი მხარე. მხოლოდ ამის შემდეგაა მიზანშეწონილი სააზროვნო და შემოქმედებითი ტიპის აქტივობების დაგეგმვა.

შინაარსზე მუშაობა მოსაწყენ, დასმულ კითხვებზე მშრალი, ფაქტობრივი პასუხების გაცემის პროცესად რომ არ იქცეს, შეგვიძლია გამოვიყენოთ აქტივობა „პერსონაჟთა ანკეტები“.

კითხვის პროცესში სთხოვეთ მოსწავლეებს, ამოიწერონ პერსონაჟების სახელები. რვეულში ან ფურცლებზე ამ სამუშაოს ცალკე „გრაფები“ უნდა დაეთმოს. ანკეტურ მონაცემებში მოსწავლე ათავსებს ყველა იმ ცნობას, რაც პერსონაჟის შესახებაა მოწოდებული. ვინაობა, საქმიანობის სფერო, გარეგნული მახასიათებლები, პერსონაჟების ურთიერთდახასიათება, მათი თავგადასავალი უნდა გადმოიცეს მოკლედ, „ანკეტურად“ და შეივსოს კითხვის პროცესშივე ყველა იმ სიახლის გათვალისწინებით, რასაც ავტორი გვაწვდის.

ამავე ეტაპზე შეიძლება ცალკე ლექსიკონის დამუშვებაც.

მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის შესავსებად სასარგებლოა ყველა იმ აღმნიშვნელის, უცხო ან გაუგებარი სიტყვის ერთად თავმოყრა, რომელთა მნიშვნელობაც მათთვის გაუგებარია. მოსწავლეები ლექსიკონებში დაძებნიან აღმნიშვნელთა განმარტებებს, შეეცდებიან მოიძონ სინონიმები, მოიფიქრონ წინადადებები, სადაც ამ სიტყვებს სხვა კონტექსტში გამოიყენებენ. აქვე ჩაინიშნავენ ფრაზეოლოგიზმებს, მათ მნიშვნელობას, დაამუშავებენ მხატვრულ გამომსახველობით საშუალებებს.

მხატვრული ტექსტის სტრუქტურაზე მუშაობა

ზოგიერთ ტექსტში სტრუქტურა გამოკვეთილია და ამგვარი ტექსტების პარალელურად კარგი იქნება მხატვრული ტექსტების სტრუქტურული ელემენტების შესწავლაც.

სიუჟეტის განვითარების ეტაპები

კვანძის შეკვრა

მოქმედების განვითარება

კულმინაცია

კვანძის გახსნა

არასიუჟეტური ელემენტები

ეპიგრაფი

ეპილოგი

ბოლოთქმა

პროლოგი

ექსპოზიცია

თითოეულ ელემენტზე შესაბამისი ეპიზოდის, მონაკვეთის მისადაგება კიდევ ერთხელ მისცემს საშუალებას მოსწავლეს, მიუბრუნდეს ტექსტის შინაარსობრივ მხარეს და გაიაზროს დეტალები.

შემოქმედებითი უნარების განვითარება

როდესაც ტექსტის შინაარსი სათანადოდაა გაგებული და გააზრებული, სასურველია, გარკველი დრო დავუთმოთ შემოქმედებითი და სააზროვნო უნარების განვითარებასაც.

დავალებები, რომლებიც ამ უნარებს ავითარებენ, სახალისო და საინტერესო შესასრულებელი უნდა იყოს.

ინტერვიუ პერსონაჟთან

მოსწავლე ირჩევს პერსონაჟს შესწავლილი ტექსტიდან. კიდევ ერთხელ იაზრებს მის თავგადასავალს, ამბავს, ხასიათს, თვისებებს, ამზადებს კითხვებს, რასაც დაუსვამდა ამ პერსონაჟს, შეხვედრის შესაძლებლობა რომ ჰქონოდა და თავადვე გასცემს პასუხებს ამ კითხვებს წარმოსახვითი „ინტერვიუს“ დროს.

ეს დავალება წერილობით, ინდივიდუალურადაც შეიძლება შესრულდეს და კლასშიც, საკლასო სამუშაოს ფორმატში. ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთი მოსწავლე მოირგებს პერსონაჟის როლს და გამართავს „ბრიფინგს“ ჟურნალისტებთან, რომლებიც წინასწარ მომზადებულ კითხვებს დაუსვამენ მას.

 

„გარდასახვა“

მოსწავლეები ყოველთვის ხალისით ასრულებენ ამ ტიპის დავალებას. მათი ამოცანაა, გარდაისახონ ტექსტის რომელიმე პერსონაჟად და მოგვითხრონ ამბავი მისი თვალთახედვიდან გამომდინარე. დავალება საზრიანობასა და გამჭრიახობასაც მოითხოვს. მაგალითად, შერჩეული პერსონაჟის მოქმედების არეალის გათვალისწინება მნიშვნელოვანია, ის არ უნდა აღმოჩნდეს იმ ეპიზოდებში, სადაც „არაფერი ესაქმება“ სიუჟეტიდან გამომდინარე, არ უნდა შეაფასოს ის მოვლენები, რომლებიც მას „არ უნდა სცოდნოდა“ შინაარსის გათვალისწინებით. მოსწავლეები შეზღუდულები არ არიან გარდასახვის დროს. მათ შეუძლიათ უსულო საგნადაც კი იქცნენ ( ჩემს პრაქტიკაში მომისმენია „სკამის მონოლოგი“ მიხეილ ჯავახიშვილის „მიწის ყივილიდან“, ქვრივის ქისების დიალოგი, სადაც თითოეული საკუთარ მნიშვნელობასა და განსაკუთრებულობაზე საუბრობს…).

საგაზეთო სტატია

მოსწავლეებს შეიძლება ვთხოვოთ შესწავლილი ტექსტის რომელიმე ეპიზოდის „გაშუქება“. მათ უნდა შეარჩიონ ეპიზოდი, რომელიც საინტერესო საგაზეთო სტატიად შეიძლება იქცეს და საგაზეთო სტილის გათვალისწინებით გადმოსცენ ამბავი. სანიმუშოდ კარგი იქნება ხარისხიანი საგაზეთო სტატიების წინასწარ გაცნობა.

ალტერნატიული დასასრული

მოსწავლეები აგრძელებენ ნაწარმოებს და ჟანრობრივი, სიუჟეტური და სტილის თავისებურებების გათვალისწინებით ცდილობენ ალტერნატიული დასასრულის მოფიქრებას.

სიტყვიერი ილუსტრაცია

მოსწავლეები ცდილობენ მოიფიქრონ, დეტალურად(სიტყვიერად) აღწერონ ილუსტრაცია ტექსტის რომელიმე ეპიზოდისთვის. თავდაპირველად მათ უნდა შეარჩიონ შესაბამისი ეპიზოდი, დაასაბუთონ არჩევანი ( რატომ მაინცდამაინც ეს კადრი?), შემდეგ კი აღწერონ ილუსტრაცია, რომელსაც დახატავდნენ, წიგნის ილუსტრირება რომ ეთხოვათ მათთვის.

სასურველია სიტყვიერი ილუსტრაციიც აღწერაში მითითებული იყოს ფერები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც სათანადო გამნწყობას შექმნიან.

დავსტრესოთ თუ დავავალოთ?

0

გასული წლის ნოემბერში ესპანელმა მშობლებმა ბოიკოტი მოაწყვეს – ერთი თვის განმავლობაში ისინი საშინაო დავალების მოცულობას აპროტესტებდნენ. მათი განცხადებით, ბავშვები მეცადინეობას ვერ აუდიოდნენ.

ჯერ კიდევ 2012 წელს ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში ითქვა, რომ ესპანელი მოსწავლეები საშინაო დავალების შესრულებაზე კვირაში ექვს საათზე მეტს ხარჯავენ, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებში მსგავს სამუშაოზე დახარჯული საათების რაოდენობა სამჯერ ნაკლებია. ამდენად რა გასაკვირია, რომ შეწუხებულ მშობელთა თმენის ლიმიტს ვადა გაუვიდა.

The Guardian-მა მშობლების გამოკითხვით დაადგინა, მტკივნეულია თუ არა საშინაო დავალების თემა სხვებისთვის:

 ესპანეთი, 37 წლის ანა: „საშინაო დავალების“ გამო ბავშვებს დრო არც დასვენებისთვის რჩებათ და არც ჰობისთვის“.

 

ოთხი შვილი მყავს, რომლებიც საშინაო დავალებებზე კვირაში ოთხიდან ექვს საათამდე ხარჯავენ. ეს ძალიან დიდი დროა. დიახ, ვიზიარებ ესპანელ მშობელთა პროტესტს. ჩემი რვა წლის შვილი სახლში ორ საათს მეცადინეობს, რომ შემდეგი დღის გაკვეთილები მოამზადოს. თან, რაც ყველაზე ცუდია, ის უბრალოდ წიგნებიდან დიდი მოცულობის ტექსტების გადაწერითაა დაკავებული. მინდოდა სხვა მშობლებთან ერთად შევხვედროდი სკოლის ადმინისტრაციას და ეს საკითხი დღის წესრიგში დამეყენებინა, მაგრამ გვიპასუხეს, რომ ასეთ სისულელეზე დროს ვერ დაკარგავდნენ…

ჩემი შვილები იმდენად გადაიტვირთნენ საშინაო დავალებებით, რომ არც დასვენებისთვის რჩებათ დრო და არც ჰობისთვის, არც თამაშისთვის და არც ოჯახთან ურთიერთობისთვის. ჩემი ვაჟიშვილი ძალიან იღლება მოსაწყენი და მონოტონური დავალებების შესრულებით. არ მგონია, რომ ამით ის ახალ ცოდნას იძენდეს, რომელიც მომავალში გამოადგება.

უამრავი საშინაო დავალების გამო ხშირად იშლება ჩემი ოჯახის გეგმები: სახლიდან ვერსად გავდივართ, ვიდრე ბავშვები არ იმეცადინებენ. ჩვენ აღარ ვსეირნობთ პარკში, საღამოობით ერთ მაგიდასთან ვეღარ ვიკრიბებით. ნუთუ ასეთი აუცილებელია გაკვეთილზე მოსმენილი მასალის სახლში გამეორება? მინდა, რომ საშინაო დავალება უფრო შემოქმედებითი იყოს, რათა სკოლაში მიღებული ცოდნა ბავშვმა ხალისით გაიმეოროს. მაგალითად, გაიგოს რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ადგილობრივი ხეების ჯიშები ან ძერწვითა და ცხობით დაკავდნენ…

დანა მაკ-გროუ, კალიფორნია, აშშ: „ჩემს შვილს სკოლაში არ ეძლევა საშინაო დავალება და ეს მშვენივრად მუშაობს“.

 

სკოლაში The Country School, სადაც ჩემი შვიდი წლის შვილი სწავლობს, მეოთხე კლასამდე საშინაო დავალებებს საერთოდ არ იძლევიან. რა თქმა უნდა, ვერც იმას ვიტყვი, რომ ბავშვები არაფერს აკეთებენ. ისინი ამზადებენ პროექტებს, ხვეწენ მართლწერის უნარებს.  მათი სასკოლო დატვირთვა თანდათან იზრდება და ბავშვები უფროსი კლასებისთვის ემზადებიან. ასეთი მიდგომა ჩემს ოჯახს ძალიან მოსწონს. სკოლა პროგრესულია ინტერაქტიული ფორმატის სწავლების კუთხით.

საზეპიროების არმიცემა ქმნის ატმოსფეროს, რომელიც ბავშვში ცნობისმოყვარეობას აღძრავს. სკოლის მერე მას თვითონ უჩნდება დამატებითი ინფორმაციის მოპოვების სურვილი.

საღამოებს ერთად ვატარებთ, ვსაუბრობთ სხვადასხვა თემაზე. ასეთი სწავლება პოზიტიურად მოქმედებს ბავშვისა და მშობლის ურთიერთობაზე. ჩემი შვილი ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებაში. საშინაო დავალების კეთებას მას არავინ ავალდებულებს.

კრეიგ ტურფი, 44 წლის, ბუქარესტი: „ჩემი შვილი ხშირად ღამის 12 საათამდე მეცადინეობს“.

 

ჩვენ ბუქარესტში ვცხოვრობთ. ჩვენი შვილები სახელმწიფო სკოლაში დადიან. უფროსი მერვეკლასელია და ის გაკვეთილების მომზადებას ხშირად ღამის 12 საათზე ამთავრებს. ეს არა მხოლოდ ჩემი ოჯახის გასაჭირია. რუმინული განათლების სისტემა ჩაციკლულია საშინაო დავალებების შესრულებაზე.

სკოლა, სადაც ჩემი შვილი სწავლობს, მოსწავლეებითაა გადატვირთული, რაც კიდევ უფრო აღრმავებს პრობლემას. საშუალო ასაკის ბავშვები მეორე ცვლაში სწავლობენ, პატარები კი დღის პირველ ნახევარში დადიან სკოლაში. სახლში დაბრუნებული ჩემი შვილი სადილობს და ცოტაოდენ დასვენებას ახერხებს, მერე კი მეცადინეობას იწყებს და გართობისთვის დრო აღარ რჩება. საშინაო დავალებებს ის გვიან ღამემდე წერს. ხშირად დილით ადრე დგება, რომ ის, რაც ღამე ვერ მოასწრო, დილით დაწეროს.

სკოლაში საკმაოდ რთულ და, რაც მთავარია, ბევრ დავალებას აძლევენ. ძალიან ძნელია მათემატიკის სწავლა. ხშირად ჩემი შვილი ერთი ამოცანის ამოხსნაზე რამდენიმე საათს ხარჯავს.

ზეინაბი, 39 წლის, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი: „ჩემი შვილი სწავლას უხალისო პროცესად აღიქვამს“.

 

ჩემი შვილი ექვსი წლისაა. საშინაო დავალებების შესრულებაზე კვირაში ექვს საათს ხარჯავს. ეს მისთვის მეტისმეტი დატვირთვაა. ბავშვი საათობით ეძებს ინფორმაციას კედლის გაზეთისთვის პირველ სამამულო ომზე. გარდა იმისა, რომ ის მას არაფერს აძლევს და უამრავ დროს ტყუილად აკარგვინებს, სტრესს და ძილის დანაკლისსაც განიცდის. მესმის, რომ სკოლის მოსწავლემ უნდა იცოდეს მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტების შესახებ, მაგრამ სკოლაში მისი ასაკისთვის შეუფერებლად ბევრს ითხოვენ.

ჩემი შვილი ყოველ კვირა ადგენს იმ საკითხების სიას, რომლებიც კარგად ვერ გაიგო. ეს სია საკმაოდ გრძელია. ის სულ მუდამ დაძაბული და განერვიულებულია. გასული სასწავლო წლის ბოლოს ატესტაცია ჰქონდა. უბრალოდ, მიღებული ცოდნა უნდა შეემოწმებინათ. ჩემი ხუთი წლის ბავშვი პარანოიდულ არსებად იქცა, რომელსაც პანიკურად ეშინოდა გამოცდის. თავის თავს ის გამუდმებით ადარებდა მოსწავლეებს, ვინც ატესტაცია ვერ გაიარა.

სკოლა ბავშვს აშინებს და სტრესავს. მისთვის სწავლა არ არის საინტერესო და სახალისო პროცესი. სკოლას სამსახურივით უყურებს, სადაც სავალდებულოა, იაროს მხოლოდ იმიტომ, რომ მასზე ცუდად არ იფიქრონ.

ალექსი, 37 წლის, სუონსი, დიდი ბრიტანეთი:  „ჩემს შვილს ძალიან ცოტა საშინაო დავალებას აძლევენ. მინდა, რომ მეტი დაავალონ“.

 

ჩემი შვილი თორმეტი წლის არის. არ მგონია, რომ სკოლაში ბევრ დავალებებს აძლევდნენ, დავალებებიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში გაცილებით გამარტივდა. ბავშვები ცოტას და არათანამიმდევრულად მეცადინეობენ. ისეთი განცდა მაქვს, რომ ამას მხოლოდ მოვალეობის გამო აკეთებენ. ბავშვებს ეზარებათ მეცადინეობა. ისინი არ არიან ჩვეული მეცადინეობას, რის გამოც მშობლებთან კონფლიქტი მოსდით.

ჩემმა შვილმა იცის, რომ თუ საშინაო დავალება არ შეასრულა, სკოლაში პრობლემები არ შეექმნება. გაკვეთილების მოსამზადებლად ხშირად სჭირდება ინტერნეტის და პრინტერის გამოყენება, მაგრამ კონკრეტული ამოცანები არ აქვს დასახული. ამიტომ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების პარალელურად, ონლაინთამაშებით ერთობა.

მე თუ მკითხავთ, სკოლის მოსწავლემ საშინაო დავალებების შესრულებას კვირაში სამიდან ხუთ საათამდე უნდა დაუთმოს. ის კი მხოლოდ ერთ საათს ხარჯავს.

ედვარდი, 38 წლის, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი: „საშინაო დავალება ორივეს გვსტრესავს, მეც და ჩემს შვილსაც“.

 

სკოლაში სწავლების დროს აქცენტი აშკარად საშინაო დავალებაზეა გადატანილი. ის კი ძალიან მოცულობითია. მე ამჟამად დანიაში ვმუშაობ. როდესაც აქ ჩემი ექვსი წლის ქალიშვილზე ვჰყვები, ისე მიყურებენ, როგორც გიჟს. დაწყებით კლასებში დანიაში არავინ არავის ტანჯავს საშინაო დავალებებით. მიუხედავად ამისა, დანიელი ბავშვები გადასარევ განათლებას იღებენ. სკოლის მერე ბევრი თავისუფალი დრო რჩებათ.

ხშირად ჩემს შვილს ისეთ დავალებას აძლევენ, რომ იძულებული ვხდებით დავეხმაროთ. მაგალითად, ავალებენ, რომ ინტერნეტით დამატებითი ინფორმაცია იპოვოს ან რთული ამოცანა ამოხსნას. რომ ვუკვირდები, ჩემს შვილს არასოდეს მოუტანია სკოლიდან საშინაო დავალება, რომელსაც დამოუკიდებლად გაართმევდა თავს.

როდესაც საუბარია შვილის სწავლაზე, მუდმივად განვიცდი სტრესს. მე დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ბავშვი არ ჩამორჩა სკოლის მასალას, რომ მისი ცოდნა მყარია. ამ კონტროლის გამო ვჩხუბობთ კიდეც.

არ ვამბობ, რომ საშინაო დავალება საერთოდ არ უნდა არსებობდეს, მაგრამ აშკარად უფრო  ნაკლები უნდა იყოს. 10-15-წუთიანი წიგნის კითხვა კარგია, დანარჩენი დავალებები კი მშობლების ჩარევას საჭიროებს. მაგალითად, შვილს დაავალეს, რომ ქაღალდისგან 3D განზომილებაში პირამიდა და კუბი გაეკეთებინა. ექვსი წლის ბავშვმა ეს მარტო როგორ უნდა შეძლოს?

უტპალავაჯარი, 43 წლის, შლუსბერი, დიდი ბრიტანეთი: „ძალიან კარგად მესმის ესპანელი მშობლების ამბოხის…“

მე ორი ვაჟი მყავს – ექვსი და რვა წლის. ორივეს ბევრი სამეცადინო აქვს, მაგრამ უფროსს განსაკუთრებით და ეს მას თრგუნავს. მას უყვარს სეირნობა, თამაში. უნდა, რომ სკოლის შემდეგ განიმუხტოს და მებრალება, როდესაც იძულებულია გაკვეთილების მომზადებას შეუდგეს.

ვფიქრობ, დაწყებით კლასებში არ არის აუცილებელი საშინაო დავალების მიცემა. შინ დაბრუნებულმა ბავშვმა კარგად უნდა დაისვენოს და მოასწროს თავის გარშემო არსებული სამყაროს შეცნობა. მახსენდება ჩემი და ჩემი შვილის მასწავლებლის მოკლე დიალოგი:

– არა მგონია, აუცილებელია ბავშვი ყოველდღიურად იყოს დაკავებული მართლწერით. ის ისედაც სწრაფად იმახსოვრებს სიტყვებს.

– მაშინ დავალებად ამ სიტყვების სინონიმებს მივცემ…

ამიტომ კარგად მესმის ესპანელი მშობლების ამბოხის.

თანამედროვე განმანათლებლები

0

ოთხი წლის წინ ჩვენი შვილისთვის სკოლის არჩევის დრო რომ დადგა, გაზაფხულზევე ჯერ ახლომახლო საჯარო სკოლები დავზვერე. ერთ-ერთში, ფეხით სავალ მანძილზე რომ არის, კარგი მასწავლებელიაო, მითხრეს. მივედით ამ კარგთან. ვთხოვე, მთელი ზაფხული რომ არ ვინერვიულოთ მე და ჩემმა შვილმა და თქვენც იცოდეთ, როგორი გეყოლებათ ერთ–ერთი მოსწავლე, კარგი იქნება გაიცნოთ ერთმანეთი–მეთქი. კეთილიო. მივედით დათქმულ დღესა და დროს… დაგვხვდა „ჩამოღვენთილი“ და „ჩამქრალი“ ეს კარგი მასწავლებელი, მეტად აღარ მივსულვართ… მართლა კარგი რომ დაგვხვედროდა, არად ჩავაგდებდი სასადილოში მიმავალ, იქაურობის არმცოდნესათვის კისრის მოტეხვის საფრთხის შემცველ ჩაბნელებულ დერეფანს, ზოგად უღიმღამობას… რადგან კარგები ანათებენ ნაცრისფერ გარემოს.

იმედია, არავის გავაბრაზებ, თუკი ვიტყვი, რომ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ზოგადად მასწავლებლები „ჩამოღვენთილები“ არიან. ცხადია, ამის მრავალი მიზეზი აქვთ და ახლა თავს აღარ შეგაწყენთ. რაც მახსოვს, ბოლო 35–40 წლის განმავლობაში ყველა ხელისუფლება ცვლილებათა დიად ტალღას მასწავლებლებით იწყებს… იწყებს და სადღაც ჩერდება… ამასაც აქვს თავისი ცხადი და დაფარული მიზეზები…

ამასობაში თაობები იწყებენ და ამთავრებენ სკოლას. ამასობაში გარშემო ყველა წუხს არშემდგარი განათლების სისტემის გამო. ამასობაში სტუდენტი იტყვის, რომ სკოლის წლები მისთვის არარსებული წლებია, სკოლაში პრაქტიკაზე მისულ სტუდენტებს ეტყვიან, რომ პატრონი არ ჰყავთ, თორემ მასწავლებლობისთვის ვინ გაიმეტებდა…

ამასობაში გადის განათლების უდაბნოს 40 წელი და მძიმე დარდი გაწვება გულზე იმის გამო, რომ თითქმის არაფერი შეცვლილა…

https://www.facebook.com/100009165324722/videos/1732005950448232/

ჩემი ქართულის მასწავლებელი ცისანა კანკავა და გეოგრაფიისა ნორა ტარიელაშვილი უღიმღამო საბჭოთა სკოლას აფერადებდნენ. ახლა უკვე ვიცი, რის ხარჯზე აკეთებდნენ ამას… საკუთარი საქმისა და მოსწავლეების (ზოგადად, ადამიანების) სიყვარულის ხარჯზე. ცისანა კანკავა საუბარს რომ დაიწყებდა, რეალობა ქრებოდა და სხვა სამყაროში ხვდებოდი… ეს სხვა სამყარო ნორა მასწავლებლის შემთხვევაში გეოგრაფიის კაბინეტის ზღურბლიდანვე იწყებოდა. რას არ ნახავდით ამ ოთახში! მარტო თოკზე მოსრიალე ათობით სხვადასხვაგვარი რუკის გამოჩენა-დამალვა რად ღირდა… პირველად იქ ვიფიქრე, რომ ცოდნას რაღაც სრულიად სხვაგვარი, განუმეორებელი სიმშვიდე მოაქვს-მეთქი…

ერთ-ერთ რეგიონში დაწყებით კლასებში მასწავლებელი ბავშვებს მატყლს უხსნიდა. მატყლის ფთილა ხომ არ აჩვენა (იფიქრებთ, ადამიანია, დაავიწყდაო), მთელი გაკვეთილი ისე ისაუბრა, რომ ბავშვებს შალის ტანსაცმელზე არც კი მიუთითა და არ უთხრა, ეს მატყლისგან არის დამზადებულიო. არადა, ზამთარი იდგა და ამის გაკეთება სულ ადვილი იყო.

ასეთი სწავლება და სწავლა ყველაფერს აუფერულებს და, პირველ რიგში, პროცესის მონაწილე ადამიანებს. არ შეიძლება ასეთი გულგამოჭმული განათლებისთვის ან თავი გაიმეტო, ან ბავშვები. ჩემი აზრით, სწავლა-სწავლება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვაგვარი ურთიერთობა, ჭურჭლის ავსება-დაცლას ჰგავს – თუ არ დაიცალე, ვერც აივსები. ვეღარ აივსები… აქ ისეთი მიზეზები, როგორიცაა, ამ ხელფასად, ამ პირობებში, ასეთი უმადურებისთვის თავი როგორ გავიმეტო, ცოდო არ ვარ… არ გამოდგება. არ გამოდგება, რადგან როგორი წონიანიც უნდა იყოს მიზეზი, „თავის არგამეტების“ შედეგი – ჩამქრალთვალებიანი მოსწავლეები – უზომოდ დამთრგუნველია. თავის შეცოდებას და არგამეტებას შედეგად საშიშად ერთფეროვანი და უსურვილო ყოველდღიურობა მოსდევს.

ჩემი აზრით, დღევანდელი მასწავლებელი ნამდვილი განმანათლებელია, რომლისთვისაც მოსწავლის სხეულის, გონებისა და გულის ჰარმონიის მიღწევა უპირველესი საზრუნავია.

თავისუფალი ლექსიკონის განმარტებით, მასწავლებელი, ზოგიერთ კონტექსტში განმანათლებელი, განათლების თეორიისა და პრაქტიკის სპეციალისტია, რომელიც სხვებს ცოდნის, კომპეტენციისა და ღირებულებების დაუფლებაში ეხმარება[1].

ის ნათლის მომფენი და ყველასათვის სინათლის მიმწვდენია[2]. ის ცდილობს უმწიფრობის კომფორტულობა არაკომფორტული გახადოს მოსწავლეებისთვის. მშვენივრად იცის, რომ „უმწიფრობაში ყოფნა ძალზე კომფორტულია. თუ მაქვს წიგნი, რომელიც განსჯას შემიცვლის; მოძღვარი, რომელიც სინდისის მაგივრობას გამიწევს; ექიმი, რომელიც დიეტას ჩემ მაგივრად განსაზღვრავს და ა. შ. – მაშინ საკუთარი ძალისხმევა აღარ მჭირდება. არ მჭირდება აზროვნება, თუ შემიძლია ფულის გადახდა – სხვები ჩემ ნაცვლად შეასრულებენ მოსაბეზრებელ სამუშაოს“[3].

ასეთ ყოფად არ ღირს სიცოცხლე… უნდა დაეხმარო უმწიფრობიდან თავდაღწევაში, გაადამიანებაში, უნდა გააბედინო საკუთარი გადაწყვეტილების, განსჯის ქონა… კანტისეული Sapere Aude!

P.S. ნორა ტარიელაშვილი შეუძლოდ არის, სახლიდან ვეღარ გამოდის და სკოლიდან გაცილებას დამპირდნენო… დღესაც ელოდება…

[1] https://www.thefreedictionary.com/educator

[2] https://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=14046

[3] https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/04/kanti.pdf

თავისუფალი გაკვეთილის შესახებ -საერთაშორისო გამოცდილება

0

ამ ბოლო დროს აქტიურად მიმდინარეობს საუბარი თავისუფალი გაკვეთილის შესახებ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივა ასეთი გაკვეთილების გრანტით დაფინანსების შესახებ ახალ პერსპექტივებს სთავაზობს სკოლებს. ამ იდეის განხორციელების მოსალოდნელი შედეგები მრავალმხრივ არის საინტერესო. ის, უპირველეს ყოვლისა,  მნიშვნელოვანია:

  • მოსწავლეთა ინტერესების დადგენისა და დაკმაყოფილების თვალსაზრისით;
  • საზოგადოების წარმომადგენელთა სკოლებთან დაახლოებისათვის;
  • პროფესიული ორიენტაციისათვის;
  • სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებისათვის;
  • სოფლის სკოლების განვითარებისა და კულტურულ ცენტრებად გადაქცევისათვის.

თავისუფალი გაკვეთილები მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომის დანერგვის ხელშეწყობისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა ხომ უპირველესად თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებების, მისი ინტერესებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გათვალისწინებას ნიშნავს.

თავისუფალი გაკვეთილის არსი თითქმის ყველა წამყვანი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში არის ის, რომ განუვითაროს მოსწავლეებს აკადემიურთან ერთად სოციალური უნარები, დააკმაყოფილოს მათი ინტერესები, მისცეს მოსწავლეებს თვითგამოხატვისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა და, ამავდროულად, არჩევანის თავისუფლება. არჩევანის თავისუფლების რა ხარისხს გულისხმობს ასეთი გაკვეთილი და მიეკუთვნება ის ფორმალურ თუ არაფორმალურ განათლებას? ამ კითხვებზე პასუხი სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში სხვადასხვანაირია. გთავაზობთ თავისუფალი გაკვეთილის ჩატარების გამოცდილების მოკლე მიმოხილვას:

  • ამერიკული განათლების სისტემაში ეს არის არაფორმალური, კლასგარეშე განათლება, რომლის მიზანია პრაქტიკული უნარ-ჩვევების, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობის უნარების განვითარება. თავისუფალ გაკვეთილზე მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება გამოიყენონ საკლასო და საოჯახო რესურსების ფართო სპექტრი, კლასში თუ კლასგარეთ მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ეს არის სწავლა-სწავლების ინტერაქტიური ფორმა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს CTEM-ის, ფინანსური წიგნიერების, ეკოლოგიური განათლების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საკითხებს… ხელს უწყობდეს სასიცოცხლო უნარჩვევების განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. მოსწავლეები ერთიანდებიან ჯგუფებად ინტერესების მიხედვით, თუმცა საკითხთა წრეს განსაზღვრავს მასწავლებელი (ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მოსწავლეებიდანაც წამოვიდეს  კონკრეტული საკითხის დამუშავების ინიციატივა). სფერო შეიძლება იყოს სხვადასხვა:
  • სოციალური (მაგალითად, ცნობილი ამერიკელები და მათი როლი სამოქალაქო ღირებულებების ჩამოყალიბებაში, მთავრობის იმიგრაციული პოლიტიკა და მოქალაქეობა, საპრეზიდენტო არჩევნების ტექნოლოგია ისტორიულ ჭრილში, როგორ იქმნება კარიერა, როგორ გავუმკლავდეთ ყოფითი ხასიათის პრობლემებს და სხვ.),
  • სამეცნიერო (მაგალითად, მთვარის ფაზები და მათი გავლენა ადამიანების ქცევასა თუ ჯანმრთელობაზე, სამკუთხედები და მათთან დაკავშირებული თეორემები, სტატისტიკის ძირითადი კონცეფციები და მათი გამოყენება ზაფხულის არდადეგების შესახებ მიღებული ინფორმაციის დასამუშავებლად და ა.შ.),
  • წაკითხულის გაგება-გააზრება (მაგალითად, ახალი ბეტსელერის ერთობლივი კითხვა და ანალიზი),
  • ხელოვნება (მაგალითად, მუსიკისა და სიტყვიერების კავშირი / ურთიერთგავლენა),
  • ისტ-ი (კომიქსების, ელექტრონული წიგნების შექმნა)

და სხვა.

თავისუფალი გაკვეთილის ფორმა შეიძლება იყოს დებატები, თავისუფალი დისკუსიები, ე.წ. TED-კონფერენციები / შეხვედრები.

  • რუსეთში თავისუფალია გაკვეთილი, რომლის ინიციატივაც მოდის თავად მოსწავლეებიდან და ის ფორმალური განათლების შემადგენელი ნაწილია. ეს არის საქმიანობა ინტერესების მიხედვით. ხშირად ხდება ისე, რომ გაკვეთილზე არ რჩებათ მოსწავლეებს დრო, დაკავდნენ იმით, რაც უნდათ და აინტერესებთ. მას შემდეგ, რაც მასწავლებელი მისცემს მოსწავლეებს ამის საშუალებას, მისი ამოცანაა, გარდაქმნას მოსწავლეთა ინტერესი სასწავლო სიტუაციად, ხელი შეუწყოს ინტერესების მიხედვით ჯგუფებად ჩამოყალიბებას. მას შემდეგ, რაც ამოიწურება დრო (იგულისხმება საგაკვეთილო დრო), მასწავლებელი იწყებს გაკვეთილის განხილვას. შეკითხვები ისეა ჩამოყალიბებული, რომ, ერთი მხრივ, მასწავლებელმა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოს მოსწავლეთა ინტერესების დაკმაყოფილების, მათი სწავლის სტილის, ემოციური მდგომარეობის შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, გააზრებინოს მოსწავლეებს, აირჩიეს თუ არა სწორი მეთოდოლოგია (მეტაკოგნიტური უნარები). ასეთ გაკვეთილებზე მოსწავლეები დგებიან ექსპერტების როლში. ისინი პოულობენ პასუხებს შეკითხვებზე: რა მინდა გავაკეთო? რა მაინტერესებს? გავუმკლავდები თუ არა არჩეულ საქმეს მარტო და თუ – არა, ვისი დახმარება დამჭირდება? მეყოფა თუ არა ერთი გაკვეთილისათვის გამოყოფილი დრო? თუ – არა, როდის და სად გავარძელებ ამ საქმიანობას?  მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს დავეხმაროთ საჭირო რესურსებისა თუ ადამიანების მოძებნაში, შეხვედრების ორგანიზებაში. ასე რომ, საქმიანობა შეიძლება გადავიდეს გაკვეთილის ფორმატიდან არასაგაკვეთილო, კლასგარეშე ფორმატში. შეიძლება და სასურველიცაა მშობლების ჩართვა. თავისუფალი გაკვეთილისადმი მოსწავლეთა სერიოზული დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად მიზანშეწონილია ასეთი გაკვეთილების წინასწარ დაგეგმვა, სამუშაო გარემოს მოწყობა და წესებზე შეთანხმება.
  • გერმანიაში ასეთი გაკვეთილისათვის არსებობს ტერმინი „ღია გაკვეთილი (სწავლება)“. ის მოსწავლეს აძლევს სოციალური ფორმის, შინაარსისა და მეთოდოლოგიის არჩევის თავისუფლებას. გათვალისწინებულია მათი სურვილები და ინტერესები, თუმცა მხარდამჭერები არიან უფროსები (მასწავლებლები, ადმინისტრაცია, მშობელთა გაერთიანებები, თემი). ეს არის საქმიანობის კლასგარეშე ფორმა, თუმცა ის შეიძლება კლასში, გაკვეთილზეც, დაიწყოს. დროთა განმავლობაში ყალიბდება სტაბილური ჯგუფები, გაერთიანებული ერთი ინტერესით, და ისინი უკვე ნაკლებად არიან დამოკიდებული მასწავლებლებზე. ასეთ გაკვეთილებს ახასიათებს:
    • ორგანიზაციული თავისუფლება (მოსწავლეები თავად განსაზღვრავენ დროს / ვადებს, სივრცესა და იმას, ვისთან და რა ფორმით ითანამშრომლონ);
    • მეთოდოლოგიური თავისუფლება (როგორ იმუშავებენ, რა მეთოდოლოგიურ მიდგომას გამოიყენებენ);
    • შინაარსობრივი თავისუფლება (რა თემაზე სურთ მუშაობა);
    • სოციალური თავისუფლება (თავად ადგენენ წესებს, თავად განსაზღვრავენ პრიორიტეტულ ღირებულებებს).

გერმანიაში „ღია გაკვეთილის“ ფორმებია: პროექტები, აღმოჩენით სწავლა, სემინარები, თვითმიმართული / დამოუკიდებელი სწავლა.

  • საფრანგეთშიც, გერმანიის მსგავსად, ასეთი გაკვეთილისათვის არსებობს ტერმინი „ღია გაკვეთილი“. ეს არის გაკვეთილი, გამდიდრებული ინოვაციური შინაარსითა და ინოვაციური მეთოდოლოგიით. ასეთი გაკვეთილისათვის საჭიროა გამდიდრებული სასწავლო მასალები კონკრეტულ თემაზე, თემის შესაბამისად საკლასო ოთახის მოწყობის გეგმა, ტექნოლოგიების გამოყენების მოკლე გზამკვლევი. გაკვეთილის თემა წინასწარ ეგზავნება როგორც მოსწავლეებს, ისე ყველა სხვა დაინტერესებულ პირს (ეს შეიძლება იყვნენ სხვა მასწავლებლები, მშობლები), ასევე ეგზავნება წასაკითხი და ვიზუალური მასალის ჩამონათვალი. მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია კონკრეტულ თემაზე მათი ინტერესების შესაბამისად, აიღონ ინტერვიუები საზოგადოების წარმომადგენლებისაგან, იმ საკითხის ექსპერტებისაგან, რომელზეც მუშაობენ, გამოიკვლიონ საზოგადოებრივი აზრი დასამუშავებელი თემის ირგვლივ და ა.შ.

ყველგან თავისუფალი გაკვეთილის მიმართ მოთხოვნებში ერთ-ერთია მოსწავლეთა ჩართულობა. სფეროებისა და მეთოდოლოგიის არჩევის შესაძლებლობა, განმსაზღვრელი შეფასების არარსებობა და აქცენტი განმავითარებელ უკუკავშირზე, მხარდაჭერასა და ხელშეწყობაზე ორიენტირებული სასკოლო გარემო (არა მარტო ფიზიკური, არამედ ინტელექტუალური და მორალური) უზრუნველყოფს ყველა ინტერესისა და შესაძლებლობის მოსწავლის ჩართვას. მეორე კრიტერიუმი უკავშირდება იმას, თუ რამდენად უწყობს ხელს ასეთი გაკვეთილი მოსწავლის დამოუკიდებელ შემსწავლელად ჩამოყალიბებას. კრიტერიუმებს შორის არის აქცენტი სოციალური უნარების განვითარებაზეც.

ასე რომ, თავისუფალი გაკვეთილი მოსწავლეებს მრავალმხრივ პერსპექტივას უშლის. წარმატება ვუსურვოთ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ამ ინიციატივას…

   მაია ინასარიძე

რისთვის გვქირაობს სახელმწიფო ?

0

დიახ, სახელმწიფო მასწავლებლებს გვქირაობს – კონკრეტული მიზნით, კონკრეტული საქმიანობისათვის, კონკრეტული მოვალეობის შესასრულებლად და არა მხოლოდ იმისათვის, რომ გვიყვარდეს ბავშვები, არც მხოლოდ რომელიმე საგნის სწავლებაა ჩვენი დასაქმების მიზანი, მით უფრო, არ უნდა გვეგონოს, რომ მასწავლებლად დაგვიქირავეს ლამაზი თვალების, ბავშვებისათვის „დედიკოს“ ძახილისა და მოსწავლეებისათვის იმის მტკიცების გამო, რომ მათზე დარდით ღამეებს თეთრად ვათენებთ.

არა, მასწავლებლები სხვა რამის გამო დაგვიქირავეს – ჩვენ განათლების სფეროში სახელმწიფოს ეროვნული პოლიტიკის მიზნების გამტარებელი უკანასკნელი და უმთავრესი რგოლი ვართ. რაც გინდა წერონ კანონებში, რა მეტაფორებითაც არ უნდა ილაპარაკოს განათლების მინისტრმა, რა დადგენილებებიც არ უნდა მიიღოს მთავრობამ, პარლამენტმა, თუ ჩვენ ვერ ვახერხებთ, თუ ჩვენ არ გვესმის და, შესაბამისად, ვერც  მოსწავლეს ვაგებინებთ, მაშინ ამაოა იქ, ზემოთ, წერა-კითხვა, მსჯელობა, ფიქრი, კანონშემოქმედებითი საქმიანობა .

სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია, რომ განათლების სისტემის მოწყობა, კერძოდ, სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესი, სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია: განათლების და სწავლების შინაარსი (რა ვასწავლოთ?), სწავლების მეთოდოლოგია (როგორ ვასწავლოთ?) და მასწავლებელი (ვინ ასწავლოს?). ამ სამი მიმართულების პრაქტიკული რეალიზაცია სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ  მეთოდოლოგიურ პრინციპებზე დაყრდნობით უნდა ხდებოდეს, რომელიც, თავის მხრივ, განსაზღვრული უნდა იყოს სახელმწიფოს პოლიტიკური პოზიციით – როგორი მოქალაქის აღზრდა სურს მას. ეს პოზიცია არის განათლების მიზანი (ვინ აღვზარდოთ?). როგორც მსჯელობიდან ვხვდებით, სწორედ ამ უკანასკნელით, განათლების პოლიტიკის განსაზღვრით, იწყება სახელმწიფოში ზოგადი განათლების სფეროში ყველანაირი მოქმედება, მათ შორის პედაგოგთა დასაქმებაც.

 ჩვენ, მასწავლებლებს, გვქირაობენ, რათა განათლების სფეროში არსებული უმთავრესი პოლიტიკის დოკუმენტი – „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები“ სასკოლო ცხოვრებაში განვახორციელოთ. აქედან გამომდინარე, როდესაც ვამბობთ, სკოლა დაცლილი/დაცული უნდა იყოს პოლიტიკისგანო, ფაქტობრივად, სასაცილო მდგომარეობაში ვიგდებთ თავს. თუ დავუკვირდებით, პირიქითაა, სწორედ სკოლა წარმოადგენს სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელ ერთ-ერთ მძლავრ, უმთავრეს სუბიექტს, რადგან იგი სახელმწიფოს მიერ სტრატეგიული ხედვის შესაბამისად შემუშავებულ პრინციპებს უშუალოდ საგაკვეთილო პროცესში ნერგავს და ავითარებს (აქ აუცილებელია აღინიშნოს, რომ ეს მიზანი პოლიტიკურ-ეკონომიკური პლატფორმის ცვლილებასთან ერთად იცვლება და მოდერნიზდება). ამგვარად, მასწავლებლებიც ჩვენი საგნის ფარგლებში ვახორციელებთ სახელმწიფოს ხედვას – ვზრდით ისეთ ადამიანს, როგორსაც ქვეყნის პოლიტიკა გვკარნახობს. სწორედ ამაში ხედავს სახელმწიფო ჩვენს დანიშნულებასა და საღმრთო ვალს, სწორედ ამისთვის გვქირაობს.

როდესაც სახელმწიფო განსაზღვრავს, როგორი პროდუქტი უნდა მიიღოს ზოგადი განათლების საფეხურდამთავრებული მოქალაქისაგან, შემდეგ იწყებს მუშაობას განათლების პოლიტიკის მიზნის მისაღწევი შინარსის შექმნაზე. შესაბამისად, აღზრდის მიზანს ექვემდებარება განათლებისა და სწავლების  შინაარსიც (რა ვასწავლოთ?). ჩვენს შემთხვევაში განათლების შინაარსის დოკუმენტს წარმოადგენს ეროვნული სასწავლო გეგმა. მისი შემუშავება, ანუ იმ სასწავლო მასალის დადგენა, რომელსაც უნდა დაეუფლოს მოსწავლე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, მხოლოდ ,,ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების’’ საფუძველზეა  შესაძლებელი. თავის მხრივ, ესგ-ის დოკუმენტი წარმოადგენს ცოდნათა და უნარ-ჩვევათა კრებულს, რომლის მიზანი პატრიოტი, დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებლობების მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი ადამიანის აღზრდაა. შესაბამისად, გამოდის, რომ სახელმწიფოს პედაგოგიური საზოგადოება სჭირდება განათლების სფეროში პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად, რისთვისაც ხელთ გვაძლევს დოკუმენტს და გვთხოვს, საგაკვეთილო პროცესი მას დავაფუძნოთ. ესეც მეორე მიზეზი ჩვენი დაქირავებისა.

 ცალკე აღნიშვნის ღირსია დამსაქმებლისგან დაკვეთილი განათლებისა და სწავლების მეთოდოლოგიის (როგორ აღვზარდოთ?) ფლობა, რომლის ხასიათიც, ასევე, აღზრდის მიზნითაა განპირობებული. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის სწავლების ეფექტურობა, ვფიქრობთ, დიდწილადაა დამოკიდებული მასწავლებლის მიერ არჩეულ ცოდნა-ჩვევების გადაცემის ხერხზე. მეთოდოლოგია, რომელსაც მასწავლებელი იყენებს სწავლებისას, ყველაზე მეტად განაპირობებს პიროვნების ამა თუ იმ სპეციფიკური უნარის ფორმირებას სწავლა- აღზრდის პროცესში. უნდა ითქვას, რომ თუ ადრე მეთოდიკის სახელმძღვანელოები მკაცრად უნიფიცირებულ და კონტროლირებად ხასიათს ატარებდა, ამჟამად მათი რაოდენობა უზღვავია და  სწორედ პედაგოგის დიდოსტატობაზეა დამოკიდებული სწორი არჩევანი. შესაბამისად, სახელმწიფოც ამ არჩევანის მართებულობისათვის გვქირაობს.

დაბოლოს, მასწავლებელი (ვინ ასწავლოს?) – ადამიანი, რომლის გარეშე ჩემ მიერ ზემოთ ნამსჯელს იოტისოდენა ფასიც არ აქვს. სკოლაში სწავლების ხარისხსა და ეფექტურობას განსაზღვრავს მასში მოღვაწე პედაგოგიური პოტენციალი – თავისი ცოდნით, უნარებითა და პიროვნული თვისებებით. სავსებით ნათელია, რომ როგორიც არ უნდა იყოს სახელმწიფოს მიზანი განათლების მიმართ, მის მიერ შემუშავებული დოკუმენტების ხარისხი და, ზოგადად, სახელმწიფოს დამოკიდებულება სასკოლო სისტემისადმი, სწორედ მასწავლებელია სასწავლო პროცესის წარმმართველი, ძალა, რომლის ხელითაც რეალიზდება ყველა სახელმწიფო დოკუმენტი. განათლების სისტემის საკანონმდებლო რეგულაციები, სტანდარტები და სხვა მისთანანი ჩვენს ხელში ან ქმედით ძალას იძენს ან სრულიად უფასურდება. სწორედაც ამიტომ, გაიაზრა რა  სამასწავლებლო კადრის მნიშვნელობა, სახელმწიფომ პედაგოგობა რეგულირებად, განსაკუთრებულად ყურადღებამისაქცევ პროფესიად დასახა და დაუწესა ნორმების წყება – კანონები, სტანდარტები, სქემები, კითხვარები, საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებები და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი რამ. და ეს ყველაფერი, ალბათ, იმისთვის, რომ არ მოვდუნდეთ, არ ჩაგვეძინოს, არ შევწყვიტოთ კითხვა, განვითარება და უმთავრეს მიზანს – ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალ პიროვნების ჩამოყალიბებას – ხინჯი რამ არ მოვსდოთ. ვინ ვინ და სახელმწიფომ ყველაზე კარგად იცის, რომ უმასწავლებლებოდ, უჩვენოდ, ისეთივე ავ დღეში ჩავარდება, როგორშიც ნაცარქექია ჭყინტი ყველისა და სადგისის გარეშე. ჰოდა,  თავს ზემოთ ძალა არაა  და  ამიტომაც გვქირაობს.

სიბნელის შიში ბავშვებში – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

0

ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს ადამიანი, რომელსაც მისი ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე არ განუცდია შიში რაიმეს ან ვინმეს მიმართ. საყურადღებოა, რომ ეს გრძნობა მთელი თავისი მრავალფეროვნებით ბავშვობის პერიოდში იჩენს თავს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სიბნელის შიში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შიშია  ბავშვებში. როგორც წესი, სიბნელის შიში ამ პერიოდში დროებით ხასიათს ატარებს, მაგრამ, თუ ის დროულად არ იქნება დაძლეული, შეიძლება დიდობაშიც გაგრძელდეს. აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ მოზრდილ ადამიანებში შიშის გამომწვევი მიზეზები მათ ადრეულ ბავშვობას უკავშირდება.

     ალბათ, არაფერია იმაში გასაკვირი, რომ იმ ბავშვთა მშობლები, რომელთაც სიბნელის შიში აწუხებთ, სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე. უპირველეს ყოვლისა, ასეთ ბავშვს უჭირს ჩაძინება, ხშირად უარს ამბობს საძინებელ ოთახში შესვლაზე, საკუთარ საწოლში ჩაწოლაზე, პანიკაში აგდებს ოთახში სინათლის ჩაქრობა, დაჟინებით ითხოვს საძინებელი ოთახის კარის ღია დატოვებას, ხშირად ესიზმრება კოშმარები, შუაღამისას იღვიძებს შეშინებული, უხმობს მშობლებს და არწმუნებს მათ, რომ მის ოთახში ურჩხულები და მოჩვენებები დადიან. ასეთ დროს მშობელთა უმრავლესობა გამოსავალს იმაში პოულობს, რომ საკუთარ საძინებელში გაჰყავს ბავშვი და მასთან ერთად აგრძელებს ძილს. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც შიშისაგან პანიკაში ჩავარდნილ ბავშვს საყვედურობენ, ცდილობენ დაარწმუნონ, რომ საშიში არაფერია, უბრალოდ მოეჩვენა რაღაც და აიძულებენ საკუთარ საწოლში გააგრძელოს ძილი. მშობლების მხრიდან ბავშვის შიშის მუდმივად იგნორირების შემთხვევაში ადვილი შესაძლებელია მას ჩამოუყალიბდეს საკუთარ თავში დაურწმუნებლობის, სირცხვილის, დაუცველობის გრძნობა; ამასთან ერთად, თავი იჩინოს დეპრესიამ და აგრესიულობამაც. ბუნებრივია, ეს ყველაფერი პრობლემას მოგვარების ნაცვლად კიდევ უფრო გაამძაფრებს და შესაძლოა უმართავიც კი გახადოს ის. ამდენად, სასურველია, რომ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვიზრუნოთ ბავშვში აღმოცენებული სიბნელის შიშის დაძლევაზე. მაგრამ, იმისათვის, რომ პრობლემას წარმატებით გავართვათ თავი, აუცილებელია ზუსტად განვსაზღვროთ ის მიზეზები, რამაც შეიძლება ეს პრობლემა წარმოშვას.

     სიბნელის შიშის გამომწვევი მიზეზები:

  • წინარე, არასასიამოვნო გამოცდილება. რაიმე შემთხვევის წყალობით, სიბნელის ხიფათთან, არასასიამოვნო მოულოდნელობასთან დაკავშირება. მაგ. თუ ერთხელ, როცა ბავშვი ბნელ ოთახში აპირებდა შესვლას, იქიდან მკვეთრი მოძრაობით გადმოხტა ოჯახის კატა ან ძაღლი, რამაც ის შეაშინა, ადვილი შესაძლებელია, რომ მომავალში ბნელი ოთახი მან დააკავშიროს ხიფათთან, საფრთხესთან, შიშთან, მოულოდნელობასთან და უარი განაცხადოს იქ შესვლაზე;
  • მშობლების, ახლობლების, აღმზრდელების მიერ ბავშვისთვის გაუცნობიერებლად თავსმოხვეული, შთაგონებული შიში. მაგ. როცა ბავშვი დიდხანს არ იძინებს და მშობლები დაშინებით ცდილობენ მის დაძინებას – „გადაბრუნდი და დახუჭე თვალები, თორემ გუდიანი კაცი მოვა და წაგიყვანს“, ადვილი შესაძლებელია, ბნელ ოთახში მარტოდ დარჩენილ ბავშვს მოეჩვენოს, რომ მის გარშემო საშინელი არსებები დადიან, რაც, ბუნებრივია, კიდევ უფრო გააძლიერებს სიბნელის შიშს;
  • ძილის წინ ისეთი მულტფილმების ყურება, სადაც საშინელი არსებებია პერსონაჟებად გამოყვანილი და ნეგატიურ სიუჟეტზეა აგებული. სახიფათო კომპიუტერული თამაშებით გართობამ ასევე შეიძლება პრობლემები შეუქმნას ბავშვს ძილის წინ. არსებობს იმის საფრთხე, რომ ნანახი პერსონაჟები მოჩვენებებად „გამოეცხადოს“ და ძილი დაუფრთხოს მას;
  • ოჯახური კონფლიქტები, ყოველდღიური ჩხუბი და უსიამოვნო საუბრები მშობლებს შორის, სხვა უარყოფით შედეგებთან ერთად, დიდი ალბათობით, შეიძლება ბავშვში სიბნელის შიშის აღმოცენების მიზეზად იქცეს. მას უჩნდება უნდობლობის გრძნობა დედ-მამის მიმართ, ფიქრობს, რომ ის მათ არ სჭირდებათ და უსაფრთხოდ და დაცულად ვეღარ გრძნობს თავს. ასეთ დროს აღმოცენებულმა უარყოფითმა ემოციებმა შეიძლება არა მხოლოდ ხელი შეუწყოს ბავშვში სიბნელის შიშის აღმოცენებას, არამედ განამტკიცოს კიდეც ის იმდენად ძლიერად, რომ მოზარდი ამ შიშისაგან გარდამავალ ასაკშიც კი ვერ განთავისუფლდეს;
  • ოჯახური ურთიერთობების რღვევა ან ოჯახის რომელიმე წევრის სერიოზული ავადმყოფობა ასევე შეიძლება ბავშვში სიბნელის შიშის აღმოცენების მიზეზი გახდეს;
  • ჰიპერმზრუნველობა ოჯახის წევრთა მხრიდან, ბავშვის გარე სამყაროსაგან მოწყვეტა და შესაძლო გარე გამღიზიანებლებისაგან მისი გამიჯვნა, შეიძლება საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს. თანატოლთა წრისა და გარე სამყაროსაგან მოწყვეტილი ბავშვი, როგორც წესი, იკეტება ვიწრო ოჯახურ წრეში, სადაც მუდმივი კონტროლი და მეურვეობა დამთრგუნველად მოქმედებს მის ემოციურ ცხოვრებაზე და უძლიერებს შიშის, საფრთხის, საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გრძნობას;
  • ბავშვის პრობლემის იგნორირება, უარყოფა შესაძლებელია ახალი პრობლემების აღმოცენების მიზეზი გახდეს. არის შემთხვევები, როცა უფროსები ბავშვს, რომელსაც სიბნელის ეშინია, დასცინიან, უწოდებენ მხდალს ან საერთოდ კეტავენ ბნელ ოთახში იმ იმედით, რომ ეს დაეხმარება მას შიშის დაძლევაში. შედეგად ვიღებთ იმას, რომ სიბნელის შიში კიდევ უფრო ძლიერდება და მას სხვა პრობლემებიც ემატება.

რეკომენდაციები სიბნელის შიშის დასაძლევად:

  • პრობლემის მოგვარება მისი აღიარებით უნდა დავიწყოთ. პრობლემის იგნორირება ნამდვილად არ იქნება ჩვენი დამხმარე ასეთ სიტუაციაში;
  • ნუ შევეცდებით ბავშვის წინაშე მდგარი პრობლემის გამარტივებას. ჩვენი სიტყვები -„სიბნელეში არაფერია საშიში“- ვერ დაეხმარება მას და არ მისცემს იმ ემოციების და გრძნობების ახსნის საშუალებას, რომელსაც ის განიცდის. ამიტომ, არ არის საჭირო დავამშვიდოთ ბავშვი სიტყვებით: „აქ არაფერია ისეთი, რის გამოც უნდა გეშინოდეს“; „მე არ მეშინია“. მსგავსი სიტყვებით დაძლევის ნაცვლად შეიძლება უფრო გავაძლიეროთ შიში. ამიტომ პრობლემის მოსაგვარებლად, უკეთესი იქნება თანაგანცდა, მხარდაჭერა და სიყვარული;
  • დავანახოთ და ვაგრძნობინოთ ბავშვს, რომ ჩვენ გვჯერა მისი, მისი შესაძლებლობების, გვჯერა, რომ ის თავს გაართმევს მის წინაშე მდგარ პრობლემას. მშობლები, რომლებსაც ეჭვი არ ეპარებათ საკუთარ შვილში, ადვილად შეძლებენ მის დახმარებას სირთულის დაძლევის პროცესში. ნდობისა და სიყვარულის დეფიციტის პირობებში კი ბავშვი კარგავს საკუთარ თავში დარწმუნებულობის გრძნობას, თავს გრძნობს მარტოსულად და დაუცველად, ხდება შფოთიანი, რაც ნამდვილად ვერ დაეხმარება მას პრობლემის დაძლევაში;
  • მშობლების დადებითი მაგალითი. ნუ მოვერიდებით ბავშვთან იმის აღიარებას, რომ ერთ დროს ჩვენც გვქონდა ასეთი შიში, ჩვენც გვტანჯავდა ის, თუმცა, შევძელით მისი დამარცხება. გავუზიაროთ მას სიბნელის შიშთან ბრძოლაში ჩვენი ბავშვობის დროინდელი გამოცდილება;
  • მოვარიდოთ ბავშვი ძილის წინ მულტფილმების ყურებას. უმჯობესი იქნება, თუ ამით ის დღის განმავლობაში დაკავდება;
  • ნუ წავუკითხავთ ბავშვს საშიშ ზღაპრებს, ზღაპრებს ისეთი პერსონაჟებით, რომლებიც აშინებს პატარას. უმჯობესი იქნება მოვუყვეთ ბავშვს ისტორიები კეთილი პერსონაჟებით და ბედნიერი დასასრულით;
  • მოვერიდოთ ზედმეტ მეურვეობასა და მზრუნველობას; მივცეთ ბავშვს თანატოლებთან და გარე სამყაროსთან მეტი ურთიერთობის საშუალება. გავითვალისწინოთ, რომ ძალიან ხშირად საფრთხე იმდენად გარე სამყაროში არ არის, რამდენადაც ჩვენს შინაგან სამყაროში;
  • ნუ დავადანაშაულებთ ბავშვს, ნუ ვეჩხუბებით და ნუ დავსჯით მას იმის გამო, რომ ეშინია, დაუცველი და უსუსურია. ეს განსაკუთრებით ბიჭების მამებმა უნდა გაითვალისწინონ, რადგანაც, როგორც წესი, ისინი თვლიან, რომ ბიჭები უნდა იყვნენ თამამები, მამაცები, ძლიერები და ამტანები, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ მათი ვაჟები, პირველ რიგში, ბავშვები არიან, რომელთაც სიყვარული, თანადგომა, გაგება და მხარდაჭერა უფრო სჭირდებათ, ვიდრე საყვედურები. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მშობელთან დამალავენ თავის შიშს, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს პრობლემას;
  • ნუ ვაიძულებთ ბავშვს დაიძინოს ჩაბნელებულ ოთახში იმ მოტივით, რომ განათებულ ოთახში ძილი საზიანო იქნება მისი ჯანმრთელობისთვის. ღამეების გატარება მუდმივ შიშში ბევრად უფრო სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვისთვის, მისი ფსიქიკისთვის, ვიდრე განათებულ ოთახში ძილი.

     დაბოლოს, სიტუაციის სწორად გაანალიზება, სამოქმედო სტრატეგიის ადეკვატურად შერჩევა, ბავშვის უპირობო სიყვარული და მისი შესაძლებლობების ძლიერი რწმენა სიბნელის შიშის დამარცხების აუცილებელი და მნიშვნელოვანი პირობაა.

როგორ ვასწავლოთ

0

გლენ დომანი: „ბავშვის ჰარმონიული განვითარება“

დასაწყისისთვის მინდა გამოვეხმაურო ყველა იმ ავტორს, რომელიც აფრთხილებს მშობლებს, რომ თუ ზედმიწევნით არ შეასრულეს მათი მითითებები, მეთოდი ვერ იმუშავებს. ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ მინდა ვთქვა: რაც არ უნდა ცუდად ასწავლიდეთ საკუთარ შვილს, ეს მაინც უკეთესია, ვიდრე საერთოდ არაფერი ასწავლოთ.

მოდით, ახლა განვიხილოთ, რა უნდა გვახსოვდეს თავად ბავშვის შესახებ და შემდეგ განვიხილოთ საკითხი – როგორ ვასწავლოთ.

  1. რაც უფრო პატარა ასაკისაა ბავშვი, მით მეტი ინფორმაციის ათვისება შეუძლია;
  2. ხუთ წელზე ნაკლები ასაკის ბავშვს შეუძლია, ძალიან სწრაფად აღიქვას ესა თუ ის ინფორმაცია;
  3. რაც უფრო ბევრ ინფორმაციას ითვისებს პატარა, მით უფრო მეტი რჩება მის მეხსიერებას;
  4. ხუთ წელზე ნაკლები ასაკის ბავშვს შემეცნების დიდი წყურვილი აქვს;
  5. მას შეუძლია ყველაფრის სწავლა, თუ თქვენ სწავლის პროცესს წარმართავთ გულწრფელად, ხალისით და, რაც მთავარია, ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით;
  6. ყველა ბავშვი პატარა გენიოსია ლინგვისტური უნარებით, რომელსაც შეუძლია ისწავლოს იმდენი უცხო ენა, რამდენის სწავლებასაც თქვენ შეძლებთ;

ინტელექტუალური განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა კითხვა. კითხვა ეს ადამიანის თავის ტვინის უმაღლესი ფუნქციაა. დედამიწაზე მცხოვრები ყველა ცოცხალი არსებიდან კითხვა მხოლოდ ადამიანს შეუძლიათ. ამას გარდა, კითხვის უნარზეა დაფუძნებული ადამიანის მთელი შემდგომი განათლება.

ადამიანის ინტელექტი ეფუძნება ცოდნას, რომლის გარეშეც მისი არსებობა შეუძლებელია. ჩვენ მიერ შემუშავებული სწორი სწავლების პრინციპები, გამოსადეგია კითხვის,  მათემატიკისა და ნებისმიერი თქვენ მიერ არჩეული საგნის შესასწავლად. თითოეული ჩვენგანი საკუთარი განათლების პროდუქტია. სწორედ ამიტომ შვილების სწავლებისას ძალაუნებურად ვუშვებთ შეცდომებს და ვაიძულებთ მათ აკეთონ ის, რის გაკეთებაც ბავშვობაში თავადაც ძალიან გვძულდა.

ნებისმიერ მშობელს ემახსოვრება მასწავლებლის წითელი კალამი, რომლითაც ის შეცდომებზე მიგვითითებდა და პრაქტიკულად ისე გამოდიოდა, რომ მართებულ პასუხებს არად დაგიდევდათ. ამიტომ, თუ გინდათ, თქვენი შვილის სწავლებისას შედეგს მიაღწიოთ, დაივიწყეთ ყველაფერი, რაც თავად „შეგემთხვათ“ სწავლების პროცესში.

 

რა ასაკიდან დავიწყოთ სწავლება?

 

 პასუხი ძალიან მარტივია: დაბადებისთანავე. ჩვენ ხომ ვესაუბრებით ახალშობილს? ეს კი ავითარებს მისი სმენის აპარატს. ჩვენ ბავშვისთვის ინფორმაციის ვიზუალური ფორმით მიწოდებაც შეგვიძლია, რისთვისაც შესაბამის ბარათებს გამოვიყენებთ. ამით მას მხედველობით შეგრძნებებს განვუვითარებთ. სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია ორი რამ:

  • მშობლის ურთიერთობები და დამოკიდებულება;
  • სასწავლო მასალის მოცულობა და მისი მიწოდების რიგითობა.

მშობლის ურთიერთობები და დამოკიდებულება; თუ თქვენ ნამდვილად გსურთ ასწავლოთ საკუთრ შვილს, მაშინ დაიწყეთ ახლავე. გამორთეთ ტელეფონი და კარზე დაკიდეთ წარწერა: „კვალიფიციური დედა მუშაობს – გთხოვთ, არ შეაწუხოთ!“.

შემეცნება – ცხოვრების უდიდესი თავგადასავალი და ყველაზე საინტერესო განმავითარებელი თამაშია. ამიტომ უმთავრესია გვახსოვდეს: „სწავლების პროცესისაგან სიამოვნება უნდა მიიღონ როგორც მშობლებმა, ასევე ბავშვებმაც“. მშობლებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ შემეცნება – არ არის რუტინული სამუშაო. ის პრივილეგიაა და არა სასჯელი და რომ თავად ბავშვებში ის დაბადებისთანავეა ჩადებული.

არსებობს უსაფრთხოების კანონი, რომელიც მუდამ უნდა ახსოვდეს ყველა მშობელს. „თუ თქვენ ან თქვენს შვილს არ აინტერესებს სწავლის პროცესი, მაშინ შეწყვიტეთ მეცადინეობა“. სავარაუდოდ, თქვენ მას არასწორად წარმართავთ. პირველ რიგში დაისვენეთ და გაიხსენეთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ თამაშია, რომელშიც წაგებული არ უნდა არსებობდეს.

 

პატივისცემა და ნდობა. შვილები მშობლებს სრულად ენდობიან, ასევე უნდა იქცეოდნენ მშობლებიც. ბავშვები კარგად გრძნობენ მშობლის დამოკიდებულებას. ჩვენ გვჯერა, რომ ბავშვებს ცოდნის მიღების ყველაზე დიდი სურვილი აქვთ და ამიტომ მშობლებმა მათ ეს შესაძლებლობა უნდა მისცენ. სწავლების პროცესი წარმოუდგენელია ურთიერთნდობის გარეშე. მშობელმა უნდა აღჭურვოს შვილი ზუსტი, მკაფიო, არაორაზროვანი ინფორმაციით და ბავშვი ნამდვილად შეძლებს მის ათვისებას.

 

ყოველთვის უთხარით ბავშვს სიმართლე. ბავშვები დარწმუნებული არიან, რომ ის, რასაც მათ მშობლები ეუბნებიან, სრული სიმართლეა. არასოდეს არ უნდა მისცეთ შვილს საბაბი, რომ ეჭვი შეეპაროს თქვენს სიმართლეში და სხვებსაც არ მისცეთ ამის უფლება. თუ თქვენ დაიწყებთ პატარას მოტყუებას, მაშინ შესაძლებელია მისი სიყვარული შეინარჩუნოთ, მაგრამ პატივისცემას დაკარგავთ.

 

როდესაც ბავშვი გისვამთ შეკითხვას, უპასუხეთ მას გულწრფელად. ასეთ შემთხვევაში ბავშვი დაასკვნის, რომ თქვენ ყველაფერი იცით და ფლობთ ულევ ინფორმაციას. როდესაც ბავშვი უფროსს ენდობა, ის უამრავ ორიგინალურ და რთულ შეკითხვას სვამს. თუ თქვენ იცით პასუხი, დაუყოვნებლივ უპასუხეთ, თუ – არა, გულწრფელად უთხარით ამის შესახებ, მაგრამ შემდეგ აუცილებლად მოიძიეთ ინფორმაცია და ესაუბრეთ მასზე.

 

თამამად გამოხატეთ საკუთრი მოსაზრება, რადგან ბავშვს სურს მისი ცოდნა. არასოდეს დაივიწყოთ, რომ თქვენ პატარას აწვდით არა მხოლოდ გარკვეულ ინფორმაციას, არამედ ასწავლით მას, როგორ ასწავლოს მომავალში საკუთარ შვილებს.

 

საუკეთესო დრო სწავლებისათვის. არასოდეს დაუწყოთ შვილს რაიმეს სწავლება, თუ ის ან თავად თქვენ, რაღაც მიზეზის გამო თავს უბედურად გრძნობთ. ან თუ ბავშვი გაღიზიანებულია, მშიერია, დაღლილია. ასეთ დღეებში სასურველია სწავლება რამდენიმე ხნით გადადოთ და შესაფერის მომენტს დაელოდოთ.

 

შესაფერისი გარემო. იმისათვის, რომ სწავლის პროცესში ბავშვის ყურადღება არაფერმა მიიქციოს, სასურველია შექმნათ გარემო, რომელიც თავისუფალი იქნება რაიმე ტიპის გამღიზიანებლებისაგან.

მეცადინეობების ოპტიმალური ხანგრძლივობა. როგორც წესი, მცირე ასაკის ბავშვებისათვის სწავლების დრო უნდა იყოს ძალიან ხანმოკლე. ვფიქრობთ, პროფესიონალი მშობლები თავად მიხვდებიან, როდის არის სასურველი მეცადინეობის შეწყვეტა.

გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ მასწავლებელი და არა თქვენი ბავშვი, ამიტომ არ მისცეთ მას უფლება, შეცვალოს თქვენ მიერ დადგენილი პროგრამა და რიტმი. მართალია, რომ პატარა მსოფლიოში საუკეთესო მოსწავლეა, სამაგიეროდ, თქვენ ხომ მსოფლიოში საუკეთესო მასწავლებელი ხართ. თუ თქვენ მოახერხებთ და ყოველთვის იმაზე უფრო ადრე შეწყვეტთ მეცადინეობას, ვიდრე ამას ბავშვი მოითხოვს, ამ შემთხვევაში მას უფრო მეტად გაუძლიერებთ სწავლისადმი თანდაყოლილ ლტოლვას.

 

სწავლების ხერხი და მანერა. რის სწავლებასაც არ უნდა ცდილობდეთ კონკრეტულ მიკროგაკვეთილზე, გახსოვდეთ, რომ ყველაფრის გასაღებია – ენთუზიაზმი. არ გაურთულოთ ცხოვრება საკუთარ შვილს. ესაუბრეთ მას ხმამაღლა, მკაფიოდ და მხიარულად. ამ დროს ისინი საშრობივით ისრუტავენ თქვენს ინფორმაციას. ბავშვებს უყვართ, როდესაც სწავლება მიმდინარეობს საკმაოდ სწრაფად, ამიტომ თქვენი სადემონსტრაციო მასალაც სწრაფად უნდა აჩვენოთ.

უფროსებისაგან განსხვავებით, ბავშვები სულაც არ თვლიან, რომ შემეცნების პროცესი მძიმე და აუტანელია. წარმატების მისაღწევად საჭიროა სწრაფი მოქმედება, რადგან სისწრაფე სიამოვნებას ანიჭებს პატარას, ხოლო შენელება კლავს ბავშვის თანდაყოლილი შემეცნების უნარს. სასწავლო მასალა უნდა იყოს მკაფიო და ნათელი. ბავშვებისათვის სულაც არ არის აუცილებელი რაღაცის დიდხანს თვალიერება – ისინი ყველაფერს სწრაფად ისრუტავენ. სწავლების პროცესში შესაძლოა, ენთუზიაზმი ჩაგიქრეთ, ქმედებებში ავტომატიზმი და ხმაში კი სიუხეშე შეგეპაროთ. როგორც კი მსგავს რამეს შეამჩნევთ სასწრაფოდ ეცადეთ მის გამოსწორებას, ეს თქვენი პატარისათვის ძალზე მნიშვნელოვანია.

 

ახალი მასალის ათვისება. ახლა მინდა ვისაუბრო იმ გარემოებაზე, რომ ბავშვებს განსხვავებული სისწრაფით შეუძლიათ კითხვის, თვლის და ა.შ… ათვისება. მშობელი იმისათვისაც უნდა იყოს მზად, რომ სწავლების პროცესში ბავშვი იქნება წამყვანი და არა მშობელი. ზოგჯერ შესაძლებელია თქვენ გაგაოცოთ შვილის შემეცნებითმა „შიმშილმა“ და ათვისების სისწრაფემ. ახალი ინფორმაცია ეს არის სწორედ ყოველი პროგრამის არსი, როდესაც ბავშვის ადრეულ განვითარებაზეა საუბარი. მასზეა დამოკიდებული წარმატება. როდესაც ბევრია ახალი ინფორმაცია, თქვენ და თქვენი შვილი თავს ისე კარგად იგრძნობთ, რომ ვერც კი მიხვდებით, როგორ გავა დრო. ბავშვის პირადი სამყარო მუდამ გაფართოვდება და ამაში მდგომარეობს მისი ცხოვრების ყოველი დღის მიზანი.

ჩვენ ისეთ სასწავლო გარემოში აღვიზარდეთ, სადაც ფაქტების 100%-ით დამახსოვრებას გვთხოვდნენ. ამისათვის საჭირო იყო გამუდმებული გამეორება, რის შედეგადაც ყოველგვარ ინტერესს ვკარგავდით როგორც თავად ფაქტების, ასევე სწავლების მიმართაც. საბედნიეროდ, არსებობს განსხვავებული მეთოდიც, რომლის მიხედვით ბავშვს ვაწვდით გაცილებით მეტ ფაქტს და არ ვაიძულებთ მათ სრულყოფილად დამახსოვრებას. ამის ნაცვლად ვაღვივებთ პატარას თანდაყოლილ ცნობისმოყვარეობას. სწორედ, ამაში მდგომარეობს პატარა ბავშვების სწავლების საიდუმლო.

აქვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ყოველთვის მზად უნდა იყოთ საკუთრი მიდგომის შესაცვლელად. პატარა ბავშვები, ხომ მუდმივად იზრდებიან. პირველად, როდესაც ბავშვს შევამჩნევთ, რომ ის რაღაც ისეთს აკეთებს, რაც ადრე არასდროს გაუკეთებია, ვხვდებით, რომ პატარა უკვე რაღაცნაირად განსხვავებულად უყურებს სამყაროს. როცა თქვენ აითვისებთ სწავლების ახალ მიდგომას, მიხვდებით, რომ თქვენს პატარას უკვე რაღაც განსხვავებული სურს. უფროსებს – კარგად გაკვალული გზებით სიარული უყვართ, პატარები – ყოველთვის სიახლეებისაკენ მიილტვიან.

 

ორგანიზებულობა და თანამიმდევრულობა. სწავლების დაწყებამდე საჭიროა საკუთრი ქცევებისა და სასწავლო მასალის თანამიმდევრულობაზე კონტროლი. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ მეტი სიამოვნება მიიღოთ სწავლებისაგან. იმისათვის, რომ თქვენ მიერ დასახული სწავლების გეგმა იყოს სასარგებლო, კარგი იქნება საშუალო ინტენსივობის პროგრამის შერჩევა. თუ რაიმე ობიექტური მიზეზის გამო მოგიხდებათ მეცადინეობის შეჩერება და მოგვიანებით მოახერხებთ მის გაგრძელებას, აუცილებელია სწავლება ზუსტად იმავე ადგილიდან განაახლოთ.

 

ტესტირება. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევა – არ შეამოწმოთ თქვენი შვილების წარმატებები. ბავშვებს უყვართ შემეცნების პროცესი, მაგრამ არ უყვართ, როდესაც მათ შემოწმებას იწყებენ. ტესტირება დიდ სტრესთან არის დაკავშირებული. რაც უფრო ხშირად ამოწმებთ ბავშვებს, მით უფრო ცუდად ისწავლის ის. რა არის ტესტი? პრინციპში ეს არის იმის მცდელობა, გაიგოთ, რა არ იცის თქვენმა შვილმა. ფაქტობრივად, ეს არის ბავშვის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულების გამომჟღავნება, რადგან ის ხვდება, რომ თქვენ არ გჯერათ რომ მან იცის, სანამ ის ამას არ დაგიმტკიცებთ. არ დაუწყოთ შემოწმება ბავშვს და არც სხვებს შეამოწმებინოთ მისი ცოდნა. ტესტირების ნაცვლად გამოიყენეთ უნარების გამოვლენის მეთოდი, რომლის მიზანია, ბავშვს მივცეთ შესაძლებლობა საკუთრი ცოდნის დემონსტრირება მოახდინოს, ოღონდ მხოლოდ მისი სურვილის შემთხვევაში.

 

სასწავლო მასალის მომზადება. ბავშვის სწავლებისათვის განკუთვნილი მასალები ძალიან მარტივია. ისინი შექმნილია სპეციალისტების მიერ, რომლებიც სწავლობენ ბავშვის ტვინის განვითარების საკითხებს. მასალა უნდა იყოს მარტივი, ადვილად გასაგები. ბავშვებს არ უყვართ განმეორება, უკვე განვლილ მასალასთან მიბრუნება, ის მათთვის მოსაწყენი ხდება. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ: არასოდეს მიუბრუნდეთ უკვე განვლილ მასალას.

დასკვნის სახით ჩამოგიყალიბებთ ბავშვის ადრეული სწავლების ძირითად პრინციპებს:

  • სწავლა დაიწყეთ რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან;
  • ასწავლეთ სიამოვნებით;
  • ენდეთ და პატივი ეცით საკუთრ შვილს;
  • ასწავლეთ მხოლოდ მაშინ, როცა ორივე მხარეს ამის სურვილი და განწყობა ექნება;
  • შექმენით შესაფერისი სასწავლო გარემო;
  • მანამდე შეწყვიტეთ მეცადინეობა, სანამ ბავშვი გეტყვით ამას;
  • ხშირად მიაწოდეთ ახალი მასალა;
  • მთავარია, იყოთ თანამიმდევრული და მობილიზებული;
  • არ შეამოწმოთ ბავშვის ცოდნა;
  • საგულდაგულოდ მოამზადეთ სასწავლო მასალა;
  • გახსოვდეთ უსაფრთხოების ძირითადი წესი: თუ თქვენ ან თქვენს შვილს არ აინტერესებს, შეწყვიტეთ მეცადინეობა. სავარაუდოდ, რაღაცას არასწორად აკეთებთ.

ქართველი ავტორის აღმოსაჩენად

0

ამ ბოლო დროს თბილისის წიგნის ფესტივალებზე სასიხარულო ტენდენცია გამოიკვეთა: ქართველი ავტორების წიგნები ბესტსელერები  ხდება. ეს შესაძლოა ავტორის პირადად ნახვისა და ავტოგრაფის მიღების სურვილითაც იყოს განპირობებული. თუმცა ბოლო წლების ერთგვარი ტრადიცია რომ იცვლება და ნათარგმნ ლიტერატურას ღირსეულად ეჯიბრება ქართული, ორიგინალური პროზა თუ პოეზია, უდავოდ მისასალმებელია. საქართველოში ნამდვილად მაღალი დონის ლიტერატურა იქმნება და ის არაფრით ჩამოუვარდება თანამედროვე ევროპულ თუ ამერიკულ პოეზიას, რომანს, მოთხრობას თუ დრამატურგიას. როდესაც სოციალურ ქსელში სიხარულით ვამცნე ხალხს კიდევ ერთი ქართველი ავტორის წიგნის უცხო ქვეყანაში გამოცემის ამბავი, მახსოვს, ერთმა ქალმა დაწერა, სირცხვილია, ჩვენ ჯერ ქართულად არ გავცნობივართ და უკვე ევროპელებს შეუძლიათ წაიკითხონო.

უნდა ვაღიარო, რომ მეც, თავის დროზე, ცოტა არ იყოს დამეზარა ზაზა ურუშაძის „მანდარინებზე“ წასვლა კინოთეატრში. ხოლო როცა აღიარება მოიპოვა, მაშინღა დავინტერესდი და მოვახერხე კიდეც ფილმის ნახვა. ამ შემთხვევის შემდეგ ვცდილობ არც ერთი ქართული ფილმი არ გამომრჩეს. სამწუხაროდ არ მაქვს ქართველი დიზაინერების სამოსიც. არადა ნებისმიერი სახის ეროვნული პროდუქტის გაცნობა და შეძენა ერთგვარი სოლიდარობის აქტია თანამოქალაქის მიმართ.

ქართველი ავტორების წიგნებს ძალიან ცოტა მკითხველი ჰყავს იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ ენაზე კითხვა სულ ოთხ მილიონამდე ადამიანს თუ შეუძლია. რომ არაფერი ვთქვათ იმ სავალალო შედეგებზე, რასაც მაგალითად 2016 წლის ქართული წიგნის ბაზრის კვლევა აჩვენებს – საქართველოში თანამედროვე ავტორებს მხოლოდ გამოკითხულთა 7% კითხულობს. უფროსი (55 წლის და მეტი) ასაკის მკითხველები უპირატესობას მეტწილად მხოლოდ კლასიკურ ნაწარმოებებს ანიჭებენ, ხოლო თანამედროვე ავტორებს უფრო ახალგაზრდები (16-34 წლის) კითხულობენ. მასწავლებელს მნიშვნელოვანი როლი აქვს კითხვის პოპულარიზაციის საქმეში, რადგან მოსწავლისათვის ის ავტორიტეტია. როგორც აღმოჩნდა, მკითხველების ნახევარზე მეტი (53%) წიგნის შერჩევისას ახლობლებისა და მეგობრების რეკომენდაციით ხელმძღვანელობს. ამიტომ კარგი იქნება ქართველი კლასიკოსების წიგნებთან ერთად თქვენს მოსწავლეებს თანამედროვე მწერლების ნაწარმოებების გაცნობასაც თუ ურჩევთ. მასალის მოძიების პროცესში ვფიქრობ, კარგ სამსახურს გაგიწევთ თანამედროვე ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები, ლიტერატურული პრემიების გრძელი და მოკლე სიები. სასურველია, სკოლები აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა აქციაში, რომელიც წიგნთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დღეების, დღესასწაულების აღნიშვნას ემსახურება. ერთ-ერთია წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, რომელსაც 2017 წელს საქართველო მეორედ უერთდება. წელს ეს დღე 16 თებერვალს აღინიშნება. შეგიძლიათ მოაწყოთ თანამედროვე ქართული პროზის, პოეზიის, დრამატურგიის კვირეულები, ეწვიოთ წიგნის წარდგინებებს, დაესწროთ თანამედროვე დრამატურგების პიესების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებს, მოიწვიოთ მწერლები სკოლაში და ა. შ.

ეს ღონისძიებები უკვე აქტიურადაა დამკვიდრებული ბევრ ქვეყანაში. მაგალითად, „მწერლები სკოლებში“ შესანიშნავი პროექტია, რომლის შესახებაც მეტს შეიტყობთ ამ სტატიებიდან, სადაც ლევან ალფაიძე ირლანდიის, აშშ-სა და კანადის გამოცდილებას გვიზიარებს ამ მიმართულებით. https://mastsavlebeli.ge/?p=12302 და https://mastsavlebeli.ge/?p=12456

ნორვეგიას, რომლის მოსახლეობის რაოდენობა თითქმის ემთხვევა საქართველოსას, ასეთი ტრადიცია აქვს: სახელმწიფო ყოველწლიურად შეისყიდის გამომცემლებისგან ნორვეგიელი მწერლების ახალი წიგნების ტირაჟიდან 700 ეგზემპლარს და ამარაგებს ბიბლიოთეკებს ქვეყნის მასშტაბით. ეს ცხადია, დიდი ხელშეწყობაა როგორც საგამომცემლო სფეროსთვის, ისე მწერლისთვის, რომელიც დარწმუნებულია, რომ მისი წიგნი ყველა რეგიონში მცხოვრები მკითხველისათვის იქნება ხელმისაწვდომი. ეს თავისთავად მოქმედებს ლიტერატურის განვითარებაზეც.

ამ ახალი წლისთვის ერთ-ერთმა ბანკმა თავის მომხმარებელს წიგნები რომ გაუგზავნა საჩუქრად ტკბილეულისა თუ საახალწლო აქსესუარების ნაცვლად, უკვე მნიშვნელოვანი ფაქტი მგონია. ამასთან, არჩევანი გაკეთდა სწორედ ქართველ ავტორებზე, რაც ხელის წაშველებაა ქართული ლიტერატურისათვის, სტიმულის მიმცემია მწერლებისათვის, სავარაუდოდ გაზრდის კიდეც მათ პოპულარობას საზოგადოებაში. ამ აქციას მალევე გამოუჩნდნენ კრიტიკოსები, ხან შინაარსს უწუნებდნენ წიგნებს, ხან კი ქილიკობდნენ, რომ ეს საგანმანათლებლო პროექტი არ არის და არც შეიძლება, ადამიანს ის აჩუქო, რაც არ აინტერესებსო. ამგვარი, სამწუხაროდ ნაკლებპოპულარული პროდუქტის საჩუქრად გაცემა, ნამდვილად შეიცავდა რისკებს, თუმცა ვფიქრობ ბანკის მხრიდან ეს ღირსეული გადაწყვეტილება იყო. ამ აქციის მეშვეობით რამდენიმე ადამიანი მაინც თუ აღმოაჩენს ახალ ქართველ ავტორს, ჩემი აზრით, კამპანია წარმატებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ხოლო საჩუქარს რომ კბილი არ გაესინჯება, მგონი ყველამ კარგად ვიცით.

მახსოვს, სკოლაში მასწავლებელმა ერთხელ სახალისო დავალება მოგვცა: დაფაზე მხოლოდ სამი სტრიქონი დაგვიწერა და გვითხრა, რომ ნაკლებადცნობილი ავტორის ლექსი ჩვენი ფანტაზიით უნდა გაგვეგრძელებინა. დავალებამ ლექსის ბევრი საინტერესო ინტერპრეტაცია წარმოშვა, რამდენიმე ვერსიამ ორიგინალსაც კი აჯობა. ქართულის და სხვა საგნების მასწავლებლებსაც ვურჩევ, რომ ინტერესი თუნდაც ერთი სტრიქონით, ერთი ფრაზით გააღვივონ და მერე ქართველი ავტორის აღმოსაჩენად პატარა ტალღა თავისთავად აგორდება. აი, თუნდაც ეს სტრიქონები გამოგადგებათ თავისუფალი წერისთვის, პრეზენტაციისთვის, დისკუსიისთვის როგორც ქართულის, ისე ბუნებისა თუ ისტორიის გაკვეთილებზე:

„ჩვენ ვართ ნაძვები“. (ნინო სადღობელაშვილის ლექსიდან „მეგობრებს“)

 

„სად არის 
ჩემი სამშობლო  
ლტოლვილი ბავშვის ცრემლში
თუ სახელმწიფო დროშის 
მოფრიალე ღიმილში?..“

(ტანკა იაკი კაბესი (ფსევდონიმი ირაკლი კაკაბაძისა))

„ეს მე ვარ, ფიროსმანი“. (სათაური შორენა ლებანიძის დეტექტიური რომანისა, რომელიც დიდ მხატვარს უფრო ახლობელს ხდის მკითხველისათვის)

„გვიანი გაზაფხულის ამ მზიან დღეს, ქერჩის ქუჩაზე, „დებილების სკოლის“ ძველ აბანოში, დგას ლელა ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ თავდახრილი, ოდნავ მხრებაწურული და ფიქრობს: …“. (დაასრულეთ წინადადება ნანა ექვთიმიშვილის რომანიდან „მსხლების მინდორი“, რომელიც შშმ პირების, უდედმამო მოზარდებისა და თვრამეტ წელს გადაცილებული ინტერნატელების გაუსაძლის ყოფაზე მოგვითხრობს).

რობერტი – კლარა – იოჰანი

0

მუსიკა უნივერსალური ხელოვნებაა. როდესაც რაიმეს გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელი ხდება, კომპოზიტორები თავიანთ ყველაზე ხელშეუხებელ და მძაფრ განცდებს ბგერების საშუალებით გადმოსცემენ.

 

შეუძლებელია რობერტ შუმანზე საუბრისას არ გაგვახსენდეს მისი მუზა, მეუღლე კლარა ვიკი და იქვე იოჰან ბრამსი. გამოვკვეთოთ რამდენიმე შტრიხი რობერტის არცთუ მარტივ ურთიერთობაზე 9 წლით უმცროს მეუღლესთან და კლარაზე 14 წლით უმცროს ახალგაზრდა კომპოზიტორ იოჰან ბრამსთან. სამი ადამიანის გულში ჩასახული მთრთოლვარე გრძნობები, ეს სასიყვარულო სამკუთხედი მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მომაჯადოებული ისტორიაა.

დასაწყისში რობერტისა და კლარას ცხოვრება იდეალურ შთაბეჭდილებას ქმნიდა. ამ უსაზღვროდ შეყვარებულ წყვილს ერთმანეთის მუდამ უსიტყვოდ ესმოდა. მათ ძალიან უყვარდათ იმ წუთს შექმნილი ნაწარმოებების ერთმანეთისთვის მიძღვნა საჩუქრის სახით. ოჯახის შექმნის შემდეგ, დროთა განმავლობაში უნიჭიერესი პიანისტი – კლარა ვერ ეგუებოდა აზრს სცენის დატოვების შესახებ. რობერტის თხოვნით მეუღლეს თავი მთლიანად ოჯახისთვის უნდა მიეძღვნა… კლარა ხომ მისთვის ისეც უდიდეს პიანისტად რჩებოდა. შეგახსენებთ, კლარა ვიკი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცნობილი ქალი პიანისტი იყო. ღრმა და ქარიზმატული კლარას დაჩრდილვა ვერ შეძლეს უბრწყინვალესმა ლისტმა, პაგანინიმ. „აღწერა მიჭირს ეს განდგომა რა რთულად დასაძლევია. ბავშვები ვერც კი წარმოიდგენენ რამდენად ძლიერია ჩემი მათდამი სიყვარული, რისთვისაც სიტყვით აღუწერელი მსხვერპლის გაღება მიწევს“, – გულის ტკივილით წერდა კლარა თავის დღიურში.

ქორწინებიდან კლარას და შუმანს 8 შვილი შეეძინათ. უფრო მცირე რაოდენობაც საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ კლარას დაკვრის სურვილი დაეკარგა. იგი მხოლოდ ოჯახური ბედნიერებით ვერ კმაყოფილდებოდა. მაგრამ კლარა ის ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო, რომელიც მოღვაწეობას შეწყვეტდა. სულით ხორცამდე პიანისტი საკონცერტო ცხოვრებას ვერ ჩამოშორდა… მუსიკა მისთვის მეტისმეტად მნიშვნელოვანი იყო!

რობერტი, რომელიც მუსიკაში გრძნობებს წარმოუდგენელი გამომსახველობით გადმოსცემდა, ცხოვრებაში გულჩათხრობილი და ურთიერთობებში მოუქნელი იყო. კლარა კი პირიქით, გახსნილი და არტისტული. განსაკუთრებულად გამახვილებული შეგრძნებების კომპოზიტორი კლარას ხშირად უმეორებდა, როგორ გრძნობდა მის სულს დისტანციაზე, როგორ ხედავდა მის თვალებს ათასობით კილომეტრის დაშორებით. სიყვარულისა და შემოქმედებითი ბედნიერების მიუხედავად, გულის სიღრმეში ფარულ ტკივილს – გონების დაბინდვის მუდმივ შიშს ატარებდა.

1853 წელს, ოქტომბრის თვეში ცოლ-ქმრის ურთიერთობა სერიოზული გამოცდის წინაშე დადგა. მოსიყვარულე ოჯახში იოჰან ბრამსის სტუმრობით სამი მუსიკოსის ცხოვრების გზები სამუდამოდ გადაიკვეთა. „იგი ჩვენ წინ იდგა, როგორც ღმერთის დესპანი. იოჰანი გატაცებით უკრავდა საკუთარ ნაწარმოებებს აღსავსეს ფანტაზიებით, გულწრფელობითა და ოსტატობით. ახალგაზრდა კომპოზიტორის წარმოსაჩენად რობერტმა ბევრი რამ გააკეთა. მაგრამ ვინ იცის, რა ხდებოდა მის სულში?..“ – იხსენებდა კლარა.

რობერტ შუმანს არ გამოჰპარვია 20 წლის ბრამსის შეყვარებული მზერა მისი უმშვენიერესი 35 წლის მეუღლის მიმართ. ვინ იცის, გულის სიღრმეში რამდენჯერ უკითხავს კლარასთვის ფრანსუაზა საგანის რომანიდან გულის გამგმირავი ორი სიტყვა – „გიყვარს ბრამსი?“. მართლაც, უყვარდა კლარას ბრამსი? შეუძლებელი იყო რობერტს არ ეგრძნო იოჰანსა და კლარას შორის სიყვარულისა და ვნების მზარდი ვიბრაცია, რაც შეყვარებული მუსიკოსების სამჯერად ბგერაში რეზონირებდა. რობერტის ბგერა ყველაზე გულმოკლული ბგერა იყო.

მძიმე ნერვული დაავადების გამო რობერტი საზოგადოებისგან უფრო და უფრო იზოლირებული ხდებოდა. ეს განმარტოება – გარშემომყოფებთან საურთიერთობო უნარის დაკარგვა წარმოუდგენლად რთული იყო პირველ ყოვლისა მისთვის და შემდეგ საყვარელი ადამიანებისთვის. ჭეშმარიტად ტრაგიკულია გონების დაბინდვა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აქა-იქ სიცხადის დაბრუნებისას ადამიანი თავად გრძნობს ჭკუიდან შეშლას, რაც მას საბოლოოდ გულს უკლავს და ანადგურებს.

როგორც არაერთხელ თქმულა, ხელოვანები ოსტატობის პიკში სიგიჟის ზღვარზე არცთუ იშვიათად აღმოჩენილან. კლარასთვის ყოველივე ეს – საყვარელი ადამიანის ჩრდილის ცქერა სრულიად გაუსაძლისი იყო.

კლარას დაკარგვის ცნობიერი თუ არაცნობიერი შიში მის მყიფე მენტალურ ბალანსს სუიციდის მხარეს გადაწონის. მაგრამ აქაც მარცხდება… წარუმატებელი თვითმკვლელობის გამო. რობერტმა ჩამოცილება არჩია, რომ მძიმე დეპრესიული შემოტევებით უსაყვარლესი კლარა არ აეღელვებინა. სულიერად დაავადებულთა ჰოსპიტალში საკუთარი სურვილით მოხვდა.

რობერტის გარდაცვალებამდე და განსაკუთრებით მის შემდეგ ბრამსი ბუნებრივად გახდა ამ ოჯახის განუყოფელი ნაწილი. იოჰანი კლარასთვის იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე უბრალოდ ოჯახის ახლობელი, მეგობარი თუ სულის ჩამდგმელი. ერთგული იოჰანი კლარასა და მის შვილებზე ზრუნავდა, მუსიკის გაკვეთილებით მოპოვებული ფულით ოჯახის სამეურნეო საკითხებს აგვარებდა. ცხადი იყო, იოჰან ბრამსი უგონოდ იყო შეყვარებული 14 წლით უფროს არაორდინარულ კლარაზე. იგი ქმნიდა მუსიკას, რომელიც სასიყვარულო ვნებებით სუნთქავდა. ამ სიყვარულით შექმნა უნგრული ცეკვები ოთხ ხელში. როგორც ჩანს, ნაწარმოების შესრულებისას საშუალება ეძლეოდა რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო საოცნებო ადამიანთან. შესაძლოა ეს შეყვარებული ადამიანის უწყინარი ფანდიც იყო.

როგორც ცნობილია მათ ფიზიკური სიახლოვე არ ჰქონიათ (ალბათ რობერტის დიდი პატივისცემის გამო), თუმცა მათი ცხოვრება აღსავსე იყო უმაღლესი სულიერი და შემოქმედებითი სიყვარულით.

კლ

კლარა შუმანისა და იოჰან ბრამსის წერილები მათ მღელვარე სიყვარულზე უტყუარად მეტყველებს. პედაგოგისა და კომპოზიტორისადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, სიყვარულით „მომაკვდავმა“ იოჰანმა კლარას სიყვარულისგან თავის დაღწევა ვერ მოახერხა. ასეთი დიდი სიყვარულის მიუხედავად, რობერტის გარდაცვალების შემდეგ მათ ამ თავისუფლებით არ უსარგებლიათ. კლარა შუმანი არასდროს გამხდარა კლარა ბრამსი. ბრამსი არასდროს დაქორწინებულა.

კლარასა და იოჰანის ამაღელვებელი რომანტიკული სიყვარული დასრულდა, მაგრამ მეგობრული ურთიერთობა მთელი სიცოცხლე (40 წელი) გრძელდებოდა.

საინტერესოა, რომ კლარა საკონცერტო მოღვაწეობას 72 წლის ასაკამდე ეწეოდა. ის მხოლოდ შუმანისა და ბრამსის ნაწარმოებებს ასრულებდა. 1896 წელს კლარა ინსულტით დაავადდა. კლარას გარდაცვალებიდან 9 თვის შემდეგ კიბოთი დაავადებული იოჰანიც გარდაიცვალა.

მუსიკის ისტორიის მკვლევრები დღემდე კამათობენ კლარასა და იოჰანის ურთიერთობაზე. იყვნენ კი ისინი მხოლოდ მეგობრები? (კლარას თხოვნით ქალიშვილის მიერ განადგურდა სასიყვარულო მიმოწერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი). თვით ფაქტი წერილების განადგურებისა მეტყველებს: რა იყო ის, რისი გაზიარებაც უსულგულო სამყაროსთვის კლარას არ სურდა გარდაცვალების შემდეგაც კი.

როგორც მოსწრებულად აღინიშნა, კლარას გარეშე ევროპული მუსიკა საგრძნობლად ღარიბი და მოსაწყენი იქნებოდა, როგორც ის დღიური, საიდანაც ყველაზე საინტერესო ფურცლებია ამოგლეჯილი. ის იყო ქალბატონი, რომელიც რობერტ შუმანის უკვდავ ნაწარმოებებში საუკუნეები იცოცხლებს.

ცხოვრებისეული დრამის მიუხედავად, მაესტრო შუმანმა შეასრულა საკუთარი მისია… შთამომავლობას ულამაზესი იდუმალი მუსიკა დაუტოვა, რომლის ამოცნობას ყოველი მსმენელი დღემდე თავისებურად ცდილობს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...