სამშაბათი, აპრილი 21, 2026
21 აპრილი, სამშაბათი, 2026

ცოტა რამ დე ნიროზე, აკასა და „ჩ. ც. დ“-ზე

0

იყო ასეთი ამერიკელი კინორეჟისორი – ჰაროლდ რამისი (მშვიდად განისვენოს, სამი წლის წინ გარდაიცვალა). აქვს მას ერთი ყოვლად წელში გამართული კინოდილოგია („გააანალიზე ეს“, „გააანალიზე ის“) რობერტ დე ნიროს და ბილი კრისტალის მონაწილეობით. ორივე ნაწილში არის უამრავი ძალიან სასაცილო და ოსტატურად დაწერილ-დადგმულ-გათამაშებული სცენა, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს პირველი ნაწილის დასაწყისი, როცა სადღაც, მიყრუებულ ფერმაში, შეკრებილ მაფიოზებს პოლიცია დაეცემა. ძალიან სასაცილოა, როგორ ხტებიან ფანჯრებიდან და სახურავიდან და გარბიან ღიპიანი მაფიოზები. როცა ტელევიზორში ამ ფილმს გადავაწყდები, დასაწყისს რამდენჯერმე ვახვევ ხოლმე. ეს ეპიზოდი ტიპიური მაგალითია კინოში  მაფიოზური მენტალიტეტის დეკონსტრუქციისა. ჰოლივუდმა და უკვე ნახსენებმა დე ნირომ გადამწყვეტი როლი შეასრულეს მაფიოზური ცხოვრების ჰეროიზაციაში („ნათლია“, „ერთხელ ამერიკაში“, „კაზინო“,„დიდებული ბიჭები“ და სხვა), მაგრამ იქ ასეთ ფილმებსაც იღებენ და ამ ფილმებში დე ნიროც მონაწილეობს. თუ რამდენიმე თანამედროვე ქართველ მოაზროვნეს დავუჯერებთ, სწორედ ზემოთ ნახსენებმა მაფიოზურმა ფილმება, სხვა ფილმებთან ერთად, დაღუპა ოთხმოციან-ოთხმოცდაათიან წლებში ქართველი ახალგაზრდობა. ალბათ არის ამაში სიმართლის წილი, მაგრამ არ მიმაჩნია მთლად სწორად, ჩვენი პრობლემები ფრენსის ფორდ კოპოლას, მარტინ სკორსეზეს და ბრაიან დე პალმას გადავაბრალოთ, რადგან მათი ფესვები ჩვენში უფროა საძიებელი.

აკა მორჩილაძის ქუჩური „რომნები“ (როგორც თვითონ იტყოდა) არის მცდელობა ძველბიჭური ცნობიერების დეკონსტრუქციისა, რადგან ყველა მათგანი პაროდიაა, რომელიც ბევრს, უბრალოდ, არ ესმის და სერიოზულად იღებს ამ ყველაფერს. უბრალო მკითხველებს რომ თავი დავანებოთ, თვით კინორეჟისორებმაც ვერ გაიგეს და მისი რომანების ყველა ეკრანიზაცია („ყარაბაღის“ პირველი ნაწილის გამოკლებით) ოთხმოცდაათიანი წლების ქართული ძველბიჭური ფილმების სტილში გადაღებული იდიოტიზმები გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ სცენარებს ძირითადად თვითონ აკა წერს ხოლმე. ეს, ალბათ, რეჟისორების და პროდიუსერების მოთხოვნაა, რადგან ასეთი ფილმები კარგად იყიდება ჩვენში (და საზოგადოდაც).
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქართველი რეჟისორები სხვა თემებსაც იკვლევენ, ქუჩის ჰეროიკისადმი ინტერესი მაინც არ ნელდება. კინოს თუ თავს დავანებებთ და ტელევიზიაში გადავინაცვლებთ, ქუჩური ცნობიერების დეკონსტრუქციის მხრივ საინტერესოა „ჩემი ცოლის დაქალები“.

ბევრი პატივსაცემი ადამიანის ღრმად და აღმატებულად პოზიტიური აზრი გვსმენია ამ სერიალის შესახებ, მაგრამ, ჩვენი ჭკუით, ეს უმალ სცენარის ავტორთან მეგობრობით გამოწვეული „აღფრთოვანებაა“, ვიდრე სერიალის მხატვრული ღირებულებით.

არის რამდენიმე თემა, რომლებიც სერიალში კარგადაა დამუშავებული, მათ შორის – ზემოთ ნახსენები ძველბიჭური ცნობიერების პაროდია, რაც, უნდა ითქვას, უფრო მკაფიოა, ვიდრე აკას რომანებში და მაყურებლის მხრივ ყოველგვარ ვერგაგებას ან შეცდომით გაგებას გამორიცხავს (თუმცა აქაც არის გულუბრყვილო შეუსაბამობები, რომლებზეც ყურადღების გამახვილება არ ღირს). ამავე დროს, არის თემები, რომლებიც იმდენად თითიდანაა გამოწოვილი, რომ გაღიზიანებასაც კი იწვევს. პირადად ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებელი და არადამაჯერებელია ამ სერიალში თავმოყრილი მეგრელი პერსონაჟების ხელოვნური მეტყველება, რომელიც თენგიზ ჩანტლაძისა და „კომედი შოუს“ სკეტჩებიდან და იუმორინას საესტრადო წარმოდგენებიდან ნასესხები კლიშეებითაა სავსე (ყოველ წინადადებაში ჩაკვეხებული „მაგალითად“, „იქნებოდესიქნება“ და ასეთები). გასაკვირი ის არის, რომ, ახალგაზრდებით დაწყებული და ასაკოვანი ხალხით დამთავრებული, ყველას მეგრული აქცენტი აქვს. უამრავ მეგრელს ვიცნობ, ზოგს აქცენტი საერთოდ არ ეტყობა, მაგრამ ვისაც ეტყობა, დამიჯერეთ, ასე ნამდვილად არ მეტყველებს. მესმის, რომ ეს არის გაშარჟების მცდელობა, მაგრამ გროტესკი გამოდის. შარჟი ყოველთვის უბოროტო სიცილს იწვევს, გროტესკი კი – აგრესიანარევ გაღიზიანებას.

თავიდან, რამდენადაც მახსოვს, ეს სერიალი ლამის სიტკომის ჩარჩოებში თავსდებოდა, ცოტა პერსონაჟით და მარტივი თემებით. საქმე მაშინ გართულდა, როცა ავტორებმა მასშტაბის გაფართოება მოინდომეს. თავდაპირველად ეს საინტერესო იყო, მაგრამ რაღაც მომენტში შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ სცენარის ავტორი თემებს ვეღარ ავითარებდა და მუდმივად ახალი თემების გაშლას ცდილობდა, ბოლოს კი ვეღარც ახალ და აქტუალურ თემებს პოულობდა და უკვე წარსულის კუთვნილებად ქცეული თემების შემოტანა დაიწყო. მესმის, რომ ერთგული მაყურებელი იმაზეც დახუჭავს თვალს, რომელიმე სერიაში „მეცხრე ბლოკი“ რომ გაითიშოს და პერსონაჟებმა „კერასინკაზე“ ნამცხვარი „სიგუა“ გამოაცხონ, მაგრამ ნეიტრალურმა ხალხმა ხომ ვიცით, რომ არც მთლად ასეა საქმე.

დამაჯერებლობასაა მოკლებული ურბანული ფაშიზმის ვადაგასული თბილისური ფორმა: ცენტრალური უბნებისა და გარეუბნების დაპირისპირება, თან ისეთი მწვავე, რომ ვაკელები გლდანში ვერ შედიან და იქაურ მაყურებელს (თუ ვიღაც ამდაგვარს) შეხვდებიან მავანი ლაწირაკი თინეიჯერის გადმოსაცემად, თითქოს ეს უკანასკნელი ცხინვალის რეგიონში ან აფხაზეთში იყოს თავშეფარებული.

საერთოდ, ამ სერიალში ბევრს ჭამენ. რაც მინახავს, თითქმის ყველა სერიაში ხინკლით, ქაბაბით, მწვადით და მისთანებით სავსე სუფრასთან სხედან კაცები, სვამენ და განიხილავენ თავიანთ და თავიანთი მეგობრების პრობლემებს. არადა ქართული სუფრა ყველაზე ნაკლებადაა ის სივრცე, სადაც პრობლემებზე საუბრობენ. საქმე სხვა რამეშია: ძნელი მისახვედრი როდია „ილიაჭავჭავაძეობა“ ავტორებისა, რომლებიც ეროვნულ „ფაშ-ვ-იზმსა“ და „ლუარსაბთათქარიძეობაზე“ მიგვითითებენ.

სერიალის ერთ-ერთი ნათელი მხარეა მსახიობების კარგი თამაში, ასევე – კარგი რეჟისურა, რაც კი შესაძლებელია ტელევიზიის პირობებში. არის კიდევ რამდენიმე დადებითი თუ უარყოფითი მხარე, რომლებზეც საუბარი ღირს, მაგრამ, ბლოგის ფორმატის გათვალისწინებით, მე მხოლოდ რამდენიმე მათგანი გამოვყავი.

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს შეცდომის გააზრებაში

0

ვფიქრობ, შეუძლებელია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც არასოდეს დაუშვია შეცდომა. მართალია, შეცდომასა და მარცხზე ყველა სხვადასხვანაირად რეაგირებს, მაგრამ თითქმის ყველასთვის ისინი იმედგაცრუებასთან, უარყოფით განცდებთან არის დაკავშირებული. თავისთავად, არც შეცდომა, არც მარცხი ტრაგედია არ არის, მაგრამ ერთმაც და მეორემაც შეიძლება ბევრი უარყოფითი შედეგი მოიტანოს, თუ მათ მიმართ დამოკიდებულებას არ შევიცვლით და ვერ ვმართავთ ჩვენს ქცევასა თუ ემოციებს აღნიშნულ სიტუაციებში.

მარცხის შიში ადამიანის პოტენციური შესაძლებლობების შემზღუდავი, განვითარების და თვითრეალიზაციის შემაფერხებელი ყველაზე გავრცელებული ფაქტორია. რატომ გვეშინია ასე წარუმატებლობის? ალბათ იმიტომ, რომ თავად სიტყვები „წარუმატებლობა“, „მარცხი“ უარყოფითთან, მძიმე სულიერ განცდებთან, ტკივილთან არის დაკავშირებული. ეს ყველაფერი ჩვენი ბავშვობიდან მოდის. ბავშვობიდან გვეშინია შეცდომის გარშემო მყოფთა, უპირველესად კი მშობლებისა და პედაგოგების დამოკიდებულების გამო. „შეცდომას ვუშვებ, ე.ი. გაკვეთილი კარგად არ ვიცი და დაბალ შეფასებას მივიღებ. დაბალი შეფასება კი მშობლების უკმაყოფილებას გამოიწვევს“. როდესაც ბავშვის ცნობიერებაში შეცდომა და მარცხი ასეთ უარყოფით განცდებს უკავშირდება, შეუძლებელია, მომავალში მათდამი შიში არ ჩამოუყალიბდეს და წარუმატებლობაში რაიმე დადებითის დანახვა შეძლოს. არადა ის მართლაც შეიძლება სარგებლობის მომტანი აღმოჩნდეს.

  • შეცდომა ხშირად საუკეთესო მასწავლებელია. ის უფრო მეტს გვასწავლის, ვიდრე წარმატება. ეს უკანასკნელი გვათრობს, გვაბრუებს, აძინებს შემოქმედებით უნარს. მარცხზე პასუხისმგებლობა კი საფუძველს უყრის შემოქმედებას.
  • შეცდომების გარეშე კაცობრიობა ვერ შეძლებდა განვითარებას. ყველას რომ შეშინებოდა შეცდომების და არ ემოქმედა, არავითარი ცვლილება არ მოხდებოდა. ყველაფერი ისევე დარჩებოდა, როგორც კაცობრიობის არსებობის პირველ საფეხურზე იყო.
  • მართალია, შეცდომა და მარცხი გულს გვტკენს, მაგრამ ამ დროს უკეთესად შევიცნობთ საკუთარ თავს.
  • წარმატებული ადამიანი სირთულეებს, შეცდომებს და მარცხს წარმატებისკენ მიმავალი გზის აუცილებელ ნაწილად აღიქვამს. შეცდომებში ის ხედავს გამოცდილებას, რომელსაც ერთადერთი სწორი გზისკენ მიჰყავს.
  • თითოეული შეცდომა შეიცავს წინსვლაში დასახმარებლად საჭირო პოტენციალს, მაგრამ ამ პოტენციალის გამოყენებას მხოლოდ ის მოახერხებს, ვინც საკუთარ თავზე აიღებს პასუხისმგებლობას თავისივე შეცდომის გამო და შეეცდება გაერკვეს, რატომ აღმოჩნდა გადაწყვეტილება მცდარი. იმ ადამიანს კი, ვინც თავის წარუმატებლობაში გარშემო მყოფებს და ვითარებას ადანაშაულებს, არ შეუძლია დაინახოს ის სარგებლობა, რომელიც მოაქვს განცდილ მარცხს. ამასთან, უნდა ითქვას, რომ პასუხისმგებლობის აღება და თავის დადანაშაულება ერთი და იგივე არ არის. დანაშაულის გრძნობა ადამიანზე უკიდურესად ნეგატიურად, გამანადგურებლადაც კი მოქმედებს. ამიტომ ვერიდოთ დაშვებულ შეცდომებში როგორც სხვების, ისე საკუთარი თავის დადანაშაულებას.

 

რეკომენდაციები მარცხისა და შეცდომის მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად

  • იმისთვის, რომ შეცდომამ და მარცხმა დადებითი როლი შეასრულოს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, ის უნდა აღვიქვათ როგორც კონსტრუქციული და სასარგებლო და არა დამანგრეველი და უსარგებლო.
  • ვეცადოთ, თითოეულ მარცხში დადებითი დავინახოთ, რაც წარუმატებლობის შიშს დაგვაძლევინებს და თავდაჯერებას შეგვმატებს. გავითვალისწინოთ, რომ თითოეული შეცდომა ჩვენი დამხმარეა საბოლოო მიზნისკენ მიმავალ გზაზე.
  • ვეცადოთ, გავაანალიზოთ შეცდომა და ვერიდოთ მის გამეორებას.
  • ჯობს, ვიმოქმედოთ და დავმარცხდეთ, ვიდრე უმოქმედოდ ვიყოთ შეცდომის შიშის გამო.
  • მარცხის განუცდელად წარმატება შეუძლებელია. ყოველი წარუმატებელი ნაბიჯი წარმატებასთან გვაახლოებს. შეცდომების დაშვება გაცილებით უკეთესია, ვიდრე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის შანსის ხელიდან გაშვება.
  • ვმართოთ ჩვენი შეცდომები და არ მივცეთ პრობლემებს ჩვენი მართვის უფლება. თითოეული პრობლემა გზავნილია, რომელიც გვამცნობს, რომ შეგვიძლია, სიტუაცია უკეთესობისკენ შევცვალოთ.
  • ყოველგვარი წარმატება შეცდომებზა და სირთულეების გადალახვაზეა აგებული.
  • თუ გვსურს, წარმატებული ვიყოთ, უნდა შევძლოთ სირთულის გამოცდილებად გარდაქმნა.
  • განვიხილოთ მარცხი არა დაცემად, არამედ ნახტომად.
  • ნუ მოვახდენთ კონცენტრირებას უარყოფითზე. ვეცადოთ დავინახოთ ის პოზიტიური გამოცდილება, რომელიც მორიგ პრობლემასთან შეჯახებამ მოგვცა. გვახსოვდეს, რომ წარმატება და მარცხი ურთიერთგამომრიცხავი ცნებები არ არის.
  • თუ დასახული მიზნისკენ სვლა გადავწყვიტეთ, ნუ დავივიწყებთ, რომ ყველაზე დიდი შეცდომა შეცდომის დაშვების შიშია.

გავითვალისწინოთ, რომ შეცდომები ვერ დაგვეხმარება, თუ მათში სხვებს დავადანაშაულებთ.

  • შეცდომა შესაძლებლობას გვაძლევს, დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, ოღონდ უფრო გონივრულად.

ასე რომ, დავაფასოთ ჩვენი შეცდომები, რადგან ისინი შესაძლებლობას გვაძლევენ, გავხდეთ უკეთესები, უფრო ძლიერები, უფრო ჭკვიანები და წარმატებულები. ნუ დავივიწყებთ, რომ არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს.

  სახალისო  გაკვეთილები

0

მასწავლებლობა ყველაზე საინტერესო პროფესიაა, რომელიც ყოველდღიურად   თანამედროვე ცოდნით აღჭურვის, თვითგანვითარებისა და მოსწავლეთა განვითარების სხვადასხვა გზების ძიებისკენ გვიბიძგებს. ახალი გამოწვევები, თეორიული მიდგომებით  პრაქტიკული აღმოჩენების კეთება, მრავალჯერ განმეორებით მისი დახვეწა-გამოყენება პედაგოგის ყოველდღიური აქტივობაა.

განსხვავებული, არასტანდარტული, ახლებური, მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გაკვეთილები ახალგაზრდებში შემოქმედებით აზროვნებას, შინაგანი მოტივაციის ამაღლებას,  სწავლისადმი პოზიტიური ემოციური კავშირების ჩამოყალიბებასა და თვითგამოხატვის უნარებს ავითარებს.

მარტივად ნასწავლი მასალა მოსწავლეების თვალში  კარგ მასწავლებლად გვაქცევს. თუ გსურს, ვიყოთ საუკეთესო, უნდა გამოვიყენოთ ახალი მიგნებები, რათა მოსწავლეებს სწავლა სახალისო პროცესად ვუქციოთ…

ბოლო წლებში  საკუთარი პრაქტიკითა და გამოცდილებით  გაკვეთილზე ისეთი აქტივობები დავგეგმე, რომლებიც მოსწავლეებს საგაკვეთილო განწყობას უმაღლებს და დავალების  გამოკითხვისა თუ  ახსნის  პროცესს „თამაშად“ გარდაქმნის. თამაშის ტიპის აქტივობებით ვახერხებ გაკვეთილის მიზნის მიღწევას და სასწავლო პროცესი უფრო ხარისხიანი და ხალისიანი ხდება. ასეთი ტიპის გაკვეთილების ჩატარება არ საჭიროებს კლასის წინასწარ შემზადებას და მარტივად იმართება.

საკუთარი მიგნებებით ვახერხებ მოსწავლეთა ინტერესებსა და ეროვნულ-სასწავლო გეგმის სტანდარტებზე მორგებული სახალისო გაკვეთილების ჩატარებასა და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას. ყველა მონდომებული და საქმეზე ორიენტირებულია. ასეთ დროს სწავლის პროცესიც სახალისოა.

           მინდა გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება ერთ–ერთი ასეთი თამაში-გაკვეთილის   შესახებ.  ჩემის სურვილია, ის ჩემმა კოლეგებმაც სცადონ.

გეოგრაფიის თამაში-გაკვეთილი მიზანშეწონილია დიდი მოცულობის პარაგრაფის გამოკითხვისას – მაგალითად, ისეთი მასალების, რომლებიც მოიცავენ ინფორმაციას კონტინენტების, საქართველოს ტერიტორიულ–ადმინისტრაციული ერთეულების, ქვეყნების შესახებ (VII. VIII, IX, X კლასები).  ჩემი, როგორც მასწავლებლის მიზანია:

1) მოსწავლეებმა სიღრმისეულად და ხარისხიანად შეისწავლონ მასალა;

2) საგაკვეთილო პროცესში ჩაერთოს ყველა მოსწავლე;

3) ახალგაზრდებში იყოს დიდი ინტერესი და აზარტი საგაკვეთილო პროცესის მიმართ;

4) მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ ერთმანეთის მოსმენის, საკუთარი აზრის გადმოცემისა და   წიგნზე მუშაობის უნარები.

მნიშვნელოვანია, რომ მასალის ათვისება შეძლონ ისეთმა მოსწავლეებმაც, რომლებმაც იზარმაცეს და  გაკვეთილი არ მოამზადეს.

ამ  სახალისო გაკვეთილის შესახებ მოსწავლეები წინასწარ არ არიან ინფორმირებული და გამარჯვებულის როლში ყოფნისა თუ საგაკვეთილო პროცესში თანამონაწილეობით მიღებული სიამოვნების გამო  ისინი  ცდილობენ, სტაბილურად მოამზადონ დავალებები.

ამ ტიპის გაკვეთილს შემდეგნაირად ვატარებ:

მაგალითად, თუ „აზიის კონტინენტს“ ვასწავლი, გაკვეთილს ვიწყებ მხოლოდ შეკითხვებით: ,,რა გაიგეთ აზიის შესახებ საშინაო დავალების მომზადებისას?“ ან  „როგორ დაახასიათებდით აზიის კონტინენტს?“

„თამაშის“ წესები ასეთია:

  1. თითოეულ მოსწავლეს თითო ჯერზე ევალება, თქვას მხოლოდ ერთი წინადადება. ვიწყებთ პირველ მერხთან მჯდომი მოსწავლისგან და გადავდივართ სხვა მოსწავლეებზე (ადგილის მიხედვით – რიგითობა დაცულია, თითოეული მოსწავლე ელოდება, როდის მოვა მათი რიგი მეორედ, მესამედ და ა.შ.).
  2. მასალა უნდა იყოს მრავალმხრივი, აზრი – სწორად  ფორმულირებული, საინტერესო და  არათანამიმდევრული – არ უნდა მიჰყვებოდეს პარაგრაფის სტრუქტურას  (მაგ. ერთი ამბობს ჰიმალაის მთების შესახებ, მეორე – ბაიკალის ტექტონიკურ ტბაზე, მესამე მდინარე განგაზე, მეოთხე – აზიის ტროპიკული ქარიშხალ  ტაიფუნზე, მეხუთე – ჰავის შესახებ, მეექვსე – კლიმატური სარტყლებზე, მეშვიდე – მუსულმანთა წმინდა ქალაქებზე, მერვე – წყნაროკიანური ვულკანური რგოლზე, მეცხრე – მოსახლეობის სიმჭიდროვეზე … და ა.შ.).
  3. ,,თამაშის“ დროს მოსწავლეებს შეუძლიათ სახელმძღვანელოს გამოყენება.
  4. აქტივობას ეთიშება ის მოსწავლე, რომელიც სხვის ნათქვამს გაიმეორებს და ისიც, რომელსაც აღარაფერი ექნება სათქმელი….
  5. შესაძლებელია ,,თამაშმა“ რამდენჯერმე (5–6-ჯერ) მოიაროს მთელი კლასი.
  6. „თამაშის“ მიმდინარეობისას მოსწავლეთა რაოდენობა ნელ-ნელა მცირდება. ბოლოს დარჩენილი 2 მოსწავლე  კი  მაღალი ქულით  ფასდება…

 

ასეთი ტიპის გაკვეთილის ანალიზისას თვალნათლივ ჩანს, რომ მოსწავლეთა მიერ წარმოთქმული პირველი წინადადებები ყოველთვის ის ფრაზებია, რომლებმაც საშინაო დავალების შესრულებისას მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს  და ყველაზე მეტად ჩაებეჭდათ გონებაში. ,,თამაშის“ წესის მიხედვით,  მათ აქვთ წიგნების გამოყენების უფლება. ამიტომაც ისინი ყოველ ჯერზე სულ უფრო მეტად ,,იქექებიან“, უღრმავდებიან ინფორმაციას აზიის შესახებ, გაკვეთილის მთავარი ნაწილიდან  გადადიან და აქტიურად იყენებენ  პარაგრაფში წარმოდგენილ რუბრიკას – ,,ეს საინტერესოა“, ცხრილებს, ლექსიკონებს დიაგრამებს, სურათებს, თემატურ რუკებს, დაწვრილებით განიხილავენ აზიის შესახებ ინფორმაციას და ამომწურავ ცოდნას აგროვებენ სახლში ნასწავლით, გაკვეთილზე  ამოკითხულით, სხვებისგან მოსმენილით.

,,თამაშის“ მიწურულს, აზია უკვე  სხვადასხვა მიმართულებით  მრავალჯერაა განხილული – დაწყებული გეოგრაფიული მდებარეობით, რელიეფითა თუ შიდა წყლებით, დამთავრებული მოსახლეობით, მათი სამეურნეო საქმიანობით, ტრადიციებით, ღირსშესანიშნაობით…

ჩემი მისია შესრულებულია –  გაკვეთილის ბოლოს ყველა მოსწავლეს აქვს ინფორმაქცია ამ კონკრეტულ საკითხზე.  მათ ეს მასალა აითვისეს თამაშ-თამაშით, ძალდატანებისა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.   გაკვეთილზე შეძენილი ცოდნა კი სამომავლოდ კლასში დასმულ კითხვებზე სწორი პასუხებისთვის, სხვა კონტინენტთან შედარებისთვის და შემაჯამებელ წერაში მაღალი რეიტინგისთვის გამოადგებათ.

,,თამაში“ გაკვეთილი მიმდინარეობს წყნარად,  ყველა მოსწავლეს მთავარი როლი აქვს, მასწავლებელს მხოლოდ რეგლამენტის დაცვის  ფუნქცია აკისრია…

გაკვეთილზე დისციპლინა დაცულია, რადგან:

1) მოსწავლეებს თავად მოსწონთ ასეთი გაკვეთილები. იზრდება მოსწავლეთა აქტიურობა და, შესაბამისად, სასწავლო პროცესი უფრო ეფექტიანი ხდება;

2) ყველას გონება დაკავებულია, მათ არ რჩებათ დრო სხვა რამეებისთვის. უჩნდებათ სწავლის სურვილი, იშვიათდება მოსწავლეთა ნეგატიური ქცევა;

3) გაკვეთილი იმართება თავად, არ სჭირდება დამატებითი ბერკეტები. მასწავლებელს მხოლოდ შეცდომების გასწორება და ,,თამაშის“ დასასრულ  ყველაზე  მეტად ინფორმირებული ახალგაზრდების შეფასება ევალება;

4) საგულისხმოა ისიც, რომ ამ ტიპის გაკვეთილი შედეგიანია ყველაზე დაბალი მოსწრებისა და ზარმაცი მოსწავლეებისთვისაც კი;

5) და რაც მთავარია – მასწავლებელს არ უწევს მოსწავლეთა დაჯგუფება, მერხებისა და სკამების გადაადგილება, კლასის ინვენტარის საგანგებოდ დალაგება და, სახელმძღვანელოს გარდა, არ  სხვა დამატებით რესურსს იყენებს.

დასასრულ, გავიმეორებ და ვიტყვი: მასწავლებლობა ყველაზე საინტერესო პროფესიაა, რომელიც ყოველდღიურად თანამედროვე ცოდნით აღჭურვის, თვითგანვითარებისა თუ მოსწავლეთა განვითარების სხვადასხვა გზების ძიებისკენ გვიბიძგებს.  მეც  მუდმივ ძიებაში ვარ…

 

ქ. თბილისის 52-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი  თამარ ტეტელოშვილი

ახალგაზრდებისათვის სამაგალითო სპორტსმენი

0

როდესაც ახალგაზრდებისათვის მისაბაძ და სანიმუშო სპორტსმენზე საუბრობენ, მე ყოველთვის თემურ ქეცბაია მახსენდება. ცხადია, აქ არ ვგულისხმობ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელობის დროინდელ, მუდამ გაბრაზებულ, გაწამებულ და ბრაზიან ქეცბაიას. მე ფეხბურთელ თემურ ქეცბაიაზე ვსაუბრობ, რომელმაც შეიძლება ვერ ითამაშა ისეთი დიდი და მრავლისმომცველი ფეხბურთი, როგორიც, მაგალითად, კახი კალაძემ ან გიორგი ქინქლაძემ, მაგრამ ახალგაზრდებისათვის მისაბაძი სწორედ ის ფეხბურთი, მებრძოლი სული, შეუდრეკელობა და წინამძღოლის ბუნება უნდა იყოს, რაც თემურს არასოდეს აკლდა.

გალში დაბადებული და გაზრდილი თემურ ქეცბაია საფეხბურთო საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როდესაც მის მშობლიურ აფხაზეთში ომი დაიწყო და ქვეყანას უბრალოდ არ ეფეხბურთებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ქეცბაიამ ევროპისკენ მაინც გაჭრა სულ ციცქნა „ფანჯარა“ და საბერძნეთის საშუალო დონის კლუბ „აეკში“ გარჯითაც და პარალელურად საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში თამაშითაც, მალე მოიპოვა მებრძოლი და შეუდრეკელი ფეხბურთელის სახელი.

90-იანი წლების ფეხბურთის ქომაგებს აბა რა დაავიწყებს მთელ რიგ თამაშებსა და მომენტებს, როდესაც საქართველოს ნაკრები უკვე დამარცხებული, გატეხილი და ბედს შეგუებული იყო და ერთადერთი ადამიანი, ვინც თავს არ ზოგავდა, ბოლომდე იბრძოდა, სიმწრის ოფლს ღვრიდა და მარცხის შემთხვევაში ცრემლსაც გვარიანად იდენდა – სწორედ თემურ ქეცბაია იყო.

ჩვენებური გულშემატკივრები ყოველთვის იხსენებენ და მუდამ გაიხსენებენ ქართველი ფეხბურთელების მიერ მიცემულ მშვენიერ პასებს, გატანილ ლამაზ გოლებს და ეს ბუნებრივიცაა. თემურ ქეცბაიას მაგარი გოლებიც გაუტანია და არც პასი დაუყვედრებია ვინმესთვის, მაგრამ ვერცერთი ადამიანი ვერ შეძლებს თხრობითი წინადადებებით გადმოსცეს ქეცბაიას უმთავრესი ღირსება – ალალი ბრძოლის სიყვარული და ჟინი, რომელიც ამ კაცს საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგაც არ განელებია. სწორედ ამიტომაცაა თემურ ქეცბაია რიგითი ქომაგებისათვის ყველაზე ნათელი და კეთილმოსაგონარი მოთამაშე. ქომაგები ადვილად არჩევენ ყალბ და ნამდვილ გმირებს, მინდორზე მოზოზინე ნიჭიერ ვარსკვლავებს და მხოლოდ საკუთარი ფეხებისა და ილაჯის იმედად მყოფ ფეხბურთელებს. მწვანე მინდორზე, როგორც წესი, ყველაფერი ხელის გულზეა ხოლმე.

დღეს რაც ქართულ სპორტს და ჩვენი ქვეყნის სპორტულ განათლებას აკლია, არის სწორედ ის ყველაფერი, რაც თემურ ქეცბაიას ჰქონდა – ახალგაზრდებისათვის შეუპოვრობისა და მებრძოლი სულის ჩანერგვა. დღეს სპორტში და არამხოლოდ სპორტში ხშირად ვხედავთ იმედდაკარგულ და მომავალზე ხელჩაქნეულ ადამიანებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ „მაინც არაფერი გამოვა და აზრი არა აქვს ტყულად ბრძოლას“. ამ საშინელი უილაჯობის სენის წინააღმდეგ ბრძოლის ნათელი მაგალითია თემურ ქეცბაია და იმედია ამ კაცს მომავალ თაობებში არაერთი მიმბაძველი გამოუჩნდება.

„საბერძენთში დიდი ხანი ვითამაშე და ბევრი ფიქრობდა, რომ ტოპკლასის ჩემპიონატში ჩემი გადასვლა უკვე დაგვიანებული იყო. მაგრამ მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ცხოვრების ოცნება ამესრულებინა და ინგლისის პრემიერლიგაში მეთამაშა. ჩემს ფეხბურთელებს, სამწუხაროდ, სწორედ ეს მიზანდასახულობა აკლიათ“ – თქვა ერთხელ თემურმა მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იყო. იმ დროს თემურ ქეცბაიას სიტყვებს ჩვენი ნაკრების არცთუ გულმისავალი თამაში ფარავდა. მაგრამ ამ ყველაფერით გულიან, მებრძოლ და სიმართლის მთქმელ კაცს არაფერი დაკლებია. არც უნდა დააკლდეს!

 

ვონეგუტის წერილი მოსწავლეებს  

0

ამერიკელი მწერლის, კურტ ვონეგუტის ამ წერილს – სკოლის მოსწავლეებისადმი დიდი გულწრფელობით მიწერილს – შემთხვევით გადავაწყდი. შემეძლო დამეწერა, დიდი ამერიკელი მწერლის-მეთქი და არც შევცდებოდი. კურტ ვონეგუტის წიგნები ქართულად ნათარგმნიცაა და გამოცემულიც; იმ მკითხველებსაც ვიცნობ, მწერლის ყველა წიგნის წაკითხვა რომ გულით სურთ და გამოცემებს ერთმანეთს უცვლიან. სწორედ ერთმა ასეთმა მკითხველმა მათხოვა რუსულად ნათარგმნი „სარწეველა ფისოსათვის“ საუკუნის დასაწყისში. მერე ესე ვთარგმნე ლიტერატურული ჟურნალისთვის და მწერლის სტილმა თუ მეტად თავისებურმა იუმორმა კიდევ უფრო მომხიბლა. ამ წერილის კითხვისასაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი ავტორი კურტ ვონეგუტია – კაცი, რომელსაც შეეძლო ყველაზე მწარე სიმართლე სიცილით ეთქვა.

2006 წელს ნიუიორკელმა ინგლისურის მასწავლებელმა, ვინმე ლოკვუდმა მოსწავლეებს სთხოვა, წერილები მიეწერათ საყვარელი მწერლისთვის და დაერწმუნებინათ ის, რომ მათ სკოლას სწვეოდა. ხუთმა მოსწავლემ სწორედ კურტ ვონეგუტს მისწერა. მართალია, მწერალმა მათი სურვილის შესრულება ვერ შეძლო, მაგრამ საპასუხო წერილი გაუგზავნა მოსწავლეებს.

„5 ნოემბერი, 2006

ძვირფასო ქსავიერის სკოლავ, მის ლოკვუდ, მისტერ პერინ, მისტერ მაკფილი, მისტერ ბეტენ, მისტერ მორერ და მისტერ კენჯიუსტა,

მადლობას გიხდით გულთბილი წერილებისთვის. კარგად გცოდნიათ, როგორ უნდა გაამხნევოთ 84 წლის ბერიკაცი, რომელსაც წინ დიდი გზა აღარ უდევს. საზოგადოებაში უკვე აღარ ვჩნდები, იმიტომ რომ ახლა, არც მეტი, არც ნაკლები, იგუანას ვგავარ.

თანაც, რაც თქვენთვის მაქვს სათქმელი, დიდ დროს არ მოითხოვს: მიჰყევით ხელოვნებას, ხელოვნების ნებისმიერ დარგს. აირჩიეთ, რაც გსურთ: მუსიკა, სიმღერა, ცეკვა, ხატვა, ძერწვა, მსახიობობა, ლექსების წერა, მოთხრობების წერა, ესეების წერა, რეპორტაჟების მომზადება… სულერთია, როგორ გამოგივათ – ცუდად თუ კარგად. ეს იმისთვის კი არ უნდა აკეთოთ, რომ ფული იშოვოთ ან ცნობილი გახდეთ. მთავარია, ვიღაც სხვად იქცეთ, აღმოაჩინოთ, რაც თქვენშია დაფარული, სულიერად გაიზარდოთ.

მაშ, მიჰყევით ხელოვნებას, ხელოვნების ნებისმიერ დარგს. დიახ, სულერთია, როგორ გამოგივათ – ცუდად თუ კარგად. ეს იმისთვის კი არ უნდა აკეთოთ, რომ ფული იშოვოთ ან ცნობილი გახდეთ, არამედ იმის აღმოსაჩენად, რაც თქვენშია დაფარული.

სერიოზულად! ამწუთასვე დაიწყეთ, შეუდექით ხელოვნების გზას და ცხოვრების ბოლომდე გზიდან არ გადაუხვიოთ. მთელი ცხოვრება ამ საქმეს მოახმარეთ. ადექით და მის ლოკვუდი დახატეთ – გინდა ლამაზად, გინდა სასაცილოდ – მერე კი ეს ნახატი მასვე გადაეცით. სკოლიდან შინ დაბრუნებულმა ცეკვა დაიწყეთ, სააბაზანოში იმღერეთ და ასე. კარტოფილის პიურე კაცის სახეს დაამსგავსეთ. გრაფი დრაკულა განასახიერეთ.

აი, დღევანდელი დავალებაც (იმედი მაქვს, მის ლოკვუდი ქულას არ დაგიწერთ, თუ ამ დავალებას არ შეასრულებთ): დაწერეთ ექვსსტრიქონიანი ლექსი – რაზეც გინდათ, იმაზე. ოღონდ აუცილებლად გარითმეთ. აბა, რა აზრი აქვს ჩოგბურთის თამაშს, თუ მაგიდაზე ბადე არ იქნება გაბმული. ეცადეთ, რაც შეიძლება კარგი ლექსი დაწეროთ. მაგრამ ამაზე სიტყვა არავისთან დაგცდეთ. არავის აჩვენოთ ეს ლექსი, არც ვინმეს წაუკითხოთ – არც შეყვარებულს, არც დედას, არც მამას, არც ვინმე სხვას, მის ლოკვუდსაც კი არა. გასაგებია?

მერე პაწაწინა ნაკუწებად დახიეთ და ერთმანეთისგან კარგა მანძილით დაშორებულ ნაგვის ურნებში ჩაყარეთ. მიხვდებით, რომ უკვე მიგიღიათ დიდებული ჯილდო სწორედ ამ ლექსისათვის: ვიღაც სხვად ქცეულხართ, ბევრი რამ შეგიტყვიათ იმის შესახებ, რაც თქვენშია დაფარული, სულიერად გაზრდილხართ.

ღმერთმა დაგლოცოთ ყველა!

კურტ ვონეგუტი“

მის ლოკვუდის ადგილას, ქულას მართლაც არ დავუწერდი მოსწავლეს, რომელიც არ დამხატავდა და ექვსსტრიქონიან ლექსს არ დაწერდა, უფრო სწორად, ამ ლექსის დაწერისა და ნაკუწებად ქცევის ამბავს წვრილად არ მომიყვებოდა. ჩემი მხრივ, ვეტყოდი, ეს რობერტ ფროსტმა შეადარა ურითმო ლექსების წერა ბადის გარეშე ჩოგბურთის თამაშს-მეთქი და ამ დიდი პოეტის ლექსების კითხვასაც მოვყვებოდი.

დავბრუნდეთ ნიუ-იორკიდან.

კარტოფილის პიურედან კაცის სახის გამოძერწვასა და სააბაზანოში ამღერებას ჩვენს ქვეყანაშიც წინ არაფერი უდგას. ფული, დიდება – გარჯად არ ღირს. დავუჯეროთ ვონეგუტს: ყველაზე მნიშვნელოვანი ის აღმოჩენებია, რომლებამდეც საკუთარ თავზე დაკვირვებას მივყავართ, ყველაზე დიდი ჯილდო კი – ის, რომელსაც მაშინ ვიღებთ, როცა მასზე წამითაც კი არ ვფიქრობთ.

 

ჭეშმარიტების გასაღები სწორედ აქ არის…

0

„ჭეშმარიტების გასაღები სწორედ აქ არის, კარგის ძიებას შეალიო მთელი სიცოცხლე“, – ამ სიტყვების ავტორი 24 წლის მურიკოა. ვცდილობ, მისი თვალით ვუყურო სამყაროს.

თაობები იცვლებიან… ჩვენ ვრჩებით…

დამეთანხმებით, როცა „კარგი კლასი“ გყავს, ხალისით მუშაობ. მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, ბევრ აქტივობას გეგმავ და ახორციელებ. წარმატებით გახარებულს, ხშირად მიფიქრი: „რა მეშველება, ესენი რომ წავლენ? ვინ გამიკეთებს ასეთ პროექტს? ვინ დაწერს ისე, რომ შენი სტატიისა თუ იდეის თანაავტორი გახდეს?“ ასეთი სინანულით გავაცილე სხვადასხვა დროს გიორგი, ქეთი, ლუკა, სალომე, გოგა, პაატა, დიანა… ესენი ჩემი სტატიების გმირები და თანაავტორები არიან.

ყოველი ახალი სასწავლო წელი სიხარულთან ერთად სინანულითაც იწყება. ჩემი გმირები სკოლაში აღარ არიან, ან მათთან აღარ შევდივარ (მე-12 კლასში გეოგრაფია აღარ ისწავლება). ხანდახან სინანული მაბრაზებს კიდეც. მასწავლებლობის პირველ წლებში განსაკუთრებით გამიჭირდა. მეგონა, გიორგის, პაატას, გვანცას, კახას, გუგას… ვერავინ შემიცვლიდა. ასე არც არავინ შემიყვარდებოდა და ვერც ვერავინ გამიგებდა. ახლა ისინი უკვე წარმატებული ადამიანები არიან, მათი სიხარული და ბედნიერება მახარებს.

ასე შევდივარ ახალ კლასში და ყველაფერი თავიდან იწყება.

ვიწყებ ჩემი გმირების ძებნას… ძებნას და შექმნას…

ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაშიო… ჩვენც ერთად ვაშენებთ… ვკამათობთ, ვხუმრობთ, შენებით ვტკბებით…

გაკვეთილებსაც კი მათთან ერთად ვგეგმავ. სამოდელო გაკვეთილებიც მათ „მიკარნახეს“.

საერთაშორისო ტენდენცია ასეთია: ტრადიციული, „მასწავლებელზე ორიენტირებული“ მიდგომიდან განათლება „მოსწავლეზე ორიენტირებულ“ მიდგომაზე გადადის. ეს მოდელი ფოკუსირებულია იმაზე, რისი გაკეთება შეეძლება მოსწავლეს მოდულის ან პროგრამის დასრულების შემდეგ.

ჩვენი თაობა ვასწავლით, როგორც ვიცით და შეგვიძლია. ვსწავლობთ (ტრენინგებს გავდივართ, გამოცდებს ვაბარებთ…) და ვასწავლით.

ერთი რამ კი დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა: ენერგიას, ძალასა და ემოციას არ ვიშურებთ. ვშრომობთ, ვიბრძვით, ვბრაზობთ, როცა არ სწავლობენ, ვხარობთ, როცა წარმატებას აღწევენ. ახალგაზრდა თაობას სკოლაში მუშაობა არ უნდაო. არადა არიან მსურველები. სწორედ მათზე მინდა მოგითხროთ. მათზე და მოსწავლეებზე, რომლებიც მათთან თანამშრომლობით სხვადასხვა უნარ-ჩვევებს იძენენ. თუმცა არა მარტო ისინი – მეც გამუდმებით ვსწავლობ ჩემი ახალგაზრდა კოლეგებისგან.

ბედმა მარგუნა, მონაწილეობა მიმეღო მასწავლებლის სახლის პროგრამებში, რომლებიც ახალგაზრდა მასწავლებლებთან მუშაობას ითვალისწინებდა. მაძიებლობის პროგრამის შემდეგ დამწყები მასწავლებლის მომზადების პროგრამაში მოვხვდი. ახალგაზრდებმა ახალი სიცოცხლე შემოიტანეს სკოლაში. სწავლებასთან ერთად მუდამ იმის ცდაში ვიყავი, დადებითი კუთხით დაენახათ ჩვენი პროფესია. თავად მე ხომ ამაზე უკეთესი ადგილი დედამიწაზე არ მეგულება.

მათთან დღესაც მაქვს ურთიერთობა. მიხარია მათი წარმატება. ყოფილი მაძიებლები თეონა, ნინი და თამარი უკვე წარმატებული მასწავლებლები არიან.

ძალიან მომწონს ახლაგაზრდებთან მუშაობა. დამწყები მასწვლებლების პროგრამიდან ყველაზე უფროსი 27 წლის იყო. დღეს ყველა სკოლაში ასწავლის. ჩემი საყვარელი გოგო-ბიჭები… თუმცა ბიჭი ერთი გვყავდა. ისიც უპირობოდ ლიდერად ვაღიარეთ.

„თემო მაგარია“, – ვამბობდით ერთხმად. თუმცა თითოეული მათგანი გამორჩეული იყო. სოფოს, რომელიც განსხვავებული მენტალობის ბავშვებს ასწავლის, შინიდან სკოლამდე და უკან არცთუ უსაფრთხო გზაზე რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევს. არადა სკოლამდე რამდენიმე სამსახური გამოიცვალა და აღფრთოვანებული გვიყვებოდა, როგორ იპოვა საკუთარი ადგილი ცხოვრებაში, რომ მასწავლებლობა მისთვის სიამოვნებაა და ახლა ყველანაირად ცდილობს, ბავშვები სკოლაში მიიზიდოს და არ დაკარგოს. მშვენიერი ანუკი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია სხვა სამსახურის პოვნა, მაგრამ თავისი პირველკლასელები (ახლა უკვე მესამეკლასელები) ყველაფერს ურჩევნია. ნათია და თინიკო უკვე დედები არიან და მშობლის პოზიციიდან აფასებდნენ საკუთარ ქმედებებს. თინიკომ, რომელსაც უკვე უფროსი მასწავლებლის სტატუსი ჰქონდა, მაინც მიიღო პროგრამაში მონაწილეობა, რადგან უნდოდა, გაძლიერებულიყო (მისი სიტყვებია).

თემო კი, ჩვენი ჯგუფის ლიდერი, არაქართულენოვან ბავშვებს ქართულ ენას და ბუნებისმეტყველებას ასწავლის. მისი ყოველი გაკვეთილი სიახლისა და კრეატიულობის ზეიმი იყო. სკოლაშიც გაუმართლა, მოვიხიბლე დირექტორითა და კოლეგებით.

მერე იყო სტუდენტების კონსულტირება. სამაგისტრო პროგრამის ორი სტუდენტი პრაქტიკას ჩვენს სკოლაში გადიოდა. ორი სალომე, ორი ახალგაზრდა, რომლებსაც უამრავი იდეა და გეგმა აქვთ. სკოლაში მათმა მოსვლამ ხალისი შემოიტანა. მეც და ჩემი მოსწავლეებიც გამუდმებით ვცდილობდით გვეჩვენებინა მათთვის, რომ არჩევანში არ შემცდარან, რომ სკოლა საუკეთესო ადგილია ამქვეყნად (ეს ჩემი სიტყვებია).

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში კრედიტების დაგროვება არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს. ხშირად გაიგონებთ, რომ მოსწავლე აღარავის ახსოვს და მასწავლებლები მხოლოდ კრედიტებს ითვლიან, რომ სამოდელო გაკვეთილი თუ ნებისმიერი სხვა აქტივობა, რომელიც კრედიტით ფასდება, მხოლოდ მასწავლებელზეა ორიენტირებული.

სამოდელო გაკვეთილების დაგეგმვისა და შეფასების ტრენინგზე ასეთი აქტივობა გვქონდა: მონაწილეებს უნდა ჩამოეყალიბებინათ, რა მნიშვნელობა აქვს სამოდელო გაკვეთილს მასწავლებლისა და მოსწავლისთვის. ტრენინგზე ვთანხმდებოდით, რომ მოსწავლე ამ დროს არაერთ უნარ-ჩვევას იძენს. მართალიც არის. სტუდენტების დასწრებამ ჩემი ბავშვები სხვა კუთხით დამანახა. განსაკუთრებით მაშინ, როცა დამოუკიდებლად ჩაატარეს გაკვეთილები. ჩემი გადარეულები ისეთი მობილიზებულები იყვნენ, ისე ჩაატარებინეს გაკვეთილი გამოუცდელ მასწავლებლებს, რომ მათი ხელმძღვანელი აღფრთოვანებული დარჩა. ისეთი თანადგომა ვიგრძენით, რომ ჩვენ, უფროსებიც დავფიქრდით ჩვენს ურთიერთობებზე. ახლა უკვე მე-10 კლასში არიან, მსოფლიოს გეოგრაფიის შესწავლას ერთად შევუდექით. კვლავ ერთად ვგეგმავთ მუშაობის პროცესს, ვიკვლევთ, ვაანალიზებთ, დასკვნები გამოგვაქვს. მხიარულად და საინტერესოდ მიედინება ჩვენი ცხოვრება. მე ისევ მყავს სალომე, მაკინე, დიმიტრი, მარიამი, ლუკა… ახლა ისინი არიან ჩემი გმირები, სტატიების თანაავტორები… ცოტა ხანში მათი კვლევის შედეგებს შემოგთავაზებთ.

პარალელურად კი მეშვიდეკლასელებთან მიხდება თავიდან დაწყება, გეოგრაფიის ანბანის სწავლება. ვიცი, რომ მალე ახალი გმირები მეყოლება: ბარბარე, ანანო, თეგი, ანა, ნუცა, ნიკა, ელო… ცოტა დრო გვჭირდება, ცოტაც „ბრძოლა“ და ჩემი გმირები მზად იქნებიან.

ვწერ სიყვარულზე, წარმატებაზე… გგონიათ, მე არ მაქვს პრობლემები? მე არ მიგრძნია იმედგაცრუება და არ მქონია ჩავარდნილი გაკვეთილი? არ მითქვამს, რომ ჩემი ადგილი აქ არა არის? მიგრძნია, მითქვამს, მაგრამ მერე ისევ სიყვარული მძლავრობს და ვიწყებ ბრძოლას სიყვარულისთვის, სიმართლისთვის… ჩემმა მეგობარმა თქვა: „სიყვარული აღარ მყოფნის, რომ ვაპატიოო“. მომეწონა, დამაფიქრა… ახლა ვიცი, როცა სიყვარული მყოფნის. ვუგებ და ვპატიობ, წარმატებასაც ვაღწევ და ბედნიერიც ვარ და ვმარცხდები იქ, სადაც სიყვარული აღარ მყოფნის.

ამიტომ მინდა სიყვარულზე წერა და საუბარი. მინდა, ჩემს ბავშვებს სიყვარული ვასწავლო, დავანახო, რომ როცა გიყვარს, ბედნიერი ხარ, რომ სიყვარულით ყველა დაბრკოლებას გადალახავ, რომ მაშინ მარცხდები, როცა სიყვარული გელევა.

ჩვენც გვიყვარს და ვიბრძვით… ცხოვრებას, პატიებას და ურთიერთპატივისცემას ვსწავლობთ.

„ჭეშმარიტების გასაღები სწორედ აქ არის, კარგის ძიებას შეალიო მთელი სიცოცხლე“, – ამ სიტყვების ავტორი 24 წლის მურიკოა. მე მისი თვალით ვუყურებ სამყაროს.

 როგორ  გამოვიყენოთ  არავერბალური კომუნიკაცია

0

მსოფლიოში  მრავალი ჟესტი არსებობს. სხვადასხვა კულტურა და სხვადასხვა სფერო განსხვავებულ ჟესტებს გამოიყენებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სხეულის ენა, რადგან კომუნიკაციის 55% მისი საშუალებით გამოიხატება.  ჩვენ  იმ მოსაზრებასაც ვეთანხმებით, რომ ეს ადამიანში დაფარული ჭეშმარიტი ემოციების წვდომის გზაა. ხელოვნების ისეთი დარგები, როგორებიცაა ბალეტი, ხატვა, მუსიკა, მთლიანად არავერბალურ კომუნიკაციას ეფუძნება, ანუ მათში ასახული ემოციები აღიქმება არავერბალური გზით. ჩვენ სიტყვების გარეშე ვგრძნობთ  სიმშვიდეს, ნაღველს, სიყვარულს, ჰარმონიას და შესაძლოა – უფრო მძაფრადაც კი, ვიდრე სიტყვების საშუალებით.

1872 წელს ჩარლზ დარვინის კვლევების შედეგად  არავერბალურ კომუნიკაციას ჩაეყარა საფუძველი და იგი ადამიანებსა და ცხოველებში ემოციების გამოხატვას დაეფუძნა. დარვინის კვლევებმა გასაქანი მისცა წარმოდგენას არავერბალური კომუნიკაციის გავლენაზე, გამოხატვასა და სიგნალებზე. ჟესტები ესაა ურთიერთობა სიტყვების გარეშე, მხოლოდ მანერით, გარეგნობით, სახის გამომეტყველებით, მზერით და სხვა. ესაა საუკეთესო გზა, ამოვიცნოთ სხვა ადამიანთა გრძნობები, ემოციები. არავერბალური კომუნიკაციის საშუალებით ჩვენ ყველაფერს სიტყვების გარეშე ვგრძნობთ. ზოგჯერ არავერბალური კომუნიკაცია უფრო მეტს გვეუბნება, ვიდრე ვერბალური. არავერბალური კომუნიკაცია კომუნიკაციებს შორის ყველაზე სანდო გზაა. მკვლევრები იმასაც კი ამბობენ, რომ ის მოკლებულია სიყალბეს.

მასწავლებლებს კლასის უკეთ სამართავად  განსაკუთრებით ძლიერი საკომუნიკაციო  უნარები გვჭირდება.

არავერბალური კომუნიკაცია კომუნიკაციებს შორის წამყვანია. მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ, როგორ გამოიყენონ  სხეულის ენა. ისინი ადვილად ხვდებიან ჩვენს ემოციებს, შემოდიან კონტაქტში და ზუსტად გრძნობენ მასწავლებლის დამოკიდებულებას მათ მიმართ.

საკლასო ოთახში ყველაფერი მეტყველებს – მატერიალური საგნებიდან დაწყებული  სიჩუმით  დამთავრებული. არავერბალურ კომუნიკაციას ბავშვები  ვერბალურ კომუნიკაციამდე სწავლობენ. ამიტომ მას მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მათ უფრო მეტი რამ იციან, ვიდრე სიტყვებით გადმოგვცემენ. ვერბალური კომუნიკაცია მათთვის ლიმიტირებულია, არავერბალური კი უფრო ფართოა და  ცოცხალი, რადგან იგი:

  1. სანდოა და მრავლისმთქმელი;
  2. სიტყვები ლიმიტირებულია;
  3. არავერბალური სიგნალები უფრო ძლიერია;
  4. უფრო საიმედო და სანდოა.

 

არავერბალური კომუნიკაციის  კატეგორიებია:

  1. ფიზიკური;
  2. სიმბოლოები, ნიშნები;
  3. სიგნალები;
  4. ესთეტიური.

ამ ოთხივე კატეგორიის გაკვეთილზე გამოყენება უთუოდ ეფექტური იქნება.

გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს:

  1. ფიზიკური კომუნიკაცია – სიცილი, წარბების პოზა, თვალის კონტაქტი და სხვა სახის სხვადასხვა მიმიკით გამოიხატება. მისი გამოყენება ნებისმიერ გაკვეთილზე ეფექტურია.

 

  1. სიმბოლოები, ნიშნები: ვიზუალური მასალის გამოყენება გაკვეთილს ეფექტურს ხდის, სიმბოლოები მეტყველებენ, იზრდება მოსწავლეების ჩართულობაც და მოტივაციაც. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიზუალური მასალა გაკვეთილის თემასთან იყოს კავშირში, მოსწავლეების ინტერესებისა და ასაკის გათვალისწინებით.

ქვემოთ წარმოდგენილია  სიმბოლოები, რომლებიც ხშირად გამოიყენება დადებითი და უარყოფითი პასუხების დროს.

 

მოსწავლეთა შეფასებისას, კომენტარების გარდა, ჩვენ შეგვიძლია არავერბალური მეთოდიც გამოვიყენოთ. მაგალითად, სურათზე გამოსახული მეთოდი ეფექტურია შეფასების დროს და იგი მეტი სწორი პასუხის შემთხვევას ასახავს. სურათთან ის მოსწავლე შეგვიძლია დავაყენოთ, ვისაც უფრო დიდი კუნთები აქვს.

  1. როცა მოსწავლემ იცის სწორი პასუხი, შეგვიძლია გამოვიყვანოთ დაფასთან და ასეთ ნახატის გვერდით მდგარს გავაცემინოთ პასუხი.

 

სიგნალები – დროშები, ფერები, ზარის რეკვა – ეს ის სიგნალებია, რომლებიც სხვადასხვა მნიშვნელობითაა დატვირთული. მათი რაოდენობა  ჩვენ შეგვიძლია მოსწავლეებთან ერთად შევიმუშაოთ. მაგალითად, კლასში გვქონდეს პატარა ზარი და მას, გარდა გაკვეთილის დაწყებისა და დასრულებისა, მივანიჭოთ დამატებითი ფუნქციაც. როცა მოსწავლე გვპასუხობს და პასუხი საკმარისია, მას ზარის რეკვით, ანდა წითელი და მწვანე დროშებით ვანიშნოთ, რომ შეჩერდეს. მოსწავლეს, რომელიც სწორად გასცემს პასუხს, მას მწვანე დროშა გადავცეთ და ვისი პასუხიც არ იქნება დამაკმაყოფილებელი –  წითელი.

  1. ესთეტიური კომუნიკაცია შეიძლება გამოიხატოს მუსიკაში, ცეკვაში ხელოვნებაში, სადაც სიტყვების ნაცვლად მეტყველებენ კოსტიუმები, ბგერები, პოზები, ნახატები.

სურათების შერწყმა ტექსტთან ეს ის მეთოდია, რომლითაც  შეგვიძლია მოსწავლეებს გავუღრმავოთ კითხვის, შინაარსის ღრმად წვდომისა და კრიტიკული აზროვნების უნარი. თუ მოსწავლე ვიზუალური მასალის გამოყენებით ტექსტის შინაარსთან გაავლებს პარალელს, ეს ის ფუნდამენტი იქნება, რომელსაც ეყრდნობა კითხვის უნარ-ჩვევების განვითარება. ვიზუალური მასალა ეხმარება მათ, დაახარისხონ ინფორმაცია, განავითარონ ტექსტი და შექმნან ახალი იდეა.

უნდა გვახსოვდეს, რომ არავერბალური კომუნიკაცია ვერ მალავს გრძნობებს, ვერ აყალბებს მათ, ისინი მხოლოდ და მხოლოდ  სიმართლეს ამბობენ!

დაბოლოს, არავერბალური კომუნიკაცია ძლიერი იარაღია მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად და მაღალი სააზროვნო უნარების გამოსამუშავებლად.

გამოყენებული ლიტერატურა:

https://en.wikipedia.org/wiki/Nonverbal_communication

https://www.education.gov.gy/web/index.php/teachers/tips-for-teaching/item/1696-verbal-non-verbal-communications-in-the-classroom

https://citeseerx.ist.psu.edu/viewdoc/download?doi=10.1.1.572.4060&rep=rep1&type=pdf

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს კიბერბულინგთან გამკლავებაში

0

15 წლის გოგონას სთხოვენ, სოციალურ ქსელში წელს ზევით შიშველი ფოტო გააზიაროს. შინაგანი ინსტინქტი მას კარნახობს, რომ ეს არ უნდა გააკეთოს. ორი ახლო მეგობარი ურჩევს, რომ უარი თქვას შეთავაზებაზე. მაგრამ შეთავაზებები მეორდება და მას მოსწონს ბიჭი, რომელიც ამას სთავაზობს. ამასთან ერთად გოგონების სხვა ჯგუფი ახალისებს მას ფოტოს გასაგზავნად. ისინი უხსნიან, რომ ეს მიღებულია თანამედროვე ურთიერთობებში. ის ვერ იძინებს რამდენიმე ღამის განმავლობაში და იმდენად ხშირად საუბრობს ამაზე თავის მეგობრებთან, რომ ისინი მასთან შეხვედრას და საუბარს გაურბიან.

 

ბოლოს გოგონა უარს ამბობს სურათის გაგზავნაზე. სამაგიეროდ, ბიჭს უგზავნის მგრძნობიარე შეტყობინებას, თუ როგორ მოსწონს ის, მაგრამ არ სურს ასეთი სურათის გაგზავნა. ბიჭი ფოტოს უღებს (ასკრინშოტებს) ამ შეტყობინებას და იყენებს მას სოციალურ ქსელებში გოგონას საწვალებლად. გოგონები, რომლებიც ურჩევდნენ მას სურათის გაგზავნას, ასევე ერთვებიან ამაში. ყოველივე ამით გამოწვეული სტრესის შემდეგ გოგონას ეწყება  თავისა და მუცლის ტკივილი, აცდენს სკოლას და  უარს ამბობს ხალხთან ურთიერთობაზე.

 

ბავშვების მიერ ტექნოლოგიების თითქმის მუდმივი გამოყენების გამო ბევრი მშობელი უფრთხის კიბერბულინგს. მასთან დაკავშირებული ჰედლაინების სიმრავლე მშობლებს თავს დაუცველად  აგრძნობინებს. შესაძლოა კი ამ ონლაინსამყაროში კიბერბულინგის პრევენცია?

 

StopBullying.gov-ის მიერ წარმოებული ბოლო სტატისტიკის თანახმად, 6-12 კლასის მოსწავლეების 9 პროცენტს და high school-ის მოსწავლეების 15 პროცენტს გამოუცდია კიბერბულინგი. LGBTQ მოსწავლეების 55.2 პროცენტს გამოუცდია კუბერბულინგი.

 

რა არის კიბერბულინგი

 

კიბერბულინგი არის ბულინგის სახეობა, რომელიც ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით ხორციელდება, როგორიცაა ტელეფონები, პლანშეტები ან კომპიუტერები. ის შეიძლება განხორციელდეს sms-ის, ელექტრონული ფოსტის, სოციალური მედიის, ფორუმების და სათამაშო სისტემების საშუალებითაც კი. კიბერბულინგად მიიჩნევა:

 

. ვინმეს შესახებ საზიანო, უარყოფითი ან ყალბი ინფორმაციის ან კონტენტის გაგზავნა, გაზიარება ან გამოქვეყნება;

. ფოტოების ან „სკრინშოტების” გაზიარება, რაც შეიძლება საზიანო, შეურაცხმყოფელი ან სამარცხვინო  იყოს ვინმესთვის;

. პერსონალური  ინფორმაციის გაზიარება ვინმეს შეურაცხყოფის ან რეპუტაციის შელახვის მიზნით.

 

სოციალური მედიის საჯარო ბუნებისა და მრავალი არხით ციფრული ინფორმაციის სწრაფი გაზიარების შესაძლებლობის გამო, კიბერბულინგის გავრცელების არეალი უსაზღვროა.  ვიდრე ბავშვი დახმარებას ეძებს, დამაზიანებელი ფოტოები და კონტენტი შეიძლება იოლად გაზიარდეს სკოლებს შორის და უფრო ფართოდაც. კიბერბულინგთან გამკლავება ძნელია, რადგან ონლაინ განთავსებული ინფორმაციის დიდი ნაწილი მუდმივია (ან ძნელად წასაშლელი) და ამის გააზრება ძნელია. მასწავლებლებს და მშობლებს არ შეუძლიათ კიბერბულინგის შემჩნევა ისე, როგორც ბულინგის სხვა ფორმებისა.

 

კიბერბულინგის საზღვრები

 

კიბერბულინგი ნებისმიერ დროს შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერ ბავშვსა და მოზარდზე, რომლებიც კომუნიკაციისათვის ციფრულ მოწყობილობებს იყენებენ.
ყველა, ვინც კომუნიკაციისათვის, კონტენტის გაზიარებისათვის ან ვინმესთან დასაკავშირებლად იყენებს ციფრულ მოწყობილობებს, შეიძლება გახდეს კიბერბულინგის მსხვერპლი. საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც მშობლებს შეუძლიათ ციფრულ სამყაროში ჩართული მოზარდებისათვის, არის ხშირი, ღია და გულწრფელი საუბარი მოლოდინებზე და იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ კიბერბულინგის შემთხვევაში.
როგორ გავუმკლავდეთ კიბერბულინგს?
კვლევები გვიჩვენებს, რომ კიბერბულინგი სოციალურ მედიაში დაკავშირებულია მოზარდების დეპრესიასთან. იგულისხმება, რომ მშობლები ინარჩუნებენ კავშირს თავიანთ შვილებთან და საუბრობენ დახმარების ძიების გზებზე.
ნუ განსჯით: მოზარდებს სჭირდებათ, რომ მშობლებმა განსჯის გარეშე მოუსმინონ მათ. მათ ასევე არ სურთ, რომ მშობლებმა მაშინვე დაიწყონ სხვა მშობლებთან რეკვა. საუკეთესო დასაწყისია მოსმენა და შესაბამისი კითხვების დასმა კიბერბულინგის მასშტაბის დასადგენად. მთავარია, უპირობო მხარდაჭერა. თუკი უსმენთ, გულისხმიერი ხართ და ერთად მუშაობთ, თქვენი შვილი აგრძელებს თქვენი დახმარების ძებნას.

 

აღნუსხეთ  ყველაფერი: გადაუღეთ ფოტო (სკრინშოტი) ყველაფერს, რასაც მოწყობილობებზე კიბერბულინგთან დაკავშირებით იპოვით და გადაგზავნეთ თქვენს ტელეფონზე. აღნუსხეთ თქვენი საუბრებიც. სკოლის პერსონალისა და სხვა შესაბამისი პირებისათვის კიბერბულინგის შესახებ მოყოლამ შეიძლება შფოთვა გამოიწვიოს. ნაამბობს შეიძლება დეტალები აკლდეს ან განსხვავებული ჩანდეს, როდესაც მოზარდები ზეწოლის ქვეშ არიან. თქვენი საუბრების ჩაწერა დაეხმარება თქვენს შვილს მომხდარის შესახებ საუბარში.
გამოავლინეთ  უსაფრთხო ადამიანი სკოლაში:  მოზარდებს სჭირდებათ ვინმე, ვისთანაც მივა კიბერბულინგის შედეგად გამოწვეული ცხოვრებისეული პრობლემების გასაზიარებლად ან იმწუთიერი დახმარების მისაღებად.
უპასუხეთ გააზრებულად: თავი შეიკავეთ თქვენი საკუთარი სოციალური მედიაკავშირების გამოყენებისაგან. ეს არ დაეხმარება თქვენს შვილს და შეიძლება მდგომარეობა გააუარესოს კიდეც.
ერთად შეიმუშავეთ გეგმა: თქვენს შვილს დახმარება სჭირდება, მაგრამ მას ასევე სჭირდება ავტონომია პრობლემის გადაჭრის ქმედითი უნარების გამოყენებისას. გონებრივი შტურმის მეშვეობით იპოვეთ გადაწყვეტის შესაძლო გზები, გამოავლინეთ ასევე შესაბამისი პიროვნება სკოლაში (მრჩეველი, ადმინისტრაციის წევრი ან სხვა) და იმუშავეთ ერთად.
გამოიყენეთ აპლიკაციებში არსებული ხელსაწყოები: შესაძლებელია, თქვენმა შვილმა იცის მომხმარებლების დაბლოკვის ან პაროლების დაცვის გზები, მაგრამ არაფერი დაშავდება უსაფრთხოების პარამეტრების გადახედვით, მეგობრების სიის შემოწმებითა და პოტენციურად ყალბი  ანგარიშების გამოვლენით, მათი, შეურაცხმყოფელი კომენტარების ან შეუსაბამო ფოტოების გასაჩივრებით.
ისაუბრეთ საკუთარი სიმართლის დამცველებზე: ისაუბრეთ ბულინგის ან შეუსაბამო კონტენტის გასაჩივრების აუცილებლობაზე მაშინაც, თუკი ეს უშუალოდ თქვენს შვილს არ ეხება, დატოვოს პოზიტიური გამოხმაურებები მაშინ, როცა სხვები ნეგატიურს ტოვებენ. როცა ბავშვები წახალისდებიან, დაეხმარონ სხვებს, ისინი სწავლობენ, რომ აქვთ ძალა, ებრძოლონ ონლაინნეგატიურობას სიკეთისა და მხარდაჭერის გამოვლინებით.
კიბერბულინგმა შეიძლება დატოვოს ხანგრძლივი ეფექტი, მათ შორის დეპრესია და შფოთვა. თუკი ეჭვობთ, რომ თქვენი შვილი კიბერბულინგის მსხვერპლია, გაესაუბრეთ მას და დასახეთ დახმარების ძიების გზა.

 

წყარო: https://www.psychologytoday.com/blog/worry-free-kids/201711/how-help-teens-cope-cyberbullying

მუსიკალური ანბანი – მოსწავლეებისთვის აუცილებელი ცოდნა

0

მუსიკალური პედაგოგიკის მისამართით დღემდე გაისმის ორჭოფული კითხვები: რამდენად აუცილებელია სკოლის მოსწავლეებისთვის, მით უფრო – სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, მუსიკალური ანბანის, კერძოდ, სანოტო ნიშნების, დამწერლობის, მუსიკალური ტერმინების შესწავლა, ან თუნდაც იმპროვიზაციის, მუსიკის შექმნისადმი ინტერესის გაღვიძება, თუ ყოველივე ეს მხოლოდ მუსიკალური სკოლის კედლებში უნდა ისწავლებოდეს? ჩემი აზრით, სასურველი შედეგის მისაღებად ყოველმა მშობელმა და მასწავლებელმა ბავშვების შესაძლებლობებზე დაკვირვებით უნდა წარმართოს მუშაობის ფორმის ძიების, დაგეგმვის, დოზირების, რეპერტუარის შედგენის, სწავლების მთელი ეს რთული პროცესი.

უნდა ვიცოდეთ, რომ მუსიკის შესასწავლად საჭირო ყველა კომპონენტი მუსიკალური კულტურის, გემოვნების განვითარებას ემსახურება. ბავშვებს ასეთ გაკვეთილებზე სასიმღერო ხმის სწორად ჩამოყალიბებასთან ერთად ბგერის სიმაღლებრივი, მელოდიურ-ჰარმონიული, მეტრ-რიტმული, ტემბრული, დინამიკური სმენაც უვითარდებათ.

დღეისთვის მუსიკალური ანბანიდან ერთ-ერთი წამყვანი საკითხი – გრძლიობა შევარჩიე.

უნდა ითქვას, რომ დამწყები მუსიკოსები, განსაკუთრებით კი თვითნასწავლები, სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებენ რიტმს. მათ მუსიკაში უმთავრესი ლამაზად აჟღერებული ბგერები ჰგონიათ. სინამდვილეში ერთმნიშვნელოვნად წამყვანია ორივე კომპონენტი: ბგერაც და რიტმიც. ისინი ერთმანეთიდან გამომდინარეობენ და ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ. სწორედ ბგერისა და რიტმის ერთობლიობა ქმნის მუსიკას.

რიტმთან მუშაობა ყოველ მუსიკოსს დაბნევის და შეფერხების გარეშე უნდა შეეძლოს. ერთ-ერთ წინა წერილში: „მუსიკალური ენის საიდუმლო“, – დაწვრილებით ვისაუბრე რიტმის მნიშვნელობაზე, მეტრსა და ტემპზე. ამჯერად ყურადღება გრძლიობაზე გავამახვილოთ.

ის, ვისაც მუსიკასთან შეხება გქონიათ, შეამჩნევდა, რომ საკუთარი დროის საზომი ერთეული მუსიკასაც აქვს. ეს პულსის დარტყმაა. „პულსი მუსიკასაც ესინჯება“ და მისი დარტყმები მუდამ თანაბარია. თუმცა გავითვალისწინოთ, რომ სიმწყობრე სხვადასხვა სიჩქარისა შეიძლება იყოს: ნელი, ზომიერი, ჩქარი. ყოველივე ეს კი ნაწარმოების ტემპზეა დამოკიდებული.

საინტერესოა, რა არის ბგერის გრძლიობა. ის ბგერის ხმოვანების ხანგრძლივობაა, ხოლო რიტმს სხვადასხვა გრძლიობის ჯგუფებად გაერთიანება ევალება.

ყოველ მუსიკალურ ბგერას თავისი გრძლიობა აქვს. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ბგერა შეიძლება იყოს არა მხოლოდ მაღალი ან დაბალი, არამედ გრძელი ან მოკლეც. მუსიკაში ბგერის ამ თვისებას გრძლიობას უწოდებენ. სანოტო სისტემაზე (დგამზე) ნოტები ხაზებსა და ხაზებს შორის განლაგდება და, ამასთან ერთად, სხვადასხვანაირადაც გამოიყურება. ზოგი თეთრია, ზოგი – შავი. ზოგს შტილი აქვს, ზოგს კი – შტილზე კუდი. სწორედ ეს ნიშნები განასხვავებს გრძლიობებს ერთმანეთისგან.

თავდაპირველად ძირითადი მუსიკალური გრძლიობების აღნიშვნები დავიმახსოვროთ, მერე კი მათი დათვლა ვისწავლოთ.

ბგერის გრძლიობა რიტმულად რომ გამოვსახოთ, აი, რას მივიღებთ:

მთელი ნოტი – ყველაზე ხანგრძლივია. ნუ დავივიწყებთ, რომ ყველა სხვა გრძლიობის ნოტი მასთან შეფარდებით იზომება ანუ დანარჩენი გრძლიობა მისი თანაბარ, ლუწ ნაწილებად დაყოფის შედეგად მიიღება. გამოისახება ოვალით, გნებავთ, თეთრი წრით და გრძლიობებს შორის ერთადერთია, რომელსაც არ აქვს შტილი.

არ გამოგვრჩეს ერთი დეტალი: მთელი ნოტის ხანგრძლივობის მიუხედავად, გასათვალისწინებელია, რა ტემპში სრულდება ესა თუ ის მუსიკალური ნაწარმოები. ამ შემთხვევაში გრძლიობები დამოკიდებული ხდება ნაწარმოების ტემპზე. მთელი გრძლიობის ნოტი, რომელიც ყოველთვის ოთხს ითვლის, ნელ ტემპში ნელა დაითვლება, ზომიერში აჩქარდება, ხოლო სწრაფში უფრო მეტად აჩქარდება. რომ არ დავიბნეთ, ტემპს თავი დავანებოთ და ერთ სიჩქარეში მყოფ გრძლიობებს დავაკვირდეთ.

ნახევარი ნოტი – მთელზე ზუსტად ორჯერ მოკლეა და ითვლის ორს. მაგალითად, თუ მთელ გრძლიობას 4 წამით შევაჩერებთ, ნახევრის გადასათვლელად 2 წამი დაგვჭირდება (ამ შემთხვევაში უკეთ გასაგებად წამს პირობით ერთეულად ვიღებ). ნახევარი გრძლიობა მთელს თეთრი ოვალით ჰგავს, ოღონდ დამატებული აქვს შტილი.

მეოთხედი ნოტი მთელზე ოთხჯერ მოკლეა, ნახევარზე კი ორჯერ მოკლე და ითვლის ერთს. ის ხომ მთელის ¼ ნაწილია. ე. ი. თუ მთელი ნოტის ხანგრძლივობა 4 წამია, ხოლო ნახევრისა – 2 წამი, მეოთხედი მხოლოდ 1 წამის განმავლობაში დაიკვრება. გამოისახება შავად შეფერადებული ოვალით და შტილით.

უფრო მცირე გრძლიობები შტილზე ეგრეთ წოდებული „კუდებით“ გამოისახება. მაგ.: მერვედი, მეთექვსმეტედი, ოცდამეთორმეტედი და ა.შ. რაც უფრო მცირეა გრძლიობა, მით მეტია კუდი.

მერვედი ნოტი – მთელზე რვაჯერ მოკლეა, ნახევარზე ოთხჯერ მოკლე, ხოლო მეოთხედზე ორჯერ მოკლე და ერთის ნახევარს ითვლის. იმისთვის, რომ მთელი გრძლიობა (დრო) შეივსოს, რვა მერვედი გრძლიობის ნოტი დაგვჭირდება, ნახევარი გრძლიობის შესავსებად – ოთხი მერვედი, ხოლო მეოთხედისთვის – ორი მერვედი.

მერვედი გამოისახება შავი რგოლით, შტილით და ერთი კუდით. მერვედი გრძლიობები ანუ გვერდიგვერდ მყოფი ორი ან მეტი მერვედი ნოტი ხშირად კუდების საშუალებით ჯგუფდება და საერთო „ზურგით“ ერთიანდება. ზურგების რაოდენობა ყოველთვის კუდების რაოდენობას შეესაბამება.

მეთექვსმეტედი ნოტი – მთელზე თექვსმეტჯერ მოკლეა და ერთის მეოთხედს ითვლის, ანუ მთელი გრძლიობის შესავსებად 16 მეთექვსმეტედი ნოტი დაგვჭირდება. მეთექვსმეტედი რვაჯერ მოკლეა ნახევარზე, ოთხჯერ მოკლე მეოთხედზე და ორჯერ მოკლე მერვედზე. მეთექვსმეტედი ნოტი ძალიან ჰგავს მერვედს, ოღონდ ერთი კუდის ნაცვლად ორი აქვს. მერვედისგან განსხვავებით, გვერდიგვერდ მყოფი ორი ან მეტი მეთექვსმეტედი ერთმანეთს ორმაგი ზურგით ებმება.

დათვლის მთავარი პრინციპი გრძლიობების განახევრებაა ანუ ძირითადი დაყოფა „ორი ერთთან“ პრინციპს ექვემდებარება. ე.ი. ყოველი წინა ნოტი მომდევნოზე ორჯერ გრძელია, სხვაგვარად – ყოველი მომდევნო წინაზე ორჯერ მოკლეა.

გვხვდება კიდევ უფრო მცირე გრძლიობები: ოცდამეთორმეტედი, სამოცდამეოთხედი და ა.შ. თეორიულად გრძლიობების დაყოფა უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ მათი პრაქტიკული გამოყენება შეუძლებელი იქნება.

არსებობს მთელ ნოტზე დიდი გრძლიობაც. ის ორ მთელ ნოტს უდრის, ანუ ორი მთელი ნოტის ჯამია და ბრევისი (ორმაგი მთელი) ეწოდება.

ბაჭია პიტერი, ბატი ტასიკო (იგივე ჯემაიმა) და … ჩვენ

0

თუ მასწავლებელი ხართ და თქვენს მოსწავლეებთან ერთად სპექტაკლების დადგმა გიყვართ, ბეატრიქს პოტერის ნამცეცა ამბები თქვენთვის ნამდვილად მიგნება იქნება. მრავალფეროვანი სიუჟეტები დაწყებითი კლასების (ან საბავშვო ბაღების) მოსწავლეებს არა მხოლოდ გაახალისებს, დაანახვებს კიდეც რა მოსდევს ცელქობას და გაუმაძღრობას (ბაჭია პიტერისა და ციყვ ტიმი თიფთოუს მაგალითზე), მიახვედრებს როგორ არ უნდა მოიქცნენ სტუმრებთან (ანუ ფისუნია ტომის კნუტებს არ მიბაძონ), თანაგრძნობით აავსებს გულუბრყვილო ჯემაიმა ტყაპუნას მიმართ, მოხიბლავს ტინკლი-ვინკლის სანიმუშო სისუფთავით, გლოსტერელი მკერავისა და მისი მეგობარი თაგვების ამბავი კი გაჭირვებაში თანადგომასა და დახმარებას ასწავლის.

 

დახატული ამბები

კლასიკური საბავშვო ლიტერატურის თარგმანებს თვალყურს თუ ადევნებთ, გეცოდინებათ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბავშვო ზღაპრების ავტორისა და ილუსტრატორის ბეატრიქს პოტერის ზღაპრები უკვე ერთი წელია რაც ქართულ ენაზე ითარგმნა.  წიგნი ცხრა ზღაპარს აერთიანებს და ავტორისეული ილუსტრაციებიც ერთვის. ეს ნახატები ტექსტის განუყოფელი ნაწილია და ამბებს უფრო თავშესაქცევს ხდის.

დარწმუნებული ვარ, დიდი თუ პატარა გაცნობისთანავე უზომოდ შეიყვარებთ ბაჭია პიტერსა და მისი და-ძმებს (ფლოპსის, მოპსისა და კუდფუმფულას), ქვიშიან სანაპიროზე, მაღალი ნაძვის ქვეშ გათხრილ სოროში რომ ცხოვრობენ. არც ბატონი ჯერიმი ფიშერის მიმართ დარჩებით გულგრილი – ეს სევდიანი მეთევზე ბაყაყი პატარა ნესტიან სახლში ბინადრობს, შესასვლელსა და საკუჭნაოში მუდამ წყალი ჩასდის, მაგრამ ეს სულაც არა აწუხებს. თავის სტუმრებს (ხვლიკ ისააკ ნიუტონსა და ლუ პტოლემეოსს) კი ჭიამაიების სოუსში შემწვარი კალიებით (ბაყყების დელიკატესით) უმასპინძლდება.

ტანსაცმლის დაკარგვა პოტერის გმირების უცნაური ახირებაა: ბაჭია პიტერი თავისი დაუდევრობით ორ კვირაში ორ წყვილი ქურთუკსა და ორ წყვილ ფეხსაცმელს კარგავს, ფისუნია ტომის კნუტების ტანსაცმლის ბედი აჯობებს თავად გამოიკვლიოთ, პატარა გოგონა ლუსის კაბებისა და ცხვირსახოცების კვალსაც  გაჰყევით, ოღონდ გაფრთხილებთ, მრეცხავ ზღარბს ჩაჩიდან და კაბიდან ეკლები გამოსჩრია და თუ გადაეყრებით, ჩაის სმის დროს მოშორებით დაუჯექით.

მოგზაურობა თუ გიყვართ,  ჯონისა და ტიმის ამბავი არ გამოტოვოთ. ჯონი ქალაქელი თაგვია, ტიმი კი სოფელში დაიბადა. ჯონი კარგად აღზრდილია და არ იმჩნევს, როდესაც ტიმს ჭამის დროს თეფში უვარდება ან დელიკატესებს ვერ ანსხვავებს. თაგვები ქალაქიდან სოფლისკენ თუ პირიქით მოწნულ კალათას დაჰყვებიან და არკვევენ სად ყოფნა ჯობს და ვის რა შეეფერება.

ჯემაიმა ტყაპუნას ამბავი ჩვენთვის საყვარელი ქართული ანიმაციური ფილმის, „გულუბრყვილო ბატი ტასიკოს“ ფაბულა გახლავთ. წაიკითხეთ, ფილმიც გაიხსენეთ, მერე კი განსხვავებასა და მსგავსებაზე იმსჯელეთ.

 

ბეატრიქს პოტერი

პოტერმა ზღაპრების წერა და ხატვა ბაყაყების სიყვარულით დაიწყო: ერთ მშვენიერ დღეს მისმა ექსტრავაგანტურმა და ხელოვნებით გატაცებულმა მამამ ლონდონის სახვითი ხელოვნების გალერეაში ნაყიდი, რენდოლფ კოლდეკოტის ორი მცირე ზომის ესკიზი, კალმითა და მელნით დახატული ბაყაყები სახლში მიიტანა. გოგონა მოიხიბლა და მას მერე მოუთმენლად ელოდა და ყიდულობდა კოდელკოტის ილუსტრირებულ წიგნებს. მომავალში კი თავისი “სევდიანი მეთევზე” სწორედ კოლდეკოტის ჯენტელმენი ბაყაყის მიხედვით შექმნა.

ბეატრიქს პოტერმა სულ 23 “პატარა წიგნი” დაწერა და დაასურათა. ისინი მრავალ ენაზეა ნათარგმნი და დღემდე პოპულარულია. თუმცა, წარმატებამდე გრძელი და რთული გზა გაიარა. ვიქტორიანული ეპოქის ბურჟუაზიულ ოჯახში დაიბადა და შესაბამისად კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, ძიძების გარემოცვაში იზრდებოდა და თანატოლებს არ იცნობდა. ხატვა პატარაობიდან მისი უსაყვარლესი თავშესაქცევი გახლდათ, რვა წლისას რამდენიმე სახატავი ალბომი ჰქონდა შევსებული ცხოველების და მცენარეების ნახატებით. მისი საუკეთესო მეგობარი კი დღიური იყო, რომელსაც მინიატურული საიდუმლო კოდის გამოყენებით წერდა. ეს უცნაური ჩვევა პოტერს 30 წლამდე გაჰყვა. დღიური მისი გარდაცვალების შემდეგაც საიდუმლოდ რჩებოდა, სანამ იგი 1958 წელს არ ამოხსნეს.

ბეატრიქს პოტერი საკმაოდ ნიჭიერი ნატურალისტი და მიკოლოგიც ყოფილა და არაერთი საინტერესო აღმოჩენის საფუძველზე სამეცნიერო ნაშრომებიც დაუწერია, თუმცა იმის გამო რომ ქალი იყო სათანადო ყურადღება არ მიაქციეს, არც მოხსენების წაკითხვის უფლება მისცეს, სამეცნიერო სხდომაზე დასწრების უფლებით მაშინ მხოლოდ მამაკაცები სარგებლობდნენ. წლების შემდეგ, როდესაც ქალების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, მეცნიერთა საზოგადოებამ ბეატრიქს პოტერის წინაშე ბოდიში ოფიციალურად მოიხადა.

ბაჭია პიტერიდან გოჭუნა რობინსონამდე

მეცნიერებაში წარუმატებლობის გამო პოტერი მხატვრობას დაუბრუნდა და თანდათან წიგნების გამოცემა საკმაოდ შემოსავლიან საქმედაც აქცია. მისი პირველი ზღაპარი ბაჭია პიტერზე (The Tale of Peter Rabbit) ექვსმა გამომცემლობამ დაიწუნა. გაბრაზებულმა პოტერმა საკუთარი, ხელნაკეთი ეგზემპლარი შექმნა, რომლის ნახვის შემდეგაც გამომცემლობამ Frederick Warne & Co წიგნის დაბეჭდვა გადაწყვიტა. კომპანიას სამი ძმა მართავდა. The Tale of Peter Rabbit უმცროსს, ნორმან უორნს ჩააბარეს. წიგნს წარმოუდგენელი წარმატება ჰქონდა: მკითხველის მოთხოვნა რომ დაეკმაყოფილებინათ, ტირაჟი ექვსჯერ გაიმეორეს, საბოლოოდ კი 20 000 ეგზემპლარი გაყიდეს.

1905 წელს ნორმან უორნმა ბიატრიქს პოტერს ხელი სთხოვა, რასაც პოტერის მშობლების უკმაყოფილება მოჰყვა (უორნების სოციალური სტატუსი არ აკმაყოფილებდათ), თუმცა ქალიშვილს უარი ვერ უთხრეს, სამაგიეროდ ნიშნობა არ გაახმაურეს და მხოლოდ ახლო ნათესავები მიიწვიეს. სამწუხაროდ ბეატრიქსი და ნორმანი მაინც ვერ დაოჯახდნენ, საქმრო ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე, სისხლის კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. ბეატრიქსმა დიდი ტრავმა მიიღო, სტრესიდან გამოსასვლელად რამდენიმე წელი დასჭირდა. საბოლოდ კი საყვარელ საქმეს დაუბრუნდა, წელიწადში ერთ ან ორ წიგნს გამოსცემდა, პარალელურად კი ფერმის მართვას სწავლობდა.

1909 წელს პოტერმა კამბრიაში ფერმა შეიძინა, მშობლების სახლი დატოვა და “ტბების მხარეში” დასახლდა. ფერმერობა სიცოცხლის ბოლომდე მის საყვარელ საქმედ დარჩა. სიამოვნებდა ყოველდღიური ფიზიკური შრომა, შინაური ცხოველების გარემოცვაში ყოფნა. ჰერდვიკის ჯიშის ცხვრების გამრავლებაში ექსპერტიც კი გახდა და სწორედ მისი დამსახურებაა რომ ეს ჯიში გადაშენებას გადურჩა. მხედველობის გაუარესებასთან ერთად პოტერი ნაკლებს ხატავდა. მისი ახალი წიგნები ადრე დახატული ესკიზების გამოყენებით გამოდიოდა. ბოლო სერიოზული ნამუშევარი 1930 წელს, გოჭუნა რობინსონის შესახებ დაწერილი წიგნი The Tale of Little Pig Robinson გახლდათ.

ბუნების დამცველი მწერალი

წიგნების გაყიდვით მიღებული ფულით ბეატრიქს პოტერმა უნიკალური ლანდშაფტები შეიძინა და გაჩეხვისგან გადაარჩინა. თავისი ქონება (14 ფერმა და 4000 აკრი მიწა) საბოლოოდ ბრიტანეთის ნაციონალურ ფონდს დაუტოვა. ამ მიწებს დღემდე იცავენ მშენებლობებისგან და იქ ჰერდვიკის ჯიშის ცხვრებს ამრავლებენ. სავტორო უფლებები პოტერის წიგნებსა და ნახატებზე კი, გამომცემლობის F. Warne & Co საკუთრებაა.

დღესდღეობით, არავინ იცის სადაა ბეატრიქს პოტერის საფლავი. 1943 წელს შობის დღესასწაულზე პოტერის მეუღლე თავიანთ ერთგულ მწყემსს ტომ სტორის ეწვია, გადასცა ურნა თავისი ცოლის ფერფლით და წერილით: “აი ფერფლი, თქვენ იცით როგორ უნდა მოიქცეთ.” ტომ სტორიმ ურნა დაიტოვა და ტბების მხარეში, ერთ საიდუმლო ადგილას მოაფრქვია. პოტერს არ სურდა იმ ადგილის შესახებ ვინმეს გაეგო, ვინაიდან განსაკუთრებით უფრთხილდებოდა იქაურობის პირველქმნილ სილამაზეს და ტურისტების სანახაობად არ ემეტებოდა. ტომ სტორი კი უეცრად გარდაიცვალა, საკუთარ შვილსაც ვერ მიასწავლა ის ულამაზესი ადგილი, რომელიც ალბათ დღესაც ისეთივე მშვენიერია, როგორც ასი წლის წინ, ტბების მხარე კი კვლავ აღაფრთოვანებს მნახველს, როგორც ბაჭია პიტერზე გამოცემული წიგნები.

P.S ამ საოცარი ავტორისა და ილუსტრატორის შესახებ 2006 წელს რეჟისორმა კრის ნუნანმა გადაიღო ბიოგრაფიული დრამა „მის პოტერი.“ ფილმში მთავარ როლებს რენე ზელვეგერი და იუენ მაკგრეგორი ასრულებენ.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...