შაბათი, აგვისტო 16, 2025
16 აგვისტო, შაბათი, 2025

სასკოლო კლუბების არსებობის დადებითი მხარეები

0

მასწავლებელს, ვისაც ჯერ ქართულ სასკოლო საგანმანათლებლო სივრცეში არ დაუკარგავს მოტივაცია და ინტერესი, აქვს შეკითხვა – რა შეიძლება გააკეთოს შემდეგი კვირის რომელიმე დღეს ერთ კონკრეტულ გაკვეთილზე. რა ახალი ფაქტორი გააჩინოს საგაკვეთილო პროცესში ისეთი, რომელიც საინტერესოს გახდის სასწავლო მასალას და ზოგადად, საგაკვეთილო პროცესს. ეს ერთი საკითხია, რომელიც ყველა შემდგომი გაკვეთილისთვის თავიდან უნდა მოიპოვო, მოძებნო, გამოცადო და გაიმარჯვო, ან დამარცხდე და მიზანს ვერ მიაღწიო.

თუმცა არის ერთი გრძელვადიანი მიზანი რამდენიმეს შორის, რომელიც სხვაგვარად შეიძლება მოგვარდეს: როგორ შეიძლება მოსწავლეთა დაინტერესება იმ საგნით, რომელსაც ასწავლი. დაინტერესება არა იმის გამო, რომ მათ კარგად ჩააბარონ სკოლის გამოსაშვები ან ერთიანი ეროვნული გამოცდები. არა, დაინტერესდნენ იმდენად, რომ სამომავლოდ ამ სფეროს კვლევა დაისახონ მიზნად; იმდენად, რომ ამაზე ისაუბრონ სახლშიც, მეგობრებთანაც იკამათონ და იცინონ და ა.შ.

ამის შესაძლებლობას გვაძლევს სასკოლო კლუბები. თუმცა როდესაც საუბარი ამის განხორციელებას ეხება, ჩნდება რამდენიმე პრობლემა:

1. რთულია სახლში მისული მოსწავლეები უკან სკოლაში დაბრუდნენ კლუბების გამო, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი სკოლისგან მოშორებით ცხოვრობენ;
2. მასწავლებელს, რომელიც ამ სამუშაოს შეასრულებს, სჭირდება დამატებითი ანაზღაურება;
3. თუ დამატებით წრეზე მასწავლებელს – კლუბის ხელმძღვანელს არ აქვს კარგად შემუშავებული გრძელვადიანი გეგმა და მიზნები, არ აქვს საინტერესო სასწავლო მასალა, ინტერაქცია, პროცესში არ იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, მაშინ რთული იქნება მოსწავლეთა შენარჩუნება;
4. მასწავლებელმა უნდა შეძლოს, რომ კლუბის სასწავლო პროცესი განსხვავებული გახადოს საგაკვეთილო სასწავლო პროცესისგან თავისი მოთხოვნებით, მიდგომებით, მოლოდინებითა და მასწავლებელ-მოსწავლეთა შორის სამუშაო ურთიერთობებით.

დღესდღეობით კერძო სკოლებს, რომელთაც, გარდა სახელმწიფო ვაუჩერული დაფინანსებისა, ასევე კერძო გადასახადით მიღებული შემოსავლებიც აქვთ, მეტ-ნაკლებად აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მსგავსი სერვისები შესთავაზონ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, თუმცა საჯარო სკოლაში ამის განხორციელება რთული იქნება.

რამდენიმე თვის წინ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმაც გამოთქვა სურვილი, რომ მსგავსი აქტივობები ხორციელდებოდეს საჯარო სკოლებშიც, თუმცა ამის შემდეგ ამ თემაზე საუბარი ან მუშაობა არც დაწყებულა და არც გაგრძელებულა. ალბათ ამის მიზეზი ის არის, რომ სურვილის გარდა, ამ ყოველივეს ბევრად მეტი დამატებითი ფინანსები სჭირდება, რაც ამ დროისთვის ან არ მოიძებნება, ან გადანაწილება ვერ მოხერხდა.

გაკვეთილების შემდეგ კლუბები, თავისი შინაარსით არაფორმალური განათლების ელემენტების შეთავსებასაც მოახერხებენ და ამით ძალიან დადებით როლს შეასრულებენ მოსწავლეთა კარგ მოქალაქეებად ჩამოყალიბების საქმეში, იმის გარდა, რაზეც უკვე ვისაუბრე, რომ ისინი უფრო დაინტერესდებიან ამა თუ იმ საგნით.

კარგი იქნება, თუ დაიწერება პროექტი და რამდენიმე საჯარო სკოლაში სამინისტროს მიერ წინასწარ გამოყოფილი თანხებით მოხდება პილოტირება.

 

 

“ვერ ვხედავ, ე. ი. არ არსებობს”

0

ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოლოგის ჟან პიაჟეს კოგნიტიური განვითარების თეორიის მიხედვით, ადამიანის განვითარების სენსომოტორული სტადია დაბადებიდან ორ წლამდე გრძელდება და ამ პერიოდის მთავარი მიღწევა ობიექტთა მუდმივობის გაგებაა – ბავშვის მიერ იმის გაგება, რომ საგნები და ადამიანები არსებობენ მისგან დამოუკიდებლად, მაშინაც კი, როცა მათ ვერ ხედავს და მათი ხმა არ ესმის. დაახლოებით ორი თვის ბავშვების უმრავლესობას შეუძლია მოძრავი ობიექტისთვის თვალის გაყოლება, 5-6 თვიდან იწყებენ ნაცნობი ადამიანების ძებნას, ხოლო საგნებს 8-12 თვიდან ეძებენ. ამ მიღწევას ემატება მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება და თან ახლავს სირთულე, რომელსაც განშორებით გამოწვეულ შფოთვას (ბავშვის მღელვარება ან შიში, რომელიც გამოწვეულია მშობელთან ან მისთვის მნიშვნელოვან ადამიანთან განშორების გამო) უწოდებენ. ობიექტთა მუდმივობის გაგების შემდეგ ჩვილი ხვდება, რომ ის დედის სხეულისგან განცალკევებით არსებობს და როცა ის სცდება მისი თვალთახედვის არეს, განიცდის. ეს ვრცელდება იმ ადამიანებზეც, რომლებიც მასზე მუდმივად ზრუნავენ. ამას ემატება მიჯაჭვულობის განვითარების გამო უცხო ადამიანების შიში, – ბავშვები, რომლებიც უღიმოდნენ უცხოებსაც და უცნობ ადგილებშიც კარგად გრძნობდნენ თავს, უცებ იწყებენ შფოთვას უცხო გარემოში და ეკვრიან ნაცნობ ადამიანებს. ამ მოვლენას შვიდთვიანების შფოთვას უწოდებენ.

ზოგიერთმა ბავშვმა ჩვილ ასაკში შესაძლოა გამოტოვოს განშორებით გამოწვეული შფოთვის ეტაპი და 15-18 თვის ასაკში გამოავლინოს მისი ნიშნები. მათ, როგორც წესი, უფრო უკეთ აქვთ გაცნობიერებული, რა არის განშორება, ამიტომ მათი პროტესტი უფრო ხმამაღალია და ისინი იყენებენ სხვადასხვა გზას მის გადასავადებლად, მაგალითად, მშობლებს სთხოვენ, წასვლამდე ზღაპარი წაუკითხონ, კუბებისგან კოშკი აუშენონ და ა.შ. 3 წლის შემდეგ შფოთვის დონე იკლებს.

6-7 თვიდან 2 წლამდე ბავშვის ძილი შეიძლება დაარღვიოს განშორებით გამოწვეულმა შფოთვამ. მან შესაძლოა რამდენიმეჯერ გაიღვიძოს ღამით და უხმოს მშობლებს, გადმოვიდეს თავისი საწოლიდან და მოითხოვოს დედ–მამის გვერდით დაძინება. ის ამას არ აკეთებს ურჩობის ან მანიპულირების სურვილის გამო, ეს მისი ემოციური განვითარების ნორმალური საფეხურია და მის გადასალახავად მშობლების სიყვარული და მათი თანმიმდევრული მიდგომა სჭირდება. ამ დროს ბავშვს გასაგებად უნდა აუხსნან, რომ თავის საწოლში უნდა დარჩეს, ამასთანავე, მშვიდად და სიყვარულით შეხვდნენ ღამით ყოველი გამოღვიძებისას.

ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში მშობლებს სთხოვდნენ, ერთი სიტყვით აღეწერათ, რას გრძნობენ, როცა მათ შვილებს განშორების შფოთვა აქვთ. შედეგები ასეთი იყო: 90% – იმედგაცრუება, 70% – სევდა, 70% თანაგრძნობა, 60% – დაბნეულობა, 50% – მღელვარება, 40% – ბრაზი, 30% – გაურკვევლობა, 20% – გაღიზიანება, 15% – აღიარება. (The No-Cry Separation Anxiety Solution: Gentle Ways to Make Good-bye Easy from Six Months to Six Years. 2010. Elizabeth Pantley).

იმისთვის, რომ ბავშვებს განშორების შფოთვასთან გამკლავებაში დავეხმაროთ, საჭიროა გვახსოვდეს, რომ ისინი არ ირჩევენ ამ სირთულეს, არ იღებენ სიამოვნებას მისგან და სურთ, თავი დააღწიონ, მაგრამ არ იციან, როგორ. ამისთვის მათ სჭირდებათ უფროსების უპირობო სიყვარული, მოთმინება და რამდენიმე წესის დაცვა. ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები მშობლებს და მომვლელებს განშორების შფოთვასთან გამკლავებაში დაეხმარება.

  • ეთამაშეთ “ჭიტა” და ისეთი თამაშები, რომლებიც დაეხმარება იმის გაგებაში, რომ მიდიხართ, მაგრამ ყოველთვის ბრუნდებით მასთან.
  • განურჩევლად ასაკისა, აცნობეთ ბავშვს, როცა სახლიდან გადიხართ. ეს მას თქვენდამი ნდობას განუმტკიცებს. როგორც არ უნდა იტიროს დაშვიდობების დროს, არ გაეპაროთ, თორემ ეს განამტკიცებს მის შფოთვას და შემდეგში აღარ გენდობათ, მუდმივად ექნება შიში, რომ მისგან წახვალთ.
  • შემოიღეთ სწრაფი დამშვიდობების რიტუალი. ეს შეიძლება იყოს ჰაეროვანი კოცნა, ხელის დაქნევა, ხელისგულზე ხელისგულის დარტყმა, ჩახუტება… დამშვიდობება დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს – ეს შფოთვის ალბათობას გაზრდის. დაემშვიდობეთ და წადით. თუ მისი ტირილის გამო დაბრუნდებით, პროცესი უფრო გაიწელება და მეტ ზიანს მიაყენებს ბავშვს.
  • შეასრულეთ დანაპირები. თუ ზუსტად არ იცით, როდის დაბრუნდებით, ნუ ეტყვით სავარაუდო დროს. თუ იცით, რომ დაბრუნდებით მის დაძინებამდე, უთხარით: “როცა კბილებს გაიხეხავ და პიჟამას ჩაიცვამ, მაშინ მოვალ”. თუ სამი ღამე არ იქნებით – “სამი ძილის შემდეგ მოვალ”. ამას უკეთ გაიგებს.
  • შეაჩვიეთ თქვენ გარეშე ყოფნას. რამდენიმე საათით დაუტოვეთ ბებიას, ოჯახის წევრებს. სანამ ბაღში მიიყვანთ, შეაჩვიეთ იქაურობას.

 

ყურადღების მართვის სტრატეგიების გამოყენება გაკვეთილზე

0

ჩვენ ყოველწამიერად გვჭირდება გარე სამყაროსთან კავშირი და შემეცნებითი, ფსიქიკური პროცესების: აზროვნების, მახსოვრობის, წარმოსახვის, ყურადღების, შეგრძნების, აღქმის, – გარეშე მას ვერ განვახორციელებთ. მასწავლებლის ცხოვრებაში ამ პროცესების დიდი ნაწილი სასკოლო ცხოვრებას უკავშირდება და იმაზე, რამდენად სწორად დავინახავთ მოსწავლეთა საჭიროებებს, გავაცნობიერებთ, რომელი თვისებების განვითარება გვჭირდება მათში, რისი მიღება გვინდა გაკვეთილისგან და ა.შ., სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიზნის შესაბამის ადეკვატურ ქცევაზე, დამოკიდებულია ჩვენი პედაგოგიური წარმატება.

განათლების ფსიქოლოგიაში ფსიქიკურ პროცესებს შორის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ყურადღებას. ის მახსოვრობისა და შემეცნებითი პროცესების 80%–ს მოიცავს. ყურადღების დახმარებით ხდება შემეცნების მიმართვა ერთი ან რამდენიმე ობიექტისა თუ საგნისკენ ან მათი თვისებისკენ, მოვლენისკენ, ქმედებისკენ, აზროვნებისკენ, სხვა ადმიანების გრძნობებისკენ ან საკუთარი შინასამყაროსკენ, საჭირო ინფორმაციაზე „გადართვა“, ამიტომ მოსწავლეთა სასკოლო წარმატება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ყურადღების განვითარების დონეზე.

ყურადღების რაობისადმი თანამედროვე მიდგომა დაკავშირებულია დონალდ ბროდბენტის სახელთან. თავის წიგნში „აღქმა და კომუნიკაცია“ (Broadbent D. E. Perception and communication. – London: Pergamon Press, 1958. – 338 p.) ის წერდა, რომ ინფორმაციის გადამუშავების უნარი შეზღუდულია გამტარუნარიანობით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ ის; მთავარია, განვსაზღვროთ, რას ვაქცევთ ყურადღებას, რადგან ის, რასაც ყურადღებას ვაქცევთ, ხშირად ჩვენივე გამოცდილების ნაწილია და ვინაიდან საგანთა აღქმა დაკავშირებულია ჩვენს ინტერესებთან, მათი მართვაც შეგვიძლია. ბროდმენტის (ასევე – ა. ტეისმანის, დ. კანემანის, უ. ჯეიმსის, დ. უზნაძის, ლ. ვიგოტსკის და სხვ.) ყურადღების განვითარების თეორიის შესაბამისად, შესაძლებელია გაკვეთილზე მოსწავლეთა ყურადღების მართვა, მისი ხარისხის ამაღლება და მიმართვა სასწავლო პროცესის წარმატებისკენ.

ამისთვის გამოგვადგება:

  • სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება;
  • ვიზუალური და სმენითი სიგნალების მოშველიება (რომლებითაც აფრთხილებენ მოსწავლეს), ემოციის გამოხატვა, მტკიცე (და არა ხმამაღალი ანდა მუქარის) ტონი, მიმიკების, ჟესტების გამოყენება, აზრის გამოკითხვა, ყურადღების გამახვილება ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებზე და ა.შ.;
  • პრობლემური კითხვების დასმა, მაგალითად, თუ „მოსწავლე კვირაში თითო გაკვეთილს დაისწავლის რომელიმე საგანში, შეძლებს თუ არა, დაეუფლოს საგანს როგორც ასეთს? ან „შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ადამიანები, რომლებიც საათობით გასცქერიან აყვავებულ ბუნებას, მუშაობენ?“ – და ა.შ.;
  • სპეციალური ცხრილის გამოყენება (ცხრილი 1), რომელშიც ასახულია გაკვეთილის ეტაპები და მოცემულია მოსწავლეთა ყურადღების მართვის ტექნიკა თითოეული ეტაპის შესაბამისად.

ცხრილი 1.

ეტაპები გაკვეთილზე მიმდინარე პროცესები
0-7 წუთი ყურადღება გაფანტულია
8-23 წუთი ეს პერიოდი შედარებითი მობილიზებისა და ყურადღების კონცენტრაციის პერიოდია
24-30 წუთი ყურადღება ქვეითდება, იზრდება შეცდომების რაოდენობა, საჭიროა დაძაბულობის მოხსნასა და მობილიზებაზე ზრუნვა
31-45 წუთი ყურადღების კონცენტრირება დასახული მიზნის შესაბამისად

 

არსებობს ყურადღების განსავითარებელი სავარჯიშოებიც, მაგალითად, ერთი წუთის განმავლობაში ერთდროულად ორივე ხელით დავხატოთ: მარცხენა ხელით – წრეები, მარჯვანათი – სამკუთხედები. მიზანია რაც შეიძლება მეტი წრისა და სამკუთხედის დახატვა. შეფასება: 5-ზე ნაკლები – ცუდი; 5-7 – საშუალო; 8-10 – კარგი; 10-ზე მეტი – საუკეთესო.

სახელდობრ, რომელი სტრატეგიები და მიდგომებია ეფექტური ყურადღების განვითარებისთვის?

საზოგადოდ, ყურადღების მობილიზებისათვის უმნიშვნელოვანესია:

1) გაკვეთილის ტემპი – ცოცხალი, სწრაფი ტემპით მუშაობა მობილიზებისკენ უბიძგებს მოსწავლეს. მას აღარ რჩება დრო უსარგებლო ემოციებისთვი. შეცდომების თავიდან ასაცილებლად მოსწავლე არ უნდა ავაჩქაროთ, თუმცა მუშაობის შენელებული ტემპი ყურადღების მოდუნებას გამოიწვევს. ტემპის განსაზღვრისას არ უნდა დაგვავიწყდეს შესასწავლი მასალის სირთულე, მოსწავლეთა შესაძლებლობები, ასაკი და ინდივიდუალური თვისებები.

2) გაკვეთილი არ უნდა იყოს დამღლელი, გაკვეთილის შინაარსი და მიდგომები თანხმობაში უნდა იყოს ერთმანეთთან.

3) დავალებები მეტისმეტად ხშირად არ უნდა ვცვალოთ.

4) მოსწავლეს გაკვეთილის დასაწყისშივე უნდა ვაცნობოთ მიზანი, რათა მან ყურადღება გაამახვილოს საინტერესო დეტალებზე. მისთვის ცხადი უნდა გახდეს, რომ ყურადღების გარეშე მასალას ვერ გაიაზრებს.

5) ახალი მასალის მიწოდებისას მოსწავლეთა ყურადღების გასააქტიურებლად მასალის დაყოფა ცალკეულ ნაწილებად და გაკვეთილის მსვლელობის დროს პარალელებისა და შედარებების გავლება ნაცნობ მასალასთან მათ „აიძულებს“, განზე გადადონ წინასწარი განწყობა – „ამ ყველაფრის შესწავლა შინაც შეიძლება“.

6) გაკვეთილზე შეფასების სისტემის ადეკვატურად გამოყენება მოსწავლეს მოდუნების საშუალებას არ მისცემს.

7) მოსწავლეთა ყურადღების განვითარებას, მათ ინტელექტუალურ, მორალურ-ფიზიკურ განვითარებას და შემოქმედებით აქტიურობას ხელს უწყობს როგორც ინტეგრირებული, ასევე არასტანდარტული გაკვეთილები და აქტივობები, რომლებიც შეიცავს ერთგვარ „პროვოკაციას“ – ისეთს, როგორიცაა:

  • პრობლემური კითხვები და დავალებები – ისინი, როგორც წესი, იწვევენ გაოცებას, აღძრავენ დავალების დაძლევის სურვილს;
  • გკვეთილი-თამაში, გაკვეთილი-მოგზაურობა, გაკვეთილი-სასამართლო, გაკვეთილი-კონცერტი და ა.შ.;
  • შეჯიბრებითი ხასიათის დავალებები/კონკურსები: ვინ უფრო სწრაფად, ვინ უფრო საინტერესოდ და ა.შ..

მოვიყვანოთ მაგალითები ისტორიის სწავლების კურსიდან, სადაც, ისევე როგორც სხვა საგანში, აუცილებელია და შესაძლებელია მოსწავლეთა ყურადღების ორგანიზება და განვითარება. მაგალითად, თემა „ძველი საბერძნეთის“ (ისტ. VII) გავლისას მოსწავლეთა ცოდნის განმტკიცებისა და გაფართოებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ თამაშის სტრატეგიები. თამაშის შემცველი ელემენტები – კონკურსები, რომლებსაც გაკვეთილის რომელიმე ეტაპზე გავმართავთ. მაგალითად, ასეთი:

  • „აბა, გამოიცანი“;
  • „ვის ეკუთვნის სიტყვის უფლება“?
  • „ათენი და სპარტა“ – იპოვე შესაბამისობა;
  • „ვინ უკეთ წარმოადგენს…“ (ძველი ბერძნული დღესასწაულები);
  • „ძველი ბერძნული საოცრებები“;
  • „ძველი ბერძნული კულტურა“.

თამაშის შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ, რისი მიმცემია ის მოსწავლეებისთვის. ყველაზე ეფექტურია გაკვეთილები, რომლებიც არსებული ცოდნის გამოვლენას და შემდგომი წარმატებისთვის ყურადღების მობილიზებას მოითხოვს. მოსწავლეებს ეხალისებათ იმგვარ მასალაზე მუშაობა, რომელიც მათ სივრცესა და დროში წარმოსახვითი გადაადგილებისკენ უბიძგებს, თუნდაც მოგზაურობასთან დაკავშირებული თამაშები. მაგალითად, ძველი აღმოსავლეთის თემის გავლისას შეიძლება შევთავაზოთ ამგვარი თამაში: „დაეხმარეთ მოგზაურს დაკარგული გზის პოვნაში“, – რომელსაც ორ ეტაპად წავმართავთ:

I ეტაპზე, იმისათვის, რომ „მოგზაურის დამხმარე“ გახდეს, მოსწავლემ უნდა შეასრულოს სხვადასხვა სავარჯიშო ანუ თქვას სწორი პასუხი:

  • ეგვიპტის მდინარე:

ა) ნილოსი; ბ) ტიგროსი; გ) ევფრატი.

  • ნახევარკუნძული, რომელზეც მდებარეობს ინდოეთი:

ა) ინდოსტანი; ბ) სომალი; გ) აპენინი.

  • მთები ინდოეთის ჩრდილო ნაწილში:

ა) ჰიმალაი; ბ) ტიბეტი; გ) ალპები.

  • ჩინეთის ძირითადი მდინარეები:

ა) პო; ბ) ხუანხე; გ) დუნაი.

  • ეგვიპტის უძველესი დედაქალაქი:

ა) თებე; ბ) ბაბილონი; გ) აკრა.

  • შუამდინარეთის მდინარეები:

ა) ხუანხე და იანძი; ბ) ტიგროსი და ევფრატი; გ) მტკვარი და არაქსი.

  • ზღვა საბერძნეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე:

ა) ეგეოსის ზღვა; ბ) იონიის ზღვა; გ) შავი ზღვა.

  • საბერძნეთის სამხრეთი ნაწილი:

ა) ცეილონი; ბ) კარნაკი; გ) პელოპონესი.

  • ქალაქი მდ. ტიბრის ნაპირზე:

ა) რომი; ბ) ვენეცია; გ) დელფოსი.

II ეტაპზე მოსწავლე შეადგენს წინადადებებს ქვემოთ მოცემული სიტყვებისგან და სიტყვათშეთანხმებებისგან, რომელთა მეშვეობითაც შეძლებს ძველი აღმოსავლეთის ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში „მოგზაურობას“:

  • ძველი ეგვიპტე, მდებარეობს, ნაპირიდან ზღვამდე, იყო, დაბლობი და ნილოსის დელტა;
  • ბრაჰმა, ქვეენიერებისა და ადამიანების შემოქმედი; ინდოეთში, ღმერთი, ითვლებოდა;
  • მთაგრეხილი, კავკასიაში, ეკიდა ხეზე, ტყავი, შავი ზღვის სანაპიროზე, ოქროს ტყავი, ცხვარი.
  • ატიკა, გაერთიანებული ფლოტი, სალამინის სრუტე, შორის, ბერძნები, ყურეში, იდგა;
  • რესპუბლიკა, თავისი მმართველობა, „საერთო სახალხო საქმე“, პატრიცია, ლათინურად, ეწოდებოდა, რომში;
  • კონფუცი, მისი მანერებით, მიაჩნდა, ადვილი გასაგებია, აღზრდილი ადამიანი;
  • დემოკრატიის ფუძემდებლები, კანონები, ათენში, სოლონი, დაავალეს;
  • მთელი ელადა, დარიოს I, VI საუკუნის ბოლოს, მეფე, დაქვემდებარება, დაფიქრდა, უდიდესი სპარსული იმპერია, მფლობელი;
  • მთელ სამყაროში, დიდება, უზარმაზარი, ბაბილონი, მდიდარი;
  • მოჰყავდათ, ინდოეთში, შაქრის ლერწამი, ბამბის და სხვ.

ყურადღების მობილიზების დავალებები ეფექტური საშუალებაა სასწავლო ამოცანების გადასაწყვეტად, საუკეთესო შედეგების მისაღებად, განწყობისა და მოტივაციის, კომუნიკაციური კულტურის ასამაღლებლად, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შესაქმნელად, ამიტომ წარმატებით შეიძლება მისი გამოყენება სასწავლო პროცესში.

მამის დღე

0

დღეს ტვ-ში ვიქნები, აქა და აქ, ამ საათზე – მივწერე ტელეფონზე.

აქანა რაფერ ვუყურო? – უჩველოდ სწრაფად მომწერა. აქამდე პასუხს არ მიბრუნებდა ხოლმე და თუ კი, ძალიან ნელა კრეფდა ასოებს. ეგრე მოიტანა სასტიკმა ცხოვრებამ, რომ სულ ამ ტელევიზორში ვარ. მამაჩემმა კიდევ, იმ დროიდან, კანტი-კუნტად რომ ვჩნდებოდი, დამავალა, გამეგებინებინა და შემოგვრჩა ეს ჩვევა. ისედაც, ბავშვობიდან მოყოლობული, სადაც რამე დაიბეჭდებოდა ჩემზე, ყველაფერს ინახავდა და მერე წუხდა, ახლებს რომ ვერ ვუგროვებდი.

დავურეკე.

-სად ხარ? უკვე ახვედი სოფელში?

ზაფხული დგება. თხილის აღების დრო.

-რაის სოფელში კაცო, იქინე ვარ მე.

-სა იქინე?

-ზეით

ვახ – დავიბენი. სად ზევით?

  • ხო მოვკტი, მე კაცო
  • მითხრა სიცილით.

მაშინ მივხვდი, სიზმარში ვიყავი. არ ვიცი რატომ ეს, მაგრამ ვკითხე:

-ძაან გეტკინა?

-აფერი არ გამიგია ბოლოს. თავიდან კი მტკიოდა და მორიგე ექიმი მევიდა. მარა, იცი,რაფერაა?. არავინ არ მოგატყუოს, სიკტილის წინ არავის არ ჯერა, რომე კტება. არც არავის. ან რაფერ უნდა დეიჯერო, რომ კტები ცოცხალმა ადამიანმა? ხოდა, მეგონა, რომე ვიძინებდი და არც მითქვია, იგი, მოფიქრებული რომ მქონდა სიკტილის წინ ვიტყვი, ბაღანე მანახეთ მეთქი.

უდროოდ გამეღვიძა. მინდოდა კიდევ მეკითხა რაღაც. ერთი კი არა, ბევრი რამ მეკითხა, მაგრამ ძილს რას გაუგებ. მაგრამ, მთავარია, რომ არ ეტკინა. ეს არის მთავარი. სიზმარი იყო? მერე რა. სიზმარიც სიმართლეა. ყველაფერი სიმართლეა რასაც ვხედავთ და ან გვინდა, რომ ვხედავდეთ. მამაჩემს არ ეტკინა. მამაჩემი ცოცხალია. ზევითაა. უბრალოდ, მამაჩემს ტელევიზორი არ აქვს.

სადღაც, ფიქრის ფსკერზე აწყვია ის ღამეები, ცივი და გრძელი ღამეები, მამაჩემი ლოგინს რომ მითბობდა. ათი წუთით ადრე ადიოდა დასაწოლად. მე ცეცხლის ჩაქრობას ველოდი და ცოტაც თავს ვიმცივნებდი – ასე შეცივებულს ათასჯერ უფრო მეთბილებოდა ლოგინი. ,,გოუშვი გათბობა?” – ვეკითხებოდი. ,,გაშობილია” – მეუბნებოდა თავზე საბანწაფარებული. სადღაც ფიქრის ფსკერზე აწყვია და ხან რაღაც უცნობი მიწისძწვრა წამოკრავს ფეხს, წამოშლის და ტალღებზე ამოაგდებს. მრისხანეა ეს ტალღები და სარკესავით – შიგნით ჩემს თავს ვხედავ. უუნაროს და უპასუხოს. მე არ შემიძლია მამაჩემის საწოლის გათბობა, იმ წლების უღიმღამო ღამეების პასუხი, უღიმღამო, მაგრამ ჯადოსნური ღამეების.

როგორ დავიცვათ მოზარდი კიბერბულინგისგან

0

თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მოზარდების უმრავლესობა ვირტუალური სამყაროს „მოქალაქეა“. რაც უფრო მყარია ეს განცდა, მით უფრო იზრდება მოზარდზე კიბერბულინგის უარყოფითი გავლენა. სოციალურ ქსელებში გაკეთებულ აგრესიულ და ნეგატიურ კომენტარებს მისი ფსიქიკისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია.

დღეს მოსწავლეთა უმრავლესობას თავისი გვერდი აქვს სოციალურ ქსელებში და პოპულარულ ბლოგერობაზე ოცნებობს. ამ ვითარებაში ვირტუალური სამყარო მისთვის რეალურზე მეტ მნიშვნელობას იძენს, ამიტომ ამ სივრცეში მიყენებულ შეურაცხყოფას, დამამცირებელ კომენტარებს ხშირად უფრო მტკივნეულად აღიქვამს, ვიდრე სკოლაში ან ოჯახში პირდაპირ ძალადობას.

ეს აგრესიული და დამაკნინებელი პოსტები მხოლოდ გუნება-განწყობას კი არ უფუჭებს მოზარდს, არამედ ძლიერ ფსიქიკურ ტრავმასაც აყენებს. სამწუხაროდ, ინტერნეტძალადობა იშვიათი არ არის. ჩვენთან ასეთი კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ სხვა ქვეყნებში ჩატარებულ კვლევათა შედეგები აჩვენებს, რომ მოსწავლეთა 23 პროცენტი წელიწადში ერთხელ მაინც ხდება ინტერნეტაგრესიის მსხვერპლი, ხოლო ყოველი მეოთხე ბავშვი აღიარებს, რომ სოცქსელებში თავადაც შეურაცხყოფს თანატოლს. პრობლემა სერიოზულია, ამიტომ YouTube-მა კიბერბულინგთან ბრძოლის პროგრამა აამოქმედა. ამ პროგრამის პრეზენტაციაზე სოციალურ ქსელებში ,,გამობრძმედილმა“ ბლოგერებმა მოზარდებს რამდენიმე რჩევა მისცეს.

 

– დიდხანს მტკივნეულად ვრეაგირებდი ასეთ კომენტარებზე, ვტიროდი კიდეც. გავიდა ხანი და მივხვდი, რომ სანამ ასეთი კომენტარების კითხვას არ შეწყვეტ და თავს არ მოერევი, ვერავინ გიშველის. ახლა უკვე ასე ვიქცევი, – აღნიშნა ერთმა ბლოგერმა. ამრიგად, პირველი რჩევა ასეთია: კიბერბულინგთან საბრძოლველად საუკეთესო იარაღია შეურაცხყოფისა და მისი ავტორის იგნორირება.

ინტერნეტისგან მოზარდის იზოლირება ყველა გამომსვლელმა არასწორად მიიჩნია, მაგრამ იქვე აღნიშნეს, რომ ინტერნეტსამყაროში მისი უმეთვალყურეოდ დატოვება არ შეიძლება. ის, რაც სოციალურ ქსელებში ხდება, მოზარდის სულიერ მდგომარეობაზე აისახება, ამიტომ მშობლებს მუდამ უნდა აინტერესებდეთ მისი სულიერი მდგომარეობა, ეს კი შვილთან სისტემატური კომუნიკაციის გარეშე შეუძლებელია. თუ ბავშვი აფორიაქებულია, დაძაბული, უნდა გამოველაპარაკოთ, აღვუძრათ ნდობა და მივაგნოთ შფოთვის მიზეზს. უფროსთან ერთად ინტერნეტძალადობასთან გამკლავება უფრო იოლია.

კიდევ ერთი რჩევა: ნუ მიაქცევთ ყურადღებას ინტერნეტში ნეგატიურ ამბებს. ასწავლეთ მოზარდს ჯანსაღი და კონსტრუქციული კრიტიკის თვითმიზნური აგრესიისგან გარჩევა. ზოგიერთი უარყოფითი კომენტარი შეცდომებზე მიუთითებს და მათზე დაფიქრება ღირს.

ეფექტური რჩევა: დაბლოკეთ, ვინც თქვენს შეურაცხყოფას და დამცირებას ცდილობს, დააყენეთ ფილტრები საკვანძო სიტყვებზე. თუ ამან არ იმუშავა, გაწმინდეთ კომენტარები. აქ შესაძლოა საჭირო გახდეს მშობლების დახმარება YouTube–ის სპეციალური ფუნქციების გამოსაყენებლად.

როცა ბავშვი ძალიან ცუდ გუნებაზეა რომელიმე კომენტარის გამო, წყრომის მიზეზის გაზიარება სჭირდება, ამიტომ უფროსებმა აუცილებლად უნდა გამონახონ დრო მასთან სასაუბროდ.

საზოგადოდ, მშობლებმა უნდა გამოიყენონ თავიანთი უფლება და შეასრულონ თავიანთი მოვალეობა – დაიცვან ბავშვის ინტერესები მისთვის ზიანის თავიდან ასაცილებლად. ისინი უნდა ჩაერიონ ბავშვის ცხოვრებაში, დაინტერესდნენ მისი გატაცებებით, ნახონ ვიდეოები, რომლებსაც ბავშვი უყურებს. თუ ბავშვი ინტერნეტძალადობას განიცდის, ამის უყურადღებოდ დატოვება არ იქნება მართებული. საუკეთესო, რაც ამ დროს მშობელს შეუძლია მოიმოქმდოს, არის საკუთარი გამოცდილების გაზიარება იმის შესახებ, თავად როგორ ებრძოდა ძალადობას.

კრიტიკულ სიტუაციაში უფროსებმა მეტი დრო უნდა დაუთმონ მოზარდს, რათა მან იგრძნოს, რა მნიშვნელოვანია ის ოჯახისთვის, დაინახოს, რომ მის თავს არავის დააჩაგვრინებენ.

საზოგადოდ, ათ წლამდე ბავშვი უნდა ვარიდოთ სოციალურ ქსელებს, მერე კი ნელ–ნელა ვუმეგზუროთ ამ რთულ სამყაროში, ვასწავლოთ უსაფრთხოებისა და თავდაცვის წესები, მათი გამოყენება.

მშობელი საყრდენი და შემგულიანებელი უნდა იყოს მოზარდისთვის. როცა ის გატაცებით აკეთებს ვიდეოს ან წერს პოსტს, პასუხად კი უარყოფით გამოხმაურებას ან შეურაცხყოფას იღებს, შესაძლოა სამუდამოდ გაუქრეს შემოქმედებითი საქმიანობის სურვილი. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა შევაქოთ, წავახალისოთ, ვურჩიოთ, არ მიაქციოს ყურადღება ავყიებსა და ტროლებს, აკეთოს თავისი ვიდეოები, წეროს ბლოგები და სანამ გამოაქვეყნებს, გაგიზიაროთ, რათა ერთად დაგეგმოთ, რა მიმართულებით განავითაროს თავისი არხი. ასეთი შეგონებები საჭიროა მოტივაციის შესანარჩუნებლად: თუ უახლოესი ადამიანები მხარს არ გიჭერენ, ინტერნეტში საქმიანობა იოლი არ არის.

მთავარია, მოზარდს შეეძლოს კონსტრუქციული კრიტიკის ამოცნობა და მიღება, რადგან სინამდვილეში ყველაზე მტკივნეულად იმ კრიტიკას აღვიქვამთ, რომელშიც სიმართლეს ვხედავთ, თვითმიზნური დაცინვა და შეურაცხყოფა კი ყურადღებას და რეაგირებას არ იმსახურებს.

ამის გასააზრებლად ბავშვებსა და მოზარდებს უფროსების რჩევები სჭირდებათ.

დაუვიწყარი ღამის  პოეტური ანაბეჭდი – გიორგი ლეონიძის “ნინოწმინდის ღამის” სწავლებისთვის

0

როგორ შეიძლება დაუდგრომელ დროს გამოსტაცო დაუვიწყარი შთაბეჭდილებები? როგორ შეიძლება წარმავალი აქციო მარადიულად? პოეზიას აქვს ამ რთულ კითხვაზე მარტივი პასუხი: სიტყვებად უნდა აქციო შეგრძნებები, მიენდო გულის კანონებს და პოეზიის განზომილებაში მიანიჭო ახალი სიცოცხლე. ამისთვის, რა თქმა უნდა, მხოლოდ შთაბეჭდილება არ კმარა, არამედ მისი მხატვრულ სახეებად გარდასახვის ნიჭი, ხელოვნება და შთაგონებაა საჭირო. ეს ყოველივე კი გიორგი ლეონიძეს უხვად აქვს. ამის დასტური  „ნინოწმინდის ღამეცაა“, რომელიც  მეგობრობისა და სიყვარულის ქებათაქებაა. ეს ორი გრძნობა თითქოს ერთმანეთს განმსჭვალავს და აპირობებს.

ლექსს ეპიგრაფი ქმნის ჰარმონიისა და მშვენიერების განწყობას, რომელიც სტრიქონთა კითხვისას მძაფრდება. 1926 წლის 26 მარტს ნინოწმინდის გალავანში შეიკრიბნენ პოეტები: სანდრო შანშიაშვილი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, გიორგი ლეონიძე. ლექსში პოეტურად არის აღბეჭდილი ამ შეხვედრის დაუვიწყარი წუთები. პოეზიამ გადაარჩინა ეს დღე და ლექსის გზით მარადიულობას აზიარა. ამ დღეს პოეტი ასე იგონებს შემდეგ: “1926 წლის მარტში მე დავპატიჟე პაოლო, ტიციანი, სანდრო შანშიაშვილი და სხვა ამხანაგები ჩემს დედულეთში, ნინოწმინდაში. V საუკუნის ტაძრის ეზოში გაიმართა დიდი ღრეობა სიმღერით, ცეკვა-თამაშით. შუა ნადიმის დროს პაოლო ავარდა თორმეტი საჟენის სიმაღლის სამრეკლოზე და იქიდან დაიწყო ლექსის კითხვა. შემდეგ მე და ტიციანი გამოგვიწვია გუმბათიდან და ჩვენც იქიდან ვკითხულობდით ლექსებს. ეს იყო პაოლოს საოცარი რეჟისურა, განუმეორებელი სურათი. ეს დაუვიწყარი საღამო, დაუვიწყებელ მეგობრებთან გატარებული, აღბეჭდილი მაქვს ჩემს ლექსში “ნინოწმინდის ღამე”.

ლექსის განწყობილება იბადება ღამის ფონზე გამოკვეთილი ნინოწმინდის გალავნით. პოეტის მეხსიერებაში შემოჭრას ლამობს წარსული, მაგრამ მხოლოდ მინიშნებაა მასზე. ამჯერად მისი ყურადღება მთლიანად აწმყოზეა მიჯაჭვული. მეფეთა პალატები (სასახლეები) გაიელვებს წარმოსახვაში და გაქრება. რჩება ფიალა _ აქაფებული ღვინით სავსე. პოეტები ქეიფობენ, ტკბებიან სიცოცხლის სიხარულით და გიორგი ლეონიძესაც სწორედ ამ წუთების მოხელთება სურს. მას უნდა, რომ გამოსტაცოს წარმავლობას ეს მშვენიერი ღამე და მკითხველს მიუძღვნას ძვირფასი საჩუქარივით. სიცოცხლის ზეიმი ამ ლექსშიც ისეთივე გადამდები და ყოვლისმომცველია, როგორიც ლეონიძის სხვა ლექსებში.

ლექსის წარმოსახულ სივრცეში ცოცხლდება ღამე, როდესაც პოეტები თვრებიან ღვინით, პოეზიითა და ერთმანეთის სიყვარულით. მაგრამ ეს არის თრობა, უპირველეს ყოვლისა, შთაგონებით, პოეზიით, რათა დაუსხლტნენ დროის ულმობელ მსვლელობას და პოეტურ სტრიქონებში აღბეჭდონ წამები. მათ შეუძლიათ თქვან: “მშვენიერი ხარ, წამო, შეჩერდი” (გოეთე). ლექსი ეხმიანება გიორგი ლეონიძის საყვარელი ფრანგი პოეტის, შარლ ბოდლერის მინიატურას “თრობა”, რომელშიც ვკითხულობთ “თრობას მიეძალე. თრობაა ყველაფერი. ეგ არის ხსნა ერთადერთი, რათა არ შეიგრძნო ამაზრზენი ტვირთი დროისა, რომელიც დაგცემს, წელში გაგტეხს. ჰოდა, ამადაც თრობას მიეძალე, გამოუნელებელს. ჰო, მაგრამ რითი? ღვინით, პოეზიით, სიქველით, რითიც გენებოს, ოღონდ იყავი მთვრალი.

და თუ ოდესმე კვლავ გამოფხიზლდები  _ სასახლის კიბეზე, მდინარისპირა პატარა მდელოზე, თუ შენი ოთახის შემზარავ სიმარტოვეში, _ მაშინ ქარს, ტალღას, ვარსკვლავს, ჩიტს, საათს, ყოველივეს, რაც დარბის, ან დაქრის, კვნესის ან მიედინება, ჰკითხე: რომელი საათია? და მაშინ ქარი, ტალღა, ვარსკვლავი, ჩიტი, საათი მოგიგებენ: თრობის საათია! თრობის და თავდავიწყების, რათა არ ვეყმოთ, არ ვემონოთ დროს, არ შევიქმნათ მისი მარტვილნი; ამიტომ მივეძალოთ დაუსრულებელს: ღვინით, პოეზიით, ან სიქველით _ წადილისამებრ”. სწორედ ეს სტრიქონები გახდა შთამაგონებელი გალაკტიონ ტაბიძის შედევრისა „რომელი საათია?“, რომელშიც ვკითხულობთ:

„იყო შარლ ბოდლერი: „მწარე და ძვირფასი,

ღვინის საათია, თრობის საათია“.

ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე:

რომელი საათია?“

„ნინოწმინდის ღამის“ პოეტურ განზომილებაში კი უცებ ელვასავით შემოიჭრება სტრიქონები:

“შენი სახე რისთვის შემომეფეთა,

ხატი იყავ, ვეფხი დაქალებული”.

თითქოს საკმარისი უნდა ყოფილიყო იმ მშვენიერი ღამისთვის თრობა ღვინით, მეგობრობითა და პოეზიით, მაგრამ სიყვარულის გარეშე დაეკარგებოდა ფერი და ბრწყინვალება. ამიტომაც არის, რომ პოეტის შთაგონებულ მზერაში შემოიჭრება სახე, “ხატი” საყვარელი ქალისა, “დაქალებული ვეფხისა”. პოეტში იღვიძებს ტრფიალების განცდა. მისთვის ღვინო, პოეზია და მეგობრობა იყო ის ნოყიერი ნიადაგი, სადაც სიყვარული იოლად ხარობდა, ფესვებს იდგამდა და ნაყოფმრავლობდა.

დაქალებული ვეფხვი, უპირველესად, აცოცხლებს ნესტან-დარეჯანის სახეს. იგი პოეტისთვის ქალურობის, სიყვარულის მარადიულობის სიმბოლოა. მისთვის ის შორეული, სალოცავი ხატიც არის და ხელშესახები სათაყვანებელიც.

“ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა, ვეფხი პირგამეხებული,

არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემეს ხებული” (“ვეფხისტყაოსანი”).

ამ მშვენიერ ღამეს ნინოწმინდაში შეკრებილი პოეტები “ვეფხისტყაოსნის” სტრიქონებს ამბობენ, ალბათ. რადგან, სადაც სიყვარულზე ითქმის რამე, იქ თავისთავად რუსთაველივ ჩნდება, ამიტომაც არის, რომ გიორგი ლეონიძის პოეზიაში ხშირად გაიელლვებს ხოლმე ამ “ჟრჟოლის მომგვრელი” წიგნის სახება.

მუსიკა ყველაზე ძლიერი ფონია გიორგი ლეონიძის ლექსებში. ხან, მართლაც, ნამდვილად უკრავენ, როგორც ამ შემთხვევაში: “საზანდარმა ღამე ააცახცახა”. საზანდარი მესტვირეა და საქართველოში ოდითგანვე ძალიან უყვარდათ ეს საკრავი _ სტვირი. ამ მეტაფორაში კარგად ჩანს რა გავლენას ახდენს მუსიკა გარემოზე, როგორ იმსჭვალება მისით მთელი სამყარო. ხან თვითონ საგნები გამოსცემენ იდუმალ ხმებს. პოეტი შეიგრძნობს სამყაროს მირიადხმიან მელოდიას და სტრიქონებში ამხელს, რათა მკითხველსაც შეაგრძნობინოს ამ ჯადოსნური, მაგიური, ენერგიული მუსიკის ხმები.

“ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა”, _ წერს პოეტი. აქ “ვეფხისტყაოსნის” გმირის ხსენება ბუნებრივად შემოიჭრება ლექსის სამყაროში. მეგობრობისთვის თავგანწირული ავთანდილი მარტო მიეხეტებოდა ტყე-ღრეებში, მერე დაღლილ-დაქანცული სადმე ჩამოჯდებოდა, შეისვენებდა, ნანადირევს შეწვავდა და სატრფოს მოგონებით დაზაფრული ცხელ ცრემლებს წყაროსავით დააფრქვევდა.

აქაც, 1926 წ. 26 მარტს, ამ ღამეში, ავთანდილის, და საერთოდ, “ვეფხისტყაოსნის” გმირთა სული იგრძნობა. მათშიც რუსთველისა თუ მის მიერ შექმნილ გმირთა სისხლი ჩქეფს, უწმინდესი მეგობრობისა და სიყვარულის გრძნობითა აქვთ სავსე გულები.

პოეტი ხატავს ცის უმშვენიერეს სურათს. ცას თითქოს ატმები მოუსხამს, ისე ახლოა და სურნელოვანი მისი ხავერდოვანი სივრცე. ეს მეტაფორა არაჩვეულებრივად შეაგრძნობინებს მკითხველს, როგორ დუღს მთელ სამყაროში სიხარულით აღსავსე სიცოცხლე. ყველაფერი ღამეული სინათლით ჩახჩახებს და ბრდღვიალებს, თითქოს თავს ასწევ და რომელიმე ვარსკვლავს მიეხლები. მზერაც უამრავი ვარსკვლავის ციმციმით არის გადანათებული. მიწა და ცა ერთმანეთს უახლოვდება, მათი შესაყარი გულებშია ამ პოეტთა, რომლებიც ფეხებით მიწას ებჯინებიან, ხოლო ხელებით კი ზეცას სწვდებიან და ვარსკვლავთა სურნელს მწიფე ატმებივით ყნოსავენ. სიყვარულისა და მეგობრობის გრძნობამ ისე განწმინდა და გააკეთილშობილა პოეტთა გულები, იმგვარად აამაღლა, რომ მიუწვდომელთან მიახლოების შესაძლებლობა მისცა, ცის წალკოტში შეახედა.

ამ ლექსის მიხედვით, სამყარო გარშემო ისეთი ხალასია და უმანკო, ისეთი პირველქმნილი, თითქოს მკითხველის თვალწინ ახლა იბადებოდეს, თითქოს ახლა ძერწავდეს ღმერთი თავისი ყოვლისშემძლე ხელებით, როგორც ფსალმუნშია: „ვიხილნე მე ცანი, ქმნილნი თითთა შენთანი, მთოვარე და ვარსკულავები, რომელ შენ დააფუძნენ (8,4).  თითქოს ახლა “გამოთქვამდეს” უფალი თავისი ღვთაებრივი სიტყვით: “პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი” (იოანე, 1,1). ამიტომაც ასდის გაზაფხულს რძის სუნი, რომელიც სამყაროს სინორჩეს წარმოაჩენს. გარემოს ამგვარი აღქმა კი ადამიანს ბუნებასთან განუყოფლობას, მასთან ერთობას შეაგრძნობინებს.

ლექსის მიხედვით, პოეტები “თავს დაესხნენ” ნინოწმინდას ხაზარებივით. გიორგი ლიონიძეს მოსწონდა სიტყვა “ხაზარი”, რომელიც მასში ხანძრის ასოციაციას იწვევდა. ამ სიტყვაში თითქოს ჩანდა აგიზგიზების, აბრიალების სიხარული. ხაზარი მომთაბარე ტომი იყო კავკასიაში, ცნობილი ვაჟკაცობითა და თავგანწირულობით. საქართველოს ამ ტომებთან ხან მტრობა და ხან მეგობრობა აკავშირებდა. ამ, შემთხვევაში, ხაზარი არ არის დაკავშირებული თავის რეალურ შინაარსთან, არამედ მხოლოდ მუსიკალური განცდის აღმძვრელია, მან უნდა დაბადოს მკითხველში ცეცხლოვან ვაჟკაცთა სახეები და ასეც ხდება. ნინოწმინდის გალავანში შეკრებილ პოეტებსაც ეკიდათ გულში მეგობრობისა და სიყვარულის დიდი ცეცხლი. “საქართველოს ლექსის მეხანძარენი” ბრიალებდნენ მეგობრობის, ძმობის კეთიშობილური გრძნობებით და სიხარული ცრემლებად ეღვრებოდათ თვალთაგან.

პოეტი ხატავს, როგორ “შეეჯახება” მის გულს ტამერლანის, იგივე თემურ-ლენგის, ხმალივით სიყვარული: ეს შედარება და მეტაფორა: “როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა

სიყვარული ისე დამჯახებია” _ არაჩვეულებრივად წარმოაჩენს, როგორ დაიპყრო პოეტის არსება სიყვარულმა. საზოგადოდ, გიორგი ლეონიძის პოეზიაში სიყვარული ხშირად სწორედ ასე იბადება, მოულოდნელად, ძლიერად, თითქოს ნგრევით, ზათქით, ზრიალით, ლეწვით, ხანძრით… პოეტი წერს “ტამერ ლანს” (და არა თემურ-ლენგს), როგორც ევროპაში უწოდებდნენ ამ თავდაუზოგავ და შეუდარებელ მხედართმთავარს, რადგან სიტყვა “ტამერ” უფრო მაგარია და მჟღერი, მასში მოზღვავებული ენერგია იგრძნობა, ერთგვარი ზვავი, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს. ლენგი შეიცვალა ლანგად_ ხმოვანების გასაძლიერებლად. სიტყვის ორი ა (ტამერლანი) ტკბილხმოვანებას იწვევს. სიტყვა “თემურლენგის” სირბილე თითქოს გამოუსადეგარი იყო “დაჯახებისთვის”. ტამერლანის ყოვლის მმუსრავი, სასტიკი ხმალივით უცებ, მოულოდნელად, გამეტებით დაეჯახა მის გულს სიყვარული და გაუღვიძა შორეული წარსული, მეხსიერების კუნჭულებში გადანახულ-გადამალული: შეიძლება რეალური, შეიძლება მოგონილი.

წარმოსახვაში ჩნდება სატრფოს, ათაბაგის ქალის უმშვენიერესი სურათი. აქ ისე გამოკვეთილად იხატება ქალის ყოველი ნაკვთი, თითქოს ანტიკური ხელოვანის სრულყოფილად გამოკვეთილ შიშველ ქანდაკებას ვუმზერდეთ. იმავდროულად, ეს ქანდაკება კი არა, ხორციელი ქალია, მის მკერდში სისხლი ჩუხჩუხებს, მისი თავთუხისფერი წამწამები ირხევიან, მისი სხეული აყვავებული ვაზის სურნელს აფრქვევს, “ზამბახებიანი ღამე” კი ამ წარმოსახვას იდუმალების ბურუსში ახვევს. მკითხველიც ხედავს ქალს, თითქოს გასაფრენად გამზადებულ დურუჯს. დურუჯიც “ვეფხისტყაოსნის” ალუზიაა _ ცნობილ ეპიზოდს წამოატივტივებს მკითხველის მეხსიერებაში. როდესაც ნადირობიდან დაბრუნებული ფარსადანი და ტარიელი ნესტანთან წავიდნენ, ასმათმა ფარდაგი აწია, რომ ტარიელისთვის ნანადირევი _ დურაჯები გამოერთმია, სწორედ ამ დროს დაინახა ტარიელმა ნესტან-დარეჯანი და გული წაუვიდა.

“წინანდალის ვაზი აყვავებული” კი გვახსენებს ნინო ჭავჭავაძეს, ალექსანდრე ჭავჭავაძის უმშვენიერეს ქალიშვილს, პოეტთა მუზას. გიორგი ლიონიძეს არაერთ ლექსში აქვს მისი მშვენება აღწერილი, მათ შორის, გამორჩეულია ლექსი “ნინა ჭავჭავაძეს”, რომელშიც ვკითხულობთ:

“ასი წლის შემდეგ მე შენ გიგალობ,

ათას წელს გასძლებს შენი შვენება;

შენ, სილამაზის ნაზო გრიგალო,

შენგან არასდროს მომესვენება”.

ამგვარი ალუზიები თითქოს აფართოებენ ლექსის პირობით ჩარჩოებს და უსაზღვრო სივრცეს მოიცავენ, რომელიც სუნთქავს და ცოცხლობს სიყვარულით. პოეზიის მადლით შეკავშირებული ადამიანები სამყაროს შეერწყმიან თავიანთი ლექსებით. პოეტს სწორედ ეს სურს, მკითხველმა შეიგრძნოს ის დიდი ძალა, რომელიც სიყვარულის, მეგობრობისა და პოეზიის უწმინდესი კავშირისას წარმოიქმნება.

მოსწავლეთა საკლასო შეფასება

0

მოსწავლეთა საკლასო შეფასება, როგორც პროცესი, პირობითად ოთხ ეტაპად შეიძლება დაიყოს:

  1. შესამოწმებელი კომპეტენციების შერჩევა და შეფასების მიზნის განსაზღვრა -რას და რისთვის ვაფასებთ;
  2. შერჩეულ კომპეტენციებში მოსწავლეთა დახელოვნების შემოწმება და მტკიცებულებების შეგროვება;
  3. შემოწმების შედეგების ანალიზი, დასკვნების გამოტანა და რეკომენდაციების შემუშავება;
  4. უკუკავშირის მიწოდება, მოსწრების აღრიცხვა და წარდგენა დაინტერესებული მხარეებისთვის (მოსწავლე, მშობელი, კოლეგა-მასწავლებელი, დირექტორი).

უფრო დაწვრილებით განვიხილოთ თითოეული ეტაპი.

  1. შესამოწმებელი კომპეტენციების შერჩევა და შეფასების მიზნის განსაზღვრა – რას და რისთვის ვაფასებთ.

საწყის ეტაპზე ხდება ეროვნული სასწავლო გეგმის საბოლოო ან საშუალედო შედეგების შერჩევა, რომლებზეც მიმდინარეობდა მუშაობა მოსწავლეებთან, და რომელთან მიმართებითაც ვაპირებთ მოსწავლეთა დახელოვნების დონის განსაზღვრას.

თუ ეს შემოწმება მიზნად ისახავს წინასწარ ხარვეზების ან ძლიერი მხარეების მოძიებას, ანუ დიაგნოსტიკას, მაშინ იგი საორიენტაციო დანიშნულებისაა (როგორი მზაობის, სასწავლო პროფილისა თუ ინტერესების მოსწავლეები სხედან კლასში? საით უნდა ავიღოთ გეზი – წინარე ცოდნის განმტკიცებისკენ, თუ ეს უკვე აღარაა საჭირო?).

თუ შემოწმება მიზნად ისახავს მიმდინარე სასწავლო პროცესის მონიტორინგს (განმავითარებელი შეფასება – შესაბამისი ტემპით და ხარისხით ითვისებენ თუ არა მოსწავლეები სასწავლო მასალას), მაშინ იგი მარეგულირებელი დანიშნულებისაა (უნდა შევიტანოთ კორექტივები სასწავლო პროცესის მიმდინარეობაში, თუ ეს არაა საჭირო? მაინც, როგორი კორექტივები უნდა შევიტანოთ?).

თუ შემოწმება მიზნად ისახავს იმის გარკვევას, რამდენად მიუახლოვდა სასწავლო პროცესის ბოლოს მოსწავლეთა ოსტატობა დაგეგმილ მოლოდინებს (განმსაზღვრელი შეფასება – აკმაყოფილებენ თუ არა მოსწავლეები ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებს და რა ოსტატობით?), მაშინ იგი სასერთიფიკაციო დანიშნულებისაა (მოსწავლეებს ციფრულ-სიმბოლური, ვერბალურ-გრაფიკული ან წერილობითი ცნობის სახით ვუდასტურებთ მიღწევებს).

აქვე განისაზღვრება და დაკონკრეტდება სასწავლო ობიექტები (მაგალითად, ფაქტები, ცნებები, პროცედურები, შესრულების ხერხები) და მათზე მიმართული მოქმედებები (ესგ შედეგებში და ინდიკატორებში შესაბამისი ზმნებით გამოხატული), რომელთა ფლობაც უნდა შემოწმდეს შეფასების პროცესში.

დაბოლოს, აქვე ხდება შერჩეულ ობიექტებზე მოქმედებების შესრულების იდეალისა თუ მიუღებელი ნიმუშის გააზრება და მოსწავლეთა ტიპური/მოსალოდნელი შეცდომების ჩამონათვალის შედგენა. მისაღები თუ მიუღებელი ნიმუშები მასწავლებელმა შეიძლება მოიძიოს წინა თაობის მოსწავლეთა ნამუშევრებს შორის ან თვითონ შეადგინოს. მოსწავლეთა კომპეტენციების შემოწმება-შეფასების დაწყებამდე მას მზად უნდა ჰქონდეს ტიპურ შეცდომათა ჩამონათვალი და ამ შეცდომებზე სკაფოლდინგით რეაგირების სტრატეგიები. იგი პერიოდულად კოლეგებთან უნდა შეავსოს, გადაამოწმოს და გადასინჯოს.

 

  1. შერჩეულ კომპეტენციებში მოსწავლეთა დახელოვნების შემოწმება და მტკიცებულებების შეგროვება.

მოცემულ ეტაპზე განისაზღვრება შეფასების მეთოდი (მაგალითად, წერითი თუ ზეპირი გამოკითხვა, პროექტის პრეზენტაცია თუ შესაფასებელი მოქმედების შესრულებაზე დაკვირვება), აგრეთვე გამოკითხვის, პრეზენტაციებისა თუ დაკვირვების ორგანიზების ხერხები, ვადები, განრიგი და შემოწმების ადმინისტრირების სხვა საკითხები თუ წესები.

გარდა ამისა, მასწავლებელმა უნდა მოამზადოს გამოკითხვისთვის საჭირო საშუალებები (ტესტი, კითხვარი, პროექტების თემატიკა, პრეზენტაციების სტრუქტურა, გასაზომი ობიექტები და საზომი ხელსაწყოები, კომპლექსური დავალების ტექსტი და სხვა) და შეფასების ინსტრუმენტები (აღრიცხვის ცხრილები, შეფასების კრიტერიუმები და მათი წონები, რუბრიკები დახელოვნების დონეების მითითებით, შეფასების სქემები, ათბალიან სისტემაში ქულების  კონვერტაციის ცხრილები ან ფორმულები და სხვა).

ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ მოსწავლეებთან შეთანხმებულ ვადებსა და პირობებში, შეფასების კრიტერიუმების წინასწარ წარდგენის შემდეგ, უნდა მოხდეს კომპეტენციებში მოსწავლეთა დახელოვნების შემოწმება:

  • თუ შემოწმება მოიცავს მოქმედების შესრულებაზე დაკვირვებას, მაშინ მასწავლებელმა იქვე უნდა დააფიქსიროს გაწაფულობისა თუ სიზუსტის მაჩვენებლები;
  • თუ მასწავლებელმა მოსწავლეების კომპეტენციებზე უნდა იმსჯელოს მოსწავლეთა მომზადებული პროდუქტების მიხედვით, მაშინ მას დასჭირდება მოსწავლეთა მიერ შექმნილ ნამუშევრებში ოსტატობის დონის მაჩვენებლების ამოცნობა და დაფიქსირება. ანგარიშგასაწევ მტკიცებულებებს შორის უნდა იყოს ხარვეზები, და კიდევ უფრო მეტად – მიღწევები. მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს როგორ მწვანე (მიღწევების მოსანიშნად), ასევე წითელი ფერის კალამი (ხარვეზების მოსანიშნად). მიზანშეწონილია იქვე გაკეთდეს კომენტარები და განმარტებები მოკლე უკუკავშირის სახით, ოღონდ არა წითელი ფერის კალმით, რათა არ გაძლიერდეს მოსწავლის შფოთვა და მან უკუკავშირი სამუშაო, საქმიან რეჟიმში გაიაზროს, საგანგებო მდგომარეობის განცდისა და განგაშის გარეშე.

 

  1. შემოწმების შედეგების ანალიზი, დასკვნების გამოტანა და რეკომენდაციების შემუშავება.

ამ ეტაპზე ხდება შეგროვილი მტკიცებულებების დახარისხება, მათი შედარება დახელოვნების დადგენილი დონეების შესაბამის მაჩვენებლებთან, ოსტატობის იდეალთან შეპირისპირება, თითოეული მოსწავლის მიერ მიღწეული ოსტატობის დონის გარკვევა ანდა ქულის მინიჭება, ინდივიდუალური და ერთიანი საკლასო პროგრესის/რეგრესის დაფიქსირება.

ეს ყველაფერი ემსახურება მოცემული ეტაპის საბოლოო აქტს –  ერთი მხრივ, დასკვნების გამოტანას სასწავლო პროცესის წარმართვისა და კორექციის მიმართულებების, შინაარსისა თუ ხერხების შესახებ (მასწავლებლის დაგეგმილი და განხორციელებული სტრატეგიებიდან და მეთოდებიდან რამ გაამართლა და რამ – არა? რა უნდა შეიცვალოს და როგორ?) და, მეორე მხრივ, რეკომენდაციების შემუშავებას მოსწავლის სასწავლო ტრაექტორიის მომდევნო მონაკვეთის შესახებ (რა შემდგომი ნაბიჯების გადადგმაა მიზანშეწონილი მოსწავლისთვის მისი საჭიროებებისა და მიღწევების შესაბამისად სწავლის გასაგრძელებლად?).

 

  1. უკუკავშირის მიწოდება, მოსწრების აღრიცხვა და წარდგენა დაინტერესებული მხარეებისთვის.

შეფასების ბოლო ეტაპზე მასწავლებელი შეარჩევს უკუკავშირის ფორმას (ვერბალური, სიმბოლური, გრაფიკული), ჩამოაყალიბებს მას და მიაწვდის მოსწავლეებს. გარდა ამისა, მან აუცილებლად უნდა დაწეროს ანგარიში შეფასების ჩატარებისა და მისი შედეგების შესახებ და წარადგინოს კათედრაზე, შეინახოს პორტფოლიოში.

დაინტერესებული მხარეებისთვის (მოსწავლეები, მშობლები, კოლეგები, დირექცია) განკუთვნილი ინფორმაცია-ანგარიში უნდა მოიცავდეს შემოწმების ამსახველ დოკუმენტაციას, შედეგების სტატისტიკურ ნაწილს ცხრილური თუ დიაგრამული სახით; აგრეთვე, ვერბალური ფორმით გაკეთებული დასკვნებისა და რეკომენდაციების ნაწილს.

მრავალჯერადი საკლასო  შემოწმება-შეფასების მონაცემების შეჯამება უნდა მოხდეს შესაფერისი სტატისტიკური მახასიათებლების (მაგალითად, მონაცემთა საშუალო, მოდა, მედიანა, დიაპაზონი, საშუალო კვადრატული გადახრა) გამოყენებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს ტენდენციები და კორელაცია შედეგებზე ზეგავლენის მქონე ფაქტორებთან.

მიზანშეწონილია სასკოლო შეფასების მონაცემთა მომზადებული ანალიზის შედარება გარე შეფასების ანალიზსა და შედეგებთან, რომელიც მოწვეულმა დამოუკიდებელმა სპეციალისტებმა შეასრულეს; ან სახელმწიფო თუ საერთაშორისო შეფასების შედეგებთან, რათა გაირკვეს სკოლის მოსწავლეთა მიღწევების ადგილი სახელმწიფო თუ საერთაშორისო სკალაზე.

შეფასების ამგვარი პროცედურების დამკვიდრება გამორიცხავს მასწავლებელთა უხეშ შეცდომებს შეფასებისას, რომლებიც განსაკუთრებულად მძიმე ზეგავლენას ახდენს მოსწავლეების მოტივაციასა და სასწავლო პროცესის ნაყოფიერებაზე. მაგალითად, როდესაც:

  • მასწავლებლები ერთმანეთს ადარებენ მოსწავლეების პასუხებს, ნამუშევრებსა და მოქმედებებს ან სულაც თვით მოსწავლეთა პიროვნულ მახასიათებლებს და არა მათ მიმართებას ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სტანდარტებსა და ნორმებთან;
  • მასწავლებლები არ იყენებენ შეფასების კრიტერიუმებსა თუ რუბრიკებს – ისინი, უბრალოდ, ითვლიან მოსწავლეთა შეცდომებს;
  • მასწავლებლები ასაშუალებენ ქულებსა და ნიშნებს ყოველგვარი საფუძვლისა და მოსწავლეებისთვის შესაბამისი დასაბუთება-განმარტების გარეშე;
  • მასწავლებლები წინასწარ, შემოწმება-შეფასებამდე, არ წარუდგენენ მოსწავლეებს კრიტერიუმებსა თუ რუბრიკებს;
  • მასწავლებლები შემოწმებისას ორიენტირებული არიან სასწავლო საკითხების დაფარვაზე და არა ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებზე;
  • მასწავლებლები არასაკმარისად ფლობენ შემაჯამებელი თუ მიმდინარე ან სადიაგნოსტიკო დავალებებისა და ტესტების შედგენის ხელოვნებას და ბრმად ენდობიან სახელმძღვანელოებში მოცემულ მწირ, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შეუსაბამო „საკონტროლო წერის“ ნიმუშებს.

სწორად წარმართული შეფასება ზედმიწევნით შეასრულებს თავის ძირითად ფუნქციებს:

  • გააძლიეროს სასწავლო მიზნების მიღწევის მისწრაფება;
  • იტვირთოს კონსტრუქციული გზამკვლევის მისია;
  • მოიცვას მოსწავლეთა მიღწევების სრული სპექტრი.

 

 

 

 

              მკითხველი – კიდევ ერთი ამბავი „ვეფხისტყაოსანზე“

0

   გზები, რომელთაც მხოლოდ ჩვენ გავივლით, მხოლოდ ჩვენი ურთიერთობა წიგნთან, მხოლოდ ჩვენი დამოკიდებულება, მხოლოდ ჩვენი შთაბეჭდილებები, საიდუმლო ფანჯარა, რომელსაც მხოლოდ ჩვენ შევაღებთ, რაფაზე ავბობღდებით, ფანჯრის ჩარჩოს ფრთხილად ამოვეფარებით და მერე ძალიან ფრთხილად, ისე გადავხტებით წიგნის შუაგულში, როგორც კატებმა იციან ხოლმე, ბრჭყალებზე რომ დგებიან და უჩუმრად, უჩუმრად გავხდებით წიგნის ბინადარნი, ისე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს.

ასეა ხოლმე? თუ პირიქით, საქვეყნოდ ავაფრიალებთ, რომ რაღაც წავიკითხეთ, ძალიან მოგვეწონა ან არ მოგვეწონა, თან კი, თან არა, ციტატებსაც დავიზეპირებთ და მერე ქუჩებსა და მოედნებზე ავაფრიალებთ.  იქნებ არასაჩვენო დეტალებსაც ვპოულობთ, არასახელწიფოებრივ, არარელიგიურ, შეუფერებელ, საშიშ, მოკლედ, ათას რამეს, რაც არ მოგვწონს და შემდეგ დიდ ცეცხლს ვაჩაღებთ და ამ ჩვენი დაწუნებული წიგნების კვამლი ცაში ქათქათა ღრუბლებს შერუჯავს.

რამდენნაირი ადამიანიაც არსებობს, ზუსტად იმდენნაირი შარია ამ ქვეყანაზე, წიგნს, ნახატს, სიმღერას ათასგვარი შარი შეიძლება მოსდო, რას არ იტყვი, რას არ დააბრალებ.

შეიძლება ასეც თქვა, ტიმოთე გაბაშვილივით: „«ესე რუსთაველი იყო მთქმელი ლექსთა ბოროტთა, რომელმაც ასწავა ბოროტი ბილწიერება და გარყვნა ქრისტიანობა, ხოლო უწინარეს ჩვენთა უმეცართა სამღვთოთ თარგმნეს ბოროტი ლექსი მისი“.  „«სპარსთნაჭორი“ ამბების თხზვა დააბრალო ან სულაც ასეთი განაჩენი გამოუტანო:

„პირველ თავი დასაწყისი ნათქვამია იგ სპარსულად,

უხმობთ ვეფხისტყაოსნობით, არსსა შეიქმს ხორცს არ სულად,

საეროა, არ ახსენებს სამებასა ერთ-არსულად,

თუ უყურა მონაზონმან, შეიქმნების გაპარსულად“.

შეიძლება ისეთმა დიდმა ავტორიტეტმაც არ გიშველოს, როგორიც ვახტანგ მეექვსეა, რომელიც  დანანებით იტყვის, არასწორად გაიგეს და სამეძაოდ თარგმნეს დიდი რიტორისა და ბრძენი მეცნიერის „კეთილად  ნამუშაკევიო“, და, სულო ცოდვილო, იქნებ მტკვარშიც აღმოჩნდეს  შენი წიგნები, როგორც პლატონ იოსელიანი წერს- „დღესა ერთსა 80 დაბეჭდილი წიგნი ვახტანგ მეფისავე შთააყრევინა მტკვარსა, ვითარცა წიგნი მავნებელი მკითხველთათვის და მომწამვლელი ქრისტიანთა გონებისა და გრძნობისა,“ ნაწილი კი დააწვევინა სიონის გალავანში.  და ვინ გააკეთა ეს? განათლებულმა, ჭკვიანმა და განსაკუთრებულკამ კაცმა – ანტონ კათალიკოსმა, უცნაურია არა? მეცნიერები ამბობენ, არ უქნია, უგონებენო, მაგრამ ახლა, ამ გადმოსახედიდან, რას გაიგებ? თუმცა, ერთი კი ცხადია, ანტონ კათალიკოსი თან აღიარებს შოთას დიდებულებას, თან აკრიტიკებს მას:“შოთა ბრძენ იყო, სიბრძნის მოყვარე ფრიად, ფილოსოფოსი, მეტყუელი სპარსთა ენის, თუ სამ ჰსწადოდა, ღუთის-მეტყუელიცა მაღალ, უცხო საკჳრუჱლ, პიიტიკოსი მესტიხე, მაგრა ამაოდ დაჰშურა, საწუხ არს ესე.“

მოკლედ, რანაირი მკითხველი აღარ არსებობს, ვიღაც ერთს დაინახავს შენს წიგნში, სხვა მეორეს, სპარსულ ამბებს თუ საქართველოს ისტორიის დეტალებს, ქრისტიანობას თუ სუფიზმს, ფილოსოფიას თუ ჩვეულებრივ, სამიჯნურო ამბებს. კიდევ კარგი, წიგნის ზღურბლთან შენ არ დგახარ, ავტორი, რომ გაგერჩია, ეს ადამიანი შემოვუშვა თუ არა? ეს კაცი გაიგებს თუ ფეხქვეშ გაიგებს იმას, რაც ამდენხანს წერე, იფიქრე, იდარდე, იცხოვრე, მოკვდი.

„ვეფხისტყაოსანს“ ბევრნაირი მკითხველი ჰყავდა, ისეთებიც, ზემოთ რომ მოგახსენეთ და სხვაგვარნიც,  განსაკუთრებულნი, ვისთვის პოემის ტექსტი დაკარგულ სამშობლოსთან ზიარების საშუალებაა, „აი, მეც ხო დაწერილი მაქ და აი, ხო გითხარ, რო პირველად რო დაიწყევით ამბანის ფიცრებით თლა და ემე, ბატონო ჰოსეინამაცა ხალიჩას რუქა რო: ვინ მოყუარესა, შოთა რუსთაველის ლექსი: ვინ მოყუარესა არ ეძეფს, იგი თავისა მტერია.“ – ეს მუხტარ დარჩიაშვილია, ფერეიდნის ლექსიკოგრაფი, ფერეიდნელი სულხან-საბა.

აგერ, გურული გლეხიც, ყველა მნიშვნელოვან მომენტში შოთას იმოწმებს: „შოთა რუსთაველმა თქუა, მაი თქვენ ჩემზე კარქა მოგეხსენება, უმე: იგი წავა და სხûაი მუაო.“

ისეთი მკითხველებიც იყვნენ, ვინც პოემის  ამბავს არ სჯერდებოდა და თავისასაც მრავლად ამატებდა. არცერთ ტექსტს იმდენი გაგრძელება, ინტერპრეტაცია, პერიფრაზი  თუ ჩამატებული სტროფი არ აქვს, რამდენიც „ვეფხისტყაოსანს“. მარტო ხალხური „ვეფხისტყაოსანი“ რაც ღირს, აი, ვთქვათ ეს, ქართლური ვარიანტი:

„ტარიელს მიუტანეს ამბავი, რო ვეფხვს დაუკვეხიაო, რო აბა, ის ტარიელიაო, რაღაცა ქებული, ერთი მე დამეჭიდოსო. გაიგო ტარიელმა და წავიდა საომრათა, მაგან მე უნდა შემარცხვინოსო. ტარიელი და ვეფხვი რო შევიდნენ დიდ ბრძოლაში, ვეფხვმა მიიყვანა იმ მდგომარეობაშია, რო ის იყო ტარიელი უნდა გადაეგდო კლდეზედა. რომელ დროსაც ტარიელს უჭირდა, სწორეთ იმ წუთებში მივიდა ავთანდილი ტარიელის დედის კარებზე. ტარიელის დედა შეშინდა და დაიწივლა, ავთანდილი რო დაინახა, იმიტო რო იმათ კარებზე ხალხი არ მიდიოდა. ტარიელის დედამ რო სახში დაიწივლა ავთანდილის დანახვაზედა, ტარიელმა გაიგონა. იმ დროს მააგონდა, რო ხანჯალი ეკრა. ტარიელსა ხმალი გაუტყდა ბრძოლის დროსა და ხანჯალი აღარ ახსოვდა. ამააძრო ხანჯალი და ქვეშიდან მიკუწ-მოკუწა ვეფხვი. ტყავი მხარზე გადიგდო და წავიდა თავის სახში.“/corpora.co/

გზები, რომელთაც მხოლოდ ჩვენ გავივლით, მხოლოდ ჩვენი ურთიერთობა წიგნთან, მხოლოდ ჩვენი დამოკიდებულება, მხოლოდ ჩვენი შთაბეჭდილებები, საიდუმლო ფანჯარა, რომელსაც მხოლოდ ჩვენ შევაღებთ, რაფაზე ავბობღდებით, ფანჯრის ჩარჩოს ფრთხილად ამოვეფარებით და მერე ძალიან ფრთხილად, ისე გადავხტებით წიგნის შუაგულში, როგორც კატებმა იციან ხოლმე, ბრჭყალებზე რომ დგებიან და უჩუმრად, უჩუმრად გავხდებით წიგნის ბინადარნი, ისე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს.

მთავარია, ერთხელ გაბედო.

 

 

 

მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და ინტერნეტი (ნაწილი 3)

0

სტატიის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ ციფრული წიგნიერების მნიშვნელობაზე, იმ უარყოფით მხარეებზე, რაც კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის შეუზღუდავმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს; გავეცანით რამდენიმე კვლევის შედეგებსა და გავრცელებულ მოსაზრებებს. სტატიის მეორე ნაწილში მიმოვიხილეთ ამ პროცესში სკოლის ჩართულობის მნიშვნელობა. ამჯერად ყურადღებას გავამახვილებთ ციფრული კომპეტენციის განვითარებაში მშობლების როლზე.

დღითიდღე იზრდება იმ კვლევების რაოდენობა, რომლებიც მოსწავლეებისა და ინტერნეტის ურთიერთდამოკიდებულებას შესწავლიან. თუმცა საკმაოდ მცირე მათგანი ინტერესდება მშობლის როლით ამ მხრივ. საინტერესო შედეგებს აჩვენებს გერმანიაში, 2013 წელს ჩატარებული თვისებრივი კვლევა (Junge, 2013), რომლის მიზანი იყო, დაედგინა, როგორ აცნობიერებენ მშობლები თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ციფრული კომპეტენციის მნიშვნელობას და როგორ უმკლავდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში შვილებთან მსგავს საკითხებზე წარმოჭრილ პრობლემებს. კვლევის ფარგლებში ჩატარდა ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ 14 ოჯახში (სულ 28 მონაწილე მშობელი). მზა კითხვების გარდა, მშობლებს ორი როლური ამოცანა დაურიგდათ. მათ თავი უნდა წარმოედგინათ მსგავს სიტუაციაში და განემარტათ, რას მოიმოქმედებდნენ და რატომ. შედეგებმა აჩვენეს, რომ გამოკითხულთა უმარავლესობაში ინფორმაციული აღზრდის დროს აქცენტი მხოლოდ ფილმებზე, საინფორმაციო საშუალებებსა და ვიდეო-კლიპებზე კეთდებოდა. ინტერნეტის ერთობლივი მოხმარება კი ძირითადად იმ შემთხვევაში ხდებოდა, როდესაც მშობლები მშვილებთან ერთად კონკრეტული შინაარსის მასალის მოძიებით იყვნენ დაკავებული. ყველა გამოკითხული წყვილი აცნობიერებდა ინტერნეტის თანმხლებ საშიშროებებს. განსაკუთრებით გამოყოფდნენ შეუზღუდავ მოხმარებას, ფინანსურ რისკებს, საშიშ კონტაქტებს, ვირუსებს კომპიუტერული სისტემისთვის, პერსონალური მონაცემების გავრცელების საფრთხეებს და ბავშვებში ინტერნეტდამოკიდებულებით გამოწვეულ დაბალ ინტერესს სოციალური კომუნიკაციისადმი. აღნიშნული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად გერმანელ მშობლებს მიაჩნიათ, რომ აკრძალვა, კომპიუტერთან საქმიანობის შესახებ დეტალური გამოკითხვა, ისტორიის შემოწმება, კონკრეტული შინაარსის საიტებზე წვდომის შეზღუდვა, ინტერნეტის მოხმარების დროის შეზღუდვა და ბავშვთან ინტერნეტის მოხმარების წესებზე შეთანხმება ეფექტური ღონისძიებებია.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბავშვებში ინტერნეტის გამოყენების სიხშირეზე დიდი გავლენა იმ მშობლებს აქვთ, რომლებიც შვილებისთვის პერსონალურ კომპიუტერებს არ ყიდულობენ, ხოლო სახლში არსებულ საერთო კომპიუტერზე ინტერნეტის მოხმარების შეზღუდვას სპეციალური პროგრამების საშუალებით არეგულირებენ. მშობლების იმ ნაწილს, ვინც აღნიშნულ მიდგომას არ იზიარებს, პრობლემის მოგვარება შვილებთან ვერბალური კომუნიკაციით უხდება.

კვლევის მნიშვნელოვანი მიგნება იყო ის გარემოება, რომ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისადმი ბავშვის დამოკიდებულებას შეუძლია რაღაც დონეზე ოჯახში კომუნიკაციაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ასევე ის ფაქტი, რომ მშობლებს მოზარდებში ციფრული კომპეტენციის განვითარებაზე დიდი გავლენა აქვთ. ამიტომაც მნიშვნელოვანია  საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართ მათი განწყობებისა და დამოკიდებულებების შესწავლა. გავლენის სფეროები შეიძლება დაჯგუფდეს რამდენიმე მიმართულებად: ზოგადი აღზრდის მიზნები, მშობლების დამოკიდებულება ინფორმაციული წიგნიერების მიმართ, ბავშვების ქცევა ინტერნეტთან მიმართებით და საფრთხეების აღქმა და შეფასება მშობლების მხრიდან. შედეგების შეჯამებისას გამოიკვეთა მშობელთა რამდენიმე ტიპი, რომლებიც აღზრდის მეთოდებით არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან:

თავისუფალი სივრცის მიმცემი – ეთანხმება იმ გარემოებას, რომ ციფრული კომუნიკაციები მოზარდების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ენდობა შვილის უნარებს ამ კუთხით; თვლის, რომ ინტერნეტის მოხმარებაზე ლიმიტი უნდა დააწესოს, თუმცა კატეგორიულად უარყოფს კონტროლზე დაფუძნებულ მიდგომას. მისაღებია შვილთან ერთად წესებზე შეთანხმება და მისი დარღვევის შემთხვევაში აუცილებლად იყენებს სანქციებს.

შემზღუდველი – თვლის, რომ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება მხოლოდ კონკრეტულ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. არ ეთანხმება გართობისა და დასვენების მიზნით მათ გამოყენებას, კატეგორიულად ეწინააღმდეგება სოციალურ ქსელებს და მსგავს საკომუნიკაციო შესაძლებლობებს. აწესებს შეზღუდვებს წინასწარი გაფრთხილებით ან საკუთარი გადაწყვეტილებით.

მარეგულირებელი/მაკონტროლებელი – ეთანხმება იმ გარემოებას, რომ ციფრული კომუნიკაციები მოზარდების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ღელავს შესაძლო საფრთხეებზე, არ არის დარწმუნებული შვილის უნარებში, იყენებს ტექნიკურ საშუალებებს კონტროლისათვის და კატეგორიულად ეწინააღმდეგება წესების დარღვევას.

ავტორიტეტული – თვლის რომ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება მხოლოდ სასწავლო მიზნებისთვის შეიძლება იყოს დაშვებული, მძაფრად აღიქვამს შესაძლო საშიშროებებს, არ ენდობა შვილს და თვლის, რომ ის ვერ შეძლებს ამ კუთხით არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას, არ უტოვებს თავისუფალ სივრცეს ბავშვს და ამყარებს აბსოლიტურ კონტროლს.

არამყარი – საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს აღიქვამს როგორც განსაკუთრებულ მოვლენას, არ აქვს ჩამოყალიბებული რაიმე ტიპის რეგულაციები და წესები, არ იცნობს ამ კუთხით შვილის შესაძლებლობებს და პასუხისმგებლობას ანაწილებს მესამე პირზე.

კვლევაში მონაწილე ყველა მშობლის პასუხები გაანალიზდა ინდივიდუალური თავისებურებების მიხედვით. კვლევის თანახმად ყველა მათგანს განსხვავებული მიდგომები აქვს, რაც გამოიხატება როგორც ციფრული კომუნიკაციის მნიშვნელობის აღქმით, ასევე აღზრდის მეთოდებითაც.

საინტერესოა, რომ მშობლების მიერ დასახელებული საფრთხეების ჩამონათვალში არ ყოფილა ინტერნეტის შეუზღუდავი მოხმარების უარყოფითი გავლენა მოზარდის ფსიქიკაზე. საერთო გერმანული სივრცის მაგალითების შეჯამების შედეგად მკვლევრები ასაბუთებენ, რომ აუცილებელია გატარებულ იქნეს კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც აამაღლებს მშობლებში ცნობიერებას ამ კუთხით  და დაეხმარება მათ ინფორმაციული წიგნიერების მნიშნელობის გააზრებასა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეების გაანალიზებაში. სწორედ აქ –  სკოლის, ბავშვებისა და მშობლების გვერდით პროცესში შემოდის სახელმწიფო. მის როლს მკვლევრები არამხოლოდ საკანონმდებლო რეგულაციების დაწესებაში, არამედ აქტიურ მოქმედებაშიც ხედავენ, რადგან კვლევების საერთო მიგნებების თანახმად, მშობლები, რომლებიც თავად გამოირჩევიან მაღალი ინფორმაციული წიგნიერების დონით, რეალურად აფასებენ მის მნიშნელობასა და საფრთხეებს. შესაბამისად, შვილებთან დამოკიდებულებაც განსხვავებული აქვთ. მათ შეუძლიათ დადებითი გავლენა მოახდინონ საკუთარ შვილებზე.

საქართველოში ამ კუთხით აქტიური კვლევები არ მიმდინარეობს. ევროპულ სივრცესთან შედარებით არც ტერმინოლოგიაა ჩამოყალიბებული და დამკვიდრებული. იმედია სტატიების ეს ციკლი მცირედით მაინც დახმარება მშობლებსა და მასწავლებელებს რეალობის გაანალიზებასა და არსებული  გამოწვევების გააზრებაში.

 

 

 

ერთი მოსწავლის წარმატება, იმედი და სურვილები

0

გიორგი ორკოდაშვილი თელავის № 1 საჯარო სკოლაში სწავლობს და გარდა სასკოლო ცხოვრებისა, სხვა აქტივობებითაც არის დატვირთული. ის სკოლის ეკოკლუბის პრეზიდენტია, მხარს უჭერს ნარჩენების გადამუშავების პოლიტიკას და ხშირად არის ჩართული გარემოსდაცვით ღონისძიებებში.

გიორგი ამბობს, რომ 10 წელია, რაც ამერიკაში სწავლაზე ოცნებობდა, წელს კი ეს ოცნება აუსრულდა,  Flex-ის პროგრამის ფინალისტი გახდა და ერთი წელი ამერიკულ სკოლაში ისწავლის.

– მოსწავლე, ბლოგერი, ეკოაქტივისტი, ტრენერი, მოგზაურობის მოყვარული, სხვადასხვა დისკუსიის მოდერატორი და ა.შ ასეთი მრავალფეროვანი აქტივობის პარალელურად, როგორია მოსწავლის ყოველდღიური ცხოვრება?

ჩემი, ამ შემთხვევაში როგორც მოსწავლის, ყოველდღიური ცხოვრება ალბათ ზუსტად ისეთივეა, როგორც საქართველოში მცხოვრები ყველა სხვა მოსწავლის.  ვიაზრებ იმას, რომ ამ ეტაპზე ჩემი მთავარი მოვალეობა სწავლაა და ეს მისია უნდა შევასრულო. შესაბამისად, ყოველდღიურად დავდივარ სკოლაში. არ მიყვარს  გაცდენა და დაგვიანება. თუ სერიოზული მიზეზი არ მაქვს, არ ვაცდენ სკოლას,  ვსწავლობ, ვისმენ გაკვეთილებს და ვწერ დავალებებს და ა.შ.  თუმცა ეს საქმიანობა ჩემთვის უკვე მოსაწყენ რუტინადაა ქცეული და იმ საგნების სწავლას, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ აღარ გამომადგება, მუღამს ვერ ვუჭერ, თუმცა მაინც ვსწავლობ.

 

 მოდი, სკოლაზე ვისაუბროთ. რა ხდება საინტერესო სკოლაში?

მიუხედავად ყველაფრისა, სკოლაში ბევრი საინტერესო რამე ხდება – ყოველდღიური ინტერაქცია ადამიანებთან, ახალი ინფორმაციების მიღება და გარდა ამისა,  ის პრობლემები, რაც დღეს საქართველოს სკოლებშია. ჩემთვის გარკვეულწილად გამოწვევაა, გავაუმჯობესო ეს მდგომარეობა და მოსწავლედ ყოფნა გავხადო უფრო საინტერესო. ეს საკმაოდ საინტერესო პროცესია ჩემთვის – ახლა ჩემი სკოლის ეკოკლუბის პრეზიდენტი ვარ და  გუნდთან ერთად  ბევრ რამეს ვაკეთებთ, რომ მოსწავლეებს ფორმალური განათლების გარდა, სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციებიც  მივაწოდოთ, ჩავატაროთ კონკურსები, გავაკეთოთ საზაფხულო ბანაკები და ა.შ.

 

 – ერთ წელიწადში სკოლას დაემშვიდობები. ამ  გადმოსახედიდან, როგორი წარმოგიდგენია კარგი სკოლა? თუ გაქვს ამ საკითხის მიმართ შენი მოსაზრებები? თუ არის რაიმე ისეთი, რის შეცვლასაც ისურვებდი  სკოლაში?

კი, ვფიქრობ, რომ დღევანდელ განათლების სისტემაში ძალიან ბევრი რამეა შესაცვლელი. და ზუსტად ვიცი, რომ მოსწავლეებზე უკეთ არავინ იცის სკოლის და განათლების სისტემის უარყოფითი მხარეები და ის, თუ როგორი უნდა იყოს სკოლა.  რასაც პირველ რიგში შევცვლიდი, მე რომ წარმოვადგენდე გადაწყვეტილების მიმღებ პირს, ყოველთვიურ უკუკავშირს მივიღებდი მოსწავლეებისგან და გავიგებდი, როგორი სკოლა სურთ მათ.

 

მოსწავლის გადმოსახედიდან კი ვიტყვი, რომ სკოლაში ბევრი ისეთი რამ ისწავლება, რომელიც სკოლის დამთავრების შემდეგ თუ იმ სფეროს არ გაყევი, საერთოდ არ დაგჭირდება და ეს ინფორმაციაც აზროვნების განვითარებაში არ გეხმარება. და ამ დროს ყურადღების გარეშე რჩება ისეთი საგნები თუ საკითხები, რომლებიც ცხოვრებაში აუცილებელია. მაგალითად, სამოქალაქო განათლება, რომელიც დღემდე მეასეხარისხოვან საგნად ითვლება; ტოლერანტობა, რომელიც მჯერა, რომ ისწავლება; ასევე პირადი ჯანმრთელობა, ფულის მენეჯმენტი, კარიერის დაგეგმარება და პროფესიის სწორად შერჩევა, ადამიანის უფლებები. ასევე მიმაჩნია, რომ ლიტერატურასთან ერთად აუცილებლად უნდა ხდებოდეს კინემატოგრაფიის სასწავლო მასალად გამოყენება.

და კიდევ მთავარი, მიმაჩნია, რომ ლიტერატურის დაზუთხვა და ლექსების დაზეპირება კი არაა საჭირო, არამედ ეს ნაწარმოებები უნდა იყოს გამოყენებული აზროვნების, შეფასების, კრიტიკული და ანალიტიკური ჩვევების გამომუშავებისთვის. შესაბამისად, მოსწავლეებს კი არ უნდა გვავალებდნენ ლექსების დაზუთხვას, მოთხრობების მოყოლას და ა.შ., არამედ უნდა გვეხმარებოდნენ გაანალიზებაში, გააზრებაში და შემდეგ უნდა მიმდინარეობდეს დისკუსიები და მსჯელობა პერსონაჟებზე,  ნაწარმოებში მომხდარი სიტუაციის ირგვლივ და ა.შ. რადგან გავა დრო და ის ლექსები თუ მოთხრობები აუცილებლად დაგვავიწყდება, მაგრამ აუცილებელია დაგვრჩეს და ვისწავლოთ ლოგიკური აზროვნება, რომელიც ცხოვრებაში აუცილებელია.

გარდა ამისა, მე მომხრე ვარ რომ ბოლო საფეხურის კლასებში მოსწავლეები თავად ვირჩევდეთ საგნებს, რა გვინდა ვისწავლოთ და რომელი სფერო წარმოადგენს ჩვენთვის საინტერესოს. ამით სკოლას უფრო სახალისოს, საინტერესოს და სასარგებლოს გავხდიდით. გარდა ამისა, ვთვლი, რომ ნებისმიერ საგანში საჭიროა მეტი პრაქტიკა და ნაკლები თეორია, განსაკუთრებით მაღალ კლასებში.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არის მოსწავლის აზრი გათვალისწინებული, ეს ცვლილებები, რაც ახლა ჩამოვთვალე, ვერ განხორციელდება ერთი სკოლის დონეზე. ეს უნდა მოხდეს სისტემის დონეზე. შესაბამისად, ამ პროცესში პირველ რიგში მთავარ მოქმედ ობიექტად განათლების სამინისტროს ვხედავ და არა სკოლას, თუმცა, შემდეგ სკოლა რამდენად შეძლებს  სისტემის მორგებას, ეს, რა თქმა უნდა, სკოლის დირექტორის და მასწავლებლების კომპეტენციაა.

 

–  აქტიურად მონაწილეობ სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში. როგორ ფიქრობ, ეს სკოლის დამსახურებაა, თუ პრადად შენი და რამდენად ხელს უწყობს სკოლა მომავალი მოქალაქეების მნიშვნელოვანი უნარების ჩამოყალიბებას?

ამ შემთხვევაში დიდი წვლილი ჩემს სკოლაში არსებულ ეკოკლუბს მიუძღვის, თუმცა ასეთი კლუბები ყველა სკოლაში არ არსებობს. შესაბამისად, ყველას თანაბარი შანსები არ ეძლევა წარმატებისა და სამოქალაქო აქტივობებში ჩართვისთვის.

 ერთ წელიწადში პროფესიული არჩევანის წინაშე აღმოჩნდები. რამდენად კარგად გაქვს გააზრებული სამომავლო არჩევანის დადებითი და უარყოფითი მხარეები?

მიუხედავად იმისა, რომ 1 წელიწადში მიწევს პროფესიული არჩევანის გაკეთება, მაინც არ ვარ საბოლოოდ ჩამოყალიბებული, რა მინდა, რადგან არ მაქვს ინფორმაცია ზუსტად სხვადასხვა პროფესიების შესახებ. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღო, ერთწლიანი პაუზა და ამ დროში სხვადასხვა პროფესიების შეცნობა და საკუთარ თავში ჩამოყალიბება ვამჯობინო.

ახლა რაც მინდა, სოციალური მეცნიერებებია, და ალბათ ამ სფეროში მივიღებ ბაკალავრის განათლებას, შემდეგ კი დავფიქრდები და იმ დროისთვის ალბათ უკვე ზუსტად მეცოდინება, რა ვიწრო მიმართულებით გავაგრძელებ საქმიანობას.

 შენ მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მოგვიყევი. რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი აქტივიზმი?

უკვე 6 წელია ჩემი სკოლის ეკოკლუბის წევრი ვარ. გარდა ამისა, თითქმის 1 წელია შევქმენი „ეკოაქტივისტების დამოუკიდებელი ჯგუფი”,  ვაკეთებთ პროექტებს, კამპანიებს, აქციებს,  ვთანამშრომლობთ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, სკოლებთან და ასე ვცდილობთ, მეტი თანამოაზრე შემოვიკრიბოთ და ბევრი გავხდეთ.

პირველ რიგში, ამ აქტივობების დახმარებით, ისეთ რაღაცებს ვსწავლობ, რასაც არაფორმალურ განათლებას ეძახიან. თუმცა ვთვლი, რომ აუცილებელი უნდა გახდეს ეს ფორმალური განათლებაც. ამ აქტივობებით მე ვსწავლობ აქტიურ მოქალაქეობას,  ვსწავლობ ჩემს, როგორც მოქალაქის უფლებებს, მოვალეობებს, ვალდებულებებს.  ამ აქტივობების დახმარებით ვივითარებ აზროვნებას,  ვიცნობ ბევრ საინტერესო ადამიანს,  ვსწავლობ ტოლერანტობას და მნიშვნელოვან საკითხებს.

 

 –  რას აკეთებ, რას კითხულობ და როგორ იღრმავებ ცოდნას თავისუფალ დროს?

თავისუფალ დროს ფილმებს ვუყურებ,  მხატვრულ ლიტერატურას ვკითხულობ, მეგობრებთან ერთად ვარ,  ვმოგზაურობ, ძალიან მიყვარს ლაშქრობა. ცოდნას უფრო მეტად ონლაინკურსებით ვიღრმავებ. დღეს უკვე თითქმის ყველა ინტერესის მქონე ადამიანმა შეიძლება მოძებნოს  თავისი შესაბამისი ონლაინკურსი და გაიგოს მეტი იმის შესახებ, რაც აინტერესებს. მე მენეჯმენტის, აქტიური მოქალაქეობისა და ტოლერანტობის სწავლების ონლაინკურსებს გავდივარ და ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რასაც აქედან ვსწავლობ.

  • როგორია სამომავლო გეგმები?

მომავალი 1 წელი ამერიკაში ვისწავლი, სკოლის დამთავრება იქ მომიწევს. FLEX პროგრამის ფინალისტი გავხდი. ეს ერთი წელი ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემს ცხოვრებაში, რადგან სხვანაირად დამანახებს ყველაფერს. ახლა ზუსტად ის ეტაპი მაქვს, როცა ჩემში პიროვნება ყალიბდება და ვფიქრობ, ეს ერთი წელი სწორ ფორმირებაში დამეხმარება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩემს საქმიანობას გავაგრძელებ, უმაღლეს განათლებასაც მივიღებ. ვაპირებ, მთელი ცხოვრება ვიყო აქტიური მოქალაქე და ყოველთვის დავიცვა გარემო და ადამიანის უფლებები.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...