კვირა, აგვისტო 17, 2025
17 აგვისტო, კვირა, 2025

დისგრაფია – წერის უნარის დარღვევა

0

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა, რომელიც ვლინდება წერითი უნარ-ჩვევების – კალიგრაფიის, მართლწერის, აზრის წერილობით გადმოცემის სირთულეებით. მეცნიერები დანამდვილებით ვერ ამბობენ, რა იწვევს მას. ზრდასრულებში დისგრაფია უმთავრესად თავის ტრავმით არის განპირობებული, ბავშვებში კი სწავლის უნარის ისეთ დარღვევებთან ერთად გვხვდება, როგორებიცაა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი და დისლექსია (კითხვის უნარის დარღვევა).

წერა ფსიქიკური პროცესია, რომელიც მოითხოვს რამდენიმე უნარის კოორდინირებულ გამოყენებას, მაგალითად, თვალისა და ხელის შეთანხმებულ მოქმედებას, მხრების, ხელებისა და თითების კონტროლს. მხოლოდ ცუდი ხელწერის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს დისგრაფია აქვს. მოსწავლეს შესაძლოა საკმარისი მოტორული უნარი ჰქონდეს ასოების დასაწერად, მაგრამ არ შეეძლოს ბგერების აღქმა, მათი სიტყვებად ქცევა და საკუთარი ნააზრევისა ფურცელზე გადმოტანა. ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნები დისგრაფიაზე მიუთითებს. ამ შემთხვევაში, სასურველია, ბავშვმა მშობლების და მასწავლებლების მხრიდან დამატებითი დახმარება მიიღოს:

* კალმის ჭერის დაძაბული მანერა, დაჭიმული სხეული;

* ასოების გრაფიკული გამოსახულების დამახსოვრებისა და მათი სწორად მოხაზვის შეუძლებლობა;

* სარკისებრი ასოების (წ-შ, ხ-ძ) სწორად ჩაწერის შეუძლებლობა;

* გაურკვეველი ხელწერა;

* ისეთი დავალებებისთვის თავის არიდება, რომლებიც მოითხოვს წერას ან ხატვას;

* წერის დროს მალე დაღლა;

* წერის დროს სიტყვების ხმამაღლა წარმოთქმა;

* დაუმთავრებელი ან გამოტოვებული სიტყვები წინადადებაში;

* საკუთარი ნააზრევის ფურცელზე გადატანის შეუძლებლობა;

* სირთულეები სინტაქსისა და მორფოლოგიის გაგებისას;

* აქტივობათა მიმდევრობის ახსნის შეუძლებლობა;

* ღონისძიებების, ხალხის და საგნების აღწერის შეუძლებლობა;

* აზრების ორგანიზებისა და ფურცელზე გადმოტანის შეუძლებლობა;

* დიდი სხვაობა დაწერილსა და სიტყვიერად გადმოცემულის გაგებას შორის;

* აბზაცის შექმნის შეუძლებლობა;

* უსუფთაო წერითი სამუშაო.

ამ სირთულეების შემჩნევის შემდეგ საჭიროა, სავარჯიშოებით დავეხმაროთ ბავშვებს წერის უნარის გავარჯიშებაში მათი ასაკის გათვალისწინებით. გავუსწოროთ ფურცელი, შევურჩიოთ ჯდომის სწორი პოზა (ზურგი უნდა ეკავოს სწორად, მხრები – თავისუფლად) და ვასწავლოთ კალმის მოხერხებულად დაჭერა.

იმისათვის, რომ მოსწავლემ მოსმენილი წინადადება ჩაიწეროს, მისი შინაარსის გაგებასთან ერთად საჭიროა, გამოყოს მისი შემადგენელი სიტყვები და თავად სიტყვებიც ბგერებად დაყოს. სწორედ ამისთვის სჭირდება მას ასოების სწავლა – მათგან უნდა ააწყოს სიტყვები და საბოლოოდ წინადადებით გამოხატოს საკუთარი ნააზრევი. დისგრაფიის მქონე ბავშვებს სწორედ ეს დაკავშირებული უჭირთ და უფროსების დახმარება სჭირდებათ.

სავარჯიშოები ფონემატური ანალიზის უნარის განსავითარებლად:

  • უთხარით მოსწავლეს წინადადება. სთხოვეთ, შემოჰკრას ტაში იმდენჯერ, რამდენი სიტყვაც არის წინადადებაში.
  • უთხარით მოსწავლეს სიტყვა. სთხოვეთ, შემოჰკრას ტაში იმდენჯერ, რამდენი მარცვალიც არის წინადადებაში.
  • უთხარით მოსწავლეს სიტყვა. სთხოვეთ, გამოყოს პირველი და უკანასკნელი ბგერები.
  • უთხარით მოსწავლეს სიტყვა. შემდეგ დაუსახელეთ ასოები და ჰკითხეთ, არის თუ არა ისინი მოსმენილ წინადადებაში.
  • წინ დაუდეთ ბარათი რომელიმე ასოს გამოსახულებით და სთხოვეთ, გაიხსენოს ამ ასოზე დაწყებული სიტყვები.
  • მოძრავი ანბანის ასოებით ააწყობინეთ ჩაფიქრებული სიტყვა ან სიუჟეტური სურათის დალაგება შესთავაზეთ.

წერის უნარის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია წერის წინმსწრები უნარების განვითარება. ასე რომ, წერის სწავლა ბაღში ან სკოლაში არ იწყება. ჩვილ ასაკში ხოხვა ხელს უწყობს ახლო მანძილზე მხედველობის ჩამოყალიბებას, რაც წერისთვის აუცილებელია. ნატიფი მოტორიკის დასახვეწად საჭიროა, ბავშვს მცირე ასაკიდანვე მივცეთ საწერი საშუალებები და წავახალისოთ ხატვა თითებით, მსხვილი ცარცით, ფანქრებით, პასტელით. სასარგებლოა ძერწვა, ქვიშითა და კუბებით თამაში, მოზაიკის, ფაზლის, კონსტრუქტორის აწყობა. ასოების სწავლებისას შეიძლება გამოვძერწოთ ისინი, ავაწყოთ მოზაიკისგან ან ქვიშაში ხელით ვწეროთ.

არ გაუბრაზდეთ ბავშვს უსუფთაოდ შესრულებული დავალებისთვის, შეუქეთ მონდომება და ძალისხმევა, რათა ეს თვისებები განუმტკიცოთ. თუ ასე უფრო უადვილდებათ, მიეცით დახაზული თაბახის ფურცელი ჩვეულებრივი რვეულის ნაცვლად. ნება დართეთ, გამოიყენონ ის საწერი საშუალება, რომლითაც უფრო კომფორტულად წერენ.

მასწავლებელს შეუძლია, წერის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეს წერითი დავალების შესასრულებლად შესთავაზოს ალტერნატიული გზა, მისცეს ცოდნის მისთვის ხელმისაწვდომი ფორმით, მაგალითად, ზეპირად ან ნაბეჭდი ტექსტით გამოხატვის საშუალება. ეფექტიანია მოთხოვნების შეცვლაс, მაგალითადб კითხვებზე პასუხის ნაცვლად ტესტის შეთავაზება.

ათი მთავარი შეცდომა, რომელსაც მშობლები შვილების აღზრდისას  უშვებენ

0

 

პირველი ნაწილი

ამჯერად მინდა, მკითხველს გავაცნო პრაქტიკოსი ფსიქოლოგის ელენე შევჩენკოს წიგნი: „10 მთავარი შეცდომა, რომელსაც მშობლები შვილების აღზრდისას უშვებენ“.

პირველი შეცდომა: როდესაც ბავშვი არ გიჯერებთ, თქვენ დაჟინებით ითხოვთ დამორჩილებას, იყენებთ საკუთრ ავტორიტეტს, ემუქრებით და ა.შ.

მსგავსი რამ პრაქტიკულად ყველა ოჯახში თითქმის ყოველდღე ხდება. მშობლების გაგებაც შესაძლებელია, რადგან აბა რა უნდა ქნან? უკან დაიხიონ? მისცენ ბავშვს უფლება, ის აკეთოს, რაც მოესურვება?

წარმოვიდგინოთ სიტუაცია: საღამოა, ბავშვის ძილის დროა, მას კი არ სურს დაძინება. თქვენ დაღლილი ხართ. გრძნობთ, როგორ ღიზიანდებით. გინდათ, რომ ბავშვმა დაგიჯეროს და დასაძინებლად წავიდეს. მშობელი იწყებს ხვეწნას, დარწმუნებას, შემდეგ მუქარას მოიშველიებს, შეიძლება საქმე ყვირილამდეც კი მივიდეს. ერთი სიტყვით, კონფლიქტის საფრთხე იქმნება. ბავშვი კი უკან არ იხევს. პატარებს ხომ ძალიან დიდი ენერგია აქვთ, მათ ხანგრძლივად შეუძლიათ გაჯიუტება. სიტუაცია იძაბება, კონტაქტი დაკარგულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვზე გავლენის შანსი მცირდება. ამ მომენტიდან საჭიროა შეჩერდეთ და დაფიქრდეთ, როგორ მოახერხოთ შედეგის მიღწევა. გეთანხმებით, რომ ეს ძალიან ძნელია, მაგრამ – აუცილებელი. მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს დრო მივცეთ, ამოვისუნთქოთ. ბავშვს კი მივცეთ შესაძლებლობა გაგვარკვიოს, რა ხდება მის თავს. მშობელი აუცილებლად უნდა შეეცადოს საკუთრი თავი ბავშვის ადგილას წარმოიდგინოს. პატარას ახლა თამაში უფრო აინტერესებს ვიდრე ძილი. საჭიროა ბავშვი მივახვედროთ, რომ მისი გვესმის.

 

მაგალითი; მშობელი: „შენ ახლა თამაში გინდა და საერთოდ არ გეძინება?“

სავარაუდოდ, ბავშვი თავს დაგიქნევთ ან გეტყვით „დიახ“.

თქვენ აგრძელებთ: „შენ ძალიან გინდა თამაში განაგრძო?“

ბავშვი: „დიახ, ძალიან“;

თანდათან კონტაქტი აღდგება.

მშობელი: „მოდი, მე და შენ წავიდეთ და ვნახოთ, როგორ არიან შენი კბილები და გავიწმინდოთ ისინი, შემდეგ აირჩიე, რომელი წიგნი გინდა ძილის წინ, რომ წაგიკითხო“.

 

უამრავი მსგავსი ვარიანტის მოფიქრება შეიძლება, კონკრეტული ბავშვის ინტერესის გათვალისწინებით. ბავშვთან საუბრისას მშობლისათვის მნიშვნელოვანია, გამოავლინოს პატარას საჭიროებების მიმართ თანაგრძნობა და ინტერესი.

 

საუბრის პროცესში აუცილებელია რამდენიმეჯერ ვათქმევინოთ პატარას „დიახ“. ეს ნიშნავს, რომ კონტაქტი დამყარებულია და ბავშვს აუცილებლად მოუნდება მშობელს ანგარიში გაუწიოს.

 

მეორე შეცდომა: მშობლებს ძალიან უნდათ იყვნენ „კარგები“, იმის ნაცვლად, რომ იყვნენ „ჩვეულებრივები, ბუნებრივები“.

 

ნებისმიერი ბავშვი, პერიოდულად აკეთებს რაღაც ისეთს, რაც უფროსებს არ მოსწონთ. მაგალითად: ხევს წიგნებს, აფუჭებს სათამაშოებს. მშობლებს ეს ძალიანაც არ მოსწონთ, მაგრამ ისინი თამაშობენ „კარგი“ მშობლების როლს და ამიტომ თავს იკავებენ. ეშინიათ, მკაცრები არ გამოვიდნენ და შვილი ძალიან არ შეზღუდონ. სამწუხაროდ, რაც უფრო მეტად შეიკავებთ თავს, მით უფრო არაადექვატური ფორმით ამოხეთქავს ეს დაგროვილი უკმაყოფილება. შედეგად, თქვენი შვილი მიხვდება, რომ თქვენს შორის ნდობა არ არის.

თუ  თქვენ „კარგი მშობლის“ როლს თამაშობთ, თქვენი შვილი დეზორიენტირებული აღმოჩნდება, ის საერთოდ ვეღარ გაგიგებთ თქვენ და თქვენს გრძნობებსაც არად ჩააგდებს.

მშობელმა უნდა შეძლოს ადეკვატური და გულწრფელი რეაქცია ჰქონდეს ბავშვის ნებისმიერ ქცევაზე. ამ შემთხვევაში პატარა გაგიგებთ და არ გაგინაწყენდებათ. მაგალითად, თუ თქვენმა შვილმა თქვენი ტუჩის საცხი გააფუჭა, საჭიროა თქვათ, რომ: „იცი რა, მე ძალიან გული დამწყდა, ჩემი ნივთი რომ გააფუჭე, რადგან ძალიან მჭირდებოდა! ვიცი, რომ ეს სპეციალურად არ გაგიკეთებია, შემთხვევით მოგივიდა და ამიტომ არ ვბრაზობ შენზე, უბრალოდ ცოტა მოვიწყინე“.

აუცილებლად გულწრფელად გამოხატეთ თქვენი გრძნობები ბავშვთან ურთიერთობისას. მხოლოდ ამ შემთხვევაში გექნებათ მასთან კარგი ურთიერთობა.

მესამე შეცდომა: ძალიან ბევრი „არ შეიძლება“!

ამერიკელმა ფსიქოლოგებმა დაითვალეს და აღმოჩნდა, რომ მშობლები დღის განმავლობაში 16-ჯერ მეტ შენიშვნას, აკრძალვას, მითითებას იძლევიან, ვიდრე შექებას და წახალისებას. ეს თანაფარდობა სკოლამდელი ასაკის ბავშვების შემთხვევაში 16:1, ხოლო სასკოლო ასაკში 18:1 არის. სავარაუდოდ, სხვა ქვეყნებშიც ანალოგიური სიტუაციაა. როდესაც ბავშვები იზრდებიან, მშობლებს უკვირთ, რატომ არიან ისინი ასეთი უინციატივო და მერყევი.

პატარების ნებისმიერი ქმედება მიმართულია გარე სამყაროს შესწავლისაკენ. როდესაც ბავშვი ტალახში თამაშობს და ისვრება, მშობლებს ეს აბრაზებთ. პატარებისათვის კი ასეთი „გართობა“ უდიდეს აზრს ატარებს. ბავშვები შეიმეცნებენ სამყაროს მათი განვითარების შესაბამისად. თუ დაფიქრდებით, დამეთანხმებით, რომ არა მხოლოდ პატარები, დიდებიც საკუთარი ინტერესების და სურვილების შესაბამისად ირჩევენ საქმიანობის ტიპს.

სამწუხაროდ, თავის დროზე საკუთარმა მშობლებმა ზრდასრულების ცხოვრებაშიც იგივე შეცდომები დაუშვეს. ისინი არ აძლევდნენ მათ უფლებას ბოლომდე შეემეცნებინათ სამყარო და ამით საკუთარი ძალების რწმენა ბავშვობიდანვე გაეძლიერებინათ. ასაკის მატებასთან ერთად ადამიანები ზარალდებიან, რადგან მიუხედავად ზრდასრულობისა, მაინც ვერ ახერხებენ, საკუთარ თავში იპოვონ  ძალები და რწმენა.

მაშ როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები?

მშობლებმა უნდა გაარკვიონ, რატომ აკეთებენ ამა თუ იმ რამეს მათი შვილები. ამის შემდეგ, უფროსებმა უნდა შეუქმნან პატარებს უსაფრთხო გარემო, შესაბამისი „საქმიანობისთვის“. ამით დაანახვებთ შვილებს, რომ თქვენ პატივს სცემთ მათ ინტერესებს. ამდენად, თქვენ შეძლებთ, კომპრომისის მოძებნას. ხშირად დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: „რას აკეთებს თქვენი პატარა?“ „რატომ არის ეს მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი?“ როდესაც ამ კითხვებზე პასუხს იპოვით, მაშინ თქვენი რეაქცია ბავშვის ქცევაზე ადეკვატური იქნება.

დაიმახსოვრეთ: როდესაც რამეს კატეგორიულად ვუკრძალავთ ბავშვებს, ამით ჩვენ უფრო მეტად ვაღვივებთ აკრძალულისადმი ინტერესს.

მეოთხე შეცდომა: მშობლები ძალიან ემოციურად რეაგირებნ ბავშვების წარუმატებლობასა და მათ არასწორ ქცევაზე. კარგ საქციელს კი ღებენ, როგორც თავისთავად არსებულ რეალობას.

მაგალითები: მშობელი საკუთარი საქმეებით არის გართული და შვილს ყურადღებას არ აქცევს. უეცრად ბავშვი ეცემა და ტირილს იწყებს. უფროსი გარბის მისახმარებლად, გულში იკრავს, ამშვიდებს, იცოდებს. სავარაუდოდ, უახლოესი ნახევარი საათი მისი ყურადღება მხოლოდ პატარას პრობლემისკენ იქნება მიმართული.

შვილმა სკოლიდან არადამაკმაყოფილებელი ნიშანი მოიტანა. მშობელი სასწრაფოდ იწყებს მასთან ინტენსიურ მეცადინეობას და საკუთარი ყურადღების მაქსიმუმს უთმობს ამ საკითხის მოგვარებას.

ანუ რა გამოდის? როდესაც ყველაფერი კარგად არის მშობელი არ აქცევს ბავშვს ყურადღებას. ხოლო, როდესაც რაიმე პრობლემა წარმოიქმნება, მაშინვე  კისრისტეხით იწყებს მის მოგვარებას. როგორ ფიქრობთ, თქვენს ქცევაზე დაკვირვებით ქვეცნობიერად რა დასკვნა გამოაქვს ბავშვს?

პატარა, რაც შეიძლება ხშირად შექმნის მსგავს სიტუაციებს, რათა თქვენი ყურადღება მიიქციოს. ყველაფერი, რასაც მშობლები ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ, ბავშვისათვის ხშირად განმეორებად ქცევად იქცევა.

რა უნდა გავაკეთოთ? როგორ მოვიქცეთ?

  1. ბავშვის უარყოფით, მიუღებელ საქციელზე, რაც შეიძლება ნაკლები რეაგირება უნდა მოვახდინოთ და თუ შესაძლებელია საერთოდ უყურადღებოდაც დავტოვოთ;
  2. ბავშვის კარგ საქციელზე საჭიროა ხშირი და ძლიერი რეაგირება. შექება, აღფრთოვანება. და რაც მთვარია – მშობელი შვილთან კარგ და სასიხარულო მომენტებში მუდმივად გვერდით უნდა იყოს.

მეხუთე შეცდომა: მშობლები შვილს რაღაც საკითხებში თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ანიჭებენ, სინამდვილეში კი ისინი ქმნიან ნდობის იმიტაციას და აგრძელებენ შვილის გაძლიერებულ კონტროლს.

მაგალითად, თქვენ მოელაპარაკეთ შვილს, რომ ახლა ის არის პასუხისმგებელი საკუთრი ოთახის წესრიგსა და სისუფთავეზე. ამ დროს კი კვლავ განუწყვეტლივ ამოწმებთ მისი ოთახის სისუფთავეს და თუ რამე არ მოგეწონათ თავად ალაგებთ მის ნაცვლად, ან შვილს აიძულებთ უკეთ დაალაგოს ოთახი.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ქოთანში ყვავილი ჩარგეთ და ყოველდღე მიწიდან თხრით მას, რათა შეამოწმოთ, თუ როგორ იზრდება ის, აქვს თუ არა მას ფესვები წესრიგში.

ეს სიტუაცია ძალიან ჰგავს თქვენსას. იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, მეპატრონის ინსტინქტი, საჭიროა დრო!

რა ვქნათ?

თუ თქვენ გადაწყვიტეთ ბავშვისთვის რაიმე საქმის მინდობა, ეს აუცილებლად სრულად უნდა გააკეთოთ! ეს საჭიროა იმისთვის, რომ ბავშვი გახდეს უფრო სერიოზული. ის მხოლოდ მაშინ იწყებს ზრდას, როდესაც მას გამუდმებით აღარ აკონტროლებენ. შედეგად, ბავშვს გაუჩნდება სურვილი თავად დაიცვას სისუფთავე და წესრიგი.

მხოლოდ იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი ჩარევა და დახმარების გაწევა, თუ ბავშვს არ გააჩნია შესაბამისი ცოდნა ან უნარ-ჩვევა; ასევე, რაიმე მატერიალური ნივთი. მაგალითად, შესაძლებელია, დავეხმაროთ ბავშვს იმით, რომ ვუყიდოთ ლამაზი ყუთი, რომელშიც ხალისით ჩაალაგებს საკუთარ ნივთებს, სათამაშოებს. და უმჯობესია ამ ყუთის შესაძენად ბავშვიც თან წაიყვანოთ! და თუ ბავშვი საკმარისად დიდია, მიეცით მას არჩევნის უფლება.

 

 

რატომ ქვეითდება მეხუთეკლასელთა აკადემიური მოსწრება

0

ვფიქრობ, არავისთვისაა უცხო ის ფაქტი, რომ სასკოლო ცხოვრების ყოველ ეტაპზე ვაწყდებით სირთულეებს, რომლებიც კონკრეტული პერიოდისთვის არის დამახასიათებელი და რომელთა გადალახვის გარეშე შესაძლოა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდეთ. სირთულეების თვალსაზრისით ერთ-ერთ გამორჩეულ პერიოდად ითვლება მეოთხედან მეხუთე კლასში გადასვლის პერიოდი. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ სასკოლო ცხოვრების ამ მონაკვეთს პირველკლასელთა სკოლასთან ადაპტაციის პერიოდს ადარებენ. არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა სექტემბერში მეხუთე კლასებში შესული პედაგოგები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და საყვედურებით ავსებენ ამ კლასებში მომუშავე დაწყებითი კლასების მასწავლებლებს იმის გამო, რომ მათი „ნაქები“ და „საამაყო“ მოსწავლეები კონკრეტული ეტაპისთვის საჭირო ცოდნასა და უნარებს ვერ ამჟღავნებენ. ხშირად მშობლებიც ვერ მალავენ უკმაყოფილებას და უკვირთ, რატომ აღმოჩნდა ასე მოულოდნელად მათი „მოწინავე“ შვილი „ჩამორჩენილ“ მოსწავლეთა რიგებში.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ბევრი მშობლისა და პედაგოგისთვის საინტერესო იქნება იმის გაგება, რა ხდება სასკოლო ცხოვრების ამ ეტაპზე ისეთი, რაც ბავშვებში სერიოზულ ცვლილებებს განაპირობებს.

მეოთხედან მეხუთე კლასში გადასვლა სრულიად ახალი საფეხურია ბავშვის ცხოვრებაში. მისთვის ადვილი არ არის ამ პერიოდში მომხდარ ცვლილებებთან შეგუება:

  • იმ მასწავლებლების ნაცვლად, რომლებთანაც ბავშვს ოთხი წლის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა, რომლებსაც ასე თუ ისე შეეგუა, რომელთა მოთხოვნებიც შეისწავლა და რომლებიც მისთვის ახლობელი ადამიანები გახდნენ, კლასში სრულიად უცხო პედაგოგები შემოდიან. თითოეული მათგანი საკუთარ წესებს აწესებს, საკუთარ მოთხოვნებს უყენებს ბავშვს, თავისებურად ხსნის გაკვეთილს. ამასთან ერთად, თუ დაწყებით კლასებში მასწავლებელმა უკვე კარგად იცოდა თავისი აღსაზრდელების შესაძლებლობები, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და სასწავლო პროცესშიც ითვალისწინებდა ყოველივე ამას, მეხუთე კლასში ახლად შესულ პედაგოგს გარკვეული დრო სჭირდება თითოეული ბავშვის შესასწავლად და საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად. თავად მოზარდს კი ამ პერიოდში შესაძლოა ერიდებოდეს საგაკვეთილი პროცესში უცხო მასწავლებლისთვის კითხვების დასმა და მიწოდებული ინფორმაციის დაზუსტება იმის შიშით, რომ თანაკლასელთა შორის სულელად არ გამოჩნდეს.
  • მეხუთე კლასიდან მოყოლებული, ახალი ცოდნის მიღება და პედაგოგისგან ქების დამსახურება ბავშვისთვის ისეთი დიდი ღირებულების მატარებელი უკვე აღარ არის, როგორიც დაწყებით კლასებში იყო. თანდათან სუსტდება უფროსების – მშობლებისა და მასწავლებლების გავლენა. სამაგიეროდ ძლიერდება თანატოლთა გავლენა. ბავშვი ხედავს, რომ თანაკლასელთა შორის სასურველი ადგილის დამკვიდრებაში კარგად სწავლა და უფროსებისგან ქების დამსახურება უკვე დიდად ვეღარ ეხმარება. ჯგუფში ხშირად ისეთი მოსწავლეები ხდებიან ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ, უფრო მეტის უფლება მისცენ საკუთარ თავს, ვიდრე სხვა ბავშვებმა – შეეპასუხონ მასწავლებელს, პროტესტი გამოხატონ მისი გადაწყვეტილების მიმართ, „დაიცვან“ თანაკლასელი, რომელსაც მასწავლებელი მუდმივად საყვედურობს და, მისი აზრით, უსამართლოდ ეპყრობა. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ თანატოლებთან ურთიერთობა და მათ შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრება ბავშვისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია, ვიდრე კარგად სწავლა. როგორც მეხუთეკლასელმა ნიკამ ერთხელ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, სწავლა კი არ არის მათთვის მთავარი, არამედ ურთიერთობა, განსაკუთრებით – თანატოლებთან ურთიერთობა. „თუ ჩემი თანაკლასელები პატივს არ მცემენ, ჩემს აზრს არაფრად ჩააგდებენ, ჩემთან მეგობრობის სურვილი არ ექნებათ და ჯგუფიდან გამრიყავენ, სწავლაზე ვეღარ ვიფიქრებ“, – გამოგვიცხადა უფროსების შენიშვნებით და საყვედურებით შეწუხებულმა ბიჭუნამ.
  • არცთუ იშვიათად მეხუთეკლასელის სასწავლო საქმიანობასა და აკადემიურ მოსწრებაზე სოციალურ ფაქტორებთან ერთად გავლენას ახდენს ინტელექტუალური ფუნქციების არასათანადო განვითარება. აზროვნების ის ფორმები, ხერხები და საშუალებები, რომლებიც დაწყებით კლასებში წარმატების საშუალებას აძლევდა ბავშვს, მეხუთე კლასში უკვე აღარ არის საკმარისი. იზრდება შესასწავლი საგნების რაოდენობა და, აქედან გამომდინარე, იმ ინფორმაციის მოცულობაც, რომელიც ბავშვმა მეხსიერებაში უნდა შემოინახოს. თუ დამახსოვრების უნარმა თვისებრივი ცვლილება არ განიცადა, მოსწავლეს გაზრდილი დატვირთვისთვის თავის გართმევა გაუჭირდება. ასეთ დროს ზოგი ზუთხვას იწყებს, ზოგი კი თავს ანებებს სწავლას, რადგანაც ყველაფრის დამახსოვრებას ვერ ახერხებს. თუმცა შესაძლებელია, თვისებრივად გავზარდოთ დამახსოვრების ეფექტურობა, თუ მეხსიერება ფუნქციონირებისას მჭიდროდ დაუკავშირდება აზროვნებას. ამ შემთხვევაში დამახსოვრებას წინ უსწრებს ანალიზი, რომლის პროცესშიც ხდება მიღებული ინფორმაციის სტრუქტურირება, სქემებით გამოხატვა, შედეგად კი მეხსიერების დატვირთვა მკვეთრად მცირდება. ამის წყალობით ბავშვს უწევს არა დიდი მოცულობის ტექსტების, არამედ გეგმის რამდენიმე პუნქტის ან ლოგიკური სქემის დამახსოვრება. გააზრებული, სტრუქტურირებული ინფორმაცია არ იკარგება, კარგად ინახება მეხსიერებაში და საჭიროების შემთხვევაში ადვილია მისი გახსენება და გამოყენება. თუ დაწყებით კლასებში ბავშვი მიწოდებული ინფორმაციის მხოლოდ დამახსოვრებაზეა ორიენტირებული, რადგან მისთვის ეს სავსებით საკმარისია სასწავლო პროცესში წარმატების მისაღწევად, მეხუთე კლასიდან ის შესაძლოა სერიოზულ პრობლემებს შეეჯახოს.

რეკომენდაციები მეოთხედან მეხუთე კლასში გადასვლისას მოსალოდნელი პრობლემების თავიდან ასაცილებლად:

  • კარგი იქნება, თუ მეხუთეკლასელებთან შეხვედრისთვის მომზადებას ადრევე დავიწყებთ. ჯერ კიდევ მეოთხე კლასში სწავლის პერიოდში, სასწავლო წლის ბოლოს, ბავშვები უნდა გაეცნონ მომავალ კლასის ხელმძღვანელს. ეს მათ საგრძნობლად გაუადვილებს საადაპტაციო პერიოდს.
  • სირთულეების თავიდან აცილების ძალიან კარგი საშუალებაა ბავშვის უპირობო მიღება, მიუხედავად იმ მარცხისა, რომელსაც უკვე შეეჯახა ან შეიძლება მომავალში შეხვდეს.
  • მოვერიდოთ ბავშვის კრიტიკას, საყვედურებს, განსაკუთრებით – სხვების, მეტადრე – თანაკლასელების, მეგობრების თანდასწრებით.
  • გავითვალისწინოთ ბავშვის ტემპერამენტის და ხასიათის ტიპი სასკოლო ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებთან შეგუების პროცესში. ნელი და ნაკლებად კომუნიკაბელური ბავშვები რთულად ეგუებიან შეცვლილ გარემოს და სწრაფად კარგავენ ინტერესს მის მიმართ, როცა გრძნობენ, რომ უფროსებსა და თანატოლებს მათი არ ესმით.
  • ჯერ კიდევ დაწყებითი კლასებიდან ვიზრუნოთ ბავშვისთვის მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებაზე. თუ ამ პერიოდში მოსწავლე მიწოდებული ინფორმაციის უბრალო დამახსოვრებაზეა ორიენტირებული და არ ცდილობს მოვლენებისა და ფაქტების გაანალიზებას, თუნდაც ასაკისთვის შესაფერის დონეზე, მეხუთე კლასიდან ის აუცილებლად შეეჯახება სირთულეებს სასწავლო პროცესში.
  • მივცეთ ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება, ყოველ ნაბიჯს ნუ გავუკონტროლებთ.
  • ხელი შევუწყოთ ბავშვისთვის დამოუკიდებელი აზროვნების უნარის განვითარებას. მაშინაც კი, როცა ყველა ინტელექტუალური ოპერაცია ჩამოყალიბებულია, ბავშვის აზროვნება შეიძლება არასრულფასოვანი დარჩეს, თუ მას არ შეუძლია ამ ოპერაციებით სარგებლობა, რადგან მზამზარეული ინსტრუქციებით მოქმედებს და დამოუკიდებლად აზროვნების საჭიროებას არ განიცდის.

დაბოლოს, ნუ დაგვავიწყდება, რომ პრობლემების თავიდან აცილება გაცილებით იოლია, ვიდრე გამოსწორება. მით უმეტეს, რომ კორექციული მუშაობა ყოველთვის არ იძლევა სასურველ შედეგს.

ფიქრები ქართულ საბავშვო ლექსზე

0

ეს არის გამოძახილი საბავშვო ლიტერატურაზე შექმნილი, სტატიისა  ჟურნალში (https://mastsavlebeli.ge/?p=4641 )

საბავშვო ლექსზე ისე ვერ იფიქრებ ადამიანი, მანამდე, ზოგადად, საბავშვო ლიტერატურაზე თუ არ გიფიქრია. მეც, პირველ რიგში, ამ უკანასკნელით დავიწყებ.

საბავშვო ლიტერატურაზე საუბარი, მისი საჭიროების ანალიზი, პროფესიულ წრეებში სჯა-ბაასი რა სიხშირითა და ხარისხით ხდება, ამას ჩემ მიერ ერთგვარ ეპიგრაფად წამძღვარებული ბლოგის მოწონების, გაზიარებისა და კომენტარის რაოდენობაც ააშკარავებს – 0. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან თემატიკას, რომელიც განსაკუთრებული ყურადღების საგნად მიმაჩნია თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესის გათვალისწინებით, ფაქტობრივად, განმსჯელ-შემფასებელი არ ჰყავს. და თუ ჰყავს, ისიც ალაგ-ალაგ და მეჩხერად. პრობლემა არახალია, საბავშვო ლიტერატურა თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ე.წ. დიდი / სადიდო, კლასიკური ლიტერატურის დამატებად მოიაზრებოდა. ამ დამოკიდებულების პირველ გამონაკლისებად არჩილ სულაკაური და მაყვალა მრევლიშვილი გვევლინებიან, რომელთა შემოქმედებასაც ვერ აუარა გვერდი საბჭოთა ლიტერატურულმა კრიტიკამ და შედეგად 1971 და 1973 წელს ავტორები შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები გახდნენ. მას შემდეგ ესტაფეტა 60-იანელ საბავშვო ავტორთა თაობამ გადაიბარა ღირსეულად შეცვალა ძველი თაობა (მარიჯანი, ლიდია მეგრელიძე, გიორგი კაჭახიძე, გიორგი ქუჩიშვილი და სხვა) და დატოვა სერიოზული მემკვიდრეობა – საინტერესო მხატვრული სახეები, პერსონაჟთა ტიპები, საფუძვლიანად დამუშავებული თემები. თუ საბავშვო პოეზიას შევეხებით, მათს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ  აბსოლუტურად ახალ სიმაღლეზე აიყვანეს საბავშვო ლექსი, რომლის განვითარების ხაზი ასე წარმომიდგენია: იაკობი, აკაკი –  შიო მღვიმელი  – მაყვალა მრევლიშვილი. მე-19 საუკუნეში სწორედ იაკობ გოგებაშვილის მიერ დაისვა პირველად საკითხი საბავშვო ლიტერატურის საგანგებოდ შექმნისა, სწორედ მან დარაზმა თავისი თანამედროვე ავტორები საბავშვო ლექსების საწერად. შიო მღვიმელის(ქუჩუკაშვილი) როლი იმ მხრივ არის განუზომელი, რომ იგი პირველი ავტორია, რომელმაც მხოლოდ საბავშვო ლიტერატურის, საბავშვო ლექსების შექმნა დაისახა მიზნად და წარმატებითაც გაართვა თავი. რაც შეეხება მაყვალა მრევლიშვილს, 60-იანელთა თაობის ყველა საბავშვო ავტორი მის მემკვიდრედ უნდა მივიჩნიოთ და თამამად შეიძლება დავასახელოთ პირველ საბავშვო პოეტ კლასიკოსად. მის შემოქმედებაში პირველად იშლება თემატური მრავალფეროვნება, იგია უცხოური საბავშვო ლექსების პირველი მთარგმნელი ქართულ ენაზე. მაყვალა მრევლიშვილის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ მან მოახერხა ხარკის გარეშე ემსახურა ბავშვებისათვის და არ შეესაღებინა საბჭოთა ყალბი სულისკვეთებით გაჟღენთილი ლექსები.

გავიდა წლები, 60-იანელთა თაობის შემოქმედებაც უკვე საბავშვო პოეზიის კლასიკად იქცა. რა მდგომარეობა გვაქვს ახლა ? რა თქმა უნდა, საბავშვო ლექსები იწერება, ავტორებს უწყობენ შეხვედრებს საბავშვო ბაღებსა თუ სკოლებში, სხვადასხვა ფორუმსა და ვებგვერდზე უხვად შევხვდებით ძველი და თანამედროვე ავტორების ლექსებს, ასევე,  – საბავშვო ლექსებს დედაზე, სამშობლოზე, გაზაფხულზე, მეგობრობაზე და ვინ მოთვლის კიდევ რაზე. თუმცა, ვცადოთ და საძიებელ ველში ჩავწეროთ ქართული საბავშვო ლექსი, საბავშვო ლექსი, საბავშვო პოეზია, ან ამ შინაარსის ნებისმიერი კომბინაცია და ინტერპრეტაცია. წამლად რომ გვინდოდეს, ვერც კრიტიკულ წერილს, ვერც სტატიას, ვერც რეცენზიას და ვერც ბევრ სხვას ვერ მივაგნებთ. თუ მაინცდამაინც, შეიძლება გადავაწყდეთ გრიგოლ აბაშიძის ოდინდელ სტატიას საბავშვო ლიტერატურაზე https://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=15510 . სხვადასხვა ფორუმზე ვიწრო წრეში კომენტარებად წარმოდგენილი შეფასებები ვერ შველის საქმეს, ვერც პოეტებთან შეხვედრებზე ტაშის გრიალი და სხაპასხუპით წარმოთქმული ლექსები ვერაა დიდი ბედენა. ქართული საბავშვო ლექსით და, ზოგადად, ლიტერატურით არავინ ინტერესდება, არავინ წერს, არავინ იწონებს ან იწუნებს, არავინ მსჯელობს. არადა, ეპოქა იცვლება, დრო იცვლება, სოციუმი იცვლება და საბავშვო ლექსებიც აუცილებლად შეიცვლება. ფუტკრისა და დათუნიას, კურდღლისა და კომბოსტო-სტაფილოს, ციყვისა და თხილ-კაკლის თემატიკა, საკმაოდ მდიდარი ქართული საბავშვო პოეზიის პირობებში, უკვე მრავლად დასურათხატდა. სხვა სახეები, ახალი თემები, ახალი მხატვრული ტიპები უნდა იქმნებოდეს ახალი თაობისთვის. ნუთუ არავის აინტერესებს, არავის ანაღვლებს ნახოს, როგორ შეიცვალა თანამედროვე საბავშვო ლექსი ან შეიცვალა კი?! თუნდაც იმის გარკვევა მაინცაა საჭირო, წერენ ახლანდელი საბავშვო პოეტები „ისევე, როგორც დიდებისათვის, ოღონდ უკეთ“ თუ არა?

სამწუხაროდ, ეს შეკითხვები დღესდღეობით რიტორიკულია, ვისურვოთ უკეთესი ხვალინდელი დღე.

 

სამი წიგნი ზაფხულის თაროდან

0

თარო პირობითია, წარმოსახვითი. წიგნები პირდაპირ იატაკზე აწყვია, უფრო სწორად, განიერ ფიცარზე კედლის გასწვრივ. მოკლედ, იატაკი, ფიცარი და მერე წიგნებია. ესენი წაკითხული მაქვს, ზოგიერთი – არაერთხელ. წაუკითხავები დაბალი მაგიდის მარცხენა კუთხეში მაღალ კოშკად აღმართულა. მათთან ახლოს გავლა-გამოვლაც კი მიხარია – ზაფხულის ბოლომდე არაფერი მომაკლდება.

ნიკოლოზ ბარათაშვილის პირადი წერილები ალალბედზე გადავშალე და კარგა ხანს ფეხზე მდგარმა ვიკითხე, ზუსტად ამ დაბალ მაგიდასთან. ყველაფერი უნდა დავივიწყო, რაც აქამდე ვიცოდი და თავიდან უნდა შევიყვარო, მისი სახის თითოეული ნაკვთი კიდევ ერთხელ უნდა დავხატო წარმოსახვით. ხმის გაგონებაც უნდა ვცადო. „კიდეც ვტანცაობ“, – ვკითხულობ და ვხედავ. „ჩემი აქ დარჩომა სიზარმაცეში არ ჩამომართოთ. ღმერთმა დამიფაროს! ეგ თვისება სხვისიც მეჯავრება. ჭეშმარიტად არა, ზარმაცი არა ვარ, მაგრამ რა ვქნა, რა გაეწყობა სოფლის ბრუნვას… მახლას!“ – ვკითხულობ და მესმის.

ორასი წელი ხელის ერთი აქნევით ქრება. სკოლის წლებში შექმნილი წარმოდგენა ქვიშაზე ხმელი წკირით დახატული სურათივით იშლება – ქარს მიაქვს ფიქრთ გასართველად განმარტოებული, წარბშეკრული პოეტის ხატება. მის თვალს და ყურს არაფერი გამოეპარება, ქვეყნის ჭორები პირველმა უნდა გაიგოს, ნაჩხუბარი ცოლ-ქმარი შეარიგოს, ბიძამისს სიტყვა გადაუკრას ძველ გატაცებაზე („ბ[ეზა]კის ცოლი […] მუხრავანიდგან გადმოვიდა, ამ ზაფხულს იქ იდგა უქმროდ. არ გინდა, რომ ერთს საათს მაგ მთებში გამომძვრალიყავ და მუხრავანში, იმის ოთახში შუაღამისას დაბადებულიყავ?“), იბუზღუნოს, ქალები ზონრებს რატომ არ მიქსოვენო („ახალ დანიშნულს თუ პატარძალს სოფიოს მოახსენე, თუ შეგხვდეს: ჩემი ზონარი რა უყო? ქმარი არას დაუშლის. მეორე სოფიოსაც უთხარ, ჩქარა გამიკეთოს. ვინც მე ზონარს მომიქსოვს, აეგრე ჩქარა გათხოვდება!“).

უნდა დავხურო და თავიდან დავიწყო. ესეც უნდა დავივიწყო, რაც ამწუთას წავიკითხე. კიდევ ერთხელ გავაცოცხლებ, მკლავს გამოვდებ, ყურს ტუჩებთან მივუტან.

მეორე წიგნი, რომელსაც თვალი დავადგი, ვ. გ. ზებალდის „ემიგრანტებია“. როცა ამ მწერლის კითხვას ვიწყებ, სამყაროში მყისვე ყველაფერი საკუთარ ადგილას აღმოჩნდება ხოლმე, წესრიგი ხილული და ხელშესახები ხდება. არ არსებობს ქაოსი, რომლისთვის ფორმის მიცემაც მწერალს არ შეეძლოს. მხიბლავს მისი მოზომილი სიჯიუტე – აუჩქარებლად მიუყვება არჩეულ გზას, გზისპირებზე ყველა მოძრაობას ამჩნევს, გაფაჩუნებას, უმნიშვნელო რხევას, პეპლის მოფარფატე ფრთებს. და ყოველი მისი დაკვირვება მეტისმეტად საგულისხმოა. თვალს და ხელს შუა იქსოვება ტექსტის ბადისებრი ქსოვილი – ძალდაუტანებლად, ოსტატის მოუღლელი, შრომას ნაჩვევი თითებით: „სახლი შოტლანდიური ნაძვებითა და ურთხმლებით გარშემორტყმული სასაფლაოს ახლოს, ერთ წყნარ ქუჩაზე იდგა. გარეშე თვალისგან მას კაცის სიმაღლე გალავანი და ერთმანეთში გადახლართული ღვიისა და ლუზიტანიური დაფნის ბუჩქები იცავდა. სახლისკენ მიმავალ ფართო ქუჩაზე დავეშვით და მოხრეშილი მოედანი გავიარეთ. ხელმარჯვნივ, საჯინიბოებისა და ფარდულების უკან, შემოდგომის უღრუბლო ცის ფონზე წიფლის ხეივანს დაინახავდით, სადაც ყვავები ბინადრობდნენ, მაგრამ ახლა, ამ ნაშუადღევს, იქაურობა მიეტოვებინათ და მათი ბუდეები, ფოთლებქვეშ, რომლებსაც დროდადრო სიო არხევდა, შავ წერტილებად მოჩანდა“.

ეს ზებალდია. ზელიტერატურა.

მესამე წიგნი კი ავგუსტ სტრინდბერგის რომანი და პიესებია – სხვა ეპოქის, სხვა სამყაროს ზმანებები და თავსატეხები. მიყვარს ის ქვეყანა, რომლის ამბავსაც მისი გმირები ხან ხმამაღლა, ხან კი მხოლოდ თვალებით ჰყვებიან – მენატრება, მოგონებებში სხვადასხვა სახით წარმომიდგება. შვედური ტოპონიმები, შვედური გვარ-სახელები, დამარილებული ქაშაყი და ახლად მოხარშული კარტოფილი, ყავის მძაფრი სუნი სამზარეულოში… მწერლის მხარდამხარ სიარული ზოგჯერ წყალსა და ზოგჯერ ხმელზე, გარინდება, მერე ისევ ნაბიჯის აჩქარება. „მომდევნო დილას ყველა ვედრო მწვანე საღებავით გადაღება და შავი კანტითა და თეთრი გულებით მოხატა“, – თვალში მოხვედრილი ფრაზა. არ ვიცი, ვინ გაისარჯა. ზუსტად ვიცი, სად შეიძლება ასეთი ნივთების პოვნა. რომანი „ჰემსელები“, პიესა „ფრეკენ ჟული“, რომელიც სამეფო უბნის თეატრმა დაუვიწყარ სანახაობად აქცია, „მასზე ძლიერი“, „ზმანება“. აქამდეც უნდა წამეკითხა, მაგრამ მწამს, რომ წიგნები ყველაზე სწორ დროს ჩნდებიან ჩვენს სასთუმალთან.

ასე იწყება ზაფხული – ერთი ისტორიიდან მეორეში გადასვლით, წერილებით, დრამატიზმით, საუკუნიდან საუკუნეში მოგზაურობით, გზისპირას შესვენებითა და ბალახის ღერზე აცოცებულ მწერზე დაკვირვებით, ფიორდებით, მორუხო ციდან წამოსული წვიმის წვეთებით, ცნობისმოყვარეობით, მოლოდინით.

განათლების სისტემა ტიბეტში

0

ტიბეტი (ტიბეტურად: ბოდ, ჩინურად: სი-ძაან) ავტონომიური რეგიონი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში, დღემდე ყველასათვის უცნობი, შორეული და საიდუმლოებით მოცული ადგილია.

…და მაინც რატომ იპყრობს დღემდე ეს ადგილი დასავლეთის თუ აღმოსავლეთის ყურადღებას? რატომ იზიდავს იგი ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თუ კულტურიდან? ალბათ ნებისმიერ თქვენგანს, ერთხელ მაინც გაუგონია მეგობრებისგან ან თვითონვე უოცნებია, ტიბეტში მოგზაურობაზე. დიახ, ეს იდეა ხშირად ჩნდება საუბრებისას, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, ამ მოგზაურობაში „მეოცნებეთა“ მხოლოდ მცირე ნაწილი მიდის.  ტიბეტისადმი მაგნეტიზმის პირველი მიზეზი, ალბათ მისი ძნელად მისადგომობაა ჩინელებისთვისაც კი და შესაბამისად, ხელუხლებელია – მას ნაკლებად შეეხო დღევანდელი ცივილიზაციის „სიკეთეები“. დღეს, უამრავ ახალგაზრდა ჩინელს სურს „მსოფლიოს სახურავზე“ ველოსიპედით ან ავტობუსით მოგზაურობა, მაგრამ ამას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ. მოგზაურთა უმეტესობა აღნიშნავს ადგილობრივების გულწრფელ კეთილგანწყობას უცხოელებისადმი – ეს ალბათ იმიტომ  რომ ტიბეტში არც ისე ბევრი მოგზაურია. გარდა ამისა, ტიბეტელების რწმენა ადამიანებისადმი კეთილგანწყობას და სიკეთეს ქადაგებს. მიუხედავად ამისა და ტიბეტის სხვა საოცრებებისა, ეს ადგილი კვლავ რჩება დედამიწის „ტერა ინკოგნიტად“ (ლათ. უცნობი მიწა ). ამიტომაც, გადავწყვიტეთ მოკლედ მოგითხროთ განათლების სისტემაზე ტიბეტში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და უცნაურ მხარეში…

ტიბეტში, 2000 წელს, წერა-კითხვის ცოდნის დონე 42%-ს შეადგენდა და იგი ყველაზე დაბალი იყო ჩინეთის მასშტაბით. ეს რიცხვი, 1950 წელს 95% გახლდათ…

განათლების მდგომარეობა ტიბეტში

ტიბეტელების უმეტესობას, განათლების სიმცირის გამო, სიღარიბეში უწევს ცხოვრება. გაკვირვებას იწვევს ადამიანების ის რაოდენობა, რომლებმაც არ იციან წერა-კითხვა, ჩინურად საუბარი ან ელემენტარული არითმეტიკა. ტიბეტელები, რომლებიც ბაზარში მუშაობენ, ხშირად დამოკიდებულნი არიან შუამავლებზე, უმეტესად მაჰმადიან ჰუის ხალხის წარმომადგენლებზე, რომლებიც მათ მაგივრად ესაუბრებიან მყიდველს და მათთვის ანგარიშობენ, წონიან თუ ყიდიან ტიბეტელების წარმოებულ პროდუქციას.

ტიბეტელი ბავშვების მხოლოდ 78% დადის დაწყებით სკოლებში და მხოლოდ 35% აგრძელებს სწავლას ე.წ. „შუა საფეხურის“ სკოლაში. ამავე დროს, უღარიბესი ოჯახებიც კი აცნობიერებენ რომ სასკოლო განათლება აუცილებელია მათი ბავშვებისთვის, თუმცა სკოლების სიმცირე და ბავშვების ჩართულობის აუცილებლობა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, საგრძნობლად ზღუდავს განათლებას. შედეგად, ტიბეტში ცოტამ თუ იცის კითხვა და წერა.

კომუნისტურმა ჩინეთმა, წლების განმავლობაში საგრძნობლად გააუმჯობესა განათლების მდგომარეობა ჩინეთის ამ შორეულ და ძნელად მისადგომ მხარეში – აშენდა ასობით სკოლა. ჩინეთის მიერ ტიბეტის ოკუპაციამდე, ამ მხარეში მხოლოდ რამდენიმე საერო (არარელიგიური) სკოლა არსებობდა და მხოლოდ მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი იღებდა რაიმე სახის განათლებას.

ჩინეთის ოფიციალური წყაროების ამ პერიოდს შემდეგნაირად აღწერდნენ: „განათლება, ტიბეტელებით დასახლებულ ტერიტორიებზე, მონოპოლიზირებული აქვთ მონასტრებს. დიდ ეპარქიებში, ზოგიერთ ლამას, რომლებმაც წერა და კითხვა იციან და ჩაბარებული აქვთ ბუდისტური კატექიზმო, ენიჭებათ გეშის წოდება (თეოლოგიის დოქტორის წოდება) და განათლების სისტემას სწორედ ისინი განაგებენ. სხვებს, გარკვეული სწავლების შემდეგ, უფლება ეძლევათ  ოფიციალური რელიგიური პირები გახდნენ და უხელმძღვანელონ რელიგიურ რიტუალებს.“

ტიბეტის უდიდესი ნაწილი, დახურულია დაასვლელი მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის. ხშირად, ასევე ხელმიუწვდომელია ჩინელი მკვლევრების ნაშრომებიც ტიბეტის შესახებ.

ტიბეტის განათლების სისტემის მოდერნიზაცია

„ასოშიეიტიდ პრესის“ კორესპონდენტი, ტიმ სალივანი წერს: „ტიბეტურ კულტურაში, ცვლილებები, როგორც წესი მყინვარის მოძრაობის სიჩქარით ხდება. მსოფლიოსგან იზოლირებული, ჰიმალაის მასივის მაღალმთიან ზეგანზე განლაგებული უზარმაზარი ტერიტორია, მკაცრად იყო დახურული ნებისმიერი უცხოელისთვის და დიდი ხნის განმავლობაში,  მოდერნიზაციას მცირე მნიშვნელობას ანიჭებდა. განათლება  თითქმის მთლიანად იყო მონოპოლიზებული  სამონასტრო განათლების მიერ. მაგია და მისტიციზმი იყო – და კვლავ არის  – ტიბეტელთა ცხოვრების  შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილი. ახალი ტექნოლოგიები წარმოადგენდა საშიშ მოვლენას ტიბეტელებისთვის: აკრძალული იყო სათვალის ხმარება მე-20 საუკუნის შუა წლებამდე. დღეს, მდგომარეობა  შეცვლილია. დღევანდელი დალაი ლამას, ტენცინ გიცოს (Tenzin Gyatso) მეცადინეობით, რომელიც თავის მხრივ დღევანდელი სასკოლო სიტემის მკვეთრი ოპონენტია, ტიბეტელი ბერებისთვის (რომლებიც ტიბეტური კულტურის ქვაკუთხედს წარმოადგენენ) დაინერგა სამეცნიერო განათლების რიგი პროგრამები.

ამასობაში, ტიბეტური კულტურა, სახიფათო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ეთნიკური ჩინელები (ჩინ. ჰან), სამთავრობო სუბსიდიების მხარდაჭერით ტიბეტელებზე მეტნი არიან ტიბეტის ავტონომიურ ოლქში. ნელ-ნელა კვდება ტრადიციული ტიბეტური მესაქონლეობაც, – ქალაქებში საცხოვრებლად გადმოსული ტიბეტელების რაოდენობა იზრდება. ახალგაზრდა ტიბეტელი უკვე ჩინურისა და ტიბეტურის ნაზავ  ახალ დიალექტზე ლაპარაკობს. ამის ფონზე დალაი ლამა – ადამიანი, რომელიც უმეტესად მონარქიულ იზოლაციაში გაიზარდა, ცდილობს მოდერნიზაციასთან ერთად, იპოვოს ტიბეტელებისთვის  გამოსავალი, რომელიც მათ, თანამედროვე სამყაროში, ტრადიციული კულტურისა და ტიბეტური ცხოვრების წესის შენარჩუნებაში  შეუწყობს ხელს. მიუხედავად კრიტიკული დამოკიდებულებისა, დალაი ლამა მხარს უჭერს თანამედროვე სასკოლო განათლების გავრცელებას დევნილობაში მცხოვრები ტიბეტელი ბავშვებისათვის; სთავაზობს ახალგაზრდა ტიბეტელებს სხვადასხვა სახის დასაქმების პროგრამებს.

სამონასტრო განათლება ტიბეტში

დღეს, ტრადიციული სამონასტრო სკოლები მოსწავლეებს სთავაზობენ როგორც რელიგიურ სწავლებას, ისე – წერა-კითხვის და სამეცნიერო დისციპლინების, მათემატიკის სწავლებას, სხვადასხვა ხელობის დაუფლებას და თანამედროვე სამყაროს მორგებულ პროფესიებს. ჩვეულებრივ, გაკვეთილებსა და ფორმალურ ინსტრუქტაჟს ტიბეტურ მონასტრებში იქაური ბერები, დგე-ბშეები ატარებენ. სკოლაში შესვლის შემდეგ, ახალგაზრდა მორჩილები ჯგუფებად იყოფიან და ათ წელიწადს ბუდისტური ტექსტების დაზეპირებაში, სხვადასხვა თემებზე დებატებში, ცერემონიების ჩატარების წესების სწავლასა და შესაბამის დისციპლინებში გამოცდების ჩაბარებაში ატარებენ. სპეციალური სასწავლო კურსია  განსაზღვრული წინასწარმეტყველების, მედიუმებისა და შემლოცველებისთვის.

ერთმა ტიბეტელმა მასწავლებელმა ჟურნალ ნეიშენალ ჯეოგრაფიკის  ჟურნალისტს  განუცხადა:  „ იმ მრავალი მიზეზისგან, რის გამოც ტიბეტი ასე ჩამორჩენილია დღევანდელობას,  ერთერთი გახლავთ ის, რომ მონასტრებში ძალიან ბევრი მამაკაცი სწავლობს და ისინი არ მონაწილეობენ მხარის განვითარებაში. მე მუდმივად, დაჟინებით ვურჩევ მშობლებს, განათლების მისაღებად ბავშვები მონსტრების ნაცვლად, სკოლებში გააგზავნონ. სხვაგვარად, ეკონომიკა არ განვითარდება და ჩვენ ვერასდროს შევძლებთ ეკონომიკურად კონკურენტუნარიანები გავხდეთ.“

ზოგიერთი მკვლევრის აზრით, საჭიროა ბიჭებს ნებისმიერ ასაკში შეეძლოთ მონასტერში სწავლა, მაგრამ მონასტრებმა მათ  ჩინეთის სახელმწიფო სასკოლო პროგრამის მიხედვითაც უნდა ასწავლონ. ტიბეტური ოჯახები, დღეს მონასტრებს დაახლოებით 30 აშშ დოლარის ეკვივალენტურ თანხას უხდიან, რათა მათ ბავშვებს (ბიჭებსა და გოგონებს) ასწავლონ ტიბეტური, ჩინური, ინგლისური ენები  და მათემატიკა.“

სკოლები ტიბეტში

ტიბეტის სასკოლო სიტემა ჩინელებმა თითქმის ცარიელ ადგილას შექმნეს. 1951 წელს, ტიბეტში საჯარო სკოლები არ არსებობდა. 1999 წლისთვის, სკოლების რაოდენობამ დაახლოებით ორი ათასიან ნიშნულს მიაღწია.

 

განსხვავებით ჩინეთის სკოლებისგან, ტიბეტში, საჯარო სკოლის დაწყებითი და საშუალო საფეხურები უფასოა. დამამთავრებელ კლასებში, მოსწავლეებს, სემესტრში დაახლოებით სამოცდაათი აშშ დოლარის გადახდა უწევთ და ამ ფასში საკვებიც შედის. მთავრობას დიდი ძალისხმევის გაღება უწევს, რათა დაარწმუნოს ტიბეტელები ბავშვების სასკოლო განათლების აუცილებლობაში. ტიბეტის მომთაბარე ჯგუფებს, მთავრობა ბავშვების სკოლებამდე უფასო ტრანსპორტირებას სთავაზობს.

დღეს, ბევრ ტიბეტურ ქალაქში არსებობს საჯარო სკოლები, რომლებიც უკეთ არის აღჭურვილი, ვიდრე ჩინეთის ზოგიერთ პროვინციაში. თუმცა, მდგომარეობა სრულიად განსხვავებულია ტიბეტის სასოფლო რაიონებში: სოფლებში, ბევრგან, გაკვეთილებისთვის მხოლოდ ერთი ოთახია გამოყოფილი,  ბავშვები გაკვეთილის მიმდინარეობისას ფეხზე დგანან (რადგან არ არის საკმარისი სკამები). მათ არ გააჩნიათ ფანქრები. ამ სკოლებში, სასკოლო ინვენტარისთვის თვეში ერთი დოლარია გამოყოფილი. ბევრ სოფელში, გაკვეთილები მხოლოდ იმ დროს ტარდება, როდესაც განათლების სამინისტროს ინსპექტორებს ელიან.

სამწუხაროდ, ტიბეტის საჯარო სკოლებში ხშირად შეხვდებით ტიბეტური კულტურის და რელიგიის შეურაცხყოფის მაგალითებს. ზოგიერთ სკოლაში, მოსწავლეებს აძალებენ გაიმეორონ „მე ჩინეთის მოქალაქე ვარ“, „ტიბეტი ველურების მხარეა“ და „ბუდიზმი ცრურწმენაა“

დაწყებით კლასებში მოსწავლეებს მუდმივად ამეორებინებენ 2050 წლისათვის ჩინეთის სახელმწიფოს მიზანს: „ჩვენ უნდა მივაღწიოთ თანამედროვე სოციალიზმის სისტემის გამარჯვებას…ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ კაპიტალისტური კლასის თავისუფლებას და ჩვენ უნდა ფხიზლად ვიყოთ იმპერიალისტური შეთქმულების გამოსავლენად“.

 

ჩინური სკოლები ტიბეტში

ჩინეთის მთავრობამ მდიდარ  ქალაქებს დაავალა  ფინანსურად დაუჭირონ მხარი ტიბეტში სკოლების მშენებლობას. ქალაქ შიგაძეში, რომელიც ლჰასადან (ტიბეტის დედაქალაქი) ოთხი საათის სავალზეა, 2005 წელს დასრულდა ტიბეტ-შანხაის ექსპერიმენტული სკოლის მშენებლობა. სკოლის ასაგებად გაღებული ინვესტიცია 8.6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა და იგი მთლიანად შანხაის მთავრობამ გაიღო. სკოლის დირექტორი, ჰუანგ იონგდონგი. სკოლაში შანხაიდან იანვრის თვეში ჩავიდა, სამწლიანი კონტრაქტით. ამ სკოლაში დღეს, დაახლოებით 1 500 ტიბეტელი მოსწავლე იღებს განათლებას.

სკოლის მთავარ დერეფანში თავმჯდომარე მაო ძე დუნის პორტრეტი კიდია. კლასებში ყველა საგანს მხოლოდ ჩინურ (მანდარინზე) ენაზე ასწავლიან, გარდა ტიბეტური ენის გაკვეთილისა. სამთავრობო საგანმანათლებლო პოლიტიკის კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჩინელები ტიბეტში ანადგურებენ ტიბეტურ ენას და ახალგაზრდებს მალე ტიბეტურად თავისუფლად საუბარი გაუჭირდებათ. თუმცა ოფიციალური ჩინეთი დაჟინებით იმეორებს, რომ ტიბეტელებმა ჩინური კარგად უნდა ისწავლონ, თუ სურთ კონკურენტუნარიანები იყვნენ. ზოგი მოსწავლე ამას ეთანხმება.

„ჩემი საყვარელი საგანი ტიბეტური ენაა, რადგან სახლში ჩვენ ტიბეტურად ვსაუბრობთ, „მაგრამ ჩვენი სამშობლოს ენა ჩინურია, ამიტომაც ჩვენ ყველაფერს ჩინურად ვსწავლობთ“-ამბობს ცამეტი წლის გესანგ დანდა. ერთ-ერთ საკლასო ოთახში, ვიღაცამ ცარცით წითელი დროშა, ნამგალი და ურო დახატა. ნახატს ტექსტიც ჰქონდა მიწერილი: „კომუნისტური პარტიის გარეშე არ იარსებებს არც ახალი ჩინეთი და არც ახალი ტიბეტი.“

სკოლები და ენა ტიბეტში

ტიბეტის სკოლებში, თანდათანობით, ჩინური, როგორც სასწავლო ენა, ანაცვლებს ტიბეტურს, მიუხედავად კანონისა, რომელიც მიმართულია უმცირესობების ენების გადარჩენა-განვითარებისთვის. დაწყებით კლასებში, ტიბეტელ მოსწავლეებს საგნებს ძირითადად ტიბეტურ ენაზე ასწავლიან. ისინი ჩინურის სწავლას მესამე კლასიდან იწყებენ. როდესაც ბავშვები საშუალო საფეხურის სკოლაში გადადიან,  სწავლების ძირითადი ენა ჩინური ხდება. ექსპერიმენტული სკოლები, სადაც სწავლება ტიბეტურად მიმდინარეობდა – დახურეს.

ტიბეტის სკოლები, რომლებიც ორენოვანია, ერთადერთი საგანი, რომელსაც ტიბეტურად ასწავლიან, ტიბეტური ენაა. ტიბეტურად არ არსებობს სახელმძღვანელოები ისტორიაში, მათემატიკასა თუ სხვა საგნებში. გამოცდებიც მხოლოდ ჩინურად ბარდება (ზეპირი თუ წერითი). ტიბეტელმა მოსწავლემ როიტერის სააგენტოს კორესპონდენტს უამბო: „მე მსურს ადვოკატი გავხდე და ჩემთვის ჩინურ ენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს…თუ ვინმემ ჩინურად ლაპარაკი არ იცის, ეს იგივეა რომ მუნჯი იყო.“

დღეს, ტიბეტის სკოლების 90 პროცენტში, გაკვეთილები ჩინურ ენაზე ტარდება. მოსწავლეებს შეუძლიათ დამატებით ენად ტიბეტური ან ინგლისური აირჩიონ. ტიბეტის დევნილობაში მყოფი მთავრობის წარმომადგენელმა, დავა ცერინგმა, ქ. ტაიპეიში შეკრებილ ფორუმზე, რომელიც ტაივანის ახალი საუკუნის ფონდმა ჩაატარა, დამსწრე საზოგადოებას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ შემხედეთ მე: მე გამართულად ვერ ვსაუბრობ ტიბეტურად, მიუხედავად იმისა რომ ტიბეტში გავიზარდე და ჩემი მშობლები მხოლოდ ტიბეტურად საუბრობდნენ. ეს იმის გამო მოხდა, რომ მე დაწყებით სკოლაში კულტურული რევოლუციის წლებში დავდიოდი – იმ დროს კი ტიბეტური ენა სკოლებში აკრძალული იყო“.  მოგვიანებით სკოლებში ტიბეტური ენა კვლავ დაუშვეს, თუმცა ეს მხოლოდ „კოსმეტიკური“ ღონისძიება აღმოჩნდა. „ცივილიზაცია რომელიც კარგავს თავის ენას, მხოლოდ მუზეუმში თუ გააგრძელებს თავის ცხოვრებას“.

 

სამწუხაროდ, ჩინეთის მთავრობის მიერ ტიბეტში წარგზავნილი მასწავლებლების მხოლოდ მცირე ნაწილმა იცის ტიბეტური. ისინი გაკვეთილებს ან ჩინურად, ან ინგლისურად ატარებენ. ერთ-ერთ სკოლაში, რომლის დირექტორმაც ერთი სიტყვაც კი არ იცოდა ტიბეტურად, „ვაშინგტონ პოსტს“ შემდეგი განუცხადა: „ტიბეტელებს უბრალოდ არ აქვთ ლექსიკონი სამეცნიერო საგნებისთვის. ზოგიერთი ცნება, რომელიც ჩინურად ვთქვათ ორი სიტყვით გადმოიცემა, მაგალითად „ელექტრული წინააღმდეგობა“, ტიბეტურად თარგმნისას ძნელად იწერება და მთელ დაფას იკავებს“. ტიბეტის საშუალო და უმაღლესი საფეხურის სკოლებში, მასწავლებლებმა საგნები ჩინურად უნდა ასწავლონ, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც ისინი ტიბეტურად ასწავლიან.

ტიბეტელი მოსწავლეების ნაწილი თვლის რომ ჩინურის სწავლა აუცილებელია, თუ მათ სურთ განათლების გაგრძელება უნივერსიტეტში, გამოცდების ჩაბარება და საბოლოოდ კარგი სამუშაოს პოვნა ჩინეთში თუ ჩინეთის კონტროლქვეშ მყოფ ტიბეტში. ჩვიდმეტი წლის ტიბეტელმა მოსწავლემ „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა: „მე ტიბეტურად ვსაუბრობ სახლში, მაგრამ მეგობრებთან უკვე ჩინურს ვიყენებ. მასწავლებელმა მითხრა, რომ ეს საუკეთესო გზაა ენის სასწავლად. ახლა ჩემი ჩინური ბევრად უკეთესია, ვიდრე ტიბეტური. ეს არის მომავალი.“

ტიბეტელი ბავშვები, რომლებიც დევნილობაში იზრდებიან, როგორც წესი, ტიბეტურს ათი წლის ასაკამდე სწავლობენ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს თავიანთ მშობლიურ ენას და კულტურას ბავშვობის წლებში ეზიარონ. შემდეგ ისინი განათლებას უკვე ინგლისურ ენაზე აგრძელებენ.

„ნიუ იორკ თაიმსის“ კორესპონდენტი, დენ ლევინი, ჩინეთის კიდევ ერთი ტიბეტური პროვინციიდან, ცინგჰაიდან (იგი ტიბეტის ავტონომიური ოლქის ჩრდილოეთით მდებარეობს) შემდეგს წერს: „ტიბეტის ზეგანის ამ საშინელი, დამსხვრეული გზის ბოლოს, რომელიც თოვლიანი მყინვარების კიდეზე გადის, უამრავ საოცრებას ნახავთ: ათასობით ჟოლოსფერ სალოცავ დროშას, მორწმუნეთა მიერ „დარგულს“ ლოცვის ბილიკებზე; ველურ თხებს, გადმომდგარს თავბრუდამხვევი სიმაღლის ქარაფებზე; ბუდისტ ბერებს მედიტაციისას, რომელიც იმავე წესით სრულდება როგორც ათასი წლის წინ, იმავე ადგილებში, სადაც უცხოელებს ჰაერის ჩასუნთქვა უჭირთ. მაგრამ ალბათ ყველაზე დიდი საოცრება, თქვენს თვალწინ გადაიშლება დილაობით, ახლად აშენებულ საკლასო ოთახში, ბუდისტების ერთ-ერთი ყველაზე წმინდა მთის ძირას – უახლოესი ქალაქიდან ექვსი საათის სავალზე და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ტექნოკრატების ფრთხილი მზერისგან შორს – სადაც თორმეტიოდე ახალგაზრდა მამაკაცი და  პატარა ბიჭები, სწავლობენ ხუჭუჭა ტიბეტური ანბანის ასოებს და იღებენ თავის პირველ ფორმალურ განათლებას ტიბეტის ისტორიაში, კულტურასა და რელიგიაში, რომელსაც ბევრი ტიბეტელი აღწერს როგორც “თავდასხმის ქვეშ მყოფს“.

 

„ტიბეტური ენა, ჩვენი კულტურის გასაღებია და მის გარეშე  ჩვენი ყველა ტრადიცია სამუდამოდ ჩაიკეტება“, ამბობს აბო დეგასაირანგი, ოცდახუთი წლის, წითელლოყება ბერი, რომელიც ანიმაჩენის ტიბეტური კულტურის ცენტრის  კურსდამთავრებულია. ეს სკოლა ცინგჰაის პროვინციაში 2011 წელს გაიხსნა.

(პირველი ნაწილის დასასრული)

წყარო: https://factsanddetails.com/china/cat6/sub37/item201.html

 

მასალა თარგმნა და მოამზადა ლევან ალფაიძემ

 

ბავშვები და სმარტფონები

0

მობილური ტელეფონების, პლანშეტების, ლეპტოპებისა და ტელევიზორების ეკრანებს მიჯაჭვული ამერიკელი ბავშვები ელექტრონულ მედიას დღეში საშუალოდ 9 საათის განმავლობაში იყენებენ. მავნე ფილმები, მუსიკა და ინტერნეტკონტენტი იწვევს ჯანმრთელობასა და ქცევასთან დაკავშირებულ არაერთ საზიანო შედეგს –აგრესიას, სექსუალიზაციას, მღელვარებას, დეპრესიას, სიმსუქნეს, ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებას, ძილის დარღვევას.

სმარტფონები საშუალებას აძლევს ბავშვებს, თან ატარონ ინტერნეტი და ნახონ და მოისმინონ თითქმის ყველაფერი, ყოველთვის და ყველასგან: ფოტო, ვიდეო, სატელევიზიო გადაცემა, მუსიკა, ფილმი. სმარტფონები ასევე იძლევა ნაცნობებსა თუ უცნობებთან კომუნიკაციის საშუალებას დღე–ღამეში 24 საათის განმავლობაში. და განა გამაღიზიანებელი არ არის, როცა ბავშვი არ ერთვება საუბარში და თვალს არ აშორებს გაჯეტს, როდესაც მასთან გამოლაპარაკებას ცდილობთ?

მაგრამ ეს ყველაფერი მოზარდების მიერ სმარტფონების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. კიბერბულინგი (ბულინგი ტელეფონის ან ინტერნეტის გამოყენებით) დღეს საკმაოდ გავრცელებულია, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს მსხვერპლის ფსიქიკას და თუ ამ უკანასკნელმა სათანადო დახმარება ვერ მიიღო, შეიწიროს კიდეც. გამაღიზიანებელი, სექსუალური ან ძალადობრივი ხასიათის მედიაკონტენტის თვალიერებას ან გაზიარებას დაუზიანებია ახალგაზრდების მენტალური ჯანმრთელობა და კრიმინალურ საქმიანობაში მათი ჩართვაც კი გამოუწვევია.

თუმცა შეგვიძლია მოვიქცეთ ისე, რომ სმარტფონების გამოყენებამ დადებითი გავლენა მოახდინოს ბავშვების ცხოვრებაზე. ტექსტურ შეტყობინებებსა და ინტერნეტს, სოციალური მედიის ჩათვლით, შეუძლია გააფართოოს მათი მსოფლმხედველობა და ცოდნის ბაზა, დაეხმაროს სასკოლო დავალებების შესრულებაში, მეგობრების შეძენაში, ხელი შეუწყოს მათ აკადემიურ მიღწევებს და სოციალურ სამართლიანობას.

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს, ისარგებლონ სმარტფონის უპირატესობით და ამავე დროს მინიმუმამდე დაიყვანონ საფრთხე? როგორ ვაკონტროლოთ, რას აკეთებენ ისინი დივაისებზე და იქნება თუ არა ეს პირად ცხოვრებაში ჩარევა? როდის შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ბავშვები ზედმეტად ხშირად იყენებენ ტელეფონს და როგორ შევამციროთ მისი გამოყენება? გთავაზობთ გაიდლაინებს, რომლებიც შესაძლოა სასარგებლო გამოდგეს.

უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია, რომ ბავშვები და მოზარდები ბუნებრივად იმპულსურები არიან და გადაწყვეტილების მიღებაც უჭირთ, განურჩევლად მათი განათლებისა, გონიერებისა და პასუხისმგებლობიანობისა. ეს მათი ბრალი არ არის – ტვინის ის არეები, რომლებიც განაგებს გადაწყვეტილების მიღებას, სექსუალობას, ემოციებისა და იმპულსების კონტროლს, დაახლოებით 25 წლამდე ვითარდება. ამით აიხსნება მედიის ძლიერი გავლენა.

მეორე: განიხილეთ მობილური ტელეფონის გამოყენება არა როგორც უფლება, არამედ როგორც პრივილეგია, რომელსაც თან ახლავს პასუხისმგებლობა მისი გამოყენებისა საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის ზიანის მიუყენებლად. იმსჯელეთ იმ სარგებლობასა და საფრთხეზე, რაც ელექტრონულ მედიას მოაქვს, კარგი განზრახვით მის ჯანსაღ გამოყენებასა და ჩვევისა თუ დამოკიდებულების გამო არაჯანსაღ გამოყენებას შორის განსხვავებაზე. ყოველივე ეს ბავშვს უკეთესი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.

მესამე: აუცილებელია, ვმართოთ ბავშვების მიერ სმარტფონის გამოყენება. ეცადეთ, რაც შეიძლება გვიან მისცეთ, მერე კი წესების შესაბამისად ადევნეთ თვალყური, რათა ბავშვმა მედიისგან მაქსიმალური სარგებლობა და მინიმალური ზიანი მიიღოს. მაგალითად, მოსთხოვეთ, ყურადღება მოგაქციოთ, როდესაც ესაუბრებით. აუკრძალეთ ტელეფონის სარგებლობა საშინაო დავალების მომზადებისა თუ ჭამის დროს. ღამით რომ არ ითამაშოს, ძილის წინ ჩამოართვით.

მეოთხე: ბავშვის ადეკვატური აღზრდის მნიშვნელოვანი ნაწილია სახიფათო იდეებთან, ნივთებსა და ადამიანებთან ურთიერთობის მონიტორინგი, რაც ინტერნეტის გამოყენებაზეც ვრცელდება. ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ ეს შვილის პირად ცხოვრებაში ჩარევაა. ბავშვებმა შესაძლოა უკმაყოფილება გამოთქვან ამის გამო და გისაყვედურონ, რომ არ ენდობით.

შვილების პირად ცხოვრებაში მათივე ჯანსაღი განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის ვერევით. მოზრდილ ბავშვებსაც კი სჭირდებათ ხელმძღვანელობა. ასე რომ, შეგიძლიათ უპასუხოთ: „გენდობი, მაგრამ შენ ჯერ კიდევ გამოუცდელი ხარ. მე პასუხს ვაგებ შენზე და როცა საქმე შენს კეთილდღეობას ეხება, არ ვენდობი მედიას და ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ ვიცნობ“.

ბავშვები მიიღებენ „პირად ცხოვრებაში ჩარევას“ იმის მიხედვით, როგორ გააკეთებთ ამას. აი, რამდენიმე რჩევა:

* წინასწარ უთხარით, რომ გააკონტროლებთ აპლიკაციებს, სოციალურ მედიას, გვერდებს, რომლებსაც ათვალიერებს ინტერნეტში.

* ჩამოწერეთ ნებადართული აპლიკაციები  და საიტები. მოარიდეთ ძალადობის შემცველ კონტენტს 8 წლამდე და ახალ ამბებს უფროსების მეთვალყურეობის (ერთად ნახვისა და მსჯელობის) გარეშე დაახლოებით 11 წლამდე.

* ზრდისა და წესების დაცვის შესაბამისად მონიტორინგი თანდათან შეამცირეთ.

* იცოდეთ სოციალურ ქსელში მისი გვერდისა და ელექტრონული ფოსტის პაროლები.

* მოსთხოვეთ, არ დაწერონ,  არ გამოაქვეყნონ და არ გააზიარონ, რის თქვენთვის ჩვენებასაც არ ისურვებდნენ.

* წესების დარღვევისთვის განსაზღვრული ხნით ჩამოართვით მობილური და შეუზღუდეთ ინტერნეტზე წვდომა.

* დაჰპირდით, რომ არ დასჯით, თუ გულახდილად მოგიყვებიან კიბერბულინგის ან სხვების მიერ გამოგზავნილი არასათანადო კონტენტის შესახებ – მთავარი მიზეზი, რის გამოც ბავშვები მშობლებს არ უყვებიან სახიფათო მოვლენების შესახებ, ტელეფონის/ინტერნეტის ჩამორთმევის შიშია.

* მისთვის საჭირო პროგრამები თავად გადმოიწერეთ თქვენი საიდუმლო პაროლით, რათა მათი შემოწმება შეგეძლოთ – ყალბი პროგრამა შესაძლოა უწყინარი ჩანდეს, სინამდვილეში კი სახიფათო კონტენტზე ჰქონდეს წვდომა.

დაბოლოს, ბევრ მშობელს აინტერესებს, მეტისმეტად ხშირად იყენებს თუ არა მათი შვილი ტელეფონებს. ქვემოთ მოცემულია გადაჭარბებული მოხმარების ნიშნები კითხვების სახით, რომლებიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ:

* ხელს უშლის თუ არა ტელეფონის გამოყენება ბავშვს სოციალური უნარების განვითარებაში? ფიზიკურ აქტივობაში?

* ხელს უშლის თუ არა საშინაო დავალების ან სხვა სამუშაოს შესრულებაში?

* თქვენთან საუბრის დროსაც კი ტელეფონს დაჰყურებს?

* ხშირად ხედავთ თუ არა ბავშვს ტელეფონში თავჩარგულს, როცა, წესით, სხვა რამეს უნდა აკეთებდეს?

* ტელეფონის გამოყენების შემდეგ ხომ არ ჩანს აღელვებული ან დათრგუნული? ხომ არ ბრაზობს, როცა მისი გამოყენება არ შეუძლია? ეს უკანასკნელი მიჯაჭვულობის სავარაუდო ნიშანია.

თუ რომელიმე კითხვაზე დადებითად უპასუხეთ ან სხვა რამე გაღელვებთ, დროა, შეაფასოთ კონტენტი ან შეზღუდოთ ინტერნეტზე წვდომა.

სამწუხაროდ, არ შეგვიძლია, შვილს გამუდმებით ვადევნოთ თვალყური, მაგრამ არსებობს პროგრამები, რომლებიც ამაში დაგვეხმარება – Forcefield, My Mobile Watchdog და სხვა.

გახხოვდეთ: შვილების ცხოვრებაში მათივე უსაფრთხოებისთვის ვერევით. ნუ შეგაშინებთ მათი მოსალოდნელი რისხვა – ეს ნიშანია იმისა, რომ მათზე ჯანსაღი ზემოქმედების შესაძლებლობა დაკარგეთ. ისინი დააფასებენ თქვენს ძალისხმევას, როცა გაიზრდებიან და მიხვდებიან, რომ ზრუნავდით მათზე და ცდილობდით იმის კეთებას, რაც მათთვის უმჯობესი იქნებოდა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათთან ერთად ხალისით აზიარებთ ხოლმე პოზიტიურ ინფორმაციას.

 

წყარო: https://www.psychologytoday.com/blog/warning-signs-parents/201703/kids-using-smartphones

ამბავი მამალზე, რომელსაც ყიყლიყოს თქმა სურდა, მაგრამ ხმა არ ყოფნიდა…

0

სასტუმროს გვერდით კერძო სახლებია, პატარა ბაღები აქვთ, ბევრი ყვავილით. ხეებიც ბლომად უდგათ. საერთოდ, ესქიშეჰირი მწვანე ქალაქია. სახელი, ძველ ქალაქს ნიშნავს. ჰოდა, ეტყობა ძველი დროიდან მოყოლებული ჟანგბადის ფასი იციან. ერთ ეზოში პატარა მამალი ცხოვრობს, დილაობით მთელი გულით სურს „ყიყლიყოს“ თქმა, მაგრამ… ხმა არ ყოფნის. იფხრიწება, ისე ინდომებს, მაგრამ საქმეში ხარ… სასაცილო ბგერების გარდა არაფერი ამოსდის.  თუმცა, არ ეპუება და მცდელობას ყოველ დილით იმეორებს.

აივნიდან ესქიშეჰირის „შატოს“ ლურჯი კოშკურები მოჩანს. ეს ქალაქის სავიზიტო ბარათია და საზოვა პარკში მდებარეობს. აი, შედიხარ და გრძნობ, რომ ზღაპარში მოხვდი.   უამრავი სტუმარია- დიდები, პატარები, ადგილობრივები და უცხოელები, ყველანი აქ არიან. „შატომდე“ მისასვლელი გზა „ფათერაკებითაა“ სავსე, ჯერ მოლა ნასრედინს უნდა ჩაუარო, წინ დიდი ქვაბი უდგას და შიგ ტყუილ-მართალს ხარშავს. შემდეგი გაჩერება ოჩოფეხებზე შემდგარი სახლია. მეორე სართულზე რაღაც დაკლაკნილი კიბით უნდა ახვიდე და მიუხედავად იმისა, რომ ასასვლელად ბავშვების რიგი დგას, მეც სიამოვნებით ვუერთდები მათ. უკაცრავად, მაგრამ ასეთ ზღაპრულ ადგილას სერიოზულობა გარეთ, შემოსასვლელ ჭიშკართან  დავტოვე და ახლა მეც ამ ბავშვებივით გულიანად ვხალისობ.

მოპირდაპირე მხარეს, მეკობრეების იალქნიანი გემია. ხისგანაა დამზადებული და ჭრაჭუნობს. საჭე სწორედ „შენ“, დამთვალიერებელს, გელოდება და რომ არ დაატრიალო, მეკობრეებს გაანაწყენებ.

„შატოს“ გარშემო რაღაცნაირი ლურჯი ფერის წყლიანი თხრილია და შიგნით ნიანგი დაცურავს. ცოცხალი არ არის, მექანიკურია, მაგრამ ცოცხალივით დაპარტყუნობს წყალში. წყლიან თხრილთან წარწერაა-არ იბანაოთო. არა, რატომ უნდა მოგინდეს შიგ ჩახტომა და ბანაობა, მაგრამ, რადგან საგანგებოდ გვაფრთხილებენ, ეტყობა ოდესღაც ვიღაც მაინც გადახტა და გაცურვა სცადა.

„შატო“ უზარმაზარია, ზედა სართულებზე რა ხდება, ვერ გეტყვით, არავის უშვებენ. პირველი სართულის დარბაზებში კი უბრალოდ ზღაპრის გმირების ქანდაკებებია. ზოგი ვიცანი, ზოგიც ვერ, თურქული ზღაპრების გმირები იქნებიან უეჭველი.

გახსოვთ, ზემოთ მამალზე დავწერე. ყოველ დილით „ყიყლიყოს“ თქმას ცდილობს. საგანგებოდ ემზადება, ფრთებს აფართხუნებს, კისერს იგრძელებს და…უჰ, კვლავ არაფერი გამოსდის.

პირდაპირ მისაბაძი საქციელია, არ გამოგდის რაღაც, მაგრამ ცდილობ და ცდილობ… ჰოდა, ერთ დღესაც, დარწმუნებული ვარ, იმ უბანს მშვენიერ „ყიყლიყოს“ დასძახებს.

მამალს ისლამური ალქიმიური ხელნაწერების ფურცლებზეც შეხვდებით. რას მიანიშნებს, ამაზე განსხვავებული ვერსიებია. თუმცა, ყველაზე გავრცელებული აზრით, მამალი რაღაც ახლის დასაწყისს ნიშნავს.

თუ მამლაყინწა წყალს მიირთმევს, მაშინ ასეთ ხელნაწერში საუბარი, სწორედ წყალზეა, რადგან წყალი სიცოცხლის საწყისი გახლავთ.

„წყალი სიცოცხლის საწყისი“-სწორედ ასეთი სახელწოდებით სტამბულში ერთ-ერთი სამეცნიერო ფონდის მიერ საზაფხულო სკოლაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა , სადაც მეცნიერები რვა სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ მიწვეულნი. მონაწილეობის და პრეზენტაციის პატივი მეც მხვდა წილად. სასაუბრო თემა, რა თქმა უნდა, წყალი იყო. წყალი ყველა მიმართულებით, დაწყებული ალ-ჯაზარის ოთხმოცი შადრევნით და დამთავრებული უძველესი აქვადუქებით.

აქვადუქზე გამახსენდა. სტამბულიდან ორი საათის სავალზე უძველესი და უზარმაზარი აქვადუქია. მის სანახავად ავტობუსით წავედით. ჩვენი გეგმით, რაღაც სპეციალური გზით, ზედ აქვადუქის თავზე უნდა მოვქცეულიყავით. თუმცა, გზა დაკეტილი აღმოჩნდა და ორი კილომეტრი ფეხით ტყე-ტყე მოგვიწია სიარულმა. ტყეში ვიღაცები  პიკნიკისთვის იყვნენ გასული და აქვადუქისკენ მწყობრი ნაბიჯებით მიმავალი უცხოელების ჯგუფს როგორც კი  მოკრეს თვალი, ხუმრობით  თუ შესაშინებლად ჰაერში სროლა ატეხეს. თავად თქვეს შემდეგ, ვიხუმრეთო, თორემ ჩვენ სახუმაროდ სულაც არ გვქონია საქმე.  ასე იყო თუ ისე, „ხუმარა“ მოპიკნიკეებს და ტყეს მშვიდობიანად დავაღწიეთ თავი და აქვადუქსაც დავხედეთ. მისი მონახულების შემდეგ კი, კვლავ სალექციო ოთახს მივაშურეთ, წყალზე საუბრის გასაგრძელებლად.

El Kanun Fit-Tibb (Canon Medicinae) ისლამური მეცნიერების ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ხუთ ტომეულია და ექვსი თავისგან შემდგარი  მეორე ტომი მედიცინაზეა. იბნ სინას დაწერილია, რომელიც 980-1037 ჩვ.წ. ცხოვრობდა. ეს წიგნი ევროპაში სამედიცინო საქმის სწავლებაში, მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულამდე,  ერთ-ერთ მთავარ წყაროდ გამოიყენებოდა.

ავიცენა, იგივე იბნ სინა, წყალს ორ კატეგორიად ყოფს. პირველი მათგანი „კარგი წყალია“ და ის აუცილებლად სუფთა უნდა იყოს, სასმელად ვარგოდეს და ადვილად შეითვისებოდეს ორგანიზმის მიერ. სხვათა შორის, იქვე წერს, გაზიანი არ უნდა იყოსო, ანუ ჯანმრთელობისთვის გაზიან წყალს სასარგებლოდ არ მიიჩნევს და მინდა გითხრათ, სწორადაც იქცევა.

წყლის სმა, რომ აუცილებელია, ავიცენამ იცის და გვეუბნება: თუ გსურთ თავი აარიდოთ ავადმყოფობას, თქვენი კუჭი სამ ნაწილად დაყავით. ერთი ნაწილი საკვებისთვის შეინახეთ, მეორე სუნთქვისთვის დაიტოვეთ (ანუ, იმდენი ჭამეთ, რომ მერე სუნთქვა შეგეძლოთო), ბოლო მესამე ნაწილი კი წყლისთვის არის, რადგან დღის განმავლობაში, წყალი იმდენი გჭირდებათ, რამდენსაც ორგანიზმი მოგთხოვთო.

თანამედროვე მედიცინამ უკვე დაადგინა, რომ წყლის დღიური აუცილებელი ნორმა ორი ლიტრია, ზოგჯერ სამიც, მაგრამ ორზე ნაკლები არ უნდა მიირთვათ.

„ცუდი წყალი“ შეიცავს მინარევებს, არ არის სუფთა, ძალიან ხისტია და სასმელად არ გამოდგება.

ავიცენას მიხედვით, გამოხდილი წყალი კარგია ჭრილობების მოსაბანად. თანამედროვეობაში ჭრილობების მოსაბანად წყალბადის პეროქსიდს ვიყენებთ, რომელიც ჭრილობაზევე იშლება წყლის და ჟანგბადის გამოყოფით.

ცხელი წყალი თავის ტკივილს იწვევს, მაგრამ კარგია ყელის ტკივილის დროს.

ალუმინის შემცველი წყალი ამოსახველებლად ყოფილა კარგი. ეს წყალი მინერალური წყლის მსგავსია, თიხა მიწებიდან მოიპოვება და ალუმინის სილიკატს შეიცავს. ზოგიერთ სინჯში მისი შემცველობა 75%-საც აღწევს.

ცივი წყლის გადავლება    სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, კარგია დაჟეჟილზე ან ჭრილობაზე დასაფენად.  აძლიერებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედებას. ამ უკანასკნელში ავიცენა რას გულისხმობს, ვერ გეტყვით. ცივი წყალი ორგანიზმის მიერ ცუდად შეითვისება და დამატებით ენერგიას ვხარჯავთ მის გასათბობად. იქვე წერს, რომ წყალი შიმშილის გრძნობას ანელებს და ეს სრული სიმართლეა. თუ გვშია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო საკვების მიღება არ შეგვიძლია, ორი ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი სრულიად საკმარისია შიმშილის გრძნობის მოსაკლავად. საქმე იმაშია, რომ ადამიანის თავის ტვინში წყურვილის და შიმშილის ცენტრები ერთმანეთის გვერდითაა და წყლის დალევა შიმშილის ცენტრსაც „ატყუებს“.  ოღონდ, მხოლოდ ორი საათით, შემდეგ შიმშილი კვლავ თავს შეგვახსენებს. წყალს იმაშიც იყენებენ, რომ საკვები უფრო ნაკლები მივირთვათ. თუ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ერთ ჭიქა წყალს დავლევთ, მაშინ გამოყოფილი კუჭის წვენი განზავდება და დანაყრების გრძნობას უფრო მალე ვიგრძნობთ.

ზღვის წყალს ავიცენა  შუა ყურის ანთების  და  ადისონის დაავადებისას იყენებდა. ამ უკანასკნელის დროს თირკმელზედა ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობის ჰორმონ კორტიზოლს. ასეთი პათოლოგიური მდგომარეობა პირველად 1855 წელს აღწერა ბრიტანელმა თერაპევტმა თომას ადისონმა. ავიცენამ, რა თქმა უნდა, ადისონის შესახებ არც არაფერი იცოდა, მაგრამ სამაგიეროდ, როგორც ჩანს, დაავადების სიმპტომებს იცნობდა. ერთ-ერთი ადრეული სიმპტომი ღრძილების გაშავება და იასამნისფერში გადასვლაა. შემდეგ და შემდეგ სურათი მძიმდება და აქ მათი აღწერით თქვენც არ დაგამძიმებთ. ფონს ცხელება და მაღალი სიცხეები ახლავს თან და სავარაუდოდ ავიცენა, სწორედ ზღვის ცივი წყლის კომპრესებს იყენებდა მის დასაგდებად.

წყლის გაწმენდაზეც თავისებური წარმოდგენა ჰქონდა. მაგალითად, ნავთობით ან ცხიმით დაბინძურებული წყლის გასაწმენდად კარგი იყო რძე, ღვინო, სახამებელი და კიტრი. ხისტი წყლის დასარბილებლად ნიორს და ძმარს გვთავაზობდა.

სუფთა წყალზე მარტო ავიცენა როდი ფიქრობდა. მეფე ვახტანგ მეექვსე წიგნში „ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა“ წერდა, რომ წყლის გაწმენდა სავარაუდოდ ჭაობის მცენარეებით იქნებოდა შესაძლებელი. ესპანეთის მეფე ფილიპე მეორე კი გამოხდილ წყალში ვარდის ფურცლებს ათავსებდა და ისე სვამდა. მოგვიანებით, თავის სამეფო კარზე მიწვეული ალქიმიკოსების მეშვეობით, ერთი საუკუნით ადრე მცხოვრები, თავისი თანამემამულის რაიმონდ ლულის მიერ დაწერილი წყლის გამოხდის მეთოდიკა გაშიფრა და სწორედ მისებურად დაიწყო დისტილირებული წყლის დამზადება.

„შატოდან“ გამოსვლის დროა. გზა ზუსტად იგივეა, გადმოვდივარ თხრილზე, სადაც მექანიკური ნიანგი დაცურავს. ჩავუვლი მეკობრეების გემს, შემდეგ ოჩოფეხებიან სახლს და გამოსასვლელი ხეივნისკენ გავუხვევ. იქ დიდ ჭიშკართან ჩემი სერიოზულობა მაქვს დატოვებული (გახსოვთ ხომ, „შატოში“ არ მჭირდებოდა), ავიღებ და გზას განვაგრძობ, საქმეები მაქვს.

 

 

 

 

 აზიის ვეფხვების ლიდერი  –  სამხრეთი კორეა

0

„ოთხი აზიური ვეფხვი“ ან „აზიური დრაკონები“  ტერმინია, რომელიც სამხრეთ კორეის, სინგაპურის, ჰონგ-კონგის და ტაივანის მაღალგანვითარებული ეკონომიკის აღსანიშნავად გამოიყენება. ეს ქვეყნები გამორჩეულნი არიან განსაკუთრებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპით (წელიწადში 7%-ზე მეტი) და 1960 – 1990 წლებში სწრაფი ინდუსტრიალიზაციით.  XXI საუკუნეში მათ უკვე შექმნეს განვითარებული და მაღალი შემოსავლების მქონე ეკონომიკა, რომლებიც სპეციალიზდებიან სხვადასხვა კონკურენტულ სფეროში. მაგალითად: ჰონგ-კონგი და სინგაპური გახდნენ მსოფლიოს წამყვანი სავაჭრო ცენტრები, ხოლო სამხრეთ კორეა და ტაივანი დაწინაურდნენ საინფორმაციო ტექნოლოგიების წარმოებაში. მათი ეკონომიკური წარმატება გახდა მრავალი განვითარებადი ქვეყნების მისაბაძი მოდელი. მათი ერთ-ერთი წარმატების მიზეზი იყო ინდუსტრიული პოლიტიკა, რომელიც მხარს უჭერდა ექსპორტს განვითარებულ ქვეყნებში. ისინი ასევე გამოირჩევიან ბიზნესის კეთების სიმარტივით. მათი სხვა საერთო ნიშნებია: სახელმწიფოს მიერ დიდი ინვესტიციები განათლებაში, ნაკლებად დემოკრატიული და შედარებით ავტორიტარული პოლიტიკური სისტემა.

სამხრეთი კორეა, ოფიციალურად კორეის რესპუბლიკა უპირობო ლიდერია, როგორც   „აზიის ვეფხვების“ ქვეყნებს, ასევე ზოგადად, ე.წ. ახალ ინდუსტრიულ ქვეყნებს  შორისაც. კორეა აღმოსავლეთ აზიაში, კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. სახელი კორეა მომდინარეობს კორიოს სამეფოდან. ქვეყანას გააჩნია სახმელეთო ასტრონომიული საზღვარი ჩრდილოეთ კორეასთან (ჩრდილოეთით, გადის 38-ე პარალელზე) და საზღვაო საზღვრები იაპონიასა (აღმოსავლეთით) და ჩინეთთან (დასავლეთით). მეტად საინტერესოა ის ფაქტი, რომ კორეასა და იაპონიას შორის მდებარე იაპონიის ზღვას სამხრეთ კორეაში აღმოსავლეთის ზღვად მოიხსენიებენ.  კორეის მხარის განცხადებით სახელი „იაპონიის ზღვა“ მსოფლიო საზოგადოებას თავს იაპონიის იმპერიამ მოახვია. 1910-1945 წლებში კორეაში ადგილი ჰქონდა იაპონიის ინტერვენციას. ამიტომ კორეის მთავრობის პოზიცია ზღვის სახელწოდებასთან დაკავშირებით არ იქნა გათვალისწინებული, როცა 1929 წელს საერთაშორისო ჰიდროგრაფიულმა საზოგადოებამ (IHO) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ოკეანეებისა და ზღვების საზღვრები“. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ  სახელწოდება „აღმოსავლეთის ზღვა“ დაახლოებით 2000 წელს ითვლის და ბევრ ძველ რუკაზე გვხდება. მაგ; მარკო პოლოს მოგზაურობის რუკაზე, ვახუშტი ბატონიშვილის მიერ თარგმნილ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე და სხვ. ამჟამად, ეს საკითხი კვლავ  განხილვის საკითხია: 2017 წლის აპრილში მონაკოში, აღნიშნული ორგანიზაციის შტაბბინაში მოეწყო შეხვედრა, სადაც მხარეებს 3 წელი მისცეს შესათანხმებლად. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოცემულ რუკებსა და გლობუსებზე, ასევე; Googl Maps-ის, Bing. Maps-is, National Geographic-ის ციფრულ რუკებზე, ორივე სახელწოდებაა დატანილი.

 

ეკონომიკური წინსვლა პირდაპირპროპორციულად მოქმედებს ქვეყანის განვითარებასა და მის საერთაშორისო სისტემაში ჩაბმის სიჯანსაღეზე. მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო ეკონომიკური წინსვლა სამხრეთ კორეას ახასიათებს. ინდუსტრია არ არის ერთადერთი სფერო, რომელიც სამხერთ კორეამ, როგორც ინდუსტრიულმა ქვეყნამ ფაქტობრივად რამდენიმე ათეულ წელიწადში განავითარა. მათი წარმატება თვალსაჩინოა – ბიოტექნოლოგიაში, ზეგამტარობის სფეროში, ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებაში და სხვა. ქვეყანამ განავითარა მძიმე მანქანათმშენებლობა, მათ შორის გემთმშენებლობა. მსოფლიოში წამყვანი პოზიციები უკავია „SAMSUNG“ -ს, „DEU ELECTRONIC“-ს, „HYUNDAI“-სა და “KIA MOTORS“-ს.

 

სამხრეთ კორეა 2016  წლის მონაცემებით, მსოფლიო ქვეყნების დემოკრატიის ინდექსის მიხედვით სრული დემოკრატიის მქონე ქვეყანათა რიცხვში მოხვდა და ის უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა იაპონია, საფრანგეთი, იტალია. ინდექსი შემდეგი ხუთი მონაცემის საშუალებით ადგენს დემოკრატიის ხარისხს: პოლიტიკური აქტივობა და პოლიტიკური კულტურა, საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, სამოქალაქო უფლებები,  მთავრობის ფუნქციონირება. ექსპერტები  იმასაც აღნიშნავენ, რომ რამდენიმე ათეულ წელში სამხრეთ კორეამ, როგორც ერთ–ერთმა უღარიბესმა ქვეყანამ ასეთ წარმატებას, არა  მხოლოდ ეკონომიკური, არამედ დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისითაც მიაღწია.  სამხრეთი კორეა ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით აღმოსავლეთი აზიის ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. მისი მოქალაქეები სარგებლობენ ცხოვრების ძალიან მაღალი ხარისხით, გააჩნიათ აზიის რეგიონში  უმაღლესი ინდივიდუალური შემოსავალი და საშუალო ხელფასი;  ასევე, მსოფლიოში  მერვე ადგილზეა ოჯახური შემოსავალის მხრივ.  ქვეყანა, მსოფლიო მასშტაბით, ჯანდაცვის ხარისხისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვითაც  წამყვან ქვეყნებს შორისაა.

კორეა ასევე, ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა განათლების თვალსაზრისით, თუმცა  უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის სიმკაცრემ საერთაშორისო კრიტიკა გამოიწვია. 1945 წლისთვის იაპონიის ოკუპაციისგან გათავისუფლებული კორეაში ეშპ-ის სტრუქტურაში მრეწველობაზე 15%, ხოლო სოფლის მეურნეობაზე 40% მოდიოდა, მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა წერა-კითხვა არ იცოდა,  რეფორმები კი ქვეყანაში ინდუსტრიალიზაციით დაიწყო და მთავარ პრიორიტეტად განათლება გამოცხადდა. სამხრეთ კორეის ეროვნულმა საგანმანათლებლო პროგრამამ უკანასკნელ წლებში უდიდეს წარმატებას მიაღწია, რაც სახელმწიფოს მიერ ფინანსების მობილიზების წყალობით მოხდა. სტატისტიკა და ციფრები ნათლად აჩვენებს განვითარების იმ გზას, რაც საგანმანათლებლო რეფორმამ გაიარა ამ ქვეყანაში: თუ 1945 წლისთვის წერა-კითხვის მცოდნე მოსახლეობის 22% იყო, 1970 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 87,6%-ს მიაღწია, ხოლო 80-იანი წლების ბოლოსთვის – 93%-ს. განათლებაში ჩადებული კაპიტალი ქვეყანას ბუმერანგივით დაუბრუნდა.  ქვეყანაში დროთა განმავლობაში განვითარდა მძიმე მრეწველობა, მანქანათმშენებლობა და მეტალურგია. ინფრასტრუქტურის განვითარებამ ბიძგი მისცა მსხვილი პროექტების განხორციელებას ნავთობგადამუშავებასა და ნავთობქიმიაში.

ქვეყნის 51-მილიონიანი მოსახლების დაახლოებით ნახევარი  სეულის დედაქალაქის რეგიონში ცხოვრობს, რომელიც სიდიდით მეოთხეა მსოფლიოში თავისი 25-მილიონიანი მოსახლეობით და Arcadis NV-ის მიერ შეფასებულია, როგორც აზიის მეორე ყველაზე ხელსაყრელი ქალაქი ცხოვრების ხარისხის მიხედვით. სეულმა  1986 წელს აზიურ თამაშებს, 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, 2002 წლის ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატს, Miss Universe 1980-ს, ასევე 2010 წლის  G-20 -ის სამიტს უმასპინძლა. იუნესკოს მიერ ქალაქი 2010 წლის მსოფლიო დიზაინის დედაქალაქად დასახელდა.

ბუნება კორეელებისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, სწორედ ამიტომ, სამხრეთ კორეაში უამრავი ნაციონალური პარკია თავისი ფანტასტიკური ბუნებით, ისტორიული ტაძრებითა და რელიქვიებით.

სორაქსანის ეროვნულ პარკში შესვლა 3 500 სამხრეთ კორეული ვონა, ანუ 3 დოლარი ღირს, ბილეთებიდან შემოსული თანხა კი სრულად ირიცხება გარემოს დაცვის ფონდში. აქვეა სინჰინგსის ბუდისტური ტაძარიც, რომელიც 652 წელს აშენდა და ერთ-ერთი უძველესია აზიაში. ტაძრის შესასვლელთან მოგზაურებს დიდი ბუდას 19-მეტრიანი ბრინჯაოს მოოქროვილი სტატუა ხვდება, რომლის ჩამოსხმაზეც კორეას მთელი მოსახლეობა აგროვებდა თანხას.

ოდესანის ეროვნული პარკი ორ ზონად იყოფა – მე-7 საუკუნის სამონასტრო ზონა, სადაც უამრავი ისტორიული ძეგლია თავმოყრილი და მდინარე სოგიმგანგის ზონა თავისი ველებით, უცნაური ფორმის უზარმაზარი ქვებითა და კლდეებით. პარკის მთავარ ღირსშესანიშნაობებს შორისაა ოქტაგონის მიერ აგებული ცხრაიარუსიანი პაგოდა, სანვონსის ტაძარი 725 წელს ჩამოსხმული ბრინჯაოს ზარით და ბუდას ქვის ფიგურა.

კაიასანის ეროვნულ პარკში, ჰეინსის მონასტერში ქვეყნის მთავარი საგანძური – მე-13 საუკუნის ხის ფირფიტებზე შესრულებული ბუდისტური ტექსტების კრებული – ტრიპიტაკა კორეანა ინახება. 1980-იან წლებში კორეას კულტურის სამინისტრომ სპეციალური მიწისქვეშა საცავი ააგო, სადაც რელიკვიის დასაცავად საჭირო ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა იყო დაცული. თუმცა, საცავში გადატანილი საცდელი პარტია სწრაფად დაზიანდა და ეროვნული საგანძური ისევ ძველ ადგილს დაუბრუნდა. ტაძართან ახლოს ნებისმიერ მსურველს სულ რაღაც 9 დოლარად შეუძლია შეიძინოს უძველესი ტექსტის ანაბეჭდი სპეციალურ ბრინჯის ქაღალდზე.

პუკჰანსანის ეროვნულ პარკს, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში „ყველაზე პოპულარული და ხშირად მონახულებადი პარკის” სტატუსით შევიდა, ყოველწლიურად 5 მლნ-მდე დამთვალიერებელი სტუმრობს, რაც პირველ რიგში მისი მდებარეობის დამსახურებაა – პარკი სეულის საზღვრებშია მოქცეული და ერთ-ერთი მეტროსადგური პირდაპირ პარკშია მოწყობილი. პუკჰანსანის მთავარ ღირსშესანიშნაობას ბუდისტური ტაძარი ტოსონსა წარმოადგენს, რომლის სტუმართმოყვარე ბერები ყოველთვის დიდი სიამოვნებით უმასპინძლდებიან დამსვენებლებს ბრინჯისა და თხილის ღვეზელით.

ჩედჟუს კუნძულზე მოწყობილ ჰალასანის ეროვნულ პარკამდე მიღწევა  ჯიმპოს აეროპორტიდან შიდა რეისით შეიძლება. ჰალასანი ერთადერთი ნაკრძალია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მოხვდა. პარკმა ჩამქრალი ვულკანის – ჰალასანის პატივსაცემად მიიღო სახელი, რომლის სიმაღლე 1950 მეტრს აღწევს და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წერტილია. პარკის ტერიტორიაზე რვა სპეციალური ბილიკია მოწყობილი, რომლის მარშრუტი მანდარინის ხეივნებისა და უზარმაზარი მინდვრების გავლით მთის წვერზე სრულდება. ვულკანის კრატერში კი, პატარა მდინარე პენაქტომია, რომელსაც საოცრად ლამაზი, მუქი ლურჯი ფერი აქვს.

 

 

პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი დაწყებით კლასებში

0

წინამდებარე სტატიაში  ვისაუბრებ პრობლემაზე ორიენტირებულ გაკვეთილზე – როგორ შეიძლება დავგეგმოთ და ჩავატაროთ ასეთი ტიპის გაკვეთილი. ასევე, კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილის გეგმის ნიმუშსა და რეფლექსიას, რომლებიც რესურსის სახით შეიძლება გამოიყენონ მასწავლებლებმა. აღვნიშნავ, ასევე, რომ პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი ჩავატარე ისეთი ინტერაქტიული მეთოდით, როგორიცაა „მორფოლოგიური ყუთი“.

  1. რა არის პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი?

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის თანახმად, ერთ-ერთ აქტივობად განსაზღვრულია სამოდელო გაკვეთილების ჩატარება. მსგავს სამოდელო გაკვეთილად კი მიიჩნევა პრობლემაზე ორიენტირებული ტიპის გაკვეთილი, რომლის იდეაც უნდა გამომდინარეობდეს ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტიდან და ხელს უნდა უწყობდეს მასში დასახული შედეგების მიღწევას. პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების გამოყენება შესაძლებელია როგორც მაღალ, ისე დაწყებით კლასებშიც, თუმცა ამ უკანასკნელში აუცილებელია ადეკვატური მოდელის შერჩევა. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეს ასწავლის პრობლემის იდენტიფიცირებას, ცოდნის სისტემატიზაციის საფუძველზე მისი გადაჭრის გზების ძიებასა და მიღებული გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისთვის აუცილებელია, რომ სწავლება ეყრდნობოდეს ღიად დასმულ პრობლემურ შეკითხვებს. ამასთან ერთად საჭიროა:

  • პრობლემური ამოცანა ერთგვარი გამოწვევა იყოს მოსწავლეებისთვის;
  • პრობლემური ამოცანა იყოს მამოტივირებელი, ინტერესის გამომწვევი;
  • პრობლემის გადასაჭრელად მოსწავლეს დასჭირდეს ახალი გზების (ვარიანტების) მოძიება.
  • პრობლემური სიტუაცია არ იყოს იმდენად რთული, რომ მოსწავლეებს უკარგავდეს მისი გადაჭრის სურვილს და არც ზედმეტად მარტივი;
  • ფოკუსირებული იყოს ერთ საკითხზე;
  • პრობლემა შეესაბამებოდეს რეალობას და იძლეოდეს ცოდნისა და გამოცდილების ინტეგრირების საშუალებას;
  • პრობლემის შინაარსი უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლის გამოცდილებასა და ასაკით განპირობებულ კოგნიტურ შესაძლებლობებს.

პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების პრინციპები შევუსაბამე „მორფოლოგიური ყუთის“  მუშაობის პრინციპებს. მით უმეტეს, რომ ეს უკანასკნელი პრობლემის გადასაჭრელად განსხვავებული ვარიანტების შედგენას გულისხმობს.

  1. მეთოდის „მორფოლოგიური ყუთის“ თეორიული მიმოხილვა

აღნიშნული მეთოდის მუშაობის ძირითადი პრინციპია პრობლემის ცალკეულ კომპონენტებად, ანუ ქვეპრობლემებად დანაწევრება და თითოეული კომპონენტისათვის რაც შეიძლება მეტი ლოგიკურად შესაძლო გადაჭრის გზის პოვნა, ბოლოს კი ცალკეული გადაწყვეტილებების მრავალნაირი კომბინაციით ერთიანი პრობლემის გადაჭრის რამდენიმე ალტერნატიული შესაძლებლობების მიღება.

მეთოდით მუშაობა მიმდინარეობს შემდეგნაირად:

  • პრობლემის განსაზღვრა – მასწავლებელი ფორმულირებას უკეთებს პრობლემას, რომელიც გაკვეთილზე უნდა გადაიჭრას და აცნობს მოსწავლეებს. დაფაზე ხატავს ცხრილს რამდენიმე სვეტითა და სტრიქონით ანუ „მორფოლოგიურ მატრიცას“.
  • პრობლემის დანაწევრება ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ პარამეტრებად – ანალიზდება პრობლემა და რამდენიმე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ქვეპრობლემებად ნაწევრდება. მოძიებული პარამეტრები აღინიშნება მატრიცის მარცხენა ვერტიკალურ სვეტში.
  • ცალკეული ქვეპრობლემების გადაჭრის ვარიანტების განსაზღვრა – ჩამოყალიბდება რაც შეიძლება მეტი ალტერნატიული გზა და შესაბამისი პარამეტრების გასწვრივ ცხრილის ჰორიზონტალურ სვეტებში ჩაიწერება.
  • ახალი კომბინაციების პოვნა – ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი პარამეტრები პრობლემის გადაჭრის ვარიანტებს დაუკავშირდება და შეიქმნება პრობლემის გადაჭრის საერთო სურათი. ცხრილში ისრებით ერთმანეთს დაუკავშირდება ყველა შესაძლო კომბინაცია.
  • ალტერნატიული კომბინაციების შეფასება – გადამოწმდება შესაბამისობის, ხელსაყრელობის, ტექნიკური განხორციელებადობის თვალსაზრისით.

აღნიშნული მეთოდით მუშაობა მარტივია. თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი:

პრობლემა:  (მოსწავლეები გეგმავენ სასწავლო ექსკურსიაზე წასვლას და გადასაწყვეტი აქვთ რამდენიმე საკითხი)

პარამეტრები პირველი ვარიანტი მეორე ვარიანტი მესამე  ვარიანტი მეოთხე ვარიანტი

 

ტრანსპორტი

 

ფეხით ტაქსით

 

ერთ-ერთი მშობლის მანქანით

 

სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებით
რა დროს შეიძლება წასვლა

 

გაკვეთილების შემდეგ შაბათს კვირას საგაკვეთილო დროს
კვება

 

თან წაიღებენ საჭმელს გზაში შეიძენენ ადგილზე შეიძენენ

 

ისადილებენ მოსწავლის ნათესავთან, რომელიც იქვე ახლოს ცხოვრობს

 

ვინ იქნება ხელმძღვანელი (ვის წაიყოლებენ) რომელიმე საგნის მასწავლებელი ერთ-ერთი მშობელი დამრიგებელი უფროსი კლასის მოსწავლე

 

 

  1. წარმოგიდგენთ ჩემს გაკვეთილის გეგმას:

 

კლასი/კლასები I-III  კლასი (კლასკომპლექტი)

 

გაკვეთილის თემა კლასი 1 – ექიმი და წამლები

კლასი 3 – გაციება და გრიპი

 

კლასის დახასიათება კლასში 5 მოსწავლეა და კლასკომპლექტია. შესაბამისად, გამოვიყენებ დიფერენცირებულ სწავლებას. მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა და აზრის დაფიქსირება.

 

მიზნები და მოსალოდნელი შედეგები

 

 

გაკვეთილის მიზანი:

 

კლასი 1:

·         მოსწავლეებმა შეძლონ საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება აიცილონ თავიდან გაციება და ვირუსით დაავადება და რა ჰიგიენური წესები უნდა დაიცვან.

კლასი 3:

·         მოსწავლეებმა იმსჯელონ ვირუსით დაავადებული ადამიანის პირადი პასუხისმგებლობის შესახებ გარშემომყოფთა მიმართ;

·         იმსჯელონ, თუ როგორ შეიძლება თავიანთი სწორი ქცევით თავიდან აიცილონ დაავადების საშიშროება.

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები და ინდიკატორები:

კლასი 1:

ბუნ. I.7. მოსწავლეს შეუძლია პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხო ქცევის ელემენტარული წესების დაცვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         ასახელებს პირადი ჰიგიენის ნივთებს (კბილის ჯაგრისი, პირსახოცი, ცხვირსახოცი და სხვა) და აღწერს მათ დანიშნულებასა და მოხმარებას.

 

კლასი 3:

ბუნ. III.9. მოსწავლეს შეუძლია პირადი ჰიგიენის ძირითადი  წესების დაცვა.

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         ჩამოთვლის ელემენტარულ ზომებს, რომელთა დაცვა საჭიროა გადამდები დაავადებების თავიდან ასაცილებლად.

 

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

 

 

გაკვეთილი გათვლილია 45 წუთზე და დაგეგმილია „მორფოლოგიური ყუთის“  მეთოდით:

 

გაკვეთილის პირველი ეტაპი:  15 წთ

 

პირველ ეტაპზე მოსწავლეებს განვუმარტავ გაკვეთილის მიზანს, გავაცნობ მეთოდის მიმდინარეობას და იმ წესებსაც, როგორც უნდა წარიმართოს გაკვეთილი.

გაკვეთილს ვიწყებ მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურებით და პირველივე  ეტაპზე გამოვიყენებ დიფერენცირებულ სწავლებას – კერძოდ, ორივე კლასს შევთავაზებ განსხვავებული სირთულის დავალებას.

პირველ კლასს ვთხოვ გადაშალოს სახელმძღვანელო შესაბამის მასალაზე (ბუნება, მოსწავლის წიგნი, გვ 67), სადაც ავადმყოფ ბავშვთან ექიმი იმყოფება ვიზიტზე. სურათის აღწერა და საუბარი მიმდინარეობს შემდეგი კითხვებით:

·         რა მოსვლია ბავშვს?  რატომ წევს საწოლში?

·         ვინ არის მასთან მოსული?

·         ვინ გამოიძახა (მოიწვია) ექიმი?

·         როგორ ფიქრობთ, რას გააკეთებს ექიმი?

·         როგორი ფორმის წამლები შეიძლება გამოწეროს ექიმმა?

 

მესამე კლასს კი ვთავაზობ განსხვავებულ ფოტოს, სადაც ჩანს როგორ ესაუბრება ავადმყოფი ბავშვი ჯანმრთელ ბავშვს და იქმნება ვირუსის გადადების საფრთხე. მოსწავლე იმსჯელებს რამდენად იცავენ ბავშვები პირადი ჰიგიენის წესებს.

 

ასევე, მოსწავლეებს ვაჩვენებ ნაწყვეტს საბავშვო ავტობიოგრაფიული მულტფილმიდან „ლუი ანდერსონი“. მულტფილმში ოჯახი მიემგზავრება ავადმყოფი ბებიის სანახავად. იქ მისულები კი არ იცავენ პირადი ჰიგიენის წესებს – იყენებენ ავადმყოფის ნივთებს, არ იკეთებენ ნიღაბს, რის შედეგადაც სტუმრებიც ავად ხდებიან. (აღნიშნული ვიდეო დამუშავებულია პროგრამა “Movie Maker”-ში). მოსწავლეებს დავუსვამ კითხვას: თავად როგორ მოქცეულან როდესაც ავად გამხდარან ან ავადმყოფი მეგობრის სანახავად წასულან?

პირველივე ეტაპზე უნდა გამოვკვეთოთ პრობლემა და დავწეროთ დაფაზე. კერძოდ, რა მიზეზებმა გამოიწვია ადამიანების ავად გახდომა?

 

 

გაკვეთილის მეორე ეტაპი:  15 წთ

 

ვსვამ პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ კითხვას: თქვენი აზრით, რა გზებით იყო შესაძლებელი პრობლემის მოგვარება? ანუ რა შეიძლება გაკეთებულიყო, რომ არ დაავადებულიყვნენ? კითხვაზე პასუხის მისაღებად ორივე კლასის მოსწავლეებს ვაერთიანებ ერთ ჯგუფში და შევავსებთ ფლიფჩარტზე დახაზულ „მორფოლოგიურ მატრიცას“, რომელიც დაფაზეა გაკრული.  ჩამოიწერება იმდენი ქვეპრობლემა და მისი გადაჭრის ალტერნატიული გზა, რამდენსაც დაასახელებენ მოსწავლეები. ამ ეტაპზე მოსწავლეთა მიერ შევსებულ მატრიცაზე არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ, თუნდაც პრობლემის გადაჭრის აბსურდული გზა იყოს დასახელებული.

 

 

გაკვეთილის მესამე ეტაპი :  10 წთ

 

მთელ კლასთან ერთად ვიწყებთ მსჯელობას შემდეგი კითხვის ირგვლივ: იმისათვის რომ აგვეცილებინა ავად გახდომა, პრობლემის გადაჭრის რა გზა იქნებოდა ეფექტიანი? ან ქვეპრობლემების გადაჭრის გზების როგორი კომბინაციები იქნებოდა უფრო შედეგიანი? მოსწავლეები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი პარამეტრებით პრობლემის გადაჭრის ვარიანტებს უკავშირებენ ერთმანეთს და ხსნიან, რატომ შექმნეს ასეთი კომბინაციები. შეიქმნება გადაჭრის რამდენიმე გზა.

 

გაკვეთილის მეოთხე ეტაპი:  5  წთ

შევაჯამებთ გაკვეთილს და ერთად ვიმსჯელებთ, პრობლემის მოგვარების შერჩეული გზებიდან რომელი კომბინაცია/კომბინაციები იქნებოდა ხელსაყრელი და რეალური ვიდეოში მოცემული სიტუაციისთვის.

 

მოსალოდნელი პრობლემები და შესაძლო პრობლემის გადაჭრის გზები

 

შესაძლებელია გაკვეთილის მეორე ეტაპზე პირველ კლასს გაუჭირდეს ქვეპრობლემების გადაჭრის გზების მოფიქრება.

მასწავლებელი მათ წაახალისებს და ნიმუშის სახით რამდენიმე გზას თავად დაუსახელებს.

სასწავლო მასალა და რესურსები

 

 

სახელმძღვანელო, დიდი ფორმატის ფურცელი – ფლიფჩარტი, მარკერები, ლეპტოპი, პროექტორი; სქემა „მორფოლოგიური მატრიცა“;   საბავშვო ავტობიოგრაფიული მულტფილმი „ლუი ანდერსონი“ – იხილეთ ბმული (https://www.youtube.com/watch?v=7JTYOI3i9JA&list=PLkRMnwaRqZND8kiwHm9rLDyxGiIGneNRK&index=7)

 

შეფასება და თვითშეფასება

 

 

·         მასწავლებელი ორივე კლასის მოსწავლეებს შეაფასებს შეფასების სქემით. შეფასების საგანი იქნება გაკვეთილზე ჩართულობა.

·         მასწავლებელი, გაკვეთილის დასრულების შემდეგ, საკუთარ თავს შეაფასებს თვითშეფასების სქემით.

 

მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა:

 

კრიტერიუმები ძალიან კარგია კარგია საშუალოა საჭიროებს გაუმჯობესებას
აქტიური მონაწილეობა ყოველთვის მონაწილეობს და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას ყოველთვის მონაწილეობს ხშირად მონაწილეობს იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს
გამართული და სწორი მეტყველება გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას.

 

თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას ხშირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას არ უსმენს სხვებს და არ აცდის საუბრის დამთავრებას

 

წარმოგიდგენთ მოსწავლეთა მიერ შევსებულ „მორფოლოგიურ მატრიცას“:

ქვეპრობლემა გზა

 

II  გზა III  გზა IV  გზა
ავადმყოფთან კონტაქტი

 

 

გამოეყენებინათ ნიღაბი მოშორებით ყოფილიყვნენ ავადმყოფისგან თავი შეეკავებინათ ავადმყოფთან სტუმრობისგან ცხვირზე წაესვათ გაციების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური მალამო

 

ავადმყოფის ნივთებით სარგებლობა

 

 

საერთოდ არ შეხებოდნენ ავადმყოფის ნივთებს გამოეყენებინათ ერთჯერადი ხელთათმანები გაესტერილებინათ ის ნივთები, რომლებსაც ავადმყოფი იყენებს

 

ესარგებლათ გამოუყენებელი ნივთებით
ავადმყოფის ოთახში პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩაუტარებლობა

 

ხშირად გაენიავებინათ ოთახი სახლი დაელაგებინათ სველი წესით ავადმყოფის მიერ გამოყენებული ნივთები დროულად განეთავსებინათ სანაგვე ურნაში ხშირად დაებანათ ხელები

 

  1. გაკვეთილის რეფლექსია

I-III კლასკომპლექტში „მორფოლოგიური ყუთის“ მეთოდით ჩატარებული გაკვეთილის თემა შინაარსობრივად მსგავსი  იყო ორივე კლასისთვის. კერძოდ, პირველ კლასთან  – „ექიმი და წამლები“, მესამესთან კი – „გაციება და გრიპი“.  უნდა აღინიშნოს, რომ პირველი კლასის შესასწავლი თემა გულისხმობდა როგორც ექიმის, ასევე, ავადმყოფის მხრიდან წესების დარღვევას. კერძოდ, არც ერთს არ ეკეთა დამცავი ნიღაბი. შესაბამისად, მსჯელობა მიგვყავს იქამდე, რომ ავადმყოფის სწორი ქცევა შეზღუდავდა დაავადების გავრცელების შესაძლებლობას.

მეთოდი ტექნიკურად ადვილად განსახორციელებელი აღმოჩნდა. მაგრამ, რადგანაც ამ მეთოდით პირველად ვატარებდი გაკვეთილს, შესავალ ნაწილს შედარებით დიდი დრო დავუთმე, აუცილებელი იყო თითოეულ ეტაპზე განსახორციელებელი აქტივობების ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბება და განმარტება.

გაკვეთილი წარიმართა დაგეგმილის შესაბამისად და არ წარმოშობილა გეგმიდან გადახვევის აუცილებლობა. უნდა აღვნიშნო, რომ კლასკომპლექტის თავისებურებიდან გამომდინარე, გაკვეთილის პირველივე ეტაპზე ორივე კლასის მოსწავლეებს შევთავაზე განსხვავებული სირთულის დავალებები. აღსანიშნავია, რომ აქტივობას მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი.

„მორფოლოგიური მატრიცა“ მეტად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული გაკვეთილში. განსაკუთრებით გააქტიურდნენ პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა კომბინაციების შექმნის ეტაპზე. ცდილობდნენ დაესაბუთებინათ, რატომ მიიჩნიეს ესა თუ ის კომბინაცია უფრო ეფექტიანად სხვა კომბინაციასთან შედარებით. უსმენდნენ და ითვალისწინებდნენ ერთმანეთის პოზიციებს.

საჭიროების შემთხვევაში ვეხმარებოდი მოსწავლეებს და ვაძლევდი რეკომენდაციებს. მაგალითად, როდესაც მოსწავლემ ერთ-ერთი ქვეპრობლემის გადაჭრის გზად დაასახელა ჰაერის გაწმენდა სურნელოვანი აეროზოლის გამოყენებით, აქ საჭიროდ ჩავთვალე, მიმეცა რეკომენდაცია, რომ სურნელოვანი აეროზოლის გამოყენება არ მოსპობდა მიკრობებს და შესაძლოა მკვეთრ სუნს გამაღიზიანებლად ემოქმედა ავადმყოფზე. ამიტომ, შევთანხმდით, რომ ეს ფრაზა  ფორმულირებულიყო შემდეგნაირად: „ხშირად გაენიავებინათ ოთახი“.

იგივე მეთოდით შემდგომში I-III კლასკომპლექტთან გაკვეთილის ჩატარებისას, ვფიქრობ, გეგმაში შევცვლიდი მხოლოდ ორგანიზების ფორმას. კერძოდ, ქვეპრობლემებისა და ალტერნატიული გადაჭრის გზების დასახელების ეტაპზე გამოვიყენებ წყვილებში მუშაობას: თითოეული წყვილი იმუშავებს თითო ქვეპრობლემის გადაჭრის გზების მოფიქრებაზე და თავადვე ჩაწერს დაფაზე გამოკრულ „მორფოლოგიურ მატრიცაში“.

დასკვნის სახით აღვნიშნავ, რომ „მორფოლოგიური მატრიცა“ არის პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის ეფექტიანი სტრატეგია, რომლის გამოყენება მოსწავლეებს უმაღლებს სწავლის მოტივაციას და გვიადვილებს შედეგზე გასვლას.

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
  2. ინტერაქტიული მეთოდები პრაქტიკაში; ავტორები: სოფიკო ლობჟანიძე,მაია ფირჩხაძე, მანანა რატიანი, ნინო ლომიძე, ნინო ჭიაბრიშვილი, რუსუდან თედორაძე, მაია ჯალიაშვილი.
  3. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი. მეორე ნაწილი.

 

 

 

ნინო დათუკიშვილი

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...