სამშაბათი, ოქტომბერი 7, 2025
7 ოქტომბერი, სამშაბათი, 2025

კითხვის და მოტივაციის 13 ნაბიჯი

მოსწავლეებისთვის გაცილებით მარტივია საკლასო ოთახში, უკანა მერხებზე მოთავსდნენ, თავი ხელებში ჩარგონ და მასწავლებლებს აფიქრებინონ, თითქოს კითხულობენ. კითხვას, განსაკუთრებით – კლასგარეშე ლიტერატურისას, მოტივაცია სჭირდება. დამოუკიდებლად წაკითხვის გადაწყვეტილების მიღებასა და მოტივაციის ამაღლებაში მოსწავლეებს ოჯახის წევრებიც უნდა დაეხმარონ და სკოლაც. ამისთვის გასავლელ 13 ნაბიჯს მასწავლებლებს აქვე გაგაცნობთ:

  • გამოყავით დრო გაკვეთილებზე დამოუკიდებლად კითხვისთვის. მოსწავლეები ამას თავიანთი ნებით არ გააკეთებენ. დაეხმარეთ, 15 წუთი მაინც გამონახონ.
  • შექმენით საკლასო ოთახებში კითხვისთვის კომფორტული გარემო. ამობეჭდეთ წიგნის ყდები და კედელზე მიამაგრეთ. ეცადეთ, ინტერესი აღუძრათ მოსწავლეებს იმის მიმართ, რა ხდება ამა თუ იმ წიგნში.
  • დაამზადებინეთ სანიშნები და სხვა ნივთები საყვარელი პერსონაჟების გამოსახულებით.
  • აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სკოლის ბიბლიოთეკას, რომ ის მოწესრიგებული, მრავალფეროვანი და კომფორტული იყოს, ხოლო ბიბლიოთეკარს არასოდეს ეზარებოდეს მოსწავლეებთან ურთიერთობა.
  • ზოგიერთ მოსწავლეს ურჩევნია, ხმამაღლა იკითხოს. ჩუმად კითხვას ისინი უბრალოდ ვერ ახერხებენ, ვერ კონცენტრირდებიან. ნუ დაუშლით, იკითხონ ისე, როგორც მოსწონთ და გამოსდით.
  • გამოყავით მათთვის წიგნის საკითხავი დრო. თავად წაუკითხეთ, მერე კი მიეცით საშუალება, გააანალიზონ, იმსჯელონ ტექსტზე.
  • მოიწვიეთ გაკვეთილებზე სტუმრები მკითხველების ამპლუაში, ადამიანები, რომლებიც მოსწავლეებს მოსწონთ, რომლებსაც ჰბაძავენ.
  • დაეხმარეთ ბავშვებს, გაეცნონ სხვადასხვა ჟანრს, გააანალიზონ და აირჩიონ, რომელი მოსწონთ ყველაზე მეტად.
  • შექმენით სოციალური მედიის, twitter-ისა და facebook–ის, მოსწავლეების საყვარელი, თავშესაქცევი ადგილებისთვის განკუთვნილი ჰეშთეგი წიგნების გასაზიარებლად.
  • ეცადეთ, ამ პროცესში მოსწავლეთა ოჯახის წევრებიც ჩართოთ. შექმენით მათთვის მკითხველთა კლუბი. თუ თქვენ მიერ დაწყებულ საქმეს შინაც მოჰყვება გაგრძელება, ეს ერთიორად უკეთეს შედეგს გამოიღებს.
  • მხარი დაუჭირეთ სკოლის ბიბლიოთეკების ფინანსურ განვითარებას. იზრუნეთ ფონდის გაზრდაზე, თუნდაც კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან სოციალური პასუხისმგებლობის გაწევის ხარჯზე. ფინანსურად ძლიერი ბიბლიოთეკა უფრო მრავალფეროვან კონტენტს შესთავაზებს მოსწავლეებს.
  • შექმენით საზაფხულო საკითხავის სია და გაუმარტივეთ არჩევანი მოსწავლეებს, რომლებსაც, შესაძლოა, დამოუკიდებლად წიგნების არჩევა უჭირდეთ.
  • იქნებ მოახერხოთ და საკლასო ოთახში სტუმრად მიიწვიოთ მათი საყვარელი ავტორები, რომლებიც მათ ლიტერატურაზე ესაუბრებიან და ავტოგრაფებსაც დაურიგებენ.
  • აუცილებლად წაიკითხეთ ყველაფერი, რისი კითხვაც თქვენს მოსწავლეებს უყვართ, რათა მათთან ერთად იმსჯელოთ, განიხილოთ მათი საყვარელი პერსონაჟები, სიუჟეტი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

სულის უსასრულო ხეტიალი

ზაფხულის დრო

ბოლო სიახლეები

სულის უსასრულო ხეტიალი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“