კვირა, ივნისი 1, 2025
1 ივნისი, კვირა, 2025

დამჯერი თუ წარმატებული?

0
Hispanic mother rushing son to school

სანამ პატარა საწოლში წევს და მხიარულად ღუღუნებს, მშობელიც მშვიდად და ნეტარებით ოცნებობს, როდის გაივლის მისი შვილი…  როდის დაიწყებს ლაპარაკსგადის სულ ცოტა დრო და უკვე ბავშვის უსასრულო კითხვებისაგან (,,რა?“ ,,რატომ?“ ,,როგორ?“) თავის ტკივილს უჩივის.

ამ ეტაპზე მშობელი უკვე თანახმაა, ბავშვის აღზრდაში დაეხმაროს ან ჩაენაცვლოს ნებისმიერი, ოღონდაც მას თავისუფლება მიეცეს. ასეთ სიტუაციაში ,,დასახმარებლად“ ,,მოდიანმულტფილმები, ფილმები, დედიკოები სათამაშო მოედნებიდან, მეზობელი ქვედა სართულიდან და თვით რეკლამაც კი.

აღზრდაში კომპეტენტური ადამიანები კი სწორედ აქ ტეხენ გამაფრთხილებელ განგაშს: შეჩერდით,  ახლა ყველაზე მთავარია, თავი ხელში აიყვანოთ. იმაზე, როგორ წარიმართება აღზრდის პროცესიდამოკიდებულია თქვენი პირმშოს და შესაბამისად თქვენი  შემდგომი ცხოვრება. ახლა არ შეიძლება აარიდო თავი აღზრდას და თვალი პრობლემებს. ახლა მთავარია, ბავშვში არ ჩაკლა პიროვნება და მას ღირსეულ ადამიანად ჩამოყალიბების საშუალება მისცე.

გიფიქრიათ იმაზე, როგორი ადამიანი გსურთ იყოს თქვენი შვილი დამჯერი თუ  წარმატებული? ყოველთვის, როცა ბავშვის არასასურველი ქცევით გაღიზიანდებით, გაიხსენეთ ეს შეკითხვა.

თუ დაფიქრდებით, გაოცდებით, რადგან ყველაზე პატარაც კი ერკვევა საკუთარ საჭიროებებში: იცის – სცივა თუ სცხელა, შია თუ არა, კმაყოფილია თუ უკმაყოფილო. არ ღირს ბავშვებთან ჩხუბი  ნაკლოვანებებისთვის – ისინი ხომ მხოლოდ თქვენს ქცევებს ბაძავენ. ამიტომ აჯობებს აკონტროლოთ საკუთარი ქცევა.

რაც შეიძლება ხშირად მიეცით საშუალება, თავად  აირჩიოს – რა სურს მიირთვას, სად უფრო მოსწონს სეირნობა, ვისთან მეგობრობა სურს. თუ მას თავისი არჩევნის მიზეზების ახსნა სურს, გამონახეთ დრო მოსასმენად. შეიძლება ის თქვენთან საუბრით საკუთარ გადაწყვეტილებაში გარკვევასაც ცდილობს და ამ დროს ფრთხილი რჩევები სწორედ დროულია.

უარყოფითი გამოცდილება და შეცდომები ის გაკვეთილებია, რომლებზეც ბევრი რამ ისწავლა მთელმა კაცობრიობამ, მათ შორის – თქვენც. ამიტომ შვილსაც მიეცით ამ გზის გავლის საშუალება,  ნუ წაართმევთ მას ამ შესაძლებლობას.

თუ თქვენ წინაშე დადგა არჩევანი: ბავშვის  რთული სიტუაციისგან  დაზღვევა თუ მოსალოდნელი შედეგით დაშინება, აირჩიეთ პირველი.

ზრუნვა და შეზღუდვა – აღზრდისას ეს ცნებები ხშირად ერთმანეთში ერევათ. თუ ბავშვს შეუძლია რაიმე დამოუკიდებლად გააკეთოს (ჩაიცვას ტანსაცმელი, დახატოს სურათი, შეიკრას თამასა…),  არ შეუზღუდოთ მას ეს შესაძლებლობა. გამონაკლისია, როცა ის  თავად გთხოვთ დახმარებას.

ნებისმიერი სწავლების საუკეთესო გზა ერთად კეთებაა.

როცა ბავშვი უგუნებოდაა (ტირის, უხასიათოდაა, ავადაა…), ამ დროს კი არ უნდა ვაიძულოთ სწავლა, არამედ გულში უნდა ჩავიკრათ, ვაკოცოთ, მოვეფეროთ – ეს არასდროს იქნება ზედმეტი ბავშვისთვის, სანამ ის პატარაა.

ძალა ან  ძალაუფლება ყოველთვის არ ნიშნავს სიმართლეს.

იმისათვის, რომ ბავშვი აარიდოთ კომპიუტერს ან ტელევიზორს, შესთავაზეთ სპორტულ წრეზე სიარული. ოღონდაც ეს საქმე მისთვის სასურველი და საინტერესო უნდა იყოს.

თუ ძიძის, აღმზრდელის, მასწავლებლის, რეპეტიტორის არჩევანში მერყეობთ, უპირველესი კრიტერიუმი ბავშვებისადმი სიყვარული უნდა იყოს, თუმცა ეს ზედმეტ ფერებაში არ აგერიოთ.

რაც მეტ პატივს სცემ საკუთარ პირმშოს, მით მეტი შანსია, რომ ის ნამდვილად პატივსაცემ ადამიანად ჩამოყალიბდეს.

შეძელი, აღიარო საკუთარი შეცდომები ან წინდაუხედაობა რაიმე საკითხში, ნუ ითამაშებ  უცოდველისა და შეუმცდარის როლს.

თუ ბავშვს შეეშალა და უფროსებისაგან საყვედური მიიღო (საბავშვო ბაღში, სკოლაში, სპორტში), ნუ გააღრმავებ ამ თემას. უმჯობესია, გაუღვივო საკუთარი თავისადმი რწმენა.

ნუ დაიზარებ, ასწავლო კითხვებით. დამოუკიდებლად მიგნებული პასუხი ბევრად ღირებულია და მყარად რჩება მეხსიერებაში, ვიდრე მზამზარეული.

ბავშვს ყურადღება და სითბო მხოლოდ ავადმყოფობის დროს კი არა, მუდამ სჭირდება. თუ მხოლოდ ავადმყოფობისას იღებს ამას, ის მიდრეკილი იქნება ყურადღების მოპოვებისკენ და თქვენ ავადმყოფობებს შორის მუშაობა მოგიწევთ…

ნუ მიიტან საკუთარ ინტერესებს ბავშვის სამსხვერპლოზე. გახსოვდეს, რომ თავადაც პიროვნება ხარ და შენი მოთხოვნები გაქვს. უნარი – დაიცვა საკუთარი ინტერესები და იზრუნო საკუთარ თავზე – საუკეთესო მაგალითია მიბაძვისათვის.

ნუ აიძულებ ბავშვს შენი აუხდენელი ოცნებების ასრულებას. სჯობს მათზე თავადვე იზრუნო.

თუ რაიმე შეცდომა დაუშვი, უბრალოდ მოიბოდიშე.  ნუ აქცევ საკუთარ საქციელს მორალის სეანსებად.

სიფრთხილეა საჭირო ფულთან დაკავშირებულ საკითხებში. ბევრი ფსიქოლოგის აზრით, ფულის ჩუქებას სჯობს, ვასწავლოთ მისი გამომუშავება, ლამის ,,საფენების“ ასაკიდან. გაიტანა ნაგავი, მოამზადა გაკვეთილები, მიიღო კარგი შეფასება… ასე ბავშვი საკუთარ „ანაზღაურებას“ იღებს და თან მის დამოუკიდებლად განკარგვას სწავლობს.

თუ რაიმეს გამო სასჯელს შეჰპირდით, დასაჯეთ. სასჯელის შეცვლაც მოტყუებას ნიშნავს.

და ისევ: ვისაც პირველი რჩევა სულ ახსოვს, შეუძლია ბავშვი სხვა რისკებისგან დაიცვას.

 

 

 

ქართული პოლემიკა

0

– მოსმენაშ კულტურა ვარე! – ეს სიტყვები ისე მკაფიოდ ჩამრჩა გონებაში, რომ მგონია, ათი ან თხუთმეტი წლის წინ კი არ გავიგე პირველად, თითქმის ყოველდღე მესმის და თუ არ მესმის, ვხედავ იმას, რასაც ეს სიტყვები გამოხატავენ.

 

ჩემმა ერთმა მეზობელმა უთხრა მეორეს, დაბნეულმა და აგვისტოს სიცხისა და ნესტისგან გალახულმა – თავშეკავებულად და აუღელვებლად უთხრა, ისე, რომ მთელი ეს სიბრაზისა და პაპანაქების ნამზეური არ შეტყობია:
– მოსმენაშ კულტურა ვარე!
ეტყობოდა, რომ თავისი რესურსი და სულიერი ინსტრუმენტები დახარჯა გულში დაგროვილი უარყოფითი ემოციების შესაკავებლად, მაგრამ თავს უფლებას ვერ მისცემდა, მეზობლების – განსაკუთრებით ბავშვების – წინაშე წყობიდან გამოსულიყო.
როგორც კვლევებმა და მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, უფრო ბედნიერია ის ადამიანი, ვინც ხშირად იგინება. ის (ჩვეულებრივ) დიდხანს ცხოვრობს და ერთ აღსარებაში (თუკი ამის გუნებაზე დადგა საერთოდ) ატევს მისი სიტყვით გაფუჭებული და მოკლული ადამიანების ცოდვებს; ის უმალ ივანე მხარგრძელ-ათაბაგის ყოყმანსა და უკანდახევას გაამართლებს გარნისის ომში, ვიდრე თვითონ, თუნდაც ერთხელ დაიხევს უკან ან გადაწყვეტს კომპრომისზე წასვლას, რადგან ჩვენი პოლემიკის დაუწერელი კანონი მოითხოვს, რომ – არავის არაფერი არ უნდა შეარჩინო!
იტყვიან – უპასუხებ! გიპასუხებენ – უპასუხებ! ერთი – მეორე! ერთი – მეორე! სულერთია, აზრიანს პასუხობ ან ღირს თუ არა საერთოდ რამის თქმა. ხალხი გაქეზებს და პოლემიკის დაუწერელი კანონი გავალდებულებს, რომ – „ზადნი“ არ უნდა მისცე!
ალბათ თქვენც შეატყობდით, რომ განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას ცივილიზებულობისა არაფერი სცხია. ცოტა ხანში ის ნაქები იუმორიც არ შეგვრჩება და სოციალური ქსელი ანგარიშსწორების ჩვეულებრივ არენად იქცევა, მერე კი ქართული პოლემიკური ტრადიციებით თავის მოწონება და მაგალითად მოხმობა (https://mastsavlebeli.ge/?p=9607), ცოტა დაგვიანებული შეიძლება იყოს.
– მოსმენაშ კულტურა ვარე!
მეც სხვებივით ბევრი ვიცინე მოხუცი მეზობლის სიტყვებზე და იმასაც, ახარხარებული შუახნის კაცებისა და ბავშვების შემხედვარე, სახეზე ღიმილმა გადაჰკრა, მაგრამ კარგად ეტყობოდა, სევდასა და იმედგაცრუებას რომ მოეშხამა და ამის გამგები იქ არავინ იყო.
ხატვის სულ მცირე ნიჭიც რომ გამოეყოლებინა ღმერთს, ამდენი სიტყვა ალბათ არ დამჭირდებოდა იმ შემაძრწუნებელი სურათის საჩვენებლად და ჭკუისდამრიგებლური პათოსის უხერხულობასაც ავცდებოდი. მაგრამ ყველაფერმა ასე შეთქმულივით მოიყარა თავი და რადგან ჩემს მეხსიერებას თვალდახუჭული ვენდობი, დიდი ხნის წინანდელი ეს ამბავიც იმ შემთხვევებს უნდა მივათვალო, რომლის გახსენებისაც ყოველთვის შემრცხვება. აი, დაახლოებით ისე და იმ გრძნობის საოცარი გამოხატვით, როგორც ამას დაიან ლეინი აკეთებს ფილმში „მოღალატე“.
ჩვენი უკუღმართი ცხოვრება ხომ ეგაა: იმით უნდა შერცხვე, რითაც თავი მოგქონდა. ყველა შეწყვეტინებული სიტყვისთვის, ფრაზებისთვის, რომელიც არ დაამთავრებინე; იმ ათასი ქცევისთვის, სადაც თავი აუცილებლად მართალი გეგონა და შენი სიმართლით სხვებს ღირსება აჰყარე, სიტყვაში აჯობე და მისი დამცირება-გაბითურებით სიმტკიცე შეიძინე.
ჩვენთან პოლემიკა ხშირად სხვის დაჩაგვრაზე და გამასხრებაზე გადის და თანდათან უფრო გვშორდება ის დრო, როცა ყველაზე მწვავე კამათის დროსაც კი პირადულზე შეხება აკრძალული და მიუღებელი იყო. კონსტანტინე გამსახურდია, მიუხედავად დიდი პატივისცემისა და სიყვარულისა, საყვედურობს აკაკი წერეთელს, – მთელს თაობას უხეშად მოგექცათ, მაგრამ როგორც პოეტს, გრიგოლ ორბელიანს, არამც და არამც არ ეკადრებოდა თქვენგან „ხარაბუზა ღენერლის“ ეპითეტიო; ოთარ ჭილაძე კი თავის ღია წერილში ინგლისელ მეცნიერს ჯორჯ ჰიუიტს ეუბნება, – ჩვენს უნებლიე „პაექრობაში“ პირადული საერთოდ გამორიცხულია და თუკი თქვენც ამავე აზრს იზიარებთ, მაშინ იქნებ ინგლისელ მკითხველსაც გააცნოთ ჩემი წერილიო.
არადა, აკრძალული სივრცეების მორღვევას ბრიყვული სითამამეც ჰყოფნის და თითქოსდა უწყინარი „მოსმენის კულტურის უქონლობამ“ ხვალ-ზეგ შეიძლება ერთმანეთის სიძულვილამდეც კი მიგვიყვანოს… თუმცა რაღა ხვალ-ზეგ…

როგორ შევქმნათ დემოკრატიული გარემო სკოლაში

0

კითხვები დასაფიქრებლად

 

დემოკრატიული გარემოს შექმნა მნიშვნელოვანია არამარტო კლასისთვის, არამედ მთლიანად სკოლისთვის. ამ საქმეში ძირითადი როლი სკოლაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ენიჭება.

ევროპის საბჭოს მიერ გამოცემული სახელმძღვანელოს „სკოლების დემოკრატიული მართვა” მიხედვით, სკოლაში დემოკრატიული გარემოს შექმნისთვის აუცილებელია შემდეგ 4 ძირითად მიმართულებაზე მუშაობა:

  1. სკოლის მართვა, ლიდერობა და საჯარო პასუხისმგებლობა;
  2. ღირებულებებზე დაფუძნებული სწავლება;
  3. თანამშრომლობა, კომუნიკაცია და ჩართულობა;
  4. მოსწავლეთა დისციპლინა.

 

სტატიაში პასუხების ნაცვლად კითხვებს შეხვდებით, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლოა კითხვების დასმა და დაფიქრება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე წინასწარ მომზადებული პასუხები.

სკოლის მართვა, ლიდერობა და საჯარო პასუხისმგებლობა

ხელისუფლების ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობა, სკოლის საბჭოები, მოსწავლეები და მშობლები, ასევე ადგილობრივი საზოგადოება დაინტერესებულია სკოლის დირექტორის საქმიანობით და მას აკისრებს პასუხისმგებლობას. როგორ პასუხობს ამ გამოწვევას სკოლის ლიდერი? როგორია მისი მართვის სტილი? მისი ლიდერობა ემყარება კონსენსუსს და ნდობას, თუ ხასიათდება უნდობლობითა და მეტოქეობით? როგორ არის გადანაწილებული სკოლაში პასუხისგებლობები? განსხვავებულობას და მრავალფეროვნებას  სკოლის ლიდერი ახალისებს თუ ხელს უშლის? როგორ წარმოაჩენს სკოლა თავის პასუხისმგებლობას სხვადასხვა დაინტერესებული პირების მიმართ?

ღირებულებებზე დაფუძნებული სწავლება

როგორ წარმოჩინდება სკოლაში ისეთი ღირებულებები როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და განსხვავებულობისადმი პატივისცემა? ეფუძნება თუ არა სასწავლო პროცესი დემოკრატიულ ღირებულებებს და ადამიანის უფლებებს?

თანამშრომლობა, კომუნიკაცია და ჩართულობა

სკოლა არ არის საზოგადოებისაგან განცალკევებული. ის საზოგადოების ნაწილია. კომუნიკაციის როგორი ფორმაა მიღებული სკოლაში? როგორ ურთიერთობს სკოლა საზოგადოებასთან? სკოლა უფრო მეტად ემსგავსება ჩაკეტილ დაწესებულებას, თუ მისი კარი ღია არის ჩართულობისა და დისკუსიისთვის? რა არის სკოლის მისია? რამდენად მონდომებულია სკოლა, რომ პრაქტიკაში განახორციელოს მიზნები, როდესაც ის სკოლის შიდა და გარე საზოგადოებასთან ურთიერთობს?

 

მოსწავლეთა დისციპლინა

 

სკოლაში მრავალი ადამიანია დასაქმებული და მრავალი მოსწავლე იღებს განათლებას. რა საშუალებებს იყენებს სკოლა იმისთვის, რომ არსებობდეს დისციპლინა? რატომ ემორჩილებიან მოსწავლეები დისციპლინურ წესებს ან რატომ ეწინააღმდეგებიან მათ?

 

 

 

 

დისკუსია უცხოური ენის გაკვეთილზე

0

დისკუსია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია, რომელსაც გვთავაზობენ მეთოდისტები მოსწავლეებისთვის მსჯელობის, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარის განსავითარებლად. ის ავარჯიშებს მოსწავლეებს აზრების ზეპირად, მწყობრად გამოხატვასა და დასკვნების გამოტანაში. მასწავლებლების უმეტესობას მიაჩნია, რომ დისკუსია მათი გაკვეთილის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ხშირად ამ მეთოდის გამოყენებად მიიჩნევენ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარებულ გაკვეთილს ან მოსწავლის მიერ რამდენიმე არგუმენტის მოყვანას. უცხოური ენის გაკვეთილზე დისკუსიას უფრო ხშირად საშუალო საფეხურზე იყენებენ, თუმცა მისი ელემენტები გვხვდება დაწყებით და საბაზო საფეხურებზეც. ესგ-ის უცხოური ენის სტანდარტის სამივე საფეხურზე გათვალისწინებულია სამეტყველო, კერძოდ, ლაპარაკის უნარზე მუშაობა. თუ ადრე უცხოური ენის სწავლებისას მთავარი აქცენტი დაისმოდა ცოდნის გადაცემაზე, დღევანდელი მიდგომით, ყურადღება წინარე ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაზეა გამახვილებული. ამ პროცესში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება სასწავლო გარემოს, მიზნების მოქნილობას, პიროვნული ასპექტებისა და მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას და სხვ. პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების გამოყენებით უცხოური ენის სწავლების პროცესი შეიძლება უფრო ეფექტიანი გავხადოთ. დისკუსია როგორც პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდი სულ უფრო ხშირად გამოიყენება უცხოური ენის გაკვეთილზე, რადგან ეს კარგი საშუალებაა ენობრივი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენებისთვის, რაც ამავე დროს ახალი იდეების გენერირებასაც უწყობს ხელს.

ძალიან მნიშვნელოვანია სადისკუსიო თემის შერჩევა. სასურველია, თემა მოსწავლეთა ასაკისთვის საინტერესო იყოს. მასწავლებლები დისკუსიის დაგეგმვისას ხშირად სოციალურ თემებზე არსებულ ტექსტებს მიმართავენ. წარმოგიდგენთ ასეთი გაკვეთილისთვის შერჩეულ ერთი ტექსტის ნიმუშს (საშუალო საფეხურისთვის), რომელსაც ახლავს შესაბამისი დავალებები და კითხვები.

 

გაკვეთილის ნიმუში კომენტარებით:

მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ ტექსტი, რომელსაც გაარჩევენ, დაყოფილია 4 ნაწილად. თითოეული ნაწილი მისი წაკითხვის შემდეგ გახდება დისკუსიის ერთ–ერთი თემა.

შესაბამისად, მასწავლებელი კლასს ყოფს 4 ჯგუფად. თითოეულს ურიგებს ტექსტის პირველ ნაწილს. ჯგუფები კითხულობენ დამოუკიდებლად.

რეკომენდაცია: დისკუსიისთვის სასურველია მცირე ჯგუფების შედგენა, რათა ყველას, აქტიურ მსმენელს და სიტყვით გამომსვლელს, ჰქონდეს აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. გარდა ამისა, პატარა ჯგუფები უფრო მეტად იძლევა პასიური და გაუბედავი მოსწავლეების გააქტიურების საშუალებას. ასეთი მოსწავლეები დიდი ჯგუფების შემთხვევაში განხილვაში, სავარაუდოდ, არ მიიღებენ მონაწილეობას.

რაც შეეხება ტექსტის კითხვას (გაგება-გააზრებას) – მასწავლებელმა კლასის შესაძლებლობიდან გამომდინარე უნდა ამოკრიფოს ე.წ. უცნობი და რთული სიტყვები. შესაძლებელია ტექსტის წაკითხვამდე მოხდეს წინარე ცოდნის გააქტიურება და სიტყვების გახსენება ან შედარებით რთული ლექსიკის ახსნა. არ არის აუცილებელი, ტექსტში მოსწავლემ ყველა სიტყვის მნიშვნელობა იცოდეს. რეკომენდებულია, მან ტექსტის შინაარსი კონტექსტიდან გამომდინარე ამოიცნოს. ახალი ლექსიკის ამოცნობისას შესაძლებელია სქოლიოს ან მარკირების მეთოდის გამოყენება.

 

დასარიგებელი ტექსტი N1.

Больше часа прошло после сигнала тревоги на круизном корабле “Королева Мадди”. Поэтому пассажиры смогли организоваться перед выходом в спасательные шлюпки. Сильный шторм привел к столкновению корабля с нефтяным танкером, совершавшим плавание.

Позже несколько спасательных шлюпок причалили к небольшому скалистому острову. Это был овальный, длиной с полтора километра полупустынный и наполовину покрытый лесом участок суши. В поле зрения не было других островов. Этот солнечный остров был безлюдным. Лишь одна семья Ричалоне жила на шикарной вилле на вершине горы и владела этим островом.

Много лет назад эта семья обустроилась на острове и почти не поддерживала контактов с окружающим миром. Она наладила ежемесячную доставку свежих продуктов, нефти и всех видов необходимых товаров. Все было хорошо организовано: семья вырабатывала собственное электричество, имела возможность покупать достаточно еды и напитков, все, что было нужно для комфорта и удовлетворения потребностей. В прошлом хозяин был успешным бизнесменом. После конфликта с властью относительно налогов надежды на лучшее развеялись, и он решил избегать всех контактов с внешним миром.

Хозяин виллы увидел шлюпки, которые приплыли на его красивый остров, и увидел людей, высадившихся из них.

Первый вопрос. Учащиеся должны определить, по их мнению, должен ли хозяин острова разрешить людям остаться на острове.

 

რეკომენდაცია:

მასწავლებელი კითხულობს ქვემოთ ჩამოთვლილ მტკიცებულებებს, საიდანაც მოსწავლეებმა უნდა აირჩიონ ერთი, რომელსაც ეთანხმებიან და ახსნან, რატომ აირჩიეს ეს გზა.

მოსწავლეები მსჯელობენ ჯერ წყვილებში და შემდეგ ჯგუფში. იწერენ თავის მოსაზრებებს. შესაძლებელია, მსჯელობა ქართულად ხდებოდეს, თუმცა საკუთარი ვერსია რუსულად უნდა წარადგინონ.

 

  1. Хозяин может отказать людям в приюте на его острове.

Б. Хозяин может разрешить людям остаться на острове до тех пор, пока сможет предоставлять им необходимые еду и воду.

  1. B. Хозяин может отказать всем тем, кто не способен заплатить (деньгами, драгоценными камнями или работой) на его острове.

Г. Хозяин должен разрешить людям оставаться на его острове столько, сколько будет необходимо. Люди несут моральную ответственность и должны уважать личную территорию хозяина.

Д. Хозяин должен разрешить людям безусловный доступ на остров и принять их как совладельцев.

უკუკავშირი: მასწავლებელს შეუძლია, კითხვების მეშვერობით გაარკვიოს, ვინ აირჩია, მაგალითად, А პასუხი და არგუმენტით დაასაბუთოს თავისი ვერსია. ასე შესაძლებელია გადამოწმდეს ყველა წინადადება.

მასწავლებელი არიგებს ტექსტის მეორე ნაწილს.

 

დასარიგებელი ტექსტი N2.

Хозяин острова разрешил людям остаться на некоторое время. Он попросил их заплатить за отдельные услуги и еду со своих резервов. Однако отметил, что, пока они не съедят запасы со своего корабля, он им ничего не продаст. Всего на остров высадилось 13 человек. Это были: Виктор, его беременная жена Жозефа и их двое детей (3 и 7 лет); Абрамович, владелец ювелирного магазина 64 лет. Он был самим старшим членом группы и не имел ни друзей, ни родственников. С собой он вез коллекцию золотых изделей с бриллиантами и драгоценными камнями. Джон, Кейт, Лео и Альфред – четверо друзей, молодые, здоровые и очень способные люди. Они уже жили вместе в отдельном домике и были готовы отремонтировать домик сами. Мария, юрист, которая работает на полставки в университете и может передвигаться только очень медленно, поскольку у нее проблемы с ногой (последствия аварии). Марию сопровождал Макс, ее ассистент из университета. Они путешествовали с целью прочитать лекции на конференции в Соединенных Штатах и обсудить публикацию своей книги с издателем. Оба специалисты по криминальному праву. И, наконец, Марко, боцман, и его подруга Вики, они являлись членами корабельной команды и в последний момент взяли с собой столько товара с корабельного склада, сколько смогли: банки с консервами, бисквиты, масло и некоторую посуду. Все эти люди имели при себе деньги, однако у Марко было с собой большое количество вещей, которые он собрал, когда жил на квартире в последнем порту.

На острове была небольшая старая хижинка на склоне горы возле моря. В ней – лишь одна комната, где могли разместиться только двое или трое людей”.

მოსწავლეებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ უნდა დასახლდეს ქოხში.

რეკომენდაცია:

მასწავლებელი კითხულობს ქვემოთ ჩამოთვლილ მტკიცებულებებს, საიდანაც მოსწავლეებმა უნდა აირჩიონ ერთი, რომელსაც ეთანხმებიან და ახსნან, რატომ აირჩიეს ეს გზა.

მოსწავლეები მსჯელობენ ჯერ წყვილებში და შემდეგ ჯგუფში. იწერენ თავის მოსაზრებებს და შემდეგ წარადგენენ. შეიძლება, განიხილონ სხვა ვერსიებიც.

  1. A. Беременная женщина с детьми.

Б. Четверо молодых людей (друзей), ведь они могут отремонтировать домик и поддерживать его в надлежащем состоянии.

  1. B. Продавец ювелирных изделий, который согласен платить за домик (и который разрешил другим купить немного еды).

Г. Боцман и его подруга с условием, что они поделятся своей едой с остальными людьми.

Д. Юрист, который может действовать как медиатор и уладить конфликты между людьми.

Далее учитель раздает следующую часть истории.

 

მასწავლებელი არიგებს ტექსტის მესამე ნაწილს.

 

დასარიგებელი ტექსტი N3.

 

Люди с корабля также решили, что нужно делать с запасами еды боцмана и какими из них он должен поделиться с людьми. Действительно, такое распределение значительно уменьшает шансы боцмана и его подруги на выживание.

Главный вопрос. Кто должен получить еду из запасов боцмана?

რეკომენდაცია:

მასწავლებელი კითხულობს ქვემოთ ჩამოთვლილ მტკიცებულებებს, საიდანაც მოსწავლეებმა უნდა აირჩიონ ერთი, რომელსაც ეთანხმებიან და ახსნან (მოიყვანონ 2-3 არგუმენტი), რატომ აირჩიეს ეს გზა.

 

  1. A. Боцману нужно разрешить оставить запасы еды для себя и своей подруги.

 

Б. Еда должна быть разделена поровну между всеми людьми с корабля.

В. Еда может быть продана тому, кто даст наивысшую цену (либо за деньги, товары и услуги).

 

მასწავლებელი არიგებს ტექსტის მეოთხე ნაწილს.

 

დასარიგებელი ტექსტი N4

 

Люди решили, что еда должна быть распределена без какой-либо оплаты. Они заставили Марко принести свою провизию, отметив его моральные обязательства. Определили, что примерно через неделю у группы не останется никаких запасов и им нужно будет попробовать получить еду у хозяина виллы.

წყვილებში მოსწავლეებმა ქვემოთ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან უნდა გადაწყვიტონ, ვის გაგზავნიან მოსალაპარაკებლად.

 

А. Каждый человек должен индивидуально обсудить условия продажи продуктов хозяином (за деньги, драгоценности или услуги). В данном случае семья с детьми и юрист с ассистентом будут иметь проблемы.

Б. Все доступные ресурсы (драгоценности, деньги) должны быть распределены между всеми людьми, независимо от их настоящего владельца. Также должна быть распределена поровну и еда. Кроме этого, дополнительно можно приносить еду, заработанную личным трудом у хозяина.

В. Данный вариант такой же, как и вариант Б, однако каждый из членов группы, выходя из личных возможностей, должен работать, чтобы заработать дополнительную еду и распределить ее между членами группы.

Г. Продавец драгоценностей может продать хозяину те драгоценности, которые хозяин готов купить, и помочь другим получить необходимое питание.

ჯგუფების ვერსიების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი იწყებს დისკუსიას, რათა ეს ისტორია რეალობას მიუახლოოს. დისკუსიის ჩატარებამდე მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ წესები. კერძოდ, მნიშვნელოვანია, იმის ცოდნა, რომ

 

  • არსებობს დაუსაბუთებელი და დასაბუთებული მოსაზრება;
  • არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, საკუთარი თვალსაზრისის დაცვასთან ერთად სხვების თვალსაზრისსაც უნდა სცენ პატივი;
  • აკრიტიკებენ აზრებს და არა ადამიანებს.
  • დასვან შეკითხვები;
  • პერიფრაზირების, კითხვის დასმის გზით დააზუსტონ გამოთქმული თვალსაზრისი (მაგალითად, „თუ სწორად გავიგე, შენ ამბობ, რომ…“);
  • იკამათონ კონსტრუქციულად;
  • შეაჯამონ დისკუსიისას გამოთქმული აზრი;
  • გადაამოწმონ ვარიანტები.

 

მასწავლებლის გასაკონტროლებელია შემდეგი: დისკუსიის მიზნები და წარმართვის წესები წინასწარ უნდა იყოს ცნობილი; დისკუსიის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ჯგუფს განსახილველი საკითხის შესახებ ცოდნის გამომჟღავნებასა და პრობლემის გადაწყვეტისთვის ამ ცოდნის გამოყენებაში; დისკუსია პასუხების განუსაზღვრელ რაოდენობას წარმოშობს და არ მოითხოვს ერთადერთ დასკვნას;

დისკუსიის დროს მასწავლებელი მხოლოდ აკონტროლებს მონაწილეთა მიერ დისკუსიის წესების დაცვას და ინიშნავს მათ პასუხებს, რომ მოსწავლეები შეაფასოს. არ არის მიზანშეწონილი, დისკუსიაში მან აშკარად გამოხატოს საკუთარი პოზიცია. მან უნდა შეაფასოს არგუმენტები და არა პოზიციის სისწორე. სასურველია გამოვიყენოთ ჯგუფის შეფასების რუბრიკა ან ჩეკლისტი, რომელიც შეიძლება შეავსოს ჯგუფის ერთმა წევრმა, რომელიც საერთო პოზიციის გამომხატველი იქნება, ან ჯგუფის თითოეულმა წევრმა.

 

Наблюдаете ли вы подобные ситуации в нашем обществе?

  1. A. … у ваших соседей или семье?

Б. … в вашей стране?

В. … на мировом уровне?

Почему?

დისკუსიის ბოლოს ხდება საკითხის შეჯამება. მასწავლებელს შეუძლია დაამატოს აქტივობები მიზნის მისაღწევად. სასურველია, გაკვეთილის ბოლოს მოხდეს კითხვარის შევსება ან ჯგუფში განხილვა. ეს დამოკიდებულის კლასის შესაძლებლობებზე. მათ უნდა განიხილონ შემდეგი საკითხები: Что уже обсуждалось ими в группах? Чему они научились? О чем они узна

ქიმია შოკოლადის არომატით

0

რა არის შოკოლადის ხიბლის საიდუმლო? რატომ ვერ ვუძლებთ ცდუნებას მისი დანახვისას? პასუხმა შესაძლოა გაგაოცოთ – ამის მიზეზი ქიმიაა!

შოკოლადი არა მარტო გემრიელი ჩაროზია, რომელიც კომფორტის განცდას გვგვრის, არამედ ერთობ რთული ნარევიც. მისი ყოველი კვადრატი 800-მდე ნაერთს შეიცავს. შოკოლადში 1500-ზე მეტ არომატული კომპონენტია იდენტიფიცირებული. ამრიგად, ის ერთ-ერთი ყველაზე რთული ქიმიური ნაერთია. შოკოლადში შემავალ ქიმიურ ნივთიერებებს ტვინზე ისეთი ზემოქმედების უნარი შესწევთ, რომ თავს გაცილებით ბედნიერად და უფრო გამჭრიახად გვაგრძნობინებენ.

შოკოლადის აღმომჩენებად ცენტრალური და სამხრეთი ამერიკის ინდიელები ითვლებიან. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1150-1200 წლებში მას თხევადი კონსისტენცია ჰქონდა და სასმელად გამოიყენებოდა, რომელსაც მოხალული და დაფქული კაკაოს მარცვლების წყალთან შერევით ამზადებდნენ. სასმელში წითელ წიწაკას ამატებდნენ.

ჩვენი წელთაღრიცხვის 600 წლისთვის კაკაოს მარცვლებს შოკოლადის მწარე სასმელად გადაამუშავებდნენ, რომელსაც რელიგიურ რიტუალებსა და სახალხო დღესასწაულებზე იყენებდნენ. კაკაოს მარცვლები ვალუტის მაგივრობასაც ეწეოდა.

მე–16 საუკუნეში ესპანელმა მოგზაურებმა კაკაო ევროპაში შეიტანეს. მოგვიანებით ის ევროპის ფარგლებს გარეთაც გავიდა. ამის შემდეგ შოკოლადი რამდენიმე საუკუნით არისტოკრატების საყვარელ ეგზოტიკურ სასმელად იქცა. მისი რეცეპტი გასაიდუმლოებული იყო, ინგრედიენტები კი საკმაოდ ძვირი ღირდა. XX საუკუნეში, კაკაოსა და შაქარზე ფასების ვარდნის გამო, ის ყველა ფენისათვის ხელმისაწვდომი ჩაროზი გახდა.

შოკოლადისა და კაკაოს ფხვნილის ძირითად ნედლეულს კაკაოს მარცვლები წარმოადგენს, რომლებიც კაკაოს ხის ნაყოფის რბილობშია (30-50 მარცვალი). ისინი დაახლოებით 2,5 სმ სიგრძისაა და ნუშისებრი ფორმა აქვს. კაკაოს ხე დედამიწის ტროპიკულ ზონებში ხარობს. წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ სამ სახეობას – ამერიკულს, აფრიკულსა და აზიურს. თანამედროვე პლანტაციებში ახალი ჯიშებიც გამოჰყავთ, რომლებსაც ამ სამი ძირითადი სახეობის შეჯვარებით იღებენ.

ეს შესანიშნავი ხე 30-80 წლის განმავლობაში ნაყოფს ორჯერ იძლევა – მაისიდან ივნისამდე და ოქტომბრიდან თებერვლამდე. თუ უშუალოდ ნაყოფიდან ამოღებულ მარცვლებს გასინჯავთ, გაოცდებით – ახალდაკრეფილ მარცვლებს შოკოლადისა და კაკაოს ფხვნილისთვის დამახასიათებელი არც ფერი აქვს და არც არომატი. ის მძაფრი მწარე გემოთი და ბაცი შეფერილობით გამოირჩევა. ჩვენთვის ნაცნობი და საყვარელი არომატის მისაღებად საჭიროა ქიმიური გარდაქმნები – გაფუება და გამყარება. გაფუების პროცესი უნდა დაიწყოს დაკრეფიდან 24-48 საათის განმავლობაში და, ჩვეულებრივ, 5-7 დღეს მოითხოვს. ნაყოფს ჭრიან, პარკუჭი ამოაქვთ და ასუფთავებენ ჟელესებური გარსისგან, რის შემდეგაც ახდენენ ფერმენტაციას. კაკაოს მარცვლებს ათავსებენ სპეციალურ ღიობებიან ხის ყუთებში, რომ ჟანგბადის მიწოდება არ შეფერხდეს და 8 დღის განმავლობაში ინახავენ.

მიკროორგანიზმები პარკუჭებს სწრაფად აცილებენ პულპას. საფუარი ცელულოზაზე იზრდება, გარდაქმნის შაქარს ჯერ ეთანოლად, მერე – ძმარმჟავად, რეაქციის საბოლოო შედეგი კი წყალი და ნახშირორჟანგია (CO2). ამ დროს გამოიყოფა სითბო და იწევს ტემპერატურა, პულპა იშლება და იღებენ რძემჟავასა და ძმარმჟავას, ეს უკანასკნელი კი შლის უჯრედის კედლებს და მანამდე განცალკევებულ ნივთიერებებს ერთმანეთში ურევს. ეს პროცესი იწვევს პარკუჭის შიგთავსის ცვლილებებს, რაც გამყარების პროცესს წარმოადგენს და მოიცავს ფერმენტაციულ აქტივობას, ჟანგვასა და ცილების ამინმჟავებად დაშლას.

ამ რეაქციების შედეგად კაკაოს მარცვლები იძენს სათანადო კონსისტენციას და იმ ნივთიერებებით გაჯერდება, რომლებიც მათ შოკოლადის სპეციფიკურ არომატს ანიჭებს. შემდეგ მარცვლებს აშრობენ, ტომრებში აფასოებენ და საკონდიტრო ქარხნებში გზავნიან.

 

გამოწვა და გამოხშირვა

ფერმენტაციის შემდეგ მარცვლებს ასუფთავებენ, ახარისხებენ და 120-140 გრადუსზე გამოწვავენ. ამგვარად ხდება მარცვლების სტერილიზაცია და ზედმეტი ტენის მოცილება. ასევე ადვილად სცილდება მარცვალს გარსი – კაკაოველა, და იძენს სასიამოვნო გემოს და არომატს. შემდეგ მარცვლებს ფქვავენ. წარმოიქმნება წვრილმარცვლოვანი, არაერთგვაროვანი მასა და კაკაოს ცხიმი.

კაკაოს ფხვნილი შემდეგნაირად მიიღება: გარსისგან გაწმენდილი და მოხალული კაკაოს მარცვლებისგან იღებენ კაკაოს ბურღულს, რომელსაც წმინდად ფხვნიან და სრესენ. კაკაოს ბურღულის მსხვილი ფრაქციისგან ამზადებენ შოკოლადის ფილებს, ხოლო უფრო წვრილი, ნაკლებად ღირებული ფრაქცია გამოიყენება გულსართის, კანფეტის მასისა და მინანქრის დასამზადებლად. ჩვეულებრივ, შოკოლადის მასას ამზადებენ კაკაოს ფხვნილში, შაქრისა და კაკაოს ცხიმის დამატებით.

მომდევნო ეტაპია დაფქვა. გორგოლაჭებიანი წისქვილის მეშვეობით (ცილინდრები, რომლებიც მზარდი სისწრაფით მუდმივი მოძრაობის რეჟიმში არიან) მიღებულ ნარევში ხდება კაკაოს მყარი წვრილი ნაწილაკების დაფხვნა. ამის შემდეგ მიღებულ ერთგვაროვან მასას გაათხევადებენ. ამ დროს ნარევს კვლავ უმატებენ კაკაოს ცხიმს ან მის ანალოგს (მცენარეული ზეთების გადამუშავებით მიღებულ პროდუქტს), არომატიზატორებსა და სხვა ინგრედიენტებს.

მომდევნო ეტაპია კონშირება. მზა მასას სამი დღის განმავლობაში 50-80C ტემპერატურის პირობებში ინტენსიურად ურევენ. შოკოლადს სცილდება მთრიმლავი, აქროლადი ნივთიერებები და ჭარბი ტენი, რის შედეგადაც ის საოცარ გემოსა და არომატს იძენს.

ამ ეტაპს მოჰყვება ტემპერირება და ფორმირება. სპეციალური დოზატორის მეშვეობით შოკოლადის მასას საჭირო ტემპერატურამდე გაცხელებულ ფორმებში ასხამენ და მაცივარში აცივებენ. შედეგად შოკოლადი იძენს გლუვ და მბზინავ ზედაპირს, დამახასიათებელ ტკაცუნს მტვრევისას და ხანგამძლეობას.

ასევე სპეციალური დოზატორის მეშვეობით შოკოლადის მასაში შეჰყავთ დანამატები და გულსართები (დაფხვნილი თხილეული, მშრალი რძე და სხვა). მზა შოკოლადის მასას ფორმირებამდე ემატება ქიშმიში, ვაფლის ნატეხები, ცუკატი, თხილეული და სხვა. დანამატებისა და გულსართის გამოყენებისას მნიშვნელოვნად მცირდება კაკაოს მარცვლის ხვედრითი გასავალი 1 ტონა პროდუქტზე. საბოლოოდ პროდუქციას ფუთავენ სპეციალურ ქაღალდში. თანამედროვე შესაფუთი დანადგარები წამში 6 მზა პროდუქტს ფუთავენ. შემდეგ შეფუთულ ნაწარმს ყუთებში აფასოებენ და აწვდიან სავაჭრო ქსელს.

ამ ტექნოლოგიით მზადდება შოკოლადის ყველა სახეობა (მცირედი ცვლილებებით, რეცეპტურის შესაბამისად). სახეობიდან გამომდინარე, პროცესს შეიძლება დამატებითი სტადიები დაემატოს. მაგალითად, რძიან შოკოლადს ამზადებენ განსაკუთრებული კომპონენტის – რძის ფხვნილის დამატებით (ყოველ ფილაში – არა უმეტეს 20%–ისა). განსაკუთრებული მეთოდით მზადდება ფოროვანი შოკოლადი. ტემპერირებამდე თხევადი შოკოლადის მასა სპეციალურ ტურბინაში ქაფდება. ამ დროს ხდება ნარევის ინტენსიური გაჯერება აზოტისა და ნახშირმჟავას აირით, რომლებიც შემდეგ სცილდება და წარმოქმნის სიცარიელეებს – ფორებს. მათ სხვადასხვა ზომა და ფორმა აქვთ, რასაც აპარატის კონსტრუქცია განაპირობებს. შოკოლადის ნაწილაკები არ უნდა იყოს არც მეტისმეტად მსხვილი, თორემ ქვიშის შეგრძნებას დატოვებს, და არც ზედმეტად დისპერსიული, თორემ შოკოლადი თიხასავით წებოვანი გახდება. ამიტომ ხარისხის სტანდარტით განსაზღვრულია ნაწილაკების ოპტიმალური ზომა – არანაკლებ 10 და არა უმეტეს 25 მიკრომეტრისა.

 

შოკოლადის ქიმიური შემადგენლობა:

5-8% – ცილა, 35-60% – ნახშირწყლები, თეობრომინისა და კოფეინის ალკალოიდები, თითოეული – 0,5%, 1% – მთრიმლავი ნივთიერება, კალიუმის, მაგნიუმის, რკინისა და ფოსფორის მარილები.

კოფეინი ფსიქოსტიმულატორებს მიეკუთვნება. მისი მცირე დოზაც კი ამაღლებს გონებრივი შრომის უნარს, განწყობას, აჩენს სიფხიზლისა და ძალთა მოზღვავების შეგრძნებას.

თეობრომინი გულის მუშაობის სტიმულატორია, აფართოებს გულისა და თირკმლის სისხლძარღვებს, შარდმდენია.

შოკოლადის შემადგენლობაში შედის ნივთიერებები, რომლებიც მოქმედებს ტვინის ემოციურ ცენტრზე და ადამიანს კეთილდღეობის განცდას ანიჭებს. ასეთი ნივთიერებებია ანანდამიდი, ფენილეთილამინი და ტრიპტოფანი.

ანანდამიდი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა, რომელსაც ორგანიზმი გამოიმუშავებს. ის ტკივილის, დეპრესიის, მეხიერების, მადის და სხვა შეგრძნებების მექანიზმს არეგულირებს.

ფენილეთილამინი წარმოადგენს საწყის კავშირს ზოგიერთი ნეირომედიატორისთვის, რომლებიც გავლენას ახდენს ნერვული იმპულსების წარმოქმნასა და გატარებაზე.

ტრიპტოფანი შეუცვლელი ამინმჟავაა, რომელსაც ცხოველური ცილები შეიცავს. ორგანიზმი მას სეროტონინის სინთეზისთვის იყენებს. სეროტონინი ამცირებს ტკივილის შეგრძნებას და დაძაბულობას, აუმჯობესებს ძილის პროცესს და ამგვარად ორგანიზმზე მოქმედებს როგორც ანტიდეპრესანტი.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კვირაში ერთი ფილა შოკოლადი ან მისგან მომზადებული სასმელი ორგანიზმს აახალგაზრდავებს და სიცოცხლის ხანგრძლივობას საშუალოდ ერთი წლით ზრდის. როგორ? – უპირველეს ყოვლისა შოკოლადის შემადგენლობაში არსებული ბუნებრივი ანტიოქსიდანტების – კატეხინების ხარჯზე, რომლებიც უჯრედს თავისუფალი რადიკალებისგან იცავენ, აფერხებენ ავთვისებიანი წარმონაქმნებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას.

 

ქიმიური ცდები შოკოლადით.

 

დღეს შოკოლადი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საკვებ პროდუქტად მიიჩნევა. მისი შეძენა პრაქტიკულად ყველა მაღაზიაშია შესაძლებელი და დიდი მოთხოვნითაც სარგებლობს. მიუხედავად შოკოლადის ფართო ასორტიმენტისა, პროდუქციის ხარისხს სათანადო ყურადღება არ ექცევა. არსებობს მიზეზი, რომ შოკოლადს არა მარტო სამომხმარებლო კუთხით მივუდგეთ, არამედ საკვლევ ობიექტადაც გამოვიყენოთ.

გთავაზობთ კვლევით სამუშაოს თემაზე „შოკოლადი, რომელსაც მივირთმევთ“.

გარდა ამისა, ქვემოთ განხილული ცდების გამოყენება შესაძლებელია ცხიმების, ცილებისა და ნახშირწყლების შესწავლისას, ასევე – არასაგაკვეთილო პროცესში, ქიმიის წრის მეცადინეობებზე.

ამ სამუშაოს ჰიპოთეზა ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: დავუშვათ, რომ მაღაზიებში წარმოდგენილი შოკოლადის მთელი ასორტიმენტი სასარგებლოა.

განვსაზღვროთ კვლევის საგანი და მეთოდები. კვლევის მიზანია განსხვავებული მარკის შოკოლადის შემადგენლობის კვლევა და ჯანმრთელობაზე მისი გავლენის შესწავლა.

კვლევის ამოცანაა:

  1. შოკოლადის განსხვავებულ სახეობათა გაცნობა;
  2. განსხვავებული სახეობის შოკოლადების ქიმიური შემადგენლობის შესწავლა;
  3. საკვლევი ნიმუშების ხარისხობრივი ანალიზი;
  4. სხვადასხვა ნიმუშის ქიმიური შედგენილობის შედარება;
  5. ადამიანის ჯანმრთელობაზე შოკოლადის გავლენის შესწავლა;
  6. მოსწავლეთა შორის გამოკითხვის ჩატარება, შოკოლადის სარგებლობისა და მავნებლობის შესახებ.

კვლევის ობიექტი: შოკოლადი.

კვლევის საგანი: შოკოლადის ქიმიური შემადგენლობა.

კვლევის მეთოდები: სოციოლოგიური გამოკითხვა, შოკოლადის ხარისხიანი შემადგენლობის გამოკვლევა, ქიმიური ექსპერიმენტი.

შოკოლადის კლასიფიკაცია: დამუშავების მეთოდიდან გამომდინარე, შოკოლადის მასაში განასხვავებენ სადესერტოსა და ჩვეულებრივს.

დესერტად განკუთვნილი შოკოლადის მასა ხასიათდება წვრილდისპერსიულობითა და ძლიერი არომატულობით. ამ თვისებებს ის იძენს განსაკუთრებული და ხანგრძლივი დამუშავების შედეგად. შაქრის შემცველობა მასში არა უმეტეს 55%-ია.

ჩვეულებრივი შოკოლადის მასისთვის დამახასიათებელია ნაკლები გემოვნური და არომატული თვისებები, ნაკლები დისპერსიულობა. შაქრის შემცველობა მასში არ აღემატება 63%-ს. ფოროვან შოკოლადს ძირითადად იღებენ სადესერტო შოკოლადის მასისგან, რომელსაც ასხამენ ფორმებში, საერთო მოცულობის 3/4–ს ათავსებენ ვაკუუმ-კოლტში და 4 საათით აჩერებენ თხევად მდგომარეობაში 40C ტემპერატურის პირობებში. ვაკუუმის მოხსნის შემდეგ, ჰაერის ბუშტუკების გაფართოების ხარჯზე, წარმოიქმნება ფილის წვრილფოროვანი სტრუქტურა.

შემადგენლობის მიხედვით შოკოლადს ყოფენ დანამატებიან, უდანამატო, გულსართიან, დიაბეტურ და თეთრ სახეობებად.

უდანამატო შოკოლადი მზადდება კაკაოსა და შაქრის ფხვნილებისა და კაკაოს ცხიმისგან. ასეთ შოკოლადს აქვს სპეციფიკური თვისებები, რომლებიც კაკაოს ახასიათებს. კაკაოსა და შაქრის ფხვნილების თანაფარდობის ცვლილება ცვლის მიღებული შოკოლადის საგემოვნო თვისებებს მწარედან ტკბილ სახეობამდე. რაც უფრო მეტია კაკაოს ფხვნილის შემცველობა, მით უფრო მწარე გემო და გამოკვეთილი არომატი აქვს შოკოლადს და მეტადაც ფასობს.

დანამატებიანი შოკოლადი მზადდება კაკაოს ფხვნილის, კაკაოს ცხიმის, შაქრის ფხვნილის, განსხვავებული საკვები, საგემოვნო და არომატული დანამატებისგან. დანამატებად ყველაზე ხშირად გამოიყენება მშრალი რძე და ნაღები, თხილეული, ყავა, ვაფლი, ცუკატები, სპირტი, კონიაკი, ვანილი, საკვები ესენციები. მასის შემადგენლობაში ჩამოთვლილ ნივთიერებათა რაოდენობის თანაფარდობა ასახავს ასორტიმენტის თავისებურებას და საკმაოდ ფართოა. გულსართიანი შოკოლადი შოკოლადის რძის დანამატიანი ან უდანამატო მასისაგან მზადდება. ის გამოდის ფილების, ბატონების, ფიგურების სახით, თხილის, კარამელის, შოკოლადის, კრემისებური, ხილის ჟელეს, რძისა და ნაღების გულსართით. გულსართის წილი არ უნდა აღემატებოდეს, ნაწარმის საერთო მასის 50%–ს.

დიაბეტური შოკოლადი განკუთვნილია დიაბეტიანი ადამიანებისთვის. შაქრის ნაცვლად მის დასამზადებლად გამოიყენება სორბიტი, ქსილიტი და მანიტი. თეთრი შოკოლადი განსაკუთრებული რეცეპტით მზადდება კაკაოს ცხიმის, შაქრის, მშრალი რძისა და ვანილინისგან, კაკაოს მასის დამატების გარეშე. ამიტომაც არის ის სპილოსძვლისფერი.

ექსპერიმენტული ნაწილისთვის საკვლევ ობიექტად ვირჩევთ რძიანი, შავი და თეთრი შოკოლადის ნიმუშებს.

სასკოლო სოციოლოგიური გამოკითხვის ჩასატარებლად უნდა შედგეს ანკეტა.

მაგალითად, ასეთი კითხვარი:

  1. რომელ შოკოლადს ანიჭებთ უპირატესობას? (თეთრს, შავს, რძიანს.)
  2. რომელი ფირმის შოკოლადს ამჯობინებთ?
  3. სასარგებლოა შოკოლადი? თუ კი, რა სარგებლობა მოაქვს?
  4. მავნებელია შოკოლადი? თუ კი, რატომ?

გამოკითხვის ჩატარება შეიძლება მე–5-9 კლასების მოსწავლეთა შორის. გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება, რომელი შოკოლადი უნდა ავიღოთ კვლევის ობიექტად.

ექსპერიმენტულ ნაწილში შეგვიძლია ჩავატაროთ შემდეგი სახის კვლევები:

  • შოკოლადის კალორიულობის დადგენა – ვეყრდნობით შეფუთვაზე აღნიშნულ მონაცემებს;
  • შოკოლადის შემადგენლობითი ხარისხის დადგენა – ვეყრდნობით შეფუთვაზე აღნიშნულ მონაცემებს;
  • ვარგისობის დადგენა – ვადგენთ შეფუთვაზე მითითებული ინფორმაციის საფუძველზე (დღეების მაქსიმალური რაოდენობა);
  • ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების განსაზღვრა – მოსწავლეთა ათკაციანი ჯგუფი აფასებს ყოველი ნიმუშის გემოსა და არომატს ხუთქულიანი სისტემით.

 

შოკოლადში არსებული დანამატების განსაზღვრა

ბრტყელძირიან კოლბაში ასხამენ ცხელ წყალს და შიგნით ჩაუშვებენ 5 გ შოკოლადის ნიმუშს. კოლბას ათავსებენ ორთქლის აბაზანაზე, სანამ ნიმუში მთლიანად არ გაიხსნება. შემდეგ აგრილებენ და უმატებენ იოდის სპირტხსნარის რამდენიმე წვეთს. თუ შოკოლადში არის ფქვილისა და სახამებლის მინარევები, ნარევი მიიღებს ლურჯ ფერს. ყველა ნიმუშის მონაცემები შეჰყავთ ცხრილში.

 

შოკოლადში უჯერი ცხიმების შემცველობის დადგენა (კაკაოს ზეთი)

ცოტაოდენ გახეხილ შოკოლადს დავასხათ რამოდენიმე წვეთი კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარი და კარგად ავურიოთ. შოკოლადი შეიცავს ცხიმებს, ჟანგვა-აღდგენითი რეაქციის შედეგად წარმოიქმნება მანგანუმის ოქსიდის MnO2 მუქი ნალექი.

ეს ცდა ასეც შეიძლება ჩავატაროთ:

შოკოლადის ნატეხს ახვევენ ფილტრის ქაღალდში და ხელით აწვებიან ისე, რომ ქაღალდზე ცხიმის ლაქები გაჩნდეს. ამ ლაქებზე აწვეთებენ 0,5 ნორმალობის KMnO4–ს. მიიღება მუქი ფერის MnO2, რომელიც ჟანგვა-აღდგენითი რეაქციის შედეგად წარმოიქმნება.

 

კოფეინის შემცველობის დადგენა და ცხიმის გამოყოფა.

საათის მინაზე ან ფაიფურის ჯამში ათავსებენ შავი შოკოლადისა და მაგნიუმის ოქსიდის ნარევს 2,5:1 თანაფარდობით (მასის მიხედვით), აფარებენ მინის ხუფს და აზბესტის ბადით დგამენ ელექტროქურაზე. ისე ახურებენ, რომ ნარევი არ დანახშირდეს. ხდება კოფეინის გამოხდა (გამოხდის t < ლღობის t; ლღობის t = 235-237C). კოფეინი გამოკრისტალდება მინის ფირფიტის კიდეებზე, ხოლო ცენტრში კონდენსირდება მოყვითალო-მოყავისფრო ზეთი. კრისტალურ კოფეინს აკვირდებიან მიკროსკოპით (იხ. ფოტო). მინიდან ბამბით იღებენ ზეთს და გადააქვთ ახალ სინჯარაში, სადაც ამატებენ 2 მლ ქლოროფორმს. მიიღება ყვითელი ხსნარი, რომელიც ფრთხილად, ისე, რომ ბამბის ნაწილები არ გადაჰყვეს, გადააქვთ სხვა სინჯარაში და ამატებენ 2-3 წვეთ 0,5 ნორმალობის KMnO4-ის ხსნარს. მიმდინარეობს KMnO4-ის ზეთში შემავალი უჯერი ცხიმებით აღდგენა მუქი ფერის MnO2-მდე, რომელიც გამოილექება.

 

შოკოლადის ემულგატორში ფოსფორშემცველი კომპონენტების დადგენა – ლეციტინი

ლეციტინები ქლორინის ამინსპირტისა და ფოსფორმჟავა დიგლიცერიდების რთული ეთერებია. სოიის ლეციტინი საკვები დანამატების საერთაშორისო რეესტრში E322 კოდითაა რეგისტრირებული და ნებადართულია საკვების წარმოებაში გამოსაყენებლად მთელ მსოფლიოში.

ლეციტინი წყალი-ზეთი სისტემებში მდგრადი ემულსიის მიღების საშუალებას იძლევა. ეს საკვები დანამატი ფართოდ გამოიყენება კვების მრეწველობაში: შოკოლადისა და შოკოლადის მინანქრის (როგორც ანტიოქსიდანტი, რომელიც აფერხებს დაძველების პროცესს), საკონდიტრო ნაწარმისა და პურ-ფუნთუშეულის, მაკარონის ნაწარმის, მარგარინისა და მაიონეზის დასამზადებლად. ლეციტინის წყალცხიმოვან ემულსიას იყენებენ საცხობი ფორმებისა და ფირფიტების გასაცხიმოვანებლადაც.

საკვებთან ერთად ორგანიზმში მოხვედრისას ლეციტინი შედის მთელ რიგ რთულ ქიმიურ რეაქციებში, რომელთა შედეგადაც ვიღებთ შემდეგ ნივთიერებებს: უმაღლეს ცხიმმჟავებს – ოლეინის, პალმიტინის, სტეარინისა და არაქიდონის მჟავებს, ფოსფორმჟავას, გლიცერინსა და ქოლინს.

შოკოლადის ერთ უჯრულას აქუცმაცებენ და საშუალო ზომის კოლბაში ათავსებენ. მასში ამატებენ 15 მლ 96%-იანი ეთილის სპირტის ხსნარს. ნარევს შეანჯღრევენ და 15-20 წუთის განმავლობაში ათბობენ ისე, რომ არ მიჰყავთ ადუღებამდე. ნარევს აცივებენ და ფილტრავენ. მიღებული ფილტრატი გადააქვთ ახალ კოლბაში, უმატებენ 5 მლ 1 ნ გოგირდმჟავას ხსნარს და 15 წუთის განმავლობაში ადუღებენ. ნარევს აცივებენ და ისევ ფილტრავენ. მიიღება მოვარდისფრო-მოყავისფრო ხსნარი. გაცივების შემდეგ ხსნარის 1 მლ–ს ასხამენ სინჯარაში და ამატებენ 1 მლ მოლიბდენის რეაქტივს (7,5 გ ამონიუმის მოლიბდატს (NH4)6Mo7O24 ხსნიან 100 მლ 32%-იან აზოტმჟავას ხსნარში). ნარევს ათბობენ წყლის აბაზანაზე (ელექტროქურაზე აზბესტის ბადით ათავსებენ წყლიან ჭიქას, რომელშიც ჩაუშვებენ ნარევიან სინჯარას). წარმოიქმნება ყვითელი წვრილკრისტალური ნალექი. რძის ფოსფოპროტეიდების (თუ შოკოლადი რძიანია) და ლეციტინის ფოსფატიდების მჟავური ჰიდროლიზის შედეგად წარმოიქმნება ფოსფატიონები, რომლებიც ურთიერთქმედებენ ამონიუმის მოლიბდატთან.

 

შოკოლადში ცილების შემცველობის დადგენა (ქსანტოპროტეინული რეაქცია)

სინჯარაში დაახლოებით 1 სმ სიმაღლეზე ყრიან გახეხილ შოკოლადს და ასხამენ 2 მლ დისტილირებულ წყალს. სინჯარას რამდენჯერმე კარგად შეანჯღრევენ და ფილტრავენ. მიღებული ფილტრატის 1 მლ-ს უმატებენ 0,5 მლ კონცენტრირებულ აზოტმჟავას HNO3 და მიღებულ ნარევს აცხელებენ. ნარევი იღებს ყვითელ ფერს, რომელიც 25%-იანი ამიაკის წყალხსნარის დამატებისას ნარინჯისფერში გადადის. ასეთ რეაქციას იძლევა არომატული ამინმჟავები, რომლებიც შოკოლადში არსებული ცილების შემადგენლობაშია.

 

შოკოლადში ნახშირწყლების შემცველობის დადგენა. საქაროზის ანალიზი

იღებენ შოკოლადის ნატეხს და დანით თლიან. ნათალს ათავსებენ სინჯარაში დაახლოებით 1 სმ სიმაღლეზე. სინჯარაში ამატებენ 2-3 მლ დისტილირებულ წყალს, კარგად შეანჯღრევენ და ფილტრავენ. ფილტრატს ამატებენ 1 მლ 5-10%-იან NaOH–ს და 2-3 წვეთ 10%-იან CuSO4–ს. სინჯარას შეანჯღრევენ და მიიღება მკვეთრი ლურჯი შეფერილობა. ასეთ რეაქციას იძლევა საქაროზა, რომელიც მრავალატომიანი სპირტია.

 

შაქრისმიერი გათეთრების მოდელირება

შოკოლადის რამდენიმე ნატეხს წყლით ნამავენ, ფოლგაში ახვევენ და 1-2 კვირით ათავსებენ მაცივარში (და არა საყინულეში). ამ ხნის განმავლობაში შოკოლადის ზდაპირზე ჩნდება თეთრი ნადები – ეს საქაროზის კრისტალებია. ნადებს ჩამორეცხავენ 3-5 მლ დისტილირებული წყლით და ადგენენ მიღებულ ხსნარში საქაროზის შემცველობას. ამისთვის ხსნარს ამატებენ 1 მლ 5-10%-იან NaOH–ს და 1-2 წვეთ 10%-იან CuSO4-ის ხსნარს. ნარევს შეანჯღრევენ. ჩნდება დამახასიათებელი მკვეთრი ლურჯი შეფერილობა (მრავალატომიანი სპირტების ხარისხოვანი რეაქცია).

 

შოკოლადის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე

  • შოკოლადი ხელს უწყობს ენდორფინის – ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებას, ამაღლებს ტონუსს, შრომისუნარიანობას, ყურადღების კონცენტრირების უნარს, განწყობას. ამის მიზეზია თეობრომინი, რომელიც აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ხსნის თავის ტკივილს და ხელს უწყობს სიფხიზლეს. სეროტონინი, ფენილეთილამინი და ტრიპტოფანი შესანიშნავი ანტიდეპრესანტებია. მაგნიუმი აფერხებს დეპრესიისა და სტრესის შეგრძნებებს, აუმჯობესებს მეხსიერებას, დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, ახდენს უჯრედული ცვლის ცირკულაციას.
  • მწარე შოკოლადი დაბლა სწევს წნევას და ხელს უწყობს შაქრის ათვისებას.
  • ალკალოიდი კოფეინი ფსიქოსტიმულატორებს მიეკუთვნება. ის ააქტიურებს გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და სასუნთქ სისტემებს, აფხიზლებს, ამაღლებბს გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, ებრძვის ბავშვთა ენურეზს.
  • მაგნიუმი და კალიუმი აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემისა და კუნთოვანი მასისთვის, ფოსფორი – ტვინის ფუნქციონირებისთვის, კალციუმი – ძვლოვანი სტრუქტურისთვის.
  • ანტიოქსიდანტები (პოლიფენოლები, კატექინები, ფლავონოიდები) აფერხებენ ორგანიზმის დაბერების პროცესს, ახდენენ გულის მუშაობის ნორმალიზებას და ებრძვიან ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას. ყველა ფლავონოიდი კანში მიმდინარე პროცესების რეგულაციას უწყობს ხელს და დიდი ხნით უნარჩუნებს ახალგაზრდობას. კოკოჰილს ახასიათებს ნაოჭების საწინააღმდეგო და ჭრილობების შეხორცების ხელშემწყობი თვისებები, ახდენს კანის ქსოვილის უჯრედულ განახლებას.
  • ტკბილი ასპირინი – შოკოლადი ხელს უწყობს სისხლის გათხელებას, ამცირებს თავისა და ყელის ტკივილს. კაკაო-ფლავონოიდები აუმჯობესებს ორგანიზმის გაცვლით ფუნქციებს, აფერხებს სისხლძარღვებში ქოლესტერინის დაგროვების და სისხლძარღვთა დაზიანების პროცესებს.
  • შოკოლადში არსებული თიანინების ანტიბაქტერიული მოქმედება ხელს უშლის კბილებზე ნადების გაჩენას და ამგვარად ებრძვის კარიესს.
  • თეობრომინი და თეოფილინი უზრუნველყოფს კანში ბიოქიმიურ პროცესებს და ახდენს მის ლიფტინგს.
  • შოკოლადში არსებული კოფეინი ებრძვის ჭარბ წონასა და ცელულიტს, აწესრიგებს ლიმფისა და სისხლის ნაკადებს, ხსნის შეშუპებას, ააქტიურებს უარყოფითი ცხიმების, ტოქსინებისა და წიდის დაშლასა და ორგანიზმიდან გამოძევებას.

მრავალ სასარგებლოსთან ერთად შოკოლადს უარყოფითი თვისებებიც აქვს. მასში შემავალი ტანინი შესაძლოა თავის ტკივილის მიზეზი გახდეს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ცუდი სისხლძარღვები აქვთ. ღამის საათებში შოკოლადის ჭარბი დოზა შესაძლოა უძილობის მიზეზად იქცეს. დიდი რაოდენობით მისი მიღება იწვევს ალერგიულ რეაქციებს, ახშირებს გულისცემას, ხოლო მაღალკალორიულობის გამო წონის მატებას უწყობს ხელს.

დასასრულ, შეგახსენებთ, რომ ნამდვილ შოკოლადად იწოდება საკონდიტრო ნაწარმი, რომლის დასამზადებლადაც გამოიყენება მხოლოდ კაკაოს ცხიმი და კაკაოს ფხვნილი და არა შემცვლელი მცენარეული ზეთებისგან დამზადებული პროდუქტი.

შოკოლადის ხარისხიანი შემადგენლობის შესწავლის შემდეგ ვადგენთ, რომელი ფირმის ნაწარმია ნამდვილი შოკოლადის ფილა, რომელია საუკეთესო ხარისხისა და რომელშია მცენარეული ზეთებით ჩანაცვლებული კაკაოს ცხიმი.

ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების საფუძველზე, ვადგენთ, რომელი ფირმის შოკოლადია ყველაზე სასარგებლო და გემრიელი;

უნდა გვახსოვდეს, რომ შოკოლადის შერჩევისას აუცილებელია გავეცნოთ ეტიკეტზე აღნიშნულ მონაცემებს შემადგენლობისა და ვარგისიანობის შესახებ.

შოკოლადი არ ვნებს ორგანიზმის ჯანმრთელობას, თუ მას ზომიერად მოვიხმართ.

 

 

წყარო:

 

  1. https://cocoarunners.com/explore/bean-to-bar/
  2. https://www.botanical-online.com/english/chocolate-properties.htm
  3. https://chocolate.mit.edu/science/
  4. https://www.chemistryislife.com/the-chemistry-of-choco
  5. https://sweets.seriouseats.com/2008/09/chocolate-cocoa-butter-replacements-hersheys.html
  6. https://www.sciencefriday.com/educational-resources/chocolate-crystal-concoctions/
  7. https://creativefamilyfun.net/hot-chocolate-science/
  8. https://littlebinsforlittlehands.com/charlies-chocolate-factory-candy-science-activities/
  9. https://www.infoplease.com/science/biology-science-projects/science-projects-sweetest-experiment

cravings.html

ფეხბურთი ჩვენს ბავშვობაში

0

მახსოვს და ალბათ არც არასოდეს დამავიწყდება ქართული ტელევიზიის მიერ გადაცემული სულ პირველი ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პირველი რეპორტაჟები. ეს 1999 წლის შემოდგომაზე მოხდა. მაშინ ლიგაში ფლორენციის “ფიორენტინა” თამაშობდა და გაბრიელ ბატისტუტა სასწაულებს სჩადიოდა. მაშინაც და ახლაც ქართველებს ძალიან მოგვწონდა შედარებით სუსტი გუნდების მიერ ძლიერთა ძლევის პრეცედენტები და ამის მიზეზი ჩვენივე ცხოვრება იყო. ჩვენ ხომ ტერიტორიებწართმეული, დაჩაგრული, ნახევრად მშიერი, გამწარებული ხალხი ვიყავით და გაფუფუნებული “არსენალის” მძლეველ ბატისტუტაში ქვეცნობიერად საკუთარ თავს და ქართულ მარადიულ ოცნებას ვხედავდით.

ამის შემდეგ მსოფლიო ფეხბურთში უამრავმა წყალმა, ფინალმა და მოვლენამ ჩაიარა, მაგრამ პირველი მაინც პირველია და სულ სხვა გემო აქვს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონთა ლიგა ქართული საზოგადოების პარალელურად გაიზარდა, დავაჟკაცდა და ახლა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნიც კი ქართველ გულშემატკივრებში უკვე სულ სხვა ემოციებს ბადებს.

ქართველებს, სამწუხაროდ, ჯერ არ გვღირსებია ჩვენი გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ხილვა, მაგრამ ამ დანაკლისს მეტ-ნაკლებად ლიგაში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები გვივსებდნენ. ჩვენთვის ესეც ბევრს ნიშნავდა.

ფაქტია, რომ ძველ, უშუქობის პერიოდში ნანახ ლიგის თამაშებს მაინც სულ სხვა გემო ჰქონდა. მეზობლების “ჟიგულებზე” შემოდებულ აკუმულატორებზე ჩართულ პაწაწკინტელა ტელევიზორებთან მიმსხდარნი, რაღაც განსაკუთრებული სიჯიუტით ვცდილობდით, თამაშები არ გამოგვეტოვებინა. ჩვენთვის ქართულ ენაზე კომენტირებული მაშინდელი ჩემპიონთა ლიგა ევროპაში გაჭრილი ლამის ერთადერთი ფანჯარა იყო. ხუმრობა ხომ არ არის – ჩვენს ტელევიზორებს თვით დიდი ზიდანი, რონალდო, ფიგუ და ბატისტუტა სტუმრობდნენ ხოლმე.

იმ მაგიური საათნახევრის განმავლობაში, რაც ფეხბურთს ვუყურებდით, ყველას გვავიწყდებოდა, რომ ჩვენი ქვეყნის მესამედში სეპარატისტები და გალეშილი რუსი სალდათები დაჯლიგინობდნენ, რომ სადარბაზოების წინ ცეცხლს ვანთებდით და საერთო, საუბნო ვახშამს ვამზადებდით, რომ ფაქტობრივად უქონელ-უპოვრები, მაგრამ მაინც ძლიერები ვიყავით, რადგან ვერაფერი შეედრებოდა იმ გრძნობას, როდესაც ფაქტობრივად ყველაფერზე ხელჩაქნეულ ქვეყანაში ჯერ კიდევ იყვნენ ადამიანები, რომლებიც შოთა არველაძის მიერ “რეინჯერსში”, კახა კალაძის მიერ კიევის “დინამოში” და თემურ ქეცბაიას მიერ “ნიუკასლში” გატანილი გოლების შემდეგ სიხარულისგან ტიროდნენ და კაპიკებს ზოგავდნენ, რომ შვილებისათვის ესოდენ საოცნებო საქართველოს ნაკრების მაისურები ეყიდათ.

ვერ გავამტყუნებ იმ ქართველ გულშემატკივრებს, რომლებიც ქართულ ფეხბურთში არსებულ სიტუაციას სკეპტიკურად უყურებენ და ძალიან განიცდიან, რომ ლიგის კარს ყოველ წელს აღებენ სლოვაკეთის, სლოვენიის, დანიისა და ბელარუსის უსახელო კლუბები, ჩვენს კლუბებს კი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლაც უჭირთ.

მე მესმის სკეპტიკოსების, მაგრამ როდესაც მარადიულ ქართულ ოცნებაზე – ლიგაზე ქართული კლუბის მოხვედრაზე საუბრობენ, ყოველთვის მახსენდება სწორედ ის 1999 წელი, როდესაც თბილისის “დინამოს” ბობოლათა მარაქაში გარევის არნახულად დიდი შანსი ჰქონდა. არ მიყვარს გამართლება-გაუმართლებლობაზე ლაპარაკი, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინ ბილბაოს “ატლეტიკს” ქართველებთან ძალიან გაუმართლა.

არც მკითხაობაა გულშემატკივრის საქმე, მაგრამ მაშინ “დინამო” ჩვენთვის ესოდენ ნანატრ ლიგაზე რომ აღმოჩენილიყო, მართლაც შეიძლებოდა, ქართული ფეხბურთის ჩარხი წაღმა დატრიალებულიყო და სადარბაზოების წინ დანთებულ კოცონებს მიფიცხებულ ქართველებს ეგებ მაშინ მაინც გაეხარათ, მაგრამ ჩვენთან იღბალს რა უნდა?..

ექვსი წელი – მნიშვნელოვანი ასაკი

0

ექვსი წლის ასაკში ბავშვის ცხოვრება კარდინალურად იცვლება. ის სკოლაში მიდის. ყველა წესი, რომლებითაც ბავშვი აქამდე ცხოვრობდა, ტრანსფორმირდება. ახალ პირობებთან შეგუებისას ბავშვი ადაპტაციის რთულ პროცესს გადის. ამ პროცესის მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ წარმართვისთვის მასწავლებლები და მშობლები ბავშვის ასაკობრივ თავისებურებებს უნდა იცნობდნენ.

ბავშვის ფიზიოლოგიური განვითარება – ფიზიოლოგიური ფორმირების პროცესშია სისხლძარღვთა სისტემა, ხერხემალი – საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ცენტრალური ნაწილი. სრულყოფას განიცდის ნერვული სისტემაც – მისი სხვადასხვა ნაწილი დიფერენცირდება. იმატებს ნერვული პროცესების აქტივობა. ნერვული აღგზნება ჭარბობს შეკავებას და ეს განაპირობებს უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვების ისეთ მახასიათებლებს, როგორებიცაა ჭარბი ემოციურობა, მოუსვენრობა. უმჯობესდება მოტორიკა და მოძრაობის კოორდინაციის უნარი, რის გამოც ბავშვი უფრო აქტიური ხდება. მას ემატება ძალა და მოქნილობა, უფრო ამტანი ხდება და მეტ ფიზიკურ დატვირთვას უძლებს.

ბავშვის ორგანიზმი მზად არის დღის რეჟიმის შესაცვლელად. ბავშვი ფიზიკურად ვითარდება, მაგრამ მისი ზრდის პროცესი არათანაბრად მიმდინარეობს – გული სხეულის პროპორციულად არ იზრდება, ამიტომ არ შეუძლია, დიდხანს გაუძლოს დაძაბულ ფიზიკურ აქტივობას, დასვენების პერიოდები სჭირდება.

ფსიქოლოგიური პროცესების განვითარება – ექვსი წლის ბავშვის ფსიქოლოგია განვითარების ბობოქარ პროცესშია: მუდმივი ვარჯიშის შედეგად მკვეთრად იზრდება მეხსიერების პროდუქტიულობა, ფორმირებას იწყებს ლოგიკური მეხსიერება. ბავშვები იოლად უმკლავდებიან ამოცანებს, რომლებიც მოითხოვს ობიექტის ცნობას, მაგრამ უჭირთ მეხსიერებაზე დაყრდნობით ინფორმაციის აღდგენა, უძნელდებათ ისეთი მარტივი ტექნიკის გამოყენებაც, როგორიცაა გამეორება.

ყურადღების კონცენტრირების უნარი ჯერ კიდევ სუსტია, მაგრამ ეს არ არის სერიოზული პრობლემა. ბავშვებს შეუძლიათ გააანალიზონ, დააჯგუფონ და სისტემაში მოიყვანონ ობიექტები საერთო ნიშნების მიხედვით. ისინი ადგენენ მიზეზშედეგობრივ კავშირებს, დამოუკიდებლად ინტერესდებიან ახალი ინფორმაციით, აკვირდებიან, აქვთ სიმბოლოების გაგების უნარი. მასწავლებელს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ბავშვის აღქმის განვითარებაში, თუ სწორად შეურჩევს ნახატებს, სურათებს და აღქმის ორგანიზებაში დაეხმარება.

ბავშვს აქვს საბაზისო ცოდნა გარემოს შესახებ და განსაზღვრული დასკვნების გამოტანა შეუძლია. ამ ასაკის პატარებს ძალიან კარგად აქვთ განვითარებული წარმოსახვის უნარი. უყვართ ფანტაზიორობა.

პირველკლასელმა ბავშვმა შეიძლება წარმოიდგინოს მოძრავი ობიექტი, მაგრამ მის წარმოდგენაში აისახება ობიექტის მხოლოდ საწყისი და საბოლოო მდგომარეობა. მესამეკლასელს კი უკვე შეუძლია ობიექტის გარდამავალი მდგომარეობის წარმოდგენაც.

ამ ასაკის ბავშვები იგონებენ ასოციაციებს, აღიქვამენ სილამაზეს, უყვართ ხატვა, თუმცა ხატვის დროს ცუდად აფიქსირებენ დეტალებს. ფერების მიხედვით გადმოსცემენ ემოციებს. ბავშვს შეუძლია დაათვალიეროს ნახატის დეტალები გარკვეული თანმიმდევრობით, ააწყოს ნაწილებისგან მთელი და ა.შ.

უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებს უჩნდებათ ლოგიკური აზროვნების ნიშნები, რომელიც ჯერ მხოლოდ კონკრეტულია. ბავშვის მსჯელობა, როგორც წესი, ემყარება კონკრეტულ მაგალითებს და პირად გამოცდილებას.

ინტელექტუალური განვითარება – გარდაქმნები მიმდინარეობს ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაში. უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვისთვის ხელმისაწვდომია ექსპერიმენტი, პრაქტიკული აქტივობა, თამაში. ბავშვები იცავენ თამაშის წესებს. მოსწონთ მოძრავი და სიუჟეტურ-როლური თამაშები. თამაში ეხმარება მათ, დაინახონ მიმართება, მიზეზშედეგობრივი კავშირი ობიექტებსა და მოვლენებს შორის, რაც აფართოებს მათ გამოცდილებას.

ამ ასაკის ბავშვი ძნელად იღებს თეორიულ ცოდნას, რომელიც მზა სახით მიეწოდება. ნამდვილად მხოლოდ მაშინ იგებს ახალ ინფორმაციას, როდესაც მას ობიექტების გამოყენებით – ტრანსფორმაციის, გადაადგილების, დაკავშირების, კომბინაციის გზით ვაწვდით. ამ ასაკშივე ჩნდება მეხსიერების პროცესების კონტროლის უნარი. ასაკის მატებასთან ერთად ის უფრო ძლერდება.

ფსიქოლოგებმა დაადგინეს ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას: საინტერესო და მრავალფეროვანი ფიზიკური გარემო, მათ შორის – სათამაშოები, ყურადღება და ემოციური დამოკიდებულება, ხშირი საუბარი ბავშვთან, გადაჭარბებულ შეზღუდვებსა და კონტროლზე უარის თქმა. მშობლები კი არ უნდა უბრძანებდნენ ბავშვებს, არამედ კომუნიკაციის სხვა ფორმებს არჩევდნენ.

გარემო – ექვსი წლის ბავშვი აქტიურად ეცნობა სამყაროს, უჩნდება ბევრი კითხვა, აქვს პასუხის საკუთარი ვერსიები. ის იოლად ახერხებს სახლის გარეთ ორიენტირებას, ინტერესდება, რისგან რას ამზადებენ, აქვს სამყაროს შექმნის საკუთარი ვერსია, შეუძლია, ახალი ცოდნა ცხოვრებისეულ სიტუაციებსა და თამაშში გამოიყენოს. მარტივად სწავლობს სხვის მაგალითზე.

მეტყველება – ექვსი წლის ბავშვს უნდა შეეძლოს ყველა ბგერის მკაფიოდ წარმოთქმა, ლექსის დაზეპირება და დეკლამირება, ლიტერატურული ნაწარმოების მოყოლა. მისი მეტყველება გასაგები უნდა იყოს.

ბავშვის მეტყველების განვითარება მჭიდროდ უკავშირდება აზროვნების განვითარებას. ბავშვი გადადის მარტივიდან რთული თანწყობილი და ქვეწყობილი წინადადებების გამოყენებაზე. წინადადებების ფორმულირებისას იყენებს კავშირებს – „იმიტომ, რომ“, „თუ“, „იმისთვის“ და სხვ.

ექვსი წლის ბავშვის მეტყველების სემანტიკური მხარე შედარებით ღარიბია. სიტყვების მნიშვნელობას აკლია სიზუსტე, ხან შევიწროებულია, ხან – ზედმეტად ფართო. ამ ასაკში ბავშვებს სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით ესმით.

მათემატიკა – შეუძლია ათამდე და პირუკუ თვლა, ესმის მათემატიკური ნიშნების მნიშვნელობა, იყენებს მათ, უმატებს და აკლებს ათის ფარგლებში, იცის ძირითადი გეომეტრიული ფიგურების სახელები, შეუძლია ოპერირება ცნებებით „ახლოს – შორს“, „მეტი – ნაკლები“, „წვრილი – მსხვილი“ და სხვ. შეუძლია საკუთარი შეცდომების გამოსწორება, ქმედებათა კორექტირება.

ემოციები – უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის ემოციები მძაფრია და მკვეთრად გამოხატული, მაგრამ არამდგრადი, რაც გამოიხატება ერთი ემოციური მდგომარეობიდან მეორეში სწრაფი გადასვლით. ბავშვის შეშინება და გაბრაზება ადვილია, თუმცა ასევე ადვილია მისი ინტერესისა და სიხარულის გამოწვევა. მას ადვილად გადაედება სხვა ბავშვების ან უფროსების ემოციები.

ექვსი წლის ბავშვი ემოციურად დაუცველია. ცდილობს, ასიამოვნოს უფროსებს, მიიღოს მათგან ემოციური დაცვა. ის მიჯაჭვულია უფროსებს, ბაძავს მათ და უკრიტიკოდ იღებს მათ ღირებულებებს.

პიროვნების სოციალიზაცია – ამ ასაკის ბავშვი მეგობრულია, უყვარს ჯგუფურ თამაშებში მონაწილეობა. ეს მას უვითარებს თანამშრომლობის უნარს და მატებს თავდაჯერებას, რადგან მისი ცალკეული წარუმატებლობანი ზოგად ფონზე ნაკლებად შესამჩნევია.

ბავშვის თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს როგორც სასკოლო წარმატებები, ასევე მისდამი უფროსების დადებითი დამოკიდებულებაც.

პირველკლასელთა უმრავლესობისთვის დამახასიათებელია მაღალი თვითშეფასება. ბავშვებს მიაჩნიათ, რომ „კარგები და ჭკვიანები“ არიან. მეორე კლასში თვითშეფასება მკვეთრად ეცემა („მეორე კლასის ფენომენი“). ბავშვები კრიტიკულები ხდებიან საკუთარი თავის მიმართ. ისინი უკვე სასწავლო საქმიანობის ხარისხზე ორიენტირდებიან, ხოლო საკუთარი სასწავლო საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები ჯერ ისევ სუსტად აქვთ განვითარებული.

სკოლაში შესვლის დღიდან ბავშვი ახალ სოციალურ როლს – მოსწავლეობას ირგებს. იცვლება თანატოლებთან, უფროსებთან მისი ურთიერთობის პრინციპები და ფორმატი, ბავშვის მიმართ აქამდე არსებული მოთხოვნების სისტემა მკაცრდება.

ბავშვი მზადაა, გააფართოოს თავისი მიკროსამყაროს არეალი. ის მეტი ხალისით ამყარებს კომუნიაკაციას გარშემო მყოფებთან. საკუთარ „მეზე“მისი წარმოდგენა რთულდება. ბავშვს შეუძლია მიზნისა და მოტივაციის აღქმა, რომელიც ქმედებისკენ უბიძგებს და მიახვედრებს, რა შედეგს უნდა ელოდოს.

ექვსი წლის ბავშვს თვითგამოხატვის მოთხოვნილება უჩნდება. ის სხვადასხვა გზით ცდილობს ყურადღების მიქცევას, მათ შორის – ცუდი საქციელითაც, და მტკივნეულად განიცდის წარუმატებლობას.

ექვსი წლის ასაკში საფუძველი ეყრება ბავშვის ზეობრივ სახეს. მის ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი როლი უფროსებს აკისრიათ. ბავშვისთვის უფროსი ავტორიტეტია, ამიტომ ის მზად არის, იცრუოს კიდეც, ოღონდაც უფროსების თვალში ღირსეულად გამოიყურებოდეს, მისი ქმედება დადებითად შეფასდეს ან არ დაისაჯოს.

ექვსი წლის ბავშვები ცდილობენ ემოციების მართვას, ცრემლისა და აგრესიის შეკავებას. ისინი ნელ-ნელა ხვდებიან, რომ სამყარო დიდია, რაც მათში უკონტროლო შიშს, ფობიას ბადებს.

ამ ასაკში ხდება საკუთარი სქესის საბოლოო იდენტიფიცირება და ბავშვი არჩეულ როლს ყველგან წარმოაჩენს – მეგობრებისა და სათამაშოების არჩევის დროს, როლურ თამაშებში.

ექვსი წლის ბავშვს კარგად აქვს განვითარებული თვითმომსახურების უნარები, შეუძლია ყველა ძირითადი ჰიგიენური პროცედურის ჩატარება. ყოფასა და ყოველდღიურობაში მისი დამოუკიდებლობის წილი ნელ-ნელა იზრდება.

ქენჯნა

0

ახლა იშვიათად მიწევს მეტროპოლიტენით სარგებლობა, მაგრამ წლების წინ, ჩემთვის უცვლელი ტრანსპორტი იყო. ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ ორი კვირის წინ ჩავედი მეტროში. ერთი გაჩერების შემდეგ, გაიღო თუ არა მეტროს ვაგონის კარი, მყისვე შემოხტა, თან უკან-უკან იყურებოდა გამარჯვებული ღიმილით და ვიღაცას ენას უყოფდა, ალბათ, კონკურენტ შემწეობის მთხოვნელს, რომელსაც სისხარტემ უმტყუნა. შევხედე თუ არა, ვიცანი, ისევ ის დიდრონი ცისფერი თვალები, კურნოსა ცხვირი და დალალებად დაყრილი ქერა, ხუჭუჭა თმა, გასაოცარი სილამაზის აწ უვე 13-14 წლის ვაჟი. კარის დახურვისთანავე მთელი სერიოზულობითა და პროფესიონალიზმით ჩამოგვიარა უკლებლივ ყველა მგზავრს, საოცარი მოხერხებულობით ჩაგვაბღუჯინა სანთლები, შეარჩია ვაგონის შუა ადგილი და როხროხა, ალაგ-ალაგ ბავშვური დეტონაციებითა და „ყიყლიყოებით“ გაჯერებული ხმით, ოდნავი აქცენტით დაგვამუნათა წმინდანების სახელებით და სანთლის ყიდვის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილთა წყალობის გარდაუვლობაშიც ცდილობდა მგზავრთა დარწმუნებას. როცა დაასრულა, ისეთივე სისხარტით წამოკრიფა სანთლები, მიეყრდნო კარს და მოჰყვა ხურდების თვლას. შემდეგ სადგურში გვერდზე ვაგონში გადაინაცვლა და იქაც ეგრე.

ყველა სხვა ტრანსპორტთან შედარებით მეტრო ბავშვობიდან რატომღაც განსაკუთრებით მიყვარს. მართალია, 90-იანების საწყის ეტაპზე არა ერთხელ მივლია ფეხდაფეხ ჩაკურატებულ ვირთხებთან ერთად ჩაბნელებულ გვირაბში, მაგრამ არასდროს მიღალატია მისთვის. ეს ერთგულება სტუდენტობაშიც გაგრძელდა. დილით მისულები საღამოსკენ ვამთავრებდით ლექცია-სემინარებს. ჰოდა, დავუყვებოდით თსუ-ის პირველი კორპუსიდან გზას რუსთაველის მეტრომდე, თან ვხალისობდით, ვლაზღანდარობდით, ხან ვკამათობდით და განვიხილავდით იმ დროს ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ხანაც გადავუხვევდით ხოლმე გზიდან და საერთოდ სხვაგან, მაგალითად, ნარიყალაზე ამოვყოფდით თავს. მოკლედ, გზა მეტროსადგურამდე ჩემი სტუდენტობის ერთ-ერთი ტკბილი მოგონებაა ახლაც. მეტროსთან მისულები უკვე ვშორდებოდით ერთმანეთს, ჩემს მხარეს, დიდუბისკენ (ჩემს ჯგუფელსა და მეგობარ ნინოს თუ არ ჩავთვლით), იშვიათად თუ ვინმე მოდიოდა. შევიდოდი ვაგონში, ავეყუდებოდი სწორედ იმ კარს, სადაც ეწერა, ნუ მიეყრდნობით და ველოდი ჩემს სადგურს. გაჭირვება და მოწყალების მთხოვნელი მაშინ იყო, თუ იყო, ზოგჯერ 2-3 ადამიანი ერთად შემოდიოდა სხვადასხვა ტექსტითა და ერთნაირი შუქჩამქრალი თვალებით. როგორც რუსთაველამდე გზაა ყველაზე მძაფრად ჩემის სტუდენტობის სურათ-ხატებში, ისე განსაკუთრებულად მაქვს მეხსიერებაში ჩაბეჭდილი ერთი სურათი – დაახლოებით 35 წლის ქალი, ისიც საქმიანი, კონკრეტული მიზნით შემოსული ვაგონში, ჩამოხეული ჭრელი კაბით, მუდამ თავწაკრული, ნაიკისნიშნიან შლოპანცებში ფეხებგაყოფილი და ორი თუ სამი წლის ხელშიატატებული  ულამაზესი, ნათელსახიანი ბიჭუნათი, რომელიც ლურჯ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და შეხედვის დროს დამორცხვებული თავისივე გრძელ ქერა ხუჭუჭა თმებში გემალებოდა. მახსოვს, სანამ დედამისი იმ ყოველდღიური, უკვე რუტინად ქცეული საქმით იყო დაკავებული, ხელი დავუქნიე, რა თქმა უნდა, დაიმალა, მაგრამ როცა ვაგონიდან გადიოდნენ, ამოიჭყიტა, დამიქნია ხელი და კვლავ დედის მხრებში ჩარგო ბუჩქა თავი.  ეს 2003 წელი იყო, პირველ აბზაცში მოთხრობილი ეპიზოდი კი ორი კვირის წინანდელია.

თავშიც ვთქვი, როგორც კი შემოხტა და შევხედე, მაშინვე ვიცანი. ვუყურებდი და  რაღაცნაირად ცრემლი ყელში მებჯინებოდა, მრცხვენოდა, თითქოს იმწამს რაღაც დანაშაული ჩამედინა და ვმალავდი, არ მყოფნიდა შნო და ვაჟკაცობა რომ მეღიარებინა. მერე ყველაზე ერთად გავბრაზდი – ხალხზე, პოლიციაზე, პოლიტიკოსებზე, უკლებლივ მთელ საჩინოვნიკეთზე, წინასაარჩევნო კამპანიებზე, სამთავრობოებზე, არასამთავრობოებზე და, ზოგადად, ყველა ადამიანზე, ვინც მოვახერხეთ, რომ ის ოქროსკულულებიანი ბიჭი 14 წლის შემდეგ იმავე საქმით არის დაკავებული, რითიც წლების წინ დედამისი და ერთადერთი უნარი, რაც გამოვუმუშავეთ, მოწყალების თხოვნის მაღალი კომპეტენციაა. აქ საუბარი ზედმეტია სახელმწიფოს მხრიდან კონსტიტუციური ვალდებულების შეუსრულებლობაზე (დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.), სადგურებშივე მოსეირნე პოლიციელების ამ თვალსაზრისით გულგრილობაზე, არსებული პრობლემის საზოგადოების მხრიდან  უგულებელყოფაზე და სხვა.

პირველ რიგში, მე ჩემს თავს ვერჩი, ვერაფერს ვერ ვუშვები ამ სინდისის ქენჯნას.

     პრაქტიკული სამუშაოები გეოგრაფიაში

0

გეოგრაფიის საგნის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ  მის შესასწავლად და გასააზრებლად  აუცილებელია მოსწავლეებს შეეძლოთ სხვადასხვა გეოგრაფიული წყაროების – ტექსტური, კარტოგრაფიული, სტატისტიკური და სხვ.  გამოყენება ინფორმაციის მოსაპოვებლად და ცოდნის შესაძენად. ამ უნარების განვითარება კი  პრაქტიკული სამუშაოების ხშირად შესრულებითაა შესაძლებელი.

პრაქტიკული სამუშაოები გეოგრაფიის სწავლების პროცესის განუყოფელი ნაწილია. პრაქტიკული სამუშაოების შესრულება უზრუნველყოფს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის ფორმირებას, ავითარებს ისეთ  მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, როგორიცაა  გააზრებული კითხვა, ანალიზი, რუკების, სტატისტიკური მონაცემების  შედარება, დამუშავება,  გამოყენება და სხვ.  სხვადასხვა  სახის პრაქტიკული სამუშაოების შედეგად მოსწავლეები ეცნობიან და  იყენებენ კარტოგრაფიულ, შედარებით-გეოგრაფიულ, გეოეკოლოგიურ, გეოსისტემურ მიდგომებს და მეთოდებს.  გთავაზობთ პრაქტიკული სამუშაოს რამდენიმე მაგალითს.

 

პრაქტიკული სამუშაო N 1

ა)  განსაზღვრეთ მანძილი ვულკანებს ორისაბასა და კოტოპახს შორის. გაზომვის რომელ ხერხს გამოიყენებთ და რატომ?  (პასუხი: სახაზავისა და მასშტაბის საშუალებით, რადგან ეს ვულკანები სხვადასხვა განედზე მდებარეობენ;  3,5 სმ × 900 კმ= 3140 კმ);

ბ) მსოფლიოს ფიზიკურ რუკაზე იპოვეთ  თითქმის ერთსა და იმავე განედზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტები (მაგ; ლონდონი და ბერლინი);  შეიძლება თუ არა ამ ორ ქალაქს შორის მანძილის განსაზღვრა რუკის გრადუსთა ბადის საშუალებით?  პასუხი დაასაბუთეთ. (პასუხი: ლონდონი – 1 º დ.გ, ბერილინი – 13º ა. გ.; 1+13=14º; 14º×71,7 კმ=1003,8 კმ);

 

პრაქტიკული სამუშაო N 2

რუკის – „დედამიწის ქერქის აგებულება“ –  მიხედვით განსაზღვრეთ:

ა) რა მიმართულებით და არ სიჩქარით მოძრაობს თითოეული ლითოსფეროს ფილა?

ბ) დაასახელეთ დედამიწის რეგიონები, სადაც  ადგილი აქვს ლითოსფეროს ფილების შეჯახებასა და დაშორიშორებას.

გ) რელიეფის რომელი ფორმები წარმოქმნება ლითოსფეროს ფილების შეჯახებისა და დაშორიშორების ადგილებში?

დ) ივარაუდეთ, როგორი განლაგება ექნებათ კონტინენტებსა და ოკეანეებს მრავალი მილიონი წლის შემდეგ.

ე) დახაზეთ კონტინენტებისა და ოკეანეების  განლაგების სქემატური ნახაზი შორეულ მომავალში.

 

პრაქტიკული სამუშაო N3

ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ბუნებრივი ზონების რუკების გამოყენებით:

ა) ამოიწერეთ ევროპის, აზიისა  და ჩრდილოეთ ამერიკის ბუნებრივი ზონები დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ჩრდილოეთ განედის  400 განედის გასწვრივ.

ბ) დაადგინეთ ბუნებრივი ზონების  ბუნებრივი კომპონენტების მსგავსება და განსხვავება (იანვრისა და ივლისის  საშუალო ტემპერატურები,  ნალექების წლიური რაოდენობა და მათი რეჟიმი,  შიდა წყლები, ნიადაგები,  მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო) და წარმოადგინეთ ცხრილის ან სქემის სახით;

გ) გამოიტანეთ დასკვნა ბუნებრივი ზონების მრავალფეროვნებისა და  მათი კონტინენტებზე განლაგების ხასიათის შესახებ;

დ) უპასუხეთ კითხვებს:

  1.  40-გრადუსიან პარალელზე მდებარე ევროპისა და აზიის  რომელი ბუნებრივი ზონები  არ გვხვდება  ჩრდილოეთ ამერიკაში.
  2. 40-გრადუსიან პარალელზე მდებარე ჩრდილოეთ ამერიკის რომელი ბუნებრივი ზონები არ გვხვდება ამავე პარალელზე ევროპასა და აზიაში?
  3.  რით განსხვავდება  ბუნებრივი ზონების განლაგება ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. დაასახელეთ  ამ განსხვავების ძირითადი მიზეზები.

 

პრაქტიკული სამუშაო N 4

აფრიკის ქალაქების  ადის-აბება, ალჟირი, ვალენი და პრეტორიას

კლიმატური დიაგრამების გამოყენებით  შეავსეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი, დაადგინეთ კლიმატის ტიპი ამ ქალაქებში. პასუხი დაასაბუთეთ წლიური ტემპერატურის ცვლილებითა და ნალექების მოსვლის რეჟიმით.

 

 

 

პრაქტიკული სამუშაო N5

ადგილის  მარტივი გეგმის შედგენა:

ა) ექსკურსიის დროს  ჩაატარეთ მარშრუტული აგეგმვა და შეადგინეთ ადგილის გეგმა;

ბ)  მოამზადეთ მარშრუტის მოკლე აღწერილობა  რელიეფის ფორმების, შიდა წყლების, ნიადაგისა და მცენარეული საფარის შესახებ.

 

პრაქტიკული სამუშაო N 6

ინდოეთისა და გერმანიის  სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდების გამოყენებით:

ა) დაადგინეთ განსხვავება ამ ქვეყნებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შორის და ქალებისა და მამაკაცების თანაფარდობა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში.

ბ)  იმსჯელეთ  გამოვლენილი განსხვავების მიზეზებზე;

გ) რით აიხსნება გერმანიის სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდებში სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში  მოსახლეობის  „ხარვეზები“;

დ) დახაზეთ გერმანიისა და ინდოეთის დემოგრაფიული პირამიდები 2030 წლისთვის, რომელშიც გათვალისწინებული იქნება  სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის 5 წლით ზრდა და  მოსახლეობის აღწარმოების ძირითადი მაჩვენებლები (შობადობა, სიკვდილიანობა და ბუნებრივი მატება);

ე)  აღწერეთ, როგორ შეიცვლება დემოგრაფიული პირამიდების ფორმა და  რა ცვლილებები მოხდება ამ ქვეყნების  სქესობრივ-ასაკობრივ სტრუქტურაში;

ვ) გამოიტანეთ დასკვნა სხვადასხვა აღწარმოების ქვეყნებში მოსახლეობის რიცხოვნობისა და  ასაკობრივი სტრუქტურის ცვლილებების შესახებ.

პრაქტიკული სამუშაო N 7

მსოფლიოს ფიზიკური რუკის  ან გლობუსის გამოყენებით  შეავსეთ ცხრილი:

 

პრაქტიკული სამუშაო N8

აფრიკისა და ავსტრალიის  ფიზიკური რუკების გამოყენებით  შეავსეთ ცხრილი: „აფრიკისა და  ავსტრალიის  გეოგრაფიული მდებარეობის შედარება“.

 

 

 

 

 

ოჯახი ახალ ბავშვს ელოდება

0

როგორ გავუადვილოთ მცირეწლოვანს უფროსი შვილი როლი.
ახალი ბავშვი ოჯახში სასიხარულო მოვლენაა, თუმცა თუ შვილი უკვე გყავთ, შესაძლოა შფოთვამ შეგიპყროთ, რადგან თქვენ უფრო ნაკლები დრო დაგრჩებათ მისთვის, თქვენი ხელები უფრო დაკავებული იქნება და წინასწარ არ გეცოდინებათ, როგორ შეეგუება ამას თქვენი უფროსი შვილი.
რაც არ უნდა იყოს, ნუ შეშინდებით. ნაცადი და სწორი რჩევები,  ცოტაოდენი მომზადება და ეს ცვლილება უფრო მართვადი გახდება, თქვენ კი უკეთ გაიგებთ, რას გრძნობს თქვენი ჯერ კიდევ პატარა, მაგრამ უკვე უფროსი შვილი.

 

  1. მოჩქარეს მოუგვიანდესო

 

ამაღელვებელია იმის გაგება, რომ თქვენ ისევ ბავშვს ელით და კიდევ უფრო ამაღელვებელია ამ ამბის სხვებისთვის გაზიარება. დიდებულია, გაუზიარეთ ეს სიახლე სხვებს, მაგრამ არა თქვენს მცირეწლოვან შვილს, მით უმეტეს, დროზე ადრე. მათ დროის შეზღუდული შეგრძნება აქვთ, რაც ნიშნავს, რომ ამ ამაღელვებელი ამბის თქმა თვეებით ადრე შფოთვასა და მღელვარებას გამოიწვევს. მცირეწლოვნების (Toddlers) აზრით, როცა რაიმე მოვლენის შესახებ ესმით, ეს ახლა ხდება და ლოდინი მათთვის რთულია. გირჩევდით, მოგეთმინათ შეძლებისდაგვარად დიდხანს, შემდეგ კი თქვენი პატარასთვის მოგეთხროთ კონკრეტული დეტალებით, „რომ გაზაფხულდება და ახალი ყვავილები ამოვა, ჩვენ ბავშვი გვეყოლება”. ბოლო თვემდე მოცდა თქვენი ბავშვისათვის ამის სათქმელად თქვენს ოჯახს სიმშვიდეს შეუნარჩუნებს.

2. “შენ სულ ჩემი პირველი შვილი იქნები”

 

შესაძლოა, თქვენთვის ამაღელვებელია, რომ თქვენი მცირეწლოვანი შვილი უფროსი ძმა ან და გახდება, მაგრამ თქვენს შვილს წარმოდგენა არა აქვს, რას ნიშნავს ეს. ბავშვები ეს-ესა არკვევენ, რას ნიშნავს „მედ” ყოფნა. და უკვე ახალი როლი – უფროსი და ან ძმა. ამაზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, შეახსენეთ თქვენს შვილს, რომ ის ყოველთვის თქვენი შვილი იქნება, მაშინაც კი, როცა ახალი ბავშვი შემოვა ოჯახში. ამის თქმა არასოდეს იქნება ზედმეტი. აგრეთვე, გაიხსენეთ ხოლმე, რა პატარაა თქვენი უფროსი შვილი. როცა ახალი ბავშვი ჩნდება, ჩვენ გვჩვევია ჩვენი პირმშო აღვიქვათ უფრო დიდად, უფროსად, ვიდრე სინამდვილეშია. ისინი ჯერ კიდევ მოუმზადებელი არიან ცხოვრებისთვის. და თქვენმა უფროსმა შვილმა უნდა იცოდეს, რომ ისევ მის გვერდით იქნებით მათი ბავშვური საჭიროებ(ებ)ისას.

3. ელოდეთ რეგრესს

მცირეწლოვნები განიცდიან რეგრესს. მოზრდილი ბავშვებიც. ეს შესაძლოა მოხდეს, როგორც ახალი ბავშვის მოსვლამდე, ისე ამის შემდეგ (ან – ორივე შემთხვევაში). ეს კომუნიკაციის მათეული გზაა, როცა არ იციან, რა ხდება. ისინი არიან აღელვებულნი, მოლოდინითა და შიშით აღსავსენი. მოსალოდნელია მეტი მიჯაჭვულობა, ტუალეტის ჩვევის მოშლა, მომატებული ტირილი ან ტანტრუმი და ძილის დარღვევები. ეცადეთ, არ დაგავიწყდეთ, რა პატარაა თქვენი უფროსი შვილი და შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მასთან კონფლიქტს. იყოლიეთ ის უფრო ახლოს, რადგან მას მეტად სჭირდებით. დამატებითი ჩახუტებები, მათთან ბავშვივით მოქცევა დიდად დაეხმარება მათ თქვენი ოჯახის ამ უმნიშვნელოვანეს ცვლილებასთან შეგუებაში.

 

  1. ყველაფერი უფროსი შვილისთვის

 

დააჯერეთ თქვენი შვილი, რომ ახალი და ან ძმა სწორედ მისთვის არის აქ: „ნახე, შენი პატარა გეძებს. აინტერესებს, სად ხარ”. „შეხედე, პატარავ! შენი დაიკო სკოლიდან დაბრუნდა”. საჩუქრები კართან? დაე, თქვენმა უფროსმა შვილმა გახსნას ისინი, ითამაშოს, წაიკითხოს წიგნები და ა.შ. თქვენ მადლობელი იქნებით იმ მეგობრების, რომლებსაც არ ავიწყდებათ საჩუქრის ჩუქება თქვენი უფროსი შვილისთვისაც.

  1. ეჭვიანობა ნორმალურია

 

ჩვენ ვაფართოებთ ოჯახებს იმ იმედით, რომ შვილებს ერთმანეთი ეყვარებათ და სამუდამოდ იმეგობრებენ ერთმანეთთან. ასეც მოხდება. ოღონდ მოგვიანებით. ახლა კი, ახალმა ბავშვმა შესაძლოა თქვენს მცირეწლოვან შვილში გამოიწვიოს არა მხოლოდ სიყვარული, არამედ ეჭვიანობა და სხვა გრძნობები. ეცადეთ, გაიგოთ ის ბრაზი და დაბნეულობა, რომელსაც თქვენი შვილი განიცდის, „დამთრგუნველია, როცა დედას ისევ ამ ბავშვის კვება უწევს!” – ეს დაეხმარება მათ ამ რთულ ემოციებთან გამკლავებაში. გაგებით მოეკიდეთ მის საჭიროებას, იყოს თქვენთან. უთხარით – „მე მალე გამოვუცვლი ბავშვს საფენს, რათა მალევე შევძლო დაბრუნება და შენთვის წიგნის წაკითხვა”. ეს აგრძნობინებს მას, რომ მისი ესმით.

6. დედიკოს დამხმარე

 

პატარა ბავშვებს უყვართ დახმარება. ჩართეთ თქვენი მცირეწლოვანი შვილი თქვენთან ერთად მართვის  საქმეში, მიეცით მას მარტივი დავალებები. ვთქვათ, მოგიტანოთ საფენი ბავშვისთვის, ან დაგიჭიროთ ბავშვის სათამაშო, სანამ მას მანქანის სავარძელში სვამთ. ეს უფლებამოსილების მინიჭება თქვენს პირმშოს საქმიანობის თანამონაწილედ და „დედიკოს პატარა დამხმარედ” აქცევს.

 

  1. ჩაეჭიდეთ უფროს შვილთან განმარტოების უმცირეს მომენტებსაც კი

 

ორის მოვლამ შესაძლოა სირთულეები შექმნას. დროის მცირე მონაკვეთები, რომლებიც მხოლოდ უფროს შვილთან ურთიერთობისთვის გაქვთ, შეიძლება საკმაოდ მოსახერხებელი იყოს. რამდენიმე წუთით წიგნის ერთად კითხვა დაეხმარება თქვენს შვილს, იგრძნოს კავშირი თქვენთან. დაარქვით ამ დროს ზუსტი სახელი – „მხოლოდ დედიკოს და (ბავშვის სახელი) კითხვის დროა. ჩვილი აქ არ არის”. თქვენს შვილს ეცოდინება, რომ რაღაც განსაკუთრებული აკავშირებს თქვენთან.

 

  1. სთხოვეთ დახმარება ყველას, ვისაც შეუძლია

 

მეორე შვილი ნიშნავს სიხარულს და დიდ ცვლილებას, რომელსაც უნდა მოერგოთ.  შესაძლოა, თქვენ ხართ ის, ვისაც მოსწონს, ყველაფერი თვითონ აკეთოს, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. საკვები, ბავშვის უფასო მოვლა; ვინმე, ვინც თქვენს შვილს პარკში ან სკოლაში წაიყვანს – დასთანხმდით დახმარებას. შეგიძლიათ, მოგვიანებით თქვენც გასწიოთ საპასუხო სამსახური.

  1. დაივიწყეთ სრულყოფილება

 

სრულყოფილება – ძალიან ხშირად მივილტვით ამისკენ. ხშირად დედები გადაჭარბებულად მომთხოვნი არიან საკუთარი თავის მიმართ. ახლა ამის დრო არ არის. თუ უარს იტყვით სრულყოფილებაზე, მეტს დაისვენებთ და მეტ სიხარულს იგრძნობთ თქვენს „სიხარულებთან” ურთიერთობისას. ჭურჭელი შეიძლება ჭუჭყიანი დარჩეს; ძილის დრო შეიძლება შემცირდეს, მაგრამ დაღლილობა, რომელსაც ორი შვილის დედა დღის ბოლოს  იგრძნობს, დამსახურებული  დაღლილობა იქნება.

 

წყარო: https://www.psychologytoday.com/blog/our-thriving-children/201706/welcoming-new-baby-the-family

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...