შაბათი, აგვისტო 2, 2025
2 აგვისტო, შაბათი, 2025

ლეონინა შეველიძე – უხუცესი მასწავლებელი

0

98 წლის ლეონინა შველიძე  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში ცხოვრობს. სოფლის უხუცეს  და  პატივსაცემ ადამიანზე  მარი სამხარაძემ პირველად ერთ-ერთ ტრენინგზე გვიამბო, შროშის სკოლის გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა. ლეონინა მასწავლებელი და მარი მეგობრობენ, ახალგაზრდა კოლეგა საგარეო საქმეებს უგვარებს ყოფილ მასწავლებელს, მასწავლებელი კი მას  ხანგრძლივი ცხოვრებით მიღებულ ცოდნა-გამოცდილებას უზიარებს.

  • მირჩევს, მარიგებს როგორ მოვიქცე, მთავარი და მეორეხარისხოვანი თავისებურად აქვს დახარისხებული. თვალს ადევნებს ტელევიზორს, კითხულობს, აინტერესებს ახალი ამბები. ხან ისეთ განსხვავებულ რამეს მეტყვის, მიკვირს. მე უფრო ტრადიციების მიმდევარი ვარ, ის კი ახლებურად აზროვნებს, – გვეუბნება მარი.

თითქმის საუკუნე – ბევრია თუ ცოტა? არც ბევრი და არც ცოტა, სწორედ იმდენია, რამდენიც ცხოვრებამ უბოძა.

  • ჩემს პატარაობაში დედაჩემს ,,ისპანკა“ შეჰყრია. ავადმყოფის მოვლით, ბავშვების პატრონობითა და საოჯახო საქმით გადაქანცული ბებია ხშირად ,,შენ არ გაიზარდეო“, მომაძახებდა, მაგრამ ეტყობა, უფალი პირიქით ისმენდა მის ნათქვამს, ან ბებო გულში მლოცავდა და ხედავთ, რამდენ ხანს ვცოცხლობ? ასე არ უნდა ბერდებოდეს ადამიანი, – ჰყვება ქალბატონი ლეონინა.

თუ არ ჩავთვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის წლებს, მისი თითქმის საუკუნოვანი ცხოვრება (დაიბადა 1919 წლის 14 აპრილს) სოფელ შროშას უკავშირდება.

  • ხუთი დედმამიშვილი ვიყავით, მაშინ შროშაში მხოლოდ შვიდწლიანი სკოლა იყო. ჯერ აქ ვსწავლობდი, მერე სკოლა ხარაგაულის სკოლა დავამთავრე. სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავაგრძელე. 1940 წლიდან მოვედი შროშის სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად, შემდეგ სასწავლო ნაწილის გამგედ დავინიშნე. ბევრმა თაობამ გაიარა ჩემს ხელში. ოჯახი არ მყავს, მყავს დისშვილები და შვილიშვილები. 1995 წელს სკოლიდან წამოსვლა გადავწყვიტე.

მარი მეტს გვიამბობს ლეონინა შველიძეზე:

  • სოფელში ახლაც ყველა ლეონინა მასწავლებელს ეძახის, ის ბავშვებიც კი, რომლებისთვისაც არ უსწავლებია. ყველას მოწიწება და პატივისცემა აქვს მის მიმართ. ასე იყო სკოლაშიც – თუ მოსწავლე რაიმეს დააშავებდა, ხმას არ აუმაღლებდა, ,,შეგარცხვინოს ღმერთმა“ – ეს იყო ყველაზე მკაცრი გამოთქმა და სასჯელი მისგან, რასაც ყველა თავს არიდებდა. საერთოდაც მასთან ჭკუის საკითხავად მიდიოდნენ თანასოფლელები, ყველას არიგებდა, ხელს უმართავდა. ამიტომ სოფლისთვის დღესაც ძვირფასი ადამიანია. თუ მას რაიმე დასჭირდა,  დახმარებაზე არავინ იხევს უკან. დისშვილები და შვილიშვილები ჩამოდიან თბილისიდან. თუ არ ჩამოვლენ, ჩვენ ხომ აქ ვართ…  ზედმეტად არავის აწუხებს, თავისთვის ფუსფუსებს. გარე საქმეებში მე ვცდილობ დახმარებას.  ამაგიანია და ეს ბევრს ახსოვს. მასწავლებლის დღეს, დაბადების დღეს, სხვადასხვა დღესასწაულებზე ახლანდელი  სკოლის დირექტორი და მოსწავლეები სტუმრობენ. თავადაც უყვარს სტუმრები. როცა სკოლაში დავიწყე მუშაობა, სქელი რვეულები გამომიტანა, გამოგადგებაო. გადავშალე, ჩაწიკწიკებული იყო გეოგრაფიის გაკვეთილების გეგმები.  დღესაც ვინახავ ამ რვეულებს. სკოლის ამბებს  მეკითხება, როცა მივალ, ამ თემებზე უნდა ვისაუბროთ, ყველაფერი აინტერესებს. ყოველი სასწავლო წლის დაწყებისთვის სკოლისთვის მისალოც ბარათს საგანგებოდ წერს და მატანს. არ მახსოვს სხვანაირად მომხდარიყოს. მისი ფიქრი, ძირითადად, სკოლას დასტრიალებს. კარგი იქნება, ასეთ ადამიანს მეტი ყურადღება და პატივისცემა ჰქონდეს. განა, რამდენია მისთანა? 

98-ე ახალი წელსა და შობას ლეონინა შველიძე დისშვილიშვილთან ერთად შეხვდა და სოფელ-ქვეყანასა და ახლობლებს სიკეთე და გაძლიერება კიდევ ერთხელ უსურვა.

ჟურნალი „თანამედროვე საბავშვო ლიტერატურა“

0

საბავშვო ლიტერატურა ბევრია, საბავშვო ლიტერატურული ჟურნალი – ცოტა. ამ ცოტას კი სულ ახლახან ერთი კარგი და მრავალფეროვანი, ბევრის მომცველი და ბევრი რამის გამო მნიშვნელოვანი ელექტრონული ჟურნალი დაემატა – სახელად „თანამედროვე საბავშვო ლიტერატურა“. სათაურშივე გაცხადდა – ჟურნალის რედკოლეგია თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებზე და მოვლენებზე აკეთებს აქცენტს. მისი ფიქრის და ხედვის ფოკუსში, ბავშვების ენაზე რომ ვთქვათ, სწორედ „ცხელ–ცხელი და ახალ–ახალი“ საბავშვო ლიტერატურული ამბები მოექცევა.

ამბები კი მართლაც ბევრი იქნება, რადგან ჩვენ საქართველოში ძალიან მაგარი საბავშვო მწერლებიც გვყავს და გადასარევი საბავშვო ლიტერატურაც იქმნება. 2017 წლის მიწურულს ლიტერატურულმა საზოგადოებამ ერთი დიდი სიახლეც იზეიმა – კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ეგიდით დაარსდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია საბავშვო  ლიტერატურაში. პირველი ლაურეატებიც დასახელდნენ და პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა, პრემიის და, რაც მთავარია – საბავშვო ლიტერატურული პროცესების განვითარების საქმეში.

ჟურნალი „თანამედროვე საბავშვო ლიტერატურაც“  ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი დინამიკის ნაწილად უნდა მივიჩნიოთ. ჟურნალის მთავარი რედაქტორი, მწერალი ირმა მალაციძე ჩვენთან საუბარში ახლადგამოცემული ჟურნალის წინა ისტორიას იხსენებს:

ი.მ.: ჟურნალის იდეა არახალია. რამდენიმე წლის წინ საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი უკვე გამოსცემდა „საბავშვო ლიტერატურის ალმანახს“, რომლის მხოლოდ სამი ნომერი გამოვიდა. ფონდი 2006 წელს ჩამოყალიბდა, ჩემი და ჩემი კოლეგის, მარიამ წიკლაურის თაოსნობით. არსებობის ათი წლის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება შევძელით. უპირველეს ყოვლისა, ფონდის და კერძოდ, მარიამ წიკლაურის თაოსნობით დაწესდა ქართული საბავშვო წიგნის დღე (27 ოქტომბერი, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე). ეს თარიღი ყოველწლიურად უკვე ბევრ სკოლაში აღინიშნება. ფონდის შესახებაც გიამბობთ ორიოდ სიტყვით: უკანასკნელი წლების განმავლობაში ფონდი აქტიურად ახორციელებს პროექტებს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის. კერძოდ, მომზადდა ვებგვერდი („ჩემი სამყარო“)  აუტიზმის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის. გასულ წელს კი განხორციელდა პროექტი „ვიმღეროთ, რაღა ვილაპარაკოთ“, რომელიც გულისხმობდა განმავითარებელი სიმღერების ჩაწერას მეტყველების შეფერხების მქონე ბავშვებისათვის. ამავე პროექტის ფარგლებში მომზადდა 8 ადაპტირებული საბავშვო წიგნი თანდართული აუდიოვერსიით. გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები პედაგოგებთან და მშობლებთან აუტიზმის ცნობადობის დონის ამაღლების მიზნით. წელს იაკობ გოგებაშვილის პრემია სწორედ  ამ პროექტმა დაიმსახურა.

რაც შეეხება ალმანახს, რომელიც ფონდის ეგიდით გამოდიოდა – მაშინ ამ პროექტს სახალხო ბანკი აფინანსებდა. შემდეგ, დაფინანსების არარსებობის გამო ალმანახის გამოცემა შეწყდა. მოგეხსენებათ, ეს რა თანხებთანაა დაკავშირებული და ვერ შევძელით გაგრძელება. თუმცა ალმანახის ის სამი ნომერი იმდენად ინფორმაციული იყო, რომ ბევრი პედაგოგი დღემდე აქტიურად იყენებს მას. ამჯერად გადავწყვიტეთ, დაგვეწყო ახალი პერიოდული გამოცემა, რომელიც შინაარსობრივად თითქმის იგივეა, რაც „საბავშვო ლიტერატურის“ ალმანახი იყო, თუმცა ამჯერად აქცენტი უფრო თანამედროვე ავტორებსა და მათ შემოქმედებაზე კეთდება.

ჟურნალი მოიცავს საბავშვო ლიტერატურის ყველა სფეროს – მასში ქვეყნდება როგორც ლიტერატურული ნაწარმოებები (პროზა, პოეზია, დრამატურგია, თარგმანი, გამოცანები, შარადები და ა.შ), ასევე წერილები საბავშვო ლიტერატურაზე – რეცენზიები, კრიტიკა, შეხვედრები მწერლებთან, ილუსტრატორებთან, პედაგოგებთან, ახალი წიგნების მიმოხილვა. შუქდება საბავშვო ბიბლიოთეკებისა და იმ ადამიანების მუშაობა, რომლებიც სხვადასხვა ფორმით ემსახურებიან ერთ საქმეს – ბავშვებისა და მოზარდების წიგნიერების ამაღლებას.

ჟურნალის პირველი ნომერი ელექტრონული ფორმით გამოვიდა. ირმა მალაციძე  ამ ფაქტსაც განმარტავს:

ი.მ.: ჟურნალის ელექტრონულ ფორმატში გამოცემა რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული – პირველ რიგში, სასტამბო ხარჯების არარსებობით. მოგეხსენებათ, ჟურნალი საკმაოდ დიდი მოცულობისაა (გვერდების რაოდენობა 70-დან 80–მდე მერყეობს). მისი ბეჭდვა რთული იქნებოდა და შესაბამისად გაზრდიდა თვითღირებულებას. ჩვენი მიზანი კი ისაა, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის – პედაგოგებისთვის, მშობლებისათვის, ბავშვებისათვის.  ჩვენ ვცდილობთ, რომ ჟურნალში გამოქვეყნებული მასალები იყოს მაღალი ხარისხის ლიტერატურა; მკითხველს გავაცნოთ თანამედროვე ავტორები, მათი ნაწარმოებები; ყველა ნომერში დაიბეჭდოს საბავშვო პიესა ან სასკოლო ღონისძიების სცენარი, რომელიც ვიცით, რომ მოთხოვნადია. თემატურ ბლოკებში პედაგოგებს შეუძლიათ იხილონ კონკრეტული დღესასწაულის ან წელიწადის დროის მიხედვით შერჩეული ლექსები და მოთხრობები. მაგალითად, დეკემბრის და იანვრის ნომერი მთლიანად საახალწლო და ზამთრის თემატიკას ეძღვნება. საგაზაფხულო ნომერში შევთავაზებთ ნაწარმოებებს გაზაფხულზე, ყვავილებზე, დედაზე. ვფიქრობთ, რომ ეს გააიოლებს მათ შრომას და ხელთ ექნებათ მზა მასალა, საკლასო ღონისძიებების მომზადებისას.

მნიშვნელოვანი და მთავარი მაინც ისაა, რომ საზოგადოებამ გაიცნოს ის ავტორები, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, არ ჩანან.  საგამომცემლო სფერო ნაკლებად წყალობს ქართველ ავტორებს. გამოცემულ საბავშვო წიგნებს შორის ალბათ 90 პროცენტი ნათარგმნი ლიტერატურაა. ეს მაშინ, როცა საქართველოში ბევრი კარგი საბავშვო მწერალი ცხოვრობს და მოღვაწეობს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჟურნალის მეშვეობით ჩვენი მკითხველი ბევრ ახალ სახელს დაიხსომებს.

 

როგორ უნდა გამოიწეროს მკითხველმა ჟურნალი, ან რა პერიოდულობით შესთავაზებს მას სარედაქციო ჯგუფი? – ირმა მალაციძე ამ კითხვებსაც დაწვრილებით პასუხობს:

.მ.: ჟურნალი ყოველი თვის 25 რიცხვში ეგზავნება ხელმომწერებს.  დიდი სურვილი გვაქვს, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ მკითხველთან, მივიღოთ მათგან რჩევები, სურვილები, შენიშვნები. ელექტრონული ფორმატი ამის შესაძლებლობასაც იძლევა. ხელმოწერის პროცესი მარტივია, საკმარისია დაგვიკავშირდნენ ელექტრონულ ფოსტაზე libo.fund@gmail.com ან დაგვიმეგობრდნენ ფეისბუქის გვერდზე, გამოთქვან ჟურნალის გამოწერის სურვილი.

ჟურნალის სარედაქციო ჯგუფი მკითხველს მომავალში კიდევ უფრო მეტ სიახლეს სთავაზობს. აქვე გაგიმხელთ ერთ მათგანს – შემდეგ ნომერში, იბეჭდება ერთ–ერთი პედაგოგის პიესა, რომელიც მისმა მოსწავლემ დაასურათა.  იგეგმება სახელობითი კონკურსები – ახალი ავტორების აღმოსაჩენად, ზოგადად, საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის…

და მაინც, შესაძლოა ციფრულმა ტექნოლოგიამ გაცილებით გააიოლოს მკითხველისა და ტექსტის ურთიერთობა, მაგრამ, მე და, ალბათ კიდევ უამრავი ადამიანი, მაინც ბეჭდური წიგნის და ჟურნალის ერთგული და გულშემატკივრად ვრჩებით. ჰოდა, ამაზეც ვკითხე ირმას, თუ იგეგმება სამომავლოდ ჟურნალის ბეჭდურ ფორმატად ქცევა. ცხადია, იგეგმება, თუმცა, მას შემდეგ, რაც დაფინანსების საკითხი მოგვარდება. მანამდე კი:

ი.მ.: ჟურნალზე ბევრი ჩემი კოლეგა მუშაობს. ისინი მეხმარებიან უანგაროდ. ავტორები გვიგზავნიან  ტექსტებს, ილუსტრატორები – ილუსტრაციებს. ყველა ერთ გუნდად ვმუშაობთ და ძალიან გვინდა, ფეხზე დავაყენოთ ეს გამოცემა. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ის  უკვე ბეჭდური სახით იარსებებს.

 

 

 

 

 

ფიქრები ბავშვებზე, მოზარდებსა და უფროსებზე (მეორე ნაწილი)

0

„ჩვენს ოჯახში – მიყვება ჩვიდმეტი წლის ბექა – მშობლები სულ გვაფრთხილებდნენ, რომ ჩხუბი, საქმის გარჩევა, უწმაწური სიტყვებით მიმართვა ძალიან ცუდი საქციელია. მაგრამ უბანში და სკოლაში, განსაკუთრებით მაღალ კლასებში, სულ აგრესიული გარემო იყო. მე თანდათან მისი გავლენის ქვეშ მოვექეცი, რადგან არ მინდოდა „სასტავიდან ამოვარდნილი გოიმი გამოვჩენილიყავი“. ხოდა მოგეხსენებათ, სადაც მოვხვდი და როგორც ამერია ცხოვრება“.

როდესაც ინდივიდი ხშირად იმყოფება აგრესიულ გარემოში, სადაც ადამიანები (მით უფრო  მოზარდები) ერთმანეთის მიმართ დაუფარავად მტრულად, არაკეთისაიმედოდ იქცევიან, სავარაუდოდ, თავადაც იმეორებენ ქცევის ასეთივე მოდელს. განსაკუთრებით სახიფათოა ეს გარემოება, როდესაც მოზარდები დაუფარავად ამჟღავნენებ აგრესიას. რატომ არ უნდა გააკეთოს მანაც იგივე? ამას „აკრძალვების მოხსნის ეფექტსაც ეძახიან, ანუ, როდესაც მოზარდი აღმოჩნდება აგრესიული ქცევების განმახორციელებელ გარემოში, სავარაუდოდ, თავადაც უფრო მარტივად იმეორებს იმავეს. აქვე მინდა კიდევ ერთ სახიფათო გარემოებაზე გავამახვილო ყურადღება. აგრესიული ქმედებების ხშირი ყურება, მოსმენა ბავშებზე ნეგატიურად აისახება იმ ასპექტშიც, რომ მოზარდი ფიქრობს: „თუ ასეთი ქცევა სხვებისათვის დასაშვებია, მე რატომ უნდა ვიყო გამონაკლისი?“

„აკრძლვების მოხსნის“ ეფექტი, სავარაუდოდ, აძლიერებს აგრესიული ქცევის განხორციელების რისკს იმ მოზარდების მხრიდან, რომლებიც მის გარემოცვაში აღმოჩნდებიან. უფრო მეტიც, ძალადობის სცენების მუდმივი ყურება ხელს უწყობს ემოციური მგრძნობელობის თანდათანობით მოდუნებას სხვისი ტკივილის მიმართ (Cline, Croft, Courrier 1973; Thomas, Horton, Lipincott, Drabman 1977; Rule, Ferguson 1986;). შედეგად, დამკვირვებელი იმდენად ეჩვევა ძალადობას და მისგან გამოწვეულ შედეგებს, რომ აღარ განიხილავს მას, როგორც ქცევის განსაკუთრებულ ფორმას და ამის შემდეგ ის აღარ ცდილობს, რომ თავი შეიკავოს მსგავს ქმედებებში მონაწილეობისაგან. აგრეთვე, აგრესიული ქმედებების ხშირ ყურებას შეუძლია შეცვალოს რეალობის ინდივიდუალური წარმოდგენა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოზარდები, რომლებიც ხშირად არიან აგრესიულ გარემოში უფრო მეტად ელიან აგრესიას სხვების მხრიდან, რადგან გარემოს აღიქვამენ, როგორც მათ მიმართ მტრულად განწყობილს. მსგავს დამახინჯებულ აღქმას ადვილად შეუძლია გაუცხოველოს მოზარდს საფრთხის განცდა. შედეგად, მისი მხრიდან აგრესიულად რეაგირების რისკი გაცილებით იზრდება.

 

ფსიქოლოგიაში არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ აგრესიულ ქმედებასთან, ასე ვთქვათ, პირისპირ შეჯახების შედეგად მსხვერპლი თავადაც შესაძლებელია აგრესორი გახდეს. ოჯახში „ძალადობრივი ქცევის ციკლის“ შესწავლისას აღმოჩნდა, რომ მოძალადე მშობლების შვილები უფრო დიდი ალბათობით შესაძლებელია თავადაც გახდნენ მოძალადე მშობლები (Steinmetz 1977). ასევე არსებობს კვლევები, რომლებიც აჩვენებენ, რომ ის ბავშვები, რომლებიც მშობლების მხრიდან აგრესიული მოპყრობის მსხვერპლი იყვნენ, თავადაც ავლენენ მსგავს ქცევებს უკვე ზრდასრულობაში საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ. სხვადასხვა წლებში სხვადასხვა მკვლევარმა იკვლია, რომ ის პატარები, რომლებსაც უფროსები ცუდად ექცევიან, უფრო მეტად აგრესიული ხდებიან, როგორც თანატოლების, ასევე აღმზრდელების მიმართ  (George, Main 1979; Trickett, Kuczunynski 18986; Widom 1989).

თუ გულწრფელი ვიქნებით, ვფიქრობ, ადვილად გავიხსენებთ ისეთ ფაქტებს, როდესაც მივესალმებოდით ხოლმე აღზრდაში სიმკაცრეს, „ცელქი პატარას ცოტათი ტაკოზე წამორტყამას“; მოგვიანებით – დაყვირებას და სხვა უფრო მკაცრი ღონისძიებების გატარებას – რა თქმა უნდა, დანაშაულის შესაბამისად.

მკვლევარი ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად (Zaidi, Mehm 1989), ის სტუდენტები, რომლებიც ოჯახში მძიმე ფიზიკური დისციპლინარული მეთოდებით იზრდებოდნენ, იწონებენ „პოტენციურად მკაცრ, დაუნდობელ დისციპლინარულ ღონისძიებებს“ აღზრდაში. ხოლო ისინი, რომლებიც ნაკლებად მკაცრად იზრდებოდნენ, არ მიესალმებიან გადაჭარბებულ აკრძალვებსა და დაუნდობლობას. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო: ის მშობლები, რომლებიც ბავშვობაში ოჯახში ძალადობრივი მეთოდებით იზრდებოდნენ, ხშირ შემთხვევაში თავად ხდებოდნენ აგრესიული მშობლები საკუთარ შვილებთან მიმართებაში.

იგივე შეიძლება ითქვას სკოლაზე, სადაც ის ბავშვები, რომლებიც თანატოლების მხრიდან აგრესიის მსხვერპლი ხდებიან, შემდეგ, დიდი ალბათობით, თავადაც ამჟღავნებენ სხვების მიმართ აგრესიას.

აქვე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აგრესიის მსხვერპლი ყველა ბავშვი და მოზარდი მომავალში  აგრესორი არ ხდება.  

ახლა მინდა უფროსებსაც მოვუსმინოთ, კერძოდ, მასწავლებლებს.

ქალბატონი ნინო – მეცხრე კლასის მასწავლებელი:

„ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, აგრესიული ის ბავშვია, რომელიც ჩემს მოთხოვნებს არ ემორჩილება, უხეშობს, საგაკვეთილო პროცესს ან არ ესწრება, ან ხელს უშლის გაკვეთილის მიმდინარეობას. ასეთ ბავშვებს ხშირად თანატოლებთანაც დაძაბული ურთიერთობები აქვთ. ცდილობენ საკუთარი აზრი და შეხედულება თავზე მოახვიონ სხვებს. მოკლედ, დესტრუქციული არიან. არცერთ პედაგოგს არ უყვარს მათთან ურთიერთობა. ვფიქრობ, მსგავს მოზარდებს ოჯახში არ ასწავლეს ქცევის წესები. ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს, ხომ გაგიგონიათ – სკოლაც ცოდავს მათ წინაშე. მცირე ასაკიდან იმპულსურ და მოუსვენარ ბავშვებს სათანადოდ ვერ ვექცევით და შემდეგ მაღალ კლასებში უკვე აგრესიულ მოზარდებს ვიღებთ “.

ქალბატონი თინა – დაწყებითი საფეხურის ბავშვის მშობელი:

„ვფიქრობ, ჩვენი ბავშვები, რომლებიც სკოლაში დადიან დიდი საფრთხის ქვეშ არიან, რადგან არასდროს ხარ დაზღვეული, რომ ვინმე არაკვალიფიციურ მასწავლებელს არ გადაეყრები. ყველაზე არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი შვილის კლასში ერთი-ორი ისეთი პედაგოგია, რომ სრულებით ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. მესმის, მასწავლებლობა ურთულესი პროფესიაა და ამიტომაც მე სხვა საქმიანობა ავირჩიე, მაგრამ რადგან მავანმა გადაწყვიტა მასწავლებელი გამხდარიყო, უნდა სცოდნოდა,  რა სირთულეებს გადაეყრებოდა საკუთარ პრაქტიკაში. ჩემი ირაკლი ნამდვილად ცელქი და მოუსვენარია, მაგრამ ძალიან ნიჭიერია და ამიტომ სახლში სულ ხელს ვუწყობდით, შეიძლება ითქვას, ვანებივრებდით. ამის გამო მისი კლასის დამრიგებელი მუდამ მსაყვედურობს, რომ ჩემი შვილი, ცდილობს ყურადღების ცენტრში იყოს და ამის მისაღწევად ხშირად აგრესიულ ხერხებს მიმართავს. თურმე ერთ-ერთ თანაკლასელს ჩანთა დაუმალა და დიდხანს აძებნინა. გაკვეთილი ფაქტობრივად ჩაიშალა და შემდეგ მთელი კლასი ამ შემთხვევას არჩევდა. მგონი, დამრიგებელი ცდილობს ჩემი შვილი დანარჩენ კლასს დაუპირისპიროს, რადგან სხვანაირად ვერაფერი გააწყო მასთან. მოკლედ, ეს მასწავლებლები სულ შეცდომებს უშვებენ და შემდეგ ცდილობენ ყველაფერი მშობლებს და ოჯახს გადააბრალონ“.

აგრესიას მხოლოდ ადამიანების ქცევები არ წარმოშობს. უამრავ შემთხვევაში მას ქმნის ან აძლიერებს გარემო ფაქტორები. ბავშვები და მოზარდები ზუსტად იმავე გარემოში იმყოფებიან, რომელშიც უფროსები, რომელთაც ხშირად უჭირთ გარემოსთან გამკლავება და ამდენად ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რა მძიმე ვითარებაში შეიძლება აღმოჩნდნენ არასრულწლოვანები.

მოდით, ახლა ერთად გავიხსენოთ ზოგიერთი რეკომენდაცია, რომელსაც ფსიქოლოგები მასწავლებლებსა და მშობლებს აძლევენ.

აგრესიის შედარებით უმნიშვნელო გამოხატულებების იგნორირება მისაღებია. ამ დროს უმჯობესია, საშუალება მისცეთ მოზარდს, გამოხატოს საკუთარი მოსაზრება. მოუსმინეთ მას და გადართეთ მისი ყურადღება რაიმე სხვა საკითხზე. მსგავსი მიდგომა ხშირ შემთხვევაში მასწავლებლებსა და უფროსებს თავიდან აარიდებს აგრესიის შემდგომ ესკალაციას.

შეეცადეთ, განმუხტოთ დაძაბული სიტუაცია, არ აუწიოთ ხმას, არ მოახდინოთ საკუთარ ძალაუფლებაზე ხაზგასმა: „ისე იქნება, როგორც მე ვიტყვი, მორჩა და გათავდა“; „აქ წესებს მე ვადგენ, რადგან უფროსი ვარ და შენზე უკეთ ვიცი, რა არის სწორი და რა არა“. დაუშვებელია: სარკაზმი, მკაცრი მოთხოვნები, ზეწოლა, მოსყიდვა, სხვა ბავშვების ქცევების ერთმანეთთან  შედარება.

უფროსებს შესანიშნავად მოეხსენებათ, რომ ბავშებსა და მოზარდებს (და არა მხოლოდ მათ) ძალიან უჭირთ საკუთარი შეცდომებისა და მარცხის აღიარება. მათთვის ძალიან მძიმე მოსასმენია უარყოფითი შეფასება, მით უფრო, თუ ამას მასწავლებელი მთელი კლასის გასაგონად აკეთებს. ბავშვებისათვის აუცილებელია საკუთარი თავის პატივისცემის შენარჩუნება. ამ ფაქტორისათვის ანგარიშის არგაწევით ხდება ბავშვის ან მოზარდის აგრესიული ქცევის პროვიცირება.

აჩვენეთ აღსაზრდელებს აგრესიული ქცევის ალტერნატიული ქცევა. მთავარია, უფროსებმა გულწრფელად დაანახონ ბავშვებსა და მოზარდებს საკუთარი ქცევების სიტყვებთან შესაბამისობა.

დაბოლოს, ნებისმიერი ორიგინალური ან უბრალოდ არასტანდარტული რეაქცია მოზარდის საქციელზე უფრო მეტად დაგვეხმარება კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვაში, ვიდრე რაიმე ტიპის მუქარა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Роберт Берон; Дебора Ричардсон – „Агрессия“;
  2. О. И. Истрафилова – „Организация работы педагога с агрессивными детьми и подростками“.

 

 

შტრუდელი შოშანასთვის

0

თბილისის ყოფილი მერის სახელობის დიეტაზეც ვყოფილვარ, რუსეთის საპრეზიდენტოზეც – ძეხვეულით რომაა დახუნძლული, „ტყვილი ბორშით“ დაკლებაც მიცდია და იმ ფრანგი მწვალებლის დიეტაც, თვითონ რომ ცხოვრებაში არ გამოუცდია კვების რეჟიმი და ჩვენ სულს გვხდის. მოკლედ, ათას დიეტაზე გადამხტარი კაცი ვარ. ბოლოს ერთს მივაგენი, როგორც იტყვიან ჩემსას, და მივდივარ ასე, ნება-ნება. თუმცა ეს წერილი სარეკლამო არ არის. ეს წერილი სხვა რამეა, გემოსა და მეხსიერების სხვა მწვერვალებს ეხება.

დიეტაზე ყოფნის დროს ჭკუიდან რომ არ გადადგეთ, ერთი სანდო და ნაცადი ხერხი არსებობს კულინარიული ილუზიის შესაქმნელად და სტომაქის ნაცვლად გონების გამოსაკვებად: უნდა ჩართოთ ფილმი, რომელშიც ყველაზე გემრიელად ჭამენ და წარმოიდგინოთ, რომ ის, რასაც იმ მომენტში მიირთმევთ, სწორედ ის კერძია, რომლითაც ეკრანზე იკოკლოზინებენ ყელს. ჩემთვის რამდენიმე ასეთი ილუზიონი არსებობს: „კარგი, ცუდი და ბოროტი“, როცა დამშეული ტუკო მთელ მათლაფას მოიდგამს და ღლურძნის; „კრიმინალური საკითხავი“, სადაც სემუელ ლ. ჯექსონის პერსონაჟი „ბიგ კაჰუნას“ ბურგერს ილუკმება და ზედ სპრაიტს აყოლებს საყლაპავის ჩასაწმენდად; „ჯული და ჯულია“, მერილ სტრიპი რომ კარაქში ჩაჟიპჟიპებულ თევზს მიირთმევს და, რა თქმა უნდა, „უსახელო ნაბიჭვრები“, სადაც ჰანს ლანდა შოშანა დრეიფუსს სახელგანთქმულ შტრუდელს გაასინჯებს ერთ პარიზულ კაფეში.

თუმცა ამ ისტორიის მთელი ვიტამინები სხვაგანაა.

სინამდვილეში ეს პარიზული კაფე სულაც არ არის პარიზული კაფე – ბერლინურია და „აინშტაინი“ ჰქვია. კვენტინ ტარანტინომ სწორედ აქ გადაიღო საკულტო ეპიზოდი. გებელსი რაღაცებს ტლიკინებს, აქეთ საყვარელთან აქიცინებს კუდს, იქით ახალგაზრდა, პერსპექტიულ სნაიპერს უსვამს თავზე ხელს, რა მაგარი ბიჭი ხარ, გერმანიის სიამაყე, ეს რამდენი კაცი დაგიხოცავსო. შოშანა კიდე ამ გველების ბუდეში ეკლებზე ზის და რას არ გაიღებდა, ეს სამნი კუპრში რომ ჩამხრჩვალიყვნენ იქვე. გავიხედოთ და ჰანს ლანდა შემოდის, ჩათლახობის ერთი, დიდი აბეზარი და ჭკუაბოროტი კაცი, აი, ის, შოშანას ოჯახი რო ამოუჟლიტა და ობლად დაარჩინა. ისე მოხდება, რომ ლანდა და შოშანა აქ მარტოკები დარჩებიან რაღაც ამბების გასარჩევად და შტრუდელს შესჭამენ. მაიცა, მაიცაო, ლანდა ეტყვის, ნაღებს დაელოდე, რამ გაგახელა ეს პატარა გოგოო. დიდად ეპიკური ეპიზოდია. შავი ყავა და რძე ერთვის. რას გიყვებით, ნანახი გექნებათ.

მე და ნინია დავირაზმეთ და კაფე „აინშტაინში“ წავედით. ისეთ ადგილზეა, ტურისტს შემთხვევით არ აუცდება ფეხი. მეტროდან ამოსულმა, ერთი კილომეტრი ფეხით უნდა მოლიო და კაფესაც მიადგები. კაფე რა, ჩათვალე, სახლია – ეზოში შეხვალ, პატარა კიბეს აირბენ და ეგაა. კარს აღებ და რას ხედავ… ხედავ, რამხელა ძალა აქვს კინოს და იმ გაუსაძლისად ნიჭიერ კაცს, არაფრისგან რომ ყველაფრის შექმნა შეუძლია.

იქაურობა არ შეუცვლიათ – დგახარ და კადრებად გახსენდება ყველაფერი. გარემო იმდენად ნამდვილია, რომ ფიქრობ, ნეტაი ვინმე ქორვაჭარმა ზუსტი ასლი ხომ არ გააკეთა, მერე ერთი-ორ საჭირო კაცს ფული შეაძლია და დააწერინა, ტარანტინომ აქა და აქ გადაიღო ეგ სცენაო.

– დავაზუსტოთ, – ვუთხარი ნინიას.

– ეგაა, დათო, ეგ. ნახე, ზუსტად ეგაა.

მაინც გადავამოწმე, მაგრამ მიმტანმა შეკითხვა არ დამასრულებინა.

– დიახ, აი, იმ ოთახშია გადაღებული ცნობილი სცენა, მაგრამ იქ ყველა მაგიდა დაჯავნილია, – მიპასუხა დაღლილი ხმით. ვინ იცის, მერამდენედ უწევდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

შევევედრე, იქნებ რამე გაგვიხერხოთ, აგერ, გუგულებივით წყვილი ჩამოვედით შორეული საქართველოდან. საქართველო, შევარდნაძე, ბერლინის კედელი, გენშერი, რამე, რუმე. ეშმაკი აუთამაშდა თვალებში იმ ოხერს. ჰანს ლანდასავით ტუჩის კუთხე გატეხა ღიმილით. კარგითო, ოღონდ სწრაფად ჭამეთო. მეთქი, მოტანილი არ გექნებათ – შეჭმული გვექნება. არა, ეგრე სწრაფადაც არ გინდათო, გემო ხომ უნდა გაუგოთო. გაახარებს იმ კაცს მამა უფალი. შეკვეთა ზუსტად გავიმეორეთ: ორი შტრუდელი ნაღებით და შავი ყავა. რძის შეკვეთაც გვინდოდა, მაგრამ ნინიამ იუარა. მართლა SS-ის პოლკოვნიკი ხომ არ ვიყავი, რძე დამეძალებინა.

ჩვენ გვერდით შარვალ-კოსტიუმებში გამოწყობილი გერმანელები მიირთმევდნენ ლანჩს და ისეთი პირი უჩანდა, დიდ გეგმებზე ჰქონდათ სჯა-ბაასი. ერთი მათგანი ისეთი გახარებული იყო (ალბათ ის, ამ გეგმებიდან დიდი ფულის გამოდნობას რომ გეგმავდა), დროდადრო თავაშვებული ხარხარით იპყრობდა ხოლმე ოთახს და მალევე მშვიდდებოდა, ვიდრე მომდევნო გადახარხარებამდე. მეორე მხარეს ქალ-ვაჟი იჯდა. იოლად შეიმჩნეოდა, რომ ჩვენ მოსვლამდე კამათი გამოევლოთ და უგემურად ღეჭავდნენ ღვთიური შეფერილობის ომლეტსა და სალათს. შტრუდელმა, რუდუნებით რომ მოჰყავდა მიმტანს, გერმანელის ხარხარი ჩაახშო. ის ჰგავდა გვირაბს, რომელიც სიტკბოთი იყო ამოვსებული და შიგ ბრილიანტებივით მოჩანდა ვაშლის ანასხლეტები, გვერდით კი ედგა ნაღების რძისფერი ტბა. ტბა გიბიძგებდა, დაგევიწყებინა ყოველგვარი ეტიკეტი, საჩვენებელი თითი ჩაგეძირა მასში და სახალხოდ გაგელოკა, მაგრამ ის მოწიწება, რომელსაც შტრუდელი აღძრავდა ჩემში, თავშეკავებისკენ მომიწოდებდა. გემოს რეცეპტორებთან მათი ერთობლივი შეხება ჰგავდა სიტკბოსა და სიმჟავის ქორწინების 50–ე წლისთავს. ვაშლი თოვლივით დნებოდა პირში, ნაღები კი ბლანტად მისრიალებდა ენაზე.

– შოშანას მოსაგონარი იყოს – ვუთხარი ნინიას.

გემოსგან დამუნჯებულმა ნინიამ გაიღიმა. მიმტანმა მითხრა, შემდეგში წინასწარ დარეკე და ადგილს დაგახვედრებო. თვალი ჩავუკარი. ციოდა, მაგრამ მე და ნინია ვხვდებოდით, რომ ამ სიცივეში ჩვენ ერთმანეთი გვყავდა, მსოფლიოს კი – კვენტინ ტარანტინო. დაბნელებამდე ჯერ დიდი დრო იყო, ბერლინის კედლამდე კი – მცირე მანძილი.

ტექსტი და გარემო (ნიკოლოზ ბარათაშვილის ახალი მულტიმედიამუზეუმი)

0

განათლების თანამედროვე სისტემა ისეა აწყობილი, რომ სასწავლო პროცესი უმეტესად საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში მიმდინარეობს. მართალია, ტექნოლოგიები ამ ჩაკეტილ ოთახებშიც შეიჭრა, მაგრამ არა იმდენად, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. როცა ერთფეროვან სასწავლო გარემოზე ვსაუბრობ, ხშირად მახსენდება არისტოტელეს პერიპატეტიკული სკოლა ლიკეაში, სადაც ის ხეივნებში მოსეირნე ესაუბრებოდა თავის მოწაფეებს და ვფიქრობ, რა კარგი იქნებოდა, აუდიტორიები და სასწავლო ოთახები ორანჟერეებში მაინც რომ მოეწყოთ. ერთი ასეთი კაბინეტი ნამდვილად ვნახე ევროპულ სკოლაში – იქ ბოტანიკის გაკვეთილები ტარდება, მე კი ასეთ ადგილას სიამოვნებით ჩავატარებდი ლექციებს პოეზიაში ან რიტორიკაში.

თუ ფიქრობთ, რომ სასწავლო პროცესისთვის გარემოს მნიშვნელობა არ აქვს, ერთხელ განსხვავებული ადგილი მოძებნეთ გაკვეთილისთვის და შედეგს დააკვირდით. მაგალითად, შემოგთავაზებდით თბილისში, ჩახრუხაძის ქუჩაზე, ახალგარემონეტბულ და განახლებულ ნიკოლოზ ბარათაშვილის მუზეუმს. აქ ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე საუბარს ჩვეულებრივ, შაბლონურ გარემოში მიღებული ცოდნისგან განსხვავებული ეფექტი ექნება. მოსმენასთან ერთად აქ სანახავიც ბევრი რამაა. ამ მულტისემიოტიკურ გარემოში მოგზაურობა ნამდვილად დაემსგავსება დროში მოგზაურობას. მუზეუმში აღდგენილია მე-19 საუკუნის საქართველო და ის გარემო, რომელშიც ტატოს უწევდა ცხოვრება და მოღვაწეობა. მოღვაწეობას ახლა ვუწოდებთ, თორემ ბარათაშვილის სიცოცხლეში არასდროს არავის უთქვამს, რომ ის „მოღვაწეობდა“, პოეტადაც არავის უღიარებია, თუმცა ლექსებს ლიტერატურულ სალონებშიც კითხულობდა და გრიგოლ ორბელიანსა და ალექსანდრე ჭავჭავაძესაც უზიარებდა. მხოლოდ ეკატერინე ჭავჭავაძემ იცოდა ტატოს პოეზიის ფასი და მისივე დამსახურებაა, რომ დღეს ნიკოლოზ ბარათაშვილი გვყავს.

ბარათაშვილის მუზეუმი მრავალგანზომილებიანია იმ მხრივაც, რომ აღდგენილი საყოფაცხოვრებო კონტექსტის გვერდით, იმავე დარბაზში, წარმოდგენილია ტატოს შემოქმედების მთავარი კონცეპტის, მერნის, ინსტალაცია. შეგიძლიათ, უმზიროთ მას და სპეციალური ყურსასმენებით მოისმინოთ ლექსიც. მერწმუნეთ, ზემოქმედება სრულიად განსხვავებული იქნება. ეს უკვე აღარ არის სამყარო „გარედან“, ან „მერანი“, რომელსაც კითხულობ ან ისმენ – ეს არის გადასვლა იმ ეპოქაში და არამხოლოდ… ეს არის ყოფნა ტატოს სამყაროში, „შიგნით“ ყოფნა… ლირიკულ გმირთან ერთად სულის მოგზაურობა ცნობიერების ლაბირინთებში, სადაც მეტაფორები და სიმბოლოები შინაგან განცდათა აღმნიშვნელებად ქცეულა და თანაგანცდა გიპყრობს:

 

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,

უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!

გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,

და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

 

ასეთი კავშირის შემდეგ თქვენი გულიც სხვაგვარად დაიწყებს ძგერას და ამ დროს დაიმახსოვრებს თქვენი სული და სხეული „მერანის“ თავისუფლების იდეას, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებთ.

შვიდი წუთის შემდეგ ამავე დარბაზში სხვა ინსტალაცია ჩაირთვება და დაინახავთ, როგორ წამოიმართება ბარათაშვილის ჰოლოგრამა და ლექსების კითხვას დაიწყებს. აქვე, კედლებში ჩამონატაჟებული სპეციალური ეკრანების წყალობით, ძველ თბილისსაც მოივლით, ეტლების ხმასაც გაიგონებთ და თვალს გააყოლებთ მოკირწყლულ ქუჩებს.

აივანზე კი ტატოს ცხოვრების კიდევ ერთ მნიშვნელოვან კონცეპტს – „საყურეს“ გადაეყრებით. აქ აუცილებლად უნდა გაიხსენოთ ეს ისტორია:

1838 წლის 18 დეკემბერს სამეგრელოს მთავარი დავით დადიანი ეკატერინე ჭავჭავაძეზე დაინიშნა. 1839 წლის დამდეგს ნიკოლოზ ბარათაშვილის მამიდაშვილმა, ალექსანდრე დიმიტრის ძე საგინაშვილმა, ცოლად შეირთო სამარაგდონ ივანეს ძე ორბელიანის ასული ბარბარე. ამ საზეიმო მოვლენის აღსანიშნავად საგინაშვილის სიდედრმა ელისაბედმა წვეულება გამართა. საპატიო სტუმართა შორის იყვნენ ნიკოლოზ ბარათაშვილი და ეკატერინე ჭავჭავაძეც.

იონა მეუნარგიას ეს შემთხვევა შემდეგნაირად აქვს ჩაწერილი:

„ბარათაშვილი იყო თურმე მიწვეული საგინაშვილის სიდედრთან საღამოზე და იქიდან შემოვარდა ყაფლან ორბელიანთან, საცა დაუხვდა იმას ლევან მელიქიშვილი: ლევან, ლევან! გავგიჟდი, მეტი აღარა ვარ! ეკატერინა იქ არის და მისმა საყურის თამაშმა გადამრია! ღვთის განაჩენი კაცი ვერ ნახავს ვერაფერს უკეთესს“. ეს განწყობა შემდეგ გადავა ლექსში „საყურე“:

ვითა პეპელა

არხევს ნელ–ნელა

სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,

ასე საყურე,

უცხო საყურე,

ეთამაშება თავისსა აჩრდილს.

ნეტავი იმას,

ვინც თავისს სუნთქვას

შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!

შენის შერხევით,

სიო-მობერვით

გულისა სიცხეს განიგრილებდეს!

ჰოჲ, საყურეო,

გრძნებით ამრეო,

ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?

მუნ უკვდავების

შარბათი ვინ სვის?

ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?

 

მაგიდაზე ბარათაშვილის ხელნაწერები ელექტრონულად იფურცლება… აგერ, ეკეტერინე ჭავჭავაძის სახეც გაიელვებს… პოეტის მარადიული მუზა, რომელიც ყოველთვის შთააგონებდა ტატოს, ცხოვრებაში დაუძლეველი ტექსტებში დაეძლია.

ტატოს უჭირდა, მარადიული გრძნობა წარმავალი სიტყვების საბურველით შეემოსა, ამიტომ წერდა:

 

მაგრამა მშვენიერება

გაქვს, ცისიერო, უხრწნელი,

და ჩემთა გრძნობათ შენდამი

ვერ დასდვან კაცთა სახელი.

 

ან კიდევ:

 

არ უკიჟინო, სატრფოო,

შენსა მგოსანსა გულისთქმა,

მოკვდავსა ენას არ ძალუძს

უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!

 

***

ბოლოს მაინც გამოთქვა.

 

P.S. ასე რომ, ძვირფასო მასწავლებლებო, ქალაქში გაქვთ ერთი მშვენიერი ადგილი, ძვირფასი რესურსი იმისთვის, რომ ერთი გაკვეთილი მაინც ჩაატაროთ მულტიმედია გარემოში.

ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან, მით უმეტეს, ამ ყველაფრის ორგანიზატორი, თბილისის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი, ქალბატონი ნინი სანადირაძე, ყოველთვის მზად არის თანამშრომლობისთვის. ის აცხადებს, რომ მუზეუმები უნდა გაცოცხლდეს და ახალი ფუნქცია შეიძინოს.

ჰოდა, გავაცოცხლოთ მუზეუმები!

მასწავლებელი პანკისიდან

0

26 წლის ლუიზა მუთოშვილი პანკისის ხეობაში, დუისის საჯარო სკოლაში მუშაობს და რუსულ სექტორზე ჩეჩენ ლტოლვილებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. მასწავლებლობასთან ერთად ლუიზა აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებითაც არის დაკავებული და ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეცაა. რელიგიური და ტრადიციული გავლენებით ცნობილ ხეობაში ახალგაზრდა მასწავლებლის აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება გოგონებისთვის მაგალითის მიმცემია. მიუხედავად მრავალმხრივი აქტივობისა, 26 წლის მასწავლებელი ამბობს, რომ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ თავისი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო საქმეს სკოლაში იპოვიდა.

 

სკოლაშიც ასწავლით და აქტივიზმითაც ხართ დაკავებული. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას ახდენს თქვენი საქმიანობა საზოგადოებაზე?

– აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 2012 წლიდან ჩავერთე, როცა პანკისის ხეობის სოფელ დუისის საჯარო სკოლაში დავიწყე მუშაობა, მაგრამ აქტივისტად მას შემდეგ ჩამოვყალიბდი, რაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი გავხდი. ოთხი წელია, ხეობის ახალგაზრდებთან ვმუშაობ, ვახორციელებ სხვადასხვა პროექტს. ქისტებს შორის ქალი აქტივისტები თითქმის არ გვყავდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გადავწყვიტე – ქისტებისთვის ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ახალგაზრდა ქალმა პოლიტიკაში ჩართვის ამბიცია გამოამჟღავნა. ამ სტერეოტიპებისა და ტრადიციული თემის წესების გათვალისწინებით, ჩემი კანდიდატურა განწირული გახლდათ, მაგრამ გასაოცარი რამ მოხდა – არჩევნები წავაგე სულ 12 ხმით. რეალურად, ეს მოგების ტოლფასი იყო. დღეს, როცა ჩემი მოსწავლეები მეუბნებიან, რომ მათთვის აქტიური ქალის მაგალითი ვარ, ვფიქრობ, რომ ამაზე დიდს ვერაფერს გავაკეთებდი.

აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევით, ჩანხართ ეკრანზე, ისმის თქვენი ხმა. როგორ უყურებენ ქალის ასეთ აქტიურობას თემში?

ქალების აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ  თემში არაჯანსაღი დამოკიდებულებაა. მათ მთავარ მისიად ოჯახის შექმნა და შვილების აღზრდა მიიჩნევა. შესაძლოა, ქართველ ქალებს არ უშლიან ხელს, იცხოვრონ აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით, მაგრამ ორმაგი ბრძოლის გადატანა უწევთ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვყავს ძლიერი ქალები, რომლებიც სტიმულს აძლევენ გოგონებს და ეს ძალიან მიხარია.

ტრადიციები და რელიგიის გავლენა ხომ არ აფერხებს გოგონების სწავლას ხეობაში?

– ჩემი თემისთვის განათლება იყო და არის პრიორიტეტული საკითხი, ამიტომ ქისტი გოგონები ამ კუთხით პრობლემებს არ აწყდებიან, ერთეული შემთხვევები კი საერთო სურათზე დიდ გავლენას არ ახდენს.

რა არის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების ყველაზე დიდი პრობლემა?

– ხეობის ახალგაზრდებსაც იგივე პრობლემები აწუხებთ, რაც ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონებში, მთავარი პრობლემა კი უმუშევრობაა.

რა შესაძლებლობები არსებობს პანკისის ხეობაში ახალგაზრდებისთვის? არის თუ არა სპორტული დარბაზები, სავარჯიშო მოედნები? როგორია ხეობის კულტურული თუ საზოგადოებრივი ცხოვრება?

– ხეობაში ერთი სპორტული დარბაზია, რომლითაც, ბუნებრივია, 15–ივე სოფლის ახალგაზრდები ვერ სარგებლობენ. საჭიროა, ყველა სოფელში იყოს მცირე დარბაზები, სადაც ჯანსაღი თაობა გაიზრდება. ხეობას დიდი პოტენციალი აქვს ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც. რამდენიმე წელია, ამოქმედდა პროექტი „აწარმოე საქართველოში“, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდების დასასაქმებლად. არაფორმალური განათლების კუთხით დიდია ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის როლი. კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის მხარდაჭერით  დუისის საგანმანათლებლო ცენტრში გაიხსნა პროფესიული კურსები, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ, შეისწავლონ ჭრა-კერვა, კულინარია, თექაზე, თიხაზე მუშაობა, დურგლობა, ექთანისა და ბუღალტრის საქმე.

– მასწავლებლობა რატომ გადაწყვიტეთ?

ჩემი მეგობარი დამხმარე მასწავლებლად მუშაობდა მარნეულში პროგრამით „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“. 2012 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, გადავწყვიტე, მეც მეცადა ბედი და გამომივიდა. ბედნიერი ვიყავი, რადგან პრობლემას, რომლის მოგვარებასაც ემსახურებოდა პროექტი, კარგად ვიცნობდი. ქართული ენა არც ჩემთვის არის მშობლიური, ამიტომ კარგად ვიცოდი, რა სირთულეების გადალახვა უწევდათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც არ იცოდნენ სახელმწიფო ენა. მთელი სიცოცხლე ვიამაყებ, რომ ამ პროექტის მონაწილე ვიყავი, რადგან მოგვეცა შესაძლებლობა, სახელწიფოებრივ საქმეში ჩვენი მცირე წვლილიც შეგვეტანა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სკოლაში აღმოვაჩენდი ჩემი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო საქმეს. ვფიქრობ, მოსწავლის სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბებაში მასწავლებლის როლი ძალიან დიდია.

– ვის ასწავლით, როგორია მასწავლებლის ერთი ჩვეულებრივი დღე?

– ჩემი მოსწავლეები ჩეჩნეთიდან ლტოლვილები არიან. ნაწილი ნატურალიზებულია, ნაწილი – რუსეთის მოქალაქე. უმეტესობა საქართველოში დაიბადა. ჩეჩნეთში რომ მიდიან, მშობლებს ეხვეწებიან თურმე, შინ, საქართველოში დავბრუნდეთო. ყოველ დილით მათ ფართოდ გახელილ, მოლოდინით სავსე თვალებს ვხედავ და მათზე მშვენიერი არაფერი მეგულება ამქვეყნად. დღის მეორე ნახევარში დუისისა და ჯოყოლოს საგანმანათლებლო ცენტრში მაქვს გაკვეთილები. აქ ქისტ და ჩეჩენ ბავშვებს ვასწავლი. სკოლის შემდეგ ყველანი „კლუბში“ მივდივართ, სადაც უამრავი სიახლე გველოდება. სისტემატურად ვართ ჩართულები არაფორმალურ განათლებაში, ვაწყობთ სეზონურ ბანაკებს, ვმართავთ ექსკურსიებს, შეხვედრებს ცნობილ ადამიანებთან, ფილმების ჩვენებას, დისკუსიებს…

არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე რას გვეტყვით?

– არაფორმალურ განათლებას მოსწავლის განვითარებაში ლომის წილი უდევს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მოსწავლეს ჰქონდეს ამის შესაძლებლობა. ეს მათ საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას მისცემს, თავდაჯერებას შემატებს, სხვადასხვა უნარის განვითარებას შეაძლებინებს და საბოლოო ჯამში მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე პიროვნებად ჩამოაყალიბებს.

რა არის თქვენთვის საინტერესო მასწავლებლის პროფესიაში?

– კარგი მასწავლებელი მუდამ ძიებაში უნდა იყოს, პროფესიულ განვითარებას ცდილობდეს, იცნობდეს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებს და შესაბამისად უდგებოდეს. თუ ბავშვებთან მუშაობა გიყვარს, დანარჩენი ადვილი მისაღწევია. ბავშვებთან მუშაობას ერთი ფასდაუდებელი პლუსი აქვს: შენში არასოდეს კვდება ბავშვი. ვისურვებდი, მასწავლებლობა ჩვენს ქვეყანაში სასურველი და პრესტიჟული პროფესია იყოს.

პროდუქტი(ული) პომიდვრები სასკოლო რაციონში

0

სასკოლო რაციონი,  ჯანსაღი პროდუქტით (აკადემიურით თუ ორგანულით) შევსებას მოითხოვს.

 

სკოლებში უმეტესად მოსწავლეთა მიერ უკვე დაძლეული სირთულეები ფასდება, ძალისხმევის აღიარება კი უფრო დაწყებით კლასებში და ისიც მასწავლებლის კეთილი ნებით ხდება. არადა, თუ მივიჩნევთ, რომ ადამიანი მუდმივად განვითარებადი არსებაა, მისი თითოეული მცდელობა, თუნდაც ის ჯერ არ  შეესაბამებოდეს საზოგადოების მიერ დაწესებულ სტანდარტებს, აუცილებლად უნდა აღინიშნებოდეს, რადგან მცდელობის  აღიარების  შემთხვევაში მოზარდები გამოწვევებსა და სირთულეებს უფრო ხარისხიანად გაართმევენ თავს.

ამას წინათ ქეროლ დვეკის შესანიშნავ გამოსვლას მოვუსმინე. ის ლაპარაკობდა ჩიკაგოს ერთ-ერთი სკოლის ყველასგან განსხვავებული და განვითარებაზე ორიენტირებული შეფასების შესახებ, რომელიც გამოიხატება სიტყვებით – „ჯერ არა“. ქეროლ დვეკი ერთმანეთისგან გამოყოფს ფიქსირებულ და ზრდის მენტალიტეტებს და ორივე მათგანს პიროვნების წარმატების ხარისხთან აკავშირებს. მისი აზრით, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესება და ნებისმიერი პრობლემის  სხვადასხვა გზით გადაჭრა.

 

https://www.ted.com/talks/carol_dweck_the_power_of_believing_that_you_can_improve?language=ka#t-22158

 

ადამიანის თვითგანვითარების ზემოაღნიშნულ ხედვას ეყრდნობა „პომოდოროს ტექნიკაც“. დროის ფლანგვა ყველაზე გავრცელებულ ადამიანურ სისუსტედ შეიძლება მივიჩნიოთ. დედლაინები რომ არა, გამოგიტყდებით, დროში ორიენტირება და მისი ნაყოფიერად გამოყენება მეც ძალიან გამიჭირდებოდა. ალბათ ამავე მიზნით გამოიგონეს დროის ეფექტურად მართვის მეთოდები, მათ შორის – Pomodoro Technique–იც.

„პომოდოროს“, ერთი შეხედვით, დროის მთვლელის ფუნქცია აკისრია, თუმცა  წუთები სპეციალური მოწყობილობის გარეშე, ნებისმიერ სმარტფონში არსებული ტაიმერითაც შეგიძლიათ აკონტროლოთ. ამ ტექნიკის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს პროდუქტიულობის წიგნაკი წარმოადგენს. სანამ მუშაობას დაიწყებთ, ანუ ტაიმერის დაყენებამდე მივა საქმე, პომიდვრების დღიური ულუფა ისე უნდა გაანაწილოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეებთან ერთად სასიამოვნო აქტივობებისთვისაც შემოინახოთ დრო.

თვითრეგულაციის პროცესი თავისთავად გულისხმობს წინასწარჭვრეტისა და დროის მენეჯმენტის უნარების განვითარებას. თქვენ წინასწარ გეგმავთ, რამდენი ოცდახუთწუთიანი „პომოდორო“ დასჭირდება სავალდებულო საქმეების მოგვარებას. შესაბამისად, დღის დაწყებამდე უკვე იცით, რამდენი თავისუფალი დრო დაგრჩებათ სასურველი ფილმის სანახავად თუ მეგობრებთან ერთად გასეირნებისთვის. თითოეული ბურთულის გაფერადებას დამსახურებული ხუთწუთიანი შესვენება მოსდევს. ამგვარი „ამოსუნთქვები“ სხეულის სტატიკური მდგომარეობისგან დასახსნელადაც კარგია.  ყოველი მეოთხე ბურთულის გაფერადების შემდეგ კი დიდი შესვენების დროც დგება.

როგორც ხედავთ, პომოდოროს ტექნიკა სიზარმაცესა  და გაფანტულობასთან ერთად ადამიანთა დიდი ნაწილისთვის დამახასიათებელ რამდენიმე საათის განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობის ჩვევასაც ებრძვის, რადგან ხანგრძლივად კონცენტრირებული გონება ნელ-ნელა კარგავს სისხარტეს და ეფექტურობას და ჩვენც ნაკლებად პროდუქტიულები ვხდებით.

ალბათ ყველა საქმიანი ადამიანი იყენებს ორგანაიზერს, რომელიც დროის ნაყოფიერად განაწილების პროცესს ერთმნიშვნელოვნად აადვილებს. აქედან გამომდინარე, ალბათ დაგაინტერესებთ, რით განსხვავდება მისგან Pomodoro. პასუხი მარტივია – ის დროის სწორად განაწილებასთან ერთად საკუთარი თავის რეგულირებასაც გვასწავლის.

პომოდოროს დღიურებში ყველაზე მნიშვნელოვანი რიგითობის დაცვაა (სასწრაფო საქმეებიდან სასურველ აქტივობამდე). მისი შევსება საკმაოდ ადვილი და სახალისოა. აბა რომელ ორგანაიზერში იპოვით დამატებით სივრცეს იდეებისთვის, სამომავლო საქმეებისა და შთაგონებისთვის?! თანაც თითოეული ნაბიჯის წინასწარ გათვლის საშულება გეძლევათ. უპირველესად, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის გრაფაში მხოლოდ ისეთი საქმეები იწერება, რომელთა შესრულების გარეშეც განვლილი დღით კმაყოფილი ვერ დარჩებით. შემდეგ შეგიძლიათ ჩაინიშნოთ ისეთი საქმეები, რომელთა ხვალისთვის გადადება შესაძლებელია, მაგრამ მათი შესრულება თქვენს დღეს გაცილებით საინტერესოს და ნაყოფიერს გახდის. თვითშეფასების რუბრიკა  „პომოდოროს ტექნიკის“ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან წერითი რეფლექსიის დროს საკუთარ თავს უმხელთ, ანუ ფიქრებს სიტყვად აქცევთ, რაც წინსვლისკენ გადადგმულ საკმაოდ მნიშვნელოვან ფაზად მიიჩნევა განათლების სფეროში.

აუცილებლად დააკვირდით და ერთმანეთს შეადარეთ წინასწარ დაგეგმილი და რეალურად გამოყენებული დროის მონაკვეთები (პომიდვრები),  ჩაინიშნეთ  დაგეგმვის ან შესრულების პროცესში აღმოჩენილი ხარვეზები და მომდევნო დღის განაწილების დროს გაითვალისწინეთ. თავდაპირველად შესაძლოა გასაკეთებელი საქმე და მისთვის მისადაგებული პომიდვრები არ გეყოთ ან მოგრჩეთ, მაგრამ ესეც თვითსწავლისა და საკუთარი თავის რეგულირების ხანგრძლივი პროცესის შემადგენელი ნაწილია.

სამყაროში, სადაც არსებობს დროის ფლანგვის შესანიშნავი საშუალებები: ინტერნეტსაიტები, ელექტრონულ ფანჯრებში მუდმივად განახლებადი გზავნილები, საქმიანი თუ სასხვათაშორისო სატელეფონო ზარები და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ტექნოლოგიების დახმარებით დაკავშირების შესაძლებლობა,  პომოდორო-ტაიმერი ერთგვარ კომპასადაც შეიძლება მივიჩნიოთ. გარდა ამისა, საქმეში ერთვება აზარტიც  (თავის გამოცდა: მართლა მოვასწრებ თუ ვერა). დროთა განმავლობაში მარეგულირებელი წიგნაკის დახმარებით საკუთარ თავთან საუბარი ჩვევაში გადაიზრდება, საბოლოოდ კი უკვე განმტკიცებულ თვითმართვის უნარს ყოველგვარი გარეგანი გამღიზიანებლის გარეშე გამოიყენებთ.

სანამ სკოლაში ზემოაღნიშნული ტექნიკის დანერგვის შესაძლებლობაზე დავიწყებდე საუბარს, გთავაზობთ ლაურა ვანდერკამის შესანიშნავ გამოსვლას, სადაც ის გვიზიარებს ხანგრძლივი დაკვირვების შედეგებს XXI საუკუნის ერთგვარი სენის – დროის უკმარისობის შესახებ.

 

https://www.ted.com/talks/laura_vanderkam_how_to_gain_control_of_your_free_time/transcript?language=ka#t-27588

 

ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში თვითრეგულაციით სწავლა-სწავლების შესახებ ბევრს ვერაფერს იპოვი. ამ საკითხზე მეც არაფერი მეცოდინებოდა, რომ არა ჩემი თანამშრომლის  მოხსენება თბილისის გ. ზალდასტანიშვილის სახელობის ქართულ-ამერიკულ აკადემიაში. პროდუქტიულობის დღიურის შესახებაც მისგან შევიტყვე. წელს კი პომოდოროების პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი პროექტი დავგეგმეთ და ექსპერიმენტისთვის ერთ-ერთი კლასი ავირჩიეთ. უპირველეს ყოვლისა, თვითრეგულაციით სწავლის სიკეთეებზე ვისაუბრეთ, მერე კი ჩემი მეწყვილის მიერ გადმოქართულებული პომიდვრები დავარიგეთ. პირველ კვირას აქტიურ მონიტორინგს ვაწარმოებდით, მომდევნო შეხვედრაზე კი მოსწავლეებმა პირველი შთაბეჭდილება გაგვიზიარეს. აღმოჩნდა, რომ სამუშაო ფურცლების დახმარებით დრო გაცილებით ეფექტურად თერთმეტიდან რვა მოსწავლემ გამოიყენა და მის სასკოლო რაციონში პომოდოროების ყოველდღიურად ჩართვაც გვთხოვა.

 

იმედია, წარმატების ბურთულების თვლა მოსწავლეებს დროის გაცილებით ეფექტურად გამოყენებაში გამოადგებათ. ექსპერიმენტმა თუ გაამართლა, მომავალი სასწავლო წლიდან ზემოაღნიშნული ტექნიკის დახმარებით სასკოლო ცხოვრებას თითოეული მოსწავლისთვის გაცილებით პროდუქტიულს გავხდით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ლინკები:

 

https://www.coursera.org/learn/learning-how-to-learn

https://cirillocompany.de/pages/pomodoro-technique

სხვა ახალი წელი

0

ახალი წელი მუდამ სძულდათ, როგორც რომ ერთი რამ, გადმონაშტპამიდვრის  წვენიანი ქილები არ დაუმალავთ.  საგანგებოდ, დემონსტრაციულად  ამ ,, იარაღით’’ ხელში ჩაიარეს მთელი რუსთაველი. გზად მეტნაკლებად აკადემიურს ყველაფერს წითლად წუწავდნენ – ადამიანს (ასე ჩაცმულს), აფიშას თუ დაწესებულებას. მერე მცირედით დააჯარიმეს. რა იყო ეს სასჯელი მათთვის, ვინც მსოფლიო რევოლუციაზე მეოცნებეთა რიგებს შეუერთდა, ამ პატარა, ქვეყნად უმყოფ ქვეყანაში? სრულიად პირიქით. საერთოდაც, ხვალი უტირალუ ინგი მონალინგი არჩა ხაბალარჩა.

ვიღაც ფიქრობს, რომ ქართული ლიტ-ფუტურიზმი და დადაიზმი გვიანი და უნიჭო მონაჭორია. მე არ მგონია. ხოლო, დროში აცდენას რაც შეეხება, ჩვენი მწერლობა ბარემ ყველგან  კუდში სდევდა პროცესებს, ხანაც სულაც კლასის გამოტოვებით გადადიოდა შემდეგ კლასში. ამათ გარემო მაინც ჰქონდათ შესაბამისი – მულტიკულტურული თბილისი მთელი თავისი ავლა-დიდებით, 3 წლიანი დამოუკიდებლობა და მერე, შედარებით თავისუფალი, ე.წ. საბჭოთა ავანგარდული პერიოდი. და კარგი ავტორები, რომელთა სახელ-გვარის ქვეშ, ისტორიისთვის დიქტატურამ მერე სხვა სივრცე მონიშნა. მანამდე კი H2SO4, ლიტერატურა და სხვა და თოლაბულისის სარტყელი გამოდიოდა, სრულიად უნიკალური ხასიათის თუ დიზაინის ჟურნალები. ეჰ, ანკარა, ხერელირა, რანგულისო, ურისოილო.

აიდა – ბაიდებს. არავინ იცის საით წავიდოდა სამამულო ლიტერატურა, ეს მიმდინარეობები ცოტა უფრო დიდხანს რომ გაგვესინჯა. უფრო უპირატესი უნარის და გაქანების ხალხსაც  (ურიგო არტისტები არც ესენი ყოფილან) რომ ეცადა ამ მიმართულებით ბედი. ამ ოცნების დამამსხვრეველი  კომუნისტების ტერმინი რომ მოვიმარჯვოთ – სხვა რელსებზე გადავიდოდით. ხსენებული საქმის მცოდნე ხალხმა კარგად იცის – უკეთესობისკენ გადავიდოდით და დღევანდლამდე სხვანაირად გამოწვრთნილები მოვიდოდით. მოკლედ, ალთა, ბალთა, ბარიბართუბართა. სამწუხაროდ.

გარდა ჩვეულებრივი მკითხველისთვის (ერთი ხანი ვიფიქრე და მაინც ეს ამაზრზენად გაუგებარი სიტყვათშეთანხმება გამოვიყენე) ინტერესის გაღვიძებისა, სპეციალური პროფესიის ხალხსაც მეტი დაინტერესება  მართებთ.  თუ ლიტერატურის თეორეტიკოსების საქმეა იკვლიონ,  რა ჟანრები დაცადეს ტიციან ტაბიძემ, სიმონ ჩიქოვანმა, ბესო ჟღენტმა.  ისტორიკოსების – რა გარემოებებმა განაპირობა ჩამოთვლილთა (ტიტეს ამბავი კი იცით)  და კიდევ სხვათა, ვთქვათ შალვა ალხაზიშვილისა და აკაკი ბელიაშვილის სახეცვლილება. ლექსთმცოდნეების – როგორ წვრთნიდნენ ჩაჩავა და შენგელია ნიკოლოზები ლექსს –  სილაბური(ეს, ისე), ტონური თუ სილაბურ-ტონური იყო ამ ხალხის სიტყვის ჟღერადობა.   სხვები ირაკლი გამრეკელისა და ბენო გორდეზიანის გრაფიკულ თამაშებს გააანალიზებენ. ვიღაც ჟანგო ღოღობერიძის ჟონგლიორობას მიაქცევს ყურადღებას. ცალკე საქმეა თუნდაც ზაუმის  ,,გარეშე“  წინადადების სინტაქსი, ათასგვარად დახლართული, უუნაგირო. მოკლედ, რაც უნდა ფუტუროდ გეჩვენოთ, ხანდახან უკანაც უნდა მივაპყროთ თვალები – არაერთ საინტერესო და გამოსადეგ რამესაც კი (გა)მოვკრავთ (ხელს)თვალს. ასე იყოს – სულ გუშინწინ, სულ შარშან, სულ ხვალ, უფრო ზეგისზეგ.

რა ჟურნალები იყო მათი ჟურნალები? გინახავთ მანამდელი და მერენდელი ლიტერატურული პრესა? მათ შორის გაჩხერილი ნამდვილი ქარიშხალი გახლდათ – მოულოდნელი, უპრეცედენტო და განუმეორებელი (ამ სიტყვის რაგინდარა მნიშვნელობით). ჩახედეთ და მიხვდებით, თუ როგორ შეიძლება ფურცელზე თავი აიშვა. აქ დავა მხოლოდ ერთზე შეიძლება – უფრო ხარისხიანად შეიძლებოდა თუ არა ეს თავაშვება. ის რომ ქართველი ფუტურისტები და დადაისტები ამბიციებით და ფანტაზიებით (სულ სხვა კაცის ნათქვამით – ,,ოცნებების სიგრძე’’) ევროპელ კოლეგებს არ ჩამორჩებოდნენ – ცხადზე ცხადია. ის რომ ჩვენ ქართველი ფილიპო მარინეტი,  ტრისტან ცარა და მარსელ დიუშანი არ გვყოლია – სხვა სიმღერიდანაა, ხოლო  მერე ყურძენმა მიირთვა კაცობრიობა, ისმინეთ ყველამ, რომ საქართველო არის ქოთანი სააკაძე და მეწისქვილე.

ჰოდა, ეს ამბავი იქვე მოკვდა. არქივი დარჩა მუზეუმებში და ბიბლიოთეკებში. არქივი, მუზეუმი და ბიბლიოთეკა გამორჩეულად სძულდა ამ ჯურის ხალხს. დამცინავი პარადოქსია. რას ვიზამთ. ასეთია ცხოვრება – სულ ასე იყო – ქარს ქონდა ფრთა ფრინდალი, ქარი გაფრინდა, ქარს გაყვა ცინდალი, ერთი ციდა.

 

 

სკოლა ძალადობის პირისპირ

0

UEESCO-ის მონაცემებით, ყოველწლიურად 246 მილიონი ბავშვი სასკოლო ძალადობისა  და ბულინგის მსხვერპლია. როგორია სახელმწიფო  პოლიტიკა ამ პრობლემის დასაძლევად და რას უნდა აკეთებდეს სკოლა ძალადობრივი ფაქტების შესამცირებლად – ამ და სხვა საკითხებზე პროფესიით იურისტსა და სპეციალური განათლების სპეციალისტს, ანა ქათამაძეს რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ.

 

 

ბულინგის ბევრნაირი ფორმა არსებობს. რომელია სასკოლო ბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმა?

სამწუხაროდ, საქართველოში ბულინგის პრობლემა კონკრეტული კვლევის ფარგლებში შესწავლილი არ არის. აღნიშნული თანაბრად ეხება ბულინგის ყველაზე გავრცელებულ ფორმებსა და შედეგებს ბულინგის პროცესში მონაწილე ყველა ბავშვის მიმართ, რაც თავისთავად შეუძლებელს ხდის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მუშაობის დაგეგმვას და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის უფრო ფრაგმენტულ ხასიათს განაპირობებს. არსებობს კონკრეტული კვლევები, რომლებიც ბულინგის საკითხს ბავშვთა უფლებებისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის ჭრილში განიხილავს, თუმცა არ იძლევა საკითხის სიღრმისეული შესწავლის საშუალებას საქართველოში ბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმების შესახებ. მაგალითად, გაერო-ის ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ 2007-2008 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეთა 47.1% სკოლაში ფიზიკურ, 47.5% ფსიქოლოგიურ, ხოლო 7.3% სქესობრივ ძალადობას განიცდიდა.[i] ბულინგის პრობლემის აქტუალობაზე საუბრობს თავის ანგარიშში საქართველოს სახალხო დამცველიც, რომლის თანახმადაც სკოლაში ხშირია მოსწავლის დამცირება, ზედმეტსახელის დარქმევა, დაცინვა, ჭორების გავრცელება, გარიყვა, ფიზიკური შეურაცხყოფა, პირადი ნივთების გადამალვა და კიბერბულინგი. [ii]

 

რა  გავლენას ახდენს ასეთი გარემო საგანმანათლებლო პროცესზე?

ძალადობისგან თავისუფალ გარემოში სწავლა ყველა ბავშვის უფლებაა. როდესაც სასწავლო გარემო მათთვის უსაფრთხო ადგილს აღარ წარმოადგენს, ინტერესი სასკოლო ცხოვრების მიმართ იკლებს. ბავშვები, რომლებიც განიცდიან ბულინგს, ხშირად თავს არიდებენ სკოლას და სასკოლო ღონისძიებებს, ეძებენ სკოლაში არწასვლის მიზეზებს, უარესდება მათი აკადემიური მოსწრება, კარგავენ ინტერესს საგაკვეთილო პროცესის მიმართ და სხვა. ბავშვები, რომლებიც ახორციელებენ ბულინგს ​ სკოლის მიღმა დარჩენის, ანტისოციალურ ან დანაშაულებრივ ქმედებებში ჩაბმის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ბავშვებს, რომლებიც განიცდიან ბულინგს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში აწუხებთ შფოთვა, შიში, მარტოსულობის განცდა, დეპრესია, ექმნებათ ფსიქიკურ ჯანრმთელობასთან დაკავშირებული სპეციფიკური პრობლემები, შეიძლება აწუხებდეთ სუიციდური აზრები. ბულინგი უარყოფითად მოქმედებს ბულინგის მოწმე ბავშვებზეც – დანაშაულის გრძნობა უმოქმედობის გამო ბრაზი, შიში, რომ ის იქნება შემდეგი და სხვა. რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოაღნიშნული უარყოფითად აისახება მათ შორის საგანმანათლებლო პროცესზეც.

 

რა  უნდა გააკეთოს სკოლამ, რა პრევენციული გზების გამონახვა არის საჭირო ძალადობრივი ფაქტების შესამცირებლად და თავიდან ასარიდებლად?

პირველ რიგში, ყველამ უნდა გააცნოებიეროს ის ფაქტი, რომ ბულინგი, როგორც სოციალური მოვლენა ყველა სკოლაში არსებობს.  მიდგომა –  „ჩვენს სკოლაში ბულინგი არ არის“ – ყველაზე მეტად უშლის ხელს პრობლემის მოგვარებას. აუცილებელია, რომ  სკოლებში ბულინგის დაძლევა განათლების პოლიტიკის ერთ-ერთ მიმართულებად განისაზღვროს, შემუშავდეს სასწავლო გეგმებში ინტეგრირებული ბულინგის პრევენციისა და რეაგირების სპეციალური პროგრამები, შეიქმნას ბულინგის შესახებ მიმართვიანობისა და ბულინგის ფაქტების გამოძიების ეფექტური სისტემა, ჩატარდეს ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული კამპანიები და ამ პროცესში თანაბრად იყოს ჩართული როგორც სკოლის ადმინისტრაცია და პერსონალი, ასევე მშობლები და თავად მოსწავლეები. უნდა ვიმუშაოთ იმ ბავშვებთან, ვინც ავლენს ბულინგის სუბიექტის ან ობიექტის ქცევას, ასევე უნდა დაინერგოს ადრეული ინტერვენციის პროგრამები ბავშვების უფრო ფართო ჯგუფებისთვის. რაც მთავარია, ბულინგის არცერთი შემთხვევა არ უნდა დარჩეს ყურადღების გარეშე, ყველამ უნდა გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ დახმარება არა მხოლოდ ბულინგის მსხვერპლს, არამედ ბულინგის ინიციატორსაც სჭირდება. სკოლამ უნდა იზრუნოს  უსაფრთხო და ტოლერანტული სასწავლო გარემოს შექმნაზეც, მაშინაც კი, როდესაც სკოლაში არ მოქმედებს ბულინგის საწინააღმდეგო პროგრამა, პოზიტიური და მხარდამჭერი საკლასო გარემო ხელს უწყობს სკოლაში ბულინგის შემცირებას.

 

რამდენად სერიოზულად აღიქმება მოსწავლეთა შორის ძალადობა ადმინისტრაციის მხრიდან და მსგავსი ფაქტების იდენტიფიცირება ძალადობასთან?

 

ბულინგი იშვიათად აღიქმება როგორც ძალადობა. მას ხშირად მიაწერენ „ბავშვობის ასაკისთვის დამახიასიათებელ ქცევებს“, რომლის მსგავსიც ყველას განგვიცდია და რომელიც მალე გაივლის. ეს ბულინგთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია. საქართველოს მთავრობის დადგენილება ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე’’[iii]  ბავშვზე ძალადობის ეჭვის არსებობის შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულებას ანიჭებს ვალდებულებას, მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს. ბულინგიც ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგი ხშირად საერთოდ არ აღიქმება ძალადობად. შესაბამისად, სკოლების მიერ დადგენილებით განსაზღვრული პასუხისმგებლობის გააზრება გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს. სახალხო დამცველის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ  სკოლის პერსონალის მხრიდან ბულინგის შემთხვევები, ძირითადად, ბავშვურ ხუმრობად და ერთჯერად შელაპარაკებად არის აღქმული. [iv]

 

რამდენად აქცევს სახელმწიფო ყურადღებას ბულინგის პრობლემას?  არსებობს თუ არა სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ამ პრობლემის დაძლევისკენაა მიმართული?

ბულინგის დაძლევისკენ მიმართული პოლიტიკა სახელმწიფოს არ გააჩნია. აღნიშნული პოლიტიკა, პირველ რიგში, მტკიცებულებებზე დაყრდნობით განსაზღვრულ მიმართულებებს უნდა ეფუძნებოდეს. საქართველოში კი ჯერ არცერთი კვლევა არ ჩატარებულა, რომელიც  სიღრმისეულად შეისწავლიდა ბულინგის პრობლემის აქტუალობას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და მის გავრცელებას. შესაბამისად, დღესდღეობით არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ამ საკითხზე არგუმენტირებული მსჯელობის საშუალებას მოგვცემდა. არ არსებობს ინფორმაცია სკოლებში ბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმებისა და ბულინგის შედეგების შესახებ, სკოლებისთვის შემუშავებული არ არის სპეციალური მეთოდოლოგია, რომელიც სკოლის პერსონალს  ბულინგის შემთხვევების იდენტიფიცირებასა და ბულინგის პრევენცია-ინტერვენციის მექანიზმების დანერგვაში დაეხმარებოდა. მართალია, ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი[v] პირდაპირ კრძალავს სკოლებში ძალადობას, თუმცა ეს რეგულაცია უფრო ზოგად ხასიათს ატარებს. ბულინგი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხშირად საერთოდ არ განიხილება, როგორც ძალადობა და, შესაბამისად, არც ამ მუხლში მოიაზრება. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე მოხდეს ბულინგის, როგორც ძალადობის სპეციფიკური ფორმის რეგულირება და დაიწყოს ბულინგის დაძლევისკენ მიმართული პოლიტიკის შემუშავება. ეს პოლიტიკა, თავის მხრივ, უნდა იყოს სახელმწიფოს ერთიანი სისტემური ხედვა, სადაც არა მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, არამედ სხვა მომიჯნავე უწყებებს, მაგალითად, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს განსაზღვრული.

როგორია ამ მხრივ საზოგადოების ცნობიერების დონე? რა უნდა გაკეთდეს მათი უფრო მეტი ინფორმირებისთვის?

ძალიან დაბალი. თუმცა ეს მხოლოდ ბულინგის პრობლემას არ უკავშირდება. ქართული საზოგადოება ხშირად არათუ მიმღებლურია ბავშვების მხრიდან აგრესიისა და ძალადობის გამოვლენის მიმართ, რიგ შემთხვევებში ახალისებს კიდეც მას. ჩვენი საზოგადოება ძალადობის ერთგვარ ლეგიტიმაციას ახდენს აღზრდის იმ მეთოდებით, რომელსაც მშობლები იყენებენ. მაგალითად, ხშირად ძალადობა კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთ გზად მიიჩნევა. ჩვენ არ ვუსმენთ ბავშვებს, არ აღვიქვამთ მათ ჩვენს თანასწორ „პატარა ადამიანებად“ და გვგონია, რომ არც მათ ესმით ჩვენი. ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ უკეთ ვიცით, მათთვის რა სჯობს და ა.შ. სინამდვილეში ბავშვებს ყველაფერი ესმით და ყველაფერს ზუსტად ისე ხედავენ, როგორც არის. მათთვის ნაცნობი „დიდი ადამიანების“ ქცევის მოდელი კი მარტივად გადააქვთ რეალურ ცხოვრებაში.

როგორია​ ბულინგის ძირითადი ფორმები, როგორ უნდა ამოიცნოს ის მშობელმა, მასწავლებელმა?

ბულინგის ხუთი ძირითადი ფორმა არსებობს: ფიზიკური ბულინგი, რაც გულისხმობს ფიზიკურ თავდასხმასა და საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს; ვერბალური ბულინგი, რომელიც მოიცავს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, დამამცირებელი კომენტარების გაკეთებას, მეტსახელებს დარქმევას, დაცინვას , ა.შ.; სოციალური ბულინგი, რაც გულისხმობს ადამიანის სოციალური ურთიერთობებისთვის ან რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებას; სექსუალური ბულინგი, როდესაც ადგილი აქვს სექსუალური ხასიათის კომენტარებს, არასასურველ შეხებას, შეურაცხმყოფელი სახელების დაძახებას და კიბერბულინგი. გავრცელებული მითია, რომ რადგან კიბერბულინგის შემთხვევაში ფიზიკური კონტაქტი არ არსებობს, ის ნაკლებად საზიანოა თუმცა კიბერბულინგის ისეთი ფორმები, როგორიცაა, ვირტუალური ადევნება, დამამცირებელი მესიჯების გაგზავნა ან კომენტარების დატოვება, კონფიდენციალური მიმოწერის გასაჯაროება და ა.შ., ისევე მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვის ცხოვრებაზე, როგორც ბულინგის სხვა ფორმები.

რაც შეეხება ბულინგის შემთხვევების იდენტიფიცირებას, მარტივი პროცესი ნამდვილად არ არის. ბულინგის ნიშნები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეიძლება არც იძლეოდეს იდენტიფიცირების საშუალებას, თუმცა რამდენიმე ნიშნის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება. მაგალითად, ბულინგის მსხვერპლი ბავშვები ხშირად თავს არიდებენ სკოლას და სასკოლო ღონისძიებებს, სოციალურ ურთიერთობებს, ეცვლებათ კვებასთან და ძილთან დაკავშირებული ჩვევები და რეჟიმი, ახასიათებთ სხვადასხვა თვითდესტრუქციული ქცევები (სახლიდან გაქცევა, თვითდაზიანება, საუბრები სუიციდიზე). ბულინგის ინიციატორი ბავშვები კი ხშირად გამოხატავენ დადებით დამოკიდებულებას ძალადობის მიმართ, გადამეტებულად ზრუნავენ საკუთარ რეპუტაციაზე, ახასიათებთ აგრესიულობა თანატოლებისა და უფროსების მიმართ, ნაკლებად გამოხატავენ თანაგრძნობას, შეიძლება ადანაშაულებდეს მსხვერპლს ან ამბობდეს, რომ მან ეს დაიმსახურა და ა.შ. მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ბულინგის ინიციატორი ხშირად თავად არის ბულინგის მსხვერპლი, თუმცა რამდენადაც მოკლებულია წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას, თავად ახორციელებს ბულინგს მასზე უმცროსი ან ,,სუსტი“ ბავშვების მიმართ. ნებისმიერ შემთხვევაში თავიდან უნდა ავირიდოთ მისთვის მოძალადის იარლიყის მიკერება და გავაცნობიეროთ, რომ დახმარება მასაც სჭირდება.

 

როგორ უნდა დაეხმაროს სკოლა ორივე მხარეს პრობლემის მოგვარებაში?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირველ რიგში, უნდა მოხდეს პრობლემის აღიარება, ხოლო შემდეგ სკოლის დონეზე ბულინგის პრევენციის პროგრამებისა და ინტერვენციის ეფექტური მექანიზმის დანერგვა. გარდა ამისა, თითოეულ სკოლას უნდა ჰყავდეს სპეციალურად შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი პროფესიონალი, რომელიც იმუშავებს ბულინგის პროცესში ჩართულ ბავშვებთან და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის დახმარებას გასწევს. თუმცა ამ საკითხზე სამუშაოდ მხოლოდ სკოლის ბაზაზე რაიმე მექანიზმისა და თუნდაც რამდენიმე სპეციალისტის ჩართვა არ იქნება საკმარისი. უნდა გაიმართოს სპეციალური რეფერირების მექანიზმი და დაინერგოს სერვისები, სადაც სკოლის პერსონალს ბავშვის გადამისამართება შეეძლება.

 

შორენა ტყეშელაშვილი

[1] ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/XdWchO

[1] ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/VBuFa7

[1] https://matsne.gov.ge/ka/document/view/3394478

[1] ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/VBuFa7

[1] https://matsne.gov.ge/ka/document/view/29248

დემოკრატიის უცნაური გამოვლინებები

0

დემოკრატიის ფენომენი ხანდახან სრულიად ამოუცნობია. დემოკრატიული მმართველობა შეიძლება სრულიად უცნაური, პარადოქსული ფორმით გამოვლინდეს. ალბათ ამგვარი მახასიათებლები განაპირობებენ აღნიშნული მოვლენის შესახებ მიმდინარე დაუსრულებელ დისკუსიებს. ფორმების მრავალფეროვნება გახლავთ წინაპირობა იმისა, რომ ზუსტად არცერთ ბრძენს არ აქვს პასუხი კითხვაზე – რა არის დემოკრატია?

ცხადია, ჩვენ გენიოსების მიერ ამოუხსნელი ამოცანის გადაწყვეტას არ ვისახავთ მიზნად. ჩვენი მხრიდან შეუფერებელი და არაადეკვატური საქციელი იქნებოდა. თუმცა, უნდა შევეცადოთ, რომ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მსხდომმა მოსწავლეებმა დემოკრატიის უცნაური გამოვლინებების შესახებ ერთი-ორი ამბავი მაინც შეიტყონ.

რამდენიმე თვის წინ გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნების შედეგად ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ მოიპოვა გადამწყვეტი უპირატესობა. გერმანია ძველი ევროპული საპარლამენტო დემოკრატიაა და მისი მთავრობის შემადგენლობა ძალიან დიდი ხანია ერთპარტიული არ ყოფილა. როგორც წესი, ფედერაციულ რესპუბლიკას ორპარტიული კოალიციები მართავენ ხოლმე. არჩევნების შემდეგ ორმა ტრადიციულმა და უდიდესმა პოლიტიკურმა პარტიამ უახლეს ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. ქრისტიან-დემოკრატებმა ხმათა მხოლოდ 33%-ის მოგროვება მოახერხეს, სოციალ-დემოკრატთა მხარდაჭერების რაოდენობა კი კატასტროფულ, 20%-იან ნიშნულს მიუახლოვდა. იყო დრო, როდესაც ძველი პარტიები ამომრჩეველთა ნახევრის მომხრობასაც კი ახერხებდნენ. 2017 წელს კიდევ ერთი საარჩევნო სენსაცია გამოვლინდა. ჰიტლერის დამარცხების შემდეგ პირველად ევროპის შუაგულში მდებარე ქვეყნის პარლამენტში ფრაქციის ჩამოყალიბების უფლება კვლავ მოიპოვეს მემარჯვენე რადიკალებმა. ანტირესპუბლიკურად განწყობილი ძალა სიდიდით მესამე პარტიაა ბუნდესტაგში.

ორი ტრადიციული პარტიის განსაკუთრებულმა წარუმატებლობამ და მემარჯვენე რადიკალთა ტრიუმფმა გერმანიაში ყველაფერი არივ-დარია. არცერთი ორი პარტიის მანდატები არ აღმოჩნდა საკმარი მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლად. პირველად ისტორიაში კანცლერის ასარჩევად სამი პარტიის შეამხანაგება გახდა საჭირო. ქრისტიან-დემოკრატებმა, მწვანეებმა და ლიბერალებმა რამდენიმე კვირა მოლაპარაკებების მაგიდასთან გაატარეს. ოთხმოცდაორი მილიონი ადამიანი ყოველდღიურად თვალს ადევნებდა ერთგვარ „რეალითი შოუს“, რომლის მონაწილენი ქვეყნის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსები იყვნენ. დიდი დავიდარაბის შემდეგ ლიდერები მთავარზე ვერ შეთანხმდნენ და დაიშალნენ. არჩევნებიდან სამი თვის შემდეგაც კი გერმანიას მთავრობა არ ჰყავს?

როგორ უნდა დარეგულირდეს ხელისუფლების გარეშე მუშაობის პრობლემა?

კანცლერ მერკელის პარტიამ მხარდაჭერისთვის ოპოზიციაში გადასულ სოციალ-დემოკრატებს მიმართა. მხოლოდ მერკელის გუნდისა და შულცის პარტიის მანდატების გაერთიანებით შეიძლება ახალი მთავრობის ჩამოყალიბება. სოციალ-დემოკრატთა ხელმძღვანელებმა ქ-ნ ანგელას შემოთავაზებას დამოუკიდებლად არ უპასუხეს. მრავალკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ მინისტრთა კაბინეტის ფორმირების საკითხს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები შიდაპარტიულ პლებისციტით გადაწყვეტენ.

არ მინდა, რომ დაგაბნიოთ. ყველაფერი ძალიან მარტივია. მოცემულ ეტაპზე გერმანიის დემოკრატიაში გადამწყვეტი სიტყვა დამარცხებული პარტიის რიგით წევრებს ეთქმით. მათი საერთო რაოდენობა კი მხოლოდ 400 000 ადამიანია.

შეგვიძლია გავიხსენოთ აშშ-ის 70-იანი წლების ისტორიაც. მოგეხსენებათ, რომ აშშ-ის პრეზიდენტსაც და ვიცე-პრეზიდენტსაც ხალხი ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებზე ორივე პარტია ორი შესაბამისი კანდიდატით გამოდის. კენჭისყრის დროს ამომრჩევლები ნდობას მხოლოდ მთავარ კანდიდატს არ უცხადებენ. ისინი გამოხატავენ თავის დამოკიდებულებას ვიცე-პრეზიდენტის მიმართ.

1973 წელს კორუფციული და საგადასახადო სკანდალის გამო ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომა მოუწია ბერძნული წარმოშობის რესპუბლიკელ პოლიტიკოსს სპირო აგნიუს. მეოცე საუკუნეში ამგვარი მოვლენა ერთადერთხელ მოხდა. ახალი სახალხო კენჭისყრა მხოლოდ ვიცე-პრეზიდენტის შესარჩევად ვერ ჩატარდებოდა. ამერიკის კონგრესმა პრეზიდენტის წარდგინებით აგნიუს შემცვლელად სენატის რესპუბლიკელი ლიდერი ჯერალდ ფორდი დაამტკიცა.

ფორდის ვიცე-პრეზიდენტად გამწესებიდან რამდენიმე თვეში „უოტერგეიტის სკანდალმაც“ უმწვავეს ფაზაზე გადაინაცვლა. პრეზიდენტი ნიქსონიც იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. სრულიად მოულოდნელად, აშშ-ის პრეზიდენტი გახდა ადამიანი, რომელიც მოსახლეობას არც სახელმწიფოს მეთაურად და არც მის მონაცვლედ არ აურჩევია. არაარჩეული პირის პრეზიდენტობას თითქმის არავინ მიიჩნევდა უკანონოდ. ჯერალდ ფორდი არჩევნების გარეშე, მაგრამ აბსოლუტურად დემოკრატიულად გახდა ამერიკის პირველი პირი.

დამარცხებული პარტია და არჩევნების გარეშე დაწინაურებული პირი დემოკრატიის ზოგიერთ მოდელში შეიძლება გადამწყვეტი მოთამაშეები აღმოჩნდნენ. სწორედ ამაში მდგომარეობს მისი უცნაურობაც.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...