ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

რა სჭირდებათ ბავშვებს

0

რა სჭირდებათ ბავშვებს სკოლამდელ პერიოდში ყველაზე მეტად? – თამაში!

აშშ-ში ბავშვები საზაფხულო არდადეგების შემდეგ სკოლებში დაბრუნდნენ, ეს კი ნიშნავს, რომ მცირეწლოვანი ამერიკელების მრავალმილიონიანი არმია გააგრძელებს მათემატიკის ამოცანების ამოხსნას, სიტყვების მართლწერის დაზეპირებას და წაკითხული წიგნების შესახებ თემების წერას. სამწუხაროდ, უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ აშშ-ში სკოლები ბავშვებისგან იმაზე მეტ აკადემიურ სამუშაოს ითხოვენ, ვიდრე მათ ასაკშია საჭირო.

2016 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომლის სახელწოდება დაახლოებით ასეთია: „ხომ არ გადაიქცა საბავშვო ბაღი ახალ პირველ კლასად?“ – აჩვენა, რომ ბოლო წლებში საბავშვო ბაღში მოსიარულე ბავშვები მასწავლებელთა მიერ მართულ აქტივობებზე, მაგალითად, მათემატიკასა და კითხვაზე, მეტ დროს ატარებენ, ვიდრე ხელოვნების, მუსიკის, მეცნიერების გასაცნობ-შესასწავლ და თავად ბავშვების მიერ შერჩეულ აქტივობებზე. არის კი ასეთი აკადემიური ფოკუსი ის, რაც სჭირდებათ ბაღის ასაკის ბავშვებს ან სკოლის პირველკლასელებს?

ზემოთ აღნიშნული კვლევა გარკვევით პასუხობს: „არა“. კვლევის მრავალი დეტალი მოწმობს, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს მეტი დრო სჭირდებათ თამაშისთვის  – ეს აუცილებელია მათთვის, რათა სკოლაში და, საზოგადოდ, მომავალ ცხოვრებაში ნორმალურად შეეძლოთ კომუნიკაცია და თანამშრომლობა თანატოლებსა თუ უფროსებთან.

კვლევის შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ სკოლამდელი ასაკის პატარებს თამაში განსაკუთრებით ეხმარება კითხვისა და წერის სწავლაში. ამერიკული კვლევითი ჟურნალის, American Journal of Play-ს ყოვლისმომცველი ანალიზის თანახმად, კვლევაში ბევრი რამ მეტყველებს იმაზე, რომ თავისუფალ თამაშსა და წერა-კითხვის უნარებს შორის ურთიერთკავშირი ძალიან ძლიერია, რომ თამაში ეხმარება ბავშვებს, ადვილად იცნონ ასოები და რიცხვები, ადვილად აღიქვან სალაპარაკო ენისა თუ დამწერლობის ელემენტები, დაიმახსოვრონ საგნებისა და მათი ჯგუფების ჩამონათვალი. სხვა ანალიზი, რომელიც 2013 წელს გამოქვეყნდა, განიხილავს ისეთი ტიპის თამაშებს, რომლებიც თავად ბავშვების მიერ იმართება (უფროსების მეთვალყურეობით) და მიუთითებს ასეთი თამაშების როლზე მეტყველების განვითარებასა და სიახლეებისადმი ინტერესის გაღვივებაში.

ადრეული სწავლების საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ამ ტიპის სოციალური და ემოციური უნარების განვითარებაზეა ფოკუსირებული, ბავშვებს უკეთეს შემსწავლელებად და უკეთეს მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში ეხმარება. Journal of Psychology-ს მიერ გამოქვეყნებული მეტაანალიზი გვიჩვენებს, რომ ბავშვებს, რომლებიც სოციალური და ემოციური უნარების განვითარების სკოლამდელ პროგრამებში მონაწილეობენ, ნაკლებმოსალოდნელია, განუვითარდეთ ანტისოციალური ქცევა, რაც გულისხმობს წესებისადმი დაუმორჩილებლობას, ფიზიკურ აგრესიას, სიცრუეს, ქურდობას. უფრო მეტიც: თამაში ბავშვებს „არაკოგნიტიური“ უნარების – თვითდისციპლინის, ცნობისმოყვარეობისა და ყურადღების კონცენტრაციის – განვითარებაშიც ეხმარება. ეს უნარები კი აუცილებელია მომავალი ცხოვრებისთვის. ამ სფეროს ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან, ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ჯეიმს ჰეკმანი[1], თავის ნაშრომში ადასტურებს, რომ მათი როლი გადამწყვეტია სწავლაში, მუშაობაში და ბედნიერ ქორწინებაშიც კი. ჰეკმანის თანახმად, ამ უნარების შეძენას ბავშვი საბავშვო ბაღში და სკოლის დაწყებით კლასებში იწყებს.

ადრეული სწავლების სფეროში ჩატარებული არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ სწორი სწავლება ეხმარება ბავშვებს, დროულად შეიძინონ ისეთი უნარები, როგორებიცაა თვითეფექტურობა, მოტივაცია და სოციალური უნარები. ამ უნარების შესწავლა-განვითარებაზე კონცენტრაცია დიდად ეხმარება ადამიანს როგორც სკოლაში, ისე უკვე ზრდასრულ ასაკშიც.

და მაინც, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? იმას, რომ არც ისე მნიშვნელოვანია, თქვენს შვილს შეეძლოს ანბანის ასოების ზეპირად ჩამოთვლა ან საბავშვო ბაღში ელემენტარული არითმეტიკული განტოლებები დააზეპირებინონ.

 

„ნიუ-იორკ თაიმსის“ ბესტსელერების სიის ერთ-ერთი ავტორის, რობერტ ფალჯემის (Robert Fulghum), გახმაურებულ წიგნს „ყველფერი, რაც მჭირდებოდა, საბავშვო ბაღში ვისწავლე“ მკითხველი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ჰყავს. ფალჯემის წიგნი საბავშვო ბაღში მიღებული გაკვეთილების ჩამონათვალით იწყება: „ყველაფრის გაზიარება“, „ბოდიშის მოხდა, თუ ვინმეს ატკინე“ და „მზად იყავი გაკვირვებისთვის“. ფალჯემი არ არის მეცნიერი, მაგრამ კვლევები მოწმობს, რომ მისი თეზისები, ჩამოყალიბებული სამი დეკადით ადრე, სწორი იყო: საბავშვო ბაღში ბავშვები უნდა სწავლობდნენ იმას, რაც მომავალი ცხოვრებისთვის სჭირდებათ.

რობერტ ფალჯემი ერთგან წერს: „მე მჯერა, რომ წარმოასახვა უფრო ძლიერია, ვიდრე ცოდნა, მითი უფრო მძლავრია, ვიდრე ისტორია, ოცნებას უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე ფაქტებს. იმედი ყოველთვის ჯაბნის გამოცდილებას. მჯერა რომ სევდას ყოველთვის დაამარცხებს სიცილი და დარწმუნებული ვარ, რომ სიყვარული სიკვდილზე უფრო ძლევამოსილია“.

 

მოამზადა ლევან ალფაიძემ

წყარო: https://www.psychologytoday.com/blog/evidence-based-living/201610/what-do-early-learners-need-most-play

[1] ჯეიმს ჰეკმანი (James Heckman) – ამერიკელი პროფესორი, 2000 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში. მისი სამეცნიერო კვლევები ეხება ძირითადი სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მიზეზთა შესწავლას,  ქონებრივ და სოციალურ უთანასწორობას, სოციალურ მობილურობას, დისკრიმინაციას, უნარების ჩამოყალიბებასა და რეგულირებას, ამ პრობლემების შეფასებასა და მათი გადაჭრის ალტერნატიულ სტრატეგიებს.

საშობაო სიმღერა დიკენსის ნოტებზე

0

„მოჩვენებების ამ პატარა წიგნში შევეცადე ისეთი იდეა წარმომეჩინა, რომელიც მკითხველს არ გაანაწყენებდა არც საკუთარი თავის, არც სხვების, არც საშობაო დღესასწაულისა და არც ჩემს მიმართ.  დაე, ეს წიგნი სამუდმაოდ დარჩეს თქვენს სახლებში და ნურავინ შემოდებს მას თაროზე.“

ეს სიტყვები წაუმძღვარა ჩარლს დიკენსმა 1843 წელს გამოცემულ „საშობაო სიმღერას,“ რომელიც დღემდე, არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ საშობაო ნაწარმოებად ითვლება.

მართალია, თხზულებას – სიმღერა,  თავებს კი სტროფები დაარქვა, მაგრამ ამბავი ლექსად როდი მოგვითხრო. “A Christmas Carol  in Prose“ („საშობაო სიმღერა პროზად“) – ასეთია მოჩვენებების წიგნის სრული სათაური და ნურც სიტყვა „მოჩვენებები“ დაგადარაჯებთ, რადგან წინ სადღესასწაულო გლინტვეინივით თბილი, არომატული და  მათრობელა ამბავი გელით.

… დაე ნურავინ შემოდებს მას თაროზე

„საშობაო სიმღერა“ ქართლ ენაზე გიორგი კაკაბაძემ თარგმნა. დიკენსის გადმოქართულებულმა სტროფებმა ხელახლა აღმომაჩენინა და უფრო მეტად შემაყვარა ეს ზღაპრული წიგნი. იმაშიც გამიმართლა, მთარგმნელი პირადად რომ გავიცანი და მერამდენე წელია მისი შემოთავაზებული რეცეპტით ვსარგებლობ. რეცეპტი სასარგებლო და იოლი შესასრულებელია: ახალი წლიდან მოყოლებული, სანამ ჩვენს სახლებში დღესაწაულს დღესასწაული ანაცვლებს (ვიდრე ზამთარის ბოლომდე), თბილ პლედებში გახვეულებმა, ცხელი ჩაის დაგემოვნებით, ოჯახის წევრებთან ერთად (ან განმარტოებით), ხმამაღლა (თუ ჩუმად), ერთხელ მაინც უნდა წავიკითხოთ „საშობაო სიმღერა.“

წელს, მართალია სადღესასწაულო თარიღებს ვერ დავამთხვიე, თუმცა, ჰაერში მოფარფატე ფიფქებს რომ მოვკარი თვალი და გადათეთრბული თბილისის ნახვის იმედი გამიჩნდა, გამოცდილი რეცეპტის პირობები გავიხსენე და  ნაცნობი სტროფები გადავამღერე.

თოვლისა რა მოგახსენოთ, დიკენსმა კი მოლოდინი კვლავ გაამართლა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა 175 წლის წინ დაწერილი აბზაცების უნიკალურობაში.

ზამთარი ჯერ წინ გვაქვს და არც თქვენ შემოდოთ ეს წიგნი თაროზე!

დავიწყოთ იმით, რომ…

„დავიწყოთ იმით, რომ მარლი გარდაიცვალა. ამაში ეჭვი არავის შეპარვია,“ – პირველი წინადადებიდან მეექვსე აბზაცამდე ავტორი დაჟინებით გვარწმუნებს მარლის გარდაცვალების ჭეშმარიტებაში. რატომ? ამ ფაქტს სათანადოდ თუ არ გავიაზრებთ, სიუჟეტი ორიგინალურობას დაკარგავს. რამდენიმე გვერდის შემდეგ ჩვენ (მკითხველმა) და ქვახარშია ებინეზერ სკრუჯმა (მთავარმა გმირმა) არც მეტი, არც ნაკლები, მოჩვენება უნდა ვიხილოთ. დიახ, გარდაცვლილ მარლს  შევხვდეთ, მოვუსმინოთ და გავესაუბროთ კიდეც!

საიქიოდან მოვლენილი, მიცვალებულივით ფერმკრთალი, ჯაჭვებასხმული მარლი მართლაც საზარელი სანახავია. თუმცა არანაკლებ გვაძრწუნებს იმ ადამიანის პორტრეტი, რომელსაც ფულის გარდა არავინ და არაფერი უყვარს. ადამიანისა, რომელიც ეუხეშება ნათესავებს, ერთადერთ თანამშრომელს, უპოვარს მისკენ ხელის გაშვერაც კი აშინებს, დამფრთხალი გამვლელ-გამომვლელი საათსაც ვერ ეკითხება, შობის მოლოდინით გამოწვეული საყოველთაო აღტაცება მისთვის უცხო ხილია, დასვენების დღეები კი სარგებელის დაკარგვასთან ასოცირდება. მხოლოდ სიცივე და სიბნელე მოსწონს, იმიტომ რომ ორივე უფასოდ აქვს.

ასეთი გახლავთ ებინეზერ სკრუჯი და ასეთივე იყო შვიდი წლის წინ გარდაცვლილი მისი კომპანიონი ჯეიკობ მარლიც. სიცოცხლეში ორივე თავგამოდებით ჭედავდა „გასაღებების, ბოქლომების, ყულაბების, დოკუმენტების, საბუღალტრო წიგნებისა და რკინის საკეტიანი მძიმე საფულეებისგან შემდგარ ჯაჭვს,“ ყოველწლიურად რგოლს რგოლზე ამატებდნენ, როგორ? – მუდამ იმაზე ფიქრობდნენ რა გზებით გაეძარცვათ, მიეთვისებინათ, გამოეძალათ, ტყავი გაეძროთ და  სული ამოერთვათ გაჭირვებულებისთვის.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ყველასგან განაპირებული სკრუჯი საიქიოში თავისი მეგობარივით დაიტანჯება. ფანჯრიდან ის მარლის მსგავს უამრავ მოჩვენებას დაინახავს, რომლებსაც „სურთ მოკვდავთა საქმეებში ჩარევა, მათთვის სიკეთის მიტანა, მაგრამ ამის შესაძლებლობას სამუდამოდ მოკლებულები არიან.“ ამიტომაც ცდილობს  მარლი მეგობრის გადარჩენას და დახმარების მიზნით, მომდევნო სამი ღამის განმავლობაში სულებს უგზავნის.

„სკრუჯი მარლის ერთადერთი ნდობით აღჭურვილი პირი იყო; მისი ერთადერთი რწმუნებული ყველანაირ საქმეში. მისი ანდერძის ერთადერთი აღმსრულებელი, მისი ერთადერთი მემკვიდრე, მისი ერთადერთი მეგობარი და ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ის სამარემდე მიაცილა,“ – ამ აბზაცში კლასიკოს მწერალს ტავტოლოგიური შეცდომები როდი  გაეპარა. ავტორი, როგორი თავგამოდებითაც ცდილობდა მარლის გარდაცვალებაში ჩვენს დარწმუნებას, ანალოგიური შეუპოვრობით განაგრძობს მარლისთვის სკრუჯის ერთადერთობის ხაზგასმას, ექსპრესიას აძლიერებს და სათანადოდ გვამზადებს იმ უჩვეულო ისტორიისთვის, რომლის მოყოლასაც აპირებს. სიტყვა „ერთადერთი“ კომპანიონების უარყოფით თვისებებს წარმოაჩენს (მათ ფული კერპად უქცევიათ და გარშემო აღარავინ აინტერესებთ). მეორე მხრივ კი სწორედ ეს „ერთადერთობა“ უბიძგებს მოჩვენებას „სიტყვა შეაწიოს“ მეგობარს. როგორც ირკვევა, მარლი ადრეც ცდილობდა სკრუჯისთვის ხმის მიწვდენას: „მიკვირს, დღეს შენთვის ხილული რომ გავხდი, ისედაც სულ შენს გვერდით ვარო!“ შეშინებული და თავგზაარეული სკრუჯი კი უკანასკნელი ძალისხმევით ახერხებს სიტუაციის გაანალიზებას და დასძენს: „შენ ჩემი ერთადერთი მეგობარი იყავი, მარლ!“

სამი სული, სამი სტროფი

„სამიდან პირველი სული“ წარსულისაა, „სამიდან მეორე სული“ – აწმყოსი, „სამიდან მესამე სული“ კი –  მომავლისა.

სკრუჯი ჯერ  საკუთარ ბავშვობას, აღტაცებით, ენთუზიაზმითა და იმედებით სავსე ახალგაზრდობას იხილავს. სახეზე ღიმილიც კი გაუკრთება, თუმცა ხასიათს გაუფუჭებს იმის გახსენება, ანგარების გამო როგორ დათმო ნამდვილი სიყვარული.

აწმყოს საკუთარ ქალაქში, „უხილავად მოგზაურობისას“ გაიაზრებს: მდიდარსა თუ ღარიბ უბნებს შობის წინ საყოველთაო სიხარული აერთიანებს და ათანაბრებს. თავისი ერთადერთი თანამშრომლის ოჯახში, მიუხედავად იმისა რომ უმცროსი ვაჟი სასიკვდილოდაა განწირული და ძალიან უჭირთ, შობის მოახლოება მაინც უხარიათ. ადამიანები ცდილობენ წყენა დივიწყონ, ერთმანეთს ყველაფერი აპატიონ. მსგავსი კეთილგანწყობა სკრუჯს დღესასწაულში მონაწილეობისა და მოწყალების გაღების  სურვილს უღვიძებს.

მესამე სული ბებრი ძუნწის გარდაცვალების ამბავს ჰყვება: ადამიანი, რომელსაც არავისთვის გაუკეთებია სიკეთე, ლანძღვისა და დაცინვის საგნად ქცეულა, მის სახლს ქურდავენ, მის საფლავს კი არავინ ეკარება.

ემოციურ პასაჟები კინო-კადრებივით ანაცვლებენ ერთმანეთს, ჩვენ თხრობის თანამონაწილეები ვხდებით. მწერლის ოსტატობაში თავადაც დარწმუნდებით, როდესაც „საშობაო სიმღერას“ წაიკითხავთ და ალბათ იმაშიც დამეთანხმებით, რომ უამრავი ეკრანიზაციის მიუხედავად, წიგნი განსაკუთრებულ ადგილს იმსახურებს არა მხოლოდ თაროზე, ჩვენს გულებშიც.

წიგნი ადამიანის ტრანსფორმაციაზე

რას ველოდებით წიგნებიდან? რისთვის ვყიდულობთ და ვკითხულობთ მათ? რატომ ვურჩევთ ერთმანეთს? რა თქმა უნდა, ამ კითხვებზე უამრავი პასუხი არსებობს. თუ გვსურს ჩვენი შვილები უფრო კაცთმოყვარენი, მოსიყვარულეები და მოწყალენი გახდნენ, „საშობა სიმღერა“ მათთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება.

სახეზე გამკრთალი პირველი ღიმილიდან უდიდეს ქველმოქმედებამდე წიგნის მთავარი გმირი ხანგრძლივ და რთულ გზას გადის. მისი ტრანსფორმაცია იმედის გვაძლევს, რომ ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც ისეთ გულქვასა და შეუვალს, როგორიც ებინეზერ სკრუჯი იყო, აუცილებლად გამოუჩნდება გულშემატკივარი. რომ ადამიანებმა „უხმო შეთანხმებით ერთმანეთს გულები უნდა გავუხსნათ,“ არა მხოლოდ შობას, ყოველთვის, როცა ჩვენგან თანადგომას ელიან.

დარწმუნებული ვარ, „საშობაო სიმღერაში“ ნებისმიერი მკითხველი მიაგნებს სათავისო კუთხე-კუნჭულს, მოკალათდება და დიკენსის სიმღერას საკუთარ ნოტებზე გადააწყობს.

პროექტული სწავლება გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

გეოგრაფიის სწავლებისას პროექტის მეთოდის გამოყენების მიზანია მოსწავლეთა მიერ გეოგრაფიული პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტა, კონკრეტული სასწავლო პროდუქტის შექმნა, რაც მოსწავლეებს თვითრეალიზაციისა და წარმატების განცდაში ეხმარება. გეოგრაფიაში პროექტებზე მუშაობა ავითარებს ისეთი ზოგადი თუ გეოგრაფიული უნარების კომპლექსს, როგორებიცაა შემცნებითი, პრაქტიკული, შემფასებელი, მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენისა და რეფლექსიის უნარები. გარდა ამისა, მოსწავლეები იღებენ ახალ ცოდნას და ახდენენ მის ინტეგრაციასა და ტრანსფერს.

მოსწავლეები პროექტულ სწავლებას დამოუკიდებელი სასწავლო-შემეცნებითი საქმიანობის საფუძველზე ახორციელებენ და გეოგრაფიული ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს იყენებენ: რუკებს, სტატისტიკურ მასალებს, საცნობარო და სამეცნიერო–პოპულარულ ლიტერატურას, მასმედიის მასალებს, ინტერნეტრესურსებს და სხვა.

გეოგრაფიის სწავლებისას ამ მეთოდს დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი არსი ის არის, რომ მოსწავლეებს დამოუკიდებლად უწევთ სასწავლო მასალის შესწავლა და შედეგის მიღება კონკრეტული პროდუქტის სახით. პროექტული სწავლება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სასწავლო საქმიანობა ზედმიწევნით მიუსადაგონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრას, რითაც სასკოლო განათლება პრაქტიკულ გამოცდილებას უახლოვდება, ხოლო სასწავლო პროცესი უფრო აქტიური და საინტერესო ხდება.

გეოგრაფიაში შეიძლება გამოვყოთ სასწავლო პროექტების შემდეგი ტიპები:

  • დომინირებად საქმიანობათა მიხედვით – ინფორმაციული, კვლევითი, შემოქმედებითი, გამოყენებითი ან პრაქტიკაზე ორიენტირებული;
  • საგნობრივი შინაარსის მიხედვით – მონოსაგნობრივი, საგანთაშორისი და არასაგნობრივი;
  • ხანგრძლივობის მიხედვით – მოკლევადიანი (როცა პროექტის დაგეგმვა, რეალიზაცია და რეფლექსია პირდაპირ გაკვეთილზე ხდება) და გრძელვადიანი (პროექტის ხანგრძლივობა ერთ თვეზე მეტია);
  • მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით – ინდივიდუალური, წყვილთა, ჯგუფური, კოლექტიური.

პროექტზე მუშაობა მოსწავლეთა ინტერესის სფეროს განსაზღვრით, პროექტის თემის შერჩევითა და ფორმულირებით, მისი მიზნებისა და ამოცანების ჩამოყალიბებით იწყება. თემის შერჩევისას შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებაა საჭირო:

◦ მოცემული ინფორმაციის მნიშვნელობა და საჭიროება მოსწავლეებისთვის;

◦ პროექტის სოციალური მნიშვნელობა;

◦ კავშირი გეოგრაფიის სასწავლო კურსში შემავალ თემებთან;

◦ პრობლემის დასმის შესაძლებლობა;

◦ საგანთაშორისი კავშირების რეალიზაციის შესაძლებლობა;

◦ მოსწავლეთა პირადი გამოცდილების გამოყენების შესაძლებლობა.

თუ მოსწავლეებს პროექტის თემის შერჩევა უჭირთ, შეგვიძლია, „პროექტების ბანკი“ გამოვიყენოთ.

ამის შემდეგ მოსწავლეები აგროვებენ, სწავლობენ და ამუშავებენ ინფორმაციას, სახავენ დასახული ამოცანების გადაწყვეტის გზებს, არჩევენ კვლევის შედარებით პერსპექტიულ და ოპტიმალურ მეთოდებსა და ხერხებს, სასწავლო პროდუქტის ფორმასა და პრეზენტაციის საშუალებებს. მასწავლებელი ამ პროცესის ფასილიტატორია და მოსწავლეთა საქმიანობას კოორდინაციას უწევს

 

 

პროექტული სწავლების მეთოდი ხელს უწყობს პრობლემური მიდგომის ფართოდ გამოყენებას, როცა პროექტის თემის ძირითადი შინაარსი განსაზღვრული აქტუალური პრობლემის გადაწყვეტას ეხება, მაგ., კაცობრიობის გლობალური პრობლემების, მსოფლიოს ქვეყნების ან საქართველოს მხარეების შესწავლის დროს.

გეოგრაფიის კურსის ეკოლოგიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამჭოლი მიმართულებაა. ეკოლოგიური შინაარსის სასწავლო პროექტები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ მსოფლიოს, საქართველოს და საკუთარი რეგიონის ან დასახლებული პუნქტის ეკოლოგიურ პრობლემებს. ასეთ პროექტებში ეკოლოგიური ცოდნა შემდეგი თანმიმდევრობით უნდა იქნეს განხილული:

ადამიანის მოთხოვნილება                       ზემოქმედების სახეები                  ანთროპოგენული დატვირთვა              გარემოს ცვლილება           შედეგები ადამიანისთვის             რაციონალური ბუნებათსარგებლობის ხერხები.

პროექტების გამოყენება ასევე შეიძლება ტურისტული მარშრუტების, ექსკურსიებისა და მოგზაურობების დაგეგმვის დროს. ასეთი პროექტები ავითარებს მოსწავლეთა შემოქმედებით უნარს და მათში სოციალური და კულტურული ასპექტებია წინ წამოწეული.

სასწავლო პროექტები საგანთაშორისი კავშირების დამყარებას უწყობს ხელს. ისინი აერთიანებენ მეცნიერების სხვადასხვა დარგის ცოდნას: გეოგრაფიისას, ეკოლოგიისას, ეკონომიკისას, ფიზიკისას, სოციოლოგიისას, დემოგრაფიისას, ქიმიისას, – და საგანთაშორისი ცნებების შესწავლის პირობებს ქმნიან. ინტეგრირებული პროექტები საშუალებას იძლევა, თემა განხილულ იქნეს უფრო მრავალწახნაგოვნად, რაც სწავლების პროცესს უფრო საინტერესოს ხდის, ხოლო მოსწავლეთა ცოდნას უფრო ამდიდრებს და აღრმავებს.

პროექტული სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას. ისინი დაინტერესებულნი არიან საკუთარი შრომის შედეგით. ამ დროს იცვლება ურთიერთობა მოსწავლეთა შორის, ისინი სწავლობენ საკუთარი აზრის გამოხატვას და დაცვას, სხვისი აზრის მოსმენას, კონფლიქტების მართვას და კონსენსუსის მიღწევას. პროექტული სწავლება ორიენტირებულია მოსწავლეთა მიზნების მიღწევაზე, აყალიბებს არაერთ უნარ-ჩვევას და ამიტომაცაა ესოდენ ეფექტური.

 

 

დეპრესია ბავშვებში

0

ვფიქრობ, სტატიის სახელწოდება – „დეპრესია ბავშვებში“ – ბევრს გააკვირვებს. ბავშვობა ხომ ყველასთვის ბედნიერებას, სიხარულს, სილაღეს უკავშირდება. ამდენად, დეპრესიაზე საუბარი ბავშვთან მიმართებაში შეიძლება ძალიან უჩვეულოდ და დაუჯერებლად მოგვეჩვენოს. ალბათ, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ დეპრესიული გამოვლინებები ბავშვებში, როგორც წესი, სიზარმაცის, ცუდი ხასიათის, პესიმიზმის, ეგოიზმის ნიშნებად აღიქმება.

დღეს უკვე აღარავის აოცებს ის ფაქტი, რომ ფსიქოემოციური დარღვევები წლიდან წლამდე ახალგაზრდავდება. ეს, თავის მხრივ, დაკავშირებულია დედამიწის მოსახლეობის საერთო ნევროტიზაციასთან. ნევროზი, ფსიქოზი, დეპრესია ადამიანების მუდმივი თანამგზავრი გახდა. ამიტომ, არაფერია გასაკვირი იმაში, თუ ასეთ საზოგადოებაში აღზრდილი ბავშვები სრულიად ჯანმრთელი ნერვული სისტემის და ფსიქიკის  ვერ იქნებიან.

ბავშვთა დეპრესია ფსიქოემოციური დარღვევის ერთ-ერთი სახეა, რომელიც ბავშვში გარკვეული ქცევითი და სომატური სიმპტომებით გამოიხატება. ამ დაავადებამ შეიძლება სრულიად ადრეულ ასაკში, 3 წლამდეც იჩინოს თავი, მაგრამ უფრო ხშირად და უფრო ცხადად ის გარდამავალ პერიოდში ვლინდება. სწორედ ამასთან არის დაკავშირებული თვითმკვლელობის გახშირებული შემთხვევები მოზარდებს შორის.

სასურველია, რომ ბავშვთან ურთიერთობაში მყოფი უფროსები კარგად ვერკვეოდეთ დეპრესიის როგორც გამომწვევ მიზეზებში, ასევე მის სიმპტომებში, რათა დროულად შევძლოთ მისი ამოცნობა და საჭირო სპეციალისტების ჩართვა მისგან თავის დასაღწევად. ცნობილია, რომ დეპრესიული მდგომარეობის განვითარებას ბავშვებში ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები:

  • ოჯახური კლიმატი – ხშირი კონფლიქტები, მშობლების დაცილება, ჰიპერმზრუნველობა ან პირიქით – მშობლიური მზრუნველობის სრული არარსებობა, სქესობრივი აღზრდის დეფიციტი; ხშირ კონფლიქტებს ოჯახში ბავშვი მიჰყავს იმ აზრამდე, რომ ის ზედმეტ ტვირთს წარმოადგენს მშობლებისთვის და მის გარეშე ისინი უკეთესად იცხოვრებდნენ. ჰიპერმზრუნველობა უფროსების მხრიდან ბავშვს არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ადაპტირება მოახდინოს საზოგადოებასთან და გარემომცველ სამყაროსთან. ასეთ პირობებში ბავშვები ხშირად უსუსურები და დაუცველები ხდებიან. სქესობრივი აღზრდის დეფიციტი შეიძლება უარყოფითად აისახოს მოზარდზე, რაც გამოიწვევს მის საკუთარ თავში ჩაკეტვას;
  • ბავშვებში დეპრესიის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს სხვადასხვა სახის პათოლოგიები და ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში გადატანილი ინფექციები, რომლებსაც, ცალკეულ შემთხვევებში, თავის ტვინის დაზიანებამდეც მივყავართ;
  • ორგანიზმის სტრუქტურული და ჰორმონალური გარდაქმნა გარდამავალ ასაკში, სხეულის ფორმის შეცვლა, ჰორმონების მოჭარბება ბავშვებს უფრო აგრესიულებად აქცევს. მოზარდების გარემოცვაში ჩნდებიან ლიდერები, რომლებიც თანატოლებს ცხოვრების წესს კარნახობენ. ამ წესებისადმი შეუსაბამობის შემთხვევაში ხდება მოზარდის ჯგუფიდან გარიყვა, რაც მის გაუცხოებას იწვევს. ასეთ დროს მოზარდს ტანჯავს აზრი იმის შესახებ, რომ ის ისეთი არ არის, როგორც ყველა სხვა;
  • საცხოვრებელი ადგილის ხშირი შეცვლა საშუალებას არ აძლევს ბავშვს შეიძინოს მეგობრები, რომლებთანაც ის მთელ თავისუფალ დროს გაატარებდა და საიდუმლოებებს გაუზიარებდა;
  • სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები, სასკოლო პროგრამაში ჩამორჩენა თანატოლებს აშორებს მოზარდს, რაც ფსიქიკური და ემოციური განვითარების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემებს უქმნის მას;
  • ტექნოლოგიების მიღწევებმა – კომპიუტერიზაციამ და ინტერნეტმა გააერთიანა და ამასთან საკმაოდ შეავიწროვა მთელი სამყარო; ბევრისთვის ის კომპიუტერის მონიტორთან მთავრდება, რაც ძალიან ცუდად აისახება ურთიერთობის უნარზე და ემოციურ თავისებურებებზე;
  • დეპრესია ასევე შეიძლება განვითარდეს მძიმე ავადმყოფობის ან ახლობელი ადამიანების გარდაცვალების შედეგად გამოწვეული ქრონიკული ან მწვავე სტრესების ზემოქმედებით. ასევე შეიძლება აღმოცენდეს სრული სოციალური და ფიზიკური კეთილდღეობის ფონზეც, რასაც თავის ტვინში ბიოქიმიური პროცესების მიმდინარეობის დარღვევას უკავშირებენ;
  • დეპრესიის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე იდეალებისა და ილუზიების მსხვრევა, უძლურების და უსუსურობის გრძნობა სირთულეებთან შეხვედრისას;
  • ფსიქიკური ტრავმა, გადაღლა, კვების რეჟიმის დარღვევა.

ბავშვებში დეპრესიის სიმპტომები:    

  • მოძრაობების დაქვეითება, რაც გამოიხატება მოძრაობის სურვილის არქონით. ასეთი ბავშვები ან მუდმივად ერთ პოზაში სხედან, ან წვანან. ფიზიკური მოქმედება არანაირ ინტერესს არ იწვევს მათში;
  • გუნება-განწყობის და ხასიათის შეცვლა. დღის განმავლობაში გუნება-განწყობის დაქვეითება არათანაბარზომიერად მიმდინარეობს – დილის საათებში ბავშვი მხიარული, ხალისიანია, საკმაოდ სიამოვნებით მიდის სკოლაში. შემდეგ განწყობა თანდათან ქვეითდება და საღამოსთვის უკვე პიკს აღწევს. ბავშვს არაფერი ახარებს, არაფერი აინტერესებს, აწუხებს თავის ტკივილი, ხანდახან სხეულის ტემპერატურაც მატულობს. უჩივის მუდმივ პრობლემებს სკოლაში, კონფლიქტებს მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან. კარგშიც კი უარყოფითს ხედავს;
  • შენელებული აზროვნება. მისი დაქვეითება შეიძლება ასევე დეპრესიაზე მიუთითებდეს. ასეთ დროს ბავშვს პრობლემები ექმნება დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემისას; ხშირად პასუხობს მხოლოდ თავის ერთი დაქნევით, ან საუბრობს ჩუმად, წყნარად. შეიმჩნევა ერთ, უარყოფითი ელფერით შეფერადებულ აზრზე ჩაციკვლა: „მე ყველაფერი ცუდად მაქვს“, ან „მე არავის ვუყვარვარ“;
  • აწუხებს უძილობა, სძინავს ცოტა. ერთ აზრზე ჩაციკვლა ჩაძინების პროცესს ხელს უშლის. ძილი შფოთიანი აქვს, ზედაპირული და საშუალებას არ აძლევს ორგანიზმს სრულყოფილად დაისვენოს;
  • დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვს ეკარგება მადა, უარს ამბობს საკვებზე, ხანდახან რამდენიმე დღე არაფერს ჭამს;
  • მოზარდებში ჩნდება თვითმკვლელობასთან დაკავშირებული აზრები, ამზადებენ მოქმედების გეგმას, ქმნიან ამ გეგმის სხვადასხვა ვარიანტს;
  • დეპრესიის დროს ქვეითდება ბავშვის სოციალური აქტივობა, იკარგება ინტერესი მეგობრებისადმი, თამაშისადმი, სწავლისა და ადრინდელი გატაცებებისადმი;
  • ბავშვი ხდება გულგრილი ყველას და ყველაფრის მიმართ, უჩნდება სიცარიელის, დათრგუნულობის, სევდის, მოწყენილობის გრძნობა;
  • საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, უსუსურობა, უიმედობა, შინაგანი დაძაბულობა, სასოწარკვეთა დეპრესიის მნიშვნელოვანი სიმპტომები შეიძლება იყოს;
  • ძალიან ხშირად დეპრესია ვითარდება არამყარი და დაქვეითებული თვითშეფასების მქონე ბავშვებში. თავის მხრივ, დაბალი თვითშეფასების საფუძველს წარმოადგენს მიმღებლობის და ემოციური გაგების დეფიციტი დედის მხრიდან.

რეკომენდაციები დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვის დასახმარებლად:  

  • დიაგნოზის დასაზუსტებლად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ნევროლოგის, ფსიქოლოგის, ფსიქიატრის კონსულტაციები;
  • რადგანაც დეპრესიული მდგომარეობიდან გამოსვლას დაუხმარებლად ბავშვი ვერ შეძლებს. საჭირო იქნება, როგორც სპეციალისტების ჩარევა, ასევე მშობელთა მხრიდანაც გარკვეული დახმარების გაწევა – დაველაპარაკოთ ბავშვს, დავინტერესდეთ მისი ცხოვრებით, პრობლემებით სკოლაში; ყურადღება მივაქციოთ ხმის ინტონაციას, სამომავლო გეგმებს და ხვალინდელ დღესთან დაკავშირებულ შეხედულებებს;
  • დავინტერესდეთ ასევე, რით არის დაკავებული ბავშვი თავისუფალ დროს, ვინ არიან მისი მეგობრები;
  • ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ რამდენ დროს ატარებს ბავშვი უქმად. გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან სიზარმაცე და დეპრესია. ზარმაცი ბავშვი შეიძლება ძალიან ადვილად „მოვისყიდოთ“ საჩუქრებით და ვაიძულოთ, რამე გააკეთოს; დეპრესიაში მყოფ ბავშვს კი არაფერი ახარებს და არაფერი აინტერესებს, არც წახალისება და არც საჩუქრები;
  • დეპრესიის მძიმე შემთხვევებში შესაძლოა, ბავშვს სერიოზული სამედიცინო ჩარევა და მედიკამენტოზური მკურნალობაც დასჭირდეს.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ დეპრესიის არანაირი მკურნალობა არ იქნება ეფექტიანი ოჯახში პოზიტიური ცვლილებების გარეშე; აუცილებელია ბავშვის მიმღებლობა მშობლების მხრიდან, მისი მისწრაფებებისა და საჭიროებების გათვალისწინება, ასევე დახმარება თვითშეფასების დონის ამაღლებაში; გრძნობების გამოხატვის უნარის განვითარება;  სირთულეებისა და პრობლემებისთვის თავის გართმევის სწავლება. პროფილაქტიკური მიზნით ბავშვი რაც შეიძლება ხშირად უნდა ატარებდეს დროს სუფთა ჰაერზე, საჭიროა არ გადაიღალოს და ხშირად დაისვენოს.  გავითვალისწინოთ, რომ დეპრესია არ ითვლება ავადმყოფობად, ის ფსიქოლოგიური დარღვევაა. მაგრამ, თუ დიდხანს გაგრძელდება და სისტემატურად განმეორდება, შეიძლება რიგი ფსიქო-სომატური დაავადებები გამოიწვიოს. ამიტომ, საჭიროა დროულად ჩარევა და დახმარების აღმოჩენა.

 

 

 

ბავშვობადაკარგული პერსონაჟები და არამხოლოდ ისინი

0

მე-12 კლასში კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენის“ სწავლების დროს ერთი თემა გამოვკვეთეთ: ბავშვობადაკარგული პერსონაჟები. შევეხეთ აღნიშნული ტექსტის ორ პერსონაჟს: გიორგი მეფესა და ფარსმან სპარსს.

კლასში გაიმართა დისკუსია. მოსწავლეები გამოთქვამდნენ თავიანთ შეხედულებებს. მინდა, მათი ნააზრევი გადმოგცეთ.

ფარსმან სპარსის გულბოროტობა მოსწავლეებმა მის დაკარგულ ბავშვობას დაუკავშირეს. აღნიშნეს, რომ გამზრდელის შეგონება: „ცხოვრება უდაბნოა ურწყული და ეცადე, გარს შემოუარო“, – დღენიადაგ თან სდევს ფარსმანს. გორავს „თვითმოძრავი ჭური“, მაგრამ ვერ ცხოვრობს, ვერ პოულობს საკუთარ თავს ყველაფრის მცოდნე. სილაღისა და თავისუფლების განცდა, რომელიც ბავშვობაში ამოაჭრეს, ვეღარასოდეს აინაზღაურა. ამიტომაც სძულს თავისუფალი ადამიანები, მთელი სამყარო.

გიორგი მეფე კი მეფობით არის შეზღუდული. ჯერ კიდევ ბავშვს დაადგეს გვირგვინი, სათამაშოების ნაცვლად სკიპტრა შეაჩეჩეს ხელში. მასაც ჩასჩიჩინებდნენ: „მეფე ხარ და ხამს, მეფე ხარ და გმართებს“. გვირგვინის სიმძიმის ქვეშ გაისრისა გიორგის ბავშვობა. უჭირს მეფეს, აწუხებს, რომ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი გამოატოვებინეს.

დისკუსიაში „სახარების“ მცოდნე მოსწავლე ერთვება და იხსენებს ყრმათა შესახებ მაცხოვრის ორ შეგონებას: 1. ვინც ერთ ამათგანს დააბრკოლებს, უმჯობესია წისქვილის ქვა ჩამოიკიდოს ქედზე და ზღვაში გადაეშვას; 2. თუ არ იქნებით ვითარცა ყრმანი, სასუფეველში ვერ შეხვალთ. იკვეთება აზრი, რომ სახარებისეული სწავლება ყრმობის ასაკს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. აქ უნდა ჩაეყაროს საფუძველი ყველა საბაზისო ემოციას, უნარ-ჩვევას. ჯანსაღი ბავშვობიდან ამოზრდილი ადამიანი ახერხებს საკუთარი თავის შექმნას, სახარების ენაზე რომ ვთქვათ, „მეორედ შობას“. მისი წართმევით კი ბავშვი იმ საყრდენს კარგავს, რომელზეც მომავალი ცხოვრება უნდა დააშენოს. ამიტომაც ეკისრება უმძიმესი სასჯელი მას, ვინც ყრმას გზაზე გადაეღობება.

მოსწავლეები იხსენებენ სხვა ლიტერატურულ ტექსტებსაც. უპირველესად, ყურადღებას ამახვილებენ ილია ჭავჭავაძის მოთხრობაზე „სარჩობელაზედ“, კერძოდ, მის ორ პერსონაჟზე – უმწეო ბავშვებზე, ბეჟანსა და მის ძმაზე. აღინიშნა, რომ პეტრეს სიკეთემ კი დააფიქრა ერთი მათგანი, მაგრამ ადვილი მისახვედრია, რომ დაკარგულ ბავშვობას არათუ საცოდავი პეტრე, ვერავინ დაუბრუნებდა. ან კი უსწავლელ პეტრეს როგორ უნდა შეეცვალა ყმაწვილების წინააღმდეგ ამოქმედებული მთელი სისტემა, რომელშიც მოიაზრება უპირველესად ოჯახი და მერე საზოგადოება?! ოჯახში მოზარდებზე ძალადობენ, საზოგადოება გულგრილია პრობლემის მიმართ. თვალსა და ხელს შუა მსხვერპლები მოძალადეებად იქცევიან, გაცემული აგრესია ბუმერანგივით ბრუნდება უკან. ამ ყველაფრის სათავე კი იქ არის, სადაც ბავშვობა დაიკარგა, ფეხქვეშ გაითელა, ხიდი ჩატყდა მოზარდებსა და საზოგადოებას შორის. იშვა დიდი სიძულვილი, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს. არ არსებობს სიკეთე, რომელიც მას განკურნავს. ამისი დასტურია მოთხრობის „სარჩობელაზედ“ პერსონაჟის სიტყვები: „მძულს ქვეყანა და ადამიანი… ერთი პატარა ძარღვი კიდევ მქონდა გულში და ისიც დღეს სარჩობელაზედ ჩამწყდა… ამით სამუდამოდ მოვწყდი ქვეყანას,მშვიდობით!“

მოსწავლეებმა ჩარლზ დიკენსის „დევიდ კოპერფილდიც“ გაიხსენეს. აღნიშნეს, რომ პატარა დევიდი ადრეულ ბავშვობაში დედისა და პეგოტისაგან მიღებულმა სითბომ, ალერსმა გადაარჩინა. დიდი როლი შეასრულა პიროვნებად მის ჩამოყალიბებაში მამის დანატოვარმა წიგნებმაც. მისტერ მორდსტონის სისასტიკე დევიდ კოპერფილდს ვერ მოერია, ბავშვობა ვერ დააკარგვინა.

ვიხსენებთ ოთარ ჭილაძის ლექსს „ბავშვობა ერთი ბოლოა თოკის“. ავტორის თქმით:

„ბავშვობა ერთი ბოლოა თოკის

და თვითონ უნდა მიაბა იგი

მიწას, რომელზეც გინდა რომ მოკვდე,

როდესაც მოვა სიკვდილის რიგი.

საქმე ისაა, როგორ მიაბამ,

როგორ გამოთვლი გასავლელ მანძილს,

რომ არ შეფასდეს მერე იაფად

შენივე ხელით შეკრული კვანძი.

როგორ მივაბი, არ მახსოვს კარგად,

მაგრამ ის თოკი გრძელდება დღემდე

და ჯერ არაფრის იმედს არ ვკარგავ,

ამდენი ქარის და წვიმის შემდეგ“.

 

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ლექსში კარგად ჩანს ბავშვობის შენარჩუნების მნიშვნელობა, რომ ამდენ ქარსა და წვიმას ვერ გავუძლებთ, თუ თოკის ბოლოს კარგად არ გამოვკვანძავთ იქ, შორეულ ბავშვობაში.

 

დისკუსია ლიტერატურის განხილვიდან რეალურ ცხოვრებაზე გადაინაცვლებს. მოსწავლეები ეხებიან ბოლოდროინდელ ტრაგიკულ მოვლენებს, მოზარდთა სისხლიან დაპირისპირებას. გამოვლენილი აგრესია გამაფრთხილებელ სიგნალს ჰგავს, რომელიც ღრმა კრიზისზე მიგვანიშნებს. კრიზისს სახელად ბავშვობის დაკარგვის საფრთხე დავარქვით და რაოდენ საშიშია ის მომავლისთვის, მოზარდებმა ლიტერატურული მასალის დახმარებით გააცნობიერეს.

 “ვეფხისტყაოსნის” სწავლებისთვის- „არ ქაჯნია, კაცნიაო.

0

„მოდი, ვსინჯოთ ქაჯთა დაცვაც – შევთავაზე „ადვოკატებს“.  გაოცებული სახეები… ერთმანეთისთვის გადახედვა… წუთიერი სიჩუმე…

–         დავარი ხომ დავიცავით, მასწ, ხვარაზმელი სასიძოც, ახლა ქაჯებიც? ქაჯები რატომ უნდა დავიცვათ, ბოროტები, ავსულები, მოჩვენებები?

–         დაცვა ხომ იმათ სჭირდებათ, ვისაც ბრალს სდებენ. ვინ იცის, იქნებ  ბრალი არც უმტკიცდებათ, თანაც… „არ ქაჯნია, კაცნიაო..“ – ვახსენებ ფატმანის სიტყვებს.

–         მე ვიწყებ ჟურნალისტურ გამოძიებას, მასწ! – ხალისობს „ჟურნალისტი“.

ძალიან დიდი მნიშვნელობა იმას კი არა აქვს, კაცნია თუ ქაჯნი, მთავარი ისაა, რომ შემიძლია მოსწავლეები დავაინტერესო, მათში აზროვნების კულტურა აღვზარდო, ტექსტზე დავაფიქრო, კვლევა-ძიების, ანალიზის სურვვილი გავუღვივო, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დამოადგებათ.

ყოველ წელს, როცა „ვეფხისტყაოსანს“ მივადგები, ისე ვღელავ, თითქოს დამწყები მასწავლებელი ვიყო. იოლი არაა, ბოლომდე შეინარჩუნო მოსწავლეთა აქტიურობა „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლისას. ვფიქრობ, როგორ შევძლო, რომ პოემის შესწავლა   სურვილად ვუქციო; ვასწავლო ისე, რომ დრო არ ითვალონ, როდის დასრულდება პოემა. არც ის  მინდა ზედაპირულად გადამღერება გამოგვივიდეს. ჩემი მიზანია, ღრმად იხედებოდნენ პოემის ოკეანეში.

სიყვარული და მეგობრობა რომ პოემის მთავარი თემებია,  ყველამ კარგად იცის, იმათაც კი, ვისაც პოემა წაკითხული არ აქვს. არ მინდა ჩემმა მოსწავლეებმა მარტო  იმაზე ისაუბრონ, რაც ხელის გულზე უდევთ და რომლის დანახვაც ყველა თვალხილულს შეუძლია. მინდა პოემის სიღრმეში შესვლა ვასწავლო, ყველა კითხვაზე პასუხი თავად ვაპოვნონო, თუნდაც ათასჯერ აღმოჩენილი თავად აღმოვაჩენინო და ნაპოვნით ტკბობა და სიხარული განვაცდევინო. ამიტომაც პოემის დაწყებისთანავე  მათ რუსთველოლოგებად ვაცხადებ და ვაგულიანებ: „აბა ვნახოთ, რას აღმოაჩენთ ისეთს, რაც რუსთველოლოგებმა ვერ შენიშნეს-მეთქი“. (ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ მათ ასაკს სჭირდება ამგვარი შეგულიანება). ტექსტის დაწყებისთანავე პოემისთვის განკუთვნილ სამახსოვრო რვეულებში ჩნდება დასათაურებები, რომელთა მიხედვითაც ტექსტის შესწავლის პროცესში შესაბამის ინფორმაციას აგროვებენ. მუშაობისას თანამშრომლობენ ერთმანეთთან, რომ არაფერი გამორჩეთ. აი, მეცნიერის თვალით შეხედვა კი ამის მერე იწყება… მერე იწყება დახარისხებული ინფორმაციის ანალიზი, კვლევა,  მეტი სიზუსტისთვის ტექსტთან მიბრუნებაც კი. ჯგუფში არამარტო მეცნიერი, ჟურნალისტი და ადვოკატია, არამედ ბრალმდებელი, საიდუმლო აგენტი და მხატვარიც კი (მოგზაურობას ჩანახატები უხდება). ყველას თავისი დავალება აქვს, რომელსაც დიდი ხალისით ასრულებენ. ერთ-ერთი საკვლევი  თემა გახლავთ – „ქაჯთა ბუნების გაგებისათვის „ვეფხისტყაოსანში“. ამითვის კი დაგვჭირდა „ვეფხისტყაოსნის“ სამყაროში მოგზაურობა, ყველა ინფორმაციის გულდაგულ შემოწმება, რომ შეცდომა არ დაგვეშვა, არასწორი დასკვნები არ გამოგვეტანა. ჩვენ შევეცადეთ, ქაჯები დაგვეცვა. აბა, ტარიელს და ავთანდილს რა დაცვა სჭირდებათ. მათ მისთვის „ცრემლშეუშრობელი“ რუსთაველი იცავს.

თითქმის არავინ დავობს იმაზე, რომ პოემა კეთილისა და ბოროტის ბრძოლის ასახვაა, რომ ბოროტება ქაჯეთის სახით არის წარმოდგენილი. ამას ამტკიცებს არა მარტო კრიტიკოსთა უმეტესობა, არამედ თავად ავტორიც, რომელიც აცხადებს: „ნახეს მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა“. მიუხედავად „გველი“ ქაჯეთის ხსენებისა, მაინც ჩნდება კითხვები, რომლის პასუხები ტექსტში უნდა ვეძიოთ. ვინ არიან ქაჯები? არის თუ არა მათი ბუნება ყველასთვის ცნობილი? რა მოარული ხმები დადის მათ შესახებ? რაში გამოიხატება მათი ბოროტება?

პასუხებისთვის რვეულში თავმოყრილ მასალას მივმართავთ. საჭიროებისას ვუბრუნდებით ტექსტში სრულ მონაკვეთებს. ავთანდილის (რომელსაც მთელი ქვეყანა აქვს მოვლილი ტარიელისა და ნესტანის ძებნაში) წარმოდგენით ქაჯები უხორცონი არიან. ისინი მოჩვენებების სახით წარსდგებიან ადამიანების წინაშე და ასევე ქრებიან. „ვითა ქაჯი დაგვემალე“, სწორედ ასე ახსენებს იგი ტარიელს მასთან პირველ შეხვედრას და გაუჩინარებას. გაოცებას იწვევს მასში ის ცნობა, რომ ნესტანს ქაჯეთის უფლისწულზე გათხოვებას უპირებენ. „მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქნევენ, მიკვირს, ქალსა?“ აშკარაა, ავთანდილი მხოლოდ მოარული ხმებით მსჯელობს ქაჯებზე და მათთან პირდაპირი შეხება არასდროს  ჰქონია. ყველაზე ზუსტი ცნობები ქაჯთა შესახებ  ფატმანს მოეპოვება: „არ ქაჯნია, კაცნიაო, მინდობიან კლდესა სალსა“. ფატმანის თქმით, ისინი გრძნეულების მცოდნე, სხვების მავნენი, ხოლო თავად „ვერვისგან ვნებული“ ადამიანები არიან.  მონათხრობში აშკარად იკვეთება ქაჯთა მრავალმხრივი განსწავლულობა, რომელიც შუა საუკუნეებში, როგორც ჩანს, ჯადოქრობად, გრძნეულებად ინათლებოდა.

„იმან რამე საკვირველსა მტერსა თვალსა დაუბრმობენ,

ქართა აღძვრენ საშინელთა, ნავსა ზღვაზღვა დაამხობენ,

ვითა ველსა გაირბენენ, წყალსა წმინდად დააშრობენ,

 სწადდეს დღესა ბნელად იქმან, სწადდეს-ბნელსა ანათობენ“.

როგორც ვხედავთ,  ქაჯები სასწაულებრივ ძალას ფლობენ, თუმცა ეს მხოლოდ მათზე გავრცელებული ხმებია და პოემაში კონკრეტული  შემთხვევები  აღწერილი არ არის. (თუ არ ჩავთვლით ფატმანის მონათა გრძნეულებას). საიდან მოდის ეს საწაულებრივი ძალა, არავინ იცის, ღვთისგან თუ ეშმაკისგან. ფარსმან სპარსიც („დიდოსტატის მარჯვენა“) მაგიური საქმეების ოსტატი იყო. ამიტომაც ზოგიერთი მას ეშმაკის თანაზიარად თვლიდა, თუმცა ნაწარმოებში  კარგად ჩანს, რომ  მას დიდი გამოცდილებისა და განსწავლულობის გამო შეეძლო  იმისი კეთება, რაც სხვებისთვის გრძნეულების ტოლფასი იყო. სავარაუდოდ,  ქაჯებიც დიდი შესაძლებლობების მქონე  ადამიანები იყვნენ. ფატმანი აზუსტებს ქაჯთა ბუნებას:

„ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი,

თვარა იგიცა კაცნია, ჩვენებრვე ხორციელანი“.

ისინი რომ ადამიანური წესით ცხოვრობდნენ, ეს პოემაშიც მტკიცდება. ქაჯეთის ხელმწიფე  დულარდუხტი აცხადებს:  ნესტანი, „როსანს შევრთოთო, – დულარდუხტს მეფესა უბრძანებია,- ჯერ ქორწილობად არა მცალს, აწ გული ცეცხლ-ნადებია“.

მეფის სიტყვებში დის დაკარგვით გამოწვეული ადამიანური მწუხარება იკითხება, რომელიც გლოვის გასვლის შემდეგ აპირებს ქორწილს (აშკარად ქართული ადათ-წესია). საყურადღებოა ცნობები ფარსადან მეფის დის, დავარის შესახებაც. ავტორი მას ქაჯეთს გათხოვილ ქვრივად გვაცნობს. ესე იგი, ფარსადან მეფეს თავისი და ქაჯეთს გაუთხოვებია. იმედია, დიდი ინდოეთის მბრძანებელი ბოროტ სულებს არ მიათხოვებდა სამეფო გვარის ასულს. დავარი რომ ჭკვიანი, ბრძენი ქალია, ამას ადასტურებს ფაქტი, რომ ფარსადანმა თავისი ერთადერთი ასული სწორედ დავარს ანდო აღსაზრდელად: „მას სიბრძნისა სასწავლებლად თვით მეფემან მისცა შვილი“. ნესტანიც რომ კარგად აღზრდილია, ამას მისი არაერთი ქცევა მოწმობს. მაშასადამე, დავარს ქაჯთაგან დიდი სიბრძნე მიუღია და ფარსადანიც მზადაა, ეს სიბრძნე ნესტანს გადასცეს დავარმა. ინდოთეში ქაჯთა ცხოვრების წესი აშკარად სცოდნიათ და მათთან ნათესაური კავშირიც დაუმყარებიათ. როგორც ჩანს, ქაჯნი არც ისეთი  საშიშნი ყოფილან, როგორი  ხმებიც  დადის.  ისინი ბრძენი, განათლებული, დახელოვნებული ადამიანები ჩანან. ცხოვრობენ ადამიანური წესებითაც, ქორწინდებიან, გლოვობენ, განიცდიან და ალბათ, უყვართ კიდეც.

ბევრი რამ ქაჯთა გრძნეულებაზე პოემაში გაზვიადებულად არის წარმოდგენილი, თუმცა  ეს ხერხი რუსთაველს მხოლოდ ქაჯების დასახასიათებლად არ გამოუყენებია. გაზვიადება პოემის შინაარსის თანმდევი საჭიროებაა. რომ არა ქაჯთა გრძნეულება, (ფატმანის მონები) სასურველ შედეგს ვერც ავთანდილი მიაღწევდა. პოემის თანახმად ქაჯები (გრძნეული მონები), გარდა ქაჯეთისა, სხვაგანაც ცხოვრობენ. მათი მომსახურებით სარგებლობს კეთილი ფატმანიც, რომელსაც ბოროტება სძაგს. ქაჯი მონები ემსახურებიან დავარ ქაჯსაც. ესე იგი, ქაჯთა საცხოვრებელი შეზღუდული არ ყოფილა, უფრო სწორად გრძნეულების მცოდნე ადამიანები ყველგან ყოფილან და მათ შესახებ ბევრმა იცის. ისინი ჩვეულებრივი ადამიანებივით ბოროტებიც არიან და კეთილებიც. სავარაუდოდ, ისინი არ წარმოადგენენ ქაჯეთის ქალაქ-სახელმწიფოს ძირითად მოსახლეობას. შესაძლებელია ქაჯები მეცნიერებაში  განსწავლული (ცივილიზებული) ადამიანების გარკვეული ჯგუფი ყოფილიყო (მეცნიერები), რომელთა უმეტესობა სწორედ ქაჯეთში იყო თავმოყრილი და ქაჯეთის მეფის ნდობით სარგებლობდა. ამას ადასტურებს ქაჯეთიდან მოტანილი ცნობა: „ყოვლი მცოდნენი გრძნებისა მას თანა წარუტანია“.

თუკი ყველა ქაჯი მეფეს გაჰყოლია და ქალაქს მაინც იცავს ათასობით მოყმე, ეს იმის დასტურია, რომ ქაჯები,  ანუ გრძნეულებათა მცოდნენი, მცირენი არიან. მიზეზი იმისა, რომ გმირებმა სამასკაციანი რაზმით მოახერხეს  ქაჯეთის ციხის აღება, სავსებით გასაგები ხდება. ქალაქში არცერთი გრძნეული არ  ქაჯი ყოფილა. ამას იუწყებოდა ნესტანის წერილიც. „ქაჯთა მეფე არ მოსულა, არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე, მაგრამ სპანი უთვალავნი მცვენ…“. მაშასადამე, სპაჯარი არ ყოფილა ქაჯთაგან შემდგარი, ამიტომაც ისინი  იმ სასწაულებს ვერ მოახდენდნენ, რომელზედაც ფატმანი საუბრობდა ავთანდილთან. გმირობასა და ვაჟკაცობაში კი „ვეფხისტყაოსნის“ გმირებს წინ ვერავინ დაუდგებოდა. როგორც ირკვევა, არც ფრიდონისთვის ყოფილა უცხო ქაჯეთი.

„ქაჯეთს ერთხელ კვლავ ვყოფილვარ, ნახავთ თქვენცა გემაგრების,

ყოვლგნით კლდეა, გარეშემო მტერი  ვერა მოდგების“.

როგორც ჩანს, ქაჯეთს არა მარტო თავიანთი განსწავლულობა, არამედ ბუნებრივი სიმაგრეც შველოდა.                                                                                                                                                       ისმის შეკითხვა: თუკი ადამიანები კარგად ფლობენ სამხედრო ხელოვნებას, იცავენ თავიანთ სამეფოს, თავს არავის აჩაგვრინებენ, („ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია“), ამისთვის უნდა  ჩაითვალონ ისინი ბოროტებად? პასუხი თითქოს მზადაა – მათ ნესტანი ჰყავდათ დატყვევებული. (ტექსტში სხვა ბოროტება არ ფიქსირდება). რა თქმა უნდა, ადამიანის დატყვევება, მისი ნების საწინააღმდეგოდ გამოკეტვა, ბოროტებაა. იცოდნენ კი ქაჯებმა ვინ იყო ნესტანი? ის ხომ თავის შესახებ არავის უამბობდა. ვინ იცის, თუ შეიტყობდნენ, რომ ინდოეთის მბძანებლის ასული იყო, იქნებ უკანაც დაებრუნებინათ. ეს რა თქმა, უნდა ვარაუდია, მაგრამ მაშინ  რატომ არ ითვლება ზღვათა სამეფო ბოროტების სამეუფოდ? იქაც ხომ ტყვეობაში ჰყავდა მეფეს ნესტანი, რომელმაც თავად იხსნა თავი. მისი ბოროტებად გამოცხადება კი არა, ქაჯეთი  მიუძღვნეს საჩუქრად მელიქ-სულხავს გმირებმა. სხვა რა ბოროტება ჩაიდინეს ქაჯებმა?  ის ხომ არა, ფატმანს და ავთანდილს რომ დაეხმარნენ ნესტანთან დაკავშირებაში, ინფორმაციის შეგროვებაში? (ისინიც გრძნეულები იყვნენ, სავარაუდოდ, ქაჯები). ხომ არ ვართ ზედმეტად მკაცრნი ქაჯთა შეფასებაში?

არსებობს მოსაზრება, რომ დევებიც ბოროტი სულებია. სწორედ დევების გამოქვაბულში აღმოჩნდა ის საკვირველი აბჯარი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქაჯეთის აღებაში. ეს აბჯარი კი დევებს სწორედ ქაჯებთან საბრძოლველად ჰქონდათ შენახული. ესე იგი, დევებისთვისაც კარგად იყო ცნობილი ქაჯთა ძლიერება. გამოდის, რომ ბოროტება ბოროტების წინააღმდეგ ილაშქრებდა. მაშინ ხომ არ  ირღვევა პრინციპი: „ბოროტსა სძლია კეთილმან…“? ვინ იცის, ბოროტების სამეუფოს (დევებს) ეშინოდა კიდეც კეთილების (ქაჯების) ძლევამოსილებისა….

მთავარი ის კი არ არის, ქაჯები ვინ არიან, მთავარია, ბავშვებმა ისწავლონ ფიქრი, ძიება, აზროვნება; მიზანშედეგობრიობაში განიხილონ ყოველი ფაქტი, ქცევა და შეძლონ დასაბუთებული  დასკვნების გამოტანა. არასდროს დაიტოვონ უპასუხო კითხვები. ეს უნარი მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში დაეხმარება, არ დარჩნენ გაურკვევლობაში, ბრმად არ დაემორჩილონ სხვათა გადაწყვეტილებებს, გაბედულად დადგნენ სიმართლის მხარეს, დაიცვან დაჩაგრული, ყოველთვის ეძიონ  გამოსავალი, იყვნენ პირდაპირი და სამართლიანი თავიანთი აზროვნებით და ბრმად არ გაჰყვნენ ერთხელ გატკეპნილ გზას.

 

სკოლა თუ თანამედროვე არ იქნება

0

საზოგადო შეთანხმება ასეთია – სკოლა არის ადგილი, რომელიც მოსწავლეებს მომავალი პროფესიებისთვის ამზადებს. თუმცა, ამავდროულად გაჩნდა და განვითარდა აზრი, რომელიც კონსენსუსად იქცა და რომელიც ამტკიცებს, რომ სკოლების უმრავლესობა ამ მისიას ვერ ერგება, ვერ ამართლებს. ბოლოდროინდელი ტენდენცია ცხადყოფს, რომ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ორგანიზაციები დამოუკიდებლად, თავიანთი რესურსით, დიდ შრომას დებენ, რათა დაქირავებულ თანამშრომლებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს შორის არსებული სიცარიელე ამოავსონ, თანამშრომლებს ის საჭირო უნარები შესძინონ, რომლებიც სკოლამ ვერ მისცა.

 

რვა ყველაზე მთავარ უნარ-ჩვევას, რომელიც მოსწავლეებს თანამედროვე სამუშაო ადგილებისთვის ამზადებს, არაფერი ესაქმებათ ამჟამინდელ სკოლებში. შესაბამისად, ჩნდება კითხვის ნიშანი – უნდა შეიცვალოს თუ არა „21-ე საუკუნის სწავლება”, რომელიც უკვე ძველმოდურია, და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირდეს?!

 

2016 წელს მსოფლიო ეკონომიკის ფორუმი „მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციასა” და მის გავლენას მსოფლიოზე ამგვარად აღწერდა:

 

  • ბიზნესმოდელების სწრაფი ცვლილებები ძირეულ გავლენას იქონიებს დასაქმების ბაზარზე. დასაქმების ლანდშაფტი მომდევნო წლებში სინათლის სისწრაფით შეიცვლება. უამრავი ამჟამინდელი მთავარი ტრანსფორმატორი, რომელიც გავლენას ახდენს გლობალურ ინდუსტრიებზე, სავარაუდოდ, ასევე, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს დასაქმებაზე, შექმნის არაერთ ახალ, აქამდე უცნობ სამუშაო ადგილს, გააქრობს ძველს და ადამიანებს ძალაუნებურად მოუწევთ, შეცვლილი თამაშის წესებისთვის სასწრაფოდ ფეხის აწყობა, სწრაფი განვითარება, ახალი უნარ-ჩვევების შეძენა. ძალიან ბევრ ქვეყანაში ათი ან სულაც ხუთი წლის წინ ეს ახალი პროფესიები არ არსებობდა. შესაბამისად, ცვლილების პროცესი მნიშვნელოვნად აჩქარდება.

ერთ-ერთი, ყველაზე პოპულარული შეფასების თანახმად, 65% პირველკლასელებისა, ისეთ პროფესიებს აირჩევს და ისეთ ფაკულტეტებზე დარეგისტრირდება, რომლებიც ამჟამად არც კი არსებობს. შესაბამისად, დღეს წინასწარ განჭვრეტის უნარი და სამომავლო უნარ-ჩვევების პროგნოზირება, სამუშაო ადგილის კონტენტის განსაზღვრა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, მთავრობისა და ინდივიდუალურად, ადამიანებისთვის, რათა მათ სათანადოდ შეაფასონ შესაძლებლობები და თავიდან აიცილონ არასასურველი შედეგი.

 

Pew Research Center-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში „სამუშაო ადგილებისა და ტრენინგების მომავალი” ვკითხულობთ:

 

„თანამედროვე ტექნოლოგიები და დანადგარები ანადგურებენ ადამიანების შესაძლებლობებს. ეს არ ეხება მხოლოდ მათ სამუშაო ადგილებსა და უნარ-ჩვევებს. ავტომატიზაციამ, რობოტებმა, ალგორითმებმა და ხელოვნურმა ინტელექტმა ბოლო დროს აჩვენეს, რომ ისინი მინიმუმ თანაბრად და ხშირად უკეთესად ასრულებენ კონკრეტულ სამუშაოს. მაგალითად, ისინი უკეთესი დერმატოლოგები, იურისტები, სეისმოლოგები, სპორტული ჟურნალისტები, ფინანსისტები, მენეჯერები, ფსიქოლოგები და აგენტები არიან.

საგანმანათლებლო დაწესებულებების ხანგრძლივი, დამღლელი მოლოდინის შემდეგ, Microsoft-მა, Linux-მა და კიდევ რამდენიმე კომპანიამ, edX-თან და ჰარვარდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, თავად აიღეს პასუხისმგებლობა, შესაბამისი განათლება მისცენ მომავალ დასაქმებულებს და სპეციალურად შექმნეს ონლაინსწავლების კურსი, რომლის მეშვეობითაც მრავალ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ სტუდენტს ერთდროულად ასწავლიან. კურსის ფარგლებში, მომავალი თანამშრომლები მხოლოდ უნარ-ჩვევებს არ სწავლობენ, არამედ თავად იგონებენ და ამუშავებენ მომავლის საგნებს, კრიტიკული აზროვნებისა და გუნდური მუშაობის ჩათვლით. სტუდენტებს, რომლებიც ამ კურსს გადიან, სამუშაოდ Microsoft-ში, Amazon-ში,  Google-სა და სხვა, მსგავს ორგანიზაციებში ელიან.

 

ამ საკითხებზე, ცხადია, ბევრი კითხვა არსებობს და გაჩნდება. მათ შორის პოტენციურად მსგავსი კითხევბიც:

 

რატომ უნდა იზრუნოს სკოლამ მოსწავლეების განვითარებაზე სპეციალურად იმ მიზნით, რომ მათ Apple-ში ან Amazon-ში დასაქმება შეძლონ? განა სკოლები ამისთვის არსებობს?!

 

ნუთუ ეს ტენდენცია მიუთითებს იმაზე, რომ სკოლა ფუნქციას დაკარგავს, თუ სწრაფ სოციალურ ცვლილებებს ფეხს ვერ აუწყობს?  ნუთუ სკოლამ თავად არ უნდა იპოვოს საყრდენი წერტილი და განათლების მიღება კვლავ დაუბრუნდეს პირვანდელ იდეას – განათლების ზოგად გადაცემას სხვადასხვა მეცნიერების მიმართულებით?

 

არის თუ არა თავად განათლების სისტემა მზად მსგავსი ცვლილებისთვის? თუ ასეა, რა უშლის მას ხელს განვითარებისთვის? თუ არა – როგორ უნდა წავიდეს წინ?

იქნებ სკოლა წინ უნდა აღუდგეს მსგავს დამპყრობლურ, გამანადგურებელ ევოლუციას. და მერე რა მოხდება? რა რისკია?

 

 

  აუტიზმი და დამოუკიდებლობა კლასში

0

სულ ახლახანს, 35 წლის ასაკში მივხვდი, რომ ბევრი რამ, რისი გაკეთებაც არ ვიცი ან არ შემიძლია, იმის ბრალია, რომ არასდროს დამიყენებია საკუთარი თავის გამოწვევების წინაშე. ამიტომ არ ვიცი ცურვა, სუსტი ვარ სპორტის ყველა სახეობაში და, ზოგადად, რომ ჩამოვთვალო ყველაფერი, რისი გაკეთებაც არ შემიძლია, ძალიან შორს წავალ.

როდესაც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე შვილი ან მოსწავლე გყავს, ძნელია, გაუძლო ცდუნებასა და სურვილს, ყველაფერი მის ნაცვლად გააკეთო.  საერთოდ, მგონია, რომ ეს ტიპური განვითარების ბავშვების ქართველი მშობლების სენიცაა.  ძნელია შეგუება, რომ ბავშვი გაიზარდა, უკვე ისეთი დოზით აღარ სჭირდები, როგორც ადრე.

ჰოდა, მეც აქ ვარ,  ჯგუფურ ფსიქოლოგიურ სეანსზე რომ სხედან ხოლმე და ბოლოს და ბოლოს აღიარებენ, ისე გიმხელთ:

-გამარჯობა, მე დიანა ანფიმიადი ვარ და მე ხშირად მიჭმევია ჩემი შვილისთვის ხელით, ხშირად ჩამიცმევია ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მის ნაცვლად ჩამომიღია სათამაშო შედარებით მაღალი თაროდან, სადაც სკამის მიდგმა მშვენივრად შეიძლება, მის ნაცვლად ამილაგებია მისი მიყრილ-მოყრილი სათამაშოები, მის ნაცვლად ჩამილაგებია მისი სასკოლო ჩანთა და მოკლედ, ბევრ რამეს ვაკეთებ მის ნაცვლად.

ამას წინათ, ერთ-ერთი კვლევისას ბავშვთა ფსიქოლოგმა მკითხა, შეუძლია თუ არა ჩემს შვიდი წლის შვილს მაღაზიაში დამოუკიდებლად შესვლა, დაბარებული პროდუქტის ყიდვა და გამყიდველისთვის  ხურდის გამორთმევა. გავოცდი, არასდროს მიფიქრია, რომ შვილი წლის ბავშვი საერთოდ შეიძლებოდა ასეთი გამოწვევის წინაშე დამეყენებინა. ჰოდა, მივხვდი, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ჩვენი შვილები, ტიპური თუ არატიპური განვითარებით, გაცილებით გვიან იზრდებიან, ცხოვრებისეულ სირთულეებს უფრო რთულად უმკლავდებიან და დიდი ხნის განმავლობაში უფრთხიან დამოუკიდებლობას.

გადმოვიტანოთ ეს სიტუაცია კლასში.

მე მასწავლებელი ვარ და კლასში მყავს აუტისტური სპექტის მქონე მოსწავლე.

როგორ ვიქცევი, ვცდილობ, რომ ისე, რომ სხვა კლასში მისი ავტორიტეტი არ დავამცირო, გამოწვევების წინაშე დავაყენო თუ პირიქით, მსურს, რომ ნაკლები პრობლემა ჰქონდეს და მის ნაცვლად ხშირად მე ვმოქმედებ?

როგორ გავხადოთ აუტიზმის მქონე მოსწავლე უფრო დამოუკიდებელი? მოდით, ერთად ჩამოვთვალოთ ის კონკრეტული დეტალები, რაც დაგვეხმარება:

 

  1. მივაჩვიოთ თავის მოვლას. რასაკვირველია, ეს ერთ დღეში არ მოხდება, მითუმეტეს, თუ საქმე პირველკლასელ მოსწავლეს ეხება. ერთხელ ან ორჯერ შეიძლება გავყვეთ საპირფარეშოში და ხელის დაბანაშიც მოვეხმაროთ, მაგრამ მერე, თანდათან მივაჩვიოთ, რომ მარტო წავიდეს. პირველ ეტაპზე ტუალეტის კაბინის გარეთ ველოდებით და ვახსენებთ, რომ ხელი უნდა დაიბანოს. მეორე ეტაპზე ტუალეტის გარეთ, დერეფანში ველოდებით და ვეკითხებით, ხომ ნამდვილად დაიბანა ხელები და მოიწესრიგა თავი? მესამე ეტაპზე უკვე კლასთან ველოდებით, ბოლოს კი მარტო ვუშვებთ საპირფარეშოში. გააკონტროლეთ, რომ ტუალეტის კარის ჩაკეტვა და გახსნა ისწავლოს, ასევე, აუტიზმის მქონე პატარებს ხშირად ღილის ან ელვა-შესაკრავის შეკვრა და გახსნა უჭირთ, ამიტომ, პირველ ეტაპზე მშობელს სთხოვეთ, ისეთი სამოსი ჩააცვას, რომელსაც ღილის და ელვა-შესაკრავის გასხნა და შეკვრა არ სჭირდება.
  2. მიაჩვიეთ ხელის აწევას და რვეულში დავალების ჩაწერას, თუნდაც ეს მთლად იდეალურად ვერ მოახერხოს.
  3. მიაჩვიეთ და მოსთხოვეთ, გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოაწესრიგოს თავისი წიგნები, ნივთები და  სასკოლო ჩანთა.
  4. ეცადეთ, საკლასო სამუშაოს დროს დამოუკიდებლად იმუშაოს, თუნდაც ნაწილობრივ მაინც
  5. ეზოში გასვლისას თავად მოძებნოს საკუთარი ქურთუკი თუ ქუდი, თავიდან გაუჭირდება, მაგრამ ბოლოს მიეჩვევა
  6. ჯგუფური აქტივობის დროს მასაც აუცილებლად გაუნაწილეთ მოვალეობა და უთხარით, რომ ის პასუხისმგებელია დავალების შესრულებაზე.
  7. თუ წიგნში სასურველ ტექსტს ვერ პოულობს, არ მოძებნოთ მის ნაცვლად, სხვაგვარად მიანიშნეთ.
  8. თუ დავალების შესრულება უჭირს, მის ნაცვლად ნუ გააკეთებთ, გაუმარტივეთ და რამდენჯერმე გაუმეორეთ ინსტრუქცია.
  9. თუ ვერბალური ინსტრუქციის გაგება გაჭირდა, ეცადეთ ვიზუალურად ანახოთ დავალების არსი.
  10. სცადეთ თვითონაც იყოს მასწავლებლის ან მოსწავლის დამხმარე, მისი ძლიერი მხარეების საშუალებით შექმენით ისეთი სიტუაცია, სადაც ის მასწავლებელს ან კლასელს დაეხმარება. ეს მას კლასში ავტორიტეტს აუმაღლებს და საკუთარი თავის რწმენას განუმტკიცებს, ეს კი დამოუკიდებლობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი და საჭირო ნაბიჯია.

 

 

„რკინაი“

0

რკინის შესახებ წლების წინ დავწერე. შესავალში მკითხველის შესაყოლიებლად გალაკტიონის სტრიქონებს მივმართე – „მომკლავს მე უშენობა“-მეთქი. იქვე ვაგრძელებდი, ნამდვილად მოვკვდები, გავფითრდები, ვეღარ დავიძინებ, ხშირად დავიღლები, მერე რაც დამემართება, მაგაზე ფიქრიც კი აღარ მსურს-მეთქი. თუმცა, უკვე მეორე აბზაციდანვე ირკვეოდა, რომ ეს ყველაფერი არც მეტი, არც ნაკლები, რკინადეფიციტური ანემიის ნიშნები იყო. მე კი გალაკტიონი ძალიან მორიდებით  მოვიშველიე  და ინტერესის გამოსაწვევად მისივე ლექსის სიტყვებით „ვითამაშე“. პოტენციური მკითხველის დაინტერესება მსურდა, მასწავლებელმა კი მოსწავლეები უნდა დააინტერესოს. ინტერესია ყველაზე მთავარი, შემდეგ ჩნდება განწყობა და საქმის კეთების სურვილი. თორემ სულ იოლია გაკვეთილი ისე უინტერესოდ, დუნედ და მოსაწყენად გადააქციო, რომ უკვე მზა მოტივაციით მოსული, ჩამოყალიბებული  ადამიანიც კი დააფრთხო და აფიქრებინო, ნეტავ აქ არ მატარა და თავად ვისწავლი ყველაფერსო.

დღეს კვლავ რკინაზე სასაუბროდ გიწვევთ. ოღონდ, ამჯერად წარსულში გავიხედოთ – იყო თუ არა რკინა საინტერესოჩვენი ძველი წინაპრებისთვის.

რკინის აღმოჩენა შეიძლება ოქროს, ვერცხლის და სპილენძის აღმოჩენას შევადაროთ. ეგენი როგორღა აღმოაჩინა ადამიანმაო, იკითხავთ. ისტორიულ წიგნებში მოსაზრება არსებობს, რომ  პირველად თვითნაბადი სახით ნახა. მიუხედავად იმისა, რომ რკინა შედარებით იოლად იჟანგება და მისი თავისუფალი სახით ბუნებაში არსებობა თითქოს შეუძლებელია, მეცნიერება თვითნაბად რკინას მაინც იცნობს.

ამ მხრივ, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს დედამიწის წიაღში თვითნაბადი, დედამიწური, ტელურიკული წარმოშობის რკინის არსებობა. ტელურიკული რკინა, მეცნიერთა აზრით, შეიძლებოდა წარმოქმნილიყო დედამიწის წიაღში მისი ისტორიის იმ შორეულ წარსულში, როდესაც დედამიწა ან მისი ნაწილი ჯერ კიდევ მაგმატურ, გამდნარ მდგომარეობაში იყო. ასეთ მაღალ ტემპერატურულ პირობებში რკინის რომელიმე ჟანგბადშემცველ ნაერთს შეეძლო, რეაქციაში შესულიყო ნახშირბადთან ან ნახშირჟანგთან და ამ პირობებში აღდგენა განეცადა. საეჭვოა ძველ ადამიანს, რომელსაც არანაირი იარაღი არ ჰქონდა, ასეთ რკინას სადმე გადაწყდომოდა. უფრო მოსალოდნელია, ადამიანი კოსმოსური წარმოშობის (მეტეორიტულ) რკინას გაცნობოდა. მეტეორიტები სამგვარია: ზოგი მხოლოდ რკინას და მცირე მინარევების სახით ნიკელსა და კობალტს შეიცავს, ზოგიერთი რკინისა და სხვადასხვა ქანებისგან შედგება, ზოგი კი – მხოლოდ ქანებისგან არის წარმომდგარი.

რკინის სახელწოდებაც  ძალიან საინტერესოა. საერთოდაც, ძველ საქართველოში ლითონებისთვის სახელების მინიჭებაა საინტერესო. ივ. ჯავახიშვილი წერდა, რომ კალის გარდა, ქართველმა ტომებმა ძველად ლითონების სახელები თავად შექმნეს და ისინი უცხო ენიდან ნასესხები არ არის. მაგ: 1. ოქრო – მეგრულად – ორქო; სვანურად – ვქრე; შესაძლებელია ოქრო წარმოქმნილია ქართული სიტყვიდან „უქრობი“, იმის გამო, რომ ლითონის ბზინვარება არ ქრება, ზედაპირი არ მქრქალდება. 2. ვერცხლი – მეგრულად – ვარჩხილი, სვანურად – ვარჩხილ. 3. სპილენძი – ქართული ტომი სპინერები, მათი მადნები – სპირენძ – სპილენძი, სვანურად – სპილენძ, მეგრულად – ლინჯ. 4. ტყვია – ტყვივი, ბრპენი, ანუ პრპენი. 5. მხოლოდ სახელწოდება კალა თითქოს ნახევარკუნძულ მალაკას ქალაქის კალაჰიდან მომდინარეობს, საიდანაც ძველად კალის მადნები გამოჰქონდათ. ეს ლითონი ჯერ ირანში – თავრიზში შემოდიოდა, რომელსაც ძველად კალი – კალა ეწოდებოდა და აქედან ის საქართველოში შემოჰქონდათ. 6. თითბერი-სპილენძის და თუთიის შენადნობი – მეგრულ თუთაფერიდანაა წარმოქმნილი; „თუთა“ მეგრულად მთვარეა. რკინას რაც შეეხება… სავარაუდოა, რომ ჩვენმა წინაპრებმა რკინის სახელწოდება ცის სახელწოდებიდან „რკინაი“-დან წარმოქმნეს. იდგა ადამიანი თავისთვის, გაიხედა და რაღაც ჩამოვარდა ციდან. ეს რაღაც მეტეორიტი აღმოჩნდა. ხელით შეეხეო, დააკვირდა და დაასკვნა, რომ შიგნით  ლითონი იყო. იფიქრა, ცა ამ ლითონისგან შედგებაო და სახელიც მოუფიქრა „რკინაი“.

ამგვარი მაგალითები სხვა ენებშიც მოიპოვება. ძველი ეგვიპტის, შუა და მცირე აზიის, საბერძნეთისა და სომხეთის მოსახლეობა რკინას ასევე „ციურ ლითონად“ აღიარებდა. ძველ ეგვიპტურად რკინის სახელი „ბი-ნი-პეტ“ „ციურ მადანს“ ან „ციურ ლითონს“ ნიშნავს. ძველ მესოპოტამიაში რკინას „ან-მარს“ უწოდებდნენ. რკინის ძველი ბერძნული სახელი „სიდეროს“ და აგრეთვე კავკასიური „ზიდოს“ უძველესი სიტყვიდან „sidereus”-დან მოდის და „ვარსკვლოვანს“ ნიშნავს. ანუ, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ადამიანი პირველად მეტეორიტულ რკინას გაეცნო და ის გამოიყენა, შემდეგ კი მისგან საჭირო საგნების დამზადებაც შეძლო, რადგან იმხანად სპილენძის მაგალითზე, მჭედლის ხელობას უკვე ფლობდა. თუმცა, მეტეორიტული რკინა მცირე რაოდენობით იყო და ყველა მოთხოვნილებას ვერ დააკმაყიფილებდა. საჭირო გახდა მისი მადნებიდან მიღება. ერთ არქეოლოგიურ კვლევაში წერია: „საქართველოში ქვემო ქართლის ფოლადაური სამთო საქმისა და მეტალურგიის უძველესი კერაა. უახლესი არქეოლოგიური მასალების მიხედვით, შეიძლება წამოყენებული იქნეს მოსაზრება, რომ ამ თემის ბინადარმა მოსახლეობამ სპილენძის მადნების (მალაქიტის და აზურიტის) დამუშავება და მისგან ლითონის გამოდნობა ენეოლითში დაიწყო. გამორიცხული არ არის, რომ რკინის საბადოს დამუშავება XI საუკუნეზე ადრეც წარმოებულა. ამის ერთ-ერთ ნიმუშს წარმოადგენს რკინის მადნის (ჰემატიტის) ნატეხების მოზრდილი გროვის აღმოჩენა ქვემო ბოლნისის რკინის გამოსადნობი სახელოსნოს ნაშთების გათხრის დროს, რომელიც ძვ.წელთაღარიცხვის II ათასწლეულის ბოლო საუკუნეების ბოლო წლებს ეკუთვნის“. რკინის გამოსადნობი ქურები აღმოჩენილია ასევე სვანეთში, სადაც ქურები თიხისგან ყოფილა გაკეთებული, აჭარისა და სხვა ადგილების არქეოლოგიური გათხრების დროს წიდის დიდი რაოდენობა იქნა მიკვლეული, რაც მოწმობს ამ რაიონებში ძველად რკინის გამოდნობის წარმოებას.

რკინის საწარმოო კერა ანტიკურ ხანაში იყო მცხეთის დასავლეთ ნაწილში, რომელსაც სარკინეთი ეწოდებოდა. აქ მცხეთის საწარმო, რკინის სახელოსნო უბანი იყო. გათხრებისას  დიდი ქურები აღმოჩენილა, რომლებშიც ხდებოდა რკინის გამოდნობა მადნიდან. ამ ფაქტს „დოდოსტატის მარჯვენაში“ ამოკითხული დრაზაც ადასტურებს: „რკინათა მკვეთელ ხმალთა წრთობის საიდუმლო ერთმა ფარსმანმა იცოდა მხოლოდ“. ანუ ფოლადის წრთობა ნამდვილად იცოდნენ.

ძველად მადნებიდან რკინის მიღების ტექნოლოგია დაახლოებით შემდეგი უნდა ყოფილიყო. გამოდნობას წინ უძღოდა მადნის გამდიდრება, ფუჭი ქანების მოცილება, ხშირად დაფხვნა, გარეცხვა, წინასწარი გამოწვა აქროლად ნივთიერებათა მოსაცილებლად. ამ გზით შესაძლებელია, მადანს გოგირდსაც აცლიდნენ.

ქურას ჯერ შეშით გაახურებდნენ, შემდეგ ხის ნახშირით ავსებდნენ და ჰაერის შებერვას შეუდგებოდნენ. როდესაც ნახშირი გავარვარდებოდა და მისი დონე დაიწევდა 2-3 კგ. მადანს ჩატვირთავდნენ და ზემოდან ნახშირით დაფარავდნენ. ასე მეორდებოდა 5-6-ჯერ, შედეგად ქურაში დაახლოებით 20კგ. მადანი გროვდებოდა.

როდესაც ნახშირი ქურის შუაწელამდე გამოიწვებოდა, წიდას გამოუშვებდნენ და პროცესს ნახშირის საბოლოო დაწვამდე განაგრძობდნენ. ამის შემდეგ გავარვარებულ, დარბილებულ რკინას გამოიღებდნენ და გამკვრივების, წიდის მოცილების მიზნით, უროებით ჭედავდნენ. ამ გზით მიღებული რკინა ნახშირბადის მცირე რაოდენობას შეიცავდა. ასეთი რკინა რბილი იყო, არ იწრთობოდა, ამიტომ იარაღების დასამზადებლად არ გამოდგებოდა. საჭირო იყო მისი ნახშირბადით გამდიდრება. ამას რკინის და ნახშირის ერთად გახურებით აღწევდნენ, შემდეგ კი გამოჭედავდნენ. პროცესს რამდენჯერმე იმეორებდნენ, ასე ხდებოდა რკინისგან ფოლადის მიღება.

ლითონის სადნობი სპეციალური ღუმელი აღმოჩენილია ახალციხის ახლოს, ამირანის გორას ნასახლარში.

საქართველოში რკინის მადნების საბადოებია: ძამის ხეობაში, ჩახათში, რომელიც უძველესი დროიდან სარკინეთის სახელით იყო ცნობილი და XIX საუკუნის შუა ხანებამდეც კი მუშავდებოდა.

რკინის გამოსადნობად გამოყენებული ყოფილა: 1) მაგნიტური რკინაქვა (კოლხიდაში, ნატანებსა და სუფსას შორის); 2) ჰემატიტი-Fe2O3 (ბოლნისი); 3) მურა რკინაქვა -2Fe2O3•3H2O (საწირე-იმერეთი); 4) რკინის და შავიქვის ნარევი (ძველი ბოგვი). აღსანიშნავია, რომ ანტიკურ ხანაში ჩვენი წინაპრები ისე დაოსტატებულან, რომ უჟანგავი რკინის მიღებაც კი შეძლეს თურმე. ამ შემთხვევაში იგულისხმება არა რკინა-ქრომის შენადნობი, არამედ მინარევებისგან განთავისუფლებული დიდი სიწმინდის რკინა. ასეთი უჟანგავი რკინის ობელისკი ინდოეთის დედაქალაქ დელიში დგას. 2000 წლის წინათ არის დადგმული, დაჟანგვის ნიშნები კი ახლაც არ ეტყობა.

ფოლადზე დაკვირვება გაკვეთილზეც  შეიძლება. ამისთვის ფოლადის ფირფიტა გაწითლებამდე გავაცხელოთ და პინცეტით სწრაფად ჩავდოთ ცივ წყალში. შემდეგ ვცადოთ მისი მოღუნვა. ფირფიტიდან ნაწილი მოტყდება, რადგან ფოლადი მყიფე და მაგარი გახდა. ის მინას კაწრავს. თუ ფოლადის ფირფიტას კვლავ გავახურებთ და ნელა გავაციებთ, ფოლადი „მოეშვება“, რბილი გახდება და სიმყიფეს დაკარგავს.

კელტების ლეგენდებში ერთი ჯადოქარი ბიჭია, მერლინი ქვია. ლოგრესის და კამელოტის მმართველის მეფე არტურის მსახური, მეგობარი და მრჩეველია. მანამდე, არტურტის მამას უტერს ემსახურებოდა. სავარაუდოდ, პატარა ბიჭი სულაც არ არის, მაგრამ ბიჭივით გამოიყურება, ალბათ იმიტომ, რომ ჯადოქარია და დროის შეჩერება შეუძლია. მისი ჯადოქრობის ამბავი არც უტერმა და არც არტურმა არ იციან. ჯადოქრებს და მაგიას ვერ იტანენ და ღრმად სწამთ, რომ ამ ტიპის ხალხი ავაზაკი და შურიანია, ამიტომ მათგან კარგს არაფერს ელიან. შეიძლება ასეცაა, მაგრამ მერლინი სხვანაირია და მაგიასაც მხოლოდ ბოროტი ჯადოქრების წინააღმდეგ იყენებს, კამელოტის უსაფრთხოება რომ დაიცვას. თუმცა, თავის მაგიურ ცოდნას მეფისგან მალავს. ადრე, სანამ გამოცდილი მაგი გახდებოდა, ბეჯითად მეცადინეობდა. ალქიმიის მასწავლებელი ჰყავდა, რომელიც სულ იმას ჩასჩიჩინებდა, ალქიმიის სწავლა ექსპერიმენტის გარეშე მოსაწყენი და არაეფექტურიაო. უჟანგავი ფოლადისგან  მერლინს ხმალი გამოუჭედა, რომელსაც პატრონი ბოროტებისგან უნდა დაეცვა.

ქიმიის თითოეულ მასწავლებელს მოსწავლეებისთვის ასეთი ხმლის გამოჭედვა შეუძლია. ხმალს „ქიმიის ცოდნა“ ერქმევა და მფლობელს მთელი ცხოვრება ბოროტებისგან დაიცავს.

 

 

არაფრით სავსე ჩანთა

0

საკუთარი პრაქტიკის შესახებ წერილებს თქვენთვის რაჭიდან ვწერდი. სოფლის პატარა სკოლაში ყოველდღიურად ათამდე მოსწავლეს ვასწავლიდი, თუმცა თითქმის ყველა მოსწავლესთან ვურთიერთობდი სხვადასხვა პროექტისა და აქტივობის დროს. სამწლიანმა პრაქტიკამ უზარმაზარი გამოცდილება შემძინა, საკუთარი შესაძლებლობები აღმომაჩენინა. სურვილსა და მოქმედებას სოფლის მონოტონური რიტმი, ბევრი თავისუფალი დრო და მოსწავლეთა მცირე რაოდენობა დაერთო, ყოველივე ამან კი მე და ჩემს მოსწავლეებს ნაყოფიერი სამი წელი გვაჩუქა.

ახლა ქალაქის ერთ-ერთ კერძო სკოლაში ვმუშაობ. ყოველდღიურად სამოცამდე ბავშვს ვასწავლი, რაც საკმაოდ რთული გამოწვევა აღმოჩნდა, თუმცა ნელ-ნელა სიყვარული მოვიდა და პროფესიული თვითკმაყოფილებაც დამიბრუნდა.

ქალაქელ ბავშვებს რაჭველებზე ვუამბობ, რაჭველებს კი წერილებს ვწერ და ქალაქელებს ვაცნობ. ასე ვქსოვ ურთიერთობებს და თბილისელმა გოგო-ბიჭებმა რაჭაში გამგზავრების სურვილი რომ გამოთქვეს, უზომოდ გამიხარდა. ლიტერატურული პროცესები არც უწერაში შეწყვეტილა და ახალ გარემოშიც ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. ბავშვების აქტიურ მკითხველებად გადაქცევამდე დიდი და რთული გზაა. პირველ ნაბიჯად ხმამაღალი კითხვა და მორის დრიუონის „მწვანეთითება ტისტუ“ ავირჩიე, პარალელურად ვგეგმავ როლურ თამაშებს. ვმუშაობთ მრავალი კუთხით. აღსანიშნავია ისიც, რომ მეხუთეკლასელების ცხოვრებაში პირველად ჩნდება ქულები და დიდი სიფრთხილეა საჭირო განმსაზღვრელი შეფასების რთულ სამყაროში გზის გასაკვლევად. ასტრიდის დაბადების დღეც გვიახლოვდება, მერე გალაკტიონის ლექსებს წავიკითხავთ კლასიკური მუსიკის ფონზე და სილუეტურ თეატრს გავეცნობით. ამასობაში პირველი ლიტერატურული კაფეს დროც მოვა.

 

საინტერესო გაკვეთილისთვის იდეა ლურჯ ავტობუსში დაიბადა. ოქტომბრის მზიან შაბათ დღეს ლექციაზე მივდიოდი, გზაში მეგობრის რჩევით წიგნს „თევზი ხეზე“ ვკითხულობდი. წიგნის მთავარ გმირს, ელის, დისლექსია აქვს, რის გამოც მისი ყოველდღიურობა სკოლაში მხოლოდ პრობლემებსა და ტკივილს უკავშირდება. მერე ელის ცხოვრებაში ახალი მასწავლებელი – მისტერ დენიელსი ჩნდება და ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. ერთ-ერთ ეპიზოდზე ცრემლები ვერ შევიკავე და როცა მივხვდი, სად ვიყავი: ხალხით სავსე ავტობუსში, გვერდით ჩემი რვა წლის გოგო მეჯდა, ხელში ჭრელყდიანი წიგნი მეკავა და წიგნის სიუჟეტით მთელი არსებით მოცულს არაადეკვატური სახე მამხელდა, – საკუთარ თავზე გამეცინა, მერე სურვილი გამიჩნდა, მისტერ დენიელის მსგავსად, მეც დამევალებინა მეხუთეკლასელებისთვის საყვარელი ნივთების მოტანა, რათა ჩვენც უკეთესად გაგვეცნო ერთმანეთი. მცირეოდენი მასწავლებლური გამოცდილება საკმარისი აღმოჩნდა, რათა ვირტუალურად წარმომედგინა მოვლენების სავარაუდო განვითარება და ასე დაიგეგმა ქალაქის ტრანსპორტში მეორე დღის გაკვეთილი.

 

პირადი მაგალითი

შემიმჩნევია, როცა მოსწავლეებთან ერთად თავადაც ვაკეთებ იმას, რასაც მათ ვავალებ, საოცარ შედეგს ვიღებ, ამიტომ გადავწყვიტე, მეც გამეცნო მათთვის საყვარელი ნივთი. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, სკოლაში წასაღებად ჩემი პატარა გოგოს ნაჭრის თოჯინა შევარჩიე. ერთი ქართული საწარმოა – „სოკომორო“, ბავშვების ნახატებს აცოცხლებენ, თეკლას მერვე დაბადების დღის აღნიშვნა უჩემოდ მოუწია, საჩუქრად თბილისიდან რაჭაში გავუგზავნე „სოკომოროს“ მიერ გაცოცხლებული თავისივე ნახატი. რამდენიმე თვის წინ სახლის ფარდაზე მე დამხატა. სწორედ ეს ნახატი „გავაცოცხლეთ“ და ფიზიკურად ვერ, მაგრამ წარმოსახვით შექმნილი დედა ესტუმრა პატარა გოგოს ნაძვების სამყაროში. ამ ყოველივეს მეხუთეკლასელებს ვუამბობ, ნივთებისადმი დამოკიდებულებასა და პირადი ამბების მოგროვებაზე ვსაუბრობთ, მერე „თევზს ხეზე“ ვაცნობ და მეცხრე თავს, სახელად „არაფრით სავსე ჩანთას“, ვუკითხავ.

„- მე მჯერა, რომ ის, რასაც რიცხვებით განვსაზღვრავთ, შესაძლოა, სულაც არ იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი. ვერ გაზომავ იმას, რაც ადამიანებს ადამიანებად აქცევს“, – ეუბნება მისტერ დენიელსი ერთ-ერთ მოსწავლეს. აბა, როგორია?! შეუძლებელია, არ დაეთანხმო. ეს თავი ელის სიტყვებით მთავრდება, მას (მისტერ დენიელსს), მგონი, ჩემი განსხვავებულობაც მოსწონსო.

ათი წლის ადამიანებს ვეუბნები, რომ მათი განსხვავებულობა ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა, კიდევ ერთხელ ვუმეორებ დავალების ინსტრუქციას და ერთმანეთს ვემშვიდობებით. არ ვიცი, რა მელის მეორე დღეს, რა და როგორ მივიდა მათ გულებამდე.

 

ბუცები, ცეკვის ჩუსტები, საყვარელი ძაღლის სურათი

საყვარელ ნივთებზე სასაუბროდ პრეზენტაციის ფორმა ავირჩიეთ, ერთად შევიმუშავეთ შეფასების კრიტერიუმები, განვსაზღვრეთ დრო და აქტიურ მსმენელად გადავიქეცი.

გაკვეთილი ძალიან ემოციური გამოვიდა. რა აღარ მოიტანეს: ბუცები, წიგნები, ცეკვის ჩუსტები, თოჯინები, სიგელები, სოფლის სახლის ჭიშკრის გასაღები, საყვარელი ძაღლის სურათები, ერთცენტიანი, დაბადების დღის მისალოცი ბარათები. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ორმოცი ზომის ბოტასები და სანდროს განმარტება, კალათბურთელობაზე ვოცნებობ, ერთხელ ცნობილი კალათბურთელი მესტუმრა სახლში, რომელი ფირმის ბოტასებიც მირჩია, მაღაზიაში მხოლოდ სამი ზომით დიდი დამხვდა, მაინც ვიყიდე, თავიდან ფეხი მისრიალებდა, მაგრამ მაინც გაუხდელად მეცვაო.

მერე ზეპირად მოყოლილი ამბები  დაწერეს, ერთმანეთი შეაფასეს, უკვირდათ და უხაროდათ, როგორ აღმოაჩინეს კლასელებში მოცეკვავეები, ფეხბურთელები, კარატის მოყვარულები, მკითხველები.

პირადად ჩემთვის გაკვეთილი მაშინ შედგა, როცა  საკლასო ოთახში დადებითი ემოციების მოზღვავება  ვიგრძენი და გაკვეთილის ბოლოს დაფასთან ჩამწკრივებული ნივთებისთვის სურათების  გადაღების ნებართვა  მთხოვეს. რაღაც დროის მერე მეკითხებოდნენ, კიდევ ჩაუტარდებოდათ თუ არა „ასეთი“ გაკვეთილი. ვეთანხმები ბავშვებს,  დროდადრო საგაკვეთილო პროცესის მსგავსი როლური თამაშებით გახალისება სასკოლო რუტინას ამრავალფეროვნებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვან ასპექტზე მინდა ყურადღების გამახვილება. კერძოდ, ის, რომ მცირერიცხოვან საკლასო ოთახში სწავლა-სწავლება მეტად ეფექტურია, ვიდრე – მრავალრიცხოვანში, რადგან ქალაქის აჩქარებულ რიტმში დრო არ რჩება მოსწავლე-მასწავლებელს პირადი ურთიერთობისთვის. არადა, სკოლის უმთავრესი დანიშნულება სწორედ რომ ჯანსაღ დამოკიდებულებებსა და ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა მგონია, ინდივიდუალური მიდგომა და მოსწავლის ინტერესების გაცნობა  ათბობს სიტუაციას და როცა ამგვარი დადებითი განცდებითაა გაჯერებული მათი სასწავლო ცხოვრება, სკოლის შესაყვარებლად განსაკუთრებული მიზეზი  უჩნდებათ. ჩემ მიერ აღწერილმა აქტივობამ კი საშუალება მოგვცა უფრო ახლოს გაგვეცნო და შეგვეყვარებინა ერთმანეთი, სიამოვნებასთან ერთად შევეჭიდეთ საპრეზენტაციო უნარ-ჩვევებზე ფიქრს, დროის მართვას, შეფასების კრიტერიუმებზე მუშაობას, განმავითარებელი კომენტარების წერასა და ურთიერთშეფასებას.

წერილის ბოლოს ისევ წიგნს დავუბრუნდები, ძალიან მინდა, საყვარელი ნივთების შესახებ ჩატარებული გაკვეთილის მერე თითოეულმა მოსწავლემ  ელის მსგავსად იფიქროს, მგონი, ლელა მასწავლებელს ჩემი განსხვავებულობა მოსწონსო.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...