კვირა, ივნისი 7, 2026
7 ივნისი, კვირა, 2026

მუხა

0

დრონი მეფობენ და არა მეფენიო, – უთქვამთ ძველებს. უდავოა – დრო მეფეთა მეფეა, თანაც, სხვათაგან განსხვავებით, უხილავი, ხელშეუხებელი და, რაც მთავარია, უკვდავი. ყველა სხვა მეფე მოკვდავია. მხოლოდ ერთეულები უძლებენ საუკუნეებს, მაგრამ არა მარადისობას, ამიტომ სიცოცხლეში ორი მთავარი საზრუნავი აქვთ: ძალაუფლების განმტკიცება და საუკუნო ხსენების მოპოვება. გვირგვინის მორგების სიამოვნებასაც ალბათ საუკუნო სიცოცხლის წყურვილი ასაზრდოებს. ამიტომაც არის, რომ მის ხელში ჩასაგდებად დიდძალი სისხლიც ხშირად დაღვრილა. ისტორიასაც (ჯერჯერობით) ამ მეფეთა სახელები უფრო ახსოვს, ვიდრე მათი, სისხლისღვრით დაღლილ ეპოქებს შორის, სიმშვიდის ჟამს, უდრტვინველად რომ მოირგეს სამეფო გვირგვინი და ასევე ნეტარებაში გაატარეს მთელი ცხოვრება.

ცხოველთა სამყაროსაც ჰყავს თავისი მეფე – ლომი. მერე რა, რომ ამქვეყნად უფრო დიდი ცხოველებიც არიან, უფრო ძლიერებიც და ალბათ გონიერებიც – ცხოველთა სამყაროში ლომი გავამეფეთ და ასე იქნება, სანამ ჩვენ ასე გვწადია.

მეფე ჰყავს მცენარეთა სამყაროსაც – მუხა. რატომ მაინცდამაინც ის? დედამიწაზე ხომ უფრო დიდი ხეებიც ხარობენ, უფრო მეტხანს რომ უძლებენ დარსა თუ ავდარს, უფრო გემრიელ და სასარგებლო ნაყოფსაც რომ ისხამენ… მაინც მუხაა მეფე. ტყეში, მის სამფლობელოში, მას ყველა ცნობს. უმეტესობა – ნაყოფით, ზოგიც – დაკოჟრილი ზროთი თუ ფოთლის ორიგინალური მოხაზულობით. მუხა დიდია, ზვიადი, დინჯი და დარბაისელი. თვალი ყველას უმალვე მისკენ გაურბის, არადა მის ძირას შესაძლოა ულამაზესი ცირცელი იდგეს ან ია ყვაოდეს ნაზად…

მაინც რით განსხვავდება მუხა თვისტომთაგან? მარტივი ტესტი მისი წვის რეაქციაა. ის წვის დროსაც ისეთივე დარბაისელი და დინჯია, როგორიც სიოსთან ჩურჩულის დროს. ერთბაშად არ აბრიალდება, როგორც ნაძვი, ფიჭვი, წიფელი თუ ნეკერჩხალი; მის ნაკვერჩხალს ოდნავ შესამჩნევი ალმური ასდის, თუმცა ისეთ მცხუნვარებას გამოსცემს, ხელს ახლოს ვერ მიუტან – საუკუნეობით მდუმარედ დგომისას გულში დაგროვილ დარდსა და ვარამს უბრუნებს სამყაროს.

სასკოლო სახელმძღვანელოშიც კი წერია, რომ მცენარეთა საშენი მასალა ცელულოზაა. აქედან, მუხა, ფიჭვი და ბალახი ულეწელა, ერთი შეხედვით, ერთნაირი უნდა იყოს. მაგრამ მცენარის ღერო უფრო რთული რამაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ცელულოზა კრისტალური აღნაგობის ჰეტეროპოლიმერია. მის ამორფულ, არაკრისტალურ ანალოგს კი ჰემიცელულოზა ეწოდება. ცელულოზა და ჰემიცელულოზა მხოლოდ „აგურებია“. ერთმანეთთან შესაკავშირებლად მათ დუღაბი სჭირდებათ. მცენარის სხეულში მის როლს ლიგნინი ასრულებს. მუხა და ფიჭვი სწორედ ამ კომპონენტების (განსაკუთრებით კი ჰემიცელულოზის) ვარიაციებით განსხვავდება. მაგარმერქნიან მცენარეებში ცელულოზის შემცველობა 50%-ს აღწევს, ჰემიცელულოზისა – 23-27%-ს, ხოლო ლიგნინისა – 12-14%-ს. მათი განსაკუთრებული თანაფარდობა მუხას დიდ სიმტკიცესა და ჟამგამძლეობას ანიჭებს. ამიტომ ვცდილობთ, ჩვენი ძვლები შესანახად მას მივაბაროთ და როგორმე ცოტა ხნით კიდევ აღვუდგეთ წინ მოლეკულათა და ატომთა დაუსრულებელი წრებრუნვის უზენაეს კანონს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ღვინის დასაყენებელ-შესანახად ოდითგანვე თიხის ჭურჭელი გამოიყენებოდა, მუხის კასრებს არაერთი ქვეყანა იყენებს იმავე მიზნით. ამის მიზეზი კი მუხის მერქანში შემავალი ნაერთებია.

ერთ-ერთი პირველი ტანინი უნდა ვახსენოთ. სხვადასხვა სახეობის მუხა მას 1-დან 8%-მდე შეიცავს და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ღვინის დაძველების პროცესში. მეორე მნიშვნელოვანი ნაერთი ლიგნინია, რომელიც დროთა განმავლობაში ულტრაიისფერი სხივებისა თუ სოკოების ზემოქმედებით ნელ ტრანსფორმაციას განიცდის ვანილინში და მუხის ჭურჭლის შიგთავსს სასიამოვნო არომატს და სურნელებას ანიჭებს. მართალია, ცელულოზა თავად არ მონაწილეობს ღვინის ფორმირებაში, მაგრამ მისი დაბალმოლეკულური ანალოგი ჰემიცელულოზა, რომელსაც ხშირად ხის შაქარსაც უწოდებენ, აქტიურად არის ჩართული ღვინის დავარგების პროცესში. მუხის კასრების გამოწვა (150°C-მდე გახურება) იწვევს ჰემიცელულოზის მონოსაქარიდებამდე დაშლას და ამ უკანასკნელთა კარამელიზაციას. უფრო მეტად, მაგალითად, 220°C-მდე გახურებისას კი კარამელიზაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხი მიიღწევა და პროდუქტიც სხვანაირ გემოს იღებს.

 

ცოტა ხნის წინ ლაიფციგში წიგნის დიდი ბაზრობა გაიმართა. ჩვენი ქვეყნიდან არაერთი მწერალი იყო წარმოდგენილი, რომელთა შორის ბესიკ ხარანაული ბერმუხასავით იდგა…

როდის  და  როგორ ხვდებაიან ახალ სასწავლო წელს

0

ყვავილები და ჰიმნი – არ არის  აუცილებელი ატრიბუტიკა, რომელიც თან ახლავს  სასწავლო წლის დაწყების ზეიმს. საქართველოში სასწავლო წლის დაწყების, სხვა ქვეყნების არც სწავლის დაწყების დრო არ ემთხვევა. მართალია, ევროპის ზოგ ქვეყანაში ის სექტემბერშია, მაგრამ დასაწყისში თუ მერე, ამას ბევრი სკოლა თავად წყვეტს. მაგალითად, იტალიის რამდენიმე რეგიონში სწავლის დაწყების ათვლის წერტილი სხვადასხვაა. მეტიც, მილანში მცხოვრები მოსწავლეების არდადეგები უფრო ხანმოკლეა, ვიდრე რომაელი მოსწავლეებისა. სულ სხვა წესები ბატონობს სამყაროს მეორე მხარეს – ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ლათინურ ამერიკაში სასწავლო წელი ზამთარის ბოლოს იწყება. აზიელი მოსწავლეები სკოლისაკენ სექტემბერში მიეშურებიან, მაგრამ კორეაში, ინდოეთსა და ტაილანდში ის სტარტს გაზაფხულზე იღებს. რა ხდება სხვა ქვეყნებში?

ფინეთი

პირველი კლასი – 7 წლიდან

სასწავლო წლის დასაწყისი – შუა აგვიტო

სასწავლო წლის დასასრული – ივნისის პირველი კვირა

ფინურ სკოლებში სასწავლო წლის დაწყების შესახებ მშობლები ინფორმაციას ელექტრონული დღიურებიდან იგებენ. ყველა სკოლა თავად წყწვეტს თუ როდის დაიწყება სწავლა, კვირის რომელ დღეს. ერთიანი თარიღი არ არსებობს. არც რაიმე ტრადიციული ცერემონიალები. სკოლებში არ არის სავალდებულო ფორმა, შესაბამისად, არც საზეიმოდ ჩაცმის ტრადიცია. თუ ვინმეს სურს პირველ დღეს ლამაზად ჩაიცვას, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა.

სასწავლო წლის ბოლო დღე აუცილებლად თვის ბოლო შაბათია. ამ დღეს გაკვეთილები აღარ ტარდება. მასწავლებელი მოკლე სიტყვით გამოდის და ბავშვებს სასწავლო წლის დასრულების ატესტატს გადასცემს. ეს არ არის საზეიმო ღონისძიება, სადაც მშობლებსაც ეპატიჟებიან. მშობლებს შეუძლიათ მასწავლებელს ყვავილები აჩუქონ, თუმცა არც ეს არის სავალდებულო. დაბალკლასელებს ატესტატის გადაცემის შემდეგ, სკოლის ადმინისტრაცია ნაყინით უმასპინძლდებიან.

შვეცია

პირველი კლასი – 7 წლიდან

სასწავლო წლის დასაწყისი – შუა აგვისტო

სასწავლო წლის დასარული – შუა ივლისი

შვეციაში არდადეგები რვა კვირის განმავლობაში გრძელდება. ყველა სკოლა სწავლის დაწყების თარიღს თავად წყვეტს. სასწავლო წლის პირველ დღეს გაკვეთილები არ ტარდება, მასწავლებელი ბავშვებს ეცნობა, ესაუბრება გაკვეთილების განრიგსა და ახალ საგნებზე. სკოლის ეზო შესაძლოა ყვავილებით მოირთოს. ეზოში ბავშვებს დირექტორი ხვდება. სწავლის დაწყების პირველ დღეებში ყველაზე მცირეწლოვანი მოსწავლეების მშობლებისთვის ნებართულია სკოლაში (და არა საკლასო ოთხში) ყოფნა იმისათვის, რომ ბავშვმა სტრესი არ მიიღოს.

ახალი ზელანდია

პირველი კლასი – 5 წლიდან

სასწავლო წლის დასაწყისი – იანვარი-თებერვალი

სასწავლო წლის ბოლო – დეკემბრის დასაწყისი

ზაფხულის არდადეგები ხუთი-ექვსი კვირის განმავლობაში გრძელდება. არდადეგები ყველა სახელმწიფო სკოლისთვის ერთიანია და დგინდება ზელანდიის განათლების სამინიტროს მიერ. კერძო და საჯარო სკოლების გრაფიკი პრაქტიკულად ერთმანეთს ემთხვევა. თუმცა სხვადასხვა კლასები სასწავლო წელს სხვადასხვა დროს იწყებენ. მაგალითად, მეცხრაკლასელებისთვის სასწავლო წელი შეიძლება ცოტა ადრე დაიწყოს, რათა სკოლას „დაუბრუნდნენ და შეეჩვიონ“. ზოგ სკოლაში სასწავლო წლის დაწყება პოფირის ცერემონიით აღინიშნება, ტრადიციული მისალმებით. შეიძლება მისასალმებელი სიტყვით დირექტორიც გამოვიდეს ან უმცროსკლასელების მშობლები და მასწავლებელი სადმე ერთად შეიკრიბონ ყავის დასალევად. უმცროს სკოლაში მასწავლებლები გამუდმებით იცვლებიან, მეოთხე კლასის შემდეგ კი სკოლაში ცალკეული საგნების მასწავლებლები-სპეციალისტები მოდიან და გაკვეთილებს აისე ატარებენ.

როგორც კი ბავშავს 5 წელი შაუსრულდება, მშობელს სკოლაში მიჰყავს. პირველ სასკოლო დღეებში, ვიდრე ბავშვი ადაპტაციის პერიოდს გადალახავს, მშობელს შეუძლია სკოლის ტერიტორიაზე დაელოდოს. სწავლის დაწყების დღეს მიუღებელია მასწავლებლისთვის ყვავილების ჩუქება, თუმცა სასწავლო წლის ბოლოს პედაგოგისთვის მომცრო თაიგულაის ჩუქება აქ არავის აკვირვებს.

ისრაელი

პირველი კლასი – 6 წლიდან

სასწავლო წლის დასაწყისი – 1 სექტემბრიდან

სასწავლო წლის დასასრული – 30 ივნისი ან 20 ივნისი

ისრაელში მასწავლებლები ხშირად აწყობენ საპროტესტო გამოსვლებს, ამიტომ 1 სექტემბერს სწავლა ყოველთვის არ იწყება. თუ ყველაფერი რიგზეა, სკოლა დილის რვა საათზე იხსნება. ყველას ისე აცვია, როგორც მოსწონს, მაგრამ მოსწავლეებისთვის მაისურზე აუცილებელია სკოლის ემბლემის დამაგრება. ისრაელში მასწავლებლებსაც უბრალოდ აცვიათ. მათ უფლება აქვთ დაჭმუჭნული სამოსიც კი ეცვათ. პედაგოგებს ყვავილებს არ ჩუქნიან. პირველ დღეს ყველა სკოლის ეზოში იკრიბება. სასწავლო წლის გახსნას შეკრებილებს სკოლის დირექტორი ამცნობს. რამდენიმე კვირაში კი ქვეყანაში ებრაული ახალი წელი დგება და ბავშვებს ისევ ერთთვიანი არდადეგები ეწყებათ. ასე რომ, 1 სექწტემბერს აქ უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს.

იაპონია

პირველი კლასი – 6-7 წლიდან

სასწავლო წლის დასაწყისი – აპრილი

სასწავლო წლის ბოლო – მარტი

სასწავლო წელი საკურას ყავივლობის დროს იწყება. საკურას ყვავილობა იაპონიაში რაღაც ახლის დაბადებასთან ასოცირდება. ბავშვები 20 ივლისამდე სწავლობენ, შემდეგ არდადეგები ეწყებათ, რომელიც სექტემბრამდე გრძელდება. ერთკვირიანი არადადეგები ზამთარსა და გაზაფხულზეც არის. საგაზაფხულო დასვენების შემდეგ, მოსწავლეები მომდევნო კლასში გადადიან.

იაპონიაში უმცროსი, საშუალო და უფროსი სკოლები ცალკეული ორგანიზაციებია. შესაბამისად, ყველა სკოლა სასწავლო წლის დასრულებას და დაწყებას (თებერვალი-მარტი) თავისებურად აღნიშნავს. ორივე ცერემონია ოფიციალური ხასიათისააა. პროგრამა წინასწარ არის შედგენილი. მოსწავლეები და მშობლები ზეიმის აღსანიშნად სააქტო დარბაზში იკრიბებიან, სადაც მათ მასწავლებლები და სკოლის დირექტორი მიესალმება. დარბაზში ყველა ერთად ეროვნულ და სკოლის ჰიმნებს ასრულებს. როგორც წესი, პირველ სასწავლო დღეს გაკვეთილები იაპონიაში არ ტარდება და მოსწავლეებს სახლში ნაადრევად ითხოვენ.

 

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

0

ძვირფასო მასწავლებლებო, მოსწავლებო, მშობლებო,  ჩვენო მკითხველებო, ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge” და ჟურნალი “მასწავლებელი,” გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და წარმატებას! ვისურვოთ, რომ ახალი სასწავლო წლიდან უფრო მეტად დაეფასებინოთ ჩვენი შრომა, რომელიც ძალიან რთული, მაგრამ საინტერესეო და მნიშვნელოვანია. ვისურვოთ, რომ  გვქონდეს ჩვენი პროფესიული განვითარების სურვილი და შესაძლებლობა და  ვისურვოთ, რომ ჩვენს მოსწავლეებს უფრო მეტად შევაყვაროთ სკოლა და გავუჩინოთ  ცოდნის მიღების სურვილი.

“საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე” ათეული, 17 სექტემბერს გამოცხადდება!

0

ლიტერატურული  კონკურსი ქართველი მწერლებისთვის     “საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე”,   სულ შემოვიდა 72 მოთხრობა, რომელთა ავტორები ჟიურისათვის უცნობი იყო  და მათი   გადაწყვეტილებით საუკეთესო ათეული შერჩეულია!

17 სექტემბერს, ტვ პირველის  გადაცემა “საქმიანი დილის ეთერში”, 11:30 წუთზე,  გამოცხადდება ჟიურის მიერ შერჩეული ათი საუკეთესო  მოთხრობის  ავტორი და მათი მოთხრობები.  ათეული  ასევე გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ “mastsavlebeli.ge”-ზე.

გამარჯვებული ავტორები დაჯილდოვდება 3 ოქტომბერს.

დიფერენცირებული სწავლება როგორც მოსწავლეთა რეალიზაციის ეფექტური საშუალება

0

თანამედროვე სტანდარტები დიდწილადაა მიმართული განათლების ჰუმანიზაციისა და სწავლების ინდივიდუალიზაციისკენ, რომელიც თითოეული მოსწავლის რეალიზაციას უწყობს ხელს. ამ მოთხოვნის შესრულების ეფექტური საშუალებაა სწავლებისადმი დიფერენცირებული მიდგომა. მსგავს მიდგომებს ხშირად ვიყენებთ პრაქტიკაში, მაგალითად, როდესაც ვგეგმავთ გაკვეთილს, ვცდილობთ, ვუპასუხოთ კითხვას: როგორ მოვიქცეთ, რომ მოსწავლემ უბრალოდ კი არ დაიზეპიროს გარკვეული რაოდენობის მასალა, არამედ ისწავლოს იმისდა მიუხედავად, რა საშუალება და როგორი პოტენციალი აქვს. და როდესაც მსგავს გეგმას შევადგენთ, აღმოჩნდება, რომ:

ა) სასწავლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლის პიროვნება (რაც დამახასიათებელია სწავლებაში დიფერენცირებული მიდგომებისთვის);

ბ) სასწავლო პროცესის ორგანიზება აქცენტირებულია ინდივიდუალიზაციასა (რაც წარმოადგენს დიფერენცირებული სწავლების მეთოდურ საფუძველს) და დავალებების დიფერენციაციაზე (გაკვეთილის ჩატარების მეთოდიკაზე).

დიფერენციაცია ნიშნავს დაყოფას, დანაწილებას, მთელის გაყოფას ნაწილებად, ფორმისა და საფეხურების მიხედვით დალაგებას და თითოეულის ცალ-ცალკე შესწავლას. დიფერენცირებული სწავლებისას მასწავლებელი მუშაობს მთელ ჯგუფთან, რომლის თითოეულ წევრსაც სხვადასხვა ხარისხის ცოდნა აქვს, მაგრამ პროცესი მიმართულია „გათანაბრებისკენ“ – დავალებები დახარისხებულია თითოეულის შესაძლებლობის მიხედვით, რაც ერთიანობაში ხელს უწყობს თითოეული მოსწავლის მოტივირებას და შესაძლებლობებისა და ინტერესების მაქსიმალურ გამოვლენას, ერთმანეთით სწავლას და თვითსწავლას.

სწავლებაში დიფერენცირებული მიდგომა პირველად გამოიყენეს XX საუკუნის დამდეგს და ის დაკავშირებულია ჰუმანიტარული ფსიქოლოგიის წარმომადგენლების კ. როჯერსის, ა. მასლოუს, რ. მეის სახელებთან. დიდაქტიკის კუთხით დიფერენცირებული სწავლება თავის თავში მოიცავს განათლების მიზანს, შინაარსს, სწავლა-სწავლების საშუალებათა ორგანიზაციას და საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურობის თითქმის ყველა კრიტერიუმს. ის ეძებს გზას, უკეთესად დააკმაყოფილოს მოზარდის შემეცნებითი ინტერესი, გაუღვივოს და გამოიწვიოს კიდეც ის და მხარდაჭერა გაუწიოს განვითარებისა და პიროვნული ზრდის პროცესში.

დიფერენცირებული მიდგომის ვარიანტებია:

  • მოსწავლეთა დაყოფა ინტელექტუალური განვითარების მიხედვით, მათი მომავალი განვითარებისა და შემდგომი გაერთიანების მიზნით;
  • სრული თავისუფლება სასწავლო მასალის არჩევაში, მის შესწავლაში;
  • თვითშეფასება;
  • ინტეგრირებული სწავლებისა და, საზოგადოდ, საგანთაშორისი კავშირების აქტიური გამოყენება ცოდნის გასაღრმავებლად.

სხვადასხვა სახის დიფერენცირებული მიდგომის გამოყენებისას შედეგებიც სხვადასხვანაირია:

  • სიმძიმის ცენტრი გადატანილია სწავლებიდან მოსწავლეზე, რომელიც დამოუკიდებლად გადაამუშავებს და აითვისებს ინფორმაციას;
  • მასწავლებელი ორიენტირებულია სამუშაოს შინაარსზე;
  • კლასი ობიექტურადაა დაყოფილი მიკროჯგუფებად – მოსწავლე თვითონ ვერ აირჩევს სამიზნე დონეს, რომელიც შეესაბამება მის შესაძლებლობებს და მოთხოვნილებებს;
  • კლასში მეფობს ურთიერთნდობისა და თანხმობის ატმოსფერო, მოსწავლეებს უყვართ ჯგუფური სამუშაო, რომლის დროსაც უვითარდებათ მოთმინების, ჯგუფური მუშაობის, მხარდაჭერის, კომუნიკაციის უნარები.

დიფერენცირებული მიდგომის გამოყენებისას მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსწავლის მოსწრების დონე. ამ მხრივ მოსწავლეები ძირითადად 3 დონედ იყოფიან: სუსტ, საშუალო და ძლიერ მოსწავლეებად. ჩვეულებრივი გაკვეთილი შეიძლება ჩავატაროთ მოსწავლეთა დონეების გათვალისწინებით:

I დონე – ძლიერი მოსწავლეები, რომლებიც დამოუკიდებლად ასრულებენ რთულ სავარჯიშოებს, შეუძლიათ ცოდნის გამოყენება უცნობ სიტუაციაში და აქვთ შემოქმედებითი უნარები, გამოყოფენ საკითხიდან არსებითს, ძირითადს, კანონზომიერს, იღებენ მაღალ შეფასებებს;

II დონე – შედარებით განვითარებული უნარების მქონე მოსწავლეები, რომლებსაც უჭირთ, ერთბაშად აღიქვან საკითხის არსი, გამოყონ კანონზომიერებები; ამისთვის სჭირდებათ გარკვეული დრო, მაგრამ შეუძლიათ დაინახონ ზოგადში კერძო და კერძოში – ზოგადი ელემენტები. სათანადო დახმარების პირობებში ამ ჯგუფის მოსწავლეებს შეუძლიათ, თავი გაართვან I დონის მოთხოვნებსაც;

III დონე – სუსტი, არასაკმარისად მომზადებული მოსწავლეები, ანუ ისინი, რომლებიც დიდ ინტერესს არ ამჟღავნებენ ისტორიის საგნის მიმართ და თითქმის არ გააჩნიათ ისტორიულ მასალასთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. მათ არ შეუძლიათ ისტორიული მასალის აღქმა, წარმოსახვა, გადამუშავება, ემოციური დამოკიდებულების გამომჟღავნება, დამოუკიდებლად ანალიზი და შედარება. ისინი მასალას ითვისებენ მრავალჯერადი განმეორების გზით და ყოველთვის სათანადოდ ვერც ახერხებენ ამას, დავალებების შესრულებას ანდომებენ ბევრ დროს.

რაც შეეხება ჯგუფების შედგენას, დიფერენცირებული მუშაობის დროს ჯგუფები მუდმივი არ არის. ისინი არა მარტო დროთა განმავლობაში, არამედ ერთი გაკვეთილის ფარგლებშიც კი შეიძლება შეიცვალოს.

დიფერენციაციის საშუალებები:

  • დავალების შინაარსი მთელი კლასისთვის ერთნაირია, მაგრამ ძლიერ მოსწავლეებს ნაკლები დრო ეძლევათ მის შესასრულებლად;
  • დავალების შინაარსი ყველასთვის ერთნაირია, მაგრამ ძლიერ მოსწავლეებს გაცილებით დიდი მოცულობის დავალება ეძლევათ, ვიდრე სხვებს;
  • დავალება მთელი კლასისთვის საერთოა, მაგრამ სუსტ მოსწავლეებს ეძლევათ დამხმარე მასალა, რომელიც გაუადვილებთ მუშაობას (საყრდენი სქემები, ცხრილები, ნიმუში და ა.შ. );
  • სხვადასხვა დონის მოსწავლეებს გაკვეთილის ერთ-ერთ ეტაპზე ეძლევათ სხვადასხვა შინაარსისა და სირთულის ამოცანები;
  • მოსწავლეები თვითონ ირჩევენ დავალების ვარიანტს;
  • მასწავლებელი ხშირად მიმართავს მასალის განმტკიცებას.

დიფერენციაციის დროს მიმდინარე, თემატური და შემაჯამებელი დავალებები სხვადასხვა დონისაა და განსხვავებულია უნარ-ჩვევების კუთხითაც. მაგალითად:

  • დამოუკიდებელი მუშაობის დროს დიფერენცირებული დავალებები მიმართულია ცოდნის გამჭვირვალობისკენ, მოქნილობისკენ, კონკრეტულობისკენ, გაცნობიერებისკენ. მათი შესრულებისთვის გამოიყოფა 10-15 წუთი.
  • სხვადასხვა დონის დავალებების დროს მოსწავლეებს ურიგდებათ განსხვავებული ფერის ბარათები სხვადასხვა დავალებით: მწვანე – I დონე, ლურჯი – II დონე, წითელი – III დონე. დავალებების რაოდენობა დამოკიდებულია შესასწავლ საგანზე, თემის სირთულეზე, მოსწავლეთა ინდივიდუალურ თვისებებსა და დამოუკიდებელი მუშაობისთვის გამოყოფილ დროზე.

საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეს შეუძლია შეცვალოს დავალება ან ხელახლა შეასრულოს იმავე დონის სხვა დავალება. შეფასება დამოკიდებულია დავალების სირთულეზე: I დონე – 5/6 ქულა; II დონე – 7/8 ქულა; III დონე – 9/10 ქულა; მოსწავლეთა თვითშეფასებაში კი გამოჩნდება, რამდენად სწორად იქნა შერჩეული დონე.

დიფერენცირებულ დავალებებს შორის გვხვდება ადაპტირებული (შედარებით ადვილი) დავალებებიც, რომლებიც:

  • შეიცავს დავალების შინაარსს, ალგორითმს და მის მიხედვით შესრულებულ ნიმუშს;
  • დავალებას, რომელიც უნდა შესრულდეს წყვილში;
  • სხვადასხვა დონის დახურული ტიპის ტესტურ დავალებებს – მოსწავლებს სთავაზობენ 10-15 ტესტს, რომელთაგან თითოეულის შესასრულებლად დასჭირდება 7-10 წუთი.

 

განვიხილოთ გაკვეთილის ფრაგმენტი დიფერენცირებული დავალებებით. გაკვეთილის თემა – „საღვთო რომის იმპერია კარლ V-ის დროს“

დრო – 15 წუთი

დაახლოებით 5/6-ქულიანი დავალება:

  • დაასახელეთ კონკრეტული რეფორმები, რომლებიც გატარდა კარლ V-ის ეპოქაში;
  • რას გეუბნებათ სახელები: ა) მ. ლუთერი? ბ) ფილიპე II?
  • როგორი იყო კარლ V-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგები?

დაახლოებით 7/8-ქულიანი დავალება:

  • რას წარმოადგენდა „95 თეზისი“? ვინ იყო მისი ავტორი?
  • დაახასიათეთ, როგორ გაიყო ჰაბსბურგთა იმპერია ორ შტოდ.

დაახლოებით 9/10-ქულიანი დავალება:

  • რატომ თქვა უარი კარლ V-მ ნიდერლანდის სამეფოსა და ესპანეთზე და არა გერმანიაზე?
  • რატომ დათანხმდა კარლ V 1555 წლის აუგსბურგის რელიგიურ ზავზე და არ გააგრძელა ბრძოლა რეფორმაციის წინააღმდეგ? მიაღწია თუ არა ამით მიზანს?

ადაპტირებული დავალებები:

  • მოამზადეთ პატარა დავალებები მოცემულ თემაზე (სუსტი მოსწავლისთვის);
  • დაწერეთ ესე მოცემულ თემაზე (დავალება ყველასათვის);
  • პრეზენტაციის მომზადება გაკვეთილის თემის მიხედვით და პრეზენტირება კლასის წინაშე;
  • კროსვორდის მომზადება (ყველა მოსწავლისთვის, მათ შორის – პასიური მოსწავლეებისთვისაც);
  • პორტრეტ-ამოცანის მომზადება (დავალება ყველასათვის).

ჩათვლა თემაზე – „ტიუდორები“: ყველა დავალება იყოფა ორ ნაწილად -სავალდებულოდ 5/6 ქულაზე და დამატებით დავალებად 9/10 ქულაზე.

სავალდებულო ნაწილი: იმისთვის, რომ მოსწავლემ მიიღოს შეფასება 5/6, უნდა შეასრულოს არა უმეტეს 7 დავალებისა მიმდინარე თემის შესახებ:

  • მიუთითეთ, რა სახელწოდებით შევიდა ეკლესიის ისტორიაში ჰენრი VIII.
  • გააგრძელეთ ფრაზა: „პირველი მმართველი ტიუდორების დინასტიიდან, რომლის მეფობის პერიოდიც ყველაზე მშვიდ ეპოქად შევიდა ინგლისის ისტორიაში, იყო…“ (ჰენრი VII);
  • რა უფრო ადრე მოხდა: რეფორმაცია თუ ანგლიკანური ეკლესიის დაფუძნება? (რეფორმაცია)
  • მიუთითეთ, რა ტერმინით აღინიშნება საეკლესიო და სამონასტრო საკუთრების გადაქცევა სახელმწიფო საკუთრებად. (სეკულარიზაცია)
  • ინგლისის დედოფალი, რომლის სახელიც დაკავშირებულია „ინგლისის ოქროს ხანასთან“ (ელისაბედ I);
  • რას წარმოდგენდა „უძლეველი არმადა“? (ესპანეთის სახელგანთქმული ფლოტი, რომელიც ინგლისმა გაანადგურა)
  • რა კავშირი აქვს ფილიპე II-ს ინგლისთან? (თავისი დაუფიქრებელი პოლიტიკით ხელი შეუწყო ინგლისის დაწინაურებას)
  • როგორ აღმოჩნდნენ ინგლისის ტახტზე სტიუარტები?
  • ვის სახელს უკავშირდება „ინგლისური პროტესტანტიზმი?“ (ელისაბედ I)
  • ვინ დააარსა ინგლისში „ვარსკვლავიანი პალატა“ – საგანგებო სასამართლო?

ა) ჰენრი VII-მ

ბ) ჰენრი VIII-მ

გ) ელისაბედ I-მა

დ) ედუარდ VI-მ (სწორი პასუხი: ჰენრი VII)

ადაპტირებული დავალებები (ყველა სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით):

  • რა კავშირი აქვთ ლანკასტერებსა და იორკებს ტიუდორების გამეფებასთან?
  • რატომ უწოდეს კათოლიკე მერის ინგლისელებმა „სისხლიანი მერი“?
  • რამ შეუწყო ხელი ამერიკის კონტინენტზე ინგლისის კოლონიების გაჩენას?

დიფერენცირებული სწავლების უპირატესობები: ადვილად დაიძლევა სიძნელეები; კლასში არც ერთი მოსწავლე არ არის ჩამორჩენილი; ყველა ჩართულია სამუშაოში; აქტიურად ფორმირდება პიროვნული თვისებები; იზრდება დამოუკიდებლობა, შრომისმოყვარეობა, თავდაჯერება, შემოქმედებითობა, მოტივაცია, შემეცნებითი ინტერესი; აქტიურად მიმდინარეობს მასალის შინაარსის გადამუშავება; მეთოდი უზრუნველყოფილია დიდაქტიკის კუთხითაც; მოსწავლეები წინასწარ ემზადებიან ამგვარი სამუშაოსთვის; ექვემდებარება მონიტორინგს.

 

 

მასწავლებლის ხმა: სკოლის გადასარჩენად

0

1987 წელს, დიდთოვლობის გამო, ნახევარი სოფელი ჭუბერიდან დმანისში  გადასახლებულა. მალე მინისტრს ბრძანება გამოუცია, იმ სკოლებში, სადაც კადრების ნაკლებობაა, მეხუთეკურსელები გაუშვითო. ამ დროს ნატო სუბარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.   ზემოაღნიშნული პროცესები ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდს დაემთხვა. აღმოჩნდა, რომ ჭუბერის სკოლას ქართულის მასწავლებელი არ ჰყავს… რა უნდა ექნა?! ბავშვობის სკოლის გადასარჩენად ბრძოლა სწორედ მაშინ, 1989 წლის ოქტომბერში დაიწყო.

,,შინაგანად ორი წლით წავედი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. დიდი სკოლაა, სამსართულიანი, 250-300 ბავშვზეა გათვლილი, მაგრამ ზემოაღნიშნული გადასახლების შემდეგ 160 მოსწავლეზე მეტი აღარ მიგვიღია. მასწავლებლად დაბრუნებულს 103 ბავშვი დამხვდა. ადრე მიმდებარე სოფლების სკოლებიდანაც გადმოდიოდნენ, ჭუბერის სკოლას ამთავრებდნენ, მაღალ საფეხურზე პარალელური კლასებიც იხსნებოდა. დღეს კი აქ მხოლოდ 93 მოსწავლე და 18 მასწავლებელია.“

ბავშვობის სკოლაში დაბრუნებულს მისი მშობლების ყოფილ მასწავლებლებთან ერთად უნდა ემუშავა. ,,პატარები“ სულ ოთხნი იყვნენ. მისი გამასწავლებლება, როგორც თავად აღნიშნავს, ცვლილებების ეპოქას, ,,სოციალიზმიდან რაღაც სხვაში გადასვლას“ დაემთხვა. ამბობს, რომ ადვილი არ იყო. გზამ დირექტორის კაბინეტამდე სულ რაღაც შვიდ წელიწადში მიიყვანა და სკოლას 1996 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს.

,,ამბობენ, რომ ჭუბერის სკოლა 1912 წელს დაწყებითი სკოლის სახით გახსნილა, ისტორიულ დოკუმენტებშიც ასეა მითითებული. მალე მას შვიდწლედი მოჰყვა, 1957 წლიდან კი საშუალო სკოლის სახით დაიწყო ფუნქციონირება. ხარისხით ყოველთვის კარგი სკოლა იყო, განათლებისკენ მიმართული.“

ჭუბერის თემს 11 სოფელი ექვემდებარება და მათგან მხოლოდ ორი არ სარგებლობს ჭუბერის სკოლით. ამ სოფლების უმეტესობა სკოლისაკენ მიმავალ გრძელ და რთულ გზას ფეხით გადიოდა. რამდენიმე წლის წინ კი ტრანსპორტირების პრობლემა გადაიჭრა და მას შემდეგ პირველ გაკვეთილს ,,შორიდან მოსული მოსწავლეებიც“ ესწრებიან.

,,თემის ყველაზე მაღალი სოფელი (ზემო მარღი) მაღალ ტერასაზეა გაშენებული, სკოლიდან ექვს-შვიდ კილომეტრზე. ტრანსპორტირების პრობლემის მოგვარებამ ეს სოფელიც ჩამოიყვანა სკოლაში. მაღალმთიანი რეგიონის სოფლებისთვის ტრანსპორტის არსებობა სერიოზული საშველია!..“

უსაფრთხოდ გადაადგილება მთაში ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხია. თუმცა ნატო მასწავლებელი აღნიშნავს, რომ ამ ფუფუნებას ერთი ხარვეზი მაინც აქვს, ე.წ. კლასგარეშე აქტივობებისთვის მოსწავლეთა გაკვეთილების შემდეგ სკოლაში დატოვება ჭირს. მართალია, ჭუბერის სკოლა მრავალფეროვანი კლუბებით არაა განებივრებული, მაგრამ რამდენიმე მიმართულებით მუშაობა მაინც ხერხდება. სკოლის ფრენბურთის კლუბი წელს საქართველოს ჩემპიონი გამხდარა. მუსიკის მოყვარულებს ხალხურ სიმღერებს ასწავლიან. ხელოვნების მასწავლებლის ხელმძღვანელობით კი,  ახალბედა კალიგრაფები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფინალს ყოველწლიურად სტუმრობენ.

მოსწავლის უსაფრთხოდ გადაადგილებასთან ერთად, დირექტორს ელემენტარული სამუშაო პირობების შექმნაც ევალება.  სვანეთში ზამთარი ძალიან ადრე დგება და გათბობის საკითხი ოქტომბრამდე უნდა მოაგვაროს.

ქ-ნი ნატო კადრების პრობლემაზეც საუბრობს. ამბობს, რომ მისმა სკოლამ ბევრჯერ ისარგებლა იმ სიკეთით, რომელსაც პროგრამა ,,ასწავლე საქართველოსთვის“ ჰქვია. ნაწილობრივ მოგვარდა კიდეც უცხო ენისა და მათემატიკის პრობლემა. ამ პროცესს ხანდახან სხვადასხვა ხელის შემშლელი ფაქტორი (კლიმატთან, თემთან, საცხოვრებელ ადგილთან შეგუება და სხვ.) აფერხებდა, მაგრამ სკოლას ამ მხრივაც გაუმართლა  და თემიც ნელ-ნელა ენდო ,,უცხოებს“. სამწუხაროდ, ასეთი პროექტები ადრე თუ გვიან მთავრდება, მოწვეული მასწავლებლები მიდიან და სოფლის სკოლაში ისევ კვალიფიციური კადრის პრობლემა ჩნდება.

როგორ განმარტავდით ფრაზას ,,კარგი მასწავლებელი“?

,,მასწავლებელი პროფესიონალი, თავისი საქმის ერთგული, მოსიყვარულე და სამართლიანი უნდა იყოს. სკოლა და ბავშვი უნდა უყვარდეს, ცოტათი გიჟიც უნდა იყოს თავის მიმართულებაში… მოკლედ, ბევრი რამაა ერთად აღებული. იცით რა, მასწავლებელზე ამბიციური ადამიანი მგონი არ არსებობს. რატომ? მას სხვისი შვილის, სახელმწიფოსთვის მოქალაქის გაზრდის პრეტენზია აქვს. ამაზე დიდი პასუხისმგებლობა მე არ ვიცი.“

საგაკვეთილო პროცესს დღემდე არ ჩამოშორებია. ამბობს, რომ ის, პირველ რიგში, მასწავლებელია, საკლასო ოთახიდან მართავს სკოლას და არა – კაბინეტიდან. როგორც დირექტორი, თავის მოვალეობად მიიჩნევს, რომ მასწავლებელს ჯანსაღი სამუშაო გარემო შეუქმნას და საგანმანათლებლო პროცესებშიც მათთან ერთად ჩაებას.

,,მას შემდეგ, რაც რეფორმის პირველი ნაბიჯები გადაიდგა, ჩვენი მოსწავლეების შედეგები საატესტატო და ეროვნულ გამოცდებზე საკმაოდ მაღალი იყო. ხშირად გვეკითხებოდნენ, როგორ ვახერხებდით მაღალმთიანი რეგიონის პირობებში ასეთი შედეგის მიღებას. რა უნდა მეთქვა, ცოტათი გიჟები ვართ-მეთქი, ვპასუხობდი.“

სკოლაში დღემდე არიან შემორჩენილი ის პედაგოგები, ვინც სკოლა უმძიმეს წლებში არ მიატოვეს და უკეთესი ხელფასისთვის ჯიხურში სავაჭროდ არ დასხდნენ. ქ-ნი ნატო აღნიშნავს, რომ ამის დავიწყება არ შეიძლება, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს თაობა სასწავლო პროცესისადმი გულგრილი გახდა. ნატო მასწავლებლის აზრით, თაობათა ცვლა სკოლაში აუცილებელი რამაა, ერთადერთ გამოსავლად კი ამ ეტაპზე ღირსეული კომპენსაციის/პენსიის დანიშვნას ასახელებს.

,,სწავლების ხარისხი იკლებს, შენ კი ადამიანურ ჭიდილში ხარ… ხშირად გიწევს ახალმოსულის დაცვა. არადა, ბავშვებს ძალიან სჭირდებათ თანამედროვე უნარ-ჩვევებით დაჯილდოვებული მასწავლებელი, რომელიც სწავლას გაუადვილებს, საერთო ინტერესი ექნებათ და ა.შ. შეიძლება იგივე შეძლოს ხანდაზმულმა პედაგოგმა, რომელსაც სიახლეების დიდი მიმღებლობა აქვს, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევაა.“

მასწავლებლისთვის ხელის შეწყობა პროფესიული განვითარების პროცესში დახმარებასაც გულისხმობს. დირექტორიც და მისი გუნდიც პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებულ პროცესებში აქტიურად ერთვებოდა. ქ-ნი ნატო იხსენებს, რომ რეფორმის დაწყებიდან პირველი სამი წლის განმავლობაში (2006-2008 წწ.) საგნობრივ ტრენინგებს ესწრებოდნენ და აქვე მათი ენთუზიაზმის გამომწვევ მთავარ მიზეზსაც გვიმხელს. აფხაზეთის ომის შემდეგ ჭუბერის სკოლას დევნილები შეუფარებია. 1993 წლის გრძელ და ცივ ზამთარს შეეწირა სკოლის ბიბლიოთეკა, კარ-ფანჯარა, ავეჯი, ღობე… ყველაფერი, რისი დაწვაც შეიძლებოდა. გადარჩა მხოლოდ ფანჯრებზე ცელოფანაკრული სკოლის კედლები. ოღონდ სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩაესვათ და სამი წლის განმავლობაში უქმეებზე ზუგდიდში დანიშნულ ეროვნული სასწავლო გეგმის პილოტირების საგნობრივ ტრენინგებს ჭუბერის სკოლის ყველა პედაგოგი ესწრებოდა.

,,მაშინ გადაადგილებაც ჭირდა და დაბინავებაც, ტრენსპორტის შოვნა, შეთანხმება, ჩასვლა, დარჩენა… ერთადერთი, რაც გვამხნევებდა და გვაძლებინებდა, იყო სკოლის სრული რეაბილიტაცია. თუმცა იმედი გაგვიცრუვდა, რადგან დაბის სკოლის გარემონტება უფრო პრიორიტეტულად მიიჩნიეს, ჩვენ კი ნაწილობრივი რეაბილიტაციით (ფასადი, გადახურვა, ფანჯრების გამოცვლა) დავკმაყოფილდით. ასე ჩაგვეფუშა დიადი გეგმა.“

რაც შეეხება მასწავლებლის გამოცდებს, ნატო მასწავლებელმა აქაც პირველივე წელს სცადა ბედი.  გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე (მანამდე სკოლამ არ ,,გაუშვა“), საგამოცდო წიგნებით და მომავლის იმედით სავსე ჩანთით ხელში კოლეგასთან ერთად ეწვია დედაქალაქს.

,,მახსოვს, ისეთი სიცხე იყო, ზეწარს იატაკზე ვიფენდით სიგრილის მოსანახად და ერთმანეთს საგამოცდო საკითხებს ვუკითხავდით. ძალიან გვინდოდა ბარიერის გადალახვა, მერე სხვებსაც რომ მოენდომებინათ.“

დღემდე ასე მოდის, ცდილობს კარგი მაგალითი იყოს. სრული რეაბილიტაციის იმედს არ კარგავს, მაგრამ მანამდე სამუშაო გარემოს კეთილმოწყობას საკუთარი ძალებით ცდილობს. ამას წინათ ბიბლიოთეკა წიგნებით გაუმდიდრებია და სამკითხველო ოთახი და კომპიუტერების სივრცე ახლადგარემონტებულ კაბინეტში გადაუტანია. დირექტორის თქმით, ეს ოთახი ბავშვებისა და მასწავლებლების საყვარელი სამუშაო კუთხეა, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს შეხედულებას, რომ კეთილმოწყობილი გარემო ხარისხიანი სწავლა-სწავლების აუცილებელი წინაპირობაა.

გაიხსენეთ ერთი მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეობის წლებში თავი დაგამახსოვრათ:

,,პირველი, ვინც თავში მომდის, ჩემი გეოგრაფიის მასწავლებელია. ის ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ საგანი შეგყვარებოდა და მერე შენ თვითონ სწავლობდი. კლასის მართვისთვის თავის შეწუხება არ სჭირდებოდა. იმდენად საინტერესო იყო მისი გაკვეთილები, გაკვეთილის ჩაშლა აზრად არავის მოსვლია. ვიქტორინებს ატარებდა ისეთს, კარგად დაგეგმილს, კლასგარეშეს, ამ ღონისძიებისთვის სკოლის დიდ-პატარა ერთნაირად ემზადებოდა. ვიქტორინაში გამარჯვებულებს კი ექსკურსიით აჯილდოვებდა. ამ ე.წ. პრიზის მთავარი ხიბლი ის იყო, რომ პატარები დიდებთან ერთად მიდიოდნენ, რაც ძალიან საამაყო ამბავი იყო (ისეთი შედეგი აჩვენე, დიდებთან ერთად გამოგარჩიეს). დიდები კი საკუთარი შესაძლებლობების გაზომვის, თავის დამკვიდრებისა და თანატოლებთან კომუნიკაციის კიდევ ერთი შესაძლებლობით იხიბლებოდნენ. ჩემს თაობაში ექსკურსიები დიდად არ იყო მიღებული, რაღაც პერიოდში აკრძალულიც გახლდათ და ეს ფაქტორი უფრო დასაფასებელს ხდის ჩემი მასწავლებლის გამბედაობას, იმ ძალისხმევასთან ერთად, რასაც ის სწავლების პროცესში დებდა.“

ქ-ნი ნატოს აზრით, სოფლისა და ქალაქის სკოლებში ერთნაირად მაღალი ხარისხის სასწავლო პროცესის  წარმართვას ,,საქმისთვის მოცლილი“, კვალიფიციური კადრები სჭირდება. როგორც წესი, სოფლის სკოლის მასწავლებელს ხან კარტოფილის მოსავლის ასაღებად ეჩქარება, ხან საქონლის მისახედად. ქალაქში დამატებითი გაკვეთილებია მასწავლებლის ბოსტანიც და ყანაც. მასწავლებელს კი საკუთარ თავზე სამუშაოდ, სკოლის ასაყვავებლად, წიგნთან დასაჯდომად უნდა ეცალოს.

,,ყოველწლიურად ჩვენი სკოლის მეთორმეტეკლასელების დაახლოებით 80% სტუდენტი ხდება. მათი უმრავლესობა 50-70 პროცენტიანი გრანტის მოპოვებასაც ახერხებს და ეს ყველაფერი დამატებითი მეცადინეობების გარეშე! სოფელში რეპეტიტორის ინსტიტუტი ფიზიკურად არ არსებობს და ზემოაღნიშნული შედეგები მთლიანად საგაკვეთილო პროცესის დამსახურებაა. პირადად მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ბავშვების კერძოდ მომზადებას. ჩემი აზრით, თუ ერთი პრეცენდენტი მაინც დავუშვი, ეს ტენდენცია მაშინვე მოდური გახდება და სკოლა გაპარტახდება. “

და ბოლოს, რას ურჩევდით მასწავლებელს?

,,ძალიან ღია, მაღალი მიმღებლობის უნდა იყო და მზად – სიმართლის სათქმელად, გამჭვირვალობას რასაც ეძახიან. კითხვა როცა დაისმება, იქ თუ გულახდილად არ უპასუხე მოსწავლესაც და კოლეგასაც, ურთიერთობაში რაღაც ტყდება, ცუდი რაღაცეები იწყება.“

ვახტანგ ჯავახაძე: პირველი წიგნი პასპორტივითაა

0

ვახტანგ ჯავახაძესთან – ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პოეტთან – აგვისტოს ცხელ დღეს სტუმრობა დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული ამბავი იყო. ჯერ ჩემთვის, სხვისთვის გაუმხელად. ვოცნებობდი „ელეგიისა“ და „უცნობის“ ავტორთან პირადად შეხვედრაზე, ყველა იმ კითხვის დასმაზე, რაც ყოველდღიურად მიტრიალებდა გონებაში. მას შემდეგ კი, რაც პროექტი „პირველი წიგნი“ დავიწყეთ, ერთ-ერთი მთავარი და სასურველი ადრესატი ჩემთვის სწორედ ვახტანგ ჯავახაძე იყო. საბურთალოზე, ყაზბეგისა და ასათიანის ქუჩების კუთხის ერთ მყუდრო ბინაში ჩვენი საუბარიც პირველი წიგნის გახსენებით დაიწყო:

ზოგადად, თავისი პირველი წიგნით ავტორთა უმეტესობა უკმაყოფილოა. მაგალითად, გალაკტიონ ტაბიძის პირველი და მეორე წიგნები, როგორც ცა და მიწა, ისე განსხვავდება ერთმანეთისგან. გალაკტიონმა პირველი წიგნი გამოსცა 1914 წელს – ეს იყო ჩვეულებრივი ლექსების კრებული, აკაკი წერეთლის გავლენით დაწერილი; აკაკი მაშინ უპირობო ავტორიტეტად იყო მიჩნეული პოეზიაში. ხუთი წლის შემდეგ გალაკტიონმა გამოსცა ისეთი წიგნი, რომელმაც, თვითონ როგორც ამბობს, ყალყზე დააყენა პოეზია და შექმნა ახალი პოეტური სამყარო. ეს, რა თქმა უნდა, გამონაკლისია და ასეთი შემთხვევა ქართულ ლიტერატურაში მანამდე არ ყოფილა; მწერლების უმეტესობისგან მსმენია, რომ ბევრს არ მოსწონს თავისი პირველი წიგნი, რადგან როცა პოეტი იბეჭდება პრესაში, უჩნდება სურვილი, რაც შეიძლება მალე გამოსცეს წიგნი და ეტყობა, სულმოკლეობა სძლევს. მაგალითად, ვიცი, რომ ბორის პასტერნაკს არ მოსწონდა თავისი პირველი წიგნი, თუმცა შემდგომ, იმ პირველ წიგნში დაბეჭდილი ლექსები შეიტანა მომდევნო გამოცემებში, მაგრამ თითქმის ყველა ჩაასწორა, როგორც ჩანს, რაღაცები არ მოეწონა. რაც შეეხება ჩემს პირველ წიგნს – „საყვარელი ქარები“ – გამოიცა 1959 წელს მურმან ლებანიძის რედაქტორობით. მურმანი ჩემი მეგობარი იყო. ამ წიგნში, ახლა გულდასმით გადავამოწმე, 51 ლექსია თავმოყრილი. შემდეგ დაიბეჭდა მეორე წიგნი, მესამე… შვიდი წლის შემდეგ კი, 1966 წელს შევკრიბე და რჩეულივით გამოვეცი მცირე ზომის კრებული, სადაც ამ პირველი წიგნიდან მხოლოდ 20 ლექსი ამოვარჩიე. მაშასადამე, ნახევარზე მეტი არ მომეწონა. გამოდის, რომ ჩემი წიგნის ნახევარი არ მომწონს.

სხვათა შორის, ლექსად დაწერილი მაქვს სწორედ ასეთი რჩევა ახალგაზრდა პოეტებისა და მწერლებისათვის: როდესაც დაგიგროვდებათ ლექსები, თუნდაც – 50, მოამზადეთ ეს წიგნი ტექნიკურად, დაალაგეთ, ააწყვეთ, ოღონდ გამოცემის წინ თავი შეიკავეთ, არ დაბეჭდოთ. ამის შემდეგ, თუ კიდევ გააგრძელებთ ლექსის წერას და კვლავაც დაგიგროვდებათ 50 ლექსი, აი, ის ლექსები, ანუ მეორე წიგნი გამოეცით, როგორც პირველი კრებული. თუმცა აქაც არის გამონაკლისები. მაგალითად, არიან პოეტები, რომლებიც თავიანთი საუკეთესო ლექსებით იწყებენ შემოქმედებით ასპარეზზე გამოსვლას – ეს ჩემი რჩევა არ გამოდგებოდა მუხრან მაჭავარიანის შემთხვევაში… ანა კალანდაძემაც თავისი საუკეთესო ლექსებით დაიწყო… მაგრამ ხომ არის პოეტების უმრავლესობა, რომელთათვისაც, ვფიქრობ, ჩემი რჩევა ანგარიშგასაწევი და სასარგებლო უნდა იყოს. მისი წერის პროცესში, ეტყობა, ჩემი მდგომარეობაც გავითვალისწინე.

– სულ პირველი ლექსი და თქვენი ასოციაციები ქუთაისისადმი.

პატარა ქვეყნის შვილები ვართ და ჩვენი კუთხეები ძალიან უნდა გვიყვარდეს. ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე, ბევრი ლექსი მაქვს დაწერილი ქუთაისზე. ერთ-ერთი ძალიან მიყვარს და ხშირად ვკითხულობ: „სადაც შემხვდება ქუთაისის მატარებელი“. ხშირად ქუთაისურ სიზმრებს ვნახულობ, მაგრამ იშვიათად ჩავდივარ. ბოლოს ვიყავი 2012 წელს. მერე ვეღარ მომიხერხდა. ვიყავი იმ ადგილას, სადაც ჩვენი ძველი სახლი იდგა, რომელიც გავყიდეთ და თბილისში გადმოვედით. ბოლო ჩასვლისას იმ ოჯახში მივედი, ჩვენს კარმიდამოში რომ სახლობენ. ძალიან თბილად მიმიღეს, ფოტოები გადავიღე იქ. ყოველი დათვალიერებისას თითქოს ჩემს ქუჩაზე, ჩემს სახლში ვხვდები. ასეთი განცდა მაქვს ქუთაისისადმი. სკოლა რომ დავამთავრე 1951 წელს – ცნობილი ქუთაისის პირველი ვაჟთა სკოლა, სადაც აკაკი წერეთელი, მაიაკოვსკი და სხვა გამოჩენილი ადამიანები სწავლობდნენ – 10 წლის თავზე შევიკრიბეთ სკოლადამთავრებულები და აღვნიშნეთ ეს თარიღი. 15 წლის შემდეგაც აღვნიშნეთ და როგორც ჩანს, მერე უკვე დავბერდით, ასაკში შევედით და აღარ დაგვიჭერია საამისო თადარიგი. ჩემი სკოლის მეგობრები, სამწუხაროდ, ბევრი აღარ არის ცოცხალი.

– უნივერსიტეტში, როგორც ვიცით, თქვენი ჯგუფელები იყვნენ ოთარ ჭილაძე, ტარიელ ჭანტურია, გივი გეგეჭკორი, ჯანსუღ ჩარკვიანი, თამაზ ბიბილური და მრავალი სხვა თვალსაჩინო მწერალი, რომლებზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ შექმნეს თაობა, რასაკვირველია, თქვენთან ერთად. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ თაობაზე, რა გავლენა იქონია თქვენზე მათთან ურთიერთობამ და შემდეგ უკვე ქართულ ლიტერატურაში მათ როლზეც რომ თქვათ ორიოდე სიტყვით.

– სტალინის სიკვდილის შემდეგ, ცოტა დათბა სიტუაცია. სწორედ ამ დროს გავხდით ჩვენ სტუდენტები. უნივერსიტეტში გაიხსნა ჟურნალისტიკის განყოფილება ფილოლოგიის ფაკულტეტთან და ისეთი აზრი შეიქმნა, თითქოს ეს იყო პოეტების სასწავლებელი. იმიტომ რომ ვინც კი ახალგაზრდა პოეტი იყო, ყველას სურდა აქ მოხვედრა. თუმცა ჩვენ აქ არც ჟურნალისტიკა გვისწავლია და არც სხვა რამე, იმიტომ რომ ახალი დარგი იყო და სპეციალისტები არ ჰყავდათ. მე მედალი მქონდა, მისაღები გამოცდების გარეშე ჩავირიცხე. მედალოსნები მრავლად იყვნენ. ასე რომ, ერთ ჯგუფში რომ მოვიყარეთ თავი – ტარიელ ჭანტურია, გივი გეგეჭკორი, ოთარ ჭილაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, ზაურ ბოლქვაძე, თამაზ ბიბილური, ფილიპე ბერიძე, რეზო ინანიშვილი… შემთხვევითაც მოხდა, და სწორედაც ახალი მდგომარეობა შეიქმნა – მეტი თავისუფლება აზროვნებაში. ჩვენ 60-იანელებს გვეძახიან, გვეძახიან „ცისკრელებსაც“. იმიტომ რომ „ცისკარი“ გამოვიდა 1957 წელს და რაკი მეტი თავისუფლება მოგვეცა, და ამავე დროს ნიჭიერი თაობაც იყო, ჩვენ რაღაც სიახლე შემოვიტანეთ – თავისუფალი აზროვნება ფორმის მხრივ, ძიებები… და ბოლომდე გამოვყევით და მოვედით დღემდე. ჩვენ ერთმანეთზე ვახდენდით გავლენას, და საერთოდ კი, ყველამ გალაკტიონის სკოლა გავიარეთ. გალაკტიონს მოვესწარით, მე პირადად ვიცნობდი გალაკტიონს… ამგვარმა თავისუფლებამ, სხვათა შორის, არამარტო მწერლობაზე, არამედ მხატვრობაზეც მოახდინა გავლენა. მხატვრობაშიც უნიჭიერესი თაობა გამოვლინდა. მათთან უაღრესად მეგობრული და კოლეგიური ურთიერთობა გვქონდა.

– რამ მოგცათ ბიძგი, შეგეკრიბათ თქვენი ლექსები და პირველი წიგნით წარმდგარიყავით მკითხველის წინაშე?

 – ახალგაზრდა პოეტისთვის პუბლიკაცია, გამოქვეყნება არის ძალიან დიდი სიხარული. იმ პერიოდში გამოდიოდა ბევრი ჟურნალი, სადაც ქვეყნდებოდა ხოლმე ახალგაზრდა ავტორების ნაწარმოებები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჟურნალ „ცისკრის“ გამოსვლა ჩვენთვის დიდი მხარდაჭერა იყო, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ განახლებული „ცისკრის“ რედაქტორი ვახტანგ ჭელიძე ძირითადად ახალგაზრდა ავტორებს ბეჭდავდა. ამ რედაქციის კარი ჩვენთვის ღია იყო, ვიბეჭდებოდით დაუბრკოლებლად. პოეტს ან პროზაიკოსს როცა ტექსტები დაუგროვდება, იწყებს ოცნებას წიგნზე და მეც გამიჩნდა ასეთი ოცნება და რადგან მომეცა საშუალება, გამომეცა წიგნი, თავი ვერ შევიკავე. თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, ჯობდა დამეხანებინა და მეორე წიგნამდე დამეცადა. დებიუტანტისთვის პირველი წიგნი პასპორტივითაა, როცა დაინახავს, ჰგონია, რომ ნამდვილი პოეტია. თუმცა ყოველთვის ასე არ არის, აკი მოგახსენეთ.

საბჭოთა პერიოდში თქვენ და მურმან ლებანიძე ყველასათვის ცნობილი იყავით, როგორც პოეტი-გამომცემლები. შეგიძლიათ მოგვიყვეთ იმ ეპოქაში მუშაობის სპეციფიკასა და ზოგადად, ორი მეგობარი პოეტის ურთიერთობაზე?

– ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობდით. მურმანმა ჩემი ქალიშვილი, ირინა მონათლა. ის არამარტო კარგი პოეტი, უაღრესად გულისხმიერი, აქტიური პიროვნება იყო, ემეგობრებოდა და ეხმარებოდა ახალგაზრდებს. ასევე, ცნობილი ფაქტია, რომ იყო შესანიშნავი გამომცემელი. სტამბა ძალიან კარგად იცოდა, ის მუშაობდა ჟურნალ „დილას“ რედაქციაში და თვითონვე აწყობდა მასალებს. ამიტომ ტექნიკურად რომ დააკვირდეთ მურმან ლებანიძის პოეტურ კრებულებს თუ რჩეულებს, ყველაზე კარგად და ლამაზადაა გამოცემული, მართლაც, სანიმუშო წიგნებია. როცა გამომცემლობაში ვმუშაობდი, მურმანის წიგნები მიგვქონდა გამოფენებზე და პრემიებს ვიღებდით. გარდა ამისა, მურმანი სიმართლის მთქმელი პიროვნება იყო, ძალიან აქტიურობდა მწერალთა კავშირში. საგამომცემლო გამჭრიახობის უნარი ჰქონდა. უთქვამს ჩემთვის იმ ლექსებზე, რომლებსაც არ უბეჭდავდნენ. ბევრი ლექსი ჰქონდა ასეთი… მაგრამ წიგნს რომ გამოსცემდა ხოლმე, იმ „უარყოფილ“ ლექსებს ისე ამოაფარებდა ახლებს, ცენზორს თვალს უხვევდა და ასე მოხერხებულ-ეშმაკურად გაახმაურებდა სიმართლეს. მურმანი ის პიროვნებაა, რომელმაც ცენზორ ქალს, მაროს ლექსი მიუძღვნა. ახლობლობდა კიდეც ამ ცენზორთან, მაგრამ მისი მოვალეობა ახლობლობას არ სცნობდა… მურმანმა სანიმუშოდ შეადგინა გალაკტიონის რჩეული ლექსები, გამოსცა მისივე მოთხრობების კრებული. კიდევ ხაზგასასმელია მურმან ლებანიძის განსაკუთრებული ყურადღება ანა კალანდაძისადმი, მათი მეგობრობა. ანას წიგნები, რომლებიც მოგვიანებით გამოვიდა, სულ მურმანის ძალისხმევით იბეჭდებოდა. თვითონ იყო რედაქტორი და სტამბაშიც ბოლობდე პატრონობდა.

როგორც ცნობილია, თქვენი და გალაკტიონის ურთიერთობა დაიწყო მაშინ, როდესაც თქვენ გახდით მის სიცოცხლეში უკანასკნელად გამოცემული წიგნის რედაქტორი. გარდა ამ ურთიერთობისა, 35 წელია იკვლევთ მის ცხოვრებას, ბიოგრაფიას. როგორი იყო გალაკტიონი სინამდვილეში? არიან თუ არა მის შემდგომ მოღვაწე პოეტები მისით დავალებულნი?

– წიგნი მაქვს დაწერილი მასზე, „უცნობი“, როგორც თქვენ აღნიშნეთ, 35 წელია ვწერ, 5 გამოცემა გამოვიდა, მე-6 უკვე შევსებულია და ჩავაბარე გამომცემლობა „ინტელექტს“. გალაკტიონი მოვლენა იყო მე-20 საუკუნის პოეზიისათვის, რომელმაც გავლენა მოახდინა ყველასა და ყველაფერზე, ამას ზოგი აღიარებს, ზოგი – არა. ბედნიერი შემთხვევა მომეცა, რომ აღმოვჩნდი გალაკტიონ ტაბიძის უკანასკნელი წიგნის რედაქტორი და შემდგენელი. სამწუხაროდ, გალაკტიონი იმ წიგნის გამოცემას ვერ მოესწრო; მუშაობის პროცესში დადიოდა ჩემთან, მერე თავი მოიკლა და წიგნიც ამ თვითმკვლელობის შემდეგ გამოიცა. გალაკტიონ ტაბიძის სიცოცხლეში ჩამოთვლიდნენ ხოლმე მწერლებს ასეთი თანმიმდევრობით – გიორგი ლეონიძე, გალაკტიონ ტაბიძე, ალექსანდრე აბაშელი, ალიო მირცხულავა… ანუ იყო დრო, როდესაც გალაკტიონის წინ სხვა პოეტს აყენებდნენ. ამის გამო იგი ნერვიულობდა. ჯერ ერთი, გალაკტიონი 8 წლით უფროსი იყო გიორგი ლეონიძეზე, მაგრამ გიორგი ლეონიძეს დაწერილი ჰქონდა სტალინზე პოემა-ეპოპეა და ეტყობა, ესეც ეხმარებოდა. მაშინ ეს უხეშად ჩანდა. ახლა, მაგალითად, რაც დრო გავიდა, გალაკტიონის ვარსკვლავი უფრო ბრწყინვალე გახდა. ის უკვე იმ სივრცის პოეტია, სადაც რუსთაველი, ვაჟა ფშაველაა. ახლა რომ ვინმეს უთხრა, ჯერ გიორგი ლეონიძე და შემდეგ გალაკტიონიო… მაშინ აშკარად ყველა გრძნობდა, რომ გალაკტიონი იყო განსხვავებული, მაგრამ ამ სხვაობას არ ამჩნევდნენ მას და სხვებს შორის. ახლა კი ცხადია, რომ გალაკტიონი არის მეტრი მე-20 საუკუნის პოეზიისა და გავლენას ახდენს უახლესი საუკუნის პოეზიაზეც.

როცა დებიუტანტი პოეტი იყავით და პირველ ნაბიჯებს დგამდით პოეზიის სამყაროში, როგორ განიცდიდით პროფესიულ კრიტიკას და თუ მოუხდენია თქვენს შემდგომ განვითარებაზე კრიტიკოსებს გავლენა? რას ურჩევდით იმ დებიუტანტ ავტორებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათი დაწერილი ყველა ტექსტი კარგია, გაითვალისწინონ კრიტიკოსთა შენიშვნები თუ არა?

დღევანდელ ვითარებას და ჩვენს იმდროინდელ მდგომარეობას ერთმანეთს ვერ შევადარებ. ჩემს დროს ცენზურა არსებობდა. მქონია შემთხვევა, რომ ლექსები არ დამიბეჭდეს. მაგალითად, დავწერე პოემა „ღია ქალაქი“, უნდა დაბეჭდილიყო ჟურნალ „ცისკარში“, მაგრამ არ დაიბეჭდა. ამიტომ, ჩვენი თაობა იყო, ასე ვთქვათ, ცენზურის მიერ დაზარალებული თაობა. თანამედროვე ავტორებისთვის შეზღუდვა არ არსებობს. ეს ზედმეტი თავისუფლება შეიძლება უკეთესიც არ იყოს, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ შინაგანი ცენზორი მაინც უნდა ჰყავდეს პოეტს, შემოქმედს. დიდი ბედნიერებაა, რომ ჩვენ დამოუკიდებელი საქართველო გვაქვს. ჩემს დროს ყველა წიგნს უკან ეწერა – უ. ე. – რაც ნიშნავს „უფლება ეძლევა“. ახლა ეს ასე რომ არაა, დიდი ბედნიერებაა. რაც შეეხება იმას, რომ ზოგი აჭარბებს, არა უშავს, იყოს ცოტა ზედმეტი თავისუფლება. ცოტა პორნოგრაფიული პოეზია შემოვიდა, ტერმინოლოგია პოეზიაში, ლექსიკაში. ამის ნუ შეგვეშინდება – ის სიტყვა თუ თავის ადგილასაა, ასატანია. მოწყურებული ადამიანი, წყაროს რომ იპოვის, დახარბდება, ასეა, რაკი აკრძალული იყო ეს ყველაფერი და ახლა ნებადართულია, ზედმეტ ყურადღებას იჩენენ შემოქმედები. მაგრამ ეს ყველაფერი გაივლის, დაწყნარდება ალბათ და ის თავისუფლება, რაც მოვიპოვეთ, ექნება ყველა პოეტსა და მწერალს.

რას ნიშნავს თქვენთვის ლიტერატურული პრემია?

– ლიტერატურული პრემია არის წახალისება ავტორისთვის და შეუძლებელია სასიხარულო არ იყოს. 1977 წლამდე მხოლოდ ერთი პრემია მქონდა – გალაკტიონ ტაბიძის სახელობისა. 1977 წლის შემდეგ მიღებული მაქვს თითქმის ყველა პრემია – „რუსთაველისა“ (ორჯერ), „ლიტერა“, „გალა“, საგურამოს პრემია, „თბილისი“, „საბა“ და კიდევ ბევრი. ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. სხვათა შორის, უცხოეთში ძალიან ბევრი პრემიაა, ჩვენთან ახლა შედარებით მომრავლდა, მაგრამ იმდენი მაინც არ არის. რაც შეიძლება ბევრი უნდა იყოს. იმიტომ რომ მეტ ადამიანს ექნება წახალისება, მეტი სტიმული მიეცემათ, რაც ლიტერატურის განვითარებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ძვირფასი იყო ჩემთვის პრემია „საბა“. სამი წლის წინ დავწერე ლექსი „ელეგია“ და ამისთვის მომენიჭა ეს პრემია 2017 წელს. როდესაც „უცნობი“ დავასრულე, პირველად წავაკითხე ბესიკ ხარანაულს. ბესიკი ჩემს მეზობლად ცხოვრობდა, ვმეგობრობდით. როცა წაიკითხა, მითხრა, ამის შემდეგ შენ იქნებიო ერთი წიგნის ავტორი და შენს ლექსებს ყველა დაივიწყებსო. ამიტომ „საბა“ რომ მივიღე, ის ჩემთვის ნიშნავდა გალაკტიონის მიერ რეპრესირებული ჩემი ლექსების რეაბილიტაციას. გამიხარდა, რადგან ის მივიღე არა გალაკტიონის, არამედ ჩემი მეუღლის პროტექციით. მე კომპიუტერის გამოყენება არ ვიცი, მაგრამ ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისგან შევიტყვე, რომ ჩემი პოეზიისადმი მართლა შემობრუნდა ყურადღება და უფრო მეტი ინტერესი აქვს საზოგადოებას. ეს ძალიან მიხარია, არა იმიტომ, რომ მაინცდამაინც ჩემი პოეზიით დაინტერესდნენ, არამედ იმის გამო, რომ ზოგადად პოეზია აინტერესებთ.

სამ ათეულ წელზე მეტია, მუშაობთ „უცნობზე“, ეს წიგნი, შეიძლება ითქვას, საიდუმლო გასაღებია გალაკტიონის ცხოვრებისა, მისი დიდებული პოეზიის შესაცნობად. შეუფასებელია თქვენი წვლილი, რადგან ჩვენ მოგვეცა საშუალება, გაგვეცნო ისეთი გალაკტიონი, როგორიც იყო იგი სინამდვილეში. თუ გეგულებათ წინა საუკუნის ისეთი მოღვაწე, რომელიც იმსახურებდეს ისეთ წვდომას, თავგამოდებასა და კირკიტს თავის შემოქმედებით იდუმალებაში, როგორიც თქვენ გასწიეთ გალაკტიონის შესაცნობად?

– გალაკტიონი დახურული პიროვნება იყო. გულახდილი არავისთან ყოფილა, ამიტომაცაა უამრავი ლეგენდა მასზე შექმნილი, მაგრამ რას აკეთებდა, რას ფიქრობდა, ამას სინამდვილეში ვერავინ იტყოდა, რადგან გალაკტიონს მეგობარიც კი არ ჰყოლია, რომელიც მოგონებებს შემოინახავდა მასზე. მაგრამ, საბედნიეროდ, თვითონ დატოვა უმდიდრესი არქივი. ესაა ყოველდღიური ჩანაწერები, ამბები. ჩვეულებრივი ამბები კი არა, სიზმრებიც კი აქვს ჩაწერილი, ტელეფონზე საუბარიც. და არა მხოლოდ საუბარი, აი, ვიღაცას რომ უნდა ესაუბროს და მაგაზე რა უპასუხოს, ისინიც კი წინასწარ ჩაუფიქრებია. ტროლეიბუსის ჩანაწერიანი ბილეთიც შეუნახავს. პაპიროსის კოლოფის მუყაოზეც მინაწერიც და ეს ძალიან მდიდარი არქივი იდო მუზეუმში. ვიცოდი ამ არქივის შესახებ, მაგრამ ასეთი მრავალფეროვანი არ მეგონა. მასზე მინდოდა წერილი დამეწერა და გამეფრთხილებინა მომავალი გამომცემლები, რომ გალაკტიონი ძალიან პასიური ავტორია და არ ენდოთ რედაქტორებისა და შემდგენელების შესწორებებს-მეთქი. ამიტომ, ასე გადავწყვიტე, როცა შევადგინე გალაკტიონის 9 ტომიდან ერთი ტომი, რა მასალებიც მოგვრჩა, მე და გალაკტიონმა გადავიტანეთ მის ბინაში, მარჯანიშვილის ქუჩაზე. მერე, როცა გადავწყვიტე ჩემ მიერ ფანქრით მიწერილი კომენტარების წაკითხვა, წავედი მუზეუმში, რომელმაც ისე შემიტყუა, წერილის ნაცვლად წიგნი გამომივიდა. პირველი რომ დაიბეჭდა, შემდეგ მოჰყვა მეორე, მესამე… ყველა წიგნი ბოლო იყო მეგონა, მაგრამ თავი ვერ შევიკავე. ნარკომანივით დამემართა. გალაკტიონი ჩემი ნარკოტიკი აღმოჩნდა. დღემდე მოვედი და აგერ უკვე მეექვსე გამოცემა შევავსე. რაც შეეხება გალაკტიონის დარ მეორე ფიგურას მე-20 საუკუნეში, ჩემი აზრით, ასეთი ვინმე ლიტერატურაში არ არსებობს. აქ, ვფიქრობ, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა პოეტის არქივი, ის იძლევა ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას. წარმოგიდგენიათ, ვაჟა-ფშაველაზე რომ გვქონოდა ამხელა მასალა?! გალაკტიონმა ივარაუდა, რომ მისი ყველა დეტალი საინტერესო იქნებოდა და ერთ დროს გამოჩნდებოდა ჩემსავით მოცლილი ადამიანი, რომელსაც არ მოსწყინდებოდა და 35 წელიწადი დაჯდებოდა გალაკტიონის არქივთან. შეიძლება ითქვას, ბედნიერი დამთხვევა მოხდა, თორემ რამდენი წელი იდო მისი არქივი ხელუხლებლად მუზეუმში, მე მხოლოდ 1983 წელს დავიწყე მუშაობა.

– რამდენიმე წლის წინ დაწერილმა თქვენმა ლექსმა „ელეგიამ“ პოეზიის მოყვარულთა უდიდესი აღფრთოვანება და სიყვარული დაიმსახურა უმოკლეს დროში. ხომ ვერ გაიხსენებდით მე-20 საუკუნეში შექმნილ ისეთ ლექსს, რომელმაც თქვენზე ასეთი გავლენა იქონია?

– „ელეგიაზეც“ ისე მოხდა, როგორც „უცნობის“ შემთხვევაში. მე ცოლი გარდამეცვალა 3 წლის წინ და მინდოდა მისთვის ლექსი მიმეძღვნა. დავიწყე ამ ლექსის წერა, ჩვეულებრივი, დაახლოებით 20-30 სტრიქონი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვეღარ გავჩერდი. ალბათ ტკივილის გრძნობა იყო ისე ძლიერი, გავაგრძელე, მივყევი და 11 თვის განმავლობაში ვწერდი. ქართულ პოეზიაში, ქმრის მიერ ცოლის დატირების ფაქტი ძალიან იშვიათია. „აბესალომ და ეთერში“ არის ასეთი არია – ცოლის ქება აუგია. ეტყობა, ჩემი ლექსი თემატურად სიახლე აღმოჩნდა და ამანაც გამოიწვია დაინტერესება და პოპულარობა. რაც შეეხება რომელიმე ნაწარმოების გავლენას, ახალგაზრდობისას ძალიან გატაცებული ვიყავი ლადო ასათიანისა და ტიციან ტაბიძის შემოქმედებით, რადგან იმ პერიოდში ტიციანი აკრძალული იყო. მახსოვს, ერთხელ მათხოვეს ტიციანის წიგნი, რომლის გადაწერას მთელი ღამე მოვანდომე. ზუსტად ასე გადავწერე ტერენტი გრანელის ლექსებიც, რადგან ტერენტიც აკრძალულ ავტორად მიიჩნეოდა. აი, ეს იყო ჩემი ახალგაზრდობისდროინდელი დაინტერესება და გატაცება.

როგორ ფიქრობთ, არსებობენ თუ არა ყალბი პოეტები, რომლებსაც შეუძლიათ ემოციის გაყალბება ტექნიკის ხარჯზე?   

– პოეზია არის ტყუილი. რაღაც უნდა გამოიგონოს პოეტმა და მკითხველი მოატყუოს. ამიტომ შენ ვერ გაიგებ, როდის იყო ყალბი პოეტი. თუ კარგად დაწერა – მოტყუებული ხარ. მაგრამ სუსტი პოეტი თუა, მას არ შესწევს ძალა და იმას, რასაც თხზავს – განწყობას, შთაბეჭდილებას როგორც აღწევს, იქვე გამოჩნდება. ასეთი პოეტების შემოქმედება ლიტერატურისთვის არ არის საინტერესო. ზოგადად ლიტერატურა არის მოგონება, გახსენება, წარმოსახვა, ოსტატურად შესრულებული ტყუილი. განწყობილებები, რაც გალაკტიონს დაუწერია, მისი პიროვნებიდან მოდის, თუმცა ხშირად ისეთი ადგილები აქვს მოხსენიებული – ქალაქები, ისტორიული ძეგლები, ადგილები, სადაც თვითონ არასოდეს ყოფილა, მაგრამ ისე ორგანულად წარმოაჩენს, რომ ბუნებრივად გესმის ეს და ამას იჯერებ. ყველაფერი ოსტატობაზეა დამოკიდებული.

– როგორც ვიცი, თქვენ აქტიურად და ინტერესით ეცნობით თანამედროვე ქართულ პოეზიას, საინტერესოა, რა ცვლილებებს ხედავთ მე-20 საუკუნის პოეზიასა და ახლანდელ, თანამედროვე პოეზიას შორის?

– 21-ე საუკუნეში ტექნიკის საშუალებით ჩვენს ახალგაზრდა მწერლებს ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვთ. გარდა ამისა, დღეს უცხოური ლიტერატურა ხელმისაწვდომია. ყველა შესაძლებლობაა საიმისოდ, რომ ახალგაზრდა პოეტი, პროზაიკოსი მაქსიმალურად განვითარდეს. ეს მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენზე უკეთესი თაობა მოდის და ჩვენზე უკეთესი პოეტები და პროზაიკოსები უნდა მოვიდნენ. მე იმას ვერ დავიჩემებ, რომ ერთი ვინმე დაწინაურდება ისეთნაირად, რომ გალაკტიონს დაჯაბნის. თუმცა, ალბათ, ერთ მშვენიერ დღეს მოგვევლინება კიდეც და ასეც უნდა მოხდეს. სწორედ ამ ტექნოლოგიურ სიახლეთა კვალდაკვალ მოდიან უდიდესი ინფორმაცით აღჭურვილი პოეტები და პროზაიკოსები, რომლებიც აუცილებლად დაიმკვიდრებენ თავს ჩვენს ლიტერატურაში. ახლა არ ჩამოვთვლი მათ სახელებს, ვაითუ ვინმე გამომრჩეს…

ტრადიციული შეკითხვა, რას ურჩევდით ახალბედა ავტორებს, მომავალ პოეტებსა და პროზაიკოსებს?

– ვერ გამოვდგები მრჩევლად. იყო ასეთი, კულტურის უნივერსიტეტი, სადაც ლიტერატურაში დაოსტატების კურსი იკითხებოდა. ხუთი წელიწადი ვიმუშავე ახალგაზრდებთან. საინტერესო პროცესი იყო მაშინდელი ჩვენი ურთიერთობა. მართალია, მათ წერას ვერ ვასწავლიდი, სამაგიეროდ, კითხულობდნენ თავიანთ ნაწარმოებებს, მეც ვუკითხავდი და ერთმანეთს ვუზიარებდით შთაბეჭდილებებს. სწავლება, რამის მითითება არ შეიძლება. აუცილებლად უნდა გქონდეს ნიჭი და სურვილი და შენი შემოქმედებითი ალღოთი მიაღწიო ყველაფერს. მე რომ რჩევა-დარიგება მოვიფიქრო – ასე დაწერე, ისე დაწერე… ეს არ გამოვა. მით უმეტეს ახლა, როცა ხელმისაწვდომია ყველა ჟანრის წიგნი, ორიგინალში შეუძლიათ მსოფლიო პოეზიის წაკითხვა. პოეზიის თარგმნა შეუძლებელია. თარგმანები, რასაც ჩვენ ვკითხულობთ, უკლებლივ ყველა სუროგატია, რაც უნდა კარგი თარგმანი იყოს. სწორედაც რომ დღევანდელ ახალგაზრდებს მიუწვდებათ ხელი, ორიგინალში გაეცნონ სასურველ ნაწარმოებებს და სხვისი რჩევის გარეშე, თვითონვე მიაგნონ სავალ გზას, შესაბამისად – შედეგს. ყოველ შემთხვევაში, ეს კი შემიძლია ვურჩიო, ერთმანეთს არ დაემსგავსონ, მუდამ ახლის ძიებაში იყვნენ, მიუხედავად იმისა, წარმატებული იქნება თუ არა ეს მცდელობა, მაინც ძიება განაგრძონ.

 

ესაუბრა სალომე ლიპარტია

რამდენიმე იდეა პირველი გაკვეთილისთვის

0

ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლისთვის ემზადებიან მშობლები, ბავშვები, ვემზადებით ჩვენც, მასწავლებლებიც.

ზაფხულის არდადეგებზე დაგროვებული შთაბეჭდილებები, ემოციები, წაკითხული წიგნები ახალი იდეებით გვავსებს. ვიწყებთ ფიქრს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს პირველი გაკვეთილი. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ემოციები, რომ ბავშვი დადებითად განვაწყოთ და სასიამოვნო მოლოდინი აღვუძრათ.

გადავწყვიტე, ჩემი პრაქტიკიდან რამდენიმე აქტივობა გაგიზიაროთ.

 

პოსტერი ჩვენ შესახებ

შარშან პირველად მომიწია პირველ კლასთან შესვლა, რაც მასწავლებლისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა. რა თქმა უნდა, აქტივობებზე ფიქრისას ვითვალისიწინებთ მოსწავლეთა ასაკს, მათ ფსიქო-ემოციურ განვითარებას, წინარე გამოცდილებას და შესაბამისად ვაწყობთ გეგმებს. პირველკლასელებისთვის დაგეგმილი აქტივობა უნდა იყოს ეფექტური, რაღაც ისეთი, რომ მათი ყურადღება მიიქციოს. ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა, გადავწყვიტე, პოსტერი დამემზადებინა ჩემ შესახებ. რადგანაც წერა-კითხვა არ იცოდნენ, ამიტომ დიდ ვარდისფერ ფორმატზე დავხატე ჩემი ცხოვრების ძირითადი ფაქტები: მთები, საკვამურიანი სახლი, ნაძვები, გოგო, ბიჭი და ირემი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ცოტა ხნის წინ ნაძვებიან გარემოში ვცხოვრობდი, მყავდა ორი შვილი და ცხოველებიდან ყველაზე მეტად ირემი მიყვარდა. ჩემი ფერადი პოსტერი, რომლის დახატვაში ჩემი გოგონა დამეხმარა, გულზე ჩამოვიკიდე და ვფიქრობ, ჩანაფიქრმა გაამართლა. ინტერესით მისმენდნენ და მაკვირდებოდნენ. მერე მთელი წელი საგულდაგულოდ ვუფრთხილდებოდით ვარდისფერ გრაგნილს, რომელიც ყველას სკოლის პირველ დღეს ახსენებდა. ანბანის შესწავლისას მის ქვეშ ხშირად ვმალავდით გამოჭრილ ასო-ბგერებს და როგორც კი მინიშნებას გავახმიანებდი, რომ ასეთი და ასეთი ასო-ბგერა იმალება ისეთ ადგილას, რომელიც სკოლის დაწყების პირველ დღეს გვახსენებს-მეთქი, მაშინვე ყიჟინით მიქროდნენ ჩვენი ძვირფასი რესურსისკენ.

 

წარწერებიანი ჩარჩო

ეს აქტივობა ვებპორტალზე – Pinterest.com – აღმოვაჩინე.  როგორც კი საძიებო ველში ჩაწერთ „სკოლის პირველი დღის ჩარჩოს“, წამში მრავალფეროვანი რესურსი დაიწყებს ეკრანზე ციმციმს. მერე თქვენს ფანტაზიასა და ინდივიდუალურ შტრიხებს მოარგებთ და მზად გექნებათ ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელი რესურსი. საინტერესო იქნება ასეთივე ჩარჩოს დამზადება წლის ბოლო დღისთვის. შედეგად კი გვექნება ფოტომასალა, რომელსაც სხვადასხვა მიზნით გამოვიყენებთ.

 

შეკითხვების მოძრავი დაფა

აქტივობა მეხუთე კლასისთვის დავგეგმე. ერთმანეთი პირველად უნდა გაგვეცნო და ისეთი რამ უნდა მომეფიქრებინა, რაც თითოეულ მოსწავლესთან საუბრისა და მოსმენის საშუალებას მომცემდა. ვიყიდე ნაჭრისებური ფორმატი, მოვიფიქრე კითხვები (21 შეკითხვა, ზუსტად იმდენი, რამდენიც ვიყავით), სათითაოდ დავწერე ფერად ბარათებზე და ჭიკარტებით დავამაგრე. შემდეგ წარწერიანი ბარათები ბავშვებს დავურიგე. თითოეული მოსწავლე  კითხულობდა კუთვნილ შეკითხვას, რომელსაც ჯერ მე ვპასუხობდი, შემდეგ კი -თვითონ. ჩანაფიქრი კი ის იყო, რომ ჩემს გულწრფელობას მათთვის სითამამე შეემატებინა. შედეგად ის მივიღე, რომ მთელი წელი იხსენებდნენ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებად გადაექცათ ჩვენი პირველი გაკვეთილი.

ჩემი მობილურის მახსოვრობა მოვქექე და იმ დღის კითხვები შენახული დამხვდა:

  1. რაზე ოცნებობ?
  2. რა გამოგდის კარგად?
  3. რას აკეთებ თავისუფალ დროს?
  4. სპორტის რომელი სახეობა მოგწონს?
  5. რა განიჭებს სიხარულს?
  6. როდისმე მთაში თუ ყოფილხარ?
  7. ხეებს თუ აკვირდები?
  8. სად იმოგზურებდი?
  9. ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?
  10. რა გაინტერესებს ყველაზე მეტად?
  11. რომელი ცხოველი გიყვარს?
  12. როდის ტირი ხოლმე?
  13. გაბრაზებისას როგორი ხარ?
  14. მგზავრობა თუ გიყვარს?
  15. ვინ არის ის ადამიანი, რომელსაც ბაძავ?
  16. რომელი მომღერალი გიყვარს?
  17. რომელია შენი საყვარელი მულტფილმი?
  18. ვარსკვლავები თუ გიყვარს?
  19. მზეს უყურებ ხოლმე?
  20. ცაში ხშირად იხედები?
  21. შენს თავს წიგნის რომელ პერსონაჟს შეადარებდი?

წარმოიდგინეთ, მცირე დროში ერთმანეთის შესახებ რამდენ რამეს ვიგებთ. შეგვიძლია, ეს აქტივობა წერით დავალებად გადავაქციოთ და კუთვნილი შეკითხვის წერილობით დაფიქსირებაც ვთხოვოთ.

წელს მეორე და მეექვსე კლასთან მაქვს დასაგეგმი პირველი გაკვეთილი. ვიცი, რომ  ბავშვები მოუთმენლად ელიან. მეც დავეძებ იდეებს. ზუსტად ვიცი, რომ მათზე ფიქრის მცდელობაც კი არ ჩაივლის უკვალოდ.

საწელური ჩანთა სასკოლო ნივთებით

გადავწყვიტე, მოსწავლეების მსგავსად მეც მეზრუნა სასკოლო ნივთებზე და იმ ნივთებისთვის მომეყარა თავი, რომლებიც გაკვეთილის ჩატარებისას გვჭირდება. ამისთვის საგანგებოდ ვაპირებ საწელური ჩანთის შეკერვას, რომელშიც მოვათავსებ ყველა საჭირო ნივთს, გაკვეთილზე შესვლის წინ წელზე მოვირგებ და დროს აღარ დავკარგავ გაფანტული ნივთების ძებნისას. თან პირადი მაგალითის ძალის გავლენით, იქნებ, შევამცირო სასკოლო ნივთების სახლში დარჩენის ფაქტი და მოსწავლეებიც მასწავლებლის მსგავსად საგულდაგულოდ მომზადებულები მოვიდნენ სკოლაში.  დარწმუნებული ვარ, ბავშვებს ძალიან მოეწონებათ სიახლე და ინტერესით დააკვირდებიან ჩემს ნივთებს.

ნივთების ჩამონათვალი კი ასეთი აღმოჩნდა:

  • ფერადი ცარცები;
  • კალმები;
  • მარკერები;
  • სტიკერები;
  • ხის ჩხირები (გამოსაძახებელი ჩხირები);
  • მაგნიტები;
  • ქვიშის საათი;
  • წამმწომი.

ცხადია, ნუსხა საჭიროებისამებრ შეიცვლება.

როგორც უკვე აღვნიშნე, ფიქრი სიახლეებზე, გაკვეთილის განხვავებულ ფორმატზე, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. თავისუფლებიდან სასკოლო რუტინაში დაბურნებულ ბავშვებს რაც უფრო მეტი სიხალისითა და სიახლით დავხვდებით, მით უფრო საინტერესო გახდება სწავლა-სწავლების პროცესიც.

მშვიდობიან და სიხარულით სავსე სასწავლო წელს გისურვებთ!

 

 

 

 

 

 

 

 

 

როგორ სწავლობს ბავშვი მეგობრობას

0

წლების წინ ხელში ჩამივარდა ერთი ქალის დაწერილი წიგნი გოგონებზე (https://bit.ly/2DHToyN), სადაც ბევრ სხვა საინტერესო რამესთან ერთად აღწერილი იყო მისი როგორც დედის გამოცდილება: როგორ გადააგორა თავისი შვილების გარდატეხის წლები მშვიდად, მხოლოდ იმის წყალობით, რომ თადარიგი წინასწარ დაიჭირა და როცა მისმა შვილებმა მეგობრები გაიჩინეს, თავისი სახლი შესთავაზა თავშეყრისა და გართობის ადგილად. მერე წლების განმავლობაში აკვირდებოდა მათ ურთიერთობებს, სევდებსა და სიხარულებს, მუდმივად პულსზე ედო ხელი. გემრიელ საჭმელებს უმზადებდა, მათ გართობაში დიდად არ ერეოდა და ბავშვებს უსაფრთხო, კომფორტულ გარემოს სთავაზობდა იმ საეჭვო ადგილების სანაცვლოდ, სადაც შეიძლება აღმოჩნდნენ სკოლის შემდეგ მოზარდები.

 

ამ წიგნის კითხვისას ვფიქრობდი: რა მშვენიერი რამ მოუფიქრებია ამ ქალს, მეც ასე მოვიქცევი, ჩვენს სახლს და დროს დაუნანებლად მოვახმარ ბავშვებს, ადამიანებზე დაკვირვება მაინც მიყვარს, ხელის გაწვდენაზე მეყოლებიან შვილები და მათი მეგობრები და ეს ყველაფერი მშვენიერი იქნება-მეთქი.

 

თავად კომუნიკაბელური ბავშვი არ ვყოფილვარ, სხვებთან ურთიერთობაში ძალისხმევის ხარჯვას ჩემთვის ყოფნა მერჩივნა და არაერთი წელი დამჭირდა, რომ ნაჭუჭიდან გამოსვლა მეიძულებინა საკუთარი თავისთვის. ჩემი შვილები რომ დაიბადნენ, ბევრ სხვა რამესთან ერთად, იმაზეც დავიწყე ფიქრი, როგორ ყოფილიყვნენ უფრო გახსნილები და მეტი მეგობარი ჰყოლოდათ. იმ მიზეზებზეც ვფიქრობდი, რომლებიც მე და სხვა ჩემნაირ ბავშვებს გვიშლიდა ხელს ადამიანებთან ურთიერთობისას.

 

ჩვენ ცოტა გვქონდა უსაფრთხო სივრცე, სადაც ბავშვების თავშეყრა შესაძლებელი იქნებოდა, ცოტა გვქონდა გასართობი თუ საგანმანათლებლო ადგილი და ჩვენი მოძრაობის ტრაექტორია უმეტესად სკოლა-სახლით შემოიფარგლებოდა. ჩვენ გარშემო იყო უამრავი სტერეოტიპი ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობებისა და არანორმატიული ქცევის მქონე ადამიანების შესახებ და ცოტა – ემპათია განსხვავებული საჭიროების მქონეთა მიმართ. ეს ყველაფერი უნებურად გავლენას ახდენდა ჩვენს ქცევაზე. იმ დროს მოზარდი, რომელიც კარგად სწავლობდა, მოსაწყენ ადამიანად მიიჩნეოდა, ის კი, ვისაც კარგად სწავლა არ გამოსდიოდა, „ოროსნის“ სტატუსით ცხოვრობდა და საერთოდ, ყველას რაღაც სტატუსი ჰქონდა – წესისამებრ, უარყოფითი შინაარსის გამომხატველი. შინ თუ გარეთ უამრავ კედელს ვეჯახებოდით და არც არის გასაკვირი,  რომ მე და ბევრი ჩემნაირი მარტო ყოფნას ვირჩევდით.

 

ისე მოხდა, რომ ჩემს შვილებს კომუნიკაციის კარგი უნარები აღმოაჩნდათ, ადვილად უმეგობრდებიან თანატოლებს, უყვართ, როცა სტუმრად დავდივართ ან ჩვენთან მოდიან მათი და ჩვენი მეგობრები, საჯარო სივრცეში ადვილად ახერხებენ უცხო ბავშვებთან საერთო ენის გამონახვას, ერთმანეთს იცავენ, ერთმანეთზე ზრუნავენ, საკუთარ თავსაც და სხვებსაც სამართლიან ქცევას სთხოვენ და ვფიქრობდი, რომ, წესით, მშვიდად უნდა ვყოფილიყავი – თუ არ დავიზარებდი მათი მეგობრების გამასპინძლებას, წვეულებებზე წაყვანას, გასეირნებას და სხვადასხვა აქტივობაში ჩაბმას, ყველაფერი კარგად იქნებოდა. მაგრამ საქმე არც ისე მარტივად აღმოჩნდა. არა იმიტომ, რომ რაც მინდოდა, არ გამომივიდა; არა – მივხვდი, რომ ურბანულ გარემოში მცხოვრები თანამედროვე ბავშვების ცხოვრება თავისთავად გულისხმობს მკაცრ ჩარჩოებს, რომლებიც ბავშვების შესაძლებლობებს ზღუდავს და მათ სურვილებს კონკრეტულ ყალიბში სვამს, რომელსაც დიდებიც და პატარებიც ვემორჩილებით. ეს ჩარჩოები კი მათ განვითარებაზე, დამოუკიდებლობასა და ინდივიდუალობაზე არცთუ ისე კარგ გავლენას ახდენს და როგორც არ უნდა მოინდომო შენ, მშობელმა, ამ მოჯადოებული წრის გარღვევა, მისია შეუსრულებელი ჩანს.

 

დიდად არც ის პრობლემები მოგვარებულა, რომლებიც ჩვენ გვიშლიდა ხელს, ვყოფილიყავით ლაღები. შესაძლოა, საჯარო სივრცე დღეს უფრო უსაფრთხოა, მაგრამ ისევ (ან კიდევ უფრო) ცოტაა და არც იმდროინდელი განწყობები წასულა სადმე. ახლა, უბრალოდ, ვიცით, რა დავარქვათ ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების მიუღებლობას ან სკოლაში „ოროსნის“ ძახილს, ამ ვნებებისგან კი მაინც ვერ გავთავისუფლდით და შიში იმისა, რომ ბავშვი მეგობრების არჩევისას გარემოს ან სტეროტიპების გავლენით იმოქმედებს, სამწუხაროდ, არც დღეს არის უსაფუძვლო. საკუთარი თავის, ადამიანებისა და გარე სამყაროს ნდობა ისევ გვიჭირს, ნდობის გარეშე კი როგორ შეიძლება ისწავლოს ბავშვმა მეგობრობა?

ზედაშეს ტრადიცია და წესები

0

რას ეძახდნენ ძველ საქართველოში საეკლესიო ღვინოს და როდიდან მოდის ეკლესიისთვის ღვინის შეწირვის ტრადიცია

უაღრესად საინტერესოა სალოცავისთვის ყურძნისა და ღვინის შეწირვის წესები, რომლებიც თითქმის მთელ საქართველოში სრულდებოდა. ერთი ასეთი წესი იყო რთველის დროს საუკეთესო ყურძენმოსხმული ლერწის აჭრა და სალოცავისთვის მირთმევა. ამ რიტუალში პირველი ნაყოფის შეწირვის უძველესი ტრადიციაა არეკლილი. თუ მოსავალი არ მოვიდოდა, ვაზს ლერწებს ააჭრიდნენ, ერთ კონად შეკრავდნენ, ჭურში ჩაკიდებდნენ და დათქმულ დღესასწაულზე სალოცავის კარზე მიიტანდნენ ღვინის მაგიერ.

რაც შეეხება ღვინის ზედაშის შეწირვის ფაქტს – ესაა წარმართული ეპოქის უძველესი წესი, რომელშიც აშკარადაა გამოხატული ღვინის კულტი. ზედაშე ანუ საეკლესიო ღვინო ეკლესიასა და ხატს ეწირებოდა ავადმყოფობისგან თავის დახსნის, მფარველობის, გამრავლებისა და ბარაქიანობის მონიჭების მიზნით. სწამდათ, რომ ამგვარად შეთქმული წმინდა ღვინო ხატის კეთილგანწყობას გამოიწვევდა. საზედაშე ღვინო სხვადასხვა დღესასწაულისა და სხვადასხვა წმინდანის სახელზე იყო შენახული. ასეთ ქვევრებს სახელებიც კი ერქვა: საღმრთო, საანგელოზო, საგიორგიწმინდაო, სამარიამობო, სახატო, საპურშაო, საკალანდო, საახალწლო… ზედაშე მარნის ჭურებში ისხმებოდა, მაგრამ ზოგჯერ მისთვის აშენებდნენ ცალკე ნაგებობას, რომელიც წმინდა ადგილად იყო შერაცხული. სამეგრელოში ასეთ ნაგებობას „ოხამერი“ ერქვა.

საზედაშე ღვინო, როგორც აღინიშნა, საუკეთესო ხარისხისა უნდა ყოფილიყო, ძირითადად აყენებდნენ თეთრი ფერისას, უკვე დაწმენდილს ჩაასხამდნენ წმინდანის სახელობის ჭურში და სანამ დათქმული დღესასწაული არ მოვიდოდა, თავს არ მოხდიდნენ. საგულისხმოა, რომ ასეთი ღვინის ამოსაღებად არსებობდა საგანგებო, საზედაშე ორშიმო, რომელსაც სხვა ღვინისთვის არ იყენებდნენ.

ელდარ ნადირაძის კვლევით, ზედაშეს კულტი საქართველოს მთიანეთის იმ ნაწილშიც იყო შესული, სადაც ვაზი არ ხარობდა. ეს კარგად ჩანს კავკასიონის უძველესი ტომის, ხევსურების, მაგალითზე: ისინი ბარში ჩამოდიოდნენ და თავიანთი სალოცავების სახელზე (იახსარი, კოპალა, ლაშარის ჯვარი, გუდანის ჯვარი) იბევებდნენ ვენახების წლის მოსავალს. ვენახის პატრონი ვალდებული იყო, დათქმული დროისათვის გაემზადებინა საზედაშე ღვინო. მარანი და ქვევრი მათთვის წინასწარ იყო ცნობილი. დღესასწაულის დადგომისას ხევსურები თავიანთი დროშებით, სამსხვერპლო ცხოველებით ჩადიოდნენ ბარში, საზედაშე მარანს გარს შემოუვლიდნენ, სამსხვერპლო ცხოველის სისხლით განათლავდნენ, ერთმანეთს დღესასწაულს მიულოცავდნენ, ახსენებდნენ მიცვალებულებს და ხატს სიმრთელესა და გამარჯვებას შესთხოვდნენ.

საზედაშე ღვინოს აყენებდა როგორც კერძო პირი, ასევე მთელი უბანი ან მთელი სოფელი ერთად. ასეთი მარნები გამართული იყო სალოცავის გალავანში; მათში ისხმებოდა ხატის ზვრისგან მოწეული მოსავალი, რომელსაც გარკვეული ნიშნით გაერთიანებული ჯგუფი ერთობლივად ამუშავებდა. ის, რაც საზედაშედ იყო განკუთვნილი, საგანგებო ჭურში ისხმებოდა, ხოლო ზედმეტ პროდუქტს ერთმანეთში იყოფდნენ ან რაიმე საზოგადო საქმისთვის იყენებდნენ.

საზედაშე ღვინო შედიოდა ეკლესია-მონასტრებშიც იმ სააღაპე ვალდებულების აღსასრულებლად, რომლის წესი და რიგი ქრისტიანული ლიტურგიის განუყოფელი ნაწილია. საზედაშე ქვევრი სამეგრელოში საკრალურ ობიექტად იყო ქცეული და „სამგარიო“ ერქვა. ასეთი ქვევრის სახელზე იცოდნენ ძროხის, ხბოს, მამლის „დაყენება“, ე.ი. შესაწირავად არჩევა. შესაწირავს განსაკუთრებულად უვლიდნენ და უფრთხილდებოდნენ. დღესასწაულზე მსხვერპლს დაკლავდნენ. ოჯახის უფროსი ქალი სანოვაგით გააწყობდა ხონჩას და მიულოცავდნენ სამგარიო ანუ საზედაშე ქვევრს.

უფროსი მამაკაცი მოხდიდა ჭურს. ყველა დაიჩოქებდა, შემდეგ აანთებდნენ სანთლებს, ხონჩას წაღმა დაატრიალებდნენ და დაილოცებოდნენ. როგორც წესი, სარიტუალო არც ღვინო და არც სანოვაგე არავიზე გაიცემოდა, რადგან ეს მხოლოდ ოჯახის კეთილდღეობას ეხებოდა და უცხოს რაიმე ფორმით ამ რიტუალში ჩაზიარება ოჯახის დამიზეზებას გამოიწვევდა. თაყვანისცემის ობიექტად იქცეოდა არათუ ღვინო, არამედ ის სამეურნეო იარაღებიც კი, რომლებსაც საზედაშე ღვინისთვის იყენებდნენ.

საგულისხმოა, რომ რიტუალის აღსრულებისას ქალს მარანში შესვლა არ შეეძლო. ასევე არ ჰქონდა შენაწირავის ჭამის უფლება. სხვათა შორის, ქართულ საწესჩვეულებო რიტუალებში იშვიათია ქალის როლის ასეთი დაკნინება, რაც შესაძლოა აიხსნას იმით, რომ მევენახეობა-მეღვინეობა მუდამ მამაკაცის პრიორიტეტულ საქმიანობას წარმოადგენდა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...