ორშაბათი, ივლისი 14, 2025
14 ივლისი, ორშაბათი, 2025

 პრობლემაზე დაფუძნებული  სწავლების მაგალითები  გეოგრაფიის გაკვეთილზე            

0

გეოგრაფიის სწავლების თავისებურება ის გახლავთ, რომ იგი  მრავალი ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთმანეთზე მოქმედი ფაქტორის კომპლექსს წარმოადგენს. მით უმეტეს, რომ  ეს ფაქტორები  მეცნიერების სხვადასხვა დარგს მიეკუთვნება, რაც მასალას განსაკუთრებულ მიმზიდველობას  ანიჭებს  და სასწავლო პროცესს კი უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის.

პრობლემაზე  დაფუძნებული სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული,  ანუ აქტიური სწავლების ხერხია და იგი წარმატებით გამოიყენება გეოგრაფიის სწავლებისას. მას  სამი ძირითადი ასპექტი ახასიათებს:  სწავლა ეყრდნობა ღიად დასმულ პრობლემურ შეკითხვებს;  მოსწავლეები მცირე ჯგუფებში მუშაობენ და მასწავლებელი არის ,,ფასილიტატორის“ როლში, რის შედეგადაც მოსწავლე საკუთარ სწავლაზე  მეტ პიროვნულ პასუხისმგებლობას იღებს.  თავად პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება ოთხი ეტაპისგან შედგება: 1. პრობლემური სიტუაციის შექმნა და პრობლემის  წარდგენა (პრობლემის იდენტიფიცირება); 2. ჰიპოთეზის გამოთქმა; 3. გადაწყვეტის გზების ძიება და ჰიპოთეზის დამტკიცება; 4. პრობლემის გადაწყვეტა.

სწავლების ამ სტრატეგიის გამოყენებისას მოსწავლეები დამოუკიდებლად მოიპოვებენ ინფორმაციას  სხვადასხვა წყაროებიდან განსახილველი საკითხის შესახებ და მაქსიმალურად არიან ჩართული სასწავლო პროცესში. დასმული პრობლემა მათ  უბიძგებს, მოიძიონ და შეიძინონ ახალი ცოდნა, ერთადერთი სწორი პასუხის ძებნისას მოახდინონ დასმული პრობლემის ინტერპრეტირება, მოაგროვონ საჭირო ინფორმაცია, ააგონ მოდელი, გამოთქვან ვარაუდი, შეაფასონ და შეადარონ შესაძლო შედეგები და გააკეთონ დასკვნები.

პრობლემა არსებობს მაშინ, როცა მოსწავლე ავლენს  დაინტერესებას, ცნობისმოყვარეობას და არ იცის, როგორ გადაჭრას რაიმე საკითხი. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისას ახალი მასალის შესწავლა და შემდგომ მისი განმტკიცება დაფუძნებულია მოსწავლეების წინარე ცოდნაზე და მისი გამოყენების უნარ-ჩვევებზე.  მოსწავლეებს ეძლევათ რაიმე  კონკრეტული პრობლემა, რომელიც მათ დამოუკიდებლად  უნდა გადაწყვიტონ წინარე ცოდნაზე დაყრდნობით, მაგრამ უკვე  ახალ სიტუაციაში  და იპოვონ მისი გადაწყვეტის გზები და საშუალებები.

პრობლემაზე დაფუძნებული  სწავლებისას გასათვალისწინებელია რამდენიმე პირობა: ა) პრობლემური სიტუაცია მოსწავლეთათვის გასაგები უნდა იყოს. თუ მოსწავლეები ვერ იგებენ ამოცანის არსს, მასზე შემდგომი მუშაობა უნაყოფოა. ბ) მეორე მოთხოვნაა – წამოჭრილი პრობლემის დაძლევა. მოსწავლეებმა დამოუკიდებლად უნდა შეძლონ პრობლემის გადაჭრა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ ამოცანაზე მუშაობისას ბევრი დრო დაიხარჯება, გაუგებარი იქნება და ასეთი  სწავლება აზრს დაკარგავს. გ) პრობლემის ფორმულირებამ და შინაარსმა მოსწავლეები უნდა დააინტერესოს. ასევე არც თუ უმნიშვნელო როლს ასრულებს პრობლემის ავთენტურობა და  რეალურობა.

სასწავლო პროცესში პრობლემა შეიძლება წარმოდგენილი იყოს პრობლემური კითხვის ფორმით ან დავალებით.  თუმცა ორივეს აქვს საერთო: მათ შინაარსში ჩადებულია პრობლემური სიტუაციის წარმოქმნის პოტენციური  შესაძლებლობა, რომელიც მათი ამოხსნის  თუ შესრულების პროცესში  წარმოიქმნება. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისას მოსწავლე აწყდება პრობლემას, რომლის გადაჭრაც მას უჭირს მხოლოდ იმ ცოდნით, რაც აქვს. ამიტომ ამ პროცესში იგი აქტიურია, ეძებს საჭირო ინფორმაციას –  წიგნებს, გამოკვლევებს, ელექტრონულ ინფორმაციას და ახალი ცოდნით უბრუნდება პრობლემას და ახერხებს მის გადაჭრას.

პრობლემური სიტუაციის განხილვამდე  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით შესაძლებელია მათ რაიმე სახალისო დავალება შევთავაზოთ. მაგალითად;  მე-7 კლასში თემის „დედამიწის შინაგანი აგებულების“  შესწავლისას შესაძლებელია ასეთი დავალების მიცემა: დედამიწის ქერქისა და ლითოსფეროს ფილების  შესახებ თქვენი წინარე ცოდნის საფუძველზე გამოთქვით თეორია ლითოსფეროს ფილების მოძრაობის შესახებ. თქვენი თეორია დასაბუთებული უნდა იყოს  და  მის მართებულობას უნდა ჰქონდეს მტკიცებულება.

გეოგრაფიის სწავლებისას გამოიყენება რამდენიმე სახის პრობლემური ან შემოქმედებითი დავალება. მოსწავლეებისთვის  ბუნებისმეტყველებისა და ფიზიკური გეოგრაფიის კურსიდან  ცნობილია, რომ მზის სითბოს რაოდენობა დამოკიდებულია  განედზე: რაც უფრო დაბლაა განედი, მით მეტია სითბო და პირიქით. მაგრამ აფრიკის კონტინენტის შესწავლისას  მოსწავლეები იგებენ, რომ ტროპიკულ სარტყელში  ზაფხულის ტემპერატურა უფრო მაღალია (+32 გრადუსი), ვიდრე ეკვატორულში  +24 გრადუსი). ეს ფაქტი ეწინააღმდეგება მათ მიერ შესწავლილ კანონზომიერებას და,  შეიძლება ითქვას, პრობლემური შინაარსის დავალების საფუძველი ხდება. პრობლემური შინაარსის დავალება კი ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: ატლასის  ან თემატური რუკების გამოყენებით შეადარეთ  აფრიკის ტროპიკული და ეკვატორული სარტყლების  ზაფხულისა და ზამთრის ტემპერატურები. იმსჯელეთ, რატომაა  ტროპიკულ სარტყელში ივლისის ტემპერატურა უფრო მაღალი? (პასუხი: ზაფხულში სუბეკვატორულ სარტყელში ეკვატორული ჰაერის მასებია გაბატონებული, რომელსაც დიდი რაოდენობით ნალექი მოაქვს. ტროპიკულ კლიმატურ სარტყელში მთელი წელი მშრალი ტროპიკული ჰაერის მასები ბატონობს. რადგანაც სითბოს დიდი რაოდენობა აორთქლებაზე იხარჯება, ამიტომ ეკვატორულ სარტყელში, სადაც ზაფხულში ტენიანობა ძალიან მაღალია, ზაფხულის საშუალო ტემპერატურა უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ტროპიკულ სარტყელში).

გეოგრაფიული გარსის მთლიანობისა და გეოგრაფიული კანონზომიერებების შესახებ  პრობლემური ხასიათის დავალების მაგალითი შეიძლება შეეხებოდეს დედამიწის კლიმატის ცვლილებას ან მარად მზრალობას. მოსწავლეებმა ამ მოვლენების შესახებ უნდა გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, რომლებსაც საფუძვლად მათი მეცნიერულ-პრაქტიკული მნიშვნელობა უნდა დაუდონ.

გთავაზობთ პრობლემაზე ორიენტირებული დავალებების ნიმუშებს:

ადრე  დედამიწას  იმიტომ სწავლობდნენ, რომ მისი აღწერილობა  მოგზაურობისა და ვაჭრობის დროს გამოეყენებინათ.  ახლა რა მიზნით მიმდინარეობს დედამიწის შესწავლა?

რატომ მოდის ოკეანის სანაპიროზე მდებარე ნამიბის უდაბნოში უფრო მცირე ნალექი, ვიდრე საჰარის ყველაზე მშრალ რაიონებში?

მდინარეების  რა თავისებურებაა დამოკიდებული დედამიწის რელიეფსა და კლიმატზე?

რა დადებითი და უარყოფითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიულ მდებარეობას?

რა როლი შეასრულა დიდი აბრეშუმის გზამ  საქართველოს ეკონომიკაში?

განიხილეთ და დაახასიათეთ მსოფლიოში არსებული დემოგრაფიული სიტუაცია. რა ტენდენციების გამოვლინებას აქვს ადგილი?

რატომაა ტუნდრის ზონაში  წყლის საკმაოდ დიდი რაოდენობა, თუ ნალექების წლიური რაოდენობა 300 მმ-ზე ნაკლებია ანუ უფრო ნაკლები,  ვიდრე, მაგალითად, კასპიისპირა  უდაბნოებში?

სტეპებში ხე-მცენარეულობის არარსებობა არასაკმარისი ტენიანობით  აიხსენება.  მაშინ რატომ  არ არის ტუნდრაში გავრცელებული ხე-მცენარეულობა, რომელიც პირიქით გადაჭარბებული ტენიანობით  გამოირჩევა.

გოლფსტრიმის დინების ტემპერატურა +4 გრადუსია  და  იგი, როგორც  თბილი დინება ისეა ცნობილი, მაშინ, როცა კანარის დინების ტემპერატურა +22  გრადუსია და მას ცივ დინებას უწოდებენ.  როგორ ფიქრობთ, რატომ?

1800 წელს 1 ტონა თუჯის გამოსადნობად 2.5 ტონა კოქსი და 4 ტონა კოქსვადი ნახშირი იყო საჭირო. კოქსის ხარისხის გაუმჯობესებამ და გამოდნობის პროცესის სრულყოფამ 0,7-0,8 ტონით შეამცირა კოქსის წილის ხარჯი. ახსენით, როგორ აისახა ეს მოვლენა მეტალურგიული ქარხნების განლაგებაზე?

ცნობილია, რომ მეტალურგიული  საწარმოები გარემოს ძლიერი დამაბინძურებელია. შავი მეტალურგიის  ქარხნები ატმოსფეროში 15%-მდე, ხოლო ფერადი მეტალურგიის საწარმოები  22%-მდე  მავნე ნივთიერებებს გამოაფრქვევს. რატომ ითვლება მოცემული კომპლექსის საწარმოების ნაწილი ეკოლოგიურად სუფთად? რაზე არიან ისინი სპეციალიზებული?

ავსტრალიაში ფართოდაა გავრცელებული  და ძალიან  განვითარებულია მეცხვარეობა, მაგრამ  კლიმატოლოგიურ ცოდნაზე  და ავსტრალიის ბუნებრივი ზონების რუკების ანალიზზე დაყრდნობით  ჩვენ ვსაუბრობთ კონტინენტის სიმშრალეზე,  დამშრალი მდინარეების (კრიკების)  ქსელსა და მტკნარი წყლის დეფიციტზე. მაშინ როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ ამ პირობებში კონტინენტს  ლიდერის პოზიცია უკავია სოფლის მეურნეობის ამ დარგში? (პასუხი: მოსწავლეებს ინფორმაციის ანალიზისა და წინარე ცოდნის გააქტიურების საფუძველზე შეუძლიათ გამოიტანონ დასკვნა, რომ ცხვრები  იმ გამხმარი ბალახით იკვებებიან  და იმ მარილიან წყალს  სვამენ, რომელიც ავსტრალიაში საკმარისადაა).

გეოგრაფია  ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საგანია სასკოლო პროგრამაში,  მისი სწავლების ეფექტურობა მისაღწევია იმ შემთხვევაში, თუ  სასწავლო პროცესი  მიმართული იქნება მოსწავლეთა აზროვნების განვითარებაზე, მათი შემეცნებითი დამოუკიდებლობის ფორმირებაზე, მათ შორის  პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების სტრატეგიის გამოყენებით.

 

 

 

 

„სიკვდილო, თუკი ადვილი ხარ“

0

ვერაფრით ვიხსენებ, როდის შევხვდი პირველად. დღესაც ისეთი განცდა მაქვს, თითქოს მთელი ცხოვრება ერთად ვიყავით. არადა ჩვენი გზები ოთხი თუ ხუთი წლის წინ უნდა გადაკვეთილიყო. პირველად პურის ლუკმა გავიყავით. უსიტყვოდ, ყოველგვარი შორეული მიზნისა და დათქმის გარეშე. მერე რაღაცნაირად წესად გვექცა – შინ დაბრუნებულს, ჭიშკართან მეგებებოდა და ერთად ვვახშმობდით. გამოხდა ხანი და უცებ გავაცნობიერეთ, უერთმანეთოდ ყოფნა აღარ შეგვეძლო…

 

ამ რამდენიმე კვირის წინ კი ჩვენი გზები ისევ გაიყო. წავიდა. სამუდამოდ წავიდა იქ, საიდანაც აღარ თუ ვეღარ ბრუნდებიან. ჩვენში მოკლედ იტყვიან: მოკვდაო.

რამდენიმე ათეული წლის წინ ერთ-ერთი საავადმყოფოს ზღურბლთან მრავალ სიკვდილსიცოცხლენანახმა ექიმმაც ასევე აუღელვებლად, პირდაპირ და მოკლედ მითხრა: „უი, ის რომ მოიყვანეთ, მაშინვე მოკვდაო“.

ჩვენ, თავს ადამიანებს რომ ვუწოდებთ, დიდი ხანია მთელ დუნიას დავეპატრონეთ. ჩვენი სწორი ამქვეყნად არცა სულიერი გვგონია და არცა უსულო. ყველას და ყველაფერს ზემოდან დავცქერით, არათუ სიცოცხლეში, სიკვდილშიაც კი თავს ვამეტებთ. დიდებს „გარდაცვალების“ ფუფუნება გვაქვს, სხვები კი უბრალოდ იხოცებიან, მიდიან ამ სოფლიდან, ქრებიან სამარადჟამოდ…

დიახ, ის ორი უბრალოდ მოკვდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი ადამიანი ვერასოდეს გახდებოდა, რადგან განგებამ ძაღლად გააჩინა, მეორემ კი ვერ მოასწრო – მხოლოდ ერთი კვირა ისუნთქა ჟანგბადით. ჩვენ? ჩვენ ვიცხოვრებთ, ოდესმე გარდავიცვლებით და სიკვდილის შემდეგაც გავაგრძელებთ ყოფას ავად თუ კარგად…

სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ყველა ხალხის, ყველა ეპოქის მთავარი თავსატეხი იყო. ასეთივე დარჩება ყოველთვის. კიდევ ბევრი თაობა და ჟამი გარდავალს სიკვდილის წინაშე ძრწოლით…

მაგრამ ერმა, რომელიც იტყვის: „ღმერთმა გიშველოს, სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითაო“, – სიცოცხლის ფასიც იცის და სიკვდილისაც. ერმა, რომელიც საკუთარ მიცვალებულზე წინ ბეჩავ-საბრალოთ დაუდგამს ტაბლას, იცის გარდაცვლილთა სულის ცხონებაზე ზრუნვა. ერმა, რომლის პოეზიაშიც „ხმით ნატირალი“ ცალკე ლიტერატურული ჟანრი იქნება, იცის, როგორ მოიშუშოს სიკვდილით მიყენებული იარები.

ჰოდა, ასეთი მდიდარი ლექსიკისა და ლაქარდიანი ენის პატრონებს, რატომ გვაქვს ეს ორი სიტყვა ასე გამიჯნული? მჯერა, რომ ეს ენის სიმწირის ბრალი არ არის. ერთ დროს უთუოდ გვექნებოდა „მოკვდას“ ალტერნატიული „გარდაცვალების“ სინონიმი, მერე კი რაღაც მიზეზით მივივიწყეთ, უსარგებლო ნივთივით საკუჭნაოს ბნელ კუთხეში მივაგდეთ და ისიც ნელ-ნელა ისე დაიჟანგა, ახლა რომც მივაგნოთ, ვეღარ ვიცნობთ, რა არის და რისთვის იყენებდნენ…

დღეს მორიგი ექსპერიმენტი ჩავატარე. ორ ნივთიერებას სიკვდილის განაჩენი გამოვუტანე. მათი შეერთებით ახალი მოლეკულა უნდა დაიბადოს. უფრო უკეთესი, უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის ორი… ქიმიაში ამას გარდაქმნას ეძახიან, თუმცა ჩემთვის ეს მოლეკულათა გარდაცვალების სადარია. ორი გარდაცვლილი მოლეკულის ატომები ახალი ფორმით გააგრძელებენ სიცოცხლეს…

 

იდეები სოციალური პროექტების დაგეგმვისათვის  განათლების დაწყებით საფეხურზე

0

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენციაა. ის  სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირების მიზნით ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას გულისხმობს, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღების უნარი, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ სკოლაში სოციალური პროექტების განხორციელება ამის საუკეთესო საშუალებაა. სოციალური პროექტები მიმართულია გარემოს გაუმჯობესების, კონკრეტულ სოციუმში რეალური სოციალური საჭიროების შესწავლისა და სოციალური სიტუაციის გაუმჯობესებისკენ (არსებულ პრობლემათა პრევენციის/მინიმიზაციისკენ), რის საბოლოო მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაა. ვინაიდან, სკოლაში მოსწავლეები არა მხოლოდ კონკრეტულ დისციპლინებს სწავლობენ, არამედ სკოლა ოჯახთან თანამშრომლობით ზრუნავს მათ აღზრდასა და მორალურ განვითარებაზე. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ სხვაზე პასუხისმგებლობა, სხვებზე ზრუნვა – ბავშვებს ეხმარება საკუთარი თავის, როგორც ღირებულის, აღქმაში და უქმნის მათ პრობლემებთან გამკლავების შესაძლებლობას. ეს კი საბოლოოდ მოზარდთა რისკიანი ქცევების პრევენციის ერთ-ერთ საშუალებად ითვლება. აგრეთვე, ზოგი მეცნიერის აზრით (Eisenberg, 1992), აგრესიული ქცევის შემცირება შესაძლებელია  პროსოციალური ქცევის (სხვებზე ზრუნვა, ისე რომ არ მოელი პირად გამორჩენას) წახალისებით.

ამავდროულად, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში – სოციალური პროექტი, როგორც მასწავლებლის დამატებითი საქმიანობა, გათვალისწინებულია პრაქტიკოსის, უფროსისა და წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებლებისათვის და მისი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში პედაგოგს  0.5 კრედიტი ენიჭება.

სოციალური პროექტის განმახორციელებელი შეიძლება იყვნენ მოსწავლეები, მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და თემი. შესაბამისად, პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება იყოს – კონკრეტული მოსწავლე, კლასი, სკოლა, სასკოლო ქსელი ან თემი.

აქედან გამომდინარე, სოციალური პროექტის მიზნები შეიძლება იყოს:

  • სოციალური ადაპტაციის გაუმჯობესება;
  • მოწყვლადი ჯგუფებისთვის პირობების გაუმჯობესება, ცხოვრების ხარისხის ამაღლება;
  • ტოლერანტობის გაზრდა მრავალფეროვანი ჯგუფების მიმართ;
  • დაპირისპირების, კონფლიქტების პრევენცია;
  • უშუალო გარემოს (მათ შორის ფიზიკურის) გაუმჯობესება;
  • მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლება.

სოციალური პროექტები შესაძლოა განხორციელდეს შემდეგ თემებზე: ეკოლოგია, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, სერვისის გაუმჯობესება, სოციალური ადაპტაცია, განათლება, დასვენების ორგანიზება,  შემოქმედება.

შესაძლოა დაგებადოთ კითხვა, თუ რა კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებს განვუვითაროთ უნარები, რომლებიც გარემოს გაუმჯობესებისა თუ სხვებზე ზრუნვისკენ იქნება მიმართული.

ვფიქრობთ, პირველ რიგში მნიშვნელოვანია ზრუნვა ემპათიის განვითარებაზე. ემპათიის ქვეშ მოიაზრება სხვისი ემოციების გაგების, წვდომისა და თანაგანცდის  უნარი. ემპათიის მნიშვნელობის განმარტება პატარა ბავშვებისთვის ერთი შეხედვით შეიძლება საკმაოდ აბსტრაქტულ და რთულ ამოცანად მოგვეჩვენოს. მაგრამ, იმისთვის, რომ ბავშვმა სხვისი ემოციის აღქმა და შესაბამისად რეაგირება შეძლოს, მნიშვნელოვანია, ესმოდეს გრძნობათა ფართო სპექტრი, რომელსაც იგი ყოველდღიურად განიცდის და ისიც, რომ სხვა ადამიანებს შეიძლება მსგავს სიტუაციაში განსხვავებული ემოციები დაეუფლოთ. ვინაიდან მიიჩნევა, რომ რაც უკეთ შეგვიძლია საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობა, მით მეტად შეგვიძლია თავის მართვა და სხვათა დახმარებაც. ეს კი აუცილებელი უნარებია მეგობრებთან თუ თანაკლასელებთან კარგი ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნებისთვის.

ამ ამოცანის მიღწევა პირველ რიგში საკუთარი ემოციების ამოცნობის უნარის განვითარების ხელშეწყობით არის შესაძლებელი. მართალია, თანაგრძნობის უნარი ასაკთან ერთად გვიმუშავდება, მაგრამ არსებობს სხვადასხვა სტრატეგია, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია ბავშვებს ეს გრძნობა განვუვითაროთ.

მიიჩნევა, რომ 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საკმაოდ რთულია სხვისი ემოციების წვდომა. მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რაოდენ ფაქიზად გამოხატავდნენ უფროსები ბავშვების მიმართ ემოციებს, რამდენად ხედავდნენ პატარები სხვების მიმართ გამოხატულ ემპათიას, და რამდენად იყო წახალისებული სხვა ადამიანის თუ ბავშვის მიერ განხორციელებული პროსოციალური ქცევა. ასეთ შემთხვევაში ბავშვს ექმნება წარმოდგენა,  რომ სხვათა ემოციების წვდომა და სხვაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. პირველ რიგში თანაგრძნობა  სხვისი ემოციების გაგებით იწყება.

ამისათვის გთავაზობთ აქტივობას ,,ამოიცანი ემოცია’’, რომელიც  6-10 წლის ბავშვებზეა გათვლილი. აქტივობის განხორციელებისთვის საჭიროა ბარათები სიტუაციებით, რომელიც შეიძლება იყოს ტიპური უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის (სიტუაციათა გამრავალფეროვნება სასურველია მოსწავლეთა ინტერსების, ასაკისა თუ კულტურის გათვალისწინებით).

სიტუაციათა სავარაუდო ჩამონათვალი:

  • ბავშვს ნაყინი ჩამოუვარდა კონუსიდან;
  • მას დაბადების დღე აქვს და სტუმრებს ელოდება;
  • ბავშვი დავარდა და მუხლი დაიზიანა;
  • სურს, რომ უფროსებმა ახალი სათამაშო უყიდონ;
  • სკოლაშია და მოშივდა;
  • მიდის სტუმრად ახალ გადმოსულ თანაკლასელთან;
  • ყური სტკივა და სიცხე აქვს;
  • ბავშვს ბიძაშვილმა საჩუქარი აჩუქა;
  • მასწავლებელმა მისცა შენიშვნა;
  • ქურთუკს იცვამს და ელვა გაეჭედა მისი შეკვრის დროს;
  • სკოლაში ბებიას ელოდება, რომელიც აგვიანებს;
  • ბავშვის ლეკვს ოპერაციის გაკეთება სჭირდება.

მოსწავლეები სხდებიან წრეზე. მასწავლებელი უკითხავს სიტუაციას ან სთავაზობს ბარათს შესაბამისი ილუსტრაციით. მოსწავლეებს დარიგებული აქვთ ბარათები სხვადასხვა ემოციათა სახელწოდებებით (ან ემოტიკონებით). მაგ, მოწყენილი, მხიარული, შეშინებული, შეშფოთებული, გაკვირვებული, გაბრაზებული, ამაყი, ბედნიერი. მოსწავლეები პასუხობენ შეკითხვებზე: რას გრძნობს ბავშვი?/რას იგრძნობდით თქვენ ამ დროს? ბავშვებს შეუძლიათ ამოირჩიონ ნებისმიერი ბარათი, აჩვენონ ჯგუფს და დაასახელონ. ასეთ დროს ბავშვები აკვირდებიან, რომ ადამიანებს ერთსა და იმავე სიტუაციაში შეიძლება განსხვავებული ემოციები გაუჩნდეთ.

იმისთვის, რომ აქტივობა მეტად სახალისო იყოს მოსწავლეებისთვის, შესაძლებელია ემოტიკონების დასამზადებლად გამოვიყენოთ ფოტოები სხვადასხვა ჟურნალებიდან ან მანამდე სპეციალურად დამზადებული ხელის თოჯინები. ემოციების გამოსახულებების გამოყენება სხვადასხვაგვარად არის შესაძლებელი. მაგ. შესაძლოა რომელიმე ემოციის ამორჩევის შემდეგ ბავშვებმა იმსჯელონ, რა ემოციაა გამოსახული და როდის განიცდიდნენ ისინი მსგავს ემოციებს.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს მივაწვდით ინფორმაციას ემოციების შესახებ, შეგვიძლია წამოვიწყოთ დისკუსია – ჩვენი გარშემომყოფების როგორმა ქცევამ/კეთილმა საქმემ შეიძლება დაგვაყენოს კარგ ხასიათზე და ზოგადად, კლასში, თუ ჩვენ ქალაქში შექმნას კარგი კლიმატი.

იდეების გენერირების შემდგომ შესაძლოა, კლასში გავაკრათ კეთილი საქმეების ჩამონათვალი, საიდანაც მოსწავლეები თავად აირჩევენ მათთვის სასურველ კეთილ საქმეს.

შესაძლოა ეს იყოს:

  • ღიმილიანი მისალმება ნაცნობებისადმი;
  • კარის დაჭერა ვინმესთვის, ვინც ოთახში შემოდის;
  • მოწყენილი მეგობრისთვის სასაცილო ამბის მოყოლა;
  • კარგი სურვილებით ბარათების დატოვება თანაკლასელის მერხზე ან ბიბლიოთეკის წიგნში;
  • ასაკოვანი ადამიანის ბავშვობის ისტორიით დაინტერესება, მათი მოსმენა;
  • მეგობრისთვის კომპლიმენტის თქმა;
  • ოჯახის წევრებისთვის დახმარების გაწევა მაგიდის გაშლასა და ალაგებაში;
  • ოჯახის წევრებისთვის ლოგინის გაშლა;
  • დაფის გაწმენდა, კლასის მოწესრიგება მანამ, სანამ ვინმე ამის გაკეთებას დაგვავალებს;
  • ყვავილების მორწყვა;
  • სკოლის ეზოს გალამაზება ფერადი ცარცებით.

აგრეთვე იდეები შეიძლება ეხებოდეს არა მხოლოდ სიკეთის ყოველდღიურ, მარტივ გამოვლინებებს, არამედ იმგვარ საქმიანობებს, რომელთა განხორციელებასაც შედარებით მეტი დრო და გარკვეული რესურსი სჭირდება. კერძოდ:

  • ზამთარში ფრინველებისთვის საკვებურების მოწყობა;
  • ხეების დარგვის პროცესში მონაწილეობა;
  • სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის წიგნების წაკითხვა ან საყვარელი თამაშობების სწავლება;
  • ჯარისკაცების, მოხუცთა თავშესაფრის მცხოვრებელთათვის სადღესასწაულო დღეებში მისალოცი, ხელნაკეთი ბარათების გაგზავნა;
  • ექიმების, ექთნების, 112-ის თანამშრომლების, პოლიციელებისა და მეხანძრეებისთვის სამადლობელი წერილების დაგზავნა, იმისთვის, რომ მუდამ ზრუნავენ ჩვენს უსაფრთხოებაზე;
  • საბავშვო წიგნების, გასაფერადებლების, სახატავი საშუალებების შეგროვება და გადაცემა ბავშვთა პოლიკლინიკისა და სტომატოლოგიური კაბინეტის მოსაცდელებისათვის;
  • სანიშნეების დამზადება სკოლის ბიბლიოთეკისთვის;
  • ცხოველთა თავშესაფრისთვის სათამაშოების დამზადება (მაგ., ძაფზე გამობმული ბაფთების შექმნა კატებისათვის).

საქმიანობის განხორციელების შემდეგ მიზანშეწონილია პროცესის რეფლექსია. რომ მოსწავლეებმა გააანალიზონ ის, თუ რა განცდებს იწვევს მათში ან იმ ადამიანებში, ვისაც ეს შეეხო, მათ მიერ განხორციელებული სიკეთის ჟესტები. აგრეთვე, საპასუხოდ რა რეაქცია მიიღეს ამ დროს სხვა ადამიანებისაგან. სასურველია აგრეთვე დისკუსია და დაფიქრება იმის შესახებ, თუ რა სიკეთე გაგვიკეთეს დღის თუ კვირის განმავლობაში სხვა ადამიანებმა და როგორ შეიძლება ამგვარმა ქცევამ შეცვალოს კლიმატი ჩვენს კლასსა თუ სკოლაში. რეფლექსიისთვის შესაძლებელია როგორც კლასში დისკუსიის წამოწყება, ისე სპეციალურად შექმნილი ჟურნალების გამოყენება.

სიკეთის ჟურნალი შეიძლება შეიცავდეს შემდეგ პუნქტებს:

თარიღი:

  • კვირის განმავლობაში რა კეთილი საქმის/საქმეების გაკეთება შემიძლია ჩემი თანაკლასელისათვის/სკოლელისათვის?
  • მოიფიქრეთ და დახატეთ, რა კეთილი საქმის გაკეთება შეგიძლიათ კვირის განმავლობაში?
  • რა კეთილი საქმე გაგიკეთათ სხვა ადამიანმა?
  • რას გრძნობთ, როდესაც სიკეთეს გიკეთებენ?
  • დახატეთ, რა სიკეთე გააკეთა სხვა ადამიანმა თქვენთვის.

თარიღი:

  • კეთილი საქმე, რომელიც ამ კვირაში გააკეთეთ სხვა ადამიანისთვის?
  • თქვენი აზრით, რას გრძნობდა ის ადამიანი?
  • თქვენ როგორ გრძნობდით თავს?
  • მოახდინა თუ არა თქვენმა საქციელმა გავლენა კიდევ ვინმეზე?
  • რის გაკეთებას აპირებთ ხვალ?

თარიღი:

  • მე შემიძლია ჩემი სიკეთე ჩემს მშობლებს დავანახო იმით, რომ….
  • შემიძლია სიკეთე ჩემ და-ძმას დავანახო იმით, რომ…
  • მე შემიძლია სიკეთე ჩემ მეგობარს დავანახო იმით, რომ…
  • შემიძლია სიკეთე ჩემი კლასის დამრიგებელს დავანახო იმით, რომ…
  • რა კეთილი საქმეების მაგალითებს ვხვდები ჩემს კლასში?
  • დახატეთ, თქვენი კლასი, როდესაც იქ კეთილი საქმეები ხდება.

თარიღი:

  • მე რომ აღმენიშნა სიკეთის დღე, მე ამ დღეს გავაკეთებდი…
  • დახატეთ ადამიანები, რომლებიც სიკეთის დღეს აღნიშნავენ…

თარიღი:

  • ჩემთვის სიკეთე არის..
  • დახატეთ, რა არის სიკეთე…
  • სიკეთის გაკეთება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ…
  • ყველა ადამიანი დღეში ერთ სიკეთეს რომ აკეთებდეს, როგორი იქნებოდა, თქვენი აზრით, ჩვენი ქალაქი/სოფელი/სამყარო?

მასწავლებელს შეუძლია აღნიშნული ჟურნალის როგორც გამარტივება, ისე გამრავალფეროვნება. აღნიშნულ ჟურნალს მოსწავლეები დამოუკიდებლად აწარმოებენ, თუმცა ზოგად საკითხებზე შესაძლოა, პედაგოგმა კლასში წამოიწყოს დისკუსია.

ჟურნალის ნაცვლად რეფლექსიისთვის შეგვიძლია უფრო მარტივი ვერსიის გამოყენება, როდესაც მოსწავლეები მათ მიერ გაკეთებულ კეთილ საქმეს ხატავენ ან წერენ და აკრავენ წინასწარ შექმნილ სიკეთის ხეზე.

აგრეთვე შესაძლებელია კლასში კალენდრის გაკეთება, სადაც მოსწავლეები დღეების მიხედვით ჩაწერენ მათ მიერ გაკეთებული კეთილ საქმეებს.

იხ. სავარაუდო ნიმუში

ორშაბათი სამშაბათი ოთხშაბათი ხუთშაბათი პარასკევი შაბათი კვირა
კლასი გავაფორმე ჩვენი ნამუშევრებით, რამაც კლასი  უფრო კომფორტული გახადა. დავეხმარე თანაკლასელს დავალების შესრულებაში;

მოვიკითხე თანაკლასელი, რომელიც ავად არის.

მოვრწყე ყვავილები;

მოვაწესრიგეთ საკლასო ოთახი.

დავეხმარეთ სკოლის ბიბლიოთეკარს კატალოგის შექმნაში. დავეხმარე ბებიას ნამცხვრის გამოცხობაში. ჩემს დას წავუკითხე ზღაპარი. დავეხმარე მამას მანქანის გარეცხვაში.

 

შესაძლებელია მეოთხე კლასის შემდეგ ორგანიზაციის Life Vest Inside (შინაგანი სამაშველო ჟილეტი) მიერ შექმნილი ვიდეოს ,,სიკეთის ბუმერანგი – ერთი დღე’’ ჩვენება – https://www.youtube.com/watch?v=nwAYpLVyeFU.

ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ იწყება დღე იმით, რომ მშენებელი მუშა ეხმარება პატარა ბიჭუნას, რომელიც სკეიდბორდიდან ვარდება, შემდეგ კი ფეხზე წამომდგარი ბიჭუნა მოხუც ქალბატონს ეშველება მძიმე ჩანთის აწევაში და ასე გრძელდება მანამ, სანამ სიკეთე თავად მუშას არ დაუბრუნდება. ვიდეოს ჩვენების შემდეგ შესაძლებელია დისკუსიის წამოწყება. თუ რატომ ჰქვია, მათი აზრით, ვიდეოს ,,სიკეთის ბუმერანგი?’’ თქვენ როგორ მოიქცეოდით ბიჭუნას, მოხუცი ქალბატონის, მიმტანის ან სხვა პერსონაჟის ადგილზე? როგორ ფიქრობთ, რატომ იქცევიან ადამიანები ამგვარად?

იმედი გვაქვს, სტატიაში მოწოდებული იდეები გარკვეულ დახმარებას გაუწევს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს სოციალური პროექტების დაგეგმვისას. ვინაიდან, ბავშვებისთვის საკუთარი და სხვათა ემოციების ამოცნობის უნარების განვითარება, პროსოციალური ქცევის წახალისება და მისი რეფლექსია მნიშვნელოვანია კლასის ერთობის, სკოლის საერთო კულტურისა და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს ფორმირებაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პროსოციალური ქცევის წახალისება შესაძლოა, სასკოლო ბულინგის პრევენციის მიზნითაც გამოვიყენოთ. თუ დავუშვებთ იმას, რომ ადამიანი სხვას შეიძლება ჩაგრავდეს საკუთარი ძალის დემონსტრირებისა და ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი ზემოთ აღწერილი საქმიანობების შეთავაზებით ბავშვებს ვუბიძგებთ, რომ ენერგია ცივილიზებული და სოციალურად მისაღები  ფორმით დახარჯონ. აგრეთვე იგრძნონ საკუთარი და სხვა ადამიანთა ღირებულება, შესაძლებლების ფარგლებში იზრუნონ გარემოს გაუმჯობესებაზე და იგრძნონ, რომ თითოეულ ადამიანს შესწევს ძალა და უნარი, წვლილი შეიტანოს მშვიდობიანი და უკეთესი გარემოს შექმნაში, რაც სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Eisenberg, N. (1992). The Caring Child, Harvard University Press. Pp 189.
  2. gl/Aonn1h (ნახვა 01.03.2018).
  3. gl/ZyL5VT(ნახვა 01.03.2018).
  4. gl/ozpMGJ(ნახვა 01.03.2018).
  5. gl/9QKjWy(ნახვა 01.03.2018).
  6. gl/jZW4Uv ( ნახვა 02.03.2018).
  7. gl/9gP6Zc ( ნახვა 02.03.2018).
  8. gl/RdPF2k (ნახვა 01.03.2018).
  9. gl/tAe8Zx(ნახვა 01.03.2018).
  10. gl/AVq5tC(ნახვა 01.03.2018).
  11. gl/rNBrhG(ნახვა 01.03.2018).
  12. gl/LzuxRx (ნახვა 01.03.2018).
  13. gl/oPYq56(ნახვა 01.03.2018)
  14. https://www.lifevestinside.com

 

უწყვეტი განათლების პრინციპები და  მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების უპირატესობები

0

თანამედროვე  საგანმანათლებლო პროცესი სწავლებაში ისეთი მიდგომების ჩამოყალიბებას მოითხოვს, რომლის შედეგად მოსწავლე შეძლებს დამოუკიდებლად  შეიძინოს ცოდნა, მასწავლებელი კი მხოლოდ მისი საქმიანობის წარმმართველის როლს შეასრულებს. ასეთი გარემოს შექმნას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოდულური სწავლება, რომელიც დასავლეთის საგანმანათლებლო სივრცეში სულ უფრო პოპულარული ხდება. პედაგოგიკის ფსიქოლოგიაში იგი კომპეტენციების ათვისებისთვის მნიშვნელოვან კომპონენტადაც მიიჩნევა.

 

ტერმინი „მოდულური სწავლება“ დაკავშირებულია  ცნება „მოდულის“ საერთაშორისო გაგებასთან, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელობაცაა „ფუნქციური ჯაჭვი“, ანუ ერთგვარი კვანძი, რომელიც თავს უყრის სწავლების შინაარსსა და ტექნოლოგიას. ამ დროს სწავლის შინაარსი წარმოდგენილია დასრულებული, დამოუკიდებელი ბლოკების სახით (მაგ., საინფორმაციო ბლოკი, პრაქტიკული აქტივობა და ა.შ..). მოდულური ტექნოლოგია განსაკუთრებით პოპულარული გახდა XX საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც ის ჩაითვალა „მთელი სიცოცხლის განმავლობაში“  სწავლის მნიშნელოვან  საშუალებად.

 

რა არის ამ მიდგომის არსი? მოდულური სწავლების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლე სასწავლო შემეცნებითი საქმიანობისას დამოუკიდებელია (ან მუშაობს მასწავლებლის დახმარებით) და ამ გზით მიაღწევს მოდულის კონკრეტულ მიზანს.

გაკვეთილის მოდულის შექმნა/შესრულება გულისხმობს  შემდეგი პირობების დაცვას:

  1. სწავლების შინაარსი წარმოდგენილია დამთავრებული, დამოუკიდებელი ბლოკების (კომპლექსური თემების, საინფორმაციო ბლოკების) სახით;
  2. ყოველ თემატურ ბლოკში გამოიყოფა რამდენიმე მოდული: 
  • 1-ლი მოდული – მასწავლებლის მიერ თემის ძირითადი საკითხების ზეპირი გადმოცემა, ძირითადი ცნებების განმარტება (მას შეიძლება დაეთმოს 1-2 გაკვეთილი);
  • მე-2 მოდული – დამოუკიდებელი და პრაქტიკული სამუშაო, სადაც მოსწავლეები მასწავლებლის ხელმძღვანელობით მუშაობენ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროზე, შეიმუშავებენ თხზულების მასალას, განიხილავენ. ამ ეტაპზე ეფექტურია პრაქტიკული გაკვეთილების ჩატარება, კონფერენციების, თამაშების, პრეზენტაციების გამართვა (მას შეიძლება დაეთმოს 3-5 გაკვეთილი);
  • მე-3 მოდული – თემის განმეორება და განზოგადება (შეიძლება დაეთმოს 1-2 გაკვეთილი);
  • მე-4 მოდული – მთლიანი თემის შესახებ მოსწავლეთა ცოდნის კონტროლი/შემოწმება (შეიძლება დაეთმოს 1-2 გაკვეთილი).

მოცემული მუშაობის დროს მოსწავლეს აქვს ინსტრუქცია, რომელშიც განსაზღვრულია:

  • მოდულის ათვისების მიზანი;
  • როგორ მოიძიოს სასწავლო მასალა;
  • როგორ დაეუფლოს, შეიძინოს ცოდნა ამ მასალის შესახებ;
  • როგორ შეამოწმოს შესრულებული დავალების სისწორე.

მასწავლებლის როლია:

  • შეადგინოს მოდულის ინსტრუქცია;
  • დააზუსტოს რესურსები, საშუალებები;
  • მოახდინოს ათვისებული მასალისა და უნარების  კონტროლი და კორექცია.

შეფასებისთვის გამოიყენება:

  • კონტროლი;
  • თვითკონტროლი;
  • მოსწავლეთა ურთიერთკონტროლი;
  • მასწავლებლის მიერ გაკეთებული დასკვნა.

კარგი ნიშნის მიღება – მოდულური ტექნოლოგიის დროს ყველაზე ეფექტური მოტივატორია. მოსწავლემ ზუსტად იცის, რომ მისი შრომა შეფასდება მუშაობის ყოველ ეტაპზე და შეფასება ადეკვატურად იქნება გაკეთებული, თუმცა მოდულური სწავლების დროს ძირითადად გამოიყენება განმავითარებელი შეფასება.

აღსანიშნავია, რომ მოდულური ტექნოლოგია ინტეგრირებული ტექნოლოგიაა, რამდენადაც მოითხოვს ლოგიკურ აზროვნებას, რომელსაც მოსწავლე მუდმივად  ამტკიცებს თვითკონტროლისა და მასწავლებლის კონტროლის საფუძველზე, შედეგად კი ვიღებთ კომპეტენტურ მოსწავლე/მასწავლებელს.

 

აღსანიშნავია, რომ მოდულური სწავლება შეიძლება განხორციელდეს ერთი საგაკვეთილო დროის განმავლობაშიც.  განვიხილოთ მაგალითი:

 

მოდულური სწავლების ეტაპები ერთი გაკვეთილის ფარგლებში  

 

საგნობრივი ჯგუფი: საზოგადოებრივი მეცნიერებები.

საფეხური:  საბაზო.

თემა: სახელმწიფოს არსი და ორგანიზაცია.

მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს სახელმწიფოს არსისა  და ორგანიზაციის შესახებ წარმოდგენების ფორმირება; შეიძინოს ცოდნა სახელმწიფოს ძირითადი ნიშნების შესახებ; აღწეროს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის პრინციპი და თავისებურებები კონკრეტული მაგალითების მოყვანით; იმუშაოს სხვადასხვა ტიპის წყაროებზე.

გაკვეთილის ტიპი: ახალი მასალის ახსნის გაკვეთილი;

რესურსები: მოდულის ინსტრუქცია; მსოფლიო პოლიტიკური რუკა; სქემა: „საზოგადოების პოლიტიკური სისტემა“.

 

ეტაპი: მას შემდეგ, რაც მასწავლებელი ჯგუფს გააცნობს გაკვეთილი/მოდულის ზოგად მიზნებს, იწყება   „გონებრვი იერიში“, რომლის   მიზანია წინარე ცოდნის აქტუალიზაცია თემაზე: „საზოგადოების პოლიტიკური სისტემა“ (წინა ცოდნის აქტუალიზაციისას გამოჩნდება მოდულის როგორც ინტეგრირებული სწავლის სისტემის მთელი უპირატესობა, როდესაც მოსწავლეს ცოდნის ტრანსფერის რეალური საშუალება მიეცემა);

 

ამ ეტაპის დავალებაა: ხელისუფლების  რომელი ტიპის (ქარიზმატული, ტრადიციული/ლეგალური…) დროს შეხვდებით მსგავს სიტუაციას:

ა) ქვეშევრდომებს მოსწონთ   თავიანთი მმართველები და ხელისუფლება;

ბ) მმართველის მხარდაჭერა და ერთგულება თაობიდან თაობას გადაეცემა;

გ) სახელმწიფოს საფუძველს წარმოადგენს იურიდიული ნორმების მიმართ ერთგულება და წესების ზუსტად დაცვა;

დ) ექვემდებარებიან არა ხელმძღვანელის პიროვნებას, არამედ კანონებს, რომლის ფარგლებში ხდება ხელისუფლების წარმომადგენლების არჩევა და ხელისუფლების განხორციელება. სავარაუდო პასუხებია:

  • ხელისუფლების ქარიზმატული ფორმა; 1.2. ხელისუფლების ტრადიციული ფორმა; 1.3. ლეგალური ხელისუფლება.
  • განსაზღვრეთ თქვენი ცოდნა სქემაზე:

სწორი პასუხი/მაღალი დონე = 4 ქ.

სწორი პასუხი/საშუალო დონე=3 ქ.

სწორი პასუხი/დაბალი  დონე=3 ქ.

არასწორი პასუხი/ყველაზე დაბალი დონე=1/2 ქ.

  • შეცდომების გაანალიზება.

მოსწავლის საქმიანობა:  დამოუკიდებლად მუშაობს რვეულებში.

 

II  ეტაპი: ახალი მასალის ახსნა

მიზანი – გაეცნოს საზოგადოების პოლიტიკურ სისტემას;

ამ ეტაპის დავალებაა: ა) სახელმძღვანელოს ტექსტზე მუშაობა და ცნება –   „საზოგადოების პოლიტიკური სისტემა“ – დამუშავება; 2) კითხვაზე პასუხის გაცემა: „რა როლს ასრულებს საზოგადოების ცხოვრებაში სახელმწიფო“?

მოსწავლე: დამოუკიდებლად მუშაობს ტექსტზე და ლექსიკონზე, და აკეთებს პატარა კონსპექტს/ჩანაწერს.

 

III  ეტაპი:  ახალი მასალის ახსნა

მიზანი  –  ცნება „სახელმწიფოს“ განსაზღვრა; სახელმწიფოს ძირითადი ნიშნების გაცნობა და შესწავლა.

ამ ეტაპის დავალებაა: ა) სახელმძღვანელოს ტექსტზე მუშაობა; ბ) მასწავლებლის მინი-ლექცია სახელმწიფოს დამახასიათებელ ნიშნებზე და კლასტერის –
„სახელმწიფოს ნიშნები“ – დახატვა.

მოსწავლე: დამოუკიდებლად მუშაობს ტექსტზე და ლექსიკონზე; ისმენს მასწავლებლის მინი-ლექციას და  აკეთებს რვეულში ჩანაწერებს.

 

IV   ეტაპი: ახალი მასალის ახსნა და მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობა

მიზანი – სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის გაცნობა;

ამ ეტაპის დავალებაა: ა) სახელმღვანელოს ტექსტზე მუშაობა და ცნებების –   „უნიტარული სახელმწიფო“, „ფედერაცია“, „კონფედერაცია“ – განმარტება

ბ) თითოეულ ტიპის მიხედვით მაგალითების მოყვანა.

მოსწავლე: დამოუკიდებლად მუშაობს ტექსტზე და ლექსიკონზე; მუშაობს და ადგენს  სქემებს სახელმწიფოს ტიპების მიხედვით. აკეთებს ლოგიკურ დასკვნას, თუ რა რატომ აღმოჩნდა კონფედერაცია  ისტორიულად არაპერსპექტიული?

 

VII ეტაპზე: განვლილი მასალის კონტროლი:

მიზანი: მიღებული ცოდნის განზოგადება

დავალება: მუშაობა სქემებზე. იპოვეთ შესაბამისობა სახელმწიფოებსა და ტერიტორიული მოწყობის ფორმებს შორის.

მოსწავლე: წერილობით  ასრულებს დავალებას.

  უნიტარული ფედერაციული კონფედერაცია
აშშ      
რუსეთი      
კანადა      
პორტუგალია      
ბელგია      
გერმანია      
იტალია      
ჩინეთი      

 

V   ეტაპი – პასუხების შემოწმება: მასწავლებელი ამოწმებს მიღებულ  შედეგებს და აკავშირებს მას დასახულ მიზანთან.

 

მოდულური სწავლებისას მოსწავლის მოტივაცია მაღალია, თანამშრომლობა თითქმის ყველა დონეზეა შემდგარი და საკმაოდ კონსტურქციულია; მოსწავლე თავად ირჩევს სწავლის დროსა და ტემპს, მსჯელობს, აკავშირებს, ხარისხებს, აჯგუფებს, აკეთებს ჩანაწერებს, ამზადებს პრეზენტაციას, განაზოგადებს მასალას.  მასწავლებელი ყველა ეტაპზე აკვირდება მოსწავლეს, ახორციელებს მისი ცოდნის  კონტროლსა და კორექციას, შედეგად კი ვიღებთ კომპეტენციების განვითარებაზე აქცენტირებულ მოსწავლეს, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია მართოს თავისი სასწავლო პროცესი, მოიძიოს და აითვისოს მასალა და გააგრძელოს ეს პროცესი უსასრულოდ, მთელი ცხოვრების მანძილზე. ამიტომ ითვლება მოდულური სწავლება უწყვეტი განათლების ერთ-ერთ აქტიურ ხელშემწყობ ტექნოლოგიად.  

 

 

 

როგორ ვასწავლოთ რევაზ ინანიშვილის ანტისაბჭოთა ქვეტექსტების მოთხრობები საბაზო საფეხურზე?

0

ქართველებს თუ რამით შეგვიძლია თავმოწონება ცივილიზებული სამყაროს წინაშე, უპირველესად – ქართული ლიტერატურით. მრავალი ისეთი ავტორი გვყავს, რომელთათვისაც მსოფლიო ასპარეზი ალალია. მათ შორის გამორჩეულია რევაზ ინანიშვილი. მისი ტექსტები ნამდვილი სულის მალამოა მასწავლებლებისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც. ეს ავტორი ქმნის დაუვიწყარ მიკროკოსმოსს, რომელიც სამყაროს უდიდეს საიდუმლოებებს უმარტივეს, გენიალურ ნარატივებში ხდის ფარდას. არასდროს მავიწყდება ხოლმე გაკვეთილი და ბავშვების კომენტარები, როცა ინანიშვილის ტექსტზე ვმუშაობთ. საბედნიეროდ, მრავალი მათგანია შეტანილი სასკოლო პროგრამაში და უამრავსაც მასწავლებლები მოვიშველიებთ ხოლმე დამატებით რესურსებად.

მახსოვს, კერძო სკოლაში მუშაობისას რა ზეიმი იყო მეექვსე კლასში „ნეკერჩხლის წითელი ფოთლის“ სწავლება. პაწაწინა ტექსტმა საკლასო ოთახში სასწაულები მოახდინა. რამდენიმე წლის შემდეგ ამ კლასის მოსწავლემ ნეკერჩხლის ფოთლის ფოტოზე მომნიშნა სოციალურ ქსელში. გაოცებულმა კომენტარში კითხვა დავუსვი ბავშვებს: „გახსოვთ ეს მოთხრობა?“ არასდროს დამავიწყდება ლიკას კომენტარი: „მაკა მას, მაგ მოთხრობას რა დამავიწყებს? თქვენ ხომ ჩვენ ნეკერჩხლის წითელ ფოთლებად გვაქციეთო…“. სიხარულისგან დავმუნჯდი. „რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების“… საამური განცდა იყო… ასეთი მაგიური ძალა აქვს ინანიშვილის ფსიქოლოგიზმს, გამომსახველობას, პერსონაჟის ხატვის მანერას, მისი ექსპრესიულობა ყველას იპყრობს და სულიერების გაუკვალავ შრეებში დაივანებს ხოლმე.

რევაზ ინანიშვილი საბჭოთა ეპოქის შვილია. მამამისი სტალინურ რეპრესიებს ემსხვერპლა 1937 წელს, როცა მომავალი მწერალი 11 წლის იყო. ამ ტრაგედიამ ღრმა კვალი დაამჩნია მწერლის ცხოვრებას და მის შემოქმედებაშიც ანტისაბჭოური განწყობის ტექსტებს ხშირად ვხვდებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს უწყინარი და კეთილშობილი ადამიანი არ ყოფილა პოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი რკინის ფიგურა. ის მსოფლიო მასშტაბის ჰუმანისტია და მხოლოდ კალმით, მხოლოდ ალეგორიულად, მხოლოდ მეტაფორულად თუ ამხელს საბჭოთა რეჟიმს. მაგრამ რა ძალა აქვს კალამს? განა ორგანიზებულ პოლიტიკურ წინააღმდეგობას ჩამოუვარდება მხატვრული სიტყვით გავრცელებული იდეები? და რა სიმბოლურია, რომ 1991 წლის 26 დეკემბერს, როცა „ბოროტების იმპერიის“ დაშლა გამოცხადდა, ხოლო თბილისის ქუჩებში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, რევაზ ინანიშვილიც აღესრულა…

თანამედროვეობის უდიდესი ჩეხი მწერალი მილან კუნდერა, რომელიც საბჭოთა რეჟიმმა ნონ გრატად გამოაცხადა სამშობლოში და იძულებული გახდა საფრანგეთისთვის შეეფარებინა თავი, წერდა, რომ ის ის არ იქნებოდა, რომ არა საბჭოური რეპრესიები ჩეხეთში. საბჭოთა დიქტატურები საბჭოთა კავშირისა და ცენტრალური ევროპის გასაბჭოებულ ქვეყნებში, კუნდერას აზრით, მწერლებს აიძულებდა, ანტისაბჭოთა განწყობები შეფარვით, ალეგორიულად ისე მაღალმხატვრულად გადმოეცათ თავიანთ ტექსტებში, რომ აქედან მიგვეღო ბევრად უფრო ღრმა, სახეობრივი, ღირებული ლიტერატურა.

მაგრამ… როგორ ვასწავლოთ უახლოესი წარსული, გასული საუკუნის ანტისაბჭოთა, ალეგორიული ტექსტები თანამედროვე მოსწავლეს, რომელიც საბჭოეთს, საბედნიეროდ, არ მოსწრებია და ეს ეპოქა მისთვის სრულიად უცხო და შეუცნობელია? დაკვირვებული ვარ, რომ ისტორიიდან ჩვენს ბავშვებს ბევრად უფრო ნათელი წარმოდგენა აქვთ შორეული წარსულის ეპოქებზე, პოლიტიკურ სისტემებზე, მეფეებსა და ყოფა-ცხოვრებაზე, ვიდრე მეოცე საუკუნის 70-წლიან რეალობაზე. ეს მრავალი მიზეზით აიხსნება, მაგრამ, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ესეც არის: 30 წლის წინ, როცა საქართველომ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის პირველად ღიად დაიწყო ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა და პირველმავე მიიღო დამოუკიდებლობა, იმდენად დიდი იყო ეროვნული ცნობიერების იმპულსები, ანტისაბჭოთა და რუსოფობიური განწყობები, რომ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ თითქოს ამ ეპოქას დავიწყების ნისლიანი ფარდა გადავაფარეთ. 1991 წლიდან კი უკვე დამოუკიდებელ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, სამოქალაქო ომებმა დედაქალაქსა და დასავლეთ საქართველოში, რუსული იმპერიის მიერ ინსპირირებულმა ორმა ეთნოკონფლიქტმა, ტერიტორიული მთლიანობის რღვევამ, ხელისუფლებების რევოლუციურმა ცვლილებებმა და სამოქალაქო მღელვარებებმა ისე ჩაგვიხვია შინაურ მორევში, რომ საბჭოეთის ფენომენის კვლევა და ანალიზი ვერც მოვასწარით. საძულველი ხანა დავივიწყეთ და ახლა ეს ამბები მხოლოდ ცნობილი „სოვლაბისთვის“ (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია) გადაგვიბარებია (ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ინიციატივა. მიზანი – საქართველოს საბჭოთა წარსულის შესწავლა და გააზრება, რომლის ფარგლებშიც ფონდი 2009 წლიდან პარტნიორებთან ერთად იკვლევს  ტოტალიტარულ წარსულს).

მიზეზი რაც არ უნდა იყოს, რეალობა ასეთია: ინანიშვილის ალეგორიული ტექსტები თანამედროვე ბავშვისთვის სრულიად გაუგებარია და მასწავლებლის ოსტატობას აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს იმდენად ღირებული ტექსტებია, რომ გაუგებრად და უკვალოდ მათმა სწავლებამ არ უნდა ჩაიაროს! სპეციალისტებს ემახსოვრებათ, რომ 2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის ერთ-ერთ ვარიანტში, უცნობი ტექსტის სახით მოხვდა რევაზ ინანიშვილის იშვიათი ექსპრესიულობით და დრამატიზმით, უღრმესი ფსიქოლოგიზმით გამორჩეული მოთხრობა „ლარა“. გამოცდების ცენტრის სტატისტიკით, აბიტურიენტთა 57%-მა, ვინც ეს მოთხრობა აირჩია გასაანალიზებლად, საერთოდ ვერ გაიგო მწერლის მიზანდასახულობა და მოთხრობის იდეები. სტალინური რეპრესიების შედეგად დემორალიზებული, მზრუნველი შვილისა და შვილიშვილის დამსმენი, ე.წ. სტოკჰოლმის სინდრომით დაავადებული კაცი აბიტურიენტებმა თავიანთ ნაშრომებში გმირად გამოაცხადეს.

მახსენდება ბავშვების რეაქცია, როცა ინანიშვილის „ჩიტების გამომზამთრებელს“ ვსწავლობთ მეშვიდე კლასში. ვკითხულობთ მოთხრობას, რომელსაც პიესის ფორმა აქვს. ბავშვები გულდასმით უსმენენ. ინანიშვილის ენა სხვა მოთხრობებიდან მათ ძალიან ემშობლიურებათ და მოსწონთ, მაგრამ „ჩიტების გამომზამთრებელი“…

– მას, ვერაფერი ვერ გავიგე! რა უნდოდააა? – გაოგნებული მეკითხება ნინო და სახეზე ვერგაგების ტანჯვა აწერია… ნინო აქ უკლებლივ მთელი კლასის განწყობის გამომხატველია…

და ჩვენ ვიწყებთ საუბარს საბჭოთა ეპოქის სურნელზე, რუხ ფერზე, შავ-თეთრ რეალობაზე, რომელიც ყველაფერს ფერადს და მიმზიდველს ანადგურებს, რეპრესიების პირსისხლიან ბუნებაზე, ტოტალიტარიზმის სასტიკ მარწუხებზე, რომელიც ისე უჭერს თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს, რომ ჩვენში ქრისტეს ჯვარცმის ალუზია ბუნებრივად ჩნდება, ხოლო იქ, წარსულში, ადამიანები სისხლისგან იცლებიან, სული ეხუთებათ, არაერთგზის ტრანსფორმირებული დიქტატურის გისოსებში ჰომო სოვიეტიკუსებად გარდაქმნილთ… საბჭოთა იმპერია მსოფლიოს ცნობილ ტირანიებს შორის თავისი მრავალსახოვნობით ალბათ იშვიათი ფენომენია და მისი სახის გახსნა არ არის იოლი. მაგალითად, როცა ვსწავლობთ ინანიშვილის სულისშემძვრელ ავტობიოგრაფიულ მოთხრობას „პატარა ბიჭი გოლგოთაზე“, ბავშვებისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რანაირად შეიძლება, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანი ასე უცნაურად გაიმეტონ და დასაჯონ.

– რატომ? – კითხულობენ ბავშვები და ისეთი გაუგებრობის შეშფოთებული მზერა ახლავს ამ კითხვას, რომ მასწავლებელს დიდი ძალისხმევა სჭირდება, სანამ ყველა „რატომ“-ს გაეცემა პასუხი და სანამ ბავშვები არ დამშვიდდებიან, ხოლო მასწავლებელს ახსნილის, გადაცემულის, გაგებულის და გაზიარებულის განცდა გაახარებს.

და მაინც: როგორ ვასწავლოთ? ძნელია ერთი მომცრო ნოველის სწავლის დროს საბჭოთა ეპოქის უზარმაზარი ისტორიის ამოტრიალება და იმ ყველაფრის ახსნა, რასაც ის წარმოადგენდა. თუ ეს არ იქნება, არ აღიქმება ისტორიულ-ლიტერატურული კონტექსტები და ვერჩაწვდომისა და ვერგაგებისთვის განწირულია უნიკალური ტექსტი.

ორი რამ დამეხმარა ამ რთული ამოცანის გადაჭრაში: ჩემი საბჭოთა ბავშვობის ფერების (უფრო სწორად, უფერულობის)  და სურნელის (უფრო სწორად, უმეტესად ყროლის სუნის) გაზიარება და ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვა ისტორიის მასწავლებელთან. პირველი ძალიან ეფექტური იყო. მათი ასაკის აწ უკვე „დიდი“ ადამიანის განცდების გულწრფელი გადმოცემა, მაშინდელი სკოლა, როგორც იდეოლოგიური სამჭედლო: პიონერია და კომკავშირი, ყოფის რუხი ფერები და ჩაკეტილი საზღვრები, მომაკვდინებელი ერთფეროვნება და იდეოლოგიზებული, კომპარტიული ფსევდორეალობა… ეს აქ მოკლედ… იქ, გაკვეთილზე, კი შორს მივდივართ ერთად, შორს, საბჭოთა სინამდვილის გატკეპნილ ბილიკებზე, საიდანაც სამყაროს ვერ დაინახავდი ფართოდ გახელილი თვალებით… სიბნელე, შიში… მხოლოდ მინიმალური სოცუზრუნველყოფა რკინის ფარდების უკიდეგანო გისოსებში…

ახლა კი აეხილებათ თვალები ბავშვებს და არ უკვირთ, რატომ არის ოროსანი სკოლაში განგია? რატომ მოთქვამს მისი დიასახლისი დედა და რატომ არის მათი ბინის რეალობა აუტანელი ბიჭისთვის? რატომ გარბის ის და უკანასკნელი ფულით ფერად ჩიტბატონებს ყიდულობს, რომ გამოაზამთრებინოს?.. რომ ეს გამოზამთრება ალეგორიაა საბჭოეთის სასტიკი ხანის გადაგორებისა… რომ ეს ფერადი ჩიტბატონები ამ აუტანელი ერთფეროვნების გაფერადების და გადარჩენის, თავისუფლების წყურვილის ალეგორიული სიმბოლოებია, ხოლო ჩიტბატონების მკვლელი დედა – საბჭოთა ეპოქის „სასოწარკვეთილი დიასახლისი“, რომლის მსგავსებიც მილიონები იყვნენ, ასე გატანჯული, გაწამებული, ენამწარე, უიმედო, ჭირვეული, მარად უბედური, ახალგაზრდობაწართმეული… რომ განგიას ოროსნობა მისი პროტესტია საბჭოთა სკოლისადმი, ხოლო განგიას მამის მოსაზრება, რომ არაა აუცილებელი ყველამ ისწავლოს, უბედურებაა, ყველას რომ კილობით ხორცისა და ლიტრობით ღვინის ჩანთქმა უნდა ყოველდღე, თეთრი სამსახურეობრივი ტელეფონები და ფაფუკი ხელები უნდათ და არავის – პროფსასწავლებელში გამოსადეგი პროფესიის დაუფლება, რეალობის ადეკვატურად აღქმაა (ნეტა განსხვავებული ვარიაციებით მსგავსი მენტალური პრობლემები ახლაც ხომ არ გვაქვს? – შევაპარებ კითხვას ბავშვებს და შემდეგი გაკვეთილისთვის სადისკუსიო თემად ესეც გვიჩნდება: მოსწავლის თვითმენეჯმენტი და კარიერის დაგეგმვა, მიმართება საკუთარი განათლებისადმი)… ვიწყებთ ჩვენს საყვარელ საქმიანობას – ალეგორიული სახე-სიმბოლოების დეკოდირებას. ვსაუბრობთ იმაზე, რომ მოთხრობის დასაწყისში მამის მიერ მოტანილი, გაზეთში გახვეული სპორტული „რეიტუზი“ საბჭოური მარკეტინგის უბადრუკობის სიმბოლოა, დედის მიერ ბიჭის თვალწინ დახოცილი ჩიტბატონები კი სიმბოლურ-ალეგორიულად გამოხატავს საბჭოთა ახალგაზრდის ჩაკლულ სულს. გულდაწყვეტილი, ცრემლმორეული, შეურაცხყოფილი განგიას უმწეო პასუხი დედის აგრესიაზე: „კარგით, კარგით“… სწორედ მის დიდბუნებოვნებასა და მიხვედრილობაზე მეტყველებს… ბიჭმა გაუგო დედას, ისეთი რამ გაუგო, რისი გაგება და მიტევებაც  ყველა ეპოქის ბავშვს გაუჭირდებოდა… ხოლო მამის სიტყვები ფინალში: „თუ არავინ გავალებს, არც ჩიტების გამოზამთრებაა საჭირო, თუ არავინ გავალებს“… იმხელა ქვეტექსტს იტევს: რომ საბჭოთა სინამდვილე გამორიცხავს შემოქმედებითობას და თავისუფალ არჩევანს.

ქართული ლიტერატურისა და ისტორიის ინტეგრირებულ გაკვეთილზე თუკი ისტორიის მასწავლებელი ისტორიის და წყაროების ენაზე აუხსნის ბავშვებს საბჭოთა იმპერიის რეალურ სახეს, რევაზ ინანიშვილის უცნაური ფორმით გამოთქმული ანტისაბჭოთა იდეები ნათელი გახდება ყველასთვის. და აი, ვამზადებთ პროექტ-გაკვეთილს და პრეზენტაციას საბჭოთა სინამდვილის კვლევასა და ლიტერატურაში მის ასახვაზე…

ახლა უკვე ნინოს აღარ აქვს გაოცებული სახე. ღიმილი აფენია და ბრიალა თვალები უბრწყინავს, შეცნობილი და გააზრებული საიდუმლოს ამოხსნით გაბედნიერებულს… ამ ემოციას მასში საბჭოთა ადამიანებისადმი თანაგრძნობის სევდა თუ ჩაანაცვლებს ამიერიდან.

 

 

წაიკითხე ჩემი წიგნი

0

ცნობილია, რომ კითხვა ძალადობას ვერ იტანს. პატარა ადამიანების კითხვით დაინტერესებისთვის სიამოვნებასთან და სიხარულთან დაკავშირებული აქტივობების გამოგონება ბევრად გამართლებულია. ერთ ძალიან საინტერესო თამაშზე უნდა გიამბოთ, რომელიც ზამთრის არდადეგებზე მე და ჩემმა რვა წლის გოგომ გავაჩაღეთ.

უჩვეულო თავგადასავალი ზამთარში დაიწყო. სოფლის მონოტონური რიტმისა და გრძელი ღამეების გადასაგორებლად  „დონ კიხოტის“ კითხვა დავიწყე. ადგილ-ადგილ მინაწერებს ვუტოვებდი მარიამს, ჩემს მოსწავლეს, რომელსაც ჩემ შემდეგ სურდა მახვილგონიერი იდალგოს გაცნობა. არშიებზე მარიამმაც დაუტოვა თანაკლასელ თამარს მინაწერები, მერე თამარმა წაიკითხა და ფურცლებს მისი კომენტარებიც  დაემატა. ამგვარად შეიძინა განსაკუთრებული და ძვირფასი ამბები  წიგნმა, რომელიც ყოველთვის გამახსენებს ჩემს მესამე რაჭულ ზამთარს, მარიამს, თამარს, დონ კიხოტის ხიფათებზე სიცილს – ჩვენი ერთიანობის სიმბოლოდ ქცეულს.

არშიებზე დატოვებულმა მინაწერებმა ივლისის ცხელ დღემდე მოგვიყვანა. მესინჯერში წერილი მოწკაპუნდა, საჩუქარი მოგიმზადეთ და ჩვენს ჭიშკარს რომ  ჩამოივლით, გამოგაწოდებთო.  14 წლის მარიამს ელიფ შაფაქის „სიყვარულის ორმოცი წესი“ წარწერებიანი ბარათებით გადაევსო, წებოვანი ლენტით საგულდაგულოდ შეეფუთა, წიგნის წაკითხვამდე და წაკითხვის შემდეგ წასაკითხი წერილები ხელნაკეთ კონვერტში გამხმარ ყვავილებთან ერთად მოეთავსებინა და ამგვარი „იძულების“ წესით წამაკითხა სასურველი წიგნი, მხოლოდ იმიტომ, რომ მერე შთაბეჭდილებების გამზიარებელი ვყოლოდი, თან რაც შეიძლება მალე უნდა წამეკითხა მისი წიგნი.  მარიამის წამოწყებამ გაამართლა. თურქი მწერლის რომანი ორ-სამ დღეში შემომეკითხა, თან ინტერესით ველოდი ფურცელ-ფურცელ მიმობნეულ წარწერებს. კითხვის პროცესში თითქოს მარიამიც ჩემთან ერთად იყო და კვალდაკვალ მომყვებოდა განცდებსა და შთაბეჭდილებებში.  იმდენად მოვიხიბლეთ პროცესით, გადავწყვიტეთ, სხვისთვისაც გაგვეზიარებინა.

მერე შევიკრიბეთ, ჩამოვწერეთ მიზნები, მოვიგონეთ თამაშის წესები, პროექტის სახე მივეცით და სახელად „წაიკითხე ჩემი წიგნი“ ვუწოდეთ. გავიხსენეთ ადამიანები, რომლებსაც კითხვა უყვართ და ჩვენი წარმოდგენებით წიგნის ამგვარად წაკითხვა გაახალისებდათ, მერე ბავშვებმა რამდენიმე წიგნი მათთვის წაიკითხეს.  ჩანაფიქრი გაგვიმართლდა. შემოვიკრიბეთ უფროსი მეგობრები და ერთმანეთს ძალიან საინტერესო ურთიერთობები ვაჩუქეთ.

პროექტის მოკლე აღწერილობა ასეთია: მე ვკითხულობ წიგნს, არშიებზე ვტოვებ მინაწერებს, ადგილ-ადგილ წარწერებიან ბარათებს, ვწერ წიგნის წაკითხვამდე და წაკითხვის შემდეგ წასაკითხ წერილებს და ვუგზავნი სასურველ ადრესატს, რომელიც ერთი თვის განმავლობაში კითხულობს ჩემს წიგნს, მპასუხობს ან არ მპასუხობს შეკითხვებზე, სურვილისამებრ ეხმიანება გამოთქმულ მოსაზრებებს და მწერს წერილს, მთავარი არის ის, რომ წაიკითხოს და შთაბეჭდილებები უკუკავშირით გამოხატოს, შემდეგ ეტაპზე უკვე თვითონ არჩევს ჩემთვის ნაწარმოებს და ამავე ფორმით მაკითხებს თავის წიგნს.

შედეგად პოულობ ადამიანს, ვისაც უზიარებ კითხვისას დაგროვებულ ემოციებს,  ცდილობ წაკითხულის გააზრებას, დაწვრილებით ეცნობი ავტორს, სათაურს, პერსონაჟებს და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ივითარებ მკითხველის უნარ-ჩვევებს. თამაში ერთმანეთში შეიძლება წამოიწყონ მეგობრებმა, მოსწავლე-მასწავლებლებმა, ოჯახის წევრებმა,  უცნობმა თუ ნაცნობმა ადამიანებმა. სწავლა-სწავლებისას ამგვარი აქტივობა განსაკუთრებით სასურველია უფროსსა და უმცროსს შორის, რადგან უფროსი ადამიანის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო მოზარდის სიხალისე და გულწრფელობა – გადამდები და ახალი ძალების მომცემი. ჩვენი პროექტი თავდაპირველად ორ მოსწავლეს და შვიდ უფროსს მოიაზრებდა, ახლა კი სხვებიც შემოგვიერთდნენ და მალე ბლოგზე გადავინაცვლებთ, სადაც შევეცდებით, ამგვარად რაც შეიძლება მეტ ადამიანს წავაკითხოთ წიგნები და ჩვენი გამოცდილება  გავუზიაროთ.

პროექტის მიზნებმა ასეთი სახე მიიღო:

  1. ჩემი წიგნი დროზე ადრე წავაკითხო ს
  2. ასურველ ადამიანს;
  3. გამოვხატო შთაბეჭდილებები და გავიგო მისი აზრიც;
  4. ერთად წაკითხულმა წიგნმა დაგვაახლოვოს;
  5. კომუნიკაცია სხვადასხვა ასაკის ადამიანს შორის;
  6. კითხვის სოციალურ მოვლენად გადაქცევა;
  7. წიგნებს ვაჩუქოთ ახალი სიცოცხლე;
  8. გავხდეთ დაკვირვებული მკითხველი;
  9. დრო საინტერესოდ გავატაროთ;
  10. ურთიერთობები გავხადოთ შინაარსიანი.

ამ ყველაფერთან ერთად განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტის კიდევ ერთი დადებითი მხარე – წიგნების გასულიერება, მისთვის ამბების გამოგონება. ადრესატთან  გაგზავნისას წიგნი მოგზაურობას იწყებს, მერე ისევ უკან ბრუნდება და განსაკუთრებულად ძვირფასი ხდება იმ თავგადასავლების გამო, რომლებსაც თან მოიყოლებს.

როგორც წერილის დასაწყისში ვახსენე, წამოწყებამ მე და ჩემი რვა წლის გოგოც მოგვხიბლა. გიამბობთ ერთად წაკითხული წიგნის შესახებ, ანუ დედა-შვილის მიერ წამოწყებულ თამაშზე, რომელმაც დამარწმუნა, რომ ბავშვის წიგნამდე მისაყვანად და  ინტერესის გასაღვივებლად არაჩვეულებრივი გზაა, წაიკითხო მისთვის, დაუტოვო მინაწერები, მინიშნებები და კითხვა დღესასწაულად უქციო. პირველად თეკლამ წაიკითხა ჩემთვის – ანე-კატერინე ვესტლის „ანტონის საჩუქრები“. სკოლაში დაატარებდა და დარდობდა, ბავშვები რომ მეკითხებიან, რატომ წერ წიგნში, ვერ ვუხსნი მიზეზს, ჰგონიათ, რომ ეს არ შეიძლებაო. არადა, ფანქართან ერთად კითხვა საუკეთესო მეთოდია გაგება-გააზრების, მკითხველის გემოვნების ჩამოყალიბებისა და რაც მთავარია, ინდივიდუალიზმის გასაღვივებლად. იმის მიხედვით, თუ რას გახაზავს, რაზე გააკეთებს აქცენტს, ხვდები, როგორია, რა უხარია, რა ამახსოვრდება და კიდევ უფრო უახლოვდები მის შინაგან სამყაროს.

შობას თეკლას მეგობრის – მარიამის – დაბადების დღეზე აღმოვჩნდით. ბავშვები გასართობ ცენტრში დავტოვე და საჩუქრისთვის წიგნის მაღაზიაში გავიქეცი. ვესტლის რამდენიმე წიგნი მარიამისთვის გამოვაქროლე, ცხელ-ცხელი, ახალგამოცემული მეშვიდე ნაწილი კი თეკლასთვის ვიყიდე. სანამ ბავშვები ერთობოდნენ, გადავშალე და კითხვა დავიწყე. რეალობამ წიგნის პირველივე გვერდზე გადაინაცვლა – იქაც შობა დამხვდა.

„მორტენი, დიდედა და ქარიშხალა“ დიდი ოჯახის ყოველდღიურობაა – უბრალო ამბებითა და ერთმანეთით ხარობენ. ყველაზე მეტად კი ბებიისა და შვილიშვილის მეგობრობა მოგხიბლავთ.

თამაშის წესები  გზადაგზა გამოიკვეთა. ყურადღებას ვამახვილებთ სხვადასხვა ჭრილით, მაგალითად:

  1. საერთო ამბები – სიუჟეტში აუცილებლად შემოგხვდებათ ერთი სიტყვა, წინადადება, ეპიზოდი ან პერსონაჟი, რომელიც საერთო ამბავს გაგახსენებთ. ამგვარ დეტალებზე ყურადღების გამახვილებით პატარა ადამიანებს ვასწავლით საკუთარი ცხოვრებით სიხარულს, შემოვუნახავთ დაუვიწყარ მოგონებებს, მაგალითად, ერთ-ერთ ილუსტრაციაზე მორტენი ნაძვის ხის ძირას დგას, მე კი შემდეგი წარწერა დავუტოვე:

 

„ეს ხის ფესვი იცი რას მახსენებს? ბეღლორის ხავსიან ხის ფესვებს, შენ რომ დაძვრებოდი ხოლმე“.

 

თეკლას კი ერთგან გაუხაზავს სიტყვა „ფოტოაპარატი“ და არშიაზე დაუწერია: „დე, შენ რომ გვიღებდი ფოტოაპარატით გახსოვს?“

 

„- ერთი წუთით… აქ დამიცადეთ, – უთხრა დედამ ბავშვებს, სამზარეულოში შეირბინა, ხუთი ფუნთუშა და თხის ყველის ნაჭრები გამოიტანა და შეშინებულ ბავშვებს ჩამოურიგა“. ანასტასიას ბებოს ჰყავდა თხა. ბებოს ოლია ერქვა. მე ის ძალიან მიყვარდა. ხშირად მახსენდება-მეთქი, ვუწერ  მეგობრის ბებიის შესახებ და მინდა, რომ თვითონაც წამოიყოლოს ბავშვობიდან ადამიანები.

 

  1. სიტყვების აღმოჩენა – ლამაზ სიტყვებზე ყურადღების გამახვილებით ბავშვებიც სიტყვის მაძიებლები ხდებიან. ადგილ-ადგილ ვხაზავ, ყოველი თავის ბოლოს კი სიტყვის სიას ვუწერ, ასე დავაგემოვნეთ უცნობი სიტყვები: ზღურბლი, შურდული, ქაშაყი, კასრი, ძელ-სკამი, მალაყი, ციმციმა, ეჟვანი, მარხილი… სანაცვლოდ თეკლაც მაყვარებდა თავის აღმოჩენილ სიტყვებს, ლურჯი ფანქრით გახაზული  „დაუცაცხანა“ დამახვედრა წარწერით – „კარგი სიტყვა“, ერთგან კი ისრით მანიშნებს სიტყვაზე „ბოროტი“ და ასეთ რამეს მწერს:  „ვერ ვიტან „ბოროტ“ სიტყვას!“

 

  1. ლიტერატურული პარალელები – შეიძლება, რომელიმე ადგილმა ცნობილი ზღაპარი, ლექსი ან საბავშვო წიგნი გაგახსენოთ. აუცილებლად გახადეთ შესამჩნევი, ამგვარად ტექსტიდან ტექსტში მოგზაურობას დაუდებთ სათავეს.

 

„უცებ ხის ქვედა ტოტები ოდნავ შეირხა და იქიდან კურდღელი გამოცუნცულდა. მორტენს მოეჩვენა, თითქოს პირდაპირ მისკენ მორბოდა…“ – კურდღლის უეცარმა გამოჩენამ რომელიმე წიგნი ხომ არ მოგაგონა-მეთქი, არშიაზე ვეკითხები თეკლას  ზამთრის არდადეგებზე წაკითხული ლუის კეროლის ელისის გასახსენებლად.

 

  1. ცნობიერების ამაღლება – ბავშვისთვის მორალური შეგონებები გარკვეულ ასაკამდე გაუგებარია. თუ გვსურს, ნაბიჯ-ნაბიჯ ვასწავლოთ განსხვავებული ადამიანების მიმღებლობა ან მასში გააღვივოთ თანაგანცდა, ლიტერატურული მაგალითები ამჯერადაც დაგვეხმარებიან.

 

„უცნაური თავი“ ერთ-ერთი თავის სათაურია. იქვე მინაწერი დავუტოვე: „მომწონს უცნაური ხალხი. ბავშვობიდან მომწონდნენ განსხვავებული ადამიანები“.

 

შემდეგი მონაკვეთი კი ლურჯად გავუხაზე: „ხომ იცით, სიმართლის თქმა ყოველთვის ძნელია, მაგრამ აუცილებელი. ადამიანი, რომელიც სიმართლეს არ გაურბის, ყველანაირ გაუგებრობას იცილებს თავიდან. ეს გახსოვდეთ!“

 

  1. მშვენიერების აღქმა – ალბათ, ხშირად დაფიქრებულხართ, ურბანული გარემო და რიტმი როგორ გვიხევებს შინაგან სამყაროს, დრო არ გვრჩება ცაში სამზერლად, სხვისი ღიმილის შესამჩნევად, უფრო და უფრო ვუღრმავდებით საკუთარ პრობლემებს. ვფიქრობ, ბავშვობიდან ყურადღების გამახვილება სამყაროს მშვენიერებაზე საიმედო საყრდენი იქნება პატარა ადამიანის ჰარმონიული განვითარებისთვის. ამგვარად გზას გავუკვალავთ საინტერესო ცხოვრებისკენ.

„- ცა ახლა მუქი ლურჯი უფროა, – შენიშნა მინამ, – მაგრამ ვარსკვლავები ლამაზად ციმციმებენ“.  – საგანგებოდ გავაფერადე ეს ფრაზა, თეკლამ კი ერთგან შემდეგი წინადადება გახაზა: „არყის ხე ყინულის ჭირხლით იფარება“.

„დიდედამ კიდევ ერთხელ შეიყნოსა ხის სურნელი“. – ყველა სურნელზე მეტად მიყვარს, სხვა გვერდზე ვუტოვებ მინაწერს.

 

  1. იუმორი –  „ხა, ხა, ხა, ხა“ – თეკლა ყველაზე ბევრს ამ  შორისდებულებს მახვედრებს და ძირითადად დიდედას თავქარიანობებზე ეცინება. ის კი არადა, მთხოვა, ძალიან მინდა, დიდედას დაემსგავსოო.

ალბათ, ვესტლის მიერ აღწერილი ოჯახის ძირითადი ნიშანი მხიარულებაა, რომელიც ყველა ასაკის მკითხველს  ხიბლავს. აბა როგორ არ გაგეცინება, ეზოში სტუმრად შესულს ხის ცხენზე შემოსკუპებულ დედას რომ აღმოაჩენ ან რომელიღაც თავში პატარა გოგოსავით გამოწყობილი დიდედა რომ გამოგეცხადება.

 

„- რა სასიამოვნო სუნი დგას აქ. მგონი, დურგალს სიამოვნებით გავყვებოდი ცოლად.

მორტენმა სასოწარკვეთილმა შეხედა. რას წარმოიდგენდა, რომ იმ მაღაზიაში დიდედა დაქორწინებაზე დაიწყებდა ლაპარაკს?!“  – ისევ გაფერადებული და ხაზგასმული ეპიზოდიდან. დაკვირვებული ვარ, ყველაზე მეტად მხიარული ამბავი ახალისებთ. წიგნში აღმოჩენილი სასაცილო თავგადასავლები დიდი თუ პატარა მკითხველის ემოციური სამყაროსთვის დადებითი ძალების მომცემია.

კიდევ ბევრ რამეზე შეიძლება ყურადღების გამახვილება, თუმცა ინსტრუქციის აღწერილობა და ჩამონათვალი საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ამგვარად წაკითხული წიგნებით წინ დიდი სიამოვნება გელით. მოარგეთ მიზნები თქვენს ფანტაზიას, გემოვნებას და წაიკითხეთ  სასურველი ადამიანისთვის, შედეგად კი  ისიამოვნებთ, მოლოდინი შეგიპრობთ, დროს გაიმრავალფეროვნებთ, სხვაზე ფიქრს ისწავლით, წერით თუ შემოქმედებით უნარ-ჩვევებს გაიაქტიურებთ, საფუძვლიანად გაიცნობთ ავტორებსა და ნაწარმოებებს, სიხარული აგავსებთ და თქვენ წარმოიდგინეთ, დროისა და სივრცისთვის ფორმის შეცვლასაც კი შეძლებთ.

 

 

 

 

 

 

 

თანამედროვე ხელოვნება გამოძახებით

0

როგორ მივაწოდოთ ბავშვებს ინფორმაცია თანამედროვე ხელოვნების, ხელოვანების, საინტერესო პროცესების, ნამუშევრებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ იმ რეალობაში, სადაც სასკოლო სახელმძღვანელოები ასეთ თემებს ვერ ფარავს, თანამედროვე ხელოვნების გალერეები და მუზეუმები არ არსებობს და მაინცდამაინც ბევრი კვლევაც არ იძებნება ამ მიმართულებით?

ამ კითხვას ალბათ არაერთი მასწავლებელი და, უბრალოდ, ხელოვნების მოყვარული უსვამს საკუთარ თავს, მაგრამ პასუხი ძნელი საპოვნელია, ვინაიდან თანამედროვე ქართული ხელოვნება ძნელად თუ ახერხებს მცირე ჯგუფის გარეთ გასვლას, ხილვადობა აკლია და რეზონანსიც იშვიათად აქვს, კარგ ნამუშევრებსაც კი.

რამდენიმე თვის წინ არსებული ვაკუუმის ამოვსების საინტერესო მცდელობა გაჩნდა – თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი თბილისი, რომელიც ხელოვანებმა დააარსეს და, ტრადიციული გაგებით, მუზეუმის ჩარჩოებში არ ჯდება – ეს არის მუზეუმი გამოძახებით, რომლის ექსპონატებიც ერთ პორტატიულ ჩემოდანში ეტევა და რომლის დამთვალიერებლები 30-მდე ფოტო- და ვიდეოდოკუმენტის საშუალებით იქმნიან წარმოდგენას 80-იანი წლებიდან დღემდე ქართულ ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებზე, ამ პროცესების მთავარ გმირებზე და იმაზეც, როგორ აისახა საქართველოს უახლესი ისტორია არტისტების ნამუშევრებში.

მუზეუმის გამოძახება ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერი აუდიტორიისთვის სასურველ დროს შეიძლება და ეს ფორმატი, ერთი მხრივ, უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს თანამედროვე ხელოვნების გალერეის ან მუზეუმის არარსებობის ფაქტს, მეორე მხრივ კი ხელმისაწვდომს ხდის თავად ხელოვნებას. გინდათ გააცნოთ მოსწავლეებს თანამედროვე ხელოვნება? – მუზეუმს გამოიძახებთ; უცხოელი სტუმარი გყავთ და არ იცით, რა აჩვენოთ? – მუზეუმი მოვა; გაინტერესებთ, რას ქმნიან დღეს ხელოვანები? – დარეკავთ, მოვლენ, მოგიყვებიან.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის გაცნობა მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის ბევრი რამის გამოა საინტერესო, მაგრამ მთავარი, რაც ამით შეიძლება ისწავლონ, ალბათ ის არის, როგორ შეიძლება მოიქცე გამოუვალ სიტუაციაში: სადაც შენთვის სივრცე არ არსებობს – თავად შექმნა, როცა უხილავი ხარ – თავი დაანახო და როცა შენზე არ ლაპარაკობენ – თვითონვე ილაპარაკო საკუთარ თავზეც და სხვებზეც, საინტერესოდ, მსმენელისთვის მისაღებ დროს, ადგილას და ფორმით. თანამედროვე ხელოვნებაც ალბათ ამიტომ უნდა გავაცნოთ ბავშვებს ადრეული ასაკიდან, რომ მათ სათქმელის ახალი ფორმების ძიების უნარი გამოიმუშაონ, სიახლეებისა არ ეშინოდეთ, სტანდარტულ განსაზღვრებებში არ მოაქციონ საკუთარი იდეები და შეხედულებები და ისწავლონ განსხვავებულად ფიქრი, განსხვავებულად მიდგომა.

მუზეუმის ვებგვერდის მისამართია: https://museumofcontemporaryarttbilisi.wordpress.com/

მოლოდინის ბორკილები

0

„დედა, ბოდიში, რომ მოგატყუე, თასმის შეკვრა არ მისწავლია, უბრალოდ, მინდოდა გამეხარებინე“, – მითხრა ჩემმა ხუთი წლის შვილმა, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ჯიუტად ცდილობდა, თასმის შეკვრა ესწავლა, მაგრამ სწორი კვანძი ხან გამოსდიოდა, ხან – ვერა. „ხუთი-ექვსი წლის ბავშვი დამოუკიდებლად უნდა ახერხებდეს თასმის შეკვრას“, – სადღაც ამოკითხული ამ ფრაზით თავდაპირველად სწორედ მე წავაქეზე. არადა მანამდე ბევრჯერ მიფიქრია, რომ მშობლებისთვის დამახასიათებელი ჭარბი მოლოდინით არ ვიტანჯებოდი და არც შვილის პიროვნებას ვაყენებდი ზიანს, მაგრამ იმ დილით, როდესაც საბავშვო ბაღში გვეჩქარებოდა და თავად შევუკარი ფეხსაცმლის თასმა, დავფიქრდი, რომ ბავშვები ისეთი წვრილმანების შემჩნევის ოსტატები არიან, რომელთა გააზრებასაც უფროსები ბევრ დროს ვანდომებთ და ბავშვის განვითარების სტანდარტების მხარდამხარ სიარული ზოგჯერ იმედგაცრუებას იწვევს.

„არ შეიქმნა გადაჭარბებული მოლოდინი მის არაჩვეულებრივობაზე“, – ალბათ, ყოველ დილით შევაგონებდი თავს, დილის აჩქარებულ რიტმში ამაზე ფიქრისთვის დრო რომ მრჩებოდეს. მშობელი, რომელიც ამგვარ დამოკიდებულებას ამჟღავნებს შვილის მიმართ, ალბათ სწორედ ასე უმტკიცებს მას თავის უპირობო სიყვარულს, აჩვენებს, რომ იღებს ისეთს, როგორიც არის, რომ მოსწონს ის, კმაყოფილია მისით, მაგრამ ყველანაირად ეცდება, სხვა უნარების განვითარებაში დაეხმაროს.

ბავშვები ხშირად ხდებიან გადაჭარბებული მოლოდინის მსხვერპლნი და ამას ძალიან განიცდიან. განიცდიან, როდესაც მათგან უფრო მეტ დამოუკიდებლობას, სისხარტეს, გონიერებას, დათმობას, კარგ ქცევას მოელიან, მათ კი ამ უნარებით თავის მოწონება არ შეუძლიათ. ჩვენი მოლოდინი კი არ იკლებს. პირიქით, მოთხოვნა, გახდნენ „არაჩვეულებრივები“, ისეთ ტოტალურ სახეს იღებს, რომ ბავშვებს ამოსუნთქვის დრო არ რჩებათ და ისინიც, პასუხისმგებლობით ჩვენსავით დამძიმებულები, ჩვეულებრივ „სამსახურებრივ“ რუტინაში ერთვებიან, მათაც ისევე ეშინიათ შეცდომის, როგორც ხელქვეითებს – მკაცრი ხელმძღვანელის.

ბავშვების ყოველდღიური ცხოვრება განცდებით არის დატვირთული. ისინი ხომ თავისებურად გაიაზრებენ მთელი დღის განმავლობაში მიღებულ ემოციებს, უფროსებსა და თანატოლებთან ურთიერთობებს, კონფლიქტებს, დარდობენ შეცდომებზე… დიდი გამოწვევაა,  იმ მცირე დროში, რომელიც მათთან ურთიერთობისთვის გვრჩება, ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენი უპირველესი მიზანი მათთვის ბედნიერების, სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდის მინიჭებაა. ხშირად ისე ხდება, რომ ყველაფერს ვაკეთებთ ამის გარდა. ვჩქარობთ, რომ ყველაფერი მოვასწროთ – ბაღში წასვლა, ინგლისურის გაკვეთილზე წასვლა, სუფთა ჰაერზე გასეირნება, ვარჯიში, თამაში, ძილის წინ წიგნის წაკითხვა, მსუყე და დაბალანსებული მენიუს დაგეგმვა და მომზადება, ვჩქარობთ პოლიკლინიკაში, სამსახურში, ტრანსპორტში და ამ რბოლაში ჩვენთან ერთად ბავშვებიც მონაწილეობენ.

იმ იშვიათი სიმშვიდის წუთებში, როდესაც გარემოზე დაკვირვებას ვიწყებ, ყოველი მხრიდან მესმის უკმაყოფილო და გაბრაზებული მშობლების შეძახილები: „თავად რატომ ვერ მოაგვარე ეს პრობლემა?! დღეს ლეგოს საღამო არ გვექნება, არ დაგიმსახურებია! რით ვერ გაიგე, რომ ყოველდღე ახალ სათამაშოს ვერ გიყიდი?!“ – და ა.შ ზოგჯერ გარემოზე დაკვირვება კარგი საშუალებაა საკუთარი შეცდომების დასანახად და გასააზრებლად. თქვენც დააკვირდით.

მარწყვი

0

სოფელში ბებოს ვენახში მარწყვი ჰქონდა დარგული. იმის ჭამას არაფერი სჯობდა, მაგრამ მთავარი მაინც დაკრეფის რიტუალი გახლდათ. საკუთარი ხელით დაკრეფილი სულ სხვაა… სხვა თუ არაფერი, შენი მოწეულია, ამიტომ უფრო გემრიელად მიირთმევ. ბოლომდე სამართლიანები თუ ვიქნებით, ბებოს მოწეული… ისე, დაკრეფაც არ არის მთლად იოლი საქმე. ყველაზე იოლი ჭამაა.

აი, ერთ მარწყვს უკვე გეახელით. კუჭში მოხვედრილი, გადამუშავდა და ცალკეულ ნივთიერებებად დაიშალა. ამ ნივთიერებათაგან პირველად ასკორბინის მჟავაზე დავწერ, იმავე C ვიტამინზე, რომელიც მხოლოდ იმუნიტეტის სასარგებლოდ კი არ იმუშავებს, არამედ კანის ახალგაზრდობის შენარჩუნებაზეც იზრუნებს, რადგან კოლაგენისა და ელასტინის სინთეზში პირდაპირი გზით მონაწილეობს, ეს ორი ცილა კი, მოგეხსენებათ, სტრუქტურულ ცილებს მიეკუთვნება და ჩვენი სახის კარკასს ქმნის.

თუმცა კანის ახალგაზრდობაზე გაცილებით მნიშვნელოვანი სისხლძარღვების ელასტიკურობის შენარჩუნებაა. სწორედ ამ ორი ცილის მეშვეობით ინარჩუნებს ელასტიკურობას მათი კედლები. შედეგად სისხლძარღვები დროულად ფართოვდება და ვიწროვდება, არტერიული წნევა კი დარეგულირებულია.

ცოტა ხნის წინ სახსრების ანთების დროს სასარგებლო პროდუქტებზე ვწერდი. მარწყვიც მათ რიცხვში შედის – C ვიტამინისა და უამრავი ანტიოქსიდანტის წყალობით შეუძლია, სახსარში მიმდინარე ანთებით პროცესზე დადებითად იმოქმედოს.

კიდევ რას გააკეთებს ჩემ მიერ მირთმეული მარწყვი? კარგ გუნებაზე დამაყენებს, რადგან სეროტონინის გამომუშავებაში დამეხმარება.

სეროტონინი ბიოგენურ ამინებს მიეკუთვნება და ნეირომედიატორია. ის ტრიფტოფანისგან წარმოიქმნება დეკარბოქსილირების გზით. სეროტონინი პირველად 1935 წელს გამოყო იტალიელმა ფარმაკოლოგმა ვიტორიო ესპრამერომ საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. დიახ, ის ნაწლავში გამომუშავდება იმ ბაქტერიების დახმარებით, რომლებიც საწვავად უხეში ტიპის ბოჭკოს მოიხმარენ. მარწყვი სწორედ ასეთ ბოჭკოს შეიცავს. იგივე ბოჭკო საჭმლის მონელებასაც უწყობს ხელს.

მარწყვი (ლათინურად – Fragaria) მრავალწლოვანი ბალახია და ვარდისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. საქართველოში მისი სამი სახეობა ხარობს ველურად: ტყის მარწყვი (Fragaria vesca), მწვანე მარწყვი (Fragaria viridis) და მუშკის მარწყვი (Fragaria moschata). ჩვენ სწორედ ამ უკანასკნელს მივირთმევთ (უფრო ზუსტად, მის სხვადასხვა ვარიაციას).

მარწყვი ანტიკური ეპოქიდანაა ცნობილი. არქეოლოგიური გათხრები ევროპის ტერიტორიაზე მის არსებობას ნეოლითის ხანაშიც ადასტურებს, თუმცა მოგვიანებით საყოველთაოდ ამერიკიდან გავრცელდა.

ამარიკაში მეცნიერებს კვლევა ჩაუტარებიათ, შემდეგ მათ ევროპელებიც შეერთებიან და ერთად დაუდგენიათ, რომ მარწყვი ორგანიზმს მეორე ტიპის შაქრიან დიაბეტთან ბრძოლაში ეხმარება. საქმე ის გახლავთ, რომ მარწყვი ფლავონოიდებს შეიცავს. ერთ-ერთი მათგანი ადიპონექტინია. ეს ნივთიერება უჯრედებს ეხმარება, დაიბრუნონ მგრძნობელობა ინსულინის მიმართ. ეს კვლევა 2016 წელს ჟურნალ Journal of Nutrition-ში დაიბეჭდა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. დიაბეტთან საბრძოლველად დღეში 100-110 გრამი მარწყვი ყოფილა საკმარისი.

ვისაც დიაბეტი არ აწუხებს, მაგრამ შაქარს და კალორიებს ითვლის, მარწყვი მათთვისაც ძალიან სასარგებლოა, რადგან ძალიან დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ლიმონზე ნაკლებ შაქარს შეიცავს.

კიდევ რას შეიცავს მარწყვი?

 

100 გრამ პროდუქტზე მოდის
ვიტამინები მიკროელემენტები
ვიტამინი PP 0,3 მგ Ca 40 მგ
ბეტა-კაროტინი 0,03 მგ Mg 18 მგ
ვიტამინი B1 0,03 მგ Na 18 მგ
ვიტამინი B2 0,5 მგ K 161 მგ
ვიტამინი B5 0,3 მგ S 12 მგ
ვიტამინი B6 0,06 მგ Fe 1,2 მგ
ვიტამინი B9 20 მკგ Zn 0,097მგ
ვიტამინი C 60 მგ I2 1მკგ
ვიტამინი E 0,5 მგ Cu 140მკგ
ვიტამინი PP 0,4 მგ Mn 0,2მგ
ვიტამინი H 4 მკგ Cr 2მკგ
  F2 18მკგ
Mo 10მკგ
Co 4მკგ
Ni 2მკგ

როგორც ხედავთ, მარწყვი ყველაზე მეტად C ვიტამინითაა მდიდარი, ეს კი მშვენიერი საბაბია, გაკვეთილზე მისი აღმომჩენი რეაქცია ჩავატაროთ.

ჭურჭელი და რეაქტივები: ასკორბინის მჟავას შემცველი საკვლევი სითხე, ჩვენს შემთხვევაში – მარწყვის წვენი; 10%-იანი მარილმჟავა; რკინის (III) ქლორიდის ხსნარი; შტატივი სინჯარებით; 1 და 2 მლ–იანი პიპეტები (4 ცალი).

ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) დაჟანგვისას აღადგენს კალიუმის ჰექსაციანო (III) ფერატს K3[Fe(CN)6] და წარმოიქმნება კალიუმის ჰექსაციანო (II) ფერატი K4[Fe(CN)6], რომელიც რკინის იონთან, რომლის დაჟანგულობის ხარისხი +3-ია, მჟავა არეში წარმოქმნის რკინის ჰექსაციანო (III) ფერატს (ბერლინის ლაჟვარდი) K Fe [Fe(CN)6].

1 მლ მარწყვის წვენს ამატებენ 2-2 წვეთ კალიუმის ჰიდროქსიდისა და კალიუმის ჰექსაციანო (II) ფერატის ხსნარს. შენჯღრევის შემდეგ სინჯარაში ჩაამატებენ 10%-იანი მარილმჟავას 6-8 წვეთს და რკინის (III) ქლორიდის ხსნარის 1-2 წვეთს. გამოილექება ლურჯი ბერლინის ლაჟვარდის ნალექი.

C ვიტამინი წყალში ხსნადია, ამიტომ ბალანსის დასაცავად ერთიც ცხიმში ხსნადი ვიტამინი აღმოვაჩინოთ მარწყვში.

 

E ვიტამინის აღმოჩენა

რეაქცია კონც. აზოტმჟავასთან

ჭურჭელი და რეაქტივები: მარწყვი; კონც. აზოტმჟავა; რკინის (III) ქლორიდი; შტატივი სინჯარებით; 1 და 2 მლ პიპეტები (4 ცალი).

მშრალ სინჯარაში ათავსებენ 4-5 წვეთ მარწყვის წვენს. ამატებენ კონც. აზოტმჟავას 10 წვეთს და სინჯარას ფრთხილად შეანჯღრევენ. წარმოიქმნება ემულსია, რომელიც თანდათან ფენებად დაიყოფა. ზედა, ცხიმოვანი ფენა წითლად შეიფერება. ეს განპირობებულია α-ტოკოფეროლის დაჟანგვით, რის შედეგადაც წარმოიქმნება α-ტოკოფეროლქინონი, რომელსაც წითელი ან მოყვითალო-მოწითალო ფერი აქვს.

 

რეაქცია რკინის (III) ქლორიდთან

მშრალ სინჯარაში ათავსებენ მარწყვის წვენის 4-5 წვეთს. მორევის პირობებში ამატებენ 0,5 მლ რკინის (III) ქლორიდს. ხსნარი წითლად შეიფერება, რაც განპირობებულია რკინის (III) ქლორიდით α-ტოკოფეროლის დაჟანგვით, წარმოიქმნება ტოკოფეროლქინონი.

 

მარწყვის სიკეთეზე საუბრისას ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ ეს კენკრა მავნებელიცაა. ასკორბინისა და ფოლიუმის მჟავებთან ერთად ის სხვა მჟავებსაც შეიცავს, მაგალითად, სალიცილის მჟავას, ამიტომ, თუ, მაგალითად, ადამიანს ცისტიტი აწუხებს, მარწყვს უნდა ერიდოს ან ძალზე ზომიერად მიირთვას – მჟავები შარდის ბუშტის კედლებს გააღიზიანებს.

არიან ალერგიული ადამიანებიც. ჩემს ერთ მეგობარს წლების წინ მარწყვზე ალერგია მისცა. ჯერ სახეზე გამოაყარა, მერე ამ გამონაყარმა ლობიოს მარცვლების ფორმა მიიღო, ერთმანეთისკენ წაიწია, გაბრტყელდა და შეერთდა. სათქმელად ადვილია, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი თქვენს სახეზე ხდება – რა ხასიათზე დადგებით? ისიც დათრგუნული დადიოდა და მარწყვისკენ გახედვისაც კი ეშინოდა. ასე იარა ორი თვე. მერე გამონაყარი გაქრა და ჩემმა მეგობარმაც შვებით ამოისუნთქა. საკვირველი ის არის, რომ ამ კენკრაზე არც მანამდე და არც მერე (დიახ, რამდენიმე ხნის შემდეგ მისი ჭამა ისევ გაბედა) მარწყვზე ალერგია არ ჰქონია. სავარაუდოდ, იმ ჯერზე ეკოლოგიურად დაბინძურებული შეხვდა.

მე ვცდილობ, მარწყვი ყველაფრის გარეშე მივირთვა. არავითარი შაქარი, კრემი, ათქვეფილი ნაღები, ცხელი შოკოლადი… რაც ჩამოვთვალე, ყველაფერი რაფინირებული შაქარია და მარწყვის ყველა ღირსებას ერთი ხელის მოსმით აცამტვერებს. თუ მაინც არ დაიშლით, მწარე შავ შოკოლადში ამოავლეთ, თუმცა მარწყვის თვისებებისთვის ესეც კი საზიანო იქნება.

– მურაბაო? – იკითხავთ.

– კი, მურაბა ზამთარში გემრიელია.

– სასარგებლო თუა?

– არა, ცივ ზამთარში ცხელ ჩაისთან გემრიელია და მორჩა.

ახლა მარტია, მალე მარწყვიც შემოვა. ჰოდა, რომელიმე გამყიდველმა მისი უსაშველო ფასის გასამართლებლად ჩემ მიერვე ჩაწიკწიკებული ქება-დიდება თუ მოიშველია… ხომ ვიქნები ღირსი?!

მაუთჰაუზენის ქართველი ტყვეები

0

მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკებს მხოლოდ პოლონეთისა და გერმანიის ტერიტორიებზე არ აშენებდნენ – სასიკვდილო გეტოებით დაფარული იყო მთელი ევროპა.

ავსტრიაში, ლინცსა და ვენას შორის მდებარე გზატკეცილზე, ერთი ნაკლებად ცნობილი ქალაქი, მაუთჰაუზენი მდებარეობს. გასული საუკუნის 30-იან და 40-იან წლებში იქ ნაცისტური საპყრობილე ფუნქციონირებდა. რასისტები ბანაკში ათასობით ადამიანს უყრიდნენ თავს. უპირველეს ყოვლისა, ავსტრიულ საპატიმროში ხვდებოდნენ მმართველი პარტიის ოპოზიციაში მყოფი ორგანიზაციების წარმომადგენლები. საკონცენტრაციო სივრცეში ცალკე ადგილები ჰქონდათ გამოყოფილი ემიგრანტებს, ებრაელებს, იეჰოვას მოწმეებს, ჰომოსექსუალებს, საგანგებო რეჟიმის დამრღვევ პირებს. ომის პერიოდში ავსტრიის შუაგულში განაწესეს სამხედრო ტყვეების ნაწილიც, საბჭოთა კავშირთან შეტაკებების დროს მტრის ზურგში აღმოჩენილი მებრძოლები და საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის რამდენიმე გადარჩენილი პარტიზანიც. მაუთჰაუზენის ბანაკის ახლოს ქვის საბადო იყო. შედარებით ჯანმრთელი ტყვეები ავად გახდომამდე ან სიკვდილამდე სამტეხლოში მუშაობდნენ. ვისაც შრომა არ შეეძლო და გაუსაძლისი პირობების ატანას ვერ ახერხებდა, პირდაპირ ხოცავდნენ.

1945 წლის მაისში მაუთჰაუზენში ამერიკის სახმელეთო ჯარების კორპუსი შევიდა და ქალაქი გაათავისუფლა. ამერიკელმა ქვეითებმა საკონცენტრაციო ბანაკის დიდი ხნის წინ დაკეტილი ალაყაფის კარი გააღეს. საუბედუროდ, გადარჩენა ტყვეთა მხოლოდ უმცირესმა ნაწილმა მოახერხა. უსასტიკესი გამოცდილებისა და უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, გადარჩენილებმა საკუთარ მოვალეობად მიიჩნიეს ევროპაში ახალი მეხსიერების კულტურის ჩამოყალიბება. საკონცენტრაციო ბანაკებში ნატანჯმა ადამიანებმა თავიანთ ლოზუნგად გამოაცხადეს: „Nie wieder“ („აღარასოდეს“). მათ მთელი მსოფლიოსთვის უნდა მოეყოლათ თავს გადახდენილი უბედურების შესახებ, რათა აღარასდროს არავის მოსვლოდა აზრად ადამიანების გარკვეული ნიშნით ერთმანეთისგან გამოცალკევება და გარიყული, მტრად გამოცხადებული ჯგუფის წევრების დაუნდობლად ამოხოცვა. სისხლიანი მოვლენები ისე მყარად უნდა აღბეჭდილიყო ადამიანების მეხსიერებაში, რომ ფაშიზმის რესტავრაციის შესაძლებლობა სამუდამოდ მოესპოთ.

1949 წლის გაზაფხულზე მაუთჰაუზენის 14 000-მდე მსხვერპლის ხსოვნის პატივსაცემად პირველი მემორიალი აღიმართა. დროთა განმავლობაში ბანაკის ადგილას მასშტაბური სამუზეუმო კომპლექსი მოეწყო. ტყვეთა შთამომავლებმა და თანამემამულეებმა კომპლექსის ტერიტორიაზე ცალკეული დაფების დამონტაჟება დაიწყეს. ასე გაჩნდა მაუთჰაუზენის მემორიალის მიმდებარედ ერთგვარი ხეივანი, სადაც ებრაელებს, ლიტველ თუ უკრაინელ ჯარისკაცებს, საფრანგეთისა თუ იტალიის წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებს თავიანთი კუთხე აქვთ.

უკვე წლებია, შუაგულ ევროპაში ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაცია ფუნქციონირებს. მისი წევრები უცხოეთში შესანიშნავად წარმოაჩენენ ჩვენს ქვეყანას. ისინი ხშირად საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც ეხმაურებიან და თბილისში განათლების სისტემის რეფორმის მოთხოვნით გამართული დემონსტრაციების პარალელურ სოლიდარობის აქციებს უწევენ ორგანიზებას ვენაში.

ავსტრიაში მყოფმა სტუდენტებმა მარიკა ბექაურმა და სალომე სალაძემ უდიდესი პასუხისმგებლობა იკისრეს – ორი წლის წინ მაუთჰაუზენის ბანაკში ექსკურსიაზე მყოფმა გამბედავმა ქალებმა ქართველი ტყვეების შესახებ ინფორმაციის მოძიება დაისახეს მიზნად. მრავალთვიანი კვლევის შემდეგ მარიკამ და სალომემ სამუზეუმო არქივში 65 ჩვენი თანამემამულის გვარს მიაგნეს. გოგონებმა არც მაუთჰაუზენში დაღუპულთა შორეული ნათესავების მოძიება დაიზარეს. ზოგიერთმა ოჯახმა სამოცდათვრამეტი წლის შემდეგ გაიგო, რა ბედი ეწია მის უგზო–უკვლოდ დაკარგულ წინაპარს.

რაც მთავარია, მკვლევართა მონდომების წყალობით მაუთჰაუზენში უკვე ქართული მემორიალიც დგას. ავსტრიის უდიდესი საკონცენტრაციო ბანაკის ადგილას გახსნილი სამუზეუმო კომპლექსის ყველა სტუმარი აუცილებლად შეიტყობს, რომ უახლესი ისტორიის უდიდეს ბოროტებას ჩვენი თანამემამულეებიც ებრძოდნენ.

ევროპაში ქართული კრიმინალური დაჯგუფებების გააქტიურების ფონზე ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და დასაფასებელი უნდა იყოს ორი სტუდენტის საქმიანობა. ისინი თავდაუზოგავი შრომის ფასად ცდილობენ მასპინძელი ქვეყნისთვის საქართველოს საუკეთესო მხარის წარმოჩენას.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...