ხუთშაბათი, აგვისტო 28, 2025
28 აგვისტო, ხუთშაბათი, 2025

მეგობრებთან ერთად წაკითხული წიგნი

0

ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, როგორ დავაინტერესოთ ბავშვები წიგნის კითხვით. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახისა და მასწავლებლის როლი, მაგრამ არანაკლები ძალა აქვს მეგობრების რჩევასა და მათი გამოცდილების გათვალისწინებას. საკუთარ თავზეც რომ წარმოვიდგინოთ, ხშირად დაგვიწყია ისეთი წიგნის კითხვა, რომელიც ჩვენს მეგობარს მოსწონს. რატომ? პასუხი მარტივია – ვენდობით მის გემოვნებას.

 

შარშან ჩემი ექვსი მოსწავლე კონკურსში მონაწილეობდა. ამ მოტივით წაიკითხეს ,,ჰარი პოტერის” შვიდივე ნაწილი. ბავშვები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და მათი განწყობა მთელი კლასისთვის ,,გადამდები” აღმოჩნდა. ,,ჰარი პოტერის” კითხვა დაიწყეს არა მხოლოდ თანაკლასელებმა, არამედ – მათმა დამრიგებელმაც. ბევრი საინტერესო თავგადასავალი მოჰყვა კითხვის პროცესს – ერთად ვუყურებდით ფილმებს, მოვაწყვეთ ლიტერატურული კაფე, შევქმენით ტექსტის სიუჟეტთან დაკავშირებული ხელნაკეთი ნივთები. მერე ერთმა მოსწავლემ ლიტერატურულ დღიურში ჩაწერა, ჰარი პოტერის კითხვამ მე და ჩემს კლასელებს საერთო ენა გვაპოვნინაო. ჩემთვის ყველაზე მთავარი ეს შედეგი აღმოჩნდა – წიგნი იქცა კლასელების სასაუბრო თემად, წაკითხულმა ისინი უფრო მეტად გააერთიანა და საერთო ინტერესები გაუჩინა.

ცოტა ხნის წინ მკითხველთა კლუბის შესახებ საზღვარგარეთული გამოცდილების გასაზიარებლად მასალებს ვეცნობოდი და საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი – გერმანიაში არსებობს საბავშვო სამკითხველო კლუბების გაერთიანება, რომლის დევიზია ,,Mit Freu(n)den lesen”  და ორ მნიშვნელობას მოიცავს – კითხვა მეგობრებთან ერთად, კითხვა სიხარულით. ვფიქრობ, სწორი მიდგომაა და ნამდვილად გასათვალისწინებელია ეს პრაქტიკა ჩვენთვის.

კლასელებთან ერთად კითხვას მართლაც შეუძლია ბავშვების დამეგობრება და მათი გახალისება, მთავარია, ამას მასწავლებელი აცნობიერებდეს. ასეთ დროს არა მხოლოდ წიგნიერების კომპეტენცია უვითარდებათ მოსწავლეებს, ისინი ერთმანეთთან ურთიერთობასაც სწავლობენ.

 

თვის წიგნი

 

,,თვის წიგნი” – ამ ორ სიტყვას ყველასთვის სხვადასხვა დატვირთვა აქვს, ჩემი მოსწავლეებისთვის კი ნიშნავს აქტივობას, რომელიც უკავშირდება წაკითხულ წიგნ(ებ)ს და ზოგჯერ კედლის გაზეთის მომზადებას გულისხმობს, ხანაც – მეგობრებთან ერთად კლუბში შეკრებასა და საუბარს, ხანდახან შემაჯამებელი დავალებაც ყოფილა, ლიტერატურული თამაშიც და სახალისო ვიქტორინაც. კითხვა რომ მოსაწყენ პროცესად არ იქცეს, ფორმას ვცვლით, უცვლელი რჩება მთავარი მიზანი – ბავშვებმა წიგნი უნდა წაიკითხონ, თანაკლასელებს გააცნონ და შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარონ.

ჩვენი ,,თვის წიგნი” ორი სახისაა: კლასელები საკუთარი სურვილით ირჩევენ საკითხავს და შემდეგ ერთმანეთს წარუდგენენ ან კითხულობენ ერთსა და იმავე წიგნს – მასწავლებლის მიერ შეთავაზებულს.

პირველი უფრო მარტივია. კითხვის სასიამოვნო პროცესად ქცევას თავისუფალი არჩევანი განაპირობებს. მოსწავლეებს როცა გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობას ვაკისრებთ, მათი მოტივაცია იზრდება. თანაკლასელები ერთმანეთის წიგნებით ინტერესდებიან და კითხვას იწყებენ.

მეორე ვარიანტი მეტ ძალისხმევას საჭიროებს. წიგნების სამყაროში ბავშვებს მრჩეველი სჭირდებათ. ამ დროს ძალიან ბევრია დამოკიდებული მასწავლებელზე, მან ყურადღებით უნდა შეარჩიოს საკითხავი მოსწავლეთა ინტერესების, გემოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით და ისე შესთავაზოს მათ, რომ კითხვის სურვილი გაუჩნდეთ. ცხადია, კლასის ესა თუ ის წევრი ერთნაირად ვერ დაინტერესდება, არსებობს იმის საფრთხეც, რომ ბავშვებს მასწავლებლის შეთავაზებული წიგნი არ მოეწონოთ. ეს ბუნებრივია და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. წაკითხულის არმოწონება უკვე ნიშნავს იმას, რომ მკითხველმა ტექსტი შეაფასა, ეს ხომ გემოვნების ჩამოყალიბების  თანამდევი პროცესია. მთავარი ისაა, რომ კლასელები წიგნის გარშემო ერთიანდებიან, ერთსა და იმავე ტექსტს კითხულობენ, თუმცა ყველა თავისებურად აღიქვამს, საკუთარი თავისთვის ნათქვამს პოულობს ფურცლებზე. თუ ერთი რომელიმე პერსონაჟის ქცევას განიხილავს, მეორე ხვდება, რაზე საუბრობს, თუ მესამე შეკითხვას სვამს, მეოთხე პასუხობს. ხანდახან ისეც ხდება, რომ წაკითხული წიგნის განხილვისას პერსონაჟების მაგალითით ბავშვები ერთმანეთს ეუბნებიან სათქმელს. მთელი ეს პროცესი ტექსტის გააზრებას უფრო საინტერესოს ხდის და ასე ნელ-ნელა ყალიბდება საკლასო გარემო, რომელშიც წიგნის კითხვა პრიორიტეტულია.

ზემოთ ნათქვამში შესაძლოა დამეთანხმოთ, მაგრამ მთავარი სირთულე ხომ მოსწავლეთა წიგნამდე მიყვანაა. ამ დროს ჩნდება კითხვა – როგორ წავაკითხოთ ბავშვებს ტექსტი ისე, რომ ამის სურვილი თავად ჰქონდეთ და ეს არ იყოს მათთვის ვალდებულება? გაგიზიარებთ გამოცდილებას, გიამბობთ ჩემი მოსწავლეების მიერ ბოლო ხანს წაკითხული წიგნის შესახებ და იმასაც გეტყვით, როგორ გაახალისა მათი ყოველდღიურობა მეგობრებთან ერთად კითხვამ.

,,სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები”

 

წიგნების ფესტივალზე ხეტიალისას დიანა ანფიმიადისა და გიორგი ბარბაქაძის ახალგამოცემული წიგნი ჩამივარდა ხელთ.

,,ერთმა პატარა ბიჭმა, გიორგიმ, სანამ ლაპარაკს დაიწყებდა, ჯერ ხატვა ისწავლა. მერე დიდხანს, დიდხანს ელაპარაკებოდა დედას ნახატებით.

დედას კი ხატვა არ შეეძლო, სამაგიეროდ, ამბების მოყოლა უყვარდა.

ჰოდა, ასე დაიწერა ეს წიგნი…” ჯერ ანოტაცია წავიკითხე, მერე ილუსტრაციები გადავათვალიერე და მაშინვე შევიძინე. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ თანამედროვე ქართულ საბავშვო ლიტერატურას, ერთი, რომ არაჩვეულებრივი ტექსტები იქმნება დღეს და მეორე – მოსწავლეების დასაინტერესებლად მშვენიერი საშუალებაა.

მოლოდინი გამიმართლდა. ბევრი თვალით წავიკითხე ,,სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები” – მასწავლებლის, დედის, ბავშვის… და ძალიან მომეწონა. იმასაც მივხვდი, რომ ჩემი მოსწავლეები დაინტერესდებოდნენ. ვიდრე ბავშვებს წიგნს წარვუდგენდი, დავუკავშირდი მწერალს და ვკითხე, შეძლებდა თუ არა ჩვენს ლიტერატურულ კლუბში სტუმრობას და იმ მოსწავლეებთან შეხვედრას, რომლებიც მის ,,სახატავ რვეულში ჩაწერილ ზღაპრებს” წაიკითხავდნენ. დიანა დამთანხმდა.

ამ ამბით გახარებულმა სკოლისკენ დავიმგზავრე ზღაპრების ფერადყდიანი კრებული და ბავშვებს გავაცანი. ნაწყვეტები ხმამაღლა წავუკითხე, ნახატები დავათვალიერებინე. ამ დროისთვის რამდენიმეს საკუთარი ინიციატივით უკვე წაკითხულიც ჰქონდა. შემდეგ მეხუთე- და მეშვიდეკლასელ მოსწავლეებს ვუთხარი, რომ მალე ავტორი ლიტერატურულ კლუბში გვესტუმრებოდა და ერთად ვისაუბრებდით ,,სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრების” შესახებ. ვისაც სურვილი ჰქონდა, შეეძლო წიგნის წაკითხვა და შემდეგ მწერლის ნახვა, მასთან საუბარი, მისი მოსმენა  (ოდესმე აუცილებლად დავწერ, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისა და თანამედროვე ავტორების შეხვედრა, როგორ უმაღლებს მოსწავლეს კითხვის მოტივაციას მწერალთან შეხვედრის მოლოდინი).

მოხდა ის, რასაც ველოდი. უმრავლესობამ თავიდანვე გამოთქვა წიგნის წაკითხვის სურვილი. თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას ჯადოსნური ძალა აქვს, გადაწყვეტილების მიღებასაც ასწავლის ბავშვებს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი მგონია.

თუ თქვენი მოსწავლეები სქელტანიანი წიგნების კითხვას ერიდებიან, ,,სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები” ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ. 60-გვერდიანი კრებული პატარ-პატარა საინტერესო ამბებისგან შედგება და მკითხველს აფიქრებს მეგობრობაზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, სიყვარულზე. მარტივად, სწრაფად იკითხება.

,,სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები” სასწავლო რესუსრსადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მას შემდეგ, რაც ბავშვებს შევატყობინებთ, ეს ლიტერატურული ზღაპრები დედამ შვილის ილუსტრაციების მიხედვით შექმნა, იმასაც ვეტყვით, რომ ავტორმა მკითხველზეც იფიქრა, წიგნში გამოყოფილია 2 გვერდი, რათა მსურველმა ჩახატოს, დაწეროს და ამით წიგნის ნაწილი გახდეს. ჩემი მოსწავლეები დასაწყისშივე ძალიან დაინტერესდნენ ამ შეთავაზებით.

 

 

რამდენიმე დღეში პირველი მკითხველებიც გამოჩნდნენ. დაიწყო ემოციების გაზიარების პროცესი. ზოგიერთმა წიგნის შეძენა ვერ მოახერხა და მეგობრები სიხარულით სთხოვნიდნენ საკუთარს.

რომელი ილუსტრაცია მოგეწონა? ეს ზღაპარი გაიგე? მწერალს რომ ვკითხო, შეიძლება? გადაწყვიტე, რას ჩახატავ? ზღაპარი უნდა დაწერო? როგორი ამბავია, ეს როგორ მოიფიქრა?

შეკითხვები არ ილეოდა. არც პასუხები. მეგობრები ერთმანეთის განცდების თანაზიარნი ხდებოდნენ.

 

***

ერთ-ერთ კლასში წიგნის წაკითხვის ყველაზე ცოტა მსურველი აღმოჩნდა. მოსწავლეს, რომელსაც უკვე წაკითხული ჰქონდა, გაკვეთილზე ვთხოვე, შთაბეჭდილება გაეზიარებინა ჩვენთვის. გვითხრა, თავიდან არ ვაპირებდი წაკითხვას, ,,ზღაპრები” პატარებისთვის განკუთვნილად მივიჩნიე, მაგრამ პირველივე ფურცლებმა მიმახვედრა, ეს წიგნი ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაა დაწერილიო. ყველაზე მეტად რომელი სიტყვები მოეწონა, ისიც კი გაგვანდო: ,,ძველ მეგობარს არაფრის გამო არ აწყენინო, ყველაფერი ძველდება, მეგობარი კი ყოველთვის შენთან რჩება”.

მალევე გაიზარდა მსურველების რაოდენობა. ალბათ, ხვდებით, რატომაც – მეგობრის შეხედულებამ ბავშვები დააინტერესა.

 

კიდევ ერთი იდეა გაგვიჩნდა იმ მომენტში – შეგვექმნა ხელნაკეთი წიგნი და სტუმრად მოსული მწერლისთვის გვეჩუქებინა. შევადგინეთ კითხვარი:

  1. თქვენი აზრი ამ წიგნის შესახებ;
  2. თქვენთვის გამორჩეული ზღაპარი;
  3. საინტერესო სიტყვები, ფრაზები;
  4. რომელი ილუსტრაცია მოგეწონათ ყველაზე მეტად და რატომ;
  5. შეკითხვა მწერალს…

ვერ წარმოიდგენთ, რამდენ ხანს ფიქრობდნენ პასუხებზე, როგორი მონდომებით წერდნენ, ხატავდნენ და აბედნიერებდათ ის, რომ მათ ნააზრევს ავტორი წაიკითხავდა.

ჩემი ერთი მოსწავლე 2 წლის წინ სხვა სკოლაში გადავიდა. მეგობრებს მოსანახულებლად ესტუმრა. გაიგო, რომ კითხულობდნენ წიგნს, რომლის ავტორსაც მალე შეხვდებოდნენ. მთხოვა, თუ შეიძლება, მეც წავიკითხავ და შეხვედრაზეც მოვალო. სიხარულით დავთანხმდი. წიგნმა მეგობრებთან კიდევ უფრო დააკავშირა.

 

მწერლის სტუმრობამ საოცარი ემოციებით აგვავსო. ყველაზე მთავარი – ბავშვებს უხაროდათ და ეს სიხარული კითხვას მოჰყვა შედეგად. გარდა ამისა:

  • მოსწავლეებმა გაუზიარეს თავიანთი შეხედულებები ავტორს;
  • თავისუფლად გამოთქვეს აზრები;
  • იმსჯელეს წაკითხულის შესახებ;
  • აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვიდნენ;
  • დასვეს შეკითხვები და მიიღეს პასუხები;
  • შეიტყვეს წიგნის შექმნის ისტორია;
  • დიანა ანფიმიადისგან ბევრი საინტერესო ამბავი მოისმინეს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ავტორი მოსწავლეებს ესაუბრა აუტიზმის შესახებ და აუხსნა, რამდენად მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ ადამიანებთან ურთიერთობის გზა;
  • მწერალს აჩვენეს საკუთარი ნახატები და ნაწერები;
  • იყვნენ ბედნიერები.

 

მეგობრებთან ერთად წაკითხული წიგნი ჩემი მოსწავლეებისთვის საინტერესო თავგადასავლად იქცა. რაც მთავარია, მათ უნდათ, რომ ასეთი ამბები ხშირად გადახდეთ თავს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ოპენჰაიმერის მაგალითი

0

ოცდამეერთე საუკუნე ზემძლავრი ტექნოლოგიების საუკუნეა. ტექნოლოგიები იპყრობენ საზოგადოებრივი საქმიანობის ყველა სფეროს და მნიშვნელოვნად ზემოქმედებენ ბიოსფეროს ყველა ძირითად ნაწილზე. ტექნოლოგიების უსწრაფესმა განვითარებამ მეცნიერებისა და ეთიკის ურთიერთმიმართების პრობლემა უკიდურესად გაამწვავა. წლებია, ფილოსოფოსები თუ მეცნიერების სოციოლოგიის წარმომადგენლები დაუნდობლად დავობენ შემდეგი კითხვების შესახებ – რას უნდა ემსახურებოდეს მეცნიერება? რა არის მეცნიერების მიზანი?

ჰეგელის თანამედროვე ევროპელი მოაზროვნე ფრიდრიჰ შელინგი მიიჩნევდა: „მექანიკას ყოველი მოვლენა კიდეც რომ სრულყოფილად აეხსნა, მაინც იმ შემთხვევასთან გვექნებოდა საქმე, ვინმეს რომ მოენდომებინა ჰომეროსის ან რომელიმე სხვა ავტორის ახსნა სასტამბო ლითონის ასოების ქიმიური შემადგენლობისა და ასოების ურთიერთგანლაგების მათემატიკური მონაცემების მიხედვით, ბეჭდვის სიჩქარისა და ქაღალდზე ტექსტის გადატანის ტექნიკის მიხედვით… მათემატიკის გამოყენებით უკვე დაადგინეს პლანეტებს შორის მანძილი, უკვე შესაძლებელია მათი წრებრუნვების გამოთვლა, მაგრამ ამით არაფერი თქმულა თავად ამ მოძრაობის არსზე“. მაშასადამე, შელინგისთვის უმნიშვნელოვანესი იყო სამყაროს მიზნის განსაზღვრა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საშუალებით მიღებული ცოდნის გამოყენების მიმართულების დადგენა. შელინგისთვის მეცნიერება არ იყო მხოლოდ აღწერის პროცესი, იგი კვლევების საფუძველზე სამყაროს არსის შემეცნებას ესწრაფვოდა. მოვლენების მშრალი აღწერა გერმანელ ფილოსოფოსს ნახევრად გაკეთებულ და ნაკლებად მნიშვნელოვან საქმედ მიაჩნდა.

გერმანული ლიტერატურის კლასიკოსი და თავისი ეპოქის ცნობილი ბუნებისმეტყველი, ნოვალისი ამტკიცებდა, რომ მეცნიერთა წრეებში რელიგიის, ფილოსოფიის, ჰუმანისტურ ღირებულებათა სისტემების სიძულვილი „სამყაროს უსასრულო მუსიკას გადააქცევდა უზარმაზარი წისქვილის მონოტონურ ჭრიალად, რომლის დოლაბსაც შემთხვევითობის მდინარე ატრიალებს, თავად წისქვილიც წყალს მიაქვს, წისქვილი თავისთავად ფქვავს… ჭრიალა წისქვილს არც მშენებელი და არც მეწისქვილე ჰყავს“. თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ ნოვალისიც მშვენიერებას, ჰარმონიას ეძებს მშრალი და ტექნიკური გამოთვლების მიღმა. რაც მთავარია, გერმანელს ტექნოლოგიურ განვითარებასთან მიმართებით ადამიანის როლის განსაზღვრის საკითხიც აწუხდებდა. ცნობილი მოაზროვნე ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში დარდობდა მანქანების მიერ ადამიანთა დამორჩილების რისკზე.

მეოცე საუკუნეში უკვე სახელგანთქმული ამერიკელი მწერალი, კურტ ვონეგუტი ხუმრობდა მეცნიერებისა და ეთიკის ურთიერთმიმართების თემაზე და ამტკიცებდა: „რაც არ უნდა გამოიგონონ ადამიანებმა, მაინც იარაღი გამოსდით“. მწერალი მეცნიერების მილიტარიზაციის შედეგად წარმოქმნილ სირთულეებზე სვამდა აქცენტს და მიიჩნევდა, რომ ომების საუკუნეში ტექნოლოგიური წინსვლის მიზნად სამხედრო ძლიერების დემონსტრირება გამოცხადდა, ადამიანის მნიშვნელობამ და სამყაროს არსის შემეცნებამ კი მეორე პლანზე გადაინაცვლა.

ოცდამეერთე საუკუნეში კი უკვე ცნობილმა ქართველმა პროფესორმა, ქიმიკოსმა რამაზ გახოკიძემ აღნიშნა: „უტილიტარული მოთხოვნებით შეზღუდულ მეცნიერულ შემოქმედებას შეუძლია მხოლოდ ისეთივე ხელოვნური და უსუსური ნაწარმოებების მიღება, როგორი ხელოვნური და უსუსურიცაა შემთხვევის გამო დაწერილი ყოველგვარი ოდა და კანტატა“.

განვიხილოთ ტექსტის დასაწყისში განხილული მოსაზრებები ერთი დიდი მეცნიერის, რობერტ ოპენჰაიმერის ცხოვრების მაგალითზე.

რობერტ ოპენჰაიმერი ცნობილი ფიზიკოსი გახლდათ, რომელიც გასული საუკუნეში მოღვაწეობდა. ფიზიკოსი ხელმძღვანელობდა „მანჰეტების პროექტს“. „მანჰეტენის პროექტის“ საფუძველზე შეიქმნა და გამოიცადა პირველი ატომური ბომბი. აქედან გამომდინარე, ოპენჰაიმერს ხშირად მოიხენიებენ ალბერტ აინშტაინის მემკვიდრედ და „ატომური ბომბის მამად“. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოპენჰაიმერს, როგორც აშშ-ის ატომური ენერგიის კომისიის გენერალური საკონსულტაციო კომიტეტის თავმჯდომარეს, მოთხოვეს მუშაობის გაგრძელება წყალბადის ბომბის შექმნისა და სრულყოფის მიმართულებით. ოპენჰაიმერმა წყალბადის ბომბის პროექტის ხელმძღვანელობაზე უარი თქვა. კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ამბობდა: „ჩვენ, ფიზიკოსებმა აკრძალული ნაყოფი ვიგემეთ ცოდნის ხიდან და სასტიკად, ტკივილის მომგვრელად, საკუთარი დანაშაულის მძაფრი განცდის საფუძველზე შევიგრძენით, თუ რა არის ცოდვა“. 40-იანი წლების პრესაში წერდნენ, რომ პრეზიდენტ ტრუმენთან შეხვედრისას ცხარე ცრემლით ატირებულმა მეცნიერმა დაწყევლა თავისი ხელები და გონი თავისივე გამოგონებების გამო. წყალბადის ბომბის პროექტის ხელმძღვანელობაზე უარის თქმის შემდეგ ჰუვერმა, ფედერალური დაზვერვის სამსახურის ლეგენდარულმა ხელმძღვანელმა, ოპენჰაიმერი გაასამართლა და ატომური ენერგიის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლა. ოპენჰაიმერი ჩამოაცილეს ყველა უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ტექნოლოგიურ პროექტს.

რატომ იწყევლიდა თავბედს გენიალური გამომგონებელი?

პროფესორმა ვერ გაიგო, თუ რა როლს ასრულებდნენ მისი მიღწევები სამყაროს შემეცნების საქმეში. მკვლევარი შიშობდა, რომ მომავალში ატომური სამხედრო ინდუსტრია ჩაუნაცვლებელი გახდებოდა, ადამიანები სურვილის მიუხედავად ვეღარ მოახერხებდნენ მისგან გათავისუფლებას და გამალებული შეიარაღების პროცესში ჩვეულებრივ სტატისტებად გადაიქცეოდნენ. ოპენჰაიმერი ამჩნევდა, რომ უკვე საყვარელ საქმეს და პროფესიას აღარ ემსახურებოდა. იგი გაურკვეველი განზრახვების მქონე დამკვეთთა დავალებების უმაღლესი სამეცნიერო რანგის მქონე შემსრულებლად გადაიქცა. ოპენჰაიმერის მიზანი არ იყო მეცნიერების სახელით ბუნების დაპყრობა და ადამიანების განადგურება. მას სწამდა, რომ ადამიანს, ბუნებასა და სამეცნიერო პროგრესს შორის ჰარმონიის ელემენტები უნდა აღმოეჩინა.

 

 

ხმაურზე, შაქარზე და ათას წვრილმანზე…

0

ასეთი სათაური ტყუილად არ შემირჩევია, ერთი მეორეზეა დამოკიდებული და ყველა ერთად ჩვენი ცხოვრების წესზე მოქმედებს.

თუმცა, თავიდან დავიწყოთ.

იმ დღეს ქუჩაში ერთი საშუალო ასაკის კაცი დავინახე, როგორც კარლსონი იტყოდა, მოწიფულ ასაკში მყოფი. სავარაუდოდ ტურისტი იყო, რადგან, ერთი ჩემი ძველი ნაცნობი ქუთაისელის ხუმრობით ნათქვამის არ იყოს, სულ „ფშვიტინ-ფშვიტინით“ მოდიოდა. ანუ, ცხოვრება უხაროდა, სახე არ ჩამოსტიროდა და არც აქაური ხალხის პრობლემებს იცნობდა ალბათ. მაისურზე წარწერა ჰქონდა:

-სახლი ის ადგილია, სადაც რაც გინდა ის უნდა აკეთოო!

ჰმ, ვითომ?

დიახ, ვიზიარებ, რომ სახლს არაფერი ჯობია. აქ რომ დაისვენებ და მოდუნდები, აბა, ისე სხვაგან სად? თუმცა, ყველაფრის კეთება ნამდვილად არ შეიძლება.

მაგალითად არ შეიძლება:

  • მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით და ხის ქუსლიანი ქოშებით ბრახა-ბრუხით სიარული. განსაკუთრებით, ღამის საათებში;
  • ბოლო ხმაზე ყვირილი და ე.წ. საქმის გარჩევა ოჯახის წევრებთან;
  • ღამის საათებში რემონტის კეთება, განსაკუთრებით კი, საკუთარი ხელით. მით უმეტეს, თუ დიდი არაფერი გაგეგება. ჩაქუჩის უთავბოლოდ კაკუნიც არ შეიძლება.
  • არ შეიძლება საცეკვაო დარბაზის მოწყობა, განსაკუთრებით ღამის საათებში;

…და ასე უსასრულოდ შეიძლება ჩამოვთვალო.

ჰო, დამავიწყდა მეთქვა, რომ ეს შეზღუდვები ე.წ. კორპუსის ბინებზე ვრცელდება, სადაც შენს ქვემოთ და გვერდით სხვა ადამიანებიც ცხოვრობენ და მათ სიმშვიდეს პატივი უნდა სცე. თორემ, თუ საკუთარი სახლი გაქვს, იხმაურე რამდენიც გენებოს.

თუმცა, ვინ როგორ. როდესაც სოფელში ჩავდივარ, საღამოს, მეორე სართულის ე.წ.შუშაბანდში ვცდილობ ფრთხილად ვიარო. იცით რატომ? დაბლა მერცხლების ბუდეებია, შიგნით სასაცილო ბუსუსა ბარტყები სხედან, ჰოდა, პატივს ვცემ მათ სიმშვიდეს და ძილს. გაგეღიმათ? კეთილი, მაგრამ მე სიმართლე გითხარით.

სახლს თავისი ხმაური მაინც ახასიათებს.

ხმაურის წყარო ხმაურის დონე dB
მტვერსასრუტი 75
წყლის ჩხრიალი 85
ნაგვის გატანის ხმა (სავარაუდოდ, გარედან შემოსული) 80
კონდიციონერი 50
მაღვიძარა საათი 80
ჩვეულებრივი კედლის საათი-მუსიკალური 65
გაზონის საჭრელი მანქანა(სავარაუდოდ, გარედან შემოსული) 105
როკ მუსიკა 115
ჩაქუჩი 110

 

ხმაურის გამო, პირველ რიგში, ცენტრალური ნერვული სისტემა ზიანდება. გამომუშავდება ჰორმონი კორტიზოლი, ადამიანი იოლად ღიზიანდება, მუდამ ძილის დანაკლისს განიცდის და ეს ზოგადად, ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზეც აისახება. ცენტრალურ ნერვულ სისტემას, იგივე თავის ტვინს ტკბილი უყვარს. ჰოდა, სტატისტიკის მიხედვით, ხმაურით დაზარალებული ადამიანები, სტრესის მოსახსნელად, ტკბილს ეტანებიან.

ერთი არაბული ანდაზა გვამცნობს, ნურავის და ნურაფერს ენდობი, რადგან შაქარიც კი მარილივით გამოიყურებაო.

შაქარზე, მარტივ ნახშირწყალზე, ადრეც დამიწერია. თავადაც მიყვარს და მთელი ცხოვრება დიდი სიბეჯითით მის გაკონტროლებას ვცდილობ. ზოგჯერ მჯაბნის ხოლმე და ცდუნებაზე უარს ვერ ვამბობ. არც არის გასაკვირი, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. თუმცა, თავად შაქარზე უარი დიდი ხნის წინ ვთქვი. დაჯაბვნაში მხოლოდ ტკბილეულს ვგულისხმობ. ისიც ვიცი და ადრეც მითქვამს, რომ შარიანი და ხათაბალა პროდუქტია https://mastsavlebeli.ge/?p=4147

ხალხში სხვადასხვა  ხმებიც დადის შაქრის შესახებ. მაგალითად:

მოარული ხმა #1

-ყავისფერი შაქარი უფრო კარგია, ვიდრე თეთრი?…

ეს შეკითხვა დაახლოებით იმ სერიიდან არის, ჩვეულებრივი მარილი უფრო მავნეა, თუ ვარდისფერიო. ორივე მარილი ნატრიუმის ქლორიდია (მცირე განსხვავებებით) და შესაბამისად, ზედმეტი ორივე მავნეა.შაქარზეც იგივე ითქმის. ყავისფერიც თეთრის მაგვარი გლუკოზაა, ოდნავ საღებავ შერეული.

ავიცენა შაქარზეც იმავე აზრის იყო, რასაც მარილზე ფიქრობდა და პირდაპირ წერდა, შაქარი ნარკოტიკიაო. დიახ, შაქარი მიჩვევას იწვევს. შაქრის ზემოქმედებით სეროტონინი და დოფამინი გამომუშავდება, ადამიანი ბედნიერია და კვლავ და კვლავ უნდა იგივეს შეგრძნება. თუმცა, შაქრის დოზა მუდმივ გაზრდას ითხოვს, შეგრძნებების მისაღებად. თუ  შევაჯამებთ, შაქარს იღებ- ტვინს უხარია.

მოარული ხმა #2

-შაქარი მოზარდებში სახეზე  გამონაყარს იწვევს.

ექიმი, რა თქმა უნდა, არ ვარ. თუმცა, „სამედიცინო ბიოქიმიის“ წიგნებში ბევრი ძებნის შემდეგ, ვერაფერ მსგავსს ვერ მივაკვლიე და სავარაუდოდ, გამონაყარი უფრო ალერგიას, ან ჰიპოვიტამინოზს  უნდა დავაბრალოთ, ვიდრე უშუალოდ შაქარს.

მოარული ხმა #3

-შაქრისგან ჩნდება ნაოჭები.

აი, ნაოჭების გაჩენას, რაც შეეხება,  სრული სიმართლეა. ამ პროცესს  „შაქრიან“ სიბერესაც უწოდებენ და მას „ასე, ტკბილად დაბერებასთან“ არავითარი კავშირი არ აქვს. ეს უკანასკნელი ტკბილ და მშვიდ სიბერეს გულისხმობს, მოსიყვარულე ადამიანებთან და შეგნებულ მეზობლებთან ერთად. აი, ისეთებთან ზემოთ დაწერილ სახლის ხმაურის წესებს, რომ არ არღვევენ.

შაქარი ნაოჭებს აჩენს და ვიზუალურად აბერებს ადამიანს. რატომ? შაქრის მოლეკულა უკავშირდება კოლაგენს და შლის მას.  შაქარი სისხლძარღვების კედლებსაც აზიანებს, არადა ლამაზი კანი სისხლით და ჟანგბადით უნდა მომარაგდეს.

მოარული ხმა #4

-ზედმეტი შაქარი თვალის კატარაქტას იწვევს.

ესეც მართალია, რადგან თვალის ბროლის ცილების ამინოჯგუფებსა და გლუკოზას შორის  რეაქცია მიმდინარეობს.

აქ კარგი ამბავი ის არის, რომ ნორმის ფარგლებში ყველაფერი აუცილებელიც და სასარგებლოც არის.

ტკბილის დღიური ნორმა კი გახლავთ: ან შაქარი 14 გრ, ან თაფლი-20გრ, ან მურაბა/ ჯემი-25გრ, ან ხილი 400გრ. დიახ, ჟ. მარშალის ნაშრომში „კვების ქიმიის“ შესახებ ამოვიკითხე, რომ თურმე ხილის ჭამაც უნდა გაკონტროლდეს. თუმცა, აქ აქცენტი უფრო ისეთ ტკბილ ხილზე კეთდება, როგორიც  ყურძენი, საზამთრო და მაგალითად ნესვია.

მოარული ხმა #5

-თაფლი შაქარზე სასარგებლოა და აბსოლუტურად უსაფრთხო.

თაფლზე სამი  წერილი მაქვს დაწერილი https://mastsavlebeli.ge/?p=4058, https://mastsavlebeli.ge/?p=16403, https://mastsavlebeli.ge/?p=4310  და მის საუკეთესო თვისებებს ვადასტურებ. შიგნით უამრავი ვიტამინი და მინერალია. თუმცა, ადუღებულ წყალში არ უნდა გავხსნათ, თუ არ გვსურს, ჩვენივე ჭიქაში  მავნე ნივთიერებების სინთეზი წამოვიწყოთ. ეს ნიშნავს, რომ თაფლი ჩაის ან ყავას კოვზით უნდა მივატანოთ.

როდესაც თაფლზე და შაქარზე ვსაუბრობთ, აქ მთავარი გლიკემიური ინდექსის მაჩვენებელია. რაც მეტია ეს მაჩვენებელი, მარტივი შაქარი უფრო სწრაფად შეიწოვება სისხლში და იწვევს შაქრის დონის გაზრდას. მადაც უფრო გვემატება და მალევე გვშივდება. შაქრის ინდექსი  100ერთეულია, თაფლის -61 ერთეული.

ახლა კალორიულობას რაც შეეხება. ერთ ჩაის კოვზზე 5 გრამი შაქარი ეტევა. თაფლი უფრო მძიმეა და ერთი ჩაის კოვზი 15 გრამს შეადგენს. გამოდის, რომ ერთი ჩაის კოვზი თაფლით დალეული ჩაი, იგივეა, რაც სამი ჩაის კოვზი შაქრით დალეული.  ერთი კოვზი შაქრის კალორიულობა 16კკალ-იაა, ერთი კოვზი თაფლის-48კკალ.

მოარული ხმა #6

-შაქარი შევცვალოთ შაქრის შემცვლელით?..

ამ კითხვას ჩემი სტუდენტებიც ხშირად მისვავენ, განსაკუთრებით შესავალ კურსებზე. პირველი შაქრის შემცვლელი, საქარინი, მეცხრამეტე საუკუნეში შექმნეს. მეოცე საუკუნის 60-70-იანებში კი მთელი რიგი ნაერთები  დაასინთეზირეს, თუმცა, დღეს მათგან 3-4 თუ შემორჩა.

შაქართან შედარებით, კალორიებს, რა თქმა უნდა, შემცვლელი გაცილებით ნაკლებს შეიცავს. თუმცა, როგორც ზემოთ დავწერე, ტვინი გლუკოზით იკვებება, ამიტომ შაქრის შემცვლელი ჩვენს ტვინს ვერაფრით გაახალისებს. თუმცა, კიდევ ერთხელ დავწერ, რომ ზედმეტი გლუკოზა სისხლძარღვების კედლებს დააზიანებს და ნეიტრალურ ცხიმადაც მშვენივრად გარდაიქმენება.

ნაწლავებში არსებული მიკრობიოტა, ანუ ბაქტერიები მნიშვნელოვანია ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. ამ მიკრობიოტას გლუკოზით გამოკვება ჭირდება. შემცვლელის ხანგრძლივი გამოყენებისას მიკრობიოტა კვდება. გლუკოზა არ აქვს და მის მიმართ ტოლერანტობას კარგავს. გაგიკვირდებათ, მაგრამ დიაბეტისთვის კარგი ნიადაგი იქმნება.

რა გამოდის?

უკვე მერამდენედ, ალქიმიკოს პარაცელსს უბრუნდებით, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ ამბობდა, ნებისმიერი საკვები წამალიც არის და შხამიც, რაოდენობას გააჩნია, რამდენს მივირთმევთო. ჰოდა, მარტივი შაქარიც, ნორმის ფარგლებში, აუცილებელია.

სადღაც გვერდით მეზობელი კედლებს „ღრიტნის“, ანუ, ასწორებს…სინამდვილეში კი ათხელებს, რაღაც სრულიად უსუსური ფართობი, რომ მოიგოს. ეს ნაგებობას ასუსტებს და სეისმურად აქტიურ თბილისში სახლის გარეშე დარჩენის შანსებს უზრდის საკუთარ თავსაც და მეზობლებსაც. ასეთი ხმაური სტრესია, ალბათ უკვე ჰორმონმა კორტიზოლმა დაიწყო გამომუშავება. ცოტა ხანში სისხლძარღვებს შეავიწროვებს და წნევასაც მომიმატებს.

რით ვებრძოლო? მაცივარში ხილის კრემიანი ნამცხვარი მაქვს… თუმცა, უკვე მივირთვი და …

…წავალ, ისევ ვივარჯიშებ და სტრესის ჰორმონსაც ასე დავშლი!…

 

 

 

საგანმანათლებლო თამაშების როლი მოსწავლეთა სისტემური აზროვნების ფორმირებაში      

0

საგანმანათლებლო ხასიათის თამაშები აქტიური ფიზიკური და შემოქმედებითი   უნარების  ფორმირებას, ინტელექტისა და შემეცნებითი პროცესების, მეტყველების, მეხსიერების, ყურადღების, დაკვირვების, სენსორული გამოცდილების,  მტკიცებულებებითი უნარების განვითარებას უზრუნველყოფენ, რომლის საფუძველზეც მოსწავლეს უვითარდება ცნობისმოყვარეობა, გამოცდილება, ნებელობა, ჯგუფური მუშაობის უნარები, აცნობიერებს თავის ადგილს საზოგადოებაში.

 

გამოცდილ მაწავლებელს შეუძლია საგაკვეთილო საქმიანობასა და თამაშს შორის კავშირის დამყარება და  გაკვეთილის ნამდვილ  სახალისო საქმედ  გარდაქმნა. როგორც თეატრში  ელოდება მაყურებელი, რა იმალება სცენის ფარდის მიღმა, ასევეა მოსწავლეებიც, რომლებიც ელოდებიან მასწავლებელის „საიდუმლო სცენარის“ გაცნობას და ამ მოლოდინში მუდმივად ყურადღებით არიან.  მასწავლებელი ასეთ სიტუაციებში ემგვანება  კარგ მსახიობს, რომელიც წარმოდგენის დასასრულს ყველა „საიდუმლოს“ ახდის ფარდას და ინტერესს დაუკმაყოფილებს მოსწავლეებს.

გაკვეთილის რომელ ეტაპზეა მოხერხებული თამაშის ელემენტების გამოყენება? ალბათ ყველა ეტაპზე, თუმცა ადვილია შეთანხმება იმაზე,  რომ გაკვეთილის ყველაზე საინტერესო ნაწილი  დასაწყისია, რომელზეც მთელი შემდეგი საქმიანობის წარმატებაა დამოკიდებული. ეს ნაწილი ისე უნდა გაიაროს მასწავლებელმა, თითქოს აქ და ამ წუთში წყდებოდეს გაკვეთილის ბედი. მასწავლებლის ემოციური განწყობა გადამდებია მოსწავლეებისთვის და კარგად დაწყებული გაკვეთილი წარმატებული შედეგის გარანტიაა. თუ მასწავლებელი ასეთივე განწყობას შეინარჩუნებს  გაკვეთილის დანარჩენ ეტაპზეც (ცოდნის შემოწმების, გადაცემის, რეფლექსიის ეტაპზე) მიზნის მიღწევა გარანტირებული იქნება (ცხადია, ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს მასწავლებლის, როგორც მეთოდისტის, მკვლევრის,  აღმზრდელის, საგაკვეთილო პროცესის ორგანიზტორის  ფუნქცია).

 

მასწავლებელიც და მოსწავლეც თამაშის პროცესში მრავალგვარ იდეას წამოაყენებენ, რომელთა შორის ძალიან საინტერესოა სისტემური აზროვნების ფორმირებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა. ბიოადეკვატური, ანუ რელაქსაციური სათამაშო მიდგომების გამოყენება სწავლებაში ხელს უწყობს ასეთი პირობების შექმნას და  სისტემური („ინტეგრირებული“) აზროვნებისა  და გაკვეთილის  „გაცოცხლებას“.

აღსანიშნავია, რომ სისტემური („ინტეგრირებული“) აზროვნება არ გულისხმობს ისტორიის, ლიტერატურის, გეოგრაფიის, ხატვისა და სხვა საგნების უბრალოდ ინტეგრირებას ერთი გაკვეთილის ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ შესანიშნავი იდეაა, რადგან ამ დროს შემეცნებით პროცესში ერთვება აღქმის ყველა არხი, მაგრამ სისტემური, ანუ ინტეგრირებული მიდგომა რეალურად წარმოიშობა მაშინ, როდესაც ადგილი აქვს შემეცნების ყველა კომპონენტის ერთობლიობას. მაგალითად, კულტურის ისტორიის შესწავლისას სისტემური აზროვნების გამოვლენაა თუ მოსწავლე შეძლებს გაკვეთილზე კონკრეტული რელიგიისათვის დამახასიათებელი ტაძრის (შუა საუკუნეების ან სხვ. ისტორიული პერიოდის) მოდელის  (ქართული ტაძრები, ბიზანტიური ტაძრები, ბაროკოს ან სხვ. სტილის ტაძრები, ბუდისტური ტაძრები და  მეჩეთები და ა.შ.) აგებას და სხვ. რომლისთვისაც მას სხვადასხვა საკითხის საკმაოდ ღრმად ცოდნა სჭირდება.

 

სისტემური აზროვნების ფორმირებისთვის გამოიყენებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო  თამაშებს, როგორიცაა, მაგალითად:

  1. ექსპრესკარნახი“, რომლის მიზანია  ტერმინების,  თარიღების,  განსაზღვრებების, ცნებების ცოდნის შემოწმება ( სულ 2-3 წთ.);

აქტივობის ალგორითმი: ა) მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს დადგნენ მერხებთან, ან გააკეთონ წრე (როგორც მოუხერხდებათ ადგილის მიხედვით); ბ) მასწავლებელი სწრაფად სვამს შეკითხვებს, ეკითხება ყველას. ასეთი ზეპირი გამოკითხვით მასწავლებელი ამოწმებს ისტორიის, მათემატიკის, გეოგრაფიის, ქიმიისა და ა.შ. საგნების ცოდნას (წერილობითი გამოკითხვის დროს მოსწავლეები მერხებთან სხედან); გ) სპეციალური უნარების (სწრაფი წერის, ყურადღების  და ა.შ.) განვითარებისთვის მასწავლებელი ცვლის პირობას – სთავაზობს, რომ პასუხები დაწერონ მხოლოდ ფურცელზე, მხოლოდ დაფაზე და ა.შ.).

  1. „დაასრულე ფრაზა“: მიზანია განვლილი  მასალის ექსპრესგამეორება.

აქტივობის ალგორითმი: ა) მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს დადგნენ მერხებთან ან გააკეთონ წრე (როგორც მოუხერხდებათ ადგილის მიხედვით), ან დაჯგუფდნენ სურვილის მიხედვით; ბ) მასწავლებელი აცხადებს მტკიცებით წინადადებას, რომელიც საჭიროებს დასრულებას;  გ) გამარჯვებულია ის,  ვინც სწორად და სწრაფად შეძლებს ფრაზების დასრულებას  (სულ 2-3 წთ.).

მაგალითად, გეოგრაფია, VI კლასი:

„თანამედროვე გეოგრაფია – ესაა მეცნიერება… ამისა და ამის შესახებ (ბუნების, მოსახლეობის, საქმიანობის….)“;

„ეკოლოგია – ესაა მეცნიერება, რომელიც შეისწავლის… (ადამიანისა და გარესამყაროს ურთიერთობას…);

  1. „თავისუფალი დავალება“: მიზანია, ვასწავლოთ მოსწავლეებს დავალების დამოუკიდებლად არჩევა.

 

აქტივობის ალგორითმი: ა) მასწავლებელი აჯგუფებს მოსწავლეებს რამდენიმე ჯგუფად; ბ) ჯგუფებს ურიგებს დავალებებს, რომლებიც ჩამოწერილია ბარათებზე, ან განთავსებულია კომპიუტერის  ეკრანზე, ან მონიშნულია წიგნში  და ა.შ.  გ) დავალებები სხვადასხვა დონისაა;  დ) მოსწავლეებმა  (ჯგუფებმა) უნდა აირჩიონ დავალება განთავსების ადგილის მიხედვით; ე) მუშაობის დასრულების შემდეგ ჯგუფები დავალებას და  პასუხებს წარუდგენენ მთელ კლასს; ვ) პრეზენტაციების  დასრულების შემდეგ მასწავლებელი შეაჯამებს ჯგუფების გამოსვლას (სულ 3-5 წთ.).

 

  1. „შემოქმედებითი სურათის შექმნა“: მიზანია, ვასწავლოთ მოსწავლეებს სასწავლო მასალის სურათ-ხატის შექმნა, რომელსაც ის ხანგრძლივ მეხსიერებაში წაიღებს.

 

აქტივობის ალგორითმი: ა) მასწავლებელი ქმნის 3-5-კაციან ჯგუფებს და ყველას აძლევს ერთი ტიპის დავალებას – შემოქმედებითად „გადაამუშაონ“ საშინაო დავალებიდან მიღებული ინფორმაცია; ბ) მასწავლებელი აძლევს ნიშანს შემოქმედებითი სამუშაოს დაწყებისთვის, მოსწავლეები კი ცდილობენ დახატონ დავალების შესრულების შედეგად  მიღებული ინფორმაცია; გ) შემდეგში  ხდება შემოქმედებითი პროდუქტის „დაცვა“ (სულ 4-5 წთ.).

 

5.“ახალი სახე-სიმბოლოს შექმნა ჯგუფურად“:  მიზანია  შემოწმდეს  ინტეგრირებული თემის ცოდნა,   თემის  პიროვნული  და  ჯგუფური  აღქმის  პროცესი. ეს თამაში ხელს უწყობს მეხსიერებაში ინფორაციის ხანგრძლივად შენახვას.

 

აქტივობის ალგორითმი: ა) მოსწავლეთა დაჯგუფება; ბ)  თითოეული ჯგუფი იღებს დავალებას თემის ცალკეულ ნაწილზე. მასალა შეიძლება განმეორებითიც იყოს; გ) მასწავლებლის მითითებით მოსწავლეები იწყებენ  შემოქმედებით მუშაობას. ჯგუფის წევრები ერთმანეთთან შეჯერების საფუძველზე ქმნიან ერთიან სურათს და ხატავენ იმ ინფორმაციას, რომელიც დაამახსოვრდათ; დ) დასრულების შემდეგ ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას, მასწავლებელი კი აფასებს მათ (სულ 4-5 წთ.).

 

  1. „ვაქანდაკებთ“ – ჯგუფური სამუშაო, რომლის მიზანია დავალების შესრულებისათვის საჭირო შემოქმედებითი და მოტორული უნარების განვითარება. თემა შეიძლება შერჩეული იყოს განვლილი მასალიდანაც (4-7 წთ).

 

აქტივობის ალგორითმი:  ა) მოსწავლეებს,  ჯგუფის წევრებს,  ურიგდებათ ფურცლები, რომლებზეც ჩამოწერილია რომელიმე საგნობრივი ლექსიკის ერთეულები, მაგალითად,   სინონიმები,  ომონიმები, შედარებები და სხვ.; ბ) დავალების მიხედვით მოსწავლეებმა უნდა შექმნან „ლექსიკის“ სიმბოლო-ქანდაკება (ის შეიძლება წარმოდგენილი იყოს გვირილის ან სხვა ყვავილის სახით); გ) განმარტონ დასახელებული ცნებები და მოიყვანონ მაგალითები; დ) ჯგუფები გააკეთებენ პრეზენტაციებს და დაიცავენ თავიანთ  მოსაზრებებს; ე) მასწავლებელი შეაჯამებს  ჯგუფების შედეგებს.

 

  1. „ცოდნის ინჟინრები“: მიზანია, ასწავლოს მოსწავლეს ცოდნის გამოყენება პრაქტიკულ ცხოვრებაში.

აქტივობის ალგორითმი: ა) მასწავლებელი აჯგუფებს მოსწავლეებს პატარ-პატარა ჯგუფებად და სთავაზობს დავალებას – როგორ წარმოუდგენიათ მათ უკვე შესწავლილი თემების პრაქტიკაში გამოყენება? ქალაქების მშენებლობაში? სამეურნეო საქმიანობაში? მოგზაურობაში? განათლების რეფორმაში? და ა.შ. ბ) ის, ვინც უკეთესად და უფრო მეტს უპასუხებს დასმულ შეკითხვაზე,  გადაეცემა პრიზი; გ) მასწავლებელი ამოწმებს  მოსწავლეთა ცოდნის  დონეს.

  1. „ფანტასტიკური დაბოლოება“: მიზანია ახალი ინფორმაციით დაინტერესება, სასწავლო სიტუაციის გადატანა უჩვეულო პირობებში. 

 

აქტივობის ალგორითმი: ა) მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს საშინაო დავალების თემა გადაიტანონ ფანტაზიის სამყაროში და   მოუძებნონ ფანტასტიკური  დასასრული – ეს შეიძლება იყოს ლიტერატურული გმირის „გადასახლება“ სასურველ ეპოქაში ან ისტორიული პიროვნებების „თანამედროვე“ მოღვაწეებად წარმოსახვა, ადრე მომხდარი კონფლიქტების „გაცოცხლება“ და განსხვავებული დასასრულის მიცემა, უჩვეულო სიტუაციების შექმნა  და ა.შ. მაგალითად, „ანტარქტიდაში მინიმალური ტემპერატურა 10 გრადუსამდე ავიდა. მოიფიქრეთ, რას მოიმოქმედებენ პინგვინები?“… „კლიმატის ცვლილებამ ალპებზე მყინვარების დნობა და მდინარეების ადიდება გამოიწვია. წარმოიდგინეთ, როგორ გააგრძელებდნენ ბრძოლას ჰანიბალის ჯარისკაცები?“ და სხვ. ბ) მასწავლებელი აფასებს მოსწავლეთა შემოქმედებით უნრაებს და წარმოდგენილ მასალებს.

 

საგანმანათლებლო თამაშებისას მეცნიერული თეორია და ცოდნის სისტემატიზაციის პრაქტიკული ასპექტები „ერთად მუშაობენ“ მოსწავლეთა წარმატებისთვის და სისტემური აზროვნების ფორმირებისთვის, ხელს უწყობენ სწავლის მოტივაციას, მაღალი შედეგების მიღწევას, არაერთგვაროვანი  დავალებების გადაწყვეტას, რთული და ხანდახან მოსაწყენი მასალის მარტივად შესწავლას,  ამიტომ შეგვიძლია ისინი მეტი აქტიურობით გამოვიყენოთ კონკრეტულ საგაკვეთილო საქმიანობაში.

იცხოვრო და მოკვდე ხელოვნებისთვის და სიყვარულისთვის

0

სიყვარულის ზღაპარი, რომელსაც მთელი მსოფლიო სულმოუთქმელად ადევნებდა თვალყურს, სამწუხაროდ, მწარე რეალობის ათასობით ნამსხვრევად იქცა. სკანდალური რომანი შეეხება გასული საუკუნის ცნობილი ადამიანების – ბერძენ მულტიმილიონერ არისტოტელე ონასისსა და წარმოშობით ბერძენ ამერიკელ დიდებულ საოპერო მომღერალ მარია კალასს.

ვნება გონებაზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. XX საუკუნის უდიდესი საოპერო მომღერლის მარია კალასის ცხოვრება არისტოტელე ონასისმა თავდაყირა დააყენა.

„მსურდა მარია ვყოფილიყავი, მაგრამ არსებობს კალასი, რომელიც მოითხოვს,            

                                                                          ღირსეულად ვატარებდე მის სახელს“.

 

მათი პირველი შეხვედრა ცნობილი ვენეციელი გრაფინიას სახლში კალასის საპატივცემულოდ მიძღვნილ საღამოზე შედგა. მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულს მარიასა და არისტოტელეს მეუღლეებიც ესწრებოდნენ, მილიონერი მომღერალს ნაბიჯითაც არ შორდებოდა. გასაკვირიც არაფერი უნდა იყოს, მარია მშვენიერ ანტიკურ ბერძნულ ქანდაკებას ჰგავდა.

წყვილის ურთიერთობა გარშემომყოფთათვის თავიდანვე ვერ აღმოჩნდა გასაიდუმლოებული. კრუიზში ონასისი მარიას ყოველ საღამოს საცეკვაოდ იწვევდა, რის შემდეგ გაუჩინარებული შეყვარებულნი თავ-თავიანთ საძინებლებში მხოლოდ დილით ბრუნდებოდნენ.

კრუიზს მოჰყვა დიდებული მომღერლის პატივსაცემად გამართული მეჯლისი ლონდონურ სასტუმროში, სადაც არისტოტელე ონასისი მარიას გარშემო დარბაზის მთელ თავისუფალ სივრცეს მეწამული ვარდებით ავსებდა. 36 წლის ოპერის პრიმადონა, რომელსაც საოპერო მოღვაწეობის 10 წლის მანძილზე არაერთი ექსცენტრული თაყვანისმცემელი უხილავს, შეყვარებული იყო როგორც პატარა გოგონა.

სამწუხაროდ, ბედნიერება ძალზე ხანმოკლე აღმოჩნდა. პირველი დარტყმა მარიამ მაშინ მიიღო, როდესაც ონასისს ფეხმძიმობის შესახებ აუწყა. ამ დროისათვის კალასი 42 წლისა იყო. თანადგომის მოლოდინში მყოფმა არისტოტელესგან მტკიცე უარი მიიღო იმ მიზეზით, რომ მას ორი შვილი უკვე ჰყავდა. საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშით შეპყრობილმა მარიამ წინააღმდეგობის გაწევა ვერ გაბედა, რასაც მომავალში სასტიკად ნანობდა.

მარია კალასი ყურადღების ეპიცენტრში იყო შემოქმედებითაც და სკანდალური ქრონიკითაც, სადაც ძირითადი საკვანძო ადგილი სასიყვარულო სამკუთხედს ეკავა: კალასი, ონასისი და ჟაკლინ კენედი. მეორე შოკისმომგვრელი ცნობა იყო, როდესაც გაზეთებიდან ონასისის ღალატის შესახებ შეიტყო: მან ამერიკის შეერთებული შტატების მოკლული პრეზიდენტის ქვრივზე ჟაკლინ კენედიზე იქორწინა.

ამ ცნობილ ქალბატონებს შორის ონასისისთვის ბრძოლაში გამარჯვება ჟაკლინმა მოიპოვა, ხოლო დიდებული მარია მიტოვებული იქნა ბერძენი მილიარდერის მიერ. ყოველივე კი ფართო საზოგადოების თვალწინ „თამაშდებოდა“, პრესის, ტელევიზიის გაშუქების ფონზე და მარია „მაყურებლებისთვის“ უნებლიეთ ტრაგიკულ ფიგურად „გამოიძერწა“. და როგორც წესი, ბიოგრაფიაში „წვეთი სისხლი“ პერსონისადმი ინტერესსა და მიზიდულობას მუდამ ამძაფრებს.

კალასის ცხოვრება ტრაგიკული სიყვარულის ისტორიაა. საყვარელი ადამიანისთვის – მოღალატე მამაკაცისთვის ყველაფერი გაიღო: კარიერა, შეუმდგარი ოჯახური ბედნიერება და ვერდაბადებული შვილიც კი.

მარიას დასაცავად აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი ნიუანსი, რომელიც ბუნდოვან სურათს ერთგვარად ფარდას ხდის და კონტურებს ამკვეთრებს. მოგეხსენებათ, მარია კალასი დაახლოებით 30 წლამდე ზედმეტად დიდი წონისა გახლდათ და მამაკაცებისთვის მიმზიდველი არ იყო (მოგვიანებით მარია მკურნალობის მკაცრი კურსის ჩატარების შემდეგ თითქმის 30 კილოგრამით დაიკლებს, რაც ხმისთვის ძალზე სარისკოა). ბიოგრაფებს მარიას ოცდაათ წლამდე ცხოვრებიდან ერთი სასიყვარულო რომანის ეპიზოდიც კი არ აღმოუჩენიათ. მომღერალი თავის იმპრესარიოს, წლოვანებით უფროსს, ცოლად უსიყვარულოდ გაჰყვა. შეგახსენებთ, მარიას მეუღლე ბატისტო მენეგინმა მომღერლის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, როგორც მენეჯერმა და პროდიუსერმა.

ოპერაზე უსაზღვროდ შეყვარებული მენეგინისთვის სიმღერის ილუზორული სამყარო გაცილებით საინტერესო და მიმზიდველი იყო, ვიდრე საკუთარი წარმოების (აგურების ქარხნების) მფლობელობა. 26 წლის უცნობმა მომღერალმა და მასზე ორჯერ უფროსმა თაყვანისმცემელმა ჯერ შემოქმედებითი ურთიერთობა დაამყარეს, ხოლო ორი წლის შემდეგ კიდეც იქორწინეს. აღსანიშნავია, რომ მარია ქორწინებამდე სასიყვარულო ვნებას არ მიუყვანია. ის მეუღლეში გასაოცარ ერთგულებასა და უსაფრთხო თავშესაფარს ხედავდა, ბავშვობიდან ტკივილამდე რომ აკლდა. თუმცა, პრაქტიკული მოსაზრებით ნაკარნახევი ქორწინება 50-იანი წლების რომანტიკულ სამყაროში ვერაფრით ვერ ეწერებოდა.

და ასე, 35 წლამდე „ჩათვლემილი“ მარია მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც ცნობილ მაგნატს, არისტოტელე ონასისს შეხვდა. სამწუხაროდ, თავდავიწყებით შეყვარებული მარია, ეს დიდებული მომღერალი, ჩვეულებრივ, ყოფით ცხოვრებაში სრულიად უმწეო აღმოჩნდა. მარია სასიყვარულო რომანის ყოველ წვრილმანს გადაჭარბებული ტრაგიზმით განიცდიდა, რაც გასაკვირი სულაც არ არის, ვინაიდან მარიას „არისტო“ ქალების გამძაფრებით მოტრფიალე გახლდათ. ყოველივეს კი, მათ ცხოვრებაში ჟაკლინ კენედის შემოჭრამ დაუსვა საბოლოო წერტილი.

მიუხედავად ყველაფრისა, ჯოვანი ბატისტა თანახმა იყო მარიას ახალი გატაცების ყოველგვარ გამოვლინებაზე თვალი დაეხუჭა, ღალატზეც კი. ბოლოს და ბოლოს მასზე 30 წლით უმცროს მარიასთვის, ოპერის ჭეშმარიტი დივასთვის დაუფიქრებელი ქცევის პატიება მართლაც შეიძლებოდა. მაგრამ ვაი რომ, მარია მეუღლის პატიებას სრულებით არ საჭიროებდა. მილანში დაბრუნებულმა მენეგინს ონასისთან მჭიდრო ურთიერთობისა და მასთან სამუდამო დაშორების შესახებ დაუყონებლივ აუწყა.

 

ასეა თუ ისე, არისტოტელე ონასისი დიდი მომღერლის პირველი და უკანასკნელი სიყვარული აღმოჩნდა. სწორედ მასთან კავშირმა განაცდევინა მარიას მანამდე სრულიად უცხო შეგრძნებები.

 

მომღერალს ხმასთან დაკავშირებული პრობლემები ჯერ კიდევ ონასისთან რომანის დასაწყისში შეექმნა. მუდმივი ტრაქეიტი და ბრონქიტი თანდათან ხმას უზიანებდა, ხოლო წარმოქმნილი ხრინწი მარიას პროფესიისთვის ნამდვილ ღვთის რისხვას ემსგავსებოდა. მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში მკურნალობის მიუხედავად, მარიას საშველი არსაიდან ჩანდა. ექიმები მიზეზად ფსიქოსომატურ დარღვევებზე მიანიშნებდნენ. მარიას სიყვარული იმდენად უსაზღვრო იყო, რომ არჩევანის შემთხვევაში არა ხმას, არამედ ონასისთან ურთიერთობას ამჯობინებდა. მაგრამ ბედის ირონიით აღმოჩნდება, რომ მოგვიანებით მარია ორივეს ერთად დაკარგავს.

 

1975 წელს არისტოტელე ონასისი კუჭის ოპერაციის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო ორი წლის შემდეგ სრულიად მარტო დარჩენილი მსოფლიო მნიშვნელობის მომღერალი – მარია კალასი. 53 წლის ასაკში უდიდესი და საბრალო, საბედისწერო და მიმნდობი ქალბატონი მარია კალასი პარიზში, საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა. უკანასკნელ გზაზე კალასს ონასისისგან ანდერძით დატოვებული ათასობით ყვავილი აცილებდა.

 

P.S. კალასის გასაოცარი ნამღერის საიდუმლო საკუთარი ტკივილებიდანაა ამოზრდილი… და აი ის, გატანჯული, მოტირალი მარია კალასი – სცენური და ნამდვილი სიკვდილით. ასე დასრულდა XX საუკუნის უდიდესი მომღერლის, დიდი არტისტის და ამავდროულად, ადამიანური სისუსტეების მქონე ქალბატონის – მარია კალასის სევდიანი ცხოვრება.

 

https://yandex.ru/video/%D0%B7%D0%B0%D0%BF%D1%80%D0%BE%D1%81/%D1%81%D0%B5%D1%80%D0%B8%D0%B0%D0%BB/qare-dard?source=relquery&filmId=1765430021208508992&text=%D0%BA%D0%B0%D0%BB%D0%BB%D0%B0%D1%81%20%D0%B8%20%D0%BE%D0%BD%D0%B0%D1%81%D1%81%D0%B8%D1%81%20%D1%84%D0%B8%D0%BB%D1%8C%D0%BC%202005

ქართული სამეფო ნადიმების შესახებ

0

სუფრა და ლხინი ყოველთვის ქართული ცხოვრებისა და ტრადიციის ნაწილი იყო. ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე II საუკუნეში, კერძოდ, 150 წელს, პონტოს ელინისტურ-ქართული სამეფოს ტახტზე ასულმა მეფე მითრიდატე V ევერგეტმა კაბადოკიაზე გამარჯვება ზეიმით აღნიშნა, რასაც ქეიფი და ღრეობა მოჰყვა, ხოლო მისი დიდი შთამომავალი მითრიდატე VI ევპატორი, ომიდან თუ ასპარეზობიდან დაბრუნებული, ახალ ბრძოლასა თუ შეჯიბრებას სანადიმო სუფრასთან მართავდა.

ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნეში “მსოფლიოს ცენტრში”, რომში, მოხდა ქართველთა (იბერიის) მეფე ფარსმან ქველისა და ანტონინუს პიუსის დიდმნიშვნელოვანი შეხვედრა. კეისარმა გულუხვად უმასპინძლა აღმოსავლეთიდან ჩასულ უაღრესად საპატიო სტუმარს. ნადიმი რამდენიმე დღე გაგრძელდა.

1072 წელს საქართველოს ტახტზე ავიდა გიორგი II – “პურად უხვი ყოველ კაცთა”, რომელსაც თავდავიწყებით უყვარდა ნადიმობა და ნადირობა. ბრძოლის ველზე მოპოვებულ ალაფს ყანწი და მშვილდ-ისარი ერჩივნა. ყოველ ახალ წელს “უწინარეს ცისკრის ლოცვისა უკვლევდა დავით მეფეს ჭყონდიდელი ჯვარსა და ხატსა, სამკაულსა მეფესა და დედოფალსა”, უკურთხებდა საახალწლო სუფრას, საბოძვარსა და ტკბილეულს. წირვის შემდეგ კი ერისთავნი და ხელისუფალნი მეფეს უძღვნიდნენ რჩეულ ბედაურს და იარაღ-აღკაზმულობას. სუფრის თამადა გამორჩეულად მჭევრმეტყველი უნდა ყოფილიყო. იგი ასე მიმართავდა მეფეს: “მრავალჟამიერ ყოს ღმერთმან მეფობა თქვენი მრავალ წელს და ისარი ესე გულსა გაერთხას მეფობისა თქვენისა ორგულსა”. იტყოდა თამადა სადღეგრძელოს და დაიწყებოდა სპათა მილოცვა. ამას მოსდევდა დიდი პურობა, განცხრომა, ცეკვა-სიმღერა…

ქართველთა ძლევამოსილების აღსანიშნავად თამარ მეფის მეუღლემ დავით სოსლანმა განძის სულთნის სასახლეში ბრწყინვალე დარბაზობის გამართვა ბრძანა. “შეიქმნა პურობა და ნადიმობა შესატყვისი ჟამთა სადღესასწაულო”.

მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში დასავლეთ საქართველოს მეფემ დავით ნარინმა ლტოლვილი “მოკავშირე” მონღოლები დიდი ზარ-ზეიმით მიიღო. მან უზარმაზარი “სერი” გაუწყო სტუმრებს. დაიკლა ხუთასამდე ძროხა და ამდენივე ცხვარი. უღვინოდ პურის ჭამა არც მონღოლებს უყვარდათ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქართველებისაგან ღვინის ყადრიც ისწავლეს. დავით ნარინმაც მოიღო ღვინო უანგარიშოდ, ურმებით, ჭურებით, კასრებით, ჩაფებით. “დიდათ განკვირდნენ” მონღოლები, როცა დაინახეს, რაოდენ “უცხოთა სტუმართმოყვარენი” იყვნენ ქართველნი “თვისი ბუნებით”.

1696 წელს ქართლის მეფე გიორგი მეთერთმეტე ისპაჰანს ჩავიდა და შაჰს შეურიგდა. დღე და ღამე აუღებელი სუფრა გაეშალა შაჰ ჰუსეინს გიორგის “სადიდებლად”. ისევ “ქართული ყაიდით და ნაქცეურობით” გაეწყოთ ყოველივე სპარსელებს. მონადიმენიც უმეტესწილად ქართველები იყვნენ – უნებურად და “ნებიერად” სპარსეთს გადახვეწილნი. იყო სმა, ზმა და სიმღერა. ყველა დაეჩრდილა გიორგი მეფის ღრმააზროვან სიტყვას, მახვილგონიერებას, “მაღალ ხუმრობას”. ქართულ ჰანგებს დაეკნინებინა სპარსული ბაიათი. მთელი დღე ატრიალეს ყანწები ჰუსეინმა და გიორგიმ. “ორივე დიდად დათვრნენ. ხან ყაენი დაუსხამდა ღვინოსა, ხან მეფე”. თანამესუფრეებმაც – ქართველებმა და სპარსელებმა – დიდად მოილხინეს ხელმწიფეთა “გარიგებისა” და “შერიგების” გამო.

მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში იმერეთის მეფე სოლომონმა ზეობის პირველ წლებშივე აკრძალა ტყვეების ყიდვა-გაყიდვა. ამისთვის მან შემოიღო თორმეტი გვარისგან შემდგარი “ფიცის კაცების” ინსტიტუტი, რომლებსაც მისგან დიდი ნდობა ჰქონდათ გამოცხადებული. სანამ მთელს იმერეთში ფიცი და ზენაარი მიდიოდა, მზარეულნი, ხაბაზნი და მწდენი სანადიმო სუფრას აწყობდნენ ჭამა-სმის “ყოველივე სამკაულით”. მიუსხდებოდნენ თუ არა სუფრას ნაფიცარნი, პირველი საწესო სადღეგრძელო ყოველთვის ეს იყო: “დიდება ღმერთსა! ღმერთო, გაუმარჯვე ჩვენს მეფეს და მის ერთგულს ერთობით ფიცის კაცსა!”

გურიელთა სამთავრო ტახტის უკანასკნელი მემკვიდრის დავით გურიელის სასახლის მუდმივი და მოუწყინარი სტუმრები იყვნენ გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის დიდგვაროვნები, რომელთა შესაქცევად იმართებოდა გაბმული ქეიფი, ცეკვა-სიმღერა, შაირობა, ჯირითი, ჭიდაობა და სხვა.

ვაკეთებ – ვაცნობიერებ

0

„განათლება ცეცხლის გახურებას ჰგავს და არა ჭურჭლის ავსებას“

სოკრატე

დღევანდელ სტატიას ძველი ჩინური თქმით დავიწყებ: „ვისმენ – მავიწყდება, ვხედავ – მახსოვს, ვაკეთებ – ვაცნობიერებ“. რა თქმა უნდა, ეს სწორედ წინა თემის გაგრძელებაა: დიუის თეორიას ვაგრძელებ: „სწავლა – კეთებით“, ან „სწავლა – გამოცდილებით“. სიცოცხლე ყოველთვის დიალოგია, შეცნობა ყოველთვის უკავშირდება კეთებას, რადგან კეთებაც – დიალოგია, ურთიერთქმედება და ურთიერთგავლენა. თუ ადამიანი მეორე ადამიანთან, ბუნებასთან, საგნთან, რომელიმე თეორიასთან დიალოგშია და ცვლილებას არ განიცდის, მაშინ ის უბრალოდ ნივთია, დახავსებული და უსარგებლო.

ადამიანი შეიცნობს თავის თავს მხოლოდ II პირის მეშვეობით. ეს მეორე პირი შეიძლება იყოს ადამიანი, ბუნება, წიგნი… ან ნებისმიერი რამ, რასაც ეხები, განიცდი, გრძნობ….

ბახტინის მიხედვით, „ყოფნა ნიშნავს იყო სხვისთვის და სხვისი მეშვეობით საკუთარი თავისთვის. ადამიანს არა აქვს შინაგანი სუვერენული ტერიტორია, ის ყველგან და ყოველთვის ზღვარზეა… როცა თავის თავში იხედება, ის უყურებს თვალებში სხვას, ან იმზირება სხვისი თვალებით“. სწორედ ამიტომ საჭიროა მეორე, როგორც საკუთარი თავი.

„მე ვარსებობ, რამდენადაც მე ჩემს თავს გავცემ“ – ამბობს სარტრი. „თავის გაცემაც“ – დიალოგში შესვლაა. „რასაცა გასცემ, – შენია“ – ამავე აზრის მატარებელია. რადგან შეცნობა – ეს არის შეხებით და ურთიერთქმედებით გამოწვეული მდგომარეობა. ამიტომ ნამდვილი ცოდნა – მხოლოდ კეთებით მიღებული გამოცდილებაა, გამოცდილება, რომელიც გცვლის და გამზადებს სხვა, ახალი გამოცდილებისთვის, რადგან  ცხოვრება არასდროს არ არის მყარი მოცემულობა.

როგორც განიცდით ცხოვრებას,  სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მეტაფორით შეიძლება გამოიხატებოდეს. მეტაფორების ლექციაზე ყოველთვის ვსვამ კითხვას: მითხარით, თქვენი ცხოვრების მეტაფორა და გეტყვით, ვინ ხართ და როგორი ხართ თქვენ?

იმის მიუხედავად, აცნობიერებთ თუ არა, რომ მეტაფორები „გეხებათ“ თქვენ და გმართავთ კიდეც, ეს პროცესი მაინც მიმდინარეობს.

მაგალითად, რომ წარმოვიდგინოთ ასეთი მეტაფორა: ცხოვრება – მწვერვალია და ცხოვრების გზა – ამ მწვერვალზე ამავალი ბილიკი. ცხოვრების გაგება ამ მეტაფორით ერთგვარი სპორტია: გარბიხარ ფინიშისაკენ. ადვილად ამოიცნობთ ამ მოდელის ადამიანებს: მათ ყოველთვის ეჩქარებათ, ისინი მწვერვალს გაჰყურებენ და ზომავენ მანძილს, რომ მოასწრონ სიცოცხლის განმავლობაში მწვერვალზე ასვლა…  ასეთ შემთხვევაში, თითქოს ყველაფერი წინასწარ იცი: რასაც აკეთებ და რასაც გააკეთებ, ან რაც უნდა გააკეთო. მაგრამ ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ცხოვრების მეტაფორა მწვერვალზე ასვლა კი არა, უბრალოდ ჰორიზონტია. ცხოვრება – ჰორიზონტია… რაც იმას ნიშნავს, რომ აბსტრაქციაა ყველაფერი, საითაც მიდიხარ და რაც გინდა. ჰორიზონტი წარმოსახვითია და სინამდვილეში არ არსებობს… რამდენადაც მიუახლოვდები, უფრო დაგშორდება.. არის ამ მეტაფორაში რაღაც უსასრულო და უსაზღვრო.

ცხოვრება – თეატრია? ჰო, მაშინ შენ სულ თამაშობ, სულ სცენაზე ხარ, სულ სხვა ხარ… თუ ცხოვრება გამოცდაა, აი, მაშინ კი ცხოვრების ნებისმიერ მომენტს იღებ, როგორც გამოცდას. ერთგვარად რელიგიურია ეს კონცეპტი. აბარებ გამოცდებს და ამას არა აქვს დასასრული, რადგან მთელი ცხოვრება გამოცდაა, ვიდრე სიკვდილამდე. და რატომ აბარებ ამდენ გამოცდას და, ბოლოს და ბოლოს, როდის იღებ შედეგს? – რა თქმა უნდა, სიცოცხლის შემდეგ დაჯილდოვდები, ოღონდ იქ ნამდვილად ვერავინ გამოგყვება ამის შესამოწმებლად, სიტყვაზე უნდა ენდო ამ მეტაფორას… ამ აზრს გამოხატავს გურამიშვილის „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდებისო.“

ეს და სხვა მრავალი კონცეპტი ერთგვარად უნივერსალური მეტაფორებია, რომლებსაც მოირგებენ ხოლმე ადამიანები სამოსივით და მერე მთელი მათი ქმედება სწორედ ამ მეტაფორებიდან გამომდინარეობს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაღაც ვიცით საგნებზე, როდესაც ვლაპარაკობთ ხეებზე, ფერებზე, თოვლზე და ყვავილებზე, სინამდვილეში საგნებს მხოლოდ მეტაფორებით ვფლობთ“(ნიცშე). საგნებსაც და საკუთარ თავსაც მხოლოდ მეტაფორებით ვფლობთ და სიტყვა „ფლობა“ ამ წინადადებაში მეტაფორაა, რადგან შეუძლებელია მუდმივად ცვალებადის ფლობა…

ყველაზე საინტერესო ის მომენტია, როდესაც ადამიანი იწყებს ფიქრს თავისი ცხოვრების მეტაფორაზე. ამას ვერ გააყალბებ, რადგან ეს შენი მსოფლმხედველობაა, მისით იკვებები, საზრდოობ და ყველა ქცევა საბოლოოდ იმ კონცეპტისკენ მიემართება, რომელსაც შესაძლოა ისე ატარებ, რომ წარმოდგენაც არ გაქვს მის შესახებ.

ერთმა სტუდენტმა აღელვებულმა მიამბო, როგორ შეცვალა მისი ცხოვრება ერთმა მეტაფორამ. მითხრა, რომ მრავალი წლის განმავლობაში აკვიატებული ჰქონდა ერთი მეტაფორა: რომ ცხოვრება საბოლოოდ არაფერია, რაც არ უნდა გააკეთო, რაც არ უნდა შექმნა, როგორც არ უნდა იფიქრო, ბოლოს ყველაფერი ნადგურდება და ქრება…  მას შემდეგ, რაც ვაიძულე დაფიქრებულიყო იმაზე, საით მიყავდა მის მმართველ მეტაფორას მისი ცხოვრება, ნამდვილი ტრანსფორმაცია მოხდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ჯერ ამოეცნო საკუთარი კონცეპტუალური მეტაფორა და მერე, თუ საჭიროდ ჩათვლიდა, შეეცვალა…  როგორც სტუდენტმა აღმიწერა: მისი ცხოვრება იყო მთვლემარე, უინიციატივო, მოსაწყენი და უინტერესო, რადგან ის იდეა, რომელიც მართავდა (რომ ცხოვრება არაფერია), მხოლოდ ასეთ ცხოვრებას სთავაზობდა; მაგრამ ერთხელაც, როდესაც გააცნობიერა, სხვა მეტაფორა: „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა?“, – მისი ცხოვრება შეიცვალა, გოგონა გახდა აქტიური, მოტივირებული, შემოქმედებითი… დაიწყო ისეთი საქმეების კეთება, რასაც მანამდე არასდროს გააკეთებდა და ეს შეძლო მხოლოდ ერთი მეტაფორის გაცნობიერებით, რომელსაც ეფუძნებოდა მისი ყოველდღიური ცხოვრება.

დიუის თეორიის მთავარი აქცენტი, რომ გამოცდილების მიღება ეს არის არა უბრალოდ თეორია, არამედ ეს არის ურთიერთქმედება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ ასე გამოიხატა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ურთიერთქმედება მხოლოდ ადამიანთან არის შესაძლებელი, მაგრამ ეს შეიძლება გამოიწვიოს უსულო საგანმაც, როცა მასზე ფიქრობ, რა თქმა უნდა… ფიქრი – ეს უკვე ურთიერთქმედებაა… და რაიმე საგანზე ან მოვლენაზე ფიქრის შემდეგ ჩვენ უკვე სხვა ვართ, ვიდრე ეს ფიქრამდე ვიყავით. სწორედ ასეთია ცოდნის გზაც – ურთიერთქმედება, სინერგია, დიალოგი. ცნობიერებას აქვს დიალოგური ბუნება.

საკუთარი თავის გაცნობიერებაც მხოლოდ დაპირისპირებისას (დიალოგისას) არის შესაძლებელი. მე ვამბობ მე-ს მხოლოდ ვინმესთან ურთიერთობისას, რომელიც იქნება შენ. სხვაგვარად არცერთი არ არსებობს. ანუ არსებულია ის, რაც ამ ორის ურთიერთქმედებით მიიღწევა.

ბულგაკოვი წიგნში „სახელთა ფილოსოფია“ მე-ს ენის ძირს“ უწოდებს, ხოლო შენ ნაცვალსახელს განსაზღვრავს, როგორც მეორე მეს. ფილოსოფოსის აზრით, ნაცვალსახელში მე „არ არის არავითარი იდეა, არავითარი სიტყვა, ის მხოლოდ ადასტურებს ყოფიერებას. ის არის ონტოლოგიური ჟესტი, რომელშიც ვლინდება „სიტყვის ონტოლოგიური რეალობა (ბულგაკოვი).

ფრაზაში: „მე შენ მიყვარხარ“ – აღარც მეა და აღარც შენ… არამედ მხოლოდ დამოკიდებულება ორს შორის, რომელიც სულ სხვაა, ვიდრე ეს ორი ობიექტი ცალ-ცალკე. ცოდნაც ამ თვისებისაა…. ადამიანს ცვლის კეთება და კეთებით მიღებული გამოცდილება.

 

მიგრაციის საკითხები სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე

0

მიგრაცია-იმიგრაცია თანამედროვე მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამ ჩვენს მოქალაქეებს დიდი შესაძლებლობები გაუხსნა, მაგრამ ამავე დროს, გაჩნდა არასწორი, დაუზუსტებელი  წარმოდგენები და გამოიკვეთა ამ მიმართებით ცნობიერების ამაღლების აუცილებლობა.

სამოქალაქო წიგნიერების ერთ-ერთ მიმართულებას პოლიტიკური და იურიდიული წიგნიერება წარმოადგენს, რომელიც მოიცავს იმ სამართლებრივი რეგულაციების ცოდნასაც, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში მიგრაცია-იმიგრაციის საკითხებს უკავშირდება.

ესგ-ს სამოქალაქო განათლების მოქმედი სტანდარტი პირდაპირ არ მოიცავს დასახელებულ საკითხებს, მაგრამ სამართლებრივი კულტურის, მომავლის დაგეგმვის უნარების განვითარების მიმართულებით ამ  ახალ რეგულაციებში გარკვევა მოსწავლეებისთვის აქტუალურია.

მასწავლებლისთვის ხელსაყრელ რესურსს წარმოადგენს სახელმძღვანელო ,,მიგრანტის პირველი ნაბიჯები“ https://www.scribd.com/document/367845340/, რომლის გამოყენებითაც მომზადდა შემოთავაზებული გაკვეთილის გეგმის დანართები.

გაკვეთილის გეგმა

საგანი: სამოქალაქო განათლება

სწავლების საფეხური/კლასი: მე-10 კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა:  20-25

გაკვეთილის თემა:  რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირში გამგზავრებამდე?

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ევროკავშირში უვიზო და გრძელვადიანი მიმოსვლის რეგულაციებს.

მოსწავლეები განივითარებენ ტექსტზე მუშაობის, თანამშრომლობის, არგუმენტირებული მსჯელობის, კრიტიკული ანალიზის უნარებს;

მოქ.X.10

  • შეარჩევს რომელიმე კონკრეტულ კონფლიქტურ სიტუაციას მოქალაქეთა ცხოვრებიდან (სოციალური, ეკონომიკური ან პოლიტიკური); შეისწავლის შექმნილ ვითარებასა და მხარეთა ინტერესებს; თანაკლასელებთან ერთად გაითამაშებს აღნიშნულ სიტუაციას და მისი გადაჭრის ალტერნატიულ ვარიანტებს; მსჯელობს ამ გზების ავკარგიანობაზე და მეგობრებთან ერთად სახავს კონფლიქტის სამართლებრივი გადაჭრის გეგმას.
N აქტივობის აღწერა გამოყენებული მეთოდი/მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები სასწავლო რესურსები დრო (წთ)
1

 

წინარე ცოდნის გასააქტიურებლად მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს: რა იცით ევროკავშირის შესახებ?

რომელია ევროკავშირის/შენგენის  წევრი ქვეყნები?

საქართველო რა დამოკიდებულებაშია ამ გაერთიანებასთან?

პასუხების მიხედვით მასწავლებელი ადგენს ასოციაციურ რუკას და ბოლოს,  აჯამებს აქტივობას.

 

გონებრივი იერიში;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ასოციაციური რუკა;

 

 

მთელი კლასი დაფა, ცარცი, წინასწარ ფლიპჩარტზე მომზადებული კითხვები. 5წთ
2

 

 

 

მასწავლებელი აცნობს კლასს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესებს და მიმოიხილავს პრობლემებს, რომელიც ამ წესების დარღვევას მოჰყვება კონკრეტული პიროვნებისთვის, სახელმწიფოსათვის, ევროკავშირთან შემდგომი ურთიერთობისთვის. ინტერაქტიული მინილექცია მთელი კლასი საპრეზენტაციო ფაილი, პროექტორი, კომპიუტერი; 5 წთ
3.ა

 

 

 

მასწავლებელი კლასს ყოფს 4 ჯგუფად და თითოეულს აძლევს განსხვავებულ დავალებას: 1. ჯგუფი ,,მიგრანტები“

2. ჯგუფი ,,მესაზღვრეები“

3. ,,მიგრანტები“

4. ,,მესაზღვრეები“

როლური თამაში ჯგუფური მუშაობა დანართი 1 მოსწავლეთათვის;  დანართი 2 მოსწავლეთათვის (თითოეული 2 ჯგუფისთვის);

ინსტრუქციები ჯგუფური მუშაობისათვის;

ფერადი ფურცლები, მარკერები, ფლიპჩარტები;

8წთ
3.ბ

 

 

 

1-ელი და მე-2 და  მე-3 და მე-4 ჯგუფები გაითამაშებენ სიტუაციას ,,საზღვარზე“ ;

წყვილში ერთი ჯგუფი წარმოადგენს მიგრანტებს, მეორე _მესაზღვრეებს, რომლებიც ამოწმებენ მათ დოკუმენტაციას.

დასასრულ, შეაჯამებენ აქტივობას.

როლური თამაში ჯგუფური მუშაობა საპრეზენტაციო ფურცლები, ფერადი ფურცლები; 10წთ
4.ა სავარჯიშო ,,ჩავალაგოთ ხელბარგი“;

ჯგუფებს ეძლევათ ახალი დავალება: მე-4 ჯგუფი  წინასწარი ინფორმაციის გარეშე, მოამზადებს საპრეზენტაციო ფურცელს ,,ჩემი ხელბარგი“;

მე-3 ჯგუფი ,,დანართი 3 მოსწავლეთათვის“ საფუძველზე, მოამზადებს საპრეზენტაციო ფურცელს ,,ჩემი ხელბარგი“;

1-ელი და მე-2 ჯგუფები მოამზადებენ საპრეზენტაციო ფურცელს  ,,ხელბარგში აკრძალულია“.

 

      5წთ
4.ბ პრეზენტაციას წარმოადგენს მე-4 ჯგუფი; პირველი ჯგუფი ამოწმებს მათ ,,ხელბარგს“ და გადახაზავს საგნებს, რომელიც ხელბარგში აკრძალულია, თან აძლევს განმარტებას; შემდეგ მე-3 ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციას და მე-2 ჯგუფი ამოწმებს მათ ,,ხელბარგს“;

დასასრულ, იმართება დისკუსია, რატომ მოუწია პირველ ჯგუფს ბევრი ნივთის ,,გადაგდება“? ინფორმირებულობა არის თუ არა პრევენცია დარღვევებისათვის? ახლავს თუ არა არაინფორმირებულობას  ფუჭი ხარჯები?

პრეზენტაცია,

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დისკუსია;

ჯგუფები,

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მთელი კლასი;

საპრეზენტაციო ფურცლები; შავი მარკერები; 5წთ
5. მოსწავლეები  ახდენენ თვითშეფასებას ჯგუფში ჩართულობის რუბრიკის გამოყენებით.

 

თვითშეფასება ინდივიდუალური წინასწარ მომზადებული თვითშეფასების ფურცლები. 2წთ
6. ა) მასწავლებელი სქემის

,, რა ვიცოდი, რა გავიგე, რისი გაგება მსურს“
გონებრივი იერიშის საშუალებით აჯამებს გაკვეთილს. შეჯამებისას ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეთა მიერ უვიზო რეჟიმის წესების დაცვაზეა დამოკიდებული, შენარჩუნდება თუ არა უვიზო მიმოსვლა.

ბ)მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს განმავითარებელ შეფასებას.

გ)მასწავლებელი აძლევს საშინაო დავალებას: მოიძიონ მედიაში მიგრაცია-იმიგრაციის თემაზე არსებული ინფორმაციები და წარმოადგინონ მოსაზრებები ამ შემთხვევასთან დაკავშირებით;

გონებრივი იერიში;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საშინაო დავალება

    5წთ

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეებს ეცოდინებათ ევროკავშირში  მიმოსვლის წესები;   მოსწავლეებს განუვითარდებათ ჯგუფში თანამშრომლობის, არგუმენტირებული მსჯელობის, კრიტიკული და კრეატიული აზროვნების უნარები, მიღებული ინფორმაციის ცხოვრებაში გამოყენების უნარები;

შეფასება:

მასწავლებელი მთელი გაკვეთილის მანძილზე იყენებს განმავითარებელ შეფასებას. ფოკუსირებული დაკვირვების ფორმით აკვირდება 2-3 მოსწავლეს არგუმენტირებული მსჯელობის და კრიტიკული აზროვნების მიმართულებით. ახდენს ამ მოსწავლეების განმავითარებელ შეფასებას.

მოსწავლეები როლური თამაშის შემდეგ ახდენენ თვითშეფასებას ჯგუფში ჩართულობის სტანდარტული რუბრიკის გამოყენებით.

ინსტრუქციები მე-3 აქტივობისათვის

პირველი ჯგუფისთვის:  ყურადღებით გაეცანით დანართს ,,ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლის პირობები“; გადაინაწილეთ როლები : უვიზო წესით მიმავალი მოწესრიგებული მიგრანტი; უვიზო წესით მიმავალი მიგრანტი, რომელსაც დოკუმენტაცია წესრიგში არ აქვს;

ფერად ფურცლებზე დაამზადეთ დოკუმენტაცია თითოეული ტიპის მიგრანტისათვის და ,,საბაჟოზე“ გაითამაშეთ რეალურ სიტუაციებთან დაახლოებული მიგრანტების როლები.

თქვენი მეგობრები მეორე ჯგუფიდან მესაზღვრეები იქნებიან.

მეორე ჯგუფისათვის: ყურადღებით გაეცანით დანართს ,,ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლის პირობები“;  მოამზადეთ და კედელზე გააკარით სასაზღვრო წესები უვიზო მიგრანტებისათვის, გადაინაწილეთ მესაზღვრეთა პოსტები (ჯგუფის ხელმძღვანელი) რიგითი მესაზღვრეები და მოემზადეთ მიგრანტების სავიზო შემოწმებისთვის.

თქვენი მეგობრები პირველი ჯგუფიდან უვიზო მიგრანტები იქნებიან.

მესამე ჯგუფისთვის:  ყურადღებით გაეცანით დანართს  ,,ევროკავშირში/შენგენში გრძელვადიანი ყოფნა“, გადაინაწილეთ სხვადასხვა მიზნით (საცხოვრებლად, სასწავლებლად, სამკურნალოდ, სამუშაოდ…) მიმავალი ვიზიანი  მიგრანტების როლები. ფერადი ფურცლებით მოამზადეთ საბაჟოზე წარსადგენი დოკუმენტაცია თითოეულისთვის. მოემზადეთ, რომ ,,საბაჟოზე“ თქვენი როლები რეალურ სიტუაციებთან დაახლოებულად წარმოადგინოთ.

თქვენი მეგობრები მეოთხე ჯგუფიდან მესაზღვრეები იქნებიან.

მეოთხე ჯგუფისათვის: ყურადღებით გაეცანით დანართს  ,,ევროკავშირში/შენგენში გრძელვადიანი ყოფნა“,  მოამზადეთ და კედელზე გააკარით სასაზღვრო წესები გრძელვადიანი მიგრანტებისათვის, გადაინაწილეთ მესაზღვრეთა პოსტები (ჯგუფის ხელმძღვანელი) რიგითი მესაზღვრეები და მოემზადეთ მიგრანტების სავიზო შემოწმებისთვის.

თქვენი მეგობრები მესამე ჯგუფიდან ვიზის მქონე მიგრანტები იქნებიან.

 

ინსტრუქციები მე-4 აქტივობისათვის

მეოთხე ჯგუფისთვის: წარმოიდგინეთ, რომ მიემგზავრებით ევროკავშირში; დახატეთ დიდ ფურცელზე ხელჩანთა და ჩამოწერეთ ნივთები, რომელსაც ჩაალაგებდით ხელბარგში. პრეზენტატორი წარადგენს თქვენს ჩანთას კლასთან და აეროპორტის  უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებთან, რომლებიც მეორე ჯგუფის წევრები იქნებიან.

პირველი ჯგუფისთვის:  წარმოიდგინეთ, რომ ხართ აეროპორტის  უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები; თქვენ უნდა შეამოწმოთ მე-4 ჯგუფის (ევროკავშირში მიმავალი მგზავრების) ხელბარგი; ყურადღებით გაეცანით დანართ 3-ს: მგზავრობისას გასათვალისწინებელი წესები; მოამზადეთ საპრეზენტაციო ფურცელი ,,ხელბარგში დაუშვებელია:“ პრეზენტატორმა წარადგინოს აკრძალვები და თან თქვენი დახმარებით, მარკერით აკრძალვის ნიშანი დაუსვას იმ ნივთებს, რომელიც მე-4 ჯგუფის ,,ჩანთაში“ წესების დარღვევით დევს.

 

მესამე ჯგუფისთვის: წარმოიდგინეთ, რომ მიემგზავრებით ევროკავშირში;  ყურადღებით გაეცანით დანართ 3-ს: მგზავრობისას გასათვალისწინებელი წესები; მისი გათვალისწინებით, მოამზადეთ საპრეზენტაციო ფურცელი ,,ჩემი ხელჩანთა“ ჩამოწერეთ ნივთები, რომელსაც ჩაალაგებთ ხელბარგში; პრეზენტატორი წარადგენს თქვენს ჩანთას კლასთან და   აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებთან, რომლებიც მეორე ჯგუფის წევრები იქნებიან.

მეორე ჯგუფისათვის: წარმოიდგინეთ, რომ ხართ აეროპორტის  უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები; თქვენ უნდა შეამოწმოთ მე-3 ჯგუფის (ევროკავშირში მიმავალი მგზავრების) ხელბარგი; ყურადღებით გაეცანით დანართ 3-ს: მგზავრობისას გასათვალისწინებელი წესები; მოამზადეთ საპრეზენტაციო ფურცელი ,,ხელბარგში დაუშვებელია:“ პრეზენტატორმა წარადგინოს აკრძალვები და თან თქვენი დახმარებით, მარკერით აკრძალვის ნიშანი დაუსვას იმ ნივთებს, რომელიც მე-3ჯგუფის ,,ჩანთაში“ წესების დარღვევით დევს.   

                                                                                                                                   

                                                                                                            

                                                                                                          დანართი 1 მასწავლებლისთვის

შენგენის სივრცე

პირთა  თავისუფალი  გადაადგილება  ევროკავშირის  მიერ  უზრუნ-ველყოფილი  ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა.

შენგენის თანამშრომლობა აღრმავებს ამ თავისუფლებას, აძლევს რა მოქალაქეებს უფლებას, სასაზღვრო შემოწმების გარეშე გადაკვეთონ შიდა საზღვრები.1985  წლის  14  ივნისს,  ქალაქ შენგენთან ახლოს (ლუქსემბურგი),ევროპის ეკონომიკური გაერთიანების ხუთმა ქვეყანამ – ბელგიამ, გერმანიამ,  ლუქსემბურგმა, საფრანგეთმა და ჰოლანდიამ – ხელიმოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავდა ადამიანთა თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფას.

1990 წელს შენგენის ხელშეკრულებას დაემატა იმპლემენტაციის კონვენციაც,რომელიც ძალაში შევიდა 1995 წელს. აღნიშნული შეთანხმებების შედეგად, გაუქმდა შიდა საზღვრები და შეიქმნა საერთო გარე  საზღვარი. შენგენის სივრცე ეტაპობრივად გაფართოვდა და დღეს 26 ქვეყანას მოიცავს, აქედან 22 ქვეყანა ევროკავშირის წევრია, ხოლო 4 (ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია) ევროპის თავისუფალი  ვაჭრობის  ასოციაციის  (EFTA)  წევრი. ევროკავშირის დარჩენილი  6  წევრიდან  4-ს  (ბულგარეთი,  კვიპროსი,  რუმინეთი, ხორვატია) აქვს შენგენის კანდიდატი  ქვეყნის  სტატუსი, ხოლო 2 (გაერთიანებული სამეფო და ირლანდია) არ  შედის შენგენის  სივრ-ცეში.

შენგენის სივრცის ქვეყნებს შორის სასაზღვრო კონტროლი არ არსებობს. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, წევრ  ქვეყნებს შეუძლიათ  მიიღონ  გადაწყვეტილება  საკუთარ საზღვრებზე  გარკვეული დროით კონტროლის აღდგენის შესახებ.

სავიზო მოთხოვნები

ვიზა ნიშნავს ქვეყნის მიერ გაცემულ ნებართვას ან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებელია პირის იმ ქვეყნის ტერიტორიაზე შესასვლელად, დასარჩენად ან ამ ტერიტორიის ტრანზიტულად გასავლელად.

ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გასამგზავრებლად, საქართველოს მოქალაქეებისათვის მოქმედებს უვიზო რეჟიმი, თუ ისინი მიემგზავრებიან მოკლევადიანი ვიზიტით, სხვა შემთხვევაში, საჭიროა შესაბამისი კატეგორიის ვიზა.

                                                                                                        

                                                                                                   დანართი 2 მასწავლებლისთვის

მოკლევადიანი ვიზიტიუვიზო მიმოსვლა

 

ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, 2017 წლის 28 მარტიდან შეუძლიათ უვიზოდ, ყოველი 180 დღის განმავლობაში, არაუმეტეს 90 დღის ვადით, გაემგზავრონ შენგენის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრქვეყანას და ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას. უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანასთან.

.უვიზო რეჟიმი არ ვრცელდება დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაზე. 90-დღიან პერიოდში შესაძლებელია მრავალჯერადი შესვლა ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, თუმცა საჭიროა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ვიზიტის ხანგრძლივობა არ აღემატება ჯამში 90 დღეს უკანასკნელი 180 დღის განმავლობაში.ამ ქვეყნებში 90 დღე გადაბმულად ყოფნის შემთხვევაში, ხელახლა გამგზავრება შესაძლებელი იქნება შენგენის დატოვებიდან 90 დღის გასვლის შემდეგ.

 

ხუთი  წესი ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ მიმოსვლის შესახებ

  1. ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ მიმოსვლა საშუალებას აძლევს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, უვიზოდ გაემგზავრონ მოკლევადიანი ვიზიტით – მაქსიმუმ 90 დღით, ყოველი 180 დღის განმავლობაში. 90 დღის გამოყენება შეიძლება გადაბმულად ან დღეების გადანაწილებით;
  2. უვიზოდმიმოსვლა არ აძლევს მოქალაქეს ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას;
  3. უვიზოდმიმოსვლა არ აძლევს მოქალაქეს ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ხანგრძლივი სწავლის უფლებას;
  4. ევროკავშირის/შენგენისწევრ ქვეყნებს შორის, როგორც წესი,სასაზღვრო კონტროლი არ არსებობს, ასე რომ, ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, შესაძლებელია ევროკავშირის/შენგენის სივრცის შიგნით, ერთი ქვეყნიდან მეორეში თავისუფლად გადაადგილება; 5. უვიზო მიმოსვლა არ იწვევს ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სტატუსის შეცვლას. კვლავ ძალაშია საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული რეადმისიის შესახებ შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრებ პირთა იდენტიფიცირებასა და მათ საქართველოში დაბრუნებას.

                                                                                                     

                                                                                                      დანართი 1 მოსწავლეებისთვის

ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლის პირობები:

ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლისას, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, გამგზავრების მსურველი ვალდებულია დაასაბუთოს მგზავრობის კონკრეტული მიზანი და პირობები, ასევე დაადასტუროს ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ყოფნისთვის საკმარისი ფულადი სახსრების ქონა;

გამგზავრების მსურველზე არ უნდა არსებობდეს შეტყობინება „შენგენის საინფორმაციო სისტემაში” (SIS II), შესვლაზე უარის თქმის შესახებ;

გამგზავრების მსურველი არ უნდა მიიჩნეოდეს საფრთხედ საზოგადოებრივი წესრიგის, შიდა უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ან საერთაშორისო ურ-თიერთობებისთვის, ნებისმიერ წევრ ქვეყანაში.

ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ გამგზავრებისას თან უნდა იქონიოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) საქართველოს მოქალაქის მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი,რომელსაც უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3 თვის მოქმედების ვადა ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლის დაგეგმილი დღისთვის;

 

ბ) დასაბრუნებელი ბილეთი;

 

გ) სასტუმროს მოქმედი ჯავშანი ან ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის მისამართი;

 

დ) მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება –ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი;

 

ე) სამოგზაურო დაზღვევა.

 

                                                                                                           დანართი 2 მოსწავლეებისთვის

ევროკავშირში/შენგენში გრძელვადიანი ყოფნა

თუ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე 90 დღეზე მეტ ხანს აპირებთ დარჩენას, დაგჭირდებათ შესაბამისი ქვეყნის გრძელვადიანი ვიზა ან ბინადრობის ნებართვა. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში გრძელვადიანი მიზნით გამგზავრების შემთხვევაში,გჭირდებათ გრძელვადიანი ვიზა, ხოლო შემდეგ, ტერიტორიაზე შესვლისას, შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის სამსახურს, ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად. გრძელვადიანი ვიზის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამისი ქვეყნის საკონსულო დაწესებულებას, ჩაეწეროთ, დანიშნოთ შეხვედრა და წარადგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია.მოთხოვნები გრძელვადიანი ვიზის მისაღებად შეიძლება განსხვავდებოდეს ევროკავშირის/შენგენის წევრი სახელმწიფოების მიხედვით, თუმცა, როგორც წესი, დაგჭირდებათ შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:

 

  • სამოგზაურო დოკუმენტი – მოქმედი პასპორტი;
  • ე. წ. „დამხმარე დოკუმენტაცია”, რომელიც ადასტურებს თქვენი გამგზავრების მიზანს, მაგალითად: შრომითი ხელშეკრულება, სასწავლო დაწესებულებაში ჩაწერის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა. შ.
  • ფინანსური რესურსების დამადასტურებელი საბუთი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • სავიზო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. (გახსოვდეთ, რომ ეს თანხა არის საბუთების განხილვის/მომსახურეობის და არა ვიზის მიღების საფასური!);
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა.
  • საკონსულო დაწესებულებაში წარსადგენი დოკუმენტაცია უნდა თარგმნოთ ინგლისურ ან იმ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე, რომლის დიპლომატიურ წარმომადგენლობასაც მიმართავთ.

გახსოვდეთ, რომ საბუთების ჩაბარება და სავიზო მოსაკრებლის გადახდა ვიზის მიღების გარანტიას არ იძლევა!

 

საჭირო  ფინანსური  რესურსი

გამგზავრებამდე უნდა გაითვალისწინოთ დანიშნულების ქვეყანაში ცხოვრების ხარჯები. ეს ხარჯები მოიცავს ბინის ქირას, კომუნალურ გადასახადებს, კვების, ტრანსპორტის, კომუნიკაციის, ჯანმრთელობის დაზღვევის, სამედიცინო მომსახურების და სხვა ხარჯებს. ცხოვრების დონე და ფასები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით.ასევე, გაითვალისწინეთ, რომ დისტანციურად მოძებნილი სამუშაოს რეალური გარემო და პირობები შესაძლოა არ შეესაბამებოდეს დაპირებულს და მოგიწიოთ სხვა სამსახურის ძებნა. ამიტომ,მნიშვნელოვანია გამგზავრებამდე დააზუსტოთ, როგორია ცხოვრების საშუალო ღირებულება დანიშნულების ქვეყანაში, განსაკუთრებით, ბინის ქირისა და კვების ხარჯები და მომზადებული გაემგზავროთ. სასურველია, თან გქონდეთ არანაკლებ ორი თვის სამყოფი ფინანსური რესურსი.

 

თან წასაღები ნივთები და დოკუმენტები

საზღვარგარეთ გამგზავრებისას მნიშვნელოვანია თან იქონიოთ პირადი დანიშნულების  ნივთები, რადგან შესაძლოა  ჩასვლისთანავე  ვერ  მოახერხოთ  საჭირო  ნივთების შეძენა. წაიღეთ  როგორც  პირადი  ჰიგიენის ნივთები, ისე – დანიშნულების ქვეყნის კლიმატის/სეზონის  შესაბამისი ტანსაცმელი.

როდესაც სხვა ქვეყანაში გადადიხართ საცხოვრებლად, სასურველია თან წაიღოთ საბუთები, რომლებიც შესაძლოა დაგჭირდეთ იქ ცხოვრებისას, მაგალითად:

დაბადების მოწმობა;

ქორწინების/განქორწინების მოწმობა;

დიპლომები და სერტიფიკატები;

წინა დამსაქმებლის ან/და სხვა პირების სარეკომენდაციო წერილები;

თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საბუთები (სამედიცინო გამოკვლევებისა და ანალიზების შედეგები,ექიმის დანიშნულებები);

                                                                                   

 

                                                                                                                დანართი 3 მოსწავლეებისთვის

 

მგზავრობისას გასათვალისწინებელი წესები

 

თვითმფრინავით მგზავრობისას გასათვალისწინებელი წესები:

ა) დააზუსტეთ, ფრენამდე რამდენი ხნით ადრე უნდა იყოთ აეროპორტში;

ბ) სასურველია, თავად ჩაალაგოთ ბარგი და არავის გამოართვათ რაიმე საგანი ან შეფუთული პაკეტი სხვისთვის გადასაცემად;

გ) გაითვალისწინეთ ხელბარგისთვის დაწესებული აკრძალვები და შეზღუდვები:

საგნები, რომელთა ხელბარგში მოთავსება აკრძალულია:

საბრძოლო საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი;

ბასრი იარაღები და საგნები;

ფეთქებადი და აალებადი ნივთიერებები;

საგნები ბასრი პირის ან წამახვილებული დაბოლოებით:ნებისმიერი სახის ჯოხი და ხელკეტი, ნიჩბები, ჩოგნები,ნებისმიერი სახის კიი, სკეიტბორდი, სათევზაო აღჭურვილობა და სათევზაო ხელსაწყოები, სათხილამურო აღჭურვილობა, თოკი, ტროსი, სერფინგის დაფა;

ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებები.

 

შეზღუდვები თხევად ნივთიერებებზე:

ხელბარგში არსებული თითოეული თხევადი პროდუქციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 მილიგრამს.

თხევადი პროდუქცია დაფასოებული უნდა იყოს ცალ- ცალკე 1 ლიტრის მოცულობის ჭურჭელში და მოთავსდეს 20სმx20სმ ზომის გამჭვირვალე დალუქულ პაკეტში. თითოეულ მგზავრს უფლება აქვს თან იქონიოს მხოლოდ ერთი ამგვარი პაკეტი. აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება მედიკამენტებზე (მხოლოდ რეცეპტთან ერთად და თავდა-პირველ შეფუთვაში) და ბავშვის საკვებზე.

აკრძალულია :

წყალი, გამაგრილებელი სასმელი, სიროფი,ნაღები, ასევე, ლოსიონი, ზეთები, პარფიუმი, კოსმეტიკური საშუალებები, კბილის პასტა, გასაპარსი გელი და მუსი, თმის გელი, დეოდორანტი, საკონტაქტო ლინზების ხსნარი, შამპუნი, ასევე, საკვები პროდუქტები, როგორიცაა მურაბა, თაფლი, იოგურტი.

Duty-Free-ის მაღაზიებში შეძენილი თხევადი პროდუქცია უნდა მოთავსდეს სპეციალურ გამჭვირვალე, დალუქულ პაკეტში, შეძენის ქვითართან ერთად. სასურველია, არ გახსნათ პაკეტი დანიშნულების ადგილზე ჩასვლამდე.

 

 

            ცხრილებზე მუშაობა გეოგრაფიის  გაკვეთილზე

0

გეოგრაფიული მონაცემებისა და ინფორმაციის გადმოცემის მეტად მოხერხებული და  კარგი  საშუალებაა მარტივი გრაფიკული თავლსაჩინოება – ცხრილი.  ცხრილების გამოყენება მაშინაა მიზანშეწონილი, როცა: ა) კონკრეტული მნიშვნელობების სწრაფად მოძებნა გვინდა;  ბ) გვაქვს დიდი მოცულობის მონაცემები, რომელთა სრულყოფილად ჩვენებაა საჭირო;  გ) ინფორმაცია, რომლის ვიზუალურად ჩვენებაც გვსურს, შეიცავს სხვადასხვა ტიპის მონაცემებს, გამოხატულს სხვადასხვა საზომ ერთეულში.

ცხრილის სახით  შესაძლებელია სასწავლო მასალის მნიშვნელოვანი ნაწილის გადმოცემა. ისინი გვეხმარება  გეოგრაფიული მოვლენების დინამიკის გააზრებაში, ამა თუ იმ  გეოგრაფიული პროცესის კონტრასტის დანახვაში, ურთიერთშესაბამისი ობიექტების გამოყოფაში.

განვიხილოთ ცხრილებზე მუშაობის რამდენიმე მაგალითი.

 

მაგალითი N1.  ცხრილში  – მოსახლეობის აღწარმოების ძირითადი მაჩვენებლები – მოცემული  მონაცემების გამოყენებით  შეავსეთ ბოლო გრაფა და შეასრულეთ  შემდეგი დავალებები:

ა) ამოირჩიეთ ორი რეგიონი და შეადარეთ ისინი მოსახლეობის აღწარმოების თავისებურებების მიხედვით; ბ) ჩამოთვალეთ ამ თავისებურებათა მიზეზები;

გ) ამ რეგიონებში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე დაასახელეთ სავარაუდო დემოგრაფიული შედეგები და შესაძლო პრობლემების გადაჭრის გზები;

დ) გამოიტანეთ დასკვნა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობის აღწარმოების განსხვავების შესახებ.

 

მაგალითი N2.  რესურსუზრუნველყოფა ეს არის თანაფარდობა ბუნებრივი რესურსების მარაგსა და მოპოვებას (გამოყენებას) შორის. რესურსუზრუნველყოფა გამოისახება წლების რაოდენობით, რომელთა განმავლობაშიც საკმარისი უნდა იყოს ეს რესურსი ან მისი მარაგი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. ცხრილში – ზოგიერთი ქვეყნის რესურსუზრუნველყოფა  ცალკეული  მინერალური რესურსების  მიხედვით –  მოცემული მოცემული სტატისტიკური მონაცემების გამოყენებით  დაასრულეთ  იგი და შეასრულეთ შემდეგი დავალებები:

ა) პირობაში მოცემული ტექსტის მიხედვით დაწერეთ რესურსუზრუნველყოფის ფორმულა ერთ სულ მოსახლეზე და გამოთვალეთ იგი  ცხრილში მოცემული ქვეყნებისთვის;

ბ)  დაადგინეთ ცალკეული ქვეყნები ან ქვეყანათა ჯგუფები თითოეული  მინერალური რესურსის  რესურსუზრუნველყოფის მაქსიმალური და მინიმალური მაჩვენებლის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე;

გ)  გამოიტანე დასკვნა  მსოფლიოს ქვეყნებისა და რეგიონების მინერალური რესურსების ცალკეული სახეობების რესურსუზრუნველყოფის შესახებ ერთ სულ მოსახლეზე.

მაგალითი N3.  თემატური რუკების (მსოფლიოს პოლიტიკური რუკა, მსოფლიოს მონარქიული და რესპუბლიკური მმართველობის ქვეყნები, მსოფლიოს უნიტარული და ფედერაციული  ქვეყნები) გამოყენებით  შეავსეთ ცხრილი:  ქვეყნები  სახელმწიფო წყობილების მიხედვით.

 

გოგონები თანამედროვე კინოში

0

ვფიქრობ, გენდერულ პრობლემებზე საქართველოს სკოლებში ხშირად უნდა ვსაუბრობდეთ. მოზარდებისთვის მიმზიდველ და საინტერესო გაკვეთილებზე საჭიროა დაიგეგმოს სხვადასხვა ტიპის აქტივობა, მსჯელობა მაგალითად ნაადრევი ქორწინების უარყოფით მხარეებზე. დისკუსიისთვის ან უბრალოდ მსგავს თემებზე დასაფიქრებლად ამ ფილმების ნახვა და განხილვაც გამოგადგებათ:

ზაზა ხალვაშის „ნამე“ შავ-თეთრ, მუნჯ კინოს ჰგავს, იგავებად თქმულს, სადაც მუსიკაც თითქოს პერსონაჟია, ოპერატორი კი – რეჟისორი. მისი დაწურული, ლაკონიური ტექსტები იაპონურ ტანკებს მოგაგონებთ. ფილმში ერთი ოჯახის სახით საქართველოს პატარა მოდელია დახატული, სადაც ორი რელიგია და ათეიზმი მშვიდობიანად ახერხებს თანაცხოვრებას. ერთ ტაბლას მამისეულ სახლში სამი ძმა – მღვდელი, მოლა და სკოლის მასწავლებელი შემოსხდომიან. იქვე ტრიალებს მამის საქმის გამგრძელებელი, კურნების განსაკუთრებული უნარით დაჯილდოებული გოგონა ნამეც. ფილმი თანამედროვეობის ხმაურისა და სიჩუმის საოცარ კონტრასტს გვაჩვენებს და გვიტოვებს საფიქრალს ქალაქსა და სოფელზე, ღირებულებებზე…

ნამეს როლის შემსრულებელი მარისკა დიასამიძე

თუ „ნამეში“ მამა განათლების მიღებასა და გათხოვებას უკრძალავს ქალიშვილს, მარიამ ხაჭვანის „დედეში“ აღმზრდელი ბაბუა და საზოგადოება დინას თავს ახვევს ტრადიციებს და წესების მორჩილებისკენ მოუწოდებს. არც მაღალმთიან აჭარაში და არც ევროპის უმაღლეს სოფლებში – უშგულსა და კალაში არ აღიარებენ ბოლომდე ქალის უფლებასა და შესაძლებლობას. მეტიც, კაცები აყვედრიან კიდეც ბევრ რამეს და მიიჩნევენ, რომ სწორედ მათ გამო ხდება სხვადასხვა სახის უბედურება, მკვლელობა და ა. შ. ქალი საკრალურია ორივე ფილმში, მონაწილეა წარმართული რიტუალებისა თუ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციების, რომლებიც საოცარი ესთეტიკითა და კადრებითაა წარმოჩენილი.

 

ამ ფილმების მთავარი პერსონაჟი გოგონების მორჩილება მაშინათვე ქრება, როგორც კი სიყვარული ჩნდება მათ ცხოვრებაში. დინა საზოგადოებას უმხედრდება და თავისი საქმროს მკვლელად მიჩნეულ ბიჭს მიჰყვება ცოლად. მისი წინააღმდეგობა გასაკვირია სხვა გოგონებისთვის. „ყველა შენ კი არ გგავს“, – ეუბნება მეგობარი, რომელიც მოტაცების შემდეგ არასასურველ კაცს გაჰყვა ცოლად. მიუხედავად სულიერი სიმტკიცისა, დინას პირად ცხოვრებას სამიდან ორ შემთხვევაში მაინც სხვა ადგენს. საზოგადოება და ტრადიცია უწესებს ნორმებს – აიძულებს ბებია-ბაბუის მიერ შერჩეულ, აკვანშივე დანიშნულ ბიჭს გაჰყვეს ცოლად, დაქვრივებული კი უსიყვარულოდ მისთხოვდეს ხელის აგრესიულ მთხოვნელს და შვილი მამისეულ სახლში დატოვოს. აღსანიშნავია, რომ წინააღმდეგობის გაწევის გამო ცხოვრების ბოლომდე გარიყული რჩება საკუთარი ოჯახისგან.

დინას როლის შემსრულებელი ნათია ვიბლიანი

თანამედროვე ამერიკულ კინოში ცხადია სულ სხვა თემებია წამოწეული. საკითხი აღარ დგას, ქალმა განათლება უნდა მიიღოს თუ არა, უკვე ისაა საფიქრალი, რა ჯობია ვუნდერკინდი 7 წლის გოგონასთვის: ასაკოვან მეცნიერებთან გაატაროს ძვირფასი წლები თუ რიგითი ბავშვის ცხოვრებით იცხოვროს. ერთგვარი ტრადიცია 2017 წელს გადაღებულ ფილმ „ნიჭიერშიც“ („Gifted“, რეჟისორი: მარკ უები, სცენარის ავტორი: ტომ ფლინი) ჩანს, კერძოდ კი ოჯახის სამი თაობის ქალის განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭი და მისდამი დიდი სიყვარული; ასევე დედის/ბებიის ეგოისტური (იქნებ სამართლიანიც?) სურვილი, მისი აუხდენელი ოცნებები, ოჯახის შექმნით გამოწვეული სამეცნიერო წარუმატებლობა ნიჭიერმა ქალიშვილმა და შვილიშვილმა აანაზღაურონ, ბოლომდე გამოავლინონ განსაკუთრებული უნარები და თავიანთ სფეროში სრულყოფილად დაიხარჯონ.

მერის როლის შემსრულებელი მაკკენა გრეისი

აქაც განათლების მიღება რაღაცის ხარჯზე ხდება, უმეტესად კი პირადი ცხოვრების უგულებელყოფის ხარჯზე. გამოდის, რომ კარიერისთვის ქალის ცხოვრებაში ყოველთვის მნიშვნელოვანი რამ იწირება. ყოველ შემთხვევაში, თანამედროვე სამყარო აიძულებს მას არჩევნის გაკეთებას. ფილმის რეჟისორი და სცენარისტი ოქროს შუალედს ეძებენ და ფინალში თითქოს ეს გოგონას გამზრდელი ბიძის ძალისხმევით მიიღწევა კიდეც: ბავშვმა, თუნდაც ისეთი განსაკუთრებული ნიჭის მქონემ, მილიონებში ერთი რომ იბადება, სწავლის პარალელურად აუცილებლად უნდა ითამაშოს თანატოლებთან.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...