შაბათი, ივლისი 12, 2025
12 ივლისი, შაბათი, 2025

ვაკეთებ – ვაცნობიერებ

0

„განათლება ცეცხლის გახურებას ჰგავს და არა ჭურჭლის ავსებას“

სოკრატე

დღევანდელ სტატიას ძველი ჩინური თქმით დავიწყებ: „ვისმენ – მავიწყდება, ვხედავ – მახსოვს, ვაკეთებ – ვაცნობიერებ“. რა თქმა უნდა, ეს სწორედ წინა თემის გაგრძელებაა: დიუის თეორიას ვაგრძელებ: „სწავლა – კეთებით“, ან „სწავლა – გამოცდილებით“. სიცოცხლე ყოველთვის დიალოგია, შეცნობა ყოველთვის უკავშირდება კეთებას, რადგან კეთებაც – დიალოგია, ურთიერთქმედება და ურთიერთგავლენა. თუ ადამიანი მეორე ადამიანთან, ბუნებასთან, საგნთან, რომელიმე თეორიასთან დიალოგშია და ცვლილებას არ განიცდის, მაშინ ის უბრალოდ ნივთია, დახავსებული და უსარგებლო.

ადამიანი შეიცნობს თავის თავს მხოლოდ II პირის მეშვეობით. ეს მეორე პირი შეიძლება იყოს ადამიანი, ბუნება, წიგნი… ან ნებისმიერი რამ, რასაც ეხები, განიცდი, გრძნობ….

ბახტინის მიხედვით, „ყოფნა ნიშნავს იყო სხვისთვის და სხვისი მეშვეობით საკუთარი თავისთვის. ადამიანს არა აქვს შინაგანი სუვერენული ტერიტორია, ის ყველგან და ყოველთვის ზღვარზეა… როცა თავის თავში იხედება, ის უყურებს თვალებში სხვას, ან იმზირება სხვისი თვალებით“. სწორედ ამიტომ საჭიროა მეორე, როგორც საკუთარი თავი.

„მე ვარსებობ, რამდენადაც მე ჩემს თავს გავცემ“ – ამბობს სარტრი. „თავის გაცემაც“ – დიალოგში შესვლაა. „რასაცა გასცემ, – შენია“ – ამავე აზრის მატარებელია. რადგან შეცნობა – ეს არის შეხებით და ურთიერთქმედებით გამოწვეული მდგომარეობა. ამიტომ ნამდვილი ცოდნა – მხოლოდ კეთებით მიღებული გამოცდილებაა, გამოცდილება, რომელიც გცვლის და გამზადებს სხვა, ახალი გამოცდილებისთვის, რადგან  ცხოვრება არასდროს არ არის მყარი მოცემულობა.

როგორც განიცდით ცხოვრებას,  სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მეტაფორით შეიძლება გამოიხატებოდეს. მეტაფორების ლექციაზე ყოველთვის ვსვამ კითხვას: მითხარით, თქვენი ცხოვრების მეტაფორა და გეტყვით, ვინ ხართ და როგორი ხართ თქვენ?

იმის მიუხედავად, აცნობიერებთ თუ არა, რომ მეტაფორები „გეხებათ“ თქვენ და გმართავთ კიდეც, ეს პროცესი მაინც მიმდინარეობს.

მაგალითად, რომ წარმოვიდგინოთ ასეთი მეტაფორა: ცხოვრება – მწვერვალია და ცხოვრების გზა – ამ მწვერვალზე ამავალი ბილიკი. ცხოვრების გაგება ამ მეტაფორით ერთგვარი სპორტია: გარბიხარ ფინიშისაკენ. ადვილად ამოიცნობთ ამ მოდელის ადამიანებს: მათ ყოველთვის ეჩქარებათ, ისინი მწვერვალს გაჰყურებენ და ზომავენ მანძილს, რომ მოასწრონ სიცოცხლის განმავლობაში მწვერვალზე ასვლა…  ასეთ შემთხვევაში, თითქოს ყველაფერი წინასწარ იცი: რასაც აკეთებ და რასაც გააკეთებ, ან რაც უნდა გააკეთო. მაგრამ ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ცხოვრების მეტაფორა მწვერვალზე ასვლა კი არა, უბრალოდ ჰორიზონტია. ცხოვრება – ჰორიზონტია… რაც იმას ნიშნავს, რომ აბსტრაქციაა ყველაფერი, საითაც მიდიხარ და რაც გინდა. ჰორიზონტი წარმოსახვითია და სინამდვილეში არ არსებობს… რამდენადაც მიუახლოვდები, უფრო დაგშორდება.. არის ამ მეტაფორაში რაღაც უსასრულო და უსაზღვრო.

ცხოვრება – თეატრია? ჰო, მაშინ შენ სულ თამაშობ, სულ სცენაზე ხარ, სულ სხვა ხარ… თუ ცხოვრება გამოცდაა, აი, მაშინ კი ცხოვრების ნებისმიერ მომენტს იღებ, როგორც გამოცდას. ერთგვარად რელიგიურია ეს კონცეპტი. აბარებ გამოცდებს და ამას არა აქვს დასასრული, რადგან მთელი ცხოვრება გამოცდაა, ვიდრე სიკვდილამდე. და რატომ აბარებ ამდენ გამოცდას და, ბოლოს და ბოლოს, როდის იღებ შედეგს? – რა თქმა უნდა, სიცოცხლის შემდეგ დაჯილდოვდები, ოღონდ იქ ნამდვილად ვერავინ გამოგყვება ამის შესამოწმებლად, სიტყვაზე უნდა ენდო ამ მეტაფორას… ამ აზრს გამოხატავს გურამიშვილის „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდებისო.“

ეს და სხვა მრავალი კონცეპტი ერთგვარად უნივერსალური მეტაფორებია, რომლებსაც მოირგებენ ხოლმე ადამიანები სამოსივით და მერე მთელი მათი ქმედება სწორედ ამ მეტაფორებიდან გამომდინარეობს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაღაც ვიცით საგნებზე, როდესაც ვლაპარაკობთ ხეებზე, ფერებზე, თოვლზე და ყვავილებზე, სინამდვილეში საგნებს მხოლოდ მეტაფორებით ვფლობთ“(ნიცშე). საგნებსაც და საკუთარ თავსაც მხოლოდ მეტაფორებით ვფლობთ და სიტყვა „ფლობა“ ამ წინადადებაში მეტაფორაა, რადგან შეუძლებელია მუდმივად ცვალებადის ფლობა…

ყველაზე საინტერესო ის მომენტია, როდესაც ადამიანი იწყებს ფიქრს თავისი ცხოვრების მეტაფორაზე. ამას ვერ გააყალბებ, რადგან ეს შენი მსოფლმხედველობაა, მისით იკვებები, საზრდოობ და ყველა ქცევა საბოლოოდ იმ კონცეპტისკენ მიემართება, რომელსაც შესაძლოა ისე ატარებ, რომ წარმოდგენაც არ გაქვს მის შესახებ.

ერთმა სტუდენტმა აღელვებულმა მიამბო, როგორ შეცვალა მისი ცხოვრება ერთმა მეტაფორამ. მითხრა, რომ მრავალი წლის განმავლობაში აკვიატებული ჰქონდა ერთი მეტაფორა: რომ ცხოვრება საბოლოოდ არაფერია, რაც არ უნდა გააკეთო, რაც არ უნდა შექმნა, როგორც არ უნდა იფიქრო, ბოლოს ყველაფერი ნადგურდება და ქრება…  მას შემდეგ, რაც ვაიძულე დაფიქრებულიყო იმაზე, საით მიყავდა მის მმართველ მეტაფორას მისი ცხოვრება, ნამდვილი ტრანსფორმაცია მოხდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ჯერ ამოეცნო საკუთარი კონცეპტუალური მეტაფორა და მერე, თუ საჭიროდ ჩათვლიდა, შეეცვალა…  როგორც სტუდენტმა აღმიწერა: მისი ცხოვრება იყო მთვლემარე, უინიციატივო, მოსაწყენი და უინტერესო, რადგან ის იდეა, რომელიც მართავდა (რომ ცხოვრება არაფერია), მხოლოდ ასეთ ცხოვრებას სთავაზობდა; მაგრამ ერთხელაც, როდესაც გააცნობიერა, სხვა მეტაფორა: „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა?“, – მისი ცხოვრება შეიცვალა, გოგონა გახდა აქტიური, მოტივირებული, შემოქმედებითი… დაიწყო ისეთი საქმეების კეთება, რასაც მანამდე არასდროს გააკეთებდა და ეს შეძლო მხოლოდ ერთი მეტაფორის გაცნობიერებით, რომელსაც ეფუძნებოდა მისი ყოველდღიური ცხოვრება.

დიუის თეორიის მთავარი აქცენტი, რომ გამოცდილების მიღება ეს არის არა უბრალოდ თეორია, არამედ ეს არის ურთიერთქმედება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ ასე გამოიხატა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ურთიერთქმედება მხოლოდ ადამიანთან არის შესაძლებელი, მაგრამ ეს შეიძლება გამოიწვიოს უსულო საგანმაც, როცა მასზე ფიქრობ, რა თქმა უნდა… ფიქრი – ეს უკვე ურთიერთქმედებაა… და რაიმე საგანზე ან მოვლენაზე ფიქრის შემდეგ ჩვენ უკვე სხვა ვართ, ვიდრე ეს ფიქრამდე ვიყავით. სწორედ ასეთია ცოდნის გზაც – ურთიერთქმედება, სინერგია, დიალოგი. ცნობიერებას აქვს დიალოგური ბუნება.

საკუთარი თავის გაცნობიერებაც მხოლოდ დაპირისპირებისას (დიალოგისას) არის შესაძლებელი. მე ვამბობ მე-ს მხოლოდ ვინმესთან ურთიერთობისას, რომელიც იქნება შენ. სხვაგვარად არცერთი არ არსებობს. ანუ არსებულია ის, რაც ამ ორის ურთიერთქმედებით მიიღწევა.

ბულგაკოვი წიგნში „სახელთა ფილოსოფია“ მე-ს ენის ძირს“ უწოდებს, ხოლო შენ ნაცვალსახელს განსაზღვრავს, როგორც მეორე მეს. ფილოსოფოსის აზრით, ნაცვალსახელში მე „არ არის არავითარი იდეა, არავითარი სიტყვა, ის მხოლოდ ადასტურებს ყოფიერებას. ის არის ონტოლოგიური ჟესტი, რომელშიც ვლინდება „სიტყვის ონტოლოგიური რეალობა (ბულგაკოვი).

ფრაზაში: „მე შენ მიყვარხარ“ – აღარც მეა და აღარც შენ… არამედ მხოლოდ დამოკიდებულება ორს შორის, რომელიც სულ სხვაა, ვიდრე ეს ორი ობიექტი ცალ-ცალკე. ცოდნაც ამ თვისებისაა…. ადამიანს ცვლის კეთება და კეთებით მიღებული გამოცდილება.

 

მიგრაციის საკითხები სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე

0

მიგრაცია-იმიგრაცია თანამედროვე მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამ ჩვენს მოქალაქეებს დიდი შესაძლებლობები გაუხსნა, მაგრამ ამავე დროს, გაჩნდა არასწორი, დაუზუსტებელი  წარმოდგენები და გამოიკვეთა ამ მიმართებით ცნობიერების ამაღლების აუცილებლობა.

სამოქალაქო წიგნიერების ერთ-ერთ მიმართულებას პოლიტიკური და იურიდიული წიგნიერება წარმოადგენს, რომელიც მოიცავს იმ სამართლებრივი რეგულაციების ცოდნასაც, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში მიგრაცია-იმიგრაციის საკითხებს უკავშირდება.

ესგ-ს სამოქალაქო განათლების მოქმედი სტანდარტი პირდაპირ არ მოიცავს დასახელებულ საკითხებს, მაგრამ სამართლებრივი კულტურის, მომავლის დაგეგმვის უნარების განვითარების მიმართულებით ამ  ახალ რეგულაციებში გარკვევა მოსწავლეებისთვის აქტუალურია.

მასწავლებლისთვის ხელსაყრელ რესურსს წარმოადგენს სახელმძღვანელო ,,მიგრანტის პირველი ნაბიჯები“ https://www.scribd.com/document/367845340/, რომლის გამოყენებითაც მომზადდა შემოთავაზებული გაკვეთილის გეგმის დანართები.

გაკვეთილის გეგმა

საგანი: სამოქალაქო განათლება

სწავლების საფეხური/კლასი: მე-10 კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა:  20-25

გაკვეთილის თემა:  რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირში გამგზავრებამდე?

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ევროკავშირში უვიზო და გრძელვადიანი მიმოსვლის რეგულაციებს.

მოსწავლეები განივითარებენ ტექსტზე მუშაობის, თანამშრომლობის, არგუმენტირებული მსჯელობის, კრიტიკული ანალიზის უნარებს;

მოქ.X.10

  • შეარჩევს რომელიმე კონკრეტულ კონფლიქტურ სიტუაციას მოქალაქეთა ცხოვრებიდან (სოციალური, ეკონომიკური ან პოლიტიკური); შეისწავლის შექმნილ ვითარებასა და მხარეთა ინტერესებს; თანაკლასელებთან ერთად გაითამაშებს აღნიშნულ სიტუაციას და მისი გადაჭრის ალტერნატიულ ვარიანტებს; მსჯელობს ამ გზების ავკარგიანობაზე და მეგობრებთან ერთად სახავს კონფლიქტის სამართლებრივი გადაჭრის გეგმას.
N აქტივობის აღწერა გამოყენებული მეთოდი/მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები სასწავლო რესურსები დრო (წთ)
1

 

წინარე ცოდნის გასააქტიურებლად მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს: რა იცით ევროკავშირის შესახებ?

რომელია ევროკავშირის/შენგენის  წევრი ქვეყნები?

საქართველო რა დამოკიდებულებაშია ამ გაერთიანებასთან?

პასუხების მიხედვით მასწავლებელი ადგენს ასოციაციურ რუკას და ბოლოს,  აჯამებს აქტივობას.

 

გონებრივი იერიში;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ასოციაციური რუკა;

 

 

მთელი კლასი დაფა, ცარცი, წინასწარ ფლიპჩარტზე მომზადებული კითხვები. 5წთ
2

 

 

 

მასწავლებელი აცნობს კლასს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესებს და მიმოიხილავს პრობლემებს, რომელიც ამ წესების დარღვევას მოჰყვება კონკრეტული პიროვნებისთვის, სახელმწიფოსათვის, ევროკავშირთან შემდგომი ურთიერთობისთვის. ინტერაქტიული მინილექცია მთელი კლასი საპრეზენტაციო ფაილი, პროექტორი, კომპიუტერი; 5 წთ
3.ა

 

 

 

მასწავლებელი კლასს ყოფს 4 ჯგუფად და თითოეულს აძლევს განსხვავებულ დავალებას: 1. ჯგუფი ,,მიგრანტები“

2. ჯგუფი ,,მესაზღვრეები“

3. ,,მიგრანტები“

4. ,,მესაზღვრეები“

როლური თამაში ჯგუფური მუშაობა დანართი 1 მოსწავლეთათვის;  დანართი 2 მოსწავლეთათვის (თითოეული 2 ჯგუფისთვის);

ინსტრუქციები ჯგუფური მუშაობისათვის;

ფერადი ფურცლები, მარკერები, ფლიპჩარტები;

8წთ
3.ბ

 

 

 

1-ელი და მე-2 და  მე-3 და მე-4 ჯგუფები გაითამაშებენ სიტუაციას ,,საზღვარზე“ ;

წყვილში ერთი ჯგუფი წარმოადგენს მიგრანტებს, მეორე _მესაზღვრეებს, რომლებიც ამოწმებენ მათ დოკუმენტაციას.

დასასრულ, შეაჯამებენ აქტივობას.

როლური თამაში ჯგუფური მუშაობა საპრეზენტაციო ფურცლები, ფერადი ფურცლები; 10წთ
4.ა სავარჯიშო ,,ჩავალაგოთ ხელბარგი“;

ჯგუფებს ეძლევათ ახალი დავალება: მე-4 ჯგუფი  წინასწარი ინფორმაციის გარეშე, მოამზადებს საპრეზენტაციო ფურცელს ,,ჩემი ხელბარგი“;

მე-3 ჯგუფი ,,დანართი 3 მოსწავლეთათვის“ საფუძველზე, მოამზადებს საპრეზენტაციო ფურცელს ,,ჩემი ხელბარგი“;

1-ელი და მე-2 ჯგუფები მოამზადებენ საპრეზენტაციო ფურცელს  ,,ხელბარგში აკრძალულია“.

 

      5წთ
4.ბ პრეზენტაციას წარმოადგენს მე-4 ჯგუფი; პირველი ჯგუფი ამოწმებს მათ ,,ხელბარგს“ და გადახაზავს საგნებს, რომელიც ხელბარგში აკრძალულია, თან აძლევს განმარტებას; შემდეგ მე-3 ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციას და მე-2 ჯგუფი ამოწმებს მათ ,,ხელბარგს“;

დასასრულ, იმართება დისკუსია, რატომ მოუწია პირველ ჯგუფს ბევრი ნივთის ,,გადაგდება“? ინფორმირებულობა არის თუ არა პრევენცია დარღვევებისათვის? ახლავს თუ არა არაინფორმირებულობას  ფუჭი ხარჯები?

პრეზენტაცია,

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დისკუსია;

ჯგუფები,

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მთელი კლასი;

საპრეზენტაციო ფურცლები; შავი მარკერები; 5წთ
5. მოსწავლეები  ახდენენ თვითშეფასებას ჯგუფში ჩართულობის რუბრიკის გამოყენებით.

 

თვითშეფასება ინდივიდუალური წინასწარ მომზადებული თვითშეფასების ფურცლები. 2წთ
6. ა) მასწავლებელი სქემის

,, რა ვიცოდი, რა გავიგე, რისი გაგება მსურს“
გონებრივი იერიშის საშუალებით აჯამებს გაკვეთილს. შეჯამებისას ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეთა მიერ უვიზო რეჟიმის წესების დაცვაზეა დამოკიდებული, შენარჩუნდება თუ არა უვიზო მიმოსვლა.

ბ)მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს განმავითარებელ შეფასებას.

გ)მასწავლებელი აძლევს საშინაო დავალებას: მოიძიონ მედიაში მიგრაცია-იმიგრაციის თემაზე არსებული ინფორმაციები და წარმოადგინონ მოსაზრებები ამ შემთხვევასთან დაკავშირებით;

გონებრივი იერიში;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საშინაო დავალება

    5წთ

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეებს ეცოდინებათ ევროკავშირში  მიმოსვლის წესები;   მოსწავლეებს განუვითარდებათ ჯგუფში თანამშრომლობის, არგუმენტირებული მსჯელობის, კრიტიკული და კრეატიული აზროვნების უნარები, მიღებული ინფორმაციის ცხოვრებაში გამოყენების უნარები;

შეფასება:

მასწავლებელი მთელი გაკვეთილის მანძილზე იყენებს განმავითარებელ შეფასებას. ფოკუსირებული დაკვირვების ფორმით აკვირდება 2-3 მოსწავლეს არგუმენტირებული მსჯელობის და კრიტიკული აზროვნების მიმართულებით. ახდენს ამ მოსწავლეების განმავითარებელ შეფასებას.

მოსწავლეები როლური თამაშის შემდეგ ახდენენ თვითშეფასებას ჯგუფში ჩართულობის სტანდარტული რუბრიკის გამოყენებით.

ინსტრუქციები მე-3 აქტივობისათვის

პირველი ჯგუფისთვის:  ყურადღებით გაეცანით დანართს ,,ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლის პირობები“; გადაინაწილეთ როლები : უვიზო წესით მიმავალი მოწესრიგებული მიგრანტი; უვიზო წესით მიმავალი მიგრანტი, რომელსაც დოკუმენტაცია წესრიგში არ აქვს;

ფერად ფურცლებზე დაამზადეთ დოკუმენტაცია თითოეული ტიპის მიგრანტისათვის და ,,საბაჟოზე“ გაითამაშეთ რეალურ სიტუაციებთან დაახლოებული მიგრანტების როლები.

თქვენი მეგობრები მეორე ჯგუფიდან მესაზღვრეები იქნებიან.

მეორე ჯგუფისათვის: ყურადღებით გაეცანით დანართს ,,ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლის პირობები“;  მოამზადეთ და კედელზე გააკარით სასაზღვრო წესები უვიზო მიგრანტებისათვის, გადაინაწილეთ მესაზღვრეთა პოსტები (ჯგუფის ხელმძღვანელი) რიგითი მესაზღვრეები და მოემზადეთ მიგრანტების სავიზო შემოწმებისთვის.

თქვენი მეგობრები პირველი ჯგუფიდან უვიზო მიგრანტები იქნებიან.

მესამე ჯგუფისთვის:  ყურადღებით გაეცანით დანართს  ,,ევროკავშირში/შენგენში გრძელვადიანი ყოფნა“, გადაინაწილეთ სხვადასხვა მიზნით (საცხოვრებლად, სასწავლებლად, სამკურნალოდ, სამუშაოდ…) მიმავალი ვიზიანი  მიგრანტების როლები. ფერადი ფურცლებით მოამზადეთ საბაჟოზე წარსადგენი დოკუმენტაცია თითოეულისთვის. მოემზადეთ, რომ ,,საბაჟოზე“ თქვენი როლები რეალურ სიტუაციებთან დაახლოებულად წარმოადგინოთ.

თქვენი მეგობრები მეოთხე ჯგუფიდან მესაზღვრეები იქნებიან.

მეოთხე ჯგუფისათვის: ყურადღებით გაეცანით დანართს  ,,ევროკავშირში/შენგენში გრძელვადიანი ყოფნა“,  მოამზადეთ და კედელზე გააკარით სასაზღვრო წესები გრძელვადიანი მიგრანტებისათვის, გადაინაწილეთ მესაზღვრეთა პოსტები (ჯგუფის ხელმძღვანელი) რიგითი მესაზღვრეები და მოემზადეთ მიგრანტების სავიზო შემოწმებისთვის.

თქვენი მეგობრები მესამე ჯგუფიდან ვიზის მქონე მიგრანტები იქნებიან.

 

ინსტრუქციები მე-4 აქტივობისათვის

მეოთხე ჯგუფისთვის: წარმოიდგინეთ, რომ მიემგზავრებით ევროკავშირში; დახატეთ დიდ ფურცელზე ხელჩანთა და ჩამოწერეთ ნივთები, რომელსაც ჩაალაგებდით ხელბარგში. პრეზენტატორი წარადგენს თქვენს ჩანთას კლასთან და აეროპორტის  უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებთან, რომლებიც მეორე ჯგუფის წევრები იქნებიან.

პირველი ჯგუფისთვის:  წარმოიდგინეთ, რომ ხართ აეროპორტის  უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები; თქვენ უნდა შეამოწმოთ მე-4 ჯგუფის (ევროკავშირში მიმავალი მგზავრების) ხელბარგი; ყურადღებით გაეცანით დანართ 3-ს: მგზავრობისას გასათვალისწინებელი წესები; მოამზადეთ საპრეზენტაციო ფურცელი ,,ხელბარგში დაუშვებელია:“ პრეზენტატორმა წარადგინოს აკრძალვები და თან თქვენი დახმარებით, მარკერით აკრძალვის ნიშანი დაუსვას იმ ნივთებს, რომელიც მე-4 ჯგუფის ,,ჩანთაში“ წესების დარღვევით დევს.

 

მესამე ჯგუფისთვის: წარმოიდგინეთ, რომ მიემგზავრებით ევროკავშირში;  ყურადღებით გაეცანით დანართ 3-ს: მგზავრობისას გასათვალისწინებელი წესები; მისი გათვალისწინებით, მოამზადეთ საპრეზენტაციო ფურცელი ,,ჩემი ხელჩანთა“ ჩამოწერეთ ნივთები, რომელსაც ჩაალაგებთ ხელბარგში; პრეზენტატორი წარადგენს თქვენს ჩანთას კლასთან და   აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებთან, რომლებიც მეორე ჯგუფის წევრები იქნებიან.

მეორე ჯგუფისათვის: წარმოიდგინეთ, რომ ხართ აეროპორტის  უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები; თქვენ უნდა შეამოწმოთ მე-3 ჯგუფის (ევროკავშირში მიმავალი მგზავრების) ხელბარგი; ყურადღებით გაეცანით დანართ 3-ს: მგზავრობისას გასათვალისწინებელი წესები; მოამზადეთ საპრეზენტაციო ფურცელი ,,ხელბარგში დაუშვებელია:“ პრეზენტატორმა წარადგინოს აკრძალვები და თან თქვენი დახმარებით, მარკერით აკრძალვის ნიშანი დაუსვას იმ ნივთებს, რომელიც მე-3ჯგუფის ,,ჩანთაში“ წესების დარღვევით დევს.   

                                                                                                                                   

                                                                                                            

                                                                                                          დანართი 1 მასწავლებლისთვის

შენგენის სივრცე

პირთა  თავისუფალი  გადაადგილება  ევროკავშირის  მიერ  უზრუნ-ველყოფილი  ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა.

შენგენის თანამშრომლობა აღრმავებს ამ თავისუფლებას, აძლევს რა მოქალაქეებს უფლებას, სასაზღვრო შემოწმების გარეშე გადაკვეთონ შიდა საზღვრები.1985  წლის  14  ივნისს,  ქალაქ შენგენთან ახლოს (ლუქსემბურგი),ევროპის ეკონომიკური გაერთიანების ხუთმა ქვეყანამ – ბელგიამ, გერმანიამ,  ლუქსემბურგმა, საფრანგეთმა და ჰოლანდიამ – ხელიმოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავდა ადამიანთა თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფას.

1990 წელს შენგენის ხელშეკრულებას დაემატა იმპლემენტაციის კონვენციაც,რომელიც ძალაში შევიდა 1995 წელს. აღნიშნული შეთანხმებების შედეგად, გაუქმდა შიდა საზღვრები და შეიქმნა საერთო გარე  საზღვარი. შენგენის სივრცე ეტაპობრივად გაფართოვდა და დღეს 26 ქვეყანას მოიცავს, აქედან 22 ქვეყანა ევროკავშირის წევრია, ხოლო 4 (ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია) ევროპის თავისუფალი  ვაჭრობის  ასოციაციის  (EFTA)  წევრი. ევროკავშირის დარჩენილი  6  წევრიდან  4-ს  (ბულგარეთი,  კვიპროსი,  რუმინეთი, ხორვატია) აქვს შენგენის კანდიდატი  ქვეყნის  სტატუსი, ხოლო 2 (გაერთიანებული სამეფო და ირლანდია) არ  შედის შენგენის  სივრ-ცეში.

შენგენის სივრცის ქვეყნებს შორის სასაზღვრო კონტროლი არ არსებობს. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, წევრ  ქვეყნებს შეუძლიათ  მიიღონ  გადაწყვეტილება  საკუთარ საზღვრებზე  გარკვეული დროით კონტროლის აღდგენის შესახებ.

სავიზო მოთხოვნები

ვიზა ნიშნავს ქვეყნის მიერ გაცემულ ნებართვას ან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებელია პირის იმ ქვეყნის ტერიტორიაზე შესასვლელად, დასარჩენად ან ამ ტერიტორიის ტრანზიტულად გასავლელად.

ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გასამგზავრებლად, საქართველოს მოქალაქეებისათვის მოქმედებს უვიზო რეჟიმი, თუ ისინი მიემგზავრებიან მოკლევადიანი ვიზიტით, სხვა შემთხვევაში, საჭიროა შესაბამისი კატეგორიის ვიზა.

                                                                                                        

                                                                                                   დანართი 2 მასწავლებლისთვის

მოკლევადიანი ვიზიტიუვიზო მიმოსვლა

 

ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, 2017 წლის 28 მარტიდან შეუძლიათ უვიზოდ, ყოველი 180 დღის განმავლობაში, არაუმეტეს 90 დღის ვადით, გაემგზავრონ შენგენის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრქვეყანას და ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას. უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანასთან.

.უვიზო რეჟიმი არ ვრცელდება დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაზე. 90-დღიან პერიოდში შესაძლებელია მრავალჯერადი შესვლა ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, თუმცა საჭიროა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ვიზიტის ხანგრძლივობა არ აღემატება ჯამში 90 დღეს უკანასკნელი 180 დღის განმავლობაში.ამ ქვეყნებში 90 დღე გადაბმულად ყოფნის შემთხვევაში, ხელახლა გამგზავრება შესაძლებელი იქნება შენგენის დატოვებიდან 90 დღის გასვლის შემდეგ.

 

ხუთი  წესი ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ მიმოსვლის შესახებ

  1. ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ მიმოსვლა საშუალებას აძლევს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, უვიზოდ გაემგზავრონ მოკლევადიანი ვიზიტით – მაქსიმუმ 90 დღით, ყოველი 180 დღის განმავლობაში. 90 დღის გამოყენება შეიძლება გადაბმულად ან დღეების გადანაწილებით;
  2. უვიზოდმიმოსვლა არ აძლევს მოქალაქეს ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას;
  3. უვიზოდმიმოსვლა არ აძლევს მოქალაქეს ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ხანგრძლივი სწავლის უფლებას;
  4. ევროკავშირის/შენგენისწევრ ქვეყნებს შორის, როგორც წესი,სასაზღვრო კონტროლი არ არსებობს, ასე რომ, ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, შესაძლებელია ევროკავშირის/შენგენის სივრცის შიგნით, ერთი ქვეყნიდან მეორეში თავისუფლად გადაადგილება; 5. უვიზო მიმოსვლა არ იწვევს ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სტატუსის შეცვლას. კვლავ ძალაშია საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული რეადმისიის შესახებ შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრებ პირთა იდენტიფიცირებასა და მათ საქართველოში დაბრუნებას.

                                                                                                     

                                                                                                      დანართი 1 მოსწავლეებისთვის

ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლის პირობები:

ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლისას, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, გამგზავრების მსურველი ვალდებულია დაასაბუთოს მგზავრობის კონკრეტული მიზანი და პირობები, ასევე დაადასტუროს ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ყოფნისთვის საკმარისი ფულადი სახსრების ქონა;

გამგზავრების მსურველზე არ უნდა არსებობდეს შეტყობინება „შენგენის საინფორმაციო სისტემაში” (SIS II), შესვლაზე უარის თქმის შესახებ;

გამგზავრების მსურველი არ უნდა მიიჩნეოდეს საფრთხედ საზოგადოებრივი წესრიგის, შიდა უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ან საერთაშორისო ურ-თიერთობებისთვის, ნებისმიერ წევრ ქვეყანაში.

ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ გამგზავრებისას თან უნდა იქონიოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) საქართველოს მოქალაქის მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი,რომელსაც უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3 თვის მოქმედების ვადა ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლის დაგეგმილი დღისთვის;

 

ბ) დასაბრუნებელი ბილეთი;

 

გ) სასტუმროს მოქმედი ჯავშანი ან ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის მისამართი;

 

დ) მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება –ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი;

 

ე) სამოგზაურო დაზღვევა.

 

                                                                                                           დანართი 2 მოსწავლეებისთვის

ევროკავშირში/შენგენში გრძელვადიანი ყოფნა

თუ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე 90 დღეზე მეტ ხანს აპირებთ დარჩენას, დაგჭირდებათ შესაბამისი ქვეყნის გრძელვადიანი ვიზა ან ბინადრობის ნებართვა. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში გრძელვადიანი მიზნით გამგზავრების შემთხვევაში,გჭირდებათ გრძელვადიანი ვიზა, ხოლო შემდეგ, ტერიტორიაზე შესვლისას, შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის სამსახურს, ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად. გრძელვადიანი ვიზის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამისი ქვეყნის საკონსულო დაწესებულებას, ჩაეწეროთ, დანიშნოთ შეხვედრა და წარადგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია.მოთხოვნები გრძელვადიანი ვიზის მისაღებად შეიძლება განსხვავდებოდეს ევროკავშირის/შენგენის წევრი სახელმწიფოების მიხედვით, თუმცა, როგორც წესი, დაგჭირდებათ შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:

 

  • სამოგზაურო დოკუმენტი – მოქმედი პასპორტი;
  • ე. წ. „დამხმარე დოკუმენტაცია”, რომელიც ადასტურებს თქვენი გამგზავრების მიზანს, მაგალითად: შრომითი ხელშეკრულება, სასწავლო დაწესებულებაში ჩაწერის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა. შ.
  • ფინანსური რესურსების დამადასტურებელი საბუთი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • სავიზო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. (გახსოვდეთ, რომ ეს თანხა არის საბუთების განხილვის/მომსახურეობის და არა ვიზის მიღების საფასური!);
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა.
  • საკონსულო დაწესებულებაში წარსადგენი დოკუმენტაცია უნდა თარგმნოთ ინგლისურ ან იმ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე, რომლის დიპლომატიურ წარმომადგენლობასაც მიმართავთ.

გახსოვდეთ, რომ საბუთების ჩაბარება და სავიზო მოსაკრებლის გადახდა ვიზის მიღების გარანტიას არ იძლევა!

 

საჭირო  ფინანსური  რესურსი

გამგზავრებამდე უნდა გაითვალისწინოთ დანიშნულების ქვეყანაში ცხოვრების ხარჯები. ეს ხარჯები მოიცავს ბინის ქირას, კომუნალურ გადასახადებს, კვების, ტრანსპორტის, კომუნიკაციის, ჯანმრთელობის დაზღვევის, სამედიცინო მომსახურების და სხვა ხარჯებს. ცხოვრების დონე და ფასები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით.ასევე, გაითვალისწინეთ, რომ დისტანციურად მოძებნილი სამუშაოს რეალური გარემო და პირობები შესაძლოა არ შეესაბამებოდეს დაპირებულს და მოგიწიოთ სხვა სამსახურის ძებნა. ამიტომ,მნიშვნელოვანია გამგზავრებამდე დააზუსტოთ, როგორია ცხოვრების საშუალო ღირებულება დანიშნულების ქვეყანაში, განსაკუთრებით, ბინის ქირისა და კვების ხარჯები და მომზადებული გაემგზავროთ. სასურველია, თან გქონდეთ არანაკლებ ორი თვის სამყოფი ფინანსური რესურსი.

 

თან წასაღები ნივთები და დოკუმენტები

საზღვარგარეთ გამგზავრებისას მნიშვნელოვანია თან იქონიოთ პირადი დანიშნულების  ნივთები, რადგან შესაძლოა  ჩასვლისთანავე  ვერ  მოახერხოთ  საჭირო  ნივთების შეძენა. წაიღეთ  როგორც  პირადი  ჰიგიენის ნივთები, ისე – დანიშნულების ქვეყნის კლიმატის/სეზონის  შესაბამისი ტანსაცმელი.

როდესაც სხვა ქვეყანაში გადადიხართ საცხოვრებლად, სასურველია თან წაიღოთ საბუთები, რომლებიც შესაძლოა დაგჭირდეთ იქ ცხოვრებისას, მაგალითად:

დაბადების მოწმობა;

ქორწინების/განქორწინების მოწმობა;

დიპლომები და სერტიფიკატები;

წინა დამსაქმებლის ან/და სხვა პირების სარეკომენდაციო წერილები;

თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საბუთები (სამედიცინო გამოკვლევებისა და ანალიზების შედეგები,ექიმის დანიშნულებები);

                                                                                   

 

                                                                                                                დანართი 3 მოსწავლეებისთვის

 

მგზავრობისას გასათვალისწინებელი წესები

 

თვითმფრინავით მგზავრობისას გასათვალისწინებელი წესები:

ა) დააზუსტეთ, ფრენამდე რამდენი ხნით ადრე უნდა იყოთ აეროპორტში;

ბ) სასურველია, თავად ჩაალაგოთ ბარგი და არავის გამოართვათ რაიმე საგანი ან შეფუთული პაკეტი სხვისთვის გადასაცემად;

გ) გაითვალისწინეთ ხელბარგისთვის დაწესებული აკრძალვები და შეზღუდვები:

საგნები, რომელთა ხელბარგში მოთავსება აკრძალულია:

საბრძოლო საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი;

ბასრი იარაღები და საგნები;

ფეთქებადი და აალებადი ნივთიერებები;

საგნები ბასრი პირის ან წამახვილებული დაბოლოებით:ნებისმიერი სახის ჯოხი და ხელკეტი, ნიჩბები, ჩოგნები,ნებისმიერი სახის კიი, სკეიტბორდი, სათევზაო აღჭურვილობა და სათევზაო ხელსაწყოები, სათხილამურო აღჭურვილობა, თოკი, ტროსი, სერფინგის დაფა;

ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებები.

 

შეზღუდვები თხევად ნივთიერებებზე:

ხელბარგში არსებული თითოეული თხევადი პროდუქციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 მილიგრამს.

თხევადი პროდუქცია დაფასოებული უნდა იყოს ცალ- ცალკე 1 ლიტრის მოცულობის ჭურჭელში და მოთავსდეს 20სმx20სმ ზომის გამჭვირვალე დალუქულ პაკეტში. თითოეულ მგზავრს უფლება აქვს თან იქონიოს მხოლოდ ერთი ამგვარი პაკეტი. აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება მედიკამენტებზე (მხოლოდ რეცეპტთან ერთად და თავდა-პირველ შეფუთვაში) და ბავშვის საკვებზე.

აკრძალულია :

წყალი, გამაგრილებელი სასმელი, სიროფი,ნაღები, ასევე, ლოსიონი, ზეთები, პარფიუმი, კოსმეტიკური საშუალებები, კბილის პასტა, გასაპარსი გელი და მუსი, თმის გელი, დეოდორანტი, საკონტაქტო ლინზების ხსნარი, შამპუნი, ასევე, საკვები პროდუქტები, როგორიცაა მურაბა, თაფლი, იოგურტი.

Duty-Free-ის მაღაზიებში შეძენილი თხევადი პროდუქცია უნდა მოთავსდეს სპეციალურ გამჭვირვალე, დალუქულ პაკეტში, შეძენის ქვითართან ერთად. სასურველია, არ გახსნათ პაკეტი დანიშნულების ადგილზე ჩასვლამდე.

 

 

            ცხრილებზე მუშაობა გეოგრაფიის  გაკვეთილზე

0

გეოგრაფიული მონაცემებისა და ინფორმაციის გადმოცემის მეტად მოხერხებული და  კარგი  საშუალებაა მარტივი გრაფიკული თავლსაჩინოება – ცხრილი.  ცხრილების გამოყენება მაშინაა მიზანშეწონილი, როცა: ა) კონკრეტული მნიშვნელობების სწრაფად მოძებნა გვინდა;  ბ) გვაქვს დიდი მოცულობის მონაცემები, რომელთა სრულყოფილად ჩვენებაა საჭირო;  გ) ინფორმაცია, რომლის ვიზუალურად ჩვენებაც გვსურს, შეიცავს სხვადასხვა ტიპის მონაცემებს, გამოხატულს სხვადასხვა საზომ ერთეულში.

ცხრილის სახით  შესაძლებელია სასწავლო მასალის მნიშვნელოვანი ნაწილის გადმოცემა. ისინი გვეხმარება  გეოგრაფიული მოვლენების დინამიკის გააზრებაში, ამა თუ იმ  გეოგრაფიული პროცესის კონტრასტის დანახვაში, ურთიერთშესაბამისი ობიექტების გამოყოფაში.

განვიხილოთ ცხრილებზე მუშაობის რამდენიმე მაგალითი.

 

მაგალითი N1.  ცხრილში  – მოსახლეობის აღწარმოების ძირითადი მაჩვენებლები – მოცემული  მონაცემების გამოყენებით  შეავსეთ ბოლო გრაფა და შეასრულეთ  შემდეგი დავალებები:

ა) ამოირჩიეთ ორი რეგიონი და შეადარეთ ისინი მოსახლეობის აღწარმოების თავისებურებების მიხედვით; ბ) ჩამოთვალეთ ამ თავისებურებათა მიზეზები;

გ) ამ რეგიონებში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე დაასახელეთ სავარაუდო დემოგრაფიული შედეგები და შესაძლო პრობლემების გადაჭრის გზები;

დ) გამოიტანეთ დასკვნა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობის აღწარმოების განსხვავების შესახებ.

 

მაგალითი N2.  რესურსუზრუნველყოფა ეს არის თანაფარდობა ბუნებრივი რესურსების მარაგსა და მოპოვებას (გამოყენებას) შორის. რესურსუზრუნველყოფა გამოისახება წლების რაოდენობით, რომელთა განმავლობაშიც საკმარისი უნდა იყოს ეს რესურსი ან მისი მარაგი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. ცხრილში – ზოგიერთი ქვეყნის რესურსუზრუნველყოფა  ცალკეული  მინერალური რესურსების  მიხედვით –  მოცემული მოცემული სტატისტიკური მონაცემების გამოყენებით  დაასრულეთ  იგი და შეასრულეთ შემდეგი დავალებები:

ა) პირობაში მოცემული ტექსტის მიხედვით დაწერეთ რესურსუზრუნველყოფის ფორმულა ერთ სულ მოსახლეზე და გამოთვალეთ იგი  ცხრილში მოცემული ქვეყნებისთვის;

ბ)  დაადგინეთ ცალკეული ქვეყნები ან ქვეყანათა ჯგუფები თითოეული  მინერალური რესურსის  რესურსუზრუნველყოფის მაქსიმალური და მინიმალური მაჩვენებლის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე;

გ)  გამოიტანე დასკვნა  მსოფლიოს ქვეყნებისა და რეგიონების მინერალური რესურსების ცალკეული სახეობების რესურსუზრუნველყოფის შესახებ ერთ სულ მოსახლეზე.

მაგალითი N3.  თემატური რუკების (მსოფლიოს პოლიტიკური რუკა, მსოფლიოს მონარქიული და რესპუბლიკური მმართველობის ქვეყნები, მსოფლიოს უნიტარული და ფედერაციული  ქვეყნები) გამოყენებით  შეავსეთ ცხრილი:  ქვეყნები  სახელმწიფო წყობილების მიხედვით.

 

გოგონები თანამედროვე კინოში

0

ვფიქრობ, გენდერულ პრობლემებზე საქართველოს სკოლებში ხშირად უნდა ვსაუბრობდეთ. მოზარდებისთვის მიმზიდველ და საინტერესო გაკვეთილებზე საჭიროა დაიგეგმოს სხვადასხვა ტიპის აქტივობა, მსჯელობა მაგალითად ნაადრევი ქორწინების უარყოფით მხარეებზე. დისკუსიისთვის ან უბრალოდ მსგავს თემებზე დასაფიქრებლად ამ ფილმების ნახვა და განხილვაც გამოგადგებათ:

ზაზა ხალვაშის „ნამე“ შავ-თეთრ, მუნჯ კინოს ჰგავს, იგავებად თქმულს, სადაც მუსიკაც თითქოს პერსონაჟია, ოპერატორი კი – რეჟისორი. მისი დაწურული, ლაკონიური ტექსტები იაპონურ ტანკებს მოგაგონებთ. ფილმში ერთი ოჯახის სახით საქართველოს პატარა მოდელია დახატული, სადაც ორი რელიგია და ათეიზმი მშვიდობიანად ახერხებს თანაცხოვრებას. ერთ ტაბლას მამისეულ სახლში სამი ძმა – მღვდელი, მოლა და სკოლის მასწავლებელი შემოსხდომიან. იქვე ტრიალებს მამის საქმის გამგრძელებელი, კურნების განსაკუთრებული უნარით დაჯილდოებული გოგონა ნამეც. ფილმი თანამედროვეობის ხმაურისა და სიჩუმის საოცარ კონტრასტს გვაჩვენებს და გვიტოვებს საფიქრალს ქალაქსა და სოფელზე, ღირებულებებზე…

ნამეს როლის შემსრულებელი მარისკა დიასამიძე

თუ „ნამეში“ მამა განათლების მიღებასა და გათხოვებას უკრძალავს ქალიშვილს, მარიამ ხაჭვანის „დედეში“ აღმზრდელი ბაბუა და საზოგადოება დინას თავს ახვევს ტრადიციებს და წესების მორჩილებისკენ მოუწოდებს. არც მაღალმთიან აჭარაში და არც ევროპის უმაღლეს სოფლებში – უშგულსა და კალაში არ აღიარებენ ბოლომდე ქალის უფლებასა და შესაძლებლობას. მეტიც, კაცები აყვედრიან კიდეც ბევრ რამეს და მიიჩნევენ, რომ სწორედ მათ გამო ხდება სხვადასხვა სახის უბედურება, მკვლელობა და ა. შ. ქალი საკრალურია ორივე ფილმში, მონაწილეა წარმართული რიტუალებისა თუ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციების, რომლებიც საოცარი ესთეტიკითა და კადრებითაა წარმოჩენილი.

 

ამ ფილმების მთავარი პერსონაჟი გოგონების მორჩილება მაშინათვე ქრება, როგორც კი სიყვარული ჩნდება მათ ცხოვრებაში. დინა საზოგადოებას უმხედრდება და თავისი საქმროს მკვლელად მიჩნეულ ბიჭს მიჰყვება ცოლად. მისი წინააღმდეგობა გასაკვირია სხვა გოგონებისთვის. „ყველა შენ კი არ გგავს“, – ეუბნება მეგობარი, რომელიც მოტაცების შემდეგ არასასურველ კაცს გაჰყვა ცოლად. მიუხედავად სულიერი სიმტკიცისა, დინას პირად ცხოვრებას სამიდან ორ შემთხვევაში მაინც სხვა ადგენს. საზოგადოება და ტრადიცია უწესებს ნორმებს – აიძულებს ბებია-ბაბუის მიერ შერჩეულ, აკვანშივე დანიშნულ ბიჭს გაჰყვეს ცოლად, დაქვრივებული კი უსიყვარულოდ მისთხოვდეს ხელის აგრესიულ მთხოვნელს და შვილი მამისეულ სახლში დატოვოს. აღსანიშნავია, რომ წინააღმდეგობის გაწევის გამო ცხოვრების ბოლომდე გარიყული რჩება საკუთარი ოჯახისგან.

დინას როლის შემსრულებელი ნათია ვიბლიანი

თანამედროვე ამერიკულ კინოში ცხადია სულ სხვა თემებია წამოწეული. საკითხი აღარ დგას, ქალმა განათლება უნდა მიიღოს თუ არა, უკვე ისაა საფიქრალი, რა ჯობია ვუნდერკინდი 7 წლის გოგონასთვის: ასაკოვან მეცნიერებთან გაატაროს ძვირფასი წლები თუ რიგითი ბავშვის ცხოვრებით იცხოვროს. ერთგვარი ტრადიცია 2017 წელს გადაღებულ ფილმ „ნიჭიერშიც“ („Gifted“, რეჟისორი: მარკ უები, სცენარის ავტორი: ტომ ფლინი) ჩანს, კერძოდ კი ოჯახის სამი თაობის ქალის განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭი და მისდამი დიდი სიყვარული; ასევე დედის/ბებიის ეგოისტური (იქნებ სამართლიანიც?) სურვილი, მისი აუხდენელი ოცნებები, ოჯახის შექმნით გამოწვეული სამეცნიერო წარუმატებლობა ნიჭიერმა ქალიშვილმა და შვილიშვილმა აანაზღაურონ, ბოლომდე გამოავლინონ განსაკუთრებული უნარები და თავიანთ სფეროში სრულყოფილად დაიხარჯონ.

მერის როლის შემსრულებელი მაკკენა გრეისი

აქაც განათლების მიღება რაღაცის ხარჯზე ხდება, უმეტესად კი პირადი ცხოვრების უგულებელყოფის ხარჯზე. გამოდის, რომ კარიერისთვის ქალის ცხოვრებაში ყოველთვის მნიშვნელოვანი რამ იწირება. ყოველ შემთხვევაში, თანამედროვე სამყარო აიძულებს მას არჩევნის გაკეთებას. ფილმის რეჟისორი და სცენარისტი ოქროს შუალედს ეძებენ და ფინალში თითქოს ეს გოგონას გამზრდელი ბიძის ძალისხმევით მიიღწევა კიდეც: ბავშვმა, თუნდაც ისეთი განსაკუთრებული ნიჭის მქონემ, მილიონებში ერთი რომ იბადება, სწავლის პარალელურად აუცილებლად უნდა ითამაშოს თანატოლებთან.

სკოლის შერჩევის სირთულეები

0

შემოდგომაზე ჩემი შვილი სკოლაში მიდის. როცა მასწავლებლებისთვის განკუთვნილი რესურსებისთვის დავიწყე წერა, რამდენიმე თვის მყავდა და ვფიქრობდი, რომ ჯერ შორს იყო მისი სკოლაში წასვლის დრო.

დრო, როგორც ხდება ხოლმე, მალე გავიდა, მაგრამ სირთულეები, რომლებიც მაშინ ჰქონდა ქართულ განათლების სისტემას, არსად წასულა. მეტიც – ეს პრობლემები ჩვენი დროის სკოლაშიც იყო და შესაძლოა, ჩემზე დიდებსაც ჰქონდეთ მოსწავლეობის დროინდელი ტრავმული გამოცდილება.

ყოველთვის, როცა რამეს ვწერ განათლებაზე, სკოლაზე, მასწავლებლებზე, ბავშვების აღზრდაზე, მრავალფეროვან გარემოზე, პატარების საჭიროებებზე, მშობლების პასუხისმგებლობაზე, იმედი მაქვს, ვინმე დაფიქრდება იმაზე, როგორ ვუშველოთ ამა თუ იმ პრობლემას, როგორ დავიწყოთ მცირედით და ხელშესახებ ცვლილებებამდე მივიდეთ. იქნებ ყველამ ერთად უფრო მეტი ვიფიქროთ იმაზე, როგორ ვზრდით ბავშვებს აქ, ამ ქვეყანაში, და არა მხოლოდ ვიფიქროთ, რაღაცების შეცვლაც ვცადოთ? მეტი მოვთხოვოთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც, ვილაპარაკოთ მათ მაგივრად, ვისაც ჯერ არ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა, ვინც ჩვენი მომავალია, საუკეთესოს იმსახურებს, მაგრამ ხშირად კონსტიტუციური უფლებების რეალიზების საშუალებაც კი წართმეული აქვს?

 

ბავშვები, რომლებიც ჩვენ გარშემო იზრდებიან, ხშირად ცხოვრობენ სიღარიბეში ან უკიდურეს სიღარიბეში, განიცდიან ძალადობას შინ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არაპროდუქტიულად ატარებენ დროს მშობლებთან, მწირია მათთვის შექმნილი სასწავლო რესურსები და არამეგობრულია გარემო, რომელშიც ცხოვრება უწევთ. და როგორც არ უნდა მოინდომო, საუკეთესო მისცე შვილს, რეალობას ვერ გაექცევი. მოცემულობას ვერ შეცვლი. ეს მოცემულობა კი მკაცრად გსვამს არასასურველ ჩარჩოებში.

 

იმისთვის, რომ არ გეგონოთ, თითქოს რამე განსაკუთრებულს ვითხოვდე, ჩამოვწერ, როგორი უნდა იყოს, ჩემი თვალთახედვით,  სკოლა, რომელსაც შეიძლება მშვიდად ანდო შვილი:

* სკოლაში უნდა იყოს უსაფრთხო გარემო, რაც გულისხმობს როგორც მოწესრიგებულ ინფრასტუქტურას, ასევე ძალადობისგან თავისუფალ სივრცეს.

* სკოლა ყოველგვარი შესაძლებლობის, ინტერესებისა და უნარების მქონე ბავშვებისთვის ერთნაირად მოხერხებული და მისაღები უნდა იყოს.

* სკოლა ღია უნდა იყოს შენიშვნების, დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მეორე მხრივ კი ჰქონდეს მკაცრი სამოქმედო პრინციპები ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და ცდილობდეს ამ პრინციპების დაცვას.

* სკოლა არ არის მხოლოდ “სასწავლო” დაწესებულება; აქ ბავშვებს უნდა შეეძლოთ თამაში და გართობაც, სოციალური უნარების განვითარებაც, საკუთარი ინტერესების დაცვის სწავლაც, აზრის ხმამაღლა გამოთქმაც და ერთმანეთის მოსმენაც, დისკუსიისა და მსჯელობის ხელოვნების ათვისებაც, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების, თანაგრძნობისა და გუნდური მუშაობის უნარების გამოიმუშავებაც, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებაც, მიღწეულით ტკბობაც და შეცდომების აღიარებაც.

* სკოლამ არა მხოლოდ გამოცდების ჩასაბარებლად, არამედ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის უნდა მოამზადოს მოზარდი, დღევანდელი სკოლა კი ხშირად მინიმალურ კომპეტენციასაც ვერ აძლევს ბავშვებს სასკოლო საგნებში.

* სკოლის მიზანი არა მხოლოდ კარგი მოსწავლეების, არამედ კარგი მოქალაქეების გაზრდა უნდა იყოს.

* სკოლა არ უნდა შემოიფარგლებოდეს კონკრეტული საგნების სწავლებით – ის უნდა ცდილობდეს ბავშვების ინტერესის გაღვიძებას, ძლიერი უნარების სტიმულირებას, თავდაჯერების განმტკიცებას, თუნდაც პატარა, მაგრამ თავგადასავლების მოწყობას.

 

ბევრი ვეძებე, ბევრი ვიკითხე, ბევრგან ვიყავი, მაგრამ ვერაფრით დავრწმუნდი, რომ ასეთი სკოლები არსებობს, ან, თუ არსებობს, ხელმისაწვდომია საშუალოსტატისტიკური ოჯახებისთვის.

ყოველწლიურად ათასობით მშობელი გადის ამ გზას, სვამს ამ კითხვებს, ადგენს ამ კრიტერიუმებს და ბოლოს არჩევა ცუდსა და უარესს შორის უწევს.

ძალიან მტკივნეულია, რომ ჩვენს სკოლებს მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებაც კი უჭირთ და ისიც, რომ ჩვენ, საზოგადოება და მშობლები, რომლებსაც პასუხისმგებლობა გვაკისრია ბავშვების მომავალზე, ამის საშუალებას ვაძლევთ განათლების სისტემას, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და საკუთარ თავზე ვიღებთ მთელ იმ სიმძიმეს, რაც ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთებას ახლავს თან.

კლასის დამრიგებლის  ფიქრები

0

ბოლო დროს საჯარო სკოლის მოსწავლეების  გახმაურებულმა ამბებმა თითქმის ყველა დაგვაფიქრა და მოგვცა  საფუძველი  ვიმსჯელოთ – სკოლებში  ნაკლები ყურადღება ხომ არ ექცევა მოზარდების პიროვნულ-ეთიკურ-ზნეობრივ აღზრდას და სკოლა ძირითადად აკადემიური ცოდნის მიწოდებით ხომ არ შემოიფარგლება?

მოზარდი თაობის აღზრდა ძირითადად სამ რგოლს ევალება: სკოლა, ოჯახი, საზოგადოება. ყველაზე კომპეტენტური სკოლაა, რადგან აქ მოზარდები პროფესიული ნიშნით შერჩეულ აღმზრდელებთან ურთიერთობენ და რადგანაც სკოლის მთავარი მიზანი პიროვნების აღზრდაა, ამიტო სკოლამ უნდა იზრუნოს მოზარდის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაზე.

კლასის დამრიგებლის 11-პუნქტიანი მოვალეობები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა, საგნის მასწავლებლები საგანს ასწავლიან! ბუნდოვანია, ვინ ზრუნავს მოზარდების ფსიქოლოგიურ სახეზე.

კლასის  დამრიგებელს, რომელიც საგანს ასწავლის და დღეში 2-3-4 კლასთან უხდება ურთიერთობა, დამრიგებლის მოვალეობის სრულფასოვნად შესრულება უჭირს.  დამრიგებელი დიდ როლს თამაშობს მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის აღზრდაში, პროფესიულ ორიენტაციაში. დამრიგებელი უნდა ზრუნავდეს მოსწავლეთა ასაკობრივ განვითარებაზე. რჩევებით, ოჯახთან თანამშრომლობით, მოსწავლესთან სწორი კომუნიკაციით  უნდა  ცდილობდეს, აღსაზრდელებს თავიდან ააცილოს ნაადრევი ქორწინება და მასთან დაკავშირებული პრობლემები. აღსაზრდელთა ხასიათისა და თვისებების ცოდნა დაეხმარება მას მოზარდთა შორის ძალადობის, ბულინგის შემთხვევების თავიდან აცილებაში.

ვფიქრობ, დამრიგებელს უნდა ჰქონდეს მცირე საათები, უნდა იყოს პროფესიული უნარებით შეიარაღებული და ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება. ასევე კარგი იქნება,  არსებობდეს სახელმძღვანელო „სასკოლო-საოჯახო ეთიკა და ფსიქოლოგია“, რომლითაც იხელმძღვანელებს დამრიგებელი და რომელშიც თავმოყრილი და გაშუქებული იქნება ყველა ის პრობლემა, რომლებიც მოზარდების აღზრდას შეეხება და დამრიგებელს დაეხმარება, მისცეს მიზარდს სწორი რჩევები, რათა გახდეს წარმატებული და მოახერხოს ნიჭისა და უნარების რეალიზება.

ზოგიერთ რეგიონში  აქტუალური პრობლემაა ნაადრევი ქორწინება და მისი შედეგები (განქორწინებათა რიცხვმა საქართველოში კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია! 2017 წლისთვის   9080  წყვილი განქორწინდა). მოზარდებს არავინ ესაუბრება ცხოვრებაზე, ქორწინებაზე, პასუხისმგებლობაზე, რომ დაქორწინება თამაში არ არის, არამედ უდიდესი პასუხისმგებლობაა. მოზარდმა უნდა იცოდეს არამარტო თავისი უფლებები, არამედ მოვალეობებიც.

მოზარდების მორალურ-ეთიკურ აღზრდაზე ხშირად მსჯელობენ საზოგადოების სხვადასხვა წრეებში (სამწუხაროდ, არავინ არაფერს ეკითხება პედაგოგებს). აღიარებენ, რომ სკოლას უშველის მანდატური, ვიდეოთვალი, დეტექტორი, პოლიციის ხშირი სტუმრობა სკოლაში, სასულიერო პირთა მოღვაწეობა…

ვფიქრობ, ვერცერთი მათგანი ვერ მოხსნის სკოლის პრობლემებს. ისინი ვერ აღზრდიან და ურთიერთობის დალაგებაში ვერ დაეხმარებიან მოზარდებს. ვერც მანდატური და ვერც მთელი ბატალიონი სამართალდამცველებისა ამას ვერ შეძლებს, რადგან შიშით შექმნილი წესრიგი სადღაც სხვაგან იჩენს თავს, გარდა სკოლისა. ნუთუ ასეთი „წესრიგით“აღზრდილი საზოგადოება გვინდა?

სკოლის პრობლემა პირდაპირ გადაჯაჭვულია საზოგადოებისა და ოჯახის პრობლემებთან, განსაკუთრებით ნაადრევ ქორწინებასა და მის შედეგებთან, რაც ამ სფეროში ნაკლები ინფორმირებულობის ბრალია, სკოლის მიზანი მარტო აკადემიური ცოდნის მიწოდება არ არის, სკოლამ მოზარდი მომავალი ცხოვრებისთვისაც უნდა მოამზადოს.

      მინდა ჩემი გამოცდილებიდან რამდენიმე ეპიზოდი გაგიზიაროთ:

მე-7 კლასელი ნ.გ. კარგი მოსწავლეა, ძალიან ვუყვარვარ, მეც მომწონს მისი ცოცხალი, ბავშვური, ხალასი ხასიათი. იგი ხშირად ცდილობს ფიზიკურად ახლოს იყოს ჩემთან, ხელს ჩამომდებს მოკრძალებულად, ლამის თვალებში ჩამიძვრეს. მის თვალებში ხშირად ვხედავ სევდას. თურმე მშობელები გაშორებული არიან! დედა საზღვარგარეთ მუშაობს, დები პერიოდულად ბებიასთან არიან. როცა ბებიის ოჯახიდან ბრუნდება, ძალიან გაღიზიანებულია, დათრგუნილია, ყურადღებით არ არის, ხშირად ეჩრება სხვის საქმეში და უხეშობს. ამას ვგრძნობ და ხშირად ხელის ხელზე მოკიდებით ვაგრძნობინებ, რომ მიყვარს და თანავუგრძნობ. სამწუხაროდ, კლასში ასეთი 5 მოსწავლეა. ერთხელ გაკვეთილზე ს.ც-მ წესრიგი დაარღვია და მკაცრად მივუთითე. ნ.გ-მ იფეთქა: „რას ერჩით ყველა მასწავლებელი მაგას? იგი ყველაზე კარგი ბიჭია  მთელ სკოლაში!“. გავოცდი, ნ.გ-სგან ასეთ რეაქციას არ მოველოდი, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ეს იყო ს.ც-სადმი სოლიდარობა! (მისი მშობლებიც გაცილებული არიან). ასეთი ბავშვების გულს ვერაფრით მოიგებ. მათი ისტერიული, უხეში ქცევები ქვეცნობიერი პროცესებია და არ ვიცით სად და როდის იჩენს თავს. მოზარდი ზოგჯერ უკიდურესობამდე მიდის და ყოველ ღონეს ხმარობს თავისი ამბიციურობის დასაკმაყოფილებლად ან პირიქით დეპრესიული და უიმედო ხდება.

მოცემულმა ინციდენტმა დამაფიქრა. ამიტომ ჩემ გარშემო მცირე კვლევა ჩავატარე და სამწუხაროდ, ძალიან ცუდი სურათი მივიღე. ინტერნეტში მოძიებული ციფრებიც ხომ კატასტროფულია ქვეყნისთვის: 2000 წელს 1000 ოჯახი დაინგრა, 2001წელს – 1987, 2002 – 1836, 2003 – 1825, 2004 – 1793, 2005 – 1928, 2006  – 2060, 2007 – 2325, 2008 – 3189, 2009 – 4030, 2010 – 4726, 2011 – 5850, 2012 – 7136, 2013 – 8089, 2014 – 9019.

სწორედ ნაადრევი ქორწინების, ბულინგისა თუ სხვა პრობლემების გადასაჭრელად სკოლებში დამრიგებლის როლი უნდა გაიზარდოს და ამის პარალელურად უნდა დაიშვას საგანი -“სასკოლო-საოჯახო ეთიკა და ფსიქოლოგია“, რომელშიც განხილული იქნება მნიშვნელოვანი  საკითხები ნაადრევ ქორწინებაზე. მოზარდის აღზრდაზე ოჯახში, ქცევის წესებზე და სამართლებრივ ნორმებზე. სახელმძღვანელო გამდიდრებული უნდა იყოს   ცხოვრებისეული მაგალითებით. ყოველ თემას უნდა ახლდეს თავისი აქტივობები: ანკეტირება, დისკუსია, ინტერვიუ, რეფერატი, სიტუაციური ამოცანები განსახილველი ფილმების ნუსხა და ა.შ.

“სასკოლო-საოჯახო ეთიკისა და ფსიქოლოგიის“ სკოლაში დაშვება და სწავლება თავიდან ააცილებს მოზარდს ნაადრევ ქორწინებას; დაეხმარება საკუთარი პიროვნების შეცნობაში, თვითაღზრდასა და ჩამოყალიბებაში; საოჯახო ცხოვრებისთვის მომზადებაში; ეთიკურ-ესთეტიკური საკითხების სწორად გააზრებაში; ოჯახური ურთიერთობის სწორად წარმართვაში; თავიანთი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში; წიგნიერების დონის, ინტელექტის ამაღლებაში; აგრეთვე, დაეხმარება მშობელს შვილის აღზრდაში; საზოგადოებაში მისი ადგილის დამკვიდრებაში.

ახალბედა მასწავლებლის კრიალოსანი         

0

დიდი დასვენებაა, საკლასო ოთახში ვარ და სანამ ბავშვები გარეთ არიან, რაღაცას ვწერ დაფაზე საკლასო სამუშაოსთვის. უცნობი ქალი შემოვიდა, აშკარად მშობელია და ვიღაცას ეძებს.

  • ხომ არ იცი, აჩიკო სად არის?
  • დერეფანში ან ეზოშია, დასვენებაა. თქვენ აჩიკოს დედა ბრძანდებით?
  • დიახ.
  • მე მისი ქართულის მასწავლებელი ვარ ( უხერხული ღიმილით – თავის წარდგენა რომ მიხდება)
  • უი, მე კლასელი მეგონეთ! ( გულწრფელი გაოცება და ღიმილი ერთად)

აჩიკო მაშინ მე-9 კლასში იყო და მე 24 წლის ვიყავი და მოცუცქნული არასოდეს ვყოფილვარ! აჩიკოს ძალიან უყვარხართო, კი დააყოლა გაოცებიდან გამოსულმა.

ამ შემთხვევამ ვერ მასწავლა, რომ ცოტა მკაცრად და აკადემიურად ჩამეცვა ხოლმე.

***

დირექტორმა გვთხოვა, თუ რომელიმე მოსწავლე ხელს ძალიან შეგიშლით გაკვეთილზე, ჩემთან გამოუშვით კაბინეტში და მე დაველაპარაკებიო.

სოსო მე-6 კლასში სწავლობდა, ძალიან ნიჭიერი, გონებაგახსნილი, მაგრამ საოცრად ცელქი და მოუსვენარი ბიჭი იყო. რამდენჯერმე ძალიან შემაწუხა და დავემუქრე: სოსო, იცოდე, გაგიყვან დირექტორთან! თუმცა ერთხელაც არ გამიყვანია. ერთ დღესაც რაღაცაზე გავუბრაზდი კლასს და დანამუსება გადავწყვიტე: როგორ არ გრცხვენიათ, ასე უნდა გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა-მეთქი?! ცოტა დაირცხვინეს და უხერხულობა იგრძნეს, მაგრამ რამდენიმე წამში სოსომ წაიბუტბუტა: აბა, თქვენ რომ სულ დირექტორთან დაგყავართო?!

გაკვეთილი: არასოდეს არ უთხრა ბავშვს ის, რისი გამკეთებელიც არ ხარ და თუ ეტყვი, უნდა შეუსრულო კიდეც.

***

ახალ გარემოსთან ადაპტაცია ყოველთვის მიჭირს. ჩავატარებდი ჩემს გაკვეთილებს და წამოვიდოდი სასწრაფოდ სახლში. არავის ვეკონტაქტებოდი ზედმეტად, უბრალოდ, გამარჯობა- გაგიმარჯოს და ეგ იყო. ერთი ახალგაზრდა კაცი იყო, შავგრემანი, შავი, ოდნავ ჭაღარაშერეული წვერითა და მკაცრი შეხედულებით. მუდამ სწრაფი და მტკიცე ნაბიჯებით დადიოდა, სულ სადღაც მიიჩქაროდა, რაღაც პატარ-პატარა ტვირთები მიჰქონდ-მოჰქონდა ხოლმე. მაღალი არა, მაგრამ ჩასკვნილი კი იყო და ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. აშკარად ეხმარებოდა დირექტორს სკოლის სამნეო საქმეებში. ჩავთვალე, რომ  სკოლის მნე იყო. სიარულისას სულ ქვემოთ იყურებოდა ხოლმე და ვერ  მამჩნევდა, როცა დერეფანში გვერდს ჩავუვლიდით ერთმანეთს და ვესალმებოდი. რამდენიმე უპასუხო სალმის მერე, გაბრაზებულმა მისალმება შევწყვიტე. თუმცა მუდამ საქმიანსა და ქვემოთმაყურებელს არც ეს შეუმჩნევია. ზოგადად, ყოველთვის მაფრთხობდნენ და დღესაც მაფრთხობენ ზედმეტად მკაცრი ადამიანები. ჰოდა, ასე დამფრთხალ- გაბრაზებული ავუვლიდი ხოლმე გვერდს, როცა დერეფანში კვლავ გადამეყრებოდა.

ერთ დღესაც ,,ფანჯარა“ მაქვს, ვზივარ სამასწავლებლოში ეკლებზე, ერთი სული მაქვს, ზარი დაირეკოს, გაკვეთილზე გავვარდე, რომ ამ უცხო ადამიანებს არ ვუყურო. შემოვიდა ეს მკაცრი, სალამმეძვირე კაცი და დადგა თავისთვის. ძალიან ჩვეულებრივად, ადამიანურად გამოელაპარაკა ვიღაცებს ისევ სკოლის საქმეებზე. მე ვზივარ შინაგანად მაქსიმალურად შეკუმშული და „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთ გამოცემას  მექანიკურად ვფურცლავ. სამასწავლებლო პატარაა, ახლოს დგას ჩემთან, ფაქტობრივად, თავზე მადგას. უცებ: ეს მინიატურები ძალიან მომწონს, მაგრამ სპარსული გავლენა იგრძნობაო. გაოცებულმა პირდაპირ შუბლიდან ავხედე! რამდენიმე წამის მერე: მე-17 საუკუნეა და რა გასაკვირია-მეთქი. – აი, ფონს დააკვირდი, წერტილები რომა აქვს,  ეგ დეტალი ქართულისთვისაც დამახასიათებელია და სპარსულისთვისაცო…და დავიწყეთ მამუკა თავაქალაშვილის მინიატურებზე საუბარი. გულდასმით ლაპარაკობდა ყველა დეტალზე.მე ახლა შუბლიდან არა მხოლოდ ვუყურებდი, ვუსმენდი კიდეც.

მეორე შემთხვევა სასადილოში: ვსხედვართ მე ( უკვე ცოტა მოშინაურებული) და ჩემი ტოლი კოლეგა და ვსაუბრობთ. შემოვიდა, დაჯდა, შემოგვხედა.თქვენ რამდენი წლისები ხართო,ვუთხარით. დასაქორწინებლებიო? დიახო- გაგვეღიმა. ცოტა ხანს ფიქრობდა. წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ურჩიო დასაქორწინებელ ადამიანსო.აი, მეო, უბრალოდ, გამიმართლა, ქეთი რომ შემხვდაო.

გოჩა მხატვარი და 5 შვილის მამა აღმოჩნდა და ხატვას ასწავლიდა პატარებს სკოლაში.

გაკვეთილი: მკაცრსახიან და საქმიანგამოხედვიან ადამიანებსაც შეუძლიათ სათუთი რამეების სწავლება ბავშვებისთვის.

***

დილით მივდივარ სკოლაში და დამხვდა ორი ცალი აწრიალებული წერტილი მეხუთეკლასელი, ეტყობოდათ, დიდი ხანია მელოდებოდნენ. მასწავლებელო, ბოდიშს გიხდით, გუშინ რომ გაგაბრაზეთო. ვუყურებ გაოგნებით გაორებული: ერთი იმიტომ, რომ ოდნავადაც არ მახსოვს, რაზე გავბრაზდი გუშინ და მეორეც იმიტომ, რომ ეს ბოდიშები როგორ მოიფიქრეს!  ასე გაორებულმა დავამშვიდე წერტილები, კარგი, აღარ გიბრაზდებით- მეთქი.  სამასწავლებლოში შევედი. დამხვდა მათი დამრიგებელი,რა ქნეს, გიპოვეს, ძალიან წუხდნენო? სულ არ მახსოვს, რატომ გამაბრაზეს- მეთქი. არაო, ეგ არ შეიძლებაო, თუ გაუბრაზდები, აუცილებლად უნდა იცოდე, რატომ გაბრაზდი და არ უნდა დაგავიწყდესო. ეს მორიგი გაკვეთილი იყო.

***

ერთმა უფროსკლასელმა გამატანა თავისი რვეული,მას, რაღაც დავწერე და წაიკითხეთო. მეორე დღეს სამასწავლებლოში ვზივარ და კართან მოვიდა მორიდებით. დამარტყა თავში, რომ სახლში არ გამხსენია მისი რვეული. რა ვქნა ახლა, ბავშვი როგორ ელოდებოდა და მე დამავიწყდა! მომწყდა წელი, სანამ ავდგებოდი და კართან მივიდოდი. საშინლად ვიგრძენი თავი, როგორ დამავიწყდა!!! რა იცის ამ ბავშვმა, რომ დაბადებიდან გულმავიწყი ვარ… წამის მეასედში გამიელვა, ხომ არ ვუთხრა, რომ წავიკითხე და მომეწონა- მეთქი. არ მიქნა გულმა: თეო, ვერ წავიკითხე შენი ნაწერი, გადამავიწყდა- მეთქი. არა უშავს, მას, მაინც შეცდომით სხვა რვეული გამიტანებიაო…

გაკვეთილი: ყოველთვის, ყოველ მიზეზ – და შედეგ გარეშე, ბავშვებთან უნდა იყო, აუცილებლად უნდა იყო გულწრფელი!

***

დილით სკოლაში მისულს ისედაც ასაკის ახირებებს აყოლილი და აჟიტირებული მეცხრეკლასელები მთლად გადარეულები დამხვდნენ: ზოგი საფრანგეთის დროშის ფერებში იყო გამოწყობილი, ზოგი იტალიის. სასტვენებიც წამოეღოთ, უცნაური ქუდებიც…ცოტა ხანში დავადგინე, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ქომაგები იყვნენ და იმ დღეს საფრანგეთი და იტალია ხვდებოდა ერთმანეთს ფინალში. ისედაც სწავლაზე არ იკლავდნენ თავს და ახლა ხომ წარმოუდგენელი იყო ამათი გრამატიკის გაკვეთილზე გაჩერება! მასწავლებლისთვის არჩევანი არ ან იშვიათდ არსებობს, შესვლის ზარიც დაირეკა და გარდაუვალობის კანონმა მიკარნახა, რამე უნდა მომეფიქრებინა: სასწრაფოდ დავყავი კლასი საფრანგეთისა და იტალიის გულშემატკივრებად და დაფა – ორ ნაწილად: ერთ მხარეს საფრანგეთის დახატული დროშა გააკრეს, მეორე მხარეს – იტალიისა. შევთავაზე, რომ ერთგვარი თამაში – ბედისწერა გვეთამაშა, ერთმანეთს უნდა გაჯიბრებოდნენ წინადადებების გარჩევაში, რომელი ქვეყნის გულშემატკივართა გუნდიც მოიგებდა, საღამოს ის გაიმარჯვებდა ფინალში. ასე ჩართული და მობილიზებული ეს კლასი არასოდეს ყოფილა. არც ის მახსოვს, რომელმა გუნდმა მოიგო, არც ის, ჩემპიონატის ფინალი რა ანგარიშით დასრულდა, ჩემთვის მთავარი პროცესი იყო.

გაკვეთილი: სწავლებისას კარგი და აუცილებელია ექსპრომტები და ექსპერიმენტები.

***

ერთი ბიჭი იყო. მე რომ მასწავლებლად შევედი მეთერთმეტე კლასში, უკვე თავისი ამპლუა მორგებულ- გააზრებული ჰქონდა: არავინ სთხოვდა დავალებას, მთავარი იყო გაკვეთილზე მეტისმეტად შემაწუხებელი არ ყოფილიყო. თავიდან ფერებით და „შენ ხომ კარგი ბიჭი ხარ“-ით დავიწყე. წამომყვა 2-3 გაკვეთილი. მინიმალურს აკეთებდა. მერე იმასაც შეეშვა. არ თვლიდა საჭიროდ და მორჩა. არ მბეზრდებოდა, ყოველ დღე ვთხოვდი დავალებას. რამდენჯერმე მკაცრად რომ მოვთხოვე, ლამის კონფლიქტამდე მივიდა საქმე და დავანებე თავი. აღარ ვაქცევდი ყურადღებას, მაქსიმალურად ვიკავებდი თავს კონტაქტისგან. ერთ დღესაც ბრალი დამდო, დავალებებს ვწერ და არ მისწორებს, ზედაც არ მიყურებსო. გავბრაზდი ძალიან. რაღაც გრძელი ლექცია წავუკითხე მას და მის კლასელებს, განრისხებულმა კლასის დატოვება გადავწყვიტე და მოვემზადე, კარი კარგად რომ გამომეჯახუნებინა (მეტი ეფექტისთვის ). ზღურბლზე ფეხის გადადგმა (ვიწრო ქვედაბოლო მეცვა), ხელის მომარჯვება კარის სახელურზე და ზღართანი ხოლოდ წამის მეასედებში ასცდა ერთმანეთს: ცოცხალი თუ ავდგებოდი, არც მე მეგონა, არც ბავშვებს, სიცილიც კი გადაავიწყდათ. ავდექი.

გაკვეთილი 1-ლი: არავითარ შემთხვევაში, არანაირი ფორმით არ შეიძლება ბავშვთან ურთიერთობაზე თავის არიდება, თორემ აუცილებლად მოიტეხ კისერს.

გაკვეთილი მე-2: არა რაა, არ უხდება სკოლას განრისხებები, მეტისმეტად ვიწრო ქვედაბოლოები და კარის გაჯახუნებები!

***

მგონი, ახალბედობა არ სრულდება ჩვენს პროფესიაში, ეს კრიალოსანი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.მთავარია, წრეზე არ დავბრუნდე და იგივე შეცდომები არ გავიმეორო.

როგორ დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს სამყაროს შეცნობაში

0

სამყაროში არსებობს არცთუ ბევრი შემეცნებითი წიგნი, რომელიც მონდომებული პედაგოგისთვის შესაძლოა „ჯადოსნურ ჯოხად“ იქცეს, რომელიც რუტინულ გაკვეთილს აზარტულ თამაშს დაამსგავსებს და ცოდნის მიღების უჩვეულო კალაპოტში გადაიყვანს. ამ წიგნების დახმარებით მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით, მარტივად გაღვივებული ინტერესითა და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების ბუნებრივი სურვილით  ერთვებიან.

სწორედ ასეთი წიგნია „რუკები“ (გამომცემლობა „დიოგენე“). ნუ შეგაშფოთებთ მისი სახელწოდება. ეს არ გახლავთ ტრადიციული და ცოტა მოსაწყენი ატლასი, გაუგებარი და უფერულ-სპეციფიკური მინიშნებებით. „რუკების“ გამოყენება სწავლებაში შეუძლია არა მხოლოდ გეოგრაფიის, არამედ ყველა საგნის მასწავლებელს – წიგნში თავმოყრილი ინფორმაციის ილუსტრირებული ოკეანე კრეატივის აფრებს უპრობლემოდ გაშლევინებს.

დავაზუსტებ, რომ ეს წიგნი, რომლის პიონერი ვერსია ექვსი წლის წინ გამოიცა, საერთაშორისო ბესტსელერი და ანდერსენის პრემიის მფლობელია. „რუკები“ თავს უყრის ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული, ზოოლოგიური, ბოტანიკური, ზოგადკულტურული ხასიათის ინფორმაციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შესახებ. ის რაღაცით მოგვაგონებს პირველყოფილ ატლასს, სადაც კარტოგრაფები სასარგებლო, ამა თუ იმ ქვეყნისათვის დამახასიათებელ  ინფორმაციას შესაფერისი ნახატებით აფიქსირებენ. სწორედ ამ არაჩვეულებრივი ილუსტრაციების მეშვეობით, წიგნი ერთ დიდ, დაუვიწყარ თავგადასავლად ტრანსფორმირდება და, რაც მთავარია, ეს თავგადასავალი შეიძლება ყოველ განშლაზე  სხვადასხვაგვარად  გადაგხდეს და განიცადო, საკლასო ოთახიდან თუ სახლიდან გაუსვლელად. მერწმუნეთ, მოგზაურობის დროს კი, უკეთეს თავშესაქცევს საერთოდ ვერ ნახავთ!

„რუკები“ თავადაა მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო. ილუსტრაციებისა და მოკლე, ხალისიანი მინაწერების დახმარებით, ინდოეთში თქვენ ნახავთ დინგიან ბაყაყს, კანადაში – შაქრის ქოხს, სადაც ნეკერჩხლის სიროფი მზადდება, იტალიაში – დოჟების სასახლეს, ავსტრიაში – ფროიდის დივანზე წამოწოლილ პაციენტს, ფიჯიში – დასარტყამ ინსტრუმენტს ქალის სახელით „ლალი“. აღმოაჩენთ უამრავ, თქვენთვის ნაცნობ და უცნობ ქვეყანას, ყველაზე საინტერესო რაკურსით და კიდევ ერთხელ, თქვენს მოსწავლეებთან, საყვარელ  შვილებთან ან მეგობრებთან ერთად აღფრთოვანდებით სამყაროს მრავალფეროვნებით.

„რუკები“ უნიკალურია კარგად გააზრებული იდეისა და დახვეწილი შესრულების თვალსაზრისით. ამიტომაც წიგნს წარმატებით იყენებენ როგორც სასწავლო-პედაგოგიურ,  ისე ოჯახის გარემოში სხვადასხვა თაობის წარმომადგენელები ერთობლივი კითხვისთვის. ეს არ არის ერთჯერადი, თაროზე ჩამოსადები ან წაკითხვის მერე სასწრაფოდ გასაჩუქებელი გამოცემა. წიგნის ყოველ განშლაზე, სადაც თითო ქვეყანა გვმასპინძლობს და უამრავი დეტალით გიყვებათ თავის ძველ და ახალ ისტორიას, მრავალჯერ აღმოაჩენთ რაღაც განსხვავებულს, შეუცნობს, რომელიც გაიძულებთ „გუგლვას“, კვლევას, ფანტაზიის მძლავრი გენერატორის ამუშავებას და მეხსიერების გავარჯიშებას.

ორიოდე სიტყვა ავტორებზეც – ალექსანდრა და დანიელ მეზელინსკები ცოლ-ქმარი არიან, გრაფიკული მხატვრების შეხმატკილებულ-შემოქმედებითი დუეტი, მსოფლიოს მასშტაბით არა ერთი ცნობილი საბავშვო წიგნების დედ-მამა, „ჰიპოპოტამ სტუდიის“ დამფუძნებლები, შრიფტების, აპლიკაციებისა და ვებსაიტების შემქმნელები და, უბრალოდ, ვარშავის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულები.

მათ შეიმუშავეს საკუთარი სტილი: ფერადი, განზრახ გულუბრყვილო, ბავშვთა ნახატების იმიტაცია-ილუსტრაციებით, რომელშიც ათობით სიმბოლო და ობიექტია ჩართული მკითხველთან ურთიერთობების რთულ სისტემაში. მხატვრები აღიარებენ, რომ ისინი ქმნიან მხოლოდ იმას, რაც თავად მიანიჭებდათ სიამოვნებას. ილუსტრაციებში იყენებენ ასობით ფერს, უსადაგებენ საჭირო ფონტებს. მათი ნამუშევრები ყველასთვის მიმზიდველია და შეუძლებელია გონიერმა მკითხველმა არ დააფასოს ავტორების დეტალებისადმი ფაქიზი დამოკიდებულება და უმაღლესი ტექნიკა.

ქართულენოვანი „რუკები“ მოიცავს 55 დიდ რუკას – 46 ქვეყანას და 6 კონტინენტს.  ყველა  რუკაზე უამრავი საინტერესო ილუსტირებული ფაქტია დატანილი. მათი თვალიერების დროს აუცილებლად გიჩნდება მეტის გაგების სურვილი. რუკების საშუალებით მარტივად ადგენთ ვინ ცხოვრობს მითითებულ ქვეყანაში, როგორი სახელებია იქ ყველაზე პოპულარული, რა ღირსშესანიშნაობები აქვს ქვეყანას ბუნებრივი თუ არქიტექტურული კუთხით, როგორია ადგილობრივი ფლორა-ფაუნა, ტრადიციები, ისტორიული სიმბოლოები და გმირები, რა სპორტს მისდევენ და რომელი ეროვნული კერძებით ამაყობენ.

„ეს წიგნი არის არაჩვეულებრივი მუხტის მიმცემი კრეატიული ადამიანისთვის, მათ შორის პედაგოგისთვის, რომელსაც აქვს სურვილი გაამრავალფეროვნოს თავისი გაკვეთილი. ასევე სხვებს შეუძლიათ გაამრავალფეროვნონ ოჯახში ურთიერთობები, დაამყარონ ბავშვებთან  უფრო მეგობრული კავშირი თამაშებით და სხვ. „რუკები“ იძლევა იმპულსს მიუდგე საკითხს  შემოქმედებითად. ეს არის ბიძგი ახალი ცოდნის შესაძენად. წიგნი ორიენტირებულია დააკმაყოფილოს ბავშვის და არა მხოლოდ ბავშვის ცნობისმოყვარეობა, თვითგანავითაროს, უბიძგოს  სამყაროს შეცნობისკენ,“ – გვიყვება საქართველოში „რუკების“ გამომცემელი თამარ ლებანიძე.

არსებობს ლეგენდარული გამოცემები და ეს წიგნი სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება. არამხატვრული ლიტერატურა ბავშვებისათვის, საქართველოსგან განსხვავებით, კარგად არის განვითარებული ცივილიზებულ სამყაროში. ის ახალისებს ყველა ასაკის ადამიანს, დიდსაც და პატარას. „რუკების“ მკითხველი შესაძლოა 6 წლის ასაკის ბავშვიც კი იყოს. სწორედ ამიტომ ამ წიგნმა უმალ დაიმსახურა სხვადასხვა ქვეყნის გამომცემელთა ინტერესი ისევე, როგორც თავის დროზე ჰარი პოტერის ისტორიამ.

„რუკების“ ვერსიები, სხვადასხვა ფორმატის, უამრავი ქვეყნის წიგნის მაღაზიებში, ყველაზე თვალსაჩინო თაროებზე გხვდება. გამომცემლობაში ამაყობენ, რომ მძიმე და სკრუპულოზური შრომის შედეგად   შეძლეს  წიგნი  ქართველი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომი გამხდარიყო. შემოქმედებით ჯგუფს ბევრ ახალ ტერმინზე მოუწია მუშაობა. საქმეში ზოოლოგები, ბოტანიკოსები, გეოგრაფები, ეთნოგრაფები ჩაერთნენ. ტერმინების დასაზუსტებლად გამომცემლობამ ქართველ ემიგრანტებს და საელჩოებსაც კი მიმართა.

აღსანიშნავია წიგნის მხატვრული მხარე – მისი შეკრულობა, არა პრიალა გვერდები, ტაქტილური თვალსაზრისით თითოეული ფურცელი ქმნის ინფორმაციაზე კონცენტრაციის განცდას. „რუკების“ პატარა მკითხველს აუცილებლად უჩნდება სამყაროს ხედვის პოზიტიური იმპულსები, ის ამ სამყაროს განუყოფელ ნაწილად გრძნობს თავს.

რაც შეეხება „რუკების“  მასალის  გამოყენებით  სხვადასხვა სასწავლო თამაშებისა და საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვას, მოგიყვანთ უმარტივეს მაგალითებს (კრეატიული მასწავლებლები უფრო საინტერესო სავარჯიშოებსაც მოიგონებენ J ). მაგალითად, ზოოლოგიაში, როდესაც საუბარია რომელიმე ცხოველზე, მისი გავრცელების არეალზე, ამის ნახვა თვალსაჩინოდ შეიძლება წიგნში. მოსწავლეს ევალება მოძებნოს მსგავსი ცხოველები სხვა ქვეყნებში, მოაგროვოს დამატებითი ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან.

გეოგრაფიაში – გარკვეულ დროში, პირობითად 15 წუთში, მოსწავლეები აკვირდებიან კონკრეტულ ქვეყანას და იმახსოვრებენ ქალაქების, მთების და სხვ. სახელწოდებებს, შემდეგ დაფაზე ჩამოწერით ეჯიბრებიან ერთმანეთს.

ისტორიაში – კონცენტრირება რომელიმე კონკრეტულ ეპოქაზე, ამ ეპოქის გმირებზე (ასეთ პერსონაჟებს მრავლად ნახავთ წიგნში), მათი ისტორიის კვლევა-ძიებაზე, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ცოდნას ეპოქის შესახებ.

წიგნში საქართველოსაც იხილავთ. ყველაზე მეტად „რუკებში“ ევროპის ქვეყნებია წარმოდგენილი.

 

 

 

 

 

მოდერნის და პოსტმოდერნის საერთო იდეური ძაფები მეოცე საუკუნის ქართულ ლირიკაში

0

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისი და დასასრული ორი ლიტერატურული მიმდინარეობით ამდიდრებს ქართულ მწერლობას – რომანტიზმითა და რეალიზმით, რომლებმაც მართლაც ღირებული და უკვდავი კლასიკური ტექსტები გვაჩუქეს. მეოცე საუკუნის დასაწყისი და დასასრულიც ორი დიდი მიმდინარეობით წარმოგვიდგება – მოდერნიზმითა და პოსტმოდერნიზმით. მოდერნიზმი სამ უდიდეს მიმდინარეობას აერთიანებს: იმპრესიონიზმს, სიმბოლიზმსა და ექსპრესიონიზმს. პოსტმოდერნის მწერლობა ამგვარად განტოტვილი არ გახლავთ, მაგრამ ის გამოირჩევა ფერებით, სტილური ნაირგვარობით, თემატურ-იდეური მრავალფეროვნებით.

შემთხვევითი არ არის, რომ მეოცე საუკუნის მიმდინარეობებს მოდერნიზმი და პოსტმოდერნიზმი დაერქვა. პოსტმოდერნიზმი იდეური მემკვიდრეა მოდერნიზმისა და აგრძელებს იმ კვალს, რომელიც მოდერნისტულმა მიმდინარეობებმა ღრმად დააჩნია ქართულ ლიტერატურულ სარბიელს.

თუკი მოდერნიზმის და პოსტმოდერნიზმის მწერლობას ვენის დიაგრამის პრინციპით შევადარებთ, ბევრ საერთოსაც ვიპოვით და განმასხვავებელსაც. მთავარი იდეური ორიენტირებია, სადაც უამრავი გადაკვეთა გვხვდება. პოსტმოდერნიზმი აგრძელებს იმ თემებსა და იდეებს, რომლებიც მოდერნიზმმა მოიტანა. რით გამოიხატებოდა მოდერნისტული მწერლობის თემატურ-იდეური მეინსტრიმი? მან, რეალისტური მწერლობისგან განსხვავებით, ფსიქოლოგიზმის გამოხატვა, პერსონაჟის სულში წვდომა და ადამიანის ქვეცნობიერის უღრმესი შრეების ამოცნობა, პერსონაჟის სულში ინტროსპექცია დაისახა მიზნად. მეოცე საუკუნის დასაწყისის რეალობა რევოლუციურად განსხვავებულია წინა საუკუნის სინამდვილისგან. ცივილიზაციის უეცარი გრიგალი შემოიჭრა და შეცვალა ადამიანის სული, გონება, ქცევის მოტივები და მისწრაფებები. სამყარო გაიხსნა, გაფართოვდა (თუ პირიქით, დაპატარავდა?). რკინიგზა, ავტომობილები, ვერტმფრენები, ფოსტა-ტელეგრაფი, სწრაფად მზარდი მეგაპოლისების ხმაურიანი ცხოვრება, ორომტრიალი, ქაოსი… ადამიანის სული დაიღალა, ღმერთს დაშორდა, რწმენა შეერყა, თვითძიების გზა გართულდა. საუკუნეთა მიჯნაზე ეს პრობლემები ჩვეული ვირტუოზობით ასახა დიდმა რეალისტმა დავით კლდიაშვილმა თავის მოთხრობებსა და პიესებში. სხვას რას უნდა მივაწეროთ პლატონ სამანიშვილის პანიკური შიში უდანაშაულო ნახევარძმის ვერგამოკვებისადმი, ოჯახის დაქცევისადმი, თუ არა ღვთისგან დაშორებას, რწმენისა და სიყვარულის დეფიციტს?

ახალმა მოდურმა ფილოსოფიურმა მიმდინარეობებმა, ექსისტენციალიზმმა და ინტუიტივიზმმა მოიტანა მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმი, საკუთარი თავის ძიების გზა ადამიანური ყოფის წარმმართველი გახდა. კირკეგორის, დოსტოევსკის, ნიცშეს და სარტრის ქმნილებებში არნახული სიმძაფრით გამოიხატა პიროვნების ორიენტირების კარგვის ტრაგედიები, ჯოჯოხეთად ქცეული ყოფა, სადაც ყველაფერი აბსურდის თეატრის სცენაა. გავიხსენოთ მოდერნსა და პოსტმოდერნს შორის „გახიდული“ საოცარი ირლანდიელი – სემუელ ბეკეტი, რომლის პროვოკაციული პიესა „გოდოს მოლოდინში“ ეპოქის სულს აბსურდით გადმოსცემს. მასში ყოფისადმი საოცარი პესიმიზმია გამოხატული, თუმცა ყოფის აბსურდულობის განცდა (თუ ცოდნა) თავისებურად აძლიერებს ადამიანს. მოდერნიზმი ქმნის ახალ ფორმებს, ხოლო პოსტმოდერნიზმი უკვე არსებულს ახალ სიცოცხლეს, ახალ მნიშვნელობას ანიჭებს, ხატავს სინამდვილეს ისეთ ჭრილში, ისეთი რაკურსით, რომელიც მანამდე არავის შეუმჩნევია.

ამ ორმა მიმდინარეობამ მსოფლიო მნიშვნელობის ლიტერატურა უსახსოვრა ჩვენს ერს. მათი საერთო იდეური ორიენტირების საილუსტრაციოდ ამ მიმდინარეობათა რამდენიმე ლირიკული ნიმუშის ანალიზს შემოგთავაზებთ. მთავარი იდეური მოტივები უკავშირდება:

  1. ავტორის როგორც ლირიკული გმირის თვითძიების გზას და პიროვნულ ტრაგედიებს, ავტოპორტრეტებს (მაგალითისთვის განვიხილოთ პაოლო იაშვილის „წერილი დედას“ და მიხეილ ქვლივიძის „ავტოპორტრეტი“);
  2. აგრეთვე აქტუალურია მარტოსულობის თემა, ავტორი-პროტაგონისტი თავის ღრმა სულიერ ტიკივილებს გვიზიარებს და ალეგორიულად ეს ხეების მხატვრული სახეებით გადმოიცემა ოსტატურად (გიორგი ლეონიძის „ოლე“ და გივი გეგეჭკორის „მუხა საბურთალოს ბაზრის მოედანზე“);
  3. დაბოლოს: მარად აქტუალური და მარად უცვლელი თემა – სასიყვარულო ვნებების გამოსახვა პოეტურ ტექსტში (მაგალითისთვის მოვიხმოთ ტიციან ტაბიძის „ანანურთან“ და ოთარ ჭილაძის „რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით?“).

პაოლო იაშვილის „წერილი დედას“ აცოცხლებს სოფლის იდილიური გარემოდან დიდ ქალაქში გადმოხვეწილი, სულიერი ტკივილებით სნეული, სკეფსისით გაწამებული ლირიკული გმირის აღსარებას, ხოლო მიხეილ ქვლივიძის „ავტოპორტრეტში“ ცოცხლდება პოეტი-კეთილი ავანტიურისტი, რომელიც ცდილობს, სამყარო შეცვალოს. პაოლო იაშვილის გმირს უიმედობა დაუფლებია, თუმცა თვითშეფასებით ის ენათესავება ქვლივიძის ლირიკულ გმირს. ის თვითკრიტიკულია. თუ პირველი ასე იხსენიებს თავს: „…და დავიკუნტები ქალაქის ქუჩებში მე – სალახანა“, – მეორე აცხადებს: „მიცნობდეთ: პოეტი მიხეილ ქვლივიძე – კეთილი განზრახვის ავანტიურისტი!“ ეს უკანასკნელი, პაოლოს გმირისგან განსხვავებით, საკმაოდ ამბიციურია და ენათესავება ტიციან ტაბიძის ამავე თემატიკის ლექსის (ამ ლექსსაც „ავტოპორტრეტი“ ჰქვია) ლირიკულ გმირს, რომელიც საკუთარ თავს ფაშა ეფენდის და დენდის უწოდებს, ბაღდადურ დიდებაზე ოცნებობს,  ხოლო ლექსის დასასრულს მისი ფანტაზია კოსმიურ მასშტაბებს სწვდება:

„იყავი რაც გინდა, შავი, საცოდავი, –

ცხოვრებავ, ხელში მაქვს მე შენი სადავე,

რომ ეს ჯოჯოხეთი სამოთხედ გაქციო“.

ასეთივე პატივმოყვარეობით არის შეპყრობილი ქვლივიძის ლირიკული გმირიც. ის ჯერ მკითხველს ეკითხება: „გინდათ, ეს ცხოვრება ვაქციო არაკად? ქვეყანა ზღაპრული ფერებით დავხატო?“ ბოლოს კი ოსტატური ჰიპერბოლით გამაოგნებელ, ეპატაჟურ გამოხატვას აძლევს საკუთარ ამბიციებს: „ორსული ცხოვრების ბებიაქალი ვარ და მინდა, ლამაზი შვილი შეეძინოს!..“

მოდერნის და პოსტმოდერნის თვითმაძიებელი გმირი ხშირად იტანჯება მარტოსულობით, მისთვის სამყარო უკაცრიელია, არავინ ჰყავს გამგები, თანამდგომი, გარშემო ყველა და ყველაფერი მისი მტერია. ეს იდეები საოცარი ექსპრესიით არის გაცხადებული ლეონიძის „ოლესა“ და გივი გეგეჭკორის ლექსში „მუხა საბურთალოს ბაზრის მოედანზე“. პირველ ლირიკულ გმირს რომ დავაკვირდეთ და შემდეგ მეორისკენ მივამართოთ მზერა, თვალწინ წარმოგვიდგება არა მხოლოდ მარტოობის სიმბოლოდ ქცეული ხეები, არამედ მეოცე საუკუნის ადამიანი, განდეგილი და დამუნჯებული ყოფის სირთულით. ოლე ლიახვის კლდეზე იხილა გოგლამ, გაბზარული, დახეთქილი, „შიგნიდანვე გამომწვარი მარტოობის შხამით“, რომელიც სიმართლის, გამძლეობის, აღდგომისა და ამაღლების სიმბოლოა. „ბალღამის და ცრემლის სვეტად ქცეულ“ ოლეს მაინც შესწევს ძალა, სიყვარულს დაელოდოს, გაარღვიოს არტახები, გაანგრიოს ჯებირები, მიუწვდომელს მისწვდეს, ეძებოს ხსნა და ოქროს თავით ცისკენ მიაპყროს მზერა. მიუხედავად იმისა, რომ გარემომცველ სინამდვილეში მას ერთგული არავინ ჰყავს, ყველა მისი სასტიკი მტერია: მზე შემწველი-ცოფიანიც, ქარის ეშვებიც, მეხი-ბრეშაც, ყინვის კარჩხიც, წვიმის შუბიც, ყორანიც, ყველას მისი მოთხრა და წაქცევა უნდა, ერთი სული აქვთ, გააქრონ და მიწასთან გაასწორონ, მაგრამ ლექსი მაინც საოცრად იმედიანია ფინალისკენ. ჩნდება მოლოდინი, რომ, მიწას მიჭედილი, რაშივით ცაში აიჭრება, ან დარბაზში შუაბოძად დადგება, ან გრძელ ტივებს გაუძღვება, თვით მეხიც ვერ შეძლებს მის განადგურებას. ტექსტი თვითრეფლექსიაა და გვასწავლის, რომ ცხოვრება სავსეა განსაცდელით, მაგრამ ამ ბრძოლაში მუდამ არსებობს გადარჩენის გზა, ყველაფერი ჩვენს სულიერ სიმტკიცეზეა დამოკიდებული. ოლე სიმბოლისტური პოეზიის უაღრესად გამომსახველი სახეა და ის მარტოსული, მაგრამ ვერწაქცეული ადამიანის ხატად რჩება.

გივი გეგეჭკორის ლექსის გმირი მუხა, რომელიც საბურთალოს ბაზრის მოედანზე დგას, ასევე მარტოსულია, მიუსაფარი, მაგრამ სავსე გრძნობებით, სევდით, სიკეთით, მთავარ გმირს უშურველად ასაჩუქრებს: „გაუგებარ სიხარულს, ღირსი ვარ თუ არა ვარ, ხელგაშლილად მჩუქნი“… მთვარის ყვითელ სისხლში განბანილი მისი ხელები (უძლიერესი მეტაფორული ხატი!) პოეტის სულს იპარავს, „როგორც კლეპტომანი“.

ოლესგან განხვავებით, მუხა განასახიერებს ადამიანს, რომელიც ვერ მოხვდა, როგორც ინგლისელები იტყვიან, right time right place – საჭირო დროსა და ადგილას. პოეტი თავის გმირს ეკითხება:

„მთიდან როგორ ჩამოხველ და აქ როდის მოსულხარ, ქედმაღალო მუხავ,

ყური ვით შეაჩვიე ამ ქალაქის ლაპარაკს, უხიაგს და უხამსს.

შენ არ დაგაჯილდოვებს მედიდური არწივი თუნდაც ერთის ნახვით,

შენ არ გეხახუნება ვნებიანი ქსუტუნით გამაძღარი ტახი.

შენ არ ამოგიდგება გვერდით მთელი კორომი, შენი ძმა და ასლი,

შენს ჩრდილს ვერვინ იჩრდილებს, არვინ არ წამოწვება, სუფრას არვინ გაშლის.

შენ ტყის ჩუმი სინათლით არ ხარ გაშუქებული და ქალაქის ბორგვით

ცხოვრობ და შენს გარშემო ბრუნავს გადარეული მანქანების ჯოგი“.

მუხაში საკუთარი ორეული იხილა ავტორმა. დიდი ქალაქის ხმაურში ისიც ეული და მიუსაფარია, ფიქრობს ქართლის სოფელში დაფუძნებასა და ბუხრის პირას იდილიურ ცხოვრებაზე, მაგრამ იმასაც აცნობიერებს, რომ ეს მხოლოდ ოცნებაა და რომ მისი „ყოველი ქალაქიდან გაქცევა გათავდება კრახით“.

ასეთივე იდეური კავშირები გვხვდება მოდერნისა და პოსტმოდერნის იმ ტექსტებში, სადაც ლირიკული გმირების სასიყვარულო ვნებები აისახება. აუხდენელი, აკრძალული ან განუხორციელებელი სიყვარულის თემა ყველა ეპოქის ყველა სტილის მწერლობაში აქტუალურია. ტიციან ტაბიძის „ანანურთან“ ერთგვარი ლირიკული აღსარებაა, სადაც ძალზე ფაქიზად და შთამბეჭდავადაა ასახული ტიციანის ცნობილი მუზის, თამუნია წერეთლისადმი ვერახდენილი სიყვარულის მძაფრი სენტიმენტები. ლირიკული გმირი სინანულით ამბობს, რომ მათი „გათიშვა ყველას სურდა“. აუხდენელი სიყვარული ენით აუწერელ ტკივილს იწვევს, თუმცა პოეტი თავისი ჯადოსნური კალმით ახერხებს გამოუთქმელის გამოთქმას:

„გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი და ახეული მაქვს ლაყუჩები,

შემართულია ფეხზე ჩახმახი და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები“…

თუ ტიციანის ლექსში სატრფო, მუზა პასიურად არის წარმოდგენილი და მას მხოლოდ შთამაგონებელ და მშვენიერ არსებად ხატავს პოეტი, ოთარ ჭილაძის ლექსში „რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით?“ საუბარია უარმყოფელ სატრფოზე, რომლისგანაც ლირიკულმა გმირმა ბევრი ტკივილი იწვნია და ახლა ხვდება, რომ ეს გრძნობა გაუფასურდა, სიტყვას „მიყვარხარ“ უკვე „იაფი სცენის სურნელი ახლავს“, მაგრამ პოეტი საუბრობს შემთხვევითობაზე, რომელიც სინამდვილეში მარადისობის გამოძახილია და თავისი გრძნობა ნამდვილ განცდა-ვნებად მიაჩნია. ეს გრძნობა იმდენად ღრმაა, რომ, რუსთველის არ იყოს („ზოგთა აქვს საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა“), ტკივილის და განსაცდელის მომტანია, თუმცა ამ ტკივილში იშვება უფლის შემმეცნებელი სული: „…რადგან დღეოდან მე შენი ხმა ვარ, რადგან მე უკვე ვიყავი ღმერთთან და მოვიგონე ეს გრძნობა ჩემთვის, ჩემს დასაცავად და დასაღუპად“…

ტიციანიც და ოთარ ჭილაძეც ხაზს უსვამენ, რომ შეყვარებულ წყვილს ბევრი მტერი ჰყავს, ჭორები, უცხო თვალის დაცინვა და ქირდვა, აგრესიული გარემო შეყვარებულებს სასიცოცხლო ძალებისგან წრეტს და აუძლურებს და ხშირად თვით გრძნობასაც კლავს. მაგრამ ის, რაც ტრაგიკულია, ამაღლებულის ესთეტიკურ იდეალს შობს.

უამრავი სხვა მიმართულების თემატურ-იდეური ნათესაობის მიგნება არის შესაძლებელი მოდერნიზმისა და პოსტმოდერნიზმის ლირიკულ ტექსტებში, სადაც მკაფიოდ საცნაურდება, რომ პოსტმოდერნის ენა გამგრძელებელია იმ პოეტური მემკვიდრეობისა, რომელიც მას წინამორბედებმა დაუტოვეს. ამგვარი კავშირების ძიება პოეტურ ტექსტებში მოსწავლეებსა და სტუდენტებს ხელს შეუწყობს არა მხოლოდ მაღალი სააზროვნო უნარის – სინთეზირების დაუფლებაში, არამედ ამ ლიტერატურული მიმდინარეობების იდეურ-მხატვრულ თავისებურებებს გაააზრებინებს საფუძვლიანად, აზიარებს ჩხრეკისა და აღმოჩენის ლიტერატურისმცოდნეობით უნარებს. ეს იქნება ერთგვარი ევრისტიკული კოგნიტიური სტრატეგია, რომელიც ფასდაუდებელია ტექსტებზე დაკვირვების უნარების სტიმულირებისთვის.

პრაქტიკული კვლევა სკოლაში: ზოგადი მიმოხილვა

0

2015 წლიდან მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება და კარიერული წინსვლა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის საშუალებით რეგულირდება. პედაგოგები გარკვეული რაოდენობის კრედიტების მიხედვით იყოფიან პრაქტიკოს, უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებელთა ჯგუფებად. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად უფროს მასწავლებელს 19 კრედიტქულა ესაჭიროება. მას, სამოდელო გაკვეთილებისა და გარედაკვირვების გარდა, შეუძლია განახორციელოს 3 კრედიტქულად შეფასებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. უფროსი მასწავლებლის სტატუსისკენ მიმავალი მეორე გზა ფორმალურ განათლებაზე (მაგისტრატურა, დოქტორანტურა) გადის, რაც მასწავლებელთა დიდი ნაწილისთვის ერთგვარ ბარიერს წარმოადგენს. პრაქტიკის კვლევა კი მათ ყოველდღიურ საქმიანობასაც აუმჯობესებს და პროფესიულ სტატუსზეც დადებითად აისახება. ვფიქრობ, ამ გზას, უფროსი მასწავლების სტატუსის მოსაპოვებლად, მალე ბევრი პრაქტიკოსი მიმართავს.

ტერმინი „პრაქტიკის კვლევა“ ეკუთვნის კურტ ლევინს, ამერიკელ სოციოფსიქოლოგს, რომელმაც XX საუკუნის 40-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა პრაქტიკის კვლევას, როგორც კვლევის მეთოდს. თავად კურტ ლევინი პრაქტიკის კვლევას უწოდებდა „უფრო ზუსტ მეთოდს სოციალური ცვლილებებისთვის“. იმისათვის, რომ პრაქტიკული კვლევის ჩატარება შევძლოთ, კარგად უნდა გავიაზროთ მისი დანიშნულება საგანმანათლებლო საქმიანობის გაუმჯობესების პროცესში და დავინახოთ ის ნიუანსები, რომლებიც მას ტრადიციული კვლევისგან განასხვავებს.

 

პრაქტიკის კვლევის დანიშნულება და მისი მონაწილეები

 

პრაქტიკის კვლევის ჩატარება საგანამანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე ნებისმიერ დაინტერესებული თანამშრომელს შეუძლია. მთავარია, იგი საკუთარი/ორგანიზაციის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით დაიგეგმოს და განხორციელდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრაქტიკული კვლევა კოლაბორაციული  პროცესია და გავლენას მხოლოდ ინდივიდზე კი არა, ჯგუფის წევრთა მოსაზრებებსა და მოქმედებებზეც ახდენს. კვლევის ყველა მონაწილე თანაბარი ხმის უფლებით სარგებლობს. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას კვლევის ყველაზე დემოკრატიულ მეთოდს.

 

პრაქტიკის კვლევა უშუალოდ პრობლემის ეპიცენტრში ხორციელდება. მისი მონაწილეები უწყვეტ ციკლურ პროცესში იყებენ უკუკავშირს, მომენტალურად ხედავენ და აფასებენ მათ მიერ დაგეგმილი ინტერვენციების შედეგებს, რას დადებითად აისახება მათი ქმედებების ხარისხის გაუმჯობესებაზე. პრაქტიკის კვლევა სისტემურად უდგება პრობლემას, მასში კომბინირებულია პრაქტიკის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ქმედებები და რეფლექსია. პრაქტიკის კვლევის სტრუქტურა მონაწილეებს უბიძგებს საკუთარ საქმიანობაზე მუდმივი დაკვირვებისა და ინტერვენციების შემუშავებისკენ. კვლევის მონაწილე მასწავლებლები იძენენ ახალ პროფესიულ უნარ-ჩვევებს, უფრო თავდაჯერებულები ხდებიან სწავლების პროცესში, რადგან ნათლად ხედავენ ექსპერიმენტის დადებით მხარეებს და მცდელობებისადმი შიშიც უქრებათ. პროფესიული წინსვლა მხოლოდ პრობლემის იდენტიფიკაციასა და გადაჭრას არ გულისხმობს. ამიტომ, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ახალი იდეების, ინოვაციების სამუშაო პროცესში გამოსაცდელადაც გამოიყენება.

 

მასწავლებლებს ხშირად ერთულებათ კვლევის ჩატარება, რადგან თვლიან, რომ მათ ამის კომპეტენცია არ აქვთ. არადა, პრაქტიკის კვლევას სულაც არ სჭირდება მკვლევრობა, რადგან იგი არ არის მოწყვეტილი მასწავლებლების პრაქტიკას. პედაგოგები ხომ საკუთარ საქმიანობაზე დაკვირვებას, შეიძლება გაუაზრებლად, მაგრამ მუდმივად ახორციელებენ.

 

რა განასხვავებს პრაქტიკულ კვლევას ტრადიციული კვლევისგან

 

როგორც ზემოთ აღვნიშნე, პრაქტიკული კვლევა ეყრდნობა თანამშრომლობის პრინციპს. იმ ორგანიზაციის წარმომადგენლები, სადაც მიმდინარეობს კვლევა, თავად არიან ჩართულნი კვლევის თითოეულ ეტაპზე და მკვლევარებთან ერთად მუშაობენ პრობლემის გადაჭრის გზების დასახვასა და განხორციელებაზე.

 

ტრადიციული კვლევისაგან განსხვავებით, პრაქტიკის კვლევა მცირემასშტაბიანია და არ საჭიროებს სიღრმისეულ ტრენინგს კვლევის მეთოდოლოგიაში. მასწავლებლები, საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, მასზე დაკვირვებით და მარტივი ანალიზით, თავად ახდენენ საკვლევი პრობლემის იდენტიფიცირებას. კვლევის მიგნებები კი ემსახურება ლოკალური პრობლემის გადაჭრას და მომენტალურად გამოიყენებას საკლასო სიტუაციებში.

 

პრაქტიკის კვლევას ტრადიციულისგან ისიც გამოარჩევს, რომ მკვლევრები და პრაქტიკოსები ერთმანეთის როლებს ირგებენ, რათა საკუთარი საქმიანობის სხვადასხვა პერსპექტივიდან შეფასება შეძლონ და კოლაბორაციის პროცესიც ეფექტურად წარიმართოს.

 

კვლევის ეტაპები

 

ყველაზე მარტივი გზით, პრაქტიკის კვლევა  დიაგნოსტირების (პრობლემის გაანალიზება და ჰოპოთეზის ჩამოყალიბება) და თერაპიულ (მიზანმიმართული ჩარევის ან ექსპერიმენტის გზით ჰიპოთეზის შემოწმება) ეტაპებად იყოფა. თუმცა ცნობილი მკვლევარები კვლევის ეტაპების სხვადასხვანაირ წყობას გვთავაზობენ.

 

კურტ ლევინი, პრაქტიკის კვლევის, როგორც კვლევის მეთოდის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პროცესს დაგეგმვის, მოქმედების, დაკვირვებისა და გააზრების (რეფლექსიის) ეტაპებად ყოფს. დაგეგმვის პროცესი არსებულ სიტუაციაზე მონაცემების შეგროვებას გულისხმობს. მიზნის მიღწევა დეტალურად გაწერილი გეგმის გარეშე შეუძლებელია. თუმცა ლევინი ხაზს უსვამს იმ ნიუანსსაც, რომ, კვლევის მიმდინარეობის პროცესში, გეგმაში ცვლილებების შეტანაც მოსალოდნელია. გეგმის განხორციელების ეტაპს კი მონიტორინგისა და ჩარევის შედეგების შეფასების პროცესი მოსდევს. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლოა გეგმაში ცვლილებების შეტანა და ზემოაღნიშნული ეტაპების ხელახლა გავლა გახდეს საჭირო.

 

ზუბერ-სკერიტი (Zuber-Skerritt 1996 ) ეყდნობა ლევინის შრომას ველის ანალიზისა და ცვლილებების თეორიაზე (გალღვობა – მოძრაობა  – ხელახალი გაყინვა) და მას პრაქტიკის კვლევის პროცესის თანმიმდევრობას მიუსადაგებს. კოჰენის, მანიონისა და  მორისონის ნაშრომში ,,კვლევის მეთოდები განათლებაში“ ნახავთ ძალის ველისა და პრაქტიკული კვლევის მოდელებს. სქემის მიხედვით, დაგეგმვის ეტაპი დაკავშირებულია გალღვობასთან, ეს კი, თავის მხრივ, სამოქმედო გეგმის დაზუსტებას და საერთო ხედვის ჩამოყალიბებას გულისხმობს. მოქმედების (მოძრაობის) ფაზა ძლიერი მართვის უზრუნველყოფას და საერთო ხედვის გავრცელებას მოითხოვს. რაც შეეხება დაკვირვების ეტაპს (ხელახალი გაყინვა), იგი მოიცავს საცდელი პოლიტიკის შესახებ უკუკავშირის მიღებას და ფორმალური პოლიტიკით მოდერნიზებას. გააზრების (გადასინჯვის) ეტაპი კი მოდერნიზაციის მთლიანი პროცესის მონიტორინგს და შედეგების/დასკვნების გამოტანას ეთმობა.

 

(Zuber-Skerritt 1996)

 

ოთხეტაპიანი მოდელის გარდა, არსებობს კვლევის პროცესის რვაეტაპიანი მოდელიც, რომელსაც მაკნიფი (McNiff 2002) გვთავაზობს:

,, 1. მიმოიხილეთ თქვენი მიმდინარე პრაქტიკა;

  1. გამოყავით ის ასპექტი, რომლის გაუმჯობესებასაც ისურვებდით;
  2. წარმოიდგინეთ მისკენ მიმავალი გზა;
  3. სცადეთ;
  4. დააფიქსირეთ და გაიაზრეთ, რაც მოხდა;
  5. გადაახალისეთ გეგმა წინა ეტაპებზე მოპოვებული ინფორმაციისა და მომხდარის გათვალისწინებით და განაგრძეთ;
  6. შეაფასეთ მოდიფიცირებული მოქმედება;
  7. განგრძეთ მანამ, ვიდრე არ დაგაკმაყოფილებთ თქვენი შრომის კონკრეტული ასპექტი.“

 

ზემოაღნიშნული მოდელი ოთხეტაპიანი კვლევის ერთგვარ გავრცობილ, ქვეპუნქტებად ჩაშლილ ვარიანტად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან ისიც ხაზს უსვამს პრაქტიკის კვლევის ციკლურობას და ლევინისეული მიდგომის – ,,გალღვობა -> მოძრაობა -> ხელახალი გაყინვა“ მნიშვნელოვნებას.

 

რვასაფეხურიანი კვლევის პირველი ეტაპის თანახმად, უნდა მოხდეს პრობლემის იდენტიფიკაცია, შეფასება და ფორმულირება. მეორე ეტაპზე კვლევით დაინტერესებულ მხარეებს შორის ჩასატარებელი სამუშაოს წინასწარი განხილვა და შეთანხმება მიმდინარეობს. მესამე ეტაპი მოიცავს კვლევითი ლიტერატურის მიმოხილვასაც, რადგან სხვების გამოცდილება პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ და ეფექტურ გზებთან გვაახლოვებს. მცდელობის ეტაპზე შეიძლება საჭირო გახდეს განსაზღვრული პრობლემის საწყისი ფორმულირების სახეცვლილება (ჰიპოთეზისა და მიზნების დაზუსტება). მეხუთე ეტაპზე მოიაზრება პროცედურების შერჩევა (კვლევის ორგანიზებასთან დაკავშირებული დეტალების, მეთოდებისა და რესურსების დაზუსტება). მეექვსე ეტაპზე გამოსაყენებელ პროცედურებს ვარჩევთ, მეშვიდე ეტაპი კი დროის სხვადასხვა მონაკვეთში პროექტის განხორციელებას გულისხმობს. ამ დროს ხდება მონაცემების შეგროვება, მეთოდების შერჩევა (შეხვედრები, ჩანაწერების წარმოება, ანგარიშები და სხვ.), ამოცანების მონიტორინგი, კლასიფიკაცია, ანალიზი და უკუკავშირი. ბოლო ეტაპის მთავარი მიზანი მონაცემების შეჯერება, დასკვნების გამოტანა და პროექტის ერთიანი შეფასებაა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კვლევის შედეგების განხილვა წინასწარ შედგენილი შეფასების კრიტერიუმებით უნდა მოხდეს. პროექტის მიმოხილვასთან ერთად, რეკომენდაციები შედეგებზე დაყრდნობით უნდა გაიცეს.

 

როგორც ვხედავთ, პრაქტიკის კვლევა წარმოადგენს სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგიური პერსონალის და საგანამანათლებლო სფეროში დასაქმებული, საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესებით დაინტერესებული ადამიანების მიერ ჩატარებულ კვლევას. იგი ერთ-ერთი აქტივობაა, რომლის განხორციელებაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებაში დაგეხმარებათ. ამას გარდა, პრაქტიკის კვლევა კოლაბორაციულია და მისი შედეგები აისახება, როგორც ინდივიდის, ასევე ორგანიზაციის/კვლევითი ჯგუფის განვითარების დონეზე. კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ჩატარებული კვლევის ანგარიშის დაწერა, რის შესახებაც შემდეგ წერილში ვისაუბრებთ და იქვე რამდენიმე საინტერესო საგანმანათლებლო კვლევის ანგარიშსაც განვიხილავთ.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. კოჰენი, ლ. მანიონი,ლ. და მორისონი, ქ. კვლევის მეთოდები განათლებაში (მეხუთე გამოცემა). თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  2. გოგლიჩიძე, ნ. ჭანტურია, თ. და ჯინჭარაძე, ნ. ( 2016). პრაქტიკის კვლევა დამწყებთათვის. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  3. ლობჟანიძე, ს. ( 2016). როგორ ვაწარმოოთ პრაქტიკის კვლევა. მოძიებულია შემდეგ ლინკზე: https://axaliganatleba.ge/index.php?module=multi&page=detals&multi_id=2&id=427

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...